Wednesday, February 22, 2012

კალვინი და კალვინიზმი

(ქვემოთ მოყვანილი მასალა წარმოადგენს 1890-იან წლებში გამოქვეყნებულ ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში მოთავსებული წერილების თარგმანს. ჩვენ ამ სფეროში მაინცა და მაინც გარკვეული არა ვართ, მაგრამ შევეცადეთ შეძლებისდა გვარად ზედმიწევნით გადმოგვეცა ყოველივე ის, რაც ეწერა აღნიშნულ წერილებში. მომავალში შევეცდებით ასეთივე თარგმანების მიწოდებას ჩვენი მკითხველისთვის სხვა ძირითადი ქრისტიანული კონფესიების შესახებაც. მათი გაცნობა ქართველი მართლმადიდებელი მკითხველისთვის უთუოდ სასარგებლო იქნება, მხოლოდ საჭიროა ფხიზელი თვალით, ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოების სიმაღლიდან დანახვა, აღქმა და შეფასება დასავლეთევროპული რელიგიური მიმდინარეობებისა)

კალვინი

ჟან კალვინი (Calvin) გახლდათ ერთერთი XVI ს. სამი უმსხვილესი რეფორმატორიდან (ლუთერი, ცვინგლი) და რეფორმაციის რომანული ტიპის წარმომადგენელი. კალვინი დაიბადა 1509 წ. ქ. ნოიონში პიკარდიაში (საფრანგეთის ჩრდილოეთი), შეძლებულ ბურჟუაზიულ ოჯახში. მის მამას, ჟერარ კოვენს (Cauvin – ეს გვარი შემდეგ ლათინიზებულ იქნა კალვინის მიერ, მეცნიერთა ჩვეულების მიხედვით, Calvinus-ად, Calvin-ად), ეკავა ეპისკოპოსის მდივნის თანამდებობა. იგი ცდილობდა თავისი შვილებისთვის საფუძვლიან განათლება მიეცა. კალვინის არაჩვეულებრივი ნიჭიერება ადრევე იქნა შემჩნეული ოჯახში. 14 წლისა იგი სასწავლებლად გაუშვეს ბურჟში. უკვე აქ გამოიხატა მომავალი საეკლესიო მოღვაწის ხასიათი: მისი სიბეჯითე და გულმოდგინება, სწრაფად ათვისებისა და ათვისებულის ჩინებულად გადმოცემის უნარი, რომელიც მას აყენებდა მასწავლებლის მდგომარეობაში ამხანაგებს შორის, მისი გაღიზიანებადობისა და წყენისადმი მიდრეკილი ზნე, რის გამოც მან მიიღო ზედმეტსახელი “აკუზატივი”. მამა ფიქრობდა თავიდან რომ იგი ღვთისმეტყველად აღეზარდა და იშოვნა მისთვის ბენეფიცია, მაგრამ შემდეგ მან შეიცვალა აზრი და აიძულა შვილი რომ აერჩია იურიდიული კარიერა. უკანასკნელისადმი ნაკლებად განწყობილი კალვინი ორ წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში ისმენდა სამართლის საუკეთესო პროფესორთა ლექციებს საფრანგეთში, თავიდან პარიზში, შემდეგ კი ორლეანში. ამ სკოლამ თავისი ბეჭედი დაუსვა კალვინის გონების ჩამოყალიბებას: მისეული უნარი იმისა, რომ მსჯელობასა და დიალექტიკურ კამათში ძირითადი პრინციპი უმალვე დაეჭირა, ულმობელი ლოგიკით განევითარებინა მისგან ყველა დასკვნა, მისი ინტერესი პოლიტიკისადმი, კანონმდებლობისა და ადმინისტრაციისადმი, თუკი არ წარმოიქმნა აქ, ძლიერად განვითარდა მაინც. მამის სიკვდილმა (1531) მისცა მას ცხოვრების გზის თავისუფლად არჩევის შესაძლებლობა და მან თავი მისცა ჰუმანისტურ მეცადინეობებს. ამ ხანებში კალვინის მთავარი მიზანი გახლდათ ის, რომ შეეძინა ერაზმ როტერდამელის სულის მქონე მეცნიერისა და ლიტერატორის სახელი: უკვე 1532 წელს იგი გამოსცემს კომენტარებს სენეკას ტრაქტატზე “De Clementia”. ეს არის ფილოლოგიური ნაშრომი, რომელშიც თუმცა კი ბევრი მინიშნებაა თანამედროვე პოლიტიკურ წესრიგზეც; მაგრამ მასში ჯერ კიდევ არ არის თუნდაც უმცირესი ნიშანი კალვინის კუთვნილებისა პროტესტანტული პარტიისადმი.

ამასობაში, კალვინის ახლო ნათესავებსა და თანამემამულეებს შორის, რომლებიც ნაწილობრივ მასთან ერთად სწავლობდნენ, ბევრი იყო “ლუთერანობისადმი” მიდრეკილი. ერთერთმა მათგანმა, პიერ რობერმა, ზედმეტსახელად ოლივეტანმა – რომელიც ნამყოფი გახლდათ გერმანიაში, იქონია, როგორც ჩანს, დიდი გავლენა კალვინზე, რომელიც თავის თანატოლებზე უფრო მოგვიანებით მიჰყვა ახალ სწავლებას. მისი ბუნებისთვის უცხო იყო აღფრთოვანება და ენთუზიაზმი. იგი ვერ იტანდა (ვერ განიცდიდა) მძიმე სულიერ კრიზისს, როგორც ლუთერი. მისი გადასვლა პროტესტანტიზმში გახლდათ ნელი და რთული განსჯითი მუშაობის შედეგი. თავიდან კალვინი ემხრობა ფრანცისკ I-ის დის, მარგარიტას წრის ადამიანთა ზომიერ მიმართულებას, რომლებიც ერაზმის სულით ოცნებობდნენ წმინდა სახარების ქადაგებაზე (о проповеди чистого Евангелия) არსებული დაწესებულებების ნიადაგზე. 1534 წ. ჩვენ კალვინს ვხედავთ უკვე დაჯერებული პროტესტანტების რიცხვში, რომლებმაც მკვეთრად გაწყვიტეს ურთიერთობები ეკლესიასთან. კალვინის ერთერთი გვიანდელი ბიოგრაფია (შედგენილი ბეზას მიერ 1575 წ.) მის მოულოდნელ გამგზავრებას პარიზიდან 1533 წ. შემოდგომაზე გვიხსნის მისი მონაწილეობით ერთ პროტესტანტულ დემონსტრაციაში. შემდეგ კალვინის ბიოგრაფები გადმოგვცემენ მის სხვადასხვა მოგზაურობას (ხეტიალს) დასავლეთ და სამხრეთ საფრანგეთში, მერე იტალიაში, მისეულ მცდელობებს პროპაგანდის წარმოებაზე. ყველა ამ ცნობის შემოწმება ძალზედ ძნელია: უეჭველია მხოლოდ ის, რომ 1534 წ. კალვინი არ იყო მთავრობისთვის ცნობილი აგიტატორების ან კიდევ ამაში თუნდაც ეჭვმიტანილი პირების რიცხვში; მას შეეძლო მშვიდად გამოჩენილიყო ამ წლის ზაფხულში მის მშობლიურ ნოიონში, სადაც უარი თქვა თავის ბენეფიციაზე. კალვინის ემიგრაცია საფრანგეთიდან (სავარაუდოდ, 1534 წ. გვიან შემოდგომაზე) იყო ნებაყოფლობითი, მაგრამ იგი კავშირში იმყოფება შემობრუნებასთან საფრანგეთის მთავრობის საეკლესიო პოლიტიკაში. 1533 წ. დაიწყო რელიგიური დევნების ერა. საფრანგეთის საზღვრებს გარეთ, სამხრეთ-დასავლეთ გერმანიისა და შვეიცარიისკენ გაეშურა (бросились) მრავალი ემიგრანტი. ფრანგულმა პროტესტანტიზმმა ამ დროიდან მიიღო უპირატესად რადიკალური შეფერილობა. კალვინმა ამ ეპოქაში შეიძინა კიდევ ჩრდილოელი ფრანგის მეთოდურობა, დაჯერებული დოქტრინიორის შეუბრალებელი ლოგიკა.

ბევრი მის თანამოაზრეთაგან ხდებოდა მქადაგებელი (მაგალითად ფარელი – რომანულ შვეიცარიაში) ან ცდილობდა ემოქმედა საიდუმლო აგიტაციით საფრანგეთში; კალვინს სურდა რომ ახალი საქმისთვისაც სამსახური გაეწია სწავლული მწერლის, პროფესორის სახით. იგი გაემართა თავიდან სტრასბურგში, სადაც დაუახლოვდა ბუცერსა და კაპიტონს, შემდეგ ბაზელში. აქ, 1536 წ. დასაწყისში გამოვიდა მისი “ქრისტიანულ სარწმუნოებაში დარიგებათა” (“Institutio religionis chrtistianse”) პირველი გამოცემა, რომელიც შემდეგ რამდენჯერმე ხელახლა გამოიცა და გაფართოვდა (უკანასკნელი ყველაზე უფრო მეტად ცნობილი გამოცემა – 1559 წ.) და საბოლოო ჯამში იქცა კალვინიზმის მთელი დოგმატური და საეკლესიო სწავლების შეჯამებად. კალვინის პირველ ნაშრომში ჯერ კიდევ ცოტაა ორიგინალური შინაარსის მიხედვით; ავტორის მიზანი იყო სისტემატიურად გადმოეცა უკვე განსაზღვრულად ჩამოყალიბებული პროტესტანტული იდეების ჯამი, ბოლო დაედო სწავლებისა და წყობილების მოუწესრიგებლობისთვის თანამოაზრეებს შორის. ამ მიმართებით კალვინმა შორს ჩამოიტოვა უკან, გადმოცემის სინათლის, შეკუმშულობისა და ძალის მიხედვით, ყველა თავისი წინამორბედის მცდელობანი ასეთივე სულისკვეთებით. კალვინის წიგნი საკუთარი თავით აღნიშნავს ახალი პერიოდის დასაწყისს პრტოტესტანტიზმის ისტორიაში. არა ადამიანი, მისი ტანჯვითა და ეჭვებით, აინტერესებს კალვინს, არამედ ჭეშმარიტი გაგების აღდგენა ღმერთის შესახებ, რომელიც დამცირებულია (დაკნინებულია) პაპიზმის მიერ. ამ ძირითად ხაზს უერთდება სწავლებაც წინასწარგანსაზღვრულობის (წინასწარდანიშნულების) შესახებ (ученiе о предопределенiи /предестинацiя/), რომელიც თუმცა კი განვითარებულ იქნა “დარიგების” მხოლოდ შემდგომ გამოცემებში. ღვთის ნების უპირობო ბატონობის იდეა, რომელიც ადამიანებს ირჩევს მხოლოდ თავის იარაღებად, გამორიცხავს აზრს ადამიანთა დამსახურებების შესახებ, თვით თავად წარმოდგენასაც კი თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობაზე ადამიანთა გადაწყვეტილებებში. აქედან გამომდინარე ცნება წინასწარგანსაზღვრულობის შესახებ განვითარებული იყო ჯერ კიდევ ნეტარი ავგუსტინეს მიერ და მას მეტ-ნაკლებად იზიარებდა XVI ს. ყველა რეფორმატორი; მაგრამ მათ შორის არავინ არ წასულა ასე შორს პრინციპის ფორმულირებაში, აგრეთვე მისგან გამომდინარე დასკვნებში, როგორც კალვინი.

