(ნაწილი II)
III. 7. აშშ “მძიმე” დივიზიის საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფების საბრძოლო გამოყენება
მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზიის ქვემდგომი საჯარისო რგოლია ბრიგადა (armoured/mechanized infantry brigade). მას მუდმივი შემადგენლობა არ გააჩნია და გადასაწყვეტი ამოცანების მიხედვით შეიძლება შედგებოდეს 2-4 საბრძოლო ბატალიონისგან, თვითმავალი ჰაუბიცების ერთი დივიზიონისგან, საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის (სადაზვერვო, ტანკსაწინააღმდეგო, საინჟინრო, კავშირგაბმულობის, ქიმიური, სარემონტო, მომარაგების და სხვა) ქვედანაყოფებისგან.
“საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” კონცეფციის ძირიღადი დებულებების (ინიციატივა, სიღრმე, სისწრაფე და მოქმედებათა შეთანხმებულობა) ტაქტიკურ დონეზე უფრო სრულად რეალიზებისთვის ბრიგადის შემადგენლობაში შემავალი ჯართა სხვადასხვა გვარეობების (рода войск) ქვედანაყოფებისგან იქმნება საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფები, რაც იძლევა მათ შეიარაღებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის უფრო ეფექტურად გამოყენებისა და საბრძოლო ვითარების ყოველგვარ ცვლილებაზე უფრო მოქნილად რეაგირების შესაძლებლობას.
საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფები (ბტჯ – battalion tactical group) იქმნება ბრიგადის მეთაურის გადაწყვეტილებით და ისინი განკუთვნილი არიან მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხებაში მოსასვლელად მისი ცოცხალი ძალისა და საცეცხლე საშუალებების განადგურების მიზნით, ცეცხლისა და მანევრის შეხამებით სახმელეთო ჯარების სხვადასხვა გვარეობისა და შეიარაღებული ძალების სახეობათა ნაწილებთან და ქვედანაყოფებთან ერთობლივად მოქმედებებისთვის. შემადგენლობის მიხედვით ისინი შესაძლოა იყოს სამი ტიპის: მოტოქვეითი (როგორც წესი, მოტოქვეითი ბატალიონი ერთი ან ორი მიცემული სატანკო ასეულით), სატანკო (სატანკო ბატალიონი ერთი ან ორი მიცემული მოტოქვეითი ასეულით) და დაბალანსებული (მოტოქვეითი და სატანკო ასეულების თანაბარი რაოდენობით). გაძლიერების სახით ჯგუფს შეიძლება მიეცეს თვითმავალი საზენიტო დანადგარების “ვულკანი” ოცეული (ოთხი დანადგარი) და გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების “სტინგერი” სექცია (ხუთი საცეცხლე გათვლა), საინჟინრო ქვედანაყოფები (ოთხი სატანკო ხიდგამყვანი და ექვსამდე უნივერსალური საინჟინრო მიწისსათხრელი მანქანა), ქიმიური დაზვერვის ათეული და სხვა.
ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების გაანგარიშებით, ბტჯ-ის საბრძოლო შესაძლებლობები განისაზღვრება მისი საბრძოლო შემადგენლობით, მოქმედებათა ხასიათით, საბრძოლო მოქმედებების რაიონში ადგილმდებარეობის პირობებით, ამინდითა და დღეღამის დროით. სახელდობრ, მოტოქვეით ბტჯ-ს შეუძლია შეუტიოს 5 კმ-მდე სიგანის ფრონტზე (მოტოქვეით ბატალიონს 2-დან 3,5 კმ-მდე) და შექმნის რა სამჯერადზე მეტ უპირატესობას, გაარღვიოს მოწინააღმდეგის მომზადებული თავდაცვა 1 კმ-მდე სიგანის ზოლში. თავდაცვაში მას შესაძლოა დაენიშნოს თავდაცვის რაიონი (საცეცხლე პოზიცია ან საყრდენი პუნქტი) სიგანით 5-8 კმ (ბატალიონს 5 კმ-მდე) და სიღრმით 12 კმ-მდე (ბატალიონს 3 კმ). სატანკო ბტჯ-ის შეტევის ფრონტის სიგანე (სატანკო ბატალიონისთვის 3 კმ და მეტი), თავდაცვის რაიონის სიგანე და სიღრმე (3-5 კმ) მოტოქვეითი ბტჯ-ის ანალოგიურია.
შ ე ტ ე ვ ა წარმოადგენს საბრძოლო მოქმედებების ძირითად სახეობას. აღინიშნება, რომ შემტევი სწრაფად უნდა მანევრირებდეს, ახორციელებდეს ღრმა გარღვევებს, წინ აღუდგებოდეს მოწინააღმდეგის საცეცლე ზემოქმედებასა და კონტრშემოტევებს, ინარჩუნებდეს შეტევის მაღალ ტემპს.
საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი შეტევითი მოქმედებების პირველ ეტაპზე (მოწინააღმდეგესთან მიახლოება და საკუთრივ შეტევა) შეიძლება მოქმედებდეს დამოუკიდებლად ან ბრიგადის შემადგენლობაში, შემდეგ ეტაპებზე (წარმატების განვითარება და დევნა) – ჩვეულებრივ ბრიგადის შემადგენლობაში. გარდა ამისა, მას შეუძლია აწარმოებდეს დაზვერვას ბრძოლით, ახორციელებდეს რეიდებს მოწინააღმდეგის ზურგში, აყენებდეს ყურადღების გადამტან დარტყმებს, ასრულებდეს სადემონსტრაციო მოქმედებებს.
მოწინააღმდეგესთან მიახლოება მიზნად ისახავს მასთან უშუალო შეხების მიღწევას ან მის აღდგენას. შეტევითი მოქმედებების ეს ეტაპი ხასიათდება სისწრაფით, მოწინააღმდეგეზე საკმარისი მონაცემების არქონით და მოიცავს სალაშქრო რიგებში ქვედანაყოფების სწრაფ წინსვლას და შეტევისთვის მათ გაშლას. ასეთ პირობებში ბტჯ-ის საბრძოლო რიგები ეწყობა, როგორც წესი, კოლონებად ძლიერი სათავო (ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში კი გვერდითი და ზურგის) საბრძოლო დაცვის გამოყოფით. მის შემადგენლობაში ჩვეულებრივ გამოიყოფა სადაზვერვო ოცეული, გაძლიერებული სატანკო ოცეულით. საბრძოლო დაცვა ძირითადი ძალებისგან დაშორებულია 4 კმ-მდე მანძილით, რაც ჯგუფის მეთაურს საშუალებას აძლევს დროულად შეაფასოს ვითარება, მიიღოს გადაწყვეტილება და ბტჯ-ის მთავარი ძალები გაშალოს მოწინააღმდეგის საცეცხლე საშუალებებით მათი დაზიანების ზონის გარეთ.
საკუთრივ შეტევა შესაძლოა წარმოებდეს ორი ხერხით – სვლიდან ან წინასწარ მომზადებით. შეტევა სვლიდან თანამედროვე პირობებში წარმოადგენს საბრძოლო მოქმედებათა წარმოების ძირითად სახეობას და შეიძლება განხორციელებულ იქნას წინმომავალი ან სუსტად მომზადებულ პოზიციებზე თავდამცავი მოწინააღმდეგის მიმართ. პირველ შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებები კლასიფიცირდება როგორც შემხვედრი ბრძოლა, რომელშიც მოწინააღმდეგე მხარეები თავიანთი ამოცანების გადაწყვეტისკენ ისწრაფვიან შეტევით. მეორე შემთხვევაში შეტევას გააჩნია რიგი თავისებურებანი, რომელთაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ბტჯ-ის საბრძოლო რიგების მოწყობაზე და მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და საცეცხლე საშუალებების განადგურების თანამიმდევრობაზე. ითვლება, რომ საჩქაროდ თავდაცვაში გადასულ ქვედანაყოფებს 1 სთ-ის განმავლობაში შეუძლიათ ცეცხლის ეფექტური სისტემის (პირველ რიგში ტანკსაწინააღმდეგოსი) შექმნა, ტანკების შეტევის შესაძლო მიმართულებაზე დანაღმული ველების მოწყობა და მართვის სისტემის გაშლა. ამიტომ შემტევის უპირველესი ამოცანაა მოწინააღმდეგის ტანკსაწინააღმდეგო საშუალებათა ჩახშობა. მისი შესრულებისთვის შესაძლებელია ტანკსაწინააღმდეგო ასეულის, მხადამჭერი საარტილერიო ქვედანაყოფებისა და დამრტყმელი ვერტმფრენების გამოყენება. ბტჯ-ის საბრძოლო მოწყობა ამ შემთხვევაში შესაძლოა აიგოს ერთ ეშელონად, რომელშიც შედიან შემბოჭავი ჯგუფი და შემოვლის შემსრულებელი ქვედანაყოფები. რეზერვში გამოიყოფა მოტოქვეით (სატანკო) ოცეულამდე. მოტოქვეითი ჯარი მოწინააღმდეგეს უტევს ჩამოქვეითებულად ტანკების შემდეგ 300 მ დაშორებაზე. ქვეითთა საბრძოლო მანქანები (ქსმ) წინ მიიწევენ ქვეითი ჯარის უკან (400 მ დაშორებაზე) ან ასრულებენ თავდაცვაში მყოფი მოწინააღმდეგის პოზიციის შემოვლას (ქსმ-ების მანევრული ჯგუფი) მის ზურგში გასვლის მიზნით.
