Wednesday, November 26, 2014

ნიკოლოზ დუბროვინი ქართველ ხალხის წოდებრივი დაყოფის შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს აკადემიკოს დუბროვინის წიგნიდან «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе», Томъ I. Очеркъ Кавказа и народовъ его населяющихъ. Книга II. Закавказье. Санктпетербургъ. 1871, ვრცელი წერილის “ქართველური ტომის” /Картвельское племя/ შესაბამისი თავის თარგმანს) 

თავი IV

(ქართველი ხალხის წოდებრივი დაყოფა.)

XVIII ასწლეულის ბოლოს, ქართველები, წოდებების მიხედვით, იყოფოდნენ: თავადებად, აზნაურებად, ვაჭრებად, მოქალაქეებად (макалаковъ), სახლის მსახურებად ანუ შინაყმებად (домовыхъ служителей или дворовыхъ), და გლეხებად.

უეჭველია, რომ ქართველი ხალხის უმაღლესი წოდება ჯერ კიდევ იმ დროს გამოჩნდა, როცა საქართველოში მეფეები არ იყვნენ და ქვეყანა მამასახლისების*, ანუ სახლის უფროსების მიერ იმართებოდა. მამასახლისების უმცროსი ძმების სახლეულებმა, ღებულობდნენ რა სამკვიდრო მამულს, თავადების საგვარეულოები შეადგინეს (составили фамилiи товадовъ или князей)**. მეფის ტიტული საქართველოში ქრისტეს შობამდე დაახლოებით 300 წელს გამოჩნდა. საქართველოს მეფემ ფარნავაზ I-მა, წარმოშობით სპარსელმა, შემოიღო რა საქართველოში სპარსული წესრიგი (персидскiя постановленiя), მთელი ქვეყანა რამდენიმე ოლქად დაჰყო***. საქართველოს შემადგენლობაში მაშინ შედიოდა: ზემო იმერეთი (ე. ი. რაჭისა და გურიის ოლქები), ახლანდელი ახალციხის საფაშო, ქართლი და კახეთი. თითოეულ ოლქში ფარნავაზმა დაადგინა ერისთავის**** თანამდებობა, რაღაც ჩვენი ვოევოდას (воевода) მაგვარი. ამ წოდებებში უპირატესად განსაზღვრულ იქნენ ქართველი თავადები. საერისთაოები იყოფოდა სამოურავოებად, ანუ ადგილობრივ საუფროსოებად, რომლებსაც უმცროს თავადებს აბარებდნენ, რომლებიც ერისთავებს ექვემდებარებდნენ. ამ წოდებებს საერთოდ დამსახურების და მიხედვით აღწევდნენ. საქართველოს ასეთი ადმინისტრაციული მმართველობა ქრისტეს შობიდან VI საუკუნის მიწურულამდე გრძელდებოდა. (*მამასახლისი ზედმიწევნით თარგმანში ნიშნავს სახლის მამას, ე. ი. ოჯახის თავს, საგვარეულოს, ტომის უფროსს. **Князь-ის სახელწოდება, რომელიც ქართულ ენაზე გამოიხატება სიტყვით თავადი, წარმოდგება სიტყვიდან თავი – голова. ***აკადემიკოს ბუტკოვის ჩანაწერებში ნათქვამია, რომ მაშინდელი საქართველო 8 ოლქად იქნა დაყოფილი. Арх. Главн. Шт. въ С.-Петерб. ****ერი /Эристи/ ქართულად ნიშნავს ხალხს, თავი კი – голова-ს.) 

მეფემ ბაქარ III-მ კიდევ უფრო აამაღლა თავადთა ღირსება იმით, რომ საერისთაოები და სამოურავოები მმართველობაში თავადთა საგვარეულოებს მისცა, რამაც ისინი ერთგვარად მეფეთა ვასალებად და საერისთავოების სრულ მფლობელებად აქცია. ასეთნაირად გამოჩნდნენ საქართველოში მეფისნაცვლები ფეოდალური მმართველობით. ამასობაში თავადთა საგვარეულოები იზრდებოდა ან სამეფო დინასტიის უმცროსი წევრებით, ან კიდევ დიდებული გვარებით (знатными родами) უცხო სამფლობელოების საქართველოსთან შემოერთებისას, მათ მფლობელებთან ერთად. ასე, სომხეთის შემოერთებით შემოუერთდნენ მისი მელიქები ორბელიანები და სხვები. მელიქებს, ანუ სომეხ მფლობელებს შემდეგ თავადები უწოდეს.

მფლობელი მთავრები (თავადები) (владетельные князья), რომლებმაც თავიანთი საგვარეულოების მმართველობაში საერისთაოები მიიღეს, მთელ შემდგომ ხანებში ცდილობდნენ თავიანთი მნიშვნელობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. ნაკლებად ემორჩილებოდნენ რა მეფეებს, თავიანთ სამეკვიდრეო მამულებს ისინი თითქმის თვითმპყრობელურად მართავდნენ. კონსტანტინოპოლის იმპერატორები, სპარსეთის მეფეები და შაჰები, და შემდგომში კი თურქეთის სულთნებიც, მხარს უჭერდნენ ამ ვასალების ძალმოსილებას, იმ მიზნით, რომ მეფის ხელისუფლების დასუსტებით, საქართველოზე თავიანთი უმაღლესი მფლობელობა შეენარჩუნებინათ. მფლობელი ერისთავები ზოგჯერ უარს ეუბნებოდნენ მეფეებს მათი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ბრძოლაში. მეფეს არ შეეძლო სრული ძალა მიეცა კანონისთვის, თუ ის თავადთა თანხმობით არ იყო დადასტურებული. თუმცა კი, ეს ხელს არ უშლიდა იმავე თავადებს, რომ წეს-ჩვეულებას დამორჩილებოდნენ, რომლის მიხედვითაც მეფეს უფლება ჰქონდა სიცოცხლე მოესპო თითოეული თავადისთვის, კიდურები მოეკვეთა, ან თვალები ამოეთხარა, დატოვებდა რა იმავე დროს დასახიჩრებულს თავადის წოდებაში ანდა მისი მამულის მფლობელობაში.

მთავარი თავადები* (*თავადთა უმაღლესი წოდება მაშინ ბატონიშვილების /батонисъ-швили/ სახელს ატარებდა; см. Ст. Кипiани: «О томъ, о сёмъ и, между прочимъ о сословiяхъ закавказскихъ». Газ. «Кавк.» 1853 г. № 80, 347. მისი აზრით, ეს სახელწოდება ეკუთვნის მთავრების შვილებს /детямъ мтаваровъ/ – ქართველთა უმაღლესი და მეფესთან უახლოესი წოდებისა) შაჰებისგან, ორდენის ნაცვლად, ფრთებით გაწყობილ ქუდს ღებულობდნენ, რომელიც თაჯის (тачжи) სახელითაა ცნობილი, მეფის ქუდისგან განსხვავებით, რომელსაც თომარი (томарь) ეწოდებოდა.

მეფემ ერეკლე II-მ, სარგებლობდა რა სპარსეთში მიმდინარე არეულობებით, ჰპოვა შესაძლებლობა, რომ თავადთა ძალაუფლება შეევიწროვებინა, განსაკუთრებით კი ქართლის თავადებისა, იმ ხერხით, რომელიც შემდგომში მეტად არასაიმედო აღმოჩნდა. მან ზოგიერთ უძლიერეს თავადს, რომლებიც სხვებზე უფრო სახიფათონი იყვნენ მათი სამემკვიდრეო მამულების ადგილმდებარეობის გამო, მათი უძველესი ღირსება ჩამოართვა და ის საუფლისწულოებად თავის ვაჟიშვილებსა და შვილიშვილებს დაურიგა, რომლებიც შემდგომში მეფეს თავადებზე კიდევ უფრო ნაკლებად ემორჩილებოდნენ. ეს ზომა რამდენადაც სახელმწიფოს ერთიანობისა და ძალისთვის სავარაუდო სარგებლით იყო გამოწვეული, იმდენადვე იმიტომ, რომ სამეფო სახლის წევრთა გამრავლებასთან ერთად, მეფის შემოსავლები მათი ჯეროვანი ცხოვრებისთვის არ კმაროდა.

ქართველი თავადები წარმოდგებოდნენ: 1) ქართველი მეფეებისგან, 2) მფლობელი თავადური წოდებებისგან, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან ჩამოესახლნენ, უპირატესად კი სომხეთის მფლობელი თავადური საგვარეულოებისგან, და 3) ამ ღირსებაში აღიყვანებოდნენ სპარსეთის შაჰებისა და საქართველოს მეფეთა მიერ, ქართველი აზნაურებისა და სხვა წოდებებისგან* (*1783 წ. ტრაქტატის დადებისას ჩვენი მთავრობა მოითხოვდა ცნობებს თავადებისა და აზნაურების შესახებ. ერეკლე II-ს გაუძნელდა მათი უფროსობისა და ღირსების გათანაბრება. მან შეადგინა 8 სია, თითოეულში მოათავსა 8-8, სხვებში კი 7-7 გვარი, ასეთი ახსნით, რომ თითოეულ სიაში პარალელურად მოთავსებული თავადები ურთიერთ შორის თანატოლნი არიან).

