Tuesday, June 6, 2017

სუმბატ დავითის ძე X საუკუნის ბოლოსა და XI-ის დასაწყისში საქართველოს ცხოვრებისა და ჩვენს ქვეყანაში ბიზანტიის კეისრის ლაშქარში რუსული ჯარის პირველად გამოჩენის შესახებ

[შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ამონარიდს ქართველი მემატიანის სუმბატ დავითის-ძის თხზულებიდან «ცხორებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთა» (თბილისი, 1990, გვ. 51-56). მასში თავიდან მოკლედ და სქემატურადაა გადმოცემული საქართველოს ცხოვრება, ხოლო შემდეგ კი შედარებით უფრო დაწვრილებითაა მოთხრობილი გიორგი I-ის ტახტზე ასვლის შემდგომი ამბები და მისი ბრძოლა სამხრეთ საქართველოში ბიზანტიის იმპერატორთან ბასილი II-თან; აგრეთვე ბასილი II-ის ჯარში რუსების გამოჩენისა და მათთან ბრძოლაში ქართული ჯარის ერთი ნაწილის დამარცხების შესახებ, რასაც შედეგად ბიზანტიისა და საქართველოს ხელისუფალთ შორის ზავის დადება მოჰყვა. ტექტსი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო გონელი არახმიამ, და ქვემოთ მისი შენიშვნები დახრილი შრიფტითაა ნაჩვენები]

გარდაიცვალა გურგენ, ძე გურგენის ძისა ბაგრატ მამფალისაჲ, ქრონიკონსა რჴჱ (968 წ.)

გარდაიცვალა ადარნასე, ძე სუმბატ კურატპალატისა, ძმაჲ ბაგრატ რეგუნისა, ქრონიკონსა სგ (983 წ.) და დაუტევა ძე დავით მცირე.

გარდაიცვალა სუმბატ ერისთავთერისთავი, კაცი მართალი, ძე დავით მამფალისაჲ, არტანუჯელი, ქრონიკონსა სჱ (988 წ.) და დაუტევნა ძენი ორნი: დავით და ბაგრატ. და შემდგომად მიცვალებისა მისისა დღესა მეორმოცესა გარდაიცვალა ძე მისი ბაგრატ და დაუტევნა ძენი ორნი: სუმბატ და გურგენ.

გარდაიცვალა სუმბატ, ძე ბაგრატ რეგუნისა, ქართველთა მეფისაჲ ქრონიკონსა სიბ (992 წ.) და არა ესუა შვილი.

გარდაიცვალა დავით, ძე სუმბატ ერისთავთერისთავისა დიდებულისა, კაცისა მართლისა. და გარდაიცვალა ბაგრატ რეგუენი ქართველთა მეფე, ძე კურთხეულისა სუმბატ კურატპალატისა, ქრონიკონსა სიდ (994 წ.) და დაუტევა ძე თჳსი უხუცესი გურგენ, რომელსა უწოდეს მეფეთმეფე. და ამას გურგენს ესუა ბაგრატ დედით აფხაზთა მეფისა დისწული, დემეტრესი და თეოდოსესი. ვიდრე გურგენის გამეფებამდე ესე ბაგრატ მეფე იქმნა აფხაზეთს და ამისთჳს გურგენს მეფეთმეფობაჲ ეწოდა.

გარდაიცვალა დავით დიდი კურაპალატი, ძე ადარნასე კურაპალატისაჲ, ქრონიკონსა სკა (1001 წ.), და არა ესუა ძე. და აოჴრდა იმიერ-ტაო. და გამოვიდა ბასილი ბერძენთა მეფე (ბიზანტიის იმპერატორი ბასილი II /976-1025/) და მისცნეს მას ციხენი აზნაურთა ამა დავითისთა. და დაიპყრა ბასილი მეფემან მამული დავით კურაპალატისაჲ. და მივიდეს მის წინაშე ბაგრატ აფხაზთა მეფე [და] (აღდგენილია ე. თაყაიშვილის მიერ /იხ. სუმბატ დავითის ძის ქრონიკა. გვ. 68, § 81/) მამაჲ მისი გურგენ. და მოსცა მათ ბასილი მეფემან პატივი, გურგენს მაგისტროსობაჲ და ბაგრატს კურატპალატობაჲ, რათამცა ვითარ მტერ ყვნა ერთმანერთისა მიმართ მამა-ძენი ესე, და ამით ღონითა იძმაცვა. ხოლო გურგენ ჭეშმარიტი და მართალი იყო და ვერა აღძრა გული მისი ზაკჳთა ამით მიზეზითა და ვერა უძლო ღონისძიებითა.

გარდაიცვალა ესე გურგენ მეფეთმეფე, ძე ბაგრატ ქართველთა მეფისაჲ, ქრონიკონსა სკჱ (1008 წ.), და დაუტევა ძე ესე თჳსი ბაგრატ აფხაზთა მეფე, კურატპალატი დიდი, და ეუფლა ტაოს მამულსა თჳსსა, და დაიპყრა ყოველი კავკასია თვითმპყრობელობითა ჯიქეთითგან ვიდრე გურგენადმდე. ხოლო ადარბადაგანი და შირვანი მოხარკე ყო, სომხითისა ჴელმწიფებითა ნებიერად განაგებდა. მეფე სპარსთა მეგობრად და ერთგულ ყო სიბრძნითა და ძლიერებითა თჳსითა უფროს სახლეულთა თჳსთასა, და ბერძენთ მეფესაცა შიში აქუნდა ამისი ყოვლადვე.

და ამან ბაგრატ კურატპალატმან მოიყვანნა კლარჯნი ჴელმწიფენი სუმბატ და გურგენ, ძენი ბაგრატ არტანუჯელისანი, თჳსნი მამის დისწულნი, დარბაზობად მის წინაშე ციხესა შინა ფანასკერტისასა და მუნ შინა შეიპყრნა იგინი. და აღიჴუნა ქუეყანანი და ციხენი მათნი, რამეთუ იგინი პატიმარ ყვნა ციხესა შინა თმოგჳსასა. და მუნ ციხესა შინა თმოგჳსასა გარდაიცვალა სუმბატ არტანუჯელი ქრონიკონსა სლა (1011 წ.). და ეგრეთვე მასვე წელსა შინა გურგენიცა გარდაიცვალა, ძმაჲ სუმბატისი, ქრონიკონსა სლბ (1012 წ.). ხოლო შვილნი მათნი წარვიდეს კონსტანტინოპოლედ, ძე სუმბატისი ბაგრატ და ძე გურგენისი დემეტრე ბასილი მეფისა წინაშე, და მათნივე შვილნი კლარჯთა მეფეთანი რომელ დაშთეს ამას ქუეყანასა, მოისრნეს ყოველნი სიკუდილითა პატიმრობასა შინა. 

ამისსა შემდგომად მოვლო ბაგრატ ყოველი სამეფო თვისი, აფხზეთი, ჰერეთი და კახეთი, მოვიდა და დაიზამთრა ჴევთა ტაოსათა. და მო-რა-იწია ზაფხული, მოვიდა მასვე ციხესა ფანასკერტისასა წელსა მესამესა და მუნ გარდაიცვალა ესე ბაგრატ ქრონიკონსა სლდ (1014 წ.), თუესა მაისსა ზ (7 მაისი), დღესა პარასკევსა. და დაუტევა ძე თჳსი გიორგი და დაჯდა იგი მეფედ წლისა იჱ (18 წელი).

ხოლო დაჯდა რა ესე გიორგი მეფედ, გან[უ]დგა (აღდგენილია ე. თაყაიშვილის მიერ /იხ. სუმბატ დავითის ძის ქრონიკა, გვ. 69, § 86/) ამას ქუეყანა ჰერეთ-კახეთისაჲ და ღადრობითა აზნაურთათა შეპყრობილ იქმნეს ერისთავნი. მათ ქუეყანათ კუალადვე ეუფლნეს მათნი უფალნი, რომელთა პირველ აქუნდათ იგი.

და ამის გიორგის მეფობისა მეშვიდესა წელსა გამოვიდა ბასილი ბერძენთა მეფე ამას გიორგის მეფესა ზედა. ხოლო ესე გიორგი განვიდა ლაშქრითა დიდითა და დაიბანაკეს ქუეყანასა ბასიანისასა ორთავე მრავალ დღეს და არა მივიდეს ბრძოლად ერთმანერთსა ზედა, არამედ მოერიდა გიორგი და მოვიდა და დაწუა ქალაქი ოლთისი. [და მუნით მოვიდა კოლასა და] (აღდგენილია ე. თაყაიშვილის მიერ «მატიანე ქართლისას» ტექსტის კიხედვით /იხ. სუმბატ დავითის ძის ქრონიკა, გვ. 69, § 87/) გამოუდგა კუალსა და მოუდგა უკანა მეფე ბერძენთა. და შეკრბეს რა უაკანამავალნი გიორგისნი და წინამავალნი ბასილისნი ლაშქარნი, იქმნა ბრძოლაჲ დიდი სოფელსა შინა, რომელსა ეწოდების შირიმთა. და მრავლად მოისრნეს ორკერძოვე და მოიკლნეს მუნ დიდნი ერისთავნი, რატი ძე ლიპარიტისი და ხურსი. და ვითარცა მოესმა ჴმაჲ ომისაჲ გიორგი მეფესა, აღბორგნეს, განვიდეს და მოვიდეს ადგილსა მას, სადა იყვნეს ბრძოლად, და მოვიდა მუნ ბასილი მეფეცა სპითა დიდითა.

და შეკრბეს იგინი იმიერ და ამიერ. და იქმნა მუნ ბრძოლა დიდი და მოისრნეს მუნ ბერძენნი დიდნი და ფრიადნი. და წარმოიღეს გიორგისთა ავარი, და ეგზომ განდიდნა ბრძოლა იგი, რომელ სივლტოლაჲ ეგულებოდა ბასილი მეფესა. გარნა გიორგისნივე სულმოკლე იქმნნეს, რამეთუ მორიდეს და წარმოვიდეს. ხოლო ბასილი უკან წარმოუდგა და მოვიდა არტანს და დაწუა იგი. და რომელი პოვა, ტყუე-ყო. ხოლო გიორგი წარვიდა ნიალით კერძო სამცხედ, და მიუდგა მას უკანა ბასილი ჯავახეთით კერძო და მოაოჴრა ყოველივე. გარდავიდა გიორგი თრიალეთად და მოადგა ბასილიცა თრიალეთადვე. და რა ეახლნეს ერთმაერთსა, კუალად განძლიერდა გიორგი ლაშქრითა, რამეთუ მოიყვანნა წანარნი და შაქნი. ხოლო იხილა რა ესე ბასილი, შეიქცა თრიალეთით და უკმოიღო ჯავახეთი და არტანი დღეთა შინა ზამთრისათა, და კუალად უბოროტესად-ვე მოაოჴრა. და წარვიდა და დაიზამთრა ქუეყანასა ხალდიასა, ქალაქსა ტრაპიზონტას. და ვიდოდეს მოციქულნი ორთავე ამათ მეფეთანი ზავისათჳს ერთმანერთისა წინაშე [და] (აღდგენილია ე. თაყაიშვილის მიერ /იხ. სუმბატ დავითის ძის ქრონიკა, გვ. 70, § 87/) მშვიდობისა.

ხოლო, იქმნა ამას ჟამსა შინა განდგომილებაჲ დიდი საბერძნეთს, რამეთუ შეირთნეს ბასილის სასპეტი და წარვეზი, ძე ფოკას განდგომილისა და მეფე იქმნა ქსიფი, და მიიდგინეს მათ ყოველი აღმოსავლეთით კერძი ქუეყანა, ხოლო ღმერთმან ბასილის დიდად შეშინებულსავე პატივ-სცა, რამეთუ განუდგეს ქსიფი წარვეზს, და ყოველნივე ერნი მისად მიმდგომელნი შეიტყუენეს ციხესა შინა, შეიპყრეს და ბასილის წინაშე წარმოგზავნეს. და მან ექსორია-ყო იგი კუნძულსა შინა და მიმდგომთა მისთა მრავალთა თავი მოჰკუეთა, რომელთა თანა იყო ფერის ჯოჯიკის ძე ქართველი (აჯანყების შესახებ იხ. История Византии, II, М., 1967, с. 220 и др.; ვ. კოპალიანი, საქართველო-ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა, გვ. 117 და შმდ. || ფერის ჯოჯიკის შესახებ იხ. მატიანე ქართლისა, გვ. 287; ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გიორგი მთაწმინდელისა. – ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, II, ი. აბულაძის ხელმძღვანელობითა და რედაქციით, თბ., 1967, გვ. 117-118; გიორგი კედრენე. – წიგნში: გეორგიკა, 7, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, თბ., 1963, გვ. 48; არისტაკეც ლასტივერტცი. ისტორია. ქართული თარგმანი გამოკვლევით, კომენტარებითა და საძიებლებით გამოსცა ე. ცაგარეიშვილმა. ბ., 1974, გვ. 50, 162-163; ვ. კოპალიანი, საქართველო-ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970-1070 წლებში, თბ., გვ. 111-114).

და კუალად შემოიქცა ბასილი მეფე და მოვიდა ბასიანს. და ითხოვდა იგი გიორგი მეფისაგან ციხე-ქუეყანათა და აღუთქმიდა ზავსა და მშჳდობასა. ხოლო გიორგი მეფემან განავლინა ზვიადი ლაშქრითა დიდითა უწინარეს თჳსსა (ზვიადი, იგივე ზვიად მარუშიანი, ბაგრატ III-ისა და გიორგი I-ის სპასალარი /იხ. მატიანე ქართლისა, გვ. 287/, რომელიც 1024-1027 წწ. შორის შეპყრობილ იქნა გიორგი I-ის მიერ /იხ. გომარეთის წარწერა – წიგნში Е. Такайшвили, Археологические экскурсии, разыскания и заметки, IV, 1913, с. 83; მ. ლორთქიფანიძე, ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის. – საქართველოს ისტორიის ნარკვევები, III, გვ. 158, 161, 162/). და დაილაშქრა ზვიადმანცა ამიერ კიდესა ბასიანისასა, რეცა ზამთრის სახედ. ხოლო თჳთ გიორგი მეფე უკანა ისრე განვიდა ზავად წადიერ ლაშქრითა დიდითა და ძლიერითა. გარნა ორკერძოვე მზაკუარნი იგი აზნაურნი არა მიეშუნეს გიორგის ყოფად ზავისა, რამეთუ არა უნდოდა მშჳდობაჲ, არამედ აზრახეს მას ბრძოლად. აწჳეს იგი ბასილის ზედა, რომელი-იგი ზავად და მშჳდობად ჰქონებდა მისულასა მათსა, და ჰქონებდა და მოელოდა. ხოლო გიორგისთა იწყეს ბრძოლად და აოტეს ზოგი ბასილის ლაშქრისა. მაშინ უბრძანა ბასილი მეფემან დამოკიდება წუერსა ჰოროლისასა დაწერილი[სა] მათი[სა], რომელნი მისად დაეწერნეს გიორგი მეფესა ჩუენსა სიმტკიცისა და ზავისანი. და ესრეთ ბასილი მეფემან ჰოროლისა წუერითა ამართნა იგინი, მიუპყრა ღმერთსა და თქუა: იხილე, უფალო, წერილი ესე მათი და საქმე, რომელსა აწ იქმენ. და კუალად მოიღო ბასილი მეფემან ძელი ცხორებისა მანდილითა წმიდითა და დასცა იგი ქუეყანასა ზედა და თქუა ესრეთ, ვითარმედ: უკეთუ მიმცემე ჴელთა მტერთასა, არღარა თაყუანის-გცე უკუნისამდე. და ვითარ ესე ყო და თქუა, მყის მასვე ჟამსა იძლივნეს დე მეოტ იქმნეს სპანი გიორგისნი, რომელნი-იგი პირველ მივიდეს. და გამოვიდეს მიერ კერძო ტაღმანი (ტაღმა – რაზმი) მეფისანი რ უ ს ნ ი (ხაზგასმა ჩვენია – ი. ხ.) და არა განერა ერთიცა პირველ მოსრულთა მათ თჳნიერ მცირედთასა, რამეთუ თჳთ მეფე გიორგი და უძლიერესი ლაშქარი მისი არღარა მოსრულ იყო ჯერეთ ყოვლადვე, და მოიკლნეს მათგანი მას დღესა შინა, რომელთაცა-იგი მშვიდობის-ყოფაჲ არა ენებათ და მეოტ იქმნნეს ყოველნი. და მოისრნეს ურიცხუნი პირითა მახჳლისათა და რომელნიმე მეოტ იქმნნეს. წარიღეს ბერძენთა ავარი დიდძალი და განძი სამეფო ყოველი სრულიად, რომელი აქუნდა.

და წარმოიძრა მცირედ ბასილი მეფე და მოუდგა უკანა მეფესა გიორგის. და კუალად იწყო ზავად და მშჳდობად პირველისაებრ, რამეთუ შიში აქუნდა საბერძნეთით კუალადცა განდგომილებისა. და ყუეს მაშინ მშჳდობაჲ და დაიზავნეს. და მისცა გიორგი მეფემან მძევლად ძე თჳსი ბაგრატ, სამისა წლისაჲ ყრმა ჩჳლი და მისცა ციხე ათორმეტი და ქუეყანანი დავით კურატპალატისა ნაქონებნი ტაოს, ბასიანს, ჯავახეთს და შავშეთს. და ესრეთ წარვიდა ბერძენთა მეფე ბასილი და თანა წარიტანა ბაგრატ ყრმა მცირე, და შემდგომად სამისა წლისა შინავე წარმოგზავნა აღუთქუა გიორგის ბაგრატისი. 

გარდაჴდეს რა სამნი წელნი, მაშინ წარმოგზავნა ბასილი მეფემან ქალაქით კონსტანტინეპოლით ბაგრატ, ძე გიორგისი, ვითარცა-იგი აღუთქუა. და მოიწია ბაგრატ ტაოს და შემოვიდა თჳსსა მამულსა ბანას თანამოყოლითა მისად კატაბანისა აღმოსავლეთისა ვიდრე ზღუარადმდე ბაგრატის მამულისა (კატაბანი – თანამდებობა ბიზანტიის საიმპერატორო კარზე).

ხოლო შე-რა-იქცა კატაბანი იგი, მოემთხჳნეს მას მანდატურნი წიგნითა ესრეთ წერილითა, ვითარმედ: მიიცვალა ბასილი მეფე, ძმაჲ ჩემი, და ვიქმენ მე მეფედ ყოვლისა საბერძნეთისა. და აწ სადაცაღა მოწევნულ იყოს საჴელმწიფოსა შინა ძე გიორგისი ბაგრატ, გარევე-აქციე იგი სწრაფით და წინაშე ჩუენსა მოგზავნე. და ვითრცა აღმოიკითხა კატაბანმან ბრძანებაჲ მეფისა, მაშინ მსწრაფლ მოიქცა იგი და დევნა-უყო ბაგრატს, გარნა ვერ ეწია მას, რამეთუ თჳსსა მამულსა შემოსრულ იყო იგი და განძლიერებულ ლაშქრითა, რომლისა ბრძოლად ვერღარა ეძლო კატაბანსა მას, არამედ გარე-უკუნ-იქცა და წარვიდა. ეჰა, დიდი და საკჳრველი მოწყალებაჲ ღმრთისაჲ! ვითარღა განერა მართალი ჴელთაგან შემპყრობელთა და მტერთა მისთასა, ქრონიკონსა სმე (1025 წ.).

და მოვიდა ბაგრატ საბერძნეთით წინაშე მამისა თჳსისა გიორგი მეფისა და დედისა თჳსისა მარიამ დედოფლისა ქალაქსა მათსა ქუთათისს. და ესრეთ შეკრბეს იგინი მშჳდობით და მისცეს დიდებაჲ და მადლობაჲ ღმერთსა მომადლებისათჳს მათდა ესევითარისა მის კეთილისა. და შემდგომად ამისსა რა გარდაჰჴდეს წელნი ორნი, გარდაიცვალა გიორგი, მამაჲ ამის ბაგრატისი, თრიალეთს, ადგილსა მას, რომელსა ეწოდების მყინვარნი, ქრონიკონსა სმზ (1027 წ.), თუესა აგვისტოსა ივ (16 აგვისტო) და დამარხეს იგი ქუთათისს.

(ამონარიდის დასასრული)


მცირე დამატება და კომენტარი XI საუკუნეში საქართველოს გაერთიანების, აგრეთვე ბიზანტიის კეისარს ბასილი II-სა და ქართველ მეფეებს შორის კონფლიქტის თაობაზე ივანე ჯავახიშვილის «ქართველი ერის ისტორიის» (ტომი II) მიხედვით

ივანე ჯავახიშვილის აღნიშნული წიგნის VI თავში «საქართველოს გაერთიანება» 1-ლ პარაგრაფში «მეფე ბაგრატ III და დავით დიდი კურაპალატი» ვკითხულობთ (ქვემოთ თავად ავტორის მიერ ტექსტში გაკეთებული შენიშვნები ფრჩხილებშია პირდაპირ მოცემული, ხოლო სქოლიოში ჩამოტანილი შენიშვნები კი – ასევე ფრჩხილებში დახრილი შრიფტით): 

საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში (აფხაზეთში – ი. ხ.), მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი, რომელსაც ქვეყნის კეთილდღეობისათვის გული შესტკიოდა. ამ წრის საუკეთესო წრმომადგენელი, მისი სულისჩამდგმელი და წადიერებათა თავგამოდებული განმახორციელებელი ი ო ა ნ ე | მ ა რ უ შ ი ს | ძ ე ყოფილა. მას ნათლად ჰქონდა წარმოდგენილი, რამდენად საუბედურო იქნებოდა საქართველოსათვის უსინათლო, უძლური კაცის მეფობა და ამიტომ «ამან წარავლინა მოციქული წინაშე დავით კურაპალატისა, აწვია, რათა მოილაშქროს ძლითა მისითა, აღიღოს ქართლი, ანუ დაიმჭიროს თჳთ, ანუ უბოძოს ბაგრატს ძესა გურგენისსა, ასულის წულსა გიორგი აფხაზთა მეფისასა, რომელსა ეყოდა დედულად აფხაზეთი და ქართლი ესევე» (მტ~ნე ქ~ჲ, *461, გვ. 236). იოანე მარუშის ძეს საქართველოს გაერთიანების გარკვეული და მტკიცე სურვილი ჰქონდა და ამის განსახორციელებლად საუკეთესო გზაც აირჩია. ტაოს მფლობელს დავით დიდ კურაპალატზე უკეთესად არავის შეეძლო ეს განეხორციელებინა: იგი სახელგანთქმული იყო ყველგან, როგორც შინ საქართველოში, ისე გარეთ სომხებსა, ბერძნებსა და არაბებს შორის ძლიერებითა და მაღალი სულიერი და ზნეობრივი თვისებებით; ამასთანავე მტკიცე და ძლიერი ხასიათის პატრონი იყო და თავის თავს არავის დააჩაგვრინებდა. რაკი მას შვილი არ ებადა, ამიტომ თავისი მახლობელი ნათესავი «ბაგრატ ძე გურგენისი გაეზარდა შვილად თჳსად» (იქვე, *461, გვ. 237); მაშასადამე, იგი (ბაგრატი – ი. ხ.) არამც თუ ქართველთა მეფეთა სამფლობელოს მემკვიდრე იყო, არამედ ტაოსიც; ხოლო თუ აფხაზთა მეფეების ტახტზე მართლაც ბაგრატს დასვამდნენ, მაშინ იგი გახდებოდა თითმის მთელი გაერთიანებული საქართველოს ხელმწიფედ, კახეთისა და ჰერეთის ერთ ნაწილს გარდა. სწორედ ამიტომაც იოანე მარუშის ძე «ეძებდა მეფედ ბაგრატს» (იქვე, *461, გვ. 236).

დავით დიდ კურაპალატს მოეწონა იოანე მარუშის ძის წინადადება და თავისი ჯარითურთ საჩქაროდ ქართლისაკენ გამოეშურა. ეს რომ კახელებმა გაიგეს, ქართლს უჩუმრივ თავი მიანებეს და როცა დავით კურაპალატი მობრძანდა და ქუაჴრელთან დადგა, იოანე მარუშის ძე მიეგება და უფლისციხე მას გადასცა, ხოლო დავითმა «მიუბოძა ბაგრატს და მამასა მისსა გურგენ»-ს; მაგრამ რაკი ბაგრატი ჯერ სრულწლოვანი არ იყო, ამიტომ «თანაგამგებელად» მამა მისი გურგენი დუნიშნა (იქვე, *461-462, გვ. 237). 

დავით კურაპალატმა ქართლითგან წასვლის წინათ შეკრიბა ადგილობრივი აზნაურები და გამოუცხადა: «ესე (ბაგრატ) არს მკჳდრი ტაოსა, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი გაზრდილი ჩემი, და მე ვარ მოურავი მისი და თანაშემწე, ამას დაემორჩილენით ყოველნი»-ო (იქვე, *462, გვ. 237-238). მაგრამ ქართლის აზნაურთაგან ყველა დიდებული აზნაურები ხომ იოანე მარუშის ძესავით საქართველოს საზოგადო საქმეზე და გაერთიანებაზე არა ფიქრობდნენ; პირიქით, პირადი და წოდებრივი გამორჩენისა და სარგებლობის წყურვილი სრულებით უხშავდა მათ ფართო საზოგადოებრივ გრძნობას და ქვეყნის ბედიღბალს თავიანთ წოდებრივ თავმოყვარეობას (თუ პატივმოყვარეობას? – ი. ხ.) უქვემდებარებდნენ. აკი ამიტომაც დიდხანს ვერ მოითმინეს ქართლის დიდებულმა აზნაურებმა და «იწყეს კუალად მედგრობით ზაკულება»: «შეეუბნეს ნაქურდეველთა და საბოტარელთა და მოიყუანნეს ლაშქარნი კახეთით და გასცეს უფლის ციხე და შეიპყრეს გურგენ და ძე მისი ბაგრატ და დედოფალი გურანდუხტ და წარიყუანეს კახეთად» (იქვე, *462, გვ. 238). დავით კურაპალატმა, ჩამოვიდა თუ არა ქართლში, ხელად გაარიგა საქმეები და წეს-რიგი დაამყარა; კახელებმა დატყვევებულნი განათავისუფლეს, ქართლის ყველა დაპყრობილი ადგილები დააბრუნეს წირქუალის ციხესა და გრუას გარდა (იქვე, *463, გვ. 238).

იოანე მარუშის ძის გეგმა და ნატვრა, რომ ბაგრატი გაერთიანებული საქართველოს მეფედ გამხდარიყო, მალე განხორციელდა. აფხაზეთში უსინათლო თეოდოსის წყალობით ისე აიწეწა საქმეები და გაირყვნა ქვეყანა, რომ «შეიცვალა ყოველი წესი მისი და განგება პირველთა მეფეთა განწესებული» (იქვე, 238); ხალხი შეწუხდა; აფხაზეთის დიდებულ აზნაურებმაც დაინახეს, თუ რამდენად საზარალოა ხოლმე ქვეყნისათვის სუსტი ადამიანის მეფობა. აფხაზეთის ამისთანა მდგომარეობით ისარგებლა შორსმჭვრეტელმა იოანე მარუშის ძემ და «ინება რათა მოიყუანოს ბაგრატ მეფედ აფხაზეთისა და მის თანა ყოველთა დიდებულთა ერისთავთა და აზნაურთა აფხაზეთისა და ქართლისათა გამოითხოვეს ბაგრატ მეფედ დავით კურაპალტისა გან» (ივე, *463, გვ. 239). დავით კურაპალატი ფრთხილად მოიქცა და ვიდრე მძევლები არ ჩამოართვა, თხოვნა არ აუსრულა. ახალგაზრდა ბაგრატი აფხაზეთში ჩაიყვანეს და «დალოცეს მეფედ» (იქვე, *464, გვ. 239).

როდის უნდა მომხდარიყო ეს შემთხვევა, რომელ წელიწადში გამეფდა ბაგრატ III საქართველოში, ამ საკითხზე შეიძლება ორგვარი პასუხი იყოს: იგი ორჯერ გამეფდა, პირველად თითქოს ქართლში, მეორედ აფხაზეთში, ანუ უკეთ რომ ვსთქვათ ლიხთ-იმერეთში. როდესაც დავით დიდმა კურაპალატმა ქართლი ბაგრატ გურგენის ძეს გადასცა, იგი მაშინ «ჯერე ჰასაკს თჳსსა ზედა უსრულ» იყო და ამიტომ «თანაგამგებლად დაუტევა მამა მისი გურგენ» (მტ~ნე ქ~ჲ, *462, გვ. 237). ქართლში დამკვიდრების შემდგომ «ვითარ გარდაჴდა წელიწადი ამას შინა სამი» (იქვე, *463, გვ. 238), ბაგრატი მოიყვანეს აფხაზეთს, «დალოცეს მეფედ და დაემორჩილნეს ყოველნი ბრძანებასა მისსა, რამეთუ განსრულებულ იყო ჰასაკითა»-ო (იქვე, *464, გვ. 239). «მტ~ნე ქ~ჲ» მოგვითხრობს, რომ ბაგრატ III «მეფობდა ოცდათექუსმეტ წელს და გარდაიცვალა მჴცითა შუენიერითა შემკული ქორონიკონსა – ს~ლ~დ: – (234) თუესა მაისსა შვიდსა, დღესა პარასკევსა»-ო (*473, გვ. 246). ქორონიკონი უდრის 1014 წ. ქ. შ., მაშასადამე ბ ა გ რ ა ტ III გ ა მ ე ფ ე ბ უ ლ ა (1014 – 36) 978 წ ე ლ ს. ამგვარივე თარიღი ჩანს ათონის მონასტრის ერთს ხელნაწერში შენახულ ანდერძისდა მიხედვით; იქ სწერია: «ღმერთო, ადიდე ბაგრატ აფხაზთა მეფე და ქართველთა კურაპალატი... რომელმან ინება აღწერაჲ წმიდისა ამის წიგნისა წმიდათა მოწამეთაჲ ინდიკტიონსა მეფობისა მათისასა კე: (25) დასაბამითგან წელთა ხქზ: (6607) ქორონიკონსა სკბ (222)». რაკი 1002 წ. ყოფილა ბაგრატ III მეფობის 25 ინდიკტიონი, ანუ წელიწადი, მასასადამე იგი გამეფებულა 977 (1002 – 25) წელს; ხოლო თუ დასაბამითგან ავიღებთ თარიღს, მაშინ გამოვა 978 (6607 – 5604 – 25) წელიწადი. ამგვარად, ბ ა გ რ ა ტ III გ ა მ ე ფ ე ბ ი ს | თ ა რ ი ღ ა დ | უ ნ დ ა | 977-978 წ. | ვ ი ც ნ ა თ და არა 980 წ. როგორც აქამდის იყო მიღებული. მაგრამ აქ იბადება ერთი ფრიად მნიშვნელოვანი საკითხი: 977-978 წ. ბაგრატ III ქართლში თუ აფხაზეთში გაბატონების თარიღი იყო? უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ბაგრატი ქართლში 3 წელიწადია უკვე დამკვიდრებული იყო, როდესაც იგი აფხაზეთში მეფედ მიიყვანეს, მაშასადამე, ზემომოყვანილს საკითხს ქრონოლოგიისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. თუ ჩვენ ათონის ხელნაწერის ზემომოყვანილ ანდერძის შინაარსს ჩავუკვირდებით, ამ საკითხის გადაწყვეტაც ადვილია. 1002 წ. ბაგრატი ყოფილა «ა ფ ხ ა ზ თ ა | მ ე ფ ე | დ ა | ქ ა რ თ უ ე ლ თ ა | კ უ რ ა პ ა ლ ა ტ ი», მასასადამე მაშინ იგი მხოლოდ აფხაზთა მეფედ ითვლებოდა, ქართლში კი ჯერ არა, იქ მას კურაპალატობის პატივი ჰქონია; თუ გავიხსენებთ, რომ ბაგრატის მამა გურგენი ამ დროს, 1002 წ., ჯერ კიდევ ცოცხალი († 1008 წ.) იყო, და 994 წ., როდესაც «გარდაიცვალა ბაგრატ II რეგუენი ქართუელთა მეფე», მან «დაუტევა ძე თჳსი უხუცესი გურგენ, რომელსა უწოდეს მეფეთა მეფე» (სუმბატი, ც~ა და უწ~ყბა, 64), მაშინ ჩვენთვის ცხადი იქნება, რომ იმ დროს, 1002 წ., ქართველთა მეფედ ბაგრატ III მამა გურგენი ითვლებოდა. ბაგრატონიანთა მემატიანე სამართლიანად ამბობს, რომ «ვიდრე გურგენის გამეფებადმდე (994 წ.) ესე ბაგრატ მეფე იქმნა (978 წ.) აფხაზეთსა»-ო (ც~ა და უწ~ყბა, 64). მ ა შ ა ს ა დ ა მ ე, 977-978 წ. ბ ა გ რ ა ტ III ა ფ ა ხ ა ზ ე თ შ ი | გ ა მ ე ფ ე ბ ი ს | თ ა რ ი ღ ი ა | დ ა | ა რ ა | ქ ა რ თ ლ შ ი. ამისდა მიხედვით ცხადია, რომ მცირეწლოვანი ბაგრატი ქართლში 974-975 წ. გადმოუყვანიათ.

ახლად გამეფებული ბაგრატი მაშინვე არ შესდგომია ქვეყნის მოწესრიგებას, ჯერ საქმის მდგომარეობისა და ცხოვრების ვითარების გაგება იყო საჭირო. ამიტომაც არის, რომ მხოლოდ «ვითარ გარდაჴდა ამას შინა წელიწადი ორი, იწყო განგებად» (მტ~ნე ქ~ჲ, *464, გვ. 239); ესე იგი მხოლოდ 979-980 წ. შესდგომია ბაგრატ III სახელმწიფო საქმეების განმართვას. რასაკვირველია, პირველად მას უნდა იმ ორჭოფი მდგომარეობისათვის მიექცია ყურადღება, რომელმაც სახელმწიფო მართვა-გამგეობა ასე არივ-დარია. შეუძლებელი იყო ერთსა და იმავე დროს ორი მეფე ყოფილიყო გამგედ, რომელთაგან ერთი უსინათლო იყო (მეფე თეოდოსი აფხაზეთში – ი. ხ.). ვითრცა უსინათლო, იგი თვით-ნება მოხელეთა სათამაშოდ იყო ქცეული და მისი მოქმედება წინ გადაეღობებოდა ბაგრატის გარკვეულს პოლიტიკას. ამიტომ, რომ იგი ქვეყნის ერთადერთი ბატონი ყოფილიყო და «ყოველთა კაცთა, დიდთა და მცირეთა, სასოება კეთილი, გინა თუ შიში უწესობისათჳს მისა მიმართ აქუნდეს» (იქვე), მეფე ბაგრატმა თავისი უსინათლო ბიძა, მეფე თეოდოსი, ტაოს გაგზავნა დავით კურაპალატთან და თითონ ქართლისა და აფხაზეთის ერთადერთ ბატონად გახდა. ე ს | მ ო მ ხ დ ა რ ა, მ ა შ ა ს ა დ ა მ ე, 980 წ. ამიერითგან საქართველოს გაერთიანების საქმე მტკიცე ხასიათისა და შეუდრეკელი ნების პატრონს მეფეს ჩაუვარდა ხელში; დაუღალავად მუშაობდა იგი სამეფოს კეთილდღეობისათვის და არას დროს გარკვეულს გზას არ გადაუხვევდა, არც დაბრკოლების წინ შეჩერდებოდა და უკან დაიხევდა. აფხაზეთშიაც და ქართლშიაც ბაგრატი წესრიგის დამყარებას შეუდგა. ცდილობდა დიდებული აზნაურები თავიანთ ქერქში ჩაეყენებინა. ოღონდაც რომ ეს არაფრად მოეწონებოდათ ქართლის აზნაურებს, იმიტომ რომ თუმცა ისინი ქართლში მცხოვრებ ბაგრატის დედას, გურანდუხტს, ემორჩილებოდნენ, მაგრამ თავისუფლად იყვნენ და «თჳთეულად განაგებდეს საქმეთა ქართლისათა»; ასეთს გათამამებულ აზნაურებს ან რა გასაკვირველია თუ «არა ენება გარდმოსვლა» ბაგრატისა ქართლში (იქვე, *464, გვ. 239). ამის გამო ქართლის აზნაურები ქავთარ ტბელის წინამძღვრობით მეფეს მაღრისის თავს დაუხვდნენ და მისი ქართლში გადმოშვება არ სურდათ. ბაგრატი შეება თავხედ აზნაურებს და დაამარცხა; მერე უფლისციხეში მივიდა, «აღიღო ციხე დედისაგან თჳსისა» და ქართლის გამგეობა ჩამოართვა, რომ იქაური თავგასული აზნაურობა თავის ძლიერ ხელს ქვევით და მორჩილებაში ჰყოლოდა (იქვე, *464-*465, გვ. 239-240). ამის შემდეგ ბაგრატმა თბილისის სამხრეთით მდებარე ქვეყანას მიაქცია ყურადღება. «ქართლისაგან მტკუარსა სამხრით კერძო ყოველივე თრიალეთი, მანგლისის ჴევი და სკორეთი», აგრეთვე ატენის ციხე ამ დროს კლდეკარის ერისთავთ-ერისთავს რატს ეჭირა და «არა მორჩილებდა ბაგრატ მეფესა» (იქვე, *465, გვ. 240). მეფემ რომ ამ დიდებულ მოხელისა და ქვეყნის დამორჩილება დააპირა და ლაშქრის შეკრებას შეუდგა მისმა მოწინააღმდეგეებმა დავით კურაპალატს ჩააგონეს ბაგრატს შენი მოკვლა სწადიანო, და ამით რასაკვირველია შვილობილის წინააღმდეგ აამხედრეს. ბაგრატ III უნდა მიჰშველებოდა თავისი ლაშქრით მისი მამა გურგენი; ამ მზადებას ბაგრატ II ქართუელთა მეფეც (937-994), გურგენის მამა და ბაგრატის პაპა, რეგუენად წოდებული, შეუშინებია; ვაი თუ ამ ბრძოლაში მეც რამეს მიპირებდნენო, «ეშინოდა ძისა თჳსისა გურგენისაგან წაღებასა მეფობისასა»; ამიტომ იმანაც არჩია, რომ მისთვის უკეთესი იქმნებოდა დავით კურაპალატს მიჰმხრობოდა და კიდეც «მივიდა დავით კურაპალატისა წინაშე». ამას გარდა დავით «უჴმო ყოველთა მეფეთა სომხითისათა» (მტ~ნე ქ~ჲ, *466, გვ. 240-241).

ქართველი მემატიანის ამ უკანასკნელს ცნობას სომეხთა ისტორიკოსი ა ს ო ღ ი კ ი ც ადასტურებს; დავით კურაპალატს და ქართველთა მეფეს ბაგრატს (II, რეგვენს) მეშველად ასოღიკის სიტყვით მოუწვევიათ სუმბატ სომეხთა მეფე, რომელიც წასულა მთელის თავის მხედრობითა და ძმითურთ გაგიკით, ამას გარდა თანა ჰყოლია აგრეთვე კარის მეფე აბასი; ამგვარად, ბაგრატ III და მის მამის წინააღმდეგ იდგა შეერთებული მხედრობა ქართველთა, გვასპურაკანელთა, სივნიელთა და ალბანთა (ა ს ო ღ ი კ ი, გვ. 252). ეს შეერთებული ლაშქარი დაბანაკებული იყო დლივს ჯავახეთში (მტ~ნე ქ~ჲ, *466, გვ. 241; ასოღიკი, გვ. 252). აქეთგან დავით კურაპალატმა მთელი ჯარი გურგენის წინააღმდეგ გაგზავნა, ბრძოლა მოხდა «გარდათხრილთა თავსა შავშეთისასა» და ძლეული გურგენი გაიქცა და წეფთის ციხეში შეიხიზნა (მტ~ნე ქ~ჲ, *466, გვ. 241). ამ დროს ბაგრატ III თავის ლაშქრითურთ თრიალეთში მივიდა და სოფელ კარუშეთში დადგა. გაგზავნა მზვერავი, რომელმაც მოციქულის სახით «განიცადა ლაშქარი», დაათვალიერა შეერთებული მხედრობა და მოტანილი ცნობებისდა მიხედვით მეფემ «იხილა, რომელ ძალითა არა ეგებოდა წინააღდგომა დავით კურაპალატისა», და ისევ მშვიდობიანი მოლაპარაკება ირჩია; იგი მარტოდ-მარტო მივიდა დავით კურაპალატთან «ითხოვა შენდობა» და «აუწყა ვითარმედ სხუასა არას რომლისა თჳს მოვედ, გარნა არ მორჩილებისა თჳს რატისა»-ო; მაგრამ ქართველი მემატიანის სიტყვებითგანა ჩანს, რომ ბაგრატ III, შეერთებულს მხედრობას რომ არ დაეფიქრებინა, უეჭველია დავით კურაპალატსაც შეებმოდა. დავით კურაპალატმა თავის შვილობილს მიუგო: მე-კი «ესრეთ მითხრეს, რომელ სიკუდილად ჩემდა გამოსრულ იყავ, გარნა აწ ვცან მართალი, რომელ უბრალო ხარ, ...მითავისუფლებიხარ რატის ზედა, დაიმორჩილე ვითაცა სახით გწადიან»-ო (მტ~ნე ქ~ჲ, *466-*467, გვ. 241).

ა ს ო ღ ი კ ი ს სიტყვით დავითს ბაგრატ III-ისაგან მხოლოდ «ციხე საკურეთი» (=სკორეთი? საქორეთი?) მოუთხოვნია, რომ სუმბატ სომეხთა მეფისათვის მიეცა დახმარებისათვის; ბაგრატს აუსრულებია ეს თხოვნა და ციხე გადაუცია სუმბატისათვის, რომლის სიკვდილის შემდგომ ქართველებს სომხებისათვის იგი ისევ წაურთმევიათ. ასოღიკის სიტყვით მთელი ეს ამბავი მომხდარა 988 წელს (იქვე, გვ. 252-253) და ეს თარიღი კარგად უდგება ქართველი მემატიანის ცნობას, რომ წინამოთხრობილ თეოდოსის გამეფებისა (980 წ.) და გურანდუხტ დედოფლისაგან ქართლის ჩამორთმევის შემდგომ «გარდაჴდეს წელიწადნი რაოდენნიმე»-ო (მტ~ნე ქ~ჲ, *465, გვ. 240).

ბაგრატმა რომ დავით კურაპალატის თანხმობა მიიღო, მეორე წელსვე მოულოდნელად რატს მიადგა და ადვილად დაიმორჩილა; ურჩმა ყმამ მეფეს ციხე კლდეკარნი მისცა და თითონ «დაჯდა მამულსა თჳსსა არგვეთსა» (მტ~ნე ქ~ჲ, *467, გვ. 241-242); მაშასადამე, სკორეთისა, თრიალეთისა და მანგლისის ხევის დამორჩილება 989 წელს მომხდარა.

1001 წელს გარდაიცვალა დავით დიდი კურაპალატი (სუმბატი, ც~ა და უწ~ყბა, 65). ყველა იმდროინდელი ისტორიკოსები დიდი ქებით იხსენიებენ მას. სომეხი მემატიანე ასოღიკი მაგალითად მოგვითხრობს, რომ იმის წყალობით მთელ აღმოსავლეთის, მეტადრე სომეხთა და ქართველთა, მშვიდობიანობისა და აღშენების ხანა დამყარდა, იმიტომ რომ მან დააწყნარა ყველა ქვეყანაში მედგარი ომები, სძლია ყველა მეზობელ ერებს და ყველა მეფეები მას თავისი ნებით დაემორჩილნენო (ა ს ო ღ ი კ ი, გვ. 275; იხ. აგრეთვე არისტაკეს ლასტივერელის ისტორია, ტფილისის 1912 წლის გამოცემა, გვ. 2)

ტაოს სამხრეთ ნაწილს გარდა (ჩრდილოეთის ნაწილი გურგენ მეფეთ მეფეს ეკუთვნოდა), რომელიც მას მემკვიდრეობით ეჭირა, ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ ბრძოლაში 977 წ. მოშველიებისა და სახელოვან გამარჯვებისათვის «მისცნეს მეფეთა (ბიზანტიისათა) ზემონი ქუეყანანი საბერძნეთისანი, რათა თავისა სიცოცხლესა ჰქონდინ» (ც~ჲ იო~სი და ეფ~სი, 11-12). ა ს ო ღ ი კ ი ს სიტყვით, როდესაც ბიზანტიის კეისარს დავით კურაპალატისათვის შველა უთხოვნია, შველისათვის დაჰპირებია ხალტოჲარიჭის, კელასურის, ჩორმაირის, კარინისა, ბასიანისა, ციხე სევუკისა (მარდალში იყო), ჰარქისა და «აპაჰუნის» დათმობას და თავისი დაპირება აუსრულებია კიდეც (იქვე, გვ. 192), ამ სახელოვანს ომს იხსენიებს და გიორგი მთაწმინდელის ზემომოყვნილს ცნობას ადასტურებს ზარზმის წარწერაც, სადაც სხვათა შორის ნთქვამია: ... «ოდეს საბერძნეთს გადგა სკლიაროსი, დავით კურაპალატი, ადიდენ ღმერთმან, უშველა წმიდათა მეფეთა, და ჩუენ ყოველნი ლაშქარს წარგვავლინნა, სკლიაროსი გავაქციეთ»-ო (ე. თ ა ყ ა ი შ ვ ი ლ ი, Авх. экс, [Тифлис, 1905], გვ. 18). ქართველ რჩეულ მხედრობის მთავარსარდლად, როგორც გიორგი მთაწმინდელი მოგვითხრობს, განთქმული, უკვე ათონის ივერთა მონასტერში ბერად შემდგარი, იოანე-თორნიკე ყოფილა.

მაგრამ რაკი შემდეგ დავით კურაპალატი აჯანყებულ ბარდა ფოკას მიეშველა, როცა ფოკას მოულოდნელმა სიკვდილმა 989 წელს კეისარი ბასილი განსაცდელისაგან გადაარჩინა, განრისხებულმა ბასილმა არაბ მემატიანის ჲ ა ჰ ჲ ა | ა ნ ტ ი ო ქ ი ე ლ ი ს სიტყვით დავითის დასჯა დააპირა. დავითმა კეისარს შენდობა სთხოვა და თავი მხოლოდ იმით იხსნა, რაკი კულავ მორჩილება აღუთქვა და დაჰპირდა, რომ მის სიკვდილის შემდგომ მთელ თავის სამფლობელოს, ვითარცა უძეო და უმკვიდრო, ბიზანტიის კეისარს უანდერძებდა (В. Розен, Импер. Василий Болгаробойца, 27).

ვითარცა ძლიერმა ნების პატრონმა, გულადმა მეომარმა და მეტად ბრძენმა და შორსგამჭვრეტელმა პოლიტიკოსმა დავით დიდმა კურაპალატმა ყველას პატივისცემა დაიმსახურა და სახელი გაითქვა. იგი მუდამ დაუცხრომელად ცდილობდა, რომ თავისი საბრძანებლის საზღვრები გაეფართოვებინა და როდესაც კი მოხერხებული ხელშემწყობი გარემოება იყო ხოლმე, მაშინვე მაჰმადიანთა ამირებს, მეტადრე ბადის, მოსაზღვრე ქვეყნებს გამოჰგლეჯდა ხოლმე. როდესაც მაჲაფარკინის და სხვათა მფლობელი ბადი გარდაიცვალა და მის მაგიერ ამირად დადგა მისი დისწული აბუალი ძე მერვანისა, დავით კურაპალატი მიადგა ქალაქ მანაზკერტს და გარემოიცვა. დავითმა ქართველთა მახვილით და შიმშილით შეწუხებული ქალაქი აიღო და იქითგან მაჰმადიანნი განდევნა, ხოლო მათ მაგიერ ქალაქი ქართველებითა და სომხებით აავსო და თავის საბრძანებელს შემოუერთა. ამ გაბედულმა საქციელმა სპარსელები და არაბები აღაშფოთა და მათ დავით კურაპალატს მოციქული მიუგზავნეს, ან ეხლავე ქალაქი დაგვიბრუნე, ან არა და შენს წინააღმდეგ გამოვილაშქრებთო. რაკი ამ მოლაპარაკებით ვერა გააწყეს რა, ადარბაგანის ამირა მამლანი და სხვა ამირები შეერთებულის მხედრობითურთ დავით კურაპალატის წინააღმდეგ წამოვიდნენ. დავითიც მარტოკა არ დახვედრია. მან მეშველად მოიწვია ბაგრატ II ქართველთა მეფე, გაგიკ სომეხთა მეფე და აბასი, ქართველ-სომეხთა შეერთებულმა ჯარმა ბაგრევანდის სანახებში ქალაქ ვალაშკერტში დაიბანაკა. სპარსელებმა შებმა ვერ გაბედეს და შეუბრძოლებლივ შინისაკენ გაბრუნდნენ (ასოღიკი 266-267). რაკი ბადი 990 წ. მოკვდა და იმავე წელიწადს მისი ტახტი მართლაც მისმა დისწულმა აბუ ალი ბენ მერვანმა დაიჭირა, რომლის ამირობამ 997 წლამდე გასტანა (იხ. С. Лэн-Пуль, Мусульм. династии, перев. В. Бартольда, 1899, გვ. 96), ამიტომ ეს შემთხვევა 990 წ. ახლო ხანებში უნდა მომხდარიყო. ამის შემდგომაც მამლანის გულის წყრომა არ დამცხრალა; 998 წ. მან ხელმეორედ შეკრიბა ლაშქარი, მეშველად ხორასნის ამირა და სპარსეთის სხვა მფლობელები მოიხმო და შეერთებულის დიდის ჯარითურთ ტაოს ასაოხრებლად წამოვიდა. ამ დროს დავით კურაპალატი უკვე ძალზე მოხუცებული იყო, და ბრძოლის ველზე თითონ არ წასულა, მაგრამ მთელი თავისი მხედრობის წინამძღოლობა და მთავრობა სპასალარს გაბრიელს, ოჩოპენტრეს ძეს, ჩააბარა. ამასთანავე დავითმაც მოკავშირენი მოიწვია და გურგენმა ქართუელთა მეფემ თავისი 6000 რჩეული მეომარი მოაშველა ფერის ჯოჯიკის ძის მეთაურობით, ამდენივე გამოგზავნა გაგიკ სომეხთა მეფემ; ჯარით მოეშველა აგრეთვე ვანანდის მეფე აბასი. ა ს ო ღ ი კ ი ს სიტყვით სპარსთა შეერთებულ ლაშქარში კი 100000 მეომარი ყოფილა. რაკი ასეთი ძლიერი სპის წინააღმდეგ ქართველებსა და სომხებს მეტად მცირერიცხოვანი მხედრობა ჰყავდათ, ისინი შებმას ვერა ბედავდნენ. სპარსელებმა რომ ეს შეამჩნიეს, გათამამდნენ, და ერთს დღეს საბრძოლველად მოემზადნენ. შეშინებულმა ქართველებმა და სომხებმა მტერს შეუთვალეს: დღეს კი არა ხვალ შევებრძოლოთ ერთიერთმანეთსო. იმათ უარი თქვეს, მაგრამ რაკი ქართველები და სომხები ბანაკითგან გარეთ არ გამოსულან, ომის დაწყება ვერც იმათ გაბედეს, მარტო ფალავნები იბრძოდნენ ორთავ მხრივ, ქართველთაგან ხუთი კაცი მოკვდა. სპარსელებმა იფიქრეს, დღეს ალბათ არაფერი იქმნებაო, და აქეთ-იქით გაიფანტნენ. ამით ისარგებლეს ქართველებმა და სომხებმა, სწრაფად აღიჭურნენ, უეცრად სპარსელებს თავს დაესხნენ და მუსრი გაავლეს. ქართველთაგან ამ ბრძოლაში თავი ისახელეს მესხებმა, ძმებმა გამრეკელებმა. ამირა მამლანი გაიქცა, მაგრამ მას უკან დაედევნენ, ქალაქ არჭეშამდის მიჰყვნენ და მრავალი ჯარისკაცი დაუხოცეს. მერე უკან გამობრუნდნენ და მტრების მთელ ბანაკსა და განძს დაეპატრონენ (ა ს ო ღ ი კ ი, გვ. 269-274).

თუმცა, როგორც ზემოთ აღნიშნული იყო, დავით კურაპალატი იძულებული იყო აღთქმა დაედო, რომ მთელ თავის საბრძნებელს კეისარს უანდერძებდა, მაგრამ დავით კურაპალატს, როგორც ეტყობა, მაინც იმედი ჰქონდა, რომ საკუთარ მამაპაპეულ სამფლობელოს მაინც თავის შვილობილს დაუტოვებდა. ქართლის აზნურთა წინაშე მან ბაგრატი ტაოს მემკვიდრედ გამოაცხადა. მაგრამ, გაიგო თუ არა ბასილ კეისარმა მხცოვან კურაპალატის გარდაცვალების ამბავი, მაშინვე, იმავ 1001 წელს ტაოსაკენ გამოეშურა (ა რ ი ს ტ ა კ ე ს ი, გვ. 3); მას მიეგებნენ მეფენი გურგენ და მისი შვილი ბაგრატ. ალბათ დავით კურაპალატის სამფლობელოს მიღების იმედით; კეისარმა დიდის პატივით მიიღო აფხაზთა მეფე ბაგრატ III და კურაპალატობა მისცა, ხოლო მის მამას, ქართველთა მეფეს, გურგენს მაგისტროსობა (სუმბატი, ც~ა და უწ~ყბა, 65; ა რ ი ს ტ ა კ ე ს ი, 5; ა ს ო ღ ი კ ი, 276); მაშასადამე, ბაგრატ III კურაპალატობის პატივი, ხოლო გურგენს მაგისტროსობა 1001 წ. მიუღიათ; ამგვარად, ბაგრატ III ამიერითგან იყო აფხაზთა მეფე და ქართუელთა კურაპალატი, როგორც იგი იწოდება ზემომოყვანილს შაორის 1002 წ. ხელნაწერში. რაკი ამ დროს ქართუელთა მეფედ მისი მამა გურგენი ითვლებოდა, მას შეეძლო ყოფილიყო მხოლოდ «ქართუელთა კურაპალატი». მაგრამ ბასილი კეისარმა მის მამას გურგენ მეფეთ მეფეს და ქართუელთა მეფეს მაგისტროსობის პატივი მიანიჭა. ჩვენ უკვე აღნიშნული გვქონდა (თავი V გვ. 108), რომ კურაპალატობა მაგისტროსობაზე უფრო მაღალ საკარისკაცო პატივად ითვლებოდა. ამიტომ კეისრის საქციელი უცნაური იყო და ქართველი მემატიანის სიტყვით ბოროტი განზრახვით უნდა ყოფილიყოს ნაკარნახევი; იგი ამტკიცებს, რომ ბასილმა მამას მაგისტროსობა, ხოლო შვილს კურაპალატობა იმიტომ მისცა, «რათამცა ვითარ მტერი ყუნა ერთმანერთისა მიმართ მამა-ძენი ესე და მით ღონითა იძმაცვა» (ც~ა და უწ~ყბა, 65).

მაგრამ ბასილმა თავის წადილს ვერ მიაღწია: «გურგენ ჭეშმარიტი და მართალი იყო და ვერა აღძრა გული მისი ზაკვითა ამით მიზეზითა და ვერა უძლო [ვერას]ღონის ძიებითა» (იქვე).

ცბიერმა კეისარმა არამც თუ თავისი იდუმალი განზრახვის აღსრულებას ვერ მიაღწია, პირიქით, გურგენ მეფე ტყუილუბრალოდ გადაიკიდა. გულნაწენი ქართუელთა მეფე შეურაცხყოფისათვის შურის საძიებლად იმავე 1001 წელს თავისი მხედრობითურთ ბიზანტიის ხელმწიფის ხელში მყოფ ტაოს შეესია და ოლთისის ციხეს მიადგა, მაგრამ ვერც ის აიღო, ვერც სხვა რომელიმე ციხე. კეისრის გამოგზავნილმა სარდალმა კანიკლ მაგისტროსმა აღუთქვა გურგენს, რომ კეისარი მის სურვილს აასრულებდა, თუ რომ მშვიდიბიანობას ჩამოაგდებდა. ამის შემდგომ გურგენი და ბერძნები დაზავდნენ (ა ს ო ღ ი კ ი, გვ. 278-279).

ამგვარად, ბაგრატ მეფეს იმედი გაუცრუვდა და იმიერ-ტაოს, ბასიანისა და სხვა მიწების შემოერთება ვერ მოახერხა. 1008 წელს გარდაიცვალა გურგენ მეფე და ბაგრატი «ეუფლა ტაოს»-აც (სუმბატი, ც~ა და უწ~ყბა, 65). ეხლა კი ბაგრატ III გახდა მეფეთ-მეფედ, აფხაზთა და ქართუელთა მეფედ.

ამის შემდეგ ჯერი კახეთსა და ჰერეთზედაც მიდგა. ბაგრატ მეფემ თავდაპირველად კახეთის ქორეპისკოპოზს დავითს შეუთვალა, მარტო ქართლის ციხეები, რაც მიტაცებული გაქვს, დამიბრუნეთო; მაგრამ იქითგან ცივი უარი მოუვიდა; ისევ ძალით ურჩევდნენ დაპყრობას: «უკუეთუ იძიებ ციხეთა, იყოს ჩუენ შორის დამჯერებელ მკლავი და ჰომი»-ო, დაცინვით შემოუთვალა დავითმა. ბაგრატმაც შეკრიბა ჯარი, მოკლე გზით ჯავახეთითგან კახეთში ჩავიდა, დაიპყრა ჰერეთი და იქ თავისი მთავარი აბულალი განაჩინა. გაემგზავრა თუ არა ბაგრატი შინისაკენ, მაშინვე ჰერეთი გადაუდგა ახალს ბატონს და დავით ქორეპისკოპოზს მიემხრო. ბაგრატი იძულებული იყო კვლავ მოსულიყო კახეთის დასაპყრობლად. აქ გარდაცვალებულ დავითის მაგიერ მეფობდა მისი შვილი კჳრიკე. მეფემ ხელმეორედ დაიპყრა ჰერეთი, დაიჭირა დინარ დედოფალი და კახეთის ციხეების აღებას შეუდგა. ორის წლის განმავლობაში ყველა სიმაგრეები ხელში ჩაიგდო, ხოლო ბოჭორმის ციხეში «წლითი წლამდისი» მომწყვდეული კჳრიკეც იძულებული იყო ბაგრატს დამორჩილებოდა. მეფემ კახეთითგან «წარმოიყუანა კჳრიკე და (და)იმჭირნა თჳსსა კარსა ზედა». ამგვარად, ბაგრატ მეფემ ორი წლის განმავლობაში მთელი კახეთ-ჰერეთი დაიპყრა და თავის სამფლობელოს შემოუერთა (მტ~ნე ქ~ჲ, *468-*469, გვ. 242, 243). კახეთის შემოერთება, მაშასადამე, დაახლოვებით 1010 წ. ახლო ხანებში მომხდარა.

ეხლა კი თითქმის მთელი საქართველო გაერთიანებული იყო: ქალაქ თბილისისა და შულავერ-ბოლნისის ხეობათა და ტაშირის გარდა ერთეულს სახელმწიფოს შეადგენდა. 

ტაშირი და «ქართველთა ველი» («ვრაც დართ» /ივ. ჯავახიშვილს სომხურად მოჰყავს ეს სახელწოდება/), ბოლნის-დმანისის ხეობანი, სომეხთა ხელში იყო და დავით გურგენის შვილს ეპყრა; ქალაქი სამშვილდე მან თავის საჯდომად აქცია და ქ. დმანისიც აიღო (იქვე, 256). თუმცა გაგის ციხის მფლობელი, დემეტრე მარზპანი, ქართველებს მიემხრო, ხელმეორედ მოინათლა და თავისი შვილი, ტაშირის «მამფალი» ჰჳნენეს ვანში დაადგინა, მაგრამ დავით გურგენის შვილმა განდევნა იგი გაგითგან (იქვე, 25), 1001 წ. დავით გურგენის ძე მისმა ბიძამ გაგიკ სომეხთა მეფემ დაიმორჩილა (იქვე, 279-280)

საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების განსამტკიცებლად ბაგრატ III ერთხელ უკიდურეს საშუალებასაც კი მიმართა, რომ კლარჯეთში მშვიდობინობა უზრუნველი ყოფილიყო და მოსალოდნელი განდგომის შიში მოესპო, ბაგრატმა «მოიყუანნა კლარჯნი ჴელმწიფენი, სუმბატ და გურგენ, ძენი ბაგრატ არტანუჯელისანი, თჳსნი მამის დისწულისანი, დარბაზობად მის წინაშე ციხესა შინა ფანასკერტისასა»; მაგრამ დარბაზობისა და პატივისცემის მაგიერ, მეფემ «შეიპყრნა იგინი და აღიხუნა ქუეყანანი და ციხენი მათნი», ხოლო თვით «იგინი პატიმარ ყუნა ციხესა შინა თმოგვისასა»; სანამ ცოცხლები იყვნენ, ისინი იქითგან არ გამოსულან. 1011-1012 წ. «ციხესა შინა თმოგვისასა გარდაიცვალა სუმბატ არტანუჯელი» და მისი ძმა გურგენი. მათმა შვილებმა ბაგრატმა, სუმბატის ძემ, და დემტრემ, გურგენის ძემ, განსაცდელს თავი დააღწიეს, კონსტანტინეპოლში გაიქცნენ და ბასილ კეისარს შეეფარნენ; ხოლო სხვა «შვილნი კლარჯთა მეფეთანი, რომელ დაშთეს ამას ქუეყანასა, მოისრნეს ყოველნი სიკუდილითა პატიმრობასა შინა» (სუმბატი, ც~ა და უწ~ყბა, 66-67).

ბაგრატ მეფე იძულებული იყო რანშიც გაელაშქრა იმიტომ, რომ «მას ჟამსა განდიდნა ფადლონ, ამირა განძისა, იწყო კირთებად ერისთავთა ჰერეთისა და კახეთისათა, ჟამითი-ჟამად მეკობრობით და პარვით რბევად [და] ტყუენვად ადგილითი ადგილად» (მტ~ნე ქ~ჲ, *469, გვ. 243).

ფადლონის ამგვარი მოქმედება და «კადნიერება მისი»უნდა უეჭველად აელაგმა მეფეს და, თავისი განზრახვა რომ უფრო ადვილად განეხორციელებინა, მოკავშირე იშოვა; «წარგზავნა მოციქული წინაშე გაგიკ შაჰანშა სომეხთა მეფისა, აწვია რათა იძიოს შური ფადლონისა გან» (იქვე). გაგიკმა რასაკვირველია ამის გაგონებაზე «განიხარა სიხარულითა დიდითა» (იქვე) იმიტომ, რომ ფადლონი მასაც ეცილებოდა და ემტერებოდა ხოლმე (ა ს ო ღ ი კ ი, გვ. 288), და საჩქაროდ ლაშქარი შეაგროვა. ორნივე მოკავშირე მეფეები ზორაკერტს შეიყარნენ (მტ~ნე ქ~ჲ, *469, გვ. 243) და ფადლონის საბრძანებელს შეესივნენ. ბაგრატ მეფემ «წარმოტყუენა ქუეყანა რანისა, მოადგა ქალაქსა შანქორს... და მცირეთა დღეთა დალეწნეს ზღუდენი შანქორისანი» (იქვე, *470, გვ. 244). შეშინებულმა ფადლონმა მოციქული მოუგზავნა და «ითხოვა შენდობა, აღუთქუა დღეთა შინა სიცოცხლისა თჳსისათა მსახურება, გაუკუეთა ხარაჯა და დაიწერა ფიცითა [სპითა] თჳსითა ლაშქრობა მტერთა მისთა ზედა» (იქვე). მეფე ბაგრატმა პასუხის გაცემამდე «შემოკრიბნა ყოველნი დიდებულნი წინაშე მისსა» და ჰკითხა, როგორ ემჯობინება რომ მოვიქცეთო? დიდებულთა ბჭობამ დაზავება ურჩია და მეფეც დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას, გააბრუნა ფადლონის მოციქული და იმის პირით განძის ამირას «აუწყა ზავისა დასტური».

რაკი ფადლონმა სიტყვიერად დანაპირები საქმით აასრულა, ამიტომ გამარჯვებული ბაგრატ მეფე საქართველოში დაბრუნდა (იქვე, *470-471, გვ. 244). როგორც ზემოთ აღნიშნული იყო, ეს ლაშქრობა ფადლონისაგან კახეთის დარბევას გამოუწვევია, მაშასადამე, იგი უნდა მომხდარიყო 1010-1014 წ.

ბაგრატ მეფის მტკიცე ხასიათმა, ბრძნულმა და წინდახედულმა მმართველობამ, ვაჟკაცურმა გულადობამ და შორსგამჭვრეტელმა პოლიტიკამ საქართველო გააერთიანა და მისს ძლიერებას მკვიდრი საფუძველი დაუდვა. არც გასაკვირველია, თუ რომ იმდროინდელი ქართველი ისტორიკოსები მისის მოღვაწეობით აღტაცებულნი ცოტა არ იყოს გაზვიადებით გვისურათებენ მისის მეფობის ნაჭირნახულევს: ბაგრატ მეფემ, მოგვითხრობს მაგალითად სუმბატი, «დაიპყრა ყოვლი კავკასია თჳთმპრობელობითა ჯიქეთითგან ვიდრე გურგენადმდე, ხოლო ადარბადაგანი და შარვანი მოხარკე ყო, სომხითისა ჴელმწიფობათა ნებიერად განაგებდა, მეფე სპარსთა თჳს მეგობრად და ერთგულ ყო სიბრძნითა და ძლიერებითა თჳსითა უფროს სახლეულთა თჳსთასა, და რამეთუ ბერძენთა მეფესაცა შიში აქუნდა ამისი ყოვლადვე»-ო (ც~ა და უწ~ყბა, 65-66). 

«მატიანე ქართლისაჲ»-ც ცხოველის მჭერმეტყველებით გვიხატავს დიდებული მეფის სურათს: «ესე ბაგრატ აფხაზთა და ქართუელთა მეფე წარემართა ყოველთავე ჴელმწიფეთა ყოვლითა განგებითა, ამისად მოაჯედ და შემპოვნედ შეიქმნეს ყოველნი ჴელმწიფენი მახლობელნი და მოთაულნი მამულისა და სამეფოსა მისისანი და მოლაშქრედ, ვითარცა თჳსნი დიდებულნი და მისანდობელნი, დაუმორჩილნა ღმერთმან ყოველნი მტერნი წინააღმდგომნი, მომადლა დღეთა მისთა მშვიდობა და დიდი დაწყნარება ქუეყანისა»-ო (*472, გვ. 245-246). თავის აღფრთოვანებულ დახასიათებას ისტორიკოსი შემდეგის საზოგადო დასკვნით ათავებს: «ვსთქუ ესეცა, რომელ შემდგომად დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასარისა არავინ გამოჩინებულ არს სხუა მსგავსი მისა დიდებითა და ძალითა და ყოვლითა განგებითა»-ო (იქვე, *472, გვ. 246). მეფე ბაგრატ «მეფობდა ოცდა თექუსმეტ წელ» (მტ~ნე ქ~ჲ, *473, გვ. 246). სახელოვანი მეფე უკვე ხანში შესული იყო, «მჴცითა მშვენიერითა შემკული», როდესაც ტაოში, ციხესა ფანასკერტისასა, მყოფი გარდაიცვალა 1014 წ. მაისის 7, დღესა პარასკევსა (მტ~ნე ქ~ჲ, *473, გვ. 246 და სუმბატი, ც~ა და უწ~ყბა, 67). იგივე 1014-1015 წ. აღნიშნული აქვს ა რ ი ს ტ ა კ ე ს | ლ ა ს ტ ი ვ ე რ ტ ე ლ ს ა ც ბაგრატ III გარდაცვალების თარიღად (ა რ ი ს ტ ა კ ე ს ი, ისტორია, გვ. 7). ზვიად ერისთავთ-ერისთავმა ბაგრატ მეფის გვამი წამოიღო ფანასკერტითგან და «დამარხა ბედიას» (მტ~ნე ქ~ჲ, *473, გვ. 246).

[შემდეგ მე-2 პარაგრაფში ივ. ჯავახიშვილი მოგვითხრობს გიორგი I-ის მეფობის შესახებ] 

მეფე გიორგი I 

ბაგრატ III რომ მიიცვალა, მისი შვილი გიორგი ჯერ კიდევ სრულჰასაკოვანი არ ყოფილა, რომ «ჟამსა ოდენ სიყრმისა და სიჭაბუკისა მისისასა» სამეფო ტახტზე ასვლა მოხდომია (მტ~ნე ქ~ჲ, *473, გვ. 247). ახალგაზრდა მეფე მაშინ «წლისა ათექუსმეტისა» ყოფილა (მტ~ნე ქ~ჲ, *473, გვ. 247 და სუმბატი, ც~ა და უწ~ყბა, 67); «მატიანე ქართლისაჲ»-ს ანა დედოფლისეულს ხელნაწერში 16 წლის მაგიერ თ ო რ მ ე ტ ი წლისა სწერია კიდეც. თუ უკანასკნელი ცნობაა სწორე, მაშინ გიორგი I დაბადებულა 1002 წელს, ხოლო თუ სიმართლე სუმბატისა და მ~მ დ~ფს ქ~ცის (მარიამ დედოფლისეულ «ქართლის ცხოვრების» – ი. ხ.) ხენლაწერშია შენახული, მაშინ იგი უნდა 998 წელს დაბადებულიყო. მცირეწლოვან გიორგის მეფობა კახეთის განდგომით დაიწყო, «განდგა... ქუეყანა ჰერეთ-კახეთისა და ღადრობითა აზნაურთათა შეპყრობილ იქმნეს ერისთავნი, მათ ქუეყნათა კუალადვე ეუფლნეს მათნი უფალნი, რომელთა პირველ აქუნდა იგი» (სუმბატი, ც~ა და უწ~ყბა, 67). არც სხვაფრივ ყოფილა ახალგაზრდა მეფე ბედნიერი. თითქმის მთელი თავისი მეფობა და ძალღონე მან ბიზანტიის კეისრის წინააღმდეგ ბრძოლას შეალია. არაბ ისტორიკოსის ჲ ა ჰ ჲ ა | ა ნ ტ ი ო ქ ი ე ლ ი ს სიტყვით, როდესაც ბასილი კეისარი ბულგარელებს ეომებოდა და აღმოსვლეთისათვის არა სცალოდა, გიორგი მეფემ ამით ისარგებლა, შეესია საბერძნეთის საზღვრებს და ადვილად დაიპყრო ყველა ის ქვეყნები, რომლებიც კეისარმა დავით კურაპალატის გარდაცვალების შემდგომ დაისაკუთრა (В. Р о з е н. Василий Болгаробойца, გვ. 61). მაშასადამე ეს უნდა დაახლოებით 1014-1016 წ. მომხდარიყო.

როდესაც ბასილი ბულგარეთითგან შინ დაბრუნდა (იქვე), ა რ ი ს ტ ა კ ე ს | ლ ა ს ტ ი ვ ე რ ტ ე ლ ი ს სიტყვით, მას გიორგი მეფისათვის მოუწერია, თავი დაანებე იმას, რაც მამაშენს დავით კურაპალატის მემკვიდრეობითგან ვაჩუქე, და შენის საკუთარის მამულით კმაყოფილი იყავიო; მაგრამ მას უარი შეუთვლია (ა რ ი ს ტ ა კ ე ს ი ს ისტორია, გვ. 7). ჲაჰჲა ანტიოქიელი ამბობს: გიორგი მეფეს არამცთუ კეისრისათვის შენდობა არ უთხოვია და მის წინაშე ქედი არ მოუხრია, პირიქით, ალჰაქიმს საიდუმლოდ მისწერა, ბერძნების საწინააღმდეგოდ ერთი-ერთმანეთს დავეხმაროთ და თანხმობით ვიმოქმედოთო, ისე კი, რომ თითოეული ჩვენგანი კეისრის საბრძანებელს თავის სამფლობელოთაგან შეესიოსო (В. Р о з е н, იქვე, 61). ალბათ, გიორგი მეფეს ორის მხრით ატეხილი ომით უნდოდა ბასილი კეისარი განსაცდელში და გაჭირვებაში ჩაეგდო.

მაგრამ ბერძენთა მეფემ ამ მიწერ-მოწერის ამბავი შეიტყო, გაიგო რასაც უპირებდა გიორგი მეფე და საშინლად განრისხდა. მან გადასწყვიტა თავისი მეტოქე სამაგალითოდ დაესაჯა; მხოლოდ თავის განზრახვას საიდუმლოდ ინახავდა და არავის უმჟღავნებდა. პირიქით, რომ ქართველებისათვის თვალები აეხვია, საქვეყნოდ ამბობდა ასურეთში მივდივარ საომრად და იმიტომ ვამზადებ ჯარსაო; სურსათიც კი განგებ ანტიოქიაში გაგზავნა. ყველანი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ბერძენთა მეფე მართლაც ასურეთს მიემგზავრებოდა; მაგრამ სწორედ უკანასკნელს დროს პირი საქართველოსაკენ იბრუნა და გიორგი მეფის წინააღმდეგ გამოილაშქრა (იქვე, 62). ქართველ მემატიანეთა სიტყვით ბასილი კეისრის გამოლაშქრება მომხდარა «გიორგის მეფობისა მეშვიდესა წელსა» (სუმბატი, ც~ა და უწ~ყბა, 67; მტ~ნე ქ~ჲ, *473, გვ. 247) ანუ 1020-1021 წელს. ამავე 1021 წ. სდებს ალისტაკეს ლასტივერტელი ბასილ კეისრის გიორგის წინააღმდეგ გამოლაშქრების თარიღად (ა რ ი ს ტ ა კ ე ს ი ს ისტორია, გვ. 11). როდესაც მოვიდა «ბასილი მეფე ბერძენთა... ყოვლითა სპითა საბერძნეთისათა [და] უცხოელითა ურიცხვითა... გიორგი მეფე განვიდა სპითა დიდითა წინააღდგომად მისსა და დაიბანაკეს ორთავე ქუეყანასა ბასიანისასა». მოპირდაპირენი ჯერ კარგა ხანს ერთიერთმანეთის წინააღმდეგ მოქმედების დაწყებას ვერა ბედავდნენ; მერე ქართველებმა უბრძოლველად უკან დაიხიეს, «მოერიდა გიორგი და მოვიდა და დაწუა ქალაქი ოლთისნი» (მტ~ნე ქ~ჲ, *473, გვ. 247), ხოლო იქითგან გადავიდა კოლას. მას უკან დაედევნა ბერძენთა მეფე და დაეწია; ქართველთა ჯარის «უკანამავალნი» და ბერძენთა «წინამავალნი» შეეყარნენ ერთიერთმანეთს და ბრძოლა მოხდა სოფელსა, რომელსაც ერქვა შირიმნი. ამ ბრძოლაში დაიხოცნენ დიდებულნი ერისთავნი რატი ძე ლიპარიტისა და ხურსი. რაკი მებრძოლთ ორთავე მხრივ მთავარი ნაწილებიც მიეშველნენ, ფიცხელი ომი ატყდა; აქაც საბოლოოდ გამარჯვება კეისარს დარჩა, რომელიც ამის შემდგომ არტაანში მივიდა, ქალაქი გადასწვა და მცხოვრებნი ტყვედ წაიყვანა. გიორგი მეფე ნიალის გზით სამცხეში გადავიდა, ხოლო ბასილი «ჯავახეთით კერძო» დაედევნა და ყოველივე ააოხრა. ქართველთა მეფე თრიალეთში გადავიდა; აქ მას მოუვიდნენ მეშველნი წანარნი და შაქნი, მაგრამ კეისრი უკან გაბრუნდა, გზა და გზა ისევ საშინლად მოაოხრა ჯავახეთი და არტაანი და ზამთარს დასადგომად მივიდა «ქუეყანასა ხალდიისასა, მახლობელად ქალაქსა ტრაპიზონთასა» (მტ~ნე ქ~ჲ, *475, გვ. 248).

აქ ბასილი ისევ სამზადისს შეუდგა, რომ გიორგის წინააღმდეგ ზღვით აფხაზეთში ხომალდები გაეგზავნა და საქართველოს მეფის საბრძანებელი დაეწიოკებინა (ჲ ა ჰ ჲ ა | ა ნ ტ ი ო ქ ი ე ლ ი, В. Розен, იქვე, 62). მაგრამ სწორედ ამ დროს გიორგი მეფისაგან მოციქული მოვიდა და მოლაპარაკება დაიწყო: «ვიდოდეს მათ შორის მოციქულნი ზავისა და სიყუარულისა თჳს» (მტ~ნე ქ~ჲ, *475, გვ. 248; სუმბატი, ც~ა და უწ~ყბა, 69-70). როგორც ჲ ა ჰ ჲ ა | ა ნ ტ ი ო ქ ი ე ლ ი ამბობს, ზავი და სიმტკიცის წერილი დაუდვიათ კიდეც; ამ ცნობის სიმართლეს ქართველი მემატიანის მოთხრობაც ამტკიცებს, სადაც ის ამბობს, რომ გიორგის ვერაგული ქცევით აღშფოთებულმა ბერძენთა მეფემ უბრძანა, რომ ქართველთა მიერ დაწერილი პირობა შუბზე ჩამოეცვათ და საჯაროდ ეჩვენებინათო (სუმბატი, ც~ა და უწ~ყბა, 72).

ამ დროს, როდესაც უკვე დაზავებულები იყვნენ, ბასილ კეისარს განუდგა ქსიფე (სუმბატი, ც~ა და უწ~ყბა, 70; მტ~ნე ქ~ჲ, *475, გვ. 248-249). გიორგი მეფემ და ქართველებმა რომ ამ განდგომილების ამბავი შეიტყვეს, კვლავ გამხნევდნენ და პირობაზე უარი სთქვეს. მაგრამ ბასილ კეისარმა სძლია აჯანყებულს ქსიფეს და ფოკას და მაშინვე ფოკას თავი გიორგი მეფეს გამოუგზავნა, რომ ეჩვენებინა, შენს ქცევას მიხვედრილი ვარ, ყველაფერი მშვენივრად მესმის და სრულებითაც არ გენდობიო, ამბობს ჲაჰჲა ანტიოქიელი (В. Розен, იქვე, 66). ბასილი კეისარი მოვიდა ბასიანს და «ითხოვდა ქუეყანათა და ციხეთა»; ხოლო გიორგი მეფემ «წარავლინა ზჳადი ერისთავი სპითა და უბრძანა, რათა ზავის მიპყრობითა მცირედ ხან დამჭირვად ადგილსა», რომ ამგვარად საკმაო დრო ჰქონოდა და ჯარი შეეყარა. მეფე «განიზრახვიდა ესრეთ: უკეთუ ინებოს ზავი ბასილი მეფემან, იქმნეს ესრეთ, და უკუეთუ ინებოს ომი, განვემზადნეთ მის თჳს». მაგრამ დიდებულები ზავის ჩამოგდებას იმ პირობით, რასაც კეისარი უდებდა ქართველებს, ალბათ არა სთანხმდებოდნენ და ზემოაღნიშნულის ხერხით შეიძლებოდა კეისარი მახეში გაებათ (მტ~ნე ქ~ჲ, *476, გვ. 249250; სუმბატი, ც~ა და უწ~ყბა, 7172; ჲაჰჲა ანტიოქიელი; В. Розен, იქვე, 65. ჲ ა ჰ ჲ ა | ა ნ ტ ი ო ქ ი ე ლ ი ამბობს, რომ ამგვარ ხერხს გიორგი მეფეს მისი ვაზირი «რ-ფად-ს» ურჩევდა. ვ. რ ო ზ ე ნ ი ფიქრობს, რომ ამ მოხელეს სახელი «ლიპარიტი» უნდა ყოფილიყო, მაგრამ დედანში თავდაპირველად «ზჳადი» ეწერებოდა: რომ აქეთგან «რფად»-ი წარმომდგარიყო, ამისთვის საკმარისი იყო პირველ ასოს წერტილი მერმინდელს გადამწერს მეორე ასოზე გადაეტანა, მაშინ ორთავ ასოების გამოთქმა შეიცვლებოდა. ვინც არაბული ანბანი იცის, იმას ამგვარი შეცდომა არ გააკვირვებს).

კეისარმა შეიტყო რასაც უპირებდნენ ქართველები და მაშინვე ომი აუტეხა. ქართველები იძლივნენ: «მეოტ იქმნეს სპანი საქართველოსანი... და მოისრეს ურიცხუნი პირითა მახვილისათა». მაშინ კი ზავის მეტი სხვა გზა აღარ იყო. გიორგი მეფემ მისცა «მძევლად ძე თჳსი ბაგრატი წლისა სამისა და ციხენი, რომელნი-მე პირველ გაეცნეს აზნაურთა დაულოცნა, სხუანიცა ციხენი პირველ მოცემულნი და უკანის ათოთხმეტნი და ქუეყანა, რომელი ჰქონდა დავით კურაპალატსა ტაოს, კოლა-არტანს და ჯავახეთსა» (მტ~ნე ქ~ჲ, *476-*477, გვ. 250-251; სუმბატი, ც~ა და უწ~ყბა, 72). ზავის პირობა მეტად სამძიმო იყო, მაგრამ სხვა ღონე არ იყო. გიორგი მეფეს შეეძლო თავისი თავი მით ენუგეშებინა, რომ კეისარმა მას «რომელნი-მე ამათ ქუეყანათა გან ეკლესიანი, სოფელნი და ადგილნი დაულოცნა» (მტ~ნე ქ~ჲ, * 477, გვ. 251). ეს ზავი ჲ ა ჰ ჲ ა | ა ნ ტ ი ო ქ ი ე ლ ი ს სიტყვით 1023-1024 წ. ყოფილა დადებული (მატიანე, გვ. 66). ქართველი მემატიანის სიტყვებითგანაცა ჩანს, რომ ზავი დადებული ყოფილა 1023 წელს (თუმცა მტ~ნე ქ~ჲ-ს ეს თარიღი პირდაპირ დასახელებული არა აქვს, მაგრამ იქ აღნიშნულია, რომ ამ ზავის ჩამოგდების დროს მძევლად წაყვანილი ბაგრატ უფლისწული კეისარს საქართველოში 1025 წელს დაუბრუნებია /*479, გვ. 253/; ამასთანავე იმასვე მოხსენებული აქვს, რომ ბაგრატი კეისარს კონსტანტინეპოლითგან სამშობლოში გამოუსტუმრებია «წელსა მესამესა» /იქვე, *479, გვ. 253/; მაშასადამე უფლისწულს ბიზანტიაში დაუყვია სრული 2 წელიწადი და რამდენიმე თვე. თუ ამ 2 წელიწადს მისი დაბრუნების თარიღს 1025 წ. გამოვაკლებთ, ჩვენ დაგვრჩება 1023 წ. მისი კონსტანტინეპოლში წაყვანისა და ზავის ჩამოგდების თარიღი). დადებული პირობისამებრ მცირეწლოვანი მძევალი კეისარს მესამე წელს უკან უნდა გამოეგზავნა მშობლებისათვის. თავისი აღთქმა ბასილმა პირნათლად აასრულა და 1025 წელს შინ გამოისტუმრა. მალე იმავ წელსვე ბასილი კეისარიც გარდაიცვალა და მის მემკვიდრეს კონსტანტინე მეფეს უნდოდა გაგზავნილი ქართველი უფლისწული უკნ მოებრუნებინა, საგანგებოდ მოციქულიც კი აფრინა, რომ დასწევოდა, მაგრამ გვიანღა იყო: ბაგრატი უკვე სამშობლოში იყო მისული (მტ~ნე ქ~ჲ, *477-*479, გვ. 251-153). ორის წლის შემდგომ, 10 აგვისტოს 1027 წ. ჯერ კიდევ თითქმის ჭაბუკი მეფე გარდაიცვალა თრიალეთში, «ადგილსა, რომელსა ეწოდების მყინვარნი, გინა იწრონი» (მტ~ნე ქ~ჲ, *479, გვ. 253; სუმბატი, ც~ა და უწ~ყბა, 75). ისტორიკოსი ამბობს, რომ გიორგი მეფე გარდაიცვალა «ჟამსა ოდენ სიყრმისასა» (მტ~ნე ქ~ჲ, *479, გვ. 253), მართლაც 1027 წელს იგი იქმნებოდა ან 25, ან 29 წლისა. უდროოდ გარდაცვლილი მეფე დაასაფლავეს ქუთაისის საყდარში (იქვე, *480, გვ. 253).

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

Friday, June 2, 2017

ნიკოლოზ დუბროვინი თუშ-ფშავ-ხევსურების სახლისა და ოჯახური ყოფის, სტუმართმოყვარეობის, ქორწილის, ბავშვის დაბადებისა და მიცვალებულთა დატირების შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს აკადემიკოს დუბროვინის წიგნიდან «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе», томъ I, Очеркъ Кавказа и народовъ его населяющихъ, книга II. Закавказье. Санктъ-Петербургъ, 1871, ვრცელი წერილის «ქართველური ტომი» /«Картвельское племя»/ მესამე განყოფილების «თუშები, ფშავლების და ხევსურები» /«Тушины, пшавы и хевсуры»/ შესაბამისი თავის თარგმანს) 

თავი III 

(ხევსურის, ფშავლისა და თუშის სახლი; მათი ოჯახური ყოფა-ცხოვრება და სტუმართმოყვარეობა. – ცრურწმენა და წეს-ჩვეულებანი /ადათები/ ქორწილებზე, ბავშვის დაბადებისას და მიცვალებულთა დასაფლავების დროს.)

ძლივს მისადგომ კლდეების შვერებზე, ვიწრო ბილიკებზე, როგორც არწივთა ბუდები, ხევსურების სოფლებია დაკიდებული, რომლებიც ხისგან ან ფილაქნისგანაა ნაშენები კირის გარეშე და რამდენიმე იარუსად სათოფურებით. კირით ნაგები კოშკები ძლზედ იშვიათია ხევსურეთში, ხოლო ისინი კი, რომლებიც არის, განსაკუთრებულ იმედს შეადგენენ მათ დაცვაზე.

– შენ ჩვენო დიდო იმედო, ამბობს ერთი ხევსურული სიმღერა, კოშკო ნაგებო კირითა. 

ფშავლების სოფლები, რომლებიც ხეობებში და მთების კალთებზეა მიმოფანტული, მრავალმოსახლეობიანი არ არის. «ჩვენ ვნახეთ, ამბობდა დიმიტრი ბაქრაძე, მხოლოდ ერთი სოფელი ოცდახუთი ან ოცდაათი ოჯახისგან, იმ დროს როდესაც მთელი დანარჩენი სოფლები ორი-სამი კომლისგან შედგებოდა».

ფშავლების სახლები სახელდახელოდაა შეკოწიწებული (сколочены на скорую руку), ხოლო მიწურები კი ძლივსღა ჩანს დედამიწის ზედაპირზე.

ბუჩქნარებს შორის და მწვანე მინდვრებზე დადის ფშავის მთელი სიმდიდრე: ცხენები, რქოსანი საქონელი, ქათმები დ ინდაურები.

არცთუ დიდ და დაბალ ხვრელს, რაღაც კარის მაგვარს, შევყავართ ხევსურის ან ფშავლის სახლში, რომელიც დაბლობ ადგილების მცხოვრებლებში ერთ იარუსადაა აშენებული, ჩალით დაფარული მორებისგან, მთიანი ადგილების მცხოვრებლებში კი ფილაქნისგან, და იმდენად დაბლა, რომ მისი სახურავი თითქმის დედამიწის ზედაპირამდე ჩამოდის. კარი ერთადერთი ხვრელის სამსახურს უწევთ სინათლის შესვლისა და კვამლის გამოსვლისთვის.

სახლის შინაგნი სახე და მოწყობილობა მარტივია და ერთი, ხშირად ფართო, ოთახისგან შედგება. ის ბნელია, მისი კედლები ჭვარტლითაა დაფარული და ობობის ქსელებით მოდებული. ოთახის შუაგულში ჩანს კერა ანუ, უფრო სწორედ, კოცონი, რომლის ძირშიც ფილაქანია დაგებული და მასზე ცეცხლი გაჩაღებული. მის გარშემო თავი მოუყრია მთელ ოჯახს, «დაუბანელსა და დაუვარცხნელს».

ოთახის ერთ კუთხეში დგანან ძროხა, ცხენი და ხბორები; მეორეში დაწნული საკაცეები თივით. განრთხმულა რა მათზე, სძინავს ოჯახის თავს, რომელსაც ნაბადი ან უსაპირო ტყაპუჭი აქვს დაფარებული. ოჯახის სხვა წევრები ცეცხლის ახლოს წვანან, ერთ მხარეს მამრობითი სქესისა, მეორე მხარეს მდედრობითის.

ბოძზე, რომელიც სახურავს იჭერს, ჰკიდია იარაღი, კალათები და რამდენიმე წყვილი წინდა. ორი-სამი სპილენძის ქვაბი, რომელთაგან ერთი კერის თავზე ჩამოკიდებული, რამდენიმე თიხის ქოთანი (კოკა), არცთუ ბევრი ხის ჭურჭელი, რომლებიც ხის თითო ნაჭრებისგანაა გამოთლილი, მოსახლის მთელ საშინაო ჭურჭელს შეადგენენ.

უმთავრესი სიმდიდრე იარაღსა და სპილენძის ჭურჭელში შედგება; ფული ძალზედ იშვიათია.

მდიდრად ის ითვლება, ვისც 14-დან 15 ძროხმდე; 4-დან 5 ხარამდე, 2-3 ცხენი და ერთი ჯორი ჰყავს.

მთის სოფლების მცხოვრებნი, არ ფლობენ რა შინაური მეურნეობის დიდ სიმდიდრეს, ამასთან ზოგჯერ ხე-ტყის უკმარისობას განიცდიან, თავიანთთვის სახლებს ფილაქნებისგან იშენებენ: ფშავლები სამ სართულად, ხევსურები ორად. ფშავლებში ზედა სართულზე თავსდებიან მამაკაცები, თივა, ჩალა და სხვადასხვა ძველმანები; მეორეზე – ოჯახი; ქვედა სართულზე კი საქონელი. ხევსურებში ზედა სართული, ანუ ჭერხო (черхо), ორ ნახევრადაა გაყოფილი: ერთი ოჯახის მეთაურისთვის, ხოლო მეორე კი შინაური მეურნეობისთვის; ქვედა სართულზე, ანუ ბოსელში (босели), თავსდება მთელი ოჯახი. 

მამაკაცს, და მით უმეტეს ოჯახის თავს, არ შეშვენის ქვედა სართულის კარში შესვლა; იქ იგი ზედა სართულიდან ჩადის, ხვრელის გავლით და გაკეთებული კიბის გამოყენებით. ეს განშტოებები იშვიათად ცხოვრობენ დიდ ოჯხებად; როცა ცოლს მოიყვანს, თითოეული საკუთარ სახლს იშენებს და მეურნეობას იწყობს. მამა ოჯხის თავია, რომელიც მას სიტყვაშეუბრუნებლად ემორჩილება. ფშვლებსა და ხევსურებში ვაჟიშვილს 20 წლისას აქორწინებენ, თუშებში კი 27 წლისას. თუშები არ შედიან ქორწინებაში მამაკაცური ხაზით მეთორმეტე და ქალური ხაზით მეექვსე თაობამდე. ერთი სოფლის მცოვრებნი, თუნდაც ისინი ურთიერთშორის ნათესავები არც იყვნენ, ქორწინებაში არ შედიან. თუში ქალწული დაბადებიდან 23 წელზე ადრე არ თხოვდება, ხევსურებსა და ფშვლებში კი 20 წელზე ადრე. დაქორწინებული მთიელი მაშინვე გამოეყოფა თავის ოჯახს. გაყოფის დროს მამა მთელ თავის მამულს ვაჟიშვილებს თანაბრდ აძლევს, ხოლო უფროს ძეს კი, გარდა ამისა, რაიმე ნივთს უფროსობისთვის. არ იტოვებს რა გაყოფისას თავისთვის არაფერს, ის შემდეგ თავის ვაჟიშვილებთან რიგის მიხედვით ცხოვრობს. ქვრივი არანაირ წილს არ ღებულობს ქმრის მამულიდან, თუ მას ვაჟიშვილები არ ჰყავს. თუმცა კი, მას შეუძლია ქმრის სახლში დარჩეს, და მაშინ მემკვიდრეებმა იგი უნდა შეინახონ. გარდაცვლილის ქალიშვილები, თუშებში, ნათესავებმა უნდა აღზარდონ და კარგი სამკაულით (семкаури) გაათხოვონ, რომელიც ვერცხლის სამკერდე ყელსაბამებისა და სხვადასხვა სამკაულებისგან შედგება. თუ ძმებიდან რომელიმე უშვილოდ მოკვდება, მაშინ მისი მამული დანარჩენ ძმებს შორის ნაწილდება.

თუმცა კი სიმდიდრეს გავლენა არა აქვს მცხოვრებთა კეთილდღეობაზე. როგორც ღარიბი, ისე მდიდარიც ცხოვრების ერთნაირი კეთილმოწყობებით კმაყოფილდებიან. ერთთა და მეორეთა მთელ სახლში ჩანს ჭუჭყი, უსუფაობა და მიუხედაობა (грязь, нечистота и неопрятность). კვამლი, რომელიც ოთახს ავსებს, თვალებს წვავს. ყროლი, რომელიც მოკლული ნადირის ხორცის შებოლვის დროს ვრცელდება, რომელსაც აქაურები საჭმელად ახალ ძროხის ხორცს ამჯობინებენ, ნეხვის სუნი, მილიონობით რწყილი, თაგვები, რომლებიც ჭერში განუწყვეტლივ დარბიან და ჭვარტლს დაბლა ყრიან – ყველაფერი ეს ისეთი რამაა, რომლებიც მიუჩვეველ ადამიანს ართმევენ იმის საშუალებას, რომ ოთახში დიდხანს დარჩეს და აიძულებენ მას გაიქცეს (Очерки Хевсурiи А. Зиссермана. Кавк. 1851 г. № 22. Записки о Тушино-Пшаво-Хевсур. округе кн. Эристова. Кавк. 1854 г. № 49. См. так же Записки К. О. И. Р. Г. в. кн. III).

ფშავლები ძალზედ უსუფთაონი არიან. მათი სახლები ბოსლებზე მეტი არ არის, რომლებსაც არასოდეს ჰგვიან და რომლებიც ერთდროულად ადამიანებსაც უწევენ საცხოვრებლის სამსახურს და საქონელსაც. ფშაველი მტვრიან ქეჩებზე წევს, რომლებიც ნეხვზეა დაფენილი. ფშავლის სამოსელი უსუფთაოა, გაქონილი და პერანგს მხოლოდ მაშინ იხდიან, როცა ნაკუწებად ქცეული, თვითონ ვარდება მხრებიდან. ფშაველი საჭმელს არ განარჩევს და ყველანაირ სისაძგლეს ჭამს (естъ всякую мерзость).

ამ კეთილმოუწყობლობათა მიუხედავად, აქაური თავისი საცხოვრისით კმაყოფილია. ასრულებს რა საველე სამუშოებიდან მხოლოდ ხვნა-თესვასა და თიბვას, მამაკაცმა მთელი დანარჩენი მეურნეობა ქალების მზრუნველობას დააკისრა, ხოლო თავად კი მთელ თავისუფალ დროს სახლში ან მეზობელთან სტუმრად ატარებს.

მამაკაცებს უყვართ საზოგადოებაში ყოფნა და ერთმანეთთან სტუმრობა. სტუმართმოყვარეობა ამ ხალხებში უმაღლეს დონემდეა განვითარებული, და სტუმარი, ვინც არ უნდა იყოს იგი, წმინდა პირად ითვლება. სტუმარს ჩვეულებრივ კართან ხვდებიან, ცხენსა და იარაღს ჩამოართმევენ და მოსასვენებელში მიჰყავთ. «იქ დაზეპირებული ფრაზებით ეკითხებიან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ოჯახის, საქონლის, იარაღის მდგომარეობისა და იმის შესახებ, ხომ არ არის რაიმე უბედურება, რამაც მას გამომგზავრება აიძულა» («Очерки Хевсурiи» Зиссермана. Кавказ. 1851 г. № 22). როცა სტუმარი შედის, მაშინ ყველანი ფეხზე დგებიან.

– დასხედით, ამბობს იგი; მხოლოდ მტრების წინაშე ადექით.

სტუმრის პატივსაცემად პატიჟებენ მეზობლებს და იწყება ქეიფი. სტუმარი ჭამს, მასპინძელი კი მის წინაშე მუხლებზე დგას ან ფანდურზე უკრავს. როცა კარგად გაძღება, სტუმარი დგება და, დასვამს რა მასპინძელს, მას უმასპინძლდება, თავად კი ემსახურება. მასპინძლის თანხმობის გარეშე, სტუმარს არ შეუძლია წავიდეს, თუნდაც პირველი მას მთელ კვირას არ უშვებდეს. ამ ხალხებს შორის არსებობს ძმად გაფიცვის წეს-ჩვეულება (обычай братовства). იმისთვის, რათა ძმად გაიფიცონ, აუცილებელია ფიცვერცხლის ჭამის წესი აღასრულონ, ე. ი. ღვინოში ვერცლის მონეტა ჩათალონ და შემდეგ ორივემ მორიგეობით სამ-სამი ყლუპი მოსვას. ამ წესის (обрядъ) შემდეგ, შემსმელები ძმებზე უფრო მეტნი ხდებიან. თითოეული შედის მეორის სახლში, როგორც საკუთარში; მასპინძლის დები მისი დები ხდებიან. ახალი ძმა თქვენ მაშინაც კი დაგიცავთ, მას რომ ამისთვის სიცოცხლის გაღება დასჭირდეს («Записки о Тушино-Пшаво-Хевсурскомъ округе» кн. Р. Эристова. Кавказъ 1854 года № 50 и 51).

აქაური დროს წინაპართა გმირული საქციელის შესახებ თხრობაში, თამბაქოს განუწყვეტელ წევასა და ფანდურის ჟღერაში ატარებს, რასაც თან ველური სიმღერები ახლავს (бряцанiя на пандуре, сопровождаемой дикими песнями). ასეთ მდგომარეობაში მამა ასწავლის (поучаетъ) ოჯახს ან უყვება მას შემთხვევებს ცხოვრებისეული გამოცდილებიდან. იგი ჰყვება ხალხის რწმენის, აგრეთვე იმ ნიშნების შესახებ, რომლებიც თითოეულმა უნდა იცოდეს, რათა ცხოვრებაში ბევრი გაჭირვება თავიდან აიცილოს.

– გაზაფხულზე, როცა გადამფრენი ფრინველები იწყებენ გამოჩენას, ამბობს მოხუცი, აუცილებელია ისინი დაამარცხო. ოფოფი უნდა ეცდო თმადავარცხნილმა ნახო და მაშინ, დაამარცხებ რა მას, მთელი წლით იხსნი თავს თავის ტკივილებისგან. გუგულის დამარცხება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მას მაძღარი კუჭით მოუსმენ. მანამდე სანამ მერცხალს იხილავ, ეცადე ღვინის ყლუპი დალიო; ბუს ძახილი ფეხზე მდგომარემ მოისმინე – სხვანაირად მთელ წელს გეძინება. როცა ჭექა-ქუხილის ხმა მოგესმება, უმალ ქვას სტაცე ხელი და ის რამდენჯერმე ზურგში ჩაირტყი.

– გამაგრდი, გამაგრდი ზურგო! ამბობს მთიელი, იცემს რა მასზე ქვას, და ამ საშუალებით საკუთარ თავს მთელი წლით იხსნის წელის ტკივილისგან.

– მანამდე სანამ ელვას დაინახავ, ამბობენ გამოცდილი ადამიანები, ეცადე კბილებში რკინის ნაჭერი ჩაიდო და მაშინ ელვა დამარცხებულია, შენ კი კბილის ტკივილს ხარ გადარჩენილი.

თუშებს ბოროტი სულების არსებობისა სწამთ: ბოდვას უწმინდურ ძალას მიაწერენ და მის განსადევნად სნეულის თავის ირგვლივ შავ თიკანს შემოავლებენ, ხოლო ზოგჯერ კი ქათამსა და თაფლის სანთელს. თიკანსა და ქათამს შემდეგ კლავენ და გზაჯვარედინზე მარხავენ, ხოლო სანთელს კი სამსხვერპლოებთან ანთებენ, და ზოგჯერ ამ სანთლით ქადაგსაც მიმართავენ. მთვარის დაბნელებას ბოროტ სულებს მეგოის (мегой) მიაწერენ, რომლებიც მათ გზას უღობავენ, და, მათი გაფანტვისთვის, ისვრიან.

სწამთ იმისა, რომ ადამიანები, და განსაკუთრებით ქალები, შეიძლება მაქციები (оборотни) იყვნენ და სხვადასხვა ცხოველების სახეს ღებულობდნენ.

დიდ მარხვაში, ცნობილ საღამოს, ახლად გარდაცვლილის სახლში იკრიბებიან, იქ მოაქვთ სამოთხაი (самотхай) – მოხარშული ხორბლის თაფლით შეგემებული წანდილი ხაჩი-ჴეუილაე (хачи-кхеуйлае) – სამოთხისთვის მსხვერპლშეწირვის აღსასრულებლად, და, დეკანოზის კურთხევით, მომზადებულ წანდილს შეექცევიან. ამ დროს ზოგიერთი ახალგაზრდა ქალი და ქალწული ეშმილერდარ (эшмилердаръ) – ეშმაკების მოსასმენად მიემართება. ისინი სადმე მდინარის მახლობლად სხდებიან და მარჯვენა ფეხის ქუსლის ძირას ერთ მუჭა ნაცარს იფენენ (იყრიან). მოდარაჯე ქალები ხუმრობის გარეშე ირწმუნებიან, რომ ამა თუ იმ სახლში ტირილის ან სიცილის ხმა ესმით. პირველი მასპინძლებს სიკვდილს აუწყებს, მეორე კი – სიხარულსა და ჯანმრთლობას.

ყველიერის შაბათს თუშები დედამიწაზე ნგელოზების არსებობას დღესასწაულობენ და დარწმუნებულნი არიან, რომ ორი დღის განმავლობაში თითოეულს მხრზე თავისი მფარველი ანგელოზი უზის. ამიტომ ამ დროს ისინი ცდილობენ მარჯვენა მხარეს არაფერი გაიქნიონ, რათა ანგელოზს თვალი არ ამოუგდონ.

ამ დღეს ოჯახის თითოეული ცოცხალი და გარდაცვლილი წევრის სახელზე (პატივსაცემად) თითო ღვეზელს აცხობენ და მათ მეზობლებს უგზავნიან.

ყვავის ჩხავილი, ჩხიკვის ძახილი თუშებთან სტუმრების მოსვლას იუწყებიან; ძაღლის ან მელის ყმუილი, შინაური ფრინველების ღამით ქანდარებიდან ჩამოვარდნა სახლის პატრონებს უბედურებას აუწყებს («Записки о Тушетiи» И. Цискаровъ. Кавк. 1849 г. № 12) და ამ ნიშნების შესახებ მონათხრობები მშობლებიდან შვილებში გადადის.

საუბრების დროს, და საერთოდ ოჯახში, ქალს არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია. სირცხვილად ითვლება, რომ ცოლთან ერთად სხვათა საზოგადოებაში იყო. ღრმა მოხუცებულობამდე ქმარი და ცოლი ურთიერთ შორის ერთგვარ მორცხვობას ინარჩუნებენ: ფამილარულ მიმართვებს და გარეშესთან თანდასწრებით საუბარს ერიდებიან, ალერსიან გამოთქმებსაც არასოდეს იყენებენ. ცოლ-ქმრული პაემნები საიდუმლოდ ხდება, განსაკუთრებული სიფრთხილით, თითქოსდა აკრძალული პაემანი იყოს...

ყრუ შუაღამეა; ყველას დიდი ხანია სძინავს და მთელ სახლში ღრმა სიჩუმეა გამეფებული... მიიპარება რა მალულად ხვრელთან, რომელიც დაბლა სართულზე ჩაიყვანს, ქმარი ჩუმად დაუძახებს ცოლს და თანხმობას ეკითხება. დაბლა ჩუმად არიან – ეს ნიშნავს, რომ ეთანხმებიან. დატოვებს რა თავის ტანსაცმელს ზევით, იგი კიბით ჩუმად ჩადის დაბლა... ცოლს უახლოვდება... ის თავის მიზანთან ახლოსაა...

– დამეხსენ მეძინების (Дехсенъ медзинебисъ /оставь, мне хочется спать/), პასუხობს ცოლი ქმრის ალერსზე, და ის, ერთი სიტყვითაც რომ არ შეეპასუხება, ჩუმად ისევ ზევით ადის («Очерки Хевсурiи» Кавк. 1851 г. № 22. «Записки о Тушино-Пшаво-Хевсурскомъ округе» кн. Р. Эристова. Кавк. 1854 г. № 47).

ყოველგვარი თხოვნა და ალერსი ამ შემთხვევაში მამაკაცს ქალის თვალში ამცირებს. 

გათენდა; დღე დადგა და ყველაფერი ჩვეული რიგით წავიდოდა მთიელის სახლში ძალით რამდენიმე ადამიანი რომ არ შემოჭრილიყო: ესენი მაჭანკლები არიან, სასიძოს მიერ გამოგზავნილნი – ერთი ქალი და ორიც კეთილსინდისიერი მამაკაცი ოთხი ცხვრით.

სტუმრების ძალათი შემოსვლა მასპინძლისთვის ახალი არ არის – ასეთია ხალხური წეს-ჩვეულება (ადათი).

მისმა ქალიშვილმა ისეთ ასაკს მიაღწია, როცა შეუძლია გათხოვდეს. მაჭანკლობა მხოლოდ საქმროსა და საცოლის მშობლებს შორის აღესრულება და, უმეტეს წილად, უკანასკნელთა თანხმობის გარეშეც. მეტად ხშირად საქმრო და საცოლე ერთმანეთს პირადად არც კი იცნობენ. საცოლის სახის ნახვის ნება არავითარ შემთხვევაში არა აქვთ; მამაკაცი რომ ქალს მიუახლოვდეს, ხოლო ქალწულმა, ახალგაზრდა ადამიანის თანდასწრებით, არ დაიმორცხვოს და სახე არ დაიფაროს, დანაშაულად ითვლება, რომელსაც იმის გარდა, რომ ქალიშვილზე ცუდი აზრი შეიძლება დაბადოს, შეუძლია საქმე სისხლიან დავამდეც კი მიიყვანოს. თავისი მომავალი მეუღლის ღირსების შესახებ (ჭაბუკს) შეუძლია ნაცნობების მონათხრობთა მიხედვით იმსჯელოს, რომლებსაც ქალწული უნახავთ ან მას იცნობენ. თუმცა კი ქალის ასეთი იზოლირებულობის მიუხედავად ახალგარდა კაცები პოულობენ იმის საშუალებას, რომ თავიანთთვის საცოლეები ამოირჩიონ. ზამთრის საღამოს, მალულად, ისინი ფანჯარასთან ან კარის ჭრილთან მიიპარებიან, როცა ქალიშვილები, საღამოს შეკრებებისას, თავიანთი მეგობარი ქალწულების წრეში, ვერ ამჩნევენ რა გარეშე თვალს, სახეს არ მალავენ. მაშინ არა მხოლოდ სახის დანახვა შეიძლება, არამედ საუბრების მოსმენაცა და თვით მუშაობის შეფასებაც.

საცოლეების მოტაცება ამ ხალხებში იშვიათობა არ არის.

ის ვერ არის ყოჩაღი, ვინც ვერ შეძლებს თავისი საცოლის მოტაცებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქციელებს ხშირად საშინელი დავები, მკვლელობა და სისხლის აღება მოჰყვება...

საცოლე არჩეულია. დაწინდვის ნიშნად ხევსურებში საცოლის მშობლებს 20 კაპიკი (აბაზი) ეგზავნებათ; ფშავლებში 1 მან. და 20 კაპ. (ნიშანი /нишани/ – დაწინდვის ნიშანი), ხოლო თუშებში კი პურ-მარილი, რომელსაც საცოლის მშობლები თანხმობის ნიშნად გადატეხენ.

მიიღებენ რა საჩუქარს, მშობლებს უფლება აღარ აქვთ თავიანთი ქალიშვილი სხვას მიათხოვონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, ვალდებულნი არიან საქმროს რამდენიმე ძროხა გადაუხადონ – ჯარიმა პატივის (ღირსების) შელახვისთვის. ქალის თხოვნისას ყურადღებას აქცევენ წარმოშობას, გმირულ თვისებებს (доблестныя качества), და არა საქმროსა და საცოლის გარეგნობას. მზითვის შესახებ ძალზედ ცოტს თუ ზრუნავენ. ხევსურეთში საქმრო საცოლის მშობლებს გარკვეული რაოდენობის ძროხებს აძლევს, ფშავლებში კი საქმრო საცოლეს საქორწინო კაბასა და 30 ცხვარს უგზავნის, რომლებიც სათავნოს (сатавно) – ცოლის კაპიტალს შეადგენენ.

დანიშნულ საცოლეს საქმროს მშობლები, ჩვეულებრივ, ახალი წლის დღეს უგზავნიან ციპს (ципъ) – სამკუთხა ღვეზელს, რომელსაც საკუთრივ ამ შემთხვევისთვის აცხობენ, ხოლო საცოლის მშობლები კი მოვალენი არიან, ამ საჩუქრის სანაცვლოდ, გამოგზავნილს გაუმასპინძლდნენ და დაასაჩუქრონ. ფშავლებში, ქორწილამდე ერთი კვირით ადრე, 5 ჩაფ ღვინოსა (ჩაფი 20 ბოთლს იტევს) და ერთ ცხვარს უგზავნიან, მათი გამოთქმით სახლის დათვალიერებისთვის (для осмотра дома).

საერთოდ საცოლის მშობლები, ამ ხალხებში ქალის შევიწროვების (загонъ) მიუხედავად, უფრო მეტი უპირატესობებით სარგებლობენ, ვიდრე საქმროს მშობლები. ისინი თავს იკატუნებენ და ისე აჩვენებენ, რომ მაჭანკლების სახში შემოშვება არ უნდათ.

ისინი კი, პირიქით, ცდილობენ ძალით შეიჭრან და, უკვე შიგნით შესულები, თავიანთი მოსვლის მიზნის შესახებ ატყობინებენ. საცოლის მშობლები მათ უარს ეუბნებიან, და ამბობენ, რომ საქმრო მათი ქალიშვილის ღირსი არ არის. წარმოგზავნილები, წარმოაჩენენ რა მის (საქმროს) ღირსებებს, კლავენ ცხვრებს, ისე რომ ამაზე ნებართვას არ ითხოვენ. ასეთი საქციელი საცოლის მშობლებს ამარცხებს: ისინი ნათესავებს იწვევენ და საქმროს ხარჯზე ქეიფობენ. ქორწილის დღეს, ხევსურებში, პატარძალს პირდაპირ სასიძოს სახლში გზავნიან, სადაც მას მისი თანასოფლელები მიჰყვებიან, თითო ადამიანი სახლიდან. იქვე მოჰყავთ სასიძოც, რომელიც, გაუშვებს რა მთხოვნელებს, თვითონ, ადათის მიხედვით, სახლიდან უნდა დაიმალოს და თავი რომელიმე მეზობელთან შეაფაროს. ფშავლები, ქორწილის წინა დღეს, საცოლეს საპალნით ღვინოს და ორ ცხვარს უგზავნიან. გაგზავნილი საპატარძლოს სახლში ღამის გასათევად რჩება და, მეორე დღეს, ის ეკლესიაში მოჰყავს. თუშებში საქმრო თავად მიემგზავრება საცოლისთვის, მხედართა ბრბოსა და თოფის სროლების თანხლებით, და თავადვე მიჰყავს იგი ეკლესიაში. 

ხევსურები სიძესა და პატარძალს ოთახის შუაგულში გაჩაღებულ ცეცხლთან აუცილებლად იმ მხარეს დასვამენ, «სადაც კვამლი მათ პირდაპირ სახეში მიეფინებოდა». დეკანოზი მათ წინ უდგამს საჭმელსა და ღვინოს და თითო თაფლის სანთელსაც აძლევს. ახალშეუღლებულები ფეხზე დგებიან, ხოლო დეკანოზი კი მათ ნემსით კაბის ბოლოებს გადაუბამს. მეჯვარეები დეკანოზს სასმისს აწვდიან ლუდით ან არყით. მიიღებს რა მას და წარმოთქვამს ლოცვას, რომელშიც მათი ოჯახის გამრავლებას ითხოვს, დეკანოზი სასმისს დაცლის და ახალგაზრდებს შეუღლებას ულოცავს. ხევსურებში ამით კიდეც მთავრდება საქმე. თუშებსა და ფშავლებში კი დაქორწინება ეკლესიაში ხდება. ეკლესიიდან გამოსვლისას სიძე გასროლას ახდენს და ხმლის პირს გადააბიჯებს; მდინარეზე გადასვლის დროსაც ასევე ისვრიან. ეკლესიიდან სახლში ცხენებზე ამხედრებულნი ბრუნდებიან, ამასთან ფშავლებში ახალშეუღლებული ქალი ფეხით მოდის და, ადათის მიხედვით, ძალზედ უადგილოდ (очень не кстати), წინდას ქსოვს. ახალგაზრდების მოსვლისთვის თუშებში სიძის სახლში გრძელი ჭოკის თავზე ჩირაღდანს ანთებენ, რომელიც დახელოვნებულმა მსროლელებმა ან უნდა ჩამოაგდონ, ან სროლით ჩააქრონ.

სასიძოს მამა ან დედა, ახალგაზრდების შემოსვლისას, ჯოხს გადატეხს და პატარძალს რაიმე ტკბილეულს მიართმევს (Записки о Тушетiи И. Цискаровъ. Кавк. 1849 г. № 8. «Очерки Хевсурiи» А. Зиссермана. Кавк. 1851 г. № 22. «Записки о Тушино-Пшаво-Хевсурскомъ округе» кн. Р. Эристова. Кавк. 1854 г. № 47. «Десять летъ на Кавказе» Современ. 1854 г. т. 47). სახლში ახალგაზრდებმა სამჯერ უნდა შემოუარონ გარეშემო საკიდელს (сакидели) – რკინის ჯაჭვს, რომელზედაც კერის თავზე დაკიდებული ქვაბი ჰკიდია. მეჯვარეები, მიჰყვებიან რა მათ, ხანჯლებით საკიდელს მოჩეხავენ. ახალგაზრდებს სვამენ ტახტზე, რომელიც სხვადასხვა ფერის ხალიჩებითაა მორთული, ამასთან პატარძალი თავსაფრით დაფარული რჩება. ყველა სტუმარი მათ სიახლოვეს ჯდება: მამაკაცები სიძის მხრიდან, ხოლო ქალები კი პატარძლისა.

ახალშეუღლებულთა წინ ხის ჯვარს დგამენ, რომელზედაც სხვადასხვა ხილი და საჩუქრებია ჩამოკიდული. ამ ტომების სუფრა ძალზედ სადაა.

ისინი ნაცარში აცხობენ უმარილო პურებს, ხმიადებს (хмiади), რაღაც კვერების ან ლავაშების (лаваши) მაგვარს – ოვალურ და განსაკუთრებით სქელ პურს. მათი საყვარელი კერძია ხინკალი (хинкали) – ანტრიის მაგვარი (родъ галушекъ), ხოლო აყროლებულ შებოლილ ხორცს კი ისინი დიდ ნუგბარად მიიჩნევენ. მათ ყოველდღიურ საჭმელს ყველი, ხორცი და რძე შეადგენს. «ხევსურებს აყროლებული ხორცი ახალს ურჩევნიათ, ხოლო როცა საქონელს კლავენ, მის სისხლს ჭურჭელში უშვებენ, რათა ის შედედდეს, და შემდეგ კი უკვე ხარშავენ და ჭამენ». ყველა ამ საჭმლის გარდა, სადღესასწაულო დღეებში, როგორიც, მაგალითად, ქორწილის დღეა, იმავე ნახშირში აცხობენ ქადას (када), ერთგვარ ღვეზელს, რომელიც ქონითა და შებოლილი ხორცის ნაჭრებითაა დატენილი (О Тушино-Пшаво-Хевсурскомъ округе кн. Р. Эристова. Записки К. О. И. Р. Г. И. книга III)

ქორწინების წესი დასრულებულია; ყველანი დასხდნენ და მხიარული ნადიმიც იწყება. ქაფიანი ღვინო გაუთავებლად მოედინება; მოქეიფენი კარგად სმის თავიანთი ხელოვნებით თავის გამოჩენას ცდილობენ. «უზარმაზარი ჯიხვის რქების დაჯახება, რომლებსაც ახალდაქორწინებულთა დღეგრძელობისთვის სვამენ, მუსიკალური ინსტრუმენტების ჟღერა, ცეკვები და სიმღერები მოქეიფეთა ერთ საერთო მხიარულ გუგუნში ირწყმება. თვით შავთვალება ახალგაზრდა ქალიშვილებიც კი, ივიწყებენ რა მორცხვობას, მაყურებლებს თავიანთი ცეკვების გრაციოზულობითა და მთიელთა სიმღერების სევდიანი (ნაღვლიანი) კილოთი ატყვევებენ. სიძესა და პატარძალს, ქორწილის პირველ საღამოს, არა მხოლოდ სიმღერა ან ცეკვა არ შეეფერებათ, არამედ სმისა და ჭამის ნებაც კი არა აქვთ, არც ლაპარაკისა ვინმესთან, გარდა იმისა, რომ პატარძალი თავის სახეს არ უნდა აჩენდეს. ისინი ორივენი რაღაცნაირ უნებურ მსხვერპლებად უნდა მოჩანდნენ, რომლებიც თითქოსდა სასჯელზე მიჰყავთ. მაგრამ რადგანაც ეს საქორწინო მხიარულება დილამდე გრძელდება, ამიტომ ახალშეუღლებულებს მის ბოლომდე მოცდას არ აიძულებენ» (Записки о Тушетiи И. Цискарова. Кавказъ. 1849 г. № 8).

ქორწინებიდან პირველ სამ დღეს გადაბმით ახალგაზრდები ერთად უნდა იწვნენ განუშორებლად, მაგრამ დიდ სირცხვილად ითვლება, თუ ახალგაზრდა ქალი ქორწილის შემდეგ სამ წელზე უფრო ადრე დაორსულდება (Записки о Тушино-Пшаво-Хевсурскомъ округе. Кн. Эристова Кавк. 1854 г. № 47).

ადათის მიხედვით, ახალგაზრდები ორ კვირას ერთმანეთთან უცხოობენ და გარეშეთა თანდასწრებით ურთიერთ შორის არ ლაპარაკობენ. შემდეგ ორ კვირას ახალგაზრდა ქალი თავისი მშობლების სახლში ატარებს და შეუღლებულთა ოჯახური ცხოვრებაც ქორწილიდან მხოლოდ ერთი თვის შემდეგ იწყება.

ქორწინებებს საერთოდ მტკიცე საფუძველი არ გააჩნიათ.

ქალი მონად ითვლება, მას განსაკუთრებით უხეშად ექცევიან, ყოველგვარი სინაზისა და სიყვარულის გარეშე (безъ всякой нежности и привязанности). ქმარს ყოველთვის შეუძლია გააგდოს ცოლი, თუნდაც ერთი კვირის შემდეგ ქორწილიდან, და ყოველგვარი საბაბის გარეშეც ქალის მხრიდან. ქმარი უბრალოდ ამბობს, რომ ის მას არ მოსწონს, ან რომ ცუდი დიასახლისია. ეს საქციელი ჩრდილს არ აყენებს ქალს: ის მშობლების სახლში მიდის და მალევე სხვაზე თხოვდება.

ფშავლებში გაგდებულ და დაწუნებულ ცოლს სამწუნებრო (самтцунебро) ეძლევა, ე. ი. ხუთი ძროხა, ხოლო დაწუნებულ სიძეს კი ქალის მშობლებმა ღირსების შეურაცხყოფის გამო (за безчестiе) 16 ძროხა უნდა გადაუხადონ, თუ კი უარის წინ მათი ქალიშვილი მასზე დანიშნული გახლდათ.

თუშებში მამაკაცს, ცოლ-ქმრული ერთგულების დარღვევისთვის, შეუძლია ცოლს ხელი ან ცხვირი მოაჭრას, და ასეთი სახით ის მშობლებთან გააგზავნოს, ან კიდევ, გააგდებს რა, უბრალოდ, დააკისროს ვადა, რომელზე ადრეც იგი ვერ შეძლებს სხვაზე გათხოვებას. 

ხშირად ქალი თვითონ მიდის ქმრისგან, და მაშინ, ხევსურების წეს-ჩვეულებით (ადათით), მისმა მშობლებმა მიტოვებულ ქმარს 80 მანეთი უნდა გადაუხადონ, სხვანაირად მათ ქალიშვილს ხელმეორედ გათხოვება არ შეეძლება. ცოლის გამგდები თავისთვის ახალ საცოლეს აირჩევს და მას მაშინვე შეირთავს. მას ესეც შეუძლია გააგდოს, შეუძლია ათი ცოლი გააგდოს და მეთერთმეტეზე იქორწინოს, რომელიც ასევე არაფრით არ არის მის მიმართაც ასეთივე მოქცევისგან უზრუნველყოფილი. 

განქორწინებისას თუშებში ცოლი ვერანაირ ნაწილს ვერ ღებულობს ქმრის მამულიდან. ქვრივი, თუ მას მამრობითი სქესის შვილები არა ჰყავს, ასევე ვერ ღებულობს ვერაფერს გარდაცვლილი ქმრის მამულიდან, მაგრამ მას შეუძლია ქმრის სახლში დარჩეს, და მისმა ნათესავებმა იგი უნდა შეინახონ. გარდაცვლილის ქალიშვილები და მისი დები კი ნთესავები, როგორც ჩენ ზემოთ ვთქვით, მოვალენი არიან აღზარდონ და კარგი სამკაულით (семкауры) – მზითვით გაათხოვონ, რომელიც ვერცხლის სამკერდე მძივებისა და ტანსაცმლის სხვადასხვა მორთულობებისგან შედგება. ცოლის სიკვდილის შემდეგ, რომელსაც შვილები არ დარჩება, სამკაულები მის მშობლებს ან ნათესავებს უბრუნდებათ (Записки о Тушетiи И. Цискарова. Кавк. 1849 года № 11).

ფშაველი, რომელიც ქვრივს შეირთავს, მის მშობლებს სამ ძროხას აძლევს. ხევსურები სამარცხვინოდ თვლიან, თუ ქვრივი, რომელსაც ვაჟიშვილი ჰყავს, ხელმეორედ გათხოვდება.

საერთოდ კი ოჯახურ ყოფიერებაში მამა ვაჟიშვილს ანიჭებს უპირატესობას ქალიშვილთან შედარებით. ვაჟიშვილების მიმართ იგი უფრო მოყვარულია (къ сыновьямъ онъ более привязанъ), თუმცა კი, ვაჟის დაბადებისას, თვით ნათესავებსა და მეგობრებს შორისაც კი, რცხვენია თავისი სიხარული გამოხატოს, არამედ, ამის საპირისპიროდ, ადათის მიხედვით, ჩვეულებრივზე უფრო სერიოზულად უნდა გამოიყურებოდეს. ბავშვის შობას მათში თან რაიმე განსკუთრებული ზეიმები არ ახლავს. პირიქით, ორსული ქალი უწმინდურად ითვლება. მას გაურბიან, იმათაც კი არიდებენ თავს, ვინც მასთან იყო და მას ხელით შეეხო. ორსული ქალის ქმარს არა აქვს უფლება დღესასწაულებზე იყოს და მათ ქეიფებში მონაწილეობდეს. შრომით (ძალდატანებით) დიდხანს მალავს ქალი თავის საინტერესო მდგომარეობას. ხოლო როდესაც მშობიარობის დრო მოახლოვდება, მაშინ, ყოველგვარი ამინდის, წელიწადის დროის ან ავადმყოფობის მიუხედავად, მას სახლიდან, სოფლიდან რომელიმე გამოქვაბულში ან ქოხში გამოაგდებენ, სადაც იგი რამდენიმე კვირის განმავლობაში რჩება.

გრძნობს რა მშობიარობის მოახლოებას, ორსული ქალი ჩვეულებრივ თავის მეგობარ ქალებს სთხოვს მისთვის საჩეხი (сачехи) – ქოხი (კარავი) ააშენონ, რომელსაც სოფლიდან ერთ ვერსზე აგებენ. გადასახლდება რა ამ ქოხში, მშობიარე იქ მთელ იმ დროს რჩება, სანამ ბავშვს არ გააჩენს, რასაც მეტად ხშირად თან საშინელი ტანჯვები ახლავს. თუ სნეული მშობიარობით იტანჯება, და მისი კივილი სოფელში ისმის, მაშინ მცხოვრებნი ქოხთან მიიპარებიან და თოფებიდან ზალპს ისვრიან, რათა შიშით ავადმყოფს ტანჯვა შეუმსუბუქონ.

მშობიარობიდან მეორე დღეს, ავადმყოფისთვის პური მოაქვთ და, ეშინიათ რა ქალთან ყოვლგვარი შეტყობინებისა, მას ქოხიდან მოშორებით დებენ. ავადმყოფი ქოხში ცხოვრობს ხევსურებში ერთ თვეს, ფშავლებში 40 დღეს, ხოლო თუშებში კი ექვს კვირას (Записки Буткова /рукоп./ Арх. Глав. Шта. «Записки о Тушетiи» И. Цискарова. Кавк. 1849 г. № 8. Записки о Хевсурiи А. Зиссермана. Кавк. 1851 г. № 23. Записки о Тушино-Пшаво-Хевсурском округе кн. Р. Эристова. Кавк. 1854 г. № 49).

ყოველგვარი სიბილწისგან თავის საბოლოოდ განწმენდისთვის მელოგინემ ბავშვთან ერთად ორ კვირას საგანგებო ქოხში უნდა იცხოვროს, რომელსაც სამრევლო (самревло) ეწოდება.

ამ გადასვლასთან ერთად საჩეხს ხევსურები წვავენ, ხოლო ფშავლები კი ტოვებენ იმ მიზნით, რომ ბოროტი სული დედასთან არ დაესახლოს.

გადაიტანს რა ამ კარანტინს, ქალი თავის ოჯახს უბრუნდება. ნათესავები და მეზობლები ერთმანეთს ბავშვის დაბადებას ულოცავენ და სხვადასხვანაირი საჩუქრები მოაქვთ. ახალშობილ ბავშვს, თუ ის მამრობითი სქესისაა, ყველაზე უფრო უხეშ სახელებს არქმევენ, მდედრობითი სქესისას კი, პირიქით, ყველაზე უფრო ნაზ სახელებს. ბიჭებს უწოდებენ: მგელას (мчела, волкъ), დათვიას (датвiа, медведь), ვეფხიას (вепхiа, барсъ) და სხვა; გოგონებს ეძახიან: მზიას (мзiа, солнышко), ვარდუას (вардуа, роза), მარგალიტას (маргалита, жемчужина), ძუძუნას (дзудзуна, сисочка) და სხვა.

მთიელებს შორის არსებული ცრურწმენითი ჩვეულება არ შეხებოდნენ ორსულ და მშობიარე ქალებს მიცვალებულებზეც გადავიდა. ამიტომ თავს არიდებენ იმას, რომ ავადმყოფი სახლში გარდაიცვალოს. შეატყობენ რა აღსასრულის მოახლოებას, სნეულის ნათესავებს იგი მაშინვე გამოაქვთ ან წინკარში, ან კიდევ უბრალოდ ეზოში, სადაც ის კვდება კიდეც. მიცვალებულს პარსავენ, ბანენ და ახალ სამოსელს ჩააცმევენ; თანაც საუკეთესო იარაღს აასხამენ. ასეთ მდგომარეობაში ის ოთხი დღის განმავლობაში რჩება. ხუცესი მის თავზე ლოცვებს კითხულობს.

სოფლის მცხოვრებნი, შეიტყობენ რა იმ უბედურების შესახებ, რომელიც მათ მეზობელს ეწვია, ყოველი მხრიდან მოედინებიან, რათა წესჩვეულებანი (ადათები) აღასრულონ: ჭირის-წყენა (чирисъ-дцкена) (დანაკარგის გამო სიმწარე, უბედურება) და მიტირება (митиреба) (დატირება, გლოვა).

გაუპარსავი, თავზე ჩამოფხატებული ქუდით, გახსნილი საკინძითა და გაშიშვლებული მკერდით ზის სახლში განსვენებულის უახლოესი ნათესავი. მოსული შემოდის, მის წინ მუხლებზე დგება, და ორივენი ერთად იწყებენ ტირილს, ჩამოთვლიან რა გარდაცვლილის ღირსებებს.

– რატომ მე არ მოვკვდი, ამბობს მოსული, იმაზე უწინ, სანამ შენ გნახავდი ასეთ მდგომარეობაში.

– შენს მტერსა და ავისმქმნელს ესა, პასუხობს მასპინძელი.

– დიდი ცოდვაა! დიდი უბედურებაა!.. შენ დაკარგე ადამიანი, იგი მიწამ უნდა დაფაროს, ჩემნაირი კი დადის მზის ქვეშ და შენ გელაპარაკება.

– შენი გამარჯვებისთვის! აგვცდება კი ჩვენ კარგი რამ, სიკეთისთვის კი ვცხოვრობთ?.. უბედურებისა და სირცხვილისათვის. მოვკვდებით – დავმშვიდდებით, თავს დავაღწევთ უბედურებებს, გულის ტკივილისგან გავნთავისუფლდებით... ნეტავი დაგვემალა ჩვენი ცხოვრება (освободимся отъ горести сердечной... Скрыть бы нашу жизнь).

– მაინც ვინ არის თქვენზე უკეთესი?.. მამაკაცები ღირსნი არიან ბატონები იყვნენ, ქალები – დედოფლები. თქვენ უნდა გქონდეთ კიდეც დიდი სახლი, ცხენთა რემები, იარაღი... ჯარის სათავეში უნდა იყვნეთ და ხევსურებს წინ უძღოდეთ.

– დაე ღმერთმა მოგცეს ჯილდო ჩვენ უბედურთა გამო წუხილისათვის. ჩვენ მზე გაგვეცალა, არა ვართ ღირსნი თქვენი ნუგეშისცემისა.

– დაე ეს უბედურება მას ეწვიოს, ვისაც შენი უბედურება ახარებს და არ ნანობს ამის გამო. დაე შენ სიმშვიდე გეწვიოს და ახალ დარტყმას თავი აარიდო...

– დაე ნუ მოგვივლენს ღმერთი ავს ჩვენს თავზე...

მოსული დგება იმისთვის, რათა თავისი როლი და ადგილი ახალ პირს დაუთმოს.

ეზოში ან წინკარში ხდება მეორე, ყველაზე უფრო გულშემზარავი სცენა. მიცვალებულის გარშემო სხედან კაცები, ქალები და დაქირავებული მოტირალები. მოტირალთაგან არცთუ შორს დგას გრძელი სკამი, რომელსაც გარშემო ანთებული თაფლის სანთლები აქვს მიკრული. სკამზე დევს რამდენიმე პური და დგას თასი გამდნარი ერბოთი. ყველა იქ დამსწრე და მიცვალებულის ირგვლის მყოფნი მწუხარებას არიან მიცემულნი. 

მამაკაცები დიდხანს არ ტირიან და ამ დროს სახეზე ქუდს იფარებენ; ამის საპირისპიროდ, ქალები «გამოირჩევიან მეტად ოსტატური პანეგირიკებით განსვენებულის შესახებ, რომლებშიც მათ უმეტეს წილად უყვართ ის, რომ დასატირებელთ ანიჭებდნენ ყველა თვისებას გმირისა, რომელიც ბრძოლის ველზე დაეცა» («იყო მაგალითები, ამბობს ი. ცისკაროვი, რომ ბევრი თუში მხედარი, რომლებიც გულგრილად შედიოდნენ ყველაზე უფრო ცხარე ბრძოლებში და იქ კვდებოდნენ, აღტაცებით იხსენებდნენ, რომ ისინი დატირებულნი იქნებოდნენ როგორც გმირები, რომ სიმღერები მათი საქმეების შესახებ აჟღერდება ლამაზი ქალების ბაგეებით და ცეცხლს შეუნთებს მამაცი მხედრების შეჯიბრებებს...» Записки о Тушетии И. Цискарова. Кавк. 1849 года № 10).

საპარადო (გამორჩეულ) დამტირებელ ქალს ირჩევენ; იგი შუაში გამოდის, და თუ გარდაცვლილი მამაკაცია, მაშინ მის ხმალს ეყრდნობა, ხოლო თუ ქალია – მაშინ ჯოხს, რომელსაც ბოლოში წითელი ნარმის (ბამბის ქსოვილის) ნაჭერი აქვს მიბმული.

– ადექი გმირო, იწყებს მოტირალი გაჭიანურებული ხმით, ჯარები შენ გელოდებიან... წინამძღოლის გარეშე ხომ ვერ წავლენ ისინი.

– ვაი, ვაი! საერთო გუნდად გაგრძელებით, პასუხობენ ამაზე ყველა იქ მყოფნი კაცები და ქალები, ამ დროს უკანასკნელები მუხლებზე ხელებს ირტყამენ.

– რატომ არ გვპასუხობ შენ, გმირო? აგრძელებს დამტირებელი. ნუთუ არანაირ ნიშანს არ მოგვცემ? შენი ცხენი ჭიხვინებს მხედარს რომ ვერ გრძნობს.

– მაშ ადექი, გმირო, ადექი!.. ადექი, თორემ შენი ფარი დაჟაგდება, ხმალი გამქრქალდება, მტრების გასახარად! დაე კიდევ გაგვაგებინე შენი ხმა, რომელიც მთებს არყევდა და ქისტებს შიშის ზარს სცემდა... ადექი და ფერფლად აქციე მათი სახლები. სამწუხაროა! მას ჩვენი არ ესმის, ის ჩვენ არ გვპასუხობს!

საყოველთაო ტირილი, ყიჟინი და ზუზუნი იქცევა პასუხად დამტირებლის უკანასკნელ სიტყვებზე (Записки о Тушино-Пшаво-Хевсурском округе. Кавк. 1854 г. № 47 и 49)

გარდაცვალებიდან მეოთხე დღეს გამოჩნდება დეკანოზი. დატირების უკანასკნელი წესის შესრულების შემდეგ, ის ხელში იღებს ანთებულ სანთელს და მიცვალებულის თავზე წარმოთქვამს ლოცვებს «ყოველგვარი აზრის გარეშე» (Очерки Хевсурiи. А. Зиссермана. Кавк. 1851 г. № 23). მიცვალებულს ხსნიან იარაღს და საგვრეულო საძვალისკენ მიასვენებენ, სადაც, ამოაშენებენ რა საფლავს ფიცრებით ან ფილაქნით, მასში გვამს კუბოს გარეშე ჩაასვენებენ, ხოლო საფლავის თავზე კი მიწას დააყრიან ჯვრისა და წარწერის გარეშე. «ყველა ამ წესის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა გარდაცვლილის სულის განსვენებსთვის თამბაქოთი დატენილი ჩიბუხები (ყალივნები) უნდა მოსწიონ. შემდეგ მათ მოხარშული ცხვრის ხორცით, მარილიანი ხმიადებით, ლუდითა და არყით უმასპინძლდებიან».

დაკრძალვის დღეს ინიშნება დოღი და ყაბახი (хабахи) – მიზნში სროლა ჯილდოებისთვის. განსვენებულის ნათესავი ნიშნავს ჯილდოს, რომელიც გრძელ ჭოკზე ძაფით მიბმული რამდენიმე წყვილი წინდისგან შედგება. ვინც 40 ნაბიჯის მანძილიდან ტყვიით ძაფს გაწყვეტს, ჯილდოც მას ერგება (Записки о Тушино-Пшаво-Хевсурском округе кн. Р. Эристова. Кавказъ 1854 года № 46).

წლის განმავლობაში გარდაცვლილზე მეტად ბევრ მოსახსენებელს (ქელეხს) აღასრულებენ, ასე რომ მათ ოჯახი ხშირად სრულ გაკოტრებამდეც კი მიჰყავთ. ნათესავები ამ დროს ძაძებს ატარებენ, რომლებითაც, სურვილის მიხედვით, რამდენიმე დღით, ერთი წლით, ხოლო ზოგჯერ კი სამი წლითაც იმოსებიან. მამაკაცები წვერს უშვებენ, საჯარო და გასართობ შეკრებებს თავს არიდებენ, საჭიროების გარეშე იარაღს არ ატარებენ და ცხენებით არ ჯირითობენ – რაც მთიელის ერთერთი საუკეთესო ნეტარებაა. ქალები კაბაზე შალის შავ ფოჩებსა და შავი ქსოვილის პატარა ნაჭრებს იკერებენ. 

გარდაცვლილზე წლისთავსა და უკანასკნელ მცირე ქეიფს (последняя пирушка) განსაკუთრებული წესებით, დოღითა და თოფების სროლით აღასრულებენ.

მოედანზე, დაპატიჟებული და დაუპატიჟებელი სტუმრების ბრბოში გარდაცვლილის ტანსაცმელს გამოიტანენ, უკანასკნელი დატირებისათვის. ტანსაცმლის ახლოს ხალიჩაა დაფენილი და მასზე გარკვეული რაოდენობის ქერია დაყრილი. გარეშემო ლუდით სავსე უზარმაზარი გოვზებია (ушаты) დადგმული; გოვზების ახლოს 25-მდე პურია დალაგებული, მათში ჩარჭობილი თეთრი და წითელი ქსოვილის ნიშნებით. პურებზე ცხვრის ბარკლები, ყველის ნაჭრები და სხვა ასეთებია დალაგებული.

დოღისთვის არჩეული ცხენები რიგის მიხედვით მიჰყავთ ხალიჩასთან და ცოტა ქერს აჭმევენ, ხოლო მოტირალი ქალებიდან ერთერთი კი თითოეულ ცხენს მუხლებზე რძეს შეასხამს. მხედრები ცხენებზე შესხდებიან და ტანსაცმელთან მიდიან, თან ხელში ზუსტად ასეთივე ნიშნებიანი პურები უჭირავთ. მაყურებლები მათ გარშემო გროვდებიან. გარდაცვლილის ცხენზე ამხედრებული წრეში ცნობილი მომღერალი გამოდის და განსვენებულს გულისშემძვრელ საქებარ სიტყვას უმღერის, რომელსაც თან ერთვის მისამღერი: დალაი, დალაი, და მას იმეორებს ყველა მხედარი იმპროვიზატორის თითოეული სტროფის შემდეგ.

– განვაცხადოთ, იწყებს მომღერალი, ჩაუქო მხედრებო, სევდიანი სიმღერა: დალაი (далай) დაცემულ გმირს. ვისი გული არ შეიძვრება სიბრალულით მისი საბრძოლო საჭურველისა და მერანი ცხენის დანახვისას, რომლებიც პატრონმა დატოვა და სამუდამო დავიწყებისთვის არიან განწირულნი?... მისი ნათესავებისა და მეგობრების დანახვით, რომელთაც სამგლოვიარო სამოსელი აცვიათ?... უბედური დედის ხილვით, რომელიც ერთადერთი ვაჟიშვილის – თავისი უკანასკნელი ნუგეშის სიკვდილს დასტირის?... მისი ნაზი დებისა, რომლებიც ბოროტი ბედით არიან დაზაფრულნი (მოცელილნი), ველის ყვავილების მგავსად, რომელთაც შემოდგომის ცივი ხელი შეეხებათ?... დაღუპულო მეგობარო! ნუთუ შენი საომარი ტანსაცმელი და მშვენიერი ულვაში უკვე აღარ იქნება ჩვენი საზოგადოების (თემის) სილამაზე?... არა! ჩვენ არ გავახმიანებთ შენი სიკვდილის შესახებ და არ გავახარებთ ამით ჩვენს მტრებს!... თუ შენს შესახებ სალეკეთში ლეკები გვკითხავენ – ჩვენ ვეტყვით: ქისტეთშია დიჩის მფლობელთან... თუ ქისტები გვკითხვენ – ვეტყვით: კახეთშია, საქართველოს მეფესთან... თუ თვითონ ქართველები გვკითხავენ – ვეტყვით: ის იქ არის... უფალთან! გაიღვიძე, მამაცო!.. ან თუ შენ არ გესმის საომარი განგაშის ხმა?... ან თუ შენ უარს ეუბნები თუშ მხედრებს თხოვნაზე, რომლებიც მომავალ თარეშში თავიანთ წინამძღოლობას გთავაზობენ?... ან თუ შენ მეტად აღარ ძალგიძს უფროსობა მიიღო, ან არ შეგიძლია ცხენს ლაგამი ამოსდო და სიკვდილის მთესველი ხმალი ქარქაშიდან ამოიღო? ყოყლოჩინა მტრების ჭექა-ქუხილო და სასჯელო!... განა შენ მარტომ არ მოიგერიე ოდესღაც მდევრის ძლიერი შემოტევა შენი სახელგანთქმული სიათით (сiято; შაშხანის ერთგარი გვარეობაა)? წინაპრების დიდებავ, რომელიც უფრო კაშკაშად გაბრწყინდა შთამომავალში! შენ კანონი იყავ, შენ თუშეთის მბრძანებელი იყავ!... ნეტარია შენი მომავალი, რომელიც მტრედად გადაიქცა, და ეს მტრედი უდანაშაულობის მხიარულებითაა შემსუბუქებული?... მაშ შეხედე შენი ნეტარი ხსოვნის საბოძვარს: სავსე კოდებს (პატარა კასრებს ლუდით), მდიდრულ ტრაპეზსა და ყველა ფენისა და წოდების სტუმრებს; შეხედე მათ, ვინც ვერცხლის თასებით შემოგძახებენ: საუკუნო ხსოვნა!

– საუკუნო ხსოვნა, ხმამაღლა იმეორებენ მხედრები და ჩურჩულით წარმოთქვამს ხალხი (Записки о Тушетiи. И. Цискарова Кавказъ 1849 г. № 10).

შემდეგ მხედრები სწრაფი ჩორთით ესტუმრებიან ყველა იმ სოფელს, რომლებშიც გარდაცვლილის ნათესავები ცხოვრობენ, თუნდაც ეს სოფლები 30 ვერსის მანძილზე იყო მიმოფანტული. მოივლიან რა ამ სოფლებს, და შეჭამენ რა სახელდახელოდ მათთვის მომზადებულ საჭმელს, ისინი ინ სოფლისკენ მიიჩქარიან, სადაც ქელეხი აღესრულება. სოფლამდე შვიდი ვერსის დაშორებიდან ისინი ცხენებს გააჭენებენ, პრიზების მოსაგებად. თუშებში ინიშნება ერთი პრიზი (ჯილდო) მისთვის, ვინც ცხენს პირველი მოაჭენებს: ალამი (аламъ) – დროშა, რომელზეც ქალების მიერ მომზადებული საჩუქრებია ჩამოკიდული. ხევსურებსა და ფშავლებში პრიზების მოგება შემდეგი წესით ხდება: პირველად მოსულ ცხენს ერთი ძროხა ერგება; მეორე ადგილზე მოსულ ცხენს – სამი ცხვარი; მესამე ადგილზე მოსულს – ორი ცხვარი; მეოთხეზე – ერთი ცხვარი და მეხუთეზე კი – ერთი თიკანი. მსგავსი დოღების დროს მხედრები საფრთხეს ყურადღებას არ აქცევენ; ისინი ცხენებს კლდეებზე, ციცაბო კალთებზე, ღრანტეებსა და მთების ფლატეებზე მოაჭენებენ, იმ იმედით, რომ გაოცების შეძახილებს, მილოცვებსა და ცხენის შექებას დაიმსახურებენ.

დოღის დამთავრების შემდეგ მოდის დეკანოზი, კითხულობს ლოცვას და მომზადებულ ტრაპეზს აკურთხევს. ყველანი გარდაცვლილის სულის მოსახსენებელს სვამენ და, ქართული ადათით, რამდენიმე წვეთს სუფრაზე ღვრიან. გარდაცვლილის ცხენს ან მის საუკეთესო მეგობარს აჩუქებენ, ან კიდევ რომელიმე ღარიბ ადამიანს მისცემენ; გაყოფისას ღარიბებს ასევე განსვენებულის სამოსელიც ერგებათ.

ნათესავები ქელეხის დროს ცდილობენ კარგად გაუმასპიმძლდნენ; სტუმრები ცხვრის ხორცსა და ლუდს ზომაზე მეტად მიირთმევენ, ხოლო ბევრი კი დაკლული ცხვრის მთელ თბილ სისხლსაც სვამს.

კარგად ჭამისა და დალევის შემდეგ ხალხი მხიარული ხმაურით სახლებში მიდის (Кавказъ 1854 г. № 47 и 49. Кавк. 1849 г. № 10).

გარდაცვლილის ნათესავები ცდილობენ ქელეხის დროს რაც შეიძლება მეტი საჭმელი მოამზადონ, და სავსებით დარწმუნებული არიან იმაში, რომ განსვენებულისთვის სასურველ საქმეს აკეთებენ. ხალხს სჯერა სულის უკვდავებისა, მაგრამ მომავალი ცხოვრების შესახებ მეტად მეტად ბნელი და არეული (უთავბოლო) წარმოდგენა გააჩნია. 

მისი გაგებით, ადამიანები იმ ქვეყნად ასეთივე მატერიალური ცხოვრებით ცხოვრობენ; რომ იქ არსებობს სიმდიდრე და სიღარიბე, და რაც უფრო მეტი ძღვენი მისდის გარდაცვლილს ცოცხლებისგან, მით უფრო უმსუბუქდება სული. მათ სჯერათ იმისა, რომ რაც უფრო მეტ ცხოველს დაკლავენ ქელეხზე, მით უფრო მეტი საქონელი ეყოლება მას იქ. ისინი ფიქრობენ, რომ სული, რომელმაც სიცოცხლე სხვათა ხელით დაკარგა, თავისი მკვლელის საუკუნო მონობაში უნდა იმყოფებოდეს. აქედან წარმოიშვა ჩვეულება, რომ მოკლულის სისხლის სანაცვლოდ შური იძიონ. ამ ქმედებით, მათი აზრით, არა მხოლოდ თავისუფლდება მონობაში ტანჯული მათი ნათესავის სული, არამედ მის სანაცვლოდ მოკლულის სულსაც იმონებს (Записки о Тушетiи И. Цискарова. Кавк. 1849 г. № 10)

მომავალი ცხოვრების წარმოდგენის ამ პლასტიკურობამ და მატერიალურობამ წარმოშვა ადამიანთა საგანგებო კლასი მესულთანეები (месултане) – პირები, რომლებისთვისაც ცნობილია გარდაცვლილთა ცხოვრება და ქცევები. ნათესავები ხშირად საჩუქრებით მიდიან მათთან იმისათვის, რათა გარდაცვლილის ხვედრის შესახებ ჰკითხონ. ამ ხალხებში არსებობენ ასევე მკითხავები (мкитхави) – პირები, რომლებთანაც ავადმყოფის ნათესავები მიდიან, რათა ჰკითხონ: ხომ არ განარისხა მან რითიმე წმინდანი.

პატარა ფიცარზე ძაფების დახვევითა და სხვადასხვა მარჩიელობით მკითხავი განსაზღვრავს, რომ ავადმყოფი ამა და ამ საკერპოსთან უნდა მიიყვანონ, იქ ილოცონ და მსხვერპლიც შესწირონ. თუ მკითხავის მოვალეობას დეკანოზი ასრულებს, მაშინ, სნეულთან ერთად მასთან მოჰყავთ ცხვარიც. დეკანოზი, დაკლავს რა ცხოველს, მის სისხლს ავადმყოფს მხრებსა და ხელებზე ასხამს. ამ წეს-ჩვეულების შემდეგ, რომელსაც ხელმხრის გაბანა (хелмхрисъ-габона) ეწოდება, სნეული აუცილებლად უნდა გამოჯანმრთელდეს (Очерки Хевсурiи А. Зиссермана. Кавк. 1851 г. № 23, Записки о Тушино-Пшаво-Хевсурскомъ округе кн. Р. Эристова. Кавк. 1854 г. № 46).

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

Monday, May 22, 2017

Louis de Funes spricht Deutsch und dank Schatten als Adolf Hitler

სამხედრო-საზღვაო ძალები ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების სწავლებაზე ატლანტიკაში 1980-იანი წლების დასაწყისში

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ფაქტიურად საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს ჟურნალ Зарубежное военное обозрение-ს 1982 წლის № 1-ში გამოქვეყნებული წერილის «ВМС на учениях ОВС НАТО на Атлантике» თარგმანს, რომელიც ჩვენს მიერ მკითხველისთვის წარსულ დროშია გადაყვანილი და შესაბამის ადგილებში გაკეთებულია ჩანართები და მინიშნებები: «საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით», «საბჭოთა ავტორების სიტყვით», «საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შფასებით», რაც ნათელს ხდის გარკვეული საკითხებისა და ბრობლემების ბუნებას და, ამასთანავე, მიუთითებს მათი გადმოცემისა და განმარტების წყაროზეც, ამ განმარტებათა ხასიათზეც.

ჩვენში დღესდღეობით ჩრდილოატლანტიკური კავშირი /ნატო/ წარმოუდგენიათ დასავლეთის განვითარებულ სახელმწიფოთა ისეთ გაერთიანებად, რომელიც ქვეყნად სამართლიანობისა და კეთილდღეობის დამკვიდრებითაა დაკავებული, და მასში გაწევრიანება სანუკვარ ოცნებად, მტკივნეული პრობლემების მოგვარებისა და გადაწყვეტის საშუალებადაც მიაჩნიათ. სინამდვილეში კი საქმე ასე სულაც არ არის. ნატო უწინარეს ყოვლისა დასავლეთის წამყვან სახელმწიფოთა და მათი მოკავშირეების სამხედრო-პოლიტიკური ბლოკია, რომელიც მისი ხელმძღვანელობისთვის სასურველ პოლიტიკურ მიზნებს ისახავს და მათ განხორციელებას სამხედრო ძალის გამოყენებით ვარაუდობს. ამ ორგანიზაციაში მონაწილეობა მისი წევრებისგან შესაბამის საქმიანობასა და ქმედებებს მოითხოვს, რომლებზედაც მკითხველისთვის გარკვეული წარმოდგენის შესაქმნელად ქვემოთ მოყვანილი მასალა არის კიდეც აქ ატვირთული. ზემოხსენებულ სამხედრო ჟურნალში გამოქვეყნებული წერილის ავტორი გახლავთ მე-2 რანგის კაპიტანი ა. ორლოვი.)

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, საომარ მზადებებში, რომლებსაც 1980-იანი წლების დასაწყისში აშშ-ისა და ნატო-ში მისი პარტნიორი ქვეყნების მმართველი წრეები ფორსირებული ტემპებით ახორციელებდნენ, მანევრებსა და სწავლებებს თვალსაჩინო ადგილი ეკავა. მათ დედამიწის სხვადასხვა რაიონებში ატარებდნენ (ხშირად ძალის დემონსტრირების მიზნით). ამის მაგალითად საბჭოთა ავტორებს მოჰყავდათ ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების (გშძ) ურთიერთდაკავშირებული სწავლებები ატლანტიკაში პირობითი სახელწოდებებით «ოუშნ ვენჩერი», «მეჯიქ სვორდი» და «ოუშნ საფარი», რომლებიც 1981 წლის 1 აგვისტოდან 19 სექტემბრის ჩათვლით ტარდებოდა. 

მათი ჩატარების რაიონი მოიცავდა ცენტრალურ, დასავლეთ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ატლანტიკას, კარიბის, ნორვეგიისა და ჩრდილოეთის ზღვებს, აგრეთვე ლამანშის სრუტისა და ბალტიის ზღვის სრუტეების ზონებს. მასში მონაწილეობდა აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გფრ-ის, ნორვეგიის, დანიის, ნიდერლანდების, ბელგიისა და პორტუგალიის, აგრეთვე საფრანგეთისა და ესპანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) 250-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი და დამხმარე გემი, საავიამზიდო და საბაზო საპატრულო ავიაციის, აგრეთვე სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) სტრატეგიული და ტაქტიკური ავიაციის 1000-მდე თვითმფრინავი. გარდა ამისა, სწავლებებში ჩართული იყვნენ აშშ-ისა და ნიდერლანდების სზძ-ის საზღვაო ქვეითი ჯარები, ნატო-ს ცალკეული ქვეყნების სახმელეთო ჯარების ნაწილები და ქვედანაყოფები. პირადი შემადგენლობის რიცხოვნებამ კი 120 ათას ადამიანს გადააჭარბა.

სწავლებების საერთო ხელმძღვანელობას ატლანტიკაში ნატო-ს გშძ-ის უმაღლესი მთავარსარდალი ამერიკელი ადმირალი ჰ. თრეინი ახორციელებდა, ხოლო ძალების მოქმედებებს კი ატლანტიკის რაიონებში ნატო-ს გშძ-ის სარდლები და ოპერატიული შენაერთების მეთაურები მართავდნენ.

საბჭოთა ავტორების სიტყვით, სწავლებათა ჩანაფიქრის საფუძველში, საზღვარგარეთული პრესის შეტყობინებების თანახმად, შეიარაღებული კონფლიქტების გაჩაღების პროვოკაციული ვარიანტები იყო ჩადებული თავდაპირველად კარიბის ზღვის აუზში, შემდეგ კი ჩრდილოეთ ატლანტიკაშიც, რაც ვითარების მკვეთრ გამწვავებასა და საბრძოლო მოქმედებების დაწყებას გამოიწვევდა საომარ მოქმედებათა საზღვაო და სახმელეთო თეატრებზე (საზღვაო და სახმელეთო ომთ-ებზე) «ლურჯებსა» (ნატო-ს გშძ) და «ნარინჯისფერებს» (მოწინააღმდეგე) შორის. აგრესორის როლი «ნარინჯისფერებს» ეთმობოდათ, რომლებიც ივნის-ივლისში სწავლებების სახით წყალქვეშა ნავების, წყალზედა ხომალდებისა და სზძ-ის ავიაციის გაშლას შეუდგნენ მუდმივი დისლოკაციის ბაზებიდან ყველაზე უფრო ინტენსიური ნაოსნობის რაიონებში სამხრეთ ატლანტიკასა და კარიბის ზღვაში დასავლეთის სახელმწიფოთა მიერ იმპორტირებადი ნედლეულის, პირველ რიგში კი ნავთობის საზღვაო გადაზიდვების დარღვევის, მათი ეკონომიკის დეზორგანიზაციისა და დათმობებზე წასვლისკენ იძულების მიზნით. «ნარინჯისფერთა» მასობრივი ინფორმაციის ორგანოების მიერ აქტიური პროპაგანდისტული კამპანია იქნა ორგანიზებული, რომელიც ბლოკის ერთიანობისთვის ძირის გამოთხრაზე, ესპანეთის ნატო-ში მიღების არდაშვებასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებისთვის ყოველმხრივი მხარდაჭერის აღმოჩენაზე იყო მიმართული მათ ბრძოლაში პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის. «ლურჯთა» ქვეყნების საზღვაო პორტებში დაიწყო დივერსიული აქტები და ორგანიზებული საბოტაჟი. ცენტრალური ამერიკის ერთერთ სახელმწიფოში ამერიკის საელჩო იქნა ხელში ჩაგდებული (მიტაცებული).

ამ პირობებში «ლურჯების» სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, შეაფასა რა შექმნილი ვითარება როგორც მუქარის შემცველი, მიიღო გადაწყვეტილება ჩამოეყალიბებინა ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სზძ-ის დამრტყმელი საავიამზიდო და სხვა შენაერთები, გაეძლიერებინა მათით ბლოკის გშძ-ის დაჯგუფებები ყველაზე უფრო მნიშვნელოვან საოკეანო რაიონებში და მათზე თავისი კონტროლი დაემყარებინა.

«ნარინჯისფერებმა», რომლებიც «ლურჯებს» ძალების გაშლაში ასწრებდნენ, ატლანტიკაში საბრძოლო მოქმედებები დაიწყეს. ისინი იქითკენ ისწრაფოდნენ, რომ «ლურჯების» საზღვაო კომუნიკაციები დაერღვიათ, აშშ-დან ევროპაში ჯარების გადმოსროლები ჩაეშალათ, და ამავდროულად ევროპის სახმელეთო ომთ-ებზე შეტევითი მოქმედებებისთვის მზადებასაც ამთავრებდნენ.

საპასუხო ზომების სახით «ლურჯები» ატარებდნენ ღონისძიებებს შეიარაღებული ძალების მშვიდობიანი მდგომარეობიდან საომარ მდგომარეობაში გადასაყვანად, ისინი ერთიანი სარდლობის ქვეშ შეჰყავდათ, შლიდნენ საავიამზიდო დამრტყმელ და ნავსაწინააღმდეგო ძალებს ჩრდილო-აღმოსავლეთ ატლანტიკასა და ნორვეგიის ზღვაში, ბოჭავდნენ «ნარინჯისფერების» დაჯგუფებათა მოქმედებებს დასავლეთ ატლანტიკასა და კარიბის ზღვაში, ხოლო შემდგომში კი ახორციელებდნენ რიგ ოპერაციებს ბატონობის მოპოვებისთვის ჩრდილოეთ ატლანტიკასა და ნორვეგიის ზღვაში, უზრუნველყოფდნენ აშშ-დან ევროპაში გაძლიერების ძალებისა და ჯართა მომარაგების საგნების გადმოსროლას, აგრეთვე სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის ერთობლივი მოქმედებებით აიძულებდნენ «მოწინააღმდეგეს» დასახულ გეგმებზე ეთქვა უარი. 

მოცემული სცენარის შესაბამისად იშლებოდა კიდეც მოვლენები სწავლებებში.

სწავლება «ოუშნ ვენჩერ-81» (Ocean Venture – «საოკეანო საქმიანობა») 1 აგვისტოდან 19 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობა და პირობითად კარიბის ზღვის, ჩრდილო-ატლანტიკურ და ცენტრალურ-ატლანტიკურ ფაზებად იყოფოდა (ძალების გაშლის მსვლელობა სქემაზეა მოყვანილი /ნახატი/).



ნახატი. ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სამხედრო-საზღვაო ძალების გაშლა ატლანტიკაში1981 წელს ჩატარებულ სწავლებაზე «ოუშნ ვენჩერ-81»: 1 – კანადის სზძ-ის სამხედრო ხომალდების რაზმი; 2 – საავიამზიდო დამრტყმელი შენაერთი ამერიკული ატომური ავიამზიდის «დუაით დ. ეიზენჰაუერის», ბრიტანული ნავსაწინააღმდეგო ავიამზიდის «ინვისიბლისა» და დაცვის ხომალდების შემადგენლობით; 3 – სადესანტო ხომალდების რაზმი (ამერიკული სადესანტო ვერტმფრენმზიდი «გუამი» და დაცვის ხომალდები); 4 – დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების სზძ-ის საბრძოლო ხომალდების რაზმი; 5 – ამერიკული ავიამზიდი «ფორესტოლი»; 6 – საავიამზიდო მრავალმიზნობრივი ჯგუფი (ესპანური ავიამზიდი «დადალო» და დაცვის ხომალდები); 7 – სადესანტო ხომალდების რაზმი (ამერიკული უნივერსალური სადესანტო ხომალდი «საიპანი» და დაცვის ხომალდები).

კ ა რ ი ბ ი ს | ზ ღ ვ ი ს | ფ ა ზ ა (1-20 აგვისტო) მოიცავდა დასავლეთ ატლნტიკისა და კარიბის ზღვის აუზებს. მასში მონაწილეობდნენ: აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების სზძ-ის 20-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი და დამხმარე გემი, ნატო-ს სზძ-ის მუდმივი შენაერთი ატლანტიკაში, საავიამზიდო, საბაზო საპატრულო და ტაქტიკური ავიაციის 100-ზე მეტი თვითმფრინავი, აშშ საზღვაო ქვეითი ჯარის (ზქჯ) 38-ე ბატალიონი (1100 ადამიანი), ნიდერლანდების ზქჯ-ის საბატალიონო ჯგუფი (400 ადამიანი კუნძულ კიურასაოდან), ქვედანაყოფები სპეციალური დანიშნულების ჯარების «რეინჯერებისა» და 101-ე საჰაერო-საიერიშო დივიზიის შემადგენლობიდან, სტრატეგიული ბომბდამშენები B-52 და სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავები.

მთავარი ყურდღება ეთმობოდა აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსთან და კარიბის ზღვაში ბატონობის მოპოვების, კომბინირებული სადესანტო ოპერაციის მომზადებისა და ჩატარების ამოცანების დამუშავებას.

სწავლების ჩანაფიქრის შესაბამისად 1 აგვისტოს «ნარინჯისფერთა» წყალქვეშა ნავებმა, რომლებიც ერთერთ ლათინოამერიკულ სახელმწიფოში განლაგებული ბაზირების პუნქტებიდან მოქმედებდნენ, სამხრეთ ატლანტიკაში დასავლეთის ქვეყნების რამდენიმე სავაჭრო გემი ჩაძირეს. ამის საპასუხოდ აშშ სზძ-ის სარდლობამ სამხედრო-საზღვაო ბაზებიდან ნორფოლკი, ჩარლსტონი და სხვები, გაშალა ნავსაწინააღმდეგო ძალები. ორი დღეღამის განმავლობაში (2-3 აგვისტო) წყლზედა ხომალდებმა საბაზო საპატრულო ავიაციის თვითმფრინავებთან და სახომალდო ვერტმფრენებთან ერთობლივად დაამყარეს კონტროლი აშშ აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ ზონაზე ნორფოლკიდან (ვირჯინიის შტატი) ფლორიდის ნახევარკუნძულამდე და შექმნეს ხელსაყრელი პირობები სადესანტო რაზმის შესაქმნელად «მოწინააღმდეგის» წყალქვეშა ნავების ბაზირების პუნქტის დაპყრობის მიზნით. ამასთან უცხოურ პრესაში აღინიშნებოდა, რომ ერთერთ ყველაზე უფრო სავარაუდო სახელმწიფოს, რომელშიც რეალურად შეიძლებოდა შეჭრის ოპერაცია ჩაეტარებინათ, წარმოადგენდა კუბა. ამიტომ შემთხვევითი არ იყო, რომ სადესანტო ოპერაცია სწორედ ამ კუნძულის მახლობლობაში იქნა დაგეგმილი.

3 აგვისტოს ნორფოლკის რაიონში სადესანტო რაზმი იქნა შექმნილი სადესანტო ვერტმფრენმზიდ «გუამის», ორი ტანკსადესანტო ხომალდისა და ორი სადესანტო ხომალდ-დოკის შემადგენლობით. რაიონის დაფარვას უზრუნველყოფდნენ ატლანტიკაში ნატო-ს სზძ-ის მუდმივი შენაერთის ხომალდები. ჩამოყალიბების დასრულების შემდეგ რაზმი მორჰედ-სითიში (ჩრდ. კაროლინის შტატი) გადავიდა, სადაც სადესანტო ხომელდების ბორტზე 1,5 ათასი ადამიანის საერთო რიცხოვნების აშშ-ისა და ნიდერლანდების საზღვაო ფეხოსნები მიიღეს, აგრეთვე საბრძოლო ტექნიკაც იქნა ჩატვირთული. დაცვის ძალების შემადგენლობაში დამატებით შეიყვანეს მართვადი სარაკეტო იარაღით აღჭურვილი კრეისერი (მრი კრეისერი), საესკადრო ნაღმოსანი და ხუთი ფრეგატი.

ექვსი დღეღამის განმავლობაში ხომალდებმა შეასრულეს გადასვლა კუნძულ ვიეკესისკენ (კ. პუერტო-რიკოს მხლობლობაში), სადაც «ნარინჯისფერთა» კუნძულის დაპყრობის მიზნით საზღვაო დესანტის გადასხმა და საჰაერო დესანტის გადასროლა იყო გათვალისწინებული. გადასვლა «ნარინჯისფერების» წყალქვეშა ნავებისა და ავიაციის წინააღმდეგობის პირობებში ხორციელდებოდა, რომლებმაც მათ რამდენიმე სატორპედო და საბომბე-საიერიშო (бомбо-штурмовые) დარტყმა მიაყენეს.

9 აგვისტოს კ. ვიეკესის სიღრმეში «რეინჯერების» ქვედანაყოფის 325 მედესანტე გადაისროლეს, რომლებიც ავიაბაზა ნორთონიდან (ვირჯინიის შტატი) სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის C-141 ტიპის 12 თვითმფრინავით მიიყვანეს. ამასთან ერთდროულად დაიწყო სანაპიროს უბნის მომზადება საზღვაო ქვეითი ჯარის გადასასხმელად. «ლურჯების» დესანტის ძალებისთვის მხარდაჭერის აღმოსაჩენად B-52 თვითმფრინავები გამოიყენებოდა, რომლებიც აშშ-ის ავიაბაზებიდან გადაფრენის შემდეგ 250 მ სიმაღლემდე ეშვებოდნენ და «ნარინჯისფერთა» დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტებს საბომბე-საიერიშო დარტყმებს აყენებდნენ. როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, სტრატეგიული ბომბდამშენების გამოყენების ამ ვარიანტს (თუმცა კი უფრო მეტი სიმაღლეებიდან) მანამდე უკანასკნელად ვიეტნამში ომის პირობებში ამუშავებდნენ.

11 აგვისტოსთვის დაგეგმილი კ. ვიეკესზე საზღვაო დესანტის გადასხმა მოახლოებული ტროპიკული ქარიშხლის «დენისის» გამო გააუქმეს. სადესანტო ხომალდები ქარიშხლისგან დაფარულ სადგომებში წავიდნენ და ღუზაზე დადგნენ, ხოლო ქარიშხლის დამთავრების შემდეგ კი კ. კუბის სანაპიროსკენ გაემართნენ.

უცხო ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ობიექტების დაპყრობის ამოცანების დამუშავებისთვის ამ კუნძულზე არსებული ამერიკული სამხედრო-საზღვაო ბაზა გუანტანამო იქნა არჩეული, სადაც 14 აგვისტოს საზღვაო დესანტი გადასხეს და რამდენიმე დღეღამის განმავლობაში «ნარინჯისფერთა» ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სახელმწიფო დაწესებულებების, სამრეწველო და სამხედრო ობიექტების დაპყრობის ღონისძიებებს ამუშავებდნენ. ამასთან წარმოებდა აგრეთვე ვითომდა მანამდე ქვეყნის მოსახლეობის მიერ შეპყრობილი ბაზის მომსახურე პერსონალის ოჯახების «განთავისუფლებისა» და ევაკუაციის ამოცანების გადაწყვეტაც. საბჭოთა ავტორების შეფასებით, ეს მოქმედებები აშკარად პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა და მიზნად ცენტრალური ამერიკის ხალხების დაშინებას ისახავდა.

სწავლების კარიბული ფაზა მას შემდეგ იქნა დასრულებული, რაც სადესანტო ხომალდების რაზმი, შეასრულა რა პირობით კარიბის ზღვის რეგიონის ერთერთ ქვეყანაში შეჭრის ამოცანა, 20 აგვისტოს მორჰედ-სითიში დაბრუნდა.

«ოუშნ ვენჩერ-81» სწავლებასთან ერთდროულად სამხრეთ ატლანტიკასა და კარიბის ზღვაში დაიწყო აშშ-ისა და რიგი ლათინურ-ამერიკული ქვეყნების სზძ-ის სწავლება «უნიტას-22», რომლის მიზანიც გახლდათ – სზძ-ის გამოყენების გეგმების დამუშავება სამხრეთ ატლანტიკაში საზღვაო კომუნიკაციების დასაცავად. მასში ეტაპობრივად არგენტინის, ბრაზილიის, კოლუმბიის, ურუგვაისა და ვენესუელის სზძ-ის 30-ზე მეტი ხომალდი და დამხმარე გემი მონაწილეობდა.

ვინაიდან «ოუშნ ვენჩერ» სწავლების ჩანაფიქრით გაითვალისწინებოდა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა საერთაშორისო ვითარების გამწვავების პირობებში სამხრეთ ატლანტიკასა და კარიბის ზღვაში 1600-ზე მეტი სავაჭრო გემი გადაიყვანეს, ხოლო მათი თავდაცვა კი პირობით ლათინო-ამერიკულ სახელმწიფოთა ხომალდებსა და ავიაციას უნდა უზრუნველეყოთ, აშშ-მ ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება ეს საკითხებიც პრაქტიკულად გაეთამაშებინა, ანუ ისინი (ე. ი. ლათინურ-ამერიკული ხომალდები და გემები) სწავლება «ოუშნ ვენჩერში» მონაწილეობის მისაღებად ჩაერთო. საბჭოთა ავტორების შეფასებით, ასეთი ქმედებით პენტაგონში სხვა პროვოკაციულ მიზანსაც ისახავდნენ და სამხრეთ ატლანტიკაში სწავლებათა ჩატარების მეშვეობით ცდილობდნენ ნატო-ს «პასუხისმგებლობის» ზონა ამ რეგიონზეც გაეფართოვებინათ.

ამერიკული სარდლობის მსგავსმა მოქმედებებმა, საბჭოთა ავტორების სიტყვით, არა მარტო მსოფლიო საზოგადოებრიობა აღაშფოთა, არამედ ბლოკში ზოგიერთი პარტნიორი სახელმწიფოც. ასე, ნორვეგიის, ხოლო შემდეგ დანიის მთავრობები პროტესტით გამოვიდნენ და ისიც კი განაცხადეს, რომ სწავლებებში მონაწილეობაზე უარს იტყოდნენ. ამის შედეგდ აშშ იძულებული შეიქნა ოფიციალური განცხადებით გამოსულიყო და ეღიარებინა, რომ «უნიტას-22» ზოგადბლოკური სწავლება «ოუშნ ვენჩერის» ნაწილი არ იყო და ადრე მომზადებული ცალკე გეგმის მიხედვით ტარდებოდა. სინამდვილეში კი მისი ბევრი ელემენტი ატლანტიკაში ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების სწავლებათა საერთო ოპერატიულ-სტრატეგიულ ფონზე მუშავდებოდა. სწავლება «უნიტას-22» სამხრეთ ატლანტიკაში სექტემბრის ბოლომდე გრძელდებოდა.

ჩ რ დ ი ლ ო ა ტ ლ ა ნ ტ ი კ უ რ ი | ფ ა ზ ა 19 აგვისტოდან 1 სექტემბრს ჩათვლით დასავლეთ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ატლანტიკის რაიონებში მიმდინარეობდა. მასში აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გფრ-ის, ნიდერლანდებისა და პორტუგალიის 60-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი იქნა ამოქმედებული, აგრეთვე 300-ზე მეტი თვითმფრინავიც საავიამზიდო, სზძ-ის საბაზო საპატრულო და სჰძ-ის ტაქტიკური ავიაციის შემადგენლობიდან.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა დამასრულებელი ღონისძიებების დამუშავებას სზძ-ის მშვიდობიანობის მდგომარეობიდან ომიანობის მდგომარეობაში გადასაყვანად, ნატო-ს სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში მის გადასაცემად და ომის საწყისი პერიოდის ოპერაციებში შემდგომი გამოყენებისთვის.

სწავლების ჩანაფიქრის შესაბამისად ივლის-აგვისტოში ვითარება მსოფლიოს მოცემულ რაიონში მკვეთრად იქნა გამწვავებული. აშშ სზძ-ის სარდლობამ რეზერვისტების მობილიზაცია გამოაცხადა და რეზერვის ხომალდებისა და თვითმფრინავების განკონსერვებასაც შეუდგა. 19 აგვისტოს ფლოტის ხომალდები მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში იქნენ მოყვანილი. ნავსაწინააღმდეგო ხომალდები საბაზო საპატრულო ავიაციის თვითმფრინავებთან და საგემბანო ვერტმფრენებთან ერთობლივად ვირჯინიის შტატის მახლობლად წყალქვეშა ნავების ძიებას შეუდგნენ. რამდენიმე დღეღამის შემდეგ სამხედრო-საზღვაო ბაზა ნორფოლკიდან ამერიკული ატომური ავიამზიდი «დუაით დ. ეიზენჰაუერი», ინგლისური ნავსაწინააღმდეგო ავიამზიდი «ინვისიბლი», დაცვის ხომალდები და ატლანტიკაში ნატო-ს სზძ-ის მუდმივი შენაერთის ხომალდები გამოვიდნენ. ბაზის მახლობლობაში ისინი სალაშქრო წყობით მოეწყვნენ და 22 აგვისტოს კურსი ევროპის ქვეყნებისაკენ აიღეს. შემდეგ მათ შეუერთდა კანადური ესკადრაც ხუთი საესკადრო ნაღმოსნისა და ფრეგატის შემადგენლობით.

ტრანსატლანტიკური გადმოსვლის პერიოდში აწარმოებდნენ საავიამზიდო შენაერთის ყველა სახეობის თავდაცვის დამუშავებას. ნავსაწინააღმდეგო თავდაცვის ამოცანების გადაწყვეტისას მნიშვნელოვანი ადგილი ავიამზიდ «ინვისიბლს» ეთმობოდა, რომელიც კურსზე წინ მიდიოდა და თავისი ჰიდროაკუსტიკური საშუალებებისა და ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენების «სიი ქინგის» გამოყენებით წყალქვეშა ნავების ძიებას ახორციელებდა. წყალქვეშა ნავებთან ბრძოლისათვის იყენებდნენ აგრეთვე საბაზო საპატრულო თვითმფრინავებს P-3C «ორიონი» (აშშ) და «ავრორა» (კანადა), რომლებიც კონტინენტური ავიაბაზებიდან და კ. ისლანდიიდან მოქმედებდნენ.

23 აგვისტოს ხმელთაშუა ზღვიდან ატლანტიკაში მეორე ამერიკული ავიამზიდი «ფორესტოლი» გავიდა და ნორვეგიის ზღვისკენ გაემართა.

აგვისტოს ბოლოს კ. ისლანდიის სამხრეთით რაიონში მოხდა ავიამზიდების შეხვედრა. აქვე მოვიდა დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდებისა და ნატო-ს სხვა ევროპული ქვეყნების სზძ-ის საბრძოლო ხომალდების რაზმიც. რამდენიმე დღეღამის განმავლობაში იქნა ჩამოყალიბებული ნატო-ს დამრტყმელი ფლოტი ატლანტიკაში. მის შემადგენლობაში 50-მდე საბრძოლო ხომალდი მოითვლებოდა, მათ შორის ორი მრავალმიზნობრივი და ერთი ნავსაწინააღმდეგო ავიამზიდი.

1 სექტემბერს ნატო-ს დამრტყმელი ფლოტის ხომალდებმა კ. ისლანდია – შეტლანდიის კ.-ები – ფარერის კ.-ები მიჯნა გადალახეს და პირობით ნორვეგიის ზღვაში ბატონობის მოპოვებასა და ბლოკის ჩრდილოეთ ფლანგზე მისი სახმელეთო ჯარებისთვის უშუალო საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენას შეუდგნენ.

ამ ამოცანების გადასაწყვეტად პრაქტიკული მოქმედებები თამაშდებოდა ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სზძ-ის დამოუკიდებელ სწავლებაზე «მეჯიქ სვორდი». 

ც ე ნ ტ რ ა ლ უ რ ა ტ ლ ა ნ ტ ი კ უ რ ი | ფ ა ზ ა 1-19 სექტემბერს ტარდებოდა დასავლეთ ატლანტიკასა და იბერიის ატლანტიკაში.

მასში მონაწილეობდა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, პორტუგალიის, აგრეთვე ესპანეთის სზძ-ის 30-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი და დამხმარე გემი, ასევე 100-მდე თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

მთავარი ყურადღება ეთმობოდა აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსთან სადესანტო რაზმის ფორმირებას და «ნარინჯისფერთა» წყალზედა ხომალდების, წყალქვეშა ნავებისა და ავიაციის წინააღმდეგობის პირობებში ატლანტის ოკეანის გავლით მის გადმოყვანას. 

სწავლების ჩანაფიქრის მიხედვით, სადესანტო-ამფიბიური ძალების მომზადება და ფლანგებზე ნატო-ს გშძ-ის დაჯგუფების გაძლიერების მიზნით აშშ-დან ევროპაში მათი გადმოსროლა იმ პერიოდში ხორციელდებოდა, როცა ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სზძ-ის საავიამზიდო და ნავსაწინააღმდეგო ძალები საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებდნენ ნორვეგიის ზღვასა და ჩრდილოეთ ატლანტიკაში ბატონობის მოსაპოვებლად.

რამდენიმე დღეღამის განმავლობაში აშშ ტერიტორიაზე წარმოებდა მოსამზადებელი ღონისძიებები საზღვაო ქვეითი ჯარის ქვედანაყოფებისა და საბრძოლო ტექნიკის სადესანტო ხომალდებსა და ტრანსპორტებში ჩასატვირთად. 32-ე ბატალიონის ჩატვირთვა აშშ ზქჯ-ის მე-2 დივიზიის შემადგენლობიდან მორჰედ-სითიში 3-4 სექტემბერს იქნა ჩატარებული უნივერსალურ სადესანტო ხომალდ «საიპანში», სადესანტო ვერტმფრენმზიდ «გუამსა» და ორ სხვა სადესანტო ხომალდში. რამდენიმე საათის შემდეგ ისინი ზღვაში გავიდნენ და სალაშქრო წესით მოეწყვნენ. რაზმის დაცვის ძალები მოითვლიდა ხუთ ხომალდს, მათ შორის მრი კრეისერსაც. ათი დღეღამის განმავლობაში მათ შეასრულეს გადმოსვლა აშშ-ის სანაპიროდან კანარის კ.-ების რაიონში.

სწავლების გეგმის შესაბამისად სადესანტო რაზმის დასახვედრად ესპანეთის სზძ-ის საავიამზიდო მრავალმიზნობრივი ჯგუფი გავიდა ავიამზიდ «დედალოსა» და დაცვის ხუთი ხომალდის შემადგენლობით. კანარის კ-ების სამხრეთით შემხვედრი ბრძოლა იქნა გათამაშებული სადესანტო შენაერთის დაცვის ხომალდებსა და ესპანურ ხომალებს შორის, რომლებიც «ნარინჯისფერთა» მხარეს გამოდიოდნენ და დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებს აღნიშნავდნენ. ჯგუფის მოქმედებებს კანარის კ-ების მხრიდან ესპანეთის სჰძ-ისა და სზძ-ის ავიაცია უჭერდა მხარს. როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, ორდღიანი ბრძოლების შედეგად დესანტსაწინააღმდეგო ძალებმა შეძლეს რამდენიმე სადესანტო ხომალდის განადგურება და კანარის კ-ებზე «ლურჯების» დესანტის გადასხმის ჩაშლა.

18-19 სექტემბრის განმავლობაში ამერიკული და ესპანური ხომალდები ამუშავებდნენ ერთობლივი ცურვის, «მოწინააღმდეგის» წყალქვეშა ნავებთან და ავიაციასთან ბრძოლის ამოცანებს, აგრეთვე ახორციელებდნენ საოკეანო ბადრაგის გატარებას, რომელიც ამფიბიურ-სადესანტო შენაერთს აღნიშნავდა.

ბადრაგის ესპანურ სამხედრო-საზღვაო ბაზა როტაში მოსვლით სწავლების ცენტრალურ-ატლანტიკური ფაზა დასრულებულ იქნა.

უცხოელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, ესპანეთის სზძ-ის ხომალდებმა, რომელიც 1981 წლის დეკემბერში ჩდილოატლანტიკურ ბლოკში იქნა მიღებული, საბრძოლო მომზადების შედარებით მაღალი დონე უჩვენეს და ისინი ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების ყველაზე უფრო მომზადებული ნაწილი (სახეობა) გახლდნენ. 

სწავლება «მეჯიქ სვორდი» (Magic Sword – «მაგიური მახვილი») იქცა სწავლების «ოუშნ ვენჩერ-81» ჩრდილოატლანტიკური ფაზის ლოგიკურ გაგრძელებად. ის ორ ეტაპად მიმდინარეობდა, რომელთაგან თითოეულს თავისი განსაკუთრებულობანი (თავისებურებანი) გააჩნდა.

პ ი რ ვ ე ლ ი | ე ტ ა პ ი 2-4 სექტემბერს პირობითი სახელწოდებით «მეჯიქ სვორდ ნორთი» ნორვეგიის ზღვაში ტარდებოდა. მასში მონაწილეობდნენ სწავლება «ოუშნ ვენჩერის» ჩრდილოატლანტიკური ფაზის დროს შექმნილი ნატო-ს დამრტყმელი ფლოტი ატლანტიკაში, აგრეთვე ნორვეგიის, გფრ-ისა და დანიის ხომალდები, დამხმარე გემები, საბაზო საპატრულო და ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავები. სულ მონაწილეთა შემადგენლობაში მოითვლებოდა 60-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი და 200-მდე თვითმფრინავი.

მთავარი ყურადღება ეთმობოდა ნორვეგიის ზღვის ცენტრალურ ნაწილში «ნარინჯისფერთა» ხომალდების დაჯგუფებასთან ბრძოლას და ჩრდილოეთ ნორვეგიაში ნატო-ს სახმელეთო ჯარებისთვის უშუალო საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენას. ამასთან «მოწინააღმდეგის» ხომალდებს დარტყმებს ძირითადად აყენებდნენ საგემბანო მოიერიშეები «ინთრუდერი» და «კორსარი» ამერიკული ავიამზიდებიდან «დუაით დ. ეიზენჰაუერი» და «ფორესტოლი». ამ ამოცანის შესრულებისთვის ყოველდღეღამურად სრულდებოდა 100-ზე მეტი თვითმფრინავ-გაფრენა.

«ლურჯების» სახმელეთო ჯარებისთვის ზღვისპირა მიმართულებაზე საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენის ინტერესებში ამ ავიამზიდებიდან, რომლებიც სანაპიროდან 400-500 კმ-ში მანევრირებდნენ, არანაკლებ 200 თვითმფრინავ-გაფრენისა იქნა შესრულებული. თვითმფრინავები პირობით საბომბე-საიერიშო დარტყმებს აყენებდნენ «ნარინჯისფერთა» ცოცხალი ძალისა და ტექნიკის შეჯგუფებებს, აგრეთვე მათ ზურგის რაიონებს ავიამზიდებიდან 800 კმ-ზე მეტ დაშორებაზე.

ამ ამოცანების დამუშავების შემდეგ ხომალდების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ რიცხვში ავიამზიდი «ფორესტოლიც», სწავლების მონაწილეთა შემადგენლობიდან გამოვიდა. დანარჩენი ხომალდები კი ჩრდილოეთის ზღვაში გადავიდნენ, სადაც მეორე ეტაპში მიიღეს მონაწილეობა.

მ ე ო რ ე | ე ტ ა პ ი 7-8 სექტემბერს ჩრდილოეთის ზღვაში მიმდინარეობდა პირობითი სახელწოდებით «მეჯიქ სვორდ საუთი». მასში 30-მდე საბრძოლო ხომალდი და დამხმარე გემი იქნა ამოქმედებული, მათ შორის ატომური ავიამზიდი «დუაით დ. ეიზენჰაუერი» და ნატო-ს სზძ-ის მუდმივი შენაერთი ატლანტიკაში, აგრეთვე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ნორვეგიის, გფრ-ის, დანიისა და ნიდერლანდების სზძ-ისა და სჰძ-ის ავიაციის 100-ზე მეტი თვითმფრინავი.

მისი მსვლელობისას ამოწმებდნენ ამერიკული ავიამზიდის შესაძლებლობებს ჩრდილოეთის ზღვაში ბატონობის მოპოვებასა და ცენტრალურ ევროპაში ნატო-ს სახმელეთო ჯარებისთვის უშუალო საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენაში. ავიამზიდის მანევრირების რაიონის ჰაერიდან დაფარვას უზრუნველყოფდნენ ევროპაში ნატო-ს საჰაერო თავდაცვის (ჰთ) გაერთიანებული (სამოკავშირეო) სისტემის ატლანტიკური ძალები და საშუალებები (უმთავრესად დიდი ბრიტანეთის სჰძ-ის გამანადგურებლები). სანაპირო ობიექტებს დარტყმებს საგემბანო მოიერიშეები აყენებდნენ. მიზნისკენ ფრენისას ჰაერში მათ საწვავით გაწყობას ახდენდნენ ინგლისური ავიაბაზებიდან – მინდელჰოლი და ფაირფორდი – მოქმედი თვითმფრინავ-გამწყობები KC-135. საგემბანო ავიაციას წინააღმდეგობას უწევდნენ დანიის, გფრ-ისა და სხვა ქვეყნების სჰძ-ის ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავები.

დასავლელი სამხედრო მიმომხილველების შეფასებით, სწავლების ძირითადი მიზნები მიღწეულ იქნა.

სწავლება «ოუშნ საფარი-81» (Ocean Safari – «საოკეანო დიდი ნადირობა») შედგა 8-19 სექტემბერს (სწავლება «ოუშნ ვენჩერის» ცენტრალურ-ატლანტიკურ ფაზასთან ერთდროულად) აღმოსავლეთ ატლანტიკის ცენტრალურ რაიონში, ლა-მანშის სრუტის ზონასა და იბერიის ატლანტიკაში.

მასში მონაწილეობდნენ ნატო-ს ეროვნული და გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების სარდლობები და შტაბები ატლანტიკაში, ლა-მანშის სრუტის ზონასა და ევროპაში, 83 საბრძოლო ხომალდი, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, გფრ-ის, ნორვეგიის, ბელგიის, ნიდერლანდების, პორტუგალიის, აგრეთვე საფრანგეთის სზძ-ისა და სჰძ-ის ავიაციის 280-ზე მეტი თვითმფრინავი (სულ პირადი შემადგენლობის დაახლოებით 19000 ადამიანი).

მთავარი ყურადღება ეთმობოდა ატლანტიკაში ნატო-ს დამრტყმელი ფლოტის ხელმეორედ ფორმირებას («ოუშნ ვენჩერ» სწავლების ჩრდილოატლანტიკური ფაზის დროს მისი შექმნის შემდეგ), შენაერთებისა და მიზნობრივი დანიშნულების ჯგუფების ჩამოყალიბებასა და მათ გამოყენებას, აგრეთვე ბისკაის ყურეში და ლა-მანშის სრუტესთან დასავლეთ მისადგომებზე ბატონობის მოპოვების, ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს გშძ-ის დაჯგუფებისთვის საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენისა და დასავლეთ ევროპის სანაპიროსთან საზღვაო კომუნიკაციების დაცვის ამოცანების გადაწყვეტას. დამრტყმელი ფლოტი იქმნებოდა ბრისტოლის ყურეში დიდი ბრიტანეთის სჰძ-ის გამანადგურებელი ავიაციის საფარქვეშ. მის შემადგენლობაში 20-ზე მეტი ხომალდი იქნა ჩართული, მათ რიცხვში სამი ავიამზიდი: ამერიკული «დუაით დ. ეიზენჰაუერი» და ფრანგული «კლემანსო», რომელიც სწავლების პერიოდში ხმელთაშუა ზღვიდან მოვიდა (ორივე მრავალმიზნობრივი), და ინგლისური «ინვისიბლი» (ნავსაწინააღმდეგო). ნატო-ს დამრტყმელი ფლოტის ჩამოყალიბების დასრულების შემდეგ, რაც დღეღამეზე მეტ ხანს გრძელდებოდა, «ლურჯები» (ნატო-ს გშძ) შეუდგნენ ზღვაში ბატონობის მოპოვების ამოცანების გადაწყვეტას. ამასთან ცენტრალური ადგილი საავიამზიდო ავიაციას ეთმობოდა, რომელიც იბერიის ატლანტიკასა და ბისკაის ყურეში «ნარინჯისფერთა» წყალზედა ხომალდების დაჯგუფებებს მასირებულ საბომბე-საიერიშო და სარაკეტო დარტყმებს აყენებდა.

სწავლების დაწყებისთანავე ლა-მანშის სრუტის დასავლეთ მისადგომებზე და ბისკაის ყურეში რამდენიმე სახომალდო დამრტყმელი და ნავსაწინააღმდეგო ჯგუფი იქნა გაშლილი, რომლებიც საბაზო საპატრულო ავიაციის თვითმფრინავებთან ერთობლივად ეწეოდნენ «მოწინააღმდეგის» წყალქვეშა ნავების ძიებას. ატლანტიკაში ნატო-ს სზძ-ის მუდმივი შენაერთის ხომალდები უპირატესად დამრტყმელი ფლოტის ფორმირების რაიონის «ნარინჯისფერთა» წყალქვეშა ნავების დარტყმებისგან დასაფარავად გამოიყენებოდა, შემდგომში კი ისინი ლა-მანშის სრუტის დასავლეთ მისადგომებზე მოქმედებდნენ.

ორი-სამი დღეღამის განმავლობაში ავიამზიდმა და ნავსაწინააღმდეგო ძალებმა შეძლეს «ნარინჯისფერთა» სახომალდო დამრტყმელი დაჯგუფებისა და წყალქვეშა ნავების სანაპირო რაიონიდან განდევნა და დასავლეთ ევროპის სანაპიროს გაყოლებით პორტ ფალმუტიდან (დიდი ბრიტანეთი) პორტ ლისაბონამდე (პორტუგალია) საზღვაო კომუნიკაციების უსაფრთხო ზონის შექმნა.

საზღვაო კომუნიკაციების დაცვის ამოცანების დამუშავების ინტერესებში პორტ ფალმუტიდან ლისაბონში და უკან რამდენიმე ბადრაგის გატარება იქნა განხორციელებული, რომლებიც ბლოკის მონაწილე ქვეყნების მშრალი ტვირთების გადამტანი გემებისა და ტანკერებისგან იყო შექმნილი. ბადრაგის მოძრაობის მარშრუტს დასავლეთის მხრიდან (ატლანტიკიდან) საავიამზიდო მრავალმიზნობრივი ჯგუფები იფარავდნენ, ხოლო მათ ნავსაწინააღმდეგო თავდაცვას კი ნავსაწინააღმდეგო ხომალდები და თვითმფრინავები უზრუნველყოფდნენ. ბადრაგების საჰაერო თავდაცვას დიდი ბრიტანეთის, პორტუგალიისა და საფრანგეთის ტაქტიკური ავიაციის გამანადგურებლები, აგრეთვე ავიამზიდების საგემბანო გამანადგურებლები ახორციელებდნენ.

დიდი ყურადღება ეთმობოდა ბადრაგის გემების ნაღმსაწინააღმდეგო დაცვას, განსაკუთრებით ლა-მანშის სრუტის ზონაში მოძრაობისას. ამ ამოცანის გადაწყვეტაში 20-ზე მეტი ტრალერი იქნა ჩართული, მათ შორის ნატო-ს ნაღმ-სატრალო ძალების მუდმივი შენაერთი ლა-მანშის სრუტის ზონაში, რომელიც რვა ხომალდამდე გააძლიერეს. გემების გატარება პორტ ფალმუტში და იქიდან გამოსვლა ტრალერების კვალში მიყოლით წარმოებდა.

სწავლების დასკვნით ეტაპზე საგემბანო მოიერიშე ავიაციის ნაწილი პირობითი «მოწინააღმდეგის» სანაპირო ობიექტებზე დარტყმების მისაყენებლად იქნა გამოყოფილი, რომლებიც საფრანგეთის ტერიტორიაზე გახლდათ განლაგებული.

ისევე როგორც წინა წლების სწავლებებშიც, ატლანტიკის რაიონებსა და ბისკაის ყურეში ნაღმების დაყენების ჩასატარებლად აშშ სჰძ-ის სტრატეგიული ბომბდამშენები B-52 გამოიყენებოდა, რომლებიც «ნარინჯისფერთა» მხარეზე მოქმედებდნენ.

სწავლების გარჩევა შედგა პორტუგალიის მთავარ სამხედრო-საზღვაო ბაზა ლისაბონში. უცხოელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ძირითადი მიზნები მიღწეულ იქნა, თუმცა კი ავარიული შემთხვევების მაგალითებიც აღინიშნებოდა (რომლებმაც პირადი შემადგენლობის დაღუპვა გამოიწვია), აგრეთვე საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების სისტემების უარის მაგალითები, ცალკეული ხომალდებისა და თვითმფრინავების ეკიპაჟთა, ასევე კავშირგაბმულობის სპეციალისტების არასაკმარისი განსწავლულობის შემთხვევებიც.

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, იმხანად არსებული საერთაშორისო დაძაბულობის პირობებში ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების სწავლებები, რომლებიც 1981 წლის ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომის დასაწყისში იქნა ჩატარებული, აშკარად გამოხატულ პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა და ანტისაბჭოთა მიმართულება გააჩნდა. ისინი გათვლილი იყო ევროპაში, ცენტრალურ ამერიკასა და მთელ მსოფლიოში ვითარების შემდგომ გამწვავებაზე, მილიტარისტული მზადებების გაფართოებასა და ფორსირებაზე. ამ სწავლებებმა კიდევ ერთხელ თვალსაჩინო დემონსტრირება მოახდინა სერთაშორისო იმპერიალიზმის, და უწინარეს ყოვლისა ამერიკულის, მისწრაფებისა ჩაეთრიათ ახალი სახელმწიფოები ნატო-ს შემადგენლობაში, აგრეთვე განზრახვისა, რომ ბლოკის ზონა სამხრეთ ატლანტიკის რაიონებზეც გაევრცელებიათ. მასში აქტიური მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის სზძ-მ, თუმცა კი საფრანგეთი, როგორც ცნობილია, 1966 წლის გაზაფხულიდან გასული გახლდათ ნატო-ს სამხედრო ორგანიზაციიდან.

გამოყენებული ლიტერატურა 

Капитан 2 ранга А. Орлов, «ВМС на учениях ОВС НАТО на Атлантике», Зарубежное Военное Обозрение, 1982 г. № 1.

მთარგმნელის მცირე კომენტარი: 

ზემოთ წერილში გადმოცემული იყო ნატო-ს ბლოკის გაერთიანებული (სამოკავშირეო) სამხედრო-საზღვაო ძალების ფართომასშტაბურ სწავლებათა მიმდინარეობა 1980-იანი წლების დასაწყისში, როცა არსებობდა საბჭოთა კავშირი, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია და იყო მეტად მნიშვნელოვანი დაპირისპირება ამ ორ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკს შორის. ასეთი მასშტაბური სწავლებები ტარდებოდა ნატო-ს გაერთიანებულ სახმელეთო ჯარებსა და სამხედრო-საჰაერო ძალებშიც. თავისთავად ცხადია, რომ მსგავსი სწავლებები ჰქონდათ ვარშავის პაქტის გაერთიანებულ შეიარაღებულ ძალებსაც, და ორივე მხარე სხვადასხვა მასშტაბის ომების წარმოებისთვის ემზადებოდა, საყოველთაო სარაკეტო-ბირთვული ომის ჩათვლით.

დღესდღეობით თავად ევროპის კონტინენტზე ეს დაპირისპირება მკვეთრადაა შემცირებული, მაგრამ მისი სერიოზული ნიშნები გამოიხატა 1990-იანი წლებიდან უკვე კავკასია – ცენტრალური აზიის მიმართულებით, რომლის სათავეშიც სწორედ აშშ-ისა და ნატო-ს მმართველი წრეები იდგნენ. ამას ადასტურებს ის გარემოება, რომ სწორედ «ცივი ომის» დასრულების შემდეგ, 1990-იანი წლებიდანვე, როცა ვარშავის ბლოკი და საბჭოთა კავშირი უკვე აღარ არსებობდნენ და ევროატლანტიკურ სივრცეშიც სამხედრო ხარჯების, ძირითად შეიარაღებათა და შეიარაღებული ძალების სერიოზული შემცირებების პროცესი იყო დაწყებული, ჩვენი მეზობელი თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა უწინდებურად აგრძელებდა თავისი სამხედრო ხარჯების ზრდას, ხოლო აშშ და გერმანია აწვდიდნენ მას უფრო თანამედროვე და უკეთესი მახასიათებლების მქონე საბრძოლო ტექნიკასა და შეიარაღებას, აგრეთვე აძლევდნენ ლიცენზიებს მათი წარმოებისთვისაც. ამ ღონისძიებების შედაგად თურქეთის სამხედრო მანქანა მნიშვნელოვნად იქნა გაძლიერებული, რის შესახებაც ამ ბლოგში არაერთი წერილია გამოქვეყნებული.

თურქეთის მმართველი წრეები არ მალავდნენ, რომ მათ განსაკუთრებული ინტერესები გააჩნიათ მნიშვნელოვან ტერიტორიებზე «ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდე», სხვებს რომ თავი დავანებოთ, ეს სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევდა ისეთ სახელმწიფოებში, როგორებიც არიან რუსეთის ფედერაცია, ირანი და ჩინეთი. 90-იან წლებშივე განვითარდა ამ უკანასკნელთა სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური დაახლოებაცა და მათ შორის კავშირების ჩამოყალიბებაც. ანუ, განვითარდა დაპისრიპირების ახალი ხაზი მსოფლიოს სწორედ იმ რაიონში, რომლის პირაპირზეც (შეხების საზღვარზე) იმყოფება ამიერკავკასია და, მასთან ერთად, საქართველოც. რას გვიქადის მომავალი, ან დაიწყება თუ არა რეალური საბრძოლო მოქმედებები ჩვენს მიწა-წყალზე, მე არ ვიცი, თუმცა კი მოვლენების ასეთი განვითარება რომ სასიკეთოს არაფერს გვიქადის, ალბათ ცხადი უნდა იყოს.