Sunday, November 9, 2014

აკადემიკოსი დუბროვინი საქართველოს გაძნელებული მდგომარეობისა და რუსული ჯარების მიერ განჯის დაკავების შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ III. С-Петербургъ, 1886/ შესაბამისი თავის თარგმანს)

თავი VII. 

(აღა-მაჰმად-ხანის საქმიანობა. – ხმები ადერბაიჯანთან მისი მოახლოების შესახებ. – გრაფ ზუბოვის წერილი შემახელი მუსტაფა-ხანისადმი. – ადერბაიჯანელი ხანების მდგომარეობა /положенiе/. – საქართველოს მდგომარეობა /состоянiе/. – რიმსკი-კორსაკოვის ექსპედიცია განჯაზე. – რუსული ჯარების მიერ ამ ქალაქის დაკავება.)

მოვიდა რა ძველ შემახამდე, კასპიის კორპუსს აღა-მაჰმად-ხანის ჯარები არსად არ შეხვედრია. მოიხსნა რა მუღანის ველიდან დაღესტანში რუსული ჯარების პირველივე მოძრაობისას, იგი სპარსეთის სიღრმეში წავიდა და, მოგვცა რა ჩვენ მოქმედებათა თავისუფლება, თავად თავისი 60.000-იანი ჯარებით ხორასანს შეესია, როგორც ამბობდნენ, იქ წარმოქმნილი მღელვარებების დაწყნარებისთვის. მაისის დასაწყისში, გრაფ ზუბოვამდე მოსული ცნობების მიხედვით, აღა-მაჰმად-ხანი თეირანში დაბრუნდა, ხოლო იმავე თვის ბოლოს კი მაზანდერანში გამოემგზავრა, რათა ეს პროვინცია გაემაგრებინა, იცოდა რა, რომ რუსებს ენზელისა ან ასტრაბადში გადმოსხმა ჰქონდათ განზრახული იმასთან ერთდროულად, რაც მათი სახმელეთო ჯარები, განჯის გზით, არდევილის გავლით თავრიზისკენ დაიძვრებოდნენ.

“რუსები, წერდა აღა-მაჰმად-ხანი მცხოვრებთა მიმართ თავის მოწოდებაში, საქართველოს მხოლოდ იმიტომ გამოექომაგნენ, რომ ისინი მათი ერთმორწმუნენი არიან, ვინაიდან იმპერატრიცას საგართველოსგან არანაირი სარგებელი არ გააჩნია. ამიტომ სპარსელებიც, სწორედ იმავე ერთმორწმუნეობის მიზეზით, მოვალენი არიან ურჯულოთა წინააღმდეგ ერთსულოვნად ამხედრდნენ, თითოეული ქალაქისა და სოფლის გამაგრებასა და საკმარისი რიცხვის უნარიან მეომართა შეკრებას ცდილობდნენ”.

დაიმორჩილა რა მეშჰედი და დაეუფლა რა იქ უზარმაზარ განძეულს, რომელიც ნადირ-შაჰის ერთერთ შთამომავალს ეკუთვნოდა, აღა-მაჰმად-ხანი შეძლებისდაგვარად უფრო მეტი რიცხვის ჯარების დაქირავებისთვის ფულებს არ იშურებდა, რომელთაც თავს თავისი სამფლობელოების სხვადასხვა პუნქტში: ასტრაბადისა და მაზანდერანის პროვინციებში, თავრიზსა და არდევილში უყრიდა. მან მცირე რაზმიც კი გაგზავნა ერევანში, ამ ქალაქის დასაკავებლად, ერევნის ხანის მისდამი საეჭვო ერთგულებისა და სისუსტის გამო. არ შემოიფარგლა რა ამ განკარგულებებით, აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ნათესავი ასკერ-ხანი გამოგზანა ადერბაიჯანში დავალებით, რომ დაერწმუნებინა შემახის, შექის, განჯისა და სხვა ხანები, რათა მათ ეცადათ რუსული ჯარების შეტყუება სპარსეთის შიგნით, მდინარე არაქსის გადაღმა, არდევილის პროვინციაში. მაშინ, ასკერ-ხანის რწმუნებით, ვერც ერთი რუსი ცოცხალი ვეღარ გამოვა, ვინაიდან მათი რაზმი ყოველი მხრიდან ალყაშემორტყმული აღმოჩნდება: აღა-მაჰმად-ხანი ფრონტიდან შეუტევს, ერევანში მყოფი სპარსელები ზურგიდან, ხოლო მარჯვენა ფლანგიდან კი შემახის, შექისა და განჯის ხანების ჯარები. 

სპარსეთის მბრძანებლისადმი ერთგული პირები ავრცელებდნენ ხმებს, რომ სულეიმან-ხანი 30.000 ადამიანით უკვე მდ. მტკვარზე მოვიდა და რომ მთავარი ძალებისთვის არდევილში მნიშვნელოვანი რაოდენობის სურსათს ამზადებენ (Рапортъ Савельева графу Зубову 30-го iюня 1796 года, № 514).

აღა-მაჰმად-ხანი ამბობდა, რომ სულ მოკლე ხანში დაიძრება თალიშზე და სალიანის დაიკავებს. თალიშის ხანი დახმარებას ითხოვდა, სალანის ნაიბი კი გრაფ ზუბოვს წერდა, რომ შიშით მოცული მცხოვრებნი თავიანთი სახლ-კარის მიტოვებას ფიქრობენ. მთავარსარდალმა კონტრ-ადმირალ ფიოდოროვს დაავალა, რომ გემების ნაწილითა და მათში ჩამსხდარი დესანტით ზღვაში გასულიყო და თალიშის ნაპირებისკენ წასულიყო, იმ მიზნით, რათა აუცილებლობის შემთხვევაში ლენქორანში ან სალიანიში გადასხმა მოეხდინა. თუმცა კი გრაფ ზუბოვს არ ჰქონდა იმედი, რომ ეს ექსპედიცია შესაძლოა აღსრულებაში ყოფილიყო მოყვანილი, დესანტისთვის გემების უკმარისობის გამო. კონტრ-ადმირალმა ფიოდოროვმა, რომელიც ჯერ კიდევ გრაფ ზუბოვის ასტრახანში ყოფნის დროს მას ოცამდე სატრანსპორტო სავაჭრო გემის შეკრებას ჰპირდებოდა, სინამდვილეში მხოლოდ ცამეტი გემის მოძიება შეძლო, რომელთა გამოყენებაც პროვიანტის გადმოსაზიდად მოუხდათ (Письмо графа Зубова князю П. А. Зубову 7-го августа, № 53)

ჩვენი ფლოტილიის ბაქოში მოსვლის შემდეგ, მთავარსარდალმა, თუმცა კი დაავალა ფიოდოროვს ზღვაში მცურავი მოწინააღმდეგის ყველა კირჟიმი დაეკავებინა და ისინი მომავალი დესანტისთვის მიესადაგებინა, მაგრამ ასეთი კირჟიმები სპარსელებს ბევრი არ ჰქონდათ, და ისინიც, ჩვენი ფლოტის შიშით, ზღვაში გამოსვლას ვერ ბედავდნენ. 

მიუხედავად ამისა, კონტრ-ადმირალმა ფიოდოროვმა მოახერხა ექსპედიციის აღკაზმვა ბრიგადირ გოლოვატის მეთაურობით ვლადიმირის პოლკის ერთი ასეულისგან ორი ქვემეხითა და 200 შავზღველი კაზაკით. ამ ჯარების გემებში ჩასასხმელად თალიშის ხანი თავისი კირჟიმების გამოგზავნას დაპირდა, მაგრამ შემდგომში განაცხადა, რომ ასეთი კირჟიმები მხოლოდ შვიდი აქვს და მეტის გამოგზავნა არ შეუძლია. თუმცა კი თალიშელი მუსტაფა-ხანი ჩვენდამი ერთგული ხანების რიცხვში იყო, მაგრამ ამდენად უმნიშვნელო რაზმის გადასხმა უცხო სამფლობელოებში, იმ მოსახლეობას შორის, რომლის ერთგულებაც ჯერ არ გამოგვეცადა, მეტად წინდაუხედავი საქმე იქნებოდა, და ამიტომ კონტრ-ადმირალი ფიოდოროვი ხანისგან ამანათს მოითხოვდა, რომლის გამოგზავნასაც ის თავიდან დაპირდა, მაგრამ შემდეგ კი უარი თქვა, ამბობდა რა, რომ რუსული ჯარები ახლა მას არ სჭირდება, რომ მოწინააღმდეგე საშიში არ არის, და რომ ერთი კვირის შემდეგ ის შეატყობინებს, დასჭირდება თუ არა მას დახმარება. თუმცა კი მალევე მუსტაფამ ისევ მიმართა თხოვნით დახმარების შესახებ, იმიტომ რომ მის სამფლობელოებში აღა-მაჰმად-ხანის შემოჭრის შესაძლებლობის თაობაზე ხმები დღითი-დღე სულ უფრო მეტად ძლიერდებოდა. შემახის (შირვანის) ხანი წერდა მთავარსარდალს, რომ სპარსელთა მთავარი რაზმი არდევილთან იყრის თავს, და რომ აღა-მაჰმად-ხანს რუსებზე შემოტევა აქვს განზრახული.

“თქვენი მაღალღირსების (высокостепенство) სასიამოვნო წერილი, წერდა გრაფი ზუბოვი ამაზე საპასუხოდ შირვანელ მუსტაფა-ხანს (Въ письме отъ 30-го сентября 1796 года), განმარტებით, რომ აღა-მაჰმად-ხანის მეწინავე ჯარები უკვე არდევილში მოვიდნენ, მე მივიღე და მადლობას გიხდით ამ შეტყობინებისთვის, რომელიც უტყუარი ნიშანია მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის უზენაესი ტახტისადმი თქვენი ჭეშმარიტი გულმოდგინებისა. ამავე დროს, სამართლიანი იქნებოდა გვეთქვა, რომ აღა-მაჰმად-ხანს განზრახული აქვს გამანთავისუფლოს მე მისი შემდგომი ძიებისგან, როდესაც თავად უახლოვდება ამ ფარგლებს, და არ შემიძლია თქვენს წინაშე დავფარო ჩემი სიხარული, ვხედავ რა ჩემი საქმის დასასრულს და ვიმედოვნებ, თქვენი და მთელი აქაური ხალხის თვალთა წინაშე გამოცდილებით გაჩვენოთ ყველა კეთილგანმზრახველისა და ყოვლადმოწყალე ხელმწიფასადმი ერთგულის მიმართ ჩემი მეგობრული დამოკიდებულება, მათი ოლქების ქმედითი დაცვით ნებისმიერი მტაცებლისგან, რომელიც მას ამდენ უბედურებას აყენებდა.

და რადგანაც დგება უკვე დრო, რომ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ჯარები მტკვრის იქით გადავიყვანო, ამიტომ ჩემთვის სასურველი იქნებოდა, რომ ყველა აქაური პატივცემული მფლობელი, რომელთა მფარველობისთვისაც შემოვედით ჩვენ სპარსეთის საზღვრებში, შემომიერთდეს მე თავიანთი საერთო დამაქცეველის წინააღმდეგ.

თქვენო მაღალღირსებავ, გაქვთ რა თვალწინ თქვენი ქალაქი შემახა, უდაბნოდ ქცეული აღა-მაჰმად-ხანის ხელით, და ჯერ კიდევ არ დაგვიწყებიათ რა თქვენი საყვარელი ქვეშევრდომების სისხლით მორწყული ადგილები, რომლებიც უკანონო მტანჯველი ნაძირალას ხელით თქვენს სამსახურში თქვენდამი და თავიანთი სამშობლოსადმი სიყვარულით დაიღუპნენ; ასევე არცთუ დამშვიდებული სულით გაივლით რა ფიქრებში საკუთრივ თქვენს მიერ და თქვენი მეზობლების მიერ მისგან გადატანილ სასტიკ დევნას, ვიმედოვნებ, სიმხნევით აღიჭურვებით ამის გამო სამართლიანი შურისძიებისთვის და თქვენს საშუალებებს შემოუერთებთ ჩემსას, მომმართავთ რა მე, ამ საერთო საქმეში, იმ სულიერი კეთილგანწყობით, რომელსაც უფლება მაქვს მოველოდე ჩემი თქვენდამი მეგობრობის საპასუხოდ, რამეთუ, წყენისა და ძარცვა-რბევის საპასუხოდ შურისძიების გარდა, მთელი ირანის სიკეთე ავალდებულებს მის ყველა მაცხოვრებელს აღიმართოს ვერაგი და მძვინვარე მძარცველის გასანადგურებლად. შესაბამისად, არ შემიძლია მე ვეჭვობდე, რომ ამ შემთხვევაში თქვენო მაღალღირსებავ არ აირჩევთ იმ გზას, რომელიც თქვენ და თქვენს ქვეშევრდომებს იმ ურყევი ნეტარებისკენ წაგიყვანთ, რომელიც დედამიწაზე უდიდესი მონარქის ჩრდილქვეშ არსებობს, რომელიც თავისი წყალობის ნაკადებს სამყაროს ყველა კიდეში უშვებს და ახლა მე გამომგზავნა ამ მხარის ტყვეობისგან განთავისუფლებისა და დამხობილთა და უდანაშაულოდ ტანჯულთა აღდგენისთვის. მით უფრო მეტად ვრწმუნდები მე ყველა აქაურზე დაიმედებით, რომ მაღალღირსების მურთაზა-ყული-ხანის სახით წარმოგვიდგება ნათელი მაგალითი, ერთის მხრივ, რომ ღვიძლმა ძმობამ ვერ შეძლო მისი გადარჩენა აღა-მაჰმად-ხანის ბოროტმოქმედებისგან, რომელსაც სძულს ღვთისა და ადამიანთა კანონები, და რომელზედაც, შესაბამისად, არავის დაყრდნობა არ შეუძლია; მეორეს მხრივ, რომ ყოვლადმოწყალე ხელმწიფამ, რომელიც მხოლოდ კაცთმოყვარებით იქმოდა სინანულით უცხოელისადმი, თავის საკუთარ მხარეში გულნატკენისა, მიიღო მისი წილ-ხვედრი თავის ძლიერ მარჯვენაში და მიბრძანა მე, შეიყვანა რა იგი უწინდელ ღირსებაში, ამის მსგავსად მოვქცეულიყავი ყველა შეურაცხყოფილთა მიმართ.

მე, მივყვები რა მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის უწმინდეს ნებას, მისი ძლევამოსილი ჯარებით მოვაღწიე თქვენს სამფლობელოს, და აქაურ მცხოვრებთაგან არავის არ შეუძლია გვისაყვედუროს, რომ ჩვენ ვინმეს ვავიწროვებდით ან რომელიმეს თუნდაც სულ უმცირესი წყენა მივაყენეთ; და განა ეს არ ამტკიცებს ნათლად ყოვლადმოწყალე ხელმწიფას კეთილ განზრახვებს, რომლებიც ყოველთვის მიმართულია მხოლოდ ერთი კეთილგანმზრახველთა და მშვიდთა ჭეშმარიტი სარგებლისა და მთელი აქაური მხარის დამშვიდებულ მდგომარეობაში მოყვანისკენ.

ამ წერილის დასასრულს, არ ვაზვიადებ რა რუსეთის იმპერიის დიდებას, რომლის გამარჯვებანი მთელი ქვეყნიერებისთვისაა ცნობილი, და არ ჩამოვთვლი რა საშუალებებსა და ძალებს, რაც გამაჩნია და რასაც კიდევ ველოდები, მხოლოდ გეტყვით თქვენ ჩემო მაღალხარისხოვანო ახლობელო, რომ შემოვედი მე სპარსეთში, არ ვიყავი რა დარწმუნებული, რომ არავინ არ გამოვა ჩემს წინააღმდეგ იარაღით, არამედ უფრო მეტად ვვარაუდობდი შევხვედროდი ძლიერსა და მამაც მოწინააღმდეგეს, და შესაბამისად ამ შემთხვევისთვის საკმარისი ძალები გამაჩნია და მზადყოფნაშიც გახლავართ, მაგრამ ყოველთვის მსურს, რათა თქვენმა მაღალღირსებამ და თქვენმა მეზობლებმა მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის უზენაესი ტახტისადმი თქვენი გულმოდგინების დასამტკიცებლად, შემოუერთოთ ჩემს საშუალებებს თქვენიც, რამდენიც შეგიძლიათ, და რომ აქაური მეომრები ჩვენი მოქმედებების მონაწილენი შეიქნენ, მისცემენ რა განსაზღვრულ ქვეყნებს ჩვენს მიმართ მეგობრული მოპყრობის საბაბს”.

მუსტაფა ამ წერილზე პასუხობდა, რომ ყველასთვის ცნობილია, თუ რამდენი გადაიტანა მან აღა-მაჰმად-ხანისგან; რომ როცა სპარსეთის მბრძანებლის წინააღმდეგ მისი მხრიდან ლაშქარი შეიქნება საჭირო, მაშინ ის, მუსტაფა, მზად არის შეკრიბოს თავისი ძალები და ისინი რუსებს შემოუერთოს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ეს უკანასკნელნი მდინარე მტკვარს გადალახავენ.

ასე ამბობდა ხანი, ეშინოდა რა სპარსელთა მოახლოებისა და იმავე დროს გულწრფელად სურდა რა თავისი სამფლობელოებიდან რუსების გასტუმრება.

ხმები აღა-მაჰმად-ხანის მოახლოების შესახებ სხვა მფლობელებსაც აშფოთებდა. შუშელი იბრაჰიმ-ხანი მთავარსარდალს წერდა, რომ მასთან მოვიდნენ ადერბაიჯანის ხანების წარმომადგენელნი თხოვნით აეხსნა მათთვის რუსების განზრახვები. იბრაჰიმი ამბობდა, რომ თავად ის იმდენად არის რუსეთისადმი ერთგული, რომ ითხოვს შუშა რუსულ ქალაქად ჩათვალონ და არ დატოვონ ის თავისი დაცვის გარეშე. იგი გულუბრყვილოდ არწმუნებდა, რომ თუ რუსები შუშას თავიანთ ხელში შეინარჩუნებენ, მათ მთელი სამყაროს დაუფლება შეეძლებათ. ყარაბაღის ხანი სთხოვდა ეჩქარათ ასტრაბადსა ან მაზანდერანზე მოძრაობა, სადაც აღა-მაჰმად-ხანის ძალების დიდი ნაწილი იკრიბება, და მისთვის, იბრაჰიმისთვის, 12.000 რუსული ჯარის გამოგზავნა, რომლითაც მას შეეძლებოდა ნახჭევნის გზაზე დაძრულიყო რუსეთის იმპერატრიცის ნების წინააღმდეგ ყველა გამოსულის დასასჯელად. 

“იმ ადგილიდან, რომელზედაც ახლა იმყოფებით, წერდა იბრაჰიმ-ხანი გრაფ ზუბოვს, საჭიროა გადახვიდეთ დისტანციებით და თავრიზამდე წახვიდეთ. აქაური ხალხები ვერაგობითა და ცბიერებით არიან აღსავსენი, ამიტომაც არ დაეყრდნოთ მათ სიტყვებს, და თუ ისინი რაიმენაირ წარდგენებს გაგიკეთებენ, გთხოვთ მე შეტყობინების გარეშე არ დამტოვოთ”.

გრაფი ზუბოვი მადლობას უხდიდა იბრაჰიმს მისთვის მიცემული რჩევების გამო, მაგრამ როგორც მისი, ისე სხვა დანარჩენი ხანების გულწრფელობისაც არა სჯეროდა. მათ სამფლობელოებთან სპარსელთა მოახლოების შესახებ ცნობის მიღების შემდეგ, ყველა ხანი ორ ცეცხლს შუა დგებოდა: მათ ეშინოდათ აღა-მაჰმად-ხანის შემოჭრის და მსგავსი შემოჭრისგან განუშორებელ უბედურებათა და ძარცვა-რბევისა; მეორეს მხრივ კი, რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლით თავიანთი დამოუკიდებლობის დაკარგვა აშინებდათ. აღა-მაჰმად-ხანის ცნობილი სისასტიკე და რუსული მთავრობის დიდსულოვნება არ აიძულებდა ხანებს დიდხანს ეფიქრათ იმის შესახებ, თუ დროებით რომლის მხარეზე უფრო მომგებიანი იყო გადახრა, და ყველა მათგანმა ერთი-მეორის მიყოლებით დაიწყო განცხადებები რუსეთისადმი თავიანთი ერთგულების შესახებ. ნახჭევნელი ქელბ-ალი-ხანი იფიცებდა და ღმერთს იმოწმებდა, რომ ის იმპერატრიცის მიმართ გულწრფელადაა ერთგული. განჯელი ჯავად-ხანი, იცოდა რა განჯაზე ერეკლე მეფისა და შუშელი იბრაჰიმის პრეტენზიების შესახებ, ასევე პირფერობდა მთავარსარდლის წინაშე, საქართველოში წარგზავნილთ გამცილებლებს აძლევდა და სთხოვდა კიდეც, რომ მის სამფლობელოებში რაც შეიძლებოდა სწრაფად რუსული ჯარები გაეგზავნათ, რათა მათ ციხესიმაგრის დაკავება სპარსელების გამოჩენამდე უფრო ადრე შეძლებოდათ. ჯავად-ხანი უფრო მომგებიანად თვლიდა რუსეთისადმი დაქვემდებარებას, ვიდრე ყარაბაღის ხანის ან საქართველოს მეფის ძალაუფლების ქვეშ ჩავარდნას.

უკანასკნელი არ ტოვებდა იმედს განჯას დაუფლებოდა, ჯერ კიდევ ივნისის თვეში, შუშელ იბრაჰიმ-ხანთან ერთად რუსულ ბანაკში თავისი წარმომადგენლებიც გამოგზავნა. ულოცავდნენ რა გრაფ ზუბოვს შეძენილ წარმატებებს, მოსულები გამოთქვამდნენ სურვილს რუსულ ჯარებთან რაც შეიძლებოდა სწრაფად შემოერთების შესახებ, თვლიდნენ რა თავიანთ ძალებს არასაკმარისად განჯის დაუფლებისთვის, რომელიც ალყაში ჰქონდათ მოქცეული.

ერეკლე წერდა მთავარსარდალს, რომ რუსების ალერსიანმა მოქცევამ ყველა სპარსელის გულები მათკენ მიიზიდა; რომ განჯის დაუფლება შემოდგომამდე არ უნდა იქნას გადადებული, და რომ რუსული ჯარების მოსვლა მალევე გადაწყვეტდა არა მხოლოდ ამ ქალაქის ხვედრს, არამედ ერევნისაც. მეფე ატყობინებდა, რომ განჯაზე რუსების მოძრაობის შემთხვევაში, ყველაზე უფრო უკეთესი გადასასვლელი მტკვარზე პატარა ადგილ მინგეჩაურთან იმყოფება.

გრაფი ზუბოვი ერეკლეს პასუხობდა, რომ განჯის დაკავება რუსული ჯარების მიერ სავარაუდო მოქმედებათა პროექტში შედის, ხოლო ერევანთან მიმართებაში კი ურჩევდა ერეკლეს ის თავად დაეკავებინა, რადგანაც ჩვენი ჯარების მიახლოება თურქეთის საზღვრებთან რუსეთის მთავრობის შეხედულებებს არ ეთანხმებოდა. მთავარსარდლის ამ პასუხით საქართველოში გაგზავნილ იქნა მაიორი ვერდერევსკი, და იმავე დროს დივიზიის კვარტერმაისტერი ტიხანოვი გაიგზავნა მდინარე მტკვარზე გადასასვლელისა და განჯის გზის დათვალიერებისთვის.

მაიორი ვერდერევსკი 4 აგვისტოს დაბრუნდა საქართველოდან და მისი შინაგანი მდგომარეობის შესახებ ყველაზე უფრო არადამაკმაყოფილებელი ცნობები მოიტანა. მეფეს არანაირი ძალაუფლება არ გააჩნდა ბატონიშვილებზე, და თავადაზნაურებზეც, და ამას პოლკოვნიკ სიროხნევთან გულახდილად აღიარებდა.

ჩვენ უკვე ვამბობდით, რომ მთელი საქართველო საუფლისწულოებად იყო დაყოფილი, და ამასთან ისე, რომ მისი ხუთი ნაწილი ბატონიშვილთა ძალაუფლების ქვეშ იმყოფებოდა, და მხოლოდ მეექვსე ნაწილი ეკუთვნოდა თავადაზნაურობას. ამ უკანასკნელ ნაწილში არსებული სოფლები ყველაზე უფრო სატირალ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი, ვინაიდან თავიანთი მფლობელებისთვის გადასახადი ხარკის (подати) გარდა, ქართველებს არცთუ იშვიათად ისინი სამეფო გვარის პირთათვისაც უნდა გადაეხადათ. მეფეს, დედოფალსა და ბატონიშვილებს შეეძლოთ თავადაზნაურებისთვის კუთვნილ ნებისმიერ სოფელში გაეგზავნათ ბრძანება და მისგან მოეთხოვათ ყველაფერი, რასაც მოიფიქრებდნენ. ძლიერის უფლებასა და სხვისი საკუთრების მიტაცებას იმ დროს საქართველოში ფართო გამოყენება ჰქონდათ. აზნაურები და განსაკუთრებით კი უბრალო ხალხი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდნენ, “ნაწილობრივ სიზარმაცის გამო, მოახსენებდა სიროხნევი (Въ рапорте графу Зубову 15-го iюля 1796 года, № 393), და ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ მეფისა და ბატონიშვილთაგან გაგზავნილი აზნაურები, რომლებსაც ესაულები ეწოდებათ, მათ ყველაფერს ართმევენ, რისი პოვნაც შეუძლიათ, ზოგჯერ კი განგებ ეძებენ (აბრალებენ) დანაშაულსაც, რასაც მეფეც არცთუ იშვიათად უკეთებს აზნაურებს”. («частiю по лености, доносилъ Сырохневъ, а частiю потому, что посылаемые отъ царя и царевичей дворяне, есаулами называемые, обираютъ у нихъ всё, что найти могут, иногда нарочно изыскивая вины, что и царь нередко делаетъ съ дворянами».) 

ყველა გარჩევას საჩივრებისა და სათხოვარების მიხედვით თავად მეფე აწარმოებდა, უფრო ხშირად კი დარეჯან დედოფალი, და რადგანაც მთხოვნელი მრავალი იყო, გარჩევაც მეტად ნელა მიდიოდა, და ხდებოდა, რომ მომჩივარები ტფილისში დიდი ხნით ცხოვრობდნენ და სახლში ისე ბრუნდებოდნენ, რომ არანაირი პასუხი არ ჰქონდათ მიღებული. ერთადერთი ხსნა ქვეყნისთვის იქნებოდა საუფლისწულოების მოსპობა და ერთი ხელისუფლების დამყარება, მაგრამ ერეკლე წერდა გრაფ ზუბოვს, რომ საუფლისწილოთა მოსპობისთვის მას, სამწუხაროდ, ძალები არ გააჩნია, რომ ამას იმპერატრიცის სრულ ნებას უმორჩილებს, და რომ, თავისი სიკვდილის შემთხვევაში, ყველაზე უფრო მეტ იმედებს თავის შვილიშვილზე, დავით ბატონიშვილზე ამყარებს. (Единственнымъ спасенiемъ для страны было бы уничтоженiе уделовъ и утвержденiе единовластiя, но Ираклiй писалъ графу Зубову, что уничтожить уделы он, къ сожаленiю, не въ силахъ, что предоставляетъ это въ полную волю Императрицы, и что, въ случае своей смерти, полагаетъ более всего надежды на внука своего, царевича Давида.) საქართველოს მეფე ამბობდა, რომ სპარსელების ერევნიდან განდევნა და ამ ქალაქის დაუფლება არ შეუძლია, რუსული ჯარების სიშორის გამო და საკმარისი რიცხვის თავისი საკუთარი ჯარების არყოლის გამოც.

მართლაც, პოლკოვნიკ სიროხნევის მოხსენების მიხედვით, იულონ ბატონიშვილის მიერ ქართლში შეკრებილი ჯარები, მოვიდნენ რა ტფილისამდე, თავიანთ სოფლებში იქნენ გაშვებულნი, ახალციხის მხრიდან ლეკთაგან მათ დასაცავად, რომლებიც მუდმივ ძარცვა-რბევებს აწყობდნენ და მცხოვრებნიც ტყვედ მიჰყავდათ. მსგავსი ძარცვა-რბევა წარმოებდა არა მხოლოდ ქართლში, არამედ კახეთშიც, რომლის მეზობლებიც, ჭარ-ბელაქნელი ლეკები, იცნობდნენ რა საქართველოში არსებულ შინაგან უწესრიგობას, თავისუფლად მოდიოდნენ საძარცვავად და ტყვეები თავად ტფილისის სიახლოვიდანაც მიჰყავდათ. “მეფისა და მთავრობისგან კი, მოახსენებდა სიროხნევი, სიფრთხილის არანაირი ზომები ამის შეწყვეტისთვის მიღებული არ ყოფილა”.

ვერც ხარკი, რომელსაც საქართველოს მეფე ავარიის ხანს უხდიდა, ვერც ახალციხის ფაშისთვის გაგზავნილი თხოვნები, რათა მას ლეკები საქართველოში არ შემოეშვა, ვერაფერი ვერ შველოდა და საქართველო მტაცებელთა სრული ძალაუფლების ქვეშ იმყოფებოდა. ერეკლე ხსნას მხოლოდ რუსული ჯარების მიერ დაცვაში ხედავდა. იგი სთხოვდა გრაფ ზუბოვს მოეზღუდათ მისი ქვეყანა “ასეთი მავნე მოწინააღმდეგეებისგან” და უფრო მალე გამოეგზავნათ რუსული ჯარები, ირწმუნებოდა რა, რომ მათ სურსათით მომარაგებაში სიძნელეები არ შეხვდებათ, რადგანაც, მისი სიტყვებით, საქართველოს თავისუფლად შეეძლო 30.000 ადამიანის გამოკვება.

დახმარების მიღების სურვილი აიძულებდა ერეკლეს მნიშვნელოვნად გაეზარდა სიტყვით ქვეყნის საშუალებები და იმაში დაეწყო დარწმუნება, რაც სინამდვილეში არ ყოფილა. პოლკოვნიკი სიროხნევი მოახსენებდა, რომ მთელი მისი ძალისხმევისას, სურსათის დამზადება მეტად ნელა მიმდინარეობს, ასე რომ აპრილის დასაწყისიდან 15 ივლისის ჩათვლით, მან დიდი ძალისხმევით შეძლო 30 ურემი, 98 ხარი და 400 ტომარა ეყიდა; რომ მის მიერ შესყიდულია 12.541 ფუთი ფქვილი და 600 ფუთი ბურღულეული* (*მას დავალებული ჰქონდა შეესყიდა 27.187 ფუთი ფქვილი და 2.812 ფუთი ბურღულეული), და რომ ტომრების არქონის გამო, ნაყიდ პურს იგი ერთ სახლში ჰყრის, მაგრამ შიშობს, რომ ის დაიტკეპნება (Рапортъ Сырохнева графу Зубову 15-го iюля 1796 года, № 392). ტფილისის გარეთ შესყიდული პურისთვის სიროხნევი გადმოზიდვის საშუალებებს ვერ პოულობდა. “სანდო მოიჯარადრეების პოვნა, მოახსენებდა სიროხნევი, ვერანაირად ვერ არის შესაძლებელი, ხოლო კასრები და დიდი ტომრები კი მცხოვრებთ მთელ საქართველოში ასეთი შემთხვევისთვის არ გააჩნიათ”. გრაფი ზუბოვი იძულებილი იყო დიდი ტომრები საქართველოში თავისი რაზმიდან გაეგზავნა, და სიროხნევისთვის პროვიანტის შეძენისას აუცილებელი ხარჯებისთვის კიდევ 5.000 თუმანი მიეწოდებინა.

მთავარსარდალი სთხოვდა ერეკლეს სურსათის დამზადებაში სიროხნევისთვის დახმარება (содействiе) აღმოეჩინა, და ეუბნებოდა, რომ პროვიანტის საკმარისი მარაგის გარეშე მას საქართველოში ჯარის გამოგზავნა არ შეუძლია. მეფე ხელმეორედ წერდა, რომ პური საქართველოში ბევრია, და სთხოვდა შეეტყობინებინათ მისთვის, თუ როდის შეიძლებოდა მას რუსული ჯარების გამოგზავნის იმედი ჰქონოდა, რათა შესაბამისი განკარგულებები თავად გაეცა.

მიიღო რა ერეკლეს ახალი თხოვნა, და იცოდა რა, რომ საქართველოში მაინც პური არ არის, გრაფმა ზუბოვმა მეფეს მისი წარმოგზავნილი თავადი გარსევან ჭავჭავაძე გაუგზავნა იმისთვის, რათა მას მეფისთვის საქმეთა მდგომარეობა განემარტა. თავადი ჭავჭავაძე დაკავებულ იქნა ნუხაში შექელი სელიმ-ხანის მიერ, რომელიც ვარაუდობდა, რომ საქართველოს ელჩს მეფისთვის მთავარსარდლისგან ფულის მნიშვნელოვანი თანხა მიჰქონდა. ხოლო როცა კი სელიმი დარწმუნდა, რომ თავად ჭავჭავაძეს ასეთი ფულები სრულებით არ გააჩნდა, ის გაანთავისუფლა და სთხოვა რომ ამაზე გრაფ ზუბოვისთვის მიეწერა. თუმცა კი ჭავჭავაძემ მთავარსარდალს შეატყობინა როგორც მისთვის შექის ხანის მხრიდან შემთხვეული საქციელის შესახებ ისე იმის თაობაზეც, რომ ხანი და მისი მოხელენი, არ მალავდნენ რა თავიანთ არაკეთილგანწყობას, იკვეხნიდნენ, რომ მალე საქმე რუსულ ჯარებთან ექნებოდათ. ამასთან თავადი ჭავჭავაძე უმატებდა, რომ მასთან მოვიდა ხმები, ვითომ ერეკლესთვის შემოთავაზებულ იქნა “მოწინააღმდეგის მხრიდან ფულის მნიშვნელოვანი თანხა მის საჭიროებათა გაძღოლისთვის”. ამიტომ საქართველოს ელჩს ეშინოდა, რომ საქართველოს მეფეს მისთვის შეთავაზებული ფულები არ აეღო და რუსეთის ქვეშევრდომობისთვის თავი არ აერიდებინა.

მართლაც, ერეკლე ამ დროს ოტომანის პორტასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს და მზად იყო მის მხარეს გადახრილიყო. 1796 წლის მარტში ერეკლე, თავისი წარმოგზავნილის მეშვეობით, სთხოვდა იმპერატრიცას მისთვის სესხად ვერცხლით მილიონი მანეთის მიცემის შესახებ ვადით, “რომლის დანიშვნასაც კეთილ ინებებდნენ”, იმ პირობით, რომ გადახდის უზრუნველყოფისთვის მეფე იძლეოდა თავის და თავის მემკვიდრეთა სამფლობელოებს (Мовковск. Арх. Министерства Иностранныхъ Делъ). ვერ მიიღო რა თხოვნილი თანხა, ერეკლემ მისი ძიება თურქეთის მთავრობასთან დაიწყო და პორტას მფარველობის ქვეშ შესვლაზე თანხმდებოდა. სერასკირი იუსუფ-ფაშა ამის თაობაზე მეფესთან მიმოწერას აწარმოებდა, რომლის შესახებაც თავადმა ჭავჭავაძემ შეიტყო.

საქართველოს ელჩს აუცილებლად მიაჩნდა რაც შეიძლებოდა მალე დაემშვიდებინათ მეფე დახმარების გამოგზავნაში და გრაფ ზუბოვს ერევნელი სომხების წერილი გადმოუგზავნა, რომელშიც ისინი ერეკლეს ეკითხებოდნენ, არის თუ არა იმედი, რომ რუსეთი მათ მუსლიმანთა უღლისა და იმ უკიდურესი შევიწროვებისგან გაათავისუფლებს, რომელსაც ისინი განიცდიან. ყველაფერ ამაზე პასუხად მთავარსარდალი წერდა, რომ ხდება რუსული ჯარების მნიშვნელოვანი კორპუსის მომზადება საქართველოში გამოგზავნისა და სალაშქროდ გამოსვლისთვის, როცა კი ყოველივე აუცილებლით მომარაგებულ იქნება. გრაფი ზუბოვი კვლავ დაჟინებით მოითხოვდა და სთხოვდა საქართველოს მეფეს სურსათის დამზადების თაობაზე ეზრუნა, რომლის მარაგის გარეშეც სამხედრო ღონისძიებანი (предприятiя) შეუძლებელია, და თავის მხრივ მიეღო ზომები ერევნის თავისი მფლობელობის ქვეშ დაბრუნებისთვის, განდევნიდა რა იქიდან სპარსელებს, რომლებიც თავაკ-ალი-ხანის უფროსობით იმყოფებოდნენ. მთავარსარდლის აზრით, ასეთი მოქმედება ქართველებისთვის არ შეიძლებოდა ძნელი ყოფილიყო, რადგანაც, თავად მეფის შეტყობინებებით, ერევნის ხანს არა თუ არ სურდა მისი სამფლობელოებიდან სპარსელთა განდევნისთვის წინააღმდეგობა გაეწია, არამედ მზად იყო ამას მთელი თავისი საშუალებებით მხარში ამოდგომოდა. ამასთან, ადერბაიჯანში რუსული ძალების გამოჩენის შემდეგ, საქართველო აღა-მაჰმად-ხანის მხრიდან ყოველგვარი თავდასხმებისგან დაფარული და სრულებით უზრუნველყოფილი გახლდათ. 

ცნობამ სამეფოს საზღვრებთან რუსული ჯარების სწრაფი მოახლოების შესახებ ერეკლე გაახარა, და იგი ჩქარობდა შეეტყობინებინა გრაფ ზუბოვისთვის, რათა ის სურსათის თაობაზე არ შეშფოთებულიყო, არწმუნებდა რა, უწინდებურად, რომ საქართველოს ადვილად შეუძლია თუ 30.000 არა, სულ მცირე 12.000 ადამიანის გამოკვება მაინც, და რომ მან უკვე გასცა განკარგულება ტფილისში, გორსა და სიღნაღში პურის ყიდვის შესახებ. 

ამასობაში, დაახლოებით ამავე დროს, სახელდობრ კი 7 ოქტომბერს, მთავარ რაზმს შემოუერთდნენ კავკასიის ხაზიდან გამოგზავნილი ჯარები, როგორც გრაფ ზუბოვის გაძლიერებისთვის, ისე კავკასიის კორპუსის შემადგენლობაში დანიშნულებიც, რომლებიც საქართველოს მხრიდან მოქმედებებისთვის იყვნენ გაკნუთვნილნი* (*კავკასიის ხაზიდან სხვადასხვა დროს გამოგზავნილი ეს პოლკები გენერალ ბულგაკოვის ყუბის რაზმში იკრიბებოდნენ).

უკანასკნელი რაზმის შემადგენლობაში, რომელიც გენერალ-მაიორ რიმსკი-კორსაკოვის უფროსობის ქვეშ შევიდა, დანიშნულ იქნენ: ყუბანის ეგერთა კორპუსის მეორე ბატალიონი, მოსკოვისა და ყაზანის პოლკების ასეულებისგან შემდგარი გრენადერთა ბატალიონი, ტაგანროგის დრაგუნთა პოლკის შვიდი ესკადრონი, პავლოგრადის მსუბუქ ცხენოსანთა პოლკი, დონის კაზაკთა კირეევისა და ორლოვის პოლკები და ექვსი საველე ქვემეხი. ამ რაზმში, რომლის რიცხოვნებაც სამწყობრო ჩინების 3.000 ადამიანს არ აღემატებოდა, 20 პონტონი და მოძრავი მაღაზია იმყოფებოდა, სამი თვის სურსათით, რომელიც 800 ფურგონში და 250 აქლემზე იყო განთავსებული.

წავიდოდა რა განჯისკენ, რიმსკი-კორსაკოვს ტფილისიდან თავისთან შემოერთებისთვის პოლკოვნიკ სიროხნევის რაზმი უნდა გამოეძახა, ციხესიმაგრე დაეკავებინა, მის ციტადელში შესაფერისი გარნიზონი შეეყვანა, ხოლო დანარჩენი ჯარებით კი ქალაქის მახლობლად ბანაკად განლაგებულიყო და იქ მთავარსარდლის შემდეგ ბრძანებებს დალოდებოდა. 

სიძნელეები ამ ვარაუდების აღსრულებაში მოსალოდნელი არ იყო (не предвиделось), ვინაიდან განჯელი ჯავად-ხანი ამ დროს, ისე ჩანდა, რომ რუსეთის გეგმების შესრულებისკენ იხრებოდა. იგი გრაფ ზუბოვს წერდა, რომ 5.000 თუმნით საქართველოში გაგზავნილ პორუჩიკ ვილკსენს თუმცა კი გააყოლა ხანმა, მთავარსარდლის სურვილის მიხედვით, შესაფერისი ბადრაგი და ტფილისში გაგზავნა, მაგრამ გზაზე ის გაძარცვულ იქნა.

“მე მოვძებნე მძარცველები, რომლებიც ჩემი ქვეშევრდომები აღმოჩნდნენ, ამბობდა ჯავადი. მე დავუბრუნე ვილკსენს მთელი ხუთი ათასი და უძლიერესი ბადრაგით გავგზავნე, რომლებითაც ის ტფილისში მშვიდობით ჩავიდა”.

განჯის ხანის ცნობილი ორპირობისას შეიძლებოდა ევარაუდათ, რომ მან თავად მოაწყო ეს ჩასაფრება იმ მიზნით, რათა რუსეთისადმი თავისი ერთგულება უფრო უკეთ ეჩვენებინა. გრაფი ზუბოვი თუმცა კი მადლობას უხდიდა ჯავად-ხანს რუსეთის მთავრობისადმი მისი სამსახურისთვის, მაგრამ, არ ეყრდნობოდა რა მის ფიცსა და დაპირებებს, არც მისი კეთილგანწყობის გულწრფელობას, რიმსკი-კორსაკოვს დაავალა, მცხოვრებთა წინააღმდეგობის შემთხვევაში, განჯის ციხესიმაგრისთვის ალყა შემოერტყა და ის ძალით დაეკავებინა. მთავარსარდალს მიაჩნდა, რომ პოლკოვნიკ სიროხნევის რაზმის შემოერთებით რიმსკი-კორსაკოვის განკარგულებაში იქნებოდა საკმარისი ძალები იმისთვის, რათა ამ ციხესიმარეს დაუფლებოდა. დამკვიდრდებოდა რა განჯაში, რიმსკი-კორსაკოვს უნდა დაეყოლიებინა ადერბაიჯანის ხანები, რათა აერთობლივად ემოქმედათ აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ, და დაერწმუნებინა ერეკლე შეეკრიბა თავისი ჯარები და ერევნის დასაუფლებლად ამ ქალაქზე დაძრულიყო. საქართველოს მეფეს გამოეცხადა, რომ რუსული ჯარები არ შეიძლება იყოს შეყვანილი თურქეთის იმპერიის მოსაზღვრე პროვინციაში, რათა პორტასთვის, რომელთანაც რუსეთი მეგობრულ ურთიერთობებში იმყოფებოდა, შეშფოთება არ მიეყენებინათ, მაგრამ რომ თავად ერეკლეს, უზრუნველყოფილი იქნება რა რუსული ჯარებით განჯის მხრიდან, შეუძლია სრულებით მოხერხებულად მიმართოს მთელი თავისი ძალები ერევნის წინააღმდეგ. საქართველოს მეფის მხრიდან ამ საქმეში დახმარებაზე თხოვნის შემთხვევაში, რიმსკი-კორსაკოვს დაევალა ეპასუხა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის არსებული ტრაქტატი არ აძლევს ნებას ერთ იმპერიას, რომ მეორესთან “მიიყვანოს ლაშქარი”, და ერჩია ერეკლესთვის იმერეთის მეფესთან მისი კავშირითა და ამიერკავკასიის მთელი ქრისტიანული მოსახლეობის ჩვენდამი ერთგულებით ესარგებლა.

“სპარსეთში ჩემი შემოსვლის დროიდან, წერდა გრაფი ზუბოვი ინსტრუქციაში რიმსკი-კორსაკოვს (Предписанiе Римскому-Корсакову отъ 10-го октября 1796 года, № 531), თუმცა კი ჩვენი მართლმადიდებელი აღმსარებლობის ღირსება მოითხოვს მაჰმადიამური უღლისგან ქრისტიანთა უსწრაფეს განთავისუფლებას, მაგრამ მათთან მიმართებაში მე საჭიროდ ვთვლიდი გარეგნული გულგრილობის გამოჩენას, რათა მიმეძინებინა მაჰმადიანთა შეშფოთება ქრისტიანთა ბედის თაობაზე ზრუნვის გამო, რომელიც გარეშეთა უკრძალველობის მიზეზით უკვე ბევრჯერ ყოფილა აგზნებული, რათა დავამშვიდებდი რა ამ მხრიდან ურჯულოებს, ამერიდებინა თავიდან ის დაბრკოლებანი, რომლებსაც აუცილებლად დაუყენებდნენ ისინი ჩემს მიმართვებს (მოქმედებებს), ხოლო მივაღწევდი რა უკვე ჩემთვის ნავარაუდევ მიზანს, აღმედგინა ქრისტიანები უეცრად და მტკიცე ურყევობით. (... хотя достоинство православнаго нашего исповеданiя требуетъ скорейшаго освобожденiя христiанъ изъ-подъ ига магометанскаго, но долженствовалъ я оказывать наружное относительно ихъ равнодушiе, ради усыпленiя безпокойной магометанъ о судьбе христiанъ заботливости, многократно уже, по постороннимъ нескромностямъ, возбуждаемой, дабы, успокоя съ сей стороны неверныхъ, отвратить те препоны, которыя непременно поставили бы они моимъ обращенiямъ, а чтобы, достигнувъ уже цели, мне предположенной, возстановить христiанъ вдругъ и съ прочностიю непоколебимою.) თქვენი აღმატებულებაც ამის შესაბამისად უნდა მოიქცეს. მაგრამ რადგანაც ქრისტიანების მიმართ სრულებით გულცივ დამოკიდებულებასაც შესაძლოა ისინიც გაეციებინა ჩვენს მიმართ და მათ მიერ უღლისგან განთავისუფლებაში ჩვენზე დამყარებული იმედები მათთვის წაერთმია, აქედან ამომდინარე თქვენი აღმატებულობის კეთილგონიერებას მივანდობ თქვენი საქმეების (поведенიе) ისეთნაირად მოწყობას, რათა მაჰმადიანებს უდროოდ დაეჭვებისა და ჩვენს წინააღმდეგ სიფრთხილის ზომების მიღების მიზეზი არ ჰქონდეთ, ხოლო ქრისტიანებმა კი ჩვენზე დამყარებული გამამხნევებელი იმედი არ დაჰკარგონ და ჩვენდამი არსებული გულმოდგინება არ მოისპონ. ამ ორ დაპირისპირებულ მხარეთა შერიგებას, იმედი მაქვს, არცთუ მცირე სამსახური შეუძლია გაუწიოს სომეხთა მთავარეპისკოპოს იოსების საიდუმლო შუამავლობამ, რომელიც ყოველთვის თქვენი აღმატებულობისადმი რწმუნებულ კორპუსში იქნება, და რომელსაც ქრისტიანების მიმართ თქვენი უმოქმედობის ნამდვილი მიზეზები ჩემგან ჩაგონებული აქვს, და ის თავისი გამხნევებებით თავს არ დაანებებს ყარაბაღელი მელიქებისა და სხვა ქრისტიანთა დამშვიდებას. თქვენ კი, საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მხოლოდ მიუთითებდეთ, რომ მან იცის ქრისტიანთა მიმართ ჩვენი სანუკვარი განზრახვები და მიზეზები, რომლებიც ჯერ კიდევ გვაკავებს მათი აღსრულებისგან, და რომ მათივე საკუთარი სიკეთისა და წარმატების უფრო სრულად უზრუნველყოფისთვის, მათი განთავისუფლება მოსახერხებელ დრომდე გადაიდება, მაგრამ მათ ამაში ეჭვი არ უნდა ეპარებოდეთ და მთელი შესაძლებლობებით გვემსახურებოდნენ. ამავე დროს, ქრისტიანების უფრო სრულად დარწმუნებისთვის, მთავარეპისკოპოს იოსების მეშვეობით ეცადეთ არარატელი პატრიარქის ჩვენდამი იმ ერთგულებაში განმტკიცებას, რომელსაც ის (ამჟამად) გამოავლენს”.

საქართველოს შინაგან მდგომარეობასთან მიმართებაში რიმსკი-კორსაკოვს დაევალა დაერწმუნებინა ერეკლე, რომ მას სამეფოსთვის მავნე საუფლისწულოები მოესპო, და აეხსნა მეფისთვის, “რომ თუ უხვი და ვრცელი საქართველო ერთი ხელისუფლის მიერ იქნება მართული”, მაშინ, დროთა განმავლობაში გაძლიერდება რა მასთან ერევნისა და განჯის პროვინციების შემოერთებით და სომეხი მელიქების თავის დამოკიდებულებაში ჩართვით, მაშინ ეს ქვეყანა მრისხანე შეიძლება შეიქნეს მეზობლებისთვის. (Относительно внутренняго положенiя Грузiи, Римскому-Корсакову поручено было убедить Ираклiя, чтобы онъ уничтожилъ уделы, вредные для царства, и объяснить царю, «что если обильная и просторная Грузiя управляема будетъ единовластно», то, будучи со временемъ усилена присоединенiемъ къ ней Эриванской и Ганжинской провинцiй и привлеченiемъ къ зависимомти меликовъ армянскихъ, страна эта можетъ быть грозною для соседей.)

“მაგრამ ამასთან, წერდა გრაფი ზუბოვი, თქვენთვის შენიშვნის სახით საჭიროდ ვთვლი აღვნიშნო, რომ ქრისტიანობის ნავარაუდევ აღდგენასა და განჯისა და ერევნის შემოერთებით საქართველოს გაძლიერებას ღრმად საიდუმლოდ უნდა ინახავდეთ და მეფისა და თავად ჭავჭავაძის გარდა არავის არ უმხელდეთ, და თავად მათაც წერილობით არათუ არ უნდა უმტკიცებდეთ (ამას), არამედ არც უნდა უხსნიდეთ, ვინაიდან ჩვენი შორეული გეგმების მხოლოდ განცხადებას, და არა მხოლოდ მათ შესახებ უეჭველ ცნობებს, რომლებიც მაჰმადიანებამდე დროზე ადრე მივა, შეუძლია მათი შეშფოთება გამოიწვიოს”.

თავისი მოქმედებების უფრო უკეთ უზრუნველყოფისთვის, კორსაკოვს უნდა ეცადა მიეღო მძევლები გარემომცველი ადერბაიჯანელი ხანებისგან და თვით საქართველოს მეფისგანაც კი, სთხოვდა რა მას საერთო სარგებლის სახით ჩვენი რაზმისთვის რამოდენიმე ქართული ჯარები შემოეერთებინა დიდგვაროვანი თავადების მონაწილებით და მათ უფროსად იულონ ბატონიშვილი, ან დარეჯან დედოფლის საყვარელი რომელიმე უფლისწული გამოეძახა.

ამასთან ერთად გრაფმა ვ. ა. ზუბოვმა სასარგებლოდ მიიჩნია, რომ რიმსკი-კორსაკოვის რაზმში მთავარეპისკოპოსი იოსებიც ყოფილიყო, “სარწმუნოებით ჩვენს ქრისტესმიერ თანამოძმეთა სიკეთისთვის”. მთავარსარდალი სთხოვდა იოსებს “გზას გაშურებოდა კეთილი არქიმწყემსის სახით, რომელიც ქრისტიანობაში ერთიან ფარას მწყემსავდა და ქრისტიანობის ყველა სარგებლისას ჩვენი მომავალი მოქმედებებისთვის არარატის უწმინესი პატრიარქის კურთხევა მოეძიებინა, რომელსაც ჩემგან განსაკუთრებული წერილი გაეგზავნა” (Отношенiе гр. В. А. Зубова архiепископу Iосифу 26-го октября 1796 года № 458. Собранiе актовъ армянскаго народа, т. III, 339).

21 ოქტომბერს გენერალ-მაიორი რიმსკი-კორსაკოვი მისდამი რწმუნებული რაზმით განჯისკენ გამოვიდა. იგი იქაურ მაცხოვრებელთა მხრიდან ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მიდიოდა, მაგრამ ადგილმდებარეობამ კი გზა მეტად გაუძნელა. დაწყებული უამინდობა აძნელებდა ჯარების მოძრაობას და განსაკუთრებით კი პროვიანტიანი ტრანსპორტისა. დაქანცული ხარები დიდი რაოდენობით ეცემოდნენ. რიმსკი-კორსაკოვი იძულებული შეიქნა მასთან მყოფ მთავარეპისკოპოს იოსებისთვის იმის შესახებ ეთხოვა, რომ მას 400 ხარის შეძენისთვის ემეცადინა და შექელ სელიმ-ხანთან ურთიერთობაში შესულიყო, რომლის სამფლობელოებზეც ჯარები გადიოდნენ, გამოითხოვდა რა ხანისგან ნებერთვას მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფი სომხებისთვის, რომ მათ პროვიანტი მდინარე მტკვრამდე გადაეზიდათ. იოსებმა სომხური სოფლები ჩამოიარა და რაზმის უფროსის სურვილის დაკმაყოფილებაც მოახერხა (Письма Корсакова Iосифу, 2-го и 15-го ноября, газета «Кавказъ» 1849 года №№ 24 и 25).

 გადალახა რა მდინარე მტკვარი 30 პონტონით*, კორსაკოვმა განჯას მხოლოდ 13 დეკემბერს მიაღწია და იმავე დღეს ციხესიმარეც დაიკავა (Рапортъ Римскаго-Корсакова 18-го декабря, № 254; *საკუთრივ კავკასიის კორპუსის ჯარებთან გაგზავნისთვის დანიშნულ იქნა 20 პონტონი, ხოლო 10 კი რიმსკი-კორსაკოვს გრაფ ზუბოვის რაზმიდან მიეცა მხოლოდ მდინარე მტკვრის გადასალახად და მთავარი რაზმისთვის მათი დაბრუნების ვალდებულებით. მაგრამ კორსაკოვი იძულებული იყო ისინი თან წაეღო. “მდინარე მტკვრის დათვალიერების შედეგად, მოახსენებდა იგი, შეუძლებელი შეიქნა თქვენი ბრწყინვალებისთვის პონტონების წყლით გამოგზავნა; очень много карчей და მასში დიდი ხეებია – ტილოები შეიძლებოდა დაფლეთილიყო. ცხენებისა და ხარების არყოლის გამო მე იძულებული ვარ ისინი განჯაში დავტოვო”). განჯელმა ჯავად-ხანმა პირადად მიართვა ქალაქის გასაღები და ცდილობდა თავი ყველაზე უფრო ერთგულ ადამიანად წარმოეჩინა: მან ერთგულება შეჰფიცა რუსეთის იმპერატრიცას და ფიცის ფურცელს ხელი მოაწერა. კორსაკოვის განცხადებაზე, რომ ციხესიმაგრის დაკავების შემდეგ იქიდან ყველა მცხოვრები გამოყვანილი უნდა ყოფილიყო, ხანმა სრული მზადყოფნა გამოხატა, რომ ამ აზრით განკარგულება გაეცა, მაგრამ ითხოვა მხოლოდ ის დაეტოვებინათ მასში მცირერიცხოვან ადამიანებთან ერთად, და ისიც არაუმეტეს ექვსი დღისა. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ იგი დაპირდა გამოსულიყო, რაზედაც მიიღო კიდეც ნებართვა.

დანიშნა რა პოდპოლკოვნიკი ვოეიკოვი განჯის ციხესიმაგრის კომენდანტად, რიმსკი-კორსაკოვმა ის ქვეითი ჯარის ერთი ბატალიონით, ჩამოქვეითებულ დრაგუნთა ასეულითა და საველე არტილერიის ექვსი ქვემეხით დაიკავა. პოლკოვნიკი სიროხნევი არათუ ამ დროისთვის ვერ მოვიდა განჯასთან, არამედ მოახსენებდა, რომ მხოლოდ 12 დეკემბერს, და ისიც ვერა დანამდვილებით, შეიძლება გამოვიდეს ტფილისიდან; რომ მისი გამოსვლა ერეკლე მეფეზეა დამოკიდებული, რომელსაც იგი ხარებს სთხოვს მოძრავი ტრანსპორტისთვის, რადგანაც ტფილისიდან განჯამდე მთელ გზაზე არც პროვიანტი და არც ფურაჟი დამზადებული არ ყოფილა (Рапортъ Римскаго-Корсакова графу Зубову 18-го декабря, № 254)

საქართველოდან პოლკოვნიკ სიროხნევის რაზმის მოსვლის მოლოდინში, რიმსკი-კორსაკოვი ქალაქის სიახლოვეში ბანაკად განლაგდა და მთავარსარდალს შემდგომ დარიგებებს სთხოვდა.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment