Saturday, June 23, 2018

ორი საბუთი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან 1768–1774 წწ. რუსეთ-თურქეთის ომში

1934 წ. ზაფხულში, მოსკოვში ფეოდალური ეპოქის არქივთსაცავში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მე-16 საუკუნის მასალებზე სამუშაოდ გამგზავრების წინ, ტფილისში აკად. ი ვ. | ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ს ა გ ა ნ მცირე დავალება მივიღე: დედანთან შემემოწმებინა პროფ. ალ. ცაგარელის მიერ გამოცემული ერთი ქართული დოკუმენტი, რომელიც მოსკოვში «Дела Грузинские»-ს ფონდშია დაცული. ამ დავალების შესრულების დროს, იმის გამო რომ პროფ. ალ. ცაგარელს წესიერად არ აქვს აღნუსხული თავის გამოცემაში საქმის საარქივო ნომერი, შეცთომით სამეცადინო დარბაზში 1770–1771 წლის საქმე გადმოგვეცა სამუშაოდ. რაკი არქივის სამეცადინო დარბაზი მასალებზე შეკვეთას წინადღით ღებულობს, მხოლოდ ჩვენდა უნებურად 1770–1771 წლის საქმის გადასინჯვა მოგვიხდა. გადავწყვიტე შემემოწმებინა, თუ როგორ გამოსცა ცაგარელმა ჩემს წინ მდებარე საქმეში დაცული ქართული საბუთები. საქმე, რომელიც ჩვენი დაკვირვების ობიექტს შეადგენდა, არქივის საინვენტარო დავთარში შეტანილია შემდეგი სახით: «К–76. Грузинская война 1770–1771 г. Донесения императрице Екатирине II от командующего в Грузии войсками ген. м. Сухотина № 24». ეს საქმე ეკუთვნის «Дела Грузинские»-ს ფონდს. საქმე შეიცავს სამას დანომრილ ფურცელს.

გადასინჯვისას აღმოჩნდა 29 ქართული საბუთი 1771 წლისა. ამათგან ექვსი საბუთი უმნიშვნელოა, მოკითხვის საბუთებია გენ. სუხოტინისადმი, ქართველ ეპისკოპოსებისაგან მიწერილი. დანარჩენი 23 საბუთი კი მეტისმეტად საყურადღებო ცნობების შემცველია. ამათგან ცაგარეს მხოლოდ ორი გამოუცია ქართულ საბუთების კრებულში. ერთი საბუთის მხოლოდ რუსული თარგმანი დაუბეჭდავს, ერეკლე II წერილი გენ. სუხოტინისადმი (Ц а г а р е л и. Грамоты и др. ист. д... том I, გვ. 486). მაშასადამე ერთი საქმიდან 20 ფრიად საყურადღებო ქართული საბუთი სრულებით არ გამოუცია.

როგორც პროფ. ალ. ცაგარელის ქართული საბუთების კრებულის წინასიტყვაობიდან ჩანს, მას სახსრები არ ჰქონია ქრონოლოგიურის თანამიმდევრობით ყველა ქართული საბუთი, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას შეეხება XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, გამოეცა (Ц а г а р е л и. Грамоты и др. ист. д... том II, вып. I, გვ. VII). ამიტომ ქართული საბუთები მას შეურჩევია და ისე გამოუცია. უნდა ვიფიქროთ, რომ სხვა საქმეებში დაცული ქართული საბუთებიც შერჩევით გამოუცია. ჩვენ უდროობის გამო მხოლოდ ზემოთხსენებულ საქმის გადასინჯვა მოვასწარით.

ცნობილია, რომ სახელმწიფოთა შორის ოფიციალური მიწერ-მოწერა ყოველთვის არ გამოხატავს ამა თუ იმ მთავრობის ნამდვილ ზრახვებს. ოფიციალურ მიწერ-მოწერის ნამდვილ მიზნების გარკვევას აადვილებს ამ ოფიციალურ მიმოწერის უკან აღმოცენებული საიდუმლო საბუთები. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ გამოქვეყნებულ მასალების მარტო ოფიციალურ წერილებით რომ იხელმძღვანელოს მკვლევარმა, იმ დასკვნამდე მივა, რომ მე-16 საუკუნიდან დაწყებული რუსეთის მეფეებს საქართველოს სამეფოების სიბრალულით მე-18 საუკუნის დასასრულამდე ცრემლი არ შეუშრიათ თვალებზე. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით იოანე IV მრისხანეც-კი ატირებულა საქართველოს უბედურებით: «Два года тому учинилась весть государю нашему, что Иверскую землю кизилбаш воевал, и государь наш вельми о том скорбел и до слез», აცხადებენ რუსი ელჩები, თავის მთარობის ინსტრუქციის თანახმად, პოლონეთის სამეფო კარზე 1558 წელს (Б е л о к у р о в. Сношения России с Кавказом. 1891 г. გვ. LIV). მაგრამ რუსეთის არქივებში დაცული საიდუმლო საბუთები სავსებით გვირკვევენ რუსეთის პოლიტიკის ნამდვილ მიზნებს საქართველოში.

ქართული ოფიციალური მიწერ-მოწერის საბუთები რუსეთის მთავრობისადმი, ერთის შეხედვით, გულწრფელობით აღსავსე შღაბეჭდილებას სტოვებენ. სამწუხაროდ, ქართული საიდუმლო საბუთები, რომელნიც რუსეთთან ურთიერთობას შეეხებოდა, საქართველოს სამეფოს არქივის დაღუპვის გამო, მოსპობილი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში ცნობილი არ არის. მაგრამ a priori შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც საქართველოს სამეფოები იყვნენ გულწრფელნი რუსეთის მიმართ, და მათი ოფიციალური წერილების უკან დაფარული იყო ნამდვილი მათი ზრახვები, და რადგანაც ქართული საიდუმლო საბუთები ჯერჯერობით არ ჩანს, ყოველგვარი დოკუმენტი, რომელიც ასე თუ ისე ქართველ მეფეთა დიპლომატიურ ნაბიჯების საიდუმლო მხარეს ფარდას ხდის, უაღრესად მიმზიდველია მკვლევართათვის. მოსკოვში დაცულ საარქივო მასალებიდან ერთი საქმის გადასინჯვამ დაგვარწმუნა იმაში, რომ უკვე გამოქვეყნებულ საბუთებს გარდა, რუსეთში არა ერთი საბუთი მოიპოება ისეთი, რომელიც ქართველ მეფეთა საგარეო პოლიტიკის არაოფიციალურ მხარეს შუქს მოჰფენს, იმას გარდა რომ ამ საბუთებს სხვა მხრივაც თავისებური მნიშვნელობა ექნება საქართველოს ისტორიისათვის.

ქვემოთ დაბეჭდილი ორი საბუთი, ზემოხსენებულ საარქივო საქმეში ნაპოვნი, შეიძლება იმ საბუთების რიცხვს მივაკუთვნოთ, რომლებშიაც ქართველ მეფეთა პოლიტიკის არაოფიციალური მხარე უფრო რელიეფურად მოჩანს. კერძოდ კი ამ ორ საბუთში ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II ერთი ღონისძიებათაგანია მოცემული, რომლითაც მას სურდა რუსეთიდან საქართველოში გამოგზავნილი გენერალი სუხოტინი და მისი კორპუსი თავის სამფლობელოს ინტერესებისათვის გამოეყენებინა. ეს ორი დოკუმენტი ამ მხრივ სანიმუშოა აქამდე გამოქვეყნებულ და ცნობილ საბუთებს შორის.

პირველი საბუთი წარმოადგენს სამხედრო-ოპერაციულ გეგმას. დედანში იგი წარმოდგენილია ქართულად და რუსულადაც. საბუთი ისე არის შედგენილი, რომ ერთსა და იმავე გვერდზე რუსული ტექსტის გასწვრივ ქართული შესატყვისი ტექსტი მისდევს. როგორც შინაარსიდან ირკვევა გეგმა შედგენილია ჯერ რუსულად, შემდეგ ქართულად უთარგმნიათ. გეგმის ავტორი საქართველოში 1771 წელს გამოგზავნილი რუსი გენერალი სუხოტინია. გეგმა შედგენილი ყოფილა ორ ცალად, ერთი – დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავართათვის და მეორე – ქართლ-კახეთის მეფისათვის. ორივე ცალი ზემოხსენებულ საქმეშია დაცული. ორივე საბუთს თან ერთვის ფიცის „წიგნებიც“. როგორც ჩვენ მიერ ჩატარებულ შემოწმებით გამოირკვა, ამ ოპერაციული გეგმის მიხედვით შეუდგენიათ საქართველოში მყოფ რუსებს 1771 წელს რუკა. ეს რუკა პროფ. ალ. ცაგარელს დაუბეჭდავს და თან ერთვის მის მიერვე გამოცემულ «Грамоты и другие ист. документы»-ს I ტომს. ამ რუკის სრულ განმარტებას იძლევა სწორედ ხსენებული საბუთი.

საბუთი დათარიღებულია, იგი შეუდგენიათ ხელთუბანში იმერთა მეფის სოლომონ I და ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II თანდასწრებით 1771 წლის 15 ივნისს.

მეორე საბუთი, რომელიც აგრეთვე ქვემოთ იბეჭდება, წარმოადგენს ერეკლე II საპასუხო წერილს გენერალ სუხოტინისადმი. ეს დოკუმენტიც იმავე საქმეშია ჩაკერებული. წერილი 1771 წლის 21 აგვისტოს დაუწერია ერეკლე II-ს.

ორივე საბუთი ერეკლე II საგარეო პოლიტიკის ერთ მომენტს გვისურათებს. და ეს მომენტი რომ ნათელი შეიქნეს ამ დოკუმენტების ტექსტის სავსებით დაბეჭდვა აუცილებლად მიგვაჩნია. ოპერაციულ გეგმის მხოლოდ ქართული ტექსტი იბეჭდება ქვემოთ, რადგანაც რუსულ ტექსტს ჩვენთვის ამჟამად მნიშვნელობა არ აქვს.

რა პირობებში წარმოიქმნა ეს ორი დოკუმენტი? ამ კითხვაზე გაცემული პასუხი ერეკლე II საგარეო პოლიტიკის იმ ერთ მომენტსაც გაარკვევს, რომელზედაც გაკვრით ზემოთ გვქონდა საუბარი.

მე-18 საუკუნის სამოციან წლებიდან აღმოსავლეთ ევროპის საკითხი საფრანგეთის, პრუსიის, ავსტრიის და რუსეთის საგარეო პოლიტიკის ყურადღების ცენტრად იქცა. რუსეთის აქტივობის შესაჩერებლად საფრანგეთის დიპლომატიამ შესძლო თურქეთის ამ საკითხში ჩარევა და თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ აამხედრა. თურქეთს არსებითად რუსეთის შავი ზღვის ჩრდილო ნაპირებზე გაბატონება აშინებდა და ამასთანავე თურქეთის ბალკანეთზე მყოფი სამფლობელოებიც დაზღვეული არ იყო. ამდენად რუსეთის საწინააღმდეგოდ ომის დაწყება თურქეთის ხელისუფლებამ მარტივად გადაწყვიტა. თუმცა მე-18 საუკუნის თურქეთი იმ ძალას არ წარმოადგენდა, როგორც მას წინა საუკუნეებში იცნობდა ევროპა, მაგრამ იმ ხანად რუსეთის ხელისუფალთათვის ეს სავსებით ნათელი არ იყო.

თურქეთი ჯერ კიდევ დიდი ძლიერების მქონე სახელმწიფოდ იყო მიჩნეული და რუსეთი საფუძვლიან სამზადისში იყო. აღმოსავლეთ ევროპის საკითხი ეხლა საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში იმდენად იდგა, რამდენადაც დასავლეთის საზღვრების მხრიდან მტრის თავდამსხმელ ლაშქარს მოელოდნენ. რუსეთი, გარდა იმისა რომ ჯარს ამზადებდა მტრის საზღვრებში შესაჭრელად, ფიქრობდა ესარგებლა თურქეთის სამფლობელოში მყოფ ქრისტიანულ მოსახლეობის და არა თურქულ მოდგმის ტომების თურქეთის მიმართ მტრული განწყობილებით, და თურქეთის წინააღმდეგ მათი აჯანყებისა და გამოსვლების მოწყობასაც შეუდგა. ამ გზით რუსეთს სურდა თურქეთის ძლიერების შემუსვრა გაეადვილებინა. ამ მიზნით საქართველოს სამეფოებთან ურთიერთობის გაცხოველებას იწყებს რუსეთი. 1768–1774 წლებში, საქართველოს სამეფო-სამთავროების თურქეთის წინააღმდეგ ომში გამოყენება ძირითადი ამოცანაა რუსეთის პოლიტიკისა ამიერ-კავკასიაში. ეკატერინე II წერდა: «Я подпалила Турцию с четырех сторон: с Дуная, с Крыма, Мореи и даже с Грузии» (ეკატერინე II წერილის ეს ადგილი ჩვენ ამოვიღეთ პროფ. კლიუჩევსკის თხზულებიდან: «Курс русской истории», часть V, 1937 წ. გამოც. გვ. 40).

1768 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიას, სანამ თურქეთთან ომი ფაქტიურად დაიწყებოდა, საგანგებო მოხსენებაც დაუმზადებია, რომელშიაც გათვალისწინებულია, თუ რამდენად სასარგებლოა და იმავე დროს, რამდენად შესაძლებელი ქართველების თურქეთის საწინააღმდეგოდ ომში ჩათრევა. ამ მოხსენების სათაურის აქ მოყვანა საკმარისია ზემოთქმულის დასამტკიცებლად: «Разсуждение о способах, какими грузинцы преклонеы быть могут к восприятию участия в настоящей с Портою Отоманскою войне» (Ц а г а р е л и. Грамоты и другие исторические документы относящиеся к Грузии. том I, გვ. 1). საგარეო საქმეთა კოლეგიას იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ამ ომში ჩათრევა უფრო მარტივად ესახება, ვინემ ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ისა. მაგრამ კოლეგიას გადაუწყვეტია როგორმე მაინც ქართლ-კახეთის მფლობელიც ამ ომში გამოეყენებინა. სხვა მიზნები საქართველოს მიმართ ხსენებულ წერილებში რუსეთს არ აქვს. ეკატერინე II-ის მიერ ხელმოწერილ გენერალ სუხოტინისათვის შედგენილ ინსტრუქციაში გარკვევით არის ნათქვამი, რომ რუსეთი საქართველოს ხელში ჩაგდებას ამ ხანად მიზნად არ ისახავსო: «не ищется присовокупить грузинских земель, как отдаленных и совсем не подручных, к нашей империи» (იქვე, გვ. 471). იქვე ზემოთ გენერალ სუხოტინს ხაზგასმით მიუთითებენ: «наше намерение было и есть самых грузинцов на диверсию против неприятеля употреблять». როდესაც საქართველოში, გენერალ სუხოტინზე წინ 1769 წელს, რუსეთის ხელისუფლებამ გენ. ტოტლებენი გამოგზავნა და ამ უკანსკნელმა უთავბოლო მოქმედებით ქართველი ხელისუფალნი თავის წინააღმდეგ აიმხედრა, ხოლო თვითონ კი ერეკლე მეორეს ტახტიდან გადაყენება მოინდომა და ქართლის მცხოვრებთ რუსეთის ერთგულებაზე ძალით ფიცს ადებინებდა, რუსეთის მთავრობამ ტოტლებენის ნაცვლად საქართველოში გამოგზავნილ სუხოტინს მიუთითა: «ежели начатое графом Тотлебеном и еще продолжаемое приведение грузинцов к присяге в верности к нам... будет служить к лутчему грузинцов совокуплению и единомыслие в разсуждении поисков против неприятеля, то и вам сие средство при подающихся случаях употреблять останется, а без того оной обряд совсем излишним почитается, не проча мы, как выше сказано, Грузии в непосредственную собственность империи нашей» (იქვე, გვ. 471). მაშასადამე, როგორც ამ ამონაწერიდანაც ჩანს, პირველ რიგში რუსეთს საქართველოს მიმდინარე ომში გამოყენება დაუსახავს მიზნად და არა საქართველოს ანექსია. ტოტლებენის ღონისძიების გაგრძელებას სუხოტინს იმ შემთხვევაში ურჩევენ, თუ კი ამ გზით უფრო ადვილად და მიზანშეწონილად მოხდება ქართლ-კახეთის თურქეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა, თუ არა და სუხოტინს ეკრძალება ტოტლებენის ღონისძიებათა გაგრძელება და მას განმეორებით მიუთითებენ რომ არ არის ამჟამად რუსეთის მიზანი საქართველო დაიპყროს. ამ გეგმებით და მიზნებით იყო რუსეთი გამსჭვალული საქართველოს მიმართ 1768 წელს თურქეთთან ომის დაწყების წინ და თვით ომის პროცესშიაც. ამ დროს საქართველოს სამეფოებს, იმერეთს და ქართლ-კახეთს, ერთნაირი საგარეო მდგომარეობა არ ჰქონდათ. იმერეთის სამეფო მეტის-მეტად რთულ და გაჭირვებულ პირობებში იყო მოქცეული. ქართლ-კახეთი შედარებით უკეთეს პირობებში იმყოფებოდა. იმერეთის მეფეს სოლომონ I-ს თურქეთის ვასალურ დამოკიდებულებისაგან თავის დაღწევა უცდია, ხრესილთან მომხდარ ბრძლაში კიდეც გაუმარჯვია, მაგრამ თურქეთი ასე ადვილად არ სთმობდა იმერთა მეფის ურჩობას, და დასავლეთ საქართველოს დიდგვაროვან ფეოდალებთან კავშირით, თურქეთმა იმერეთი განუწყვეტელ ბრძოლის არენად აქცია. განსაკუთრებით თავი ისახელეს ამ მხრივ სამეგრელოსა და რაჭის მფლობელებმა კაცია დადიანმა და როსტომ ერისთავმა. თურქეთის დახმარებით, ურჩ ფეოდალების სოლომონ I-ის წინააღმდეგ ბრძოლა იმ ზომამდე გამწვავდა, რომ რამდენიმე ხანს სოლომონი იძულებული გამხდარა ტახტი მიეტოვებინა და მცირე ამალით ქაიხოსრო წერეთელს შეჰფარებოდა მის ციხეში. ამ დროს იმერეთის სამეფო ტახტზე სოლომონ I-ის ბიძაშვილი თეიმურაზი გაუმეფებიათ. სოლომონ I-ს რამდენიმე ხნის შემდეგ დაქირავებულ ლეკების მცირე რაზმის დახმარებით რაჭის ერისთავი როსტომი დაუმარცხებია, თურქთა შემწეობით გამეფებული თეიმურაზიც ტყვედ ჩაუგდია და სამეფო ტახტი კვლავ დაუბრუნებია, მაგრამ იმერეთის ყველა ციხეში თურქთა მეციხოვნენი იდგნენ და ქვეყანა მათი ძალმომრეობით აკლებული იყო (შედეგი კახეთის ცხოვრებისა. ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, გვ. 285. აგრეთვე Ц а г а р е л и. Грамоты и др... том I, გვ. 14–15. აგრეთვე სოლომონ II წერეთლებისადმი ბოძებული სიგელი, ს. კაკაბაძის გამოც., წერილები და სხვა მასალები საქართველოს ისტორიისათვის, გვ. 92).

1766 წელს სოლომონ პირველს ყიზლარის კომენდანტისათვის წერილი გაუგზავნია, რომელშიაც კომენდანტ პოტაპოვისათვის შუამდგომლობა უთხოვია რუსეთის მეფის წინაშე, თუ თურქების წინააღმდეგ ბრძოლას ვერ შესძლებდა, თავისი ამალით რუსეთში დასახლების ნება მიეცათ (Ц а г а р е л и. Грамоты и др. ист. докум., том I, გვ. 1–2). სოლომონ I-ის თხოვნა ეცნობა რუსეთის სამეფო კარს, მაგრამ საგარეო საქმეთა კოლეგია სიფრთხილით მოპყრობია ამ საკითხს და ასე უანგარიშნია: «Дозволение владетелю Соломону, как турецкому васалу с народом его здешней протекции, моглоб привесть Порту в крайную досаду, а раздражение ея дороже сталоб, нежели приобретение ненадежных грузинцов» (იქვე, გვ. 3). მაგრამ იმერთა მეფისათვის ცივი უარის თქმა მიზანშეუწონლად მიუჩნევიათ, და ყიზლარის კომენდანტს პოტაპოვს დაევალა აცნობოს სოლომონ I-ს, რომ მისი თხოვნა დიდი სიამოვნებით მიიღო უმაღლესმა კარმა, მაგრამ ეხლა თურქები ალბათ მოღლილი იქნებიან იმერეთთან გამუდმებულ ბრძოლით, და ამიტომ იქნებ საჭირო აღარ იყოს სოლომონის რუსეთში გადმოსახლებაო (იქვე, გვ. 3).

ამ პასუხში არც „ჰო“ არის და არც „არა“ მოჩანს, მაგრამ იმერთა მეფეს რუსეთის ძლიერების თავის ქვეყნის დასაფარავად გამოყენება მაინც კვლავ უცდია, და ამ საქმის იურიდიულად გასაფორმებლად 1768 წელს ელჩები გაუგზავნია რუსეთში მაქსიმე ქუთათელის მეთაურობით. როგორც ამ წელს სოლომონ პირველის მიერ ეკატერინე II-ისადმი გაგზავნილ წერილიდან ჩანს, მის ელჩებს უნდა მოეგვარებინა: რუსეთის მფარველობა იმერეთის სამეფოზე ვასალიტეტის საფუძველზე; თუ ეს არ მოხერხდებოდა იარაღი და ფულით დახმარება უნდა გამოეთხოვა, და თუ არც ეს მოხერხდებოდა და თურქეთთან ბრძოლის გაგრძელებას იმერთა მეფე ვეღარ შეძებდა, ნებართვა გამოეთხოვა მეფის და მისი ოჯახის რუსეთში გადასახლებისა (Ц а г а р е л и. Грамоты... том II, вып. I, გვ. 1–2). მაქსიმე ქუთათელის წერილობითი მხსენებიდან ჩანს, რომ იმერთა მეფეს მშვენივრად ჰქონია გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ ქველმოქმედების მიზნით რუსეთი იმერეთს არ დაეხმარებოდა, და ამიტომ იმერთა ელჩს, მაქსიმე ქუთათელს, იმერეთის ბუნებრივი სიმდიდრე აღუწერია, რათა იმერეთის ქვეყანა ისე გაეცნო რუსეთისათვის, რომ უკანასკნელს იმერთა მეფის „ყმად“ მიღებაზე ყოყმანი არ დაეწყო: „იმერეთში მოდის თეთრი პური, შავი პური, ქერი, ფეტვი, ბრინჯი, სამარხო, წამლის ბალახები, ყურძენი და სხვ. ხილი; ამაების დიდი სიმრავლე არის ყოველს ფერში და ასეთი ნაყოფიერი ქვეყანაა, რომ ტყეებშიაც მრავალი ყურძენი და სხვა კარგი ხილი არის; შავი ზღვის პირზედა ნარინჯი და ზეთის ხილი მოდის; აბრეშუმი, ბამბა და დიახ წმინდა სელი არის ამდენი რომ ვაჭრებს სხვა ქვეყნებშიაც მიაქვთ დიახ იაფათ ჰყიდულობენ... ზოგიერთს ალაგას იმერეთში ოქროსი და ვერცხლის და სხვების ქანი არის, მაგრამ ესენი იმერეთს არასოდეს მოუხმარია ერთი რკინის მეტი ამიტომ რომ მეტი მტერი არა აუჩნდეს“ (იქვე, გვ. 3). ერთის სიტყვით 1768 წელს რუსეთში გაგზავნილი ელჩობის შედეგად, იმერთა მეფე რუსეთიდან მოელოდა: ან მფარველობას, რასაც სათანადოდ „გაწყობილი“ ჯარის გამოგზავნა უნდა მოჰყოლოდა, ან იარაღსა და ფულს, ან არა და მოსალოდნელ თურქეთთან ბრძოლაში დამარცხების შემდგომ რუსეთში გადასახლების ნებართვას. 1768 წლის ოქტომბერში რუსეთი, როგორც აღვნიშნეთ, თურქეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედების სამზადისში იყო და საქართველოს სამეფოების თურქეთის წინააღმდეგ გამოსაყენებლადაც ემზადებოდნენ, ამიტომ იმერეთის ელჩების 1768 წლის შემოდგომაზე რუსეთის საზღვრებში მისვლის ამბავი მეტის-მეტად სასიამოვნოდ დარჩათ. იმავე წლის ნოემბერში საგარეო საქმეთა კოლეგიის უმაღლესი ბრძანებით ყიზლარის კომენდანტს პოტაპოვს მაქსიმე ქუთათელის სასწრაფოდ პეტერბურგში გამგზავრება დაევალა: «приезд сего митрополита весма кстати и ко времяни... отправить сюда немедленно удовольствовав его и всех при нем быть имеющих в дорогу кормовыми денгами» (Ц а г а р е л и. Грамоты... том I, გვ. 20). მაქსიმე ქუთათელის თანამგზავრი არქიმანდრიტი კი დასაჩუქრებული ყიზლარიდანვე იმერეთში გამოისტუმრეს, რათა სოლომონ მეფისთვის რუსეთ-თურქეთს შორის დაწყებულ ომის ამბავი ეცნობებინა და დაუხანებლივ რუსეთის მოშველების მოლოდინში იმერთა ჯარი თურქეთს დასცემოდა. არქიმანდრიტს პეტერბურგიდან სოლომონისადმი გამოგზავნილი პანინის წერილიც გამოატანეს. მაგრამ ამით არ დაკმაყოფილდნენ და საქმისათვის თავიანთი კაცის გამოგზავნაც საჭიროდ მიიჩნიეს, რუსეთის სამსახურში მყოფი ქართველი „პორუჩიკი“ ხვაბულოვი (ქობულაშვილი) იმერეთში გამოისტუმრეს (იქვე, გვ. 26). პეტერბურგში მაქსიმე ქუთათელის წერილობითი მოხსენება და სოლომონ მეფის წერილები განიხილეს, და შეეცადნენ თავი ისე მოეჩვენებინათ იმერთა ელჩებისათვის, თითქოს სოლომონ მეფის განზრახვის დიდი მოხარული იყვნენ, და რუსეთის თურქთა წინააღმდეგ ომით გამოწვეული იმერეთთან დროებით დაახლოების ფაქტი სოლომონის სურვილების გამარჯვებად გასაღება მოინდომეს. ნამდვილად რუსეთ-თურქეთის ომის დასრულების შემდეგ მფარველობის გაწევა იმერეთზე უაზრობად მიაჩნდათ. საგარეო საქმეთა კოლეგია საქართველოში საგანგებოდ გამოგზავნილ „მოურავოვისადმი“ ინსტრუქციაში ასე მსჯელობდა: «Довольствуясь только славою иметь Имеретию в протекции и истощать на защищение ея и иждивение силы, совсем здравой политике противно» (იქვე, გვ. 41).

როგორც ზემოთ აღნიშნული იყო, რუსეთის პოლიტიკოსები სავსებით დარწმუნებული არ იყვნენ, რომ ქართველები ადვილად ამ ომში ჩაერეოდნენ, ამიტომ საგარეო საქმეთა კოლეგიას საქართველოში ტომით ქართველი რუსეთის მოხელის გამოგზავნა ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ქართველ მეფეებთან საქმე სასურველად გარიგებულიყო. 1769 წელს საქართველოში რუსეთის რწმუნებული მოურავოვი (თარხან-მოურავი) გამოიგზავნა სათანადო ინსტრუქციით (იქვე, გვ. 39). რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგია ჰგრძნობდა, რომ ქართველების მიერ თურქთა წინააღმდეგ ომის დაწყება და მტრისთვის საგრძნობი ზარალის მიყენება ისე, რომ თურქეთი იძულებული გამხდარიყო თავისი ლაშქრის მნიშვნელოვანი ნაწილი ამიერ-კავკასიაში საქართველოს საზღვრებთან თავდაცვისათვის დაებანდებინა, საქართველოს სამეფოებს მარტო საკუთარი ძალებით არ შეეძლო, და ამიტომ კოლეგიას გადაწყვეტილი ჰქონდა რუსეთის მცირე ჯარის ნაწილი ექვსი ზარბაზნით და 50.000 მანეთი ფულად გამოეგზავნა. ამ ფულის და ჯარის რაციონალურად მოხმარა, სოლომონ I-ის ყველა ქართველ მეზობელ მეფე-მთავართა ძალების გაერთიანება და საერთო ძალით თურქეთის საზღვრებში შესევის მოგვარება ჰქონდა დავალებული მოურავოვს (იქვე, გვ. 39–50).

რუსეთში ჯარის მცირე ნაწილის საქართველოში გამოგზავნა გადასწყვიტეს, მაგრამ ამ ჯარის უფროს გენერალ ტოტლებენს ასე არიგებდა გამომგზავრების წინ ეკატერინე II: «Чтоб грузинцы поступили на диверсию собственными их силами, так и оставалось присовокупить к тому здешнего войска такое только число, какое послужилоб в пример и в поощрение и составлялоб будто некоторой подвижной город для убежища и опоры при нужных случаях» (იქვე, გვ. 87). უფრო გარკვევით პანინის სიტყვები გვისურათებენ რუსეთის ზრახვებს: «была бы душа здешняя, а тело грузинское» (იქვე, გვ. 156). ამ სახით რუსეთი ჯერ იმერეთის გამოყენებას ფიქრობდა მარტო, და წერილები და თავისი რწმუნებულები იმერთა მეფესთან იგზავნებოდა 1769 წლის ზაფხულამდე. რუსეთში ძალიან კარგად იცოდნენ, რომ იმერთა პოლიტიკოსები თურქეთთან ომის დასრულების შემდეგაც რუსეთისაგან დახმარებასა და მფარველობას მოითხოვდნენ და ამიტომაც ეკატერინე II 1769 წელს იმერთა მეფეს სოლომონ I-ს წინასწარ აიმედებდა: «поколику нашему ожиданию соответствовать будете и в пользу общего благого дела себя употребите и впредь в чем будет нужно пособствовать вам не оставим» (იქვე, გვ. 54). იმავე 1769 წელს შედგენილ ინსტრუქციაში აღნიშნულია: «Соломон оказывая здешней империи услугу не может быть уже при тесных для него обстоятельствах здешным призрением и пособствованием оставлен» (იქვე, გვ. 46).

ასე ამგვარი მიზნებითა და დავალებებით რუსეთის ჯარი, 3767 კაცის შემადგენლობით, გენ. ტოტლებენის მეთაურობით, 1769 წელს დაიალის გზით იმერეთისაკენ დაიძრა. (აქ აშკარად შეცდომაა – 1769 წელს ტოტლებენს ამდენი ჯარი უბრალოდ არ ჰყავდა, არამედ დაახლოებით 480 ადამიანის რიცხოვნებისა – ი. ხ.)

ზემოთ ჩვენ გაკვრით აღნიშნული გვქონდა, რომ რუსეთი იმერეთის სამეფოს გამოყენებას უფრო იოლად იმედოვნებდა, რადგანაც იმერთა მეფე სოლომონს თურქეთის ვასალად სთვლიდნენ, და, რაც მთავარია, თურქეთის მოწინააღმდეგე ვასალად. ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორის შესახებ სხვა რიგად მსჯელობდნენ.

საგარეო საქმეთა კოლეგიას საკმაო ცნობები ჰქონია 1768 წლისათვის ქართლ-კახეთის სამეფოს საგარეო მდგომარეობის შესახებ. საგარეო საქმეთა კოლეგიის 1768 წელს შედგენილს მოხსენებით ბარათში მეტის-მეტად საეჭვოდ არის მიჩნეული ერეკლე II-ის თურქეთის წინააღმდეგ ომში ჩათრევის შესაძლებლობა. იმიტომ რომ რუსეთში ცნობა ჰქონიათ, ერეკლე II თურქეთის მხრივ იმ ხანად შევიწროებას არ განიცდიდა: «Ираклий... совсем не чувствует тягости турецкого сосдства» (იქვე, გვ. 6–7). შემდეგ წლებში თვით ერეკლე II მართლაც არა ერთგან აღნიშნავს თავის წერილებში, რომ თურქეთთან მას კარგი დამოკიდებულება ჰქონდა 1769 წლამდე და მას საფრთხე არ მოელოდა. ერთ-ერთ წერილში ნიკიტა პანინს იგი, სხვათა შორის, სწერს: „იუწყის თქუენმან მაღ. ღრ. ბრწყინვ... თურქთა, თუ არ სპარსეთის აშლის მიზეზით, ჩვენთან მტერობა არა ჰქონებიათ მოქმედებითა, თუ არ გონებითა. რა შაჰნადირმა ისინი საქართველოდამ ძალით გაყარა, ეგების რომ ჩვენთვის ლეკებს ტყვე მოეტაცოს ქურდობით მცირეს კაცისა და ის ახალციხეს გაეყიდნოს, ისიც დაფარვითა, თვარემ სხვა მტერობა არა გამოუჩენიათ ჩვენდა მომართ“-ო (Ц а г а р е л и. Грамоты... том II, вып. I, გვ. 93). და მართლაც, როგორც სხვა წყაროებიდანაც ჩანს, ქართლ-კახეთის სამეფოების გაერთიანების შემდეგ, სამოციანი წლებიდან, ერეკლე II-ს საგარეო საქმეები შედარებით მოწესრიგებული ჰქონდა, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მეზობელი სახანოები მისი მოხარკენი იყვნენ.

იჭვობდნენ ამიტომ რუსი პოლიტიკოსები ერეკლე მეორის უშუალოდ თურქეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას და საქართველოში გამოგზავნილ თავიანთ მოხელეს მოურავოვს სათანადო ინსტრუქციაში ავალებდნენ, ერეკლეს შეძლება აქვს და აშკარად თუ არა, ფარულად იმერეთისათვის იქნებ დახმარება აღმოაჩენინო თურქეთთან ბრძოლაშიო: «Ираклий... конечно в состоянии... пособствовать и имеретийцам в предприятиях против турок, ежели неявным образом, то по крайней мере скрытно, особливо когда лезгинцами занят не будет» (Ц а г а р е л и. Грамоты... том I, გვ. 47). მაგრამ როგორც მასალებიდან ჩანს, ერეკლე II-ს მიზანშეწონილად მიუჩნევია თურქეთის წინააღმდეგ ომში თავისი სამფლობელოს ჩაბმა, როდესაც რუსეთიდან წინასწარ გამოგზავნილი ოფიცერი „ხვაბულოვი“ იმერეთში მისულა და იმერთა მეფე დაუიმედებია, შემდეგ ერეკლე II და სოლომონ I ტფილისში ერთად შეუყრია და თურქთა წინააღმდეგ შეთანხმებულად მოქმედება გადაუწყვეტიათ (Ц а г а р е л и. Грамоты... том II, вып. I, გვ. 56).

1769 წელს ივნისში პანინისადმი გაგზავნილ წერილში ერეკლე II სწერდა: „თქვენი ღრაფობის ბრწყინვალების წიგნში მეფის სოლომონისათვის და ჩუენ ყოვლისა საქართველოებისათვის ყოვლად მოწყალის ხელმწიფის იმედი და დაუგდებლობა, და ყოველს ჟამს შეწევნა აღგეთქვათ, ამისთვის მადლობელნი ვართ... და რომელიც ჩუენ დიდი სასურველი არის ოსმალთა თანა ბრძოლა, და ამას ზედ უწუევივართ თ. ღ. ბ. შეწევნითა ღვთისათა ამაზედ განმზადებული ვართ“-ო (იქვე, გვ. 6). ამრიგად, ერეკლე II-ც ომში ჩაერია, მაგრამ იმავე დროს იგი რუსეთთან დაკავშირების იურიდიულ ვალდებულებების გაფორმებას შედგომია. ჯერ წინასწარ წერილებში რუსეთის იმპერატრიცას მოაგონებს, რომ თურქეთის წინააღმდეგ იბრძვის იმ ხნის განმავლობაში, სანამ რუსეთი თურქეთთან ზავს არ დასდებს, მაგრამ ზავის დადების შემდეგ რუსეთი უნდა იცავდეს მის სამფლობელოს: „და როდესაც კუალად მშუიდობას ინებებდეს თქუენი ყოვლად მოწყალება – ჩუენ მშვიდობით თანადაცულნი ვიყუნეთ საუკუნოდო“ (იქვე, გვ. 14). 1771 წელს კათალიკოსი ანტონი და ლევან ბატონიშვილი გაგზავნა ერეკლე II-ემ რუსეთის მთავრობასთან მოსალაპარაკებლად, თუ რა პირობებში სურდა ქართლ-კახეთს რუსეთის „მფარველობა“-ში ყოფნა (იქვე, გვ. 90–91).

ერეკლე II ამ ომში მონაწილეობით თურქეთის გართულებულ მდგომარეობით სარგებლობას და ახალციხის თურქეთის ბატონობისაგან განთავისუფლებას ფიქრობდა, და რუსეთიდან მოსულ ჯარის ნაწილებს ამიტომ ახალციხისაკენ ლაშქრობას სთხოვდა: «Ничего так не хотел царь Ираклий с своею фамилиею и с князьями как чтоб нынешнюю компанию зделал я на Ахалцых. Когда же их воле не последовал, весьма то их оскорбила» (Ц а г а р е л и. Грамоты... том I, გვ. 482). ასე სწერდა თავის მთავრობას საქართველოში გამოგზავნილი რუსი გენერალი. მოკლედ რომ ვსთქვათ, ერეკლე II თვალსაზრისი ამ ომში მონაწილეობის მიღებაზე ჩვენ ასე წარმოგვიდგება: რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობის მიღებით ქართლ-კახეთი ახალციხეს შემოიერთებდა, რუსეთის მფარველობაშიაც შევიდოდა და უზრუნველჰყოფდა თავის სამფლობელოს ზრდას და მშვიდობიანობას. როგორც ვხედავთ, რუსეთს სხვა მიზნები ამოძრავებდა, ქართველებს სხვა. ამ ინტერესთა სხვადასხვაობის საფუძველზე, მოტყუილებით დაიმედებული ქართველი მეფეები რუსეთ-თურქეთის ომში ჩაებნენ. გენერალ ტოტლებენის მეთაურობით საქართველოში გადმოსული რუსეთის რამდენიმე ბათალონი ხან იმერეთში იყო, ხან ქართლში, უნდოდა ეჩვენებინა, რომ ორივეს ვითომ ეხმარებოდა, სინამდვილეში არც ერთს შველოდა, არც მეორეს. ტოტლებენს გარდა იმისა, რომ სამხედრო ნიჭი არ ჰქონდა, დიპლომატიური მოქნილებაც ჰკლებია, მისმა უთავბოლო მოქმედებამ ქართველ მეფე-მთავრებს შორის უკმაყოფილებაც ჩამოაგდო; ამ გარემოებამ თურქეთზე გაერთიანებულ ძალებით ლაშქრობა დააბრკოლა. ტოტლებენის წინააღმდეგ რუსეთის სამეფო კარზე გაგზავნილმა ქართველ მეფეთა წერილებმა საგარეო საქმეთა კოლეგია აიძულა საქმის გამოსაძიებლად სპეციალურად კაპიტანი იაზიკოვი გამოეგზავნა. იაზიკოვის მოხსენებითმა ბარათმა, რომელიც მან საქართველოში შექმნილ მდგომარეობის გაცნობის შემდეგ გაუგზავნა საგარეო საქმეთა კოლეგიას, დაარწმუნა რუსეთის მთავრობა იმაში, რომ ტოტლებენი უხეიროდ ატარებდა რუსეთის პოლიტიკას საქართველოში: «Он (Тотлебен) способнее в Грузии наши дела испортить, нежели оныя привести в полезное состояние, надлежит определить кого другого, я чаю» (იქვე, გვ. XXIV, იხ. შენიშვნაში), ასეთ განკარგულებას იძლეოდა საქართველოს ამბების გაცნობის შემდეგ ეკატერინე II.

1771 წელს, ეკატერინე II-ის დასტურით, ტოტლებენის ნაცვლად გენერალი სუხოტინი გამოიგზავნა საქართველოში. სუხოტინსაც იგივე ამოცანა ჰქონდა საქართველოში, რაც გენერალ ტოტლებენს: ქართველ მეფე-მთავართა ძალების გაერთიანება და მათი თურქეთის საზღვრებში შესევა, საქართველოში მყოფ რუსის ჯარის ნაწილების ისე გამოყენება, რომ ბრძოლის სიმძიმე ამ ჯარს არ დასწოლოდა. ამას გარდა გენ. სუხოტინის საქართველოსაკენ გამომგზავრების პერიოდში, ვინაიდან რუსეთ-თურქეთის ომს ადრე დასრულების პირი არ უჩანდა, პეტერბურგში ფოთის ნავთსადგურის დროებით ხელში ჩაგდება და მისი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზად გამოყენება გადაუწყვეტიათ. სუხოტინს პირადად ეკატერინე II სწერდა: «За нужное нахожу вам сказать, что есть-ли, по приезде вашем в Грузию, найдете, что граф Тотлебен действительно завладел городом, крепостью и портом Поти, то старайтесь оной удержать – ибо сие место для того, что тут порт служить может в случае продолжения войны, для заводимых нами на Черном море и на реках, в падающих в оное, кораблей убежищем и пристанищем до тех пор что бог даст лутчего» (იქვე, გვ. 469). ფოთის თურქთა ჯარებისაგან განთავისუფლება და გამოყენება, როგორც ნავთსადგურისა, ახალი ამოცანაა რუსეთის ჯარებისათვის საქართველოში. ამ ფაქტის აღნიშვნას აქ არსებითი მნიშვნელობა აქვს ქვემოთ მოყვანილ საბუთების გასაგებად. 

ასეთი დავალებით 1771 წლის გაზაფხულზე გენ. სუხოტინი საქართველოში ჩამოვიდა და ტოტლებენი შესცვალა. პირველ რიგში სუხოტინმა დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრები დააიმედა და დროებით მაინც ისინი ერთმანეთს შორის მოარიგა. იმავე წლის ივნისში იმერთა მეფე სოლომონ I და ერეკლე II, თავისი თანადასწრებით, ხელთუბანში შეუყრია და თათბირი ჰქონიათ, თუ როგორ და რა საშუალებით ემოქმედნათ იმ წელს თურქეთის წინააღმდეგ: «Во время короткого моего пребывания в Грузии («Грузия»-ს ეძახის გენერალი სუხოტინი აღმოსავლეთ საქართველოს) имели мы собрание: цари Ираклий и Соломон и я, в Хелтубане для военного совета, на котором как поступать нынешнюю компанию положили» (Цагарели. Грамоты... том I, გვ. 482), ასე სწრდა თავის მოხსენებაში გენ. სუხოტინი პეტერბურგს. ქვემოთ დაბეჭდილი პირველი საბუთი სწორედ იმ გეგმებს შეეხება, რომელიც ხელთუბანში შეუმუშავებიათ 1771 წლის ივნისში. წინასწარ უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში თურქეთის საწინააღმდეგო ოპერაციული სამხედრო გეგმა თავიდან ბოლომდე შემუშავებულია გენ. სუხოტინის მიერ, იმ მითითებების საფუძველზე, რომელიც რუსეთის იმპერატრიცამ მისცა გენ. სუხოტინს საქართველოში გამომგზავრებამდე და რომელიც ჩვენ ზემოთ მოვიყვანეთ. ქვემოთ მოყვანილ პირველ საბუთიდან აშკარად ჩანს, რომ მთელი ოპერაციული გეგმა ძირითად ამოცანად ფოთის აღებას ისახავს. ოპერაციულ გეგმის პირველ მუხლში ნათქვამია: „უწინარეს არა თუ დაპყრობისა სხვათა ადგილთასა ვიგულისჴმოთ რათა განვიშოროთ ჩვენგან და განვაძოთ იგინი ციხისაგან ფოთისა“. ამის შემდეგ გეგმის ყველა პუნქტი ითვალისწინებს ქართველ და რუსი ლაშქრის ისეთ მოქმედებას, რომელმაც ფოთის აღება უნდა უზრუნველჰყოს. გენ. სუხოტინის მიერ შედგენილ ამ ოპერაციულ გეგმის მიხედვით როლები ასე არის განაწილებული: თვით სუხოტინი რუსის ჯარით ალყას შეამოარტყამს ფოთს ხმელეთიდან: „განზრახვასა ამას ზედა მოქმედობად ვგონებ მე სახითა წინდადებულისათა რუსეთის იმპერატორობის ყოვლად მოწყალის რომელი მრწმუნებია მყოფნი ჯარნი რეღულისა კორპუსით მივიღო შემოზღუდვა“ (იხ. ქვემოთ დაბეჭდილი პირველი საბუთი, მუხლი მე-2). ქართველ მეფე-მთავართა ჯარებისათვის კი გენ. სუხოტინს ამოცანად დაუსახავს ფოთის ციხეზე ალყად შემორტყმულ რუსის ჯარის დაცვა, ისე რომ უკანიდან თურქებმა არა ავნონ-რა: „და მას ჟამს სულ ძალმან ქრისტიანეთამან მიიღოს და იმოქმედოს ესრეთ რომ ეს კორპუსი იმათგან დაფარული იყოს“ (იქვე).

ფოთთან მყოფ რუსეთის კორპუსის დაცვა გეგმაში შემდეგი სახით აქვს გენ. სუხოტინს გათვალისწინებული: ერეკლე II 14.300 კაცი უნდა გამოიყვანოს. ამათგან ორ-ათასიანი კორპუსი კახეთს უნდა დააყენოს, ორ-ათასიანი კორპუსი – ბორჩალოს და სამასი კაცი გორს. დანარჩენი ათ-ათასიანი კორპუსი თვითონ ერეკლე II-ის წინამძღოლობით უნდა შეიჭრეს ახალქალაქ-ახალციხის მიმართულებით და თარეშებით თურქები უნდა შეავიწროვოს, ისე რომ არ დაუშვას თურქთა მთავარ ძალებთან შეტაკება, და როგორც კი გაიგებს, რომ თურქთა ჯარები მოდიან მასზე, სწრაფად უკან უნდა გამობრუნდეს თავის საზღვრებში, როცა თურქთა ჯარები დამშვიდდებიან და უკან წავლენ, ერეკლე II ისევ უნდა შეიჭრეს თურქთა საზღვრებში და გაიმეოროს იგივე. სუხოტინის აზრით ასეთი მოქმედებით თურქები: „ეგების... მოუცლელ და უღონო შეიქნენ და შემოდგომილს ციხეს ვერ მოეშველნენ გამოსაჴსნელად“ (აქ იგულისხმება ფოთის ციხე). იმერთა მეფე სოლომონ პირველს ექვსი ათასი კაცის გამოყვანა ევალება ამ ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად. სოლომონმა ახალციხისაკენ მიმავალი ხეობები და გადმოსასვლელი მთები უნდა გაამაგროს: „უჭვრიტონ ვინ იცის ჩემზე ან ჩემს სურსათზე და ან ჴიდებზე წამოვიდნენ როგორც იქმნებოდეს მტერი შეაყენონ და დააბრკოლონ“ (იქვე, მუხლი მე-4)

გურიელს ევალება დაიცვას და შეკრას ტრაპიზონის მხრიდან ზღვის პირით მომავალი გზები.

დადიანმა უნდა დაიცვას სუხოტინის კორპუსი აფხაზეთის მხრიდან და უზრუნველჰყოს ქუთაისისაკენ მისავალ-მოსავალი გზა.

ასეთია გენ. სუხოტინის მიერ 1771 წელს შემუშავებული ოპერაციულ გეგმის ძირითადი შენაარსი, ფოთის აღება უმთავრესი საზრუნავი საქმეა 1771 წლის ზაფხულის განმავლობაში. ფოთი კი, როგორც ზემოთ გარკვეული გვქონდა, რუსეთს მიმდინარე თურქეთთან ომში სჭირდებოდა, მაგრამ ქართველ მეფე-მთავრებს ფოთის აღების მნიშვნელობას სუხოტინი ისე უსახავდა, თითქოს იგი საქართველოს კეთილდღეობისათვის იყო საჭირო: „რუსეთის იმპერია შესამატსა თვისსა არასფერსა აქ არ ეძებს“-ო, აღნიშნულია იმავე საბუთში.

1771 წლის ივნისში ხელთუბანში ჩატარებული თათბირი, სადაც ზემოხსენებული ოპერაციული გეგმა შემუშავდა, ერთსულოვანი არ ყოფილა. ერეკლე II-სა და სოლომონ I-ს შორის, ტოტლებენის საქართველოში მოღვაწეობის შედეგად, უთანხმოება ჩამოვარდნილა (Ц а г а р е л и. Грамоты... том II, вып. I, გვ. 55, 64). თუმცა შემდეგ ისევ მორიგებულან, მაგრამ ამ მორიგებას ფორმალური ხასიათი აქვს. აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველო იმ ხანად დამოუკიდებელი ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრებით ცხოვრობდა და იმდენად ძლიერი იყო ადგილობრივი ინტერესები, რომ საერთო საქართველოს ინტერსები იჩრდილებოდა. ასეთი მდგომარეობის დროს რუსეთი ამ ორ სამეფოს ძალთა გაერთიანებასა და მათი ძალების რუსეთის ინტერესებისათვის გამოყენებაზე ოცნებობს. ამ მიზნის განხორციელება რუსეთმა ერთი რაზმის საქართველოში გამოგზავნით მოინდომა, და ამ რაზმსაც ისეთი დავალება მისცა, რომ მაინცდამაინც ომში თავი არ გამოედო. რუსეთის რაზმი საცილობელ საგნად იქცა იმერეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს შორის. თითოეული მათგანი რუსეთის რაზმის საკუთარ სამფლობელოს ინტერესებისათვის გამოყენებას ცდილობდა, და როდესაც გენ. ტოტლებენი თავის რაზმს იმერეთსა და ქართლში უთავბოლოდ დაახეტებდა, ერეკლე II-სა და სოლომონ I-ს შორის უთანხმოებას ერთი ორად აძლიერებდა. იმერეთის პოლიტიკურ მესვეურებს ქართლ-კახეთის სამეფოს ამ ომში მონაწილეობიდან ჩამოცილებაც კი განუზრახავთ: „ჩუენ და ღრაფ ტოტლებენ რომ შევიყარენით მაშინ იქ იმერეთის კათოლიკოზიც მოსულ იყო, და იმერელ მეფის თანაგანმზრახი აბულაძე ქაიხოსრო თანა ახლდა იმერეთის კათოლიოზსა; და ჩემთან მოსულმან ამ მეფის თანაგანმზრახმან აბულაძემ ორგზის და სამგზის ლაპარაკში ასე მითხრა გაკვირვებითა: შენგან არ მიკვირსო ასე ცოტას რუსეთის ხელმწიფის ჯარს როგორ აჰყევიო და ხვანთქარს აეშალეო, ამით ხვანთქარს რა უნდა დააკლო შენაო? ხვანთქარმა რომ ერთი სერასკირი წამოაყენოსო და იქიდამ დაღესტანს უბძანოსო – მასუკან რიღათი შეიძლებო იმათს წინააღდგომასაო?“ (Ц а г а р е л и. Грамоты... том II, вып. I, გვ. 64). ასე სწერს ერეკლე II ერთ-ერთ წერილში. სხვა შემთხვევაში იმერეთის დიპლომატები ერეკლე II-ის თურქეთის წინააღმდეგ ლაშქრობას სიხარულით შეხვდებოდნენ, მაგრამ ეხლა რაკი ერეკლე II საქართველოში გადმოსულ რუსეთის ჯარის ნაწილებით ფიქრობდა თურქეთის წინააღმდეგ გალაშქრებას, ხოლო იმერეთის მთავრობა კი ამ ჯარს რუსეთიდან მისთვის გამოგზავნილად გულისხმობდა, ერეკლე მეორეს თურქეთის წინააღმდეგ ლაშქრობაზე ხელის აღებას ურჩევენ. დღეს, რაკი ჩვენთვის რუსეთის პოლიტიკის საიდუმლო მხარე ცნობილია, ქაიხოსრო აბულაძის რჩევა სამართლიანად გვესახება, მაგრამ მაშინ აბულაძე ქართლ-კახეთის ინტერესებით არ ხელმძღვანელობდა, მას ის აწუხებდა, რომ ერეკლე დაეცილა იმერეთის მეფეს რუსთა კორპუსის გამოყენებაში. ტოტლებენი მართალია, რუსეთის პოლიტიკის უხეირო გამტარებელი იყო საქართველოში, მაგრამ ძირითადად მაინც თავის მთავრობის ინსტრუქციას ატარებდა; საქართველოს ორივე სამეფო ომში უნდა ჩაება, და როცა იმერეთს ომი დააწყებინა, მოულოდნელად ომის პროცესში აიყარა და ქართლში გადავიდა, ერეკლე ახალციხისაკენ თურქეთის ჯარის წინააღმდეგ გაიტყუა მცირე რაზმით. იმერეთში კი ტოტლებენის იმერეთიდან ანაზდეულად წასვლა ერეკლეს დააბრალეს: „ღრაფი ტოტლებენი რომ იმერეთიდან ქართლად გამოვიდა იმის გარდმოსვლას იმერეთის მეფე სოლომონ და მისი ძმა კათალიოსი და მათნი განმზრახნი ასე სდებენ ვითამ ჩუენ ერთის ნივთით და მისაცემელით რითმე მოგვებიროს და დაგვეჯერებინოს“ (იქვე, გვ. 64). ასეთი ჭიდილი რუსეთის ჯარისათვის ბუნებრივია, სანამ ცალკე რაზმები არ გამოიგზავნებოდა იმერეთისათვის და ქართლ-კახეთისათვის, ცხადია უნიჭო ტოტლებენის გადაყენება და გენ. სუხოტინის გამოგზავნა ქართულ სამეფოებს შორის არსებულ ინტერესთა სხვადასხვაობას ვერ წაშლიდა. ხელთუბანშიც 1771 წელს თათბირზე საქართველოს სამეფოებს შორის არსებულ წინააღმდეგობას თავი უჩენია. ამიტომაც არის, ხელთუბანში შედგენილ სამხედრო ოპერაციულ გეგმის დოკუმენტს თავისებური დაღი აზის და ეს დაღი ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის დიპლომატიური საქმიანობის ერთ-ერთი ნიმუშია.

როგორც აღნიშნული გვქონდა, სუხოტინის ინიციატივით ხელთუბანში თათბირი შესდგა. ამ თათბირზე შემუშავებულ სამხედრო-ოპერაციული გეგმის შინაარსი ჩვენ ზემოთ მოვიყვანეთ და დავინახეთ, რომ ფოთი არის ყურადღების ცენტრში. როგორც ერეკლე II-ის სუხოტინისადმი გაგზავნილ წერილის რუსული თარგმანიდან ჩანს, ერეკლე ხელთუბანში წინააღმდეგი ყოფილა ფოთზე ლაშქრობისა. ამ წერილის ერთ ადგილას ერეკლე II წერს: «по соединении общем нашем в Хелтубане, протчие присудили вам ехать к Поте, а я, по верности своей, письменно изъяснял и предудерживал, чтоб не ехать в тогдашнее время, и какия корпусу вашему болезни приключится должны – обо всем словесно дал я вам знать» (Ц а г а р е л и. Грамоты... том I, გვ. 486). როგორც ჩანს, ერეკლე II ფოთზე გალაშქრებას არ ურჩევდა იმ ზაფხულს და თავის წინადადებას იმით ასაბუთებდა, რომ ჭაობის გამო ჯარი დასნეულდებაო. მაგრამ სხვებს მხარი დაუჭერიათ სუხოტინის წინადადებისათვის. ვინ არიან ეს სხვები? რა თქმა უნდა იმერეთის მეფე და მისი მრჩეველნი. კითხვა იბადება, ნუ თუ იმერეთის წარმომადგენლებმა ერეკლე მეორეზე უფრო კარგად არ იცოდნენ, რომ ზაფხულში ფოთის მიდამოებში ჯარის დაბანაკება და ალყის შემორტყმა საშინელ მალარიის პირობებში არ შეიძლებოდა? რა თქმა უნდა, იცოდნენ. მაგრამ იმერეთის მესვეურთ აწუხებდათ შემდეგი გარემოება: ერეკლე მეორემ ფოთის ასაღებად ლაშქრობა დაუშალა სუხოტინს და სამაგიეროდ ახალციხეზე გალაშქრებას ურჩევდა: «Ничего так не хотел царь Ираклий с своею фамилиею и с князьями, как штоб нынешнюю компанию зделал я на Ахалцих. Когда же их воле не последовал, весьма то их оскорбила, для чего после его светлость, как человек с просвещением, в угождение своих подданных, просил у меня, что я по окончании Поти приду к Ахалцыху, утешительного письма, а Языкова и Лвова поруками по мне подписатца» (იქვე, გვ. 482).

იმერეთის მეფე სწორედ ერეკლე მეორის წინადადებას უნდა შეეშინებინა, რომ ფოთზე ლაშქრობას დათანხმდა და სუხოტინს მხარი დაუჭირა. სუხოტინი, სოლომონით კმაყოფილი, სხვა რიგად ხსნის სოლომონ I-ის სოლიდარობას: «Соломон... горя усердием к ея и. в. на все без размышления соглашался, а тем самым возбуждал себе следовать и Ираклия» (იქვე, გვ. 482).

სინამდვილეში არც სოლომონი იყო ფოთზე ზაფხულში გალაშქრების მომხრე, მაგრამ რაკი რუსეთის ჯარის თავის ქვეყანაში ყოფნა და გამოყენება სურდა, ხელთუბანში ფოთზე გალაშქრებას მხარი დაუჭირა და ერეკლე II ხელცარიელი დატოვა ეგონა. როდესაც კი სუხოტინი თავის კორპუსით იმერეთში მოკალათდა და ფოთისაკენ გასალაშქრებლად განემზადა, სოლომონ პირველს დაუშლია სუხოტინისათვის ეს ლაშქრობა: „მე დიდის ქენებით და ხვეწნით მოუშალე და ვაუწყე: ზაფხული არის და ფოთი დიდათ დამცდელი და შხამიანი ადგილი არის, როდესაც დრო იქნება და სნეულების ჟამი დასცხრება, გაუწყებ, მეც თან გამოგყვები, მივიდეთ, მოვადგეთ და რისაც ღონისძიებით იყოს ავიღოთ მეთქი“ (Ц а г а р е л и. Грамоты... том II, вып. I, გვ. 75), ასე სწერდა სოლომონ I ეკატერინე II-ს, მას შემდეგ, როცა სუხოტინმა ხელთუბანში შემუშავებულ გეგმის სისრულეში მოყვანის დროს ფოთის მიდამოებში, უნაყოფოდ, მალარიით რამდენიმე ასეული რუსი ჯარისკაცი სიცოცხლეს გამოასალმა.

ფოთზე გალაშქრება სოლომონისა და ერეკლე ნება-სურვილებზე დამოკიდებული არ ყოფილა, იგი პეტერბურგის ინსტრუქციით წინასწარ გადაწყვეტილი იყო და ძალაუნებურად ქართველი ხელისუფალნი სუხოტინის მიერ შემუშავებულ გეგმის აღსრულებას შესდგომიან. როგორც ზემოთმოყვანილ გენ. სუხოტინის მოხსენების ერთი ადგილიდან ჩანს, ერეკლე II მოუთხოვია ფოთის აღების შემდეგ ახალციხის დასაპყრობად დახმარება აღმოეჩინა მისთვის სუხოტინს. ერეკლე II-ის მხრით ასეთი მოთხოვნის წამოყენება ბუნებრივია, რადგანაც მას უაზრობად უნდა მოსჩვენებოდა 1771 წლის ზაფხულის „კამპანიაში“ ფოთის დასაპყრობად მონაწილეობის მიღება.

სუხოტინი ხელთუბანში მიმხვდარა, რომ ქართლ-კახეთის მეფე თავის სამფლობელოსათვის უფრო ზრუნავდა, ვინემ რუსეთისა და იმერეთის ინტერესებისათვის და, ზემოთხსენებულ თავის მოხსენებაში პეტერბურგს ატყობინებდა: «При разсуждении, которыя в совете имели, я на все мои примечания находил, что царь Ираклий, будучи с просвещением, разбирал все пользы, клонящиясия к своим интересам» (Ц а г а р е л и. Грамоты... том I, გვ. 482), ამიტომაც სუხოტინი სიფრთხილეს იჩენს, საბუთების საგანგებო გაფორმებით ცდილობს ქართველი ხელისუფალნი ჩაიჭიროს და რუსეთის ინტერესები უზრუნველჰყოს საქართველოში. ხელთუბანში მიღებულ სამხედრო ოპერაციულ გეგმას სუხოტინი ადგენს რუსულ ენაზე ორ ცალად, ერთი ცალი დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავართათვის, მეორე ცალი ქართლ-კახეთის მეფისათვის. გეგმის რუსული ტექსტის ქვეშ – ქართველი მეფე-მთავრები, სახელდობრ იმერეთისათვის შედგენილ ეგზემპლარზე სოლომონ I, დადიანი და გურიელი, ქართლ-კახეთის სამეფოსათვის განკუთვნილ ეგზემპლარზე ქართული ტექსტის ქვეშ ერეკლე II. ამას გარდა სუხოტინს ცალკე ჩამოურთმევია ქართველ მეფე-მთავართათვის ფიცის „წიგნები“. ამითაც არ დაკმაყოფილებულა გენ. სუხოტინი, ფოთის „კამპანიის“ უზრუნველსაყოფად მძევალი მოუთხოვია ქართველ მფლობელთაგან. ასეთი ხელშეკრულებების და ვალდებულებების იურიდიულად გაფორმების შემდეგ გენ. სუხოტინს ეგონა პეტერბურგის დავალებას რამდენიმე კვირაში სისრულეში მოიყვანდა და თავის მთავრობას, წინასწარ, ქართველ მეფეებისათვის ჯილდოს გამოგზავნას სთხოვდა. ერეკლე მეორეს, მიუხედავად წინასწარ მიღებულ ღონისძიებებისა, იგი გაუცურებია, და რაც მთავარია, სწორედ იმ საბუთებზე ხელის მოწერის დროს, რომლებითაც სუხოტინს ერეკლე II ჩაჭერილი ჰყავდა ეგონა. 

ჩვენ ზემოთ აღნიშნული გვქონდა, რომ სამხედრო-ოპერაციული გეგმა რუსულ-ქართულ ენებზე იყო შედგენილი, რუსული ტექსტის ქვეშ, სადაც უკანასკნელი, მე-13 მუხლი თავდება ხელს აწერს სუხოტინი. მოსალოდნელი იყო, რომ ასევე ქართული ტექსტის მე-13 მუხლის დასასრულს, ე. ი. საბუთის დასასრულს, ხელი უნდა მოეწერა ერეკლე II-ს, ისევე, როგორც ეს დასავლეთ საქართველოს სამეფო სამთავროებისათვის ასეთივე საბუთზე გაუკეთებიათ სუხოტინს, სოლომონ I-ს, დადიანსა და გურიელს, მაგრამ ერეკლე II ასე არ მოქცეულა. გეგმის ქართული ტექსტის დასასრულს მას მიუწერია: „დამტკიცდა პლანი ჩემ მიერ რომელი შემძლებელობანიცა ცხადდებიან“ (იხ. აქვე, საბუთი # 1), ამ სიტყვების შემდეგ, როგორც მკითხველი ამ დოკუმენტის სრულ ქართულ ტექსტიდან დაინახავს, ერეკლე II საკუთარი ხელით შვიდ მუხლად ჩამოუყალიბებია, ან დაუზუსტებია, თუ როგორ ესმის მას ამ საბუთში გათვალისწინებული ქართლ-კახეთისათვის სავალდებულო მუხლები. ერთის შეხედვით ადამიანს გაუკვირდება კიდეც, რა საჭირო იყო ერეკლეს მხრივ ზედმეტად შვიდ მუხლად ჩამოყალიბება იმავე ვალდებულებებისა, რომელნიც გეგმაში ისედაც გარკვევით მოცემული იყო. მაგრამ ერეკლე II-ის მინაწერის გულდასმით გადასინჯვა და აქ მოთავსებული მეორე საბუთის შინაარსი ცხადჰყოფს ერეკლეს საქციელს. ოპერაციულ გეგმის მიხედვით, როგორც დავინახეთ, ერეკლე II-ს 14.300 ჯარის კაცი უნდა გამოეყვანა ფოთის „კამპანიისათვის“. 

ჩვენ აღნიშნული გვქონდა, რომ ამ რაოდენობის ჯარის გამოყვანა და თურქთა საზღვრებში თარეში არავითარი ანგარიში არ იყო ქართლ-კახეთის სამეფოსათვის. იგი მხოლოდ ხელს უწყობდა ფოთის აღებას, ქართლ-კახეთის სამეფოს ამ თარეშებიდან ზარალის მეტი არაფერი შეეძინებოდა. ამიტომ ერეკლე II თავის შვიდ-მუხლოვან მინაწერში, სწორედ ამ თოთხმეტათასიანი ლაშქრის შეყრას ოსტატურად ჩქმალავს. ერეკლეს მინაწერიდან ერთის შეხედვით ისე გამოდის, რომ თითქოს იგი ყველაფერზე თანახმაა, მოქმედების ისეთ პირობას იძლევა თითქოს, როგორც ეს გეგმაშია გათვალისწინებული, მაგრამ იქ, სადაც ჯარის რაოდენობა უნდა მოიხსენიოს: „შეძლებისამებრ ჩემისა“ ან „ძალითა ჩემითა“-ო, ამბობს. მაგალითად, მინაწერის მეორე მუხლში: „ფოთსა ზედა შესაწევნელად თუ მტერი წარვიდეს ძალითა ჩემითა მივეშველო იარანალს სუხოტინს და იმის კორპუსს“. მე-5 მუხლში წერს: „უკეთუ ჴიდებზე და პრავანტსა ზედა მტერი მოვიდეს შეძლებისამებრ ჩემისა არა უტეო წარსაჴდენელად“. ფიცის წიგნზე ერეკლეს მიუწერია: „ვიდრე შესრულებამდე ფოთის კამპანიისა რომელიცა დადებულ არს პაემანი ვითარცა აღმიწერია პლანსა შინა და დამიბეჭდავს ეგრედ შეურყეველად ვეგო შეძლებისამებრ ჩემისა“-ო (ფიცის წიგნი ცალკე არის შედგენილი და დაცულია იმავე საქმეში). ამ ფიცის წიგნის მინაწერიდან ცხადი ხდება რომ ერეკლე II სავალდებულოდ სთვლის თავისთვის „პლანის“ იმ მუხლებს, რომელნიც მას იქ „აღუწერია“ და დაუბეჭდავს. ოპერაციულ გეგმის დედანზე ერეკლეს მიერ მიწერილ შვიდ მუხლში ჯარის რიცხვი კი არსად მოხსენებული არ არის, ამიტომ სუხოტინის გეგმიდან ერეკლეს თავისთვის სავალდებულოდ მარტო სამხედრო მოქმედებების ის სახე მიაჩნია, რომელსაც თარეში ეწოდება. თუ რა ძალებით ჩაატარებდა ამ თარეშს, ეს მისი ნება იქნებოდა. 

როგორც ზემოთქმულიდან ჩანს, ჩვენ იმ აზრს ვადგივართ რომ ერეკლე II-მ თავის მინაწერებში ისეთი გამოთქმები იხმარა, რომ ჯარის რიცხვი განზრახ არ განსაზღვრა, რიცხვის ნაცვლად „შეძლებისამებრ ჩემისა“ ჩაურთო. ამ მოსაზრებას დასაბუთება ესაჭიროება.

უპირველეს ყოვლისა თვით ამ გამოთქმის „შეძლებისამებრ ჩემისა“-ს შესახებ უნდა ითქვას რომ იგი კონკრეტულობას მოკლებულია და ოფიციალურ ხელშეკრულებებში დიპლომატებისათვის რაიმე ნაკისრ ვალდებულებისაგან თავის დასაძვრენად მეტის-მეტად ხელსაყრელია. რომ ერეკლე II-ს განზრახ უხმარია ასეთი გამოთქმა თავის მინაწერებში, ამას ადასტურებს მე-2 საბუთი, რომელიც აქვე იბეჭდება. ეს საბუთი წარმოადგენს ერეკლე მეფის საპასუხო წერილს სუხოტინისადმი. როგორც მკითხველი ამ წერილის შინაარსიდან დაინახავს, სუხოტინს საყვედურით აღსავსე წერილი გაუგზავნია ერეკლესათვის 1771 წლის აგვისტოში იმის გამო, რომ ერეკლეს ძალიან მცირე რაზმი გაუყვანია თურქეთის საზღვრებში სათარეშოდ. ერეკლე ამაზე, ქვემო დაბეჭდილ წერილით, პასუხს აძლევს.

აი სწორედ ამ საპასუხო წერილიდან ჩანს, რომ როდესაც სუხოტინი ხელთუბანში ერეკლე II-ს საბუთებზე ხელს აწერინებდა და ერეკლე კი ამ საბუთებს ორაზროვან მინაწერებს უკეთებდა, სუხოტინისათვის მაშინ ერეკლეს ზრახვები გაუგებარი ყოფილა. ამ საპასუხო წერილში ერეკლე წერს: „მეორეს წიგნში ვსცან ვითამ მე რომელიც თქვენის მაღალ მსვლელობისაგან პირობა მივიღე და მეც ჩემი კერძი ჩემისავ შეძლებით პირობა მოგართვი ახლანდელის ლაშქრობისა ვითამ მე ჯარის რიცხვი ვისთვისმე ყოველთვის და ყოველგან აღმეთქვას ან ცხრა ათასობით და ან ერთ ათასობით და ან რომლისამე მეტ-ნაკლები რიცხვით რომლისათვისცა თქვენი მაღალმსვლელობა ამაზე ჩემგან ნუ შესწუხდება რომ პასუხი მოგახსენო“. მაშასადამე ერეკლე უარყოფს, რომ მას ჯარის რიცხვი აღეთქვას. მართალია იმ საბუთში, რომელზედაც ერეკლემ ხელი მოაწერა ჯარის რიცხვი სუხოტინის მიერ განსაზღვრულია 14 ათას სამასით, მაგრამ აშკარაა ერეკლე ხელთუბანში შემუშავებულ საბუთს თავისთვის სავალდებულოდ სთვლის მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც მისი შენიშვნებია გაკეთებული. ერეკლე II ამ წერილში ამტკიცებს, რომ ხელთუბანში მას სხვებმა მოუგონეს და სუხოტინიც დაარწმუნეს რომ თითქოს ერეკლეს ათასობით ლაშქრის გამოყვანა შეეძლო, თორემ პირადად მას ათასებიანი ლაშქრის შეყრა არ აღუთქვამს: „თუ გახსოვთ ხელთუბანს სხვათ დამიჟინეს ამ კამპანიისათვის ცხრა ათასი კაცის შეყრა და თქვენც გარწმუნეს და ამისთვის ჩემი პასუხი ეს იყო მე რომელსაც ვერ შევძლებ პირობას ვერ დავდებ და რომელსაც შევძლებ ფიცით დაგიმტკიცეთ რომ არ დავზოგო ჩემი შეძლება და ჯარი მეთქი. ჯარისა რიცხვით აღთქმა თუ ან წიგნით და ან ინსტრუქციით ან რომელსამე ჩემის წერილით იპოვით იმისი პასუხი მე უნდა გავცე“-ო. ამ ამონაწერიდან უკვე აშკარად ჩანს, რა მოსაზრებით უხმარია ერეკლეს გამოთქმა „შეძლებისაებრ ჩემისა“. შემდეგ საპასუხო წერილში ერეკლე II შესდგომია იმის მტკიცებას რომ ფოთის „კამპანიაში“ მან მონაწილეობა მიიღო და რაც ძალა და შესაძლებლობა ჰქონდა არ დამიზოგავსო, ე. ი. ამტკიცებს, რომ პირობა და ფიცი სავსებით შეასრულა მან. როგორც ჩანს სუხოტინისათვის ხელთუბანში სრულებით გაუგებარი ყოფილა ერეკლეს მინაწერების შინაარსი. ერეკლე, მართალია, წერილში სწერს სუხოტინს, რომ თითქოს ჯარის რიცხვზე თავის დროზე ხელთუბანშივე განვაცხადე უარიო და პირობაც ასეთი მოგეციო, მაგრამ, როგორც ჩანს, ერეკლეს ხელრთვამ და მოხერხებულად შედგენილმა მინაწერებმა სუხოტინი შეცდომაში შეიყვანა, თორემ შემდეგ საყვედურით ერეკლეს ვეღარ მიმართავდა და ათეულ-ათასიან კორპუსის გამოყვანას ვეღარ მოთხოვდა და, რაც მთავარია, პირობის განაღდებას ამ ნაწილში მაინც მაინც ვეღარ მოსთხოვდა ერეკლეს. სუხოტინი რომ გვიან მიმხვდარა ერეკლეს მინაწერების მნიშვნელობას, ეს ერეკლეს წერილის ერთი ადგილიდან უფრო გარკვევით მოჩანს: „კიდევ მოგეწერათ რომ... მითამ მე ამ საქმეში ოსტატობით და პოლეტიკის ხმარების მოქმედებით მოვქცეულიყო ჩემი შემოქმედი არის გონების მხილველი რომ მე ამ საქმეში სულ სიმართლით ვიმყოფები“-ო.

ამაზე ვამთავრებთ ქვემოთ მოთავსებულ ორი საბუთის წარმოშობის ისტორიას. ამ საბუთების მნიშვნელობა ჩვენ მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თვალსაზრისით მოვხაზეთ მოკლედ. სხვა მხრივ ამ საბუთების განხილვა ჩვენ მიზნად არ გვქონია ამ წერილში.


1. გენერალ სუხოტინის მიერ ხელთუბანში შედგენილი სამხედრო ოპარაციული გეგმა. ივნისის 15, 1771 წ. 

პ ლ ა ნ ი

კამპანია აზიაში ჩღოა წელსა რუსეთის იმპერატორობის კორპუსისა ძალითა ქრისტეანეთათა რომელნიც იმყოფებიან საფარველსა ქვეშე მათისათა მებრძოლეთა წინაშე თურქთასა წინა დაიდვა სამოქმედებელად საქართველოს ივნისის იე დღესა დადებულს ადგილს ჴელთუბანს ორთა მეფეთა შორის საქართველოსა და კახეთისა ირაკლისა და იმერეთისა სოლომონისა იარანალ მაიორი სუხატინისაგან.

*

უწინარეს არა თუ დაპყრობისა სხვათა ადგილთასა ვიგულისჴმოთ რათა განვიშოროთ ჩვენგან და განვაძოთ იგინი ციხისაგან ფოთისა რომლისა მიერ დაუჴშავთ მათ შემოსავალსა წავართმევთ ორსა სათავადოსა მეგრელიას და გურიას განვყოფთ მათ შესაწევნელად კავკასთა ზედა და შევაერთებთ სწორესა მას ხაზსა ჩვენსა და ტკიცესა ნავთსაყუდელსა მჴარესა და ვიქნებით მპყრობელნი პირისა შავისა ზღვისასა. 

* *

განზრახვასა ამას ზედა მოქმედობად ვგონებ მე სახითა წინადადებულისათა რუსეთის იმპერატორობის ყოვლად მოწყალისა რომელი მრწმუნებია მყოფნი ჯარნი რეღულისა კორპუსით მივიღო შემოზღუდვა და მას ჟამს სულ ძალმან ქრისტიანეთამან მიიღოს და იმოქმედოს ესრეთ რომ ეს კორპუსი იმათგან დაფარული იყოს.

* * *

მათი განათლებულება მეფე ირაკლი უნდა წარემართოს ტფილისის ქალაქიდამ კ რიცხვს ამ ივლისს ათი ათასის კაცის რიცხვით რვის ზარბაზნით და მიაბაროს მიცემულთა შესაწევნელად თხუთმეტს კანანერს და უნდა განშორდეს თვისსა სამძღვარსა და შევიდეს მტრისსა მამულსა შინა როგორც შეიძლებოდეს მოშორებით მოუკვეთოს გზა და შეერთება ლეკთა, და იმოქმედოს მან ახალქალაქსა ზედა ყარსსა და ახალციხეზე უდიდებულესისა ძალითა თვისითა გაუჭირვოს ტაცვით ცარცვით და წვითა სოფლებისათა და გარეშემო მათსა და წვითა პურისათა და ტაცვითა პირუტყვისათა დატყვევებითა კაცებისათა არა დაზოგოს თავისი ძალი ყოვლისფერით რაც კი შეიძლება ოდეს იგინი მაზე წამოვიდენ იმ დროს უკუბრუნდეს თვისსა სამძღვრისაკენ და რასაც ჟამს იგინი მოშორდენ გაუბრუნდეს უკანვე მათ და ძალიანის რიგით შეაწუხოს ეგების ამისთანას შეწუხებისა და მოუშორებლობით და მოძრაობისა მათის განათლებულებისაგან იგინი მოუცლელ და უღონო შეიქნენ და შემოდგომილს ციხეს ვერ მოეშველნენ გამოსაჴსნელად და ამა მოქმედებასა შინა რომ მათს უგანათლებულების ადგილებს ლეკმან არა ავნოს რა უკანით არა ჴელშვებულ იყვნენ მტერნი და მიზეზი არ მისცენ თვით მათისა ადგილების დასაფარავად გაბრუნდეს განაწესოს კორპუსი სამი ორი ოროლის ათასის კაცით და მესამე სამასის კაცისა. ათი ათასის ჯარის გარდა კარგის წინამძღვრის თავკაცებით რომელთა უნდა ყოველი გამოსავალი და ჴეობა ეჭირვოსთ ერთი უნდა ადგეს კახეთს მეორე ბორჩალოს და მესამე იყოს გორს.

* * * *

მეფე იმერეთისა სოლომონ უნდა წარმოდგეს ბაღდადიდამ იმავ რიცხვს ექვსი ათასი კაცის რიცხვით და დაიჭირვოს მთა და ჴეობები ახალციხისკენ და მიიღოს თვისსა შემაგრებასა შინა ქვეითის კაცით და სწორესა მოქმედებასა შინა უნდა მეფემ ირაკლიმ შეაწუხოს ახალციხე და ამაზდა გარდა უჭვრიტონ ვინ იცის ჩემზე ან ჩემს სურსათზე და ან ჴიდებზე წარმოვიდენ როგორც იქმნებოდეს მტერი შეაყენონ და დააბრკოლონ და იმ ჟამს ან ერთად და ან რომელსამე ნაწილის ჯარით უკანიდამ დაეცემოდენ ხოლმე.

* * * * *

გურიელმან თვისსა ადგილში უნდა დაიჭიროს სულ შესავალნი გზანი ტრაპიზონიდამ ზღვიდამ და ახალციხიდამ რომ შემოდგომილს ციხეს არას გზით არავინ მოეშველოს და ყოველთვის მე მაცოდინებდეს ხოლმე და თუ დაატყოს დასამჯობინარო იყოს შეებას ნება არ წაერთმევის მაგრამ ყოველთვის მე უნდა დაფარებული ვიყო იმისაგან რომ გამოსავალნი ადგილები მარადის შეკრული ჰქონდეს და დაუგდებელი. 

* * * * * *

დადიანმან მებატონემან მენგრელიისამან უნდა შეიყაროს თვისი ჯარი იმანაც სწორეთ ამ კ რიცხვს დაიცვას რომელსამე ნაწილით თვისი ადგილი იმერეთს და ჴიდებიცა ჩემნი აფხაზთაგან და თითო კორპუსით ჩემთან უნდა იყოს თვისისა წესით მარჯვენა წყლის პირი რიონისა ცელის კარამდის უნდა ჯალჯით შეამაგროს ასე რომ შევძლო ჴიდების გაკეთება სიახლოვესა ფოთისასა და ჰქონდეს მარჯვენა წყლის პირიდამ ქუთაისისაკენ მისავალ მოსავალი გზა ამისთვის რომ აწცა არს იქა ჭანჭრობი და უიმისობა არ იქნება.

* * * * * * *

ყოველთა ამ ჯართა უნდა ჰქონდეს თან აზუღა ექვსის კვირისა რომ მტრის მამულში შოვნის იმედი არა ჰქონდეს ამისთვის რომ ამა მიზეზით თავის რიგი და ადგილი არ დააგდონ და არა გააცუდონ სულ ეს ჩემი პლანი ამა ჟამისა ჯარიანობისა.

* * * * * * * *

ოდესაც ღმერთი შეგვეწევის და ჩვენ ფერჴთა თანა წინადაუდებთ კლიტესა ციხისა ფოთისასა მათს იმპერატორობით დიდებულებას მაშინ განეღებიან თვით ჩამომავლობისა მტრის ადგილებში უფიქრებელნი გზანი და მაშინ როგორც ჩვენ შეგვეძლების ვიმოქმედებთ ერთისა ძალით ამისთვის რომ წინააღმდეგი შეყრისათვის ერთად აღარავინ გვეყოლების და მივაყენებთ მათ უდიდესსა შეწუხებასა და ძლევასა.

* * * * * * * * *

როგორც ყოველი მოქმედებს რომელთა აქვსთ თვისი მამული და თანამდებობს შეწევნასა და დაფარვასა არა ჯერ არს არცა ერთი არაფერსა შიშსა და არცა არს დასაკლისსა რასამე არამედ ეთხოვების მას სწორე უარის უთქმელობით აღსრულება. 

* * * * * * * * * *

როგორც მათი იმპერატორობის დიდებულების კორპუსი განათლებულ იქნების მათის სამსახურობით ამისთვის რომ რუსეთის იმპერია შესამატსა თვისსა არასფერსა აქ არ ეძიებს ამისთვის თანამდები არიან ყოვლისფრით ამ კორპუსს თუ ჯარს ერთის სულით ყოვლითურთ ფრიადის მოსწრაფეობით უჩვენონ შეწევნა მხოლოსა ამით მრავლად თავსა თვისსა უჩვენებს და იქნებიანცა მაღლისა მოწყალებისა ღირსნი.

* * * * * * * * * * *

უკეთუ მტერმან მოინდომოს და ახალციხეს შესამაგრებლად მარტო დაუტეოს მცველად მეციხოვნენი ამა გასინჯულობით რომ ძალი საქართველოსი კედელსა ციხისასა ვერას დააკლებსო და თვითონ ჯარი სულ ჩემზე წამოვიდეს მაშინ მეფეთა ირაკლიმ და სოლომონმან ის მეციხოვნენი დამჭირნოსა და უფიქრებელის ძალით წარმოვიდენ ჩემთან იმათ უკან მოსაშველებლად ჩემდა.

* * * * * * * * * * * *

ეს პლანი (გინა განწესებულება) უნდა უთუოთ ყოველთა აღასრულონ ჴელი მოაწერონ და თვისი ბეჭედი ამაზე დასხან აღსრულებისათვის ფიცისა და სვინიდისისა თვისისა.

* * * * * * * * * * * * *

ვითარცა რუსეთის კორპუსის პირობა დამტკიცებული არის სწორესა ამა განწესებისა აღსრულებასა ზედა ძალითა ქრისტიანობისათა ვინცა უნდა იყვნენ მპყრობელნი არ შეზდვას თავი თვისი რომელსამე საფიქრებელსა ეჭვსა ფიცს გარდა ვითხოვ ამანათათ ანუ მძევლათ ახლოთა ნათესავთაგან (აქ თავდება „პლანი“. ამის შემდეგ მომდევნო ტექსტი დედანში ერეკლე II საკუთარი ხელით არის დაწერილი).

ქ. დამტკიცდა პლანი ჩემ მიერ რომელი შემძლებელობანიცა ცხადდებიან:

ა. ქ. პაემნამდის. აქხალციხის საზღვრიდამ არ დავაცადო მტრისა მტერობად.

ბ. ქ. ფოთსა ზედა შესაწევნელად თუ მტერი წარვიდეს ძალითა ჩემითა მივეშველო იარანალს სუხატინს და იმის კორპუსს.

გ. ქ. და რომელიც იარანალს სუხოტინს და იმის კორპუსს უჯობდეს მას ვჭვრეტდე და ვმეცადინობდე.

დ. ქ. თვინიერ სნეულებისა ჩემისა ქართლსა თუ კახეთს მტერი მოვიდეს არ გამოვბრუნდე უკან ამა კამპანიიდამ პაემნამდის.

ე. ქ. უკეთუ ჴიდებზე და პრავანტსა ზედა მტერი მოვიდეს შეძლებისაებრ ჩემისა არა უტეო წასაჴდენელად.

ვ. ქ. მივართმევ ამანათათ მახლობელსა ნათესავსა ჩემსა პაემნამდის მის მაღალმსვლელობას იარანალს სუხოტინს კნიაზ აბაშიძეს ნიკოლოზის ძეს გიორგის.

ზ. ქ. დაკლეტასა ამას სიტყვიერსა ვემთხვევი სიტყვასა და ჯვარსა მაცხოვრისა ჩვენისასა ამინ.

მეფე ქართლისა და კახეთისა ერეკლე (ერეკლეს საკუთარი ხელრთვა და ბეჭედია დასმული).

ГАФКЭ. ფონდი «Грузинские дела» К–76, ფურც. 100–103.


2. ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II წერილი გენ. მაიორ ალექსი ნიკოლოზის ძე სუხოტინისადმი, აგვისტოს 21, 1771 წ. 

ქ. მაღლადმსვლელს უფალს ღენერალ მაიორს ალექსი ნიკოლავიჩს ჩემსა მწყალობელს მეგობარს.

მეორეს წიგნში ვსცან ვითამ მე რომელიც თქვენის მაღალ მსვლელობისაგან პირობა მივიღე და მეც ჩემი კერძი ჩემისავ შეძლებით პირობა მოგართვი ახლანდელის ლაშქრობისა ვითამ მე ჯარის რიცხვი ვისთვისმე ყოველთვის და ყოველგან აღმეთქვას ან ცხრა ათასობით ან ერთ ათასობით და ან რომლისამე მეტნაკლები რიცხვით რომლისათვისცა თქვენი მაღალმსვლელობა ამაზე ჩემგან ნუ შესწუხდება რომ პასუხი მოგახსენო. ღთი მემოწმება თქვენს წყენას დიდათ უფრთხილდები მაგრამ ეს ისეთი საქმე არის მართალი რომ არ ვთქვა ბოლოს თქვენს მეგობრობასაც დავკარგავ და უმაღლეს კარზედ მტყუანად გამოვსჩნდები და ისევ სიმართლით მოგაგონებ და მოგართმევ ამის პასუხს. ჩემმა მტრებმა ამ გვარები ბევრჯერ მომიგონეს და თქვენთანაც ეცადნენ თუ გახსოვთ ხელთუბანს სხვათ დამიჟინეს ამ კანპანიისათვის ცხრა ათასის კაცის შეყრა და თქვენც გარწმუნეს და ამისთვის ჩემი პასუხი ეს იყო მე რომელსაც ვერ შევძლებ პირობას ვერ დავდებ და რომელსაც შევძლებ ფიცით დაგიმტკიცეთ რომ არ დავზოგო ჩემი შეძლება და ჯარი მეთქი. ჯარისა რიცხვით აღთქმა თუ ან წიგნით და ან ისტუქციით ან რომელსამე ჩემის წერილით იპოვით იმისი პასუხი მე უნდა გავცე თუ არა მოგეხსენება ჩვენის ქვეყნის საქმე მტრისაგან როგორ შეწუხებულნი არიან. მე ყოველთვის ერთსა და იმავე რიცხვით ჯარის გამოყვანა არ შემიძლია. მოგეხსენება თუ სახელის მაძებარი კაცი ვარ და კიდევ მტერზე მისული ვარ და პირის პირ უდგავარ რაც ბევრი ჯარი მეყოლება რასაკვირველია რომ ის მენდომება მაშ ამას მონახვა არ უნდა. ახლა რაც აქ ჯარი მყავს ამას გარდა ნახევარი ჯარი თუშეთსა მყვანდა გაგზავნილი რომ ღთით კიდევ გაემარჯვათ ლეკზე რომლისაც იმ ლეკების სიმრავლე ჩვენს ჯარზე ორზომათ და კიდევ მეტად ყოფილიყო და ისევ ის ჩვენი გაგზავნილი ჯარი თუშეთიდამ ჯერ არ დაბრუნებულა. აქეთ კიდევ იაღლუჯისაკენ ტფილის ქვემოთ აქეთ მომდინარეს ლეკებს ჩვენგან გაგზავნილი და დაყენებული ჯარი დაუხვდათ დაამარცხეს ოთხმოცდაშვიდი ლეკი მოკლეს და ზოგი წყალში დაარჩვეს. სამჯერ კიდევ ტფილისის სიახლოვეს მოუხდენ იქიდამაც პირუტყვი წაიღეს ორჯერ ჩვენმა ჯარმა გააყრევინა და ერთხელ მოპარვით გაასწრეს და ამას გარდა ქართლსა და კახეთს რამდენის ქურდობის გზით სოფლებს და ხეობაებს სცემენ და ამისთანას ქვეყნის პატრონსა და შემძლების მქონებელს არ ვიცი რაც აქ ახლა ჯარი მახლავს ამისთანას მუშაობის და მტრისაგან უნამეტნავესის მტერობის დროში რაღა მეტი ჯარი მეთხოვება. ჩემზე აქ რომ ყარსიდამ და ახალციხიდამ და ბაიაზეთიდამ და ლეკიც ამათთან რომ აერიოს და მოვიდნენ ჩემზე თქვენი მაღალმსვლელობა ხომ დიაღ შორს ბრძანდება და დადიანი და გურიელი მანდედამ და მეფე სოლომონ რომ დღესაც ბაღდადსვე ბძანდება არც ერთისაგან არ შეიძლება რომ მე ისინი მომეშველონ. არც ჩვეულება მაქვს ვისიმე მოშველებისა და თუ ღთისა იმედი და ყ~დ მოწყალის ჴელმწიფისა და მაშ ჩემთან რაც კი შეძლება მექნება ჯარისა რადღა დავზოგავ. ამანათის მორთმევა რადგან ინებეთ ჩემის ნათესავებისა მაგისაგან უმახლობელესი არავინა მყავს ჩვენს ქვეყანაში და დიაღ პატარა ჩემთან არს გაზრდილი და მოგართვი. მაგრამ ამანათის მთხოველი ვისაცა სთხოვს ან მტერი იქნება ის კაცი რომელსაც ეთხოვება და ან მოყვარე და მიზეზსაც გამოუცხადებენ. თუ ამ კანპანიისათვის იყო ეს თხოვნა ამისი პასუხი ხომ მოგახსენეთ წიგნით და თუ სხვა მიზეზი რამ არს უნდა გამოგეცხადებინათ. ფიცისას რომ ბრძანებ მე მისი სიხარულად მიმღებელი ვარ. კიდევ მოგეწერათ რომ როგორათაც კურიელი აქედამ მოვიდეს ისე უმაღლეს კარს წარგზავნოთ და მითამ მე ამ საქმეში ოსტატობით ან პოლეტიკის ხმარების მოქმედებით მოვქცეულიყო ჩემი შემოქმედი არის გონების მხილველი რომ მე ამ საქმეში სულ სიმართლით ვიმყოფები თუ არ დამიჯერებ და მტრის ხელში ჩამაგდებ თქვენის სიმართლის მეგობრობითის გულის ნებასა ეს ხომ მეგობრობის შეუფერებელი იქნება. მე მაშინაც სიმართლის სიმტკიცეზე ღ~თით მარადის ვეგები. დღეს კიდევ ამბავი მოგვივიდა კახეთის სოფლებს ახმეტას და მანავს აქეთკენ მომავალი ლეკის ჯარი მიხდომიათ რომ ამ ორსავ სოფელზე ლეკის მოსასვლელი გზა არის. ამათი პირუტყვი და საქონელი დაუტაცნიათ ჩვენი კაცნი გამოდგომიან ორთავ ცალ-ცალკე გამარჯვებიათ ახმეტელთ მოუკლავთ ლეკი ორმოცდა ხუთი ლეკის ცხენი უშოვნიათ ორმოცდაცამეტი, მანაველთ მოუკლავთ ლეკი ოცდათხუთმეტი ლეკის ცხენი უშოვნიათ ორმოცი. თუშთ ჩვენი ჯარი რომ მივაშველეთ და ლეკის დიდ ჯარზე ძალიან გამარჯვებოდათ ლეკი მოუკლავთ ცხრაას სამოცი ლეკის ცხენი უშოვნიათ ათას ორასი ერთი პატარა ზარბაზანი ცხრა კარავი და მრავალი ბაირახი დარჩომიათ. იმ ომში თუში მომკვდარა თხუთმეტი დაჭრილა თუში ოცი ფშაველი მომკვდარა სამი კახი კაცი მომკვდარა და დაჭრილა თორმეტი. მე თქვენის მაღალმსვლელობის კეთიბედნიერად წარმატების სურვილსა შინა ვგიე მეფე ქართლისა და კახეთისა ერეკლე (მეფე ერეკლეს საკუთარი ხელრთვა). აგვისტოს კა წელსა ჩღოა.

ГАФКЭ. ფონდი «Грузинские дела» К–76, ფურც. 267–268.


იასე ცინცაძე 

აკად. ნ. მარის სახელობის „ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის“ /ე ნ ი მ კ ი/ „მოამბე“ V–VI, 1940 წ., გვ. 337-355.

No comments:

Post a Comment