კანონის მიერ ნაკურთხი პირობით, სათავადო ღირსებისთვის აუცილებლად იყო აღიარებული: 1) ჰქონოდა ორი ან სამი ციხესიმაგრე* (*აქედან საქართველოში ამ დრომდე მოჩანს მრავალი ციხე-სასახლე, კოშკი და ციხე-სიმაგრე. მათი წარმოშობა გამოწვეულია მოწინააღმდეგის ხშირი შემოჭრებით, რომლებსაც საქართველო განიცდიდა. ამ დროში თავადებიდან ის ითვლებოდა სუსტად და არასაიმედოდ, ვისაც არ ჰქონდა აღმართული სიმაგრე /твердыня/ საუკეთესო სტრატეგიულ პუნქტში, ვისაც არ ჰქონდა ძლიერი და კარგად შეიარაღებული ციხე-სიმაგრე. Кавк. 1853 г. № 83) და ამდენივე სოფელი; 2) ისეთი ქონება, რომელიც მისცემდა თავადს საშუალებას საკუთარი თავი წოდების შესაფერისად შეენეხა; 3) ჰქონოდა ეკლესია ან მონასტერი ოჯახის წევრთა დასაკრძალად; 4) თავის დამოკიდებულებაში ჰყოლოდა რამდენიმე აზნაური. ამ პირობების გარეშე, და უპირატესად კი პირველისა, არავის არ შეეძლო თავადის ღირსების მიღება თვით უგვიანეს ხანებშიც კი.

საქართველოს მეფეები ჩვეულებრივ თავიანთ ქალიშვილებს თავადებზე ათხოვებდნენ, ამასთან ყველაზე უფრო მდიდრებს ირჩევდნენ, რათა მზითევი მეფეს რაც შეიძლებოდა ნაკლები დაჯდომოდა. საქართველოს დედოფლებიცა და მეფის რძლებიც ასევე ქართველ თავადთა ქალიშვილები იყვნენ.

სამხედრო და სამოქალაქო პირველი ჩინები, როგორებიცაა: სარდლობა (უმაღლესი სამხედრო წოდება) და მდივან-ბეგთა თანამდებობები (მოსამართლენი) თავადთა საგვარეულოებში მემკვიდრეობითი გახლდათ* (*სამხედრო სარდლობა მემკვიდრეობითი იყო თავად ამილახვართა, ბაგრატიონ-მუხრანელთა, ციციშვილების, ანდრონიკაშვილებისა და სხვა საგვარეულოებში). თუ მამა სარდალი იყო, მაშინ მისი ძეც სარდალი უნდა ყოფილიყო; თუ მამა მდივან-ბეგი იყო, მაშინ მის უფროს ძესაც იგივე თანამდებობა უნდა დაეკავებინა.

თავადები თითქმის არასოდეს არ ჰყოფდნენ თავიანთ მამულებს, და მთელი ოჯახი ერთად ცხოვრობდა, საგვარეულოში უფროსის მიმართ დამოკიდებულებაში, რომელიც, უმცროსთა მხრიდან სიტყვის ყოველგვარი შებრუნების გარეშე, მთელ მამულს მართავდა. იგი ღებულობდა შემოსავლებს და მათ ნაწილს თავისი სახლეულის უმცროს წევრთა შენახვისთვის გამოჰყოფდა. ხოლო თუ ძმები იყოფოდნენ, ამ შემთხვევაში, გვარში უფროსი, ინარჩუნებდა რა პირველობასა და ძალაუფლებას, განსაკუთრებული პატისვისცემით სარგებლობდა.

1783 წლის ტრაქტატის დადებისას, საქართველოში თავადთა საგვარეულოები ითვლებოდა: კახეთში 24 და ქართლში 38; 1801 წელს გამოჩნდა ახალი გვარები, რომლებიც ტრაქტატში არ იყვნენ მოთავსებულნი, არამედ თავადთა წოდება საქართველოს უკანასკნელი მეფის სუსტი მმართველობის დროს მიიღეს. უგვიანეს ხანებში, საქართველოს მეფეები, შემოსავლების უკმარისობის გამო, მათი შეძენისთვის, სათავადო ღირსების სხვადასხვა წოდების ადამიანთათვის მიყიდვით იყვნენ დაკავებულნი. ბატონიშვილებიც არცთუ იშვიათად ასეთივე გაყიდვას მიმართავდნენ. იმერეთის მეფე, როცა უკვე რუსეთის ქვეშევრდომი გახლდათ, ძალაუფლების ასეთ ბოროტად გამოყენებაზე უარს არ ამბობდა (Записки Тучкова /рукоп./ въ Арх. Главн. Штаба). უფლებების ჩამორთმევით სასჯელი, რამდენადაც ცნობილია, საქართველოში არ გამოიყენებოდა, მაგრამ მამულების კონფისკაციას კი მეფეები მეტად ხშირად მიმართავდნენ.

ქართველი აზნაურები ორ თანრიგად იყოფოდნენ*: (*გ. ფურცელაძე აზნაურებს სამ კლასად ჰყოფს) მეფის აზნაურებად და თავადთა აზნაურებად. ამ წოდების წარმოშობაც ასევე უძველეს ხანას მიეკუთვნება. არგონავტების კოლხიდაში მოსვლის დროიდან ბერძენთაგან ბევრი მის ნაპირებზე სახლდებოდა. ქართველები მათ თავიანთ ენაზე აზონაურებს** უწოდებდნენ (**აკადემიკოს ბუტკოვის აზრით /см. записк. Буткова, Арх. Главн. Штаба въ С.-Петербурге/, ეს სახელწოდება არგონავტების წინამძღოლის, იაზონისგან წარმოდგება. ბუტკოვი ამ საფუძველზე ვარაუდობს, რომ ამ წოდების თავდაპირველი სახელწოდება გახლდათ იაზნაურები. ბ-ნი დ. ყიფიანი ამ სიტყვის წარმოშობას მიაწერს აზონს, ალექსანდრე მაკედონელის არმიაში ერთერთ უფროსს, და ამიტომ ამბობს, რომ თავდაპირველი სახელწოდება იყო აზონაურები. Смот. Кавк. 1853 г. № 81, 350). საქართველოს პირველმა მეფემ, ფარნაოზმა ან ფარნავაზმა, კოლხიდის მფლობელისგან ფულის სანაცვლოდ მიიღო ჯარი, რომელსაც აზნაურთაგანაც ბევრი შეუერთდა. მათი დახმარებით, ქრისტეს შობამდე დაახლოებით 300 წელს, ფარნაოზმა საქართველოდან მაკედონელები განდევნა.

აზნაურთა სამსახურისადმი მადლიერების ნიშნად, მეფემ ისინი თავისთან დაიტოვა, მათ მიწები და მამულები მისცა. სწორედ აზნაურებმა შეადგინეს კიდეც შემდგომში კლასი, რომელიც ღირსებით ქართველი თავადების შემდეგ მოდიოდა.

ფარნაოზის ძეს, რომელსაც მამასახლისთა უწინდელი მფლობელობის აღდგენა სურდა, ქართველ ხალხზე ბატონობა ჩამოერთვა. მაგრამ აზნაურებმა ფარნაოზის ვაჟიშვილი ტახტზე აღადგინეს, და მანაც, ამის გამო მადლობის ნიშნად, მათგან თავის მცველთა რაზმი დააარსა. იმ დროიდან აზნაურები საქართველოში მნიშვნელოვანი გავლენით სარგებლობდნენ. სიტყვა აზნაურთან ქართველი აერთიანებს ცნებას კეთილშობილებისა და განათლებულობის შესახებ. თავისუფალ მეცნიერებებს, კეთილშობილ ხელოვნებას სააზნაურო ეწოდებოდა. ეს წოდება ყველაზე უფრო განათლებული გახლდათ საქართველოში.

როდესაც თავადები თავიანთ სამემკვიდრეო მამულებში თვითმპყრობელები შეიქნენ, თავისთან დაახლოებულ პირებს ასევე აზნაურის სახელწოდებას აძლევდნენ. აქედან საქართველოში, სულ უძველესი დროიდანვე, გამოჩნდნენ მეფის აზნაურები და თავადთა აზნაურები.

ეს დაყოფა მხოლოდ ქართლში იქნა შენარჩუნებული; კახეთში კი მხოლოდ სამეფო აზნაურები იყვნენ. კახეთის მეფემ ლეონმა, XVI ასწლეულის დასაწყისში, კახელი აზნაურები თავადებზე დამოკიდებულებისგან გაათავისუფლა, სურდა რა ეს უკანასკნელნი დაეუძლურებინა, რადგანაც თავადთა აზნაურები მხოლოდ სამხედრო ხელობით იყვნენ დაკავებულნი და შეადგენდნენ რა საქართველოს ყველაზე უფრო მამაც და ჩინებულ მეომრებს, ყოველთვის ქმედით მონაწილეობას ღებულობდნენ ყველა იმ შემთხვევაში, როცა ძალაუფლების მყვარული თავადები სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებდნენ.

მეფის აზნაურები სამეფო კარის ზოგიერთ თანამდებობაზე დაიშვებოდნენ, ხოლო სამხედრო სამსახურში კი ზოგჯერ მინ-ბაშის (პოლკოვნიკი) წოდებასაც აღწევდნენ, მაგრამ, უმეტეს წლად, მათი აღზევების ზღვარი იუზ-ბაშის (კაპიტანი) წოდება გახლდათ (Акты Кавк. Арх. ком. т. 1, 329). ამათზე უფრო მაღალ წოდებებს აზნაურები ვერ აღწევდნენ, მეტად მნიშვნელოვანი რიცხვის თავადთა საგარეულოების გამო, რომლებსაც ყველა მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ და ამით მათ აღზევებას ეწინააღმდეგებოდნენ. აზნაურები მემკვიდრეობისა და გვარში უფროსობის მთელი იმ უფლებებით სარგებლობდნენ, რითაც თავადები.

აზნაურები, რომლებიც თავადებს, კათოლიკოსსა (სასულიერო წოდების მეთაურს) და სათავადო მამულების საუფლისწულოდ მფლობელ ბატონიშვილებს ეკუთვნოდნენ, სამეფო აზნაურების უფრო დაბლა მდგომებად ითვლებოდნენ და თავიანთი მფლობელების ქვეშევრდომები გახლდნენ, სარგებლობდნენ რა მათთვის მიცემული მიწით, რომელიც გლეხებით იყო დასახლებული. ამ აზნაურებს არანაირი ვალდებულებები არ ეკისრებოდათ და არც თავიანთი მამულები გააჩნდათ, ხოლო თუ გაყიდდნენ მათ, ვერა სხვანაირად, თუ არა მფლობელის ნებართვით, და ამასთან მხოლოდ იმავე თავადის აზნაურებზე.

თავადს კი უფლება ჰქონდა გაეყიდა სოფელი, რომელიც მისი აზნაურის გამგებლობაში შედგებოდა, მაგრამ მაშინ ეს აზნაური და მისი ოჯახი თავისუფლები ხდებოდნენ. თავადების აზნაურებს ჰქონდათ უფლება მფლობელები გამოეცვალათ, მაგრამ ამისთვის წინასწარ უნდა მოეძებნათ თავადი, რომელიც ისურვებდა მიეღო ისინი და მიეცა ის კეთილმოწყობილობანი (удобства), რაც აზნაურული ღირსების აუცილებელ პირობას შეადგენდა.

მოძებნიდა რა თავისთვის ახალ მფლობელს, აზნაური უწინდელ მფლობელს უტოვებდა მიწას, სახლს და ახალთან მიდოდა.

ომიანობის დროს აზნაურები ვალდებულნი იყვნენ ყველანი შეიარაღებულიყვნენ და თავიანთ თავადებს გაჰყოლოდნენ; მშვიდობიანობის დროს ისინი თან ახლდნენ თავადებს ნადირობის, მოგზაურობის დროს, და მის შინაურ ყოფა-ცხოვრებაშიც სხვადასხვა თანამდებობებს ასრულებდნენ.

აზნაურობის წყალობისას, მეფე წინასწარ უბოძებდა ამ წოდებაში აღსაზევებელს, თუ მას საკუთარი სახსრები არ გააჩნდა, მთელ იმ ქონებას, რომელიც აზნაურის წოდებისთვის აუცილებელ პირობას შეადგენდა. მეფის ყველა აზნაურს ჰქონდა თავისი სოფელი, ციხესიმაგრე ან ციხესასახლე, თავის სამფლობელოთა შუაგულში, ეკლესია – ოჯახის დაკრძალვისთვის, ლაშქრობის შემთხვევაში კი – კარავი და გამართული შეიარაღება; რადგანაც აზნაურთა სამსახური უპირატესად ცხენოსანი იყო, ამიტომ თითოეული აზნაურისგან მოითხოვებოდა, რომ მას, გამოსაყენებლის გარდა, კიდევ ჰყოლოდა ერთი სათადარიგო ცხენი და მისი მომსახურენი.

თავადებს უფლება ჰქონდათ თავიანთი ძალაუფლების ქვეშ მყოფთა აზნაურად აღზევებისთვის ეშუამდგომლათ, თუ ისინი მათ ამ წოდებისთვის ყოველივე აუცილებლით თავიანთი მამულებიდან თვითონვე ამარაგებდნენ.

აზნაურობაში აყვანილს მეფის სიგელი განსაკუთრებული ცერემონიალით ეძლეოდა. უკანასკნელი მეფის დროს ეს წოდებები გასაყიდი შეიქნა, ისევე როგორც თავადთა წოდებანიც. 1783 წლის ტრაქტატის მოიხედვით საქართველოში აზნაურთა გვარები შედგებოდა: სამეფო აზნაურებისა კახეთში 36, ქართლში 82; ქართლში კი თავადთა აზნაურებისა 186 და კათოლიკოსის აზნაურებისა იქვე 13.

ვაჭრები სამ ხარისხად იყოფოდნენ: 1-ლი ხარისხის ვაჭარი ერთგვარად (какъ бы) სახელოვანი მოქალაქე იყო; ეს წოდება მემკვიდრეობით შეიძინებოდა და, მასთან ერთად, კაპიტალი, გლეხები და მიწა გადაეცემოდა.

მე-2 ხარისხის ვაჭრები გახლდნენ ისინი, რომლებიც თავად, სავაჭრო ბრუნვით, იძენდნენ კაპიტალს, გლეხებსა და მიწას; და, ბოლოს, მე-3 ხარისხისა, ისინი, რომლებსაც მხოლოდ სავაჭრო დუქნები გააჩნდათ გააჩნდათ, რომლებშიც ვაჭრობას ეწეოდნენ* (*გ. ფურცელაძე ამბობს, რომ ვაჭართა ოთხი კლასი იყოო).

ვაჭრებს არცთუ იშვიათად სამეფო სახლში თანამდებობები ეკავათ და, სარგებლობდნენ რა სამეფო აზნაურებთან თანაბარი უფლებებით, სათავადო აზნაურებთან შედარებით უპირატესობანიც გააჩნდათ.

მოქალაქეებს (Мокалаки), ანუ მეშჩანებს, იგივე უფლებები ჰქონდათ, რაც ვაჭრებს. “ვაჭრები და მოქალაქენი თითქმის ყველანი სომხები არიან, ვინაიდან ქართველები ვაჭრობას სასირცხვოდ მიიჩნევენ” (Письмо Лазарева Кнорингу 8 марта 1801 г. Акты Кавк. Арх. ком. т. 1, стр. 329).

მოქალაქენი მხოლოდ ორ ქალაქში არსებობდნენ, ტფილისსა და გორში; სხვა ქალაქებში მათი დაარსების მცდელობაც კი არ ყოფილა. ტფილისელი მოქალაქენი მოვაჭრე სომხებისგან წარმოდგებოდნენ, რომლებიც ვახტანგ გორგასალმა, მნიშვნელოვანი პრივილეგიების დახმარებით, მის მიერ ახლად დაარსებულ ტფილისში გამოიძახა. თავად ქართველთა არაკეთილგანწყობა სავაჭრო საქმიანობისადმი ისეთი ძლიერი იყო, რომ, მოქალაქეებისთვის მიცემული ყველა პრივილეგიის მიუხედავად, ეს წოდება, თვით ამ დროისთვისაც კი, უპირატესად სომხებისგან შედგება. უკანასკნელნი, შეგნებული ჰქონდათ რა ქალაქის ცხოვრებაში თავიანთი მნიშვნელობა, რა თქმა უნდა მხარს უჭერდნენ და ცდილობდნენ მოცემული პრივილეგიების შენარჩუნებას, და იმდენიც მოახერხეს, რომ მეფეები მათ ყველანაირ ყურადღებასა და პატივისცემას აღმოუჩენდნენ. 

მოქალაქეს შეეძლო მფლობელობაში ჰყოლოდა გლეხები, სისხლის სამართლის დანაშაულისთვის სიკვდილით ვერ დაისჯებოდა, არამედ ფულადი ჯარიმით შეეძლო თავი გამოესყიდა; შეჰქონდა ფულები იმისთვის, რომ მისი ძე ან ასული, ან კიდევ ნათესავი “არბაბში” არ წაეყვანათ, ე. ი. გოგონებისა და ბიჭების სპარსეთის შაჰისთვის ხარკად სამარცხვინო გაგზავნისთვის, მაშინ როდესაც დანარჩენ მოსახლეობას ამისგან ფულით თავის დახსნის უფლება არ ჰქონდა.

მოქალაქეები მეფეს უხდიდნენ მახტას, განსაზღვრულ ხარკს (подать), რომლის მიხედვითაც რამდენიმე ხარისხად იყოფოდნენ, რომლიდანაც სხვაზე გადასვლა თავიანთი ნება-სურვილით შეიძლებოდა, მაგრამ რომელთა არც გაყიდვა შეეძლოთ, არც მემკვიდრეობით მიღება. მათ შეეძლოთ ემსახურათ და ზოგიერთ ადგილზე განსაკუთრებული უფლებაც ჰქონდათ. (დაღვრილი) სისხლისთვის დაკმაყოფილებისას პირველი კლასის მოქალაქე მეორე კლასის აზნაურს უთანაბრდებოდა (Нечто о городахъ грузинскихъ. Закавк. Вестн. 1850 г. № 12).

ამქარი, ანუ ხელოსნები, საამქროებად იყოფოდნენ: ქვისმთლელებისა, დურგლებისა, მქსოველთა, მკერავთა, ოქროს, ვერცხლის, სპილენძისა და რკინის საქმეთა ოსტატების, ხატმწერთა და სხვების.

ამ დრომდე თითოეულ საამქროს თავისი საგანგებო დროშა ან ნიშანი გააჩნია, რომლის ქვეშაც ისინი საზეიმო შემთხვევებში იკრიბებიან: დღესასწაულებზე ან საცერემონიალო შეხვედრის დროს. ეს ნიშნები სხვადასხვა ქსოვილების ნაჭრებისგან შედგება, რომელიმე წმინდანის გამოსახულებით, ცნობილი საამქროს მფარველისა. ასე, მეიარაღენი თავიანთ დროშაზე გამოსახავენ აბრაამს დანით ხელში; მღებავები – მოციქულ თადეოზს, ხელთუქმნელი ხატით; ბაყლები (ხილის გამყიდველები) – მთავარანგელოზ მიქაელს, მახვილითა და სასწორით; დროშების უმეტეს ნაწილზე კი ელია წინასწარმეტყველს გამოხატავენ.

ხელოსანთა და მრეწველთა კასტებს შორის კამათებმა და უთანხმოებებმა საქმე იქამდე მიიყვანა, რომ გარეშეთა შევიწრივებისგან დაცვისა და ურთიერთ შორის სასამართლოს დაარსებისთვის, ხელოსნებმა თავიანთი გარემოდან უფროსების არჩევა დაიწყეს, რომელთაც უწოდებდნენ კიდეც უსტა-ბაშებს (ხელოსანთა მეთაურებს). წესები არჩევისთვის მეფეთა მიერ იყო დამტკიცებული. უსტა-ბაშებს ებარათ არა მხოლოდ ერთი მთლიანი ხელობა, არამედ მისი სახეობანიც, ასე, მაგალითად, წყლის მზიდავები იყოფოდნენ: დოქებით წყლის დამტარებლებად და ტიკებით წყლის დამტარებლებად. ამ ხელობის თითოეულ განაყოფს, ექვემდებარებოდა რა ყველა წყლის მზიდავთა საერთო უსტა-ბაშს, თავისი საკუთარი უსტა-ბაშიც ანუ თავკაციც (старшина) ჰყავდა. თითოეული სახეობის მკერავებს, რუსული სამოსისა, ჩერქეზულებისა, ჩოხებისა და ა. შ., საერთო უსტა-ბაშის გარდა, თავიანთი საგანგებო უსტა-ბაშიც ჰყავს, მაგრამ ამასთან ხელოსანთა ერი არ განსხვავდება (но при этомъ нацiя ремесленниковъ не различается).

უსტა-ბაშის არჩევა ყოველთვის რომელიმე ეკლესიის მახლობლად ხდება, თავიანთი ხელობის ოსტატებისგან, ხმათა უმრავლესობით. ეკლესიის სიახლოვეს იმიტომ ირჩევენ, რომ არჩევა და საერთოდ ეს შეკრებები ფიცის დადებით მთავრდება.

ისეთი ადამიანის არჩევას ცდილობენ, რომელიც საყოველთაო პატივისცემით სარგებლობს, გამოცდილისა და ჭკვიანის. მის დამხმარედ ირჩევენ ორ მუშას: იგით-ბაშისა (მაგარი თავი) და ახ-სახკალს (რაც თეთრ წვერს ნიშნავს). ამრჩევები ადგენენ ხელწერილს ამისა და ამის უსტა-ბაშად არჩევის შესახებ; შემდეგ მას ხელზე ემთხვევიან და თანამდებობას ულოცავენ. მოხუცები ხელზე მთხვევისგან თავისუფლდებიან; ზოგიერთ საამქროში ხელოსნები უბრალოდ ერთმენეთს გადაჰკოცნიან.

მილოცვისას თითოეული ჩუქნის უსტა-ბაშს ვაშლს, რომელშიც ფულებია ჩალაგებული, მჩუქნელის შეძლების და მიხედვით. უსტა-ბაში არტელის მოსამართლეა, მშვიდობისა და კეთილი თანხმობის შემნახველი, აგრეთვე მისი ინტერესების დამცველი (оберегатель). მეფეების დროს უსტა-ბაშები შეუზღუდავნი იყვნენ, მაგრამ შემდგომში მათ სხეულებრივად დასჯის უფლება ჩამოერთვათ. არავის არ შეუძლია მის ბრძანებას ყური არ ათხოვოს. თავისი ვაჟიშვილის რომელმე ხელობის სასწავლებლად მიცემის მსურველი ამის შესახებ უწინარეს ყოვლისა უსტა-ბაშს უნდა დაელაპარაკოს, თუ რა პირობებით აძლევს ბიჭს და რამდენი წლით. სწავლის ვადის დასრულების შემდეგ (5-6 წელი), უსტა-ბაში ორ თანაშემწესთან ერთად, აწყობს მოწაფის გამოცდას, და თუ მან იცის ხელობა და, პატრონის დამოწმებით, კარგი საქციელი ჰქონდა, მაშინ მას ოსტატად აკურთხებს. 

შეკრებენ რა ყველა ახლად ნაკურთხი ოსტატისგან თითოეულისგან 10-25 მანეთს, შეძლების და მიხედვით, ამ საამქროს მუშათა მთელი საზოგადოება ქალაქ გარეთ ბაღებში მიემართება და იქ მამა-პაპურ ქეიფს აწყობს (задаётъ тамъ пиръ на славу). სადილის წინ მოწაფე მუხლებზე დგება; იმ მრევლიდან მოპატიჟებული მღვდელმსახური, რომელსაც მოწაფე მიეკუთვნება, მის თავზე სახარებას კითხულობს, შემდეგ მისით კეთილი საქმეებისთვის აკურთხებს და არიგებს, რომ აღასრულებს რა თავის ხელობას პატიოსნად, ყველასთან მშვიდობით ცხოვრობდეს.

მღვდელმსახურისგან მოწაფე უსტა-ბაშთან მიდის, რომელიც ურჩევს მას ოსტატის მაღალი წოდების ღირსი იყოს, და შემდეგ კი ყველა ხელოსანი დარიგებას დაამთავრებს სიტყვით: ამინ. მაშინ უსტა-ბაში, მოუწოდებს რა შემწედ წმ. სამებას, თითოეულ ახლად ნაკურთხს სამჯერ ურტყამს ხელს ლოყაზე და მათ წელზე აბრეშუმის ქამარს ან ხელსახოცს შემოარტყამს, რომელსაც სამ დღეს ატარებენ კიდეც ისინი, როგორც ოსტატად მათი კურთხევის ნიშანს. წესის დასრულების შემდეგ ისინი უსტა-ბაშსა და ყველა იქ დამსწრე ოსტატს ხელზე ემთხვევიან, ხოლო შემდეგ კი ქეიფიც იწყება.

უსტა-ბაშის გარტყმა იმის სიმბოლოს წარმოადგენს, რომ ამ ხელს ახალი წევრის დასჯისა და შეწყალების უფლება აქვს.

უსტა-ბაში ხუთ წელიწადზე მეტ ხანს იშვიათად რჩება თავისი საამქროს წინამძღოლად, იმის შიშით, რომ ამ საპატიო წიდებას ის სამუდამოდ არ დაეუფლოს.

უსტა-ბაში კრეფს ხარკს (собираетъ подати), ამცნობს თავისი ძალაუფლების ქვეშ მყოფთ, რათა ისინი, მაღალსადღესასწაულო დღეებში ეკლესიებში მივიდნენ, და აწარმოებს სამართალს.

ახალი წლის დღეს თითოეული ოსტატი, ულოცავს რა თავის უსტა-ბაშს, მას ფულებით დატენილ ვაშლს ჩუქნის, რისთვისაც ის ხილითა და არყით უმასპინძლდება.

მუშებს შორის დავის შემთხვევაში უსტა-ბაში მათ იგით-ბაშის მეშვეობით თავისთან მოიხმობს, არჩევს საქმეს და დამნაშავეს ან ფულს გადაახდევინებს, რასაც ული ეწოდება, ან კიდევ მის სახელოსნო დუქანს (лавка) ორი ან სამი დღით კეტავს.

“თუ განსასჯელი იფიქრებს უსტა-ბაშს არ დაემორჩილოს, მაშინ, როგორც, მაგალითად მეწაღეებს, მებაშმაკეებსა და მეტყავეებს შორისაა, უსტა-ბაში თავისი იგით-ბაშის მეშვეობით უგზავნის ვაშლს იმ ხელოსნების უსტა-ბაშს, რომლებთანაც ურჩი თავისი სამუშაოსთვის საქონელს ყიდულობს, ან კიდევ მათთან, რომელთაც მისგან მიაქვთ საქონელი, და ამით ატყობინებს, რომ ესა და ეს ოსტატი მას არ ემორჩილება, და ამიტომ სთხოვს: მკაცრად აუკრძალონ მათი უწყების ქვეშ მყოფ ოსტატებსა და ყასბებს მიჰყოდონ მას, თუ ის მეტყავეა, ნედლი ტყავი, ხოლო თუ ის მეწაღეა, მეტყავეებს მისცენ მას საქონელი. ასეთ ნაირად, ყოველი მხრიდან შევიწროვებული, ის იძულებულია მორჩილებით გამოცხადდეს თავის უსტა-ბაშთან”, პატიება სთხოვოს, ჯარიმა გადაიხადოს, და მაშინ უსტა-ბაში ატყობინებს, რომ ესა და ეს აკრძალვისგან თავისუფალია (Уста-башъ, Кавк. 1846 г. № 41. Письмо къ петербургскому знакомому Н. Дункель-Веллингъ, Кавказъ 1853 г. № 67).

უსტა-ბაში, საზოგადოების საქმეთა გამო, მუდმივად წყდება თავის საქმიანობას, ამიტომ, ჯილდოდ ის საქმის გადაწყვეტისას ორივე მოდავისგან თითო ვერცხლის მანეთს ღებულობს და თითო მანეთსა და აბრეშუმის ხელსახოცს ოსტატად ნაკურთხი ყოველი მოწაფისგან.

გარდაცვლილი ხელოსნის ნათესავები ხელობაში მის ყველა ამხანაგს დაკრძალვაზე ეძახიან, და რადგანაც ამით მათ საქმეს აცდენენ, ამიტომ ოსტატებს ფულს აძლევენ, რითაც ისინი შესანდობარ სუფრას აწყობენ (справляютъ поминки), ხოლო დანარჩენს კი საზოგადოებრივ თანხად აქცევენ, სადაც მიდის ასევე საჯარიმო 60-60 კაპიკი თითოეული მუშისგან, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიზეზების გარეშე დაკრძალვაზე არ ყოფილა. საზოგადოებრივი თანხა ღარიბი და ავადმყოფი მუშების დახმარებისთვის გამოიყენება, და ხშირად ღარიბი მუშების დაკრძალვისთვისაც. წელიწადში ერთხელ საზოგადოება ცხვრებსა და ბრინჯს ყიდულობს, ამზადებს ფლავს, მწვადებს და მათ პურთან ერთად უგზავნის: ნაწილს პატიმრებს, ნაწილს მათხოვრებს, ხოლო ნაწილს კი თავის სადილად მოიხმარს, რაც ჩვეულებრივ მღვდლის თანდასწრებით ხდება. 

თითოეული გვარეობის ოსტატებს შორის, თავიანთი განსაკუთრებული ჩვეულებები არსებობს. მეწაღე, როგორც კი ატმის ნაყოფის გამოჩნდება, იშოვნის რა მას, თავის მოწაფეებთან მოაქვს, და მაშინ ისინი საღამოობით სანთლების შუქზე უნდა მუშაობდნენ (Подробности см. Кавк. 1846 Г. № 42 «Уста-башъ». О тифлис. цехахъ, Кавк. 1850 года № 93); მოწაფე, რომელიც გაზაფხულზე მინდვრის ყვავილს იპოვნის, ოსტატს უჩვენებს, ეს ნიშნავს, რომ ღამეები მოკლეა და ისინი საღამოს სამუშაოებისგან უნდა გაათავისუფლოს. ეს წეს-ჩვეულებები მეტად მკაცრად სრულდება.

ხელოსნები, თავიანთი ქონების გაზრდასთან ერთად, ვაჭართა წოდებაში გადადიოდნენ. 

საერთოდ ყველას, ვაჭრებსა და მოქალაქეებს (ქალაქის მცხოვრებთ, горожане), უფლება ჰქონდათ თავიანთ სახელზე გლეხები და მიწა ეყიდათ, იხდიდნენ ხარკს (подати) კაპიტალებიდან და სულადობრივად, იარაღის მკეთებლებისა და ხატმწერების გარდა, რომლებიც, კანონების მიხედვით, გადასახადებისგან თავისუფალნი იყვნენ. თუმცა კი თითოეულის კაპიტალი ცნობილი არ ხდებოდა, მაგრამ ურთიერთ შორის მათი საკუთარი გარჩევა განსაზღვრავდა, თუ რამდენი უნდა შეეტანა თითოეულს მთელ საზოგადოებაზე დაკისრებული ხარკის შემადგენლობაში, რომელიც, უმეტეს წილად, მუდმივი გახლდათ.

მსახურები (Захури) – ბატონთა შინა მომსახურენი საქართველოში განსაკუთრებულ წოდებას შეადგენდნენ, აზნაურებსა და გლეხებს შორის – რაღაც ჩვენი дворовые люди-ს მსგავსს. მსახურები ჰყავდათ მეფეებს, თავადებს, აზნაურებსა და წარჩინებულ სასულიერო პირებს. სახლში მომსახურების გარდა, ისინი თავიანთ ბატონებს ომშიც, მცველების სახით თან ახლდნენ.

მსახურები ამ წოდებაში გლეხებისგან შედიოდნენ, თავიანთ ბატონთა ნების მიხედვით, მთელი ოჯახებით, და, მიღებული ადათ-წესებით, არ შეიძლებოდა თავდაპირველ მდგომარეობაში ყოფილიყვნენ დაბრუნებულნი, იმათ გარდა, რომლებიც ამ წოდებაში თავიანთ მფლობელებს ჰყავდათ აყვანილი. მსახურებს შეეძლოთ ეყიდათ გლეხები, მაგრამ, ამასთან ერთად, არცთუ იშვიათად თავადაც სხვა მფლობელებზე გაყიდულნი ყოფილიყვნენ, თუმცა კი ამასთან თავიანთ წოდებასა და პრივილეგიებს ყოველთვის ინარჩუნებდნენ. მფლობელს შეეძლო მსახური აზნაურად აღეზევებინა, რაც აიძულებდა კიდეც მათ თავიანთი მოვალეობები გულმოდგინედ შეესრულებინათ. ადამიანთა ამ წოდების მოვალეობები განსხვავებული იყო. ზოგიერთი არაფერს არ უხდიდა მემამულეს, და მაშინ ერთი ან ორი ადამიანი ოჯახიდან თავიანთი ბატონის სამსახურში იმყოფებოდა* (*ამ შემთხვევაში ისინი ვალდებული იყვნენ ჰქონოდათ თავაიანთი ტანსაცმელი, შეიარაღება და სურსათი, ასევე ჰყლოდათ ცხენი), სხვები გლეხთა მოვალეობებს ასრულებდნენ და სხვა.

მემამულეთა გლეხები სამ კატეგორიად იყოფოდნენ: ყმა (ნაშიერი, ბავშვი) – რომლებიც დაახლოებული მსახურები იყვნენ და მემამულე მათ როგორც მამა ვაჟიშვილს, ისე ექცეოდა; მონა – рабъ ამ სიტყვის სრული აზრით, და გლეხი – შავი მუშა, რომელიც ბეგარას იხდიდა.

მონებს იძენდნენ ყიდვით, მეფის ნებართვით. ყიდვის თაობაზე აქტის აღსრულების წინ, მონებს, ექვსი თვის მანძილზე გამოცდიდნენ, მათი ქცევისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისთვის. მათ არანაირი ადამიანური უფლებები არ გააჩნდათ: პიროვნების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის (самостоятельности). მათ კანონების მფარველობაც კი წართმეული ჰქონდათ და მთლიანად მფლობელის ნება-სურვილს იყვნენ მიცემულნი.

გლეხები – ესენი იყვნენ крестьяне, რომლებიც მემამულეთა მიწებზე დროებით ვალდებული გლეხების უფლებით ცხოვრობდნენ (на правахъ временно-обязанныхъ крестьян). არავის არ ჰქონდა უფლება, რომ ისინი თავისთან დაემაგრებინა და ისინიც მოვალენი იყვნენ მხოლოდ ბეგარა მოეხადათ (Никто не имелъ права укрепить ихъ за собою, и они обязаны были только отбивать барщину) (О крепостномъ состоянiи въ Грузiи. Кавк. 1864 г. № 85).

მიწათმოქმედთა წოდება შედგებოდა: ქართველების, სომხების, თათრების, ოსების, თუსების, ფშავლებისა და ხევსურებისგან*. მათგან ერთნი ეკუთვნოდნენ საკუთრივ მეფეს, სხვები მეფის ცოლს, დაბოლოს ეკლესიებს**, მემამულეებს, თავადებს, აზნაურებსა და ქართველი ხალხის სხვა წოდებებს. (*გლეხების წოდებას მიეკუთვნებიდნენ: მსახური, მეჯალაბე და ყმა. См. Кипiани, «О томъ, о сёмъ и, между прочимъ, о сословiяхъ закавказскихъ». Кавказъ 1853 г. № 80. **ასე, მანგლისის ძველ ტაძარში შემონახული სიგელის მიხედვით, რომელიც 1404 წელს გაიცა ალექსანდრე I-ის მიერ, ჩანს ტაძრისთვის გლეხებისა და სავარგულების წყალობის შესახებ. 1696 წელს ნაზარ-ალი-ხანმა, ანუ ერეკლე I-მა, სიგელითვე გაათავისუფლა ისინი ყოველგვარი სახაზინო ხარკისგან, ომში ან სამეფო ნადირობაზე წასვლის ვალდებულების გარდა. См. кавк. кален. 1852 г. 468.)

იმაზე უწინ, სანამ ადამიანთა ამ კლასის უფლებებზე ვილაპარაკებთ, აუცილებელია იმ ხერხის შესახებ ვთქვათ, რომელიც მიღებული იყო საქართველოში მიწების გაყოფისას. 

გლეხებისთვის მიწის ნაკვეთების მიცემა მფლობელზე იყო დამოკიდებული, მაგრამ რომელიმე ოჯახისთვის ერთხელ მფლობელობაში დანიშნული მიწიდან ნაწილის ჩამორთმება ჩვეულებად არ ჰქონიათ. 16 ხარშებმულ გუთანს ერთ დღეში რამდენის მოხვნაც შეეძლო – მიწის ამ სივრცეს დღიური (дгыцри) ეწოდებოდა და 60 კვადრ. საჟენს ანუ ერთნახევარ იქაურ დესეტინას შეადგენდა. ვარაუდობდნენ, რომ თითოეულ ოჯახს აუცილებლად უნდა ჰქონოდა სამოცი ასეთი ნაწილი, ანუ 90 დესეტინა (რასაც მინდორისმიწა ეწოდებოდა, миндорислища, т. е. полевая земля ) სოფლისგან მოშორებით; აუცილებლად ითვლებოდა რვა ასეთივე ნაწილის ქონა, ე. ი. 12 დესეტინისა, სოფლის მახლობლად, და, გარდა ამისა, შორეული ბაღისთვის კიდევ 2-3 დესეტინა გამოეყოფოდა, ხოლო ახლო ბაღისთვის კი – 1-1 ½ დესეტინა.

ეს ნაკვეთები (участки), ერთად აღებული, რომელთაც საკომლო ეწოდებოდა (რომელიც 106 ½ რუსულ დესეტინას ანუ ერთ კვადრატულ ვერსზე ცოტათი მეტს უტოლდებოდა), შეადგენდნენ სრულ ნაკვეთს (полный наделъ) მეოჯახეობისთვის ანუ მიწათმოქმედებისთვის; ასეთი საკომლო ძლივს თუ ითვლებოდა საკმარისად ოჯახისთვის, მისი წევრების იმ მრავალრიცხოვნებისას, რომელიც იმ ეპოქაში იყო, იმიტომ რომ პაპა, მამა და ოჯახის ყველა წევრი განუყოფლად ცხოვრობდნენ. თუ, ამასთან, ასეთ ნაკვეთში წყლის წისქვილის აშენებისთვის მოსახერხებელი ადგილიც შედიოდა, საკომლო მომგებიანად ითვლებოდა. საქართველოში მიწის ანგარიშს ამ საკომლოების მიხედვით აწარმოებდნენ, და ამბობდნენ: ამა და ამ სოფელს, ოჯახების რიცხვის მიხედვით, სრული საკომლო გააჩნია, ამა და ამ სოფელში – სანახევროდ, ხოლო ზოგიერთ სოფელს კი ორმაგი საკომლოც ჰქონდა.

მიწების მსგავსი დაყოფა მხოლოდ ქართველებს, სომხებსა და ოსებს ჰქონდათ. თათრები კი მთელ ზაფხულს (всё лето) მომთაბარეობდნენ და ეს დაყოფა არ ჰქონიათ.

მიწის მოხვნისთვის რვა წყვილი ხარი და შესაბამისი რიცხვის გამრეკავები მოითხოვებოდა. ძალზედ ხშირად მიწათმოქმედს მათი გამოყვანა არ შეეძლო, ამიტომ ჩვეულებაში შემოვიდა დაკლებული ხარების მეზობლებში სესხება, და ურთიერთ დახმარებით, მიწის მორიგეობით დამუშავება. თათრები ამას სხვანაირად აკეთებდნენ: ისინი თავიდან განსაზღვრავდნენ, რა რაოდენობაა აუცილებელი სახნავად მთელი სოფლის ანუ აულისთვის, საერთო ძალებით მუშაობდნენ, და ამის შემდეგ, წილისყრით, ჰყოფდნენ მიწას იმ მუშებისა და ხარების რიცხვის მიხედვით, რომლებიც თითოეულ ოჯახს გამოეყვანა.

ომის შემთხვევაში, მიწათმოქმედები ვალდებულნი იყვნენ სამშობლოს დასაცავად გამოსულიყვნენ, ექნებოდათ რა თავიანთი იარაღი და ტანსაცმელი, ეყოლებოდათ რა ცხენი.

მიწათმოქმედთა ვალდებულებები განისაზღვრებოდა ადათებით, რომლებიც კანონებში იყო შესული, და არა მხოლოდ მემამულეებს, არამედ მეფეებსაც კი არ შეეძლოთ იმის მოთხოვნა, რაც ადათით არ იყო შემოღებული, და რაც ძველი დროიდან არ აღესრულებოდა. რომლებიც ხარკს ღვინით ან მოსავლის მეათედით იხდიდნენ, სხვას არაფერს არ იძლეოდნენ, და ამ უფლების დარღვევა მთელი სოფლებით მათ გაქცევას, და არცთუ იშვიათად ამბოხებებსაც (возмущенiя) იწვევდა* (*დ. ყიფიანს მოაქვს რამდენიმე დაწვრილებითი ამბავი ვალდებულებათა გვარეობების შესახებ და რამდენიმე მაგალითი, რომლებიც ასეთი წესრიგის შეუსაბამობას გვიჩვენებს. Кавказъ, 1853 г. № 84)

მიწათმოქმედთა ვალდებულებები შემდეგი იყო: ხვნა-თესვით დაკავებულნი ყველანაირი პურეულიდან მოსავლის მეექვსედ ნაწილს იხდიდნენ* (*პურის ხარკს /ღალას/ საერთოდ მეათედი ეწოდებოდა), ღვინის დამყენებლებს კი – შემოსავლების მეხუთედი ნაწილი მიჰქონდათ თავიანთი მფლობელებისთვის და სხვა.

გლეხები, რომლებიც ქალაქებში ცხოვრობდნენ და რაიმე ხელობით იყვნენ დაკავებულნი, იხდიდნენ მახტას – სახელფასო ფულად შესაკრებს ანუ ღალას (окладной денежный сборъ или оброкъ), რომელსაც მფლობელები, მუშათა მრეწველობის და მიხედვით, თვითნებურად აკისრებდნენ; ხოლო თუ გლეხები ქალაქებში მხოლოდ დღიური მუშაობის ან ვაჭრობისთვის ცხოვრობდნენ და მიწით არ სარგებლობდნენ, მაშინ სულადობრივ გადასახადს – მალის იხდიდნენ: დაქორწინებულები 1 მან. 20 კაპ.-ს, დაუქორწინებლები კი, რომელთაც ასაკი დაოჯახების ნებას აძლევდა, 60 კაპ.-ს.

გარდა ამისა, საერთოდ ყველა გლეხი – ქართველი იქნებოდა ის, სომეხი თუ თათარი – მოვალე იყო წელიწადში ორჯერ, ქრისტეს აღდგომისა და შობის დღეს თავისი მფლობელისთვის, თითოეულს თავისი შეძლების და მიხედვით, საჩუქრად შესაჭმელი რამ მიეტანა (принести... въ подарокъ съестнаго). მემამულის დაქორწინება გლეხებს საგანგებო გადასახადს (сборъ) აკისრებდა, ფულით ან პურით, თითოეულის ქონების და მიხედვით.

მემამულეებს სრული უფლება ჰქონდათ თავიანთი მიწა განეკარგათ და იმის სრული მფლობელებიც იყვნენ, რაც მის წიაღში იყო. მათ უფლება ჰქონდათ, გარკვეული ზომით, აეღოთ საბაჟო გადასახადები იმ საქონლიდან, რომელიც მათი სამფლობელოების გავლით უნდა გადაეტანათ, ან გადატანა აეკრძალათ. შეეძლოთ, სადაც მოისურვებდნენ, თავიანთ მიწებზე ციხე-სიმაგრეები, ციხე-სასახლეები და კოშკები აეშენებინათ (строить... крепости, замки и башни).

საქართველოში არსებობდა წეს-ჩვეულება, რომელიც მეტად მომგებიანი იყო მფლობელებისთვის, მაგრამ გამაღარიბებელი გლეხებისთვის. როცა მეფე ან თავადი სოფელში მოვიდოდა, მაშინ გლეხებს ისინი უფულოდ უნდა გამოეკვებათ. მიემგზავრებოდა რა რომელიმეს მამულში, სტუმრის სახით, მეფე ან თავადი წინასწარ ატყობინებდა მას ამის შესახებ, და მფლობელთაგან ან გლეხებისგან უფულოდ პურს, ღვინოს, დასაკლავ საქონელსა და სხვა საკვებს მოითხოვდა. მეფის სტუმრობისას მოტანილის მეთერთმეტედი ნაწილი სახლთუხუცესსა და მდივნებს ეკუთვნოდათ. მამასახლისი, ანუ სოფლის თავკაცი, ვალდებული იყო სტუმრისთვის სადგომი მოემზადებინა და მცხოვრებთათვის ეცნობებინა, თუ ვის და სახელდობრ რა უნდა მოეტანა.

მეფის მოსვლის შემდეგ, მისთვის თითოეულს ხის ხონჩით საჭმელი და თიხის რამდენიმე დოქით ღვინო მოჰქონდა; ყველაფერ ამას მეფის წინაშე დგამდა, რომელიც თავის მსახურებთან ერთად იჯდა, და იქვე თავადაც ჯდებოდა.

სოფლის მოსახლეობის და მიხედვით, მისართმევის მომტანთა რიცხვი ზოგჯერ ძალზედ დიდი იყო, მაგრამ ისინი რამდენიც არ უნდა ყოფილიყვნენ, ყველანი ერთად სხდებოდნენ, ჭამდნენ, სვამდნენ და ლაპარაკობდნენ. აქედან გლეხებს ჰქონდათ კიდეც ყველაფერზე თითქმის ისეთივე ცნობები, როგორიც მათ თავადებსა და აზნაურებს გააჩნდათ. შედიოდა რა საუბარში, თითოეული მთელი თავისი მჭერმეტყველების გამოყენებას საკუთარ მოვალეობად თვლიდა – ისეთისა, რომლისგანაც, თავად ქართველების გამოთქმა რომ ვიხმაროთ, “ქვაც კი გასკდებოდა”. აზიელ ხალხებში არსებული ნატიფი გამოთქმები, შედარებები და მიმსგავსებანი აქ თავის ადგილს პოულობდა და აუცილებლადაც ითვლებოდა.

ქართველი შეეჩვია ასეთ გამაღარიბებელ ჩვეულებას. მოვა თუ არა ვინმესთან სტუმრების ან მგზავრთა ბრბო – მასპინძელი მაშინვე ცლის მათთვის სახლს, რომელშიც თავად საკუთარ ოჯახთან ერთად ცხოვრობს; თუ ეს ცოტა აღმოჩნდება, მაშინ მისი მარტივი კარმიდამოს ყველა დარნარჩენ შენობასა და მინაშენსაც. ერთ ვახშამზე ის ხშირად მთელი წლის მარაგს მოიხმარს, ყოველგვარი გადანახვის გარეშე, და მაინც იმეორებს ქართულ ანდაზას: “სტუმარი ჩემთვის მეგობარზე უფრო ძვირფასიაო” – ასეთია წეს-ჩვეულება. 

თუმცა კი მფლობელებს კანონით ეკრძალებოდათ ვინმესთვის მათი გლეხების ჩამორთმევა, სინამდვილეში მათ შეეძლოთ წაეღოთ ყველაფერი, რაც კი სურდათ: ფული, იარაღი, ცხენი და სხვა.

რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს საჩუქრების სახით მიჰქონდათ, მაგრამ იმდენად სავალდებულო იყო, რომ გლეხს არ შეეძლო მოთხოვნაზე უარი ეთქვა და მხოლოდ იმით იცავდა თავს, რომ როცა თავადის მოსვლის შესახებ შეიტყობდა, ყველაფერ საუკეთესოს დამალვას იჩქაროდა. საჩუქრის მირთმევისგან თავის დაღწევა, დევნისა და ცუდი შედეგების შიშის გამო, შეუძლებელი იყო.

მემამულეთა შემოსავლები გლეხებისგან უმნიშვნელო გახლდათ და მათ შორის კამათებისა და სადაო საქმეების გარჩევისთვის გადასახადით საჩუქრდებოდა. მემამულენი სოფლებში სასამართლოს თავად უძღვებოდნენ, ან უმნიშვნელო შემთხვევებში, თავიანთი რწმუნებულების მეშვეობით, სახელმწიფოს ზოგადი კანონებისა და ადგილობრივი ადათების მიხედვით. მხოლოდ მნიშვნელოვანი შემთხვევების თაობაზე, როგორებიც იყო მკვლელობა, ყაჩაღობა და მათი მსგავსი, ისინი მეფეს ან მის მდივან-ბეგებს მოახსენებდნენ. თავადებს უფლება ჰქონდათ თავიანთი ძალაუფლების ქვეშ მყოფთათვის მხედველობა წაერთმიათ, მაგრამ დამნაშავეთა გამოკეტვისთვის მემამულეებს საპყრობილეთა ქონა ეკრძალებოდათ. თავადს არ შეეძლო თავისი გლეხისთვის სიცოცხლე მოესპო, მაგრამ მისთვის ქონების წართმევა კი შეეძლო. 

გლეხის მოკვლისთვის თავადს ფულადი ჯარიმა ეკისრებოდა, ხოლო დასახიჩრებული გლეხი კი შემდგომში თავის ოჯახთან ერთად თავისუფალი ხდებოდა, თუ დასახიჩრებისთვის თავისი მფლობელისგან ფულადი ანაზღაურების მიღება არ სურდა (О крепостномъ состоянiи въ Грузiи. Кавк. 1864 г. № 84).

თუ ვინმე მოკლავს ან დაასახიჩრებს გლეხს დანაშაულისთვის, ნათქვამია კანონებში, ის მეფისა და კათოლიკოსის რისხვას იმსახურებს. თუმცა კი, ბატონს რომ სიკვდილით დაესაჯა ან დაესახიჩრებინა თავისი გლეხი, მაშინ ამ უკანასკნელსა და მის მემკვიდრეებს უფლება არ ჰქონდათ დაკმაყოფილება მოეთხოვათ; ხოლო მისი ოჯახი, ძმები და ნათესავები კი ბატონისგან თავისუფლდებოდნენ.

გლეხების ერთი ბატონისგან მეორესთან გადასვლა ან გაქცევა კანონებით აკრძალული იყო; ტყვედ ჩავარდნილები კი მათი მფლობელისთვის დაკარგულად ითვლებოდნენ. ვინც გამოისყიდდა მათ ტყვებიდან, ისინი შემდეგ იმას ეკუთვნოდნენ, მაგრამ თუ გლეხი ახალ მფლობელს მის გამოსყიდვაზე დახარჯულ მთელ ფულს გადაუხდიდა, მაშინ ის თავისუფლდებოდა.

გლეხებს ჰქონდათ მიწებისა და გლეხების ყიდვის უფლება, მაგრამ მფლობელის წერილობითი ნებართვის გარეშე, მათი გაყიდვა კი არ შეეძლოთ. იგივე წესი გლეხების სხვა, მნიშვნელოვანი ფასის მქონე ნივთებზეც ვრცელდებოდა.

საქართველოში მონათა არსებობის შესახებ, XVII ასწლეულის ბოლოს, ცნობები არ არის, მაგრამ ისინი რომ იყვნენ, ქვეყნის კანონებით მტკიცდება, რომელთაგან ჩანს, რომ მონები წარმოდგებოდა: ტყვედ აყვანილი მოწინააღმდეგებისგან, სხვა სარწმუნოების მქონე ნაყიდი ადამიანებისგან ან, ბოლოს, იმათგან, რომლებიც, დაქორწინდებიდნენ რა მონაზე, მის ბატონს საკუთარ თავს უპირობოდ ან ხელშეკრულებით მონობაში აძლევდნენ. 

თავისუფალ ადამიანებს შეეძლოთ საკუთარი თავი, ან თავიანთი შვილები და ძმები მონებად გაეყიდათ.

საქართველოში არსებობდა მშობლების მიერ თავიანთი შვილების, ხოლო უფროსი ძმების მიერ კი უმცროსი ძმების გაყიდვის ჩვეულება. გაყიდული მამის ვალის გადახდისგან თავისუფლდებოდა, თუკი ასეთი არსებობდა. ხშირად, არ გააჩნდა რა შეძლება ვალის გადასახდელად, ქართველი საკუთარ მოვალეს მონად უდგებოდა. კანონი ასევე უშვებდა, რომ მამებს, მათი სიბეჩავის (სიღატაკის, убожество) გამო, შვილები მონებად გაეყიდათ. ყველა თავისუფალ ადამიანს შეეძლო მონად წასვლა. მიწათმფლობელი, რომელიც ბატონს ეკუთვნოდა, მონად მასვე ეძლეოდა, მაგრამ ერთი ბატონის გლეხს არ შეეძლო საკუთარი თავი მონად სხვისთვის მიეყიდა.

მონებს უფლება არ ჰქონდათ თავიანთ ბატონებზე საჩივრები შეეტანათ ან მათზე ცუდი ელაპარაკათ. მონები ყველანაირ სასჯელს შეიძლებოდა დაქვემდებარებოდნენ, მაგრამ სიცოცხლის წართმევა კი მეფეზე იყო დამოკიდებული, მათ როგორი დანაშაულიც არ უნდა ჩაედინათ. უმნიშვნელო ბრალეულობის გამო კანონი მონისთვის პატიებას განსაზღვრავდა, რათა მისი მფლობელის სარგებელი არ დაერღვია. მიიღებდა რა თავისი ბატონისგან მიწას ან სხვა რაიმე უძრავ ქონებას, მონას არ ჰქონდა უფლება ის გაეყიდა ან დაეგირავებინა, ხოლო თუ მისცემდა ვინმეს თავის მამულს და, ამის კვალდაკვალ შემდეგ თავისუფლებას მიიღებდა, მფლობელს უფლება ჰქონდა ეს მამული ჩამოერთმია. მონას არ ჰქონდა იურიდიული უფლება არც ვინმესგან ესესხა ფული და არც ვინმესთვის ის სესხად მიეცა. მფლობელს უფლება ჰქონდა თავისი მონები გაეყიდა, ეჩუქებინა, გაეცვალა, იმათ გარდა, რომლებიც მშობლებისგან მათი ბეჩავობის მიზეზით იყვნენ ნაყიდი. ასეთების გაყიდვის უფლება მემამულეს არ ჰქონდა, მაგრამ მათი შთამომავლები კი კარგავდნენ ამ უპირატესობას.

მონები თავისუფალნი ხდებოდნენ ან გამოსყიდვით, ანდა თავიანთი მფლობელის ნებით, მაგრამ თუ შემდგომში ეს მფლობელები გაღარიბდებოდნენ, გაშვებული ვალდებული იყო თავის ყოფილ მფლობელს მომსახურებოდა, ისე რომ მისთვის საყვედურები არ ეთქვა. ქართული კანონი და ადათი ასეთ გაშვებულს ავალებდა “ყოველთვის ეგრძნო, პირადად გამოეხატა და მოქმედებებით დაემტკიცებინა მადლობა თავისი უწინდელი ბატონის მიმართ, მასზე უჯერო არაფერი ელაპარაკა”. მონის მოწმეობა, თვით გაშვებულისაც კი, არც თავისი მფლობელის წინააღმდეგ, არც მისი ოჯახისა, სასამართლოში არ მიიღებოდა.

ქართული სასულიერო წოდების მეთაური გახლდათ კათოლიკოსი, რომელსაც ამ წოდებაში მეფე ირჩევდა და მღვდელმთავართა კრება კი ამ ღირსებაში აკურთხევდა. 

კათოლიკოსებად უპირატესად მეფეთა უმცროს ვაჟიშვილებს ან მათ ძმებს ირჩევდნენ, მაგრამ შესაძლო იყო აერჩიათ ქართველი თავადებიც, ან თვით დაბალი წოდების პირებიც კი, მათი ღირსების-და მიხედვით.

მეფის თანხმობის გარეშე, თვით მაჰმადიანისაც კი, კათოლიკოსს არ შეეძლო ეპისკოპოსებისა და არქიმანდრიტების დაყენება, ან მათი ერთი ადგილიდან მეორეზე გადანაცვლება. ის საეკლესიო მამულების მთავარი განმკარგულებელი გახლდათ და, თავისი საკუთარი თავის შენახვისთვის, საკუთარი წილ-ხვედრი მამულებიც ჰქონდა, რომლებშიც მის ძალაუფლებას აზნაურთა ცამეტი ოჯახი ექვემდებარებოდა, და ისინი უფლებებით თავადთა აზნაურებთან იყვნენ გათანაბრებულნი. მამულებიდან შემოსავლების გარდა, კათოლიკოსისთვის შემოსავლების რამდენიმე მუხლი იყო მიცემული съ разныхъ откуповъ по государству. სასულიერო მამულების მართვა კათოლიკოსის აზნაურებს ეკისრებოდათ, და, მეფის თანხმობის გარეშე, ამ მამულების გაყიდვა ან ახალი ყიდვით მათი გადიდება არ შიძლებოდა.

მონაზვნობაში ყველა წოდებიდან შეიძლებოდა შესულიყვნენ, მაგრამ მღვდელმთავრებად კი უპირატესად თავადებსა და აზნაურებს ირჩევდნენ, რომლებსაც მონაზვნობის დაბალი საფეხურები გავლილი ჰქონდათ. მემამულეებს, მამულის გაყოფისას, მისი ნაწილის სასულიერო წოდების პირთა სასარგებლოდ მიცემა, კანონით ეკრძალებოდათ.

თეთრ სასულერო წოდებაში შედიოდნენ არა მემკვიდრეობით, არამედ ღირსებისა და არჩევის მიხედვით აზნაურებიდან და ხალხის სხვა დაბალი წოდებებიდან, არ კარგავდნენ რა თავიანთი წარმოშობის მიხედვით არანაირ უპირატესობას. “ხოლო თუ, წერდა ლაზარევი (Письмо Лазарева Кнорингу, 8-го мая 1801 г. Акт. Кавак. ком. т. I, 329), დაბალი წოდებიდან ვინმე სასულიერო ღირსების მაღალ კლასში ავა და იმ ადგილზე, რომელიც მანამდე თავადს ან აზნაურს ეკავა, მაშინ იმავე უფლებებით სარგებლობს”. საქართველოში მღვდელმსახურთა წოდებაში იყვნენ გლეხები, რომლებიც ამ შემთხვევაშიც თავიანთ მფლობელებზე დამოკიდებულებისგან არ თავისუფლდებიდნენ, რაც მათ შვილებზეც ვრცელდებოდა. მღვდელმსახურად კურთხევა და საეკლესიო კრებულის (причтъ) განსაზღვრა საეპარქიო მღვდელმთავარზე იყო დამოკიდებული, ამასთან იკრძალებოდა როგორც მრევლის დაქუცმაცება, ისე მღვდელმსახურთათვის მისი მემკვიდრეობით მიკუთვნება.

სამრევლო მღვდელმსახური და საეკლესიო კრებული საეკლესიო მამულებიდან არაფრით არ სარგებლობდნენ, არამედ საკუთარი შრომითა და მრევლისგან მიღებული შემოსავლებით ცხოვრობდნენ. ხოლო თუ სახელდობრ რა უნდა მიეღო მღვდელმსახურს მრევლისგან, კანონით განისაზღვრებოდა. საეკლესიო კრებული ხარკისგან თავისუფლდებოდა (освобождался отъ податей).

კანონების მიხედვით, მღვდელმსახურის მიერ გაყიდული სახლი მღვდელმსახურსვე უნდა ეყიდა.

საერთოდ ყველა სასულიერო პირს სამოქალაქო საქმეებში ჩარევა ეკრძალებოდა, მაგრამ არც საერო სასამართლოს შეეძლო სასულიერო ადამიანის გასამართლება, მნიშვნელოვანი დანაშაულის გარდა, როგორებიცაა, მაგალითად, მკვლელობა, ყაჩაღობა, ყალბი ფულის მოჭრა და სხვა.

“საერთოდ კი, მოახსენებდა ლაზარევი (Акты Кавк. Арх. ком. т. I, 330) ქართველი ხალხის ყველა წოდების შესახებ, არანაირი განსაკუთრებული პრივილეგიები არ გააჩნიათ; როგორც თავადი, ისევე გლეხიც თანაბრად მსახურობენ; როგორც თავადი, ისევე გლეხიც თანაბრად ისჯებიან”.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment