საბჭოთა ავტორების სიტყვით, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის რაიონი ოდითგანვე იზიდავდა იმპერიალისტების მზერას. ამ პლაცდარმის სტრატეგიული მომგებიანობა, ნატოელი ექსპერტების შეფასებით, 1980-იან წლებშიც აშკარა იყო. მისი ფლობით შეეძლოთ არა მხოლოდ აზიასა და აფრიკასთან ევროპის დამკავშირებელი საერთაშორისო ხაზები ეკონტროლებიათ და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე გავლენა მოეხდინათ, არამედ ჰქონოდათ უმოკლესი გზაც სოციალისტური ქვეყნების საზღვრებთან გამოსასვლელად. «ცივი ომის» აპოლოგეტმა ბრიტანელმა ლიდერმა უ. ჩერჩილმა თავის დროზე ამ რეგიონს ევროპის «რბილი მუცელი» უწოდა, რომლის გავლითაც შეიძლება ადვილად შეიჭრა სოლისებურად ცენტრალურ ევროპაში.
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, 1980-იანი წლების მიწურულშიც გეგმევდნენ ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკური წრეები აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რაიონის თავიანთი აგრესიული მიზნებით გამოყენებას. სწორედ ჩრდილოატანტიკური კავშირის სამხრეთ ფლანგზე იყო მაშინ თავმოყრილი ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებთან შედარებით 1,9-ჯერ მეტი არტილერია, 2,6-ჯერ მეტი საბრძოლო ნაწილების პირადი შემადგენლობა და დამრტყმელი ავიაციის თვითმფრინავი, 5,8-ჯერ მეტი საბრძოლო ვერტმფრენი. უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, თურქეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში იყო ოთხი გაშლილი საველე არმია. თურქეთის სახმელეთო ჯარები კი რიცხოვნებით ნატო-ს ბლოკში, ამერიკულის შემდეგ, მეორე გახლდათ.
საბჭოთა ავტორების სიტყვით, მიჰყვებოდა რა ვაშინგტონის კურსს, რომელმაც ახლო აღმოსავლეთი და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რაიონი «თავის სასიცოცხლო ინტერესების სფეროდ» გამოაცხადა, თურქეთი ამ რეგიონში შეერთებული შტატების ფორპოსტად (მეწინავე პოსტად) იქნა გადაქცეული. 1980-იანი წლების მიწურულს მის ტერიტორიაზე დაახლოებით 60 ამერიკული სამხედრო ობიექტი იყო განლაგებული, მათ რიცხვში ბირთვული იარაღის საწყობებიც. მიზნამდე მის მისატანად ვარაუდობდნენ F-16 და F-111 თვითმფრინავების გამოყენებას. როგორც გაზეთი «ჯუმჰურიეთი» იტყობინებოდა, ანატოლიაში სრული სვლით მიდიოდა ბირთვული საბრძოლო მასალების ახალი საწყობების მშენებლობა.
ქვეყანაში აქტიურად ხორციელდებოდა თურქეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ხუთწლიანი (1988-1992) პროგრამა. დაწყებული 1981 წლიდან სამხედრო ხარჯები სამჯერ იყო გაზრდილი და 1988 წელში 2,9 მლრდ. დოლარს აღემატებოდა. ამავდროულად ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში პარტნიორები მისთვის სამხედრო დახმარებასაც აფართოებდნენ. აშშ-გან მიღებული სამხედრო დახმარების ზომების მიხედვით თურქეთს მესამე ადგილი ეკავა, ისრაელისა და ეგვიპტის შემდეგ. 1988 ფინანსურ წელში ის 490 მლნ. დოლარს შეადგენდა. ანკარას ფედერაციული გერმანიაც უწევდა სამხედრო დახმარებას. 1980-იანი წლების ბოლოსა და 90-იანების დასაწყისში მას თურქეთისათვის 150 ტანკი «ლეოპარდ-1A1/A3», F-104 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები და მნიშვნელოვანი რაოდენობით რადიოსალოკაციო მოწყობილობები უნდა მიეწოდებინა. განზე არც ნატო-ს სხვა ქვეყნები რჩებოდნენ.
