Monday, September 16, 2013

ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება და საქართველო


(წერილი გამოქვეყნდა გაზეთახალი 7 დღის” 2005 წლის 4-10 ნოებრის ნომერში; ამჟამად მას გთავაზობთ გარკვეული სარედაქციო დაზუსტებებით)

წინა წერილშითანამედროვე სახმელეთო ჯარებიჩვენ შევეხეთ თანამედროვე დასავლური არმიების საბრძოლო ბატალიონების, ბრიგადებისა და დივიზიების ტიპიურ საბრძოლო შემადგენლობას, რიცხოვნებასა და ძირითად შეიარაღებას, აგრეთვე საბრძოლო გამოყენების ზოგად პრინციპებსა და ევროპული ომის თეატრისთვის საბრძოლო წყობაში გაშლილი ამ საჯარისო ერთეულების მიერ დაკავებული ტერიტორიების ზომებსა (ფრონტსა და სიღრმეში) და საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას მათი საქმიანობის ფარგლებს (ტაქტიკურ ნორმატივებს). მსჯელობის ძირითად დასკვნას შეადგენდა ის, რომ 1990 და 1992 წლებში პარიზსა და ტაშკენტში მაშინდელი ევროთათბირის (ეუთთ), ამჟამად კი ეუთო- ეგიდით დადებული ხელშეკრულებები ევროპის ტერიტორიაზე განლაგებული ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ, რომელთა მიხედვითაც დადგენილ იქნა ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტები ევროპის მთელ ტერიტორიაზე (მათ შორის საბჭოთა კავშირისაც ურალის ქედიდან დასავლეთით), ხოლო შემდეგ კი, სსრკ-ის დაშლის კვალდაკვალ, მისი ტერიტორიის ევროპულ ნაწილში წარმოქმნილი ახალი, ფორმალურად დამოუკიდებელი სახელმწიფოებისთვისრუსეთის ფედერაცია, უკრაინა, ბელორუსი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო.

უნდა ითქვას, რომ ტაშკენტის შეთანხმებით საქართველოსთვის (ასევე აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის) დადგენილი ჩვეულებრივი შეიარაღების კვოტები – 220 საბრძოლო ტანკი, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 285 საველე საარტილერიო სისტემა, 100 საბრძოლო თვითმფრინავი და 50 დამრტყმელი ვერტმფრენი, – ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის ნაწილში ძალზედ მცირეა და 5-მილიონიანი სახელმწიფოს თავდაცვითი აუცილებლობის მინიმალურ მოთხოვნილებებსაც კი ვერ აკმაყოფილებს, რომ არაფერი ვთქვათ თავდაცვით საკმარისობაზე. შედარებისთვის ასევე წინა წერილში აღვნიშნეთ, რომ მკაფიოდ გამოხატული თავდაცვითი სამხედრო დოქტრინის მქონე 5,2-მილიონიანი ფინეთის სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტიუტის მონაცემებით, 2002 წელს შედიოდა 270-ზე მეტი საბრძოლო ტანკი, 1375 მოჯავშნული მანქანა (მათგან 1000-მდე საბრძოლო), 2085 საველე და სანაპირო საარტილერიო სისტემა (მათ შორის 100 მმ-ზე მეტი ყალიბის 1125 ქვემეხი, 60 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და 900 ნაღმსატყორცნი), პლიუს 1415-ზე მეტი 81-მმ საასეულო ნაღმსატყორცნი, აგრეთვე ტანკსაწინააღმდეგო, საზენიტო და სხვა შეიარაღება; 7,5-მილიონიანი შვეიცარიის სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში კი ნაჩვენები იყო 556 საბრძოლო ტანკი (მათგან 370 თანამედროვე გერმანულილეოპარდ-2”), 1690-ზე მეტი მოჯავშნული მანქანა (მათგან სავარაუდოდ 1200-ზე მეტი საბრძოლო), 1090-ზე მეტი საველე საარტილერიო სისტემა (მათგან 558 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცა და 534 120-მმ ნაღმსატყორცნი), პლიუს 1225-მდე 81-მმ საასეულო ნაღმსატყორცნი, დიდი რაოდენობით ტანკსაწინააღმდეგო, საზენიტო და სხვა შეიარაღება.

ფინეთისა და შვეიცარიისგან განსხვავებით, 6,4-მილიონიან ისრაელს, რომელსაც ოფიციალურად აქვს მიღებული შეტევითი სამხედრო დოქტრინა და ამის საფუძველზე აშენებს თავის შეიარაღებულ ძალებს, იმავე 2002 წელს სახმელეთ ჯარების შეიარაღებაში გააჩნდა 3750 საბრძოლო ტანკი, 10400 ჯავშანტრანსპორტერი (მაგან 6900 თანამედროვე ტიპების, ხოლო 3500 კი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნახევრად მუხლუხიანი ამერიკული M-2/-3 ტიპისა, მარაგში), 2425-მდე საველე საარტილერიო სისტემა (მათგან 1455 ქვემეხი, 200-მდე ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი და 770 ნაღმსატყორცნი), პლიუს 5700 60-მმ და 81-მმ ნაღმსატყორცნი, ტანკსაწინააღმდეგო, საზენიტო და სხვა შეიარაღება.

აღნიშნული მცირე დასავლური სახელმწიფოების ფონზე ეუთო- ეგიდით საქართველოსთვის (ასევე სომხეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვასთვის) დადგენილი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის (100 მმ და მეტი ყალიბისა) კვოტები, როგორც ვხედავთ, ძალზედ დაბალია და შეუძლებელია აკმაყოფილებდეს ამ ქვეყნის თავდაცვითი აუცილებლობის მოთხოვნილებებს (რომ არაფერი ვთქვა თავდაცვით საკმარისობაზე). ახლა კი ვნახოთ, თუ რას წარმოადგენს ეს ხელშეკრულებები, რატომ ერგო საქართველოს ასეთი დაბალი კვოტები და როგორ შეიძლება ჩვენი მდგომარეობის გამოსწორება.

როგორც ვიცით, 1940-იანი წლების ბოლოდან 90-იანების დასაწყისამდე ევროპაში არსებობდა ორი მსხვილი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსინატო და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია. პირველი შეიქმნა 1949 წლის აპრილში და ცივი ომის პერიოდში აერთიანებდა აშშ-, კანადასა და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს (1990-იან წლებამდე სულ 16 სახელმწიფოს). მეორე ბლოკი კი ნატო- საპასუხოდ იქნა ჩამოყალიბებული 1955 წელს. მასში შევიდნენ საბჭოთა კავშირი და მისი მოკავშირე აღმოსავლეთევროპული სახელმწიფოები, მათ შორის ალბანეთიც, რომელიც შემდგომში გავიდა ორგანიზაციიდან.

1960-იანი წლების მეორე ნახევარსა და 70-იანების დასაწყისში სსრკ-ისა და ვარშავის ხელშეკრულების ხელმძღვანელობა ინტენსიურად აყენებდა ორ ბლოკს შორის ცივი ომის კონფრონტაციული პოლიტიკიდან მშვიდობიანი თანაარსებობის პოლიტიკაზე გადასვლის, ევროპაში ურთიერთნდობისა და ურთიერთგაგების გაძლიერების, აგრეთვე ბირთვულ და ჩვეულებრივ შეიარაღებათა შეზღუდვისა და შემცირების მიზნით მოლაპარაკებათა დაწყების აუცილებლობის საკითხებს. ასეთი პროცესები მართლაც დაიწყო: ერთის მხრივ აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის სტრატეგიულ შეტევით შეიარაღებათა შეზღუდვის შესახებ ხელშეკრულებათა დადებით (ОСВ-1 და ОСВ-2; Ограничение Стратегических Вооружений), ხოლო მეორეს მხრივ კი, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის (ეუთთ, ევროთათბირი) მოწვევით, ურთიერთგაგებისა და ურთიერთნდობის გაძლიერებისკენ მიმართული ხელშეკრულებების გაფორმებითა და 1973 წელს ჰელსინკის დასკვნით დოკუმენტზე ხელის მოწერით.

ეს პროცესები შემდგომშიც მეტ-ნაკლები წინააღმდეგობებით იქნა გაგრძელებული და 1980-90 იანი წლების მიჯნაზე აშშ-სა და საბჭოთა კავშირს (შემდეგ რუსეთის ფედერაციას) შორის დაიდო ორი ხელშეკრულება სტრატეგიულ შეტევით შეიარაღებათა შემცირების შესახებ START I და START II (Strategic Arms Reduction Talks), რუსული აღნიშვნით СНВ-1 და СНВ-2 (Сокращение Наступательных Вооружений). გარდა ამისა, 1990 წლის ნოემბრის ბოლოს პარიზში ევროთათბირის ეგიდით დადებულ იქნა ხეშეკრულება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ (Treaty on Conventional Armed Forces in Europe – CFE; რუსული აღნიშვნით ДОВСЕ – Договор об Обычных Вооружённых Силах в Европе), რომელიც მიზნად ისახავდა ევროპაში ორი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის პირობებში, მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპიდან გამომდინარე, კონტინეტზე სტაბილურობის შენარჩუნებას, თითოეული სახედრო ბლოკისთვის მშვიდობიანობის დროს მის მიერ კონტროლირებად ევროპულ ტერიტორიაზე მუდმივად განლაგების მიზნით ჩვეულებრივ შეტევით შეიარაღებათა: საბრძოლო ტანკების, მოჯავშნული საბრძოლო მანქანების (ჯავშანტრანსპორტერები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, საბრძოლო-სადაზვერვო მანქანები, დესანტის საბრძოლო მანქანები, საბრძოლო მანქანები მძიმე შეიარაღებით, მათ შორის მსუბუქი ტანკებიც), საველე საარტილერიო სისტემების (100 მმ და მეტი ყალიბისა), საბრძოლო თვითმფრინავებისა (მათ შორის სადაზვერვოსი) და დამრტყმელი ვერტმფრენების მაქსიმალურად დასაშვები რაოდენობის შემცირებასა და გათანაბრებას.

CFE-ხელშეკრულების ძალით თითოეულ ბლოკს უფლება ეძლეოდა, რომ მის მიერ კონტროლირებად ევროპულ ტერიტორიაზე მშვიდობიანობის დროს რეგულარულ საჯარისო ნაწილებსა და სპეციალურ საწყობებში მუდმივად განელაგებია არაუმეტეს 20000 საბრძოლო ტანკის, 30000 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 20000 საველე საარტილერიო სისტემის, 6800 საბრძოლო თვითმფრინავის და 2000 დამრტყმელი ვერტფრენისა. ამაზე დამატებით, თურქეთისა და ნორვეგიის დაჟინებული მოთხოვნების საფუძველზე დადგენილ იქნა ორივე ბლოკის საფლანგო რაიონებში (ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე) ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტების (მაქსიმალურ რაოდენობათა) გათანაბრება და მათი განლაგება მხოლოდ რეგულარულ საჯარისო ნაწილებში. ამავე დროს, საბჭოთა კავშირს მიეცა უფლება, რომ შეიარაღებათა ამ კატეგორიებისთვის მოეწყო სპეციალური საწყობებიც ჩრდილოეთ ფლანგზე ლენინგრადის სამხედრო ოლქის სამხრეთ ნაწილში (ფსკოვის ადმინისტრაციულ ოლქში) და სამხრეთ ფლანგზე კი ოდესის სამხედრო ოლქში, რომლებშიც შეყვანილი იქნებოდა საბრძოლო ტანკების, მოჯავშნული საბრძოლო მანქანებისა და საველე საარტილერიო სისტემების გარკვეული რაოდენობა.

ნატო- მხრიდან საფლანგო რაიონში შევიდნენ ნორვეგია, ისლანდია, საბერძნეთი და თურქეთის ტერირორიის ევროპული ნაწილი (სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის გამოკლებით); ვარშავის ხელშეკრულების მხრიდან კიბულგარეთი, რუმინეთი და საბჭოთა კავშირის ლენინგრადის, ოდესის, ჩრდილო-კავკასიისა და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქების ტერიტორიები.

CFE-ხელშეკრულების IV მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და V მუხლის 1-ლი პუნქტის ძალით მთლიანად ევროპის ტერიტორიაზე, აგრეთვე მის ცენტრალურ და საფლანგო რაიონებში გასალაგებელი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტები ნაჩვენებია 1- ცხრილში.

ცხრილი 1

თითოეული ბლოკის ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტები მთლიანად ევროპულ ტერიტორიაზე, აგრეთვე მის ცენტრალურ და საფლანგო რაიონებში

განლაგების რაიონი . . . . . . საბრძოლო . . მოჯავშნული . . საველე საარ-
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ტანკები . . . საბრძოლო . . . . ტილერიო სი-
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მანქანები . . . . . სტემები . . .

მთლიანად ევროპულ
ტერიტორიაზე არაუმეტეს . . . . 20000 . . . . . . . . 30000 . . . . . . . . . 20000 . . .
მათ შორის რეგულარულ
ნაწილებში არაუმეტეს . . . . . . . .16500 . . . . . . . . 27300 . . . . . . . . . 17000 . . .

ევროპული ტერიტორიის
ცენტრალურ რაიონში
არაუმეტეს . . . . . . . . . . . . . . . . . 15800 . . . . . . . . .24100 . . . . . . . . 14000 . . .
მათ შორის რეგულარულ
ნაწილებში არაუმეტეს . . . . . . . 11800 . . . . . . . . .21400 . . . . . . . . 11000 . . .

ევროპული ტერიტორიის
საფლანგო რაიონში რეგუ-
ლარულ ნაწილებში არა-
უმეტეს . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4700 . . . . . . . . . .5900 . . . . . . . . .6000 . . .

ევროპული ტერიტორიის ცენტრალური ნაწილის ატლანტის ოკეანიდან ურალის მთებამდე დიდი განფენილობის გამო, დადგენილ იქნა მისი დაყოფა ცალკეულ რაიონებად (ფაქტიურად ქვერაიონებად) და მათ ფარგლებში გასალაგებელი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტების განსაზღვრაც. საწყის ხაზად აღებულ იქნა ორ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკს შორის შეხების საზღვარი, რომელიც წარმოადგენდა იმ დროისთვის უკვე გაერთიანებული გერმანიის აღმოსავლეთ სახელმწიფო საზღვარს პოლონეთისა და ჩეხეთ-სლოვაკეთის დასავლეთ საზღვრებთან. CFE-ხელშეკრულების IV მუხლის მე-2, -3 -4 პუნქტების ძალით მოხდა თითოეული ბლოკის ცენტრალური რაიონის ცალკეული ქვერაიონების (დოკუმენტშირაიონების) ტერტორიებისა და მათზე მუდმივად გასალაგებელ შეიარაღებათა კვოტების განსაზღვრა. ხელშეკრულების IV მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავდა კვოტებს თითოეულ ბლოკის მთელი ცენტრალური რაიონისთვის (დოკუმენტში – 4.2 რაიონი); IV მუხლის მე-3 პუნქტი ნატო- ბლოკში მოიცავდა გერმანიის, დანიის, ბელგიის, ნიდერლანდების, ლუქსემბურგის, საფრანგეთის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიებს, აგრეთვე იქ გასალაგებელი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტებს (ანუ ნატო- ბლოკის მთელ ცენტრალურ რაიონს ესპანეთისა და პორტუგალიის გარდა); ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციიდან კიპოლონეთს, ჩეხეთ-სლოვაკეთს, უნგრეთს, საბჭოთა კავშირის ბალტიისპირეთის, ბელორუსიის, კარპატისპირეთისა და კიევის სამხედრო ოლქების ტერიტორიებსა და იქ გასალაგებელ შეიარაღებათა კვოტებს (ანუ ვარშავის ხელშეკრულების მთელ ცენტრალურ რიონს სსრკ-ის მოსკოვისა და ბოლგისპირეთის სამხედრო ოლქების გარდა; დოკუმენტში – 4.3 რაიონი); IV მუხლის მე-4 პუნქტით კი განსაზღვრული გახლდათ ქვერაიონი, რომელშიც ჩრდილოატლანტიკური კავშირის მხრიდან შედიოდა გერმანიის, ბელგიის, ნიდერლანდებისა და ლუქსემბურგის ტერიტორიები, ხოლო ვარშავის პაქტის მხრიდან კიპოლონეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთის და უნგრეთისა (დოკუმენტის მიხედვით – 4.4 რაიონი; იხილეთ ნახატი). თითოეულ ამ რაიონში გასალაგებელი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტები ნაჩვენებია მე-2 ცხრილში.

ცხრილი 2

CFE-ხელშეკრუკლებით განსაზღვრული ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტები ცენტრალური რაიონის ცალკეულ ქვერაიონებში

განლაგების ტერიტორია . . . . . . . . . . . . .საბრძოლო . . მოჯავშნული . . საველე საარ-
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ტანკები . . . . საბრძოლო . . . ტილერიო სი-
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მანქანები . . . . . სტემები . . .

თითოეული სამხედრო ბლოკის მიერ
კონტროლირებადი ევროპული
ტერიტორიის ცენტრალურ რაიონში (4.2
რაიონი) არაუმეტეს . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 15300 . . . . . . . . . 24100 . . . . . . . . . 14000 . . .
მათ შორის რეგულარულ ნაწილებში
არაუმეტეს . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 11800 . . . . . . . . . .21400 . . . . . . . . . 11000 . . .

ორი სამხედრო ბლოკის შეხების ხაზთან
შედარებით ახლოს მყოფ რაიონში (4.3
რაიონი) რეგულარულ ნაწილებში
არაუმეტეს . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 10300 . . . . . . . . . .19260 . . . . . . . . . . 9100 . . .

ორი სამხედრო ბლოკის შეხების ხაზთან
უშუალოდ მახლობელ რაიონში (4.4
რაიონი) რეგულარულ ნაწილებში
არაუმეტეს . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .7500 . . . . . . . . . . 11250 . . . . . . . . . 5000 . . .

როგორც ვხედავთ, ევროპის ცენტრალურ რაიონში გასალაგებელი 15300 საბრძოლო ტანკიდან, თითოეული ბლოკის ხელმძღვანელობას მოწინააღდეგესთან შეხების ხაზის მახლობელ რაიონში (4.4 რაიონი) შეეძლო განელაგებია არაუმეტეს 7500 ერთეულისა, ანუ მთელი რაოდენობის თითქმის ნახევრისა, ხოლო რეგულარულ საჯარისო ნაწილებში გასალაგებელი მაქსიმალური რაოდენობის (11800 ერთეული) კი – 63,6 %-ისა; დაახლოებით ასეთივე მდგომარეობა გახლდათ მოჯავშნული საბრძოლო მანქანებისა და საველე არტილერიის განლაგების მხრივაც, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შეიარაღებული დაპირისპირების ინტენსივობა ამ ქვერაიონში იყო მნიშვნელოვნად უფრო მაღალი, რაც სავსებით ბუნებრივი და გასაგებია. გარდა ამისა, ცივი ომის პერიოდში ნიდერლანდების, ბელგიისა და დასავლეთ გერმანიის ტერიტორიებზე ამერიკულ სარდლობას მოწყობილი ჰქონდა საბრძოლო ტექნიკისა და მძიმე შეიარაღების საწყობები გაძლიერების ჯარების ექვსი საბრძოლო დივიზიისთვის, რომელთა პირადი შემადგენლობაც, პირადი და მსუბუქი კოლექტიური იარაღით, ომის დაწყების შემდეგ უმოკლეს ვადებში საჰაერო გზით უნდა გადმოესროლათ დასავლეთ ევროპაში, სადაც ისინი ამ საწყობებიდან მიიღებდნენ მათთვის განკუთვნილ ტექნიკასა და მძიმე შეიარაღებას და უკვე მანამდე დასავლეთ გერმანიაში დისლოცირებული ოთხიმძიმედივიზიის დასახმარებლად ჩაერთვებოდნენ საბრძოლო მოქმედებათა წარმოებაში. CFE-ხელშეკრულებით კი ასეთი საწყობების შექმნა უკვე გათვალისწინებულია მხოლოდ 4.2 რაიონში, ანუ ნატო- ბლოკის მხრიდან ესპანეთში ან პორტუგალიაში, ხოლო ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის მხრიდან კი სსრკ-ის მოსკოვის ან ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქებში, რაც ასევე ამცირებს დაძაბულობას თავად ევროპის კონტინენტზე და, განსაკუთრებით კიცენტრალურ ევროპაში.

ასეთ ზომებსა და ღონისძიებებს უნდა გამოერიცხათ რომელიმე სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის მხრიდან მეორის წინააღმდეგ მოულოდნელი მსხვილი შეტევითი მოქმედებების დაწყებისა და ევროპაში დესტაბილიზაციის შექმნის შესაძლებლობა. ევროპის ტერიტორიის რაიონებად და ქვერაიონებად დაყოფის შემდეგ თითოეული ბლოკის სარდლობას ამ რაიონებსა და ქვერაიონებში მისთვის განკუთვნილი კვოტები უნდა გაენაწილებინა იქ არსებულ სახელმწიფოებს, აგრეთვე იმ ტერიტორიაზე მყოფ ამერიკულ და საბჭოთა ჯარებს შორის, რომლებიც ამ უკანასკნელ სახელმწიფოთა კვოტებში აღინიშნებოდა. საბრძოლო თვითმფრინავებისა და დამრტყმელი ვერტმფრენების კვოტები კი თითოეული ბლოკის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შეეძლო თავად გაენაწილებინა თავის მონაწილე სახელმწიფოებს შორის ტერიტორიული რაიონებისა და ქვერაიონების მიხედვით ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.

CFE-ხელშეკრულების ძალით საბჭოთა კავშირს ერგო კვოტები არა მხოლოდ თავის საკუთარ ტერიტორიაზე განლაგებული შეიარაღების, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში მის მოკავშირე სახელმწიფოთა ტერიტორიებზე განლაგებულ ჯარებში არსებული შეიარაღების გათვალისწინებით. ხოლო შემდეგ კი, ამ ჯარების სამშობლოში დაბრუნების კვალდაკვალ, ეს კვოტები მთლიანად სსრკ-ის ევროპულ ტერიტორიაზე გადმოვიდა. თავად ხელშეკრულებაც ითვალისწინებდა იმას, რომ თითოეული ბლოკის საერთო კვოტებიდან მისი მონაწილე რომელიმე სახელმწიფოს წილად შეიძლება მოსულიყო არაუმეტეს 13150 საბრძოლ ტანკის, 20000 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 13175 საველე საარტილერიო სისტემის, 5150 საბრძოლო თვითმფრინავის და 1500 დამრტყმელი ვერტმფრენისა. ცხადია, რომ ასეთ სახელმწიფოდ იგულისხმებოდა საბჭოთა კავშირი და ხელშეკრულების შესაბამისი მუხლიც სწორედ მისი კვოტების მაქსიმალურ რაოდენობებს განსაზღვარვდა, ხოლო დანარჩენი 6850 საბრძოლო ტანკის, 10000 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 6825 საველე საარტილერიო სისტემის, 1650 საბრძოლო თვითმფრონავისა და 500 დამრტყმელი ვერტმფრენის კვოტები კი უნდა მოსულიყო ვარშავის ხელშეკრულების დანარჩენი სახელმწიფოების: პოლონეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთის, უნგრეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის წილად.

1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თავისთავად წარმოიშვა აუცილებლობა, რომ ჩვეულებრივ შეტევით შეიარაღებათა მისი კვოტები გადანაწილებულიყო მის ევროპულ ტერიტორიაზე წარმოქმნილ ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის. ბალტიისპირეთის ქვენებმა ამაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და, შესაბამისად, 1992 წლის მაისში ტაშკენტში გამართულ მოლაპარაკებებზე ყოფილი სსრკ-ის კვოტები გადანაწილებულ იქნა რუსეთის ფედერაციას, ბელორუსს, უკრაინას, მოლდოვას, აზერბაიჯანს, სოხეთსა და საქართველოს შორის. რუსეთის ფედერაციის ლენინგრადისა და ჩრდილო-კავკასიის სამხედრო, ოლქების ტერიტორიებზე, უკრანის ოდესის სამხედრო ოლქში, მოლდოვასა და ამიერკავკასიის სამ სახელმწიფოში ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტების დადგენისას გათვალისწინებულ იქნა CFE-ხელშეკრულების საფლანგო შეზღუდვებიც. ამის შედეგად საქართველოს (ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს) უფლება მისცეს, რომ თავის ტერირორიაზე მშვიდობიანობის დროს რეგულარულ საჯარისო ნაწილებში მუდმივად განელაგებია არაუმეტეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის და 285 საველე საარტილერიო სისტემისა, ხოლო სპეციალური საწყობების მოწყობა კი ჩვენს ტერიტორიაზე საერთოდ არ ყოფილა გათვალისწინებული. ტაშკენტის შეთანხმებით  რუსეთის ფედერაციას უფლება მისცეს თავისი ტერიტორიის საფლანგო რაიონში რეგულარულ საჯარისო ნაწილებში მშვიდობიანობის დროს მუდმივად განლაგებული ჰყოლოდა (ჰქონოდა) არაუმეტეს 1300 საბრძოლო ტანკის, 1380 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის და 1680 საველე საარტილერიო სისტემისა. მეორეს მხრივ, რუსეთის ფედერაციის საფლანგო რაიონში შედიან ლენინგრადისა და ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქები, ხოლო ცენტრალურ რაიონში კი მოსკოვისა და ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქები. ანუ საფლანგო რაიონი შეადგენს ქვეყნის მთელი ევროპული ტერიტორიის დაახლოებით ნახევარს, ხოლო მის ფარგლებში გასალეგებელი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტები კი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა ქვეყნის მთელ ევროპულ ტერიტორიაზე გასალაგებელი ამავე კატეგორიების შეიარაღებათა კვოტებს (სულ არაუმეტეს 6400 საბრძოლო ტანკის, 11480 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის და 6415 საველე საარტილერიო სისტემისა).

ამის გამო, თანაც 90-იანი წლების განმვლობაში აშშ-ისა და გერმანიის სამხედრო-ტექნიკური დახმარებით თურქეთის შეიარაღებული ძალების არსებული მუქარებისადმი არაადექვატურად გაძლიერების ფონზე, რაც იძლეოდა რეგიონში სერიოზული დესტაბილიზაციისა და ამირკავკასიაცენტრალური აზიის მიმართულებაზე (ანუ რუსეთის ფედერაციის სამხრეთ საზღვრების გაყოლებით) მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტის გაჩაღების შესაძლებლობას, რუსეთის ხელმძღვანელობამ ეუთო- მმართველი წრეების წინაშე დააყენა საკითხი მის საფლანგო რაონში ცენტრალური რაიონის ხარჯზე ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტლერიის კვოტების გაზრდის შესახებ, ანუ მისივე კვოტების თავად ქვეყნის ევროპული ტერიტორიის შიგნით გადანაწილების თაობაზე. 1996 წლის მაისში CFE-ხელშეკრულების ახალ პირობებში ადაპტაციის საკითხებთან დაკავშირებით ვენაში, ეუთო- შტაბ-ბინაში, ჩატარებულ კონფერენციაზე, ამერიკული დელეგაციის აქტიური მხარდაჭერით, რუსეთს გაუზარდეს საფლანგო რაიონში გასალაგებელი შეიარაღების კვოტები არაუმეტეს 1800 საბრძოლო ტანკის, 3700 მოჯავშნული საბრძოლო მანქანისა და 2400 საველე საარტილერიო სისტემის დონემდე. აღნიშნული კვოტებიდან 1998 წლის დასაწყისში რუსულ სარდლობას ჩრდილოეთ ფლანგზე რეგულარულ ნაწილებში განლაგებული ჰყავდა დაახლოებით 330 საბრძოლო ტანკი, 90 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და 540 საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, ხოლო სამხრეთ ფლანგზე კი, ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში, ამიერკავკასიაში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზების ჩათვლით, ნაჩვენები იყო 630-მდე საბრძოლო ტანკი, 1795-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და 810-მდე საველე საარტილერიო სისტემა. გარდა ამისა, ჩრდილოეთ ფლანგზე, ლენინგრადის სამხედრო ოლქის სამხრეთ რაიონში, ფსკოვის ადმინისტრაციულ ოლქში არსებულ საწყობებში რუსულ სარდლობას შეყვანილი ჰყავდა დაახლებით 540 საბრძოლო ტანკი, 410 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და 400 საველე საარტილერიო სისტემა, მაგრამ მკითხველი ალბათ დაგვეთანხმება, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა მოსალოდნელი სამხედრო მუქარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებდა სწორედ თავის სამხრეთ ფლანგზე, სადაც 1990-იანი წლების გამავლობაში ხდებოდა თურქეთის სამხედრო მანქანის გაძლიერება, ხოლო თავად ამ ქვეყნის ხელისუფლება კი ამ მიზნით ათეულობით მილიარდი დოლარის შესაბამის თანხებს ხარჯავდა.

რაც შეეხება საქართველოს, მას არ მიუბაძავს დღემდე რუსეთის მაგალითისთვის და ეუთო- ხელმძღვანელობის წინაშე არ დაუყენებია მისთვის შეიარაღებათა კვოტების გაზრდის საკითხი, თუმცა კი თავად ხელშეკრულების ტექსტი იძლევა ამის შესაძლებლობას. იქ შესავალში ნათქვამია, რომ CFE-ხელშეკრულება არ არის მმართული რომელიმე სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ, არამედ მიზნად ისახავს ევროპის ტერიტორიაზე მსხვილმასშტაბიანი ომების თავიდან აცილებასა და სტაბილური მდგომარეობის შექმნას. ასევე ნათქვამია, რომ მომავალში ევროპაში პოლიტიკური მდგომარეობის განვითარებისდა მიხედვით, შესაძლებელი იქნება ხელშეკრულების გადასინჯვა, თვით ახალი მოლაპარაკებების ჩათვლითაც კი. დღესდღეობით მიმდინარეობს CFE-ხელშეკრულების ახალ პირობებში ადაპტაციის პროცესი, რომლის პირველი კონფერენციაც ჩატარებულ იქნა 1996 წლის მაისში ეუთო- შტაბ-ბინაში ვენაში, რომელზედაც საქართველოს დელეგაცია დააყენა საკითხი იმაზე, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისი კვოტები მთლიანად მას შეევსო და რუსეთის ფედერაციას მასში მონაწილება არ ჰქონოდა, რასაც მიაღწია კიდეც, ხოლო რუსულმა დელეგაციამ კი, როგორც ზემოთაც ვისაუბრეთ, მიაღწია იმას, რომ მისთვის დადგენილი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის საერთო კვოტების უცვლელობის ფარგლებში, ცენტრალურ რაიონში მათი წილის შემცირების ხარჯზე, გაეზარდათ ისინი საფლანგო რაიონში, მათ შორის, ცხადია, სამხრეთ ფლანგზეც.

პირადად ჩვენ ჯერ კიდევ 1999 წლის გაზაფხულზე, ღვთის წყალობით, უკვე ვიცოდით, რომ 1990-იანი წლების განმავლობაში, როდესაც ცივი ომის დასრულების, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატო- ბლოკის თითქმის ყველა სახელმწიფომ თავისი სამხედრო ხარჯები, ძირითადი შეიარაღება, შეიარაღებული ძალების რიცხოვნება და საბრძოლო მზადყოფნა შეამცირა, ამის საპირისპიროდ თურქებმა თავიანთი სამხედრო ხარჯების ზრდა განაგრძეს და 1990 წლის 5 მლრდ. ამერიკული დოლარიდან იგი 1998 წელში 8,1 მლრდ. დოლარამდე აიყვანეს, ხოლო ამის სანაცვლოდ კი, ამერიკელებმა და გერმანელებმა შედარებით თანამედროვე და უკეთესი მახასიათებლების მქონე M-60 დალეოპარდ-1” სერიების საბრძოლო ტანკები, YPR-765 სერიის ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ჯავშანტრანსპორტერები, M-110A2 ტიპის თვითმავალი ჰაუბიცები, MLRS ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, AH-1W/P ტიპის დამრტყმელი ვერტმფრენები, F-16C/D ტიპის ტაქტიკური გამანადგურებელი თვითმფრინავები, 209 ტიპის წყალქვეშა ნავები, “ნოქსის”, “პერისადა MEKO-200 ტიპების მრი ფრეგატები (მართვადი სარაკეტო შეიარაღებით აღჭურვილი ფრეგატები) მიჰყიდეს ან მათი წარმოების თავად თურქეთში აწყობისთვის დახმარება აღმოუჩინეს. ამ ღონისძიებების შედეგად თურქული სამხედრო მანქანა სადღაც სამ-ოთხჯერ უნდა გაძლიერებულიყო, და ეს ხდებოდა იმ ფონზე, როდესაც თავად თურქეთს მკვეთრად შეუმცირდა სამხედრო მუქარები როგორც შავი ზღვის სრუტეების ზონაში (ბულგარეთისა და რუმინეთის მხრიდან), ისე ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაშიც (ყოფილი სსრკ-ის მხრიდან). სახელდობრ, ამ უკანასკნელ მიმართულებაზე, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტიტის მონაცემებით, 1991 წელს საბჭოთა კავშირის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე განლაგებული იყო სახმელეთო ჯარების ორი საველე არმია და ერთი ცალკეული საარმიო კორპუსი, საჰაერო ძალების ერთი არმია და საჰაერო თავდაცვის არმია, რომელთა შემადგენლობაშიც მოივლებოდა 11 საბრძოლო დივიზია, 12 ცალკეული საბრძოლო ბრიგადა/პოლკი, თითო-თითო ბომბდამშენი და გამანადგურებელი საავიაციო დივიზიები, მოიერიშე საავიაციო პოლკი, საჰაერო თავდაცვის ჯარებს რამდენიმე გამანადგურებელი საავიაციო პოლკი, შესაბამისი რაოდენობისა და ხარისხის საბრძოლო ტექნიკითა და შეიარაღებით.

1990-იანი წლების მიწურულისთვის მათ ნაცვლად რუსეთის ფედერაციას ამიერკავკასიაში გააჩნდა შედარებით მოკრძალებული სიძლიერისა და შესაძლებლობის ოთხი სამხედრო ბაზავაზიანში, ბათუმში, ახალქალაქსა და გიუმრიში (სომხეთი), და სწორედ ამიერკავკასიაში რუსული ჯარებისა და ძალების მკვეთრად შემცირების ფონზე ასევე მკვეთრად გაუზარდეს დასავლეთის წამყვანმა სახელმწიფოებმა თურქეთს ჩველებრივი შეტევითი შეიარაღების ხარისხობრივი მაჩვენებლები, რაც, ბუნებრივია, აისახებოდა თურქეთის შეიარაღებული ძალების სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნაში, ასევე მის ბრძოლისუნარიანობაშიც.

იმავე ლონდონური წყაროს 1998 წლის მონაცემებით, თურქეთის მოსახლეობა საქართველოსას აღემატებოდა დაახლოებით 12-ჯერ, ხოლო მის შეიარაღებაში არსებული საბრძოლო ტანკების რეალური რაოდენობა (4205 ერთეული) კი საქართველოსთვის დადგენილ კვოტას (220 ერთეული) აღემატებოდა 19-ჯერ. 2000 წლისთვის თურქეთის სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში გამოჩნდა ATACMS ტიპის (Army Tactical Missile System) ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები, რომელთა გაშვებაც ხდება სპეციალური აღჭურვილობის მქონე MLRS დანადგარებიდან. ამ რაკეტების ფრენის სიშორეა 190 კმ-მდე, და ისინი ხასიათდება მიზანში მოხვედრის მაღალი სიზუსტით.

ცხადია, რომ ასეთი რაოდენობისა და ხარისხის საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება არ უნდა იყოს განკუთვნილი მხოლოდ თურქეთის თავდაცვის ამოცანების გადასაჭრელად, ან კიდევ შეტევითი მოქმედებებისთვის საქართველოს წინააღმდეგ; მაგრამ შესაძლოა განკუთვნილი იყოს საქართველოსა და, საერთოდ, ამიერკავკასიის ტერიტორიაზე წარმატებული მოქმედებებისთვის რუსეთის წინააღმდეგ. მოვლენათა ასეთი განვითარების არდასაშვებად საქართველოს ხელისუფლება თავად უნდა ცდილობდეს ისეთი თავაცვითი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც ფინეთის, შვედეთის ან შვეიცარიის მსგავსად, ომიანობის დროს ან მუქარის პერიოდში მისცემდა მას მოკლე ვადებში 500-550 ათასიანი შეიარაღებული ძალების მოვილიზაციის შესაძლებლობას, 400-450 საბრძოლო ტანკით, 1000-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანით (ქვეითთა საბრძოლო მანქანაბი, საბრძოლო-სადაზვერვო მანქანები, ჯავშანტრანსპორტერები), 1000-ზე მეტი საველე არტილერიიის ქვემეხითა და ნაღმსატყორცნით, აგრეთვე სხვა შეიარაღებით. ასეთი შეიარაღების ქონის იურიდიული უფლება კი ეუთო- დოკუმენტების მიხედვით საქართველოს არ ააჩნია. ანუ ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წამყვან სახელმწიფოთა ხელმძღვანელების, მათი სამხედრო სპეციალისტების, დიპლომატიური სამსახურების, სპეცსამსახურებისა და სხვათა და სხვათა გაანგარიშებით, საქართველო განწირულია იმისთვის, რომ გადაიქცეს დაბალ ღობედ ყველასთვის, ვისაც არ დაეზარება ჩვენს ქვეყანაში თავისი ინტერესების გატარება, აქ ფეხის ჩადგმა და სხვა მსურველებთან ჩვენს ტერიტორიაზე სისხლსმღვრელი ომების გაჩაღება. ასეთია, სამწუხაროდ, ამერიკელებთან ჩვენიმეგობრობისნამდვილი არსი და ამმეგობრობასმოყოლილი უამრავი პრობლემა და უბედურება, შესაძლოა, დღეს ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილისთვის, ხვალ და ზეგ კიყველასთვის.

ამიტომ სჯობს საქართველოს ხელისუფლება, საზოგადოების პოლიტიკურად აქტიური ნაწილი და მთლად ჩვენი საზოგადოებაც უფრო მეტად ზრუნავდნენ საკუთარი ქვეყნის ინტერესების სამსახურისთვის და არა ამ ინტერესების საზიანოდ თავიანთი პირადი სარგებლობისთვის. კონტრეტულად, საქართველოსთვის დადგენილი ჩვეულებრივ შეტევით შეიარაღებათა კვოტების გაზრდის შესახებ საკითხის დაყენება ეუთო- ხელმძღვანელობისა და წამყვანი მონაწილე სახელმწიფოების მთავრობათა წინაშე, შესაძლებელია თავად CFE-ხელშეკრულების შესავალ ნაწილში გამოთქმული ყველასთვის თანაბარი უსაფრთხოებისა და თავად ამ ხელშეკრულების ახალ პოლიტიკურ პირობებთან ადაპტაციის პრინციპების გათვალისწინებით. მაგრამ ის, თუ რა რაოდენობის ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღება სჭირდება, ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას, მსოფლიო საზოგადოებრობის წინაშე თავად უნდა განვაცხადოთ და საკითხიც პრინციპულად დავაყენოთ, რა თქმა უნდა, შესაბამისი კვალიფიციური ცოდნისა და გააზრებული პოლიტიკის საფუძველზე, და არა პოლიტიკანობის ან პოლიტიკური მეძავობისა, რასაც ჩვენს რეალობაში, სამწუხაროდ, ხშირად ვხვდებით ხოლმე.

ირაკლი ხართიშვილი


No comments:

Post a Comment