(ნ ა წ ი ლ ი I)
(დაიბეჭდა შემოკლებული სახით გაზეთ „კავკასიონის“ 1999 წ. 16 – 22 ივნისის ნომერში; ქვემოთ გთავაზობთ წერილის სრულ ვარიანტს)
გამოჩენილი ქართველი პოეტის ბ-ნ მურმან ლებანიძის ცნობილი ლექსიდან ამოღებული ეს სიტყვები გამოვიტანეთ წერილების ციკლის საერთო სათაურად, რომლებშიც გვინდა ქართველ მკითხველს გავაცნოთ, და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაანალიზოთ საქართველოს მეზობელი სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების დღევანდელი მდგომარეობა, შესაძლებლობები, სავარაუდო მიზნები და ამოცანები, მათი საჯარისო ერთეულების განლაგების რუკები ჩვენს მახლობელ რაიონებში და, შესაბამისად, ამ სახელმწიფოთა სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სავარაუდო განზრახვა და გეგმები მთლიანად ამიერკავკასიისა და კერძოდ საქართველოს მიმართ.
წერილების ამ ციკლის მიზანია შეძლებისდაგვარად ნათლად დავანახოთ ქართველ მკითხველს ჩვენი ქვეყნის გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული მდგომარეობის ზოგიერთი ძირითადი ასპექტი _ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების ფინანსურ-ეკონომიკური და სამხედრო-ფინანსური შესაძლებლობები, მოსახლეობის რიცხობრივი და ასაკობრივი შემადგენლობა, შეიარაღებული ძალების რიცხოვნება, სახეობითი და საბრძოლო შემადგენლობა, ჯარების განლაგება და, აქედან გამომდინარე, მათი სარდლობების სავარაუდო გეგმები საქართველოსთან მიმართებით. ყოველივე ეს საშუალებას მოგვცემს გავიაზროთ და გავარკვიოთ საქართველოს შეიარაღებული ძალების რეალური მდგომარეობა და შესაძლებლობები, როგორც დღევანდელი, ისე პერსპექტიული თვალსაზრისით. ხელი შევუწყოთ დისკუსიის გაშლას ამ ძალების მშენებლობისა და საბრძოლო გამოყენების ოპტიმალური გზებისა და მიმართულებების ძიების გარშემო.
აღნიშნული ციკლის დასრულების შემდეგ გვსურს შევეხოთ იმ ქვეყნებისა და სამხედრო-პოლიტიკური ალიანსების შესაძლებლობებს, მიზნებსა და ამოცანებს, რომლებიც სერიოზულ გავლენას ახდენენ, ან შეუძლიათ ასეთი გავლენის მოხდენა საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე, მის საშინაო პოლიტიკასა და საგარეო ურთიერთობებზე. ამასთანავე გვინდა გადმოვცეთ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების გამოცდილება, თანამედროვე მიღწევები და მომავლის პერსპექტივები შეიარაღებული ძალების მშენებლობის (დაკომპლექტება, შეიარაღება, საბრძოლო მომზადება, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, იარაღის ახალი სისტემების შექმნისა და მათი გამოყენების ტაქტიკის შემუშავების სფეროებში პერსპექტიული სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების ჩატარება), მართვისა და საბრძოლო გამოყენების საკითხებში.
ყოველივე ეს, ჩვენი აზრით, ლოგიკურად აგრძელებს ბ-ნ მურმან ლებანიძის ლექსის პათოსს და კვლავ გვიკიჟინებს:
იცნობ მეზობელს?!
თუ არ იცნობ, გიჯობს იცნობდე!
სწავლობს _ სწავლობდე!
ოფლს ღვრის _ ღვრიდე!
ფხიზლობს _ ფხიზლობდე!
და, ძილგამკრთალი,
გარს უვლიდე შენს მშობელ მიწას!
წერილების ამ ციკლში ჩაფიქრებული გვაქვს თურქეთის, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიმოხილვა. წყაროებად ვიყენებთ სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის (International Institute for Strategic Studies - IISS) ყოველწლიურ გამოცემას Military Balance; ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების (Treaty on Conventional Armed Forces in Europe - CFE) ფარგლებში ამ ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოების (მათ შორის ზემოთ ხსენებული ჩვენი მეზობელი ქვეყნების) თავდაცვის სამინისტროების მიერ ყოველი წლის დასაწყისში წარდგენილ და ეუთო-ს შესაბამისი სტრუქტურების მიერ შემოწმებულ და გამოცემულ (გამრავლებულ) დოკუმენტებს, რომლებშიც გადმოცემულია CFE-ხელშეკრულების მოქმედების ზონაში განლაგებული მათი სახმელეთო ჯარებისა და ტაქტიკური ავიაციის საჯარისო ერთეულების (გაერთიანებების, შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების)* პირადი შემადგენლობის რიცხოვნება, შეიარაღება, საბრძოლო შემადგენლობა და განლაგების (დისლოკაციის) ადგილები; აგრეთვე რუსულ (ყოფილ საბჭოთა) და უცხოურ სამხედრო ლიტერატურაში, პერიოდიკასა და პრესაში წლების განმავლობაში გამოქვეყნებულ მასალებს (*ეს ტერმინები დამკვიდრებულია რუსულ /ყოფილ საბჭოთა/ სამხედრო ხელოვნებაში. კერძოდ ოპერატიული გაერთიანება ეწოდება საველე არმიას, ოპერატიულ-ტაქტიკური შენაერთი _ საარმიო კორპუსს, ტაქტიკური შენაერთი _ დივიზიას, ტაქტიკური ნაწილი _ ბრიგადასა და პოლკს, ქვედანაყოფი _ ბატალიონს, ასეულს, ოცეულსა და ათეულს /სექციას, გუნდს/. ამერიკული ტერმინოლოგიით კი საჯარისო ერთეულებს ბრიგადის ჩათვლით ეწოდება ერთეული /unit/, ხოლო დივიზიასა და ზემოთ _ დიდი ერთეული /large unit/).
შემდგომში, როგორც ვთქვით, ღვთის შეწევნით, გვინდა ჩავუღრმავდეთ როგორც ამ სახელმწიფოთა თავდაცვის სისტემების ცალკეულ საკითხებს, ისე გავაფართოოთ ჩვენი კვლევები გეოგრაფიულად (უფრო შორეული ქვეყნები და ალიანსები) და თემატურად (თანამედროვე სამხედრო საქმისა და სამხედრო ხელოვნების შეძლებისდაგვარად მთელი სპექტრის გადმოცემით). ვიმედოვნებთ, რომ თუნდაც საგაზეთო წერილების მოცულობითა და სიღრმით წარმოდგენილი გაშუქება ამ მეტად აქტუალური საკითხებისა, უთუოდ სასიკეთო სამსახურს გაუწევს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კონცეფტუალური საკითხების, შეიარაღებული ძალების მიზნებისა და ამოცანების და, აქედან გამომდინარე, მისი მშენებლობისა და საბრძოლო გამოყენების ოპტიმალური გზებისა და მიმართულებების გამომუშავებას.
სამწუხაროდ, ქართული მასმედია ნაკლებ ყურადღებას უთმობს ზემოხსენებულ საკითხთა გაშუქებას. როგორც ჩანს, მიიჩნევენ, რომ ეს პრობლემები სპეციალისტთა ვიწრო წრის გადასაწყვეტია. არადა საქმე სულ სხვაგვარადაა _ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტა ყველა ჩვენთაგანს, მთელ საზოგადოებას ეხება. ამიტომ გაზეთმა „კავკასიონმა“ გადაწყვიტა გამოაქვეყნოს წერილების სერია, რომლებიც ეხება საქართველოს ირგვლივ სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის განვითარებას, რეგიონის სახელმწიფოთა სამხედრო-პოლიტიკურ პოტენციალსა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებს. დისკუსიის საწყის ეტაპზე აღნიშნულ რუბრიკას წარუძღვებიან სამხედრო საქმის მკვლევარები: ირაკლი ხართიშვილი, კახა კაციტაძე და თემურ ჩაჩანიძე.
ვიმედოვნებთ, რომ მომავალში სხვა დაინტერესებული პირებიც ჩაერთვებიან ამ მუშაობაში და წარმოქმნილი დისკუსიები უთუოდ მეტად სასარგებლო იქნება როგორც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საჭირბოროტო საკითხების გარკვევისთვის, ისე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად თეორიული კონცეფციების გამომუშავებისთვისაც.
სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის უკანასკნელი გამოცემის The Military Balance 1998/99 მიხედვით 1997 წელს თურქეთში წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენდა 191 მლრდ. ამერიკულ დოლარს, აქედან ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ მოდიოდა 6000 დოლარი. თავდაცვის ხარჯები კი იყო 8,1 მლრდ., ანუ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 4,2%.
თურქეთის მოსახლეობა 1998 წლის შუახანების მონაცემებით არის დაახლოებით 62600000 ადამიანი (მათ შორის 20-23% ქურთები, რომლებიც ანკარის ხელისუფლებისთვის სერიოზულ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენენ). მთელი მოსახლეობის 18-დან 33 წლამდე ასაკის მამაკაცების საერთო რიცხვია დაახლოებით 9069000 ადამიანი, ქალებისა, რომლებიც ასევე გარკვეულ თანამდებობებზე მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში, ხოლო კრიზისულ ან კონფლიქტის სიტუაციაში ამ საქმეში მათი მონაწილეობაც შესაძლოა გაიზარდოს, დაახლოებით 8598000 ადამიანი.
უნდა ითქვას, რომ თურქეთის რესპუბლიკას მეტად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა გააჩნია. მისი ტერიტორიის მცირე ნაწილი მდებარეობს ევროპის კონტინენტზე ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (აღმოსავლეთ თრაკია), ხოლო უდიდესი ნაწილი _ მცირე აზიის (ანატოლიის) ნახევარკუნძულზე. თრაკიის მხრიდან მას ესაზღვრებიან საბერძნეთი და ბულგარეთი, ანატოლიის მხრიდან _ სირია, ერაყი, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო (როგორც ვიცით, ცივი ომის პერიოდში სამი უკანასკნელი სახელმწიფო შედიოდა ყოფილ საბჭოთა კავშირში). ქვეყნის საზღვაო აკვატორია მოიცავს ხმელთაშუა და შავი ზღვების გარკვეულ ნაწილებს, მარმარილოს ზღვას, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს. აღნიშნული სრუტეების ზონა, როგორც შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში გამავალი კარიბჭე, უკვე XIX საუკუნიდან შეადგენდა რუსეთის იმპერიის პირდაპირი დაინტერესების ობიექტს და 1853-1856 წლებში ყირიმის ომში თურქეთის სასულთნომ მხოლოდ ინგლის-საფრანგეთის სამხედრო დახმარებით შეძლო რუსეთის აგრესიისგან საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა. პირველ მსოფლიო ომში ანტანტის მხარეზე რუსეთის ჩაბმის ერთერთი პირობა კვლავ იყო გამარჯვების შემდეგ შავი ზღვის სრუტეების ზონის მისთვის გადაცემა (რაც დღის წესრიგიდან მოიხსნა 1917 წლის ოქტომბრის ბოლოს რუსეთში ბოლშევიკური გადატრიალების შედეგად ამ ქვეყნის ომიდან გამოსვლის შემდეგ); და უფრო გვიანაც, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობისთვის კვლავ აქტუალურად დადგა თურქეთის ოკუპაციისა და ხმელთაშუა ზღვის აუზში უშუალოდ გასვლის საკითხი.
მოსალოდნელი საბჭოთა აგრესიის შესაკავებლად აქტიური მოქმედება დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობამ. დაიდო შეთანხმებები თურქეთთან ამერიკის სამხედრო დახმარების შესახებ, ხოლო ამ შეთანხმებების შესრულების მოქმედებათა კოორდინირებისთვის 1947 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს გაერთიანებული ამერიკული სამხედრო მისია JUSMMAT (Joint United States Military Mission for Aid to Turkey), რომლის შტაბ-ბინაც ქ. ანკარაში მდებარეობს. აქვეა განლაგებული საავიაციო ჯგუფის TUSLOG (Turkey United States Logistic Group) შტაბიც, რომელიც განკუთვნილია ქვეყანაში არსებული ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალების ობიექტების მომსახურებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისთვის.
ცივი ომის ათწლეულებში შეერთებული შტატებისთვის თურქეთის ტერიტორია წარმოადგენდა პლაცდარმს ყოფილი საბჭოთა კავშირის უშუალო მახლობლობაში, რაც მოსალოდნელ სარაკეტო-ბირთვულ ომში დასავლეთს მეტად ხელსაყრელ მდგომარეობაში აყენებდა. გარდა ამისა, თურქეთის ტერიტორიიდან ამერიკის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შეუძლია თავისი მიზნების ეფექტურად განხორციელება ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთ აფრიკის რეგიონებში. ამის მაგალითად გამოდგება თუნდაც 1990-1991 წლებში სპარსეთის ყურის ზონაში ერაყის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაცია „ქარიშხალი უდაბნოში“, რომელშიც მრავალეროვნული ძალების ავიაცია ერაყის წინააღმდეგ თურქეთის ტერიტორიიდან საკმაოდ ეფექტურად მოქმედებდა.
შეერთებულ შტატებთან ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გარდა თურქეთი 1952 წლიდან ჩრდილოატლანტიკური კავშირის (ნატო) წევრი სახელმწიფოა და ამ ორგანიზაციის ფუძემდებლური დოკუმენტის მე-5 მუხლის თანახმად რომელიმე სახელმწიფოს მასზე თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა მთლიანად ალიანსზე და ამას დაუყოვნებლივ მოჰყვება საპასუხო მოქმედებების დაწყება ნატო-ს ყველა წევრი სახელმწიფოს მხრიდან აგრესორის წინააღმდეგ. ცხადია, რომ ცივი ომის ათწლეულებში ასეთად მოიაზრებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირი და მისი სამხედრო სატელიტები _ ბულგარეთი და რუმინეთი.
თავის მხრივ თურქეთსაც გააჩნია მნიშვნელოვანი ვალდებულებები ნატო-ს ბლოკის წინაშე. მისი შეიარაღებული ძალების უდიდესი ნაწილი გადაცემულია ალიანსის სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში და სამხედრო მშენებლობა ქვეყანაში წარმოებს როგორც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე (კონფლიქტი საბერძნეთთან, შიდა პრობლემები ქურთების სეპარატისტულ ძალებთან), ისე ნატო-ს ზოგადბლოკური პროგრამების მიხედვით.
ზემოთქმულიდან აშკარაა, რომ თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და საბრძოლო გამოყენების აქტუალური საკითხების უკეთ გარკვევისთვის თავიდან აუცილებელია მოკლედ მიმოვიხილოთ ჩრდილოატლანტიკური ალინსის თავდაცვითი სისტემის სქემა როგორც ცივი ომის პერიოდში, ისე დღევანდელ ეტაპზეც.
ნატო-ს ბლოკში მიღებული გეოგრაფიული დაყოფის შესაბამისად ევროატლანტიკური სივრცე (ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილი და ევროპის კონტინენტის მნიშვნელოვანი ნაწილი) დაყოფილია ორ ომის თეატრად (theater of war, area of war)* (*ომის თეატრი ეწოდება ხმელეთის, ზღვისა და ჰაერის იმ სივრცეს, რომელიც უშუალოდ შეიძლება გადაიქცეს საომარი მოქმედებების /ოპერაციების/ წარმოების არედ) _ ატლანტიკურისა და ევროპულის. ატლანტიკური ომის თეატრი ძირითადად საოკეანო თეატრს წარმოადგენს და აქ მთავარი დამრტყმელი ძალაა შეერთებული შტატების მე-2 ოპერატიული ფლოტი (შტაბი ქ. ნორფოლკში, ვირჯინიის შტატი), რომლის ბაზაზეც კრიზისულ სიტუაციებში და სწავლებების პერიოდში გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, ნიდერლანდების, ხოლო პერიოდულად ალიანსის წევრი სხვა სახელმწიფოების სამხედრო-საზღვაო ძალების მსხვილი წყალზედა ხომალდების მონაწილეობით იქმნება ნატო-ს დამრტყმელი ფლოტი ატლანტიკაში (ნახ. 1).
[ნახატ 1-ზე წარმოდგენილი იყო ატლანტის ოკეანის რუქა 1980–იანი წლების დასაწყისში იქ ჩატარებული სამხედრო–საზღვაო სწავლებების სქემით]
აშშ მე-2 ოპერატიული ფლოტის შემადგენლობაში, როგორც წესი, შესაძლოა შედიოდეს 4-5 საავიამზიდო ჯგუფი (4-5 დამრტყმელი ავიამზიდის, 14-18 კრეისერის, 12-16 საესკადრო ნაღმოსნისა და 14-18 ფრეგატის შემადგენლობით; სადესანტო-ამფიბიური ხომალდების ჯგუფი და ზღვაში საწვავით გამწყობი და სარემონტო გემების 3-4 ჯგუფი. როგორც ვთქვით, ამას ემატება ბრიტანული, გერმანული, ჰოლანდიური და, პერიოდულად, ნატო-ს წევრი სხვა სახელმწიფოების სამხედრო ხომალდებიც.
ატლანტიკაში ნატო-ს დამრტყმელი ფლოტის ერთერთი ძირითადი ამოცანაა ჩრდილოეთ ამერიკიდან ევროპაში გაძლიერების ჯარების გადასაყვანად და ტვირთების გადასატანად ატლანტიკურ ომის თეატრზე საოკეანო და საზღვაო კომუნიკაციების დაცვა. კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად და სწავლებების პერიოდში მისი შემადგენლობიდან იქმნება სპეციალური შენაერთები, რომელთაგან ამჯერად ჩვენთვის ყველაზე უფრო საინტერესოა ბლოკის სამხედრო-საზღვაო ძალების სპეციალური დამრტყმელი შენაერთი საგანგებო პირობებში მოქმედებებისთვის. მასში ჩვეულებრივ ჩაირთვება აღმოსავლეთ და იბერიის ატლანტიკაში ან ხმელთაშუა ზღვაში მყოფი ამერიკული ავიამზიდი და მისი დაცვის ხომალდები, აგრეთვე ალიანსის მონაწილე ევროპული სახელმწიფოების სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები. ჩატარებული სწავლებების გამოცდილებით, აღნიშნული შენაერთის მოქმედებათა ძირითადი რაიონებია ატლანტის ოკეანიდან ხმელთაშუა ზღვაში შემავალი კარიბჭის _ ჰიბრალტარის სრუტის დასავლეთ და აღმოსავლეთ მისადგომები, ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილი და ბისკაის ყურე.
ევროპული ომის თეატრი ძირითადად სახმელეთო თეატრს წარმოადგენს, ხოლო მის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებს ესაზღვრება საზღვაო აკვატორიები, და, შესაბამისად, აქ სამოქმედოდ განკუთვნილია ალიანსის მონაწილე სახელმწიფოების სამხედრო-საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავები და წყალზედა ხომალდები. ევროპული ომის თეატრი სამ საომარ მოქმედებათა (ანუ სამხედრო ოპერაციების) თეატრად (theater of military operations, area of military operations): ჩრდილო ევროპულის, ცენტრალურ ევროპულისა და სამხრეთ ევროპულის* (*საომარ მოქმედებათა თეატრი წარმოადგენს ომის თეატრის იმ ნაწილს, რომელიც აუცილებელია სამხედრო ოპერაციების წარმოებისთვის, აგრეთვე ამ ოპერაციების მართვისა და ადმინისტრირებისთვის). ამათგან ძირითადია ცენტრალურ-ევროპული საომარ მოქმედებათა თეატრი (ცე ომთ)**, რომელიც ცივი ომის პერიოდში თითქმის მთელი დასავლეთ გერმანიისა (დანიის მისაზღვრე შლეზვიგ-ჰოლშთაინის მიწის გამოკლებით) და მის დასავლეთით მდებარე ბლოკის მონაწილე სახელმწიფოების ტერიტორიას მოიცავდა, ხოლო ჩრდილო-ევროპულ და სამხრეთ-ევროპულ ომთ-ებს დამხმარე მნიშვნელობა ენიჭებოდა (**ქართულ ენაში „სა“ თავსართის ხშირად გამოყენების გამო გაუგებრობათა თავიდან ასაცილებლად აბრევიატურებში ვიყენებთ სიტყვების ფუძეთა პირველ ასოებს). სწორედ ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე იყო თავმოყრილი ალიანსის ძირითადი დამრტყმელი ძალები ბრიტანული რეინის არმიის, სამი დასავლეთგერმანული, ორი ამერიკული, ბელგიური და ჰოლანდიური საარმიო კორპუსების, აგრეთვე კანადური ბრიგადის შემადგენლობით. ასევე მათ საპირისპიროდ აღმოსავლეთ გერმანიასა და ჩეხოსლოვაკიაში, ასევე პოლონეთში იდგა ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის სახმელეთო ჯარების ყველაზე უფრო მსხვილი დაჯგუფება ორი საბჭოთა საველე არმიის მონაწილეობით და ევროპაში მსხვილმასშტაბიანი საომარი კონფლიქტის გაჩაღების შემთხვევაში ძირითადი საბრძოლო მოქმედებები სწორედ აღნიშნულ ომთ-ზე უნდა ეწარმოებინათ.
სამხრეთ-ევროპული ომთ მოიცავს იტალიის, საბერძნეთისა და თურქეთის ტერიტორიებს, ხმელთაშუა ზღვის აკვატორიას, შავი ზღვის სრუტეების ზონასა (მარმარილოს ზღვის ჩათვლით) და შავი ზღვის სამხრეთ ნაწილს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სარდლობის გეგმებით, თუკი საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ ნატო-ს ჯარები ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე მიაღწევდნენ წარმატებას, მაშინ იტალიურ და ამერიკულ შენაერთებს ჩრდილოეთ იტალიიდან უნდა შეეტიათ აღმოსავლეთისკენ, იუგოსლავიის მიმართულებით, ხოლო ბერძნულ და თურქულ ჯარებს, გაძლიერების ამერიკულ დივიზიებთან და ბრიგადებთან ერთობლივად, საბერძნეთისა და თურქეთის თრაკიიდან (ჩრდილოეთ ბალკანეთიდან) _ შეეტიათ ჩრდილოეთისკენ ბულგარეთისა და რუმინეთის მიმართულებით, დაემარცხებინათ მათი შეიარაღებული ძალები, გამოეყვანათ ეს ქვეყნები ომიდან და უშუალო მუქარა შეექმნათ ცენტრალურ ევროპაში ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის ჯარების სამხრეთ ფლანგისთვის. ხოლო ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე ალიანსის ძალების წარუმატებლობის შემთხვევაში, თავდაცვითი პოზიციები დაეკავებიათ ჩრდილოეთ იტალიასა და ორივე თრაკიაში (შავი ზღვის სრუტეების ზონა) და არ დაეშვათ აღნიშნულ რაიონებში მოწინააღმდეგის ჯარების სოლისებურად ღრმა შემოჭრა ან გარღვევა.
ძალებისა და საშუალებების ეკონომიის მიზნით, თურქეთის აზიურ ნაწილში (აღმოსავლეთ ანატოლიაში), რომელიც უშუალოდ ესაზღვრებოდა ყოფილ საბჭოთა კავშირს, ნატო-ს სარდლობა ითვალისწინებდა უმთავრესად თავდაცვითი და შემკავებელი მოქმედებების წარმოებას, თუმცა ხელსაყრელი პირობების შექმნის შემთხვევაში, არც შეტევით ოპერაციებზე ამბობდა უარს.
დღესდღეობით პირდაპირი დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შორის მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ მთლიანად არ მოხსნილა. ამიტომ ცივი ომის პერიოდში გამომუშავებული ჯარების გამოყენების ოპერატიულ-სტრატეგიული და ოპერატიულ-ტაქტიკური კონცეფციები მნიშვნელოვანწილად დღესაც ინარჩუნებს თავის აქტუალურობას, თუმცა კი ომის გაჩაღებისა და მის საწყის ეტაპზე ოპერაციების წარმოების ადრე შემუშავებული სცენარები უკვე ისტორიის კუთვნილებაა.
ამავე დროს მნიშვნელოვნად ამაღლდა თურქეთის, როგორც ნატო-ს სამხრეთ ფლანგზე ფორპოსტის მნიშვნელობა, საიდანაც ჩრდილოატლანტიკური კავშირის ხელმძღვანელობას სიტუაციების კონტროლისა და მართვის შესაძლებლობა უჩნდება არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, არამედ ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაშიც, ასევე, შესაძლოა, ჩრდილო-კავკასიასა და ვოლგისპირეთშიც. ეს გარემოება შესაბამისად აისახა კიდეც ცივი ომის შემდგომ წლებში თურქეთის შეიარაღებული ძალების მშენებლობის პროცესებზე, რომლებსაც შემდეგ წერილებში შევეხებით.
ირაკლი ხართიშვილი
(მცირე შენიშვნა: ეს წერილი თავდან მივიტანე გაზეთ „კავკასიონში“, რომლის რედაქტორიც გახლდათ სოზარ სუბელიანი /ამჟამად საქართველოს პენიტენციარული სისტემის მინისტრი სოზარ სუბარი/. ამ გაზეთს გააჩნდა თავისი სამხედრო დამატება, რომელსაც ეწოდებოდა „სამხედრო გაზეთი“, და მისი რედაქტორი გახლდათ თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის უფროსი კობა ლიკლიკაძე. იგი ხელს აწერდა როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი სამხედრო საქმეში მინდია დავითური, და ამაში იყო ორმაგი ტყუილი: ჯერ ერთი, კობა ლიკლიკაძე ვერ იქნებოდა ექსპერტი სამხედრო სფეროში, ვინაიდან მან არ იცოდა სამხედრო საქმე; ის უბრალოდ გახლდათ ჟურნალისტი, რომელიც სხვა ქართველ ჟურნალისტებთან შედარებით, ალბათ უფრო მეტად იქნებოდა ჩახედული სამხედრო სფეროში, მაგრამ ეს სულაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანმა სამხედრო ექსპერტობა დაიჩემოს. მეორეც, კობა ლიკლიკაძე ვერ იქნებოდა თავისუფალი თუნდაც მკვლევარი ან ჟურნალისტი სამხედრო საქმეში, ვინაიდან ის გახლდათ თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის უფროსი. აქ ამ საკითხს ხაზი გავუსვი იმ მიზნით, რათა ჩვენი მკითხველისთვის მეჩვენებინა, თუ რამდენი სიყალბე, რამდენი მცდარი ცოდნა და ინფორმაცია ტრიალებს ქართულ საზოგადოებაში ამ სფეროში. მალევე სოზარ სუბარმა მითხრა, რომ ვინაიდან მე ჩაფიქრებული მქონდა წერილების ციკლის გამოქვეყნება საერთო სათაურით „იცნობ მეზობელს?! ჩასწვდომიხარ ღირსებას მისას?!“, სადაც ვამხელდი ამერიკელი და სხვა ნატო-ელი სამხედრო მრჩევლების სიყალბეს საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობაში მოცემულ რეკომენდაციებში, წინააღმდეგი ვიყავი საქართველოს ნატო-თან ზომაზე მეტად დაახლოებისა, რასაც გაზეთის რედაქცია არ ეთანხმებოდა, ამიტომ წერილების ასეთი ციკლის გამოცემა გაზეთ „კავკასიონის“ ფურცლებზე ვერ მოხერხდებოდა. ასევე კობა ლიკლიკაძემ სერიოზულად შეამოკლა ჩემს მიერ მიტანილი პირველი წერილი და ისე გამოაქვეყნა. ხოლო ეს წერილი კი შეეხებოდა თურქეთის შეიარაღებული ძალების მშენებლობის ძირეულ საკითხებს „ცივი ომის“ პერიოდში და, ამდენად, უნდა შეექმნა საფუძველი ამ ქვეყნის სამხედრო მშენებლობის თაობაზე მთელი შემდგომი მსჯელობისთვის. ამის გამო მეც დავემშვიდობე მათ, უკანვე გამოვართვი ხელნაწერი, ვინაიდან ხელთ მქონოდა წერილის სრული ვარიანტი, და შემდგომი ურთიერთობები უკვე გავაგრძელე საქართველოს სახალხო ფრონტის გაზეთ „საქართველოსთან“, სადაც ბ-ნმა ნოდარ ნათაძემ მომცა ამისი საშუალება, რისთვისაც მას ახლაც ისევ ვუხდი დიდ მადლობას).
(შემოკლებით დაიბეჭდა გაზეთ „საქართველოს“ 1999 წლის 27 ივლისი – 2 აგვისტოს ნომერში; ქვემოთ გთავაზობთ წერილის სრულ ვარიანტს)
პირველი წერილი დავასრულეთ იმ მოსაზრებით, რომ ცივი ომის დამთავრებისა და რუსეთთან და მის ყოფილ სატელიტებთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების შენელების შემდეგ თურქეთმა ჩრდილოატლანტიკური კავშირის (ნატო-ს) ხელმძღვანელობის თვალში, როგორც ჩანს, შეიძინა ახალი ფუნქცია _ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხოლო შემდეგ, შესაძლოა, ვოლგისპირეთშიც ნატო-ს ბლოკის სამხედრო-პოლიტიკური გავლენის გავრცელება. ამაზე მიუთითებს 90-იან წლებში ალიანსის უმრავლეს სახელმწიფოებში თავდაცვის ხარჯებიას, შეიარაღებული ძალების რიცხოვნებისა და შეიარაღებათა რაოდენობის შემცირების საერთო ფონზე თურქეთში მიმდინარე სრულიად საპირისპირო პროცესები.
მართლაც, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემების საფუძველზე, 1-ლ ცხრილში ნაჩვენებია ნატო-ს ბლოკის რიგი სახელმწიფოების სამხედრო-ეკონომიკური მაჩვენებლები 1990 და 1997 წლებში (მლრდ. დოლარებში).
ცხრილი 1
ნატო-ს ბლოკის რიგი სახელმწიფოების ფინანსური მაჩვენებლები 1990 და 1997 წლებში
(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – საფრანგეთი, B – გაერთიანებული სამეფო, C – ნიდერლანდები, D – ნორვეგია, E – საბერძნეთი, F – თურქეთი)
ფინანსური . . . . . . . . . . . . . აშშ . . . . A . . . . . გფრ . . . . . B . . . . . . C . . . . . D . . . . . E . . . . . . F . .
მაჩვენებლები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
1990 წელი
მთლიანი შიდა
პროდუქტი
(მლრდ. დოლ.) . . . . . . . . . 5423,4 . . 1187,15 . . 1499,54 . . 986,72 . . 278,76 . . 90,89 . . 67,16 . . 114,29
თავდაცვის ხარჯები
(მლრდ. დოლ.) . . . . . . . . . . 289,76 . . . 42,78 . . . . 35,61 . . . 39,26 . . . . 7,42 . . . 3,58 . . .3,37 . . . . .5,0
თავდაცვის ხარჯების
%-ული წილი მთლიან
შიდა პროდუქტში . . . . . . . . . 5,32 . . . .3,61 . . . . . 2,39 . . . . 3,97 . . . . 2,66 . . . 3,95 . . . 5,61 . . . . 4,37
1997 წელი
მთლიანი შიდა
პროდუქტი
(მლრდ. დოლ.) . . . . . . . . . 8100 . . . 1400 . . . . . 2100 . . . .1300 . . . . .360 . . . .153 . . . 121 . . . . . 191 . .
თავდაცვის ხარჯები
(მლრდ. დოლ.) . . . . . . . . . . 270,5 . . . .41,5 . . . . . .33,4 . . . . 35,7 . . . . . 6,9 . . . . 3,6 . . . .5,5 . . . . . .8,1 . .
თავდაცვის ხარჯების
%-ული წილი მთლიან
შიდა პროდუქტში . . . . . . . . 3,34 . . . .2,96 . . . . . . 1,59 . . . .2,75 . . . . 1,91 . . .2,36 . . .4,55 . . . . 4,24 . .
როგორც ვხედავთ, 90-იან წლებში რუსეთთან სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების მკვეთრად შემცირების მიუხედავად თურქეთის ხელმძღვანელობამ 1990 წელთან შედარებით 1997-ში თავდაცვის ხარჯები 1,6-ჯერ გაზარდა და ეს მაშინ, როდესაც ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში მოსული შემოსავლის მიხედვით (6000 ამერიკული დოლარი) ეს ქვეყანა უკანასკნელ ადგილზეა ნატო-ს წევრ სხვა სახელმწიფოებს შორის და ამ მაჩვენებლით მასთან ყველაზე უფრო ახლოს მყოფ საბერძნეთსა და პორტუგალიაში ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავალი ორჯერ და მეტად აღემატება ანალოგიურ თურქულ მონაცემს (შესაბამისად 12500 და 13900 ამერ. დოლარი).
საინტერესოა, თუ რით არის განპირობებული ასეთი მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯები და მათ საფუძველზე რა ცვლილებები განხორციელდა თურქეთის შეიარაღებულ ძალებში 90-იანი წლების განმავლობაში?
1991 წელს თურქეთის რეგულარული შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა მოითვლიდა დაახლოებით 579200 ადამიანს, 1998-ში _ 639000-ს, ე. ი. გაიზარდა თითქმის 60000 ადამიანით, ამათგან 55000 მოემატა სახმელეთო ჯარებს, 5800 _ სამხედრო-საჰაერო ძალებს, ხოლო სამხედრო-საზღვაო ძალების პირადი შემადგენლობის რიცხოვნება 1000 ადამიანით შემცირდა.
ქვემოთ მე-2 ცხრილში მოყვანილია თურქეთის სახმელეთო ჯარების რიცხოვნება, საბრძოლო შემადგენლობა და ძირითადი შეიარაღება 1991 და 1998 წლებში.
ცხრილი 2
თურქეთის სახმელეთო ჯარები 1991 და 1998 წლებში
1 9 9 1 წ ე ლ ი
პირადი შემადგენლობა (ადამიანი) . . . . . . . . . . . . 470000
საველე არმიების შტაბები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4
საარმიო კორპუსების შტაბები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .10
საბძოლო დივიზიები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .14
ცალკეული ბრიგადები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .25
ძირითადი შეიარაღება:
. . . . საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3783
. . . . ქვეითთა საბრძოლო მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . – . .
. . . . ჯავშანტრანსპორტერები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3560
. . . . საველე საარტილერიო სისტემები . . . . . . . . . . . . 4187
. . . . დამრტყმელი ვერტმფრენები . . . . . . . . . . . . . . . . . . – . .
1 9 9 8 წ ე ლ ი
პირადი შემადგენლობა (ადამიანი) . . . . . . . . . . . . .525000
საველე არმიების შტაბები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4
საარმიო კორპუსების შტაბები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 9
საბძოლო დივიზიები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2
ცალკეული ბრიგადები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .44
ძირითადი შეიარაღება:
. . . . საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .4205
. . . . ქვეითთა საბრძოლო მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . 280
. . . . ჯავშანტრანსპორტერები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .3618
. . . . საველე საარტილერიო სისტემები . . . . . . . . . . . . .4274
. . . . დამრტყმელი ვერტმფრენები . . . . . . . . . . . . . . . . . . .37
აღნიშნული ცხრილის გაცნობისას 90-იან წლებში თურქეთის სახმელეთო ჯარების რიცხოვნების გაზრდის გარდა დავინახავთ სამრძოლო შემადგენლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებსაც. კერძოდ, თურქული არმიის სარდლობამ პრაქტიკულად გააუქმა ცივი ომის დროინდელი დივიზიები და მათ ნაცვლად საარმიო კორპუსები ჩამოაყალიბა ჯავშანსატანკო (14), მექანიზებული ქვეითი (17), ქვეითი (9) და სპეციალური დანიშნულების „კომანდოსების“ (4) ცალკეული ბრიგადების საფუძველზე (სულ 44 ბრიგადა).
ამ რეფორმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დივიზია შედარებით მსხვილ ტაქტიკურ შენაერთს წარმოადგენს (13000 ადამიანი), ხოლო ბრიგადა უფრო მცირე საჯარისო ერთეულია (5-6 000). ამიტომ ცალკეული ბრიგადების საფუძველზე ჩამოყალიბებული საარმიო კორპუსების მეთაურებს საშუალება ეძლევათ უფრო მოხერხებულად მართონ დაქვემდებარებული ნაწილები და ქვედანაყოფები და მოქნილად და ეკონომიურად გამოიყენონ ისინი შესაძლო ამოცანების გადასაწყვეტად.
გარდა ამისა, რაც ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია, ბრიგადულ სისტემაზე გადასვლა დიდ უპირატესობას აძლევს თურქეთის სახმელეთო ჯარებს მთაგორიანი რელიეფის მქონე დასერილი ადგილების პირობებში მოქმედებებისას (როგორიცაა, მაგალითად, ამიერკავკასია), სადაც ჯარების წინსვლა შესაძლებელია ხეობების, ან მთებს შორის სხვა გასასვლელების გავლით, ხშირად ერთმანეთისგან იზოლირებული მარშრუტებით. ასეთ პირობებში შესაძლო საბრძოლო მოქმედებების საწარმოებლად მსხვილი დივიზიების ნაცვლად უფრო ეფექტური იქნება ცალკეული ბრიგადების ან ბატალიონების საფუძველზე შექმნილი შერეული ტაქტიკური ჯგუფების გამოყენება, რომლებსაც ექნებათ შედარებით მცირე ძალებით ავტონომიურად მოქმედებების უნარი.
რაც შეეხება თურქეთის სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში განხორციელებულ ცვლილებებს, აქ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ჯავშანსატანკო ფარეხის გაზრდისა და განახლებისკენ მიმართული ღონისძიებები. კერძოდ, 1991 წელს ნაჩვენები 3783 საბრძოლო ტანკიდან მხოლოდ 2130 ერთეული იყო შედარებით ახალი, ხოლო 1653 უკვე მოძველებულ საბრძოლო მანქანებს წარმოადგენდა. დღეისთვის მოძველებული ტიპების ტანკები ნაწილობრივ მოხსნილია შეიარაღებიდან, ხოლო დარჩენილ ნაწილს ჩაუტარდა მოდერნიზაცია მათი საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლების მიზნით და ამჟამად შეიარაღებაში არსებული 4205 საბრძოლო ტანკიდან ყველა ამ შედარებით ახალი ნიმუშის მანქანებია (ამერიკულები M-48A5 T1/T2 და M-60A1/A3, გერმანული „ლეოპარდ-1A1/A3“). ამ ღონისძიებების შედეგად 1991 წელთან შედარებით, თურქეთის თანამედროვე ჯავშანსატანკო ჯარების ბრძოლისუნარიანობა დაახლოებით 2,5-ჯერ უნდა იყოს ამაღლებული.
ასევე სერიოზული გადახალისება განიცადა თურქული არმიის მოჯავშნული საბრძოლო მანქანების ფარეხმა. აქაც მოძველებული ტიპების ამერიკული ჯავშანტრანსპორტერები (1100 ერთეული) მოხსნილია შეიარაღებიდან, ხოლო მათ ნაცვლად ჯარებს მიაწოდეს შედარებით ახალი ამერიკული (M-113A1/A2 ტიპების) და ამერიკული ლიცენზიით თურქეთში წარმოებული (AAPC ტიპის) ჯავშანტრანსპორტერები და (AIFV ტიპის) ქვეითთა საბრძოლო მანქანები.
თურქეთის სახმელეთო ჯარების ჯავშანსატანკო ფარეხის გადახალისების ამ ღონისძიებების მიზანი ნათელია _ ჯარების მობილურობის, ჯავშანდაცულობისა და ცეცხლის ძალის ამაღლება, რომლის შედეგადაც რამდენჯერმე გაიზარდა თურქული არმიის საბრძოლო შესაძლებლობები 1991 წელთან შედარებით.
მობილურობის, ჯავშანდაცულობისა და ცეცხლის ძალის ამაღლების მიმართულებითვე განხორციელდა თურქული არმიის საარტილერიო შეიარაღების გადახალისება 90-იანი წლების განმავლობაში. კერძოდ, 1998 წლის მონაცემებით 1991 წელთან შედარებით თითქმის 300 ერთეულით გაიზარდა თვითმავალი ლულიანი არტილერიის საერთო რაოდენობა და მიაღწია 820 საარტილერიო დანადგარს (ძირითადად 203,2-მმ ამერიკული თვითმავალი ჰაუბიცების M-110A2 მიღების ხარჯზე); გარდა ამისა, ჯარებს დამატებით მიაწოდეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, მათ შორის თანამედროვე ამერიკული MLRS (რუსული სისტემების „ურაგანისა“ და „სმერჩის“ ანალოგიური).
და ბოლოს, თურქული არმიის შეიარაღებაში გამოჩნდა ამერიკული წარმოების AH-1W/P „კინგ კობრას“ ტიპის დამრტყმელი (ტანკსაწინააღმდეგო) ვერტმფრენები (ჯერჯერობით მხოლოდ 37 ერთეული), რომლებსაც მნიშვნელოვანი ფუნქცია ენიჭებათ ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგის მოჯავშნული მიზნების გასანადგურებლად, მიწისზედა ჯარებისთვის საავიაციო მხარდაჭერის აღმოსაჩენად, მოწინააღმდეგის ჯარების მოწყობის ოპერატიულ და ტაქტიკურ სიღრმეში აერომობილური დესანტების გადასხმისა და მოქმედებებისთვის მხარდაჭერის აღმოსაჩენად.
ამგვარად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ცივი ომის დასრულებისა და კავკასიაში რუსეთის სამხედრო ყოფნის მკვეთრად შემცირების მიუხედავად, თურქული არმიის სარდლობამ 90-იან წლებში მნიშვნელოვანი თანხები დახარჯა და შრომატევადი სამუშაო ჩაატარა სახმელეთო ჯარების საბრძოლო შესაძლებლობების _ საჯარისო ერთეულების მართვის სრულყოფის, საბრძოლო გამოყენების მოქნილობის, ჯარების მობილურობის, ჯავშანდაცულობის, ცეცხლისა და დარტყმითი ძალის ამაღლების, აერომობილური ოპერაციების უშუალო საავიაციო მხარდაჭერის გაძლიერების და, შესაბამისად, აერომობილური ოპერაციების ეფექტურობის ამაღლების მიმართულებით. ამ ღონისძიებებს შედეგად მოჰყვა თურქული სახმელეთო ჯარების (არმიის) საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის რამდენჯერმე ამაღლება.
ასევე მეტად საყურადღებო რეფორმები გაატარეს თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებშიც. ქვემოთ მე-3 ცხრილში ნაჩვენებია ამ ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების პირადი და საბრძოლო შემადგენლობა, აგრეთვე საბრძოლო თვითმფრინავების ტიპები და რაოდენობა 1991 და 1998 წლებში.
ცხრილი 3
თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალები 1991 და 1998 წლებში
(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – პირადი შემადგენლობა, B – გამანადგურებელ-ბომბდამშენი, C – გამანადგურებელი, D - სადაზვერვო)
პირადი შემად- . საბრძოლო ესკადრილიები . საბრძოლო თვითმფრინ. ტიპები
გენლობა . . . . . . . . . . . А . . . . . . . . B . . . . . . . . C . . . . . . . F-16C/D . . F-4E . . F-5A/B . . F-104G/S
(ადამიანი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(RF-4D) . . . . . . . . . . . . . .
1 9 9 1 წ ე ლ ი
. . . 75200 . . . . . . . . . . . . . 17 . . . . . . . . 2 . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . 71 . . . . . . 141 . . . . 136 . . . . . . . 160
1 9 9 8 წ ე ლ ი
. . . 63000 . . . . . . . . . . . . . 11 . . . . . . . .7 . . . . . . . . . 2 . . . . . . . . . 175 . . . . . . 178 . . . . . .87 . . . . . . . . – . .
ამ ცხრილიდან კარგად ჩანს, რომ 90-იან წლებში თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობამ ექვსი ერთეულით შეამცირა გამანადგურებელ-ბომბდამშენი ავიაესკადრილიების რიცხვი (17-დან 11-მდე) და სამაგიეროდ ხუთი ერთეულით გაზარდა გამანადგურებელი საავიაციო ესკადრილიების რაოდენობა. გამანადგურებელ-ბომბდამშენი ავიაციის ძირითადი დანიშნულებაა მიწისზედა (საზღვაო) მიზნებზე რაკეტებითა და ბომბებით დარტყმების მიყენება, ხოლო გამანადგურებელი ავიაციისა _ ჰაერში უპირატესობის (ბატონობის) მოპოვება.
ცივი ომის წლებში, როგორც ჩანს, ჰაერში უპირატესობის მოპოვების ამოცანის გადაწყვეტა ეკისრებოდათ თურქეთში განლაგებულ ან გადმოსასროლად განკუთვნილ ამერიკულ საავიაციო ესკადრილიებს. დღესდღეობით კი, ქვეყანაში ამერიკული სამხედრო-საჰაერო ყოფნის მასშტაბების შემცირებასთან დაკავშირებით, ეს ამოცანა თავად თურქულ საბრძოლო ავიაციას დაეკისრა. ამით მართლა შემცირდა თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების დამრტყმელი ძალა, მაგრამ ამაღლდა მისი ავტონომიურობა _ ამჟამად თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალები თავად წყვეტს საავიაციო დაზვერვის, ჰაერში უპირატესობის მოპოვებისა და მიწისზედა (წყალზედა) მიზნებზე საავიაციო დარტყმების მიყენების ამოცანებს.
ასევე თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ავტონომიურობის (ე. ი. ამ სფეროში აშშ-ის მონაწილეობის შემცირების ფონზე ამ ფუნქციების ძირითადად თურქულ მხარეზე გადასვლის) ამაღლების მიზანს ემსახურება საბრძოლო თვითმფრინავების საერთო რაოდენობის შემცირების (1991 წლის 508 საბრძოლო თვითმფრინავიდან 1998 წლის 440 მანქანამდე) პარალელურად პირადი შემადგენლობის 5800 ადამიანით გაზრდა, როგორც ჩანს, ამ ადამიანებით მოხდა თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ზურგისა და უზრუნველყოფის სხვა სამსახურების დაკომპლექტება. ესეც ამერიკელების თურქეთიდან წასვლისა და მათი ფუნქციების ადგილობრივი სტრუქტურებისთვის გადაცემის შედეგი უნდა იყოს.
წმინდა სამხედრო-საორგანიზაციო დანიშნულების გარდა თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის მეტი დამუკიდებლობის მინიჭებისა და უნივერსალიზაციის ამ ღონისძიებებს შესაძლოა სამხედრო-პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მიზნებიც გააჩნდეს, რაც დაკავშირებული უნდა იყოს თურქეთის მიერ ამიერკავკასიაში, ჩრდილოეთ ირანსა და ცენტრალურ აზიაში (ყაზახეთის ჩათვლით), ხოლო შემდეგ, შესაძლოა, ჩრდილო-კავკასიასა და ვოლგისპირეთში თავისი გავლენის გავრცელებისა და ნატო-ს ბლოკის აღმოსავლეთისკენ ექსპანსიის (გაფართოების) ინტერესების თანხვდენასთან.
როგორც ზემოთ ვნახეთ, 1998 წლის შუახანებისთვის თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავების საერთო რაოდენობა შემცირდა თითქმის 70 საფრენი აპარატით, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს ამ ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების ბრძოლისუნარიანობის დაქვეითებას. პირიქით, თვითმფრინავების ფარეხიდან F-104G/S ტიპების მოძველებული მანქანების, რომლებსაც ბუნდესვერის პილოტები მათი ხშირი ავარიულობის გამო „მფრინავ კუბოებს“ უწოდებდნენ, მთლიანად გამოყვანითა და F-5A/B ტიპების ასევე მოძველებული ავიაგამანადგურებლების მინიმუმამდე შემცირებით თურქულ საბრძოლო ავიაციას ბევრი არაფერი წაუგია, სამაგიეროდ ამერიკული ლიცენზიით თურქეთში წარმოებული F-16C/D ტიპების თანამედროვე გამანადგურებელი თვითმფრინავების 100-ზე მეტი ერთეულით გაზრდითა და შეიარაღებაში დამატებით F-4E (RF-4D) თვითმფრინავების მიღებით თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებამ ხარისხობრივად მნიშვნელოვნად გადააჭრაბა 1991 წლის დონეს.
რაც შეეხება თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს, აქაც მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა წყალქვეშა ნავებისა და მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდების შემადგენლობის განახლებისა და გადახალისების მიმართულებით.
ქვემოთ მე-4 ცხრილში მოყვანილია თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების პირადი და სახომალდო შემადგენლობის მონაცემები.
ცხრილი 4
თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების 1991 და 1998 წლებში
(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებულია შემდეგი აღნიშვნები: A – წყალქვეშა ნავები, B – მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდები, C – საბრძოლო და საპატრულო კატარღები, D – ზღვაში სანაღმო ომის წარმოების ხომალდები, E – სადესანტო-ამფიბიური ხომალდები, F – ნავსაწინააღმდეგო ავიაცია)
პირადი შემადგენლობა . . . A . . . .B . . . .C . . . .D . . . E . . . .F . . . . . . .
(ადამიანი)
1 9 9 1 წ ე ლ ი
. . . . . . 52000 . . . . . . . . . . . . . . . 15 . . . . 20 . . . 47 . . . 37 . . . 7 . . . 37
1 9 9 8 წ ე ლ ი
. . . . . . 51000 . . . . . . . . . . . . . . . 16 . . . . 21 . . . 50 . . . 29 . . . 8 . . . 13
ამ ცხრილიდან გამოდის, თითქოს თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შეიარაღებაში 90-იანი წლების განმავლობაში რაოდენობრივად დიდი ცვლილებები არ მომხდარა, მაგრამ აქაც წყალქვეშა ნავებისა და მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდების (საესკადრო ნაღმოსნები, ფრეგატები) ხარისხობრივი განახლების ხარჯზე მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული.
მართლაც, 1991 წელს ნაჩვენები 15 დიზელური წყალქვეშა ნავიდან მხოლოდ ექვსი იყო თანამედროვე გერმანული „209 ტიპისა“, დანარჩენები კი მოძველებული ამერიკული. დღევანდელი თურქული წყალქვეშა ფლოტის შემადგენლობაში კი უკვე ცხრა ნავია „209 ტიპის“, ხოლო შვიდი _ მოძველებული ამერიკული „გაფისა“ და „თენგის“ ტიპების.
რაც შეეხება მსხვილ წყალზედა საბრძოლო ხომალდებს 1991 წელს არსებული 12 საესკადრო ნაღმოსნიდან ყველა მოძველებული ამერიკული ხომალდი იყო. ამჟამად კი მათგან მხოლოდ „გირინგის“ ტიპის ორი ნაღმოსანიღაა დარჩენილი. რაც შეეხება ფრეგატებს, ამ კლასის 8 ხომალდიდან მხოლოდ 4 იყო თანამედროვე MEKO 200 ტიპისა, დანარჩენი ოთხი კი მოძველებული ამერიკული და გერმანული წარმოების ხომალდები იყო. ამჟამად არსებული 19 ფრეგატიდან მხოლოდ ორია მოძველებული, დანარჩენი 17 კი თანამედროვე გერმანული და ამერიკული ხომალდებია ( MEKO 200-ის, „უილიამ ჰეზარდ პერისა“ და „ნოქსის“ ტიპების). ისინი შეიარაღებული არიან „ჰარპუნის“ ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპპლექსებით, ASROC-ის ტიპის წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებითა და „სტანდარტისა“ და „სიი სფაროუს“ ტიპების საზენიტო მართვადი სარაკეტო კომპლექსებით. ასე, რომ დღესდღეობით, შეიძლება ითქვას, თურქეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა უკან ჩამოიტოვა რუსეთის შავი ზღვის ფლოტი და აღნიშნული ზღვის აკვატორიაში წამყვანი ადგილი დაიკავა.
ამრიგად, 90-იანი წლების განმავლობაში თავდაცვის სფეროში გაწეული მნიშვნელოვანი ფინანსური ხარჯების, საორგანიზაციო რეფორმებისა და შეიარაღებათა გაზრდა-განახლების შედეგად, თურქეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნა და ბრძოლისუნარიანობა რამდენჯერმე უნდა ამაღლებულიყო. რუსულ სამხედრო პერიოდიკაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თავად თურქი და დასავლელი სამხედრო ექსპერტები თვლიან, რომ შეიარაღებული ძალების დღევანდელი დონე მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყნის თავდაცვისთვის აუცილებელ მაჩვენებელს. ამიტომ, როგორც ჩანს, თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ქვეყნის სახმელეთო ჯარებს, სამხედრო-საჰაერო ძალებს, სამხედრო-საზღვაო ძალებსა და, შესაძლოა, სამხედრო ჟანდარმერიასაც, უნდა უსვამდეს არა მხოლოდ თავდაცვით, არამედ შეტევით ამოცანებსაც. მაგრამ ამ სავარაუდო ამოცანების შესახებ ვისაუბრებთ შემდგომ წერილებში.
ირაკლი ხართიშვილი
(დაიბეჭდა გაზეთ „საქართველოს“ 1999 წლის 3-9 აგვისტოს ნომერში)
როგორც ცნობილია, ცივი ომის ათწლეულებში ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნებს ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან შედარებით ჩვეულებრივ შეიარაღებულ ძალებში მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნდათ. მაგალითად, 1988 წლის მონაცემებით, ნატო-ს ჰყავდა 23700 საბრძოლო ტანკი, რომელთაგან 6200 შეერთებულ შტატებს ეკუთვნოდა, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციას კი _ 56000 საბრძოლო ტანკი, რომელთაგან 41000 იყო საბჭოთა. დასავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე განლაგებული იყო ოთხი ამერიკული დივიზია, ხოლო ამის საპირისპიროდ აღმოსავლეთ გერმანიაში, ჩეხოსლოვაკიაში, უნგრეთსა და პოლონეთში იდგა 30-ზე მეტი საბჭოთა დივიზია.
ამიტომ ჰელსინკის პროცესის ფარგლებში უკვე 80-იანი წლების შუახანებში დასავლეთის სახელმწიფოთა ხელმძღვანელებმა წამოაყენეს წინადადებები შეიარაღებაზე კონტროლის სფეროში, რაც მიზნად ისახავდა მათ ქვეყნებზე პირდაპირი სამხედრო მუქარის შემცირებას. ამის შედეგად 1990 წლის 19 ნოებერს პარიზში ხელი მოაწერეს ევროპაში (ატლანტიკიდან ურალამდე) ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებას (Treaty on Conventional Armed Forces in Europe – CFE), რომლის თანახმადაც ნატო-ს ბლოკსა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციას თითოეულს შეიძლებოდა ჰყოლოდა არაუმეტეს 20000 საბრძოლო ტანკის, 30000 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 100 მმ და მეტი ყალიბის 20000 საველე საარტილერიო სისტემის, 2000 დამრტყმელი (მოიერიშე) ვერტმფრენის და 6800 საბრძოლო თვითმფრინავისა.
გარდა ამისა, ნატო-ს საფლანგო სახელმწიფოების _ ნორვეგიისა და თურქეთის დაჟინებული მოთხოვნით, ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ხელშეკრულების სხვა სახელმწიფოთა (ბულგარეთისა და რუმინეთის) ჩვეულებრივი შეიარაღების დიდი უპირატესობის აღმოსაფხვრელად და დაპირისპირებულ მხარეთა ძალების გათანაბრებისთვის, CFE ხელშეკრულების V მუხლით ორივე საფლანგო რაიონში თითოეული სამხედრო ბლოკისთვის რეგულარულ ჯარებში განისაზღვრა არაუმეტეს 4700 საბრძოლო ტანკის, 5900 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის და 6000 საველე სარტილერიო სისტემისა. ნატო-ს მხრიდან საფლანგო რაიონში შევიდნენ ნორვეგია, ისლანდია საბერძნეთი და თურქეთის უმეტესი ნაწილი; ხოლო ვარშავის ხელშეკრულების მხრიდან _ ბულგარეთი, რუმინეთი და საბჭოთა კავშირის ლენინგრადის, ოდესის, ჩრდილო-კავკასიისა და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქების ტერიტორიები.
შეიარაღების ზემოთ განხილული საფლანგო კვოტებიდან თურქეთს მისი ტერიტორიის იმ ნაწილში, რომელიც შედის CFE ხელშეკრულების მოქმედების ზონაში, განესაზღვრა შემდეგი მაქსიმალური დონეები: 2888 საბრძოლო ტანკი, 1554 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 3202 საველე საარტილერიო სისტემა და 589 საბრძოლო თვითმფრინავი* (სადაზვერვოების ჩათვლით). აღნიშნული ხელშეკრულების პირობით გაითვალისწინება მონაწილე სახელმწიფოების მიერ ყოველი წლის დასაწყისში CFE ზონაში განლაგებული საკუთარი ჩვეულბრივი შეიარაღებული ძალების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის ვენაში (ეუთო-ს შტაბ-ბინაში) მიწოდება (ნოტიფიკაციის დოკუმენტები) და შემდეგ სპეციალური საინსპექციო ჯგუფების მიერ ამ ინფორმაციის შემოწმება (ვერიფიკაცია). ამავე დროს ვენიდან ეს მასალები ეგზავნება ყველა მონაწილე სახელმწიფოს შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებს (*ეს მონაცემები, სამწუხაროდ, სინამდვილეს არ შეესაბამება. წერილის წერისას მე შეცდომით ვისარგებლე სხვა ცხრილით, რომელიც ასახავდა ევროპის სახელმწიფოთა ჩველებრივი შეტევითი შეიარაღების რაოდენობას CFE-ხელშეკრულების დადების მომენტისთვის, ანუ 1990 წლის ნოემბრეში, და ეს მონაცემებიც იმხანად თურქეთის შეიარაღების მაჩვნებელია. ხოლო CFE-ხელშეკრულებით ამ ქვეყნისთვის დადგენილი კვოტები შემდეგია: არაუმეტეს 2795 საბრძოლო ტანკის, 3120 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 3523 საველე საარტილერიო სისტემის, 103 დამრტყმელი ვერტმფრენის და 750 საბრძოლო თვითმფრინავისა).
თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ 1998 წლის დასაწყისში ავსტრიის დედაქალაქში წარდგენილი სანოტიფიკაციო დოკუმენტებიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ ქვეყნის ტერიტორიის იმ ნაწილში, რომელიც შედის CFE ხელშეკრულების მოქმედების ზონაში, განლაგებულია სახმლეთო ჯარების 1-ლი და მე-4 „ეგეოსის“ საველე არმიები და მე-3 საველე არმიის უმეტესი ნაწილი (მე-8 საარმიო კორპუსის გამოკლებით).
თურქეთის სახმელეთო ჯარებისა და საჰაერო ძალების CFE ზონაში განლაგების დაწვრილებითი რუკა მოცემულია ნახ. 1-ზე. ეს რუკა შედგენილია ზემოთ აღნიშნული თურქული სანოტიფიკაციო დოკუმენტის საფუძვლზე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თურქოლოგების დახმარებით, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.
როგორც აღნიშნული რუკიდან ჩანს, თურქეთის სახმელეო ჯარების ყველაზე უფრო მსხვილ ოპერატიულ გაერთიანებას წარმოადგენს 1-ლი საველე არმია (შტაბი ქ. სტამბულში). მის საბრძოლო შეადგენლობაში შედიან მე-2 (გელიბოლუ), მე-3 (სტამბული), მე-5 (ჩორლუ) და 15-ე (ქოჯაელი) საარმიო კორპუსები. არმიის სარდლობისა და კორპუსების დაქვემდებარებაში შედიან ერთი მექანიზებული ქვეითი დივიზია, რვა ჯავშანსატანკო ბრიგადა, ხუთი მექანიზებული ქვითი ბრიგადა და სამი ქვითი ბრიგადა. 1998 წლის დასაწყისში მასში მოივლებოდა პირადი შემადგენლობის 150422 ადამიანი, 1558 საბრძოლო ტანკი, 1427 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 1086 საველე საარტილერიო სისტემა, 30 საბრძოლო უზრუნველყოფის ვერტმფრენი.
ამის შემდეგ სიძლიერით მოდის მე-3 სავლე არმია, რომლის განლაგების რაიონიც მოიცავს აღმოსავლეთ ანატოლიას და უშუალოდ ესაზღვრება საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს. ამ არმიის სარდლობისადმი უშუალოდ დაქვემდებარებული საჯარისო ერთეულები და მე-9 კორპუსის შენაერთები და ნაწილები განლაგებულია CFE ზონაში და მათზე დაწვრილებითი ინფორმაცია გაგვაჩნია, ხოლო მე-8 საარმიო კორპუსის შტაბი და მისდამი დაქვემდებარებული ბრიგადები განლაგებულია CFE ზონის გარეთ და მისი შემადგენლობა ჩვენთვის უცნობია. ახლა განვიხილოთ აღნიშნული ზონის ფარგლებში განლაგებული მე-3 საველე არმიის მონაცემები.
მე-3 არმიის შტაბი მდებარეობს ქ. ერზინჯანში, მე-9 კორპუსისა _ ქ. არზრუმში, ხოლო მე-8 კორპუსისა _ ქ. ელიაზიგში. ამათგან მე-9 საარმიო კორპუსის ჯარები დისლოცირებული არიან უშუალოდ ამიერკავკასიის სახელმწიფოთა მახლობლობაში ხოლო არმიის სარდლობისადმი დაქვედებარებული ნაწილები და ქვედანაყოფები მათ ზურგში ერთგვარ რეზერვს ქმნიან. აღნიშნული არმიის საბრძოლო შემადგენლობაში ნაჩვენებია ერთი ქვეითი დივიზია (სატანკო პოლკით), ერთი ჯავშანსატანკო ბრიგადა, ექვსი მექანიზებული ქვეითი ბრიგადა და ორიც ქვეითი ბრიგადა. 1998 წლის დასაწყისში მათში მოითვლებოდა პირადი შემადგენლობის 86828 ადამიანი, 540 საბრძოლო ტანკი, 626 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 638 საველე საარტილერიო სისტემა, სამი სატანკო ხიდგამყვანი, 10 დამრტყმელი (მოიერიშე) ვერტმფრენი და 32 საბრძოლო უზრუნველყოფის ვერტმფრენი.
მე-4 „ეგეოსის“ არმია (შტაბი ქ. იზმირში) საბერძნეთის წინააღმდეგაა განლაგებული და კვიპროსზე შესაძლო მოქმედებისთვის განკუთვნილი. მას ძირითადად სასწავლო დანიშნულება გააჩნია და თავის შემადგენლობაში საბრძოლო ერთეულებიდან სულ ორი ქვეითი ბრიგადა და ერთი საზღვაო ქვითი ბრიგადა ჰყავს. 1998 წლის დასაწყისში მე-4 არმიაში მოითვლებოდა პირადი შეადგენლობის 60411 ადამიანი, 61 საბრძოლო ტანკი, 11 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 342 საველე საარტილერიო სისტემა და 15 საბრძოლო უზრუნველყოფის ვერტმფრენი.
ამრიგად, CFE ზონაში განლაგებულია სულ თურქეთის სახმელეთო ჯარების 444390 პირადი შემადგნლობა, 2538 საბრძოლო ტანკი, 2529 მოჯავშნული საბრძოლო მანქნა, 2839 საველე საარტილერიო სისტემა, 25 სატანკო ხიდგამყვანი, 26 დამრტყმელი, 145 საბრძოლო უზრუნველყოფისა და 34 შეუიარაღებელი სატრანსპორტო ვერტმფრენი.
CFE ხელშეკრულების მოქმედების ზონის გარეთ განლაგებულია თურქეთის მე-2 საველე არმიის (შტაბი ქ. მალათიაში) მე-6 (ადანა) და მე-7 (დიარბაქირი) საარმიო კორპუსები და მე-3 არმის მე-8 (ელიაზიგი) კორპუსი. მათ საბრძოლო შემადგენლობაში შედიან ოთხი-ხუთი ჯავშანსატანკო, ხუთი-ექვსი მექანიზებული ქვეითი და ორიც ქვეითი ბრიგადები. 1998 წლის დასაწყისში მათში სავარაუდოდ მოივლებოდა პირადი შემადგენლობის დაახლოებით 80610 ადამიანი, 1663 საბრძოლო ტანკი, 1369 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 1438 საველე საარტილერიო სისტემა, 11 დამრტყმელი ვერტმფრენი და სხვა შეიარაღება.
ქვემოთ ცხრილში ნაჩვენებია თურქეთის სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობისა და შეიარაღების მონაცემები CFE ზონაში და მის გარეთ.
ცხრილი
თურქეთის სახმელეთო ჯარები CFE ზონაში და მის გარეთ
პირადი შემადგენლობა . . ქვეყნის მთელ . . CFE ზონაში . . CFE ზონის
და შეიარაღება . . . . . . . . . . .ტერიტორიაზე . . . . . (%) . . . . . . . . გარეთ (%) .
პირადი შემადგენლობა
(ადამიანი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . 525000 . . . . . . . . . 444390 . . . . . . . 80610
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (84,7%) . . . . . (15,3%)
საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . 4205 . . . . . . . . . . . 2542 . . . . . . . . 1663
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (63,8%) . . . . . (36,2%)
მოჯავშნული საბრ-
ძოლო მანქანები . . . . . . . . . . . . . . . 3898 . . . . . . . . . . .2529 . . . . . . . . 1369
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(66,4%) . . . . . .(33,6%)
საველე არტილერია . . . . . . . . . . . .4277 . . . . . . . . . . .2839 . . . . . . . .1438
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(66,3%) . . . . . (33,7%)
დამრტყმელი
ვერტმფრენები . . . . . . . . . . . . . . . . . . 37 . . . . . . . . . . . . . 26 . . . . . . . . . 11
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (70,3%) . . . . . (29,7%)
ზემოთ გადმოცემული ინფორმაციიდან შეგვიძლია დავასკვნათ შემდეგი:
1. თურქეთის სახმელეთო ჯარების სარდლობას ძირითადი ძალები და საშუალებები კვლავინდებურად თავმოყრილი ჰყავს შავი ზღვის სრუტეების ზონაში და ანატოლიის (აზიური თურქეთის) ჩრდილოეთ ნაწილში (1-ლი და მე-3 საველე არმიების შემადგენლობაში). ეს მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან თავდაცვის სფეროში დაკავებული ზოგიერთი ქართველი თანამდებობის პირი უკრიტიკოდ იზიარებს თურქულ ვერსიას იმის თაობაზე, რომ 90-იან წლებში თურქეთის შეიარაღებული ძალების გაძლიერება განპირობებულია სირიიდან, ერაყიდან და ქურთისტანის მუშათა პარტიისგან თურქეთის სუვერენიტეტისადმი არსებული მუქარების განეიტრალების აუცილებლობით. როგორც ცხრილიდან ვხედავთ, ამ მიმარულებით თურქეთის სახმელეთო ჯარების სარდლობას განლაგებული ჰყავს პირადი შემადგენლობის სულ 15,3%.
2. CFE ზონის გარეთ განლაგებულია თურქეთის საბრძოლო ტანკების 36,2%, მოჯავშნული საბრძოლო მანქანების 33,6%, საველე საარტილერიო სისტემების 33,7% და ვინაიდან ამ ტერიტორიაზე პირადი შემადგენლობის სულ 15,3%-ია, ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ საბრძოლო ტექნიკის ნიშვნელოვანი ნაწილი CFE ზონის გარეთ უბრალოდ დასაწყობებულია და განკუთვნილია საბრძოლო მოქმედებების გაჩაღების შემთხვევაში CFE ზონაში, კერძოდ, შესაძლოა ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით სამოქმედოდ გადმოსასროლად, თუმცა შესაძლოა დასავლეთისკენაც _ კვიპროსის მიმართულებით.
ასევე მეტად მნიშვნელოვანია თურეთის საბრძოლო ავიაციის განლაგება და განაწილება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. თურქეთის საჰაერო ძალებში შედის ორი ტაქტიკური საავიაციო სარდლობა, პირველის შტაბი მდებარეობს ქ. ესქიშეჰირში (CFE ზონა), მეორესი ქ. დიარბაქირში (ზონის გარეთ). 1998 წლის დასაწყისის მდგომარეობით, 1-ლი ტაქტიკური საავიაციო სარდლობის შემადგენლობაში ნაჩვენები იყო 388 საბრძოლო თვითმფრინავი (88,1%), მე-2-ში კი სულ 52 (11,9%). როგორც ვხედავთ, რაიმე სერიოზულ მუქარაზე ლაპარაკი სირიის, ერაყის ან ირანის მხრიდან ზედმეტია. მითუმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ 90-იან წლებში ყველაზე უფრო მსხვილმასშტაბიანი გადაიარაღება მოხდა თურქეთის საზღვაო ძალებში, და ეს იმ დროს, როდესაც შავ ზღვაში რუსეთს 26 ტაქტიკური წყალქვეშა ნავიდან და 46 მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდიდან სულ ცხრა ტაქტიკური წყალქვეშა ნავი და რვა მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდიღა დარჩა, ხოლო ერაყსა და ირანს სრულიად არ გააჩნიათ გასასვლელი ხმელთაშუა ზღვაში, მაშინ გაუგებარია, რა მუქარების გასანეიტრალებლად სჭირდება თურქეთს 16 ტაქტიკური წყალქვეშა ნავი და 21 მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდი, რომელთაგან 26 ერთეული მცურავი საშუალება თანამედროვე მოდელს წარმოადგენს.
ყოველივე ამას ვერ ხსნის ვერსია თურქეთის თანამედროვე შეიარაღებული ძალების თავდაცვითი დანიშნულების შესახებ და მკაფიოდ იკვეთება მისი შეტვითი გამიზნულება, ხოლო იმის შესახებ, თუ სავარაუდოდ საითკენ შეიძლება იყოს მიმართული თურქეთის არმიის, ავიაციისა და ფლოტის შეტევითი პოტნციალი, მომდევნო წერილში გვექნება საუბარი.
ირაკლი ხართიშვილი
(გამოქვეყნდა გაზეთ „საქართველოს“ 1999 წლის 17-23 აგვისტოს ნომერში)
მართალი რომ ვთქვათ, მე-4 წერილში გვინდოდა თურქეთისა და მის მოკავშირეთა სავარაუდო სამხედრო-პოლიტიკურ გეგმებზე გვესაუბრა, მაგრამ ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების შეტევითი დანიშნულების წინ წამოწევისას საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით დაკავებული თანამდებობის პირებისა და სპეციალისტებისგან ამ მოსაზრებისადმი ისეთ წინააღმდეგობას წავაწყდით, რომ საჭიროდ მივიჩნიეთ მათ მიერ გამოთქმული არგუმენტების გარჩევა და შეფასება.
პირველი, რითაც ხსნიან და ამართლებენ ეს სპეციალისტები 90-იან წლებში თურქეთის შეიარაღებული ძალების მკვეთრ გაძლიერებას, არის ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის სივრცეში ამ ქვეყნის საფლანგო მდებარეობა. უნდა ითქვას, რომ 1990 წლის შემოდგომაზე CFE ხელშეკრულების დადებისას, ამას მართლაც ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინაიდან ორივე (ჩრდილოეთ და სამხრეთ) ფლანგზე ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციას ჩვეულებრივ შეიარაღებულ ძალებში დიდი უპირატესობა გააჩნდა ჩრდილოატლანტიკური კავშირის სახელმწიფოებთან შედარებით; მაგრამ დღესდღეობით ამ ფაქტორის მნიშვნელობა კარგად ჩანს თუნდაც ნატო-ს მეორე საფლანგო სახელმწიფოს _ ნორვეგიის მაგალითზე. 90-იანი წლების განმავლობაში ნორვეგიას თავისი თავდაცვის ხარჯები ფაქტიურად არ შეუცვლია და დაახლოებით 3,6 მლრდ. ამერიკული დოლარის დონეზე დატოვა, ხოლო რაც შეეხება შეიარაღებული ძალების რიცხოვნებას, იგი 1991 წლის 32700 ადამიანიდან 1998-ში დაახლოებით 28000-მდე ჩამოიყვანა. და ეს მაშინ, როდესაც ამ ქვეყანას უშუალოდ ემეზობლება რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის სამხედრო ოლქი. ამრიგად, როგორც ვხედავთ, მხოლოდ საფლანგო მდებარეობა ვერ გამოდგება თურქეთის სამხედრო მანქანის გაძლიერების ასახსნელად.
მეორე არგუმენტი ამის სასარგებლოდ არის ის გარემოცვა, რომელიც თურქეთს გააჩნია _ სირია, ერაყი, ირანი, არასტაბილური მდგომარეობა კავკასიაში და აგრეთვე ქურთების სეპარატისტული შეიარაღებული მოძრაობა თავად ქვეყნის შიგნით. ახლა ეს არგუმენტიც განვიხილოთ. ცივი ომის პერიოდში თურქეთსა და საბერძნეთს შავი ზღვის სრუტეების ზონაში (აღმოსავლეთ და დასავლეთ თრაკიაში) მუქარას უქმნიდნენ ბულგარეთის, რუმინეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ოდესისა და ნაწილობრივ კიევის სამხედრო ოლქებში განლაგებული ჯარები. მათ სახმელეთო კომპონენტში მთლიანობაში შედიოდა ოთხი სატანკო, 25 მოტომსროლელი, თითო-თითო საჰაერო-სადესანტო და საარტილერიო დივიზიები, ოთხი სატანკო, ოთხი საჰაერო-სადესანტო, 13 ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების ბრიგადები და სხვა ჯარები. 1991 წლის მონაცემებით, მათ შეიარაღებაში ნაჩვენები იყო სულ 8624 საბრძოლო ტანკი, 7192 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 8169 საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების 238 გასაშვები დანადგარი, 55 დამრტყმელი ვერტმფრენი.
აღმოსავლეთ ანატოლიაში ყოფილი საბჭოთა კავშირის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ტერიტორია უშუალოდ ესაზღვრებოდა თურქეთს და ამ მიმართულებით მე-3 თურქული არმიის ოთხი ქვეითი დივიზიის, სამი ჯავშანსატანკო, ორი მექანიზებული ქვეითი და ოთხი ქვეითი ბრიგადის საპირისპიროდ სსრკ-ის ამიერკავკასიისა და ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქებში განლაგებული იყო 13 მოტომსროლელი (მათ შორის ორი სასწავლო), თითო-თითო საჰაერო-სადესანტო და საარტილერიო დივიზიები, ერთი საჰაერო-სადესანტო, ორი სპეციალური დანიშნულების, ექვსი ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტებს ბრიგადები, რვა საარტილერიო ბრიგადა (პოლკი) და დამრტყმელი ვერტმფრენების პოლკი. მათი პირადი შემადგენლობა მოითვლიდა დაახლოებით 150-200 ათას ადამიანს, ხოლო შეიარაღებაში 1991 წელს შედიოდა სავარაუდოდ 2500 საბრძოლო ტანკი, 2500 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 3500 საველე საარტილერიო სისტემა, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების 180 გასაშვები დანადგარი, 60-მდე დამრტყმელი ვერტმფრენი.
გარდა ამისა, ცივი ომის პერიოდში ყოფილი საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელებს მჭიდრო ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა ჰქონდათ იმავე სირიის, ერყისა და ქურთისტანის მუშათა პარტიის მმართველ წრეებთან. ამიტომაც მათ მეტ-ნაკლები კოორდინირებით ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ძალისა და საშუალების დაპირისპირება შეეძლოთ, და აპირებდნენ კიდეც, თურქეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.
დღესდღეობით ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, მოლდოვა და ამიერკავკასიის სახელმწიფოები მოსკოვს უკვე აღარ ემორჩილებიან. მწირი ფინანსური შესაძლებლობების გამო კრემლი ვერც სირიას, ერაყსა და ქურთ სეპარატისტებს უნდა უწევდეს უწინდელ ეკნომიკურ და სამხედრო დახმარებას, ხოლო თურქეთის წინააღმდეგ მათი ერთობლივი მოქმედებების შესახებ ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. რაც შეეხება უკანასკნელ ათწლეულში კავკასიაში გაჩაღებული ეთნიკური შეფერილობის პოლიტიკური კონფლიქტების გავლენას თურქეთის უსაფრთხოებაზე, არა გვგონია, რომ აქედან გამოწვეული შეშფოთებანი რაიმე შედარებაში მოდიოდეს იმ მუქარასთან, რომელსაც თუნდაც ცივი ომის მიწურულს უქმნიდა თურქეთს კავკასიაში განლაგებული 15 საბჭოთა დივიზია და 20-მდე ბრიგადა (პოლკი), მათ ხელთ არსებული ძალებითა და საშუალებებით. ასე რომ, 90-იან წლებში თურქეთის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარინობის მკვეთრად ამაღლების ასახსნელად ვერ ამ ქვეყნის გეოგრაფიული გარემოცვა გამოდგება.
მაგრამ აღნიშნული ქართველი სპეციალისტების მხრიდან თურქეთის თანამედროვე შეიარაღებული ძალების შეტევითი დანიშნულების შესახებ თეზისის მიუღებლობამ და მათმა რჩევამ, გადაგვაწყვტინა თავად საქართველოში თურქეთის სამხედრო ატაშესთან პოლკოვნიკ ვედათ ილდიზთან საუბარი აღნიშნულ საკითხებზე. მაგრამ, სანამ ბატონ ატაშესთან ჩვენი საუბრის შესახებ გავაგრძელებდეთ წერას, გვინდა მკითხველს ერთი ინფორმაცია მივაწოდოთ უკვე გეოპოლიტიკის სფეროდან, რომლის გაშლასაც თურქეთის შეიარაღებული ძალების შესახებ დასკვნით წერილში ვაპირებდით, სადაც ამ ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სავარაუდო გეგმების შესახებ გვინდა ვისაუბროთ; მაგრამ ვინაიდან ბ-ნ პოლკოვნიკთან ლაპარაკის დროს ეს თემაც წამოიჭრა, ამიტომ ორიოდე სიტყვით მასზეც შევჩერდებით. ეს არის 80-იანი წლების შუახანებში ქვეყნის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, შემდგომში პრეზიდენტის, აწ განსვენებული თურგუთ ოზალის მიერ დასავლური პრესისთვის მიცემულ ერთერთ ინტერვიუში ნათქვამი, რომ თურქეთს დიდი პრეტენზიები არ გააჩნია, ვინაიდან ეს არის მხოლოდ რეგიონული სახელმწიფო ხმელთაშუა ზღვიდან ჩინეთის დიდ კედლამდეო.
ბატონმა თურქეთის სამხედრო ატაშემ განგვიცხადა, რომ დღევანდელ თურქეთს არ გააჩნია ტერიტორიული პრეტენზიები სხვა სახელმწიფოთა მიმართ; რომ თურგუთ ოზალის ზემოთ აღნიშნული გამონათქვამი მხოლოდ მისი პირადი აზრი შეიძლება იყოს და არა ქვეყნის პოლიტიკის წარმმართველი თეზისი; რომ 90-იან წლებში თურქეთის შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე გადაიარაღების პროცესი აიხსნება იარაღის მოძველებული სისტემების ახლით შეცვლისა და არსებულის მოდერნიზაციის ბუნებრივი მოთხოვნილებებით; რომ სახმელეთო ჯარებში დივიზიებიდან საბრიგადო სისტემაზე გადასვლით საერთო ჯამში საბრძოლო ბატალიონების რაოდენობა დიდად არ შეცვლილა; რომ საჰაერო ძალებში ჰაერში საწვავით გამწყობი (ტანკერი) თვითმფრინავების გასამმაგება განპირობებულია არა შორ მანძილებზე სახმელეთო მიზნების დასაბომბად საბრძოლო ავიაციის გაშვების აუცილებლობით, არამედ, პირველ რიგში, ქვეყნის თავდაცვის ინტერესებისთვის და ასევე, ვთქვათ, თურეთიდან შეერთებულ შტატებში ტაქტიკური გამანადგურებლების გადაფრენისას დასავლეთ ევროპის აეროდრომებზე დაუჯდომლად ჰაერში მათი საწვავით გაწყობისთვის; რომ თურქეთი იცავს CFE ხელშეკრულებით მისთვის დადგენილი შეიარაღების კვოტებს და მათ დარღვევას არ აპირებს; რომ ქვეყნის მმართველი წრეები ხელმძღვანელობენ რესპუბლიკის დამაარსებლის ქემალ ათა-თურქის ცნობილი ლოზუნგით _ მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ _ და არ აპირებენ საკუთარი ინტერსების მისაღწევად ომის გაჩაღებას; რომ თურქეთს მართლაც გააჩნია თავისი ინტერესები ეთნიკურად, ისტორიულად, კულტურულად, ეკონომიკურად მასთან დაკავშირებულ ქვეყნებსა და რეგიონებში, მაგრამ ამ ინტერესების განვითარებას იგი მხოლოდ მშვიდობინი გზით აპირებს.
ახლა ბატონ ატაშეს ზემოაღნიშნული არგუმენტებიც გავარჩიოთ. ჯერ ერთი, რაღაც არ გვგონია, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი “ვაშინგტონ პოსტში” ან “ნიუსუიქში” გამოსაქვეყნებელ ინტერვიუში გეოპოლიტიკის ისეთ საკითხებზე საუბრისას, რომლებშიც თავისთავად იგულისხმებოდა სსრკ-ის, ირანისა და ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობის შებღალვა, მხოლოდ თავის კერძო მოსაზრებებს გამოთქვამდეს და მეტს არაფერს.
მეორეც, შეიარაღებათა მოძველებული სისტემების მოდერნიზაციისა და ახლით შეცვლის პროცესი სავსებით ბუნებრივი და აუცილებელია, მაგრამ ამ პროცესს ჩვეულებრივ თან ახლავს შეიარაღების რაოდენობის შემცირება, ვინაიდან ცხადია, რომ უფრო თანამედროვე და ძლიერი იარაღის შედარებით ნაკლები რაოდენობა უნდა იყოს საკმარისი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის იმავე დონეზე შესანარჩუნებლად. თურქეთის სახმელეთო ჯარებში კი 90-იან წლებში შეიარაღებიდან მოხსნეს უკვე გვარიანად მოძველებული M-47 ტიპის 523 საბრძოლო ტანკი და მათ ნაცვლად მიიღეს გაცილებით უფრო თანამედროვე და ძლიერი M-60A1/A3 და „ლეოპარდ-1A1/A3“ ტიპების 1161 ტანკი, აგრეთვე 1100 ერთეული ასევე ძლიერ მოძველებული M-59 და M-2/3 ტიპების ჯავშანტრანსპორტერების ნაცვლად ჯარებს მიაწოდეს 1438 თანამედროვე ქვეითთა საბრძოლო მანქანა (AIFV) და ჯავშანტრანსპორტერი (AAPC და M113A1/A2).
შემდგომი შედარებების გაუგრძელებლადაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 90-იან წლებში თურქეთის სახმელეთო ჯარებში ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ შეიარაღების განახლებას, არამედ მის ნიშვნელოვან რაოდენობრივ ზრდასაც, რის შედეგადაც ამ ქვეყნის ჯავშანსატანკო და მექანიზებული ჯარების საბრძოლო შესაძლებლობები დაახლოებით 2 _ 2,5-ჯერ ამაღლდა.
მესამე, ამავე წლებში თურქეთის სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობა 55000 ადამიანით გაიზარდა. ამ ეტაპზე ჩვენთვის ძნელია იმის თქმა, თუ რამდენად იმოქმედა ამან საბრძოლო ბატალიონების რაოდენობის ზრდაზე, ერთი რამ კი ცხადია, 1991 წლის მონაცემებით, თურქულ არმიაში ნაჩვენები 14 საბრძოლო დივიზიიდან 13 იყო სხვადასხვა ტიპის ქვეითი დივიზია (სატანკო პოლკით ან მის გარეშე), ხოლო 23 საბრძოლო ბრიგადიდან ათი ასევე იყო ქვეითი. შესაბამისად, თურქულ ჯარებში მაშინ მეტად დიდი იყო სწორედ ქვეითი (ფეხოსანთა) ბატალიონების ხვედრითი წილი. დღესდღეობით თურქეთის სახმელეთო ჯარებში არსებული ორი დივიზიიდან ერთი მექანიზებულია და ერთიც A-ტიპის ქვეთი (სატანკო, ორი ქვეითი და საარტილერიო პოლკები, აგრეთვე უზრუნველყოფის ქვედანაყოფები). ხოლო 40 საბრძოლო ბრიგადიდან მხოლოდ ცხრაა ქვეითი, დანარჩენი კი ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვეითი. ამრიგად, 90-იან წლებში განხორციელებული გადაიარაღების შედეგად, ქვეითი ბატალიონების რაოდენობა მკვეთრად უნდა შემცირებულიყო და, შესაბამისად, გაზრდილიყო სატანკო და მექანიზებული ქვეითი ბატალიონების რაოდენობა. ჯავშანსატანკო ჯარების საცეცხლე და დარტყმით ძალაზე რომ არაფერი ვთქვათ, თუნდაც 1973 წელს არაბებსა და ისრაელს შორის ომმა აჩვენა მექანიზებული ქვეითი ჯარების დიდი უპირატესობა ქვეით ჯარებთან შედარებით. ამრიგად, ამ მხრივაც თურქული არმიის დღევანდელელი ქვედანაყოფების დიდი უმეტესობა გაცილებით უფრო ძლიერია 90-იანი წლების დასაწყისთან შედარებით.
მეოთხე, CFE ხელშეკრულება, როგორც ვთქვით, დაიდო ნატო-ს ბლოკსა და ყოფილ ვარშავის პაქტს შორის და ითვალისწინებდა მათ შორის ძალთა თანაბარი ბალანსის დამყარებას. მაშინ თურქეთის წინააღმდეგ მოსკოვის ბრძანებით ერთდროულად გამოდიოდნენ ჯარები, რომლებიც განლაგებული იყვნენ ბულგარეთის, მოლდოვას, უკრაინის, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საკუთრივ რუსეთის ტერიტორიაზე და, შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულებით თურქეთს დაუდგინეს შეიარაღებათა ისეთი კვოტები, რომლებსაც ყველა ამ მხრიდან წამოსული მუქარები უნდა გაენეიტრალებინა. დღესდღეობით ეს მუქარები პრაქტიკულად მიზერულ დონემდეა დაყვანილი და თურქეთისთვის ისევ ძველი კვოტების დატოვება ამ ქვეყნის თავდაცვითი საკმარისობის დონეს მრავალჯერ აღემატება.
მეხუთე, ტაქტიკური გამანადგურებლების ჰაერში საწვავით გამწყობი თვითმფრინავების თავდაცვითი მიზნებით გამოყენების ვერსიაც მეტად სუსტია, ვინაიდან თავდაცვით ბრძოლებში ჩაბმული ავიაგამანადგურებლები და ბომბდამშენები ხარჯავენ არა მხოლოდ საწვავს, არამედ, ბუნებრივია თან წაღებულ საავიაციო რაკეტებს, ბომბებს და ჭურვებსაც და ყოველივე ამის შესავსებად და ეკიპაჟების დასასვენებლად აუცილებელი იქნება საკუთარ ბაზებში (აეროდრომებზე) დაბრუნება; ხოლო რაკეტებისა და სხვა შეიარაღების დახარჯვის შემდეგ თვითმფრინავებისთვის ჰაერში საწვავის ჩასხმა და ისევ ბრძოლაში გაშვება, უბრალოდ, უაზრობაა.
რაც შეეხება ქემალ ათა-თურქის სამშვიდობო ლოზუნგს, ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან უნდა გვახსოვდეს, რომ 1921 წლის თებერვალ-მარტის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სწორედ ათა-თურქისადმი დაქვემდებარებულმა ოსმალურმა ჯარებმა დაიკავეს ერთა ლიგის მიერ საქართველოს შემადგენლობაში ცნობილი არტაანის, ფოცხოვის, ოლთისისა და ისტორიული მესხეთის სხვა ოლქები, ხოლო შემდეგ ბათუმის ოლქის (აჭარის) დაკავებაც სცადეს, საიდანაც ქართულმა ჯარება გენერალ მაზნიაშვილის მეთაურობით განდევნეს ისინი.
ასევე გვინდა დავიჯეროთ თურქეთის ოფიციალურ პირთა განცხადებები იმის თაობაზე, რომ თურქეთი არ აპირებს სამხედრო ძალის გამოყენებით საკუთარი გავლენის აღმოსავლეთისკენ გავრცელებას, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ რამდენიმე წლის წინ თავად ნატო-ს ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან საბჭოთა ჯარების გასვლის შემდეგ ჩრდილოატლანტიკური კავშირი აღმოსავლეთისკენ გაფართოებას არ აპირებდა, და ეს განცხადებები აღმოჩნდა ელემენტარული სიცრუე.
ასეთ პირობებში, ჩვენი აზრით, თურქეთისა და ნატო-ს ბლოკის ოფიციალურ პირთა სამშვიდობო განცხადებების ყველაზე უფრო საიმედო დადასტურება იქნებოდა ამ ქვეყნისა და მთლიანად ალიანსის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ CFE ხელშეკრულების ადაპტაციის მიმდინარე პროცესში თურქული შეიარაღებული ძალების შემცირება და ქვეყნის თავდაცვითი საკმარისობის დონესთან შესაბამისობაში მოყვანა.
ირაკლი ხართიშვილი
P. S. ამ წერილის მომზადებისას, მისი მოცულობის შეზღუდულობის გამო ვერ ჩავწერეთ ორი მეტად საყურადღებო ეპიზოდი პოლკოვნიკ ვედათ ილდიზთან ჩვენი საუბრიდან. ერთი ეხებოდა იმას, რომ თურქეთის სამხედრო ატაშემ ამ ქვეყნის ხლმძღვანელობის მიერ თავისი შეიარაღებლი ძალების ასეთი ნიშვნელოვანი გაძლიერების მიზეზად დაასახელა ის, რომ, ჩვენი აზრით, თუ სახელმწიფო არსებობს, მაშინ იგი თავისი ძლიერებისთვის უნდა ზრუნავდესო. ამაზე საპასუხოდ ჩვენ ვუთხარით, რომ CFE ხელშეკრულებით საქართველოსთვის დადგენილი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტები _ არაუმეტეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანისა და 285 საველე არტილერიის ქვემეხისა და ნაღმსატყორცნის _ მიზერულადაც კი ვერ აკმაყოფილებს 5-მილიონიანი ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფის ამოცანის გადაწყვეტას. და თუკი თურქეთის სამხედრო სპეციალისტები და ქვეყნის ხელმძღვანელობა თვლიან საკუთარი თავის პატივისმცემელი სახელმწიფოსთვის ძლიერი შეიარაღებული ძალების შენახვის სასურველობას, მაშინ თუ დაუჭერენ ისინი მხარს საქართველოს ეუთო-ს ხელმძღვანელობის წინაშე ამ კვოტების გაზრდის საკითხის დასმასა და გადაწყვეტაში?
ამაზე პოლკოვნიკმა ვედათ ილდიზმა გვიპასუხა, რომ ასეთი მოლაპარაკებების წარმოება სამოქალაქო პირთა საქმეაო. მაგრამ განა იმ სამოქალაქო პირებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ღანამშრომლებს, სამხედრო სპეციალისტები არ უწევენ კონსულტაციებს შეიარაღებული ძალებისა და შეიარაღების საკითხებში? ამ კითხვაზეც იგი ძველ პასუხს იმეორებდა: ეს სამოქალაქო პირების საქმეაო.
მეორე საკითხი მდგომარეობდა იმაში, რომ როდესაც ჩვენი საუბრის დასასრულს, სამხედრო ატაშის კაბინეტში კედელზე გაკრულ მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე მივუთითეთ და ვუთხარით _ შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ ხომ შეამცირეს თავიანთი სამხედრო ხარჯები, და თურქეთი რატომ არ მიჰყვება მათ მაგალითსო, პოლკოვნიკმა ვ. ილდიზმა გვიპასუხა, რომ აშშ ორი ოკეანით არის გამოყოფილი და დაცული შესაძლო მოწინააღმდეგეებისგან, დასავლეთ გერმანიამ კი უკვე შემოიერთა აღმოსავლეთ გერმანია და ამიტომ მრავალრიცხოვანი ჯარები მას აღარ სჭირდებაო, მაშინ ბუნებრივად წარმოიშვა შეკითხვა _ თქვენ რიღას შემოერთებას აპირებთ, რაკი თქვენი შეიარაღებული ძალების გაძლიერებისთვის ასე ზრუნავთ-მეთქი? ამ შეკითხვაზე ორივეს გაგვეცინა და ასე დავასრულეთ ჩვენი საუბარი. კითხვები კი პასუხგაუცემელი დარჩა. მაგრამ ჩვენი კომპეტენცია ამით ამოიწურებოდა, საქართველოს ხელისუფლებას კი, სამწუხაროდ, ამ კითხვებზე პასუხები არც აინტერესებდა. ეს პასუხები არ აინტერესებდა არც ე. წ. პოლიტიკური პარტიების უდიდეს ნაწილს, და ისინი სიხარულით იღებდნენ იმას, რასაც აშშ-ისა და ნატო-ს ხელმძღვანელობა „შეასაღებდათ“, პუშკინის ერთი სახუმარო-სასიყვარულო ლექსისა არ იყოს:
«Ах, обмануть меня не трудно;
Я сам обманываться рад».
და ასეთი ლოგიკით მოდიან ქართული სახელმწიფო, შესაძლოა უფრო სწორი იყოს _ ქართული კვაზისახელმწიფო, და ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი დღესაც.
(გამოქვეყნდა გაზეთ “საქართველოს” 1999 წლის 31 აგვისტო-6 სექტემბრის, აგრეთვე 7-13 სექტემბრის ნომრებში)
წერილის დასაწყისში სამძიმარი გვინდა ვუთხრათ თურქეთში მიწისძვრისგან დაღუპულთა ახლობლებს, თანაგრძნობა გამოვუცხადოთ დაშავებულებსა და დაზარალებულთ, როგორც ეთნიკურ ქართველებს, ისე თურქებსა და ქვეყნის მთელ მოსახლეობას, ვუსურვოთ მათ მედგრად გადაეტანოთ ეს განსაცდელი. აგრეთვე ვუსურვებდით ამ უბედურებისა და მსხვერპლისგან მიღებული გაკვეთილებითა და გამოცდილებით შედგომოდნენ შემდგომ ცხოვრებასა და საქიანობას, როგორც ქვეყნის რიგითი მაცხოვრებლები, ისე მმართველი სამხედრო-პოლიტიკური და გავლენიანი იდეოლოგიური წრეებიც.
რაც შეეხება თურქეთისა და მის მფარველ-მოკავშირეთა სავარაუდო მიზნებსა და ამოცანებს, რაზედაც ქვემოთ ვისაუბრებთ, უფლის ნებითა და თავსდამტყდარი სტიქიური უბედურების გამოისობით, გარკვეულწილად, უკვე წარსული დროის გეგმებად თუ არა, დროში გადაწეულ გეგმებად მაინც შეგვიძლია ვიგულისხმოთ. ამ მიწისძვრის შედეგად ქვეყანას მიადგა არა მხოლოდ ათიათასობით ადამიანს მსხვერპლი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრამვებით გამოწვეული უდიდესი ზარალი, არამედ მნიშვნელოვანი სამხედრო და ეკონომიკური (მატერიალურ-ტექნიკური) დანაკარგებიც. რამდენადაც ვიცით, მარმარილოს ზღვაში ჩაიძირა თურქეთის მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზა ქ. გიოლჯუკში, სადაც მშვიდობიანობის დროს თავმოყრილი იყო თურქეთის წყალქვეშა ნავებისა და წყალზედა საბრძოლო ხომალდების უდიდესი ნაწილი; ნგრევები იყო ქ. ესქიშეჰირში, სადაც განლაგებულია 1-ლი ტაქტიკური საჰაერო სარდლობის შტაბი, სტაბულსა და სხვა ქალაქებში, რომლებშიც თავმოყრილია მნიშვნელოვანი სამხედრო და სამხედრო-სამრეწველო ობიექტები. გარდა ამისა, უახლოეს წლებში (შესაძლოა ათწლეულებშიც) ქვეყნის ხელმძღვანელობის უპირველესი საზრუნავი უნდა გახდეს უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებზე ზრუნვა და სასიცოცხლოდ აუცილებელი დანგრეული ეკონომიკური, ადმინისტრაციული და სხვა ობიექტების აღდგენა.
მაგრამ ბოროტს არ სძინავს და საკუთარი მიზნების მისაღწევად ერთი მოჭრილი გზის ნაცვლად სხვებს დაუწყებს ძებნას. ამიტომ აუცილებლად მიგვაჩნია ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის (ასევე ნატო-ს რიგი სახელმწიფოების ხელმძღვანელთა) სავარაუდო მიზნების შესახებ საუბარი ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გავლენის გასავრცელებლად, რომლებიც უნდა განხორციელებულიყო თურქეთის (მათ შორის თურქეთის შეიარაღებული ძალების) მეშვეობით.
როგორც წინა წერილებიდან ვნახეთ, შეერთებული შტატებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისათვის თურქეთი ცივი ომის პერიოდში მეტად მნიშვნელოვან ფორპოსტს (მეწინავე პოსტს) წარმოადგენდა როგორც ხმელთაშუა ზღვისკენ საბჭოთა კავშირის აგრესიის შეკავების, ისე მასზე ტექნიკური და სხვა საშუალებებით სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების თვალსაზრისით. ამავე დროს თურქეთი იყო და არის პლაცდარმი ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში ამერიკული ინტერესების გასატარებლად და დასაცავად.
მაგრამ ცივი ომის დასრულებისა და ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხრეთ ფლანგის ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე _ ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, უკრინა, აზერბაიჯანი, საქართველო, ნაწილობრივ სომხეთიც _ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა გავლენის მნიშვნელოვნად შემცირების (ან სულაც მინიმუმამდე დაყვანის) კვალდაკვალ, როგორც ჩანს, თურქეთმა შეერთებული შტატების, გერმანიისა და, შესაძლოა, ნატო-ს სხვა სახელმწიფოების ხელმძღვანელებისთვის შეიძინა ახალი ფუნქცია _ დასავლური (და, ცხადია, საკუთრივ თურქული) გავლენის აღმოსავლეთით (ცენტრალურ აზიაში) გავრცელებისა.
ამაზე მიუთითებს 90-იან წლებში აშშ-ისა და გერმანიის ქმედითი სამხედრო-ტექნიკური და ფინანსური დახმარების შედეგად თურქეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის რამდენჯერე ამაღლება, რაც, რუსეთის დასუსტების შედეგად ჩამოყალიბებული ისტორიული ვითარებიდან გამომდინარე, ვერ ჯდება ქვეყნის თავდაცვითი მოთხოვნილებების ფარგლებში და მნიშვნელოვნად აღემატება თავდაცვითი აუცილებლობის დონეს. ჩვენ კი, ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ თუკი ქვეყნის ხელმძღვანელობა და მისი მფარველ-მოკავშირეები (აშშ და გფრ) ასეთ პირობებშიც ზრუნავენ თურქული სამხედრო ანქანის ძლიერების შემდგომი ზრდისთვის, მაშინ, როგორც ჩანს, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ვარაუდობენ ამ ძლიერების დემონსტრირებას (მავანთა დასაშინებლად) ან პრაქტიკულ საბრძოლო გამოყენებას (თუკი დაშინებამ ვერ გაჭრა).
იმის გასარკვევად, თუ საითკენ შეიძლება იყოს მიმართული თურქეთისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რიგ სახელმწიფოთა მამების სამხედრო-პოლიტიკური ინტერესები, შეგვიძლია მოვიშველიოთ წინა წერილში მოყვანილი ქვეყნის იმჟამინდელი პრეიერ-მინისტრის, შემდგომში პრეზიდენტის, აწ გარდაცვლილი თურგუთ ოზალის მიერ 80-იანი წლების შუახანებში დასავლური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში ნათქვამი იმის თაობაზე, რომ თურქეთს დიდი პრეტენზიები არ გააჩნია, ვინაიდან იგი არის მხოლოდ “რეგიონული სახელმწიფო... ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდე”-ო.
ქვეყნის მაშინდელი პრეიერ-მინისტრის ზოგადად მოხაზული თურქული სახელმწიფოს (ან გავლენის სფეროს) ფარგლებში ბუნებრივია მოვიაზროთ ის ტერიტორიები, სადაც სახლობენ თურქეთთან ეთნიკურად, კონფესიურად, კულტურულად ახლოს მდგომი ხალხები და ერები, აგრეთვე სადაც თურქეთს ისტორიული, ეკონომიკური, და სხვა ინტერესები შეიძლება გააჩნდეს. ასეთად ჩვენ გვესახება ამიერკავკასია, ჩრდილო-დასავლეთ ირანი (ირანის ადერბაიჯანი), ცენტრალური აზია (ტაჯიკეთის გარდა, სადაც ფარსული მოდგმის ხალხია გაბატონებული), ვოლგისპირეთი, ჩრდილო-კავკასია და ყირიმი. შესაბამისად იკვეთება იმ სახელმწიფოთა ჩამონათვალიც, რომელთა სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა ან ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები შეიძლება შეილახოს თურქეთის მიერ (ნატო-ელი მოკავშირეების მხარდაჭერით) “რეგიონული თურქული სახელმწიფოს” მშენებლობის ღონისძიებათა გატარებისას. მათ შორის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია რუსეთი, უკრაინა, ირანი და ჩინეთი.
ამ მონახაზით ჩვენს მკითხველს თავიდანვე გვინდა ვუჩვენოთ იმ დიდი სამხედრო-პოლიტიკური თამაშის სავარაუდო ზოგადი კონტურები, რომელსაც ეწოდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (ნატო-ს) აღმოსავლეთისკენ გაფართოება (ექსპანსია), მსოფლიოს სულ უფრო მეტ რეგიონებში “ახალი მსოფლიო წესრიგის” დამყარება, ან “უსაფრთხოების ახალი მსოფლიო სისტემის” ჩამოყალიბება. ხოლო მისი განხორციელებისთვის რატომღაც აშშ-სა და ფედერაციულ გერმანიას დასჭირდათ საყოველთაო განიარაღების ფონზე თურქეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის რამდენჯერმე ამაღლება. ეს ფაქტიურად ცეცხლთან სახიფათო თამაშის ცნობილი სიტუაციაა და მეტად შემაშფოთებელი უნდა იყოს ის გარემოება, რომ ამ თამაშში სულ უფრო აქტიურად ერთვება და ღრმად ეფლობა ნატო-ში ინტეგრირების მოსურნე საქართველოც.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთისკენ ექსპანიის (გაფართოების) პროცესი უკვე დაიწყო და აღმოსავლეთ ევროპასა და საქართველოშიც უმეტესად კეთილმოსურნე გამოხმაურება ჰპოვა. ეს გასაკვირიც არ არის იმ სიტუაციაში მცხოვრები ერების მხრიდან, რომლებიც ათწლეულების თუ საუკუნეების განმავლობაში თეთრი თუ წითელი რუსული იმპერიების დიდმპყრობელური შოვინისტური მანქანის უხეშ წნეხს განიცდიდნენ*. მაგრამ უკანასკნელ ათწლეულში ნატო-ს წამყვანი სახელმწიფოების სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობების მიერ თურქეთის შეიარაღებული ძალების რამდენიმეჯერადი მიზანმიმართული გაძლიერება საქმეში ჩახედულ ნებისმიერ ჭკუათმყოფელ და თავისი ქვეყნის და არა (აშშ-ის ან ნატო-ს) გულშემატკივარ ქართველს იმის ფიქრს მაინც უნდა აღუძრავდეს, რომ ნატო-ს ბლოკისა და მთლიანად დასავლური პოლიტიკის ავკარგიანობა ამ ბლოკის მესვეურებზე უკეთ კაცთა შორის არავინ უწყის და, ამიტომ, ვინაიდან ჩრდილოატლანტიკური კავშირის მამები საკუთარი სამხედრო-პოლიტიკური გავლენის აღმოსავლეთისკენ (ცენტრალური აზიის მიმართულებით) გავრცელების პროცესში ვარაუდობენ შეიარაღებული ძალის დემონსტრირებას (მავანთა დასაშინებლად) ან გამოყენებას (თუ დაშინებამ ვერ გაჭრა) მაშინ ჩვენც უნდა გულისხმა-ვყოთ, რომ დასავლური სამყაროს დღევანდელი მმართველი წრეებისა და მათი დამრტყმელი ძალის _ ნატო-ს პოლიტიკა არც ისეთი სასიამოვნო და სასურველი უნდა იყოს ჩვენთვის, როგორც ეს რუსული დიდმპყრობელური იმპერიის თითქმის ორსაუკუნოვანი უღლისა და მისი ნარჩენი რეციდივებით ნაკარნახევი დღევანდელი ზეწოლისგან განთავისუფლების მოსურნეთ წარმოგვიდგენია (*ეს სიტყვები იმხანად გულწრფელად დავწერე, ვინაიდან ასე ვფიქრობდი. 2003 წლიდან კი, რუსი მართლმადიდებელი ავტორების თხზულებების წაკითხვის შემდეგ, რომლებშიც გაჟღერებულია მათი გულისტკივილი დასავლეთის მხრიდან ქრისტიანულ რუსეთზე წარმოებული შემოტევებისა და რუსეთის მომავალი ბედის გამო; ასევე რუსეთის ისტორიასა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიას, შეხედულებებიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების საკითხში უკვე მნიშვნელოვნად შემეცვალა. ამის შესახებ სხვა წერილებში ვრცლად და დაწვრილებით ვსაუბრობ ხოლმე და აქ ამიტომ მეტს აღარ გავაგრძელებ. თუმცა კი ერთხელაც კვლავ დავაფიქსირებ, რომ ამ საგაზეთო წერილის მომზადებისას გულწრფელად ასე ვფიქრობდი).
შედარებისთვის თუნდაც გავიხსენოთ, რომ წარსული დროის გამოჩენილ ქართველ მეფეებს _ ლევან და ალექსანდრე კახთ ბატონებს, ვახტანგ მეექვსეს, არჩილ მეფეს, სოლომონ პირველსა და ერეკლე მეორეს, აგრეთვე მათი პოლიტიკის მიმდევართ, ოსმალ-სპარსთა მრავალსაუკუნოვანი მტანჯველი უღლისგან განთავისუფლების გზად სწორედ რუსეთის სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ შესვლა (თანამედროვე ტერმინოლოგით _ რუსეთთან ან რუსეთში ინტეგრირება) მიაჩნდათ; ხოლო თუ რა შედეგი მოგვიტანა ამ მფარველობამ (ინტეგრირებამ), დღევანდელი ქართველობისთვის მეტ-ნაკლებად კარგადაა ცნობილი. ცხადია, დასავლური ან სხვა რომელიმე სამყაროსგან იზოლაციონალიზის იდეების ქადაგებისგან ჩვენ მეტად შორს ვდგევართ, მითუმეტეს, რომ აგერ თითქმის ათი წელიწადია, მიზანმიმართულად ვიკვლევთ სწორედ აშშ-ისა და სხვა (დასავლურ და აღმოსავლურ) სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და საბრძოლო გამოყენების უკანასკნელი ათწლეულების თეორიისა და პრაქტიკის საკითხებს. მაგრამ მიგვაჩნია, რომ ისეთი ისტორიული გამოცდილების მქონე ერი, როგორიც ქართველობაა, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უფრო მეტი სიფრთხილით უნდა ეკიდებოდეს იგივე დასავლურ სამხედრო-პოლიტიკურ ორგანიზაციაში (ნატო-ში) ინტეგრირებისა და მომავალში შესაძლო გლობალურ დაპირისპირებათა განმაპირობებელ თამაშში ჩართვის საკითხს.
ამ საშიშროებაზე მიუთითებს აგრეთვე 90-იანი წლების შუახანებიდან გამოკვეთილი შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლურ სახელმწიფოთა დამოკიდებულება საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობისადმი, ასევე ჩვენი ხელისუფლებისა და მისი შესაბამისი სტრუქტურების დამოკიდებულებაც, მაგრამ ამჯერად ამ საკითხზე ვერ შევჩედებით, ვინაიდან აღნიშნული თემატიკის განვითარებას მას შემდეგ ვვარაუდობთ, როდესაც დავასრულებთ ჩვენი ქვეყნის გარშემო შექმნილი სამხედრო-სტრატეგიული ვითარების საკვანძო ასპექტების მიმოხილვას და ჩვენს მკითხველს შეძლებისდაგვარად ნათელ წარმოდგენას შევუქმნით ამ მხრის საქართველოსადმი არსებული სამხედრო მუქარებისა და ჩვენი შეიარაღებული ძალების მეტად მოკრძალებული შესაძლებლობების თაობაზე.
რაც შეეხება აშშ-ისა და ნატო-ს ბლოკის ზოგიერთი წამყვანი სახელმწიფოს მესვეურთა სურვილს თურქეთის (მათ შორის მისი შეიარაღებული ძალების) მეცადინეობით საკუთარი გავლენის აღმოსავლეთით (ჩინეთისკენ) გაფართოებისას, არ დავმალავთ, და როდესაც პირველად გავეცანით 90-იან წლებში შეერთებული შტატებისა და გერმანიის ქმედითი მონაწილეობით თურქეთის სამხედრო მანქანის მკვეთრად გაძლიერების შესახებ ინფორმაციას, მივიჩნიეთ, რომ თურქეთის წინამბრძოლობით ნატო-ს წამყვანი სახელმწიფოები აპირებდნენ ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ რუსეთთან მსხვილი რეგიონული ომის გაჩაღებას არა მხოლოდ მისი ტრადიციული გავლენის სფეროების _ ამიერკავკასია და ცენტრალური აზია, არამედ საკუთრივ რუსეთის ტერიტორიების _ ჩრდილო-კავკასია და ვოლგისპირეთი _ მოსკოვისგან ჩამოშორების მიზნით.
ასეთ ვარაუდებს გვიძლიერებდა რუსეთის მხრიდან საქართველოსთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობაზე ფაქტობრივად უარის თქმა, აგრეთვე ჩვენს ქვეყანაში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზების მხრიდან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ გავრცელებული ეკონომიკური, პოლიტიკური და ტერორისტებისთვის სავარაუდო ხელშეწყობით დესტაბილიზაციის შემოტანის არა ერთი გახმაურებული ფაქტი. გარდა ამისა, რუსეთის მაღალჩინოსანთა განსაკუთრებული ინტერესები ამ ბაზებისადმი. თუკი ისეთი ომი მზადდებოდა, რომელშიც რუსეთს არა მხოლოდ საკუთარი იმპერიული ამბიციები უნდა დაეცვა, არამედ ტერიტორიული მთლიანობაც (ჩრდილო-კავკასია და ვოლგისპირეთი), მაშინ მას სრული უფლება ჰქონდა ომი ეწარმოებია უკვე ამიერკავკასიის ტერიტორიაზე, მის ხელთ არსებული ყველა მისაღები საშუალებით, მათ შორის ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებითაც. ხოლო თუ რაოდენი ნგრევის, მსხვერპლისა და ზარალის მომტანი შეიძლება ყოფილიყო ჩვენთვის ეს ომი, ამაზე ვგონებ ბევრი მსჯელობა არ უნდა იყოს საჭირო. და ასეთი ომის ინიციატორად, ბუნებრივია, ჩვენ გვესახებოდა არა ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი რუსეთი, არამედ სწორედ აშშ, რომელმაც არა მხოლოდ გააძლიერა თურქეთის სამხედრო მანქანა 90-იან წლებში, არამედ მის საავიაციო კომპონენტს დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად აუმაღლა.
მაგრამ საგარეო ურთიერთობათა და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ქართველმა სპეციალისტებმა კატეგორიულად ვერ გაიზიარეს ჩვენი მოსაზრება, ვინაიდან მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, საერთაშორისო ურთიერთობები და გლობალური პოლიტიკა დღევანდელ ეტაპზე არ ითვალისწინებს ასეთი მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების გაჩაღებას. უნდა აღვნიშნოთ, რომ მათი ეს მოსაზრება სწორი გამოდგა და მადლობა გვინდა გადავუხადოთ მათ არასწორი დასკვნებისგან ჩვენი არიდებისთვის* (*მკითხველს ბოდიშს მოვუხდით, რადგან უკანასკნელ ორ აბზაცში ისე მკაფიოდ ვეღარ მიდის მსჯელობის ლოგიკა, აშკარად ეტყობა გარკვეულწილად რედაქციის ჩარევის კვალი; როგორც ჩანს წერილის ამ ნაწილიდან რაღაც მომენტები ამოღებულია. თუმცა კი ეს მხოლოდ რამდენადმე უფრო ბუნდოვანს ხდის ჩვენს მაშინდელ მსჯელობას, მაგრამ არ ამახინჯებს. მკითხველს ვთხოვდით შეგვინდოს ასეთი ხარვეზები და შემდგომში გამოქვეყნებული სხვა წერილებიდანაც შეავსოს ის ნაკლოვანებანი, რაც ამ შემთხვევაში შესაძლოა იყოს წერილში).
შემდგომში იგივე დაგვიდასტურა საქართველოში მომუშავე რუსეთის ფედერაციის ერთერთმა კომპეტენტურმა სამხედრო სპეციალისტმა* (*ეს გახლდათ რუსეთის სამხედრო ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი, თუ არ ვცდებით, გვარად რეზნიაკი). და ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შემცირებისა და ქვეყნის ეკონომიკაში არსებული სერიოზული პრობლემების მიუხედავად, რუსეთს დღესდღეობით ისეთი სარაკეტო-ბირთვული პოტენციალი გააჩნია, რომ შეუძლია მთლიანად ნატო-ს რამდენჯერმე განადგურებაო. ამიტომ ჩრდილოატლანტიკური კავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ მსხვილმასშტაბიანი ომის გაჩაღება მოსალოდნელი არ არისო.
მაშინ რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობაში ქმედითი დახმარებისგან თავის შეკავება, ხოლო ჩვენს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების მხრიდან ზემოთ აღნიშნული არაკეთილმოსურნე ქმედებების მიზეზები უნდა ვეძიოთ არა რუსეთის თავდაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებების გატარების, არამედ ძველი თეთრ-წითელი იმპერიული მისწრაფებებიდან გამომდინარე, გავლენის სფეროების შენარჩუნების სიბრტყეში. აქ შეგვეძლო რესტავრაციის პერიოდის ბურბონთა მეფობის შესახებ ნაპოლეონის ცნობილი გამონათქვამის ანალოგიურად, ჩვენც დიდი სინანულით გვეთქვა, რომ აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში, უკანასკნელ ათწლეულში დატრიალებული მოვლენების მიუხედავად, რუსეთის საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა და ქვეყნის პოლიტიკის მწარმოებელმა წრეებმა ვერც ვერაფერი დაივიწყეს და ვერც ვერაფერი ისწავლესო; მაგრამ ამ ბოლო დღეებში ომალოში მომხდარ სამწუხარო ინციდენტთან დაკავშირებით, რომელსაც ახალგაზრდა ქართველის დასახიჩრება მოჰყვა, ასეთ მოკლე ვადებში რუსეთის ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან შეცდომის აღიარებისა და ბოდიშის მოხდის ფაქტი მეტად დამაიმედებელია ჩვენთვის, რომ მომავალში ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა შესაძლოა უფრო სწორი და ჯანსაღი მიმართულებით წარიმართოს.
ახლა ისევ თურქეთისა და მის მფარველ-მოკავშირეთა მმართველი წრეების სავარაუდო მიზნებს დავუბრუნდეთ. თუკი თურქეთის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვნად გაძლიერების მიუხედავად, საწყის ეტაპზე მაინც, მსხვილმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების შესაძლებლობას გამოვრიცხავთ, მაშინ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მამები აღმოსავლეთისკენ საკუთარი გავლენის გაფართოებას უნდა ვარაუდობდნენ მინიმალური წინააღმდეგობის მიმართულებით: საქართველო _ აზერბაიჯანი _ ცენტრალური აზია, და როგორც ზემოთ ვთქვით, ამ მინიმალური წინააღმდეგობის მიმართულებაზე დასავლურ-თურქული სახედრო-პოლიტიკური გავლენის გავრცელებას წინ უძღოდა თურქეთის სახმელეთო ჯარების ბრიგადულ სისტემაზე გადაყვანა, რამაც აამაღლა მისი ეფექტურობა მთაგორიანი რელიეფის პირობებში სამოქმედოდ, ასევე (წინ უძღოდა) შენაერთებისა და ნაწილების ჯავშანდაცულობის, მობილურობისა და საცეცხლე ძლიერების ამაღლება, ქვეითი საბრძოლო ბატალიონების ხვედრითი წილის შემცირება და, შესაბამისად, ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვეითი ბატალიონების რაოდენობის გაზრდა.
ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ ამ მინიმალური წინააღმდეგობის მიმართულებითაც, დასავლეთი გარკვეულ სერიოზულ წინააღმდეგობას მაინც მოელის, და საჭიროდ მიიჩნევს “ახალი მსოფლიო წესრიგის” არმიმღები ქვეყნების დაშინებას (ძალის დემონსტრირება) ან იძულებას (ძალის გამოყენება). მაინც ვინ უნდა იგულისხმებოდეს ნატო-ს ბლოკის მესვეურთა თვალში, სავარაუდო ჭირვეულ ობიექტებად. დავიწყოთ ჯერ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებით. აქ ტაჯიკეთის გარდა ყველგან უმეტესად თურქების ეთნიკურად მონათესავე ხალხები და ერები ცხოვრობენ და, ჩვენი აზრით, თურქეთისადმი წინააღმდეგობა ნაკლები უნდა ყოფილიყო. მაგრამ როგორც ამ სფეროში ჩახედულმა ერთერთა ქართველმა სპეციალისტმა გვითხრა, 90-იანი წლების პირველ ნახევარში იქ მართლაც პროთურქული განწყობილებები სჭარბობდა, და მაშინ განხორცილედა რუსული კირილიცის საფუძველზე შედგენილი ანბანის თურქული დამწერლობით შეცვლა. მაგრამ შემდეგში, თავად თურქებთან ურთიერთობაში წარმოქმნილი პრობლემების გამო, აგრეთვე ირანთან არსებული საუკუნოებრივი ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და სხვა კავშირების შედეგად, ისევ პროირანულმა განწყობილებებმა გადააჭარბეს. ასეთ პირობებში არ არის გამორიცხული, რომ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში დასავლურ-თურქული გავლენის გავრცელებისას ნატო-ს მესვეურნი ვარაუდობდნენ შეიარაღებული ძალების გამოყენებასაც.
მაგრამ არა გვგონია, რომ საქმე მცირე კონფლიქტებითა და ნატო-ს იოლი გამარჯვებებით შემოიფარგლოს. აქ უთუოდ დაუპირისპიდება დასავლეთს რუსეთის, ირანისა და ჩინეთის სამხედრო-პოლიტიკური ინტერესები. და თუმცა კი შეიძლება ამ სახელმწიფოთა მხრიდან შეიარაღებულ კონფლიქტებში ოფიციალური მონაწილეობა ვერ მოხერხდეს, მაგრამ შეიარაღების მიწოდების, მოხალისეთა გაგზავნისა და სხვა აუცილებელი ღონისძიებების გატარება სავსებით რეალური იქნება. და თუკი 1951-1953 წლების კორეის ომის მსგავსად, ცენტრალური აზიის ტერიტორიაზეც გამოჩნდება რამდენიმე მილიონი კარგად შეიარაღებული ჩინელი მოხალისე, ასევე რუსები და ირანელები, მაშინ თავისთავად ცხადია, რომ ომი სისხლისმღვრელ და გაჭიანურებულ სახეს მიიღებს. ომს კი თავისი მკაცრი კანონები აქვს, და ამ კანონების მოქმედების არეში შესაძლოა აღმოჩნდეს საქართველოც, როგორც საომარ მოქმედებათა თეატრზე წარმოებული სამხედრო ოპერაციების ზურგის რაიონის ტერიტორია.
ანალოგიურ ვითარებაში ჩვენი ქვეყანა უკვე იმყოფებოდა XIX საუკუნის დასაწყისში 30-იან წლებამდე, როდესაც ამიერკავკასიაში ირანისა და თურქეთის სამფლობელოების (ერევნის, განჯის, შუშისა და სხვა სახანოების, აგრეთვე ახალციხის საფაშოს) დაპყრობის მოსურნე რუსული ჯარებისთვის სამხერო ტვირთების გადასაზიდად და ჯარების სურსათით უზრუნველსაყოფად დაბეგრილი ქართველი გლეხობა წელში წყდებოდა არაადამიანური შრომის, გამწევი საქონლის დაკარგვის, ხორბლის საბაზრო ფასებში შესყიდვისა და შემდეგ ჯარებისთვის მკაცრად დადგენილ დაბალ ფასებში მიყიდვის, გაუთავებელი ეკზეკუციებისა და დამპყრობელთა მხრიდან ძალმომრეობისა და უსამართლობის შედეგად. ამას მოჰყვა მთიულეთისა (1804 წ.) და კახეთის (1812 წ.) ცნობილი აჯანყებები, რომელთა დამარცხებამ და რუსეთის მხრიდან საპასუხო რეპრესიებმა კიდევ უფრო დაამძიმეს აღმოსავლეთ საქართველოს მაშინდელი მდგომარეობა, და ეს გახლათ სწორედ ომის ამ მკაცრი კანონების ცხოვრებაში რეალურად მოქმედება. დღესდღეობით, XIX საუკუნის რუსეთთან შედარებით, უფრო მოწესრიგებული და ორგანიზებული დასავლური საზოგადოების ტრადიციებისა და კანონების პირობებში, შესაძლოა, ბევრი ზემოთ მოხსენიებული ფაქტორი შერბილდეს, მაგრამ ამას დაემატოს რუსული და ირანული მოიერიშე და ბომბდამშენი ავიაციის თავდასხმები, აგრეთვე ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტებით დარტყმები, როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული აღკაზმულობითაც.
მაგრამ შესაძლოა საქმე ასე შორს არც წავიდეს (ტერიტორიული განფენილობის თვალსაზრისით) და ისევ ამიერკავკასიის ტერიტორიით შემოიფარგლოს. ანუ ცენტრალური აზიისკენ ვერგაჭრილი თურქეთი (იგულისხმება ნატო-ც) შეეცადოს უფრო მყარად ფეხის ჩვენში მოკიდებას. ამას გვაფიქრებინებს ისევ ჩვენი XIX საუკუნის გამოცდილება, როდესაც ინდოეთის ოკეანის სანაპიროსკენ გაჭრის მოსურნე რუსეთი იძულებული გახდა ამიერკავკასიით დაკმაყოფილებულიყო და თავისი კოლონიური სისტემა აქ დაენერგა. ხოლო ეს იძულება კი გამოწვეული იყო იმ წინააღმდეგობით, რომელიც მაშინ რუსეთს შეხვდა ირანის, თურქეთისა და ინგლის-საფრანგეთის მხრიდან. უნდა ვივარაუდოთ, რომ თურქეთის მიერ ამიერკავკასიის სამხედრო-პოლიტიკური ათვისების მცდელობას მძაფრი წინააღმდეგობა შეხვდება რუსეთის მხრიდან. ამიტომ შესაძლოა ზემოთ ნახსენები საჰაერო-სახმელეთო საბრძოლო მოქმედებები გაიშალოს არა ცენტრალურ აზიაში, არამედ ამიერკავკასიაში.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, უკანასკნელ წლებში რუსეთის სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში ნასწავლი ქართველი ოფიცრების მონაყოლით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ჩატარებულ სწავლებებში თამაშდება ასეთი სცენარიც _ საქართველოს ტერიტორიის დაკავება დაიწყეს თურქულმა ჯარებმა, რის გამოც ქვეყნის ხელისუფლებამ დახმარებისთვის მიმართა რუსეთის ხელმძღვანელობას. ამ უკანასკნელმა მიიღო გადაწყვეტილება დაეხმაროს საქართველოს და სათანადო განკარგულებებიც გასცა. ამის შედეგად რუსეთის სარდლობა იწყებს ვოლგისპირეთისა და ურალის სამხედრო ოლქებიდან ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის გადმოყვანას, საომარი დროის შტატებამდე დაკომპლექტებას და სამხედრო ოპერაციებში ჩასაბმელად მათ საქართველოში შემოყვანას.
ამ მხრივ ნიშანდობლივია ერთი გარემოება _ რუსეთი დიდი და მდიდარი იმპერიული გამოცდილების მქონე სახელმწიფოა. ამიტომ მის შესაბამის სამოქალაქო და სამხედრო სპეციალისტებს, აგრეთვე მმართველ წრეებს... (აქ სტატიის ბეჭდვისას რედაქციაში მცირე ნაწილი გამორჩათ, თუმცა კი საერთო მსჯელობით აზრი გასაგები უნდა იყოს) აგრეთვე ნატო-სა და თურქეთის მხრიდან საქართველოსადმი სიტყვიერი კეთილგანწყობისა და მეორეხარისხოვან სფეროებში დახმარების აღმოჩენის ილუზიის თუნდაც დღევანდელი ამორფული და ბუნდოვანი სიტუაციის გაანალიზებით (თავად რუსეთის მმართველი წრეებიც ზუსტად ასევე გვექცეოდნენ თუნდაც XVII საუკუნეში) შეუძლიათ მოვლენათა შემდგომი განვითარების გათვლა და პროგნოზირება და შესაბამისი მოქმედებების დაგეგმვა, როგორც სამართლიანობის აღდგენისა და აგრესორის უკუგდების, ისე შექმნილი სიტუაციის თავიანთ სასარგებლოდ გამოყენების ან წარმართვის თვალსაზრისით.
ყოველივე ზემოთქმული დიდ ცოდნას, სიფრთხილესა და წინდახედულებას მოითხოვს იმათგან, ვინც ცდილობს საქართველოს პოლიტიკის ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო კალაპაოტში წარმართვას. სიფრთხილე ქართულ სამხედრო-პოლიტიკურ ისტებლიშმენტს ჯერჯერობით ჰყოფნის, თუმცა კი უკანასკნელ პერიოდში ნატო-ში ინტეგრირების აშკარად გამოხატული სურვილი, სწორედ იმ ორგანიზაციაში, რომლის წამყვანმა სახელმწიფოებმაც უკანასკნელ ათწლეულში გააძლიერეს თურქული სამხედრო მანქანა და შეტევითი ქმედებების გარკვეულ ფარგლებში ეფექტურად წარმოების უნარი შესძინეს მას და რომლის აღმოსავლეთისკენ გაფართოების ამბიციებმაც შეიძლება ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობას ზემოთ აღწერილი ნგრევა, მსხვერპლი და დაზიანება მოუტანოს, სიფრთხილის ამ შემაკავებელ ფაქტორსაც მინიმუმამდე ამცირებს. რაც შეეხება ცოდნას, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში, სახელდობრ სამხედრო-ანალიტიკური მუშაობის თვალსაზრისით, ამის დიდი დეფიციტი იგრძნობა საქართველოში. ხოლო ცოდნის დეფიციტი, თუნდაც სიფრთხილესთან შეხამებით, წინდახედულებასა და სწორ პროგნოზირებას ვერ მოგვიტანს.
ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სწორად გათვლისა და წარმართვის უზრუნველყოფის ინტერესებში, ცხადია, არ არის საკმარისი ზემოთ აღნიშნული კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ორგანიზება მხოლოდ სამხედრო სფეროში. ასევე მეტად მნიშვნელოვანია ანალოგიური მუშაობის წარმართვა საგარეო საქმეთა, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის, ტერორიზმთან ბრძოლის, ეკონომიკის, ისტორიისა და სხვა დარგებში. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ ამ მუშაობაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობის აუცილებლობა, ვინაიდან მას დიდი ცოდნა და გამოცდილება გააჩნია როგორც კაცობრიობის განვითარების ზოგადი კანონზომიერებების, ისე საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების სფეროებში.
ირაკლი ხართიშვილი
(გამოქვეყნდა გაზეთ „საქართველოს“ 1999 წლის 25-30 ნოემბრის ნომერში)
ცივი ომის ათწლეულების განმავლობაში რუსეთის ფედერაცია მისი დღევანდელი სახითა და ხელმძღვანელი სტრუქტურებით არ არსებობდა. მაგრამ მისი ფაქტობრივი და იურიდიული გავლენა მეტნაკლები პირდპირობითა და ძალით ვრცელდებოდა ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის სახელმწიფოებსა (აღმოსავლეთ გერმანია, პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, ბულგარეთი, რუმინეთი) და იუგოსლავიაზე ევროპაში, სირიაზე, ერაყსა და თურქეთის ქურთისტანის მუშათა პარტიის ხელმძღვანელობაზე ახლო აღმოსავლეთსა და წინა აზიაში, ინდოეთზე აღმოსავლეთ აზიაში, აგრეთვე მთელ რიგ სახელმწიფოებზე ინდოჩინეთში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში.
დასავლური და ბოლო წლების რუსული სამხედრო პერიოდიკისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მონაცემებით, ცივი ომის განმავლობაში ვარშავის პაქტის სახელმწიფოები, სახმელეთო ჯარების რიცხოვნებითა და შეიარაღების რაოდენობით, მნიშვნელოვნად აღემატებოდნენ ჩრდილოატლანტიკური კავშირის (ნატო-ს) მონაწილე ქვეყნების სახელეთო ჯარებს (არმიებს). კერძოდ, 1988 წლის მდგომარეობით, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ჩეხოსლოვაკიაში, უნგრეთსა და პოლონეთში განლაგებული იყო 30-ზე მეტი მარტო საბჭოთა სატანკო და მოტომსროლელი დივიზია, ხოლო საბრძოლო ტანკების რაოდენობით ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის ჯარები თითქის 2,4-ჯერ აღემატებოდნენ ნატო-ს სამოკავშირეო ჯარებს (შესაბამისად 56000 და 23700 საბრძოლო მანქანა, თანაც სოციალისტური ბანაკის 56000 ტანკიდან 41000 იყო საბჭოთა), სამაგიეროდ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სერიოზული უპირატესობა გააჩნდა საჰაერო ძალებსა და საზღვაო ძალებში.
ყოფილ საბჭოთა კავშირსა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციაში მიღებული გეოსტრატეგიული დანაწევრებით, ბლოკის ტერიტორია იყოფოდა საომარ მოქმედებათა თეატრებად (ომთ, რუს. театр военных действий _ ТВД). ასეთი იყო დასავლეთის, სამხრეთ-დასავლეთის, სამხრეთისა და შორეული აღმოსავლეთის ომთ-ები, ჩრდილოეთის ფრონტი და ცენტრალური რეზერვი. თითოეულ ამ თეატრზე განლაგებული ჯარების სამოქმედო სივრცეს ეწოდებოდა შესაბამისი (დასავლეთის, სამხრეთ-დასავლეთის, სამხრეთის, ჩრდილოეთისა და შორეული აღმოსავლეთის) სტრატეგიული მიმართულება.
დასავლეთის ომთ მოიცავდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას, ჩეხოსლოვაკიას, პოლონეთსა და სსრკ-ის ბალტიისპირეთის, ბელორუსიისა და კარპატისპირეთის სამხედრო ოლქების (სო) ტერიტორიებს. აქ იყო განლაგებული ვარშავის პაქტის ჯარებისა და ძალების ყველაზე უფრო მსხვილი სახმელეთო და საჰაერო დაჯგუფებები, რომლებსაც ევროპაში მოსალოდნელი მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტის შემთხვევაში საჰარეო-სახმელეთო ოპერაციები უნდა ეწარმოებინათ ნატო-ს ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე განლაგებული ამერიკული, ბრიტანული, დასვლეთგერმანული, ჰოლანდიური, ბელგიური და კანადური შენაერთებისა და ნაწილების წინააღმდეგ.
იმავე 1988 წლის მონაცემებით, აღმოსავლეთ გერმანიაში განლაგებული იყო 19 საბჭოთა დივიზია (სავარაუდოდ 8 სატანკო და 11 მოტომსროლელი), ჩეხოსლოვაკიაში _ 5 დივიზია (ამათგან ერთი ჩეხეთსა და ოთხიც სლოვაკეთში), პოლონეთში კი _ ორი მოტომსროლელი დივიზია. ამას ემატებოდა საკუთრივ ამ სახელმწიფოთა სატანკო, მოტომსროლელი და მექანიზებული დივიზიები და ბრიგადები, საჰაერო-სადესანტო, სპეციალური დანიშნულების, საარტილერიო, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების, საარმიო და ტაქტიკური ავიაციის შენაერთები და ნაწილები. მათ რეზერვს კი ჰქნიდნენ საბჭოთა კავშირის ბალტიისპირეთის, ბელორუსიისა და კარპატისპირეთის სამხედრო ოლქებში განლაგებული საბჭოთა ჯარები.
1991 წლის მონაცემებით, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებიდან უკვე გამოყვანილი იყო საბჭოთა შენაერთები და ნაწილები, ხოლო აღმოსავლეთ გერმანია დასავლეთ გერმანიასთან იყო შეერთებული, დასავლეთის ომთ-ზე მთლიანობაში განლაგებული იყო ვარშავის ხელშეკრულების სახელმწიფოთა 27 სატანკო, 33 მოტომსროლელი, 9 მექანიზებული, 3 საჰაერო-სადესანტო, 6 საარტილერიო დივიზია, 28 ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების, 26 საარტილერიო, 5 საჰაერო-სადესანტო, 2 სპეციალური დანიშნულების, 21 დამრტყმელი ვერტმფრენების ბრიგადა/პოლკი. შეიარაღებაში კი მათ გააჩნდათ 17800-ზე მეტი საბრძოლო ტანკი, 16000-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 13450-მე საველე საარტილერიო სისტემა, ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური რაკეტების 500-ზე მეტი გასაშვები დანადგარი, 850-ზე მეტი დამრტყმელი და შეიარაღებული ვერტმფრენი. საჰაერო კომპონენტის შეიარაღებაში კი შედიოდა ტაქტიკური ავიაციის 2690-მდე საბრძოლო თვითმფრინავი და საჰაერო თავდაცვის ძალების 420 ავიაგამანადგურებელი.
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრალურ ნაწილში განლაგებული ვარშავის პაქტის ჯარების სავარაუდო მიზნები და ამოცანები, ნატო-ელ ექსპერტთა აზრით, უნდა ყოფილიყო პირისპირ მდგომი ჩრდილოატლანტიკურტი ალიანსის ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე განლაგებული არმიების ჩრდილოეთის ჯგუფის (ბრიტანული რაინის არმია, დასავლეთგერმანული საარმიო კორპუსი, ჰოლანდიური და ბელგიურ საარმიო კორპუსები) წინააღმდეგ ჰამბურგ-ბრიუმენის მიმართულებით შეტევითი მოქმედებების დაწყება, გფრ-ის ჩრდილოეთ ტერიტორიების, ბელგიის, ნიდერლანდებისა და ლუქსემბურგის უსწრაფესი დაუფლება და შემდეგ სამხრეთ-დასავლეთისკენ შემობრუნებით, პარიზის მიმართულებით შეტევის განვითარება.
ვარშავის ბლოკის ჯარების ამ ოპერაციებს რამდენიმე კვირაში უნდა მოჰყოლოდა საფრანგეთის ჩრდილოეთ რაიონების, მათ შორის ოკუპირებული პარიზის, გავლით ესპანეთის საზღვარზე შემდგომი გასვლა.
ამავე ოპერაციების მსვლელობისას, ჩრდილოეთის ფლანგის უზრუნველყოფის მიზნით, უნდა გაეთვალისწინებიათ დანიის დასაპყრობად დამოუკიდებელ მიმართულებაზე ძალებისა და საშუალებების გამოყოფაც (აღმოსავლეთ გერმანული და საბჭოთა შენაერთებისა და ნაწილების შემადგენლობიდან).
აღნიშნული შეტევითი მოქმედებების ძირითადი მიზანი გახლდათ დასავლეთ გერმანიისა და საფრანგეთის სამხედრო-სამრწეველო პოტენციალის მოშლა, მართვის დეზორგანიზაცია, საფრანგეთის ჩრდილოეთ და დასავლეთ სანაპიროებზე განლაგებული სამხედრო-საზღვაო ბაზებისა და საზღვაო პორტების (ჰავრი, შერბური, ბრესტი, ნანტი, ლა-როშელი, ბორდო) დაპყრობა და საკუთარი მრავალმიზნობრივი წყალქვეშა ნავებისა და მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდების ბაზირებისთვის მათი გამოყენება, შეერთებული შტატებიდან და კანადიდან ევროპაში ტრანსატლანტიკური საოკეანო სამხედრო გადაზიდვების მოშლა, რაც შეუძლებელს გახდიდა ნატო-ს ბლოკის მიერ ევროპაში რამდენადმე გახანგრძლივებული ომის წარმოებას.
მაგრამ ცენტრალურ-ევროპული ომთ-ის სამხრეთ ნაწილში განლაგებული იყო ნატო-ს სამოკავშირეო სახმელეთო ჯარების ყველაზე უფრო ძლიერი ოპერატიული გაერთიანება, არმიების ცენტრალური ჯგუფის სახით, რომელშიც შედიოდნენ ორი ამერიკული საარმიო კორპუსი (მე-5 და -7), ორი დასავლეთგერმანული საარმიო კორპუსი (მე-2 და -7) და კანადური ბრიგადა. ამ ჯარებს ძლიერი დარტყმის მიყენება შეეძლოთ ვარშავის პაქტის შემტევი ჯარების მარცხენა ფლანგისთვის, რითაც დიდ საფრთხეში ჩააგდებდნენ ჩაფიქრებული ოპერაციის წარმატებას. მათ წინააღმდეგ, როგორც ჩანს, ჩაფიქრებული ჰქონდათ დამხმარე დარტყმების მიყენება სლოვაკეთისა და უნგრეთის ტერიტორიებიდან, ავსტრიისა და იუგოსლავიის გავლით, როგორც ფედერაციული გერმანიის სამხრეთ რაიონების, ისე ჩრდილოეთ იტალიის მიმართულებით. ამ ოპერაციებში გამოსაყენებლად განკუთვნილი უნდა ყოფილიყო უნგრეთის, სლოვაკეთის, ნაწილობრივ კი რუმინეთისა და სსრკ-ის ოდესისა და კიევის სამხედრო ოლქებში განლაგებული საჯარისო გაერთიანებები, შენაერთები და ნაწილები.
ამავე დროს ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სარდლობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა შავი ზღვის სრუტეების ზონის (ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები, მარმარილოს ზღვა და მათი სანაპირო ზოლი _ საბრძნეთისა და თურქეთის თრაკია) დაკავებას ხმელთაშუა ზღვიდან შემომავალი კარიბჭის ხელში ჩაგდების მიზნით. აქ ორივე თრაკიას (თურქეთისა და საბერძნეთის) უშუალოდ ესაზღვრება ბულგარეთი და სწორედ მის ჯარებს ეკისრებოდათ უპირველესი როლი აღნიშნული ამოცანის გადაწყვეტაში. ხოლო მათ დასახმარებლად ნაწილობრივ განკუთვნილი იყო რუმინეთის, აგრეთვე სსრკ-ის ოდესისა და კიევის სამხედრო ოლქების ჯარები.
მთლიანობაში 1991 წელს ვარშავის პაქტის სამხრეთ-დასავლეთ ომთ-ზე განლაგებული იყო 4 სატანკო, 23 მოტომსროლელი, 1 საჰაერო-სადესანტო და 1 საარტილერიო დივიზიები, 8 სატანკო, 9 მოტომსროლელი, 4 საჰაერო-სადესანტო, 13 ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების, 5 საარტილერიო და 1 დამრტყმელი ვერტმფრენების ბრიგადები (პოლკები). შეიარაღებაში მათ გააჩნდათ 9000-ზე მეტი საბრძოლო ტანკი, 7200-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, დაახლოებით 8800 საველე საარტილერიო სისტემა, ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური რაკეტების დაახლოებით 240 გასაშვები დანადგარი, 800-ზე მეტი დამრტყმელი და შეიარაღებული ვერტმფრენი. საავიაციო კომპონენტის შეიარაღებაში კი ნაჩვენები იყო 1500-მდე ტაქტიკური საბრძოლო თვითმფრინავი და საჰაერო თავდაცვის ავიაგამანადგურებელი.
საბჭოთა კავშირის ამიერკავკასიის, ჩრდილო-კავკასიისა და თურქესტანის სამხედრო ოლქების ტერიტორიები შეადგენდა სამხრეთის საომარ მოქმედებათა თეატრს, რომლის ფარგლებშიც განლაგებული ჯარების სამოქმედო არეს ეწოდებოდა სამხრეთის სტრატეგიული მიმართულება. მათი ძირითადი საბრძოლო ამოცანა, დასავლელი სამხედრო ექსპერტების აზრით, უნდა ყოფილიყო ამიერკავკასიიდან სამხრეთის მიმართულებით აღმოსავლეთ თურქეთის და, შესაძლოა, ჩრდილო-დასავლეთ ირანის გავლით, სირიისა და ერაყის ჯარებთან შეერთება და შემდეგ ერთობლივად შეტევითი მოქმედებების განვითარება ნავთობით მდიდარი სპარსეთის ყურის სახელმწიფოებისკენ, ხოლო შუა აზიის რესპუბლიკების ტერიტორიიდან, ირანის, ავღანეთისა და პაკისტანის გავლით, ინდოეთის ოკეანისკენ. ასეთ შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ სსრკ-ის მოკავშირედ პაკისტანის წინააღმდეგ გამოვიდოდა ინდოეთიც.
1991 წლის მონაცემებით, სამხრეთის ომთ-ზე განლაგებული იყო საბჭოთა ჯარების 1 სატანკო, 25 მოტომსროლელი, 1 საჰაერო-სადესანტო და 1 საარტილერიო დივიზიები, 6 საარტილერიო ბრიგადა/პოლკი, 1 საჰაერო-სადესანტო, 4 სპეციალური დანიშნულების ჯარების ბრიგადა, დამრტყმელი ვერტმფრენების 4 პოლკი. მათ შეიარაღებაში მოითვლებოდა 5300 საბრძოლო ტანკი, 3000 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 4700 საველე სარტილერიო სისტემა, ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური რაკეტების 208 გასაშვები დანადგარი, 190 დამრყმელი ვერტმფრენი. ომთ-ზე განლაგებული საჰაერო კომპონენტის შეიარაღებაში მოითვლებოდა 1080 ტაქტიკური საბრძოლო თვითმფრინავი და საჰაერო თავდაცვის დაახლოებით 600 ავიაგამანდგურებელი.
შორეული აღმოსავლეთის ომთ-ში შედიდა ციმბირის, იმიერბაიკალეთისა და შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქები. ასევე ერთი არმიის შტაბი, მცირერიცხოვანი პირადი შემადგენლობით, განლაგებული იყო მონღოლეთშიც. აქ სავარაუდო მოწინააღმდეგედ ითვლებოდნენ ჩინეთი, იაპონია და შეერთებული შტატები. ომთ-ის ტერიტორიაზე განლაგებული იყო საბჭოთა ჯარების 7 სატანკო, 35 მოტომსროლელი, 4 საარტილერიო და 3 სატყვიამფრქვევო-საარტილერიო (გამაგრებულ რაიონებში) დივიზიები, 1 საჰაერო-სადესანტო, 3 ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების, 3 სპეციალური დანიშნულების ჯარების ბრიგადები, დამრტყმელი ვერტმფრენების 10 პოლკი. მათ შეიარაღებაში შედიოდა 9700 საბრძოლო ტანკი, 9500 საველე საარტილერიო სისტემა, ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური რაკეტების 220 გასაშვები დანაგდარი, დაახლოებით 550 დამრტყმელი (მოიერიშე) ვერტმფრენი. გარდა ამისა ურალის ქედის აღმოსავლეთით მოწყობილ საწყობებში შენახული ჰქონდათ 16400 საბრძოლო ტანკი, 25000 საველე საარტილერიო სისტემა და სხვა მძიმე ტექნიკა და შეიარაღება. რაც შეეხება ომთ-ზე განლაგებულ საჰაერო კომპონენტს, მის შეიარაღებაში 1991 წელს ნაჩვენები იყო 710 ტაქტიკური საბრძოლო თვითმფრინავი და საჰაერო თავდაცვის 470 ავიაგამანადგურებელი.
როგორც ზემოთ ვთქვით, მოსკოვის, ვოლგისპირეთისა და ურალის სამხედრო ოლქების ტერიტორიას ეწოდებოდა ცენტრალური სტრატეგიული რეგიონი და აქ განლაგებული ჯარები შეადგენდნენ ცენტრალურ რეზერვს, რომელსაც, უმაღლესი მთავარსარდლის განკარგულებით, საჭირო მიმართულებაზე უნდა გაეძლიერებინა მომქმედი ჯარები. 1991 წელს აქ მოივლებოდა 3 სტანკო, 3 მოტომსროლელი და 1 საჰაერო-სადესანტო დივიზიები, 3 ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების რაკეტების (მათ შორის ერთი სასწავლო) და 2 სპეციალური დანინულების ჯარების ბრიგადები, 4 საარტილერიო ბრიგადა/პოლკი, დამრტყმელი ვერტმფრენების 2 პოლკი. მათ შეიარაღებაში ნაჩვენები იყო 2500 საბრძოლო ტანკი, 2000 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 1200 საველე საარტილერიო სისტემა, ოპერატიულ-ტქტიკური რაკეტების 54 გასაშვები დანადგარი, 270 დამრტყმელი ვერტმფრენი (მათგან 110 მარაგში). საჰაერო კომპონენტის შეიარაღებაში შედიოდა 520 ტაქტიკური საბრძოლო თვითმფრინავი, 220 დამრტყმელი ვერტმფრენი და საჰაერო თავდაცვის 510 ავიაგამანადგურებელი (მათგან 130 მარაგში).
ასეთი გახლდათ ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისა და, შესაბამისად, წითელი რუსული იმპერიის სამხედრო შესაძლებლობები და სავარაუდო მიზნები და ამოცანები ცივი ომის დასკვნით ეტაპზე. აქ არაფერი გვითქვამს სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ბაზირების სტრატეგიულ ბირთვულ შეიარაღებაზე, რომელიც აღნიშნულ სამხედრო ბლოკში მხოლოდ საბჭოთა კავშირს გააჩნდა, არც ზოგადი დანიშნულების საზღვაო ძალებზე. მაგრამ ზემოთ ერთგვარად სქემატურად წარმოდგენილი სურათი, ვიმედოვნებთ, მაინც საკმარისად ნათელ წარმოდგენას შეუქმნის ჩვენს მკითხველს იმ სამხედრო ძალის შესახებ, რომელიც გააჩნდა რუსეთის ხელმძღვანელობას თავის განკარგულებასა და დაქვემდებარებაში და, შესაბამისად, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მისი პოლიტიკური მიზნები და ამოცანები.
კახა კაციტაძე
ირაკლი ხართიშვილი
(დასასრული იხ. ნაწილი II)

წერილი 1. თურქეთის რესპუბლიკა და მისი ადგილი ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის სისტემაში

წერილი 2. თურქეთის შეიარაღებული ძალების განვითარების ტენდენციები 90-იან წლებში

წერილი 3. CFE ხელშეკრულება და თურქეთის შეიარაღებული ძალების განლაგება

წერილი 4. თურქეთის გარშემო დღესდღეობით არსებული რეალიები და მისი შეიარაღებული ძალები

წერილი 5. თურქეთისა და შეერთებული შტატების სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სავარაუდო მიზნები ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით

წერილი 6. რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური გავლენა და შესაძლებლობები ცივი ომის პერიოდში

No comments:
Post a Comment