Monday, May 10, 2021

შეტყობინება ბლოგის მკითხველებს

დაახლოებით 20 დღის წინ მე წავშალე ბლოგიდან ერთი ნაწილი წერილებისა. საქმე იმაშია, რომ გამოსაქვეყნებლად მოვამზადე ლეო რუხაძის დღიურების ბოლო ნაწილი, დაახლოებით 45 კომპიუტერულ გვერდამდე, და როცა მისი გამოქვეყნება მინდოდა, პროგრამა მპასუხობდა, რომ "ბრაუზერზე" საკმარისი ადგილი არ არისო. ამიტომ ჩავთვალე, რომ რაღაც მასალები უნდა წამეშალა ბლოგიდან, რათა ადგილი გამეთავისუფლებინა. წავშალე ის მასალები, რომლებსაც უფრო ადვილად შეველეოდი, და ასეთები აღმოჩნდა წერილების თარგმანები ნატალია ნაროცნიცკაიას საიტიდან, 70-ზე მეტი წერილი, რომლებშიც თანამედროვე პოლიტიკის მისეული (რუსულ-მართლმადიდებლური) ხედვა იყო ასახული. ამ მასალებს კი ასე ადვილად იმიტომ შეველიე, რომ, როგორც ადრეც ვწერდი, რუსებს მართლმადიდებლობა და ზოგადად ქრისტიანობა მაშინ ახსენდებათ, როცა ძლიერ მოწინააღმდეგესთან აქვთ დავა და საქმე, რათა თავიანთი არცთუ მყარი მდგომარეობა ქრისტიანული სწავლებითა და მორალით გაამართლონ და დაიცვან, მაგრამ როცა ჩვენსავით სუსტ მოწინააღმდეგეს ხვდებიან, მაშინ ქრისტიანობა სულაც არ ადარდებთ, ღმერთის სწავლებას ივიწყებენ, ზურგს აქცევენ და მხოლოდ თავიანთ ძალებზე იმედოვნებენ. ამიტომ სწორედ ასეთი "ქრისტიანების" ნააზრევი და შეხედულებები მოვაცილე ბლოგიდან იმისთვის, რათა სხვა ახალი მასალები ამეტვირთა. მაგრამ მათი მოცილების შემდეგაც კომპიუტერულმა პროგრამამ იგივე პასუხი მომცა - "ბრაუზერზე" საკმარისი ადგილი არ არისო, და ამის შემდეგ მივხვდი, რომ მართლა ადგილის უკმარისობა კი არის ახალი მასალის ვერატვირთვის მზეზი, არამედ რაღაც დარღვევა მოხდა თვითონ ბლოგის პროგრამულ უზრუნველყოფაში. ახალი ტექსტი შემიძლია ავტვირთო, მაგრამ მისი ცალკეულ აბზაცებად, თავებად და ქვეთავებად დაყოფა კი შეუძლებელი ხდება, ასეთი სახით მის გამოქვეყნებას კი აზრი არა აქვს. ამიტომ მომიწევს დაველოდო სანამ ეს ხარვეზი გამოსწორდება, რისთვისაც ბლოგის მკითხველებს ბოდიშს ვუხდი. ირაკლი ხართიშვილი.

2 comments:

  1. გამარჯობათ ბატონო ირაკლი!სურვილი მაქვს გამოიცეს წიგნი(მცირე ბროშურა მაინც)
    სახელწოდებით ქართველი ქრისტიანი საზოგადო მოღვაწეების გამონათქვამები
    რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ.(ვგულისხმობ წმ ილია მართალს, წმ დიმიტრი ყიფიანს,წმ.გაბრიელ ეპისკოპოსს,,წმ ალექსანდრე ოქროპირიძეს
    იაკობ გოგებაშვილს,პლატონ იოსელიანს და ასევე მეოცე საუკუნის მოღვაწეებს რომელთაც მე არ ვიცნობ!
    ასევე სურვილი მაქვს ვამხილო ის საზ.მოღვაწეები რომელთაც გააყალბეს ისტორია და არ შეუნანიებიათ! ამისთვის სურვილი მაქვს გავიღო მოკრძალებული ხარჯები.
    წიგნის ავტორობა არ შედის ჩემს გეგმებში!

    ვარ ექიმი სტომატოლოგი!
    თუ შეგიძლიათ დამიკავშირდით
    ტელ 599 11 00 03.
    ზაზა(ილია) მარგველანი!


    ReplyDelete
  2. გაგიმარჯოთ. რა გიპასუხოთ თქვენს შემოთავაზებაზე? რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების ჩვენში გაყალბებაზე, დიდი ვარაუდით, ედუარდ შევარდნაძის ინიციატივითა და მფარველობით, მე გასულ წლებში ბევრს ვწერდი. მაგრამ ეს გაყალბებები ეხება 18-ე საუკუნეს, 19-ე და 20-ე საუკუნეებში კი რუსული იმპერიის მმართველმა წრეებმა იმდენი ცუდი გაგვიკეთეს, რომ რუსეთიც ჩვენთან ურთიერთობებში გამოდის როგორც არა სიკეთე, არამედ ბოროტება, დღევანდელი გადასახედიდან, როდესაც დასავლეთი თავს გვახვევს ჩვენი პრობლემების მოუგვარებლობასა და გაურკვეველ დაიმედებას, თვითონ ჩვენში შიდა ცხოვრების ცრუ გზით წაყვანას (ვგულისხმობ ეკონომიკას, მეცნიერებასა და სხვა), სქესობრივი სიმახინჯეების ნორმად მიღებას ვითომდა ხალხის მმართველობის (დემოკრატიის) შირმით, შეიძლება რუსული ბოროტება ნაკლები ბოროტება იყოს, დასავლურთან შედარებით, მაგრამ მაინც ბოროტებაა.

    მე ბევრს ვთავაზობდი და ვთავაზობ რუსებს სოციალურ ქსელებში ჩვენდამი ქრისტიანული დამოკიდებულების განვითარებას, ასევე ჩვენი მხრიდანაც რომ იყოს ასე; ანუ, როგორც მაცხოვარი გვასწავლის, ვექცეოდეთ ერთმანეთს ისე, როგორც თვითონ ჩვენ ვისურვებდით, რომ სხვები გვექცეოდნენ. ანუ ვანვითარებდეთ ისეთ ურთიერთობებს, როდესაც დაცული იქნება საქართვრელოსა და რუსეთის სამართლიანი ინტერესები, არა ყველანაირი, არამედ სწორედ სამართლიანი, მაგრამ რუსები ასეთ შემთხვევაში ჩუმდებიან ხოლმე. არ უნდათ, ან უფრო სწორად, არაა მათთვის აქტუალური ჩვენთან ქრისტიანული ურთიერთობების განვითარება. ამიტომ დავიწყე იმაზე ლაპარაკი, რომ რუსების ჩვენდამი დამოკიდებულება ასევე ბოროტებაა, შესაძლოა ნაკლები, მაგრამ მაინც ბოროტება. ამიტომ ვაგრძელებ რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების შესწავლას, მაგრამ უკვე 19-ე და 20-ე საუკუნეების ხანაში, როცა რუსებმა ბევრი ზიანი მოგვაყენეს - მესხების გადასახლება და იქ სომეხთა ჩასახლება, აფხაზებისა და ოსების ჩვენგან დაშორება და ჩვენზე გადამტერება, 1921 წლის დასაწყისში საქარტველოს დაპყრობა, 1924 აჯანყების საშინელი სისასტიკით ჩახშობა და შემდეგ ასევე საშინელი ტერორის დამყარება და სხვა, რასაც გავწვდები.

    რაც შეეხება თქვენს წინადადებას, მე არ მიმუშავია ისეთ მასალებზე, რომლებიც თქვენ გაინტერესებთ და გჭირდებათ, ამიტომ ვერაფრით ვერ მივიღებ მონაწილეობას თქვენს წინადადებაში, უბრალოდ არ შემიძლია ამის გაკეთება, არცოდნის გამო. გარდა ამისა, ამ ქართველ მოღვაწეთა ცალკეული გამონთქვამები იქნება სიმართლის შემცველი, მაგრამ არა სრული სიმართლისა, არამედ მისი გარკვეული მცირე ნაწილის. იმავე ილიასთან მე არ მახსოვს, მაგალითად, რაიმე მსჯელობა ჯავახეთიდან მაჰმადიანი ქართველების გაძევებისა და იქ სომხების ჩასახლების შესახებ, და სხვა, თუმცა კი ეს ჩვენთვის სავსებით სერიოზული სატკივარი და მთელი სიმართლის ის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც მაშინ ილია არა და ვერც ეხებოდა. ამიტომ, თუ თქვენ გამოსცემთ ასეთ წიგნს, შესაძლოა მასში მოყვანილ გამონათქვამებს დაუპირისპირონ მეტად სერიოზული და მტკივნეული მომენტები ჩვენი რეალური ისტორიიდან, რომლებიც ამ გამონათქვამების არასრულობასა და ნაკლულევანულობას ადვილად დაანახვებენ მკითხველს. თუმცა კი თავისთავად თქვენი ჩანაფიქრი მისასალმებელია, მაგრამ ვერა ისეთი დიდი მნიშვნელობისა, როგორადაც შეილება ეს გესახებოდეთ.

    კეთილი სურვილებით,
    ირაკლი ხართიშვილი

    ReplyDelete