მიმდინარეობდა ამერიკულ კორპორაცია «ჯენერალ დაინემიქსთან» დადებული ხელშეკრულების რეალიზაცია, რომელიც ითვალისწინებდა თურქეთის ტერიტორიაზე F-16 ტაქტიკური გამანადგურებლების ერთობლივ წარმოებას. სულ ამ ტიპის 152 თვითმფრინავის გამოშვება ჰქონდათ დაგეგმილი. 1986 წლიდან დასავლეთის ქვეყნების დახმარებით «თოუს» ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებსა (ტსმრ) და მათ გასაშვებ დანადგარებს აწარმოებდნენ. 1980-იან წლებში შესამჩნევი განვითარება ჰპოვა სამხედრო ხომალდმშენებლობამ. ასევე სხვა სამხედრო პროგრამებიც ხორციელდებოდა. საბჭოთა ავტორების სიტყვით, თურეთის შეიარაღებული ძალები ინენსიური განვითარების პერიოდს განიცდიდა, რაც სავსებით პასუხობდა აშშ-ის ჰეგემონისტურ გეგმებს, რომლებიც საბჭოთა კავშირისა და სხვა სოციალისტური ქვეყნებისთვის სამხრეთი მიმართულებიდან მუქარის შექმნაზე იყო მიმართული.
თურქული სამხედრო წესდებებისა და დარიგებების თანახმად, ომისთვის ჯარების მომზადების განუყოფელ ნაწილს სამხედრო მოსამსახურეთა იდეოლოგიური დამუშავება წარმოადგენდა, რომელსაც ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა შესაბამისი აპარატის დახმარებით ატარებდა. ის მთავარ საშუალებად განიხილებოდა იმისათვის, რომ ჯარისკაცებისა და ოფიცრებისთვის მმართველი წრეებისთვის ხელსაყრელი იდეები, აზროვნებისა და ქცევის სტერეოტიპები ჩაეგონებიათ, ანუ სხვა სიტყვებით, ეს გახლდათ მთავარი საშუალება შეიარაღებული ძალების პოლიტიკური «კეთილსაიმედობის» უზრუნველყოფისთვის.
პირადი შემადგენლობის იდეოლოგიური დამუშავების მთავარ ფორმას «მორალური აღზრდის» მეცადინეობები წარმოადგენდა, რომლებსაც ოცეულებისა და ასეულების მეთაურები კვირაში ორ-სამჯერ ატარებდნენ. მათი ხანგრძლივობა თითო საათი გახლდათ. ჯგუფურ მეცადინეობებთან ერთად ინდივიდუალური საუბრებიც ტარდებოდა. «მორალური აღზრდის სახელმძღვანელოში» («Пособие по моральному воспитанию») მიეთითებოდა, რომ ასეთი საუბარი ხელქვეითებზე «ზემოქმედების ერთერთ უმნიშვნელოვანეს გზას» წარმოადგენს. ამ პროპაგანდისტულ გამოცემაში აღინიშნებოდა, რომ სწორედ პირად შემადგენლობასთან მუშაობის ასეთი ფორმის დროს ოფიცერს ყველაზე უფრო მეტად უადვილდებოდა ჯარისკაცებში «სახიფათო აზრები» გამოევლინა. უნტერ-ოფიცერთა და უმცროს ოფიცერთა შემადგენლობისთვის პოლკების (გარნიზონების) კლუბებში ხდებოდა ლექციების, კონფერენციებისა და დისპუტების ორგანიზაცია.
ჯარების პირად შემადგენლობასთან მუშაობაში მასობრივი მუშაობის სხვა ფორმებიც გამოიყენებოდა: «დაღუპული გმირების» საფლავებზე გამართული მიტინგები, სახელმწიფო და სამხედრო დღესასწაულებთან დაკავშირებული ზეიმები. პროპაგანდისტული მიზნით ფართო რეკლამას უკეთებდნენ ნატო-ს ბლოკის ფარგლებში ორგანიზებულ სხვადასხვა შეჯიბრებში თურქ სამხედრო მოსამსახურეთა მონაწილეობას.
თურქ სამხედრო მოსამსახურეებზე ზემოქმედების ერთერთ ეფექტურ საშუალებას რადიო წარმოადგენდა. საპოლკო რადიოკვანძებში ჯარისკაცებისთვის რეგულარული გადაცემები წარმოებდა. გარდა ამისა, ეს რადიოკვანძები სახელმწიფო ფართომაუწყებრივი რადიოსადგურების გადაცემათა ნაწილის ტრანსლირებასაც ახდენდნენ, რომელთა ნაციონალისტური და მილიტრისტული მიმართულება, საბჭოთა ავტორების სიტყვით, 1980-იანი წლების მეორე ნახევარში შესამჩნევად იქნა გაძლიერებული. კვირაში ერთხელ თურქეთის რადიო სამხედრო მოსამსახურეებისთვის სპეციალურ გადაცემას აწყობდა. ამ პროგრამას «შეიარაღებული ძალების საათი» ეწოდებოდა და მას ჯარისკაცები მეთაურთა თანდასწრებით ორგანიზებულად უსმენდნენ. რადიოსთან ერთად თურქ სამხედრო მოსამსახურეთა იდეოლოგიურ დამუშავებაში ტელევიზიასაც სულ უფრო მეტი ადგილი ეთმობოდა.
საბჭოთა ავტორების სიტყვით, 1980-იანი წლების მეორე ნახევარში თურქეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გარკვეული ზომების კომპლექსი განახორციელა, რომლებიც პროპაგანდის სისტემაში «თურქული რადიოსა და ტელევიზიის ორგანიზების» გაძლიერებაზე იყო მიმართული, ხოლო ეს «ორგანიზება» კი, ქვეყნის პრეზიდენტ კ. ენვერის განცხადებით: «მოწოდებულია იქცეს მთავარ იარაღად თურქი ერისთვის უცხო იდეოლოგიებთან, და უწინარეს ყოვლისა კომუნისტურ იდეოლოგიასთან ბრძოლაში».
მთავრობამ მნიშვნელოვნად გაზარდა სახელმიფო ასიგნებები რადიოსა და ტელევიზიაში, გაიზარდა პერსონალის რიცხოვნება, მოდერნიზაცია განიცადა ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ტექნიკურმა ბაზამ, რამაც საშუალება მისცა ტელე- და რადიოპროპაგანდის მასშტაბები არსებითად გაეფართოვებინათ. გფრ-ის, იაპონიისა და კანადის დახმარებით ახალი სატელევიზიო და რადიოსატრანსლაციო სადგურები იქნა აშენებული, რამაც ქვეყნის პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყო ტელეგადაცემების მიღება. გაიზარდა რადიოგადაცემების საერთო მოცულობაც, როგორც ანკარის ცენტრალური რადიოსი, რომელიც სამი პროგრამით დღეღამეში 50 სთ-ზე მეტს მაუწყებლობდა, ისე თურქეთის ყველა მსხვილ ქალაქში არსებული ადგილობრივი რადიოსადგურებისაც.
თურქული სარდლობა პირადი შემადგენლობის იდეოლოგიურ დამუშავებაში არცთუ მცირე მნიშვნელობას ბეჭდურ პროპაგანდას ანიჭებდა, რომელიც ძირითადად უნტერ-ოფიცერთა და რიგით შემადგენლობაზე იყო გათვლილი. ამ კატეგორიების სამხედრო მოსამსახურეთათვის, საბჭოთა ავტორების აღნიშვნით, ანტიკომუნისტური მიმართულების სპეციალურ თემატურ ბროშურებსა და დამხმარე სახელმძღვანელოებს თურქეთის გენერალური შტაბი სისტემატიურად გამოსცემდა. გარდა ამისა, შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა სამხედრო ჟურნალ-გაზეთებიც ვრცელდებოდა.
პირადი შემადგენლობის «მორალური აღზრდის» ერთერთ არხად თურქი სამხედრო სოციოლოგები მიიჩნევდნენ ისლამურ რელიგიას. რელიგიური დამუშვების ჩატარებისთვის პრაქტიკულად ყველა გარნიზონში მეჩეთი არსებობდა. იქ კი, სადაც მეჩეთები არ იყო, რელიგიური წესების აღსრულების ოთახები ჰქონდათ შექმნილი, რომელშიც მსახურებას იმამი კი არ აღასრულებდა, არამედ ჯარისკაცი, რომელსაც ჯარში გაწვევამდე მედრესე ჰქონდა დამთავრებული. მეჩეთებსა და რელიგიური წესების აღსრულების ოთახებში სიარული სავალდებულო არ გახლდათ, მაგრამ სამხედრო ნაწილების მეთაურობას, საბჭოთა ავტორების სიტყვით, სამხედრო მოსამსახურეთა გონებაზე ზემოქმედების ეს მეთოდი (საშუალება) თავიანთი კონტროლის ქვეშ ჰქონდა მოქცეული.
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, თურქი სამხედრო მოსამსახურეების იდეოლოგიური დამუშავების ძირითად შინაარსს წარმოადგენდა ანტისოვეტიზმი და ანტიკომუნიზმი. განსაკუთრებულ ძალისხმევას მიმართავდნენ საბჭოთა კავშირის საშინაო და საგარეო პოლიტიკის, მისი მშვიდობისმოყვარე ინიციატივების დისკრედიტაციაზე, როგორც ზოგადად საერთაშორისო არენაზე, ისე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რაიონშიც. ამახინჯებდნენ ან სრულიად ივიწყებდნენ იმ მოვლენებს, რომლებიც მეგობრობის დამყარებაზე მოწმობდა საბჭოთა რუსეთსა და თურქეთს შორის, და რომლის სათავებთანაც იდგნენ ვ. ი. ლენინი და ქემალ ათათურქი. დუმილით უვლიდნენ გვერდს სსრკ-ის მიერ თურქეთისთვის გაწეულ უანგარო დახმარებას მისი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის წლებში, ამცირებდნენ საბჭოთა ხალხის ისტორიული გმირობის მნიშვნელობას ფაშიზმის განადგურებაში, თურქ სამხედრო მოსამსახურეებს უმალავდნენ ინფორმაციას სსრკ-ში მიმდინარე ღრმა გარდაქმნების შესახებ სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სულიერ სფეროებში.
საბჭოთა ავტორების სიტყვით, ანტისაბჭოთა პროპაგანდაში უწინდებურად აქტიურად გამოიყენებოდა ცრუ ლოზუნგი «საბჭოთა სამხედრო მუქარის» შესახებ. თურქ ჯარისკაცს ჩააგონებდნენ, რომ რუსი ხალხი იყო და რჩებოდა «თურქი ერის ისტორიულ, მარადიულ მოწინააღმდეგედ» და რომ სსრკ ვითომდა «ემზადებოდა აგრესიისათვის თურქეთის წინააღმდეგ». «წითელი მუქარის» შესახებ სიცრუის ერთერთ მაგალითს წარმოადგენდა გაზეთ «მილიეთში» გამოქვეყნებული წერილი, რომელიც პენტაგონელი სპეციალისტების მიერ მომზადებულ «რუსეთ-თურქეთის ომის სცენარის» კომენტირებას ახდენდა. ამ ვრცელ «გამოკვლევაში» აღინიშნებოდა, რომ «რომ თურქეთისათვის მუდმივ მუქარას ქმნიან სსრკ-თურქეთის სახმელეთო საზღვრის გაყოლებაზე განლაგებული საბჭოთა ჯარები. ხოლო ომის დაწყების შემთხვევაში კი აღმოსავლეთ ანატოლიაში 20 რუსული დივიზია შემოიჭრება». მსგავს პროვოკაციულ მასალებს თან სქემები და დიაგრამებიც ახლდა, რათა მათთვის უფრო მეტად დამაჯერებელი ხასიათი მიეცა, თურქი ჯარისკაცი «სისხლისმსმელი ჩრდილოელი მეზობლით» დაეშინებია.
საბჭოთა ავტორების აღნიშვნით, განსაკუთრებულ თავდასხმებს თურქეთის კომუნისტური პარტია განიცდიდა. ითვალისწინებდნენ რა ჯარისკაცთა მნიშვნელოვანი ნაწილის გაუნათლებლობასა და რელიგიურ ფანატიზმს, სამხედრო იდეოლოგები ამახინჯებდნენ კომუნისტების ბრძოლის ჭეშმარიტ მიზნებს. პროპაგანდა მათ «უღმერთოებად», «ერის მტრებად», «მოღალატეებად» და «მოსკოვის აგენტებად» წარმოაჩენდა. «კომუნიზმის მუქარის» შესახებ ცრუ თეზისებით მანიპულირებით თურქეთის ხელმძღვანელობა იმ მასობრივ ტერორიზმსა და ხალხის წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებს ამართლებდა, რომლებიც 1980 წლიდან არ წყდებოდა. სამხედრო პროპაგანდისტებს იდეოლოგიური გამოთაყვანებისთვის საფუძვლად ცრუ მტკიცებები ჰქონდათ დადებული იმის თაობაზე, რომ 1987 წელს საყოველთაო საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყანაში თურქეთის კომპარტიის ლიდერის ჰ. ქუთლუსა და თურქეთის მუშათა პარტიის ლიდერის ნ. სარგინის ქვეყანაში ჩასვლა, ვითომდა ძირგამომთხრელი საქმიანობისა და პროპაგანდის განხორციელებისთვის, სხვა არაფერი იყო, თუ არა «მოსკოვის ხელით გაკეთებული საქმე», ხოლო თავად ისინი კი «სსრკ-ის აგენტები» და «თურქი ხალხის მტრები» გახლდნენ.
პირად შემადგენლობაში ასევე ფართო ანტიბულგარული პროპაგანდაც წარმოებდა. უწინდელი ბალკანური ომების მიზეზებს ხსნიდნენ ვითომდა ბულგარელთა მისწრაფებით «ამოეწყვიტათ თურქი ხალხი», «მოესპოთ მუსლიმანური რელიგია». ბულგარელთა მიმართ სიძულვილის დათესვისთვის ფართოდ გამოიყენებოდა თეზისი ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები როდოპელი თურქების «ბულგარელთა უღლისგან განთავისუფლების» აუცილებლობის შესახებ, რის გამოც თვალთმაქცურად ღვრიდნენ ცრემლებს ამ ქვეყანაში «ერთმორწმუნე ძმების» ბედის, მათი «მძიმე» მდგომარეობისა და «ძნელი» ცხოვრების გამო. სახელდობრ, ფართოდ იქნა გავრცელებული თურქულ ყაზარმებში 1986 წელს გამოქვეყნებული ქ. იოზბირის წიგნი «ბულგარეთის ხელმძღვანელობა ჭეშმარიტებას ვერ დამალავს». მასში ავტორი ფსევდომეცნიერული პოზიციებიდან ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ «ბულგარეთის ტერიტორიაზე ყოველთვის ცხოვრობდნენ თურქები, ხოლო ჩრდილოელმა სლავურმა ტომებმა კი ისინი შეავიწროვეს. ამიტომ აუცილებელა ისტორიული სამართლიანობა იქნას აღდგენილი და თურქეთს მისი უძველესი (исконные) მიწა-წყალი დაუბრუნდეს».
საბჭოთა ავტორების სიტყვით, პირადი შემადგენლობის იდეოლოგიურ დამუშავებაში 1980-იანი წლების მიწურულს ერთერთი ცენტრალური ადგილი მებრძოლი ნაციონალიზმის პროპაგანდას ეკავა, რომელიც პანთურქიზმსა და პანისლამიზმს ემყარებოდა. ზრდიდნენ რა სამხედრო მოსამსახურეებს ნაციონალისტური სულისკვეთებით, სამხედრო პროპაგანდისტები ამტკიცებდნენ, რომ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, ისევე როგორც მთელ თურქ ერს, სხვა ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებსა და ხალხებზე უპირობო (უდავო) აღმატება (безусловное превосходство) გააჩნიათ. მასობრივი ინფორმაციის საარმიო საშუალებები რეგულარულად აღნიშნავდნენ, რომ მაშინდელი თურქი სამხედრო მოსამსახურეები «კორეაში 4,5 ათასი ადამიანის რიცხოვნების თურქული ბრიგადის გმირობით მოპოვებული» საბრძოლო ტრადიციების მემკვიდრენი გახლდნენ. რომ მანამდე 35 წლით ადრე ამ ბრიგადის მონაწილეობამ ვითომდა მთელ ომში (კორეის ომი 1950-იან წლებში) «გადამწყვეტი» როლი ითამაშა, რამაც საშუალება მისცა მოვლენების მსვლელობა იმპერიალისტური კოალიციის სასარგებლოდ შეეცვალათ.
პანთურქისტები მოუწოდებდნენ ჯარისკაცებს მზად ყოფილიყვნენ აზერბაიჯანისა და თურქულ (თურქმენულ, тюрские) ენებზე მოლაპარაკე ხალხებით დასახლებული საბჭოთა რესპუბლიკების «განთავისუფლებისთვის». განსაკუთრებულო აქტიურობას ამ მხრივ ჟურნალი «ემელი» იჩენდა, რომელიც სსრკ-ის თურქულენოვანი ხალხების მდგომარეობის გაშუქებაში სპეციალიზდებოდა, აგრეთვე სხვადასხვა ემიგრანტული, პანთურქისტული და პანისლამისტური გამოცემებიც. ანტისაბჭოთა პასკვილების ავტორები აკეთებდნენ დასკვნებს «ყირიმელი თათრების სამშობლოს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფისა და დიდ თურქულ სამყაროსთან მათი შერწყმის» აუცილებლობის შესახებ.
ნაციონალისტურ პროპაგანდასთან მჭიდრო კავშირში აიგებოდა თურქული არმიის «საბრძოლო ტრადიციების» მილიტარისტული პროპაგანდაც. განადიდებდნენ მოჩვენებით გამარჯვებებს რუსულ ჯარებზე წარსული დროის რუსეთ-თურქეთის ომებში. ჯარისკაცებს ჩააგონებდნენ აზრს, რომ თითოეულმა მათგანმა «როგორც ჭეშმარიტმა თურქმა კიდევ ერთხელ უნდა უჩვენოს წინაპართა სახელოვანი ტრადიციები მომავალ ომში». ხოტბას ასხამდნენ თურქული ჯარების ლაშქრობებს ამიერკავკასიის რაიონებში 1918-1920 წლებში, კორეის ომში მონაწილეობას ამერიკელ აგრესორთა მხარეზე 1950-იან წლებში, სამხედრო გამარჯვებებს ბერძნებზე, განსაკუთრებით კი 1974 წელს კვიპროსის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციას. ამასთან, თურქული ჯარების წარუმატებლობები და დამარცხებანი შეგნებულად იჩქმალებოდა, ყველა მათი მოქმედება კი წარმოდგენილი იყო როგორც გმირობა, სამხედრო სიქველის (доблесть) ნიმუში და მაგალითი.
საბჭოთა ავტორების სიტყვით, პირადი შემადგენლობის იდეოლოგიურ დამუშავებაში 1980-იან წლების მიწურულს ასევე მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ანტიბერძნულ პროპაგანდას, რომელიც იმ ხანებში თურქეთში გაშლილი ფართო კამპანიის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. სპეკულირებდნენ რა ბერძნებისადმი თურქების ისტორიულად ჩამოყალიბებულ ტრადიციულ უნდობლობაზე, სამხედრო პროპაგანდისტები პირად შემადგენლობას უყვებოდნენ «კვიპროსზე ბერძნების მიერ» ვითომდა ჩადენილი «მხეცობების» შესახებ, «საბერძნეთში მცოვრები თურქების დევნის» შესახებ და სხვა. ამტკიცებდნენ, რომ საბერძნეთი, ისწრაფვოდა რა რეგიონში ჰეგემონიისკენ, ახდენდა თავისი ჯარების კონცენტრაციას და თურქეთს საომარი კონფლიქტის გაჩაღებით ემუქრებოდა. ამიტომ თურქ ჯარისკაცებს მოუწოდებდნენ «მზადყოფნისკენ ბერძნებისთვის კიდევ ერთხელ ჭკუის სასწავლებლად», როგორც ეს უკვე 1974 წელს მოხდა.
1980-იანი წლების მეორე ნახევარში მნიშვნელოვნად იქნა გააქტიურებული «ატლანტიკური სოლიდარობის», აგრეთვე თურქი და ამერიკელი ჯარისკაცების «საბრძოლო თანამეგობრობის» პროპგანდა საარმიო მმართველი წრეებისა და მსხვილი მონოპოლისტური ბურჟუაზიის პოლიტიკასთან კავშირში, რომელიც თურქულ-ამერიკული კავშირების განმტკიცებაზე გახლდათ მიმართული, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში. ოფიციალური პროპაგანდა უცვლელად მიუთითებდა თურქეთის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობაზე ნატო-ს გეგმებში, «როგორც ბასტიონისა საბჭოთა ექსპანსიის გზაზე ხმელთაშუა ზღვისპირეთსა და სპარსეთის ყურის რაიონში». ანკარაში შემუშავებული «სამხედრო-სტრატეგიული კონცეფციის» თანახმად, რომელიც 1987 წლის დასაწყისში იქნა გამოქვეყნებული, ქვეყანა ვითომდა ყოველი მხრიდან მტრებით იყო გარშემორტყმული, რომელთა შორის დასახელებული იყვნენ სსრკ და ბულგარეთი, და «ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებისგან იცავს ნატო-ს ბლოკის მთელი საზღვრის 37 %-ს». ამასთან ყოველმხრივ ახდენდნენ იმ სარგებლის დემონსტრაციას, რომელსაც თურქეთი ღებულობდა ნატო-ს წევრობიდან. თურქი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლების გარდა მოცემული პროპაგანდისტული კამპანია იმისთვისაც გახლდათ მოწოდებული, რათა საარმიო გარემოში არსებული ანტიამერიკული განწყობები გაენეიტრალებია.
თურქ სამხედრო მოსამსახურეთა შორის რელიგიური პროპაგანდის საფუძველს შეადგენდა «ჯიჰადი» – ისლამური სწავლება «სარწმუნოებისთვის წმინდა ომის შესახებ» ურწმუნოთა («გიაურების») ალაჰის მორჩილებაში მოყვანის მიზნით.
«ჯიჰადის» კონცეფცია ისლამის მთელი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში მუსლიმანი მმართველების ექსპანსიონისტური დაპყრობებისა და აგრესიული მისწრაფებების გამართლებას ემსახურებოდა. საბჭოთა ავტორების სიტყვით, 1980-იანი წლების მიწურულს მას მყარად ჰქონდა დაკავებული თავისი ადგილი თურქეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის იდეოლოგიური დამუშავების სისტემაში, რომელიც საბჭოთა კავშირის, ბულგარეთისა და სხვა სოციალისტური ქვეყნების წინააღმდეგ ომის მზადებაზე იყო მიმართული. თურქულ არმიაში ამ კონცეფციის გამოყენების დამახასიათებელ მომენტს იმის მტკიცება წარმოადგენდა, რომ წმინდად ითვლებოდა ომი არა ნებისმიერი სხვა სარწმუნოების მქონე სახელმწიფოს მიმართ, არამედ მხოლოდ სსრკ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, და რომ ამ ქვეყნების ტერიტორიაზე მცხოვრები მუსლიმანებიც კი უნდა გაენადგურებინათ, თუ ისინი თავიანთ სამშობლოს დაიცავდნენ. ვინაიდან ეს დაადასტურებდა, რომ ისინი ურწმუნოებს მიეყიდნენ.
თუმცა კი, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ნატო-ს ქვეყნებში მყოფი ურწმუნოების (სხვა სარწმუნოების მქონეთა, иноверцы) მიმართ ისლამის გულშემატკივარნი ამტკიცებდნენ, რომ ისინი პირველ რიგში მოკავშირები იყვნენ და რომ თურეთის ნატო-ში შესვლა – ეს «ალაჰის მოსაწონი საქმეა, ვინაიდან მან თურქეთი კომუნისტური მუქარისგან იხსნა». ეს გამონათქამი იმას მომობდა, რომ «ჯიჰადის» კონცეფციას იმ სახით, რომლითაც ის რელიგიურ დამუშავებებში გამოიყენებოდა, აშკარა ანტიკომუნიზმი განმსჭვალავდა.
თურქ ჯარისკაცებს ჩააგონებდნენ აზრს «ავღანურ პრობლემაში საბჭოთა ჩარევის» შესახებ, «ავღანეთის დაპყრობისკენ» სსრკ-ის მისწრაფების შესახებ და სხვა. ამ მოსაზრებებს რაღაც გამოგონილი ტანჯვითა და აბუჩად აგდებით ავსებდნენ, რომლებსაც ვითომდა საბჭოთა მუსლიმანები განიცდიდნენ. ამტკიცებდნენ, რომ ასეთივე ბედი ელოდა ავღანელ მუსლიმებსაც. ავღანეთის რესპუბლიკაში კონტრრევოლუციის ბრძოლას სახალხო ხელისუფლებასთან ჭეშმარიტი «ჯიჰადის» მაგალითის სახით წარმოადგენდნენ, რომლისთვისაც ყველა თურქი სამხედრო მოსამსახურეც მუდმივად მზად უნდა ყოფილიყო.
ახალწვეულებს ჩააგონებდნენ აზრს იმის შესახებ, რომ სამხედრო სამსახური ღვთის სათნო საქმეა. სახელმძღვანელოში «გაკვეთილები რიგითისათვის» ნათქვამი იყო – «ჩვენი წინასწარმეტყველი გვასწავლის, რომ მეომრული მოვალეობის აღსრულება – ეს ნიშნავს ისეთი კეთილი საქმის აღსრულებას, რომელიც 40-წლიან ლოცვას აღემატება», და რომ «ურწმუნოთა» წინააღმდეგ ომში ალაჰის მებრძოლებს შეუძლიათ მოწინააღმდეგის მიმართ ნებისმიერი უკანონობა და თვითნებობა ჩაიდინონ, ვინაიდან «ჭეშმარიტი სარწმუნოების მტრებთან» ომი ვითომდა უხსნიდა მათ ჩადენილი ქმედებების გამო ყოველგვარ პასუხისმგებლობას.
სამხედრო კულტმსახურები მუდმივად უმტკიცებდნენ, რომ ურწმუნოები – ესენი იყვნენ კომუნისტები, თან ცდილობდნენ იმის მიღწევას, რომ სიტყვა «კომუნისტთან» ერთად სამხედრო მოსამსახურეებს გასჩენოდათ ასოციაციური წარმოდგენა ვერაგობაზე, თავაშვებულობასა და მუსლიმანთა წინააღმდეგ ჩანაფიქრებსა და ხრიკებზე. საბჭოთა ავტორების სიტყვით, მიზნად ისახავდნენ ისე მოეწამლათ თითოეული ჯარისკაცისა და ოფიცრისთვის შეგნება, რომ ყოველ კომუნისტში მათ სასტიკი მტერი, ყოველგვარი სიკეთისა და სამართლიანობის მოწინააღმდეგე დაენახათ. ყველაფერ ამით მოლები ისწრაფვოდნენ პირადი შემადგენლობისთვის ავტომატურად მტრული რეაქცია გამოემუშავებინათ ყოველივეზე, რაც სოციალისტურ ქვეყნებთან გახლდათ დაკავშირებული.
ბედისწერის ფატალური გარდაუვალობის პროპაგანდის მეშვეობით სამხედრო მოლები ცდილობდნენ ჩაეხშოთ სამხედრო მოსამსახურეებში შიში გრძნობა ბრძოლაში შესაძლო დაღუპვის გამო, გადაექციათ ისინი სარწმუნოებისთვის «შეგნებულ თავგანწირულებად». ისინი ამტკიცებდნენ, რომ ადამიანი მხოლოდ ღვთის მონაა, იგი გვამის მსგავსია განმბანელის ხელებში. ეს მტკიცებები ყურანის დებულებებს ემყარებოდა, რომლებშიც ნათქვამია, რომ «ჩვენ არასოდეს გვეწვევა არაფერი, იმის გარდა, რაც ალაჰს ჩვენთვის დაუწერია», «ყოველივე, რაც უნდა მოხდეს, დიდი ხანია ნათელ (გასაგებ) ორიგინალშია დაწერილი» («... давно написано в ясном оригинале»).
იფარებდნენ რა იმავე ყურანს, ისლამური კულტმსახურები აშინებდნენ ჯარისკაცებს საშინელი სატანჯველით ბრძოლის ველის მიტოვებისა და დეზერტირობის მცდელობისთვის. «ო ისინი, რომლებმაც ირწმუნეს! როცა თქვენ მოძრაობაში შეხვდებით მათ, ვისაც არ ურწმუნია, – ნათქვამია ყურანში, – მაშინ არ უჩვენოთ მათ ზურგი. ხოლო ვინც მათ ზურგს უჩვენებს, თუ არა მხოლოდ ბრძოლისთვის მობრუნების ან რაზმთან შეერთების მიზნით, ის საკუთარ თავზე ალაჰის რისხვას დაიტეხავს». იმავდროულად მათ არწმუნებდნენ, რომ ყველას ვინც ომში დაიღუპება, ყველას ვინც ალაჰის სახელით გმირობას გამოიჩენს, ცოდვები წინასწარვე ეპატიება და იმ ქვეყნად სამოთხეში იქნება. «მოკალი წითელი – და შენ სამოთხეში მოხვდები, – ნათქვამია იდეოლოგიური დამუშავების ერთერთ დარიგებაში. – თუ ორ წითელს მოკლავ, შეგიძლია სამოთხეში თან ცოლიც წაიყვანო. ხოლო მათ, ვინც სამ და მეტ წითელს მოკლავს, ალაჰი უფლებას მისცემს სამოთხეში წაიყვანოს ყველა, ვისაც კი მოისურვებს». ჯარისკაცებს ყოველმხრივ არწმუნებდნენ, რომ «საუკეთესო სიკვდილი – ეს ბაგეზე ლოცვით და შაშხანით ხელში სიკვდილია».
მთლიანობაში, საბჭოთა ავტორების დასკვნით, თურქ სამხედრო მოსამსახურეთა იდეოლოგიური დამუშავების შინაარსი მთლიანად ქვეყნის აგრესიულ პროამერიკულ საგარეოპოლიტიკურ კურსს ემორჩილებოდა და მოწოდებული იყო არმია თურქეთის მმართველი სამხედრო-პოლიტიკური წრეების მორჩილ იარაღად გადაექცია.
გამოყენებული ლიტერატურა
Подполковник Н. Иванов, «Идеологическая обработка в вооружённых силах Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1988 г. № 10.
მასალა მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment