Saturday, July 7, 2012

აშშ “მძიმე” ფორმირებების საბრძოლო გამოყენება

(ნაწილი I)

(ნაშრომი გამოქვეყნებულ იქნა საქართველოს პარლამენტის კვლევითი სასახურის კვლევითი ნაშრომის სახით 1996 წლის 23 იანვარს. თავისი შედარებით დიდი მოცულობის გამო იგი განკუთვნილი იყო, არა დეპუტატთა მთელი კორპუსისთვის, არამედ უპირატესად თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტისთვის, აგრეთვე შესაბამისი ორგანოებისთვის როგორც საქართველოს პრეზიდენტის აპარატში, ისე თავდაცვის სამინისტროშიც. ახლა ნაშრომს ვაქვეყნებთ მცირე სარედაქციო შესწორებებითა და დამატებებით, სახელდობრ დამატებულია ცალკეული სამხედრო ტერმინები რუსულ ენაზე, რაც თავდაპირველ ვარიანტში არ ყოფილა.)

შესავალი

აშშ “მძიმე” ფორმირებებს მიეკუთვნება მექანიზებული და ჯავშანსატანკო დივიზიები, რომელთა საფუძველზეც იქმნება საარმიო კორპუსები. 80-იანი წლების მეორე ნახევარში აშშ სახმელეთო ჯარებში იყო 14 “მძიმე” დივიზია (heavy division – 10 რეგულარულ ჯარებში და ოთხიც არმიის ეროვნულ გვარდიაში)*, რომელთაგან ოთხი (ორი მექანიზებული ქვეითი და ორიც ჯავშანსატანკო) დისლოცირებული იყო გფრ-ის ტერიტორიაზე, დანარჩენი კი აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში. ევროპაში უშუალო სამხედრო დაპირისპირების პირობებში ეს დივიზიები ძირითადად განკუთვნილი იყო ევროპულ ომის თეატრზე სამოქმედოდ, სადაც არსებობს განვითარებული ინფრასტრუქტურა, ხოლო ადგილმდებარეობის პირობები კი იძლევა ღრმად ეშელონირებული მექანიზებული და ჯავშანსატანკო დაჯგუფებების შექმნის შესაძლებლობას. თუმცა კი აშშ “მძიმე” ფორმირებები წარმატებით იქნა გამოყენებული ერაყის წინააღმდეგ ომშიც (1991 წლიე თებერვალი). (*შენიშვნა: უფრო დაწვრილებით აშშ “მძიმე” დივიზიების საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურისა და შეიარაღების შესახებ იხ. ჟურნალი “მხედარი”, 1994, # 1-4 /ეს წერილი ასევე დადებული გვაქვს ბლოგზე სათაურით “საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია /ბრძოლა/ კონცეფციის რეალიზაციის პირობები”/. აშშ შეიარაღებულ ძალებში ტერმინი არმია /Army/ აღნიშნავს სახმელეთო ჯარებს, უფრო მეტად კი მის რეგულარულ კომპონენტს. მზადმყოფი რეზერვის /Ready Reserve/ – არმიის ეროვნული გვარდიისა /Army National Guard – ANG/ და არმიის რეზერვის /Army Reserve – AR/ ფორმირებები საბრძოლო და სამობილიზაციო მზაყოფნის მხრივ ჩამოუვარდებიან რეგულარულ სახმელეთო ჯარებს. ისინი განკუთვნილია მობილიზაციის შემთხვევაში რეგულარული არმიის შემადგენლობაში გადაცემისთვის და ასევე ახალი ფორმირებების შესაქმნელად).

90-იანი წლების დასაწყისში ევროპაში გლობალური ომის საშიშროების შენელების შემდეგ აშშ სახმელეთო ჯარებში გატარებულ იქნა სათანადო შემცირებები. სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 1993 წელს აშშ არმიაში მოითვლებოდა 11 “მძიმე” დივიზია (შვიდი რეგულარულ ჯარებში, ოთხი არმიის ეროვნულ გვარდიაში), რომელთაგან ორი (მე-8 მექანიზებული და მე-3 ჯავშანსატანკო), აგრეთვე 11-ე ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკი (ცჯკპ) და მათ საფუძველზე შექმნილი მე-5 საარმიო კორპუსი დისლოცირებული იყო გერმანიის ტერიტორიაზე. კორპუსის შტაბი იმყოფება ქ. მაინის ფრანკფურტში, მე-8 მექანიზებული დივიზია ქ. ბად-კრაიცნახში, მე-3 ჯავშანსატანკო დივიზია ქ. მაინის ფრანკფურტში, 11-3 ცჯკპ ქ. ფულდაში. როგორც ადრე, “მძიმე” ფორმირებების უდიდესი ნაწილი განლაგებულია აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში და განკუთვნილია პირველ რიგში ჯარების ევროპული დაჯგუფების გაძლიერებისთვის ომის ან კრიზისული სიტუაციის წარმოქნის შემთხვევაში, აგრეთვე “სწრაფი გაშლის ძალებში” ან სხვა საომარ მოქმედებათა თეატრებზე სამოქმედოდ.

I. აშშ სახმელეთო ჯარების ფორმირებათა საბრძოლო გამოყენების საფუძვლები

“საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” (Airland Battle) კონცეფციის* შესაბამისად, თანამედროვე ზოგადსაჯარისო ოპერაცია ითვალისწინებს მოწინააღმდეგის ერთდროულ დაზიანებას მისი ჯარების ოპერატიული მოწყობის მთელ სიღრმეში. ამ მიზნით პირველ რიგში ამოქმედდება დაზვერვისა და მიზანჩვენების მაღალეფექტური საშუალებები, მართვისა და კავშირგაბმულობის ავტომატიზებული სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ საიმედო და მდგრად მართვას, აგრეთვე დროის რეალურ მასშტაბში მონაცემების გადაცემას. ასეთ პირობებში დიდ მნიშვნელობას იძენს აღნიშნული კონცეფციის ისეთი შემადგენელი დებულებები, როგორებიცაა ინიციატივა, მოქმედებათა სიღრმე, სისწრაფე და შეთანხმებულობა (*შენიშვნა: ამ კონცეფციის შესახებ უფრო დაწვრილებით იხ. ჟურნალი “მხედარი”, 1993, # 1-2; აგრეთვე ეს წერილი დადებული გვაქვს ბლოგზეც სათაურით “საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია /ბრძოლა/”).

საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ) ოპერაციის შემადგენელი ნაწილებია მარში, შემხვედრი ბრძოლა, შეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები. ამასთან დაკავშირებით აშშ არმიის სარდლობა ისწრაფვის იქითკენ, რათა აამაღლოს სახმელეთო ჯარების მობილურობა, მოამზადოს იგი რთულ პირობებში მარშების ჩატარებისა და ბრძოლის ველზე მანევრის უნარიანად (ოსტატურად) შესრულებისთვის. ამიტომ უკანასკნელ ათწლეულებში ჯარების საბრძოლო მომზადებისა და სხვადასხვანაირ სწავლებათა ჩატარებისას დიდი ყურადღება ეთმობა შენაერთების სამარშო მომზადებასა და სხვადასხვა სახეობათა საბრძოლო მოქმედებების წარმოების უნარის ამაღლებას. როგორც სპარსეთის ყურის რაიონში მიმდინარე ომმა და მრავალრიცხოვანმა სწავლებებმა დაადასტურა, 80-იან წლებში “არმია-90” და “დივიზია-86” პროგრამების შესაბამისად გატარებულმა “მძიმე” ფორმირებების საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურის სრულყოფამ და ახალი იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით გადაიარაღებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მათი ბრძოლისუნარიანობის, აგრეთვე მოწინააღმდეგის ავიაციის, საჰაერო დესანტებისა და სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების უშუალო ზემოქმედების პირობებში მნიშვნელოვან მანძილებზე მარშების წარმატებით შესრულებისა და შემხვედრი ბრძოლების წარმოების უნარის ამაღლებას.

შენაერთებისა და ნაწილების მ ა რ შ ე ბ ი (march, марш) წარმოადგენს ჯარების საბრძოლო მოქმედებათა ყველა სახეობის შემადგენელ ელემენტს. მათი ორგანიზებისა და ჩატარების ძირითადი მიზანია დანიშნულ რაიონში (მითითებულ მიჯნაზე) ჯარების დროულად გაყვანა მათი ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებითა და მოწინააღმდეგესთან სვლიდან ბრძოლაში ჩაბმის შესაძლებლობით.

გადაადგილების პირობებისა და ვითარების, სატრანსპორტო საშუალებებისა და არჩეული წესის (ხერხის) მიხედვით, აშშ არმიაში ჯარების მიერ შესრულებული მარშები იყოფა ორ სახეობად: ადმინისტრაციულ და ტაქტიკურ მარშებად.

ადმინისტრაციული მარშები (administrative march, административный марш) გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა მათი განხორციელების მსვლელობისას მოწინააღმდეგის სახმელეთო (მიწისზედა) ჯარებთან შეჯახება ნაკლებ სავარაუდოა ან სავსებით გამოირიცხება. სახელდობრ, ნაწილების წინსვლის დროს მეორე ეშელონის დივიზიების (კორპუსების) თავმოყრის რაიონებისკენ. მათი შესრულებისას მთავარი ყურადღება ეთმობა შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობისა და მატერიალური ნაწილის შენარჩუნებას. ადმინისტრაციული მარშის შესრულებისთვის ერთნაირი სამარშო სიჩქარის მქონე ქვედანაყოფები ჩაირთვება, როგორც წესი, ერთ კოლონაში. სხვადასხვა სამარშო სიჩქარის მქონე კოლონებს ჩვეულებრივ ენიშნებათ სხვადასხვა მარშრუტები.

ტაქტიკური მარშები (tactical march, тактический марш) სრულდება ძირითადად მიწისზედა მოწინააღმდეგესთან შეხვედრის მოლოდინში მარშის შესრულების პერიოდში ან მითითებულ რაიონში შენაერთების (ნაწილების) მისვლისას. სახელდობრ, ფორმირებების წინსვლისას საბრძოლო მოქმედებების რაიონში კონტრდარტყმების მისაყენებლად ან საბრძოლო მოქმედებათა მწარმოებელი ჯარების ძალისხმევის გაზრდისთვის. ამასთან დაკავშირებით ჯარებისადმი ერთერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა მათი მუდმივი მზაყოფნა ბრძოლაში ორგანიზებულად შესვლისა და დასმული საბრძოლო ამოცანების წარმატებით შესრულებისთვის. ამიტომ ტაქტიკური მარშის ორგანიზებისას იქმნება ისეთი სალაშქრო კოლონები, რომლებიც უზრუნველყოფენ შემხვედრი ბრძოლისთვის ჯარების საბრძოლო რიგებად სწრაფად გაშლას.

მარშზე ამოცანების წარმატებით შესრულება ბევრადაა დამოკიდებული მისი ჩატარების პირობებზე. ჯარების დაზიანების ძირითად საშუალებას ამ დროს წარმოადგენს მოწინააღმდეგის ავიაცია. ამის გათვალისწინებით შენაერთებს რეკომენდაცია ეძლევათ, რომ ასრულებდნენ მარშს ფართო ფრონტზე განწერტილ (рассредоточенные) სალაშქრო რიგებში, უპირატესად ღამით ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში.

ამერიკულ წესდებებში აღინიშნება, რომ შენაერთებისა და ნაწილების მარში შესაძლოა დასრულდეს მათი მთავარი ძალების დანიშნულ რაიონში გამოსვლით ან შემხვედრი ბრძოლით.

შ ე მ ხ ვ ე დ რ ი ბ რ ძ ო ლ ა (encounter battle, встречный бой) ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, წარმოიქმნება მაშინ, როცა ჯარები ასრულებენ მარშს მოწინააღმდეგესთან შესახვედრად, შეტევის მსვლელობის დროს წინსვლისას მისი რეზერვების კონტრშემოტევის მოგერიებისთვის ან თავდაცვაში შემოჭრილ მოწინააღმდეგეზე თავისი ჯარების მიერ კონტრშეტევების (კონტრდარტყმების) მიყენებისას, როცა ეს უკანასკნელი ანვითარებს თავის შემოტევას.

ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, თანამედროვე, როგორც გლობალურ ისე ლოკალურ ომებში, განსაკუთრებით მათ საწყის პერიოდში, შემხვედრი ბრძოლები იქნება საკმარისად ხშირი მოვლენა. მათთვის დამახასიათებელი იქნება ჯარების დიდი ძვრადობა, მიწისზედა მოქმედებების სწრაფმდინარება, მაღალი მანევრულობა, ვითარების სწრაფი ცვალებადობა, მოწინააღმდეგეზე საჭირო ინფორმაციის არარსებობა და ბრძოლის ორგანიზაციისთვის დროის უკმარისობა.

შემხვედრ ბრძოლაში წარმატების მოსაპოვებლად აუცილებელია ყველაზე უფრო მიზანშეწონილი სალაშქრო რიგების მოწყობა, ჯარების გაშლასა და საბრძოლო მზადყოფნაში მოწინააღმდეგის დასწრება, სვლიდან მასზე გაბედულად შეტევა, ფართო და სწრაფი მანევრის გამოყენება მოკლე ვადებში მის მიმართ უფრო ხელსაყრელი მდგომარეობის დასაკავებლად, ინიციატივის ხელში ჩასაგდებად და მოწინააღმდეგისთვის საკუთარი ნების თავზე მოსახვევად. ყველა დონის მეთაურებმა უნდა შეძლონ შემჭიდროებულ ვადებში ვითარების შეფასება, გადაწყვეტილებათა სწრაფად მიღება და ხელქვეითებისთვის საბრძოლო ამოცანების დასმა, ნაწილებისა და ქვედანაყოფების სალაშქრო კოლონებიდან გაშლა და სვლიდან მათი ბრძოლაში შეყვანა. ამასთან მეთაურები უნდა ხელმძღვანელობდნენ საჰაერო-სახმელეთო საბრძოლო მოქმედებების ოთხი ფუძემდებლური პრინციპით, რომელთა არსიც მდგომარეობს ინიციატივის გამოჩენაში, მოქმედებების სიღრმეში, სისწრაფესა და შეთანხმებულობაში.

შ ე ტ ე ვ ა (offensive, наступление) წარმოადგენს ჯარების მოქმედებათა გადამწყვეტ სახეობას, ინიციატივის ხელში აღებისა და მოწინააღმდეგისთვის საკუთარი ნების თავზე მოხვევის ძირითად საშუალებას. ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები შეტევითი მოქმედებების არსს განმარტავენ შემდეგნაირად: დარტყმა მიეყენოს მოწინააღმდეგეს მისთვის მოულოდნელი მიმართულებიდან, შემტევის სასარგებლოდ დაირღვეს ძალთა ბალანსი, წარმატების სწრაფი განვითარების ხარჯზე არ მიეცეს მოწინააღმდეგეს თავისი ბრძოლისუნარიანობისა და თავდაცვის მთლიანობის აღდგენის საშუალება. შეტევითი მოქმედებებისას პირველხარისხოვან ამოცანას წარმოადგენს მოწინააღმდეგის ღრმა საცეცხლე და დარტყმითი დაზიანება. იგი ტაქტიკური ავიაციის, სარაკეტო და საველე არტილერიის ძალებით განხორციელებულ ღრმა საცეცხლე დაზიანებასთან ერთად მოიცავს საარმიო ავიაციის, საჰაერო-სადესანტო, საჰაერო-საიერიშო და აერომობილური ფორმირებების მოქმედებებს. ძალებისა და საშუალებათა ურთიერთმოქმედება მიმართული უნდა იყოს მოწინააღმდეგის ჯარების ოპერატიული მოწყობის მთელ სიღრმეში მისი საკვანძო ობიექტების ერთდროული დაზიანების მიღწევაზე, რაც უზრუნველყოფს მოულოდნელობას, ძალებისა და საშუალებათა მთავარ მიმართულებაზე თავმოყრას, მოქმედებების გადამჭრელობას, გაბედულებასა და მოქნილობას.

შეტევაში გადასვლა ხდება სვლიდან (сходу) ან მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხების მდგომარეობიდან. პირველი ხერხის გამოყენება შეიძლება შეტევისას თავდაცვაში საჩქაროდ გადასულ მოწინააღმდეგეზე, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ მოასწრო თავდაცვითი პოზიციების სათანადო საინჟინრო, ტანკსაწინააღმდეგო და სხვა მიმართებით მოწყობა და გამაგრება, მეორესი – შეტევაში გადასვლისას ძლიერად გამაგრებული თავდაცვის წინააღმდეგ.

შეტევაში მანევრის ძირითადი ფორმებია შემოვლა, გარღვევა და ფრონტალური შეტევა, თუმცა კი ამერიკულ სამხედრო წესდებებში განიხილება მანევრის ისეთი ფორმებიც, როგორიცაა ღრმა შემოვლა და გაჟონვა.

შემოვლა (outflanking ან envelopment, охват) მდგომარეობს ერთდროულად დარტყმების მიყენებაში უკან დახევის აღმკვეთი მიჯნის (ობიექტის) დაპყრობის მიზნით და ფრონტიდან დამხმარე დარტყმის მიყენებაში მოწინააღმდეგის დაკავებულ პოზიციაზე მისაჯაჭვად. შემოვლა შეიძლება იყოს ორმაგი (დოუბლე ენველოპმენტ, двойной охват), როცა ხდება მოწინააღმდეგის ორივე ფლანგის შემოვლა ვიწრო ფრონტზე.

შემოვლის ნაირსახეობას წარმოადგენს ღრმა შემოვლა (wide enveloping movement ან turning movement, обход), – მანევრი უფრო მეტ სიღრმეზე და დამხმარე დატრყმის მიმართულებაზე მოქმედ ძალებსა და საშუალებებთან საცეცხლე ურთიერთმოქმედების გარეთ), რომელიც ხორციელდება მოწინააღმდეგის შებოჭვისა და ალყაში მოქცევის მიზნით და ითვალისწინებს მისი თავდაცვის სიღრმეში ობიექტების დაუფლებას.

გარღვევა (break-through ან penetration, прорыв) მდგომარეობს მოწინააღმდეგის თავდაცვის შეტეხვაში არტილერიის ცეცხლით და ტაქტიკური და საარმიო ავიაციის დარტყმებით, ბირთვული და ქიმიური იარაღით (მათი გამოყენების შემთხვევაში) და ამავდროულად მოტოქვეითი და სატანკო ნაწილებისა და ქვედანაყოფების შეტევით მისი განლაგების სიღრმეში და ფლანგების მიმართულებით.

გაჟონვა (infiltration, просачивание) – ეს არის რაღაც შუალედური გარღვევასა და შემოვლას შორის. მისი წარმატებით ჩატარების შემთხვევაში შეიძლება მოწინააღმდეგის ჯარების განლაგებაში ხელსაყრელი პოზიციების დაკავება მისი თავდაცვის სიღრმეში ფარულად წინსვლისა და ბრძოლისგან თავის არიდების ხარჯზე. გაჟონვის განხორციელება რეკომენდირებულია შეზღუდული ხილვადობის პირობებში, მოწინააღმდეგის ჯარების საბრძოლო როგების მოწყობაში შუალედების არსებობისას და ადგილის (ადგილმდებარეობის, местность) ძნელადმისადგომ უბნებზე.

ფრონტალური შეტყევა (frontal attack, фронтальное наступление) ხორციელდება მოქმედების ზოლში სუსტი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ და შესაძლოა გამოყენებულ იქნა წარმატების განვითარების, დევნისა და შემოვლის დროს.

შეტევა ჩვეულებრივ მოიცავს შემდეგ ეტაპებს: მოწინააღმდეგესთან მიახლოება, საკუთრივ შეტევა (სვლიდან ან წინასწარ მომზადებით), წარმატების განვითარება და დევნა.

მოწინააღმდეგესთან მიახლოების ეტაპი (to close with the enemy, сближение с противником) იწყება მასთან შეხების დროებით დაკარგვისას ან შეტევითი მოქმედებების დასაწყისში. სახმელეთო ჯარების შენაერთები, ნაწილები და ქვედანაყოფები მიახლოებაზე მიდიან კოლონებად, რომელთა სალაშქრო მოწყობა მოიცავს დაფარვის ჯარებს, საბრძოლო დაცვასა (მეწინავე, გვერდითი და ზურგის დაცვა) და მთავარ ძალებს.

საკუთრივ შეტევა (attack,offence, атака, наступление), როგორც წესი, წარმოადგენს მოწინააღმდეგესთან მიახლოების ლოგიკურ გაგრძელებას. შეტევა სვლიდან მიზანშეწონილად ითვლება იმ შემთხვევაში, როდესაც მოწინააღმდეგე ჩამოუვარდებათ ძალებსა და საშუალებებში, საჩქაროდ გადავიდა თავდაცვაში, აგრეთვე მოულოდნელობის მისაღწევად. სვლიდან შეტევის წარმატებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ღრმა ერთდროული დაზიანება, გამხორციელებული თავდაპირველად ბრძოლის ველის იზოლაციის უზრუნველყოფის, მოწინააღმდეგის მობილურობის დაქვეითებისა და თავდაცვის დასუსტების მიზნით. შემდგომში ღრმა დაზიანება უზრუნველყოფილი იქნება ჯარების წინსვლის მაღალი ტემპის შენარჩუნების, მოწინააღმდეგის ძალებისა და საშუალებების განადგურებისა და მისი თავდაცვის აღდგენის არდაშვების, საშიშ მიმართულებებზე მისი მეორე ეშელონების (რეზერვების) გამოსვლის აღკვეთის გზით.

წინასწარ მომზადებული შეტევა ჩვეულებრივ წარმოებს იმ შემთხვევაში, როცა მოწინააღმდეგის თავდაცვა მომზადებულია საინჟინრო მიმართებით და გაჯერებულია დიდი რაოდენობით ტანკსაწინააღმდეგო და სხვა საცეცხლე საშუალებებით; მოწინააღმდეგემ დაასწრო გაშლა; ადგილის (ადგილმდებარეობის) არახელსაყრელი პირობებისა და შემტევი ჯარების მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების სირთულეების შემთხვევაში. შეტევით მოქმედებებზე გადასვლის ასეთი ხერხი მოითხოვს დეტალურ დაზვერვას, რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ) საშუალებების გამოყენებასა და მოწინააღმდეგის შეცდომაში შესაყვანად ღონისძიებების გატარებას. დასახული ამოცანების შესრულების შემდეგ შემტევ ჯარებს შეუძლიათ გამაგრდნენ დაპყრობილ მიჯნაზე და თავიანთი მოქმედებებით უზრუნველყონ ზემდომი საჯარისო ინსტანციის მეორე ეშელონის (რეზერვის) ბრძოლაში შემოყვანა ან მიიღონ ახალი ამოცანა შემდგომი შეტევის გაგრძელებაზე (წარმატების განვითარებაზე) დამოუკიდებლად ან აღნიშნულ რეზერვთან ერთად.

წარმატების განვითარება (exploitation, развитие успеха) დაიყვანება შემტევი ჯარების სწრაფ წინსვლაზე მოწინააღმდეგისწ თავდაცვის სიღრმეში. წარმატების განვითარებისას მაღალი ტემპის უზრუნველყოფა გაითვალისწინება მეწინავე ნაწილებისა და ქვედანაყოფების მოქმედებებით ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე, აგრეთვე საჰერო და აერომობილური დესანტების გამოყენებით.

დევნა (pursuit, преследование) წარმოადგენს შეტევითი მოქმედებების ისეთ ეტაპს, რომელიც მოიცავს წარმატების განვითარებას და მდგომარეობს მოწინააღმდეგისთვის უკანდასახევი გზის მოჭრაში, მისი დაჯგუფების დანაწევრებაში, ცალცალკე მათ გარემოცვასა და განადგურებაში.

ჯარების შეტევა შესაძლოა წარმოებდეს კოლონებად ან ხაზში. კოლონა (column, колонна) იძლევა ძალებისა და საშუალებათა დაეშელონების, აგრეთვე ძალისხმევის მოკლე ვადებში გაზრდის შესაძლებლობას, მანევრირების დროს მოქნილობის მნიშვნელოვნად გაზრდისა და ფლანგების უსაფრთხოების მაღალ ხარისხს. ძალებისა და საშუალებათა კოლონებად ეშელონირება (დაეშელონება) ითვალისწინებს სიღრმეში მათ განაწილებას. იგი გამოიყენება, როგორც წესი, ღრმად ეშელონირებულ და არასაკმარისად დაზვერილ თავდაცვაზე შეტევისას, ვიწრო უბნებზე ან შეზრუდული ხილვადობის პირობებში მოქმედებებისას, აგრეთვე მოწინააღმდეგესთან მიახლოების ეტაპზე. ხაზი (line, линия) წარმოადგენს საბრძოლო მწყობრს, რომლის დროსაც ნაწილები (შენაერთები) უტევენ გვერდიგვერდ. იგი უზრუნველყოფს ჯარების ყოველმხრივ ურთიერთმოქმედებას, სწრაფ თავმოყრასა და შუალედების გამოყენებას. ასეთი საბრძოლო მოწყობის ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ უშვებს მოწინააღმდეგის კონტრშემოტევებისთვის ფლანგების მოწყვლადობას (уязвимость). იგი რეკომენდირებულია მოწინააღმდეგის მცირე სიღრმისა და სუსტად მომზადებულ თავდაცვაზე შეტევისას.

სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური ხასიათის მოსაზრებებმა შეიძლება მოითხოვოს თ ა ვ დ ა ც ვ ი თ ი (defencive, оборонительные) მოქმედებების წარმოებაც. თავდაცვა ითვლება საბრძოლო მოქმედებების იძულებით სახეობად. იგი გამოიყენება მოწინააღმდეგის ჭარბი ძალების შემოტევის ჩაშლისთვის ან შესაჩერებლად, აგრეთვე მისთვის ინიციატივის წართმევის, დროის მოგების, ძალებისა და საშაუალებათა ეკონომიის, კონტრშეტევის მომზადებისა და მთავარ მიმართულებაზე მოწინააღმდეგეზე უპირატესობის მიღწევისთვის.

კონკრეტულად შექმნილი ვითარების-და მიხედვით, თავდაცვა შესაძლოა იყოს მობილური ან პოზიციური (რაიონის თავდაცვა). ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება თავდაცვითი მოქმედებების წარმოების ხერხებით, ჯარების საბრძოლო რიგების მოწყობით, ადგილის (местность) საინჟინრო აღჭურვითა და ა. შ. თავდაცვის ამა თუ იმ სახეობის არჩევა განისაზღვრება, პირველ რიგში, მიღებული ამოცანით, არსებული ძალებითა და საშუალებებით, თავდაცვაში გადასვლის პირობებითა და ადგილის ხასიათით.

ამერიკული სამხედრო წესდებების მიხედვით, მობილური თავდაცვა (mobile defense, мобильная оборона) მიზნად ისახავს არა ტერიტორიის გარკვეული უბნის შენარჩუნებას, არამედ მოწინააღმდეგის პირისპირ მდგომი ჯარების განადგურებას. ამისთვის გაითვალისწინება თავდაცვის პირველ ეშელონში ძალებისა და საშუალებათა მინიმალური რაოდენობის გამოყოფა, რომელთა მთავარი მიზანია – დროულად შეატყობინონ თავის ჯარებს შემოტევის შესახებ, აიძულონ მოწინააღმდეგე დროზე ადრე გაშალოს საბრძოლო რიგები, შეაჩერონ შემოტევა და მოახდინონ მისი ბლოკირება წინასწარ მომზადებულ რაიონში თავისი ჯარების ძირითადი ძალებით მოწინააღმდეგის შემდგომი განადგურების მიზნით. ამავე დროს თავდაცვაში მყოფი შენაერთის (ნაწილის) ძირითადი ძალები გამოყოფა მეორე ეშელონში (რეზერვში), რომელსაც დაესმება ამოცანა ყველაზე უფრო ხელსაყრელ მომენტში, ყველაზე უფრო მოსახერხებელ და წინასწარ მომზადებულ ადგილას გადავიდეს კონტრშეტევაში და გაანადგუროს თავდაცვაში შემოჭრილი მოწინააღმდეგე.

აშშ არმიის “მძიმე” ფორმირებებისთვის, რომელთაც გააჩნიათ დიდი საცეცხლე სიმძლავრე და მაღალი მობილურობა, რეკომენდირებულია ძირითადად სწორედ მობილური თავდაცვითი მქმედებების წარმოება.

პოზიციური (რაიონის) თავდაცვის (area defense, позиционная оборона или оборона района) მიზანია ტაქტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ობიექტების შენარჩუნება, მეწინავე მიჯნებზე მოწინააღმდეგისთვის მაქსიმალური დაზიანების მიყენება და თავდაცვის სიღრმეში მისი შემოჭრის არდაშვება. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა ექცეოდეს პოზიციის საინჟინრო აღჭურვას, ტანკსაწინააღმდეგო და სხვა საცეცხლე საშუალებებით გაჯერებას. ამავე დროს ძალებისა და საშუალებათა უდიდესი ნაწილი გამოიყოფა პირველ ეშელონში. მეორე ეშელონის მიზანია ზრდიდეს თავდაცვის სიღრმეს, საჭიროების შემთხვევაში ბლოკირებას უკეთებდეს და ანადგურებდეს შემოჭრილ მოწინააღმდეგეს.

ამერიკელი სამხედრო სპეციალიეტების აზრით, ასეთი თავდაცვითი მოქმედებები დამახასიათებელია ძირითადად ქვეითი და მსუბუქი ქვეითი ფორმირებებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ მექანიზებული ქვეითი (ჯავშანსატანკო) შენაერთებისა და ნაწილებისთვის დამახასიათებელი მაღალი საცეცხლე სიმძლავრე და მობილურობა და განკუთვნილი არიან დასერილ ადგილზე (на пересечённой местности) საშუალო და დაბალი ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის. მაგრამ არაა გამორიცხული, რომ გარკვეულ პირობებში “მძიმე” ფორმირებებსაც მოუხდეთ პოზიციური თავდაცვის წარმოება.

II. ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკი ბრძოლის ძირითად სახეობებში

ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკი (ცჯკპ – armoured cavalry regiment) წარმოადგენს მეწინავე ფორმირებას საარმიო კორპუსის საბრძოლო რიგების მოწყობაში. იგი განკუთვნილია შემდეგი ძირითადი ამოცანების გადასაწყვეტად: დაზვერვის წარმოება, ბრძოლასა და ოპერაციაში ზოგადსაჯარისო შენაერთებისა და გაერთიანებების დაფარვისა და დაცვის განხორციელება, ზოგადსაჯარისო რეზერვის სახით მოქმედება, საარმიო კორპუსის ზურგის რაიონების დაცვა და თავდაცვა, დამხმარე მიმართულებაზე დამოუკიდებელი საბრძოლო მოქმედებების წარმოება.

ცჯკპ ორგანიზაციულად მოიცავს შტაბსა და საშტაბო ასეულს, სამ სადაზვერვო ბატალიონს, საარმიო ავიაციის ბატალიონს, 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების დივიზიონს (დასავლური ტერმინოლოგიით ბატალიონს), საზენიტო ბატარეას, სამ ცალკეულ ასეულს (სადაზვერვო და რადიოელექტრონული ბრძოლისა /რებ/, საინჟინროსა და მასობრივი დაზიანების იარაღისგან /მდი/ დაცვის), ზურგისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბატალიონს.

სულ ცჯკპ-ის შემადგენლობაში მოითვლება პირადი შემადგენლობის 5092 ადამიანი, 123 ტანკი M1/M1A1 “აბრამსი”, 114 სადაზვერვო-საბრძოლო მანქანა (ბდმ) M3 “ბრედლი”, 80 ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ) M113A1/A2, 24 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცა M109A1/A2/A6, 18 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი M106A1/A2, 30 ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების (ტსმრ) “დრაკონი” გასაშვები დანადგარი, 12 თვითმავალი საზენიტო დანადგარი (თზდ) “ვულკანი”, 52 გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი (გზრკ) “სტინგერი”, 77 ვერტმფრენი (32 სადაზვერვო, 26 დამრტყმელი, 16 მრავალმიზნობრივი და სამიც რებ-ის), 1150-ზე მეტი რადიოსადგური, დაახლოებით 560 ღამური ხედვის ხელსაწყო 900-ზე მეტი ავტომობილი და სხვა შეიარაღება.

ცჯკპ წარმოადგენს საარმიო კორპუსის საჯარისო დაზვერვის ძირითად საშუალებას. სადაზვერვო ამოცანებს იგი, როგორც წესი, წყვეტს მიმართულებების მიხედვით ან მითითებულ ზოლში მოწინააღმდეგეზე ან ადგილის (ადგილმდებარეობის) ხასიათზე მონაცემების მოპოვების მიზნით, საარმიო კორპუსის მიერ შესასრულებელი საბრძოლო ამოცანების მთელ სიღრმეზე. პოლკის დაზვერვის ზოლი ჩვეულებრივ ემთხვევა საარმიო კორპუსის შ ე ტ ე ვ ი ს ზოლს და სიგანეში აღწევს 80 კმ-მდე. პოლკის მიწისზედა საშუალებებით დაზვერვის წარმოების სიღრმეა 70-80 კმ-მდე, საჰაეროთი – 150 კმ-მდე. დღეღამის განმავლობაში პოლკს შეუძლია დაზვეროს 80 ობიექტამდე. დასმულ ამოცანებს პოლკის ქვედანაყოფები ასრულებენ ბრძოლით, მეთვალყურეობით, სადაზვერვო რაზმებისა და ჯგუფების (საჰაერო და მიწისზედა) მოქმედებებით, ძიებითა და მიყურადებით.

საარმიო კორპუსის (army corps) სვლიდან შეტევის დროს მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხების არარსებობისას პოლკის წინაშე ისმება ამოცანა მოვიდეს შეხებაში მოწინააღმდეგის მთავარ ძალებთან, განსაზღვროს მათი საბრძოლო შემადგენლობა, დაადგინოს თავდაცვის წინა ხაზის მოხაზულობა და საბრძოლო რიგების მოწყობა, გამოავლინოს სუსტი მხარეები მოწინააღმდეგის თავდაცვაში, გამოავლინოს მისი ცეცხლის სისტემა.

ცჯკპ-ის სადაზვერვო ბატალიონის სადაზვერვო ასეულმა ამ დროს შეიძლება გამოჰყოს ოთხ სადაზვერვო ჯგუფამდე (თითოეული ორი ტანკისა და ორი ბდმ-ის შემადგენლობით) და აწარმოოს ორი-ოთხი მარშრუტის დაზვერვა დანიშნულ ზოლში ან მიმართულებაზე. სიღრმივი დაზვერვის წარმოებისას ან შემხვედრი ბრძოლის მოლოდინში ასეული შესაძლოა გაძლიერებულ იქნას საზენიტო, საინჟინრო და ქიმიური ქვედანაყოფებით და შეადგინოს სადაზვერვო რაზმი, რომელიც აწარმოებს დაზვერვას ერთი მარშრუტით. ასეულის დაზვერვის ზოლი ჩვეულებრივ ემთხვევა პირველი ეშელონის ბრიგადის შეტევის ზოლს (10-15 კმ).

მოწინააღმდეგის წინა ხაზის დაუფლებისთვის კორპუსის მთავარი ძალების საბრძოლო მოქმედებებისას პოლკის ქვედანაყოფები აწარმოებენ დაზვერვას ფლანგებზე, ან იყენებენ ინტერვალებს შემტევ ნაწილებსა და შენაერთებს შორის მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში შესასვლელად. ასეთი მოქმედებების ძირითადი მიზანია, მოწინააღმდეგის კონტრშემომტევ დაჯგუფებათა შემადგენლობის, მოქმედებათა მიჯნებისა და მიმართულებების გარკვევა. საარმიო კორპუსის მთავარი ძალებით ოპერატიულ სიღრმეში წარმატების განვითარებისას ცჯკპ-ის ქვედანაყოფები აწარმოებენ იმ რაიონის დაზვერვას, სადაც კორპუსის მეთაურის შეფასებით, შემდგომი წინსვლა შესაძლოა შეჩერებულ იქნას.

საარმიო კორპუსის შეტევისთვის მზადების პერიოდში პოლკმა შეიძლება მიიღოს მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხების მდგომარეობიდან ბრძოლით დაზვერვის ჩატარების ამოცანა. იგი ტარდება მხოლოდ საარმიო კორპუსის მეთაურის მითითებით, მომზადდება და განხორციელდება კორპუსი შტაბის კონტროლქვეშ. დაზვერვა ბრძოლით წარმოებს პოლკის ქვედანაყოფების ძალებით (ასეულიდან ბატალიონამდე) ერთდროულად საარმიო კორპუსის მოქმედების ზოლის რამდენიმე მიმართულებაზე.

ცჯკპ, კორპუსის დაფარვის ჯარების (войска прикрытия) შემადგენლობაში ყოფნისას, კორპუსის მიერ ოპერატიული წარმატების განვითრების დროს, თავის საბრძოლო რიგებს აწყობს, როგორც წესი, ერთ ეშელონად, რეზერვის გამოყოფით. პოლკის საბრძოლო რიგების მოწყობა უნდა უზრუნველყოფდეს მეწინავე ნაწილებისა და ქვედანაყოფების წინსვლის ძირითადი მიმართულებების დაფარვას იმ ანგარიშით, რომ თითოეულ მარშრუტზე მოდიოდეს ერთი-ორი სადაზვერვო ოცეული.

ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ცჯკპ-ს თავისი ორგანიზაციითა და შეიარაღებით შეუძლია დამოუკიდებელი შეტევითი მოქმედებების წარმატებით წარმოებაც დამხმარე მიმართულებებზე საარმიო კორპუსის ფლანგებსა და იმ მიმართულებებზე, სადაც მოწინააღმდეგის თავდაცვა სუსტადაა ორგანიზებული. პოლკის საბრძოლო მოწყობა პირველ რიგში დამოკიდებული იქნება მოწინააღმდეგის თავდაცვის ხასიათზე და შესაძლოა მოეწყოს ერთ ან ორ ეშელონად. საარტილერიო დივიზიონი და საარმიო ავიაციის ბატალიონი ჩვეულებრივ გამოიყენება ცენტრალიზებულად. ქვედანაყოფებს დაესმება ამოცანები ობიექტების მიხედვით. პოლკს, როგორ წესი, დაენიშნება ერთი ან რამდენიმე ობიექტი, მართვისა და ბრძოლაში შეთანხმებული მოქმედებების უზრუნველსაყოფად ბატალიონებს შეიძლება მიეთითოს შეალედური პუნქტებიც.

თ ა ვ დ ა ც ვ ა შ ი ცჯკპ გამოიყენება დაზვერვის წარმოებისთვის, აგრეთვე საბრძოლო დაცვისა და კორპუსის მთავარი ძალების დაფარვის ამოცანების გადასაწყვეტად. მას ასევე შესაძლოა დაენიშნოს თავდაცვის ცალკეული უბანი, დამხმარე მიმართულებაზე. პოლკის ძირითადი ამოცანებია: მოწინააღმდეგესთან უწყვეტი შეხების დამყარება და შენარჩუნება, მთავარი და სხვა დარტყმების მიმართულებებისა და ამ მიმართულებებზე მისი ძალების შემადგენლობის გამოვლენა.

თავდაცვაში პოლკის სადაზვერვო ასეულების შემადგენლობიდან გამოიყოფა სათვალთვალო საგუშაგოები და სადაზვერვო რაზმები. მათი რაოდენობა და შემადგენლობა დამოკიდებულია მოწინააღმდეგის მოქმედებათა ხასიათზე, ადგილმდებარეობასა და თავისი ჯარების თავდაცვითი საბრძოლო რიგების მოწყობაზე.

როდესაც საარმიო კორპუსს უკავია თავდაცვა მოწინააღმდეგესთან წინასწარი შეხების გარეშე, მისი წინა ხაზის წინ იქმნება უზრუნველყოფის ზოლი 15-75 კმ სიღრმით, რომელსაც იკავებენ დაფარვის ჯარები. ჩვეულებრივ ცჯკპ წარმოადგენს ამ ჯარების საფუძველს (გარდა ამისა, მათ შემადგენლობაში შესაძლოა გამოყოფილ იქნას პირველი ეშელონის დივიზიების ქვედანაყოფებიც). დაფარვის ჯარების მთავარი ამოცანაა მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანა თავდაცვის ძირითად რაიონში წინა ხაზის მოხაზულობისა და მთავარი ძალების დაჯგუფებათა შეფასებაში, მისი იძულება ნაადრევად გაშალოს თავისი ძალები და შემოუტიოს დანაწევრებული საბრძოლო რიგებით თავდაცვაში მყოფთათვის საჭირო მიმართულებაზე.

უზრუნველყოფის ზოლში საარმიო კორპუსის მეთაური დაფარვის ჯარების მოქმედებისთვის ნიშნავს, როგორც წესი, სამ პოზიციას (მიჯნას), რომლებზედაც ეწყობა საასეულო საყრდენი პუნქტები, იქმნება დანაღმული ღობურები (заграждения), მზადდება მოსაკვეთი და ცრუ პოზიციები, განისაზღვრება დისტანციური დანაღმვის რაიონები და მიჯნები. მოწინააღმდეგის შემოტევის დაწყებიდან პოლკის ქვედანაყოფები ბრძოლას აწარმოებენ თითოეულ პოზიციაზე შემკავებელი მოქმედებების მეთოდით. უპირატესობა ენიჭება მობილურ თავდაცვას, რომელიც უზრუნველყოფს პოლკის საბრძოლო შესაძლებლობების ყველაზე უფრო სრულ რეალიზაციას. უზრუნველყოფის ზოლში პოლკის ქვედანაყოფების ბრძოლას ხელმძღვანელობს კორპუსის მეთაური და მხოლოდ მისი ნებართვით ხდება პოზიციებისა და მიჯნების შეცვლა. უკანასკნელი პოზიციიდან პოლკის ქვედანაყოფები გამოჰყავთ ზურგში. წინა ხაზიდან 6-8 კმ-ით დაშორებული მიჯნიდან ცჯკპ-ის ქვედანაყოფების გამოყვანას მართავს პირველი ეშელონის დივიზიის მეთაური, იმ ზოლში, სადაც ეს ქვედანაყოფები გამოდიან.

საარმიო კორპუსის მთავარი ძალების შემადგენლობაში თავდაცვის წარმოებაზე ბრძანების მიღების შემდეგ ცჯკპ-ს შეუძლია დაიკაოს ადგილმდებარეობის მისთვის დანიშნული უბანი კორპუსის პირველ ეშელონში. ამ დროს პოლკი შესაძლოა აწარმოებდეს მობილურ ან პოზიციურ (რაიონის) თავდაცვას, როგორც წესი, დამხმარე მიმართულებაზე. ცჯკპ-ის თავდაცვის რაიონის სიგანე დამოკიდებულია მოწინააღმდეგის ძალებზე, ადგილმდებარეობაზე, არსებულ ძალებსა და საშუალებებზე, მიღებულ საბრძოლო ამოცანაზე და შეიძლება აღწევდეს დივიზიის თავდაცვის ზოლის სიგანეს.

სადარაჯო დაცვის (караульное охранение) ამოცანების შესრულებისას ცჯკპ-ის სადაზვერვო ასეულები, როგორც წესი, მიეცემა პირველი ეშელონის დვიზიების ბრიგადებს და მათი დაცვის უზრუნველყოფისთვის თითოეული ასეული გამოჰყოფს სამ სალაშქრო საგუშაგომდე – სათავო, გვერდით და ზურგის საგუშაგოებს. ისინი ბრიგადის მთავარი ძალებისგან დაშორებული არიან 3-4 კმ-ით, რამაც უნდა უზრუნველყოს მათი საარტილერიო მხარდაჭერა მოწინააღმდეგის შემომტევ ქვედანაყოფებთან ბრძოლაში ჩაბმისა და თავისი ნაწილებია და ქვედანაყოფების ორგანიზებულად ბრძოლაში შესვლისას.

III. მექანიზებული ქვეითი (ჯავშანსატანკო) დივიზია ბრძოლის ძირითად სახეობებში

მექანიზებული ქვეითი (ჯავშანსატანკო) დივიზია (mechanized infantry /armoured/division) წარმოადგენს აშშ სახმელეთო ჯარების ძირითად ტაქტიკურ შენაერთს და შედის, როგორც წესი, საარმიო კორპუსის შემადგენლობაში. იგი მოიცავს შტაბსა და საშტაბო ასეულს, ბრიგადების სამ შტაბს (საშტაბო ასეულებით), ხუთ მოტოქვეით და ხუთ სატანკო ბატალიონს (ჯავშანსატანკო დივიზიაში შესაბამისად ოთხი მოტოქვეითი და ექვსი სატანკო ბატალიონი), საველე არტილერიას, საარმიო ავიაციის ბრიგადას, საზენიტო დივიზიონს, სამ ბატალიონს (დაზვერვისა და რებ, კავშირგაბმულობის, საინჟინრო)*, ზურგის სარდლობას, ორ ცალკეულ ასეულს (მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვისა და სამხედრო პოლიციის) (*შენიშვნა: უკანასკნელი მონაცემებით აშშ “მძიმე” დივიზიაში საინჟინრო ბატალიონის ნაცვლად შეყვანილია საინჟინრო ბრიგადა). მექანიზებულ ქვეით (ჯავშანსატანკო) დივიზიაში მოითვლება პირადი შემადგენლობის დაახლოებით 17000 ადამიანი, 290 (348) ტანკი M1/M1A1 “აბრამსი”, 270 (216) ქვეითთა საბრძოლო მანქანა (ქსმ) M2 “ბრედლი”, 118 საბრძოლო სადაზვერვო მანქანა M3 “ბრედლი”, 72 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცა M109A1/A2/A6, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების (ზცრს) MLRS ცხრა თვითმავალი გასაშვები დანადგარი, 60 (48) თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი (ტსრკ) “თოუ” M901A1/A2, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების 276 (240) გასაშვები დანადგარი (ტსმრ გდ) “დრაკონი”, 66 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი M106A1/A2, 18 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი (ზრკ) “ჩაპარელი”, 36 თვითმავალი საზენიტო-საარტილერიო დანადგარი (თზდ) “ვულკანი”, 75 გადასატანი ზრკ “სტინგერის” საცეცხლე გათვლა, საარმიო ავიაციის 127 ვერტმფრენი (მათ შორის 50 დამრტყმელი), სხვადასხვა ტიპის 4000-ზე მეტი ავტომობილი, 5000-ზე მეტი რადიოსადგური და სხვა შეიარაღება.

გაძლიერების სახით, დასმული ამოცანის შესაბამისად, დივიზიამ კორპუსიდან შეიძლება მიიღოს 50-მდე ბირთვული საბრძოლო მასალა, ცჯკპ-ის ერთი-ორი სადაზვერვო ბატალიონი, საველე არტილერიის ბრიგადა (155- და 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცების ოთხ დივიზიონამდე), სატრანსპორტო-სადესანტო ვერტმფრენების ასეული, ერთი-ორი საინჟინრო ბატალიონი. მოწინააღმდეგის საჰაერო დარტყმებისგან დივიზიის ნაწილებისა და ქვედანაყოფების დასაფარავად მას შეიძლება მიეცეს ზრკ “გაუმჯობესებული ჰოქების” დივიზიონი, “ჩაპარელ-ვულკანების” შერეული დივიზიონები და სხვა ქვედანაყოფები. გარდა ამისა, დივიზიისთვის უშუალო საავიაციო მხარდაჭერის აღმოსაჩენად ბრძოლის ერთ დღეღამეზე შესაძლოა გამოყოფილ იქნას დაახლოებით 100 თვითმფრინავ-გაფრენა, ამათგან 10-20 საჰაერო დაზვერვის წარმოებისთვის.

III. 1. მექანიზებული ქვეითი (ჯავშანსატანკო) დივიზიის მარში

მექანიზებულ ქვეით (ჯავშანსატანკო) დივიზიას შეუძლია მარშის შესრულება საარმიო კორპუსის მთავარი ძალების შემადგენლობაში ან დამოუკიდებლად (რეზერვში ყოფნის დროს ან ცალკეულ მიმართულებაზე მოქმედებისას). მარშის შესასრულებლად დივიზიას ენიშნება 20-30 კმ სიგანის ზოლი, რომელშიც მიეთითება სამი-ოთხი მარშრუტი. ისინი შეირჩევა ერთიმეორისგან 4-5 კმ დაშორებით, რათა გამოირიცხოს ერთდროულად ორი სალაშქრო კოლონის დაზიანება საშუალო სიმძლავრის ერთი ბირთვული მასალის აფეთქებით. გარდა ამისა, დანიშნულ ზოლში დივიზიას მიეთითება სათადარიგო მარშრუტები, ძირითადების მწყობრიდან გამოყვანის შემთხვევისთვის. მოძრაობის მარშრუები შეირჩევა ისეთნაირად, რომ იყოს არა მხოლოდ მსხვილი დასახლებული პუნქტების შემოვლის შესაძლებლობა გზის არსებითად გაგრძელების გარეშე (რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მჭიდროდ დასახლებული ცენტრალური ევროპის საომარ მოქმედებათა თეატრისთვის /ომთ/), არამედ იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მსხვილგაბარიტიანი და მძიმე სისტემების ტრანსპორტირების შესაძლებლობაც.

აშშ სახმელეთო ჯარების საველე წესდებებში აღინიშნება, რომ მარშის უზრუნველყოფასა და ჩატარებასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა მისი გულმოდგინე დაგეგმვა. დივიზიის სალაშქრო რიგების მოწყობა იგეგმება ვითარების, მიღებული ამოცანის, მეთაურის ჩანაფიქრის, დღეაღამის დროის, ადგილმდებარეობის პირობების, ჯარების მომზადების ხარისხისა და საგზაო ქსელის მდგომარეობის შესაბამისად იმ ანგარიშით, რათა უზრუნველყოფილ იქნას მოწინააღმდეგესთან სვლიდან ბრძოლაში ჩაბმის შესაძლებლობა. მოძრაობის დაგეგმილი დროითი გრაფიკი უნდა გამორიცხავდეს ჭედვების შექმნას და უზრუნველყოფდეს მანქანების საწვავით დროულად გაწყობასა და მძღოლების დასვენებას. მარშის დაგეგვისას დივიზიის მეთაური გაიანგარიშებს სამარშო ცხრილს, რომელშიც განისაზღვრება ნაწილებისა და ქვედანაყოფების სალაშქრო მოწყობა და დროითი პარამეტრები. ამისთვის იგი იყენებს საველე ტრანსპორტაბელურ კომპიუტერს, რომელსაც ასეთი ამოცანისთვის გააჩნია სპეციალური მათემატიკური უზრუნველყოფა. გადაადგილების მსვლელობისას გარემოებათა ცვლილების შემთხვევაში სალაშქრო ცხრილი ოპერატიულად შესაძლოა იქნას კორექტირებული ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანის (ეგმ, საველე კომპიუტერის) დახმარებით, ხოლო შესაბამისი განკარგულებანი გადაიცეს დაქვემდებარებულ ნაწილებსა და ქვედანაყოფებში.

წესდებებში აგრეთვე აღინიშნება, რომ მარშის განხორციელების სამუშაო იწყება დაზვერვის ორგანიზებითა და წარმოებით დივიზიის წინსვლის მთელ ზოლში და მის ფლანგებზე, აგრეთვე მოძრაობის ორგანიზაციით. პირველ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სადაზვერვო ორგანოების აქტიურ მოქმედებას მოწინააღმდეგესთან უშუალო დაახლოების პირობებში, რათა დროულად მოუპოვონ დივიზიის მეთაურს აუცილებელი მონაცემები მოწინააღმდეგის საბრძოლო შემადგენლობაზე, დაზიანების საცეცხლე საშუალებებსა და მოქმედებათა შესაძლო ხასიათზე. ამ მიზნით დივიზიის სადაზვერვო ბატალიონისგან იქმნება სადაზვერვო რაზმები, რომლებსაც შეუძლიათ დაზვერვის წარმოება დივიზიის მთავარი ძალებისგან 50 კმ და მეტ დაშორებაზე. გარდა ამისა, გაითვალისწინება მოწინააღმდეგის სავარაუდო წინწამოსვლის გზასა და მისი შესაძლო თავმოყრის რაიონებში სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების გადასროლაც. სადაზვერვო ვერტმფრენები შესაძლოა გამოყენებულ იქნას დაზვერვის წარმოებისთვის კოლონების მსვლელობის წინ (150 კმ-მდე მანძილზე) და ფლანგებზე, ხოლო რადიოდაზვერვისა – ჯერ კიდევ შორეულ მოსადგომებზე მოწინააღმდეგის მომუშავე რადიოსადგურების დაჭერის მიზნით.

ტაქტიკური მარშის შესრულებისას, მოწინააღმდეგის ჯარებთან შესაძლო შეხვედრის მოლოდინში, მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზია ჩვეულებრივ წინ მიიწევს სალაშქრო კოლონებად, რომელთაგან თითოეული შეიცავს ერთი და იმავე მარშრუტით მოძრავ ჯართა სხვადასხვა გვარეობის ნაწილებსა და ქვედანაყოფებს. ამ დროს დივიზიის სალაშქრო მოწყობის ელემენტებს შეადგენს დაფარვის ჯარები, დაცვა და მთავარი ძალები.

დაფარვის ჯარები (войска прикрытия) იგზავნება მთავარი ძალებისგან 50 კმ დაშორებაზე ან დივიზიის გაშლის დანიშნულ მიჯნაზე. ისინი მოქმედებენ მთელ ზოლში უმთავრესად დივიზიის მთავარი ძალების მოძრაობის უსაფრთხოებისა და მათი დროულად გაშლის უზრუნველყოფის მიზნით. გარდა ამისა, მათ ეკისრებათ ადგილისა (местность) და წინმომავალი მოწინააღმდეგის დაზვერვის, მნიშვნელოვანი ტაქტიკური მიჯნების (ადგილის უბნების) დაპყრობისა და მთავარი ძალების მოსვლამდე მათი შენარჩუნების, ან ერთერთ მიმართულებაზე მოწინააღმდეგის ძალების შებოჭვის ამოცანები. დაფარვის ჯარების შემადგენლობა დამოკიდებულია დივიზიის კონკრეტულ ამოცანებზე, შექმნილ ვითარებასა და მარშის შესრულების პირობებზე. მისი სახით შესაძლოა გამოიყოს სატანკო (მოტოქვეითი) საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი ან არტილერიითა და საჰაერო თავდაცვის საშუალებებით გაძლიერებული სადაზვერვო ბატალიონი. რეკომენდირებულია აგრეთვე დაფარვის ჯარების მხარდაჭერა ტაქტიკური და საარმიო ავიაციით. მათი მართვა უნდა ხდებოდეს ცენტრალიზებულად, დივიზიის მეთაურის მიერ, თუმცა კი ფართო ფრონტზე მარშის შესრულებისას იგი შეიძლება შეიცვალოს დეცენტრალიზებული მართვითაც.

თუ დივიზია მარშს ასრულებს თავისი ჯარების მიერ დაკავებულ რაიონში, რომლებიც აწარმოებენ საბრძოლო მოქმედებებს (ასეთ ვარიანტს დასავლელი სამხედრო სპეციალისტები ყველაზე უფრო შესაძლებლად მიიჩნევენ გაძლიერების ჯარების გაშლისას ცენტრალურ ევროპულ ომთ-ზე), მაშინ დაფარვის ჯარები შესაძლოა არ იქნა გამოყოფილი. ამ შემთხვევაში მყარდება ურთიერთმოქმედება პირველი ეშელონის შენაერთებთან და დივიზიის მეწინავე ნაწილების გაშლა ხორციელდება უშუალოდ მათი დაფარვის ქვეშ.

წინმიმავალ ნაწილებში ევროპულ ომის თეატრზე ნავარაუდევია წინასწარ ჩართულ იქნას დივიზიის მეწინავე სამეთაურო პუნქი, კავშირგაბმულობის ქვედანაყოფები, დაზვერვისა და რებ საშუალებები, საერთო მხარდაჭერის არტილერია, საინჟინრო ქვედანაყოფები, აგრეთვე ვერტმფრენების საბრძოლო კომპლექტის შევსებისა და საწვავით გაწყობის მეწინავე პუნქტები. ეს ნაწილები განლაგდება და ინიღბება თავმოყრის რაიონში. ისინი უზრუნველყოფენ დივიზიის მთავარი ძალების გავლას პირველი ეშელონის შენაერთების საბრძოლო რიგებს შორის და ბრძოლისთვის მათ გაშლას, აგრეთვე ახორციელებენ ბრძოლაში შემავალი ბრიგადების საცეცხლე მხარდაჭერას.

მთავარი ძალების მოძრაობის უზრუნველყოფისთვის წინსვლის მარშრუტებზე წინასწარ განლაგდება სამხედრო პოლიციის ასეული (რომელსაც შეუძლია მოძრაობის რეგულირების 21 მარშრუტის გაშლა), საწვავ-საცხები მასალებით მომარაგების პუნქტები და საჰაერო თავდაცვის (ჰთ) საშუალებები.

მთავარი ძალებით მარშის შესრულებისას დივიზია მზად უნდა იყოს ნებისმიერი მიმართულებიდან მოწინააღმდეგის შესაძლო შემოტევის მოგერიებისთვის, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, საბრძოლო მწყობრის გაშლისა და მარშიდან შეტევისთვის. ამ მიზნით ხდება ჰთ-ის სისტემის ორგანიზება და გამოიყოფა სამარშო კოლონების დაცვა (охранение).

დაცვა მარშის დროს მოიცავს სათავო (ანუ მეწინავე), გვერდით და ზურგის დაცვას.

სათავო დაცვა (ავანგარდი, головное охранение, авангард) იგზავნება დივიზიის მთავარი ძალების თითოეული სალაშქრო კოლონიდან, ე. ი. პრაქტიკულად ყოველი ბრიგადიდან, რომლებიც მარშს ასრულებენ ერთი მარშრუტით. მისი შემადგენლობა დგინდება ადგილმდებარეობის ხასიათის, დასმული ამოცანის, მარშის პირობების, მოსალოდნელი მოწინააღმდეგის მიხედვით. ჩვეულებრივ ეს გახლავთ საასეულო ან საბატალიონი ტაქტიკური ჯგუფი (სატანკო ან მოტოქვეითი) არტილერიით, მესანგრეთა და საბრძოლო უზრუნველყოფის სხვა ქვედანაყოფებით. იგი შესაძლოა იგზავნებოდეს მთავარი ძალებისგან 10-15 კმ დაშორებაზე. თავის მხრივ, სათავო დაცვა, როგორც წესი, მოძრაობის დროს 3-5 კმ დაშორებაზე გზავნს წინ სათავო სალაშქრო საგუშაგოს (головной походный пост, გაძლიერებულ ოცეულამდე), ხოლო მისგან 1-3 კმ დაშორებაზე იგზავნება სადაზვერვო სათავო რაზმი (разведывательный головной дозор) ათეულამდე (ტანკი) შემადგენლობისა. მათ ევალებათ მოწინააღმდეგის ღობურებისა (заграждения) და მარშრუტებზე არსებული სხვა დაბრკოლებების შესახებ მეთაურთა დროულად ინფორმირების ამოცანები.

დივიზიის მთავარი ძალების ფლანგებისა და ზურგის დაცვა ხორციელდება გვედითი და ზურგის დაცვის (боковое и тыловое охранения) ქვედანაყოფებით (გვერდითი და ზურგის დაცვის რაზმები). მათი შემადგენლობა დამოკიდებულია მარშის შესრულების ხასიათსა და პირობებზე და შეიძლება იყოს გაძლიერებულ ოცეულ-ასეულამდე (ხოლო ზოგჯერ) კი ბატალიონ-საბატალიონო ტაქტიკურ ჯგუფამდე). გვერდითი დაცვა (боковое охранение ჩვეულებრივ მიუყვება მთავარი ძალების პარალელურ მარშრუტებს, მათი სათავო კოლონების დონეზე და გადაადგილდება “ნახტომებით”, იკავებს რა თანამიმდევრულად მოძრაობის მარშრუტზე ადგილის (ადგილმდებარეობის) მნიშვნელოვან უბნებს. ზურგის დაცვა (тыловое охранение) უკან მოისდევს მთავარ ძალებს, კოლონების მეთაურებისთვის ზურგიდან მოწინააღმდეგის შესაძლო თავდასხმაზე შეტყობინების მიზნით.

მთავარი ძალები (главные силы) შეადგენენ დივიზიის დამრტყმელი ძალის საფუძველს. ისინი ყოველთვის მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რათა ჩაებან ბრძოლაში წინმომავალ მოწინააღმდეგესთან, დაასწრონ მას გაშლა, დარტყმა მიაყენონ მის სათავო დაჯგუფების ღია ფლანგსა და ზურგს, ხელში ჩაიგდონ ინიციატივა და ყველა საცეცხლე საშუალების გამოყენებით გაანადგურონ პირისპირ მდგომი მოწინააღმდეგე.

მთავარი ძალების სალაშქრო რიგების მოწყობა დამოკიდებულია დასახულ ამოცანასა და მოსალოდნელი შემხვედრი ბრძოლის შესახებ დივიზიის მეთაურის გადაწყვეტილებაზე. მან უნდა უზრუნველყოს საბრძოლო ნაწილებისა და ქვედანაყოფების გამოყენების საკმარისი მოქნილობა და სვლიდან ბრძოლაში შესასვლელად მათი სწრაფი გაშლის შესაძლებლობა. დივიზიის მთავარი ძალები მარშზე ქმნიან ჩვეულებრივ რამდენიმე სალაშქრო კოლონას, რომელთაგან თითოეულს უნდა შეეძლოს აუცილებლობის შემთხვევაში დამოუკიდებელი საბრძოლო მოქმედებების წარმოებაც. ამასთან დაკავშირებით საგანგებო ყურადღება ეთმობა ჯარების სწორ ურთიერთმიყოლას მარშზე შემხვედრი ბრძოლის მოლოდინში და დივიზიის ძალებისა და საშუალებების ოპტიმალურ განაწილებას.

“მძიმე” დივიზიის ზოგადსაჯარისო ქვედანაყოფების საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფები იქმნება ჩვეულებრივ “სამი ერთთან” წესის მიხედვით (მაგალითად სამი სატანკო და ერთი მოტოქვეითი ასეულებისგან, ან პირიქით). ამერიკელ სპეციალისტთა შეხედულებებით, ტაქტიკური ჯგუფების სტანდარტიზაცია ბატალიონების დონეზე იძლევა ვითარების ან მოქმედებათა ჩანაფიქრის ცვლილების შემთხვევაში ბრიგადებს შორის მათი ოპერატიულად გადაქვემდებარების შესაძლებლობას. ისინი ამოდიან იმ პრინციპიდან, რომ თანამედროვე მანევრული ჩქაროსნული სავრძოლო მოქმედებების პირობებში კარგად განსწავლული ქვედანაყოფი ალბათ უფრო უკეთესად იომებს, ვიდრე მარშზე მოძრაობისთვის კარგად ორგანიზებული, მაგრამ ახლად შექმნილი ფორმირება. ამიტომ მნიშვნელოვნად ითვლება მოძრაობის დროს ბატალიონების (საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფების) მთლიანობის შენარჩუნება. ასეთი მიდგომით, მაგალითად, ჯავშანსატანკო დივიზიის ტაქტიკური ორგანიზაციის ყველაზე უფრო ოპტიმალურ ვარიანტს მარშზე, ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, წარმოადგენს ერთი “დამრტყმელი” ბრიგადის შექმნა სამი სატანკო საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფისა და ერთი მოტოქვეითი ტაქტიკური ჯგუფისგან, აგრეთვე ორი ბრიგადისა სამ-სამი საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფის შემადგენლობით.

დივიზიის საშტატო და მიცემული არტილერია მარშის შესრულებისას ერთვება დაფარვისა და დაცვის ჯარების შემადგენლობაში, აგრეთვე ნაწილდება სალაშქრო კოლონებში იმ ანგარიშით, რომ მოწინააღმდეგესთან შეხვედრის შემთხვევაში მან შეძლოს სწრაფი გაშლა, ხელსაყრელი პოზიციის დაკავება და თავისი ცეცხლით დივიზიის ნაწილებისა და ქვედანაყოფებისთვის ბრძოლაში ორგანიზებულად შესვლისა და წარმატებულ მოქმედებათა წარმოების უზრუნველყოფა. 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების დივიზიონები სასურველია შედიოდეს ბრიგადების შემადგენლობაში, ხოლო ზცრს MLRS-ების ბატარეა და კორპუსიდან მიღებული შერეული საარტილერიო დივიზიონები (155- და 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცებისა) დარჩეს დივიზიის მეთაურის განკარგულებაში. ისინი შეასრულებენ მარშს შენაერთის მთავარი ძალების შემადგენლობაში და შემხვედრი ბრძოლის გაჩაღებისას განახორციელებენ ბრიგადების საერთო საცეცხლე მხარდაჭერას.

საჰაერო თავდაცვა იგეგმება დივიზიის მეთაურის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელშიც მიეთითება საშტატო და მიცემული საჰაერო თავდაცვის საშუალებათა სალაშქრო კოლონებში განაწილების წესი, მათი ამოცანები და მარშზე მსვლელობის თანამიმდევრობა. ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით და მრავალრიცხოვან სწავლებათა შედეგების საფუძველზე, საარმიო კორპუსის ჰთ ბრიგადის შემადგენლობიდან, დივიზიას შეიძლება მიეცეს ზრკ “გაუმჯობესებული ჰოქების” დივიზიონი (სამი ბატარეა ცხრა-ცხრა კომპლექსით), რომელიც გადაადგილდება ბატარეებად და დაიფარავს ნაწილებსა და ქვედანაყოფებს საშუალო სიმაღლეებიდან მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმის საშუალებათა დარტყმებისგან. ასევე კორპუსის დაქვემდებარებიდან დივიზიამ შესაძლოა მიიღოს “ჩაპარელ-ვულკანების” შერეული ქვედანაყოფები დაბლამფრენი საჰაერო მიზნების დარტყმებისგან ნაწილებისა და ქვედანაყოფების დასაფარავად. ხოლო დივიზიის საშტატო საზენიტო საშუალებები, რომლებიც მთლიანად განკუთვნილია მცირე და ზღვრულად მცირე სიმაღლეებზე მფრენ საჰაერო მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად, მარშის შესრულებისას ნაწილდება დასაფარავი ქვედანაყოფების სალაშქრო კოლონებში.

სახელდობრ, მექანიზენული (ჯავშანსატანკო) დივიზიის საზენიტო დივიზიონის ზრკ “ჩაპარელების” ბატარეის ქვედანაყოფები მარშის შესრულებისას შეიძლება განლაგებულ იქნას წინასწარ დანიშნულ პოზიციებზე დივიზიის მარშრუტის გასწვრივ, საჰაერო დარტყმებისგან ყველაზე უფრო მოწყვლად ადგილებში, როგორც წესი, ზრკ-ებს შორის 2-2 კმ ინტერვალების დაცვით.

თზდ “ვულკანი” – გზრკ “სტინგერის” შერეული ბატარეები დივიზიის მიერ მარშის შესრულებსას მოძრაობენ დასაფარავი ქვედანაყოფების სალაშქრო კოლონებში თზდ “ვულკანებს” შორის 1 კმ-მდე და გზრკ “სტინგერებს” შორის 3 კმ-მდე ინტერვალების დაცვით.

“მძიმე” დივიზიის საზენიტო დივიზიონის გზრკ “სტინგერების” ბატარეის საცეცხლე გათვლები მარშის შესრულებისას ჩვეულებრივ მოძრაობენ დასაფარავი ქვედანაყოფების სალაშქრო კოლონებში. ზოგიერთ შემთხვევაში ისინი შეიძლება განლაგდნენ მოძრაობის მარშრუტის გასწვრივ, ჰაერიდან მოწინააღმდეგის დარტყმებისთვის ყველაზე უფრო მოწყვლად ადგილებში.

მარშზე საჰაერო თავდაცვის ეფექტურობის ამაღლებისთვის შესაძლებელია საშტატო ძალებისა და საშუალებებისგან შერეული საცეცხლე ბატარეების ჩამოყალიბებაც.

შემხვედრი ბრძოლის მოლოდინში მარშის ორგანიზებისას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მოწინააღმდეგის ტანკებთან ბრძოლას. ამასთან დაკავშირებით ტსმრ “თოუს” გასაშვები დანადგარებით აღჭურვილი ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფები მოძრაობენ თავიანთი მოტოქვეითი ბატალიონების სალაშქრო რიგების სათავო ნაწილებთან რაც შეიძლება ახლოს, რათა შეძლონ დროულად გაშლა და მოულოდნელად გამოჩენილი მოწინააღმდეგის ტანკებისთვის, ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და ჯავშანტრანსპორტერებისთვის დაზიანების მიყენება.

sაინჟინრო ქვედანაყოფების ჩართვა რეკომენდირებულია არა მხოლოდ მთავარი ძალების, არამედ დაფარვისა და დაცვის ჯარების შემადგენლობაშიც. მათ ეკისრებათ მარშრუტის დაზვერვის, მოძრაობის გზაზე ღობურების მოშლის, შემოვლითი გზების ძიებისა და მათი მოწყობის, ბირთვული დარტყმების შედეგების ლიკვიდაციის, წყლის დაბრკოლებებზე გადასასვლელების მოწყობის, დივიზიის ნაწილებისა და ქვედანაყოფების ბრძოლაში შეყვანის ამოცანების შესრულება.

რადიოკავშირგაბმულობის საშუალებები მარშზე მუშაობენ მხოლოდ მიღების რეჟიმში (მუშაობა გადაცემაზე ბრძოლის დაწყებამდე კატეგორიულად აკრძალულია). ამიტომ კავშირი ჩვეულებრივ ხორციელდება მოძრავი საშუალებებისა და ტერიტორიული ორგანოების კავშირგაბმულობის სტაციონარული მავთულიანი ქსელების დახმარებით. შემხვედრი ბრძოლის გაჩაღებისას კავშირგაბმულობის საშუალებები სწრაფად იშლება და უზრუნველყოფს კავშირსა და ჯარების მართვას.

დივიზიის ზურგის ნაწილები და ქვედანაყოფები მარშის შესრულებისას დამოუკიდებელი კოლონების სახით უკან მიჰყვებიან მთავარ ძალებს ერთი რომელიმე (ზოგჯერ კი ორი) მარშრუტით.

მარშრუტზე ეფექტური მოძრაობისთვის იქმნება სამარშო ჯგუფები და სამარშო ეშელონები. სამარშო ჯგუფი ჩვეულებრივ მოიცავს ქვედანაყოფებს ასეულის (ბატარეის) შემადგენლობით. ყველაზე უფრო ოპტიმალურად ითვლება 20-25 მანქანისგან შემდგარი სამარშო ჯგუფი. ერთნაირი სიჩქარით მოძრავი სამარშო ჯგუფები ქმნიან სამარშო ეშელონებს. თითოეული სამარშო ეშელონი შეესაბამება ბატალიონს (დივიზიონს) და შესაძლოა შეიცავდეს ათამდე სამარშო ჯგუფს. ერთ მარშრუტზე მოძრავი სალაშქრო კოლონა შესაძლოა შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე სამარშო ეშელონისგან.

ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, მარშზე წარმატებით მოძრაობისა და ბრძოლაში ჩასაბმელად გაშლის მიზნით მექანიზებულ ქვეით (ჯავშანსატანკო) დივიზიას უნდა ჰქონდეს წინსვლის სულ მცირე სამი მარშრუტი, ხოლო დივიზიის მოძრაობის საშუალო სიჩქარემ მარშზე საგზაო ქსელის კარგი ხარისხის პირობებში შეიძლება შეადგინოს 30 კმ/სთ დღისით და 25 კმ/სთ ღამით. ეს სიჩქარეები ითვალისწინებს შესვენებებზე დახარჯულ დროსაც. მძღოლების დასვენებისა და მანქანების ტექნიკური დათვალიერების მიზნით მოძრაობის ყოველ 1 სთ-სა და 45 წთ-ში კეთდება შევენებები 15 წთ-ით, ხოლო 7-8 სთ-ის შემდეგ გათვალოისწინებულია დასვენება 2 სთ-მდე, თუმცა კი შექმნილი ვითარებისდა მიხედვით უკანასკნელი შესაძლოა სულაც არ მოეწყოს, შეჩერებების რაოდენობა კი შემცირებულ იქნას მინიმუმამდე.

დივიზიის სალაშქრო კოლონები ვითარებისდა მიხედვით შეიძლება იყოს გაჯრილი (разомкнутые, მოწინააღმდეგის სავარაუდო საცეცხლე ზემოქმედების პირობებში) ან მიჯრილი (сомкнутые, ღამით ან კარგად განვითარებულ საგზაო ქსელზე მოძრაობისას). პირველ შემთხვევაში ინტერვალები მოძრავ მანქანებს შორის შეიძლება იყოს 100 მ და მეტი, მეორეში – არ აღემატებოდეს 50 მ-ს. ევროპული ომის თეატრისთვის დასავლელი სამხედრო სპეციალისტები მიზანშეწონილად მიიჩნევენ მარშის შესრულებას მიჯრილ სალაშქრო კოლონებში (დღეღამის ბნელ დროსა და ცუდი ხილვადობის პირობებში). ეს მნიშვნელოვნად ამცირებს კოლონების სიღრმესა და მოძრაობის დროს, აუმჯობესებს ტაქტიკურ ურთიერთმოქმედებას და ამაღლებს დარტყმის მოულოდნელობას, თუმცა კი ამ დროს იზრდება დივიზიის მოწყვლადობა საავიაციო და სარაკეტო იარაღის დარტყმებისგან. მანქანებს შორის ინტერვალების გაზრდა რეკომენდირებულია მარშის დასკვნით სტადიაზე საბატალიონო ტაქტიკურ კოლონებად გაშლისას. სამარშო ჯგუფებს შორის დისტანციამ შესაძლოა შეადგინოს 1 კმ-მდე (მოძრაობის 2 წთ), ხოლო სამარშო ეშელონებს შორის – არანაკლებ 2,5 კმ-ისა (5 წთ). აშშ სახმელეთო ჯარების სპეციალისტების გაანგარიშებით, სამი მარშრუტით მარშის შესრულებისას დივიზიის სალაშქრო მოწყობის საერთო სიღრმე შეადგენს 200 კმ-ს, ხოლო თითოეულ მარშრუტზე მოძრაობის რეგულირების საგუშაგოს შორიახლო მთელი კოლონის გავლის დრო – 7 სთ-ს (ოთხი მარშრუტით მოძრაობისას შესაბამისად 150 კმ და 5 სთ). ორი მარშრუტით მოძრავი ბრიგადის სალაშქრო მოწყობის სიღრმე შესაძლოა აღწევდეს 70-75 კმ-ს.

აშშ სახმელეთო ჯარების “მძიმე” შენაერთების დღეღამური გადასვლის სიდიდემ შეიძლება შეადგინოს 500 კმ-მდე, თუმცა კი ევროპული ომის თეატრისთვის სავსებით საკმარისია დღეღმეში 100-200 კმ-ის დაფარვა.

როგორც ამერიკულ სამხედრო წესდებებში აღინიშნება, მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზიის მარში შეიძლება დასრულდეს მისი მთავარი ძალების დასახულ რაიონში გასვლით ან შემხვედრი ბრძოლით.

აშშ სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, მარშის ყველაზე უფრო რთულ ეტაპს წარმოადგენს სალაშქრო კოლონების საბრძოლო მწყობრად გაშლა, ვინაიდან წამოიჭრება დამატებითი მარშრუტების მოთხოვნილება. ითვლება, რომ ბრძოლაში შესაყვანი თითოეული ბატალიონის ნორმალური გაშლისთვის აუცილებელია არანაკლებ ორი მარშრუტისა ან ვაკე ადგილის ვრცელი უბანი, რომელზეც შეიძლება საბრძოლო ტექნიკის გავლა. ამ პირობების არარსებობისას “მძიმე” ფორმირებების გამოყენება, რომელთა საცეცხლე და დარტყმითი სიმძლავრის რეალიზაცია დამოკიდებულია ძირითადად მანევრირებისა და დარტყმის მიყენებისთვის ძალებისა და საშუალებების სწრაფად თავმოყრის მათეულ უნარზე, ნაკლებეფექტური იქნება და შეიძლება გამოიწვიოს გაუმართლებლად დიდი დანაკარგები. ამიტომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასეთი ფორმირებების მიერ ტაქტიკური მარშების შესრულების გულდასმით მომზადებას, ტერიტორიის კონკრეტული პირობების გათვალისწინებით ეფექტურ ორგანიზაციას, სწრაფ და ფარულ განხორციელებას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა გააჩნია მოწინააღმდეგესთან შემხვედრ ბრძოლაში წარმატების მისაღწევად.

III. 2. მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზია შემხვედრ ბრძოლაში

აშშ სახმელეთო ჯარების სარდლობა თვლის, რომ შემხვედრი ბრძოლის წარმოების მოთხოვნებს ყველაზე უფრო სრულად პასუხობენ მექანიზებული ქვეითი (ჯავშანსატანკო) შენაერთები, რომელთაც გააჩნიათ საიმედო საჯავშნე დაცვა, მაღალი ძვრადობა და საცეცხლე სიმძლავრე; შეუძლიათ მოკლე ვადებში საჭირო მომენტსა და ხელსაყრელ მიმართულებაზე ძალებსა და საშუალებებში მოწინააღმდეგეზე აუცილებელი უპირატესობის შექმნა.

შემხვედრ ბრძოლაში მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხებაში პირველად მოდიან სადაზვერვო ქვედანაყოფები (ჩვეულებრივ ესენი შესაძლოა იყვნენ ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკის ქვედანაყოფები, რომლებიც აწარმოებენ დაზვერვას საარმიო კორპუსის ინტერესებში), რომლებიც დივიზიის მეთაურს აწვდიან ინფორმაციას მოწინააღმდეგის ჯარების დაჯგუფების შემადგენლობაზე, მისი მოქმედებების შესაძლო ხასიათზე და ა. შ. მოწინააღმდეგესთან მიახლოების კვალდაკვალ მის მეწინავე ქვედანაყოფენთან და ნაწილებთან ბრძოლაში შედიან დივიზიის დაფარვის ჯარები, რომლებიც მოქმედებენ, როგორც წესი, ფართო ფრონტით საველე არტილერიის, დამრტყმელი ვერტმფრენებისა და ტანკებთან ბრძოლის სხვა საშუალებათა საცეცხლე მხარდაჭერის ქვეშ, დარტყმებს აყენებენ მოწინააღმდეგეს მისი მაქსიმალური დაზიანებისა და ხელსაყრელ მიჯნებზე ბრძოლისთვის ორგანიზებულად გაშლის აღკვეთის მიზნით.

დაფარვის ჯარების საბრძოლო მოქმედებებს შემდეგ მხარს უჭერს ავანგარდი (მეწინავე დაცვა), რომელიც მოწინააღმდეგეზე შეტევისთვის იშლება უშუალოდ სალაშქრო კოლონებიდან. მისი საბრძოლო რიგები ეწყობა, როგორც წესი, ერთ ეშელონად მოწინააღმდეგისთვის მაქსიმალური სავარაუდო ზარალის მიყენების ან ადგილმდებარეობის, მიჯნის უმნიშვნელოვანესი უბნის დაუფლების, აგრეთვე დაფარვის ჯარებთან ერთობლივად დივიზიის მთავარი ძალების მოსვლისა და მათი გაშლისთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი პირობების შექმნის უზრუნველყოფის მიზნით. დაფარვის ჯარებისა და ავანგარდის ბრძოლას მხარს უჭერენ ტაქტიკური და საარმიო ავიაცია, ლულიანი არტილერია და სხვა საშუალებები. მოწინააღმდეგის აღმატებულ ძალებთან შეხვედრის, აგრეთვე დაფარვის ჯარებისა და ავანგარდისთვის არახელსაყრელი ვითარების შექმნისას მათ შეუძლიათ შემკავებელი მოქმედებების წარმოება ან ტაქტიკური თვალსაზრისით მომგებიან მიჯნებზე დროებით თავდაცვაში გადასვლა დივიზიის მთავარი ძალების გეგმაზომიერი გაშლისა და ბრძოლაში შესვლისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით.

მეწინავე ჯარებს ბრძოლაში მართავს უშუალოდ დივიზიის მეთაური, ხოლო დივიზიისა და ბრიგადების შტაბები კი ბრძოლის მსვლელობისას აფასებენ შექმნილ ვითარებას, მოწინააღმდეგეზე მიღებულ მონაცემებს, ნაწილებს შორის პირაპირების (стыки), ღია ფლანგების, მთავარი ძალისხმევის თავმოყრის მიმართულებისა და ა. შ. განსაზღვრის მიზნით. ვითარების, მოწინააღმდეგის დაჯგუფებისა და მოქმედებათა შესაძლო ხასიათის შეფასების საფუძველზე დივიზიის მეთაური იღებს გადაწყვეტილებას მთავარი ძალების ბრძოლაში შეყვანაზე, განსაზღვრავს საბრძოლო რიგების მოწყობას, ნაწილებს განუსაზღვრავს გაშლის მიჯნასა და შეტევის ზოლებს, აგრეთვე ამოცანების შესრულებისას მოქმედების ხასიათს, აზუსტებს შემდგომ მოქმედებებს.

ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, შექმნილი ვითარების შესაბამისად, დივიზიის მთავარი ძალების ბრძოლაში შეყვანა შესაძლოა ხორციელდებოდეს ერთდროულად ე. ი. ხანმოკლე შესვენებისა და მათი წინასწარ გაშლის შემდეგ, ან უშუალოდ მარშიდან (ნაწილ-ნაწილ) ჯარების მოსვლისდა მიხედვით.

მთავარი ძალების ბრძოლაში ერთდროულად შეყვანას ითვალისწინებენ მოწინააღმდეგის აღმატებულ ძალებთან შეხვედრისას. ამასთან მოსული ნაწილები თავს იყრიან გარკვეულ რაიონში, მოკლე ვადებში ახორციელებენ ბრძოლისთვის მომზადებას და შემდეგ გადადიან შეტევაში, რომელიც შეიძლება დაიწყოს ავანგარდის ბრძოლაში შესვლიდან 2-3 სთ-ის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში დივიზიის საბრძოლო რიგების მოწყობა რეკომენდირებულია ორ ეშელონად. პირველში ჩვეულებრივ გამოიყოფა ორი ბრიგადა, მეორეში ერთი. თითოეული ბრიგადის ერთ მარშრუტზე მსვლელობისას შემხვედრი ბრძოლისთვის მათი გაშლა ხორციელდება თანამიმდევრობით საბატალიონო, საასეულო და საოცეულო კოლონებში მოწინააღმდეგისგან შესაბამისად 10-12, 6-8 და 2-3 კმ დაშორებაზე. მთავარი დარტყმის მიმართულებაზე მოქმედი ბრიგადის შემადგენლობაში ითვალისწინებენ ორი სატანკო და ორი მოტოქვეითი საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფის ჩართვას, გაძლიერებულებისა საარტილერიო და საინჟინრო ქვედანაყოფებით. მიუთითებენ, რომ მთავარი დარტყმა მიყენებულ უნდა იქნას მოწინააღმდეგის წინმომავალი დაჯგუფების ფლანგზე ან ზურგში, საბრძოლო რიგებად მის გაშლამდე. ერთეშელონიანი მოწყობა გამოიყენება დივიზიის მოქმედებისას ფართო ფრონტზე.

მთავარი ძალების ბრძოლაში უშუალოდ სვლიდან შეყვანა რეკომენდირებულია იმ შემთხვევაში, როცა დამსწრები საცეცხლე დაზიანების მიყენების ხარჯზე მიღწეულია უპირატესობა მოწინააღმდეგეზე ძალებსა და საშუალებებში, აგრეთვე მაშინ, როცა აუცილებელის სწრაფი მოქმედება, რათა არ მიეცეს წინმომავალ მოწინააღმდეგეს სტაბილიზაციისა და საბრძოლო მოქმედებების რაიონში თავისი ძალების მოზიდვის შესაძლებლობა. ითვლება, რომ ამ შემთხვევაში დივიზიის გადასვლა შეტევაში აუცილებელია ავანგარდის ბრძოლაში შესვლიდან 40-60 წთ-ის შემდეგ.

ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, მანევრის ძირითად ფორმას შემხვედრ ბრძოლაში წარმოადგენს შემოვლა (და მისი სახესხვაობანი – ღრმა შემოვლა და ალყის შემორტყმა) მოწინააღმდეგის ფლანგსა და ზურგში დარტყმის მიყენების მიზნით. ცალკეულ შემთხვევებში, როცა მოწინააღმდეგემ დაასწრო გაშლა და ხელსაყრელ მიჯნებზე დაიკავა თავდაცვა, შესაძლოა გამოყენებულ იქნას მანევრის ისეთი სახეობანი, როგორებიცაა გარღვევა და ფრონტალური შეტევა. მათი არჩევა განისაზღვრება საბრძოლო მოქმედებათა რაიონის თავისებურებებით, მოწინააღმდეგის დაჯგუფებითა და მოქმედებათა ხასიათით.

შეტევის ფრონტის სიგანე შემხვედრ ბრძოლაში დამოკიდებულია დასმულ ამოცანაზე, საბრძოლო შემადგენლობაზე, გაძლიერების საშუალებებზე, ადგილმდებარეობის პირობებზე, მოწინაღმდეგის წინმდგომი ჯარების შემადგენლობასა და მდგომარეობაზე და შეიძლება იყოს დივიზიისთვის 20-30 კმ, ბრიგადისთვის 8-12 კმ, საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფისთვის 5 კმ-მდე. საბრძოლო მოქმედებების სიღრმე და ხასიათი, აგრეთვე შეტევის ტემპი განისაზღვრება კონკრეტული საბრძოლო ვითარების პირობებით.

მთავარი ძალების ბრძოლაში შეყვანას წინ უსწრებს მოწინააღმდეგის ღრმა საცეცხლე (ბირთვული) დაზიანება მის ჯარებზე, მათი გაშლის მიჯნებზე მძლავრი საცეცხლე დარტყმების მიყენების გზით. ასეთივე დარტყმები მიეყენება მოწინააღმდეგის რეზერვებსაც. სახელდობრ, მეწინავე ბატალიონების მოწინააღმდეგესთან მიახლოებისას არტილერია იკავებს საცეცხლე პოზიციებს და დაუყოვნებლივ ხსნის ცეცხლს, რითაც უზრუნველყოფს სატანკო (მოტოქვეითი) ქვედანაყოფების გაშლასა და შეტევას. დივიზიის მხარდამჭერი ტაქტიკური ავიაცია ბრძოლის დაწყებისთანავე არა მარტო დარტყმებს აყენებს ჯართა დაჯგუფებებს, არამედ წყვეტს საბრძოლო მოქმედებათა რაიონის იზოლაციისა და მოწინააღმდეგის რეზერვების მოსვლის აღკვეთის ამოცანებსაც. დიდი ყურადღება ეთმობა დამრტყმელი (ტანკსაწინააღმდეგო) ვერტმფრენებს გამოყენებას, რომელთა ძირითად ამოცანას შეადგენს დივიზიის მთავარი დარტყმის მიმართულებაზე მოწინააღმდეგის ტანკებისა და სხვა საბრძოლო ტექნიკის განადგურება, აგრეთვე რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენებასაც.

“საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” კონცეფციის ძირითადი დებულებების თანახმად დივიზიის მეთაური, უშუალო შეხებაში მყოფ მოწინააღმდეგის ძალებთან შემხვედრი ბრძოლის ხელმძღვანელობის გარდა, ორგანიზებას უკეთებს და თავისი ძალებითა და საშუალებებით ახორციელებს მოწინააღმდეგის ჯართა დაჯგუფების მეორე ეშელონის (რეზერვის) ნაწილებისა და ქვედანაყოფების განადგურებას, დეზორგანიზაციასა და შეყოვნებას. ამ ამოცანების გადასაწყვეტად დივიზიის საბრძოლო ზემოქმედების ზონაში (15-70 კმ მოწინააღმდეგის სიღრმეში) შესაძლოა გამოყენებულ იქნას ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავები (უპირატესად მოიერიშეები), დამრტყმელი ვერტმფრენები, ლულიანი არტილერია და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები (ზცრს). ამასთან, ბრიგადის ბრიგადების მეთაურებმა ორგანიზება უნდა გაუკეთონ და დარტყმები მიაყენონ მოწინააღმდეგის მეორე ეშელონის ქვედანაყოფებსა და პირველი ეშელონის ნაწილებს.

შემხვედრი ბრძოლის მსვლელობისას შეიძლება გადაისხას ტაქტიკური საჰაერო დესანტები (მოტოქვეით ბატალიონამდე) მხარეთა შეხების ხაზიდან 15-20 კმ სიღრმეში მნიშვნელოვანი მიჯნების (ადგილმდებარეობის უბნების) დაპყრობის, თავისი ჯარების მანევრის უზრუნველყოფისა და მოწინააღმდეგის რეზერვების მოსვლის აღკვეთის ამოცანებით, აგრეთვე დაფარვის ჯარებისა და ავანგარდისთვის მხარდაჭერის აღმოსაჩენად. დიდი მნიშვნელობა ენიჭება დანაღმული ველების შექნას მოწინააღმდეგის ჯარების წინსვლის გზებზე მათი მანევრის შებოჭვისა და მოქმედების თავისუფლების შეზღუდვის მიზნით, რისთვისაც გამოიყენება დისტანციური დანაღმვის საშუალებები.

აშშ სახმელეთო ჯარების სარდლობა მიიჩნევს, რომ მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზიის მთავარი ძალების ბრძოლაში შეყვანით შემხვედრი ბრძოლა მთავრდება და ჯარები გადადიან შეტევაში ან კონკრეტული ვითარების პირობების შესაბამისად – სხვა მოქმედებებზე.

III. 3. მექანიზებული ქვეითი (ჯავშანსატანკო) დივიზია შეტევაში

აშშ არმიის წესდებების თანახმად, საარმიო კორპუსი შეტევას აწარმოებს გადამწყვეტი მიზნებით და მოწინააღმდეგის სრულ განადგურებამდე, დივიზია კი – შეზღუდული მიზნებით. დივიზიის როლი შეტევაში განისაზღვრება მის წინაშე დასმული საბრძოლო ამოცანითა კორპუსის ოპერატიულ მოწყობაში მისი ადგილით (პირველ ან მეორე ეშელონში, მთავარი დარტყმის ან დახმარე მიმართულებაზე).

შეტევაში მექანიზებული ქვეითი (ჯავშანსატანკო) დივიზიის უახლოესი ამოცანის შინაარსია – მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევა, მისი პირველი ეშელონსა და უახლოესი რეზერვების დამარცხება, მოწინააღმდეგის ჯარების განლაგებაში 15-20 კმ სიღრმეზე მიჯნის (ობიექტის) დაპყრობა. საბოლოო ამოცანის მიზანია – მოწინააღმდეგის პირველი ეშელონის განადგურება, მისი უახლოესი ოპერატიული რეზერვების დამარცხება (დაზიანება), 40-70 კმ სიღრმეში მიჯნის (ობიექტის) დაუფლება, მეორე ეშელონის (კორპუსის რეზერვის) ბრძოლაში შეყვანისთვის პირობების შექმნა.

“მძიმე” დივიზიის შეტევის ზოლის სიგანემ კორპუსის მთავარი დარტყმის მიმართულებაზე შეიძლება შეადგინოს 20-30 კმ, დამხმარე მიმართულებაზე 40 კმ-მდე.

როგორც წესი, დივიზია შესაძლოა საწყის მიჯნაზე გამოვიდეს და ბრძოლაში ჩაებას უშუალოდ მარშიდან ან ხანმოკლე დროით წინასწარ დაკავებული თავმოყრის რაიონიდან, რომელიც მდებარეობს მხარეთა საბრძოლო შეხების ხაზიდან 30-80 კმ დაშორებაზე. დივიზიის გაშლის უზრუნველყოფისთვის ავიაცია და არტილერია ცეცხლს აწარმოებენ 40-50 წთ-ის განმავლობაში.

შეტევაში მანევრის ფორმის (შემოვლა, ღრმა შემოვლა, გარღვევა, გაჟონვა, ფრონტალური შეტევა) არჩევა დამოკიდებულია დასმულ ამოცანასა და კონკრეტული საბრძოლო ვითარების პირობებზე. შესაძლებელია კომბინირებული მანევრის გამოყენებაც. კერძოდ, მოწინააღმდეგის პოზიციის გარღვევის შესრულებისას მექანიზებულ (ჯავშანსატანკო) დივიზიას შეიძლება დაენიშნოს 4-6 კმ სიგანის გარღვევის უბანი (საინჟინრო თვალსაზრისით მომზადებული თავდაცვისა) და 10 კმ-მდე სიგანისა (თავდაცვაში საჩქაროდ გადასული მოწინააღმდეგის საბრძოლო რიგების გასარღვევად).

შეტევის თითოეულ ეტაპზე (მოწინააღმდეგესთან მიახლოება, შეტევა, წარმატების განვითარება და დევნა) დივიზიის საბრძოლო რიგების მოწყობა განისაზღვრება ძალებისა და საშუალებების, ცეცხლისა და მანევრის რაციონალურ თანაფარდობათა უზრუნველყოფის, შეტევის მაღალი ტემპის შენარჩუნების, აგრეთვე შენაერთის ნაწილებისა და ქვედანაყოფების ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობების გათვალისწინებით. ამერიკელი სამხედრო სპეციუალისტები ყველაზე უფრო მიზანშეწონილად თვლიან დივიზიის მოწყობას ორ ეშელონად. ამასთან პირველი ეშელონი უნდა იყოს ძლიერი და უზრუნველყოფდეს მძლავრი თავდაპირველი დარტყმის მიყენებას. ისინი გამოყოფენ შეტევაში დეივიზიის საბრძოლო მოწყობის შემდეგ ელემენტებს: პირველი ეშელონი, მეორე ეშელონი (რეზერვი), ტაქტიკური საჰაერო (აერომობილური) დესანტი, დივიზიის საველე არტილერიის, საჰაერო თავდაცვის საშუალებების, საარმიო ავიაციის დაჯგუფებები, რეზერვები (ტანკსაწინააღმდეგო, საინჟინრო, ქიმიური), დაფარვის ჯარები (თუკი მათ აგზავნიან).

პირველი ეშელონი განკუთვნილია მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევისა და დივიზიის უახლოესი ამოცანის შესრულებისთვის. იგი, როგორც წესი, შედგება ორი ბრიგადისგან 5-6 მოტოქვეითი და 2-3 სატანკო ბატალიონების შემადგენლობით. მეორე ეშელონის (რეზერვების) გამოყენება გათვალისწინებულია წარმატების განვითარების, საბოლოო ამოცანის შესრულებისა და მოწინააღმდეგის კონტრშემოტევის მოგერიებისთვის. ჩვეულებრივ მასში შედის ბრიგადა, რომელიც შეიცავს სამ ბატალიონს (მოტოქვეითსა და სატანკოს). ბატალიონამდე შემადგენლობის საჰაერო (აერომობილური) დესანტი ამ პირობებში წყვეტს ადგილის (местность) მნიშვნელოვანი უბნების, მდინარეებზე გადასასვლელების დაპყრობისა და მთავარი ძალების მოსვლამდე შენარჩუნების, აგრეთვე უკანდახეული მოწინააღმდეგის ან მისი წინმომავალი რეზერვის შებოჭვის ამოცანებს. საველე არტილერიის დაჯგუფება ჩვეულებრივ შედგება 4-5 დივიზიონისგან, საჰაერო თავდაცვისა – საშტატო და მიცემული საშუალებებისგან, ტანკსაწინააღმდეგო, საინჟინრო და ქიმიური რეზერვები იქმნება დივიზიის საშტატო ქვედანაყოფების ხარჯზე. შენაერთების საბრძოლო რიგების საერთო სიღრმე ორეშელონიანი მოწყობის შემთხვევაში შესაძლოა აღწევდეს 50 კმ-ს.

შეტევითი მოქმედებების მწარმოებელ ნაწილებსა და ქვედანაყოფებს დაესმებათ საბრძოლო ამოცანები, შეტევის ან საწყისი (ამოსავალი) მიჯნები, მოქმედების ზოლები, მთავარი დარტყმების მიმართულებები, თავმოყრის რაიონები და კოორდინაციის პუნქტები. მოქმედების ზოლში იქმნება ძალებისა და საშუალებათა დაჯგუფებები: მთავარ და უზრუნველმყოფელ (მეორეხარისხოვან) მიმართულებებზე, ზოგადსაჯარისო რეზერვი, საერთო მხარდაჭერის, საველე არტილერიისა და სხვა.

შეტევითი მოქმედებების დაგეგმვისა და ორგანიზაციის საფუძველს წარმოადგენს ბრძანება და მეთაურის გადაწყვეტილება. უკანასკნელი შეიცავს მანევრის სქემას, ღრმა დაზიანების გეგმებს, ზურგის რაიონების დაცვისა და თავდაცვის (გამოყოფილი ძალები და საშუალებები, მართვის სისტემები), საცეცხლე მხარდაჭერის (პრიორიტეტები მის განხორციელებაში), საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ღონისძიებებს. მასში გადმოიცემა ცეცხლის წარმოების მიზნები და ხერხები, მასობრივი დაზიანების იარაღის გამოყენების შემთხვევაში საკუთარი ჯარების უსაფრთხოების მოთხოვნილებები და ა.შ.

III. 4. მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზია თავდაცვაში

კონკრეტულად შექმნილი ვითარებისდა მიხედვით დივიზია შესაძლოა გადავიდეს თავდაცვაში. მისი ორგანიზებისთვის იქმნება უზრუნველყოფის ზოლი, თავდაცვის ძირითადი და ზურგის რაიონები. უზრუნველყოფის ზოლი ეწყობა კორპუსის ძალებით მოწინააღმდეგესთან შეხების არარსებობის შემთხვევაში. იგი იწყება თავდაცვის ძირითადი რაიონის წინა ხაზიდან და განფენილია 15-70 კმ-ზე მოწინააღმდეგის მხარაეს და შეიცავს დაფარვის ჯარების, საერთო და საბრძოლო დაცვის პოზიციებს.

დაფარვის ჯარების (войска прткрытия) შემადგენლობაში გამოყოფა სადაზვერვო ბატალიონები, რომლებსაც ეკისრებათ შემდეგი ამოცანები: მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანა თავისი ჯარების წინა ხაზის ნამდვილი მოყვანილობის დაფარვით, მოწინააღმდეგის დაჯგუფებისა და მთავარი დარტყმის მიმართულების გამოვლენა, მისი წინსვლის შეჩერება და დეზორგანიზაცია, დანაკარგების მიყენება და სხვა.

საერთო დაცვა (общее охранение) გამოიყოფა დივიზიის მეთაურის განკარგულებით წინა ხაზიდან 8-16 კმ დაშორებაზე. ჩვეულებრივ ეს არის საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი. საბრძოლო დაცვა (боевое охранение) თითო ასეულის შემადგენლობით იგზავნება პირველი ეშელონის ბრგადებიდან წინა ხაზიდან 1-3 კმ დაშორებაზე.

ზურგის რაიონი იშლება ძირითადის შემდეგ (საერთო სიღრმე 10-15 კმ და მეტი). მასში განლაგდება მეორე ეშელონები (რეზერვები), ზურგის ორგანოები და დივიზიის ადმინისტრაციული სამსახურები.

ამერიკული სარდლობის შეხედულებათა შესაბამისად, თავდაცვითი მოქმედებების წარმოება ითვალისწინებს მოწინააღმდეგის დაზიანებას თავდაცვის შორეულ მოსადგომებზე (ღრმა დაზიანება), დაფარვის ჯარების საბრძოლო მოქმედებებს, აგრეთვე საბრძოლო მოქმედებებს თავდაცვის ძირითად და ზურგის რაიონებში.

მექანიზებული ქვეითი (ჯავშანსატანკო) დივიზია თავს იცავს საარმიო კორპუსის პირველ ეშელონში (ძირითადი ძალისხმევის თავმოყრის ან სხვა მიმართულებაზე), მოქმედებს მეორე ეშელონში ან ზოგადსაჯარისო რეზერვში. საგანგებო პირობებში დივიზია შესაძლოა მოქმედებდეს დამოუკიდებელ მიმართულებაზეც. ამისდა მიხედვით, საბრძოლო რიგები შეიძლება ეწყობოდეს ერთ ან ორ ეშელონად. კერძოდ, მობილურ თავდაცვაში პირველი ეშელონის ბრიგადებში გამოიყოფა ძალებისა და საშუალებათა მცირე ნაწილი, უმთავრესად მესანგრეთა და სხვა ქვედანაყოფებით გაძლიერებული მოტოქვეითი ბატალიონები, ხოლო მეორე ეშელონის ბრიგადებში – სატანკო; პოზიციური (რაიონის) თავდაცვისთვის დამახასიათებელია ერთეშელონიანი მოწყობა რეზერვის გამოყოფით, ამასთან სატანკო ბატალიონები შესაძლოა განაწილებულ იქნას თითქმის თანაბრად.

დივიზიის თავდაცვის ზოლის სიგანე დამოკიდებულია დასმულ ამოცანაზე, ადგილის ხასიათზე, მიღებულ გაძლიერების საშუალებებზე, შემომტევი ჯარების შემადგენლობაზე. ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების შეხედულებებით, იგი შეიძლება იყოს 60 კმ-მდე ფრონტში და 20-50 კმ სიღრმეში. ამასთან პირველი ეშელონის ბრიგადების საბრძოლო რიგების მოწყობა ნავარაუდევია ორ ეშელონად. ბრიგადის თავდაცვის ზოლის სიგანეა 20-30 კმ და სიღრმე კი 10-25 კმ. ბრიგადის პირველ ეშელონში მოქმედ თითოეულ ბატალიონს, რომელსაც ასევე გააჩნია ორეშელონიანი საბრძოლო მოწყობა, დაენიშნება თავდაცვის რაიონი 3-5 კმ ფრონტში და 3 კმ სიღრმეში. ითვლება, რომ თავდაცვის ყველა სახეობაში თავდაცვის სისტემა ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ უზრუნველყოფდეს დასმული ამოცანის შესრულებას, ადგილისა და დროის მიხედვით შეთანხმებული ყველა საშუალების გამოყენებით შემომტევ მოწინააღმდეგეზე უწყვეტი და მზარდი საცეცხლე ზემოქმედების მიზნით.

თავდაცვითი მოქმედებების წარმოებისას განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მოწინააღმდეგის ღრმა დაზიანებას, რომელიც სრულდება ტაქტიკური და საარმიო ავიაციის, საველე არტილერიის, საჰაერო (აერომობილური) დესანტებისა და სპეციალურ ოპერაციათა ძალების ძალებითა და საშუალებებით.

ამერიკულ სამხედრო წესდებათა მოთხოვნების თანახმად, თავდაცვით ბრძოლას თავიდან იწყებენ უზრუნველყოფის ზოლში განლაგებული ჯარები. ისინი აწარმოებენ შემკავებელ მოქმედებებს, ისწრაფვიან რა ამ დროს მოწინააღმდეგის ჯარების დაჯგუფების გამოვლენისკენ, მისთვის მაქსიმალური დანაკერგების მიყენებისკენ, მისი დეზორგანიზაციის მოხდენისა და წინსვლის შეჩერებისკენ. თავიანთი ამოცანების შესრულების შემდეგ დაფარვის ჯარები, საერთო და საბრძოლო დაცვის ნაწილები და ქვედანაყოფები გამოჰყავთ ბრძოლის ველიდან და განალაგებენ დივიზიის საბრძოლო რიგებში დანიშნულ ადგილებზე.

მოწინააღმდეგის განადგურება ხორციელდება ღრმა დაზიანების წარმოებისას, რომელიც წარმოადგენს შემომტევი ჯარების, მეორე ეშელონების (რეზერვების) შეთანხმებულ დაზიანებასა და ჩახშობას დივიზიის, საარმიო კორპუსისა და მხარდამჭერი ტაქტიკური ავიაციის მთელი არსებული ძალებითა და საშუალებებით.

თავდაცვაში საბრძოლო მოქმედებების ყველაზე უფრო დაძაბული და საპასუხისმგებლო პერიოდია ბრძოლა თავდაცვის ძირითადი რაიონის შენარჩუნებისთვის, ამიტომ მასთან მოწინააღმდეგის მოახლოებისას დივიზიის პირველი ეშელონის ნაწილებს ეძლევათ რეკომენდაცია ცეცხლის ინტენსივობის გაზრდაზე, რათა შეაჩერონ მოწინააღმდეგის წინწამოსვლა და არ დაუშვან მისი ორგანიზებულად შემოტევა.

III. 5. “მძიმე” დივიზიების საველე არტილერია ბრძოლის ძირითად სახეობებში

მექანიზებული (ჯავშანსატანკო) დივიზიის საველე არტილერიის ბრიგადა (artillery brigade) ორგანიზაციულად შეიცავს შტაბს, სამ ბატარეას (საშტაბო, საარტილერიო-ინსტრუმენტული დაზვერვისა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების /ზცრს/ MLRS) და 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების სამ დივიზიონს. სულ ბრიგადაში არის პირადი შემადგენლობის 2470 ადამიანი, 72 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცა M109A1 (A2, A6), 72 მოჯავშნული მანქანა საარტილერიო ჭურვების ტრანსპორტირებისთვის M992, 36 მეწინავე საარტილერიო დამკვირვებელთა მოჯავშნული მანქანა M981, ცხრა ზცრს MLRS, 72 მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი (ტსრკ) “დრაკონი”, 45 ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ) M113A1/A2, 42 სამეთაურო-საშტაბო მანქანა M572, 450-ზე მეტი ავტომობილი, 780-მდე რადიოსადგური და სხვა შეიარაღება.

“საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” კონცეფციის შესაბამისად, ამერიკული არმიის სარდლობა საველე არტილერიის გამოყენებას განიხილავს, როგორც მოწინააღმდეგის ღრმა საცეცხლე დაზიანების შემადგენელ ნაწილს. ამასთან ზცრს MLRS ბატარეა (ცხრა გასაშვები დანადგარი) განკუთვნილია დივიზიის ინტერესებში საერთო მხარდაჭერის ამოცანის გადასაწყვეტად, ზოგიერთ შემთხვევაში კი მთავარ მიმართულებაზე მოქმედი ბრიგადებისა და ბატალიონების საერთო მხარდაჭერის გაძლიერებისთვის. 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების დივიზიონი (24 ქვემეხი) წარმოადგენს პირველი ეშელონის ბრიგადების საბრძოლო ზემოქმედების ზონაში საცეცხლე ამოცანების გადაწყვეტის ძირითად საშუალებას. ამავე დროს ლულიანი არტილერიის დივიზიონები შესაძლოა გამოყენებულ იქნას საცეცხლე დარტყმების მიყენებისთვისაც დივიზიის ინტერესებში. რეაქტიული დანაგარების გამოყენებას ითვალისწინებენ ოცეულებად (სამ-სამი გასაშვები დანადგარი /გდ/ MLRS), ჰაუბიცებისა – ბატარეებად (რვა-რვა ქვემეხი). საცეცხლე პოზიციების მოწყობა რეკომენდირებულია წინა ხაზთან რაც შეიძლება ახლოს, რათა საცეცხლე საშუალებებს ჰქონდეთ ცეცხლის წარმოების შესაძლებლობა სროლის მაქსიმალურ სიშორეზე. წინა ხაზიდან მათი ოპტიმალური დაშორებაა: ლულიანი არტილერიისთვის შეტევაში 4 კმ-მდე, თავდაცვაში 4-6 კმ, რეაქტიული დანადგარებისთვის 5-15 კმ.

ქვედანაყოფების საბრძოლო რიგები ეწყობა ისეთნაირად, რომ უზრუველყოფდეს მოწინააღმდეგის მიზნების დაზიანების ეფექტურობას, ცეცხლის საიმედო მართვასა და საშუალებებით მანევრს ფრონტსა და სიღრმეში. სახელდობრ, ჰაუბიცების ბატარეა საცეცხლე პოზიციაზე იშლება ოცეულებად: თითოეული ოცეული იკავებს ადგილს 400 მ ფრონტში. ოცეულებს შორის მანძილი შესაძლოა იყოს 400-1600 მ. ჰაუბიცებს შესაძლოა განალაგებდნენ ხაზში ან შვერით მარცხნივ ან მარჯვნივ. უკანასკნელ შემთხვევაში ოცეულის საბრძოლო მოწყობის სიღრმე შეადგენს 200 მ-ს. მთელი ბატარეა განლაგდება ადგილმდებარეობის უბანზე 1200-2400 მ ფრონტში და 300-600 მ სიღრმეში.

ძირითადი საცეცხლე პოზიციების გარდა ბატარეებში მზადდება სათადარიგო პოზიციებიც (არანაკლებ ერთისა) და, საჭიროების შემთხვევაში, დროებითი საცეცხლე პოზიციებიც. პოზიციის შეცვლამ არ უნდა დაარღვიოს საცეცხლე მხადაჭერის უწყვეტობა.

საცეცხლე ქვედანაყოფებში მონაცემთა დამუშავების თანამედროვე საშუალებების არსებობას შეუძლია უზრუნველყოს ამოსავალი მონაცემების მომზადება ცალ-ცალკე თითოეული ქვემეხისა და გასაშვები დანადგარისთვის, რაც იძლევა ადგილზე ქვემეხების განცალკევებულად (განწერტილად, рассредоточенно) განლაგებისა და ცეცხლის მართვის შესაძლებლობას. ამასთან ოცეულებს შეუძლიათ იცვლიდნენ პოზიციებს დამოუკიდებლად და არა ბატარეის შემადგენლობაში, რაც რამდენიმე წუთამდე ამცირებს საცეცხლე პოზიციის დაკავებისა და ცეცხლის გახსნის (რაკეტების გაშვების) დროს.

დივიზიის არტილერიის საბრძოლო მოქმედებებისთვის დამახასიათებელია საცეცხლე პოზიციების სწრაფი დაკავება, ცეცხლის გახსნა და პოზიციების შეცვლა გასაშვები დანადგარებისა და თვითმავალი ჰაუბიცების ფართო განცალკევებით (განწერტვით). ამასთან სულ უფრო ფართოდ გამოიყენება ცეცხლი და დარტყმა ცალკეულ მნიშვნელოვან მიზნებზე ბატარეებით, ოცეულებითა და ცალკეული დანადგარებითაც კი.

აშშ არმიის სპეციალისტები შ ე ტ ე ვ ა შ ი გამოყოფენ ოთხ პერიოდს, რომელთა დროსაც საველე არტილერია გამოიყენება საცეცხლე ამოცანების გადასაწყვეტად: ჯარების წინგამოსვლისა და გაშლის საარტილერიო უზრუნველყოფა, შეტევის საარტილერიო მომზადება, შეტევის საარტილერიო მხარდაჭერა და შეტევის საარტილერიო თანხლება.

პირველი პერიოდის ამოცანების გადაწყვეტისას სადივიზიო არტილერია გამოიყენება ნაწილობრივ, უპირატესად ზცრს MLRS-ები.

შეტევის საარტილერიო მომზადების საფუძველს შეადგენს საშტატო და მიცემული საშუალებების მასირებული დარტყმები. მისი მსვლელობისას გაივალისწინება ცეცხლის წარმოება უწყვეტად. შესვენებები დაიშვება მხოლოდ ცეცხლის ერთი მიზნიდან მეორეზე გადატანისას. 155-მმ ჰაუბიცებისთვის ისინი არ უნდა აღემატებოდეს 1 წთ-ს, ხოლო რეაქტიული დანადგარებისთვის კი 2 წთ-ს. დივიზიის პირველი ეშელონის შეტევაში გადასვლის მიჯნაზე გამოსვლისას ცეცხლის გადატანა ხდება მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში.

მესამე პერიოდის მიმდინარეობისას საველე არტილერიას ევალება პირველი ეშელონის ქვედანაყოფებისთვის სწრაფი შეტევის პირობების შექმნა, იმ მიზნების განადგურების, ნეიტრალიზაციისა და ჩახშობის გზით, რომელთაც შეუძლიათ წინ აღუდგნენ შემტევ ჯარებს დასახული ამოცანების შესრულებისას.

შეტევის საარტილერიო თანხლება წარმოადგენს საარტილერიო დაზიანების დამამთავრებელ პერიოდს, რომლის მსვლელობისას საველე არტილერია ცეცხლითა და მანევრით მხარს უჭერს ჯარების შეტევას. ამ დროს მისი საცეცხლე საშუალებები ზოგადსაჯარისო ფორმირებების მიერ გამოიყენება ისეთი ამოცანების შესრულებისთვის, როგორებიცაა მეორე ეშელონებით წარმატების განვითარება, კონრშემოტევებისა და კონტრდარტყმების მოგერიება, წყლის დაბრკოლებების გადალახვა, დაპყრობილ მიჯნებზე განლაგება და სხვა. შემტევი ბრიგადების საარტილერიო თანხლების განხორციელება იგეგმება დივიზიონებით, რომელთა თვითმავალ ჰაუბიცებსაც შეუძლიათ წინსვლა უშუალოდ მათი საბრძოლო რიგების კვალდაკვალ და მცირე შესვენებებით ცეცხლის წარმოება. თუმცა კი ბრიგადას უშუალო მხარდაჭერისთვის ეძლევა 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების ერთი დივიზიონი, ამერიკულ წესდებებში გაითვალისწინება, რომ ზოგიერთ შეთხვევაში მთავარ მიმართულებაზე მოქმედებისას იგი შესაძლოა გაძლიერებულ იქნას კიდევ ერთი დივიზიონით, აგრეთვე ზცრს MLRS-ების ოცეულით.

თ ა ვ დ ა ც ვ ა შ ი საველე არტილერია, როგორც წესი, საბრძოლო ამოცანებს წყვეტს ამომდინარე დივიზიის პირველ ეშელონში მყოფი ნაწილების ინტერესებიდან და ამავდროულად გამოიყენება მოწინააღმდეგის წინმომავალი მეორე ეშელონების (რეზერვების) ღრმა საცეცხლე დაზიანების განხორციელებისთვისაც.

მექანიზებული ქვეითი (ჯავშანსატანკო) დივიზიის არტილერია თავდაცვაში წყვეტს შემდეგ ამოცანებს: მოწინააღმდეგის ჯარების დეზორგანიზაცია და მისი საცეცხლე საშუალებების ჩახშობა, მოწინააღმდეგის მიერ ორგანიზებულად შეტევაში გადმოსვლის ჩაშლა ან შეჩერება, მისი მართვის, დაზვერვის, მეთვალყურეობისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებათა ჩახშობა, მოწინააღმდეგის შემოტევის მსვლელობისას მისი ჯარების საბრძოლო რიგების დაზიანება, მის მიერ არჩეული მიმართულებით შემოტევის აღკვეთა და სხვა.

თავდაცვაში “მძიმე” დივიზიის საველე არტილერიის საშტატო საშუალებები გამოიყენება ძირითადად ცენტრალიზებულად. ამავე დროს არ არის გამორიცხული მათი განაწილებაც პირველი ეშელონის ბრიგადებსა და დაფარვის ჯარების ქვედანაყოფებს შორის. სადივიზიო არტილერია მონაწილეობს კორპუსის მიერ წარმოებულ ღრმა საცეცხლე დაზიანებაში, ახორციელებს ზოგადსაჯარისო ფორმირებათა საერთო მხარდაჭერას და ნაწილობრივ გამოიყოფა საერთო დაცვაშიც (общее охранение). ხდება არტილერიის პოზიციების ეშელონირება, რათა უზრუნველყოფილ იქნას წინა ხაზის წინ ყველა საცეცხლე ქვედანაყოფით ცეცხლის წარმოება, აგრთვე თავდაცვაში მყოფი ნაწილებისა და ქვედანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერის მოქნილობა და უწყვეტობა.

მთლიანობაში “მძიმე” დივიზიის საველე არტილერიის ქვედანაყოფების არსებული ორგანიზაცია და შეიარაღება საშუალებას აძლევს მას წყვეტდეს ჯარების საბრძოლო უზრუნველყოფის ამოცანებს ბრძოლის წარმოების თანამედროვე პირობებში.

III. 6. “მძიმე” დივიზიების საარმიო ავიაციის საბრძოლო გამოყენება

აშშ “მძიმე” დივიზიების საარმიო ავიაციის ბრიგადაში (ავიატიონ ბრიგადე) არის 146 ვერტმფრენი, ამათგან 50 დამრტყმელი AH-1S “ჰიუ კობრა” და AH-64A “აპაჩი”, 30 მრავალმიზნობრივი UH-1B, D და H “იროქეზი” და UH-60A “ბლექ ჰოქი”, 54 სადაზვერვო OH-6A “კეიუსი” და OH-58A, C და D “კაიოვა” და 12 რადიოელექტრონული ბრძოლის /რებ/ EH-1H “იროქეზი” და EH-60A “ბლექ ჰოქი”* (*შენიშვნა: უკანასკნელი მონაცემებით, აშშ არმიის შეიარაღებაში აპირებენ მიიღონ მოდერნიზებული ვარიანტი AH-1ჭ “სუპერ კობრა”, რომელიც თავიდან განკუთვნილი იყო საზღვაო ქვეითი ჯარის შეიარაღებისთვის, აგრეთვე შეიარაღებაში მიღებულია ახალი მოდიფიკაცია AH-64B “ლონგბოუ აპაჩი”, რომელიც აღჭურვილია მიწისზედა და საჰაერო მიზნების აღმოჩენის სისტემით “ლონგბოუ”).

ამერიკულ სამხედრო წესდებებში აღინიშნება ბრძოლაში (ოპერაციაში) საარმიო ავიაციის ნაწილებისა და ქვედანაყოფების გამოყენების შემდეგი პრინციპები: საბრძოლო მოქმედებების წარმოება, როგორც წესი, ზოგადსაჯარისო ტაქტიკური ჯგუფების შემადგენლობაში; ცეცხლისა და მანევრის შეხამება; ჯარების სხვა გვარეობათა ნაწილებისა და ქვედანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობების ოპტიმალური გამოყენება; მოწინააღმდეგის საცეცხლე საშუალებებისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებების ჩახშობა; მოქმედებათა მოულოდნელობა; ძალებისა და საშუალებათა ბრძოლის გადამწყვეტ მომენტში და გადამწყვეტ მიმართულებაზე თავმოყრა; ადილმდებარეობის უნარიანად გამოყენება, მოქმედებათა მოქნილობის შენარჩუნება; თავმოყრის რაიონების, საბრძოლო მასალებითა და საწვავით შევსების მეწინავე პუნქტების პერიოდულად შეცვლა; მიწისზედა ჯარებთან და ტაქტიკურ ავიაციასთან ურთიერთმოქმედება; მართვის ცენტრალიზაცია; შეუფერხებელი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.

შ ე ტ ე ვ ა შ ი სავერტმფრენო ქვედანაყოფები შესაძლოა მოქმედებდნენ დივიზიის დაფარვის ჯარების, მთავარი ძალების ან ზოგადსაჯარისო რეზერვის შემადგენლობაში.

დაფარვის ჯარების შემადგენლობაში ყოფნისას ისინი ასრულებენ მოწინააღმდეგის განლაგების, შემადგენლობისა და მოქმედებათა ხასიათის გამოვლენის, აგრევე მისთვის მაქსიმალური შესაძლო დანაკარგების მიყენების, თავიანთი ძალების გაშლისა მანევრის უზრუნველყოფის ამოცანებს. სავერტმფრენო ქვედანაყოფებს შეუძლიათ თავდაცვაში მყოფი მოწინააღმდეგის ჯარების ბლოკირება მათ მიერვე დაკავებულ პოზიციებზე შემტევი ნაწილებით (ქვედანაყოფებით) მათი შემდგომი შემოვლის მიზნით. საარმიო ავიაციის ქვედანაყოფების გადანაცვლება წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე წარმოებს ისეთი ანგარიშით, რათა უზრუნველყოფდეს დივიზიის წინმიმავალი ძალებისა და საშუალებების ეფექტურ საცეცხლე მხარდაჭერას.

შეტევის განვითარებასთან ერთად სავერტმრენო ქვედანაყოფების ძირითადი ძალისხმევის თავმოყრა ნავარაუდევია თავდაცვაში მყოფი მოწინააღმდეგის, განსაკუთრებით კი მისი სატანკო ქვედანაყოფების დაზიანებისთვის. ამ დროს მათი მიზანია მოწნააღმდეგის აღნიშნული ქვედანაყოფების დაზიანება, მათი საბრძოლო რიგების დანაწევრება, მეორე ეშელონების (რეზევების) წინწამოსვლის აღკვეთა და ბრძოლისუნარიანობის აღდგენის არდაშვება. საარმიო ავიაციის ქვედანაყოფებს მოწინააღმდეგის ღრმა საცეცხლე დაზიანების ინტერესებში შეუძლიათ ატარებდნენ მისი თავდაცვითი პოზიციების ვერტიკალურ (ჰაერიდან) შემოვლას ან იყენებდნენ მის რიგებში წარმოქმნილ შუალედებს. მოწინააღმდეგეზე ასეთი საცეცხლე ზემოქმედების ხანგრძლივობა და სიღრმე დამოკიდებულია მის შემადგენლობასა და თავდაცვის მოწყობაზე, ადგილის (ადგილმდებარეობის) ხასიათზე, მეტეოპირობებზე, ვერტმფრენების საბრძოლო მასალებითა და საწვავით უზრუნველყოფის ხარისხზე.

ზოგადსაჯარისო რეზერვში მყოფი სავერტმფრენო ქვედანაყოფების გამოყენება ნავარაუდევია, უწინარეს ყოვლისა, ტანკების კონტრშემოტევების მოსაგერიებლად.

წარმატების განვითარებისა და მოწინააღმდეგის დევნისას საარმიო ავიაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას დარტყმების მისაყენებლად, უკანდახეული მოწინააღმდეგის ფლანგებზე სწრაფი მანევრის შესრულებისთვის, ზოგადსაჯარისო ნაწილებისა და ქვედანაყოფების დაკავებულ პოზიციებზე გამაგრებაში მხარდაჭერის აღმოსაჩენად, აგრეთვე ტაქტიკური აერომობილური დესანტების გადასხმისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებათა გადასროლისთვის, მართვისა და კავშირგაბმულობის უზრუნველსაყოფად.

ამასთან ერთად, შეტევის მსვლელობისას საარმიო ავიაციის ქვედანაყოფებს შეუძლიათ მოწინააღმდეგის ზურგში განხორციელებულ რეიდებში მონაწილეობის მიღება, ბრძოლით დაზვერვის წარმოება, სადემონსტრაციო და ყურადღების გადამტანი მოქმედებების ჩატარება. აღინიშნება, რომ მანევრის გამოყენებული ფორმებისგან დამოუკიდებლად ეს ქვედანაყოფები განუწყვეტლივ უნდა აწარმოებდნენ დაზვერვასა და მეთვალყურეობას, ახშობდნენ მოწინააღმდეგის აღმოჩენილ საცეცხლე საშუალებებსა და ცოცხალ ძალას, თავს უყრიდნენ ძირითად ძალისხმევას ტანკებისა და სხვა მოჯავშნული მიზნების, საჰაერო თავდაცვის საშუალებების, მართვის სისტემების ელემენტების განადგურებაზე, ხოლო თავიანთ მოქმედებებს დაწვრილებით ათანხმებდნენ საველე არტილერიის ცეცხლსა და ტაქტიკური ავიაციის დარტყმებთან.

თ ა ვ დ ა ც ვ ა შ ი საარმიო ავიაციის ქვედანაყოფებს შეუძლიათ წყვეტდნენ შემდეგ ძირითად ამოცანებს: მოწინააღმდეგის ნაწილებისა და ქვედანაყოფების (განსაკუთრებით სატანკოსი) წინგამოსვლისა და გაშლის შეჩერება (შენელება); მოწინააღმდეგის წინგამოსული ფორმირებების დანაწევრება, იზოლირება და დაზიანება; მისი მეორე ეშელონებნის (რეზერვების) ბრძოლაში შემოყვანის დეზორგანიზაცია და აღკვეთა. ამერიკული სარდლობის შეხედულებებით მათი შესრულების უზრუნველყოფა უნდა ხდებოდეს დაზვერვის უწყვეტად წარმოებით, ღრმა საცეცხლე დაზიანების პროცესში მოწინააღმდეგის მეწინავე და მომდევნო ეშელონებზე ერთდროული დარტყმების მიყენებით, მისი ჯარების წინწამოსვლის გზებზე დანაღმული ველების დისტანციურად დაყენებით, რებ საშუალებების გამოყენებით, მოწინააღმდეგის ზურგში ან ფლანგზე სწრაფი მანევრის შესრულებით, ტაქტიკური აერომობილური დესანტების გადასხმით, ურთიერთმოქმედი ზოგადსაჯარისო ნაწილების (ქვედანაყოფების) საცეცხლე სიმძლავრის ამაღლებით.

დივიზიის უზრუნველყოფის ზოლში მოქმედებებისას სავერტმფრენო ქვედაყოფები შესაძლოა გამოყენებულ იქნას თავდაცვის ფრონტის წინ ან ფლანგებზე დაზვერვისა და მეთვალყურეობის წარმოებისთვის, დარტყმების მისაყენებლად, ზოგადსაჯარისო ფორმირებების გასაძლიერებლად ან ადგილის მეორეხარისხოვანი უბნების დასაფარავად, რათა ამ უბნებიდან გამოთავისუფლებულ იქნას დივიზიის ძალები და საშუალებები მთავარ მიმართულებაზე მოწინააღმდეგის შემოტევის მოგერიებისთვის გადასაყვანად.

შენაერთის თავდაცვის ძირითადი რაიონის შენარჩუნებისას მიზანშეწონილია საარმიო ავიაციის გამოყენება შემომტევი სატანკო (მოტოქვეითი) ნაწილებისა და ქვედანაყოფებისთვის დაზიანების მისაყენებლად, თავისი ჯარების განლაგების სიღრმეში მოწინააღმდეგის შემოჭრისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, ფლანგების დასაფარავად, ზოგადსაჯარისო ნაწილებისა და ქვედანაყოფების გასაძლიერებლად და მათი მანევრულობის ასამაღლებლად, აგრეთვე მეორეხარისხოვანი უბნების (მიმართულებების) გაკონტროლებისთვის.

ზოგადსაჯარისო რეზერვის შემაგენლობაში მოქმედებებისას სავერტმფრენო ქვედანაყოფები აძლიერებენ დივიზიის ზურგის რაიონის დაცვისა და თავდაცვისთვის გამოყოფილი მიწისზედა ჯარების ფორმირებებს, მონაწილეობენ კონტრშეტევების წარმოებაში, ლოკალიზაციას უკეთებენ მოწინააღმდეგის ტანკების გარღვევას და ანადგურებენ ტაქტიკურ საჰაერო (აერომობილურ) დესანტებს.

საარმიო ავიაციის ფორმრებათა მ ო ქ მ ე დ ე ბ ე ბ ი ს ტ ა ქ ტ ი კ ა დამოკიდებულია შექმნილ საბრძოლო ვითარებასა და გადასაწყვეტი ამოცანების ხასიათზე. მათ შეუძლიათ მოქმედებდნენ ტაქტიკური ჯგუფების (ზოგადსაჯარისო, სავერტმფრენო, ვერტმფრენ-თვითმფრინავებისა) შემადგენელი კომპონენტების სახით, აგრეთვე ისინი შესაძლოა მიეცემოდნენ ბრიგადებს, ბატალიონებს, ხოლო ზოგჯერ კი თავიანთ ოპერატიულ დაქვემდებარებაში ღებულობდნენ ჯართა სხვა გვარეობების ძალებსა და საშუალებებს. ამერიკელ სამხედრო სპეციალისტთა შეხედულებებით, საბრძოლო მოქმედებების პერიოდში ყველაზე უფრო მიზანშეწონილია სავერტმფრენო ქვედანაყოფების ჩართვა ზოგადსაჯარისო ტაქტიკურ ჯგუფებში. ურთიერთშევსების შედეგად ხდება მათი მათი პოტენციური შესაძლებლობების ყველაზე უფრო ეფექტურად გამოყენება. მაგალითად, ტიპიური საბრიგადო ტაქტიკური ჯგუფი შეიძლება შედგებოდეს ჯავშანსატანკო (მექანიზებული ქვეითი) ბრიგადისგან, დამრტყმელი (ტანკსაწინააღმდეგო) ვერტმფრენების ბატალიონისა და სხვა ქვედანაყოფებისგან. საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი – სატანკო (მოტოქვეითი) ბატალიონის, მოტოქვეითი (სატანკო) ასეულის, დამრტყმელი ვერტმფრენების ასეულისა და საბრძოლო უზრუნველყოფის სხვა ქვედანაყოფებისგან. მაქსმალური საბრძოლო ეფექტურობა მიიღწევა სავერტმფრენო ქვედანაყოფების, განსაკუთრებით დამრტყელი ვერტმფრენების ბატალიონებად გამოყენებისას. საარმიო ავიაციის ყველაზე უფრო მცირე სავერტმფრენო ერთეული, რომელიც შეიძლება შეყვანილ იქნას ზოგადსაჯარისო ტაქტიკური ჯგუფის შემადგენლობაში ან მიეცეს სხვა ჯარების ფორმირებას, არის სავერტმფრენო ასეული.

ამერიკული ჯარების სწავლებათა გამოცდილებით, დამრტყმელი ვერტმფრენების ბატალიონის საშტატო ძალები და საშუალებები შეიძლება გამოყენებულ იქნას სამი ხერხით – მოწინააღმდეგეზე ერთდროული, უწყვეტი ან ეტაპობრივი საცეცხლე ზემოქმედებით. პირველ შემთხვევაში ბატალიონის სამივე სავერტმფრენო ასეული ერთდროულად იშლება დანიშნულ საბრძოლო პოზიციებზე განსაზღვრულ უბანზე მაქსიმალური შესაძლო საცეცხლე სიმძლავრის თავმოყრის მიზნით. მეორეში (უწყვეტი საცეცხლე ზემოქმედება, ანუ “ერთი მესამედის” ხერხი) ერთი დარტყმელი ასეული აზიანებს მოწინააღმდეგის მიზნებს, მეორე იმყოფება საცეცხლე დარტყმების მისაყენებელ მარშრუტზე, ხოლო მესამე კი – საბრძოლო მასალებისა და საწვავის შევსების მეწინავე პუნქტებზე. მესამე ხერხი ითვალისწინებს საცეცხლე ზემოქმედების თანდათანობით ზრდას: მოწინააღმდეგეზე დარტყმების მიმყენებელი ასეული ეტაპიბრივად ძლიერდება მეორეთი; ხოლო მას შემდეგ, რაც ამ ასეულთაგან ერთერთს საბრძოლო მასალები ან საწვავი ამოეწურება, საბრძოლო მოქმედებებში ერთვება მესამე ასეულიც.

დამრტყმელი ვერტმფრენების ბატალიონის ასეულები მოქმედებენ, როგორც წესი, სავერტმფრენო ტაქტიკური ჯგუფების სახით. ასეთ ჯგუფს (სამი სადაზვერვო და ხუთი დამრტყმელი ვერტმფრენი) შეუძლია დასმული ამოცანების შესრულება სრული შემადგენლობით ან დაყოფა ორ ჯგუფად (თითოეულში ერთი-ორი სადაზვერვო და ორი-სამი დამრტყმელი ვერტმფრენი). უკანასკნელ შემთხვევაში ჩნდება დასახული მიზნის რაიონზე ორი მიმართულებიდან დარტყმების შეთანხმებულად მიყენების შესაძლებლობა. გარდა ამისა, ასეთი ქვეჯგუფების საცეცხლე მიჯნაზე ერთდროულად მოქმედებამ შესაძლოა უზრუნველყოს თავმოყრილი ტანკსაწინააღმდეგო ცეცხლის წარმოება დიდ ფართობზე და დროის მცირე შუალედში მოწინააღმდეგისთვის მნიშვნელოვანი დაზიანების მიყენება. მაგრამ ასეთი ტაქტიკის გამოყენებისას არსებითად მცირდება უწყვეტი საცეცხლე ზემოქმედების შესაძლებლობა, რაც დაკავშირებულია საბრძოლო მასალებისა და საწვავის შევსებასთან (საცეცხლე მიჯნაზე ვერტმფრენების ხელმეორედ გასვლა შეიძლება მხოლოდ 40-60 წთ-ის შემდეგ).

საბრძოლო ამოცანების შესრულებისთვის დამრტყმელი ვერტმფრენების გაშლას ჩვეულებრივ აქვს ასეთი თანამიმდევრობა: გაფრენა მოსაცდელ რაიონში, სადაზვერვო ვერტმფრენებთან ურთიერთკავშირის დამყარება, საბრძოლო პოზიციების დაკავება და მიზნებზე მონაცემების მიღება, ობიექტების აღმოჩენა და დაზიანება, სათადარიგო საცეცხლე პოზიციების დაკავება ან მოსაცდელ რაიონში დაბრუნება. პოზიციებზე ერთმანეთის ცვლით დამრტყმელი ვერტმფრენები უწყევეტ საცეცხლე ზემოქმედებას ახდენენ მოწინააღმდეგეზე. ითვლება, რომ ისინი უნდა მოქმედებდნენ ფარულად და დაზიანებას აყენებდნენ მოწინააღმდეგეს საბორტო იარაღის მაქსიმალური მისაღწევი დაშორებიდან, ხოლო თავად კი იმყოფებოდნენ მისი საცეცხლე საშუალებებისთვის მიუღწეველ მანძილზე.

სადაზვერვო ვერტმფრენები საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას შეიძლება გამოყენებულ იქნას ბრძოლის ველზე სამეთვალყურეოდ და მოწინააღმდეგის დასაზვერად, აუცილებელი საბრძოლო ამოცანების შერჩევისა და დამრტყმელი ვერტმფრენების მოქმედებათა კოორდინაციისთვის, დასახული საცეცხლე პოზიციებიდან ცეცხლის გამოძახებისა და, საჭიროების შემთხვევაში, მისი კორექციისთვის, დამრტყმელი ვერტმფრენების მიერ მოწინაღმდეგის მიზნების დაზიანებისას ჰაერიდან და დედამიწიდან მათ დასაფარავად.

საარმიო ავიაციის ვერტმფრენების გამოყენების თავისებურებანი თვითმფრინავ-ვერტმფრენების ჯგუფების შემადგენლობაში დაიყვანება შემდეგზე. სადაზვერვო ვერტმფრენები აზუსტებენ დარტყმის ობიექტებს, რის შემდეგაც დამრტყმელი ვერტფრენები საველე არტილერიასთან ურთიერთმოქმედებით ანადგურებენ მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, ხოლო შემდეგ კი A-10A მოიერიშე თვითმფრინავების ჯგუფი იწყებს განსაზღვრულ მიზნებზე დარტყმების მიყენებას. დამრტყმელი ვერტმფრენების განმეორებითი შეტევა წარმოებს საბრძოლო ამოცანის მთლიანად (ბოლომდე) შესრულების მიზნით. ასეთი ერთობლივი ჯგუფების მოქმედებათა ეფექტურობა ორ-სამჯერ იზრდება, ხოლო ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების დანაკარგები კი ამ დროს ორჯერ მცირდება.

სხვადასხვანაირი ტაქტიკური ჯგუფების შემადგენლობაში ამოცანების გადაწყვეტასთან ერთად სავერტმფრენო ქვედანაყოფები (განსაკუთრებით ზოგადი დანიშნულების ვერტმფრენებისა) ასრულებენ დანაღმული ველების დისტანციურად დაყენების ამოცანებს, ხოლო დამრტყმელი და სადაზვერვო ვერტმფრენების შეიარაღებაში კი “ჰაერი-ჰაერი” კლასის მართვადი რაკეტების გამოჩენით შესაძლებელი შეიქნა მოწინააღმდეგის ვერტმფრენებთან და თვითმფრინავებთან საჰაერო ბრძოლის წარმოებაც.

(დასასრული იხ. ნაწილი II)

ირაკლი ხართიშვილი

No comments:

Post a Comment