Tuesday, August 23, 2011

ბაგრატ ბატონიშვილის ცნობები საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ

(ქართლ-კახეთის სამეფოს უკანასკნელი ბაგრატიონი მეფის, გიორგი XII-ის ძე, ბაგრატ ბატონიშვილი, თავის თხზულებაში “ახალი მოთხრობა”, საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მომენტების თხრობას იწყებს 1740-იანი წლებიდან და მიდის 1820-იანების შუახანებამდე. ქვემოთ ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ იმ ამონარიდებს, რომლებიც შეეხება 1800 და შემდგომი წლების მოვლენებს. ბევრი რამე მათგან დღევანდელი ფართო ქართული საზოგადოებისთვის არასწორად და დამახინჯებულად არის ცნობილი ჩვენივე ისტორიკოსების ერთი ნაწილის მიერ, მაშინდელ ქართულ საზოგადოებაში არსებული სერიოზული მანკიერებების მიჩუმათების მიზნით, რომლებიც ხელს უშლიდა ქართული სახელმწიფოებრიობის ჯანსაღ ნიადაგზე განვითარებას; აგრეთვე ყოველგვარ უბედურებაში რუსეთისა და რუსების დადანაშაულების მიზნითაც. მიგვაჩნია, რომ ამ მასალების გაცნობა უფრო რეალისტურად და ობიექტურად დაანახვებს ქართველ მკითხველს რუსეთთან საქართველოს შეერთების ისტორიას).

პარაგრაფი 45

ხოლო წელსა 1800 კვალად აღადგინეს შფოთი ძმათა მეფისათა იულონმა, ვახტანგმა და ფარნაოზმა და მოიკრიბნეს რაოდენნიმე მთის კაცნი არაგველნი და ლიახველნი და ქართველ თავადნი, და მოვიდნენ ავჭალას და დაუწყეს კირთება სნეულსა ძმასა თვისსა გიორგის. გარნა მეფემან მსმენელმან ამისმან ინება დამყუდროება მათი და ვერ უძლო. ამისმან მხილველმან მეფემან გიორგიმ განიზრახა, რათა არა იქმნას უმეტესი სისხლის ღვრაჲ და შფოთი ძმათა და ძეთა თვისთა შორის. იძულებულმან ამისმან მიუწერა მინისტრსა თვისსა ჭავჭავაძე გარსევანს კარსა ზედა როსისასა, რათა ითხოვოს იპერატორისაგან სიცოცხლესავე თვისა მეფისასა მისცეს მეფობა ძესა მისსა დავითს და დაცხროს შფოთიცა ძმათა შორის თვისთა და ჰყვეს ჯარიცა როსეთისა დავითს, რომელი იმყოფებოდა ქართლს შინა მფარველად მისსა. მსმენელმან ჭავჭავაძემ ამისმა იძმაცვა და დამალა წერილი ესე მეფისა შურითა დავითისათა, რომელიცა სძულობდა და მტერობდა დავითს, ვიდრე სიკვდილადმდე მეფისა გიორგისა, რამეთუ ასმიოდა სნეულება მისი. ხოლო წელსა ამას 1800, დეკემბრის 28 გადრაიცვალა მეფე გიორგი ტფილის და დაფლეს მცხეთას და დასვეს ძე მისი დავით მეფედ ქართველთა თანხმობითა რუსთა ღიანარალთა, რომელნიცა მყოფ იყვნენ მუნ.

პარაგრაფი 46

ხოლო წელსა 1801 მაშინ ძენი მეფისანი იულონ და ვახტანგ წარემართნენ ქიზიყისა კერძ დასაპყრობელად ქიზიყისა, რათა დაიპყრან თვით მეფობაჲ. რაოდენისამე ზემო-ქართლისა თავადითა მისრულთა ქიზიყს მოსცეს რომელთამე ქიზიყელთაცა ფიცი და ეგრეთვე ყაზახთაცა, რამეთუ მას ჟამს მოსრულ იყო ყარაბაღით ალექსანდრეცა და იყო ყაზახსა შინა. მსმენელმან დავით წარავლინა ძმა თვისი იოვანე სპითა რუსეთისათა და ეგრეთვე ქართველ-კახთა, რომელნიცა მისთანა იყვნენ. მისულთა მაღაროს ჰსცნეს მეფის ძეთა მისვლა იმათი და ივლტოდნენ უკანა ქართლადვე. ხოლო დავითმან გაუსივა ძენი ქსნის ერისთვისანი ლიახვსა ზედა, რათა ლტოლვილნი მეფის ძენი არღარა შეუშვნეს, რომელ მას ჟამსა ეპყრა პატარა ლიახვი მეფის ძეს იულონს საუფლისწულოდ, რომელთაცა განამაგრეს ლიახვი. მისრულმან იულონ ვერა რასმე მყოფმან აღიყარა დედაწულითა თვისითა და წარვიდა იმერეთს დისწულის თვისისა თანა მეფის სოლომანისა და ეგრეთვე ფარნაოზცა ძმა მისი და ალექსანდრე ახლად მოსრული ყარაბაღით, რომელსაცა სმენოდა სიკვდილი ძმისა თვისისა გიორგისა და წარმომართებულიყო ძმასა თვისსა თანა იულონთან. ხოლო ვახტანგ და მირიან დაშთნენ არაგვსა ზედა. ამისმა მსმენელმან ჭავჭავაძე გარსევანმან იცა ჟამი მტერობისა დავითისა და მიართვა წიგნი იპერატორს პავლეს თვით გაკეთებული სახელსა ზედა მეფისასა, რეცა აღება მეფობისა საქართველოდამ და გახსნა ღუბერნისა და ესეცა დაურთო თვით ზედა: “უკე თუ არა აღმოფხვრი მეფობასა საქართველოსასა და არა გარდმოასახლებ სრულებით როსიასა შინა მეფის სქესთა, არა ეგების მშვიდობა საქართველოსა შინა და სახლსა სამეფოსა”, რომლისა არა მთნებელი იპერატორი პავლე იძულებულ ჰყო, რ(ამე)თუ აქვნდა ფიცითა და ღრამატითა დამტკიცებული მის მიერ მეფობა დავითს – ამის გამო არა ენება, გარნა ჭავჭავაძე არა დასცხრა შურითა, არამედ წარავლინა ქართლსა ცოლის ძმა თვისი გიორგი, კაცი დრკუ და მცბიერი, და მოიბირნაცა რაოდენნიმე თვისნი მოყვარენი და მელიქი ტფილისისა დარჩია ბებუთოვი და სამღვდელონიცა რაოდენნიმე, და ჰქმნეს მუჯალამაჲ თანხმობითა სარდლის იოვანეს ყაფლანიშვილისათა, რომელიცა იყო მამიდაშვილი დავითისი და მოასაკე მისი, და ჰყვარობდა დავით ვითარცა ძმასა თვისსა და იყვნენ ერთათ აღზრდილნიცა და იყო მისანდო დავითისი ფ(რია)დ და სალთხუცესიცა, რომელიცა მოატყუა ჭავჭავაძემან და აღუთქვა მრავლისა მიცემა ხელმწიფისაგან. გარნა ადრევე ეთხოვა ჭავჭავაძესა ქალი ამა იოვანესი ძისა თვისისათვის ალექსანდრესთვის ცოლად, და ამის გამო მეგობარ იყვნენ. ხოლო ესე ჭავჭავაძე იყო კახი თავადი, რომელსა მამუჩიშვილად უხმობდენ, და აღეზარდა ობოლი მეფესა ირაკლის ვითარცა ძე და განადიდა ესე, რომელ ეპყრა სამოურაოდ ყაზახი და მისცა სოფლები კახეთსა შინა ნაფარეული, ზეგანი და ელი მუღანლო ივრისა, რომელიცა იყო მანდატურიცა მეფისა (ესე იგი) ეშკაღაბაშიცა, გარნა სიხარბითა და გაუშინჯობითა ეგონაცა თვით დაპყრობა ქართლისა და კახეთისა, რომელიცა მართლმსაჯულმან ღმერთმან უქმ ჰყო განზრახვა მისი, და ვერარაჲ მიიღო ჯილდოჲ რუსთაგან თვინიერ ათასის ოქროსი, და მიუღესცა ყაზახის მოურაობა და მისცეს სარდალსა იოვანეს ყაფლანიშვილსა. ხოლო კვალად ზემოსავე ვიტყოდეთ. მსმენელმან ამისმან იპერატორმან პავლემ დაამტკიცა თხოვილი მისი და მიუღო მეფობა დავითს და მიუწერა უპირველესს მართებელს კავკასისასა, ღიანარალ-ლეიტანატსა კნორინგს, კარლი ფედორიჩსა, რათა გახსნას საქართველოსა შინა მართებელობა რუსეთისა და დაიპყრან თვისად და ამცნოს ყოველთავე მეფის ძეთა, რათა წარვიდენ რუსეთად, კარსა ზედა იპერატორისასა. მსმენელთა მეფის ძეთა ბრძანებისათა წარემართნეს როსიად მეფის ძენი იოვანე, ბაგრატ და მიხაილ წელსა 1801 მარტის, და თანა ახლდნენ თავადნი: 1. ჩოლოყაშვილი იოსებ, თუშთ მოურავის დურმიშხანის ძე. 2. ენდრონიკაშვილი ზაალ მარტყოფის მოურავისა ძე, ზაზა სალთხუცესი მეფის ძის იოვანესი. 3. კახთ მდივანი იოვანე ქობულის ძე. 4. რატიშვილი გაბრიელ ბეჟანის ძე, ეშკარაბაში მეფის ძის იოვანესი. ხოლო აზნაურნი: გარაყანიძე ნიკოლაოზ, ექიმი იოვანე ყარაშვილი და ჭარუაშვილი პეტრე, ბანცურიშვილი იოსებ, ანდუყაფარ ფარეშთხუცის ძე, ნაბიჭვრის შვილი პეტრე და მღვდელი დეკანოზი ზაქარია ლალიხანის ძე, და პრისტავი მათი (ესე იგი მემანდარი) ჭილაძე ვასილი მათეს ძე, აზნაური, ძველთავე მოსრული ქართლიდამა და მცხოვრები მოზდოკის ქალაქსა, კაცი კეთილი და დიდათ მეცნიერი რუსულისა და ქართულისა ენასა ზედა. ამათ წარსრულთა ეწივათ კურიელი კავკასის ლინიაზედ და აუწყათ სიკვდილი პავლე იპერატორისა, რომელიცა გარდაცვლილიყო წელს 1801, მარტის 12. ესენი წარემართნენ და მივიდნენ სკთ პეტერბურხს მაისის 13, რომელნიცა მისრულთა დიდათ პატივსცა ალექსანდრე იპერატორმან და ისტუმრნა, და დაშთა ჯერეთ საქმენი საქართველოსანი განუმართებელ რუსთაგან. ამან იპერატორმან მიუწერა მართებელსა კავკასისა კნორიღს, რათა გარდვიდეს და ჰკითხოს ქართველთა უკთუ ნებავსთ კვალად მეფეჲ თვისი, ჰყოს მეფედ დავით, ხოლო უკთუ არა ნებავდეს ხალხსა, აღიღოს მეფობა და ჰყოს ღუბერნიად. კნორინგმა გარდასრულმან ქართლს, იხმო რაოდენიმე ჩინებულნი გვამნი და აუწყა ესე. ხოლო მას ჟამსა ღიანარალს ლაზაროვს მუნ მყოფსა ებირნა რაოდენიმე გვამნი მეფისა ორგულნი და განდიდებისათვის სახელისა თვისისა. ამათ ათქმევინა უარყოფა მეფისა და გახსნა რუსეთისა მართებელობისა, რომლისა მსმენელმა კნორინგმა მიუღო დავითს მეფობაჲ, და დასხნა თვისნი მსაჯულნი ვიდრე გახსნადმდე ღუბერნისა. ხოლო ამისა შემდგომად უკუნ იქცა კნორინღი და აუწყა იპერატორსა ყოველი ესე ყოფილი. მაშინ დაამტკიცა იპერატორმან, რათა ჰყონ ტფილისი ღუბერნიად და გაყვნა ქართლი, კახეთი და სომხითი ექვს მაზრად, რომელნიცა იყვნენ ესენი: 1. ტფილისი, 2. ლორე, 3. თელავი, 4. სიღნაღი, 5. გორი, 6. დუშეთი. ესენი იყვნენ უპირველესნი ქალაქნი მაზრათანი.

პარაგრაფი 47

ხოლო წელსა 1801, სეკდებერს 15, ეკურთხა იპერატორი ალექსანდრე მოსკოვს. მაშინ გამოსცა მანიფესტი თვისი და დაპყრობაჲ საქართველოისა და ჰყო ღუბერნატორად ტფილისისა დესტიტელნი სატკის სოვეტნიკი კავალნიცკი პეტრე ივანიჩი, პირველ ყოფილი მინისტრი საქართველოსა შინა, და ეგრეთვე უპირატეს მართებლათ განაწესა კნორინღივე საქართველოისა. ამათ მისრულთა ტფილის შეჰყარეს ხალხნი ჩინებულნი სიონისა ეკლესიაში საფიცრად სამღვდელოითურთ (შენიშვნა: სიტყვების “სიონისა ეკლესიაში” შემდეგ დედანში წაშლილია სიტყვები: “რომელთაცა არა ენებათ აღება მეფობისა თვისისა, სამღვდელოითა და ქათალიკოზითა, და მოარტყეს სიონისა ეკლესიასა გარს რუსეთისა მხედრობა ზარბაზნებითურთ და აუწყეს: “უკეთუ არა ჰყოფთ ფიცსა ერთგულებასა ზედა რუსეთისასა, მოგწყვიტენიცა”, შიშვნეულთა ქართველთა”). იძულებულთა იწყეს ფიცი და აღუთქვესცა მორჩილებაჲ. მაშინ გახსნეს ღუბერნია ტფილისისა და დამტკიცეს მართებელობაი თვისი, ვითარცა წესი არს როსიასა შინა, ეგრე განაწესეს ხარკიცა.

პარაგრაფი 48

ხოლო წელსა 1802 კ(ვალა)დ მეფე სოლომან მიუხდა დადიანს გრიგოლს ოდიშს. დადიანი გრიგოლ შემოება, დამარცხდა დადიანი გრიგოლ და დამარცხებული ლეჩხუმს მივიდა. მეფე ლეჩხუმს მიუხდა, ლეჩხუმის ციხენი აღიღო დეხვირი და ჭყვიში. დადიანი გრიგოლ მურის ციხეში გამაგრდა. მეფე სამი თვე გარს ადგა, მურის ციხე ვერ აღიღო. მეფე უკუნ იქცა. ოდიშში დასო უნცროსი ძმა მისი ტარიელ დადიანად და დაუდგინა მხედრობითა რაოდენითამე ქაიხოსრო წერეთელი. კ(ვალა)დ მეფე მიუხდა გორდის ციხეს. გორდი ვერ აღიღო, თაბაქოს ციხეს მოადგა, აღიღო იგი და მოიქცა იმერეთადვე. ხოლო კ(ვალა)დ გამოსრულმან დადიანმან გრიგოლმან მურის ციხითა შეკრიბნა ოდიშელ-ლეჩხუმელნი, მიუხდა ძმასა თვისსა ტიას, და გარდააგდო და დაიპყრა თვით ოდიში. მხილველმან დადიანმან გრიგოლ ესევითარისა უბედურებისა და ხდომის გამო აღირჩივა მფარველობაჲ რუსეთის იპერატორისა და მიუწერაცა უპირველესს მართებელს საქართველოისასა ღიანარალს კნორინღს, რათა შეყვანოს მფარველობასა შინა როსისასა და აღუთქვაცა მიცემა საუკუნოდ შავისა ზღვის პირი, რომელიცა მას ეპყრა, რათა ჰქონდესთ რუსთა ციხენი მუნ, და იდგნენ მხედრობანი მათნი. მსმენელმან ამისმან უპირველესმან მართებელმან საქართველოისამან აღუთქვა დადიანსა ესე ყოველივე ყოფად, გარნა კნორინღმა ვერ შეასრულა თხოვილი მისი და გამოცვლილ იქნა მას ჟამსა კარისაგან რუსეთისა, რომლისა მოადგილედ განიწესა ღიანარალ-ლეიტენანტი თავადი ციციშვილი პავლე დიმიტრის ძე.

პარაგრაფი 49

ხოლო წელსა 1802 იპერატორმა ალექსანდრემ მიუღო ჯვარი წ(მინდ)ისა ნინასი, მოცემული ღვთის მშობელისა მიერ და ახვიაცა ჯვარსა მას თმა დედისა მღვთისა პირველ ჟამსავ მოსვლისა წ(მინდ)ისა ნინასასა, რომელმანცა მოაქცივა სრულიად საქართველოჲ ქრისტიანედ იმა ჯვარისა მიერ, რომელი გარდმოეტანა მეფესა ვახტანგს საქართველოისას მეექვსესა და აქვნდა ჯვარი მისი შვილის შვილსა მისსა გიორგი ალექსანდრეს ძესა და წარუვლინა კ(ვალა)დ საქართველოსავე, რომელიცა მიასვენეს და დაასვენეს დედასა ეკლესიასა შინა ტფილისისასა სიონად წოდებულსა ადგილსა.

პარაგრაფი 50

ხოლო წელსა 1802 ახალციხის ფაშა საბუთ გარდააგდო სულეიმან ფაშას შვილმან შარიფმან, მიუღო ახალციხე და გარემონი მისნი ყოველნივე. მისრული საბუთ ფაშა ქართლს, იყო მცირესა ხანსა, ხოლო ქართლითგან წარვიდა იმარეთს და ენება მუნითგან წარსვლა სტაბოლად. ისტუმრა მეფემან სოლომან და აღუთქვაცა შეწევნა. მსმენელმან ფაშამან შარიფ აღუთქვა მეფესა სოლომანს მრავლისა მიცემა, რათა მოჰკვეთოს თავი საბუთ ფაშასა და წარუვლინოს მას. ამისმა მსმენელმან მეფემან მოჰკვეთა თავი საბუთ ფაშასა და წარუვლინა შარიფ ფაშასა ახალციხეს. მხილველმან ფაშამან შარიფ არღარა მოსცა აღთქმული იგი მეფესა და განჰკიცხაცა შეხვეწილისა კაცისა სიკვდილითა და დაუნდობელობაცა აყვედრა და სიყვარული ვერცხლისაცა და არა პატიოსნებისა, რომელიცა უკუნ აქცივა კაცი მისი სირცხვილეული.

პარაგრაფი 51

ხოლო წელსა 1802 იმერთა მეფის დავითის ცოლი (იგულისხმება დავით გიორგის-ძე, რომელიც დავით არჩილის-ძემ, იგივე სოლომონ II-მ დაამხო ტახტიდან, თავისი პაპის ერეკლე II-ის დახმარებით – ი. ხ.) ანნა, ყაფლანიშვილის მამუკას ასული, დედოფალი, წარვიდა როსიად იპერატორის ალექსანდრეს წინაშე. მისრული დიდისა პატივითა მიიღო, და ევედრა დედოფალი, რათა შუამდგომელ ექმნეს მეფესა თანა და განატევებინოს ძე მისი კონსტანტინე პყრობილებისაგან, რომელიცა ჰყვა მეფესა მუხურის ციხესა შინა. მსმენელმა იპერატორმა წარუვლინნა კაცნი მეფესა და სთხოვა განთავისუფლება კონსტანტინესი, რომლისა არამნებებელმან მეფემან სოლომან უკუნ აქცივნა კაცნი იგი ცალიერნი.

პარაგრაფი 52

ხოლო წელსა 1802 წარიგზავნა ციციშვილი პავლე უპირველეს მართებელად საქართველოჲსა. ამას უბრძანა იპერატორმან და არწმუნნა ფიცხელად, რათა დანაშთომნი მეფის ძენი საქართველოისანი წარგზავნოს რუსეთად დედა-წულითა მათითა და ეგრეთვე აწვიოს მყოფთა იმერეთსა შინა მეფის ძეთა იულონს და ფარნაოზსაცა და წარავლინოს როსიად. რ(ათ)ა ვინაითგან ჟამსა მას ჰყვათ რუსთა მისანდოთ და ერთგულად თვისად მეფის ირაკლის ძე ვახტანგ, რომელსაცა ეპყრა არაგვიცა და მსახურებდა რუსთა მხედრობასა, რომლისა ძლით შემოსრულნი რუსთა მხედრობანი მადრიელ იყვნენ მისსა. მსმენელი იპერატორი ამისი იყო ფ(რია)დ მადრიელ და ნიჭვიდა ნიჭითა დიდითა და მიუბოძა კავალერიაცა წ(მიდ)ისა ანნასი ბრილიანტისა ძვირფასი. გარნა ვინაითგან ვახტანგ იყო მცბიერი და დრკუ, არა მომხსენებელმან წყალობისა მისისამან განიდიდა თავი თვისი და ენება დაპყრობა საქართველოისა და მეფედ ყოფა თავისა თვისისა. ამან აბირნა კახნი და აღადგინა შფოთი კახეთსა შინა და ეგრეთვე არაგვსაცა ზედა, რომელსაცა რუსნი თუმცაღა ამშვიდებდენ, გარნა ვერ უძლეს. და განივლტო ვახტანგცა დუშეთითა და აღვიდა გუდა-მაყარსა და იწყო მუნ მაგრება. მაშინ რუსთა თხოვითა მთის კაცთათა არა მისცეს ვახტანგს პირი მტკიცე; და იყო ვახტანგ თვე ორი გუდა-მაყარსა შინა ვერარაჲსა მყოფელი. ამისი მხილველი კ(ვალა)დ ევედრა რუსთა დაზავებასა, რომელთაცა აღუთქვეს უვნებელობაჲ, და იძულებული ვახტანგ მივიდა რუსთა თანა დუშეთს. ხოლო რუსთა მოიყვანეს ტფილისს და დააყენეს დედისა თვისთანა დედოფალს დარეჯანთან ავლაბრის სასახლესა შინა და დაუყენეს ყარაული, რათა არღარ განვლტოს ვახტანგ. მსმენელან იპერატორმან ესევითარისა აღრეულებისამან, მიუწერა ბრძანება თავადს ციციანოვს უპირველეს მართებელსა რათა წარუვლინოს ყოველნივ ძენი საქართველოს მეფისანი როსიად. მსმენელი ამისი ციციშვილი წარმოემართა კავკასიის ღუბერნით და მოვიდა ქართლსა.

პარაგრაფი 53

ხოლო წელსა 1803, თებერვლის 6 მოვიდა ციციანოვი პავლე ტფილის მართებელად საქართველოჲსა. ხოლო ამან ბრძანებითა ხელმწიფისათა წარავლინნა როსიად მემკვიდრე საქართველოჲსა მეფის გიორგის ძე დავით და ბიძა მისი მეფის ირაკლის ძე ვახტანგ თებერვლის 18, რომლისა შიშვნეული ძმა დავითისი, მეფის ძე თეიმურაზ, განივლტო ღამესა მას და წარვიდა ჭარში და მივიდა ბიძისა თვისისა თანა ალექსანდრესთან, მეფის ირაკლის ძესთან, რომელიცა მას ჟამსა წარსრული იმერეთით და იყოფოდა ჭარსა შინა, რომელიცა მისრული ძმის წული თვისი შეიტკბო ალექსანდრემან და პატივს უყოფდა ვ(ითარც)ა ძეს. კ(ვალა)დ წელსა ამასვე 1803 წარავლინნა ციციანოვმან მხედრობანი თვისნი როსისა პოლკი ერთი მუშკათირისა (მუშკეტერთა – ი. ხ.), რომელსა კაბარდინცკის პოლკად უხმობდენ, წინაძღომითა ღიანარალ გულაკოვისათა, რომელიცა იყო ფ(რია)დ მხნე და მამაცი და მიუწერაცა კახთა, რათა შერთდენ იგინი რუსეთის მხედრობასა და წარემართნენ ჭარსა ზედა და მოაოხრონ ძირობა იგი სრულებით. მსმენელთა კახთა მოკრბენ ყოველნივე ზემონ-ქვემონი ქიზიყით გაღმამხრელითურთ და წარემართნენ ჭარსა ზედა. მისრულთა ბელაქნისა ბოლოსა ზედა თუმცა ღა ჰქონდათ ლეკთა გზანი გამაგრებულნი და მინდობილ იყვნენ სიმაგრეთა მათ, რომელნიცა აქვს ბოლოსა ბელაქნისასა, შესავალი არს ვიწრო და ჭანჭრობი და ქაცვიერი და ტყიანი, რომლის გზისაგან კიდე არა შეიძლების მუნ ვლა მხედრობისა. ამისმა არ მჭვრეტთა რუსთა მხედრობამან უყო ზედა დასხმა მხედრობასა ლეკთასა და სიმაგრესა მათსა, აოტნეს სრულებით და მიუღეს სანგალებიცა იგი, წარემართნენ და აღიღეს ჭარი და ბელაქანი კატეხითურთ, რომელიცა მოსწვეს და მოაოხრეს; აღიღეს ალაფი მათი და ტყვენი და მოვიდნენ გამარჯვებულნი. მაშინ ძენი მეფისანი მუნ მყოფნი, ალექსანდრე და თეიმურაზ, ლტოლვილნი მუნით წარემართნენ სპარსეთისა კერძ და მივიდნენ თავრიზს. ესე აუწყა ყეენსა ბაბა ხანს ბეგლარ-ბეგმან თავრიზისამან მისვლაჲ მუნ მეფის ძეთა, რომლისა გამო ებრძანა ყენსა, რათა წარავლინოს მისთანა. მაშინ ბეგლარ-ბეგმან თავრიზისამან მისცნა ყოველთა საჭიროებაი მათი და წარავლინა თერანს წინაშე ყენისა. მისრულთა მეფის ძეთა პატივსცა ყენმან და ანიჭნა ხალათნი და ცხენნი ოქროჲთა აღკაზმულნი, და ეგრეთვე თან მყოფთაცა მისთა თავადთა და აზნაურთა უბოძა საბოძვარი და დაიმჭირნა თვისთანა ჟამ რაოდენმე და აღუთქვა შეწევნა და განთავისუფლება საქართველოისა რუსთაგან.

პარაგრაფი 54

წელსა 1803 დედოფალს მარიამს მოუვიდა ბრძანება იპერატორისაგან, რათა წარვიდეს როსიად შვილებითურთ თვისით, რომლისა გამო დედოფალი მარიამ მიეცა ფ(რია)დსა მწუხარებასა და არა ენება წარსვლა როსიად. მას ჟამსა შინა იყო მეფისა გიორგისა მუშრიბი აზნაური კალატოზისშვილი იოსებ ანდრიას ძე, რომელიცა მეფესა გიორგის აღეზარდა თვისსა სახლსა შინა და სწყალობდაცა. ამან განდიდებისათვის თავისა თვისისა აბირა მოქალაქესა გიჟდავაშვილსა ზურაბს და მოიყიდა იგი თეთრითა, რ(ათ)ა ამა ზურაბას აქვნდა ვაჭრობაჲ ფშავსა და ხევსურსსა შინა. და შეითქვნენ ესენი და მივიდნენ წინაშე ციციანოვისა და შესწამეს დედოფალს რეცა განპარვაჲ ტფილისით და წარსვლა ფშავსა შინა, რომელიცა არცაღ თუ განვლოდა დედოფალს მარიამ საქმე ესე გულსა. ხოლო ვინაჲთგან იყო ციციშვილი პავლე ფ(რია)დ გულ-ფიცხი და განუნახველი საქმისა, სიფიცხისა გამო, არა გამოიკითხა საქმე ესე ნამდვილი, არამედ მიუწერა ღიანარალსა ლაზაროვს, რათა აღიყვანოს პოლკი თვისი და დაესხას დედოფალს და იძულებული წარგზავნოს რუსეთად. მისრულმან ლაზაროვმან შეუსია ჯარი შინა მძინარეთა დედა-წულთა და თვითცა შეუხდა შინა მაგინებელი დედოფლისა და ენება გარდმოგდება ტახტით და განთრევა გარეთ. ამისმა მხილველმან ყულუხჩმან მისმან თავადმან ხიმშიაშვილმან ნიკოლაოზ აღენთო სულითა ერთგულებისათა, ვ(ითარც)ა არს ჩვეულება კახთა ერთგულებაი მეფისა თვისისა. ვერ მომთმენმან ამისმან დასცა ხანჯალი ღიანარალს ლაზარევს და მოკლა იგი აპრილის 8. ჰგონეს მისთანა მყოფთა ნაცვალმან ტფილისისამან მოქალაქემან მიკირტუმა კაჭკაშვილმან სიკვდილი მისი დედოფლისა მარიამის მიერ, რომელნიცა მიეტევნენ ხლმითა და დაჰკოდეს დედოფალი მარიამ დიდად მხარსა და ხელსა შინა და აუწყეს ციციანოვსა რეცა სიკვდილი ლაზაროვისა მის მიერ, რომლისა გამო აღენთო შურითა და გაუსინჯაობითა და აუწყა იპერატორსა ალექსანდრეს ესე ყოველი. ხოლო ხელმწიფემან ბრძანა დაპატიმრება დედოფლისა მარიამისა მალოროსიასა შინა ბელიგოროდად წოდებულსა ქალაქსა, დედათა მონასტერსა შინა, და იყო წელი 8 ამა პატიმრობასა შინა ფ(რია)დითა მწუხარებითა და ნაკლულევანებითა.

ხოლო წელსა 1803 ციციანოვმა მოიწვია მეფე სოლომან იმერთა ყორნის, რათა შეაერთოს რუსთა იპერატორსა. მოსრულმა მეფემ შეჰფიცა რუსთა ერთგულებასა ზედა, და რუსთაცა აღუთქვეს მეფესა, რათა იყოს მეფედ იმერეთისა სიცოცხლესავე თვისსა თავისუფლად და სთხოვეს, რათა იდგეს მცირე მხედრობაჲ ქუთაის შინა და დაითხოვოსცა მეფის ძენი იულონ და ფარნაოზ. ესე ყოველი აღუსრულა მეფემან. მისცეს მეფესა სოლომანს ნემცკის კავალერია ბრილიანტისა, და იყო მეფე მშვიდობით ჟამ რაოდენმე. ხოლო მეფემან წარავლინნა დესპანად როსისა კარსა ზედა სოლომან ლიონის ძე თავადი, გარნა გამოგდებული იქმნა მცირესა ხანს უკან დესპანი მეფისა კარითგან როსისა, რომელ მეფემან უარჰყო ფიცი თვისი და შეერთდა ოსმალთა. და იქმნა რუსთა და იმერთა შორის აღრეულობაჲ და განხეთქილებაჲ მიერ დღითგან.

პარაგრაფი 55

წელსა 1804 წარავლინა რუსეთს დადიანოვის ასული დედოფალი დარეჯან, მეუღლე მეფისა ირაკლისა, ფ(რია)დ მოხუცებული, რომელი იყო მას ჟამს წლისა 70. მისრულსა პეტერბურხს პატივ ჰსცა იპერატორმან ფ(რია)დ და ანიჭა ნიჭნი მრავალნი, და იყოფოდა პეტერბურხსა შინა წელი 4. ხოლო წელა 1803 იძულებულმან ჭირისა გამო მეფისა სოლომანის მიერ დადიანმან გრიგოლ კ(ვალა)დ განუახლა ციციანოვსა თხოვილი თვისი და მფარველობაჲ როსისა. ამისმა მსმენელმან ციციანოვმა პავლე აღუსრულა დადიანს ყოველივე თხოვილი თვისი, და მოსცა იპერატორმან დასაცველად მისისა ქვეყანისა ჯარი პოლკი ერთი ბელევცკისა, რომელნიცა წარმოსრულნი ესენი ყირიმით განვიდნენ ოდიშსა შინა შავის ზღვით და ჰქმნეს ციხე ყულევს, და დადგნენ მუნ და მისცეს დადიანსა გრიგოლს ტრაკტატი მტკიცე ესრეთ, რათა კერძონი შავისა ზღვისანი, რომელიცა ეპყრათ ოსმალთა გურიდან ვიდრე ფოტადმდე დაშთათ რუსთა. ხოლო ოდიში, ლეჩხუმი და რაჲცა ეპყრა დაშთა დადიანსა და იყო მფარველობასა ქვეშე მათსა, და განთავისუფლდა ოდიში ტყვევნისაგან იმერთა მეფისა.

პარაგრაფი 56

ხოლო წელსა 1803 იქმნა გურიასა შინა აღრეულობაჲ, რომელ გურიელმან მამიამ მოიბირნა რაოდენნიმე ჩინებულნი თვისნი, მივიდა, შეიპყრა გურიელი ვახტანგ და პატიმარ ჰყო ჩაგვსა. ხოლო ესე ვახტანგ იყო კაცი ვერ მხნე და მამაცი, არამედ უფრორე მიდრეკილ დედათა ზნეთა მიერ. ესე ვახტანგ გაპარეს ჩაგვიდგან გურიელთა და წარვიდა ახალციხეს. მისრულს მუნ პატივ ჰსცა ფაშამ სელმმა ახალციხისამან აჭარელმა ხიმშიაშვილმან, რ(ამეთუ) მას ჟამსა დაეპყრა ზორბითა ახალციხე და გარდაეგდო სულეიმან ფაშის შვილი შარიფ და ეპყრა თვით. ამისმა მსმენელმან გურიელმან მამიამ მისცა ქრთამი ფაშასა და შეაპყრობინა ვახტანგ, რომელმანცა დაპატიმრა ახალციხისა ციხესა შინა, და იყო თვე ოთხი ფრიად მწუხარებასა შინა. ამისმა მხილველმან მუნებურმან მღვდელმთავარმან ეგნატიმ, კაცმან ღირსმან და ღმერთშემოსილმან ბერძენმან, და მღვდელმან ერთმან იქაურმან მოიყიდეს ციხისა მცველნი და გამოაპარეს ვახტანგ ციხით.

მსმენელმან მეორესა დღესა ფაშამან შეუყენა უკანა მხედრობაჲ თვისნი, რათა შეიპყრან გზასა ზედა ვახტანგ. ეწივნენ მხედრობანი თურქთანი, შეიპყრეს ვახტანგ და მიგვარეს ფაშასა. მაშინ ფაშამან ათქმევინა ვის მიერ გაპარებაჲ, რომელიცა შიშვნეულმან აუწყა ყოველივე ფაშასა. მაშინ ფაშამან შეიპყრა მღვდელ-მთავარი იგი ეგნატი და მღვდელი იგი და უთქმიდა უარის ყოფასა ქ(რისტ)ესსა. ხოლო მათ არა თავს იდვეს უარის ყოფაჲ ქ(რისტ)ესი. ამისთვისცა აწამნა იგინი და მოაშთო ძელთა ზედა. ჰოი საკვირველი! ღამესა მას დაბნელდა მთოვარე და დადგათ ნათელი და შეირაცხნენ წმიდათთ მღვდელ-მოწამეთა შორის. ხოლო მუნ მყოფთა ლათინთა მცხოვრებთა მოქალაქეთა მხილველთა ამისთა მოიყიდეს ფასითა წ(მიდ)ანი გვამნი მათნი ფაშისაგან და დაფლეს მუნვე. ხოლო ამისა შემდგომად განათავისუფლა ფაშამან გურელი ვახტანგ და მივიდა ქართლსა რუსთა თანა (ქვემოთ შენიშვნაა: წამება წ(მიდ)ისა მღვდელ-მოწამისა ეგნატისი და მისთანა მღვდლისაცა ერთისა რომელნი აწამეს სამცხეს, ქალაქსა ახალციხესა, წელსა 1804).

პარაგრაფი 57

ხოლო წელსა 1804 გარდაიცვალა დადიანი გრიგოლ, და იპერატორმა ალექსანდრემ მოიყვანა ძე გრიგოლისა ლეონ, რომელიცა ჰყვა აფხაზსა ქელეშ ბეგს მძევლად დროსა ოდიშთა აღრეულობისასა, და დასო დადიანად წლისა 14 და უბოძა ღიანარალ-მაიორობა, ხმალი, დროშა და ანნას კავალერია. ხოლო წელსა ამასვე 1804 ჩავიდნენ რუსნი იმერეთს და ქუთაის და დგნენ მცირენი, გარნა მეფობა ვერ მიუღეს მეფესა და წარვიდნენ ყულევს და დადგნენ მუნ. ხოლო წელსა ამას 1804 ფრანციელთა აკურთხეს იპერატორად მონაპარტე პარიჟსა შინა. ამან დაიპყრა სრულებით ევროპიაჲ.

პარაგრაფი 58

წელსა 1804 შეიპყრეს რუსთა ტფილის ქართველნი თავადნი, აზნაურნი და გლეხნი რიცხვით 30 რომლისამე მიზეზითა და ჰყვათ პყრობილად ტფილისის ციხესა შინა, რომელსა ნარიყალად უხმობენ, ფ(რია)დ მაგარსა და შეუალსა. ხოლო ამა პყრობილთა შორის იყო დავითის შვილი თავადი სოლომან, შანშე მილახვრის ძე. ამან ხელთ იგდო ლურსმანი ერთი დიდი, რომელსა ყადაღად უხმობენ. ამან ღამესა ერთსა განათხარა კედელი იგი ქალაქის მხარესა და გამოაპარა ყოველნივე პყრობილნი თვესა აპრილსა 15, გარდაიყვანა შაიჲ ტახტის მხარესა და წარვიდნენ სპარსეთსა. ხოლო ამისა შემდგომად ჟამ რაოდენიმე კ(ვალა)დ ჰყვათ შვიდნი კაცნი გავაზელნი პყრობილად. ამათ წართვნეს თოფნი დღსა ერთსა ყარაულთა თვისთა რუსთა სალდათთა, დამტვრიეს ციხის კარნი და გამოვიდნენ. თუმცაღა შეუდგნენ რუსნი შესაპყრობელად, გარნა ვერღარა ეწივნენ, და წარვიდნენ მშვიდობით.

პარაგრაფი 59

წელსა 1804 წარვიდა ციციანოვი ოკდობრის 6 განჯისა დასაპყრობელად. მისრული განჯად შემოება განჯის ხანი ჯავად ქალაქის მახლობელ ჯებირის პირთანა, გარნა იძლივა და შევიდა ციხესა შინა და განამაგრა ციხეიჲ, ხოლო მისრულთა რუსთა დაიპყრეს ქალაქი განჯისა და დადგნენ მუნ. თუმცა ღა დღე ყოველ აწვევდის ციციანოვი ჯავად ხანსა ერთგულებასა ზედა ხელმწიფისასა და აღუთქმიდის, რათა მისცეს ციხე რუსთა მხედრობასა, რომელსა სწადდა დაყენებაჲ მუნ მხედრობისა რუსთასა, და იყოს ჯავად ხან მშვიდობით და ეპყრას მამულნი თვისნი და მსახურებდეს რუსთა, გარნა არა მსმენელი ჯავად ხან ესევითარისა და იმედეული ყენისაგან, რომელიცა აღუთქმიდა შეწევნასა, არა მისცა ციხეი რუსთა, არამედ იწყო მაგრება. ამისმა მხილველმან ციციანოვმა პავლემ უბრძანა მხედრობათა თვისთა, რათა ჰქმნან კიბენი და აღიღონ ციხე იერიშითა.

პარაგრაფი 60

ხოლო წელსა 1805, იანვრის 3 მოდგნენ ციხესა მას და აღვიდნენ ზღუდეთა ზედა და აღიღეს ციხე განჯისა. თუმცაღა იბრძოდა მხნედ ჯავად ხან, გარნა მოკლული იქმნა იგიცა. იავარ ჰყვეს ყოველნივე ციხესა შინა და მოსწყვიტნეს მრავალნი სულნი მუნ მცხოვრებნი. ხოლო რუსთაგანიცა მოკვდა და დაიკოდნა ვიდრე ოთხასნი. ამისა შემდგომად კვალად იწყო ციციანოვმან შენობა განჯისა. ჰქმნა უეზდად ესე იგი მაზრისა ქალაქად ტფილისისა და უწოდა ელისაბედპოლი. ესე ყოველივე აუწყა იპერატორსა ალექსანდრეს, რომლისა ჯილდოდ მიუბოძა ხელმწიფემან ციციანოვსა ღიანარალ შეფობაჲ და ეგრეთვე სხვათაცა ჩინებულთა რუსთა მხედრობისათა ანიჭნა ყოველთავე ღირსებისამებრ თვისისა სახელონი და ნიშანნი.

პარაგრაფი 61

წელსა 1805 ციციანოვმა აწვია ერევნის ხანს მაჰმადს ერთგულებასა ზედა როსისასა და სთხოვა ციხეცა ერევნისა, რათა დააყენოს მხედრობაჲ თვისი მუნ, ხოლო ერევანი ეპყრას მას და მისცეს ხარკი ვ(ითარც)ა იყო დროთა მეფეთასა. ამისმა არამსმენელმან მაჰმად ხან აუწყა ესე ყეენსა ბაბახანს, რომლისა გამო წარმოუვლინა ყეენმა ელჩი ციციანოვსა და მოუწერა ესრეთ, რათა დასცხრეს თხოვნისაგან ერევანისა და ანუ ბრძოს ყეენსა. ამისმა მსმენელმა ციციანოვმა მოიკრიბნა მხედრობანი თვისნი და ეგრეთვე თავადნი და აზნაურნი საქართველოჲსანი და მოქალაქენი ტფილისისანი და წარვიდა ერევანსა ზედა. მისრული ერევანს, მუნ მოვიდა მას ზედა აბაზ მირზა, შვილი ბაბახანისა, ათი ათასითა მხედრობითა საშველად ერევანისა. შეება მას ციციშვილი, და იქმნა ბრძოლა ძლიერი. თუმცაღა ბრძვეს ყიზილბაშთა, გარნა ღიანარალ დუჩკოვმა სერგი ალექსივიჩმან არა რიდა სიმაგრესა მათსა, რომე ერევნისა გარემონი არიან ქვიანნი ფრიად და გორიანნი, რომელმანცა აღიყვანა გორასა მას ზედა მხედრობაი თვისი პოლკი ერთი კავკასისის გარნადირისა და აღვიდა მთათა მათ ზედა სადაც იყვნენ ყიზილბაშნი განმაგრებული ფ(რია)დ. მიუღო ადგილნი იგი და ივლტოდნენ ყიზილბაშნი რუსთაგან და დევნა უყვეს ვიდრე ბანაკადმდე მათდა და აღიღეს ბანაკიცა მათი მძლეველთა. ხოლო ბრძოლასა ამას მოკლეს ქაიხოსრო აბაშიძე, ლეონის შვილი, ახალი მოსრული ახალციხიდამ, რომელიცა იყო რუსთა თანა. ხოლო მისრულთა რუსთა მიუღეს მონასტერიცა ეჩმიაძინისა ყიზილბაშთა და მისრულთა აღიღეს ქალაქი ერევნისა და დადგნენ შინა. ხოლო ხანი და ხალხი განმაგრდნენ ციხესა შინა, რ(ამეთუ) ციხე ერევნისა არს ფ(რია)დ მაგარი და შეუალი მტერთაგან. ესე ყოველივე აუწყა ძემან ყეენისამან მამასა თვისსა, რომლისა მსმენელი ყეენი წარმოემართა ასი ათასითა კაცითა ერევნისა კერძ და მოვიდა ერევანს და მოადგა ციციშვილსა. და იყო ბრძოლა ყოველსა დღესა, რომელ ციციანოვს უვიდოდა მცირე მხედრობაი რუსთანი, რომელნიცა სიცხისა გამო და ჰავისა გამო იქმნენ მრავალნი სნეულად და დაიხოცნენცა მრავალნი, რომელსაცა დაშთა ორი ათას ექვსასი მხედრობაჲ რუსთა. მხილველთა ამისთა მუნ მყოფთა ქართველთა თავადთა და მოქალაქეთა იწყეს ლტოლვა რუსთაგან და წარემართნენ ტფილისისა კერძ. მაშინ ბაბახანს ყეენსა ესრეთ აქვნდა გზანი მოცულნი გარემონი ერევნისანი, რომელ არა შეძლოთ მუნ განვლაჲ რომელსამე მხედრობასა. წარსრულთა ქართველთა გზასა ზედა ემთხვიათ ყიზილბაშთა მხედრობანი. რომელნიმე მოსწყვიტნეს და სხვანი შეიპყრეს სრულებით მოქალაქითურთ, რომელთა შორის იყო თავადი ორბელიანი იოვანე დავითის ძე, სარდალი საბარათიანოსი, და ესეცა შეპყრობილ იქმნა სამითა ბიძაშვილია თვისითა და მორთვეს ტყვედ ყეენსა. მაშინ ყეენმან წარავლინნა ესენი ყოველნი პატიმრად თავრიზს და ურუმიასა შინა და რომელნიმე მათგანნი თერანს და შესხნა იგინი ვირებსა და რომელნიმე ქვევითა, და ამითი პატივსცა იოვანესა სარდალსა ყაენმან, რომელ შესო იგი ვირს და წარუმძღვარა წინა თავადთა. ხოლო ფაბაკსაცა წარგზავნა ყეენმან ფირ ყული ხან სარდალი თვისი, და თანა წარატანნა რვა ათასნი კაცნი, რათა აღიღოს ქალაქი ყარაქილისისა, რომელი აქვნდათ რუსთა გამაგრებული და აქვნდათ მას შინა სურსათი, ტყვია და წამალი. მისრული ფირ ყული ხანი ფაბაკს თუმცაღა ბრძოდა ციხესა ყარაქილისისასა, გარნა ვერ შეუძლო აღებაჲ, რამეთუ აქვდათ გამაგრებული რუსთა ორასსა კაცსა, გარნა გზანი ტფილისამდინ ესრეთ შეჰკრეს, რომელ ყიზილბაშთა რომელ ვიდრე უკუნ ქცევადმდე ციციანოვისა ვერა რა სცნეს მისი ანბავი. იყო ციციანოვი ერევნისა ქალაქსა შინა შემჭირვებული და მაგრდებოდცა, გარნა მოაკლდა წამალი და ტყვია. მაშინ წარავლინა ფანბაკს, რათა მოიღოს მუნით წამალი და ტყვია და სურსათი, მაიორი ერთი მანტრიზორი გვარად ას ოთხმოცითა კაცითა, და თანა წარატანა ყარაბაღელი მელიქ აპოს შვილი როსტომ სამოცითა სომხითა ყარაბაღელითავ და წარატანაცა ზარბაზანნი ორნი. ამათ ჩუმათ წარსრულთა ერევნით მივიდნენ ფანბაკსა. ესე სცნა მუნ მყოფმან სარდალმან ფირ ყული ხანმან, წარემართა და შეუკრა გზაი ჰამამლუს. მოსრულნი რუსნი თუმცაღა შეებნენ, გარნა იძლივნენ სპარსთაგან, და მოსწყვიტნეს სრულებით და რომელნიმე ტყვედ ჰყვეს სომხებითურთ. და წარუგზავნა ყეენსა ზარბაზანნი მათნი, და ტყვენი ერევანს მდგომსა, რომლისათვისცა მიუზღო ყეენმან დიდი მადლობაჲ და ანიჭა ხალათიცა.

პარაგრაფი 62

(შენიშვნა: ამ პარაგრაფის დასაწყისის გასწვრივ კიდეზე მიწერილია: ხოლო წელსა ამას 1805 შეიძრა ფ/რია/დ ქვეყანა ესრეთ, რომელ ავლაბრისა ციხის კედელი აბოს წინ სრულებით გარდაიქცა და მრავალნი სახლნიცა დაიქცნენ).

ხოლო წელსა 1805 ჰყოფასა ციციანოვისასა ერევანს შინა მხილველთა ხალხთა საქართველოისათა, ესევითარის აღრეულობის გამო, რეცა ჰგონეს წარწყმენდაჲცა ციციანოვისა ერევანს. ამისთვის მიუწერეს რომელთამე გვამთა ქართველთა თავადთა მეფის ძეს იულონს და ფარნაოზს, რათა მოვიდნენ ქართლსა და ეპატრონნენ. ამათმა მსმენელმან მეფის ძეთა აუწყეს ესე მეფესა სოლომანს. ხოლო მეფსა ადრევე დაეთხოვნა ესენი იმერეთიდამ თხოვნითა ციციანოვისათა, და ჩასრულ იყო ჯარიცა როტა ერთი ღიანარალ ლითვინოვითა, რომელი იყო წარგზავნილ კარით რუსეთით და იყოფოდა დესპანად მეფისა წინაშე ქუთაის შინა. ხოლო ამისა შემდგომად წარმოსულნი მეფის ძენი მოვიდნენ სურამის სიახლოვესა. ეგონათ მისვლაჲ მუნ ქართველთ თავადთა, და არავინ მივიდა მათ თანა. ამათ ინებეს მტკვარს გასვლა და მისვლა ფაბაკს ფირ ყული ხანთან და ვერ უძლეს, რამეთუ მტკვარი განდიდებულ იყო ფ(რია)დ. კ(ვალა)დ წარვიდნენ და აღვიდნენ ოსებში სამაჩაბლოსა და ვერცა მუნ დადგნენ შიშისა გამო ოვსთასა, რამეთუ აქვნდათ პირი მტკიცე მას ჟამსა შინა ოვსთა რუსთათანა. მუნიდამ უკუნ იქცნენ და მოვიდნენ ძაღინას საფალავანდიშვილოში, რომელთაცა ფალავანდიანთ არა შეუშვეს ესენი შიშისათვის რუსთასა. მუნითგან უკუნ იქცნენ და მივიდნენ იმერეთს ულევის ეწერშია და დადგნენ მუნ. ესე სცნეს რუსთა მდგომთა სურამსა შინა. ამის გამო აბირნეს მრავალთა თავადთა, აზნაურთა და გლეხთა, რათა წარუძღვნენ წინა ეტიკად და დასხან თავთა მეფის ძეთა. ამისმა მსმენელმან ქართველთა არა ინებეს ესე ყოფა, არამედ აუწყეს გზისა უცნობელობა. მას ჟამსა იყო ამირეჯიბი ერთი თავადი გოგია რამინის ძე. ეს აღზრდილ იყო მეფის ირაკლისაგან და მრავალგზის ევლო მას გზასა ზედა იმერეთისასა. ამან თავს იდვა წინ ძღომა მათი, და აღუთქვესცა რუსთა ნიჭი და პატივი ხელმწიფისა მიერ. მაშინ გოგია ამირეჯიბი რამინის ძე წარუძღვა წინა რუსთა და მიიყვანა ულევის ეწერსა შინა, დაესხნენ თავსა რუსნი ორი როტაჲ ივნისის 29, დღესა პეტრე-პავლობისასა მძინარეთა. მაშინ მცნობელთა ამათ ენებათ სილტოლვაჲ, გარნა ვერ უძლეს. და მოკლეს თავადი თარხნის ძე ბეციასი დიმიტრი და აზნაური ჩერქეზიშვილი ფირან, რომელთაცა შესწირეს თავი თვისი პატრონისა ერთგულებასა ზედა, და ეგრეთვ აზნაური კეზელი დავით და შვილი მისი. ხოლო მხილველმან ამისმან მეფის ძემან იულონ იწყო ლტოლვად ქვეითად, და ეწივნენ რუსნი, ენებათ სიკვდილი მისი შუბითა, გარნა აზნაური დავით აბაზაძე ფარეშთ-ხუცესი მისი გარდააწვა თავსა მეფის ძეს იულონს, და ასცდა შუბი თოფისა სალდათისა იულონს და მოხვდა დავითს აბაზაძესა და დაიკოდა მძიმედ თავსა შინა და ამით განარინა ბატონი თვისი იულონ სიკვდილსა. მსმენელთა რუსთა შეიპყრეს იულონ, ხოლო ფარნაოზ, ძმა მისი, და ლევან და ლუარსაბ, ძენი იულონისანი, ივლტოდნენ ტყეთა შინა რაოდენითამე კაცითა და დაშთნენ მშვიდობით. მაშინ იულონ წარიყვანეს ტფილის. ხოლო ფარნაოზ და ლეონ წარვიდნენ ხეობაშია ლეკთა თანა, და ამათ წარიყვანეს ესენი ფამბაკს და მიყვანეს სარდლისა წინაშე, სადაცა დახვდა მუნ ძმა თვისი ალექსანდრე და ძმის წული თვისი თეიმურაზ. ხოლო ლუარსაბ დაშთა იმერეთსა შინა ზურაბ წერეთლისა თანა და იყო ჟამ რაოდენმე. ესე აუწყა სარდალმან ფირ ყული ხანმან ყეენსა მისვლაჲ მუნ მეფის ძეთა მისთანა. მაშინ მიუწერა ყენმან და მიუბოძა ხალათიცა მეფის ძესა ფარნაოზს, რათა წარავლინოს არაგვსა ზედა და შეუკრას რუსთა გზა არაგვისა. ამისი მსმენელი მეფის ძე ფარნაოზ წარვიდა ფაბაკით და გარდაიარა თრიალეთი, ჩავიდა კავთის ხევზე და აღვიდა არაგვსა ზედა და იწყო მუნ მაგრება. მაშინ მოკრბნენ ყოველნივე არაგველნი, ფშავ-ხევსურნი და კახნი თავადნიცა მისთანა და იყვნენ მაგრებასა შინა, რამეთუ დროსა მას ჰყვა ყეენსა შემწყვდეული ერევანს ციციანოვი მხედრობითა თვისითა. მსმენელთა ამისთა დანაშთთა რუსთა ტფილის რომელიცა იყო მოადგილედ ციციშვილისა თავადი ვალხონცკი ღიანარალი, ამან წარგზავნა პოლკი ერთი და წარატანნა ზარბაზნები ოთხი წინაძღომითა ღიანარალ ტალაზინისათა. მისრულნი ქსანსა ზედა შეერთდენ ქსის ერისთავის ძენიცა შანშე და სხვანი და გარდაიყვანეს ლომისასა ზედა. მაშინ ჩასრულთა რუსთა ღუდისა ხევთა შინა ეწყვნენ არაგველნი ძლიერად, მოსწყვიტნეს რუსნი და მიუხვნეს ზარბაზანნიცა. ამათი მხილველი თაგაურ-ქურთაულთაცა მოსცეს პირი მტკიცე და შეკრეს გზაჲ დარიელისა და არღარა უტევეს რუსნი მუნ გზასა ზედა. მას ჟამსა მოერთვა ყეენსა ბაბახანს ერევანს აღრეულობაჲ სპარსეთისა, რომლისა გამო წარვიდა უკანა და დაშთა ციციანოვი მშვიდობით ერევანსა შინა, რომელიცა აღიყარა და წარმოვიდა ტფილის. ამისმა მსმენელმა ყაზიბეგიშვილმა გაბრიელმა მოიბირნა თეთრითა თაგაურ-ქურთაულნი, მისცეს რუსთა გზა დარიელისა და შემოვიდა პოლკი ერთი ტროიცკის მუშკათირისა წინაძღომითა ღიანარალ ნესვეტევისათა, ხოლო მოსრული ციციშვილიცა ტფილის აღვიდა მხედრობითა თვისითა დუშეთს დაცხრომისათვის აბოხისა. მსმენელთა კახთა თავადთა იწყეს ლტოლვაჲ ფარნაოზისაგან და მისვლა მის თანა და ეგრეთვე ზოგმა ერთმა არაგველთაცა. ამისმა მხილველმან ფარნაოზ დანაშთითა მის თანა თავადითა და აზნაურითა იწყო ლტოლვაჲ არაგვით და წარსვლა კ(ვალა)დ სპარსეთადვე. მსმენელმან ამისმან ციციანოვმა პავლემ მიუწერა ყოელთა გარემოთა, რათა შეიპყრან ფარნაოზ და მიგვარონ მას. მაშინ ფარნაოზ წარსრულმან არაგვით განვლო მტკვარი და მივიდა ყაზახში, აღვიდა მთის სოფელთა შინა ალდანად წოდებულსა, სადაცა სახლობენ მუნ სომეხნი. არღარა შიშვნეულმან ფარნაოზ იწყო მუნ განცხრობაჲ. მსმენელმან ამისმან კახმა ავალიშვილმა სოლომან, რომელი იყო მას ჟამ მოურავად ყაზახისა, შემოიკრიბნა ყაზახნი ვიდრე სამასადმდე კაცითა და მივიდა ღამესა ერთსა, დაესხა მძინარეს თავსა და შეიპყრა ფარნაოზ და მისთანა მყოფნიცა სრულიად და მიჰგვარა ციციანოვსა, რომლისა გამო იქმნა ციციანოვი მადლობელ მისა. და მისცეს ჯილდოდ ამას სოლომანს მაიორობაჲ და ჯამაგირი ოცდაათი თუმანი. ესე პატიმარ ჰყო ტფილის და აუწყა ყოველივე ყოფილი იპერატორს. მაშინ წარემართა ციციანოვი სამაჩაბლოს ოვსთა ზედა, რამეთუ დროსა მას აღრეულობისასა წარმოეყვანა პოლკი სამი ყაზახისა კავკასიის ლინით ტფილისის ნაცვალსა მიკირტუმა სულგუნოვს და ენება მუნით გარდმოყვანა ქართლსა შინა. ამისმა მხილველთა ოვსთა იწყინეს გზისა მის გახსნაჲ და შემოყვანება ჯარისა. მოკრბნენ ოვსნი და სრულიად შეიპყრეს იგინი. მისრულმან მუნ ციციანოვმა განათავისუფლნა იგინი, გარნა ენება ოვსთაცა ვნებაჲ და აყრაჲ, რომლისა გამო იწყეს ოვსთა სიმაგრე. მხილველი ამისი ციციანოვი, ვერარას მყოფელი მუნ, უკუნ იქცა და მოვიდა ტფილისსა წელა 1805.

პარაგრაფი 64

ხოლო წელსა 1804 წარავლინა რუსეთად მეფის ძენი იულონ და ფარნაოზ, რომელნიცა დასადგურეს პატიმრად ფარნაოზ ვორონიშშია, ხოლო იულონ ტულას ქალაქშია. ხოლო კვალად წელსა ამას აღიშალნენ ნემენცის იპერატორი და ფრანცის იპერატორი მონაპარტე შურითა ამით, რომელ არა სთნდა იპერატორსა ფრანცს ნემეცისასა იპერატორობაჲ მისი. მოსრულმან ნაპოლეონ ვიანის ქალაქსა ზედა სძლო იპერატორსა ფრანცსა და აღიღო ქალაქი ვიანისა, სატახტო მისი. ამისთა მსმენელთა რუსთაცა აჩვენეს შემწეობაჲ კეისარსა და ბრძვეს ფრანციელთა მამულსა საკეისროსასა, და შემდგომად დაზავდნენ რუსნი და ფრანცუცნი. ამისი მხილველი კეისარიცა დაუზავდა მონაპარტესა. და მისცა ჟამსა მას კეისარმან იტალია, რომელიცა ეპყრა მას ნაწილნი იტალისანი. ამან ნაპოლეონმა შეაერთა იტალია სრულებით და განძლიერდა.

პარაგრაფი 65

ხოლო წელსა 1805, ივნისს 3 წარვიდა ციციანოვი განჯას, ენება ყარაბაღისა დაპყრობა. ყარაბაღის ხანხ მიუწერა და აწვია იბრეიმს ერთგულებასა ზედა ხელმწიფისასა. მსმენელი ამისი იბრეიმ ხან მორჩილ ექმნა სიხარულით ციციანოვსა, მოვიდა განჯას და მოართვა გასაღებნი ციხისანი. მაშინ მოსრულსა ხანსა პატივსცა ციციანოვმა და ანიჭა კ(ვალა)დ ხანობავე ყარაბაღისა და დასდვა ხარკი წელიწადში ათი ათასი ოქროჲ. ხოლო ციხესა შინა შეაყენა პოლკი ერთი იეგირისა. და იყო ჟამ რაოდენმე მშვიდობით იბრეიმ ხან. ხოლო შემდგომად სიკვდილისა ციციანოვისა წელს 1806 იძმაცვა მუნ მყოფმან მაიორმან დიმიტრი ტიხინიჩმა ლისანევიჩმა თანხმობითა ჯორაშვილის ნინიასითა, რომელსა თავბერად უხმობდენ, რომელიცა ახლდა ესე ნინია მილახვრად მეფის ძეს ალექსანდრეს სიყრმითგანვე და იყო მისანდო მისი. ამან უღალატა სპარსეთით მეფის ძეს ალექსანდრეს და ლტოლვილი მოვიდა ციციანოვთან ერევანს და აუწყა ყოველნივე საქმენი ყიზილბაშთანი და ყეენისა, რომელიცა შეიყვარა ფ(რია)დ და პატივსცა. ამას მიანდო საქმეცა ყარაბაღისა, რეცა შესწამეს სიდრკუე იბრეიმ ხანსა და დაესხნენ ღამესა ერთსა იბრეიმ ხანსა ლისანევიჩი და თავბერა ასკარანს მდგომსა ბახში, და მოკლეს იგი და იავარყვეს ყოველივე ნაქონები მისი, რომელიცა გამდიდრდნენ ფ(რია)დ საქონლითა მისითა.

პარაგრაფი 66

წელსა 1806 წარემართა ციციანოვი შაქი-შირვანის დასაპყრობელად. მისრულმან განჯით დაიპყრნა ყოველნივე და მოხარკე ჰყო და დადგინა მუნ ბეგლარ-ბეგად ჯაფარ ყული ხან ხოველი. ამისა შემდგომად მივიდა ბაქუსა ზედა. მუნ ბაქუს ხანმან უსენ ყულიმ მოურთო ღალატი, რათა მოკლას იგი. ამისა მსმენელმან მუნ მცხოვრებმა ერთან სომეხთაგანმან აუწყა ესე ციციანოვსა, რომელმანცა არა ირწმუნა საქმე ესე სიამაყითა და განუნახველობითა თვისითა არამედ შეიპყრა სომეხი იგი და ჰგვემა უწყალოდ. ხოლო წელსა 1806, თებერვლისა 8 აწვია ხანმან ბაქუსსამან ჰუსენ ყულიმ, რათა მივიდეს მისთანა მცირედითა კაცითა და მისცეს ციხე ბაქუსი და გასაღებიცა. მსმენელი ამისი მივიდა ციციანოვი ხანისა თანა. არვინ ჰყვა თვისთანა, გარნა ელისბარ ერისთვის შვილი და ყაზახი ერთი. მისრულსა ციციშვილს მოურთო ხანმან მეთოფენი და მოკლა იგი და ელისბარცა, მოჰკვეთა თავნი მათნი და წარუვლინა ყეენსა. მხილველთა ამისთა რუსთა მხედრობათა იწყეს ლტოლვა უკანა. რომელიმე ჩაჯდა ნავშია და განვიდნენ ყიზლარს და რომელნიმე უკუნ იქცნენ და მოვიდნენ ტფილისსა. და დაშთა ჯერეთ ბაქუ აუღებელად რუსთაგან.

პარაგრაფი 67

ხოლო წელსა 1806 განიწესა კარით როსით ღრაფ ღუდოვიჩი, ღიანარალ ანშეფი და კავალერი ყოვლისა როსისა მქონებელი, მონაცვალედ ციციანოვისა, უპირველეს მართებლად საქართველოისა. ეს მოვიდა ტფილის და განმართა დაშლილნი საქმენი ციციანოვისაგან საქართველოჲსანი. ამან შეიყვარნა უფრორე ციციანოვისა ქართველნი და პატივსა უყოფდა ყოველთავე, რამეთუ იყო კაცი გულკეთილი და მოწყალე. ხოლო წელსა ამასვე აღიშალნენ რუსნი და ოსმალნი და იყო ბრძოლა ჟამ რაოდენმე, რომლისა გამო წარემართა ღუდოვიჩი დასაპყრობელად ახალქალაქისა. მისრულსა ახალქალაქსა თუმცა ღა უყო ზედა დასხმაჲ, გარნა ვერ აღიღო ციხე იგი, გამაგრებულ იყო ფ(რია)დ ოსმალთა მიერ. მას ჟამსა შინა მოუვიდა ანბავი ღრაფს ღუდოვიჩსა მყოფსა ახალქალაქსა შინა, ვითარმედ სარასკარი არზრუმისა უსუფ მოდისო შესაწევნელად ამისა ოთხმეოცი ათასითა კაცითა. მსმენელმან ამისმან ღრაფმა ღუდოვიჩმან დაუტევა გარემოდგომაჲ ახალქალაქისა და წარვიდა პირისპირ ბრძოლად მისდა. მისრულსა მდინარესა ზედა არფაჩაისასა შეემთხვა სარასკირსაცა. იქმნა ბრძოლა ძლიერი ივნისს 18. იძლივნენ ოსმალნი და ივლტოდნენ პირისაგან რუსთასა. დაშთათ რუსთა თოფხანაჲ ოსმალთა და ბანაკი მათი. მაშინ მსმენელმან ამისმან იპერატორმან მიუბოძა ღრაფ ღუდოვიჩსა Фერლთმაშლობა (ესე იგი სპასალარობა). ხოლო წელსა ამასვე 1806 განათავისუფლა იპერატორმან პყრობილებისაგან მეფის ძენი ფარნაოზ და იულონ თხოვნითა დედისა თვისისათა დარეჯან დედოფლისათა, რომელნიცა მოიყვანეს მოსკოვს და დააყენეს სახელმწიფო სასახლესა შინა ლაფერთოვცკით წოდებულსა.

პარაგრაფი 68

ხოლო წელსა 1806 შეჩენითა რუსთათა გამოაპარა დიდის მეფის სოლომანის შვილის შვილი გიორგი მუხურის ციხით, რომელიცა ჰყვა მეფესა სოლომანს მუნ პყრობილად, ბუცხრიკიძემ ანდრიამ და მოჰგვარა რუსთ მდგომთა ქუთაის, რომელთაცა ენებათ, რათა აღედგინათ წინა მეფისა სოლომანისათვის და მის გამო დაეპყრათ იმერეთი, გარნა ვერ უძლეს მას ჟამსა, ვინაჲთგან იყვნენ რუსნი და ოსმალნი აშლილნი, და დაუტევეს საქმე ესე ჟამადმდე. ხოლო გიორგი წარგზავნეს ტფილისსა ღრაფის ღუდოვიჩისა წინა, რომელმანცა პატივ სცა ფ(რია)დ და წარავლინა როსიად წელსა 1807.

პარაგრაფი 69

წელსა 1807 ფრანცის იპერატორი ნაპოლეონ და პრუსის კოროლი Фიდერიკ ვოლცენ 3 აღიშალნენ. წარმოსრული ნაპოლეონ ბერლინსა მოადგა დღესა ერთსა. გამოვიდა პრუსის კოროლი ბრძოლად მისდა ოთხმოცი ათასითა კაცითა და სამასისა ზარბაზნითა. მას დღეს შეება მონაპარტე იპერატორი ფრანცისა. იძლივა კოროლი პრუსისა, განივლტო ჯარით და წარვიდა სხვასა მხარესა. მონაპარტემ მძლეველმა დღესა ერთსა მოუკლა კაცი ოცდა ხუთი ათასი, ცოცხალი შეუპყრა ოცი ათასი, ზარბაზანი მიუღო ასი, ბარახი დიდ, რომელსა დროშად უხმობენ, 90, და დღესა მას აღიღო ქალაქიცა პრუსისა სატახტო ბერლინი. ესე ყოველი ჰყო დღესა ერთსა ფრანცის იპერატორმა ნაპოლეონმა და დაიპყრა მთელი პრუსია. რუსნი პრუსიელთ მოეხმარნენ. იბრძოლეს აუსტრელში. დიდი სისხლის ღრვა იყო რუსთა და ფრანცუცთაგან ურთი ერთას. ექვსი თვე იბრძოლეს. მერმე დაზავდნენ. კ(ვალა)დ მისცა პრუსის კოროლს პრუსია და შეიყვანა უღელსა ქვეშე მონებისა თვისისასა იპერატორმან ფრანცისამან. ხოლო რუსნი უკუნ იქცნენ და მოვიდნენ საზღვართა თვისთა.

პარაგრაფი 70

წელსა 1807, ნოებრის პირველს გამოჩნდა ვარსკვლავი კუდიანი გრძელი და არა კომეტა. წელსა ამას გარდაიცვალა დედოფალი დარეჯან დადიანის ასული, მეუღლე მეფისა ირაკლისა, საკთ პეტერბურხსა შინა ნოებრის 8, რომელიცა დამარხა იპერატორმა ალექსანდრემ დიდითა ცერემონითა ნემცკის მონასტერსა შინა, ხარების ეკლესიაში. ხოლო წელსა ამასვე 1807, ნოებრის 20 გარდაიცვალა ყვავილითა იმერთა ბატონის შვილი გიორგი შვილიშვილი დიდისა მეფე სოლომანისა, ალექსანდრეს ძე ს. პეტერბურხსა და დაფლეს ნემცკის (წმ. ალექსანდრე ნეველის – ი. ხ.) მონასტერსა შინა.

პარაგრაფი 71

ხოლო წელსა 1808 იყო იმერთა კერძოთა შორის რაჭისა მთაში ბერი განშორებული ჯაფარიძე ზაქარია, რომელმანცა აუწყა მეფესა სოლომანს არჩილის ძესა ჩვენება თვისი, ვითარმედ: “ვიხილე მე ვეშაპი დიდი წითელი, რომელმანცა შთაგნთქა შენ და გიჩნდა ოდენ ფერხნი”, და განუმარტა მანვე: “ესე არს ხილვა ესე, რომელ აღდგების მეფობა შენი და მიეცემი მწუხარებასა დიდსა და განსაცდელსა, და გიჯობს მოსვლაჲ სინანულად და ვედრება ღვთისა, რათა განერო ამა განსაცდელისაგან და მოერიდეცა ჟამ რაოდენმე. ხოლო ხალხნი სამეფოსა შენისანი იქმნებიან დიდსა ჭირსა და ვალალებასა შინა, მით რომელ აღდგების მომსვრელი სენი ფ(რია)დ და სიყმილი”. ესე ყოველივე აუწყა ბერმან მან, გარნა არა მსმენელსა მას მეფესა ეწია ყოველივე ხალხით თვისითურთ და იმერთაცა, და მოისრნენ იმერნი უმრავლეს ნახევარი საზოგადოება მთელისა სამეფოისა და ოდიშს, გურიასა სიყმილითა და ჭირითა.

პარაგრაფი 72

წელსა 1808 გარდაიცვალა მეფის ირაკლის რძალი ქეთევან კონსტანტინეს მუხრანის ბატონის ასული, დიდის ვახტანგის მეუღლე, მარტის 4 და დაფლეს ნემცკის მონასტერშია. ხოლო წელსა ამას 1808 აღიშალნენ რუსნი და შვეთელნი. ბრძვეს წელიწადნახევარი, მერეთ დაზავდნენ, რუსთ მიუღეს შვეთელთ სრულებით ლიფლანდია და კურლანდია, რომელცა ჰყო იპერატორმა ალექსანდრემ ღუბერნიად.

პარაგრაფი 73

წელსა 1808, ოკდობრის 5 წარვიდა ღრაფ ღუდოვიჩი ერევნისა დასაპყრობელად. მისრულმან მუნ აღიღო ქანაქირი და დადგა მას შინა. მაშინ ციხე ერევნისა აქვნდა სარდალსა ყეენისასა გამაგრებული, რამეთუ პირველ მოსულმა ყეენმან იხმო ხანი ერევნისა მაჰმად თვისთანა და წარიყვანა თერანს ცოლშვილითა და არღარა უტევა ერევანს, ვინაითგან იყო მაჰმად ხან ორპირი და შეურჩობელი. ამისთვის ყეენმა ვერ დარწმუნებულმან მისმან შეაყენნა ციხესა მცველნი თვისნი და ჰყო მუნ სარდალი თვისი გამგედ ერევნისა. მაშინ მსმენელი აბაზ მირზა, ძე ყეენისა ბაბახანისა, წარმოემართა თავრიზით თვისითა მხედრობითა და ეგრეთვე თვისითა ახალისა რეგულის ჯარითა და არტირელიითა, რომელიცა ჟამსა მას იყვნენ მუნ ფრანცუცნი მოსული იპერატორის ნაპოლეონისაგან, რათა განასწავლონ ყიზილბაშნი რეგულად, რამეთუ მას ჟამს აქვნდათ ყეენსა და ფრანცუცთა მეგობრობაჲ და ძღვნიდიან ურთიერთსა და იყვნენცა მინისტრნი (გინა ელჩნი) ურთიერთისანი კართა ზედა. მოსრული აბაზ მირზა ნახჩევანს შესაწევნელად ერევნისა დადგა მუნ. მსმენელმან ღრაფ ღუდოვიჩმან წარავლინა პოლკი ორი – ერთი ტროიცისა მუშკათირი და მეორე იეგირისა. მისრულთა ამათ ნახჩევანს შემოება აბაზ მირზაცა, იქმნა ბრძოლა ძლიერი და ვერა რომელმანმე აჯობა, რამეთუ ყიზილბაშნიცა ახლად განსწავლულნი ფრანცუცთაგან კარგათ იბრძოდნენ და დაშთნენ ორნივ მუნ ჟამ რაოდენმე. ხოლო ჟამსა მასსა ჰყოფასა ღუდოვიჩისასა ერევანს, მაშინ გამოცვლილ იქნა ღრაფი ღუდოვიჩი კარისაგან როსისა, და განიწესა მოადგილედ მისსა ღიანარალ ანშეფი ტორმასოვი, ალექსანდრე პეტროვიჩი. წარსრული ესე, ჩავიდა ერევანს. ამისი მსმენელი ღრაფ ღუდოვიჩი აღიყარა ერევნიდამ წყინების გამო, რამეთუ ჟამსა მას მიეშო იერიშიცა ციხისათვის და არღარა სჭვრიტა, არამედ აღიყარა და წარმოვიდა. მხილველთა მეციხოვნეთა ამისთა უყვეს ზედა დასხმაჲ შთასრულთა ციხესა შინა რუსთა მხედრობათა და მოსწყვიტნეს ერთი ბატალიონი სრულიად. მსმენელი ამისი აბაზ მირზაცა გამოვიდა ნახჩევნით, ეწია უკან მუნ მდგომთა რუსთა და ავნო დიდათ. მაშინ ღუდოვიჩმან ღრაფმან გარდავლო მთაჲ აბარანისა დიდთოვლიანი, რამეთუ იყო თვე დეკებრისა, და მოსწყდენ უმრავლესნი რუსნი და ქართველნი ყინელისაგან და თოვლისაგან, რამეთუ მთა ესე დიდათ მკსინვარებს ზამთრივ ყინვისა მიერ. მას ჟამსა მისრულმან აბაზ მირზამ განამაგრა კ(ვალა)დ ერევანი დიდათ და მოუმატაცა მხედრობაჲ და იზამთრა მუნ. ხოლო ღრაფი ღუდოვიჩი წარვიდა რუსეთათ, რომელსაცა მისცეს სანაცლოდ ქართლისა მართებელობა – ზანიშინობა მოსკოვისა, ესე იგი უპირველეს მართებელობაჲ.

პარაგრაფი 74

ხოლო წელსა 1809 წარგზავნა უკჱე ტორმასოვმან მხედრობანი თვისნი მყოფნი იმერეთსა შინა და მიუწერაცა ცოლსა გრიგოლ დადიანისასა, მთავრინასა ოდიშისასა, მეფის გიორგის ასულსა ნინას, რათა ესეც შერთდეს ოდიშ-ლეჩხუმელითა მხედრობითა თვისითა და წარვიდნენ და აღიღონ ციხე ფოტისა, რომელიცა მდგომარე არს შავი ზღვის პირს, რამეთუ ესე მთავრინა ნინო იყო ფ(რია)დ მხნე დედათაგანი და უშიშ და ჰყვებოდა ყოველთვის მხედრობათა თვისთა სარდლად ომთა შინა უშიშრად. წარსრულნი ესენი მოადგნენ ფოტისა ციხესა და დგნენ სამ თვეჱ. მას ჟამსა მოაკლდათ ტყვია და წამალი, რამეთუ ფოტი იყო დიდათ გამაგრებული ოსმალთაგან, და თვით ფოტიცა არს ადგილი დიდათ მაგარი, რამეთუ ერთისა მხრით აქვს ზღვაჲ მორტყმული, ხოლო ორისა მხრითა უდის დიდნი მდინარენი და მესამესა მხარესა აქვს ჭაობი და საფლობი დიდი ვიდრე ათს ვერსამდე. მსმენელან ტორმასოვმან ამისმან წარუვლინა ტფილისით ტყვია-წამალი და ხაზინა მუნ მყოფსა ღიანარალს თავადსა ორბელიანსა დიმიტრის და თანა წარატანა როტა ერთი გრნადირისა (ე. ი. გრენადერთა – ი. ხ.). მსმენელმა ამისმა მეფემან სოლომან უბძანა ზემო მხარისა სარდალსა წერეთელს ქაიხოსროს, რათა წარვიდეს და მიუხვნას რუსთა ესენი მინაქონნი მხედრობისათვის, რამეთუ მეფესა აქვნდა შური დადიანისა სახლისა და ენებაცა გამოყრაჲ რუსთა მხედრობისა. მისრულმან წერეთელმან ქაიხოსრომ წარავლინნა კიკნაძენი და თანა წარატანნა მხედრობანი, რათა დაესხნენ რუსთა და მოსწყვიტონ და მიუღონ ტყვია და წამალი და ხაზინანი. მისრულთა კიკნაძეთა უყვეს ზედა დასხმაჲ რუსთა. რამეთუ რუსნი არა გონებდენ ღალატსა იმერთასა, ამისთვის დგნენ უშიშრად. მხილველთა მათ იწყეს ამათცა თოფთა ცემაჲ, გარნა ვერ უძლეს პირისპირობაჲ რუსთა, რამეთუ იყვნენ კაცნი ვითარ ასნი და არა აქვნდათ ზარბაზანიცა. ამათ მხილველნი ლტოლვილნი რუსნი გამაგრდენ ერთსა საყდარსა შიგან, რომლისა გამო იმერთა არწმუნეს ფიცით უვნებელობაჲ და გამოსრულნი მუნით მოსწყვიტნეს სრულებით. მსმენელი ამის ტორმასოვი განჰკვირდა ამა მოქმედებასა ზედა მეფისასა და მიუწერა: “რაი არს მიზეზი ესრეთ ყოფისა ჩვენდა, რამეთუ ფიცებულ ხარ შენ ერთგულებასა ზედა დიდისა იპერატორისასა, რომელსა არარაი მიგვიძღვის უპატიოებაი შენი”. ჟამსა მას აღიღეს ფოტიცა რუსთა. მსმენელმან ამისმან მიუწერა ტორმასოვსა არა ცოდნითა მისითა, არამედ ავაზაკთა ჰყვეს ესე ჩვენს შორის და წარმოუვლინაცა მინაღებნი იგი, და მიერითგან იქმნა იმერთა და რუსთა შორის განხეთქილებაჲ.

პარაგრაფი 75

ხოლო წელსა 1810 კ(ვალა)დ ლამობდა იმერთა მეფე სოლომან წინააღმდეგობასა რუსთასა და აწვევდა არზრუმისა სარასკარსა ჩასვლად იმერეთსა შინა და გაყრასა რუსთასა. მსმენელმან ამისმან ტორმასოვმან იხმო წერეთელი თავადი ზურაბ და გენათელი ეფთვიმე და არწმუნა მათ, რათა ჰყონ მშვიდობა მეფისა და მის შორის, რამეთუ დროსა მას წარსვლად იყო ტორმასოვი არეზის პირსა ზედა, რ(ამეთუ) მოსრულ იყო ყეენიდამ ელჩი მუნ მირზა ბუზურგ, რათა ჰყონ ურთიერთას ზავი და მშვიდობაჲ და დაუდონცა საზღვარი საქართველოსა და სპარსეთსა. ჩასრულმან წერეთელმან და გენეეთელ არწმუნეს მეფესა სოლომანს ფიცითა უვნებელობაი რუსთაგან და მტკიცედ პყრობა მეფობისა სიცოცხლესავე თვისსა. ამისმა დამრწმუნებელმან მეფემან სოლომან მიუწერა ტორმასოვსა, რათა იხილონ ურთიერთი და ჰყონ ზავი მტკიცე. მსმენელი ამისი ტორმასოვი იქმნა ფ(რია)დ მოხარული და მიუწერა მეფესა, რათა წარმოემართოს იგი იმერეთით, და ესეცა წარემართა ტფილისით და იხილონ ურთიერთი დირბს სოფელსა შინა. მოსრული მეფე სოლომან დირბს დახვდა ტორმასოვიცა და სცა პატივი დიდი. ხოლო ღამესა მას შემოახვია ჯარი მეფესა ტორმასოვმა და შეიპყრა მეფე აპრილის 14 და მოიყვანა ტფილისსა შინა და დააყენნა ყარაულნი. ხოლო საქმე იმერეთისა მიანდო ზურაბ წერეთელსა და პოლკოვნიკს სვიმონოვიჩსა, რათა ურთიერთას კითხვითა მართავდენ საქმეთა იმერეთისათა. მაშინ ჩასრულთა ამათ იმერეთს აფიცეს ყოველი იმერეთი სამღვდელო და საერო ერთგულებასა ზედა იპერატორისასა, და მიერ ჟამითგან დაიპყრეს იმერეთი რუსთა. ესე ყოველი აუწყა ტორმასოვმან იპერატორსა და ელოდა ბრძანებასა, რათამცა წარევლინა მეფე რუსეთათ. ხოლო მეფე დაუტევა ტფილისს ღუბერნატორისა ახვერდოვის თანა და თვით წარემართა არეზის კერძ, რათამცა შერიგებოდა ყიზილბაშთა. მაშინ წერეთელმა ქაიხოსრომ მოიყიდა დესეტნიკი ერთი იმერთაგანივე (რომელ არს ასასი) ტფილისისა და აღუთქვა მრავლისა მოცემაჲ უკეთუ განაპარებს მეფესა იგი. მსმენელი ამისი მოხარულ იქმნა დესეტნიკიცა იგი და აღუთქვა ესე ყოფად და ამცნო მათ რათა იგინი აღჭურვილნი დახვდნენ მზად განჯისა კარისა კერძო ხევსა. ხოლო ღამესა მას მაისის 13 ამცნო მეფესა ესე ყოველი ქაიხოსრო წერეთელმან. მაშინ დესეტნიკი შევიდა მეფესთანა და ჩაცვა შესამოსელი თვისი, აჰკიდა ტიკჭორით ღვინოჲ და წარიმძღვარა წინა, ხოლო მეფემან აცნობა ესე შინა-ფარეშსა თვისსა, რათა ჩაწვეს იგი ქვეშაგებსა მეფისასა, რეცა ჰგონონ მუნ ყოფნავე მეფისა ყარაულთა მისთა. მაშინ ბრძანებისა მორჩილი ფარეში იგი ჩაწვა საგებელსა მას მეფისასა და შესწირა სისხლი თვისი პატრონისა ერთგულებასა ზედა. მაშინ დესეტნიკმან მან მიჰგვარა მეფე იმერთა, რომელნიცა შეთქმულ იყვნენ თავადნი და აზნაურნი რიცხვით 30. მხილველთა მეფისათა განიხარეს ფ(რია)დ, ასხდეს ცხენთა თვისთა და წარიყვანეს მეფე თვისი და გზასა ზედა ემთხვიათ ლეკთა მხედრობა, ვიდრე სამასი. მხილველთა ლეკთაცა იცნეს მეფე სოლომან ბელადმა ოსოქოლელმა ნურ მაჰმად და განიხარეს ამათცა. წარუძღვნენ წინა და აღიყვანეს ახალციხის შარიფ ფაშასა თანა, რომელმანცა მოაგება ცხენი აკაზმული ოქროითა და შეიყვანა დიდისა დიდებითა. მსმენელი ამისნი მეორესა დღესა შეუდგნენ რუსნიცა უკანა, გარნა ვერღარა ეწივნენ. ესე ყოველი აუწყა ღუბერნატორმან ტფილისისამან უპირველეს მართებელს ტორმასოვს, რომელმანცა დაუტევა საქმე ყიზილბაშთა და უკუნ იქცა. მოსრულმან ტფილის შესმენითა ღუბერნატორისათა შეიპყრეს პოლიცმეისტერი (ესე იგი ნაცვალი) დავით გოსტაშაბიშვილი და ეგრეთვე უბრალო სულნი დესეტნიკნი პენტელასშვილი მაქსიმე იოვანეს ძე, გოგია იმერელი და გორელი სომეხი იოვანე. ესე ოთხნი დესეტნიკნი – ერთი იყო ამათგანი იმერთა აზნაური გოგია ფალვანდისშვილი – თოფითა დახვრიტა განუნახველად ტფილისს, ავლაბრის რიყესა ზედა, ხოლო დაფლულ არიან ავლაბარშივე მელიქის საყდრის გადასწვრივ მინდორზე, რომელთაცა საფლავსა ზედა მათსა დაედგათ ნათელი ზეგარდამო, და შეირაცხნენ წმინდათა შორის. ხოლო დავით გოსტაშაბიშვილი და ფარეში იგი, რომელიცა ჩაწვა საგებელსა მეფისასა წარგზავნა იგინი ციბირს. ნინია სუბატიშვილი მეითრის პაატას ძე, რომლისა სახლში იდგა მეფეჲ, და ესეცა უბრალო დასჯილ იქმნა. მისრულნი ესენი პერმის ქალაქსა ციბირს მოკვდა მუნ ფარეში იგი მეფისა. ხოლო დავით და ნინია დაშთნენ მუნ, რომელნიცა შემდგომ ჟამშია განთავისუფლდნენ ხელმწიფისაგან და მიქცნენ მამულად თვისად.

პარაგრაფი 76

ხოლო წელსა 1810 მსმენელთა იმერთა მოსცეს პირი მტკიცე მეფესა სოლომანს მყოფსა ახალციხესა და აწვიეს, რათა ჩავიდეს იმერეთს და დაიპყრას იმერეთივე. მსმენელი ამისი მეფე სოლომან წარემართა ახალციხით და შთავიდა იმერეთს. მაშინ მოერთვნენ იმერნი ყოველნივე, შეკრეს გზანი ქართლისანი და დადგნენ მყარად. მაშინ მეფის ძემ ალექსანდრემაცა წარავლინა ახალციხით ძმისწული თვისი ლეონ ოსეთსა სამაჩაბლოს შინა, რათა მანცა შეკრებულმან ოვსთამან ბრძოს რუსთა. მისრული ლეონ შეიწყნარეს ოვსთა და შეკრბენ მისთანა. მსმენელი ამისი ტორმასოვი დამძიმდა ფ(რია)დ და მიუწერა პოლკოვნიკს სვიმონოვიჩსა ქუთაის მდგომს, რათა განმაგრდეს, ხოლო დადიანს ლეონსაც და დედასა მისსა მთავრინა ნინას, რათა მწე ეყოს მხედრობითა თვისითა პოლკოვნიკს სვიმონოვიჩსა. ამათ დიდი შემწეობა აჩვენეს, რომელ მოაკლდათ რა საზრდელი რუსთა, მისცეს მთავრინა ნინამ. მაშინ წარგზავნა ტორმასოვმან ღიანარალ დიმიტრი ორბელიანი, რათა დაცხროს შფოთი იმერთა, ორი ათასითა კაცითა. მისრული დიმიტრი ეწყო იმერთა, კორტოხსა ზედა. მაშინ იმერნი განმაგრებულ იყვნენ, და ვერ უძლო დიმიტრიმ გარდავლა მთისა კორტოხისა, რამეთუ ავნეს დიდათ იმერთა. მაშინ დიმიტრიმ მოიყიდა კიკნაძენი, და ესენი ჩაუძღვნენ ვახანისა გზითა ლოსიათ ხევზე და ჩაიყვანეს იმერეთსა შინა. მაშინ დიმიტრიმ მიუწერა დადიანს ლეონს და აცნობა ჩასვლაჲ თვისი იმერეთს, რათა წარმოემართოს იგი მხედრობითა თვისითა და სვიმონოვიჩითა და მოვიდეს მეფესა ზედა, რომელიცა მას ჟამსა იდგა მეფე წყალ-წითელასა ზედა მახლობელ ქუთაისისა. თუმცაღა კ(ვალა)დ ბრძვეს იმერთა პირისპირ რუსთა, გარნა უქმ იქმნა, რამეთუ მოვიდა დადიანი ზურგით კერძო და დიმიტრი პირდაპირ. იძლია მეფე სოლომან, განივლტო და წარვიდა ახალციხედვე. მაშინ შიშვნეულნი რუსთაგან იმერნი, მოვიდნენ წინაშე მათსა და აღუთქვეს მორჩილებაჲ და აფუცეს კ(ვალა)დვე ერთგულებასა ზედა ხელმწიფისასა, და დამშვიდდა იმერეთიცა.

პარაგრაფი 77

ხოლო წელსა 1810 წარუვლინა კაცი და წერილი ტორმასოვმა მეფის ძეს თეიმურაზს გიორგის ძესა და აწვია, რათა მოვიდეს იგი ქართლსა და წარავლინოს რუსეთათ, რამეთუ მას ჟამსა იყო თეიმურაზ თოფჩიბაში ყეენისა და პატივცემული ფ(რია)დ და იყოფოდა თავრიზსა. მსმენელმა ამისმა მეფის ძემანც ინება მოსვლაჲ. ხოლო წელსა ამას აღიძრა ძე ყეენისა აბაზ მირზა და წარმოემართა ქართლსა ზედა. მოსრულმა ფანბაკს ეწია ბრძანება ყეენისა, რათა უკუნ იქცეს თავრიზადვე. უკუნ ქცეული აბაზ მირზა მივიდა და დადგა ერივნის ბოლოს დევალუ წოდებულსა ადგილსა, რომელიცა შორავს ერევანსა ცხრას აღაჯითა. ხოლო წელსა 1810, სეკდებრის 14 აღმოიღო უბით ძელი ჭეშმარიტი, რომელიცა აქვნდა თანმიცემული ნათლიისაგან თვისისა ანტონი ჯვარის მამის მიერ დიასამიძისაგან, რომელიცა იყო ესე არხიმანდრიტი იერუსალიმისა და ქართველნი უხმობენ ჯვარის მამად და მრავალ გზის მოელოცნა წ(მიდ)ანი ადგილნი იერუსალიმისანი, რამეთუ იყო კაცი სახიერი და წმინდა. იცეს ჟამი მარჯვე და გამოვიდნენ ბანაკით მათით, რეცა ნადირობად და ახლდნენ თანა ქართველნი კიკოლა თავადი ბარათოვი, პეტრე აზნაური ლარაძე, ლალა მისი, ლორელი აზნაური ლევანა, ქიზიყელი ბოსტოღანაშვილი იოსებ, ავღნიშვილი დავითა და ქიტესა, დალაქიშვილი ზაქარია. ამათ წარმოსრულთა მომართეს მთასა ალაგაზისასა და გარდავლეს მთა იგი და მივიდნენ შარაგალს რუსთა თანა. მსმენელმან ამისმან აბაზ მირზამ, თუმცა ღა დევნა უყო, გარნა ვერღარა ეწია. მისრული თეიმურაზ ტფილისა პატივსცა დიდათ ტორმასოვმა და წარავლინა რუსეთს პეტერბურხს კარსა ზედა ოკდობრის 16. მისრული იანვრის 12, წელსა 1811 პატივსცა იპერატორმაცა და მისცა ნიჭი შემზგავსებული ძმათა მისთა თანა.

(შენიშვნა: თეიმურაზ ბატონიშვილის მონათხრობი ამის შესახებ შეტანილი აქვს პლატონ იოსელიანს თავის წიგნში “ცხოვრება გიორგი მეცამეტისა” /თავი CXVI/, რომელსაც ქვემოთ მოვიყვანთ: “მოთხრობასა ზემორესა დაუმატა მეფის ძემან თეიმურაზმან შემდეგი: „როდესაც მე თვით შემდგომად მამისა გარდაცვალებისა წარვედი სპარსეთსა, მაშინ მეფის ძე ალექსანდრე დიდად მყვედრიდა მამისა ჩემისა ესრეთსა მოქცევასა წერილთა შინა მისგან მოწერილთა. მოიხსენებდა მეფესა უშვერად და უკადრისად და სწყევიდა მას. სიტყვანი ესე მოსწყვლიდნენ ჩემსა გულსაო და მაშინ ვსცან მტერობა მისი მამისა ჩემისა სახლისათვის და ბოროტი განზრახვა მისი ძმათათვის ჩემთა. _ შემძაგდა მეფის ძე ალექსანდრე და ვნახე თვით სპარსელთა ქცევა, ბილწი ჰაზრი მათი უსაფუძვლო განმგებლობისათვის და საომრად. ვსცან იგინი არა რაისა მცოდნენი, ყაენისაგან დაშორებულნი, ვერგამბედავნი სიტყვისა თვისისა მეფესთან და სწორისაცა სასარგებლოისა ჰაზრისა არ გამომთქმელნი. დიდად მიკვირდა მდგომარეობა ირანისა, და მეფეთა კარისა, და მოვიხსენიებდი პაპისა ჩემისა კარსა და თვით მამისა ჩემისა, ყოვლად მეფურისა, დიდებულისა, განცხრობითისა, მხიარულებითისა, სამართლიერისა და კარღია ტახტისა მდიდართა, მოკლებულთა, სნეულთა, მშიერთა, ობოლთა, ქვრივთა და პყრობილთათვის. ეხლაც ვეკვირვი, მიხდვით სპარსეთისა და სხვათაცა ევროპიისა მეფეთა, ჩემგან ნახულთა რეინის პირამდინ, მამისა ჩემისა სიმაღლესა და ბრწყინვალებასა; ეხლაც ვხედავ, რომელ ქრისტიანობა არის სამკაული მეფეთა და მასზედა დაფუძნებული მეფობა და განმგეობა ქვეყანისა არის საჩინო, ტკბილი, სამართლიერი და უცთომელი. _ „აი, ჩემო პლატონ, _ მიბრძანებდა მეფის ძე, _ რითაც იყო დიდი კარი მამისა ჩემისა, _ იყო ქრისტეს მოყვარე ყოვლად და ამისთვის იყო მეფე პირველი, თუმცა მტერთაგან გარეულთა და შინაურთა შეიწრებული“).

პარაგრაფი 78

ხოლო წელსა ამას 1810 წარმოუვლინა მეფის ძემან ალექსანდრემ ახალციხით ძმისწულსა თვისსა ლეონს დოღაძე, კაცი მართალი და ერთგული ბატონისა თვისისა, და მიუმცნო, რათა იყოს მთასა მას შინა და სჭვრიტოს დროსა რუსთასა. ესე დოღაძე მოსრული სასირეთს ისტუმრა ტარიელ გლურჯიძემა და განუსვენა ღამესა მას. ხოლო დღესა მეორესა წარვიდა რა დოღაძე მთით კერძო ლეონთან, აცნობა ესე გორსა მყოფსა ციციშვილს დავითს ზაქარიას ძეს, რამეთუ ესე დავით იყო მას ჟამსა მარშლად (ესე იგი მაზრის მოურავად). ამან დევნა უყო დოღაძესა, შეიპყრა იგი და მიჰგვარა რუსთა გორს. ესე აცნობეს ტორმასოვსა და მიუწერა კამენდანტსა გორისასა, რათა დამოჰკიდოს ძელსა, რამეთუ ტორმასოვი იყო დიდათ მესისხლე კაცი და განუნახველი. მაშინ დოღაძემ იხმო მღვდელი, თქვა ახსარება და ეზიარა უხრწნელთა სისხლსა და ხორცთა მაცხოვრისათა და ჰფუცაცა, რომელ არარა გამლია მე მტერობაჲ რუსთა და არცა ღა მახსოვან დღეთა ჩემთა, რომელ მეწყინოს ვისთვისმე და ცოდვისაცა გამოუცდელ ვარო. ესე ყოველი აუწყა მოძღვარს თვისსა, გარნა მაწვევდაო ერთგულებაჲ მემკვიდრეთა ჩემთა მეფეთა და აჰა, თავი ჩემი სამსახურსა ზედა მათსა დამიდვიაო. მაშინ მოჰკიდეს ძელთა და მოაშთვეს და დაუდგინეს მცველად ყარაული რუსი სალდათნი, რათა არავინ ჩამოიღოს და დაფლას იგი. მაშინ ზეგარდამომან მადლმან ადიდა ესე, რომელ ღამესა მას გარდამოხდა ნათელი და დაედგა წ(მიდ)ასა გვამსა მისსა. წარვიდნენ და აუწყეს ესე ყოველივე კამენდანტსა. მაშინ კამენდანტი მსმენელი ამისი აიჭრა და იხილა თვითცა ნათელი და ეგრეთვე გორისა ხალხთაცა მრავალთა. მაშინ ევედრა მთავარ-ეფისკოპოზი იუსტინე მაღალაშვილი კამენდანტსა, რათა მისცეს ნება დაფლვისა მისისა. ნება სცა კამანდანტმაცა. მაშინ გარდამოიხვნა წმიდა იგი გვამი თავარ-ეფისკოპოზმან და შეახვია იგი წმინდასა ტილოსა და დაფლა იგი გორისა სასაფლაოსა ზედა ეკლესიასა შინა, და აწ იხარებს წინაშე სამებისა და მეოხ არს ჩვენთვის და შერაცხილ წ(მიდა)თა შორის. ესე იყო თვესა ნოებერსა.

პარაგრაფი 79

წელსა 1810 ტფილელს არსენის ნაიბის ძის ძეს და კათალიკოზს ანტონის შუა შფოთი ჩამოაგდო ერისთვიშვილმა ვარლამ არხიეპისკოპოზმა, რომელიცა იყო ახალი გარდასრული როსიით, და იყო ესე ვარლამ სინოდისა მწევრიცა. ენება მიზეზითა ამით, რათა თვით შეიქნას კათალიკოზი. მაშინ არა მჭვრეტმან საქმისა ამისმან ანტონი კათალიკოზმან ჰყო ტფილის კრება სრულიად სამღვდელოთა, რამეთუ ესე არსენი იყო აპარტავანი და ურჩი კათალიკოზისა, რომელიცა განდიდებულ იყო რუსთაგან, აქვნდა ბარტყულა თეთრი და შუბლსა ჯვარი და კავალერიაცა ანასი. ესე აღართ რაცხდა კათალიკოზსა. ამისთვის შეჰკრიბნა მიტრაპოლიტ-ეპისკოპოზნი და ჰყო კრება, რამეთუ ტფილელსა არსენის გაელახა დეკანოზი ალექსი რუსთა რექტორი სკოლისა, აზნაური კახეთისა პეტრიაშვილი, სიონის ეკლესიასა შინა საკურთხეველსა მდგომი, ოდეს კათალიკოზი სწირევდა დღესა იპერატორის შობისასა 12 დეკებერს, და გაელანძღა არქიერი ვარლამ, ესეცა ზედა დაურთვეს დღისა მის შეურაცხება და კათალიკოზის წინ სამღვდელოთა ცემაჲ და გინებაჲ. ხოლო სხვანი მიზეზნიცა მრავალნი დაურთვეს. ამისთვის კრებამ განკვეთეს იგი მღვდელობისაგან და განუწესეს კანონად, რათა იყოს ჟამ რაოდენმე მონასტერსა შინა, და მიუღეს ტფილელობაცა, რამეთუ სურდა ვარლამს, რათა დაეპყრა თვით ყოველივე სამღვდელოჲ ნაწილი საქართველოისა. მაშინ უპირველესი მართებელი იყო ტორმასოვი მხარესა ტფილელისასა. ინება ამან დამშვიდებაჲ მათი და დაცხრომა ამბოხისა ამის და კ(ვალა)დ გებავე ტფილელისა თვისსავე საყდარსა ზედა. თუმცა ღა სწადდა კათალიკოზსა საქმე ესე, გარნა არა უტევა კათალიკოზი ვარლამმა ჰყოფად ამისა. და ამისა გამო იქმნა გულკლებულ ტორმასოვიცა კათალიკოზისაგან. და შეასმინა ხელმწიფესა ტორმასოვმა კათალიკოზი, რეცა ესეცა ერია გაპარებასა მეფისა სოლომანისასა, რამეთუ დროსა მას მოესყიდა ტფილელსა არსენის შურითა კათალიკოზისათა თეთრითა ბერი სერაპიონ, მნათე კათალიკოზის ეკლესისა, და ებირებინა, რათა ცილი სწამოს კათალიკოზსა, რომელ ამან განაპარა მეფეო (კიდეზე არის მინაწერი: მსმენელმან ამისმან კათალიკოზმან ანტონიმ შეიპყრა ბერი იგი სერაპიონ და წარგზავნა მონასტერსა ნათლისმცემელისასა პატიმრად, რომელიცა შემდგომად ჟამისა იქმნა საწყალობელი ბერი იგი განტვინულ კლდისა მიერ). მოსყიდული იგი ბერი წარვიდა და უთხრა ესენი ღუბერნატორსა ტფილისისასა, ხოლო მან აუწყა ესე ყოველივე ტორმასოვსა, რომელისა გამო შეასმინა ხელმწიფესა კათალიკოზი ანტონი, უკეთუ არს ესე აქა, არა იქმნების მშვიდობა საქართველოსა შინა. მსმენელმან ამისმან იპერატორმან უბრძანა წერილითა, რათა წარავლინოს კათალიკოზი ანტონი რუსეთს და ჰყოს მოადგილედ მისსა არხიეპისკოპოზი ვარლაამ, მწევრი სინოდისა.

პარაგრაფი 80

ხოლო წელსა 1811 წარავლინა კათალიკოზი ანტონი რუსეთს. მისრული პეტერბურხს პატივსცა იპერატორან ალექსანდრემ, მიუბოძა კავალერია ლურჯი ანდრია პირველწოდებულისა და ოთხი ათასი თუმანი წელიწადშია საზდოდ და არღარა განუტევა ქართლსა. ბრძანებითა სინოდისათა აღიღეს კათალიკოზობა საქართველოჲსა, რომელსაცა ზედან ეთანხმავა იპერატორიცა, რამეთუ კათალიკოზობაჲ საქართველოჲსა იყო პირველ დაწყებულ მეფისა მიერ ხოსროვიანისა ვახტანგ გორგასლანისა მიერ, სახელოვანისა გმირისა, რომელმანცა დასო პირველად პეტრე კათალიკოზად წელსა ქ(რისტ)ეს აქეთ 473 სრულიად საქართველოჲსა და ნებართვითა წ(მიდ)ის მსოფლიოს მეექვსე კრებისათა, რომელთაცა დაამტკიცეს და აკურთხეს. და მიერ დღითგან იყო კათალიკოზი ვიდრე ამ დროდმდე, რომელიცა იყო მოსაყდრე მცხეთისა. ხოლო წელსა 1811 გარდაყენებულ იქმნა რა კათალიკოზი ანტონი, დასვეს მოადგილედ მისა არხიეპისკოპოზი ვარლაამ, არა კათალიკოზად, ა(რამე)დ უწოდეს მიტროპოლიტი მცხეთისა და ეგზარხოსი სრულიად საქართველოჲსა, რომელსაცა მიანდვეს ყოველნივე ეკლესიანი საქართველოსანი და ეპისკოპოზნი, რათამცა ჰყოს რუსთა კანონისამებრ. ამან არა მზრუნველმან ეკლესიათამან, ა(რამე)დ მოხვეჭისა და შეძენის გამო მიუხვნა ყოველთავე მღვდელთ-მთავართა ეპარხია, რომელიცა აქვნდათ, და განუწესა მცირე რაიმე როჭიკი, გარნა ბოდბელსა იოვანეს თავადსა მაყას ძესა უწოდა მხოლოდ ოდენ არხიეპისკოპოზი ალავერდისა და ქიზიყისა ბოდბელი და ახადა მიტროპოლიტობაჲ, ხოლო ქართლსა გარდააყენა მთავარეპისკოპოზი და სხვანი და მიანდო საქმეი ქართლისა სამთავნელს მაჭავარიანს გერვასის და ჰყო ქორეპისკოპოზად. ინება ყოველთავე აზნაურთა სამცხეთოთა და საალავერდოსიცა, რათამცა აღეყარა და მიეხვნა მამულნი მათნი, რამეთუ ეს ვარლაამ იყო ფ(რია)დ ანგაარი და დიდების მოყვარე. ამის გამო გულნაკლულ იქმნენ ყოველნივე სამღვდელონი და საერონი ვარლამზედა. ხოლო მსმენელმან ამისმან მიტროპოლიტმან ვარლაამ დაუტევა საქმე ესე ჟამადმდე.

პარაგრაფი 81

ხოლო წელსა 1811, მაისის 14 მზე დაბნელდა შუა დღის შემდგომ, კვირას დღეს 4 საათსა, რომელიცა დაუსახვიდა მოსკოვსა დიდსა უბედურებასა (კიდეზე მინაწერი: ხოლო წელსა ამას 1811, აპრილის 7 მოკვდა ჭავჭავაძე თავადი გარსევან მინისტრ ყოფილი ს. პეტერბურხს და დაფლეს ნემცკის მონასტერშია). ხოლო წელსა ამას 1811 მოიყვანეს პყრობილად რუსთა იმერთა დედოფალი, მეფის სოლომანის ცოლი, დადიანის კაციას ასული, მარიამ და დაჲ მეფის სოლომანისა მარიამ, მეუღლე თავადის ენდრონიკაშვილის მელქისედეკისა, და დასადგურეს ვორონიჟსა ქალაქსა პყრობილად.

პარაგრაფი 82

ხოლო წელსა 1811, ივნისის 14 ღამესა ოთხშაბათსა დაბნელდა მთოვარე, ვ(ითარც)ა წყვდიადი უკუნი. ხოლო მთვარე იყო რიცხვით 6. ხოლო კ(ვალა)დ განათავისუფლა წელსა ამას იპერატორმან ალექსანდრემ დედოფალი მარიამ, მეუღლე მეფისა გიორგისა, პყრობილებისაგან ბელი გოროდით და მოიყვანეს მოსკოვს, და დასადგურეს სლობოდის სახელმწიფო სახლში აგვისტოს 22.

პარაგაფი 84

ხოლო წელსა 1810 ყეენი ბაბახან და ხონთქარი დაზავდნენ. ყეენმა წარმოავლინა მეფის ძე ალექსანდრე და მოსცა უსენ ხან სარდალი რვა ათასითა კაცითა. მოსრულნი ესენი ახალციხეს, შეერთდა ახალციხის ფაშაჲ თვისითა მხედრებითა, წარმოემართნენ ქართლის დასაპყრობელად, მოვიდნენ და დადგნენ წალკას, თრიალეთზედ. მსმენელმა ამისმა ტორმასოვმა, რომელიცა იდგა ყოჩიქილისიას, წარავლინა მას ზედა საბრძოლველად ღიანარალ-მაიორი მარკიზი იტალიანი და თანა წარატანა პოლკოვნიკი ლისანევიჩი, დიმიტრი ტიხინიჩი, ერთისა ბატალიონითა იეგირითა და ერთიცა ბატალიონი მუშკათირისა და ოთხი ზარბაზანი. მისრულნი ესენი წალკს დაესხნენ თავსა ღამესა ყიზილბაშთ, აოტნეს სპარსნი, თურქნი და ლეკნი ვ(იდრ)ე თექვსმეტი ათას კაცამდე, მოსწყვიტნეს მრავალნი ჩინებულნი სპარსეთისა და ოსმალისანი, აღიღეს ბანაკი მათი სრულებით. ძლივღა განერნენ სადალი და ალექსანდრე, და მოიქცნენ გამარჯვებულნი ტფილის. ეს ყოველივე აუწყა ტორმასოვმან იპერატორს, რომლისა გამო მიუბოძა მარკიზსა ღიანარალ-ლეიტენანტობაჲ, ხოლო ლისანევიჩსა ღიანარალ-მაიორობაჲ და სხვათა შემსგავსებული ჩინი და კავალერია მხედრობისა რუსთასა. ხოლო ძლეული სარდალი უსენ ხან მივიდა ერევანს. ესე გამარჯვება იქმნა სეკდებრის 5.

პარაგრაფი 85

ხოლო წელსა 1810, ნოებრის 5 წარვიდა უპურველესი მართებელი საქართველოისა ტორმასოვი ახალციხის დასაპყრობელად მხედრობითა თვისითა და ეგრეთვე ქართლ-კახეთითა და იმერეთითა, რომელნიცა ახლდა თანა დადიანი ლეონცა მხედრობითა თვისითა. მისრულნი ახალციხეს მოადგნენ თვენახევარი. ახალციხე ფ(რია)დ განმაგრებულ იყო ოსმალთაგან. თუმცა ღა მიეტევნენ ციხესა ზედა იმერნი, გარანა ვერ უძლეს აღება და იძლივნენ. და წარუღეს ოსმალთა იმერთა დროშაჲ წ(მიდ)ისა დავით მეფისა აღმაშენებელისა. მაშინ გამხილველმან ამისმან ტორმასოვმან არღარა ინება გარმოდგომა ციხისა მიზეზითა ამით, რამეთუ იყო ფ(რია)დ ყინვა და თოვლი. და შედვათ მხედრობასაცა ჭირი დიდი მომსვრელი. და მუნით მოქცეულს ავნეს ხეობაზედ ოსმალთა ფ(რია)დ მხედრობასა მისსა. და მოვიდა ტფილის, რომელსაცა მოჰყვა ჭირი მომსვრელი და მოსრნა მრავალნი სულნი ქართლს, კახეთს და იმერეთს, ვიდრე ნახევარ ხალხადმდე. და მიერ დღითგან არს ჭირი ტფილისსა შინა, ხოლო წელსა ამას 1811, აგვისტოს 20 განიწესა იტალიანი მარკიზი, რომელცა იყო პირველად საქართველოსა შინა ამალად ტორმასოვისა, ფილიპე ივანიჩი, ღიანარალ-ლეიტენანტი, უპირველეს მართებლად საქართველოჲსა (მარკიზი პაულუჩი – ი. ხ.) და გარდაყენებულ იქმნა ტორმასოვი, რომელიცა წარვიდა ქართლს, ხოლო გარდასრულმან ქართლს მიიღო მართებლობაჲ ქართლისა წელსა 1811, სეკდებრის 30.

პარაგრაფი 86

ხოლო წელსა 1811 წარგზავნა უკჱე მარკიზმან პოლკოვნიკი კიტლერევცკი (სწორია კოტლიარევსკი – ი. ხ.) ღრუზინცკის გარნადირის პოლკითა. წარსრულმან კიტლერევცკიმ გარდავლო მთაჲ თოვლიანი თრიალეთისა, მივიდა ღამესა ერთსა, მოადგა ახალქალაქსა უცნობად, მიჰყუდა კიბენი და აღიყვანა მას ზედა მხედრობანი და აღიღო ციხე ახალქალაქისა დეკებრის 8. მოსრნეს მუნ მყოფნი მხედრობანი ოსმალთანი. დაუტევა მუნ როტა ერთი დასაცველად ციხისა, ხოლო თვით უკუნ იქცა ტფილის. ესე აუწყა მარკიზმან იპერატორსა, რომლისა ჯილდოდ უბოძა იპერატორმან კიტლერევცკის ღიანარალ-მაიორობაჲ, ხოლო მხედრობათა მისთა ღირსებისამებრ ნიშანნი...

პარაგრაფი 87

წელსა 1811 მოვიდა ოდიშის დედოფალი ნინა, მეუღლე დადიანის გრიგოლისა, ქვრივად მყოფი მეფის გიორგის ასული, მოწოდებითა იპერატორისათა სკთ პეტერბურხს, რომელსაცა სცა პატივი დიდი იპერატორმან. თანა ახლდნენ შვილი თვისი გიორგი დადიანი, შარვაშიძე თავადი აფხაზთა დიმიტრი და ანტონი, თავადი ჩიჩუა ლეონ, აზნურნი მრავლად, სამღვდელო აფხაზთა არქიეპისკოპოზი პაფნოტი, ქართველი სოზიას ძე, არხიმანდრიტი აბაშიძე ევგენის ძე ვალერიანე, ღვდელ-მონაზონი ბესარიონი, კაცი ღირსი, და მთავარ-დიაკონი გიორგი გეგელია და მოსამსახურენი მრავლად ოდიშელნი. ხოლო ქართლიდამ ახლდა სიძე თვისი თავადი ორბელიანი ბეგლარ ზალის ძე, ერისთვისშვილი შალვა, მემანდარი თავადი მელიქის შვილი სტეფანე. ესენი მოსრულნი მიღო დ(იდ)ის დიდებით და პატივით იპერატორმა, და მისცა წელიწადში ოთხი ათასი თუანი სარჩოდ და იყოფოდა მარადის სასახლესა შინა იპერატრიცებთან განუშორებელ და ჰყვარობდენ ფ(რია)დ.

პარაგრაფი 88

წელსა 1811 იქმნა სიყმილი ქართლსა, კახეთსა და იმერეთსა შინა ოდიშ-გურითურთ და ჭირი და სრვა დიდი*, და მოსწყდა მრავალი სული. წელსა ამას ისყიდებოდა პური კოდი რვას მინათულათ, რომელი არა თქმულა აროდეს. და იყო შიმშილი ესე ვიდრე წელი ერთი. და ფ(რია)დ შემჭირდნენ მხედრობანი რუსთანი უსაზრდელობითა და ამჭირვებდენ ხალხთა ფ(რია)დ. და იყვნენ ფ(რია)დ ხალხნი კახეთისანი შეიწრებულ უსაზრდელობითა, და აჭირვებდნენ რუსნიცა ფ(რია)დ სურსათისა და ბეგარისათვის, თუმცა ღა ევედრებოდნენ ხალხი იგი რუსთა, გარნა არა უსმინეს, რამეთუ არავინ ჰყვათ მწედ საბრალოთა ხალხთა (*კიდეზე მინაწერი: რომელიცა განვრცა წელსა სამსა, ესე იგი 1813-ამდისინ. ხოლო იმერეთს ესრეთ აჰსწყდა ხალხი ჭირისაგან და შიმშილისა, რომე დიდროვანთა სოფლებთა შინა მცირედნიღა განერნენ. და იყო მთლათ საზოგადოდ ჭირი ესე იმერეთს, რომელ არა სადა სმენილ არს. ხოლო დანაშთნი ხალხნი ჰსძოვდენ ბალახთა და ხის ქერქთა, რომელიცა მოჰსწყდენ მრავალნი სულნი. თუმცაღა ინებეს აღრიცხუა რუსთა რაოდენი მოსწყვიტნა სულნი თვინიერ ყრმათა ათის წლის ქუჱვითი, რომელიცა აღწერეს ოთხმეოცი ათასი სული, და ამის შემდგომად ვეღარ ძალიდვეს აღწერაჲ, თუ რაოდენი მოსწყდა).

პარაგარაფი 89

ხოლო წელსა 1812, ოკდობრის 26, წარემართა ოვსეთით ახალციხეს მეფის ირაკლის ძის ძე, ძე იულონისა ლეონ, მისრულნი ესენი ხეობაში პეტრეს ციხესა, ისტუმრეს ლეკთა, რ(ამეთუ) ლეონს არა ჰყვა კაცი გარნა სამისა და რა განუსვენეს, მძინარე ლეონ მოკლა ლეკმან და სხვანიცა მისთანა მყოფნი მოსწყვიტნეს, გარნა განერა ერთი მანაველი აღდგომელასშვილი ცოცხალი. განძარცვეს იგი და წარიღეს ახალციხეს. მხილველმან მეფემან სოლომან იცნა იარაღი მისი. ჰკითხა ლეკთა და სცნა სიკვდილი მისი. დიდათ დამძიმდა მეფე სოლომან სმენისა ამისთვის და აუწყა ესე ფაშასა ახალციხისასა. მაშინ ფაშამან შეიპყრნა ლეკნი იგი და მოაშთო ძელთა. მსმენელთა დაღისტანს შინა ლეკთა იწყინეს ესე, რეცა დადებად სისხლისა სამეფოისა სახლისა საქართველოჲსა. სოფლისა მის კაცთა ჰქმნეს აბოხი და სრულიად მისწყვიტნეს სახლეულნი მათ ლეკთანი, რომელთაცა მოეკლათ ლეონ. ხოლო წელსა 1812, თებერვლის 29, ნაკსა, გარდაიცვალა მეფის გიორგის ძე გაბრიელ ნაშობი დედოფლისა მარიამის ციციშვილის ასულისაგან, რომელსა ჯიბრაილსა უხმობდენ, სკთ პეტერბურხსა შინა, და დაფლეს ნემცკის მონასტერშია.

პარაგარაფი 90

ხოლო წელსა 1812, თებერვლის 5, უპირველეს მართებელობასა საქართველოჲსასა ყოფასა მარკიზისასა მას ჟამს იქმნა სიყმილი ფ(რია)დ საქართველოსა შინა. შეამჭირვეს კახეთი ფ(რია)დ რუსთა ღიანარალ-მაიორმან პარტნეგინმან, ესრეთ რომელ კომლზე კაცს ჩაუყენა ოც-ოცი კაცი სალდათი და სთხოვდა სურსათსა. ამისთვის დიდათ ევედრნენ კახნი, რათა დასცხრეს თხოვნისათვის სურსათისა, რომელ არა ძალ გვიცსო მოცემა, რამეთუ ცოლშვილნიცა ჩვენნი იზრდებიან ჟამსა ამას მხოლოდ მწვანვილითაო, რამეთუ არა იპოების პური და, უკეთუ აქვთ ვისმე, ისყიდება მცირეჲ რაჲმე რვას მანეთათა (ესე იგი რვას მინათულათა). განრისხნა პარტნეგინი და არა ივედრნა იგინი და მიუწერა ბრძანება: “უკეთუ ვინმე არა მოგცეთ პური, ცოლშვილნი მათნი შეიპყარით და ჰყავთ პატიმრად”. რამეთუ თქმულ არს, ვითარმედ ჟამსა მას მივიდა თიანეთს დედაკაცი ერთი ქუვრივი, რეცა აფიცრის წინაშე ვედრებად, არა ძალ მიცსო მოცემაჲ პურისა, რამეთუ ვარ ქუვრივი და გლახაკი, რომლისათვისცა შეიპყრეს რუსთა, ჩაურჭვეს ძაბრი საშოსა და შთაასხეს ღვინოჲ. მხილველთა თიანელთა ამათ ტირანობისათა აღადგინეს აბოხი და მოსწყვიტნეს მუნ მყოფნი რუსნი, წარიყვანეს ქართლით ყრმა, მეფის გიორგის შვილიშვილი, იოანეს ძე გრიგოლ და ჩაიყვანეს კახეთს. მოკრბენ კახნი მის თანა, სრულებით მოჰსწყვიტნეს რუსთა მდიანბეგნი თელავს და ქიზიყს-სიღნაღს და იასაულნი მათნი და გამოყარეს მხედრობაჲ რუსთა კახეთით. მაშინ მარკიზი არა იყოფოდა ტფილის, რამეთუ წარსრულ იყო შამახიასა შინა საქმისა რისთვისმე. მსმენელმან ამისმან მარკიზმან დაუტევა საქმე შირვანისა და მოვიდა ტფილის, წარემართა მხედრობითა თვისითა კახეთს ზედა, რათამცა დაეცხრო აბოხი იგი. მისრულმა ხაშმზედ განჰყო მხედრობაჲ თვისი ორად და წარავლინნა ნაწილი ერთი მხედრობისა თვისისა გობორის მთის გზით, ხოლო თვით წარემართა ქიზიყისა კერძ. მისრულთა რუსთა უყვეს ზედა დასხმაჲ გობორსა ზედა კახთა, რომელცა აქვნდათ გზანი იწრონი განმაგრებულნი, გარნა კახნი ჩვეულებისამებრ არამსმენელნი ურთიერთისანი ივლტოდნენ კახეთათ, და გარდავლეს მთაჲ გობორისა და ჩავიდნენ ვარდის-უბანსა მიმავალნი თელავს. მაშინ შეკრეს კახთა გზაჲ თელავისა, ეწყვნენ რუსთა და მოსწყვიტნეს ვიდრე სამასადმდე, გარნა დანაშთნი განარინნა ნინო-წმინდელმან სტეფანემ, თავადმა ჯორჯაძემ, და შეგზავნა ღამით თელავის ციხეშია, და განამაგრეს ამათ თელავის ციხე. ხოლო მისრულსა მარკიზსა ლაკბესა ზედა მოეგებნენ ქიზიყელნი და ითხოვეს მიტევება დანაშაულისა. ამისთა მხილველთა კახთა მოაკლდათ ძალი. მაშინ მარკიზი წარემართა ზიარას გზითა და ჩავიდა სიახლოესა ჩუმლაყისასა, რომელიცა აქვნდათ განმაგრებული კახთა. მუნ იქმნა ბრძოლა ძლიერი, მოსწყვიტნეს მრავალნი რუსნი. მუნ მოკვდა თავადი ორბელიანი ვახტანგ დიმიტრის ძე, სიძე მეფისა ირაკლისა, რომელიცა იყო პოლკოვნიკი რუსთა მყოფი რუსთა თანა, და დაიჭრა ჭავჭავაძე გარსევანის ძე, ალექსანდრე, რომელიცა იყო მას ჟამსა შინა ნაიბ-ეშკაღაბაში მარკიზისა. გარნა შეჩენითა მარკიზისათა აბირნეს კახნი თავადნი მყოფნი კახთათანა გამოსრულთა ამათ, რათა გამოვიდნენ იგინი რუსთა თანა და არარა ევნების მათ. მოუძლურდნენ კახნიცა და განიბნივნენ. ხოლო გრიგოლ შიშვნეული წარვიდა ანწუხსა შინა და იყო თვე ერთი ლეკთა შორის. მაშინ მარკიზმან დაიპყრა სრულიად კახეთი, მოწო რომელიმე სოფლები და იყო თვე ორი. და დამშვიდა კახეთი ნებიერად, და განუწესა ესრეთ, რათა არღარა იყვნენ მოსამართლენი რუსთანი მუნ, რომელთაცა განერყვნათ კახეთი მოხვეჭითა, რომლისა გამო მიანდო საქმენი კახეთისანი ესრეთ: თელავიდამ გავაზამდინ გაღმართი და გამოღმართი ჩუმლაყადმდე და პირ-აქეთი ვიდრე ნორიოდმდე, ფშავ-ხევსურითურთ და თუშითა მიანდო სოლომანს ავალისშვილსა, მეთრის იოვანეს ძესა. ხოლო ქიზიყი საენდრონიკო-სავაჩნაძოჲ მიანდო აბელს ენდრონიკაშვილსა და განაწესა, რათა პოლკა ერთი იდგეს თელავს ციხესა შინა ღიანარალითა და მეორე ქიზიყსა, და ამათა მართონ საქმენი კახეთისანი. ხოლო უკეთუ ვერ უძლონ ამათ დამორჩილებაჲ რომლისამე საქმისა, აუწყებდენ მუნ მყოფს ღიანარალთა და შეიწევდნენ. მაშინ მიუწერა გრიგოლს ანწუხსა შინა მყოფსა და წარუვლინა ზაზა ენდრონიკაშვილი, სალთხუცესი მამისა მისისა, და მიუწერა, რათა მივიდეს მის თანა, და არწმუნაცა უვნებელობაჲ მისი და აღუთქვაცა შენდობა ხელმწიფისაგან. მაშინ მსმენელი გრიგოლ წარმოემართა მარკიზისა კერძ, თუმცაღა გრიგოლს არა უტევებდენ ანწუხელნი ერთგულებისა გამო, რომელიცა აქვთ სურვილი პატრონისა ერთგულებისა. გარნა არამსმენელი მათი გრიგოლ მოვიდა მარკიზისა წინაშე თელავს, მხიარულ იქმნა მარკიზი და წარმოემართა ტფილის. მოსრულმან ტფილის, წარავლინა გრიგოლ რუსეთად. მისრული პეტერბურხს წარავლინნა იპერატორმა ბუნტისა გამო მისისა პატიმრად პეტროზაოდის ციხესა შინა, რომელიცა შორავს პეტერბურხით ოთხასითა ვერსითა. და იყო მუნ ჟამ რაოდენმე.

(პარაგრაფები 91 – 95 ეძღვნება რუსების ომს ნაპოლეონთან 1812 წელს და საქართველოს შესახებ იქ არაფერია ნათქვამი).

პარაგრაფი 96

ხოლო წელსა 1812, ოკდობრის 20, მსმენელმან ყეენმან ბაბახან დაპყრობისა გამო ფრანცუცთაგან მოსკოვისა მიუწერა ძესა თვისსა აბაზ მირზასა თავრისს, რამეთუ ესე აბაზ მირზა იყო უპირველესი მართებელი სრულიად ადრიბეჟანისა, და ამას ჰყვა ახლად განსწავლულიცა რეგულის მხედრობაიცა, რათა წარემართოს საქართველოსა ზედა და განჰყაროს მუნით მხედრობანი რუსთანი. შემჭირვებულთა კახთა რუსთა მიერ თავადი დიმიტრი ორბელიანის გამო, რომელიცა მტერობდა კახთა და აოხრებდა კახეთსა რამეთუ ეს დიმიტრი იყო რუსეთისა ღიანარალი. ამათაც იძულებულთა კახთა აღადგინეს ანბოხი, მოუწოდეს ალექსანდრეს, მეფის ირაკლის ძეს, რომელიცა იყო მას ჟამსა ერევანს, და იწყეს მაგრებაი. მსმენელმან უპირველეს მართებელმან საქართველოსამან რტიშევმა ამისმან მიუწერა ყარაბაღში მდგომს ღიანარალ-მაიორს კიტლერევცკის, რათა წარვიდეს პოლკითა თვისითა, რომელსა უწოდდენ პოლკსა მისსა ღრუზინცკის გარანდირად, და დაეცეს აბაზ მირზას არეზზე და ბრძოლა ჰყოს მისთანა, რამეთუ აქვნდა შიში დიდი რტიშევსა ყიზილბაშთაგან მას ჟამსა შინა, რათა არა შემოვიდნენ ყიზილბაშნი კახეთს, და მიერთვნენ კახნი. წარსრული ყარაბაღით ღიანარალი კიტლერევცკი განვიდა მდინარესა არესსა და დაესხა ღამესა ერთსა, ოკდობრის 20, ყიზილბაშთა ადგილსა წოდებულსა ასლან დუზსა. მხილველნი ყიზილბაშნი ამისნი იწყეს სილვტოლად, მაშინ სდიეს რუსთა, მოსწყვიტნეს მრავალნი, მიუღეს ახალნი ზარბაზანნი 13, რომელიცა აქვნდათ ანგლის კოროლისაგან მიცემული, და დიდი დროშანი რვანი. ეგრეთვე მოსწყვიტნეს სალდათნი ყიზილბაშთანი ათას ხუთასნი და ტყვე ჰყვეს ხუთასნი. ერთი მათი პოლკოვნიკი შეიპყრეს და რამთენიმე აფიცარნი. ხოლო რუსთა მხარესაცა მოკვდა სალდათი და აფიცარი ოთხმოცი; აღიღეს ალაფი მათი რუსთ და შემოიქცნენ გამარჯვებულნი. ხოლო იპერატორმან ალექსანდრემ მიუბოძა ღიანარალ-მაიორს კიტლერევცკის ღიანარალ-ლეიტენანტობა ჯილდოდ ამისა. ხოლო შემოსრულმან მეფის ძემ ალექსანდრემან კახეთს მოწოდებითა კახთათა, მოსცეს პირი მტკიცე კახთა და მოუწოდეს ლეკთაცა დაღესტნით, სადაცა მოვიდა ლეკთა ჯარი რვა ათასი. მაშინ წარგზავნა პირისპირ კახთა საბრძოლველად დიმიტრი ყაფლანიშვილი და ღიანარალი სვიმონოვიჩი. მისრულთა ამათ მოეგება ალექსანდრე მანავს. შეიბნენ რუსნი და კახნი. იძლია რუსთაგან ალექსანდრე და მივიდა ქიზიყს, განამაგრა ქიზიყი, და დგა მუნ. მისრულნი მუნ რუსნი კ(ვალა)დ შემოება ალექსანდრე, მოსწყვიტნა მრავალნი რუსნი და უკუნ აქცივა რუსნი. ხოლო რუსთა დაუტევეს გზა ქიზიყისა, მივიდნენ ჩალოუბანს, გარდავლეს გზა ჩალუბნისა და ჩავიდნენ ველის-ციხესა. მაშინ მიშკარბაში იოსებ ბებუთოვი, რომელიცა იყო მოურავი ყაზახისა, მოუხდა ყაზახ-შამშადილის ჯარით და მოარბია დიდათ ქიზიყი და წარიღო საქონელი და ცხვარი მათი, და ეგრეთვე ჭარელთაცა წარტყვენეს წინა-მხარი ბრძანებითა რუსთათა. მხილველთა ამა ქიზიყელთა დაუტევეს ალექსანდრე და მიერთვნენ კ(ვალა)დვე რუსთა. მაშინ ალექსანდრე წარემართა და განვიდა შილდას. მოჰკრბენ ყოველნივე გაღმა-მხარელნი ლეკითურთ და შეკრეს განსავალი ალაზნისა. მაშინ მხილველნი რუსნი განვიდნენ პირისპირ ველის-ციხისა, და იქნა მუნ ბრძოლა ძლიერი. მოსწყდა უმეტეს ბრძოლასა ამას შინა რუსნი, გარნა იძლია ალექსანდრე მუნცა რუსთაგან და წარვიდა ხევსურეთს. მხილველნი თავადნი კახეთისანი დაშთნენ მუნ, გარნა იშიშოდნენ რუსთაგან. ამისთვის წარგზავნა ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე მაყაშვილი და კარის წინამძღვარი ელევთერ ზუკაკიშვილი ღიანარალ დიმიტრიმ ორბელიანმა, რათა არწმუნოს ფიცით თავადთა კახეთისათა უვნებელობაჲ რუსთაგან და დაცხრონცა ამბოხიცა და მოვიდნენ მისთან, და მუნ უურვოს ყოველნი საქმენი მათნი უპირველეს მართებლის წინაშე და არარაჲ ევნოს მათ. მისრულმან ბოდბელმან დამარწმუნებელმან მათმან წარმოიყვანნა თავადნი სრულებით და მიგვარა ლაკბეზედ ორბელიანს დიმიტრის. მაშინ დიმიტრიმ შეიპყრნა ესენი სრულებით წელსა 1813 და წარუვლინა ტფილის უპირველეს მართებელს რტიშოვს, ხოლო მან წარავლინნა იგინი სიბირს პატიმრად (კიდეზე სწერია: ქალაქსა ტობოლსკისასა და პერმისასა, რამეთუ ორათ განჰყვნა პყრობილნი იგი რომელიცა შორავს საქართველოით ვერსითა 12 ათასითა), რომელნიმე ჯინჯილითა ქვეითად და რომელნიმე ურმითა, რომელთა თავადთაგანი ესენი იქმნენ დაკარგულ (კიდეზე სწერია: და ჰყო ბოროტი ესე დიმიტრი ორბელიანმან, რომელ თუშნი სამნი მომავალნი ცხვრით თვისით ივრისა პირსა შეიპყრა იგინი შესმენითა მუხრანის ბატონის შვილის, სვიმონის შვილის ერმიასითა /ერთისა ხლმისა გულისთვის, რომელიცა მოეწონა მას და არა მისცეს ხმალი თვისი თუშთა მათ/, რომელიც ესე ერმი იყო ბოროტსა ზედა ბოროტი და წარმართთა ზედა უწარმართესი და აბირებდის დიმიტრის და რუსთა მარადის ტირანობასა და ბოროტსა ზედა, რეცა ესენიცაო იყვნენ ალექსანდრესთანაო, და ესენი მოაშთო დიმიტრიმ მანავს და დასწვნა მერმე ცეცხლთა შინა, რომელთაცა არარაი აქუნდათ შეცოდებაჲ, და სხვანიცა მრავალნი, რომელთა სახელები შეუძლებელ იყო აღწერად. და ემსგავსებოდა ჟამი იგი ჟამსა მას ძველთა მტარვალთასა ხოცისა და ოხრებისა გამო უბრალოთა ხალხთასა, რომელთაცა დღეს ესე დღესასწაული უჩნდათ ქართუჱლთა თავადთა და ზოგიერთა კახთაცა თანა მყოფთა დიმიტრი ყაფლანიშვილისათა).

თავადნი კახეთისანი:

1. ენდრონიკაშვილი სვიმონ სიძე მეფისა გიორგისა 13.
2. ენდრონიკაშვილი მინბაში აბელ.
3. ენდრონიკაშვილი მარტყოფის მოურავი, ივანე ზურაბის ძე.
4. შვილი მისი ზურაბ, მოკვდა პერმს წელს 1814.
5. ძმა მისი რევაზ. ესე სამნი მარტყოფის მოურავის ზაქარიას სახლიდამ დაიკარგნენ.
6. ერასტიშვილი დიმიტრი, დავით სალხთუცესის ძე.
7. ერასტიშვილი ერასტი ვასილის ძე.
8. ენდრონიკაშვილი დავით, მზეჭაბუკის ძე.
9. აბაშიძე დავით, იოვანეს ძე.
10. აბაშიძე ნიკოლაოზ სვიმონის ძე.
11. ონანაშვილი ასლან, მდივანი კახთა.
12. ძმა მისი ონანაშვილი ნინია.
13. ბებურისშვილი გურგენისშვილი.
14. აგათოშვილი გორჯასპი.
15. აგათოშვილი სარიდან.
16. ჩერქეზისშვილი ივანე ნიკოლოზის ძე, მანავის მოურავი.
17. ჩერქეზისშვილი ბარძიმ.
18. ჩერქეზიშვილი ნინია ალადაღისშვილი, კაკაბეთის მოურავი.
19. ჩოლოყაშვილი იოსებ, თუშთ მოურავის შვილი დურმიშხანისა.
20. ჩოლოყაშვილი ნიკოლაოზ ჯარდანის ძე.
21. ჩოლოყაშვილი დიმიტრი.
22. იოსებ ჩოლოყაშვილი.
23. დავით ჩოვაშვილი (ამ სიტყვის შემდეგ წაშლილია ჩოლაყაშვილი).
24. ჭავჭავაძე დიმიტრი.
25. სვიმონ.
26. იოსებ, ბეჟან დიანბეგის შვილი.
27. მაყაშვილი ომან.
28. მაყაშვილი იოსებ.
29. მაყაშვილი არსენი.
30. ჯანდიერისშვილი როსობის ძე სვიმონ.
31. ჯანდიერისშვილი გრიგოლ.
32. ჯანდიერისშვილი ნინია.
33. ჯანდიერისშვილი დიმიტრი. თავადნი კახეთისანი რიცხვით 33.

აზნაურიშვილები კახნი

1. საყდრიონისა მგალობლიშვილი დიმიტრი.
2. სალთხუცესი პატა.
3. აბელაშვილი პაპუა.
4. მუშრიბიშვილი გოგია.
5. ევგენისშვილი გლახა.
6. საგინაშვილი გლახა.
7. საგინაშვილი რევაზ.
8. ნათალიშვილი სვიმონ.
9. ყოდალაშვილი იოსებ.

ქართლიდამ

1. თავადი ამილახვრიშვილი ედიშერ, რომლისაცა მამა ამ ედიშერის ერასტი მოკვდა მოსკოვს სამსახურსა შინა მეფის ძის იულონისასა წელს 1811.
2. თავადი ავალიშვილი სოლომონ და პეტრე.

აზნაურნი საქართველოჲსანი

1. შატბერაშვილი ივანე, მოურავი კავთისხევისა. მოკვდა.
2. ძმა მისი მღვდელი ფილიპე.
3. სხვანი აზნაურშვილნი, რომლისა სახელნი არ ვიცოდი.

მღვდელნი ქიზიყისა და კახეთისა რიცხვით 20 – ოცნი, გარდა გლეხის კაცისა, გაკრიჭეს და დაჰკარგეს. ამათში ერია გიორგი მღვდელი ჩახტაურიცა შილდელი და ზაქარია მღვდელი ვაქირისა ქევხის დავითას შვილი. ხოლო დამშვიდეს კახეთი და მიხადეს ჯარიმა კომლზე სამი კოდი პური, რომელი იყო მას ჟამსა რვას მინათულათ, და ერთი ბაჯაღლის ოქროჲ და რომელნიმე ჯანღის თავნი გლეხნი მოაშთვეს და წკეპლაში გაატარეს, და განუჩინეს ესრეთ, რათა არა იყოს მართებლობაჲ რუსეთისა. ა(რამე)დ იყვნენ ყოველნივე მოურავნი თვის თვისად პირველყოფილნი მეფეთა დროსავე. გარნა გაჰყო კახეთი ორად: თელავის მაზრას განუწესა ალექსანდრე მაყაშვილი, ეშყაბაშ ყოფილი მეფისა გიორგისა, ხოლო ქიზიყისა ჰყო მოურავივე მათი თავადი ენდრონიკაშვილი იოსებ. და ესენი მართვიდენ საქმეთა კახეთისათა, და მათ ხელქვევით იყვნენ სხვანი წვრილნი მოურავნიცა, და რაჲცა იყვის სათხოვარი უპირველესი მართებელი მისწერდის მათ, და იგინი მოჰკრეფდენ და მიუტანდნენ მას, და დაშთნენ ამა მართებლობასა ჟამ რაოდენმე.

პარაგრაფი 97

წელსა 1812 განდევნა ყეენმან ბაბახან ხანი ლანქარანისა მუსტაფა ციხით და დადგინა მხედრობანი თვისნი რეგულისანი ციხესა ლანქარანისასა, რამეთუ ესე ლანქარანი აქვნდათ დაპყრობილ დროსა სპარსეთის მემკვიდრეთა ხელმწფეთათა სეფაბიანთასა, რ(ამეთუ) დაეპყრა დიდსა პეტრესა I იპერატორსა რუსეთისასა დროსა შაჰ თამაზისასა, და იყო მარადის ფლობასა ქვეშე რუსთასა. და ხანსა მუნებურსა აქვნდა ჩამამავლობით ღიანარალ-მაიორობაჲ და ჯამაგირად ხუთასი თუმანი მანეთიცა. ესე აუწყა ხანმან ლანქარანისამან უპირველესსა მართებელსა საქართველოისასა რტიშევს. მაშინ მიუწერა რტიშევმან ღიანარალ-ლეიტენენტსა კიტლერევცკის, რათა წარვიდეს და დაიპყრას ლანქარანი და აგოს კ(ვალა)დ ხანივე მისი მუსტაფა. მსმენელი ამისი წარემართა კიტლერევცკი პოლკითა თვისითა და მივიდა თალიშს და დაიპყრა თალიში და მოადგა ციხესა ლანქარანისასა, რომელიცა ციხე ესე გამაგრებულ იყო დიდათ ყიზილბაშთა მიერ, რამეთუ ციხე ესე ლანქარანი არს მაგარსა ადგილსა მდგარი, რ(ამეთუ) მოუდის ცალმხრივ ზღვა კასპისა, მეორეს მხრით წყალი თვისი დიდი, ხოლო ორის მხრითა აქვს ტყიან-ბუჩქ-ქაცოვანნი. გამხილველმან ამისმან კიტლერევცკიმ უყო ზედა დასხმა ციხესა მას იერიშითა და მიჰყუდა კიბენი. თუმცაღა მოსწყდნენ რუსთა მხედრობანი და აფიცარნი მრავალნი, გარნა თვითცა კიტლერევცკი მოიწყლა დიდად და აღიღო ციხე იგი, მოსწყვიტნა სრულიად ყიზილბაშთა მხედრობანი და ციხის-თავნი მათნი სარდლებითურთ მათით. მსმენელმან ამისმან იპერატორმან მიუბოძა ჯილდოდ ღიანარალ-ლეიტენანტსა კიტლერევცკის ჯვარი წ(მიდ)ისა მთავარმოწამისა გიორგისა მეორე ხარისხისა ვარსკვლავითა, და ეგრეთვე ჩინებულთ მუნ მყოფთა მხედრობათა ყოველთავე ჯვარნი და ხარისხნი. ხოლო კვალად დასვეს მუსტაფა ხანი თალიშისა ლანქარანსვე და დასდვეს ხარკიცა ვითარსცა აძლევდა პირველ.

ხოლო წელსა 1813, აპრილის 18, გარდაიცვალა უგანათლებულესი კნიაზი სმოლენცკისა, ღიანარალსიმუსი რუსეთისა, მხედართ-მძღვენი პირველი, კუტუზოვი ილარიონ მიხალიჩი, შესრული პრუსიისა მამულსა შინა, რომელსაცა მიეცა ესე ზემოი ტიტულა სიმხნისათვის, ოდეს ფრანცუცნი განვიდნენ მოსკოვით, რომელიცა შეუდგა უკანა რუსთა მხედრობითა და ავნო დიდათ ფრანცუცთა. ხოლო გვამი მისი წარმოგზავნა იპერატორმან ალექსანდრემ, რომელიცა მოიღეს პეტერბურხს და დაფლეს ახალსა აღშენებულსა ყაზანის სობოროსა შინა. და ჰყვეს მოადგილედ მისსა კ(ვალა)დ ღიანარალ-შეფი გარდაყენებული ბარკლაი დე-ტოლი, რომელიცა შემდგომსა ჟამშია იქმნა ღრაფი და ფერთმაშალიცა ღირსებისათვის სამსახურისა მისისა.

პარაგრაფი 101

წელსა 1813, დეკებრის 18. ხოლო წელსა ამას შერიგდა ყეენი სპარსეთისა ბაბახან იპერატორსა ალექსანდრეს პავლეს ძეს და განაწესეს სამძღვარი საქართველოისა ესრეთ: დარჩა რუსეთსა ყიზილბაშთ სახანონი მამულნი: 1) ყარაბაღისა არეზადმდე, 2) განჯისა, 3) შაქისა, სრულიად შირვანისა, 4) დარუბანდისა, 5) ბაქუსი, 6) ყუბისა, თალიშისა და 7) სრულიად დაღისტნისა. გარდა ამისა სრულიად 8) საქართველოისა ვიდრე შარაგლადმდე, 9) იმერეთი, 10) მეგრელია, 11) აფხაზეთი, 12) გურია. ესენი დაშთნენ ფლობასა ქვეშე რუსთასა, ხოლო ყეენსა დაშთა ერევანი და ქვემო სპარსეთი ხურდა-ფირინის გაღმა, რომლისა გამო იქმნა მშვიდობა სპარსთა და რუსთა შორის. გარნა ვაჭარნი დაშთნენ თავისუფალ ვაჭრობათა ორსავე მხარესა.

პარაგრაფი 102

[დასაწყისში მოთხრობილია 1814 წელს ნაპოლეონთან მისი მოწინააღმდეგე კოალიციის ბრძოლის ამბები].

ხოლო წელსა 1814 იძულებულმან რუსთაგან ყეენმან ბაბახან ყაჯარმან განიზრახა რუსთა თანა შეერთება და დამშვიდება, ვინათგან ვერღარა უძლო ბრძოლითა პირისპირობაი რუსთა, რომელიცა იძლია მრავალგზის რუსთაგან ზემოწერილთა რიცხვთა შინა. და ამ მიზეზისათვის შერიგდნენ რუსნი და ყიზილბაშნი, რომელიცა ყეენმან ბაბახან წარგზავნა კარსა ზედა როსისასა მინისტრი თვისი მირზა აბულ აჰსან ხანი, შირაზელი, ნაიბი ვეზირისა მისისა. ხოლო ესე მისრული მოსკოვს მიიღეს დიდებითა დიდითა და პატივ სცეს ფრიად, რომელიცა იდგა მოსკოვს თვე 4. ხოლო წელსა 1815, მარტის 27, მივიდა ესე მირზა აბულ ასან ხან პეტერბურხსა შინა და იყო დღე რაოდენიმე გარე ქალაქისა მდგომი, რამეთუ იპერატორი ალექსანდრე ჯერეთ არღარ მოსრულ იყო ევროპიით, და ამ მიზეზითა მინისტრთა რუსეთისათა არა ინებეს შეყვანება ელჩისა მის სკთ პეტერბურხსა შინა, რომელმანცა მოართვა ხელმწიფესა ფეშქაშნი ყეენისაგან წარმოგზავნილნი: სპილონი ორნი, ცხენნი კეთილნი 34 და არმაღანნი მარგალიტითა და თვალითა უფასოთა და ძვირფასნი შალნი.

პარაგრაფი 105

წელსა 1814, ივნისის 14, მოვიდა იპერატორი ალექსანდრე პეტერბურხს გამარჯვებული, გარნა არა დიდებით შემოვიდა ქალაქსა შინა, რომელ მოქალაქეთა განაშვენეს ფ(რია)დ ქალაქი იგი პეტერბურხისა შემოსვლისა მისისათვის და განუმზადეს კარნიცა შემოსასვლელნი ძლევისანი. და სენატმაც თვისმან თანხმობითა უწმინდესის სინოდისა შეუმზადეს ტიტულაიცა ძლევისათვის და მიართვეს, რომელსაცა უწოდეს “კურთხეული ღვთისა ალექსანდრე”. ამათი არცა ერთისა მნებებელი ეთანხმავა მათ, არამედ ესრეთ იტყოდა: “ჯერ არს მადლობა ღვთისა შეწირვა და არა ჩემდა ამისთვის, რომელ ღმერთმან მოანიჭა რუსთა ძლევა მტერთა თვისთა ზედა და არა მე”, რამეთუ არა დიდათ უყვარდა პატივი თავისა თვისისა სიმდაბლისა გამო, რომელი იყო მდაბალ ფ(რია)დ. ხოლო წელსა ამასვე, ივლისის 22, დღესა წ(მიდ)ისა მარიამ მაგდანელისასა, რომლისა დღესასწაულს ამას არს ხსენება სახელისა მარიამ იპერატრიცასი, დედისა მისისა. იდღესასწაულა დღე იგი იპერატორმან ფ(რია)დ დღესასწაულობითა დიდითა პეტერღოფისა სასახლესა შინა და ანიჭნა მრავალთა გვამთა ჩინებულთა კავალერიანი და სახელონი. და იყო დღესასწაული იგი სამსა დღესა და განაშვენეს ბაღი იგი დიდი ცეცხლისა ჩირაღდნითა, სადაცა ენთებოდა სტაქანი აღთებული (ერთი მილიონი და სამოცი ათასი). ხოლო შადრევანნი იყვნენ წყლის-მცემელნი სამასნი. და იყო სიხარული და დიდი განცხრომა.

პარაგრაფი 111

წელსა 1814, ოკდობრის 27, ღამეს ოთხშაბათს, რომელი განთენდებოდა 28, სათსა 12 გარდაიცვალა მეფის ირაკლის ძე ვახტანგ სკთ პეტერბურხსა, და დაფლეს ნემცკის მონასტერშია, ხარების ეკლესიის კარიპჭეში.

პარაგრაფი 112

ხოლო წელსა 1814, აგვისტოს 30, იპერატორმან ალექსანდრემ კ(ვალა)დ მიუღო მამული ქსნის ერითვისშვილებს ლიახვ-გვერდის-ძირითურთ და ჰყო კ(ვალა)დ სახემწიფოდვე, ვ(ითარც)ა იყო პირველ ჟამსა შინა დროთა მეფისა ირაკლისათა და მეფისა გიორგისათა სახასოდ, რამეთუ მამული ესე მიეცა თავადსა ციციშვილს პავლეს, რომელიცა იყო ღიანარალ-ანშეფი და მთავარმართებელი რუსთა საქართველოს შინა, მონათესაობისა გამო მათისა, რომელთაცა შესრულთა ძეთა ქსნის ერისთავისათა აღადგინეს ანბოხი და ოხრებაჲ ხალხისა და ყიდვა ტყვეთა და ტირანობაჲ ესევითარნი, რ(ამეთუ) ცოცხალთა კაცთა მარხვიდიან მიწათა შინა, და ვისაცა აქვნდა გლეხთა მცირე რაიმე მორეწილი საზრდოთ, რომელიცა ნაკლულევან არს ადგილი იგი მოსავლითა მთის სივიწროს გამო, მიუღებდიან, და რაცა აქვნდათ სახლთა შინა, მასცა იავარსა უყოფდენ. გამრავლდა ვალალებისა ხმაჲ და აღიწივა ვიდრე ზეცადმდე საბრალოთა ხალხთა, რომლისა მსმენელი ამისი იპერატორი იქმნა ფ(რია)დ წყინებულ და მიუღო ადგილი იგი სრულებით და ჰყო სახემწიფოდ და განუწესა მოხელენი მათნივე აზნაურნი, ვითარცა იყო პირველ დროსვე მეფეთასა, და მართებლობაცა მათივე დაუდო მზგავსადვე პირველისა. ხოლო წელსა მას დადგინა იპერატორმან არჯევან ფიცხელაურის ძე არქიერი დოსითეოს კავკასისა და შიგნით კახეთისა არხიეპისკოპოზად და წარავლინა ქართლს სასულიეროს მართებელად.

პარაგრაფი 115

...ხოლო წელსა 1815, თებერვლის ...(შენიშვნა: თვის რიცხვი არ ჩანს), მოკუდა იმერთა მეფე სოლომან არჩილის ძე, რომელსა ამასაცა ეწოდა დავით, ხოლო სიმხნისა მისისათვის უწოდა პაპამან მისმან ერეკლემ ზედშესრული ესე სახელი ბიძისა თვისისა სოლომან. ხოლო ესეცა დევნული რუსთა მიერ მოკუდა მწირობასა შინა ქალაქსა ტრაპიზონისასა მომსვრელისა სენითა (კიდეზე სწერია: მეფე სოლომან არჩილის ძე გამეფდა იმარეთს წელსა 1790, ივლისის 1, და იმეფა წელი 21 იმერეთს, ხოლო შემდგომად ამ წლისა გარდაიგდო მეფობიდამ).

...წელსა 1815, დეკებრის 20, მიღო სპარსეთით მოსრული ელჩად წარმოვლენილი ყაჯრის ყეენის ბაბახანის მიერ, რომელსა ფათალი შად უხმობენ, აბულ აჰსან ხან ზანდი შირაზელი, რომელიცა იყო ბეგლარ-ბეგი შირაზისა. ხოლო ამას აქუნდა ნიშნად თვისი სახელმწიფოსაგან კავალერია ახლად შემოღებული სპარსეთისა, რომელსა უხმობენ ორდენ სონცად. თავსა ზედა ჯიღაჲ და ჩინი აქუნდა ღიანარალ-შეფობისა. ხოლო ესე მოსრული დაშთა პეტერბურხს შინა ჟამ რაოდენმე, ვინათგან იპერატორსა ალექსანდრეს კ(ვალა)დ აქუნდა ბრძოლა ფრნციელთა მიმართ მიზეზისა ამისთვის, რ(ამეთუ) ფრანცუცთა უარჰყვეს აღთქმა თვისი, გამოიყვანეს ნაპოლეონ ტუსაღი ელბით და ჰყვეს კ(ვალა)დ იპერატორადვე თვისად და განდევნეს კოროლი თვისი ბრბონი ლუდოვიკ 17. მისრულმან იპერატორმან როსისამან აზრახა კეისარსაცა და პრუსის კოროლსა და სხვათა ევროპისა ერთპირთა და ანგლელთაცა. მისრულნი შეერთდენ ესენი ერთხმად, ბრძოლა უყვეს ფრანცუცთა. იძლივა ნაპოლეონ და ძლეული მივიდა მხედრობასა თანა ანგლელთასა, და მათ წარიყვანეს ლონდონსა შინა. ხოლო კ(ვალა)დ მოიყვანეს ლუდოვიკ 17 და ჰყვეს კოროლად ფრანციელთა ზედა. და დაუდგინეს მცველნი ხელმწიფეთა რაოდენიმე მხედრობანი თჳისნი და უკუნ იქცნენ თჳის თჳისად.

მოსრულმან იპერატორმან როსისამან მიაგება წინა ელჩსა სპარსეთისასა ღიანარალ-ლეიტენანტი თავადი საქართველოსი სოლოღაშვილი სვიმონ იორამის ძე, და სახელმწიფონი კარეტანი, და აღკაზმულნი ცხენნი და დაუდგინა პატივისათვის მხედრობანი ღვარდიისანი კარითგან პეტერღოფისა ვიდრე კარადმდე ელჩისა, სადაცა იდგა თჳთ ელჩი. და შემოიყვანეს ამა დიდებით პეტერბურხსა შინა. ხოლო კ(ვალა)დ თვისა ამასვე 23 მიწვეულ იქმნა ელჩი იგი სასახლესა შინა სახელმწიფოსა, რომელიცა მიყვანილ იქმნა უმეტეს პატივითა. ხოლო ელჩმან მან სპარსეთისამან მიართვნა იპერატორსა წარმოტანებული ყეენისაგან არმაღანი ძღუნად: სპილო 2, ერთი მამალი და მეორე დედალი, რომელთაცა ედგათ ბალდახინნი საუცხოსა ფარჩისანი და მუარყულნი სვეტნი ბალდახინისანი.

12 ბედაურნი ცხენნი ძვირფასნი და მშუჱნიერნი თირმა შალის ჩულხურვილნი.

14 თირმა შალი ძვირფასნი.

14 დიბა ისპაანისა ძვირფასნი.

3 კრიანასული მარგალიტისა რომლისაც სიმსხო იყო თითო თხილის გულის ოდენი, თჳითოი ას-ასი მარცუალი.

წვრილნი მარგალიტნი სამი ხანგალი.

2 ქუა ზურმუხტისა უებრო დიდი.

1 წყვილი მარგალიტის ბუდეშურის საყურე. თითო ბუდეშურის თითის სიმსხო და გრძელი.

მუმიანი და საუცხო ფაზრნი ყუთნი ისპაანის, მოხატულნი და ეგრეთვე სარკენი, ისიც მოხატულნი და საწერელნი ისპაანისანი.

სამნი ხმალნი ძველნი: 1. დარიოზ მეფისა. 2. ლანგ თემურისა და მესამე დიდისა შაჰაბაზისა. ზემოხსენებულთა ყუთთა მათ შინა ეწყო (იგავად): სასწორი ოქროსი, დანა და მაკრატელნი. ესე იყო იპერატორისათჳს არმაღანნი და კ(ვალა)დ სამო ორხუა ხორასნისა უძვირფასესნი.

ხოლო მეუღლისა მისისათჳის, იპერატრიცა ელისაბედ ალექსივნასთვის, წარმოგზავნილი არმაღნად იყო ესე:

6 თირმა შალი ძვირფასი.

6 დიბა ისპაანისა.

1 კრიანოსალი მარგალიტის.

ხოლო დედისა მისისათჳს, მარიამ იპერატრიცასთვის, იყო ესევე გვარად ვ(ითარც)ა იპერატრიცა ელისაბედისათჳის. ესე ყოველი მიიღო ხელმწიფემან სასახლესა შინა ზიმნი დვარეცისასა წოდებულსა და ელჩმან მიართო წიგნი ყეენისაგან წარმოტანებული, რომელსაცა ედვა ოქროს სინზედა და ედგა თავსა ზედა და ესრეთ მიართო წერილი იგი.

...ხოლო წელსა 1816, ივნისის 3, უკუნ აქცივა იპერატორმან ელჩი სპარსეთისა აბულ ასან ხან დიდითა საბოძუარითა. და ამჟამადვე გარდაყენებულ იქმნა საქართუჱლოს უპირატეს მართებელი ღიანარალ-ანშეფი რტიშევი და ნაცულად მისსა განაწესეს ღიანარალ-ლეიტენანტი ერმალოვი, სახელად ალექსი პეტროვიჩი.

ხოლო წელსა 1816, აგვისტოს 23, დღესა ოთხშაბათს, საღამოს საათსა 8 გარდაიცუალა საქართუჱლოს მეფის ირაკლის ძე იულონ წლისა 57 დამბლის სნეულებითა, რომელიცა იყო სნეულ წელსა 4, და დაფლეს ნევსკის მონასტერში წ(მ)იდის იოვანე ოქროპირის ეკლესიაში.

...წელსა ამასვე 1817, აპრილის 17, წარგზავნა იპერატორმა ალექსანდრემ სპარსესთს ელჩად საქართველოს უპირატესი მართებელი ღიანარალ-ლეიტენანტი ერმალოვი ბაბახან ყეენისა წინაშე უძვირფასესისა არმაღანითა შერიგებისათჳს და განრჩევისათჳს ვ(ითარც)ა საზღვართა, ეგრეთვე საუკუნოს მშვიდობისათჳს. მისრულმან ერმალოვმან ტფილისა, შემუსრა ციხე ტფილისისა, აღშენებული მეფისა მიერ ვახტანგ გორგასლანისაგან, და ზღუდე ტფილისისა მეფის როსტომის მიერ მოვლებული ს(რულია)დ. და ეგრეთვე იმერეთსაცა შემუსრეს ყოველნივე ციხენი და სიმაგრენი რუსთა.

წელსა ამასვე 1817, ივნისის 2, გარდაყენებულ იქმნა მიტროპოლიტი და ეგზარქოსი ქართლისა და იმერეთისა ვარლაამ და თელავის არხიეპისკოპოსი დოსითეოს ფიცხელაური, და ნაცულად მისა განაწესეს არხიეპისკოპოსი რეზანისა რუსი თეოΦილაქტე (კიდეზე წერია: სინოდის ჩლენი და კავალერი და შუბლზედა ჯვარ მექონი), კაცი ფ(რია)დ მეცნიერი და ბრძენი, რომელსაცა უწოდეს ტიტულითა არხიეპისკოპოზად ქართლისა და ეგზარხად ქართლის და იმერეთისა. და მისცეს მას როჭიკი 5000 რუბლი ვერცხლისა, ხოლო ვარლაამს მიჰცეს სინოდისა ჩლენობა და ორას ოცდა თხუთმეტი თუმანი შავი ფული, რომელიცა განაწესეს, რათა იცხოვროს სკთ პეტერბურხსა შინა ალექსანდრეს ლავრასა შინა, ხოლო დოსითეოს ორასი თუმანი და საცხოვრებლად მოსკოვი.

წელსა ამასვე 1817, ივნისის 6, მოვიდა სეტყვა კახეთისა სოფელსა ხაშმზედა, რომელიცა იყო სიდიდითა თითო ნახევარ ჩარექი, ხოლო ერთი სეტყვა ჩამოვარდა, რომელიცა იყო წონითა ხუთი ლიტრა, რომლისაცა ნახვასა ზედა გაჰკვირდნენ მხილველნი, და არცაღა თუ ისტორიითა ისმის ვ(ითარც)ა ეხილვოს ვისმე სეტყვა ესეოდენი.

...წელსა ამასვე 1817, ივლისის 1, აქორწინა იპერატორმა ძმა თვისი ნიკოლაი პავლოვიჩი (შემდგომში რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I /1825-1856/ – ი. ხ.) ასულსა ზედა პრუსის კოროლისა ვილგეიმისასა, რომელსა სახელად ეწოდა ქალსა მას შარლოტა, ხოლო რუსთა უწოდეს ალექსანდრა. და გარდაიხადა დიდისა დიდებითა ქორწილი ესე, რომელიცა იდღესასწაულეს ოცსა დღესა. ხოლო დასასრულსა ამა დღესასწაულისასა შემზადეს ცეცხლისა სათამაშოი ესევითარი, რომელ არავის ასმიეს ესგუარი, და არც არვის უნახავს. ესე იყო ქალაქსა შინა ვარანაბაუმსა, რომელიცა ჰშორავს პეტერბურხს ვერსითა 32, სადაცა არს სასახლე სახაფხულო იპერატორისა, პირისპირ კრანშტატისა (შემდეგ არის მინაწერი: ხოლო მეორესა წელსა 1818, აპრილის 17, დღესა ორშაბათსა, დილასა საათსა 7 შვა მოსკოვსა შინა ცოლა მისმან, პრუსიის პრინცესემ ალექსანდრამ მეუღლემან ნიკოლოზ პავლეს ძისამან ყრმა, რომელსა უწოდეს დიდი თავადი ალექსანდრე /შემდგომში რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II (1856-1881) – ი. ხ./, ბიძისა თვისისა სახელივე იპერატორისა. და სამღვდელოთაგან აღრიცხულ იქნა ესრეთ მოხსენებასა ეკლესიასა შინა: დიდი თავადი ნიკოლოზ პავლეს ძე და ძე მისი დიდი თავადი ალექსანდრე, ხოლო ამისა შემდგომად მოხსენებულ იქმნა უმცროსი ძმა ხელმწიფისა მიხაილ პავლეს ძე).

სასწაული წ(მიდ)ისა დიდისა მთავარ-მოწამისა გიორგისა, რომელი იქმნა ატოცს ქართლში. წელსა ამასვე 1817, აპრილის 23, დღესა ორშაბათსა, თჳთ დღესასწაულსა მისსა, იქმნა ესე სასწაული ეკკლესიასა მისსა ატოცსა: შჰთამოვიდა გველეშაპი დიდი და საზარელი და გარე მოერტყა ეკკლესიასა და ჩაიდო კუდი თჳსი პირში კარებთანა. ოდეს მლოცავნი ხალხი მივიდის, გამოიღის პირიდამ კუდი და შეუშვის ეკლესიად და კ(ვალა)დ ჩაიდვის ისევ პირს კუდი თჳისი და გამოსვლასვე ესრეთ ჰყვის. ესე გველეშაპი იყო მოხვეულ საყდრისა სამს დღეს და ღამეს და მეოთხეს დღეს უჩინო იქმნა. ესე მრავალთა ხალხთა სხვათა და იმ სოფლის მცხოვრებთაც იხილეს. ძუჱლდგანცა თქმულ არს, რომელ კ(ვალა)დ ესრეთ სახედვე ეხილვოსთ და ჭეშმარიტიც არის. ამის მნახავი თჳით თავადი ბესარიონ თარხნისშვილი ზაზას ძე არის და ჯავახიშვილი ქაიხოსრო. თვალითა თჳისითა ეხილვათ ესე ამ წელს 1817, აპრილის 23, რომ იმ დღესასწაულში იქ ყოფილიყვნენ ატოცს.

...წელსა ამას 1818, აპრილის 30, დღესა ორშაბათსა გარდაიცუალა მეფის ირაკლის ასული კატერინა, მეუღლე მყოფი სალთხუცისა ჩოლაყაშვილისა, სნეული მდებარე კუტად ორს წელსა ქალაქსა გიორგიასა კავკასიისასა, და დაფლეს მუნ ახლად აშენებულს სობოროსა შინა.

წელსა ამას მოკვდა კოროლი ანგლიისა გიორგი წლისა 115. ამავე წელს კ(ვალა)დ შეერთდნენ იპერატორი როსისა ალექსანდრე, იპერატორი ავსტრისა, კოროლი პრუსისა და კოროლი ფრანცისა და ანგლიცკისა. კრება იყო მათი საქსონიასა შინა ქალაქსა ახენს.

ამავე წელს პყრობილი ნაპოლეონ კუნძულსა ელენესასა განაპარეს ამერიკელთა და გაიყვანეს მალთსა შინა.

...წელსა ამას მოვიდა კ(ვალა)დ სპარსეთით სკთ პეტერბურხსა შინა ხანი მაჰმად ასან ავშარი და მოართუა სპარსთა ხემწიფისა მიერ წარმოვლენილნი ცხენნი 13 იპერატორს ალექსანდრეს დეკებრის 17 1818 წელს.

1818 წელს, დეკებრის 22, დღესა შაბათსა გარდაიცუალა მეფის ძის ფარნაოზის ასული ელისაბედ წლისა 19, ყ(ოვლა)დ შვენიერი, და დაფლეს ნემსკის მონასტერსა შინა წ(მიდ)ისა იოანე ოქროპირის ეკლესიაში.

...ხოლო წელსა ამასვე 1819, ქ(ორონი)კ(ონ)ს ფზ (507) ტფილისს და ს(რულია)დ ქართლში დეკებრის 8 იწყო ესრეთი ყინვა, რ(ომე)ლ თებერვლამდისინ იყო ღრადუსი 15. მტკუარი ს(რულია)დ გაიყინა, ურმები დაჰქონდათ ზედა, ხეხილნი და ვაზნი ს(რულია)დ განხმენ. ცხვარი და ძროხანი მრავალნი მოსწყდნენ. ტფილისში სანა შებმულნი ცხენნი თოვლზედ დადიოდნენ, რომელიც არა ოდეს ვისმე სმენია ესე სიარული. – წელსა ამასვე, იანვრის 17, ტფილისს ესრეთი ძვრა იყო, რომელ დედამიწა ბღუოდა ქუხილივით ძლიერად, და მრავალი შენებულებაც დაიქცა.

ხოლო წელსა ამას 1819, ქ(ორონი)კ(ონ)ს ფზ (507) გარდაიცუალა ს. პეტერბურხსა შინა მეფის გიორგის პირმშო ძე მისი, საქართველოს მემკჳდრე დავით, მაისის 13, და დაეფლა ნევსკის მონასტერში წ(მიდ)ის ოქროპირის ეკლესიაში მაცხოვრის ხატის წინა, დღესა ხუთშაბათსა, დავით, გარეჯელის დღესასწაულში.

ამ წელს აპრილის 30 დაიბადა ძმისწული მისი, მეფის ძის ბაგრატის ძე, და უწოდეს სახელი მისი დავითვე.

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

გიორგი XII საქართველოს უკანასკნელი მეფე და მისი შემოერთება რუსეთთან

(ნ ა წ ი ლ ი V)

თავი VII

საქართველოში ომარ-ხან ავარელის შემოჭრა. – ლაზარევის ბრძოლა ლეკებთან მდ. ივრის ნაპირზე სოფელ კაკაბეთის ახლოს, და მოწინააღმდეგის განდევნა.

დამშვიდდა რა სპარსელთა შემოჭრასთან მიმართებაში, საქართველო აღმოჩნდა ახალი მტრის მუქარის ქვეშ, რომელიც გამოჩნდა სამეფოს საზღვრებზე.

ომარს, ავარიის ხანს, გერგილიან, ვაჟკაც და გაბედულ ადამიანს, შეეძლო ყოველი გარემოების გამოყენება თავისი სასარგებლოდ და ამით შეიძინა კიდეც დიდი მნიშვნელობა მეზობლებში. მისი საკუთარი სამფლობელოები იყო უმნიშვნელო, მაგრამ მნიშვნელოვანი გახლდათ ის გავლენა, რომლითაც იგი სარგებლობდა იმ ხალხებს შორის, რომლებშიც მტაცებლობა წარმოადგენდა ერთადერთ მიზანსა და საქმიანობას. ომარ-ხანი ამ ხალხებს შორის იყო როგორც დაღესტნის მბრძანებელი. ომარის უმცირესი მოძრაობისა და ღონისძიებისას, მისდამი ბრმად მინდობილ მთიელ მტაცებელთა მთელი ხროვა, დგებოდა მისი ლაშქრის რიგებში. ამის გამო ბევრი წვრილი მფლობელის ხვედრი დამოკიდებული იყო ომარ-ხანზე, რომელიც ახდენდა ხშირ შემოჭრებს საქართველოში და ემსახურებოდა იმას უძლიერეს მფლობელთაგან, ვინც უფრო მეტს უხდიდა (Изъ описанiя Грузiи Коваленскаго. См. Акты кавк. арх. ком. Т. I, стр. 122).

აპირებდა რა შემოჭრას საქართველოში და თან მალავდა თავის განზრახვებს, ომარ-ხანი ეძიებდა რუსეთის მფარველობას და, ემზადებოდა რა უკვე მტრული მოქმედებებისთვის, გამოგზავნა თავისი დესპანი კნორინგთან მოსალაპარაკებლად მფარველობის შესახებ.

გენერალმა კნორინგმა ითხოვა ნებართვა ელჩის სანკტ-პეტერბურგში გამოგზავნის თაობაზე (Рапортъ Кноринга государю императору 3-го августа 1800 г. Моск. арх. инсп. деп.), ამასთან წერდა, რომ გიორგი მეფე ყოველწლიურად უხდიდა ომარ-ხან ავარელს 5.000 მანეთს ხარკის სახით და ერთადერთი მიზნით, რომ თავი დაეღწია მისი შემოჭრებისგან.

1800 წლის 26 აგვისტოს რესკრიპტით მიცემულ იქნა ნებართვა ავარელი ელჩის გამოგზანაზე ს.-პეტერბურგში (Рескриптъ Кнорингу 26-го августа. С.-Петербургскiй арх. инсп. деп. Книга № 19); მაგრამ მანამდე, სანამ ეს ნებართვა მოაღწევდა კავკასიამდე, საქართველო მოელოდა უკვე თავისთან ომარ-ხანის შემოჭრას.

აგვისტოს ბოლოს მიღებულ იქნა ცნობა, რომ ომარი, გაერთიანდა რა ყაზიყუმუხის ხანთან, აგრეთვე აკუშისა და ანდიის ყადიებთან, მოადგა სოფელ ბელაქანს, რომელიც საქართველოს საზღვართან მდებარეობდა (Рапортъ Лазарева Кнорингу 24-го августа. Тифл. арх. канц. наместника). გიორგი სთხოვდა ლაზარევს დაძრულიყო ორი ბატალიონით კახეთში და ეკითხებოდა, თუ რა გაეკეთებინა მას. გენერალი ლაზარევი ურჩევდა მეფეს გაეგზავნა ლეკების წინააღმდე თავისი კახური ჯარები 2.000 ადამიანის რიცხვით და შეატყობინა, რომ ორი ბატალიონი მათი კუთვნილი არტილერიით, მიდის ქართული ჯარების გასაძლიერებლად, რომლებიც, ცნობების მიხედვით, იკრიბებოდნენ მდინარე ალაზანთან. ლაზარევი სთხოვდა მეფეს დაემზადებინა პროვიანტი რუსული ჯარებისთვის და განსაკუთრებული მონდომება გამოეყენებინა იმისთვის, რათა იგი “ამ მხრივ უზრუნველყოფილი” ყოფილიყო.

მალევე ამის შემდეგ გიორგის ვაჟიშვილი, ბაგრატ ბატონიშვილი, რომელიც კახეთში (სიღნაღში) იმყოფებოდა, სწერდა მამას (Письмо Баграта Георгiю 8-го сентября 1800 г. Тифл. арх. канц. наместника), რომ ომარ-ხანი მოვიდა კარახის მთაზე. მოთავეთა რჩევით, ქართველებმა გადაწყვიტეს, რომ მთელი ქიზიყი (სიღნაღი) და სხვა ახლომახლო სოფლები შეკრებილიყვნენ სიღნაღის ციხესიმაგრეში. მცხოვრებნი ითხოვდნენ, რათა გიორგის გამოეგზავნა მათთან დავით ბატონიშვილი, “და მეც მოგახსენებთ – წერდა ბაგრატი – რომ არ შემიძლია მთელი კახეთის განკარგვა”.

“ბაგრატ ბატონიშვილი სთხოვდა მამას რომ გამოეგზავნა მისთვის ტყვია, დენთი და “გამამხნევებელი ბრძანება მცხოვრებთათვის”.

გავიდა რა სალაშქროდ, ლაზარევმა დატოვა ტფილისში პოლკოვნიკი კარიაგინი რაზმით, მასში წესრიგისა და სიწყნარის შენარჩუნებისთვის. იგი სთხოვდა მეფეს დაედასტურებინა კარიაგინისთვის ყარაულების განსაკუთრებულ სიმკაცრეში შენარჩუნების შესახებ, “რათა ჩემი არყოფნის შემთხვევაში არ მოხდეს რაიმენაირი შინაგანი თავდასხმა” (Письмо Лазарева Георгiю 27-го сентября 1800 г. Тамъ же).

“რაც შეეხება ყაზახს – წერდა ლაზარევი მეფე გიორგის – მათგან იმ პირთა, რომელთა ერთგულებისა და გულმოდგინების იმედი არა გაქვთ, ცოლები და შვილები, ჩემი ვარაუდით, უსაფრხოების დაცვის საბაბით, ბრძანეთ მოიყვანონ აქ ქალაქში და შეინახეთ ისინი ქალაქში ამანათების (მძევლების) სახით იმ დრომდე, სანამ საგარეო და საშინაო გარემოებები გადაიხრება სრული სიმშვიდისა და უსაფრთხოებისკენ. ხომ არ კეთილნებებთ თავად სოლომონ ავალიშვილის გაგზავნას ჯარების შეგროვებისთვის ყაზახში, სადაც, როგორც თქვენი უმაღლესობისათვის არის ცნობილი, ჩემი და ბატონიშვილის ვახტანგ ირაკლის ძის მიმართვის მიხედვით, ვვარაუდობ, რომ მისი ჯარებიც მალე იქნება გამოგზავნილი”.

“ოქტომბრის დასაწყისში მიღებულ იქნა ცნობა, რომ ომარ-ხანი ვარაუდობდა დაძვრას განჯაზე ჯავათ-ხან განჯელის დასამხობად (Рапортъ Лазарева Кнорингу 6-го октября 1800 г., № 29. Тифл. арх. канц. наместника). ამის კვალდაკვალ მოსული ცნობების მიხედვით, იგი გამოვიდა თავისი ჯარებით ველზე, რომელსაც ეწოდება ტოგაი (თოღაი ?), სასაზღვრო ქართული მდინარის ალაზნის მახლობლად (Рапортъ его же отъ 7-го октября, № 30. Тамъ же).

მოელოდნენ მასთან ქართველი ბატონიშვილის ალექსანდრეს მოსვლას.

როდესაც სპარსელები დაიძრნენ თავიანთი ქვეყნის შიგნით და ბატონიშვილს უკვე აღარ ჰქონდა მათი დაყოლიების იმედი საქართველოში შემოსაჭრელად, მაშინ, დატოვა რა სპარსელთა ბანაკი, იგი გაემგზავრა შუშაში, სადაც ცხოვრობდა ხუთ კვირას “სრული კმაყოფილებით” (Показанiе Турманидзева, бывшаго с царевичемъ. Тифл. арх. канц. наместника). ამავე დროს შუშაში მოვიდა ომარ-ხანის სარდალი, რომელმაც მოახერხა ბატონიშვილის დაყოლიება მის ბანაკში გამგზავრებაზე. გადმოლახა რა მდინარეები მტკვარი, იორი და ალაზანი, ალექსანდრე მივიდა ომარ-ხანთან, რომელიც თავისი ჯარებით ალაზნის პირას იდგა. ომარ-ხანმა მეტად ალერსიანად მიიღო როგორც ალექსანდრე ბატონიშვილი, ისე მასთან ერთად მოსული შუშელი იბრაჰიმ-ხანის ვაჟიც (Письмо царевича, приложенное къ донесенiю Лазарева отъ 25-го октября 1800 г. Тифл. арх. канц. наместника).

თავის წერილში მიტროპოლიტისადმი (Письмо царевича къ митрополиту 23-го октября), ალექსანდრე იფიცებდა წმ. ნინოს საფლავს, რომ მოვიდა იქ სულაც არა იმისთვის, რათა დაარბიოს საქართველო, არამედ იმისთვის, რათა დაიცვას თავისი უფლებები.

საქართველოს ჯარებმა მიიღეს ბრძანება საბრძოლველად მომზადებისთვის. მათ გასაძლიერებლად დაჰპირდათ დაძრულიყო ლაზარევიც პოლკითა და 60 კაზაკით. ბატონიშვილმა ბაგრატმა, რომელიც სიღნაღში იყო გაგზავნილი მოწინააღმდეგის მოგერიებისთვის ზომების მისაღებად, შეატყობინა ლაზარევს (Письмо царевича Баграта Лазареву 12-го октября 1800 г. Тамъ же), რომ ომარ თავისი ჯარებით დგას მდინარე ალაზნის მოპირდაპირე ნაპირზე, ფონთან. ბაგრატი ამაგრებდა სიღნაღს, სთხოვდა ლაზარევს აჩქარებულიყო მის დასახმარებლად და დაჰპირდა მისთვის პროვიანტისა და ფურაჟის დამზადებას.

ოქტომბრის შუახანებში ავარიის ხანმა დავით ბატონიშვილს გამოუგზავნა წერილი, რომელშიც გამოთქვამდა თავისი მტრული მოქმედებების მიზეზს საქართველოს წინააღმდეგ. ომარი ამბობდა, რომ მან შეკრიბა ჯარი და საქართველოს საზღვრებთან მოვიდა იმისთვის, რომ სამჯერ იქნა მოტყუებული გიორგის მიერ, რომელიც მას ხარკს არ უხდიდა. “როგორც თქვენ თქვენს წერილში – წერდა ხანი – მიწოდებთ მე მამას, თუკი თქვენ დარჩებით თქვენს სიტყვაში და ჩვენ ფულს არ დაგვიკავებთ, მაშინ მე ჩემი ჯარით წავალ ქვევით. ორი დღის შემდეგ თქვენი ბიძა ალექსანდრე ბატონიშვილი აქ მოვა, რომელმაც ელჩის ხელით მიიღო ბაბა-ხანისგან ფირმანი, რომელშიც წერია, თუ რამდენი მისთვის, ბატონიშვილისთვის, საჭირო ჯარი და მისი პროვიანტი იქნება გამოგზავნილი”.

“თავად თქვენთვის არის ცნობილი, რომ თუკი მე ჯარით დავბრუნდები უკან, მაშინ ვერც ბაბა-ხანი, ვერც ალექსანდრე ბატონიშვილი ჩემს გარეშე თქვენს საზღვრებთან მოსვლას ვერ გაბედავენ” (Письмо Омаръ-хана царевичу Давиду).

ვარაუდობდა რა, რომ ალექსანდრე ბატონიშვილი, მოაღწევს რა ქიზიყს, დაიწყებს კახელებისა და ქიზიყელების აღელვებას და რომ ბატონიშვილის ძმები ასევე შეეცდებიან შინაგან მღელვარებათა მოხდენას, დავითი სთხოვდა კნორინგს რომ ქიზიყში გაეგზავნა იოანე ბატონიშვილი. “თუკი იოანე ბატონიშვილი იქნება ქიზიყში, – წერდა დავითი (Кнорингу, 13-го октября. Георг. арх. коменд. правл) – მაშინ ხალხი იქნება დარწმუნებული, მშვიდი და მოწესრიგებული, და ამიტომ ვეღარ იქნება უკვე შესაძლებელი (ალექსანდრე ბატონიშვილისთვის), რომ მათ რაიმენაირი პირობები ჩამოართვას”.

ომარ-ხანის ჯარები ამასობაში დღითი-დღე მრავლდებოდა; მაგრამ რადგანაც მათი უმეტესი ნაწილი შედგებოდა ცხენოსანი ჯარისგან, რომლისთვისაც არ იყო დამზადებული ფურაჟი, ამიტომ ხანი იძულებული იყო გაეფანტა ისინი სხვადასხვა ადგილებში. ეს ვერთავმოყრილობა ძალებისა ერთ პუნქტში, არამედ პირიქით, მათი გაფანტვა იყო მიზეზი იმისა, რომ არ შეიძლებოდა ზუსტად განესაზღვრათ, თუ რომელ მიმართულებაზე ვარაუდობდა ომარ-ხანი თავისი ჯარების დაძვრას და რამდენად დიდი იყო მათი რიცხოვნება.

მალევე მიღებულ იქნა ცნობები, რომ ომარ-ხანი გადმოვიდა მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, სადაც, გაჩერდა რა ორ დღეს, დაიძრა ყარა-აღაჩისკენ.

“იჩქარეთ, ღვთის გულისათვის, – სწერდა ლაზარევს იოანე ბატონიშვილი (Отъ 25-го октября 1800 г. Тифл. арх. канц. наместника) – რომ აქ მოხვიდეთ დროზე ადრე მოწინააღმდეგის თავდასხმის დასწრებისთვის, რათა, ამასობაში, ჩვენი საქმე არ წახდეს. მოაწყვეთ ისე, რომ თავად ქალაქში, ისევე როგორც აქაც, იყოს სათანადო განკარგულებანი”.

მოიწვია რა ვახტანგ ბატონიშვილი (Письмо Лазарева царевичу Вахтангу отъ 26-го октября 1800 г., № 56) და მელიქი აბოვი (Письмо мелику Абову отъ того же числа) ერთობლივი მოქმედებისთვის მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, ლაზარევი 29 ოქტომბერს დაიძრა ქიზიყის პროვინციისკენ, მდინარე ალაზნისკენ. თავისი ეგერთა ბატალიონის გარდა, მან თან წაყვანა გენერალ-მაიორ გულიაკოვის პოლკის ნაწილი და ყველა კაზაკი, ათი ადამიანის გამოკლებით, რომლებიც დატოვა ტფილისში სხვადასხვანაირი დავალებებისთვის (Рапортъ Лазарева отъ 25-го октября, за № 53, и 28-го октября государю императору. Моск. арх. инсп. деп.). რაზმი შედგებოდა 45 შტაბ და ობერ-ოფიცრისა და 1.177 დაბალი ჩინისგან (დაწვრილებით, რაზმში იმყოფებოდნენ: მუშკეტერთა გულიაკოვის პოლკიდან: 22 შტაბ და ობერ-ოფიცერი, 35 უნტერ-ოფიცერი, 515 რიგითი, 82 არასამწყობრო; ლაზარევის პოლკიდან: 21 შტაბ და ობერ-ოფიცერი, 38 უნტერ-ოფიცერი, 320 რიგითი, 56 არასამწყობრო; 62 კაზაკი და არტილერიის მომსახურების 69 ადამიანი).

არ შესულა რა მტრულ მოქმედებებში, ლაზარევი ეკითხებოდა ომარ-ხანს, თუ რამ წაახალისა იმაზე, რომ შემოჭრილიყო საქართველოს ფარგლებში და ამით გამოევლინა თავისი ფიქრებისა და სურვილების ცვლილება (Письмо Лазарева Омаръ-хану 1-го ноября. Тифл. арх. канц. наместника). როგორ შევათანხმოთ ეს საქციელი რუსეთის მფარველობის ძიებასთან, რომელზედაც უკვე მიღებულია იმპერატორის კეთილნებელობა, უკვე შეტყობინებული ხანისთვის? გენერალი ლაზარევი ეკითხებოდა ავარიის ხანს: გადაწყვეტილი აქვს თუ არა შემდგომშიც განაგრძოს შემოტევა, თუ, სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად, მშვიდობით დაბრუნდება თავის ქვეყანაში?

ურჩევდა რა აერჩია ის, რაც უკეთესი და უფრო სასარგებლოა ხანისთვის, ლაზარევი აფრთხილებდა, რომ რამდენადაც მას სურს მშვიდობა და თანხმობა, იმდენადვე, ამის საპირისპიროდ, “როდესაც ჩემი შეტყობინებანი თქვენზე არ იმოქმედებს, შეუბრალებელი ვიქნები”.

ომარი პასუხობდა, რომ მას პირადად არა აქვს და არც სურს ჰქონდეს არანაირი მტრული მოქმედებები რუსეთის წინააღმდეგ (Письмо Омаръ-хана Лазареву 4-го ноября. Тамъ же), მაგრამ რომ მასთან მოვიდა ალექსანდრე ბატონიშვილი, და რომ, მიიღო რა იგი სტუმართმოყვარეობის მოვალეობის გამო, საჭიროდ თვლის აღმოუჩინოს მას დახმარება და თანადგომა. “მე არ მსურდა – წერდა ხანი – მქონოდა თქვენთან რაიმე, მხოლოდ ერთი მეგობრობის გარდა; მაგრამ რა ვქნა, როდესაც ღმერთმა ეს საქმე ასე მოაწყო... თუკი იგი (ალექსანდრე ბატონიშვილი) დათანხმდება შერიგებაზე, მაშინ მეც მასთან ერთად კმაყოფილი ვიქნები, იმ მიზეზით, რომ იგი ჩემი სტუმარია და მთხოვა მე დახმარება; ხოლო თუკი იგი კმაყოფილი არ იქნება, მაშინ ასევე არც მე ვიქნები... არ შეწყვიტოთ ჩემთან ურთიერთობები თქვენი განზრახვების შესახებ ისე, როგორც ეს დამახასიათებელია მეგობრებისთვის”.

ამრიგად მიზეზი იმისა, რომელმაც წაახალისა იგი ემოქმედა არამოყვარულად საქართველოს წინააღმდეგ, ომარ ხანს გადაჰქონდა ალექსანდრე ბატონიშვილზე. ლაზარევი სწერდა ბატონიშვილს (Письмо Лазарева царевичу Александру 5-го ноября. Тамъ же), სთხოვდა და ურჩევდა დაბრუნებულიყო ტფილისში, ჰპირდებოდა მას სიმშვიდესა და უსაფრთხოებას და გამოთქვამდა იმედს რომ შეარიგებდა მას მეფე-ძმასთან, რომელიც დაუბრუნებს ბატონიშვილს მამულებსა და მთელ საკუთრებას. ლაზარევი არწმუნებდა ალექსანდრეს, რომ იგი მიიღებს პატიებას იპერატორის პავლე I-გან.

ბატონიშვილი მიუთითებდა შევიწროვებებზე თავისი ძმის გიორგისგან, იმაზე, რომ მან წაართვა მასა და მის ძმებს მამულები და ისინი დაურიგა თავის შვილებს. “სანამ მე ცოცხალი ვარ – წერდა იგი – უარს არ ვიტყვი ჩემს სამკვიდროსა და გლეხებზე და უნდა ვიმეცადინო მათთვის, სანამ ცოცხალი ვარ... როგორ მოვიქცე, რათა არ შევიქნა მისი (გიორგის) მტრების ამხანაგი?”

დარეჯან დედოფალი, ისე ჩანდა, რომ ასევე არწმუნებდა თავის ვაჟს რათა მას არ ეღონა არაფერი რუსეთის იმპერატორის სურვილების წინააღმდეგ და არ შეეგინებინა თავისი საგვარეულო. დედა გარეგნულად გაოცებას გამოხატავდა თავისი ძის საქციელის გამო და სთხოვდა მას გაეხსენებინა, რომ მის მამას, განსვენებულ ერეკლეს, ყოველთვის განზე ეჭირა თავი მტრებისგან, რომლებიც “უკმაყოფილებას აყენებდნენ სრულიად რუსეთის იმპერატორს”.

სინამდვილეში კი დარეჯან დედოფალი ყველაფერში თავად აძლევდა დარიგებებს თავის ვაჟს და არწმუნებდა რომ მყარად ყოფილიყო.

“მე ვიმედოვნებ, – პასუხობდა ყოველივე ამაზე ალექსანდრე ლაზარევს (Отъ 6-го ноября 1800 г. Тифл. арх. канц. наместника) – რომ მალე ვიხილავ უფროს ძმებს, და რაზედაც მეკითხებოდით თქვენ მე, ამაზე ყველაზე უფრო სრულ პასუხს მიიღებთ მათგან. ჩვენ არასოდეს არ ვერევით ისეთ საქმეებში, რომლებიც ხელმწიფის საწინააღმდეგოა, და ახლაც ჩვენ არა გვაქვს იმის საჭიროება, რომ ვებრძოლოთ მის ჯარებს. ღვთის წყალობით, ჩვენ შევეცდებით, რომ უფრო უკეთ და გულმოდგინედ ვემსახუროთ ხელმწიფე იმპერატორს და მის ჯარებთან ბრძოლას არასოდეს არ დავიწყებთ, ხოლო თუკი თქვენ თავად არ აიღებთ ხელს ჩვენს დევნაზე, მაშინ ჩვენ მოვახსენებთ ყოველივეს დაწვრილებით, რასაც თქვენ გააკეთებთ მის უდიდებულესობას”.

მიდოდა რა ავარელთა ბანაკში, ალექსანდრემ თავისი კაცი გაუგზავნა ბაბა-ხანს, სთხოვდა რა მას დახმარებას და ჰპირდებოდა, რომ წარმატებისა და ტფილისის დაუფლების შემთხვევაში, მისცემდა საქართველოს სპარსეთის მბრძანებლის ქვეშევრდომობაში. ბაბა-ხანმა, მადლობას უცხადებდა რა ბატონიშვილს და იწონებდა რა მის განზრახვებს, მაინც უარი თქვა დახმარების მიცემაზე, იმ საბაბით, რომ თავად დაკავებულია საქმეებითა და ხორასანში დაწყებული უწესრიგობებით (Показанiе Захарiи Джораева. Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 285).

სანამ მიდიოდა მოლაპარაკებები, ჩვენი რაზმი წინ მიიწევდა საზღვრებისკენ და 1-ლ ნოემბერს მიაღწია კახეთის სასაზღვრო ციხესიმაგრე სიღნაღამდე. 2 ნოემბრის საღამოს, სიღნაღიდან 16 ვერსზე მოჩანდა მოწინააღმდეგის ბანაკის კოცონები. მთელი ეს დღე ლაზარევმა გამოიყენა ადგილმდებარეობისა და სიღნაღის სიმაგრეების დათვალიერებისთვის, მაცხოვრებელთა გამხნევებისა და ქართული ჯარების შეგროვებისთვის, რომელთაგან ნაწილი უკვე მოსული იყო ბაგრატ ბატონიშვილთან ერთად.

– რამდენი ჯარი გყავთ? – ჰკითხა ლაზარევმა ბაგრატს.

– სამი ათასამდე იქნება, – პასუხობდა ბაგრატი.

მაგრამ ქართველთა ეს უმნიშვნელო რიცხვიც მეტად ცუდად იყო შეიარაღებული: ბევრ მათგანს, იარაღის ნაცვლად, თან ჰქონდა მხოლოდ შინდის კომბლები.

ლაზარევისა და დარეჯან დედოფლის წერილებით გაგზავნილ დესპანს ომარი დახვდა ყარა-აღაჩში, სადაც ხანს შეკრებილი ჰყავდა 15.000-მდე ადამიანი. წაიკითხეს რა წერილები, ომარ-ხანმა და ალექსანდრე ბატონიშვილმა შეკრიბეს საბჭო. ალექსნდრე ურჩევდათ წამოსულიყვნენ კალაგირზე, მაგრამ ლეკი ბელადები მოითხოვდნენ მოძრაობას საგარეჯოზე. უკანასკნელი მოთხოვნა იქნა მიღებული (Показанiе Турманидзе. 7-го ноября 1800 г.). გამოივლიდნენ რა “საგანგებო გზით”, გადაწყვეტილ იქნა უწინარეს ყოვლისა 2.000 კაცით დაეკავებინათ ადგილი საგარეჯო, ხოლო დანარჩენ ჯარებს გაყოფდნენ რა ორ ნაწილად, დაძრავდნენ ერთს ტფილისზე, ხოლო მეორეს კი, გადმოლახავდნენ რა მდინარე მტკვარს, იმერლებთან და მისი ძმების, ვახტანგ, იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილების ჯარებთან შესაერთებლად. დამკვიდრდებოდა რა საქართველოში ამ მხრიდან, იგი ფიქრობდა შემდეგ, უფრო მეტი წარმატებისთვის, გამოეგზავნა ეს რაზმი ტფილისზე, რათა შემოეტია ქალაქისთვის ორი მხრიდან.

ომარის ჯარები ცუდ მდგომარეობაში იყვნენ. პროვიანტი ცოტა იყო, ფურაჟი კი სავსებით არ ჰქონდათ. პროვიანტს ღებულობდნენ ჭარ-ბელაქანელთაგან, ფურაჟად კი იყენებდნენ საძოვარ ბალახს. რაც უფრო უახლოვდებოდა ავარიის ხანი საქართველოს საზღვრებს, მით უფრო გაძნელებული ხდებოდა მისი ჯარების მდგომარეობა. ჯარებს ნება ჰქონდათ მიცემული, რომ თავად ეძიათ თავიანთთვის სურსათი. “მისი მდგომარეობა – მოახსენებდა ლაზარევი – ისეთია, რომ დღისით უდიდესი ნაწილი დაკავებულია ნადირობით, ღამით კი სძინავთ, ერთნი ძილის წინ ფეხზე იხდიან, სხვები როგორც სურთ, და ეს თავის ნებაზეა მიშვებული”.

არ უნდოდა რა ნება მიეცა მოწინააღმდეგისთვის შემოჭრილიყო ქვეყნის შიგნით, ლაზარევი 4 ნოემბერს დაიძრა წინ ქართულ ჯარებთან ერთად. გასცილდა რა სიღნაღს 12 ვერსით, რაზმი გაჩერდა ომარ-ხანთან გაგზავნილი დესპანის მოლოდინში. ხანის არადამაკმაყოფილებელმა პასუხმა აიძულა ლაზარევი რომ ემოქმედა გადამჭრელად. გენერალ-მაიორ გულიაკოვისა და იოანე ბატონიშვილის მონაწილეობით შედგენილ იქნა შეტევის გეგმა, რომლის მიხედვითაც რაზმი 5 ნოემბერს დაიძრა ლეკებთან შესახვედრად და საღამოს გაჩერდა ექვს ვერსზე მოწინააღმდეგისგან.

გამთენიისას მეწინავე პიკეტებმა შეატყობინეს, რომ მოწინააღმდეგე გამოემართა მისი ბანაკიდან მარცხნივ მდებარე ხეობებით, რომ გამოიარა რა ისინი, გამოვიდა უკვე ღია ადგილზე და დაბალი მთაგრეხილების მარცხენა მხარეს, რომელიც ებჯინებოდა მდინარე იორის გაყოლებაზე არსებულ ხეობებს.

ლაზარევს უკან უნდა გამოებრუნებინა რაზმი და დაძრულიყო უკვე გავლილი გზით მოწინააღმდეგის პარალელურად. იგი ფიქრობდა, რომ გამოივლიდა რა მთებსა და ხეობებს, შეეტია ლეკებისთვის ფლანგში და აღეკვეთა მათი შემდგომი შემოტევა. ადგილმდებარეობის მოუხერხებლობა გახლდათ იმის მიზეზი, რომ მათ მთელი დღის განმავლობაში ვერ შეძლეს ერთი-მეორის პირისპირ დადგომა.

7 ნოემბრის გამთენიისას ლაზარევმა მოახერხა, რომ ორი ვერსის დაშორებაზე მიახლოვებოდა მოწინააღმდეგეს, რომელიც მდინარე იორის მარჯვენა ნაპირზე იდგა, სოფელ კაკაბეთის შორი-ახლოს. დაიკავა რა საკმაოდ ხშირი ტყის ნაპირი, ომარ-ხანმა ბრძანა მის გაყოლებაზე აენთოთ ბანაკის კოცონები, ხოლო ცხენოსანი ჯარის ნაწილი კი გაგზავნა ახლომდებარე სოფლების დასაკავებლად, რომელთაგანაც ფიქრობდა საკუთარი ჯარების პროვიანტითა და ფურაჟით მომარაგებას. ჩვენი რაზმი განლაგდა სწორ ადგილზე, რომელსაც სამხრეთიდან ზღუდავდა მდინარე იორი, დასავლეთიდან თხრილი, ჩრდილოეთიდან არცთუ მაღალი მთები, რომელთა გრეხილიც თელავამდე მიდიოდა, ხოლო აღმოსავლეთიდან კი მთის ნაკადულები. დაბლობის გაყოლებაზე მიემართებოდა გზა მდინარე იორამდე. გადაუხვია რა გზიდან მარცხნივ, ჩვენი რაზმი დაიძრა ორ კოლონად, რომელთა უკანაც მოდიოდნენ ქართველები. მთის დამრეც ფერდობზე, რომელიც რაზმს უნდა გაევლო, აღმართულიყო ძველისძველი მცირე კოშკი, საიდანაც იქ ჩამჯდარმა ლეკმა მოახდინა სასიგნალო გასროლა.

ომარ-ხანის ჯარებმა დაიწყეს შემჭიდროვება მდინარის იქითა მხარეზე და მისი გადმოლახვა ჩვენი ჯარების შესახვედრად. ლაზარევმა მოაწყო საბრძოლო წყობა. გენერალ-მაიორ გულიაკოვის კარემ შეადგინა მარცხენა ფლანგი, ლაზარევის კარემ მარჯვენა, ხოლო მათ შორის შუალედში კი დადგნენ ქართველები, იოანე და ბაგრატ ბატონიშვილების მეთაურობით. გადმოვიდა რა მდინარე იორის მარცხენა ნაპირზე, ომარ-ხანმა შემოუტია მარჯვენა ფლანგს და თავისი ცხენოსანი ჯარით ალყა შემოარტყა მას ორი მხრიდან. თოფებიდან წარმოებული ზალპები და ქვემეხებიდან კარტეჩის გასროლები იმდენად იღბლიანი იყო, რომ, ლაზარევის გამოთქმით, “ამ ილეთის შედეგად არცთუ მცირე რიცხვმა (ლეკებისამ) დაიწყო მიწამდე თავების დაკვრა და იმ მოჩვენებითი უფლებების ძიება, რომლებსაც ომარ-ხანი ძლიერად ემხრობოდა” («не малое число отъ сего прiёма начало лбами доставлять землю и доискиваться въ оной мнимых правъ, которыхъ Омар-ханъ былъ сильным поборникомъ») (Рапортъ Лазарева Кнорингу отъ 14-го ноября 1800 г. № 68. Тифл. арх. канц. наместника).

უკუქცეული მოწინააღმდეგე მოუბრუნდა ქართველებს, რომლებიც მას დახვდნენ კარტეჩის გასროლებით მათ ხელთ არსებული ორი ქვემეხიდან. მოწინააღმდეგის კავალერიის ნაწილმა ზურგიდან მოუარა ჩვენს რაზმს და, შეიკრიბა რა ძველ კოშკთან, ეკვეთა ქართველთა უკანა რიგებს, რომლებიც მხოლოდ კომბლებით იყვნენ შეიარაღებულნი. გენერალ-მაიორ გულიაკოვის კარემ იხსნა დაუცველნი, და ომარ-ხანმა უკანდახევა დაიწყო. უკან დახევისას მას უკვე აღარ შეეძლო გვერდი აევლო ჩვენი განლაგების მარჯვენა ფლანგისთვის, რომლისგანაც მან დაიწყო შემოტევა, და მისი რიგები გაიწელა ქვეითი ჯარისა და არტილერიის ჯვარედინი ცეცხლის ქვეშ.

“ძლევამოსილი რუსული «ура!» – მოახსენებდა ლაზარევი – გაისმა ორივე ფრთაზე, და უკანასკნელ გასროლებთან ერთად დაიღუპა მოწინააღმდეგის ძალა. დაბოლოს, მოტანილ იქნა ორი მსუქანი თავი, ერთი ალექსანდრესი, ომარ-ხანის სარდლისა, ხოლო მეორე კი ვითომდა ჯონ-გუტაისა, რომლის უზარმაზარი აღნაგობაც სხვებზე უწინარეს წარმოდგა ყველა გამარჯვებული რუსი მეომრის წინაშე. გეგონებოდათ, რომ იგი სუნთქავდა ბარბაროსული მძვინვარებით, ხოლო მისი განიერი მხარბეჭი და სიმსუქნე ამტკიცებდა, რომ მისი ეს თვისებები ნაკვები იყო უამრავი ბოროტმოქმედებით და გატენილი მხოლოდ მარტო სიშმაგითა და მძვინვარებით” («…что она упитана была туком злодеянიй и набита одною буйственностiю»).

ჩამოწოლილმა საღამომ შეწყვიტა სამსაათიანი ბრძოლა. ღამის სიბნელემ ხელი შეუშალათ მოწინააღმდეგის დევნაში იმ ადგილზე, რომელიც დაფარული იყო ტყით, ბუჩქნარების ეკლებითა და გარდიგარდმო გადაჭიმული ხრამებით.

ლაზარევმა რაზმით უკან დაიხია სოფელ კაკაბეთისკენ, სადაც განლაგდა კიდეც ღამის გასათევად. დილის დადგომასთან ერთად გამარჯვებულს თვალწინ გადაეშალა სურათი იმ საშინელი სასაკლაოსი, რომელიც განიცადა მოწინააღმდეგემ. ლელიანი, ბუჩქნარები და ხრამები სავსე იყო გვამებით, რომელთა შორისაც ისმოდა დაჭრილთა და მომაკვდავთა კვნესა. მთელ მინდორზე მზის სხივები ანათებდა სისხლით მორწყულ ბალახსა და ადამიანთა ტანჯვა-ვაების ბევრ სხვა კვალს. მდინარის იქით, მოწინააღმდეგის გუშინდელი ბანაკის ადგილზე, მოსჩანდა საშინელი არეულობისა და საშინელების კვალი (следы страшнаго смятенiя и ужаса), რომლითაც მან დატოვა მთელი საკვები მარაგები, ისე რომ ბევრ ადგილას ნაპოვნი იქნა დანები იმ მდგომარეობაში, რომელიც შეიძლება წარმოიდგინო ნახევრად დაჭრილი საჭმლის დროს.

მოწინააღმდეგის დანაკარგი ადიოდა 2.000 ადამიანამდე მოკლულებითა და დაჭრილებით. თავად ომარ-ხანი, ცნობების მიხედვით, მძიმედ იყო დაჭრილი ტყვიით თეძოში. ჩვეთან დანაკარგი შედგებოდა ერთი მოკლული, ერთი დაჭრილი და ერთიც ფეხზე კონტუზია-მიღებული ოფიცრისგან.

ბატონიშვილებმა ბაგრატმა და იოანემ (Рескриптъ Георгiю 21-го декабря 1800 г. Моск. арх. мин. иностр. делъ), გენერალ-მაიორებმა ლაზარევმა და გულიაკოვმა მოპოვებული გამარჯვებისთვის ჯილდოდ მიიღეს წმ. იოანე იერუსალიმელის ორდენის სამეთაურო ჯვრები. ბევრმა ოფიცერმა მიიღო იმავე ორდენის კავალერის ჯვარი; მწყობრში მყოფ ყველა ქვედა ჩინს ეწყალობა ვერცხლის მანეთი ადამიანზე (Высочайшее повеленiе 17-го декабря 1800 г. Тифл. арх. гл. шт. кавк. армiи).

არ ჰქონდა რა შესაძლებლობა იმისა, რომ გადასულიყო თოვლიან-ყინულიანი მთების გადავლით თავის სამფლობელოებში, ომარ-ხანმა უკან დაიხია ჭარში და განზრახული ჰქონდა რომ ზამთარი ბელაქანში გაეტარებინა. ათიოდე ლეკი შეადგენდა მთელ მის სამხედრო ძალას; დანარჩენი ჯარები სახლებში წავიდ-წამოვიდნენ, ხოლო 2.000 კი დარჩა შუშაში, სოფლებში, ყარაბაღელ იბრაჰიმ-ხანთან. მასთანვე იმყოფებოდა ალექსანდრე ბატონიშვილიც (Рапортъ Лазарева Кнорингу 21-го декабря 1800 г., № 160. Тифл. арх. канц. наместника).

ომარ-ხანის ჯარები განიცდიდნენ უკიდურეს უკმარისობას სურსათში. დადიოდა ხმები, რომ საკვების არქონის გამო ლეკები ერთიმეორეს პარავდნენ ცხენებს და ჭამდნენ.

12 ნოემბერს ლაზარევი რაზმთან ერთად დაბრუნდა ტფილისში (Рапортъ Лазарева государю императору 12-го ноября. Моск. арх. инсп . департамента).

დეკემბრის ბოლოს მიღებულ იქნა ცნობა, რომ ომარ-ხანი მოვიდა სოფელ ბელაქანში, და თუმცა კი მასთან არ ყოფილა ჯარები, მაგრამ, იცოდა რა, რომ ჭარ-ბელაქნელები საერთოდ მიდრეკილი არიან მტაცებლობისადმი, ლაზარევმა, საქართველოს უზრუნველსაყოფად, გადაწყვიტა მოეხდინა ჯარების ახალი დისლოკაცია. სიღნაღის ციხეში დაყენებულ იქნა სამი ასეული ქვემეხით და მუშკეტერთა ასეული ქვემეხით კიდევ 15 ვერსში სიღნაღიდან ტფილისისკენ მომავალ გზაზე. ბრძანებების უსწრაფესად გადაცემისთვის დაწესებულ იქნა მფრინავი ფოსტა (Рапортъ Лазарева Кнорингу26-го декабря 1800 г., № 85).

მაგრამ ომარ-ხანი არ მიმართავდა არანაირ თავდასხმებს საქართველოზე. მისცა რა თავი თავის ჩვეულებრივ მანკიერებას, გარყვნილებასა და ქეიფს, იგი მოკვდა ლოთობისგან 1801 წლის მარტში (Рапортъ Лазарева Кнорингу 16-го марта 1801 г., № 171. Рапортъ Кноринга государю императору 24 –го марта 1801 г. Моск. арх. мин. иностр. делъ).

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

(ზემოთ ტექსტში მოხსენიებულ ბაგრატ ბატონიშვილს, გიორგი მეფის ძეს, ასევე აქვს აღწერილი რუს-ქართველთა ერთობლივი ჯარების ბრძოლა ომარ-ხანის ჯარებთან 1800 წლის ნოემბერში თავის თხზულენაში “ახალი მოთხრობა”, რომელსაც ჩვენს მკითხველს ქვემოთ ვთავაზობთ. სახელდობრ, ბაგრატ ბატონიშვილი წერს:)

პარაგარაფი 44

ხოლო წელსა 1800 ბაბახან ყეენმან თვისი სარდალი წარმოავლინა, მოვიდა ნახჩევანს. მეფეს გიორგის ძმამან თვისმან ალექსანდრემ უღალატა, წარვიდა და მივიდა ნახჩევანს სარდლისა წინაშე. მას ჟამსა კ(ვალა)დ უკუნ იქცა სარდალი სპარსეთადვე, ხოლო ალექსანდრე დაშთა მუნ ვერა რაჲსამე მყოფელი. ალექსანდრე ნახჩევანიდამ უკუნქცეული მივიდა ყარაბაღის ხანთან იბრემთანა. ხოლო მახ ჟამსა ხუნძახის ერისთავიცა ომარ ჩამოვიდა ჭარსა თორმეტი ათასითა მხედრობითა. მსმენელი ამისი ალექსანდრე წარვიდა ყარაბაღით ჭარში და მივიდა მისთანა, აბირა და აღუთქვა მრავლისა მიცემაჲ ტყვისა და საქონლისა. ხოლო წელსა ამას 1800 გამოჩნდა ნაწილი წ(მიდ)ისა მთავარ მოწამისა გიორგისა მკლავი. ხოლო წელსა1800 ინება მეფემან გიორგიმ მოჭედა ხატისა წ(მიდ)ისა მთავარმოწამისა გიორგისა, ბოჭორმად წოდებულისა, რომელიცა ასვენია თელავს წმიდის მოწამის ქეთევან დედოფლის ეკლესიაში, რომელიცა იყო ძველად მოჭედილ, გარნა სიძველისა გამო არღვის ახსოვდა ნაწილი მის შორის. და ჰკურნებდა მრავალთა სნეულთა და უძლურთა და სულთა უკეთურთა. ხოლო აჰყარეს რა ვერცხლი იგი, ჰპოეს მკერდსა მას შინა დაფარული მკლავი წმინდისა, რომელიცა მოსჭედა მეფემან ძვირფასად და შთაასვენა კ(ვალა)დ ნაწილივე ხატსა მას შინა, რომლისა ძლითა და სასწაულითა იძლივა ომარ ხან, რომელსაცა დღესასწაულობენ დღესასწაულსა მისსა ერნი კახეთისანი ნოემბრის 10. ხოლო მისრულმან მეფის ძემან ალექსანდრემ წარმოიყვანა ომარ ხან და განვიდა ალაზანსა, ენება რათა შემოადგეს ტფილისსა და აღიღოს ტფილისი და წარსწყმინდოს ძმა თვისი გიორგი, რომელიცა მას ჟამს სნეულობდა და მდებარე იყო წყლის მანკიერებით. მეფე გიორგიმ მსმენელმან ამისმან მეფემან მიუწერა ძესა თვისსა ბაგრატს, ზანიშინსა კახეთისასა, რათა შეკრიბოს კახთა მხედრობაჲ და შერთდეს უფროსსა ძმასა თვისსა იოვანეს ფელციხმესტრსა, ესე იგი თოფჩიბაშსა, რომელსაცა წარატანა თანა ტფილისით ორნი ბატალიონნი რუსთა მხედრობისა და ორნი ზარბაზანიცა საქართველოს არტირელისა წინაძღომითა ღიანარალ ლაზაროვისა და ღიანარალ გულაკოვისთა. ამათ მისრულს ქიზიყს შეეყარა მეფის ძე ბაგრატცა მხედრობითა თვისითა ზემო კახითა, თუშ-ფშავ-ხევსურითა. წარემართნენ და მივიდნენ წინა მხარს, ძველს ანაგად წოდებულსა ადგილსა, რომელიცა შორავს ქიზიყსა ორითა უკჱე ფარსანგითა. ხოლო ომარ ხანცა გამოსრულმან დაიბანაკა ყარაღაჯ წოდებულსა ადგილსა, რომელიცა შორავს ძველს ანაგასა ერთითა უკჱე ფარსანგითა. ენებათ უკჱე ადგილსა მას ომი, გარნა არამნებელი ომარ ხან აღიყარა ღამესა მას და წარემართა უკანა მხრისა გზით დასაპყრობელად საგარეჯოისა და გარემოთა სოფლებთა, რათა ჰყონ იგი სადგურად თვისად და ეოხრებინა გარემონი სოფლებნი. მსმენენლნი მეფის ძენი შეუდგნენ უკანა რუს-ქართველითა, ეწივნენ იორსა ზედა ნიახურად წოდებულსა ადგილსა. მუნ შეიბნენ; იქმნა ბრძოლა ძლიერი ვიდრე სამ საათადმდე. იძლივნენ ლეკნი ომარ ხანითურთ და ეგოდენი მოსწყვიტნეს, რომე რიცხვი არ შეიგებოდა. რუსნი უკჱე იყვნენ ხუთასნი კაცნი, ხოლო ქართველნი და კახნი ათას ხუთასნი, და ზარბაზანი აქვნდათ ექვსნი, რომელნიცა ძალ გულისა თვისისა და მინდობილნი ღვთისანი კახნი თავადნი და გლეხნი იყვნენ მას დღესა შინა მხნედ ვითარცა ლომნი. ეჰა, მოწყალებასა მღვთისასა, რომელ არცა ერთი კახთა თავადთაგანი იქმნა დაკლებულ სიკვდილითა, თვინიერ ოცდაათისა კაცისა გლეხისა და მთის კაცისა და ეგრეთვე რუსთაცა თვინიერ ორისა სალდათისა. ესე ბრძოლა იყო ნოემბრის 7, საღამოს, დღესა ოთხშაბათსა, რომელი განთენდებოდა დღესასწაული მთავარანგელოზთა მიხაილ და გაბრილის კარებსა. ამან მოსცა შეწევნა კახთა და მფარველობა და ძლევა მტერთა. თუცა და ღამემან უსწრო, ღამით გარდიხვეწნენ ლეკნი, თვარ ვჰგონებ ვერცა და ერთი განერებოდა. იალაფეს ბანაკი მათი და ტყვე ჰყვეს მრავალნი, გარნა თუშნი უმეტეს იყვნენ მხნედ და მეწინავედ მბრძოლნი, რომლისა ქება კაცთაგან შეუძლებელ არს. ხოლო ომარ ხან ძლეული მივიდა განჯას; მუნ ჯავათ ხან შემოება და დაამარცხა. ხოლო მუნითგან მივიდა ყარაბაღს, სიძისა თვისთანა, იბრეიმ ხანისა, და არცაღა მან ისტუმრა. მხილველი ამისი ომარ ხან უკუნ იქცა და მივიდა ჭარსა, რომლისა მწუხარებისა გამო მოკვდა მუნ. მაშინ წარავლინეს მახარობელი წინაშე მეფისა და აუწყეს ესევითარი ბედ-შემთხვევაჲ და გამარჯვებაჲ, რომლისა გამო მეფე გიორგი იქმნა მხიარულ და მადლობელი ღვთისა. გარნა ვინაითგან იყო მეფე გიორგი ფ(რია)დ ღვთისმოყვარე და მლოცავი, დღესა მას იხილა ჩვენება, რომელსაცა იყო ბრძოლა, და აუწყა თვისთა მახლობელთა: “გიხაროდენ ყოველთა, რომელ ძალითა ღვთისათა სძლეს ჩვენთა მხედრობათა მტერსა ომარ ხანსა და დაკვთეს ფ(რია)დ”. ჵ~(ჰოი) საკვირველი! დღესა მეორესა მიუვიდა მახარობელიცა და აუწყა ესე ყოველი, რომლისა გამო გაჰკვირდნენ მახლობელნი იგი მეფისანი. ხოლო მეფის ძენი მოვიდნენ ტფილის მამისა თვისისა თანა გამარჯვებულნი და მოართვეს ურიცხვი დროშანი მტერთანი, რომელნიცა წარგზავნა რუსეთისა კარსა ზედა და აუწყა ყოველი ესე ყოფილი იპერატორსა პავლეს, რომლისა ჯილდოდ მოუზღვა იპერატორმან წყალობად მეფის ძეთა იოვანეს და ბაგრატს კავალერია მალთისა წ(მიდ)ისა იოვანე ნათლისმცემლისა, ხოლო რუსთაცა ღიანარალთა და მხედრობათა მოუბოძა ყოველთავე კავალერია მუნ მყოფთა ოფიცერთა. და პოლკთა მან უბოძა ბაირახნი ძლევისანი, რომელსა ზედა წერილ იყო ესე: “ძლევისათვის ავარელისა ომარ ხანისა”.