Monday, March 17, 2014

ნიკოლოზ დუბროვინი ქართველების ვინაობის, განსახლების, მოკლე ისტორიისა და წეს-ჩვეულებათა შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს აკადემიკოს დუბროვინის წიგნიდან «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе»«Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе», Томъ I. Очеркъ Кавказа и народовъ его населяющихъ.Очеркъ Кавказа и народовъ его населяющихъ. Книга II. Закавказье.Закавказье. Санктпетербургъ. 1871, ვრცელი წერილის “ქართველური ტომის” /Картвельское племяКартвельское племя/ დასაწყისი ნაწილის თარგმანს)

ქართველური ტომი (Картвельское племя)

რამდენიმე სიტყვა ქართველური ტომისა და მისი გაყოფის შესახებ

დაწყებული შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირიდან და თითქმის მდინარე მტკვართან ალაზნის შესართავამდე, მთელი სივრცე კავკასიონის მთავარ ქედსა და აჭარისა და კავკასიონის მცირე ქედების ჩრდილოეთ კალთებს შორის დაკავებულია ქართველური ანუ ქართული ტომის მიერ (занято племенемъ картвельскимъ или грузинскимъ). ჩრდილოეთიდან მას ესაზღვრება ოსების სამფლბელოები, ჭარ-ბელქნელებისა, დაღესტნის მთიელთა საზოგადოებანი, სამხრეთიდან თურქული და სპარსული პროვინციები, დასავლეთიდან აფხაზები, ხოლო აღმოსავლეთიდან და ნაწილობრივ სამხრეთიდანაც თათართა მუსლიმანური მოსახლეობა.

რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლისას, ქართველური ტომი იყოფოდა ოთხ დამოუკიდებელ ნაწილად: საკუთრივ საქართველოდსაქართველოდ, ანუ საქართველოს სამეფოდ, იმერეთად, სამეგრელოდ და გურიად, რომლებიც იმართებოდნენ ცალკეულ დამოუკიდებელ მფლობელთა მიერ.

ქართველი ხალხი უძველესი დროიდან დასახლებულია ასევე ახლანდელ ახალციხის მაზრაში და, ჭოროხის აუზშიც კი, რომელიც თურქეთს ეკუთვნის, მდინარე მტკვრის ზემოწელთან ერთად. ახალციხის მაზრის მთელი მოსახლეობა აღწევს 76.760 სულამდე, რომელთაგან 1868 წელს მოითვლებოდა მხოლოდ 3.547 სული ქრისტიანი, მაშინ როდესაც მთელი დანარჩენი ხალხმოსახლეობა მიეკუთვნება კათოლიკურ და მაჰმადიანურ აღმსარებლობას.

ახალციხის მაზრის მოსახლეობა ლაპარაკობს უპირატესად ქართულ ენაზე და, ძველ დროში, დიდი მნიშვნელობაც ჰქონდა საქართველოს სამეფოს საერთო შემადგენლობაში. ამ ადგილის სხვადასხვა ნაწილებმა ამ დრომდეც კი შეინარჩუნეს ის სახელწოდებანი, რომლებითაც ისინი ცნობილი იყვნენ უძველეს დროში. მესხეთის, ზემო ქართლისა და საათაბაგოს სახელებთან საქართველოს ისტორიასა და ხალხს აერთიანებს ცნება თავისუფალი ქვეყნის შესახებ (понятiе о привольной стране), რომელიც სარგებლობდა ჯანსაღი კლიმატით, მცენარეულობათა და ბუნების სიმდიდრით, აგრეთვე მის მცხოვრებთა მნიშვნელოვნად დიდი გონებრივი განვითარებით. ისტორიულ მწერალთა მოწმობებით, ამ ადგილის მოსახლეობა გამოირჩეოდა შრომისმოყვარებითა და მრეწველობით. ასე, მდინარე მტკვრის აუზში მცხოვრებნი უხვად აშენებდნენ ვენახებს, რომელთაგან ახლა მხოლოდ სუსტი კვალიღაა დარჩენილი, და ეწეოდნენ ვაჭრობას მეზობელ ხალხებთან, ხოლო უმოსავლიანობის წლებში კი პურით ამარაგებდნენ მთელ საქართველოს. საუკეთესო ისტორიკოსები, პოეტები, წმინდა წერილის წიგნთა მთარგმნელები, ყველანი გვარ-ტომობით იყვნენ ზემო ქართლიდან. საქართველოს არც ერთ ნაწილში არ შენარჩუნებულა იმდენი ტაძარი და მონასტერი, როგორც ამ ადგილას, და, ამასთან, მთელი ეს შენობები და ნაგებობანი გამოირჩევიან თავიანთი მოხდენილობით, მხატვრულობითა და ლამაზი ჩუქურთმებით. აქ სათავე დაედო ქრისტიანობას და აქედან გავრცელდა იგი მთელ საქართველოში.

დაეუფლნენ რა ამ მხარეს 1625 წელს, თურქებმა მისცეს მას ახალი ადმინისტრაციული დაყოფა და, ქართველთა ჩაგვრისთვის, ყველაზე უფრო ბარბაროსულ ზომებს მიმართეს. აქაურ მოსახლეობას აკრძალული ჰქონდა ელაპარაკა მშობლიურ ქართულ ენაზე, ეტარებინა ეროვნული ტანსაცმელი და ეღიარებინა ქრისტიანული რელიგია. სურდათ რა მცხოვრებთა შორის მაჰმადიანური რელიგიის გავრცელება, თურქები ცდილობდნენ უწინარეს ყოვლისა გაენადგურებინათ უმაღლესი კლასი, როგორც ყველაზე უფრო მეტად გავლენიანი და მტრული თურქული მფლობელობისადმი. განსაკუთრებული სისასტიკით მოქმედებდნენ ისინი ქრისტიანული რელიგიის წინააღმდეგ და, სხეულებრივი სასჯელისა და სიკვდილით დასჯის შიშის ქვეშ, აიძულებდნენ მაჰმადიანობის მიღებას. ბევრი მცხოვრები დაიღუპა სარწმუნოებისთვის, სხვები გამოიქცნენ იმერეთსა და ქართლში და, ბოლოს, მესამეთ მიიღეს ისლამი. რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლასთან ერთად, 1829 წელს, ახალციხის მაზრის მცხოვრებლებმა დაისვენეს საუკუნოვანი ჩაგვრისგან და ბევრ წილად კიდევ შეინარჩუნეს თავიანთი უძველესი ხასიათი. “მათი ცხოვრების წესი, ზნეობა და ადათ-ჩვეულებანი ისეთივეა, როგორიც იყო ოთხი თაობის წინ, მეტად მცირე ცვლილებების გარდა. წინაპართა მიერ ნაანდერძევ მათ სიმღერებში ახლა ისმის საქართველოს მეფეთა და მათ საუკეთესო ათაბაგთა (მფლობელების) სახელები და განდიდებულია მათი გმირობანი სარწმუნოებისა და სამშობლოსთვის. ამჟამად მესხებს შორის იშვიათად თუ იპოვნი თვით შეძლებულ მაჰმადიანსაც კი, რომელიც გაბედავდა ერთზე მეტი ცოლის ყოლას, ყურანის მიერ ნების დართვის მიუხედავად. ქართულ ენას ჯერ კიდევ არ დაუკარგას თავისი ხასიათი და სარგებლობს საერთო გამოყენებით ახალციხის მაზრის ყველა უბანში; მაგრამ სრული სიწმინდით იგი შენარჩუნებულია მხოლოდ აჭარისა და ჭოროხის მოსახლეობაში. თურქულ ენაზე აქ ლაპარაკი იციან ხოლოდ იმათ, რომლებიც, აუცილებლობის გამო, ურთიერთობებში იმყოფებიან თურქებთან; ქალებსა და ბავშვეს კი გადაჭრით არ ესმით თურქული ენა”.

შეინარჩუნა რა თავისი ენა, ზნეობა და წეს-ჩვეულებანი, უძველესი მესხეთის, ზემო ქართლისა და საათაბაგოს მოსახლეობამ შეინარჩუნა ბევრი ქრისტიანული წეს-ადათიც, ასე რომ მაჰმადიანურმა რელგიამ, როგორც ძალით თავზე მოხვეულმა, ვერ შეძლო აქ მტკიცედ ფესვების გადგმა. ქრისტეს საიდუმლოდ აღმსარებელნი ყველგან იყვნენ აქ გაფანტულნი მოსახლეობას შორის, და ზოგიერთი გვარი ინარჩუნებდა მღვდელმსახურების მემკვიდრეობით უფლებას, ღებულობდა რა ხელდასხმას საბერძნეთში ან საქართველოში. ქრისტიანული ეკლესიის მწყემსები საიდუმლოდ ნათლავდნენ ბავშვებს და თავიანთ გარშემო იკრებდნენ მართლმადიდებლებს. თვით მუსლიმანებიც კი განიცდიდნენ პატივისცემას ქრისტიანული ტაძრების ნარჩენთა მიმართ და ასრულებდნენ ზოგიერთ ქრისტიანულ წეს-ჩვეულებას: იცავდნენ მარხვებს, დღესასწაულობდნენ აღდგომას და სხვა.

დღესდღეობით ქრისტიანობა ამ მხარეში სულ უფრო და უფრო მეტად ვრცელდება და მოსახლეობა მათ თანატომელ ქართველებს ერწყმება.

ქართული ხალხურობა (грузинская народность) იმერეთსა და სამეგრელოში გაცილებით უფრო უკეთესად იქნა შენარჩუნებული, ვიდრე თავად საქართველოში (იგულისხმება აღმოსავლეთ საქართველო – ი. ხ.). ამ ნაწილებში თითქმის მთელი მოსახლეობა მხოლოდ ერთ ქართველურ ტომს მიეკუთვნება, მაშინ როდესაც საქართველოში ხალხმოსახლეობა მნიშვნელოვან ხარისხად არის შერეული თათრებთან და სომხებთან. ამის მიზეზია ისტორიული ბედი საქართველოს სამეფოსი, რომელიც განიცდიდა მნიშვნელოვან და ხშირ დარბევებს.

საქართველოს რუსეთთან შემოერთებისას ეს სამეფო თავისი მთავარი ნაწილით განფენილი იყო კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე და ვრცელდებოდა ჩრდილოეთისკენ დარიალის სიმაგრემდე. მდინარეები არაგვი და მტკვარი, მასში არაგვის შესართავიდან, წარმოადგენდნენ საზღვარს ქართლსა და კახეთს შორის, ქართულ და თათრულ მოსახლეობას შორის.

ძირეულ და გაბატონებულ მოსახლეობად ითვლებოდნენ ქართველები, რომლებიც საკუთარ თავს ასე უწოდებდნენ (…считались грузины, называвшiе сами себя картвелами) მათი უძველესი მამამთავრის ქართლოსის სახელის მიხედვით. საკუთრივ ქართველები იყვნენ სამეფოს მთელი მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებნი და მათი სოფლები განლაგებული იყო უპირატესად კახეთში, ხოლო ქართლში კი ისინი ცხოვრობდნენ გორისა და ანანურის მაზრებში. შეიძლებოდა დაგვეთვალა 190-მდე ისეთი სოფელი, რომლებშიც ცხოვრობდნენ მარტო მხოლოდ ქართველები. ყველა დანარჩენ სოფლებში კი ისინი ცხოვრობდნენ ერთობლვად სომხებთან, ოსებთან, ბერძნებთან, ებრაელებთან და თვით ბოშებთანაც კი.

თათრები ქართველებთან ერთად მხოლოდ ტფილისში დასახლდნენ .

საქართველოში მყოფ სომხები შეადგენდნენ მოსახლეობის მეხუთედ ნაწილს. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ქრ. შ.-დან, როდესაც პართელები დაეუფლნენ სომხეთს, იმპერატორმა ნერონმა, რომელიც სომხეთსა და იბერიას (საქართველოს) თვლიდა რომაელთა უმაღლესი ძალაუფლების ქვეშ, გამოგზავნა თავისი ჯარები სომხეთიდან პართელთა გასანდევნად.

საქართველოს მეფემ, რომელიც ხელს უწყობდა განდევნის წარმატებას, ნერონისგან მიიღო საქართველოს მოსაზღვრე სომხეთის ოლქის ნაწილი. იმ დროიდან ეს ქვეყანა, რომელიც თავის თავში მოიცავდა ქალაქებს, ლორეს, ბამბაკსა და სხვებს, დარჩა საქართველოს ძალაუფლების ქვეშ. მას ჰყავდა თავისი მმართველები, რომელთა ადგილსამყოფელიც გახლდათ ქალაქი ლორე. საქართველოს მეფეთა უმაღლესი ძალაუფლების ქვეშ, ქართველი თავადები ორბელიანები, ბართაშვილები და სხვები გახლდნენ სომეხთა მბრძანებლები.

1480 წელს სპარსეთის შაჰმა დაასახლა საქართველოში თათრები. მათ დაიკავეს ლორე, ბამბაკი და ქართლისა და კახეთის მთელი ქვემო ანუ სამხრეთ ნაწილი. თათრები, ჩაგრავდნენ რა სომხებს, აიძულებდნენ უკანასკნელთ მთელ საქართველოში განსახლებულიყვნენ.

1620 წელს შაჰ აბას-დიდმა დაარბია ქალაქი ლორე საქართველოს მეფეებზე შურის საძიებლად, მის მოწინააღმდეგე თურქებთან მათი შეერთების გამო. ყარაბაღელ სომეხთაგან ბევრი მაშინ გამოგზავნილ იქნა ტფილისში, რომელიც დაკავებული იყო სპარსული გარნიზონის მიერ. ჩვენთან უფრო ახლო დროში, სომხითში (ქვემო ქართლში), მცხოვრები სომხები, რომლებიც მოწინააღმდეგის ხშირი შემოჭრების მუქარის ქვეშ იმყოფებოდნენ, უნდა გადასახლებულიყვნენ საქართველოს სხვა ნაწილებში, რომლებიც ნაკლებ სახიფათონი იყვნენ და თავდასხმებს არ განიცდიდნენ. იმ დროიდან მიწა სომხითში, რომელიც ერთერთი უნაყოფიერესთაგანია საქართველოში, მიტოვებულად რჩებოდა რუსული სახელმწიფოს შემადგენლობაში ქვეყნის შემოსვლამდე.

სომხეთის სამეფოს გაყოფით სპარსეთსა და თურქეთს შორის, ბევრი სომეხი გადმოვიდა საქართველოში, სადაც ასევე გადმოსახლდნენ მელიქებიც ყარაბაღიდან (1794 წ.), თავიანთ ქვეშევრდომთა გარკვეული რიცხვით. სომხები საქართველოში თითქმის მარტონი შეადგენდნენ ტფილისის მთელ მოსახლეობას, რომელშიც, 1803 წელს, 2.700-მდე სახლი მოითვლებოდა; მათგან მხოლოდ ოთხი სახლი ეკუთვნოდა საკუთრივ ქართველებს და თხუთმეტი – ქართველ თავადებს, დანარჩენები შეადგენდა სომეხთა საკუთრებას (Записки Буткова /рукоп./. Военно-учёный архивъ главнаго штаба). უკანასკნელნი ცხოვრობდნენ ასევე ლორეს, თელავისა და სიღნაღის უბნებში (участки), ქართველებთან შერეულად, ხოლო ბამბაკში, ყაზახსა და ბორჩალოში – თათრებთან შერეულად.

ქვეყნის მთელი ვაჭრობა იყო სომეხთა ხელში. მხოლოდ სომხები იყვნენ დაკავებულნი მრეწველობით საქართველოში; მხოლოდ ისინი იყვნენ ხელოსნები, ხოლო სოფლებში კი შრომისმოყვარე მებაღეები და მხვნელ-მთესველები.

საქართველოს სპარსეთის ძალაუფლების ქვეშ ყოფნის დროს, სპარსეთის შაჰების განკარგულებით, ბევრი მისი პროვინცია მთლიანად დასახლებულ იქნა თათრებით. უკანასკნელნი მოითვლიდნენ ასევე არანაკლებ მეხუთედ ნაწილს საქართველოს მთელი მოსახლეობისა. თავდაპირველად ამ ჩასახლების მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ თათართა ძალებით, ქართლისა და კახეთის მეფეებისთვის ლაგამი ამოედოთ.

თათრებმა დაიკავეს სპარსეთთან მოსაზღვრე მთელი ადგილები: ქვემო ქართლი და ქვემო კახეთი, დაწყებული დასავლეთში მდინარე არპაჩაიდან და აღმოსავლეთში მდინარე ალაზნის მტკვართან შესართავამდე.

თათართა მმართველობისთვის დანიშნულ ხანებს ჰქონდათ შაჰის ბრძანება, რომ თვალყური ედევნებინათ საქართველოს მეფეთა საქციელისთვის და, თავიანთთვის ფეხზე მყარად დგომისა და დამოუკიდებლობის (независимость и самостоятельность) შეძენის სურვილის შესახებ პირველივე ნიშნების გამოვლენის შემთხვევებში, დაემხოთ ისინი და თვით სიცოცხლეც კი მიესწრაფათ მათთვის. შემდგომში ნადირ შაჰმა თათრები დაუქვემდებარა საქართველოს მეფეს თეიმურაზს, ხოლო სპარსეთში მომხდარი არეულობების დროს კი, საქართველოს მეფეები შეიქნენ სრულ მბრძანებლებად იმ თათრებისა, რომლებიც მათი სამეფოს ფარგლებში ცხოვრობდნენ.

შევიდნენ რა საქართველოს შემადგენლობაში, თათრები იყოფოდნენ ექვს მთავარ განაყოფად (отделъ) ანუ დისტანციად. ქვემო ქართლში, მდ. აღსტაფის გაყოლებაზე დასახლებულებმა მიიღეს ყაზახი თათრების სახელწოდება; მათ მეზობლად მდინარე დებედას გაყოლებაზე ცხოვრობდნენ ბორჩალოს თათრები, ხოლო ყაზახთაგან სამხრეთისკენ, განჯის სამფლობელოების მეზობლად დაესახლნენ შამშადილის თათრები. მდინარე დებედას ზემოწელში ცხოვრობდნენ ბამბაკის თათრები, ხოლო მათგან სამხრეთ-დასავლეთით, საქართველოს საზღვარზე ერევათან, ყარსთან და ბაიაზეთთან, დაესახლნენ შურაგელის თათრები, და, ბოლოს, ბორჩალოელთა ზევით ცხოვრობდნენ დემურჩი-ასანლის ანუ დემურჩასალის თათრები.

სივრცე მიწისა, რომელიც ეკუთვნოდა საქართველოს და დასახლებული იყო თათრებით, დიდი ხნიხ მანძილზე წარმოადგენდა სხვადასხვა ხალხების დავის ადგილს. მომთაბარე ხალხების ხშირი თარეშები (набеги), საქართველოში სპარსელებისა და თურქების შემოჭრა და, ბოლოს, საკუთარი მმართველებისგან შევიწროვებანი, აიძულებდა ხშირად მცხოვრებლებს, რომ თავიანთი სოფლები დაეტოვებინათ, მუსილმანურ პროვინციებში გადასულიყვნენ და, დაემკვიდრებოდნენ რა ახალ ადგილებზე, საცხოვრებლად იქ დარჩენილიყვნენ. ამის გამო დისტანციების მოსახლეობა მუდმივად მერყეობდა და არცთუ იშვიათად კლებულობდა; თვით ის მცხოვრებნიც კი, რომლებიც აქ რჩებოდნენ, ნახევრად მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ, თითქოსდა მუდმივად გადასახლებისთვის ემზადებოდნენო. ადგილობრივ მცხოვრებლებს თავიანთი ქონება ყოველთვის შეგროვებული და ჩალაგებული ჰქონდათ, ასე რომ რამდენიმე საათში ოჯახს შეეძლო მომზადებულიყო და გზას გადგომოდა. იცავდნენ რა დიდ ზომიერებას ჭამაში და ღებულობდნენ რა მას თავიანთი საქონლის ჯოგებიდან (ცხვრის ფარებიდან), ცხოვრებნი ყველგან პოულობდნენ თავიანთი საქონლისთვის უხვად საკვებს, თავად კი, სამხრეთის კეთილმყოფელი ცის ქვეშ, მუდმივ და მტკიცე ქოხებს არ საჭიროებდნენ. ადგილზე დარჩენასა და ხვნა-თესვით დაკავებას ადგილობრივები მომგებიან საქმედ არ მიიჩნევდნენ. სისტემა, რომელიც არსებობდა მინდვრების მორწყვასთან მიმართებაში, აქცევდა მათ გულგრილებად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისადმი. მოსავლის სიუხვე დამოკიდებული იყო მიშვებული სარწყავი წლის საკმარისობაზე, ამასობაში კი სარწყავ არხებს ფლობდა რამდენიმე ადამიანი, ასე რომ მცხოვრებნი მოსავლის აღების წარმატებაში დარწმუნებულნი არასოდეს ყოფილან.

თათრები, რომლებიც დისტანციების გაბატონებულ მოსახლეობას შეადგენდნენ, სომხებთან შერეულად ცხოვობდნენ, ამასთან უკანასკნელთა რიცხვი შეადგენდა არაუმეტეს ერთი მეოთხედისა. როგორც სოფლებს საერთოდ, ისე მცხოვრებთაც კერძოდ, მიწები უთანაბროდ ჰქონდათ გამოყოფილი: საუკეთესო და ვრცელი მიწები ეკუთვნოდათ თათრებს, უარესი კი – სომხებს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მხოლოდ სომხები იყვნენ დაკავებულნი მიწათმოქმედებით. ცხოვრობდნენ რა უმეტეს წილად მთებში, სადაც არ არის უხვად სახნავ-სათესი მიწები, ისინი იძულებულნი იყვნენ მიწები დასათესად ექირავებინათ.

თათრებს შორის სხვადასხვა ადგილებში ცხოვრობდნენ ქართველები და ბერძნები, რომლებიც დაესახლნენ უპირატესად ბორჩალოში და დაკავებული იყვნენ მხოლოდ მადნების დამუშავებით.

საქართველოს მოსახლეობის ასეთი სიჭრელე გახლდათ მიზეზი იმისა, რომ ქართველური ხალხი, ტერიტორიულ მიმართებაში, შერეული აღმოჩნდა სხვა ხალხებთან და, ვერ შეინარჩუნა რა ის უწყვეტი დასახლებულობა, როგორიც არსებობს იმერეთსა და სამეგრელოში, მაინც დაიცვა თავისი განსაკუთრებულობა ზნე-ჩვეულებებსა და ადათ-წესებში.

გადავდივართ რა ამ ადათ-წესების აღწერაზე, აუცილებელია შევნიშნოთ, რომ ყოველივე ნათქვამი ქართველების შესახებ თანაბრადვე უნდა ეხებოდეს იმერლებს, მეგრელებსა და გურულებსაც, იმ უმნიშვნელო თავისებურებათა გამოკლებით, რომლებიც აღნიშნული იქნება ცალკე წერილში.


ქართველები (Грузины)

თავი I

(დაბადება – ნათლობა – ქართველების ქორწილი და სარწმუნოება – ქართველის სახლი – ტანსაცმელი – საკვები – ოჯახში ქალის მდგომარეობა.)

ქართველის ცხოვრება ბევრ რამეს საინტერესოს წარმოადგენს დამკვირვებლისთვის, რომელიც მიეჩვია ცხოვრების საერთო ევროპულ წყობას. დაბლობებსა და მთათა ფერდობებზე მომიფანტულია ქართული სოფლები. შორიდან ისინი არასწორ მიწაყრილად ან ნანგრევების გროვად გეჩვენებათ. ქართლში ბევრ სოფელსა და დაბას (многiя сёла и деревни) არა აქვს ბაღები; კახეთში, პირიქით, ყველაფერი სიმწვანეშია ჩაძირული. თავად სოფლის განლაგებაში საკუთრივ არაფერი არ არის დამახასიათებელი, განსაზღვრული: ორსართულიანი სახლი დგას მიწურის გვერდით, რომელიც ძლივს-ძლივობით თუ განირჩევა დედამიწის ჰორიზონტისგან.

ყველა აშენებს იქ, სადაც მას მოეხასიათება, და არ აქცევს ყურადღებას იმას, “დაარღვევს თუ არა იგი სხვების სიმყუდროვეს, ან დაიკავებს გზას”. ქუჩები არ არის; სახლებს შორის გასასვლელები ისე ვიწროა და ისეთი თხრილებით არის სავსე, რომ მარტოხელა ცხენოსანი ძლივს-ძლივობით თუ გაივლის მათზე. ქართველებს არა აქვთ ქუჩების გაწმენდის ჩვევა; ნაგავი და ლეშები ყრია ყველას თვალწინ და, თავის გახრწნით, ასნებოვნებენ ჰაერს...

სახლების ბრტყელი სახურავების შუაგულში ამაღლებულია კონუსისმაგვარი მიწაყრილები, კვამლის გამოსასვლელად გაკეთებული ხვრელებით, ხოლო მათ გარშემო კი მიმოფანტულია ფიჩხისა და ხავსის კონები, რომლებსაც საწვავად იყენებენ. ფიცრული საქათმე და დაწნული სასიმინდე, რომელსაც ფრინველთა საკვებად იყენებენ, სახლის აუცილებელი მინაშენებია.

სოფლის შორიახლოს მიმოფანტულია საბზევეები, თივის დიდი ზვინები, და გრძელი, მიწაში ჩასული, გომურები – სადაც მუშა საქონელს ინახავენ. ზოგიერთ სოფელში მოჩანს ეკლესია, აშენებული რუსული ქოხის სახით (въ виде русской избы), დახრილი და კრამიტით დაფარული სახურავით.

იგი ყოველთვის პატარაა და შეუძლია დაიტიოს მცხოვრებთა მხოლოდ მეათედი ნაწილი (Д. Бокрадзе, «Грузiя и грузины», Кавк. 1851 г. № 30, 123. «Сцены изъ грузин. жизни» Д. Бокрадзе Кавк. 1850 г. № 91). მოკრძალებული სასაფლაო, რომელიც ირწყვება სუფთა ნაკადულით ან პატარა მდინარით, თითქმის თითოეული სოფლის კუთვნილებას შეადგენს.

მდაბიო ადამიანის სახლი (сакля) პირველყოფილი ნაგებობისაა. იგი შენდება წნულებისგან, ორი განყოფილებით, ერთი ოჯახისთვის, მეორე კი საკუჭნაოდ. სახლში შესვლა შეიძლება მხოლოდ შესასვლელდან, სახურავი და კედლები მიწასთან ერთ დონეზეა. მას გარშემო არტყია დაბალი ეკლიანი ღობე და თხილის ბუჩქები, ვაზი ან ტირიფის ხეები. სახლში შესასვლელი დაფარულია ფარდით, რომელიც დამაგრებულია პატარა ბოძებზე და მეტად ხშირად მორთულია სხვადასხვანაირი ნახატებით (ჩუქურთმებით, узорами).

შესასვლელ კარებს მივყავართ უწინარეს ყოვლისა დარბაზში – მთავარ და ყველაზე დიდ ოთახში, რომლის შუაგულშიც აღმართულია ორი, ხოლო ზოგჯერ კი ერთი ბოძი (დედაბოძი), რომელიც მთელი სახლის საყრდენს წარმოადგენს.

სოფლის მცხოვრების მისაღები, სასტუმრო, სამზარეულო და თავად ოჯახური ცხოვრებაც თავმოყრილია ამ ოთახში. ჭერში მიმაგრებულია რკინის ჯაჭვი კაუჭით, რომელზედაც კიდებენ ქვაბს. დარბაზშივე ინთება ცეცხლი ან ეწყობა პატარა კერა – ქვით მოპირკეთებული ჩაღრმავება – რომელიც ემსახურებათ საჭმლის მომზადებისთვის ან სიცივის დროს გასათბობად. კერის გარშემო ოჯახი იკრიბება სადილისთვის; მას აქვე სძინავს კიდეც. სახლში იატაკი მიწისაა და არათანაბარი. დარბაზის უკანა კედლის გასწვრივ მიუყვება ხის თაროები სიმეტრიულად განთავსებული ჭურჭლით.

ჭურჭელი შედგება აზარფეშისგანაზ – ვერცხლის მცირე თასისგან თხელი წაგრძელებული სახელურით. აზარფეშას აქვს სუფის დასასხმელი კოვზის შესახედაობა, რომელსაც ხშირად მთელ მის სიგრძეზე აწერია, თუ ვის ეკუთვნის და რამდენი ღირს.

კულა – ქოთანი ვიწრო ყელით, გაკეთებული კაკლის ხისგან და დაფარული წითელი ლაქით, ან კიდევ მსხლის ხის ფესვებისგან, შუაში სიცარიელით.

აზარფეშა და კულა – ჭურჭლებია, რომლებითაც უპირატესად სვამენ ღვინოს. როდესაც სვამენ კულადან, მაშინ ღვინო მიისწრაფვის რა ფართო არედან სპირალისებურ ვიწრო ხვრელში, გამოსცემს ბგერას, რომელიც ბუყბუყის მსგავსია. კულადან ნაკლებს დალევ, სამაგიეროდ უფრო სწრაფად დაითვრები.

ქართველთა ყველაზე უფრო შესანიშნავი თასია – ჯიხვის რქა, რომელიც ხშირად გაწყობილია ვერცხლით; მასში ეტევა ნახევარ თუნგამდე ღვინო (თუნგი 5 ბოთლია).

დანარჩენი ჭურჭელი შედგება უხეშად შესრულებული ხის ფინჯნებისგან, აგრეთვე თიხის დოქებისგან, ზოგჯერ ბუნებრივი ფერისა, ზოგჯერ კი მომურვილი.

სახლში შესასვლელის მოპირდაპირე კედელში მოწყობილია დიდი ნიშა, რომელშიც ინახავენ ლოგინს. ავეჯს შეადგენს ფართო მაგრამ დაბალი ტახტები (დივანის ნაირსახეობა), რომლებიც ფიცრებისგანაა დამზადებული. ტახტები დადგმულია ერთი ან ორი კედლის გასწვრივ, დაფარულია სხვადასხვა ფერის ხალიჩებით, წითელი მუთაქით (წაგრძელებული ბალიში). მესამე კედელთან დგას სუნდუკები, რკინით მოჭედილი ან ტყავშემოკრული, და კიდობანი (ხის ყუთი) პურის შესანახად. აქვე დგას დოქები წყლისთვის და სხვა წვრილი მორთულობა.

კედლებზე დაკიდულია სახლის პატრონის სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც მეტად ხშირად დაფარულია მურის მნიშვნელოვანი ფენით. საჭმელს ამზადებენ თავად სახლში, კერის თავზე ჩამოკიდებულ ქვაბში, და ამის გამო ოთახში კვამლის მუდმივად ყოფნა ჭრის თვალებს და ჭვარტლავს სახლის მთელ შიდა არეს («Письма изъ Кахетiи» кн. Р. Эристовъ, Кавказъ. 1846 г. № 25. «Грузинскiе очерки и типы» К. Вилемска, Кавк. 1847 № 16. «Грузiя и грузины» Д. Бокрадзе, Кавк. 1851 г. № 30. «Очерки деревенскихъ нравовъ Грузiи» Н. Берзеновъ, Кавк. 1854 г. № 98. Гакст-гаузенъ , «Закавказскiй край»; изд. 1875 г. Часть I, стр. 67, 75, 145). ალი, ადის რა მაღლა, ახურებს სახლს. ჭერში მიბჯენილ ბოძზე ჩამოკიდებულია თიხის ან რკინის ჭურჭელი გამდნარი ქონით. მისი ცეცხლმოკიდებული პატრუქი იძლევა მიმქრალ მოციმციმე სინათლეს და, კოცონის ალთან ერთად, შეადგენს სახლის მთელ განათებას, რომელიც სავსეა ანთებული კოცონის კვამლით.

კერის გარშემო სხედან ბავშვები, აწითლებული მოელვარე ლოყებით. გაიხადეს რა ფეხსაცმელი და გაიშხლართნენ (развалившись) ტახტზე, ლაპარაკობენ სახლის პატრონები ხმამაღლა და საზეიმოდ. მოიხადა რა თავსაბურავი და დაიფარა თავსაფარი (платокъ), ზის ოჯახის დედა, ხის მოჩუქურთმებულ აკვანთან, და სათამაშოებით ართობს ბავშვს, ან წყნარი სიმღერით აძინებს მას. ბავშვი არ უჯერებს, ჭირვეულობს. დედა აშინებს მას ურჩხულით. უბრალო ხალხს სჯერა ბუას (булы) არსებობისა – ურჩხულისა, რომელსაც აქვს რა დიდი პირი და ძალზედ გრძელი ენა, იტაცებს ბავშვს, შეიგდებს პირში და ნთქავს. ბევრის რწმენითა და გაგებით, ბუაბუა დადის ღამღამობით ეზოების გარშემო და მიჰყავს მის ხელში ჩავარდნილი ბავშვები. დედის მუქარები არ მოქმედებს: ბავშვი უწინდებურად ჩხავის და ჭირვეულობს. როგორ დააწყნაროს დაუწყნარებლის ტირილი? ისღა დარჩენია, რომ მის აკვანს შეაბას ვირის ჩლიქი ან მისცეს მას მრავალძარღვას წვენი, დედის რძეში განზავებული. ეს გამოცდილი საშუალებაა – და ბავშვი ალბათ შეწყვეტს ტირილსა და ჩხავილს.

ერთი დააწყნარეს – სხვები ვახშამს ითხოვენ. დააპურებს რა ყველას, დიასახლისი შლის ლოგინებს, ბალიშების ქვეშ დებს ხის დასადებს და მთელი ოჯახი წვება. დასაძინებლად წვება ისიც.

ძილის წინ თითქმის ყველა ქართველი ქალი კითხულობს განსაკუთრებულ ლოცვას.

– დავწვები, დავიძინებ, წარმოთქვამს იგი, პირჯვარს გადავიწერ. ცხრა ხარი, ცხრა ანგელოზი, დამიფარავენ ჩემს ფეხებსა და თავს. შემიწყალებს მე ჯვარი და მასზე ჯვარცმული და ამიტომ ვერ შეძლებს ჩემთვის ზიანის მოყენებას მაცდური (Агебисъ-гаме /заговенье/, Ив. Гзелiева, Закавк. Вестникъ 1855 г. № 6).

ღრმა ღამეა. მთელ ოჯახს უკვე დიდი ხანია სძინავს; სახლში სიჩუმეა – გარეშემოც სიჩუმეა. კარზე ვიღაცის დაკაკუნება არღვევს გარემომცველ სიჩუმეს. აკაკუნებს მეზობლის ან ნათესავის მიერ გამოგზავნილი.

– რა ხდება, კითხულობენ გამოღვიძებული მასპინძლები.

– ქალბატონს მუცელი სტკივა, პასუხობს გამოგზავნილი.

არ ელოდება რა არანაირ შემდეგ შეკითხვებს, მაცნე მიიჩქარის სხვა სახლებისკენ, სადაც ასევე ცხოვრობენ მისი გამომგზავნელი ბატონის ნათესავები ან ნაცნობები. გამოღვიძებული მასპინძლები ასევე არ აყოვნებენ მაცნეს, არ ეკითხებიან მას ასეთი ავადმყოფობის მიზეზს, ვინაიდან ყველასთვის ცნობილია, რომ წეს-ჩვეულების მიხედვით, იგი გამოგზავნილია იმ ქალის ქმრის მიერ, რომელიც გრძნობს მშობიარობის მოახლოებას. დიასახლისი მაშინვე ტანზე იცმევს და მიემართება მშობიარისკენ – ამის შესრულება მიღებული ჩვეულების მიხედვით აუცილებელია.

ცოტ-ცოტად ყველა მხრიდან გროვდებიან ნათესავები და ნაცნობები ავადმყოფისა, რომელიც წევს ლოგინში ოთახის შუაგულში.

არსებობს რწმენა იმისა, რომ მშობიარობის დროს უწმინდური ძალა, გველის სახით, ცდილობს თავს დაესხას ახალშობილს და დააღრჩოს მშობიარე. ყველაზე უფრო ხშირად კი ალი – მდედრობითი სქესის სული – დევნის მშობიარეებს. იგი ეცხადება მათ ბებიაქალების სახით, მოაკვდინებს ბავშვს, ხოლო მშობიარე კი მიჰყავს და მდინარეში აგდებს.

სიტყვა ალი საკუთრივ რუსულად ნიშნავს пламя-ს. ქართველები თვლიან მას ბოროტ სულად და სჯერათ, რომ იგი მაშინვე გაქრება პირჯვრის გადასახვისა და რომელიმე წმინდანის სახელის წარმოთქმისას. ხალხი ჰყვება, რომ ალი ცხოვრობს ყველგან, მაგრამ, უპირატესად კი, ბაზალეთის ტბაში. ხალხის წარმოდგენით, ალი – მშვენიერი, მომაჯადოებელი ქალია, გაშლილი თმებით, რომელიც მუდმივად ტბაში ჭყუმპალაობს და ტკბილ, ვნებიან სიმღერებს მღერის.

ეს სულები ონავრობენ იმათზე, ვინც მათ ვერ იცნობს. ერთ-ერთ მსგავს საქციელზე ჰყვებიან ამ დრომდე ცრუმორწმუნე ქართველები. სოფელ ბაზალეთში ცხოვრობდა ბებიაქალი. ბნელ ღამეში მოვიდნენ მასთან მშვენიერი ქალები, სთხოვდნენ რა დახმარებოდა ერთ მშობიარე ქალს.

მოხუცი გაემართა. უზარმაზარ დარბაზებში ჰპოვა მან ქალი, რომელიც მშობიარობის ტკივილებით იტანჯებოდა. ბებიაქალი მას დაეხმარა, მიიღო და დედას უჩვენა საოცარი ბავშვი, რისთვისაც მიიღო ოქროებით სავსე ხელსახოცი. მშვენიერმა ქალებმა გამოაცილეს მოხუცი ეზომდე, მაგრამ აქ მისი გამცილებლები გაქრნენ სიცილითა და ხმაურით, ხოლო მოხუცმა კი დაინახა, რომ მის ხელსახოცში ოქროს ნაცვლად – ნაცარია. იგი მიხვდა, რომ ისინი ალები იყვნენ.

თუმცა კი, ქართველს, გააჩნია საშუალება, რათა დაეუფლოს ამ მშვენიერ ქალებს. საკმარისია მხოლოდ სწვდე ალს ნაწნავებში, რომლებიდანაც მას არ შეუძლია დაუტოვოს მოწინააღმდეგეს თმის არც ერთი ღერი, და მაშინ იგი საბოლოოდ დამარცხებულია.

დამარცხებულები, ისინი ხდებიან თვინიერნი, მორჩილნი და სრული მხევლები თავიანთი შემპყრობელისა.

ალებისთვის უცხო არ არის გარდასახვანი. მშვენიერი ქალიდან ისინი შეიძლება გადაიქცნენ ურჩხულად, რომელსაც “კბილები ტახის ეშვებივით აქვს, ხოლო ნაწნავი კი მიწამდე წვდება, და თუმცა კი იგი ადამანის ენით ლაპარაკობს, მაგრამ ყველაფერს უკუღმა, იგი მთლიანად შექმნილია გადმობრუნებულად (на изнанку), და მისი ყველა ასო-ნაკვთი გადმობრუნებულია (выворотные)” («О грузинской миθологiи вообще и объ Али въ особенности», А. Саванели. Закав. Вест. 1864 г. № 43. См. также Кавк. 1857 г. № 49).

ამ ურჩხულისგან დასაცავად, მშობიარეს თავქვეშ უდებენ უქარქაშო ხანჯალს და ხმალს, ხოლო თავად საწოლს კი, სადაც წევს იგი, ფარდის ნაცვლად გარს შემოარტყამენ ნაკურთხ ბადეს.

ყველანაირი ტანჯვის მიუხედავად, ავადმყოფს არ შეუძლია თავისთან მოუხმოს ქმარს, რომელსაც ახლა წართმეული აქვს ცოლის ოთახში შესვლის უფლება, ვის სიახლოვეშიც ზის ბებიაქალი და კიდევ ორი ან სამი ქალი მომსახურებისთვის. ბებიაქალის მზრუნველობას აბარებენ, უმთავრესად, ავადმყოფს. რათა შეუმსუბუქოს მშობიარეს ტანჯვა – თუ კი ასეთი იქნება – ბებიაქალი ყოველი შემთხვევისთვის იმარაგებს, თუ ის ამეებში გამოცდილია, სხვადასხვანაირ საშუალებებს (снадобья). შუშის ბოთლში მას აქვს, მაგალითად, ზღარბის ნაღველი, რომელიც, ხალხის რწმენით, აუცილებელია გახსნა წყალში და დაალევინო ავადმყოფს, რომელსაც, საუბედუროდ, მუცელში მოუკვდა შვილი. ეს სანდო და გამოცდილი საშუალებაა: იგი ამსუბუქებს მშობიარობას («Очерки древ. нрав. Грузiи», Н. Берзеновъ. Кавк. 1858 г. № 56).

ხმაური, მხიარულება, ლაპარაკი და საჭმელი გარს არტყავს ავადმყოფს. სტუმრების ხარხარი, ავადმყოფის კვნესასთან ერთად, ავსებენ ოთახს. ისეც ხდება, რომ მშობიარე ვერ უძლებს, არღვევს ზრდილობის წესებს და თავისთან უხმობს ქმარს.

– შეხედეთ, ამბობენ მაშინ ზნეობის სიწმინდის დამცველები, შეხედეთ, როგორი ცოდვილია: კვდება და მაინც ქმარზე ფიქრობს. უბრალოდ სირცხვილი და თავზე ლაფის დასხმაა!..

დაცინვა და ქილიკი აკეთებს იმას, რომ ტანჯული ქალი იშვიათად ეძახის თავისთან ქმარს. უმეტეს წილად, იგი ზის მეზობელ ოთახში, და იქ ელოდება თავის მემკვიდრე ძეს ან ქალიშვილს. ვაჟიშვილის დაბადებას ეძლევა უპირატესობა, და მომავალი მამა, ყველა ნიშნით, დარწმუნებულია, რომ ახალშობილი იქნება მამრობითი სქესისა. ეს ნიშნები კარგადაა შემონახული მის მეხსიერებაში. მათი შემოწმებისთვის მას შეუძლია გადაშალოს ხელნაწერი წიგნი, რომელიც ქართველებში ცნობილია კარაბადინის სახელით – რაღაც სახალხო სამკურნალო სახელმძღვანელოს მაგვარი.

ამ წიგნის 38-ე თავში იგი წაიკითხავს: თუკი ფეხმძიმე ქალს “მუცლის მარჯვენა მხარე აქვს შესამჩნევად წინ გამოწეული, მაშინ დარწმუნებული იყავი, რომ ვაჟი გაჩნდება, ხოლო თუ მარცხენა – მაშინ კი ქალი. თუ კი ქალს, საინტერესო მდგომარეობის პერიოდში, სახეზე წითელი ფერი დაჰკრავს, მაშინ აუცილებლად იქნება ვაჟი, ხოლო თუ კი ფერმკრთალია – მაშინ ქალი”.

თუ კი ქალი, როდესაც მას დაუძახებენ, პირველად გადადგამს მარჯვენა ფეხს, მაშინ იქნება ვაჟი, ხოლო თუ კი მარცხენას – ქალი. ყველა ეს ნიშანი, თითქოსდა, იმედს აძლევს მომავალ მამას. იგი მხოლოდ იმაზე ნანობს, რომ, საკუთარი თავის უფრო უკეთ დასარწმუნებლად, არ მიუმართავს უწინ სხვა გამოცდილი და სანდო საშუალებისთვის, რომელსაც ურჩევს იგივე “კარაბადინი”. აიღე, ნათქვამია მასში, ფინჯანი წყლით, ჩაასხი მასში ცოტა რძე ორსული ქალისა და დაუკვირდი: თავს მოიყრის იგი წყლის ზედაპირზე, თუ შერევა მას და წავა ფსკერისკენ: პირველ შემთხვევაში ელოდე ვაჟიშვილს, და პირიქით” (О грузинской медицине. Кавк. календ. на 1857 г. стр 484).

ფიქრი ვაჟის დაბადების შესახებ იწვევს მამის ღიმილს, რომელიც, თუმცა კი, შეიძლება მალევე გაქრეს მისი სახიდან იმ აზრისგან, თუ რა მოუვა ახალშობილს? როგორი ბედი ელოდება მას წინ? და ამ კითხვებზეც არის პასუხები იმავე “კარაბადინში” – ქართველი ხალხის ამ ორაკულში.

“9 და 22 მარტი, 6 და 25 აპრილი, 4 და 29 მაისი, 5 და 22 ივნისი, 9 და 26 ივლისი, 7 და 29 აგვისტო, 3 და 22 სექტემბერი, 6 და 21 ოქტომბერი, 6 და 20 ნოემბერი, 5 და 22 დეკემბერი, 5 და 27 იანვარი, 9 და 22 თებერვალი – უპირობოდ უბედურია ყველფრისთვის: მუშაობისთვის, მშენებლობისთვის, მოგზაურობისთვის, ყიდვისთვისა და გაყიდვისთვის; სესხებისა და გასესხებისთვის, აშენებულის გადაკეთებისთვის, ახალ სახლში გადასვლისთვის, ქორწილებისთვის, სისხლის გამოშვებისთვის, ძილისთვის, ნათესებისთვის, ნარგავებისთვის – მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფრისთვის; ამ დღეებში უმჯობესია არაფერი არ აკეთო. რომელიმე ამ დღეს გაჩენილი ბავშვი ძნელად თუ იცოცხლებს, და თუკი ცოცხალი დარჩა, იქნება უბედური იმიტომ რომ ჩამოთვლილ დღეებს ეწოდება პეტიკონი (петикони), ე. ი. საბედისწერო დღეები.

“ვერ გაიხარებს ის, ვინც ავად გახდება ამ დღეებში: სწორედ ამიტომ დაავალა უფალმა ისრაიტელებს, მკაცრად დაეცვათ ისინი” (Тамъ же, стр. 508).

დავუშვათ, მომავალმა ახალშობილმა თავი აარიდა ამ საბედისწერო რიცხვებს, და მშობლები მოისურვებდნენ გაეგოთ, თუ როგორი ხასიათი ექნება მას, ბედნიერი იქნება თუ უბედური; ამისთვის არის მთვარის კალენდარი, რომელიც კარგადაა ცნობილი თითოეული ქართველისთვის* (*მთვარის კალენდარი თარგმნილი აქვს აკადემიკოს ბროსეს ფრანგულ ენაზე და დაბეჭდილიც მის წიგნში: Memoires inedits relatifs a l’Histoire et a la langue georgienne. Paris 1833 წ. თარგმანი ფრანგულიდან მოთავსებულია გაზეთში «Кавказъ» 1853 г. № 71).

ვინც დაიბადება მთვარის პირველ დღეს, ბედნიერი და დღეგრძელი იქნება. მეორე დღეს დაბადება უკვე კარგი არ არის, იმიტომ რომ ახალშობილი იქნება ურჯუკი (უწყალო) და გარყვნილი თავისი ნებით, ღმერთისგან ან პლანეტისგან დამოუკიდებლად.

მთვარის III დღეს დაბადებული იქნება ფანატიკოსი და მატყუარა; ბედნიერი იქნება, მაგრამ ნელ-ნელა გაიზრდება; მისგან გამოვა მხედართმთავარი; IV დღეს – არაჯანმრთელი აგებულებისა, ავადმყოფობათა საბუდარი, უნდა ერიდებოდეს ცეცხლს, წყალსა და მახვილს: მათ შეუძლიათ მისი დღეების შეწყვეტა. V დღეს – დიდხანს იცოცხლებს; VI – ბედნიერი იქნება, მაგრამ ფიცხი (ფეთქებადი); VII – ძნელად თუ დარჩება ცოცხალი, ხოლო თუკი დარჩება, მაშინ მისგან გამოვა ადამიანი; VIII – იქნება სწავლული და სიბრძნით აღსავსე; IX – სწრაფად გაიზრდება, იქნება ბედნიერი, ყველას მიმართ თავაზიანი, მაგრამ ასევე მალე მოკვდება კიდეც; X – იქნება ბედნიერი, დღეგრძელი, შეიყვარებს შრომას, მაგრამ იქნება მძიმე, ჭირვეული და ლოთი; XI – აღნიშნულია დიდი ნიშნით, ბედნიერია, მაგრამ ცოტა გესლიანად მოლაპარაკე; XII – სათნო ადამიანი, მოგზაურობის მოყვარული, უნდა ერიდებოდეს ცეცხლსა და წყალს, მოკვდება ბოროტი სიკვდილით; XIII – იქნება უღვთო და დაავადებით დასნებოვნებული.

ვინც დაიბადება XIV დღეს, იქნება მართალი ადამიანი (праведникъ), შეიცნობს ღვთის ნებას და გადარჩება, მაგრამ ცხოვრებაში თან დაჰყვება მრავალი ავადმყოფობა და საფრთხიანი თავგადასავლები; XV – მოღუშული და ცრუმოწმე; XVI – დიდხანს იცოცხლებს და კეთილი იქნება; XVII – გრძელთმიანი იქნება და მხოლოს 12 წელიწადს იცოცხლებს; XVIII – ტკბილად გაატარებს სასიხარულო ცხოვრებას ღრმა მოხუცებულობამდე; XIX – იქნება ლამაზი და დიდხანს იცოცხლებს, მაგრამ იქნება ხარბი, არაკეთილად მოაზროვნე, ამაყი, ანგარების მოყვარული, ბილწსიტყვაობის მოყვარული და გულის სისასტიკისგან მოკვდება; XX – არმიმნდობი (უნდო, ეჭვიანი); XXI – იქნება ბრძენი ვაჭარი და სიმართლის მოყვარული; XXII – მდუმარი და ბედნიერი; XXIII – მტაცებელი და ბოროტად მეტყველი, დანარჩენში კი დაჯილდოვებული იქნება ბუნების ყველა ნიჭით; XXIV – მოკვდება მახვილისგან.

თუკი XXV დღე მოუწევს შაბათს, მაშინ უბედურებაა ამ დღეს დაბადება, იმიტომ რომ XXV დღეს, და სახელდობრ შაბათს, “დაიბადება ანტე (ანტიქრისტე), ადამიანი მეწამული ფერის სახით, ჭორფლიანი, გრძელი წვივებით, იშვიათად (მეჩხერად) ამოსული თმებით; მარჯვენა თვალი მას ექნება შუბლზე, მარჯვენა ყური თხემზე, ცხვირი მყრალი. იგი დაღუპავს მთელ სამყაროს”.

XXVI დღეს დაბადებული გადარჩება, იქნება ღვთისმოშიში და მაღალთაგან ყვარებული. მისი გვარი სწრაფად გავრცელდება; XXVII – კარგია დაბადება, მაგრამ სიზმრები არაფრად არ ღირს; XXVIII – იქნება ბოროტმოქმედი და მოკვდება ქალის ხელით; XXIX მრავალ წელს იცოცხლებს, იქნება თავაზიანი და ამიტომ გარყვნილიც. XXX დღეს დაბადებული – იცოცხლებს 60 წელიწადს, ივაჭრებს, იქნება ბედნიერი და ექნება ხალი მარჯვენა მხარსა და ლოყაზე.

მაინც რომელ დღესაა ყველაზე კარგი დაბადება? საკუთარ თავს ეკითხება ქართველი, წაიკითხა რა ეს ნიშნები; მაგრამ აი უკვე ისმის ახალშობილის ტირილი.

ამ მომენტიდან მშობიარის ან ახალშობილი ჩვილის სანახავად ახლად მოსულთაგან არავინ არ დაიშვება მათთან იმაზე უფრო ადრე, სანამ არ გაივლის ერთი საათი მოსვლის დროიდან.

ქართველებს სწამთ ბოროტი ქარის არსებობისა, რომელიც იმ ადამიანებს ეტმასნება, ღამით რომ გადადიან მდინარეზე და საერთოდ წყალზე. ამ ქარს არავისთვის არ მოაქვს ზიანი, მშობიარე ქალებისა და მათი ახალშობილების გარდა. სწორედ ამ საფუძველზე ახალმოსულებს ერთი საათის გავლაზე უფრო ადრე არასოდეს უშვებენ მელოგინესთან.

ოთახში, სადაც წევს ავადმყოფი, იწყება კიდევ უფრო მეტი ხმაური და ლხენა იქ მყოფი ქალებისა. მილოცვებს თან ახლავს სიმღერები, რომლებშიც დედას ადარებენ მთვარეს, ხოლო ახალშობილ ყრმას კი მზეს. ავადმყოფს უსურვებენ ჯანმრთელობას, ჩვილს კი ოქროს, ჩინებსა და საოცარ სილამაზეს. სტუმრების ხმაური და ხარხარი დიასახლისის კვნესასთან ირევა და ოთახს აყრუებს...

ქართველები ძალზედ უკმაყოფილონი არიან ხოლმე, როდესაც ქალიშვილი იბადება. მამას არ ატყობინებენ მაშინ ბავშვის დაბადებას, და იგი, მიხვდება რა ამ უსიმოვნების შესახებ, ბრაზდება თავის ცოლზე, ხოლო თუკი მას მიყოლებით რამდენიმე ქალიშვილი გაუჩნდა, მაშინ კი არცთუ სახუმაროდ სწყდება გული.

– და მამილო! – გულუბრყვილოდ ამშვიდებენ მას ნათესავი ქალები, თითქოს მას რაიმე სერიოზული უბედურება დასტყდომოდეს თავს. – გეყოს გულდაწყვეტა; რას იზამ, როგორც ჩანს ასეთია ღვთის ნება: იგი გვსჯის და იგი გვწყალობს კიდეც; იქნება და შემდგომ ჯერზე თქვენ ვაჟი გეყოლოთ; თქვენ ჯერ ახალგაზრდები ხართ, ამაოდ წარიკვეთავთ სასოს.

ვაჟიშვილის დაბადება, და განსაკუთრებით კი პირველისა, მშობლებისთვის შეადგენს ჭეშმარიტ კმაყოფილებას. მაშინვე ეწყობა ზეიმი ძეობ, ე. ი. ძის დაბადება. თოფიდან გასროლა აუწყებს ამ ქვეყნად მამრობითი სქესის ყრმის გამოჩენას. მსახური გოგონა ახალშობილის სახლიდან გარბის, რათა შეატყობინოს ყველა ნათსავსა და ნაცნობს სასიამოვნო ამბავი და ღებულობს მათგან საჩუქრად სამახარობლოს, ფულს სასიხარულო ცნობისთვის. მთელი კვირის განმავლობაში ნახულობენ ავადმყოფს ნათესავები, ნაცნობები და მისი ლოგინის ახლოს ატარებენ მთელ დღეებსა და ღამეებს.

ალის ყველანაირი თავდასხმებისგან დედისა და ჩვილის დასაცავად ღებულობენ ზომებს.

“ჩვენ ვიყავით სამნი ძმანი, – ნათქვამია ლოცვაში ალის წინააღმდეგ, ლოცვაში, რომელსაც ზოგჯერ ერთერთი კითხულობს ქალთაგან, – წმ. სამების სახელით, და თითოეული ატარებდა ორმაგ სახელს: აროზი-მაროზი, ემბროზი-ედვაროზი, ევმაროზი-ანტიოქოსი. ვნადირობდით ჩვენ დამასკოს ველზე, სადაც არის მთა, ირმებით სავსე, და ავიღეთ კვალი სწორი-უკუღმართი: ქუსლები სწორია, მუცელი კი უკუღმა; ზურგი სწორია, სახე კი უკუღმა. ჩვენ იმ კვალს მივყევით და დავინახეთ გამოქვაბულში მდგომი ქალწული: თმები მას ძოწისფერი აქვს, კბილები მარგალიტისა. ჩვენ მათ ვკითხეთ: ვინა ხართ? რა გქვიათ? იგი გვპასუხობდა: მე – ალი ვარ, უწმინდური ძალა, რომელიც მივდივარ მშობიარესთან, ვწვდები მას თმებში და ვაღრჩობ შვილთან ერთად. აქ ჩვენ მახვილები ვიშიშვლეთ და ბოროტი სულის ჩეხვა დავიწყეთ. მაშინ მან ვედრება დაგვიწყო და ფიცით გვითხრა: ჩემო ბატონებო, შემიბრალეთ, და მე ამიერიდან ასი მილიონ სამას თვრამეტი სტადიონით (სიგრძის საზომია დაახლოებით 115 ნაბიჯისა) ვეღარ გავბედავ იმ ადგილთან მიახლოებას, სადაც თქვენს სახელებს წარმოთქვამენ ანდა ქარტია იქნება თქვენი სახელებით. გამოცხადდნენ წმ. მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი; გამოვიდა შავი მხედარი, რომელსაც შავი ცხენი მოჰყავდა, შავი აღვირითა და შავი მათრახით. შეჯდა იგი იმ ცხენზე და შავი გზით გაემართა. ჰკითხეს მას: საით მიდიხარ, მყრალო ბოროტო, გესლიანი კბილებით? თავი ანებე ამ ღვთის მონას და ურჩხულის თავში შედი. ქრისტე, მოწყალების, სიკეთისა და სიხარულის ღმერთო. დაეხმარე ქრისტეს დედაო მარიამ და შემსუბუქება უბოძე ღვთის მონას” (Н. Берзеновъ: «О грузинской медицине». Кавк. Календ. на 1857 г. стр. 499).

ალისგან დასაცავი ლოცვა წაკითხულია – რჩება ჩვილისა და მელოგინის დაცვა სხვა ყველანაირი უწმინდური ძალისგან გველის სახით.

ამისთვის აწესებენ ღამის დაცვას (ღამის-თევა), რომელიც მოვალეა დაიცვას ისინი უწმინდური ძალისგან, რადგანაც გამოცდილებით ცნობილია, “რომ ახალშობილი და დედა გველისგან საფრთხეში მხოლოდ თხუთმეტ დღეს იმყოფებიან”.

თხუთმეტ-დღიანი ვადა დაინიშნება დაცვისთვის (стража) მხოლოდ პირმშოს დაბადებისას; შედეგ კი, შემდგომი შვილების დაბადებისას, დაცვისთვის ვადა მცირდება თანამიმდევრულად თითო-თითო დღით. ასე, მეორე ახალშობილისთვის დაცვა იკრიბება მხოლოდ თოთხმეტი დღით, მესამისთვის – ცამეტი დღით და ა. შ.

ღამის-თევაზე მყოფნი განთავსდებიან აივნებზე, სახურავებზე ან ავადმყოფის ოთახში. მათი რიცხვი სხვადასხვანაირია, ახალშობილის მამის ქონებისა და მნიშვნელობის მიხედვით; ზოგჯერ ეს რიცხვი ას ადამიანემდეც აღწევს. ამ ყარაულში მონაწილეობას ღებულობენ როგორც კაცები, ისე ქალებიც. ისინი დაკავებული არიან თოფის სროლით, რათა დააფრთხონ უწმინდური ძალა და, თუ შემთხვევა მიეცემათ, დაჭრან ან მოკლან გველი, სხვები იწყებენ ცეკვებს: დგება წრე: ერთი ნახევარი კაცებისგან, მეორე ქალებისგან. ეყრდნობიან რა ხელებით ერთიმეორის მხრებს, ცეკვით მოძრაობენ ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ, და მღერიან სიმღერას:

მზევ შინ შემოდიო,
მზის სახლში, მთვარის სახლში – მზევ შინ შემოდიო,
იაგუნდის ნაპირზე:
შუშის ჭურჭელი მზად არის და ღვინო ცეცხლებს ჰყრის,
სახლში ჭადარი გაიზარდა,
სირინოზმა ფრთები გაშალა,
მზე დაწვა და მთვარე შობა –
ჩვენ ვაჟი დაგვებადა,
მაგრამ მტერს იგი ქალი ჰგონია,
ბავშვის მამა შინ არ არის,
იგი ქალაქსაა წასული
აკვნისთვის და აკვნის მოწყობილობისთვის.

ქალთაგან ერთერთი ღებულობს სიმღერის დამწყების როლს, რომლის ხმაზეც მას სხვებიც აიტაცებენ და პირველ ორ ლექსს მღერიან, შემდეგ მომდევნო ორ ლექსს ზუსტად ასევე მღერიან კაცები, მერე ქალები და ა. შ. მორიგეობით (Гамисъ-тева. Сирисъ-куди В. Цветкова. Кавк. 1851 г. № 11).

გამთენიისას მთელი ყარაულისთვის ეწყობა ვახშამი, რომელიც ცნობილია სახელით სერის-კუდი (хвостъ ужина, ე. ი. ნარჩენები ვახშმის შემდეგ). ეს სახელწოდება მიცემულია იმიტომ, რომ სერის-კუდი ოჯახური ვახშმის შემდეგ არის ხოლმე და მხოლოდ ტკბილეულობისგან შედგება.

ნათლობა ჩვეულებრივი სახით აღესრულება. ქართველები ხშირად ქრისტიანულ სახელს უმატებენ სხვასაც, რომელსაც სესხულობენ მუსლიმანებისგან ან კიდევ რომელიც გამოხატავს რაიმენაირ თვისებას, მაგალითად: ასლანი, ფარსადანი, ვარდისახარი (ვარდის მსგავსი) და სხვა. საქართველოს ზოგიერთ ადგილას არსებობდა ჩვეულება, რომ ახალშობილი ბიჭისთვის თავიდან ფეხებამდე მარილი დაეყარათ. გვარწმუნებენ, რომ ასეთი მოქმედებისგან, ჩვილი გაიზრდება ძლიერ, ძალმოსილ ადამიანად, და შეეძლება ყოველგვარი შიშის გარეშე გადაიტანოს ცხოვრების ყველა ქარიშხალი. ქართველებში მარილი – სიმყარის, გემოსა და ყველაფერში სიუხვის სიმბოლოა. ჩვილის აკვანში ზოგჯერ დებენ ძაღლის კბილს, იმიტომ რომ, ხალხის რწმენით, რომ იგი აჩქარებს მისი კბილების ამოსვლასა და ზრდას.

ბიჭი სრულ თავისუფლებაში იზრდება, გოგონა კი დედის ზედამხედველობის ქვეშ. უკნასკნელს, არცთუ იშვიათად, დაბადებიდან მერვე წელში აძლევენ მონასტერში ხელსაქმისა და წერა-კითხვის შესასწავლად. ეს ადათი, როგორც უნდა ვივარუდოთ, წარმოიშვა სურვილისგან, რომ თავიანთი ქალიშვილები იმ სპარსელთაგან დაემალათ, რომლებსაც უწინ ყოველწლიურად გზავნიდნენ ლამაზი ქალწულების შაჰის ჰარამხანისთვის შესაგროვებლად.

როგორც ჩანს, სწორედ იმავე მიზეზმა აიძულა ქართველები, რათა ქალიშვილი თითქმის დაბადების დღიდანვე, თავად აკვანში დაენიშნათ. ვახტანგ მეფის ძეგლისდებით, გოგონა, რომელიც 12 წელს მიაღწევდა, სრულწლოვანად ითვლებოდა და შეეძლო გათხოვება.

როგორც ყოველთვის და ყველგან, მშობლები ზრუნავენ ქალიშვილის რაც შეიძლება მალე გათხოვებისთვის. თავიანთი სურვილი მათ აღსრულებაში მოჰყავთ მაჭანკლების დახმარებით, რომლებსაც ირჩევენ ნათესავების ან სასულიერო პირთა რიცხვიდან, ან კიდევ, უფრო ხშირად, ახლობელ ნაცნობ ქალთაგან.

მოლაპარაკებები ქორწილის შესახებ ყოველთვის მშობლებს შორის ხდება. მზითვის თაობაზე უწინ არცთუ ძალიან ზრუნავდნენ, მაგრამ თითოეული საცოლე აუცილებლად მზითვად ღებულობდა ერთ ან ორ აზარფეშას, რომლებიც ყოველთვის მემკვიდრეობით გადადიოდა. თუმცა კი უკანასკნელ ხანებში გამოჩნდა სია – მზითევის ჩამონათვალი, რომლის მიცემასაც საცოლეს მშობლები ჰპირდებიან. ახლა თითქმის ყველა მაჭანკალს აქვს ასეთი სია, რომელშიც აღნიშნულია, მაგალითად:

ლეჩაქები ტიულისა, ატლასისა, აბრეშუმის მაქმანისა . . 100 მანეთისა
თავსაკრავი სხვადასხვა სახისა . . . . . . . . . . . . . . . . . . 50 მან.
Сумублей . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 25 მან.
Сурмы . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .5 მან.
ჩხირები სხვადასხვა სახისა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .3 მან. და ა. შ.

დაასრულეს რა მოლაპარაკებები, საქმრო, თავისი ბიძის ან სხვა ნათესავის ხელით, უგზავნის თავის საცოლეს ხელის-დასადებს (хелисъ-дасадеби) – შაქარსა და ბეჭედს. საცოლის მშობლები იწვევენ მღვდელს, რომელიც ბეჭედზე კითხულობს ლოცვას, და მამა, გადასცემს რა მას ქალიშვილს დაწინდვის ნიშნად, ეუბნება, რომ იგი ამისა და ამის საცოლეა. ნორჩი ქალწული მხოლოდ ახლა გებულობს, რომ მისი წილი ნაყარია, და რომ იგი თხოვდება.

საქმროსთვის აუცილებელია შეხედოს თავისი მომავალი მეუღლის ხელებს: თუკი მისი ხელი პატარაა, მაგრამ გრძელი თითებით, ეს გახლავთ ვიწრო წელისა და ძნელი მშობიარობის დამამტკიცებელი; თითების ფალანგები ლამაზი და სწორია – ხანგრძლივი, მაგრამ ბილწი ცხოვრების ნიშანია; მსხვილი სახსრები – ცხოვრება ხანმოკლე, მაგრამ კარგია. პროპორციული ხელები – ღვთის შიში, კეთილგონიერება, მართლმსაჯულება, ხოლო ხელები კი, რომლებიც შეხებისას თრთიან, აღნიშნავენ მრისხანებას – რომელიც ადვილად მოითოკება – სიბრძნესა და გაუბედაობას. ცერა თითის ერთმანეთთან შემხები და ერთიმეორეში შერეული ხაზები – თვითმკვლელობის ნიშანია; მრგვალი ფრჩხილები – კარგი ამბებია; თეთრი ლაქები ფრჩხილებზე, შეფერილი გავარვარებული ქვანახშირის მცირე ნატეხების მსგავსად – ბედნიერების ნიშანია.

დავუშვათ, რომ საქმრომ ნახა ხელი, მოასწრო ყველა ნიშნის გულდასმით გასინჯვა და საცოლის კონსტრუქციით ძალზედ კმაყოფილია.

– შენ რომელი ხელი ნახე? ეკითხებიან მას ახლობლები.

– მარჯვენა, ამბობს იგი.

მათ შეცბუნება ეხატებათ სახეზე; საქმროს ეს უკვირს და მალევე გებულობს მიზეზს.

“ყოველ ადამიანს, ნათქვამია ქართულ ქირომანტიაში, აქვს ორი ხელი; ყურადღებით დაუკვირდით ხელს. იცოდეთ ასევე, ღამით დაიბადა ადამიანი თუ დღისით: მეორე შემთხვევაში დაუკვირდით მარჯვენა ხელს, პირველში მარცხენას. ქალიშვილს განსაკუთრებით უყურეთ მარცხენა ხელზე და მყარად იცოდეთ, დღისით დაიბადა იგი თუ ღამით”.

მხოლოდ აქ-ღა ხედავს საქმრო, თუმცა კი გვიან, თავის შეცდომას (Грузинская хиромантiя. Кавказъ 1854 г. № 23).

მოლაპარაკებიდან რამდენიმე ხნის გავლის შემდეგ ინიშნება პირის-ნახვა (пирисъ-нахва), ე. ი. დღეს, როდესაც საქმრო პირველად გამოცხადდება საცოლის პირი-სახის სანახავად.

კარგია იგი თუ ცუდი – მას უკვე აღარ შეუძლია, დაწინდვის შემდეგ, უარი თქვას მასზე, ჯარიმის გადაუხდელად. საქმრო, საცოლის ნახვის შემდეგ, გამოუტყდება ნათესავებს და მის საპატივსაცემოდ ეწყობა ერთაჯალა (ертаджала) – საქმროს სადილი საცოლესთან, რომლის დროსაც მას სრული უფლება აქვს არა მარტო უყურებდეს თავის მომავალ ცოლს, არამედ გაუკეთოს მას საჩუქარიც, რომელიც უპირატესად თავსაფრის ან კრიალოსნისგან შედგება.

ქორწილისთვის მომზადება საქმროს მოვალეობებში შედის, რომელიც თავის მხრივ ამაზე ზრუნვას ავალებს შაფერს (მეჯვარე ანუ ნათლია, меджваре или натлiя), რომელიც ქართველებში დიდი პატივისცემით სარგებლობს. მეჯვარე ჩვეულებრივ არის ვინმე საპატიო ნათსავებიდან და, შემდგომში, ნათლავს ბავშვებს.

ქართული ქორწლები, როგორც ქალაქებში, ისე სოფლებშიც, არის ხოლმე უმეტეს წილად ნოემბრიდან ყველიერამდე; ყველიერში მხოლოდ ერთი სომხები ქორწინდებიან.

ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე, დანიშნულ საღამოს, სტუმრები საქმროს სახლში იკრიბებიან. მასპინძელი ცდილობს, რომ თავისი სამყოფელი ყველაზე უფრო ნატიფი სახით დაალაგოს, რამდენადაც მას ამის საშუალებას სახსრები აძლევს. მდიდრები კედლებსა და ჭერს ხალიჩებით რთავენ, რომლებიც ბაზრიდან ქირით გამოაქვთ.

ქორწილის წინა დღეს მეჯვარე (шаферъ) კრებს ახალგაზრდებს (მაყარი, макари) და, მათთან ერთად მიჰყავს საქმრო აბანოში. საცოლეც მოვალეა იგივე შეასრულოს. აბანო ქართველისთვის – ეს ჭეშმარიტი სიამოვნებაა; მათ ჩვეულებაც კი აქვთ, რომ ულოცავდნენ ერთმანეთს აბანოში წასვლას, როგორც დღესასწაულზე მისვლას. აბანოში მისვლა და მასში ნეტარება განსაკუთრებით უყვართ ქალებს. მოემზადებიან რა აბანოში წასასვლელად, განსხვავების გარეშე, იქნება ეს სადღესასწაულო თუ კვირა დღე, ისინი თავიანთ თეთრეულს აჰკიდებენ პირველივე ხელში მოხვედრილ მუშას* (*მუშა არის მუდმივი მშრომელი, მძიმე ტვირთების გადამტანი ერთი ადგილიდან მეორეზე) და თავიანთი სახლეულით მას უკან მიჰყვებიან.

ხმაური, ყვირილი და ზოგჯერ კამათიც ისმის აბანოში. მოსულები, სხდებიან რა წრეში და აფენენ იატაკზე ხალიჩას, პურსა და ყველს ალბობენ გოგირდის ცხელ წყალში და სიამოვნებით იწყებენ შიმშილის მოკვლას. აბანოში არცთუ იშვიათად მთელი ქეიფიც კი ეწყობა; აბანოში იკრიბებიან მთელი პარტიებით, საკუთრივ იმისთვის, რათა დიდებულად იქეიფონ და შემდეგ კი მისი წყლით გამოცოცხლდნენ. სიმღერის, ზურნისა და სხვა ინსტრუმენტების ხმები გაისმის აბანოში და, ეხება რა მის თაღებს, ისმის უფრო ხმამაღლა და მჟღერად. ნახევრად შიშველი ქართველები ხშირად გათენებამდეც კი ნადიმობენ აბანოებში; იქვე განიბანება საქმროც ქორწილის წინა დღეს.

ქორწილის დანიშნულ დღეს, საქმრო გზავნის საცოლის სახლში საქორწილოს (сакорцило) – საჭმელს, რომელიც შედგება, უმთავრესად, ძროხების, ცხვრებისა და ღორებისგან.

ტფილისში, სადაც ცივილიზაციამ გაიდგა უკვე თავისი ფესვები, საქმრო გზავნის საცოლესთან მღვდელმსახურს და მას გაატანს ხალავს (халавъ) – საქორწილო საჩუქარს. იგი შედგება სალოფის, შალების, სხვადასხვანაირი საგალანტერიო ნივთების, ორი თავი შაქრისა და ოთხი სანთლისგან, რომლებზედაც ვარდისფერი ბაფთებია შემოხვეული. მღვდელმსახური საცოლეს უტოვებს საჩუქრებს, ერთ თავ შაქარსა და ორ სანთელს, ხოლო დანარჩენი შაქარი და სანთლები საქმროსთან უკანვე მოაქვს, რათა არა მხოლოდ საცოლეს, არამედ საქმროსაც ისევე ტკიბილად შეეძლოს ცოლქმრული ცხოვრების გატარება, როგორიც ეს შაქარია.

შეკრებს რა მაყრებს – ნათესავებსა და ნაცნობებს, საქმრო მიემგზავრება საქორწილოდ ხშირად 80 და 100 ვერსზეც. ადათის მიხედვით, იგი ირჩევს ისეთ გზას, რომელზედაც აღარ მოუწევს უკან მგზავრობა ახალგაზრდა ცოლთან ერთად. ქორწილის დროს საქმრო ღებულობს წოდებას მეფე (мепе /царь/), ხოლო საცოლე კი დედოფალი (дедопали /царица/). მრავალრიცხოვანი ამალა აცილებს საქმროს; ყველაფერს, რაც გზაზე შეხვდებათ – ცხვარს, ძროხას, ქათამს – კლავენ მეფის საპატივსაცემოდ, რომელიც მოვალეა აქვე გადაიხადოს მათი საფასური. მგზავრობას სოფლების გავლით თან ახლავს სიმღერები ორ გუნდად...

საცოლის სახლის ეზოში, რამდენიმე ადგილას კვამლი ასდის დანთებულ კოცონებს. პატარა ბიჭების ჯგუფები დარბიან მათ გარშემო ძახილით: ქორწილია! (корцилiа!) ბავშვთაგან ერთერთი აძვრება ყველაზე უფრო მაღალი ხის კენწეროზე და შორს იყურება. თავად სახლში არეულობა და ფუსფუსია. ყველანი სადღესასწაულოდ არიან ჩაცმულნი. ტახტზე (დაბალ დივანზე) აფენენ ახალ ხალიჩას, რომლის ზემოთაც მთელ სიგრძეზე დადებულია ლეიბი, ხოლო მასზე კი მუთაქა (мутака) – მრგვალი, მოგრძო ბალიში სხვადასხვა ფერის ხავერდისგან, რომელიც კიდეებზე ფერადი ყანაოზითაა შემოკერილი. საგანგებო ოთახში მდადე (мдаде) – ქალი რთავს საცოლეს. დედის დარიგებანი ერთ წუთითაც არ ტოვებენ ქალიშვილს. მას უამბობენ ისეთ რამეებს, რომელთა არსებობის შესახებ იგი არც კი ეჭვობდა. თავისი ოჯახის წრეში და თავის დარბაზში ჩაკეტილ ქალიშვილს უმცირესი წარმოდგენაც კი არ გააჩნია მისი ახალი ცხოვრების შესახებ, ამ ცხოვრების მოთხოვნილებათა და გაჭირვების შესახებ. მას ურთავენ თავს და უკითხავენ დარიგებებს.

– არ შემარცხვინო მე, ეუბნებიან მას, შენიანებისა და უცხოების წინაშე. მოიქეცი ისე, როგორც შეშვენის სამაგალითო დედოფალს; თვალები არ ასწიო მაღლა, არ შეხედო არავის და აქეთ-იქით არ იყურო – რას გეუბნები, აქეთ-იქით არ იყურო! ეცადე თვალებიც არ ახამხამო, ტუჩები მოკუმული უნდა გქონდეს და შენი სუნთქვაც კი არ უნდა ისმოდეს.

საცოლის მამა ზრუნავს გამასპინძლებისთვის, მუსიკოსებისთვის (საზანდარები) და პატიჟობს საზანდარს (მომღერალს), რომელიც აუცილებლად უნდა ესწრებოდეს თითოეულ ქორწილს. მისი მოსმენის სიამოვნებისთვის ხშირად დღეღამეში იხდიან 60 მანეთს. ყველაზე მეტად კი მომავალი სიმამრი ზრუნავს იმისთვის, რათა შესაფერისი საჩუქარი გაუკეთოს თავის სიძესა და მის მაყრებს. ეს საჩუქარი ჩვეულებრივ შედგება კარგი ცხენის ან იარაღისგან.

ცოტ-ცოტად სახლში ყველაფერი წესრიგში მოდის, წყნარდება და მშვიდდება. სახლის ჭიშკართან გაგზავნილია მსახური აზარფეშითა და დოქი ღვინით; იგი ვიღაცას ელოდება.

მაყრები, ნეფიონი! (макреби, непiони!) წამოიძახებს უეცრად ხეზე მჯდომარე ბიჭი და ამით არღვევს საერთო სიმშვიდეს.

მთელი ოჯახი ისევ ფეხზე წამოხტება, იყურება შორს გზაზე და გაარჩევს ერთეულ მხედარს, რომელიც სახლისკენ ცხენს მოაჭენებს. მოვა რა საცოლის სახლთან, მხედარი ახდენს გასროლას და შემოდის ეზოში. იგი ახალგაზრდაა და თავმომწონედ აცვია. მისი უბრალო ცხვრის ტყავის ქუდი, შავად შეღებილი, როგორღაც განსაკუთრებულადაა გვერდზე ჩაკეცილი. ბამბის ლურჯი ქსოვილის პერანგი შიშველი ყელის მარჯვენა მხარეზეა შეკრული. მხოლოდ ძლიერი სიცივეების დროს იხვევს ქართველი ყელის სახვევს. მაუდის განიერი შალვარი წელზეა ფოჩებიანი ზონრით შეკრული და, ყველა ქართველისთვის საერთო ჩვეულების მიხედვით, ყველას დასანახად მოჩანს. ჩითის ახალუხი (архалукъ) ხელებსა და მკერდზეა შეკრული მრავალი პატარა ღილით და სამად შემოხვეული ყანაოზის ქამრითაა შემოჭერილი, რომელზედაც ხანჯალი ჰკიდია. ახალუხის ზემოდან აცვია ჩოხა, “რომლის სახელოებსაც გლეხი არასოდეს მხრებისკენ არ გადაიყრის”. კანჭებზე, რომლებზედაც შემოხვეული აქვს ტყავის ფეხსახვევები, ახლა ქორწილისთვის აბრეშუმის ფეხსახვევითაა შეცვლილი; მათში “შალვრის ტოტის ბოლოებია (ჩაშვებული), რომლებიც კოჭთან შეკრულია ზონრებით, რომელთა ბოლოებიც დაბლაა ჩამოშვებული”.

ჩვეულებრივ გამოყენებული ტყავის ქალამნები ახლა დაუმუშავებელი ტყავის ჩექმებითაა შეცვლილი, რომლებიც თუმცა კი უშეშადაა ნაკერი, მაგრამ ნალებითა და ქამრის ზოლებით ან ღილებით გაწყობილია. მას აცვია ბანჯგვლიანი ნაბადი, რომელიც განსაკუთრებით უყვართ ქართველებს, “მკერდთან შეკრული ნახევრად აბრეშუმის ხელსახოცით”.

ქართველი საერთოდ უსუფთაოა (грузинъ вообще неопрятенъ); მრავალი წლის განმავლობაში აცვია ორი პერანგი და არ გააჩნია თეთრეულის რეცხვის ხალისი (не охотникъ мыть и стирать бельё). ახალ კაბას მხოლოდ მაშინ იცვამს, როდესაც ძველი მხრებზე დაადნება ანდა განსაკუთრებულ საზემო შემთხვევებში, როგორც, მაგალითად, როცა თვითონ ცოლს ირთავს, არის ქორწილში, დღესასწაულზე და ა. შ.

განსაკუთრებით მაგარი აგებულებისა, ქართველი მდაბიო ადამიანი (простолюдинъ) ლაპარაკობს ცოცხლად და თავისუფლად. იგი განსაკუთრებით კეთილმოსურნეა, სტუმართმოყვარე, კეთილშობილი, ხუმარა და საერთოდ მხიარული ზნე-ხასიათისა.

ერთ-ერთ ასეთ ხუმარათაგანს, თავგამოდებულ მხიარულ ახალგაზრდას, საქმრო აგზავნის წინ საცოლის სახლში.

იგი ღებულობს სახელწოდებას მახარობელი – სიხარულის მაუწყებელი.

– მეფე მობრძანდება, ამბობს ის. მე კეთილმაუწყებელი ვარ, სახლის გამხარებელი. მე ვჭამე კენკრა, შემიკარით მხარი.

– გამარჯვება შენი! გამარჯვება! პასუხობენ იქ მყოფნი. კეთილი იყოს შენს მიერ უწყებული.

მასთან მოდის კარებთან მდგომი მსახური, მხარზე შეაბავს ღია-წითელი ქსოვილის ნაჭერს აბრეშუმის მატერიისგან* (*საქართველოს ზოგიერთ ადგილას ამ მოვალეობას ასრულებს ქალი მახარობლის სახლში შემოსვლისას) და აწვდის აზარფეშას ღვინით. დაცლის რა ერთს, ორს, სამს, მახარობელი ჩაიდებს მას საყელოს შიგნით, როგორც წეს-ჩვეულების მიხედვით მიღებულ საჩუქარს. უკანასკნელი შეჰყავთ სახლში, სადაც ხვდებიან ღვინით სავსე თიხის ჯამით. დაცლის რა მას ერთბაშად, იგი, მთელი ძალით, ისვრის მას ჭერში და ამსხვრევს.

– აი ასე დაიმსხვრეს ყველა შენი მტერი, ეუბნება იგი მასპინძელს.

– სმენა იყოს და გაგონება! ამის შემდეგ მიმართავს მახარობელი ყველა იქ დამსწრეს. ახლა აქ უნდა მოვიდეს მეფე თავისი ამალით. მე მისი მეწინავე ვარ და გიცხადებთ თქვენ ამის შესახებ. და რა, დედოფალი (საცოლე) მზად არის?

– დედოფალი დიდი ხანია მორთულია, პასუხობენ მას, მაგრამ იგი სხვაგვარად ვერ გადავა მეფის (საქმროს) განკარგულებაში, თუ არა მისი დამრიგებლის უხვად დასაჩუქრების შემდეგ.

საქმრო მოვალეა გადაიხადოს საოსტატო – საზღაური საცოლის აღზრდისთვის – მანამდე სანამ წაიყვანს მას დასაგვირგვინებლად. მან უნდა გადაიხადოს ასევე პირის მოსართავი (пирисъ мосартави) – საფასური სახის მორთვისთვის.

– ყველაფერ ამას, ჩემო დედაო, ამბობს მახარობელი, წინ ვერაფერი დაუდგება, გეფიცებით ამაში ჩემი მზით; ჩვენი მეფე მდიდარი და ისეთი გულუხვია, როგორც არავინ.

ეზოში ისმის თოფის გასროლები, სიმღერები, ყვირილი და ხმაური.

– მეფე მობრძანდება, ისმის ყველა მხრიდან სხვადასხვანაირი ხმები. საქმრო მოვიდა. იგი გარშემორტყმულია ამალით, რომელიც შედგება ცხენოსებისგან – ყველა ასაკის ადამიანებისგან, მაგრამ უპირატესად იმათგან, ვისაც უყვართ კარგად ქეიფი. უმრავლეს მათგანს არაფრად უღირს ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე ჯიხვის რქის ყანწით ღვინის დალევა. ისინი ვალდებულნი არიან, დაგვირგვინებული ახალგაზრდების დაბრუნების შემდეგ, რამდენსაც დალევენ, იმდენივე იმღერონ, იყვირონ და იხმაურონ.

სასიმამრო და სასიდედრო ესალმებიან და ეხვევიან სასიძოს და იწვევენ მას საცოლის ოთახში. შედის რა შიგნით თავშიშველი, იგი ჩუმად ჯდება საცოლის ახლოს მარჯვენა მხრიდან. რამდენიმე წუთის შემდეგ, საცოლის ერთერთ ნათესავთაგანი, იღებს მის მარჯვენა ხელს და ჩააბარებს რა მას საქმროს, წარმოთქვამს სიტყვას:

– მე სამუდამოდ გაბარებთ თქვენ ჩემს საყვარელ ნათესავს, ამბობს იგი, შემკულს მშვენიერი თვისებებით, სუფთას, უბიწოს სულითა და სხეულით, ჭკვიანს, კეთილს, კრავივით მორჩილს, კარგ დიასახლისსა და ყველა ცნობილ ქალურ ხელსაქმეში დახელოვნებულს. მე ვიმედოვნებ, რომ ყველაზე უფრო ძლიერი სიყვარული აღაგზნებს ერთმანეთის მიმართ თქვენს გულებს, თქვენი სიცოცხლის ბოლომდე. ვევედრები, რათა გაახანგრძლივოს უფალმა იგი მრავალ წელს და აკურთხოს თქვენი ქორწინება თავისი გამოუთქმელი მოწყალებით, ისააკისა და იაკობის ქორწინებათა მსგავსად, და გაამრავლოს თქვენი შთამომავლობა, როგორც გაამრავლა და განავრცო მათი გვარი, თავისი წმინდა სახელის სადიდებლად. ამინ!

ამ სიტყვის დასრულების შემდეგ, საქმროსა და საცოლესთან მიდის მამობილი (посаженный отецъ). ადგებიან რა თავიანთი ადგილიდან, ისინი ღებულობენ მისგან ცვილის სანთელს და მიემართებიან ეკლესიაში. საქმრო აწვდის საცოლეს ხელსახოცის ერთ ბოლოს, ხოლო თავად კი მეორე ბოლო უჭირავს და, ასეთ მდგომარეობაში, მიდიან თავად ეკლესიამდე. მაყრები, გადააჯვარედინებენ რა ხმლებს ეკლესიის კარების წინ, მათ ქვეშ ატარებენ შესაუღლებლებს ტაძარში შესასვლელად და საქმრო და საცოლე მიჰყავთ ანალოღიასთან (и поводятъ жениха съ невестою къ налою). მათ წინ, იატაკზე, დაგებულია აბრეშუმის მატერიის ნაჭერი (ფიანდაზი, пiандази), რომელსაც შემდეგ აძლევენ მღვდელმსახურს. მის ზემოდან დებენ ხმლებს, რომლებზედაც დგებიან შესაუღლებლები – და ვინც პირველი დაადგამს ფეხს ხმალს, იმათგან ის იბატონებს (будетъ властвовать) მომავალ ოჯახში. თუკი პირველი ფეხს დაადგამს საქმრო, მაშინ, ძალაუფლების გარდა, მას, ხალხური ცრურწმენებით, შეუძლია იმის იმედი ჰქონდეს, რომ მისი ვაჟიშვილი ვაჟკაცი და მამაცი გმირი იქნება.

ჯვრისწერის წესს ასრულებს იმ ეკლესიის მღვდელმსახური, რომელსაც მიეკუთვნება საცოლე* (*ქალაქური ქორწილი, და მით უმეტეს, ტფილისური, რადენადმე განსხვავდება სოფლური ქორწილისგან. საქმრო არ მიდის საცოლის სახლში, არამედ პირდაპირ ეკლესიაში, სადაც საცოლე მოჰყავს მეჯვარეს /шаферъ/. ქორწილის დღეს საქმროს სახლში იკრიბებიან სტუმრები. კაცები ერთ ნახევარში, ქალები მეორეში. პირველები დაკავებული არიან საუბრებით, ბანქოს თამაშით, სახელდახელოდ მიირთმევენ, საზანდარს უსმენენ, უკანასკნელნი კი, სხედან რა ტახტზე ფეხაკეცილები, ზურნის წრიპინა ჟღერას და დაირის – ტყავგადაჭიმული ქოთნის, მგრგვინავ ხმას ისმენენ. სტუმრების მოსვლის და მიხედვით, ისინი ტახტზე სხდებიან და მურაბებისა და სხვადასხვანაირი ტკბილეულის ჭამას შეუდგებიან. შესვენებებში ცეკვავენ ლეკურს, საყოველთაო ტაშის კვრის აკომპანიმენტით – ამ ცეკვის აუცილებელი პირობისა). საქმროს თუმცა კი მოჰყავს თავისი მღვდელმსახურიც, მაგრამ იგი ჯვარს არ წერს, არამედ დაქორწინების შემდეგ ჯვრით ხელში მიდის საცოლის მამასთან, ეუბნება, რომ მისი სასიძო უვნებლად მოუყვანა და მის ღირსებებს ჩამოთვლის. სიმამრი ჯვარს აბრეშუმის მატერიას შემოახვევს და ეკლესიის მწყემსს საჩუქარს უკეთებს.

ამასობაში მღვდემლმსახური, რომელიც ჯვრისწერის წესს ასრულებს, მამობილთან ერთად აბრეშუმის თეთრი ძაფებისგან ორ წვრილ ზონარს გრეხს და მათ ანალოღიაზე ალაგებს. ეს ზონრები ცნობილია ნაროტის (нарота) სახელით. მამობილს ჯვარს აბარებენ, რომელიც მთელ დროს ჯვარდასაწერთა უკან დგას, და ეს ჯვარი მთელი მსახურების მანძილზე მათ თავებს ზემოთ აქვს აღმართული.

გვირგვინები საქართველოში ეკლესიის კუთვნილება არ არის; მათ უკვეთავს და მოაქვს საქმროს და გადასცემს საცოლის ერთერთ მსახურ გოგონას. ჯვრისწერის დროს მღვდელმსახური მეჯვარეს სთხოვს გვირგვინებს, ხოლო ის კი ასეთივე თხოვნით მსახურ გოგონას მიმართავს.

– მომეცი საყვარელო გვირგვინები, ეუბნება იგი, რათა იმით მოვრთოთ შენი ქალბატონი.

– მომეცით ბატონო გამოსასყიდი, პასუხობს იგი.

– და რამდენი გინდა შენ, სულიკო?

– რაც უფრო მეტს მომცემთ, მით უფრო ლამაზი მოგეჩვენებათ თქვენი მოყვარე.

მეჯვარე (Шаферъ носитъ два названiя: или меджваре, или еджипи) თითქმის ყოველთვის შეუღლებულთა შვილების ნათლია არის ხოლმე, ამიტომ საქმრო მას ხშირად წინასწარ ნათლიას ეძახის (называетъ кумомъ).

ორი-სამი თუმანია მიცემული გვირგვინების გამოსყიდვისთვის...

გვირგვინების თავზე დადგმისას, მღვდელმსახური ანალოღიიდან იღებს ორივე ნაროტს (ზონარს), კისერზე ჩამოჰკიდებს ორივე ჯვარდასაწერს და შეაერთებს რა ბოლოებს მათ მკერდებზე, ადებს მათ ცვილის ბეჭედს ჯვრით, რომელსაც ღებულობს მამობილის ხელიდან. ამ წესით ახალგაზრდებს ეკისრებათ მოვალეობა, რომ უბიწოებას ინახავდნენ იმ დრომდე, სანამ ზონრები არ იქნება მოხსნილი.

თავად წესის დროს, შეკრებილები, თვალყურს ადევნებენ რა შესაუღლებლებს, წყვეტენ საკითხს, თუ ახალგაზრდებიდან რომელი იცხოვრებს უფრო მეტ ხანს. ამაზე არის განსაკუთრებული წესები და ნიშნები.

“თითებზე ჩამოთვალე ასოები, რომელთაგანაც შედგება მათი (ჯვარდასაწერთა) სახელები, და შემდეგ დაითვალე ცალ-ცალკე, თანაც დააყოლე: ადამი, ევა და ა. შ. თუ ასოების რიცხვის მიხედვით უკანასკნელი ამოვა ადამის სახელი, მაშინ ქმარი ცოლზე ადრე უნდა მოკვდეს, და პირიქით”.

ჯვრისწერის წესი დასრულდა. კავშირი განმტკიცებულია ნაროტითა და ახალგაზრდების რამდენიმე კოცნით.

მილოცვები, ხმაური, ყვირილი, სროლა და სიმღერები აცილებენ დაქორწინებულებს საცოლის სახლამდე, რომელშიც უკვე დიდი ხანია ელოდებიან მათ და დასახვედრადაც მოემზადნენ. ოთახში რაღაც სამეფო ტახტის (тронъ) მსგავსია მოწყობილია. დასაწოლი ტახტის (тахта) ახლოს კედელზე ძვირფასი მატერიის ფარდას ამაგრებენ. ტახტზე ფარჩის ბალიშებს ალაგებენ, ხოლო მათ ზემოთ კი ფიანდაზს აფენენ. მეორე ასეთივე ფიანდაზი კარებიდან სამეფო ტახტამდეა დაფენილი. პირველი საჩუქრად ეძლევა საცოლის მსახურ გოგონას, მეორე კი – საქმროს მსახურს.

ახალგაზრდებს წინ მოუძღვებიან მაყრები და ხმალს რამდენჯერმე ურტყამენ კარების თავზე.

– მეფე-დედოფალი მობრძანდება! აცხადებენ ისინი.

კარებში ახალგაზრდებს ერთერთი ნათესავი ქალი ხვდება და მათ მოსაკვნეტად მცირეოდენ შაქარს აძლევს, სურვილით, რომ ისევე ტკბილად იცხოვრონ და დაბერდნენ, როგორიც ეს შაქარია* (*ქალაქის მცხოვრებლებში ახალგაზრდებს ღებულობს მამობილი. იგი გადააჯვარედინებს მათ თავებს ზემოთ გაშიშვლენილ ხმლებს, ხოლო ფეხთა ქვეშ კი დაუგდებს თეფშს, რომელიც მათ უნდა დაამსხვრიონ, “როგორც უწმინდურ ძალთა მავნე ჩანაფიქრების ჰიდრა /გველეშაპი/”. შემდეგ აწვდიან შარბათს /ტკბილ დასალევს/ და იწყება ხელმეორედ მილოცვები და ხვევნა-კოცნა). აქედან ისინი დაფენილი ფიანდაზის გავლით სამეფო ტახტთან მიჰყავთ. ადგილი, სადაც უნდა დასხდნენ ახლადშეუღლებულნი, დაკავებული აქვს ბიჭს, რომელიც გარდიგარდმო წევს და, დაუწყვია რა ზურგს უკან ხელები, ადგილის გამოსასყიდს ელოდება. თხოვნისა და ჩხუბის, და მათრახით დარტყმების მიუხედავად, იგი არ ტოვებს ადგილს, სანამ არ ცოტა ფულსა და ვაშლებს არ მისცემენ – ასეთია ადათი. მიიღებს რა საზღაურს, ბიჭი, იქ მყოფთა ხმამაღალი ხარხარის ქვეშ დგება. ახალგაზრდებმა დაიკავეს ადგილი: საქმრო დაჯდა მარჯვენა, საცოლე კი მარცხენა მხარეს. მათ ახლოს, საცოლის გვერდით, მოთავსდა დედაბერი, რომელიც მოვალეა მთელი საღამოს განმავლობაში თავსაბურავს უსწორებდეს საცოლეს, ხან მის თავსაფარს, ხან კაბას, თუნდაც ისინი ჩინებულ წესრიგში იყოს. დედაბერი მას ყურში უჩურჩულებს სხვადასხვანაირ დარიგებებს, რომლებიც მისი მომავალი ქცევისთვისაა აუცილებელი.

ახალგაზრდებს თავზე ადგათ გვირგვინები, სხვადასხვა ფერის ზიზილ-პიპილებისგან გაკეთებული, “რგოლის სახით, რომელსაც იდებენ თავზე, წინა მხარეს ჯვრითა და უკანა მხარეს კი მხრებამდე ჩამოშვებული ოთხი ფუნჯით”. ამ გვირგვინებს, ადათის მიხედვით, ახალგაზრდები სამი დღის განმავლობაში ატარებენ* (*ქალაქის მცხოვრებნი მათ იხსნიან იმავე დღეს, მალევე ჯვრისწერიდან სახლში დაბრუნების შემდეგ).

მოდის მღვდელი და ხსნის ნაროტს. მოაქვთ ტკბილეულობა და ახალგაზრდები განიცდიან ქორწინების პირველ სიამოვნებას, გასინჯავენ რა ორ-სამ წვეთ მურაბას ერთი და იმავე კოვზიდან.

მათ წინ უდებენ პურს – ეგრეთ წოდებულ ჯვარის პურს (джварисъ пури) მასში ჩარჭობილი ხის ჯვარით, რომლის ბოლოებზეც ვაშლები და აბრეშუმის ხელსახოცი ჰკიდია. უკანასკნელი შემდეგ გადადის მეჯვარის მფლობელობაში. ახალგაზრდებს უახლოვდება ორი ადამიანი – ერთი საქმროს მსახური და მეორე კი საცოლისა – ვერცხლის სინით, და მათ წინაშე მუხლებზე დგებიან.

– ღმერთმა ინებოს რომ ერთად მოხუცდეთ, თანხმობასა და სიყვარულში იცხოვროთ, ამბობენ იქ დამსწრენი, რომლებიც ერთი-მეორის მიყოლებით ახალგაზრდებთან მისალოცად მიდიან და სინზე ფულებს ჰყრიან. ეს ფულები შემდეგ მსახურებს შორის ნაწილდება, რომელთაც სინი უჭირავთ, და მათ მონაპოვარს შეადგენს.

მისალოცად მოსულნი, გარდა ამისა, მოვალენი არიან საჩუქრები მიართვან ახალგაზრდებს ნივთებით ან ფულით, რომლებიც ყველაზე უფრო ღარიბ ოჯახში ფასით 50-დან 60 მანეთამდე აღწევს. მთელი იქ დამსწრე საზოგადოების მიერ არჩეული პირი ახალგაზრდებს საჩუქრებს მიართმევს, თანაც ხმამაღლა ამბობს, თუ რომელი საჩუქარი სახელდობრ ვის მიერაა შემოწირული.

საზანდარები ლეკურს უკრავენ; ახალშეუღლებულნი პირველები ცეკვავენ. მათ შემდეგ უნდა ცეკვავდნენ თითქმის ყველანი შეუწყვეტლად: ერთი ამთავრებს და მსუბუქ თავისდაკვარს უკვე მეორე გამოჰყავს სცენაზე. მხოლოდ ვახშამი წყვეტს ამ ცეკვას.

საზოგადოება ორ ნახევრად იყოფა: პატივცემულნი (დარბაისელნი) რჩეულ ადგილას სხდებიან, დანარჩენები კი ვინ ტახტზე განთავსდებიან, ვინ მიწის იატაკზე. ქეიფი დაიწყო...

ქართველს უყვარს კომპანიაში ქეიფი, სადილობა და ვახშმობა. მარტო იგი ძალზედ ცოტას ჭამს; ხშირად მშრალი პურით, მწვანილითა და ყველით კმაყოფილდება. ხოლო იმისთვის კი, რათა კომპანიაში, მეგობარ-ახლობელთა წრეში ისადილოს, ქართველი მზად არის ერთ ჯერზე დახარჯოს თანხა, რომელიც მისი ერთი კვირის გამოკვებაზეა ასიგნებული. “ძვირფასი სტუმრისთვის, მნიშვნელოვანი საოჯახო შემთხვევისთვის, კლავენ თავიანთ ძროხას, რამდენიმე ცხვარს და ხსნიან ღვინის დაბეჭდილ ქვევრს, ხოლო ქვევრში კი შესაძლოა 200 ვედროზე მეტი იყოს”. დიდი დღესასწაულები და ქორწლები მრავალ პურსა და ღვინოს შთანთქავენ, რომელიც მდინარესავით მოედინება.

სადილის წინ ყველანი ხელს იბანენ და შემდეგ ჩვეულებრივ ტახტებზე ან კერის გარშემო, ხალიჩებსა ან ფარდაგებზე განთავსდებიან. ფეხმორთხმულნი ჭამენ და სვამენ; ფაფახებს თავიდან არ იხდიან, ჩოხის სახელოები კი ზურგს უკანა აქვთ გადაყრილი. მოსადილეთა წინ გაშლილია სუფრა, უპირატესად ლურჯი ფერისა, სხვადასხვანაირი ფიგურებით, რომლებიც ნახატის სინატიფით არ გამოირჩევა. მასზე ჭურჭლისა და ყოველგვარი წესრიგის გარეშე დაყრილია შოთის პურები, ჯიხვის ყანწები, ყვავილები და ქართველა საყვარელი მწვანილეულობა: астрагонъ, крессъ-салатъ და სხვა ბალახები. თეფშების სამსახურს უწევთ ვაზის ფოთლები ან ლავაშები – თხელი და მეტად გრძელი უმარილო ხმიადები. მათ ორი ზომისას აცხობენ – შედარებით უფრო მცირეს თეფშებისთვის, ხოლო უფრო დიდებს კი ხელსახოცების ნაცვლად იყენებენ. ლავაშებზე დალაგებულია ყველი, ზურგიელი, ხიზილალა და ხრამული (თევზი მდ. ხრამიდან). აქა-იქ ჩანს არომატული ყვავილები და ბალახები, რომლებიც ქართველის ყნოსვას ატკბობენ.

დიასახლისი კერძებს ასხამს და მოაქვს; სამი თითი ცვლის ჩანგალს, ხოლო დანა კი თითოეულს განუყრელად აქვს ჯიბეში ან ხანჯლის საგანგებო ქარქაშში.

სადილი თითქმის არასოდეს არ მიდის ღვინის გარეშე; თითოეულს აწვდიან თასს. თვით სიმძიმეების გადამტანიცა და მათხოვარიც კი ღვინის გარეშე არასოდეს მიუჯდებიან თავიანთ მწირ ტრაპეზს.

უფროსი სახლში ჯანმრთელობას უსურვებს ყველა იქ მყოფსა და არმყოფს, გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელს სვამს და, წეს-ჩვეულების მიხედვით, ამ დროს ღვინის წვეთს იატაკზე აპკურებს.

ცხელ კერძზე უფრო ადრე შემოიტანენ ძროხის ხორცის დიდ ნაჭრებს, ყველს მწვანილთან ერთად, დოშს, ზურგიელსა და ბოსტნეულს. მსუყე ბოზბაშს – ცხვრის ხორცის სუპს, დუმის ქონის პატარა ნაჭრებით შეგემებულს, ჩიხირთმას – ფქვილიან ბულიონს, ანუ უფრო სწორად სოუსს, კარაქითა და კვერცხებით მომზადებულს, დაჭრილი ქათმის ხორცით, ქართველები უპირატესად ყველა ცხელი კერძის წინ მიირთმევენ. მწვადი თავად სადილის დროს იწვება და რამდენჯერმე შემოიტანება; ფლავს კი სადილის დასასრულს ჭამენ.

მცენარეული საკვები მწვანილეულობის სახით განსაკუთრებით მრავალფეროვანია. ერთი და იმავე მასალისგან რამდენიმე სხვადასხვა კერძი მზადდება, ნუშით, ქიშმიშით, თაფლით, შაფრანით, გამხმარი შინდითა და სხვა ტკბილი და მჟავე საკმაზებით შეგემებული.

მთელი ამ საგნებით, კომპანიაში და ჰაერზე, და არა სახლში, სადაც მას სული ეხუთება, უყვარს ქართველს პირის ჩატკბარუნება. მუდამ მძინარე ბიჭი (бичо – мальчикъ слуга) ვერ ასწრებს ამ დროს თავისი ბატონის უცნაურ ახირებათა დაკმაყოფილებას. მუსიკა და სიმღერა აქაურისთვის ყველაზე უფრო მეტად არის სადილის დროს აუცილებელი. ანტრაქტის დროს იგი ან მღერის, ლეკურს ცეკვავს, “ოსტატურად ლავირებს რა ფეხის წვერებით თეფშებსა და ბოთლებს შორის”. თუკი ქართველი მარტო სადილობს, იგი მაშინაც მღერის, დაირაზე ან ჩონგურზე უკრავს (განსაკუთრებული მოწყობილობის ბალალაიკაზე სპილენძის სიმებით).

სადილის დროს ბევრი ღვინო ისმება, მაგრამ ქართველები მთვრალები ძალზედ იშვიათად არიან ხოლმე. “აქ – დედის ძუძუდან პირდაპირ ტიკის (ტყავის ტომარა შიგ ჩასხმული ღვინით) ყელთან”. ღვინოს მცირე ასაკიდანვე ეჩვევიან. კახეთში, სადაც განსაკუთრებით უხვადაა ღვინო, ხშირად დედა არ დააწვენს დასაძინებლად ბავშვს, სანამ ღვინოს არ დაალევინებს, “მისი ასაკისთვის შეუსაბამოს”; ათი წლის ბიჭი ადვილად განარჩევს წყალგარეულ ღვინოს.

საქართველოს ამ მადლიან მხარეში ღვინოს არაფრად არ აფასებენ. ჯერ კიდევ შორს არ წასულა ის დრო, როდესაც მცხოვრებნი, წყალზე სიარულის დაზარების გამო, ღვინით იბანდნენ ხელ-პირს, ღვინოზე ამზადებდნენ საჭმელს და ღვინოს მოასხამდნენ ხოლმე იატაკზე.

ხმაურიან ქართულ სადილებში ქალები მონაწილეობას არ ღებულობენ; მათი თავაზიანობა და გრაცია ამ დროს ხელის შემშლელად ითვლება. ქალები ცალკე, გვერდზე სადილობენ, არ შეერევიან რა მამაკაცებს, და ხდება ხოლმე, რომ კარგა მაგრადაც ქეიფობენ (кутятъ на славу). ტფილისის ბევრი მაცხოვრებლის მეხსიერებაშია შემორჩენილი, რომ 20 წლის წინათ ყველანი “გაოცებაში მოჰყავდა ერთ ქართველ ქალს, სახელად გუკას, რომელიც ყველას დასანახად უზარმაზარი რაოდენობის კახურ ღვინოს ანადგურებდა”. მისი ამბავი მთელ მხარეში გავრცელდა; ყოველი მხრიდან დაიწყეს ქალაქში ჩამოსვლა, რათა ეს საოცრება ეხილათ – ერთნი ცნობისმოყვარეობის გამო, სხვები კი რათა ამ არაჩვეულებრივ ქალს სმაში გაჯიბრებოდნენ. “როგორც ჩვენთვის ნამდვილადაა ცნობილი, ამბობს თვალითმხილველი, მეტოქე მაინც ვერ მოიძებნა მთელს საქართველოში; და ძნელედაც თუ ექნებოდა ვინმეს საამისოდ ფიზიკური შესაძლებლობა. გუკა ერთბაშად სვამდა ღვინის არა თუნგებით, არამედ ვედროებით, და ოდნავადაც არ თვრებოდა. ვედროს იგი ისე სვამდა, როგორც ჭიქას, თუნგს კი (5 ბოთლს) – როგორც მომცრო არყის ჭიქას (рюмка). ეს ანდაზადაც კი გავრცელდა, რომელსაც ახლა არცთუ იშვიათად მოისმენ ტფილისში” («О грузинской медицине», Н. Берзеновъ).

ქალების კარჩაკეტილობა (затворничество) და კაცებისგან მათი გამოცალკევება ქართულ დღესასწაულებს განსაკუთრებულ, თავისებურ კოლორიტს აძლევდა. როგორც ერთნი, ისე მეორენიც, განსაკუთრებულად სულაც არ ნანობდნენ ასეთი გაყოფის გამო და სრული ენთუზიაზმით ეძლეოდნენ გართობას, განსაკუთრებით კი ქორწილებში. სახლის ერთ კუთხეში ყვირიან, მღერიან და სვამენ კაცები; მეორეში – ცეკვავენ და ასევე სვამენ ქალები.

მხოლოდ ახალდაქორწინებულები არ ღებულობენ, როგორც ჩანს, არანაირ მონაწილეობას საერთო მხიარულებაში. ნეფე ზის უჩუმრად მოქეიფეთა შორის, მიხ მახლობლად კი, ვუალის ქვეშ, ახალგაზრდა მეუღლე, რომელსაც დაბლა აქვს თვალები დახრილი. ძალზე იშვიათად ხდება, რომ დედოფალი რამეს შეჭამს, არამედ, უმეტეს წილად, მკაცრად ასრულებს ხალხურ წეს-ჩვეულებას.

– ნეფე არ ჭამს, იძახის ერთერთი სტუმართაგან, და ამაზე აქცევს სიდედრის ყურადღებას.

ამ დრომდე თუ ყოველი ნაბიჯისთვის იხდიდა ნეფე, ახლა იგი, თავის მხრივ, მოელის პირის გასახსნელს – საჩუქარს სიდედრისგან, რომელიც მიართმევს მას წყვილ წინდას, პირსახოცს ან რაიმე ამგვარს. მიიღებს რა საჩუქარს, ნეფეს სახე გაუნათდება. სცენაზე გამოჩნდება ჯიხვის რქები, უზარმაზარი მომურვილი თასები ღვინით და სხვა ინსტრუმენტები. ღვინით სავსე ჭურჭელი ხელიდან ხელში გადადის, ურთიერთ მილოცვებისა და სურვილების თანხლებით.

– იღბალი ნეფესა და მეჯვარეს, წარმოთქვამენ ერთნი.

– დაე ჰქონდეთ იღბალი! პასუხობენ სხვები, და ღვინოს სვამენ.

მხიარული კომპანია ქეიფობს, ნადიმი სრულადაა გახურებული...

– ტოლუბაში! – იძახის რამდენიმე ხმა.

იწყება ტოლუბაშის არჩევა – ნადიმის თავისა და მისი კანონების დამცველისა. იგი გახლავთ – მოქეიფე ბახუსის წარმომადგენელი, ნადიმებში გამოწრთობილი ფოლადი, პირველი დარდიმანდი, т. е. кутила.

ტოლუბაში ერთხმადაა არჩეული. მას აცვია ფართო აბრეშუმის შალვარი, პეწიანი ჩოხა, რომლის სახელოებიც ზურგს უკანა აქვს გადაყრილი; ყელ-კისერი შიშველი აქვს ყველანაირ ამინდში. თავზე ახურავს მაღალი ფაფახი, გვერდზე დარდიმანდულად ჩაკეცილი; ჩექმების წვერები კავივით ზემოთაა აპრეხილი. მისი მიმოხვრა ნელია; მოძრაობები საკუთარი აღმატებულობის შეგნებითაა აღსავსე. ტოლუბაში უნდა იყოს მხიარული, უდარდელი, მოლაპარაკე და მახვილგონიერი. ვინც არ გაზრდილა მარნებში (ღვინის დასაწური და ამ სასმელის შესანახი), ის ჯობია ტოლუბაშობაში ცხვირს არა ჰყოფდეს. ამ წოდებას მხოლოდ ისინი აღწევენ, რომელთაც თავიანთ მუცელში ერთდროულად ღვინის უზარმაზარი რაოდენობის მოთავსება შეუძლიათ, ისინი, რომლებიც სტუმრებს ღვინოს ჭიქით ასმევენ, ხოლო თავად კი ბოთლით სვამენ. ტოლუბაში მხოლოდ მაშინ ისვენებს დიდებით მოსილი (на лаврахъ), როცა ღვინის ყველა დოქი, რამდენიც არ უნდა იყოს ისინი, ცარიელი აღმოჩნდება. იგი მოქეიფეებზე დესპოტური ძალაუფლებით სარგებლობს; მისი თითოეული სადღეგრძელო – ყველა დანარჩენისთვის კანონია; მისი თითოეული მოთხოვნა სიტყვაშეუბრუნებლად უნდა იქნას შესრულებული. იგი ბრძანებს შეიხსნან გულისპირი – პერანგის საყელოს ირიბი შესაკრავი – და გაიღეღონ მკერდი: ყველა ასრულებს მის ბრძანებას.

– ჭამე! ყვირის იგი, გაგლეჯს რა ხელებით ქათამს და გადაუგდებს მის ნაწილს მეზობელს.

– დალიე! ეუბნება იგი სხვას, დალიე, გეუბნები, თუ არა და ამ ყანწს თავზე დაგაცლი – და მართლაც დააცლის, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყანწი ზოგჯერ დახევარ თუნგს იტევს და მისი დალევის არანაირი შესაძლებლობა არ არის.

სხვა მხრივ, ვისაც არ შეუძლია მისთვის მიწოდებული ღვინის დალევა, ადათის მიხედვით, ვალდებულია, დანარჩენი ზურგს უკან გადაღვაროს. ამის არ შემსრულებლს ჯარიმა ეკისრება, რომელიც ავალდებულებს ბოლომდე დალიოს არდალეული და კიდევ იმდენივე დააყოლოს, თუნდაც დამნაშავემ ვეღარ გაუძლოს და, წაიქცევა რა მიწაზე, “გაბერილი ტიკჭორის მდგომარეობაში” მოვიდეს.

– განისვენე, საყვარელო მეგობარო! ეუბნება მას ტოლუბაში, სკვდილი უკვდავების დასაწყისია.

საერთოდ, ქეიფის დროს, ქართველები ცდილობენ ერთი-მეორეს ასიამოვნონ და თუ ყველას ვერა, მეზობელს მაინც თითოეული გემრიელი ნაჭერი გაუნაწილონ.

– მარტო ბალახით რომ შეიძლებოდეს ცხონება, მაშინ სახედრები პირველები შეირბენენ სამოთხეში, ამბობს ტოლუბაში, როცა შეამჩნევს, რომ სტუმართაგან რომელიმე მხოლოდ მწვანილს ჭამს.

ტოლუბაშს ხუმრობით რამდენიმე ღვინის ბოთლი ააცალეს. იგი იხსენებს, რომ კახეთის ზოგიერთ სოფლებში, ქალები, რომლებსაც რომელიმე ნათესავი ჰყავთ ტყვეობაში, კაბებს გადმობრუნებულად იცვამენ, სანამ მათ არ გამოსყიდიან ან ტყვეობიდან არ გაათავისუფლებენ – იგი იხსენებს ამას და ამ წეს-ჩვეულებას თავისი პიროვნებისადმი იყენებს.

– ვხედავ, რომ ჯარი თქვენს ხელშია, ამბობს ტოლუბაში, აქნევს რა თავს და გულგრილად უკუღმა გადმოაბრუნებს ჩოხას. მაგრამ ვინ იქნება თავდები ახლანდელ ყოყოჩურ დროში, რომ მის რიგებში დგანან მეომრები (ე. ი. ბოთლები), რომელთა გულებშიც არ გაციებულა ჩემდამი, თავიანთი ერთგული ქომაგისადმი მომხრეობა. ისინი პირველივე ხელსაყრელ შემთხვევას, მოწინააღმდეგის პირველივე თვალის მირულვას ან შეცდომას ელოდებიან, რათა ჩემი დიდების ხელმყოფელის წინააღმდეგ საკუთარი სისხლით გამოვიდნენ.

– შენ კარგი ორატორი ხარ, შეუნიშნა მას ვიღაცამ.

– მე ვსწავლობდი რიტორიკას, პასუხობს იგი, მეღვინეობისა და ამ მრეწველობის წახალისების სახელმძღვანელოდან.

გამოიხსნის რა ტყვეობიდან ბოთლებს, ტოლუბაში სვამს ღვინოს და წაღმა გადმოიბრუნებს ჩოხას.

– ზაფხულში უფრო მეტი სვით, ვიდრე ზამთარში, ურჩევს იგი თანამეინახეებს, იმისთვის, რათა შინაგანი სიმხურვალე გარეგანს გაუთანაბრდეს; მხოლოდ მაშინ შეუძლია ადამიანს რომ თავიდან აიცილოს ავადმყოფობანი, რომლებიც აქ ჩვეულებრივ ცხელ ამინდში მძვინვარებს.

ტოლუბაშის დიდება ვერ მოქმედებს: სტუმრები ცოტას სვამენ – იგი გაბრაზებას იწყებს.

– ბატონებო, ყვირის იგი, ნუ აწყენინებთ მასპინძელს! ჩააფურთხეთ მის ქვევრში, თუკი არ მოგწონთ მისი ღვინო. თქვენ გადიხართ მორჩილებიდან. თუკი თქვენ მე ტოლუბაშად ამირჩიეთ, მაშინ მომეცით ნება რომ ჩემი კანონიერი უფლებებით ვისარგებლო, ან მომკალით, როგორც მოღალატე – აჰა ჩემი ხანჯალი!

იშიშვლებს რა ხანჯალს, იგი მას სტუმრებს აწვდის.

– მზე თანაბრად ანათებს, აგრძელებს იგი, ჭკვიანებსაც და სულელებსაც, ამიტომ ჩვენც თანაბრად უნდა ვსვათ. გრცხვენოდეთ, ბატონები, სისხლი კი არა, რძე დის თქვენს ძარღვებში. დაე თქვას თითოეულმა: შეშინებია თუ არა მოწინააღმდეგის დანახვისას? თუ ღვინის დოქები მიიღეთ მოწინააღმდეგის ჯარად? დალიეთ, ბატონებო, გადაარჩინეთ ღვთის ნაბოძვარი გაფუჭებას. იმისთვის არა აქვს ადამიანს ღვინო მოცემული, რომ ძმრად გადააქციოს... მე ვიცნობ თქვენს კეთილ გულს: თქვენ გაგიძნელდებათ რომ უარი თქვათ ჩემს დაბეჯითებულ თხოვნაზე...

და სტუმრებიც სვამენ ერთმანეთის ჯანმრთელობის სადღეგრძელოებს.

– ალა-ვერდი (ღმერთმა მოგვცა), ეუბნება ქართველი მეზობელს, მიაქვს რა ტუჩებთან აზარფეშა.

– იახში-იოლ (გზა მშვიდობისა – ჯანმრთელობა გქონდეს), პასუხობს იგი, აკეთებს რა იგივეს.

კომპანიაში თავიდან ჩამოატარებენ აზარფეშას, კულას, ჭიქებს, ხოლო შემდეგ კი გზას აძლევენ ჯიხვის ყანწებსაც («Письма изъ Кахетiи», кн. Р. Эристова. Кавк. 1846 г. № 25. «Грузинскiе очерки и типы», Кавк. 1847 г. № 16 и 17. «Грузiя и грузины», Бокрадзе. Кавк. 1851 г. № 31. Тифлисскiя ведомости 1831 гю № 5). გრძელდება მხიარული კომპანიის ქეიფი, და მხოლოდ ხვრინვა ან მთვრალი ბოდვა არღვევს, დრო და დრო, საერთო მხიარულებას...

პატარძლის სახლიდან მოქეიფენი ნეფის სახლისკენ მიემართებიან. ახალგაზრდა ქალი ახალი გადასაფარებლით შეკაზმულ ცხენზე ამხედრებულა ან გასუფთავებულ და ხალიჩებით მორთულ ურემზე ზის* (*ურემი – იქაური ეკიპაჟია, რაღაც მარხილის მსგავსი, ორ უზარმაზარ ბორბალზე, რომლებიც მუდამ ჭრიალებენ). მათი თანმხლები სტუმრები მთელ გზაზე სიმღერებს მღერიან. თუკი გზად მოუწევთ, რომ სხვა ასეთსავე მატარებელს გადაუსწრონ, მაშინ ამის გაკეთება აუცილებელია მარჯვენა მხრიდან, სხვანაირად, ხალხური ცრურწმენის მიხედვით, უბედურებას ვერ გაექცევი. ძალზედ ბუნებრივია, რომ თითოეულის სურვილს რათა უბედურებაში არ ჩავარდნენ, საქმე არცთუ იშვიათად მეტოქეობასა და დავებამდე მიჰყავს. ხალხის მახვილგონიერება აქაც იძლევა საკითხის მოგვარების შესაძლებლობას. “ორივე ნეფე ჩამოქვეითდება, მიუჯდება იმპროვიზებულ სუფრას, სვამენ ერთიმეორის სადღეგრძელოებს და მეგობრებად შორდებიან”.

ნეფის სახლში დედამთილი ახალგაზრდა ქალს ასევე შაქრით ხვდება.

მეჯვარის თანხლებით პატარძალი შედის დარბაზში – მთავარ ოთახში. მას კერის გარშემო შემოატარებენ. დამსწრენი იშიშვლებენ იარაღს, ჯვარედინად ურტყამენ ბოძებს, რომლებსაც ჭერი უჭირავთ, და ჯაჭვს, რომელზედაც საჭმლის მოსახარში ქვაბია ჩამოკიდებული. პატარძალს მუხლებზე უსვამენ ბიჭს – რათა მან მემკვიდრე აჩუქოს ქმარს. ახალშეუღლებულთა თანდასწრებით იწყება ისევ ქეიფი გვიან ღამემდე...

ახალგაზრდები დგებიან და მომდევნო დღემდე გვირგვინების მოხსნა უნდათ, მაგრამ მოსამსახურე ქალი არ აძლევს მათ ამის ნებას – იგი მოითხოვს საზღაურს. გადაუხდიან რა მას, ახალგაზრდები შედიან საძინებელში, ნათესავების თანხლებით. საწოლზე გარდიგარდმო წევს ლოგინის მცველი ქალი (постельничая) და, არავის რომ არ უშვებს, მოითხოვს ასევე საზღაურს. დააკმაყოფილებს რა მის მოთხოვნას, ახალგაზრდა ქმარი სვამს ლოგინზე ცოლს, მარჯვენა ფეხზე ხდის მას ფეხსაცმელს და უხსნის დუგმებს მარჯვენა ხელზე. იქ მყოფნი ტოვებენ ოთახს, უსურვებენ რა ახალგაზრდებს მშვიდობის ღამეს.

დარჩებიან რა ორნი, ახალგაზრდა ცოლი თითქოსდა უკმაყოფილოა და პირს იბრუნებს. იგი ელოდება ხმის გასაცემს (хмисъ-гасацемы) – საჩუქარს საუბრისთვის, და, მიიღებს რა ქმრისგან რაიმე ნივთს, ხდება ალერსიანი და მოლაპარაკე. “თუკი მეორე დღეს მოიტანენ полустаки – ტკბილეულობას, მომზადებულს თაფლის, კარაქისა და ფქვილისგან – ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდები... დაპირდნენ ერთმანეთს, რომ იცხოვრებენ მშვიდობით, თანხმობასა და სიყვარულში, და კმაყოფილნი არიან ერთი-მეორით”.

როდესაც მონაწილენი უკმაყოფილონი არიან ქორწილითა და გამასპინძლებით, მაშინ, არ მალავენ რა თავიანთ უკმაყოფილებას, ეუბნებიან მას სიძეს დამშვიდობებისას.

– სიძევ! ამბობენ ისინი, შენი გვირგვინი კურთხეულია, მაგრამ ჩვენი ქამრები ვიწროდაა შემოჭერილი, იმიტომ რომ კუჭები ცარიელია...

სამ დღეს გრძელდება ქეიფი ქორწილის შემდეგ. მესამე დღეს, სტუმრების შეკრებისას, მეჯვარე მიდის პატარძალთან, რომელსაც მთელი ამ დროის მანძილზე საფარველი ეფარა და ხმლის წვერით სწევს მას. ამ დროს იქ დამსწრე სტუმრები მიართმევენ პირის სანახავს (пирисъ санахави) – საჩუქარს სახის ნახვისთვის. თითოეული მოვალეა გაუკეთოს საჩუქარი თავისი შეძლების და მიხედვით: აზარფეშა, ვერცხლის ნივთი, რამდენიმე თუმანი ან სხვა რაიმე ღირებული ნივთი.

– ღმერთმა მისცეს ჯანმრთელობა ამასა და ამას: იგი ჩუქნის ახალშეუღლებულებს ამდენ კომლ გლეხს, აცხადებს მეჯვარე თითოეულის შესახებ, ღებულობს რა ნივთს მჩუქებლისგან.

ქორწილიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, რომელიმე დიდი დღესასწაულის წინ, ახალგაზრდა ქალის მამას, ან ძმას, ან ნათესავს მოჰყავს მასთან მოსაკითხი (мосакитхи) – საჩუქარი, რომელიც შედგება ძროხის, ცხვრის, წყვილი ქათმების, ბატების და ერბოზელილი პურისგან (ნაზუქისგან); ღარიბი ადამიანები ძროხის გარეშეც იოლად გადიან.

ქორწილის ზეიმობა დასრულებულია. თითქოსდა ახალგაზრდებს წინ მხიარული თაფლობის თვე და სასიამოვნო ცხოვრება ელოდებათ ელოდებათ. სინამდვილეში ასეთი დასკვნა არცთუ მთლად სწორი აღმოჩნდება. ხალხური წეს-ჩვეულების მიხედვით, გათხოვდება რა და შევა ახალ, მისთვის უცხო ოჯახში, ახალგაზრდა ქალს არა აქვს უფლება, რომ თავისი ქმრის მამას, დედას ან ძმებს იმ დრომდე დაელაპარაკოს, სანამ მას არ ეყოლება შვილები. თუკი ეს შუალედი ხანგრძლივი იქნება, მაშინ საწყალი ქალი გადაიტანს არაერთ საყვედურს დედამთილისგან (отъ дедамтили) – სახელწოდება, რომელთანაც საქართველოში, როგორც საერთოდ ქვეყნების უმეტეს ნაწილშიც, შეერთებულია გაგება ბრაზიანი, ჭირვეული დედაბრის შესახებ, რომლის გამომცდელი მეთვალყურეობის ქვეშაც არაერთი ახალგაზრდა არსება წუხს და იტანჯება.

უნაყოფო ქალი არა მხოლოდ თავისი ქმრისა და მისი ოჯახის პატივისცემით არ სარგებლობს, არამედ, უბრალო ხალხის წრეში, ბევრ და მნიშვნელოვან შევიწროვებას განიცდის. ეს წამება ზოგჯერ რამდენიმე წელიწადს გრძელდება, და მთელი ამ დროის მანძილზე ქმარი ცოლის ნაცვლად პასუხობს, რომელიც პანტომიმით გამოხატავს თავის სათქმელს. არ არის გასაკვირი ამის შემდეგ, რომ ყველა ქართველ ქალს ასე მგზნებარედ სურს შვილების ყოლა და ამისთვის ყველა საშუალებას იყენებს, რომელიც მხოლოდ კი ხალხის ცრურწმენას შეუქმნია. უნაყოფო ქალი აღმოსავლეთში ღმერთის მიერ არკურთხეულად ითვლება. იგი სთხოვს შემოქმედს მისი ცოდვების პატიებას, სდებს აღთქმებს და ჩქარობს წმ. დავითის მონასტერში, სადაც არის ნაკადული, რომელსაც გადმოცემით, უნაყოფო ქალების განაყოფიერების ძალა გააჩნია. ეს მონასტერი თავად ქალაქ ტფილისის მახლობლად იმყოფება.

ქალაქის მთელ დასავლეთ მხარეზე მიემართება ციცაბო მთა, რომელსაც აქაურები მთა-წმინდას (Мта-цминда – святая гора) უწდებენ. მის ერთ-ერთ ბაქანზე დგას წმ. დავითის მონასტერი, რომელიც მთელ ქალაქსა და მის შემოგარენებზე მაღლა მოჩანს.

გადმოცემა გვამცნობს, რომ წმ. დავითი, ერთ-ერთი 13 ასურელ მამათაგან, მოსაგრეობდა მთა-წმინდაზე. იგივე გადმოცემა მეტყველებს, რომ ახალგაზრდა ქალიშვილი, ერთერთი დიდგვაროვანი ადამიანის ასული, რომელიც მთის მახლობლად ცხოვრობდა, ორსულად შეიქნა და, თავის დანაშაულში ბრალეულის ჩაგონებით, ცილი დასწამა მოსაგრეს იმაში, რომ იგია მისი ორსულობის მიზეზი.

წმ. დავითს სასამართლოში მისვლა მოსთხოვეს. მან სახალხოდ ამხილა ცილისმწამებელი. შეეხო რა მის მუცელს კვერთხით, წმიდანმა იკითხა: არის თუ არა იგი ჩასახული ბავშვის მამა? დედის წიაღიდან მოისმა ხმა, რომელმაც ქალიშვილის შემცდენელის სახელი დაასახელა. უბედურმა ქალმა უეცრად სასტიკად მტანჯველი ტკივილები იგრძნო და, წმინდანის ლოცვებით, ბავშვის ნაცვლად ქვა დაბადა. ამ ქვამ შემდგომში გასწია ქვაშვეთის ეკლესიის საძირკვლის სამსახური, რომელმაც მისგან მიიღო კიდეც თავისი სახელწოდება (ква – камень, шва – родила). მის მიმართ გამოთქმული ცილისწამების სანაცვლოდ წმინდანმა სთხოვა უფალს მთაზე ცოცხალი წყლის წყაროს აღმოცენება, რომელსაც უნაყოფო ქალების განაყოფიერების ძალა ექნებოდა. უკანა კუთხეში, მონასტრის ახლოს, სადაც მთა ისევ ციცაბო კლდის სახით აღიმართება, მისგან ანკარა წყაროს წყალი გადმოდის და, “მიწაში მოწყობილ აუზში უწყვეტ ნაკადად ჩაედინება”.

ჩვეულებრივი ხუთშაბათის ზევით – დღისა, რომელიც ყოველკვირეულად ეძღვნება წმ. დავითს, въ семикъ, ე. ი. აღდგომის შემდეგ მეშვიდე კვირის ხუთშაბათს, მონასტერში ხდება ხალხის განსაკუთრებულად დიდი თავყრილობა. იქაურთა ბრბოები (Толпы туземцевъ) ყოველი მხრიდან იჩქარიან მონასტერში.

ემთხვევა რა ხატს, თითოეული ქართველი ქალი სამჯერ შემოუვლის გარს ეკლესიას, შემოავლებს რა მას გარშემო ქაღალდის ძაფს. ამ წესის აზრს ზოგიერთი იმით ხსნის, რომ ქართველებში ვინმეს გარეშემო შემოვლა ნიშნავს მის მიმართ უსაზღვრო ერთგულებისა და სიყვარულის გამოხატვას. ეფერება რა ნაზად საყვარელ ბავშვს, ქართველი ქალი ეუბნება მას: “შენს თავს გარეშემო შემოვუვლი” (თავს შემოგევლები /тавъ шемогевлеби/).

ტაძრის ჩრდილოეთ კედელი, საითკენაც ქალები იჩქარიან გულმოდგინე ლოცვის შემდეგ, მთლიანად წვრილი კენჭებითაა მოფენილი, რომლებიც საკმარისად ძლიერად არიან მასზე მიმაგრებული. თითქმის ყველა ქართველი ქალი – ერთი აშკარად, მეორე კი მალულად – ძლიერად აძგერებული გულით მიადებს კედელს პატარა კენჭებს, რომლებიც მნიშვნელოვანი რაოდენობითაა მიმოფანტული მიწაზე. კედელზე მიწებებული კენჭი ან ლოცვის დროს მთაში შრიალის ხმა ნიშნავს სურვილის აღსრულებას, ლოცვის უფლისთვის სათნოობას და განსაკუთრებით ჰპირდება: ქალწულს – საქმროს, ხოლო გათხოვილ ქალს კი – შვილის დაბადებას.

უბედური ქალები, რომლებსაც უკვდებათ შვილები, ასევე მიმართავენ წმინდანის მეოხებას: აღასრულებენ ლოცვებს და ჰპირდებიან, რომ ახალშობილს წმინდანს მიუძღვნიან გარკვეული წლების მანძილზე (на известное число летъ). ასეთ მიძღვნილებს ბერი (бери) ეწოდებათ. ისინი თეთრ სამოსელს ატარებენ და გრძელი, შეუჭრელი თმებით დადიან.

მიძღვნის ვადის დასრულების შემდეგ, ბავშვი ფეხშიშველი მიჰყავთ ეკლესიაში. ეკლესიის კარიბჭესთან მღვდელი მას თმებს ჰკვეცს და ფერად სამოსელს აცმევს. აღასრულებენ მსახურებას, რის შემდეგაც კლავენ ხარს ან ცხვარს და გლახაკებს ურიგებენ.

ასეთივე იმედითა და მოწიწებით იჩქარიან ქართველები ალავერდის ტაძრის დღესასწაულზე, რომელიც 15 სექტებერს უწევს ხოლმე. მლოცველები უკვე წინა დღეს იკრიბებიან. ეკლესიის კარებთან ძევს მავთულების გროვა – ქართველების ცრურწმენათა მოწმეებისა. დაავადებული შემოიხვევს მავთულს, ატარებს მას სნეულების შემსუბუქებამდე და შემდეგ კი, აღთქმის მიხედვით, მიემართება ამა თუ იმ ეკლესიაში, ტაძრის დღესასწაულზე, სადაც, მოიხსნის რა მავთულს, დებს მას ეკლესიის კარებთან და ისმენს მსახურებას. ბევრი ქალი აქაც მუხლებზე დაჩოქილი შემოუვლის გარეშემო ეკლესიას და შემოახვევს რა მას ძაფებს, დაავადებული ბავშვის ან ახლო ნათესავის გამოჯანმრთელებას ევედრება...

მაგრამ ჩვენ ისევ დავუბრუნდებით ქართველთა ცრურწმენის განხილვას, გავეცნობით რა წინასწარ მათ ქალაქურ ყოფა-ცხოვრებას.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა  


No comments:

Post a Comment