Tuesday, March 12, 2024

ლეო რუხაძე 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შესახებ

(ამონარიდი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოღვაწის ლეო რუხაძის დღიურიდან, რომელიც სუზდალის სამონასტრო საპყრობილეშია დაწერილი)




12 მარტი 1925 წ
. დღეს მერვე წლის თავია თებერვლის რევოლუციისა. თითქო არცთუ ისე დიდი დროა განვლილი, მაგრამ ამ რვა წელში განა იმდენი არ განვიცადეთ, რამდენსაც ხშირათ საუკუნეებიც ვერ დატოვებენ?! საქართველოს ტკივილების, განსაკუთრებით მისი დღევანდელი მდგომარეობის ზერელე მიდგომით, რომ დააფასო ეს წარსული რვა წელი, ერთის შეხედვით თითქო მას უბედურების მეტი არაფერი მოუტანია საქართველოსათვის, მაგრამ დავივიწყოთ ერთი წუთით ეხლანდელი ტკივილები, დროებით შევიშროთ ცრემლები აღურაცხელ დაღუპულ მსხვერპლებზე და ცივი ანგარიშით შევხედოთ რანი ვიყავით და რა ვართ ეხლა? გავიხსენოთ ომის წინა წლები, შემდეგ ომის ხანა, ნუ გაუწევთ მარტო იმას ანგარიშს, რომ ხალხის გაჭივრება უფრო ნაკლები იყო მაშინ, ეკონომიურათ უფრო ძლიერი ვიყავით, სოფელი უფრო დოვლათიანათ გრძნობდა თავს, მაგრამ განა ყველაფერ ამასთან ჩვენ, ქართველებს, შიშით და ძრწოლით არ უნდა წარმოგვედგინა ის დრო, როცა ასეთის ძლიერი ტემპითა და აჩქარებულის ნაბიჯით ხდებოდა საქართველოს დენაციონალიზაცია? რუსული გამჯდარი იყო ჩვენს სისხლში და ძარღვებში, ჩვენი სკოლა ამყრალებული იყო რუსული წიგნებით, თვით საქართველოს ნამდვილ ქართულ სულში, ქუთაისშიც კი, წიგნის მაღაზიები გამოჭედილი იყო რუსული წიგნებით და აქა იქ თაროებზე თუ ნახავდით თითო-ოროლა ქართულ წიგნს. ჩვენი ტერიტორია? ქართული მიწა-წყალი? სადღა იყო ყველაფერი ეს. იმდენათ ვიყავით დამბლა დაცემული, რომ თვით უაღრესათ მარჯვენა, ნაციონალისტური ფრთა საქართველოს საზოგადოებრივობისა, თვით ეს ფრთაც კი აღარ ოცნებობდა ერის სუვერენობაზე, ხოლო ის მორცხვი ტერიტორიალური ავტონომიის პროგრამა, რომელიც ყველაზე მარჯვენათ იყო აღიარებული, განა ბედავდა საქართველოს უეჭველ და კუთვნილ ტერიტორიების შემოფარგვლას? ტფილისი? ეს ჩვენი სულის ცენტრალური ვულკანი, ეს ჩვენი თავი და ტვინი, ურომლისოთ საქართველო საქართველოთ არ იხსენიება, განა ეს ტფილისი ჩვენი იყო? განა აქ სტუმრებათ არ ვგრძნობდით მასპინძლები თავს და კოლონიზატორები არ იყვნენ დაპატრონებული ჩვენს საკუთარ, განუყოფელ, შეუბღალავ და მარადიულ საუნჯეზე?.. უცხოელი ქალაქში, უცხოელი სოფელში, უცხოელი ჩვენი შემოტრეტილი მიწა-წყალის გალავნებზე, უცხოელი სკოლაში, უცხოელი ოჯახში, უცხოელი მოხელეთ, მბრძანებლათ, „მოკეთეთ“, „ჭირისუფლათ“, უცხოელი სულში და გულში, უცხოელი და მოშხამული მისი მახვილი ყველგან და ყველაფერში და უცხოელთა მღვრიე ქაოსში ვტივტივებდით ჩვენ როგორც ნაფოტები, და ის იყო უნდა გავერიყეთ კიდეც ამ უცხოელთა ქაოსს და გადაგვარების სტიქიას სამუდამოთ უნდა ჩავეყლაპეთ, რომ ამ დროს ამოვარდა ქარიშხალი, ჩვენი მხსნელათ მოვლენილი ქარიშხალი. აბა წარმოიდგინეთ ეს წარსული უფსკრული, წარმოიდგინეთ საქართველოს მოახლოვებული მოსპობა და უეცრათ დაშორდით ამ საშინელებას, მიმოიხედეთ ირგვლივ და თუნდაც საქართველოს დღევანდელ მწარე და არასახარბიელო ბედით დაკმაყოფილდით. განა არ იგრძნობთ თქვენ თავს ისე, თითქო საშინელი უფსკრულის წინაშე იყავით, დაგიცდათ ფეხი, უკვე იღუპებოდით, მიდიოდით სამუდამოთ დასაძირათ, მაგრამ რაღაც სასწაულით, სადღაც, კლდეზე მოიკიდეთ ფეხი, ჩაებღაუჭეთ ამ ადგილს, ტანჯვით და გაჭირვებით იფორთხეთ და ჰა, როგორც იქნა, უკვე თითქო დაღუპული, ამოხოხდით ნაპირზე და ეხლა ძლივს ითქვამთ სულს, გონს მოდიხართ, სიცოცხლის იმედი გებადებათ, ძალა გიბრუნდებათ, შიში და სასოწარკვეთილება ქრება, ერთი სიტყვით ინკურნებით, სიცოცხლეს უბრუნდებით... განა არ წააგავს საქართველო ასეთ ალალბედზე გადარჩენილს?! და როცა ყველაფერ ამას წარმოვიდგენთ, როცა თვალწინ დაგვიდგება ეს საშინელი წარსული, განა შიშის ცახცახი არ აგვიტანს? და როცა უეცრათ დავტოვებთ ამ უფსკრულს და თვალს მიმოვავლებთ აწმყო საქართველოს, ნახევრათ აკლებულს, რუსეთისაგან ხელმეორეთ დაპყრობილ და აცრემლებულ საქართველოს, მაგრამ არსებითად მაინც სხვა საქართველოს, ვიდრე იყო გუშინ, განა არ უნდა შევიშროთ უმალ ცრემლები და სიამაყით და იმედით არ უნდა შევკივლოთ მომავალს?! მომავალს, რომელიც უთუოდ გვაქვს, რომელიც მოვიპოვეთ, რომლის მოსვლა და აღსრულება ისტორიულათ აწ აუცილებელია, მას ვერავინ შეაჩერებს. ზოგს შეიძლება აშინებს ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ავათ ვართ, არ გამომრთელებულვართ სრულიად, ფეხზე ვერ დავმდგარვართ ისე, რომ ცუდი ტაროსის არ გვეშინოდეს. ოღონდაც, ავად ვართ ჯერ კიდევ, ჩვენს სხეულში ჯერაც ვერ მოგვიკლავს სავსებით უცხო გავლენის ბაცილები, მაგრამ განა ყოველი ქართველის ტანი არ გრძნობს იმას, რომ კრიზისი უკვე გავიარეთ, რომ ავადმყოფობის მთავარი სული მომკვდარია, რომ ჩვენი ფეხი უკვე ავიდგით და დავდივართ, თუმც სუსტათ, მაგრამ მაინც დავდივართ და საქართველოს მთების კრიალა ჰაერი გვმატებს ჯანს, გვმატებს ღონეს, დღითი დღე ვვაჟკაცდებით და აგერ აგერ სულ უჯოხოთაც გავივლით, ფინიების შემოყეფის კი არა ნაგაზებისაც არ შეგვეშინება. ამას ვამბობ და იქ, სადღაც, გულის მეათასე ფსკერზე, ჯერ კიდევ დარჩენილი რუსის აჩრდილი დამცინის, ხითხითებს, თითქო იმისთვის რომ იმედები გამიქროს და ისევ უფსკრულისკენ გადამისროლოს. მაგრამ როცა ვაკვირდები ამ უკვე ლანდათ ქცეულ რუსის ღიმილს, ჩემი იჭვი თანდათან ქრება, რადგან ეს ღიმილია სიმწრის ღიმილი, ასეთი ღიმილი მე მომაკვდავის გამწარებულ ტუჩებზე მინახავს, რომელიც ემშვიდობება წარსულს და აწმყოს ამაოებაზე მხოლოდ უიმედო ღიმილი უპობს ბაგეებს. არ დაიჯერებს ამას ვინც დღვანდელი მწუხარებით მძიმეთაა დატვირთული და ცრემლები უბნელებს თვალებს, მაგრამ ჩვენი მომავალი იმდენათ მოკაშკაშეა, რომ არ შეიძლება მისი გაფერმკრთალება. საბუთი? საბუთი განა ცოტა გვაქვს? ამ რვა წელში უფსკრულს თავი დავაღწიეთ, სამშვიდობოს გამოვედით, ქართული ჩანჩქერებით გავირეცხეთ გულები და ენა გავიწმინდეთ რუსული ტალახისგან. შეიძლება ჯერ ჩვენი სხეული არ არის სრულიად დეზინფექცია ქმნილი და სადმე კბილებში შეგვრჩა ნამცეცები ერთი საუკუნის განმავლობაში ნაცოხნ რუსულიდან, მაგრამ რა უნდა გვიქნას ამ ნამცეცებმა, და ისიც მომაკვდავმა ნამცეცებმა, როცა რუსულისაგან წაწყმედილი სული უკვე ქართულათ გავაკრიალეთ და გული ქართული ჰანგებით ავივსეთ და გავიძღეთ. ჩვენ უკვე შევედით ხელახლა დაბრუნებულ სამოთხეში. მართალია მტერი გაფანტულია ამ სამოთხეში და აქ საარიერგარდო ბრძოლებს გვიმართავს, ხან აქ, ხან იქ გვესხმის თავს, მაგრამ რა უნდა იყვეს აწინდელი ბრძოლის სიძნელე, როცა უკვე შევამტვრიეთ ჩვენი კარმიდამოს ჭიშკარი, რომლის გადმოღმა ვიყავით ქართველები გადმოყრილი, შევედით უკვე ჩვენი მამულ-დედულის უფლებაში, მიმოვიარეთ მისი საზღვრები, გავიგეთ მისი სახე, ტანი და მოყვანილობა. ერთი კუთხე მეორესთან მივედით, დიდი ხნის გაყრილებმა ნათესაობა განვაახლეთ, მაგრათ ჩავეკარით გუშინ დაშორებულები ერთმანეთს გულში და გავიგეთ, შევიგნეთ, შევიგრძნეთ, რომ ჩვენ ერთი სხეული ვართ, ერთი ოჯახი, ერთი სულით და ერთი გულით. და რომ ჩვენი სული და გული ყოველი ქართველს ერთნაირათ დაბრუნებოდა, დაინთო უდიდესი ლამპარი, რომლის ალი ცამდის აღწევს და ერთნაირათ უთბობს და უამებს გულს ყოველ ქართველს; საინგილოდანაა ის, თუ ჭანეთიდან, ჯავახეთიდან თუ ჯიქეთ-აფხაზეთიდან, კახეთიდან თუ იმერეთიდან, სამეგრელოდან თუ ქართლიდან, დინჯი და დარბაისელი მესხია ის თუ მკვირცხლი გურული, ისლამისაგან განთავისუფლებული აჭარელია, თუ მუდამ საქართველოსთვის ქართული გულით მთაში შეხიზნული სვანი. ეს დიდი ლამპარია ქართული სკოლა, ჩვენი საკუთარი აკვნის ნანაზე დასაძირკვლებული სკოლა, რომელზედაც პირამიდათ აღმართულია საქართველოს ქართული უნივერსიტეტი. საქართველოს ყველა ჩანჩქერები იყრიან ამ დიდ არხში თავს და ამ შენაკადებიდან მოტანილ ტალღებს ეს მეცნიერული ლაბორატორია სწმენდს ქვიშასა და ტალახისაგან, რომ დაკრისტალებული ქართული ნაკადები საქართველოს არემარეს დასაწმენდათაც ერის ძარღვებში გაუშვას და ის ნამდვილი ქართული, იაფეტიდური გულისძგერით ააძგეროს. აბა გადახედეთ რამდენი, რა უსაზღვრო რუსული ტალახი მოგვრეცხა ახალმა სკოლამ, ახალმა ქართულმა, ახალმა მოხდენილმა ენერგიამ? რა უნდა დაგვაკლოს თუნდ მოვარდნილმა რუსულმა ნიაღვარმა, როცა ერის სულის არხების ყველა კედლები ამოშენებულია ქართული დამბებით. და ეს სული არასოდეს არ ყოფილა ისე შედუღაბებული ქართული სისხლითა და ცრემლით, როგორც ეს დღეს არის. მართალია რუსეთის ახალმა ნიაღვარმა ერთხელ კიდევ დაგვითარეშა საქართველოს ეროვნული ბაღი, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს რუსული ნიაღვარი გადმოხეთქილია უკანასკნელი რუსული გუბეებიდან და მას მუდმივათ მამოძრავებელი და ახალი ტალღების მომცემი რეზერუარები აღარა ყავს. რუსული დიდმპყრობელობა უკვე იწრიტება, დღვანდელი ჩვენი ტრაღედია გუშინდელის რეციდივია, კარგათ უნდა გადავიხედოთ ჩვენი საზღვრებიდან უფრო შორსაც. 30 მილიონიანი უკრაინა ერათ ჩამოყალიბდა, ეს მისი ეროვნული აღორძინების ტალღები ყუბანსაც მოასკდა, რადგან ყუბანი 70 % უკრაინულია. ისტორიის განაჩენი ისეთია, რომ უკრაინა სახელმწიფოთ იქცევა და საკუთრათ იცხოვრებს, ხოლო უკრაინის გამოცალკევების შემდეგ რუსეთი კალმიკების უდაბნოთ ვეღარ მოაღწევს კავკასიის ქედამდე. და თვით ეს კალმიკებიც და სხვა მრავალი ახლად ფეხ ადგმული ერებიც ისტორიის ამომავალი სხივები არიან, ხოლო ყველა ეს კი მოასწავებს რუსეთის რუსულათ შემოფარგვლასაც, მისი ველიკოროსიის საზღვრებში დატევასაც. 

და როცა ყველაფერ ამას გაითვალისწინებ, როცა მოგაგონდება წარსული, გადაგეშლება თვალწინ საქართველოს აღდგომა და მისი ეხლანდელი, თუმც საშინელი გაჭივრებით წარმოებული, მაგრამ მაინც ორგანიული აღორძინება ერის ძალებისა, როცა თვით მომავალიც კი უეჭველათ იმდით სავსეა ჩვენთვის, განა არ გვმართებს ამ რვა წლის წინეთ 12 მარტს ჩამოკრული დიდი რევოლუციის ზარებს აღტაცებით დაუგდოთ ყური და სიყვარულით და სიხარულით მოვიგონოთ ის დღე, როცა ძლივს-ძლივობით დაუძვერით ხელიდან სიკვდილს?! 

გვმართებს, ოღონდაც გვმართებს! 

მაგრამ ვინ გაიღო ჩვენოდენი მსხვერპლი ამ გარდამოხსნის დღისათვის?.. დიდი იყო მსხვერპლი, მაგრამ დიდია შედეგიც. ქართველმა ერმა თავის შვილთა ძვლებით და სისხლით გაუკეთა საძირკველი თავისუფლებას. რუსეთის ყოფილ იმპერიაში თუ ვინმეს ეკუთვნის თებერვლის დიდი რევოლუციის დღესასწაული, უპირველეს ყოვლისა ის საქართველოსაა.

 

მასალა ბლოგზე გამოქვეყნებისთვის მოამზადა

ირაკლი ხართიშვილმა


No comments:

Post a Comment