წინასწარ მომზადებულ შეტევას ბტჯ აწარმოებს, როგორც წესი, ბრიგადის შემადგენლობაში, მოწინააღმდეგეზე, რომლის თავდაცვაც წინასწარ არის მომზადებული საინჟინრო მიმართებით და გაჯერებულია საცეცხლე და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით. ამერიკული სარდლობის შეხედულებებით, ასეთი თავდაცვის მომზდებას შესაძლოა დასჭირდეს 12 სთ და მეტი. შეტევითი მოქმედებების ასეთი ხერხით ორგანიზება ჩვეულებრივ წარმოებს სამ ეტაპად: გარღვევის უბანზე მოწინააღმდეგის იზოლირება, გარღვევა და თავდამცავი მოწინააღმდეგის განადგურება, წარმატების განვითარება. პირველ ეტაპზე ნავარაუდევია მოწინააღმდეგის საცეცხლე საშუალებებისა და ცოცხალი ძალის დაზიანება გარღვევის დანიშნულ ან მის მიმდებარე უბანზე, აგრეთვე სიღრმეში, საშტატო, მიცემული და მხარდამჭერი საშუალებებით, რათა გამოირიცხოს ბტჯ-ის ძირითადი ძალისხმევის თავმოყრის მიმართულებაზე მოწინააღმდეგის ქვედანაყოფების გადაჯგუფების შესაძლებლობა. მოწინააღმდეგის შეცდომაში შესაყვანად შეიძლება შეუტიონ გარღვევის უბნის გვერდით მიმდებარე პოზიციებსაც. მეორე ეტპზე ძირითადი ყურადღება ეთმობა მოწინააღმდეგის თავდაცვაში სუსტი ადგილების განსაზღვრას და იმ უბნის იზოლირებას, სადაც დაგეგმილია გარღვევის განხორციელება, დანაღმულ ღობურებში გასასვლელების გაკეთებას ან შემოვლის გზების ძიებასა და სხვა ღონისძიებათა ჩატარებას, რაც ხელს შეუწყობს ბტჯ-ს თავდაცვის დანიშნული უბნის გარღვევაში, და ამ გარღვევის სიღრმეში და ფლანგებისკენ გაფართოებას. მესამე ეტაპი ითვალისწინებს მოწინააღმდეგის თავდაცვაში ცალკეული ობიექტების დაპყრობას, მისი ზურგის უზრუნველყოფის სისტემის მოშლასა და რეზერვების განადგურებას.
წარმატების განვითარება და დევნა წარმოადგენს შეტევითი მოქმედებების ისეთ ეტაპებს, რომლებიც ხორციელდება მოწინააღმდეგის საცეცხლე საშუალებებისა და ცოცხალი ძალის განადგურების დასრულების, უზრუნველყოფის ზოლის სისტემის მოშლის, ადგილმდებარეობის (местность) საკვანძო უბნების დაპყრობისა და შეტევის მაღალი ტემპის მიღწევის მიზნით.
ზემოთ ჩამოთვლილი ძირითადი ხერხების ფარგლებში ამერიკული სარდლობა ბტჯ-თვის განიხილავს მოწინააღმდეგის წინა ხაზზე შეტევის ორ ვარიანტს: დარტყმის მიყენება ერთ მიმართულებაზე და დარტყმის მიყენება ორ და მეტ შეყრად მიმართულებაზე. ამასთან შეტევა შეიძლება წარმოებდეს ქვეითად ტანკებისა და ქსმ-ების მხარდაჭერით ან შერეული საბრძოლო მწყობრის გამოყენებით (ასეთი თანამიმდევრობით – ტანკები, ქვეითი ჯარი, ქსმ-ები ან ქვეითი ჯარი, ტანკები, ქსმ-ები).
საიმედო მართვისა და მეზობელ ქვედანაყოფებთან ურთიერთმოქმედების უზრუნველყოფისთვის საბრძოლო ამოცანის დასმისას ბტჯ-ს მიეთითება შეტევის ობიექტი, გამყოფი ხაზები, შეტევის ზოლი და მიმართულება, შეტევის ამოსავალი (საწყისი) მიჯნა ან რაიონი და შეტევის მიჯნა.
შეტევის ობიექტი (ერთი ან ორი) ბტჯ-ს შესაძლოა დაენიშნოს წინა ხაზიდან 10 კმ დაშორებაზე მოწინააღმდეგის განლაგების სიღრმეში. ამერიკელი სპეციალისტები ობიექტის ცნებაში გულისხმობენ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და საცეცხლე საშუალებათა განადგურებას, მისი თავდაცვის სიღრმეში ადგილმდებარეობის მომგებიანი უბნების დაპყრობასა და შენარჩუნებას.
შეტევის ამოსავალი (საწყისი) მიჯნა (исходный рубеж наступления /атаки/) განკუთვნილია შეტევის დაწყების დროის კოორდინაციისთვის. იგი უნდა განისაზღვრებოდეს ადგილმდებარეობაზე აშკარად ხილული ორიენტირებით, იყოს, როგორც წესი, შეტევის ძირითადი მიმართულებისადმი პერპენდიკულარული და მდებარეობდეს მოწინააღმდეგის ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებისა და პირდაპირი დამიზნებით ცეცხლის მწარმოებელ საშუალებათა საცეცხლე ზემოქმედების ზონის გარეთ. ბტჯ-ს შეტევის ამოსავალ მიჯნას უნიშნავს ბრიგადის მეთაური.
შეტევის მიჯნა (рубеж наступления /атаки/) ბტჯ-ის ქვედანაყოფებს ენიშნებათ მათი ძალებისა და საშუალებების მოქმედებათა შეთანხმებისთვის. ქვეითი რიგებით შეტევისას მას ამოირჩევენ მოწინააღმდეგის თავდაცვის ხაზთან რაც შეიძლება ახლოს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში (ქსმ-ებით შეტევისას) ამთხვევენ ამოსავალ მიჯნას.
საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფის ქვედანაყოფების მიერ შეტევაში გამოყენებული მანევრის ძირითადი სახეობებია შემოვლა, გარღვევა და ფრონტალური შეტევა.
დიდი ყურადღება ექცევა შეტევითი მოქმედებების ღამით წარმოებას. ისინი უნდა წარმოებდეს ისეთივე ინტენსივობით, როგორც დღისით. ვარაუდობენ ქვეითი ჯარის მცირე მობილური ჯგუფების გაჟონვას მოწინააღმდეგის საბრძოლო რიგების გავლით მათი მომდევნო შეკრებით დანიშნულ რაიონში, რომელიც ჩვეულებრივ მდებარეობს წინა ხაზიდან 2-3 კმ დაშორებაზე. საბრძოლო ამოცანები ქვედანაყოფებს ეძლევათ ნაკლებ სიღრმეზე იმ ანგარიშით, რათა გათენებისთვის ისინი შესრულებულ იქნას, ხოლო ქვედანაყოფებმა კი შეძლონ გადაჯგუფება და დაპყრობილ მიჯნებზე განლაგება.
თ ა ვ დ ა ც ვ ა წარმოადგენს საბრძოლო მოქმედებების სახეობას, რომელზედაც ჯარები გადადიან იძულებით, რიცხობრივად აღმატებული მოწინააღმდეგის შემოტევის ჩაშლის მიზნით, დროის მოსაგებად, არჩეულ მიმართულებაზე ძალების თავმოსაყრელად, ადგილმდებარეობის მნიშვნელოვან უბნებზე კონტროლის დასამყარებლად, შეტევაში გადასვლის წინ მოწინააღმდეგის მოქანცვისა და ტაქტიკურად მნიშვნელოვანი რაიონების შენარჩუნებისთვის.
ამერიკული წესდებები არ ითვალისწინებს თავდაცვითი მოქმედებების წარმოების ერთიან ხერხს. ერთ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს პოზიციური თავდაცვა, რომელსაც აწარმოებენ ადგილის განსაზღვრული უბნის შენარჩუნების მიზნით. მისი წარმოების ძირითადი ხერხია – ცეცხლი დაკავებული პოზიციებიდან. მეორე შემთხვევაში ეს არის მობილური თავდაცვა, რომლის საფუძველსაც შეადგენს ძალებითა და საშუალებებით მანევრი შემომტევი მოწინააღმდეგის საბრძოლო რიგების დარღვევისა და მისი განადურების მიზნით. ერთი ან მეორე სახეობის ელემენტების სიჭარბე თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში დამოკიდებულია საბრძოლო ამოცანაზე, არსებული ძალებისა და საშუალებათა შემადგენლობაზე, მათ ბრძოლისუნარიანობასა და ადგილის პირობებზე. სახელდობრ, თავდამცავი დაჯგუფების მოტოქვეით ქვედანაყოფებს შეუძლიათ დასერილ ადგილზე (на пересечённой местности) ქმნიდნენ თავდაცვის კვანძებსა და საყრდენ პიუნქტებს, ხოლო ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ტანკები კი შეადგენდნენ მოძრავ ელემენტებს.
ბტჯ თავდაცვით მოქმედებებს აწარმოებს, როგორც წესი, ბრიგადის შემადგენლობაში. ცაკლეულ შემთხვევებში იგი შესაძლოა აწარმოებდეს თავდაცვას დამოუკიდებლადაც (მეორეხარისხოვან მიმართულებაზე, მთებში, უდაბნოში, ჯუნგლებში და ა. შ.).
ბრიგადის შემადგენლობაში თავდაცვის წარმოებისას ბტჯ შეიძლება მოქმედებდეს პირველ ეშელონში ან იყოს მისი ზოგადსაჯარისო რეზერვი. ბრძოლის პერიოდში მას შესაძლოა დაენიშნოს თავდაცვის რაიონი, საბრძოლო პოზიცია ან საყრდენი პუნქტი. თავდაცვის რაიონი აღწევს 5-8 კმ ფრონტში და 8-12 კმ სიღრმეში. ასეთ რაიონში თავდაცვის წარმოებისას შეიძლება გამოყენებულ იქნას საბრძოლო მოქმედებების მობილური ხერხი. ამ შემთხვევაში ბტჯ-ის საბრძოლო რიგები ეწყობა ერთ-ორ ეშელონად საბრძოლო დაცვისა და რეზერვის გამოყოფით.
საბრძოლო პოზიციის თავდაცვის ორგანიზებისას (5-8 კმ ფრონტში და 5 კმ სიღრმეში) ბტჯ-ის საბრძოლო რიგები ჩვეულებრივ ეწყობა ერთ ეშელონად (სამ-ოთხ საასეულო ტაქტიკურ ჯგუფამდე) ოცეულის შემადგენლობის რეზერვის გამოყოფით.
საყრდენი პუნქტის თავდაცვაში ბტჯ-ის მოქმედებათა მთავარი მიზნებია: ადგილმდებარეობის შენარჩუნება, მოწინააღმდეგის სატანკო ქვედანაყოფებისთვის ზიანის მიყენება და მათი წინსვლის აღკვეთა, მათი იძულება მთავარი დარტყმის მიმართულების შესაცვლელად. საბრძოლო მოქმედებათა ჩანაფიქრის მიხედვით, საყრდენი პუნქტი იქმნება ბრიგადის თავდაცვის ზოლში უშუალოდ წინა ხაზზე ან სიღრმეში. საბატალიონო ტაქტიკურ ჯგუფს შეუძლია ასევე საყრდენი პუნქტის დაკავება დასახლებული პუნქტის ან ადგილმდებარეობის საკვანძო პუნქტის თავდაცვისას. ქვედანაყოფების განაწილება საყრდენი პუნქტის თავდაცვაში შეიძლება ხორციელდებოდეს ორ ვარიანტად: მთელი არსებული ძალები და საშუალებები პოზიციას იკავებენ საყრდენი პუნქტის ფარგლებში, ხოლო სატანკო და ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფები, აგრეთვე მოტოქვეითი ქვედანაყოფების ქსმ-ების მანევრული ჯგუფები განლაგდებიან მის გარეთ. საყრდენი პუნქტი მზადდება საინჟინრო მიმართებით. არსებული ნორმატივებით ბტჯ-ს შეუძლია მოწინააღმდეგის ორი მოტომსროლელი (სატანკო) პოლკის იერიშის მოგერიება. ამისთვის საჭიროა არანაკლებ სამი დღეღამისა.
“საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” კონცეფციისა და უწინარეს ყოვლისა “ღრმა დაზიანების” ძირითადი პრინციპების სარეალიზაციოდ ვარაუდობენ ბტჯ-ის (როგორც წესი, სატანკოსი) გამოყენებას ტაქტიკური მანევრული ჯგუფის სახით, რისთვისაც ტოვებენ შეტევაში გადმოსული მოწინააღმდეგის ზურგში. ამ მიზნით მოწინააღმდეგესთან შეხების გარეშე თავდაცვის ორგანიზაციის პერიოდში ბრიგადის მეთაურს ფარულად გაჰყავს საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი წინასწარ შერჩეულ რაონში დაფარვის ჯარების პოზიციებსა და წინა ხაზს შორის ამ უკანასკნელიდან 10 კმ დაშორებაზე. მისი განლაგების რაიონად აირჩევა ის უბანი, რომელიც არ მდებარეობს მოწინააღმდეგის მთავარი ძალების შემოტევის სავარაუდო მიმართულებაზე. თავდაცვითი ბრძოლის გაჩაღებისა და ბრიგადის თავდაცვის ძირითად რაიონში მოწინააღმდეგის პირველი ეშელონის შემოჭრისას ზემოაღნიშნული ტაქტიკური მანევრული ჯგუფი აწარმოებს კონტრშეტევას მოწინააღმდეგის ზურგში და ფლანგზე მისი მეორე ეშელონისა და საარტილერიო ქვედანაყოფების დაზიანების, აგრეთვე ზურგის უზრუნველყოფის სისტემის მოშლის მიზნით.
III. 8. აშშ “მძიმე” დივიზიის საბრძოლო ბატალიონები ბრძოლის ძირითად სახეობებში
ბრიგადის ქვემდგომი საჯარისო რგოლია ბატალიონი. იგი წარმოადგენს აშშ არმიის ძირითად ტაქტიკურ ქვედანაყოფს. “მძიმე” დივიზიაში არის ორი ტიპის საბრძოლო ბატალიონები – მოტოქვეითი და სატანკო.
მოტოქვეითი ბატალიონი (motorized infantry battalion) ორგანიზაციულად შედგება შტაბისა და ექვსი ასეულისგან (საშტაბო, ოთხი მოტოქვეითი და ტანკსაწინააღმდეგო). სულ მოტოქვეით ბატალიონში არის პირადი შემადგენლობის 896 ადამიანი, 54 ქსმ M2 “ბრედლი”, 6 საბრძოლო-სადაზვერვო მანქანა (ბდმ) M3 “ბრედლი”, 23 ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ) M113A1/A2, 12 თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი (ტსრკ) M901, 6 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი M106A1, 110-ზე მეტი ავტომობილი, 250-ზე მეტი რადიოსადგური და სხვა შეიარაღება.
შ ე ტ ე ვ ა შ ი მოტოქვეითი ბატალიონი მოქმედებს, როგორც წესი, ბრიგადის შემადგენლობაში, პირველ ან მეორე ეშელნში (რეზერვში), მთავარ ან მეორეხარისხოვან მიმართულებაზე. ცალკეულ შემთხვევაში ბატალიონი საბრძოლო ამოცანას შესაძლოა ასრულებდეს დამოუკიდებლადაც. ამერიკული წესდების თანახმად მოტოქვეითი ბატალიონი შეიძლება უტევდეს 2-3,5 კმ სიგანის ფრონტზე, ცალკეულ შეხვევაში კი 5 კმ-მდეც (ასეულებს შორის შუალედების გადიდების ხარჯზე). ბატალიონს დაენიშნება უახლოესი და მომდევნო ამოცანები (ობიექტები), რომელთა დაშორებაც წინა ხაზიდან შესაძლოა აღწევდეს 3-4 და 6-8 კმ-ს. ბატალიონის შემადგენლობაში მეოთხე ასეულის დამატება საშუალებას აძლევს მას შეუტიოს ერთდროულად ორ ობიექტს.
თ ა ვ დ ა ც ვ ა შ ი მოტოქვეითი ბატალიონი მოქმედებს ბრიგადის შემადგენლობაში, იმყოფება რა მის პირველ ან მეორე ეშელონში (რეზერვში). იგი შესაძლოა ასეულებდეს დამოუკიდებელ ამოცანასაც საერთო დაცვის ძალების შემადგენლობაში წინა ხაზიდან 8-10 კმ დაშორებაზე ან დაფარვის ჯარების შემადგენლობაში 25 კმ და მეტ დაშორებაზე. თავდაცვის ორგანიზებისთვის მოტოქვეითი ბატალიონი შესაძლოა გაძლიერებულ იქნას სატანკო, საინჟინრო, საარტილერიო და სხვა ქვედანაყოფებით. ბატალიონს დაენიშნება თავდაცვის რაიონი სიგანით 5 კმ-მდე და სიღრმით 3 კმ-მდე.
სატანკო ბატალიონი (tank battalion) შედგება შტაბისა და ხუთი ასეულისგან (საშტაბო და ოთხი სატანკო). მისი პირადი შემადგენლობის რიცხოვნებაა 523 ადამიანი, შეიარაღება: 58 ტანკი M1/M1A1 “აბრამსი”, 6 ბდმ M3 “ბრედლი”, 11 ჯტრ M113A1/A2, 6 106,6-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი M106A1, დაახლოებით 90 ავტომობილი, 170-ზე მეტი რადიოსადგური და სხვა შეიარაღება.
ამერიკულ საველე წესდებებში აღინიშნება, რომ სატანკო ბატალიონს შეუძლია აწარმოებდეს ბრძოლას ბრიგადის შემადგენლობაში, იმოქმედებს რა მის პირველ ან მეორე ეშელონში, მთავარ ან, იშვიათად, მეორეხარისხოვან მიმართულებაზე, რეზერვში ან დაფარვის ჯარებში. ზოგიერთ შემთხვევაში ბატალიონი საბრძოლო ამოცანას შეიძლება ასრულებდეს დამოუკიდებლადაც. ბატალიონის საბრძოლო მოქმედებებს შესაძლოა მხარს უჭერდეს 155-მმ თვითმავალი ჰაუბუცების ბატარეა და (ან) დამრტყმელი ვერტმფრენების ქვედანაყოფი.
შ ე ტ ე ვ ა შ ი სატანკო ბატალიონის ფრონტის სიგანე შესაძლოა იყოს 3 კმ და მეტი, ცალკეულ შემთხვევებში კი 5 კმ-დეც. უახლოესი ამოცანა (ობუექტი) დაენიშნება 4-5 კმ სიღრმეში, მომდევნო 8-10 კმ-მდე. ბატალიონის წინასაბრძოლო და საბრძოლო რიგებში გაშლის მიჯნები შეადგენს მოწინააღმდეგის თავდაცვის ხაზიდან შესაბამისად 5-6 და 2-3 კმ-ს, შეტევაში გადასვლის მიჯნები – არანაკლებ 1 კმ-ისა. ბრიგადის პირველ ეშელონში მოქმედ სატანკო ბატალიონს შეუძლია თავისი რიგების მოწყობა ერთ, ორ ან სამ ეშელონად, შვერით მარცხნივ ან მარჯვნივ, კუთხით წინ ან უკან. ისევე, როგორც მოტოქვეითი ბატალიონის შემთხვევაში, მეოთხე ასეულის დამატება განპირობებულია იმით, რომ სატანკო ბატალიონს შეეძლოს შეტევა ერთდროულად ორ ობიექტზე.
თ ა ვ დ ა ც ვ ა შ ი სატანკო ბატალიონს დაენიშნება ფრონტსა და სიღრმეში 3-5 კმ ზომის რაიონი. საბრძოლო რიგები ეწყობა ორ ეშელონად. მეორე ეშელონის ქვედანაყოფებს დაენიშნებათ (მიეთითებათ) კონტრშეტევების მიჯნები. მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხების არარსებობის შემთხვევაში ბატალიონის თავდაცვის წინა ხაზიდან 9 კმ-მდე დაშორებაზე ეწყობა საბრძოლო დაცვის პოზიციები. სატანკო ბატალიონი შესაძლოა გაიგზავნოს წინ უზრუნველყოფის ზოლში დივიზიის თავდაცვის ძირითადი რაიონის წინა ხაზიდან 15-50 კმ დაშორებაზე – დაფარვის ჯარების შემადგენლობაში მოქმედებებისთვის.
ბატალიონის ქვემდგომი საჯარისო რგოლია ასეული.
მოტოქვეითი ასეული (motorized infantry company) შედგება მართვისა და სამი მოტოქვეითი ოცეულისგან. იგი მოითვლის პირადი შემადგენლობის 116 ადამიანს, 13 ქსმ M2 “ბრედლის”, ერთ ჯტრ M113A3-ს, 9 მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების (ტსმრ) “დრაკონი” გასაშვებ დანადგარს (გდ), 18 40-მმ ხელის ყუმბარსატყორცნს, 72 საიერიშო შაშხანას M16A2, 9 7,62-მმ ტყვიამფრქვევს M60, 18 5,56-მმ ტყვიამფრქვევს M249, 28 რადიოსადგურსა და სხვა შეიარაღებას.
მოტოქვეით ასეულს ბრძოლის წარმოება შეუძლია მოტოქვეითი ბატალიონის პირველ ან მეორე ეშელონში, რეზერვში ან კიდევ იგი შეიძლება მიეცეს სატანკო ბატალიონს ერთობლივი მოქმედებებისთვის.
შ ე ტ ე ვ ა შ ი მოტოქვეითი ასეულის ფრონტის სიგანეა 1,2-1,5 კმ. მას დაენიშნება უახლოესი და მომდევნო ამოცანები (ობიექტები) შესაბამისად 1,5-2 და 3-4 კმ სიღრმეში. საბრძოლო რიგებს ასეული აწყობს, როგორც წესი, ერთ ეშელონად, რეზერვის გამოყოფით. მოწინააღმდეგეზე ქვეითი ხერხით შეტევისას ქსმ-ები შესაძლოა გამოიყოს ცალკე მანევრულ ჯგუფში, რომელიც იმოქმედებს ქვეითი ჯარის ხაზის უკან 400 მ დაშორებაზე ან მოახდენს შემოვლას მოწინააღმდეგის თავდაცვითი პოზიციების ფლანგსა და ზურგში გასვლის მიზნით. მოტოქვეითი ასეული შესაძლოა გაძლიერებულ იქნას სატანკო ოცეულით, გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექს (გზრკ) “სტინგერების” საცეცხლე გათვლით, მესანგრეთა და სხვა ქვედანაყოფებით, ასევე მას შეიძლება მხარი დაეჭიროს 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების ბატარეით.
თ ა ვ დ ა ც ვ ა შ ი მოტოქვეითი ასეულის ზოლის სიგანეა 1,5 კმ-მდე, სიღრმე 1,1 კმ-მდე. ამ ფართობზე ეწყობა 300-400 მ სიგანისა და 200 მ-მდე სიღრმის საოცეულო საყრდენი პუნქტები. ქსმ-ებისთვის იქმნება ძირითადი და სათადარიგო პოზიციები, რომელთა შორის დაშორებაა 100-150 მ. მობილური თავდაცვის წარმოებისას ქსმ-ები შესაძლოა გამოყოფილ იქნას ცალკეულ სამანევრო ჯგუფში კონტრდარტყების მისაყენებლად. ასეული საბრძოლო რიგებს ჩვეულებრივ აწყობს ორ ეშელონად. მიცემული ტანკები რაიონში ისე უნდა იქნან განლაგებული, რომ მათ უზრუნველყონ პირველი ეშელონის საცეცხლე მხარდაჭერა და მონაწილეობა მიიღონ ასეულის ან ბატალიონის კონტრშეტევაში. უშუალო დაცვა იგზავნება წინა ხაზიდან 500 მ-მდე დაშორებაზე.
სატანკო ასეული (tank company) შედგება მართვისა და სამი სატანკო ოცეულისგან. იგი მოითვლის პირადი შემადგენლობის 61 ადამიანს, 14 ტანკს M1/M1A1 “აბრამსი”, ორ ავტომობილს, 16 რადიოსადგურსა და სხვა შეიარაღებას.
სატანკო ასეულს ბრძოლის წარმოება შეუძლია ბატალიონის პირველ ან მეორე ეშელონში, რეზერვში, აგრეთვე იგი შეიძლება მიეცეს მოტოქვეით ბატალიონს ერთობლივი მოქმედებებისთვის.
შ ე ტ ე ვ ა შ ი სატანკო ასეულის ფრონტის სიგანეა 1,5 კმ. მას დაენიშნება უახლოესი და მომდევნო ამოცანები (ობიექტები) შესაბამისად 3 და 5 კმ სიღრმეში. საბრძოლო რიგებს ასეული აწყობს, როგორც წესი, ერთ ეშელონად (ოცეულების საბრძოლო ხაზი). საჭიროების შემთხვევაში სატანკო ასეული შეიძლება გაძლიერებულ იქნას მოტოქვეითი ოცეულით, გზრკ “სტინგერების” საცეცხლე გათვლით, მესანგრეთა და სხვა ქვედანაყოფებით, აგრეთვე მას შესაძლოა მხარი დაეჭიროს 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების ბატარეით.
თ ა ვ დ ა ც ვ ა შ ი სატანკო ასეულს შეიძლება დაენიშნოს რაიონი ფრონტსა და სიღრმეში 1,5 კმ-მდე ზომებით. ამ ფარგლებში ეწყობა 700 მ სიგანისა და 500 მ სიღრმის საოცეულო საყრდენი პუნქტები. ტანკებისთვის იქმნება ძირითადი და სათადარიგო საყრდენი პოზიციები, რომელთა შორის მანძილებია 100-200 მ, აგრთვე მათ მახლობლობაში თავშესაფრები პირადი შემადგენლობისთვის. საბრძოლო რიგებს ასეული აწყობს ჩვეულებრივ ორ ეშელონად. უშუალო დაცვა იგზავნება წინა ხაზიდან 500 მ დაშორებაზე.
IV. აშშ “მძიმე” ფორმირებების საჰაერო თავდაცვა
“მძიმე” ფორმირებების საჰაერო თავდაცვა (Air Defense) ითვალისწინებს ჯარებისა და ობიექტების დაცვას ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების, ავიაციის, უპილოტო საფრენი აპარატებისა და ვერტმფრენების დარტყმებისგან. მისი ამოცანაა საჰაერო მოწნააღმდეგის მოქმედებათა ეფექტურობის ისეთ დონემდე შემცირება, რომელიც მისცემდა ჯარებს ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებისა და მათზე დაკისრებული საბრძოლო ამოცანების შესრულების შესაძლებლობას.
საარმიო კორპუსის მოწყობის ზოლში მოწინააღმდეგის საჰაერო დარტყმების ძირითადი ობიექტებია პირველი ეშელონის დივიზიები, მეორე ეშელონი (რეზერვები), საველე არტილერიის დაჯგუფება, მართვის პუნქტები და კავშირგაბმულობის კვანძები, ზურგის მნიშვნელოვანი ობიექტები, ინფრასტრუქტურის ელემენტები (აეროდრომები, ხიდები, გვირაბები, მშრალ და წყლის დაბრკოლებებზე გადასასვლელები, სარკინიგზო კვანძები და სხვა). ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ობიექტებს, რომლებსაც პირველ რიგში იფარავენ საჰაერო თავდაცვის (ჰთ) საშუალებები, წარმოადგენს ჯარების მართვის პუნქტები, საარმიო ავიაცია, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების (ოტრ) “ატაკმსისა”და ზცრს MLRS-ის პოზიციები.
სულ საარმიო კორპუსის მოქმედების ზოლში შეიძლება იყოს ბატალიონის (დივიზიონის) ტიპის დაახლოებით 130 და ასეულის (ბატარეის) ტიპის 450-მდე ობიექტი. მათი საჰაერო თავდაცვა ხორციელდება კორპუსის საშტატო და ზემდგომი საჯარისო ინსტანციიდან მიღებული საზენიტო საშუალებებითა და გამანადგურებელ ავიაციასთან ურთიერთმოქმედებით.
საარმიო კორპუსის ჰთ-ის საშტატო საშუალებებია მასში შემავალი დივიზიებისა და ცალკეული ნაწილების საზენიტო არტილერია და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები (ზრკ), აგრეთვე ჰთ ბრიგადის საშუალებები, თუკი ასეთი შედის კორპუსში. სახელდობრ, მთავარ მიმართულებაზე მოქმედებისას კორპუსს შესაძლოა მიეცეს ჰთ-ის ბრიგადა ზრკ “გაუმჯობესებული ჰოქების” სამი-ოთხი დივიზიონისა და “ჩაპარელ-ვულკანების” ერთი-ორი შერეული დივიზიონის შემაგენლობით, ხოლო დიდ სიმაღლეებზე მფრენი ზებგერითი საჰაერო მიზნებისგან კორპუსის დასაფარავად შეიძლება გამოყოფილ იქნას საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ) სახმელეთო ჯარების სარდლობის განკარგულებაში არსებული ზრკ “პეტრიოტების” ერთი-ორი დივიზიონი. გარდა ამისა, “მძიმე” დივიზიების, ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკისა და ცალკეული ბრიგადების ჰთ-ის საშტატო ქვედანაყოფები შედგება დაბლამფრენ საჰაერო მიზნებთან ბრძოლის საშუალებების – ზრკ “ჩაპარელებისა” და “ავენჯერების”, თზდ “ვულკანების”, გზრკ “სტინგერების” უფრო მცირე ქვედანაყოფებისგან.
ამრიგად, აშშ საარმიო კორპუსის მოწყობის ზოლში სულ შეიძლება მოითვლებოდეს 98 ზრკ “პეტრიოტი”, 75-102 ზრკ “გაუმჯობესებული ჰოქი”, 72-120 ზრკ “ჩაპარელი” და “ავენჯერი”, 72-120 თზდ “ვულკანი” და 400-450 გზრკ “სტინგერი” (საცეცხლე გათვლა).
ზრკ “პეტრიოტების” დივიზიონი (battalion) შედგება მართვის, ექვსი ბატარეისა და მომსახურების ქვედანაყოფებისგან. ეს დივიზონები იშლება კომუნიკაციების ზონაში ან კორპუსის ზურგის რაიონში მხარეთა შეხების ხაზიდან 40-50 კმ დაშორებაზე და ჯარებსა და ზურგის ობიექტებს იფარავს საშუალო და დიდ სიმაღლეებზე (24 კმ-მდე) მფრენი ავიაციის, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების დარტყმებისგან. თითოეულ ზრკ-ს შეუძლია რებ საშუალებათა ფართო გამოყენების პირობებში ცეცხლი გაუხსნას ერთდროულად ცხრა მიზანს, ხოლო თითოეულ დივიზიონს კი შეუძლია ცეცხლის დაშენა ერთდროულად 48-54 საჰაერო მიზანზე.
ზრკ “გაუმჯობესებული ჰოქების” დივიზიონებს გააჩნიათ ორი ტიპის ორგანიზაცია: სამბატარეანი და ოთხბატარეანი შემადგენლობისა. პირველი ტიპის დივიზიონში თითოეული ბატარეა შედგება ძირითადი და ორი მეწინავე საცეცხლე ოცეულებისგან და შეუძლია ცეცხლი გაუხსნას ერთდროულად 0,03-18 კმ სიმაღლეებზე მფრენ ცხრა მიზანს. მეორე ტიპის დივიზიონის თითოეულ ბატარეაში არის ორი ოცეული: ძირითადი და მეწინავე, რომლებსაც შეუძლიათ ცეცხლის დაშენა ერთდროულად რვა საჰაერო მიზნისთვის. ამრიგად, ზრკ “გაუმჯობესებული ჰოქების” თითოეულ დივიზიონს ორგანიზაციის ტიპის მიხედვით შეუძლია ცეცხლი გაუხსნას ერთდროულად 27 ან 32 საჰაერო მიზანს.
ზრკ “გაუმჯობესებული ჰოქების” დივიზონები განლაგდება უპირატესად დივიზიებისა და კორპუსების ზურგის რაიონებში, სადაც მონაწილეობენ ზონური საჰაერო თავდაცვის ზოგად სისტემაში, ან უშუალოდ იფარავენ კორპუსის რეზერვებს, მეორე ეშელონების ნაწილებს, მართვის პუნქტებს, ოტრ-ების პოზიციებს, საარმიო ავიაციის ბაზირების რაიონებს, საწყობებსა და სხვა ობიექტებს. ისინი ჩვეულებრივ იშლება ორ რიგად: წინა ხაზიდან 15-20 კმ და შემდეგ კი 20-40 კმ დაშორებაზე. ბატარეებს შორის ინტერვალები და დისტანციები აღწევს 20-30 კმ-ს. ასეთნაირად განლაგებული ზრკ “გაუმჯობესებული ჰოქების” დივიზიონები ქმნიან საჰაერო მოწინააღმდეგის დაზიანების მთლიან (უწყვეტ) ზონას 150 კმ-მდე სიღრმეზე.
დაბლამფრენ საჰაერო მოწინააღმდეგესთან ბრძოლას კორპუსის ინტერესებში აწარმოებენ ზრკ “ჩაპარელების” (“ავენჯერების”) და თზდ “ვულკანების” შერეული (სარაკეტო-საარტილერიო) დივიზიონები. ისინი განკუთვნილია, უწინარეს ყოვლისა, საარმიო კორპუსის საბრძოლო მოქმედებათა მართვის ცენტრის, ტაქტიკური რაკეტების სასტარტო პოზიციებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკორპუსო ობიექტების დასაფარავად. მათი საბრძოლო რიგები ეწყობა ისეთნაირად, რომ უზრუნველყოფდნენ არანაკლებ ორი კომპლექსის (დანადგარის) ცეცხლის თავმოყრას ნებისმიერი მიმართულებიდან მფრენ თითოეულ საჰაერო მიზანზე. ზრკ “ჩაპარელები” (“ავენჯერები”) პოზიციებს იკავებენ დასაფარავი ობიექტებიდან 4-6 კმ დაშორებაზე, თზდ “ვულკანები” 0,5-1,5 კმ-ზე.
მექანიზებული ქვეითი (ჯავშანსატანკო) დივიზიის ინტერესებში დაბლამფრენ საჰაერო მიზნებთან ბრძოლას აწარმოებს დივიზიის საშტატო საზენიტო დივიზიონი (air defense battalion), რომელიც ორგანიზაციულად შედგება შტაბისა და ექვსი ბატარეისგან: საშტაბო, სამი შერეული თზდ “ვულკანი” – გზრკ “სტინგერების”, თითო-თითო ზრკ “ჩაპარელებისა” (“ავენჯერებისა”) და გზრკ “სტინგერების”. დივიზიონის პირადი შემადგენლობის რიცხოვნებაა 860 ადამიანი, მათ შორის 46 ოფიცერი. მის შეიარაღებაშია: 18 ზრკ “ჩაპარელი” ან “ავენჯერი”, 36 თზდ “ვულკანი”, 75 გზრკ “სტინგერი” (საცეცხლე გათვლა), მცირე და ზღვრულად მცირე სიმაღლეებზე მფრენი საჰაერო მიზნების აღმომჩენი რადიოსალოკაციო სადგური (რლს) FAAR, 21 ჯტრ M113A3, სხვადასხვანაირი სასროლი იარაღი, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, ავტომობილები, რდიოსადგურები და სხვა.
თზდ “ვულკანი” – გზრკ “სტინგერების” შერეული ბატარეა (battery) ორგანიზაციულად შეიცავს მართვასა და ოთხ ოცეულს: სამი თზდ “ვულკანებისა” და ერთიც გზრკ “სტინგერების”. თზდ “ვულკანების” ოცეულში არის ოთხი საცეცხლე გათვლა თითოში თითო საზენიტო დანადგარით. გზრკ “სტინგერების” ოცეულში არის სამი სექცია თითოში ხუთ-ხუთი კომპლექსით (საცეცხლე გათვლით). სულ “ვულკან-სტინგერების” შერეულ ბატარეაში მოითვლება პირადი შემადგენლობის 148 ადამიანი (ამათგან ცხრა ოფიცერი), 12 თზდ “ვულკანი”, 15 გზრკ “სტინგერი”, ოთხი ჯტრ M113A3, სხვადასხვანაირი სასროლი იარაღი, 39 ავტომობილი, 54 რადიოსადგური.
ზრკ “ჩაპარელების” ბატარეა ორგანიზაციულად შედგება მართვის, სამი სექციისა და ოთხი საცეცხლე ოცეულისგან. მათ შორის სამი ოცეული არის ოთხგათვლიანი შემადგენლობისა, ერთი კი ექვსგათვლიანი შემადგენლობის. თითოეულ საცეცხლე გათვლაში შედის თითო ზრკ. ამრიგად, ზრკ “ჩაპარელების” ბატარეაში მოითვლება პირადი შემადგენლობის 160 ადამიანი (მათ შორის ექვსი ოფიცერი), 18 ზრკ “ჩაპარელი”, ხუთი ჯტრ M113A3, ტყვიამფრქვევები, საიერიშო შაშხანები, ყუმბარსატყორცნები, 22 ავტომობილი, 64 რადიოსადგური.
გზრკ “სტინგერების” ბატარეა შედგება მართვის სექციისა და გზრკ-ების ორი ოცეულისგან. თითოეულ ოცეულში არის სამი სექცია ხუთ-ხუთი საცეცხლე გათვლით. სულ ბატარეაში მოითვლება პირადი შემადგენლობის 83 ადამიანი, 30 გზრკ “სტინგერი” (საცეცხლე გათვლა), სასროლი იარაღი, 40 ავტომობილი, 50 რადიოსადგური.
ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები თვლიან, რომ საზენიტო დივიზიონისა და მასში შემავალი ბატარეების ასეთი ორგანიზაცია თანამედროვე საზენიტო საშუალებებით მათ აღჭურვასთან ერთად მნიშვნელოვნად ამაღლებს მოწინააღმდეგის საავიაციო დარტყმებისგან “მძიმე” დივიზიის ნაწილებისა და ქვედანაყოფების დაფარვის სამედობას საბრძოლო მოქმედებათა მთელ ზოლში.
საზენიტო დივიზიონის მეთაური (იგივე დივიზიის ჰთ-ის უფროსი) ორგანიზებას უკეთებს შენაერთის ნაწილებისა და ქვედანაყოფების დაფარვას დივიზის მეთაურის გადაწყვეტილების საფუძველზე, შექმნილი ვითარების შესაბამისად და არსებული (საშტატო და მიცემული) ძალებისა და საშუალებათა გათვალისწინებით. საზენიტო ქვედანაყოფების საბრძოლო რიგების მოწყობისას ითვალისწინებენ დაფარვის მთლიანი (უწყვეტი) ზონის შექმნის აუცილებლობას ჯარების შეტევის (თავდაცვის) მთელ ზოლში. მაგრამ ამერიკელ სამხედრო ექსპერტთა შეფასებით, დივიზიის ასეთი ეფექტური ჰთ-ის შესაქმნელად მხოლოდ საზენიტო დივიზიონის ძალები და საშუალებები საკმარისი არ არის. ამიტომ მიცემული საზენიტო საშუალებების გარეშე “მძიმე” შენაერთის საჰაერო თავდაცვას გააჩნია კეროვანი ხასიათი – პირველ რიგში დაიფარება დივიზიისა და ბრიგადების საკომანდო (სამეთაურო) პუნქტები, ბატალიონების საბრძოლო რიგები, საველე არტილერიის დივიზიონები, საარმიო ავიაციის ვერტმფრენების ბაზირების პუნქტები, კავშირგაბმულობის კვანძები, საწყობები, საბრძოლო მასალების შევსებისა და საწვავით გაწყობს პუნქტები. შეტევაში პირველ რიგში დაიფარება მთავარი დარტყმის მიმართულებაზე მოქმედი ნაწილები და ქვედანაყოფები, თავდაცვაში – ზურგის ობიექტები, საველე არტილერიის ქვედანაყოფები, სამეთაურო პუნქტები და რეზერვები.
დივიზიის საჰაერო თავდაცვის ორგანიზებისას საზენიტო დივიზიონის მეთაური, ჰთ-ის საცეცხლე საშუალებათა ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, მობილური ნაწილებისა და ქვედანაყოფების დაფარვას ახორციელებს მოძრავი საზენიტო საშუალებებით (თზდ “ვულკანები” და გზრკ “სტინგერები”), ხოლო ზრკ “ჩაპარელებით” კი იფარავს ნაკლებად მოძრავ და სტაციონარულ ობიექტებს. ზოგადი გეგმით საზენიტო საშუალებათა განაწილება შესაძლოა იყოს შემდეგი: “ვულკან-სტენგერების” თითოეული შერეული ბატარეა მიეცემა ბრიგადებს; ზრკ “ჩაპარელების” ბატარეა იფარავს დივიზიის სამეთაურო პუნქტს (ექვსდანადგარიანი ოცეულით) და ზურგის სტაციონარულ ობიექტებს; გზრკ “სტინგერების” ბატარეა გამოყოფს საცეცხლე გათვლებს საველე არტილერიის დივიზიონების დასაფარავად.
ამა თუ იმ ობიექტის დაფარვის ორგანიზაციაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დივიზიის მეთაური ღებულობს ამომდინარე შექმნილი საჰაერო და მიწისზედა ვითარების შეფასებიდან, დივიზიის ნაწილებისა და ქვედანაყოფების საბრძოლო მოქმედებათა ხასიათიდან, საცეცხლე საშუალებების, საბრძოლო მასალების არსებობიდან და სხვა ფაქტორებიდან. ასე, ოთხბატალიონიანი შემადგენლობის ბრიგადის დასაფარავად გამოყოფილი “ვულკან-სტინგერების” შერეული ბატარეა შეიძლება გამოყენებულ იქნას მისი საზენიტო საშუალებების განაწილების სხვადასხვა ვარიანტებით. მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხების მდგომარეობიდან შეტევაში გადასვლისას პირველი ეშელონის ორი ბატალიონის დაფარვა რეკომენდირებულია გზრკ “სტინგერების” ქვედანაყოფებით (ერთი სექცია ბატალიონზე), ხოლო მეორე ეშელონის თითოეული ბატალიონის დაფარვა კი თზდ “ვულკანების” ოცეულით (ორი დანადგარი პირველი ეშელონის ასეულზე). თზდ-ების მესამე ოცეულის გამოყენება ნავარაუდევია ბრიგადის სამეთაურო პუნქტისა და საზენიტო ბატარეის სამეთაურო პუნქტის ჰთ-ის უზრუნველყოფისთვის, ხოლო გზრკ-ების მესამე სექციისა კი – ბრიგადის ზურგის ობიექტების დასაფარავად.
სვლიდან შეტევის ორგანიზებისას მთავარ მიმართულებაზე მოქმედი ორი ბატალიონის დაფარვა რეკომენდირებულია თითოეულისა თზდ “ვულკანების” ოცეულით, ხოლო მეორეხარისხოვან მიმართულებაზე მყოფი მესამე ბატალიონისა – გზრკ “სტინგერების” სექციით. დანარჩენი ძალები და საშუალებები გამოიყენება ბრიგადისა და საზენიტო ბატარეის სამეთაურო პონქტებისა და ბრიგადის ზურგის ობიექტების ჰაერიდან დასაფარავად.
დივიზიის ზურგის რაიონების დაფარვისას საზენიტო საშუალებების მოქმედებათა ყველაზე უფრო მაღალი ეფექტურობა მიიღწევა ზრკ “ჩაპარელების” (“ავენჯერების”), თზდ “ვულკანებისა” და გზრკ “სტინგერების” ბაზაზე შემდგარი შერეული ქვედანაყოფების ერთობლივი გამოყენებით, რაც იძლევა ცეცხლის საკმარისად საიმედო სისტემის შექმნის შესაძლებლობას. ამიტომ ბრიგადებში ბრძოლის პედიოდისთვის შექმნილი საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფების დასაფარავად გამოიყოფა შერეული ქვედანაყოფები თზდ “ვულკანების” ოცეულისა და გზრკ “სტინგერების” სექციის შემადგენლობით. შეტევისას თზდ “ვულკანების” ოცეული მიეცემა პირველი ეშელონის ასეულებს (ორი დანადგარი ასეულზე), ხოლო მეორე ეშელონის ასეულების, ბტჯ-ის სამეთაურო პუნქტისა და ზურგის რაიონების დაფარვისთვის კი გამოიყენება გზრკ “სტინგერების” საცეცხლე გათვლები. თავდაცვაში თზდ “ვულკანების” ოცეული გამოიყენება ცენტრალიზებულად, ხოლო დანადგარები კი განლაგდება მოწინააღმდეგის ავიაციის თავდასხმების ყველაზე უფრო საშიშ მიმართულებაზე, ჩვეულებრივ ბტჯ-ის ფლანგებზე, ასეულებს შორის შუალედებში, აგრეთვე ისეთ ადგილებში, საიდანაც შესაძლებელია ეფექტური ცეცხლის წარმოება როგორც საჰაერო, ისე მიწისზედა მიზნებზეც. გზრკ-ების თითო საცეცხლე გათვლა მიეცემა ასეულებს, ხოლო ხოლო დანარჩენები კი გამოიყენება ბტჯ-ის სამეთაურო პუნქტისა და ზურგის ობიექტების დასაფარავად.
დაბლამფრენი საჰაერო მიზნების აღმოჩენის რადიოსალოკაციო სადგურები (რლს) FAAR შესაძლოა მიცემულ ქნას საცეცხლე ბატარეების, ოცეულების ან შერეული ქვედანაყოფებისთვის, მაგრამ საჰაერო მოწინააღმდეგის დაზვერვის ყველაზე უფრო მაღალი ეფექტურობა მიიღწევა მათი ცენტრალიზებულად გამოყენებისას. მათი განლაგება რეკომენდირებულია თანაბრად დივიზიის შეტევის (თავდაცვის) მთელ ზოლში ისე, რომ შეიქმნას ამ რაიონის მთლიანი (უწყვეტი) რადიოლოკაციური ხედვა. საჰაერო მიზნების შესახებ მონაცემები გადაეცემა საცეცხლე ქვედანაყოფებსა და დივიზიონის სამეთაურო პუნქტს (ოპერატიულ ან ცეცხლის მართვის სექციებს). ორგანიზაციისა და ურთიერთმოქმედების სექციის მეშვეობით დივიზიონის სამეთაურო პუნქტზე ინფორმაცია საჰაერო მოწინააღმდეგის შესახებ მოდის საარმიო კორპუსის ჰთ-ის ნაწილებიდანაც. საჰაერო ვითარების ანალიზის შემდეგ დივიზიონის საბრძოლო მოქმედებების მართვის ცენტრიდან რადიო- და მავთულიანი კავშირგაბმულობის საშუალებებით საცეცხლე ქვედანაყოფებს ეძლევათ ბრძანება მიზნების განადურებაზე. მოწინააღმდეგის ავიაციის მასირებული თავდასხმის პირობებში დივიზიონის ყველა საზენიტო ქვედანაყოფი მზად უნდა იყოს საჰაერო მიზნების დამოუკიდებლად აღმოჩენისა და ცეცხლის წარმოებისთვის.
ზრკ “ჩაპარელების” პოზიციები შ ე ტ ე ვ ა შ ი (თ ა ვ დ ა ც ვ ა შ ი) შეირჩევა საჰაერო მიზნების შესაძლო დაჭერის (перехват) გათვალისწინებით მოწინააღმდეგის ავიაციის თავდასხმების ყველაზე უფრო მეტად შესაძლო მიმართულებიდან, ამასთან უზრუნველყოფილ უნდა იქნას ობიექტების წრიული დაფარვა. ურთიერთმხარდაჭერის უზრუნველყოფისთვის დანადგარები პოზიციებს იკავებენ ერთიმეორისგან 3-4 კმ მანძილზე. საზენიტო საშუალებათა არასაკმარისი რაოდენობისას ზრკ “ჩაპარელების” საბრძოლო ქვედანაყოფების რიგები შესაძლოა მოეწყოს დაზიანების ზონების ურთიერთგადაფარვის გათვალისწინებით, რაც მიიღწევა დანადგარების ერთმანეთისგან 5 კმ-მდე მანძილებზე განლაგებით. გზრკ “სტინგერების” საცეცხლე გათვლების განლაგება მიზანშეწონილია უშუალოდ დასაფარავი ქვედანაყოფების საბრძოლო რიგებში ან მათ უკან. ამასთან, საცეცხლე პოზიციები შეირჩევა ისეთნაირად, რომ მაქსიმალურად იქნას გამორიცხული მოწინააღმდეგის საცეცხლე საშუალებათა ზემოქმედების შესაძლებლობა. თუკი ქვედანაყოფების საბრძოლო მოწყობა და მათი დამფარავი გზრკ გათვლების რაოდენობა იძლევა ამის საშუალებას, საჰაერო თავდაცვა ეწყობა მეზობელი საცეცხლე გათვლების ურთიერთმხარდაჭერის უზრუნველყოფის გათვალისწინებით. ეს მიიღწევა მათი ერთმანეთისგან 2-3 კმ-მდე დაშორებით. საცეცხლე პოზიციები უნდა უზრუნველყოფდეს დაბლამფრენი საჰაერო მიზნების ვიზუალურ აღმოჩენას არანაკლებ 6 კმ დაშორებაზე. ზოგიერთ შემთხვევაში, საცეცხლე გათვლებს მოწყვლადობის გათვალისწინებით, გზრკ სექციების უფროსებმა შესაძლოა მიიღონ გადაწყვეტილება საცეცხლე გათვლების განთავსებაზე სადაზვერვო, საინჟინრო და საბრძოლო უზრუნველყოფის სხვა ქვედანაყოფების ჯავშანტრანსპორტერებში. ამოსავალ რაიონში გზრკ “სტინგერების” გათვლები განლაგდება მოწინააღმდეგის ავიაციის დარტყმებისგან ქვედანაყოფების წრიული დაფარვისა და მოძრაობის დაწყებისთანავე კოლონებში მათი სწრაფი ჩართვის შესაძლებლობის გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში საცეცხლე პოზიციები ეწყობა დასაფარავი ქვედანაყოფებისგან 400-600 მ დაშორებაზე საჰაერო მოწინააღმდეგის შესაძლო თავდასხმების მიმართულებაზე.
თზდ “ვულკანების” საცეცხლე პოზიციები განლაგდება ისეთნაირად, რომ უზრუნველყოფდეს მიზნების დაჭერის შესაძლებლობას მოწინააღმდეგის თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მოქმედებათა ძირითად მმართულებებზე, ურთიერთშორის საცეცხლე კავშირის შენარჩუნებით. საზენიტო დანადგარებს შორის მანძილები ამ დროს არ უნდა აღემატებოდეს 1 კმ-ს.
ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, ზრკ “ჩაპარელები” (“ავენჯერები”), თზდ “ვულკანები” და გზრკ “სტინგერები” გამოყენებულ უნდა იქნას ოცეულებისა და ბატარეების შემადგენლობაში, ვინაიდან ამ დროს მიიღწევა მათი მოქმედებების ყველაზე უფრო მეტი ეფექტურობა, უმჯობესდება მართვა, მაღლდება ობიექტების დაფარვის საიმედობა. საზენიტო საშუალებების საბრძოლო მოქმედებათა რაონებისა და მათი მოძრაობის მარშრუტების დანიშვნისას გაივალისწინება მათი შესაძლებლობები, აგრეთვე საჰაერო მიზნების ფარულის შემოსვლის ან მოწინააღმდეგის დესანტის გადმოსხმის სავარაუდო მიმართულებათა დაფარვის შესაძლებლობებიც.
შერეული საზენიტო ქვედანაყოფების მოქმედებებისას მიზანშეწონილი არ არის საცეცხლე საშუალებების ერთ პოზიციაზე განლაგება, ვინაიდან ეს მნიშნელოვნად დააქვეითებს არა მარტო მათ მათ საცეცხლე შესაძლებლობებს, არამედ შეამცირებს მთლიანად საჰაერო თავდაცვის სისტემის მოქმედების ეფექტურობასაც. ამერიკული სარდლობის შფასებით, გზრკ-ების საცეცხლე გათვლების პოზიციები ზრკ-ებისა და თზდ-ების პოზიციებსგან დაშორებული უნდა იყოს 1,5-2 კმ-ით, ხოლო თზდ-ებისა ზრკ-ებისგან 1 კმ-ის ფარგლებში. ასეთ პირობებში უზრუნველყოფილი იქნება დაზიანების ზონების ურთიერთგადაფარვა და ყველაზე უფრო სახიფათო საჰაერო მიზნებისთვის ცეცხლის ერთობლივი დაშენა. გარდა ამისა, გამოირიცხება თვითმავალი საზენიტო დანადგარების ჭურვების ტრასაზე საზენიტო-მართვადი რაკეტების თვითდამიზნებაც.
დასკვნა და მომავლის პერსპექტივები
საბრძოლო მოქმედებათა ორგანიზაციისა და წარმოების ზემოთ მოყვანილი ნორმები შემუშავებულ იქნა 80-იან წლებში “საჰაერო-სახმელეთო (მიწისზედა) ოპერაცია (ბრძოლა)” კონცეფციის საფუძველზე ევროპულ ომის თეატრზე უშუალო სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში. თუმცა კი მისი უმთავრესი ელემენტები (მასობრივი დაზიანების იარაღის გამოყენების გარდა) უფრო ნაკლები მასშტაბებით წარმატებით იქნა განხორციელებული ერაყის წინააღმდეგ ომშიც (1991 წლის თებერვალი).
90-იანი წლების დასაწყისიდან ევროპაში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკურმა ცვლილებებმა განაპირობეს დასავლეთისა და აღმოსავლეთის პირობით საზღვარზე დაპირისპირებისა და შემდეგ კი თავად ამ საზღვრის მოხსნა, პოტენციურ მოწინააღმდეგეებს შორის ბუფერული ზონის შექმნა, ჯარების საჰაერო და სახმელეთო (მიწისზედა) დაჯგუფებების მნიშვნელოვანი შემცირება, ტაქტიკური ბირთვული და ქიმიური იარაღის ევროპიდან გატანა და ა. შ. აღნიშნული ცვლილებები აისახა ომის თეატრზე სავარაუდო საჰაერო-სახმელეთო საბრძოლო მოქმედებებში შეიარაღებული ძალების სახეობათა გამოყენების ოპერატიულ-ტაქტიკურ კონცეფციებზეც. ამის დადასტურებას წარმოადგენს ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, მიღებული რომში 1991 წლის ნოემბერში კავშირის საბჭოს სესიაზე მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა მიერ.
ამავე დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო სპეციალისტებზე დიდი გავლენა მოახდინა სპარსეთის ყურის ზონაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში შეერთებული შტატების მიერ გამოყენებული მაღალი სიზუსტის იარაღის მაღალმა ეფექტურობამ. საერთო შეფასებით მაღალი სიზუსტის იარაღი დამაზიანებელი მოქმედებით ფაქტიურად უტოლდება ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, ხოლო მისი გამოჩენით კი იცვლება თანაფარდობა შეტევასა და თავდაცვას შორის. მომავალში თავდაცვაში მყოფ მხარეს, მის შეიარაღებაში არსებული მაღალი სიზუსტის სისტემების გამოყენებით აუნაზღაურებელი ზარალის მიყენება შეეძლება მოწინააღმდეგის შემომტევი ძალებისთვის ჯერ კიდევ საბრძოლო მოქმედებებში მათ შემოყვანამდე, ხოლო ასეთი იარაღის მქონე შემომტევი მხარე კი შეეცდება საპასუხო დარტყმების მოყენებას. შესაბამსად მნიშვნელოვნად შეიცვლება “შეტევისა” და “თავდაცვის” ცნებები და განსხვავება მათ შორის გარკვეული აზრით წაიშლება. ახლა ნებისმიერი მხარე შეძლებს ინიციატივის ხელში ჩაგდებასა და შენარჩუნებას (ამისთვის აუცილებელი აღარ იქნება შეტევაში გადასვლა).
დასავლური წყაროები აღნიშნავენ, რომ სახელდობრ რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელობის აზრით, მომავალი ომის მსვლელობისას განხორციელდება მაღალი ინტენივობის სწრაფი საჰაერო-სახმელეთო ოპერაციები, რომლებიც მოიცავენ დიდ სივრცეებს კოსმოსის ჩათვლით.
ტაქტიკური დონის საბრძოლო მოქმედებები გახდება უწინდელზე უფრო მეტად დაძაბული და ექნება კეროვანი ხასიათი. ფრონტის ხაზი გაქრება და ისეთი მოძველებული ცებები, როგორიცაა “თავდაცვის წინა ხაზი”, “საკუთარი ჯარების წინა ხაზი” და “მოწინააღმდეგის ჯარების წინა ხაზი” შეიცვლება ცნებით “საბრძოლო მოქმედებების ზონა”. გაქრება აგრეთვე ღრმა ზურგის ცნებაც. შეტევა გადაიქცევა თავდაცვის ნაწილად.
უნდა ვივარაუდოთ, რომ მსგავსი შეხედულებები ექნებათ დასავლელ სამხედრო სპეციალისტებსაც. ისინი მომავალში საფუძვლად უნდა დაედოს სახმელეთო ჯარებისა და სახელდობრ მის “მძიმე” ფორმირებათა საბრძოლო გამოყენების ახალ ოპერატიულ-ტაქტიკურ კონცეფციებს, რომლებიც ექსპერტების აზრით იქნება ძირითადად ევოლუციური ხასიათის და მათში განსაზღვრული იქნება ამ ფორმირებათა გამოყენების ხერხები 2000 წლამდე და მის შემდეგაც.
ირაკლი ხართიშვილი
23. 01. 1996
ნაშრომზე მუშაობისას გამოყენებულ იქნა სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) ცნობარში The Military Balance 1993-1994, ჟურნალების NATO Review და Зарубежное Военное Обозрение სხვადასხვა წლების ნომრებში, აგრეთვე სრულიად რუსეთის სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტის (ВИНИТИ) პერიოდული გამოცემის Зарубежная Печать об Экономическом, Научно-Техническом и Военном Потенциале Государств – Участников СНГ и Технических Средствах их Выявления, 1992 წლის ნომრებში გამოქვეყნებული მასალები.
ავტორი მადლობას უხდის ყველა კერძო პირსა და ორგანიზაციას აღნიშნული მასალების მოწოდებისთვის.

No comments:
Post a Comment