Friday, April 3, 2015

რუსლან მიქაბერიძის პოეზიიდან

დაახლოებით ათი წლის წინ ბატონმა რუსლანმა თავისი ლექსების ხუთი კრებული მაჩუქა, რისთვისაც მისი დიდი მადლიერი ვარ, ხოლო მისი ლესები კი ხან მალამოდ ედება ჩემს სულიერ ტკივილებს, ხან რთული მდგომარეობიდან გამოსავალს მიჩვენებს, ხანაც ასეთ მდგომარეობას უფრო მსუბუქსა და იოლად გადასატანს ხდის. და ყველაფერ ამისთვის ისევ დიდი მადლობა ბ-ნ რუსლანს. ქვემოთ მინდა ჩემი ბლოგის მკითხველებს შევთავაზო ერთი ნაწილი ლექსებისა ამ კრებულებიდან, რომლებიც პირადად ჩემს სულიერ მდგომარეობასთან უფრო ახლოსაა, რომლებსაც ჩემთვის ბევრი სიხარული და სიამოვნება მოუნიჭებია და ბევრ კითხვაზე პასუხიც გაუცია. იმედია, ჩვენი მკითხველისთვისაც მათ გაცნობას ან ხელახლა გახსენებას ასეთივე მნიშვნელობა ექნება. ასევე საყურადღებოა ისიც, რომ ამ ლექსებში ავტორის მიერ გამოთქმულ ბევრ სატკივარსა და პრობლემას თავისი აქტუალურობა დღესაც არ დაუკარგავს.



კრებულიდან „ლექსები, პაროდიები, ეპიგრამები“ 

(გამომცემლობა „მერანი“, 1990 წ.)

მაინც მოვიდნენ ბიჭები 

გაცოცხლდა მიწა ქართული
თქვენგან ფეხდანაბიჯები,
სიკვდილს შეპირდნენ და მაინც,
მაინც მოვიდნენ ბიჭები.

აპრილის დილას მოჰქონდა
სუნთქვა ამაყი მთებისა
ავი შრიალი მოისმა
მოზარე დედის თმებისა.

თურმე ფუჭი არ ყოფილა
დიდგორში ჩაყრა ძვლებისა,
სისხლი დიმიტრის, თევდორეს,
ახალციხელი ძმებისა.

და როცა ღვარი ცოცხალი
გოლგოთის ძირთან შეკავდა,
რუსი ჯალათი მოსკოვში
მთავარ ჯალათთან რეკავდა.

გადაგვარჩინა ღმერთმა და
თავის გაწირვამ ათასთა,
ყოველი წუთი იქ დგომის
ძვირად, რა ძვირად დაფასდა.

კურთხეულ იყოს, შვილებო,
წინაპრის კვალზე დადგომა,
„იქნებ ეღირსოს ლუხუმსა,
ლაშარის გორზე შადგომა“.

ცეცხლის დაღებად დარჩება
თქვენგან ფეხ-დანაბიჯები,
სიკვდილს შეპირდნენ და მაინც,
მაინც მივიდნენ ბიჭები.

14 აპრილი 1978 წ. 

საახალწლო ნატვრა

ისეთი წელი მოვიდეს,
ღიპებს დაეკლოს წონაში,
ნაკლები დრო გაგვეფლანგოს
ჭამა-სმაში და წოლაში,
აღარ კვდებოდეს ქართველი
დანით ჩხუბში და სროლაში,
არ ელეოდეს დღეები
მავთულხლართიან ზონაში,
დედა და მამა არ იყოს
სირცხვილის, შიშის ძრწოლაში,
ჯანღონეს ზვარში ვხარჯავდეთ,
სპორტულ გულღია რჩოლაში,
ჩვენი ქალები სხვის ქალებს
ჯაბნიდნენ ბევრის ყოლაში,
სამშობლოს თავგადასავალს
სრულად სწავლობდნენ სკოლაში,
მრავალჟამიერს გალობდნენ,
სისხლს რომ ამყოფებს ჟრჟოლაში,
გვახსოვდეს როგორ გადავრჩით
ბედის ბორბალის სრბოლაში,
სუფრასთან რა ბიჭებიც ვართ,
ის ვყოფილიყოთ ბრძოლაში.

ყრილობა 

ჩაყრილან რბილ სავარძლებში
ტაშის დამკვრელი გვამები,
რომ გრძელი, ყალბი სიტყვის დროს
თვლიმონ და თვალონ ქრთამები.

ძარღვგაწყვეტილი შუბლებით,
ფაშვებით, ვიწრო გონებით,
ცრუ და უპირო ხახებში
ჩაჩრილი მიკროფონებით.

ქირქილი, ხელის ჩაქნევა,
შიში, ყურჩამოყრილობა,
ერის დაცემის ზეიმი,
დაქცევის გამო ყრილობა.

თავს ქებას ასხამს მთავრობა,
რთველი გვქონდაო, რა რთველი,
ქარხნული წესით შაქარწყალს
ასხამს პარტია მმართველი,
გოდრისგან წელგათრეული
ჩაის ბრდღვნის დედა ქართველი.

იდეა გამასხრებული,
ანეკდოტებზე ხორხოცი,
ჯდომა სხდომაზე, სუფრაზე,
ჭირის ოფლი და ხბოს ხორცი.

იმპორტულ ნიფხვის საყიდლად
სპეცტალონისთვის ჯახირი,
სპეკულანტ დელეგატების
ზედახორული ნახირი.

რძის რიგში დაბერებული
ხელფასამარა მამები,
ცოლშვილზე, უთქმელ ტკივილზე,
ფიქრით თვალჩანაღამები.

ჯოჯოხეთს მზეც ყავს თავისი,
ჩრდილოეთიდან ანათებს,
ვეტერან მონებს, დამსმენებს,
ძველსა და ახალ ჯალათებს,
დახურულ მაღაზიებში
ჩუმად უვსებენ კალათებს.

ბორგავს საბჭოთა მაფია,
ღრეობს წითელი ტეხასი,
მდივნები რაიკომების,
მდივნები „ცეკა-ტეკასი“.

ამოიგმინებს გლეხკაცი:
„ბატონს ვესროდით რატომღა?!
ერთის წილ ასი გასივდა,
მართლის მთქმელს ისევ კატორღა?

კანონით, კაბინეტებით,
პარტბილეთებით ვაჭრობა,
კაცობის ფასად ნაყიდი
ქურქი, ლიფი და ლაჩრობა.

მონობა ყოვლის ამტანი,
ქედმოხრა ყოვლისდამთმობი,
სისხლივით გამოწოვილი
სართიჭალური ნავთობი.

ბულდოზერებით დათხრილი
კაზრეთის, რაჭის მშვენება;
რუსების ჩამოსათესლად
გადაშენების შენება.

ენგურს და რიონს ლაგამი,
ენას ხუნდი და გინება,
ჩვენი დენის და მადანის
მტრის გასათბობად დინება.

ქვეყნის ჭირნახულს დარაჯად
ქურდი, გამცემი, მყვლეფარი,
აფსუა, ოსი, თათარი
ჩვენს სახლში ჩვენზედ მყეფარი. 

ღმერთო! თუ დახსნა არ გნებავს
ჩვენი ცოდვილი გვარ-ტომის,
სიკვდილი მაინც გვაღირსე,
წარღვნა და ბომბი ატომის!

* * *
ვართ ისტორიის ობლები,
ხან ვინ და ხან ვინ „გვიშვილებს“,
ძაღლის და ღორის რძისაგან
გული გვერევა მგლისშვილებს.

ბარაკონი 

ჩვენი ქვეყანა დასაბამიდან
არა სიმდიდრით, არა ქონებით,
შეუვალი და ძლიერი იყო
ჯვრით, გელათით და ბარაკონებით.

მშვიდობა?! 

რახან მშვიდობა ვიშოვნეთ,
ხმლები ჩავაგეთ ქარქაშში,
ენაცვლებიან ერთმანეთს,
ხან ხინკალი და ხან ხაში.
თავს ვუყრით ყველა საფიქრალს
შიშით ნაშოვარ თანხაში,
ვისხამთ არაყს და შაქარწყალს
ხარბად დაღებულ ხახაში,
ვახშობთ ხვალინდელ სატირალს
დღევანდელ სიცილ-ხარხარში.

* * * 

ბევრი ღირსი კაცისათვის
ლუკმა პური გაგვიყვია,
უფრო ბევრი არა ღირსი
ჭირნახულით გაგვიძღია,
კარგ საქმესთან ავი საქმეც
მაგიდასთან „ჩაგვიწყვია“,
ყანწები და ერთმანეთი
ერთმანეთზე დაგვიწყვია,
ბევრი არგასაწყობელი
გრძელი სუფრა გაგვიწყვია.

* * * 

მიტოვებული სოფლები,
სოფლების ამომგდებლები,
ყოველს, ჩადენილს, ჩასადენს
პასუხისმგებლად ექნები.
მადლიც ჩვენა ვართ, ცოდვებიც,
ერთი ჩონჩხის ვართ ნეკნები,
ვერსაით დაემალები,
ვერასდროს გამოეკლები.
ჯვარმოტეხილი ძეგლები...
მაყრის მათ გამო ეკლები.

სევდიანი ირონიული აზრები სიმართლეზე 

ტყუილ მართლის მიმართება
მუდამ ჩახლართულია,
დიდ სიმართლეს პატარა სჯობს,
უფრო კომპაქტურია,
მართალს გადაჩვეულ ტვინთან
უფრო კონტაქტურია,
მცირე მართალს უცბად იტყვი,
უფრო ექსპრომტულია,
ტყუილთანაც ახლოს არი,
მისებრ კომფორტულია,
თან თავისი მნიშვნელობით
არა ექსპორტულია,
დიდმა დიდი ღელვა იცის,
ღელვის მართვა რთულია,
მის წინ მარად ურჩხული წევს,
რისხვად ამართულია,
მასთან მისვლის ნების გარდა,
ნება სხვა დართულია,
დიდ სიმართლეს ზიდვა უნდა,
არა სტანდარტულია,
მისკენ მიმავალი გზები
ცეცხლით დაშაშრულია,
მისი პოვნა მპოვნელისთვის
ჯვარცმის დასასრულია.

პირჯვარი 

საკუთარ ციხის მტრისთვის გაღება,
დასმენა, პარვა, გაყაჩაღება,
სალოცავიდან ხატის წაღება,
ჩვენ მოდგმას კვალზე დაედაღება.
სად მიდის ნეტავ ჯიში ქართული,
არაბს და მონღოლს გადანარჩენი,
ნუთუ ამგვარი გველოდა ბოლო,
ნუთუ ამისთვის ვართ განაჩენი.
იქნება კმარა, იქნება დროა,
შევკრათ თითები გადანაჩვევი,
ცრემლით დავალბოთ სული დასვრილი,
რომ არ ასრულდეს სხვა დანარჩენი
და დავიბრუნოთ მზისფერი ჯვარი,
იქნებ შეცვალოს ცამ განაჩენი.

მამულო 

ძუძუსავსე შემოდგომის
მსუყე, მრუმე ფერებია,
როგორ მინდა, როგორც მინდა
შენთვის მომაფერებია.

1981 

სახლის პატრონის ენა 

ნეტავი, როდის მიხვდება
ჩვენი მმართველი ფენა,
რომ ჩვენ ტკივილი გვაწუხებს,
არა უბრალო წყენა,
და სუფთა გულით თუ ხდება
საქართველოსკენ დენა,
მიზეზი ძმობა თუ არი
და არა გრძნობა ქვენა,
თუ მართლა გვინდა გათავდეს
არ საკადრისი ღრენა,
თუ ჩვენ სამშობლოს სახლად თვლის,
აქ უნდა თავის რჩენა,
მაშინ ისწავლოს მოსულმა
სახლის პატრონის ენა.

* * *
არც ვინმე მტერი გარეშე,
არც რიცხობრივი სიმცირე,
შიშია ერის სამარე,
გაბედულების სიძვირე,
ჩვენ უზნეობა დაგვღუპავს,
უღმერთო სულის სიმწირე.

მოვგროვდეთ 

გულში სიმართლის კოცონი
ლამის გვიქციონ ნახშირად,
ახალ სამოსში ჩაცმული
სიცრუე ცეკვავს რა ხშირად.

გუშინწინ გესლის მთესველი
დღეს ენას გაიბადაგებს
და ავკაცობის თავკაცი
კაიკაცობას ქადაგებს.

დაუჯერებელს ვკითხულობთ,
სულ ვართ თვალების სრესაში,
ვინ მართალს წერს და ვინ ტყუილს,
ვეღარ გაარჩევ პრესაში.

ეს მაშინ, როცა გონებამ
ისე დაითავდაღმართა,
რომ გლეხმა კაცმა, ქართველმა,
ვაზზე ნაჯახი აღმართა.

როცა დაგროვდა ამდენი
სათქმელი, საქმნელ-უქმნელი
და მიტოვებულ სოფლებში
აპრილი გვიდგას უხვნელი.

როცა არ ვიცით ჩვენ შვილებს
„იქით“ რა პირით შევუძღვეთ,
დაცემას ჩვენსას რადგანაც
ხელი ჩვენ თვითონ შევუწყვეთ,
რა დროს ერთურთის კორტნაა,
ბრიყვულ-კუთხური ყაყანი,
ვაი ჩვენ, ფეხბურთი როა
ჩვენი ქაქანის საგანი,
მოღერილია გარედან
ხიშტი და იატაგანი.

მიხვდი, სულელი თუ არ ხარ,
თუ ხარ სულ ოდნავ ნაკითხი,
დგას ისტორიის ლიგიდან
ჩვენი გავარდნის საკითხი.
„ერთობა ჩვენთვის ტახტია“,
ჰოდა, მოგროვდეთ, შევჯამდეთ,
ოღონდ მანამდე, კბენაში
სანამ ერთმანეთს შევჭამდეთ.

* * * 

მე მგონი, უკვე ის დროა,
ტაშისგან ყურებს ვიცობდეთ,
სხვისი დასტურის გარეშეც
ლილეოს ფასი ვიცოდეთ.

და როგორც ჯიშად მოგვდგამდა,
ჯაფით ხელზე ტყავს ვიძრობდეთ,
შოთას და ვაჟას ვიცნობდეთ,
გელათის სანთლად ვიწვოდეთ.

მე მგონი, უკვე ის დროა,
ცოტა მუცლები შევწიოთ,
იმნაირ ვარსკვლავს მივსდიოთ,
რომ საკუთარ გზას ვეწიოთ,
 უცხოეთს გარდა, ხანდახან,
საქართველოსაც „ვეწვიოთ“,
და რასაც გარეთ დავეძებთ,
იქნება შიგნით ვეძიოთ.

თოვლი 

ჩვენი ცოდვებით გამწყრალმა
ცამ რისხვა ვეღარ დამალა,
და თვალის მოსასვენებლად
ქვეყანა თოვლით დაფარა.

საშიშია, განა მარტო საწყენია 

ის ამბავი, რასაც ასე მივეჩვიეთ,
საშიშია, განა მარტო საწყენია,
რომ ქართველ კაცს, საქართველოს არ რსცხვენია,
მთაწმინდაზე ჯალათი და მისი მსხვერპლი
ერთ ტაძართან, გვერდი-გვერდ რომ ასვენია.

გვიანი სინანული 

კაცი რომ მთელი ცხოვრება,
იპარავს, ჭამს და დაძვრება,
და მხოლოდ როცა დაჭკნება,
თმა და კბილები დაძვრება,
როდესაც ცაიტნოტშია,
საცაა სული გაძვრება,
მაშინღა ითხოვს შენდობას,
მოეხატ, მოეტაძრება.

ხმა ამოიღე! 

ხმა ამოიღე! ნუთუ არ კმარა,
რაც მუსრი გვავლეს, ტალახში გვსვარეს,
ხმა ამოიღე! გადამთიელი
ალგეთ-სამშვილდის იჩემებს არეს.

ხმა ამოიღე! ტრამალის მკვიდრი
ნაჯახს უღერებს ვენახს და მზვარეს,
ხმა ამოიღე! ჩვენ შვილებს ცოლად
კახპებს ტენიან უჯიშოს, მდარეს.

 ხმა ამოიღე! წაიღეს ფულით!
რაც სისხლით დარჩათ ქართველთა ჯარებს,
უხმლოდ, უთოფოდ საწადელს მიწვდა,
საფლავებს არჭობს საბოსტნე სარებს.

ხმა ამოიღე! ვიდრე მომხვდური
ენას და ჯილაგს ბოლომდე არევს,
ხმა ამოიღე, რომ გადაურჩეს
ყურის დამგდები სიონის ზარებს.

ხმა ამოიღე! ნუ შევაგინებთ
ცრემლი და ოფლი რისთვისაც ღვარეს,
ხმა ამოიღე! ხმა ამოიღე!
ვუახლოვდებით დასასრულს მწარეს,
ვეღარც ლილეოს იმღერებს სვანი,
ვერც მოიტაცებს ენგური მთვარეს.
ხმა ამოიღე! რაღას გვიზამენ,
რაც უკვე გვიქნეს, იმაზე უარესს?!

ნუთუ ღირდა? 

ერთი კითხვა დამებადა
უხერხული მოსასმენად,
ნუთუ ყოფნა ზოგიერთის
ღირდა ქვეყნად მოსასვლელად?
უფროსის წინ მუცლით ხოხვა
მორიგ სკამის მოსაცვლელად,
სპეცსურსათის საშოვნელად
ოფლით შუბლის მოსაცვრელად,
მხოლოდ ლუდის მოსასმელად,
მხოლოდ თეფშის მოსასვრელად,
ცოლ-შვილისთვის უცხოური
ტყაპუჭების მოსაცმელად,
მარტო ვინმეს დასაჭერად,
მარტო ვინმეს მოსახსნელად,
კარიერის, ფულის ფასად
ჩვენში უცხოს მოსასხმელად,
სამშობლოსთვის, სიკეთისთვის
ვერასოდეს მოსაცლელად,
ნუთუ კმარა ეს მიზანი
კაცის ქვეყნად მოსასვლელად?

კონსოლიდაცია

როგორ მოხდება იმათთან
ჩვენი კონსოლიდაცია,
ვინც თავის წინ წასაწევად
ქვეყანა უკან დაწია,
ვინც ბელადების სახოტბო
დაწერა დისერტაცია,
ვინც უსინდისო ფილმებით
გაწია აგიტაცია,
ჩინ-მედლებს ვინც ძლივს ზიდულობს,
ჯავშნად მანდატი აცვია,
ვისთვისაც შენახულია
ის, რაც დახლზე არ აწყვია,
ვინც ურცხვად ხელი მოსკოვში
ჩვენს წინააღმდეგ აწია,
 ვინც ქრთამში ქართული მიწის
მიმცემი არაკაცია,
ვისაც უტიფარ სიფათზე
აპრილის სისხლი აცხია,
გამოვა იმ დასვრილებთან
ჩვენი კონსოლიდაცია?!

რას ნიშნავს ნახევარდემოკრატია 
და რატომ ჯობია ნახევარი მთელს 

საბჭოებისთვის უფლების
მხოლოდ ნახევრად გაღება,
მხოლოდ დაშვებულ მიტინგზე
ტრანსპარანტების წაღება,
ახალი დროის ქება და
ძველის შერჩევით ძაგება,
მოგება კარგი რომ არი,
ცუდი რომ არი წაგება,
მიწა გლეხს, მუშას ქარხანა,
ამის ხელახლა გაგება,
პირის და კოოპერატივის
მხოლოდ ნახევრად გაღება,
ნახევრად, რადგან მთელს მოსდევს
ზამთრის სასახლის აღება.

* * *
რის თავისუფლება, როცა ამდენია
მონურ სიმაძღრეში ყოფნით მხიარული,
რა საზარელია, რა სამარცხვინოა
კაცის პირუტყვივით ოთხით სიარული,
რის დემოკრატია, რაის პლურალიზმი,
ტყუილს სტატუსი აქვს ოფიციალური.

რა იმედი უნდა გვქონდეს? 

რა იმედი უნდა გვქონდეს
საქართველოს ხსნის,
შემხედვარეს ჩვენი ქვეყნის
პატრონების ზნის?
მდივან, თავმჯდომარეების
ათისაგან ცხრის,
ერთ მექრთამეს სავარძელში
მეორე რომ ცვლის.
რა იმედი უნდა გვქონდეს
საქართველოს ხსნის,
ცხრა აპრილის მომწყობელი
თბილ ადგილზე ზის,
და გელათთან, შესალაგთან
წინაპართა ძვლის,
პარტმუშაკი მკვლელ გენერალს
პირში მწვადებს ჩრის.
რა იმედი უნდა გქონდეს
საქართველოს ხსნის,
შვილს მშობელი ბალღობიდან
საპარავად წვრთნის,
სახლში წამხდარს საბოლოოდ
კომკავშირი რყვნის
და პარტია მშობელ მიწის
გამყიდველად ზრდის,
პურის, ღვინის წამბილწავად,
მომწამვლელად წყლის,
უსულგულო გამჩეხველად
ვენახის და ტყის.
რა იმედი უნდა გქონდეს
საქართველოს ხსნის,
როცა ერი მყოლებელი
უთვალავი მტრის,
მთვრალ-ფხიზელი, დანით, ტყვიით
მოძმის სისხლსა ღვრის,
იყიდება ფაკულტეტი
ღამისა და დღის,
რიგითობა არვის უნდა
და დახვეტა მტვრის,
შინაურთან შუღლი უჯობს,
შურის ჭია ღრღნის,
საგაზეთო პოლემიკა
ზიზღის გრძნობას მგვრის,
ურცხვი ურცხვზე პასკვილს თითხნის
ტალახში სვრის, თხრის,
სუკის აგენტს ჩაუცვია
ანაფორა მღვდლის,
წირავს ქრისტეს გამყიდველი,
შემბღალავი ჯვრის,
ჰოდა ვიდრე დაგვატყდება
თავზე რისხვა ღვთის,
თუ გვინდა რომ ხალხად დავრჩეთ,
არა ფარად ცხვრის,
გავარკვიოთ ვინ მოვკვეთოთ
და ვერწმუნოთ ვის,
ძმობის წესი გავაცოცხლოთ
და მიბჯენა მხრის,
კერპები თუ არ დავამხეთ
ჭამისა და სმის,
მალე თუ არ შევაჩერეთ
ეს პროცესი ხრწნის,
არ დაგვრჩება დრო და შანსი
საქართველოს ხსნის.

ვის უნდა თავისუფლება? 

შფოთავენ ზედა ფენები,
ფენები განაპირანი,
დაბლით ბანს ეუბნებიან
დამფრთხალ-განრთხმული ძირანი:
 გაჩერდით, რაც გვაქვს დავკარგავთ,
სამხედრო მოვა ტირანი,
რუსი რომ წავა, დაგვიპყრობს
თურქეთი ანდა ირანი,
 თურმე სიცივით მოვკვდებით,
შიმშილით დავიხოცებით,
აღარვინ მოგვამარაგებს
რადიაქტიულ ხორცებით.
 ჯერ ერთი, ჩვენ თუ ერი ვართ
და არა ბრბო მათხოვრების,
რატომ არ უნდა გვრცხვენოდეს
სხვის კმაყოფაზე ცხოვრების?
ჩვენი სამყოფი პურ-ღვინით,
თუ არ ვართ თავის დამრჩენი,
საკაცობრიო შეჯიბრში
თუ არ ვართ კვალის დამჩენი,
მაშინ სასტიკად შემცდარა
ჩვენს გაჩენაში გამჩენი.
 მაგრამ უფალი არ ცდება
ღმერთის და კაცის დავაში,
ეს შავი ფერი რომ ჭარბობს
ჩვენ სოციალურ გამაში,
მიზეზი არის ცოდვილთა
ინტერესების თამაში.
მართლა რომ გავთავისუფლდეთ,
ამ პოლიტიკურ ბანკროტებს
ვინღა ჩაუდებს უჯრაში
წითელ ტკიცინა ბანკნოტებს?
 სინდის და ფორმა დაკარგულ
სხვადასხვა რანგის მტაცებელს
ვინღა მოუტანს უშრომლად
სახვრეპს, სათქვლეფს და საწებელს?
არ უნდათ ის საქართველო,
ვინც ლუარსაბულ ძილშია,
იმათ ბოზებს და ლაქიებს,
ვინც ნაქურდალის წილშია,
ვისაც კაცური ტკივილის
არ შერჩა ერთი ფიორი,
ვისთვისაც მხოლოდ წყალია
ჩვენი მტკვარი და იორი.
 ოღონდ ყავა სვან, ჭორი თქვან,
ისხან „კრისტიან დიორი“,
არ ესმის ლაჩარ გულდედალს,
შიშისგან სუნთქვა ეკვრება,
რომ მთლად უსაფრთხო ცხოვრება
მხოლოდ კუბოში ექნება.
თავისუფლება ტვირთია,
გზა კვნესით, ღვითქით სავალი,
ზოგი მას მხრით შეუდგება,
განზეც გახტება მრავალი,
 თავისუფლება ნიჭია,
სულ სხვა მადლია, სხვა ვალი
და მისი ღირსი არ არი
ყველა ორფეხზე მავალი.

* * *
იმიტომ ვერ გავაძევეთ
ჯერ-ჯერობით დამპყრობელი,
უღმერთობა მოგვეძალა
ერის დამცემ-დამმხობელი.
უსაქმური გაგვიმრავლდა,
მუქთად მჭამელ, დამთრობელი,
მიწას თუ არ დაუბრუნდა
ჯიში ვაზის დამმყნობელი,
ჯარი თუ არ გავიჩინეთ
მოძალადის დამმფრთხობელი,
თავის ნებით არსად წავა
უცხო თესლის დამპყრობელი.

ზმანება წიწამურთან 

თუ ჯილაგს ქართულს დღე უწერია,
არ წაშლა თუა დიდგორ-მარაბდის,
ამაღამდელი ავი ზმანება
გამეორდება აწ და მარადის.

მწარე სიცილით იცინის მთვარე,
ცივ სხივს აცეკვებს ზვიად შხარაზე,
სიკვდილის რაშებშებმული ეტლი
გრიალით მიჰქრის ბედის შარაზე.

გაუწირია მოხუცი მგზავრი
ყველა სიცოცხლის სამანის დამდებს,
„ილია ვარო“ უყივის რისხვით
თავ-პირ ახვეულ ბობღია ლანდებს.

პასუხად მხოლოდ ექომ თქვა „ეჰო“!
მთლად საქართველო ძილქუშის ტყვეა
და გულდაწყვეტილ გულს მოხუცისას
დაეძგერება ბანდიტის ტყვია.

ამოიოხრეს მუხებმა ბოღმით,
ჩარგალს აცრემლდა ობოლი ქუჩი,
სისხლი შეესხა თეთრ ცხენს დროშაზე
სანთელს აფურთხებს დამბაჩის ტუჩი.

სულშეხუთული გასივდა ღამე,
კვლავ საქართველო ძილქუშის ტყვეა,
შხუის არაგვი, სისინებს ქარი
და წივის, წივის ბანდიტის ტყვია.

კიდევ ბევრჯერ გათოვდება 

ჩვენ რომ წავალთ, იმის მერე
ბევრჯერ გაწვიმ-გათოვდება,
ბევრ ქალს მოიტაცებენ და
ბევრიც ნებით გათხოვდება,
ბევრი ბევრ ფულს იშოვის და
ბევრი სულ გამათხოვრდება,
ცხრა მარტი და ცხრა აპრილი
ბევრს არც დაამახსოვრდება,
ბევრს გონება დაეხშობა,
ბევრსაც გაუფართოვდება,
ერთი ეშმას კვალზე წავა,
სხვა ღმერთს მიუახლოვდება,
კვლავაც ბევრჯერ საქართველო
ბრძოლის ჟინით ათრთოლდება,
თოვლზე წითელ წვეთებს დაღვრის,
სული გაუმაცხოვრდება,
ჩვენ რომ წავალთ, ჩვენს მამულში
კიდევ ბევრჯერ გათოვდება,
ბევრი ბიჭი ჯვარს დაიწერს,
ბევრი გოგო გათხოვდება.

თბილისი - საჩხერე. 
1990 წლის 18 თებერვალი. 

* * * 

თუ გვინდა უკან მობრუნდეს
რაც მოძალადემ წაგვართვა,
აფხაზეთ-სამაჩაბლოში
ქართველის წელში გამართვა,
არ შველის მაგას კრებების
და სესიების გამართვა,
არც მიკროფონთან ქშენა და
ეპილეფსიის დამართვა.
ფულით და სხვა რამით უნდა
ჩვენს მოძმეს ხელის გამართვა,
(თან საქმე იქ უნდა ქნა და
სუყველაფერი აქ არ თქვა),
და ბოლოს თუ მართლა გვინდა
საქმის საჩვენოდ წარმართვა,
ეს უკუღმართი მთავრობა
უნდა შეცვალოს წაღმართმა.

ქართლის გზაზე 

ჩვენი სახლი სადგურია
მრავალმომხდურ ეროვანი,
შუა ქართლში ყაყანია
არაქართულენოვანი,
თუ ამ საფრთხეს არ მიექცა
ყურადღება ჯეროვანი,
წაიშლება ფირნიშებზე
შავშვები და წეროვანი.

შ ო თ ა

რუსთაველის ლანდს 

გვიყურებ შეშფოთებული
და მწარედ დაფიქრებული,
გზარავს მგოსანთა სიმრავლე,
ერთფერი მათი კრებული,
ერთ და იგივე ლექსების
ხუთი და ათი კრებული,
აზრი და რითმა მრავალგზის
ნახმარი გაფიქრებული,
ხალხი პრესტიჟულ საფლავზე
დარდისგან გაფითრებული,
პოეტი ფულზე ფიქრისგან
გონება გაქვითრებული,
გვიყურებ დამწუხრებული
და მძიმედ დაფიქრებული.

რუსთაველის ლანდს 

ვინ გაბედავდა შენსობას
ამდენ უნიჭო ლექსობას?

* * *
„გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის,
შაირია ამად კარგი“.
მაგრამ ამ წესს იცავს ვინმე?
რომ მოუვათ ამათ კარგი.

ვ ა ჟ ა 

წამაიხედა ვაჟამა! 

ღმერთო, ეს რა დრო დამდგარა,
კაცობა არ ღირს გროშადა,
რა ცოტა ხანი ნდომია
ცხელ გულებს გასათოშადა.
გაგიყიდიათ სამშობლო
ხიზილალად და დოშადა,
დამპყრობლის ქების სიგელი
ხელში გიჭირავთ დროშადა.
აღარ დაედო სამანი
ქართველის ცრემლის დენასა,
დაგლახებულხართ სადნამდე
პირიდან გგლეჯენ ენასა,
ჰეი, გათელა მტრის ჩექმამ
ჩვენი დეკიან-ღვიანი,
ხმა ამოიღეთ, ბრიყვებო,
თორო იქნება გვიანი!

13 აპრილი 1978 

* * * 

გახშირდა მოშაირე და,
შოვნა ტაშის და ვაშასი,
უმსგავსი ლექსი ბევრია,
მსგავსი არც ერთი ვაჟასი.

ი ლ ი ა 

ილია 

„... არის ზოგი შეცოდება,
რომ სათქმელად საძნელოა,
არც შენდობა უხერხდება...“

სულ მტანჯავს ფიქრი რომ ეგ გასროლა
ქართველთა ღმერთის დაგეგმილია
და ჩვენი ბედის ეტლში დაცემა
ბოლო ბრძოლაა, ბოლო წვლილია,
მიტომაც შენი ვარვარა ტყვია
ჩვენს გულებშიდაც გზად გავლილია,
ო... ცოდვავ, მარად გამოსასყიდო,
ჩვენი სირცხვილო და ხსნა, ილია!

ილიას უღირს მემკვიდრეებს 

დარბაისლურად დადიან
ილიას გავლილ ქუჩებზე,
სიტყვით გულებზე წერენ და
საქმით ზრუნავენ კუჭებზე.

ილიაობა ძნელია 

ნიჭს გარდა ილიაობა
იმით არ არი ადვილი,
რომ იქით „წიწამურია“
და აქეთ „თბილი ადგილი“.

ა კ ა კ ი 

* * * 

„ცა ფირუზ ხმელეთ ზურმუხტის“
ქება სხვაც ბევრმა სცადა,
შაირის „მოდი ნახე“ ხარ
ამაღლებული ცადა,
გენიალურად ნათელი,
გენიალურად სადა.

* * * 

გამრავლდნენ მგოსნის სახელით
მოკუნტრუშ-მონავარდენი,
თუ უნიჭობას არ ებრძვი
პოეზიიდან არ დენი,
აკაკი აღარ გაჩნდება
გაჩნდება ბევრი ვარდენი.

აკაკის წერილი საქართველოს 

„ცა-ფირუზ ხმელეთ-ზურმუხტო
ჩემო სამშობლო მხარეო“,
რადგანაც ღმერთი უარჰყავ
სატანა ახარახარეო,
მთა წმინდა უწინდურთათვის
გადახან-გადაბარეო,
ღირსი სახელი უღირსთან
ამოსვარ-ამოთხვარეო,
ჯვარცმულს და ჯალათს სამარე
გვერდი-გვერდ გაუთხარეო,
რადგან ვაჟას და ილიას
აქ ყოფნაც გაუმწარეო,
ეს ერთი ბოლო თხოვნა მაქვს
ეს მაინც მომიგვარეო:
დედაშვილობამ, ბევს არ გთხოვ,
აქედან გაგვაპარეო,
ჩვენ ჩვენ სოფლებში წაგვიღე
მის კალთას შეგვაფარეო!
მერე მიდი და მაგ მთაზე
თხარე, თხარე და ყარეო!
ჩინ-მედლისთვის და ფულისთვის
ყოვლის ჩამდენო მხარეო,
სანამ გაყიდდეს ჩვენს საფლავს
ვინმე ზე მდგომიარეო,
სანამდე წამოგვაწვენდნენ
ზედ ვინმეს, მოგვიარეო,
ე, კიდე მოყავთ ვიღაცა
არიქა, დაუჩქარეო!

გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი 

* * * 

დღეს ცდილობენ ძველ ჩარჩოდან
სხვა ჩარჩოში გადაგტიონ
შენს მდევნელებს აღარ ძალუძთ
სამანს მიღმა გადაგდიონ
რა მშვიდი ხარ რა დიდი ხარ,
რა შორსა ხარ გალაქტიონ.

* * * 

გაგარონიებს ჟამთა სვლის ზღვებზე
წმინდა ქართული შენი ტალანტი
ჩამოგბანს ზვირთი რევოლუციას,
ნაბანს წაიღებს „გემი დალანდი“.

* * * 

გენიოსობის ფაქტორი
ამ ქვეყნად არი სულ ორი:
ვანელი უნდა იყო და
პირს გბანდეს უნდა სულორი.

ს ხ ვ ა დ ა ს ხ ვ ა 

ე. წ. სამხრეთ ოსეთს 

აფსუს, რაც ძმობით დაიწყო,
ხაჭაპურ-ხაბიზგინებით,
დასრულდა რუსულ პრესაში
ქართველი ხალხის გინებით.

ძალით გაექიმებულს 

სკოლიდან მოყოლებული
უტვინო თავის ქალათი
მოდის, წინ ქრთამი მოუძღვის
და ძღვენით სავსე კალათი.
მოდურ მედინსტიტუტშიაც
მამამ შედენა ძალათი,
ფულს და სულს ართმევს ავადმყოფს
დიპლომიანი ჯალათი.
ვაი, რა ძვირად უჯდება
ხალხს მისი თეთრი ხალათი.

* * *

მუხთალი წუთისოფელი
იმნაირ ტემპით გარბის,
წვრილმანი რამეებისთვის
არ ღირს შეჭმუხვნა წარბის.

* * *

შეგხვდება კაცი ქართველი,
ქვეყნებ, სექსფილმებნახული
და გაგონილიც არა აქვს
რაა ოშკი და ხახული.

რატომ თამაშობენ დროდადრო „დემოკრატიზაციას“ 

როცა ძველი იდეები
გახმება და გამოშრება,
როცა „ქვაბის“ აფეთქების
მძიმე საფრთხე გამოჩნდება,
„დისპეჩერი“ ბერკეტს მოსწევს
(ამას იმის გამო შვება),
რომ ლაყბობის სახით მოხდეს
ჭარბი ორთქლის გამოშვება.

კომუნისტების საკადრო პოლიტიკა 

ზემდგომი ქვემდგომს ჯერ თავის
ჭკუაზე ააბურთავებს,
აზრს და ინიციატივას
გააცლის, გამოუთავებს,
სირცხვილის ნარჩენებისგან
გარეცხავს, გაასუფთავებს,
ბოლოს ბიურო გაწურავს,
იქვე სვლად დააუთავებს
და ასე გასტერილებულს
რომელიმე დარგს უთვებს.

* * *

დღეს რომ პლურალიზმს არქმევენ
მაგის ადრეც ვარ მნახველი,
რომ ერთ მოვლენას საწუხარს
ხშირად ორი აქვს სახელი,
რასაც ჩვენ სკლეროზს ვეძახით,
სულ სხვას ეძახის კახელი.

ბრბო და პიროვნება
(იგავი)

ერთი ლამაზი სახლის წინ
ბლომად ნაგავი ეყარა,
გატანის საჭიროებას
ხედავდა ცა და ქვეყანა.

ხანი გავიდა... ნაგვის ზვინს
ქერქი რომ გადაეფარა,
ხალხი მიყუჩდა, სიმყრალეს
თითქოსდა გრძნობდა ვეღარა.

აყვირდა ერთი მოსახლე:
„ხალხო, შევიკრათ პირიო,
გავწმინდოთ ეს კოხტა ეზო,
სანამ არ გაჩნდა ჭირიო!“

მაგრამ რომ ნახა მისი თქმა
არც კი ჩააგდეს ჩირადა,
ღონისძიების პროექტი
შეიმუშავა პირადად.

უსპეცტანსაცმლოდ, უნიჩბოდ,
თუმცა ხელები ეწვოდა,
არ დაერიდა დასვრას და
გაზიდა ტვირთი ეზოდან.

გამოიშალნენ მცხოვრებნი,
მაშინ მოიცეს გულიო:
„ძლივს არ გვეღირსა ბატონო
რა იყო ასე რთულიო?!“

ზოგი იმასაც ამბობდა:
„რა სუნი დააყენაო,
არც ისე ყარდა, რა მოხდა,
ვერ გააჩერა ენაო?!“

ვიცი რომ მისებრ გაიგებს
ყველა ამ მოკლე ამბავსა,
იმის მიხედვით, ვინ რას წუხს
ვის რა წვავს, ვის რა დაგავსა,
მაგრამ ერთი რამ ცხადია:
გატანა უნდა ნაგავსა!

28 ნოემბერი 1968 წ. 

მაიმუნები 

ერთმა ღაწვბრტყელმა პაჭუა კაცმა,
ისე რომ არც კი დასჭირდა ომი,
მახით შეიპყრო მაკაკა ხეზე
და ხის ქვეშ მწოლი მძინარე ლომი.

მერე გამდიდრდა ნადირთა მჭერი,
ყველას აჯობა თავის მხარეში,
ფულებს იხვეჭდა მხეცების ტანჯვით,
ცხაურიანი ჰქონდა მანეჟი.

ძვირად დაუჯდა ლომს ჩაძინება,
სულს ხდიდა ცემით პატრონი მისი,
ღამით ართობდა ბრბოს მოსეირეს,
ბლაგვი ეშვებით ძვალს ღრღნიდა დღისით.

მაკაკები კი, მოგეხსენებათ,
კარგად იტანენ ცხაურის „კლიმატს“,
გასუქდა, გვარი გამოცვალა
და ეძახოდა თავისთავს პრიმატს.

ბოლოს პატრონის ლოკვა-ალერსში
გამოიჩინა იმდენი ვნება,
გული მოულბო და მიენიჭა
მანჭიას მხარზე შეჯდომის ნება.

ჭყიოდა, მალაყს გადადიოდა,
თავბრუს ახვევდა არენა მრგვალი,
მწვრთნელს აქეზებდა: „დასცხეო მაგას!“
მბჟუტავ ნაკვერჩხლებს უგავდა თვალი.

აზარტში შესულს ისე მოუნდა
სულ მოეწია ტაშების რთველი,
უცებ ხელიდან გამოსტაცა და
ლომს გადუჭირა მათრახი მწვრთნელის.

ამოიგმინა ჯუნგლების მეფემ,
დარბაზმა შიშით განაბა სული,
კამარა შეჰკრა, მაგრამ ჯანდაცლილს
მცველის ლახვარმა გაუპო გული.

სისხლით დამთავრდა ატრაქციონი,
კვდებოდა მსხვერპლი დაძაბუნების
ფიქრობდა: „დახეთ მწვრთნელის კისრიდან
რაებს ბედავენ მაიმუნები“!

კორიდა მექსიკაში 

დგას მექსიკური ხვატი,
გაჭირდა სულის მოთქმა,
ესპანურ წესზე ღრეობს
ბრძენი აცტეკის მოდგმა.

გამოსავალი არ ჩანს,
უკვე დაუკრეს ტუში,
სისხლის მწყურვალი ღია
ასი ათასი ტუჩი.

როგორც გრიგალი ქარი
შემოვარდება ხარი,
დაეძგერება ზღუდეს,
მკვიდრად ნაშენი არი.

არავითარი შანსი,
რქებით კორიდას დაშლის,
უსამართლოა ომი
პირუტყვისა და დაშნის.

შუბს დასცემს პიკადორი
საბნებში შემძვრალ ცხენით,
შეეღებება ტანი
ცხელი შადრევნის წვენით.

გამოსავალი არ ჩანს,
მსხვერპლი სწყურია მასას,
პეპსიკოლათი ილბობს
ბოღმით დაშაშრულ სასას.

მატადორების ხროვა
ფერად არწუხებს აჩრის,
სხვა კლავენ, სხვა კლავს, ხარობს
მფრთხალი გონება ლაჩრის.

ხარს ოხშივარი ასდის,
გასდის სისხლი და ქანცი,
ნაყინით პირმოთხვრილი
„ოლეო“ ბღავის კაცი.

გამოსავალი არ ჩანს,
ძალა ეცლებათ მყესებს,
სიკვდილის ნახვა შიათ
ცივილიზებულ მხეცებს.

გარდუვალია დაკვრა
გულში ფოლადის ცივის,
ლოჟაში გააფთრებით
ტორეროს კახპა წივის.

ერთი ათისგან მოკლული
უენო იყო თორო
რაღაცის თქმას აპირებდა
თვალცრემლიანი ტორო.

ავდექ, ზედ კაი ქართული
გინებაც მივაყოლე,
ჯერ თქვენი კორიდა-მეთქი
და მერე თქვენი „ოლე“!

საბავშვო ბაღის აღმზრდელებს

მე აქ რომ არ ჩამოვთვალო
მოვალეობა სხვა რთული,
ქართული სულის შენების
თქვენ ხართ პირველი სართული.

მშობელი ცაიტნოტშია,
როგორც მორჩება გაჩენას,
მერე თქვენ უნდა გაუძლოთ
იმათი პირის დაბჩენას.

აქ უნდა ეწერებოდეს
გულზე სიკეთის ანბანი,
თქვას მრავალხმიან ტირილში
პირველ-მეორე, ან ბანი.

ლექსი და როკვა იგემოს,
გალობა სულის დამბანი,
(ისე კი კარგი იქნება
დაფრთიანებას აცდიდნენ
და ჰანგებს არამშობლიურს
მოგვიანებით აწვდიდნენ).

სულ თქვენს ნერვებზე გადადის
ამათი ჩაცმა-გადაცმა,
გაწყრომა, დატატანება,
ალერსით ხელის გადასმა,
რთული კითხვებით თავდასხმა,
ჭამად დასმა და „გადასმა“.

ტუჩებგაბანტულ ბუტიას
ბიჭი აწვალებს ამკლები,
ცრემლებით დასველებული
ღვარღვალა თვალის კაკლები,
ძალიან ცდება მე მგონი
თქვენთვის ხელფასის დამკლები,
თავს გდივათ რომ კეთდებოდეს
ათი რაკეტით ნაკლები.

იმათაც უნდა მივმართო
ბაღის რომ ჰქვიათ შეფები,
ზრუნვის ნაკადი ადინეთ
და არა ძუნწი შხეფები.

უარეთ ერის სიცოცხლეს,
როგორც მორწმუნემ სახატეს,
რომ ბავშვი უცხო დეიდას
დედის ტოლ ქალად სახავდეს.

შეიგნოს ვისაც ეხება,
დიდი რამ რომ ავალია,
რომ ეს პატარა ჩაფსმული
სამშობლოს მომავალია.

* * * 

ახლა მაინც უნდა გახდეს
ქართველისთვის საცნაური
ღმერთმა რისთვის დაგვაკისრა
ასე მძიმე საზღაური,
ძმებს რომ ვუმტრეთ, მტრები ვიძმეთ,
დავწვით ბეღელ-საძნაური,
ტაძრები რომ დავანგრიეთ,
ვხოცეთ თავად-აზნაური,
მიტომ გაჩნდა სტალინირი,
ლენინგორი და ზნაური.

16 დეკემბერი 1989 წ. 

* * * 

იმიტომ ვერ გავაძევეთ
ჯერჯერობით დამპყრობელი,
უღმერთობა მოგვეძალა
ერის დამცემ, დამგმობელი,
უსაქმური გაგვიმრავლდა,
მუქთად მჭამელ, დამთრობელი,
მიწას თუ არ დაუბრუნდა
ჯიში ვაზის დამმყნობელი,
ჯარი თუ არ გავაჩინეთ
მოძალადის დამფრთხობელი,
თავის ნებით არსად წავა
უცხო თესლის დამპყრობელი.

პასუხი ბატონ ვალერი ქაჯაიას!* 

სიზმარს გავს ჟურნალისტიკის
გარდაქმნა, თანაც ასეთი,
მეძავთა კოოპერატივს
გვთავაზობს უკვე გაზეთი.

სულ ხტუნვა-ხტუნვით ვეწევით
განვითარებულ კაპქვეყნებს,
ტელე და პრესა პიკანტურ
ისეთ წვრილმანებს აქვეყნებს.

ამის შემხედვარ ქართველებს
სიცოცხლე გვეხალისება,
იქნება მართლა გვეღირსოს
მრუშობის ლეგალიზება.

და მაინც ვ. ქაჯაიას
წერილს ხარვეზი აქვს ერთი,
იურიდიულ ასპექტზე
რომ არ კეთდება აქცენტი.

სიძვას სტატუსი ჭირდება
და პოლიტიკა საკადრო,
ამიტომ ვბედავ რომ ავტორს
კითხვა და რჩევა ვაკადრო:

დედაქალაქის უფლებით
მხოლოდ თბილისში იქმნება,
თუ საროსკიპო სახლები
დაბა-სოფლებშიც იქნება?

პერიფერია არ დარჩეს
ნაწყენი, განამგუნარი,
მეტი თუ არა, ნაკლები,
არც იქ არა აქვთ უნარი.

რა სიამაყე ექნებათ
ხონელებს, ანდა გორდელებს,
როცა საკუთარს გახსნიან
ევროპის რანგის ბორდელებს.

ნახეთ, რა დონეს მიაღწევს
პროგრესი ჩვენ ქვეყანაში,
საველე მხევლებს თუ მივგვრით
გამრჯე მშრომელებს ყანაში.

რეკლამაც უნდა დავბეჭდოთ
„ცისკარში“ ანდა „დროშაში“
სად უფრო კარგი შტატი ყავთ
ლაგოდეხში თუ შროშაში.

ძალიან დიდი სიმკაცრით
უნდა დაწესდეს ტარიფი,
რომ ერთ თანხას არ იღებდეს
გამოცდილი და „არიფი“.

პენსიაც უნდა დაწესდეს,
ესეც ხომ შრომის დარგია,
ვეტერან კახპებს თავისი
საბჭოც რომ ჰქონდეთ კარგია.

არ შეიძლება სახელზეც
არ ვიზრუნოთ და არა ვთქვათ,
იდეური რომ გავხადოთ,
მტრული შიგთავსი გავართვათ,
ბორდელს „სექსკომი“ ეწოდოს,
ბოზებს „სექსდები“ დავარქვათ.

იცხოვრონ ლაღად ბიჭებმა,
ცოლს და შვილს აღარ არჩენდნენ,
დაშრეტილები თითოს და
იმასაც ლაყეს აჩენდნენ.

ვინ იცის, თვითონ შვედეთსაც
თვალში ეკალი შევასოთ,
და გარყვნილების პროცენტი
იმპოტენტებით შევავსოთ.

და როცა ამას მივაღწევთ,
მთლად რომ განახლდეს ხვალ ერი,
ნაზი კაცების არტელსაც
მიხედავს ალბათ ვალერი.

რეცენზია 

რადგან ცუდი წარმოდგენები საერთოდ აღარ იდგმება, ამიტომ ჟურნალ-გაზეთბში ადგილის ეკონომიის თვალსაზრისით დროა შემოვიღოთ პოეტური რეცრენზია-უნივერსალი 

კარგად დაწერა პიესა
ჩვენმა მხცოვანმა კატომ,
კარგად მიუხვდა ჩანაფიქრს
დამწყები ბიჭი ტატო,
(კარგია, როცა დამდგმელი
კარგად გაუგებს ავტორს).

კარგად თამაშობს მთავარ როლს
ძველი თაობის ბაბო,
არანაკლებად კარგია
ახალთაობის გაბო,
კარგი რამ იყო საცქერლად
მათი ალერსის სცენა,
(კარგია ახალგაზრდებმაც
რომ გაიტეხეს ენა.)

კარგად ერწყმოდა მუსიკა,
კომპოზიტორი ფორე,
კარგად უგრძვნია ფერებში
დათუნას გლეხის ყორე,
თავისი წვლილი შეჰქონდათ
დიტოს, მიტოს და ლელას
მიირთვით, თქვენი ჭირიმე,
ღმერთმა შეგარგოთ ყველას.

(ბოლო ორი სტრიქონი ნავარაუდებია იმ შემთხვევისათვის, თუ გულაჩუყებული დრამატურგი ბანკეტს გამართავს) 

კავკასიური ნაგაზის წერილი ქართველ მწყემსებს 

მწყემსის იმედი ვიყავი,
ფარის ვიყავი მე ფარი,
კავკასიონის მშვენება,
მგლის შიშის ზარად მყეფარი,
არ მესმის რისთვის გამწირე,
გადამივიწყე თუ რისთვის,
ჩემი შემცვლელი წუნკლები
ნასუფრალს ჭამენ ტურისტის.
მე ძაღლსაშენში მთვლემარი
პატრონს ვუნდივარ რად არა,
რუსეთის ჰავას ვერ ვგუობ,
ტანად ვიზრდები პატარა,
მუქთად მაჭმევენ, მათრევენ
გამოფენებზე ძალათი,
არ გეკადრება მთის შვილო
ერთგულ მეგობრის ღალატი.
ათას წელს მოწმედ ვედექი
შენს წარწყმედას და ცხონებას,
ათას წელს ვედექ გუშაგად
შენს სახლს, შენს ჯიშს და ქონებას,
დღეს ჩემს ძაღლურ ბედს შენ განდობ
გადამარჩინე გორებას,
სანამდე გვიან არაა
ის ქმენ, წინაპარს რო ნებავს,
სულ უძაღლობა გერჩიოს
გვერდში უჯიშოს ყოლებას,
გადაშენების ჭირი გვჭირს
დროზე მოუხმე გონებას.

კავკასიური ნაგაზი რუსეთის ძაღლსაშენშიღა შემორჩა 

ომარ კელაპტრიშვილს 

რა რიგ დიდია შენს ხელში
ეგ ლერწმის ღერი პატარა,
გიყურებ, ვთვრები, თან ვნანობ!
– მეც ვისწავლე-თქო რად არა?! –

მაგდენი ჰანგის დამტევი
სხვა სალამური სად არი?
რა ცეცხლის ალად აქციე
მწყემსი წინაპრის ღადარი.

შენებრ რჩეული კაი ყმა
იმედს და ჯილაგს გვიმაგრებს,
ე, რა ლამაზი სანთელი
დაუნთე ბიჭო, წინაპრებს.

ჩაჰბერე მამა-პაპურად,
ხალხი ჯადოქრად გსახავდეს,
ეგრე ხელკელაპტრიანი
ედექ მამულისსახატეს!
P. S.
გაგქონდეს ჩვენი დიდება
ვაშინგტონში და ვენაში,
იცოცხლე, ჩემო ომარი,
დაბერდი შტვენა-შტვენაში!

ვახუშტი კოტეტიშვილს* 

ეგ აზრი ვინმეს რომ მიწვდეს
სამაღალსაფეხუროში,
ინსტანციაში ისეთში
საქაღალდსარიშუროში,
ამ ჩვენს უსახურ მასივებს
სულ გაახვევენ სუროში.
სველ სუროს დენი ჩამოსდევს,
გადაგვწვავს მოკლე ჩართვები,
სუროს ფრთოსნებიც ესევა,
შემოგვესევა ჩხართვები,
მერე რაც ამას მოყვება
ჩვენი მტრისას და ავისას
თოფისმოყვარე ყოველი
დაცხებს სხვისას და თავისას,
ყველა-ყველა და რას უზამ
თბილისში მცხოვრებ გურულებს,
უშაშვებოდაც მუდმივად
სასროლად თვალმოწკურულებს?
ქართველს თუ ღვინო შინ ექნა
და შუშაბანდში ფრინველი,
ძალიან გაგვიმრავლდება
უსაქმური და მხვრინველი,
გადაყვებიან ბათქა-ბუთქს
მის პუტვას, სულ მის კეთებას,
რაც მთავარია აღვადგენთ
ფირალურ სულისკვეთებას,
მოკლედ, ძვირფასო ვახუშტი,
სანამდე დრო ჯერ კიდეა,
უკან წაიღე ეგ ჩვენი
ამომგდებელი იდეა.

* ბატონმა ვახუშტიმ ტელევიზორით გამოსვლისას აზრი შემოგვთავაზა, რუსთაველის მოედანზე უშნოდ გამომზირალ კედელს სურო ავაყოლოთო. 

ქართველ მეფეთა სადიდებელი

დღეს მე რომ ქრისტიანი ვარ,
რომ არ მახურავს მე ფესა,
(არადა რამდენი გვირტყეს,
აქეთ-იქიდან გვყეფესა)
დღემდე ვინც შეგვაძლებინა
ვაზი გვესხლა და გვეთესა,
წაგებ-მოგებულ ომებში
გვზარდა და გვაუკეთესა
ყველას ვადიდებ, თამადად
დავუსვამ დავით მეფესა.

* * * 

თუ არც ჩონგური გადარდებს,
არც ერთობისთვის გცხელაო,
არც გაწყვეტილი სიმების
გადაუდებლად შველაო,
საქართველოზე წუხილიც
საჭმელმა გაგინელაო,
რა დაგრჩა, აბა, შე კაცო,
„ოდელა დელა დელაო?!“

ლამბადა 

სად შენი თვალით ნანახი,
სად გაგონილი ამბადა,
რომ ვნახე რასაც შვრებოდნენ,
ცეკვას ნამდვილად არ გავდა,
ასოთა მიქნევ-მოქნევამ
დამაბნია და გამფანტა,
რაც მაშინ გულში ვიფქირე
არა ღირს დასასტამბადა,
მოკლედ სხვა „ფირმულ“ წესებთან
ეგეც თუ შეგვისაბამდა,
ქალი და კაცი ატოკდა
რაშიც გამჩენმა დაბადა,
დროს ვინ დაკარგავს ტანსაცმლის
შესაკერ-დასალამბადა,
სოციალ-პოლიტიკური
გვექნება სრული ლამბადა.

* * * 

წინათ მოგვწონდა სამოსი
შეფსკვნილი, გამოკვართული,
მიხვრა-მოხვრა და იერი
აკრეფილ, ამოშხვართული,
ახლა აწეწვა, აჩაჩვა,
ფუყე ფორმების ფართხუნი,
ჩაჩაჩულ, ამოჩაჩული,
ფოჩებში გამოხლართული
და შეეგუა ერთმანეთს
ღიპი და ტიპი ქართული.

პოლიტიკოსი და ქალი 

კაცობრიობის ცხოვრებას
გასდევს წითელი ზოლი,
რომ როცა პოლიტიკაში
ენის წვერს შეყოფს ცოლი,
ცოლისდა, გინდაც სიდედრი,
ან ხასა გვერდში მწოლი,
თანაც ის ქალი თუ უშტვენს,
მწყერების არი მყოლი,
სულით მდაბიო, კაპასი,
ჩხუბის დროს დორბლის მსროლი,
კაცის დიდებას დააპობს,
როგორც ხმელ შეშას სოლი,
ვეღარ იქნება მოღვაწე,
თავისი საქმის მძღოლი
და ერთ დღეს კლდეს შეასკდება
მდედრის ჭკუაზე მრბოლი,
თეატრის ენით რომ გითხრათ
ჩაუვარდება როლი,
გაიცრიცება, გაქრება,
პოპულარობის ბოლი.

ქალები 

ემანსიპაცია 

ჯერ ემანსი იწერება,
მერე მოსდევს პაცია,
არაერთი ოჯახი რომ
დასცა და დააქცია,
დედლის მამლად გადაქცევის
უშედეგო აქცია,
ერთ ზომაზე შეკრეჭილი
ლევარსი და ფაცია,
ლელას ტანზე ამოუცვამს,
ის რაც ლევანს აცვია,
სულ ერთია ფორმა, ფერი
მუქია თუ ბაცია,
შეხედავ და ვერ გაარჩევ
ნეზვია თუ ვაცია,
არასოდეს ამდენ მთვრალ ქალს
ჯერ არ უბარბაცია,
სიგარეტის კვამლში ქსინტავს
ერთი მუჭა ნაცია,
მოდას ამოფარებული
მდედრის დეგრადაცია,
ჯერ ემანსი იწერება,
მერე მოსდევს პაცია,
ანუ მოსდევს ქალის დაშლას
კაცის პროფანაცია.

მგლოვიარე ლამაზმანს 

შენთვის მეთქვა, გაწყრებოდი, ვიცი,
ლექსად არ ვთქვა, მაშინ რა ვქნა, აბა,
მოსვენება დამიკარგე გოგო,
გულში ჩამრჩა შენი შავი კაბა.
მომეჩვენე, ამიშალე ფიქრი,
თვალწინ მყავხარ იმ თაკარა მზეში,
ირწეოდი ალვისტანა ტურფა
ვაჟკაცების თვალთა ორღობეში.
შენს შექმნაზე სასწაულის მოქმედს
დაეხარჯა მთელი მისი ნიჭი,
მოდიოდი, კვალში მწარე სიტყვას
გადევნებდა თბილისელი ბიჭი.
ვერ ფარავდა აბორცვებულ გულმკერდს
ნეილონის სიფრიფანა თალხი,
მოტმასვნოდა „ტრადიცია“ თეძოს
იღიმოდა, თავს აქნევდა ხალხი.
მიდიოდი გაზაფხულის სუნთქვა,
ლალის ბაგეს რიდეს ხდიდა ქარი
საკუთარი სილამაზის გრძნობას
ტაშს უკრავდა წამწამების ჯარი.
მიდიოდი აჯანყება ვნების,
ღამის აბრით, დღისთვის გაჩენილი,
დამოკლებულ, ჩაჭრილ, ჩახსნილ „ადათს“
უსხლტებოდა მარმარილო თლილი.
ალბათ გიკვირს რომ ვიქეცი ენად,
ჰოდა, გეტყვი ასე რისთვის ვგალობ,
გულით თუ არ გეგლოვება ვინმე
ამ სიცხეში თავს რად იწვავ ქალო!

ქართული ცხვირის „რეფორმატორებს“ 

გთხოვთ, მაპატიოთ, რომ კალმით
სათუთ ადგილზე გეხებით,
ვიცი, რომ ჩემს მოსაზრებას
შეხვდებით პირგამეხებით,
უნდა გამოვტყდე პირადად
კეხიანს ვეტრფი მე ფორმას
და მტკივნეულად განვიცდი
ქართული ცხვირის რეფორმას,
გიყურებთ გაბრაზებული,
როგორც თეთრ ქათმებს კოდაში
და შეკითხვა მაქვს ასეთი
გინდ ჩამითვალოთ ბოდვაში:
რას იზამთ, რომ შემოვიდეს
პატარა ენა მოდაში?

* * * 

მატულობს პოლიტიკაში
დედაკაცების ბოგინი,
გამრავლდა გაცივებული
ბავშვი, ქვაბი და ლოგინი.

* * * 

ისე არი უკვე კაბა
შეხსნილ, შეჭრილ, გამოჭრილი,
რომ რაც უნდა შიგნით იყოს
გარეთ არი გამოჩრილი.

ეპიგრამები 

(საპროგრამო ეპიგრამები) 

* * * 

ისეთ იუმორს ვცემ პატივს
და მხოლოდ ისეთ სატირას
სიცილით გვამცნობს რომელიც
თავში საცემს და სატირალს.

* * * 

ჩუ! გაჩუმდიო მაფრთხილებს
ენაზე კბილის დამჭერი,
არ ესმის დრო თუ იცვალა,
მუნჯსაც დაიჭერს დამჭერი.

* * * 

რაც უნდა ბევრი დაგიკრან ტაში,
ასწი-დასწიონ ხშირ-ხშირად ფარდა,
არა ხარ კაცი, თუ, არ გაწუხებს
სხვა სატკივარი როლების გარდა.

* * * 

ძალიან ცდება ვინც ფიქრობს,
რომ სიმართლის თქმა საჯაროდ
აღარ ითვლება მთქმელისთვის
სახლაფორთოდ და საშაროდ.

ა ვ ტ ო ე პ ი გ რ ა მ ა 
(50 წლისთავზე)

რა ჩქარა რა დრო გასულა,
ორმოცდაათის გავმხდარვარ
ერთი წლით, ერთი ნაბიჯით
ფინიშისაკენ გავმხტარვარ,
ტყვეთა ბანაკში ვიცხოვრე,
მონა არასდროს გავმხდარვარ,
ღმერთო, ნურც აწი წამახდენ,
რახან დღემდე არ წავმხდარვარ.

პ ო ე ტ ე ბ ს 

არც გედრებით, არც გეჩრებით,
თქვენ ტონას წერთ, მე კი გრამებს,
სხვა სასწორზე აწონიან
მემკვიდრენი ეპიგრამებს.

* * * 

თუ დრომ და გარემოებამ
აზრის გამოთქმა მაცალა,
ვიცი, ულევად მექნება
საეპიგრამო მასალა.

* * * 

ო, ენავ ჩემო, ენავ მბედავო,
რომ მღუპავ, განა ვერა ვხედაო,
მაგრამ დუმილი მერეც გვეყოფა,
მოხდეს, რაც ბედმა დაგვაბედაო.

პასუხი 

რახან სახალხოდ შეეხე
სიქაჩლეს შენ ჩემისაო,
ანონიმურო ავტორო
მეც ნება დამრთე თქმისაო;
მთავარი ეს კი არაა
ლექსად რომ აგატლიკინა,
მთავარი არი რომ თავი
შიგნით არ გქონდეს ტვლიპინა.

კომპარტია 

ამდენი თუა „ანტისაბჭოთა“,
დარჩა კი ვინმე ან კი „საბჭოთა“?

* * *
ქართველ კომუნისტებს 

რაც თვითიონ ფეხზე კიდიათ,
იმას გვტენიან იდეათ.

* * * 

ფუ, თქვენი მეთქი ვიფიქრებ, მაშინ
უსირცხვობას რომ ვხედავ უცხადესს,
როცა ცნობილი ბიუროკრატი
ბიუროკრატებს ბრძოლას უცხადებს.

* * * 

კარგად მიტომ ვერ ცხოვრობენ
საქართველოს მშრომელები,
რომ ქვეყანას განაგებენ
ხალხის სისხლის მშრობელები.

* * * 

ვინც გუშინ ბევრი ჭამა და
ბევრიც აჭამა მისიანს,
ხშირად ისევ ის იჩემებს
ჭკუის სწავლების მისიას.

* * * 

თურმე რა ტყვილა ვირბინეთ,
თურმე შეცდომა გვქონია,
ამ თვალდახუჭულ სირბილში
კომუნიზმს გავცდით, მგონია.

ბიუროკრატიული თამაში 

ამ წესს ხან ღიად ხმარობენ,
ხან მალავენ და ჩქმალავენ,
ბიუროკრატი ძიები
დროის მწვანილით ფარავენ,
დემოკრატიით ცვარავენ,
კამათის წესით ძმარავენ,
მაგრამ აზრები ქვედასი,
თუ ზედას გადაძალავენ,
მაშინ თამაში მთავრდება
და „გამარჯვებულს“ კრძალავენ!!!

მშობელ მიწის გამყიდველებს 

რაც სისხლის ფასად გადარჩა
უთანასწორო ომებში,
ის ურცხვად ფულზე გაყიდეს
პარტიის რაიკომებში.

* * * 

შეჯდა მეჩეჩზე გარდაქმნის
ბუტრაფორული ბორანი,
ბორანზე ზის და იცინის
ქვიშით ნახეხი ყორანი.

* * * 

იკლაკნება კომპარტია,
თავი უნდა დაიფაროს,
ცოტა დრო რომ გაიყვანოს,
ცოტა გვიან გაიპაროს,
დავითი და თამარ მეფე
შირმად უნდა აიფაროს.

* * * 

მიტომ არ უნდათ ამ კომუნისტებს
ქართველი ხალხის თავისუფლება,
რომ ეკარგებათ აგარაკების,
მუქთად ჭამის და ქრთამის უფლება.

1989 18 თებერვალი 

ჩემის აზრით, მთავრობისთვის
ძაან დიდი მინუსია,
მიტინგებს რომ ჯარები და
კომკავშირი მიუსია.

* * * 

სულ ეს აზრი მაწვალებდა,
სულ ამ კითხვის ცეცხლი მწვავდა,
ნუთუ ჩვენ და კომუნისტებს
ერთი წინაპარი გვყავდა?

* * * 

თუ მსოფლიოს არ აცნობა
დაპყრობა და ანექსია,
თუ განათლება არ ყოფნის,
მეღორეა ან მწყემსია,
პარტმუშაკია ვისთვისაც
მიწის გაყიდვა წესია,
ვისი სიმუნჯე-სიყრუით
მკვლელები შემოგვესია,
რა „იმად“ გვინდა ასეთი
დეპუტატი და სესია.

* * * 

სკკპ, ხალხები რომ
სიკვდილის გზით არონია,
მკვლელების და ლაქიების
თავის შეყრის სალონია,
სადაც სულის საფასურად
სკამის შოვნა კანონია,
ენა ხალხთან სასაუბრო
ხამით სავსე ბალონია,
კომპარტია ლენინური
უზნეობის სალონია,
პარტბილეთი მფლობელისთვის
სასურსათო ტალონია.

* * * 

იმ პარტიას ხომ ეკუთვნის
შიგ სახეში ერთი წიტი,
ვინც შეგვიქმნა საჭმელ-სასმლის
და სინდისის დეფიციტი.

* * * 

არავინ გეტყვით სამძიმარს
ცეკას დაკრძალვის გლოვაზე,
მხოლოდ ყორანი იჩხავლებს
პარტბილეთების გროვაზე.

* * * 

ნეტავ სხვაგან, სხვა ქვეყნებში
სხვა მთავრობა თუა ნეტა,
თავის ხალხის ცხოვრება რომ
ასე ჩაატუალეტა.

* * * 

არასდროს დავკვირვებივარ,
გასაკვირველი კია,
ყველაზე საშიშ ორგანოს
უშიშროება ქვია.

სტალინი 

„ვარდს გაეფურჩქნა კოკორი,
გადახვეოდა იასა...“
ჯერ ამას დაწერს ქართველი,
მერე დაგახლის ტყვიასა.

* * * 

კომპარტია მხოლოდ მაშინ
მძიმე დღეში რომ ვარდება,
როცა დიდი გაფიცვების
ნიაღვარი მოვარდება,
დიალოგის ხოშზე მოდის
გვეტუხაშვილ-ლოვარდება. 

ქუთაისის აზრი კომპარტიის უახლოესი 
მომავლის შესახებ 

ხარჯი დიდი დაგვჭირდება,
ძაან ბევრი სათითხნია,
მაგრამ ხალხი თანახმაა,
ყველა გამონაკითხია,
საღორია, სათაფლია,
ბულვარი და საფიჩხია,
კომპარტიის გასვენება
გადაჭრილი საკითხია.

* * * 

არ აღირსა კომპარტიამ
დანაპირი დრო ნეტარი
და მიტინგზე პარტბილეთს ხევს
გონსმოსული პროლეტარი.

* * * 

განა ყველამ გაუკეთა
ხალხს რაიმე სასიკეთო,
ვისაც თანამდებობა აქვს
საწყნეთო და საკიკეთო.

* * * 

ის რაც ბუნდოვნად წერია
კონსტიტუციის გვერდებზე,
ნათლად წერია ქართველი
დემონსტრანტების გვერდებზე.

* * * 

რამდენითაც ქართველებზე
რუსი უფრო ბევრია,
იმდენითვე მეტი ყავდათ
საკუთარი ბერია.

* * * 

მართლა ბევრი შეძლებიათ
იმ სტალინს და იმ ბერიას,
ორი კაცი თუ ჩაგრავდა
ამოდენა იმპერიას.

მილიცია ლენინის ძეგლთან 

ტრაგიკულ-კომიკურია
სურათი გულის დამწველი,
გულში დედას რომ აგინებს
დასაცველს მისი დამცველი.

* * * 

კომპარტია რომ დარწმუნდა
ვეღარაფერი დაბანდა,
სუკს დაუწვა და ერთ ღამეს
„სოც.დემოკრატი“ დაბადა.

მწერლობა, კრიტიკა, პრესა 

* * * 

თუ მწერალი ხალხთან ყოფნას
საქმით ძაან აგვიანებს,
მაშინ სიტყვით ატმოსფეროს
ნუღარ დაანაგვიანებს.

* * * 

„უპირველესი ვალია“
რედაქტორის და ამწყობის,
არ გაიპაროს რაიმე
ძირგამომთხრელი ამ წყობის.

* * * 

სიცრუე და ორპირობა
ყველა კორესპონდენტშია,
რადგან კარიერა უნდა
რადგან კორესპონდენტს შია.

* * * 

ვაი, თუ მეწყრად მოცურდეს,
ვეღარ გაუძლოს დაწოლას,
იმდენი ცდილობს უღირსი,
მამადავითზე დაწოლას.

* * * 

ეს პოეტური მაკულატურა
მე მგონი იმის გამო ზღვავდება,
აზრი აზრისგან, ლექსი ლექსისგან
მიტომ არ განსხვავ-გამონსხვავდება,
რომ გაიოლდა საქართველოში
თავის პოეტად გამოცხადება.

* * * 

დრო ახარისხებს ულმობლად
გლახა და კაი პოეტებს,
მაღლა ნაღდები არიან
დაბლა, ვინც წაიპოეტებს.

* * * 

ვერაფრით ვერ გავერკვიე
ამ წესში უკუღმართულში:
რუსულ პრესაში გვლანძღავენ,
ჩვენ პასუხს ვაძლევთ ქართულში.

* * * 

უსუფთაო ილეთებით
კაცზე გულს რომ გაგიციებს,
პოლემიკა გაუმართავთ
„ვიციებს“ და „არვიციებს“,
არა წმინდა მიზნის გამო,
არც ვინ მართალს არ იძიებს,
ეს კამათი მისთვის უნდათ
ამ ბიჭებს და ამ ბიძიებს,
რომ ერთმანეთს აზომებენ
სასაცილო ამბიციებს.

კრიტიკოსებს 

მთავარ სათქმელს რომ ვერ ბედავთ,
წვრილმანებში იქექებით,
სადაც გუშინ აგინებდით,
ყელს იხლეჩავთ ახლა ქებით,
ხვალ რომ გითხრან, ჩაქოლეთო,
ისევ მზად ხართ იქვე ქვებით.

* * * 

ნუ დაწერ, კაცო, ნურაფერს,
თუ არ გაწუხებს საწერი,
რადგან ფუჭ ლექსებს სულ გაცრის
მარადისობის საცერი.

* * * 

რა მოხდა მერე, თუ არ გაქვს
ნიჭი სალექსო, სარითმე,
ხალხს თავს რად აგინებინებ
ლუკმა იშოვნე სხვა რითმე.

თეატრი 

* * * 

თეატრის გამოისობით
არ არი დასაფიცარი,
ვადაზე ადრე ბევრს ერგო
დამბლა და ოთხი ფიცარი.

* * * 

რაც რეჟისურამ არტისტი
მხოლოდ თოჯინად ჩათვალა,
კრეტინს კრეტინი თამაშობს,
ბლუს ბლუ და ცალთვალს ცალთვალა

* * * 

ძველი დროშა რომ გინახავთ
ქარწვიმით გამოფიტული,
ისე გახუნდა დღეს ჩვენში
პრემიები და ტიტული.

* * *

სუპერ ჩალიჩაც რომ იყოს
და სუპერგაიძვერა,
პოპულარობას იშოვნის,
ხალხის სიყვარულს ვერა.

* * * 

სამშობლო მხოლოდ იმ ნიჭს ცნობს,
თავის თავად რომ ღაღადებს
და არა იმას საბუთად
რომ აფრიალებს ქაღალდებს.

* * * 

დღეს ბევრი ფიშტო გაზარბაზანდა,
ძაან დავარდა ნიჭის მაზანდა.

შოთას პრემია 

* * *

ლაურეატთა ჯარიდან
ვინ დარჩეს და ვინ გაძევდეს,
მაშინ ვნახავდით პრემიას
თავად შოთა რომ აძლევდეს.

* * * 

ჩემო ლამაზო ქვეყანავ,
არ მოგივიდეს შენ ბევრი,
კვადრატულ მეტრზე ამდენი
გენიოსი და შედევრი.

* * * 

იტან კრებას, იტან პრესას,
იტან ტელეს, იტან ტალონს,
ტყუილ ამტან მხეცად კაცმა
სანამ უნდა იტანტალოს.

* * * 

გარდაქმნის ირვლივ რაც ითქვა
მასებთან გაბაასებით,
არ დასტურდება ბაზრებში
გამეფებული ფასებით.

* * * 

ხშირად სულ პირიქით ხდება,
გამყიდველი იღრინება,
და მყიდველი დაბოღმილი
საცოდავად იღიმება.

* * * 

თუ ამ სისწრაფით იმატა
რკინამ, ჭინჭმა და ხემ ფასი,
როგორღა გაწვდეს ქართველ კაცს
ეს მათხოვრული ხელფასი.

ეკოლოგია 

* * * 

ზესტაფონთან ქარხანაა
შენადნობებს ადნობს ფეროს,
რუსულ საქმეს აკეთებს და
ქართულს წამლავს ატმოსფეროს.

* * * 

ჩვენს ჰაერში ტყვიის დოზას
ტვინზე კვალი დაუტყვია,
მოკლედ ტყვია გინ ნელ-ნელა
გინ პირდაპირ მოგირტყია.

კოლხეთი 

გაქრა მედეა, მამაც, ძმაც მისი,
სხვაა კოლხეთი, სხვაა გზაც მისი,
უსუფთაოა პონტო, ზღვაც მისი,
გამჭვარტლულია მიწაც, ცაც მისი,
ქურდმა წაიღო ოქროს საწმისი,
დაგვრჩა ჭამა და დიდი სასმისი.

გიგანტური მშენებლობები 

რას აკეთებენ, რას აკეთებენ,
ფოლადის ბურღებს მთას აკვეთებენ,
არა ინჟინრულ სასწაულს, არა,
არც რამე არ ქმნილს, რთულს აკეთებენ,
ეს უსამშობლო ნაძირალები
კარიერას და ფულს აკეთებენ.

განათლება დარგები 

* * * 

ღმერთმა ნუ ქნას, თქვენი დარგი
არ წავიდეს მეტი წინა,
თორემ ჩემ მტერს იმისთანა,
დღეს რომ ჩვენ გვაქვს მედიცინა.

* * * 

განათლების პრინციპი გვაქვს
ყოვლად გაუმართლებელი:
განათლებულს ბევრად ჭარბობს
ხალხი გაუნათლებელი.

* * * 

როგორ მოხდა რომ ქაღალდზე
სარეკორდო მოვიწიეთ
და მერე ის მოსავალი
დახლზე ვეღარ მოვიძიეთ.

* * * 

რაც უნდა ტელელაქლაქით
სიმართლე მიმალ-მომალო,
ისევე უპატრონოა
მთათუშეთი და ომალო.

* * * 

ლაპარაკი, ლაპარაკი,
ლენტების ჭრა, ტაში-ტუში,
მოუვიდეთ რასაც ფიქრობს
ამ საკითხზე მთაში თუში.

* * * 

სათაურს თუ დაუჯერებ,
მთას დაუბრუნდა მთიელი,
ახვალ, ნახავ და მიხვდები
ტყუის გაზეთი ტიელი.

* * * 

ქაღალდსაც ნაკლებს დავხარჯავთ,
მელანიც ხელს არ დაგვისვრის,
თქმა და ქმნა ერთი თუ იქნა
ვალდებულების ნაკისრის.

* * * 

დადგენილებაც დაწერეს,
განკარგულებაც იცემა,
პარალელურად გრძელდება
მიწის გაყიდვა, მიცემა.

* * * 

მთელი ცხოვრება ვინც იდგა ნეხვში
უკანათი და წინა თათებით,
ის ტრიბუნაზე ავარდა უკვე
დაბან-დაწმენდის წინადადებით.

* * * 

სამწუხარო ფაქტი არი
არც თუ ძნელად დასაჯერი,
რომ დამჭერი ძალზე ხშირად
თვითონ არი დასაჭერი.

საზღვარგარეთ 

* * *

წინათ ხმალი რომ შვებოდა,
იმას შვება ახლა ფული,
ბრძოლა ძველთან შედარებით
ბევრადაა ახლა რთული,
რადგან სხვა მასალით არი
კარვის კალთა ჩახლართული.

* * * 

ის ვინც ბრძოლას გვიქადაგებს,
თავი მოაქვს როცა მხსნელად,
სიკვდილს არ ვთხოვთ, ერთხელ მაინც
თავი დადოს მოსახსნელად.

* * * 

შეფი შეუჩნდა ხელქვეითს
მიზეზს უძებნის სხვადასხვას,
სურს სკამი ისევ გაყიდოს
და მის ადგილზე სხვა დასვას.

* * * 

მარტო ყანწი არ იკმარა,
არ იკმარა მარტო ტიკი
და ქართველმა ღვინო-არაყს
მიახმარა ნარკოტიკი.

* * * 

ვართ ქართველები აჟამად
მძიმე ბრძოლაში მყოფები,
რაც მტრის თოფებმა ვერ გვიქნა
იმას გვიშვრება შტოფები.

* * *

რაც ინდუსტრიის რელსებზე
ჩვენი ცხოვრება გაცურდა,
გლეხი ქალაქში გაქსუვდა,
ბოსტნეულს დაუფაცურდა,
ვენახი გაუფასურდა,
სოფლები გაუკაცურდა.

* * * 

ერთი დიდი ჭირი გვჭირს და
უნდა ითქვას პირუთვნელად,
ხშირად გამოვიყურებით
სიტყვის ვერმთქმელ პირუტყვებად.

* * * 

როგორ უნდა ქონდეს თავი
აზრებისგან დახვეტილი,
დიდ სტალინს რომ ადღეგრძელებს
კაცი მამადახვრეტილი.

* * * 

გმირობას ყველას ვერ მოთხოვ,
ვერ მოთხოვ აბჯარს იცვამდეს,
მაგრამ კაცობის მინიმუმს
ხომ შეიძლება იცავდეს?

* * *

ეს მარტო ახლა არ ხდება
სხვაშიც მომხდარა დროში,
თუმნიანობას რომ ცდილობს
პოლიტიკური გროში.

* * * 

როგორც სხვადასხვა რამეა
დაბადება და დაკრძალვა,
ისეა ზოგი ნებართვა
სინამდვილეში აკრძალვა.

* * * 

ეს მერამდენედ შევედით
ახალ და მართალ ერაში,
ვართ ისტორიის დაწერა
ხელახლა გადაწერაში.

* * * 

თუ მართლა უნდათ განათლებულ და
შეძლებულ ერად აქციონ ერი,
უნდა მიუშვან თავის ნებაზე
მეცნიერი და აქციონერი.

* * * 

არ აქტიურობს ქართველი,
ფრთხილობს, თავს ძალას არ ატანს,
მიტომ რომ გადაეჩვია
ნაღდ არჩევანს და არადანს.

* * * 

გაყბედებენ, გაყეფებენ,
საქმეს გაგარჩევინებენ,
მერე სამი „თავისიდან“
ერთერთს აგარჩევინებენ.

საბჭოური სერვისი

დამხვდური მისულს გიყურებს
ტიკი გდიხარო შენ ვისი,
ვინც ეს აქ ფულით მიიღო
დედა კი რა ვთქვი ჯერ მისი,
მერე ყველასი ვინც შექმნა
ეს საბჭოური სერვისი.

* * * 

თერმომეტრის შკალის ძირზე
იწერება ქე რომ ნული,
იმ დონეზე დაუვარდა
ზოგ-ზოგს გრძნობა ეროვნული.

* * * 

გინდ ტაშით ხელებს იწვავდეს,
გაქებდეს უცხო სხვა რჯული,
შენი ხალხია, ქართველო
შენი მთავარი მსაჯული.

* * * 

ამიერიდან ნურაფერს
 ნუ დავუჯერებთ ერთმანეთს,
ჩვენ თავზე აზრი ყოველთვის
ვკითხოთ ინგლისს და ესპანეთს.

* * * 

ჟურნალისტურ სიყალბეებს
აყოლილი არი ერი,
რამდენ უნიჭობას ფარავს
ენობრივი ბარიერი.

* * *

მე არ მწამს კაცი ჩვენს ხელობაში
საპროტექტორო და სამაშვალო,
არსებობს ნიჭი ან უნიჭობა
ვინ გაიგონა ნიჭი საშვალო.

* * * 

წინათ შეძლებული ფენა
ჩვენს ხელობას არ ესია,
დღეს ძალიან გაიზარდა
„ზარტისტების“ მდარე სია,
გამაძღარი უნიჭობა
დამშეულზე უარესია.

ზარტისტი – დასში ტელეფონის ზარით ჩარიცხული. 

* * * 

კაცს უკან საქმე დარჩება,
თაგვს უკან მხოლოდ ცურცლები,
ზოგს ხალხის ხსოვნა ინახავს,
ზოგს მარტო პრესის ფურცლები.

* * * 

ნეტავი ვის ჰყავს ჩვენდენი
მექრთამე მუქთად ნასუქი,
ჩვენდენი შხამი ჰაერში,
საჭმელ-სასმელში სასუქი,
ერთ სულ მოსახლე ქართველზე
ამდენი ჯარი და სუკი.

პოლიტ მიმომხილველებს 

ჯერ ხალხი გამოალაყეს
კაპიტალიზმის გინებით,
დღეს სოციალიზმს თათხავენ
იმავე გულმოდგინებით.

* * * 

იმ ფაქტს მტკიცება არ უნდა,
რა ფაქტიც ფაქტიურია,
რომ ბევრი ძველი ლაქია
დღეს ისევ აქტიურია.

* * * 

ზომიერ პოლიტიკოსად
ზოგ-ზოგი თავს რომ ასაღებს,
სინამდვილეში დარაჯობს
სკამს და ქრთამს ხვალ-ზეგ ასაღებს.

ჩემი სახელის დამმახინჯებლებს 

ღირსია ჩემი ნათლია
საქვეყნოდ გამოვაჭენო,
რუსლანის რუსუდანისგან
განმსხვავებელი ვაჩვენო,
რომ გაზეთს ფხიზლად უყურონ,
შეცდომა აღარ ხდებოდეს,
დამწერ-დამბეჭდავს საბუთი
მუდამ თვალებში ხვდებოდეს.




კრებულიდან „ამირანის მითი“ 

გამომცემლობა „კლდე“

ერი და მასა 

ერს სალოცავად ღმერთი ყავს,
ბრბოს – ბილწი დემაგოგი,
(ერთმანეთს გვანან ბუნებით
შიშისგან მოსდით შოკი).
ერი, მუდმივი სიფხიზლე,
ცრუ ხატთან არ დამჩოქი,
ერი, მარადი ზვარაკი
სიცოცხლის არ დამზოგი.
მასა კერპს ადევნებული,
აზმუვლებული ჯოგი.

სირცხვილის შიში 

ეტყობა მიტომ აღარ გავს
ადრინდელს ჩვენი ჯიში,
რომ წინათ სიკვდილზე მეტად
ქონდათ სირცხვილის შიში.

ერი და ხალხი 

ერს და ხალხს შორის სხვაობა
მარადიული არი,
ერი მცირეა, ჭკვიანი,
რწმენაში არ აქვს ბზარი.
ხალხი დრო და დრო შტერდება
აბოტებს როგორც ცხვარი,
(დიდხანს მონურად ცხოვრებამ
იცის ზნე ამდაგვარი).
სულ „გარანტიებს“ დაეძებს
უყვარს ცხოვრება „წყნარი“,
და ავიწყდება ამბები
ჩვენს თავზე გადამხდარი.
რომ ათას ცოცხალს ხანდახან
ჯობია ერთი მკვდარი.
მაგრამ რადგანაც ამ ქვეყნად
ყველაფერსა აქვს ზღვარი,
ბრბოს შეაწუხებს როდესაც
პირში ჩაჩრილი ჩვარი;
როდესაც გაცხარებისგან
ხარად იქცევა ცხვარი,
დაჰკრავს სატანას ხიბლისგან
გამოფხიზლების ზარი.
მიხვდება ვინ აირჩია,
რას დაუჭირა მხარი.
ერი და ხალხი (ცოტა ხნით)
ერთი გახდება ჯარი
მაშინ ამ „მრგვალი ავეჯის“
ფეხები არა მყარი
წაიქცევა და მიჰყვება
ბომონი ბღენძად მდგარი,
მერე ამ ნაგავს წარეცხავს
სირცხვილ-სიცილის ღვარი,
ჩვენი მორიგი თავმოჭრის
ამბავს წაიღებს მტკვარი,
ამოვარდება, იბორგებს
თავისუფლების ქარი
და კვლავ მთავარი იქნება
ღმერთი, გმირი და ჯვარი!

თავისუფლება მოაქვთ „ბაშიაჩუკებს“ 

რას იზამ ასე ყოფილა,
ერთს ქვეყნის ბედი აწუხებს,
მეორე ჭამით გართული
წელსქვევით ნაწილს ასუქებს.
ცოტნე, თევდორე, მერაბი
დღესაც რომ ბნელში აშუქებს,
ზოგს კაცად აქცევს, აბრძოლებს,
ზოგის მხოლოდ გულს აჩუყებს.
არა და ღმერთი მათნაირს
ას წელში ერთხელ გვაჩუქებს,
და ვაი იმ ხალხს, რომელიც
არ მისდევს „ბაშიაჩუკებს“.

საშიში ჩვევა 

ღმერთო მგონი ამიცხადდა ის კოშმარი,
რაზეც ადრე ჭირის ოფლით მიეჭვია:
რომ საომრად არ ბაგუნობს ხალხის გული
უმრავლესი მონურ ყოფას მიეჩვია.

„ხალხი დაიღალა“ 

ნუთუ მართლა დაიღალა საქართველო
საბრძოლველად მარად მახვილ ამოწვდილი;
არაბ-მონღოლ და რუსობა გამოვლილი?
შებერტყილი, გამოწრთობილ, გამოცდილი,
ჩვენ ამისი ნახევარიც არ ვიყავით,
სისხლიც ჩვენი ასჯერ მეტი იღვრებოდა,
ჩვენში კაცი მხოლოდ მკვდარი ისვენებდა,
ცოცხალი კი არასოდეს იღლებოდა.
იმიტომაც ვერ უცვალა მტრის სიმრავლემ,
ვერც ადათი, ვერც ჯიში და ვერც იერი,
რადგან ქართველს წამდა სულის უკვდავება,
ღმერთი წამდა, მამა წამდა ზეციერი.

ბრიყვს გონია 

ბრიყვს გონია თუ ქაღალდზე
„საქსსრ“ წაიშლება,
მარხვა, ლოცვა, პირჯვრის წერა
დოკუმენტით დაიშვება,
ტყავს შეიცვლის თუკი სუკი,
ან ლენინი დაიფშვნება,
თუ მთავრობის სახლის თავზე
ჩვენი დროშა გაიშლება,
იმპერია უბრძოლველად
თავისთავად დაიშლება.

გარეშე ბრძოლის, გარეშე რისკის 

ვაი, რომ დღესაც ბევრი ვერ ხვდება
ღმერთმა ჩაგვყარა ამ დღეში რისთვის,
ვაი, რომ ისევ აუხსნელია მიზეზი
თავზე დატეხილ რისხვის.
არა და ბრალი სულაც არ არი
არც ბედისწერის, არც მცირე რიცხვის,
არამედ ის, რომ სიცოცხლე გვინდა
გარეშე ბრძოლის, გარეშე რისკის.

მდგომარეობა რთულია 

მდგომარეობა რთულია
სულაც არ არი სამასხრო,
და მაინც უნდა გავბედო
სიტყვა ვამახვილ-ვაბასრო.
ისეთ დღეში ვართ, ყინვაში
გადაგაძრობენ საბანს რო,
იწყება მშიერ-ტიტველთა
„ეკონომიკა საბაზრო“.
ზოგს მეფის მოწვევა უნდა,
წესი საჩოხე, სამასრო;
ზოგს ფედერალურ უბნებად
დაყოფა სათემ-სამაზრო.
ზოგს ცეკა ლენინ-სტალინი,
დრო სატყვიე და საბაწრო.
მათ შორის ყველაზე მურდლებს
მხოლოდ ჭამა-სმა სამაძღრო,
მდგომარეობა მძიმეა,
სულაც არ არი სამასხრო.

ლაჩარს უნდა 

ლაჩარს უნდა „საშიშ დროში“
სხვამ თქვას სიტყვა, სხვამვე წეროს
სხვამ დაბაროს, სხვამ დათესოს,
მწიფე ყანა სხვამვე ცელოს,
ქარ-ყინვაში ცხვარს და ძროხას
სხვამ უმწყემსოს, სხვამვე წველოს,
თვითონ ჭამდეს და იცვამდეს
„სასურსათო-სამრეწველოს“.
სხვამ იომოს, სხვა დაეცეს,
სხვამ უაროს სქართველოს,
თვითონ ჩეროს შეეფაროს
მწვანეს დაჯდეს სადმე მდელოს,
ხვრეპდეს „გმირთა შესანდობარს“
და „კაი ყმის სადღეგრძელოს“.

თავზე მეტად ვინც მიყვარდა 

თავზე მეტად ვინც მიყვარდა იმას
დაუკარგავს მტერ-მოყვარის ცნობა,
გულში მიდუღს სიყვარულის ნაცვლად
ზიზღნარევი სიბრალულის გრძნობა.

მე შაირი არ მინდოდა 

ასე მწარედ მიტომ ვლექსობ,
მიტომა ვარ მწყრალადა,
ხერხებს ისევ ძველს ხმარობენ
გზების გასაკვალადა.
აჭმევენ და ჩააცმევენ
ვინც იმარჯვებს „მრგვალადა“,
„მე შაირი არ მინდონა
თქვენ ამტეხეთ ძალადა“.

საარჩევნო სპექტაკლი 

კომუნისტებს რომ უნდოდათ
ეროვნულთან დამგვანება,
მიტომ მოხდა „პარლამენტის“
ეს საეჭვო „დამრგვალება“.

„მრავალპარტიული მრგვალი მაგიდა“ 

თვალასახვევად „ცალცალკე“
ყავს ექვსი მონა პარტია,
რა პარტიებიც ის არის
ისიც ის ბონაპარტია.

ნეტავი როდის დადგება 

ნეტავი როდის დადგება
საწყალი კაცის საშველი
ხან რაიკომს და ხან „მრგვალკომს“
უნდა უზიდოს საჭმელი.

ზოგს ცალკე გაიხსენებენ 

დრო წავა, ქვეყნის მმართველებს
ძველებს შეცვლიან ახლებით,
ზოგს ცალკე გაიხსენებენ,
ზოგსაც „დედების თანხლებით“.

„პრეზიდენტის“ გვარდია 

ამ „პრეზიდენტის“ გვარდიას
სარდლად თვითონ რომ გაუძღვეს,
მაგის „ტაქტიკურ უკუსვლებს“
რომელი მტერი გაუძლებს.

ორი კრემლის თეორია

სუყველაფერი გაორდა
თურმე კრემლიც კი ორია,
მე მოვისმინე პირადად
თქვენ არ გეგონოთ ჭორია,
„ბუშზე და კოლზე ჭკვიან კაცს“
ეკუთვნის ეს თეორია.
ჰოდა „აგენტებს“ დაგვეწყო
იმედის ეიფორია,
აწი ორ ხელფასს ავიღებთ
თუ ეს სიშტერე სწორია.

„უკვე ორი კრემლი არსებობს მეგობრებო, ერთი რეაქციული და მეორე დემოკრატიული“ – ზ. გამსახურდიას გამოსვლიდან (აეროპორტში). 

მეფე ერეკლე და კაკო ასათიანი * 

რას იფიქრებდა მოხუცი მეფე,
როცა კედელზე ხმალი დაკიდა,
რომ მის თბილისში ტახტის მაგივრად
დაიდგმებოდა „მრგვალი მაგიდა“.
რას იფიქრებდა, „მონარქისტ“ კაკოს,
თუ დასცდებოდა ნათქვამი მკვახი,
არ იყო ხალხის არჩეულიო
მირონცხებული პატარა კახი.
ვერ იფიქრებდა მეფე ბატონი
არ იყო მაშინ კენჭის ყრის ცნება,
რომ იმ ტრაქტატზე ხელის მოწერის
კაკოსთვის უნდა ეთხოვა ნება.
გულს ნუ გაიტეხ ასპინძის გმირო,
შენთვის მრავალი ვაჟკაცი დაწვა,
ხოლო მას, ვისაც ხმა მისცა მასამ
და საქართველოს უფროსად დასვა,
სასახლის კართან დღისით და ღამით
აშარ დიაცთა დარაჯობს დაცვა.
იძინე მშვიდად კრწანისის გმირო,
მრავალ ბრძოლაში მტერს შენატაკო,
ნუ გეშინია, არ გადაგირჩევთ,
შენ ლექსმა გლოცა, სიმღერამ გაქო.
მალე გაივლის ეს დრო სასირცხვო,
დრო საცბიერო და საეშმაკო,
გამოიღვიძებს ხალხი და იტყვის
სად ერეკლე და სად ვიღაც კაკო.

„1801 წლის ტრაქტატი არ იყო კანონიერი იმიტომ, რომ მეფე ერეკლე ხალხის არჩეული არ იყო“ – „მონარქისტ“ კაკო ასათიანის გამოსვლიდან სახოტბო მიტინგზე. 

გურამი, რუსი და მუხა * 

რუს დამპყრობლებთან ბრძოლაში
მიღწევა გვინდა თუ რამის,
რეცეპტი უნდა ვიხმაროთ
პეტრიაშვილის გურამის.
„ჯ“ და „ყ“ ბგერა ვიხმაროთ,
გავხდეთ საშიშრად ჯმუხები,
ჯარი არ გვინდა, საზღვრებზე
დავრგოთ ქართული მუხები.
მერე პრეფექტებს უბრძანონ
ჩამოიარონ უბნები,
აღრიცხონ მკვდარი რუსები
და დახეთქილი შებლები.
P. S.
ის რამაც განაპირობა
მისი სამხედრო გენია,
პატარობისას მუხასთან
თვითონვე გადახდენია,
თავი მიურტყამს და ჩანს, რომ
სერიოზულად ტკენია.

მერაბ კოსტავას იმიტომ ჰქონდა ისეთი ვაჟკაცური ცხვირ-პირი, რომ ჩვენ ქართველები ჯ, ბ, გ, ყ ბგერებს ვხმარობთ; 
რუსებს მუხა იმიტომ არ უყვართ, რომ ჩვენ ქვეყანაში შემოსვლისას შუბლით დაეჯახებიან და კოპი ამოუვათ... გ. პეტრიაშვილის ერთერთი ტელეგამოსვლიდან 

რასაც კადრულობს 

არ იზამს „ტანით მოვაჭრე“
არც ერთი „მანდილოსანი“,
რასაც კადრულობს ზოგ-ზოგი
„მეცნიერი“ და „მგოსანი“.

მედროვე „ინტელიგნტები“ 

„ვითარცა ქარში ლერწამი“
იგრიხებიან, ტოკავენ,
ხან „ცეკას“ ცეკვას ცეკვავენ,
ხან „დისიდენტურს“ როკავენ.
ხან „არაჰიგიენურსაც“,
მაგრამ ახალ კერპს ლოკავენ,
ვითარცა ქარში ლერწამი
ეხეთქებიან, ტოკავენ.

„მონა მწერალი“ 

სახოტბო ლიტერატურას
ქმნის შეფის ფეხთან მფორთხველი,
ნერგავს მონობის კულტურას
ჯილდოდ ათხოვეს პორტფელი.

„მონამგოსანი“ 

ჯერ ცეკას მდივნის მორჩილი
ლაქია იყო „მგოსანი“,
ახლა ახალ შეფს შებღავის
როგორც პირუტყვი რქოსანი.

ოღონდაც ჭამონ 

ოღონდაც ჭამონ, ოღონდ იშოვნონ,
გაქურდონ თუ რამ გასაქურდია,
და სულ ერთია ვინ უნდა ლოკონ
კომპარტია თუ გამსახურდია.

მრგვალებთან შეერთებული პარტიების „კრედო“ 

ვინც გაიმარჯვებს, ექნება
სკამი, ფული და ფართალი,
დიდ ბლოკთან პატარა ბლოკებს
როდის გასვლია მართალი.

როცა გადივლის ეს ქარიშხლები 

როცა გადივლის ეს ქარიშხლები
საქართველო რომ ციხიდან გავა,
როცა მორალურ-პოლიტიკური
სულ სხვანაირი იქნება ჰავა.
მომავლის შუქზე გაისინჯება
ყველა კამათი და ყველა დავა,
ხალხი გაიგებს ვინ იყო კაცი
და მაპატიეთ, ვინ იყო გავა.

აგენტი დამკაში 

ყველას აგენტი დაარქვა,
კრემლის და სუკის დამქაში,
ამ დროს ნამდვილი აგენტი
თვითონ გავიდა „დამკაში“.

აფსუს ბედი „გმირი ერის“ 

აფსუს ბედი „გმირი ერის“,
ბედი ერთ დროს „ღვთიურ ერის“,
ხელში არი მანიაკი
ობერაშარფიურერის.

პოლიტიკური სევდა 

ამტკიცებს ჩვენი ცხოვრების
მრავალი პერიპეტია,
ომ პოლიტიკურ სცენაზე
ჭკვიანზე შტერი მეტია,
შტერი ჯანდაბას, ერთგულზე
ყოველთვის მტერი მეტია.

რომელი თაობა ჯობია 

კამათობენ ვინ ჯობია
ის თაობა, ეს თაობა,
არის ენის შხლაპაშხლუპი
და ტალახით გუნდაობა.
მე სულ ფუჭად მიმაჩნია
ეს სიტყვებით ბურთაობა,
ყველა თაობა კარგია
საშიშია უთაობა.

ყველას გვინახავს

ყველას გვინახავს შემთხვევა
არა ერთი და ორი,
სისუფთავეზე ლექციას
კითხულობს ხოლმე ღორი.

„რეიტინგი“ 

ღორმა რაგინდ თავმომწონედ
აიშვიროს ზევით დინგი,
ოდნავაც არ მოიმატებს
ამით ღორის რეიტინგი.

უნდა მიუშვა თავის ნებაზე 

თუ მართლა უნდათ განათლებულ და
შეძლებულ ერად აქციონ ერი,
უნდა მიუშვან თავის ნებაზე
მეცნიერი და აქციონერი.

ოპტიმიზმის საშიში ფორმა * 

თუ კაცი ამ ჭკუაზეა
ზედმეტი არი ნუგეში,
სულ იღრიჭება, თითქოს და
ხელს ყოფდეს ქალის უბეში.
ამტკიცებს, რომ სულერთია
დუიაქე და დუბეში,
სიცივეს ვერ გრძნობს
ზამთარში შუშა ჩამსხვრეულ კუპეში.
და სიხარულის ცრემლები
უბრწყინავს თვალის უპეში,
როდესაც ხედავს ვარსკვლავებს
მყრალ ტალახიან გუბეში.
ეს მოქალაქე ან ცრუობს
და ნაცარს გვაყრის გუგებში,
ანდა ისეთი რამე ჭირს
რომ არ მორჩება ხუთ დღეში.
ამ ტიპის ოპტიმისტებზე
ერთ ჩვენ დალოცვილ კუთხეში
ზუსტი ტერმინი არსებობს
ზუსტი და ოდნავ უხეში.

ახალგორის პრეფექტმა განაცხადა: მე ისეთი ოპტიმისტი ვარ, რომ ტალახიან გუბეში მხოლოდ ვარსკვლავების ანარეკლს ვხედავო.

მე და ბარდი * 

* ფრანგი ქუჩის პოეტების საერთო სახელია 

მე ერთხელ მითხრეს სადღეგრძელოში,
საქართველოში შენ ხარო ბარდი,
მე გამეცინა, არ ვიცი რადგან
ვისი ვარ მსგავსი, ვისი ვარ ფარდი.
მე მიტინგების ღვართქაფი მბანდა
და ღილკილოში არ მერჭო ვარდი,
მარგუნა ბედმა მეკაფა ენით
ჩვენი ცხოვრების ძეძვი და ბარდი.
დიდ და პატარა ტირანებს ვთხრიდი
და გულს მირევდა ლაქია მარდი,
მზარავდა ჩვენში მონების რიცხვი
და სიძულვილი საშიშრად მზარდი.
სათქმელი ჩავწან მწარე ბწკარებში,
მივდივარ, მიმაქვს სამშობლოს დარდი.

„თანამოკალმეებს“ 

თქვენ რომ გხედავთ ძაან მიჭირს
შეკავება ცრემლისაო,
ძმებო თქვენ კი გენაცვალეთ
„აგენტებო კრემლისაო“.

არის ასეთი ქვეყანა 

არის ასეთი ქვეყანა
მას საქართველო ქვია;
ევროპაა თუ აზია
დღემდე ვერ გარკვია.
ხავსით მოსილი კუთხური
ღობე ვერ გაარღვია;
მტრით გარემოცულს, დაცემულს
ძმისთვის მზადა აქვს ტყვია;
ციხიდან გარეთ ვერ გავა
კარიც რომ იყოს ღია;
რადგან ფული და ჩინები
ვერაფრით გაუყვია.
არის ასეთი ქვეყანა
მას საქართველო ქვია
ყველა კახპას და კაცუნას
ძალაუფლება შია;
ბრძენკაცის ადგილს იჩემებს
ყველა გონება ჩია;
არის ასეთი ქვეყანა
მას საქართველო ქვია,
სადაც ხალხს მოთხოვნილებად
ექცა ტირანი ძია;
დაბეზღება და ჩაქოლვა,
დასახვრეტების სია.
არაკაცები ხატად ყავს
ხატი ტალახში გდია.
აი ამნაირ ქვეყანას
დღეს საქართველო ქვია
და თუ არ გადაეჩვია
რასაც ის მიეჩვია,
გამჩენს ხალხები მიწაზე
მრავალი გაუქრია
და ამის დოკუმენტები
მუზეუმებში ყრია.

ორი ქართველი 

ერთი დგას ქვეყნის გუშაგად
ტყვიის წვიმა და ქარშია
ან ძინავს მშობელ მიწაში
აღარ ცივა და არ შია;
პირნათელ-ვალგადახდილი
ცის საქართველოს ჯარშია;
ცოლ-დედას შავი აცვია
მის სურათს შავი არშია.
მეორემ ამ დროს კაცობას
არაკაცობა არჩია,
მეომრის ფორმით ყაჩაღობს
ანდა ბენზინის ჩარჩია.

ძაან ძნელი სამართია 

ჯერ ერთი რომ რელიეფით
რთული აღმართ-დაღმართია,
საქართველო დიდ ქვეყნებზე
უფრო ძნელი სამართია.
იმიტომ რომ უკუღმართზე
ბევრად ცოტა წაღმართია;
ბევრად მეტი დასაკლავად
ძმაზე ხელის ამღმართია;
და თუ ორას წელში ერთხელ
წელი ოდნავ გამართვია,
იქვე ქვეყნის მოღალატე
ყელზე გველად დახლართვია.
საქართველო მეტისმეტად
ძალზე ძნელი სამართია,
რადგან რაც მას დამართია
შვილებისგან დამართია.

მაისი 1992 წელი 

ვინა ვართ?! 

სულ იმას მივჩივ-მივტირით
რომ რიცხვით პაწაწინა ვართ;
მიწის მოხვნაში უკან ვართ
მოძმის მოკვლაში წინა ვართ.
უცხოსთან თავმოსაწონად
ფეხისწვერებზე ვფრინავართ.
გვიყვარს კვანტი და მოგვერდი
გარეთა ვართ თუ შინა ვართ;
ქვეყანაც რომ იქცოდეს
გალეშილები ვხვრინავართ;
ჩვენგან მოკლულის საფლავთან
აღშფოთებული ვქშინავართ;
ჩაწეულ ლამპებს გვგონია
ვარსკვლავებივით ვბრწყინავართ.
მოვეშვათ იმ დიდ სახელებს
მკერდში მჯიღით რომ ვგმინავართ
და ვიდრე ზღართანს მოვადენთ
ვიდრე უფსკრულის წინა ვართ,
ტყავგაქუცულო ლომებო!
მხოლოდ სმაში რომ ვბრდღვინავართ,
შუბლში დავირტყათ ტორები
იქნება მივხვდეთ ვინა ვართ.

23.06.92 

დემოკრატებო ჩემო 

მასების ბედნიერების
შენების ფიქრში მთვლემო,
„პარლამენტოზით“ სნეულო
დემოკრატებო ჩემო:
ამ მოსწონს „უმრავლესობას“
თავისუფლების გემო;
გაჩენილია იმისთვის
რომ ატყუო და გვემო.
სულ უნდა ერთს ჩააბაროს
საკეთებელი „ზემო“,
მას არაჰიგიენური
უყვარს „სადგომი ქვემო“
და მიტომ ჯდება ტირანი
დემოკრატებო ჩემო,
რომ უფრთხის ტვირთის სიმძიმეს
ანუ „კრატიას“– „დემო“.

მთავრობა და ხალხი

ყველა ყაიდის სახელმწიფოში
ხალხს ენიჭება ცხენის უფლება:
ფრუტუნ-ხვიხვინის, გინდაც ჭიხვინის,
„აჩუს“ მიხედვით რბენის უფლება
ყალყზე შედგომის (ოღომდ მანეჟზე)
თავის კანტურის, წყენის უფლება;
ზაფხულში ქორფა მწვანე ბალახის
ზამთარში თივის, ხმელის უფლება
ლაგამს, უნაგირს, დეზებს და მათრახს
განაგებს მხოლოდ ხელისუფლება.
P. S.
მოხდება ხოლმე ზოგი მხედარი
ყოჩაღად ვერ ზის ფიცხ აჩუაზე
და მოთმინება როცა მერანის
გაილევა და მივა ყუაზე,
კაცს გადმოაგდებს
და მერე ერთხანს
ცხოვრება მიდის ცხენის ჭკუაზე.

„ნაცი“ და „ინტერნაცი“ 

ამ საკითხზე საუბრისას
ყველა მორალურია;
მის გარშემო სჯა-ბაასი
ინტელიგენტურია.
ერთხმად ერთ ტერმინებს ხმარობს
რუსი, თურქი, ურია,
ენების და ქაღალდების
დიდი შარიშურია.
სიტყვით ძმობა, საქმით მტრობა
ძიძგნა და ჯაჯგურია.
იკლაკნება დედამიწა
ნგრევა გლობალურია;
ერებს ველურ კულტურულებს
მუზარადი ხურია.
სხვისი მიწა, სხვისი ნავთი
ძალიან ბევრს წყურია
და რაც ვითომ „ინტერნაცი“
„აზი-ევრო ძმურია“
ყველა ხალხში, ყველა სახლში
ნაციონალურია.

და სკამი ცოტა 

ეს მწვავე პოლიტ შეხლა-შემოხლა
და პოლემიკის მაღალი ნოტა
ნაღდად იმისი ბრალი არის რომ
ტრაკი ბევრია და სკამი ცოტა.

საანაბრო პოლიტიკა 

მე არ მესმის რატომა ვართ
ასე არათანაბრები,
როცა მინდა თუ არ მომცემთ
რა ქვად მინდა ანაბრები.

ეკონომიკის სფეროში 

ეკონომიკის სფეროში
არ ჩანს ნანატრი ძვრები,
სადად რომ გითხრათ, გვექნება
ხორცის მაგივრად ძვლები.

ფასიანი სწავლება 

ეს სასწავლო კომერცია
საქართველოს აზიანებს;
ვიღაც-ვიღაც ჩაიჯიბავს
მოტკიცინე ასიანებს
და უფასო უწიგნურებს
მივუმატებთ ფასიანებს.

გამოთაყვანების დამხმარე საშუალება 

ჭკუა ისეთი რამეა
ღმერთი ყველას არ აჩუქებს
და როცა ტელევიზია
ფაქტებს უკუღმა აშუქებს
ეს იმ ისედაც სულელ ხალხს
ათაყვანებს და აჭუკებს.

„მესაფლავე“ დღევანდელი თვალთახედვით 

ყველა „წამსვლელს“ (გენიოსებს არა)
ეფარება დავიწყების ფარდა,
არაფერი არ შეცვლილა დღემდე
კუბოების გაძვირების გარდა.

უგემური პერსპექტივა 

სურსათის მოსაპოვებლად
ვამყარებთ მჭიდრო კონტაქტებს
და სურსათს თუ არ მოგვცემენ
შევჭამთ დადებულ კონტრაქტებს.

ფრენის ფასმა მოიმატა 

ფრენის ფასმა მოიმატა
მოსკოვ-პიტერ-სამარამდე
მაგრამ ბევრად ძვირი ჯდება
მკვდრის მგზავრობა სამარემდე.

ცოცხლებს ცოცხლად იტაცებენ 

ცოცხლებს ცოცხლად იტაცებენ
თავებს ვეღარ იფარავენ,
მკვდრების გამოსასყიდისთვის
კუბოს თავებს იპარავენ.

მერანი 91 

გასწი მერანო რომ აღარ ვნახო
პოლიტიკური სცენა საზარი,
გასწი, რადგანაც საქართველოში
გამოშტერებას არ აქვს საზღვარი.

ერს თუ გონება წაერთვა 

ერს თუ გონება წაერთვა
და დარჩა მარტო ფალოსი,
არ არის ამომძრობელი
ს ამირანის პალოსი.

ძალაუფლების გავლენა სხეულის ნაწილებზე 

ძალაუფლებას სჩვევია
თავების ისე დათრობა,
რომ უჭირთ გამთბარ საჯდომებს
თბილი სკამების დათმობა.

საუბედუროდ 

როგორც კი ქართველს მიანდობ
თოფის აღების მისიას,
ის პირველ რიგში გაძარცვავს
და გააგორებს მისიანს.

„მოტმასნული“ 

როცა ხდება მოქალაქის
ძარცვა-გლეჯა, მოკვლა სრული,
მისთვის რა შეღავათია
ნაღდი კლავს თუ მოტმასნული.

„ხელოვნება გადაგვარჩენს“ 

რაც უნარად მოუცია
სმის და ჭამის გარდა გამჩენს
სიმღერის და ლექსის მადლი
გულზე კვალს თუ არ დაგაჩენს,
სანახავი, სასმენელი
საათობით არ დაგაჯენს,
თუ არასდროს მიეჩვიე
კაცურ ყოფას გადანაჩვევს
და პირუტყვად ქცევისაგან
ვერაფერი გადაგარჩენს.

წინათგრძნობა 

უსიამოვნო შემიპყრობს გრძნობა
გული მეფლითებ-მენაკუწება
ტელეეკრანზე თახსირი ტიპი
როცა „პუბლიკას“ ელაქუცება;
თავს ოპტიმისტად უხასიათებს
ხალხის ცოდვაში ფეხჩანადგამი
ხელში რომ მხოლოდ ეჭირა ჯამი
„წითელ“ „მრგვალებთან“ რომ ედგა სკამი
და ეროვნული რაც იყო მართლა
არ დაუკლია იმისთვის შხამი.
ახლა უსაფრთხო ვითარებაში
ისევ „ვეფხვობს“ და ისევ ავაზობს
„მორცხვად“ თავს იხრის, ისევ კენჭს იყრის
ქვეყნის პატრონად ხალხს თავს თავაზობს.
და ვინაიდან შავ-თეთრის ცნობის
მაინც და მაინც არ მოგვდგამს ჩვევა
მე გული მიგრძნობს ამ „ანარჩევშიც“
ბევრი დასვრილი პერსონა შევა.

წინასაარჩევნო ზმანება 

ისეთ რამეებს უბნობდა
„სადეპუტატო მასალა“
ნათქვამის საშინელება
ჩანდა ესმოდა მას არა;
მაგალითიც კი გვიამბო
აზრის საილუსტრაციო
„დამხრჩვალ რუს, ქართველ, სომეხში
რომელს უშველის კაციო?
რაღა თქმა უნდა მისიანს
სხვებისთის სადა გვცხელაო
ჩვენც ჩვენს კუთხეებს მივხედოთ
წყალს წაუღია ყველაო“.
ამ არჩევნებშიც ჩვენ ვიცით
ვინ დავსვათ არხოტ-გუდანში,
რადგან ჩვენ აქ თავს ისე ვგრძნობთ
როგორც ყველები გუდაში.
მე ამ აზრების გამგონე
მძიმე ფიქრებში შაველი;
ჩამთვლიმა, ვხედავ მდინარეს
წამოუღია ფშავლი
მიყივის: „კაცო! ვაჟა ვარ
ჩამომიწოდე მტკაველი
ძალა მელევა მიშველე
სანამ ფსკერზე არ ჩაველი“.
პირქუშად ვდგავარ მორევთან
ცივი კლდის პირთან შიშველის
და ვეუბნები გულგრილად
„ჭინჭარაული გიშველის“.
„ჭინჭარაული ვინ არი
ან როდის მოვა, ვთავდები“
„– შეფი მთიელთა კავშირის“
ის არი შენი თავდები;
 ვაჟა რომა ხარ გიცანი
შენი მსმენია მე ქება,
მაგრამ სხვა კუთხის დამხრჩვალი
რა გიყო მე არ მეხება.
შენ დროს რომ იყო ის მორჩა
ვცხოვრობთ ახალი სისტემით
და ვინც იხრჩობა, გამოგვყავს
ჩვენი თუ არის ის თემით;
ჭინჭარაული რომ გითხარ
არჩევნებს უძღვის დუშეთის
და ის გიპოვნის, ეს წყალი
დუშეთის ოლქში თუ შედის.
მე თვითონ იმერელი ვარ
ვუვლი მდინარის ნაპირებს
ვამოწმებ ქუთაისელი
დახრჩობას ხომ არ აპირებს“.
ვაჟამ ცალთვალით საზარლად
ამამხედა და გაქვავდა
„ვაიო“ ამოიგმინა
სანამ ღვართქაფი ჩანთქავდა.
გამომეღვიძა, ღამეში
ვიღაც ავტომატს ისროდა
ტელეეკრანზე მორიგი
შეშლილის ბოდვა ისმოდა.
ვიბღავლე, ღმერთო გვაშორე
ვინც ენას ავად აწვეტებს
ისედაც დაშლილ მთა და ბარს
კუთხურ საწამლავს აწვეთებს;
ღმერთო ნუ მოშლი ერებში
დამხრჩალის შველის ადათებს
და ჭკუასუსტებს ნუ მისცემ
დეპუტატობის მანდატებს.

10 IX 92 

„მთიელთა პოლიტიკური კავშირის“ ლიდერმა გ. ჭინჭარაულმა სხვა „კუთხურ სიბრძნეებთან“ ერთად ასეთი რა თქვა: არ არსებობს ზოგადად ქართველი. ის ან მეგრელია, ან კახელი ან თუშფშავხევსურიო.

ოპტიმისტური ელეგია 

ზოგი იმ ფაქტით შეშფოთებული
ჩვენი ხალხი რომ ცუდად იქცევა
შეცდომით ფიქრობს რომ ამის გამო
ზეცა მიწაზე ჩამოიქცევა.
სისულელეა, რადგან ქართველი
გაჩენის დღიდან სულ ასე მოდის;
მითხარით, გატან-გაუტანლობის
სხვაგვარი წესი გვქონია როდის,
როდის ვიშრომეთ, როდის ვიომეთ
გარეშე ძმობის, გარეშე მტრობის,
გარეშე ფხიზელ გუშაგად დგომის,
საგუშაგუზე დამღუპველ თრობის;
გახელებული ნდომის გარეშე
ლამაზი ქალის და ფულის ფლობის
მადლის გარეშე, ოჯახის მადლის
ერთგულ ცოლობის, ერთგული ქმრობის.
ენაცვლებოდნენ ერთმანეთს წლები
სულის შეხუთვის და სულის მოთქმის,
გაშლილ დროშებით ერუშალაიმს
ლოცვა-გალობა ქართული მოდგმის,
წლები გონების დაქვეითების
კერპის ფეხებთან ხოხვის და ბოდვის;
გვჩვევია თვალის ერთი შევლებით
შესმა და „შეჭმა ფიცის და ვერცხლის“
მერე უბრალო გაავებისას
მოძმის სახლისთის შენთება ცეცხლის,
ავარდნილ ალზე ხელების თბობა
მერე იმ ცეცხლის ცრემლებით ქრობა
და ნახანძრალზე გაშლილ სუფრასთან
ვეფხის და მოყმის ამბავის თხრობა.
გვქონია ჟამი გაველურების
ჟამი შენების ტაძრის და ოდის,
ასეა რადგან წუთისოფელში
ცოდვა და მადლი მხარდამხარ მოდის.
და როკავს როკვას საბედისწეროს
ჯიში ამგები ოშკის და თმოგვის
(არავინ იცის განგების ნება
მიწის პირისგან ვის როდის მოგვის).
თავისუფლების მიცემ-წართმევა
სისხლის გარეშე ყოფილა როდის;
ამიტომ მუდამ ბრძოლა ჯობია
ქვეყნის დაქცევის სევდიან ლოდინს
და ეს შაირიც სადღეგრძელოა
დაბადების და საფლავის ლოდის.

„გამოუსწორებელ ოპტიმისტებს“ 

არც მე არა ვარ იმედწაშლილი
და სასოება არ დამიკარგავს
მაგრამ ბოდიში თუ ჩემი ფიქრი
ზოგი „მოღვაწის“ ნალაყბევს არ გავს.
მეც ვიცი ჩემი უბრალო თავით
რომ ყველა ომი თავდება ზავით;
იქნება სეფა, ხვრეპა და თქვლეფა
და დამთავრდება ტორტით და ყავით.
ჩათვლიან ამ დროს ავად და თარსად
არ იგრიალებს ქვემეხი არსად,
იბანკეტებენ დასად და დასად
იღრუტუნებენ გოჭების მსგავსად;
ბანდიტებს გმირთან ადღეგრძელებენ
გადაიქცევა მომხდარი ფარსად.
დიახ მოხდება ოდესმე ასე
(თანაც ვინ იცის რა სისხლის ფასად)
მუქ ფერებს მაჩრის წარსული ჩვენი
არ მეხერხება მე ხატვა ბაცად;
ამ ძმათაკვლაში ვინც გადარჩება
აღარ ივარგებს ქალად და კაცად
და მხოლოდ მაშინ, როცა ეს მოდგმა
(რაც უნდა აზრი გეჩვენოთ მკაცრად)
ეს მონობაში ნაშობი ჯიში
როცა იქცევა თიხად და ნაცრად
მოვა თაობა თავისუფალი
იომებს ფიცხლად, იფიქრებს ბასრად
აუცილებლად მოხდება ასე
(რაგინდ სევდიან გეჩვენოთ აზრად)
რადგან ეს სისხლით დასვრილი ქვები
არ აშენდება ქათქათა ტაძრად.

მიდევნებული სტრიქონები 

ყვირილი!

 როცა შემზარავს, როგორ ემხობა
ნიჭით და შუღლით განთქმული ჯიში,
როცა შემიპყრობს გადაგვარების,
დაშლა გაქრობის დარდი და შიში –
ავვარდე მინდა, ლიხის მთის თავზე
და იმერ-ამერს ვუყვირო რისხვით:
ჰეი! ჯილაგო თანდაყოლილი
დიდი გულით და პატარა რიცხვით!
გაიგე მიხვდი, რომ არ ყოლია
ქართველს ქართველზე საშიში მტერი,
რომ ბევრი, ჩვენზე გამორჩეული
და დიდი ერი, დღეს არი მტვერი!
გაიგე, მიხვდი, უკანასკნელად
ყოფნა-არყოფნის გზაჯვართან დგახარ,
არ გადარჩები, თუ არ შეიგნებ:
რა შეგიძლია იყო და რა ხარ!

საქართველოს ოქროს ფონდი 

ამ სურათის შემხედვარეს
გული მძიმედ მეწურება,
სიმწრის ცრემლის დასამალად
სახედველი მეწკურება.
ჩამოიხსნის კოხტა გოგო
დედის ნაქონ მედალიონს,
რომ ტყვიებად გადაიქცეს
და მომხდურის დღე დალიოს.
მოხუც ბებოს დამჭკნარ თითზე
ვერცხლის რგოლი მოუძვრია
ერთად-ერთი ძვირი ნივთი
სამშობლოსთვის მოუძღვნია.
ქორწინების წმინდა ნიშნებს
იმეტებენ ასულები,
რომ შემოსონ გათოშილი
ძმები ომში წასულები.
რა ლამაზი წუთებია,
რა ალალი წვეთებია,
რამოდენა სიკეთეა,
რა სინათლის სვეტებია.
ეს ციმციმა ალმასები
ზარბაზნების ლულებია,
პირტიტველა ბიჭის მკერდზე
შეხვეული წყლულებია;
ჩვენი ცოდვიანი მოდგმა
ღმერთს არ მოუძულებია,
ცაზე ჩვენი ეტლის რბოლა
ჯერ არ დაუსრულებია.
შავლეგ! ჩოხა ძველებურად
სისხლში გაგიხამებია,
ისტორიის გრძელი დღე გვაქვს
ჯერ არ დაგვიღამებია.
ეს ციმციმა ალმასები
გარდასულთა სულებია,
საფლავებთან თქმული ფიცი
ჯერ არ შეგვისრულებია.
სიძულვილში სიყვარული
მუდამ გვისულდგმულებია;
ათმა დედა თუ გაყიდა
ათასს უერთგულებია.
ეს ციმციმა ალმასები
ცრემლის ნაკადულებია,
საქართველოს ოქროს ფონდი
ქართველების გულებია.

ვისი ბრალია, რისი ბრალია

რა ხდება ხოლმე, რისი ბრალია
რატომ ცოფდება დროდადრო მასა,
ტირანებს უცბად რატომ ეძლევა
როგორც მიმცემი ავხორცი ხასა?!
ქალი და კაცი დუჟმორეული
ჭენებით დასდევს და კისერს იმტვრევს,
რატომ ღრიალებს თვალცრემლიანი
„დიდება სტალინს“ და „ჰაილ ჰიტლერს“
რისი ბრალია, რომ აგერ გუშინ
აზრები ისე გამოშრა, გახმა,
რომ მანიაკი ლაჩარი დასვა
ტახტზე „გმირმა და ამაყმა ხალხმა“.
რატომ და მიტომ, რომ ჩვენმა ჯიშმა
სიწმინდეები ლაფში ჩაყარა,
ნათელ-მირონი, შენდობის მადლი
მამის ხათრი და დედის ჭაღარა.
უმძიმეს ცოდვად რაც ითვლებოდა
ცოდვად ითვლება უკვე აღარა;
რატომ და მიტომ, რომ მოძმემ მოძმის
სახლი დაწვა და სისხლი დაღვარა,
ჯვარი და ზარი მიწაზე დასცა
ერთობის ძირზე ღვარძლი ახარა;
აი ამიტომ, აი ამ სენმა
„წითლად“ და „მრგვალად“ გამოგვაყარა.
ამ შემზარავი დაავადების
არსებობს მხოლოდ ერთი წამალი
მონანიების ცრემლით დაბანა
აღიარება არ დასამალი.
ვერ ეღირსება ჩვენი ჯილაგი
ნამდვილ საშველს და ნამდვილ კურთხევას
ვერ გაექცევა ძმათაკვლის კოშმარს
დაშლას, ტვინების „გამოკუთხებას“
თუ ვერ შეიძლებს გულ-გონებიდან
ბილწი გვარების ამოფურთხებას.
ვერ ეღირსება თუ არ მოიშლის
მკვდარ და ცოცხალი კერპისთვის მოთქმას
არ მისცემს ზეცა თავისუფლებას
უეკლესიო უგუნურ მოდგმას.
ურწმუნოების შემხუთველ ბუღში
არ გაიზრდება თაობა საღი
თუ თან ვატარეთ ბელადის ნდომა
ჩვენი მონური წარსულის დაღი.
ამ დამღუპველი დაავადების
მორჩენის შანსი არსებობს ერთი
ცას და კაცს შორის, თავის ადგილზე
დაბრუნდეს უნდა უკვდავი ღმერთი.

5. XI. 92. 

„ჯიუტ“ ამომრჩევლებს 

ლალები, ლალები,
თქვენ დაგიდგათ თვალები,
ვინც ხელახლა აირჩიეთ
„წითლები“ და „მრგვალები“.

ძვირადღირებულ „გამცდენ“ მოლაყბეებს 

ზოგ ტუტუცს დეპუტატობა
იმდენად არეტიანებს,
ვეღარ გებულობს რა ხდება
რა ცოდვა გარეთ ტრიალებს,
კორტნა-ყაყანში დროს ჭამენ
ომიც ვერ აერთიანებს,
სხდომაზე მოსვლაც არ უნდათ
ამ დედა-მამებ ტიალებს.
ხალხი რომ პურის საყიდელს
ძლივს უყრის მანეთიანებს
ამათ ფულს რაში უხდიან
ამ ჩემის თვრამეტიანებს. *

* ბოროტი ენები ამბობენ, დეპუტატებს ხელფასი 18 ათასი ექნებათო. 

გაკვირვებული უცხოელი 

როცა უბრალო რამისთვის
უცხოელს თავპირს უნაყავს,
უკვირს, რადგანაც ეს ხალხი
მხოლოდ სუფრასთან უნახავს.

გაძვირებულ ვირებს 

მოგესალმებით ტვირთით და
ალერსით ანაყვირებო,
უბენზინობის მიზეზით
განაძვირებო ვირებო. *

* საქართველოს ზოგიერთ კუთხეში უბენზინობის გამო ვირები ძალიან გაძვირდა. 

ვერას დაგვაკლებს 

თუ სიყვარული ბოგინობს ერში,
თუა დანდობა, თუა მინდობა,
კლიმატური და პოლიტიკური
ვერას დაგვაკლებს უამინდობა.

რა გვეშველება?! 

დაფეთებული კითხულობს ხალხი:
რა გვეშველება, რა გვეშველება?
მაგრამ ჯერ კიდევ ცხოვრების წესი
რადგან საშიშრად არ გვეჩვენება,
ასე ცალცალკე, ასე უზნეოდ
არც არასოდეს არ გვეშველება.

2000 წელი 

ჩვენი დაქცევის მაცქერალს
კითხვა მაწვალებს მწველი,
რატომ არაფერს გვასწავლის
ისტორიის გზა გრძელი;
რამ უნდა გადაგვარჩინოს
ჯიში მართლაც და ძველი,
მძარცველ-გამცემი მეტი გვყავს
ვიდრე ერთგული მცველი.
სულ მაცდურს შევციცინებდით
გვძულდა სიმართლის მთქმელი;
ეს მერამდენედ აღზევდა
მხეცის ინსტინქტი ბნელი,
ახალ ძმათაკვლას შეუდგა
ხალხი ილიას მკვლელი.
გალაღებული წკრიალებს
ცივი სიკვდილის ცელი,
და ჩვენი შეშლის შემყურეს
კითხვა მაწვალებს მწველი:
რატოა ჩვენი ჯიშისთვის
შესასრულებლად ძნელი,
რატომ ვერასდროს ვერ გავხდით
კონად შეკრული წკნელი;
თუ ეს არაკი არ ახდა
დათვლა არ არი ძნელი
ჩვენ სახლში სხვისთის შემოვა
2000 წელი.






 კრებულიდან „სულიკო“ 

თბილისი, 1997 წ.

რადგან ბრძოლას არ უძღოდა 

რადგან ბრძოლას არ უძღოდა
ღმერთი, ხატი და ჯვარი,
დაიბადა ბანდიტის და
„პატრიოტის“ ნაჯვარი.

პოლიტ-ელეგია 

ზიზღით შევცქერი პოლიტ-არენას
იაფფასიან გაცვეთილ ფანდებს
ვერ გაუყვიათ ჩვენი ქვეყანა
ტყის და ქალაქის ბლოკებს და ბანდებს
„მიტინგი“, „ბრძოლა“, „თავისუფლება“
ლექსში არსათქმელ შეგრძნებებს ბადებს.

სანამ სიმრავლე მუქთახორების 

სანამ სიმრავლე მუქთახორების
და სიმცირეა მუშის, მეგუთნის
სანამ ბოგინობს „სინდის-ნამუსი“
გულქვა მძარცველის, ურცხვი მედუქნის
თავისუფლებას არ მოგვცემს ღმერთი
არ მოგვცემს იმას, რაც არ გვეკუთვნის.

რის კანონი და რა სამართალი 

რის კანონი და რა სამართალი
ქვეყანას ისევ ავსული მართავს
ჯილაგი ჯაფას გადაჩვეული
ფოლადს არ ჭედავს, ძაფს აღარ ართავს
მოძმის მოკვლაში ხელგაწაფული
სიძულვილს თესავს, ინტრიგას ხლართავს
ძალმომრეობა განაგებს სასწორს
მორალს უკითხავს დაბორკილ მართალს
„აღებ-მიცემის“, „შეტან-გატანის“
მის ხელში არი ნებას ვის დართავს
თვითონ გულბნელი სინათლის ბერკეტს
ბოღმით გამორთავს და ქრთამით ჩართავს
არც პარლამენტი და არც მთავრობა
დღეს საქართველოს სატანა მართავს.

მარადიული შეფარდება 

„უმრავლესობა“ იმისთვის „იღწვის“
ვინმეს ართმევდეს, ვინმეს პარავდეს,
„პატრიოტული“ ყაყან-ლაყაფით
თავის უწმინდურ ზრახვებს ფარავდეს
და ყოველგვარი ომის ბალანსში
ეს შეფარდება არის მარადი:
კაცები ბრძოლას ეწირებიან
და მერე ბოზებს მიყავთ პარადი.

„ცხელი აზრები“ სიცივეში 

მასები ბნელ-ბნელ სახლებში
ხმელ პურს ცივ წყალში ალბობენ
და ხელმძღვანელთა მშობლებზე
ცხელ-ცხელ რამეებს ამბობენ.

დეპუტატობა უმრავლესს 

დეპუტატობა უმრავლესს
სჭირდება არა სულისთვის,
არა საშიში ბრძოლისთვის
უმძიმესის და რთულისთვის,
არა სამშობლოს სახსნელად,
გადასარჩენად რჯულისთვის,
უმეტესისთვის ეს არის
ინტრიგის ჩახლართულისთვის,
ეს არის დოღი ურცხვების
სავარძლისთვის და ფულისთვის.

ელეგია ტრაგიკომიკური ფინალით 

ბნელა, არ ჩანს ჰორიზონტზე
არც დავითი, არც ილია,
„ცოფის“ საწინააღმდეგოდ
ძაან ცოტა აცრილია,
რაც სატანამ ჯადო ჩადო
გვაწევს ჯერ არ ახსნილია,
მასის სასმენ-სახედველი
ისევ ისე დავსილია,
სულები და საწყობები
ქონებისგან გაცლილია,
საქართველო დოლარზე და
ნარკოტიკზე გაცვლილია,
ქუჩა ნაგვით, გული ბოღმით,
თვალი ცრემლით ავსილია
და დავარდნილ კუპონს წამლობს
„ბეცი“ „ვიცე“ ბასილია.

ისევ „ხაია“ * 
(ანუ საახალწლო საღეგრძელო ძველი სტილით)

ისტორიულ ძილ-ღვიძილში
სიზმრად ნანახს წინაღამ
გაუმარჯოს საქართველოს
სუვერენულს კინაღამ.

„ხაია“ - ჟარგონია, აცილებას, მიზანს აცდენას ნიშნავს. 

ვინც დღეს „ესენგეს“ ტაშს უკრავს 

 „შევიდეთ ამ „ესენგეში“ და თუ არ მოგვეწონება, გამოვიდეთ“ 
ჯაბა იოსელიანის გამოსვლიდან 

ვინც დღეს „ესენგეს“ ტაშს უკრავს
და „დათვს“ ეძახის ბაბას
მოკლე ხანში რომ დახედავს
უკვერცხო, ტიტველ ტაფას,
როდესაც რუსი არ მისცემს
სოხუმს, კარაქს და ფაფას
შესვლა ედუარდს მოკითხოს,
უკან გამოსვლა ჯაბას.

„კითხულობს ხალხი“ 

კითხულობს ხალხი შიმშილით
და შიშით ანაყვირები,
დღისით და მზისით მომხდარი
ამბებით განაკვირები:
ტანკებით რატომ დადიან
დაუდგენელი პირები?

პარლამენტის სხდომა 

ლაკონიურად რომ გითხრათ
ეს პარლამენტის სხდომა
არის მტრის გახარება და
მოყვარის გულის სკდომა.

„მოქალაქეთა კავშირი“ 
(ახსნა-განმარტება ამომრჩევლებს)

ეს „ზეპარტია“ შეიქმნა
საქმის არ გასამწვავებლად,
პოლიტიკური „წვეტების“
„დასაქლიბ“, დასაფხავებლად,
„დაღლილი“ ამომრჩევლების
დასამშვიდ-დასაწყნარებლად,
ბევრი პროგრამის კითხვისგან
ხალხის არ გასაწვალებლად,
„მწვანეთა“ „გასაწითლებლად“
„წითლების“ „გასამწვანებლად“.

მარტივი გამოცანა 

ჯერ ლაქიურ მხარზე კოცნით
თავზე ლაფი გადიქცია,
„მის“ ხოტბაში დაუმძიმდა
მიხვრა-მოხვრა და დიქცია!
საფრთხის სუნი როცა ეცა,
ჩაწვა „სისხლი ჩაიქცია“,
შეფს გემიდან გადმოუხტა
ცოლიანად მტრად იქცია,
ახლა ახალ გემზე საქმობს,
არ შეცვლია ამბიცია,
უპაუზოდ გააგრძელა
უსირცხვობის ტრადიცია!...

გამოღმით მე ვარ, გაღმით შენ! 

„მე პრეზიდენტ კლინტონს მხარდამჭერი წერილი გავუგზავნე. სამადლობელი წერილი ტელევიზიამ დამალა. ეს ჩემი კი არა, პირადად კლინტონის შეურაცხყოფაა“ 
(ქ. ღარიბაშვილის საპარლამენტო გამოსვლიდან)

შენ წერილს ვერ აიწონის
სხვა წვრილმანების ტომარა;
თეთრ სახლში არც ვიქნებოდი
შენი ბარათი რომ არა.
პოლიტიკოსო ძამიკო,
ცნობილო მანგლის-კოჯორში,
ჩვენ ხალხზე ზრუნვამ ორივეს
თეთრი გაგვრია ქოჩორში.
ზუსტი გცოდნია მომენტი
წერილის ტყორცნის შერჩევის;
უნდა გენახა ბღავილი
ამომრჩევლების შენ ჩემის.
სამადლობელიც მოგწერე,
თუმცა დაზვერვამ მაცნობა,
რომ მე და შენი „ინტიმი“
„ტელემ“ მასებს არ აცნობა.
ეს არის ყველა ქარტიის
გაბითურება, არ ცნობა;
ეს არის წმინდა ქართული
პოლიტიკური ანცობა.
და მე რომ შესახედავად
ცოტა ბიჭური ბილი ვარ,
გოგელიას რომ გონია
მე არც ისეთი რბილი ვარ.
ჩანს თქვენთან ინფორმაციას
ჯერაც სჭირდება „ჩაწყობა“,
ქართლოს! შენად არ მიიღო
ეს ჩემი შეურაცხყოფა.
P.S.
გამოღმით მე ვარ, გაღმით შენ
დუღს ატლანტიკა შუაში
შენ გენაცვალოს კლინტონი
მაგ კოლორიტულ ჭკუაში.

ზუსტად მანამ გაგრძელდება 

ზუსტად მანამ გაგრძელდება
შიმშილობის „ნორმირება“,
სანამ მძარცველს „მცველი“ ჰქვია,
ანდა ბანდას „ფორმირება“.

საპარლამენტო „პოლიგრაფია“ 

უბედური საქართველო 

უბედური საქართველო
ელოდება სასოებით
რომ უშველის პარლამენტი
გავსებული ასოებით.

ვერცერთი „ასოთამწყობი“ 

ვერცერთი „ასოთამწყობი“
ამათთან ვერას გააწყობს
ამ ტიპის ასოებისგან
აზრებს ვერავინ ააწყობს.

ნეტავ რა განსხვავებაა 

ნეტავ რა განსხვავებაა
ამ უსარგებლო ასოებს
პირდაპირ დაყრის კაცი თუ
„ბლოკებად“ დააფასოებს.

პოლიტიკა და დედები 

ავდებატები 

დეპუტატი დეპუტატს რომ
ავად წაედებატება,
ხალხს ორივეს დედის მიმართ
ერთი აზრი ებადება.

„თეორია და პრაქტიკა“ 

როდესაც ვინმე ხალხის რჩეული
შეპყრობილი ყავს ტლიკინის მიკრობს
და თეორიულ სიბრტყეში ხატავს
ეკონომიკას მაკროს და მიკროს,
ამ დროს იმისი ამომრჩეველი
შიმშილის ალს რომ ვერაფრით იქრობს,
იმ დეპუტატის დედის შესახებ
ძაან პრაქტიკულ რამეებს ფიქრობს.

ზოგს ცალკე გაიხსენებენ 

გავა დრო, ქვეყნის მმართველებს
ძველებს შეცვლიან ახლებით,
ზოგს ცალკე გაიხსენებენ,
ზოგსაც დედების თანხლებით.

ბელადის მოყვარე ამომრჩეველს 

რაც მოგივიდა, მოგივა
ისევ ხვალაც და ზეგაც,
თუ მუდამ სულ სხვას აბრალე
არ დაიხედე ზედაც;
როგორი „ქვედაც“ იქნები
ის გეყოლება „ზედაც“,
„ოპოზიციის გასრესა“
თუ გექცა მუდმივ ზნედაც
და ძველებურად მოგივლის
ბელადის ყოლის ბნედაც,
ნება მიბოძეთ ვახსენო
მაშინ მე თქვენი დედაც.

მოგინდა? მიდი!!! 

ცოლის წარსულს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს“ „სექსუალური ნდომისაგან თავის შეკავება ამორალური საქციელია“. 
(„უკომპლექსო“ გოგო-ბიჭების ტელეგამოსვლებიდან) 

არავითარი მოთმენა,
ურთიერთობა მალ-მალი,
ჰარმონიულად, იმგვარად,
როგორც ვირი და მამალი.
„უკომპლექსებოდ“ გადვეშვათ
მრუშობაში და სიძვაში,
სანამ საჩვენოს მივაგნებთ
სულ ახალ-ახლის სინჯვაში.
ამოისუნთქა ქვეყანამ, –
მოდიდან გადის ქალწული
და მის სანაცვლოდ შემოდის
ალერსით გადაქანცული.
მრავალკაცგამონაცვალი,
ლეიბზე გამოწრთობილი,
უბანში, რესპუბლიკაში,
და საზღვრებს გარეთ ცნობილი.
აბა, „შავ სამუშაოზე“
ბიჭმა რად უნდა იწვალოს,
ხშირად შეცდეს და გაწბილდეს,
ხშირად ცოლები იცვალოს.
ის არ ჯობია, უყუროს
ვინ უფრო მეტი „იყვარა“,
ვინც მეტი „კაცდღე“ იშრომა,
იწვალა, ოფლში იღვარა.
ვისითაც ბევრმა ყმაწვილმა
და ხანდაზმულმა იხარა:
აი, ამნაირ „პარტნიორს“
აირჩევს ერთხანს საცხოვრად,
სიმბოლიურად წაუღებს
ყვავილს და არაყს სახსოვრად,
და მივა ბარემ ერთბაშად
ხელის და ფეხის სათხოვრად.
მხოლოდ ამ წესით მივაღწევთ
„ცივილურ“ ერთა წევრობას
და დავეწევით „სექსდარგში“
ბევრად წინ წასულ ევროპას.
ოღონდაც ჩქარა, რომ ჩვენ ხალხს
ჩამორჩენილი არ ერქვას,
რომ ჩვენც მოვესწროთ ჯგუფური
ქორწინებების დანერგვას.

ბუნებრივი რეაქცია 

როდესაც „ფორმირებები“
დღისით და მზისით ისვრიან
უბრალო მოქალაქენი
ბუნებრივია, ისვრიან.

არაფერს არ იძლევიან 

არაფერს არ იძლევიან
ამ მომჭრელ-მოკლულ კუპონში
არც ხორცს მოგცემენ, არც შაქარს
არც ჩაგაწვენენ კუბოში.

„დეპუტატები“ 

ხალხს დაპირებით ბერავენ
მანამ, სანამ კენჭს იყრიან,
მერე სხდომებზე სხედან და
ყვერებში მახათს იყრიან.

გავრცელებული გადახრა 

როდესაც „მანდილოსანი“
ფანჯრიდან ნარეცხს გადაღვრის,
ან „ვაჟბატონი“ ქუჩაში
ნაწუწნარ-ნახრავს გადაყრის,
მე გთხოვთ ამ ფაქტის კვლევისგან
ინტელექტს ნურვინ გადაღლის,
რადგან ეს გახლავთ მარტივი
ფაზა ცხოველად გარდაქმნის,
ადამიანის გონების
ღორის ტვინისკენ გადახრის.

ანტალია 

„ეწვიეთ კვიპროსს და ანტალიას“ 
ტელერეკლამა 

როცა შიმშილ-სიდუხჭირე
როცა შიშვლად ტანტალია
ვის რა „იმად“ უნდა მაშინ
კვიპროსი და ანტალია.

ნერვებდაბდღვნილი მოქალაქის ნატვრა 

ეკრანზე რომ სცენა ხდება
ნაღდად ძნელად მოსათმენი,
როცა ბოდავს კანდიდატი
ღრანჭში სილა-მოსარტყმელი,
ვნატრობ ხოლმე: მარილწყალში
დალბობილი მომცა წკნელი,
რომ გავწკეპლო „პრეტენდენტი“
თუმცა არის მოსაკვლელი.

დაფანტულობა 

„ვარ გულმავიწყი“, „ვარ დაფანტული“
კოკეტობს ზოგი ქალი და კაცი
მაგრამ ამ თითქოს უწყინარ სენზე
მაქვს მოსაზრება მე უფრო მკაცრი
და ჩემი აზრი დაადასტურა
ცნობილ სწავლულთა გამოკვლევებმა
რომ ნამეტანი დაფანტულობა
არის უბრალოდ გამოშტერება.

როგორ ბრძანდებით?! 

„როგორა ხარო?“ – მაჩერებს ვიღაც,
გაურკვეველით ვპასუხობ ღრეჭით,
(ამ დროს ცქრიალა გოგო ჩაგვირბენს
რეზინის ბერვით, წკლაპუნით, ღეჭვით).
ქუჩაზე თოთო ბავშვებით ხელში
ქალი გადარბის, ნივთების ცვენით,
(მესამე კაბას ჩასჭიდებია
შეშინებული, მოთხვრილი წვენით).
და ავტოებში, ავბედად შეჭრილს,
პოლიციელი აცილებს სტვენით.
„არა, ნამდვილად ვერ მოვახერხებ
ადათ-წესების გადაყვარებას“,
სევდანარევი ბრაზით შევყურებ
ქართველი ქალის გადაგვარებას.
„როგორა ხარო?“ – ფიქრებში წასულს
კითხვას მინაცვლებს კაცი მოცლილი,
„არა მიშავს-თქო“, ისევ გრიმასა
მეც და იმასაც აზრგამოცლილი
(ვიცოდე მაინც ვინ ოხერია,
მიტინგებიდან ვახსოვარ, ალბათ),
და კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა
მიკითხვ-მოკითხვა ყასიდად, ყალბად,
რომ იგრიალა ქაშვეთთან ზალპმა
გამვლელ-გამომვლელს დაეწყო
ძრწოლა (თურმე ვიღაცას ასაფლავებდნენ,
ვინ გაიგონა ტაძართან სროლა?!)
ვშორდები უცნობს, მივყვები ქუჩას,
მიმყვება მძიმე სულისკვეთება,
ვიცი, რომ დიდხანს არ გათავდება
ამ ნანგრევებში ფულის კეთება!
„როგორა ხარო?!“ – როგორ ვიქნები
ხელფასს რომ მისცემ უმსგავსო ნივთში,
შეხვალ ბნელ, დასვრილ სადარბაზოში
და კვლავ მოფსმული დაგხვდება ლიფტში.
„კარგადა ვარო“, რომ გითხრას ვინმემ,
გადაუჭირო უნდა მათრახი, –
ახლა რომ კაცი კარგად იქნება
ან სულელია, ანდა ჩათლახი.

ტერორი და ტენორი 

როდესაც ცივა და ბნელა
არის ძარცვა და ტერორი
მაშინ ვის რა „იმად“ უნდა
ლექსი, პროზა და ტენორი.

ტიპიური დასასრული 

ერთმა ხუნტრუცა დიაცმა
გამოიცვალა ცხრა ქმარი,
და რადგან არც ერთს არ ჰქონდა
თვისება მისთვის საკმარი,
არც ჰორიზონტზე მოსჩანდა
პერსპექტიული სხვა ქმარი,
იყო საკმაოდ დამჭკნარი,
ტლაპოში მაგრად ჩამხტარი,
ახლოვდებოდა ისედაც
სექსუალური ზამთარი,
და აღარ ჰქონდა აშკარად
ღირებულება სახმარი,
ასკეტად გამოაცხადა
თავისი თავი წამხდარი,
მორალის კითხვას შეუდგა
მრავალ ხმალს გადანამხტარი.

ხელოვნებაში მოწყობის პრინციპი 

(ნეტავი ამ ლექსში აღწერილი სურათი მარტო მე მეჩვენებოდეს და მარტო ჩვენ დარგში ხდებოდეს) 

ამაზე „იმან“ დარეკა
ეს კიდევ „იმის“ ის არი
ეს იმ მთავრობის, ეს ამის,
ეს ყველა მთავრობის არი.
 ეს ძველი ბიჭის პროტეჟე,
ეს ჩვენი სპონსორის არი
ეს ხან რქებს ხმარობს, ხან გავას
კახპურ-თავხედურ ზნის არი;
ამ პოპულარულ სკლეროტიკს
ვერ დავძრავთ, დიდი ხნის არი;
ეს ინტრიგანი გვიჩივლებს
მკადრები ყველაფრის არი;
ეს ერთადერთი იმედი
„ცნობილი ოჯახის“ არი
(სხვაგან ვერსად ვერ მოაწყვეს
აშკარად მსგავსი ხის არი).
ამ ქალს არც ძუძუ, არც თეძო
ეშხი და თვალთა ისარი,
ის რაც ძალიან საჭირო
მისთვის და სცენისთვის არი,
არცერთი არ გააჩნია
არც მქონებელი ხმის არი
და ვერ გაიგებ რისთვის ყავთ
მთამაშებელი რის არი;
ეს შტატი „იმან“ დაუშვა
ესეც „იმის“ ძმის რძლის არი;
ეს როლი ვინც ეს დაწერა
იმისი დისშვილის არი,
ეს რეჟისორის ცოლს უნდა,
ეს მისი საყვარლის არი;
ამ როლზე შვილი გიჟდება,
ეს მისი ლაქიის არი;
ეს ამ დეფექტურს ეკუთვნის
(მემკვიდრე ძმაკაცის არი),
ეს „დიდი კაცის“ ბოზის და
 ეს კიდევ ნაბოზრის არი...

* * *
ხოლო ხელობა ვინც იცის
და მქონე უნარის არი
მისცემ აკეთებს, არ მისცემ,
არმკადრებელი თქმის არი.
ზიზღით შეჰყურებს ამ ბაზარს,
სხვა წესის სხვა წყობის არი,
და რაც ამ ხროვას მორჩება,
იმისი ხვედრი ის არი.

შთაბეჭდილება 

როდესაც „პარლამენტარი“
პატარა ტვინით მარტივით,
პირში მიკროფონჩაჩრილი
უაზროდ ყივის ბატივით,
თანაც მოითხოვს, მის აზრებს
ყველა მოეპყროს პატივით,
ის ამ დროს მოჩანს შარვალზე
მიკერებული ბანტივით.

ტელე-პოლიტკაზუსი 

ტელეგადაცემის დროს კადრში შეფრინდა ბუზი და პრეზიდენტობის კანდიდატს შუბლზე დააჯდა 

არავინ იცის რატომ ქნა
ან რა მიზეზი გააჩნდა
კადრში შეფრინდა ბუზი და
პრეტენდენტს შუბლზე დააჯდა.
ბუზისას ვინ რას გაიგებს
საიდან სად არ გაჩნდება
მაგრამ ფაქტია, რომ ხშირად
მხოლოდ ორ პროდუქტს აჯდება.
ჰოდა იფიქროს ვინც ტვინით
კაცია მიუმხრობელი
ის პრეტენდენტი ორიდან
პროდუქტი იყო რომელი?!

სიყვარული და პოლიტიკა 

„სიყვარული ტანჯვა არის, 
არა სრული ნეტარება, 
მაგრამ მაინც ყველას გული 
ამ სატანჯველს ეტანება“. 

სატრფიალო შაირი

ნუ გგონიათ, პოლიტიკა
სიყვარულს არ ედარება,
პოლიტიკაც ტანჯვა არი,
არა სრული ნეტარება,
ჭკვიანი და იდიოტი
ყველა ამ დარგს ეტანება,
თორემ აბა ამდენ „იმას“
რა ეპარლამენტარება.

გაუტეხელ ქართველს 

არდასასტამბი შაირი
დავწერე ახალ წლისაო,
ქართველო! არ მქონებელო
შუქის, გაზის და წყლისაო
იმედი დაგრჩა შე კაცო,
მაშ რაღა ჩემი ხმლისაო!

სული და სუნი 

როდესაც ხალხის ბოღმა და დარდი
რევოლუციად ამოქუხდება;
როდესაც აზრებს სტიქია ჩანთქავს,
აქაფდება და ათუხთუხდება;
ამ დროს ფსკერიდან მარგალიტს გარდა,
ევრი სიბილწეც ამოდუღდება.
ასეთ მდუღარე ვითარებაში,
ნაცემ ნაგვემი მასა იბნევა,
და ხდება ძნელად გადასაგდები,
ყალბი „ხატების“ გულზე მიბნევა,
და „ამომგდები“ კანონის ძალით,
ბევრმა დასვრილმა იშოვნა „საშვი“,
ბევრი „მდაბიო“ ახტა, გაჭენდა
და ბევრმა ღორმა გაივსო ფაშვი.
ამ პერსონაჟებს არ გააჩნიათ,
საპოლიტიკო ნიჭიერება
და ტივტივებენ ჯერ ზედაპირზე,
როგორც ცნობილი ნივთიერება.
და ეს სიმყრალე მანამ იქნება,
სანამ უტვინოდ ვიზამთ „არჩევანს“,
სანამ ხელახა არ მივეჩვევით
კაცში სულის და სუნის გარჩევას.

საშა და შიმშილი 
(საშა მანწკავას)

როდესაც საშას შიმშილმა
კბილები აუწკავწკავა,
მაშინ ხვნა-თესვას შეუდგა
ინტელიგენტი მანწკავა.

შრომის დროს რომ არ იშრომა 
(ბიძინა რაჭველიშვილს)

შრომის დროს რომ არ იშრომა
და ბრძოლის დროს რომ იძინა,
საქართველოზე ბიძინა
მტერმა იმიტომ იცინა.

გადაგვარების ნიშანი 

ეს არის ერის არევის,
გადაგვარების მწვერვალი,
როცა მშრომელზე მეტია
სხვის ხელში შემაცქერალი,
როცა მკითხველზე მეტია
„დეპუტატი“ და „მწერალი“.

ლამაზ ქართველ ქალს 

თუ დამიჯერებ ქალო
შენი თვალები შველის,
ნარნარი ტანი, იერი
ნიშანი ჯიშის ჩვენის,
მაგ კაბის კარიკატურას
სრულებით არა შვენის.
და არც (შეცდომით რომ ფიქრობ)
გათხოვებაში გშველის,
რადგან სიშიშვლის დანახვა
თანაც მაგნაირ მწველის,
საამო გასართობია
(თვით ამ შაირის მთქმელის),
მაგრამ ვინც შენგან დედობას
ერთგულ ცოლობას ელის,
მას ჩაცმა-გახდის წესებში
ნოსტალგია აქვს ძველის.

პოლიტიკა არ გამოვა 

პოლიტიკა არ გამოვა
უმოსკოვოდ-უანკაროდ,
ცოტა შენც თუ არ მიეცი
ვინ რას მოგცემს უანგაროდ.

შრომასთან ჩვენი მიდგომით 

„...საქართველო მოკლე ხანში შვეიცარიად იქცევა“ 

„ოპტიმისტური“ ტელე-გამოსვლიდან 

შრომასთან ჩვენი მიდგომით,
სოფლისგან პირის მიქცევით,
შვეიცარიად კი არა,
შვეიცარებად ვიქცევით.

საუბედუროდ 

ცოტაა საუბედუროდ
თავისუფლების მოყვარე
და ბევრი პარვის უფლების,
ქრთამის აღების მოყვარე.

ქართველის „მაქსი“ და „მინი“ ნატვრა 

„მაქსი“ 

მოძმის ალმოდებულ სახლზე
„მოძმეს“ ხელი არ მოეთბოს,
შთამომავალს ჩვენს ქცევაზე
ჭირის ოფლით არ მოეთხროს,
ცხუმ-ცხინვალში დაბრუნება
ღირსებოდეს ქართულ ეთნოსს,
სახელმწიფოდ ვქცეულიყოთ
როგორც ერთხელ, როგორც ერთ დროს,
წამდეს ღმერთი და სამშობლო
მღვდელს, ერისკაცს და სამხედროს.

„მინი“ 

კრანში წყალი მოდიოდეს,
პური იყოს, შუქი ენთოს,
და მთავრობა იმნაირი,
რომ მის ნათქვამს კაცი ენდოს.

მარტივი არითმეტიკა 

იმ პარლამენტში, რომელშიც
ბევრი სულელი მოხვდება,
იმ ქვეყანაში სულ მალე
მძიმე ამბები მოხდება.

ზეიმი 

პოლიტ აღებ-მიცემობამ
არ შეგზაროს არ იქნება:
ხალხის თვალწინ, ხალხის ხარჯზე
ადგილების დარიგება
ტაში-ტუში, მტლაშა-მტლუში
ერთმანეთის არი ქება,
დეპუტატობის შოვნისთვის
აღარაფრის დარიდება
სამარცხვინო, საზიზღარი
საარჩევნო გარიგება
და ეს წესი, უბილწესი
უფრო გასივ-გადიდდება
თუ გაგრძელდა ძველებურად
შიშით გაჩუმ-გარინდება
სანამ ბევრი ბრმა და ყრუა
სანამ ის არ გაიგება
რომ დასვრილი მასალისგან
სალოცავი არ იგება.

სოციალურ-პოლიტიკური ლალები 

ლალები, ლალები
უცხო ქვეყნის ვალები,
სტრუქტურებში, სავარძლებზე
„წითლებ“ – „კრიმინალები“,
მოძმის ძარცვის მამაცები
მტერთან ომში ფრთხალები,
მუჭა-მუჭა პარტიებად
დაქსაქსული ძალები,
გაყიდული „ლიდერები“
და ჭკუასთან მწყრალები,
ძველ და ახალ პრეზიდენტთან
მოთამაშე „მრგვალები“,
„წყნარი“ ქვეწარმავლები და
შუა ბაზრის მყრალები,
დეპუტატად დარჩენისთვის
ყოვლის მანაცვალები,
სანამ რამეს მიუგდებენ
მანამ „რადიკალები“.
ლალები, ლალები
ყოფა შესაბრალები:
ქარებს გაყვა ლოზუნგები
რისხვით ნაღრიალები,
დარჩა აბრა, გამოცვლილი,
დროშა საფრიალები
და კვესავენ ქართულ ქვებზე
რუსის ჯარის ნალები.
გაჩარჩების გზაზე შედგა
ჯიში შენაცვლები.
„ბაზრის“ ნაცვლად ჭუჭყიანი
ჯიხურების რკალები,
სასმელით და ნარკოტიკით
დაბინდული თვლები,
პოლიტიკით შერყეული
ცოფშეყრილი ქალები,
მიწისქვეშ და მიწისზევით
წვანან მაწანწალები,
ხალხი დაგლახავებული
გაბრაზ-განაწვალები,
წყალ-წყალა დაპირებებით
გულებ განაწყალები,
ნაცემ-ნამშევ-ნატყუები
ტყავები და ძვალები,
იმპერიის სტომაქიდან
ჯერ ვერ გამომძვრალები.
დახშობილი, ნავთის, დენის,
გაზის მაგისტრალები
ერთა „თანამეგობრობის“
შტაბში ნაფიქრალები.
ლალები, ლალები
შემოლეწეს კარები:
გვესევიან ყველა ჯურის
რჯულგამონაცვალები,
შეხუთული ეკლესია
სექტებმონაძალები,
პურით სულთა შემსყიდველი
ეშმას ფილიალები
„ჰუმანური“ პროგრამებით
ჭინკები და ალები,
რომ გამრავლდნენ მათხოვრები
გაბატონდნენ მხდალები,
რომ ვერ ავდგეთ, დაბლა ვეგდოთ
ჭუჭყში ნაფართხალები,
უბრძოლველად გამარჯვების
ცრუ იმედით მთვრალები.
ლალები, ლალები
გაახილეთ თვალები
ისევ აღარ ავირჩიოთ
სინდისგამომშრალები,
არ შევუშვათ პარლამენტში
პოლიტ-ნაძირალები
თორემ მოვა მომავალი
სატირ-სავალალები
და გვექნება ყელზე დიდხანს
მოძმე დათვის ბრჭყალები.

ადრე თუ გვიან 

„ადრე თუ გვიან, ხალხი გაიგებს“,
სხვისიც მსმენია, მეც მითქვამს ფრაზა,
მაგრამ მე თვითონ როცა ვიხილე
არევ-დარევის სხვადასხვა ფაზა,
მივხვდი, რომ რაც დრო უნდა გავიდეს,
რაგინდ ახალი მოვიდეს ერა,
რაც მოხდა – იმას, რაც ხდება – ამას
ცოტა გაიგებს და ბევრი ვერა.
რადგან ზოგს თავი თავად აბია,
ზოგსაც ბუხარში შესანთებ მორად,
ამიტომ მუდამ ახლაც და ხვალაც
მონად შობილი მოკვდება მონად.

ბოდიში 

არაკაცების რაოდენობა
პარტიებში და მმართველობაში
გადაგვარება-გაქრობის საფრთხე
შიშს რომ არ ბადებს ქართველობაში
თუ მეჩვენება, მაშინ ბოდიში,
მშვიდობაში და ჯანმრთელობაში.

„სუვერენული“ მათხოვარი 

რა ხდება, რა პროცესია,
ღია ვერ მინაჩქმალავი:
ერთი მხრივ ძალა ფათურობს
სესხების გამომძალავი,
მეორე მხრიდან „კავშირში“
ხელახლა შესალალავი –
უსაქმურ უმუშევარი
მუშა გლეხი და მკალავი.
საპარლამენტო ღრიალი
სისინით შენაცვალავი,
ერის აზრი და ღირსება
აგდებულ-შენაბღალავი;
მძიმე სასირცხვო საქმე გვჭირს
არ არის დასამალავი,
რომ „სუვერენულ“ სამშობლოს
მართავს ბანკირი ვალავი.

სად დაიკარგე? 

იმას არ ვტირი, არც პასუხს ველი,
სოხუმ-ცხინვალში რა მოგვივიდა,
ან ჯიხურებმა როგორ იხმარეს
რაც დახმარება ჩამოგვივიდა.
ვინ გავასუქეთ ვაუჩერებით,
„რეფორმა“ ვისვთის გამოგვივიდა,
თითო ნაჭამი მექრთამის სკამზე
ათი უჭმელი სხვა მოგვივიდა.
შიმშილ-სიცივე, უშუქ-უწყლობა
უკვე ყელში რომ ამოგვივიდა,
ასარჩევების შესარჩეველი
ყველა ფათური ბრმა მოგვივიდა.
ცაო! შენ მაინც რა გემართება?!
რამდენი ცრემლი წამოგივიდა.
საცოდაობა გატირებს ჩვენი,
რომ ერთმანეთის კვლა მოგვივიდა,
მტერთან საომარ სანგრების ნაცვლად
ჩვენი სამარის თხრა მოგვივიდა.
და თუ ეს ასე სულაც არ არი,
თუ მე ზედმეტის თქმა მომივიდა
და გაზაფხულთან შეუსაბამო
მძიმე შაირი გამომივიდა,
მაშინ მითხარით, მაშინ მაჩვენეთ
რა სასიკეთო ძვრა მოგვივიდა,
თავისუფლება რაში გავცვალეთ,
მის საფასურად რა მოგვივიდა,
რა რისთვის დავთმეთ და რანაირი
პოლიტ-ბიზნესი გამოგვივიდა.
ნაქებ-ქართულო ნიჭო და აზრო,
სად დაიკარგე, რა მოგვიდა?!

ვედრება 

გაღმა გასასვლელს მიადგა
ჩემი სავალი შარა
ვიცი უფალო! მომიწევს
აქედან წასვლა ჩქარა.
ჰოდა გთხოვ ვინც აქ ყოფნისას
სიცოცხლე შემაზარა
ვისაც სამშობლოს ერჩივნა
ქრთამად ნაშოვნი ფარა
ვინც ერში შუღლი დათესა
ტახტისთვის სისხლი ღვარა
ძმას და ძმის ცოლს ან ინდობდა
მედროვე ვიგინდარა.
კარიერისთვის ვინც ხალხი
კლა და ციხეში ყარა
ვის გამოც უკუღმა ბრუნავს
წაღმა საბრუნი ჯარა
ვის გამოც ადამიანზე
აზრები დამებზარა
და ახლა როცა ჩამესმის
ხიდზე გადასვლის ზარა
სხვაფრივ მზადმყოფი შევშინდი
და წასვლა დამეზარა
ღმერთო! ის რაც შენ არ გნებავს
არა მოხდება სხვა რა
და მაინც, გამონაკლისის
სახით, იქნება კმარა.
ცოდვილი ვარ და დამსაჯე
ან მე რისი მაქვს ჩარა
ვიცი რომ ამგვარი თხოვნის
უფლებაც არ მაქვს მარა
რაც გინდა მიყავ სულგრძელო!
სასჯელს ავიტან წყნარა
და სადაც გინდა ჩამაგდე
ოღონდ ამათთან არა!

არ დაიცალო 

რაც სულის საგზლად არ გამოდგება
იმისთვის თავი არ გაიწვალო
წვრილმან, წარმავალ წარმატებისთვის
არ დაისვარო, არ დაისვარო.
რაც უნდა ბევრი შემოგაძლიონ
არ გაიყიდო, არ გაიცვალო
რომ წუთისოფლის ბოლო წამებში
სირცხვილ-სიმწარით არ დაიცვარო.
გაცემ-დაცემის უმძიმეს დროშიც
სასოებისგან არ დაიცალო
შენს შეცოდებებს ეომე შენში
სხვისი ცოდვები არ დაითვალო
რადგანაც ცალკე დაგბადა ღმერთმა
და უნდა ცალკე გარდაიცვალო.

No comments:

Post a Comment