კალვინის მოძღვრების მიხედვით სამარადისო ხსნისთვის (სულის ცხონებისთვის) წინასწარ დანიშნულნი (განკუთვნილნი) შეადგენენ არცთუ დიდ ჯგუფს, რომელიც არჩეულია ღმერთის მიერ ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელი გადაწყვეტილებით, ადამიანთა ყოველგვარი დამსახურებების მიუხედავად. მეორეს მხრივ, არანაირ ძალისხმევას არ შეუძლია მათი გადარჩენა, რომელთაც მისჯილი აქვთ მარადიული დაღუპვა. ადამიანთა როგორც კეთილი, ისე ბოროტი საქმეებიც ემსახურება ღვთიური წინასწარგანსაზღვრულობის აღსრულებისთვის., მაგრამ ეს არანაირად არ უხსნის დანაშაულს ადამიანს (нисколько не снимаетъ вины съ человека); ყველანაირი სიცრუე – ღვთის სახელის შეურაცხყოფაა და მას მოჰყვება მკაცრი სასჯელი. კალვინის წარმოდგენაში ღმერთის შესახებ არის რაღაც ძველაღთქმისეული. იგი ხალისით მიმართავს მაგალითებს ისრაელის ისტორიიდან და ამ დროს როგორღაც ივიწყებს სახარებისეულ სიყვარულის ქადაგებას. მაგრამ კალვინის მოძღვრებაში არის სხვა მხარეც. ადამიანს არა აქვს უფლება ჩაეძიებოდეს იმას, თუ რა არის მის შესახებ გადაწყვეტილი ზეცაში; იგი უნდა სასოებდეს მის კუთვნილებაზე რჩეულებისადმი, რამეთუ იგი მიდის ღვთის მიერ ნაჩვენები გზით. ადამიანის ნების სრული დაქვემდებარება (დამორჩილება) ღვთაებრივი წინასწარმოხაზულობებისადმი (предначертанiя) უნდა ბადებდეს მასში (საკუთარი) სიმართლის შეგნებას და ამა ქვეყნის ხელისუფალთადმი წინააღმდეგობის გაწევის ძალას, რადგანაც ისინი მიდიან ღმერთის ბრძანებათა წინააღმდეგ. მხოლოდ ხელმწიფეების ღმერთისადმი მორჩილებაში მდგომარეობს მიწიერი ხელისუფლების გამართლება. დაჟინებით მოითხოვს რა ღვთის სიტყვის პირდაპირი მოწმობის უპირობო ბატონობას, რომელიც გადმოცემულია წმინდა წერილში, კალვინი ნათელი (მკაფიო) ნიშნით განაცალკევებს თავის სწავლებას როგორც კათოლიკობისგან, ისე ყველანაირი მისტიკური მიმდინარეობებისგანაც (ანაბაბტისტები და სხვა), რომლებიც წმ. წერილში დაწერილი გამოცხადების ახლოს ან კიდევ მასზე მაღლა აღიარებდნენ შინაგან, უშუალო გამოცხადებასაც. კალვინის მოძღვრებაში პროტესტანტიზმი ღებულობს უპირატესად მშრალ, რაციონალისტურ ხასიათს. იგი არსად არ ტოვებდა ადგილს წარმოსახვის თამაშისთვის, განუსაზღვრელი (გაურკვეველი) სასოებისთვის: ყველგან – ლოგიკური მსჯელობაა და მითითება წმ. წერილის პირდაპირ ტექსტზე. ადამიანთა ყველანაირი გაერთიანება, რომელშიც გაისმის ღვთის სიტყვის ქადაგება და აღესრულება საიდუმლოებანი (ნათლობა და ზიარება), კალვინის შეხედულებით, არის ეკლესია. მაგრამ ღვთის სიტყვის მაუწყებელთა (провозвестниковъ слова Божiя) სასულიერი ხელისუფლება უფლის მიერ დაყენებულია უჩვეულოდ მაღლა; იგი დაჟინებით მოითხოვს ურჩების მიმართ მკაცრი საეკლესიო სასჯელის გამოყენებას – განკვეთისა, რომელზედაც უარს ამბობდა რეფორმატორთა უმრავლესობა, რომელთაც ეშინოდათ საეკლესიო ტირანიის დაბრუნებისა.

კათოლიკობისადმი შეურიგებელი მტრობის მიუხედავად, კალვინის სწავლება ეკლესიის შესახებ ყველაზე უფრო მეტად უახლოვდებოდა შუასაუკუნოებრივს, ყველაზე უფრო მეტად შეიცავდა საკუთარ თავში თეოკრატიის ელემენტებს. სწავლებაში ზიარების შესახებ კალვინმა დაიკავა შუალედური მდგომარეობა ლუთერსა და ცვინგლის შორის: იგი ასწავლიდა, რომ პური და ღვინო – მხოლოდ ჩვენი სულიერი ურთიერთობის ნიშნებია ქრისტეს სხეულთან და სისხლთან, მაგრამ სინამდვილეში მათ ღებულობს მხოლოდ რჩეული, რომელიც კურთხეულია ჭეშმარიტი სარწმუნოებით. “დარიგებამ ქრისტიანულ სარწმუნოებაში” თავიდანვე შეუქმნა კალვინს ეპოქის ერთერთი უმსხვილესი ღვთისმეტყველის დიდება, და ამით აიხსნება ის დაჟინება, რომლითაც ფარელი ცდილობდა კალვინის მიზიდვას საქმიანობისთვის ჟენევაში, როდესაც 1536 წ. ზაფხულში იგი გაჩერდა ამ ქალაქში მოკლე დროით. ჟენევაში მაშინ იყო კათოლიკობის ბევრი მომხრე, უმრავლესობის გადასვლა პროტესტანტიზმში აღესრულა წმინდად გარეგნული სახით; სახალხო მღელვარებანი, პარტიების გააფთრებული შეტაკებანი ხელს უშლიდა ახალი პოლიტიკური და საეკლესიო წესრიგის განმტკიცებას. თავიდან საღვთისმეტყველო ლექციების წასაკითხად მიწვეულმა კალვინმა მალევე დაიკავა თვალსაჩინო ადგილი მქადაგებლებს შორის. მისი გავლენით შედგენი იქნა საეკლესიო მოწყობის პროექტი (Articles de 1537), რომელიც განსახილველად წარედგინა მაგისტრატს. მისი არსებითი ნიშნები შემდეგია: ეკლესიის საფუძვლად აღიარებულ უნდა იქნას მისი წევრების სწორი სარწმუნოება და თემის ზნეობრივი სიწმინდე. იმისთვის რათა მიღწეულ იქნა ერთიც და მეორეც, აუცილებელია შემოწმდეს მოქალაქეთა რელიგიური რწმენა-შეხედულებანი (религиозные убеждения), მათთვის ხელმოსაწერად და ფიცის დასადებად აღმსარებლობის დაწვრილებითი ფორმულის წარდგენის გზით, და უარის მთქმელნი გარიცხულ უნდა იქნან ეკლესიიდან; შემდეგ, აუცილებელია მეთვალყურეობის დაწესება მოქალაქეთა კერძო ცხოვრებაზე, დაავალებენ რა ამას მქადაგებლებსა და უხუცესებს, ეკლესიის უღირსი წევრების მიმართ განკვეთის გამოყენებით. კალვინის პროექტი მიღებულ იქნა მაგისტრატის მიერ, მაგრამ ყველა მოქალაქის დაფიცება ვერ მოხერხდა, შედგა ძლიერი ოპოზიცია, და 1538 წ. დასაწყისში კალვინისა და ფარელის მეგობრები გარიცხულ იქნენ მაგისტრატიდან, ხოლო ამის კვალდაკვალ (1538 წ. აპრილი) კალვინი და ფარელი განდევნეს კიდეც ჟენევიდან. წლის განმავლობაში ისინი ინარჩუნებენ ურთიერთობებს მათი პროექტისადმი ერთგულებთან ჟენევაში და იხრებიან შემრიგებლური მიმართულებისკენ: კალვინს ეშინია, რომ სახელს გაითქვამს როგორც სქიზმატიკოსი, პირადი განზრახვების გამო, რომლებმაც განხეთქილება შეიტანეს თემში. მაგრამ კალვინის ყურადღება სულ უფრო მეტად იხრებოდა სხვა მხარეს.

1538 წ. შემოდგომიდან კალვინი იქცა ფრანგი ემიგრანტების სტრასბურგული თემის ხელმძღვანელად, რომელშიც მალევე იქნა შემოღებული მის მიერ მკაცრი ზნეობრივი დისციპლინა. კალვინის სტრასბურგელმა მეგობრებმა, ბუცერმა და კაპიტონმა, ჩაითრიეს იგი ზოგადსაეკლესიო საკითხების წრეში, რომლებიც იმხანად დასმული იყო გერმანული რეფორმაციის მიერ. 40-იანი წლების დასაწყისში აქ მიდიოდა ქმედითი მოლაპარაკებები რელიგიური პარტიების შერიგებისა და საერთო საეკლესიო კრების მოწვევის თაობაზე სადაო საკითხების გადასახედად. კალვინი, გერმანულ ენასთან თავისი უცხოობის მიუხედავად, თვალსაჩინო მონაწილეობას ღებულობდა როგორც წინასწარ თათბირებში 1539 და 1540 წწ. (ფრანკფურტის სეიმში, გაგენაუსა და ვორმსში ჩატარებულ რელიგიურ კონფერენციებში), ისე რეგენსბურგის სეიმის გადამწყვეტ კრებაზეც 1541 წ. გაზაფხულზე. უშვებდა რა პროტესტანტების გარემოში მიმართულებათა ცნობილ განსხვავებულობას, კალვინი გამოხატავდა უკიდურეს არდამთმობლობას კათოლიკების პროგრამასთან მიმართებით. კალვინი გაემგზავრა სეიმიდან მის დასრულებამდე და იგი იყო ძლიერად იმედგაცრუებული. მის სამწლიან ყოფნას გერმანიაში ჰქონდა გადამწყვეტი გავლენა მისი შეხედულებების განვითარებაზე. ამ დროიდან მისთვის პირველ პლანზე დგას – რეფორმაციის საერთო ბედი ევროპაში; მისი (რეფორმაციის) ადგილობრივი წარმატებები კალვინს წარმოუდგება მნიშვნელოვნად მხოლოდ მოვლენათა საერთო მსვლელობისადმი მათი დამოკიდებულების ზომის მიხედვით. ამავე დროს, 1540 წ. შემოდგომიდან, ჟენევიდან კალვინთან მოდის დაჟინებითი თხოვნები დაბრუნებაზე, განდევნილი მქადაგებლების მომხრეების მიერ (გილერმენები, ფარელის სახელით – Guillaume) მოპოვებული გამარჯვების გამოისობით. კალვინს ჟენევაში შეხვდნენ დიდი პატივით (1541 წ. სექტემბერი), მაგრამ მის მიერ შეთავაზებული საეკლესიო ორდონანსების პროექტი (ordonnances ecclesiastiques) მაგისტრატის მიერ მიღებულ იქნა მხოლოდ ხანგრძლივი კამათების შემდეგ და ცნობილი შეზღუდვებით. დადგენილ იქნა ოთხი საეკლესიო ჩინი: პასტორები (ministres, pasteurs), დოქტორები (ე. ი. მეცნიერი ღვთისმეტყველები, სკოლაში სწავლებისთვის), უხუცესები (ancines), მოქალაქეებზე ზნეობრივი ზედამხედველობისთვის, და დიაკვნები, საქველმოქმედო საქმის წარმოებისთვის; უკანასკნელ ორ თანრიგს ღებულობდნენ საერო პირებისგან, მაგისტრატის მხრიდან დანიშვნის გზით (უხუცესებს – სამთავრობო საბჭოებისგან). წმინდა საეკლესიო თანამდებობებზე ასევე ნიშნავდა მაგისტრატი, პასტორების რეკომენდაციითა და გამოცდების შემდეგ.

კონსისტორია, რომელიც შედგებოდა 12 უხუცესისა და 8 პასტორისგან, განიხილავდა უფრო მნიშვნელოვან დანაშაულებს ზნეობისა და ჭეშმარიტი სარწმუნოებისგან გადახრის (გადაცდომის) წინააღმდეგ; ნაკლებად სერიოზულ შემთხვევებში პასტორები და უხუცესები, რომლებიც მუდმივად ასრულებდნენ სახლების ჩამოვლას, იფარგლებოდნენ კედრძო შეგონებებით. კონსისტორიას ჩამორთმეული ჰქონდა ზემოქმედების ყველანაირი საერო ფორმები, მაგრამ მას გააჩნდა განკვეთის დადების უფლება (ე. ი. ზიარებისგან ჩამოშორებისა). ამავდროულად დამკვიდრდა კულტის ფორმებიც, რომლებიც საეკლესიო წეს-წყობილებისგან აცილებდნენ მორთულობებს, სიმბოლოებს, ცერემონიებს – ყველაფერს, რომლებიც შეიძლება მოქმედებდნენ გარეგან გრძნობებზე. უკანასკნელი დღესასწაულები, რომლებიც დატოვა რეფორმაციამ – ქრისტეს შობა, წინადაცვეთა, ხარება, ამაღლება – გაუქმებულ იქნა და დატოვეს მხოლოდ აღდგომა. ორდონანსების შემდეგ მალევე დღის სინათლეზე გამოსული “ქრისტიანულ სარწმუნოებაში დარიგებების” მესამე გამოცემა (1543) თავის თავში შეიცავს საეკლესიო გადაქმნის დაწვრილებით პროგრამას, სადაც თავს იჩენდა კალვინის ჭეშმარიტი აზრი. საეკლესიო ორგანოების სახელმწიფო ხელისუფლებისადმი რაიმენაირი დაქვემდებარების შესახებ აქ ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი. გატარებულია საერო და საეკლესიო სფეროების სრული გაყოფა, და ზნეობრივი დისციპლინა მთლიანად მიკუთვნებულია უკანასკნელისადმი. არჩევნები კონსისტორიაში და პასტორებად დამყარებულია დემოკრატიულ საფუძველზე. კანდიდატები დანიშნულ უნდა იქნან პასტორების მიერ, მაგრამ არჩევა აღესრულება იმ თემის ყველა წევრის პირდაპირი მონაწილეობით, რომლებსაც ისინი ხელმძღვანელობენ. პასტორებს კალვინი ათანაბრებს წინასწარმეტყველებთან და მოციქულებთან. დამოუკიდებელი (самостоятельная) საეკლესიო თემი, რომელსც, ხალხის საერთო კონტროლის პირობებში, ხელმძღვანელობენ ყოვლისშემძლე მწყემსები (პასტორები) – ეს გახლავთ ფორმა, რომლის ყველგან შეტანისკენ ისწრაფვის კალვინიზმი (იხ.). მაგრამ მცირე რესპუბლიკის ვიწრო ფარგლებში, ძალაუფლებისადმი იჭვნეულად ჩაბღაუჭებული მაგისტრატის ხელში, კალვინს დიდი შრომის ფასად თუ შეეძლო თვით 1541 წ. დადგენილი წესრიგის დაცვაც კი.

კალვინის მიერ ჟენევის რესპუბლიკაში დაკავებული პირადი მდგომარეობა გახლდათ განსაკუთრებულად გავლენიანი. მისი ვრცელი ცოდნა, მისი ადმინისტრაციული ნიჭი, სიტყვისა და კალმის ფლობის უნარი, მისი სამეცნიერო და საღვთისმეტყველო ავტორიტეტი, მისი მრავალრიცხოვანი კავშირები და ნაცნობობანი შვეიცარიაში, გერმანიასა და საფრანგეთში აქცევდა მას მთავრობის ფასდაუდებელ თანამშრომლად და მრჩევლად რესპუბლიკის თითქმის მთელ საშინაო და საგარეო საქმეებში. მას ევალებოდა ჟენევის დიპლომატიური მიმოწერა, პოლიტიკური, სასამართლო, პოლიციური კანონმდებლობის რედაქტირება; იგი იყო სხვადასხვა სამთავრობო კომისიის აუცილებელი წევრი; კარგად გათვითცნობიერებული ჟენევის მოქალაქეთა ინტიმური ცხოვრების საკითხებში, კალვინი თითქმის ყოველ დღე ჩნდებოდა სამთავრობო საბჭოს წინაშე თავისი მოხსენებებით (ცალ-ცალკეა დასახელებული доклады и донесения), ასევე შეტყობინებებით (извещения). მის რეკომენდაციებს პასტორებისა და რეგენტების (ახალი პროტესტანტული კოლეჯის მასწავლებლების) დანიშვნისას უპირობოდ ღებულობდნენ; მქადაგებელთა კოლეგიაში მას გააჩნდა ფაქტიური დიქტატურა. ეს პირადი გავლენა ჯერ კიდევ სულაც ვერ განაპირობებდა სისტემის ზეიმს: პირიქით, რაც უფრო მეტად იშლებოდა იგი, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა ოპოზიცია მოსახლეობის გარემოში და თავად მაგისტრატშიც. პირველი ხუთი წელიწადი კალვინის დაბრუნების შემდეგ (1541-1546) – არის დრო პროგრამის ცხოვრებაში გატარებისა, რისი გულისთვისაც იგი მოწოდებულ იქნა შენევაში. იკრძალება ცეკვები, თეატრალური წარმოდგენები, აზარტული თამაშები; მკაცრი სასჯელებია დაწესებული მკრეხელობათა, წყევლათა და ა. შ. წარმოთქმისთვის. მაგისტრატი ცდილობს ტრაქტირების დახურვას და მათ შეცვლას მოქალაქეთა კრებებით, ხელისუფლების ზედამხედველობის ქვეშ, რელიგიური საუბრებისთვის. იმავე დროს ჟენევა ფართოდ უღებს კარებს რელიგიურ ემიგრაციას, რომელიც მოედინებოდა იტალიიდან, ინგლისიდან, ნიდერლანდებიდან და განსაკუთრებით საფრანგეთიდან. ფრანგი ემიგრანტების რიცხვმა 15-20 წლის შემდეგ შეადგინა ჟენევის მთელი მოსახლეობის არანაკლებ ნახევრისა. ამ სისტემას არ შეიძლებოდა არ გამოეწვია ძლიერი ოპოზიცია. ჟენევური ტრადიციები, მოსახლეობის ხასიათი ყველაზე უფრო მეტად ეწინააღმდეგებოდა ზნეობრივ-დისციპლინარულ პროგრამას. ყველა, ვინც უკმაყოფილო იყო ჩამოსულთა ნაკადებით – მაგალითად, წვრილი ხელოსნები, რომლებიც ამაში ხედავდნენ სიძვირისა და საქმიანობის დაქვეითების მიზეზს, – იწყებდნენ თავიანთი მტრობის გადატანას უცხოთა ამ მასის დამცველებსა და ბელადებზე, – პასტორებზე და განსაკუთრებით კი კალვინზე.

ზნეობრივი წესების დარღვევისთვის მკაცრი დევნის სისტემა არ ინდობდა არავის, და ბევრმა სამთავრობო ოლიგარქიის წევრებისგან, იგრძნო რა მისი ძალა საკუთარ თავზე, შეცვალა მისდამი თავისი დამოკიდებულება. 1546 წ. კონსისტორიის წინაშე წარსდგა გრძელი რიგი პირებისა, რომელთაც ბრალად ედებოდათ ცეკვებში მონაწილეობა, მათ შორის გენერალური კაპიტანი და პირველი სინდიკოსი, ე. ი. ქალაქის მთავარი თანამდებობის პირები; ისინი იძულებული იყვნენ მოესმინათ მკაცრი შეგონება და საჯარო სინანული გამოეთქვათ. 1547 წ. უკვე წარმოიქმნა უკმაყოფილოთა ძლიერი პარტია (“პერინისტები”), რომლებიც ისწრაფვოდნენ კალვინის პირადი გავლენის შემცირებისკენ, აგრეთვე კონსისტორიისა და პასტორთა კოლეგიის (Venerable Compagnie) მაგისტრატისადმი უფრო მეტად დაქვემდებარებისკენ; უმთავრესად მათ სურდათ საეკლესიო განკვეთის გაუქმება. თავიანთი შეხედულებებით ისინი უერთდებოდნენ (უახლოვდებოდნენ) ცვინგლიანობას, რომელსაც მთელი საეკლესიო ძალაუფლება გადაჰქონდა მაგისტრატზე; ამიტომ მათ მხარეზე იყო პროტესტანტული შვეიცარიის უმეტესი ნაწილის თანაგრძნობა და განსაკუთრებით ბერნისა. მათ პროგრამასა და ქცევაში არაფერი იყო საერთო ანაბაპტისტების ან რაციონალისტური სექტების სოციალურ და ზნეობრივ-რელიგიურ რადიკალიზმთან და ანარქიზმთან (“ლიბერტინების” სახელწოდება, რომელსაც კიდევ იყენებს ბევრი თანამედროვე ისტორიკოსი, მათ მიმართ უდაოდ (неприложимо) უფრო გვიანდელი წარმოშობისაა; კალვინი თავის წერილში “Contre la secte furieusу des Libertins, nommes spirituels”, 1545 წ., თავს ესხმის არა ჟენეველ მოწინააღმდეგეებს, არამედ საერთოდ თავისუფლად მოაზროვნეებს, კერძოდ პანთეისტური მიმართულების ერთ ბელგიურ-ფრანგულ სექტას). სარგებლობდნენ რა ოპოზიციით მაგისტრატის გარემოში, უკმაყოფილოებმა, განსაკუთრებით ახალგაზრდობის რიცხვიდან, დაიწყეს ხმაურის ატეხვა პასტორების წინააღმდეგ, მათთვის შეურაცხყოფის მიყენება ქუჩებში, დისციპლინარული წესების დემონსტრაციულად დარღვევა, ფრანგების დევნა, სადაც კი ეს შესაძლებელი იქნებოდა. ოპოზიციამ გაატარა რამდენიმე ზომა, რომლებიც იხრებოდა კონსისტორიისთვის დამოუკიდებლობის ჩამორთმევისკენ. კალვინის მოხსენებები და საჩივრები არც თუ იშვიათად რჩებოდა შედეგების გარეშე.

1549 წ. კალვინმა მოახერხა მნიშვნელოვანი აქტის დადება, ციურიხის შეთანხმების (consensus Tigurinus) სახელით, შვეიცარიის მთავრობის მეთაურთან, ბულინფერთან, რომლის ძალითაც დამყარდა ერთიანობა ორივე ეკლესიას შორის სადაო სწავლებაში გარდაარსების შესახებ (о пресуществленiи) და ასეთნაირად მზადდებოდა მათი შერწყმა მომავალში; მიუხედავად ამისა ცვინგლიანელი მქადაგებლების უმრავლესობა სულ უფრო მეტად ღიზიანდებოდა კალვინის წინააღმდეგ მისი შეუწყნარებლობის გამო. ერთ ხანს კალვინს შეეძლო იმედი ჰქონოდა მხოლოდ ორი მეზობელი რომანული ეკლესიის მხარდაჭერისა ლოზანასა და ნევშატელში, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ მისი ახლო მეგობრები და მოშურნე (მგზნებარე) მომხრეები, ვირე (იხ.) და ფარელი. 1551 წ.-დან დაიწყო კამათი კალვინსა და ლუთერანობის წარმომადგენლებს შორის გერმანიაში, განსაკუთრების იოაჰიმ ვესტფალთან. იმავე წელს ფრანგმა სწავლულმა ექიმმა ჟერომ ბოლზეკმა (Bolsec), კარგმა დიალექტიკოსმა, მთელი საღვთისმეტყველო ლაშქრობა წამოიწყო კალვინის წინააღმდეგ საკითხზე წინასწარგანსაზღვრულობის შესახებ (по вопросу о предопределенiи). ბოლზეკის ფორმულები ატაცებულ იქნა უბრალო ხალხის გარემოში; მის სწავლულ მენაცვალედ (преемник) ჟენევაში გამოვიდა (1552 წ.) ადგილობრივი მკვიდრი, იურისტი ტროლიე, რომელსაც დაავალეს კალვინის სამეცნიერო თხზულებების ცენზურა. დიდი ძალისხმევის ფასად დაუჯდა კალვინს რომ მიეღწია თავისი დოქტრინის ოფიციალურად დამტკიცებისთვის და აეძულებინა თავისი მოწინააღმდეგე გაჩუმებულიყო. 1553 წ. კალვინისთვის დადგა განსაკუთრებულად კრიტიკული მდგომარეობა. სამთავრობო საბჭოებში სასწორი გადაიხარა პერინისტების პარტიისკენ, იმავე დროს ჟენევაში გამოჩნდა ესპანელი მიგუელ სერვეტი, რომელიც ყველაზე უფრო სერიოზული და ნიჭიერი გახლდათ კალვინის ყველა თეოტერიკოს მოწინააღმდეგეს შორის. კალვინი უკვე თავისი საქმიანობის დასაწყისში (1534 წ.) ხვდებოდა ანტიტრინიტარიზმის დამაარსებელს. სერვეტს ერთხანს მიმოწერაც ჰქონდა მასთან, ცდილობდა რა მიეზიდა კალვინი თავის მხარეზე, ხოლო შემდეგ კი გამოეწვია იგი საპოლემიკოდ. კალვინი პასუხობდა, მაგრამ უხალისოდ, ხოლო შემდეგ შეწყვიტა მიმოწერა და ერთხელ გამოუცხადა ფარელს, რომ თუკი სერვეტს ფიქრად მოუვა ჟენევაში ჩამოსვლა, მაშინ იგი მას ცოცხალს უკვე აღარ გაუშვებს აქედან.

1553 წ. სერვეტმა ლიონში გამოგონილი სახელით Villeneuve გამოუშვა თავისი თხზულება “Christianismi restitutio”. კალვინი დაეხმარა კათოლიკურ ხელისუფლებას ავტორის სახელის გამოვნელაში გადაუგზავნა რა მათ სერვეტის წერილთა ასლები – ფაქტი, რომელსაც იგი შედგომში უარყოფდა. სერვეტი დაპატიმრებულ იქნა და გადაეცა ინკვიზიციის სასამართლოს, მაგრამ გაიქცა ციხიდან. შვეიცარიის გზაზე იგი კვლავ დაკავებულ იქნა ჟენევაში, კალვინის მითითებით, რომელმაც იგი ბრბოში ამოიცნო. საბჭოს რამდენიმე სხდომაზე, რომელიც გადაიქცა საეკლესიო სასამართლოდ, ხდებოდა ხანგრძლივი კამათები კალვინსა და ბრალდებულს შორის ყველაზე უფრო რთულ დოგმატურ საკითხებში. პროცესის ასეთი მსვლელობით უკმაყოფილო მაგისტრატმა დაავალა საერო პროკურორს ახალი საბრალდებო აქტის შედგენა, რომლის ძალითაც სერვეტი აღიარებულ იქნებოდა არა მწვალებლად, არამედ ღვთისმგმობელად და მეამბოხედ, რომელიც ექვემდებარებოდა სიკვდილით დასჯას გრაციანისა და თეოდოსის კანონმდებლობის თანახმად. ამ დროს სერვეტმა, რომელიც თვლიდა კალვინს – “სიმონ-მოგვს”, როგორც თავად უწოდებდა, – მთელი საქმის წარმმართველად და შესაძლოა იცოდა კიდეც კონფლიქტის შესახებ კალვინსა და ძლიერ პარტიას შორის მთავრობაში, შესთავაზა სასამართლო დუელი: თუკი მისი სწავლება მიჩნეულ იქნება ერეტიკულად, მაშინ იგი სიკვდილით დასაჯონ და მისი წიგნები დაწვან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაე ასეთი ხვედრი ერგოს კალვინს. მაგისტრატმა, რომელიც არ ენდობოდა სავსებით თავის პასტორებს, გადაწყვიტა მიემართა შვეიცარიის ეკლესიებისთვის მათი აზრის გასაგებად. მათ პასუხებში იყო კალვინისა და მისი კოლეგების აპოლოგია, შემდეგ სერვეტის დაგმობა, როგორც უდიდესი მწვალებლის და ღვთისმგმობელისა; მაგრამ სასჯელის ხასიათის თაობაზე აქ არაფერი ყოფილა ნათქვამი. თუმცა კი მაგისტრატმა დაუყოვნებლივ გამოუტანა სერვეტს სასიკვდილო განაჩენი. სერვეტმა მოისურვა კიდევ ერთხელ ენახა კალვინი, მაგრამ, სიკვდილისწინა შეხვედრამ ვერ მოალბო ეს უკანასკნელი. სერვეტი დაიღუპა კოცონზე 1553 წ. 27 ოქტომბერს.

პროტესტანტულ სამყაროში ბევრმა აღიმაღლა ხმა ასეთი არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ გზააცდენილთა მიმართ, ხოლო ზოგიერთი კი (განსაკუთრებით სებასტიან კასტელიონი, რომელიც, კალვინის დაჟინებული მოთხოვნით, 1544 წ. განდევნილ იქნა ჟენევიდან თავისუფლად მოაზროვნეობის გამო) სიტყვით გამოვიდა სრული შემწყნარებლობის სასარგებლოდ და ერეტიკოსთა (მწვალებელთა) მიმართ საერო იძულებითი ზომების გამოყენების წინააღმდეგ. კალვინმა დაწერა თავის დასაცავად “Defensio orthodoxae fidel de sacra Trinitate contra prodigiosos errors M. Serveti” (1554), რომელშიც უბრუნდება შუასაუკუნოებრივ თვალსაზრისს რელიგიურ გადაცდენებზე. მიუხედავად ამისა, პროტესტანტული ბელადების უმრავლესობა, მათ რიცხვში ბულინგერი და მელანქტონი, დადგა კალვინის მხარეზე, ნაწილობრივ თეორიული მოსაზრებების გამო, ნაწილობრივ კი რომანული ეკლესიის მეთაურის გაძნელებული და საპასუხისმგებლო მდგომარეობის გათვალისწინებით. უეჭველია, რომ კალვინმა პირველმა პროტესტანტულ ბანაკში პრინციპში აიყვანა მწვალებელთა დევნა და მისცა მას ყველაზე უფრო მეტად მკვეთრი ფორმულირება. სერვეტის სიკვდილით დასჯა ასახავს (აღნიშნავს) პროტესტანტიზმის, როგორც ეკლესიის, დასრულებას და მის მიერ ურთიერთობების გაწყვეტას საუკუნის განმანათლებლურ იდეებთან – და იმავე დროს იწყებს სარწმუნოებისთვის სისხლიანი დაჯახებების ეპოქას.

1555 წ. დასაწყისში მაგისტრატი, რომელშიც პერინისტების მდგომარეობა შეირყა, დაეთანხმა საბოლოოდ ეღიარებინა კონსისტორიის კომპეტენციაში უფლება განკვეთის დადებაზე. რათა წაერთვათ პერინისტებისთვის ყველანაირი გავლენა, მათმა მოწინააღმდეგეებმა მასობრივად დაიწყეს ფრანგი ემიგრანტების მოქალაქეობაში მიღება. პერინისტების გაღიზიანებამ თავი იჩინა 1555 წ. 16 მაისის ღამის შეტაკებაში, რამაც საბაბის სამსახური გაუწია უკიდურესად მიკერძოებულ პოლიტიკურ პროცესს: კალვინის სისტემის ყველაზე უფრო მოუსვენარი მოწინააღმდეგენი სიკვდილით იქნენ დასჯილი ან იძულებული შეიქნენ ჟენევიდან გაქცეულიყვნენ. ამის შემდეგ უკვე კალვინს აღარ შეხვედრია სერიოზული ოპოზიცია ჟენევაში. ქალაქში არსდება მრავალი ტიპოგრაფია და წიგნების სავაჭრო; მათ მთავარ ამოცანად იქცევა საფრანგეთში ბიბლიის გავრცელება. 1559 წ. კალვინის ინიციატივით, ჟენევის კოლეჯი გარდაქმნის იქნა აკადემიად, რომლის მთავარი ამოცანაც გახლდათ განათლებული პროტესტანტული სასულიერო წოდების მომზადება რომანული მიწებისთვის; მალე აკადემია შეივსო მსმენელებით ევროპის ყველა მხრიდან. ჟენევის მაგისტრატი, პასტორთა კოლეგიასთან ერთობლივად, ურთიერთობებს აწარმოებდა წარმოქმნილ ფრანგულ პროტესტანტულ თემებთან, გზავნიდა მათთან მქადაგებლებს და გარკვეული პირობებით იკავშირებდა მათ თავისთან. ჟენევის ხელისუფალთა ოფიციალურ ენაში, რესპუბლიკის მთელ წეს-წყობილებაში მტკიცდება რელიგიური ტონი, რომელიც უქმნის ჟენევას “წმინდა ქალაქის” რეპუტაციას. პოლიტიკური ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან აქტში მონაწილეობას ღებულობს სასულიერო წოდება. 1559 წ. კალვინი ღებულობს ჟენევის მოქალაქეობას, მაგრამ მისი მთავარი ყურადღება მიმართულია საზღვარგარეთულ მოვლენებზე, და წმინდა-ჟენევურ საეკლესიო საქმეებს იგი სულ უფრო მეტად ავალებს თავის კოლეგებს. ფრანგული პროტესტანტული თემების უმეტესი ნაწილის წერილები კალვინისადმი დაწერილია ყველაზე უფრო მოწიწებულ ტონში: მის მითითებებს ღებულობენ ბრძანებების სახით. კალვინი იწყებს მიმოწერას კოლინისთან, ნავარის მეფესთან (ჰაინრიხ /ანრი/ IV-ის მამასთან).

კალვინის საქმიანობაში ყველაზე უფრო მეტი დაძაბულობის დრო გახლდათ 1560-62 წწ., როდესაც ფრანგმა პროტესტანტებმა, რომლებიც ძლიერ პარტიად ჩამოყალიბდნენ, მიიღეს მოქმედების შესაძლებლობა. კალვინი იყო ამბოხების წინააღმდეგი, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი, დემონსტრაციების წინააღმდეგი. იგი იმედს ამყარებდა მსხვილი ბელადების ენერგიულ ინიციატივაზე პრინცებისა და თავადაზნაურთა გარემოდან, სახელმწიფო ჩინების ჩარევაზე, საერთოდ რეფორმაზე ან საკონსტიტუციო ნიადაგზე წარმოშობილ წინააღმდეგობაზე (თავისი სწავლების შესაბამისად “მეორეხარისხოვან ხელისუფალთა” შესახებ, როგორც ხალხის დამცველებისა მმრთველთა ტირანიის წინააღმდეგ). ეს თვალსაზრისი ყოველთვის განაცალკევებდა მას უმცროსი, უფრო მეტად მგზნებარე ფრანგი მოღვაწეების უმრავლესობისგან, რომლებიც შედეგს (გამოსავალს) ეძიებდნენ ომსა და რევოლუციაში. მაგრამ კალვინთანაც მშვიდობიანი რეფორმის წარუმატებლობის შეგნებამ გამოიწვია ტონის უფრო მეტი სიმწარე ხელმწიფეებთან მიმართებით. სამუელისა და დანიელის I წიგნის განმარტებებში, რომლებიც მიეკუთვნებოდა კალვინის უკანასკნელ წლებს, მკვეთრად არის გამოხატული მისი რესპუბლიკური სიმპათიები და აბსოლუტიზმის დაგმობა. კალვინმა გააბა ქმედითი ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან – ინგლისთან, შოტლანდიასთან, ნიდერლანდებთან, გერმანიასთან, პოლონეთთან. ეს მით უფრო მნიშვნელოვანი იყო პროტესტანტიზმის საქმისთვის, რომ ლუთერანობა იქცა ადგილობრივ აღმსარებლობად და შეწყვიტა ბრძოლა კათოლიკურ ეკლესიასთან. იგი სწერდა აგრეთვე შვედეთისა და დანიის მეფეებს. მისი წყალობით, კალვინიზმმა სულ თავიდანვე დაიკავა საერთაშორისო მდგომარეობა. კალვინის როლი საერთოევროპულ პროპაგანდაში არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ დარიგებებისა და მოღვაწეთა გაგზავნით; ჟენევაში მოედინებოდნენ დევნილები ევროპის ყველა კუთხიდან, სასწავლებლად მოდიოდნენ მომავალი მებრძოლები კათოლიკობის წინააღმდეგ საღვთისმეტყველო, ლიტერატურულ და პოლიტიკურ ნიადაგზე; კალვინისგან ეძიებდნენ რჩევას უფრო მომწიფებული, ჩამოყალიბებული ადამიანებიც; სხვადასხვა დროს მასთან ურთიერთობებში იმყოფებოდნენ ლუთერი, მელანქტონი, სლაიდანი, გერმანული რეფორმაციების ისტორიკოსი, გოთმანი, გამოჩენილი ფრანგი პუბლიცისტი, იურისტი ბოდუენი, სოცინი, ლასკი, რეფორმატორი პოლონეთში, და ბევრი სხვა.

კალვინი გამოეხმაურებოდა ხოლმე ყველა მსხვილ საკითხს, რომლებიც წარმოიშვებოდა საერთოევროპულ რეფორმაციასთან დაკავშირებით (ასეთი იყო, მაგალითად, მისი პოლემიკური ტრაქტატები ტრიდენტინული გადაწყვეტილებებისა და კარლ V-ის ინტერიმის გამო). 20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იგი კითხულობდა საღვთისმეტყველო ლექციებს, კომენტარებს უკეთებდა ბიბლიის ცალკეულ წიგნებს და დაწვრილებით განიხილავდა მათ თანამიმდევრულ ქადაგებებში, განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა რა ძველი აღთქმისადმი. მკვეთრად განსხვავდებოდა კალვინი უფრო ძველი თაობის რეფორმატორთა უმრავლესობისგან, მისტიკოსებისგან, ჰუმანისტებისგან, მეოცნებეთა და მქადაგებლებისგან, აგრეთვე სახალხო მოღვაწეთა ჯგუფისგან: კალვინი გახლდათ მეცნიერი, თეორეტიკოსი და იმავე დროს ორგანიზატორი, პოლიტიკოსი, რომელიც შორიდან წარმართავდა მასებს, მაგრამ არ ჩამოდიოდა მათთან, არ ცხოვრობდა მათთან ერთი ცხოვრებით. კალვინის პირადი ცხოვრება ჩამოყალიბდა არაკეთილსასურველად. ბუნებით უღონომ და სუსტმა, მან საბოლოოდ შეარყია თავისი ჯანმრთელობა უწყვეტი, ხშირად ღამის მუშაობით, ენერგიის მუდმივი დაძაბვით; თავისი ცხოვრების მეორე ნახევარში იგი თითქმის მუდმივად შეუძლოდ გახლდათ. ჰყავდა რა მრავალი თაყვანისმცემელი, კალვინს ცოტა მეგობარი თუ გააჩნდა. 1540 წ. მან იქორწინა სტრასბურგში Idelette de Bure-ზე, ანაბაპტისტის ქვრივზე, რომლის მოქცევაც მან მოახერხა თავის სწავლებაში. ბავშვები, რომლებიც მათ უჩნდებოდათ, იხოცებოდნენ პირველსავე თვეებში. 1549 წ. კალვინმა დაკარგა ცოლი; იმ დროიდან იგი ცხოვრობდა ჩაკეტილად და განმარტოებით, როგორც ასკეტი. 1564 წ. 5 მაისს კალვინი გარდაიცვალა. კალვინის თხზულებები, განსაკუთრებით “Institutio religionis christianae”, და მისი მიმოწერა მრავალჯერ იქნა გამოცემული. პირველი კრებული “Epistolae et responsa” გამოუშვა კალვინის მენაცვალემ (მემკვიდრემ, преемник) ჟენევაში, ბეზამ (იხ.), 1575 წ. კალვინის თხზულებათა პირველი სრული კრებული გახლდათ 1617 წ. ჟენევური გამოცემა. დღესდღეობით მთავრდება სტრასბურგელ მეცნიერთა (Baum, Cunitz, Reues, Erichson) მონუმენტური გამოცემა, რომლებმაც სათაურის ქვეშ “Calvini Opera omnia”, კალვინის თხზულებებისა და მიმოწერის გარდა, შეკრიბეს მისი ადრეული ბიოგრაფიები, დოკუმენტები, რომლებიც შეეხებოდა მის საეკლესიო და პოლიტიკურ საქმიანობას ჟენევაში, პროცესების აქტები და მათი მსგავსი. გამოსულ ტომებს უკავია კრებულის “Corpus Reformatorum” ნაწილი (ტომები XXIX-LXXVI, დაწყებული 1863 წ.-დან). კალვინის წერილები, რომლებიც მიეკუთვნება ადრეულ პერიოდს, შეკრებილია ასევე თავისი კომენტარებით შესანიშნავ გამოცემაში Herminjard-ისა “Correspondance des reformateurs dans les pays de langue francaise” (მეორე გამოცემა, 1878 წ.-დან). კალვინის ფრანგული წერილები გამოცემულია ცალკე Bonnet (“Lettres francaises de Calvin”, 1854 წ.). სხვადასხვა ბიოგრაფიებიდან შესანიშნავია ორი, რომლებიც დაწერილია ბეზას მიერ (1564 და 1575 წ.). კათოლიკური თვალსაზრისითაა დაწერილი ბოლზეკის “Histoire de la vie de Calvin” (ახალი გამოც. ლიონი, 1575). კალვინის შესახებ ახალ თხზულებებს შორის მეცნიერული მიუკერძოებლობით გამოირჩევა Lefranc, “Jeneusse de Calvin” (II., 1890); Kampschulte, “Johann Calvin, seine Kirche und sein Staat in Genf” (I ტ., ლაიფციგი, 1869; ჩინებული თხზულება, რომელიც დაუსრულებელი დარჩა) და ნახევრადმატიანური წიგნი Roget, “Histoire du peuple de Geneve depuis in Reforme jusqu’a l’Eecalade” (ჟენევა, 1870-83). იხ. აგრეთვე Galliffe, “Quelques pages d’histoire exacte” (1863) და “Nouvelles pages d’histoire exacte” (1863; კალვინისადმი მტრული თვალსაზრისით). რუსულად კალვინის მცირე ბიოგრაფია პავლენკოვის ბიბლიოთეკაში, შედგენილი პოროზოვსკის მიერ; В. Михайловскiй, «Серветъ и К.» (М., 1863), და Р. Випперъ, «Церковь и государство въ Женеве XVI в. въ эпоху кальвинизма» (М. 1894).

რ. ვიპერი

კალვინიზმი

პროტესტანტული მიმართულება, რომელიც თავის სათავეს იღებს კალვინისგან (იხ.). XVI ს. შუახანებში კათოლიკურმა ეკლესია დაიწყო აღორძინება და მოახდინა ძლიერი რეაქციის ორგანიზება, რომელმაც მთელი ევროპა მოიცვა. ამან შეცვალა პროტესტანტიზმის ამოცანა: საჭირო იყო მუქარად აღმდგარი საფრთხის წინაშე ამაღლებულიყვნენ (подняться) ცალკეულ ქვეყნებში რეფორმის განცალკევებულ და გაფანტულ ძალისხმევაზე უფრო მაღლა და მოეცვათ პროპაგანდით მთელი დასავლეთი, მიეღოთ მკვეთრი და ნათელი საეკლესიო ფორმები და ორგანიზებულიყვნენ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისთვის. ეს ამოცანა საკუთარ თავზე აიღო კალვინიზმმა, რომელიც წარმოადენს რეფორმაციის რომანულ ტიპს. Gამოდიოდა რა ყველაზე უმფრო მკვეთრად კათოლიკობის წინააღმდეგ, კალვინიზმი ამავე დროს ძლიერად იყო განმსჭვალული შუასაუკუნეობრივი კათოლიკური პრინციპებით: შეუწყნარებლობით, ცალკეული პიროვნებების ეკლესიისადმი უპირობო დაქვემდებარებით (დამორჩილებით), ზნეობის თითქმის ასკეტური კოდექსით. მეორეს მხრივ, არც ერთი პროტესტანტული მიმართულება არ მოითხოვდა დაჟინებით ასე მკვეთრად უპირობოდ და მხოლოდ ბიბლიისადმი მიყოლას (на безусловномъ и исключительном следованiи Библiи), კულტიდან და მოძღვრებიდან (სწავლებიდან) “ცრურწმენისა” და “წარმართობის” (ე. ი. გარეგნული სიმბოლოების) განდევნას. ისწრაფვოდა რა ძველი ქრისტიანული თემის (община) აღდგენისკენ, კალვინიზმი ეკლესიაში ახდენდა ხალხური საწყისის გატარებას; მაგრამ, ბრძოლის ინტერესებში, თემების ხელმძღვანელებს – პასტორებსა და უხუცესებს – ეძლევათ ძლიერი ავტორიტეტი და ცალკეული თემები მჭიდროდ იკვრებიან კავშირებში საერთო არჩევითი მმართველობით (პრესვიტერიანული და სინოდალური მოწყობა). საგანთა ძალით კალვინიზმი მჭიდროდ გადაეწვნება (გადაეხლართება) ხოლმე პოლიტიკურ მოძრაობებს და გამოიმუშავებს განსაზღვრულ პოლიტიკურ პრინციპებს. კალვინიზმს მოუხდა გამოსვლა იმ ეპოქაში, როდესაც საერო ხელისუფლების წარმომადგენლები უმეტეს წილად მოქმედებდნენ საეკლესიო რეაქციის სულისკვეთებით. ხელისუფლებასთა შეჯახებებში კალვინიზმი მალევე ღებულობს უპირატესად სახალხო, ანტიმონარქიულ მიმართულებას, უახლოვდება რესპუბლიკურ და კონსტიტუციურ პარტიებს. პრინციპიდან: “ღმერთს უფრო მეტად უნდა ვუგდებდეთ ყურს, ვიდრე ადამიანებს”, კალვინისტებს გამოჰყავთ თეორია უწმინდური და საერთოდ ტირანული ხელისუფლებისადმი წინააღმდეგობის შესახებ, სწავლება ღმერთის მიერ შეკრული (დამოწმებული, скреплённый) ხალხსა და მეფეს შორის ხელშეკრულების შესახებ; საეკლესიო მოწყობის რესპუბლიკური ფორმები გადაიტანება პოლიტიკურ ცხოვრებაზეც. XVI და XVII სს. კალვინისტი წარმოადგენს ადამიანის მკვეთრად მოხაზულ ტიპს, რომელიც ღრმად არის დარწმუნებული თავისი მოძღვრების სისწორეში, მკაცრსა და მძიმეს, რომელიც მტრულად არის განწყობილი მაღალი საზოგადოების ცხოვრებისა და სიამოვნებებისადმი, რესპუბლიკურად უბრალოს გარეგნობით, მუდმივად ბაგეზე ლოცვა ან ღვთისმოსაური ტექსტი აქვს. კალვინიზმს გამოაქვს დიდი მებრძოლური ლიტერატურა, რომელშიც გვხვდება საღვთისმეტყველო პოლემიკაც, სატირიც, პოლიტიკური პამფლეტებიუცა და ტრაქტატებიც.

რომანული შვეიცარიის არცთუ დიდი კუთხის გარდა, სადაც მოქმედებდა კალვინი მის უახლოეს თანამშრომლებთან ერთად, კალვინიზმი ვრცელდება გერმანიაში, უპირატესად დასავლეთში (რაინის ოლქსა და ჰესენში – რეფორმატული ეკლესიის სახელწოდებით), ნიდერლანდებში, საფრანგეთში (ჰუგენოტობის სახელწოდებით), შოტლანდიასა და ინგლისში (პურიტანიზმის საერთო სახელწოდებით), აგრეთვე პოლონეთში. მის სამეცნიერო ცენტრად დიდი ხანია ითვლება ჟენევა.

გერმანიაში კალვინიზმი ვერ თამაშობდა პირველ როლს: კალვინისტები არ იყვნენ ჩართულნი აუგსბურგის რელიგიური მშვიდობის პირობებში (იხ. რეფორმაცია), რომელიც აღიარებდა მთავართა უფლებას თავად აერჩიათ სარწმუნოება. კალვინისტების მტრობა ლუთერანებისადმი გაჩაღდა უკიდურესობამდე: უკანასკნელნი ამბობდნენ, რომ “უკეთესია პაპისტები, ვიდრე კალვინისტები”-ო. ეს უთანხმოება აღმოჩნდა მავნე პროტესტანტიზმის საქმისთვის ოცდაათწლიანი ომის ეპოქაში; ლუთერანები უმეტეს წილად უცხონი დარჩნენ დაცვითი უნიისადმი (предохранительная унiя, 1609), რომელიც დადებულ იქნა კალვინისტი მტავრებისა და თავადების მიერ. ვესტფალიის ზავმა (1648) გაავრცელა შემწყნარებლობის პირობები კალვინისტებზეც. XVII ს. კალვინიზმი მიღებულ იქნა ძალმოსილი ბრანდენბურგის კურფიურსტის მიერ, მისა მონაცვალებმა, პრუსიის მეფეებმა, დაიკავეს შემრიგებლური მდგომარეობა ორ აღმსარებლობასთან მიმართებაში. XIX ს., რეფორმაციის იუბილეს დროს (1817), პრუსიის მხრიდან გაკეთებულ იქნა მათი შერწყმის მცდელობა (იხ. ევანგელისტური ეკლესია, XI, 403).

ნიდერლანდებში (ბელგია და ჰოლანდია) კალვინიზმი გამოიხატა ძალზედ ენერგიული ფორმით. კარლ V-ის დროს ამ პროვინციებში ლუთერანული რეფორმაციის ჩახშობის შედეგ, კალვინიზმმა დაიწყო აქ გავრცელება XVI ს. 50-იან და 60-იან წლებში, თავდაპირველად უმდაბლეს კლასებს შორის, განსაკუთრებით ქლაქებში. მთავრობის მკაცრმა ზომებმა მას სულ დასაწყისიდანვე მისცა რევოლუციური ხასიათი: ხალხი თავს იყრიდა ბრბოებად რამდენიმე ათასი ადამიანისგან, რათა მოესმინათ ქადაგება, და შეკრებებს ჩვეულებრივ იცავდნენ შეიარაღერბული ადამიანები; ცეცხლში დასაწვავად მსჯავრდებულ მქადაგებლებს ძალით ანთავისუფლებდნენ. 1566 წ. ყველაზე უფრო მსხვილ ქალაქებში გადაიარა ხატმებრძოლეობის საშნელმა ქარიშხალმა. დაახლოებით იმავე დროს თავადაზნაურებმა წარუდგინეს მმართველს (მარგარიტა პარმელს) პროტესტი ინკვიზიცის წინააღმდეგ, შედგენილი კალვინისტის მარნიკოს დე-სენტ-ალდეგონდის მიერ (იხ. Гёзы, VIII, 239). ესპანური ჯარების მოსვლამ, ჰერცოგ ალბას უფროსობით, სიკვდილით დასჯებმა, რომლებითაც გაუსწორდნენ საქვეყნოდ ცნობილ პირებს არსტოკრატიის წრეში (ეგმონტი, ჰორნი), კიდევ უფრო მეტად დააახლოვეს თავადაზნაურთა პოლიტიკური ოპოზიცია კალვინისტებთან; ბევრი გადავიდა პროტესტანტიზმში – სხვათა შორის ფილიპეს მთავარი მოწინააღმდეგე, ვილჰელმ ორანელი, – ბევრიც ემიგრაციაში წავიდა. ნიდერლანდელმა კალვინისტებმა დაიწყეს ურთიერთობები ფრანგ ჰუგენოტებთან. შეიარაღებული წინააღმდეგობის პირველი მცდელობები წარუმატებლად დასრულდა; ესპანელები ბატონობდნენ თითქმის მთელ ქვეყანაზე, როდესა რამდენიმე ემიგრანტმა – “საზღვაო გეზებმა” – ხელში ჩაიგდო ზღვისპირა ქალაქი ბრილი. ამ მომენტიდან წინააღმდეგობა უფრო მეტი წარმატებით წავიდა, და ჩრდილოეთ ოლქები, რომლებშიც სჭარბობდნენ კალვინისტები, გამოეყვნენ.

ალბას მენაცვალის, რეკვეზენსის სიკვდილის შემდეგ (1576), ვილჰელმ ორანელმა მოახერხა აჯანყებაში მიემხრო სამხრეთ შტატებიც (გენტური პაციფიკაცია), მაგრამ უნია მტკიცე ვერ გამოდგა, ეროვნული და რელიგიური განსხვავების გამო: ბელგიის მოსახლეობის უმრავლესობა კათოლიკობის ერთგული რჩებოდა. პოლიტიკური დათმობებით ესპანელებმა მოახერხეს სამხრეთ ოლქების შენარჩუნება თავიანთი ძალაუფლების ქვეშ, ხოლო კალვინიზმისადმი ერთგულმა შვიდმა ჩრდილო პროვინციამ შეადგინა დამოუკიდებელი ჰოლანდიის რესპუბლიკა (1581). ამ დროიდან ჰოლანდია იქცევა სხვა ქვეყნებში დევნილი პროტესტანტების თავშესაფრად; პროტესტანტულ საფუძველზე აქ ვითარდება შესანიშნავი პოლიტიკური ლიტერატურა (ჰუგო გროციუსი, სალმაზიუსი). საეკლესიო წყობილება, რომელიც ამოდიოდა ცალკეული თემების თვითმმართველობის კალვინისტური საწყისიდან, კარგად შეეგუა ფედერალურ წყობილებას, პროვინციებისა და ქალაქების მისეული დამოუკიდებლობით (რუსულად წერია самостоятельность და არა независимость – ი. ხ.): რელიგიური საქმეები გადაცემული იყო თითოეული ასეთი პოლიტიკური ჯგუფის განსხილველად. ნიდერლანდელი კალვინისტების გარემოში მალევე წარმოიქმნა განხეთქილება: მგზნებარე კალვინისტებისგან, რომლებიც ღებულობდნენ წინასწარგანსაზღვრულობას (предопределенiе) და გამოირჩეოდნენ შეუწყნარებლობით, ე. წ. ჰომარისტებისგან – ცალკე გავიდნენ ზომიერები, არმინიელები (арминiане, იხ. II, 124), რომლებიც უარყოფდნენ კალვინის მკაცრ სწავლებას წინასწარ გამორჩეულობის შესახებ (о предвечномъ избранiи) და მიდრეკილი იყვნენ უფრო მეტი სირბილისკენ სხვა აღმსარებლობებთან მიმართებით. რელიგიურ კამათს დაერთო პარტიების ბრძოლაც, რესპუბლიკურ-არისტიკრატიულის და დედმოკრატიულ-მონარქისტულისა, ორანელთა სახლის მეთაურობით. პირველი, რომელიც ემხრობოდა არმინიანობას, დამარცხებულ იქნა, და მისმა ბელადებმა თავებიც დადეს; არმინიანელთა სწავლება დაიგმო ეროვნულ სინოდზე დორდრეხტში (იხ. XI, 46)

კალვინიზმის ისტორია საფრანგეთში იხ. ჰუგენოტები (IX, 852). ფრანგული კალვინიზმი მოძღვრებითა და ეკლესიის მოწყობით ყველაზე უფრო ახლოს იდგა აქმ მიმართულების ფუძემდებელთან. 1559 წ. კალვინისტური თემების წარმომადგენელთა პარიზის სინოდმა დაამტკიცა საეკლესიო ორგანიზაციის ვრცელი გეგმა, რომელსაც უნდა მოეცა მთელი სარანგეთი: მეზობელი თემები ერთიანდებოდნენ კოლოკვიუმებად, კოლოკვიუმები – პროვინციებად; თითოეულ ჯგუფს ჰქონდა თავისი კრებები, თავისი კონსისტორიები, ჰყავდა თავისი არჩეული პასტორები და უხუცესები, რომელთა დამტკიცებაც ხდებოდა მაღალი ჯგუფის მიერ; თემების წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებოდნენ პროვინციულ კრებებზე, პროვინციათა წარმომადგენლები კი – გენერალურ კრებებზე. ჰუგენოტების პოლიტიკური ბრძოლის ნიადაგზე გადასვლის შემდეგ ამ ორგანიზაციის პრინციპები საფუძვლად დაედო პარტიის პოლიტიკურ მოწყობას. ამ მოწყობის გამომუშავება ჰუგენოტების ყველაზე უფრო სასტიკი დაჯახების ხანას მთავრობასთან და კათოლიკურ უმრავლესობასთან, ბართლომეს ღამის შემდეგ (1572). საფრანგეთის სამხრეთსა და დასავლეთში ჰუგენოტები ნახულობენ თავიანთთვის მხარდაჭერას თავადაზნაურობისა და ქალაქების მცხოვრებთა ერთი ნაწილის სეპარატისტულ მისწრაფებებში და გამოიმუშავებენ ოლქების ფედერაციას, წარმომადგენლობითი დაწესებულებებით. მათი ნიჭიერი პუბლიცისტები და ისტორიკოსები (Hotman “Franco-Gallia”-ში, Languet “Vindiciae contra tyrannos”-ში, უცნობი ავტორი “reveille – Matin des Francais”-ში, Agrippa d’Aubigne “Histoire universelle”-ში) ანვითარებენ რესპუბლიკურ და კონსტიტუციურ თეორიებს, ამტკიცებენ წარმომადგენლობითი დაწესებულებების ძირძველობას (исконность) საფრანგეთში. თავიანთ მეფეს ჰაინრიხ (ანრი) ნავარელს ჰუგენოტები ეკიდებოდნენ როგორც კონსტიტუცვიურ ხელმწიფეს. ნანტის ედიქტით (1598) მათი პოლიტიკური ორგანიზაცია აღიარებულ იქნა; მეფე ცდილობდა მხოლოდ მის დარეგულირებასა და მისი საქმიანობის გაკონტროლებას, თავისი კომისრების მეშვეობით. ინტერესი პოლიტიკური კრებებისადმი ჰუგენოტებთან ნელდება XVII ს. პირველ ოცწლეულში, მათ გარემოში რჯულის შემწყნარებლობისა და თავისუფლად მოაზროვნეობის მიმართულების განვითარებასთან ერთად. XVII ს. 20-იანი წლების დასაწყისში ჰუგენოტების პოლიტიკური ორგანიზაცია ინგრეოდა, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ კი (1629), ცალ-ცალკე (შეუთანხმებლად, სტიქიურად) გაწეული წინააღმდეგობის შემდეგ, პოლიტიკური უფლებები მათ ჩამოართვათ კარდინალმა რიშელიემ.

შოტლანდიაში კალვინიზმის გავრცელება დაიწყო XVI ს. 50-იან წწ., მარია გიზის რეგენტობის დროს, რომელიც ქვეყანას მართვდა თავისი მცირეწლოვანი ქალიშვილის, მარია სტიუარტის ნაცვლად. პროტესტანტიზმის გავცელება აქ მჭიდრო კავშირში დგას პოლიტიკურ ოპოზიციასთან სტიუარტების დინასტიის წინააღმდეგ, რომელიც განსაკუთრებით ძლიერად იყო გამოხატული თავადაზნაურობაში. პროტესტანტების ბელადს სულ თავიდანვე წარმოადგენს ენერგიული ჯონ ნოქსი, კალვინის მოწაფე, რომელიც მას ჰგავს ხასიათითა და განწყობილებით, მაგრა იმავე დროს გახლავთ პოლიტიკური აგიტატორი და სახალხო ტრიბუნი. დაუნდობლად ამათრახებდა რა თავის ქადაგებებში სამეფო კარის “კერპთმსახურებას”, ნოქსმა წარმართა უკმაყოფილო არისტოკრატია “ქრისტეს კონგრეგაციის” შედგენისკენ, რომელმაც რეგენტისგან მოითხოვა “თავდაპირველი ეკლესიის ღვთაებრივი ფორმის” შემოღება. უარმა შედეგად მოიტანა ხატმებრძოლეობა, რომელსაც თან ახლდა მონასტრების დანგრევა (1559). რეგენტი დამხობილ იქნა, ამასთან ნოქსი ამტკიცებდა ციტატებით ძველი აღთქმიდან, რომ უწმინდურ ხელმწიფეთა დამხობა ღმერთისთვის სათნოა. შემდეგ წელს, პარლამენტის დადგენილებით, ჩამორთმეულ იქნა საეკლესიო საკუთრება, რომელიც უმეტეს წილად ერგო თავადაზნაურობას, და შოტლანდიაში შემოღებულ იქნა კალვინიზმი, პრესვიტერიანული ეკლესიის სახელწოდებით: ამ ეკლესიას ჰქონდა სინოდალური ორგანიზაცია და მნიშვნელოვან ავტორიტერტს აძლევდა მღვდელმსახურებს, რომლებსაც ირჩევდა არა უშუალოდ ხალხი, არამედ საეკლესიო საბჭოები. კალვინიზმს შოტლანდიაში კიდევ ერთხელ მოუხდა ბრძოლის გადატანა მარიამ სტიუარტის მმართველობის დროს, რომელიც საფრანგეთიდან დაბრუნდა 1561 წ. ნოქსის მხილებათა მიუხედავად მარიამს არ სურდა არის თქმა კათოლიკურ ღვთისმსახურებაზე, და მკაცრი კანონები, რომლებიც გამოცემულ იქნა კათოლიკების წინააღმდეგ მისი არყოფნის დროს, არ სრულდებოდა. მარიამის დამხობასთან ერთად პრესვიტერიანობა აღწევს შოტლანდიაში სრულ ზეიმს: ტახტის მემკვიდრეს, მომავალ იაკობ I ინგლისელს, აღსაზრდელად აძლევს კალვინისტ პუბლიცისტსა და ისტორიკოსს ბუკენენს. XVII ს. იაკობ I და კარლ I, რომლებიც ერთდროულად მეფობდნენ შოტლანდიაშიც და ინგლისშიც, ცდილობდნენ შოტლანდიაში ინგლისური ეკლესიის შემოღებას საეპისკოპოსოს ღირსებითა და ზოგიერთი სიახლეებით კულტში, კათოლიკობის სულისკვეთებით (მთავარეპისკოპოს ლოდის პოლიტიკა). ამ მცდელობების შედეგად იქცა აჯანყება, რომელიც შეერწყა ინგლისის რევოლუციას.

ინგლისში კალვინიზმი ვითარდება სახელმწიფო ხელისუფლების მიერ რეფორმაციის შემოღების შემდეგ და, ამის შედეგად, ოპოზიციაში არა კათოლიკობის მიმართ, არამედ ოფიციალური პროტესტანტული ეკლესიის, ანგლიკანობის მიმართ. ამ ეკლესიის წყობილება, რომელიც შემოტანილ იქნა ედუარდ VI-ის დროს (1547-1553) და დამტკიცებული ელისაბედის მიერ (1558-1603), ვერ აკმაყოფილებდა პროტესტანტული პრინციპებისადმი უფრო თანამიმდევრულ მომხრეებს, როგორც ჯერ კიდევ ზედმეტად განმსჭვალული კათოლიკური ნიშნებით. ყველამ, ვინც აუცილებლად თვლიდა ეკლესიის შემდგომ გაწმენდას “ცრურწმენებისა” და “კერპთმსახურებისგან”, მიიღო “პურიტანების” სახელწოდება. ოფიციალური ეკლესიის ალსაზრისით, ისინი იყვნენ “ნონკონფორმიტები”, ე. ი. რომლებიც უარყოფდნენ მოძღვრებისა და კულტის ერთგვარობას (единообразiе) (მათ უწოდებდნენ ასევე დისსენტერებს, ე. ი. არდათანხმებულებს). ერთ მთლიანს პურიტანები არ შეადგენდნენ; მათ შორის შესაძლებელი იყო რამდენიმე გრადაციის გარჩევა (განსხვავება). ყველაზე უფრო ზომიერები მზად იყვნენ შერიგებოდნენ მეფის მეთაურობას (верховенство) ეკლესიაში, მაგრამ უარყოფდნენ ეპისკოპატსა და კათოლიკურ ნარჩენებს კულტში; სხვები, უახლოვდებოდნენ რა შოტლანდიურ კალვინიზმს, ღებულობდნენ პრესვიტერიანობის რესპუბლიკურ-არისტოკრატიულ ორგანიზაციას, ეროვნული სინოდით სათავეში; დაბოლოს, XVI ს. ბოლოს დაიწყო ბროუნისტების მიმართულების განვითარება (მათი დამაარსებლის, ბროუნის, მიხედვით; იხ. IV, 738) ანუ ინდეფენდენტებისა, რომელთაც საეკლესიო მოწყობაში შეჰქონდათ დემოკრატიული და თემების თვითმმართველობის საწყისი. პურიტანების ოპოზიცია დასაწყისში ატარებდა სუფთად რელიგიურ ხასიათს. პარლამენტი გამოსცემდა მათ წინააღმდეგ დადგენილებებს, ელისაბედი სდევნიდა მათ როგორც მეამბოხე ქვეშევრდომებს, მაგრამ, ისხდნენ რა ციხეებში, განიცდიდნენ რა სასჯელებს, ისინი ლოცულობდნენ დედოფლისთვის, მით უმეტეს, რომ იგი მხარს უჭერდა მათ ერთმორწმუნეებს შოტლანდიაში, ჰოლანდიასა და საფრანგეთში. მდგომარეობა შეიცვალა XVII ს., სტიუარტების დროს: ერთის მხრივ, ანგლიკანობამ დაიწყო დაახლოვება კათოლიკობასთან, და პურიტანები განიცდიდნენ კიდევ უფრო მძიმე დევნას, მეორეს მხრივ კი – მეფეებმა დაიწყეს პარლამენტის პრივილეგიების შეზღუდვა. ღელიგიური და პოლიტიკური ოპოზიცია შეერთდნენ და პურიტანები იქცნენ მეწინავე მებრძოლებად პოლიტიკური თავისუფლებისთვის იაკობ I-ისა და კარლ I-ის დროს; მათი საეკლესიო დევნა გადატანილ იქნა პოლიტიკურ ნიადაგზე და გადაიქცა კონსტიტუციურ და რესპუბლიკურ თეორიებად; არ უშვებდნენ რა მეფის მეთაურობას საეკლესიო საქმეებში, ისინი იბრძოდნენ აბსოლუტიზმის წინააღმდეგ სახელმწიფოში. მძიმე განსაცდელება ამ ბრძოლის დასაწყისში აიძულა ბევრი მათგანი გადასახლებულიყვნენ ახლად დაარსებულ კოლონიებში ჩრდილოეთ ამერიკაში; აქ, თავისუფლებაში, ვითარდებოდა მრავალრიცხოვანი სექტები, რომლებადაც დაიშალა ინგლისური კალვინიზმი (შემდგომის შესახებ იხ. ხანგრძლივი (долгий) პარლამენტი, რევოლუცია ინგლისში, ინდეფენდენტები, კვაკერები, პურიტანები). XVII ს. გმირული ეპოქის შემდეგ პურიტანობა ანუ დისსენტერობა, აღწევს რა ფაქტიურ შემწყნარებლობას და იშლება რა ზომიერ და უკიდურეს ნაწილებად, ყუჩდება, ჰკარგავს თავის გავლენასა და შინაგან ძალას. მისი აღორძინება ინგლისში მიეკუთვნება XVIII ს. ბოლოს და მიმდინარეობს ე. წ. ვესლეანობაში ანუ მეთოდიზმში (იხ.). ამჟამად (ე. ი. XIX-XX სს. მიჯნაზე – ი. ხ.) ინგლისელი პროტესტანტების მნიშვნელოვანი ნაწილი – დისსენტერებია; უელსი თითქმის მთლიანად მათით არის დასახლებული.

პოლონეთში კალვინიზმმა ითამაშა გარდამავალი როლი. მასზე ადრე აქ გავრცელდა ნუთერანობა (ქალაქების გერმანულ მოსახლეობას შორის) და ჩეხი ძმების სწავლება. კალვინიზმი, მისი რესპუბლიკურ-არისტოკრატიული ორგანიზაციით, განსაკუთრებით მიესადაგა შლიახტის მისწრაფებებს, რომელიც, ბატონობდა რა სეიმებზე, ცდილობდა პოლიტიკური რეფორმის გატარებას თავის ინტერესებში და ძლიერად მტრობდა სასულიერო წოდებას. ურთიერთობები კალვინსა და ცნობილ ადამიანებს შორის პოლონეთში წარმოიშვა სიგიზმუნდ II-ის მართველობის დასაწყისში (XVI ს. 40-იანი წლების დასასრული და 50-იანების დასაწყისი). მალევე (1556-60) კალვინისტური ეკლესიის ორგანიზატორად პოლონეთში (“გელვეტური აღმსარებლობის” სახელწოდებით) გამოცხადდა (მოვიდა) იან ლასკი, რომელმაც მთავრობას მიმართა რეფორმაციის ჩატარების წინადადებით (1554). მაგრამ კალვინიზმი არ იწვევდა დიდ მგზნებარებას (გულმოდგინებას – не вызивал большой ревности). პროტესტანტების გარემოში აქ მალევე, იტალიის გავლენით, გავრცელდა რაციონალისტური მიმართულება, რომელმაც მიმართა ანტიტრინიტარიზმს (სამების უარყოფას) – ე. წ. სოცინიანობა (იხ.), რომელიც სულაც არ გამოირჩეოდა ენერგიული ეკლესიის თვისებებით. ძლიერ კათოლიკურ რეაქციას 60-იანი წლებიდან პოლონეთში დახვდა პროტესტანტების მხოლოდ განაწევრებული (გაფანტული) წინააღმდეგობა, და კალვინიზმის გავლენა მალე საბოლოოდ იქნა დარღვეული.

(შემდეგ მოყვანილია ლიტერატურის ჩამონათვალი აღნიშნულ საკითხში)

რ. ვიპერი

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment