Wednesday, October 10, 2012

აშშ სახმელეთო ჯარების დაკომპლექტება და საბრძოლო მომზადება; ოფიცერთა კადრების მომზადება და მათ მიერ სამსახურის გავლა

(ნაწილი II)

II ნაწილის შინაარსი


VI. აშშ არმიის მზადმყოფი რეზერვის საბრძოლო მომზადება
. . . VI. 1. აშშ არმიის სარეზერვო კომპონენტების მოკლე მიმოხილვა
. . . VI. 2. აშშ არმიის ეროვნული გვარდიის საბრძოლო მომზადება
. . . VI. 3. სახმელეთო ჯარების მზადმყოფი ინდივირუალური რეზერვისტების მომზადება
VII. აშშ სახმელეთო ჯარების ოფიცერთა კადრების მომზადება და მათ მიერ სამსახურის გავლა
. . . VII. 1. აშშ არმიის უმცროს ოფიცერთა კადრების მომზადება
. . . VII. 1. 2. აშშ არმიის რეზერვის ოფიცერთა ჯარსგარეშე მომზადება
. . . VII. 1. 3. საოფიცრო საკანდიდატო სკოლები
. . . VII. 2. აშშ არმიის ოფიცერთა სამსახურის პირობები
. . . VII. 3. აშშ არმიის უფროს ოფიცერთა მომზადება
. . . VII. 4. აშშ არმიის უმაღლეს ოფიცერთა მომზადება
. . . VII. 5. გენერლების სამსახური აშშ არმიაში
. . . VII. 6. ოფიცრების ატესტაცია აშშ არმიაში
გამოყენებული ლიტერატურა

VI. აშშ არმიის მზადმყოფი რეზერვის საბრძოლო მომზადება


VI. 1. აშშ არმიის სარეზერვო კომპონენტების მოკლე მიმოხილვა*

(*აშშ სახმელეთო ჯარების სტრუქტურას და მასთან ერთად არმიის სარეზერვო კომპონენტებსაც უფრო დაწვრილებით განვიხილავთ შემდეგ ნაშრომში)

აშშ სახმელეთო ჯარებში (როგორც მთლიანად შეიარაღებულ ძალებშიც) სარეზერვო კომპონენტებს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. აზიისა და ევროპისგან ორი დიდი ოკეანით იზოლირებულ ქვეყანას თავდაცვისთვის მრავალრიცხოვანი მუდმივი ჯარის შენახვის საჭიროება არ ჰქონია. ვითარება შეიცვალა პირველი და განსაკუთრებით კი მეორე მსოფლიო ომების დროს, როცა შექმნილმა სამხედრო-პოლიტიკურმა ვითარებამ მოითხოვა საბრძოლო ოპერაციებში შეერთებული შტატების ჩართვაც. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი ქვეყნის ხელმძღვანელობამ საბოლოოდ უარი თქვა ადრინდელი იზოლაციონისტური პოლიტიკის გატარებაზე და აშშ-ის უსაფრთხოებისთვის აუცილებლად მიიჩნია მსოფლიოს საკვანძო რეგიონებში აქტიური სამხედრო და პოლიტიკური საქმიანობის გაჩაღება. ასეთი პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად იქცა უკვე მშვიდობიანობის დროს ამერიკული რეგულარული შეიარაღებული ძალების დაჯგუფებათა მეწინავე სამხედრო ყოფნა ზღვისიქითა ტერიტორიებზე – დასავლეთ ევროპაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში, ინდოჩინეთში, ლათინურ ამერიკასა და სხვა რეგიონებში.

ამ პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინეს აშშ შეიარაღებული ძალების (და მასთან ერთად – არმიის) სარეზერვო კომპონენტებმაც. ისინი იყოფა სამ შემადგენელ ნაწილად: ე. წ. მზადმყოფი რეზერვი (Ready Reserve), რომელსაც ლიტერატურაში ხშირად 1-ლი რიგის რეზერვსაც უწოდებენ, საყრდნობი ანუ მხარდამჭერი რეზერვი (Standny Reserve) – მე-2 რიგის რეზერვი და განთავისუფლებული რეზერვი (Retired Reserve) – მე-3 რიგის რეზერვი.

არმიის მზადმყოფი რეზერვი ადმინისტრაციულად შედგება არმიის ეროვნული გვარდიისა და არმიის რეზერვისგან. სამობილიზაციო და დაბრძოლო მზადყოფნის მიხედვით კი ორგანიზებული რეზერვისა და ინდივიდუალურად მომსახურე რეზერვისტებისგან. ორგანიზებული რეზერვი არის როგორც არმიის ეროვნულ გვარდიაში, ისე არმიის რეზერვის შემადგენლობაშიც და იგი მოიცავს რეგულარული სახმელეთო ჯარების ანალოგიურად დაკომპლექტებულ შენაერთებსა და ცალკეულ ნაწილებს, ხოლო ინდივიდუალური რეზერვი კი შედიხ მხოლოდ არმიის რეზერვის შემადგენლობაში და იგი განკუთვნილია ბრძოლის ველზე შენაერთებისა და ნაწილების მიერ განცდილი დანაკარგების დროულად შევსებისთვის. მთლიანობაში აშშ სახმელეთო ჯარების მზადმყოფი რეზერვი განკუთვნილია საჭიროების შემთხვევაში რეგულარული სახმელეთო ჯარების შენაერთებისა და ნაწილების საბრძოლო და რიცხობრივი შემადგენლობის გასაზრდელად (ძირითადად ორგანიზებული რეზერვი), საბრძოლო მოქმედებების შედეგად განცდილი დანაკარგების შესავსებად (ინდივიდუალური რეზერვი), ხოლო საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში კი იგი უნდა იქცეს გაწვეულ სამხედროვალდებულთა განსწავლისა და მათგან ახალი შენაერთებისა და ნაწილების ჩამოყალიბების ბაზად (არმიის რეზერვის 12 სასწავლო დივიზია).

არმიის ეროვნული გვარდია (Army National Guatd – ANG) თავის შემადგენლობაში შეიცავს რეგულარული სახმელეთო ჯარების შტატებით დაკომპლექტებულ, იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით აღჭურვილ სხვადასხვა ტიპის დივიზიებს, ცალკეულ (ამერიკული ტერმინოლოგიით – დამოუკიდებელ) ბრიგადებს, ჯავშანსაკავალერიო პოლკებს, სპეციალურ ოპერაციათა ძალების ჯგუფებს, საბრძოლო, საბრძოლო უზრუნველყოფისა და ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფებს, რომლებიც განკუთვნილია რეგულარული არმიის შენაერთებისა და ცალკეული ნაწილების საომარი დროის შტატებით სრულად დაკომპლექტებისთვის, ზღვისიქითა ომთ-ებზე გაშლილი დაგჯუფებების გაძლიერების ან ახალ დაჯგუფებათა გაშლისთვის.

არმიის რეზერვი (Army Resrve – AR) მოიცავს ასევე რეგულარული არმიის შტატებით დაკომპლექტებულ ბრიგადებს, სპეციალურ ოპერაციათა ძალების გუფებსა და უზრუნვეყოფის ქვედანაყოფებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში რეგულარული სახმელეთო ჯარების გასაძლიერებლად არიან განკუთვნილნი; გარდა ამისა, არმიის რეზერვის შემადგენლობაში ირიცხებიან, როგორც ვთქვით, ინდივიდუალური მზადმყოფი რეზერვისტები (Individual Ready Resrve), რომლებმაც მანამდე უკვე იმსახურეს რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში ან ორგანიზებულ რეზერვში და განკუთვნილი არიან საბრძოლო მოქმედებების საწყის პერიოდში განცდილი დანაკარგების შესავსებად. ამავე დროს არმიის რეზერვში არის სასწავლო-საწვრთნელი დივიზიები და ბრიგადები, რომლებშიც მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში ორგანიზებულ უნდა იქნას გაწვეული სამხედროვალდებული პირების მომზადება.

სტრატეგიული კვლევების ლნდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 1995 წლის 1 ივნისის მდგომარეობით აშშ არმიის მზადმყოფ რეზერვში მსახურობდა 1041000 ადამიანი, ამათგან ეროვნულ გვარდიაში 387000, ხოლო არმიის რეზერვში კი – 654000.

მხარდამჭერი ანუ საყრდენი რეზერვი (1995 წლის მონაცემებით 1100 ადამიანი) შედგება სამხედრო სწავლებაგავლილი ინდივიდუალური რეზერვისტებისგან, რომლებმაც რეგულარულ არმიაში იმსახურეს არანაკლებ 6 წლისა. ისინი აღრიცხვაზე მყოფებიან 60 წლის ასაკამდე და გაიწვევიან მხოლოდ სრული ან საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებისას.

განთავისუფლებული რეზერვი (1995 წლის მონაცემებით 131000 ადამიანი) შედგება ძირითადად 45 წელზე მეტი ასაკის თადარიგის ოფიცრებისა და სერჟანტებისგან, რომლებსაც რგულარულ ძალებსა და ორგანიზებულ რეზერვში ნამსახურები აქვთ არანაკლებ 20 წლისა. ისინი აღრიცხვაზე იმყოფებიან რეგულარულ ჯარებსა ან რეზერვში 30 წლის სამსახურის ან 60 წლის ასაკის მიღწევამდე. მათი გაწვევა ხორციელდება ისევე, როგორც მე-2 რიგის რეზერვისტებისა.

მშვიდობიანობის დროს მე-2 და -3 რიგის რეზერვისტები საბრძოლო მომზადებას არ გადიან, ამდენად ჩვენთვის საინტერესოა 1-ლი რიგის რეზერვის ანუ მზადმყოფი რეზერვის პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების განხილვა. უნდა ითქვას, რომ ეს საკითხი მჭიდროდ უკავშირდება თავად ამერიკული სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეხედულებებს სარეზერვო ფორმირებათა ოპერატიული დანიშნულებისა და საბრძოლო გამოყენების შესახებ. სახელდობრ, 70-იან წლებამდე ამერიკული სარდლობა ორგანიზებულ რეზერვს განიხილავდა როგორც ზღვისიქითა ომთ-ებზე გაშლილი ჯარების გაძლიერებისთვის განკუთვნილი სტრატეგიული რეზერვის მეორე ეშელონს (პირველ ეშელონს კი შეადგენდა აშშ კონტინენტურ ნაწილში დისლოცირებული რეგულარული სახმელეთო ჯარების დაჯგუფება). შესაბამისად მისი ფორმირებები შეიარაღებული იყო შედარებით მოძველებული ტექნიკით და პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადებასაც ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. მიუხედავად ამისა, კორეის ომში (1950-1953 წლები) რეზერვისტებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს, რაც განპირობებული იყო იმით, რომ მათ უმრავლესობას მეორე მსოფლიო ომის ფრონტებზე გამობრძმედილი ვეტერანები შეადგენდნენ. მაგრამ ვიეტნამის ომის წლებში კი (1961-1973), ამერიკულ საზოგადოებაში ამ ომის არაპოპულარობის გამო, სარეზერვო ფორმირებათა ორგანიზებული გაწვევა ფაქტიურად ვერ მოხერხდა. გაწვევის ჩავარდნამ გამოიწვია ამ სახედრო კამპანიის გაკვეთილების გაანალიზების დროს რეზერვის როლის, დანიშნულებისა და ამოცანების გადაფასება ამერიკული ადმინისტრაციის მიერ “ეროვნული უსაფრთხოების” განახლებული სტრატეგიის გამომუშავებისას. აღნიშნული სტრატეგიის საფუძველზე აშშ თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა და 1973 წლიდან ოფიციალურად გამოაცხადა “ერთიანი ძალების” ახალი კონცეფცია (Total Force Policy), რომელიც სხვათა შორის ითვალისწინებდა “რეგულარული ჯარების, ეროვნული გვარდიისა და რეზერვის ძალების ინტეგრაციას”. ამ კონცეფციას, რომელიც ამ დროიდან საფუძვლად დაედო აშშ შეიარაღებული ძალების მშენებლობას, დღემდე არსებითი ცვლილებები არ განუცდია.

უწინდელი შეხედულებებისგან განსხვავებით “ერთიანი ძალების” კონცეფცია ითვალისწინებს ორგანიზებული რეზერვის შენაერთებისა და ნაწილების გამოყენებას ზღვისიქითა ტერიტორიებზე გაშლილი ამერიკული ჯარების მეწინავე დაჯგუფებათა გაძლიერების ყველა ეტაპზე. ამასთან სარეზერვო ფორმირებათა ერთი ნაწილის მობილიზაცია, ოპერატიული დანიშნულების რაიონში გადასროლა და გაშლა უფრო ადრეა გათვალისწინებული, ვიდრე ზოგიერთი რეგულარული შენაერთის, ნაწილის და ქვედანაყოფისა. ყოველივე ეს გაზრდილ მოთხოვნებს უყენებს ეროვნული გვარდიისა და არმიის რეზერვის ფორმირებათა მზადყოფნას ზღვისიქითა ომთ-ებზე გადასროლისა და იქ სახმელეთო (მიწისზედა) ოპერაციებში მონაწილეობის მიღებისთვის. ამ მოთხოვნების სარეალიზაციოდ ამერიკული არმიის როგორც რეგულარული ისე სარეზერვო კომპონენტების დაკომპლექტება ხდება ერთიანი დაგეგმვისა და დაფინანსების საფუძველზე. ისინი შეძლებისდაგვარად აღიჭურვებიან იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ერთნაირი სისტემებით, ერთობლივად ატარებენ ოპერატული და საბრძოლო მომზადების რიგ ეტაპებს, ერთიანი კრიტერიუმებით ფასდება მათი საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნაც. ყოველივე ეს, ამერიკული სარდლობის აზრით, ორგანიზებული რეზერვის ფორმირებათა საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის დონეს აახლოებს რეგულარული არმიის შენაერთებისა და ნაწილების ანალოგიურ მაჩვენებელთან.

“ერთიანი ძალების” კონცეფციის ფარგლებში ორგანიზებული რეზერვის შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების უფრო ეფექტურად მომზადებისა და გამოყენებისთვის ამერიკულმა სარდლობამ მიიღო პროგრამა “ქეფსთოუნი” (Cap-stone – ქართულად ნიშნავს ქვაკუთხედს), რომელიც ითვალისწინებს სახელეთო ჯარების მთელი რეგულარული და სარეზერვო ფორმირებების განაწილებას აშშ შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ სარდლობათა პასუხისმგებლობის ზონების მიხედვით (ან სხვანაირად ზღვისიქითა საომარ მოქმედებათა თეატრებზე). ამ პროგრამის შესაბამისად ორგანიზებული რეზერვის ყველა შენაერთს, ნაწილსა და ქვედანაყოფს გააჩნია ოპერატიული დანიშნულება, რომელიც განისაზღვრება მის საბრძოლო გამოყენების თავისებურებებით, აგრეთვე ზღვისიქითა ომთ-ებზე გაშლილი ამერიკული ჯარების მეწინავე დაჯგუფებათა ან ახლად გასაშლელის შემადგენლობით.

სარეზერვო ფორმირებების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის ამაღლებისთვის შემუშავებულია ე. წ. “აფილაციის” (Affilation – შეერთება, წევრად მიღება) პროგრამა. იგი შეეხება ორგანიზებული რეზერვის ფორმირებათა მხოლოდ ერთ ნაწილს და მათ ოპერატიული დანიშნულების მიხედვით ანაწილებს სამ კატეგორიად. პირველ კატეგორიაში შემავალი სარეზერვო ნაწილები და ქვედანაყოფები ტერიტორიული ნიშნის მიხედვით მიწერილი არიან არასრული შემადგენლობის მქონე რეგულარულ შენაერთებსა და ნაწილებზე და სამობილიზაციო გაშლის ჩატარებისას გამოიყენებიან ამ უკანასკნელთა საომარი დროის შტატებამდე დაკომპლექტებისთვის (კონცეფცია “რაუნდ-აუთ”: Round-out – შეიძლება განვმარტოთ როგორც გარედან შევსება); მეორეში ჩართულია ცალკეული (დამოუკიდებელი) ბრიგადები, რომლებიც განკუთვნილია ზღვისიქითა ომთ-ებზე გადასასროლი რეგულარული დივიზიების გაძლიერებისთვის (კონცეფცია “რაუნდ-აფ”: Round-up – ქართულად ნიშნავს ზეშევსებას, გაძლიერებას); მესამე კატეგორიაში შეყვანილი ფორმირებები წარმოადგენს საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილებსა და ქვედანაყოფებს, რომლებიც განკუთვნილია საჭიროების შემთხვევაში რეგულარული შენაერთებისა და ნაწილების შემადგენლობაში გადასაცემად.

[გვიანდელი ჩამატება: სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 1991 წელს, როდესაც ისევ შენარჩუნებული იყო “ცივი ომის” სურათი, აშშ რეგულარულ სახმელეთო ჯარებში მოითვლებოდა პირადი შემადგენლობის 731700 ადამიანი (მათ შორის 82400 ქალი), საველე არმიის შვიდი შტაბი და საარმიო კორპუსის ექვსი შტაბი (მათ შორის ერთი საჰაერო-სადესანტო კორპუსისა), 16 საბრძოლო დივიზია (სამი ჯავშანსატანკო, ექვსი მექანიზებული ქვეითი, ერთი ქვეითი, ოთხი მსუბუქი ქვეითი, თითო-თითო საჰაერო-სადესანტო და საჰაერო-საიერიშო), სამი ცალკეული საბრძოლო ბრიგადა (ორი ჯავშანსატანკო და ერთიც მექანიზებული ქვეითი), ერთი მოტორიზებული ქვეითი ბრიგადა, ორი ქვეითი ბრიგადა (ტერიტორიული თავდაცვისა), საჰაერო-სადესანტო საბატალიონო ჯგუფი, საარმიო ავიაციის ცხრა ბრიგადა (ორი საარმიო დაქვემდებარებისა, ხუთი საკორპუსო დაქვემდებარების და ორიც სასწავლო), სამი ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკი, ცხრა საარტილერიო ბრიგადა, ტერიტორიული საჰაერო თავდაცვის სარდლობა, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების (ოტრ) “ლანსი” შვიდი დივიზიონი (დასავლური ტერმინოლოგიით ბატალიონი), დიდი სიშორის საზენიტო სარაკეტო კომპლექსების (ზრკ) “პეტრიოტი” ათი დივიზიონი და საშუალო სიშორის ზრკ-ების “ჰოქი” რვა დივიზიონი.

არმიის ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის 446700 ადამიანი (მათ შორის 30400 ქალი), 10 საბრძოლო დივიზია (ორი ჯავშანსატანკო, ორი მექანიზებული ქვეითი, ხუთი ქვეითი და ერთიც მსუბუქი ქვეითი), 20 ცალკეული ბრიგადა, მათ შორის ხუთი ჯავშანსატანკო, შვიდი მექანიზებული ქვეითი, რვა ქვეითი (მათ შორის სამი მსუბუქი ქვეითი). ცალკეული ბრიგადებიდან ხუთი შედიოდა “რაუნდ-აუთ” პროგრამაში (ერთი ჯავშანსატანკო, სამი მექანიზებული ქვეითი და ერთიც მსუბუქი ქვეითი). ეროვნულ გვარდიაში შედიოდა აგრეთვე ორი ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკი, საველე არტილერიის 18 ბრიგადის შტაბი, 130-ზე მეტი ცალკეული ბატალიონი (დივიზიონი), მათ შორის ხუთი სატანკო, სამი მოტოქვეითი, ერთი სამთოქვეითი, 42 საველე არტილერიისა, ოთხი მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო, 16 საზენიტო (სარაკეტო და საარტილერიო), 62 საინჟინრო.

არმიის რეზერვში მოითვლებოდა პირადი შემადგენლობის 654300 ადამიანი (მათგან 102400 ქალი), 12 სასწავლო დივიზია და ორი სასწავლო ბრიგადა, აგრეთვე სამი საბრძოლო ბრიგადა (თითო-თითო მექანიზებული ქვეითი, ქვეითი /ტერიტორიული თავდაცვისა/ და მსუბუქი ქვეითი /“რაუნდ-აუთ” პროგრამის/), 73 ცალკეული ბატალიონი (დივიზიონი): ერთი სატანკო, ორი ქვეითი, 14 საარტილერიო და 56 საინჟინრო. პლიუს ამას, როგორც ვთქვით, არმიის რეზერვში მომზადებას გადიოდნენ ინდივიდუალური რეზერვისტებიც.

თუკი შევადარებთ რეგულარული ჯარებისა და ეროვნული გვარდიის დივიზიებს, უკანასკნელთა შორის ნათლად ჩანს ქვეითი შენაერთების სიჭარბე, რაც აიხსნება იმით, რომ ქვეით ჯარებში უფრო ნაკლები დროა საჭირო აუცილებელი კვალიფიკაციის მისაღწევად, რისთვისაც უფრო მისაღები გახლდათ კვირაში ოთხსაათიანი საბრძოლო მომზადება, ხოლო ჯავშანსატანკო, მექანიზებული, მსუბუქი ქვეითი დივიზიები კი რაოდენობრივად სჭარბობდა რეგულარულ სახმელეთო ჯარებში.

ეს ინფორმაცია ახლა გვიანდელი ჩართვის სახით იმიტომ გავაკეთეთ, რომ ადრე ვფიქრობდით კიდევ ერთი წერილის მომზადებას აშშ სახმელეთო ჯარების შესახებ ზოგადი ცოდნისა და ინფორმაციის გადმოცემით, სადაც მოყვანილი იქნებოდა ეს მონაცემებიც, მაგრამ შემდგ წლებში რიგი მიზეზების გამო, ეს ვერ მოხერხდა. თუმცა კი ამ ხარვეზის გამოსწორება მომავალში სავსებით შესაძლებელია. – გვიანდელი ჩართვის დასასრული].

“აფილაციის” პროგრამაში ჩართული სარეზერვო ფორმირებები, პირველ რიგში კომპლექტდებიან პირადი შემადგენლობით, აღიჭურვებიან თანამედროვე იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით, მონაწილეობენ რეგულარულ ჯარებთან ერთობლივ სწავლებებში, ითვისებენ ზღვისიქითა ომთ-ებს.

სარეზერვო ფორმირებათა ოპერატიული და საბრძოლო დანიშნულების ზემოთ გადმოცემული კონცეფციისა და პროგრამების შესაბამისად აიგება მათი საბრძოლო მომზადებაც, რომელსაც ქვემოთ შევეხებით.

VI. 2. აშშ არმიის ეროვნული გვარდიის საბრძოლო მომზადება


როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ეროვნული გვარდიის ახალწველები ვისაც მანამდე შეიარაღებულ ძალებში არ უმსახურია, სასწავლო ცენტრებსა და ჯართა გვარეობების (სამსახურების) სკოლებში რეგულარული არმიის ახალწვეულთა თანაბრად გადიან საწყის სამხედრო მომზადებასა და სპეციალობის მიხედვით მომზადებას. ამის შემდეგ ისინი იგზავნებიან თავიან ჯარებში შემდგომი სამსახურის გასავლელად. ეროვნული გვარდიის ნაწილებსა და ქვედანაყოფებში რეგულარული არმიის მსგავსად საბრძოლო მომზადება მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობს, მაგრამ სწავლების ინტენსივობა კი აქ გაცილებით დაბალია და რიგი თავისებურებებით ხასიათდება.

თავიდან უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული გვარდიის შენაერთები, ნაწილები და ქვედანაყოფები დისლოცირებულია აშშ თითქმის ყველა შტატში, აგრეთვე ფედერალურ ოლქში კოლუმბია, კუნძულ პუერტო-რიკოზე, ჰავაისა და ვირჯინიის კუნძულებზე. ზოგიერთი დივიზის ქვედანაყოფები ერთდროულად რამდენიმე შტატის ტერიტორიაზეა განლაგებული, ცალკეული ბრიგადების და ჯავშანსაკავალერიო პოლკებისა – მხოლოდ თითო-თითო შტატის ტერიტორიაზე. ჩვეულებრივ ესაა “ბატალიონ – ოცეულის” რგოლის წვრილ-წვრილი ქვედანაყოფები, რომლებიც დისლოცირებულია ტერიტორიული პრინციპის მიხედვით, შესაბამისი შტატების ხელისუფალთა ინტერესების გათვალისწინებით. რეზერვისტების საცხოვრებელი ადგილისა და სასწავლო ბაზის არსებობის შესაბამისად. 80-იანი წლების მონაცემებით არმიის ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა შეყვანილი იყო “ოცეული – ასეულის” რგოლის 3400 ქვედანაყოფში, რომლებიც განლაგებილი იყო ქვეყნის მთელ ტერტორიაზე მიმოფანტულ 2600 დასახლებულ პუნქტში. მსგავსი პრინციპითაა განაწილებული არმიის რეზერვის შესაბამისი რგოლის ქვედანაყოფებიც, რომელთა რაოდენობაც 80-იანი წლების მონაცემებით დაახლოებით 3200-ს უტოლდებოდა.

სარეზერვო ფორმირებათა განლაგების ასეთი სისტემა ხელს უწყობს მათში მეტი რაოდენობით ხალხის ჩართვას (ვინაიდან გვარდიელები და რეზერვისტები სამხედრო სამსახურის პარალელურად მუშაობენ და ხანგრძლივი დროით საცხოვრებელი ადგილების მიტოვება არ შეუძლიათ). ამავე დროს ასეთ წვრილ ქვედანაყოფებად განაწილება ართულებს ზემდგომი შტაბების მიერ მათ ხელმძღვანელობას და უარყოფითად მოქმედებს ქვედანაყოფების საბრძოლო შეთანხმებულობაზე, განსაკუთრებით საბრიგადო და უფრო ზედა რგოლებში სწავლებათა ჩატარებისას.

კოლექტიური საბრძოლო მომზადების მეცადინეობათა შინაარსი განისაზღვრება ეროვნული გვარდიის ჯარების კონკრეტული დანიშნულებით და მუშავდება სათანადო ჯართა გვარეობებისა და სამსახურების თავისებურებათა გათვალისწინებით. მეცადინეობების ძირითადი ფორმებია: სწავლება სასწავლო ცენტრებში (თავიანთ ქვედანაყოფებში), მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრში ფორტ-ირვინში (კალიფორნიის შტატი), სამკვირიანი საზაფხულო საბანაკო შეკრებები, აგრეთვე სამეთაურო-საშტაბო და საჯარისო სწავლებები, რომლებიც ტარდება რეგულარულ ჯარებთან ერთობლივად.

სასწავლო ცენტრებში (თავიანთი ქვედანაყოფების შემადგენლობაში) მეცადინეობები ტარდება კვირაში ერთხელ, როგორც წესი, შაბათ დღეს, 4 სთ-ის განმავლობაში. სულ წელიწადში ტარდება 48 ოთხსაათიანი მეცადინეობა, რომლებზედაც რეზერვისტები გადიან სამწყობრო, საცეცხლე და ტაქტიკურ მომზადებას ქვედანაყოფების შემადგენლობაში ბატალიონებამდე და მათი ჩათვლით. ამ მეცადინეობებს ჩვეულებრივ ხელმძღვანელობენ მასწავლებლები რეგულარული არმიის ოფიცერთა რიცხვიდან.

სამკვირიან საზაფხულო საბანაკო შეკრებებზე ყოველწლიურად მუშავდება ცალკეული ბატალიონების საასეულო რგოლების, აგრეთვე ბრიგადებისა და დივიზიების საბატალიონო რგოლების ტაქტიკური შეთანხმებულობის საკითხები. სწავლებები ამ ეტაპზე ატარებს უმთავრესად კოლექტიურ ხასიათს.

არმიის ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფების მომზადებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ეროვნულ სასწავლო ცენტრს ფორტ-ირვინში (კალიფორნიის შტატი). ამ ცენტრში 14-16 დღეღამის განმავლობაში სწავლებას შესაძლოა გადიოდეს ორი მოტოქვეითი (სატანკო) ბატალიონი ბრიგადის შტაბთან ერთობლივად. შეიძლება ტარდებოდეს აგრეთვე ორმხრივი ტაქტიკური სწავლებაც. ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადება ცენტრში ხორციელდება საბრძოლო სროლით მიმდინარე სასწავლო ამოცანებისა და დაზიანებაზე სროლის იმიტაციით მიმდინარე ორმხრივი საბატალიონო სწავლებების თანამიმდევრული დამუშავებით. ორმხრივი საბატალიონო სწავლებების მსვლელობისას მუშავდება ბატალიონის მოქმედებები ბრძოლის სხვადასხვა სახეობაში: შეტევის მიჯნაზე გამოსვლისა და შეტევისას, შემხვედრ ბრძლაში, თავდაცვისა და უკანდახევისას. სწავლებებზე სასწავლო ამოცანების დამუშავების ტემპი შეადგენს სამ ამოცანას კვირაში. ამოცანის ვარიანტის შესრულებისთვის ბატალიონს ეძლევა ჩვეულებრივ 18-დან 35 სთ-მდე.

სწავლებებზე “მოწინააღმდეგის” სახით გამოდის დაახლოებით 1200-კაციანი სპეციალური სამხედრო კონტინგენტი ე. წ. “მოტომსროლელი პოლკი”, რომელსაც აცვია საბჭოთა ფორმა, შეიარაღებულია საბჭოთა იარაღითა და ტექნიკით და მოქმედებს საბჭოთა სახმელეთო ჯარების ტაქტიკის ცნობილ დებულებათა მიხედვით.

სპეციალისტების გაანგარიშებით ფორტ-ირვინის ეროვნული სასწავლო ცენტრის გაშვების უნარიანობა წელიწადში შეადგენს 42 ბატალიონს. ამათგან ყოველთვიურად აქ სწავლებას გადის ეროვნული გვარდიის ხუთ ბატალიონამდე. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით 1988 წლიდან მწყობრში იქნა შეყვანილი არმიის ეროვნული გვარდის ახალი სასწავლო ცენტრი ფორტ-დიქსში (ნიუ-ჯერსის შტატი), რომელიც წარმოადგენს ძირითად ბაზას ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დისლოცირებული ეროვნული გვარდიისა და არმიის რეზერვის ნაწილებისა და ქვედანაყოფების, აგრეთვე ინდივიდუალური მზადმყოფი რეზერვისტების მომზადებისთვის. აქ კვირის განმავლობაში მომზადებას გადის 250 ადამიანი, დასვენების დღეებში კიდევ 200, ხოლო წლის განმავლობაში კი სულ ემზადება 8000-მდე რეზერვისტი.

“ერთიანი ძალების” კონცეფციის შესაბამისად არმიის ეროვნული გვარდიის ოპერატიული და საბრძოლო მომზადების მთავარ მიმართულებას წარმოადგენს მისი ფორმირებების მონაწილეობა რეგულარული არმიის ჯარებთან ერთობლივ სწავლებებსა და მანევრებში, უწინარეს ყოვლისა ზღვისიქითა ტერიტორიებზე. ასეთი პრაქტიკა განსაკუთრებით ინტენსიურად ინერგებოდა 80-იან წლებში. სახელდობრ ის შენაერთები და ნაწილები, რომლებიც განკუთვნილი იყვნენ ძალების სტრატეგიული გაშლის პირველი 30 დღეღამის განმავლობაში ზღვისიქითა ომთ-ებზე გადასროლისთვის (მაგალითად, ეროვნული გვარდიის 29-ე მსუბუქი ქვეითი დივიზია), ყოველ სამ წელიწადში ერთხელ რეგულარულ ჯარებთან ერთობლივად გადიოდნენ საბრძოლო სწავლებას მათი ოპერატიული გამოყენებისთვის განკუთვნილ რაიონებში (სახელდობრ, ზემოხსენებული ეროვნული გვარდიის 29-ე მსუბუქი ქვეითი დივიზია მუდმივად დისლოცირებულია ჰავაის კუნძულებზე, საიდანაც იგი მუქარის პერიოდში უნდა გადაესროლათ სამხრეთ კორეაში იქ მყოფი რეგულარული ჯარების 25-ე ქვეითი დივიზიის გაძლიერებისთვის). ხოლო ის ფორმირებები კი, რომელთა გადასროლაც გათვალისწინებული იყო საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან 30-60 დღეღამის განმავლობაში, ზღვისიქითა ტერიტორიებზე გადასროლით საბრძოლო მომზადებას გადიოდნენ ხუთ წელიწადში ერთხელ. ორგანიზებული რეზერვის ჯარები 80-იანი წლების დასაწყისიდან მუდმივად მონაწილეობდნენ ისეთ მსხვილ სწავლებებში, როგორიცაა “რეფორჯერი”, “თიმ სპირიტი”, “ბლეიზინგ თრეილზი”. პირველად დასავლეთ ევროპაში სწავლებებზე “რეფორჯერ-81” (Return of Force to Germany) 1981 წელს გადასროლილ იქნა ინდიანას შტატში განლაგებული ეროვნული გვარდიის 38-ე ქვეითი დივიზიის საბრძოლო ბატალიონი, რომლის მონაწილეობამაც ამ სწავლებებში საშუალება მისცა ამერიკულ სარდლობას სათანადო დასკვნების გასაკეთებლად შტატებში ეროვნული გვარდიის ფორმირებათა საბრძოლო მომზადების ორგანიზაციისა და ჩატარების ნაკლოვანებებზე. სახელდობრ გამოირკვა, რომ საზაფხულო საბანაკო შეკრებების დროს ორ-სამკვირიანი სწავლებები პრაქტიკულად არ წარმოებდა და მათი ხანგრძლოვობა უმეტეს შემთხვევებში 48 სთ-ს არ აღემატებოდა. მცირე ყურადღება ეთმობოდა აგრეთვე რეზერვისტების ფიზიკურ მომზადებასაც, რის გამოც ქვედანაყოფი დასმულ ამოცანებს გაჭირვებით თუ ართმევდა თავს. ბატალიონის პირადი შემადგენლობა არც ფსიქოლოგიურად იყო საკმარისად მომზადებული ასეთი ტიპის სწავლებების პირობებისთვის, რომელზედაც გაცილებით უფრო მეტი დატვირთვებია საზაფხულო საბანაკო შეკრებებთან შედარებით.

მომდევნო წლებში აშშ არმიის სარდლობა დიდ ყურადღებას უთმობდა ეროვნული გვარდიის მონაწილეობის საკითხს მსგავს სწავლებებში. იზრდებოდა როგორც ჯარების რიცხვი, ისე მათი წინასწარი მომზადების ხარისხიც. ასე, “რეფორჯერ-86” სწავლებებში ეროვნულ გვარდიას წარმოადგენდა 32-ე ცალკეული მექანიზებული ქვეითი ბრიგადა, რომელიც ჯერ აშშ ტერიტორიაზე ამუშავებდა რეგულარული არმიის შემადგენლობაში სამობილიზაციო გაშლის საკითხებს, შემდეგ კი ჰაერით იქნა გადმოსროლილი ევროპაში. სწავლებათა აქტიური ფაზის მსვლელობისას ამ ბრიგადამ მე-7 საარმიო კორპუსის შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო საჯარისო სწავლებებში “სერთენ სენთინელი” (Certain sentinel), რომლის დროსაც მისი ქვედანაყოფები “ბატალიონ – ასეულის” რგოლში ამუშავებდნენ ტაქტიკური მომზადების საკითხებს და ბუნდესვერის ქვედანაყოფებთან ერთობლივად ატარებდნენ საბრძოლო სროლებს. განსაკუთრებული ყურადღება იქნა დათმობილი მათთვის დასაწყობებული მძიმე იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის არსებული ნორმატივების შესაბამისად მიღებისა და ჩაბარებისთვის. დროის დანახარჯებმა ამაზე შეადგინა 6-8 სთ. ხოლო უკვე მომდევნო 1987 წელს მსგავს სწავლებებზე ეროვნული გვარდიის 45-ე ცალკეული ქვეითი ბრიგადის პირად შეადგენლობას სულ 3-4 სთ დასჭირდა მძიმე იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის მისაღებად. ყველაზე უფრო თვალსაჩინო და აშშ შეიარაღებული ძალების საბრძოლო გამოყენების

 ყველა მიმართულების მომცველია გაერთიანებული ამერიკულ-სამხრეთკორეული სწავლებები “თიმ სპირიტი” (Teem spirit), რომლის მსვლელობისას მიმდინარეობს სამხრეთ კორეაში აშშ ჯართა დაჯგუფების გაძლიერებისა და რეგიონში ომის საწყისი პერიოდის პირველ ოპერაციათა წარმოების გეგმების შემოწმება. სარეზერვო ფორმირებებიდან სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე, როგორც წესი, გადაისროლება არმიის ეროვნული გვარდიის ერთი დივიზია და რამდენიმე ცალკეული შენაერთი და ნაწილი. სახელდობრ, 1987 წელს სწავლებებში მონაწილეობდნენ 40-ე მექანიზებული ქვეითი დივიზია (კალიფორნიის შტატი), 142-ე კავშირგაბმულობის ბრიგადა (ალაბამა), საველე არტილერიის 49-ე ბრიგადა (ვაიომინგი).

სწავლებები ჩვეულებრივ მიმდინარეობს სამ ეტაპად. პირველი ეტაპი ითვალისწინებს სამხრეთ კორეაში აშშ სარეზერვო კომპონენტების ჯარების გადასროლასა და გაშლას. მეორე, ძირითადი ეტაპის მსვლელობისას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთობლივ საბრძოლო მოქმედებათა წარმოების დამუშავებას ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში. ამ ეტაპზე ხდება სარეზერვო ფორმირებათა საბრძოლო შესაძლებლობების შეფასება, რის მიხედვითაც კეთდება დასკვნები მათი საბრძოლო მზადყოფნის დონის შესახებ. მესამე ეტაპის მიმდინარეობისას ხორციელდება ჯარების უკან, მუდმივი დისლოკაციის პუნქტებში გადასროლა.

ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე მიმდინარე სამეთაურო-საშტაბო და საჯარისო სწავლებებიდან ყველაზე უფრო დამახასიათებელია აშშ-პანამის ერთობლივი სწავლებები “ბლეიზინგ თრეილზი” (Blazing trails), რომელიც ოთხ-ხუთ თვეს გრძელდება. მასში რეგულარულ ჯარებთან ერთად მონაწილებენ ეროვნული გვარდიის საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. სახელდობრ, 1986 წელს პანამის ტერიტორიაზე იანვრიდან ივნისის თვემდე მიმდინარე სწავლებებში მონაწილეობდნენ: პანამაში დისლოცირებული რეგულარული არმიის 193-ე ცალკეული ქვეითი ბრიგადა (ფორტ-კლეიტონი) და სამხრეთ შტატებიდან გადასროლილი ეროვნული გვარდიის ცალკეული საინჟინრო ქვედანაყოფები, სულ 6000 ადამიანამდე, აგრეთვე პანამის სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფები. სწავლებათა მსვლელობისას მუშავდებოდა საიჟინრო ნაწილების სამობილიზაციო გაშლის, საბრძოლო გამოყენების რაიონში ჰაერითა და ზღვით მათი გადასროლის, ომთ-ის ინფრასტრუქტურის სრულყოფის, ჯარების საბრძოლო მოქმედებათა საინჟინრო და ზურგის უზრუნველყოფის ამოცანები. აღსანიშნავია, რომ საინჟინრო ქვედანაყოფები ყოველ 17 დღეში იცვლებოდა, რამაც მთელი სწავლებების განმავლობაში პირადი შემადგენლობის მნიშვნელოვნად დიდ ნაწილს მისცა მომზადების გავლის შესაძლებლობა.

VI. 3. სახმელეთო ჯარების მზადმყოფი ინდივირუალური რეზერვისტების მომზადება


ამერიკული სარდლობის ღონისძიებებს შორის, რომლებიც მიმართულია ჯარების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის ამაღლებაზე, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს არმიის ინდივიდუალური მზადმყოფი რეზერვის (Individual ready reserve) რიცხობრივი შემადგენლობის ზრდასა და ხარისხობრივ ამაღლებას. მას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა აშშ სახმელეთო ჯარების მშვიდობიანობის მდგომარეობიდან საომარზე გადაყვანის გეგმებში.

ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები ინდივიდუალურ მზადმყოფ რეზერვს (პირველი რიგის ინდივიდუალურ რეზერვს) მიიჩნევენ პირადი შემადგენლობით ჯარების დაკომპლექტების ძირითად წყაროდ სამობილიზაციო გაშლის შემთხვევაში მანამდე, სანამ არ აეწყობა სამხედრო საქმის მცოდნე აუცილებელი კონტინგენტების მომზადება. ამ რეზერვის ხარჯზე დაგეგმილია მუქარის პერიოდში ან ომის დაწყებისას რეგულარული სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობით სრულად დაკომპლექტება, ახალი შენაერთებისა და ნაწილების ჩამოყალიბება, ხოლო საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ კი – მოქმედი ჯარების მიერ განცდილი დანაკარგების შევსება. ამასთან ვარაუდობენ, რომ ნამდვილ სამხედრო სამსახურში მათი გაწვევის შემდეგ საჭირო აღარ იქნება დამატებით მომზადება. ამასთანავე ამერიკულ სამხედრო გამოცემებში აღინიშნება, რომ ინდივიდუალური მზადმყოფი რეზერვისტების მომზადების დონე სხვადასხვანაირია, ვინაიდან რეგულარულ ჯარებში მათი წინა სამსახურის ვადები მერყეობს 4 თვიდან 5 წლამდე, ხოლო განთავისუფლების ხანგრძლივობა კი შეადგენს 6 თვიდან 13 წლამდე.

ამიტომ რეგულარულ ჯარებში სამსახურის გავლისას მიღებული ცოდნისა და ოსტატობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის რეზერვისტები ყოველწლიურად გადიან გადამზადებას. არმიის რეზერვის 70-ე სასწავლო დივიზიაში შემუშავებული და შემოწებულია ინდივიდუალური მზადმყოფი რეზერვის ფეხოსანთა გადამზადების ორკვირიანი კურსი. სწავლების პროგრამა გათვლილია 90 სასწავლო საათზე და შეიცავს შემდეგ საკითხებს.

ს ა ც ე ც ხ ლ ე მ ო მ ზ ა დ ე ბ ა (43,5 სთ) – რომლის მსვლელობისას შეისწავლება ქვეითი (მოტოქვეითი) ოცეულის საშტატო სასროლი და ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მატერიალური ნაწილი და ტარდება სასწავლო და ჩასათვლელი სროლები. ამასთან 16 სთ ეთმობა საიერიშო შაშხანის M16A2 შესწავლას (მათ შორის 8 სთ სროლას), 9 სთ – ხელის ტყვიამფრქვევის M60, 8,5 სთ 12,7-მმ დაზგის ტყვიაფრქვევის M2HB, 4 სთ 40-მმ ხელის ქვეითთასაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნის (ლულისქვეშა ყუმბატსატყორცნის) M203, 4 სთ ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნის M72A. თეორიულ მეცადინეობებზე პირადი შემადგენლობა ეცნობა იარაღის მოწყობილობასა და მომსახურებას, მისი დატენის, დაცლისა და დამიზნების თავისებურებებს, სროლის დროს შეფერხების მიზეზებს, ხელის ყუმბარსატყორცნების სროლისთვის გამზადებისა და საბრძოლო მდგომარეობიდან სალაშქროში გადაყვანის წესებს, საშტატო ხელყუმბარების მოწყობილობასა და გამოყენების საფუძვლებს (2 სთ).

ს ა მ ე დ ი ც ი ნ ო მ ო მ ზ ა დ ე ბ ი ს ა ს (13,5 სთ) რეზერვისტები სწავლობენ დაჭრილებისთვის, აგრეთვე დამწვრობით, სინათლის გამოსხივებითა და მომწამვლელი ნივთიერებებით დაზიანებულთათვის პირველი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საფუძვლებს. ითვისებენ შეხვევისა და არტახების დადების სხვადასხვანაირ ხერხებს, შოკის ასარიდებელ მოქმედებებს, წყლის გაწმენდისა და განსნებოვნების ხერხებს.

ს ა მ ხ ე დ რ ო ტ ო პ ო გ რ ა ფ ი ი ს შ ე ს წ ა ვ ლ ი ს ა ს (12,5 სთ) თითო საათი ეთმობა რუკის მიხედვით ორიენტაციასა და კომპასით მუშაობას. 10,5 სთ-ის განმავლობაში ტარდება მეცადინეობა ადგილდებარეობაზე, რომლის დროსაც რეზერვისტები ასრულებენ მარშს დღისა და ღამის საათებში, რთული რელიეფის პირობებში.

ფ ი ზ ი კ უ რ ი მ ო მ ზ ა დ ე ბ ა (7 სთ) მოიცავს საკუთრივ მეცადინეობასა (4,5 სთ) და ნორმატივების ჩაბარებას (2,5 სთ).

ს ა ი ნ ჟ ი ნ რ ო მ ო მ ზ ა დ ე ბ ი ს ა ს (5 სთ) 2 სთ ეთმობა M18A1 ნაღმების მოწყობილობისა და დაყენების ხერხების შესწავლას და თითო-თითო საათი ფეხოსნისა და მისი იარაღის ადგილმდებარეობაზე შენიღბვას, საცეცხლე პოზიციების შენიღბვასა და სანგრის მოწყობას (აღჭურვას).

ტ ა ქ ტ ი კ უ რ ი მ ე ც ა დ ი ნ ე ო ბ ა (3 სთ) წარმოებს ისეთი საკითხების განმეორებისთვის, როგორებიცაა ფეხოსნის მოძრაობანი მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ (1 სთ), ბრძოლის ველზე დაბრკოლებების გადალახვა (1 სთ), ჯარისკაცის მოქმედება საცეცხლე ჯგუფის შემადგენლობაში (1 სთ).

გარდა ამისა, 1,5 სთ ეთმობა M17 აირწინაღის შესწავლას და თითო-თითო საათი ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სადაზვერვო მონაცემების შეგროვება და გადაცემა, AN/PRC-77 რადიოსადგურთან მუშაობა, სადარაჯო სამსახურის თავისებურებანი, სიგნალიზაციის ძირითადი ილეთები.

ამერიკული სამხედრო პრესის მონაცემებით, აღნიშნული პროგრამის ეფექტურობის შემოწმების მიზნით გამოცდილ იქნა 100 რეზერვისტი. გადამზადების დასრულების შემდეგ თითქმის ყველამ დაამტკიცა თავისი კვალიფიკაცია და ვარგისად იქნა მიჩნეული საომარი დროის საბრძოლო ამოცანების შესრულებისთვის.

მთლიანობაში, ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, სახმელეთო ჯარების სარეზერვო კომპონენტების – არმიის ეროვნული გვარდიისა და არმიის რეზერვის საბრძოლო მომზადების ხასიათი მოწმობს მათ სულ უფრო მზარდ მნიშვნელობას სახმელეთო ჯარების ზოგად სტრუქტურაში, განსაკუთრებით უკანასკნელ წლებში “ცივი ომის” დასრულების შემდეგ. ეს მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ არმიის მზადმყოფი რეზერვი წარმოადგენს მოქმედი სახმელეთო ჯარების სამობილიზაციო გაშლის ძირითად ბაზას მუქარის პერიოდში ან ომის დაწყების შემთხვევაში.

VII. აშშ სახმელეთო ჯარების ოფიცერთა კადრების მომზადება და მათ მიერ სამსახურის გავლა


როგორც უკვე აღვნიშნეთ, აშშ არმიის სარდლობა დიდ ყურადღებას უთმობს ოფიცერთა კადრების მომზადებას, ვინაიდან ეს უზრუნველყოფს ძალებისა და საშუალებათა ეფექტურ მართვას დასმული ამოცანების შესრულებისას. აღვნიშნეთ აგრეთვე ისიც, რომ ოფიცრების მომზადებისას დიდი ყურადღება ეთმობა მათში სამეთაურო ჩვევების განვითარებას, მაღალ ინდივიდუალურ მომზადებას, ინიციატიურობასა და დამოუკიდებლობას, მოსწავლეთა ძლიერი მხარეების სტიმულირებასა და ნაკლოვანებათა ნიველირებას, ყველაზე უფრო ნიჭიერი კანდიდატების აწონილ-დაწონილ შერჩევასა და სხვა. ყოველივე ამას ემსახურება აშშ არმიის ოფიცერთა კადრების მომზადების არსებული სისტემა. იგი იძლევა მუდმივად სწავლების, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების შესაძლებლობას მთელი მათი სამსახურის განმავლობაში. მისი ძირითადი ეტაპებია: ოფიცრების სამხედრო-პროფესიული და სამხედრო-სპეციალური მომზადება “ქვედანაყოფი – ნაწილის” რგოლში სამეთაურო-საშტაბო და ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მათი გამოყენების მიზნით (ანუ უმცროს ოფიცერთა მომზადება), ოფიცრების ზოგადი სამხედრო მომზადება “ნაწილი – შენაერთის” რგოლში სამეთაურო-საშტაბო თანამდებობებზე მათი შემდგომი გამოყენებისთვის (უფროს ოფიცერთა მომზადება) და, ბოლოს, ოფიცრებისა და გენერლების ზოგადი სამხედრო მომზადება “შენაერთი – გაერთიანება – თეატრზე სარდლობის” რგოლში სამეთაურო-საშტაბო თანამდებობებზე, აგრეთვე აშშ არმიის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და თავდაცვის სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მათი გამოყენების მიზნით (უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის მომზადება).

ოფიცერთა კადრების მომზადების ასეთი თანამიმდევრობა ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, უზრუნველყოფს მათი პროფესიული დონის გამუდმებით სრულყოფას, იძლევა წამოყენებული მოთხოვნების შესაბამისად ბუნებრივი შერჩევის ჩატარების შესაძლებლობას და ამავე დროს სხვადასხვა რანგის ოფიცრებს აძლევს სამსახურში დასაბუთებული დაწინაურების საშუალებას.

VII. 1. აშშ არმიის უმცროს ოფიცერთა კადრების მომზადება


აშშ სახმელეთო ჯარებისთვის უმცროს ოფიცერთა შემადგენლობის მომზადება ხორციელდება ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში (ნიუ-იორკის შტატი), სამოქალაქო უმაღლეს სასწავლებლებში (უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში) არსებულ რეზერვის ოფიცერთა ჯარსგარეშე მომზადების კურსებზე (ROTC) საოფიცრო საკანდიდატო სკოლებში.

VII. 1. 1. ოფიცრების მომზადება ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში


შეერთებული შტატების ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემია (ნიუ-იორკის შტატი – United States Military Academy West Point, New York) ქვეყნის უძველესი სამხედრო-სასწავლო დაწესებულებაა, რომელშიც წარმოებს სახმელეთო ჯარების უმცროს ოფიცერთა შემადგენლობის მომზადება. იგი სარგებლობს დამხმარე სარდლობის უფლებებით. აკადემია დაარსებულ იქნა 1802 წელს აშშ პრეზიდენტის თომას ჯეფერსონის განკარგულებით და გაიხსნა იმავე წლის 4 ივლისს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს. მისი პირველი გამოშვება შედგებოდა ათი ოფიცრისგან. შემდგომში აკადემიის კურსდამთავრებულთა შორის იყვნენ გამოჩენილი ამერიკელი გენერლები უ. გრანტი, ფ. შერიდანი, უ. შერმანი, ა. ჯონსონი, ბ. ბრეგი, ჯ. პერშინგი, დ. მაკარტური, დ. ეიზენჰაუერი, ო. ბრედლი, ჯ. პატონი და სხვები. აკადემიის გამოშვებულებმა საუკეთესო მებრძოლებად და მეთაურებად ისახელეს თავი ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე სამოქალაქო ომში, პირველ და მეორე მსოფლიო ომებში, მრავალრიცხოვან ლოკალურ კონფლიქტებში.

დღესდღეობით ვესტ-პოინტის აკადემია წარმოადგენს ყველაზე უფრო პრესტიჟულ სამხედრო-სასწავლო დაწესებულებას შეერთებულ შტატებში, რომელიც ამზადებს უმცროს ოფიცრებს სახმელეთო ჯარების ყველა გვარეობისა და სამსახურისთვის. მასში მიიღებიან 17-დან 22 წლამდე ასაკის ამერიკელი მოქალაქეები (ჭაბუკები და ქალიშვილები), რომელთაც აქვთ საშუალო განათლება, ჯანმრთელობის მხრივ ვარგისი არიან არმიაში სამსახურისთვის, ქორწინებაში არ იმყოფებიან და კმაყოფაზე არ ჰყავთ ბავშვები. მომავალი კანდიდატებისთვის მიმღები კომისია აწყობს ექსკურსიებს აკადემიაში. ისინი ტარდება აკადემიის აღსაზრდელის (კადეტის) თანხლებით და მოიცავს კინოფილმის ნახვას, კადეტებთან შეხვედრას, მეცადინეობებზე დასწრებას, ყაზარმების დათვალიერებასა და სასადილოში სადილობას. ექსკურსია მთავრდება მიმღები კომისიის ოფიცრებთან შეხვედრით.

ვესტ-პოინტში შემსვლელები გადიან რეკომენდაციების, შეფასებისა და შერჩევის სისტემას. რეკომენდაცია წარმოადგენს იურიდიულ დოკუმენტს აკადემიის მიმღები კომისიის მიერ შემსვლელის საქმიანი თვისებების განსახილველად. მისი მიცემა შეუძლიათ მხოლოდ კონგრესის მიერ უფლებამოსილ პირებს. ქვემოთ მოყვანილია ამ პირთა ჩამონათვალი და მათ მიერ გასაცემი რეკომენდაციების რაოდენობა.

ვიცე-პრეზიდენტი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5 100
სენატორი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .500
წარმომადგენელთა პალატის 435 წევრი . . . . . . . . . . . . . . . .2175
წარმომადგენლები კონგრესში:
. . . . კოლუმბიის ოლქიდან . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5
. . . . ვირჯინიის კუნძულებიდან. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .2
. . . . კუნძულ გუამიდან . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2
ტერიტორიულ სამფლობელოთა გუბერნატორები:
. . . . პუერტო-რიკო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 6
. . . . აღმოსავლეთ სამოა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1

პირთა მოცემულ ჩამონათვალზე დამატებით აკადემიაში შემსვლელებმა აუცილებელია იქონიონ არმიის მინისტრის რეკომენდაციები, ამასთან ყოველწლიურად მათი რაოდენობა კატეგორიების მიხედვით ნაწილდება შემდეგნაირად:

პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურეთა შვილები . . . . . . . . . 100
რეგულარული არმიის სამხედრო მოსამსახურეები . . . . . . . . . . . 85
ორგანიზებული რეზერვის სამხედრო მოსამსახურეები . . . . . . . 85
შეიარაღებული ძალების ვეტერანთა (დაღუპულების
ან 100%-იანი ინვალიდობის მქონეთა) შვილები . . . . . . . . . . . . . .20
საშუალო სკოლებისა და კოლეჯების მოსწავლეები,
რომლებიც გადიან მომზადებას ROTC კურსების
პროგრამის მიხედვით . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .20
“ღირსების მედლით” დაჯილდოებულ
პირთა შვილები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . შეზღუდვების გარეშე

რეკომენდაციის მისაღებად კანდიდატი განცხადებას უგზავნის პასუხისმგებელ პირს შესაბამისი თხოვნის დართვით. ასეთი რეკომენდაციის მიღების შემდეგ მას უკვე შეუძლია აკადემიაში შესასვლელად განცხადების შეტანაც. აკადემიაში შესვლისას აფასებენ მის განათლების დონეს, ფიზიკურ მომზადებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობას.

კანდიდატის განათლების დონე განისაზღვრება ტესტირების შედეგებით, რომელიც ტარდება სხვადასხვა რეგიონში განლაგებულ სპეციალიზებულ ცენტრებში. მომზადების დონისა და ზოგადი განვითარების შეფასებისას ყურადღება ეთმობა კანდიდატის მიერ ხელმძღვანელობის უნარის გამოვლენას, მის საზოგადოებრივ საქმიანობას, სკოლასა ან კოლეჯში დამატებითი საგნების შესწავლას.

ფიზიკური მომზადების დონე განისაზღვრება სპეციალურ გამოცდაზე. იგი შედგება ოთხი ვარჯიშისგან. ესენია: ღერძზე მიზიდვა ჭაბუკებისთვის და მოხრილ ხელებზე დაკიდება (გარკვეული დროით) ქალიშვილებისთვის, კალათბურთის ბურთის ტყორცნა (მუხლჩოქელა მდგომარეობიდან), ადგილიდან სიგრძეზე ხტომა, სირბილი 300 იარდ (274,32 მ) დისტანციაზე. თითოეული ვარჯიშის მიხედვით კანდიდატებს უსვამენ სათანადო შეფასებებს.

ჯანმთელობის მდგომარეობის შემოწმება ტარდება სამოქალაქო ან სამხედრო ჰოსპიტალში სამედიცინო გამოკვლევის პროგრამის შესაბამისად. თუ პრეტენდენტი ტესტირებისა და გამოცდების შედეგების მიხედვით გაივლის წინასწარ შერჩევას, მაშინ იგი ღებულობს მიმართვას სამედიცინო გამოკვლევაზე.

ტესტირების, ფიზიკური მომზადების გამოცდისა და სამედიცინო გამოკვლევის შედეგები იგზავნება აკადემიის მიმღებ კომისიაში, სადაც ხდება კანდიდატების შერჩევა. მათ, ვინც შეესაბამება მოთხოვნებს, ეგზავნებათ შეტყობინებები აკადემიაში მიღების შესახებ. აქ შემსვლელთა და ჩარიცხულთა თანაფარდობა 1992 წლის მიხედვით მოყვანილია ქვემოთ:

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ჭაბუკები . . . . ქალიშვილები

ჩარიცხვაზე განცხადება მისცა . . . . . .10933 . . . . . . . . . . . . 1711
ტესტირება გაიარა . . . . . . . . . . . . . . . . . 4498 . . . . . . . . . . . . .742
მოთხოვნებს შეესაბამებოდა . . . . . . . . 2414 . . . . . . . . . . . . . 322
ჩაირიცხა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1269 . . . . . . . . . . . . .163

ის კანდიდატები, რომლებიც სავსებით შეესაბამებოდნენ მოთხოვნებს, მაგრამ არ იქნენ არჩეულნი იმ ვაკანსიების შესავსებად, რომლებზედაც მიცემული ჰქონდათ რეკომენდაცია, ჩაირთვებიან ე. წ. “ლოდინის ბანკში”. ყოველწლიურად რამდენიმე ასეული კანდიდატი შეირჩევა ამ ბანკიდან აკადემიაში მისაღებად. კონკურსი ჩვეულებრივ ძალზე დიდია, ვინაიდან ადგილების რიცხვი შემსვლელთათვის მკაცრად შეზღუდულია. ყოველწლიურად ვესტ-პოინტში ჩაირიცხება დაახლოებით 1350 კადეტი. სწავლების მსვლელობისას განთესვა შეადგენს 20-30%-ს. ამის შედეგად აკადემიის მსმენელთა საერთო რიცხვი აღწევს დაახლოებით 4500 ადამიანს.

აკადემიის რეჟიმი გამოირჩევა დიდი სიმკაცრით, ამიტომ მსმენელები მოკლებულნი არიან იმ თავისუფლებებს, რაც ჩვეულებრივ სტუდენტური ცხოვრებისთვისაა დამახასიათებელი. სწავლების პირველი წლის განმავლობაში მიმდინარეობს სამოქალაქო პირის ტრანსფორმაცია სუფთა სამხედრო ადამიანად, რასაც ფსიქოლოგები დინამიური სტერეოტიპის მსხვრევას უწოდებენ. სწორედ პირველ ეტაპზე ყალიბდება მომავალი ოფიცრების ხასიათი. საარმიო ცხოვრებაში ადაპტაცია რთული პროცესია, რომელიც გამოირჩევა კადეტებისადმი მაღალი მომთხოვნელობით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ამცირებს მათ. სტრესული სიტუაციები იქმნება იმისთვის, რათა აღსაზრდელებს ასწავლონ თავშეკავება და ბრძანებების სიტყვაშეუბრუნებლად შესრულება.

აკადემიაში სწავლის ხანგრძლივობა ოთხი წელია, რომლის განმავლობაშიც კადეტები გადიან სწავლების ინტენსიურ პროცესს სამხედრო-პროფესიული და ზოგადი სამოქალაქო განათლების მისაღებად. სწავლების ძირითადი კურსი მოიცავს 32 საგანს – ფუნდამენტური მეცნიერებები (ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, გეოგრაფია, ისტორია, ეკონომიკა და ა. შ.), საინჟინრო საქმე, რიგი ჰუმანიტარული მეცნიერებებისა (ინგლისური ენა და ლიტერატურა, პედაგოგიკა, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, უცხო ენები, საერთაშორისო ურთიერთობები და სხვა) და ა. შ.

მსმენელთა სამხედრო-პროფესიული მომზადება შედგება ორი ეტაპისგან – საწყისი სამხედრო მომზადებისა და სპეციალური სამხედრო მომზადებისგან. პირველ ეტაპზე კადეტები სწავლობენ სამხედრო ხელოვნებისა და აშშ შეიარაღებული ძალების ისტორიას, სამხედრო დარიგებებსა და წესდებებს, სასროლ იარაღს, შეიარაღებაში არსებულ საბრძოლო ტექნიკას, უტარდებათ მეცადინეობები სამწყობრო და ფიზიკურ მომზადებაში. სასწავლო დროის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა მსმენელთა ტაქტიკურ მომზადებას (როგორც ერთეული, ისე ქვედანაყოფის შემადგენლობაში), განსაკუთრებული ყურადღება ექცევა წვრილი ქვედანაყოფების მართვის საკითხების დამუშავებას.

საჭიროა აღინიშნოს, რომ ჩვენს ხელთ არსებული მასალები ერთგვარად წინააღმდეგობრივ ცნობებს შეიცავს აკადემიის მსმენელთა სამხედრო-პროფესიული მომზადების მიმდინარეობის თაობაზე. მათ უმრავლესობაში ნათქვამია, რომ ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემია აშშ სახმელეთო ჯარებისთვის ამზადებს ზოგადსაჯარისო პროფილის სპეციალისტებს და ჯართა გვარეობების (სამსახურების) მიხედვით ვიწრო სპეციალიზაცია წარმოებს სწავლების მხოლოდ დასკვნით ეტაპზე. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯერ კიდევ აკადემიაში შესვლის მსურველისთვის მიცემულ რეკომენდაციაში აღნიშნულია ვაკანსია, რომლის დასაკავებლადაც ეძლევა მას ეს რეკომენდაცია, და ყველაზე უფრო სავარაუდოა, რომ ვაკანსიების განაწილება კადეტებისთვის ხდებოდეს სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების (ანუ სხვანაირად ჯართა გვარეობებისა და სამსახურების) მიხედვით. ამ მოსაზრებას ამტკიცებს ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, მაგალითად, სატანკო ქვედანაყოფების მეთაურთა კადრების მომზადებისთვის აკადემიის მსმენელები უკვე პირველ კურსზე გადიან ერთკვირიან შეკრებას სასწავლო ცენტრში, მეორეზე სტაჟირებას სატანკო ქვედანაყოფებში, მესამეზე ისევ შეკრებას სასწავლო ცენტრში, სადაც ამუშავებენ ტანკების საბრძოლო გამოყენების ხერხებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ სახმელეთო ჯარებში კიდევ სხვა მრავალი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობაა – ქვეითი (მექანიზებული ქვეითი) ჯარები, არტილერია,საარმიო ავიაცია, საჰაერო-სადესანტო და საჰაერო-საიერიშო ჯარები, კავშირგაბმულობა, დაზვერვა, რადიოელექტრონული ბრძოლა, მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვა და ა. შ. – მაშინ სასწავლო პროცესის ასეთი ორგანიზაციის შემთხვევაში მსმენელებს უბრალოდ დრო არ ეყოფათ ყველა სპეციალობის საჭირო დონეზე ასათვისებლად. ამიტომ უფრო სავარაუდოა, რომ კადეტებისთვის ზოგადი სამხედრო განათლების მიცემასთან ერთად აკადემიაში სწავლის უკვე ადრეულ ეტაპზევე ხდება მათი ვიწრო სამხედრო სპეციალიზაციაც. ამას ადასტურებს რუსულ სამხედრო პერიოდიკაში სულ უკანასკნელ წლებში გამოქვეყნებული მასალაც, რომელშიც ნათქვამია, რომ სამხედრო-პროფესიული მომზადებისას კადეტებს შეუძლიათ სწავლების 30 მიმართულებიდან აირჩიონ ნებისმიერი მიმართულებები და 19 სპეციალობიდან ერთერთი. ასეთ პირობებში მათი სამხედრო-პროფესიული მომზადებაც უკვე სათანადო დონეზე იქნება უზრუნველყოფილი.

აკადემიის მსმენელთა სპეციალური სამხედრო მომზადება წარმოებს ძირითადად სახმელეთო ჯარების ჯართა გვარეობების (სამსახურების) სასწავლო ცენტრებში* (*ამ ცენტრების ჩამონათვალი იხ. ზემოთ), სადაც მომავალი ოფიცრები სწავლობენ ჯავშანსატანკო ტექნიკას, საარტილერიო შეიარაღებას, კავშირგაბმულობისა და დაზვერვის საშუალებებს, საინჟინრო საქმეს, ამუშავებენ მოქმედებებს ჯართა სხვადასხვა გვარეობის ქვედანაყოფების შემადგენლობაში. როგორც უკვე ვნახეთ, სასწავლო ცენტრებთან მსმენელთა ასეთი კონტაქტები იწყება უკვე პირველივე კურსიდან, მაგრამ აკადემიის დამთავრების შემდეგ პირველ საოფიცრო თანამდებობაზე დანიშვნის წინ მსმენელები იგზავნებიან ჯართა ვარეობების (სამსახურების) სკოლებში არჩეული სპეციალობის მიხედვით სპეციალიზაციის კურსის გასავლელად. ამ კურსის ხანგრძლივობა ოთხიდან რვა კვირამდეა (სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის მიხედვით).

სწავლის დასრულების შემდეგ აკადემიის კურსდამთავრებულები ღებულობენ უმაღლეს ზოგად განათლებასა და ბაკალავრის დიპლომს, აგრეთვე საშუალო სამხედრო განათლებასა და მეორე ლეიტენანტის (second lietunenant) წოდებას (პირველი საოფიცრო წოდება). ამის შემდეგ ახალგაზრდა ოფიცრები, როგორც წესი, იგზავნებიან რეგულარული არმიის ნაწილებში შემდგომი სამხედრო სამსახურის გასავლელად. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ვესტ-პოინტის აკადემიის კურსდამთავრებულებს პრივილეგირებული მდგომარეობა უკავიათ აშშ სახმელეთო ჯარებში სხვა ოფიცრებთან შედარებით და მათ უფრო სწრაფად აწინაურებენ სამსახურში.

დასასრულს უნდა შევეხოთ ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში სწავლების ზოგიერთ საორგანიზაციო საკითხს. აკადემიაში მოსწავლე ჭაბუკები და ქალიშვილები ირიცხებიან ნამდვილ სამხედრო სამსახურში. ისინი ყოველთვიურად ღებულობენ ფულად ანაზღაურებას, რომელიც სწავლის ვადის მიწურულს შეადგენს 480 დოლარს. ამ თანხაში შედის ფორმის ტანსაცმლის, სახელმძღვანელოებისა და პერსონალური კომპიუტერის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯებიც. ვესტ-პოინტში სწავლა უფასოა, მაგრამ ამ სასწავლო დაწესებულებაში ჩარიცხვისას შეიტანება 1000 დოლარის თანხა. კადეტების მომზადების ხარჯებს მთლიანად კისრულობს აშშ მთავრობა. თავის მხრივ, ყოველი კურსდამთავრებული ვალდებულია ამ ხარჯების ანაზღაურებისთვის ხუთი წლით იმსახუროს ნამდვილ სამხედრო სამსახურში და სამით ორგანიზებულ რეზერვში. აკადემიიდან გარიცხული კადეტები, ან ისინი, ვისაც არმიაში სამსახური არ შეუძლია, ვალდებულნი არიან მთავრობას გადაუხადონ მათი სწავლებისთვის შეტანილი ფული.

რეგულარულ არმიაში სავალდებულო სასახურისთვის დადგენილი ხუთწლიანი ვადის გავლის შემდეგ სამხედრო სამსახურში დარჩენილი კურსდამთავრებულების თითქმის 90% ათავსებს არმიაში სამსახურს სახელმწიფო ხარჯზე ასპირანტურაში სწავლასთან, ხოლო ბევრი შედის სამედიცინო ან იურიდიულ სკოლებში. საამისოდ აშშ სახმელეთო ჯარებში ყველა პირობაა შექმნილი. ამერიკულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს შორის ვესტ-პოინტს მეოთხე ადგილი უჭირავს სტუდენტების რიცხვის მიხედვით, რომლებსაც ენიჭებათ როდსის პრესტიჟული პრემია სწავლაში წარმატებებისა და სხვა პირადი მიღწევებისთვის.

ბოლოს უნდა ითქვას, რომ ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულთა რიცხვი ყოველწლიურად შეადგენს დაახლოებით 1000 ადამიანს, რაც საკმაოდ მოკრძალებული წილია აშშ არმიის უმცროს ოფიცერთა შემადგენლობის ყოველწლიურ შევსებაში (დაახლოებით 10%). ამ შევსების ძირითად წყაროს წარმოადგენს უმაღლეს სამოქალაქო სასწავლოს დაწესებულებებთან (უნივერსიტეტებთან და კოლეჯებთან) არსებული რეზერვის ოფიცერთა მომზადების კურსები ROTC.

VII. 1. 2. აშშ არმიის რეზერვის ოფიცერთა ჯარსგარეშე მომზადება


რეზერვის ოფიცერთა ჯარსგარეშე მომზადების კურსები ROTC (Reserve Officers Training Corps) ორგანიზაციას შეერთებულ შტატებში საფუძვლად უდევს კანონი ეროვნული თავდაცვის შესახებ. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს სამოქალაქო სასწავლო დაწესებულებებთან სამხედრო მომზადების განყოფილებათა შექმნას და შესაბამისი სამხედრო უწყებებისადმი მათ დაქვემდებარებას. ROTC კურსები ორგანიზებულია მთელი შეიარაღებული ძალების ინტერესებში და მათ ძირითადად აფინანსებს სახელმწიფო. ეს კურსები ითვალისწინებს სწავლების ორ დონეს. პირველ დონეზე წარმოებს მოსწავლეთა მომზადება სახელმწიფო და კერძო საშუალო სკოლებში. აქ სწავლობს დაახლოებით 115 ათასი მოსწავლე 35 ათასი გოგონას ჩათვლით. მეორე დონეზე ხდება სტუდენტების მომზადება კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში. სახელდობრ სახმელეთო ჯარებისთვის რეზერვის ოფიცერთა მომზადება წარმოებს ქვეყნის 300 კოლეჯსა და უნივერსიტეტში, სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის – 600-ში, სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის – 65-სა და საზღვაო ქვეითი ჯარისთვის – 60 უმაღლეს სამოქალაქო სასწავლო დაწესებულებაში. საერთო ჯამში ROTC კურსებზე სწავლობს 60-65 ათასი სტუდენტი, რომელთაგან 20% ქალიშვილია, ხოლო ამ კურსების ყოველწლიური გამოშვება შეადგენს ორივე სქესის დაახლოებით 10 ათას უმცროს ოფიცერს. ROTC კურსების გამოშვებულნი შეადგენენ აშშ შეიარაღებული ძალების ოფიცერთა 70%-ს, ხოლო რეგულარულ არმიაში მშვიდობიანობის დროს მათი ხვედრითი წილი კადრის ოფიცერთა საერთო რიცხვში 30-40%-ია.

ROTC კურსებზე მიიღებიან ჯანმრთელობის მდგომარეობითა და მორალურ-ფსიქიური თვისებებით შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის ვარგისი 17 წლისა და უფროსი ასაკის ჭაბუკები და ქალიშვილები, რომლებიც უმაღლეს სამოქალაქო განათლებას ღებულობენ იმ უნივერსიტეტსა თუ კოლეჯში, სადაც ეს კურსებია ორგანიზებული. სწავლების პროგრამა გაანგარიშებულია ოთხ ან ორ წელიწადზე, მაგრამ ყველაზე უფრო გავრცელებულია ოთხწლიანი სწავლება. სტუდენტები, როგორც ვთქვით, მეცადინეობენ თავიანთი ძირითადი სამოქალაქო სპეციალობისა და ამავდროულად ROTC კურსების პროგრამების მიხედვით. კურსებზე სწავლა ნებაყოფლობითია, ამიტომ მათზე ახალგაზრდობის ფართოდ მიზიდვისთვის თავდაცვის სამინისტრო სარეკლამო ხასიათის ღონისძიებებთან ერთად მიმართავს მსმენელთა ფულადი წახალისების სხვადასხვანაირ ფორმებს, რომლებსაც ქვემოთ შევეხებით.

რეზერვის ოფიცერთა ჯარსგარეშე მომზადების ოთხწლიან კურსებზე სწავლება მიმდინარეობს ორ ეტაპად და შესაბამისად სასწავლო პროგრამაც ორ პერიოდადაა დაყოფილი. თითოეული პერიოდის ხანგრძლივობა ორ-ორი წელია.

პირველ პერიოდში სტუდენტები ესწრებიან ძირითადი მომზადების კურსს. მთლიანობაში იგი მოიცავს 180 სთ-ს და შესაბამისად სტუდენტები ყოველკვირეულად სამხედრო მომზადებას უთმობენ სამ საათს. ამ ეტაპზე ისინი სწავლობენ სამხედრო საქმის საფუძვლებს, შეიარაღებული ძალების სახეობათა ისტორიას, მათ ტრადიციებს, დანიშნულებას, ორგანიზაციასა და ამოცანებს (კერძოდ, სახმელეთო ჯარების მომავალი ოფიცრების მომზადებისას საგანგებო ყურადღება ეთმობა აშშ არმიის ორგანიზაციის, ისტორიის, ტრადიციების, დანიშნულებისა და ამოცანების შესწავლას), ინდივიდუალურ და ჯგუფურ იარაღს, სამხედრო ტექნიკას, კავშირგაბმულობის საშუალებებსა და ა. შ., მეცადინეობენ სამწყობრო, საცეცხლე და ფიზიკურ მომზადებაში, ტოპოგრაფიაში (სწავლობენ მუშაობას რუკებთან და აეროფოტოსურათებთან), ეცნობიან სამხედრო კანონმდებლობის საფუძვლებს, გამოიმუშავებენ სამეთაურო ჩვევებს და სხვა.

ამ პერიოდში სტუდენტს უფლება აქვს ნებისმიერ მომენტში შეწყვიტოს სწავლა ROTC კურსებზე საკუთარი სურვილით. გარდა ამისა, ძირითადი მომზადების მეცადინეობებზე დასწრებისას სავალდებულო არ არის ფორმის ტანსაცმლის ტარება და სამხედრო დისციპლინის მოთხოვნათა მკაცრად შესრულება.

კურსებზე სწავლის მეორე პერიოდს ეწოდება დამოუკიდებელი გაძლიერებული მომზადება. მასზე დაიშვებიან მხოლოდ ის სტუდენტები (ჭაბუკები და ქალიშვილები), რომლებიც შესაბამის კონტრაქტზე მოაწერენ ხელს და ვალდებულებას აიღებენ დაასრულონ რეზერვის ოფიცერთა ჯარსგარეშე მომზადების კურსები და ამის შემდეგ დადგენილი ვადით იმსახურონ სახმელეთო ჯარებში (რეგულარულ არმიასა ან ორგანიზებულ რეზერვში). გაძლიერებული მომზადების პროგრამის ხანგრძლივობა უკვე 300 სთ და, შესაბამისად, მეცადინეობებიც უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს (5 სთ კვირაში). ამ ეტაპზე სტუდენტები სწავლობენ სამხედრო ხელოვნების საფუძვლებსა და ძირითად პრინციპებს, ჯართა გვარეობებისა და სამსახურების ორგანიზაციას, შეიარაღებასა და ტაქტიკას, ზურგის უზრუნველყოფას, ოფიცერთა კორპუსის როლსა და ამოცანებს, წვრილი ქვედანაყოფების მართვას, ხელქვეითების სწავლებისა და აღზრდის საკითხებს, სამხედრო კანონმდებლობას, განსაკუთრებით მეთაურის უფლებებსა და მოვალეობებს, გაითვალისწინება აგრეთვე სამწყობრო და ფიზიკური მომზადებაც. ინსტრუქტორებად და სამხედრო დისციპლინების მასწავლებლებად მოწვეულნი არიან უმთავრესად რეგულარული არმიის ოფიცრები და სერჟანტები, ზოგჯერ კი ორგანიზებული რეზერვისაც. მეცადინეობებზე სტუდენტები ატარებენ ფორმის ტანსაცმელს, რომელსაც მთავრობისგან უფასოდ ღებულობენ. გარდა ამისა, მთავრობა უფასოდ აძლევს მათ სახელმძღვანელოებს. ფორმის ტანსაცმლის ტარებასთან ერთად მსმენელთათვის სავალდებულოა სამხედრო დისციპლინის დაცვაც.

გაძლიერებული მომზადების პროგრამით მეცადინეობათა პირველი წლის შემდეგ (ხოლო ზოგჯერ კი უნივერსიტეტსა თუ კოლეჯში ძირითადი კურსის პროგრამის დასრულების შემდეგაც) სტუდენტები შეიარაღებული ძალების სასწავლო ცენტრებში გადიან ექვსკვირიან საზაფხულო საბანაკო შეკრებას. ეს ცენტრები წარმოადგენს შეიარაღებული ძალების სასწავლო-მატერიალური ბაზის საფუძველს. მათ შორის უმსხვილესია ეროვნული სასწავლო ცენტრი ფორტ-ირვინში (კალიფორნია). სასწავლო პროცესის ორგანიზაციის საერთო ხელმძღვანელობასა და მისი მსვლელობის კონტროლს ახორციელებენ ცენტრის შტაბი და ინსტრუქტორთა ჯგუფები, რომელთა ამოცანების რიცხვში შედის სწავლებათა სცენარების შემუშავება, მათი ჩატარება და გარჩევა. ცენტრის ტერიტორია დაყოფილია სასწავლო ზონებად, რომლებშიც მოწყობილია ავტომატიზებული დანაღმული ველები, ტრენაჟორები, სხვადასხვანაირი მიზნების იმიტატორები, სატელევიზიო აპარატურა, მიმღები და მარეგისტრირებელი მოწყობილობები და გადამწოდები. ყოველივე ეს გაერთიანებულია სამიზნე ვითარების ელემენტების მართვისა და სწავლების მსვლელობაზე კონტროლის ზოგად სისტემაში. მუდმივად მოქმედი სასწავლო ცენტრის გარდა აშშ შეიარაღებულ ძალებში არის დაკონსერვებულებიც, რომლებიც პერიოდულად გამოიყენება რეზერვისტების მოსამზადებლად.

როგორც უკვე ვთქვით, ROTC კურსებზე ახალგაზრდობის უფრო ფართოდ მიზიდვისთვის აშშ თავდაცვის სამინისტრო იყენებს როგორც რეკლამას, ისე სხვადასხვა შეღავათებისა და ფულადი წახალისებების სისტემას. სახელდობრ, მსმენელები კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ უფასოდ ღებულობენ ფორმის ტანსაცმელსა და სახელმძღვანელოებს, გარდა ამისა, ისინი ღებულობენ ყოველთვიურ ფულად დახმარებას 50 დოლარის ოდენობით (და კიდევ დამატებით თანხას ინფლაციის გათვალისწინებით). საზაფხულო საბანაკო შეკრებების დროს სტუდენტებს ეძლევათ ფულადი ანაზღაურება თვეში 200 დოლარის ანგარიშით, ხოლო ROTC კურსების დასრულებს შემდეგ – 300 დოლარი ფორმის ტანსაცმლის შესაძენად. გარდა ამისა, ყველაზე უფრო წარჩინებულ მსმენელებს ეძლევათ ყოველწლიური სტიპენდია, რომელიც მთლიანად ფარავს უნივერსიტეტსა ან კოლეჯში სწავლის გადასახადს, სახელმძღვანელოებისა და დამხმარე სასწავლო საშუალებების შეძენის, აგრეთვე ლაბორატორიულ სამუშაოთა ჩატარების ხარჯებს. მაგრამ ამ სტიპენდიის მფლობელები ვალდებულნი არიან კურსების დამთავრების შემდეგ დაგენილი ვადით (4 წელი) იმსახურონ რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში (ამის შესახებ იხლეთ ქვემოთ).

ROTC კურსების დასრულების შემდეგ (რაც ემთხვევა უნივერსიტეტსა ან კოლეჯში სწავლის დასრულებას) გამოშვებულნი უმაღლესი განათლების დიპლომთან ერთად ღებულობენ რეზერვის ოფიცეთა ჯარსგარეშე მომზადების კურსების დიპლომსაც რეზერვის მეორე ლეიტენანტის წოდების მინიჭებით. ახალგაზრდა ოფიცრები ვალდებულნი არიან იმსახურონ ორი წელი რეგულარულ ჯარებში და ოთხიც ორგანიზებულ რეზერვში, ხოლ მათ, ვინც წარჩინების სტიპენდიას ღებულობდა, უნდა იმსახურონ შესაბამისად ოთხი და ორი წელი. ზოგიერთ სტუდენტს მათი სურვილის მიხედვით შეიძლება მიენიჭოს მეორე ლეიტენენტის წოდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი ვალდებულნი არიან მსახურონ რეგულარულ ჯარებსა და რეზერვში სამ-სამი წელი. კურსების ის გამოშვებულნი, როლებიც გადაწყვეტენ სწავლის გაგრძელებას საარმიო ავიაციის სკოლაში (ფორტ-რაკერი, ალაბამა), მისი დასრულების შემდეგ ასევე ვალდებულნი არიან იმსახურონ რეგულარულ ჯარებში არანაკლებ სამი წლისა. თუ სტუდენტი ROTC კურსების დასრულების შედეგ სწავლის გაგრძელების სურვილს გამოთქვამს არჩეული სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის მიხედვით, მაშინ იგი იგზავნება სპეციალიზაციის კურსებზე შესაბამისი ჯართა გვარეობის (სამსახურის) სკოლაში, მაგრამ ამ შემთხვევაში მისი სამხედრო სამსახურის საერთო ხანგრძლივობა შეადგენს უკვე რვა წელიწადს.

როგორც თავიდანვე ვთქვით, ROTC კურსების მეორე ფორმაა ორწლიანი სწავლება. იგი ორგანიზებულია იმ სტუდენტებისთვის, რომლებმაც რაიმე მიზეზის გამო ვერ გაიარეს მომზადების ძირითადი კურსი. ასეთი კურსები უშვებს მხოლოდ რეზერვის ოფიცრებს და მათზე სწავლას სახელმწიფო არ აფინანსებს.

დასასრულს უნა ითქვას, რომ ROTC კურსები მსმენელებს აძლევს მხოლოდ ზოგად სამხედრო მომზადებას კონკრეტული სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის გარეშე. მაგრამ შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების საკითხებით დაკავებული ამერკელი სპეციალისტების აზრით, სამხედრო მომზადების ასეთი ფორმა მომავალ ოფიცრებს აძლევს სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობათა ფართო არჩევანის შესაძლებლობას. მსმენელების ვიწრო სპეციალიზაცია ხორციელდება ჯართა გვარეობებისა და სამსახურების სასწავლო ცენტრებსა და სკოლებში სპეციალიზაციის კურსებზე მომზადების პროცესში, სადაც იგზავნებიან ROTC კურსების გამოშვებულნი საოფიცრო თანამდებობაზე პირველი დანიშვნის წინ. შემდგომში ისინი (სურვილის მიხედვით) შეიძლება გაგზავნილ იქნან სრულყოფის კურსებზე, რომლებიც ფუნქციონირებს ჯართა გვარეობებისა და სამსახურების სკოლებთან.

VII. 1. 3. საოფიცრო საკანდიდატო სკოლები


აშშ არმიის ოფიცერთა კორპუსის შევსების ერთერთი წყაროა საოფიცრო საკანდიდატო სკოლები. ისინი თავდაპირველად წარმოადგენდა სამხედრო ბანაკებს, სადაც კოლეჯებისა და უნივერსიტეტების სტუდენტები ზაფხულობით გადიოდნენ მომზადებას ნებაყოფლობით საფუძველზე. მსოფლიო ომებისა და მნიშვნელოვანი რეგიონული კონფლიქტების წლებში საოფიცრო საკანდიდატო სკოლები იქცა ჯართა გვარეობებთან და სამსახურებთან არსებულ მოკლევადიან კურსებად მოქმედი ჯარებისთვის უმცროს ოფიცერთა დიდი რაოდენობით მოსამზადებლად. სახელდობრ, ვიეტნამში ომის პერიოდში აშშ კონტინენტურ ნაწილში გაშლილი იყო ამ სკოლების ფართო ქსელი, რომელიც ყოველწლიურად ამზადებდა დაახლოებით 20 ათას ადამიანს. რამდენადაც დღესდღეობით არმიის ოფიცერთა ასე დიდი რაოდენობით მომზადების საჭიროება აღარ არის, ამდენად აღნიშნული სკოლების რაოდენობაც მკვეთრადაა შემცირებული.

ამჟამად სახმელეთო ჯარებში ოფიცერთა საკანდიდატო სკოლები მოქმედებს ქვეითი ჯარის სკოლასთან ფორტ-ბენინგში (ჯორჯია) და ეროვნული გვარდიის რიგ შენაერთებში. ისინი სარგებლობენ ჯართა გვარეობების (სამსახურების) სკოლებთან არსებული კურსების უფლებებით და სახმელეთო ჯარებისთვის ყოველწლიურად ამზადებენ რამდენიმე ასეულ უმცროს ოფიცერს (80-იან წლებში ამ სკოლების ყოველწლიური გამოშვება შეადგენდა 500-600 ადამიანს; ამჟამად არმიაში გატრებული შემცირებების გათვალისწინებით, მათი რიცხვიც რამდენადმე ნაკლები იქნება).

საოფიცრო საკანდიდატო სკოლებში მიიღებიან სამხედრო მოსამსახურეები უორენთ-ოფიცრების, სერჟანტებისა და რიგითების რიცხვიდან, რომელთაც აქვთ საშუალო განათლება და გავლილი აქვთ საწყისი სამხედრო მომზადების რვაკვირიანი კურსი. გარდა ამისა, ამ სკოლებში მიიღებიან უმაღლესი განათლების მქონე სამოქალაქო პირებიც, მაგრამ ამ უკანასკნელებმა სავალდებულო წესით უნდა გაიარონ საწყისი სამხედრო მომზადების კურსი.

სკოლებში სწავლის ხანგრძლივობაზე ჩვენს ხელთ არსებულ მასალებში სრულიად განსხვავებული მონაცემები მოგვეპოვება. ერთგან ნათქვამია, რომ სწავლის ვადა 10-14 კვირაა, სხვაგან – რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე, ზოგიერთ წყაროში კი დასახელებულია სწავლების მაქსიმალური ვადა 2 წელი. ასეთი წინააღმდეგობრივი მონაცემების ასახსნელად ალბათ უნდა ვითვალისწინებდეთ იმ განსხვავებულ საწყის პირობებს, რომლებშიც კანდიდატთა ცალკეული ჯგუფები იმყოფებიან სკოლებში ჩარიცხვის დროს. სახელდობრ, მითითებულია, რომ საშუალო განათლების მქონე სამხედრო მოსამსახურეებს (უორენთ-ოფიცრებს, სერჟანტებსა და რიგითებს) უფლება ეძლევათ გაიარონ კოლეჯში სწავლის ორწლიანი კურსი ბაკალავრის ხარისხის მისაღებად და ამის შემდეგ შეუდგნენ მეცადინეობებს საოფიცრო საკანდიდატო სკოლების პროგრამით, რომლის ხანგრძივობაც (აღნიშნული წესის მიხედვით) ათი კვირაა. ხოლო მათ, ვისაც უკვე დამთავრებული აქვთ უმაღლესი სამოქალაქო სასწავლებელი, ცხადია, კოლეჯში სწავლა არ სჭირდებათ და შეუძლიათ შეუდგნენ უშუალოდ საოფიცრო საკანდიდატო სკოლის პროგრამით მომზადებას. საკანდიდატო სკოლებში სწავლების გადასახადს იხდის არმიის სამინისტრო. ოფიცრობის კანდიდატები სტაჟირებას გადიან ათეულის მეთაურის, ოცეულის მეთაურის თანაშემწის, ასეულის ზემდეგის, ოცეულის მეთაურისა და ასეულის მეთაურის თანაშემწის თანამდებობებზე. საოფიცრო საკანდიდატო სკოლები ROTC კურსების მსგავსად იძლევა ზოგად სამხედრო განათლებას, ხოლო მომავალი ოფიცრების სპეციალობის მიხედვით მომზადება წარმოებს ჯართა გვარეობების (სამსახურების) სკოლებში, სადაც ყველა კურსდამთავრებული გადის სწავლებას პირველ საოფიცრო თანამდებობაზე დანიშვნის წინ.

საოფიცრო საკანდიდატო სკოლების გამოშვებულებს ენიჭებათ რეზერვის მეორე ლეიტენანტის წოდება. ნამდვილი სამსახურის აუცილებელი ვადა მათთვის არანაკლებ ორი წელია. ისინი, რომლებიც სწავლის კურსს წარჩინებით დაასრულებენ, შეიძლება წარმოებულ იქნან კადრის ოფიცრებად (თუკი არმიას ამის საჭიროება გააჩნია) და მაშინ ისინი მინიმუმ სავალდებულო ვადით იმსახურებენ რეგულარულ ჯარებში.

აქვე სასარგებლო იქნება მივუთითოთ იმაზეც, რომ საოფიცრო საკანდიდატო სკოლებში წარმოებს არა მარტო მეორე ლეიტენანტების, არამედ უორენთ-ოფიცრების მომზადებაც. მათი პროფესიული სწავლების სტრუქტურა ჩამოყალიბდა 90-იანი წლების დასაწყისისთვის.

უორენთ-ოფიცრების მომზადების წესს განვიხილავთ საარმიო ავიაციის სკოლის მაგალითზე. იგი განკუთვნილია მფრინავების, აგრეთვე საავიაციო ტექნიკის რემონტისა და საჰაერო მოძრაობის მართვის სპეციალისტების მომზადებისთვის.

პირველი ეტაპი (უორენთ-ოფიცრობის კანდიდატების მომზადების კურსი) ითვალისწინებს მსმენელთა ზოგად სამხედრო მომზადებას ექვსი კვირის განმავლობაში (შეისწავლება სამხედრო ისტორია, სახმელეთო ჯარების ორგანიზაცია, დანიშნულება და ამოცანები, ზურგის სამსახური, კავშირგაბმულობა, ნავიგაცია და ა. შ.) და სამხედრო-სპეციალურ მომზადებას (38 კვირა), რომლის დროსაც მსმენელები გადიან შემდეგ საგნებს: პილოტირების საფუძვლები, ხელსაწყოების მიხედვით ვერტმფრენების ტარება, სხვადასხვა მარკის ვერტმფრენების საბრძოლო დამოყენება და ა. შ. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ კანდიდატებს ენიჭებათ უმდაბლესი წოდება – უორენთ-ოფიცერი. სკოლასთან მოქმედებს აგრეთვე საარმიო ავიაციის ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ცეტრი, სადაც სწავლობენ ის ოფიცრები და სამოქალაქო მოსამსახურეები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით დაკავშირებული არიან საავიაციო ტექნიკის ავარიულობის თავიდან აცილების ამოცანების გადაწყვეტასთან.

სწავლების მეორე ეტაპი (11,5 კვირა) შეესაბამება სპეციალიზაციის კურსს, რომელსაც გადის ყველა ოფიცერი თანამდებობაზე მისი პირველი დანიშვნის წინ. საარმიო ავიაციის სკოლის უორენთ-ოფიცრები ემზადებიან შემდეგ აკადემიურ საგნებში: სამხედრო-სამედიცინო მომზადება (5 სთ), საჰაერო თავდაცვა (17), ფრენების უსაფრთხოება (12), ტაქტიკა (54), საბრძოლო მოქმედებათა წარმოების ხერხები (42), სამეთაურო ჩვევების გამომუშავება (114), ზოგადსაგანმანათლებლო საგნები (34), დაზვერვა (28), მატერიალურ-ტექნიკური ზრუნველყოფა (27), გამოთვლითი ტექნიკა (45), იურისპრუდენცია (6), მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვა (14), პირადი შემადგენლობის შენახვა (17), ფიზიკური მომზადება (37). ყველა ამ საგნის შესწავლისთვის გამოიყოფა 452 სთ.

მესამე ეტაპი შეესაბამება სპეციალიზაციის კურსს რეგულარული შეიარაღებული ძალების ოფიცერთა კორპუსის მომზადების სისტემაში. იგი შედგება ორი საფეხურისგან: მოსამზადებელისა და ძირითადის. პირველ საფეხურზე მეცადინეობების დროს უორენთ-ოფიცრები სწავლობენ შემდეგ დისციპლინებს: სამეთაურო ჩვევების გამომუშავება (22 სთ), შტაბებში მუშაობისთვის აუცილებელი ჩვევების გამომუშავება (21), გადაწყვეტილებათა მიღების მექანიზმი (12), საბრძოლო მომზადების ხელმძღვანელობა (7), დაფინანსების პრობლემები (6), ტაქტიკა (12), სარეზერვო კომპონენტების მობილიზაცია (7), ფორმირებათა საბრძოლო მოქმედებები შეიარაღებული ძალების სხვა სახეობებთან ერთობლივად და ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებული) შეიარაღებული ძალების (მშძ) შემადგენლობაში (8). ამ დისციპლინათა შესწავლაზე გამოიყოფა 95 სთ, გამოცდების ჩაბარებაზე – 5 სთ.

მოსამზადებელი საფეხურის შემდეგ მსმენელები გადადიან სწავლების დამამთავრებელ სტადიაში. იგი ითვალისწინებს შემდეგი საკითხების შესწავლას: სამეთაურო ჩვევების გამომუშავება (100 სთ), საბრძოლო მომზადების ხელმძღვანელობა (46), დაფინანსება (20), საჯარისო ფორმირებათა სამობილიზაციო შესაძლებლობანი (96), ნატო-ს მშძ-ს დოქტრინული დებულებები (6), ტერორიზმთან ბრძოლა (4), ადამიანური რესურსების ურთიერთკავშირი შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის რიცხოვნებასთან (2), ფიზიკური მომზადება (2), კომპიუტერული სისტემები (12). სულ ამ საფეხურზე უორენთ-ოფიცრების მომზადებაზე გამოიყოფა 288 სთ.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, აშშ არმიის უმცროს ოფიცერთა შემადგენლობა შესაძლოა ივსებოდეს საწყისი საოფიცრო წოდების (მეორე ლეიტენანტი) მინიჭებით ყველაზე უფრო მომზადებული უორენთ-ოფიცრების, სერჟანტებისა და რიგითებისთვის, რომელთაც ნამსახურები აქვთ არანაკლებ რვა წლისა, აგრეთვე სამოქალაქო სპეციალისტების (ექიმების, იურისტების, ეკლესიის მსახურთა, მეცნიერებისა და სხვათა) მიზიდვით სამხედრო სამსახურში და მათთვის ოფიცრობის მინიჭებით. რეგულარული არმიის ოფიცერთა შემადგენლობა შეიძლება შეივსოს აგრეთვე სარეზერვო კომპონენტებიდან ოფიცრების გადმოყვანითაც.

1986 წლის მონაცემებით, აშშ რეგულარული არმიის ოფიცერთა კორპუსის შემადგენლობა შევსებულ იქნა სულ 9163 მეორე ლეიტენანტით, რომელთაგან 1023 (11%) იყო ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებული, 4669 (51%) ROTC კურსების გამოშვებული, 750 (8%) საოფიცრო საკანდიდატო სკოლებისა; 100 (1%) ოფიცერი რეგულარულ არმიაში გადავიდა ეროვნული გვარდიიდან და არმიის რეზერვიდან; გარდა ამისა, 1210 (13%) უორენთ-ოფიცერსა და 1411 (16%) სამოქალაქო სპეციალისტს მიენიჭა ოფიცრის წოდება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მსგავსი პროცენტული თანაფარდობა შენარჩუნებული იქნება დღესაც.

VII. 2. აშშ არმიის ოფიცერთა სამსახურის პირობები


ჯართა გვარეობებისა და სამსახურების სკოლებში სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდეგ მეორე ლეიტენანტები ინიშნებიან საჯარისო ნაწილებში პირველ საოფიცრო თანამდებობებზე. ამის შემდეგ მათი პროფესიული დონის სრულყოფა და სამსახურეობრივი ზრდა მიმდინარეობს როგორც ჯარებსა და შტაბებში ყოველდღიური სამსახურის გავლისას, ისე მრავალრიცხოვან საჯარისო და სამეთაურო-საშტაბო სწავლებებში, რომლებიც მაღალი ინტენსივობით ტარდება როგორც შეერთებულ შტატებში, ისე ნატო-ს ფარლებშიცა და სხვა ზღვისიქითა ომთ-ებზეც. გარდა ამისა, აშშ არმიის ოფიცრები თავიანთი სამსახურის განმავლობაში არაერთხელ გადიან მომზადებასა და გადამზადებას შესაბამისი რანგის კურსებზე ან სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში.

ოფიცერთა ზემდგომ თანამდებობებზე დაწინაურება და მათთვის მომდევნო წოდების მინიჭება დამოკიდებულია საჭირო ვაკანსიების არსებობასა და მოცემულ წოდებაში დადგენილი ვადით ნამსახურებაზე. ეს ვადები მკაცრად არ არის განსაზღვრული და შესაძლოა იცვლებოდეს ოფიცრებში კონკრეტული მოთხოვნილების მიხედვით. ამჟამად პირველი ლეიტენანტის (fierst lieutenant) წოდების მისაღებად ოფიცერს შეიძლება ჰქონდეს ნამსახურება 18 თვიდან ორ წლამდე. ამასთან ეს წოდება ავტომატურად მიენიჭება ყველა მეორე ლეიტენანტს დადგენილი ვადით სასჯელის გარეშე სამსახურის შემთხვევაში. პირველი ლეიტენანტის სამხედრო წოდება ერთადერთია, რომელიც მიენიჭება მეთაურის წარდგინებით. ყველა სხვა წოდებას, გენერალ-მაიორამდე, კანდიდატურის განხილვის შემდეგ, ანიჭებენ ერთი ან მეტი წოდებით მაღალი კატეგორიის ოფიცერთაგან დაკომპლექტებული სპეციალური კომისიები. კანდიდატურის დასამტკიცებლად მას მხარი უნდა დაუჭიროს კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

პირველი ლეიტენანტის წოდებაში (შესაბამის თანამდებობაზე) ნამსახურების 3,5-4 წლის შემდეგ ოფიცერს ზემოთ აღნიშნული წესით შეიძლება მიენიჭოს კაპიტნის (captain) წოდება. ამერიკულ არმიაში ოფიცრების წარდგენა შემდგომ წოდებაზე ხდება ორი კატეგორიის მიხედვით:

– რეკომენდირებულია სავსებით;

– რეკომენდირებულია პირველ რიგში მომდევნო წოდების მინიჭებისთვის.

წოდებამინიჭებულ ოფიცერთა ზუსტ შესაბამისობას მათ მიერ დასაკავებელ თანამდებობათა რაოდენობასთან აკონტროლებენ არა მარტო არმიისა და ჯართა გვარეობების ხელმძღვანელობანი, არამედ აშშ-ის კონგრესი და, უწინარეს ყოვლისა, მისი ორივე პალატის შეიარაღებული ძალებისა და შეიარაღებათა კომიტეტები. აღნიშნული კომიტეტების წევრები გულდასმით განიხილავენ თითოეული კატეგორიის ოფიცერთა რიცხვის საკითხებს და მათ შესანახად სახსრების გამოყოფის შესაძლებლობებს. სახელდობრ, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, 1993 ფინანსურ წელში აშშ კონგრესმა შეიარაღებულ ძალებში გასატარებელ შემცირებათა და საბიუჯეტო ასიგნებათა შეკვეცის გათვალისწინებით, რეგულარულ არმიასა და მის სარეზერვო კომპონენტებში “პოლკოვნიკის” კატეგორიის ოფიცერთა საერთო რაოდენობა განსაზღვრა არსებულის 40-41%-ით, “ვიცე-პოლკოვნიკის” კატეგორიისა – 64-66%-ით, “მაიორის” – 66-68%-ით და ა. შ.

ამერიკული არმიის ხელმძღვანელობა დიდ ყურადღებას უთმობს ოფიცრების პროფესიულ ზრდასა და დაწინაურებას, როგორც საფინანსო-წამახალისებელი ისე იძულებით-ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარებით. პირველი ნათლად ჩანს ქვემოთ მოყვანილი ცხრილიდან, რომელიც გვიჩვენებს აშშ შეიარაღებული ძალების ოფიცერთა ძირითად ხელფასებს 1989 წლის 1 იანვრის მდგომარეობით.

ცხრილი 3

ამერიკელ ოფიცერთა ძირითადი ხელფასები დადგენილი 1989 წლის 1 იანვრიდან (დოლარი თვეში)

სამხედრო მოსამსახურეთა . . . . . . . . წ ლ ე ბ ი ს ნ ა მ ს ა ხ უ რ ე ბ ა *
კატეგორიები . . . . . . . . . . . . . . . . . . 2-მდე . . 2 . . . . . 4 . . . . . 8 . . . . . 12 . . . . 16 . . . . 20

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . უ მ ა ღ ლ ე ს ი ო ფ ი ც რ ე ბ ი . . . . . . . . . . . . . .

გენერალი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5710,8 . 5911,8 . 5911,8 . 6138,3 . 6291,6 . 6291,6 . 6291,6
გენერალ-ლეიტენანტი . . . . . . . . . . 5061,3 . 5193,9 . 5304,3 . 5439,3 . 5665,8 . 6138,3 . 6291,6
გენერალ-მაიორი . . . . . . . . . . . . . . . .4584,3 . 4721,4 . 4833,6 . 5193,6 . 5439,3 . 5665,8 . 6138,3

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . უ ფ რ ო ს ი ო ფ ი ც რ ე ბ ი . . . . . . . . . . . .

პოლკოვნიკი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .2823,3 . 3102,0 . 3305,1 . 3305,1 . 3305,1 . 3957,6 . 4250,4
ვიცე-პოლკოვნიკი . . . . . . . . . . . . . . . 2257,8 . 2651,4 . 2834,7 . 2834,7 . 3077,4 . 3529,5 . 3845,1
მაიორი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1903,5 . 2317,8 . 2472,3 . 2629,2 . 2966,4 . 3237,9 . 3327,6

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . უ მ ც რ ო ს ი ო ფ ი ც რ ე ბ ი . . . . . . . . . . . . .

კაპიტანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1768,8 . 1977,6 . 2339,1 . 2538,9 . 2808,6 . 2877,9 . 2877,9
პირველი ლეიტენანტი . . . . . . . . . .1542,3 . 1684,5 . 2091,6 . 2135,4 . 2135,4 . 2135,4 . 2135,4
მეორე ლეიტენანტი . . . . . . . . . . . . 1338,9 . 1341,1 . 1684,5 . 1684,5 . 1684,5 . 1684,5 . 1684,5

* ოფიცრებისთვის წლების ნამსახურება გულისხმობს მოცემულ წოდებაში სამსახურის ვადას

გარდა ამისა, ჩვენს ხელთ არსებული სხვა წყაროების მიხედვით, აშშ ოფიცერთა კორპუსში წოდებების მინიჭების პრობლემა განისაზღვრება ფორმულით “დაწინაურება ან დათხოვნა”, რომლის თანახმადაც, თუ ოფიცერი დადგენილ ვადებში ვერ მიიღებს მომდევნო სამხედრო წოდებას, იგი ავტომატურად თავისუფლდება არმიიდან. ეს ინფორმაცია ეწინააღმდეგება ზემოთ მოყვანილ ცხრილს, საიდანაც ჩანს, რომ ოფიცრებმა დადგენილ ვადებში დაწინაურების გარეშეც შეიძლება იმსახურონ არმიაში, მხოლოდ მათი ძირითადი ხელფასები “იყინება” გარკვეულ დონეზე. მაგრამ შესაძლოა ასეთი ოფიცრები მართლაც თავისუფლდებიან რეგულარული არმიიდან და სამსახურს აგრძელებენ ორგანიზებულ რეზერვში. იმავე წყაროს მიხედვით, ნებისმიერი წოდების ოფიცერი, გენერალ-ლეიტენანტის ჩათვლით, ავტომატურად თავისუფლდება, თუკი წოდებაზე მეორედ წარდგენისას კომისია უარყოფითად შეაფასებს მის კანდიდატურას. კომისიის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დოკუმენტების გაფორმებისას დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომები ან უზუსტობანი. ოფიცრის წოდებამინიჭებულთა დამტკიცებული სიები ქვეყნდება ყოველდღიურ გაზეთში “არმი ტაიმსი” (Army Times).

აშშ არმიის ოფიცრები შესაძლოა მათი სურვილის გაუთვალისწინებლადაც იქნენ განთავისუფლებულნი სამხედრო სამსახურიდან შტატების შემცირების, სამსახურეობრივი შეუსაბამობის, კანონის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის გამო. პირველ შემთხვევაში მათ ეძლევათ კომპენსაცია 30 ათასი დოლარის ოდენობით.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამერიკელ ოფიცერთა სამსახურეობრივი წინსვლის აუცილებელ პირობას წარმოადგენს განათლების დონისა და პროფესიონალიზმის მუდმივად ამაღლება, რისთვისაც არმიაში ორგანიზებულია სწავლება სხვადასხვა რანგის სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში და ამ დაწესებულებათა უფლების მქონე კურსებზე. სახელდობრ, უმცროს ოფიცერთა შემადგენლობის სრულყოფა (კაპიტნის ჩათვლით) ხორციელდება ჯარებში სამსახურის 6-8 წლის შემდეგ და მიზნად ისახავს ოფიცრების მომზადებას შემდეგი სამსახურისთვის ბატალიონის რგოლის სამეთაურო-საშტაბო თანამდებობებზე. ამ კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პირველ რიგში სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობაზე და საშუალოდ შეადგენს 12-დან 38 კვირამდე. სწავლება წარმოებს ჯართა გვარეობებისა და სამსახურების სკოლებში. აღნიშნული კურსების, აგრეთვე მათზე მოსწავლე ოფიცრების რიცხვი მუდმივი არ არის და იცვლება ვითარებისა და ამა თუ იმ სპეციალისტებში სახმელეთო ჯარების მოთხოვნილებათა შესაბამისად.

VII. 3. აშშ არმიის უფროს ოფიცერთა მომზადება


უფროსი ოფიცრები (მაიორები, ვიცე-პოლკოვნიკები – major, lieutenant colonel), რომლებმაც არმიაში იმსახურეს 10-15 წელი, არ არიან 38 წელზე მეტი ასაკის და ფიზიკური და მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიხედვით ვარგისი არიან ზემდგომ თანამდებობებზე სამსახურისთვის, გადამზადების გასავლელად, რომელსაც ოფიცერთა სამხედრო მომზადება ეწოდება, იგზავნებიან შეიარაღებული ძალების საშტაბო კოლეჯში ან საარმიო სამეთაურო საშტაბო კოლეჯში.

შეიარაღებული ძალების საშტაბო კოლეჯი (ქ. ნორფოლკი, ვირჯინიის შტატი – Armed Forces Staff College /AFSC/, Norfolk, Virginia) ამზადებს სამეთაურო-საშტაბო შემადგენლობას აშშ შეიარაღებული ძალების ყველა სახეობისთვის, მათ შორის სახმელეთო ჯარების შენაერთებისა და სარდლობათა შტაბებისთვისაც. კოლეჯში სწავლის ხანგრძლივობაა ხუთი თვე. მსმენელები სწავლობენ შენაერთებისა და გაერთიანებების საბრძოლო გამოყენების საფუძვლებს, ერთობლივ ოპერაციათა ჩატარების დაგეგმვას და ა. შ. ყოველწლიურად კოლეჯი უშვებს ორ გამოშვებას, რომლებზედაც მსმენელთა საერთო რიცხვი წელიწადში შეადგენს 300-500 ოფიცერს. კოლეჯის კურსდამთავრებულნი მზად არიან “ბატალიონი – პოლკი – ბრიგადა – დივიზია” რგოლში და მათ შესაბამის თანამდებობებზე გამოყენებისთვის.

საარმიო სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი (ფორტ-ლივენუერტი, კანზასი – U. S. Army Command and General Staff College, Fort Leavenworth, Kanzas) ამზადებს ძირითადად “ბატალიონი – პოლკი – ბრიგადა” რგოლის მეთაურთა შემადგენლობას, აგრეთვე დივიზიისა და საარმიო (საჰაერო-სადესანტო) კორპუსის შტაბის ოფიცრებს. სწავლის ხანგრძლივობაა დაახლოებით ათი თვე (წელიწადში ერთი გამოშვება). კოლეჯში ისწავლება შემდეგი საგნები: სავარაუდო მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების ორგანიზაცია და ამოცანები, ჯარების მართვის საფუძვლები, თავიანთი ფორმირებებისა და აშშ შეიარაღებული ძალების სხვა სახეობების ფორმირებათა მოქმედებების ტაქტიკა, ამბოხებულთა და პარტიზანების წინააღმდეგ მოქმედებების ორგანიზაცია და სხვა დისციპლინები. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, კოლეჯის კურსდამთავრებულთა წლიური რიცხვი აქაც 300-500 ოფიცერია.

აღნიშნული კოლეჯების კურსის დასრულების შემდეგ უფროსი ოფიცრები ინიშნებიან ჯარებში, შტაბაბში, არმიის ან თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ან შტაბების უფროსთა კომიტეტის (შუკ) გაერთიანებულ შტაბში მათი განათლებისა და წოდების შესაბამის თანამდებობებზე. მათი შემდგომი სამსახური, პროფესიული სრულყოფა და სამსახურეობრივი დაწინაურება მიმდინარეობს იმავე პრინციპებისა და მექანიზმების საფუძველზე, რაზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი. ამერიკულ არმიაში თანამედროვე ეტაპზე “მაიორის” წოდების მისაღებად აუცილებელია საოფიცრო თანამდებობებზე მინიმუმ 11 წლის ნამსახურება, “ვიცე-პოლკოვნიკისა” – 16 წლის ნამსახურება, “პოლკოვნიკისა” (colonel) – 22 წლის. ამავე დროს საპენსიო ასაკის მისაღწევად საჭირო ნამსახურების მინიმალური ვადა 14 წელია, მაქსიმალური 20 წელი.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, აშშ არმიის ოფიცრები მორიგეობით უნდა ინიშნებოდნენ ზოგადსაჯარისო ან ჯართა გვარეობის (სამსახურის) მეთაურისა და შტაბის ოფიცრის თანამდებობებზე, რაც მიზნად ისახავს ჯარებისა და შტაბების საქმიანობის ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებასა და დაახლოებას. ამავე დროს არმიის ან თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, აგრეთვე შუკ-ის გაერთიანებულ შტაბში სამსახურისთვის ნებისმიერი რანგის ოფიცრები ინიშნებიან მხოლოდ დროებით, სამი წლით, რის შემდეგაც ისევ უბრუნდებიან თავიანთ “მშობლიურ” ნაწილებს, რაც აუცილებელია მათი პროფესიული კვალიფიკაციის საჭირო დონეზე შენარჩუნებისთვის.

ამერიკულ არმიასა და მთლიანად შეიარაღებულ ძალებში ოფიცერთა მიმართ წაყენებული მზარდი მოთხოვნების საკომპენსაციოდ და სამსახურის სტიმულირებისთვის ამ ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა მიმართავს საკმაოდ მაღალი მატერიალური წახალისების ზომებს. ასე, ძირითადი ხელფასის გარდა ოფიცრებს ეძლევათ 4,1-დან 23%-მდე დანამატი ბინისა და კვების გადასახადის საფასურად. არსებობს აგრეთვე სპეციალური დანამატებიც: სამივლინებო, სამგზავრო, საზღვარგარეთ მგზავრობის, ფორმის ტანსაცმელზე ხარჯების, კომპენსაციისა და ა. შ.

თავდაცვისა და არმიის სამინისტროები დიდ ყურადღებას უთმობენ აგრეთვე ოფიცერთა კორპუსში ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნასა და კარიერიზმის ამოძირკვას. მათი აზრით, ამას ხელს უწყობს საკადრო საკითხების გადაჭრის საჯაროობა, ოფიცრების მიერ საკუთარი პერსპექტივის სრული გაცნობიერება, მომავლის რწმენა. ოფიცერთა და სხვა კატეგორიების სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დასაცავად შეერთებულ შტატებში შექმნილია სპეციალური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს მათ იურიდიულ დაცვას ზემდგომ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტური სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევაში.

VII. 4. აშშ არმიის უმაღლეს ოფიცერთა მომზადება


ჯარებში, შტაბებსა ან სამინისტროების აპარატში დადგენილი ვადით სამსახურის შემდეგ უფროს ოფიცერთა ერთი ნაწილი შეირჩევა შემდგომი სწავლებისა და გადამზადებისთვის უმაღლესი სამეთაურო (საკომანდო) და საშტაბო თანამდებობების დასაკავებლად. სახელდობრ, ამისთვის ირჩევენ კანდიდატებს იმ ვიცე-პოლკოვნიკებისა და პოლკოვნიკებისგან, რომლებმაც იმსახურეს საოფიცრო თანამდებობებზე 16-დან 23 წლამდე, დამთავრებული აქვთ შეიარაღებული ძალების საშტაბო კოლეჯი ან საარმიო სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი და ჯანმრთელობისა და მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიხედვით ვარგისი არიან შემდგომი სამსახურის გაგრძელებისთვის.

უმაღლეს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებს, სადაც აშშ არმიის ოფიცრები (გენერლები) ღებულობენ უმაღლეს სამხედრო განათლებას და გადიან შესაბამის გადამზადებას, მიეკუთვნება: საარმიო სამხედრო კოლეჯი, ეროვნული სამხედრო კოლეჯი და სამხედრო-სამრეწველო კოლეჯი. ეს სასწავლო დაწესებულებები ამზადებენ მეთაურებს “დივიზია – გაერთიანებული (ცენტრალური) სარდლობა” რგოლში შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად, აგრეთვე ოფიცრებს (გენერლებსა და ადმირალებს) თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სახეობათა სამინისტროების აპარატში მუშაობისთვის. სწავლების ვადა ათი თვეა და თითოეული კოლეჯის ყოველწლიური გამოშვება შეადგენს დაახლოებით 200 ადამიანს.

საარმიო სამხედრო კოლეჯი (ქ. კარლაილ-ბერექსი, პენსილვანიის შტატი – Army War College, Pennsylvania) წარმოადგენს აშშ სახმელეთო ჯარების უმაღლეს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებას. იგი ამზადებს უმაღლეს მეთაურთა შემადგენლობას “შენაერთი – გაერთიანება – თეატრზე სარდლობა” რგოლისთვის, აგრეთვე ოფიცრებსა და გენერლებს არმიის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სამუშაოდ. სწავლებისთვის შერჩეულ კანდიდატურებს ამტკიცებს არმიის მინისტრი. სწავლის ვადა დაახლოებით ათი თვეა. სახმელეთო ჯარების უფროს ოფიცრებთან ერთად კოლეჯში მიიღება შეიარაღებული ძალების სხვა სახეობათა ოფიცრებისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სხვადასხვა უწყების სამოქალაქო მოსამსახურეთა უმნიშვნელო რიცხვიც.

კოლეჯში სწავლობენ შემდეგ ძირითად საგნებს: ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკა, სტრატეგია, სამხედრო დაგეგმვისა და პროგნოზირების საფუძვლები, სახმელეთო ჯარების გამოყენება შეიარაღებული ძალების სხვა სახეობებთან ერთობლივ ოპერაციებში, აგრეთვე მოკავშირე და მეგობრული ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან ერთად.

ეროვნული სამხედრო კოლეჯი (ფორტ-მაკნეირი, ქ. ვაშინგრონი – National War College, Fort Lesley J. McNair in Washington D. C.) ამზადებს უფროს ოფიცერთა და გენერლების (ადმირალთა) შემადგენლობას თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, შუკ-ის გაერთიანებულ შტაბში, აშშ-ისა და ნატო-ს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობების შტაბებში შემდგომი სამსახურისთვის. სწავლის ხანგრძლივობა აქაც ათი თვეა. მსმენელები სწავლობენ საერთაშორისო ურთიერთობებს, სამხედრო და საგარეო პოლიტიკის ურთიერთკავშირებს, სტრატეგიას, სამხედრო მშენებლობას, სამხედრო დაგეგმვასა და პროგრამირებას, სხვადასხვანაირ ომებში შეიარაღებული ძალების გამოყენებასა და სხვა დისციპლინებს.

სამხედრო-სამრეწველო კოლეჯი (ფორტ-მაკნეირი, ქ. ვაშინგრონი – Industrial College of the Armed Forces /ICAF/, Fort Lesley J. McNait in Washington D. C.) უშვებს მომზადების მაღალი დონის მქონე სპეციალისტებს ქვეყნის ეკონომიკის სამობილიზაციო გაშლის, შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში. კანდიდატებს აქაც ისეთივე მოთხოვნები წაეყენებათ, როგორიც წინა ორ სამხედრო-სასწავლო დაწესებულებაში ჩარიცხვისას. სწავლის ხანგრძლიობა ათი თვეა.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული სამხედრო-სასწავლო დაწესებულებები ერთმანეთისგან დამოუკიდებელია, მათი ცენტრალზებული მართვისა და სამეთაურო-საშტაბო სამხედრო კადრების საშუალო და უმაღლესი რგოლის სწავლების პროცესის სრულყოფის მიზნით ისინი გაერთიანებულია ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში (ქ. ვაშინგტონი – National Defense University, Washington, D. C.). უკანასკნელი მონაცემებით, აღნიშნულ უნივერსიტეტში შედის უკვე ზემოთ მოხსენიებული შეიარაღებული ძალების საშტაბო კოლეჯი, ეროვნული სამხედრო კოლეჯი, შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამრეწველო კოლეჯი და, გარდა ამისა, ეროვნული სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (Institute for National Strategic Stadies), საინფორმაციო წყაროების მართვის კოლეჯი (Information Resourses Management College) და ბიბლიოთეკა (Library). თავის მხრივ ეროვნული სამხედრო კოლეჯისადმი დაქვემდებარებული სამხედრო-სასწავლო დაწესებულებაა ზემოხსენებული საარმიო სამხედრო კოლეჯიც. აღნიშნული კოლეჯების გარდა აშშ სახმელეთი ჯარების უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის ერთი ნაწილის მომზადება ხორციელდება მოკავშირეთა ისეთ უმაღლეს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამეფო კოლეჯი, კანადის ეროვნული თავდაცვის კოლეჯი, ამერიკათშორისი სამხედრო კოლეჯი. გარდა ამისა, აშშ სახმელეთო ჯარებში ფუნქციონირებს კურსები საარმიო სამხედრო კოლეჯის უფლებით.

უმაღლესი სამხედრო განათლების მიღების შემდეგ აშშ არმიის უმაღლესი ოფიცრები ინიშნებიან თავიანთი განათლების, წოდებისა და მიდრეკილებათა შესაბამის სამეთაურო, საშტაბო, ადმინისტრაციულ და სხვა თანამდებობებზე.

სანამ ამერიკული არმიის გენერალთა შემადგენლობის სამსახურის თავისებურებებს შევეხებოდეთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ზემოთ მითითებულის გარდა აშშ შეიარაღებულ ძალებში არის რიგი სპეციალიზებული სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებისა. მათ მიეკუთვნება უცხო ენათა სამხედრო ინსტიტუტი (ქ. მონტერეი, კალიფორნიის შტატი), სამხედრო დაზვერვის კოლეჯი (ქ. ვაშინგტონი), ინფორმაციისა და პროპაგანდის სკოლა (ფორტ-ბენჯამინ ჰარისონი, ინდიანა), კარტოგრაფიის სკოლა (ფორტ-ბელვუარი, ვირჯინია) და სხვა.

ყველა სამხედრო-სასწავლო დაწესებულებაში ქალები სამხედრო მომზადებას გადიან მამაკაცების თანაბრად ერთიანი სასწავლო პროგრამების მიხედვით. მაგრამ რიგ სპეციალობებზე, რომლებიც დაკავშირებულია უმთავრესად იარაღისა და სამხედრო ტექნიკის საბრძოლო გამოყენებასთან, ისინი არ დაიშვებიან და შესაბამისად არც სწავლებას გადიან.

სამეცნიერო კადრები აშშ შეიარაღებულ ძალებში (და კერძოდ არმიაში) მზადდება იმ ოფიცერთა რიცხვიდან, რომელთაც გააჩნიათ შესაბამის განათლება და გამოიჩენენ მიდრეკლებას სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისადმი. მათი მომზადება ხორციელდება როგორც სამხდრო ისე სამოქალაქო უმაღლეს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში. აშშ შეიარაღებულ ძალებში დაკავებულია მნიშვნელოვანი რიცხვი მაღალი კვალიფიკაციის სამოქალაქო სპეციალისტებისა, აგრეთვე იმ პირების, რომლებიც ნებაყოფლობით გამოთქვამენ სურვილს გახდნენ სამხედრო მოსამსახურენი.

სამეცნიერო-პედაგოგიური კადრები კომპლექტდება, როგორც წესი, კადრის ოფიცერთაგან, რომელთაც გააჩნათ ჯარებში სამეთაურო და საშტაბო თანამდებობებზე მუშაობის აუცილებელი გამოცდილება, შესაბამისი განათლება და მიდრეკილება პედაგოგიური მუშაობისადმი.

როგორც ამერიკელი სპეციალისტები აღნიშნავენ, აშშ ოფიცერთა კადრების მომზადების არსებული სისტემა ხელს უწყობს ოფიცერთა მისწრაფებას საკუთარი პროფესიული ცოდნის ამაღლებისკენ. ამ იზნით, ზემოთ განხილულ სამხედრო-სასწავლო დაესებულებებში სწავლის გარდა 23-დან 29 წლამდე ნამსახურების მქონე ოფიცრებსა და გენერლებს სურვილის მიხედვით შეუძლიათ გაიარონ დამატებითი მომზადების კურსები მათ ძირითად სამხედრო სპეციალობაში.

VII. 5. გენერლების სამსახური აშშ არმიაში


ახლა დავუბრუნდეთ ისევ აშშ არმიის გენერალთა შემადგენლობის მიერ სამსახურის გავლის საკითხებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, შესაბამის კოლეჯებში ან ამ კოლეჯების უფლების მქონე კურსებზე უმაღლესი სამხედრო განათლების მიღების შემდეგ სახმელეთო ჯარების გენერლები ინიშნებიან სამეთაურო, საშტაბო ან სხვა თანამდებობებზე.

აშშ არმიაში უმდაბლესი საგენერლო წოდებაა ბრიგადის გენერალი (brigadia general). მას შეესაბამება ისეთი სამეთაურო და საშტაბო თანამდებობები, როგორიცაა – ბრიგადის მეთაური, დივიზიის მეთაურის მოადგილე, სამმართველოს უფროსის მოადგილე კორპუსის შტაბში, განყოფილების უფროსი შუკ-ის გაერთიანებულ შტაბში, არმიის შტაბში, გაერთიანებულ და სპეციალურ სარდლობებში.

შემდგომი წოდებაა გენერალ-მაიორი (major general), რომელსაც შეესაბამება შემდეგი თანამდებობები – დივიზიის მეთაური, კორპუსის მეთაურის მოადგილე, სამმართველოს უფროსი არმიის შტაბში, გაერთიანებულ და სპეციალურ სარდლობებში.

გენერალ-ლეიტენანტი (lieutenant general) – საარმიო (საჰაერო-სადესანტო) კორპუსის მეთაური, გაერთიანებული ან სპეციალური სარდლობის შტაბის უფროსი, არმიის შტაბის უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, შუკ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსი.

გენერალი (სრული გენერალი, general) – შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე, გაერთიანებული ან სპეციალური სარდლობის სარდალი, არმიის შტაბის უფროსი და მისი პირველი მოადგილე, გაერთიანებული სარდლობის სახმელეთო ჯარების სარდალი.

აშშ არმიის გენერლების რაოდენობა (ისევე როგორც მთელი შეიარაღებული ძალების უმაღლესი ოფიცრებისა) დამოკიდებულია პირადი შემადგენლობის საერთო რიცხვზე. იგი განისაზღვრება აშშ კონგრესის მიერ, რომელიც მოცემულ საკითხში ყოველწლიურად ღებულობს საკანონმდებლო აქტს. ცივი ომის პერიოდის უკანასკნელ ათწლეულებში დაიმზირებოდა თანაფარდობა ოთხი-ხუთი გენერალი და ადმირალი ყოველ 10 ათას სამხედრო მოსამსახურეზე. ამასთან განისაზღვრება, რომ უმაღლესი ოფიცრებიდან ბრიგადის გენერლები უნდა შეადგენდნენ 50%-ს, გენერალ-მაიორები – 35, გენერალ-ლეიტენანტები და გენერლები – 15%-ს. ამ უკანასკნელთაგან მხოლოდ 1/4-ს შეიძლება მიენიჭოს გენერლის წოდება.

ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, აშშ რეგულარულ არმიაში 1990 წელს მსახურობდა 197 ბრიგადის გენერალი, 141 გენერალ-მაიორი, 48 გენერალ-ლეიტენენტი და 11 გენერალი. სულ 397 სხვადასხვა რანგის გენერალი. უკანასკნელ წლებში აშშ სახმელეთო ჯარებში გატარებული შემცირებების შედეგად მათი ახლანდელი რაოდენობაც გარკვეულწილად შემცირებული იქნება. გარდა ამისა, უმაღლეს ოფიცერთა გარკვეული რიცხვი მსახურობს ორგანიზებულ რეზერვში – ეროვნულ გვარდიასა და არმიის რეზერვში.

ბრიგადის გენერლისა და გენერალ-მაიორის წოდებათა მინიჭების უფლება აქვს აშშ პრეზიდენტს, სენატის თანხმობის გარეშე, ხოლო გენერალ-ლეიტენანტისა და გენერლის – მხოლოდ სენატის თანხმობით. უმაღლესი სამხედრო წოდება – არმიის გენერალი შეიძლება მიენიჭოთ გენერლებს ომის დროს საველე არმიების სარდლობისა და ქვეყნისა და სახმელეთო ჯარების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

ბრიგადის გენერლისა და გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებისთვის საჭიროა წინა სამხედრო წოდებაში არანაკლებ ერთი წლის ნამსახურებისა (შესაბამისად პოლკოვნიკი და ბრიგადის გენერალი). უმაღლესი ოფიცრის ერთ სამხედრო წოდებაში ყოფნის ზღვრული დრო ხუთი წელია, რის შემდეგაც იგი ვალდებულია გადადგეს, თუკი აღნიშნული ვადის გასვლადე არ იქნა დაწინაურებული ზემდგომ თანამდებობაზე. მაქსიმალური ნამსახურება ბრიგადის გენერლისთვის 30 წელია, დანარჩენებისთვის კი 35. გენერალ-ლეიტენანტისა და გენერლისთვის თანამდებობაზე ყოფნის ვადა შესაძლოა გაგრძელებულ იქნას მხოლოდ აშშ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით.

უმაღლესი ოფიცრის თანამდებობაზე დანიშვნისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება კანდიდატის საბრძოლო გამოცდილებას, მის სამსახურს ამერიკული შეიარაღებული ძალების დაჯგუფებაში ევროპულ ზონაში, სამეთაურო და საშტაბო თანამდებობებზე; ამასთანავე გაითვალისწინება ოფიცრის ზოგადსაგანმანათლებლო დონე და სამხედრო მომზადება. სახელდობრ, 1990 წლის შუახანებში გენერალ-მაიორის მორიგი სამხედრო წოდების მინიჭებისთვის წარდგენილ იქნა 35 ბრიგადის გენერალი. მათგან 23-ს დამთავრებული ჰქონდა ROTC კურსები, ათს ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემია და ორს საოფიცრო საკანდიდატო სკოლები. თითოეულ მათგანს ჯართა გვარეობებისა და სამსახურების სკოლებში გავლილი ჰქონდა სპეცალობის მიხედვით მომზადება, შემდეგ შესაბამის სამხედრო კოლეჯებში მიღებული ჰქონდა უმაღლესი სამხედრო განათლება და თითქმის ყველას ჰქონდა მაგისტრის ან ბაკალავრის სამეცნიერო ხარისხი.

ზღვრული ასაკი გენერლებისთვის, ისევე როგორც სამხედრო მოსამსახურეთა ყველა სხვა კატეგორიისთვის, 62 წელია. იგი შესაძლოა კიდევ ორი წლით გაიზარდოს მხოლოდ უმაღლეს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებათა მასწავლებლებისთვის და ისიც აშშ კონგრესის გადაწყვეტილებით.

მთლიანობაში აშშ სახმელეთო ჯარების ოფიცერთა კადრების მომზადების სისტემა, თავისი სირთულისა და მრავალსაფეხურიანობის მიუხედავად, მეტად ხელმისაწვდომია ოფიცერთა შემადგენლობის ყველა კატეგორიისთვის თანამდებობის, სამხედრო წოდებისა და საოფიცრო თანამდებობებზე ნამსახურების წლების მიუხედავად. ამასთან ოფიცერთა მომზადების ზოგად სისტემაში ყურადღება ეთმობა სამ ძირითად თავისებურებას: ოფიცრები მთელი სამსახურის განმავლობაში არაერთხელ მიიწვევიან ამა თუ იმ სახით მომზადებისა და გადამზადების გასავლელად მათი პროფესიული დონის შემდგომი ამაღლების მიზნით; უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის დასწრებული სწავლების ვადები შესაბამის კოლეჯებში ათ თვეს არ აღემატება, რაც უზრუნველყოფს მსმენელთა ცოდნის მყარ კავშირს საჯარისო გამოცდილებასთან; სახმელეთო ჯარების სრულყოფილი და განტოტვილი სასწავლო-მატერიალური ბაზის არსებობა იძლევა ოფიცერთა შემადგენლობის მომზადების შესაძლებლობას, როგორც წესი, რეგულარული ჯარების დისლოკაციის ადგილებში გაშლილ სასწავლო ცენტრებში.

დასასრულს უნდა ითქვას აშშ სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობისა და უწინარეს ყოვლისა ოფიცერთა კორპუსის ატესტაციაზეც, რომელსაც ამერიკული სამხედრო ხელმძღვანელობა დიდ ყურადღებას უთმობს პირადი შემადგენლობის საქმიანი და მორალური თვისებების ამაღლებისა და ჯარების ბრძოლისუნარიანობის აუცილებელ დონეზე შენარჩუნებისთვის. აშშ არმიაში, ისევე როგორც შეიარაღებული ძალების სხვა სახეობებშიც, შემუშავებულია და გამოიყენება პირადი შემადგენლობის ატესტაციის სპეციალური პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს “სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამსახურეობრივ მოვალეობეათა შესრულების, აგრეთვე მათი პიროვნული თვისებებისა და პოტენციურ შესაძლებლობათა პერიოდულ შეფასებას”.

VII. 6. ოფიცრების ატესტაცია აშშ არმიაში


ამერიკელი სპეციალისტების აზრით, ოფიცერთა შემადგენლობის ატესტაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია როგორც სახმელეთო ჯარების ხელმძღვანელობისა და მართვის დონის ამაღლებისთვის, ისე ცალ-ცალკე თითოეული სამხედრო მოსამსახურის “სამხედრო ბედის” განსაზღვრისთვისაც.

სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობის ატესტაციის ამჟამად არსებული პროცედურა 1979 წელს იქნა მიღებული და დღემდე მან რიგი ცვლილებებისა განიცადა. სახელდობრ, ამ ცვლილებებით უფრო მეტი ყურადღება მიექცა ოფიცერთა თვისებებისა და უნარების შეფასების ობიექტურობას. ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, თუ ატესტაციაში არ არის საკმარისი სისრულე, სიზუსტე და ობიექტურობა, ეს ართმევს მეთაურებსა და უფროსებს მტკიცე საფუძველს მათი ქვეშევრდომების საქმიანობის შემდგომი დახასიათებისთვის, და შეიძლება მატერიალური და მორალური ზარალი მიაყენოს უკანასკნელთ. გარდა ამისა, რაოდენობრივ (ქულებით, ბალებით) შეფასებებთან ერთად დიდი მნიშვნელობა მიენიჭა წერილობითი რეკომენდაციების აუცილებელ შემუშავებასაც გამოვლენილ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად, მათ შორის ზემდგომი ინსტანციების მხრიდანაც, მანამდე ჩატარებულ ატესტაციებთან შედარების საფუძველზე.

არსებობს აშშ არმიის დარიგება AR 623-105 “სახმელეთო ჯარების საოფიცრო შემადგენლობის ატესტაციის სისტემა”, რომელშიც განისაზღვრება, რომ იგი ტარდება არაუიშვიათეს ერთისა წელიწადში, აგრეთვე ოფიცრის გადაყვანისას სამსახურის ახალ ადგილზე და სამხედრო-სასწავლო დაწესებულებში ყოფნისას. დარიგებიდან გამოდის, რომ ამ პროცესში მონაწილეობს სამი ძირითადი თანამდებობის პირი: ის, ვინც ატესტაცია უნდა გაიაროს, ატესტაციის ჩამტარებელი ოფიცერი და ის პირი, რომელიც ამტკიცებს ატესტაციას. თუ ატესტაციის ჩამტარებელსა და დამამტკიცებელს შორის არის რაიმე შუალედური ინსტანციები, მაშინ გაითვალისწინება მათი მონაწილეობაც.

ოფიცერთა ატესტაციისას პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით, ატესტაციის ჩამტარებელი, როგორც წესი, არის ატესტაციაში გასატარებლის უშუალო უფროსი, ხოლო დამამტკიცებელი კი უნდა იყოს ჩამტარებელზე უფროსი თანამდებობით და ორი საფეხურით უფრო მეტი წოდებისა. ბრიგადის გენერლისა და გენერალ-მაიორის წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეთა ატესტაციებს ამტკიცებს ატესტაციაში გასატარებელზე ერთი რანგით უფრო მაღალი წოდების მქონე პირი.

აშშ არმიის სამინისტროს ოფიციალური დოკუმენტებით ოფიცერთა შემადგენლობის ატესტაციის პროცედურა მოიცავს რამდენიმე ეტაპს, რომელთაგან ძირითადია:

• ატესტაციაში გასატარებელთან პირადი გასაუბრება, რომელსაც ატარებს უშუალო უფროსი ატესტაციის პირველ 30 დღეში. გასაუბრების მსვლელობისას მოწმდება ოფიცრის ცოდნისა და პროფესიული მომზადების დონე, მის მიერ სამსახურეობრივ მოვალეობათა შესრულება, ფასდება მისი მორალურ-ფსიქოლოგიური თვისებები, ყურადღება ეთმობა საქმიანობაში არსებულ ნაკლოვანებებს და ისახება მათი აღმოფხვრის გზები. თუ ატესტაციაში გასატარებელი იმყოფება მოშორებულ ადგილას, მაშინ ნებადართულია საუბრის ჩატარება ტელეფონით, მაგრამ აუცილებელი შემდგომი პირადი გასაუბრებით. გასაუბრების შედეგების მიხედვით ატესტაციის ჩამტარებელი ადგენს წინასწარ დასკვნას, აღნიშნავს ნაკლოვანებებს და იძლევა რეკომენდაციებს მათი აღმოფხვრისთვის. ეს მონაცემები შეიყვანება სპეციალური ბლანკის შესაბამის განყოფილებებში.

• მეორადი გასაუბრება, რომელსაც ატარებს უშუალო უფროსი ზემოაღნიშნულ საკითხებში გამოვლენილ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად ადრე მიცემული რეკომენდაციების შესრულების გათვალისწინებით. ამ გასაუბრების შედეგად ატესტაციაში გამტარებელი ავსებს ოფიცერზე ატესტაციის ბლანკს, რომელშიც ხუთბალიანი სკალის მიხედვით აფასებს მის კომპეტენტურობას პროფესიულ მახასიათებელთა მიღებული სტრუქტურის შესაბამისად, აგრეთვე აკეთებს დასკვნას დაკავებული თანამდებობისადმი მისი შესაბამისობასა და სამსახურში შემდგომი დაწინაურების შესაძლებლობაზე. ოფიცერი ეცნობა ატესტაციას, რის შემდეგაც იგი იგზავნება შემდგომ ინსტანციაში დასამტკიცებლად.

• ატესტაციის დამტკიცება. აშშ არმიის დარიგებათა და წესდებების თანახმად, დამამტკიცებელი პირი პასუხს აგებს როგორც ატესტაციის საბოლოო განხილვასა და დამტიცებაზე, ისე ოფიცერთა შესაძლებლობების ობიექტურ შეფასებაზეც. გარდა ამისა, ხშირად დამამტკიცებელი ინსტანცია ატარებს ატესტაციაში გასატარებლის შეფასებას მისი პროფესიული და მორალურ-ფსიქოლოგიური პარამეტრების მიხედვით 100 ადამიანისგან შემდგარ ოფიცერთა ჯგუფთან, რომელთაც იგივე თანამდებობა უკავიათ, რაც ატესტაციაში გასატარებელს და აქვთ მისი თანაბარი წოდება. ასეთი მიდგომა, ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, საშუალებას იძლევა აშშ სახმელეთო ჯარების ოფიცერთა კორპუსში ოფიცრების პროფესიული მომზადების, მათი მორალურ-ფსიქოლოგიური მახასიათებლებისა და შესაძლებლობათა შედარებითი ანალიზის ჩატარებისთვის. დამამტკიცებელი პირი ატესტაციის ბლანკში წერს თავის განზოგადოებულ დასკვნას ოფიცრის შემდგომი გამოყენების მიზანშეწონილობის წერილობითი დასაბუთებით და წარადგენს მას ბრძანებისთანავე პირადი შემადგენლობის საკითხებში შესაბამის სამმართველოში.

ოფიცერს აცნობენ დამტკიცებულ ატესტაციას. არსებითი შეცდომის, უზუსტობის ან დასკვნებზე დაუთანხმებლობის შემთხვევაში მას უფლება აქვს საჩივრის შეტანაზე. საკადრო ხასიათის შეცდომების არსებობისას საჩივარი საკადრო ორგანოს გავლით ხვდება სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობის აღრიცხვის ცენტრში, სადაც ეს შეცდომა იქნება გასწორებული. საჩივრის ერთი ასლი იგზავნება არმიის შტაბში. ყველა დანარჩენ შემთხვევაში საჩივარი შედის არმიის სამინისტროსთან არსებულ აპელაციების განხილვის სპეციალურ საბჭოში, რომელიც საჩივრის განხილვის მსვლელობისას განსაზღვრავს მის საფუძვლიანობას, აგრეთვე აუცილებელ ქმედებებს მისი დაკმაყოფილებისთვის. ყველა შემთხვევაში პირადი შემადგენლობის აღრიცხვის ცენტრი აუცილებლად ატყობინებს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საჩივრის შემომტან ოფიცერს.

ოფიცრებზე ყველა დამტკიცებული ატესტაცია იკრიბება პირად შემადგენლობაში არმიის შტაბის უფროსის მოადგილის აპარატში, რის შემდეგაც წარედგინება არმიის მინისტრის თანაშემწეს პირად შემადგენლობასა და რეზერვებში. ამის შემდეგ ისინი ხვდება თითოეული ოფიცრის პირად საქმეში, ხოლო საბაზო მონაცემები კი ინახება სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობის აღრიცხვის ცენტრის ელექტრონულ-გამომთვლელ მანქანაში (კომპიუტერში) და აუცილებლობის შემთხვევაში გაიცემა ავტომატურად.

საატესტაციო დოკუმენტების შედგენისა და მათი სტანდარტიზაციის მოხერხებულობის მიზნით, აგრეთვე ოფიცრებზე მონაცემთა ავტომატიზებული აღრიცხვის შესაძლებლობისა და ზემდგომ თანამდებობებზე დასანიშნად კანდიდატების შერჩევისთვის აშშ სახმელეთო ჯარებში შემოღებულია ატესტაციის სპეციალური სტანდარტული ფორმა DA FORM 67-8. იგი წარმოადგენს ორმხრივ ბლანკს, რომლის წინა მხარე შეიცავს ოთხ განყოფილებას.

1. პირადი მონაცემები (გვარი, სახელი, მეორე სახელი, პირადი ნომერი, სამხედრო წოდება და მინიჭების თარიღი, ჯართა გვარეობა, სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა, ნაწილი, შენაერთი, ბაზა, ძირითადი სარდლობა, კოდები). ამ მონაცემებს აუცილებლად ადასტურებს ატესტაციაში გასატარებელი პირი.

2. ატესტაციის თარიღი და პერიოდი (წელიწადი, თვე). ატესტაციის ჩამტარებლისა და დამამტკიცებლის გვარები და თანამდებობები.

3. სამსახურეობრივი საქმიანობის აღწერა (დაკავებული თანამდებობა, სპეციალობა, კატეგორია).

4. პროფესიული მახასიათებლები, რომლებიც მოიცავს ხუთბალიანი სკალით შესაფასებელ თოთხმეტ პარამეტრს (შესაბამისი შეფასება ისმება თითოეული პარამეტრის გასწვრივ): ცოდნისა და იდეების აკუმულაციის უნარი; თანამდებობისა და წოდების შესაბამისი ცოდნის ქონა და მისი გამოყენების უნარი; ფიზიკური მდგომარეობა; ხელქვეითებზე ზრუნვის გამოჩენა; სტრესულ სიტუაციებში მდგრადობა; ხელქვეითების აღზრდის უნარი ღია ურთიერთობებისა და მოვალეობათა შესრულების სულისკვეთებით; ხელქვეითებთან და უფროსებთან კომუნიკაბელურობის ხარისხი; პირადი ყოფაქცევა; პროფესიული დონის სრულყოფა; ცვალებადი ვითარების პირობებისადმი ადაპტაცია; მაღალი პროფესიული და მორალურ-ფსიქოლოგიური ნორმების დაცვა; მხედრული მხნეობა და გარეგნული შესახედაობა; მოვალეობათა შესრულება “თანაბარი შესაძლებლობების” პროგრამის მიხედვით; პირადი ურთიერთობების ხასიათი (საკუთარი აზრების ნათლად და მკაფიოდ გამოხატვა, კორექტულობა).

აღნიშნული ფორმის უკანა მხარე შეიცავს სამ განყოფილებას (მე-5, -6, -7):

5. მაჩვენებლები დაკავებულ თანამდებობაზე და პოტენციური შესაძლებლობანი. აქ შედის, ჯერ ერთი, სამსახურეობრივ მოვალეობათა შესრულების ხარისხი, რისთვისაც აღინიშნება ქვემოთ წარმოდგენილი ხუთი შეფასებიდან ერთერთი: “ყოველთვის აღემატებოდა მოთხოვნებს”, “როგორც წესი, აღემატებოდა მოთხოვნებს”, “შეესაბამებოდა მოთხოვნებს”, “ხშირად ვერ შეესაბამებოდა მოთხოვნებს”, “როგორც წესი, ვერ შეესაბამებოდა მოთხოვნებს”; და მეორეც, ატესტაციაში გატარებულის სამსახურეობრივი წინსვლის შესაძლებლობები: “რიგგარეშე დაწინაურება”, “გეგმიური დაწინაურება”, “დაწინაურების ღირსი არ არის”.

6. შუალედური საატესტაციო ინსტანციის კომეტარები.

7. ატესტაციის დამტკიცება. დამამტკიცებლის შეფასებითი ქულების ცხრილი და მისი კომენტარები.

ატესტაციის ზემოთ მოყვანილი ფორმა, ამერიკელ სპეციალისტთა შეფასებების თანახმად, აჩქარებს ატესტაციის პროცესს და ეხმარება ოფიცერთა შემადგენლობის ხარისხის ამაღლებისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პარამეტრების გამოყოფაში დასმული ამოცანების გადასაწყვეტად.

აშშ სახმელეთო ჯარებში მყოფი პირადი შემადგენლობის, და მასთან ერთად ოფიცერთა კორპუსის ატესტაციის სისტემა, სამხედრო ხელმძღვანელობის თვალსაზრისით, ფაქტიურად წარმოადგენს “ადამიანის პიროვნების ეფექტურობის ამაღლებისა და მისი შესაძლებლობების გამოვლენის პროგრამას”, რომელიც ხელს უწყობს თითოეული ოფიცრის პირად კარიერას და ამტკიცებს მთლიანობაში ოფიცერთა კორპუსის მაღალ პროფესიულ და მორალურ-ფსიქოლოგიურ სტანდარტებს.

ჩამოთვლილი ღონისძიებანი ოფიცერთა კადრების მომზადებასა და მათ მიერ სამსახურის გავლაში ეხმარება ამერიკის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ქვეყნის შეიარაღებული ძალების (და კერძოდ არმიის) ოფიცერთა შემადგენლობის ხარისხობრივი მაჩვენებლის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებაში. როგორც კონგრესი, ასევე პრეზიდენტიცა და თავდაცვის სამინისტროც მუდმივად ზრუნავენ ამ საკითხებზე და სამართლიანად აღნიშნავენ, რომ ოფიცერთა კორპუსის საუკეთესო თვისობრივი და პროფესიული მახასიათებლები წარმოადგენს მთელი არმიის ბრძოლისუნარიანობის ძირითად საფუძველს.

ირაკლი ხართიშვილი
1996 წლის გაზაფხულ–ზაფხული

გამოყენებული ლიტერატურა


წერილზე მუშაობისას გამოყენებულ იქნა ძირითადად ჟურნალ «Зарубежное Военное Обозрение»-ს სხვადასხვა წლების ნომრებში, აგრეთვე პარლამენტის კვლევითი სამსახურის სამხედრო-პოლიტიკური ინფორმაციის ბიულეტენში # 3, 1993 წ., 1-15 მარტი გამოქვეყნებული მასალები.

No comments:

Post a Comment