26 აპრილი. ყარიბი (პ. გელეიშვილი), რომელიც 1923 წელს ცხაკაიასადმი მიმართულ თხოვნის შემდეგ „ტკბილ“ ძილს მიეცა, ეხლა მეორე გვერდზე გადაბრუნებულა და ოთხი წლის განმავლობაში შენახული სიმყრალე „კომუნისტის“ ფურცელბზე გადმოუნთხევია. გაზეთის გვერდნახევარს შეადგენს ეს წერილი და ეს მხოლოდ დასაწყისია. გვაიმედებს, ასეთ „სურნელოვან“ რამეს არ მოგაკლებთო და პირველი წერილი „შემდეგი იქნება“-ო დაუსრულებია. ადვილი წარმოსადგენია თუ რა იქნება შემდეგში. პირველი წერილიც საკმაო შთაბეჭდილებას იძლევა პეტრე გელეიშვილის ეხლანდელი სახის შესახებ. „მეტის ატანა შეუძლებელიაო“, ასე დაუსათაურებია დასაწყისი. დაიწყო და თავიდანვე კერპების დამსხვრევას შეუდგა, აბა პატარა ვინმეებზე და უბრალო საკითხებზე ხომ არ გაისვრიდა ხელს ყარიბი. უთუოდ რამე უნდა აღმოაჩინოს, თუ მონახა ვინმე „დამნაშავე“ მიწასთან უნდა გაასწოროს და მისი სახსენებელიც კი ბოროტებათ მონათლოს, ასეთ ვინმეს სულიან-ხორციანათ ხომ არ აღმოაჩნდება არავითარი, უბრალო ნატამალიც კი რაიმე სიკეთისა და დადებითი მოვლენებისა. დაიწყო და, რასაკვირველია, ნოე ჟორდანიას სწვდა და, ღმერთო ჩემო, თურმე როგორი ყოფილა, რა ნაკლი არ ქონებია ნოე ჟორდანიას!.. გადათარგმნეთ ეს მისი დახასიათება უცხო ენაზე, მიეცით ვინმე პატიოსან მოქალაქეს წასაკითხათ, მაგრამ ისეთს, რომ არაფერი გაეგონოს ჟორდანიაზე, და ის უთუოდ გეტყვით: ხალხის ასეთი მტერი სიკვდილის ღირსიაო. ასე ერთი კალმის მოსმით გაანადგურა და ამოთხარა საქართველოს ნიადაგიდან პეტრე გელეიშვილმა ქართველი მუშებისა და მთელი ერის თანამედროვე ბელადი, მისი მესაჭე, მისი მესაიდუმლე – დიდი ნოე ჟორდანია... საბრალო მონა, რომელსაც ან ლაქუცი და ლაჩრული სამსახური შეუძლია, ანდა გამარჯვებულთა მხარეზე დავლური და ბუქნა... ცხადია მას დღეს არ შეუსწავლია ჟორდანია, გელეიშვილი დღეს არ გაცნობია ჟორდანიას კალამსა და საქმიანობას, პირიქით ის მუდამ პირველობას ჩემულობდა მის დაფასებაში და პირველ დასელთა შორის თავი პირველათ მოქონდა. არცთუ ისე დიდი დრო წასულა მის შემდეგ, ეს ჯერ კიდევ გუშინ იყო, გელეიშვილი თაყვანს სცემდა ჟორდანიას, რადგან ჟორდანია ერის სათავეში იდგა და ერი გამარჯვებას ზეიმობდა.ზეიმის დროს მოზეიმე გელეიშვილს მუდამ განუსაზღვრელათ უყვარს, მისთვის ის ყოველგვარ ქებათა-ქებას ახერხებს, მისი ლექსიკონი მდიდარია ფერადი შესხმით და მონური მთავმდაბლობით. ვისაც ერთხელ მაინც უნახავს პ. გელეიშვილი როცა ის ვისმეს აქებს, ყველაფერი დასკვნა შეუძლია გამოიტანის მისი ხოტბიდან, მაგრამ ვერასოდეს ვერ დარწმუნდება, რომ ის ობიექტიურია. პირიქით, მის ქებათა-ქებას მიუდგომელ მსმენელებში მხოლოდ იჭვების გამოწვევა შეუძლია, მსმენელი პირველათ ყოვლისა თვით მოლაპარაკით დაინტერესდება და იკითხავს „ასე რათ ამბობს, უკანა აზრი ხომ არ აქვს ამ კაცსო“. ასეთი შთაბეჭდილება გამომიტანია პეტრე გელეიშვილის ნაწერებიდან და ლაპარაკიდან მუდამ, როცა კი ის ან წამიკითხავს და ან მომისმენია, იყო ეს ჩვენი პარტიული მოწინააღმდეგეების გასაწბილებლათ დაწერილი და ნათქვამი, თუ ჩვენი და ჩვენი ხელმძღვანელების საქებათ და სადიდებლათ ნასაქმარი. გუშინ ის ნოე ჟორდანიას ფერხთა მტვერსაც კი წმინდა ფერფლათ სთვლიდა, დღეს კი ერთის კალმის მოსმით სრულიად ამოფხეკა და წაშალა საქართველოს სინამდვილიდან. გელეიშვილი უმთავრესათ შეეხო თითქო ჟორდანიას უკანასკნელ წერილს, ის თავისებურათ დააფასა და შემდეგ მთელი მისი წარსულიც წყალს გაატანა. ამ წერილმა ჩვენც არა ნაკლებათ გვაწყენინა, ის არც კი გვგონია მისი, მაგრამ მართლაც რომ ასე იყვეს, განა ერთ შეცდომასთან ათასი კარგი და ძვირფასიც უნდა დაამსხვრიო და დალეწო?! განა პეტრე გელეიშვილს მისი რენეგატული გამოსვლების გამო (მიუხედავათ იმისა, რომ წარსულშიც მთელი მისი მოღვაწეობა არეული იყო ამ პირადულ და მიკერძოვებულ მოვლენებთან) რომ ეხლა უთხრათ, შენ დღემდე სულაც კი არ არსებობდი და მთელი შენი მოღვაწეობაც წყლისთვის გასატანებელიაო, განა ეს იქნება სამართლიანი და საკადრისი? პირიქით, ეს იქნებოდა უსინდისო მსჯელობა, რადგან ყარიბი და მისი კალამი ავი იყო თუ კარგი, დიდი სარგებლობა მოიტანა თუ პატარა, სრულიად გულწრფელი იყო თუ უმთავრსათ გრძნობაზე აყოლილი და ნაანგარიშევი, დიახ მიუხედავათ ამისა, მაინც იყო და არის ქართული მწერლობისა და მოღვაწეობის ერთი ნაწილი. და მით უფრო უმეტეს უსინდისო და მიუტევებელია, როცა დღეს რუსეთის დამპყრობ ხიშტებზე თავშეფარებული ქართველი პუბლიცისტი ყარიბი გამომდგარა და მთელი მის სიცოცხლეში შენათვისებ მყრალ ლექსიკონს იმასღა ახმარს, რომ საქართველო და მისი ხელმძღვანელები გაქირდოს, ყოველგვარი ხსნის საშვალება მოსპოს და ასე დაამტკიცოს, რომ „საქართველომ ან მიწა უნდა გაითხაროს, ანდა რუსეთს შეაჭამოს თავიო“. ბ-ნი გელეიშვილი იმას როდი უწუნებს ქართველ ხალხს რომ ის იბრძოდა თვითმპყრობელობის წინააღმდეგ, რომ საქართველოს რევოლუციონერები ათასობით ზვარაკათ ეწირებოდენ ხალხის განთავისუფლების საქმეს; არა, ეს ყველაფერი მას მოსწონს, ეს ყველაფერი ბუნებრივათ მიაჩნია და ეს ასეა იმისთვის, რომ ამის თქმა ნებადართულია ჩეკისაგან, რადგან რუსული ჩეკის დაფასებით ქართველი მუშების სისხლი იმისთვის იყო საჭირო, რომ ნიკოლოზ რომანოვის მაგიერ ვლადიმერ ულიანოვი მოსულიყო რუსეთის ტახტზე და ერთი დიდმპყრობელური თვითმპყრობელობა მეორე – რუსი მონებისა და პლებეების თვითმპყრობელობით შეცვლილიყო. დიახ, ამ დაფასებაში გელეიშვილიც თითქო სიმართლეს არ ღალატობს, მაგრამ რაწამს ის გადადის ქართველი ხალხის ბრძოლის მიზნების დახასიათებაზე, საქართველოს ისტორიას თავდაყირა აყენებს და რუსული ჩეკის ჩანაჩურჩუნებულ „ჭეშმარიტებას“ მოგვითხრობს: ყველაფერი კარგი იყო, დიდებულათ მივდიოდით, დიდებული წარსული გვაქვს, მსხვერპლითაც თავი მოგვაქვს... მაგრამ... მაგრამ... თურმე ერთი არ უნდა გვექნა, რუსეთის „პროლეტარიატს“ არ უნდა გამოვთიშოდით, „რევოლუციისთვის“ არ უნდა გვეღალატნა... ე. ი. ქართველი ხალხი რუსეთის ანარქიაში უნდა ათქვეფილიყო და თეთრ-წითელი ქაჯების დავლურში თავი უნდა გამოესრისა, მერე რისთვის? მხოლოდ იმისთვის, რომ რომანოვს ულიანოვი სცვლიდა, ან დენიკინ-კოლჩაკი, ან თუნდა მართლაც პროლეტარული რევოლუცია ყოფილიყო რუსეთში, მერე და საქართველო თუ უთუოდ რუსის ას მილიონიან ხალხში არ გაერევოდა და რუსულ მაზარას არ მოისხამდა, ისე არ შეეძლო მას ეწვნია სოციალიზმის სიკეთენი? ან შეიძლება მართლა სწამს გელეიშვილს, რომ რომ რუსეთში მეცნიერულმა მარქსიზმმა გაი . . . . . . . . . . . . . .
27 აპრილი 1925 წელი. სუზდალის საპყრობილე. ლეო რუხაძე. დღიურები.
მიუხედავათ ყოველგვარი ე. წ. „აღმშენებლობითი“ დანგრევა-განადგურებისა ტფილისში ამ
არეულ დროს შეიძლება ერთი პატარა რამ მაინც გამოვრჩეთ. გაზეთებში ზოგჯერ შეხვდები
ცნობებს ქუჩების
გაყვანა-გამშვენების შესახებ. ამ დღეებში ლევან მეტრეველის ფელეტონი დაიბეჭდა
„ტფილისის ახალ სახეზე“. აქედან ვტყობილობთ, რომ გაუგრძელებიათ პირდაპირ სადგურის
ქუჩა და შეუერთებიათ პლეხანოვის პროსპეკტისათვის, სწარმოებს თურმე თავისუფლების
მოედანის აბანოებთან შეერთება დიდი ქუჩით. ერთი მხარე ამ წვრილ ქუჩებისა ძველი
ტფილისის ნაწილში აუყრიათ და ტრამვაის ხაზის გაყვანასაც აპირებენო. ეს ხომ მაინც
აუცილებელი იქნება აბანოების რაიონში განზრახულ მომავალ დიდ ბალნეოლოგიურ
სადგურისათვის. როცა ამ ცნობებს კითხულობ, თითქო ასე გეგონება: რა დიდი
აღორძინების ხანაა საქართველოში, რა დიდი სამუშაო კეთდებაო. ნამდვილათ კი საერთო
სურათი არცთუ ისე სანუგეშოა. სახლები ინგრევა, ნაციონალიზაცია ქმნილი დიდი
შენობები პარტახდება, ქუჩები თუ ზოგან ეწყობა, სხვაგან უპატრონოთაა, ასე მაგალითათ
სადგურის ქუჩის გაგრძელებით გაუგრძელებიათ ტრამვაიც, ხოლო ელისაბედის ის ნაწილი და
პიროგოვის ქუჩა, სადაც წინათ მიდიოდა ეს ტრამვაი, ეხლა თურმე ოღრო-ჩოღროებითაა
სავსე, რადგან ლიანდაგის აღების შემდეგ არც კი ცდილან ქუჩისთვის წესიერი სახე
მიეცათ. უსისტემობა, უთავბოლობა, ერთგან სასახლეს შენება, მეორე ადგილას კი ქოხის
არქონაც, ძვირფასი თავსახურით მოკოპწივება, როცა ფეხზე წუღაც არ გაცვია, რადიოთ
„ბელადების“ სიტყვების პროვინციებში გადაცემა, როცა ამ პროვინციების სკოლებში
ქაღალდი და ფანქარიც კი არ აქვთ, ელეტროფიკაციაზე წარა-მარა ყვირილი, როცა ნავთიან
ამიერ-კავკასიაში სოფლებს ნავთი ვერ უშოვნიათ, ერთი სიტყვით ნახევრათ ველურის
ფსიხოლოგია, რომელიც შიშველი დადის და თავი კი ძვირფასი ფრთებით აქვს შემოსილი და
ოქროს ყურსაკიდებიც კი უშოვნია. ცხოვრება თითქო აჭკვერებს ამ შეშლილებს, თანდათან
უნელებს გახურებულ თავებს, ანგარიშიანობის შემოღებამ ცოტა არ იყვეს ცივი ტილოსავით
იმოქმედა 41°-ზე, მაგრამ არც თუ ისე ადვილი ყოფილა ცხოვრებასთან დაახლოვება
იმათთვის, რომელნიც ქვეყნის აშენებას სულის შებერით აპირებდენ, მაგრამ მიუხედავათ
ამისა ცხოვრების კანონების გავლენათა შედეგები მაინც კოლოსალურია. ხუმრობა ხომ არ
არის ხალხმა ანგარიშს მიყო ხელი, ხოლო ანგარიშიანობა კულტურის მთავარი ორგანიული
ნაწილია. მართალია ძნელი დასაურავებელია... „გახურებული რრრევოლუციონერები“,
მაგრამ თანდათან ცხოვრება მათაც მოთოკავს, ჭკუას ასწავლის და ადრე იქნება თუ გვიან
საქართველოს ეხლანდელ „რრრრევოლუციონერებიდან“ შეიძლება ვაჭრები და „მოსაქმენიც“
კი გამოიკარჭვლონ. რუსეთი იძულებულია ძალაუნებურათ ასეთ ხალხს დაეყრდნოს
საქართველოში, თუ არა გიჟი აბა ვინ დათანხმდება იმ შეშლილობაზე, რომლიც რუსეთმა
მისცა სამოქმედო პროგრამათ საქართველოს კომუნისტებს. და მართლაც რამდენი შეშლილია
დღეს საქართველოს ბატონ-პატრონებათ რუსეთის ლოცვა კურთხევითა და მოწყალებით!?
სიტყვის ქარბუქი და კორიანტელი, ქვეყნის გადაბრუნება და ძველის ძირფესვიანათ
ამოთხრა, ახალის ფანტასტიურათ აშენება, ხოლო საქმით კი კუს ნაბიჯი და ჭინჭრაქას
დევ-გმირობა... და ყველა ამ შეშლილობაში განა მართლა ბედნიერათ არ სთვლი კაცი
თავს, რომ მთლად ალაფებულ ქვეყანაში ზოგი რამ მაინც, აქა-იქა და შემთხვევით
ნასაქმარი მაინც რომ დაგრჩება? სწორეთ ასეთი გრძნობით ვკითხულობ მე ამ ცნობებს
ქუჩებისა და ზოგი სხვა ადგილების „გამშვენიერების“ შესახებ...
1 მაისი 1925 წ. პირველი მაისი ჩვეულებრივ ციხის პირობებში გადავიხადეთ. ქართველებმა
გავიკეთეთ წითელი ნიშნები სოც. დემოკრატიული ლოზუნგებით. რუს სოციალისტებს
უმეტესათ არ აღუნიშნავთ ეს დღე. ბევრმა ნიშნები არ გაიკეთეს იმისთვის, რომ
ბოლშევიზმმა შერყვნა და წაბილწა წითელი დროშაო. დიახ, მართალია, სრული
ჭეშმარიტებაა, მაგრამ განა ამისთვის უნდა შევწყრეთ ჩვენს ტრადიციულ და სოციალისტურ
დღესასწაულსა და დროშას? არავითარ შემთხვევაში. ძველ ჟანდარმებს რომ გულზე
გაეკეთებიათ ჩვენ დასაცინათ წითელი ბანტები, განა ამისთვის ხელს ავიღებდით ჩვენ
წითელი დროშიდან? არასოდეს. მართალია წაგვირყვნეს და გაგვისვარეს წითელი დროშა,
მაგრამ მით უფრო მაგრათ უნდა მოვკიდოთ ხელი ჩვენს საკუთარ ალამს და აღვადგინოთ
მისი ნამდვილი ღირსება, ჩამოვაცილოთ მას დროული და წარმავალი ტალახი. დღვანდელი
მაისობა ასე მგონია შორეულ დროის რეაქციის რომელიღაც მაისობას წააგავდა. მაშინაც
ასე ინტიმურ და ვიწრო წრეში ვიხდიდით დღესასწაულს... მაგრამ თვით ეს დროც კი სრული
დემოკრატიული თავისუფლების დროთ მოგეჩვენება დღვანდელთან შედარებით... რა
სიმახინჯემდი მივიდა რუსული ბოლშევიზმი! მისი სული ისე გამოიფიტა, რომ დღეს მხოლოდ
და მხოლოდ ინერციით თუ გამოვა ქუჩებზე და ისიც ბრძანებითა და დეკრეტით მუშათა
კლასი. და რომ გამოვა ქუჩებზე აცხოველებს მას ძველი აღფრთოვანება, წმინდა
იდეალები, აქვს მას აღგზნება ბრძოლისა სამაისო ლოზუნგებით? სადღაა ეს დღეს,
რუსეთის მუშათა კლასი გადაყვა ბოლშევიკურ ექსპერიმენტებს, ის დალეწილ-დანგრეულია
და რომ კვლავ აღიდგინოს ძველი ენერგია, ამისთვის ჯერ ახალი თვითმპყრობელობა უნდა
დაამხოს... საქართველოში? იქ ხომ ორმაგათ განიცდის ჩვენი მუშათა კლასი დღვანდელ
უბედურებას... რამდენი ძველი სოციალისტი ქართველი მუშა მგლოვიარეა დღეს, იგონებს
წარსულს, ითვლის ჯერ კიდევ გუშინ დაკლულ მებრძოლ ამხანაგებს და ზიზღით შეყურებს
მკვლელების მიერ ქუჩაში გამოტანილ წითელ დროშას!.. რამდენი ახალგაზდაც ფიცს
მისცემს დახოცილთა საფლავებზე... ცარიზმის წინააღმდეგ შეფიცულმა ხალხმა დაამხო
თვითმპყრობელური მონობა, ისტორიის განაჩენი მის ტყუპ-ბოლშევიზმსაც წესს აუგებს,
მებრძოლთა საფლავებზე შეხვდებიან ძველი თაობიდან გადარჩენილი რევოლუციონერები და
ახლად შეფიცულები, სიმართლე გაიმარჯვებს, ხალხის უფლება არ შეიძლება არ აღდგეს,
სამაისო ბუტაფორიებს და კომედიებს ნამდვილი მაისობა უნდა მოყვეს... სალამი ამ
მომავალს, სალამი მის გამჭედს!..
გაზეთებში გამოქვეყნებულია ერთი ახალი კანონი,
რომლითაც ადმინისტრაციული წესით გადასახლებულებს ეკრძალებათ რაიმე სახელმწიფო
სამსახურში შესვლა. თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ დღეს ქარხანა, ფაბრიკა,
კოოპერაცია, ვაჭრობა და რა გინდა კიდევ არა სახელმწიფოთაა გამოცხადებული, მაშინ
ადვილი წარმოსადგენია, რომ გადასახლებულს უთუოდ შიმშილით სიკვდილი მოელის. მით
უმეტეს მაშინ, როცა სახელმწიფო რაღაც გროშებს იძლევა ე. წ. „პოსობიეთ“ (დახმარებად
– ი. ხ.). ის, რასაც დღემდი შემთხვევითი ხასიათი ქონდა თითქო, ამიერიდან იწარმოებს
სისტემატიურათა და „კანონიერათ“. ჩვენ გადასახლებულებზე ეს კანონი კარგა ხანია
ვრცელდებოდა. ისინი ყავდათ ჯერ არხანგელის, ვიატკის, პერმის გუბერნიებში და როცა
უმრავლესობამ იშოვნა სამუშაო, მოუსვეს ხელი და გადაყარეს თურქესტანში, იქაც როცა
კი იშოვნიდენ ადგილს ყველგან სდევნიდენ მათ, გადაყავდათ სხვა ადგილებში, არ
უშვებდენ სამუშაოზე, მაშინ ყველაფერ ამას უბრალო შემთხვევით „გაუგებრობით“
ხსნიდენ, ეხლა კი მადლობა ღმერთს „კანონი“ აქვთ და „კანონიერათ“ ამოწყვეტენ
შიმშილით გადასახლებულებს. არა, ოდესმე ნახულა და სადმე მოსწრია ხალხს ასეთი
ველური ხელისუფლება?!..
5 მაისი 1925 წ. ყარიბი განაგრძობს „კომუნისტში“ ჯირითს. თავი მესიათ წარმოუდგენია,
წარსულს გადაბუგას უპირებს და ისეთ „აღმოჩენებს“ აკეთებს, რომ პირდაპირ გაოცებაში
მოდიხარ კაცი... მართლაც თუ ამდენი სიმყრალე იყო მასში დღემდისაც როგორ დაეტია
საკუთარ კანში! როცა კითხულობ მის წერილებს ძალაუნებურათ გებადებათ კითხვა: ასე
თავუკუღმა თუ მიდიოდა საქართველო, თუ ამდენი ცოდვა მიუძღვის მას, კიდევ კარგათ
გადავრჩენილვართ-თქო. უმთავრესი ცოდვა საქართველოსი ის ყოფილა, რომ ის შოვინიზმისა
და იმპერიალიზმის გზას დადგომია, ომები უწარმოებია, მეზობლებს ვერ მორიგებია და
ასეთ ორომტრიალში უფსკრულისაკენ დაქანებულა. ყარიბს თუ ამას დაუჯერებთ, მაშინ ამ
მებრძოლ საქართველოს ერთი ღირსეული მხარე მაინც უნდა ქონებოდა: მას ვაჟკაცობა უნდა
გამოეჩინა, მას სიამაყე უნდა ქონოდა, იმპერიალიზმი და შოვინიზმიც ხომ ერთგვარ
ზვიადობასა და ქედმაღლობას მოითხოვს; გლახას, ლაჩარსა და ჩანჩურას როგორ შეუძლია
ქონდეს თავისი სამშობლოს იდეა და ისიც იმპერიალისტური გემოვნებით. მაგრამ ყარიბის
დახასიათებით ეს იმპერიალისტური და მეომარი საქართველო რაღაც გაუგებრობას
წარმოადგენს, მას არაფერი არ უვარგა, არც თავი აქვს არც ბოლო, არც კაცი ყავს და
არც ჭკუა აქვს. მოსპობილი და დამარხულია ყველაფერი, ნოე ჟორდანია ხომ გააბახა და
გააბახა; იფიქრებ კაცი, რა უყოთ ერთი არ მოსწონს, ერთმა არ გაუმართლა იმედები,
მეორე მაინც გამოადგება, სხვა მაინც მოინახება, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ.
ყარიბს თავიდან ბოლომდე გაწმენდილი ყავს საქართველო, მან ყველა და ყველაფერი
დამარხა და დასწყევლა, მისი წარმოდგენით დარბაისელი მოღვაწე პრანჭვა-გრეხით
გაძულებთ თავს, ვინც გიყვარდა და ვისაც ენდობოდი ის ღირსია რომ არასოდეს არ
დაბრუნდეს სამშობლოში და სხვა. ერთი სიტყვით ან მიწა უნდა გაითხარო და ჩაძვრე შიგ
და ანდა პეტრე გელეიშვილის ჭეშმარიტება უნდა იწამო და მის „მართალსა“ და „ნამდვილ
მარქსისტულ“ გზას დაადგე. გელეიშვილს ჩეკას იმედით თავი უზრუნველყოფილათ უგრძვნია,
შიშისაგან დღემდე ჩახლეჩილი ხმა გაუწმენდია, გმირული თავმომწონებით გვეტრაბახება
არქივებს ვეცნობიო და ბევრ, კიდევ ბევრ მაგალითებს გვპირდება. გელეიშვილის აზრით
დამოუკიდებელი საქართველო ჭკუაზედაც მწყრალათ ყოფილა და ცოდნაზედაც, წარსული და
მით უფრო ახლო წარსული მისთვის მძიმე მოსაგონარია, მას მხოლოდ ის დრო ახარებს და
ახალისებს როცა რუსეთის „ერთგული“ იყო საქართველო და ეხლაც ამ ერთგულებისკენ
მოგვიწოდებს. ერთი სიტყვით არ არის ისეთი ცოდვა, რომელიც საქართველოს არ
აღმოჩენოდეს, რომელიც მას არ მიუძღოდეს რუსეთის მიმართ. შევეხოთ ამ ცოდვებს: 1)
საქართველო შოვინიზმის გზას გაყვა და მუდმივ ომებში იყო. პეტრე გელეიშვილს თავი
ვგონებ დიდ ისტორიკოსათ და განსაკუთრებით საქართველოს ისტორიის მცოდნეთ მოაქვს
(ყოველ შემთხვევაში ასე სჩანს მის ნაწერებიდან), და რას გვიბრძანებდა ეს
ისტორიკოსი, როგორ უნდა მოქცეულიყო საქართველო, როცა ოსმალნი ბათუმში, ახალციხეში,
ოზურგეთში და ჩოლოქზე გვეომებოდენ? უნდა დავმორჩილებოდით ოსმალეთს, თუ უნდა
გვეომა ერის უფლებისათვის? პეტრე
გელეიშვილს, როცა ის ქართველ მოქალაქეთ ითვლებოდა ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი ქონდა
– უნდა გვეომა. როცა რუსის ჯარები ტამანის არმიის სახით აფხაზეთზე გვიტევდა და
სამეგრელოში იჭრებოდა – უნდა გვეომა თუ არა ამ წითელი დროშის ქვეშ თავშეფარებულ
რუსულ იმპერიალისტურ ბრბოს წინააღმდეგ? უნდა გვეომა თუ არა იმავე გაწითლებულ
რუსების წინააღმდეგ, როცა ისინი ლარს-დარიალით დუშეთზე მოიწეოდენ? უნდა გვეომა თუ
არა აღმოსავლეთის საზღვრებზე, როცა გათათრებული რუსები ტფილისზე მოიწეოდენ? უნდა
გვეომა თუ არა იმ ალავერდისათვის, რომელიც გელეიშვილს მისი ისტორიული ცოდნით
მხოლოდ ეხლა „აღმოუჩენია“ საქართველოს სიმდიდრეთ? დასასრულ უნდა გვეომა თუ არა
მაშინაც კი, როცა 1921 წ. სამი მხრიდან შემოგვიტია რუსეთის ლაშქრებმა და
სამხრეთიდან ოსმალეთიც დაიხმარა? ვიმეორებ, პეტრე გელეიშვილი როცა ქართველი
მოქალაქე იყო ყველა ამ კითხვებზე მხოლოდ ერთი პასუხი ქონდა: ყველა ეს თავდაცვითი
ომები საქართველოს წმინდა მოვალეობა იყოვო. აბა სთქვას, დაასახელოს ღწური და
უტყუარი ისტორიისა და ფაქტების მოყვარულმა გელეიშვილმა თუ სად, რომელ საკითხში, რომელ
ტერიტორიაზე იჩინა თავი ქართველი ხალხისა და მისი სოციალ-დემოკრატიული მთავრობის
შოვინიზმმა და იმპერიალიზმმა. დაგვისახელოს თუნდ ერთი ციდა ისეთი ტერიტორიისა,
სადაც ქართულ მხედრობას სხვის მიწა-წყალზე დაედგას ფეხი? ან შეიძლება იმპერიალიზმი
იმაში იყო, რომ ჩვენ ვიცავდით სოჭსა და ტუაფსეს? ან იმაში, რომ
არტაან-ფანჯურეთიდან გადავრეკეთ ოსმალები? ან კიდევ იმაში, რომ ჩვენ არასგზით არ
შეურიგდებოდით საინგილოს საქართველოდან მოკვეთას? ან თუნდ იმაში, რომ დვალეთზე
პრეტენზიები გვქონდა? ერთი შეხედეთ თურმე რა შოვინისტები და იმპერიალისტები
ვყოფილვართ, თურმე საქართველოს მიწა-წყალზე გვდომებია სიცოცხლე და ამ
სიცოცხლისთვის ვებრძოდით ორ გადამთიელებს, ჩრდილოელ რუსეთსა და სამხრეთელ
ოსმალეთს. არა, გელეიშვილმა რომელი ისტორია წაიკითხა, რომელი ისტორიის საბუთებით
გვეტრაბახება, რომ საქართველოს მთავრობა მწყრალათ იყო ისტორიის ცოდნაზე, ხოლო მე
კი, აბა შემხედეთ, აი რა მცოდნე ვარო, და გვიმტკიცებს, რომ დამოუკიდებელი
საქართველო იმპერიალისტურ პოლიტიკას აწარმოებდაო. საიდან, როგორ ანგარიშობს
გელეიშვილი საქართველოს სიმდიდრეს, თუ ამ სიმდიდრეთა ნიადაგის – ტერიტორიების
ფლობა შოვინიზმათა და იმპერიალიზმათ მიაჩნია? გელეიშვილს ისტორია თავუკუღმა
დაუყენებია, საქართველოს თავდაცვები იმპერიალიზმათ გაუსაღებია, ხოლო ნამდვილ
იმპერიალისტთა ბანაკში თვით მისულა, მათ მიერ საქართველოდან ნადავლათ წაღებულ
ისტორიულ არქივებში ხელებს აფათურებს და იმის მაგიერ, რომ ქართველმა პუბლიცისტმა
და მკვლევარმა საქართველოს სიმართლე არ დამალოს, უცხო ხიშტებზე თავშეფარებული
თავისი ერის უწმინდეს ისტორიულ ფურცლებს აფურთხებს, მასხარათ იგდებს, ქირდავს,
ესააო და შენ ეხლა დამარცხებული ხარ, შენ რა შეგიძლია, შენ სუსტი და პატარა ხარ და
ამას, დიდ რუსეთს ხომ ხედავ რა ძლიერიაო. აი ეს არის გელეიშვილის „ნამდვილი
მარქსიზმი“, მისი ყალბი და არმცოდნე მკითხველისათვის ნაანგარიშევი და რუს
ბატონისათვის სატკბილო ნაკვლევი ჭეშმარიტება. ცხადია რუსი ბატონი მას მადლობას
ეტყვის და ამ დამსახურებას ჩაუწერს, ხოლო ქართველი ხალხი რას ეტყვის გელეიშვილს
იმის მეტს, რომ შეიცოდებს მონას, რომელმაც ღირსეული სიკვდილი ვერ შესძლო და ეხლა
უღირს სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის ოფლში იწურება და დამპყრობზე ლოცულობს.
მეორე უმთავრესი ცოდვა საქართველოსი ის ყოფილა, რომ
მას თურმე ერთი მიუტევებელი დანაშაული ჩაუდენია – თავისი თავის ორიენტაცია ქონია,
არც იქით ნდომებია და არც აქეთ. არც რუსეთს აჭმევდა თურმე თავს და არც ოსმალეთს,
არც ევროპასა და არც აზიას. განა ასეთი ანტისოციალისტური პოლიტიკისათვის
გამოსარიცხი არ არის სოციალისტურ ინტერნაციონალიდან საქართველოს
სოციალ-დემოკრატია? ბიჭოს, რა დიდი დანაშაული და შეცოდება გვქონებია განსაკუთრებით
რუსეთის პროლეტარიატთან? ამის შემდეგ აბა როგორ გაგვევლება ფეხით დედამიწაზე. მერე
და დასაბუთებას არ იკითხავთ ჩვენი ასეთი დანაშაულისა? თურმე რუსეთი დიდი ქვეყანა
ყოფილა, თურმე მას აუარებელი სიმდიდრე აქვს, თურმე მისი განვითარება წესიერათა და
ნამდვილათ „მარქსისტულათ“ შეუძლებელია თუ მას საქართველო არ ექნა ხელში, თუ ამ
გზაზე არ დაჯდა თავისი გარმოშკით ვანკა რუსი. და კიდევ უარესი, რომ რუსეთს არსად
ზღვა არ მოეპოვება გარდა საქართველოს საზღვრებისა და თუ არა ბათუმით აბა საიდან
უნდა გასცურდეს ამოდენა ვეებერთელა ასმილიონიანი რუსი... აბა ვის შეეძლო ასეთი
შედევრების გამოგონება! ჭეშმარიტათ სამი-ოთხი წელი უნდა იჯდე კაცი უსაქმოთ და თავს
ძალას ატანდე რაიმე სასაცილოს გამოსაგონებლათ, რომ ასეთი რამ მოჩმახო და მოიგონო.
სად, რომელ ქვეყანაში შეიძლება დღეს ასეთი უაზრობის ხალას ჭეშმარიტებათ გასაღება,
თუ არა ჩეკისა და საფლავების ქვეყანაში?! რომელ მოქალაქეს, რომელ ადამიანს
დაარწმუნებს გელეიშვილი, რომ ქვეყნის გეოგრაფია ისე თავუკუღმა გადაბრუნდა, რომ
ბალტიის ზღვაც გაშრა, ვლადივასტოკიც აღარ არსებობს და გაგრის ჩრდილოეთით რომ ზღვა
იყო ეხლა იქ ხორბალს სთესავენ და გემების იქით წასვლა შეუძლებელია? არა, ვინ ატანს
ძალას, რომ თავს ასე იტუტუცებს ეს უკვე ხანში შესული კაცი და გარეგნულობით თითქო
დარბაისელი, რომელიც ამ „კომუნისტური“ ცოდნა-განათლებით სულ ტაკიმასხარათ
გადაქცეულა. და თურმე ეს „ჭეშმარიტება“ ჩვენ რომ დროზე შეგვეგნო, მაშინ აღარ
ვაწარმოებდით საქართველოსთვის „იმპერიალისტურ“ ომებს და ბედს დავმორჩილდებოდით,
თავიდანვე „რუსი პროლეტარიატის“ უღელში ვიქნებოდით და ცხადია უფრო
გავბედნიერდებოდით კიდეც... ასე მოსპო, ასე წაშალა, ასე არარათ აქცია და სავსებით
იმედები დაუწრიტა საქართველოს პეტრე გელეიშვილმა. და ყველაფერი ეს ისე მოიმოქმედა,
იმდენათ შესტოპა, რომ ბოლოს თვითაც კი შეეშინდა და კითხულობს: მკითხველი მეტყვის
აბა საშველი არ ყოფილა საქართველოსთვისო“. და გვაიმედებს, არ „შეშინდეთ, არ
წახდეთ, სულით არ დაეცეთ, აი თქვე ლაჩრებოვო და ყურში ჩაგვჩურჩულებს: „სოციალიზმი
გვიშველისო“. ძლივს არ მოგვეშვა გულს, ძლივს არ ამოვისუნთქეთ, რომ რაღაც იმედი
მაინც დარჩენილა! მაგრამ არ იკითხავთ თურმე რომელ სოციალიზმზე ლაპარაკობს
გელეიშვილი? ქვეყანა ორათაა გაყოფილი. ერთი მხრით სდგას კაპიტალიზმი
ევროპა-ამერიკის ცივილიზაციის ქვეყნებში გამაგრებული, მეორე მხრით კი სდგას
პროლეტარული რუსეთი სოციალიზმისათვის წამებული. და თურმე თუ დამარცხდა რუსეთის
დიქტატურა მაშინ ვაი ქვეყანას, მაგრამ ასჯერ მეტი ვაი თურმე საქართველოს, რადგან
სოციალიზმი დაიღუპება და ის რამდენიმე ასეული წლების განმავლობაში ფეხზე ვერ
წამოდგებაო. მაშასადამე, შენი ერთად ერთი ხსნა ქართველო ერო – სოციალიზმი –
განსაცდელშია, შეახალე თავი ქვას, დაღვარე სისხლი რუსეთისათვის, მოიგერიე ევროპა,
დაიხსენი თავი; რუსეთს ემდური და ხელს უშლი კი არა აბა შენ იცი როგორ დაეხმარები,
პირში ჩაუვარდი კარგად გააძღებ – იქნებ ამით სოციალიზმი გადარჩესო. პეტრე
გელეიშვილმა დაიწყო იმით, რომ „ვერ აიტანა“ საქართველოს ამოდენა მსხვერპლი და
ბრძოლაში დამარცხებულმა ფარხმალის დაყრას მონური იდეოლოგია მოუნახა, მაგრამ
კაცობიდან გამოსულს მას მაინც კაცობა უნდა შეინარჩუნოს და საქართველოს უცხო დამპყრობლების
და ისიც უკვე ნახევრათ დამარცხებულ ფრონტების გასამაგრებლათ ეძახის, იქ უპირებს
საქართველოს სისხლს მსხვერპლათ მიტანას. რუსეთს ნუ ვებრძოლებით, სულ ერთია მისი
კერძი ვართ, ევროპის იმედი და ევროპის კულტურაზე გეზის აღება ნიშნავს რუსეთთან
ომს, ეს კი არ შეგვიძლია, ხომ ხედავთ მოგვერია, მგონია მას ვერავინ დაამარცხებს და
ამისთვის არიქა ბიჭებო შეუერთდეთ რუსეთს დავეხმაროთ, მივაწვეთ, გავაკეთოთ
სოციალიზმი და რამე გვეშველებაო. პეტრე გელეიშვილი იმ თაგვს წააგავს, რომელსაც
კატა ვეფხვათ ეჩვენება, რაკი თვითონ უკვე დაძლეულია, ჰგონია ცა უკვე ჩამოიმსხვრა
და სხვა სულდგმულებიც უთუოდ ამ ნანგრევებში უნდა მოყვენ. რაკი საქართველო
დამარცხდა რუსეთთან ომში – განა ეს არ ამტკიცებს რომ რუსეთზე ძლიერი ქვეყნათ
არავინ არის! მას ყველაფრის რწმენა აქვს დაკარგული, არც სოციალიზმი სწამს, არც
მარქსიზმი, არც მომავლის იმედი აქვს და წყალწაღებული, გამარჯვებული მტრის ბანაკში
მიხოხებულა (და) ეხლა ხმას იხლეჩავს: აბა შეგვხედეთ, რა ძლიერებაა აქ, მოდით თუ
ნამდვილი პირველი (სო)რტის სოციალიზმი გინდათ, მოდით თუ არ გინდათ თავის დაღუპაო.
მას გონია ამერიკა აღმოაჩინა, ახალი სიტყვა სთქვა და ნამდვილათ კი თავისი
სიტყვებზე გადათარგმნილი რუსული ჩეკის არგუმენტები გაიმეორა – რუსეთს თუ ეყმობი
ნელ-ნელა შეგჭამ, თუ ამას არ მოინდომებ შეიძლება ერთ დღეს გადაგყლაპოვო...
ჭეშმარიტათ დიდი ღირსეული ბრძოლა არ გასწია ყარიბმა? სამი წლის წინეთ მან ცხაკაიას
შეევედრა: „დასელათ სიკვდილი მაინც დამანებეთო“. თითქო მაშინ მიიღო ამის ნება...
მაგრამ სული მწარე შეიქნა, გაძაღლებული სიცოცხლის ცოტა შეტკბილება მოუნდა,
შეაფურთხა, მაგრამ ის კი დაავიწყდა, რომ დამპყრობი ძალა პატარა სიტკბოსაც არავის
აღირსებს თუ არ გააუპატიურა... საეჭვოა, რომ გელეიშვილის მიერ ნაქებმა საქართველოს
ისტორიამ ასევე ქებით მიიღოს (ასე)თი ქართველი პუბლიცისტი...
(...)ჰერია! ყველაზე მოულოდნელი გამართლდა.
ჰინდენბურგი გერმანიის პრეზიდენტათ გასულა. ხალხის უმრავლესობის არჩეული პირი –
ყველა კანონიერია. ეს დემოკრატიის პრინციპია. ამის წინააღმდეგ ვის (რა) ეთქმის,
მაგრამ ის კი ვერ გამიგია რა ანგარიშში შედიოდა ეხლა კომუნისტებისათვის
ჰინდენბურგი წამოესკუპებიათ? მათ რომ მოეხსნათ თავისი კანდიდატი, მაშინ
რესპუბლიკანელები უთუოდ გაიმარჯვებდენ. ვერც ჰინდენბურგი დაანგრევს ვგონებ
გერმანიის რესპუბლიკას, მაგრამ (ასე)თი ტაკტიკით გერმანიის კომპარტია რომ
დაინგრევა – ეს კი ცხადია. როგორც არ უნდა იმართლონ თავი ერთი ცხადია – მონარქისტი
ჰინდენბურგი კომუნისტმა ტელმანმა გაიყვანა...
8 მაისი. 1925 წელი. კალისტრატეს, ალექსანდრეს, ზაქარიას და
ლადოს ვრცელი წერილი კალინინისადმი დღეს გაიგზავნა მოსკოვში კომენდანტის ხელით.
წერილზე 1 მაისის დატაა, მაგრამ იმ დღის ფოსტას ვეღარ მოესწრო და რადგანაც კვირაში
ერთხელ გვაქვს წერილების გაგზავნის უფლება,
ამისთვის მთელი კვირით ცდა დასჭირდათ. მომწონს, ვრცელი და დასაბუთებული წერილია.
ქართულიდან რუსულის თარგმანი გრიგოლმა გააკეთა. ავტორებს ხელი მოწერილი აქვთ
ქართულ დედანზე და იქვე მიდებულია რუსული თარგმანიც. გაიგზავნა ქართულათა და
რუსულათაც. გვინდა წავაკითხოთ რუს პატიმრებსაც, მაგრამ რადგანაც რვეულის 200
გვერდამდეა გადასაწერი, გავინაწილეთ და თითეული 30-30 გვერდს გადავსწერთ. ალბათ
სამ-ოთხ დღეში მოვასწრებთ კიდეც. გვაინტერესებს, რომ ლევიცკიმ წაიკითხოს, მას ვადა
უთავდება და ამ დღეებში გაანთავისუფლებენ...
საფრანგეთის მუნიციპალურ არჩევნებში კომუნისტები სასტიკათ
დამარცხებულა. ცხადია ეს პასუხია ჰინდენბურგის არჩევაზე, რაშიდაც ბრალი გერმანელ
კომუნისტებს ედებათ. ჰინდენბურგს უწოდებენ – პრეზიდენტს მოსკოვის წყალობით.
სამაგიეროთ ამ არჩევნებში დიდი გამარჯვება უნახავთ ფრანგ სოციალისტებს, მთელი რიგი
მუნიციპალიტეტებისა მათ ხელში გადასულა. მოძმე პარტიის გამარჯვება გულს ახარებს.
ფრანგი სოციალისტები ხომ უანგარო მეგობრებია საქართველოს დემოკრატიისა და ქართველი
ერისა!..
9 მაისი 1925 წელი. კომინტერნის უკანასკნელ პლენუმიდან დაწყებული კიდევ გრძელდება
მებრძოლი კომუნიზმის თანდათანი უკან დახევა. ზინოვიევს ეხლა პარტიულ კონფერენციაზე
წარმოუთქვამს ვრცელი სიტყვა, სადაც ცდილობს ლენინის ციტატებით დაამტკიცოს, რომ
მართალია ეხლა დავმარცხდით, მაგრამ მომავალში იქნებ რამე გამოვიდეს, რადგან
„კლასთა ბრძოლა“ მაინც გრძელდებაო. აქედან კი ნუგეში „სოციალიზმი ოდესმე იქნებაო“.
დიდი აღმოჩენა არ არის! როცა კითხულობ ამ ათასჯერ გადაღეჭილ ფრაზებს და გინდა შიგ
რაიმე აზრი და ჭკუა მონახო ტყვილა თავს იღლი, რადგან ყველაფერი ამოწურულია,
ამოფიტულია, მათ უკვე აღარავითარი იდეოლოგიური საგძალიც კი არ შერჩენიათ. ამ თავდაქანებითაა
გამოწვეული კომუნიზმის მეორე ბელადის ბუხარინის ახალი ცრუმარქსისტული იდეოლოგიის
შექმა. ის ეხლა გლეხურ ფსიქოლოგიაში გადაგვარებულა და პირველი ხალხოსნების უტოპია
წმინდა წყლის მარქსიზმათ წარმოუდგენია. „კომბედების“ („ღარიბთა კომიტეტები“ – ი.
ხ.) მოტრფიალენი დღეს გამდიდრებისა და გაკულაკების პროგრამას იმუშავებენ. „მაგარი
მუჟიკი“ და კომუნიზმისათვის მასზე დაყრდნობა! როგორ გადაბრუნდება საფლავში
ნეტარხსენებული სტოლიპინი!.. საერთოთ კი მოსკოვის იდეოლოგიურ ბანაკში დიდი
არევ-დარევაა, უკან იხევენ, სანგრებს იმზადებენ, მაგრამ მაგარიც ის არის, რომ
გლეხური სანგრები ბოლშევიზმს ნაკლებათ გამოადგება, რუსი გლეხი თავის რუსულ
სახელმწიფოს იდეოლოგიას უფრო შეითვისებს... ამ შეხვედრისას და დაცილებისას უნდა
მოხდეს „ნადლომი“... (ტყდომა – ი. ხ.) როგორი გზით წავა რუსეთი? დაჩქარდება კომუნისტური
კანის გახდა თუ კიდევ ერთ ხანს იბოგინებს ეს მძორი? ძნელი სათქმელია, მაგრამ რომ
ის მოკვდება, ამას უკვე დღევანდელი დღეც კარგათ გვაგრძნობინებს...
10 მაისი. უკვე გამოიღო ნაყოფი ახალმა კანონმა ე. წ. თავადაზნაურების
წინააღმდეგ. „პრავდაში“ დეპეშაა ტფილისიდან, რომ ყოფილ თავადაზნაურებს ეკრძალებათ
იმ ადგილებში ცხოვრება, სადაც 1917 წლამდე ცხოვრობდენო. უკვე დაუწყიათ თავის
კარმიდამოდან ასეთი „თავად-აზნაურობის“ აყრა. იჭვი არ მეპარება ეს ახალი პოგრომი
არანაკლებ მძაფრი და შეუბრალებელი იქნება, ვიდრე დღმდე მომხდარი სხვა რუსული
პოგრომები. ისიც ვიცი, რომ ამ მოვლენას ჩვენში მასიური ხასიათი ექნება... როგორ
შეუბრალებლათ, როგორ მხეცურათ ანადგურებენ საქართველოს!.. და მერე რისთვის? განა
იმისთვის, რომ ვითომდა ეს ე. წ. თავადაზნაურობა რეაქციონურია? არა, ამაში არ არის
საქმე. რუსეთს თავისი კომუნიზმის ხელმძღვანელებათაც კი საქართველოში ამ
თავადაზნაურთა წრეებიდან ყავს ჯგუფები, საქმე ამაში არ არის, ეს როდია მთავარი,
არამედ რუსეთს უნდა თავადაზნაურობის საბაბით ქართველი ერის კულტურული ფენები
მოსპოს, გაანადგუროს, ერი დაასახიჩროს და დააჩიავოს, მას სული გაუმწაროს და
აქტიური მოქმედების საშვალება მოუსპოს, ძალები გაუთქვიფოს, აღურიოს და ერთმანეთზე
გადაკიდოს... მით უარესი რუსეთისათვის, მისდამი ზიზღი ამით მხოლოდ გაიზრდება.
ქარის დამთესი ქარიშხალს მოიმკის...
რაღაც კვიმატ ვარსკვლავზე გაჩნდა თითქო
საქართველოში ჭოლა ლომთათიძე. სიცოცხლით ტრაღიკოსი სიკვდილის შემდეგაც ტრაღედიებს
ვერ გაექცა. მწერალი, რომელიც ყველას უყვარს, მაგრამ რომელი სიყვარულიც არც ავტორს
და არც მის ნაწერებს არ მიკარებია! მწერალი, რომელიც ყოველი ქართველის გულში
მოწიწებით იხსენიება და სინამდვილეში კი სასაცილოთ გამხდარა! ჭოლა, რომელიც თავის
უფსკერო სიყვარულით საქართველოს თავს ევლებოდა და თვით კი ის ყველამ თავზე
შემოივლო! ჭოლა, რომელიც მუშათა პარტიის ენტუზიასტი იყო და ამ მუშათა პარტიამ მისი
ენტუზიაზმი ყუთში წლეობით ჩაკეტა, რადგან ის ბარიკადებზე იბრძოდა და „ცეცხლითა და
ალით“ იყო შემორკალული. ჭოლა, რომლის მოსიყვარულე საყვირს უნდა აღტაცებით ეკივლა
საქართველოს აღორძინების მეორე დღესვე, მაგრამ რომლის უკვდავი სულის (...)
ნაწერებათ დარჩენილი ფერფლი ხელიდან ხელში გადადიოდა, რომ ვერასოდეს ვერ ეპოვა
თბილისი და (...) მზრუნველი ხელი! ჭოლა, რომელიც შეურიგებელი მტერი იყო ბოროტების,
რომელიც რისხვა იყო გამცემლების, რომელიც არ ინდობდა ცბიერსა და ორპირს, რომელიც
ჯალათებს დასცინოდა თავის სახრჩობელადან... აი ეს ჭოლა, უკუღმართმა ბედმა ინდომა,
რომ მის მტრებს, მუშათა კლასის გამცემლებს, ერის გამყიდველებს, მისი სატრფო
საქართველოს ნამუს ამხდელებს ჩავარდნოდა ხელში... საქართველოს ტრაღედია მთელი
წლები გრძელდება, ვინ იცის როდემდის გასტანს კიდევ. ჭოლას ნაწერების გამოუცემლობა
კი დანაშაულია თვით ასეთ პირობებშიდაც კი. მის მშობელ პარტიას, დევნილს, წამებულს,
მტრისაგან გაკაფულს, მუშათა კლასს დარბეულსა და დაწიოკებულს არც ნება აქვს და არც
შეუძლია დღეს მისი კუთვნილი ჭოლას ნაწერების პატრონობა. ამისთვის მის გამოცემას
ხელი მოჰკიდეს მისმა ახლო მეგობრებმა. სილიბისტრო თავართქილაძემ ითავა ეს, ობოლი
მუშა შეუდგა ჭოლას ბიოგრაფიის შედგენასა და ნაწერების სისტემაში მოყვანას, როგორც
მუშა მწერალი ის ჭოლას ნაწერებისთვის მისაღები და ღირსეული რედაქტორიც იქნებოდა.
ყველაფერი ეს გამოცხადდა გაზეთებში, გაიმართა ხელის მოწერა, მთელი თვეები
იბეჭდებოდა ეს განცხადებები და ერთ დღეს, მოულოდნელათ გავიგეთ იმავე გაზეთებიდან,
რომ საქართველოს სულით-ხორცამდე გამქურდავებს ჭოლას ნაწერების ექსპროპრიაციაც
მოუხდენიათ... ჭოლას ნაწერებს ტფილისში სცემს სახელმწიფო გამომცემლობა მამია
ორახელაშვილის რედაქციით!.. უფრო დიდი შეურაწყოფა, უფრო დიდი უპატივცემულობა
ჭოლასადმი შეუძლებელია. ეს მისი ტრაღედიის მწვერვალია, ეს გოლგოთაა, რომელზედაც
ცხოვრებას სიცოცხლე(შივე) აყავდა ჭოლა და რომლის კალთებს მისი სული სიკვდილის
შემდეგაც კი ვერ მოშორდა. ჭოლა ობოლი, ჭოლა კენტი, ჭოლა ყველას მოსიყვარულე და
თვით უსიყვარულოთ საფლავში ჩასული, ჭოლა საქართველოს ნახვის ოცნებაში უცხოეთში
თალდახუჭული, ჭოლა ტფილისზე აცრემლებული და ტფილისის გულში მხოლოდ უსულოთ
მისვენებული, ჭოლა რომელიც სიცოცხლის ცეცხლი იყო და განმარტოებულ კელაპტრათ
იწვოდა, ჭოლა რომელიც სულით გამოქცა რუსეთის ტყვეობას და მისი უკვდავი ნაწერების
სახით მშობელი ერის მუშათა კლასის გრძნობა(...) საძირკველი შეიქნა, ჭოლა
სიკვდილ-სიცოცხლით დაუსრულებელ ტრაღედიათ დარჩენილი, დღეს მისი სულის ტრაღედიის
უკანასკნელ აკტს განიცდის. მისი დამატყვევებელი რუსეთის სისხლიანი აგენტი აიღებს
ხელში ქართველი მუშის სისხლში ამოსვრილ კალამს (და) ჭოლას წმინდა სულის წმინდა
ფერფლს დაუწყებს ძიძგნას... ამ დროს ალბათ აცახცახდება ჭოლას მგრძნობიარე
სხეულიდან დარჩენილი ძვლები და კუკიის სასაფლაოდან ტფილისი გაიგონებს მისი
სიყვარულით დამწვარი პოეტის მწარე ჩივილს... სხვა არ შეგიძლია დღეს ჩემო ტფილისო,
და ისიც კარგია თუ ნუგეშათ ცრემლებით მაინც უპასუხებ ერთან ერთად მგლოვიარე შენს
მგოსანს!.. დაიხსომე, დაიხსომე საქართველოვ, რომ ოდეს შენ დამარცხებული და
დაპყრობილი იყავი იმ რუსეთის მიერ, რომელმაც მკვდარი დაგიბრუნა ტყვეობიდან შენი
ჭოლა, გამარჯვებულმა მტერმა არ იკმარა პოეტის სიცოცხლეში წამება და და ერის ტრაღედიის
დროს მისი სულსაც თავისი ბინძური ხელებით დაეუფლა. საქართველოვ, შენი მოვალეობაა
შენი მესაიდუმლეს სული იხსნა ხელმეორე ტყვეობიდან... უნდა გვწამდეს, რომ ჭოლას
შეუდრეკელი სული ამ ახალ ტყვეობასაც გადაიტანს და ის გრძელი გზით (განა)წამები ერთ
დღეს ერის გულში უდიდესი შარავანდედით აღმობრწყინდება. ამის თავდებია საქართველოს
მომავალი, მისი მუშათა კლასის თავდადებული ბრძოლა, ერის შეუპოვარი ნებისყოფა, რათა
სამუდამოთ განთავისუფლდეს როგორც ფიზიკურ ისე სულიერ ჯალათებიდან.
11 მაისი 1925 წ. სუზდალი. კვლავ არის ტფილისის გაზეთებში ვეშაპელის „ახალ
საქართველოდან“ გადმობეჭდილი წერილები. ერთი ეკუთვნის თვით ვეშაპელს. რაღაც ხმებზე
ლაპარაკობს, თითქო ჩხენკელი საქართველოს არაოფიციალურ წარმომადგენლობას
ამზადებდეს, რადგან საფრანგეთმა დიპლომატიური ვიზა მისცა საქართვ. საბჭ. მთავრ.
თავმჯდ. ამხ. ღოღობერიძეს და აწი დემოკრატიული დამოუკიდებელი რესპუბლიკის
ოფიციალურ წარმომადგენლობას არ იცნობენო. რა სიმდაბლემდე მივიდა ძველათ პატრიოტათ
წოდებული ვეშაპელი! გახარებულია, საქართველოს რუსეთს უმტკიცებენ და
დამოუკიდებლობის მისი ეროვნული დროშა პარიზის საელჩოდან მოიხსნებაო! შეიძლება მას
გონია, რომ ღოღობერიძის პარიზში ჩასვლა საქართველოს იდეიის გამარჯვებას ნიშნავს.
დღეს თითქო ისე მოგეჩვენება კაცს, რომ მდივანი, ღოღობერიძე და ვეშაპელი სცვლიან
ერთ წარმომადგენლობას მეორეთ, მაგრამ ესეც ხომ საქართველოაო – იტყვის ვინმე.
ვეშაპელს გონია რომ თვით და მისი ბოლშევიკი მეგობრები ანსახიერებენ ეხლა
საქართველოს და მათ მართლა აქვთ რაიმე დამოუკიდებელი უფლებები. ნამდვილათ კი
მხოლოდ საქართველოს ბრძოლა, მხოლოდ მისი ეროვნული მთავრობის მუშაობა აძლევს
საშვალებას ვეშაპელ-მდივან-ღოღობერიძეებს ევროპაში იმგზაურონ და რუსული ჩეკიდან
მიცემული ფულებით საქართველოს უფლებებზე ცბიერათ გულში ხელი ირტყან. თუ არა
ქართველი ერის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ აბა ვინ, რომელი რუსეთი დახარჯავდა თუნდ
ყურგახვრეტილ გროშს ლევან ღოღობერიძის პარიზში წასათრევათ, იმ ღოღობერიძის,
რომელმაც ჩვენებური სამიკიტნოების გმირებში მხოლოდ კარგ მოკრივეთ ითვლებოდა და
რევოლუციის შემდეგ ძველი აზნაურობის ჩინ ჩამოხდილი ეხლა ახალ რუსულ აზნაურობაში
შევიდა, რათა როგორც არღნებზე ქეიფით დაიწყო ცხოვრება, ისევე ქეიფში და სხვის
ხარჯზე გაატაროს მთელი სიცოცხლე. შარლატანები, რომლებიც მხოლოდ თავისი თავზე
ფიქრობდენ, რომელთაც ხალხი მუდამ საწველ ფურათ ეჭივრებოდათ... ალექსანდრე
დევდარიანიც (სეითის ძმა) ამ კამპანიაში ჩაწერილა და ბერლინიდან საქართველოს
უთვლის არავინ დაგეხმარება, შენი საქმე წასულია, წირვა გამოსული გაქ, თუ ვინმეს
მიენდევი დაიღუპები და მხოლოდ ერთად-ერთ რუსეთთან გაბედნიერდებიო... ისე შორს
წასულა ეს უბედური, რომ სეითი პლატფორმაზე რომ არის „დამჯდარი“ იმის ქვეშაც კი
მოხვედრილა. მაგრამ რა უნდა მოთხოვო იმ ყოფილ მოქალაქეს, რომელიც დღეს ისე
დაქვეითებულა, რომ უბრალო ეროვნული გრძნობაც კი დაუკარგავს. „რუსული წყაროებიდან
და წრეებიდან ვტყობილობდი საქართველოს ამბებსო“. აბა რა უნდა ილაპარაკო ისეთ
კაცზე, რომელსაც სამშობლო დაპყრობილი ყავს, რომელიც ამ დამპყრობისაგან
გადახვეწილია უცხოეთში და ემიგრაციაში ცხოვრობს, რომელიც ეკუთვნის თავისი
ნაციონალური სახის შენარჩუნებისათვის მებრძოლ ქართველ ერს დამპყრობი რუსეთის
წინააღმდეგ და იმოდენ მოქალაქობრივ და ეროვნულ შეგნებამდე ვერ ამაღლებულა, რომ
როცა ამ წერილს სწერდა დაფიქრებოდა მაინც რა სასირცხო და თავისი თავის გამბახებელ რამეს
სწერდა. მონა, რომელსაც არასოდეს არ უფიქრია თავის მეობაზე, რომელსაც არასოდეს არ
უგრძვნია ეროვნული სიამაყე, რომელსაც მარქსიზმი თავის სახარებათ გადაუქცევია და
მისი ანა-ბანი არ შეუგნია, აი მხოლოდ ასეთ მონა ქართველს შეეძლო დაეწერა, რომ
საქართველოს ტრაღედიის დროს, როცა ერი დაპყრობილი ყავდა რუსეთს, მე იმავე რუსულ
წყაროებიდან და რუსულ წრეებიდან ვტყობილობდი რას აკეთებდენ ჩემი გვერდშივე მყოფი
ქართველი ამხანაგებიო. განა ზიზღის მეტი რა უნდა მოგგვაროს ისეთმა ქართველმა,
რომლის სახე რუსის ქალის კაბას ისე დაუფარავს, რომ იქედან გამოხედვა და
ქართველისთვის თვალის მოკვრაც კი ვერ გაუბედავს. ზიზღის გარდა ჭეშმარიტათ
საცოდავიც არის ასეთი მათხოვარი ქართველი...
12 მაისი. საქართველოდან მოსული გაზეთები პრესის დღეზეა ყველა მიძღვნილი.
ქართულ „კომუნისტს“ ცხრილი აქვს მოთავსებული თუ სად რამდენი საღდება გაზეთი.
ტირაჟი მეტათ გაზრდილა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ქართული სიტყვა, თუნდ
კომუნისტურიც კი, დევნას განიცდის ე. წ. ავტონომიებში. აფხაზეთში შარშან 20 ცალი
ქართული გაზეთი გადიოდა, ეხლა კი 70 არ სცილდება. რას მოასწავებს ეს? მხოლოდ იმას,
რომ საქართველოს ამ საზღვარზე ჯერ არნახული რუსიფიკაცია სწარმოებს. როგორ ხდება,
რომ იმ აფხაზეთში, სადაც მცხოვრებთა უმრავლესობა ქართველებია, ქართული გაზეთი
სათვალავათ გადის? ან და გასაკვირველიც არ უნდა იყოს, როცა აფხაზეთის ქართულ
სკოლებზე საქართველოს განათლების კომისარიატს ხელიც კი არ მიუწვდება და აფხაზეთის
ვივესკის ქვეშ ხდება ჩვენი ხალხის გადაგვარება-გადარჯულება. კიდევ უარესი
მდგომარეობაა სამხრეთ ოსეთში, სადაც საგრძნობი ნაწილი ქართული სოფლებისაა შესული,
მაგრამ 10-15 ცალი თუ გადის თურმე ქართული გაზეთი. და ეს იმ დროს, როცა არც
აფხაზეთსა და არც ოსეთს თავისი სამწერლო კულტურა არ გააჩნიათ, რომელთაც
ქართველებთან ერთად აუკრძალეს ქართულის კითხვა და რუსულით ყელამდე აავსეს, ესააოდა
გეხმარებით, სოციალიზმს ვავრცელებთო. წინანდელი რუსეთი ქრისტიანობით
გვეყოყოჩებოდა, თუმც მაზე ადრე გაქრისტიანებული ექვსასი წლით მაინც ვიყავით,
ეხლანდელი რუსეთი კი „სოციალიზმით“ გვიპირებს განათლებას, თუმც ნამდვილი
სოციალიზმის იდეა საქართველოში ხალხურათ მაშინ იყო ცნობილი, როცა რუსის
„პროლეტარიატები“ საეკლესიო ბაირაღებით ხელში მეფესთან ხოხვით მიდიოდენ უქვეშემრდომილესი
გრძნობის გამოსახატავათ, ანდა სახაზინო მონოპოლკების დამტვრევაში და შემდეგ
დაღვრილი არაყით დათრობაში იჩენდენ ვაჟკაცობას. რომანოვთა ქრისტიანობის და ლენინის
სოციალიზმის მიზანი მხოლოდ ერთი რუსული დიდმპყრობელური მიზანია, რუსულ სახარებასა
და კომუნისტურ ანბანს უკან იმალება მხოლოდ მტაცებლობა და გარუსება, იმპერიალიზმი
და დაპყრობა. ყველაფერი ეს ერთხელ კიდევ საჩინოთაა გამოხატული მოთავსებულ
ცხრილებში. რუსული სჭარბობს მთელ ამიერ კავკასიაში ყველა ეროვნულ პრესასა და
გამოცემებს ერთად აღებულს, რუსული გამოდის 60 % მაინც, როცა რუსობა ათ პროცენტსაც
კი არ შადგენს, რუსეთის წიგნსაც კი კოლონიალურ ბაზრათა აქვს ამიერ-კავკასია...
ყველა ამას განსაკუთრებით მეტათ უწყობს ხელს ე. წ. ამ. კავკ. ფედერაცია; ეს
რუსულათ თავმობმული ხუხულა, რომელიც მასაზრდოებელი და გამავრცელებელი არის ძველი
სანამესტნიკო რუსიფიკატორული პროგრამისა... რა დროს მოესწრო ქართველი მუშა! მის
სატახტო ქალაქში, სადაც სოციალისტურ პრესას ქართულათ ქონდა მუდამ მონოპოლია და
სადაც რუსი მუშები გოროდცევ-ტიმოშკინების „გოლოს კავკაზას“ ასაზრდოებდენ, დღეს აი
ამ შავრაზმულმა მრევლმა კეხი შეგვიბრუნა, „არხანგელა-გაბრიელადან“ მთლიანათ
კომუნიზმში გადაეწერა და საქართველოს პროლეტარიატს „კონტრ-რევოლუციონერობისათვის“
ჟლეტს და რუსულით პირს უტენავს... ასეთი ცინიზმამდე მისული დიდმპყრობელობის
ყველაფერზე ურცხვ რუს მეფეებსაც კი შერცხვებოდათ!..
„ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო ვერცა
კლდოვანი“. ისტორიას ვერც რუსეთი შეაბრუნებს პირუკუღმა. მან შეიძლება დროებით
შეაჩეროს პროგრესი, მაგრამ მის მიერ დაპყრობილი ერების ქედმაღალი ნაციონალური
მოძრაობის ტალღები ბოლოს და ბოლოს რუსეთის ხინწს ისევ ველიკოროსიაში გამორიყავს და
ეს ერები თავის თავს ეყუდნიან. პირდაპირ აღტაცებაში მოვდივარ, როცა უკრაინის
ეროვნულ ჩამოყალიბების პროცესს ვადევნებ თვალყურს. ეს მოძრაობა იმდენათ ძლიერია,
რომ თვით უკრაინელ კომუნისტებს აკეთებინებს ამ საქმეს. სახელმწიფო აპარატის
გაეროვნება ეს ხომ ერის გამოსახვისთვის მთავარი საქმეა. უკრაინაში ეს პროცესი
ძლიერის ნაბიჯით მიდის წინ. დღეს წავიკითხეთ ახალი დადგენილებები უკრაინიზაციის
შესახებ, მართალია ასეთ დადგენილებებს დიდი ფასი არ აქვს, მაგრამ თუ მას
შეუფარდებთ სხვა რეალურ ცნობებსაც მაშინ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს მარტო ლაპარაკი
კი არ არის, არამედ ეროვნული მოძრაობის ტალღებს ატორტმანებული ყავს მთელი უკრაინა.
ის ბორგავს, იბრძვის, მას უკვე გაღვიძებული აქვს დიდი ნაციონალური ინსტინკტი და
აწი მას ვერავინ შეამაგრებს. თუ ასეა უკრაინაში, მაშინ რა უნდა იყვეს საქართველოში
და სომხეთში? ამ ძველ კულტუროსან ერებში? ჭეშმარიტათ, „ვერ დაიჭირავს სიკვდილსა
გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი“. რუსეთის იმპერიის მომაკვდავმა სულმა დაიჭირა
თვითმპყრობელობის არტახებიდან განთავისუფლებული ერები, უკვე მკვდრისაგან შობილი და
სხვა სახით მოვლინებული რუსული იმპერია ვერ შესძლებს ცოცხალი ერების მაგიერობას,
ისიც თავის მკვდარს უნდა გადაყვეს, დროგადასულმა ახალგაზდას უნდა დაუთმოს ადგილი,
დღეს არა ხვალ გაძარცულები გამძარცველს დაუმოკლებენ ხელებს და ეტყვიან: „შენ
სახლში დაეტიე, შენ ჯიბაში აფათურე ხელები, თორემ მოგხვდებაო“. ეს დროს საქმეა.
ჩვენი მომავალი აუცილებელია, აღდგომა უთუოდ მოვა. ვერ მოვესწრები? რა უყოთ. რწმენა
ხომ მაინც ჩამყვება მიწაში, დიადი რწმენა, რომ საქართველოს იდეა გაიმარჯვებს. ამ
იმედებში და რწმენის სიმტკიცეში უკვე განცდილი მაქვს მე ეს მომავალი, დეე სხვა
ახალმა თაობამ იგემოს, ბრძოლა გააგრძელოს და ქართული სიტკბოთ გული დაიტკბოს.
ქართველს არ შეიძლება ეხარბებოდეს მომავალი საქართველო, მას მხოლოდ სიხარულის
განცდა შეუძლია მისთვის.
13 მაისი. კოტე ცინცაძეს ცოლი მოკვდომია და ისე გეგონება ქვეყანა დაბნელდაო
ისე მოსთქვამენ ოკუპანტები. ს. ქავთარაძე ელეგიურ გუნებაზე დამდგარა და თურმე მას
ეს სიკვდილი საშინელებას განაცდევინებს. კითხულობ კაცი ამ ნაწერებს, უკვირდები და ფიქრობ
თითქო ეს ხალხი ქათამსაც კი ვერ დაკლავს ისე გულჩვილიაო! ჯალათები და
პროფესიონალური მკვლელები, რომელნიც თავისიანის ბუნებრივ სიკვდილში უდიდეს გლოვის
განცდას პოულობენ, ხოლო მათ მიერ ათასობით დაკლულ გვამებზე გულგრილათ შეუძლიათ
იარონ და იხარხარონ. ეს პრუსიაკი ცინცაძე, ღმერთო ჩემო, თურმე გმირი ვინმე არ
ყოფილა, თურმე რა ღვაწლი არ მიუძღვის მას მშრომელთა წინაშე! და ამ ადამიანის
„უბედურებაშიდაც“ თურმე დიდი წილი მიუძღვის საქართველოს მთავრობას. ფ. მახარაძე და
ს. თალაკვაძე გამოდიან პრუსიაკის მეისტორიეთ. მაგრამ მათდა საუბედუროთ ერთ და
იმავე გაზეთის ფურცლებზე, ერთ და იმავე ნომერში და გვერდებზე ერთი პატარა
„კორექტორული“ შეცდომა მოსვლიათ. მახარაძის მოთხრობით თურმე პრუსიაკი მაშინ
იტანჯებოდა როცა მათ მიერეკებოდა დენიკინი კავკავიდან და ისინი საქართველოში
მორბოდენ თავის შესაფარებლათ, ხოლო სევასტი ამბობს, რომ პრუსიაკი სწორეთ მაშინ
იტანჯებოდა, როცა საქართველოს მენშევიკური მთავრობა სდევნიდა მას და ის ჩრდილოეთ
კავკასიაში მიდიოდაო... რას იზამ, ასეთი დრო დადგა, ბედაურები დაიხოცენ და...
...დღეს რომელი მეარღნე არ ადგენს ანკეტას, რომ ის ჯერ კიდევ დედის უბიდანვე იყო
რევოლუციონერი და იაჩეიკაში შევიდა მაშინ, როცა ჩვენში ჭაჭანებაც კი არ იყო
სოციალისტური მოძრაობის, რომ სწორეთ მან იხსნა „გახრწნილი“ მენშევიზმის
გავლენისაგან ქართველი მუშები და მას ეხლა რომ მხოლოდ 20 წელი აქვს სიცოცხლის,
პარტსტაჟი უთუოდ ორმოცი წლის მაინც აქვს და... წვრილმანი ჟულიკები, რომელნიც
ფიქრობენ, რომ მათ მეტი აწი ვეღარც დაილაპარაკებს ვერავინ და ამ სიბნელეში ჭოტივით
მარტო თვითონ იკივლებენ...
შევიტყვეთ ტაშკენტში უშანგი ელიავა დაუპატიმრებიათ.
მას თურმე აბრალებენ საქართველოსთან და უცხოეთთან კავშირს. ამბობენ თითქო რაღაც
მოწოდება დაბეჭდილა მათგან ევროპის გაზეთებში. ვგონებ ინტერნაციონალისადმი
მიმართვა არისო. ძალიან გვაწუხებს ეს ცნობა, ავადმყოფი კაცია, გვეშინია
ალექსანდრესავით რაიმე არ მოუვიდეს ტაშკენტში.
14 მაისი 1925 წ. მოსკოვიდან ტფილისში გადასახლებულ
გავარდინებულ მგელაძეს მოუწყვია დისპუტი ლიტერატურაზე. მისი მოხსენებაა დაბეჭდილი
„ზარია ვასტოკაში“. ჩვეულებრივი გახურებული ბოლშევიკური რახარუხია. მას არავინ
სწამს გარდა ჰინდენბურგისა და თავისი თავისა. ჰინდენბურგი ძველია ჩვენ ახალი ვართ, მაშასადამე ბურთი და
მოედანი ჩვენ დაგვრჩება და მწერლობაც ჩვენს სამსახურში უნდა შემოვიდესო. ასე
გასინჯეთ დიდი შოთაც კი კომიაჩეიკის (კომუნისტური პარტიული უჯრედის – ი. ხ.)
წევრათ შეიყვანა, „თავის დროზე ისიც ბოლშევიკი იყოვო“. სამი წლის წინეთ რ. კალაძე
კანში ძვრებოდა და ამტკიცებდა შოთა ფეოდალიზმის წარმომადგენელი არისო და ეხლა
პირდაპირ კომპარტიაში არგევინეს თავი. ჯერ-ჯერობით ალბათ კანდიდატათ თუ ჩათვალეს,
თორემ ასე ერთბაშათა და გამოუცდელათ როგორ მიიღებენ. ალბათ რომელიმე რაიონში
გაგზავნეს „პოლიტგრამოტის“ შესასწავლათ. ჰუ, ძნელი კი იქნება შოთასთვის ქართული
„კომუნისტის“ წაკითხვა, რამდენ რამეს ვერ გაიგებს!.. ვარდინის მოხსენებაზე
ულაპარაკნია სხვებსაც. საბოლოო სიტყვაში ის ესხმის თავს გამსახურდიას, მას
რეაქციონერს უწოდებს, ხოლო აბაშელზე და გრიშაშვილზე იმას ამბობს, რომ
გვიახლოვდებიან, „ახ(ალ) კავკას(იონში)“ ახალი ყაიდის ლექსები დაბეჭდესო, და
ამხანაგებათაც კი თვლის მათ. ნუ თუ? აბაშელი და გრიშაშვილი მივიდა მათთან და უნდა
იარონ მათი გზით?! შეუძლებელია, ვერ დავიჯერებ, ეს არ იქნება!..
თურქესტანიდან დაბრუნებულ მუშათა კომისიის
დელეგაციას უთქვამს, რომ იქაურმა გადასახლებულებმაც თითქმის იგივე გვიპასუხეს რაც
სუზდალელებმაო. გამახარა ამ ამბავმა, აღმაფრთოვანა, რომ იმ საშინელ გაჭივრებაში,
პირდაპირ შიმშილში ამხანაგები ასე მაგრათ არიან და საქართველოს ეროვნული და
სოციალისტური ღირსების დროშას პირნათლათ ინახავენ... მოგონებით ყველა სათითაოთ
ჩამოვთვალე, მოვეალერსე, თითქო გავძეხი მათთან მასლაათით და ვიგრძენი ისეთი
კმაყოფილება, ისეთი ნუგეში!.. სალამი ტყვე ქართველებსა და ამხანაგებს!..
16 მაისი. თითქო მოულოდნელი იყო ასეთი გადაწყვეტილება. არაფერი არ
წინასწარმეტყველებდა იმაზე, რომ გროზნოდან ნავთსადენი უთუოდ ტუაფსეზე უნდა
გაეყვანათ. მთელი წელია ამაზე იწერება, დგება დაუსრულებელი კომისიები, კეთდება
მოხსენებები, მიდი-მოდიან დელეგაციები, ათვალიერებენ ნავთსადგურებს, ადგენენ
გეგმებს და სხვა და სხვა. და მთელი ამ ჰაი-ჰუის დროს ერთხელა და ორხელ თუ შეგვხვდა
ტუაფსე – ნოვოროსისკის სასარგებლოთ რაიმე დადგენილება. თითქო ყველა და ყველაფერი
ფოთის სასარგებლოთ ლაპარაკობდა, ყველაზე დიდ სკეპტიკებსაც კი ასეთი იმედი ქონდათ
საქართველოში. და მთელ ამ იმედებს ცივი წყალივით გადაესხა „გოსპლანის“
დადგენილება, რომ ნავთსადენი გროზნოდან ტუაფსეზე უნდა იქნეს გაყვანილიო. კომედია,
რომლიც აგერ წელიწად ნახევარია დაიწყო, დასრულდა ფარსით. რუსეთს პოლიტიკური
მოსაზრებით ჯერ კიდევ 1924 წ. თებერვალში ქონდა გადაწყვეტილი ნავთსადენის ტუაფსეზე
გაყვანა. ამაზე გადაჭრით გამოიტანა გადაწყვეტილება მაშინ სტრიჟოვის კომისიამ.
ამაზევე ვწერდი მე ამიერ-კავკასიის საკონტროლო კომისიას მიექციათ ამ
უსამართლობისათვის ყურადღება. და მართლაც, ამ საქმის პოლიტიკური სარჩული იმოდენათ
აშქარა იყო, რომ მისი მიჩქმალა არც თუ ისე ადვილათ შეიძლებოდა, და რომ გაენელებიათ
ეს რუსული ველიკოდერჟავნიკული შთაბეჭდილება თითქო მიუდგომლობის რიხით შეუდგენ
კვლევა-ძიებას, ესააოდა ჩვენ მხოლოდ საქმის ეკონომიური მხარე გვაინტერესებს და
სადაც იაფი იქნება და მეტი სასარგებლოც სწორეთ იქეთ გავიყვანთ ნავთსადენსო. წელზე
მეტი იდავიდარაბეს, იყბედეს, არჩიეს, იკვლიეს და ამ ხნის განმავლობაში ვერც ერთი
ხეირიანი საბუთი ვერ მოიყვანეს ტუაფსე – ნოვოროსისკის სასარგებლოთ, პირიქით ფოთის
უპირატესობა ამ გამოკვლევა-გამოანგარიშების დროს მთელი თავისი სიგრძე-სიგანით
წარმოსდგა ხალხის თვალწინ. და მიუხედავათ ყველაფერი ამისა სტრიჟოვის კომისიის
გადაწყვეტილბა მაინც ძალაში დარჩა, ნავთსადენი გროზნოდან ტუაპსეზე მიყავთ. მართლაც
და რაშია საქმის ნამდვილი შინაარსი? ერთად-ერთ რუსულ პოლიტიკურ ინტერესებში, მის
ველიკოდერჟავნიკულ მადაში. რუსეთის დიდმა რევოლუციამ და მისმა მომყოლმა
ნაციონალურმა ომებმა, თვითმპყრობელობის მოხარკე ერების ბრძოლამ
დამოუკიდებლობისათვის, რუსეთის იმპერია დაგლიჯეს, მას ველიკოდერჟავნიკული სისხლის
მიმოქცევა ძალზე შეუსუსტეს, ბევრმა ერებმა კიდეც დააღწიეს თავი მისი უღლისაგან,
ხოლო ე. წ. საბჭოურ იმპერიის კავშირში რუსული კეტით შედენილი ერები იმდენათ
გამოისახენ და გამოიკვეთენ საკუთარ ეროვნული სხეულებით, რომ აწინდელ რუსეთს
ნახევრათ მაინც აქვს დაკარგული იმედი იბატონოს არარუსულ ერებზე და ტომებზე. ამ
მოლოდინში რუსეთი უკვე შეუდგა რუსული სახელმწიფოს შემოფარგვლის თადარიგს. და ამ
თადარიგში შედის გროზნოს ნავთის არა საქართველოზე, არამედ ტუაპსეზე, ანდა
ნოვოროსისკზე წაყვანა. საქართველო რუსეთისათვის დღეს ის მაფრთხობელაა, რომლის
სახელის ხსენებაზე მას ტანში აზანზარებს, საქართველო ემბლემაა საბჭოური იმპერიის
კატასტროფისა, ვინაიდან ქართველი ერის თავგამოდებული ბრძოლა ეროვნული მეობის
აღსადგენათ რევოლუციონურ გავლენას ახდენს რუსეთისაგან დაპყრობილ სხვა ერებზედაც და
იმპერიის წინააღმდეგ ირაზმებიან ყველა კოლონიები. რუსეთი თავისი პოლიტიკით ცდილობს
რაც შეიძლება სასწრაფოთ აწარმოვოს ერების გათიშვისა და გადაკიდების პოლიტიკა და
მით უმეტეს პოლიტიკურ-ეკონომიურათ არ დაუახლოვოს ერთმანეთს ის კოლონიები, რომელთაც
ქონდათ, ეხლაც აქვთ და მომავალში კიდევ უფრო გაუძლიერდებათ რუსეთიდან გამოყოფის
ტენდენციები. მით უმეტეს მისთვის მიუღებელია, რომ რევოლუციონური და ეროვნულათ
რუსეთთან პერმანენტულ ომებში მყოფი საქართველო ეკონომიური და პოლიტიკური ცენტრი
გახადოს იმიერ და ამიერ კავკასიისა. მას არ შეუძლია დაუშვას, რომ რაიმე დიდი
ეკონომიური ძარღვით გადაებას საქართველოს მისი მონათესავე კავკასიური ტომები;
ამიტომაა, რომ რუსეთი ქოჩრით მიათრევს დაღისტანს, ჩეჩნეთს, ინგუშეთს, ყაბარდოს,
ყარაჩას და სოჭას როსტოვისკენ, ეს უკანასკნელი გაუხადა მან პოლიტიკურ და
ადმინისტრაციულ ცენტრათ ამ ხალხებს, მიუხედავათ იმისა, რომ არც ეროვნულათ, არც
გეოგრაფიულათ და არც ეკონომიურათ ჩრდილო კავკასი როსტოვს არ ეტანება, ამ ხალხებს
ბუნებრივი ლტოლვა და განვითარების ტენდენციები მაინც თავის სამხრეთელ მოძმისკენ,
საქართველოსკენ ქონდათ და აქვთ. რუსეთის თვალწინ დღეს ყალიბდება უკრაინა. უკვე
წავიდა ის დრო, როცა სასაცილოთ მიაჩნდათ უკრაინის დამოუკიდებლობა. ის ეხლაც დიდი
მუქარაა ეროვნულათ რუსული ექსპანსიისთვის შავი ზღვისკენ, რაიმე გართულება კი ამ
მუქარას უკვე ფაქტათ აქცევს. რუსეთს მოსვენებას არ აძლევს უკრაინის ირიდენტა –
ყუბანი, სადაც მცხოვრებთა უმრავლესობა უკრაინელებია და მიუხედავათ ამისა მათ
უკრაინული ავტონომიაც კი არ მისცეს. რუსეთი ცდილობს ცოტაოდენი ძარღვი მაინც
დაიტოვოს შავი ზღვისაკენ, ამისთვისაა, რომ უკრაინული ყუბანი მას დღესაც რუსულათ
აქვს გასაღებული და გაცხოველებით აწარმოებს საბჭოურ რუსიფიკაციას. ამით უნდა მას
გართულებების დროს, თუ საქმე წაუხდა, ყუბანით მაინც ექნეს ზღვასთან მისასვლელი. ამ
მიზანს ემსახურება გროზნო-ტუაპსის ნავთსადენიც. საქართველოზე მისი გადაბმა
მოასწავებდა კავკასიის ბუნებრივ გამთლიანებას, რუსეთს კი უნდა ჩრდილო კავკასია მაინც
დაითრიოს რუსულ კლანჭებში. ნავთსადენი ერთ-ერთი ფორმაა იმ სამრეწველო
კოლონიზაციისა, რომელსაც ძველი რუსეთიც აწარმოებდა და ახალმაც გადასწყვიტა ამ
ტრადიციას არ უღალატოს. ნავთსადენის შედეგი იქნება ტუაპსეს გამოცოცხლება, მისი
მრეწველობის განვითარება, მარტო ერთ ქარხნებს რაოდენი მუშები დასჭირდება. რუსეთი
ჯერაც კი უმნიშვნელო უმცირესობას წარმოადგენს შავი ზღვის პირის მიდამოებში და
განსაკუთრებით სოჭი-ტუაპსეში, ამისთვისაა, რომ მას უნდა მაგრათ ჩაჯდეს აქ რუსული
ქარხნებით, რომ რუსულივე ძალით მოაწვეს შემდეგ სოჭას და აქედან აფხაზეთს. აი
რუსული დიდმპყრობელური გეგმა, რომელსაც უნდა ჩრდილო კავკასი ამ(იერ) კავკ(ასიას)
მოსწყვიტოს, ის თავის რუსულ ტაფაში დაითრიოს, რუსული ტალღებით ქედს მოაწვეს, ეს
ქედი ტუაპსეში გადმოლახოს, იქ ბაზა მოიწყოს და აფხაზეთიდან წარღვნათ მოგვევლინოს.
მეორე ანგარიში გროზნო-ტუაპსის ნავთსადენისა არის ის, რომ ეხლანდელი რუსეთი მის
წინაპარზე გაცილებით უფრო მონდომებულია საქართველო ეკონომიურათ არ განვითარდეს, ის
წელში არ გაიმართოს, ის არ მოღონიერდეს. საქართველოს დასუსტება და დაჩიავება და
მისი რუსული სტიქიით გარსშემორტყმა – აი ჯოჯოხეთური გეგმა საბჭოთა იმპერიალიზმისა.
და თუ გავითვალისწინებთ იმ მდგომარეობას, რომ სატრანზიტო მნიშვნელობა რუსეთმა
საქართველოს თითქმის სრულიად დაუკარგა სადამოჟნო (საბაჟო – ი. ხ.) კედლებისა და
ვნეშტორგების წყალობით, რითაც გაანახევრა ეროვნული ენერგიის ნაყოფიერი გამოყენება,
მაშინ ჭეშმარიტათ საქართველო სდგას უდიდესი საფრთხის წინაშე, ის მაწრუხებში ყავს
საბჭოურ იმპერიას და ცდილობს სავსებით გამოგუდოს... შესძლებს ამას რუსეთი და მით
უმეტეს საბჭოური რუსეთი? თვითმპყრობელობაც ხომ არა ნაკლებ გვიპირებდა დაკვლას?!
ურალისა და ციმბირის კონცესიები გაუცია მოსკოვს.
პიატაკოვი აცხადებს, რომ საგრძნობ და ჩვენთვის არახელსაყრელ დათმობებზე წავედითო.
რუსული სასამართლოც კი არ უცვნიათ. რომელიღაც უცხოეთის უნივერსიტეტის პროფესორები
უნდა იქნენ არბიტრებათ. ნამდვილი სპარსული ამბავი კი მოსვლიათ. დღემდე ასე
უნდობლათ მხოლოდ სპარსეთისა და ოსმალეთის კანონებს თუ ეპყრობოდენ უცხოელი
კაპიტალისტები. და კიდევ გული მოსდით მოსკოვიტელ ბოლშევიკებს როცა მათ ეუბნებიან,
რომ თქვენმა პოლიტიკამ რუსეთი სპარსულ კოლონიათ აქციაო... ჭიათურის კონცესიით
გაცემის შესახებ კი იგივე პიატაკოვი ამბობს, რომ ჯერ ვერ მოურიგდით ამერიკელებს,
ვერ შევთანხმდით, რადგან ჩვენთვის არ იქნება ხელსაყრელი მათი პირობებიო. მაგრამ
იმედოვნებს, რომ ეს საქმეც კეთილათ დაბოლოვდებაო... სწორეთ სოციალიზმის ინტერესები
არ მოითხოვს, რომ მოსკოვმა და რუსმა „სახაროზავოდჩიკმა“ გასცენ კონცესიით
საქართველოს სიმდიდრენი!?
ჩემს ძმას, ემიგრანტს, პარიზში გაუგზავნე დღეს
წერილი. ეს პირველია, დღემდე მისი მისამართი არ მქონდა. ძალიან მინდა, რომ მიიღოს,
იქნებ ერთხელ მაინც მომწეროს.
სავინკოვს (სოციალისტ-რევოლუციონერთა /ესერების/
პარტიის საბრძოლო ორგანიზაციის მეთაური – ი. ხ.) თავი მოუკლავს. გადმოვარდნილა
მესამე სართულიდან. გაზეთებში დაბეჭდილია მისი მოკლე წერილი ძერჟინსკისადმი, სადაც
ის ლაპარაკობს რაღაც პირობებზე, რომელიც თითქო მას მისცა ხელისუფლებამ. „მომკლა
ამოდენმა ლოდინმაო ამბობს“. „მას აღარ შეუძლია მეტი აიტანოს“ და თავს იკლავს.
ჩემში ამ ტრაგედიამ სიბრალული გამოიწვია. სამშობლოს ძებნაში რუსი პატრიოტი
თვითმკვლელობამდე მივიდა... განადგურებული კი ყოფილა, უკვე სულიერათ სავსებით
დალეწილი!.. ცხადლივ ვხედავთ დოსტოევსკის გმირს. არაფერია მოულოდნელი ყველაფერ
ამაში, რუსი კაცის სული წინააღმდეგობით სავსეა...
17 მაისი. გაზეთებში დაიბეჭდა გერმანიის კომპარტიის ცეკას პლენუმის მოკლე
ანგარიშები. აქედან სჩანს რომ ძალიან არევიათ ოჯახი. ფრანგი კომუნისტების
წარმომადგენელი ეუბნება გერმანელ კომუნისტებს: „რათ დაგვკალით, რაზედ გაიყვანეთ
ჰინდენბურგი პრეზიდენტათო“. ამ მხრით არც ჩეხოსლოვაკები აკლებენ ხელს. ეხლა
უტიფრათ აძლევენ წინადადებას სოც. დემ. „რაკი რეაქციას თქვენ გაამარჯვებინეთ, მოდი
ეხლა ჩვენც შემოვალთ ბლოკშიო და რეიხსტაგში უმრავლესობა გვეყოლებაო“. „ფორვერტსი“
უპასუხებს: „ერთიანი ფრონტი მაშინ აღსდგება, როცა უკანასკნელი გერმანელი მუშა
მოგახლით სახეში კომუნისტურ პარტიულ ბილეთსო“. სრული ჭეშმარიტებაა... [ჩვენების
მიერ კალინინისადმი მიწერილი წერილი წაუკითხავს ლევანს (ან: ლევინს – ი. ხ.), არ
მოსწონს თურმე „აბარონცულიაო“. საკვირველი ხალხია. კარგი, ნიკოლოზის რუსეთს არ
უნდოდა დაცვა, ეს არ იყო მისაღები, მაგრამ რევოლუციის შემდეგ რევოლუციონური
რუსეთის თავდაცვა მოვალეობა იყო თუ არა რევოლუციონერისა და სოციალისტისათვის?!..
18 მაისი. „კაცმა ჭირი მალა მალა, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალა“. ასე დაემართა
იმ რუსეთს, რომელსაც თავისი ჩამორჩენილობა, სიშავე, ველურობა და სიღატაკე უნდოდა
წითელი ფერით შეემოსა და ერთი დღის განმავლობაში სოციალისტურათ გადახალისებულიყო.
დეკრეტით კი ჩაიცვეს წითელი პერანგი და „ბოჟე ცარია ხრანის“ მაგიერ შემოსძახეს
„ინტერნაციონალი“, მაგრამ თურმე ნუ იტყვით, დღეს თვით ამ ექსპერიმენტების
ავტორებისთვისაც კი აშქარა შექნილა, რომ დეკრეტი დეკრეტათ რჩება, წითელი პერანგი
წითელ პერანგათ, ინტერნაციონალი ინტერნაციონალათ, ხოლო რუსულ შავ კანში და ხორცში,
მის სიღატაკეში და გასაოცარ ჩამორჩენილობაში, ჯერ არამცთუ გაუტანებია ამ
„სოციალისტურ“ სისველეს, არამედ თვით ეს გარეგნული სამოსელიც კი თავისებურათ
გამოუყენებია სერგეი რადონეჟსკისა და სერაფიმ საროველის „წმინდანებს“.
დოსტოევშჩინა გადაშლილია მთელი თავისი საშინელებით, რუსული ცხოვრების ფსკერი
ამოტივტივებულია სინათლეზე ისე, როგორც არასოდეს. აბა წაიკითხეთ „პრავდაში“
სოსნოვსკის წერილები ხერსონელ კომუნისტებზე, „ლეშეგონებზე“, „ჩიმბერლინებზე“ და
სხვა! თმები ყალზე დაგიდგება კაცს და ეკითხები შენს თავს სად ვცხოვრობ, რომელ
საუკუნეში?! აქ არის ზღაპრული დედო როკაპი, თვითმპყრობელობის ბოქაული, ისპრავნიკი,
კომსომოლი, არისტოკრატი ქალი, წითელი ყაზარმა, წმინდანი, ბეზბოჟნიკი, ლენინი,
ყაჩაღი, მამის მკვლელი და ვინ გინდა კიდევ არა. და მთელი ეს კოლექცია იმღერის
„ინტერნაციონალს“ და ებრძვის ევროპის „ფაშიზმებს“, ანთებს „ჩინეთის რევოლუციებს“,
აწყობს „სამოლიოტებს“, „აცოცხლებს ჯვრებს“ და „წმინდა ნაწილებს“ ევედრება.
„დომოსტროი“, „სახრება“, „კომუნიზმის ანბანი“, მარქსი, ტიხონი, ლენინი და
გაწმინდანებული პუგაჩოვი – ყველაფერი ეს არეულია და თუ მას გუშინ მონასტრები ქონდა
სალოცავათ, დღეს სოციალიზმი გაუხდია რელიგიათ, მისი „ვივესკა“ აუწეპებია თედორე
კარამაზოვისა და ემელკა პუგაჩოვის-სადისტურ ხროვისათვის... ჭეშმარიტათ, შიშის
მომგვრელია ეს სურათი!.. ვინ შესძლებდა ასეთი ჭირის დამალვას? ყოველ შემთხვევაში
არა ისინი, ვინც ჭირს ჭირზე უმატებენ...
19 მაისი 1925 წ. ციხის სასეირნო ბაღში მოედანი გავაკეთეთ, ფრიდმა შეიძინა კრაკეტი და
პატიმრები ხშირათ თამაშობენ. ქართველების ჯგუფიდან თამაშობენ უფრო ხშირათ ლადო და
ზაქარია, შემდეგ გრიგოლი, ათასში ერთხელ მეც. ალექსანდრე არც ეკარება, კალისტრატეც
ნაკლებათ ეტანება. ჩვენ სეირნობაში ყველაზე კარგი მოთამაშეა იაკობა სავჩენკო –
უკრაინელი, მაგრამ იმოდენს ჭაჭყანობს, იმოდენს ყვირის, რომ აქაობა აკლებული აქვს,
მას ჩვენ მახნოველს ვეძახით, ბუნტარია, დაუდეგარი. შესანიშნავი საამხანაგო
კაციცაა, მოხერხებული, ნამდვილი არტისტია. თამაშის დროს წესების შესახებ ლადო და
იაკობა ხშირათ დაობენ... კარგია, ციხის მოწყენილობაში, ერთფეროვნებაში ცოტა ხალისი
შეაქვს ამ სათამაშოს... მე კი არ ვიცი რა მემართება. თითქო ყველა აქაურ
ამხანაგებზე ახალგაზდა ვარ და ყველაზე მოხუცივით კი დავდივარ, აღარა მაქვს ხალისი,
ვეღარ ვეკარები სახალისოს, აი დღესაც კრაკეტში მივიღე მონაწილეობა, ვაგორებდი
ბურთებს ისე როგორც სხვები, მაგრამ არც ერთხელ აზრით იქ არ ვყოფილვარ, გული სადღაც
სხვაგან არის, სხვაზე და სხვისთვის სცემს, აგვისტოს გლოვის შემდეგ არ იქნა და არა
ერთხელაც ვერ გავიცინე, ისე დაღამდა თითქო ჩემთვის, რომ ასე მგონია მაშინდელ
საფლავებში მეც ჩავედი და აღარც მინდა სინათლეზე ამოსვლა... ყველაფერი ეს ხომ
ასეა, მაგრამ ერთი უუდიდესი კმაყოფილება მაინც მაიმედებს და როგორც ადამიანს
სავსებით მამშვიდებს: სამშობლო გავიცანი, მისი სიყვარული ვისწავლე, დაკარგული
მოვნახე, ეს კი ყველაფერს ფარავს და წინასწარ ყველაფერზე შერიგებული ვარ. რაც უნდა
მოხდეს ამ სიყვარულის ბედნიერებას მაინც არა ვარ მოკლებული... მე, პატარა
ადამიანს, ესეც მეყოფა, ამისთვისაც უსაზღვროთ ბედნიერი ვარ...
20 მაისი. ლევიცკიმ წაიკითხვა ჩვენების კალინინისადმი მიწერილი წერილი. ძალიან
მოეწონა, კმაყოფილი დარჩა. მან დრო უკვე გაათავა, მაგრამ აღარ უშვებენ, ამისთვის
ციხემ სეირნობა აღიკვეთა პროტესტის ნიშნათ, დღეს ბაღში აღარ გავსულვართ.
გადაწყვეტილი გვაქვს არ გავიდეთ მანამ, სანამ ვადა გათავებულ პატიმარს არ
გაანთავისუფლებენ. [საბჭოთა საკავშირო ყრილობაზე საინტერესო კამათი იყო ლარინსა და
უკრაინელებს შორის. ლარინი ბრალს დებდა უკრაინელებს, რომ ნაციონალიზაციის
გატარების დროს უკრაინაში იჩაგრებიან რუსები და ებრაელებიო. ყველა უკრაინელი
დეპუტატები როგორც ერთი კაცი დაუპირისპირდენ ლარინს და პირაქით შემოედავენ
რ.ს.ფ.ს.რ-ში შვიდი მილიონი უკრაინელი ცხოვრობს და თქვენ მათში გარუსების
პოლიტიკას აწარმოებთო. ლარინს კალინინიც წაეხმარა – უკრაინაში მართლა გვჩაგვრავენ
ჩვენო. ერთი სიტყვით რუსეთი და უკრაინა დაეტაკა ერთმანეთს, მაგრამ ბევრი არაფერი
გაატანეს უკრაინელებმა რუსებს... ამას დაუმატეთ ის, რომ უკრაინაში უკრაინული
ეკლესიის ყრილობა იყო და მოსკოვს გამოეყვეს, დამოუკიდებელი საპატრიარქო დაიარსეს.
უკრაინა სავსებით ნაციონალური ფარგლებით იმიჯნება რუსეთისაგან, ის უკვე
ჩამოყალიბდა სახელმწიფოებრივათ, მან ყველაფერი თავისი გაიჩინა და მოიწყო... ერთი
შენჯღრევა კიდევ და ის სუვერენულ ერათ გამოიკარჭვლება... გათავდა, რუსული საბჭოური
„ავსტრია-უნგრეთიც“ მზის ჩასვლის წინაა... მაშინ ალბათ საქართველოც ხელახლა
დაიბადება... [ლარინმა სხვათა შორის ბევრი სასაცილო კურიოზებიც მოგვითხრო.
ნოვოგიორგიევსკში თურმე პატენტთან ერთად ყოველ ვაჭარს თვიურათ ხუთ-ხუთი პორტრეტი
კალინინისა და რიკოვისა უნდა შეეძინათ, ესე იგი წელიწადში 120 ცალი... ხა... ხა...
ხა... რუსი წმინდანების ეკლესია!.. [უზბეკები და თურქმენები უკვე შეიყვანეს
კავშირში. ჩვენ ხომ მათ ჩინსაც ვერ ვეღირსეთ. ეხლა ვინმე იქაური ჩალმიანი მოლაც კი
ერთ-ერთი პრეზიდენტი იქნება... ძველ დროში რუსი და თათარი მაინც არ იყო
შეთანხმებული, ეხლა კი გათათრებული რუსი და გაკომუნისტებული თათარი ორივე ბატონათ
გვყავს, აზია და აზიისკენ პირშებრუნებული რუსი: ლენინიზმი და ყორანი, ლენინი და
მახმადი, „გასოციალისტებული“ პუგაჩოვი და „გაპროლეტარებული“ ბეგი, მოდი და გაუძელი
ამ ქაოსსა და სიბნელეს...
21 მაისი. დღეს მიღებულ „ზარია ვოსტოკას“ გადმოცემით აპრილის ბოლო რიცხვებში
ართვინის რაიონში აჯანყება ყოფილა ოსმალების წინააღმდეგ. ხალხი არ გასულა ჯარში
ქურთების წინააღმდეგ საბრძოლველათ. ამბობენ თურმე: „ჩვენ არ ვემორჩილებით უკანონო
მთავრობასო“. დაუჭერიათ 40-დე ხელმძღვანელები და შიდა ოსმალეთში წაუყვანიათ. ეს დიდი
ღირსშესანიშნავი ფაქტია საქართველოსათვის. ჩვენი ირედენტა, რომელიც გუშინ მოგვჭრეს
რუსებმა და ოსმალებმა – აჯანყდა და დამპყრობს განუცხადა „არ ვემორჩილებით უკანონო
მთავრობასო“. აღტაცებით და თანაგრძნობით უნდა მიაპყრას საქართველომ თვალი ამ მის
ძველ აკვანსა და ეხლა ტყვეთ ქმნილ საუნჯეს. ძველი საქართველო, რომელსაც ეხლაც
სდარაჯობს ჩვენი წინაპართა ციხე-კოშკები და რომელიც ჯერაც წმინდა ქართულით
საუბრობს, სადაც ქართველი დედა ეხლაც კი ქართული ნანით უგალობს აკვანში ბავშვებს,
დღეს უცხო ხმლის ქვეშ გვარდება და იტანჯება, ჯანყობს და სისხლს ღვრის. ტყვეთ
ქმნილია დედა საქართველო, მაგრამ ამ ტყვეობის დროსაც კი მას ქართული პატრიოტული
მოვალეობა აწევს გულისყური მეორე უფრო დიდ ტყვეობაში მყოფ ძმებისკენ ქონდეს, ისინი
არ დაივიწყოს... ახ, საქართველოს დამკვლელო, დაუძინარო მტრებო რუსეთო და ოსმალეთო,
ხმალით რომ დასჭერით ჩვენი სამშობლო და დაჭრილ სხეულებს დაუსრულებლათ აწამებთ!..
რა ბედნიერი ვიყავით, რა ოცნება იყო, რა აღდგომა, რა სასწაული!.. საქართველო
მთლიანი იყო, საქართველო თავის თავს ეყუდნოდა! თალწინ მიდგია არტაანი და შავშეთი,
ვდგევარ არსიანზე და მგონია რომ ეს სიზმარი იყო, მაგრამ რა მომხიბლავი, რა
თვალწარმტაცი სიზმარი იყო!.. ყველაფერს შევურიგდები, ყველაფერს ავიტან, თანახმა
ვარ აი ეხლა გადავსწყვიტო და დავთმო საქართველოს ხილვის ბედნიერება, დეე მოვკვდე
უმისოთ, მაგრამ მომეცით ნუგეში, მითხარით გულთმისნებო განუმეორდება საქართველოს
მომავალ თაობას ჩემ მიერ ნახული სიზმარი, ეღირსება ის მთლიან საქართველოს,
საქართველოს სამხრეთის ისტორიულ მიჯნებიდან საინგილომდე და ხუნანიდან ჯიქეთამდე?
გამატანეთ ეს იმედი და მივდივარ – ბედნიერი მოვკვდები... ჰო, შენ მომავალო ქართველო,
არასოდეს არ დაიჯერო, რომ შენ ნახე საქართველო, თუ ძველი საქართველო არ იქნა
მშობლიურ უბეში, თუ არსიანი არ გექნა გადასათელათ, თუ ფანჯურეთიდან ძველი
ქრისტიანული გრძნობით არ მიგიზიდათ დიდმა ხახულმა!.. არ დაიჯერო, რომ შენ ქართულათ
გიძგერს გული, თუ არ დაგიდგამს ფეხი ძველი ტაო-კლარჯეთის ნანგრევებზე და ერთხელ
მაინც არ შეხებიხარ ხელით ძველის-ძველ ხავსს, ჩვენს წარსულს ეხლა ასე უნუგეშოთ
როშაფარავს!.. იჭვები, იჭვები, სევდიანი იჭვები... იჭვები, ყოველ დღე ახალი
ნაოჭებით რომ მიქარგავენ სახეს!.. და უეცრათ თითქო მოჩვენება: „ძველი საქართველო
აჯანყდა ოსმალეთს წინააღმდეგ“, ისე როგორც დედა საქართველოა აჯანყებული რუსეთის
წინააღმდეგ... იმედის ნაპერწკალი და განუსაზღვრელი სიხარული, ისეთი ცრელმნარევი
სიხარული, როგორც არსიანზე განმიცდია, ისეთი სრული ქართული კმაყოფილება, გაუდაბნოებულ
იქაურ ტაძარში რომ მიგრძვნია... დღეს გადავფურცლე გონებაში მთელი მოგონებები და
როგორც ლოთმა დავთვერი წარსულით! რა ბედნიერი ვარ!.. რა აღვსილი ვარ ნეტარებით!..
23 მაისი. როცა კითხულობ ეხლანდელ მონოპოლისტურ პრესას
ძნელი დასაჯერებელია სად არის მართალი და სად ტყვილი. რამოდენიმე დღის წინეთ ი.
ვარდინი რიხიანათ აცხადებდა გრიშაშვილზე და აბაშელზე ახალ გზას დაადგენ და
„კავკასიონში“ ისეთი ლექსები დაბეჭდეს, რომ ჩვენ
შეგვიძლია მივულოცოთო. გავკვირდი, ვერ წარმომედგინა თუ გრიშაშვილს და აბაშელს
საქართველოს ეხლანდელ პირობებში შეძლენ დაეწერათ რაიმე ვარდინების სასიამოვნო! არ
მჯეროდა და აკი მართლაც ასე მოხდა. „ახალი კავკასიონი“ მვიღეთ, პირველი ლექსია
გრიშაშვილის. ჩვეულებრივია. რა ნახეს მასში საბჭოური და რუსებისთვის სასიხარულო?
ქურა და ქარხანა რომ არის ეს მოსწონთ? მაგრამ განა ეთქმით რაიმე იმ ხალხს ქურაზე
და ქარხანაზე, რომლებმაც ქურა ჩაგვიქრეს და ქარხნები დაგვილეწეს? ან განა აბაშელის
ლექსში რა უნდა ენახათ, გარდა იმისა, რომ ის მთელ წარსულს დასტირის? არ ვიცი, ეს
თუ მათი რუსული გამარჯვებაა, ასეთი ღმერთმა ნურასოდეს ნუ მოუშალოთ. ჰო, რა
მშვენიერია კ. მაყაშვილის ლექსი „ანდერძი“. ათჯერ კი წავიკითხე. უღრმესი მადლობის
გრძნობით ვარ მისდამი აღვსილი. არ ვიცი რა ჭკუაში მოუვიდათ ლიტერატურული დისკუსიის
ანგარიშის „ზარია ვოსტოკაში“ დაბეჭდვა. კ. გამსახურდიას სიტყვა ნამდვილი
პროკლამაციაა, აღტაცებაში მომიყვანა. მთელ აქაურ რუს პატიმრებს მოეწონათ.
განსაკუთრებით ის ადგილი, სადაც შედარებაა ლენინისა და დოსტოევსკის –
რასკოლნიკოვის.
24 მაისი 1925 წ. საბჭოთა ყრილობაზე წარმოთქმული სოკოლნიკოვის სიტყვის სტენოგრამა
დაიბეჭდა მოსკოვის გაზეთებში. ნარკომფინი (თანამედრდოვე გაგებით ფინანსთა მინისტრი
– ი. ხ.), რომელიც პირველათ სოციალიზმის აშენებას ბანკების ავეჯეულობის ნაციონალიზაციით ფიქრობდა, ეხლა რამოდენიმეთ მაინც
ანგარიშზე გადასულა და მადლობა ღმერთს ოდნავ მაინც დაუნახავს მისი ქვეყნის ღატაკი
სახე. ამბობს, რომ მსოფლიოში არ არის არც ერთი ქვეყანა, რომელიც რუსეთზე უფრო
ღარიბი იყვესო, მხოლოდ ერთად-ერთ ინდოეთს ასახელებს რუსეთზე უფრო ღატაკათ. მისი
ანგარიშით ომამდე რუსეთში სულზე მოდიოდა წლიურო შემოსავალი 100 მ., ეხლა კი 51
მანეთიღა დარჩაო. ესე იგი, ნაციონალური სიმდიდრის ნახევარიღა დარჩენილა. რუსეთს
ეხლა ისღა დარჩენია საიმედოთ, რომ ინდოეთს მაინც ვჯობნი ოდნავო. მაგრამ
საფიქრელია, რომ მასაც კი სჯობნიდეს. ერთი სიტყვით რუსეთი დღეს ყველა კოლონიებზე უარესი
კოლონიაა, ის ღატაკზე უღატაკესი ქვეყანაა. ცნობილია, რომ ბატონყმობის დროს ღარიბ
ბატონიდან გარბოდენ გლეხები, რომ უფრო მდიდარ და შეძლებულ ბატონს ყმობოდენ. ეს
ანგარიშის საქმე იყო: ღარიბი და გლაკახი ბატონი უფრო სცარცვავდა ყმას, მეტათ
სტანჯავდა და ვერც კი მფარველობდა სხვების თავდასხმებისაგან. და აი ასეთმა
გლახაკმა და ღატაკმა რუსეთმა დაგვიჭირა დღეს. მას არც მფარველობა შეუძლია და არც
ბატონობა ხეირიანათ, რადგან ის თვით უკვე მონაა და სხვის კარზე მათხოვრათ
მიმდგარი. საქართველო კოლონიის კოლონიათ გადაიქცა, რუსის ჟანდარმი დაუდგება
მცველათ ჩვენში ევროპულ კაპიტალს, თვით გასამრჯელოს აიღებს და ჩვენს ხალხს ორფა
ტყავს გააძრობს. ეს უბედურება დღესაც კარგათ გვაქვს ნაგემები ჩვენ. რუსის უვარგისი
და ძვირი საქონელი, ჩინური სადამოჟნო კედელი და ერის ენერგია კი შებორკილი.
ჟრუანტელს მოგგვრის კაცს სოკოლნიკოვის სიტყვები. მას ეხლა გაუგია, რომ ტილიანი და
ღატაკი რუსეთი სოციალიზმს ვერ ააშენებს.
„კავკასიონში“ ნ. ნიკოლაძის მოგონებებს
ვკითხულობდით. გრიგოლი ცოტა შეუძლოთაა, გული ისევ არ ასვენებს და ამისთვის მე
ხმამაღლა ვკითხულობ, რომ მანაც გაიგონოს. ეს მეორე ნახევარიც მშვენიერია ნიკოლაძის
მოგონებებისა. რამდენი საყურადღებო ცნობებია შიგ? ვერ წარმომედგინა თუ
ჩერნიშევსკისთან ესოდენი ქართველები იყვნენ დაახლოვებული. გიკვირს კაცს, რომ
ქართველი ახალგაზდობა მაშინაც კი მოწინავე და მებაირაღტრე ყოფილა საზოგადოებრივი
მოძრაობისა... დღეს კი გამომდგარან „სერპუხოველი კომუნისტები“ და პოლიტიკურათ
„გვანათლებენ“, ისე როგორც ძველი სინოდი ასეთივე განათლების მიზნით მიათრევდა
საქართველოდან ქართველ მღვდელმთავრებს და რუსეთში კლავდა და სხვა და სხვა...
„კავკასიონშივე“ ძალიან მოგვეწონა გ. წერეთლის
მოგზაურობა ნეაპოლის უნივერსიტეტის 700 წ. შესრულების გამო. პირდაპირ შესანიშნავი
სურათებია. გული ვერ მოვსწყვიტე კითხვას... მაგრამ რა კარგი იქნებოდა, რომ ბოლომდე
ეს სიტკბო მიმყოლოდა. უკანასკნელი სტრიქონებით ყველაფერი წამწარებულია, თითქო კარგ
ულუფაში ბუზი ჩაგვარდნოდეს. ამ დალოცვილს რა აქვს სამდურავი ლატვიასა და
ლიტვასთან. „მეტის მეტ სიფრთხილეს იჩენენ საზღვრებზე ჩხრეკის დროსო“. ეს თურმე
ძალიან აწუხებთ იმათ, ვისაც უსაზღვროთ უნდათ სიარული. წერეთელს მოყავს ვიღაც
გერმანელი მოგზაურის ნალაპარაკევი, რომელიც ზიზღით იხსენიებს ამ პატარა
სახელმწიფოებს და მათ რკინის გზებს „რუსეთიდანა და გერმანიიდან ნაქურდალს
უწოდებს“. ალბათ როგორც ჩვენ გვქონდა „ნაქურდალი“ საქართველოს მიწა-წყალი
რუსეთისაგან, რომელმაც მალე დაიბრუნა დაკარგული „მისი“ ტერიტორიები და რასაკვირველია
„საკუთარი რკინის გზებიც“. მერე და ვისით არის გამოწვეული, რომ ასე შიშით
ცახცახებენ ეს პატარა ერები და თავის საზღვრებს ასე უფრთხილდებიან? მხოლოდ და
მხოლოდ დიდი ვეშაპების და უპირველესათ კი რუსეთის შიშით. არ მესმის, ვერ გამიგია,
თუ როგორ შეეძლო ქართველ პროფესორს ასე უდიერათ მოეხსენებია ეს ახლად
განთავისუფლებული ერები...
25 მაისი. ახლად მოსულ ქართულ წიგნებში ლეო ქიაჩელის საყმაწვილო მოთხრობაცაა
„ნატახტარის ნაამბობი“. დიდი სიამოვნება მომგვარა, გატაცებით იკითხება, კარგია
სურათები, ყარამანი უთუოდ შეგაყვარებთ თავს. მივიღეთ აგრეთვე პროფ. კეკელიძის
„ქართული ლიტერატურის ისტორია“ – თომა ჩიქვანაიას გამოცემა. სქელტანიანი წიგნია,
კარგათ გამოცემული და მშვენივრათ შედგენილია. პირდაპირ დაუფასებელი განძია ეს
განსაკუთრებით ეხლანდელ პირობებში საქართველოსათვის... და რა კარგი იქნებოდა, რომ
ამ სერიოზულ და დიდ შრომას ვიღაც მატრაკვეცის ბეჭედი არ ესვას პირველსავე გვერდზე.
არ ვიცი, რომელ ჭკუათმყოფელ კაცს მოუვიდოდა თავში ქართველ ინტელიგენციაზე დაეწერა
ის პასკვილი, რომლის პირველ გვერდზე დაბეჭდვის უფლება მიუცია პატივცემულ პროფესორს
ამ ვიღაც მატრაკვეცა ჩიქვანაიასთვის. აი რას წერს ის გამომცემლის სახელით:
„ქართველი ინტელიგენტი უნივერსიტეტის გათავების შემდეგ ქართულ წიგნს არ კითხულობს
(ის არც სხვა ენებზე დაწერილს წიგნებს კითხულობს!). ქართველი ვექილი, ექიმი,
ინჟენერი, მასწავლებელიც კი ქართული კულტურის, ისტორიის და ლიტერატურის სრული
იგნორანტები არიან; – ბევრ მათგანს „ოთარაანთ ქვრივიც“ კი არ აქვთ წაკითხული,
ბევრი მათგანი მხოლოდ სახელით იცნობს ილია ჭავჭავაძეს, აკაკის, ვაჟას... ქართველი
ინტელიგენციის ოთხმოცდაათ პროცენტს „ვეფხვის ტყაოსანი“ ხელშიც კი არ სჭერია...
ქართველი, როცა ის ვისიმე თხოვნით იძულებული ხდება წიგნი იყიდოს, ისეთ პოზას
იღებს, თითქო დიდ ქველმოქმედებას ეწეოდეს... ქართველს არ აქვს ინტელეკტუალური და
ესთეტიური მოთხოვნილებანი“... კითხულობ ამ სტრიქონებს და გაოცებაში მოდიხარ,
ეკითხები შენს თავს, ნუ თუ ასეთი იყო ჩემი ერი და მე დღემდე არ ვიცოდიო, რა ველური
და საზიზღარი რამ უნდა იყვეს ეს თომა ჩიქვანაიას მიერ დახასიათებული ინტელიგენცია,
და არა მარტო ის, არამედ მთელი ერიც კი სავსებით მოკლებული ყოფილა ინტელეკტუალურ
და ესთეტიურ მოთხოვნილებას. და მერე მეათასედადაც რომ იყვეს ეს მართალი? დღეს
საქართველო ხელ-ფეხ შეკრულია, მას პირზე ბოქლომი ადევს, მისი ენერგია შებორკილია,
ქართულ კულტურას რუსეთის მაჯლაჯუნა აწევს თავზე, საქართველოში ქართველ მწიგნობარსა
და გამომცემელს არ აქვს უფლება თავისუფლათ სწეროს და ბეჭდოს ქართული ნაწარმოები.
ყველაფერი რუსულ კონტროლ ქვეშაა დაყანებული და მხოლოდ თითო ოროლა ავანტიურისტებსა
და უპასუხისმგებლო მატრაკვეცებს თუ ეძლევათ საშვალება აფათურონ ხელები ქართული
კულტურის საუნჯეში. ასეთი ვინმე უნდა იყვეს ეს თომა ჩიქვანაია. ეს საქართველოს
უბედურებაში კაცათ მოვლენილი ქონდრის კაცი ერის მხსნელათ გვევლინება და ქართული
კულტურის ისტორიის ფურცლებს თავის გაჩენიდან იწყებს. თურმე არავინ არ კითხულობს
ქართულ წიგნს, თურმე „ვეფხის ტყაოსანი“ ხელშიაც არ აუღია ქართველ ინტელიგენციას?!
და მერე ასეთი ცილისწამება? აი ხელთ მაქვს „ვეფხვის ტყაოსნის“ მეცხრამეტე გამოცემა
1904 წ. და შემდეგ ამდენზე მეტიც კი გამოვიდა. ეს მარტო წ(ერა)-კ(ითხვის)
გამავრცელებელ საზოგადოებისა, ხოლო რამდენი იყო სხვა გამოცემებიც. და თუ მას
ინტელიგენცია არ კითხულობს, მასწავლებელიც კი ხელში არ იღებს და საერთოთ ერს არ
აქვს ინტელეკტუალური და ესთეტიური მოთხოვნილებანი მაშინ ვინღა ოხერი ყიდულობდა
ამოდენ გამოცემებს?! როგორ ეკადრებოდა ბ-ნ პროფესორს ასე უკონტროლოთ მიტოვება მისი
დიდებული შრომისა, რომელიც ვიღაც მატრაკვეცა ჩიქვანაიამ პირდაპირ გააბინძურა და
ქართველი ერის მოყვარული კაცი გულდამშვიდებით ხელშიც კი ვერ აიღებს მას!..
ხვალ ჩვენი ნაციონალური ტრადიციული 26 მაისის
დღესასწაულია. ეროვნულ დროშებს ამზადებს გრიგოლი. ამ ნიშნებს გავიკეთებთ ხვალ.
26 მაისი. საქართველოს აღდგენის დღე, მისი სახის გამომჩენი, სიკვდილის
აჩრდილში მონახული იმედი; ოცნება, რომელიც იჭვებათ ჩაყვა საფლავში მრავალ ქართველ
თაობებს, სიზმარი, რომელიც მხოლოდ ვნახეთ და უფრო რომ შეგვყვარებოდა სამიოდე წლის
შემდეგ ტრაღედიაში გადავეშვით, რომელიც უფსკერო ზღვასავით ცრემლებში გვაცურებს და
ჰა... ლამის არის კიდეც დაგვაღრჩოს. 26 მაისი – სიკვდილ-სიცოცხლის დღე,
საბედისწერო ხიდი, ურომლისოთ ამიერიდან საქართველოს ცხოვრება არარა იქნება და
რომლისთვისაც ბრძოლას არ დააგდებს არც ერთი თაობა. დღე, რომელმაც შეაერთა მთელი
წარსული, აწმყო მასთან მიიყვანა და მომავალს ხელი გაუწოდა, დღე რომელმაც შეარიგა
საქართველოს ყველა თაობები და საფეხურები და მშობლიურ ცის ქვეშ ყველას ერთნაირის
მოწიწებით მოართხმევინა მუხლები და მოახთევინა ქუდები. დღე, რომელმაც იმედის
სარკმელი შეგვიღო მაშინ, როცა თითქო არსაიდან არ სჩანდა შველა, დედის ღიმილივით,
რომ აგვივსო გულები და დიდის სიფრთხილითა და ნუგეშის ცემით გამოგვიყვანა შარა
გზაზე, რომელზედაც მართალია მრავალი ბრძოლა გადაგვხდა და ბევრი დამარცხებაც
ვიგემეთ, მაგრამ რომელ გზასაც აწ ვეღარ დავთმობთ, და თუ სიკვდილი გვიწერია განა არ
სჯობს მშობლიურ მიწის კუბოში ჩავიდეთ და სამშობლოს ვენაცვალოთ?! განა არ
გვირჩევნია შევსწიროთ სიცოცხლე იმას, რაც მუდამ გვიყვარდა და ეხლა კი შეყვარებულის
ცეცხლში ვიწვით მისთვის?! ოღონდაც, ოღონდაც გვირჩევნია!.. ვინ უნდა გაბედოს აუგი
თავის თავზე, როცა ის ბედნიერეია თვით იმისთვისაც, რომ სამშობლოსთვის შეუძლია
მიიტანოს სიცოცხლე... ასეთი ბედნიერები დღეს დაუთვლელათ ყავს საქართველოს,
მოქალაქენი, რომლებმაც თავის მოქალაქობრივ მოვალეობათ ჩასთვალეს საქართველოს
აღმდგენი 26 მაისისათვის საფლავში ჩასულიყვნენ, რომ ამ მაისს უფრო ურყევათ
ამოშენებოდა საძირკველი და ის მარადისი და უკუნისამდე დაუძლეველი დარჩენილიყო...
და დაუძლეველიც დარჩება... 26 მაისს ვერავინ წაშლის, ის უკვდავათ დარჩება, ის
ბრძოლის მოწოდებათ იქნება ყველა საქართველოსათვის... ცეცხლში, განადგურების
აჩრდილში იმედათ მოსული დღე, იჭვებით დაწყებული მაგრამ თავხედური თავგანწირვით
მისთვის აღტყინებული ბრძოლა და რაოდენი სიხარული, ზეიმი, ნეტარება, სიამაყე, შენი
რასის ცნობა და მეორე დღეს ისევ სიზმრათ გადაქცეული ოცნება... იჭვები და
თავგანწირვა... და ასე მაქვს დღეს, ამ ჩემი ქვეყნის გამაუბედურებელი რუსეთის საპყრობილეში
წარმოდგენილი, რომ 26 მაისი უმაღლესი მწვერვალი იყო, ის უღელტეხილი იყო და საუკუნე
დაგვჭირდა დიდის ვაივაგლახით რომ ზედ ავსულიყავით და მართლაც ძლივს ავიტანეთ წელი,
ძლივს შევსძელით ამ საშინელი გზის გავლა... გადავლახეთ ეს უღელტეხილი და მთავარი
ომი მოვიგეთ: ჩვენი სახლი გავსწმინდეთ, მამა-პაპისეულ კერას დავეპატრონეთ...
შემდეგ მოგვიხვდენ, გვაწიოკებენ, გვარბევენ, ისევ გვართმევენ, მაგრამ ამაოა,
მწვერვალს გადაღმა ისევ ვერ გადაგვრეკავენ, ჩვენ ბარში ჩამოსული ვართ და მთავარი
პოზიციები ჩვენს ხელთაა – საქართველო ამიერიდან საქართველოს არავის დაანებებს.
შეიძლება კიდევ ბევრი დამარცხება ვნახოთ და ნაწილობრივი უკანდახევა დაგვჭირდეს,
მაგრამ მთავარი მაინც გაკეთებულია, ერის სახე გამოკვეთილია, მას დროშა აქვს ხელში,
მაზე დატაა (თარიღია – ი. ხ.) აღნიშნული, წარსული და აწმყო დაკავშირებულია
მომავლის საპატრონოთ, საქართველოს ისტორია გამთლიანდა, ერთ დიდ წიგნათ შეიკერა და
მას ყდაზე დაეწერა „ძველი და ახალის მიჯნაზე მე 26 მაისს წილად მხვდა ბედნიერება
შემეხვედრებია წარსული და აწმყო, ერთ სუფრაზე ლხინში შემეყვანა ვახტანგ
გორგასლანი, დავით აღმაშენებელი, თამარი, ერეკლე და ნოე, რომ მათ მომავალს მისცენ
საქართველო და მომავალმა კი ეს საქართველო ძველი და აწმყო ნაცად გზებიდან ახალ
გზებზედაც უვნებლათ ატაროსო“... ამისთვისაა დღეს ვფურცლავ ბატონიშვილი ვახუშტის
„საქართველოს ისტორიას“ და ყოველი სათაურის წინ მოწიწებით თავს ვხრი, ამ სათაურში
სახელებია ჩემს წარსულს რომ ანსახიერებენ, მე ვგრძნობ მათ, რადგან ჩვენი ტრაღედია
ისე დიდია, რომ ქართული გულის ათასწლოვანი ფენები დღეს ასახულია (ან: ახნულია – ი.
ხ.) და ეს ათასი წლები მეჩვენება თითქო იცნობდენ ჩვენი 26 მაისის დიდებას და ამ
ისტორიის ყოველ გვერდზე მესმის „დიდება ქვეყნათ სამოთხეს“... და რომ ეს ტრაღედია
არ მენახა ოდესმე გავიგებდე ასეთი სიღრმით 26 მაისის შინაარსს?! არ ვიცი, არა.
განა მაშინაც კი არ მიყვარდა 26 მაისი? აბა რა იყო ის, როცა 26 მაისის შემდეგ,
როცა ახალციხეს ჩვენს დამღუპველ ოსმალეთს ვუტოვებდით, მე ვტიროდი ძველი ციხის
ნანგრევებზე... და ვტიროდი არა ერთხელ... ხშირათ, ხშირათ ვტიროდი... და რათ
ვტიროდი თუ არ მიყვარდა?! ჰო, ეხლა მესმის, რომ ეს სიყვარული იყო, მაგრამ
ინსტინკტიური სიყვარული, გული სტიროდა, ქართული გული... ეხლა კი მაინც სულ სხვა
ვარ. დიდი ავადმყოფობა გამოვიარე, სახადმა ძლივს არ გადამიტანა და სხეულიდან
დამცვინდა ხორცმეტი, ჩირქათ რომ მეცხო და მუდამ მწამლავდა, ეხლა კი, ეხლა
განკურნული ვარ, და ყველაფერი ჩემი დამრჩა და ჩემი მშობლიური. სახადის შემდეგ ლოგინზე
რომ წამოვჯექი დედამ შუბლზე გადამისვა ხელი და მე გულში ჩავეკარი და ორივე
ავტირდით... საკვირველია, რაზე ვტიროდით, ხომ გადაურჩი სახადს და სიკვდილი აღარ
მომელოდა?! ეს სიხარულის ტირილი იყო და იმისთვის ჩავეკარით ერთმანეთს გულში, რომ
სხვისი არაფერი გვეცხო და ჩვენ კი ერთმანეთის ვიყავით, მხოლოდ ეხლა გვიყვარდა
ნამდვილი სიყვარულით... ასეთი სიყვარული მაქვს მე დღეს 26 მაისის. და ამისთვისაა,
რომ პაწაწინა ნაციონალურ დროშას, რომელიც გრიგოლმა გამიკეთა, უდიდესი სიყვარულით
და მოკრძალებით ვიბნევ გულზე. საკვირველია, როცა იქ, საქართველოში, დიდ ალამათ იყო
ეს დროშა აფრიალებული არასოდეს ასეთის საიდუმლოებით არ ჩამიხედავს მის გულში,
მიხაროდა კი, მივყვებოდი მის ფრიალს და არც მოვშორებივარ, განზე არ გადამიხვევია,
მაგრამ მაინც მცხვენია დღეს, მეშინია ამ დროშის, და ეს იმისთვის, რომ არასოდეს
მაშინ მის საიდუმლო გულში არ ჩამიხედავს და არ მიგრძვნია ისე, როგორც აი ეხლა
ვგრძნობ, ეხლა მსურს იგი და ეხლა მიყვარს მე... აბა ჩემი ძალით ვის შევაშინებ,
სუსტი ვარ ხომ, მაგრამ გაბედოს ვინმემ და მითხრას, რომ ის მოვიხსნა მე დღეს,
გოლიათად გადავიქცევი და შევაკვდები....
ამ პატარა ეროვნულ დროშებით ვიყავით დღეს
სეირნობებზე. ყველა პატიმრებმა მოგვილოცეს. 33 საკანმა რ. ანბინდერმა და რ.
ზალკინდმა გამოგვიგზავნა სადღესასწაულოთ ტორტი, რომელზედაც აღნიშნული იყო „26
მაისი 1925 წელი სუზდალი“, და იქვე ბარათზე „33 საკანი უძღვნის სალამს ამხ.
ქართველებს“. ჩვენ სამაგიეროთ გაუგზავნეთ თაიგული. ფიდოს მივსწერეთ შემდეგი
წერილი: «Наш дорогой Илико! Мы уверены, что Вам не покажется странным, если Вас
поздравим с сегодняшним днем. С тех пор как нам стала известна Ваша трогательная и
идеальная дружба с нашим другом и товарищем Андро и, хоть заочно, но
познакомились с Вами, мы стали чувствовать Вас нашим общим другом. Хотя на это
и не испрашивали Вашего формального согласия и об этом не приходилось нам
заявлять до сих пор. Смеем думать, что интуиция нас не обманывает, если скажем,
что пользуемся взаимностью. А в наших (груз. соц. дем.) нынешних условиях
(«вавилонского пленения») выразить наиболее сильные и теплые чувства это –
ощутить не кровнаго компатриота не только интернациональным социалистическим
товарищем, но еще и родным соотечественником и в знак этого послать ему
национальный флажок, символизирующий освобождение народов через революцию и
социализм (красный фон с грузинским национальным цветом – белым и черным). [С удовольствием перечитали к годовщине Ваше
прошлогоднее стихотворение на этот день. Передайте наш привет и самые наилучшие
пожелания Вашей супруге. 26 мая 1925 г. Суздаль, тюрьма. По поручению грузин К.
Гогуа».
27 მაისი. ფიდო„ლამიადან“ შემდეგი პასუხი მივიღეთ დღეს: «Дорогой
Калистрат Григорьевич! Вчера, проливной дождь, ливший с самого утра помешал мне
исполнить мое намерение послать В/ письменное приветствие и заставил
ограничиться передачей через С. устнаго поздравления. Каково же было мое
удивление и моя большая и искренняя радость, когда я получил В/ письмо. Я был
бесконечно тронут тем совершенно незаслуженным с моей стороны вниманием,
которое оказали мне Вы, Ваши товарищи. Вы пишете, что надеетесь, что интуиция
В/ не обманивает в том, что я отвечаю В/ взаимностью. О, Нет! Но кроме
глубокаго чувства дружбы и уважения, в котором никогда не сомневайтесь, мне
хочется сказать несколько слов о том восхищении, которое я чувствую когда
наблюдаю ту самоотверженность, тот героизм, которые проявляет В/ народ в борьбе
за свое освобождение. Сжатый тисками грубой силы и безправия, неся безконечные
жертвы он не сдается и не хочет превратиться в безсловенаго раба. И есть два
источника, которые дают неисчерпаемый запас энергии грузинскому народу в его
борьбе – это сознание правоты того дела, за которое он борется и то сочувстие
международнаго пролетариата, которым он окружен. И в этом мне кажется гарантия
того, что как бы тяжели не были те испытания, которые приходится переживать, как
ни горька та чаша, которую приходится испить – победа будет достигнута и не
стесняемый никакими путами грузинский народ пойдет по пути демократии и
социализма. Со…ите мне дорогой и глубокоуважаемый К./. не только со стороны
поздравить Вас и Ваших товарищей с праздником, но вместе с Вами слиться в
едином и радостном чувстве … того дела, которому Вы отдаете свои силы. Суздаль,
тюрьма, 27/V.26. «Илико». ორმა სოც. რევოლუციონერმა
შემდეგი მოგვწერა დღეს: «Дорогой тов. Гогуа! К сожалению поздно мы узнали, что
вчера Вы справляли годовщину независимости Грузии. Примите и передйте Вашим
товарищам наш запоздалый привет и искреннее пожелание в самом недалеком будущем
встречать этот день не в тюрьме, а со своим народом в освобожденной Грузии.
Годы существования независимой Грузинской республики нас от Грузии отделяло
большое расстояние, но мы с горячим интересом и трепетом следили за жизнью
Вашей страны и узнавая о ней по отрывочным сведениям, доходившим до нас,
радовались вашим успехам и волновались вашими неудачами. В этой героической
борьбе, которую вел маленький грузинский народ за свою самостоятельность наши
симпатии всецело были на его стороне. И теперь мы с самим хорошим чувством и
искренним сочувствием относимся к Вам и Вашим товарищам, несмотря ни на что,
продолжаюшим эту неравную борьбу. Крепко жмем Ваши руки. С социалистическим и
дружеским приветом რემო... ცოლქმარი. 27/V-25
წ.
28 მაისი 1925 წ. სუზდალი. ლეო რუხაძე. დღიურები. არ იქნა და ვერ ვეღირსეთ გარკვეულ
ცნობას იქნება თუ არა ჩვენების პროცესი საქართველოში, ან თუ იქნება რა პირი უჩანს
საქმეს? არ არის წუთი, რომ ეს ჩვენ არ გვაწუხებდეს. ნუ თუ დავიჯერო, რომ ერთი
ჯგუფი მაინც არ დაიჭერს პროცესზე სახელოვანათ თავს? ამას კი მომავალი
საქართველოსთვის ხომ უდიდესი მნიშვნელობა ექნება... დღეს „პროლეტ. რევ.“ ჟურნალში
ფავაცკის მოგონებები წავიკითხე სოჭის 1920 წ. აჯანყებაზე. ზოგი რამ სრულიად
თავდაყირა აქვს მას დაყენებული. რედაქციის შენიშვნაში მე მასახელებენ ამ აჯანყების
პოლიტიკურ კომისრათ. გრიგოლმა მირჩია დავსწერო ამაზე მოგონებები. თუ გული დაუდევი
და მახსოვრობამ არ მიღალატა, ხვალიდან მინდა შევუდგე.
30 მაისი 1925 წ. გუშინ შეუძლოთ ვიყავი, გაზაფხულის სისუსტე დამეტყო. დღეს ცოტა
მოვჯობინდი. შევუდექი მოგონებების წერას ჯიქეთის აჯანყებაზე. გრიგოლმა წერილი
მიიღო ლიუბასაგან. ეხლა უკვე უმთავრესათ ქართულს იწერება, დიდი წარმატება ემჩნევა
ენის სწავლაში. უსაზღვრო მადლობით ვარ მისდამი აღვსილი, რომ საქართველოს ასე
აფასებს და ასე გულმოდგინეთ სწავლობს ქართულს. მინდა ვიფიქრო, რომ ეს ჩვენი
ეროვნული აღორძინების ეპოქის გავლენაა, რომ ამიერიდან საქართველოს გადაგვარება
აღარ იწარმოებს, რომ საქართველომ იმოდენათ მაინც ეყუდნა თავის თავს, რომ უცხო ქალი
მაინც ვერ გადაგვაგვარებს. განა ცოტა იყო ისეთი ქართული ოჯახი, რომ უცხო ქალმა
გადაგვირჯულა?! ამისთვის მეზიზღებოდა მე ის, მაგრამ პატივს ვცემ კი იმას, ვინაც
ჩემს ეროვნულ სახესაც პატივსა დებს, ვინაც მეც ერათ მრაცხს...
1 ივნისი 1925 წ. ქ. სუზდალი. საპყრობილე. საკანი # 32.
დღიურები ლეო რუხაძისა. ყარიბის წერილები დაუსრულებელი შეიქნა. რაც კი სიმყრალე
დაგუბებია ამ რამოდენიმე წელში ყველა ეხლა გადმოარწყია და პირველათ ყოვლისა
თავისივე აწ უკვე სავსებით დამახინჯებული სახე კიდევ
უფრო გაისვარა. ერთი უყურეთ ამ მლიქვნელსა და ავტორიტეტების მონას, თურმე
საქართველოს დემოკრატიზმი არ მოსწონდა, რადგან ორი-სამი კაცი მართავდა ქვეყანასო.
ასე წარმოიდგინეთ, თურმე საქართველოში დემოკრატიული არჩევნებიც კი არ არსებულა,
რადგან იმავე ორი-სამი პირის ბრძანებით ირჩევდენ ვინც უნდოდათო. ამაზე ბინძური
პასკვილის დაწერა შეეძლო ვინმეს საქართველოზე!? არა, ამას ურცხვათ რომ სწერს ეს
რუსულათ გაპადლეცებული დემაგოგი, განა არ ჩაუკვირდა თავის მდგომარეობას რა
სასაცილოთ იღებს ის თავისივე თავს? ყარიბი დამფ. კრების წევრი იყო, ყარიბი
მინისტრი იყო. მაშ ის ხალხის მიერ არჩეული არ ყოფილა და ნუთუ დღემდე ვერ ატყობდა
ეს პადლეცი (ნაძირალა, არამზადა – ი. ხ.), რომ არ სარგებლობდა ხალხის ნდობით და
მხოლოდ ნოე რამიშვილისაგან იყო დანიშნული ამ თანამდებობებზე? ნუ თუ ყარიბმა დღემდე
ვერ გაიგო, რომ დამფ. კრების 130 დეპუტატი ნოე რამიშვილმა „დანიშნა“ და თუ ეს
გაიგო ამ „მიუდგომელსა და ხალხის ერთგულ პუბლიცისტს“ როგორც თავის თავს უწოდებს,
სად ქონდა ეს მიუდგომლობა, რომ დღემდე ამ „დანიშნული“ დეპუტატის სახელს
ატარებდა?.. თუ ითმენდა ყველაფერ ამას ეს „შეუდარებელი დისციპლინის“ სოციალისტი, რომელმაც
ჩეკაში „გაახილა“ თვალი და როცა მის საკუთარ მძორს საფრთხე მოელოდა მაშინ ამოიბა
ამყრალებული ენა?! ანდა ამ ნაძირალას უსირცხვილობამდე დასულ კალმოსანს რა უნდა
სახალხო გვარდიისაგან? თითქო გვარდია ყაჩაღების და ზნედაცემულთა საბუდარი იყო,
თითქო დუშეთიდან ვიღაც ქალის გამაუპატიურებელი კომისარი მისულიყვეს მთავარ შტაბში
და შტაბს ის დაეფაროს. დღეს საქართველოზე და მის ეროვნულ შეიარაღებულ ძალებზე
ყოველი სისაძაგლე შეიძლება იწეროს, ამის ნებართვას თავისუფლათ იძლევა რუსული
ოკუპაცია, ის კიდეც მოითხოვს ამას, მაგრამ ქართველი პუბლიცისტის პრეტენზიების
მატარებელ მოქალაქეს განა შეუძლია საქართველოს დღევანდელ პირობებში ასეთი
სისაძაგლე სწეროს იმ ეროვნულ გმირებზე, რომელთა უმრავლესობა დღეს საფლავებში
აწყვია? ან სიმართლის ნატამალი მაინც იყვეს შიგ. განა ცნობილო ფაქტი არ არის, რომ
ვ. ჯუღელმა თავისი ხელით მოკლა სომხეთის ფრონტზე ერთი გვარდიელი
გაუპატიურებისთვის? ამაზე ხომ დიდი ლაპარაკიც იყო ერთ დროს. ასეთ, შეიძლება
სამართლიან, მაგრამ თვითნება აღშფოთებაზე, ბევრი მაშინ უკმაყოფილებას აცხადებდა.
მთავრობის წევრს ყარიბს არ სმენია ეს? ან განა მან არ იცის რამდენი დაისაჯა
ფრონტებზე ასეთ დანაშაულისათვის? და თუ ომის დროს, ფრონტებზე ასე დევნიდენ ამ
დანაშაულს, როგორ მოხდა, რომ მშვიდობიან ხანაში და ისიც მთავარ შტაბში თავი
შეაფარა ქალის გამაუპატიურებელმა? ან შეიძლება ყარიბი თავის თავით ზომავს
ყველაფერს? თავისი ოჯახის თავსლაფის დამსხმელი, რომ ასე თავისუფლათ დათარეშობდა,
ეგონა რომ ალბათ უფრო დიდი დამნაშავენიც მისებრ თავისუფლები იყვნენ? ან განა
ყარიბს არ ახსოვს თუ რომელი დღიდან გამობინდრიშდა ის სამინისტროს კაბინეტიდან?
თურმე ნუ იტყვით ნ. რამიშვილი და ჯუღელი უახლოესი დამოკიდებულებაში იყვნენ
ერთმანეთთან და „პანიბრატულათ“ სწყვეტდენ საკითხებს. საიდან მოიგონა გელეიშვილმა
ასეთი არ არსებული რამ? ყველაფერი შეიძლება ითქვას, მაგრამ ვალიკოსა და ნოეს შორის
„პანიბრატობა“? და ისიც თითქო საქმეების „მოსაჭახრაკებლათ“? საიდანაა ეს სისულელე.
ვალიკო და ნოე რამიშვილი, პირიქით, შეიძლება ერთმანეთთან მხოლოდ შორი ახლოს იყვენ
და მეტი არაფერი... გელეიშვილს ყველაფერი ახსოვს, ყველაფერი იცის... უმნიშვნელო
დეტალებსაც კი იძლევა. ასე მაგალითად, 1921 წ. 24 თებერვალს, როცა იმავე დღეს
ღამით ტფილისს სტოვებდა საქართველოს მხედრობა, გელეიშვილი სასახლეში ნახულობს
კარლო ჩხეიძეს და მას კრებაზე უსმენს. საიდან, როგორ? სამი დღით ადრე ჩხეიძე და
მთავრობის ერთი ნაწილი ქუთაისში იყვნენ, ეს იყო თადარიგი, ვინიცობაა მტერს ხელში
ჩაეგდო ტფილისი და იქ მყოფი მთავრობა, მაშინ ქუთაისში მყოფ მეორე ნაწილს და დამფ.
კრების თავმჯ. უნდა გაეგრძელებიათ საქართველოს თავდაცვა. ეს არ იცის ყარიბმა? მაშ
რა მისი შავი ქვა იცის თუ ასეთი დიდი დატები არ ახსოვს? ახსოვს მხოლოდ ის თუ როგორ
მოშივდა ბათუმში და სადღაც სადილს დაეძებდა? მუცელიც ჩახეთქოდეს ასეთ სვავს,
რომელსაც ერის უდიდესი ტრაღედიიდან ერთ უმთავრეს „ფურცლათ“ ის ახსოვს თუ სად ვერ
გაიძღო მან თავისი სტომაქი. დიახ, ყარიბი „ურწმუნოა“ დემოკრატიაზე, მას ეხლა
გაუგია, რომ დემოკრატია არსად არ ყოფილა და არც იქნება, არამედ ყველგან ყოფილა
თურმე დღემდე მალულ ფორმებში მაინც დიქტატურა და ისიც ბურჟუაზიისა და რეაქციის
დიქტატურა, ამისთვის ის გახარებული შესძახებს: გაუმარჯოს მუშურ-გლეხურ კომუნისტურ
დიქტატურასო და მოწიწებით ემთხვევა ლენინის ხატს. ისე იფიცებს კომინტერნზე, თითქო
დიდი ვინმე მორწმუნე იყვეს, თითქო ფანატიურათ შეერთებოდეს ამ რუსულ ბრბოს... ამ
ფიცის შემდეგ, მაშინ, როცა კომინტერნის წირვა უკვე გამოსულია და ის საკუთარ
მეგობრებისაგანაც კი მოძულეული, აბა რა უნდა მოეთხოვოს გელეიშვილს, ის მძორია და
თავისი გაუპატურებული ხორცი რომ ორი დღით კიდევ ათრიოს ქვეყანაზე, ეხლა უკვე
გაბახებულ ხატებზედაც კი იფიცებს, ოღონდ ორი გროში მიიღოს და ბათუმში რომ სადილები
დაკლებია სამაგიეროთ ეხლა შეივსოს შეწუხებული სტომაქი... უნდა ვიფიქროთ, რომ ამის
შემდეგ ყარიბი უფრო დიდი ბოლშევიკი იქნება, ვინემ რუსი ბოლშევიკები... რენეგატის წესი
ასეთია...
სტალინმა უკვე ამოიღო ნავთალინიდან ტროცკი და
კონცესიების კომისიის მეთაურათ დანიშნა. „პერმანენტული“ რევოლუციების ავტორმა,
ევროპა რომ უნდოდა აეფეთქებია რუსული ჩექმითა და ხიშტით, დღეს ევროპას კონცესიებზე
უნდა მოუწეროს ხელი და კოლონიობის უღელი თვით დაადგას რუსეთს... სტალინმა ჯერ
მოკლა ტროცკი, ეხლა კი საფლავში ჩადვა და მიწა მიაყარა...
2 ივნისი. ინგლისის ელჩი ხოჯსონი სპარსეთში ყოფილა და ეხლა გზათ
საქართველოშია. ყველგან რამოდენიმე დღე გაჩერებულა, საქართველოში კი მთელ კვირას
რჩება. მასაც უკვირს, რომ საქართველოში განათლებაზე 62 % იხარჯება სახელმწიფო
ბიუჯეტისაო. სწორეთ ისევე ლაპარაკობს როგორც პერსელი. მიდის ჭიათურაში, შემდეგ
ბათუმით ადესაში ამოვა და მოსკოვში დაბრუნდება. ისეთ ინტერვიუებს იძლევა, რომ
„ზაკაზი“ აქვს თავის მთავრობიდან კარგი ილაპარაკოს საქართველოზე. ეტყობა რუსეთსა
და ინგლისს ვაჭრობა აქვთ და საქართველო როგორც ერთხელ გასცა ლოიდ ჯორჯმა
სპარსეთისთვის, ალბათ ეხლაც ან ჭიათურის კონცესიისათვის, ანდა კიდევ იმავე
სპარსეთისათვის ინგლისი მიუგდებს საძიძგნათ რუსეთს ჩვენს თავს. ცბიერი ალბიონი –
რომლის მთელი სიცოცხლე აშენენებულია თაღლითობაზე და მოტყუილებაზე, გაცემაზე და
ღალატზე. აბა რომელ ოდნავ მაინც პატიოსან ადამიანს მოუვა თავში, რომ საქართველოში
სახ. ბიუჯეტის 62 % სწავლა-განათლებაზე იხარჯებაო? ეს მხოლოდ პადლეცებს (ნაძირლებს
– ი. ხ.) შეუძლიათ გაიმეორონ. სად აქვს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომ
იქედან სხვა და სხვა პროცენტები სხვა და სხვა საქმეებს ახმაროს? ან შეიძლება იმით
ამაყობენ, რომ განათლების კომისარიატზე მიცემული ორი გროში განათლებას რომ
ხმარდება? მაშინ რაღათ უნდათ ამ 62 % ლაპარაკი, აიღონ და სთქვან მთელი ასი
პროცენტი განათლებას ხმარდებაო, მაგრამ საქართველოს რომ რაღაც რამოდენიმე ასი
ათასი წაუგდო და აქედან მართლაც დაიხარჯოს 62 % განათლებაზე, იმ განათლებაზე,
რომლის მუშაკები ჯამაგირებს ვერ ღებულობენ, რომელთაც სკოლები თავზე ენგრევათ,
რომელთაც დაფა და ცარცი არ მოეძევებათ და პირველყოფილ მდგომარების მზგავსათ
ნახშირით სწერენ ფიცრებზე, სადაც არ არის სახელმძღვანელოები და საშვალო კლასის
დამთავრებულებს ბარათის დაწერაც კი არ ეხერხებათ, განა ეს არის ბრიტანეთის
ელჩისთვის აღტაცებაში მოსაყვანი მდგომარეობა... ვინც საქართველოს თვით საოკუპაციო
პრესას კითხულობს და ის მაინც ასე იმეორებს, ის ან სულელია, ანდა პადლეცი.
ბრიტანეთის ელჩს კი მოეთხოვება იყვეს კურსში თუ რას სწერენ საქართველოში მისი რუსი
დამპყრობლები, მით უმეტეს თუ ეს ელჩი საქართველოს მდგომარეობის დამფასებლის
პრეტენზიებით გამოდის...
3 ივნისი. ამსტერდამის ინტერნაციონალსა და რუსეთის პროფკავშირებს შორის
საპოლემიკო დუელი გრძელდება. პირველის მდივანი უდეგესტი გამოსულა ევროპის პრესაში
მთელ რიგ წერილებით, სადაც თურმე ამბობს, თითქო ტომსკი ებრძოდეს კომუნისტურ
პარტიის გავლენას პროფკავშირებშიო. თუ ეს მართალია, როგორი არცოდნაა რუსეთის
პირობების. საიდან, როგორ ებრძვის ტომსკი კომპარტიას, მაშინ როცა ეს ტომსკი ამ
კომპარტიის ოლიგარხიულ დიქტატურის ერთ-ერთი გამტარებელთაგანია. ან შეიძლება ის
ეჩვენებათ ბრძოლათ, რომ პროფ. კავშირების გაზეთი „ტრუდი“ ზოგჯერ რომ ათავსებს
საშინელი გახრწნილების მამხილებელ წერილებს?! ეს ბრძოლით კი არ მოსდით, არამედ
გახრწნა ისე დიდია, რომ მისი დამალვა თვით ტერორისტულ დიქტატურასაც კი აღარ
ძალუძს. ან რომელ პროფკავშირებზე ლაპარაკობენ რუსეთში? სად აქვთ ეს პროფკავშირები?
ეს ხომ უკეთეს შემთხვევაში ცნობილი „ზუბატოვშჩინის“ კარიკატურაა და მეტი არაფერი.
როგორ შეიძლება იყვეს პროფკავშირები იმ ქვეყანაში, სადაც არ არის ნასახი
მოქალაქობრივი თავისუფლებისა, სადაც არ არსებობს დემოკრატია, სადაც არავითარ
ასოციაციას არ აქვს უფლება თავის ნება-სურვილზე აირჩიოს გამგეობა და აწარმოვოს
დამოუკიდებლათ საქმე? პროფკავშირები რუსეთში მუშების დასაცავი ორგანიზაციები კი
(არ) არიან ეხლა, არამედ ისინი მუშებს ბორკავენ და ლაგამს დებენ, ეს მთავრობის
ორგანოა, ის შრომის „ოხრანკაა“ – ჟანდარმია, რომელიც დაქირავებული ყავს მუშებისვე
ხარჯზე ხაზეინს... მოსყიდულ პერსელებიდან აბა რა უნდა გაგვიკვირდეს, როცა ამ
სიმახინჯეს მუშათა კლასის ოჯახათ ასაღებენ, მაგრამ არის თუ არა მოვალეობა ევროპის
მუშათა კლასისა გულდასმით შეისწავლონ ეს რუსული სიმახინჯე და მსჯავრი მაინც დასდონ
მათ რუს მოძმეთა დამამონავებელ დიქტატურას, და მის ორგანოებს, თუნდ ეს ორგანოები
პროფკავშირების მაღალ სახელს ატარებდენ?! და განა არ არის დრო მთელი წლების შემდეგ
მაინც იცნობდენ რუსეთს... ამ კითხვების გასაშუქებლათ მეტათ საინტერესოა ტომსკის
პეტროგრადში წარმოთქმული სიტყვა. ის ცდილობს კარგი პირი მოგვცეს რუსეთის
პროფმოძრაობისა, მაგრამ რამდენსაც არ ცდილობს არაფერი გამოსდის, მაინც საშინელი
სურათი იშლება: მუშები არ ენდობიან კავშირებს, საწევრო გადასახადები ათასობით
იფლანგება, კრებებს არ ესწრებიან, ე. წ. ლენინიზმის შესწავლა სწარმოებს იძულებითი
წესით, ისე როგორც ძალდატანებით სწავლობდენ ძველ „კატეხიზმოს“ ბავშვები, უბედური
შემთხვევები ერთი ათათ გაიზარდა, ხელფასი მცირეა, კვალიფიციური მუშები გადაშენდენ,
ბევრგან გაფიცვებიც კი მომხდარა და სხვა და სხვა... ასეთია ტომსკის სიტყვით
„სოციალისტური წარმოების“ მუშების მდგომარეობა, რომელთა გვერდით ორჯერ მეტი
უმუშევრები ულუკმაპუროთ დაძრწიან... ზინოვიევიც კი შეუშინებია მუშების ამოძრავებას
და ამასწინეთ სოფლისკენ მიბრუნებული პირი ისევ მუშებისკენ უნდა შემოაბრუნოს,
მაგრამ საკითხავია, დარჩებიან კმაყოფილი გლეხები, როცა პირის ნაცვლათ მათკენ სხვა
ნაწილი იქნება მიშვერილი. მართლაც „სამი ხეში“ დაბნეულები და ფსკერამდე
დასულები... რაღას ფართხალობთ: «не трат(ь) куме силы, опускайся на дно»…
4 ივნისი. „ქურდები სჭრიან სამართალს, მართლებს უყრიან ბორკილსა და ქვეყნის მტერი
იუდა დასცინის მამულის შვილსა. ბრიყვი და უსწავლელები თავში უდგიან ჭკვიანებს...
გაჰქრეს ეს ჟამი ბარემღა, ნეტავი რას იგვიანებს“... აკაკის ეს სიტყვები გამახსენდა
დღეს, როცა კიდევ წავიკითხე ფსიხოპატ ვანო ალიხანოვის წერილი, რომელიც თურმე მას
პარიზში დაუწერია და ვეშაპელის გაზეთში მოუთავსებია. რედაქციაც უკეთებს შენიშვნას
ეს დიდ ვინმე პიროვნებას ეკუთვნისო. თვითაც ისე გაუტყლარჭავს თავისი თავი ამ
ავანტიურისტს, რომ გეგონება ეს ნოე ჟორდანიაზე დიდი კაცი ყოფილა საქართველოშიო.
წერილებით მივმართავ აქაურ ემიგრანტულ საბჭოებს, მინდოდა საქართველოს საქმეები
გამომესწორებია, მაგრამ არავინ გამიგონა და რადგან დაღუპენ საქართველო, ეხლა
პროტესტის ნიშნათ საქართველოს დამღუპავთა ბანაკში – რუსებში მივდივარო. დაიწყო
იმით, რომ მემარჯვენეობდა, ბრალს სდებდა სოც. დემ. რომ მან უფრო მჭიდრო კავშირი
ვერ დაამყარა საქართველოს სხვა პარტიებთან და ეხლა კი, თურმე იმისთვის, რომ
აჯანყების შემდეგ შექმნილა კოალიციონური მთავრობა, რომელშიდაც შესულან სპ. კედია
და ს. ფირცხალავა, ვანო ალიხანოვი აღშფოთებულია და მიდის საქართველოში?!. ვინ
უნდათ მოატყვილონ ასეთი კომედიებით, ანდა სად უნდათ გაასაღონ დაბალი ხარისხის
ნაგავი ხალას ოქროთ?!. ამ ზნეიან რეგვენს თავი დიდათ წარმოუდგენია, რადგან ის
მიქირავებულია დამპყრობ რუსეთზე და რადგან მართლაც ესაჭიროება რუსეთს საქართველოს
გამბახებელი დიდი კაცები, ამისთვის ამ ქონდრის კაცებს ადიდებს და მერმე მათ
ნათქვამს თითქო საქართველოს ნათქვამათ ასაღებს... ეხლა ალბათ ალიხანოვიც ჩამოვა
საქართველოში და დაიწყებს „მოხსენებების“ კითხვას იმაზე თუ „როგორ დაღუპა ევროპა
და როგორ უღალატა კაუცკიმ სოციალიზმს“!!. ჭეშმარიტათ სულით ბოსიაკების ხელში ვართ...
[„კომუნისტის“ ცნობით დიდ ნოეს გამოუცია წიგნი საქართველოს აჯანყებაზე „რა
მოხდა?!“ არც ერთი ამონაწერი არ მოყავთ. როგორც ეტყობა დაფასებულია აჯანყება და
ეხება შემდეგ ტაკტიკას... [ზაკფედერაციას უცნობებია ს.ს.რ.კ-თვის, რომ
ამიერკავკასიაში საკოლონიზაციო მიწები არ არისო... ალბათ მიმართენ მოსკოვიდან:
შემოგვატყობინეთ რამდენის გადმოსახლება შეგვიძლია მაქეთო. ნიღაბჩამოხდილი
იმპერიალისტური კოლონიზატორები. ეს კი ასე, ამ. კავკ. ეხლანდელ საზღვრებში უარი
უთხრეს რუსების გადმოსახლებაზე, მაგრამ ამ. კავკასიის იმ მიწებზე, რომელიც რუსეთს
ხელოვნურათ აქვს გარუსეთებული, ესე იგი სოჭი-დოღაფსოზე რას ამბობენ? განა საშინელი
მყვირალი უსამართლობა არ არის, რომ რაჭა უმიწაწყლოთ წყდებოდეს და ადლერში კი
ტამბოველი რუსები ესახლებოდენ? ანდა აფხაზეთში ათონის რუსი ბერები მიწებს
იკავებდეს?.. რაგინდ ცუდ პირობებში არ ვიყვეთ ეხლა, მაინც მწამს, რომ ახლო
მომავალში ჯიქეთის ამ გამარუსებელ კოლონისტებს ფეხქვეშ ცეცხლი გაუჩნდება, ისინი
იქედან გაიქცევიან, უნდა გაიქცენ, ქართველი გლეხი თავის მიწას უნდა დაეპატრონოს...
6 ივნისი 1925 წ. ინგლისის ელჩი ხოჯსონი ისე ათვალიერებს საქართველოს, თითქო ვინმე
მოცლილი ტურისტი იყვეს. უნახავს მცხეთის ტაძარი, უნივერსიტეტი, მუზეუმი, ეროვნული
გალერეია, ქარხნები, წასულა ავჭალაში ჰიდროელექტრონის სადგურზე და კოჯორიც კი
მოუვლია. და თურმე ნუ იტყვით ამ ინგლისურ სამრეწველო ქვეყნიდან მოსულ ელჩს
„გაკვირვებია“ თუ რა კარგ მდგომარეობაშია ქართველი მუშები. მოდი და ამის შემდეგ
დაუჯერე რომელიმე ინგლისელს... რა ცინიზმია!.. მას არა ნაკლებ განცვიფრებია, რომ
კოჯორში ბავშვები შესანიშნავ ცხოვრებას ეწევიან, ალბათ გაუკვირდა, რუსული
კომუნისტური ლორდებიც რომ თავის ბავშვებს ისევე აჭმევენ, როგორც ინგლისელი
ლორდები! მაგრამ განა ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ბავშვები ნეტარობენ? განა
ხოჯსონი რომ დაბრძანდებოდა სვე-ლაღ მტარვალებთან ერთად ეგონა, რომ ქართველი ხალხის
ნეტარებას ხედავდა? არა, რასაკვირველია, ეს მას არ ეგონა, ცბიერი ინგლისელი ასე არ
მოტყუვდებოდა, მაგრამ აქ რომელიმე ინგლისური ფირმის ანგარიში იქნება, მან უნდა
აქოს რუსული დესპოტია საქართველოში, რომ ამ დესპოტიისაგან შემდეგ დაპყრობილ
საქართველოში რომელიმე კონცესია მიიღოს, თავისი ჯიბე მოგებით გაისქელოს და მცველ ჟანდარმათ
თუნდ მის ქვეყანაში საძულველი რუსი ბოლშევიკი დაიყენოს... ყველა მტაცებლები ერთად
არიან: ჩიჩერინი, ხოჯსონი, პერსელი, საქართველოს განადგურებას ისინი ერთნაირათ
უმღერიან... ქართველ ხალხს არასოდეს არ დაავიწყდება ეს ჯალათის იუმორით
საქართველოზე დამცინავი ინკვიზიტორები, ყოველ მოგონებისას ის მათ სახელს და სახეს
მხოლოდ შეაფურთხებს, ხოლო მათ გამომგზავნთ კი ის ეტყვის: „რასაც დასთესთ, იმას
მოიმკით“!..
7 ივნისი. დავიწყე მოგონებები ჯიქეთზე. ვცდილობ ყველაფერი გავიხსენო. ამ მხრით
ძალიან მეხმარება ალექსანდრე, რომელიც ერთი ხელმძღვანელთაგანია ყველა იქაურ
ომებისა. ალბათ რვეულის ას გვერდამდე მაინც გამომივა. [გაზეთებში ზოგჯერ პირდაპირ
დამაფიქრებელი ცნობებია. „კომუნისტში“ წავიკითხე, რომ საქართველოს ზოგიერთ
მაზრებში ბავშვების სიკვდილიანობა 150 % აღწევსო. საერთოთ კი 70 % სიკვდილიანობისა
ჩვეულებრივი ყოფილა მთელ საქართველოსათვის. ეს ცნობა რომ ერთხელ მენახა კიდევ
იფიქრებდა კაცი, რომ ის გადაჭარბებული იყო, მაგრამ აგერ რამდენჯერმე შემხვდა და
სჩანს, რომ მდგომარეობა მართლაც კატასტროფულია. ადვილი გასაგებიცაა: დამშეული და
სულშეხუთული ხალხი როგორ შეიძლება გამრავლდეს და განვითარდეს.
9 ივნისი. ერთი საქმე მაინც მაცოდინა ისეთი, რომელიც ჩვენში დაეწყოს რუსულ
ოკუპაციას და ამ საქმიდან ქართველი ხალხისათვის არა თუ მოგებით, არამედ თავნზე
მაინც გამოსულიყვნენ. ვის არ ახსოვს ოკუპანტების ღრიალი, რომ საქართველო ეხლა
აშენდება, რადგან რუსეთის ბაზარი გაიხსნა და საქართველოს სოფლის მეურნეობის
ნაწარმოებნი ბლომათ გასაღდებაო. რას არ პირდებოდენ გლეხებს მაშინ, რა კოშკებს არ
უშენებდენ ეს ძალათმაცხონე მოკეთეები. დაპყრობის შემდეგ მართლაც „თავისუფალი
აღმოჩნდა“ გზები მოსკოვსა და საქართველოს შორის, მაგრამ თავისუფალი არა იმისთვის,
რომ ქართველ ხალხს აღებ-მიცემობა ეწარმოებია, არამედ იმისთვის, რომ რუსეთს
საქართველოდან ქონება გამოეზიდა, ერი გაეცარცვა და სამაგიეროთ საქართველოში
ბითუმობით გადაეგზავნა კოლონიზაციური ჩინოვნიკობა და რუსეთის მრეწველობის არნახულათ
ძვირი და უვარგისი საქონელი. რამდენჯერ არ გამოუტანიათ ამის შესახებ რეზოლუციები,
რამდენჯერ არ დაუტრაბახებიათ, რომ უკვე ააშენეს საქართველო და თურმე ნუ იტყვით, ეს
აშენება იმაში გამოხატულა, რომ რუსულ ტრესტებს კუჭი გაუძღიათ და საქართველოს
საწყობები ფსკერამდე დაუცლიათ. დღეს „კომუნისტში“ მოთავსებულია ინსპექციის
რევიზიის შედეგები მიწათ-მოქმედების კომისარიატში და რა საშინელება არ აღმოჩენილა,
დაპყრობის დღიდან თურმე სისტემატიურათ იძარცვება ჩვენი სახალხო მეურნეობა. აქ
მხოლოდ ერთი ეპიზოდია მოყვანილი და შეეხება ის მოსკოვში ღვინოების გამოზიდვის
საქმეს, რომელზედაც ასი-ათასობით უზარალია საქართველოს. და ამ ქურდობისა და
გაფლანგვის საქმეებს აწარმოებს და ხელმძღვანელობს საოკუპაციო მთავრობის წევრი ვ.
კანდელაკი. მოსკოვში გზავნიან ღვინით დატვირთულ მთელ მატარებლებს, ვითომ მიაქვთ
გამოფენაზე, იქ ვერ ყიდიან ამ ღვინოებს, საქართველო იხდის ფრახტსა და შესანახს და
ეს ღვინოები კი იკარგება, იკარგება აღურაცხელი სიმდიდრე, იფლანგება და ვერანდება
მთელი წლების განმავლობაში გაჭირვებით მონაგარი ნაოფლარი. და თურმე როდის მომხდარა
ეს? 1923 წელში მოსკოვის დიდ გამოფენაზე, რომელზედაც ყურები გამოგვიჭედეს, თითქო
ნაციონალური რესპუბლიკები ამ გამოფენაზე ააშენეს და ქვეყანა მათი ნამოქმედარით
გააკვირვეს. უკონტროლოთ, უანგარიშოთ, მოუფიქრებლათ, პირდაპირ განზრახ იგზავნებოდა
ტფილისიდან მოსკოვში აღურაცხელი ქონება, რომ საქართველოს არც მისი საფასური და არც
თვით საქონელი დაბრუნებოდა. ამ დაუმალავ, ყველასთვის ცნობილ ქურდობას ვერ
მიაფუჩეჩებენ და მოსკოვი ალბათ ერთ-ერთ თავის აგენტს, რომლის ხელითაც ჯიბაში
იწყობდა საქართველოს სიმდიდრეს, დასჯის, მაგრამ ეს ვერ მოათბობს საქართველოს და
საკითხავია ვინ აუნაზღაურებს მას ამ უშველებელ ზარალს?
10 ივნისი. „კომუნისტში“ მოთავსებულია ვიღაც „ემიგრანტის“ წერილი. რედაქცია
შენიშნავს, რომ ავტორმა არ მოისურვა ვინაობის გამხელა, რადგან ის ეხლა ევროპაში
იმყოფება და ფრთხილობსო. „ემიგრანტი“ ეხება შარშანდელ აჯანყებას და იმ სიბრძნემდე
მიდის, რომ თითქო ს(ოციალ) დ(ემოკრატიამ) იმისთვის მოაწყო აჯანყება, რომ წინასწარ
იცოდენ ბევრი ხალხი დაიხოცებოდა და ამით ერი კიდევ უფრო შეიძულებდა დამპყრობლებსო.
გამოდის, რომ საქართველოს თვით უნდოდა თავის მოკვლა, ოღონდ კი რუსეთი
გაებახებია... არა, ცინიზმი კი შეიძლება, მარა ასეთი? ავჯანყდით, მაინც ჩვენ ვართ
დამნაშავე, დაგვხოცენ მაინც ჩვენი ბრალია, ერთი სიტყვით საშველი არ არის, თურმე
ყველაფერი გვეკადრება, ხოლო რუსეთი კი აბრამის ბატკანი ყოფილა და ჩვენთვის, ე. ი.
საქართველოსთვის, ცუდ რამეს როგორ იფიქრებს... ჭკუის დაკარგვა შეიძლება, მაგრამ
ასეთი? სიმხდალე და სილაჩრე გაგონილა, მაგრამ გინახავთ მზგავსი რამ? საქართველო
დაპყრობილი იყო და აჯანყდა. შეიძლება მან შეცდომა დაუშვა ანგარიშში და უდროვო დროს
შეუტია მტერს, მაგრამ ომი დამპყრობლებთან მისი წმინდა მოვალეობა იყო. საქართველო
დამარცხდა, მას არც ამ დამარცხების რცხვენია, ის ამ უბედურ დღეებშიდაც კი რაინდი
იყო, როცა მის შვილებს ციხეებიდან ათასობით მიათრევდენ სასაკლაოებზე, მან მაინც
შეინახა სულის სიმშვიდე და თავისი უმაღლესი მორალით გასრისა გამხეცებული მტერი.
ქართველ ხალხის ბრძოლაში ვერ მონახავენ ვერც ერთ შემთხვევას, რომ მას
დამარცხებული, დაბმული და ტყვეთ-ქმნილი მოეკლას, მან მხოლოდ ხმალში სცადა
გასწორებოდა მტერს. და ეხლა კი, თურმე ეს უსაზღვრო ზეიმი ქართული სულის სდიადისა
და ასეთივე უსაზღვრო ბოროტება რუსული იმპერიალიზმისა ისე მიტრიალებულან, რომ
აპოკალიფსიური მხეცი აბრამის ბატკნათ გამოუყვანიათ, ხოლო მხეცის მიერ შეჭმული
ლუკმა იმ დამნაშავეთ, რომელმაც ძალათ შეაჭამა თავი... მართლა თუ ემიგრანტისაა ეს
წერილი, ის ან უკვე მოსყიდულია, ანდა აღარც ადამიანია და აღარც ცოცხლებში
სწერია... ის მონაა, უბედური მონა, რომელიც მუდამ შიშით ცახცახობს ბატონის წინაშე
და რომელსაც თავისი თავი მუდამ დამნაშავე გონია.
მოსკოვიდან ახლად ჩასულ ორჯონიკიძეს ტფილისში
მოხსენება გაუკეთებია კონფერენციების შედეგების შესახებ და ეხება რა სოფლათ
„კანონიერებას“ შიშით ამბობს, რომ თურმე ბორჩალოში ჩვენ კომუნისტებს ბეგებსა და
ხანებს უწოდებენო... ნეტა მართლა თუ გონია ორჯონიკიძეს, რომ ის ყველა დროის
ბეგებისაგან რაიმეთ განირჩევა? რაც არიან მას უწოდებენ... კომუნიზმი დღეს კასტაა,
ვიწრო თავად-აზნაურობა, ის ბატონობს ყველაფერზე და რა გასაკვირველია, რომ მას
თავისი სახელი უწოდონ. ორჯონიკიძე იმასაც იგონებს, რომ სტალინმა გაგვაფრთხილა
„პარტია რომელსაც სიმართლის ეშინია უნდა დაინგრესო“. ჩვენც ასე ვფიქრობთ: კასტა
რომელიც დრომოჭმულ წოდებას ისევ აღდგენს და მას ნიადაგი არ აქვს ხალხში და ქვეყნის
ეკონომიურ პირობებში, რომელიც ემყარება მხოლოდ სიყალბეს და თავისუფალ სიტყვას ვერ
ითმენს, ის უნდა დაინგრეს... დაინგრევა კიდეც, „რევოლუციონური კანონიერება“ ვერ
შეაპაჩინკებს (შეაკეთებს – ი. ხ.) შერყეულ ტახტს, ასეთი კანონიერება არ არსებობს,
ეს წყალწაღებულების მოგონილი ხავსია, რომ მასზე დაეკიდონ... ვინ დაგიშლით, თუ
გაგიძლებთ ხავსი, მაგრამ ჩავარდებით წყალში, ჩავარდებით...
12 ივნისი 1925 წელი. ძლივს არ ვეღირსეთ ყარიბის წერილების დაბოლოვებას!
აგერ ერთი თვეა გაიტყლარჭა და ცის და ბარის ბუქივით ამოყარა. ერთგან რომ ერთს
ამტკიცებს, მეორე ადგილას ამას უარყოფს. ებრძვის და უწუნებს ნოე ჟორდანიას
წარსულში ეროვნული პროგრამის მერყეობას და ფანტასტიურათ და პასიურ დიდმპყრობელობის
იდეოლოგიათ მიაჩნია რევოლუციის პირველი თვეებში მიღებული რეზოლუციები ამ საკითხზე.
ისიც ვერ წარმოუდგენია თუ როგორ შეიძლებოდა მაშინ ასეთი რეზოლუციების მიღება და
მუხლობრივ არღვევს იმ შემცდარ დებულებას თითქო საქართველოს დამოუკიდებლობა
შეუძლებელი იყოს. მე ძალიან მომეწონა წერილის სწორეთ ეს ადგილი, არც ერის
პატრიოტობა და არც პარტიის უაღრესი სიყვარული, სრულიად არ მიშლის ხელს ეხლა
ვსთქვა, რომ დიახ, სწორეთ რომ ელამი იყო ეს რეზოლუციები, მრუდე იყო ჩვენი ტაკტიკა
ეროვნულ საკითხში ამა თუ იმ პერიოდებში. თუმცა არც ისე უბედურათ მიმაჩნია
მაშინდელი ჩვენი გზა, ის რასაკვირველია დროსა და გარემოებასთან იყო შეფართებული,
საქართველოს სოც. დემოკრატიას არ შეეძლო ისეთი პოლიტიკა ეწარმოებია, რომელიც
ცხოვრებას წინ დაუსწრებდა და ერს ამით აზარალებდა. ეს იყო მეთოდი თანდათანი
ტაკტიკისა, მშვიდობიანი და მოხდენილი მანევრებისა, რომ ნაკლები მსხვერპლით დიდი
შედეგი მიგვეღო... მაგრამ რაზედ სჭირდება დღეს ყარიბს ყველაფერი ეს? აკი ეს ძველი
„ნიღილიზმი“ ხომ წარსულს ეკუთვნის, საქართველოს სოციალ-დემოკრატია ხომ გამოვიდა
ნამდვილ ინტერნაციონალურ გზაზე და არა თუ სიტყვითა და რეზოლუციებით, არამედ
ისტორიულ აუცილებლობის დროს და ქართველი ხალხის აუცილებელი სარგებლობისათვის მან
ხელში აიღო ეროვნული რევოლუციის საჭე და 117 წლის წინეთ გარეშე დამპყრობთაგან
წაქცეული ერის დროშა კვლავ ზეზე წამოაყენა? რა აჯავრებს ყარიბს? იქნებ
სოციალ-დემოკრატიამ დაიგვიანა რამეში და იმ ძველმა რეზოლუციებმა ზიანი მიაყენეს საქართველოს?
იქნებ ერის სუვერენობის აღდგენა უფრო ადრე შეიძლებოდა? მაგრამ როდის, რომელ
პირობებში რომელი სხვა გზა უფრო მეტ სარგებლობას მისცემდა ქართველ ხალხს, ვიდრე
მისცა სოციალ-დემოკრატიის ტაკტიკამ? ამაზე ვერ გვიპასუხებს ყარიბი, რადგან ამის
საპასუხო არც მაშინდელ ჩვენ მოწინააღმდეგეებს ექნებათ... მკითხველი იფიქრებს, რომ
მთელი ეს საბრალდებულო ოქმი საქ. სოც. დემოკრატიაზე ყარიბს იმისთვის სჭირდება, რომ
უფრო კარგათ დაიცოს საქართველოს სუვერენობა, უფრო ურყევი ფაქტებით დაამტკიცოს, რომ
მას დამოუკიდებლათ არსებობა შეუძლია და მას ეს ერგება კიდეც. თქვენც არ მომიკვდეთ.
ნიღილიზმის დასამარება თურმე ყარიბს იმისთვის დასჭირვებია, რომ დღეს ჩვენში რუსის
ხიშტით მოტანილი ეროვნული ნიღილიზმი დაიცოს. თურმე მას უნდა უკეთეს ფონზე
გამოიყვანოს უპირული რუსეთი, თურმე ლენინის ნაწერები უნდა გამოაჩინოს ახალ
აღთქმათა და სულის საცხოვნებელის ახალ გასაღებათ. და ასეც იქცევა. ჟორდანიას
„ნიღილიზმს“ ის უპირისპირებს ლენინის „ეროვნულ პოლიტიკას“ და ქუდს ცაში ისვრის,
აბა შეხედეთ რა ჭეშმარიტი და უცოდველი ხატი გავიჩინეო. თურმე კომპარტიის კარგი
რეზოლუციები და ლენინის ლოზუნგები საკმარისია საქართველოს გასაბედნიერებლათ, თურმე
კომინტერნს ისიც კი მოუგონია, რომ „პროლ(ეტარებო) მთ(ელი) ქვ(ეყნისა) შეერთდით“
ლოზუნგის გვერდით მიუმატებია: „და დაჩაგრულო ერებოვო“. და განა ამის შემდეგ ვისმეს
იჭვი უნდა შეეპაროს, რომ მართლა გავბედნიერდებით? ან განა ამ ლოზუნგით არ
გაგვაბედნიერა ლენინმა 1921 წ. თბერვალში!.. ქაღალდი ყველაფერს მოითმენს, მით
უმეტეს როცა ამ ქაღალდზე სწერენ ჩეკის მფარველობის ქვეშ, მაგრამ განა ჭკუათმყოფელი
კაცი და ოდნავ პატიოსნათ მოაზროვნე დღეს იმ საკითხზე დაიწყებს სიტყვების თამაშს თუ
როგორ არ უვარგოდა ჟორდანიას ეროვნული პროგრამა ძველათ და როგორ მაინც შექმნა
დამოუკიდებელი რესპუბლიკა და დღეს ამ დამოუკიდებლობისთვის ფანატიურათ იბრძვის,
ხოლო ამავე დროს როგორ კარგი იყო ლენინის პროგრამა და დღესაც გზას უნათებს ის
საქართველოს და ამისთვის ლენინის საქმეს უნდა შესწიროს მან თავი? რა ნაძალადევი და
უპატიოსნოთ ნამუშევარი აზრებია!.. ჟორდანია მოღალატე და ლენინი მეგობარი!.. ძალიან
გასართობი არ არის მხიარული ღმერთებისათვის!.. ყარიბი ყოველ სტრიქონზე ფიცულობს
რუსეთის ბოლშევიზმზე და ის ისეთ ძალათ წარმოუდგენია, რომელმაც ქვეყნიერება უნდა
დაიპყროს, ყველაფერი სხვა მოსპოს და თვით მარტოთ მარტო გამეფდეს. ამას ისე
სერიოზულათა და გულმოდგინეთ ამტკიცებს, რომ იჭვიც კი არ შემდის, ეს ალბათ ასე უნდა
სწამდეს... ცხადია დიდი შიში უნახავს და ზოგჯერ ხომ „შიში შეიქმს სიყვარულს“. დღეს
ბალღებისთვისაც კი ცხადია, რომ ე. წ. საბჭოური წყობილება და კომუნიზმი მხოლოდ
გარეგნული შირმაა რუსული იმპერიალიზმისა. ეს მისი გარეთ მოსასხმელი საკმაოთაც არის
დღეს გაცვეთილი და ვერც თვით ამ ხუხულას ავტორები მალავენ მის ნამდვილ შინაარსს.
მაგრამ ყარიბს ეს არ სჯერა, მას რუსეთი ჭირივით სძულს, კიდევ მეტი, არც ერთი
ქართველი შოვინისტი იმას ვერ დასწერდა, რაც მან დასწერა რუსეთზე, ყოველი მკითხველი
უდიდესი აღშფოთებას და ზიზღს იგრძნობს რუსეთისადმი, როდესაც ამ წერილებს
წაიკითხავს. აქ საკმაოთაა მოცემული მისი სისხლიანი სახე და საქმე. ის გესლით სწერს
ერმოლოვებზე და ციციანოვებზე, რომელნიც სისხლში აღრჩობდენ ქართველი ხალხის
აჯანყებებს, მოყავს ისეთი დოკუმენტები, რომელნიც თმებს ყალზე გიყენებთ და იქვე,
როცა ერთი მხრით ზიზღს და წყევლა-კრულვას უგზავნის ყოველგვარ რუსეთს, ეს კაცი
პოულობს თავის არსებაში პათოსს, რომ აქოს და ადიდოს საქართველოს დღევანდელი
ჯალათები, იმავე ერმოლოვების და ციციანოვების საქმის გამგრძელებლები. ერთი
საუკუნის წინეთ დაღვრილ სისხლისათვის რუსეთი შეიძლება ბარბაროსათ, ველურათ,
საზიზღრათა და ყველაფრის ღირსათ გამოიყვანო, შეაფურთხო მის პუშკინს და
დოსტოევსკის, დამარხო, დაასამარო რუსეთის მთელი ბოროტი ნასაქმარი, დიახ ამ
ბოროტებისთვის სამართლიანათ შეიძლება მთელი შენი არსებით აღშფოთდე და ადამიანის
მთელი სულიერი სიღრმით დასწყევლო დამპყრობი და დამჩაგვრელი, მაგრამ ასეთ კაცს, ასე
გამგებს და მცოდნეს ისტორიისა, როგორ შეუძლია ენა მოიბრუნოს იმავე რუსეთის ისეთივე
საზიზღარ საქმის დასაცველათ და ხოტბის შესასხმელათ დღეს, სწორეთ დღეს, როცა
რუსეთის ხმალისაგან დასერილია საქართველოს ტანი, როცა სისხლით შეღებილია ჩვენი
სამშობლო, როცა ერმოლოვებისა და ციციანოვების საქმეებს დღეს პუგაჩოვები და
ორჯონიკიძეები აკეთებენ?... არ ვიცი რომელი გრძნობა უფრო მაქვს ეხლა ყარიბისადმი –
სიძულვილი თუ სიბრალული? სიძულვილი უნდა მქონდეს, ან რათ არ უნდა მქონდეს? რათ არ
უნდა მძულდეს საქართველოს ჯალათების მეხოტბენი? მაგრამ ან რათ არ უნდა მებრალებოდეს ის უბედური ყოფილი ქართველები,
რომელნიც სიმართლის მოციქულთა პრეტენზიებით დადიან და თავისი სიცოცხლის
შესანარჩუნებლათ მკვლელებს მცველებათ გვიხატავენ... დიახ საბრალოა ყარიბი... ვინ
მიაღწევს იმ დრომდე, თორემ როგორ დავინახავდი, რომ ყარიბი დღეს მის მიერ ნაქებ
წითელ რუსებს შეიძლება პოგრომებსაც კი მოუწყობს და როგორც დღეს თავგამოდებით იცავს
მათ, ისევე თავგამოდებით შეუძლია მათი გვემა, ოღონდ კი უთუოდ წაქცეული ნახოს მან
ეს რუსეთიც... ყარიბი უკვე აღარ არის ძველი ყარიბი, მას არ აქვს ბრძოლის უნარი, თუ
კი ასეთი ქონდა ოდესმე, ის დღეს გმირია იქ, სადაც გმირობა პოლიციის მფარველობის
ქვეშ შეიძლება, მას მხოლოდ დამარცხებულის დაწიხვლა შეუძლია, დაუძლურებულს და
გაბოროტებულს მხოლოდ წაქცეულის კბენა ეხერხება, დღევანდელი ბატონიც თუ ნახა მან
წაქცეული და გაუბედურებული, ერმოლოვების და ციციანოვების ნალოც ლექსიკონით
დაადგება თავზე და საფლავში არაფერს დაუტოვებს... მომავალო, აბა ნახე ასე თუ არ
იქნება!.. გაათავა ყარიბმა წერილები და
ალბათ ხვალ-ზეგ ახალ დამსახურებას შეუდგება, რამეში კიდევ უნდა გამოიჩინოს მან
თავი, ის ისეთი ტიპია, რომ რაკი აეტმასნა, მლიქვნელობას ბოლომდე მიიყვანს, ბატონს
სხვა რამითაც ასიამოვნებს, ამით იქნებ რამეს გამორჩეს...
13 ივნისი 1925 წ. ხშირია როცა ზოგჯერ ესა თუ ის სენსაციური
ხმები მოაღწევს ჩვენ კლიტულებამდე. დღეს გვითხრეს რომ „იზვესტიას“ რედაქტორი
ცნობილი ნახამკეს-სტეკლოვი ქურდობისათვის პარტიიდან გაუდევნიათ და ადგილიდანაც
გადაუყენებიათო. თურმე კარგა მოზრდილი
თანხები მიურთმევია. ის ხომ წინეთაც იყო შემჩნეული ასეთ ქურდობაში, ჯერ იყო და
რევოლუციის პირველ დღეებში პეტროგრადში მეფის სასახლიდან მარკების ძვირფასი
კოლექცია მოეპარა და გაეყიდა, ეს გამომჟღავნდა, მაგრამ ამან მას ხელი არ შეუშალა
ყოფილიყო მთელი წლების განმავლობაში „მუშურ-გლეხური“ დიქტატურის ცენტრალური
ორგანოს რედაქტორათ. ეხლა კი ისეთი სკანდალი მოსვლიათ, რომ ვეღარც მალავენ თურმე.
ეს მართლაც საერთაშორისო სკანდალია, სრული გაბახება და ფსკერამდე დასვლაა... რას
იტყვის ნეტავ ჩიჩერინი მისი ოფიციალური ორგანოს რედაქტორის მოქმედებაზე, აქვს კი
მას სირცხვილის უნარი, რომ თავი დახაროს სიწითლისაგან ევროპის წინაშე?!. რა
გაბახებაა, რა გაბახება... ყველგან ქურდები, მტაცებლები, კარიერისტები და
ნაძირლები... როცა ზოგჯერ ვკითხულობ „ტრუდში“ პროფკავშირების თანხების ფლანგვის
ეპიდემიაზე, თმები ყალყზე მიდგება, სასოწარკვეთაც კი მიპყრობს, ნუ თუ ამ ჭაობში
უნდა ჩაიღრჩვეს ქვეყანა და გაიხრწნეს ყველა და ყველაფერი?..
როცა ზოგჯერ ქართულ გაზეთებში ამა თუ იმ მოხელის
ტრაბახს ვკითხულობ, თითქო ასე მგონია, ეს საქმე დასრულებული თუ არ არის, დაწყებული
მაინც უნდა იყოს-თქო. სხვაფერ როგორ შეგიძლია იფიქრო, როცა კატეგორიულათ აცხადებენ
ამა თუ იმ დარგში უკვე სამოთხე გადავაქციეთო. ასე მაგალითათ, ორი დღის წინეთ
„კომუნისტი“ იტყობინებოდა უკვე დასრულდა ოსეთის სამხ. გზის შეკეთება და ზედ
ავტომობილები დაქრიანო, დღეს კი ირკვევა, რომ ამ გზის შეკეთებას მხოლოდ შედგომიან
და ცდილობენ ურმების სამოძრაოთ და სამგზავრო ავტომობილებისთვის მაინც აღადგინონ.
ანდა ქუთაისის წყალსადენი: ერთხელ უკვე გამოყვანილათ გამოაცხადეს, მეორეხელ
მუშაობა გაცხოველებული იყო, მესამეხელ მუშაობა დაიწყეს, ხოლო ეხლა კი თურმე
პროექტებს ადგენენ... პროჟეკტიორები, რომელთაც გონიათ სიტყვის ლაყლაყით საქმე
კეთდება...
გამოქვეყნდა გაზეთებში თუ რამდენ სტუდენტს მიიღებენ
ტფილისის უნივერსიტეტში და პოლიტეხნიკუმში და რომელი ოლქებიდან რომელ
სასწავლებელში უნდა შევიდენ. გარდა იმისა, რომ მისაღებთა რიცხვი შეზღუდულია,
უდიდესი უსამართლობა და ქართველი ერის გადარჯულებისა და გადაგვარების საქმეს
ემსახურებიან იმით, რომ აფხაზეთიდან, სამხ. ოსეთიდან და აჭარიდან ახალგაზდებს
მიერეკებიან უმთავრესათ რუსულ პოლიტეხნიკუმში და კომუნისტური უნივერსიტეტი ბუდეა
რუსიფიკაციის. საქართველოში ის ძველ რუსულ სინოდალურ სამწყსოს მიზნებს ემსახურება
ეხლაც, მხოლოდ შეცვლილი ფერით.
14 ივნისი 1925 წ. შ. ელიავას განუცხადებია ტფილისში: ხარიმანმა უკვე მოაწერა ხელი
ჭიათურის კონცესიას და ეხლა საქართველოს მთავრობას გადმოეცა გასაცნობათ და
დასამტკიცებლათო. ერთი უყურეთ ამ მატრაკვეცას?! ჯერ ერთი ვის შეეძლო გაეცა
ჭიათურის კონცესია თუ არა საქართველოს მთავრობას, თუ კი ასეთი ყავს მას, ანდა თუ
სხვამ, ე. ი. მოსკოვმა გასცა, მაშინ ვინღა კითხავს ტფილისელ პეშკებს, რა წონა და
ფასი აქვთ მათ, რომ ჩიჩერინმა ანგარიში გაუწიოს? ბატონს და ხაზეინს შეუძლია თავისი
მოხელეები როგორაც უნდა ისე ათამაშოს... საინტერესოა მაინც გავიგოთ როგორ
პირობებში გასცეს ჭიათურა და მართლა მოსკოვმა მოაწერა მაზე ხელი?! მე ვფიქრობ
საზოგადოთ, გარეგნული ფორმისათვის მაინც მოაწერინებდენ ვინმე ქართველს ხელს, ისე
როგორც ერთხელ ბუდუც კი ყავდენ საქართველოს სახელით გენუაში და ეხლაც კი არჩენენ
პარიზში... ხვალინდელი გაზეთები ალბათ მოგვიტანენ ამაზე ცნობებს...
კ. კიკნაძის ორი წერილი დაიბეჭდა „კომუნისტში“ ნ.
ჟორდანიას ახალ ბროშურაზე „რა მოხდა?“ არც ერთი ადგილი არ მოყავს, ისე მშრალათ
იგინება ეს ბედაურების შემდეგ რუსების მიერ გამწერლებული ცხოველი. შთაბეჭდილება
მაინც ისეთი მრჩება, რომ დროული და კარგი შრომა უნდა იყვეს...
15 ივნისი 1925 წ. ყველაზე მოულოდნელი გამართლდა. საქართველო გაუყიდია რუსეთს
ამერიკელებზე. გამყიდველის როლში უკვე პირბადე ჩამოხსნილი რუსეთი გამოდის.
ხარიმანის კონცესიაზე ჩიჩერინსა და ძერჯინსკის მოუწერიათ ხელი. ბოლშევიკი
ქართველების სახსენებელიც კი არ არის ამ ხელშეკრულებაში, მხოლოდ ერთად-ერთი კვალი
ის არის, რომ ხელის მოწერის დროს დასწრებია ვიღაც მამულია, სურათში ის ვიღაც
ჯიბგირს წააგავს. „პრავდაში“ ნაწყვეტებია ამ ხელშეკრულების, მაგრამ აქედანაც კი
სჩანს, რომ საქართველო გაყიდულია, მისი ნაციონალური გლოვის დღეა დღეს. ხარიმანს
მიეცა მონოპოლია ჭითურის შავ ქვაზე, ქართველ მრეწველებს არ შეუძლიათ იმუშაონ თუ
არა ხარიმანის ხელქვეითებათ, და ისიც თუ ამას ისურვებს ხარიმანი, უნდა დაიშალოს
„ჩემო“ („ჭიათურის ეკონომიკური სამარგანეცო საზოგადოება“ – ი. ხ.) და ყველაფერი
უნდა გადაეცეს კონცესიონერს. ცხადია მის მიერ გადახდილი ფულებიც რუსეთის ხაზინაში
შედის, რადგან კონცესიონერს მოსკოვთან აქვს საქმე, მასთან დადო პირობა, მოსკოვი
დაშლის „ჩემოს“ და მეხუთე დღეს ჩიჩერინ-ძერჯინსკი მიიღებენ ორ მილიონ დოლარს
გირაოთ. ისე ვართ დღეს ამ ამბით დაგვემილი, რომ ხმასაც ვერ ვიღებთ. ნახულა ასეთი
მოძალადეობა? რუსეთის თვითმპყრობელობამაც კი ვერ წაართვა ჭიათურა ქართელ
მრეწველებს და ეხლა კი მოსკოვმა ერთის დაკვრით მოსპო ქართველი მრეწველობა და
საქართველო ამერიკის კაპიტალს გადასცა. არც მალავენ ეს მხეცები, რომ ყველაფერ ამას
პოლიტიკური სარჩული უდევს, იქნებ ამერიკამ ამის შემდეგ გვიცნოსო. ერთი სიტყვით
მოსკოვის ტირანიამ რომ გაიხანგრძლივოს სიცოცხლე საქართველო გაყიდა, თვით ჟანდარმათ
დადგა და ამონაღებ ორ გროშსაც კი მოსკოვში მიეზიდება... რა აღშფოთებას გამოიწვევს
ეს ჯერ არნახული მტაცებლური აქტი ქართველ ხალხში!.. და ამ როსკიპებს ქონდათ და
აქვთ გამბედაობა გვიკიჟინონ, რომ ჩვენ ევროპის კაპიტალს ვაძლევდით საქართველოს და
რომ რუსეთმა ამ კაპიტალის განსადევნათ მოვიდა საქართველოში?!.. ფსკერამდე დასული
საზიზღროება! მატყუარობა და მტაცებლობა როგორსაც მაგალითი არ ქონია ჩვენს
ქვეყანაში!.. გაჩუმდენ მაინც ეს ცინიკები, რომ ასე ურცხვათ ეტრაბახებიან ქართველ
ხალხს, ამით აგაშენეთო!.. ჯერ ყველაფერი კიდევ არ ვიცით, ალბათ პირობები გაცილებით
უარესია, ვიდრე გვგონია, რაკი მას პოლიტიკურ მნიშვნელობას აძლევენ, მოსკოვის
ტირანია ისეთი არნახული ხელისუფლებაა, რომ მის შესანარჩუნებლათ ის ყოველ
სიმდაბლეზე წავა... ხვალინდელი დღე ალბათ უფრო მეტს გვეტყვის...
16 ივნისი. მოულოდნელი აბა რა უნდა იყვეს, მაგრამ სენსაციური მაინცაა, რომ საქ.
ე. წ. უზენაესი სასამართლოს პროკურორი კ. მაჭავარიანი მექრთამეობისთვის
პასუხისგებაში მიუციათ. ძველი ბოლშევიკია, გამოცდილი იურისტია, მაგრამ გამოცდილი
მექრთამეც აღმოჩენილა. ახლა ისიც კი საკითხავია, ერთი პატიოსანი კაცი კი არის ამ
ოკუპანტთა ბანაკში? მაჭავარიანი მათთვის ხომ უბრალო კაცი არ არის. ის შარშან
ბრალმდებლათ გამოდიოდა კათალიკოსის დიდ პოლიტიკურ პროცესში, ის ასამართლებდა
როგორც „უზენაესი სინდისი“ საქართველოს მღვდელთმთავრებს და ეკადრებოდა მას ასეთი
„უზენაესი უსინდისობის“ ჩადენა?! მართლაც რომ წვრილფეხა ბაცაცების ხელისუფლებაა,
ფსკერამდე დასული სიმყრალეა... გახრწნა უფრო შორს არ შეიძლება წავიდეს, მან
მიაღწია თავის კულმინაციურ წერტილს...
18 ივნისი. ჭიათურის კონცესიაზე ვიღაც გერ. მგალობლიშვილის ნალაპარაკევია
დაბეჭდილი „კომუნისტში“. ჩვენებმა მითხრეს, რომ ეს ძველი მოშანტაჟისტო
ბოლშევიკიაო. და ეს შანტაჟისტი დღეს ისე ლაპარაკობს, თითქო ჭიათურა მისი საკუთრება
იყოს!.. „კომუნისტი“ რეკლამას უკეთებს – ეს ამხანაგი ცხოველ მონაწილეობას იღებდა
ჭიათურის გაცემაშიო. დღეს საინტერესოა ელიავას მიერ თავის სიტყვებით მოყოლილი
საკონცესიო პირობები. და მართლაც საშინელი პირობებია, კოლონიებშიდაც კი არ აქვთ
ამოდენი უფლებები კაპიტალისტებს, რამოდენიც მიუციათ ამერიკელებისთვის საქართველოში:
მათ ხელშია ქვის სრული მონოპოლია, მათ მეტი ვერავინ გაიტანს ბაზარზე, მთელი
შენობები, ქარხნები და სხვა მოწყობილობანი გადადის კონცესიონერის ხელში,
კონცესიონერსვე ეძლევა ჩვენი მრეწველების მიერ უკვე ამოღებული მარგანეცი,
კონცესიონერს აქვს საკუთარი ტელეგრაფი, ის თავისუფალია ყოველგვარი გადასახადიდან
გარდა ხელშეკრულობით გათვალისწინებულ საარენდოსი, უნდა დაიშალოს საზ. ჩემო, მის
წევრებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ ითანამშრომლონ კონცესინერთან თუ კი ეს უკანასკნელი
მოისურვებს, ყველა მოიჯარადრეები, რომელნიც იმუშავებენ კონცესიონერის თანხებით,
იმყოფებიან მისივე მფარველობის ქვეშ და სარგებლობენ ყველა შეღავათებით, ხოლო თუ
ვინმე ადგილობრივი გამოჩნდა და დაიწყო მოიჯარადრობა საკუთარი თანხებით, მას ხვდება
ყოველგვარი გადასახადები. კონცესიონერს შეუძლია 15 % მუშა ხელისა კვალიფიციურის სახით
მოიყვანოს და სხვა და სხვა. რკინის გზის ტარიფი სრულიად არარაა და ფოთსაც კი
მხოლოდ გროშებიღა ერგება. ერთი სიტყვით ისეთი მძიმე პირობებია, რომ საქართველო
კოლონიაზე უარეს მდგომარეობაში ვარდება. კიდევ კარგი თანხები რომ საქართველოს
გადაეცემოდეს, მაგრამ ამაზე არას ამბობენ და ცხადია, რომ ის მოსკოვის ხაზინაში
შევა და მისი განკარგულებით მოიხმარება. ვინ იფიქრებდა თუ დამპყრობი იმოდენ
სიშიშვლეს გამოიჩენდა, რომ საქართველოში, ქართულ მარგანეცსა და მის ქართველ
მრეწველებს ერთ დღეს წახოცავდა და ნაცვლათ უცხოელებს გააბატონებდა. ჭიათურა, ხომ
საქართველოს ნაციონალური მრეწველობის ძარღვი იყო, მისი მრეწველთა საბჭო და მთელი
საქმიანობა მუდამ ქართული სულის მატარებელი იყო და ამის წართმევა თვით
თითმპყრობელობამაც კი ვერ შესძლო ქართველ ხალხზე. დღეს კი, დღეს
„სოციალისტური“ რუსეთი გამოდგა ისეთი ჯალათი, რომელმაც ყველაფერი ერთბაშათ შესძლო
– ერიც მოკლა და მისი საარსებო ძარღვიც თვითონ დაისაკუთრა... ამ ჩვენი ეროვნული
გლოვის დღეს ალბათ საფლავშიაც კი აქვითინდებიან გიორგი ზდანოვიჩის ძვლები...
დაიხსომე, დაიხსომე საქართველოვ, რომ შენი გამძარცვავი რუსეთი ყველაზე ვერაგი
გამოდგა შენი ნაციონალური და ეკონომიური ინტერესების დაწიხვლის საქმეში, შენც
დაგიდგება ერთი დრო სამაგიეროს ასაღებათ...
19 ივნისი. სალავკის კუნძულების საკონცენტრაციო ბანაკი გაუუქმებიათ და 1
აგვისტოსთვის უნდა გადმოყვანილ იქნენ კონტინენტზე ანტისაბჭოთა პარტიების: სოც.
დემოკრატების, სოც. რევოლუციონერების, მემარცხენე ესერების და ანარქისტების
პატიმრები. საშუალო საუკუნეთა ერთი უსაშინლესი ნაშთი გაუქმდა. „სოციალისტურათ“
მონათლული კატორღა დაიხურა, უნდა ვისურვოთ, რომ ამ საშინელების აღმდგენთა გაუქმებაც
მალე მოგვსწრებოდეს... იქაურ პატიმრებს ალბათ ციხეებში დაარიგებენ, ჩვენც
შეგვხვდება ერთი ნაწილი, იქნებ შეგვასქელონ კიდეც...
20 ივნისი 1925 წ. კამენევი და მელნიჩანსკი ჩასულან ტფილისში. ეხლა „აღმოჩენილა“, რომ
1903 წელში კამენევი და ორჯონიკიძე ყოფილან ტფილისის სახელოსნოების მოძრაობის
ხელმძღვანელები... ასეთია „მორიდებული“ ლაპარაკი? ბარემაც სთქვან რომ მუშები
პირველათ კამენევმა და ორჯონიკიძემ და მათ გაგზავნილებმა გააჩინეს საქართველოში,
რომ ჩაქუჩი და გრდემლი ბოლშევიკებამდე არც კი უანახავს ქართველ კაცს, არ დაუჯერებენ
თუ? კაი ბიჭიც იქნები რომ არ დაიჯერებ, რეზოლუციასაც კი მიიღებ ამის შესახებ!...
ჩინეთის არევ-დარევა მთელი ქვეყნის სალაპარაკოთ
გადაიქცა, მოსკოვი გვარიან სპეკულაციას ეწევა ამ ამბებზე, კარახანი თითქო ჩინეთის
განთავისუფლების მოციქულია. გაზეთების ორი მესამედი მაინც დღეს ჩინეთის ამბებს
უკავია. სწერენ და სწერენ, ადგენენ და ადგენენ ახალ-ახალ პროექტებს „კაპიტალიზმის
გახრწნისა“ და რუსულ-ჩინურ სოციალიზმის დამყარებისა. ტრესტებში „პრიკაშჩიკათ“
გაგზავნილი ტროცკიც კი გამოვიდა ამ საკითხზე და „პრავდაში“ დასწერა: „ჩინეთის
სახლი ეკუთვნის ჩინელს. ამ სახლში შესვლა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ
კარებზე მიუკაკუნებ. სახლის პატრონს უფლება აქვს შეუშვას მხოლოდ მეგობარი და
გამოაგდოს ის, ვისაც მტრათ სთვლის“. ჩვენც სწორეთ ასე ვფიქრობთ, მაგრამ
მიკაკუნებაცაა და მიკაკუნებაც. რაღა მაინცა და მაინც ჩინელის კარებს უნდა
მიუკაკუნო ფრთხილათ, ხოლო ქართველის კარები გაუფრთხილებლათ შეიძლება შეგლიჯო
ზარბაზბის ყუმბარით? ტროცქის ალბათ ახსოვს, თუ როგორ ფრთხილათ „მიუკაკუნა“ მისმა
წითელმა ლაშქარმა საქართველოს სახლის კარებს, როცა მას მოუნდა საქართველოში
სტუმრობა! ანდა იქნებ ტროცკის სამართალი ისეთია, რომ თუ მასპინძელმა ვერ შესძლო
გადენა „ზარბაზნით მოკაკუნებულ“ სტუმრისა, მაშინ ამ სტუმარს აქვს უფლება
მასპინძელს ჩაუსახლდეს? სწორეთ ასეთია რუსული სამართალი, როცა საქმე მის მიერ
დაპყრობილ ერებს ეხება, მაგრამ ჩინეთისთვის ნათქვამი, რომ „სახლის პატრონს უფლება
აქვს შეუშვას მხოლოდ მეგობარი და გამოაგდოს ის, ვისაც მტრათ სთვლისო“, მას არ უნდა
დაავიწყდეს. საქართველოში ზარბაზნებით ჩვენს კარებზე მოკაკუნებული რუსეთი ალბათ
ერთ დღეს „გამოვარდება“ იქედან და თუ ტროცკის მოესწრო ეს, თვითაც კარგათ გაუცნობს
გემოს რას ნიშნავს „გამოაგდოს“, ის მაშინ გაარჩევს როგორ უნდა ფრთხილათ მიკაკუნება
და ზარბაზნით მირაჯგუნება. არა ამერიკაში, ტოკიოში და ლონდონში რომ ამჩნევს აქედან
კაპიტალისტების ხელებზე სისხლს, ვერ დაიხედავს საკუთარ ხელებზე?!..
21 ივნისი. „კომუნისტში“ ვნახე ტრაური. თედორე ქარცივაძეს სიდედრი მოკვდომია.
ყველა მისი ნათესავები აცხადებენ ამას, მაგრამ არა სჩანს სოსო გვარამაძე, ნუ თუ
ისიც მოკლეს შარშანდელ უბედურების დროს? დღეს სულ ამაზე ვფიქრობდი. მომაგონდა
ახალციხე, არტაანი, იქაური ბრძოლა, სოსო, იოლა და სხვა ქართველი პატრიოტები.
რამდენი, რამდენი გამარჯვების ზეიმი გვინახავს ძველ მესხეთში და რამდენჯერ
ერთმანეთისთვის გაგვინდვია სანეტარო იმედები!.. რომ ხელი მიმიწვდებოდეს ვიკითხავდი
სად არის ეხლა სოსო, მაგრამ როგორ და ვის ვკითხო, ან არის კი საკითხათ დარჩენილი?
რომ ცოცხალი ყოფილიყო ისიც ხომ იტირებდა დედას?! რა გაუძლებს ამოდენ დარდს, ამოდენ
ნაცნობ სახეების განშორების ტრაღედიას!.. მუხლები მეკეცება და თვალები მიბნელდება,
როდესაც წარმოვიდგენ, რომ მე ერთი უმნიშვნელო ნაწილიც კი არ უნდა ვიცოდე საქართველოს
საშინელებისა, ვინც ცოცხალი მგონია, დღე დღეზე ირკვევა დახოცილები არიან, და კიდევ
რამდენს გავიგებ ალბათ... მაშ კიდევ არ გადამილახავს გოლგოთის მწვერვალი? კიდევ
უნდა განვიცადო ათასი უბედურება? სჩანს ასეა, უნდა მზად ვიყვე, ყველაფერი უნდა
ავიტანო... მაგრამ ღირს კი ასეთი ნაწამები სიცოცხლე?..
22 ივნისი 1925 წ. სუზდალი. „ახალ გზაში“ კ. მაჭარაძემ შეუდგა წერილების ბეჭდვას მუშათა
კომისიის დელეგაციის რუსეთში მოგზარობის შესახებ. ხონურათ დაწერილი წერილებია,
ყალთაბანდობს, აქეთ-იქით ფანდებს უშვება, არც მწვადი უნდა დაწვას და არც შამფური,
მორიდებულათ უნდა თავის დაჭერა. მიუხედავათ ამისა ერთი დიდი სიყალბე მაინც
თავიდანვე სთქვა ჩვენს შესახებ, თითქო მათ განუცხადეთ, რომ „უკვე დროა ევროპიდან
მთავრობა საქართველოში დაბრუნდეს“... საიდან ნახა ასეთი სიზმარი? როგორ მოჭორა ეს
და ისიც ხაზგასმულათ? ეს დალოცვილები რაღას სთარგმნიან ამ ჩვენ აზრებს, აკი
მივეცით ჩვენი რეზოლუცია, ასწიონ და დაბეჭდონ, ნუ მხდალობენ და თავი მიანებონ
თავის გამომღრჩვალ თარგმნებს...
ტფილისში ჩასულა ცნობილი ქველმოქმედი ფ. ნანსენი,
მას დავალებული ქონებია ლტოლვილ სომხების დაბრუნების საქმე. ტფილისში უნახულებია
ამ. კავკ. მთავრობა და შემდეგ მიწათ-მოქმედების კომისარიატი, სადაც გაცნობია
მიწათმოქმედების გეგმებს საქართველოში და მელიორაციულ მუშაობას. ტფილისიდან
ნანსენი სომხეთში მიდის.
23 ივნისი. დღეს მეორე სეირნობაზე ბერდიჩევსკიმ გვითხრა, რომ „იზვესტიის“
ცნობით საქართველოს აჯანყების ხელმძღვანელთა პროცესი დაიწყება ტფილისში არა
უგვიანეს ივლისისაო. პასუხისგებაში ყოფილა მიცემული 54 კაცი. მაშ ასე, პროცესი
იქნება. მოსკოვი კომედიის მოწყობას შეეცდება, ის ბუტაფორიას დასდგამს, აღურაცხელ მკვდრებს
გაასამართლებს, რომ ამ კომედიით სისხლიანი პირი შეილამაზოს. ამ საქმეში ის
აშქარათაც ვერ გამოვა და თავის ქართველ მოხელეებს გამოუშვებს. ხომ ამისთვის არის
წასული მოსკოვიდან ს. ქავთარაძე, ეს ერთხელ გაუპატიურებული მონა, რომელიც ახალი
გაუპატიურებით იმსახურებს ბატონის ნდობას. არ მასვენებს ფიქრი, ვინ როგორ
დაიკავებს თავს, ვინ რას იტყვის, იქნება ერთი ჯგუფი მაინც ღირსეული? ამას ხომ
უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა ექნება საქართველოსთვის? ნუ თუ კოტე ეხლა მაინც არ
იქნება თავის ადგილზე და საქართველოს ღირსების სიმაღლეზე?..
25 ივნისი. ჭიათურის კონცესიაში ეხლავე გამოჩნდა რუსული კბილი. საკონცესიო
მუშაობის ხელმძღვანელათ ვიღაც ინჟენერი რასკევიჩი დაუნიშნავთ. თუ რუსი არ არის
სავსებით, ყოველ შემთხვევაში რუსული სუნდანაკრავი მაინც იქნება... კიდევ უფრო
საინტერესოა ამ კონცესიის შესახებ ის, რომ ჩემოს თავმჯდ. ჯაყელს განუცხადებია
ხარიმანს გირაოთ ჩვენ ვყავართ წაყვანილიო. ჩვენ მრეწველებს იძულებით მიუციათ
კონცესიონერისათვის 600 ათასი ტონა ქვა, რომლშიდაც ტონაზე ორ-ორ დოლარს გირაოთ
დაიტოვებს გარიმანი იმის თავდებათ, ვინიცობაა საბჭოთა მთავრობამ არ შემისრულოს
პირობებიო. ეს თანხა დაუბრუნდება ქართველ მრეწველებს ათი წლის შემდეგ თუ მთავრობამ
პირნათლად შეასრულა დადებული პირობა, ხოლო დაეკარგებათ თუ დაარღვია. ერთი სიტყვით
საქართველო თავდებათ დაუდგა მოსკოვს იმაში, რომ ის შეასრულებს პირობას და კარგათ
გაყიდის საქართველოს სიმდიდრეს. ამაზე გაბახება და სასირცხო რამ ნახულა? იმპერიის
მთავრობა საქართველო ნახევრად გაძარცულ მრეწველების თავდებობას საჭიროებს და გარდა
ამისა საქართველოს ეუბნებიან გაგაბედნიერეთო. მას ყველაფერი წაართვეს და ამერიკელი
კაპიტალისტები, რომ ავანსს აძლევენ მოსკოვს, ეს ავანსიც კი გირაოს სახით
საქართველოდან აქვთ მიღებული. ერთი სიტყვით ყველაფერში და ყველაფრით ასე გაბახება
და სინდისის გარეცხვა? რაღაც წარმოუდგენელი ცინიზმია!..
26 ივნისი. ინგლისიდან მოთრეული თითქო დელეგატი ქალები დატატყავენ საქართველოში
და კანში ძვრებიან, რომ დაამტკიცონ საქართველოში სამოთხის წყობილებააო. იცემენ
გულში ხელებს და აქებენ და აქებენ ჯალათებს. მათ შ. ელიავაც უნახავთ (როგორ
მოახერხეს ნეტა!!..) რომელსაც განუცხადებია, რომ მენშევიკები არც კი გვყავს ეხლა
ციხეში, მხოლოდ 55 კაცია ყველა პატიმრებიდან, რომელნიც სასამართლოს უცდიანო. თურმე
აჯანყების დროსაც კი არ მოუკლავთ არავინ გარდა იმისა, რომელნიც ბრძოლებში დაიხოცენ
და სხვა... და ამას ლაპარაკობენ საქართველოში, ტფილისში, წარმოიდგინეთ კიდეც
ბეჭდენ და ამ ნაბეჭდს ქართველი ხალხის წასაკითხათ ავრცელებენ... რა უნდა უწოდო
ასეთ ან სტუმრებს, ანდა მასპინძლებს, არსებობს კი ლექსიკონში ისეთი სიტყვა, რომ ამ
სიმდაბლეს გამოხატავდეს?!.
27 ივნისი 1925 წ. „ზარ. ვასტ.“ აგერ სამი კვირაა არ მოგვსვლია. დღეს მივიღეთ მხოლოდ
ოცის რიცხვიდან. იქ გაგრძელებაა ს. ქ. წერილებისა მენშევიკების ახალ ტაკტიკაზე. ამ
ინიციალებ ქვეშ ალბათ ცნობილი სერგო ქავთარაძე იმალება. ეს მონა ქართულათაც კი ვერ
ბედავს წერას, ბატონს არ ეწყინოსო. უნდა დაამტკიცოს, რომ გრ. ლორთქიფანიძისა და
საერთოთ სუზდალელების ტაკტიკა დიდათ არ განსხვავდება ჟორდანიასაგან, ორივე ამათ
რუსეთის დანგრევა უნდათო. მაგრამ ამას რაღა მტკიცება უნდოდა, განა დღემდე არ
იცოდა? მოყავს ადგილები აქედან გაგზავნილ წერილებიდან, ზოგი გადამახინჯებულია,
შემდეგ ამ ამონაწერებს ახვევს გარს დაუსრულებელ კორიანტელს „რრრრევოლუციონური“ სიტყვებისა,
ასე გამოდის, რომ საქართველო და მისი სოც. დემოკრატია თურმე მთელი ქვეყნის
ცენტრშიც კი მოქცეულან, რომ თუ კი სადმე ვინმე გაჭაჭანდა, ყველას უთუოდ საბჭოების
ჩამოგდება უნდათ, და სხვა. გვადელუპა, პარაგვაი, ურაგვაი, ეგვიპტე, ჩინეთი,
აფრიკა, სირია, ინდოეთი და ვინ გინდა კიდევ არა, რომ არ იყვეს თურმე დაკავშირებული
საქართველოს საკითხთან. კითხულობ ამ სიტყვათა ანანიზმს და ფიქრობ კაცი, არა
ჭკუათმყოფელია ეს ხალხი, თუ იქნებ მართლა გონიათ, რომ ყველა ამ სიტყვის ბოზობიდან
რაიმე გამოუვათ? გაამწარეს სიცოცხლე „მუშა, მუშა და გლეხი, გლეხიო“ და ყველაზე
მეტს მუშებზე ისინი ყვირიან, ვისაც მართლაც სრულიად არაფერი აქვს საერთო ამ
მუშებთან. აბა რას გვექადება ეს ბ-ნი სერიოჟა ქავთარაძე ამ „შეურიგებელი მუშათა
იდეოლოგიით“, როდის მყავდა ეს მუშა და მისი დამცველი, რა ქონდა მას საერთო მუშებთან,
ერთი ვინმე პოლიციელის შვილია, ფუფუნებაში გაზრდილი, აზნაურულ ქეიფში
გამოშმუშნული, სხვების სუფრაზე შეჩვეული და ლოთი-ფოთებში ამგვარათვე ზნეობის მეორე
მხარისკენ გადაქანებულ ქალების ამფსონი, მამა მისს რუსი „ვეზდნაჩალნიკის“ (მაზრის
უფროსის – ი. ხ.) ჩინი ქონდა, თვითონ აგერ თითქმის „ღუბანატარობამდეც“ კი ავიდა და
გვეტრაბახება ამ მისი რუსულით, გვარწმუნებს დამპყრობთა ენით საქართველოს
გავაბედნიერებო... კარგსაც შობა რუსულათ რომ სწერს, ბატონს მაინც მოიმადლიერებს,
თორემ აბა ქართველი კაცი ვინ უნდა დაარწმუნოს ამ საკმაოთ გაბახებულმა ლაქიამ
იმაში, რომ მისი რუსულით და ამ რუსის ხიშტით ის „ქართველ მუშებს“ იცავს!..
დღევანდელ „კომუნისტში“ ჩვენს ემიგრაციაზე რაღაც
ცნობებია, თითქო იქ პარტიული ყრილობა ყოფილიყვეს, ჟორდანია და წერეთელი მთლიანი
ეროვნული ფრონტის წინააღმდეგ წასულიყვნენ, რამიშვილი უმცირესობაში დარჩენილიყვეს
და სხვა. კედია კიდევ თავის პარტიას გამოყოფოდეს, გაზეთი „სამშობლოსათვის“
დაეარსებიოს და სხვა. გაზეთი ისე ხსნის ყველაფერ ამას, თითქო წერეთელი რუსეთის
ორიენტაციის ყოფილიყვეს. არაფერი მესმის. ამდენი შეუსაბამობა ერთად საიდან
მოაგროვეს...
28 ივნისი. „პრავდას“ ცნობით ტფილისის ციხიდან 27 მაისს გაქცეულა დ. ონიაშვილი,
ის საზღვრამდე მისულა და ამ დღეებში აჭარაში ქედას მიდამოებში ისევ
დაუპატიმრებიათ. აცხადებენ, რომ კვლავ ციხეში მოვათავსეთ ტფილისში. აღშფოთებაში
მომიყვანა ამ ცნობამ...... (შემდეგ რვეულის თითქმის მთელი გვერდი ქსეროასლში არ
იკითხება – ი. ხ.)
30 ივნისი. დეპეშების ცნობით თითქო საქართველოში დაბრუნების ნება მიუციათ 83
პოლიტიკური გადასახლებულისთვის. რომელი გადასახლებულებია ესენი ჩვენ არ ვიცით.
იქნებ ევროპიდან აბრუნებენ? ანდა იქნებ უკვე დიდი ხნიდან ვადა გასულ ორწლიან
გადასახლებულებს აძლევენ სამშობლოში წასვლის ნებას? თურქესტანში ისინი შიმშილით
წყდებიან და კარგია თუ დაუშვეს საქართველოში, ზოგმა შეიძლება იმუშაოს კიდეც. ....
.... და სულს მოიბრუნებს კიდეც, საერთოთ კი არა უშავს, რომ სახლს დაუახლოვდებიან.
მასებისთვის ასეთი შეღავათები თუნდ მსხვერპლითაც კი მისაღებია. იქნებ ქართულ
გაზეთებში იქნეს სია ამ ამხანაგების.
1 ივლისი. დღეს მივიღეთ ე. წ. მუშათა კომისიის გაზეთი „ახალი გზა“. ერთ ხანს
ის ძალიან მჭლე იყო, მაინცა და მაინც ქონგადასული არც ეხლაა, მაგრამ ამ დამუნჯების
ხანაში ამ „ყრუ-მუნჯთაგან“ ნაწერებითაც კი თუმცა მკრთალათ მაგრამ მთელი თავის
საშინელებით გვეხატება თვალწინ საქართველოს უმწეო მდგომარეობა, მისი უუფლებობა და
ეკონომიურათ სრული დაქვეითება. როცა გულდასმით ვათვალიერებ ამ ცნობებს, ვნიშნავ,
ვხაზავ და თავს ვუყრი მათ, ნათელი ხდება თუ რამ მიიყვანა საქართველო შარშანდელ დიდ
ეროვნულ აჯანყებამდე. დღეს მაგალითად აი რა წავიკითხე „ახალ გზაში“, მის პირველ
წერილში – მოწინავეში: „მაშ რაა ეს თუ არა პირუტყვის მდგომარეობა, როდესაც
პასუხისმგებელი მოხელე მიდის სოფელში, ღამე ქმრებს ცოლებსა სტაცებს ლოგინიდან,
თვითონ თავის მხლებლებით ატარებს დროს ქალებთან და როდესაც სოფელი ასეთი
შეურაწყოფის წინააღმდეგ ხმას იღებს, იჭერენ სოფლის მოწინავე პირებს და გალანძღულ
ქმრებს როგორც ბანდიტებს და თვითონ არხეინათ განაგრძობენ ქალებთან ქეიფს. ასეთ
შემთხვევას ქონდა ადგილი სოფელ ახათანში – დუშეთის მაზრა – 1924 წ. თებერვალში.
აღელვებულმა სოფელმა არ იცის ვის მიმართოს, რა შედეგი მოყვება მის საჩივარს, და
უნუგეშოთ მოთმინებას ეძლევა, ჩუმდება“... („ახალი გზა“ # 2? – 1925 წ.). რა უნდა
მიემატოს ამ ამონაწერს, რათ სჭირდება მას გაძლიერება, განა ამაზე ძლიერი და
უსაზიზღრესი რამ ითქმება და დაიწერება?!. და კიდევ ბედავენ მოსკოველები
განცხადებას, რომ საქართველო ევროპამ ააჯანყაო? იმ ხალხს, ვისაც ასეთი დღე ადგია,
ვისაც ასე აქვს ახდილი ნამუსი და უფლება, ვინც დაყვანილია პირუტყვზე უარეს
მდგომარეობამდე, განა მას წასისინება უნდა ვინმესაგან რომ ის აჯანყდეს?! არა, ასეთ
ხალხს და მით უმეტეს ქართული ეროვნულ ტრადიციების და ზნეობის მატარებელს, რომელსაც
ყველაფერი წართმეული აქვს, განა დარჩენია რაიმე გარდა სიკვდილისა? განა ვინც ასეთ
მდგომარეობაში აყენებს ხალხს ის არ აწყობს თვით აჯანყებას?! ვკითხულობ ამ საშინელ
ამბებს და ვცახცახობ, სიკვდილი მირჩევნია ასეთი რამის გაგებას. უბედური
საქართველო, უბედური სამშობლო... როდემდის, როდემდის უნდა იყვეს ის გაკრული ასეთი
წამების ჯვარზე, როდის ეშველება, როდის მას?!..
3 ივლისი 1925 წ. ე. წ. მუშათა კომისიის დელეგაციის ანგარიშებს აკეთებს კ. მაჭარაძე.
დაიწყო რასაკვირველია რუსეთის ხატზე ფიცით....... (აქაც რვეულის ერთი გვერდის
ქსეროასლი არ იკითხება)
5 ივლისი 1925 წ. ვანდერველდეს განუცხადებია: საქართველოს იურიდიულათ ცნობა არ შედის
ბელგიის ახალი მთავრობის პროგრამაში, მაგრამ საქმიან დამოკიდებულების აღდგენას
შევეცდებითო!.. ჩვენ ვერც იმას დავივიწყბთ რომ საქართველოს რესპუბლიკა ცნობილია
მთელი ევროპის მიერო!!.. ოღონდაც, ბელგიას, რომელმაც მზგავსი უბედურება ჯერ გუშინ
ნახა, და განსაკუთრებით კი სოციალისტურ ბელგიას როგორ შეუძლია დაივიწყოს, რომ
პატარა საქართველო დაპყრობილია რუსეთის მიერ და მეხუთე წელია წამებას განიცდის...
ჰე, საქართველოვ, რაც არ უნდა მოხდეს, როგორაც ხანგრძლივი არ უნდა იყოს შენი
ტანჯვა, მომავალი მაინც შენია, არ შეიძლება რომ არ აღზდგე შენ, რადგან შენი ბედი
მუშათა კლასის მომავალ ბედთანაა დაკავშირებული, ის შენს მხარეზეა, შენ არ
დაგივიწყებს...
შ. ელიავას მოხსენება გაუკეთებია ჭიათურის
კონცესიაზე. ამბობს, რომ კონცესიამ დიდი გაკვირვება გამოიწვია და ზოგიერთ წრეებში
ის ისე დააფასეს რომ მოსკოვმა საქართველო გაყიდა, ოღონდ კი ამით საბჭოთა
ხელისუფლება შეინახოსო. ისე წარმოიდგინეთ თვით ქართველ კომუნისტებშიდაც კი
უკმაყოფილება გამოუწვევია ამ კონცესიას. ელიავა აიმედებს თავის სამწყსოს, რომ ეს
ჯერ გაუგონარი საქმეა, გასაკვირველია როგორ მოტყვილდა ხარიმანი და როგორ მოკიდა
ხელი ასეთ რამესო... შენი მოტყვილებული კაპიტალისტები რაღა იქნებიან?!.. ანდა ამ
მატრაკვეცული ლაქლაქით ვისღა დაარწმუნებთ, აკი დაბეჭდეთ პირობები და იქ კი
საქართველო მართლაც გაყიდული და უფლება აყრილია.
ლონდონის გაზეთებს დაუწერიათ, რომ ხოჯსონის
ოფიციალური მოხსენება საქართველოს შესახებ ისეთივე უნდა იყვეს, როგორც მის მიერ
ტფილისში ნალაპარაკევი, მხოლოდ ამის შესახებ არას ამბობენ . . . . . . . . . . . .
. . . რადგან არ უნდათ ეხლა რუსეთზე კარგი ილაპარაკონ და საერთო ანტისაბჭოთა
კამპანიაში დისონანსი შეიტანონო... კაცო, რა გაჩნდა ამ ინგლისისთვის ეს
საქართველო, რაღა მაინცა და მაინც საქართველოში უნდა მოიწონონ რუსული საქმე, როცა
მთელ ფრონტზე ებრძვიან მას?!.
6 ივლისი. ვიღაც .... დეპუტატი შეკითხებია ჩემბერლენს თემთა პალატაში რა
უფლებით სდგას საქართველოში რუსეთის ჯარები, როცა ის მთელი ევროპის მიერ ცნობილია
დამოუკიდებელ რესპუბლიკათ... ჩემბერლენს უპასუხნია, საქართველოს რესპუბლიკა
ნაწილია ამიერკავკასიის ფედერაციულ რესპუბლიკის, რომელიც თავის მხრივ წევრია
ს.ს.რ.კ-სო. შეიძლება ეს „ზაკაზათ“ მიცემული შეკითხვაც იყო, ამას ისიც
გვაფიქრებინებს, რომ ინგლისის ელჩი ხოჯსონი სპეციალურათ მოგზაურობდა საქართველოში
ოკუპაციის გასამართლებლათ. ეს კი სამაგიეროა ალბათ იმის, რომ ამერიკა-ინგლისის
კაპიტალისტებმა მოსკოვის ხელით თითქმის საჩუქრათ მიიღეს ჭიათურის მარგანეცი...
რამოდენიმე დღეა მოსკოვში ასამართლებენ ე. წ.
გერმანელ ფაშისტ სტუდენტებს, რომელთაც თითქო უნდოდათ სტალინის, ზინოვიევის . . .
მოკვლა. სასაცილო პროცესია, ეს მათი ხალხია, გერმანელი კომუნისტები, პარტიული
ბილეთებით მოსულები და ეხლა კი ფაშისტებათ ასაღებენ. გერმანული გაზეთები ამ
პროცესს უწოდებენ სამაგიეროს ე. წ. გერმანიის ჩეკის პროცესისა, სადაც ვიღაც
სკობლევსკის სახით რუსეთის საელჩოს დაუმტკიცდა გერმანიის შინაურ საქმეებში ჩარევა.
ამ სამ სტუდენტში ერთი სჩანს აშკარა პროვოკატორია, ორიც კი უფრო ავანტიურსტები.
რუსეთის სასამართლოს პირობებისთვის ამ ორ უკანასნელს თავი გვარიანათ უჭირავთ. ამ
პროცესზე ამუშავებულია რუსეთის მძიმე არტილერია: კრილენკო, იარასლავსკი და სხვა...
ჩიტი ბდღვნათ არ ღირდაო... სწორეთ ამაზე ითქმება...
7 ივლისი 1925 წ. კ. მაჭარაძე აგრძელებს ანგარიშებს რუსეთის გადასახლებულებთან
შეხვედრის შესახებ. ტაშკენტში მათ თითქო პირველათ მტრულათ შეხვედრიან, შემდეგ
ვითომ ანდრო ჭიაბრიშვილის მეთაურობით ერთ ჯგუფს უფრო მათთვის სასურველი
„რეზოლუცია“ გამოეტანოს. არ მესმის როგორ იზამდა ამას ანდრო, ანდა თუ კი ასეთი
„სასურველია“ ეს რეზოლუცია მაშინ რათ არ დაბეჭდეს?! ვის უმალავენ?! ასეთებზე ხომ
დახელოვნებული ხალხია რუსული ოკუპაცია!.. მაგრამ ვეჭვობ, რომ რაიმე „სასურველი“
მიეღოთ იქ. კოკანდშიდაც მეტად ცივათ შეხვედრიან კომისიის დელეგაციას, ლაპარაკიც კი
არ მოისურვესო, კოლია ემდურის, იმათზე ნაკლები არ არიან სუზდალელები, მაგრამ
რეზოლუცია კი გამოიტანესო!.. არა რომ ტრაბახობთ ამ რეზოლუციით ერთი დაბეჭდეთ
რაღა!.. თვით ფაქტი რეზოლუციის მიცემისა ხომ არაფერს ნიშნავს, არამედ საქმე ის
არის თუ რა სწერია ამ რეზოლუციაში და სწერია კი ის, რომ საქართველო იბრძოდა,
იბრძვის და უნდა იბრძოლოსო... „ახალ გზის“ მოწინავეში ისიც კი სწერია, რომ ჩვენ
გავიმარჯვეთ რადგან 83 გადასახლებული გვიბრუნდებაო. მაგრამ საკითხავია, დღემდე რათ
არ დააბრუნეს ეს ხალხი სამშობლოში, თუნდ მარტო იმისთვის, რომ უმრავლესობა მათგანი
2-2 წლით იყვნენ გადასახლებულები, ეს დროც დიდი ხანია გავიდა და ისევ
მშიერ-მწყურვალი ეს ქართველები ყრიან თურქესტანის უდაბნოებში!?. ჯერ კი ისიც
საეჭვოა დააბრუნებენ კი მართლა საქართველოში? აკი ორი წლის წინეთ ხელმოწერილები
ჯერაც ხომ ყავთ თურქესტანში? ყოველ შემთხვევაში თუ მართლა ნება დართეს ამ 83 კაცს
სამშობლოში დაბრუნებისა, ეს არ მოასწავებს ამ ამხანაგების გახრწნას, მათ საამისო
საბუთი არ მიუციათ არც ოკუპაციისათვის და არც რენეგატებისათვის... წავიდენ
სამშობლოში ეს უკეთესია, უფრო გამოგვადგებიან, რამეს მაინც გააკეთებენ...
ერთი მეტად დამაფიქრებელი ცნობაა გაზეთებში
მთავსებული: თითქო ჩრდილო ოსეთი უნდა შემოუერთონ სამხრეთ ოსეთს და რესპუბლიკათ
შემოიყვანონ საქართველოში. და ამ ავტონომიურ რესპუბლიკას ცენტრის მოწყობას
უპირებენ თურმე კავკავში. ე. ი. მთელი სამხრეთი ოსეთი, ნაწილები დუშეთის, გორის,
შორაპნის და რაჭის მაზრებისა უნდა იქნენ დამორჩილებული კავკავის ცენტრს. კარგი
რუსული მოგონება არ არის საქართველოს დასაქცევათ და წელში გასასხლეტათ? ეს იმას
ნიშნავს, რომ საქართველოს კი არ უერთებენ ჩრდილო ოსეთს, არამედ საქართველოდან
მიაქვთ სამხრეთ ოსეთი, ესე იგი საქართველოს გულიდან სჭრიან მის ორგანიულ ცოცხალ
ნაწილს და რუსეთს აკრავენ. საბჭოური რუსეთი კიდევ მეტის უსირცხვილობითა და
ვერაგობით ასრულებს ძველი რუსეთის ზრახვებს, მოსკოვი ყოველ ღონეს ხმარობს, რომ
საქართველო წაშალოს, მას ათასი გართულებები შეუქმნას, მისი ორგანიული ნაწილები
ამოსჭრას და მფარველობა თვით იკისროს, რუსეთი აკეთებს წმინდა შავრაზმულ საქმეებს
და ამას თითქო ისე გვაჩვენებს, რომ საქართველოს სასარგებლოთ მოქმედებდეს. რუსეთმა
დაპყრობის მეორე დღეს საქართველო დაანაწილა და დასჩეხა, ერთი მეხუთედი მაინც
ტერიტორიის მის მოკავშირე ოსმალეთს მიუძღვნა, ხოლო დანარჩენი „პატარა ერების
აღორძინების“ შირმის ქვეშ დაანაწილაკა და თავისი შავრაზმული რუსიფიკატორული
საქმიანობის პლაცდარმები შექმნა. მხოლოდ ამ საქმეს ემსახურება ე. წ. აჭარისტანის,
აფხაზეთის და ოსეთის რესპუბლიკები. ეხლა კი იგივე რუსეთი „საქართველოს გადიდების“
იდეიით გვევლინება და „ჩრდილო ოსეთს ისე გვიერთებს“, რომ საქართველოს ოთხი მაზრის
კარგა მოზრდილი ნაწილები კავკავში უნდა წამოათრიოს, ე. ი. გაარუსოს და რუსეთის
ნაწილი გახადოს. ეს „გადიდების“ შირმა ვერავის აუხვევს დღეს თვალს, რუსეთის ყველა
ფერის საქმეს კარგათ იცნობს ქართველი ხალხი, მისი კბილის გესლი და შხამი კარგათ
ნაგრძნობი გვაქვს ჩვენ. საქართველოს ნაწილების ცენტრი თვით საქართველოშია, ის
ტფილისია, საქართველოს ჩრდილო მიმართულებით წართმეული აქვს დვალეთი, ის მან უნდა
დაიბრუნოს და კასრის ხეობის აქეთ თავის პროვინციებს ცენტრსაც მოუნახავს და კიდეც
მოუვლის საქართველოში. რუსმა დაგვანებოს თავის პროვოკაციებით თავი, საქართველოს
ოსეთი და საქართველო ერთად ცხოვრობდენ საუკუნოობით და ეხლაც იცხოვრებენ.
მოსკალებმა თავის ტულაზე და ტამბოვზე იზრუნონ, ის უმჯობესია, ჩვენ მათი წყალობა არ
გვინდა, ის შხამია.......
(აქ მთავრდება ჩვენს ხელთ არსებული ტექსტი ლეო
რუხაძის დღიურებისა)
ბლოგზე
გამოქვეყნებისთვის მასალა მოამზადა
ირაკლი
ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment