Thursday, October 8, 2026

ნატო-ს სახმელეთო ჯარები სამხრეთ-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრზე 1980-იანი წლების დასაწყისში

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური თანამეგობრობის სხვა ქვეყნების მიერ თანამიმდევრულად გატარებული კურსი მშვიდობის განმტკიცებაზე, დაძაბულობის განმუხტვაზე, განსხვავებული სოციალური წყობილების მქონე სახელმწიფოთა მშვიდობიან თანაარსებობაზე დიამეტრულად საწინააღმდეგო გახლდათ აშშ-ისა და ნატო-ში მისი მოკავშირეების მმართველი წრეების პოლიტიკისა. ვაშინგტონის მიერ აღებული კურსი «ცივი ომის» აღორძინებაზე ყველაზე უფრო თვალსაჩინოდ ვლინდებოდა მის მცდელობებში უხეშად ჩარეულიყო სხვა სახელმწიფოების საქმეებში, მათთვის თავისი ნება ეკარნახა, მსოფლიოს სხვადასხვა რაიონებში სამხედრო კონფლიქტების კერები შეექმნა. საბჭოთა ავტორების სიტყვით, აგრესიული ჩრდილოატლანტიკური ბლოკის ქვეყნები, რომლებიც სოციალისტურ სახელმწიფოებზე სამხედრო უპირატესობის მიღწევისკენ ისწრაფვოდნენ, განსაკუთრებით 1980-იანი წლების დასაწყისში ახალ ნაბიჯებს დგამდნენ ევროპის კონტინენტზე გამალებული შეიარაღების ესკალაციისკენ. აქ უკვე მშვიდობიანობის დროს შეიარაღებული ძალების მსხვილი კონტინგენტები ჰქონდათ გაშლილი, რომლებსაც საბრძოლო მზადყოფნის მაღალ ხარისხში ინახავდნენ და რომლებიც მზად იყვნენ საბრძოლო მოქმედებების გაჩაღებისთვის ნებისმიერ მომენტში. 

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, 1980-იანი წლების პირველ ნახევარში ნატო-ელ მოღვაწეთა მილიტარისტულ საქმიანობაში მნიშვნელოვნი ადგილი ეთმობოდა ჯარების ძლირ დაჯგუფებათა შექმნას საბჭოთა კავშირისა და სხვა სოციალისტური სახელმწიფოების სამხრეთ მისადგომებთან, ანუ, დასავლური ტერმინოლოგიით, სამხრეთ-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ). უცხოური პრესის შეტყობინებების თანახმად, ეს ომთ «ცივი ომის» წლებში მოიცავდა იტალიის, საბერძნეთისა და თურქეთის ტერიტორიებს, აგრეთვე ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის სამხრეთ ნაწილის აკვატორიებს. ის გაშლილი გახლდათ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ თითქმის 1500 კმ-ზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ კი – 3200-3500 კმ-ზე. დაახლოებით 2000 კმ მანძილზე ომთ ესაზღვრებოდა სოციალოსტურ ქვეყნებს, მათ შორის სსრკ-ს (დაახლოებით 600 კმ-ზე). თეატრის ფარგლებში 1982-83 წლების მიჯნაზე 105 მლნ.-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. 

სამხრეთ-ევროპული ომთ-ის გეოგრაფიული მდებარეობის ერთერთი განსაკუთრებულობა (თავისებურება) გახლდათ მისი სახმელეთო ტერიტორიის განცალკევებულობა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აუზის წყლებითაა დაყოფილი ერთმანეთისგან იზოლირებულ ხმელეთის უბნებად: აპენინის ნახევარკუნძულად, ბალკანეთად და მცირე აზიად. ნატოელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ეს აძნელებდა ჯართა დაჯგუფებების ხელმძღვანელობას და აიძულებდა დაეგეგმათ საბრძოლო მოქმედებების წარმოება დამოუკიდებელ რაიონებში (იტალია, საბერძნეთი, თურქეთი). გარდა ამისა, ეს თეატრი უშუალოდ ებჯინებოდა ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების საზღვრებს, აგრეთვე ახლო აღმოსავლეთის «ფეთქებადსაშიშ რაიონს», სადაც, საბჭოთა ავტორების სიტყვით, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში აშშ-ისა და ისრაელის მილიტრისტული წრეების ძალისხმევით არაერთხელ შექმნილა რთული სამხედრო-პოლიტიკური ვითარება, რის შედეგადაც აქ იმპერიალისტურ სახელმწიფოთა მიერ ომების გაჩაღების საშიშროება მუდმივად ნარჩუნდებოდა. ამის მაგალითად საბჭოთა ავტორებს მოჰყავდათ თუნდაც იმ დროისათვის სულ ახალი ამბავი – ისრაელის აგრესია ლიბანის წინააღმდეგ 1982 წლის შუახანებში. და ბოლოს, როგორც უცხოელი სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, რეგიონში ბატონობა საშუალებას იძლეოდა არა მარტო ეკონტროლებიათ მიმდებარე საზღვაო და სახმელთო რაიონების კომუნიკაციები, არამედ დასავლეთის სახელმწიფოებისთვის ინდოეთის ოკეანეში გასვლასაც უზრუნველყოფდა, სადაც 1980-იანი წლების დასაწყისში თავიანთი «სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების» უზრუნველყოფის მიზნით ამერიკული და ნატოური სამხედრო წრეები ცდილობდნენ გამაგრებას. 

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, ითვალისწინებდა რა სამხრეთ-ევროპული ომთ-ის, როგორც საბჭოთა კავშირისა და სხვა სოციალისტური ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიისთვის პლაცდარმის დიდ სამხედრო-სტრატეგიულ მნიშვნელობას, ბლოკის სარდლობას ამ რაიონში შექმნილი ჰქონდა ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების (გშძ) მსხვილი დაჯგუფება, რომელიც ბლოკის განკარგულებაში გამოყოფილი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, საბერძნეთისა და თურქეთის შეიარაღებული ძალებისგან შედგებოდა. ის დაყოფილი გახლდათ შემდეგ სარდლობებად: გაერთიანებული (სამოკავშირეო) სახმელეთო ჯარების (ორი სარდლობა – ომთ-ის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში), გაერთიანებული (სამოკავშირეო) სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) და გაერთიანებული (სამოკავშირეო) სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) სარდლობები, აგრეთვე ბლოკს დამრტყმელი სზძ-ის სარდლობაც. ნატო-ს გშძ-ის მთავარსარდლად სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ინიშნებიდა ამერიკელი ადმირალი, რომლის შტაბიც იმყოფებოდა ქალაქ ნეაპოლში (იტალია). 1980-იანი წლების დასაწყისში საზღვარგარეთული პრესა აღნიშნავდა, რომ აქ თავმოყრილი გახლდათ 1,1 მლნ.-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. 

ამ თეატრზე ბლოკის გშძ-ის შემადგენლობაში ყველაზე უფრო მსხვილ დაჯგუფებად ითვლებოდა სახმელეთო ჯარები (850 ათასზე მეტი ადამიანი 1980-იანი წლების დასაწყისში). უცხოური სამხედრო ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, ის მოიცავდა სხვადასხვა ტიპის 32 დივიზიას, 40-ზე მეტ ცალკეულ ბრიგადას, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილებსა და ქვედანაყოფებს. შეიარაღებაში მათ გააჩნდათ მართვადი რაკეტების (მრ) «ლანსი» ექვსი გასაშვები დანადგარი (გდ), უმართავი რაკეტების (ურ) «ონესტ ჯონი» 24 გდ, 5600-ზე მეტი ტანკი, საველე არტილერიის დაახლოებით 10500 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (170-მდე ჰაუბიცას შეეძლო სროლა ბირთვული საბრძოლო მასალებით), ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების (ტსმრ) 1300-ზე მეტი გდ, საზენიტო მართვადი რაკეტების (ზმრ) 330 გდ, 1300 საზენიტო საარტილერიო საშუალება, 1000-ზე მეტი თვითმფრინავი და საარმიო ავიაციის ვერტმფრენი, აგრეთვე სხვა შეიარაღება. 

ნატო-ს გშძ-ის სახმელეთო ჯარების დაჯგუფება სამხრეთ-ევროპული ომთ-ის სამხრეთ ნაწილში მოიცავდა იტალიურ და იტალიაში მყოფ ამერიკულ შენაერთებსა და ნაწილებს. მის ხელმძღვანელობას ახორციელებდა გაერთიანებული (სამოკავშირეო) სახმელეთო ჯარების სარდლობა თეტრის ამ ნაწილში, რომელსაც იტალიელი გენერალი მეთაურობდა. სარდლობის შტაბი იმყოფებოდა ქალაქ ვერონაში (იტალია). 

როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, 1980-იანი წლების დასაწყისში დაჯგუფების შემადგენლობაში შედიოდნენ იტალიის სახმელეთო ჯარების სამი საარმიო კორპუსი, ცალკეული ნაწილები და ქვედანაყოფები, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის აშშ-ის ნაწილები და ქვედანაყოფები. ნატო-ს სამხედრო სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ამ ჯარების მთავარი ამოცანა იქნებოდა შეტევითი (თავდაცვითი) საბრძოლო მოქმედებების წარმოება ჩრდილოიტალიურ მიმართულებაზე (ჩრდილოეთ საზღვარი გადიოდა აღმოსავლეთ ალპების მთავარ ქედზე, სამხრეთ საზღვარი – ადრიატიკის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე, რომელსაც ალპებში არსებული ბრენერისა /ბოლცანო – ინსბრუკი/ და ფილახის /ჯემონა – ფილახი/ სამთო გასასვლელებით იტალიიდან ავსტრიის ტერიტორიაზე, ხოლო გორიცა-ლუბლიანის გასასვლელით /გორიცა – ლუბლიანა/ კი – იუგოსლავიაში გავყავართ). მის მთელ გაყოლებაზე ადგილმდებარეობის რელიეფი რთული და მრავალფეროვანი გახლდათ. ჯარების მომედებებისთვის ყველაზე უფრო მოსახერხებლად ლომბარდიის დაბლობი ითვლებოდა, აგრეთვე აღინიშნებოდა, რომ მოცემულ მიმართულებაზე შენაერთები და ნაწილები ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს გშძ-ის სახმელეთო ჯარების მეზობელ დაჯგუფებებთან ერთობლივად იმოქმედებდნენ, ხოლო თეატრზე ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სჰძ-ისა და სზძ-ის თვითმფრინავები და ხომალდები კი მათ მხარს დაუჭერდნენ. 

სამხრეთ-ევროპული ომთ-ის სამხრეთ ნაწილში ნატო-ს გაერთიანებული სახმელეთო ჯარების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში გადაცემისთვის გამოყოფილი ი ტ ა ლ ი უ რ ი | ჯ ა რ ე ბ ი (დაახლოებით 240 ათასი ადამიანი) შეიცავდა სამ საარმიო კორპუსს (ორი საარმიო და ერთი ალპიური), ოთხ დივიზიას (ერთი ჯავშანსატანკო და სამი მექანიზებული), 12 ცალკეულ ბრიგადას (ორი მექანიზებული, ოთხი მოტოქვეითი, ხუთი ალპიური და ერთიც საპარაშუტო-სადესანტო), აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილებსა და ქვედანაყოფებს (იტალიის სახმელეთო ჯარების შესახებ იხ. Зарубежное военное обозрение, 1982, № 5, გვ. 28-31 – რედ.). 

უცხოელი სამხედრო სპეციალისტები აღნიშნავდნენ, რომ სახმელეთო ჯარების დაჯგუფების ძირითადი ნაწილი დისლოცირებული იყო ჩრდილოეთ იტალიაში. საბრძოლო მოქმედებების წარმოების შემთხვევაში მის პირველ ეშელონში, მათი აზრით, იქნებოდა ორი კორპუსი: მე-5 საარმიო (მიახლოებითი შემდგენლობა: ერთი ჯავშანსატანკო და ორი მექანიზებული დივიზია) და მე-4 ალპიური (ხუთამდე ცალკეული ალპიური ბრიგადა), მეორე ეშელონში კი – მე-3 საარმიო კორპუსი (ერთი მექანიზებული დივიზია და ცალკეული ბრიგადები). რეზერვში სამი ცალკეული ბრიგადის ყოლას ვარაუდობდნენ. ნატო-ს სარდლობის გეგმების შესაბამისად ჩატარებული სწავლებების გამოცდილებით, მოცემული დაჯგუფების გაძლიერებისთვის შეიძლებოდა გადაესროლათ ათამდე ცალკეული ბრიგადა ქვეყნის ცენტრალური და სამხრეთ რაიონებიდან. 

საზღვარგარეთული პრესა იტყობინებოდა, რომ ეს შენაერთები, ნაწილები და ქვედანაყოფები ძირითადად სხვა სახელმწიფოებში შესყიდული ან უცხოური ლიცენზიებით თავად იტალიაში წარმოებული იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით იყვნენ აღჭურვილი. 1982-83 წლების მიჯნაზე მათში მოითვლებოდა მრ «ლანსების» ექვსი გდ, დაახლოებით 1300 საშუალო ტანკი (800-ზე მეტი «ლეოპარდ-1» და 500-მდე M60A1 და M47), 4000-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ) და ჯავშანავტომობილი, საველე არტილერიის 2600-ზე მეტი ქვემეხი, ტსმრ «მოსკიტოს», «კობრას», SS-11-ისა და «თოუს» დაახლოებით 390 გდ, ზმრ «ჰოქისა» და «გაუმჯობესებული ჰოქის» 180 გდ, საზენიტო არტილერიის 200-მდე ქვემეხი, სარმიო ავიაციის 300 თვითმფრინავი და ვერტმფრენი და სხვა საბრძოლო ტექნიკა. 

ა მ ე რ ი კ უ ლ ი | ჯ ა რ ე ბ ი ომთ-ის სამხრეთ ნაწილში სამხრეთ-ევროპული ტაქტიკური ჯგუფის ნაწილებითა და ქვედანაყოფებით წარმოდგენილი იყვნენ (მისი საერთო რიცხოვნება დაახლოებით 5000 ადამიანი გახლდათ). ისინი, უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, აშშ სახმელეთო ჯარების იმ ნაწილებისა და ქვედანაყოფების ზურგის უზრუნველყოფისთვის იყვნენ განკუთვნილი, რომელთა განლაგებაც ომიანობის დროს ან კრიზისულ პერიოდებში სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე იგეგმებოდა (შეიარაღებაში მათ გააჩნდათ საარტილერიო სისტემები, რომელთაც შეეძლოთ მოწინააღმდეგის მიზნებისა და ობიექტების ბირთვული საბრძოლო მასალებით დაზიანება). მასში შედიოდნენ 509-ე ქვეითი პოლკის 1-ლი ცალკეული საპარაშუტო-სადესანტო ბატალიონი, ბირთვული საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფის 559-ე საარტილერიო ჯგუფი, ასევე ქალაქ ვიჩენცაში (იტალია) დისლოცირებული ზურგის უზრუნველყოფის მე-8 ჯგუფი. 

ამ დაჯგუფების შენაერთებისა და ნაწილების მიერ ჩატარებული სამეთაურო-საშტაბო და საჯარისო სწავლებების მსვლელობისას ხდებოდა, როგორც წესი, შემდეგი საკითხების დამუშავება: შეტევითი და თავდაცვითი მოქმედებების ორგანიზაცია და წარმოება ვითარების სხვადასხვანაირ პირობებში როგორც მასობრივი დაზიანების იარაღის (მდი), ისე ჩვეულებრივი საშუალებების გამოყენებით, სჰძ-ისა და სზძ-ის გაერთიანებებთან ურთიერთმოქმედება, აგრეთვე ჯარების მართვა. დიდი ყურადღება ეთმობოდა ჩრდილოეთ იტალიაში მოქმედი ბლოკის ჯარების გაძლიერების ღონისძიებებს ნატო-ს მობილური ძალების გადმოსროლის, ასევე რიგი იტალიური შენაერთებისა და ნაწილების დამატებით გაშლის ხარჯზე. 

ნატო-ს გშძ-ის სახმელეთო ჯარების დაჯგუფება სამხრეთ-ევროპული ომთ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოიცავდა საბერძნეთისა და თურქეთის სახმელეთო ჯარების ნატო-ში გადასაცემად გამოყოფილ შენაერთებსა და ნაწილებს, აგრეთვე აქ განლაგებულ ამერიკულ და ბრიტანულ ჯარებს. მათ ხელმძღვანელობას ახორციელებდა ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სახმელეთო ჯარების სარდალი ომთ-ის ამ ნაწილში (ჩვეულებრივ თურქი გენერალი), ხოლო მისი შტაბი კი იმყოფებოდა ქალაქ იზმირში (თურქეთი). სარდლობის პასუხისმგებლობის ზონა მოიცავდა ბალკანეთის ნახევარკუნძულის ტერიტორიის ნაწილს მისი მიმდებარე შავი ზღვის სრუტეების ზონით და თურქეთის აზიურ ნაწილს. მასში დისლოცირებული ბლოკის სახმელეთო ჯარები განკუთვნილი იყო შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციების წარმოებისთვის ნატო-ს გაერთიანებულ (სამოკავშირეო) სჰძ-სა და სზძ-თან მჭიდრო ურთიერთმოქმედებით. 

საზღვარგარეთული პრესის შეტყობინებების თანახმად, აღნიშნულ რაიონში გაშლილი იყო ნატო-ს გშძ-ის სახმელეთო ჯარების ძირითადი დაჯგუფება სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე, რომელიც 1980-იანი წლების დასაწყისში მოითვლიდა 28 დივიზიას, დაახლოებით 20 ცალკეულ ბრიგადას, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ცალკეულ ნაწილებსა და ქვედანაყოფებს. მათი უმრავლესობა თავმოყრილი გახლდათ ჩრდილოეთ საბერძნეთში, აღმოსავლეთ თრაკიასა (თურქეთის ევროპული ნაწილი) და თურქეთის აღმოსავლეთში, ე. ი. იმ რაიონებში, რომლებიც უშუალოდ ესაზღვრებოდა ვარშავის პაქტის სახელმწიფოებს. 

როგორც უცხოელი სამხედრო სპეციალისტები აღნიშნავდნენ, სახმელეთო ჯარების შენაერთებისა და ნაწილების ასეთი დისლოკაცია ითვლისწინებდა სავარაუდო მიმართულებებსაც, რომლებზედაც ვარაუდობდნენ საომარი მოქმედებების გაშლას. ესენი გახლდათ: საბერძნეთის, ბოსფორ-დარდანელის, ყარს-არზრუმისა და ყარაქიოსე-დიარბაქირის მიმართულებები. 

საბერძნეთის მიმართულება შემოისაზღვრებოდა დასავლეთში – ადრიატიკის ზღვით, აღმოსავლეთში თურქეთითა და ეგეოსის ზღვით. ბლოკის სარდლობის აზრით, მას უნდა უზრუნველეყო ჯარების გასვლა იუგოსლავიისა და ბულგარეთის ტერიტორიაზე სერბეთ-მაკედონიისა და რილო-როდოპის მთებში არსებული გასასვლელების გავლით. 

ბოსფორ-დარდანელის მიმართულება უმნიშვნელოვანეს მიმართულებად ითვლებოდა ომთ-ზე, რამდენადაც, უცხოელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, შავი ზღვის სრუტეების ზონის ბლოკადისა და შენარჩუნებისთვის წარმოებული ოპერაციების შედეგი სწორედ ამ რაიონში საბრძოლო მოქმედებების მსვლელობაზე იქნებოდა დამოკიდებული. ის შემოსაზღვრული გახლდათ თურქეთ-საბერძნეთის საზღვრით, ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროთი და შავი ზღვის სანაპიროთი. ადგილმდებარეობის პირობები აქ იძლეოდა მთელი ჯართა გვარეობებისა (ქვეითი ჯარის, მექანიზებული და ჯავშანსატანკო ჯარების და სხვა) და ძალების გამოყენების შესაძლებლობას. 

თურქეთის აღმოსვლეთ ნაწილში ნატო-ს სარდლობა გამოყოფდა კიდევ ორ მიმართულებას: ყარს-არზრუმისა და ყარაქიოსე-დიარბაქირის, რომლებიც საბჭოთა კავშირის საზღვრებთან გამოდიოდა. ორივე მიმართულება საბრძოლო ტექნიკისთვის ძნელადმისადგომი რთული მთაგორიანი რელიეფით გამოირჩევა. ჯარების მოქმედებებისთვის ყველაზე უფრო მოსახერხებელია შემდეგი გასასვლელები (შემოსასვლელები): ჭოროხის (შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ), ყარს-ერზინჯან-სივასისა და ყარაქიოსე-მუშ-ელიაზიგის (თურქული ქალაქების სახელწოდებათა მიხედვით). 

ს ა ბ ე რ ძ ნ ე თ ი ს | ჯ ა რ ე ბ ი, რომლებიც ნატო-ს გშძ-ის სახმელეთო ჯარების დაჯგუფებაში შედიოდნენ სამხრეთ-ევროპული ომთ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, წარმოდგენილი იყვნენ 1-ლი საველე არმიით (მასში შედიოდა ოთხი საარმიო კორპუსი), აგრეთვე ცენტრალური დაქვემდებარების შენაერთებით, ნაწილებითა და ქვედანყოფებით. უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, 1980-იანი წლების დასაწყისში ეს ჯარები მოითვლიდნენ პირადი შემადგენლობის 130 ათასზე მეტ ადამიანს და თავიანთ შემადგენლობაში ჰყავდათ 12 დივიზია (ერთი მოტოქვეითი, ათი ქვეითი და ერთიც სპეციალური დანიშნულების ჯარებისა), ხუთი ცალკეული ჯავშანსატანკო ბრიგადა (ორი მათგანი აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლებოდა ჯავშანსატანკო დივიზიაში შეეყვანათ), უმართავი რაკეტების (ურ) «ონესტ ჯონი» ორი ცალკეული დივიზიონი, ზმრ «გაუმჯობესებული ჰოქების» ორი დივიზიონი, 12 საარტილერიო დივიზიონი, სამი საზენიტო საარტილერიო დივიზიონი, საარმიო ავიაციის ცალკეული ბატალიონი და 14 ასეული (საბერძნეთის სახმელეთო ჯარების შესახებ იხ. Зарубежное военное обозрение, 1982, № 6, გვ. 27-30). მათ შეიარაღებაში შედგებოდა ურ «ონესტ ჯონების» რვა გასაშვები დანადგარი (გდ), 1500-ზე მეტი ტანკი, მათ რიცხვში 230 ფრანგული AMX-30, 300 ამერიკული M48A5, 950-მდე მოძველებული ამერიკული ნიმუშისა M47, M48 და M24, 1360-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ), 1500 ჯავშანავტომობილი, 120 ქვეითთა საბრძოლო მანქანა (ქსმ), 2600-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი, დაახლოებით 1200 ტანკსაწინააღმდეგო არტილერიის ქვემეხი. იყო ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების (ტსმრ) SS-11, «კობრა», «თოუ» და «მილანი» გარკვეული რაოდენობის გდ-ები, საზენიტო არტილერიის 130 ქვემეხი, საარმიო ავიაციის თითქმის 100 თვითმფრინავი და ვერტმფრენი. 

ნატო-ს ბლოკის სარდლობა თვლიდა, რომ საბერძნეთის მიმართულებაზე მოქმედი ბერძნული ჯარები აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლებოდა თრაკიაში (ოლქი საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსვლეთში) ნატო-ს მობილური სახმელეთო ძალების შემადგენლობიდან ნაწილებისა და ქვედანაყოფების გადასროლის გზით გაეძლიერებიათ. აგრეთვე ითვალისწინებდნენ ამ მიზნით თავად ქვეყანაში სამობილიაციო ღონისძიებების გატარებას. 

ომთ-ის ამ ნაწილში ნატო-ს გშძ-ის სახმელეთო ჯარების დაჯგუფების შემადგენლობაში გადასაცემად გამოყოფილი თ უ რ ქ ე თ ი ს | ჯ ა რ ე ბ ი მოიცავდა ოთხ საველე არმიას (1-ლი, მე-2, -3 და ეგეოსის არმიები, სულ 14 დივიზია), 21 ცალკეულ ბრიგადას (ექვსი ჯავშანსატანკო, ოთხი მექანიზებული, ცხრა ქვეითი, ერთი «კომანდოსებისა» და ერთიც საჰაერო-სადესანტო), საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ცენტრალური დაქვემდებარების ნაწილებსა და ქვედანაყოფებს (თურქეთის სახმელეთო ჯარების შესახებ იხ. Зарубежное военное обозрение, 1982, № 1, გვ. 34-38). ძირითადი დაჯგუფებები თავმოყრილი გახლდათ თურქეთის ევროპულ ნაწილში და ასევე ქვეყნის აღმოსავლეთ რაიონებშიც. კერძოდ, როგორც 1980-იანი წლების დასაწყისში საზღვარგარეთული პრესა აღნიშნავდა, აღმოსავლეთ თრაკიაში დისლოცირებული გახლდათ 1-ლი საველე არმიის (შტაბი ქ. უსქიუდარში) შენაერთები და ნაწილები (მე-2, -3, -4 და 15-ე საარმიო კორპუსები, სულ ათი დივიზია, რომელთაგან ორი იყო მექანიზებული და რვა ქვეითი, და ოთხი ცალკეული ბრიგადა), ასევე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილები და ქვედანაყოფები. უცხოელი სპეციალისტების შეფასებით, ეს ყველაზე უფრო კარგად დაკომპლექტებული და ბრძოლისუნარიანი არმია ბოსფორ-დარდანელის მიმართულებაზე მოკავშირეების ჯარებთან ერთობლივი საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის გახლდათ განკუთვნილი. 

საბჭოთა კავშირის საზღვრების მახლობლად იმყოფებოდა მე-3 საველე არმია (შტაბი ქ. ერზინჯანში). მის შემადგენლობაში შედიოდნენ მე-8 და -9 საარმიო კორპუსები, აგრეთვე სამი ცალკეული ბრიგადა, საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილები და ქვედანაყოფები. დიარბაქირის რაიონში დისლოცირებული გახლდათ მე-2 საველე არმიის (შტაბი ქ. კონიაში) მე-7 საარმიო კორპუსის ნაწილები და ქვედანაყოფები. ჯარების ეს დაჯგუფება განკუთვნილი იყო საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის ყარს-არზრუმისა და ყარაქიოსე-დიარბაქირის მიმართულებით. 

თურქეთის აზიური ნაწილის სამხრეთ-დასავლეთში, ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ რაიონებში დისლოცირებული იყვნენ ეგეოსის არმია (შტაბი ქ. ნარლიდერეში), მე-2 საველე არმიის მე-6 საარმიო კორპუსი (ადანა), ასევე მე-4 (ანკარა) და 11-ე (კირენია, კ. კვიპროსი) ცალკეული საარმიო კორპუსები, ცენტრალური დაქვემდებარების ცალკეული ნაწილები და ქვედანაყოფები. 

როგორც უცხოური სამხედრო გამოცემები იტყობინებოდნენ, თურქეთის სახმელეთო ჯარების ამ კონტინგენტის შენაერთებსა და ნაწილებს შეიარაღებაში გააჩნდათ საბრძოლო ტექნიკის როგორც თანამედროვე, ისე მოძველებული ნიმუშებიც – ძირითადად ამერიკული წარმოებისა. მათ რიცხვში მოითვლებოდა ურ «ონესტ ჯონების» 16 გდ, 3000-ზე მეტი საშუალო ტანკი (მათ შორის 40 «ლეოპარდ-1A3», დაახლოებით 150 M48A5, 1600 M47 და M48), თითქმის 3000 ჯტრ, საველე არტილერიის 5000-ზე მეტი ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (მათ შორის 44 ატომური ქვემეხი), ტანკსაწინააღმდეგო არტილერიის 2500 ქვემეხი, საარმიო ავიაციის დაახლოებით 300 თვითმფრინავი და ვერტმფრენი. 

ა მ ე რ ი კ უ ლ ი | ჯ ა რ ე ბ ი წარმოდგენილი იყვნენ ბირთვული საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფის 558-ე საარტილერიო ჯგუფით (შტაბი ელეფსისში) და ზურგის უზრუნველყოფის 67-ე ჯგუფით (ჩაქმაქალი, ქ. სტამბულის რაიონი), რომლებიც სამხრეთ-ევროპული ტაქტიკური ჯგუფის შემდგენლობაში შედიოდნენ, ხოლო ბ რ ი ტ ა ნ უ ლ ი | ჯ ა რ ე ბ ი კი – კუნძულ კვიპროსზე მყოფი ორი მოტოქვეითი ბატალიონით. 

საბჭოთა ავტორების სიტყვით, სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე საომარ მზადებათა ზოგად სისტემაში ნატო-ს სარდლობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ბლოკის სამხრეთ ფლანგის გაძლიერებას. კერძოდ, საზღვარგარეთული პრესის შეტყობინებებით, 1980-იანი წლების დასაწყისში იტალიის ტერიტორიაზე იგეგმებოდა 112 ფრთოსანი რაკეტის განლაგება (28 გდ), თეატრზე წარმოებდა ჯარების მართვის ახალი სისტემების გაშლა, დასაწყობების სისტემების გაფართოება, რადიოელექტრონული დაზვერვის, აგრეთვე საბჭოთა კავშირისა და სხვა სოციალისტური ქვეყნების ტერიტორიაზე განლაგებული ობიექტების შესახებ ინფორმაციების შეკრების პოსტებისა და სადგურების მშენებლობა. 

განსაკუთრებული ადგილი ეთმობოდა შტაბებისა და ჯარების ოპერატიულ და საბრძოლო მომზადებას, რომელსაც, საბჭოთა ავტორების შეფასებით, აშკარად გამოხატული ანტისაბჭოთა ხასიათი ჰქონდა. მას ორგანიზაციას უწევდნენ და ატარებდნენ ბლოკის სარდლობის მიერ დამტკიცებული გეგმების შესაბამისად, ხოლო მთავარ მიზნად კი ისახავდნენ შტაბების, შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების მომზადებას საბრძოლო ამოცანების შესრულებისთვის ვითარების სხვადასხვანაირ პირობებში როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული იარაღის გამოყენებითაც. ეროვნული გეგმების მიხედვით სწავლებების ჩატარებისას აუცილებლად ხდებოდა ნატო-ს ხელმძღვანელობის მოთხოვნების გათვალისწინება, რომელსაც ჰქონდა უფლება სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს გშძ-ის შემადგენლობაში გამოყოფილი სახმელეთო ჯარების მომზადების დონე ეკონტროლებია. 

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების დასკვნით, ბლოკის სარდლობის მიერ სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ჩატარებული მთელი ეს და სხვა პრაქტიკული ღონისძიებებიც მოწმობდნენ ნატო-ს მონაწილე ქვეყნების გეგმაზომიერ მზადებას ომისთვის საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური თამამეგობრობის სხვა სახელმწიფოთა წინააღმდეგ. და ამით ხსნიდნენ კიდევაც ისინი იმის აუცილებლობას, თუ რატომ უნდა აემაღლებია საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას თავისი საბრძოლო მზადყოფნა, რათა ძმური არმიების მებრძოლებთან ერთობლივად სოციალისტური მონაპოვრები საიმედოდ დაეცვათ. 

გამოყენებული ლიტერატურა 

Полковник запаса А. Горожанин, «Сухопутные войска НАТО на Южно-Европейском ТВД», Зарубежное Военное Обозрение, 1983 г. № 1. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა 

No comments:

Post a Comment