Tuesday, April 8, 2014

უკრაინა და უკრაინოფილობა XX საუკუნის დასაწყისისთვის

(შემოთავაზებული მასალა წარმოდგენს ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში XX საუკუნის დასაწყისში გამოქვეყნებული შესაბამისი წერილების თარგმანს)

უკრაინა – ასე ეწოდებდა რეჩ პოსპოლიტას სამხრეთ-აღმოსავლეთ რუსულ მიწებს. ეს სახელწოდება არასოდეს არ ყოფილა ოფიციალური; ის მხოლოდ კერძო ყოველდღიურობაში გამოიყენებოდა და ხალხურ პოეზიაშიც ჩვეულებრივ (ტერმინად) იქცა. იმ მიწების საზღვრები, რომლებიც ცნობილი იყო “უკრაინული” (განაპირა მხარის, კიდის მხარის) მიწების სახელით, ძნელი განსასაზღვრავია, მით უმეტეს, რომ ეს სახელწოდება არ ყოფილა მდგრადი და სხვადასხვა დროს საკუთარ თავში ერთნაირ სივრცეს არ მოიცავდა. პოლონურ ხანაში უკრაინის ისტორიის საუკეთესო მცოდნე ა. იაბლონსკი, ვარაუდობს, რომ XVII ასწლეულის შუახანებისთვის “სახელწოდება “უკრაინა” მოიცავდა დნეპრისპირეთში – კიევის ჩარდახს (поветъ кiевскiй) (ჩრდილოეთ, დრევლიანსკო-სვერსკის ტყიანი ნაწილის გარდა), ქალაქ კიევთან ერთად, აგრეთვე დნეპრის ქვემო დინების ველურ ველებს (дикiя поля), ზაპოროჟიესთან ერთად; მდინარე ბუგის ნაპირზე – მთელ ძველ ზვენიგოროდიშჩინას “ლურჯ წყლებზე”, ბრაცლავის ჩარდახს, რომელიც ოჩაკოვის ველს ერწმოდა, და ვინნიცის ჩარდახის აღმოსავლეთ ნახევარს; ამ უკანასკნელი ჩარდახის დასავლეთ ნახევარს, თავად მდინარე ბუგზე, უფრო პოდოლიე ეწოდებოდა, ბრაცლავის მდინარეთშორისს კი დნესტრსა (მურახვის შესართავიდან) და ბუგს შორის – სანაპირო. ამრიგად, აღნიშნულ ფარგლებში უკრაინა შეიცავდა ახლანდელი პოდოლსკის გუბერნიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს, კიევის გუბერნიის მნიშვნელოვან ნაწილს, ჩერნიგოვის გუბერნიის მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს, მთელ პოლტავის გუბერნიასა და ეკატერინოსლავისა და ხერსონის გუბერნიების მნიშვნელოვან ნაწილს (“Słownik geograficnzy”, ტ. XII, 773-774). ამ სივრცეზე ძველ დროში იყო კიევის, პერეიასლავისა და, ნაწილობრივ, ჩერნიგოვის სამთავროები; სამხრეთ-დასავლეთ უკრაინის არცთუ დიდი ნაწილი პოდოლსკის მიწას მიეკუთვნებოდა. XIV საუკუნეში მთელი ეს მიწები ლიტვის ძალაუფლების ქვეშ აღმოჩნდა, ხოლო ლუბლიანის უნიის დროიდან კი (1569) – პოლონეთის ძალაუფლების ქვეშაც. მ. პ. პოგოდინი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ თათართა შემოსევის შემდეგ მთელი მოსახლეობა ამ ოლქებიდან ჩრდილოეთში გაიქცა, და მის ნაცვლად კი კარპატებიდან ახალი მოვიდა, ამასთან მთელი ეს გადმოსახლება შეუმჩნევლად მოხდა. ასეთსავე აზრს გამოთქვამდნენ პოლონელი მწერლები გრაბოვსკი და შაინოხა, უწოდებდნენ რა უკრაინის ახალ მოსახლეობას პოლონეთიდან გამოსულებს. უკანასკნელთა მოსაზრება გაიმეორა კულიშმა თავის “რუსეთის შეერთების ისტორიაში”. მ. ა. მაქსიმოვიჩმა, ხოლო მის შემდეგ კი ვ. ბ. ანტონოვიჩმა დაამტკიცეს, რომ თათართა შემოსევის შემდეგ სამხრეთიდან ჩრდილოეთში ხალხის არანაირი გადასახლება არ ყოფილა, და ამის თანაბრად არც უკრაინის მოსახლეობისგან დაცლა მომხდარა, რომელიც თათართა შემოსევისგან კიდევ უფრო ნაკლებად დაზარალდა, ვიდრე ჩრდილო-აღმოსავლეთ რუსეთი. გაცილებით უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა უკრაინისთვის 1482 წელს ყირიმის ხანის მენგლი-გირეის შემოსევას, რომლის შემდეგაც უკრაინა, განსაკუთრებით კი მისი სამხრეთ ნაწილი, ისე ძლიერად იყო გაუდაბურებული, რომ დიდხანს არ შეეძლო (ამ მდგომარეობიდან) გამორკვევა. თათართა მუდმივი თარეშები მოგვიანებითაც დიდხანს უშლიდა ამ მხარის დასახლებას. მხოლოდ XVI საუკუნის დასაწყისში, როცა ეს თარეშები შესუსტდა, მხარემ ნელ-ნელა დასახლება დაიწყო. ლიტვის მთავრობამ მხარის თავდაცვის მთელი სისტემა გამოიმუშავა. უკრაინას გადაკვეთდა სამი თავდაცვითი ხაზი, რომლებზედაც განლაგებულ იქნა გამაგრებული ადგილები ან ციხესიმაგრეები. ციხესიმაგრეებზე მიწერილი იყო სოფლები, დასახლებული ბოიარებით, რომლებიც მიწების ფლობის უფლების სანაცვლოდ ვალდებულნი იყვნენ დაეცვათ ციხესიმაგრეები და მინდვრებშიც დაცვის რაზმები გაეგზავნათ, აგრეთვე ვოევიოდის ან სტაროსტის მოთხოვნის შემთხვევაში სალაშქროდ გამოსულიყვნენ. თავდაცვითი ხაზებიდან შუათანა, რომელზედაც კიევიც იდგა, იწყებოდა მდინარეების ტეტერევისა და როსის ზემოწელიდან, დნეპრს გადაივლიდა და მდინარე დესნის ქვემოწელს ებჯინებოდა. უკიდურესი ციხესიმაგრეები აქ იყო დასავლეთში – ჟიტომირი და აღმოსავლეთში კი – ოსტერი. ამ ხაზიდან ჩრდილოეთით გადიოდა პოლონეთ-სვერის ხაზი, პრიპიატის ველზე და დნეპრის ზემოთ დესნასკენ. მასზე იდგა ციხესიმაგრეები ოვრუჩი, მოზირი, ლუბეკი. მესამე, სამხრეთ ხაზი შორს იყო ველზე წინ გაწეული. მას იცავდა ციხესიმაგრეები: დნეპრზე – კანევი და ჩერკასი, ლურჯ წყალზე – ზვენიგოროდი, ბუგზე – ვინნიცა და ბრაცლავი. XVI საუკუნის დასაწყისში ეს ხაზი გაწყვეტილ იქნა, რადგანაც ზვენიგოროდი დაინგრა. მის ნაცვლად აგებულ იქნა ციხესიმაგრე თეთრ ეკლესიასთან. უკრაინის დასახლების ისტორიაში უნდა განვასხვავებდეთ ორ პერიოდს: 1569 წლის ლუბლინის უნიამდე და მის შემდეგ. ლუბლინის უნიამდე უკრაინის კოლონიზაცია სუსტად მიდოდა. თავიდან დასახლებულ იქნა უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილები, თავიანთ მიწებზე დაბრუნება მენგლი-გირეის შემოსევით ჩრდილოეთში გახიზნულმა მცხოვრებლებმა დაიწყეს. მათ კვალდაკვალ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ახალი მოსახლენიც დაიძრნენ. მათი შემხვედრი მიმართულებით სამხრეთიდან მიდიოდა თურანული კოლონიზაციაც, რადგანაც შავი ზღვის მიმდებარე ველებზე ბევრი თურანელი დახეტიალობდა. კავკასიონის ქედის იქითა მხრიდან სავაჭრო მიზნებით ჩამოდიოდნენ სომხები და ქალაქებში სახლდებოდნენ. ებრაელებს უკრაინაში დასახლება ეკრძალებოდათ, და ისინიც მხოლოდ იქ ჩნდებოდნენ, სადაც ძლიერ მფარველებს პოულობდნენ, მაგალითად, ვინნიცის სტაროსტის ილია ოსტროჟსკის მსგავსებს. ვინნიცა უკრაინაში ებრაელთა კლონიზაციისთვის საწყის პუნქტად იქცა. დნესტრის იქიდანაც ასევე მოდიოდნენ ახალმოსახლები, მაგრამ შედარებით მცირე რაოდენობით; ჩვეულებრივ მათ ხოხოლებს უწოდებდნენ. იყო თვითნებური კოლონიზაციაც, რომელიც უპირატესად სხვადასხვანაირ გამოქცეულთაგან შედგებოდა. ამგვარი კოლონიზაცია ველზე (სტეპში) უფრო შორეულ ადგილებში მიდიოდა, დნეპრის ქვემოწელზე, და კაზაკობას ერწყმოდა. 1569 წლის ლუბლინის უნიამ უკრაინაში გადმოსახლების რაიონი გააფართოვა: ლიტვის ოლქებიდან ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადმოსახლების გარდა, ახლა ბევრი გადმოსახლებული მოდის ჩრდილო-დასავლეთიდან, პოლონური ოლქებიდან, მით უმეტეს, რომ მთავრობა პრაქტიკაში ფართო მასშტაბებით ატარებდა შლიახტისთვის უკრაინაში მიწების დარიგებას. ღებულობდა რა მიწებს, შლიახტა ცდილობდა მათ კოლონიზაციას, რისთვისაც სხვადასხვა ადგილებიდან კოლონისტებს იწვევდა და მათ შეღავათებს ჰპირდებოდა. ამ შლიახტური კოლონიზაციის გარდა, მიდიოდა მეორეც, სამრეწველო კოლონიზაციაც: მეთევზეებს, მხეცების დამჭერებსა და სხვებს ჰქონდათ ველებში გასვლები. ლუბლინის უნიის შემდეგაც კოლონიზაციის ისტორიაში გამოქცეულები ასევე არცთუ მცირე როლს თამაშობდნენ. თავიდან ასახლებდნენ თათართა თარეშების შედეგად დაცარიელებულ სოფლებს; შემდეგ აარსებდნენ ახალ დასახლებებსაც, ამასთან კოლონიზაცია თანდათანობით მოიწევდა ველზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. XVI საუკუნის ბოლოსა და განსაკუთრებით XVII საუკუნეში კოლონიზაცია დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან მარცხენაზე გადმოდის. თავადი ვიშნევსკები, რომლებიც ახლანდელი პოლტავის გუბერნიის უმეტეს ნაწილს ფლობდნენ, იწყებენ პოსულიეს (Полусье) დასახლებას. XVII საუკუნის შუახანებისთვის როგორც მარჯვენა ნაპირის, ისე მარცხენა ნაპირის უკრაინა უკვე საკმარისი ხარისხით იყო კოლონისტებით დასახლებული, უმთავრესად მალორუსული ტომისა; თუმცა კი მათ შორის, განსაკუთრებით მარჯვენა ნაპირზე, სახლობდა ასევე არცთუ ცოტა პოლონელი, ვოლოხვი, სომეხი და ებრაელი, მარცხენა ნაპირზე კი – ბელორუსი. ადმინისტრაციული მიმართებით უკრაინა იყოფოდა ორ სავოევოდოდ: კიევისა და ბრაცლავისა. უკანასკნელი გარკვეული დროის მანძილზე ხან კიევის სავოევოდოს დანამატი იყო, ხანაც ვოლინის მიწისა და საბოლოოდ ცალკე სავოევოდოდ მხოლოდ 1566 წელს ჩამოყალიბდა. თითოეული სავოევოდო იყოფოდა ჩარდახებად (поветы). 1654 წელს უკრაინა შემოუერთდა მოსკოვს. 1667 წლის ანდრუსოვსკის ხელშეკრულებით მარცხენა ნაპირის უკრაინა მოსკოვს დარჩა, მარჯვენა ნაპირისა კი – პოლონეთს. ამ დროიდან მარცხენა ნაპირის უკრაინისთვის ჩვეულებრივ სახელწოდებად იქცევა მალოროსია. დნეპრის მარცხენა მხარეზე უკრაინა ოფიციალურად მხოლოდ სლობოდსკაია უკრაინას, ე. ი. ახლანდელ ხარკოვის გუბერნიას ეწოდებოდა. დნეპრის მარჯვენა მხარეზე უკრაინის სახელწოდება შეუნარჩუნდა ყველა მიწას, რომლებიც უწინ კიევისა და ბრაცლავის სავოევოდოებს შეადგენდნენ და პოლონეთის დაცემადე მის შემადგენლობაში დარჩნენ. შეადარეთ Малороссiя (XXVIII, 492).

(ამის შემდეგ მოდის აღნიშნულ თემაზე ლიტერატურის ჩამონათვალი პოლონურ და რუსულ ენებზე)


უკრაინოფილობა – საზოგადოებრივ-ლიტერატურული მოძრაობა რუსეთისა და გალიციის მალოროსებს შორის. უკრაინოფილობის დაბადების მომენტის დადგენა ძნელია. ეროვნული თვითშეგნება მალოროსიაში არასოდეს ჩამკვდარა. ლიტერატურული გამოხატულების შეძენა მან XIX საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო, როცა კოტლიარევსკის, გულაკ-არტემოვსკისა და კვიტკის ნაწარმოებებში აისახა. მოგვიანებით, რომანტიზმისა და სლავური აღორძინების გავლენით, თეორიული უკრაინოფილობაც გამოჩნდა, რომელიც, ჰქონდა რა დასაწყისში არქეოლოგიური შეფერილობა, შემდეგ უკვე მალორუსულ ხალხოსნობად (малорусское народничество) გამოგვეცხადა, ხოლო უკანასკნელ ხანს კი, გალიციაში, ერთერთი თავისი ფრაქციის სახით, სოციალ-დემოკრატიული შეფერილობის პოლიტიკურ პარტიად იქცა (ფრანკო). მალორუსული ლიტერატურის ფუძემდებელი, კოტლიარევსკი, ამასთან ერთად უკრაინოფილობის მამაც გახლდათ, თუმცა კი უკანასკნელი მასთან ნათლად გამოხატული არ ყოფილა. იგი პირველი გახლდათ, ვინც მალორუს ხალხსა (народность) და მის ყოფა-ცხოვრებას სერიოზულად მოეკიდა. მისი “ენეიდის” კარიკატურულობის მიუხედავად, ამ ნაწარმოებში ხალხის ისეთი ცოდნა დაიმზირება, რომელიც შესაძლოა მხოლოდ ყურადღებით შესწავლის წყალობით ყოფილიყო მიღებული, რაც (თავისთავად) ძლიერი ინსტინქტური სიყვარულის შესახებ მოწმობს. “ნატალკა-პოლტავკაში”, რომელიც სცენაზე 1819 წელს დაიდგა, უკვე ნათლად ჩანს ხალხის იდეალიზაცია, რაც გვიანდელი უკრაინელი ხალხის-მოყვარულებისთვის (ხალხოსნებისთვის – ი. კ.) არის მეტად დამახასიათებელი. თვით “მოსკალ-ჩარივნიკშიც” კი, ტეტიანის (Тетяна) სახეში გამოსჭვივის ასეთივე იდეალიზაციის მცდელობები, რაც რამდენადმე არღვევს მხატვრული შთაბეჭდილების ფასეულობას. კოტლიარევსკი გახლდათ ერთ-ერთი პირველი ეთნოგრაფი – ხალხური შემოქმედების ნაწარმოებთა შემგროვებელი. იგი მალორუსულ ხალხურ სიმღერებს გამოსცემდა; მის მიერვე იყო მოტანილი მალორუსული ანდაზების ნაწილი, რომლებიც სნეგირიოვის გამომცემლობაში დაიბეჭდა: «Русскiе въ своихъ пословицахъ» (“რუსები თავიანთ ანდაზებში”). კიდევ უფრო მეტად უეჭველია კოტლიარევსკის მნიშვნელობა უკრაინოფილობის შემდგომი განვითარებისთვის. კულიშის სიტყვებით, კოტლიარევსკიმ თავისი ნაწარმოებებით შეახსენა მალოროსებს, “რომ მათ მშობლიური ენა მხოლოდ იმიტომ კი არა აქვთ, რათა მოუწესრიგებელ გლეხს გამოლანძღავდნენ”. კოტლიარევსკისთან თითქმის ერთდროულად ჩნდება მალორუს მწერალთა მთელი პლეადაც, რომლებიც ნაწილობრივ მას ბაძავდნენ, ნაწილობრივ კი მის საქმეს აგრძელებდნენ. ასეთები იყვნენ ვ. ა. გოგოლი (ნ. ვ. გოგოლის მამა), ბელეცკი-ნოსენკო, გულაკ-არტემოვსკი, დუმიტრაშკოვი და სხვები. XIX საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება კოტლიარევსკის შემდეგ ყველაზე უფრო მსხვილი მალორუსი მწერლის – კვიტკის მოღვაწეობაც (შევჩენკომდელი დროისა). 1816 წლიდან გამოსვლას იწყებს «Украинскiй Вестникъ»-ი; 1818 წელს ჩნდება პავლოვსკის მალორუსული გრამატიკა, 1819 წელს – თავად ცერტელევის “უძველესი მალორუსული სიმღერების შეკრების მცდელობა” («Опытъ собранiя старинныхъ малорусскихъ песенъ», кн. Цертелева). მალორუსული ნაციონალიზმის გამოღვიძებას ხელს უწყობდა ხალხის მისწრაფება ლიტერატურისადმი, რომელიც რუსეთის ჩრდილოეთში XVIII საუკუნის მიწურულს გამოჩნდა, როგორც რეაქცია ცრუ კლასიციზმის წინააღმდეგ, შემდეგ ნაციონალიზმის საერთო აღმავლობა, სამამულო ომით განპირობებული, და, ბოლოს, დასავლური გავლენები, რომლებიც იმ ხანებში დასავლეთ სლავების “აღორძინებას” იწვევდა. მალორუსი ხალხისადმი ინტერესი XIX საუკუნის დასაწყისში არა მხოლოდ უკრაინის მალოროსებს შორის, არამედ პოლონურ საზოგადოებაშიც ჩნდებოდა. ასე, უკვე 1805 წელს “Pamiętnik Wsrszawski”-ში მოთავსებულ იქნა წერილი საქორწინო და სხვა წეს-ჩვეულებათა შესახებ; 1811 წელს გამოვიდა ეგნატე ჩერვინსკის წიგნი, რომელიც დნესტრისზემო მოსახლების ადათების აღწერას იძლეოდა, რომელიც სტრიესა და ლომიცას შორის ცხოვრობდა; XIX საუკუნის დასაწყისში სხვათა შორის მალორუსულ სიმღერებსაც გულმოდგინედ აგროვებდა ზორიან დოლენგ ხოდაკოვსკის სახელით ცნობილი პოლონელი ადამ ჩარნოცკი; მალორუსული ხალხური პოეზიის შესახებ მასალები და წერილები ჩნდებოდა ლვოვურ ალმანახში “Pielgrzym lwowski”. რუსეთსა და გალიციაში (წარმოებულ) მალორუსულ კვლევებს შორის მალე მყარდება კავშირი. ასე, მაქსიმოვიჩის წერილების პირველი კრებული (1827) თავის თავში შეიცავს ორ სიმღერას “Pielgrzym lwowski”-დან და ხუთ გალიციურ სიმღერას, რომლებიც მას ვილნოელმა პროფესორმა ლობოიკმა გამოუგზავნა. მეორეს მხრივ, პოლონელი ეთნოგრაფი ვაცლავ ზალესკი, რომლის კრებულმაც გალიციაში ისეთივე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, როგორც რუსეთში – მაქსიმოვიჩის კრებულმა, იცნობდა რუსეთში გამოსულ კრებულებს, ხოლო გალიციური აღორძინების მომავალი მოღვაწეები, გოლოვაცკი და ვაგილევიჩი, ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან ოცნებობდნენ ისეთივე ეროვნული კრებულის შექმნაზე გალიციაში, როგორიც მაქსიმოვიჩის კრებული გახლდათ. მალოროსიელი ხალხის დასახულმა შესწავლამ წარმოშვა რუსულ და პოლონურ საზოგადოებებში მისით გატაცება. გოგოლმა, რომელიც პეტერბურგში 20-იანი წლების ბოლოს ჩამოვიდა, ყოველივე მალორუსულისადმი აქ ისეთი ინტერესი ჰპოვა, რომელმაც აიძულა იგი, რომ თავიდან მამამისის კომედიების სცენაზე დადგმის შესახებ ეფიქრა, ხოლო შემდეგ კი მალორუსული ყოფაცხოვრების აღწერისთვის თავადაც ხელი მოეკიდა. პოლონურ ლიტერატურაში მალორუსულმა გატაცებებმა მთელი “უკრაინული” სკოლა შექმნა, რომლის მთავარი მოღვაწენიც იყვნენ ახლანდელი სამხრეთ-დასავლეთის მხარის შვილები. უკრაინისა და გალიცის ნახევრად გარუსებულმა და ნახევრად გაპოლონებულმა მალორუსმა ინტელიგენტებმა საკუთარი თავი მალოროსებად იგრძნეს და მისწრაფება დაიწყეს იმ ხალხის აღორძინებისკენ, რომელსაც გალიციაში უკვე “დამარხულად” თვლიდნენ, ხოლო უკრაინაში კი – “გამქრალად”. საკუთარი ხალხისადმი ინტერესი თვით იმ მალოროსებშიც კი იღვიძებდა, რომელიც მათ სრულიად დაეკარგათ. ამ მიმართებით უზარმაზარია გოგოლის როლი, მისი მალორუსული მოთხრობებით. როგორ შორსაც არ უნდა ყოფილიყო გოგოლი უკრაინოფილობისგან მის გვიანდელ ფორმებში, იგი გარკვეულ ხარისხამდე მალორუსი ნაციონალისტი გახლდათ: მისი სიყვარული მალოროსიისადმი, მისი ყოფაცხოვრების რომანტიკული იდეალიზაცია მკითხველს გადაეცემოდა და მომავალ უკრაინოფილებს ზრდიდა. სწორედ ის კულიში, რომელიც შემდგომში ასე მწვავედ კიცხავდა გოგოლს, თავისი ლიტერატურული მოღვაწეობის დასაწყისში ამ მწერლის ნამდვილ კულტს განიცდიდა და უფრო მეტიც გააკეთა გოგოლის ხსოვნისთვის, ვიდრე სხვა რომელიმე თანამედროვემ (თხზულებების, წერილებისა და ბიოგრაფიისთვის მასალების გამოცემა). საერთოდ ხალხურობა 30-40-იან წლებში ყველას ბაგეზე ეკერა და მალოროსებიც, იმსჭვალებოდნენ რა მისი აუცილებლობისა და კანონიერების რწმენით, უკრაინოფილობას უახლოვდებოდნენ. ოფიციალური ხალხურობის ერთერთი ორგანო – “მაიაკი” («Маякъ» – “შუქურა”), რომელმაც, საერთოდ, სამწუხარო დიდება მოიხვეჭა, მალორუს მწერლებსა და მკვლევარებს თავის გვერდებს ხალისით უთმობდა; აქ ჩნდებოდა შევჩენკოს მოთხრობები და ლექსები, გულაკ-არტემოვსკის ლექსები, კოსტომაროვის, სრეზნევსკისა და სხვათა შრომები მალორუსულ ეთნოგრაფიაში. ოფიციალური ხალხურობის მიმართულებას ერთერთი ყველაზე უფრო გამოჩენილი მალორუსი მეცნიერიც – მაქსიმოვიჩიც უერთდებოდა. მალორუსულ აღორძინებას სლავოფილური შეფერილობის რომანტიკოსებიც თანაგრძნობით ეკიდებოდნენ. ამ მიმდინარეობის ერთერთი ადრეული წარმომადგენელი, ვადიმ პასეკი, თავის “საგზაო ნარკვევებში” მალორუსული სიძველისა და ხალხურობისადმი დიდ სიყვარულს ავლენს. უკრაინოფლობის კავშირი სლავოფილობასთან საერთოდ იმდენად ძლიერი იყო, რომ თავად თეორიულ უკრაინოფილობას ზოგიერთი როგორც მალორუსულ სლავოფილობას, ისე განსაზღვრავს. როგორც ერთის, ისე მეორის წყარო გახლდათ ერთი და იგივე რომანტიკული გატაცება სიძველითა და ხალხურობით, მაგრამ ჩრდილოეთ და სამხრეთ რუსეთის (Русь) ისტორიული ტრადიციებისა და თანამედროვე მდგომარეობის განსხვავებით არის განპირიობებული უკრაინოფილობასა და სლავოფილობას შორის არსებული ძირეული განსხვავებაც. უკრაინოფილობის უფროს წარმომადგენელთაგან ყველაზე უფრო გამოჩენილები იყვნენ კოსტომაროვი, კულიში და შევჩენკო. კოსტომაროვი თავის ავტობიოგრაფიაში ამბობს, რომ მალორუსული ხალხურობისადმი მიდრეკილება მასში თითქმის პირველად “დიკანკის ახლოს ხუტორზე საღამოებისა” და “ტარას ბულბას” კითხვით იქნა გაღვიძებული. გოგოლის კითხვამ აიძულა კოსტომაროვი რომ მაქსიმოვიჩის მიერ გამოცემული მალორუსული სიმღერებისა და ნააზრევის შესწავლისთვის მიეყო ხელი, თუმცა კი თავად მალოროსები მის გამოთქმაზე (კილოზე) თავს ხუმრობებით იქცევდნენ. 1837-38 წლებში კოსტომაროვი შევირიოვის ლექციებს ისმენდა და 1838 წლის გაზაფხულზე სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი “ყველაფერ მალოროსულისადმი იგრძნო (რაღაცნაირი) ვნება (მიდრეკილება)”; მას აღეძრა სურვილი, რომ მალორუსულად ეწერა, ამისთვის კი ხალხთან დაახლოება და ენის შესწავლა მოუხდა, რომელსაც იგი საკმარისად ვერ ფლობდა. ხარკოვში იგი შეხვდა კვიტკას, მეტლინსკის, გულაკ-არტემოვსკის, ი. ი. სრეზნევსკისა და სხვა ადამიანებს, რომლებიც ასე თუ ისე მალოროსიითა და მისი ხალხურობით იყვნენ დაინტერესებული. გადასახლდა რა ვოლინში, კოსტომაროვი წააწყდა მოგონებებს ხმელნიცკის ომების შესახებ (მგზავრობა ბერესტეჩკოში), დაუახლოვდა პოლონელებს, რომელთა შორისაც იმ ხანად მალორუსული სიმპათიები ასევე ცოცხალი იყო; დაბოლოს, მოხვდა რა კიევში, კოსტომაროვს აქაც დახვდა იგივე ინტერესი მალოროსიული ხალხურობისადმი და იგი შევჩენკოს, კულიშსა და ბელოზერსკის დაუახლოვდა. უკრაინოფილურ-რომანტიკული ოცნებებით განმსჭვალულები, ისინი 1846 წელს ქმნიან კირილე-მეთოდეს სახელობის პანსლავისტურ საზოგადოებას, რომლის ცენტრიც კოსტომაროვი და შევჩენკო ხდებიან. ამ საზოგადოების იდეალი იყო შემდეგი: 1) სლავი ხალხების უცხოტომელთა ძალაუფლებისგან განთავისუფლება; 2) მათი თვითმყოფად პოლიტიკურ საზოგადოებებად გაერთიანება, მათ შორის ფედერაციული კავშირის შენარჩუნებით; 3) ყოველგვარი მონობის მოსპობა, როგორი სახითაც არ უნდა დამალულიყო იგი; 4) წოდებრივი პრივილეგიებისა და უპირატესობათა გაუქმება; 5) რელიგიური თავისუფლება და რჯულშემწყნარებლობა; 6) ყოველგვარი რჯულისმოძღვრების სრული თავისუფლებისას, ყველა არსებული ეკლესიის საჯარო ღვთისმსახურებაში ერთიანი სლავური ენის გამოყენება. 7) აზრის, სამეცნიერო აღზრდისა და ბეჭდური სიტყვის სრული თავისუფლება და 8) ყველა სლავი ხალხის (народности) სასწავლო დაწესებულებებში ყველა სლავური კილოკავისა და მათი ლიტერატურების სწავლება. მალორუს ხალხს ეს წრე განიხილავდა როგორც ყველა სხვასთან თანასწორუფლებიან ცალკეულ სლავ ხალხს. ამ თეზისის განსაზღვრულად დაყენებით კირილე-მეთოდეს საზოგადოებს წევრები გადაჭრით განსხვავდებოდნენ უფრო ადრეული მალორუსული ნაციონალიზმის წარმომაგენლებისა და ასევე გოგოლისგან. ნამდვილი (ან ახლანდელი, настоящее) უკრაინოფილობის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალის სწორედ ამ წრის წარმოქმნა. რომანტიკულმა შეხედულებებმა ხალხსა და ხალხურობაზე ამ დროს მეტად მნიშვნელვანი როლი ითამაშეს. კირილე-მეთოდეს წრის არსებობა ხანგრძლივი არ ყოფილა. დასმენამ მასზე III განყოფილების ყურადღება მიიქცია და წრის წევრებს მკაცრი სასჯელი ეწიათ, რომელიც მათი დამნაშავეობის ხარისხს სულაც არ შეესაბამებოდა. შევჩენკო ჯარისკაცად იქნა გადაცემული, კოსტომაროვი სარატოვში გადაასახლეს. ოპალა განიცადა კულიშმაც, რომელიც იძულებული შეიქნა, რომ თვით გოგოლის ბიოგრაფიისთვის მასალებიც კი სხვისი სახელით გამოეცა. მხოლოდ 60-იან წლებში მიიღო უკრაინოფილობამ ისევ ლიტერატურული გამოხატვის შესაძლებლობა. უკრაინული გატაცებები პოლონეთში თავისი არსებობით დავალებული იყო იმავე რომანტიზმისგან, რომელიც რუსებს შორის უკრაინოფილობის განვითარებას უწყობდა ხელს. ხალხურობის იდეა პოლონურ ლიტერატურაში შგნებულად ტარდებოდა უკვე “მიცკევიჩის წინამორბედის”, კაზიმირ ბროძინსკის მიერ; პანსლავიზმს კი ატარებდა პოეტი და ეპისკოპოსი ვორონიჩი. ის პოლონელები, რომლებიც გაპოლონებული დასავლურ-რუსული არისტოკრატიისა და შლიახტისგან მომდინარეობდნენ და მოსახლეობის მასასთან კავშირი მთლიანად არ დაეკარგათ, მალორუს ხალხს დაუბრუნდნენ, რომლისადმი ინტერესიც პოლონურ ლიტერატურაში, მისი ეთნოგრაფიული შესწავლის წყალობით, კიდევ უფრო ადრე იყო აგზნებული. პოლონური უკრაინული სკოლის ყველაზე უფრო გამოჩენილი წარმომადგენლები იყვნენ ანტონ მალჩევსკი, ბოგდან ზალესსკი და სევერინ გოშჩინსკი. ამ მწერლების უკრაინოფილობა უერთდებოდა სუფთად პოლონურ თვალსაზრისს მალორუსი ხალხის წარსულის შესახებ; იგი იმ მომენტებზე ჩერდებოდა, როცა ეს ხალხი პოლონელებთან თანამოაზრედ მოქმედებდა. პოლონელი უკრაინოფილების კაზაკი იყო რეჩ პოსპოლიტას სამსახურში მყოფი კაზაკი. ამ მწერალთა ენა გახლდათ პოლონური; მაგრამ პოლონურმა რომანტიკულმა უკრაინოფილობამ წინ წამოსწია პოეტიც, რომელიც თავის ლექსებს მალორუსულ კილოკავზე თხზავდა. ეს გახლდათ ტიმკო (თომა) პადურა, რომელიც, სახალხო ეპიკური მომღერლების მსგავსად, ხშირად ახდენდა თავისი ლექსების იმპროვიზირებას. იგი პოლონელი მაგნატის, რომანტიკოს ვაცლავ რჟევუსკის კარზე ცხოვრობდა, რომელიც თეატრალურობისადმი მიდრეკილებით გამოირჩეოდა და “კაზაკების” მთელი ამალით იყო გარშემორტყმული. პადურას პოეზიის შინაარსი გახლდათ კაზაკობის გმირობებისადმი ხოტბის შესხმა, რაც წმინდა პოლონური თვალსაზრისით განიხილებოდა. მალოროსული ხალხურობითა და კაზაკობით რომანტიკულმა გატაცებამ პოლონელებს შორის ეგრეთ წოდებული “კაზაკოფილობის” ანუ “ხლოპომანიის” პოლიტიკური თეორია შექმნა. ეს იყო დემოკრატიული მიმდინარეობა, რომელიც განსაკუთრებით, უკანასკნელი პოლონური აჯანყების წინ, პოლონელ ახალგაზრდებს შორის განვითარდა, და რომელიც თავის სათავეს ჯერ კიდევ 30-იანი წლებიდან იღებდა. პირველი პოლონური აჯანყების დროს აჯანყებულთა რაზმი, რომელიც რუჟიცკიმ ვოლინისა და კიევის შლიახტისგან ჩამოაყალიბა, აჯანყების მონაწილეებს კაზაკთა პოლკი ეგონათ. მოგვიანებით ამ რაზმის ერთერთი ოფიცერი, ჩაიკოვსკი, თურქეთში ზაპოროჟიეს სეჩის აღდგენას ცდილობდა, იმავე პოლონურ-კაზაკური შეფერილობით, როგორსაც კაზაკები უკრაინული სკოლის ნაწარმოებებში ატარებდნენ. აღდგენილ სეჩს, ჩაიკოვსკის ჩანაფიქრით, პოლონეთის აღორძინებისთვის უნდა გაეწია სამსახური. გვიანდელ “ხლოპომანიას” უკვე შეგნებული ჰქონდა ხალხის მასის უფლებები და რომანტიზმის ვარდისფერი სათვალეებით მას აღარ უყურებდა. ხლოპომანებს ესმოდათ გლეხთა განთავისუფლებისა და რელიგიური შემწყნარებლობის აუცილებლობა. 60-იან წლებში ხლოპომანები ნაწილობრივ შეერწყნენ რუს უკრაინოფლებს, ნაწილობრივ კი პოლონური აჯანყებით იყვნენ გატაცებულნი, რომლისადმი მალორუსი ხალხის დამოკიდებულებამაც პოლონური საზოგადოების უკრაინოფილური გატაცებანი მნიშვნელოვნად შეასუსტა. მალორუსული ხალხურობით პოლონურმა და რუსულმა გატაცებებმა გალიციის რუსეთში ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძებაზეც ძლიერი გავლენა მოახდინა (იხ. გალიციურ-რუსული ლიტერატურულ-საზოგადოებრივი მოძრაობა, VII, 913). 60-იან წლებში, როდესაც საზოგადოებრივმა ცხოვრებამ რუსეთში უფრო მეტი სივრცე მიიღო, უკრაინოფილობის განვითარებაც კვლავ შესაძლებელი შეიქნა. მისი მთავარი მოღვაწეები იგივე ადამიანები იყვნენ, რომლებიც უწინ კირილე-მეთოდეს საზოგადოების ცენტრს წარმოადგენდნენ: კოსტომაროვი, შევჩენკო, კულიში. განახლებულმა უკრაინოფილობამ თავისი ლიტერატუტული გამოხატულებაYჟურნალ «Основа»-ში ჰპოვა, რომელიც პეტერბურგში 1861-1862 წლებში მალორუსულ და ველიკორუსულ ენებზე გამოდიოდა. შევჩენკო ამ ჟურნალის დაარსებიდან მალევე გარდაიცვალა, მაგრამ მის ფურცლებზე შემდგომშიც პოეტის ბევრი ნაწარმოები იბეჭდებოდა, როლებიც მას გადასახლების დროს და მის შემდეგ დაეწერა. სახელმძღვანელო წერილები უმეტეს წილად კოსტომაროვს ეკუთვნოდა და ველიკორუსულ ენაზე იყო დაწერილი (“ორი რუსი ხალხი”, “ფიქრები ძველ რუსეთში ფედერაციული საწყისის შესახებ”, “სიმართლე პოლონელებს რუსეთის შესახებ”, “სიმართლე მოსკოველებს რუსეთის შესახებ”, “გლეხობა და ბატონყმური სამართალი” და ა. შ.). “ოსნოვას” შემოუერთდნენ ახალგაზრდა უკრაინოფილებიც: ვ. ბ. ანტონოვიჩი, ჩუბინსკი, კონისსკი, პ. ს. ეფიმენკო, ნომისი, ნოვიცკი. “ოსნოვის” უკრაინოფილები უკვე ის რომანტიკოს-პანსლავისტები აღარ იყვნენ, როგორებიც მათგან ზოგიერთი 40-იან წლებში გახლდათ. მათი პროგრამა უფრო მარტივი და ფხიზელი იყო. თავისუფლდება რა რომანტიკული მეოცნებეობისგან, უკრაინოფილობა მალორუსულ ხალხოსნობად (народничество) იქცევა. ხალხოსნობა იმ ხანებში ზოგადრუსულ ცხოვრებაში გაბატონებული მიმდინარეობა გახლდათ. თუმცა კი მალორუსული ხალხოსნობა თავისი წარმოშობით ამ გარემოებისგან არ ყოფილა დავალებული. ხალხოსნობა უკვე კირილე-მეთოდეს წრის პროგრამაში შედიოდა; მისით სულ დასაწყისიდანვე განმსჭვალული გახლდათ შევჩენკოს პოეზია. მალორუსული ხალხოსნობა ასაკის მიხედვით ველიკორუსულის ტოლია, თუ მასზე უფროსიც არ არის. ახალი უკრაინოფილობა ხალხის მშობლიურ ენაზე განათლებისკენ, ხალხის შესწავლსა და მასთან დაახლოებისკენ ისწრაფვოდა. მაგრამ უკრაინოფილების საქმიანობას თავისუფლად განვითარება არ შეეძლო. უკვე 1862 წელს “ოსნოვამ” შეწყვიტა თავისი არსებობა. წინააღმდეგობანი შეხვდა უკრაინოფილების საგანმანათლებლო წამოწყებებსაც. მათი საქმიანობა, უმთავრესად, ხალხის შესწავლასა და მხატვრული ლიტერატურის განვითარებაზე უნდა დასულიყო. მალორუსული ხალხურობის შესწავლამ იმ ხანებში უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა წინ. მალორუსული ინტელიგენციის გარემოდან წინ გამოვიდა გამოჩენილ მეცნიერთა და მკვლევართა მთელი პლეადა – ვ. ბ. ანტონოვიჩი, დრაგომანოვი, პოტებნია, ჩუბინსკი, ჟიტეცკი და ბევრი სხვა. მალოროსიის სამეცნიერო შესწავლა უმთავრესად კიევში გახლდათ თავმოყრილი. გეოგრაფიული საზოგადოების სამხრეთ-დასავლეთის განყოფილებამ მეტად ენერგიული და ნაყოფიერი საქმიანობა გამოავლინა, რომელიც 1876 წელს, განყოფილების დახურვის შედეგად, გაჩერებულ იქნა. 70-იან წლებში უკრაინოფილობას გამოეყო “უკიდურესი მემარცხენე” მიმდინარეობა, რომელიც იმ ხანებში რუსეთში დაწყებული სოციალისტური რევოლუციური მოძრაობით იყო გატაცებული. ამ ჯგუფს სათავეში ედგა პროფესორი მ. პ. დრაგომანოვი, რომელიც, წავიდა რა ემიგრაციაში, ჟენევაში გამოსცემდა რადიკალური უკრაინოფილობის ორგანოს «Громада»-ს. მაგრამ, უკრაინოფილების უმრავლესობა ამ მოძრაობისგან განზე დარჩა. გეოგრაფიული საზოგადოების სამხრეთ-დასავლეთის გაყოფილების საქმიანობის შეწყვეტისა და მალორუსულ ენაზე წინების ბეჭდვის თავისუფლების შეზღუდვის შემდეგ, ეთნოგრაფიული შესწავლანი მნიშვნელოვნად უნდა შემცირებულიყო. ამის თანაბრად შესუსტდა უკრაინელ ბელეტრისტთა მწარმოებლურობაც. 80-იან წლებში არა მარტო ახალი უკრაინელი ბელეტრისტები არ ჩნდებოდნენ, არამედ უწინ ასპარეზზე გამოსულებმაც ან სავსებით შეწყვიტეს წერა, ან მხოლოდ რუსულად წერდნენ (მარკო-ვოვჩოკი, მორდოვცევი და სხვები). გამონაკლისს მწერალ-დრამატურგები შედგენენ. მალორუსული ხალხურობისადმი ინტერესი მხოლოდ ადრე შეგროვებული ეთნოგრაფიული მასალის სამეცნიერო შესწავლითა და დამუშავებით ნარჩუნდებოდა. ახალი ეთნოგრაფიული მონაცემები ცოტა თუ ჩნდებოდა. შესწავლს მთავარ ცენტრად კიევი დარჩა, სადაც ვ. ბ. ანტონოვიჩი მუშაობს, რომელმაც მკვლევარ-სიტორიკოსთა მთელი სკოლა შექმნა (ბაგალეი, გრუშევსკი, გოლუბოვსკი და სხვები); კიევშივე გამოიცემა ჟურნალი «Кიевская Старина», რომელიც უკრაინული სიძველეებისადმია მიძღვნილი. მეორე ცენტრი გახლდათ ხარკოვი, სადაც მალოროსიის შესწავლა, აწ განსვენებული ა. ა. პოტებნიასა და მისი მოწაფეების მიერ, სხვა მიმართულებით წარმოებდა. დაწყებული 70-იანი წლებიდან უკრაინოფილობა და თავად ინტერესიც მალორუსული ხალხურობისადმი თანდათანობით სუსტდება. უკრაინოფილობა გადაიტანება გალიციაში, სადაც ზრდასა და განვითარებას აგრძელებს (იხ. VII, 920).

(ამის შემდეგ მოყვანილია ლიტერატურის ჩამონათვალი)

ნ. კორობკა 


წერილიდან “ყირიმის ნახევარკუნძული”

(ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონიდან)

ყირიმის ნახევარკუნძული ან უბრალოდ ყირიმი, ძველ დროში ტავრიდა – ჩრდილოეთის განედის 44°23'-სა და 46°21'-ს შორის და აღმოსავლეთის გრძედის 2°10'-სა და 6°20'-ს შორის отъ Пулкова. დასავლეთიდან სამხრეთისკენ მის ნაპირებს რეცხავს შავი ზღვა, აღმოსავლეთიდან ქერჩის სრუტე და აზოვის ზღვა, ხოლო ჩრდილოეთში კი რუსეთის სამხრეთის კონტინენტურ ველებთან შეერთებულია პერეკოპის ყელით, რომელსაც 7 ვერსზე მეტი სიგანე არა აქვს. ამ ყელის გამოვლით შემოღწევისთვის საზღვრის დადებით შეიძლება ნახევარკუნძული – ამბობს რეკლიუ – ნამდვილ ციხესიმაგრედ გადააქციოთ. ასე უყურებდნენ კიდეც მას თურქები და თათრები და, შესაძლოა, ამიტომ, XIII ასწლეულის ბოლოსთვის, უკანასკნელებმა მას ყირიმი უწოდეს, რადგანაც ეს სიტყვა, ფორსტერის ახსნით, ნიშნავს ციხესიმაგრეს და შესაძლოა ახლოს იდგეს მონღოლურ სიტყვასთან “კერმ” – კედელი. ყველაზე უფრო მეტი სიგრძე ყირიმს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ქალაქ პერეკოპიდან სარიჩის კონცხამდე აქვს 185 ვერსი, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, თარხანკუტის კონცხიდან ენიკალემდე, 300 ვერსი. ყირიმის ფართობს 32198 კვადრატულ ვერსად ღებულობენ. მის ფარგლებში შედის ტავრიდის გუბერნიის ხუთი მაზრა (პერეკოპის, ევპატორიის, სიმფეროპოლის, ფეოდოსიისა და იალტის) და ორი ქალაქსაუფროსო (სევასტოპოლისა და ქერჩის).

(წერილში შემდეგ აღწერილია ყირიმის ნახევარკუნძულის რელიეფი და გეოლოგიური აგებულება, ჰიდროლოგია, კლიმატი, მცენარეული საფარი და ცხოველური სამყარო, აგრეთვე მოსახლეობა. ქვემოთ მოვიყვანთ მხოლოდ მოსახლეობის მონაცემებს)

მოსახლეობა
(XIX საუკუნის მიწურულის მედგომარეობით)

ყირიმში 397.239 მცხოვრებია. მთაგორიანი ოლქის გამოკლებით ყირიმი სუსტადაა დასახლებული. 11 ქალაქი, 1098 სოფელი (селенიе) და 1400 ხუტორი და დასახლებაა (село). ქალაქებში 148.897 მცხოვრებია – მთელი მოსახლეობის დაახლოებით 37 %. მოსახლეობის ეთნოგრაფიული შემადგენლობა მრავალფეროვანია: თათრები, რუსები, გერმანელები, ბულგარელები, ჩეხები, ესტონელები, ბერძნები, ებრაელები, კარაიმები, კრიმჩაკები, სომხები, ბოშები. თათრები მოსახლეობის უპირატეს ნაწილს შეადგენენ (89 %-მდე) მთაგორიან ოლქში და ველის დაახლოებით ნახევარზე. ველის თათრები – მონღოლთა პირდაპირი შთამომავლები არიან; მთაგორიანი მხარისა კი, მათი ტიპის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ – სამხრეთ სანაპიროს თავდაპირველ მცხოვრებთა (ბერძნების, იტალიელებისა და სხვათა) შთამომავლები, რომლებმაც ისლამი და თათრული ენა მიიღეს. ამ ენაში მათ იმდენი თურქული და დამახინჯებული ბერძნული სიტყვა შეიტანეს, რომ ხშირად ის ველის თათრებისთვის გაუგებარია. რუსები ყველაზე უფრო მეტნი ფეოდოსიის მაზრაში არიან; ესენი ან გლეხები არიან, ან ჯარისკაცები, რომლებმაც მიწა მიიღეს, ან კიდევ სხვადასხვა მოსული ადამიანები, რომლებიც მიწათმფლობელებთან დესეტინების (მოიჯარადრეებად – въ качестве десятинщиковъ) ცხოვრობენ. გერმანელები და ბულგარელები ყირიმში ამ ასწლეულის დასაწყისში დასახლდნენ, მიიღეს რა ნაკვეთებად ვრცელი და ნაყოფიერი მიწები; მოგვიანებით შეძლებულმა კოლონისტებმა მიწის ყიდვა დაიწყეს, უპირატესად პერეკოპისა და ევპატორიის მაზრებში. ჩეხები და ესტონელები ყირიმში 60-იან წლებში მოვიდნენ და ემიგრირებული თათრების მიერ დატოვებული მიწების ნაწილი დაიკავეს. ბერძნები ნაწილობრივ სახანოს დროიდან დარჩნენ, ნაწილობრივ კი 1779 წელს დაესახლნენ. სომხებმა ყირიმში ჯერ კიდევ XIV ასწლეულში შემოაღწიეს; მათ ენისა და სარწმუნოების შენარჩუნება მოახერხეს. ებრაელებმა და კარაიმებმა, ყირიმის მეტად ძველმა მაცხოვრებლებმა, რელიგია შეინარჩუნეს, მაგრამ ენა კი დაკარგეს და თათართა სამოსელი და ცხოვრების წესიც მიიღეს. გათათრებული ებრაელები, ე. წ. კრიმჩაკები, უპირატესად კარასუბაზარში ცხოვრობენ; კარაიმები ხანების დროს ჩუფუთ-კალეში ცხოვრობდნენ (ბახჩისარაის მახლობლად), ახლა კი ევპატორიაში იყრიან თავს. ბოშები ნაწილობრივ სახანოს დროიდან დარჩნენ (მიწაზე მჯდომარენი, оседлые), ნაწილობრივ კი სულ ახლახანს პოლონეთიდან ჩამოესახლნენ (მომთაბარენი). მიწით მოსახლეობა მეტად არათანაბრადაა უზრუნველყოფილი. ველის მხარეში ბევრი უმიწოდაა; ხანების დროს თითქმის მთელი მიწა ბეებს ეკუთვნოდა, და ახლაც კერძო მფლობელებს ამ ადგილას მთელი ფართობის 73-86 % ეკუთვნის. მთაგორიან მხარეში კი უმიწა-წყლონი თითქმის არ არიან. ახალდასახლებულებს (поселенцы) მთელი მიწის 37 %-ზე მეტი ეკუთვნის. ყველაზე უფრო მსხვილი მიწათმფლობელობა – ველის მხარეშია, ძალზედ დაქუცმაცებული კი – მთაგორიანში; სამფლობელო მამულის საშუალო ზომა პერეკოპისა და ევპატორიის მაზრებში 1028-1340 დესეტინაა, იალტის მაზრაში კი – მხოლოდ 14 დესეტინა; 205 სააზნაურო მამულიდან 91-ს აქ, საშუალოდ, 4 დესეტინაზე ნაკლები გააჩნია.

(ამის შემდეგ სამეურნეო საკითხებზეა საუბარი)

ნ. გ.  


თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა




(სამწუხაროდ, ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში ვერ ვნახეთ წერილი ყირიმის სახანოზე, ამიტომ ამ დანაკლისის შევსება ვცადეთ ინტერნეტში მოძიებული რუკებითა და სურათებით, რომლებიც უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებზე გარკვეულ წარმოდგენას მაინც შეუქმიან ქართველ მკითხველს)




კიევის რუსეთის სამთავროები XI საუკუნის მეორე ნახევარსა და XII-ის დასაწყისში



ყირიმის სახანო XV საუკუნის მეორე ნახევარში



ყირიმის სახანო XVI საუკუნეში



რუსეთ-თურქეთის ომი: 1697 წლის კამპანიის რუკა (XVII საუკუნის მიწურულის მდგომარეობა)




ყირიმელი თათრების ჯარი ლაშქრობისას




ყირიმელი თათრების ჯარი ბრძოლაში



მონათა ბაზარში გასაყიდად გამოყვანილი ქალები (ეს მდგომარეობა მოსპეს რუსებმა ყირიმის სახანოს შემოერთებით)



კაზაკების ჯარი



ეპიზოდი რუსეთ-თურქეთის ომებიდან (ციხესიმაგრის იერიში რუსების მიერ)



ეპიზოდი რუსეთ-თურქეთის ომებიდან



კაზაკების იერიში თურქების წინააღმდეგ



საზღვაო ბრძოლა რუსეთ-თურქეთის ომებიდან

No comments:

Post a Comment