Tuesday, February 28, 2012

გიორგი XII საქართველოს უკანასკნელი მეფე და მისი შემოერთება რუსეთთან

(წერილი წარმოადგენს ამ ნიკოლოზ დუბროვინის ამავე სახელწოდების წიგნის შესაბამისი თავის თარგმანს)

(დასასრული)

თავი XII
კნორინგის აზრი საქართველოს საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ. _ სახელმწიფო საბჭოს 1801 წ. 8 აგვისტოს სხდომა. _ მისი წევრების აზრი საქართველოს რუსეთთან შემოერთების შესახებ. _ მანიფესტი საქართველოს შემოერთების შესახებ. – დებულება საქართველოს საშინაო მმართველობის შესახებ.

ოცდაორ დღეს იმყოფებოდა კნორინგი საქართველოში.

15 ივნისს იგი უკვე იყო კავკასიის ხაზზე და ემზადებოდა ს.-პეტერბურგში გამომგზავრებისთვის.

მისი აზრით, საქართველოს საშინაო და საგარეო მდგომარეობა ისეთი იყო, რომ მხოლოდ თავისი ძალებით იგი ვერ შეძლებდა ვერც წინააღმდეგობის გაწევას სპარსეთის ძალაუფლებისმოყვარე პრეტენზიებისადმი, და ვერც მისი გარემომცველი მთიელი ხალხების თავდასხმების მოგერიებას. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შემდეგ საქართველო იმდენად სუსტი იყო, რომ 61.000 ოჯახიდან, რომლებიც მოითვლებოდა შემოსევამდე, ახლა მასში ძლივს თუ მოიძებნებოდა 35.000 ოჯახი (Рапортъ Кноринга государю императору 28-го iюля 1801 г. Арх. мин. внутр. делъ по деп. общ. делъ. Дела грузинскiя. Кн. I. См. также акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 425).
საქართველოს გარეშე მტრების მოქმედებანი და საქციელი არ შეიძლებოდა რომ საგანგებო ყურადღებით არ ყოფილიყო მიღებული ჩვენი მთავრობის მიერ. სამეფო ემიჯნებოდა: აღმოსავლეთში ავარებს, ლეკებსა და სხვა დაღესტნელ ეხალხებს; დასავლეთში ესაზღვრებოდა თურქულ საფლობელოებსა და იმარეთს; სამხრეთში ემიჯნებოდა განჯისა და ერევნის სახანოებს; ჩრდილოეთში გარშემორტყმული იყო სხვადასხვა კავკასიელი ხალხებით, ჩვენი კავკასიის ხაზის მეზობლებით.

ჩრდილოეთიდან საქართველოს არ გააჩნდა დიდი საფრთხე; მაგრამ აღმოსავლეთისა და სამხრეთის მხრიდან მას ჰქონდა განუწყვეტელი თავდასხმების მუქარა დაღესტნელი ხალხებისა და განჯის ხანის მხრიდან. უკანასკნელი ეძიებდა თავის უფლებებს შამშადილის პროვინციაზე, რომელიც დიდი ხანია ქართველებს ჰქონდათ შეძენილი იარაღის ძალით. ავარებისა და ლეკების მრავალრიცხოვანი ძალები ყოველთვის მავნე იყო საქართველოსთვის. ცხოვრობდნენ რა ძარცვითა და თარეშით, და შეუჩერებლად იყვნენ რა დაკავებულნი ომით – ან დაქირავებულად, ან კიდევ ნადავლის მიღებაზე დაიმედებით – ეს ხალხები მრავალრიცხოვანი ბრბოებით იჭრებოდნენ საქართველოში, რომლის ღია საზღვრებიც ამას ვერანაირ სიძნელეებს ვერ უქმნიდა. მთები და ტყეები ქვეყნის შიგნით და მზადმყოფი ჯარების არყოლა ახალისებდა ლეკების ქურდულ შემოჭრებს. მაცხოვრებლებს, რომელთაც ჰქონდათ დამაკმაყოფილებელი იარაღი, თავად უნდა მოეგერიებინათ თარეშები. განჯის მხრიდან საქართველო ასევე ვერ წარმოადგენდა დაბრკოლებებს, ვერც ბუნებრივსა და ვერც ხელოვნურს. გზა სპარსელებისთვის იმდენად მოსახერხებელი და ღია იყო, რომ ისინი ერთ დღეღამეში შესაძლო იყო განჯიდან გამოცხადებულიყვნენ ტფილისის კედლებთან. განჯის ხანი ითვლებოდა სპარსელთა საუკეთესო მეგზურად: მან ტფილისთან მოიყვანა აღა-მაჰმად-ხანი საქართველოში მისი შემოჭრისას.

თურქები თუმცა კი თავად არ ახდენდნენ თავდასხმებს, მაგრამ მოსაზღვრე ფაშები, რომლებიც უფროსობდნენ ოლქებში მემკვიდრეობითად და ინახავდნენ თავიანთ საკუთარ ჯარებს, აკომპლექტებდნენ მათ ლეკებითა და სხვა დაღესტნელი ხალხებით. თავიანთი ბუნებრივი თვითნებობისა და მოუთვინიერებლობის გამო, ლეკები ზოგჯერ თავს ესხმოდნენ ახალციხის მხრიდან ქართლს და არბევდნენ მის სოფლებს. მათ მოგერიებაში საქართველოს არ შეიძლება ჰქონოდა თვით თავიანთი თანატომელების, იმერლების იმედიც კი, რომლებიც მათ უფრო მეტ მავნებლობას აყენებდნენ, ვიდრე სარგებელი მოჰქონდათ. იმერელთა საქციელი აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას, რაზედაც დასაწყისში მოგითხრეთ, მოწმობს, თუ რამდენად შეეძლო საქართველოს რომ დაყრდნობილი ყოფილიყო მათ თანადგომაზე.

თავად ქართველებს კი არ შეეძლოთ წინ აღდგომოდნენ მოწინააღმდეგეს. ხალხი უკიდურესად იყო დამონებული თავადაზნაურობის მიერ, რომელიც მხოლოდ საკუთარი სარგებლისთვის ზრუნავდა. თავადთა და აზნაურთა უმრავლესობა გაყოფილი იყო ორ მტრულ პარტიად. ბატონიშვილები იულონი და დავითი გახლდნენ ამ ორი პარტიის წარმომადგენლები, რომელთაგან უფრო მრავალრიცხოვნად მოჩანდა იულონის პარტია. ორივე მხარეს არ სურდა დაეთმო ერთი-მეორისთვის, და საქართველოს, როდესაც ერთერთ ამ ბატონიშვილთაგანს მიეცემოდა ტახტი, მოუხდებოდა წინასწარ სასტიკი სისხლისღვრისა და ძმათაშორისი ომის გადატანა, და მხოლოდ ამის შემდეგ “თავისი სამწუხარო ნარჩებებისგან უნდა შეედგინა სუსტი აჩრდილი თვითმყოფადი სამეფოსი”, იმისთვის, რათა დაქვემდებარებოდა ან სპარსელთა თვითმპყრობელობას, ან კიდევ სხვა მტაცებელი ხალხების ძარცვა-რბევას.

გასაკვირი არ არის, რომ მოწინავე ადამიანებს, ქართველი ხალხის წარმომადგენლებს, დიდი ხანია სურდათ გადმოეცათ ქვეყანა რუსეთის დაცვის ქვეშ. ერეკლე II გახლდათ ერთერთი პირველთაგანი, რომელმაც წინასწარ განჭვრიტა თავისი საეფოს დაღუპვა. იგი სთხოვდა ჯერ კიდევ იმპერატრიცა ეკატერინე II-ს ნებართვას, რომ პირადად ენახა გრაფი გუდოვიჩი, რათა განმარტებანი მიეცა და მოესმინა საქმეებზე, რომლებიც შეეხებოდა რუსეთისა და “კავკასიის ქვეყნის” ინტერესებს. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის გამო ეს პაემანი ვეღარ შედგა. ერეკლე II-ის მენაცვალე, მისი ვაჟი გიორგი, იზიარებდა თავისი მამის სურვილებსა და შეხედულებებს და, კარგად იცოდა რა ქვეყნის მდგომარეობა, თავისი ხალხის თვისებები, უთანხმოებანი, რომლებმაც უკვე თავი იჩინეს სამეფო ოჯახში, ესმოდა, რომ საქართველო გარედან დახმარების გარეშე ჩაიღრჩობა ძმათა სისხლის ნაკადებში. გიორგიმ ამჯობინა, რომ არ მიეტანა საერთო კეთილდღეობა მსხვერპლად თავისი ძმებისა და ნათესავების ძალაუფლების მოყვარულობისთვის, არამედ მოეცა ქვეყანა რუსეთის ქვეშევრდომობაში. მოუწოდა რა თავის ახლობელთაგან საიდუმლოდ, თავადებს ჭავჭავაძეს, ავალიშვილსა და ფალავანდიშვილს, მან გადასცა მათ თავისი გულითადი სურვილი, მოქმედებათა ინსტრუქცია და გამოგზვნა ისინი პეტერბურგში...

და თავად ბატონიშვილებსაც კარგად ჰქონდათ შეგნებული როგორც თავიანთი მაშინდელი მდგომარეობა, ასევე ქვეყნის მდგომარეობაც, რომლებსაც ისინი არბევდნენ. ჯერ კიდევ 1801 წლის დასაწყისში ვახტანგ ბატონიშვილი, რომელმაც შეიტყო იმპერატორის სურვილის შესახებ, რათა არავინ არ ყოფილიყო დამტკიცებული საქართველოს მეფედ, სხვათა შორის წერდა კნორინგს, “რომ ასეთი სურვილი მისთვის მეტად სასიამოვნოა”. “და ამის გარეშეც – დაუმატა მან – რუსეთის იმპერატორი არის ჩვენი ხელმწიფე, ჩვენ კი მისი ქვეშევრდომები და მონები ვართ, და მე ჩემთვის დიდ ბედნიერებად მივითვლი იმას, რომ არავინ არ იქნება საქართველოს მეფედ” («И безъ того – прибавилъ онъ – русскiй императоръ есть наш государь, а мы его подданные и рабы, и я считаю за большое себе счастiе, чтобы никому не быть въ Грузiи царёмъ»).

ბატონიშვილი მიუთითებდა იმაზე, რომ თუკი იგი იქცევა კიდეც იმპერატორის ნების საწინააღმდეგოდ, საამისოდ მას აიძულებენ მისი მოწინააღმდეგენი, დავით ბატონიშვილი და მისი ნათესავები.

“ეს რომ არ ყოფილიყო – წერდა იგი – და ჩვენ რომ გვცოდნოდა საგანთა ნამდვილი მდგომარეობა, მე არ გავუწევდი წინააღმდეგობას არაფერში, არამედ, პირიქით, მოხარული ვიქნებოდი ამ საქმისა; და ჩემი სხვა ძმებიც, ვფიქრობ, ასევე მიიღებენ თქვენს მიერ შეტყობინებულ უზენაეს ნებას” (Изъ письма царевича Вахтанга Кнорингу 7-го февраля 1801 г. Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 263).
“მე ვერ გავბედავ ვამტკიცო – მოახსენებდა კნორინგი (Арх. мин. внутр. делъ по деп. общ. делъ. Дела Грузiи. Кн. I) – რომ უმაღლესი წოდების ყველა ადამიანი იმპერიისადმი საქართველოს შემოერთებას უწინ და ახლა უყურებდეს გულგრილად. საქართველოს თავადაზნურობაში აღმოჩნდება ნახევარი, რომელთაც სურვილი აქვთ, რომ იხილონ თავიანთ თავზე მეფე და თავიანთი უწინდელი მმართველობის წესი, რათა მხოლოდ შეინარჩუნონ ის უფლებები, მემკვიდრეობითად მიღებული ღირსება და მასთან შეუღლებული შემოსავლები, რომლებითაც ერთის მხრივ აცდუნებდნენ მათ ბატონიშვილები, ხოლო მეორეს მხრივ კი მოჩვენებითად აშინებდნენ მოსალოდნელი ცვლილებებით, მაგრამ ესენი საქართველოში მთელი ჩემი ყოფნის დროს თავიანთ გრძნობებს უსიტყვოდ ინახავდნენ (…чувствованiя свои хранили безмолвно). მაგრამ ყველა დანარჩენს, რომლებიც უფრო საფუძვლიანად ფიქრობენ, ხედავენ თავიანთი სამშობლოს საშინაო და საქარეო მდგომარეობას, და იციან, თუ რამდენად არამყარია თითოეულის მონაპოვარი ასეთ მმართველობაში, რომელშიც არ არის არც მყარი საფუძვლები, არც მოწყობის შენახვის ხერხები (…ни способовъ къ содержанiю устройства), ფიქრობენ, რომ უმჯობესია დათმონ ნაწილი თავიანთი უპირატესობებიდან და იყვნენ განუხრელი კეთილდღეობის ჩრდილქვეშ, ვიდრე, ყოველწუთიერად იმყოფებოდნენ შიშში, მოელოდნენ სიცოცხლისა და საკუთრების დაკარგვას ან საშინაო მღელვარებების და ან კიდევ მტაცებელი მეზობლებისგან, – გულწრფელად სურთ იყვნენ თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის ქვეშევრდომობაში.

ასე რომ, თუკი თავიანთი სამშობლოსათვის არაკეთილისმოსურნეთა ნაწილს – რომელშიც ვგულისხმობ ზოგიერთ ბატონიშვილსა და თავადაზნაურს – პირისპირ დავუყენებთ მეორეს, რომელიც უკეთესად მსჯელობს თავის და საკუთარი სამშობლოს სარგებელზე, და ამას მივუმატებთ მთელ ხალხს, რომელსაც სწყურია სრულიად რუსეთის იმპერიის კანონების ქვეშ ყოფნა, მაშინ ამ უბედურ ადამიანთა გულითადი სურვილი, რომლებიც მთელ თავიანთ სასოებას ამყარებენ თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის დიდსულოვნებაზე, იმსახურებს პატივისცემას”.

კნორინგის სიტყვები მალევე გამართლდა. პირველი ცნობებისთანავე იმის შესახებ, რომ საქართველო შემოდის რუსეთის ქვეშევრდომობაში, 17-მდე ქართული ოჯახი, რომლებსაც დროებით დატოვებული ჰქონდათ თავიანთი სამშობლო, მოვიდა ლაზარევთან თხოვნით, რომ დაესახლებინათ ისინი საქართველოში და გამოეყოთ მათთვის მიწა. იმპერატორმა ალექსანდრემ ნება მისცა, რომ მიეღოთ და მიწა გამოეყოთ არა მხოლოდ მათთვის, არამედ ყველა იმისთვისაც, ვინც მომავალშიც დაბრუნდებოდა სამშობლოში (Рескриптъ Кнорингу 28-го августа 1801 г. Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 431).
ამრიგად კნორინგის მიერ ადგილზე დაკვირვება მეტყველებდა საქართველოს შემოერთების აუცილებლობის შესახებ. იგი არ მოიხსენიებდა ამ დროს არც სარგებლისა და არც მოუხერხებლობათა შესახებ, რომლებიც შესაძლო იყო დამდგარიყო რუსეთისთვის, რომელიც ღებულობდა ახალ ქვეშევრდომებს. კნორინგმა ჩვენი საკუთარი ინტერესები გვერდზე დატოვა. ამის საწინააღმდეგოდ, გრაფმა მუსინ-პუშკინმა, რამდენიმე დღით ადრე, მიართვა ახალი წერილი (Письмо гр. Мусина-Пушкина Беклешову 11-го iюля 1801 г. Арх. мин. внутр. делъ по деп. общ. делъ. Дела грузинскiя. Кн. I), რომელშიც ცდილობდა წინ წამოეწია ყველა სარგებელი შემოერთებისა რუსეთის შინაგანი კეთილდღეობისთვის.

მისი აზრით, მოსახერხებლობა შეტყობინებისა, მდინარეების ვოლგის, დონის, დნეპრისა და ურალის გავლით შავ და კასპიის ზღვებთან, და ამ უკანასკნელთა სიახლოვე საქართველოსთან იძლეოდა იმედს ჩვენი ვაჭრობის მნიშვნელოვან გაფართოებაზე, განსაკუთრებით სპარსეთთან და საერთოდ აზიასთან კასპიის ზღვის გავლით.

გასული საუკუნის დასაწყისში მთელი აბრეშუმი, რომელიც მოდიოდა აზიიდან ევროპაში, მიდიოდა აუცილებლობის და მიხედვით, არხანგელსკის გავლით, რომელიც თავისი გეოგრაფიული მდებარეობის მთელი მოუხერხებლობის მიუხედავად, გადაქცეულ იქნა სავაჭრო ქალაქად. არხანგელსკის გავლით შეტყობინების მოუხერხებლობამ აიძულა იმპერატორი პეტრე I ეძია სხვა გზა – კასპიის ზღვის სიახლოვეში. ინგლისელებიც ასევე თანაუგრძნობდნენ რუსეთის დიდი გარდამქმნელის აზრებს, თანაც ცდილობდნენ მისი მეშვეობით მოეძებნათ უსაფრთხო გზა კასპიის ზღვის ფარგლებამდე, რათა შემდეგ ვოლგითა და ბალტიის ზღვით ჰქონოდათ უმოკლესი სავაჭრო გზა აზიაში. მათმა წარუმატებელმა მცდელობებმა ამ მიმართებით დასაწყისი დაუდეს ინდოეთის კომპანიას და გამოიწვიეს უზარმაზარი ხარჯები ჯარების შენახვაზე ინდოეთში* (“რუსეთის ისტორიისა და სიძველეთა საზოგადოების საკითხავებში” /1862 წ., წიგ. 2/ მოთავსებულია წერილი სათაურით: “იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აფხაზეთის პოლიტიკური მდგომარეობა და ცვლილება, რომელიც შედეგად მოჰყვა რუსეთის ჯარების მოსვლას”. ასეთი ვრცელი სათაურის ქვეშ მოთავსებულია შვიდი გვერდი ტექსტისა, რომელიც შეადგენს ექსტრაქტს, თუმცა კი ძალზედ ზედაპირულს, ლიტვინოვის ჩანაწერებისგან, რომელიც გაგზავნილ იქნა თავად ციციანოვის მიერ იმერეთსა და სამეგრელოში იმერეთის მეფესა და სამეგრელოს დადიანს შორის შუამავლობისთვის. /იხ. «Закавказье отъ 1803 до 1806 года»./

ლიტვინოვი მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, გაგზავნილ იქნა საქართველოში, თავად ციციანოვის თხოვნით, მისი კანცელარიის გასაძლიერებლად, იყო ამ კანცელარიის მმართველი, ხოლო შემდგომში კი დანიშნულ იქნა საქართველოს მმართველად. მან თავის შემდეგ დატოვა მეტად საყურადღებო ჩანაწერები, რომელთა კარგი ასლიც ინახება მთავარი შტაბის არქივში. ამ ჩანაწერების ორიგინალი მე ხელთ არა მქონია. “საკითხავებში” მოთავსებული წერილი, მასში აღწერილი მოვლენების სიმოკლისა და არათანამიმდევრულობის გამო, არ შეიძლება გამოდგეს დამაკმაყოფილებელ წყაროდ, მაგრამ სასარგებლოა პირთა გარკვეული დახასიათებისთვის. როგორც ჩანს, ეს გახლდათ ლიტვინოვის მიერ შავად გაკეთებული ჩანაწერები.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ “საკითხავების” იმავე წიგნაკში მოთავსებული შემდეგი წერილიც: “მსჯელობა საქართველოს, იმერეთისა და ოდიშის (სამეგრელოს) შეძენის სარგებლისა და წამგებიანობის თაობაზე მთელი მოსაზღვრე ხალხებით”, ეკუთვნის ასევე ლიტვინოვს. ამ სათაურის ქვეშ, ასევე მეტად ვრცელისა, შვიდ გვერდზეა განთავსებული უარყოფა გრაფ მუსინ-პუშკინის მოსაზრებისა საქართველოს რუსეთისადმი შემოერთების სარგებლიანობის შესახებ. პუშკინის მოსაზრება მირთმეულ იქნა ორჯერ: პირველად იმპერატორ პავლე I-სადმი 1800 წ., ხოლო მეორედ კი – ალექსანდრე I-დმი 1801 წ. უარყოფა, შინაარსის მიხედვით თუ ვიმსჯლებთ, დაწერილია 1808 წელზე უფრო მოგვიანებით. შუალედმა მათ შორის ბევრი რამ აგვიხსნა ჩვენ, ბევრი რამ გვასწავლა, და იმ ქვეყნებშიც მოხდა მეტად მნიშვნელოვანი მოვლენები, რომელთა შესახებაც მე იმედი მაქვს მოვყვები შემდგომში. საქართველოს რუსეთისადმი შემოერთების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას კი არავის არ შეეძლო უარეყო გრაფ მუსინ-პუშკინის მოსაზრება, იქაური საქმეებისა და ხალხების სრულებით არცოდნის გამო).

თუკი, ერთის მხრივ, იყვნენ პირები, გატაცებულნი სარგებლით, რომელიც სინამდვილეში არ ყოფილა, თუკი საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და მისი სიმდიდრენი ძალზედ იყო გადიდებული და შემდგომში აღმოჩნდა არც იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც ვარაუდობდნენ, მეორეს მხრივ, იყვნენ მოწინააღმდეგენიც, რომლებიც უარყოფდნენ ასეთ სარგებელს. გრაფები ვორონცოვი (ს. რ.), კოჩუბეი და თავადი ჩარტორიისკი იყვნენ საქართველოს შემოერთების წინააღმდეგ. ამ შემთხვევის გამო მათ მიერ შედგენილი მოხსენება იმპერატორ ალექსანდრეს მიერ გადაცემულ იქნა განსახილველად სახელმწიფო საბჭოსთვის კნორინგის ანგარიშთან ერთად.

ხმაურიანი გახლდათ სახელმწიფო საბჭოს 1801 წლის 8 აგვისტოს სხდომა. წევრთა უმრავლესიბა გახლდათ საქართველოს რუსეთისადმი შემოერთების მხარეზე. გრაფები ვორონცოვი, კოჩუბეი და თავადი ჩარტორიისკი არა მხოლოდ უარყოფდნენ ახალი შენაძენის სარგებლიანობას, არამედ ამბობდნენ, რომ საქართველოს იმპერიისადმი შემოერთება რუსეთის სარგებლიანობის საწინააღმდეგოაო. ჩარტორიისკი ამბობდა, რომ ქვეყნის ქვეშევრდომობაში მიღებით კიდევ უფრო მეტად გაიზრდება რუსეთის ისედაც ძალზედ ვრცელი საზღვრები, რომ მათ დასაცავად საჭირო იქნება მეტად მნიშვნელოვანი ხარჯები და სახსრები.

იცოდნენ რა, რომ საქართველო უშუალოდ არ ებჯინებოდა რუსეთის საზღვრებს, არამედ, ამის საპირისპიროდ, იმყოფებოდა ჩვენდამი მტრული მოსახლეობის შუაგულში, შეეძლოთ დათანხმებოდნენ მისი შემოერთების მოწინააღმდეგეთა მოსაზრებას იმაში, რომ ქვეყნის დაცვა რუსეთს ითრევდა (вовлекала) მნიშვნელოვან ხარჯებში. ხოლო მათ მიერ ამის სანაცვლოდ შემოთავაზებული ზომები კი ვერ უძლებდა კრიტიკას.

ვიცე-კანცლერი (ე. ი. გრაფი ს. რ. ვორონცოვი) უხსნიდა, რომ ასეთი შემოერთება მიაჩნია უსამართლოდ, იმიტომ რომ ბაგრატიონთა საგვარეულო მეფობს საქართველოში არა არჩევითი წესით, არამედ მემკვიდრეობითად, რომ ამიტომ სამეფოს შემოერთებას ექნება ძალადობის შესახედაობა.

თავადი ჩარტორისკი უარყოფდა ხალხის სამართლიან სურვლებს; იგი არ აღიარებდა მისთვის ხმის უფლებას, არ აქცევდა ყურადღებას მის უბედურ მდგომარეობას. ამბობდა რა, რომ მნიშვნელოვანი საზღვარი მოითხოვს მნიშვნელოვან სახსრებს თავდაცვისთვის, იგი სთავაზობდა საქართველოს შენარჩუნებას ვასალობაში, რომელშიც იგი მიღებულ იქნა იმპერატრიცა ეკატერინე II-ის მიერ; სთავაზობდა დაეტოვებინათ იქ ყველა ის ჯარები, რომლებიც ამ დრომდე იქ იმყოფებოდნენ, და დაენიშნათ ტფილისში სრულუფლებიანი წარმომადგენელი, რათა მას გაეწია უფროსობა საქართველოში განლაგებული ჯარებისთვისაც. ახალგაზრდა და გამოუცდელი დიდგვაროვანი ადვილად მსჯელობდა ხალხის ბედის შესახებ და, უარყოფდა რა ერთ წინადადებას, როგორც უვარგისს, სთავაზობდა თავისას კიდევ უფრო მეტი ნაკლოვანებებით.

არ ვიტყვით რა იმის შესახებ, თუ რა სახსრები დაუჯდებოდა რუსეთს, თუკი აღიარებდა საქართველოს ვასალურ ქვეყნად, დაეცვა იგი შინაგანი მოუწყობლობისა და გარეშე შემოჭრებისგან, ჩვენ მოვიყვანთ ჩარტორიისკის სიტყვებს, რომლებიც თავად მიგვითითებენ მისი მოსაზრების მცდარობაზე. იგი სთავაზობდა, რათა ჩვენს რწმუნებულს ჰქონოდა “მეურვეობა კეთილ თანხმობაზე სამეფო საგვარეულოს წევრებს შორის და ყველა მცხოვრების დაცვაზე თვითნებობათა და მეფეთა სასჯელისგან (отъ самопроизвольныхъ подвиговъ и взысканiй царей). ხოლო დავით ბატონიშვილსა და მის ბიძებს, ერეკლე მეფის შვილებს შორის არსებული მტრობა დაეწყნარებინათ ერეკლეს ანდერძის აღსრულებით, რომელიც მისი ოჯახისა და ქვეყნისთვის კეთილსასურველია, ვინაიდან მის მიხედვით მემკვიდრეობის წესზე, რომელიც მასშია გამოხატული, ჯერ კიდევ მისი სიცოცხლის დროს, საქართველოს ყველა ჩინოსანმა საზეიმოდ დადო ფიცი”.

საბჭოს წევრებს არ შეეძლოთ დათანხმებულიყვნენ ასეთ მოსაზრებაზე. დატოვებდნენ რა საქართველოს დამოუკიდებლად, შეუძლებელი იქნებოდა ისეთი საშუალებების მოძიება, რომლებსაც შეეძლებოდათ შეერიგებინათ სამეფო საგვარეულოს წევრები როგორც ურთიერთ შორის, ისე ხალხთანაც. ხალხს, რომელმაც გამოხატა სურვილი რომ იყოს რუსეთის ქვეშევრდომი და ამით საკუთარი თავის წინააღმდეგ განაწყო ბატონიშვილები, უნდა ჰქონოდა კიდევ უფრო მეტ შევიწროვებათა მოლოდინი. შეძლებდა კი ჩვენი რწმუნებული, რომ მხოლოდ სიტყვებით, ძალაუფლების გარეშე დაეცვა იგი ძარცვისა და რბევისგან? შეეძლო კი რუსეთის იმპერატორს, რომელმაც ერთხელ განაცხადა თანხმობა ქვეყნის თავის ქვეშევრდომობაში მიღებაზე, უარი ეთქვა ხალხზე, რომელიც ელოდებოდა მხოლოდ ერთგულებაზე ფიცის დადებას? მისი უარყოფითი პასუხი ხალხის ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან და უკეთეს ნაწილს მისცემდა ბატონიშვილთა შურისძიებისა და ძმათაშორის ომის მსხვერპლად.

ერთის მხრივ კნორინგის მოხსენება და გრაფ მუსინ-პუშკინის წერილი, რომელიც დაფუძნებული გახლდათ ფაქტებზე, თუმცა კი მცდარსა და გაზვიადებულზე, ხოლო მეორეს მხრივ საქართველოს რუსეთისადმი შემოერთების მოწინააღმდეგეთა უსაფუძვლო მოსაზრებანი გულდასმით იქნა განხილული სახელმწიფო საბჭოს მიერ. პირველთა მოსაზრებამ უპირატესობა მიიღო მეორეთა წინაშე.

სახელმწიფო საბჭოს მიაჩნდა, რომ პროტექციამ, რომელსაც აღმოუჩენდა რუსეთი საქართველოს 1783 წლიდან, “ჩაითრია ეს უბედური ქვეყანა ბოროტებათა უფსკრულში, რომლებითაც იგი მოყვანილია სრულ დაუძლურებაში, და ამის გაგრძელება იმავე საფუძვლებზე გარდაუვალად ჩააგდებს მას სრულ დაღუპვაში”. («вовлекла сiю несчастную землю въ бездну золъ, которыми она приведена въ совершенное изнеможенiе, и продолженiе оной на техъ же основанiяхъ неминуемо ввергнетъ её въ совершенную погибель».)

“თუკი საქართველოს გადარჩენისთვის – ნათქვამია საბჭოს ჟურნალში (Отъ 8-го августа 1801 г. Госуд. арх.) – უნდა გვყავდეს იქ იმდენივე ჯარი, რამდენიც იქ ახლა იმყოფება, ამისგან რუსეთს მოუწევს მნიშვნელოვანი და სრულებით უსარგებლო ხარჯი. ხოლო მისი მცირე ლაშქრით კი როგორც შინაგანი მოუწყობლობისგან, ისე გარეშე მტრებისგანაც მისი დაცვა შეუძლებელია. საჭირო იქნება მივცეთ მას მეფე, დავატკიცებთ რა ტახტზე ერთერთ ბატონიშვილს, რომელიც თვლის რომ ამაზე უფლება გააჩნია. პირველი ბატონიშვილი, იულონი, დადგენილია ერეკლე თეიმურაზის ძის ანდერძის მიხედვით; მეორე ბატონიშვილი, დავითი, მისი ვაჟის გიორგის ანდერძის მიხედვით. მართალია, რომ გიორგიმ დაარღვია მშობლის ანდერძი, მაგრამ, შესაძლოა ბატონიშვილებმა, მისმა ძმებმა მისცეს მას საამისოდ მიზეზი, და, უფრო მეტიც, დავით ბატონიშვილი, დანიშნული მის მიერ საქართველოს სამეფოს მემკვიდრედ, დამტკიცებულია გარდაცვლილი იმპერატორის მიერ, რომელსაც ჰქონდა ასეთი დამტკიცების უფლება. ამრიგად, არჩევანი ამ ორ კანდიდატს შორის საკუთარ თავში იანახავს, ერთის მხრივ, წინააღმდეგობას დავით ბატონიშვილის სასარგებლოდ უკვე მომხდარ დამტკიცებასა და, მეორეს მხრივ კი, ხალხის უკმაყოფილებას ერეკლე მეფის ანდერძის დარღვევითა და სამეფო ტახტზე იმ თავადის (მთავრის) აყვანით, რომელმაც თავისი საქციელით ხალხი თავის წინააღმდეგ აამხედრა. თუმცა კი, საქართველო ვერც ერთი მათგანისგან თავის გადარჩენას ვერ იმედოვნებს, და თავად მეფემ გიორგი ერეკლეს ძემაც, ითვალისწინებდა რა მთელ უბედურებებს, რომლებიც სამეფო საგვარეულოს გახრწნისგან ხალხს უნდა დასტყდომოდა თავზე, სხვა ხსნა მისთვის ვერ გამოძებნა, თუ არა ის, რომ დაემკვიდრებინა იგი რუსეთის ქვეშევრდომობაში, მიჰყვებოდა რა თავისი მშობლის შეხედულებებს, რომელსაც ასეთივე განზრახვა ჰქონდა, როდესაც თხოულობდა თავისი ელჩის თავად ჭავჭავაძის მეშვეობით, 1795 წელს, ნებართვას, რათა შეხვედროდა მოზდოკში ან რომელიმე სხვა ადგილას კავკასიის ხაზზე ჯარების სარდალს გენერალ გრაფ გუდოვიჩს, რაც ვლინდება იმდროინდელი ქაღალდებიდან. მთელი ეს ხელახლა გამოვლენილი გარემოებანი ვერ წარმოუდგენს საბჭოს საქართველოს შემოერთებაში ვერანაირ უსამართლობას, და ხედავს იგი (საბჭო – ი. ხ.) მასში მთელი იმ მხარის გადარჩენას, რუსეთისთვის კი არსებით სარგებელს მისი საზღვრების საიმედოდ მოზღუდვაში (დაცვაში) მტაცებელი მთიელი ხალხებისგან, რომელთა ალაგმვაც უფრო მოსახერხებელი იქნება, ხოლო მომავალი დროისთვის კი თვით თავად თურქებისგანაც, რომ არაფერი ვთქვათ უკვე სპარსელებზე, რომლებიც, ეჭვს გარეშეა, როგორც კი დატოვებული იქნება საქართველო, მას თავს დაესხმიან და დაეუფლებიან”.

სამეფო საგვარეულოს პირებთან და მათ შენახვასთან მიმართებაში სახელმწიფო საბჭო ვარაუდობდა დაეტოვებინა საქართველოში მათგან ისინი, რომლებიც, “მოკრძალებული ზნითა და საქციელით არ მოგვცემენ ეჭვის საბაბს, რომ დაიწყებენ მეზობლების აღელვებას ან სხვა არეულობათა მოწყობას; ყველა დანარჩენი კი გამოგზავნილ იქნას რუსეთში, სადაც თითოეულისთვის მისი ოჯახის შესაბამისად პენსიის განსაზღვრით ადვილად შეიძლება იქნას მოწყობილი მათი ხვედრი”.

საბჭოს აზრი ამჯერად მიღებულ იქნა იმპერატორ ალექსანდრეს მიერ ისეთი გადამჭრელობით, რომ მისი გადარწმუნება უკვე არაოფიციალური კომიტეტის თვით ყველა წევრსაც კი აღარ შეეძლო.

პატივს სცემდა რა იმპერიის პატივსა და ღირსებას, ჩამოდიოდა რა ქართველი ხალხის თხოვნამდე, იმპერატორმა გაბედა და გადაწყვიტა, რომ “საქართველოს სამეფოში, საკუთრივ მისი სიკეთისთვის, დაემყარებინა მმართველობა და წესრიგი” (Рескриптъ Кнорингу 12-го сентября 1801 г. Арх. мин. внутр. делъ).
გენერალი კნორინგი დანიშნულ იქნა მთავარსარდლად იმ მხარეში. მას დაავალეს ახალი მმართველობის მოწყობა და საპოლიციო ნაწილისაც ისე, რომ ხალხს შეძლებოდა “არა მხოლოდ მორჩილება მისდამი, არამედ მისი შეყვარებაც”, ხოლო მმართველობის შექმნისას კი ურჩევდნენ შესაბამისობაში ყოფილიყო ხალხის ზნეობასთან, წეს-ჩვეულებებთან და “გონება-განწყობილებასთან” («умоначертанiя») და ეზრუნა სასულიერო სასწავლებლების დაარსებაზე, იმისთვის, რათა მათი მეშვეობით “შეეტანა იქ საწყისი განათლება” ხალხისა.

ტფილისში საქმეს სხვანაირად უყურებდნენ. თავადთაგან ზოგიერთმა, რომლებიც რუსეთის მომხრეები იყვნენ, შეატყობინა ლაზარევს, რომ დავით ბატონიშვილთან საიდუმლოდ არის გამოგზავნილი პეტერბურგიდან მანიფესტი, რომლის მიხედვითაც საქართველო შეადგენს გუბერნიას და ასეთი სახით იქნება შეერთებული რუსეთთან.

მიიღო რა ეს ცნობები, დავით ბატონიშვილი, თავისი ძმის იოანეს რჩევით, რომელიც იმ დროს ჩვენს დედაქალაქში იმყოფებოდა, აგროვებდა თავადების ბეჭდებს (ხელმოწერებს) (Донесенiе Лазарева Кнорингу 18-го и 19-го ноября 1801 г.) სათხოვარზე იმპერატორისადმი ქართველთა საყოველთაო სურვილის შესახებ, რომ მეფედ ჰყოლოდათ დავითი. არა მხოლოდ იოანე ბატონიშვილი, არამედ ბევრი თავადთაგანიც, რომელიც პეტერბურგში იმყოფებოდა ჩქარობდა შეეტყობინებინა თავისი მეგობრებისთვის ამ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ. თავადი ზაალ ანდრონიკაშვილი წერდა (Письмо Кн. Андроникова къ Iоанну Орбелiани и Соломону Тарханову 12-го октября 1801 г. Константиновъ, ч. I, стр. 210 /рукопись/), რომ საქმე სამშობლოს ხვედრის შესახებ მათ მიერ მოწყობილი იყო ჩინებულად, მაგრამ უეცრად გამოცხადდა კნორინგი და დაარწმუნა იმპერატორი, რომ თითქოს და ხალხს არ სურს მეფის ყოლა.

“ამ შემთხვევის გამო – წერდა იგი – საქმე გაჩერდა და გამოგვიცხადეს, რომ საქართველოში არ უნდა იყოს მეფე, და არც რუსეთის ქვეშევრდომი არ უნდა იყოს. იფიქრეთ, რა იქნებით და ვისად იქნებით წოდებული? მანდაურმა უსაქმო ლაყბობამ აი რა შეგძინათ თქვენ! განა თქვენ იქ არ იყავით? რისთვის დაიდეთ ხალხის ცოდვა კისერზე და საკუთარ თავსაც ეს რატომ გაუკეთეთ? განა არა რცხვენიათ მათ, რომლებმაც ეს ჩაიდინეს, და დარჩნენ სივრცეში: არც ბატონი არა გვყავს, და არც პატრონი”.

იგი ამბონდა, რომ როდესაც საქართველოს წარგზავნილთათვის გამოცხადებულ იქნა ეს განსაზღვრება, მაშინ ყველამ მათ, არ დაეთანხმნენ რა ამას, სათხოვარი მიართვეს იმპერატორს. თავადი ანდრონიკაშვილი აიმედებდა თავის ტფილისელ მეგობრებს საქმის კეთილსასურველი შემობრუნებით და მხოლოდ ურჩევდა, რომ რაიმენაირი კითხვის შემთხვევაში ეპასუხათ იმით, რომ ჰყავთ პეტერბურგში თავიანთი წარგზავნილები და ბატონიშვილები, რომელთაც დაეთანხმებიან ყველაფერ იმაში, რასაც ისინი აღიარებენ სასარგებლოდ.

ქვეყნის მდგომარეობა ითვლებოდა იმდენად ცნობილად და ნათლად, რომ ჩვენმა მთავრობამ საჭიროდ ვერ ჰპოვა რაიმენაირი შეკითხვის დასმა. იგი მიიჩნევდა საქართველოს ერთადერთ სიკეთედ და სარგებლად მის შემოერთებას რუსეთთან და სამეფო სახლის ხელისუფლებისა და თვითნებობის მოსპობას (Оно признавало единственнымъ благомъ и пользою Грузiи присоединенiе ея къ Россiи уничтоженiе власти и своеволiя царскаго дома).

იმპერატორ ალექსანდრეს, ღებულობდა რა საქართველოს ქვეშევრდომობაში, თავიდან აუცილებლად მიაჩნდა, “რათა ორივე დედოფალი და ყველა ბატონიშვილი გამოძახებულნი ყოფილიყვნენ რუსეთში”, და უბრძანა კნორინგს გამოეცხადა მათთვის, რომ ისინი მიიღებენ სრულ უზრუნველყოფას და შენარჩუნებული ექნებათ ყველა პატივი, მათი საგვარეულოსადმი შესაფერისი, რომ მათ დაენიშნებათ პენსიები, საქართველოში მათ მიერ თავიანთი მამულებიდან მიღებული შემოსავლების ტოლად. ამ მიზნით მთავარსარდალს საქართველოში დაევალა გაერკვია და ცნობილი გაეხადა ქვეყნის შემოსავალი და ხარკი (подати), რომელსაც ამ დრომდე იხდის ხალხი. ანაკრეფებისა და ხარკის მრავალნაირობამ აიძულა ჩვენი მთავრობა ესურვა, რომ ხარკის ყველა სახეობა გადაყვანილი ყოფილიყო ფულად და პურით გადასახადში.

საქართველოს უმნიშვნელო მოსახლეობა, რომელმაც ბევრი დაკარგა უკანასკნელი შემოჭრებისგან, იყო მიზეზი იმისა, რომ ქვეყნის საკუთარი კეთილდღეობისთვის აღიარებულ იქნა აუცილებლად მისი მოსახლეობის გაზრდა მოწოდებით გადმოსახლებისკენ უპირატესად ქრისტიანებისა მეზობელი სახანოებიდან. კნორინგს მიეცა რწმუნება, რომ გამოეყო მათთვის მიწის საკმარისი რაოდენობა და აღმოეჩინა მატერიალური დახმარება საშინაო მეურნეობის პირველად მოწყობისას.

ამასთან ერთად კნორინგს უნდა ეზრუნა კავკასიის ხაზის უსაფრთხო შეტყობინების მოწყობისთვის საქართველოსთან, მისი უზრუნველყოფისთვის გარეშე თავდასხმებისგან და ერევნის, განჯის, შაქის, შირვანის, ბაქოსა და სხვა ხანების გადმოხრისთვის რუსეთის მხარეზე, რომლებზედაც ბაბა-ხანის ძალაუფლება ჯერ კიდევ არ იყო განმტკიცებული.

მათგან იმათთან ურთიერთობების მეშვეობით, რომელთა სამფლობელოებიც იდო არაქსის მარცხენა ნაპირზე და ებჯინებოდა მდინარე მტკვარს, ჩვენი მთავრობა ფიქრობდა მიეღწია იმ შესაძლებლობისთვის, რომ მიეწოდებინა პროვიანტი და მძიმე ტვირთები ჯარებისთვის წყლით, ასტრახანის გავლით, და არა მშრალი გზით, კავკასიონის მთებზე გადავლით. ამ შემთხვევაში ყველაზე უფრო მეტ ყურადღებას იქცევდა ბაქოს ხანი, რომელიც ფლობდა როგორც მდინარე მტკვრის შესართავს, ისე საუკეთესო პორტსაც კასპიის ზღვაში. უწინარეს ყოვლისა სწორედ მისი დაყოლიება იყო საჭირო ჩვენს მხარეზე. წარუმატებლობის შეთხვევაში პეტერბურგის კაბინეტი კნორინგის ყურადღებას აქცევდა შეტყობინების შესაძლებლობაზე შავი ზღვით და შემდეგ იმერეთის გავლით მდინარე რიონის გაყოლებაზე.

“იმერეთის მეფესთან – წერდა იმპერატორი ალექსანდრე კნორინგს (тамъ же) – და ოდიშის ოლქის მფლობელ დადიანთან (სამეგრელოსი) თქვენ უნდა გქონდეთ კარგი (прiязненное) ურთიერთობა, მაგრამ ამავე დროს არ უნდა მისცეთ ეჭვის საბაბი ოტომანის პორტას მოხელეებს, რომლებიც იმ მხარეში უფროსობენ”.

შეაერთა რა კნორინგის სახით სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლება, იმპერტორმა დაავალა მას თვალი ედევნებინა, რათა კავკასიაში მომსახურე ყველა რუსს “საკუთარი საქცილით გამოეხატა უანგარობა, პატიოსნება, სიმართლის სიყვარული, მიუკერძოებლობა, თავისუფლად ხელმისაწვდომი ყოფილიყო მთხოვნელთათვის, ალერსიანი, ყოფილიყო შემწყნარებელი და მზად ყოფილიყო ყველასთვის ეჩვენებინა, თუ სად უნდა ეძება მას სამართალი”.

თავის ახალ ქვეშევრდომებს კი იმპერატორმა მიმართა მანიფესტის ასეთი სიტყვებით (П. С. З. Т. XXVI, стр. 782, № 20.007).
“მფარველობა და უმაღლესი ძალაუფლება რუსეთის იმპერიისა საქართველოს სამეფოზე ყოველთვის აკისრებდა რუსეთის მონარქებს დაცვის მოვალეობას. 1796 წელს, აღა-მაჰმად-ხანის თქვენზე ძლიერი თავდასხმის წინააღმდეგ, въ Бозе почивающая დიდმა ხელმწიფემ იმპერატრიცა ეკატერინემ ალექსის ასულმა გამოგზავნა თავისი ჯარების ნაწილი. ასეთი წარმატებული მაშინ არა მხოლოდ გადარჩენა საქართველოს სამეფოსი, არამედ ყველა მხარისა და ხალხის ბედნიერი დამორჩილებაც კასპიის ზღვიდან მდინარე მტკვრამდე და არაქსამდე გიცავდნენ თქვენ ყველანაირ საფრთხეთაგან. რჩებოდა მხოლოდ შინაგანი ცხოვრების კეთილად მოწყობით თქვენი კეთილდღეობა დამკვიდრებულიყო საუკუნოდ. მაგრამ რუსეთის ჯარების მოულოდნელმა და სწრაფმა უკანდახევამ სპარსეთიდან, სომხეთიდან და თქვენი საზღვრებიდნ ქვე დაამხო თქვენი სამართლიანი მოლოდინები. თქვენს მიერ შემდეგ გადატანილი მთელი უბედურებანი: ურჯულო და უცხოტომელი ხალხების შემოსევა, ქალაქებისა და სოფლების დარბევა, თქვენი მამების, დედების, ცოლებისა და შვილების დამონება და ტყვედ წყვანა, დაბოლოს, უთანხმოება სამეფო სახლში და ხალხის გაყოფა სამეფო ღირსების სხვადასხვა მაძიებელთა შორის გითრევდნენ თქვენ ძმათაშორის ომებში. თქვენი გარემომცველი მტაცებელი ხალხები მზად იყვნენ თავს დასხმოდნენ თქვენს სამეფოს და დაუსჯელად გაეძიძგნათ მისი ნარჩენები. მთელ ამ ბოროტებათა შეერთებით არა მხოლოდ ხალხი, არამედ სახელიც კი ქართველი ხალხისა, რომელიც უწინ სიმამაცით გახლდათ სახელგანთქმული მთელს აზიაში, აღიგვებოდა პირისაგან მიწისა. იდექით რა ამ უფსკრულის პირას, არაერთხელ მოგიწოდებიათ თქვენ რუსეთის მფარველობისთვის. ჩვენი ჯარების შემოსვლამ და ავარელი ომარ-ხანის დამარცხებამ შეაჩერა თქვენი დაღუპვა, დააშინა რა ყველა მტაცებელი, რომლებიც ავსებენ კავკასიის მთებს, და ისინიც, რომლებიც სძიძგნიან სპარსეთისა და დიდი სომხეთის მხარეს. დაწყნარდა ბრძოლებიც თქვენს შორის, და თქვენ ყველამ ერთსულოვნად და საზეიმოდ მოუწოდეთ რუსეთის ხელისუფლებას, რათა უშუალოდ დაეწყო თქვენი მმართველობა. ჩვენ, ავედით რა სრულიად რუსეთის ტახტზე, საქართველოს სამეფო ვპოვეთ შემოერთებულად რუსეთისადმი, რის შესახებაც უკვე 1801 წლის 18 იანვრის მანიფესტი გამოცემული იყო სრულიად სახალხოდ გაცნობისთვის. ვსწავლობდით რა თქვენს მდგომარეობას და ვხედავდით, რომ მხოლოდ რუსეთის ჯარების მეშვეობა და ყოფნა საქართველოში აქამომდეც აკავებს ჩვენი ერთორწმუნე ხალხის სისხლის დაღვრასა და საბოლოო დაღუპვას, რომელიც გამზადებული აქვთ თქვენთვის თქვენს მომიჯნავე მტაცებელ და ურწმუნო ხალხებს, გვსურდა ჩვენ კიდევ გამოგვეცადა, ხომ არ არის შესაძლებლობა, რათა აღდგენილ იქნას პირველი მმართველობა ჩვენი მფარველობის ქვეშ და შეგინარჩუნოთ თქვენ სიმშვიდესა და უსაფრთხოებაში. მაგრამ ამ საკითხში უახლოესმა გამოძიებამ დაგვარწმუნა ჩვენ, რომ ქართველი ხალხის სხვადასხვა ნაწილები, რომლებიც თანაბრად ძვირფასი არიან ჩვენთვის ადამიანობის გულისთვის, სამართლიანად შიშობენ დევნისა და შურისძიების გამო იმისგან, ვინც სამეფო ღირსების მაძიებელთაგან შეძლებდა ამ ძალაუფლებისთვის მიეღწია, რამდენადაც ყველა მათგანის წინააღმდეგ ხალხის უდიდესმა ნაწილმა ასე აშკარად გამოავლინა საკუთარი თავი. მხოლოდ ეჭვი და შიში ამ შედეგების გამო, წარმოშობდა რა შეშფოთებას, გარდაუვალად იქნებოდა ურთიერთშორის ბრძოლისა და სისხლისღვრის წყარო. ამაზე ზევით, ყოფილ მმართველობას, თვითონ ერეკლე მეფის მეფობის დროსაც კი, რომელმაც თავისი სულისკვეთებითა და ღირსებით შეაერთა ყოველივე თავისი ძალაუფლების ქვეშ, არ შეეძლო არც საგარეო, არც საშინაო უსაფრთხოების დამკვიდრება. პირიქით, ამდენად მრავალჯერ ჩაუთრევიხართ ბოროტებათა უფსკრულში, რომლის პირას ახლაც დგეხართ, და რომელშიც, ყველა მოსაზრების მიხედვით, უნდა იქნათ ჩაცვენილი, თუკი ძლიერი ხელი სამართლიანი ხელისუფლებისა ამ დაცემისგან თქვენ არ შეგაკავებთ. ამ გარემოებათა ძალამ, ამაზე თქვენმა საერთო გრძნობამ და ქართველი ხალხის ხმამ განგვაწყო ჩვენ რომ არ მივატოვოთ და უბედურებას მსხვერპლად არ მივცეთ ერთმორწმუნე ხალხი, რომელმაც თავისი ხვედრი ჩააბარა რუსეთის დიდსულოვან დაცვას. აგზნებული იმედი თქვენი ამჯერად მოტყუებული არ იქნება. არა ძალის მომატებისთვის, არა ანგარებისთვის, არა დედამიწაზე ისედაც უვრცელესი იმპერიის საზღვრების გაფართოებისთვის ვღებულობთ ჩვენ საკუთარ თავზე საქართველოს სამეფოს მმართველობის ტვირთს. მხოლოდ ღირსება, პატივი და ადამიანობა გვაკისრებს ჩვენ წმინდა მოვალეობას, ყური ვუგდოთ რა ტანჯულთა ვედრებას მათი წუხილის თავიდან აცილებაზე, დავაარსოთ საქართველოში მმართველობა, რომელიც შეძლებდა მართლმსაჯულების, პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების დამკვიდრებასა და თითოეულისთვის კანონის მიერ დაცვის მიცემას. და ამიტომ, ავირჩიეთ რა ჩვენი გენერალ-ლეიტენანტი კნორინგი, რომ იყოს მთავარსარდალი თქვენს შორის, მივეცით ჩვენ მას სრული დარიგებანი, რათა გახსნას ეს მმართველობა ჩვენი სახელით გაკეთებული საგანგებო გამოცხადებით და ძალასა და მოქმედებაში მოიყვანოს ჩვენს მიერ წინასწარ მოხაზული დადგენილება, რომლის აღსრულებისთვისაც მოიწვევს თქვენგან ღირსებითა და საერთო ნდობით არჩეულ პირებს, ვიმედოვნებთ, რომ თქვენ, მიენდობით რა ამ მმართველობას, უეჭველად მისი ჩრდილქვეშ დასაწყისშივე სიმშვიდესა და უსაფრთხოებას ჰპოვებთ, ხოლო შემდეგ კი კეთილდღეობასა და სიუხვესაც.

ჩვენ ვბრძანეთ, რომ მთელი ხარკი თქვენი მიწიდან მოხმარებულ იქნას თქვენს სასარგებლოდ, და რაც ჯარების შენახვის შემდეგ დარჩება, გამოყენებულ იქნას დარბეული ქალაქებისა და სოფლების აღდგენისთვის. თითოეული იქნება თავისი წოდების უპირატესობებში, საკუთარი სარწმუნოების თავისუფლად აღსარებასა და თავის საკუთარ ხელშეუხებლობაში. ბატონიშვილები შეინარჩუნებენ თავიანთ სამემკვიდრეო მამულებს, წასულების გარდა, ხოლო ამათ კი წლიური შემოსავალი მათი მამულებიდან ყოველწლიურად მიეცემათ ფულით, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, ოღონდ კი ინარჩუნებდნენ ფიცით დაკისრებულ მოვალეობას. ჩვენი ამ დიდსულოვანი მზრუნველობის სანაცვლოდ თქვენგან ყველას და თითოეულის სიკეთის შესახებ, ჩვენ მოვითხოვთ, რათა თქვენ, თქვენს თავზე დაყენებული ხელისუფლების დამტკიცებისთვის, მოგვცეთ ერთგულების ფიცი ამასთან დართული ფორმის მიხედვით. სასულიერო წოდებამ, როგორც როგორც სულიერმა მწყემსებმა, პირველებმა უნდა მისცენ მაგალითი.

დაე საბოლოოდ თქვენც შეიცანით კეთილი მმართველობის ფასი, დამყარებულ იქნას თქვენს შორის მშვიდობა, მართლმსაჯულება, დაჯერებულობა (დარწმუნებულობა) როგორც პირადი, ისე ქონებრივიც. დაე აღმოიფხვრას თვითნებობანი და საშინელი ტანჯვა-წამებანი, დაე მიუბრუნდეს თითოეული უკეთეს სარგებელს, საკუთარსაც და საზოგადოებრივსაც, თავისუფლად და დაუყვედრებლად იქნება რა დაკავებული მიწათმოქმედებით, რეწვით, ვაჭრობით, ხელსაქმით, კანონების ჩრდილქვეშ, რომლებიც ყველას თანაბრად გაუწევენ მფარველობას. თქვენი შეძლება და კეთილდღეობა იქნება ჩვენთვის ყველაზე უფრო სასიამოვნო და ერთიანი (ერთადერთი, единый) საჩუქარი”.

მანიფესტთან ერთად დაწესებულ იქნა საქართველოს უმაღლესი მთავრობა, და საქართველომ მიიღო თავისი ახალი დაყოფა. იგი დაყოფილ იქნა ხუთ მაზრად, რომელთაგან სამი იყო ქართლში: გორის, ლორესა და დუშეთის, ორიც კახეთში: თელავისა და სიღნაღის. მმართველობა იყოფოდა ოთხ ექსპედიციად (Высочайше постановленное внутреннее въ Грузiи правленiе. П. С. К. Т. XXVI): პირველი სააღმსრულებლო საქმეებისთვის ანუ მმართველობისა; მეორე სახაზინო და ეკონომიკური საქმეებისთვის; მესამე სისხლის სამართლის საქმეებისთვის; მეოთხე სამოქალაქო საქმეებისთვის. დაწესებულ იქნა სამედიცინო გამგეობა (управа). თითოეულ მაზრაში დაარსდა სამაზრო სასამართლო, საერო პოლიციის გამგეობა, კაპიტან-ისპრავნიკით სათავეში. ქალაქებში დანიშნულ იქნა ხაზინადარები (казначеи или хазнадары), კომენდანტები და მათ დასახმარებლად პოლიცმაისტერები ანუ ნაცვლები. პირველები დანიშნული იყვნენ რუსი მოხელეებისგან, უკანასკნელნი კი ქართველი აზნაურებისგან. საქართველოში მცხოვრები თათრებისთვის: ყაზახისა, ბორჩალოსი და ბამბაკისა, განსაზღვრულ იქნა თითო-თითო პრისტავი ანუ მოურავი, ქართველი თავადებისგან, ხოლო ხევსურების, ფშავლებისა და თუშების ტომთათვის ერთი (მოურავი) ყველაზე. თითოეულ მოურავთან დაინიშნა თანაშემწე რუსი მოხელეებისგან. ყარაბაღიდან ახლად გამოსული სომხები დატოვებულ იქნენ თავიანთი მელიქების მმართველობის ქვეშ.

საქართველოს მმართველი, ექსპედიციების უფროსები და მრჩევლები* (ოთხი ექსპედიციიდან თითოეულში თავმჯდომარეობდნენ: პირველში – საქართველოს მმართველი და ორი მრჩეველი ანუ მდივან-ბეგი, ერთი რუსი მოხელეებისგან და ერთი ქართველი თავადებისგან; მეორეში – უფროსი რუსი მოხელეებისგან, ოთხი მრჩეველი ქართველი თავადებისგან /ორი ქართლელისა და ორიც კახელის/, საგუბერნიო ხაზინადარი ანუ სალთხუცესი; მესამესა და მეოთხეში – უფროსი რუსი ოფიცრებისგან და ოთხი მრჩეველი ქართველი თავადებისგან) გახლდნენ საქართველოს უმაღლესი მთავრობის წევრები. ქართველი თავადების თანამდებობაზე დანიშვნა, მმართველობის გახსნისას, გადასაწყვეტად მიეცა კნორინგს, ხოლო ერთი წლის გავლის შემდეგ იმპერატორმა ალექსანდრემ ამ არჩევანის გაკეთების უფლება გადასცა თვითონ თავადებსა და აზნაურებს.

სამოქალაქო საქმეები უმაღლესად ებრძანათ ეწარმოებინათ “ამჟამინდელი ქართული წეს-ჩვეულებებისა” და ვახტანგ მეფის მიერ გამოცემული სამართლის წიგნის მიხედვით, როგორც ძირეული ქართული კანონისა. ამ კანონებისა და ხალხური წეს-ჩვეულებების საფუძველზე, კნორინგს, მმართველ კოვალენსკისთან ერთად უნდა მოემარაგებინათ მთელი სამთავრობო ადგილები და პირები დაწვრილებითი დარიგებებითა და ინსტრუქციებით, თუ როგორ მოქცეულიყვნენ ისინი თავიანთი თანამდებობების აღსრულებისას.

თავად მთავარსარდალს დაეკისრა მოვალეობად “ფხიზლად ადევნოს თვალყური, რათა ყველა მხარეში, რომლებიც იმართება იმპერატორობითი უდიდებულესობის სახელითა და ძალაუფლებით, აღკვეთილ იქნას ყველანაირი ბოროტად გამოყენებანი, უსამართლობა, ჩაგვრა, ყაჩაღობა, მკვლელობა და ასევე წამებანი სისხლის სამართლის საქმეებზე. “მთავარსარდლის მოვალეობაა – შეამციროს თავად ბოროტმოქმედთა ხვედრიც კი რუსეთის კანონების წყალობით და მოსპოს წამება და სიკვდილით დასჯა” (Арх. мин. внутр. делъ по деп. общ. делъ. Дела Грузiи. Кн. I).
გადაწყვიტა რა საკითხი საქართველოს რუსეთისადმი შემოერთების შესახებ, იმპერატორ ალექსანდრეს, თავისი დიდსულოვნების მიხედვით, არ შეეძლო არ გადახრილიყო ბატონიშვილთა თხოვნებისკენ პეტერბურგიდან საქართველოში გამგზავრების თაობაზე.

გამოთქვა რა თავიდან კნორინგთან თავისი სურვილი, რომ გამოეწვიათ საქართველოდან სამეფო სახლის ყველა დანარჩენი წევრიც, იმპერატორმა ახლა დაუთმო მათ თხოვნებს სამშობლოში დაბრუნების თაობაზე. სახელმწიფო საბჭომ, რომლის მიერ დასამტკიცებლადაც იქნა შეტანილი წერილი ბატონიშვილთა საგზაო ხარჯებისთვის აუცილებელი სახსრების დანახარჯის შესახებ, შეუძლებლად მიიჩნია ნებართვის მიცემა მათთვის უკან საქართველოში გამგზავრებაზე. 28 ნოემბრის სხდომაზე (Протоколъ государственнаго совета 28-го ноября 1801 г. Госуд. арх.) დაადგინეს გაეჩერებინათ ბატონიშვილები რუსეთში, მისცემდნენ რა მათგან თითოეულს 10.000 მანეთს წელიწადში. უკეთესი მატერიალური უზრუნველყოფისთვის კი თითოეულ ბატონიშვილს ეძლეოდა ნება აერჩია ერთერთი საგუბერნიო ქალაქებიდან, როგორებიც იყო: კიევი, კალუგა, კურსკი, ვორონეჟი, ხარკოვი ან ასტრახანი, სადაც ცხოვრება არ შეიძლებოდა ყოფილიყო ისე ძვირი, როგორც დედაქალაქში. ხაზინიდან დანიშნული ანაზღაურება შეუნარჩუნდეს მათ შემდგომშიც შემოსავლების განსაზღვრამდე, რომელსაც ღებულობდა თითოეული ბატონიშვილი საქართველოში. აუცილებლობის შემთხევაში დაიმედებულ იქნან, რომ იმ საგუბერნიო ქალაქებში, რომლებშიც ისინი მოისურვებენ დასახლებას, მოძიებულ იქნება სახლები და მომზადებულ მათი პირველი მოწყობილობა. ბატონიშვილთა ამალას კი მიეცეს ნება დარჩეს რუსეთში ან დაბრუნდეს საქართველოში და უკანასკნელ შემთხვევაში მიეცეთ სახსრენი მგზავრობისთვის.

სახელმწიფო საბჭოს განსაზღვრება დამტკიცებულ იქნა იმპერატორის მიერ და ბატონიშვილები დატოვეს რუსეთში.

საქართველოს ყოფილ ელჩებს მიეცათ ჩინები: თავად ჭავჭავაძეს ნამდვილი მრჩევლისა, ხოლო თავადებს ავალიშვილსა და ფალავანდიშვილს სახელმწიფო მრჩევლისა (Протоколъ государственнаго совета 9-го декабря 1801 г. Госуд. арх. Указъ 16-го декабря 1801 г. С.-Петербургский арх. мин. иностр. делъ).
ნავარაუდევ იქნა, რომ სამეფო სახლის საქართველოში დარჩენილი პირებიც დაეყოლიებინათ რუსეთში გამომგზავრებაზე; მაგრამ ყველა ძალისხმევა ამაო აღმოჩნდა. დედოფლები გაბედულად და გადაჭრით უარს ამბობდნენ ტფილისის დატოვებაზე. დავითი გამოთქვამდა სურვილს, რომ მიეცა თხოვნა თადარიგში განთავისუფლების შესახებ და სამოგზაუროდ გამგზავრებულიყო აზიის სხვადასხვა ქალაქებში. ლაზარევი და ტუჩკოვი ურჩევდნენ მას გამომგზარებულიყო პეტერბურგში და იქიდან წასულიყო სამოგზაუროდ ევროპაში; “მაგრამ – მოახსენებდა ლაზარევი – როგორც ჩანს, საამისოდ იგი არც თუ ძალიან არის განწყობილი” (Письмо Лазарева Кнорингу 11-го января 1802 г. Тифл. арх. канц. нам.).
ტფილისში მოღწეულმა ცნობამ იმის შესახებ, რომ რუსეთში გამგზავრებულ ბატონიშვილებს არ ეძლევათ საქართველოში დაბრუნების ნება, კიდევ უფრო გაამყარა დავითი იმ სურვილში, რომ არ გამომგზავრებულიყო ჩვენს დედაქალაქში. თავად ორბელიანის მიერ უცნობი პირისგან პეტერბურგიდან მიღებულმა წერილმა სამეფო სახლის წევრებს შორის მოახდინა ყველაზე უფრო არახელსაყრელი შთაბეჭდილება.

“თუკი შენ გაინტერესებს აქაური ცნობები – წერდა უცნობი (Кн. Орбелiани, 3-го января 1802 г. Тамъ же) – მაშინ მანიფესტი, რა თქმა უნდა, შენ უკვე ნახე, ახლა დიმიტრი ორბელიანს მისცეს სარდლობა, შენ კი ეს უკვე აღარა გაქვს. ბატონიშვილებს უკან აღარ უშვებენ, და ისიც მოვისმინე, რომ იმათაც, რომლებიც თქვენთან იმყოფებიან, აქეთკენ მოითხოვენ; ხოლო როდესაც ისინი გადმოყვანილნი იქნებიან, მაშინ საქმე ისეა განკარგული, რომ ბაგრატიონთა ყველა ნათესავი და მახლობელი აქეთკენვე ჩამოიყვანონ, და მათთან ერთად უნდათ, რომ ყველა მანდაური გამოჩენილი ადამიანი, თავადი, აზნაური გლეხი აქეთ ჩამოიყვანონ და დაასახლონ, აქაური კაზაკები კი, 1.400 კომლი გადმოჰყავთ საქართველოში”.

ამ წერილის შემდეგ დავით ბატონიშვილმა მაშინვე მისცა თხოვნა თადარიგში განთავისუფლების შესახებ (Прошенiе Давида 15-го января. Рапортъ Кноринга государю императору 5-го февраля 1802 г. Тамъ же); მაგრამ თადარიგში გადადგომა არ იქნა მიღებული იმპერატორ ალექსანდრეს მიერ, და ბატონიშვილი უნდა დარჩენილიყო სამსახურში.

---------------

ასე შემოუერთდა წერილობითი აქტებით საქართველო რუსეთს. მე ჩავთვლიდი, რომ ბოლომდე არ ვთქვი სათქმელი, თუკი არ გავაკეთებდი საერთო შეჯამებას და არ მოვიხსენიებდი იმის შესახებ, რომ ურთიერთობანი ახლად შემოერთებულ ხალხსა და ჩვენს მთავრობას შორის განსაკუთრებულად გაურკვეველი იყო. ჩვენ სულაც არ ვიცნობდით ქვეყანას, რომელიც შემოერთებულ იქნა რუსულ დერჟავასთან. ქართველები უფრო მეტს მოელოდნენ. ისინი იმედს ამყარებდნენ პავლე I-ის დაპირებათა შესრულებაზე, ფართო შეღავათებისა და პრივილეგიების მიღებაზე, რომელთა მიცემასაც ფიქრობდა განსვენებული იმპერატორი, და ბოლოს იმაზეც, რომ შემდგარი იქნებოდნენ რა რუსეთის ქვეშევრდომობაში, მმართველად მათ ეყოლებოდათ თავიანთი ბუნებრივი მეფე ბაგრატიონთა გვარიდან.

განათლების არასაკმარისობა, სახალხო განვითარების დაბალი ხარისხი არ აძლევდა ქართველებს იმის დანახვის საშუალებას, რომ მათი ასეთი სურვილის აღსრულება დადებითად შეუძლებელი იყო. ამიტომ ხალხი დარჩა არცთუ სავსებით დაკმაყოფლებული თავისი ახალი ბედით. ქართველები იყვნენ როგორღაც გაურკვეველ მდგომარეობაში, თითქოს და კმაყოფილნი, თითქოს და უკმაყოფილონი (не то довольные, не то недовольные). გამოჰყოფდა რა კერძო ინტერესს საზოგადოებრივისგან, თითოეულს სურდა უწინარეს ყოვლისა განთავისუფლება ხარკისა და ბეგარისგან (ვალდებულებებისგან), და როდესაც შეიტყვეს, რომ ქვეყნის შემოერთების შესახებ მანიფესტში ამის თაობაზე არაფერია ნათქვამი, ქართველებს გული აუცრუვდათ თავის მოლოდინში.

საგანთა ასეთი მდგომარეობის დროს, ახალ მთავრობას შეეფერებოდა რომ მოქცეულიყო განსაკუთრებით ფრთხილად, გულისხმიერად და დელიკატურად. საქმეების კეთებისას აუცილებელი იყო, რომ მწვავე საკითხები მოეგვარებინათ ფარულად, რბილად და თანაბრად, ისე რომ არ აღეგზნოთ ვნებათაღელვანი და არ დარღვიათ ხალხის სიამაყისა და ღირსების ნორმები...

თავის მხრივ, პეტერბურგის კაბინეტმა, და მის სათავეში იმპერატორმა ალექსანდრემ, გააკეთა ყველაფერი, რასაც შეეძლო ხელის შეწყობა საქართველოს კეთილდღეობისთვის. რუსეთი, არ ღებულობდა რა დიდი ხნის მანძილზე არანაირ შემოსავალს ახლად შემოერთებული ქვეყნიდან, იყენებდა თავის საკუთარ ფულებს ქართველთა როგორც კერძო, ისე საზოგადო საკუთრების მოწყობისა და უზრუნველყოფისთვის. უერთებდა რა თავის სამფლობელოებს მისთვის ერთმორწმუნე ხალხს, რუსეთი იქცეოდა სავსებით უანგაროდ, ჰქონდა რა მხოლოდ ერთი მიზანი – თავისი შესაწირავით დაემკვიდრებინა კეთილდღეობა ახალ თანამემამულეთა და ერთი დიდი სახელმწიფოს ერთმორწმუნე ძმებისა (своими пожертвованiями утвердить благосостоянiе новыхъ соотечественниковъ и единоверныхъ братьевъ одного великого государства).

საუბედუროდ, დიდსულოვნება და კეთილი განზრახვები იმპერატორისა ვერ აისახა სავსებით მისი ნებისა და წინასწარ მოხაზულობათა ზოგიერთ შემსრულებელში. იმედოვნებდა და სჯეროდა რა თითოეული იმ პირთაგანის პატიოსნების და კეთილგონიერებისა, რომლებიც მოწოდებულნი იყვნენ ქვეყნის მმართველობისთვის, ალექსანდრე I-მა უნებურად დაუშვა თავის წინასწარ მოხაზულობათა ცვლილების შესაძლებლობა “ნებას აძლევდა რა მთავარსარდალს, მმართველთან ერთად, შეეხამებინათ ისინი იქაური ხალხის ადათებთან და გონება-განწყობილებასთან” («сообразить ихъ съ умоначертанiями тамошняго народа»).

სწორედ ეს ნებართვა იქცა კიდეც შემდგომში საბაბად ზოგიერთი უწესრიგობისა საქართველოში, მოწყობილისა იმ ადამიანთა მიერ, რომლებიც არ მიჰყვებოდნენ უპირობოდ რუსეთის მთავრობის მითითებებს, არამედ ისახავდნენ მხოლოდ თავიანთ პირად ინტერესებს.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment