„როცა ურემი გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდება“ – გვასწავლის ქართული ანდაზა. გზა რომ დავინახოთ, აუცილებლად სინათლეც უნდა იყოს, თორემ წყვდიადში გზის გაკვლევა შეუძლებელია. სამწუხაროდ გადაბრუნებისას ურემიც გვარიანად დაგვიზიანდა და შეკეთებას მოითხოვს. განათლება კი სწორედ ის სინათლეა, სწორ გზას რომ გვიჩვენებს და ურემსაც შევაკეთებთ. ამიტომაც ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანესი და ძირითადი პრობლემა დღეს განათლების და მეცნიერების, კულტურისა და სულიერების გადარჩენაა. სწორი პოლიტიკური კურსის არჩევა, ეკონომიკის აღორძინება და განვითარება შეუძლებელია, თუ შესაბამისი დარგის მაღალი დონის სპეციალისტები არ გვეყოლა. უნივერსიტეტების, ინსტიტუტებისა და სკოლების სიმრავლე ვერ გვიშველის, თუ ძირეულად არ შეიცვალა ჩვენი დამოკიდებულება სასწავლო პროცესისადმი და მნიშვნელოვნად არ გავაუმჯობესეთ სწავლების ხარისხი. ამას კი მრავალი წლის თავდადებული შრომა სჭირდება – შრომა მასწავლებლის, მეცნიერის, მოსწავლის...
ძნელია საუბარი განათლების აუცილებლობაზე რუსთაველისა და დავითის, სულხან-საბას, ილიას, ვაჟასა და გალაკიონის ქვეყანაში. ჩვენ მართლაც ბევრი გვაქვს საამაყო: სვეტიცხოველი და ყინწვისი, ჯვარი და ნიკორწმინდა. კიდევ მრავალი და მრავალი ბრძენი და თავდადებული ქართველის გახსენება სიამაყის გრძნობით გვავსებს. ვტრაბახობთ ფიროსმანის გენიით და ქართული ჰანგების განუმეორებლობით. მაგრამ, სავალალოდ, რითაც ვამაყობთ, მხოლოდ წარსულია. მხოლოდ წარსული სახელები შემოგვრჩა თავის მოსაწონებლად.
დღეს ვანადგურებთ განათლებას და ვსპობთ მეცნიერებას. ხვალ ვაჭართა და კრიმინალთა, სხვათა მოჯამაგირეების მძიმე ხვედრი გველის. გზა, რასაც დავადექით, სრულ ინტელექტუალურ განადგურებას გვიქადის.
ვინ ვართ ჩვენ? განვითარებადი ქვეყნის უბადრუკი წარმომადგენლები თუ მაღალი კულტურისა და მრავალსაუკუნოვანი მდიდარი ტრადიციების მქონე ერი? თუ ამერიკელი და ევროპელი რეკომენდატორ-ექსპერტების ჭკუის დონით ვიმსჯელებთ, მართლაც უბადრუკები ვყოფილვართ. აბა ვინ ჭკუათმყოფელი ჩამოვა აქ? მათ ხომ თავიანთ ქვეყანაში უამრავი საქმე უნდა ჰქონდეთ და აქ ჩამოსასვლელად დროს რატომ ხარჯავენ? ამ ნაყარნუყარ ეკონიმისტებს და იურისტებს, აქ რომ გვიგზავნიან, მხოლოდ ლათინოამერიკელების ან აფრიკელების დონე შეეფერება.
ეს მე ერთხელ კარგად ვნახე, როცა 1992 წელს ამერიკელებთან ერთად „მომავლის სკოლა“ გავხსენი. მაშინ მოვლინებულ ამერიკელ მასწავლებლებს ვთხოვე, რომ ინგლისური ენის პროგრამაში, რომელიც მხოლოდ ბიბლიური მოთხრობებით იყო გავსებული, საერო საბავშვო ლექსები და მოთხრობებიც შეეტანათ. მაგალითისთვის მარკ ტვენის მოთხრობები მოვიტანე. „მარკ ტვენი? ჩვენ ასეთ მწერალს არ ვიცნობთ“ – მითხრა დამწყები კლასების მასწავლებელმა. „არც ტომ სოიერი და ჰეკლბერი ფინი გაგიგონიათ?“ – ვკითხე გაოცებულმა. „არა, არც მაგ მწერლებს ვიცნობთ“ – დინჯად მიპასუხა.
ერთ წელიწადში ის სკოლა მივატოვე, რადგან ჩემი „კოლეგები“ ბაპტისტები აღმოჩნდნენ და ფაქტობრივად თავიანთი მრევლის გამოზრდის სურვილი ამოძრავებდათ.
ის, რომ ასეთი მდარე ხარისხის უცხოელი სპეციალისტებით გაივსო ქვეყანა, სულაც არაა გასაკვირი. კარგი სპეციალისტები მათ იქ, თავიანთ ქვეყანაში სჭირდებათ.
განათლების რეფორმის ჩატარება რომ აუცილებელია, განა ეს ვინმესთვის საეჭვოა? მაგრამ ეს რეფორმა განათლებულმა და ჭკვიანმა ადამიანებმა უნდა ჩაატარონ და თანაც, საკუთარი ჭკუითა და გამოცდილებით და არა გადამთიელთა სულელური კარნახით. ჯერ-ჯერობით, მათ მიერ წარმოდგენილ კანონებს თუ გადავხედავთ, ჩვენს რეფორმატორებს ჭკუათმყოფლობის არაფერი ეტყობათ.
განათლება დიდი „წარმატებით“ გავანადგურეთ და ამას ევროგანათლების სისტემაში ინტეგრაციას უწოდებენ. ჯანმრთელობის რეფორმამ ავადმყოფობა აგვიკრძალა, განათლების რეფორმა კი სწავლას გვიკრძალავს, რადგან თურმე ზედმეტად განათლებულნი ვყოფილვართ.
განათლების რეფორმის დაწყებაც კი ვერ მოვასწარით, რომ რეფორმის გარეშე დავანგრიეთ. თავის გადარჩენა ფასიან სასწავლებლებს ვანდეთ და ის რაც კარგი გვქონდა, დავანგრიეთ – განათლება გავანადგურეთ.
რა პასუხს ვაძლევთ ჩვენს შთამომავლობას, თუ ერი და სახელმწიფო გავწირეთ? ბოლოს ისევ ჩვენ ვაგებთ პასუხს ერის წინაშე. ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს ვუტოვებთ ვალს გადასახდელად და შეუბრალებლად ვსპობთ კულტურას, მეცნიერებას, განათლებას და რაც მთავარია, სულიერებას. განა ამას შთამომავლობა გვაპატიებს?
რა გზას დავადგეთ, როცა ნათლად გამოჩნდა, რომ არჩეული გზა ტაძრამდე არ მიგვიყვანს?
ჩვენ მხოლოდ ჩვენი ხალხის ბუნებისა და ტრადიციის შესაბამისი ეკონომიკა, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემა გვჭირდება. ამ საქმეში უცხოელი კონსულტანტების რეკომანდაციები არ გამოგვადგება. დემოკრატიული განვითარების ჩვენი გზა მოსაძებნია და ამ გზის ძიებაში როგორც ქართველი კაცის მენტალიტეტი, ისე მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები უნდა გავითვალისწინოთ.
როცა სასკოლო და უმაღლესი განათლება სავალალო მდგომარეობაშია, გაყინული აუდიტორიების და სასწავლო პროცესის დევალვაციის გამო ახალგაზრდობის საკმაოდ დიდი ნაწილი ფაქტიურად ჩამოსცილდა განათლებას და ქუჩის ანაბარა დარჩა, უსაქმურობა მოითხოვს, რომ ახალგაზრდამ დრო გართობას მოახმაროს. ამას კი საკმაო თანხა სჭირდება. ფულის შოვნა, როცა ქვეყანაში ასეთი უმუშევრობაა, ადვილი არაა და ახალგაზრდა იძულებულია კრიმინალური გზით მოიპოვოს ფული. იზრდება კრიმინალთა რიგები და იძულებული ვხდებით გავადიდოთ დანახარჯები პოლიციის გაძლიერებაზე ისედაც უბადრუკი ბიუჯეტიდან. ეკონომიკის დაცემა კიდევ უფრო ანადგურებს განათლებას, კულტურას და სპორტს, რაც კიდევ უფრო ძაბავს კრიმინოგენულ სიტუაციას. დანახარჯები პოლიციაზე კიდევ უფრო დიდი იქნება. როგორც ვხედავთ, ეს პროცესი მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის და ბოლოს პოლიციური რეჟიმის სახელმწიფოს ვიღებთ.
ასევე უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ბიუჯეტზე კულტურის, მასობრივი სპორტისა და ტურიზმის დაკნინება. კინო-თეატრები პრაქტიკულად დაიხურა, ხოლო თეატრები სულს ღაფავს. კულტურას ჩამოცილებულმა ახალგაზრდობამ კი ღამის კლუბებს მიაშურა და ნარკომანიისა და პროსტიტუციის გზა ირჩია. კარგ სპორტსმენს, ისევე როგორც კარგ სტუდენტს, პრაქტიკულად დრო არ რჩება უსაქმურობისათვის და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ კრიმინალური გზა აირჩიოს.
კრიმინალური საზოგადოება დიდ შევსებას უმუშევართა არმიისგან იღებს. ამ მხრივ მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა. ამჟამად დაგეგმილია მასწავლებელთა 40 ათასით შემცირება. საინტერესოა, რამდენად შეამცირებს ეს მოსწავლეთა რაოდენობას და როგორ გაზრდის დამნაშავეთა სამყაროს? კრიმინალური სამყაროს მომძლავრების შედეგად გასაწევი დანახარჯები განა არ გადააჭარბებს მასწავლებელთა შემცირებით და სკოლების დახურვით მიღებულ ეკონომიას?
მართლაც გაოცებას იწვევს ჩვენი ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების საქმიანობა. მათ ხომ კარგად უნდა იცოდნენ, რომ როდესაც ადამიანის ხელფასი სიღატაკის ზღურბლზე რამდენჯერმე ნაკლებია, აუცილებლად გართულდება კრიმინოგენული სიტუაცია და ეს პოლიციაზე დანახარჯებს კიდევ უფრო გაზრდის. როდესაც სახელმწიფოს ხელმძღვანელი მუშაკების ხელფასი მეტროს დამლაგებლის ხელფასზე ათჯერ მცირეა, განა გასაკვირია, რომ ეს მოხელეები კორუმპირებულები ხდებიან და მაფიურ წარმონაქმნებს ქმნიან?
ჩვენ გონიერი, განათლებული დემოკრატიული სახელმწიფო უნდა შეგვექმნა და არა ნათელმხილველებისა და ასტროლოგების, დაბალი კულტურული დონის ხალხის მიერ შექმნილი პოლიციური რეჟიმის სხვათა მომსახურე განვითარებადი ქვეყანა. ჩვენი ტრადიციებისა და კულტურის დონის შესაფერისი სახელმწიფოს მშენებლობას კი, სურვილის გარდა, განათლება სჭირდება. განათლების გარეშე სწორ გზას ვერ ავირჩევთ. მიმბაძველობით ფონს ვერ გავალთ, საკუთარი სახელმწიფოს შენებაა საჭირო.
სწავლისა და შენების გზა ყველაზე მძიმე ტვირთია. სწორედ ეს მძიმე ტვირთი უნდა ატაროს ახალგაზრდობამ. ყველა უნდა ვეცადოთ, რომ ამ ურთულესი მდგომრეობიდან გამოსავალი ვიპოვოთ. ამისათვის ერთმანეთის თანადგომა გვჭირდება, თორემ ერი ვერ გადარჩება.
უფროსი თაობისადმი ხელისუფლების ზრუნვის სურვილი მკაფიოდ გამოიხატა წამლების გაძვირებაში: 7 თეთრიანი „კორვალოლი“ 40 თეთრი რომ გახდა, ალბათ იმითაა გამოწვეული, რომ „გული არ უნდა გვეტკინოს, და მაშინ არც წამალი დაგვჭირდება“. ალბათ ხელისუფლებას იმის სურვილიც აქვს, რომ საერთოდ არ ვიავადმყოფოთ და სიკვდილამდე ყველანი ჯანმრთელები ვიყოთ! ამას ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო მშვენივრად ახორციელებს. რაც შეეხება ხალხის სოციალურ დაცვაზე ზრუნვას, რაც უფრო ჩქარა წავლენ პენსიონერები ამ ქვეყნიდან უკეთეს სამყაროში და ამით პენსიონერების რაოდენობა რომ შემცირდება, ქვეყნის ბიუჯეტისთვისაც განა ეს უკეთესი არ იქნება?
სწორედ ესაა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მიზანი!
ხელისუფლება ბრძანებს: „სანამ სხვები ლაპარაკობენ, ჩვენ ვმუშაობთო“. ეტყობა, მე სწორედ იმ სხვებში შევდივარ, რადგან ხელისუფალთა „მუშაობამ“ ქვეყანა ისე დაანგრია, ხალხი ისე გაამათხოვრა (ზოგიერთის გამილიონერების ხარჯზე), რომ თქვენთან ერთად „მუშაობას“ სწორედ „პენსიონერობა“ მირჩევნია. ამიტომაც უარი ვთქვი იმ სამარცხვინო „პროფესორის სტიპენდიაზე“, რომელიც უნივერსიტეტმა შემომთავაზა და ის „პენსია“ ვარჩიე, რომლის მიღებაც ვერაფრით უზრუნველყოფს ვერც „ღირსეულ სიბერეს“ და ვერც „სიღარიბის დაძლევას“.
ან როგორ უნდა უზრუნველყოს, როდესაც, ხელისუფლების განცხადებით, თურმე საქართველოს უკანასკნელი წლების განმავლობაში მრავალი მილიარდი დოლარი დაუხარჯავს ქართული ჯარის შეიარაღებისთვის!
ეს იმ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა განადგურებულია და მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილით სიკვდილს ებრძვის.
ეს იმ ყვეყანაში, სადაც ერაყში ჯარისკაცად გამწესების მიზნით ქართველი სამობილიზაციო პუნქტებში ქრთამის მიცემასაც კი არ თაკილობს, რათა ჯარისკაცის ხელფასით საკუთარი ოჯახი შიმშილისგან იხსნას.
ეს იმ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება მხოლოდ ამერიკელთა ბრძანებებით მოქმედებს. ახლა კი „ნატოს“ პირდაპირი დიქტატის დრო დგება.
სჩანს, რომ სწორედ „ნატოს“ საჭიროებებისთვის ჩატარდა სასკოლო განათლების დამანგრეველი რეფორმა: სწავლის ხანგრძლიობის გაზრდა 12 წლამდე მაშინ, როდესაც სასწავლო პროგრამები ნორმალური მეშვიდე კლასის განათლების დონეს არ აღემატება!
რატომ იყო ეს საჭირო?
იმიტომ, რომ ჯარისკაცი სამსახურს „უკეთ გაივლის“, თუ მას საკუთარი აზროვნების უნარი დაქვეითებული აქვს. მთავარია, რომ მას „ბრძანების მოსმენის“ და შემდეგ, მისი უსიტყვოდ შესრულების „უნარ-ჩვევები“ ჰქონდეს. სწორედ ასეთი ჯარისკაცები არიან მათთვის „სანდო პატრიოტები“. ეს ის „პატრიოტები“ იყვნენ, რომლებმაც საკუთარ ხალხს 7 ნოემბერი მოუწყეს: ასეთები საკუთარ ძმასაც გასწირავენ და მშობლებსაც... ხელკეტები და გაზი კი პენსიონერებსაც გვერგო!
ასეთი ჯარისკაცები სჭირდება „ნატოს“ და ქართული სკოლაც სწორედ ასეთი ჯარისკაცების „სამჭედლოა“. სწორედ ასეთი ჯარი შექმნა „ნატომ“ თურქეთში. ეს მუსულმანურ სამყაროში ერთადერთი ჯარია, რომელიც ბრძანებით საკუთარ ხალხს ესვრის. ასეთი ჯარი საქართველოშიც შეიქმნა და სწორედ ამიტომ ხდება ახალგაზრდების ზომბირება ე. წ. „პატრიოტულ ბანაკებში“.
ალბათ, სწორედ ამიტომ გააუქმეს საშუალო სკოლა და მას „საჯარო სკოლა“ უწოდეს, რათა გონებაჩლუნგი ჯარისკაცები აღუზარდოს ჯარს...
მართლაც, პრაქტიკულად გაუნათლებელი ახალგაზრდობა 18 წლის ასაკში ამთავრებს „საჯარო“ სკოლას ატესტატით, რომელსაც არც ერთი საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებელი არ ცნობს უბადრუკი სასწავლო პროგრამების გამო. ეს ახალგაზრდა ან ქართულ „სუროგატ უმაღლეს სასწავლებელში“ უნდა მოხვდეს უბადრუკი „ეროვნული გამოცდებით“, ან პირდაპირ ჯარისკაცად გამწესდეს. ამ სასწავლებლების „დიპლომსაც“ საზღვარგარეთის არც ერთი ქვეყანა არ სცნობს (ასევე უბადრუკი სასწავლო პროგრამების გამო). თუმცა, თუ ამ ახალგაზრდას „ნატო“ 500-დოლარიან სამსახურს შესთავაზებს, ის სიამოვნებით აიღებს ხელში იარაღს და ბრძანებით არა მარტო მსოფლიოს ნებისმიერ „ცხელ წერტილში“ გაემგზავრება „საზარბაზნე ხორცად“, არამედ, თავისსავე მოყვასს, ნათესავს და მშობელსაც კი არ დაინდობს, თუ „ბრძანება გაიცა!“
თუმცა, არც სხვათა მოჯამაგირეებისთვისაა საჭირო „ზედმეტი განათლება“. მომსახურე პერსონალისთვის ზანგებისთვის განკუთვნილი ინგლისური ენის ცოდნაც საკმარისია. მომავალში, ალბათ, ქართული ენის ადგილს თურქული დაიკავებს, როგორც ეს თურქეთის მიერ მიტაცებულ ქართულ მიწაზე მოხდა.
სხვა „უნივერსიტეტებზე“ რომ აღარაფერი ვთქვათ, დღეს თვით ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი აღარ არსებობს, რადგან ის უნივერსიტეტის არსებობისთვის არც ერთ საერთაშორისო მოთხოვნას (შენობის გარდა) არ აკმაყოფილებს.
1. გაუქმდა სამეცნიერო სექტორი. სამეცნიერო მუშაობა ფორმალური და უხარისხოა სწორედ უსახსრობის გამო.
2. უნივერსიტეტში დარჩენილ პროფესორ-მასწავლებლების უდიდესი ნაწილის დონე შეიძლება მხოლოდ ძველი ტექნიკუმების შესაბამისი პერსონალის დონეს აღწევდეს.
3. სტუდენტების მომზადების დონე ტექნიკუმების მოსწავლეების დონეზე დაბალიცაა, რადგან სკოლიდან მოსული აბიტურიენტების დონე ადრინდელი მეშვიდე კლასის განათლების დონეს არ აღემატება.
4. უნივერსიტეტში სასწავლო გეგმა, პროგრამები და მთლიანად სასწავლო პროცესი (კომპიუტერების სიუხვის მიუხედავად) იმდენად დაბალი დონისაა, რომ გაცემულ ატესტატებს მხოლოდ საქართველოში თუ აქვს ფასი, ისიც საეჭვოა. სწორედ ამიტომ, როდესაც ჩვენმა „ბაკალავრიატდამთავრებულებმა“ ევროპის უნივერსიტეტებში „მაგისტრობა“ მოინდომეს საბუთები უკან დაუბრუნეს სასწავლო პროგრამების უვარგისობის გამო.
განა ვინმეს გაუჩნდება სურვილი გახდეს მეცნიერი, როდესაც მეცნიერება უბადრუკ დღეშია? ხელისუფლება ებრძვის მეცნიერებს და უცხოელთა რეკომენდაციით მიზნად აკადემიისა და უნივერსიტეტების განადგურება დაუსახავს.
ხელისუფლება თვლის, რომ საქართველოსთვის მეცნიერება ფუფუნებაა და ის უნდა მოისპოს, მაგრამ ამას რომ განათლების განადგურება და გაუნათლებელი საზოგადოების შექმნა მოჰყვება, ეს არ ადარდებს, რადგან განვითარებად ქვეყანაში ეს ასეა.
ასევე სასწრაფოდ უნდა დაინგრეს მეცნიერება თავისი ინსტიტუტებით და აკადემიით. ამიტომაც ბრძანებს მეცნიერებისა და განათლების მინისტრი, რომ აკადემია „საბჭოური გადმონაშთიაო“ და მისი გაუქმება განუზრახავს. სწორიც არის, რადგან „საბჭოთა პერიოდში“ საქართველო „განვითარებადი ქვეყანა“ არ ყოფილა და ჩვენ მსოფლიო დონის მეცნიერებით მოგვქონდა თავი. დღეს ეს მეცნიერები თანდათან სტოვებენ ამ ქვეყნიერებას, ხოლო მათმა შემცვლელებმა კარგა ხანია თავი დააღწიეს ამ „თურმე განუვითარებელ“ ქვეყანას და თავს საზღვარგარეთ გაქცევით უშველეს. აქ მხოლოდ სხვათა მოჯამაგირე-მოსამსახურენი დარჩებიან უცხო ტურისტებისა და აქაური უსინდისოდ გამდიდრებული ბანდიტების საამებლად.
დღეს ჟურნალისტური გამოძიების ძირითადი თემა არის „რა ხდება?“ ეს ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, მისი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, თუმცა, გაცილებით მნიშვნელოვანი სხვა კითხვაა:
რატომ ხდება? რა არის მიზეზი იმისა, რაც ხდება?
მთავარი ის კი არაა, რომ მეცნიერება და განათლება ნადგურდება, მთავარი იმის გაგებაა, თუ რატომ ხდება ყველაფერი ისე, როგორც ხდება? რაში მდგომარეობს ამ განადგურების ჭეშმარიტი მიზეზი?
სწორედ ეს კითხვები აინტერესებს მეცნიერებას და მეცნიერებს. იმედია, სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა გახდება ჟურნალისტური გამოძიების მთავარი მიზანი. თუ ამ შეკითხვებს ვუპასუხებთ, ჩვენ შევძლებთ ქვეყნის მომავლის პროგნოზირებას, რა მოგველის, რა გზას უნდა დაადგეს საქართველო?
ჯერ კი იმისი გარკვევა გვჭირდება, თუ რატომ გადაიხვეწა მილიონამდე ქართველი საზღვარგარეთ? რატომ ვერ შევუქმენით მინიმალური სასიცოცხლო პირობები ჩვენს მოქალაქეებს საკუთარ ქვეყანაში და რატომ ვაიძულეთ უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა თავი საზღვარგარეთ შეეფარებინა?
ჰკითხეთ მათ, ვინც იძულებული გახდა სამშობლოდან გადახვეწილიყო: „რატომ გაიქცნენ? რამ აიძულათ ქვეყანა დაეტოვებინათ?“
ბლეზ პასკალი ამბობდა: „საკმარისია საფრანგეთი სამასმა ინტელექტუალმა დასტოვოს, რომ ის იდიოტების ქვეყანად გადაიქცეს“! რამდენმა ინტელექტუალმა დასტოვა საქართველო და როდის გადაიქცევა ეს ქვეყანა იდიოტების ქვეყნად? იქნებ უკვე გადაიქცა კიდეც?
ეს ჟურნალისტური გამოძიების მეტად მნიშვნელოვანი თემაა. სწორედ მან უნდა გასცეს პასუხი კითხვას: რატომ ვანადგურებთ განათლებას, მეცნიერებას, კულტურას და საერთოდ, ინტელიგენციას?
ერთ-ერთი პასუხი მე ბატონ ჰაჩისონისაგან, ამერიკის საელჩოს ატაშესაგან მივიღე 1992 წელს, როდესაც მან მითხრა: „თქვენ განვითარებადი ქვეყანა ხართ და სახელმწიფომ მხოლოდ დაწყებითი განათლება უნდა დააფინანსოს!“
მოგვიანებით ანალოგიური პასუხი საფრანგეთის ელჩმა ბერნარ ფასიემ პირად საუბარში გამცა: „თქვენ რად გინდათ განათლების პროგრამა, თქვენ ხომ თეთრკანიანი ზანგები ხართ!“
არ მინდა ვინმემ ზანგებს შეურაცხყოფა მიაყენოს, მაგრამ ეს ფრაზა რომ ქართველების შეურაცხყოფაა, ცხადია, რადგან ისინი ჩვენ „განვითარებადი ქვეყნის წარმომადგენლებად“ გვთვლიან!
სწორედ ეს უნდა გახდეს ჟურნალისტური გამოძიების მთავარი თემა: რატომ და როგორ გახდა საქართველო განვითარებადი ქვეყანა და რა მოუტანა ქვეყანას ამ სტატუსის მიღებამ?!
განათლების რეფორმა, ხელისუფალთა აზრით, წარმატებით ჩატარდა. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ეს აზრი სავსებით სწორია. მათ შესძლეს მიზნის მიღწევა, მაგრამ როგორი იყო ეს რეფფორმა საქართველოსთვის? რა მოიტანა ამ რეფორფმამ, ნგრევა ხომ არა? თუ გამოიკვლევთ, ნახავთ, რომ ეს რეფორმა აფრიკისა და ლათინური ამერიკის განვითარებადი ქვეყნებისთვის განკუთვნილი განათლების რეფორმის ზუსტი ასლი იყო იმ განსხვავებით, რომ აქ პროფესურა თავიდან მოიცილეს.
რატომ გაწირეს განათლება, მეცნიერება და კულტურა? რატომ ებრძვიან უნივერსიტეტს? თუ კორუფციის დონით სწორედ იურიდიული ფაკულტეტი გამოირჩეოდა და იქ მოხვედრა ქრთამის გარეშე შეუძლებელი იყო, რატომ დანიშნეს უნივერსიტეტის რექტორად სწორედ სოხუმის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და თბილისის უნივერსიტეტში გადოქტორებული ხუბუა უნივერსიტეტის რექტორად? უნივერსიტეტის გასანადგურებლად და მისი კორპუსების გასაყიდად თუ პროფესორების წინააღმდეგ რეპრესიების განსახორციელებლად?
ვინც განათლებისა და მეცნიერების რეფორმას ატარებენ, არც მეცნიერები არიან და არც განათლებულნი. სწორედ მათ დაადგინეს, რომ 30 სტუდენტის მომზადებას თურმე ერთი პროფესორ-მასწავლებელი სჭირდება. ადრე 7 სტუდენტზე მოდიოდა ერთი მასწავლებელი და ამიტომაც პროფესორ-მასწავლებლების უპრეცედენტო შემცირება მოჰყვა.
ახლა გაიძახიან, რომ თურმე ამდენი არც ჟურნალისტი სჭირდება ქვეყანას, არც ინჟინერი და არც ექიმი. მათი რაოდენობა მკვეთრად უნდა შემცირდეს!
რას გამოიწვევს ეს მკვეთრი შემცირება?
ვთქვათ 10 ჟურნალისტის ყოველწლიური გამოშვება სავსებით საკმარისია. გამოდის, რომ ექვსი წლის მანძილზე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მხოლოდ 60 სტუდენტი უნდა იყოს და მას მხოლოდ ორი მასწავლებელი ასწავლის?! გაიხსენეთ, რამდენი საგანი გქონდათ სასწავლი და რამდენ პროფესორ-მასწავლებელს ჩააბარეთ გამოცდები!
განა ორი მასწავლებელი 60 მომავალ მშენებელ-ინჟინერს ან ფიზიკოსს გამოზრდის? ასეთი შემცირება არა მარტო მაგისტრატურას, ბაკალავრიატსაც მოსპობს. მაგისტრატურა უკვე თუნდაც იმით მოსპეს, რომ ის ფასიანი გახადეს და წელიწადში 4500 ლარად შეაფასეს. ვინ შესძლებს ამ ფასის გადახდას? და რადგან მაგისტრატურა ფაქტობრივად მოისპო, ბაკალავრიატის დიპლომი რომ უმაღლესი განათლების მიღებას არ ნიშნავს, განა ეს თქვენ არ იცით? მაშ რატომ ატყუებენ სტუდენტებს და სულ ტყუილად ახდევინებენ ფულს მათ მშობლებს იმ ფარატინა ქაღალდის მისაღებად, რომელსაც „დიპლომი“ ჰქვია?
თუმცა, უნივერსიტეტი უკვე აღარც არსებობს. ის შარშან გარდაიცვალა და ახლა მისი დასაფლავების პროცესი მიმდინარეობს...
რატომ წაართვეს ახალგაზრდებს უმაღლესი განათლების მიღების უფლება? ჰკითხეთ განათლების სამინისტროს მესვეურებს, რომლებსაც პატარა ტექნიკური „უნივერსიტეტი“ უნდათ და კიდევ უფრო პატარა „სახელმწიფო უნივერსიტეტი“. გინახავთ კი მსოფლიოში პატარა და თანაც მაღალი დონის უნივერსიტეტი? მით უმეტეს, როდესაც ოცდაათ სტუდენტზე ერთი პროფესორ-მასწავლებელი მოდის?
როგორ განსაზღვრა ქვეყნის ბედი იმ კანონებმა, რომლებიც სხვადასხვა დროს საქართველოს პარლამენტმა „მსოფლიო ბანკისა“ თუ სხვა უცხოური ორგანიზაციების ზეწოლით მიიღო?
თუ რა მოგვიტანა მიწის პრივატიზაციამ, ადვილი სანახავია, მაგრამ გადავა თუ არა ქართული მიწა მთლიანად უცხოელთა ხელში? მივიღებთ თუ არა ახალ „ყარაბაღს“ სამხრეთ საქართველოში და მოუწევს თუ არა ქართველს ამ დალოცვილი მიწის დატოვება ისევე, როგორც აფხაზეთიდან და ზემო ქართლიდან მოუწია?
რატომ გაიზარდა კრიმინალური სამყარო? რატომ გაივსო თურქეთისა და ევროპის საროსკიპოები და საპატიმროები ქართველებით? რატომ აძევებენ ქართველებს ევროპის ქვეყნებიდან?
ნუთუ ეს ყველაფერი მხოლოდ შიმშილის ბრალია? იქნებ კიდევ სხვა რამეა ამისი მიზეზი? ხალხის დაბეჩავებული და გაღატაკებული ბრბოს შექმნა ვის ინტერესებში შედის? ნუთუ მათხოვარი ბავშვები ვინმეს აწყობს? თუ არა, მაშინ შადრევნების ნაცვლად ბავშვთა თავშესაფრებს რატომ არ ვაშენებთ?
ნუთუ უცხოური ინვესტიციების იმედად უნდა იყოს ჩვენი წარმოება მაშინ, როდესაც საკუთარ მილიონერებს საკუთარი ქვეყნის წარმოება მხოლოდ წყალ-სასმელებს დაუკავშირეს? ნუთუ ქართველებს სხვა არაფრის შნო არა გვაქვს?
მაინც რა ქნას იმ ახალგაზრდამ, გზაჯვარედინზე რომ დგას და ირგვლივ უკუნი სიბნელეა? რა გზას დაადგეს, როცა კარგად ხედავს, რომ განათლებულობამ ფასი დაკარგა და წესიერი ცხოვრებით ვერც ოჯახს შექმნის და ვერც თავს გამოიკვებავს? ამიტომაც გახშირდა ყაჩაღობა და ქურდობა, ახალგაზრდები ნარკოტიკებით ბრუვდებიან და ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებენ.
საქართველოში ათასობით ბავშვისათვის მათხოვრობა ცხოვრების წესი გახდა. ისინი თბილისსა და მთელ საქართველოს მოეფინენ და მათი მომავალი უკვე გადაწყვეტილია. ისინი უბადრუკი ქვეყნის ღატაკ შვილებად დარჩებიან, თუ ცხოვრების გზაჯვარედინზე კრიმინალური გზა არ აირჩიეს.
აი, სადამდე მიგვიყვანა იმ „არასაბჭოური ქართული დემოკრატიის“ გზამ, რომელიც შევარდნაძემ თავს მოგვახვია და რომელზეც მისი ნაშიერ-გამოზრდილნი მტკიცე ნაბიჯით მიაბიჯებენ.
საქართველოს მომავალი საფრთხეშია. საქართველოს ძალიან უჭირს და ჩვენგან (და არა გადამთიელთაგან) შველას ითხოვს.
გაიხსენეთ დიდი მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ და ბრწყინვალე პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“. ჩვენ ჯაყოებიც მოვიმრავლეთ და ყვარყვარეებიც, ხოლო წესიერი ხალხი მართლაც ხიზანი გახდა საკუთარ ქვეყანაში...
წერილი ბლოგზე გამოქვეყნებისთვის მოამზადა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment