Sunday, February 23, 2025

მერაბ ჯიბლაძე – გზაჯვარედინზე

(წერილი პირველად გამოქვეყნდა გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“, 2007 წლის 15 ოქტომბერს; აქ კი გადმოვიტანეთ მერაბ ჯიბლაძის წიგნიდან „გზაჯვარედინზე“, თბ., 2010 წ., გვ. 3–12, რომელიც გამოქვეყნდა პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ ეგიდით, წარმოადგენს ავტორის პუბლიცისტური წერილების კრებულს და მოიცავს 318 გვერდს) 




„როცა ურემი გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდება“ – გვასწავლის ქართული ანდაზა. გზა რომ დავინახოთ, აუცილებლად სინათლეც უნდა იყოს, თორემ წყვდიადში გზის გაკვლევა შეუძლებელია. სამწუხაროდ გადაბრუნებისას ურემიც გვარიანად დაგვიზიანდა და შეკეთებას მოითხოვს. განათლება კი სწორედ ის სინათლეა, სწორ გზას რომ გვიჩვენებს და ურემსაც შევაკეთებთ. ამიტომაც ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანესი და ძირითადი პრობლემა დღეს განათლების და მეცნიერების, კულტურისა და სულიერების გადარჩენაა. სწორი პოლიტიკური კურსის არჩევა, ეკონომიკის აღორძინება და განვითარება შეუძლებელია, თუ შესაბამისი დარგის მაღალი დონის სპეციალისტები არ გვეყოლა. უნივერსიტეტების, ინსტიტუტებისა და სკოლების სიმრავლე ვერ გვიშველის, თუ ძირეულად არ შეიცვალა ჩვენი დამოკიდებულება სასწავლო პროცესისადმი და მნიშვნელოვნად არ გავაუმჯობესეთ სწავლების ხარისხი. ამას კი მრავალი წლის თავდადებული შრომა სჭირდება – შრომა მასწავლებლის, მეცნიერის, მოსწავლის... 

ძნელია საუბარი განათლების აუცილებლობაზე რუსთაველისა და დავითის, სულხან-საბას, ილიას, ვაჟასა და გალაკიონის ქვეყანაში. ჩვენ მართლაც ბევრი გვაქვს საამაყო: სვეტიცხოველი და ყინწვისი, ჯვარი და ნიკორწმინდა. კიდევ მრავალი და მრავალი ბრძენი და თავდადებული ქართველის გახსენება სიამაყის გრძნობით გვავსებს. ვტრაბახობთ ფიროსმანის გენიით და ქართული ჰანგების განუმეორებლობით. მაგრამ, სავალალოდ, რითაც ვამაყობთ, მხოლოდ წარსულია. მხოლოდ წარსული სახელები შემოგვრჩა თავის მოსაწონებლად. 

დღეს ვანადგურებთ განათლებას და ვსპობთ მეცნიერებას. ხვალ ვაჭართა და კრიმინალთა, სხვათა მოჯამაგირეების მძიმე ხვედრი გველის. გზა, რასაც დავადექით, სრულ ინტელექტუალურ განადგურებას გვიქადის. 

ვინ ვართ ჩვენ? განვითარებადი ქვეყნის უბადრუკი წარმომადგენლები თუ მაღალი კულტურისა და მრავალსაუკუნოვანი მდიდარი ტრადიციების მქონე ერი? თუ ამერიკელი და ევროპელი რეკომენდატორ-ექსპერტების ჭკუის დონით ვიმსჯელებთ, მართლაც უბადრუკები ვყოფილვართ. აბა ვინ ჭკუათმყოფელი ჩამოვა აქ? მათ ხომ თავიანთ ქვეყანაში უამრავი საქმე უნდა ჰქონდეთ და აქ ჩამოსასვლელად დროს რატომ ხარჯავენ? ამ ნაყარნუყარ ეკონიმისტებს და იურისტებს, აქ რომ გვიგზავნიან, მხოლოდ ლათინოამერიკელების ან აფრიკელების დონე შეეფერება. 

ეს მე ერთხელ კარგად ვნახე, როცა 1992 წელს ამერიკელებთან ერთად „მომავლის სკოლა“ გავხსენი. მაშინ მოვლინებულ ამერიკელ მასწავლებლებს ვთხოვე, რომ ინგლისური ენის პროგრამაში, რომელიც მხოლოდ ბიბლიური მოთხრობებით იყო გავსებული, საერო საბავშვო ლექსები და მოთხრობებიც შეეტანათ. მაგალითისთვის მარკ ტვენის მოთხრობები მოვიტანე. „მარკ ტვენი? ჩვენ ასეთ მწერალს არ ვიცნობთ“ – მითხრა დამწყები კლასების მასწავლებელმა. „არც ტომ სოიერი და ჰეკლბერი ფინი გაგიგონიათ?“ – ვკითხე გაოცებულმა. „არა, არც მაგ მწერლებს ვიცნობთ“ – დინჯად მიპასუხა. 

ერთ წელიწადში ის სკოლა მივატოვე, რადგან ჩემი „კოლეგები“ ბაპტისტები აღმოჩნდნენ და ფაქტობრივად თავიანთი მრევლის გამოზრდის სურვილი ამოძრავებდათ. 

ის, რომ ასეთი მდარე ხარისხის უცხოელი სპეციალისტებით გაივსო ქვეყანა, სულაც არაა გასაკვირი. კარგი სპეციალისტები მათ იქ, თავიანთ ქვეყანაში სჭირდებათ. 

განათლების რეფორმის ჩატარება რომ აუცილებელია, განა ეს ვინმესთვის საეჭვოა? მაგრამ ეს რეფორმა განათლებულმა და ჭკვიანმა ადამიანებმა უნდა ჩაატარონ და თანაც, საკუთარი ჭკუითა და გამოცდილებით და არა გადამთიელთა სულელური კარნახით. ჯერ-ჯერობით, მათ მიერ წარმოდგენილ კანონებს თუ გადავხედავთ, ჩვენს რეფორმატორებს ჭკუათმყოფლობის არაფერი ეტყობათ. 

განათლება დიდი „წარმატებით“ გავანადგურეთ და ამას ევროგანათლების სისტემაში ინტეგრაციას უწოდებენ. ჯანმრთელობის რეფორმამ ავადმყოფობა აგვიკრძალა, განათლების რეფორმა კი სწავლას გვიკრძალავს, რადგან თურმე ზედმეტად განათლებულნი ვყოფილვართ. 

განათლების რეფორმის დაწყებაც კი ვერ მოვასწარით, რომ რეფორმის გარეშე დავანგრიეთ. თავის გადარჩენა ფასიან სასწავლებლებს ვანდეთ და ის რაც კარგი გვქონდა, დავანგრიეთ – განათლება გავანადგურეთ. 

რა პასუხს ვაძლევთ ჩვენს შთამომავლობას, თუ ერი და სახელმწიფო გავწირეთ? ბოლოს ისევ ჩვენ ვაგებთ პასუხს ერის წინაშე. ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს ვუტოვებთ ვალს გადასახდელად და შეუბრალებლად ვსპობთ კულტურას, მეცნიერებას, განათლებას და რაც მთავარია, სულიერებას. განა ამას შთამომავლობა გვაპატიებს? 

რა გზას დავადგეთ, როცა ნათლად გამოჩნდა, რომ არჩეული გზა ტაძრამდე არ მიგვიყვანს? 

ჩვენ მხოლოდ ჩვენი ხალხის ბუნებისა და ტრადიციის შესაბამისი ეკონომიკა, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემა გვჭირდება. ამ საქმეში უცხოელი კონსულტანტების რეკომანდაციები არ გამოგვადგება. დემოკრატიული განვითარების ჩვენი გზა მოსაძებნია და ამ გზის ძიებაში როგორც ქართველი კაცის მენტალიტეტი, ისე მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები უნდა გავითვალისწინოთ. 

როცა სასკოლო და უმაღლესი განათლება სავალალო მდგომარეობაშია, გაყინული აუდიტორიების და სასწავლო პროცესის დევალვაციის გამო ახალგაზრდობის საკმაოდ დიდი ნაწილი ფაქტიურად ჩამოსცილდა განათლებას და ქუჩის ანაბარა დარჩა, უსაქმურობა მოითხოვს, რომ ახალგაზრდამ დრო გართობას მოახმაროს. ამას კი საკმაო თანხა სჭირდება. ფულის შოვნა, როცა ქვეყანაში ასეთი უმუშევრობაა, ადვილი არაა და ახალგაზრდა იძულებულია კრიმინალური გზით მოიპოვოს ფული. იზრდება კრიმინალთა რიგები და იძულებული ვხდებით გავადიდოთ დანახარჯები პოლიციის გაძლიერებაზე ისედაც უბადრუკი ბიუჯეტიდან. ეკონომიკის დაცემა კიდევ უფრო ანადგურებს განათლებას, კულტურას და სპორტს, რაც კიდევ უფრო ძაბავს კრიმინოგენულ სიტუაციას. დანახარჯები პოლიციაზე კიდევ უფრო დიდი იქნება. როგორც ვხედავთ, ეს პროცესი მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის და ბოლოს პოლიციური რეჟიმის სახელმწიფოს ვიღებთ. 

ასევე უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ბიუჯეტზე კულტურის, მასობრივი სპორტისა და ტურიზმის დაკნინება. კინო-თეატრები პრაქტიკულად დაიხურა, ხოლო თეატრები სულს ღაფავს. კულტურას ჩამოცილებულმა ახალგაზრდობამ კი ღამის კლუბებს მიაშურა და ნარკომანიისა და პროსტიტუციის გზა ირჩია. კარგ სპორტსმენს, ისევე როგორც კარგ სტუდენტს, პრაქტიკულად დრო არ რჩება უსაქმურობისათვის და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ კრიმინალური გზა აირჩიოს. 

კრიმინალური საზოგადოება დიდ შევსებას უმუშევართა არმიისგან იღებს. ამ მხრივ მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა. ამჟამად დაგეგმილია მასწავლებელთა 40 ათასით შემცირება. საინტერესოა, რამდენად შეამცირებს ეს მოსწავლეთა რაოდენობას და როგორ გაზრდის დამნაშავეთა სამყაროს? კრიმინალური სამყაროს მომძლავრების შედეგად გასაწევი დანახარჯები განა არ გადააჭარბებს მასწავლებელთა შემცირებით და სკოლების დახურვით მიღებულ ეკონომიას? 

მართლაც გაოცებას იწვევს ჩვენი ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების საქმიანობა. მათ ხომ კარგად უნდა იცოდნენ, რომ როდესაც ადამიანის ხელფასი სიღატაკის ზღურბლზე რამდენჯერმე ნაკლებია, აუცილებლად გართულდება კრიმინოგენული სიტუაცია და ეს პოლიციაზე დანახარჯებს კიდევ უფრო გაზრდის. როდესაც სახელმწიფოს ხელმძღვანელი მუშაკების ხელფასი მეტროს დამლაგებლის ხელფასზე ათჯერ მცირეა, განა გასაკვირია, რომ ეს მოხელეები კორუმპირებულები ხდებიან და მაფიურ წარმონაქმნებს ქმნიან? 

ჩვენ გონიერი, განათლებული დემოკრატიული სახელმწიფო უნდა შეგვექმნა და არა ნათელმხილველებისა და ასტროლოგების, დაბალი კულტურული დონის ხალხის მიერ შექმნილი პოლიციური რეჟიმის სხვათა მომსახურე განვითარებადი ქვეყანა. ჩვენი ტრადიციებისა და კულტურის დონის შესაფერისი სახელმწიფოს მშენებლობას კი, სურვილის გარდა, განათლება სჭირდება. განათლების გარეშე სწორ გზას ვერ ავირჩევთ. მიმბაძველობით ფონს ვერ გავალთ, საკუთარი სახელმწიფოს შენებაა საჭირო. 

სწავლისა და შენების გზა ყველაზე მძიმე ტვირთია. სწორედ ეს მძიმე ტვირთი უნდა ატაროს ახალგაზრდობამ. ყველა უნდა ვეცადოთ, რომ ამ ურთულესი მდგომრეობიდან გამოსავალი ვიპოვოთ. ამისათვის ერთმანეთის თანადგომა გვჭირდება, თორემ ერი ვერ გადარჩება. 

უფროსი თაობისადმი ხელისუფლების ზრუნვის სურვილი მკაფიოდ გამოიხატა წამლების გაძვირებაში: 7 თეთრიანი „კორვალოლი“ 40 თეთრი რომ გახდა, ალბათ იმითაა გამოწვეული, რომ „გული არ უნდა გვეტკინოს, და მაშინ არც წამალი დაგვჭირდება“. ალბათ ხელისუფლებას იმის სურვილიც აქვს, რომ საერთოდ არ ვიავადმყოფოთ და სიკვდილამდე ყველანი ჯანმრთელები ვიყოთ! ამას ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო მშვენივრად ახორციელებს. რაც შეეხება ხალხის სოციალურ დაცვაზე ზრუნვას, რაც უფრო ჩქარა წავლენ პენსიონერები ამ ქვეყნიდან უკეთეს სამყაროში და ამით პენსიონერების რაოდენობა რომ შემცირდება, ქვეყნის ბიუჯეტისთვისაც განა ეს უკეთესი არ იქნება? 

სწორედ ესაა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მიზანი! 

ხელისუფლება ბრძანებს: „სანამ სხვები ლაპარაკობენ, ჩვენ ვმუშაობთო“. ეტყობა, მე სწორედ იმ სხვებში შევდივარ, რადგან ხელისუფალთა „მუშაობამ“ ქვეყანა ისე დაანგრია, ხალხი ისე გაამათხოვრა (ზოგიერთის გამილიონერების ხარჯზე), რომ თქვენთან ერთად „მუშაობას“ სწორედ „პენსიონერობა“ მირჩევნია. ამიტომაც უარი ვთქვი იმ სამარცხვინო „პროფესორის სტიპენდიაზე“, რომელიც უნივერსიტეტმა შემომთავაზა და ის „პენსია“ ვარჩიე, რომლის მიღებაც ვერაფრით უზრუნველყოფს ვერც „ღირსეულ სიბერეს“ და ვერც „სიღარიბის დაძლევას“. 

ან როგორ უნდა უზრუნველყოს, როდესაც, ხელისუფლების განცხადებით, თურმე საქართველოს უკანასკნელი წლების განმავლობაში მრავალი მილიარდი დოლარი დაუხარჯავს ქართული ჯარის შეიარაღებისთვის! 

ეს იმ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა განადგურებულია და მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილით სიკვდილს ებრძვის. 

ეს იმ ყვეყანაში, სადაც ერაყში ჯარისკაცად გამწესების მიზნით ქართველი სამობილიზაციო პუნქტებში ქრთამის მიცემასაც კი არ თაკილობს, რათა ჯარისკაცის ხელფასით საკუთარი ოჯახი შიმშილისგან იხსნას. 

ეს იმ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება მხოლოდ ამერიკელთა ბრძანებებით მოქმედებს. ახლა კი „ნატოს“ პირდაპირი დიქტატის დრო დგება. 

სჩანს, რომ სწორედ „ნატოს“ საჭიროებებისთვის ჩატარდა სასკოლო განათლების დამანგრეველი რეფორმა: სწავლის ხანგრძლიობის გაზრდა 12 წლამდე მაშინ, როდესაც სასწავლო პროგრამები ნორმალური მეშვიდე კლასის განათლების დონეს არ აღემატება! 

რატომ იყო ეს საჭირო? 

იმიტომ, რომ ჯარისკაცი სამსახურს „უკეთ გაივლის“, თუ მას საკუთარი აზროვნების უნარი დაქვეითებული აქვს. მთავარია, რომ მას „ბრძანების მოსმენის“ და შემდეგ, მისი უსიტყვოდ შესრულების „უნარ-ჩვევები“ ჰქონდეს. სწორედ ასეთი ჯარისკაცები არიან მათთვის „სანდო პატრიოტები“. ეს ის „პატრიოტები“ იყვნენ, რომლებმაც საკუთარ ხალხს 7 ნოემბერი მოუწყეს: ასეთები საკუთარ ძმასაც გასწირავენ და მშობლებსაც... ხელკეტები და გაზი კი პენსიონერებსაც გვერგო! 

ასეთი ჯარისკაცები სჭირდება „ნატოს“ და ქართული სკოლაც სწორედ ასეთი ჯარისკაცების „სამჭედლოა“. სწორედ ასეთი ჯარი შექმნა „ნატომ“ თურქეთში. ეს მუსულმანურ სამყაროში ერთადერთი ჯარია, რომელიც ბრძანებით საკუთარ ხალხს ესვრის. ასეთი ჯარი საქართველოშიც შეიქმნა და სწორედ ამიტომ ხდება ახალგაზრდების ზომბირება ე. წ. „პატრიოტულ ბანაკებში“. 

ალბათ, სწორედ ამიტომ გააუქმეს საშუალო სკოლა და მას „საჯარო სკოლა“ უწოდეს, რათა გონებაჩლუნგი ჯარისკაცები აღუზარდოს ჯარს... 

მართლაც, პრაქტიკულად გაუნათლებელი ახალგაზრდობა 18 წლის ასაკში ამთავრებს „საჯარო“ სკოლას ატესტატით, რომელსაც არც ერთი საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებელი არ ცნობს უბადრუკი სასწავლო პროგრამების გამო. ეს ახალგაზრდა ან ქართულ „სუროგატ უმაღლეს სასწავლებელში“ უნდა მოხვდეს უბადრუკი „ეროვნული გამოცდებით“, ან პირდაპირ ჯარისკაცად გამწესდეს. ამ სასწავლებლების „დიპლომსაც“ საზღვარგარეთის არც ერთი ქვეყანა არ სცნობს (ასევე უბადრუკი სასწავლო პროგრამების გამო). თუმცა, თუ ამ ახალგაზრდას „ნატო“ 500-დოლარიან სამსახურს შესთავაზებს, ის სიამოვნებით აიღებს ხელში იარაღს და ბრძანებით არა მარტო მსოფლიოს ნებისმიერ „ცხელ წერტილში“ გაემგზავრება „საზარბაზნე ხორცად“, არამედ, თავისსავე მოყვასს, ნათესავს და მშობელსაც კი არ დაინდობს, თუ „ბრძანება გაიცა!“ 

თუმცა, არც სხვათა მოჯამაგირეებისთვისაა საჭირო „ზედმეტი განათლება“. მომსახურე პერსონალისთვის ზანგებისთვის განკუთვნილი ინგლისური ენის ცოდნაც საკმარისია. მომავალში, ალბათ, ქართული ენის ადგილს თურქული დაიკავებს, როგორც ეს თურქეთის მიერ მიტაცებულ ქართულ მიწაზე მოხდა. 

სხვა „უნივერსიტეტებზე“ რომ აღარაფერი ვთქვათ, დღეს თვით ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი აღარ არსებობს, რადგან ის უნივერსიტეტის არსებობისთვის არც ერთ საერთაშორისო მოთხოვნას (შენობის გარდა) არ აკმაყოფილებს. 

1. გაუქმდა სამეცნიერო სექტორი. სამეცნიერო მუშაობა ფორმალური და უხარისხოა სწორედ უსახსრობის გამო. 

2. უნივერსიტეტში დარჩენილ პროფესორ-მასწავლებლების უდიდესი ნაწილის დონე შეიძლება მხოლოდ ძველი ტექნიკუმების შესაბამისი პერსონალის დონეს აღწევდეს. 

3. სტუდენტების მომზადების დონე ტექნიკუმების მოსწავლეების დონეზე დაბალიცაა, რადგან სკოლიდან მოსული აბიტურიენტების დონე ადრინდელი მეშვიდე კლასის განათლების დონეს არ აღემატება. 

4. უნივერსიტეტში სასწავლო გეგმა, პროგრამები და მთლიანად სასწავლო პროცესი (კომპიუტერების სიუხვის მიუხედავად) იმდენად დაბალი დონისაა, რომ გაცემულ ატესტატებს მხოლოდ საქართველოში თუ აქვს ფასი, ისიც საეჭვოა. სწორედ ამიტომ, როდესაც ჩვენმა „ბაკალავრიატდამთავრებულებმა“ ევროპის უნივერსიტეტებში „მაგისტრობა“ მოინდომეს საბუთები უკან დაუბრუნეს სასწავლო პროგრამების უვარგისობის გამო. 

განა ვინმეს გაუჩნდება სურვილი გახდეს მეცნიერი, როდესაც მეცნიერება უბადრუკ დღეშია? ხელისუფლება ებრძვის მეცნიერებს და უცხოელთა რეკომენდაციით მიზნად აკადემიისა და უნივერსიტეტების განადგურება დაუსახავს. 

ხელისუფლება თვლის, რომ საქართველოსთვის მეცნიერება ფუფუნებაა და ის უნდა მოისპოს, მაგრამ ამას რომ განათლების განადგურება და გაუნათლებელი საზოგადოების შექმნა მოჰყვება, ეს არ ადარდებს, რადგან განვითარებად ქვეყანაში ეს ასეა. 

ასევე სასწრაფოდ უნდა დაინგრეს მეცნიერება თავისი ინსტიტუტებით და აკადემიით. ამიტომაც ბრძანებს მეცნიერებისა და განათლების მინისტრი, რომ აკადემია „საბჭოური გადმონაშთიაო“ და მისი გაუქმება განუზრახავს. სწორიც არის, რადგან „საბჭოთა პერიოდში“ საქართველო „განვითარებადი ქვეყანა“ არ ყოფილა და ჩვენ მსოფლიო დონის მეცნიერებით მოგვქონდა თავი. დღეს ეს მეცნიერები თანდათან სტოვებენ ამ ქვეყნიერებას, ხოლო მათმა შემცვლელებმა კარგა ხანია თავი დააღწიეს ამ „თურმე განუვითარებელ“ ქვეყანას და თავს საზღვარგარეთ გაქცევით უშველეს. აქ მხოლოდ სხვათა მოჯამაგირე-მოსამსახურენი დარჩებიან უცხო ტურისტებისა და აქაური უსინდისოდ გამდიდრებული ბანდიტების საამებლად. 

დღეს ჟურნალისტური გამოძიების ძირითადი თემა არის „რა ხდება?“ ეს ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, მისი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, თუმცა, გაცილებით მნიშვნელოვანი სხვა კითხვაა: 

რატომ ხდება? რა არის მიზეზი იმისა, რაც ხდება? 

მთავარი ის კი არაა, რომ მეცნიერება და განათლება ნადგურდება, მთავარი იმის გაგებაა, თუ რატომ ხდება ყველაფერი ისე, როგორც ხდება? რაში მდგომარეობს ამ განადგურების ჭეშმარიტი მიზეზი? 

სწორედ ეს კითხვები აინტერესებს მეცნიერებას და მეცნიერებს. იმედია, სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა გახდება ჟურნალისტური გამოძიების მთავარი მიზანი. თუ ამ შეკითხვებს ვუპასუხებთ, ჩვენ შევძლებთ ქვეყნის მომავლის პროგნოზირებას, რა მოგველის, რა გზას უნდა დაადგეს საქართველო? 

ჯერ კი იმისი გარკვევა გვჭირდება, თუ რატომ გადაიხვეწა მილიონამდე ქართველი საზღვარგარეთ? რატომ ვერ შევუქმენით მინიმალური სასიცოცხლო პირობები ჩვენს მოქალაქეებს საკუთარ ქვეყანაში და რატომ ვაიძულეთ უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა თავი საზღვარგარეთ შეეფარებინა? 

ჰკითხეთ მათ, ვინც იძულებული გახდა სამშობლოდან გადახვეწილიყო: „რატომ გაიქცნენ? რამ აიძულათ ქვეყანა დაეტოვებინათ?“ 

ბლეზ პასკალი ამბობდა: „საკმარისია საფრანგეთი სამასმა ინტელექტუალმა დასტოვოს, რომ ის იდიოტების ქვეყანად გადაიქცეს“! რამდენმა ინტელექტუალმა დასტოვა საქართველო და როდის გადაიქცევა ეს ქვეყანა იდიოტების ქვეყნად? იქნებ უკვე გადაიქცა კიდეც? 

ეს ჟურნალისტური გამოძიების მეტად მნიშვნელოვანი თემაა. სწორედ მან უნდა გასცეს პასუხი კითხვას: რატომ ვანადგურებთ განათლებას, მეცნიერებას, კულტურას და საერთოდ, ინტელიგენციას? 

ერთ-ერთი პასუხი მე ბატონ ჰაჩისონისაგან, ამერიკის საელჩოს ატაშესაგან მივიღე 1992 წელს, როდესაც მან მითხრა: „თქვენ განვითარებადი ქვეყანა ხართ და სახელმწიფომ მხოლოდ დაწყებითი განათლება უნდა დააფინანსოს!“ 

მოგვიანებით ანალოგიური პასუხი საფრანგეთის ელჩმა ბერნარ ფასიემ პირად საუბარში გამცა: „თქვენ რად გინდათ განათლების პროგრამა, თქვენ ხომ თეთრკანიანი ზანგები ხართ!“ 

არ მინდა ვინმემ ზანგებს შეურაცხყოფა მიაყენოს, მაგრამ ეს ფრაზა რომ ქართველების შეურაცხყოფაა, ცხადია, რადგან ისინი ჩვენ „განვითარებადი ქვეყნის წარმომადგენლებად“ გვთვლიან! 

სწორედ ეს უნდა გახდეს ჟურნალისტური გამოძიების მთავარი თემა: რატომ და როგორ გახდა საქართველო განვითარებადი ქვეყანა და რა მოუტანა ქვეყანას ამ სტატუსის მიღებამ?! 

განათლების რეფორმა, ხელისუფალთა აზრით, წარმატებით ჩატარდა. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ეს აზრი სავსებით სწორია. მათ შესძლეს მიზნის მიღწევა, მაგრამ როგორი იყო ეს რეფფორმა საქართველოსთვის? რა მოიტანა ამ რეფორფმამ, ნგრევა ხომ არა? თუ გამოიკვლევთ, ნახავთ, რომ ეს რეფორმა აფრიკისა და ლათინური ამერიკის განვითარებადი ქვეყნებისთვის განკუთვნილი განათლების რეფორმის ზუსტი ასლი იყო იმ განსხვავებით, რომ აქ პროფესურა თავიდან მოიცილეს. 

რატომ გაწირეს განათლება, მეცნიერება და კულტურა? რატომ ებრძვიან უნივერსიტეტს? თუ კორუფციის დონით სწორედ იურიდიული ფაკულტეტი გამოირჩეოდა და იქ მოხვედრა ქრთამის გარეშე შეუძლებელი იყო, რატომ დანიშნეს უნივერსიტეტის რექტორად სწორედ სოხუმის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და თბილისის უნივერსიტეტში გადოქტორებული ხუბუა უნივერსიტეტის რექტორად? უნივერსიტეტის გასანადგურებლად და მისი კორპუსების გასაყიდად თუ პროფესორების წინააღმდეგ რეპრესიების განსახორციელებლად? 

ვინც განათლებისა და მეცნიერების რეფორმას ატარებენ, არც მეცნიერები არიან და არც განათლებულნი. სწორედ მათ დაადგინეს, რომ 30 სტუდენტის მომზადებას თურმე ერთი პროფესორ-მასწავლებელი სჭირდება. ადრე 7 სტუდენტზე მოდიოდა ერთი მასწავლებელი და ამიტომაც პროფესორ-მასწავლებლების უპრეცედენტო შემცირება მოჰყვა. 

ახლა გაიძახიან, რომ თურმე ამდენი არც ჟურნალისტი სჭირდება ქვეყანას, არც ინჟინერი და არც ექიმი. მათი რაოდენობა მკვეთრად უნდა შემცირდეს! 

რას გამოიწვევს ეს მკვეთრი შემცირება? 

ვთქვათ 10 ჟურნალისტის ყოველწლიური გამოშვება სავსებით საკმარისია. გამოდის, რომ ექვსი წლის მანძილზე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მხოლოდ 60 სტუდენტი უნდა იყოს და მას მხოლოდ ორი მასწავლებელი ასწავლის?! გაიხსენეთ, რამდენი საგანი გქონდათ სასწავლი და რამდენ პროფესორ-მასწავლებელს ჩააბარეთ გამოცდები! 

განა ორი მასწავლებელი 60 მომავალ მშენებელ-ინჟინერს ან ფიზიკოსს გამოზრდის? ასეთი შემცირება არა მარტო მაგისტრატურას, ბაკალავრიატსაც მოსპობს. მაგისტრატურა უკვე თუნდაც იმით მოსპეს, რომ ის ფასიანი გახადეს და წელიწადში 4500 ლარად შეაფასეს. ვინ შესძლებს ამ ფასის გადახდას? და რადგან მაგისტრატურა ფაქტობრივად მოისპო, ბაკალავრიატის დიპლომი რომ უმაღლესი განათლების მიღებას არ ნიშნავს, განა ეს თქვენ არ იცით? მაშ რატომ ატყუებენ სტუდენტებს და სულ ტყუილად ახდევინებენ ფულს მათ მშობლებს იმ ფარატინა ქაღალდის მისაღებად, რომელსაც „დიპლომი“ ჰქვია? 

თუმცა, უნივერსიტეტი უკვე აღარც არსებობს. ის შარშან გარდაიცვალა და ახლა მისი დასაფლავების პროცესი მიმდინარეობს... 

რატომ წაართვეს ახალგაზრდებს უმაღლესი განათლების მიღების უფლება? ჰკითხეთ განათლების სამინისტროს მესვეურებს, რომლებსაც პატარა ტექნიკური „უნივერსიტეტი“ უნდათ და კიდევ უფრო პატარა „სახელმწიფო უნივერსიტეტი“. გინახავთ კი მსოფლიოში პატარა და თანაც მაღალი დონის უნივერსიტეტი? მით უმეტეს, როდესაც ოცდაათ სტუდენტზე ერთი პროფესორ-მასწავლებელი მოდის? 

როგორ განსაზღვრა ქვეყნის ბედი იმ კანონებმა, რომლებიც სხვადასხვა დროს საქართველოს პარლამენტმა „მსოფლიო ბანკისა“ თუ სხვა უცხოური ორგანიზაციების ზეწოლით მიიღო? 

თუ რა მოგვიტანა მიწის პრივატიზაციამ, ადვილი სანახავია, მაგრამ გადავა თუ არა ქართული მიწა მთლიანად უცხოელთა ხელში? მივიღებთ თუ არა ახალ „ყარაბაღს“ სამხრეთ საქართველოში და მოუწევს თუ არა ქართველს ამ დალოცვილი მიწის დატოვება ისევე, როგორც აფხაზეთიდან და ზემო ქართლიდან მოუწია? 

რატომ გაიზარდა კრიმინალური სამყარო? რატომ გაივსო თურქეთისა და ევროპის საროსკიპოები და საპატიმროები ქართველებით? რატომ აძევებენ ქართველებს ევროპის ქვეყნებიდან? 

ნუთუ ეს ყველაფერი მხოლოდ შიმშილის ბრალია? იქნებ კიდევ სხვა რამეა ამისი მიზეზი? ხალხის დაბეჩავებული და გაღატაკებული ბრბოს შექმნა ვის ინტერესებში შედის? ნუთუ მათხოვარი ბავშვები ვინმეს აწყობს? თუ არა, მაშინ შადრევნების ნაცვლად ბავშვთა თავშესაფრებს რატომ არ ვაშენებთ? 

ნუთუ უცხოური ინვესტიციების იმედად უნდა იყოს ჩვენი წარმოება მაშინ, როდესაც საკუთარ მილიონერებს საკუთარი ქვეყნის წარმოება მხოლოდ წყალ-სასმელებს დაუკავშირეს? ნუთუ ქართველებს სხვა არაფრის შნო არა გვაქვს? 

მაინც რა ქნას იმ ახალგაზრდამ, გზაჯვარედინზე რომ დგას და ირგვლივ უკუნი სიბნელეა? რა გზას დაადგეს, როცა კარგად ხედავს, რომ განათლებულობამ ფასი დაკარგა და წესიერი ცხოვრებით ვერც ოჯახს შექმნის და ვერც თავს გამოიკვებავს? ამიტომაც გახშირდა ყაჩაღობა და ქურდობა, ახალგაზრდები ნარკოტიკებით ბრუვდებიან და ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებენ. 

საქართველოში ათასობით ბავშვისათვის მათხოვრობა ცხოვრების წესი გახდა. ისინი თბილისსა და მთელ საქართველოს მოეფინენ და მათი მომავალი უკვე გადაწყვეტილია. ისინი უბადრუკი ქვეყნის ღატაკ შვილებად დარჩებიან, თუ ცხოვრების გზაჯვარედინზე კრიმინალური გზა არ აირჩიეს. 

აი, სადამდე მიგვიყვანა იმ „არასაბჭოური ქართული დემოკრატიის“ გზამ, რომელიც შევარდნაძემ თავს მოგვახვია და რომელზეც მისი ნაშიერ-გამოზრდილნი მტკიცე ნაბიჯით მიაბიჯებენ. 

საქართველოს მომავალი საფრთხეშია. საქართველოს ძალიან უჭირს და ჩვენგან (და არა გადამთიელთაგან) შველას ითხოვს. 

გაიხსენეთ დიდი მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ და ბრწყინვალე პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“. ჩვენ ჯაყოებიც მოვიმრავლეთ და ყვარყვარეებიც, ხოლო წესიერი ხალხი მართლაც ხიზანი გახდა საკუთარ ქვეყანაში... 

წერილი ბლოგზე გამოქვეყნებისთვის მოამზადა 
ირაკლი ხართიშვილმა

 

Flieger sein heisst Sieger sein

Bomben auf Engelland []

Sunday, February 16, 2025

Первый танковый бой. /Второй фронт. Часть 38

მანანა პაიჭაძისა და მისი „კაგებეშნიკი“ მამიკოს შესახებ

დღევანდელ საქართველოში, მისი ცხოვრების ძალიან ბევრ სფეროში ჩამჯდარი და გაპარპაშებული არიან მაფიოზური ჯგუფები და კლანები, და მათი ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობა ბოჭავს და სულს უხუთავს ქვეყნის ჯანსაღ ცხოვრებას, ჯანსაღ ძალებს. სახელდობრ, ქართულ გერმანისტიკაში, რომელიც სულ ახლო წარსულში საკმაოდ განვითარებული და დაწინაურებულიც გახლდათ, მანანა პაიჭაძის, ნანა გოგოლაშვილისა და სხვა მათნაირთა წყალობით, ეს დარგი სწრაფი დაქვეითების გზაზეა დამდგარი და გერმანული ლიტერატურის თარგმნისა და ქართული საზოგადოებისათვის მისი გაცნობის ნაცვლად, ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების განვითარების ნაცვლად, მხოლოდ გერმანული ენის სწავლების ცენტრადაა გადაქცეული, რის მიზანსაც წარმოადგენს ქართველი ახალგაზრდობის საკუთარი ეროვნული ფესვებისგან ჩამოშორება და მოწყვეტა, მისი საზღვარგარეთ გადინება, ქართველი ერის დაბერება და გადაშენება-ამოწყვეტის გზაზე დადგომა. 

და საიდან წარმოიშვა და განვითარდა ასეთი ბოროტი ნაყოფი, რასაც წარმოადგენენ ეს მაფიოზური ჯგუფები და კლანები და მათში გალაღებული მტრები თავიანთი მშობელი ერისა? ყველას შესახებ მე ვერ ვიტყვი, მაგრამ რაც შეეხება მანანა პაიჭაძეს, შემიძლია მოვიყვანო მისი მამიკოს, ისტორიკოს პროფესორისა და გაშიფრული „კაგებეშნიკის“ გიორგი პაიჭაძის წიგნი „გეორგიევსკის ტრაქტატი და მისი ისტორიული მნიშვნელობა“, თბილისი, 1980 წ. ეს გახლავთ მცირე ფორმატისა და მოცულობის წიგნი, რომლის პირველ ნახევარში ლაპარაკია მართლაც გეორგიევსკის ტრაქტატზე, ხოლო შემდეგ კი იმაზე, თუ რამდენად დადებითი და სასარგებლო მოვლენა იყო ამ ხელშეკრულების დადება და ამიერკავკასიაში რუსეთის იმპერიის დამკვიდრება მიუხედავად იმისა, რომ ეს იმპერია სდევნიდა მასში შემავალ არარუს ხალხებს და ეროვნულად ჩაგრავდა მათ. 

წიგნის დასკვნით ნაწილში გ. პაიჭაძე ეხება კომუნისტური პარტიის „ყოველმხრივ დადებით“ საქმიანობასა და ბრძოლას რუსეთში სამართლიანი სოციალური და ეროვნული ურთიერთობებისა და ვითარების დამყარებისათვის. ქვემოთ მთლიანად მოვიყვან ტექსტის დასკვნით ნაწილს, რომელიც 77–87 გვერდებზეა გადმოცემული. აი ისიც: 

[ამონარიდის დასაწყისი] 

ცარიზმის პოლიტიკამ, რუსეთის იმპერიაში სოციალური და ეროვნული ჩაგვრის გაძლიერებამ გამოიწვია ხალხთა აღშფოთება. ხალხები ცარიზმის, ბურჟუაზიისა და მემამულეების წინააღმდეგ აღიმართნენ. ამ ბრძოლაში არარუსი ხალხები რუს ხალხთან ერთად გამოდიოდნენ. 

ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე მოსახლე ერების რევოლუციური ბრძოლისათვის გაერთიანებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა რუსეთის პროლეტარიატმა, ქვეყნად მარქსიზმის იდეების ფართოდ გავრცელებამ. რუსეთი იქცა მსოფლიო რევოლუციური მოძრაობის ცენტრად. 

მასობრივ რევოლუციურ მოძრაობას საქართველოში, ისევე როგორც მთელ ამიერკავკასიაში, მკაფიოდ გამოსახული ინტერნაციონალური ხასიათი ჰქონდა. ხელიხელჩაკიდებული იბრძოდნენ ქართველები, რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები. ვ. ი. ლენინი მაღალ შეფასებას აძლევდა ამიერკავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების ინტერნაციონალურ ტრადიციებს და სამაგალითოდ თვლიდა მათ ბოლშევიკური პარტიის სხვა ორგანიზაციებისათვის. 

საქართველოსა და ამიერკავკასიის მშრომელთა რევოლუციური ბრძოლის სათავეში იდგნენ ისეთი თვალსაჩინო ხელმძღვანელები, როგორიც იყვნენ: ი. სტალინი, ა. წულუკიძე, ლ. კეცხოველი, მ. კალინინი, პ. ჯაფარიძე, ს. შაუმიანი, გ. ორჯონიკიძე, მ. ცხაკაია, ფ. მახარაძე, ს. კიროვი და ბევრი სხვა. 

თვითმპყრობელობისა და კაპიტალიზმის წინააღმდეგ რევოლუციური ბრძოლის ყველა ეტაპზე საქართველოს მშრომელები და მათი კომუნისტური ორგანიზაციები სიმამაცესა და სიმტკიცეს იჩენდნენ. 

კომუნისტურმა პარტიამ, რომელიც ეყრდნობოდა საზოგადოების განვითარების ობიექტურ კანონებს, მარქსისა და ლენინის იდეებს, განაზოგადა კლასობრივი ბრძოლისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოცდილება, შეიმუშავა სოციალისტური რევოლუციის მეცნიერულად დასაბუთებული თეორია, რომელშიც ეროვნულ საკითხს თავისი დიდი ადგილი დაეთმო. 

„ჩვენთვის, უკიდურესი აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის საკმაოდ დიდი ნაწილის დიდმპყრობელი ერის წარმომადგენლებისათვის, – წერდა ვ. ი. ლენინი, – შეუფერებელი იქნებოდა დაგვევიწყნა ეროვნული საკითხის უდიდესი მნიშვნელობა, – განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ „ხალხთა საპყრობილეს“ (ვ. ი.  ლ ე ნ ი ნ ი.  თხზ., ტ. 21, გვ. 111)

გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნული საკითხი სოციალისტური რევოლუციის, სოციალიზმისა და კომუნიზმის მშენებლობის საერთო საკითხის შემადგენელი ნაწილი იყო, ვ. ი. ლენინმა შექმნა კომუნისტური პარტიის თეორია და პროგრამა ეროვნულ საკითხშიც, შეიმუშავა პროლეტარული ინტერნაციონალიზმისა და ხალხთა მეგობრობის იდეების თეორიული საფუძვლები. 

ბოლშევიკები ამხელდნენ ცარიზმის დიდმპყრობელურ-შოვინისტურ პოლიტიკას და მასებს განუმარტავდნენ ეროვნული გათიშულობისა და შუღლის ორგანიზატორების ნამდვილ მიზნებს. ბოლშევიკების მთელი მოღვაწეობა მიმართული იყო იმისაკენ, რომ ეროვნული შუღლისა და ძმათა შორის სისხლისღვრის ქვეყანა, „ხალხთა საპყრობილე“ – რუსეთის იმპერია გადაექციათ ისეთ სახელმწიფოდ, სადაც ადგილი არ ექნებოდა ეროვნულ ჩაგვრასა და ეროვნულ პრივილეგიებს. 

ეროვნული საკითხის ჭეშმარიტად მეცნიერული და ჭეშმარიტად რევოლუციური თეორიისა და პროგრამის შექმნა კომუნისტური პარტიის უდიდესი ისტორიული გამარჯვებაა. 

ვ. ი. ლენინის მიერ შემუშავებულმა და მისი ხელმძღვანელობით პარტიის მიერ განხორციელებულმა ეროვნულმა პოლიტიკამ რუსეთის პროლეტარიატს მოუპოვა მშრომელი მასების სიმპათია და მხარდაჭერა, ეს კი სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების ერთ-ერთი მძლავრი ფაქტორი იყო. 

ჩაგრულ ხალხთა მშრომელი მასების მხარდაჭერის გარეშე რუსეთის პროლეტარიატი ვერ გაიმარჯვებდა რევოლუციაში. ასევე ვერ მოიპოვებდნენ არარუსი ხალხები რუსეთის პროლეტარიატის განმათავისუფლებელი ბრძოლის გარეშე ეროვნულ თავისუფლებას. 

კომუნისტურმა პარტიამ შეძლო ხალხების ერთ მებრძოლ ბანაკად გაერთიანება. მან ერთ სერთო რევოლუციურ ნაკადად გააერთიანა ისეთი სხვადასხვაგვარი რევოლუციური მოძრაობანი, როგორიცაა საერთო-დემოკრატიული მოძრაობა ზავისათვის, გლეხურ-დემოკრატიული მოძრაობა მემამულეთა მიწების ხელში ჩაგდებისათვის, ჩაგრული ხალხების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ეროვნული თანასწორუფლებიანობისათვის, პროლეტარიატის სოციალისტური მოძრაობა ბურჟუაზიის დამხობისა და პროლეტარიატის დიქტატურის დამყარებისათვის. 

ოქტომბრის რევოლუციამ სოციალურ ამოცანათა განხორციელების პროცესში ეროვნული ჩაგვრის უღელი მოაშორა ჩვენი ქვეყნის ხალხებს. რევოლუციამ მოსპო მეფის თვითმპყრობელური რუსეთი – „ხალხთა საპყრობილე“, ბოლო მოუღო სოციალურ და ეროვნულ ანტაგონიზმს, არარუს ერებს მისცა საკუთარი სახელმწიფოებრიობა. 

მხოლოდ კომუნისტურმა პარტიამ, რომელიც გამოხატავს მუშათა კლასის, გლეხობის, ინტელიგენციის, ყველა მშრომელის საარსებო ინტერესებს და ახორციელებს ლენინურ ეროვნულ პოლიტიკას, შეძლო შეეკავშირებინა ყველა ერი და ეროვნება ერთიან ინტერნაციონალურ ძმობად და მათი ძალები წარემართა ახალი საზოგადოების შექმნისათვის. 

ახალგაზრდა საბჭოთა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და პირველთაგანი საკანონმდებლო აქტი იყო „რუსეთის ხალხების უფლებათა დეკლარაცია“, რომელიც გამოქვეყნდა 1917 წლის 16 ნოემბერს. ამ ისტორიული დოკუმენტით გამოცხადდა საბჭოთა ხელისუფლების ეროვნული პოლიტიკის ძირითადი პრინციპები: რუსეთის ყველა ხალხთა თავისუფალი განვითარება და სრული თანასწორუფლებიანობა; მათი უფლება თვითგამორკვევისა თვითგამოყოფამდე და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნამდე; ყოველგვარი ეროვნული და რელიგიური პრივილეგიისა და შეზღუდვის მოსპობა. 

რუსეთის ხალხთა თანასწორუფლებიანობა დააკანონა პირველმა საბჭოურმა კონსტიტუციამ, რომელიც მიღებულ იქნა 1918 წელს. 

მაგრამ მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური ხასიათის მიზეზების გამო სოციალისტური რევოლუციის გამარჯვებამ ამიერკავკასიაში რამდენიმე წლით დაიგვიანა. ხელისუფლების სათავეში მოსულმა მენშევიკების, დაშნაკებისა და მუსავატელების მთავრობებმა ამიერკავკასია მოწყვიტეს საბჭოთა რუსეთს და ამიერკავკასიის „დამოუკიდებელი“ რესპუბლიკები გადააქციეს დასავლეთის იმპერიალიზმის კოლონიებად. ამიერკავკასიის მოძმე ხალხებს შორის ისინი ხელოვნურად აღვივებდნენ შუღლს და ძმათამკვლელ ომებს აჩაღებდნენ. მცირე ხნის მანძილზე ამიერკავკასიის სამეურნეო და კულტურული ცხოვრება მივიდა სრულ დაცემამდე. ამიერკავკასიის მშრომელი მასები თავისი ეროვნული კომუნისტური პარტიების ხელმძღვანელობით და მოძმე რუსი ხალხის დახმარებით აღდგნენ ბრძოლისათვის. საბჭოთა ხელისუფლებამ გაიმარჯვა ჯერ აზერბაიჯანში (1920 წ. 28 აპრილს), შემდეგ სომხეთში (1920 წ. 29 ნოემბერს) და 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში. 

ვ. ი. ლენინის ხელმძღვანელობით კომუნისტურმა პარტიამ აღმართა ხალხთა პროლეტარული ინტერნაციონალიზმისა და მეგობრობის დროშა. ამ დროშით ერთიანი ძალებით პრაქტიკულად ლიკვიდირებულ იქნა ეროვნული უთანასწორობა და ყველა ერმა და ეროვნებამ მიღწია სწრაფ განვითარებას. კომუნისტური პარტიის ლენინური ეროვნული პოლიტიკის ნამდვილი ტრიუმფი იყო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ჩამოყალიბება. ერთიანი მრავალეროვანი სოციალისტური სახელმწიფოს არსებობის პირობებში შეიქმნა ხალხების სოციალური, ეკონომიკური და კულტურული პროგრესის არნახული შესაძლებლობანი. „მთელმა მსოფლიომ იცის ლენინური ეროვნული პოლიტიკის შედეგები, – აღნიშნავს სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ლ. ი. ბრეჟნევი, – საბჭოთა კავშირის ყველა ერი და ეროვნება დაადგა აყვავების გზას და მოიპოვა უდიდესი წარმატებანი ინდუსტრიის, სოფლის მეურნეობის, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაში. სოციალიზმმა აამოქმედა ჩვენი განვითარების ისეთი მძლავრი მამოძრავებელი ძალა, როგორიც ხალხთა მეგობრობაა“ (ლ.  ი.  ბ რ ე ჟ ნ ე ვ ი.  ლენინური კურსით, ტ. 2, თბ., 1971, გვ. 102)

სსრ კავშირის ხალხების მეგობრობა, მათი თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდა პირველი ხუთწლედების წლებში, ჩამოყალიბდა სოციალისტური ერები. 

მრავალეროვანი საბჭოთა საზოგადოების მონოლითური ერთიანობა განსაკუთრებული, არნახული ძალით გამოვლინდა დიდი სამამულო ომის წლებში. თავის დამპყრობლურ გეგმებში ფაშისტებს იმედი ჰქონდათ, რომ გათიშავდნენ საბჭოთა ხალხებს, მაგრამ ისინი სასტიკად მოტყუვდნენ: ომის ქარცეცხლმა კიდევ უფრო გამოაწრთო და განამტკიცა ჩვენი ხალხების მეგობრობა. „თუ ვილაპარაკებთ დიდი სამამულო ომის მთავარ გმირზე, – აღნიშნავს, ლ. ი. ბრეჟნევი, – ეს უკვდავი გმირი იყო მეგობრული ოჯახი ხალხებისა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ და რომლებსაც ურღვევი ძმობა აკავშირებთ. რუსები, უკრაინელები, ბელორუსები, უზბეკები, ყაზახები, ქართველები, აზერბაიჯანელები, ლიტველები, მოლდაველები, ლატვიელები, ყირგიზები, ტაჯიკები, სომხები, თურქმენები, ესტონელები – ერთი სიტყვით, საბჭოთა კავშირის ყველა ხალხის შვილები მკერდით იცავდნენ თავიანთ სამშობლოს“ (ლ.  ი.  ბ რ ე ჟ ნ ე ვ ი.  ლენინური კურსით, ტ. I, თბ., 1970, გვ. 146–147)

ერთიან ძმურ ოჯახში მთელი სიღრმით და სიგრძე-სიგანით გამოვლინდა საბჭოთა კავშირის ხალხების მძლავრი შემოქმედებითი ძალები. მათ ერთად განვლეს ბრძოლისა და აღმშენებლობის ჭეშმარიტად დიდი გზა, რომელიც ღირსეულად დაგვირგვინდა განვითარებული სოციალისტური საზოგადოების, უდიდესი ჰუმანიზმის საზოგადოების, ნამდვილი სახალხო ხელისუფლების აშენებით, ფართო სარბიელი შეიქმნა პიროვნების თავისუფალი, ყოველმხრივი განვითარებისათვის. ეს გზა, ეს უდიდესი მიღწევები ჩვენი კანონიერი სიამაყეა, განმტკიცებულია ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონით – სსრ კავშირის ახალი კონსტიტუციით. 

სოციალიზმმა არნახულად უცვალა სახე ეკონომიკას, კულტურას, ადამიანთა ცხოვრების პირობებს. 

ჭეშმარიტად უდიდესი ნახტომი მოახდინა საქართველომ საბჭოთა ხელისუფლების წლებში. საქართველოს საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ მოძმე რესპუბლიკების დახმარებით მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული მშენებლობის ყველა უბანზე. 

დღეს საბჭოთა საქართველო მაღალინდუსტრიული რესპუბლიკაა. მის სახალხო მეურნეობის პროდუქციაში დიდი ადგილი უკავია ისეთ მნიშვნელოვან სახეობათა ნაწარმს, როგორიც არის თვითმფრინავები, ელმავლები, ავტომობილები, ლითონდასამუშავებელი ჩარხები, თუჯი, ფოლადი, ნაგლინი, ფოლადის მილები, მინერალური სასუქები, სინთეზური ბოჭკო და ასე შემდეგ. ვითარდება ენერგეტიკა, განსაკუთრებით ელექტროენერგეტიკა, ქვანახშირის, ნავთობის, გაზის მრეწველობა, შავი და ფერადი მეტალურგია, ქიმიური მრეწველობა. 

დღევანდელი საქართველო – ეს არის განვითარებული მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობის ქვეყანა. საქართველოს მიწა-წყალზე ხავერდივით გადაიშალა ჩაის პლანტაციები, ბაღ-ვენახები, ციტრუსის ნარგავები, ყოველწლიურად ფართოვდება საირიგაციო სამუშაოები, შენდება სარწყავი არხები, მიმდინარეობს დაჭაობებული ადგილების ამოშრობა. 

რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის პროდუქცია იგზავნება მსოფლიოს 80 ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატაბში, დიდ ბრიტანეთში, ბელგიაში, შვეიცარიაში და სხვა სახელმწიფოებში. 

სსრ კავშირის ეკონომიკა – ერთიანი სახალხო-სამეურნეო კომპლექსია, რომელიც მოიცავს ყველა მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკის და ავტონომიური ერთეულების სახალხო მეურნეობას. იგი საერთო სახელმწიფო გეგმის მიხედვით ვითარდება მთელი ქვეყნისა და თითოეული ცალკეული რესპუბლიკის ინტერესების შესაბამისად. მონაწილეობს რა შრომის საკავშირო დანაწილებაში, საქართველო რუსეთის სფს რესპუბლიკას, უკრაინას, ბელორუსიას, ყაზახეთს, უზბეკეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს და სხვა მოკავშირე რესპუბლიკებს აწვდის ჩარხებს, მანქანებს, მოწყობილობას, მანგანუმს, ფეროშენადნობებს, ჩაის, ციტრუსს, ღვინოს, კონიაკს, კონსერვებსა და დიძალ სხვა საქონელს. თავის მხრივ, მოკავშირე რესპუბლიკები საქართველოს უგზავნიან შავსა და ფერად ლითონებს, მანქანა-მოწყობილობას, ნავთობს, გაზს, ბამბას, საფეიქრო ნაწარმს, მინერალურ სასუქს, ხე-ტყის მასალას, მარცვლეულს, შაქარს და სხვა პროდუქციას. 

დიდ წარმატებებს მიაღწია საქართველოს საბჭოთა სოციალისტურმა რეპუბლიკამ განათლების, კულტურისა და მეცნიერების განვითარების საქმეში. 

დღეს რესპუბლიკის მთელი მოსახლეობის 99,9 პროცენტი წიგნიერია. 

საქართველოში 19 უმაღლესი სასწავლებელია. რესპუბლიკის ყოველ 10 ათას მცხოვრებზე 168 სტუდენტი მოდის, რაც საზღვარგარეთის ნებიემისერ სახელმწიფოს ანალოგიურ მაჩვენებლებზე მეტია. 

საბჭოთა ხელისუფლების წლების მანძილზე საქართველოში შეიქმნა რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემია, რომლის სისტემაში დაახლოებით 40 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და დაწესებულებაა. სულ კი საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში მრავალი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრია. 

მოსახლეობას ემსახურება კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების ფართო ქსელი. 

ეროვნული კულტურის მძლავრი აღმავლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ქართული ლიტერატურის დიდი მიღწევები, რაც თავის მხრივ საფუძვლად ედება ხელოვნების მთელი რიგი დარგების განვითარებას. მაღალ დონეს აღწევს ქართული თეატრალური და კინოხელოვნება. დიდი წარმატებებია ქართული მუსიკალური კულტურის განვითარების დარგშიც. 

კომუნისტური პარტია შემოქმედებითად წყვეტს ეროვნული ურთიერთობების საკითხებს მთელი ქვეყნისა და ცალ-ცალკე თითოეული რესპუბლიკის ინტერესებისათვის, კომუნისტური მშენებლობის ინტერესებისათვის. იგი თანამიმდევრულად ადგას სოციალისტურ ერთა აყვავებისა და მათი თანდათანობით დაახლოების ლენინურ კურსს, ყოველ ღონეს ხმარობს, რომ მტკიცდებოდეს საბჭოთა კავშირის ყველა კლასის, სოციალური ჯგუფების, ერისა და ეროვნების ძმური კავშირი. 

ეროვნული საკითხის გადაწყვეტის საბჭოურ გამოცდილებას უდიდესი ისტორიული, ჭეშმარიტად საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს. 

ჩვენი საზღვარგარეთელი ავისმდომნი ყოველნაირად ცდილობენ ცილი დასწამონ სსრ კავშირს, კომუნისტურ პარტიას, მის ეროვნულ პოლიტიკას. როგორც ამას აღნიშნავს სკკპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ე. ა. შევარდნაძე, „ანტისაბჭოური პროპაგანდა, რომელიც ცდილობს გააუკუღმართოს და ჩირქი მოსცხოს რუსი ხალხისა და სსრ კავშირის სხვა ხალხების ურთიერთობას, ამტკიცებს, თითქოს ეს ურთიერთობა ბატონობისა და მორჩილების პრინციპზე იყოს დამყარებული და არარუსი ხალხების ეროვნული ტრადიციებისა და თავისებურებების მოშლა-დაკარგვას იწვევდეს. მაგრამ ჩვენი ისტორიული გამოცდილება, ისევე როგორც სსრ კავშირის სხვა ხალხების გამოცდილება, ცხადყოფს, რომ რუს ხალხთან მეგობრობა საბჭოთა კავშირის ყველა ერისა და ეროვნების აყვავების დიდმნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა. 

ჩვენ, ქართველები, ისევე როგორც საბჭოეთის სხვა ეროვნებათა წარმომადგენლები, ჩვენი ძმის – დიდი რუსი ხალხის უსაზღვროდ მადლიერი ვართ უანგარო დახმარებისა და მხარდაჭერისათვის, კაცობრიობის ისტორიაში არნახული მეგობრობისათვის“ (ე.  ა.  შ ე ვ ა რ დ ნ ა ძ ე.  სკკპ ეროვნული პოლიტიკა განვითარებული სოციალიზმის პერიოდში, გაზ. „კომუნისტი“, 1980 წლის 25 იანვარი)

[ამონარიდის დასასრული] 

ზემოთ მოყვანილი ამონარიდის ტექსტიდან აშკარად იშიფრება, რომ პროფ. გიორგი პაიჭაძე გახლდათ იმავე დროს „კაგებეშნიკიც“. ამ ტექსტში თითქმის ყველა წინადადებაში ტყუილია გაჟღერებული როგორც სხვა რევოლუციური პარტიების დამსახურებათა მიჩუმათებისა და მიფუჩეჩების, ბოლშევიკური (კომუნისტური) პარტიის როლისა და მნიშვნელობის დაუმსახურებლად და უსაფუძვლოდ წინ წამოწევის, ისე იმავე კომუნისტების ხელში არარუსი ხალხების ჩაგვრისა და ჩაწიხვლის თასაზრისითაც, რაზეც აშკარად მეტყველებს გუშინდელი და დღევანდელი დღის უსისხლო და სისხლიანი კონფლიქტები ამ ხალხებს შორის. 

გიორგი პაიჭაძის ზემოხსენებული წიგნი გამოქვეყნდა 1980 წელს. სწორედ იმ ხანებში დაამთავრა მანანა პაიჭაძემ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიიღო კიდეც უპრობლემოდ სამუშაო ადგილი კათედრაზე, რაც სხვა მასზე უფრო წარმატებული სტუდენტებისთვის შეუძლებელი გახლდათ. ცხადია, რომ ამ ამბავში მას დიდად დაეხმარებოდა მისი მამიკოს ეს წიგნი და საერთოდ მისი მთელი „კაგებეშნიკური“ საქმიანობაც. გავიხსენოთ ისიც, რომ მანამდე ორი წლით ადრე, 1978 წელს, გ. პაიჭაძისგან ნაქებ-ნადიდები სსრკ კომპარტიის ხელმძღვანელობამ მოინდომა საქართველოს სსრ-ში ქართული ენისათვის სახელმწიფო ენის სტატუსის წართმევა, რამაც გამოიწვია იმავე წლის 14 აპრილს ათიათასობით ქართველის საპროტესტიო აქციით გამოსვლა, რომელთა შორის ვიყავი მეც, სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი, და ისიც ცხადია, რომ ასევე მაშინდელი სტუდენტი მანანა პაიჭაძე ამ აქციას არც კი გაეკარებოდა. 

აქვე უნდა აღვნიშნო დასავლეთის სახელმწიფოთა და, კერძოდ, გერმანიის პოლიტიკა თუ საქმიანობა ჩვენში – მიუხედავად იმისა, რომ გერმანისტიკა კარგად და გამორჩეულად იყო ჩვენთან განვითარებული, იყვნენ გერმანისტი პედაგოგებიცა და გამორჩეული სტუდენტებიც, იმედის მომცემი ახალგაზრდა სპეციალისტებიც, გერმანიის საელჩომ, გოეთეს ინსტიტუტმა და სხვა დასავლურმა ორგანიზაციებმა ჩვენში ამჯობინეს ურთიერთობა, დაახლოება და თანამშრომლობა საბჭოთა პერიოდის „კაგებეშნიკებთან“ და მათ შთამომავლებთან, კაგებეშნიკობით ნაშოვნ ფულებზე გაზრდილ და აღზრდილ ადამიანებთან, თავიანთი პირადი კეთილდღეობის ინტერესებში საკუთარი სამშობლოსა და მშობელი ხალხის ფეხებზე დამკიდებელ ნაძირლებთან. შესაბამისია პირადად ჩემი საპასუხო დამოკიდებულებაც დასავლეთისა და ჩვენში მისი საქმიანობისადმი. როგორც ბოლო დროის მოვლენებმა დაგვანახეს, მთლიანად ქართველი ხალხიც ასევე გულგრილად და უნდობლად ეკიდება დასავლეთს მისი ასეთი ინტერესებისა და საქმეების გამო. 

ირაკლი ხართიშვილი