Sunday, February 28, 2016

პროფესორი ვალერიან გაბაშვილი ვახუშტი ბატონიშვილის ისტორიულ-პოლიტიკური შეხედულებების შესახებ

(ქვემოთ შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ამონარიდს პროფეროს ვალერიან გაბაშვილის წიგნიდან «ვახუშტი ბაგრატიონი», რომელიც «გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრების» სერიით გამოსცა გამომცემლობა «ნაკადულმა» 1969 წელს. ეს ამონარიდი მოყვანილია ამ წიგნის თავის «ვახუშტი როგორც მეცნიერი» ქვეთავიდან «ვახუშტის ისტორიული აზროვნება». ამ შემთხვევაში ჩვენ განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ მეფის ძის ვახუშტის პოლიტიკური შეხედულებები ისტორიული მეცნიერების საფუძველზე, რაც მკაფიოდ და ნათლად აქვს გადმოცემული თავად ვ. გაბაშვილს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ბლოგის მკითხველიც, ისევე როგორც ჩვენ, მისი მადლიერი დარჩება ხსენებული წიგნიდან ამ ნაწყვეტების გაცნობის, ან კიდევ ერთხელ გახსენების შემდეგ)

...ვახუშტი ბაგრტიონის ისტორიული აზროვნება იმდენად მწიგნობრულ განათლებაზე არ იყო დამოკიდებული, რამდენადაც მისი დროის საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაზე, ქართული ფეოდალური საზოგადოების მიზანსა და მისწრაფებებზე.

მისი «ისტორია» სრულიად გარკვეული პოლიტიკური მიზნითაც არის დაწერილი, ხოლო მისი შინაარსი ვახტანგ VI დასის სამოქმედო პროგრმასთნ შეფარდებული.

ვახუშტი ბაგრატიონი ეკუთვნოდა ქართული საზოგადოების იმ დასს, რომლის სამოქმედო პროგრამას შეადგენდა: «თავადების პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა, სახელმწიფო, სამოქალაქო და ადმინისტაციული სამართლის მოწესრიგება, ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული წინსვლისათვის ხელის შეწყობა».

ამ დასის მთავარ საზრუნავს შეადგენდა მეფის ხელისუფლების განმტკიცება, თავაშვებული თავადების ალაგმვა, საქართველოს პოლიტიკური ერთიანობისათვის ნიადაგის მომზადება და ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული დაწინაურება-განვითარება.

ეს მიზანსწრაფვა დამახასიათებელი იყო აგრეთვე ვახუშტი ბაგრატიონის მთელი ლიტერატურული და მეცნიერული მუშაობისათვის.

მისთვისაც, ისევე როგორც «ვახტანგის სკოლის» მწერლებისა და «პოლიტიკური დასის» მოღვაწეებისათვის, ერთმეფობა ეროვნული, პოლიტიკური და კულტურული ერთობის გამომხატველი იყო.

ამის ჩვენებას და დამტკიცებას ცდილობდა ყველა, ვინც კი ფეოდალური დაქსაქსულობის პირობებში ქვეყნის პოლიტიკური ერთიანობისათვის იღვწოდა.

ამის ჩვენებას და დასაბუთებას ცდილობს ვახუშტი ბაგრატიონიც თავის «ისტორიაში». 

მისი შეხედულებით «ერთმეფობა» ქართველი ხალხის ძველისძველი ჩვეულებაა, «წესი დასაწყისითგანვე», ბუნებრივი და თავდაპირველი, რომლიდანაც გადახვევა და «განყოფილება» მუდამ «შინაური შფოთით» და «გარეშე მტერთა» ჩარევით იყო გამოწვეული.

მისივე თვალსაზრისით სამეფო-სამთავროებად დაყოფილი საქართველო ახალი «შეძინებული» და, ამდენადვე, არაბუნებრივი მოვლენა იყო ქვეყნის საერთო ისტორიულ განვითარებაში.

ამიტომ ძველი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების «კვალსავე თვისსა მოგება» ანუ აღდგენა, ქვეყნისათვის ადრევე დამახასიათებელ, ნორმალურ და ბუნებრივ ვითარებასთან უკან დაბრუნებას ნიშნავდა.

ამდენადვე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა იმის გამორკვევას, თუ როდის და რატომ მოხდა «განყოფილება» ანუ ერთიანი საქართველოს პოლიტიკური დაშლა.

ამ საკითხის გამორკვევით დაინტერესებული იყვნენ «სწავლული კაცებიც» და ვახუშტი ბაგრატიონიც.

ეს იყო XVII-XVIII სს. ქართული ისტორიოგრაფიის კარდინალური საკითხი.


ვახუშტი «განყოფილებას» და დაქსაქსულობას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, «შინაურ შფოთს» და «გარეშე მტრის» ღონისძიებებს მიაწერდა.

პირველწყაროებზე დაფუძნებულ კვლევა-ძიებას იგი ასეთ დასკვნას უკეთებდა: «მაშ კვალად ერთმეფობა ყოფილა და შემდგომად განყოფა».

ამის გამოსარკვევად მას შეუსწავლია «ყოველნი წერილნი» თამარ მეფიდან დაწყებული «სვიმონის ძის გიორგისამდე».

ამრიგად, სავსებით მართებულად ქვეყნის პოლიტიკური დაშლის სათავეს იგი XIII საუკუნეში ნახულობდა, ხოლო მის გაღრმავებას XIV-XVI საუკუნეებში.

მართლაც, სწორედ ამ დროს ძლიერდება «შინაური შფოთიც» და გარეშე მტრების მოძალებაც, რომელთა ურთიერთკავშირმა და ზემოქმედებამ XV-XVI საუკუნეთა მიჯნაზე ქვეყანა პოლიტიკურ დაშლილობამდე მიიყვანა.

ეს დადასტურებულია 1490 წლის დარბაზის გადაწყვეტილებით.

მაგრამ დაქსაქსულობის გადალახვას ვახუშტი ბაგრატიონი ქართველი ხალხის ხასიათის და მიდრეკილებების მოთხოვნილებად თვლიდა.

ამ აზრის პოლიტიკური მიზანი სავსებით ცხადია და ნათელი.

ისტორიკოსი ცდილობდა სარწმუნოდ გაეხადა პოლიტიკური დაშლილობის არაბუნებრიობა, როცა ამბობდა: «არა იყო ჩვეულება მეფეთა და უფროს-ღა ბაგრატიონთა შინა, რათამცა განხეთქილება ექმნათ სამეფოსა».

მისი მსჯელობის მიხედვით ქართველებს «ზნენი აქუნდათ პირმტკიცობა, მტერთა ზედა ერთობა, თავისუფლებისათვის მხნედ ბრძოლა, მაგრად დგომა მისთვის, ციხე-სიმაგრეთა და ქალაქთა შენება, მაგრება ქვეყანისა».

ამის მტკიცება ფაქტიურად იმას ნიშნავდა, რომ «პირმტკიცობა» და «მტერთა ზედა ერთობა» ხშირად ირღვეოდა, რითაც გარეშე მტერი მარჯვედ სარგებლობდა, მაგრამ XVII-XVIII საუკუნეებშიც «თავისუფლებისათვის მხნედ ბრძოლის» არა ერთ მაგალითს იძლეოდა ქართველი ხალხი.

ვახუშტის მტკიცებით, საზოგადოდ ქართველები «განუხეთქელობისათჳს სამეფოსა მცდელობდნენ» ე. ი. სახელმწიფოებრივ ერთიანობას უფრთხილდებოდნენ და მის დაცვას ყველანაირად ცდილობდნენ.

მისივე სიტყვით, «უკეთუ მოუღიან საზღუარნი თჳსნი, ყოველნი მწუხარებდნენ და ი ჭ ი რ ვ ო დ ნ ე ნ კ ვ ა ლ ა დ გ ე ბ ა ს ა ვ ე, და მეფეთა თჳსთა მიუდრეკლად ერთგულობდნენ».

ისტორიკოსი ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აშკარად ტენდენციურია, მაგრამ აზრი «მეფეთა მიუდრეკლად ერთგულების» თაობაზე ორგანულადაა დაკავშირებული მის ზოგად ისტორიულ კონცეფციასთან.

მართებულად აქვს მას შეფასებული ქართველთა უცხოური და მიუღებელი ინსტიტუტების წინააღმდეგ გაერთიანების სოციალური და პოლიტიკური საფუძვლები. 

ვახუშტის განმარტებით, თუ ქართველებს რომელიმე გარეშე ძალა ძლევდა, მორჩილებას არ კისრულობდნენ და სულ იმის ცდაში იყვნენ, რათა «თჳსნივე წესნი» აღედგინათ და ქვეყანა უცხო დამპყრობელთა ბატონობისაგან გამოეხსნათ: «განა თუ სძლია ვინმე მძლავრთაგანმა, ა რ ა დ ა ე მ ო რ ჩ ი ლ ვ ი ა ნ, არამედ კვალად ი პ ყ რ ი ა ნ თჳსნივე წესნი და არა დაუტევიან ღმერთი, და მეფე, და ჩვეულებანი».

საამისო არა ერთი მაგალითი შეეძლო ეპოვა ისტორიკოსს საქართველოს ისტორიულ წარსულში.

მართლაც, თვით ერთმანეთის მეტოქე და მოწინააღმდეგე ძალები ადვილად ერთიანდებოდნენ, როცა დამპყრობელი «ქართულ წესრიგს» ეხებოდა და მის გაუქმებას ლამობდა.

«არაბობა», «სპარსობა», «თურქობა», «ულუსობა», «ყიზილბაშობა» და «ოსმალობა» ფეოდალური საქართველოს ყველა საზოგადოებრივი ფენის ინტერესებს ეხებოდა (სოციალურს, პოლიტიკურს, ეკონომიკურს...), რადგან ყოველგვარი «ულუსობა» ადგილობრივი წესების არსებობას ემუქრებოდა და ამიტომ «ქართველობის» აღდგენით ყველა თანაბრად იყო დაინტერესებული.

ისტორიკოსი, რომელსაც თავისი საისტორიო ნაწარმოების შინაარსი ისე ჰქონდა გამართული, რათა ეჩვენებინა საქართველოს პოლიტიკური მთლიანობა უძველეს დროში და ემტკიცებინა მისი აღდგენის აუცილებლობა «აწინდელ» ისტორიულ სიტუაციაში, არ შეიძლებოდა მკვეთრად არ დაპირისპირებოდა თავადებს, არ მოეთხოვა მათი პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა და მათდამი დაქვემდებარებული პოლიტიკურ-ტერიტორიული ერთეულების მეფის ხელისუფლების კონტროლისათვის დაქვემდებარება.

თავისთავად სათავადოთა სისტემის არსებობა გამორიცხავდა საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებას, ამიტომ ვახტანგ VI ენერგიულად ახორციელებდა ღონისძიებებს მათი უფლებების შეზღუდვის მიზნით.

თავის მხრივ მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ დარაზმული თავადები ეყრდნობოდნენ არა მარტო რეაქციონურად განწყობილ ძალებს ქვეყნის შიგნით, არამედ გარეშე ძალების მფარველობასაც ეძებდნენ და შაჰინშაჰების თუ სულთნების ფირმანებით თავიანთ ხელშეუხებელ «უფლებებს» განამტკიცებდნენ.

ამიტომ თავადების უფლებების შეზღუდვა სპარსოფილური და ოსმალოფილური განწყობილებების შესუსტებასაც ნიშნავდა.

მეფის ხელისუფლების კონტროლს დაქვემდებარებული სათავადო არც სპარსეთს და არც ოსმალეთს დასაყრდენად აღარ გამოადგებოდა. ამავე დროს, თუ ქართველები გაერთიანებას მოახერხებდნენ, მათ სამშობლოს ბევრს ვერაფერს დააკლებდნენ ვერც უკიდურესად დაკნინებულ-დასუსტებული სპარსეთი და ვერც დაუძლურების გზაზე დამდგარი ოსმალეთი.

ეს კარგად ესმოდათ ქართული ფეოდალური საზოგადოების მოწინავე, პროგრესულ ძალებს, რომლის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი ქართულ ისტორიოგრაფიაში ვახუშტი ბაგრატიონი იყო. ისტორიის საშუალებით მან შეძლო ეჩვენებინა იმ მიზნების მნიშვნელობა, რასაც ვახტანგის «სკოლის» და «პოლიტიკური დასის» მოღვაწენი ესწრაფვოდნენ მტრულად განწყობილი და ჩამორჩენილი მაჰმადიანური სახელმწიფოებით გარემოცვის პირობებში – ქვეყნის პოლიტიკურ გაერთიანებას, სამეურნეო აღმავლობა-დაწინაურებას და კულტურულ წარმატებას.

ზემოთ უკვე ნათქვამი იყო რომ ვახუშტის ამგვარი შეხედულებანი მედგარ წინააღმდეგობას იწვევდა ქართველი რეაქციონერი ფეოდალების წრეებში.

ისინი მტრულად იყვნენ განწყობილი როგორც ვახტანგ VI, ისე ვახუშტი ბაგრატიონის მიმართ.

არ ერიდებოდნენ არც ჭორს, არც ცილისწამებას.

სტრატემანის თხზულების პატარა წინასიტყვაობაში ვახუშტი შემთხვევით არ ამბობდა: «დავშვერ და ვიყავ წერასა შინა ამისა მრავალტანჯულ თვისთაგან... ვითარცა განმაგდეს და მომიძულეს ცუდად, მშრომელი მეფის შვილი ვახუშტი».

რეაქციონერი თავადების მიმართ თავის უარყოფით დამოკიდებულებას ისტორიკოსი ამჟღავნებს მათი პიროვნებისა და მოღვაწეობის აღწერა-დახასიათების დროსაც.

საერთოდ მისი «აწინდელი» (XVII-XVIII სს.) ისტორია პოლემიკური ტონით არის დაწერილი და ისტორიის თხრობა აშკარად პოლიტიკის წიგნად გადაქცეული.

თავადების უფლებების დათრგუნვის წადილი გავლენას ახდენდა ისტორიკოსის მსჯელობასა და საბუთიანობაზე.

პოლემიკური ტონით აღწერდა ვახუშტი ბაგრატიონი საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის ფაქტებსა და მოვლენებს. იგი მკვეთრად უპირისპირდებოდა არა მარტო ქართლის თავგასულ თავადებს, არამედ ქართლში გაბატონებულ კახელ ბაგრატიონებსაც. პოლემიკური პაექრობის ხერხების მომარჯვებით (ზოგჯერ კი აშკარად ტენდენციურად) ცდილობდა იგი კახ-ბატონების უფლებების გაბათილებას ქართლის სამეფო ტახტზე.

ეს იწვევდა როგორც რეაქციონერი თავადების, ისე კახ-ბაგრატიონთა მომხრეების უკმაყოფილებას. აღვივებდა მათს მტრობას პროგრესულად და ლეგიტიმურად განწყობილი ისტორიკოსის მიმართ.

ვახუშტი ბაგრატიონი არა ერთხელ გამხდარა იგნორირების, «თვისთაგან მოძულებისა» და «მტრობის», დაცინვისა და დამცირება-დამდაბლების საგანი.

მის «ნაბუშრობას» სრულიად გარკვეული პოლიტიკურ-ისტორიული მოსაზრებებით აღნიშნავდნენ კახ-ბატონების მომხრენიც.

ქედმაღლური დამოკიდებულების თუ დინასტიური თვალსაზრისის უშუალო გამოხატულებას წარმოადგენდა ის, რომ ვახუშტის მტრები ეჭვ ქვეშ აყენებდნენ მის უფლისწულობას და დაცინვით «ნაბუშარს» უწოდებდნენ.

ამ მხრივ იგი ერთადერთ გამონაკლისს არ წარმოადგენდა.

კახეთის ბაგრატიონების დინასტიური მისწრაფებების გამომხატველი ფეოდალები ნაბუშარს უწოდებდნენ დიმიტრი ბაგრატიონსაც, თუმცა, როგორც ჩანს, ეს სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.

«ქართველთა მწერალთათვის მცირე უწყებაში» დასახელებული ბატონიშვილის გამო ნათქვამია: «დიმიტრი ბაგრატიონი, შვილიშვილი იესე მეფისა მხევლისაგან. ესე ორგულობისათვის გაძევებული მოვიდა მოსკოვს, ისწავლა რუსული, არს კარგი მთარგმნელი, რომელმაცა ჰსთარგმნა რამდენიმე წიგნი, და არს კარგი მესტიხე, რომელმაც აღწერა შაირად წმინდის დედოფლის ქეთევანის ცხოვრება».

«კალმასობაში» დიმიტრი ბაგრატიონის გამო წერია: «ქართველებს ბუში რომ მეფის ძედ არ გვწამს, თათრის ბუშს ვინ იწამებს».

აქ გადაკრულად ვახუშტი ბაგრატიონიც არის ნახსენები.

«კალმასობის» ავტორს, რა თქმა უნდა, მხედველობაში ჰყავს გამაჰმადიანებული იესე მეფეც და მისი შვილებიც: ჰუსეინ-ბეგი, ისაყ-ბეგი, აბდულა-ბეგი...

დიმიტრი გიორგის ძე ბაგრატიონი გამაჰმადიანებული იესე მეფის შვილიშვილი და გამაჰმადიანებული გიორგი ბატონიშვილის შვილი იყო. მაგრამ «კალმასობაში» არც ქრისტიანი ვახუშტი ბატონიშვილია დანდობილი.

XVIII ს. გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსი აქ შემდეგნაირად არის დახასიათებული: «ვახუშტი ბუშისათვის ბაგრატიონისა. ვახუშტი ბუში ბაგრატიონთა, აღზარდა ვახტანგ მეფემან მოსკოვსა შინა, და იყო კარგი მეცნიერი. ამან განავრცელა ქართლის ისტორია და აღწერა კარგად, აგრეთვე მეფეთა შთამომავლობანიცა; გარნა ვინადგან გამოძებულ იქნა კახთა მეფეთაგან, ამისთვის ისტორიასა შინა თვისსა მიერ ქმნილსა, შურითა მოუთხრობს საქმეთა მათთა შეწევნითა ცხვირმოჭრილისა, ორგულობასა ზედა მეფისასა, ამილახვრიშვილისა და ამისთვის ზრახვენ ქართველნი და არა ჭეშმარიტ ისტორიად რიცხავენ, ვინაიდგან შურითა მეფეთა და მრავალთა თავადთა აუგნი დაწერა». (ვახუშტის კავშირი პაატა ბატონიშვილის შეთქმულებასთან და მისი ურთიერთობა ცხვირმოჭრილ ალექსანდრე ამილახვართნ არაფრით არ დასტურდება. ვახუშტი ახალი საბუთების მიხედვით გარდაიცვალა 1757 წელს, შეთქმულება კი 1765 წელს აღმოაჩინეს. როგორც ჩანს თვით ქართულ ინტელექტუალურ წრეებში XVIII-XIX სს. მიჯნაზე კარგად არ იცნობდნენ ვახუშტი ბაგრატიონის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ყველა მნიშვნელოვან ფაქტს და ცნობები მის შესახებ უპირატესად ზეპირი გზით ვრცელდებოდა. ასე, მაგალითად, ზეპირწყაროებზე დაყრდნობით უნდა აღნიშნავდეს გიორგი ავალიშვილი მის კათოლიკე მისიონერთა სასწავლებელში ყოფნას და კათოლიკებთან ამგვარი ურთიერთობის ვახტანგ VI მიერ აკრძალვას, რაც /ამ ცნობის მეორე ნაწილი/ არ ეგუება ვახტანგ მეფის კათოლიკობისადმი დამოკიდებულებას.)

ახლა ჩვენთვის სავსებით გასაგები უნდა იყოს, თუ ვის გულისხმობდა «კალმასობის» ავტორი, როცა ამბობდა: «ქართველებს ბუში მეფის ძედ არ გვწამს, თათრის ბუშს ვინ იწამებს».

არა ერთგზის გაუხსენებიათ სხვებსაც ვახუშტისათვის გლეხი დედაკაცის შვილობა. მისი გლეხური წარმოშობა დედის მხრივ (ქართული სამართლის მიხედვით თავადის ქალთან უკანონოდ ნაშობი ნაბუშრად არ ითვლებოდა, თუმცა ეს წეს-კანონი მაინც არ იყო გათვალისწინებული დინიტრი ბაგრატიონის მიმართ, რომლის დედა თავადის ასული იყო). ესეც პოლემიკური პაექრობის ერთ-ერთი ხერხი და საშუალება იყო. დამახასიათებელია, რომ ვახუშტი ბაგრატიონს ხშირად ტენდენციურობას აბრალებდნენ და ამის გამო მისი მთავარი ნაშრომიც «არა ჭეშმარიტ ისტორიად» იყო მიჩნეული, თუმცა ყველა, მტერიც და მოყვარეც, ერთხმად აღნიშნავდა მის «კარგ მეცნიერებას» და მის მიერ «ქართლის ისტორიის განვრცელების» მნიშვნელობას. მაგრამ ეს უეჭველი ღირსება კიდევ უფრო ახელებდა მის დაუძინებელ მტრებს. რეაქციონერ ფეოდალებს განსაკუთრებით არ მოსწონდათ ის, რომ ვახუშტიმ «მრავალთა თავადთა აუგნი დაწერა».

წინააღმდეგობანი, როგორც ავღნიშნეთ, მხოლოდ დინასტიური ხასიათის ბრძოლასთან არ იყო დაკავშირებული. «შური და მტრობა» თავს იჩენდა ქართველ ფეოდალთა ურთიერთობაშიც. იმდროინდელ ქართულ ფეოდალურ საზოგადოებაში არსებობდა სხვადასხვა ფრთა, სხვადასხვა «თარაფი», პროგრესულიც და აშკარად რეაქციონურიც. ყველა, ვინც კი ქვეყნის მომავლისათვის ზრუნავდა, ამის აუცილებელ პირობად სთვლიდა აღზევებულ-გაძლიერებული თავადების უფლებების შეზღუდვას, სათავადოებზე ცენტრალური ხელისუფლების გავლენის გავრცელება-განმტკიცებას (ამას XVIII ს. მეორე ნახევარში მეტნაკლები წარმატებით ახორციელებდა ერეკლე II, რომელიც ვახტანგ VI პოლიტიკური ხაზის გამგრძელებლად გვევლინება). ამგვარ პროგრესულ მისწრაფებას ყველანაირად უჭერდა მხარს ვახუშტი ბაგრატიონი. ამ მისწრაფების დასასაბუთებლად იგი მიმართვდა არა მარტო მისი დროის ყველაზე დამახასიათებელი მოვლენების წარმოჩენა-შეფასების ხერხს, არამედ ისტორიულ წარსულსაც.

ისტორიკოსი ყველგან ხაზგასმით აღნიშნავდა, თუ რა ზიანი მოჰქონდა ქვეყნისათვის შინაურ «შფოთსა და მტრობას», როგორ სარგებლობდა ამით გარეშე მტერი, რათა ადგილობრივი «წესნი» და «რჯული» (იდეოლოგია) საფუძვლიანად შეერყია და «ქართველობის» (ქართული სოციალურ-პოლიტიკური სისტემის) დასაყრდენი მოეშალა. 

თვით შორეული ისტორიული წარსულის მოვლენების აღწერა-დახასიათებისას ისტორიკოსი ქართველების შინაურ არეულობას მიაწერს ყოველგვარი «უსჯულოების» დამყარება-დამკვიდრებას.

მისი სიტყვით, ალექსანდრე მაკედონელოს საქართველოში შემოსვლის წინარე პერიოდში ქართველებმა «დაივიწყეს ღმერთი დამბადებელი თჳსი... და წესნი და ჩვეულებანი თჳსნი და იქმნენ ყოველთა წარმართთა უუწარმართესნი და უუსჯულოესნი».

მართალია, ვახუშტი აქ იმეორებს ლეონტი მროველის ცნობებს, მაგრამ თვითონ საამისო მოთხრობა მას, «ძველი წესნის» და «ძველი ჩვეულებანის» მოშლის უარყოფითი შედეგების საჩვენებლად და დასამტკიცებლად სჭირდება.

ყველაფერი ეს და მსგავსი მსჯელობანი თანამედროვეობის საყურადღებოდ და გასაფრთხილებლად იყო ნათქვამი.

ასე დაუკავშირა ისტორია ვახუშტი ბაგრატიონმა სრულიად გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებს.

ამის მიხედვით არის აგებული და ჩამოყალიბებული მისი ისტორიული კონცეფციები, შეხედულებანი და აზროვნება.

ამავე დროს, მისი მსჯელობა, რომელიც მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი წყაროებით იყო შემაგრებული და არგუმენტირებული, თავისთავად მოითხოვდა საქართველოს ისტორიული განვითარების პერიოდიზაციის დადგენასაც.

ეს მან შეასრულა კიდეც თავისი «ისტორიის» შესავლის ზოგად ისტორიულ-ფილოსოფიურ მიმოხილვაში.

საქართველოს ისტორიის პერიოდიზაცია მან დააფუძნა «წესნი დასაწყისითგანვეს». «შეძინებული» და «შერეული წესების» ცვლილება-განვითარების სათანადოდ გათვალისწინებაზე.

მან ცალკე პერიოდებად გამოჰყო და დაახასიათა კიდეც საქართველოს პოლიტიკური ერთიანობის ხანა, პოლიტიკური დაშლილობის და «აწინდელი» ისტორიის პერიოდები და უჩვენა თვითეული მათგანის ნიშანდობრივი თავისებურებანი.

ისტორიოგრაფიული თვალსაზრისით ეს საინტერესოა და საყურადღებო იმ მხრივ, რომ ამგვარი პერიოდიზაცია, საერთოდ, წარმოადგენდა პირველ და, იმ დროის კვალობაზე წარმატებით შესრულებულ ცდას ქართულ საისტორიო მწერლობაში.

პროფესორი ვალერიან გაბაშვილი

ამონარიდი მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment