Tuesday, October 9, 2012

აშშ სახმელეთო ჯარების დაკომპლექტება და საბრძოლო მომზადება; ოფიცერთა კადრების მომზადება და მათ მიერ სამსახურის გავლა

(ეს ნაშრომი გამოცემულ იქნა 1996 წელს, დაახლოებით გაზაფხულის მიწურლს ან ზაფხულში, პარლამენტის კვლევითი სამსახურის საინფორმაციო ნაშრომის სახით. უფრო ზუსტი თარიღი მაშინ არ დაგვისვამს, მაგრამ იგი მოვამზადეთ ასევე ვრცელი ნაშრომის “აშშ მძიმე ფორმირებების საბრძოლო გამოყენება” შემდეგ, რომელსაც გამოცემის თარიღად უზის 23.01.1996 /ეს უკვე გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგზე/, ხოლო მის შემდეგ კი ნაშრომი “შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების პრაქტიკა საზღვაგარეთის ქვეყნებში”, რომელსაც ასევე გამოქვეყნების თარიღად უზის 1996 წელი და მას შემდგომში შევთავაზებთ ბლოგის მკითხველთ)

(ნაწილი I)

I ნაწილის შინაარსი

შესავალი
I. აშშ არმიის პირადი შემადგენლობით დაკომპლექტება
. . . I. 1. დაკომპლექტების ნებაყოფლობით სისტემაზე გადასვლის წინაპირობები
. . . I. 2. აშშ არმიის პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების მოქმედი სისტემა
II. ახალწვეულთა საწყისი სამხედრო მომზადება და სპეციალობის მიხედვით მომზადება
III. სწავლების პროცესისადმი წაყენებული მოთხოვნები აშშ სახმელეთო ჯარებში
IV. სწავლების პრინციპები აშშ სახმელეთო ჯარებში
V. საბრძოლო მომზადება აშშ რეგულარული არმიის ნაწილებსა და ქვედანაყოფებში
. . . V. 1. საბრძოლო მომზადების დაგეგმვა
. . . V. 2. საბრძოლო მომზადების შინაარსი
. . . V. 3. პირადი შემადგენლობის სწავლების ფორმები
. . . V. 4. საბრძოლო მომზადების მსვლელობის კონტროლი

შესავალი


აშშ არმიის სარდლობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამანის ფაქტორს. იგი თვლის, რომ ნებისმიერი სამხედრო სტრატეგიის წარმატება საბოლოო ჯამში დამოკიდებულია მის რეალიზაციაში მონაწილე ადამიანების მომზადების ხარისხსა და რიცხოვნებაზე. ეს კი, თავის მხრივ, განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს ჯარების დაკომპლექტებასა და საბრძოლო მომზადებას, როგორც მათი საბრძოლო მზადყოფნის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილს. არმიის ხელმძღვანელობის აზრით, ბრძოლის ველზე მეთაურებისა და პირადი შემადგენლობის უნარიანმა მოქმედებებმა, მათმა მაღალმა პროფესიონალიზმმა, შეიძლება გააწონასწოროს მოწინააღმდეგის რიცხობრივად აღმატებული ძალების უპირატესობა და ხელი შეუწყოს მათ წინაშე დასმული ამოცანების შესრულებას. ამის საწინდარი უნდა იყოს სამხედრო მოსამსახურეთა სწავლების მაღალი ხარისხი, რომელიც დაემყარება ჯარების დაკომპლექტების სრულყოფილ ხერხს, მაღალეფექტურ საბრძოლო მომზადებას, მისი ხარისხის კონტროლსა და შეფასებას, აგრეთვე ოფიცერთა კადრების მომზადებას. სწორედ ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ეს შეხედულებები უდევს საფუძვლად მის პოლიტიკას სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებისა და საბრძოლო მომზადების საქმეში.

I. აშშ არმიის პირადი შემადგენლობით დაკომპლექტება


I. 1. დაკომპლექტების ნებაყოფლობით სისტემაზე გადასვლის წინაპირობები


მეოცე საუკუნის დასაწყისამდე შეერთებული შტატების არმიაში (სახმელეთო ჯარებში) სამსახური (ისევე როგორც მთლიანად შეიარაღებულ ძალებშიც) ემყარებოდა მოხალისეობის პრინციპს, მაგრამ პირველი და მეორე მსოფლიო ომების წლებში, აგრეთვე მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, გამუდმებულ ლოკალურ ომებში მონაწილეობის გამო (კორეა, ლიბანი, დომინიკის რესპუბლიკა, ვიეტნამი), ქვეყანაში ჯარების მოხალისეებით დაკომპლექტების პრინციპზე დამატებით მოქმედებდა სამხედრო ვალდებულების კანონიც. იგი ითვალისწინებდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადას რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში ორი წლის, ხოლო აქედან განთავისუფლების შემდეგ რეზერვში – ხუთი წლის განმავლობაში. საყოველთაო გაწვევამ მრავალჯერ გაზარდა ამერიკული არმიის რიცხობრივი შემადგენლობა, რაც უთუოდ აუცილებელი იყო მსოფლიო ომებში წარმატების მისაღწევად. მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი კონფლიქტები, განსაკუთრებით კი გაჭიანურებული ომი ვიეტნამში, ამერიკულ საზოგადოებაში არაპოპულარული შეიქნა. ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი სხვადასხვა საშუალებებით თავს არიდებდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს, ხოლო მოხალისეთა ხვედრითი წილი მოქმედ არმიაში მეტად უმნიშვნელო გახლდათ. სახელდობრ, 1971 წლის მონაცემებით, აშშ სახმელეთო ჯარების რიგითი და სერჟანტთა შემადგენლობა მოხალისეთაგან დაკომპლექტებული იყო სულ 15%-ით, ხოლო დანარჩენ 85%-ს კი შეადგენდნენ სამხედრო ვალდებულების კანონის თანახმად გაწვეული ახალგაზრდები. ამავე დროს მოქმედ ჯარებში მნიშვნელოვნად დაეცა პირადი შემადგენლობის ხარისხობრივი მაჩვენებელიც. საბრძოლო მოქმედებებში განცდილმა მნიშვნელოვანმა დანაკარგებმა, დეზერტირობის გაზრდილმა შემთხვევებმა, ჯარებში ანტისაომარ განწყობილებათა ზრდამ, ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის გაძლიერებამ ხელი შეუწყო სამხედრო სამსახურის პრესტიჟის მკვეთრ დაცემასა და ჯარისკაცებისა და ოფიცრების ბრძოლისუნარიანობის დაქვეითებას. “ვიეტნამურმა სინდრომმა”, სხვა ფაქტორებთან ერთად, აიძულა ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ახლებურად შეეხედა შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების სისტემისთვის. აშშ ადმინისტრაციის დავალებით პენტაგონის სპეციალისტებმა შეისწავლეს სხვა ქვეყნების, პირველ რიგში დიდი ბრიტანეთისა და კანადის გამოცდილება და შეიმუშავეს შესაბამისი კანონი, რომელიც ძალაში შევიდა 1973 წლის 1 ივლისიდან.

ამ კანონის თანახმად აშშ შეიარაღებული ძალების რეგულარული და სარეზერვო კომპონენტები მშვიდობიანობის დროს კომპლექტდება ძირითადად მოხალისეთაგან. საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონი კი დაკონსერვებულია და მისი ამოქმედება გათვალისწინებულია მხოლოდ პრეზიდენტის წარდგენის საფუძველზე კონგრესის გადაწყვეტილების შემდეგ გლობალური ომის გაჩაღებისას ან სხვა უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. გარდა ამისა, კანონი ითვალისწინებს იმ პირთა ნამდვილ სამხედრო სამსახურში გაწვევასაც, რომელთა სპეციალობებზეც შეიარაღებულ ძალებში (და კერძოდ არმიაში) მიმდინარე მომენტში დიდი მოთხოვნილებაა.

სახმელეთო ჯარების დაკომპლექტების ახლანდელი სისტემა თავდაპირველ ეტაპზე მნიშვნელოვან სიძნელეს განიცდიდა, რაც დაკავშირებული იყო პირადი შემადგენლობის ქრონიკულ ნაკლებობასთან (1981 წლამდე), კადრების დენადობის გაძლიერებასთან (1973-დან 1980 წლამდე კონტრაქტით დადგენილი ვადის გასვლამდე არმიიდან განთავისუფლდა 600 ათასზე მეტი რიგითი და სერჟანტი), მიღებული კონტინგენტის ხარისხობრივი შემადგენლობის დაქვეითებასთან (სახელდობრ, 80-იანი წლების დასაწყისში საშუალო განათლების მქონე ახალწვეულთა რიცხვი შეადგენდა მოხალისეთა საერთო რაოდენობის 50%-ს, ხოლო გონებრივი განვითარების IV კატეგორიის* კანდიდატებისა – 52%-ს) (*ამის შესახებ იხლეთ ქვემოთ).

ყველა ამ პრობლემის არსებობა ამერიკული არმიის ხელმძღვანელობის აზრით, მოქმედებდა უწინარეს ყოვლისა ჯარების ბრძოლისუნარიანობასა და საბრძოლო მზადყოფნაზე, აგრეთვე სახმელეთო ჯარების პრესტიჟსა და ავტორიტეტზეც. ამ ნეგატიური მომენტების აღმოფხვრის ან მათი სიმწვავის შემცირების მიზნით სახმელეთო ჯარებში გატარებულ იქნა რიგი მაკომპენსირებელი ღონისძიებებისა. პირველ რიგში პირადი შემადგენლობის რიცხოვნების, აგრეთვე სამხედრო ბაზებისა და ობიექტების რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირების ხარჯზე აშშ არმიაში სამხედრო მოსამსახურეთა ყველა კატეგორიისთვის შესამჩნევად იქნა გაზრდილი ფულადი ანაზღაურება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია პირადი შემადგენლობის შენახვაზე გაწეული ხარჯების საგრძნობი ამაღლება. სახელდობრ, 1986 ფინანსურ წელში პირადი შემადგენლობის შენახვაზე გაწეულმა ხარჯებმა ამერიკაში შეადგინა 76 მლრდ. დოლარი; ამ ანგარიშით ერთი სამხედრო მოსამსახურის შენახვაზე წელიწადში საშუალოდ დახარჯულ იქნა 140 ათასი დოლარი, მაშინ როცა საფრანგეთში იხარჯებოდა 80 ათასი დოლარი, გფრ-ში – 60 ათასი, დიდ ბრიტანეთში – 50 ათასი. 1-ლ ცხრილში მოყვანილია აშშ შეიარაღებული ძალების რიგითი და სერჟანტთა შემადგენლობის ძირითადი ხელფასები შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტის 1989 წლის მონაცემების მიხედვით.

ცხრილი 1

აშშ შეიარაღებული ძალების რიგით და სერჟანტ სამხედრო მოსამსახურეთა ძირითადი ხელფასები დადგენილი 1989 წლის 1 იანვრიდან (დოლარები თვეში)

სამხედრო მოსამსახურეთა . . . . . . . . წ ლ ე ბ ი ს ნ ა მ ს ა ხ უ რ ე ბ ა . . . . . . . .  
კატეგორიები . . . . . . . . . . . . . . . . . 2-მდე . . 2 . . . . . 4 . . . . . 8 . . . . . .12 . . . . 16 . . . . 20 .

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . სერჟანტები და რიგითები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მთავარი სერჟანტი . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . – . . . . . . – . . . . – . . . . 2143,5 . 2242,2 . 2337,0
პირველი სერჟანტი . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . – . . . . . . – . . .1758,0 . 1855,8 . 1954,2 . 2048,4
ოცეულის სერჟანტი . . . . . . . . . . . .1227,3 . 1324,8 . 1422,0 . 1517,4 . 1614,6 . 1735,8 . 1807,2
შტაბ-სერჟანტი . . . . . . . . . . . . . . . . 1056,0 . 1150,8 . 1249,8 . 1343,4 . .1464,6 . 1549,4 . 1538,1
სერჟანტი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .926,7 . 1008,6 . .1103,7 . 1224,0 . 1319,4 . 1343,4 . 1343,4
კაპრალი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 864,3 . . 912,6 . .1041,3 . 1082,4 . 1082,4 . 1082,4 . 1082,4
1-ლი კლასის რიგითი . . . . . . . . . . . .814,2 . . 858,9 . . .928,8 . . .928,8 . . 928,8 . . 928,8 . .928,8
რიგითი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .783,6 . . 783,6 . . . 783,6 . . .783,6 . . 783,6 . . 783,6 . .783,6

* სერჟანტებისა და რიგითების წლების ნამსახურება ნიშნავს სამსახურის ვადას კონტრაქტის დადების (ომიანობის დროს გაწვევის) მომენტიდან.

როგორც ცხრილიდან ჩანს, სამხედრო მოსამსახურეებს არმია აძლევს კარგ გასამრჯელოს; გარდა ამისა, მათ აქვთ უფასო კვება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში უფასო მოგზაურობის შესაძლებლობა (თუკი ისინი იმსახურებენ ამერიკულ ბაზებში აშშ ტერიტორიის გარეთ), უმუშევრობა მათ არ ემუქრებათ, და თანაც არმიაში ეუფლებიან ახალ პროფესიებს, რომლებიც შემდეგ სამოქალაქო ცხოვრებაშიც შეუძლიათ გამოიყენონ. სახელმწიფო კმაყოფაზე ყოფნის გამო რიგით შემადგენლობას მიღებული ხელფასები თითქმის მთლიანად ენახება, ამიტომ კონტრაქტის ვადის გასვლისა და არმიიდან განთავისუფლების შემდეგ ახალგაზრდებს უგროვდებათ გარკვეული თანხა კერძო საქმიანობის დასაწყებად. თუკი რეგულარულ სახმელეთო ჯარებში სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ ახალგაზრდა გადაწყვეტს უნივერსიტეტსა ან კოლეჯში სწავლას, პენტაგონი მას აუნაზღაურებს სწავლის თანხას ორი-სამი წლის განმავლობაში; ხოლო თუ იგი გადაწყვეტს სამხედრო სამსახურის გაგრძელებას, მაშინ არმიის ხელმძღვანელობა გაუგრძელებს (ან განუახლებს) მას კონტრაქტს გარკვეული ვადით. 1-ლი ცხრილიდან ნათლად ჩანს, რომ სამსახურის ვადის ზრდასთან ერთად პირად შემადგენლობას ფულადი ანაზღაურებაც ეზრდება, მაგრამ ამავე დროს გაითვალისწინება რიგითი და სერჟანტთა შემადგენლობის ხარისხობრივი ზრდის მოთხოვნებიც; კერძოდ, რიგითს ან სერჟანტს მოცემულ წოდებაში სამსახურის გარკველი ვადის გასვლის შემდეგ ძირითადი ხელფასი აღარ ეზრდება, თუ მან არ იზრუნა თავისი კვალიფიკაციის ამაღლებისა და წოდების მომატებისთვის (იგივე ეხებათ ოფიცრებსაც, მაგრამ ამის შესახებ ქვემოთ გვექნება საუბარი). ამიტომ დაინტერესებული პირადი შემადგენლობისთვის არმიაში ორგანიზებულია შესაბამისი კურსები სერჟანტისა და ოფიცრის წოდების მისაღებად. სახმელეთო ჯარებში სამსახურის 20 წლის შემდეგ თადარიგში გასული სამხედრო მოსამსახურე პენტაგონისგან ღებულობს პენსიას უკანასკნელ თანამდებობაზე მიღებული ხელფასის 50%-ის ოდენობით, ხოლო 30 წლის შემდეგ – 75%-ისა.

გარდა ამისა, შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ყოველწლიურად გარკვეულ თანხას ხარჯავს არიაში სამსახურისთვის წამახალისებელი ზომების გადიდებაზე (კერძოდ, 1988 ფინანსურ წელში ამ მიზნით დაიხარჯა 39,4 მლნ. დოლარი, 1990-ში 58,6 მლნ.), სამხედრო მოსამსახურეთა საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებაზე (1989 ფინანსურ წელში 58,8 მლნ. დოლარი), სარეკლამო-დამქირავებელ სამუშაოებზე (1989 ფინანსურ წელში 71,4 მლნ. დოლარი), სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების წამახალისებელი უზრუნველყოფის პროგრამის რეალიზაციაზე (1988 ფინანსურ წელში 93 მლნ. დოლარი, ხოლო 1989-ში 104,4 მლნ.) და ა. შ.

ცალკე უნდა აღინიშნოს სამხედრო სამსახურის რეკლამის როლი აშშ არმიის (და მთლიანად შეიარაღებული ძალების) მოხალისეობის პრინციპით დაკომპლექტების მთელ სისტემაში. არმიაში ამ საკითხებით დაკავებული არიან ინფორმაციისა და პროპაგანდის განყოფილება და საზოგადოებასთან კავშირების სამსახური; აგრეთვე არმიის, მისი ჯართა გარეობებისა და სამსახურების* სხვადასხვაგვარი ასოციაციები. სარეკლამო-დამქირავებელ საქმიანობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება თავდაცვის მინისტრის თანაშემწეს შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და პირადი შემადგენლობის საკითხებში. არმიაში სამსახურის რეკლამაზე გაწეული ხარჯების სიდიდე დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე. სახელდობრ, 80-იანი წლების შუახანებში, როცა არსებობდა კვალიფიციური სპეციალისტების უკმარისობის პრობლემა, ამ მიზნით ყოველწლიურად იხარჯებოდა 92 მლნ. დოლარი, ხოლო 90-იანი წლების დასაწყისში, გლობალური ომის საშიშროების შემცირების შემდეგ, ეს თანხა ჩამოვიდა 71,4 მლნ. დოლარამდე (*ჯართა გვარეობები /Armes/ ეწოდება სახმელეთი ჯარების იმ კომპონენტებს, რომლებიც ასრულებენ საბრძოლო ან საბრძოლო უზრუნველყოფის ამოცანებს. მათ განეკუთვნება ჯავშანსატანკო, მექანიზებული ქვეითი, ქვეითი, მსუბუქი ქვეითი, საჰაერო-სადესანტო, საჰაერო-საიერიშო, საარტილერიო, საინჟინრო, სადაზვერვო, საარმიო ავიაციის, საზენიტო, კავშირგაბმულობისა და სხვა ჯარები. სამსახურები /Services/ ეწოდება სახმელეთო ჯარების იმ კომპონენტებს, რომლებიც ასრულებენ ზურგის უზრუნველყოფის ამოცანებს. ასეთია, სახელდობრ, მომარაგების, მომსახურების, სარემონტო, სამედიცინო, საფინანსო და სხვა სამსახურები).

საზოგადოებასთან კავშირების სამსახური ორგანიზებას უკეთებს შეიარაღებულ ძალებზე (და კერძოდ სახმელეთო ჯარებზე) ქვეყნის მოსახლეობის ინფორმირების სამუშაოებს როგორც რეგიონულ ისე საერთოეროვნულ დონეზე. მისი საქმიანობის კიდევ ერთ მიმართულებას წარმოადგენს ახალგაზრდობასთან მუშაობა, რაც გამოიხატება იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გამოფენების, სამხედრო დღესასწაულების, არმიის ვეტერანებთან შეხვედრების მოწყობაში და სხვა. სახმელეთო ჯარებში ეს სამსახური ატარებს სხვადასხვანაირ ღონისძიებებს არმიასა და ქვეყნის მოსახლეობას შორის კონტაქტების განმტკიცებისა და სამხედრო სამსახურის პრესტიჟის ამაღლებისთვის. ქვეყანაში მოქმედებს შეიარაღებულ ძალთა სახეობების*, ჯართა გვარეობებისა და სამსახურების 30-მდე სხვადასხვა ასოციაცია და ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა საზოგადოება, რომლებიც განმარტებით მუშაობას ეწევიან ახალგაზრდობასთან. მისი ფორმები სხვადასხვაგვარია – შეხვედრების, საუბრები, აღლუმები, ლაშქრობები და სხვა ღონისძიებანი (*აშშ შეიარაღებული ძალების სახეობებს /Armed services/ წარმოადგენენ სახმელეთო ჯარები /არმია, Arme/, სამხედრო-საჰაერო ძალები /Air Forces/ და სამხედრო-საზღვაო ძალები /Navy/; საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსი /Marine Corps/ თუმცა კი შედის სამხედრო-საზღვაო ძალებში, მაგრამ მას ხშირად მოიხსენიებენ ასევე როგორც შეიარაღებული ძალების ცალკე სახეობასაც).

შეიარაღებულ ძალებში (და კერძოდ სახმელეთო ჯარებში) სამსახურის პროპაგანდისთვის აქტიურად გამოიყენება სპეციალიზებული მუზეუმები (აშშ-ში დაახლოებით 80 ასეთი მუზეუმია). დასასრულს უნდა ითქვას, რომ არმიაში სამსახურის რეკლამის გაწევისთვის სახმელეთო ჯარებში არსებული შესაძლებლობები ხელს უწყობს ახალგაზრდობის შემადგენლობიდან მოხალისეებით მისი დაკომპლექტების პრობლემების გადაწყვეტას.

I. 2. აშშ არმიის პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების მოქმედი სისტემა


შეიარაღებული ძალების და მასთან ერთად სახელეთო ჯარების ნებაყოფლობით საფუძველზე დაკომპლექტების პრინციპზე გადასვლის პროცესში, რომელიც ათ წელიწადზე მეტ ხანს გრძელდებოდა (1973 წლიდან 1985 წლის ბოლომდე), შეიქმნა მისი რეალიზაციის მკაფიო და ეფექტური სისტემა, რომელშიც ჩართული არიან დაქირავების ორგანოები და შესაბამისი თანამდებობის პირები. შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებაზე საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს თავდაცვის მინისტრის თანაშეწის სამმართველო შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების საკითხებში. სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების საკითხების გადაწყვეტაზე პასუხისმგებლობა კი ეკისრებათ არმიის მინისტრის თანაშემწეს პირად შემადგენლობასა და რეზერვებში და არმიის შტაბის უფროსის მოადგილეს პირადი შემადგენლობის საკითხებში. ამ უკანასკნელს ექვემდებარება მოხალისეთა შეკრების სარდლობაც, რომელიც უშუალოდ ხელმძთვანელობს მოხალისეთა მიღებას, შერჩევასა და სამხედრო სამსახურში ჩარიცხვას მისდამი დაქვემდებარებული სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის სარდლობისა და დამქირავებელი და მიმღები პუნქტების ქსელის დახმარებით.

სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების პროცესი მოიცავს ორ ძირითად ეტაპს: 1) პირად შემადგენლობაში არმიის საერთო მოთხოვნილების განსაზღვრასა და 2) მოხალისეთა პრაქტიკულ მიღებას, შერჩევასა და ნამდვილ სამხედრო სამსახურში ჩარიცხვას. ყოველ კონკრეტულ ეტაპზე არმიის მოთხოვნილების განსაზღვრა ხორციელდება სტრატეგიული დაგეგმვისა და სახმელეთო ჯარების ინტერესებში შეუშავებული კონკრეტული პროგრამების (გეგმების) გათვალისწინებით.

პირველი ეტაპის მსვლელობისას შექმნილი ისტორიული ვითარებისა და ქვეყნის ადმინისტრაციის მიერ გატარებული სამხედრო-პოლიტიკური კურსის შესაბამისად არმიის მინისტრისა და შტაბის დონეზე განისაზღვრება სახმელეთო ჯარების მოთხოვნილებები პირად შემადგენლობაში. ამასთან პენტაგონის სპეციალისტები ითვალისწინებენ დემოგრაფიულ და სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებსაც. პირველი გამოწვეულია გასაწვევი ასაკის (17-დან 21 წლამდე) მამრობითი სქესის მოსახლეობის რიცხვის გამუდმებული შემცირებით, რაც შეუძლებელია არ აისახოს მოხალისეთა ნაკადზე. მეორე ფაქტორი მოითხოვს ქვეყნის ეკონომიკის საერთო მდგომარეობის, უმუშევრობის დონის, სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურებისა და სამოქალაქო სექტორში ანაზღაურების ანალიზის ჩატარებას. ამ ანალიზის საფუძველზე არმიის სპეციალისტები შეიმუშავებენ ღონისძიებათა პროგრამას სამხედრო სამსახურში მოხალისეთა მისაზიდად.

აშშ არმიის დაკომპლექტების ძირითადი ნორმატიული დოკუმენტებია “სახმელეთო ჯარების მშენებლობის ხანგრძლივი დაგეგმვის სახელმძღვანელო”, “სახმელეთო ჯარების მშენებლობის გეგმა”, “სახმელეთო ჯარების ხუთწლანი პროგრამა”, რომელიც წარმოადგენს “შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს საერთო ხუთწლიანი პროგრამის” “სახმელეთო” ნაწილს, და ბოლოს, “სახმელეთო ჯარების პროგრამების მიზნების მემორანდუმი”. ამ დოკუმენტებში სხვა პარამეტრებთან ერთად ჩვეულებრივ განისაზღვრება ჯარებისა და შტაბების პირადი შემადგენლობის აუცილებელი მიმდინარე და პერსპექტიული რიცხოვნება. სახელდობრ, 1994 წელს გამოქვეყნებული მონაცემებით, უკანასკნელ ხანს აშშ არმიაში მოხალისეთა ყოვეწლიური მიღება შეადგენს დაახლოებით 200 ათას ადამიანს (80-იან წლებში კი ეს მაჩვენებელი 300 ათასს აღწევდა).

დაკომპლექტების მეორე ეტაპი (მიღება, შერჩევა და სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა) იწყება არმიის მინისტრისა და მას შემდეგ თავდაცვის მინისტრის მიერ პირად შემადგენლობაში სახმელეთო ჯარების მოთხოვნილებათა დამტკიცების შემდეგ. როგორც უკვე ითქვა, არმიის მინისტრის აპარატსა და მის შტაბში დაკომპლექტების საკითხების გადაწყვეტაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მინისტრის თანაშემწეს პირად შემადგენლობასა და რეზერვებში და შტაბის უფროსის მოადგილეს პირად შემადგენლობაში. ამ უკანასკნელს ექვემდებარება მოხალისეთა შეკრების (набор) სარდლობა, რომელიც ახორციელებს მოხალისეთა მიღებას, შერჩევასა და სამხედრო სამსახურში ჩარიცხვას მისდამი დაქვემდებარებული სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის სარდლობისა და დამქირავებელი და შემკრები პუნქტების ქსელის მეშვეობით. ეს ქსელი საერთოა შეიარაღებული ძალების ყველა სახეობისთვის. იგი აერთიანებს ქვეყნის ყველა შტატში არსებულ არსებულ 1630 დამქირავებელ პუნქტს, რომლებშიც მოხალისეთა დაქირავება წარმოებს მუდმივად მთელი წლის განმავლობაში. ამ სამუშაოს ასრულებენ სპეციალურად მომზადებული გამოცდილი სერჟანტები, რომლებიც აღნიშნულ პუნქტებზე არიან მიმაგრებული.

დაქირავების პუნქტებში მოხალისეები გადიან წინასწარ გასაუბრებას, რომლის დროსაც ეცნობიან სამსახურში ჩარიცხვის პირობებს და ავსებენ დადგენილი ფორმის ანკეტას (DD 1966). ამ ანკეტაში ისინი მიუთითებენ სრულ სახელს, დაბადების თარიღს, დაზღვევის პოლისის ნომერს, მისამართს, მოქალაქეობას, ეროვნებას (ეთნიკურ ჯგუფს), ოჯახურ მდგომარეობასა და კმაყოფაზე მყოფთა რაოდენობას, რელიგიურ აღმსარებლობას, განათლებას, უცხო ენების ფლობის ხარისხს, ავტომობილის მართვის უფლების მოწმობის ქონას, ცნობებს შეიარაღებულ ძალებში უწინდელ სამსახურზე, უახლოეს ნათესავებს, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფთაც, არმიამდე საქმიანობის სახეობას, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რომლებშიც შედიოდა ან შედის, ქვეყნებს, სადაც უმოგზაურია არასამსახურეობრივი ხაზით. მთლიანობაში DD 1966 ფორმის ანკეტა წარმოადგენს ექვსი ნაწილისგან შემდგარ დოკუმენტს, რომელიც შეიცავს დაახლოებით 100 პუნქტს. ამათგან მოხალისე ავსებს 35-ს დამქრავებლის თანდასწრებით, ხოლო დანარჩენს – დამქირავებელი ან პირადი შემადგენლობის საკითხებში მონაცემთა დამუშავების სამსახურის წარმომადგენელი.

დაქირავების პუნქტებში მოხალისეთა მიღებისას გაითვალისწინება რიგი შეზღუდვებისა იმ პირთა მიმართ, რომელთაც აქვთ ნასამართლობა, იმყოფებიან ძიების ქვეშ ან არიან პირობით გასამართლებულნი, ვინც რელიგიურ-ეთიკური მოსაზრებებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, აგრეთვე ქრონიკული ნარკომანების, ალკოჰოლიკებისა და სხვათა მიმართ.

ანკეტის შევსების შემდეგ დაქირავების პუნქტებში გულდასმით მოწმდება სამსახურის მსურველთა პოლიტიკური ლოიალობა და საიმედობა. ეს ხორციელდება ძირითადად საანკეტო მონაცემების საფუძველზე, რაშიც აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივი პოლიციის ორგანოები და გამოძიებათა ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტები.

საანკეტო მონაცემების დადასტურების შემთხვევაში მოხალისე იგზავნება არმიის 68 მიმღები პუნქტიდან ერთ-ერთში, სადაც იგი ეცნობა მომავალი სამსახურის პირობებს, გადის სამედიცნო შემოწმებასა და საკვალიფიკაციო გამოცდებს სამხედრო სამსახურისა და მის მიერ არჩეული სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობით სწავლებისთვის ვარგისიანობის დასადგენად. განსაზღვრული პროფილის სპეციალისტებში სახმელეთო ჯარების მიმდინარე მოთხოვნილებების თანახმად მოხალისეს სთავაზობენ შესაბამის ჯართა (ძალთა) გვარეობებსა და სამსახურებს, სადაც მას შეუძლია შესვლა და კონკრეტულ სპეციალობებს. მოხალისეს უფლება აქვს სურვილის მიხედვით მსახურობდეს რეგულარულ სახმელეთო ჯარებში და (ან) მზადმყოფ რეზერვში (ეროვნულ გვარდიაში ან არმიის რეზერვში). ამასთანავე, ჩვეულებრივ, მას შეუძლია თავად აირჩიოს მომავალი სამსახურის ადგილი და სამხედრო ნაწილი ან ობიექტი.

რეგულარული არმიის დაკომპლექტება ხდება ექსტერიტორიული პრინციპით, როცა სამხედრო მოსამსახურისთვის სავალდებულო არ არის იყოს იმ შტატის მაცხოვრებელი, სადაც მისი შენაერთი ან ნაწილია დისლოცირებული (რეგულარული სახმელეთო ჯარების გარკვეული ფორმირებები ხომ საერთოდ აშშ ტერიტორიის გარეთაა განლაგებული); ეროვნული გვარდიისა და არმიის რეზერვის დაკომპლექტება კი ხდება ტერიტორიული პრინციპის საფუძველზე, ძირითადად იმ შტატებში მცხოვრებ მოხალისეთაგან, სადაც მათი ნაწილები და ქვედანაყოფებია დისლოცირებული.

სახმელეთო ჯარებში (მის რეგულარულ და სარეზერვო კომპონენტებში) ნამდვილ სამხედრო სამსახურში მიიღებიან ჯანმრთელობის მდგომარეობითა და გონებრივი განვითარების დონით ვარგისი მამრობითი და მდედრობითი სქესის აშშ-ის მოქალაქეები, აგრეთვე შეერთებულ შტატებში მუდმივად მცხოვრები უცხოელები (ამ უკანასკნელთ უნდა ჰქონდეთ ხელისუფლების სათანადო ნებართვა). იმ მოხალისეებისთვის, რომლებსაც ადრე არ უმსახურიათ შეიარაღებულ ძალებში, დადგენილია ასაკობრივი ცენზი 17-დან 34 წლის ასაკამდე (ქალებისთვის 18-დან). 18 წლამდე ასაკის ვაჟებმა უნდა წარმოადგინონ მშობელთა ან მეურვეების წერილობითი თანხმობა არმიაში მათ სამსახურზე. გარდა ამისა, რეგულარული სახმელეთო ჯარების დაკომპლექტება შეიძლება მოხდეს 55 წლის ასაკამდე ორივე სქესის მოხალისეებით, რომლებსაც ადრე უმსახურიათ რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში არანაკლებ შეიარაღებული ძალების მოცემული სახეობისთვის დადგენილი მინიმალური ვადისა. თავის მხრივ, სარეზერვო კომპონენტების დაკომპლექტება ხდება 59 წლამდე ასაკის მოხალისეებითაც, რომელთაც მანამდე იმსახურეს რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში ან მზადყოფ რეზერვში.

სახმელეთო ჯარებში მოხალისეთა მიღების წესის სამართლებრივი რეგულირების საფუძვლები მოცემულია დარიგებაში AR 601-210 “მოხალისთა მიღების წესი აშშ არმიის რეგულარულ ძალებსა და სარეზერვო კომპონენტებში” (ანალოგიური დარიგებები არის შეიარაღებული ძალების სხვა სახეობებშიც). არმიაში მოხალისეთა ჩარიცხვა იურიდიულად ფორმდება დოკუმენტების პაკეტით, რომლებსაც, როგორც წესი, ხელს აწერენ მოხალისე, სახმელეთო ჯარების წარმომადგენელი და იურისტ-ადვოკატი.

ახალწვეულის სამართლებრივი სტატუსის განმსაზღვრელ ძირითად დოკუმენტებს წარმოადგენს მისი განცხადება აშშ არმიაში სამსახურის სურვილზე და კონტრაქტი, რომელიც იდება ოთხი-ექვსი წლის ვადით (ქალებისთვის – ორი წლით). რეგულარულ ჯარებში შემუშავებულია კონტრაქტის 12 ვარიანტი, რეზერვში – 8.

განცხადება – ეს არის დოკუმენტი, რომელშიც მოხალისეს შესაძლებლობა ეძლევა წერილობითი სახით გამოთქვას სახმელეთო ჯარებში სამსახურის ვადისა და პირობების, აგრეთვე კონტრაქტის სასურველი ვარიანტის შესახებ. აქვე ფიქსირდება ორივე მხარის მიერ წამოყენებული პირობები, ასევე მათ მიერ აღებული ვალდებულებების დარღვევასთან ან შეუსრულებლობასთან დაკავშირებული საკითხები.

კონტრაქტსა და განცხადებას თან ერთვის შესაბამისი დოკუმენტების კომპლექტი, რომლებიც აზუსტებენ და აფართოებენ მათი დებულებების განმარტებას. მათ მიეკუთვნება უკვე მოხსენიებული ანკეტა DD 1966, “ურთიერთგაგების მემორანდუმი”, “მოთხოვნები არჩეული სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის მიხედვით” და სხვა. ამ დოკუმენტებში განისაზღვრება: მოხალისის გარანტირებული ფულადი ანაზღაურების სიდიდე, მოვალეობები, რომლებიც შეეხება მის მიერ შეიარაღებულ ძალებში ალკოჰოლიზმთან და ნარკომანიასთან ბრძოლის პროგრამის დებულებათა შესრულებას, ხელმომწერ მხარეთა უფლებები და მოვალეობები რელიგიური მსახურების საკითხებში, მოხალისის დამატებითი მოვალეობანი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის მიხედვით ჯართა ისეთ გვარეობებში, როგორიცაა, მაგალითად სპეციალურ ოპერაციათა ძალები. ამავე დოკუმენტებში ჩამოითვლება სანქციები მოხალისის მიერ ვალდებულებათა დარღვევის შემთხვევაში (მაგალითად, არადამაკმაყოფილებელი საპარაშუტო-სადესანტო მომზადებისას გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურის დისკვალიფიკაცია მოცემული სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის მიხედვით და სხვაზე გადაყვანა).

აშშ სახმელეთო ჯარებში სამსახურისთვის დოკუმენტების ფორმათა არსებული სისტემა საშუალებას იძლევა იურიდიულად იქნას განმტკიცებული ხელმომწერ მხარეთა უფლებები და მოვალებანი სამხედრო სამსახურში მიღებისა და მისი გავლის ყველა ეტაპზე, მკაფიოდ იქნას განსაზღვრული ყველაზე უფრო ტიპიური დარღვევები და მათი თავიდან აცილებისთვის აუცილებელი ადმინისტრაციული და მატერიალური ზემოქმედების ზომები, პირადი შემადგენლობის შესახებ ინფორმაციის შეკრების ზოგად სისტემაში ფართოდ იქნას გამოყენებული მოხალისეებზე მონაცემების შეკრებისა და დამუშავების ავტომატიზებული სისტემები.

მიღებულ კანდიდატთა შერჩევის ეტაპი სახმელეთო ჯარებში ატარებს საკმარისად მკაცრ ხასიათს. ამერიკული არმიის დაკომპლექტების ორგანოები დიდ ყურადღებას უთმობენ შესარჩევი კონტინგენტის ხარისხობრივ მხარეს. სამსახურში ჩარიცხვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, როგორც მინიმუმი, დაუსრულებელი საშუალო განათლება მამაკაცებისთვის და საშუალო განათლება ქალებისთვის. გარდა ამისა, სამხედრო სამსახურში მისაღებთა ფიზიკური მდგომარეობისა და გონებრივი განვითარების შეფასებისთვის ტარდება სამედიცინო შემოწმება და საკვალიფიკაციო გამოცდები, რომელთა დროსაც კანდიდატების შესარჩევად ფართოდ იყენებენ სპეციალურად შემუშავებულ მეთოდებს.

სამედიცინო შემოწმებისას განისაზღვრება კანდიდატების ჯანმრთელობის მდგომარეობა და ფიზიკური განვითარების დონე. ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით მოხალისეები იყოფიან სამ კატეგორიად: A – ვარგისია შეზღუდვების გარეშე, B – ვარგისია უმნიშვნელო შეზღუდვებით და C – შეზღუდულად ვარგისია. მშვიდობიანობის დროს სამხედრო სამსახურში ჩაირიცხებიან მხოლოდ A და B კატეგორიის კანდიდატები, ხოლო C კატეგორიის პირები შეიძლება გაწვეულ იქნან ნაწილობრივი ან სრული მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ სამხედრო ვალდებულების კანონის ამოქმედებისას. საკვალიფიკაციო გამოცდები განკუთვნილია მოხალისეთა ზოგადი განვითარების დონის, უნარებისა და მიდრეკილებათა, აგრეთვე ამა თუ იმ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობით მათი გამოყენების შესაძლებლობისა და მიზანშეწონილობის შეფასებისთვის. 1979 წლიდან საკვალიფიკაციო გამოცდებს საფუძვლად დაედო სპეციალური ტესტების კომპლექსი. მათი მიმდინარეობისას მიღებულია მოხალისეთა გონებრივი განვითარების შეფასების 100-ბალიანი სისტემა. საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგების მიხედვით კანდიდატები იყოფიან ხუთ კატეგორიად, რომელთაგან თითოეულს შეესაბამება ბალების განსაზღვრული მაჩვენებელი. პირველ კატეგორიას მიეკუთვნებიან მოხალისეები, რომლებმაც მოაგროვეს 100-93 ბალი, მეორეს – 92-65, მესამეს – 64-31, მეოთხეს – 30-10, მეხუთეს – 9-0 ქულა. აქვე უნდა ითქვას, რომ უკანასკნელ მეხუთე კატეგორიაში შესული კანდიდატები საერთოდ არ აღირიცხებიან.

არჩეული სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობით სამხედრო სამსახურში ჩასარიცხად მოხალისემ უნდა მოაგროვოს ამ სპეციალობისთვის დადგენილი ქულების მინიმალური დასაშვები რაოდენობა მაინც. თუ კანდიდატი დადებითი შედეგით გაივლის საკვალიფიკაციო გამოცდებს, მაგრამ არჩეული სპეციალობის მიხედვით ქულათა აუცილებელ რაოდენობას ვერ მოაგროვებს, მაშინ მას შეიძლება შესთავაზონ სამსახური სხვა სპეციალობით ან მისცენ სამხედრო სამსახურიდან გადავადება ერთ წლამდე დროით.

იმ შემთხვევაში, თუ მოხალისის სურვილები სამსახურში ჩარიცხვის პირობებთან დაკავშირებით (სამსახურის ადგილი, არჩეული სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა და ა. შ.) მოცემულ მომენტში ვერ შეიძლება იქნას დაკმაყოფილებული, მას უფლება ეძლევა ხელი მოაწეროს კონტრაქტს ერთ წლამდე გადავადებით.

ყველა სხვა შემთხვევაში სამხედრო სამსახურისთვის ვარგისად ცნობილი კანდიდატები ხელს აწერენ კონტრაქტს და ღებულობენ რიგითი და სერჟანტთა შემადგენლობისთვის დადგენილ ფიცს, რომლის ტექსტიც მოყვანილია ქვემოთ:

“მე, (სრული სახელი და გვარი), საზეიმოდ ვადასტურებ, რომ მხარს დავუჭერ და ყველა მტრისგან, შინაურისა და გარეშესგან დავიცავ შეერთებული შტატების კონსტიტუციას, შევინარჩუნებ მისდამი ერთგულებასა და თავდადებას; დავემორჩილები აშშ პრეზიდენტისა და ჩემი მეთაურის ბრძანებებს სამხედრო წესდებებისა და სამხედრო კანონმდებლობის ერთიანი კოდექსის შესაბამისად. ღმერთი იყოს ჩემი შემწე”.

კონტრაქტზე ხელის მოწერისა და ფიცის მიღების დღე ითვლება სახმელეთო ჯარებში ნამდვილ სამხედრო სამსახურში მოხალისის ჩარიცხვის თარიღად. ამის შემდეგ მოხალისეები იგზავნებიან სახმელეთო ჯარების სასწავლო ცენტრებში ან ჯართა გვარეობების (სამსახურების) ახალწვეულთა კურსებზე საწყისი სამხედრო მომზადების კურსის გასავლელად.

ახალწვეულთა გარდა სახმელეთო ჯარების დაკომპლექტების წყაროს წარმოადგენს აგრეთვე რეგულარული არმიის ან სარეზერვო კომპონენტების სამხედრო მოსამსახურეთა მიერ კონტრაქტების ვადის გასვლამდე მათი გაგრძელება ან ძველი კონტრაქტების ვადის გასვლის შემდეგ ახლების დადება. პირებს, რომლებიც ხელახლა დადებენ კონტრაქტს განთავისუფლების მომენტიდან 24 დღეღამის განმავლობაში, უნარჩუნდებათ სამხედრო წოდება, რომლითაც მათ დაასრულეს სამსახური ძველი კონტრაქტით, და მოცემულ წოდებაში ნასახურების ვადა. გარდა ამისა, ეროვნული გვარდიისა და არმიის რეზერვის* პირადი შემადგენლობით დაკომპლექტება ხორციელდება იმ სამხედრო მოსამსახურეებითაც, რომლებმაც უკვე დაასრულეს რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში სამსახური და ახლა კონტრაქტის მიხედვით ვალდებულნი არიან ან სურვილი აქვთ იმსახურონ სარეზერვო კომპონენტებში (*არმიის სარეზერვო კომპონენტების შესახებ იხ. ქვემოთ).

როგორც დასაწყისშივე ითქვა, ამერიკულ კანონმდებლობას სავალდებულო სამხედრო სამსახური არ გაუუქმებია, მშვიდობიანობის დროს იგი უბრალოდ დაკონსერვებულია. მუქარის პერიოდში ან გლობალური ომის გაჩაღებისას ითვალისწინებენ შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების მოხალისეობით სისტემაზე დამატებით საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის ამოქმედებასაც. ეს უნდა მოხდეს აშშ კონგრესის გადაწყვეტილების საფუძველზე ქვეყნის პრეზიდენტის მიერ წარდგენის შესაბამისად. ამ შემთხვევაში იგი იქცევა პირადი შემადგენლობის შევსების ძირითად წყაროდ. ეს კანონი ცხოვრებაში გატარებულ უნდა იქნას შესაბამისი სამსახურის მიერ, რომელიც მშვიდობიანობის დროს შემცირებულია, მაგრამ მუდივ მზადყოფნაში იმყოფება მობილიზაციის გამოცხადებისთანავე აქტიური საქმიანობის გასაშლელად. ამ სამსახურს დაეკისრება გასაწვევი კონტინგენტის რეგისტრაციის, აღრიცხვისა და შეტყობინების, აგრეთვე ამ მიზნით ადმინისტრაციული ორგანოების გაშლის ამოცანების გადაწყვეტა.

I. 3. აშშ არმიის დაკომპლექტების მოხალისეობით პრინციპზე გადასვლის შედეგები


სახმელეთო ჯარების დაკომპლექტების ამჟამად არსებულმა სისტემამ, აგრეთვე მასთან დაკავშირებულმა ფინანსურმა და საზოგადოებრივმა ხარჯებმა აშშ არმიის სარდლობის აზრით, სასურველი ზეგავლენა მოახდინა სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებაზე. დღეისთვის სრულდება მოხალისეთა შეკრების ყოველწლიური გეგმები სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის მსურველთა მომზადებულობის დონის ხარისხობრივ ამაღლებასთან ერთად. აშშ არმიის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, სახმელეთო ჯარების რიგითი და სერჟანტთა შემადგენლობის დაკომპლექტების მაჩვენებელი 1980-1988 ფინანსური წლების განმავლობაში გაიზარდა 80,7-დან 84,2%-მდე. ამავე პერიოდში აღნიშნული კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეთა სამსახურის საშუალო ვადა რეგულარულ არიაში გაიზარდა 5,5-დან 6,2 წლამდე, რამაც საგრძნობლად შეამცირა პირადი შემადგენლობის მონაცვლეობის ტემპები სამხედრო სამსახურში ჩასარიცხი კანდიდატებისადმი მოთხოვნების ამაღლებასთან ერთად. ამასთან დაკავშირებით საშუალო განათლების მქონე ახალწვეულთა რიცხვი 1988 წელს შეადგენდა უკვე 93%-ს, ხოლო გონებრივი განვითარების დონის მიხედვით პირველი სამი კატეგორიის კანდიდატების ხვედრითი წილი გაიზარდა 66%-მდე, ამავდროულად უმდაბლესი კატეგორიის მოხალისეთა რაოდენობის თითქმის 4%-მდე შემცირებით.

ამავე დროს თვითონ ჯარებში ამაღლებულ იქნა მოთხოვნები პირადი შემადგენლობისადმი. სახელდობრ, დიდი ყურადღება ეთმობა სამხედრო მოსამსახურეთა კეთილსაიმედობას, პროფესიულ ვარგისიანობას, ფიზიკურ მომზადებასა და სხვა. შიდსით დაავადებულები, მაგალითად, ექვედებარებიან არმიიდან დაუყოვნებლივ განთავისუფლებას. მკაცრი ზომები ტარდება ნარკოტიკების მიღებაში შემჩნეული პირების მიმართაც. ამის შედეგად, თუკი 1980 წელს ისინი შეადგენდნენ სამხედრო მოსამსახურეთა საერთო რიცხვის 25%-ს, 1987 წლის ბოლოსთვის მათი რიცხვი უკვე 5,5%-ს არ აღემატებოდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვისა და ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა დანაშაულებათა გამო სამხედრო მოსამსახურეებს ეკისრებათ მაღალი ფულადი ჯარიმები.

მაგრამ, რაც მთავარია, მოხალისეობის პრინციპით დაკომპლექტებაზე გადასვლამ არმიაში მოიყვანა მხოლოდ ისინი, ვინც შეგნებულად და ნებაყოფლობით გააკეთა ეს არჩევანი. სწორედ ამიტომ მათ უფრო ადვილად გადააქვთ სამხედრო ცხოვრების გასაჭირი და სიმძიმე, ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვები. სერჟანტებისა და ოფიცრების მხრიდან მომთხოვნელობის ამაღლებას ისინი არ აღიქვამენ როგორც აბუჩად აგდებას და სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებასაც პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

ყოველივე ამის გამო ჯარების დაკომპლექტების არსებულმა სისტემამ არმიის სარდლობას საშუალება მისცა სამხედრო სამსახურში აღეზარდა და შეენარჩუნებინა მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იარაღისა და სამხედრო ტექანიკის თანამედროვე სისტემების მომსახურების, ექსპლუატაციისა და საბრძოლო გამოყენების გართულებასთან დაკავშირებით. ამავე დროს ამ სისტემამ უზრუნველყო ფინანსური დანახარჯების სტაბილიზაცია და რიგ შემთხვევებში შემცირებაც პირადი შემადგენლობის ზოგადსამხედრო და სპეციალური მომზადების საჭირო დონეზე შენარჩუნებისთვის. გარდა ამისა, აღნიშნულმა ღონისძიებებმა საშუალება მისცეს აშშ სახმელეთო ჯარების სარდლობას, რომ აემაღლებინა პირადი შემადგენლობის ხარისხობრივი მახასიათებლები, როგორიცაა სამხედრო დისციპლინა, შემსრულებლობა, ბრძოლისუნარიანობა, კონსტიტუციისადმი ერთგულება და ა. შ.

ამისდა მიუხედავად, არის გარკვეული პრობლემებიც აშშ არმიის პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებაში. ეს განსაკუთრებით ეხება ზოგიერთი დეფიციტური სპეციალობის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობას. გარდა ამისა, ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, სახმელეთო ჯარების დაკომპლექტებაზე ნეგატიური გავლენა შეიძლება იქონიოს სხვადასხვა სოციალურმა მოვლენებმაც (დემოგრაფიულმა, პოლიტიკურმა, ფსიქოლოგიურმა და სხვა).

ამავე დროს აღნიშვნის ღირსია ისეთი მოვლენაც ამერიკული სახმელეთო ჯარების დაკომპლექტების საკითხში, როგორიცაა ცვლილებები არმიის რასობრივ შემადგენლობაში. სახელდობრ, მოხალისეობის პრინციპზე გადასვლის შემდეგ შავკანიანი წარმოშობის სამხედრო მოსამსახურეთა ხვედრითი წილი რიგით და სერჟანტთა შემადგენლობას შორის გაიზარდა 18,4-დან 30,4%-მდე, ხოლო ოფიცერთა შემადგენლობაში კი – 4-დან 10,4%-მდე. ამავე დროს არსებობს არმიაში სხვადასხვა ეროვნულ უმცირესობათა დინების ტენდენციაც. თუმცა კი ჩვენთვის უცნობია, თუ რამდენად სერიოზულად განიხილავენ ამ პრობლემას პენტაგონში და აკავშირებენ თუ არა ამას ჯარების ბრძოლისუნარიანობის დაქვეითების საშიშროებასთან.

მთლიანობაში კი, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ამერიკელ სამხედრო სპეციალისტთა შეფასებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების (და კერძოდ კი სახმელეთო ჯარების) დაკომპლექტების მოხალისეობით პრინციპზე დამყარებულ სისტემას ალტერნატივა არ გააჩია და იგი იძლევა ჯარების მაღალი ბრძოლისუნარიანობისა და საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფის შესაძლებლობას.

II. ახალწვეულთა საწყისი სამხედრო მომზადება და სპეციალობის მიხედვით მომზადება


რეგულარულ არმიაში ან ორგანიზებულ რეზერვში* ნამდვილ სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის შემდეგ ის ახალწვეულები, რომლებსაც მანამდე შეიარაღებულ ძალებში არ უმსახურიათ, იგზავნებიან სახმელეთო ჯარების სასწავლო ცენტრებში ან ჯართა გვარეობების (სამსახურების) სკოლებში ახალწვეულთა მომზადების პროგრამების გასავლელად. ეს პროგრამები მოიცავს საწყის სამხედრო მომზადებასა და სპეციალობის მიხედვით მომზადებას. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ახალწვეულთა საწყისი სამხედრო მომზადება ორგანიზებულია შემდეგ ცხრა სასწავლო ცენტრში (*ორგანიზებული რეზერვი ეწოდება მზადყოფი რეზერვის იმ ნაწილს, რომელიც შეყვანილია რეგულარული სახმელეთო ჯარების შტატებით ორგანიზებულ საბრძოლო დივიზიებსა და ცალკეულ ბრიგადებში, აგრეთვე საარტილერიო, საინჟინრო, საზენიტო და სხვა ცალკეულ ნაწილებსა და ქვედანაყოფებში. ორგანიზებული რეზერვის გარდა მზადმყოფი რეზერვი შედგება ინდივიდუალური რეზერვისგან, რომელიც განკუთვნილია რეგულარული ჯარების მიერ ბრძოლებში განცდილი დანაკარგების შესავსებად. ყოველივე ამის შესახებ უფრო დაწვრილებით ქვემოთ გვექნება საუბარი):

– ქვეითი ჯარის ცენტრი და სკოლა – ფორტ-ბენინგი (ჯორჯიის შტატი);

– საჰაერო თავდაცვის ცენტრი და სკოლა – ფორტ-ბლისი (ტეხასი);

– კავშირგაბმულობის ჯარების ცენტრი და სკოლა – ფორტ-გორდონი (ჯორჯია);

– სამხედრო დაზვერვის სკოლა – ფორტ-დევენსი (მასაჩუსეტსი);

– სახმელეთო ჯარების სასწავლო ცენტრი – ფორტ-ჯექსონი (სამხრეთ კაროლინა);

– სახმელეთო ჯარების სასწავლო ცენტრი (მე-3 და მე-5 სასწავლო ბრიგადების ჩათვლით) – ფორტ-დიქსი (ნიუ ჯერსი);

– საინჟინრო ჯარების ცენტრი და სკოლა – ფორტ-ლეონარდ ვუდი (მისური);

– ჯავშანსატანკო ჯარების სკოლა – ფორტ-ნოქსი (კენტუკი);

– საველე არტილერიის ცენტრი და სკოლა – ფორტ-სილი (ოკლაჰომა).

გარდა ამისა, აშშ სახმელეთო ჯარებში ფუნქციონირებს ჯართა გვარეობების (სამსახურების) შემდეგი ცენტრები: საკვარტერმაისტერო სამსახურის ცენტრი და სკოლა – ფორტ-ლი (ვირჯინიის შტატი), ქიმიური სამსახურისა და სამხედრო პოლიციის ცენტრი, ქიმიური სამსახურის სკოლა, სამხედრო პოლიციის სკოლა – ფორტ-მაკლელანი (ალაბამა), საარმიო ავიაციის ცენტრი და სკოლა – ფორტ-რაკერი (ალაბამა), სამხედრო დაზვერვის ცენტრი და სკოლა – ფორტ-ჰუაჩუკა (არიზონა), სატრანსპორტო სამსახურის ცენტრი და სკოლა – ფორტ-იუსტისი (ვირჯინია), მაგრამ ორგანიზებულია თუ არა ამ ცენტრებში ახალწვეულთა საწყისი სამხედრო მომზადების კურსები, ამის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება.

სასწავლო ცენტრებში საწყისი სამხედრო მომზადების ეტაპი აუცილებელია ყველა ახალწვეულისთვის, ვისაც მანამდე შეიარაღებულ ძალებში არ უმსახურია, მათი შემდგომი სამსახურის ხასიათისდა მიუხედავად. ამ ეტაპზე ახალწვეულთა მომზადების ხანგრძლოვობა რვა კვირაა და იგი წარმოებს ზოგადი სასწავლო პროგრამების შესაბამისად. მისი ძირითადი შინაარსია სამხედრო მოსამსახურეთა მორალური და ფიზიკური მომზადება, მათ მიერ ბრძოლის ველზე მოქმედებებისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენა და ა. შ. ახალწვეულები საწყის ადაპტაციას გადიან არმიის გარემოში.

მეორე პერიოდში მთავარი ყურადღება ეთმობა საცეცხლე მომზადებას. პირადი შემადგენლობა სწავლობს სროლის თეორიას, იარაღის მატერიალურ ნაწილს და იძენს მასთან მოპყრობის ჩვევებს. ამ პერიოდის ბოლოს მოსწავლეები ასრულებენ ორ საბრძოლო ჩასათვლელ სროლას M16A2 საიერიშო შაშხანიდან (დღისითა და ღამით).

მესამე პერიოდში ახალწვეულებს ასწავლიან ბრძოლის ველზე მოქმედებებისა და მათ მიერ იარაღის გამოყენების ტაქტიკას, უტარებენ პრაქტიკულ მეცადინეობას ადგილმდებარეობაზე (на местности) საბრძოლო სროლით.

საწყისი მომზადების ეტაპის ძირითადი საგნებია ტაქტიკა, საცეცხლე და ფიზიკური მომზადება. პირადი შემადგენლობა სწავლობს საველე წესდებებს, დაზვერვის წარმოების ილეთებს, საინჟინრო საქმეს, სამხედრო ტოპოგრაფიას, სანიტარულ ჰიგიენასა და პირველი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას. ეს ეტაპი მთავრდება ჩათვლების ჩაბარებით.

ახალწვეულთა საველე წრთობა მოწმდება დაახლოებით 3200 მ სიგრძის ადგილის (ადგილმდებარეობის) ზოლზე. მასზე მოქმედებებისას მოსწავლისთვის აუცილებელია: გადალახოს წინააღმდეგობები და ღობურები, ავტომატური ცეცხლით დააზიანოს მიზანი # 1 (“მოწინააღმდეგის სნაიპერი”), მანევრის შესრულებით მიუახლოვდეს “მოწინააღმდეგეს” და ხელყუბარებით გაანადგუროს მიზანი # 2 (“ტყვიამფრქვევი”), პირველი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს “დაჭრილს”, დაშალოს და ააწყოს იარაღი, სანგრიდან ერთეული ცეცხლით დააზიანოს მიზნები დაშენის ფართო სექტორში 15-დან 250 მ-მდე მანძილებზე.

იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც არადამაკმაყოფილებელ შეფასებას მიიღებენ, ენიშნებათ დამატებითი მეცადინეობები და ჩათვლების ხელმეორედ ჩაბარება. ვინც ამის შემდეგაც ვერ შეასრულებს ჩასათვლელ მოთხოვნებს, ხელახლა გადის სწავლებას საწყისი მომზადების ეტაპის სრული პროგრამით.

ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ ჩათვლებს, გადადიან მომზადების ეტაპზე თავიანთი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით, ანუ სხვანაირად, გაძლიერებული ერთეული მომზადების ეტაპზე. ეს მომზადება ორგანიზებულია როგორც ზემოთ ჩამოთვლილ ჯართა გვარეობებისა და სამსახურების ცენტრებსა და სკოლებში, ისე უშუალოდ რეგულარული არმიის ნაწილებსა და ქვედანაყოფებში არსებულ ახალწვეულთა კურსებზეც.

სპეციალობის მიხედვით მომზადების კურსებზე სწავლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია არჩეულ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობაზე და განსხვავებულია ჯართა სხვადასხვა გვარეობისა და სამსახურისთვის. ასევე განსხვავებულია მათზე ახალწვეულთა სწავლების დისციპლინები და პროგრამები. სახელდობრ, ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების ეკიპაჟები სწავლობენ თავიანთ ჯავშანსატანკო ტექნკას, საბრძოლო მანქანების ტარებასა და ცეცხლის წარმოების ხერხებს, ითვისებენ სატანკო ბრძოლის ტაქტიკისა და ქვეითი ჯარისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის ილეთებს; მოტოქვეითი (ქვეითი) მებრძოლები სწავლობენ თავიანთი ქვედანაყოფების საშტატო იარაღს, მისგან ცეცხლის წარმოებასა და საბრძოლო მანქანებიდან და ქვეით მწყობრში მოქმედებების ტაქტიკას; შესაბამის მომზადებას გადიან არტილერისტები, მეკავშირეები, მზვერავები, პარაშუტისტები, მესანგრეები, მედიკოსები და სხვა.

აღნიშნული კურსის დასრულების შემდეგ ახალწვეულები იგზავნებიან თავინთ ნაწილებსა და ქვედანაყოფებში შემგომი სამხედრო სამსახურის გასავლელად. ამერიკული სარდლობა გამუდმებით დიდ ყურადღებას უთმობს ჯარებში მიმავალი კონტინგენტის ხარისობრივ სრულყოფას. ამ მიზნით 80-იან წლებში შემოწმებას გადიოდა ახალწვეულთა საწყისი მომზადებისა და გაძლიერებული ერთეული მომზადების ექსპერიმენტული სისტემა OSUT (One Station Unit Training). მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ახალწვეულები მომზადებას ამ ეტაპზე გადიოდნენ წვრილი ქვედანაყოფების შემადგენლობაში (ოცეული, ასეული) და ასევე ქვედანაყოფებად იგზავნებოდნენ მოქმედ ნაწილებსა და შენაერთებში სამსახურის გასავლელად. ამის შედეგად საჯარისო ფორმირებები სასწავლო ცენტრებიდან ღებულობდნენ არა ცალკეულ ჯარისკაცებს, არამედ უკვე მომზადებულ და შეთანხმებულ ქვედანაყოფებს, რასაც, ამერიკელი სპეციალისტების აზრით, დადებითად უნდა ემოქმედა ამ ფორმირებების საბრძოლო მზადყოფნასა და ბრძოლისუნარიანობაზე. ამჟამად ჩვენთვის უცნობია, თუ რამდენად მოიკიდა ფეხი ამ სისტემამ ამერიკის სახმელეთო ჯარებში.

III. სწავლების პროცესისადმი წაყენებული მოთხოვნები აშშ სახმელეთო ჯარებში


ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, სამხედრო მომზადებას უნდა ჰქონდეს პრაქტიკულ საქმიანობაზე ორიენტირებული, საშეჯიბრო და დაძაბული ხასიათი, გამოირჩეოდეს მაღალი ეფექტურობით. პირადი შემადგენლობის სწავლების პროცესისადმი წაყენებული კერძო მოთხოვნები დაიყვანება შემდეგზე:

– იგი უნდა წარმოებდეს სახმელეთო ჯარების იმ მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, რომლებიც გადმოცემულია სამხედრო დოქტრინაში. ეს წარმოადგენს სწავლების პროცესის დაგეგმვის საფუძველს;

– “ასწავლე ის, რაც აუცილებელია ომში”. მომზადების მსვლელობისას აუცილებელია აქცენტი კეთდებოდეს სწავლების პრაქტიკულ ფორმებზე. ამასთან იქმნება რეალურთან მიახლოებული ვითარება, სავსებით გაითვალისწინება პირობები, რომლებშიც სამხედრო მოსამსახურეები უნდა იყენებდნენ თავიანთ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს;

– ნორმალური სასწავლო პროცესის ორგანიზებისთვის აუცილებელია ყოველმხრივი მატერიალური უზრუნველყოფა. ამჟამად მეცადინეობები ტარდება იმ მატერიალური ნაწილის საფუძველზე, რომლის გამოყენებაც საბრძოლო მოქმედებებშია ნავარაუდევი. ამასთან იარაღის საშტატო სისტემებთან ერთად გამოიყენება მრავალფუნქციური ტრენაჟორები, იმიტატორები და ა. შ.;

– აუცილებელია პირად შემადგენლობას უნერგავდნენ და უვითარებდნენ ისეთ თვისებებს, როგორიცაა საკუთარ ძალებში დარწმუნება, ინიციატივის გამოჩენა, ახლის ძიება და არა მხოლოდ კეთილსინდისიერ შემსრულებელთა ჩამოყალიბებით შემოზღუდვა;

– სწავლების ეფექტურობა დაკავშირებულია ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიღწეულ დონეზე შენარჩუნებასთან. ეს მოთხოვნა ითვალისწინებს პერმანენტულობას, რომელიც გამოიხატება სამხედრო სპეციალისტების მომზადებისა და გადამზადების სხვადასხვა კურსებზე დასწრების ციკლურობაში.

პირადი ინიციატივა და თვითსრულყოფისკენ სწრაფვა ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამხედრო მოსამსახურის პროფესიულ აღზრდაში. თვითმომზადების პროგრამა ცოდნის მიღების ის ფორმაა, რომელიც ყველაზე უფრო სრულად ითვალისწინებს თითოეულის ინდივიდუალურ თავისებურებებს. დღესდღეობით დაიმზირება ორიენტაციის აღება თვითმომზადებაზე. ეს დაკავშირებულია საბიუჯეტო სიძნელეებთან და პირადი შემადგენლობის ხარისხისადმი მოთხოვნების ამაღლებასთან.

თანამედროვე ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეთა მომზადების ყველა სახეობა, როგორც წესი, ინტეგრირდება ერთი კურსის, ერთი პროგრამის და ა. შ. ფარგლებში, რაც თეორიული და პრაქტიკული ფორმების შეხამებასთან ერთად უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა კომპლექსურ სწავლებას. ოფიცერთა მომზადების პროცესში სწავლების დონის ამაღლებასთან ერთად კანონზომიერ ნიშნად ითვლება მოსწავლეებში სამეთაურო უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე გამოყოფილი დროის მოცულობის ზრდა. ეს აიხსნება იმ დიდი მნიშვნელობით, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ანიჭებს ძალებისა და საშუალებების მართვას.

შეიარაღებულ ძალებში გამომუშავებული პირადი შემადგენლობის (და განსაკუთრებით ოფიცერთა კადრების) მომზადების სისტემა ორიენტირებულია ცალკეულ სამხედრო მოსამსახურეთა პიროვნებაზე. კურსებსა და სკოლებში, აგრეთვე უმაღლეს სამხედრო სასწავლო დაწესებულებებში მსმენელები ერთიანდებიან მყარ და შეთანხმებულ სასწავლო ჯგუფებში. თუმცა კი საბოლოო ჯამში თითოეული მათგანის მიღწევები ფასდება ინდივიდუალურად. პიროვნების პრიორიტეტი სასწავლო ჯგუფზე ტრადიციულია. ითვლება, რომ მოცემულ საფუძველზე დამყარებულ სწავლების სისტემას გააჩნია ისეთი დადებითი თვისებები, როგორიცაა სამხედრო მოსამსახურეთა მაღალი ინდივიდუალური მომზადებულობა მათზე დაკისრებადი ფუნქციების შესასრულებლად, შესაძლებლობა უდიდესი ხარისხით ანვითარებდნენ მოსწავლეთა ძლიერი მხარეებს და ახდენდნენ ნაკლოვანებათა ნიველირებას, აწარმოებდნენ ყველაზე უფრო ნიჭიერი კანდიდატების აწონილ-დაწინილი შერჩევას და ა. შ.

IV. სწავლების პრინციპები აშშ სახმელეთო ჯარებში


როგორც ახალწვეულთა კურსებზე ისე რეგულარული არმიისა და მზადმყოფი რეზერვის შენაერთებში, ნაწილებსა და ქვედანაყოფებში პირადი შემადგენლობის სწავლება მიმდინარეობს ექვსი ძირითადი პრინციპის მიხედვით. ეს პრინციპებია: მოტივაციის (დაინტერესებულობის), მიზანმიმართულების (რაციონალობის), პრაქტიკის, რეალიზმის, მოსწავლის გამოცდილებაზე დაყრდნობისა და მნიშვნელოვნების.

მ ო ტ ი ვ ა ც ი ი ს პ რ ი ნ ც ი პ ი მდგომარეობს წავლებისადმი სამხედრო მოსამსახურის ინტერესის განვითარებაში, რისთვისაც ცდილობენ ყოველთვის დაანახონ მოსწავლეს ის სარგებლობა, რასაც აძლევს მას სასწავლო კურსი ან კონკრეტული მეცადინეობა. პროფესიული განსწავლულობის სრულყოფის სტიმულს წარმოადგენს კარგი სწავლის შემთხვევაში სამსახურში რიგგარეშე დაწინაურების შესაძლებლობა, სხვადასხვანაირი დამატებები სამხედრო მოსამსახურის ანაზღაურებაზე მომიჯნავე სპეციალობების (მაგალითად “რეინჯერის”, “პარაშუტისტ-მედესანტისა” და სხვა) ათვისებისა და საკლასო კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. სამხედრო მოსამსახურის სამსახურისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში გამოიყენება მოტივაციის პრინციპის იძულებითი საშუალებებიც – სხვადასხვანაირი სადისციპლინო სასჯელები და ფულადი ჯარიმები.

პირადი შემადგენლობის დანტერესების ამაღლებისთვის მატერიალურის გარდა გამოიყენება როგორც ცალკეულ სამხედრო მოსამსახურეთა, ისე ქვედანაყოფების მორალური წახალისების სხვადასხვა საშუალებებიც. სახელდობრ, რეგულარულად განისაზღვრება ქვედანაყოფის, ნაწილის, შენაერთის საუკეთესო ჯარისკაცი (ეკიპაჟი, გათვლა) ოცეული, ასეული, ბატალიონი. გამორჩეული სამხედრო მოსამსახურეები ღებულობენ სამახსოვრო პრიზებს, რიგგარეშე შვებულების უფლებას და ა. შ.

მ ი ზ ა ნ მ ი მ ა რ თ უ ლ ე ბ ი ს პ რ ი ნ ც ი პ ი მდგომარეობს მოსწავლეთათვის კონკრეტული მიზნობრივი ამოცანების დასმაში, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მომზადების გარკვეულ ეტაპზე. მათი შესრულება განსაზღვრავს სამხედრო მოსამსახურეთა მომზადების პროფესიულ დონეს, რომელიც პრაქტიკულად მოწმდება საკვალიფიკაციო გამოცდების მსვლელობისას.

პ რ ა ქ ტ ი კ ი ს პ რ ი ნ ც ი პ ი დაიყვანება მრავალჯერ განმეორებადი გონებრივი და ფიზიკური ვარჯიშების საშუალებით მოსწავლეთა მიერ მიღებული უნარ-ჩვევების განმტკიცებასა და ავტომატიზმამდე მიყვანაზე. ამავე დროს ითვლება, რომ სწავლების მაღალი ეფექტურობის მისაღწევად ვარჯიშების ხანგრძლივობა და რაოდენობა შეზღუდული უნდა იყოს, რათა არ გამოიწვიოს სამხედრო მოსამსახურეთა გადაღლა და მოქმედებებისადმი აპათია. უკვე არასაჭირო ვარჯიშების გაგრძელება იწვევს საგნისადმი ანტაგონიზმსა და დროის ფუჭ კარგვას.

რ ე ა ლ ი ზ მ ი ს პ რ ი ნ ც ი პ ი ითვალისწინებს ჯარების სწავლებას საბრძოლოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში, პირობითობის სრული ან თითქმის სრული არარსებობსას, რიგ შემთხვევებში რისკის ელემენტებით, კრიზისული სიტუაციების შექმნით, ვითარების დრამატიზებით, რომელშიც შესაძლოა აღმოჩნდნენ სამხედრო მოსამსახურეები საბრძოლო მოქმედებათა მსვლელობისას. ამერიკელი სამხედრო ფსიქოლოგების აზრით, არმიის ხელმძღვანელობა პირად შემადგენლობას უნდა აჩვევდეს ცეცხლისა და სიკვდილის ატმოსფეროს, აღწევდეს იმას, რომ ცეცხლის, კვამლისა და განგაშის ვითარებაში ჯარისკაცები თავს ისე გრძნობდნენ, როგორც ჩვეულებრივ პირობებში და დასმულ ამოცანას ასრულებდნენ რეალური საშიშროების მშვიდი შეგნებით, პანიკისა და შიშის გრძნობის გადალახვით. ამისთვის შემუშავებულია ვარჯიშების კომპლექსები, რომლებიც პირად შემადგენლობას გამოუმუშავებენ განსაკუთრებულ განწყობას ბრძოლაში მოქმედებებისთვის.

მ ო ს წ ა ვ ლ ი ს გ ა მ ო ც დ ი ლ ე ბ ა ზ ე დ ა ყ რ დ ნ ო ბ ი ს პ რ ი ნ ც ი პ ი ვარაუდობს მეცადინეობათა ისე ჩატარებას, რომ ყოველი ახალი მასალა უკავშირდებოდეს უკვე გავლილს, ხოლო მისი გადმოცემა კი აუცილებლად იწყებოდეს გავლილი თემის ძირითადი დებულებების გამეორებით. რეკომენდირებულია აგრეთვე სწავლების პროცესში სამხედრო მოსამსახურეთა მიერ ადრე შეძენილი უნარ-ჩვევების გამოყენებაც.

მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ვ ნ ე ბ ი ს პ რ ი ნ ც ი პ ი ითვალისწინებს სწავლებისა და აღზრდის ერთიანობას, განსაზღვრავს პირადი შემადგენლობის სწავლებისა და იდეოლოგიური აღზრდის პროცესის უწყვეტობას. ითვლება, რომ თეორიული და პრაქტიკული სამხედრო ცოდნის გარდა სამხედრო მოსამსახურეებს უნდა უყალიბდებოდეთ მაღალი საბრძოლო და ფსიქოლოგიური თვისებებიც.

V. საბრძოლო მომზადება აშშ რეგულარული არმიის ნაწილებსა და ქვედანაყოფებში


V. 1. საბრძოლო მომზადების დაგეგმვა


საბრძოლო მომზადება აშშ სახმელეთო ჯარების ნაწილებსა და ქვედანაყოფებში იგეგმება მთელ სასწავლო წელიწადზე, რომელიც აშშ არმიაში იწყება 1 ივლისიდან და გრძელდება მომავალი წლის 30 ივნისის ჩათვლით (12 თვე). სასწავლო წელი იყოფა ოთხ პერიოდად; თითოეული პერიოდის ხანგრძლივობა სამი თვეა და საბრძოლო მომზადებას მასში ეთმობა 60 დღე (480 სთ), თვეში 20 (160), კვირაში 5 (40) და დღეში 8 სთ. შაბათობით რეგულარულ არმიაში მეცადინეობებს ეთმობა 4 სთ, რომელიც ძირითადად იხარჯება იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის მომსახურების სარეგლამენტო სამუშაოებსა და სხვადასხვანაირ სპორტულ ან სამედიცინო ღონისძიებებზე.

ამრიგად, სასწავლო წლის განმავლობაში აშშ რეგულარულ სახმელეთო ჯარებში საბრძოლო მომზადება სულ იკავებს 240 დღეს (1920 სთ). იგი მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობს, ვინაიდან ასევე უწყვეტად ხდება შენაერთებში, ნაწილებსა და ქვედანაყოფებში ახალ სამხედრო მოსამსახურეთა კონტინგენტის მოსვლა და კონტრაქტის ან სამსახურის ვადაგასულთა არმიიდან განთავისუფლება.

სახმელეთო ჯარებში საბრძოლო მომზადების დაგეგმვის საფუძველს წარმოადგენს არმიის მინისტრის ბრძანება საბრძოლო მომზადებაზე სასწავლო წლის განმავლობაში. მასში განისაზღვრება ჯარების სწავლების მხოლოდ ზოგადი მიმართულებანი და მოიცემა ჯარების საბრძოლო მომზადების გეგმების შესაბამისად გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებათა (სწავლებები, მანევრები, სხვა ქვეყნების პოლიგონებზე მეცადინეობები და ა. შ.) ვადები, მიეთითება სასწავლო დრო (წლის განმავლობაში).

საბრძოლო მომზადების ორგანიზაციასა და ჩატარებაში ერთგვაროვნების მიღწევის, აგრეთვე დაგეგმვაზე დროის ეკონომიის მიზნით, შენაერთებისა და ნაწლების მეთაურებისთვის ზემდგომი შტაბები გამოიმუშავებენ რეკომენდაციებს, სასწავლო გეგმებს, ინსტრუქციებს, მეთოდურ მითითებებსა და სხვა.

დივიზიებსა და ცალკეულ ბრიგადებში მუშავდება საბრძოლო მომზადების ბრძანებები და ზოგადი გეგმები. ბრძანებებში კონკრეტულად განისაზღვრება პირადი შემადგენლობის სწავლების მიზნები, ვადები და ეტაპები, აგრეთვე მისი საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების ნორმატივები. გარდა ამისა, მიეთითება ზემდგომი უფროსების გეგმებით ჩასატარებელი სწავლებებისა და სხვა ღონისძიებათა რაოდენობა და ვადები, პირადი შემადგენლობის იდეოლოგიურ აღზრდის ამოცანების გადაწყვეტის წესი, მეცადინეობათა მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფა, ტაქტიკური ჯგუფების შემადგენლობაში ჯართა სხვადასხვა გვარეობის ქვედანაყოფების გამოყოფა, სასწავლო ბაზის გამოყენების წესი, საბრძოლო მასალებისა და საწვავის ხარჯვის ნორმები. მათში ჩართულია აგრეთვე შესაბამისი მეთაურებისთვის აუცილებელი ინფორმაცია მათდამი დაქვემდებარებული ნაწილებისა და ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების დაგეგმვისა და კონტროლს ორგანიზაციაზე, მითითებულია ანგარიშგების წესი. დივიზიებსა და ცალკეულ ბრიგადებში საბრძოლო მომზადების ზოგად გეგმებს ადგენენ მთელი სასწავლო წლისთვის, ხოლო შემდეგ კი ყოველ სამ თვეში აზუსტებენ. ბრძანებას საბრძოლო მომზადებაზე თან ერთვის საბრძოლო მომზადების გრაფიკული გეგმა და ძირითად ღონისძიებათა ჩამონათვალი.

მოტოქვეით და სატანკო ბატალიონებში ძირითად საგეგმო დოკუმენტებს წარმოადგენს ჯარების საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნის შეფასების პროგრამა ARTEP 7-15 (Army Training Evaluation Programme), საბრძოლო მომზადების ორგანიზაციისა და ჩატარების დარიგება FM 21-6 (Field Manual), საბრძოლო მომზადების სახელმძღვანელო TС 21-5-2 და კლასის ამაღლების სახელმძღვანელო.

ჯარების საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნის შეფასებაში პროგრამა ARTEP 7-15 წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც შეიცავს ყველა აუცილებელ მასალას მუდმივი მზადყოფნის დივიზიების* პირადი შემადგენლობისა და ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების ორგანიზაციისთვის და მეთაურებს უზრუნველყოფს ინფორმაციით სასწავლო პროცესის აგების სხვადასხვანაირ საკითხებში (*ასე უწოდებენ შეერთებულ შტატებში რეგულარული არმიის დივიზიებს, რომლებიც მუდივ მზადყოფნაში იმყოფებიან ზღვისმიღმა საომარ მოქმედებათა თეატრებზე გადასროლისა და საბრძოლო მოქმედებებისთვის. ეროვნული გვარდიისა და არმიის რეზერვის დივიზიები და ცალკეული ბრიგადები კი შეადგენენ სტრატეგიულ რეზერვს). მასში განისაზღვრება მომზადების ძირითადი მიზნები, ბატალიონის, ასეულის, ოცეულის, ათეულის (ეკიპაჟის, გათვლის) სწავლებისა და შემოწმების სამაგალითო სასწავლო ამოცანები, გადმოიცემა მოთხოვნები იმაზე, თუ როგორ უნდა შემოწმდეს ქვედანაყოფების უნარი სასწავლო ამოცანების შესრულებაში საბრძოლოსთან მიახლოებულ პირობებში. ამავე დროს იგი წარმოადგენს საცნობარო დოკუმენტს ქვედანაყოფების მეთაურებისთვის. საბრძოლო მომზადების ხელმძღვანელებისა და ინსტრუქტორებისთვის ქვედანაყოფების სასწავლო პროგრამების, სასწავლო გეგმებისა და მეცადინეობათა განრიგების შედგენისას.

პროგრამა შედგება ცამეტი თავისგან. პირველ ოთხ თავში გადმოცემულია ზოგადი დებულებანი, რომლებიც ხსნიან მის შინაარსს, სწავლების ამოცანებს, მეცადინეობათა ჩატარების მეთოდიკას, სხვადასხვა დონის მეთაურთა მოვალეობებს პირადი შემადგენლობის სწავლების ორგანიზაციის საქმეში, საგეგმო დოკუმენტების შედგენის, საბრძოლო მომზადების კონტროლისა და აღრიცხვის საკითხებს, უსაფრთხოების ზომებს მეცადინეობათა ჩატარებისას. შემდეგ ორ თავში ჩამოთვლილია მომზადების მე-3, -2 და 1-ლი დონეების* (*ამის შესახებ იხ. ქვემოთ), აგრეთვე ბატალიონების, ასეულების, ოცეულების, ათეულების (ეკიპაჟების, გათვლების) საბრძოლო მომზადების შემოწმების სასწავლო ამოცანები. ცალკე თავი ეძღვნება ტანკსაწინააღმდეგო მომზადებას, ხოლო დანარჩენებში კი გადმოცემულია მოტოქვეითი (სატანკო) ქვედანაყოფების ჯართა სხვა გვარეობებისა და სპეციალური ჯარების ქვედანაყოფებთან ერთობლივი სწავლების ამოცანები. გარდა ამისა, პროგრამის დამატებაში ჩამოთვლილია სასწავლო ლიტერატურა, მეთოდური სახელმძღვანელოები, დარიგებანი და ბრძანებები, რომელთა გამოყენებაც აუცილებელია სწავლების ჩატარებისას. პროგრამას თან ერთვის აგრეთვე სასწავლო ამოცანების დამუშავებისთვის გამოყოფადი საბრძოლო მასალებისა და საიმიტაციო საშუალებების ხარჯვის ცხრილიც.

საბრძოლო მომზადების ორგანიზებისა და ჩატარების დარიგება FM 21-6 და საბრძოლო მომზადების სახელმძღვანელო TC 21-5-2 გამოიყენება როგორც პროგრამის დამატება. ისინი შეიცავენ სასწავლო ამოცანათა შემუშავების რეკომენდაციებს, იძლევიან მეთოდურ რჩევებს მეცადინეობათა ჩატარებაში. კლასის ამაღლების სახელმძღვანელო წარმოადგენს მთავარ დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს ნორმატივებს თითოეული სამხედრო მოსამსახურისა და მთლიანობაში ქვედანაყოფისთვის.

ბატალიონების საბრძოლო მომზადების პროგრამები და გეგმები მუშავდება ექვსი თვის ვადით. მათი შედგენისას ასეულების საბრძოლო მომზადების საფუძველს წარმოადგენს ბატალიონებისთვის დადგენილი სასწავლო ამოცანების შინაარსი და შესრულების თანამიმდევრობა, რომელიც შესაძლოა იყოს შემდეგი: ერთეული და სპეციალური მომზადების შესაბამისი ნორმატივების შესრულება როგორც ცალკეულ სამხედრო მოსამსახურეთა მიერ, ისე მოტოქვეითი (სატანკო), ტანკსაწინააღმდეგო, ნაღმსატყორცნების, სადაზვერვო, საზენიტო ათეულების (ეკიპაჟების, გათვლების), ოცეულების, ასეულებისა და ბატალიონების შემადგენლობაშიც; ჯგუფური იარაღის შესწავლაზე (გაცნობაზე) მიმართული სპეციალური მომზადების ჩატარება და შესაბამისი კლასის მიღება; ARTEP 7-15 პროგრამის, კლასის ამაღლების ნორმატივებისა და სახელმძღვანელოს საფუძველზე ასეულებში დგება საბრძოლო მომზადების სამთვიანი დეტალური გეგმები და ორკვირიანი დაწვრილებითი გრაფიკები. პირად შემადგენლობამდე ისინი დაიყვანება მეცადინეობების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე და იცვლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.

ასეულებისთვის დადგენილი ნორმატივები იძლევა პირადი შემადგენლობის მომზადების ძირითად მიმართულებებს ოცეულებსა და ათეულებში (ეკიპაჟებში, გათვლებში), განსაზღვრავს მთლიანობაში ქვედანაყოფების მომზადების შინაარსს (ამერიკული ტერმინოლოგიით – კოლექტიური სასწავლო ამოცანების შესრულებას). ოცეულებსა და ათეულებში (ეკიპაჟებში, გათვლებში) მუშავდება საბრძოლო მომზადების ერთკვირიანი გეგმები, რომლებიც გამოცხადდება ერთი კვირი ადრე. ასეულებში დგება მეცადინეობათა ცხრილი კვირის ხუთ დღეზე. მეექვსე დღის (შაბათის) ნახევარი ჩვეულებრივ ეთმობა ტექნიკის მომსახურებას, სამხედრო-სპორტულ თამაშებსა და სხვა ღონისძიებებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აშშ სახმელეთო ჯარებში საბრძოლო მომზადების დაგეგმვასა და ორგანიზაციას საფუძვლად უდევს ე. წ. დეცენტრალიზაციის პრინციპი, რომელიც ითვალისწინებს ბატალიონებისა და ასეულების მეთაურებისთვის საკმარისად ფართო უფლებების მინიჭებას ქვედანაყოფების სწავლების პროცესის დამოუკიდებლად ორგანიზაციის საქმეში. მათ შეუძლიათა თავად განსაზღვრავდნენ საბრძოლო მომზადების შენაარსს, სასწავლო ამოცანების დამუშავების თანამიმდევრობასა და ვადებს, ირჩევდნენ მეცადინეობათა ჩატარების ფორმებსა და მეთოდებს. ბატალიონებისა და ასეულების მეთაურებს საშუალება ეძლევათ პირადი შემადგენლობის უნარის, სამხედრო და ფსიქოლოგიური მომზადებულობის, თითოეული ქვედანაყოფის განსწავლულობისა და შეთანხმებულობის დონის, აგრეთვე მათი საბრძოლო დანიშნულების გათვალისწინებით შემოქმედებითად უდგებოდნენ პროგრამების მოთხოვნებს, შეჰქონდეთ ცვლილებები საბრძოლო მომზადების ამოცანების უფრო ეფექტურად გადაწყვეტისთვის.

საბრძოლო მომზადების ორგანიზაციის ასეთ წესრიგს ბატალიონში გააჩნია მკაცრი თანამიმდევრობა. თავიდან განისაზღვრება თითოეული ქვედანაყოფისა და მთლიანობაში ბატალიონის ამოცანები მათი საბრძოლო დანიშნულების მიხედვით და სწავლების საბოლოო შედეგები. შემდეგ ტარდება ამ ამოცანების, აგრეთვე მათი მიღწევისთვის ბატალიონის ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის შესაძლებლობათა ანალიზი და დგინდება პირობები თითოეული ამოცანის შესრულებისთვის, განისაზღვრება ნორმატივები და ფასდება მაჩვენებლები. შემდეგ გაანალიზდება პირადი შემადგენლობისა და ქვედანაყოფების განსწავლულობის დონე და განისაზღვრება შეუსაბამობა მომზადების აუცილებელსა და არსებულ დონეებს შორის, ფასდება მისი ლიკვიდაციის შესაძლებლობები.

პირადი შემადგენლობის მომზადების დონის, ქვედანაყოფების შეთანხმებულობისა და საბრძოლო მომზადების ამოცანების ანალიზის საფუძველზე მეთაურები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელ ამოცანებზეა საჭირო ყურადღების გამახვილება და რომლები შეიძლება საერთოდ გამოტოვებულ იქნას. ცალკეულ შემთხვევებში ბატალიონის ან ასეულის მეთაურს შეუძლია საბრძოლო მომზადების გეგმაში ჩართოს თემები საწყისი მომზადების კურსიდანაც, თუკი პირადი შემადგენლობა თავისი განსწავლულობის ხარისხის მიხედვით ამას საჭიროებს.

საბრძოლო მომზადების ორგანიზების დეცენტრალიზაციისას სასწავლო ამოცანები თითოეულ სამხედრო მოსამსახურემდე, ქვედანაყოფამდე, ნაწილამდე დაიყვანება თანაზომადი ფორმით, ხოლო საბრძოლო შეთანხმებულობის ამოცანებს კი ანაწევრებენ (ახდენენ მათ დიფერენცირებას) და მათი შესრულების თანამიმდევრობას მკაცრად განსაზღვრავენ. ამასთანავე ბატალიონებისა და ასეულების მეთაურები აუცილებლად ითვალისწინებენ თავიანთი ქვედანაყოფების საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურას, დაკომპლექტებულობისა და ტექნიკური აღჭურვილობის ხარისხს, აგრეთვე ზემდგომი უფროსების გეგმებით ჩასატარებელ და სასწავლო პროგრამებით განსაზღვრულ საბრძოლო მომზადების აუცილებელ ღონისძიებებს, სასწავლო-მატერიალური ბაზის არსებობასა და მდგომარეობას.

საბრძოლო მომზადების ასეთი წესით ორგანიზებისას მეთოდური სახელმძღვანელოები მეთაურებს ურჩევენ არა ათეულიდან ბატალიონამდე თანდათანობით სწავლებას, არამედ ერთდროულად ყველა რგოლში, რაც აუცილებელია ხორციელდებოდეს ამორჩევით, ამა თუ იმ ქვედანაყოფის მოთხოვნილებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. მაგალითად, თუ A ასეულში გამოვლინდა შეტევაში ათეულების არასაკმარისი შეთანხმებულობა, მაშინ მისი პირადი შემადგენლობა სწავლობს მოქმედებებს ათეულის შემადგენლობაში შეტევით ბრძოლაში. B ასეული ამავე დროს შესაძლოა ამუშავებდეს ტანკსაწინააღმდეგო მომზადების სასწავლო ამოცანებს, ხოლო C ასეული კი სწავლობდეს აერომობილური საბრძოლო მოქმედებების წარმოებას. სასწავლო ამოცანების დამუშავების დრო კონკრეტულად არ განისაზღვრება. სწავლება წარმოებს მანამდე, სანამ არ იქნება მიღწეული სასურველი დონე.

საზღვარგარეთელი სპეციალისტების აზრით, ასეთი მიდგომა ემყარება უწინარეს ყოვლისა თანამედროვე ბრძოლაში ჯარების მოქმედებათა შესაძლო დეცენტრალიზაციას. ასეთი ბრძოლის წარმატება დიდად იქნება დამოკიდებული ქვედანაყოფების განსწავლულობასა და მათი მოქმედებების შეთანხმებულობაზე. დეცენტრალიზაციის პრინციპის გამოყენება საშუალებას იძლევა უფრო რეალურად ითვალისწინებდნენ კონკრეტულ პირობებს, რომლებშიც უნდა ხორციელდებოდეს საბრძოლო მომზადება, და ხელს უწყობს მეთაურთა პასუხისმგებლობის ამაღლებას.

ამავე დროს არ გამოირიცხება მეორე მიდგომაც სასწავლო ამოცანების აგების საკითხში, რაც გამოიხატება საბრძოლო მომზადების ორგანიზაციისა და ხელმძღვანელობის უფრო მეტ დეცენტრალიზაციაში, აგრეთვე მის უფრო მეტად თანამიმდევრულ გატარებაში. მაგრამ ამ შემთხვევაში მეთაურებს ეძლევათ დამოუკიდებლობა საბრძოლო სწავლების ორგანიზაციისა და ჩატარების საკითხებში.

როგორც დასავლური პრესა აღნიშნავს, აშშ სახმელეთო ჯარებში საბრძოლო მომზადების ორგანიზაციისადმი ასეთი ორგვარი მიდგომა განპირობებულია უწინარეს ყოვლისა პირადი შემადგენლობის განსწავლულობის ხარისხით. სახელდობრ, თუ ქვედანაყოფი ან ნაწილი დაკომპლექტებულია უპირატესად იმ სამხედრო მოსამსახურეებით, რომლებმაც სასწავლო ცენტრებში ან ნაწილებში უკვე გაიარეს საწყისი სწავლების კურსი, მაშინ ჩვეულებრივ გამოიყენება პირველი წესი, ხოლო თუკი ქვედანაყოფის ან ნაწილის პირადი შემადგენლობის უმეტესობას შეადგენენ სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც სასწავლო ცენტრებში საწყისი მომზადების კურსი არ გაუვლიათ, ან მათი განსწავლულობის დონე საჭიროზე დაბალია, მაშინ გამოიყენება მეორე წესი. პრაქტიკა უჩვენებს, რომ ხშირად ეს ორივე წესი (ხერხი) ავსებს ერთმანეთს.

V. 2. საბრძოლო მომზადების შინაარსი


საბრძოლო მომზადების შინაარსს აშშ არმიაში შეადგენს ტაქტიკური, აერომობილური, ტანკსაწინააღმდეგო, საცეცხლე, სადაზვერვო, საინჟინრო, ფიზიკური, სამწყობრო, სამედიცინო მომზადება, აგრეთვე მომზადება კავშირგაბმულობაში, მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვასა და სამხედრო ტოპოგრაფიაში; საბრძოლო მანქანების ტარება. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სამხედრო მოსამსახურეთა იდეოლოგიურ მომზადებასა და რელიგიურ აღზრდას.

ტ ა ქ ტ ი კ უ რ ი მ ო მ ზ ა დ ე ბ ი ს თემატიკა მოიცავს საბრძოლო მოქმედებათა ყველა სახეობას: შეტევა, თავდაცვა, მარში, შემხვედრი ბრძოლა, შემკავებელი მოქმედებები, უკანდახევა, უზრუნველყოფის ზოლის გადალახვა, საჰაერო და აერომობილურ დესანტებთან ბრძოლა, ღამით ბრძოლა, ტანკსაწინააღმდეგო ბრძოლა და ა. შ.

სახმელეთო ჯარების სარდლობას ბრძოლის ერთერთ ურთულეს სახეობად მიაჩნია შემკავებელი მოქმედებები, როცა უნდა ვლინდებოდეს ჯარების აქტიურობის უფრო მაღალი ხარისხი. ამ საკითხების დამუშავებაზე იგეგმება ტაქტიკური მომზადებისთვის განკუთვნილი დროის 30%-მდე გამოყოფა.

ქვედანაყოფების ტაქტიკურ მომზადებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა მსხვილ დასახლებულ პუნქტებში საბრძოლო მოქმედებათა წარმოების საკითხების დამუშავებას. მეცადინეობათა მსვლელობისას შეისწავლება ამ დასახლებული პუნქტების ტიპები, ქუჩების ყველაზე უფრო დამახასიათებელი დაგეგმარება და საცხოვრებელი მასივების განაშენიანება, შენობათა კონსტრუქციები, საქალაქო კომუნალურ მეურნეობათა თავისებურებანი და ა. შ. სპეციალურად აღჭურვილ სასწავლო ველებზე ჩატარებული პრაქტიკული მეცადინეობები მიზნად ისახავს გამოუმუშაოს პირად შემადგენლობას დასახლებულ პუნქტებში საინჟინრო საშუალებათა გამოყენებით საბრძოლო მოქმედებათა წარმოების უნარი. ამასთან დიდი ყურადღება ეთმობა ჯარების სხვადასხვა გვარეობათა ქვედანაყოფების მჭიდრო ურთიერთმოქმედების ორგანიზაციის საკითხებს.

საბრძოლო მომზადების გეგმით გაითვალისწინება ქვედანაყოფებისა და ნაწილების სწავლება საბრძოლო მოქმედებათა წარმოებაში ღამით და შეზღუდული ხილვადობის პირობებში. ითვლება, რომ ამ ფაქტორების უგულვებელყოფამ არსებითად უარყოფითი გავლენა შესაძლოა იქონიოს ბრძოლის მსვლელობასა და შედეგზე. ამერიკული სარდლობა საბრძოლო მოქმედებების ამ სახეობაში ყველაზე მეტ საყრდენს აკეთებს “ასეული – ბატალიონი” რგოლის ქვედანაყოფებზე. მეცადინეობებს ძირითადად ატარებენ ველზე, ღამური ხედვის ხელსაწყოების გამოყენებით. რეკომენდირებულია აგრეთვე დღისით დასამუშავებლად დაგეგმილი ზოგიერთი თემის დამუშავება ღამის პირობებში.

მოწინააღმდეგის ტაქტიკურ საჰაერო და აერომობილურ დესანტებთან ბრძოლის თემის შესწავლისას ძირითადი ყურადღება ეთმობა მოწინააღმდეგის მიერ ბრძოლის წარმოების ტაქტიკის, საჰაერო-სადესანტო და აერომობილური ოპერაციების წარმოების მეთოდების, ზურგში დესანტების მოქმედებათა ტაქტიკის თავისებურებების, დესანტის შეტევითი და თავდაცვითი ილეთების მტკიცე ათვისებას. ითვალისწინებენ აგრეთვე საჰაერო მოწინააღმდეგეზე მეთვალყურეობისა და თავისი ჯარების შეტყობინების, საჰაერო მიზნებზე ცეცხლის დაშენის პრაქტიკული ჩვევების გამომუშავებას, დესანტის გადმოსროლის (გადმოსხმის) სავარაუდო რაიონებში დაბრკოლებათა (ღობურების) მოწყობისა და მათი შენიღბვის, დესანტზე თავდასხმის ან მისი შეპყრობის მიზნით ობიექტთან მისასვლელ გზებზე პოზიციების აღჭურვისა და სხვა საკითხებს.

ჩამოთვლილ ამოცანებს პირადი შემადგენლობა სწავლობს მეცადინეობებზე ან პრაქტიკულად ამუშავებს ველზე ქვედანაყოფის შემადგენლობაში. ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები თვლიან, რომ მოწინააღმდეგის დესანტებთან ბრძოლა უნდა შეეძლოს ყველა სამხედრო მოსამსახურეს, მუხედავად იმისა, თუ ჯართა რომელ გვარეობას ან სამსახურს მიეკუთვნება იგი.

ტაქტიკური მომზადების თემების დამუშავებისას აუცილებლად ითვლება პარტიზანსაწინააღმდეგო ბრძოლის ორგანიზაციის საკითხების შესწავლაც. პირად შემადგენლობასთან ამუშავებენ ზურგში პარტიზანების წინააღმდეგ ჯარების მოქმედებათა ილეთებსა და ხერხებს, აგრეთვე მოკავშირე ქვეყნების მთავრობათათვის დახმარების აღმოჩენის საკითხებს.

სასწავლო პროგრამების მოთხოვნათა შესაბამისად ა ე რ ო მ ო ბ ი ლ უ რ ი მ ო მ ზ ა დ ე ბ ა უნდა ტარდებოდეს ნებისმიერი ტაქტიკური ამოცანის გადაწყვეტისას. აღინიშნება, რომ თანამედროვე პირობებში ეს საკითხი წინა პლანზე გადმოდის განსაკუთრებით სახმელეთო ჯარების საბრძოლო გამოყენების ამჟამინდელი კონცეფციის “საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” (Airland Battle) და მისი მოდიფიკაციის “საჰაერო-სახმელეთო ოპერაციების” (Airland Operations) მოთხოვნათა შესაბამისად. სამხედრო მოსამსახურეები სწავლობენ შეიარაღებაში არსებული ვერტმფრენებისა და სატრანსპორტო თვითმფრინავების ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებს, უსაფრთხოების ზომებს, ტექნიკისა და ტრანსპორტირების მომზადების წესებს, ვერტმფრენებიდან გადმოსხმისა (ბაგირებით, კიბეებითა და სხვა) და ჰაერიდან ცეცხლის დაშენის ხერხებს. საბრძოლო მომზადების პროცესში პირადი შემადგენლობა, ძირითადად ოცეულიდან ბატალიონამდე, სწავლობს აერომობილურ მოქმედებებს ბრძოლის პრაქტიკულად ყველა სახეობაში, აგრეთვე საგანგებო პირობებში (ღამით, დასახლებულ პუნქტებში, მთებში, უდაბნოში და ა. შ.).

1980 წლიდან აშშ არმიაში ყველა სამხედრო მოსამსახურისთვის აუცილებელ დისციპლინადაა შემოღებული საპარაშუტო-სადესანტო საქმის შესწავლა. ისინი სწავლობენ პარაშუტების მატერიალურ ნაწილს, თვითმფრინავში ჩასხდომისა და დესანტირების ტექნიკას, გადიან მომზადებას დედამიწაზე და ასრულებენ ხუთ-ხუთ ნახტომს C-130 სატრანსპორტო თვითმფრინავიდან დღისითა და ღამით. ქალი სამხედრო მოსამსახურეები და ოფიცრები ხტომებს ასრულებენ სურვილისდა მიხედვით.

ტ ა ნ კ ს ა წ ი ნ ა ა ღ მ დ ე გ ო მ ო მ ზ ა დ ე ბ ა სვამს ბრძოლის ველზე მოჯავშნულ მიზნებთან საბრძოლო მოქმედებებისთვის პირადი შემადგენლობის მომზადების ამოცანას. სწავლების მსვლელობისას სამხედრო მოსამსახურეები ეცნობიან მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკის ნიმუშებსა და მათ მოწყვლად ადგილებს, სწავლობენ თავიანთი ქვედანაყოფების ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს და მათგან ცეცხლის წარმოებას, იძენენ ცოდნას საინჟინრო ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებში და პრაქტიკულად აყენებენ მათ ადგილზე, გადიან განსაკუთრებულ პირობებში ტანკებთან ბრძოლისთვის მომზადებას. ქვედანაყოფის შემადგენლობაში პრაქტიკული ამოცანების დამუშავებისას ძირითადი ყურადღება ეთმობა შემდეგ საკითხებს: ჯარების სხვა გვარეობათა ქვედანაყოფებთან მჭიდრო საცეცხლე ურთიერთმოქმედების ორგანიზაცია, ქვედანაყოფის საცეცხლე საშუალებების საიმედო დაფარვა და ბრძოლის მსვლელობისას მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ გადაადგილების დროს ერთმანეთისთვის დახმარების აღმოჩენა, ქვედანაყოფების შემადგენლობაში არსებული ყველა საბრძოლო საშუალების ტანკების წინააღმდეგ ეფექტურად გამოყენება, მოწინააღმდეგის ტანკების სხვა საცეცხლე საშუალებებთან ურთიერთოქმედების დარღვევა, ქვეითი ჯარის ტანკებისგან და ტანკების ერთი-მეორისგან მოწყვეტა, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების საცეცხლე პოზიციების ადგილმდებარეობაზე შერჩევა და ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგის ტანკებისთვის მაქსიმალური შესაძლო დაზიანების მიყენების მიზნით მანევრის ჩატარება. სახელდობრ, შეტევის (უკანდახევის) დროს სატანკო ოცეულის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების (ტსმრ) “თოუს” სექციასთან ერთად მოქმედებებისას რეკომენდირებულია, რომ ერთი ტანკის წინსვლას (უკანდახევას) ყოველთვის იფარავდეს საფარში მყოფი მეორე ტანკი ან მოხერხებული პოზიციიდან ცეცხლის დაუყოვნებლივ გახსნისთვის მზადმყოფი ტსმრ-ის გათვლა. ქვეითი ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობა სწავლობს საშტატო იარაღიდან ტანკებსა და სხვა მოჯავშნულ მიზნებზე ჯგუფური ცეცხლის წარმოებას მათი საბრძოლო შესაძლებლობების ეფექტურობის დაქვეითებისთვის.

ამერიკული არმიის სარდლობა არცთუ უსაფუძვლოდ თვლის, რომ ცეცხლის წარმოების ეფექტურობა ხშირად უფრო მეტ გავლენას ახდენს ბრძოლის მსვლელობასა და შედეგზე, ვიდრე ჯარების რაოდენობა და მათი აღჭურვილობა. ამიტომ დიდი ყურადღება ეთმობა ნაწილებისა და ქვედანაყოფების ს ა ც ე ც ხ ლ ე მ ო მ ზ ა დ ე ბ ა ს. საბრძოლო მომზადების სხვა სახეობათა მსგავსად აქაც სამხედრო მოსამსახურეთა სწავლების პროცესი იყოფა ინდივიდუალურ და კოლექტიურ მომზადებად. პირველი მიზნად ისახავს განუმტკიცოს სამხედრო მოსამსახურეებს სასწავლო ცენტრებსა და ჯართა გვარეობების (სამსახურების) სკოლებში მღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები, აგრეთვე მისცეს ახალი ცოდნა და გამოუმუშაოს აუცილებელი უნარ-ჩვევებიც მათი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის შესაბამისად. პირადი შემადგენლობა სწავლობს არა მხოლოდ თავის იარაღს, არამედ ოცეულსა და ასეულში არსებულ შეიარაღებასაც, ეუფლება საბრძოლო პირობებში მათი გამოყენების ილეთებს, აგრეთვე გამოჩენად, მოძრავ და უძრავ მიზნებზე სხვადასხვანაირ პირობებში დამიზნებული ცეცხლის წარმოების ილეთებსაც. ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები თვლიან, რომ თითოეული ჯარისკაცი ერთნაირი ოსტატობით უნდა ფლობდეს როგორც M16A2 საიერიშო შაშხანას, ისე M60 და M249 ტყვიამფრქვევებს, ყუმბარსატყორცნებს, ცეცხლსატყორცნს, შეეძლოს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების (ტსრკ) “თოუსა” და “დრაკონის”, აგრეთვე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსის (გზრკ) “სტინგერის” გამოყენება.

კოლექტიური მომზადება ორგანიზებულია საცეცხლე უნარ-ჩვევების განმტკიცებისა და სრულყოფისთვის და წარმოებს გათვლის, ეკიპაჟის, საცეცხლე ჯგუფის, ათეულის, ოცეულის, ასეულისა და ბატალიონის შემადგენლობაში ბრძოლის ყველა სახეობაში, მათ შორის საგანგებო პირობებში, დღისით და ღამით. მეცადინეობის მსვლელობისას პირადი შემადგენლობა სწავლობს მჭიდრო საცეცხლე ურთიერთმოქმედებას, სროლისა და მანევრის შეხამებას, მიზნების დაზვერვას, მიზანჩვენებას, ცეცხლის კორექტირებას.

საბრძოლო მომზადების სხვა სახეობებში, ფიზიკურის გარდა, აუცილებელი ცოდნა შეიძინება უმთავრესად საბრძოლო მომზადების ძირითად სახეობათა კომპლექსური ამოცანების გადაწყვეტისას.

განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფ ი ზ ი კ უ რ მ ო მ ზ ა დ ე ბ ა ს, რომელიც ამერიკულ არმიაში განიხილება, როგორც სამხედრო მოსამსახურეთა სწავლებისა და აღზრდის შემადგენელი ნაწილი. სწავლების დროს გამოყენებული ფიზიკური ვარჯიშები იყოფა ექვს ძირითად ჯგუფად: ზოგადგამაძლიერებელ, დამატებით, დაბრკოლებათა გადალახვის, ცურვის, ათლეტიკის, მასობრივი თამაშების ჯგუფებად. მომზადების ეს სახეობა ხორციელდება სასწავლო და არასასწავლო პროგრამების მხედვით და მოიცავს ინდივიდუალურ და კოლექტიურ (ქვედანაყოფის შემადგენლობაში) ფიზიკურ მომზადებას. ამ პროგრამის ღერძია თავისუფალი ვარჯიშები, სირბილი, დაბრკოლებათა გადალახვა, ათლეტიკა, მასობრივი თამაშები და შეჯიბრებანი სხვადასხვა სახეობაში. სასწავლო პროგრამებით ნაწილებსა და ქვედანაყოფებში მას ეთმობა ორ საათამდე კვირაში. ამერიკელი სპეციალისტების აზრით, ეს დრო სავსებით საკმარისია ჯარისკაცის ფიზიკური ვარგისიანობის გაუმჯობესებისა და საჭირო დონეზე შენარჩუნებისთვის.

კოლექტიური მომზადება (ქვედანაყოფის შემადგენლობაში) მოიცავს თავისუფალი ვარჯიშების კომპლექსებსა და სირბილს. თითოეული ოცეულისთვის ყოველდღიურად წარმოებს საკროსო მომზადება – ორშაბათსა და სამშაბათს ორ მილზე, ოთხშაბათს სამზე და ხუთშაბათს ხუთ მილზე. ჩამორჩენილებთან კვირის ბოლოს ტარდება დამატებითი მეცადინეობები. თვეში ერთხელ ტარდება სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური ვარგისანობის შემოწმება ფიზიკური საბრძოლო გამოცდილების ტესტის მიხედვით, რომელიც შეიცავს ხუთ ვარჯიშს. სამ თვეში ერთხელ ქვედანაყოფები ასრულებენ 54-მილიან მარშ-ნახტომს. უკანასკნელ ხანებში მეტი ყურადღება ეთმობა სამხედრო-გამოყენებით ვარჯიშებსა და სპორტის სახეობებს, შემოღებულია ფიზიკური აღზრდის უფრო მკაცრი რეჟიმი.

V. 3. პირადი შემადგენლობის სწავლების ფორმები


აშშ სახმელეთო ჯარების სარდლობა მუდმივად დიდ ყურადღებას უთმობს ჯარების სწავლებასა და სასწავლო საბრძოლო მომზადების მეთოდიკის სრულყოფას. ამ მიზნით პერიოდულად ტარდება სპეციალური კვლევითი სამუშაოები, რომლებიც მიზნად ისახავს სწავლების ვადების განსაზღვრასა და სასწავლო პროცესის ორგანიზაციას, აგრეთვე მისი ინტენსიფიკაციის ხერხების შემუშავებას.

დღეისთვის აშშ სახმელეთო ჯარებში პრაქტიკულად უარი თქვეს ნაკლებად ეფექტური მეცადინეობების ჩატარებაზე, რომლებზედაც ჩვეულებრივ მუშავდებოდა თანამედროვე ბრძოლაში გამოუსადეგარი მოქმედებები. ქვედანაყოფებისა და ნაწილების პირადი შემადგენლობის მომზადების თანამედრივე მეთოდიკა შეიცავს სწავლების სხვადასხვანაირ ფორმებს და იგება როგორც როგორც საკუთარი, ისე სავარაუდო მოწინააღმდეგის ჯარების მშენებლობასა და საბრძოლო გამოყენებაზე უახლესი შეხედულებების გათვალისწინებით.

როგორც ცალკეულ სამხედრო მოსამსახურეთა, ისე ქვედანაყოფებისა და ნაწილების პირადი შემადგენლობის მომზადებისთვის აშშ არმიაში გამოიყენება სწავლების ფორმების ფართო კომპლექსი, რომელიც ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, ინდივიდუალურ და კოლექტიურ მომზადებას, აგრეთვე სხვადასხვანაირ ვარჯიშებს.

თ ე ო რ ი უ ლ ი მ ე ც ა დ ი ნ ე ო ბ ე ბ ი აშშ არმიაში ტარდება, როგორც წესი, გაკვეთილის ფორმით. ისინი მიზნად ისხავს მოსწავლეებამდე აუცილებელი ინფორმაციის მიტანასა და მათში მკაფიო წარმოდგენის ჩამოყალიბებას საბრძოლო ვითარებასა და იმ ილეთებზე (მოქმედების ხერხებზე), რომელთა შესრულებაც მათ მოუწევთ. თეორიულ მეცადინეობებს პირადი შემადგენლობის მომზადების ზოგად სისტემაში მეტად მცირე დრო ეთმობათ. პრაქტიკული საქმიანობა წარმოადგენს აშშ სახმელეთო ჯარების მომზადების დამახასიათებელ ნიშანს.

პ რ ა ქ ტ ი კ უ ლ ი მ ე ც ა დ ი ნ ე ო ბ ე ბ ი მიზნად ისახავს პირადი შემადგენლობის მიერ მიღებული თეორიული ცოდნის საფუძველზე მათი შემდგომი სამსახურისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევებისა და ოსტატობის გამომუშავებას, აგრეთვე ქვედანაყოფებისა და ნაწილების საბრძოლო შეთანხმებას. აშშ არმიაში დიდი ყურადღება ეთმობა პრაქტიკულ საქმიანობას და სწორედ პრაქტიკულ მეცადინეობებზე იხარჯება სასწავლო დროის უმეტესი ნაწილი. მათ რიცხვში შედის მეცადინეობები ადგილმდებარეობის მაკეტზე (მინიატურულ პოლიგონზე სასწავლო-საწვრთნელი საშუალებებისა და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით), ტაქტიკურ-სამწყობრო და ტაქტიკური მეცადინეობები (პრაქტიკული ადგილმდებარეობაზე), აგრეთვე საჯარისო ტაქტიკური სწავლებები და სროლები.

როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მეცადინეობები შეიძლება იყოს ინდივიდუალურ და კოლექტიური.

ი ნ დ ი ვ ი დ უ ა ლ უ რ ი მ ე ც ა დ ი ნ ე ო ბ ე ბ ი მიზნად ისახავს სასწავლო ცენტრებში (ან ახალწვეულთა კურსებზე) ცალკეულ სამხედრო მოსამსახურეთა მიერ მიღებული ცოდნის განმტკიცებას, საჭირო დონეზე შენარჩუნებას, დავიწყებულის აღდგენასა და ახალი ცოდნის, ოსტატობის, უნარ-ჩვევების შეძენას.

კ ო ლ ე ქ ტ ი უ რ ი მ ე ც ა დ ი ნ ე ო ბ ე ბ ი ითვალისწინებს ქვედანაყოფების, ნაწილებისა და შენაერთების შეთანხმებას თანამედროვე ომში საბრძოლო მოქმედებათა წარმოებისთვის.

ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები კოლექტიურ მომზადებას მიიჩნევენ საბრძოლო მომზადების მთელი სტრუქტურის საფუძვლად. წელიწადში მას ეთმობა 144 დღე (1152 სთ, ანუ მთელი სასწავლო დროის 60%), თითოეულ სამთვიან პერიოდში 36 (288), კვირაში სამი დღე (სამშაბათი, ოთხშაბათი და ხუთშაბათი), რომლებიც სხვა ღონისძიებებით არაა დაკავებული. ინდივიდუალურ სწავლებაზე წელიწადში გამოიყოფა 72 დღე (576 სთ, ანუ მთელი სასწავლო დროის 30%), სამთვიან პერიოდში 18 (144), თვეში 6 (48), კვირაში 1,5 დღე (12 სთ). ნახევარი დღე კვირაში (შაბათს) ეთმობა იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის მომსახურებას, სარეგლამენტო სამუშაოების, სხვადასხვა შეჯიბრების, სამედიცინო მომსახურებისა და სხვა ღონისძიებათა ჩატარებას.

უფრო დაწვრილებით განვიხილოთ პრაქტიკული და კოლექტიური მეცადინეობები, რომლებიც აშშ არმიაში საბრძოლო მომზადების საფუძვლადაა მიღებული.

პირველი, როგორც ვიცით, მიზნად ისახავს პირადი შემადგენლობის მიერ მიღებული თეორიული ცოდნის საფუძველზე აუცილებელი უნარ-ჩვევებისა და ოსტატობის გამომუშავებას, აგრეთვე ქვედანაყოფებისა და ნაწილების საბრძოლო შეთანხმებას. მათ მიეკუთვნება მეცადინეობები ადგილმდებარეობის მაკეტზე (მინიატურულ პოლიგონზე სასწავლო-საწვრთნელი საშუალებებისა და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით), ტაქტიკურ-სამწყობრო და ტაქტიკური მეცადინეობები (პრაქტიკული ადგილმდებარეობაზე), აგრეთვე საჯარისო ტაქტიკური სწავლებები და სროლები.

ტაქტიკურ-სამწყობრო მეცადინეობები თავისი შემადგენლობით კოლექტიურია და მათში მონაწილე მხარეთა რაოდენობის მიხედვით შესაძლოა იყოს დამოუკიდებელი ან ერთობლივი, ცალმხრივი ან ორმხრივი (სპორტული თამაშების ტიპის მიხედვით). ტაქტიკური მეცადინეობები იყოფა კომპლექსურ, სპეციალურ და შესამოწმებელ მეცადინეობებად.

ტაქტიკური სწავლებები მრავალნაირია და ითვლება პირადი შემადგენლობის მომზადების მთავარ ფორმად. აშშ სახმელეთო ჯარებში ისინი განსხვავდება მასშტაბით, მოსწავლე მხარეების რიცხვით, საცეცხლე ამოცანების შესრულების ხერხებითა და დანიშნულებით. მასშტაბის მიხედვით ტაქტიკური სწავლებები იყოფა საათეულო, საოცეულო, საასეულო, საბატალიონო, საბრიგადო და სადივიზიო ტაქტიკურ სწავლებებად. მოსწავლე მხარეების რიცხვის მიხედვით ისინი შესაძლოა იყოს ცალმხრივი, ორმხრივი ან ცალმხრივი მოქმედი მოწინააღმდეგით. უკანასკნელი ტიპის სწავლებებში მოსწავლე მხარე სასწავლო-საბრძოლო ამოცანებს წყვეტს თავისი ჯარების ორგანიზაციისა და ტაქტიკის შესაბამისად. ხოლო მეორე მხარის მოქმედებებს კი აღნიშნავენ სავარაუდო მოწინააღმდეგის ანალოგიური მაჩვენებლების საფუძველზე სპეციალურად განსწავლული, მისი იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით აღჭურვილი, მის ფორმაში გამოწყობილი ნაწილები და ქვედანაყოფები. მსგავსი სწავლებების ჩატარება ხორციელდება სპეციალური პროგრამის “Opposing Forces” მიხედვით. სახელდობრ, სახმელეთო ჯარების ეროვნულ სასწავლო ცენტრში ფორტ-ირვინში (კალიფორნიის შტატი) მოწინააღმდეგის მხარეს ამ სწავლებებში წარმოადგენს ამ მიზნისთვის სპეციალურად შექმნილი მოტომსროლელი პოლკი (საბჭოთა /რუსული/ ჯარების ანალოგიურად).

ტაქტიკური სწავლებები შეიძლება ტარდებოდეს სროლების გარეშე, საბრძოლო სროლით, აგრეთვე სროლისა და დაზიანების ლაზერული იმიტატორების გამოყენებით.

დანიშნულების მიხედვით ტაქტიკური სწავლებები იყოფა დამოუკიდებელ, ერთობლივ, კომპლექსურ, შესამოწმებელ, საჩვენებელ და საცდელ სწავლებებად.

მეთოდური რეკომენდაციების შესაბამისად ტაქტიკური (პრაქტიკული) მეცადინეობებისა და სწავლებების დაგეგმვისა და ჩატარების განხორციელება გაითვალისწინება ისეთი ანგარიშით, რათა უზრუნველყოფილ იქნას მოსწავლეთათვის სიძნელეების თანდათანობითი ზრდა და სულ უფრო რთული მოქმედებებისთვის მათი მზადყოფნა. ე. ი. აუცილებელია ქვედანაყოფებთან რამდენიმე დამოუკიდებელი სწავლების ჩატარება მანამდე, სანამ მათ დაუშვებენ უფრო მსხვილი მასშტაბის სწავლებებში მონაწილეობის მისაღებად. ქვედანაყოფებისა და ნაწილების დამოუკიდებელი სწავლების ორგანიზებას ახდენენ ამ ქვედანაყოფებისა და ნაწილების მთაურები, გაძლიერების საშუალებათა გარეშე, ბრძოლის განსაზღვრულ სახეობაში დამოუკიდებლად მოქმედებებისთვის მათი მომზადების მიზნით. ეს სწავლებები წარმოადგენს საბრძოლო შეთანხმებისა და ტაქტიკური ამოცანების დამუშავების პირველ საფეხურს.

ერთობლივი სწავლებები (ბრძოლის სახეობათა მიხედვით) ნაწილებსა და ქვედანაყოფებს უტარდებათ უკვე გაძლიერების საშუალებებით საასეულო და საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფების შემადგენლობაში. მათი მსვლელობისას დროის უმეტესი ნაწილი ეთმობა ჯარების სხვადასხვა გვარეობათა ქვედანაყოფების მოქმედებათა შეთანხმებულობის დამუშავებას, აგრეთვე უწყვეტი ურთიერთმოქმედების ორგანიზაციასა და შენარჩუნებას. ეს სწავლებები “ათეული – ბატალიონის” რგოლში, როგორც წესი, ცალმხრივია. მათი მსვლელობისას ზოგიერთი ცუდად შესრულებული ილეთი და მოქმედებათა ხერხი შეიძლება ხელახლა იქნას განმეორებული. ბრიგადებთან და დივიზიებთან ჩატარებული სწავლებები კი ჩვეულებრივ ორმხრივია. ისინი იწყება განგაშზე წამოდგომითა და დანიშნულების რაიონში გასვლით.

კომპლექსური სწავლებები ტარდება რამდენიმე თემის მიხედვით, რომელთა შინაარსი შეიცავს მოქმედებათა რამდენიმე ხერხს ან სიტუაციას. მათი მიზანი მდგომარეობს ტაქტიკური ამოცანების დამუშავებასა და მომზადების დადგენილი (განსაზღვრული) დონის მიღწევაში.

შესამოწმებელი (ჩასათვლელი) სწავლებები მიზნად ისახავს ქვედანაყოფის ან ნაწილის საბრძოლო განსწავლულობის განსაზღვრას. ისინი ტარდება კომპლექსური თემის მიხედვით, როგორც წესი, უცნობ ადგილზე, ვითარების თანდათანობით გართულების პირობებში, ზოგიერთ ეტაპზე საბრძოლო სროლით. ქვემოთ მოყვანილია მონაცემები ტაქტიკურ სწავლებათა რაოდენობაზე, რომლებიც ახასიათებენ აშშ სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფების, ნაწილებისა და შენაერთების საბრძოლო მომზადების ინტენსივობასა და დონეს.

ტაქტიკური სწავლებები . . სწავლებათა რაოდენობა . . სწავლებათა ხანგრძლივობა
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . წელიწადში . . . . . . . . . . . . . . . . (დღე-ღამე) . . . . . . . . . . . .

. . . . . . . საათეულო . . . . . . . . . . . . . . . დაახლოებით 10 . . . . . . . . . . . . . . . . . 0,5 . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . საოცეულო . . . . . . . . . . . . . . . . . 4-ზე მეტი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . საასეულო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 8 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3 . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . .საბატალიონო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3 – 4 . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . საბრიგადო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 6 – 8 . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . სადივიზიო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 8 – 10 . . . . . . . . . . . . .

კომპლექსური და შესამოწმებელი სწავლებები ჩვეულებრივ ორმხრივია ან ცალმხრივი მოქმედი მოწინააღმდეგით.

დამოუკიდებელი, ერთობლივი, კომპლექსური და საჩვენებელი სწავლებების გარდა ოცეულებთან, ასეულებთან და ბატალიონებთან შეიძლება ტარდებოდეს სწავლებები საბრძოლო მომზადების ან შესამოწმებელი სწავლებების მსვლელობისას გამოვლენილ კონკრეტულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის, მოქმედებათა ახალი ხერხების დამუშავებისა და ტაქტიკური ნორმატივების პრაქტიკული ათვისების შემოწმების მიზნით. საცეცხლე მომზადების სწავლებისა და კონტროლის ძირითადი ფორმაა სროლები. ამერიკელი სპეციალისტები სროლებს ყოფენ დანიშნულების, საცეცხლე ამოცანების შესრულების საშუალებებისა და მოსწავლეთა შემადგენლობის მიხედვით.

დანიშნულების მიხედვით სროლები შესაძლოა იყოს გაცნობითი, მოსამზადებელი, სასწავლო, სავარჯიშო, საკონტროლო (ჩასათვლელი), საჩვენებელი, საცდელი, საკვალიფიკაციო და საშეჯიბრო.

გასაცნობი სროლები ტარდება მოსწავლეებში რეალური საქმიანობის მკაფიო მოდელების ჩამოყალიბებისა და იარაღით მოქმედებებისას პირველდაწყებითი პრაქტიკული ჩვევების შეძენის მიზნით. მათი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ცეცხლის წარმოების საფუძვლებში მსროლელის განსწავლულობაზე დიდად იქნება დამოკიდებული მისი შემდგომი საქმიანობის შედეგები.

მოსამზადებელი სროლები აუცილებელია უმთავრესად იარაღთან მოპყრობის ილეთების ათვისების, აგრეთვე საშტატო და სხვა საცეცხლე საშუალებებიდან სროლის ცალკეული ილეთებისა და ხერხების დაკარგული ჩვევებისა და ოსტატობის აღდგენის მიზნით.

სასწავლო სროლები ტარდება თანამედროვე ბრძოლის ყველა სახეობაში, განსაკუთრებული პირობების ჩათვლით (ტყეში, მთებში, ქალაქში, ღამით და ა. შ.) სხვადასხვა ხერხითა და სხვადასხვა მიზანში სროლის აუცილებელი ჩვევებისა და ოსტატობის საჭირო დონეზე შენარჩუნებისთვის.

სავარჯიშო სროლები აუცილებელია იარაღის გამოყენებით მოქმედებების სისწორისა და სისწრაფის განმტკიცების, აგრეთვე საქმიანობის მოცემულ სახეობაში მოსწავლეთა ოსტატობის განვითარებისთვის. მათი მსვლელობისას სამხედრო მოსამსახურეები სისტემატიურად იმეორებენ სასწავლო სროლების დროს უკვე შეთვისებულ მოქმედებებს, მაგრამ ამჯერად უფრო რთულ პირობებში. სავარჯიშო სროლების პროცესში მაღლდება მოთხოვნები მოსწავლეთა მიმართ და იზრდება დატვირთვები. ჩვეულებრივ ასეთი ვარჯიშები ტარდება უშუალოდ საკონტროლო სროლების შესრულების წინ.

საკონტროლო (ჩასათვლელი) სროლები ტაქტიკურ მომზადებასთან და საბრძოლო მანქანების ტარებასთან კომპლექსში განსაზღვრავს ქვედანაყოფებისა და ნაწილების საცეცხლე განსწავლულობის დონეს.

საკვალიფიკაციო ისეთ სროლებს ეწოდება, რომელთა შესრულების შედეგების მიხედვითაც სამხედრო მოსამსახურეებს ენიჭებათ კლასი.

საშეჯიბრო სროლები უზრუნველყოფს საცეცხლე მომზადების სტიმულირებას და ხელს უწყობს ჯარების ხარისხიანად სწავლებას (ისინი ხშირად ტარდება ნატო-ს ფარგლებში).

საცეცხლე ამოცანების შესრულების საშუალებთა მიხედით სროლები იყოფა საბრძოლო (პრაქტიკულ) სროლებად და სროლებად საიმიტაციო საშუალებების გამოყენებით. საბრძოლო სროლები ტარდება საშტატო საბრძოლო მასალებით, მაგრამ ეს მნიშვნელოვან მატერიალურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. სახელდობრ, ამერიკელი სპეციალისტების გაანგარიშებით, ტანკიდან რვა სტანდარტული ვარჯიშის შესრულებისთვის აუცილებელი საბრძოლო მასალების ღირებულება შეადგენს 23 ათას დოლარს, ხოლო საწვავის ხარჯვის, ლულების, სათადარიგო ნაწილებისა და საპოლიგონი აღჭურვილობის ცვეთის გათვალისწინებით ეს თანხა 35 ათას დოლარამდეც ადის. ამიტომ უკანასკნელ ხანებში ფართოდ გავრცელდა სროლები სპეციალური იმიტატორების გამოყენებით, განსაკუთრებით კი ლაზერულის.

სროლები, ისევე როგორც საბრძოლო მომზადების სხვა ფორმები, ამერიკულ არმიაში შეიძლება იყოს ინდვიდუალური (ერთეული) და კოლექტიური (ქვედანაყოფების შემადგენლობაში). პირველი, როგორც ვთქვით, აუცილებელია სამხედრო მოსამსახურეთა მიერ საშტატო იარაღის გამოყენებისას ერთეული საცეცხლე მომზადების პრაქტიკის მისაღებად. კოლექტიური სროლები კი განკუთვნილია რაზმების, ჯგუფების, გათვლების, ათეულების, ეკიპაჟების, ოცეულებისა და ასეულების შემადგენლობაში მოქმედებებისას სამხედრო მოსამსახურეებში ოსტატობისა და უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, აგრეთვე საბრძოლო შეთანხმებულობისა და ცეცხლის მართვის შესასწავლად. როგორც უკვე ვთქვით, კოლექტიურ მომზადებას აშშ არმიის სარდლობა განიხილავს როგორც ჯარების სწავლების ძირითად ფორმას. ამასთან ჩვეულებრივ მთავარი ყურადღება ეთმობა ქვედანაყოფების შეთანხმებულობისა და ურთიერთმოქმედების მაღალი დონის მიღწევას, ცეცხლისა და მანევრის ოსტატურ შეხამებას, საბრძოლო მართვას. კოლექტიური სწავლებები (დღისითა და ღამით) ოცეულებთან და ასეულებთან ტარდება, როგორც წესი, საველე გასვლების მსვლელობისას თვეში ერთხელ ჯართა სხვა გვარეობების ქვედანაყოფების ჩართვით. ბატალიონებთან (დივიზიონებთან) სასწავლო წლის განმავლობაში ტარდება არანაკლებ სამი საბრძოლო სროლისა, ამასთან საბრძოლო ვითარებასთან მიახლოებულ პირობებში: აღადგენენ ბრძოლის ხმაურისა და სინათლის ეფექტებს (ახდენენ სხვადასხვა სასროლი იარაღისა და არტილერიის ცეცხლის იმიტაციას, იყენებენ კვამლს, აწყობენ ხანძრებს და სხვა). საბრძოლო სროლების ჩასატარებლად ასეულს ჩვეულებრივ გამოეყოფა 1568 საბრძოლო და 100 ფუჭი ვაზნა, 20 საიმიტაციო და ხუთამდე საკვამლე ხელყუმბარა, აგრეთვე 4,5 კგ ტროტილი.

ვარჯიშები, როგორც სწავლების ერთერთი ფორმა, გამოიყენება უმთავრესად საცეცხლე მომზადებისას. ისინი შესაძლოა იყოს ორი სახეობის: საშტატო საბრძოლო ტექნიკით (იარაღით) და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. უკანასკნელი ტარდება უპირატესად ტრენაჟორებზე საბრძოლო მასალებისა და მოტორესუსრების ხარჯვის გარეშე. მოტოქვეითი (ქვეითი) და სატანკო ქვედანაყოფების პირად შემადგენლობასთან ტარდება, როგორც წესი, სამი საცეცხლე მომზადება 3-3 სთ კვირაში (ერთი – ღამით), რომელთა მსვლელობისას ამუშავებენ ყველაზე უფრო რთულ და განსაკუთრებით საპასუხიმგებლო ამოცანებს. ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, ჯარისკაცმა უნდა იცოდეს კარგი პოზიციის შერჩევა და შეეძლოს ცეცხლის წარმოება ადგილმდებარეობის თავისებურებათა გამოყენებით.

უკანასკნელ წლებში ამერიკულ არმიაში დამკვიდრდა პირადი შემადგენლობის კოლექტიური საბრძოლო მომზადებისთვის სასწავლო პროცესის ორგანიზაციის ისეთი ფორმები, როგორიცაა საველე გასვლები, სწავლების ციკლები (მომზადების კურსები), მეცადინეობები გადაბრუნებული ციკლით და სპეციალიზებული სწავლება. განვიხილოთ ისინი ცალცალკე.

ს ა ვ ე ლ ე გ ა ს ვ ლ ე ბ ი წარმოადგენს ჯარების სხვადასხვა გვარეობათა ქვედანაყოფებისა და ნაწილების ერთობლივ პრაქტიკულ სწავლებას. ასე, აშშ არმიის დივიზიებში ყოველ ექვს თვეში მოტოქვეითი (სატანკო) ბატალიონი დაქვემდებარებაში ღებულობს სატანკო (მოტოქვეით) ასეულს, ერთ-ორ საარტილერიო ბატარეას, საინჟინრო და სხვა ქვედანაყოფებს და სამი-ოთხი კვირით გადის სასწავლო ცენტრში ერთობლივი მომზადებისთვის. ჩვეულებრივ კვირის განმავლობაში მუშავდება ერთი სასწავლო ამოცანა. ყოველი კვირის პირველ სამ დღეღამეს მიმდინარეობს სწავლება ოცეულის შემადგენლობაში, შემდეგ ასეულის. ამოცანის შესრულება მთავრდება საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფის ორდღიანი სწავლების ჩატარებით. ოცეულებისა და ასეულების მომზადებისას ჯგუფის მეთაური ჰყოფს მას საოცეულო და საასეულო ტაქტიკურ ჯგუფებად, რომელთა ორგანიზაციაც სწავლების პროცესში რადენჯერმე იცვლება დასამუშავებელი საბრძოლო მოქმედებების სახეობისა და გადასაწყვეტი ამოცანების მიხედვით.

ანალოგიურად ხორციელდება საველე გასვლები ასეულებისა (ორი კვირა ყოველ სამთვიან პერიოდში) და ოცეულებისთვის (სამი დღე თვეში). მათი ჩატარება რეკომენდირებულია ყოველთვის უცნობ ადგილმდებარეობაზე. ამ მიზნით ხშირად გამოიყენება მეზობელი შენაერთების სასწავლო ველები და მოკავშირე ქვეყნების ტერიტორიები.

როგორც ამერიკელი სპეციალისტები თვლიან, ველზე გასვლები იძლევა ფართო შესაძლებლობებს პირადი შემადგენლობის მიერ პრაქტიკული უნარ-ჩვევების დამუშავებისა და სრულყოფისთვის ბრძოლის სხვადასხვა სახეობაში ამოცანების შესრულებისა და ქვედანაყოფების მოქმედებათა შეთანხმების საქმეში. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ მათზე წყდება ჯართა სხვადასხვა გვარეობის ქვედანაყოფების მჭიდრო ურთიერთმოქმედებისა და ნებისმიერ ვითარებაში მათი მოქმედებების შეთანხმების საკითხები, რადგან მათი აზრით, იარაღის არც ერთ სისტემას და ჯართა არც ერთ გვარეობას, ასევე შეიარაღებული ძალების არც ერთ სახეობას არ შეუძლია თანამედროვე ბრძოლაში დამოუკიდებლად წარმატების მიღწევა.

ს წ ა ვ ლ ე ბ ი ს ც ი კ ლ ე ბ ი (მ ო მ ზ ა დ ე ბ ი ს კ უ რ ს ე ბ ი) გამოიყენება ქვედანაყოფებისა და ნაწილების (ათეულები, ოცეულები და იშვიათად ასეულები, ბატალიონები, ბრიგადები) სპეციალური ილეთებისა და მოქმედებათა ხერხების შესწავლისთვის, ცალკეული რთული საკითხების, ტაქტიკური ამოცანების ან თემების მოკლე დროში დამუშავებისთვის. მაგალითად, საბრძოლო მოქმედებათა რეალურ პირობებში სამოქმედოდ სამხედრო მოსამსახურეთა მომზადებისთვის ყოველ ათეულს უტარდება 3-5 დღიანი სპეციალური მეცადინეობები. მათზე ამუშავებენ პირადი შემადგენლობის მოქმედების ამოცანებს შეტევაში საბრძოლო სროლით. თავიდან ერთეული ჯარისკაცის, შემდეგ ორი ჯარისკაცისა ბრძოლის ველზე, შემდეგ კი ათეულის შემადგენლობაში “მოწინააღმდეგის” ცეცხლის ქვეშ, რომელიც აწარმოებს სროლას საბრძოლო ვაზნებით შემომტევის თავებს ზემოთ.

მეცადინეობები ეწყობა ოცეულის მასშტაბში და მიმდინარეობს სამ ეტაპად. პირველ ეტაპზე მზადდება აღკაზმულობა ცოცვით გადაადგილებისა და გადარბენების შესრულებისთვის, წარმოებს პირადი შემადგენლობისა და იარაღის შენიღბვის ილეთების, აგრეთვე ბრძოლის ველზე მოქმედებათა პირობების შესწავლა. ნელ ტემპში მოძრაობა ჯერ ერთეული ჯარისკაცებისა, შემდეგ ორ-სამ კაციანი ჯგუფებისა და ბოლოს მთელი ათეულისა ფუჭი ვაზნებით სროლით. მეორე ეტაპზე ხორციელდება ვარჯიშები ბრძოლის ველზე მოძრაობაში ელემენტების მიხედვით (საბრძოლო სროლით) ჯარისკაცთა წყვილების და მთლიანად ათეულისა “მოწინააღმდეგის” ცეცხლის ქვეშ.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მესამე ეტაპს, რომელზედაც მუშავდება ათეულის მოქმედებები შეტევაში ტაქტიკურ ვითარებაში საბრძოლო სროლით. იგი იწყება მეცადინეობისთვის ათეულის მზადყოფნის შემოწმებით. თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა ორ-ორი მჭიდი 30-30 ვაზნით და საბრძოლო ხელყუმბარა. შემდეგ ოცეულის მეთაური აცნობს მოსწავლეებს ტაქტიკურ ვითარებას და აძლევს საბრძოლო ბრძანებას. ხელმძღვანელის ნიშანზე ათეული ფარულად იწყებს მოძრაობას შეტევის ობიექტისკენ. როგორც კი საკონტროლო პუნქტზე აღმოაჩენენ ათეულის წინსვლას, “მოწინააღმდეგე” ხსნის ცეცხლს. ამავე დროს მოქმედებაში მოდის ნაღმებისა და ჭურვების აფეთქების იმიტატორები და გამოჩნდება სამიზნეები, რომლებიც აღნიშნავენ ცოცხალ ძალასა და საცეცხლე საშუალებებს. ათეული იშლება საბრძოლო წყობაში და ჭურვების “აფეთქებებს” შორის მანევრირებით ჯარისკაცთა თავებზე გადაფრენილი ტყვიების სტვენის ქვეშ, აწარმოებს ცეცხლს საშტატო იარაღიდან და, დაბრკოლებებისა და ღობურების გადალახვით მიიწევს “მოწინააღმდეგის” თავაცვის წინა ხაზისკენ, 20-40 მ დაშორებიდან ესვრის მას ხელყუმბარებს. თავდაცვითი პოზიციის გადალახვის შემდეგ ათეული ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებიდან ცეცხლის წარმოებით იგერიებს ტანკების კონტრშემოტევას. ამით მეცადინეობა მთავრდება და ოცეულის მეთაური ახდენს გარჩევას, რომელზედაც აფასებს თითოეული ჯარისკაცისა და მთლიანად ათეულის მოქმედებებს.

მოტოქვეითი ქვედანაყოფების სწავლება ტანკებთან ბრძოლისთვის ხორციელდება ტანკსაწინააღმდეგო მომზადების კურსებზე 5-7 დღის განმავლობაში. მეცადინეობები წარმოებს ათეულებისა და ოცეულების შემადგენლობაში ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებიდან საბრძოლო სროლითა და ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარების ტყორცნით.

ევროპულ ომის თეატრზე საბრძოლო მოქმედებათა წარმოებისთვის მოსამზადებლად მოტოქვეითი, სატანკო, სადაზვერვო ბატალიონების, აგრეთვე ბრიგადების საბრძოლო შეთანხმება (боевое слаживание) ხორციელდება მომზადების კურსის პროცესში აშშ სახმელეთო ჯარების ეროვნულ სასწავლო ცენტრში ფორტ-ირვინში (კალიფორნიის შტატი). ის გაანგარიშებულია 2-3 კვირაზე და ტარდება შეტევითი და თავდაცვითი მოქმედებების წარმოების წინასწარ შემუშავებული სცენარების მიხედვით.

ბატალიონების სწავლება ფორტ-ირვინში მიმდინარეობს ზღვისიქითა საომარ მოქმედებათა თეატრებზე (ომთ) ჯარების დაჯგუფებათა გაძლიერების რეალურ გეგმებთან მიახლოებული თანამიმდევრობით. პირველი ამოცანის შესრულების დაწყებამდე რვა-ათი დღით ადრე სასწავლო ცენტრში ჩადის ბრიგადის მეწინავე ჯგუფი ტექნიკის, საბრძოლო მასალების, საწვავ-საცხები მასალების მისაღებად და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებისთვის. ამ მიზნებით ცენტრში დასაწყობებულია იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ოთხი საბატალიონო კომპლექტი (ორი მოტოქვეითი და ორი სატანკო ბატალიონებისთვის), საველე არტილერიისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებები. მეცადინეობათა დაწყებამდე სამი დღით ადრე თვითმფრინავებით მოჰყავთ პირადი შემადგენლობა (ბრიგადის შტაბის ოპერატიული ჯგუფი, ორი ბატალიონი და უზრუნველყოფის ქვედანაყოფები), რომელიც აწარმოებს შეიარაღების განკონსერვებას და ახორციელებს მთელ მოსამზადებელ ღონისძიებებს. ერთი დღით ადრე ტარდება ქვედანაყოფების ინსტრუქტაჟი და ისმება საბრძოლო ამოცანები სწავლების პირველი ეტაპისთვის. მეცადინეობათა დაწყების დღეს ბრიგადა შედის ხელმძღვანელობის ჯგუფის ოპერატიულ დაქვემდებარებაში, რომელიც უკვე აღნიშნავს დივიზიის საბრძოლო მოქმედებათა მართვის ცენტრს, და ბატალიონები იწყებენ მითითებულ ზონებში ამოცანების დამუშავებას.

მომზადების კურსის დასრულების შემდეგ ტარდება მოსწავლეთა მოქმედებების გარჩევა. ბატალიონებისა და ასეულების მეთაურებს ეძლევათ კასეტები ყველა დამუშავებული ამოცანის ვიდეობგერითი ჩანაწერებით შემდგომი დეტალური ანალიზისა და სასწავლო ცენტრში მოქმედებებისთვის მოცემული დივიზიის სხვა ქვედანაყოფების მოსამზადებლად.

აშშ არმიის ჯართა ყველა გვარეობის სამხედრო მოსამსახურეებს უტარდებათ სპეციალური მომზადება (ე. წ. ციკლი “გადარჩენა” – «выживание»), რომლის ძირითადი შინაარსია საბრძოლო ვითარებასა და სხვადასხვანაირ კლიმატურ პირობებში გადარჩენის ილეთებისა და ხერხების შესწავლა. მეცადინეობებზე პირადი შემადგენლობა ამუშავებს ალყაში, წყლისა და საკვების, საბრძოლო მასალების გარეშე გადარჩენის ამოცანებს. მას ასწავლიან ტყვეობიდან გაქცევას, მცენარეების, მწერებისა და ქვეწარმავლებისგან საკვების მომზადებას. სამხედრო მოსამსახურეები სწავლობენ დამალვას, თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის სიგნალების მიცემას, მათ უწესებენ მდუმარებისა და შიმშილის დღეებს, აჩვევენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში უამინდობასა და ყინვაში უძრავად და მოთმინებით ლოდინს და ა. შ.

მაგალითად შეიძლება გამოდგეს ყოფილი მე-9 ქვეითი დივიზიის* მომზადება ზამთრის პირობებში ალიასკის შტატში (ჰაერის ტემპერატურა -30⁰C-ზე დაბალი იყო). პროგრამა ითვალისწინებდა შემდეგი საკითხების დამუშავებას: პირველი კვირა – სამხედრო მოსამსახურეთა ინდივიდუალური მომზადება, რუკისა და კომპასის დახმარებით ადგილზე ორიენტირება, დაბალი ტემპერატურის პირობებში გადარჩენის ხერხების შესწავლა, მოქმედებანი ათეულებისა და ოცეულების შემადგენლობაში; მეორე კვირა – სათხილამურო მომზადება ინდივიდუალური იარაღიდან საბრძოლო სროლით, საასეულო ტაქტიკური სწავლება; მესამე კვირა – საბრიგადო ტაქტიკური სწავლება ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფების მონაწილეობით (*80-იანი წლების მეორე ნახევარში ამ დივიზიის ბაზაზე ჩამოყალიბებულ იქნა მე-9 მოტორიზებული დივიზია, რომელსაც 1989 წლის მონაცემებით მეთაურობდა გენერალ-მაიორი ჯონ შალიკაშვილი. ეს გახლდათ ექსპერიმენტული შემადგენლობის დივიზია და ამჟამად იგი გაუქმებულია).

საპარაშუტო-სადესანტო მომზადების კურსი (სამი კვირა) ითვალისწინებს პარაშუტების მატერიალური ნაწილისა და მათი გამოყენების ინსტრუქციების შესწავლას, თვითმფრინავში ჩასხდომისა და დესანტირების ტექნიკის ათვისებას, 20 და 80 მ სიმაღლის ანძებიდან ხტომის დამუშავებას, C-130 სატრანსპორტო თვითმფრინავიდან ხუთ-ხუთი ხტომის პრაქტიკულ შესრულებას.

ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის სწავლება დასახლებულ პუნქტებში ბრძოლის წარმოებისთვის ხორციელდება ერთკვირიანი კურსის განმავლობაში, რომელიც ითვალისწინებს ინდივიდუალურ მომზადებასა და კოლექტიურ მომზადებას ათეულების, ოცეულების, ასეულებისა და მთლიანად ბატალიონების შემადგენლობაში.

ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, ქვედანაყოფებისა და ნაწილების სწავლების ორგანიზაცია სწავლების ციკლების (მომზადების კურსების) სახით იძლევა ყურადღების გამახვილების შესაძლებლობას ამოცანების განსაზღვრული წრის, ილეთებისა და მოქმედებათა ხერხების შეწავლაზე, რომელთა დამუშავების ხარისხიც მეცადნეობათა სხვა ფორმებით ჩატარებისას ვერ უზრუნველყოფს მომზადების სასურველი დონის მიღწევას. ეს ხელს უწყობს შეხედულებათა ერთიანობის გამომუშავებას ცალკეული საკითხების, თემებისა და საგნების მიხედვით სწავლებისადმი მიდგომაზე, იძლევა კონკრეტულ ამოცანათა მცირე რაოდენობის გადაწყვეტის ხერხის უფრო დეტალურად შესწავლის საშუალებას, აგრეთვე გამოვლენილი ნაკლოვანებების დროულად აღმოფხვრის შესაძლებლობას.

ს წ ა ვ ლ ე ბ ა გ ა დ ა ბ რ უ ნ ე ბ უ ლ ი ც ი კ ლ ი თ ითვალისწინებს დღისით ჩასატარებელ მეცადინეობათა ნაწილის ღამით გადატანას, რაც აუცილებელია ღამით ბრძოლისთვის პირადი შემადგენლობის მოსამზადებლად. ციკლი იწყება საღამოს მეცადინეობით და გრძელდება მომდევნო დღის დილამდე. გამთენიისას იგი მთავრდება, ხდება გარჩევა და ამის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები ისვენებენ. საღამოს დადგომისას მეცადინეობები ისევ ახლდება. საბრძოლო მომზადებისა და ჯარების საბრძოლო მზადყოფნის შეფასების მეთოდური რეკომენდაციების ARTEP 7-15-ის თანახმად სასწავლო ამოცანების დამუშავება ხდება შემდეგნაირად: თავიდან ეწყობა გაცნობითი მეცადინეობა ღამით საბრძოლო მოქმედებების წარმოებაში, შემდეგ კი ეს მოქმედებები მუშავდება ცალკეულ ელემენტებად. შემდგომში პროცესი რთულდება: პირადი შემადგენლობა სწავლობს მოქმედებებს ოცეულისა და ასეულის შემადგენლობაში ბრძოლის სხვადასხვა სახეობაში, მათ შორის ღამით საბრძოლო სროლით. ციკლი მთავრდება ტაქტიკური სწავლებით. პროგრამა ითვალისწინებს ასეთი ფორმით სწავლების განხორციელებას ათეულებთან (ეკიპაჟებთან, გათვლებთან) სამი რვასაათიანი მეცადინეობით თვეში და ერთი დღეღამური მეცადინეობით სამთვიან პერიოდში, ოცეულებთან – პერიოდის მანძილზე უწყვეტად 3-5 დღეღამის განმავლობაში და ბატალიონებთან – ერთხელ წელიწადში 7-10 დღეღამის განმავლბაში. ამასთან, თუ ასეული “სპეციალიზდება” ღამით საბრძოლო მოქმედებების წარმოებაში, მაშინ მეცადინეობები ტარდება პერიოდში ერთხელ 5-7 დღეღამის განმავლობაში.

ამერიკელი სპეციალისტების აზრით, სწავლების ორგანიზება გადაბრუნებული ციკლით მეცადინეობების ფორმით საშუალებას იძლევა საბრძოლო მომზადებისთვის უფრო სრულად იყენებდნენ ღამის დროს, ღრმად და ფართოდ შეისწავლიდნენ ღამით ბრძოლის წარმოების საკითხებს, გარკვეული დონით ახდენდნენ პირადი შემადგენლობის ფსიქიკის შეგუებას ღამით მოქმედებებთან, უმცირებდნენ მას დაღლას და უმაღლებდნენ შრომისუნარიანობას.

ს პ ე ც ი ა ლ ი ზ ე ბ უ ლ ი ს წ ა ვ ლ ე ბ ა. ქვედანაყოფების სპეციალიზებული სწავლება, როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზაციის ფორმა მაში მდგომარეობს, რომ ბატალიონის თითოეულ ასეულს მიეწერება სასწავლო სპეციალობა: მაგალითად A ასეულს – საბრძოლო მოქმედებების წარმოება ღამით, B ასეულს – მოწინააღმდეგის ტანკებთან ბრძოლა, C ასეულს – ქალაქში ბრძოლა. თითოეულ მათგანს ევალება მიაღწიოს თავის სპეციალობაში მომზადების მაღალ დონეს, ხოლო შემდეგ კი ამ ასეულიდან გამოყოფილი ინსტრუქტორებისა და კონსულტანტების დახმარებით ასწავლოს სხვა ქვედანაყოფებს. სპეციალისტების შეფასებით, მომზადების ასეთი ფორმა ამცირებს სწავლების დროს, უფრო ხარისხიანს ხდის ქვედანაყოფების სპეციალურ მომზადებას, განსაზღვრავს პირადი შემადგენლობის მოქმედებათა ერთიანობას ვითარების სხადასხვანაირ პირობებში ამოცანების შესრულებისას.

დასასრულს უნდა ითქვას, რომ პირადი შემადგენლობის სწავლების ზემოთ განხილული ფორმები სახმელეთო ჯარების სასწავლო პროცესში გამოიყენება მკაცრად განსაზღვრული მეთოდური თანამიმდევრობით. დასაწყისში ხდება სასწავლო მასალის ზოგადი თეორიული გაცნობა, შემდეგ სწავლების ტექნიკური და სასწავლო-საწვრთნელი საშუალებების გამოყენებით აუცილებელი უნარ-ჩვევებისა და ოსტატობის შეძენა და, ბოლოს, სწავლებათა, სროლებისა და სხვადასხვანაირი ვარჯიშების პროცესში მათი განმტკიცება.

V. 4. საბრძოლო მომზადების მსვლელობის კონტროლი


ყველა რანგის მეთაურთა საქმიანობა და საბრძოლო მომზადება აშშ არმიაში მიმდინარეობს ზემდგომი შტაბებისა და უფროსების მუდმივი კონტროლის ქვეშ, რომლებიც ქვემდგომი მეთაურებისთვის განსაზღვრავენ ძირითად სასწავლო ამოცანებს, ორგანიზაციას უწევენ აუცილებელ მატერიალურ უზრუნველყოფას, ატარებენ პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების შემოწმებას და ამის საფუძველზე ახდენენ მისი საბრძოლო მზადყოფნის შეფასებას.

საბრძოლო მომზადების მსვლელობაზე კონტროლს არმიის სარდლობა განიხილავს როგორც სწავლების პროცესის უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ელემენტს. ასეთი კონტროლი სტიმულს აძლევს სისტემატიურ მუშაობას საბრძოლო მომზადების პროგრამული მასალის შესრულების, სამხედრო მოსამსახურეთა პროფესიული ოსტატობის სრულყოფის, აგრეთვე ქვედანაყოფების საბრძოლო შეთანხმების საქმეში. იგი იძლევა მისი ფუნქციური მოვალეობების შესრულებაში პირადი შემადგენლობის განსწავლულობის დონისა და ქვედანაყოფებისა და ნაწილების საბრძოლო მზადყოფნის ხარისხის ობიექტურად დადგენის შესაძლებლობას.

ამერიკულ სამხედრო ლიტერატურაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით საბრძოლო მომზადების მსვლელობის კონტროლის ძირითად ფორმებს წარმოადგენს შემოწმებები. ისინი განიხილება როგორც საბრძოლო მომზადების შემადგენელი ნაწილი და ტარდება მაღალი ინტენსივობით. მათ ეთმობა სასწავლო დროის 14%-მდე. შესამოწმებელთა შემადგენლობის მიხედვით ისინი შესაძლოა იყოს ინდივიდუალური და კოლექტიური, ხოლო ჩატარების მეთოდისა და დროის მიხედვით – მიმდინარე, საკონტროლო და საინსპექტორო.

ინდივიდუალურ სასწავლო ამოცანებს ამუშავებენ თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის მისი სამსახურის ვადის, განსწავლულობის ხარისხის, ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარების დონის, მიდრეკილებების, ოსტატობისა და შესაძლებლობების, აგრეთვე სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამ მოთხოვნების შესაბამისად ყოველი ინდივიდუალური სასწავლო ამოცანა სხვა არაფერია, თუ არა მოცეულ ეტაპზე სამხედრო მოსამსახურის მომზადების დონისადმი მინიმალურ მოთხოვნათა ჩამონათვალი. სასწავლო ცენტრიდან ქვედანაყოფში მოსული სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც უკვე გაიარა გარკვეული მომზადება, სულ მცირე ჩინებულად უნდა ისროდეს საშრტატო იარაღიდან, იცოდეს M60 და M249 ტყვიამფრქვევების, M72A2 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნის მოწყობილობა, განსაზღვრავდეს მოწინააღმდეგის მიერ მასობრივი დაზიანების იარაღის გამოყენების ნიშნებს და ღებულობდეს მისგან დაცვის ზომებს, იცოდეს შენიღბვის ილეთები, შეეძლოს ინდივიდუალური სანგრის მოწყობა, ელექტროამფეთქებლიანი ნაღმის “ქლეიმორის” დაყენება, ამოღება და ამოქმედება, იცოდეს AN/PRC-77 რადიოსადგურის, აგრევე ტელეფონის აპარატის მოწყობილობა და შეეძლოს მასზე მუშაობა, 30 მ-ზე ტყორცნიდეს ხელყუმბარას, პირველ სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენდეს დაჭრილსა და ავადმყოფს, მოიპოვებდეს სადაზვერვო ინფორმაციას, 300 ქულაზე მეტს აგროვებდეს ფიზიკურ მომზადებაში, კვირაში ერთხელ დარბოდეს 5 მილს 50 წთ-ში, ხოლო სამ თვეში ერთხელ 12 სთ-ზე ნაკლებ დროში ასრულებდეს 25 მილზე მარშს.

ინდივიდუალური შემოწმებები ტარდება სამხედრო მოსამსახურეთა ერთეული მომზადების დონის განსაზღვრისა და მასში ნაკლოვანებათა გამოვლენისთვის.

ინდივიდუალურ მიმდინარე შემოწმებებს სწავლების პროცესში ამორჩევითი მეთოდით ატარებენ ბატალიონების მეთაურები და შტაბები, ასეულების მეთაურები და უფრო იშვიათად – ოცეულების მეთაურები სულ მცირე კვირაში ერთხელ და მოსწრებაზე ნიშნების აუცილებელი დასმით. თუ შემწმებათა მსვლელობისას გამოვლინდა, რომ ჯარისკაცმა მოცემულ ეტაპზე სწავლების პროგრამა ვერ აითვისა, მაშინ მას უტარდება დამატებითი მეცადინეობები და ერთი კვირის შემდეგ დაენიშნება განმეორებითი შემოწმება. თუკი ამჯერადაც ვერ მიაღწევს წარმატებას, მაშინ მას გზავნიან “ჯარისკაცის სკოლაში” (სასწავლო ბატალიონში) ინტენსიური მომზადების სპეციალური კურსის გასავლელად. ჯარისკაცის მიერ დადებითი შეფასების მიღებისას მისი ოცეულის მეთაური ატყობინებს ამის თაობაზე ოფიცერს, რომელიც აწარმოებს ასეულის საბრძოლო მომზადების აღრიცხვას, და ეს ჯარისკაცი აგრძელებს მეცადინეობებს თავისი ქვედანაყოფის შემადგენლობაში.

სამხედრო მოსამსახურეთა ინდივიდუალური (ერთეული) მომზადების საკონტროლო შემოწმებები ტარდება ამ სამხედრო მოსამსახურეთა მიერ მათთვის დადგენილი მაჩვენებლების შესრულების შეფასებისთვის. მათ, როგორც წესი, სამთვიან პერიოდში ერთხელ ატარებენ ბატალიონების შტაბის ოფიცრები ბრიგადების შტაბების წარმომადგენლებთან ერთად. გარდა ამისა, პირადი შემადგენლობის ინდივიდუალური მომზადება მოწმდება საკვალიფიკაციო ჩათვლების მსვლელობისას (ნახევარ წელიწადში ერთხელ).

კოლექტიური სწავლების შინაარსი განსაზღვრავს კოლექტიურ სასწავლო ამოცანებს. მათ ამუშავებენ თითოეული ათეულის (ეკიპაჟის, გათვლის), ოცეულის, ასეულის, ბატალიონისა და ბრიგადისთვის. ამ ამოცანების სირთულე დამოკიდებულია პირადი შემადგენლობის განსწავლულობის დონესა და ბრძოლის ამა თუ იმ სახეობაში საბრძოლო შეთანხმებულობაზე. ყოველი ასეთი ამოცანა წარმოადგენს საბრძოლო მომზადების ურთიერთდაკავშირებული საკითხების კომპლექსს. მისი შინაარსის საფუძველს შეადგენს ერთერთი სასწავლო დისციპლინის თემა, ხოლო სხვა ნაწილები კი სწავლების სხვადასხვა საგანთა საკითხებია, რომლებსაც სამხედრო მოსამსახურეები შეისწავლიან ძირითადი თემის დამუშავებისას. სახელდობრ, ველზე ტაქტიკური ამოცანების შესრულებისას ქვედანაყოფები წყვეტენ სადაზვერვო, საცეცხლე, სამედიცინო და საბრძოლო ამოცანების სხვა სახეობათა საკითხებს.

თითოეული საკითხის დამუშავება მიმდინარეობს ამოცანაში მითითებულ პირობებში, რომლებიც ფასდება დადგენილი მაჩვენებლების მიხედვით. ამოცანაში მოკლედ გადმოიცემა საწყისი ტაქტიკური ვითარება, ჩამოითვლება სასწავლო საკთხები, განისაზღვრება ქვედანაყოფის ბრძოლისუნარიანობის შეფასების წესი, მიეთითება სწავლების ჩასატარებლად გამოსაყენებელი ძალები და საშუალებანი, აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. ქვედანაყოფებისა და ნაწილების მეთაურები კოლექტიურ სასწავლო ამოცანებს ამუშავებენ საბრძოლო მომზადების პროგრამაში გადმოცემული სასწავლო ამოცანების სანიმუშო ჩამონათვალის შესაბამისად. მომზადების შედეგების შეფასებისთვის ქვედანაყოფების სასწავლო ამოცანები იყოფა სირთულის ოთხ ხარისხად. სირთულის გარკვეული ხარისხის ამოცანის შესრულება უზრუნველყოფს მომზადების სათანადო დონის მიღწევას, რომელიც, თავის მხრივ, მეტყველებს ქვედანაყოფის საბრძოლო მომზადების გარკვეული დონის შესახებ (ცხრილი 2).

ცხრილი 2

ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების ხარისხის დამოკიდებულება მათი მომზადების დონეზე

მომზადების . . . მომზადების დონის შინაარსი . . . . . . . . . . ბრძოლისთვის . . . .
დონეები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მზადყოფნის ხარისხი

. . . # 1 . . . . . . . . . . ბრიგადა-ბატალიონის (ასეული-ოცეულის) . . . . . . . . . . . C-1 . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . სასწავლო ამოცანები, რომელთა შესრულე- . . . “ბრძოლოსთვის სავ-
. . . . . . . . . . . . . . . . ბამდეც დარჩა ორი (ერთი) კვირა . . . . . . . . . . . . . .სებით მზადმყოფია”

. . . # 2 . . . . . . . . . .ბრიგადა-ბატალიონის (ასეული-ოცეულის) . . . . . . . . . . . . C-2 . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . .სასწავლო ამოცანები,რომელთაც სამი-ოთხი . . . “ბრძოლისთვის ძირი-
. . . . . . . . . . . . . . . .(ორი) კვირა დარჩათ ბრძოლისთვის მზადყო- . . . თადად მზადმყოფია”
. . . . . . . . . . . . . . . .ნის C-1 ხარისხის მისაღწევად . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

. . . # 3 . . . . . . . . . ბრიგადა-ბატალიონის (ასეული-ოცეულის) . . . . . . . . . . . . . C-3 . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . სასწავლო ამოცანები, რომელთაც ხუთი- . . . . . . . .“ბრძოლისთვის შეზ-
. . . . . . . . . . . . . . . ექვსი კვირა დარჩათ საბრძოლო მზადყოფნის . . . ღუდულად მზად-
. . . . . . . . . . . . . . . C-1 ხარისხის მისაღწევად . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მყოფია . . . . . . . .

. . . # 4 . . . . . . . . . ბრიგადა-ბატალიონის (ასეული-ოცეულის) . . . . . . . . . . . . . .C-4 . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . სასწავლო ამოცანები, რომელთაც შვიდ (ხუთ) . . . . “ბრძოლისთვის მზად
. . . . . . . . . . . . . . . კვირაზე მეტი სჭირდებათ საბრძოლო მზადყოფ- . . . არ არის” . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . ნის C-1 ხარისხის მისაღწევად . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ცხრილში მოცემული სირთულის მესამე ხარისხის ტაქტიკური ამოცანების ძირითადი თემები შეიძლება იყოს შეტევა, თავდაცვა, შემხვედრი ბრძოლა, უკანდახევა, დაზვერვა. სირთულის მეორე ხარისხის ამოცანების თემები შედარებით უფრო რთულდება. სახელდობრ, ბატალიონი შესაძლოა ასრულებდეს უზრუნველყოფის ზოლის გადალახვის, ტაქტიკურ საჰაერო დესანტებთან ბრძოლის, ტაქტიკური აერომობილური ჯგუფების შემადგენლობაში მოქმედებისა და სხვა სასწავლო ამოცანებს. სირთულის პირველი ხარისხის სასწავლო ამოცანების თემატიკა მოიცავს შემკავებელ მოქმედებებს, ღამით შეტევას, ქალაქში თავდაცვას, საჰაერო დესანტირებასა და ა. შ.

ამერიკული სარდლობა თვლის, რომ ცალკეული საგნების ტაქტიკისგან მოწყვეტით შესწავლამ მთლიანობაში უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს საბრძოლო მომზადების ხარისხის ამაღლებაზე. საბრძოლო მომზადების სასწავლო ამოცანების მიხედვით ორგანიზებაში იგი ხედავს სასწავლო პროცესის ინტენსიფიკაციისა და მთლიანობაში ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის მომზადებაზე დროის შემცირების ერთერთ რეალურ გზას.

კოლექტიური შემოწმებები ტარდება ქვედანაყოფების, ნაწილებისა და შენაერთების განსწავლულობის ხარისხისა და საბრძოლო შეთანხმებულობის განსაზღვრის მიზნით.

კოლექტიური მიმდინარე შემოწმებები (ე. ი. მთლიანობაში ქვედანაყოფების შემოწმებები) ხორციელდება, როგორც წესი, ყოველდღიური სწავლების მსვლელობისას მასწავლებელი მეთაურებისა და ზემდგომი შტაბების წარმომადგენელთა მიერ. ისინი მიზნად ისახავს ქვედანაყოფებისა და ნაწილების საბრძოლო შეთანხმებულობაზე კონტროლის განხორციელებას, დამუშავებული სასწავლო მასალის მოცულობისა და ხარისხის განსაზღვრას, სწავლებაში არსებული ნაკლოვანებების გამოვლენას.

კოლექტიური საკონტროლო შემოწმებები ათეულებთან (ეკიპაჟებთან, გათვლებთან), ოცეულებთან, ასეულებთან და ბატალიონებთან ტარდება ყოველი სამთვიანი პერიოდის ბოლოში მათ მიერ მიღწეული საბრძოლო მზადყოფნის დონის მათთვის დადგენილ მაჩვენებლებთან შესაბამისობის განსაზღვრისთვის. მათი დადებითი შეფასება წარმოადგენს სირთულის ერთი დონის სასწავლო ამოცანების შესრულების ოფიციალურ დადასტურებას და ნების დართვას მეორეზე გადასასვლელად. ამ შემოწმებათა მსვლელობისას სასწავლო ამოცანებს ნაწილები და ქვედანაყოფები წყვეტენ კომპლექსში სხვა საგნებთან ერთად. მაგალითად, ბატალიონი გაძლიერების საშუალებებით გაჰყავთ ველზე, სადაც შემოწმებისთვის გამოყოფილი დროის განმავლობაში მისი ქვედანაყოფები თანამიმდევრობით ათეულიდან (ეკიპაჟიდან) ბატალიონამდე მთლიანობაში ასრულებენ საკონტროლო ამოცანებს, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება მათი საბრძოლო მზადყოფნის შეფასება. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქვედანაყოფების შეთანხმებულობას, ცეცხლისა და მანევრის შეხამების მათეულ უნარს, თანამედროვე ბრძოლის განსხვავებულ სიტუაციებში ტაქტიკური ილეთებისა და მოქმედებათა შესრულების სისწრაფეს, სისწორესა და მკაფიოობას, ადგილმდებარეობის, ტექნიკისა და იარაღის სახეობათა რაციონალურ გამოყენებას, მიცემულ ქვედანაყოფებთან მჭიდრო ურთიერთმოქმედების ორგანიზაციას, მეთაურების უნარს ბრძოლაში ქვედანაყოფების მართვის საქმეში.

თუკი ქვედანაყოფი დადგენილი მაჩვენებლებიდან (ნორმატივებიდან) თუნდაც ერთ-ერთში არადამაკმაყოფილებელ შეფასებას მიიღებს, შემოწმება გადაიდება და ამ ქვედანაყოფს მიეცემა დრო ნაკლოვანებათა აღმოსაფრხვრელად. განმეორებითი შემოწმება იგეგმება პირველიდან არაუადრეს ექვსი კვირის შემდეგ.

როგორც კოლექტიურ ისე ინდივიდუალურ სწავლებათა საინსპექტორო შემოწმებები ხორციელდება ზემდგომი ინსტანციების გეგმებით პირადი შემადგენლობისა და მთლიანობაში ქვედანაყოფის განსწავლულობის, საბრძოლო მომზადებისა და ბრძოლისთვის მზადყოფნის დონის შემოწმების ორგანიზაციისა და მეთოდიკის ყოველმხრივი შესწავლისა და შეფასების მიზნით.

(დასასრული იხ. ნაწილი II)

ირაკლი ხართიშვილი

No comments:

Post a Comment