შავზღვისპირეთის საბჭოთა რესპუბლიკა – საბჭოთა რესპუბლიკა რსფსრ-ის (რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის – ი. ხ.) შემადგენლობაში, ყოფილი რუსეთის იმპერიის შავზღვისპირეთის გუბერნიის ტერიტორიაზე. საბჭოთა ხელისუფლება რეგიონში გამოცხადებულ იქნა 1917 წლის 25 ნოემბერს ნოვოროსიისკში საბჭოების საგუბერნიო ყრილობის მიერ. 1918 წლის 30 მაისს ყუბანის საბჭოთა რესპუბლიკასთან ერთად გარდაიქმნა ყუბან-შავზღვისპირეთის საბჭოთა რესპუბლიკად. ადმინისტრაციული ცენტრი – ნოვოროსიისკი.
შავზღვისპირეთის გუბერნიის საბჭოების ყრილობამ 1917 წლის 6-8 დეკემბერს აირჩია ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი (ცაკ), რომელშიც სჭარბობდნენ ბოლშევიკები ა. ი. რუბინის თავმჯდომარეობით. 1918 წლის 13 თებერვალს ყუბანის რადასთან ბრძოლის პირობებში საგუბერნიო ცაკ-ის გაფართოებულ სხდომაზე შავზღვისპირეთის სამხედრო-რევოლუცური შტაბი შერწყმულ იქნა ყუბანის ოლქის სამხედრო-რევოლუციურ კომიტეტთან (სრკ) ერთიან ორგანოდ – ყუბან-შავზღვისპირეთის მთავარ სრკ-დ (თავმჯდომარე – ია. ვ. პოლუიანი). გატარდა ყუბანური სამხრეთის რევოლუციური არმიის ორგანიზება, რომლის შტაბიც სტანიცა კრიმსკაიაში იყო განლაგებული. ასევე გატარებულ იქნა რევოლუციური ღონისძიებები: სამრეწველო საწარმოებისა და მემამულეთა მიწების ნაციონალიზაცია, სხვა ტომელებისათვის მიწის ნაკვეთების მიცემა, მოხდა ხელისუფლების ძველი აპარატის ლიკვიდაცია, შემოღებულ იქნა სამხედრო ნაწილებში მეთაურების არჩევითობა, მზადდებოდა არჩევნები ყველა დონის საბჭოებში.
შავზღვისპირეთის გუბერნიის საბჭოების მესამე ყრილობამ, რომელიც 1918 წლის 10-13 მარტს ტუაფსეში შედგა, შავზღვისპირეთის გუბერნია გარდაქმნა შავზღვისპირეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად. ყრილობამ მოიწონა სრულიად რუსეთის საბჭოების მე-3 ყრილობის გადაწყვეტილებანი ბრესტის ზავის დადების შესახებ, მიიღო ასევე დადგენილება სამონასტრო და საეკლესიო ქონების კონფისკაციის თაობაზეც. 1918 წლის 28-30 მაისს ყუბანისა და შავზღვისპირეთის საბჭოების მე-3 საგანგებო ყრილობამ მიიღო გადაწყვეტილება შავზღვისპირეთის საბჭოთა რესპუბლიკის ყუბანის საბჭოთა რესპუბლიკასთან გაერთიანების შესახებ ყუბან-შავზღვისპირეთის საბჭოთა რესპუბლიკად.
წყაროები
Гражданская война и военная интервенция в СССР: Энциклопедия. — М.: Сов. Энциклопедия, 1987. — С. 660.
კატეგორიები:
რუსეთში სამოქალაქო ომის დროინდელი საბჭოთა სახელმწიფო წარმონაქმნები
კრასნოდარის მხარის ისტორია
1918 წელი რუსეთში
გამოჩნდნენ 1918 წელს
გაჰქრნენ 1918 წელს
II. ყუბანის საბჭოთა რესპუბლიკა
ყუბანის საბჭოთა რესპუბლიკა – რუსეთის იმპერიის დაშლისა და რუსეთში სამოქალაქო ომის პერიოდის სახელმწიფო წარმონაქმნი, საბჭოთა რესპუბლიკა რსფსრ-ის შემადგენლობაში, რომელიც არსებობდა ყოფილი ყუბანის ოლქის საზღვრებში 1918 წლის 13 აპრილიდან 30 მაისის ჩათვლით პერიოდში. დედაქალაქი – ეკატერინოდარი. დაწყების ეტაპზე მყოფი სამოქალაქო ომისა და უცხოური სამხედრო ინტერვენციის პირობებში წარმოქმნილი ყუბანის საბჭოთა რესპუბლიკა, რომელმაც დაახლოებით თვენახევარი იარსება და შემდეგ გაერთიანდა შავზღვისპირეთის საბჭოთა რესპუბლიკასთან, შევიდა რა ყუბან-შავზღვისპირეთის საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში, რომელმაც ასევე ცოტა ხანს (ერთ თვეზე ცოტათი მეტს) იარსება.
ყუბანის საბჭოთა რესპუბლიკის წინამორბედი გახლდათ ყუბანის სახალხო რესპუბლიკა, გამოცხადებული ყუბანის სამხარეო რადის მიერ, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო ხელისუფლება ყუბანის ოლქის ტერიტორიაზე, შეიარაღებული აჯანყების შედეგად, პეტროგრადში, დროებითი მთავრობის დამხობის შემდეგ.
ყუბანზე საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას ხელი შეუწყეს მეზობელ შავზღვისპირეთის გუბერნიაში საბჭოების გამარჯვებამ და რევოლუციურმა განწყობებმა სამხედრო ნაწილებში, მათ შორის კაზაკთა ნაწილებშიც, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის ფრონტებიდან ბრუნდებოდნენ. ყუბანის რადის მცდელობები საკუთარი შეიარაღებული ძალების ჩამოსაყალიბებლად განსაკუთრებული წარმატებით ვერ დაგვირგვინდა, მაგრამ მათ შეძლეს შეეჩერებინათ ეკატერინოდარში საბჭოთა ხელისუფლების დამყარება 1918 წლის მარტის შუა რიცხვებამდე.
ყუბანის საბჭოთა რესპუბლიკის გამოცხადება რსფსრ-ის (რუსეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის – ი. ხ.) შემადგენლობაში შედგა ყუბანის ოლქის საბჭოების II ყრილობაზე (1918 წლის აპრილი), რაც მოხდა ოლქის ტერიტორიის რევოლუციური ძალების კონტროლქვეშ საბოლოოდ გადასვლის შემდეგ, ბოლშევიკებისა და მემარცხენე ესერების კოალიციით სათავეში, თუმცა კი უკვე გაჩაღებული სამოქალაქო ომის ფონზე. დონზე ჩამოყალიბებული მოხალისეთა არმია პირველი ყუბანური („ყინულოვანი“) ლაშქრობის მსვლელობისაც ცდილობდა დაემხო ყუბანში საბჭოთა ხელისუფლება, მაგრამ ეკატერინოდარის იერიშის დროს დამარცხება განიცადა და იძულებული შეიქნა უკან დაეხია.
ყუბანის საბჭოთა რესპუბლიკის მდგომარეობის დროებით სტაბილიზაციის პერიოდი 1918 წლის აპრილ–მაისში ხასიათდებოდა საბჭოთა მთავრობის ძალისხმევით სოციალისტური გარდაქმნების გასატარებლად (ნაციონალიზაცია და სხვა), რეგიონში ეკონომიკური სიტუაციის გასაუმჯობესებლად, აგრეთვე შეიარაღებული ძალების (მომავალი ჩრდილოეთ კავკასიის წითელი არმიის) ასაშენებლად. მიუხედავად ამისა, შიდაპოლიტიკურ სიტუაცია რესპუბლიკაში რთული რჩებოდა და მისი გაუარესების ტენდენციაც არსებობდა, რაც დაკავშირებული იყო როგორც კონფლიქტთან ხელმძღვანელობაში, ისე უკმაყოფილების ზრდასთანაც ადგილობრივ კაზაკობას შორის, რაც განპირობებული იყო შეცდომებით მიწის საკითხის გადაწყვეტისას, და ეს უკმაყოფილება ანტისაბჭოთა აჯანყებებითაც დაბოლოვდა.
ყუბანისა და შავზღვისპირეთის გაერთიანების ტენდენციამ, რომელიც რეგიონში საბჭოების ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლის პერიოდსა და მის შემდგომ თვეებში გამოვლინდა, 1918 წლის მაისის ბოლოს ჰპოვა თავისი ლოგიკური დასრულება. ამ დროისათვის ყუბანისა და შავზღვისპირეთის სამხედრო-სტრატეგიული მდგომარეობა სერიოზულად გაუარესდა მოხალისეთა არმიისა და ანტისაბჭოთა მოძრაობების მხრიდან მუქარასთან დაკავშირებით, აგრეთვე ყირიმში, დონზე და ამიერკავკასიაში გერმანიის ინტერვენციასთან დაკავშირებითაც, რაც ბრესტის ზავის პირობების დარღვევით ტარდებოდა. 30 მაისს ყუბანის საბჭოთა რესპუბლიკამ შეწყვიტა თავისი არსებობა და შავზღვისპირეთის რესპუბლიკასთან ერთად შევიდა გაერთიანებული ყუბან-შავზღვისპირეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში.
(დედნის ტექსტში შემდეგ მოდის საკმაოდ ვრცელი მსჯელობა ზემოთ მოყვანილ საკითხებზე, მაგრამ ვინაიდან ჩრდილო კავკასიის სხვა საბჭოთა რესპუბლიკების შესახებ ასეთივე ვრცელი მსჯელობები და თხრობა არ არის მოყვანილი, ამიტომ ვამჯობინეთ ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ზემოთ მოყვანილი მოკლე გადმოცემით შემოვფარგლულიყავით, რათა მთელ თხრობაში დისონანსი არ შემოგვეტანა – ი. ხ.)
III. ყუბან-შავზღვისპირეთის საბჭოთა რესპუბლიკა
ყუბან-შავზღვისპირეთის საბჭოთა რესპუბლიკა – საბჭოთა რესპუბლიკა რსფსრ-ის (საბჭოთა რუსეთის – ი. ხ.) შემადგენლობაში, რომელიც არსებობდა 1918 წლის 30 მაისიდან 6 ივლისის ჩათვლით. შეიქმნა ყუბანისა და შავზღვისპირეთის საბჭოთა რესპუბლიკების გაერთიანების შედეგად.
რესპუბლიკის შექმნის მომენტისათვის ხდებოდა საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცება ჩრდილოეთ კავკასიაში და დონზე: წარმოიქმნა დონის, სტავროპოლისა და თერგის საბჭოთა რესპუბლიკები. მარტში შავი ზღვის გუბერნიის საბჭოების ყრილობაზე ტუაფსეში გამოცხადებულ იქნა შავზღვისპირეთის საბჭოთა რესპუბლიკა, ხოლო აპრილში ყუბანის ოლქის საბჭოების ყრილობაზე ეკატერინოდარში (ახლა კრასნოდარი) – ყუბანის საბჭოთა რესპუბლიკაც, რომლებიც შევიდნენ რსფსრ-ის (საბჭოთა რუსეთის – ი. ხ.) შემადგენლობაში. ამის კვალდაკვალ ყუბანისა და შავზღვისპირეთის საბჭოების მე-3 საგანგებო ყრილობამ (წითელი არმიის კავკასიის) ფრონტის დელეგატების მონაწილეობით (ეკატერინოდარი, 1918 წლის 27–30 მაისი), რომელიც რუსეთის სამხრეთის საგანგებო კომისრის გ. კ. ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა, დაადგინა ყუბანისა და შავზღვისპირეთის რესპუბლიკები შეერწყა ერთიან რესპუბლიკად რსფსრ-ის შემადგენლობაში, აირჩია მისი ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი (27 ბოლშევიკი და 17 „მემარცხენე“ ესერი /სოციალისტ-რევოლუციონერი – ი. ხ./), რომელმაც შექმნა ყუბან-შავზღვისპირეთის საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭო (სახკომსაბჭო; თავმჯდომარე ია. ვ. პოლუიანი).
გენერალ ა. ი. დენიკინის მოხალისეთა არმიის მეჩეტინსკაია–კაგალნიკის რაიონიდან ყუბანზე შემოტევის პირობებში (დაიწყო 1918 წლის 23 ივნისს), ეკატერინოდარში შეკრებილმა ჩრდილოეთ კავკასიის საბჭოების 1-ლმა ყრილობამ (1918 წლის 5–7 ივლისი) გ. კ. ორჯონიკიძის მოხსენების მიხედვით დაადგინა გაეერთიანებინა ყუბან-შავზღვისპირეთის, თერგისა და სტავროპოლის საბჭოთა რესპუბლიკები ერთიან ჩრდილო-კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკად რსფსრ-ის შემადგენლობაში, დედაქალაქით ქალაქ ეკატერინოდარში.
ლიტერატურა
Шнайдер В. Г. Советское нациестроительство на Северном Кавказе (1917 – конец 1950-х гг.): закономерности и противоречия. — Directmedia, 2015. — 417 с. — ISBN 9785447540401.
კატეგორიები:
რუსეთში სამოქალაქო ომის დროის საბჭოთა სახელმწიფო წარმონაქმნები
კრასნოდარის მხარის ისტორია
1918 წელი რუსეთში
გამოჩნდნენ 1918 წელს
გაჰქრნენ 1918 წელს
IV. სტავროპოლის საბჭოთა რესპუბლიკა
სტავროპოლის საბჭოთა რესპუბლიკა – გახლდათ რესპუბლიკა, რომელიც წარმოიქმნა 1918 წლის 1 (14) იანვარს რუსეთის იმპერიის ყოფილი სტავროპოლის გუბერნიის ტერიტორიაზე იქ საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადების შემდეგ. 1918 წლის 8 (21) იანვარს შევიდა საბჭოთა რუსეთის შემადგენლობაში. დედაქალაქი – სტავროპოლი. 1918 წლის 5–7 ივლისს შევიდა რსფსრ-ის ჩრდილო-კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკაში.
ადმინისტრაციული მართვა
თავდაპირველად რესპუბლიკას ჰქონდა მმართველობის ორი ორგანო – გუბისპოლკომი (საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტი /გუბაღმასკომი/; შეიქმნა 1918 წლის 1/14/ იანვარს) და სახკომსაბჭო (შეიქმნა 1918 წლის 8 /21 იანვარს/). გუბაღმასკომის თავმჯდომარე იყო ესერი გ. ი. მეშჩერიაკოვი, სახკომსაბჭოს კი მეთაურობდა ბოლშევიკი ა. ა. პონომარიოვი. გუბაღმასკომი გამოსცემდა გაზეთს «Власть труда» („შრომის ძალაუფლება“), სახკომსაბჭო კი საბჭოთა ხელისუფლების დეკრეტებს ატარებდა ცხოვრებაში.
1918 წლის 28 აპრილს ესერებმა სტავროპოლში შექმნეს „სამხედრო-რევოლუციური კომიტეტი“ და ა. ა. პონომარიოვი და სხვები დააპატიმრეს. მაგრამ ესერების გამოსვლა ჩახშობილ იქნა, დაპატიმრებულები კი გაათავისუფლეს. 1818 წლის 9–14 მაისს შედგა საბჭოების საგანგებო საგუბერნიო ყრილობა, რომელმაც ახალი გუბაღმასკომი აირჩია, რომლის წევრთა უმრავლესობაც ბოლშევიკები იყვნენ, თავმჯდომარედ კი ა. დეიჩენკო იქნა არჩეული. სახკომსაბჭოს მთელი ფუნქციები ყრილობამ ახალ გუბაღმასკომს გადასცა, რომელიც რესპუბლიკას 1918 წლის 5–7 ივლისამდე მართავდა, როცა ჩრდილოეთ კავკასიის საბჭოების 1-ლმა ყრილობამ მიიღო გადაწყვეტილება სტავროპოლის საბჭოთა რესპუბლიკის რსფსრ-ის ჩრდილო-კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკაში შესვლის შესახებ.
ლიტერატურა
Ставропольская советская республика // Собаки — Струна. — М. : Советская энциклопедия, 1976. — (Большая советская энциклопедия : [в 30 т.] / гл. ред. А. М. Прохоров ; 1969—1978, т. 24, кн. I).
მითითებები
Ставропольская советская республика 1.01.1918-7.07.1918 (недоступная ссылка)
V. თერგის საბჭოთა რესპუბლიკა
თერგის საბჭოთა რესპუბლიკა რსფსრ-ის (საბჭოთა რუსეთის – ი. ხ.) შემადგენლობაში, რუსეთის იმპერიის ყოფილი თერგის ოლქის ტერიტორიაზე, 1918 წლის მარტი – 1919 წლის თებერვალი.
დედაქალაქი – პიატიგორსკი, შემდეგ ვლადიკავკაზი.
თერგის სახალხო საბჭოს თავმჯდომარე – ე. ს. ბოდანოვი. სახკომსაბჭოს (სახალხო კომისარტა საბჭოს – ი. ხ.) თავმჯდომარე – ს. გ. ბუაჩიძე (ბოლშევიკი), 1918 წლის 20 ივნისს მისი დაღუპვის შემდეგ კი – იუ. გ. პაშკოვსკი (მემარცხენე ესერი), შრომის მინისტრი – იაკობ მარშაკი. 1918 წლის აგვისტოში იური პაშკოვსკი მოკლულ იქნა, და სახკომსაბჭოს სათავეში ჩაუდგა თ. ხ. ბულე (ბოლშევიკი).
ისტორია
1918 წლის 25 იანვარს მოზდოკში ჩატარდა თერგის ხალხების I ყრილობა. ყრილობის მიზანი გახლდათ ეთნოსებს შორის კონფლიქტების შეწყვეტა და პოლიტიკური ვაკუუმის შევსება. თავდაპირველად ბოლშევიკები ყრილობაზე გადამწყვეტ როლს ვერ თამაშობდნენ, თუმცა კი ყრილობის ბევრი მონაწილე ბოლშევიკებისადმი ლოიალობაში ხედავდა სიტუაციის სტაბილიზაციის საშუალებას. არჩეული სახალხო საბჭოს თავმჯდომარე შეიქნა მემერცხენე ესერი (სოციალისტ-რევოლუციონერი – ი. ხ.) იუ. გ. პაშკოვსკი.
თერგის საბჭოთა რესპუბლიკა გამოცხადებულ იქნა თერგის ხალხების II ყრილობაზე პიატიგორსკში (1918 წლის 17 მარტს), რომელშიც მონაწილეობა მიიღო 220-მა დელეგატმა. ყრილობამ მხარი ბოლშევიკურ სახკომსაბჭოს დაუჭირა. აირჩიეს თერგის საოლქო სახალხო საბჭო და თერგის სახკომსაბჭო. თავმჯდომარეობა საბჭოში ეთნიკური პრინციპის მიხედვით ხორციელდებოდა. თერგის საბჭომ მიიღო ანტიკაზაკური კანონები, რომლებიც ითვალისწინებდა კაზაკების შეიარაღებული ფორმირებების დაშლას, აგრეთვე კაზაკური მიწის ჩამორთმევას (გასხვისებას).
თერგის ხალხების III ყრილობამ ჩაიარა 1918 წლის 22–29 მაისს გროზნოში და დაადგინა მოეხდინათ სუნჯის ოკრუგის თერგის კაზაკების მიწის ექსპროპრიაცია რესპუბლიკის უმიწაწყლო მოქალაქეთა სასარგებლოდ. ყრილობის გადაწყვეტილებათა რეალიზაციამ წარმოშვა თერგის აჯანყება.
1918 წლის ივლისში თერგის ხალხების IV ყრილობის მუშაობის პერიოდში აჯანყებულებმა კაზაკებმა ძალით დაიპყრეს თერგის ოლქის დიდი ნაწილი. 1918 წლის ივლისიდან თერგის საბჭოთა რესპუბლიკა შევიდა ჩრდილო-კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში.
VI. თერგის აჯანყება
თერგის აჯანყება (თერგის კონტრრევოლუცია, ბიჩერახოვის აჯანყება) – თერგის კაზაკების ნაწილის შეიარაღებული გამოსვლა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ თერგის ოლქის ტერიტორიაზე 1918 წლის ივნის-ნოემბერში.
წინაისტორია
კაზაკები ითვლებოდნენ უხვმიწიან ხალხად, თვითმპყრობელობისა და დროებითი მთავრობის ერთ-ერთ საყრდენად, ამიტომ საბჭოთა ხელისუფლება მათ ეჭვით მოეკიდა, ისევე როგორც არც კაზაკები იყვნენ გახარებული ახალი ხელიუფლების მოსვლით. გარდა ამისა, ბოლშევიკების ეროვნული პოლიტიკა ფსონს აკეთებდა მცირემიწიან მთიელებზე, რომლებიც ოცნებობდნენ კაზაკთა მიწების დანაწილებაზე. 1918 წლის 17 მარტს თერგის ოლქის ტერიტორიაზე დამყარებულ იქნა თერგის საბჭოთა რესპუბლიკა. მაგრამ როდესაც ყუბანზე თეთრი მოძრაობის მძლავრი კერა ჩამოყალიბდა, მაშინ თერგის კაზაკებიც განზე არ დარჩენილან და ასევე აღმართეს ანტიბოლშევიკური აჯანყება, მაგრამ არა თეთრი, არამედ „საბჭოებისთვის მტკივნეული დანაზარდების გარეშე“ («За Советы без болезненных наростов»), სოციალისტ გ. თ. ბიჩერახოვის მოთავეობით.
აჯანყების მსვლელობა
1918 წლის 18 ივნისს შეიარაღებულმა რაზმმა სტანიცა ლუკოვსკაიადან ხელში ჩაიგდო მოზდოკი. 23 ივნისს (3 ივლისს) მოზდოკში შედგა საბჭოების კაზაკურ-გლეხური ყრილობა, რომელმაც გამოაცხადა იდეა „საბჭოები მტკივნეული დანაზარდების გარეშე“ (ე. ი. ბოლშევიკების – კაზაკთა დარბევის მომხრეთა – გარეშე) და აირჩია დროებითი მთავრობა ბიჩერახოვის მეთაურობით. სამხედრო ხელმძღვანელობას ახორციელებდა გენერალ-მაიორი მისტულოვი. კაზაკებმა მოითხოვეს წითელი არმიის ადგილობრივი რაზმის განიარაღება. ბიჩერახოვის ბრძანებით პოლკოვნიკ აგოევის კაზაკთა რაზმმა დაიკავა სტანიცები პროხლადნაია და სოლდატსკაია. ქალაქების ესენდუკისა და კისლოვოდსკის რაიონში აჯანყებულებს დახმარებას შკუროს რაზმი აღმოუჩენდა, რომელიც წითელი არმიის ყურადღებას თავისკენ მიიქცევდა. ივლისში ბრძოლები გაჩაღდა სტანიცა პროხლადნაიასათვის. აჯანყების ჩასახშობად ადგილობრივი ბოლშევიკების დასახმარებლად მოვიდა სერგო ორჯონიკიძე.
6 აგვისტოს კაზაკებისა და ოსების რაზმებმა შეუტიეს ვლადიკავკაზს, სადაც ბოლშევიკების მიერ კონტროლირებადი თერგის ხალხების IV ყრილობა მიმდინარეობდა, რომელზედაც გ. თ. ბიჩერახოვი, კაზაკური ფრაქცია და სოციალისტები ცდილობდნენ საბჭოებიდან ანტიკაზაკური შეხედულებების ბოლშევიკების მოცილებას. თუმცა კი მოგვიანებით კაზაკები იქიდან განდევნილ იქნენ წითელი არმიის ინტერნაციონალური ნაწილების მიერ (პაუ ტისანი, ა. ი. ავტონომოვი, ა. ა. გეგეჭკორი, ე. ს. კაზანსკი, მ. კ. ლევანდოვსკი). კაზაკების წინააღმდეგ გამოვიდა ყაბარდოელთა შარიათის პოლკი. გაჩაღდა ბრძოლები გროზნოსათვის.
ნოემბერში კაზაკებისა და სხვაქალაქელთა დიაკოვის წითელმა რაზმებმა ვლადიკავკაზიდან ჩამოსული ორი ქვეითი პოლკისა და ე. კუვშინოვის ბატალიონის, შარიათის კოლონის, სვიატო-კრესტოვსკისა და გეორგიევსკის საბრძოლო უბნების ჯარების დახმარებით გროზნო ალყისაგან გაათავისუფლეს. 1918 წლის 9 ნოემბერს საბჭოთა შარიათის კოლონამ დარტყმა მიაყენა აჯანყებულთა ბანაკს პროხლადნაიაში. პროხლადნაიას თავდაცვის სარდალმა გენერალმა ელმურზა მისტულოვმა გაიგო, რომ მისმა კონტრდარტყმამ წარუმატებლობა განიცადა, ხოლო მისი ჯარები და თავად ისიც უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. 9 ნოემბრის შუადღეზე პროხლადნაია აღებულ იქნა, მისტულოვმა თავი მოიკლა. კაზაკებმა თავიანთ ძალებს მოზდოკის რაიონში მოუყარეს თავი, რომელიც წითლებმა 23 ნოემბერს აიღეს.
ჯარების ჯგუფმა (4000 ადამიანი) პოლკოვნიკების კიბიროვის, სერებრიაკოვისა და აგოევის მეთაურობით მთებზე გადასვლით ბათალფაშინსკის რაიონში დაიხია (ყარაჩაი-ჩერქეზეთი) და დენიკინის მოხალისეთა არმიას შეუერთდა. კაზაკების 2000-იანმა რაზმმა გენერალ კოლესნიკოვისა (იგი აეროპლანით ჩამოფრინდა ნოემბერში თეთრი სტავროპოლიდან) და ბიჩერახოვის მეთაურობით მოახერხა გარღვევა აღმოსავლეთისკენ, ჩერვლიონნაიამდე და პორტ პეტროვსკამდე (მახაჩყალა), სადაც ისინი უფის დირექტორიაზე (შემდეგ მუღანის საბჭოთა რესპუბლიკა) ორიენტირებულ ძალებს შეუერთდნენ, და ასე შემდეგ. 1918 წლის ნოემბერში გენერალ ლ. თ. ბიჩერახოვის ჯარებმა (60 ათასამდე ადამიანი სამოქალაქოებთან ერთად) პორტ-პეტროვსკი დატოვეს და ბაქოში ჩავიდნენ. პირველ მსოფლიო ომში გერმანია-თურქეთის ბლოკის დამარცხების შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა ამიერკავკასიის ეროვნულ მთავრობებზე დაიწყო ორიენტაციის აღება და უარი თქვა ამიერკავკასიაში რუსული ფორმირებების მომარაგებასა და დაფინანსებაზე. 1919 წლის იანვარში ლ. ბიჩრახოვის რაზმი ბათუმში იქნა გადაყვანილი, სადაც 1919 წლის აპრილში გაუქმდა კიდეც. რაზმის ქონება და მსურველები პირადი შემადგენლობიდან გადაცემულ იქნენ რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალების შესავსებად. 5 დეკემბერს ჩერვლიონნაია წითელი არმიის მიერ იქნა დაკავებული.
რამდენიმე თვის შემდეგ კაზაკთა რაზმები დაბრუნდნენ თერგის ოლქში მოხალისეთა არმიის ნაწილებთან ერთად (ბრძოლები ჩრდილოეთ კავკასიაში 1918 წლის ნოემბერი – 1919-ის თებერვალი).
ლიტერატურა
Ахмадов Я. З., Хасмагомадов Э. Х. История Чечни в XIX-XX веках. — М.: «Пульс», 2005. — 996 с. — 1200 экз. — ISBN 5-93486-046-1.
მითითებები
Борьба с контрреволюцией на Тереке в январе — июле 1918 г.
Бичераховское восстание
VII. ჩრდილო-კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკა
ჩრდილო-კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკა – რესპუბლიკა რსფსრ-ის (რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის – ი. ხ.) შემადგენლობაში 1918 წლის 7 ივლისიდან 1919-ის 11 იანვრის ჩათვლით.
გამოცხადდა ჩრდილოეთ კავკასიის საბჭოების 1-ლი ყრილობის მიერ ეკატერინოდარში (ახლა კრასნოდარი) 1918 წლის 7 ივლისს. აერთიანებდა ყუბან-შავიზღვის, სტავროპოლისა და თერგის საბჭოთა რესპუბლიკებს.
დედაქალაქი – ეკატერინოდარი. 1918 წლის 17 აგვისტოდან დენიკინის მოხალისეთა არმიის მიერ ქალაქის აღების შემდეგ – დედაქალაქი პიატიგორსკში იქნა გადატანილი.
თეთრგვარდიელების მიერ 1918 წლის ბოლოსთვის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი ნაწილის დაპყრობის შედეგად ჩრდილო-კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკამ შეწყვიტა არსებობა. 1919 წლის 11 იანვარს რსფსრ-ის სრულიად რუსეთის ცაკ-მა მიიღო დადგენილება მისი გაუქმების შესახებ.
წყაროები
Северо-Кавказская Советская Республика // Сафлор — Соан. — М. : Советская энциклопедия, 1976. — (Большая советская энциклопедия : [в 30 т.] / гл. ред. А. М. Прохоров ; 1969—1978, т. 23).
Северо-Кавказская советская республика. Большая российская энциклопедия - электронная версия. bigenc.ru. Дата обращения 21 апреля 2019.
VIII. მთიელთა რესპუბლიკა
ჩრდილოეთ კავკასიისა და დაღესტნის მთიელთა კავშირი (1917 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით), მთიელთა რესპუბლიკა (1918-დან), – ავტონომიური სახელმწიფო წარმონაქმნი, გამოცხადებული ჩრდილო-კავკასიის ხალხების ყრილობაზე 1917 წლის 1 მაისს დაღესტნისა და თერგის ოლქის მთიელთა ოკრუგების ტერიტორიაზე. 1918 წლის აპრილში კავშირის ცენტრალურმა კომიტეტმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა სახელმწიფოს ტრანსფორმაციით მთიელთა რესპუბლიკად (ჩრდილოეთ კავკასიისა და დაღესტნის მთიელთა რესპუბლიკად). ოფიციალურად დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1918 წლის 11 მაისს სამშვიდობო კონფერენციაზე ბათუმში. ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოს ტერიტორია მოიცავდა 125 000 კმ² მოსახლეობით დაახლოებით 2,9 მლნ ადამიანი.
მთიელ ხალხთა ლიდერები
კავშირში, შემდეგ კი მთიელთა რესპუბლიკაში შედიოდა შვიდი დამოუკიდებელი „შტატი“, რომლებიც გამოყოფილი იყვნენ ეროვნული ნიშნით და გაერთიანებული კონფედერაციული პრინციპის მიხედვით შემდეგ ტერიტორიებზე: დაღესტნის, ინგუშეთის, ჩეჩნეთის, ოსეთის, ყარაჩაი-ბალყარეთის, ყაბარდო-ჩერქეზეთისა და ადიღეის, ნოღაელთა ველებისა და, გარკვეულ პერიოდში, აფხაზეთის.
ისტორია
მთიელთა პირველი მთავრობა
მთიელთა რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი წარმოდგენილი იყო ჩრდილოეთ კავკასიის თითქმის ყველა რეგიონიდან გამოსულებით.
კავშირის ცენტრალური კომიტეტის (ცკ) თავმჯდომარე, შემდეგ რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი – აბდულ მეჯიდ (თაფა) ჩერმოევი (ჩეჩნეთი);
მეორე პრემიერ-მინისტრი – ფშემახო კოცევი (ყაბარდო);
შინაგან საქმეთა მინისტრი და კავშირის ცკ-ის მეორე თავმჯდომარე – რაშიდხან კაპლანოვი (დაღესტანი);
საგარეო საქმეთა მინისტრი – ჰაიდარ ბამათი (დაღესტანი);
სამხედრო მინისტრი – ნუხ-ბეგ ტარკოვსკი (დაღესტანი);
ფინანსთა მინისტრი, მთიელთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციისა და კონსტიტუციის ავტორი – ვასან-გირეი ჯაბაგიევი (ინგუშეთი).
იმავდროულად დაიდო კავშირი გაერთიანებულ მთიელთა კავშირის მთიელთა მთავრობასა და თერგის კაზაკთა მხედრობის საჯარისო მთავრობასთან და შეიქმნა გაერთიანებული თერგ-დაღესტნის მთავრობა, რომელშიც შევიდა მთილეთა მთავრობის წევრების დიდი ნაწილიც.
მაგრამ, მთიელთა მთავრობას აღიარების (ცნობის) იმედი შეიძლებოდა ჰქონოდა მხოლოდ დაღესტნის ტერიტორიაზე, ამასთან თვით აქაც კი მას ყველგან არ სცნობდნენ, განსაკუთრებით იმ აულებში (სოფლებში), რომლებიც ჩეჩნეთს ესაზღვრებოდა. თვითონ მთავრობას მუდმივი რეზიდენცია არ ჰქონია. ასე, ჰაიდარ ბამათოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მუდმივად ტფილისში იმყოფებოდა „გარეშე ძალის“ მფარველობის ძიებაში – თავიდან თურქეთის, ხოლო შემდგომში კი – ინგლისისა. დაღესტნის მთავარი ქალაქები იმყოფებოდა დეპუტატთა საბჭოებისა და საქალაქო თვითმმართველობების ძალაუფლების ქვეშ, რომლებიც მხარდაჭერას ღებულობდნენ საბჭოთა ასტრახანიდან და ჯარისკაცთა ეშელონებისგან, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის დაშლილი კავკასიისა და სპარსეთის ფრონტებიდან სახლებში ბრუნდებოდნენ.
მთიელთა მთავრობას ექვემდებარებოდნენ 1-ლი და მე-2 დაღესტნური ცხენოსანი პოლკები თეთრგვარდიული კავკასიის ადგილობრივ მცხოვრებთა კორპუსის შემადგენლობიდან. 1-ლ დაღესტნურ ცხენოსან პოლკს, რომელიც კორნილოვის ამბოხებაში მონაწილეობის შემდეგ დასახლება ხასავიურტში იყო დაბინავებული პეტროვსკიდან (ახლა მახაჩყალა) ჩრდილოეთით, 1917 წლის 1 ნოემბერს სათავეში ჩაუდგა პოლკოვნიკი თავადი ნუხ ბეგ შამხალ ტარკოვსკი. მან მოახერხა გამოეყვანა პოლკი თემირ-ხან-შურაში (ახლა ბუინაკსკი) შემდგომი პერეფორმირებისა და საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში გამოყენებისთვის. 1918 წლის დასაწყისისათვის მდგომარეობა თემირ-ხან-შურაში კრიტიკული გახლდათ. მე-2 დაღესტნურმა ცხენოსანმა პოლკმა პოლკოვნიკ ნახიბაშევის მეთაურობით ვერ შეძლო პეტროვსკის შენარჩუნება და დიდი დანაკარგებით შურას მიმართულებით დაიხია, გაჩერდა რა სოფელ ქუმთორ-კალეში. ტარკოვსკი, მოიყვანა რა თავისი პოლკი თემირ-ხან-შურაში, შეუდგა საიმედო ნაწილების ჩამოყალიბებას, რისთვისაც ორი დაღესტნური პოლკი ერთში შეიყვანა, შეიქმნა ბაზა სოფელ ქუმთორ-კალეში და დაიკავა უახლოესი და უკანასკნელი სარკინიგზო სადგური შამხალი.
1918 წლის იანვარ-თებერვალში ჩრდილო კავკასიაში ეროვნებათაშორისი კონფლიქტების გამწვავების, სამოქალაქო ომის დაწყებისა და მათი მომყოლი თერგის საბჭოთა რესპუბლიკის გამოცხადების შედეგად, თერგ-დაღესტნისა და მთიელთა მთავრობებმა ფაქტიურად ძალაუფლება დაკარგეს და დაიშალნენ. მათი უკანასკნელი ნარჩენები 1918 წლის 5 მარტს ვლადიკავკაზიდან სოციალ-დემოკრატიულ საქართველოში გაიქცნენ.
მთიელთა მეორე მთავრობა
1918 წლის 11 მაისს თურქული ჯარების მიერ დაკავებულ ბათუმში თურქეთის მთავრობასთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიის ხელმძღვანელთა დელეგაციამ ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა კავშირის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და შექმნა მთიელთა ახალი მთავრობა, რომელმაც მხარდაჭერისათვის თურქეთსა და გერმანიას მიმართა.
მთავრობის შემადგენლობაში შევიდნენ მთიელთა რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი წევრები და თერგ-დაღესტნის მთავრობის წევრთა ნაწილი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ა. ო. ჩერმოევი და სამხედრო მინისტრი ნუხ ბეგ შამხალ ტარკოვსკი.
1918 წლის 25 სექტემბერს თავადმა ტარკოვსკიმ პორტ-პეტროვსკში (ახლა მახაჩყალა) ხელი მოაწერა ხელშეკრულებას კაზაკთა გენერალ ლ. თ. ბიჩერახოვთან საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის თაობაზე. დაღესტნის ტერიტორიაზე სახელისუფლებო უფლებამოსილებათა გამიჯვნისას გენერალ ბიჩერახოვის არმიის კონტროლქვეშ კასპიისპირა რაიონები იქნა გადაცემული. 30 სექტემბერს მთიელთა რესპუბლიკის მთავრობამ გამოაცახა საბჭოთა ხელისუფლების ყველა დეკრეტის გაუქმების, ტყეების, საძოვრების, წყლის რესურსების დენაციონალიზაციის შესახებ. ნოემბერში, მას შემდეგ რაც თურქული ჯარები ქალაქ თემირ-ხან-შურას (ახლა ბუინაკსკი) დაეუფლნენ, მთიელთა მთავრობა აქ გადმოვიდა. ტარკოვსკიმ დიქტატორის უფლებამოსილებანი მოიხსნა, და 17 ნოემბერს მთავრობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას თურქ მთავარსარდალ ფ. იუსუფ-იზეთ-ფაშასთან დაღესტანში თურქული ჯარების ყოფნის შესახებ.
პირველ მსოფლიო ომში გერმანიისა და თურქეთის დამარცხებასთან და ამიერკავკასიიდან და დაღესტნიდან თურქული ჯარების წასვლასთან დაკავშირებით, მთიელთა მთავრობა რეორგანიზებულ იქნა, და 1918 წლის ბოლოს მთიელთა ყრილობამ თემირ-ხან-შურაში კოალიციური კაბინეტის მეთაურად ფშემახო კოცევი დაამტკიცა. დადებულ იქნა შეთანხმებები დაღესტანში მყოფ გენერალ ნ. ნ. კოლესნიკოვის თერგის კაზაკების რაზმთან და ბაქოში მოხალისეთა არმიის წარმომადგენელ გენერალ ი. გ. ერდელისთან. საქართველოს, აზერბაიჯანისა და ანტანტის დახმარებით დაწყებულ იქნა საკუთარი რაზმების ჩამოყალიბება. 1919 წლის იანვარში შეიქმნა სამხედრო-შარიათული სასამართლოები. პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს აბდულ-ბასირ ჰაჯი მუსტაფაევი.
1919 წლის 16 აპრილს ფშემახო კოცევის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დაღესტნის აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკაში შესვლის შესახებ, მაგრამ 18 მაისს ძალაუფლება დაღესტანში გენერალ დენიკინის ჯარების ხელში გადავიდა, რის შემდეგაც მთიელთა მთავრობამ თვითდაშლის (თვითდათხოვნის) შესახებ გამოაცხადა და ისევ ტფილისში მოახდინა ევაკუაცია.
დაღესტანში ეგრეთ წოდებული ჩრდილო-კავკასიის საამირო (ემირატი) იქნა გამოცხადებული, რომლის ლიდერებმაც მთიელთა რესპუბლიკა მითიურ რესპუბლიკად გამოაცხადეს, რომელსაც ხალხში დასაყრდენი არ ჰქონია.
1917–1919 წლების მთავრობის ზოგიერთი მოღვაწე
(დედანში მოცემულია მთავრობის წევრთა სურათები და მათზე მოკლე მინაწერები)
1990-იანი წლები
1990 წლის 13–14 ოქტომბერს ჩატარდა კავკასიის მთიელთა II ყრილობა ნალჩიკში. მასზე გამოცხადებულ იქნა, რომ კავკასიის მთიელი ხალხების კონფედერაცია წარმოადგენს მთიელთა რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეს.
1997 წლის ივნისში ჩეჩენთა რესპუბლიკის იჩქერიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოვლადი უდუგოვმა გზავნილები გაუგზავნა გერმანიისა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს წინადადებით „აღადგინონ ძალადობრივად შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები“, აცხადებდა რა, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია საკუთარ თავს მიიჩნევს მთიელთა რესპუბლიკის სამართალმემკვიდრედ. ამ გზავნილებს რაიმე მნიშვნელობის მქონე შედეგები არ ჰქონია.
ლიტერატურა
Горские правительства / М. А. Волхонский, В. М. Муханов // Большая российская энциклопедия : [в 35 т.] / гл. ред. Ю. С. Осипов. — М. : Большая российская энциклопедия, 2004—2017.
«Союз горцев Северного Кавказа и Горская республика. История несостоявшегося государства. 1917-1920», М.М. Вачагаев, 2018
მითითებები
Б. М. Кузнецов. 1918 год в Дагестане
კატეგოროები:
გამოჩნდნენ 1917 წელს
გაჰქრნენ 1919 წელს
მთიელთა რესპუბლიკა
კავკასიის ისტორია
ტაბასარანის ისტორია
სახელმწიფოები დაღესტნის ისტორიაში
პირველი მსოფლიო ომის კავკასიის ფრონტი
წერილები თარგმნა და ბლოგზე გამოქვეყნებისთვის მოამზადა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment