Sunday, November 4, 2012

შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების პრაქტიკა საზღვარგარეთის ქვეყნებში

(ეს წერილი გამოქვეყნებულ იქნა 1996 წლის მიწურულს საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ნაშრომს სახით და მიზნად ისახავდა პარლამენტის წევრთა, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის უზრუნველყოფას სათანადო ინფორმაციით. ახლა მას ვაქვეყნებთ მცირეოდენი სარედაქციო შესწორებებით)

კვლევითი ნაშრომი მომზადებულია საქართველოში “საყოველთაო სამხედრო ვალდებულების” კანონპროექტის საინფორმაციო უზრუნველყოფის ფარგლებში. მასში განხილულია საზღვარგარეთის ქვეყნებში ისტორიულად ჩამოყალიბებული და დღესდღეობით მოქმედი შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების სისტემები – ნებაყოფლობით-პროფესიული, საყოველთაო სამხედრო (ეროვნული) ვალდებულებისა და შერეული, რომელიც წინა ორის კომბინირებით ხორციელდება. აღწერილია მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები და ამ სფეროში არსებული თანამედროვე ტენდენციები. დასკვნით ნაწილში წარმოდგენილია როგორც ჩვენი უახლოესი მეზობლების (სომეხი და აზერბაიჯანელი სამხედრო სპეციალისტების), ისე ქართველ სამხედროთა თვალსაზრისიც.

შინაარსი


რეფერატი
შესავალი
I. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების პრინციპების ზოგადი მიმოხილვა
II. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ნებაყოფლობით-პროფესიულ საფუძველზე III. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება შერეული პრინციპის საფუძველზე
IV. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება საყოველთაო სამხედრო ვალდებულების საფუძველზე
დასკვნა
გამოყენებული წყაროები
დანართი

რეფერატი


წინამდებარე საინფორმაციო-კვლევითი ნაშრომი შედგება შესავალი ნაწილის, ოთხი ძირითადი თავისა და დასკვნისგან. ბოლოში მითითებულია გამოყენებული წყაროები.

შესავალში მოკლედაა ნათქვამი, რომ მსოფლიოს სახელმწიფოებში ისტორიულად ჩამოყალბდა შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების სამი მექანიზმი: ა). ნებაყოფლობით-პროფესიული, ბ). საყოველთაო სამხედრო (ეროვნული) ვალდებულების საფუძველზე სამსახურში გაწვევისა და გ). შერეული, რომელიც პირველი ორის შეხამებით ხორციელდება.

პირველ თავში უფრო დაწვრილებითაა განხილული შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების ზემოთ აღნიშნული სისტემები, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ის სახელმწიფოები, რომლებშიც ეს სისტემები და მათ საფუძველზე დამყარებული სტრუქტურები და მექანიზმები მოქმედებს, ისტორიული ტრადიციები, რომლებიც აღნიშნულ სახელმწიფოებში ასეთი მექანიზმების ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს.

მეორე თავში, ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მაგალითზე, განხილულია შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების ნებაყოფლობით-პროფესიული სისტემა. ნათქვამია, რომ აღნიშნულ სახელმწიფოებში მოხალისეთაგან დაკომპლექტებული პროფესიული ჯარების გამოყენებას დიდი ისტორიული ტრადიციები დააჩნია. შეერთებული შტატების მაგალითზე, შედარებით უფრო დეტალურადაა ნაჩვენები ამ პრობლემის დასავლური ხედვა და მის საფუძველზე აგებული მოხალისეთა შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვის სისტემა. პაკისტანის მაგალითი კი იმით არის სანტერესო, რომ იქაური არმიის დაკომპლექტებაში ქვეყნის ხელმძღვანელობა ეყრდნობა გარკვეულ ეთნიკურ და კონფესიურ ჯგუფებს და მათი მეშვეობით ახორციელებს თავის სამხედრო პოლიტიკას.

შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების შერეული სისტემა ყველაზე უფრო გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. იგი ემყარება საყოველთაო სამხედრო (ეროვნული) ვალდებულების კანონის საფუძველზე სამხედროვალდებულთა გაწვევას, ხოლო იმ თანამდებობებისა და ვაკანსიების დასაკავებლად კი, რომლებიც მოითხოვენ სამხედრო მოსამსახურეთა შედარებით მაღალ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს (სერჟანტები და უნტერ-ოფიცრები, აგრეთვე იარაღის რთული სისტემების მომსახურე პერსონალი), გათვალისწინებულია კონტრაქტის საფუძველზე მოხალისეთა მიღებაც. ეს პრინციპი შედარებით დეტალურადაა განხილული საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მაგალითზე, ხოლო სხვადასხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში კი კონტრაქტით სამსახურის თავისებურებათა შესახებ ნათქვამია ამ ქვეყნების მაგალითზეც.

მხოლოდ სამხედროვალდებულთა გაწვევის საფუძველზე შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება მეტად მცირე რაოდენობის სახელმწიფოებში. მათ ტიპიურ ნიმუშს წარმოადგენს ისრაელი, რომელიც დაარსების დღიდან გარემომცველი არაბული სახელმწიფოების მხრიდან მუდმივი მუქარის ქვეშ იმყოფება და, შესაბამისად, მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსების გამოყენება უხდება თავისი სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად.

დასკვნით ნაწილში შეჯამებულია ინფორმაცია შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების ზემოთ განხილული სისტემების თაობაზე და, ამასთანავე, მოკლედ მიმოიხილება ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში – აზერბაიჯანსა და სომხეთში ამ პრობლემის გადაყვეტის პრაქტიკა. აქვე აღნიშნულია ქართველ სამხედრო სპეციალისტთა მიდგომა შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების პრინციპისადმი.

შესავალი


საზღვარგარეთის ქვეყნებში შეიარაღებული ძალების დაკომპლექტებას დიდი ყურადღება ექცევა და მნიშვნელოვანი ისტორიული ტრადიციებიც გააჩნია, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში. ამასთანავე, თითოეული სახელმწიფო თავისი ჯარების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებას ახდენს როგორც მისი ისტორიული გამოცდილებისა და ტრადიციების საფუძველზე, ისე აღნიშნულ სფეროში სხვა ქვეყნების პრაქტიკისა და მიღწევების შესწავლითა და გათვალისწინებით. ამის მაგალითები სამხედრო ისტორიაში უამრავია, მაგრამ ამჯერად მათ კი არ შევეხებით, არამედ ერთგვარი შეჯამების სახით ვიტყვით, რომ ყველა სახელმწიფოში შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების პრაქტიკა საბოლოო ჯამში დაიყვანება სამ პრინციპზე: ა) ნებაყოფლობით-პროფესიულ საფუძველზე, ბ) საყოველთაო სამხედრო ვალდებულების საფუძველზე და გ) შერეული პრინციპით – როგორც ნებაყოფლობით-პროფესიული, ისე საყოველთაო სამხედრო ვალდებულების მექანიზმების კომბინირებით. ქვემოთ, სამხედრო მშენებლობის საკითხებში დიდი გამოცდილების მქონე სახელმწიფოების მაგალითზე განვიხილავთ სწორედ ამ პრინციპებსა და მათ რეალიზაციას პრაქტიკულ საქმიანობაში.

I. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების პრინციპების ზოგადი მიმოხილვა


როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების ერთერთი პრინციპია ნებაყოფლობით-პროფესიული ანუ მოხალისეობითი. ეს პრინციპი მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო (ქვემოთ – გაერთიანებული სამეფო), კანადა, პაკისტანი, იაპონია, საუდის არაბეთი და სხვა.

როგორც შეერთებულ შტატებში, ისე გაერთიანებულ სამეფოშიც ჯარების დაკომპლექტება ტრადიციულად ხდებოდა ნებაყოფლობით საფუძველზე ანუ მოხალისეთაგან. პირველი დანარჩენი მსოფლიოსგან ორი დიდი ოკეანით არის იზოლირებული, ამიტომ სკუთარი თავდაცვისთვის ამ საუკუნის დასაწყისამდე მრავალრიცხოვან შეიარაღებულ ძალებს არ საჭიროებდა. მეორეს კი, როგორც უძლიერეს საზღვაო სახელმწიფოს, რომელიც თავისი ფლოტის ძლიერებით ასევე დაცული იყო მის ტერიტორიაზე მოწინააღმდეგის მსხვილი ძალების მოულოდნელი შემოჭრისგან, ევროპის კონტინენტზე XX საუკუნის დასაწყისამდე მსხვილმასშტაბიანი საომარი ოპერაციები თავადაც არ უწარმოებია, ხოლო კოლონიებში კი აჯანყებულთა ირეგულარული ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად მოხალისეთაგან შემდგარი მცირერიცხოვანი პროფესიული არმიაც სავსებით კმაროდა. მაგრამ XX საუკუნეში ორი მსოფლიო ომისა და, გარკვეულწილად, ცივი ომის წლებში წარმატების მისაღწევად აუცილებელი შეიქნა ქვეყნის მთელი რესურსების ამოქმედება, რამაც თავისთავად მოითხოვა შეიარაღებული ძალების დაკომპლექტებისთვის საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შემოღება და ამის საფუძველზე სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი მოსახლეობის გაწვევა. მაგრამ ასეთი უმნიშვნელოვანესი მაიძულებელი საგარეო ფაქტორის მოხსნის ან შერბილების შემდეგ ეს სახელმწიფოები კვლა დაუბრუნდნენ ჯარების ნებაყოფლობით საფუძველზე დაკომპლექტების პრინციპს. გაერთიანებულ სამეფოში ეს რეფორმა გატარებულ იქნა 60-იან წლებში, შეერთებულ შტატებში კი 70-იანი წლების დასაწყისიდან.

ნებაყოფლობით-პროფესიულ საფუძველზე შეიარაღებული ძალების დაკომპლექტებას გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. პირველს მიეკუთვნება პირადი შემადგენლობის მაღალი პროფესიონალიზმი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი სიზუსტის უახლესი სამხედრო ტექნიკითა და კომპიუტერული სისტემებით აღჭურვილი თანამედროვე ჯარებისთვის, მაგრამ პროფესიული ჯარების შენახვა გაცილებით უმფრო ძვირი ჯდება, თანაც მათი რიცხოვნება ბევრად უფრო ნაკლებია ქვეყნის დემოგრადიულ რესურსებთან შედარებით. გარეშე აგრესიის მოგერიებისთვის ქვეყნის მთელი მოსახლეობის მობილიზაციის აუცილებლობის წარმოქმნისას შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ ბრძოლის შემძლებელი მოსახლეობის უმრავლესობა განსწავლული არ არის აღნიშული ამოცანის გადაწყვეტისთვის. ასეთ პირობებში მწვავედ დგება მშვიდობიანობის დროს რეგულარული ჯარებისა და სარეზერვო კომპონენტების თანაფარდობისა და ურთიერთმიმართების საკითხები, რომლებსაც თითოეული სახელმწიფოს ხელმძღვანელობა უნდა ითვალისწინებდეს. გარდა ამისა, არმიის პროფესიონალიზაციამ შესაძლოა ხელი შეუწყოს სამხედროთა კასტის ან მისი გარკვეული ელემენტების ჩამოყალბებას, რაც დღევანდელ პირობებში ანაქრონიზმი და დემოკრატიისთვის მიუღებელი მოვლენაა.

თანამედროვე მსოფლიოში შეიარაღებული ძალების მხოლოდ საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ კანონის საფუძველზე დაკომპლექტების მექანიზმი მოქმედებს ისრაელის სახელმწიფოში. ეს აიხსნება იმით, რომ ისრაელი დაარსების დღიდანვე გარემომცველი არაბული სახელმწიფოების მხრიდან ომის პერმამენტული (მუდივი) მუქარის ქვეშ იმყოფება და ეს მუქარა რამდენჯერმე ნამდვილ სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებშიც კი გადაიზარდა. ამიტომ საკუთარი თავდაცვის უზრუნვეყოფისთვის ამ ქვეყანას მთელი თავისი ადამიანური რესურსების მობილიზაცია უხდება. ამავე დროს ისრაელის ხელისუფლება მთლიანად ვერც თავისი ქვეყნის არაბულ მოსახლეობას ენდობა, ამიტომ სამხედრო სამსახურში იწვევს მხოლოდ ებრაელებსა და არაბ დრუზებს, ამ სამსახურისთვის ვარგის როგორც მამაკაცებს, ისე ქალებსაც. სამხედროვალდებულთა შეზღუდული რიცხვის გამო სამსახურის ვადა სამი წელია, რაც საკმარისი რაოდენობით უზრუნველყოფს როგორც შეიარაღებული ძალების რიცხოვნებას, ისე პირადი შემადგენლობის მაღალ პროფესიულ დონესაც (შედარებისთვის, აშშ რეგულარულ სახმელეთო ჯარებშიც კონტრაქტის მინიმალური ვადა მამაკაცებისთვის სამი წელია, დანარჩენი ვადით სამსახურის გაგრძელებით ეროვნულ გვარდიაში ან არმიის რეზერვში).

სახელმწიფოთა უმრავლესობაში შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხდება შერეული პრინციპით – საყოველთაო სამხედრო ვალდებულების საფუძველზე სამხედროვალდებულთა გაწვევისა და არმიაში სამსახურის მსურველთა კონტრაქტით მიღების შეხამებით. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან: გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ნორვეგია, დანია, პოლონეთი, რუსეთი, ჩილე, ირანი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ლიბანი, ჩინეთი და სხვა. ამ ქვეყნებში განსხვავებულია როგორც სამხედრო სამსახურში გასაწვევთა, ისე კონტრაქტით მისაღებ მოხალისეთა ასაკი, ვადიანი სამსახურის ვადა და კონტრაქტის ვარიანტების მოქმედების ხანგრძლივობა, ის თანამდებობანი და სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობანი, რომლებზედაც შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას საჭიროდ მიაჩნია კონტრაქტით მომსახურე მაღალპროფესიული კადრების შენახვა* და ა. შ. (*კონტრაქტით ღებულობენ სამხედრო მოსამსახურეებს უმცროს მეთაურთა (სერჟანტები, უნტერ-ოფიცრები) თანამდებობებზე, ან კიდევ ისეთ სპეციალობებზე, რომლებიც დაკავშირებულია იარაღის რთული სისტემების ექსპლუატაციასთან და შედარებით მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს, რის მისაღწევადაც სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა საკმარისი არ არის. სათანადოდ, კონტრაქტით მომსახურეთა ანაზღაურებაც შედარებით მაღალია, რაც სახელმწიფოსგან დამატებით ხარჯებს საჭიროებს).

ამავე დროს ის მსახელმწიფოთა უმრავლესობაში, სადაც მოქმედებს საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონი, სერიოზული ყურადღება ექცევა ალტერნატიული სამსახურის სხვადასხვა ფორმების განვითარებასაც. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებმაც ამ სფეროში დიდ წარმატებებს მიაღწიეს და ტონს აძლევენ დანარჩენ სახელმწიფოებშიც მსგავსი ინსტიტუტების დანერგვას.

ალტერნატიულ სამსახურს საფუძვლად უდევს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და, სახელდობრ კი, იმის უფლება, რომ თუ ეთიკური, რელიგიური ან სხვა ჰუმანიტარული მოსაზრებით (რომელიც მის მრწამსსა და მსოფლმხედველობას შეეხება) ახალგაზრდა უარს აცხადებს შეიარაღებულ ძალებში სამსახურზე*, მაშინ საზოგადოებამ და მთლიანად სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინონ მისი ადამიანური ღირსება და უფლებები და საყოველთაო მოვალეობის მოსახდელად გამოიყენონ იგი არასამხედრო ფუნქციების შესრულებისთვის. ალტერნატიული სამსახურის ფორმები და მასში მისაღებ პირთა კატეგორიები სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულია (*ჩვენს შემთხვევაში ესენი შეიძლება იყვნენ გარკვეული რელიგიური სექტების მიმდევრები, ან პაციფისტური ახალგაზრდული მოძრაობების წევრები, რომლებიც მომავალში შესაძლოა ჩვენშიც წარმოიქმნას. თუმცა კი არის მოსაზრება, რომ საქართველოს ჯარებში გაბატონებული არასაწესდებო ურთიერთობების გამო, გასაწვევთა სხვა გარკვეული კატეგორიისთვისაც ალტერნატიული სამსახური შეიძლება მისაღები იყოს).

დაბოლოს, შესავალ ნაწილში კიდევ ერთხელ გვინდა შევეხოთ საზღვარგარეთის ზოგიერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების პრაქტიკაში არსებულ ისეთ მოვლენას, როგორიცაა სამხედრო სამსახურში მისაღებ პირთა კატეგორიების შეზღუდვა ეროვნული, ეთნიური, კონფესიური და სხვა ნიშნებით. ეს ხდება მაშინ, როდესაც სახელმწიფო ან მთლიანად ვერ ენდობა მის მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფებს, ან კიდევ, თუ რომელიმე სახელმწიფოში სამხედრო სფეროში გაბატონებული მდგომარეობა უკავიათ ამა თუ იმ ეროვნების, ეთნოსის ან კონფესიის წარმომადგენლებს რომლებიც სათანადო პრივილეგიებს იმკვიდრებენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში. ამის ნიმუშად გამოდგება ისრაელი და პაკისტანი, რომელთა შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების საკითხებსაც უფრო დაწვრილებით ქვემოთ შევეხებით.

II. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ნებაყოფლობით-პროფესიულ საფუძველზე


შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების ამ წესს განვიხილავთ შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და პაკისტანის მაგალითებზე.

შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად თავდაცვის მინისტრისა და შეიარაღებული ძალების სახეობათა მინისტრების* დონეზე განისაზღვრება შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებანი პირად შემადგენლობაში. ამ ეტაპზე პენტაგონის სპეციალისტები ითვალისწინებენ ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ, დემოგრაფიულ და სხვა პრობლემებს. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხდება 17-დან 35 წლამდე ასაკის ორივე სქესის ამერიკელი მოქალაქეებისა და შტატებში მუდმივად მაცხოვრებელი პირებისგან**, რომლებიც თავიანთი განათლებით, ფიზიკური და გონებრივი ანვითარების დონით ვარგისი არიან სამხედრო სამსახურისთვის (*შეიარაღებული ძალების სახეობებია: არმია /სახმელეთო ჯარები/, სამხედრო-საჰაერო ძალები და სამხედრო-საზღვაო ძალები, რომელშიც შედის საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსიც, თუმცა კი ამ უკანასკნელს აშშ-ში ხშირად შეიარაღებული ძალების ცალკე სახეობადაც მოიხსენიებენ ხოლმე. შეიარაღებული ძალების სახეობათა სამინისტროები /ამერიკული ტერმინოლოგიით, დეპარტამენტები/ შედიან თავდაცვის სამინისტროს /დეპარტამენტის/ შემადგენლობაში. მათ ხელმძღვანელობენ მინისტრები /ამერიკული ტერმინოლოგიით, მდივნები/, რომლებიც ექვემდებარებიან თავდაცვის მინისტრს /თავდაცვის მდივანს/; ** ამ უკანასკნელთ უნდა ჰქონდეთ ხელისუფლების სათანადო წერილობითი ნებართვა).

შეიარაღებული ძალების პირად შემაგენლობაში მოთხოვნილების განსაზღვრის შემდეგ იწყება დაკომპლექტების მეორე ეტაპი (მოხალისეთა მიღება, შერჩევა და სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა). მოხალისეთა მიღება წარმოებს უწყვეტად მთელი წლის განმავლობაში, ვინაიდან ასევე უწყვეტად მიმდინარეობს შეიარაღებული ძალების რიგებიდან კონტრაქტის ვადაგასულთა განთავისუფლებაც. მოხალისეთა მიღების მიზნით ქვეყნის ყველა შტატში გაშლილია 1500-ზე მეტი დამქირავებელი პუნქტი, რომლებშიც აღნიშნულ სამუშაოს ასრულებენ ამ პუნქტებზე მიმაგრებული სპეციალურად მომზადებული გამოცდილი სერჟანტები* (*ესენი არიან საჯარისო ნაწილებში ან სამხედრო ობიექტებზე მომსახურე სერჟანტები, რომლებსაც გავლილი აქვთ მოხალისეთა მიღების სპეციალური კურსები, მიმაგრებული არიან დაქირავების პუნქტებზე და ამისთვის დამატებით ანაზღაურებასაც ღებულობენ).

დაქირავების პუნქტებში მოხალისენი გადიან წინასწარ გასაუბრებას, ეცნობიან სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის პირობებს და დამქირავებელთან ერთად ავსებენ დადგენილი ფორმის ანკეტას. შემდეგ ხდება საანკეტო მონაცემების შემოწმება, რაშიც აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივი პოლიციის ორგანოები და გამოძიებათა ფედერალური ბიუროს (გფბ, FBI) აგენტები.

საანკეტო მონაცემების დადასტურების შემთხვევაში მოხალისეები იგზავნებიან შეიარაღებული ძალების სახეობათა მიმღებ პუნქტებში, სადაც ისინი ეცნობიან მომავალი სამსახურის პირობებს, გადიან სამედიცინო შემოწმებასა და საკვალიფიკაციო გამოცდებს სამხედრო სამსახურისა და მათ მიერ არჩეული სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობისთვის ვარგისიანობის დასადგენად.

ახალწვეულის სამართლებრივი სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტებია მისი განცხადება შეიარაღებული ძალების შესაბამის სახეობაში სამსახურზე და კონტრაქტი, რომელიც იდება ექვსი წლის ვადით (ქალებისთვის – ორი წლით). გაივალისწინება კონტრაქტის სხვადასხვა ვარიანტები, როგორც რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში, ისე მზადმყოფ რეზერვში სამსახურის გასავლელად.

კონტრაქტსა და განცხადებას თან ერთვის მთელი რიგი დოკუმენტებისა, რომლებიც იურიდიულად განამტკიცებენ ხელმომწერი მხარეების უფლება-მოვალეობებს სამხედრო სამსახურში მიღებისა და მის გავლის ყველა ეტაპზე, მკაფიოდ განსაზღვრავენ ყველაზე უფრო ტიპიურ დარღვევებსა და მათი თავიდან აცილებისთვის აუცილებელი ადმინისტრაციული და მატერიალური ზემოქმედების ზომებს და სხვა.

შემდეგ იწყება მიღებული კანდიდატების შერჩევის ეტაპი, რომლის დროსაც დაკომპლექტების ორგანოები დიდ ყურადღებას უთმობენ მისაღები კონტინგენტის ხარისხობრივ მხარეს. კანდიდატებისთვის, როგორც მინიმუმი აუცილებელია არასრული საშუალო განათლება მამაკაცებისთვის და საშუალო განათლება ქალებისთვის. გარდა ამისა, სამხედრო სამსახურში მისაღებთა ფიზიკური მდგომარეობისა და გონებრივი განვითარების დონის შეფასებისთვის მათ უტარებენ სამედიცინო შემოწმებასა და საკვალიფიკაციო გამოცდებს.

სამედიცინო შემოწების შედეგების მიხედვით მოხალისენი იყოფიან სამ კატეგორიად: A – ვარგისია შეზღუდვების გარეშე, B – ვარგისია უმნიშვნელო შეზღუდვებით და C – შეზღუდულად ვარგისია. მშვიდობიანობის დროს C კატეგორიის კანდიდატები სამხედრო სამსახურში არ ჩაირიცხებიან.

საკვალიფიკაციო გამოცდების მსვლელობისას კანდიდატების გონებრივი განვითარების დონის შეფასება წარმოებს სპეციალურად შემუღავებული ტესტებით 100-ბალიანი სისტემის მიხედვით. ამის შედეგად მოხალისეები იყოფიან ხუთ კატეგორიად. პირველ კატეგორიას მიეკუთვნებიან ისინი, ვინც მოაგროვა 100-93 ბალი (ქულა), მეორეს – 92-65, მესამეს – 64-31, მეოთხეს – 30-10, მეხუთეს – 9-0. აქვე დავძენთ, რომ უკანასკნელ მეხუთე კატეგორიაში შესული კანდიდატები საერთოდ არ აღირიცხებიან.

არჩეული სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობით სამხედრო სამსახურში ჩასარიცხად მოხალისემ უნდა მოაგროვოს ამ სპეციალობისთვის დადგენილი ქულების (როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი) მინიმალური დასაშვები რაოდენობა მაინც. თუკი კანდიდატი დადებითი შედეგით გაივლის საკვალიფიკაციო გამოცდებს, მაგრამ არჩეული სპეციაობის მიხედვით ქულათა აუცილებელ რაოდენობას ვერ მოაგროვებს, მაშინ მას შესაძლოა შესთავაზონ სამსახური სხვა სპეციალობით ან ჩარიცხონ აღნიშნული სპეციალობით სამხედრო სამსახურში მიღების კანდიდატად ერთ წლამდე გადავადებით.

სამხედრო სამსახურისთვის ვარგისად ცნობილი კანდიდატები ხელს აწერენ კონტრაქტს და ღებულობენ რიგით და სერჟანტთა შემადგენლობისთვის დადგენილ ფიცს. კონტრაქტზე ხელის მოწერისა და ფიცის დადების დღე ითვლება შეიარაღებულ ძალებში ნამდვილ სამხედრო სამსახურში მიღების თარიღად.

ასეთია ზოგადად აშშ შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების მოქმედი სისტემა. ნებაყოფლობით პრინციპზე გადასვლამ ბევრი სასიკეთო ცვლილება შეიტანა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში. ამაღლდა ამერიკულ საზოგადოებაში შეიარაღებული ძალების პრესტიჟი და გაიზარდა მოხალისეებით ჯარების დაკომპლექტებულობა* (*ოფიციალური მონაცემებით, 1971 წელს აშშ სახმელეთო ჯარები, კერძოდ, მოხალისეთაგან დაკომპლექტებული იყო მხოლოდ 15%-ით, დანარჩენს კი გაწვეული სამხედროვალდებულები შეადგენდნენ. 80-იანი წლების ბოლოსთვის კი, აღნიშნული მაჩვენებელი 85%-მდე გაიზარდა), ასევე მისაღები კონტინგენტის ხარისხობრივი მაჩვენებელი და კონტრაქტით სამსახურის საშუალო ვადა. შემცირდა კვალიფიციური კადრების დენადობა. და, რაც მთავარია, ამ სისტემამ შეიარაღებულ ძალებში მოიყვანა მხოლოდ ისინი, ვინც შეგნებულად და ნებაყოფლობით გააკეთა ეს არჩევანი. ამიტომ მათ ადვილად გადააქვთ სამხედრო სამსახურის სიმძიმე და გაჭირვება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვები და სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებასაც პასუხისმგებლობით ეკიდებიან. ყოველივე ამის შედეგად ამაღლდა აშშ შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნა და ბრძოლისუნარიანობა, მკვეთრად შემცირდა სამართალდარღვევები, განმტკიცდა დისციპლინა, კონსტიტუციისადმი ერთგულება და სხვა ხარისხობრივი მაჩვენებლები. ასე რომ, ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, შეიარაღებული ძალების ნებაყოფლობით-პროფესიულ საფუძველზე დაკომპლექტებას შეერთებული შტატებისთვის ალტერნატივა არ გააჩნია.

მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ შეიარაღებული ძალების ნებაყოფლობით საფუძველზე დაკომპლექტებამ აშშ სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან დამატებითი ფინანსური ხარჯების გაწევა მოითხოვა. ეს ხარჯები ძირითადად მიდის სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასებსა და სხვა წამახალისებელ დანამატებზე, შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის წამახალისებელ ღონისძიებებზე, სამხედრო მოსამსახურეთა საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებაზე, სარეკლამო-დასაქირავებელ სამუშაოებზე, სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების წამახალისებელი უზრუნველყოფის პროგრამის რეალიზაციაზე და სხვა.

დასასრულს უნდა ითქვას, რომ აშშ შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების ნებაყოფლობით-პროფესიულ საფუძველზე გადასვლას საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონი არ გაუუქმებია; მშვიდობიანობის დროს იგი უბრალოდ დაკონსერვებულია, და შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებანი პირად შემადგენლობაში კმაყოფილდება ძირითადად მოხალისეებით. გაწვევა ხდება მხოლოდ იმ სამოქალაქო სპეციალისტებისა, რომელთა ცოდნასა და კვალიფიკაციაზე შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე მომენტში დიდი მოთხოვნილებაა. მაგრამ მუქარის პერიოდში ან გლობალური ომის გაჩაღებისას ითვალისწინებენ ნებაყოფლობით-პროფესიულ პრინციპზე დამატებით საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ კანონის სრულმასშტაბიან ამოქმედებასაც. ეს უნდა ხდებოდეს ქვეყნის პრეზიდენტის წარდგინებით და აშშ კონგრესის გადაწყვეტილების საფუძველზე. ამ შემთხვევაში იგი გადაიქცევა პირადი შემადგენლობის შევსების ძირითად წყაროდ.

გაერთიანებულ სამეფოში შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების ნებაყოფლობითი პრინციპი მოქმედებდა XVII საუკუნის შუახანებიდან. მაგრამ პირველი და მეორე მსოფლიო ომების წლებში შექმნილმა ვითრებამ აიძულა ქვეყნის ხელმძღვანელობა შეიარაღებულ ძალებში მოხალისეთა მიღებასთან ერთად მიემართა საყოველთაო მობილიზაციისთვისაც. კორეის ომის (1950-1953) შედეგ კი, საზოგადოებრივი აზრის ზეწოლით, გაერთიანებულ სამეფოში დაიწყეს გასაწვევი კონტინგენტის შემცირება და, უკვე 60-იანი წლების დასაწყისიდან, მთლიანად დაუბრუნდნენ შეიარაღებული ძალების ნებაყოფლობით-პროფესიულ საფუძველზე დაკომპლექტების პრინციპს.

ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგებლობა კომპლექტდება 17,5-დან 30 წლამდე ასაკის მოხალისეებით. დაკომპლექტების პროცესის ორგანიზაცია ევალება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მრეწველობის სამმართველოს პირადი შემადგენლობის განყოფილებას, ხოლო მოხალისეთა დაქირავების უშულო ხელმძღვანელობა კი – შეიარაღებული ძალების სახეობათა შტაბების ანალოგიურ სამსახურებსა და სამხედრო ოლქების შტაბებს.

სახმელეთო ჯარებში (არმია) ან სამხედრო-საჰაერო ძალებში სამხედრო სამსახურში შემსვლელები დებენ მოკლევადიან ან ჩვეულებრივ კონტრაქტს ვადით სამიდან 22 წლამდე, ხოლო სამხედრო-საზღვაო ძალებში კი – 12 წლით (სურვილი მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს ეს ვადა შეუძლია გააგრძელოს 22 წლამდე).

გაერთიანებულ სამეფოში, ისევე როგორც შეერთებულ შტატებშიც, ნებაყოფლობით-პროფესიულ შეიარაღებულ ძალებზე გადასვლა დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებთან. სახელდობრ, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, თუ 50-იანი წლების დასაწყისში ბრიტანელი რიგითი ჯარისკაცი ყოველთვიურად საშუალოდ ღებულობდა 1,4-1,92 გირვანქა სტერლნგს თანამედროვე ექვივალენტში, 1991 წელს ბრიტანული არმიის რიგითს მინიმალური ფულადი ანაზღაურება შეადგენდა უკვე 570 გირვანქას. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თითოეულ სამხედრო მოსამსახურეზე ერთ წელიწადში გაწეული ხარჯები 80-იან წლებში გაერთიანებულ სამეფოში უფრო ნაკლები იყო (დაახლოებით 50 ათასი დოლარი), ვიდრე ანალოგიური მაჩვენებლები გერმანიასა და საფრანგეთში (შესაბამისად 60 და 80 ათასი დოლარი), სადაც შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხდება შერეული პრინციპის საფუძველზე.

ნებაყოფლობით-პროფესიული პრინციპის მიხედვით შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების საინტერესო მაგალითს წარმოადგენს პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა. ამ ქვეყანაში დაკომპლექტების მოხალისეობით პრინციპს თან ერთვის სამხედრო სამსახურის პრესტიჟულობა და მასში კანდიდატების ამორჩევით მიღება მათი ეროვნული, ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების გათვალისწინებით.

ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, პაკისტანის არმიის პირადი შემადგენლობით დაკომპლექტება წარმოებს მოხალისეთა დაქირავების გზით, რომელთა ასაკიც უნდა იყოს 17-25 წელი (სახაზო ქვედანაყოფებისა და ნაწილებისთვის) ან 17-35 წელი (სხვა ფორმირებებისთვის). რიგითი და სერჟანტთა შემადგენლობისთვის სამსახურის ვადები დამოკიდებულია სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობასა და დადებულ კონტრაქტზე. უნტერ-ოფიცერთა სამსახურის ვადა 24-32 წელია. ნამდვილი სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ ისინი ხუთი წლის განმავლობაში იმყოფებიან რეზერვში.

ეს არის პაკისტანის შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების ერთი მხარე. როგორც უკვე ვთქვით, მას მეორე მხარეც გააჩნია და იგი იმაში მდგომარეობს, რომ გარკვეული ისტორიული ტრადიციებიდან და პოლიტიკური მიზნებიდან ამომდინარე, ქვეყნის ხელმძღვანელობა სამხედრო სამსახურში ღებულობს თავის მოქალაქეთა მხოლოდ შეზღუდულ ნაწილს და მას ეყრდნობა, როგორც საგარეო კონფლიქტების გადაჭრისას, ისე ქვეყნის შიგნით თავისი ძალაუფლების განმტკიცებისთვის. სახელდობრ, პაკისტანის არმის რიგითი და სერჟანტთა შემადგენლობით დაკომპლექტების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფენჯაბისა და ჩრდილო-დასავლეთ სასაზღვრო პროვინციებში მცხოვრები მცირემიწიანი გლეხობა, ეთნიკურად ფენჯაბელები და პუშტუნები, რომლებმაც ჯერ კიდევ ბრიტანელთა ბატონობის დროს მიიღეს ე. წ. “სამხედრო რასების” (ბრიტანული ტერმინია) სახელწოდება. არმია უზრუნველყოფს მათ დაკავებულობას, მყარ შემოსავლებსა და რიგ კომერციულ შეღავათებს, ფართოდაა გავრცელებული სამხედრო დინასტიების ტრადიციაც. მართალია სასოფლო რაიონებს ქვეყნის ტერიტორიის 10%-ზე ნაკლები უჭირავთ, მაგრამ ისინი იძლევიან პაკისტანის არმიის რიგითი და სერჟანტთა შემადგენლობის თითქმის 80-90%-ს. ამის შედეგად, სახედრო მოსამსახურეთა 60-65% ფენჯაბელებია, 20-25% პუშტუნები, დანარჩენ 10-20%-ში შედიან სინდჰები, ბელუჯები და სხვა ხალხები. ეთნიკური ერთიანობის გარდა, სამხედრო მოსამსახურეებს აერთიანებთ საერთო ეკონომიკური ინტერესებიც, ვინაიდან მათ მნიშვნელოვანი შეღავათები ეძლევათ კომერციული საქმიანობის წარმოებისთვის, როგორც სამხედრო სამსხურის დროს, ისე თადარიგში გასვლის შემდეგაც.

პაკისტანის არმიის პირადი შემადგენლობა კონფესიურადაც ერთგვაროვანია. ოფიცერთა და რიგითი შემადგენლობის თითქმის 100% სუნიტი მუსლიმანია. დაკომპლექტების არსებული სისტემა ხელს უშლის არმიაში არა მხოლოდ რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლების მიღებას (ქრისტიანები და ინდუსები ქვეყნის მოსახლეობის 3%-ზე მეტს შეადგენენ), არამედ სხვა მუსლიმანური მიმდინარეობებისაც – აჰმადიელთა სექტის, შიიტებისა და სხვა. ასეთი შეიარაღებული ძალების პაკისტანის ხელმძღვანელობას საკმარისად მიაჩნია თავისი სამხედრო-პოლიტიკური მიზნების უზრუნველყოფისთვის.

III. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება შერეული პრინციპის საფუძველზე


უმრავლესი ქვეყნების შეიარაღებული ძალები დღესდღეობით კომპლექტდება შერეული პრინციპის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს როგორც საყოველთაო სამხედრო ვალდებულებას, ისე ნებაყოფლობით-პროფესიულ პრინციპსაც. პირველი ხელს უწყობს ქვეყნის პრაქტიკულად მთელი სამხედროვალდებული მოსახლეობის დადგენილი ვადით სამსახურს შეიარაღებულ ძალებში და მის განსწავლას სამხედრო საქმეში, აუცილებლობის შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებათა რეალურ პირობებში გამოყენებისთვის. გარდა ამისა, საყოველთაო სამხედრო ვალდებულება უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების უფრო მჭიდრო კავშირს ქვეყნის მოსახლეობასთან. მაგრამ, ვინაიდან სამხედრო სამსახურში საყოველთაო გაწვევა უმრავლეს სახელმწიფოებში წარმოებს შედარებით მოკლე ვადებით, ამიტომ გაწვეული პირადი შემადგენლობა პროფესიონალიზმის დონით ჩამოუვარდება ნებაყოფლობით-პროფესიულ საფუძველზე დაკომპლექტებული შეიარაღებული ძალების მოხალისეებს. ამის გამო ბევრ ქვეყანაში უმცროს მეთაურთა (სერჟანტების, უნტერ-ოფიცრების) თანამდებობებზე, აგრეთვე ისეთ ვაკანსიებზე, რომლებიც დაკავშირებულია იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის რთული სისტემების მომსახურებასთან, მიიღებიან კონტრაქტით სამსახურის მსურველი მოხალისენი, რომელთა პროფესიონალიზმმაც უნდა შეავსოს დანარჩენი პირადი შემადგენლობის კვალიფიკაციის შედარებით ნაკლოვანებანი.

ნატო-ს ბლოკის მონაწილე ევროპულ სახელმწიფოთა უმრავლესობის (გაერთიანებული სამეფოს გარდა) შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით მომსახურე მოხალისეები შეადგენენ პირადი შემადგენლობის საერთო რიცხვის დაახლოებით 40%-ს, ზოგან ნაკლებსაც. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, რუსეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე წარმოქმნილი სხვა სახელმწიფოების, ჩინეთის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ჩილეს, ლიბანისა და სხვათა შეიარაღებულ ძალებში კი მათი ხვედრითი წილი შედარები ნაკლებია, მაგრამ არსებობს აღნიშნული სახელმწიფოების არმიებში მოხალისეთა რიცხვის ზრდის საყოველთაო ტენდენციაც.

საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის მოქმედებას განვიხილავთ საფრანგეთის მაგალითზე.

საფრანგეთში საყოველთაო სამხედრო ვალდებულება წარმოადგენს უფრო ფართო ცნების – საყოველთაო ეროვნული ვალდებულების ძირითად შემადგენელ ნაწილს. საყოველთაო ეროვნული ვალდებულება ივალისწინებს სამსახურის გავლას იარაღით ხელში ან იარაღის გარეშე. ეს უკანასკნელი მოიცავს სამსახურს თავდაცვის ინტერესებში, ზღვისიქითა ტერიტორიების განვითარების პროგრამით, აგრეთვე განვითარებადი ქვენებისთვის დახმარების აღმოსაჩენად.

ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ყოველი ფრანგი ვალდებულია გამოცხადდეს მერიაში საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად იმ კვარტლის პირველ თვეში, რომელშიც მას უსრულდება 18 წელი. იქიდან მას გზავნიან შეკრების პუნქტში, სადაც აძლევენ მიმართვას ადგილობრივ შესარჩევ სამედიცინო კომისიაში შემოწმების გასავლელად. აღნიშნული კომისია ადგენს თითოეული გასაწვევის ვარგისიანობას ეროვნული სამსახურისთვის.

ეროვნულ სამსახურში (იარაღით ხელში ან მის გარეშე) შეიძლება გაწვეულ იქნან მამრობითი სქესის პირები 29 წლის ასაკამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა გასაწვევის გვარი გამორჩენილ იქნა გაწვევის სიაში, ან თუ იგი თავს არიდებდა სამსახურს საპატიო მიზეზის გარეშე – 34 წლამდეც.

საყოველთაო ეროვნული სამსახურის ამა თუ იმ სახეობაში ახალგაზრდის გაწვევისას, გამწვევი კომისიები ითვალისწინებენ მის სურვილს, იმსახუროს იარაღით ხელში ან მის გარეშე, აგრეთვე გასაწვევის ფიზიკური და გონებრივი მდგომარეობის, მისი განათლების დონის შესაბამისობას ეროვნული სამსახურის არჩეულ სახეობასთან. როგორც ქვემოთ დავინახავთ, ქვეყნის ხელმძღვანელობა, ეროვნულ სამსახურში გაწვევის გადავადებითა და სათანადო განათლების მიღებისთვის პირობების შექმნით, საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს მოემზადონ საყოველთაო ეროვნული ვალდებულების იმ სახეობის მოსახდელად, რომელიც მათთვის ყველაზე უფრო მისაღებია.

იარაღით ხელში სამსახურის, აგრეთვე თავდაცვის ინტერესებში სამსახურის ვადა 12 თვეს არ აღემატება, ხოლო ზღვისიქითა ტერიტორიების განვითარების პროგრამით ან განვითარებადი ქვეყნებისთვის დახმარების აღმოსაჩენად სამსახურისა კი – 18 თვეს.

60-იანი წლების შუახანებიდან საფრანგეთში დადგენილ იქნა იმ პირთა სტატუსი, ვინც რელიგიური, ეთიკური ან პოლიტიკური მოსაზრების გამო უარს აცხადებს იარაღით ხელში სამხედრო სამსახურზე. ე. წ. “უარისმთქმელებს” წინასწარ შეაქვთ განცხადებები თავდაცვის სამინისტროში, რომლებშიც დადგენილი ფორმით გადმოცემულია თითოეულის მოტივები (უწინ ასეთი განცხადებები განიხილებოდა ქვეყნის პრეზიდენტთან მოქმედ სპეციალურ სამართლებრივ კომისიაში). ეს პირები იმყოფებიან ეროვნული სოლიდარობის სამინისტროს მზრუნველობის ქვეშ, რომელიც განაგებს სოციალური პოლიტიკის საკითხებს. განცხადებაზე დადებითი პასუხის მიღების შემდეგ აღნიშნული კატეგორიის ახალგაზრდები სამსახურს გადიან სხვადასხვა ფირმებში, სახელმწიფო და მუნიციპალურ დაწესებულებებში, სოციალურ და ჰუმანიტარულ სფეროებში დაბალკვალიფიციურ სამუშოებზე. ამრიგად, ეს გახლავთ საყოველთაოდ ცნობილი ალტერნატიული სამსახური და მისი ხანგრძლივობა უკვე 24 თვეა (ორი წელიწადი).

სამსახური თავდაცვის ინტერესებში ორგანიზებულია 1959 წლის სამთავრობო დადგენილების შესაბამისად. მასში ჩარიცხული პირები იგზავნებიან ჰოსპიტლებში (სამედიცინო პერსონალი), სამოქალაქო თავდაცვის სასწავლო ნაწილებსა და ქვედანაყოფებში, პარიზისა და მარსელის სახანძრო რაზმებში, სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში მასწავლებელთა თანამდებობებზე, შეიარაღებული ძალების კვლევით დაწესებულებებში (მეცნიერ მუშაკები, ინჟინრები). აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო უსაფრთხოების ქვედანაყოფებსა და ეროვნულ პოლიციაში (დაგეგმილი იყო, რომ მათ უნდა შეედგინათ პოლიციის პირადი შემადგენლობის 10%-მდე). მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში აღნიშნული ქვედანაყოფების მივლინება უნდა ხდებოდეს თავდაცვის ინტერესებში სამსახურში.

სამსახური ზღვისიქითა ტერიტორიების განვითარების პროგრამით არსებობს 1965 წლიდან. მასში მსურველთა ჩარიცხვის გადაწყვეტილება მიიღება, ერთის მხრივ, თავდაცვის სამინისტროსა და, მეორეს მხრივ კი, თანამშრომლობის, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა დაფინანსების, საგარეო ვაჭრობის სამინისტროებს შორის შეთანხმების საფუძველზე. მათგან აფრიკაში მსახურობდა დაახლოებით 40%, დასავლეთ ევროპაში – 20%, ჩრდილოეთ ამერიკაში – 9%. საზღვარგარეთ სამსახურისთვის მოითხოვება განათლების მაღალი დონე. წარსულში ეს პირები მსახურობდნენ, ძირითადად, ფრანგული ენისა და ცალკეული ტექნიკური დისციპლინების მასწავლებლებად, ამჟამად კი, სიმძიმის ცენტრმა გადაინაცვლა საექსპორტო საწარმოებში, სადაც ისინი მსახურობენ მეცნიერ-თანამშრომლებად მზის ენერგიის გამოყენების, “ხელოვნური ინტელექტის”, ბიოქიმიისა და სხვა დარგებში, აგრეთვე მედიცინის მუშაკებად, საელჩოების თანამშრომლებად და ა. შ.

სამსახური განვითარებადი ქვეყნებისთვის დახმარების აღმოსაჩენად შეიქმნა 1961 წელს. მისთვის დამახასიათებელია ახალწვეულთა გამოყნების უფრო ვიწრო სფერო (ძირითადად სახელმწიფო და ერთობლივ სახელმწიფო-კერძო დაწესებულებებში) და ნაკლები ფულადი ანაზღაურება ზღვისიქითა ტერიტორიების განვითარების პროგრამით სამსახურთან შედარებით. კანდიდატების განათლების დონეს აქაც საკმაოდ მაღალი მოთხოვნები წაეყენება. როგორც წესი, საჭიროა ინჟინერის დიპლომი.

გარდა ამისა, უკანასკნელ წლებში, უმაღლესი განათლებისა და შესაბამისი სპეციალობის მქონე ახალწვეულთა გარკვეული რიცხვი ირიცხება თავდაცვის მინისტრის შეიარაღებაში გენერალური რწმუნებულის აპარატის სამმართველოებსა და განყოფილებებში, სადაც ისინი ეწევიან სამეცნიერო-კვლევით მუშაობას, აგრეთვე ატომური ენერგიის კომისარიატში, სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში, იურიდიულ კონსულტაციებსა და კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფით დაკავებულ დაწესებულებებში.

ხელში იარაღის გარეშე სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ახალწვეულთა მიზიდვით დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების (საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობის, შინაგან საქმეთა, განათლების, ეკონომიკისა და ფინანსების) მიერ.

გასაწვევი კონტინგენტის მომზადების დონის ამაღლებისთვის საფრანგეთში გამოიყენება ნამდვილ სამხედრო სამსახურში გაწვევის ვადების გადატანის მოქნილი სისტემა. ასე მაგალითად, გასაწვევის მიერ 24 წლის ასაკის მიღწევამდე, გამამართლებელი დოკუმენტების გარეშე, ხდება თხოვნის დაკმაყოფილება გაწვევის გადავადების შესახებ. არსებობს აგრეთვე დამატებითი გადავადებები ერთი, ორი ან სამი წლით. უკანასკნელი ეძლევათ პირებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში გადიან სამხედრო მომზადებას. არსებობს სპეციალური გადავადება მათთვის, ვისაც სურს იმსახუროს შეიარაღებულ ძალებში სპეციალისტ-ინჟინრის, მეცნიერ-თანამშრომლის ან მასწავლებლის თანამდებობაზე, აგრეთვე საზღვაგარეთ.

სავალდებულო ეროვნული სამსახურის გარდა, საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებში ხორციელდება მოხალისთა მიღებაც კონტრაქტის საფუძველზე. სახელდობრ, 1983 წლიდან ინერგება სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთაგან შედარებით უკეთ მომზადებულთა დაქირავება მოხალისეებად, რომელთაც სურთ სამხედრო სამსახურში თავიანთი ყოფნის ვადის გახანგრძლივება ოთხი, ექვსი, რვა, ათი ან 12 თვით. მოხალისეებს უფლება აქვთ თავად აირჩიონ სამხედრო სპეციალობა და შეიარაღებული ძალების სახეობა, ამასთანავე ისინი სარგებლობენ მნიშვნელოვანი შეღავათებითაც; კერძოდ, ღებულობენ ხელფასზე დამატებას, კონტრაქტის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ კი გამოსაშვებ დახმარებას, მათ უფრო ხშირად ათავისუფლებენ ნაწილის განლაგებიდან, ეხმარებიან სამუშაოზე მოწყობისას და სხვა.

მაგრამ კონტრაქტით მომსახურეთა ხვედრითი წილი საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებში, სხვა სახელმწიფოებთან შედარებით, დაბალია და კონტრაქტების ვადებიც მცირეა. ჩვენი მონაცემებით, უკანასკნელ პერიოდში არაერთხელ დასმულა სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით-პროფესიული ელემენტის უფრო ფართოდ დანერგვის საკითხი. მისი მომხრეები აღნიშნავენ, რომ ასეთი რეფორმა საშუალებას მისცემთ შეამცირონ შეიარაღებული ძალების საერთო რიცხოვნება და აამაღლონ პირადი შემადგენლობის პროფესიონალიზმი, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს ჯარების საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას.

აღნიშნულ რეფორმას ჰყავს სერიოზული მოწინააღმდეგენიც, რომლებსაც წინა პლანზე გადმოაქვთ ფინანსურ-ეკონომიკური მოსაზრებები და ამტკიცებენ, რომ შეიარაღებული ძალების გაწვევის საფუძველზე დაკომპლექტება იძლევა საბიუჯეტო ასიგნებათა საგრძნობ ეკონომიას დაქირავებასთან შედარებით. ამასთან დაკავშირებით აღინიშნება, რომ გაერთიანებულ სამეფოში უფრო ნაკლები რიცხოვნების პროფესიული არმიის შენახვაზე იხარჯება თავდაცვის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი, ხოლო საფრანგეთში კი – დაახლოებით 42%.

ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მტკიცებით, პროფესიულ შეიარაღებულ ძალებზე გადასვლა ეწინააღმდეგება აგრეთვე “შეიარაღებული ხალხის” (“nation en armes”) იდეას* (*ეს იდეა წარმოიშვა საფრანგეთის დიდი რევოლუციის წლებში, როდესაც ფრანგული არისტოკრატიული ემიგრაცია, ევროპელი მონარქების მხარდაჭერით, გარედან შეიარაღებული ჩარევით ცდილობდა საკუთარი უფლებების აღდგენას და, შესაბამისად, ახალგაზრდა რესპუბლიკასაც მთელი თავისი ადამიანური რესურსების ამოქმედება მოუხდა რევოლუციის მონაპოვართა დასაცავად). საყოველთაო ეროვნული ვალდებულება ეხმარება არმიას ხალხის მასებთან მტკიცე კავშირის შენარჩუნებასა და თავდაცვითი სულისკვეთების განმტკიცებაში, რაც აუცილებელია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და მისი საზღვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფისთვის. საფრანგეთის მმართველი წრეების წარმომადგენელთა აზრით, თავდაცვა ემყარება მთელი ხალხის მონაწილეობასა და აქტიურ მხარადაჭერას, რომელიც მზად არის გარედან თავდასხმისგან სახელმწიფოს დასაცავად. უშუალოდ ხალხის მასიდან გაწვევის საფუძველზე შექმნილი არმია კი ორგანულად ისრუტავს იმ სულიერ-ზნეობრივ და ფსიქოლოგიურ მოტივებს, რომლებიც ახალისებენ სამხედრო მოსამსახურეებს სამსახურის კეთილსინდისიერად გავლისთვის და უზრუნველყოფენ ერის მხრიდანაც შეიარაღებული ძალების პატივისცემას.

მაგრამ, საბოლოო ჯამში, ფრანგი ექსპერტების აზრით, ნებაყოფლობით-პროფესიული პრინციპით ჯარების დაკომპლექტებაზე ეტაპობრივი გადასვლა გარდაუვალია, და იგი უნდა ხორციელდებოდეს შეიარაღებულ ძალებში მოხალისეთა კონტინგენტის თანდათანობითი ზრდითა და გასაწვევთა რიცხვის შემცირებით. ასეთ ვარიანტს მხარი დაუჭირა საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმაც, განაცხადა რა, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფა დროთა განმავლობაში დაეკისრებათ პროფესიონალ სამხედროებს. საქართველოში საფრანგეთის საელჩოდან ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ამავე აზრს იზიარებს ქვეყნის ახლანდელი პრეზიდენტი ჟაკ შირაკიც და, ამდენად, ქვეყნის შეიარაღებული ძალების შემდგომი პროფესიონალიზაცია გასცილდა უბრალოდ ტენდენციის ფარგლებს და იქცა უახლოესი მომავლის რეალობად.

ნატო-ს ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში შეიარაღებული ძალების შერეული პრინციპის საფუძველზე დაკომპლექტებას უფრო დიდი ტრადიციები გააჩნია. უნდა ითქვას, რომ მთლიანად ალიანსის ფარგლებში არ არის შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების ერთიანი სისტემა და თითოეული წევრი-სახელმწიფო აღნიშნულ საკითხს წყვეტს ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე. მაგრამ, დროთა განმავლობაში, ბლოკში გაერთიანებულ პარტნიორებს მოცემული პრობლემისადმი მიდგომაში ჩამოუყალიბდათ შეხედულებათა გარკვეული ერთიანობა. ამის ერთერთი მაგალითი სწორედ შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების შერეული სისტემაა, რომელიც ჩრდილოატლანტიკური კავშირის წევრ თითქმის ყველა ევროპულ სახელმწიფოში მოქმედებს (გაერთიანებული სამეფოს გარდა). ამ სისტემის საფუძველს წარმოადგენს საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონი, რომლის მიხედვითაც ხდება შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის დაახლოებით 60%-ით დაკომპლექტება. დანარჩენი 40% მოდის ნებაყოფლობით-პროფესიულ საფუძველზე კონტრაქტით მომსახურე პირებზე. მოხალისეები უმრავლესობას შეადგენენ შეიარაღებული ძალების ისეთ სახეობებში, როგორებიცაა სამხედრო-საჰაერო ძალები და სამხედრო-საზღვაო ძალები; იზრდება მათი რიცხვი სახმელეთო ჯარებშიც. ნატო-ს ბლოკის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა აუცილებლად მიიჩნევს ამ უკანასკნელში კონტრაქტით მომსახურე მოხალისეთა რიცხვის 55%-მდე და უფრო ზემოთაც აყვანას.

ანალოგიური ვითარებაა აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში, რუსეთში, ლიბანში, ჩინეთში, ირანში, ჩილეში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და სხვაგანაც. ყველგან ჯარების დაკომპლექტება ხორციელდება შერეული პრინციპის საფუძველზე, მაგრამ თითოეულ ქვეყანაში – მისი ისტორიული ტრადიციებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით.

IV. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება საყოველთაო სამხედრო ვალდებულების საფუძველზე


შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების ეს წესი სუფთა სახით შემორჩენილია არცთუ ისე ბევრ სახელმწიფოში. დღესდღეობით მის ყველაზე უფრო თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ისრაელი. ეს გასაგებიცაა. ისრაელის სახელმწფო დაარსების დღიდანვე იმყოფება გარემომცველი არაბული ქვეყნებისგან პერმანენტული (მუდმივი) მუქარის ქვეშ, და ამიტომ გამუდმებით მთელი ძალების დაძაბვა უხდებოდა მეზობელთა თავდასხმების მოგერიებისთვის და თავისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად.

ისრაელის შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება 1949 წელს მიღებული საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ კანონის საფუძველზე, რომელშიც შემდეგ შეტანილ იქნა ცვლილებები და დამატებანი. არმიაში იწვევენ ძირითადად ებრაელებს, ხოლო ეროვნულ უმცირესობათაგან კი – მხოლოდ არაბ-დრუზებს, სასაზღვრო დაცვის ქვედანაყოფებში სამსახურის გასავლელად. სამხედროვალდებულებად ითვლებიან სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი 18-54 წლის მამაკაცები და 18-38 წლის ქალები.

1993 წლის ნოემბრამდე დადგენილი იყო ნამდვილი სამხედრო სამსახურის შემდეგი ვადები: 18-დან 26 წლამდე მამაკაცებისთვის – 36 თვე; 27-დან 29 წლამდე მამაკაცებისთვის, რომლებსაც მანამდე რაიმე მიზეზის გამო არ უმსახურიათ – 20 თვე. ქალებს უნდა ემსახურათ 24 თვე. უკანასკნელ ხანებში შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილება პირველი ასაკობრივი კატეგორიის მამაკაცებისთვის სამხედრო სამსახურის ვადის შემცირებაზე 32 თვემდე, ხოლო ქალებისთვის კი – 21 თვემდე.

სამხედრო სამსახურის გადავადება უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში განათლების გაგრძელებისთვის ეძლევა ყველაზე უფრო ნიჭიერ სკოლადამთავრებულთა შეზღუდულ რაოდენობას. სწავლის პერიოდში ისინი ირიცხებიან ე. წ. აკადემიურ რეზერვში და ძირითადი საგნების შესწავლის გარდა გადიან სამხედრო მომზადებასაც (ყოველწლიური საბანაკო შეკრებების ჩათვლით, როგორც წესი, საზაფხულო არდადეგების დროს). სწავლის მოცემული ეტაპის დასრულებისა და პირველი აკადემიური ხარისხის მიღების შემდეგ სტუდენტებს ევალებათ ვადიანი სამხედრო სამსახურის გავლა ზემოთ აღნიშნული წესით. ჩვენი მონაცემებით, ალტერნატიული სამსახური ისრაელის კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.

ზემოთ განხილულ სისტემაში ყურადღებას იქცევს როგორც მამაკაცების, ისე ქალების სამხედრო ვალდებულება (სხვა ქვეყნებში ჩვეულებრივ ქალები მშვიდობიანობის დროს სამხედრო სამსახურს გადიან ნებაყოფლობით საფუძველზე შესაბამისი კონტრაქტების დადებით) და სავალდებულო სამხედრო სამსახურის შედარებით დიდი ვადები – სამ წლამდე მამაკაცებისთვის და ორ წლამდე ქალებისთვის. ეს ზომები ისრაელის სარდლობას საშუალებას აძლევს გასაწვევი კონტინგენტის შედარებით სიმცირის პირობებში იარაღის ქვეშ ჰყავდეს საკმარისი რიცხოვნების შეიარაღებული ძალები და უზრუნველყოფდეს პირადი შემადგენლობის მაღალ პროფესიონალიზმს.

დასკვნა


როგორც ნაშრომიდან ჩანს, მსოფლიოს სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალები კომპლექტდება ძირითადად სამი პრინციპის საფუძველზე: ნებაყოფლობით-პროფესიულის, საყოველთაო ვალდებულებისა და შერეულის. უკანასკნელი მექანიზმი ყველაზე უფრო გავრცელებულია, და როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან შეგვატყობინეს, ჩვენი ქვეყნის სამხედრო ძალების მშენებლობით დაკავებული ორგანოებიც მას ანიჭებენ უპირატესობას, მაგრამ საყოველთაო სამხედრო ვალდებულებაზე უდაო დაყრდნობით. ჩვენი მეზობელი სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო სპეციალისტები უპირატესობას ანიჭებენ ჯარების დაკომპლექტებას გაწვევის საფუძველზე. სახელდობრ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს აპარატის ოფიცერთა აზრით, კონტრაქტის მიხედვით მიღებულ მოხალისეთა კონტინგენტმა რეალურ საბრძოლო მოქმედებებში ვერ გაამართლა. ეს მათი მწარე გამოცდილებაა, რაც თითქოს წინააღმდეგობაშია თანამედროვე მსოფლიოში არსებულ ტენდენციასთან, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხსენებული ორი სახელმწიფო უკანასკნელი წლების მანძილზე მუდმივად საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა (1994 წლის მაისის შუა რიცხვებამდე) და ჯერ საკმარისი დრო არ ჰქონიათ მშვიდობიანობის პირობებში შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების მექანიზმების შემდგომი დახვეწისთვის.

ქართველი სამხედრო სპეციალისტები არჩევენ იმ რიგითებისა და სერჟანტების კონტრაქტით მიღებას, რომლებმაც თავი გამოიჩინეს ვადიან სამხედრო სამსახურში და სურვილი აქვთ მისი გაგრძელებისა. ეს წააგავს საფრანგეთსა და ჩინეთში უკანასკნელ წლებში დამკვიდრებულ პრაქტიკას და საწყის ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს სამხედრო ძალების შემდგომი პროფესიონალიზაციის გზაზე. თუმცა კი ამ მიმართებით არ შეიძლება გამოირიცხოს მომავალში ახალი ტენდენციების გამოჩენაც.

ირაკლი ხართიშვილი
1996 წელი (სავარაუდოდ, ნოემბერ-დეკემბერი)

გამოყენებული წყაროები


წერილზე მუშაობისას გამოყენებულ იქნა ჟურნალ Зарубежное Военное Обозрение-ს ნომრებში გამოქვეყნებული მასალები, აგრეთვე საფრანგეთის საელჩოდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციები.

დანართი


ცალკეულ სახელმწიფოთა მოსახლეობა და შეიარაღებული ძალები

(შეიარაღებული ძალების რიცხოვნება აღებულია რეზერვების ჩათვლით; ცხრილში უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებულია შემდეგი აღნიშვნები: A – შეიარაღებული ძალების რიცხოვნება /ადამიანი/, B – შეიარაღებული ძალების რიცხოვნების პროცენტული წილი მოსახლეობაში /%/, C – შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვის ასაკი /წელი/)

სახელმწიფო . . . . . მოსახლეობა . . . . A . . . . . . .B . . . . .C . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .(ადამიანი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აშშ . . . . . . . . . . . . . . . . 266000000 . . . . 3360000 . . . 1,3 . . . . 17
გაერთიანებული . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სამეფო . . . . . . . . . . . . . 58400000 . . . . . 550000 . . . .0,9 . . . .17,5
საფრანგეთი . . . . . . . . 58400000 . . . . . 740000 . . . . 1,3 . . . 18
დანია . . . . . . . . . . . . . . .5200000 . . . . . .100000 . . . . 2,0 . . . 19
იტალია . . . . . . . . . . . . 57900000 . . . . . .910000 . . . . 1,6 . . .19
ნორვეგია . . . . . . . . . . . .4400000 . . . . . .280000 . . . . 6,4 . . . 19
ესპანეთი . . . . . . . . . . .39200000 . . . . . . 630000 . . . . 1,6 . . .19
პაკისტანი . . . . . . . . . . 13300000 . . . . . 1100000 . . . .0,8 . . . 17
ისრაელი . . . . . . . . . . . . 5700000 . . . . . . 615600 . . . 10,8 . . .18

No comments:

Post a Comment