(წერილი გამოქვეყნებულ იქნა 1994 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტის კვლევითი სამსახურის ბიულეტენის სახით /სამხედრო-პოლიტიკური ინფორმაციის ბიულეტენი, # 13/, ხოლო ტექნიკურად ეს განახორციელა “ტექინფორმმა”, რომელიც იმ ხანებში მჭიდროდ თანამშრომლობდა აღნიშნულ სამსახურთან. ეს გახლდათ ჩემს მიერ პარლამენტისთვის მომზადებული მესამე ნაშრომი. ვინაიდან მე მაშინ განწყობილი ვიყავი სიმპატიებითა და კეთილგანწყობით აშშ-ისა და დასავლეთისადმი, და სრულიად საწინააღმდეგოდ ისტორიული რუსეთისა და საბჭოთა კავშირისადმი, ამიტომ ეს განწყობა ასახულია კიდეც ამ წერილშიც და სსრკ რამდენჯერმე მოხსენიებულია პოტენციურ აგრესორად. დღესდღეობით ასეთ შეფასებებს უკვე აღარ ვიზიარებ, და ამის შესახებ მკითხველი ჩემს ახლანდელ შეხედულებებს ნახავს სხვა წერილებში, რომლებიც გამოქვეყნებულ იქნა 1999 წლის შემდეგ, და განსაკუთრებით 2003-05 წლებიდან. ნაშრომი გადმოტანილია მცირეოდენი სარედაქციო შესწორებებით; გარდა ამისა, ვინაიდან ამჯერად ვსარგებლბდი 1994 წელს გამოქვეყნებული ეგზემპლარით, რომელშიც მაშინ იპარებოდა გარკვეული შეცდომები, ამიტომ ისინი ამჯერად უკვე ამ წერილშიც გადმოვიდა, რისთვისაც მკითხველს ვთხოვ პატიებას)
ჩრდილო ატლანტიკის სახელშეკრულებო ორგანიზაცია – ნატო (North Atlantic Treaty Organization – NATO) შეიქმნა 1949 წლის 4 აპრილს, როდესაც დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის 12 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვაშინგტონში ხელი მოაწერეს ჩრდილოატლანტიკური კავშირის შექმნის ხელშეკრულებას. ბლოკის წევრებად თავიდან შევიდნენ: აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, დანია, ნორვეგია, პორტუგალია, ისლანდია. 1952 წელს კავშირს შეუერთდნენ საბერძნეთი და თურქეთი, 1955 წელს გფრ, 1981 წელს ესპანეთი.
ალიანსის შემქმნელებმა ხელი მოაწერეს თავდაცვით ხელშეკრულებას, რაც აუცილებელი შეიქნა დასავლეთ ევროპაში სსრკ-ის აგრესიის აღკვეთისა და კონტინენტზე სტაბილიზაციის შენარჩუნებისთვის.
ჩრდილოატლანტიკური კავშირის პასუხისმგებლობის ზონა დაიყო ომის ორ თეატრად – ატლანტიკურისა და ევროპულის, ხოლო ესენი კი თავის მხრივ დაიყო საომარ მოქმედებათა თეატრებად (ომთ). Eვროპული ომის თეატრი მოიცავს ბლოკის წევრი ევროპული ქვეყნებისა და თურქეთის ტერიტორიებს, დიდი ბრიტანეთის, პორტუგალიისა და საფრანგეთის გამოკლებით, რომელთაგან პირველი ორი შედის განსაკუთრებულ რეგიონებში, ხოლო მესამე 1966 წელს გავიდა ბლოკის სამხედრო ორგანიზაციიდან. ამავე ომის თეატრში შედის ხმელთაშუა და მარმარილოს ზღვების, აგრეთვე ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების აკვატორიები სამხრეთში, და ჩრდილოეთის ზღვის აკვატორია, ბალტიის ზღვის სრუტეების აკვატორიის ჩათვლით – ჩრდილოეთში.
ევროპული ომის თეატრი იყოფა შემდეგ ომთ-ებად: ჩრდილოეთ-ევროპულის, ცენტრალურ-ევროპულისა და სამხრეთ-ევროპულის. ჩრდილოევროპულ ომთ-ში შედის ნორვეგიისა და დანიის ტერიტორიები, გერმანიის შლეზვიგ-ჰოლშტაინის მიწა. ცენტრალურ-ევროპული ომთ მოიცავს გერმანიის მთელ ტერიტორიას შლეზვიგ-ჰოლშტაინის მიწის გამოკლებით, აგრეთვე ბელგიის, ნიდერლანდებისა და ლუქსებურგის ტერიტორიებს. სამხრეთ-ევროპულ ომთ-ში შედის საბერძნეთის, იტალიისა და თურქეთის ტერიტორიები.
კავშირის პირველი სამხედრო სტრატეგია ემყარებოდა “ევროპის თავდაცვის” კონცეფციას, რომელიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შედეგებისა და ამერიკული სარდლობის განკარგულებაში ბირთვული იარაღის არსებობის გათვალისწინებით. ამ სტრატეგიული დოქტრინის თანახმად შეერთებულ შტატებს ევალებოდა სტრატეგიული დაბომბვის განხორციელების ამოცანების გადაწყვეტა. აშშ-ისა და დიდ ბრიტანეთის საზღვაო ძალებს უნდა უზრუნველეყოთ უმნიშვნელოვანესი საზღვაო ოპერაციების ჩატარება, ხოლო ევროპის კონტინენტური ნაწილის ქვეყნების სახმელეთო ჯარებს მსხვილი სახმლეთო ოპერაციების წარმოება. ალიანსის შექმნისას მისი სახმელეთო ჯარების განკარგულებაში იყო სულ 12 დივიზია.
ამ კოალიციური დოქტრინის სამხედრო-ტექნიკურმა მხარემ მიიღო “ფარისა და მახვილის” სახელწოდება. “ფარის” როლი აქ ეკისრებოდა ევროპულ ომის თეატრზე მოქმედ სახმელეთო ჯარებს, რომელთაც ტაქტიკური ავიაციისა და საზღვაო ძალების მხარდაჭერით თავდაცვითი საბრძოლო მოქმედებები უნდა ეწარმოებინათ “მახვილის” ანუ ბირთვული იარაღის მატარებელი ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენების ამოქმედებამდე.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბირთვული იარაღის შესაძლებლობების შეუფასებლობისა და მისი სიმცირის გამო (1949 წლის დასაწყისში აშშ-ის ბირთვული ბომბების მარაგი შეადგენდა 100-150 ერთეულს) თავიდან იგი არ ითვლებოდა ომის წარმოების ძირითად საშუალებად. ამიტომ ნატო-ში ბატონობდა აზრი, რომ 50-იან წლებში ომი იწარმოებოდა მეორე მსოფლიო ომის ანალოგიურად, ხოლო ბირთვული იარაღი კი მხოლოდ აამაღლებდა ნატო-სა და აშშ-ის სტრატეგიული არსენალის სიმძლავრეს.
1950 წელს ნატო-ს საბჭოს სექტემბრის სესიაზე მოიწონეს “მეწინავე თავდაცვის” სტრატეგიული პრინციპი, რომელიც ითვალისწინებდა უკვე სასაზღვრო ზონაში აქტიური საბრძოლო მოქმედებების წარმოებით აგრესორის მოგერიებასა და განდევნას. მოცემული პრინციპი მოითხოვდა “ფარის” ძალების გაზრდასა და ანგლო-ამერიკული ჯარების ყოფნის აუცილებლობას დასავლეთ ევროპის კონტინენტურ ნაწილში. ამის შედეგად ევროპულ ომის თეატრზე გამოჩნდა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მძლავრი ოპერატიული შენაერთები და კანადის ჯარების ერთი ბრიგადა. უკვე 50-იანი წლების შუახანებისთვის ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე მოითვლებოდა 25 ბრძოლისთვის მზადმყოფი და 25 სარეზერვო დივიზია.
კოალიციური სამხედრო დოქტრინის მომდევნო ეტაპი (1954-1967 წწ.) დაკავშირებულია ბირთვული არსენალების მნიშვნელოვან გაფართოებასა და მოკავშირე ქვეყნების შეიარაღებაში მის დანერგვასთან. ბირთვული იარაღის შესაძლებლობების გადაფასებისა და მისი არსენალების მნიშვნელოვანი ზრდის შედეგად, ბლოკის ხელმძღვანელობამ რადიკალურად შეცვალა თავისი შეხედულება ომის წარმოების წესებსა და შეიარაღებული ძალების მნიშვნელობაზე. 1954 წელს ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების (გშძ) უმაღლესი მთავარსარდლის შტაბმა შეიმუშავა ბლოკის მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების (შძ) რეორგანიზაციის სამწლიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა აღმოსავლეთიდან აგრესიის შემთხვევაში ბირთვული იარაღის შეუზღუდავ გამოყენებას. ამ დოქტრინამ მიიღო “მასირებული ნაცვალგების” (“მასირებული საპასუხო დარტყმის”) სახელწოდება. იგი მოითხოვდა მძლავრი ბირთვული დარტყმების დაუყოვნებლივ მიყენებას ნებისმიერი კონფლიქტის შემთხვევაში, გარდა მცირე სასაზღვრო ინციდენტებისა.
მასირებული ნაცვალგების სტრატეგიის თანახმად ალიანსის სრდლობას ევროპაში გადაეცა ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება, მიუხედავად იმისა, თუ რა ძალებით აწარმოებდა ომს მოწინააღმდეგე. დაიწყო ნატო-ს ტრიადის შექმნა სტრატეგიული ბირთვული ძალების, ომის თეატრზე ბირთვული ძალებისა და ზოგადი დანიშნულების ძალებისგან. დასავლეთ ევროპის ქვეყნების ტერიტორიებზე განლაგებულ იქნა საშუალო სიშორის ამერიკული ბირთვული რაკეტები “იუპიტერი” და “ტორი”, რომლებიც დამიზნებული იყო სსრკ-ის მნიშვნელოვან ობიექტებზე. ფართო მასშტაბებით შემოვიდა ჯარებში ტაქტიკური ბირთვული იარაღი – ატომური არტილერია, ატომური ფუგასები, რაკეტები “ონესთ ჯონი” და “მატადორი”.
60-იანი წლების დასაწყისში სსრკ-ის შეიარაღებაში გამოჩნდა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები (სკბრ), რამაც აშშ-ის ტერიტორია მოწყვლადი გახადა საპასუხო ბირთვული დარტყმებისგან. ასეთ პირობებში “მასირებული ნაცვალგების” სტრატეგია თავის აზრს კარგავდა.
1961 წელს აშშ-მა მიიღო “მოქნილი რეაგირების” სტრატეგიული კონცეფცია, მაგრამ მის მიღებაზე ნატო-ში წააწყდა მოკავშირეთა წინააღმდეგობას. ახალ კონცეფციაში ისინი ხედავდნენ აშშ-ის მცდელობას ამოფარებოდა “სიმაგრე ამერიკას”, შემოეფარგლა ომი (მათ შორის ბირთვულიც) ევროპის კონტინენტით და გამოერიცხა სტრატეგიული ბირთვული ძალების გამოყენება, თუ კი ეს არ პასუხობდა “აშშ-ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებს”. მათში განსაკუთრებულ წინააღმდეგობას იწვევდა ამერკელთა მისწრაფება თავს მოეხვიათ ევროპელი მოკავშირეებისთვის ზოგადი დანიშნულების ძალების ზრდის პროგრამები, ბასრი “მახვილით” გაეკეთებინათ მყიფე “ვიტრინის მინა” (?) და თავად კი ამოფარებოდნენ სტრატეგიულ “ფარს”.
მხოლოდ 1967 წელს, როდესაც საფრანგეთი გავიდა ჩრდილოატლანტიკური კავშირის სამხედრო ორგანიზაციიდან და ამერიკელები დაეთანხმენ, რომ “მოქნილი რეაგირების” განუყოფელ ნაწილად მიეღოთ გფრ-ის უკვე აღმოსავლეთ სასაზღვრო რაიონებში “მეწინავე თავდაცვის” კონცეფცია, აშშ-მა შეძლო ბლოკის სტრატეგიულ დოქტრინად გაეტანა “მოქნილი რეაგირების” კონცეფცია.
“მოქნილი რეაგირების” არსი იმაში მდგომარეობს, რომ მუქარის ხასიათისადმი თანაზომადი მოქმედებებით თავიდან იქნას აცილებული, ხოლო აუცილებლობის შეხვევაში კი მოგერიებულიც სხვადასხვა მასშტაბის აგრესიები ნატო-ს პასუხისმგებლობის ზონის ნებისმიერ რაიონში.
მოქნილი რეაგირების სტრატეგიის საფუძველში ჩადებულია “ბირთული დაშინების” (“ბირთვული შეკავების”) სტრატეგიული კონცეფცია. იგი ემყარება ორ ფუძემდებლურ პრინციპს – ბირთვული იარაღის პირველად გამოყენებასა და შეიარაღებული კონფლიქტის წინასწარგანზრახულ ესკალაციას თვით საყოველთაო ბირთვულ ომამდეც. ომი მთლიანობაში განიხილება როგორც შეიარაღებული ბრძოლის საშუალებათა გამოყენების უწყვეტი, მაგრამ კონტროლირებადი პროცესი ჩვეულებრივიდან ბირთვულ-სტრატეგიულამდე.
“მოქნილი რეაგირების” სტრატეგიაში უდიდეს მნიშვნელობას იძენს ნატო-ს ტრიადის მეორე ელემენტი – ბირთვული ძალები ომის თეატრზე. იგი განიხილება დამაკავშირებელ რგოლად ზოგადი დანიშნულების ძალებსა და ბლოკის სტრატეგიულ ბირთვულ ძალებს შორის. ამითაც შეიძლება აიხსნას ალიანსის მონაწილე ქვეყნების უარი ევროპაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის სრულ ლიკვიდაციაზე.
წინასწარგანზრახული ესკალაციის პრინციპი ითვალისწინებს ნატო-ს აუცილებელ ინიციატივას შეიარაღებული კონფლიქტის მომდევნო ეტაპზე გადასაყვანად ანუ ე. წ. “ესკალაციურ დომინირებას”. ომის თეატრებზე ბლოკის ბირთვული ძალების დომინირებასთან დაკავშირებით ეს ნიშნავს საშუალო და მცირე სიშორის საშუალებათა აუცილებელ არსებობას. ამიტომ დღეს ნატო-ს ხელმძღვანელობა დაჟინებით მოითხოვს ბლოკის ბირთვული ძალების მოდერნიზაციას “პერშინგ-2” რაკეტების შეიარაღებიდან მოხსნისა და განადგურების საკომპენსაციოდ.
60-იან წლებში სერიოზულად იქნა გადასინჯული სამხედრო დოქტრნის არა მხოლოდ სამხედრო-ტექნიკური, არამედ სოციალურ-პოლიტიკური მხარეც. ამ პერიოდში ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნები გამოვიდნენ საერთოევროპული თათბირის მოწვევის ინიციატივით რეგიონში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის მომწიფებული საკითხების მოსაგვარებლად. 1966 წლის ზაფხულის სესიაზე ნატო-ს მთელი რიგი ქვეყნები გამოვიდნენ “ევროპაში დაძაბულობის განმუხტვის კონფერენციის მოწვევის” მომხრედ, ალიანსის ლიდერები კი შეეცადნენ უფრო მოქნილი მეთოდების გამოძებნას ჩრდილოატლანტიკური კავშირის ახალ პირობებთან შეგუებისთვის.
ნატო-ს ხელმძღვანელობის დამოკიდებულების ცვლილებები აისახა ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის არმელის მოხსენებაში “კავშირის მომავალი ამოცანები”, რომლებიც ნატო-ს საბჭომ მიიღო 1967 წელს. იგი შეიცავდა ბლოკის უსაფრთხოების პოლიტიკის გადმოცემას და მას ეწოდა “არმელის დოქტრინა”.
მოხსენებაში უწინარეს ყოვლისა აღნიშნულ იქნა, რომ “მშვიდობიანი თანაარსებობის” საბჭოთა დოქტრინამ შეცვალა დასავლეთთან კონფრონტაციის ხასიათი, მაგრამ არა ძირითადი პრობლემები. აქედან გამომდინარე კეთდებოდა დასკვნა, რომ ნატო-ს ახალი სამხედრო ძალისხმევის გარეშე როგორც მშვიდობა ევროპაში, ისე თავად განმუხტვის პოლიტიკაც საერთოდ შეუძლებელი იქნებოდა, ხოლო ჩრდილოატლანტიკური კავშირი კი განიხილებოდა მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტად ევროპის კონტინენტზე.
“არმელის დოქტრინამ” წამოაყენა ნატო-ს საქმიანობის ორი ძირითადი პრინციპი. პირველი მაგანია “თავდაცვა”, ე. ი. ბლოკის სამხედრო პოტენციალის ამაღლება მანამდე, სანამ არ მოგვარდებოდა გერმანიის საკითხი. მეორე პრონციპია “განმუხტვა”, ე. ი. ევროპის კონტინენტზე დაძაბულობის შენელების პოლიტიკის გატარება ოღონდ “ძალის პოზიციიდან”. ამასთან მეორეს ეძლეოდა პირველი პრინციპის მიმართ დაქვემდებარებული ხასიათი და მთლიანად მასზე იყო დამოკიდებული.
“არმელის დოქტრინის” მიხედვით ნატო-ს მთავარი პოლიტიკური მიზანია “ევროპაში სამართლიანი და მყარი მშვიდობიანი წესრიგის დამყარება”, რაც შეიძლება მოხდეს მხოლოდ გერმანული საკითხის მოგვარების შემთხვევაში. გფრ-ის მოთხოვნით ერთიანი გერმანული სახელმწიფოს აღდგენა შევიდა ბლოკის ყველა მომდევნო დოკუმენტში.
1970 წლის დეკემბერში ნატო-ს საბჭოს სესიამ დაამტკიცა ბლოკის შეიარაღებული ძალების მშენებლობის ათწლიანი პროგრამა “კავშირის თავდაცვა 70-იან წლებში (AD-70)”. მასში დასმულ იქნა ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების საცეცხლე და დარტყმითი სიმძლავრის მნიშვნელოვნად ამაღლების, ახალი უფრო თანამედროვე ტექნიკით მისი გადაიარაღებისა და ბლოკის წევრი ქვეყნების ფინანსური წილის გაზრდის ამოცანები. AD-70 პროგრამის განხორციელებაში დიდი როლი დაეკისრა ნატო-ს მონაწილე დასავლეთევროპულ ქვეყნებს. ამისთვის ისინი გაერთიანდნენ სპეციალურად შექმნილ ევროჯგუფში და შეუდგნენ ევროპის თავდაცვის სრულყოფის განსაკუთრებული პროგრამის განხორციელებას.
1978 წელს ნატო-ს ხელმძღვანელობამ მიიღო ბლოკის შეიარაღებული ძალების მშენებლობის გრძელვადიანი პროგრამა, გათვლილი 1995 წლამდე, რომელიც თავისი გაქანებით აჭარბებდა ყველა ადრინდელს.
80-იანი წლების პირველ ნახევარში ბლოკის ხელმძღვანელობამ მიიღო ახალი ოპერატიულ-სტრატეგიული კონცეფციები “საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” და “მეორე ეშელონებთან (რეზერვებთან) ბრძოლა”. ამასთანავე 1978 წლის გრძელვადიან პროგრამას სამხედრო დაგეგმარების კომიტეტმა 1985 წლის მაისში დაუმატა “თავდაცვითი ინიციატივა ჩვეულებრივი შეიარაღების სფეროში”.
“საჰაერო-სახმელეთო ოპერაციის (ბრძოლის)” და “მეორე ეშელონებთან (რეზერვებთან) ბრძოლის” კონცეფციები ითვალისწინებს მოწინააღმდეგის პირველი ეშელონების ჯარებთან ბრძოლის დროსვე მისი მეორე ეშელონის (რეზერვის) ჯარების საცეცხლე (ბირთვულ) დაზიანებასაც ბრძოლაში მათი დროულად შემოყვანის ჩაშლის მიზნით. ამისთვის ნავარაუდევია ომის თეატრზე არსებული საშუალებების მასირებული გამოყენება 400 კმ და მეტ სიღრმეზე მოწინააღმდეგის ოპერატიულ-სტრატეგიულ მოწყობაში. ამის შესაბამისად 1985 წელს ნატო-ს ხელმძღვანელობამ მოიწონა ბლოკის ჩვეულებრივი პოტენციალის ამაღლების გრძელვადიანი პროგრამა (2005 წლამდე) უწინარეს ყოვლისა შორს მსროლელი მაღალი სიზუსტის სისტემების შემუშავებით, რაც გათვალისწინებულია მეორე ეშელონებთან (რეზერვებთან) ბრძოლის უზრუნველყოფისთვის. დაიგეგმა 760 ათასი 155-მმ საარტილერიო ჭურვისა და 28 ათასი საავიაციო ბომბის აღჭურვა ბინარული ქიმიური საბრძოლო მასალებით.
ამავე დროს “მეწინავე თავდაცვის” კონცეფციის შესაბამისად, სსრკ-ისა და ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების საზღვრებთან უშუალო მახლობლობაში გაშლილი იყო სახმელეთო ჯარების საბრძოლველად მზადმყოფი მძლავრი ოპერატიული შენაერთები. ჩრდილოევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრზე თავდაცვითი პოზიციები ეკავათ ნორვეგიისა და დანიის სახმელეთო ჯარებს, ხოლო შლეზვიგ-ჰოლშტაინის მიწაზე კი – დასავლეთგერმანულ დივიზიას.
ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე არმიების ჩრდილოეთ და ცენტრალური ჯგუფების შემადგენლობაში ერთმანეთის გვერდიგვერდ განლაგებული იყვნენ ჰოლანდიური საარმიო კორპუსი, სადავლეთგერმანული კორპუსი, ბრიტალული რეინის არმია, მეორე დასავლეგერმანული კორპუსი, ორი ამერიკული საარმიო კორპუსი, ისევ დასავლეთგერმანული საარმიო კორპუსი, სამი ამერიკული და ერთიც კანადური ცალკული ბრიგადები, როლებიც ასევე უტოლდებოდნენ ერთ დივიზიას. ამ ჯარებს ჰაერიდან იფარავდა და საავიაციო მხარდაჭერას უწევდა ოთხი საჰაერო არმია ( მე-2, -4, -5 და -6). სამხრეთევროპულ ომთ-ზე განლაგებულია ძირითადად იტალიის, საბერძნეთისა და თურქეთის შეიარაღებული ძალები.
80-იანი წლების პირველ ნახევარში ნატო-ს ხელმძღვანელმა ორგანოებმა მიიღეს რიგი გადაწყვეტილებებისა ბლოკური პოლიტიკის გატარებაში ევროპის ფარგლებს გარეთ. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება 1982-1983 წლებში მიღწეულ შეთანხმებებს. ამათგან პირველ რიგში უნდა გამოიყოს სამხედრო დაგეგმვის კომიტეტის გადაწყვეტილება (1982 წ. მაისი), რომელიც განსაზღვრავს ბლოკის სახელმწიოთა მოქმედებების კოორდინაციის წესს მისი ზონის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ ოპერაციებში. კერძოდ, ამის ბაზაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება დასავლეთევროპული ქვეყნების ინფრასტრუქტურის გამოყენებაზე აშშ-ის კონტინენტური ნაწილიდან “სწრაფი გაშლის ძალების” გადასროლისთვის ახლო და შუა აღმოსავლეთის რეგიონებში.
90-იანი წლების დასაწყისში სამხედრო დაპირისპირება ევროპაში მნიშვნელოვნად იქნა შემცირებული. ნატო-ს ხელმძღვანელობის რეაქცია მიმდინარე პროცესებზე გამოხატულ იქნა ალიანსის ტრანსფორმაციისა და ახალ პირობებში მისი სამხედრო-პოლიტიკური კურსის ადაპტაციის მცდელობებში. ამის შედეგია 1991 წლის ნოემბერში რომში ნატო-ს საბჭოს სესიაზე შემაჯამებელი დოკუმენტის “კავშირის ახალი სტრატეგიული კონცეფციის” მიღება.
მიღებული კონცეფცია არსებითად წარმოადგენს კოალიციურ სამხედრო დოქტრინას მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური მხარეებით.
თანამედროვე სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებას ევროპაში ნატო-ს ხელმძღვანელობა აფასებს ხელსაყრელად უმთავრესად პოლიტიკური საშუალებებით მიზნების მიღწევისთვის. რომის დოკუმენტი აფართოებს უსაფრთხოების კოალიციური პოლიტიკის ფარგლებს. ამ პოლიტიკას საფუძვლად უდევს “არმელის დოქტრინა”, რომელიც ითვალსწინებს ნატო-ს საქმიანობის ორ ძირითად პრინციპს: “თავდაცვა”, რაც ნიშნავს ბლოკის სამხედრო პოტენციალის ამაღლებას და “დიალოგი”, ე. ი. დაძაბულობის შენელების პოლიტიკის გატარება, ოღონდ “ძალის პოზიციიდან”. ახალი კონცეფცია უმატებს მესამე პრინციპსაც – “თანამშრომლობა”.
ამ პრინციპის განხორციელებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა СНГ-სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან კავშირების განმტკიცებასა და განვითარებას. ამ სფეროში მოქმედებათა კოორდინაციისთვის შეიქმნა “თანამშრომლობის ჩრდილოატლანტიკური საბჭო”, რომელიც მუშაობს განსახილველ საკითხთა მნიშვნელოვნების და მიხედვით “ოცდახუთის” საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ელჩების დონეზე. 25-ში შედიან ნატო-ს წევრი 16 ქვეყანა, რუსეთი, აღმოსავლეთ ევროპის ხუთი ქვეყანა და სამი ბალტიისპირა სახელმწიფო. ყოფილ სსრკ-ში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით “16 + 9” პრინციპი შეიძლება შეიცვალოს და საბჭოს შემადგენლობა გაიზარდოს.
უსაფრთხოების ახალი პოლიტიკა ბლოკის ერთერთ პრიორიტეტულ ფუნქციად განიხილავს, პერსპექტივაში კრიზისებზე კონტროლს, რომელიც მოიცას საქმიანობას მათ აცილებასა და მოწესრიგებაში. აღინიშნება, რომ კრიზისების დაძლევისთვის კავშირმა უნდა აამოქმედოს “პოლიტიკური და სხვა ზომების ფართო ნაკრები სამხედრო ზომების მიღების ჩათვლით”.
კრიზისებისა და კონფლიქტების მოგვარების პრობლემა მოითხოვს ბლოკის პასუხისმგებლობის ზონის გაფართოებას. ეს თუმცა კი პირდაპირ არ ასახულა “ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში”, მაგრამ აქტიურად განიხილებოდა ნატო-ს საბჭოს რომის სესიის წინ. 1991 წლის დეკებერში ნატო-ს სამხედრო დაგეგმვის კომიტეტის სხდომაზე ბრიუსელში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურის სრულყოფის შესახებ პოლიტიკური არასტაბილურობის რაიონებში, რაც აუცილებელია იქ ბლოკის ჯარების გადასროლისა და. გაშლისთვის.
“ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში” ახლებურად იქნა ჩამოყალიბებული პოტენციური მოწინააღმდეგის ცნებაც. ალიანსმა უარი თქვა “აღმოსავლეთიდან მუქარის” როგორც მთავარი მადესტაბილიზებელი ფაქტორის სტრატეგიულ გადმოცემაზე. ტერმინი “მუქარა” შეიცვალა “რისკის” შედარებით ნეიტრალური ცნებით, რომელიც “ბუნებით მრავალწახნაგოვანია და აქვს მრავალი მიმართულება”.
ასეთ რისკებს ყოფილი სსრკ-დან გამომდინარე სამხედრო საშიშროების გარდა, ემატება აღმოსავლეთ ევროპაში მდგომარეობის არასტაბილურობაც, ასევე კონფლიქტები ევროპის გარეთ, ბირთვული იარაღის გავრცელება. ამასთან ერთად აღინიშნება, რომ СНГ-ის სამხედრო ძლიერება წარმოადგენს ყველაზე დიდ საშიშროებას ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის.
ნატო-ს ხელმძღვანელობა პოლიტიკურ საშუალებებთან ერთად დიდ ყურადღებას უთმობს ბლოკის საქმიანობის სამხედრო მხარეს. აქ უცვლელად არის გადმოტანილი “მოქნილი რეაგირების” სტრატეგია ალიანსის მოსამზადებლად საყოველთაო ბირთვული და შეზღუდული ომების წარმოებისთვის. ახალ პირობებში ნატო-ს ხელმძღვანელობას ნაკლებ სავარაუდოდ მიაჩნია СНГ-თან პირდაპირი კონფრონტაცია. მსხვილმასშტაბიანი საომარი კონფლიქტის გაღვივება განიხილება როგორც ლოკალური კრიზისული სიტუაციის გაწვავების შედეგი, რომლის დარეგულირებამაც შესაძლებელია ვითარების მიმდინარეობის განსაზღვრულ ეტაპზე სამხედრო დაპირისპირებამდე მიიყვანოს ნატო და СНГ.
არც “ბირთვული დაშინების” კონცეფციას განუცდია არსებითი ცვლილებები. მაგრამ თუ მანამდე მოცემული კონცეფცია ემყარებოდა ორ ფუძემდებლურ პრინციპს – ბირთვული იარაღის პირველად გამოყენებისა და შეიარაღებული კონფლიქტის წინასწარგანზრახული ესკალაციის, ახლა მათ დაემატა მესამე პრინციპიც – ნაკლები დამოკიდებულებისა ბირთვულ იარაღზე. იგი იმაში გამოიხატება, რომ “ბირთვული დაშინების” განხორციელება იგეგმება ბირთვული იარაღის შემცირებულ დონეზე, რაც დაკავშირებულია ნატო-ს გადაწყვეტილებასთან 80%-ით შეამციროს ტაქტიკური ბირთვული საშუალებების რაოდენობა ევროპაში. ამავე დროს “ქვესტრატეგიულამდელი” ბირთვული შეიარაღების როლის შენარჩუნებისთვის ბლოკის ხელმძღვანელობა გეგმავს ცვლილებების შეტანას ომის თეატრზე ნატო-ს ბირთვული ძალების სტრუქტურაში.
ძირითადი ყურადღება ექცევა საჰაერო ბაზირების ბირთვულ საშუალებათა განვითარებას, რომლებსაც გააჩნიათ საბრძოლო გამოყენების დიდი მოქნილობა, სიშორე და ეფექტურობა. პირველ რიგში განიხილება “ჰაერი – ზედაპირი” კლასის რაკეტები ბირთვული საბრძოლო ნაწილებით, რომელთა გაშვების სიშორემ შესაძლოა შეადგინოს 1000 კმ. ამგვარად ალიანსის ბირთვული შეიარაღების შემცირება განხორციელდება უმთავრესად იარაღის იმ სისტემების ლიკვიდაციის ხარჯზე, რომელთაც უკვე დაკარგეს თავიანთი მნიშვნელობა, როგორც პირველი დარტყმის იარაღისა.
მთლიანობაში “ახალი სტრატეგიული კონცეფციის” ბირთვული ასპექტის შინაარსი იმაზე ეტყველებს, რომ მასში გამოცხადებული “მოქნილი რეაგირების” შეცვლის სურვილი დაიყვანება მხოლოდ მისი რეალიზაციისთვის გამოყენებულ ბირთვულ საშუალებათა რაოდენობის შემცირებაზე.
ორი დანარჩენი სტრატეგიული კონცეფცია – “მეწინავე თავდაცვისა” და “შემცირებული მეწინავე ყოფნის” განსაზღვრავს ნატო-ს ზოგადი დანიშნულების ძალების შემადგენლობასა და გამოყენების წესს.
“მეწინავე თავდაცვის” კონცეფციის შინაარსი პრაქტიკულად თითქმის არ შეცვლილა. ახალი აქ ის არის, რომ მიზანშეწონილადაა მიჩნეული მისი შენარჩუნება ჩრდილოევროპულ და სამხრეთევროპულ ომთ-ებზე, სადაც ნატო-სა და СНГ-ის ჯარები ერთმანეთის პირისპირ დგანან. ეს კონცეფცია კვლავინდებურად ითვალისწინებს სასაზღვრო რაიონებში მძლავრი დაჯგუფებების ყოლის აუცილებლობას მოწინააღმდეგის თავდასხმის მოგერიების მიზნით. ნატო-ს ხელმძღვანელობა ვარაუდობს ბლოკის გშძ-ის დაჯგუფებათა გაძლიერებას ჩრდილოევროპულ და სამხრეთევროპულ ომთ-ებზე ნატო-ს შეიარაღების “ჰარმონიზაციის” გეგმების გატარების დროს. ეს გეგმა ითვალისწინებს ცნტრალურევროპული ომთ-დან ფლანგებზე იარაღის თანამედროვე სისტემების ნაწილობრივ გადასროლას, რომლებიც განადგურებას ექვემდებარებიან ცენტრალურევროპულ ომთ-ზე, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების თანახმად.
რაც შეეხება ცენტრალურევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრს, გადაწყვტილ იქნა მიეღოთ “შემცირებული მეწინავე ყოფნის” ახალი კონცეფცია. იგი ვარაუდობს ომთ-ის მთელ ტერიტორიაზე ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ეშელონირებულ განლაგებას ჯარების ძირითად დაჯგუფებათა ზურგის რაიონებში განთავსებით. ჯარების ასეთი განლაგება, როგორც ჩანს, ნატო-ში იგეგმება ბუფერული ზონის გაჩენის გამო აღმოსავლეთ ევროპიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის შემდეგ.
ჯერჯერობით მოქმედებაში რჩება “საჰაერო-სახმელეთო ოპერაციის (ბრძოლისა)” და “მეორე ეშელონებთან (რეზერვებთან) ბრძოლის” ოპერატიულ-სტრატეგიული კონცეფციები, როლებიც ითვალისწინებს მოწინააღმდეგის ჯარების ერთდროულ დაზიანებას მათი ოპერატიულ-სტრატეგიული მოწყობის მთელ სიღრმეში. ახალ პირობებში ეს კონცეფციაც უფრო სრულყოფილი გახდება. ბლოკის სამხედრო ორგანოებში უკვე მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებათა წარმოების ახალი ვარიანტების შემუშავება, რომლებიც ორიენტირებული იქნება მაღალი მობილურობის მქონე ძალებისა და, პირველ რიგში, “სწრაფი რეაგირების ძალების” გამოყენებაზე.
ჯერჯერობით სხვადასხვა წყაროებში გვხვდება ახალი კონცეფციის მხოლოდ “სამუშაო” სახელწოდებები. მაგალითად “საბრძოლო რაიონის ღრმა იზოლაცია” ან “მოწინააღმდეგის თავმოყრის მობილური აღკვეთა”. ესენი ამოდიან აუცილებლობიდან უზრუნველყონ ჯარების სწრაფი გაშლა პოტენციური კონფლიქტების რაიონებში კრიზისულ პერიოდში. მთავარი მათ შინაარსში არის ბლოკის დაუყოვნებლივ ადექვატური რეაგირება ყველა სამხედრო მუქარაზე.
“შემცირებული მეწინავე ყოფნის” კონცეფცია ითვალისწინებს ბლოკის გშძ-ში შესაბამისი რეორგანიზაციის ჩატარებას. გადაწყვეტილია შემცირებულ იქნას მუდმივი მზადყოფნის ჯარების რაოდენობა სარეზერვო კომპონენტების როლის ამაღლებისა და სამობილიზაციო გაშლის სისტემის სრულყოფის უზრუნველყოფით; შეიქმნას პრინციპულად ახალი ფორმირებები. ნატო-ს ზოგადი დანიშნულების ძალების რეორგანიზაციის გეგმის შესაბამისად, მის შემადგენლობაში ვარაუდობენ იყოლიონ სამი ძირითადი კომპონენტი: “სწრაფი რეაგირების ძალები”, მთავარი თავდაცვითი ძალები და გაძლიერების ჯარები.
“სწრაფი რეაგირების ძალები” განიხილება ბრძოლისთვის ყველაზე უფრო მზადმყოფ და მობილურ კომპონენტად, რომელიც განკუთვნილია ევროპულ ომთ-ებზე კრიზისულ სიტუაციებში საბრძოლო გამოყენებისთვის, ხოლო გარკვეულ პირობებში კი, ნატო-ს პასუხისმგებლობის ზონის გარეთაც.
მთავარი თავდაცვითი ძალები უნდა შეიცავდეს მუდმივად ევროპაში დისლოცირებულ ბლოკის ჯარების უდიდეს ნაწილს, რომელიც განკუთვნილი იქნება მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების წარმოებისთვის.
გაძლიერების ჯარებში შევლენ აშშ-ისა და კანადის შეიარაღებული ძალების შენაერთები და ნაწილები, რომლებსაც ევროპაში გადმოისვრიან ომისთვის უშუალო მზადების პერიოდში, აგრეთვე დასავლეთევროპული ქვეყნების სამხედრო სწავლებაგავლილი და დემობილიზაციაში გასული შძ-ის კომპონენტები. მათი რაოდენობა განისაზღვრება შესაძლო კონფლიქტის ხასიათითა და მასშტაბით.
გარდა ამისა, ვარაუდობენ ნატო-ს გშძ-ში იყოლიონ ჯარების სპეციალური კონტინგენტი – “დაუყოვნებლივ რეაგირების ძალები”, რომელთა საფუძველს შეადგენს დღეისთვის არსებული ბლოკის მობილური ძალები. მისი ძირითადი დანიშნულებაა ნატო-ს შეიარაღებული ძალების დაჯგუფებათა დაუყოვნებლივ გაზრდა ვითარების სწრაფად გამწვავების რაიონში, უწინარეს ყოვლისა ფლანგებზე. ფაქტიურად იგი ასრულებს ნატო-ს “სწრაფი რეაირების ძალების” ავანგარდული ეშელონის როლს.
ახალი სამხედრო სტრუქტურების უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია მრავალეროვნული საარმიო კორპუსებისა და დივიზიების შექმნა. მანამდე ნატო-ს გშძ-ში მრავალეროვნულობის პრინციპი ხორციელდებოდა ოპერატიულ-სტრატეგიული რგოლის ფორმირებებზე – არმიების ჯგუფი, გაერთიანებული ტაქტიკური საავიაციო სარდლობა. ამ პრინციპზე გადასვლა რგოლში “საარმიო კორპუსი – დივიზია” შეიძლება აიხსნას უწინარეს ყოვლისა პოლიტიკური მოსაზრებით განამტკიცონ ნატო-ს სამხედრო სტრუქტურები, უზრუნველყონ აშშ-ის ჯარებისა და ბირთვული საშუალებათა მუდმივი ყოფნა ევროპაში, დაამყარონ მოკავშირეთა კონტროლი გერმანიის სამხედრო საქმიანობაზე.
ბლოკის გშძ-ის რიცხოვნებისა და საბრძოლო შემადგენლობის მომავალი არსებითი შემცირების გათვალისწინებით, დიდი ყურადღება მიექცევა მის ტექნიკურ აღჭურვილობას, შტაბებისა და ჯარების ოპერატიული და საბრძოლო მომზადების ხარისხისა და ინტენსივობის ამაღლებას. გათვალისწინებულია აგრეთვე ინფრასტრუქტურის, მართვისა და ზურგის უზრუნველყოფის სისტემების სრულყოფის გაგრძელება, შეიარაღების სტანდარტიზაციისა გაძლიერების ჯარების გადასროლის შესაძლებლობათა ამაღლების პრობლემების გადაწყვეტა.
ნატო-ს ჯარების ახალი სახე ჯერ მხოლოდ ზოგად შტრიხებშია გადაწყვეტილი. არ არის შენაერთებისა და ნაწილების რიცხობრივი და საბრძოლო შემადგენლობის, საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურის საკითხების დეტალური დამუშავება. “სწრაფი რეაგირების ძალებში” ნავარაუდევია ხუთი დივიზიის ჩართვა, მათ შორის ორი მრავალეროვნული შემადგენლობისა. ეს ძალები განლაგებული იქნება სამივე ომთ-ზე. მთავარი თავდაცვითი ძალების შემადგენლობაში ვარაუდობენ იყოლიონ შვიდი საარმიო კორპუსი, რომლებშიც შეყვანილი იქნება 16 დივიზია.
გათვალისწნებულია ცვლილებების შეტანა ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მართვის სისტემაში, აგრეთვე ჩრდილოევროპული და ცენტრალურევროპული ომთ-ების დაყოფაში. იგეგმება გაუქმებულ იქნას მთავარსარდლობა ლა-მანშის სრუტის ზონაში. ჩრდილოევროპულ ომთ-ზე ნატო-ს გშძ-ის მთავარი სარდლობის შტაბი ნორვეგიიდან უნდა გადავიდეს დიდ ბრიტანეთში და დაერქვას ნატო-ს გშძ-ის მთავარი სარდლობა ჩრდილო-დასავლეთის ომთ-ზე. მის პასუხისმგებლობის ზონაში შევა ნორვეგიისა და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიები, ჩრდილოეთის ზღვის, ლა-მანშის სრუტისა და ბალტიის ზღვის სრუტეების აკვატორიები. გერმანიის შლეზვიგ-ჰოლშტაინის მიწის ტერიტორიაზე დისლოცირებული ბუნდესვერის დივიზია და დანიის ჯარები უნდა დაექვემდებარონ ნატო-ს გშძ-ის მთავარი სარდლობის შტაბს ცენტრალურევროპულ ომთ-ზე, ხოლო ამ ქვეყნების საჰაერო ძალები კი – ნატო-ს გშძ-ის მთავარსარდლობის შტაბს ჩრდილოდასავლეთ ომთ-ზე.
მთლიანობაში ნატო-ს “ახალი სტრატეგიული კონცეფცია” მხოლოდ აახლებს “მოქნილი რეაგირების” ზოგიერთ დებულებას, უმთავრესად ალიანსის საქმიანობის პოლიტიკურ სფეროში. ამავე დროს უცვლელად რჩება დამსწრები ბირთვული დარტმის მიყენების, საბრძოლო მოქმედებათა წინასწარგანზრახული ესკალაციისა და ევროპაში ამერიკული სამხედრო ყოფნის უწინდელი დებულებები. ის შეიძლება დავახასიათოთ როგორც გარდამავალი ეტაპის სამხედრო-პოლიტიკური დებულება “მოქნილი რეაგირების” სტრატეგიის კარდინალურად გადასინჯვის მომენტამდე. ეს პერიოდი შესაძლოა დადგეს 90-იანი წლების მეორე ნახევარში, როცა ყოფილი სსრკ-ის ჯარები მთლიანად გამოვლენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და მოხდება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შემცირებაზე ხელშეკრულების რეალიზაცია.
როგორც “მოქნილი რეაგირების” სტრატეგია, ისე ახალი სტრატეგიული კონცეფციაც გამოცხადებულია თავდაცვითად. ამავე დროს მასში გაკეთებული აქცენტი შორსმსროლელი სარაკეტო-ბირთვული საშუალებების განვითარებასა და მსხვილი მობილური შენაერთების შექმნაზე გვიჩვენებს, რომ ნატო-ს გშძ-ის პერსპექტიულმა სტრუქტურამ შეიძლება აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს შეტევითი მოქმედებების წარმოებაც.
ნატო-ს სამხედრო სტრუქტურების შემდგომი დახვეწა დაკავშირებულია 1992 წელს ალიანსის მიერ აღებულ ვალდებულებასთან თითოეული შემთხვევის ცალ-ცალკე განხილვის საფუძველზე მხარი დაუჭიროს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საბჭოს (ეუთს) და გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციებს. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება:
– მიეცეს უფლება ალიანსის ყოველ წევრ ქვეყანას თავად განსაზღვროს მიიღებს თუ არა ამონაწილეობას აღნიშნულ ოპერაციებში;
– შესაძლოა საჭირო გახდეს იმ ძალების ჩართვაც, რომლებიც არ ეკუთვნიან ნატო-ს;
– ალიანსის ოპერატიული ზონის ფარგლებს გარეთ მისი ინფრასტრუქტურისგან მოწყვეტის პირობებში ზურგისა და საინჟინრო უზრუნველყოფის, აგრეთვე კავშირგაბმულობის დამატებით საშუალებათა აუცილებლობაზე.
საშვიდობო და სხვა მოულოდნელად წამოჭრილ ოპერაციებში უფრო მოქნილი მონაწილეობის მიღებისთვის, აგრეთვე ნატო-ს გარეთ მყოფ ქვეყნებთან სამხედრო და პოლიტიკური თამანშრომლობის პროცესის გასაღრმავებლად ბლოკის წევრი ქვეყნების უმაღლესი დონის შეხვედრაზე ბრიუსელში 1994 წლის იანვარში მიღებულ იქნა “მშვიდობისათვის პარტნიორობის” პროგრამა და კომბინირებული გაერთიანებული ტაქტიკური ძალების (კგტძ) კონცეფცია. ეს უკანასნელი მჭიდროდაა დაკავშირებული უსაფრთხოებისა და თავდაცვის ევროპული სისტემის (უთეს) ახლახანს შექმნილ დოქტრინასთან და კონკრეტულ ჟღერადობას აძლევს ამ სისტემის ნატო-გან “გამოყოფისა და არა ჩამოშორების” პრინციპს. იგი ერთის მხრივ ხსნის (раскрывает) ნატო-ს პოტენციალს, მის ძალებსა და საშუალებებს (აძლევს ?) ზურგისა და სარდლობის უზრუნველყოფას ერთობლივი ოპერაციებისთვის, მაგრამ ამავე დროს ინარჩუნებს ნატო-სა და დასავლეთევროპული კავშირის (დეკ) ერთიან სამხედრო სტრუქტურას საერთო თავდაცვითი პოტენციალის ეფექტურობის შენარჩუნებისთვის ვაშინგტონის 1949 წლის ხელშეკრულების მე-5 მუხლის ფუძემდებლური მოთხოვნების შესაბამისად. გარდა ამისა, კგტძ საშუალებას აძლევს ნატო-სა და დეკ-ს თავიდან აიცილონ ძვირადღირებული სამშვიდობო და სხვა სამხედრო ოპერაციების დუბლირება და კონკურენცია.
კგტძ-ის კონცეფცია ითვალისწინებს ნატო-ს არსებული რესურსების საფუძველზე შეიარაღებული ძალების სამივე სახეობის მრავალეროვნული შტაბების შექნას, რომლებიც აუცილებლობის შემთხვევაში მზად იქნებიან ნატო-ს სამხედრო სტრუქტურების გარეთ მყოფი ელემენტების მისაღებად, თუკი ისინი ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში ან “მშვიდობისათვის პარტნიორობის” პროგრამის შესაბამისად, სურვილს გამოთქვამენ ბლოკის ძალებთან ერთად მისი ოპერატიული ზონის გარეთ ტერიტორიებზე სამშვიდობო ან სხვა მოულოდნელად წამოჭრილ ოპერაციებში მონაწილეობის მიღებაზე. ამ მიზნით იქმნება ნატო-ს ძირითადი ძალებიდან გამოყოფილი შენაერთების ურთიერთმოქმედების მექანიზმი იმ ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან, რომლებიც არ შედიან ალიანსის სამხედრო სტრუქტურაში ან შენაერთებთან, რომლებიც ეკუთვნიან სხვა ორგანიზაციებს.
იმ შემთხვევაში, თუ ნატო გადაწყვეტს არ მიიღოს მონაწილეობა მოცემულ ოპერაციებში, კგტძ მზად უნდა იყოს, ბლოკისგან მიღებული უფლებამოსილებებით, ჩაერთოს ამ ოპერაციების შესრულებაში დასავლეთევროპული კავშირის ან უსაფრთხოებისა და თავდაცვის ევროპული სისტემის ეგიდით.
ნატო-ს ქვეყნებისა და მთავრობების ხელმძღვანელებმა ბრიუსელში მოიწონეს კგტძ-ის კონცეფცია და რეკომენდაციით მიმართეს ჩრდილოატლანტიკური (კავშირის ?) საბჭოს მუდმივ სესიას შეიმუშაოს მისი განხორციელების კონკრეტული მოდელები. საბჭომ ანგარიში უნდა წარუდგინოს მოცემული გადაწყვეტილების შესრულებაზე ნატო-ს მინისტრებს 1994 წლის 8-10 ივნისის დაგეგმილ შეხვედრაზე ქ. სტამბულში.
ირაკლი ხართიშვილი
(ლიტერატურულ წყაროებად გამოყენებულ იქნა ჟურნალ Зарубежное Военное Обозрение-ს ნომრებში გამოქვეყნებული წერილები)
პარტნიორობა მშვიდობისათვის
ჩრდილოატლანტკური კავშირის ლონდონის თათბირზე 1990 წლის ივლისში მიღებულ დეკლარაციაში ნატო-მ ფორმალურად სცნო ცივი ომის დამთავრება და მეგობრობის ხელი გაუწოდა თავის ყოფილ მოწინააღმდეგეებს უკვე არარსებული ვარშავის ხელშეკრულებიდან. კავშირის ერთ-ერთ ძირითად ამოცანად იქცა დახმარების აღმოჩენა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის სტაბილურობის შენარჩუნებაში.
1991 წლის ნოემბერში უმაღლეს დონეზე შეხვედრაზე რომში განისაზღვრა ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომლის საფუძველზეც შემუშავებულ იქნა ახალი სამხედრო დოქტრინა. გარდა ამისა მშვიდობისა და თანამშრომლობის რომის დეკლარაციის საფუძველზე დაარსებულ იქნა ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო (ჩთს), რომელიც მოწოდებულია იქცეს ნატო-ს დაახლოებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის ოფიციალურ საფუძვლად ახალ პარტნიორებთან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან. ამ მოვლენამ სხვებთან შედარებით უფრო მეტი გავლენა იქონია კავშირის საქმიანობაზე. ნატო-ს გენერალური მდივნისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარის მანფრედ ვიორნერის სიტყვებით: “დღეს ნატო-ს ყველა ძირითადი სტრუქტურის – როგორც სამხედროსი ისე სამოქალაქოსიც – დროის, ენერგიისა და რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულია ჩთს-ის, აგრეთვე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის სხვა ფორმების წლიური სამუშაო გეგმების შესრულებაზე”.
რომის შეხვედრის შემდეგ საერთაშორისო ვითარებამ გარკვეული ცვლილებები განიცადა, რის შედეგადაც 1994 წლის 10-11 იანვარს ბრიუსელში უმაღლეს დონეზე შეხვედრისას გადაიდგა ახალი ნაბიჯები ნატო-ს გარდასაქმნელად უსაფრთხოებისა და თავდაცვის მომავლის მოთხოვნათა დაკმაყოფილებისთვის. ერთი ამ ნაბიჯთაგანია პროგრამის “პარტნიორობა მშვიდობისათვის” (Partnership For Peace - PFP) მიღება.
მანფრედ ვიორნერის სიტყვებით, ეს პროგრამა საშუალებას აძლევს ნატო-ს პარტნიორებს იმუშაონ ალიანსთან თავიანთი სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაზე ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ერთობლივი დაგეგმვა, სწავლება და მანევრები, სამშვიდობო და ჰუანიტარული ოპერაციების ჩატარება, მათი შესაძლებლობების გაფართოების მიზნით. პროგრამა “პარტნიორობა მშვიდობისათვის” საშუალებას მისცემთ უზრუნველყონ სრული ტრანსპარენტობა (გამჭვირვალობა – ი. ხ.) ეროვნული თავდაცვის სისტემებისა და სამხედრო ბიუჯეტების დაგეგმვის საკითხებში და ხელს შეუწყობს შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის გაძლიერებას. ნატო-ს ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ აღნიშნული პროგრამის ამ მიზნების მიღწევა საშუალებას მისცემთ არსებითად განმტკიცებულ იქნას უსაფრთხოება და სტაბილურობა ევროპაში. პროგრამის აქტიური მონაწილეები შეძლებენ აწარმოონ ნატო-თან კონსულტაციები იმ შემთხვევევებში, თუკი მათი აზრით წამოიჭრება პირდაპირი მუქარა მათი ტერიტორიული მთლიანობის, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის.
პროგრამა “პარტნიორობა მშვიდობისათვის” დაკავშირებულია ნატო-ს გაფართოების პრობლემასთანაც. თუმცა ალიანსის ხელმძღვანელობა გაგებით ეკიდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი მთავრობის სურვილს გახდნენ ჩრდილოატლანტიკური კავშირის წევრები, 1993 წლის შეოდგომაზე მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ნატო-ს დაუყოვნებლივ გაფართოება არ მოხდება. ასეთ ნაბიჯს შესაძლოა მოჰყვეს ახალი გამიჯვნა ევროპაში, რაც არა თუ ხელს შეუწყობს, არამედ უფრო დააზიანებს უსაფრთხოების უზრუნველყოფას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და მთელ ევროპაში. ამის ნაცვლად ნატო სთავაზობს თავის პარტნიორებს პროგრამას, რომელიც გაუადვილებს ურთიერთმოქმედებას და ამავდროულად მოამზადებს მომავალ კანდიდატებს კავშირში შესასვლელად. პროგრამა “პარტნიორობა მშვიდობისათვის” არავის არ ემუქრება, პირიქით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები თვითონ, პროგრამაში თავიანთი მონაწილეობის ხარისხის მიხედვით, თვითშერჩევის პროცესში, შეძლებენ გამოხატონ თავიანთი სურვილი ნატო-თან კიდევ უფრო მეტად დაახლოებაზე.
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის ფელდმარშალ სერ რიჩარდ ფინსტენის შეფასებით, პროგრამა “პარტნიორობა მშვიდობისათვის” წარმოადგენს ნატო-ს პარტნიორთა მონაწილეობის ინსტრუმენტს ერთობლივი ღონისძიებების ფართო სპექტრში იმ ტემპებითა და მასშტაბებით, რომლებსაც ისინი თავად განსაზღვრავენ. ბევრი ამ ღონისძიებთაგან მიეკუთვნება სამხედრო სფეროს სამშვიდობო ოპერაციების, საძიებო-სამაშველო სამუშაოებისა და ჰუმანიტარული მისიების საკითხებში ერთობლივი საბრძოლო მომზადებისა და მანევრების ჩათვლით. გარდა ამისა, ისინი მიიღებენ საშუალებას მუდმივად ასწორონ ნატო-ს მიხედვით თავიანთი სამხედრო დაგეგმვისა და ორგანიზაციის სხვა ასპექტები, რითაც მოამზადებენ ინტეგრაციისა და მიდგომათა ერთიანობის პერსპექტივას. ამ უკანასკნელის საფუძველზე თავის დროზე შეიქმნება პირობები ნატო-ს ძალებთან ერთად საერთაშორისო ოპერაციებში უფრო ეფექტური მონაწილეობისთვის. იმ ქვეყნებს, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ამ თანამშრომლობაში, აგრეთვე “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის ფარგლებში შეასრულებენ თავიან უფრო ფართო ვალდებულებებს, მიეცემათ წინადადება აწარმოონ კონსულტაციები ნატო-თან, როცა ისინი ჩათვლიან, რომ წარმოიქმნა პირდაპირი მუქარა მათი ტერიტორიული მთლიანობის, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებოისათვის.
ყველაზე უფრო ვრცლად “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის რაობას განმარტავს აშშ-ის მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ლეს ესპინი, რომელმაც 1993 წლის ოქტომბერში პირველად წარუდგინა პრეზიდენტ კლინტონის ეს კონცეფცია ჩრდილოატლანტიკური კავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს და საკვანძო როლიც ითამაშა აღნიშნული პოლიტიკის ფორმულირებაში.
ლეს ესპინის სიტყვებით “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის რატიფიკაცია ნატო-ს ქვეყნების მიერ და მისი მომდევნო მოწონება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ქმნის ხელსაყრელ პირობებს უსაფრთხო და მშვიდობიანი ევროპისთვის, როგორც თავისუფალი სახელმწიფოების შეკრული გაერთიანების სანუკვარი ოცნების რეალიზაციისთვის ატლანტიკიდან ურალამდე.
“პარტნიორობა მშვიდობისათვის” ქმნის საერთაშორისო მისიაში კონკრეტული ოპერატიული თანამშრომლობის პირობებს ევროპაში უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, გადააქცევს რა ნატო-ს ამ მისიის ბირთვად. მოცემული პროგრამა შესაძლებლობას აძლევს ნატო-ს პარტნიორებს ითანამშრომლონ ამ ორგანიზაციასთან ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა მშვიდობის შენარჩუნება, ბრძოლა სტიქიურ უბედურებებთან, საძიებო-სამაშველო სამუშაოები. გარდა ამისა, პროგრამა მოამზადებს ნატო-ს წევრობისთვის იმ ქვეყნებს, რომლებიც გადაწყვეტენ ისარგებლონ პროგრამით შემოთავაზებული ყველა შესაძლებლობით.
“პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამაში მონაწილეობა ღია იქნება. ბრიუსელში უმაღლეს დონეზე შეხვედრისას ნატო-მ მიწვევები გაუგზავნა ჩრდილიატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს ყველა სახელმწიფოს შეერთებოდა ამ პროგრამას. ყველა ევროპული ქვეყნები, რომლებსაც სურთ პროგრამაში მონაწილეობა, შეძლებენ შეუერთდნენ მას ნატო-თან ცალკე ხელშეკრულების დადებით.
რომელიმე ქვეყნის მიერ სურვილის გამოთქმისას შეუერთდეს პროგრამას, მან უნდა წარადგინოს ნატო-ში თავისი სამუშაო გეგმა, ასახავს რა მასში “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამაში თავისი მონაწილეობის მასშტაბებსა და წესებს. მოცემულ დოკუმენტში მითითებული იქნება თუ რა ძალებისა და საშუალებებს გადაცემას აპირებს პარტნიორი აღნიშნულ პროგრამაში და რა ღონოისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ამავე დროს პარტნიორმა უნდა დაამტკიცოს, რომ იგი მუშაობს თავის შეიარაღებულ ძალებზე სრული დემოკრატიული კონტროლის მისაღწევად და ისწრაფვის ტრანსპარენტობისკენ სამხედრო ბიუჯეტის შედგენისა და თავდაცვითი პოლიტიკის განსაზღვრისას თავის მოქალაქეთათვის სრული ინფორმაციის მიცემის გზით.
ჩამოთვლილი დოკუმენტების ნატო-ში პრეზენტაციის შემდეგ ამ ქვეყნებს შეეძლებათ გააგზავნონ თავიანთი მუდმივი მეკავშირე ოფიცრები პარტნიორობის კოორდინაციის ჯგუფში ბელგიის ქალაქ მონსში. პარტნიორი შეძლებს აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური კავშირის შესაბამის პოლიტიკურ ღონისძიებებში. დადგენილ დროში, შესაძლოა უკვე ამ წლის განმავლობაში, პარტნიორის ძალები შეძლებენ მონაწილეობის დაწყებას ნატო-ს ძალებთან ერთობლივ მანევრებში. ეს მანევრები მოწოდებულია უჩვენოს აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანას “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის ქმედითობა და ნატო-ს განზრახვის სერიოზულობა სამხედრო თანამშრომლობის კოორდინაციის სფეროში.
ძნელი არ არის იმის დამტკიცება, რომ “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამას აქვს დიდი უპირატესობანი აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა ნატო-ს რიგებში სრული დაუყოვნებლივი შეყვანის წინადადებებთან დაკავშირებით.
ჯერ ერთი, ეს საშუალებას მისცემთ თავი აარიდონ უსაფრთხოების ახალი საზღვრების დახაზვას ევროპის რუკაზე, რომლებიც მხოლოდ ხელს შეუწყობს კონტინენტის დესტაბილიზაციას. “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის კრიტიკოსები, რომლებიც იბრძოდნენ ნატო-ს დაუყოვნებლივ გაფართოებისთვის, იგნორირებას უკეთებენ ახალი წევრების შერჩევისა და კავშირში მათი შესვლის თანამიმდევრობის პრობლემას. რა შეიძლება მოელოდეთ ქვეყნებს, რომლებსაც უარს ეტყოდნენ ახალ წევრად მიღებაზე? ხომ არ ისარგებლებდნენ ამით რუსეთის კონსერვატიული წრეები ამ ქვეყნების დასაშინებლად? “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამა ახალი გამყოფი მიჯნის ნაცვლად ამყარებს ხალხთა დამაახლოებელ ახალ კავშირებს.
მეორე, ცივი ომის დამთავრებისა და ახალი საერთაშორისო ვითარების ჩამოყალიბების შემდეგ ნატო ესწრაფვის თანამშრომლობა შესთავაზოს თავის პარტნიორებს დემოკრატიისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ზოგადი პრინციპების საფუძველზე. აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი სახელმწიფო თავის მეზობლებზე გაცილებით უფრო შორს წავიდა ამ სფეროში. მოითხოვს რა პარტნიორებისგან შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლისა და თავდაცვითი პოლიტიკის სფეროში ტრანსპარენტობის მისაღწევად გადადგმული ნაბიჯების მკაფიოდ განსაზღვრას, “პარტნიორობა მშვიდობისათვის” სტიმულს აძლევს ამ ქვეყნებს სწორი მიმართულებით შემდგომი განვითარებისთვის.
მესამე, პროგრამა აცხადებს ყველა ქვეყნისთვის შესაძლებლობის თანასწორობას, მაგრამ, ამასთან ერთად, თითოეული ქვეყნის მიღწევები განიხილება ცალცალკე. პროგრამა იზრუნებს იმაზე, რომ ქვეყნებს შორის განსხვავებანი გატარებულ იქნას მათი საკუთარი ძალისხმევის საფუძველზე და არა სხვა რაიმე აბსტრაქტული მოსაზრებით. ბევრი ქვეყანა დაკმაყოფილდება თავად დეკლარაციაზე ხელის მოწერის ფაქტით. სხვები შემოიფარგლებიან მხოლოდ სიმბოლური მონაწილეობით და პირიქით, აქტიური და პროგრამის ერთგული პარტნიორები, რომლებიც ნატო-ს ძალებთან ერთად ჩაერთვებიან უშუალოდ დაგეგმვაში, საბრძოლო მომზადებასა და მანევრებში, რეგულარულად მიიღებენ რა მონაწილეობას პოლიტკურ კონსულტაციებში, ისარგებლებენ უპირატესობით. ისინი უფრო სწრაფად აითვისებენ ნატო-ს სტანდარტულ ოპერატიულ პროცედურებს, ურთიერთმოქმედების ჩვევებსა და საკონსულტაციო პრაქტიკის საფუძვლებს. და რა თქმა უნდა, აქტიური პარტნიორები შეძლებენ კონსულტაციები იქონიონ ნატო-თან იმ შემთხვევებში, როცა, მათი აზრით, წარმოიქმნება მუქარა მათი უსაფრთხოებისთვის. თვითშერჩევის ამ პროცესის წყალობით, რაც უფრო აქტიურია თვითონ ქვეყნის მოქმედებები, მით უფრო ახლობელი ხდება ნატო-თვის მისი უსაფრთხოების ინტერესები.
“პარტნიორობა მშვიდობისათვის” აყენებს ნატო-ში მიღებაზე საკითხს არა დაახლოების პროცესის დასაწყისში, არამედ მის ბოლოს. პარტნიორობაში გარკვეული გამოცდილების შეძენის შემდეგ გაცილებით უფრო ნათელი გახდება პროგრამაში მონაწილე რომელი ქვეყანა ესწრაფვის გაიზიაროს დემოკრატიისა და ურთიერთ უსაფრთხოების ზოგადი პრინციპები, რომლებიც შეადგენს ჩრდილოატლანტიკური კავშირის საფუძველს.
ნატო თავის მოვალეობად მიიჩნევს მეგობრობის ხელი გაუწოდოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომელთაც გამოიარეს ტოტალიტარული ხელისუფლების ოთხი ათეული წელიწადი. მიუხედავად ამისა, პროგრამა “პარტნიორობა მშვიდობისათვის” არ აუქმებს იმ ფაქტს, რომ ნატო არის ურთიერთვალდებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რაც მისი წევრებისგან მოითხოვს მნიშვნელოვან ძალისხმევასა და ხარჯებს. აღნიშნული პროგრამის დახმარებით ნატო უნარიანად და წარმატებით იკვალავს თავის კურსს, ცდილობს რა თავი აარიდოს ორ უკიდურესობას: ერთის მხრივ, ახალი რკინის ფარდის შექმნასა და, მეორეს მხრივ, ყოფილი ვარშავის ბლოკიდან ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნების ბედისადმი გულგრილობის კედლის აღმართვას. და რაც მთავარია, “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამას შეუძლია დახმარება გაუწიოს იმაში, რომ გადააქციონ ახალი ევროპა უფრო მეტად უსაფრთხო, მშვიდობიან და თავისუფალ რეგიონად.
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა
ლიტერატურულ წყაროდ გამოყენებულ იქნა ნატო-ს ბლოკის არაოფიციალური გამოცემები რუსულ ენაზე, რომლებიც შეეხებოდა “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამას. არაოფიციალურობა ამ გამოცემული მასალებისა აისახებოდა იმაზე, რომ ისინი გამოქვეყნებულ იქნა არა ნატო-ს ერთერთ ოფიციალურ ენაზე – ინგლისურზე ან ფრანგულზე, არამედ რუსულზე, ხოლო იქ გადმოცემული ინფორმაციის სანდოობა კი სრულებით არ ყოფილა ეჭვის ქვეშ დაყენებული.
ნაშრომი პირველად გამოქვეყნდა 1994 წლის აპრილში
No comments:
Post a Comment