(ნ ა წ ი ლ ი II)
მეორე რჯული
თავი მეოთხე
1. ახლა ისმინე, ისრაელო, წესი და სამართალი, რომელსაც გასწავლი, რათა გადარჩეთ და წახვიდეთ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, გაძლევთ.
2. ნურაფერს შემატებთ ჩემს ნაანდერძევს თქვენდამი და ნურც მოაკლებთ, არამედ დაიცავით უფლის, თქვენი ღმერთის მცნებები, რომელთაც გიცხადებთ მე.
3. თქვენი თვალით გაქვთ ნანახი, რაც მოიმოქმედა უფალმა ბაალ-ფეღორის გამო, როცა გაწყვიტა შენი წიაღიდან ყოველი კაცი, ვინც აჰყვა ბაალ ფეღორს.
4. თქვენ კი, რომლებიც მიეწებეთ უფალს, თქვენს ღმერთს, ყველანი ცოცხლები ხართ, დღესდღეობით.
5. იცოდე, მე გასწავლეთ თქვენ წესი და სამართალი, როგორც მიბრძანა უფალმა, ჩემმა ღმერთმა, რომ სწორად მოიქცეთ იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.
6. დაიცავით და შეასრულეთ, რადგან ეს არის თქვენი სიბრძნე და გონიერება იმ ხალხების წინაშე, რომლებიც ყურს მოჰკრავენ ამ წესებს და იტყვიან: აჰა, ბრძენი და გონიერი ხალხია ეს დიდი ერი.
7. რადგან რომელი დიდი ერია, რომელთანაც ასე ახლოს იყვნენ ღმერთები, როგორც უფალი, ჩვენი ღმერთი, როცა ვუხმობთ მას?
8. რომელი დიდი ერია, რომელსაც ჰქონდეს ასეთი წესები და სწორი სამართალი, როგორც მთელი ეს რჯულია, დღეს რომ გაძლევთ.
9. ოღონდ გაფრთხილდი და გულისყურით იყავი, რომ არ დაგავიწყდეს შენი თვალით ნანახი საქმეები, და ვიდრე ცოცხალი ხარ, გულიდან არ ამოგივარდეს. აცოდინე შენს შვილებს და შვილთაშვილებს.
10. ის დღე, როდესაც უფლის, შენი ღმერთის წინაშე იდექი ხორებში და მეუბნებოდა უფალი: შემიკრიბე ხალხი და ჩავასმენ სიტყვებს, საიდანაც ისწავლიან ჩემდამი შიშს, ვიდრე ცოცხლობენ ამ მიწაზე, და თავიანთ შვილებსაც ასწავლიან.
11. თქვენც მიუახლოვდით და მთის ძირას დადექით. მთას ცეცხლის ალი ასდიოდა ცის გულამდე. იდგა წყვდიადი, ღრუბელი და ნისლი.
12. გელაპარაკებოდათ უფალი ცეცხლიდან. ლაპარაკის ხმა კი გესმოდათ, მაგრამ სახეს ვერ ხედავდით, მხოლოდ ხმა ისმოდა.
13. გამოგიცხადათ თავისი აღთქმა, რომლის შესრულება გიბრძანათ. ათი მცნება დაგიწერათ ორ ფიქალზე.
14. მე მიბრძანა მაშინ უფალმა მესწავლებინა თქვენთვის წესი და სამართალი, რათა შეასრულოთ ისინი იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.
15. ძალზე ფრთხილად იყავით, რაკი არ გინახავთ არავითარი სახე, როცა უფალი გელაპარაკებოდათ ხორებში ცეცხლის შუაგულიდან.
16. რომ არ გაირყვნათ და არ გაიკეთოთ ქანდაკი, რაიმე კერპის ხატი მამრის თუ მდედრის გამოსახულება.
17. რაიმე ცხოველის გამოსახულება, რაც დედამიწაზეა, რაიმე ფრინველის გამოსახულება, ცაში რაც დაფრინავს.
18. მიწაში ქვემძრომის გამოსახულება, რაიმე თევზის გამოსახულება, რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.
19. რომ ცისკენ ახედვისას და მზისა, მთვარისა და ვარსკვლავების, ცის მთელი მხედრობის დანახვისას არ შეცდე და თაყვანი არ სცე მათ, არ ემსახურო მათ, რომლებიც შეუქნა უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველა ხალხს მთელს ცისქვეშეთში.
20. აგიყვანათ უფალმა და გამოგარიდათ რკინის ღუმელს – ეგვიპტეს, რომ ყოფილიყავით მისი სამკვიდრო ერი, როგორც დღესა ხართ.
21. უფალი გამირისხდა თქვენს გამო და დაიფიცა, რომ ვერ გადავალ იორდანეს გაღმა, ვერ შევალ მადლიან ქვეყანაში, რომელიც სამკვიდროდ მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა.
22. რადგან ამ ქვეყანაში მოვკვდები მე, ვერ გადავალ იორანეს, თქვენ კი გადახვალთ და დაიმკვიდრებთ იმ მადლიან ქვეყანას.
23. ფრთხილად იყავით, რომ არ დაგავიწყდეთ უფლის, თქვენი ღმერთის აღთქმა, რომელიც დაგიდოთ თქვენ, რომ არ გაიკეთოთ კერპი, რაიმე გამოსახულება, როგორც უფალმა, შენმა ღმერთმა გიბრძანა.
24. რადგან მშთანთქმელი ცეცხლია უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთია.
25. თუ გეყოლა შვილები და შვილთაშვილები, შეაბერდი ამ ქვეყანას, გაირყვენი და გაიკეთე კერპი, რაიმე გამოსახულება, უკეთურად მოიქეცი უფლის შენი ღმერთის თვალში და გააჯავრე იგი,
26. ცასა და მიწას ვიმოწმებ თქვენს წინაშე, რომ მალე გადაშენდებით იმ ქვეყნიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს. დიდხანს ვერ დაჰყოფთ იქ, უეჭველად განადგურდებით.
27. გაგფანტავთ უფალი ერებში და მცირენი-ღა დარჩებით ხალხთა შორის, სადაც მიგიყვანთ თქვენ უფალი.
28. დაუწყებთ იქ თაყვანისცემას ადამიანის ხელით ნაკეთებ ღმერთებს, ხესა და ქვას, რომლებიც ვერაფერს ხედავენ, არაფერი ესმით, არაფერს სჭამენ, ვერაფერს ყნოსავენ.
29. როცა დაუწყებ იქიდან ძებნას უფალს, შენს ღმერთს, იპოვნი მას, თუკი მთელი შენი გულითა და მთელი შენი სულით ეძიებ.
30. როცა გაგიჭირდება და ყოველივე ეს გეწევა მომავალში, მიიქცევი უფლისაკენ, შენი ღმერთისაკენ, და გაიგონებ მის ხმას.
31. რადგან მოწყალე ღმერთია უფალი, შენი ღმერთი, არ მიგატოვებს, არ დაგღუპავს და არ დაივიწყებს შენს მამა-პაპასთან ფიცით დადებულ აღთქმას.
32. აბა შეეკითხე გარდასულ დღეებს,შენამდე რომ იყო, იმ დღიდან, რაც შექმნა ღმერთმა კაცი ქვეყანაზე, ცის კიდიდან კიდემდე: თუ მომხდარა ასეთი დიადი საქმე ან მსგავსი რამ თუ სმენილა ოდესმე?
33. თუ უსმენია რომელიმე ხალხს ცეცხლის შუაგულიდან მოლაპარაკე ღვთის ხმა, როგორც შენ ისმინე და ცოცხალი დარჩი.
34. ან თუ გაბედავდა რომელიმე ღმერთი, წასულიყო და გამოეყვანა ხალხი სხვა ხალხის წიაღიდან განსაცდელებით, ნიშნებით, სასწაულებით, ბრძოლით, მაგარი ხელით და გაშლილი მკლავით, დიდი ზარისტეხით, როგორც მოიმოქმედა თქვენთვის უფალმა ეგვიპტეში თქვენს თვალწინ?
35. შენ გახილვინა ეს იმის საცოდნელად, რომ ღმერთია უფალი, რომ სხვა არავინ არის მის გარდა.
36. ციდან გასმინა თავისი ხმა, რომ განესწავლე და ქვეყანაზე გახილვინა თავისი დიადი ცეცხლი და შენც მოისმინე მისი სიტყვები ცეცხლის შუაგულიდან.
37. რაკი შეიყვარა შენი მამა-პაპა, კიდეც გამოარჩია მისი შთამომავლობა და თავად გამოგიყვანა დიადი ძალით ეგვიპტიდან.
38. რომ აეყარა შენს წინაშე შენზე დიდი და ძლიერი ხალხები, მოეყვანე და მოეცა შენთვის მათი ქვეყანა სამკვიდროდ, როგორც დღესა გაქვს.
39. ახლა შეიგნე და გულს ჩაიბეჭდე, რომ უფალი ღმერთია მაღლა ცაში და დაბლა მიწაზე. სხვა არ არის.
40. დაიცავი მისი წესები და ბრძანებები, რომელსაც დღეს გიცხადებ, რომ კარგად იყოთ შენდ და შენი შვილები, შენს შემდეგ, რომ დიდხანს გაძლო ამ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს სამარადისოდ.
< . . . . . . . >
თავი მეხუთე
1. უხმო მოსემ მთელს ისრაელს და უთხრა: ისმინე, ისრაელო, წესი და სამართალი, რომელსაც ვიტყვი დღეს თქვენს გასაგონად. დაისწავლეთ ისინი და შეასრულეთ.
2. უფალმა, ჩვენმა ღმერთმა დაგვიდო აღთქმა ხორებში.
3. ჩვენი მამა-პაპისთვის არ დაუდევს ეს აღთქმა უფალს, არამედ ჩვენ დაგვიდო, ჩვენ კი, აჰა, ყველანი ცოცხლები ვართ დღეს.
4. პირისპირ გელაპარაკებოდათ უფალი მთაზე ცეცხლის შუაგულიდან.
5. მე კი უფალსა და თქვენს შორის ვიდექი მაშინ, რომ გამომეცხადებინა თქვენთვის უფლის სიტყვა, რადგან თქვენ ცეცხლის გეშინოდათ და მთაზე არ ამოსულხართ. მან თქვა:
6. მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან.
7. ნუ გეყოლება სხვა ღმერთები ჩემს წინაშე.
8. ნუ გაიკეთებ კერპს, რაიმე გამოსახულებას იმისა, რაც მაღლა ცაშია და რაც დაბლა დედამიწაზეა, და რაც წყალშია, მიწის ქვევით.
9. ნუ სცემ თაყვანს მათ და ნუ ემსახურები, რადგან მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, შურისმაძიებელი ღმერთი, მამათა ცოდვის მომკითხავი შვილებისაგან მესამე და მეოთხე თაობამდე, ჩემი მტრებისაგან.
10. წყალობის მყოფელი ათასი თაობის იქით ჩემს მოყვარეთათვის და ჩემი ანდერძის შემსრულებელთათვის.
11. ნუ ახსენებ ფუჭად უფლის, შენი ღმერთის სახელს, რადგან არ დაინდობს უფალი თავისი სახელის ფუჭად მხსენებელს.
12. დაიცავი შაბათი დღე, რომ წმიდად შეინახო იგი, როგორც უფალს, შენს ღმერთს უბრძანებია.
13. ექვს დღეს იმუშავე და აკეთე ყველა შენი საქმე.
14. მეშვიდე დღე უფლის, შენი ღმერთის შაბათია: არაფერი საქმე არ აკეთო არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ასულმა, არც შენმა ყმაწვილმა, არც შენმა ხარმა, არც შენმა სახედარმა, არც ერთმა შენმა პირუტყვმა, და არც შენმა მდგმურმა, რომელიც შენს ქალაქებში ცხოვრობს, რომ დაისვენოს შენმა ყმამ და ყმაქალმა შენთან ერთად.
15. გახსოვდეს, რომ ყმა იყავი შენც ეგვიპტის ქვეყანაში და გამოგიყვანა იქიდან უფალმა, შენმა ღმერთმა მაგარი ხელით და შემართული მკლავით. ამიტომ გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა, შაბათი დღის შენახვა.
16. პატივი ეცი შენს მამას და შენს დედას, როგორც გიანდერძა უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ დღეგრძელი იყო და კარგად იცხოვრო იმ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გაძლევს.
17. კაცი არ მოკლა, არ იმრუშო, არ იქურდო, არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი ახლობელის წინააღმდეგ.
18. არ მოინდომო ახლობელის ცოლი, არ ისურვო ახლობელის სახლი, არც მისი ყანა, არც მისი ყმა, არც მისი ყმაქალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი, არაფერი მისი საბადებლიდან.
19. ეს სიტყვები გითხრათ უფალმა მთელს თქვენს კრებულს მთაზე ცეცხლის, ღრუბლისა და ნისლის შუაგულიდან მაღალი ხმით, მეტი არაფერი უთქვამს, დაწერა ორ ფიქალზე და მე მომცა.
20. როცა მოისმინე მისი ხმა ბნელიდან, მთას კი ამ დროს ცეცხლი ეკიდა, ახლოს მოხვედით ჩემთან შტოთა თავკაცები და უხუცესები.
21. და მითხარით: აჰა, გვახილვინა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, თავისი დიდება და სიდიადე, მისი ხმაც გვესმა ცეცხლის შუაგულიდან. ამ დღეს დავინახეთ, რომ ღმერთი ელაპარაკა ადამიანს და ცოცხალი დარჩა ადამიანი.
22. ახლა რისთვისღა დავიხოცოთ? ხომ გვშთანთქავს ეს დიდი ცეცხლი? ხომ დავიხოცეთ, თუ კიდევ მოგვესმა უფლის, ჩვენი ღმერთის ხმა?
23. რადგან რომელი ხორციელი ყოფილა, რომ მოესმინოს ცეცხლის შუაგულიდან მოლაპარაკე ღმერთის ხმა და ჩვენსავით ცოცხალი დარჩენილიყოს?
24. ახლოს მიდი და მოისმინე ყველაფერი, რასაც უფალი, ჩვენი ღმერთი, იტყვის. მერე გვითხარი ყველაფერი, რასაც უფალი, ჩვენი ღმერთი, გამოგიცხადებს. ჩვენც მოვისმენთ და შევასრულებთ.
25. მოესმა უფალს თქვენი ლაპარაკის ხმა, მე რომ მელაპარაკებოდით, და მითხრა უფალმა: მომესმა ამ ხალხის ლაპარაკის ხმა, შენ რომ გელაპარაკებოდა.
26. ნეტავ ისეთი გული ჰქონდეთ, რომ შინებოდათ ჩემი და მუდამჟამს დაეცვათ ყოველი ჩემი მცნება, რათა კარგად ყოფილიყვნენ თვითონ და მათი შვილები სამარადისოდ.
27. წადი, უთხარი მათ: დაბრუნდით-თქო თქვენ – თქვენს კარვებში!
28. შენ კი აქ იდექი ჩემთან და გამოგიცხადებ ყველა მცნებას, წესსა და სამართალს, რომელიც უნდა ასწავლო მათ, რომ შეასრულონ იმ ქვეყანაში, რომელსაც დასამკვიდრებლად ვაძლევ.
29. ეცადეთ ისე მოიქცეთ, როგორც ნაბრძანები აქვს თქვენთვის უფალს, თქვენს ღმერთს: არ გადაუხვიოთ არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.
30. სულ იმ გზაზე იარეთ, როგორც გიბრძანათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, რომ იცოცხლოთ, სიკეთე გქონდეთ და დღეგრძელი იყოთ ქვეყანაში, რომელსაც დაიმკვიდრებთ.
თავი მეექვსე
1. აი, მცნება, წესი და სამართალი, რომელიც გამოგიცხადათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, და გასწავლათ მათი შესრულება იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ;
2. რომ გეშინოდეს უფლის, შენი ღმერთისა, რომ დაიცვა ყოველი მისი წესი და მცნება, რომელსაც გიცხადებ შენ, შენს შვილებს და შენს შვილთაშვილებს, შენს სიცოცხლეში რომ დღეგრძელი იყო.
3. ისმინე, ისრაელო, და ეცადე შეასრულო, რომ კარგად იყო და დიდად იმრავლო ქვეყანაში, სადაც ღვარად დის რძე და თაფლი, როგორც აღგითქვა შენ უფალმა, შენი მამა-პაპის ღმერთმა.
4. ისმინე, ისრაელო! ერთია უფალი, უფალი, ჩვენი ღმერთი.
5. გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით.
6. გულში გქონდეს ეს სიტყვები, რომლებიც დღეს გამოგიცხადე.
7. ჩააგონებდე შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას.
8. შეიბი ნიშნად ხელზე და ტვიფრად შუბლზე.
9. წააწერე შენი სახლის წირთხლებსა და კარებს.
10. და როცა შეგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის გამო ეფიცებოდა აბრაამს, ისაკს და იაკობს, რომ შენ მოგცემდა დიდი და მშვენიერი ქალაქებითურთ, რომლებიც შენ არ აგიშენებია,
11. ყოველნაირი დოვლათით ავსებული სახლებითურთ, რომლებიც შენ არ აგივსია, ამოთხრილი ჭებითურთ, რომლებიც შენ არ ამოგითხრია, ვენახებითა და ზეთისხილის ბაღებით, რომლებიც შენ არ გაგიშენებია, და შენც შეჭამ და გაძღები,
12. ფრთხილად იყავი, რომ არ დაგავიწყდეს უფალი, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან.
13. უფლის, შენი ღმერთის გეშინოდეს და მას ემსახურებოდე, მის სახელს ფიცულობდე.
14. ნუ გაჰყვებით სხვა ღმერთებს, იმ ხალხთა ღმერთებს, რომლებიც თქვენს გარშემო არიან.
15. რადგან შურისმაძიებელი ღმერთია თქვენში უფალი, არ აღიგზნოს უფლის, თქვენი ღმერთის რისხვა თქვენზე და არ წარგხოცოთ მიწის პირისაგან.
16. ნუ გამოცდით უფალს, თქვენს ღმერთს, როგორც გამოცადეთ იგი მასაში.
17. დაიცავით უფლის, თქვენი ღმერთის მცნებები, მოწმობანი და წესები, რომლებიც გამოცხადებული მაქვს თქვენთვის.
18. სწორად და კეთილად მოიქეცი უფლის თვალში, რომ კეთილად იყო, რომ მიაღწიოთ და დაიმკვიდრო მადლიანი ქვეყანა, რომელიც აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას.
19. რომ მოგაცილოს ყველა შენი მტერი, როგორც ნათქვამი აქვს უფალს.
20. თუ შეგეკითხება ხვალ შენი შვილი: რა არის ეს მოწმობანი, მცნებები, წესები და სამართალი, რომელიც გამოგიცხადათ თქვენ უფალმა, ჩვენმა ღმერთმაო,
21. მიუგე შენს შვილს: ფარაონის ყმები ვიყავით-თქო ეგვიპტეში და მაგარი ხელით გამოგვიყვანა-თქო უფალმა ეგვიპიტიდან.
22. მოუვლინა-თქო უფალმა საშინელი ნიშნები და სასწაულები ეგვიპტეს, ფარაონს და მთელს მის ხალხს, ჩვენს თვალწინ.
23. ჩვენ კი გამოგვიყვანა-თქო იქიდან, რომ აქ მოვეყვანეთ და მოეცა ჩვენთვის ეს ქვეყანა, რომელიც აღუთქვა ჩვენს მამა-პაპას.
24. გვიბრძანა უფალმა ყველა იმ წესის შესრულება და უფლის, ჩვენი ღმერთის შიში, რომ კარგად ვიყოთ მთელი სიცოცხლე, რომ ცოცხალი დავრჩეთ, როგორც ახლა ვართ.
25. ჩვენი იქნება სიმართლე, თუ შევასრულებთ ყველა იმ მცნებას უფლის, ჩვენი ღმერთის წინაშე, როგორც უბრძანებია ჩვენთვის.
თავი მეშვიდე
1. როცა მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ, და მოგაშორებს მრავალრიცხოვან ხალხებს – ხეთელებს, გირგაშელებს, ამორეველებს, ქანაანელებს, ფერიზელებს, ხივიელებს და იუბუსეველებს – შვიდ ხალხს, შენზე მრავალრიცხოვანს და ძლიერს,
2. ხელში ჩაგაგდებინებს და შენც დაამარცხებ მათ, დაარისხე ისინი, არ შეკრა მათთან კავშირი და არც დაინდო.
3. არ დაუმოყვრდე, არ გაათხოვო შენი ქალიშვლი მის ვაჟზე და არ მოუყვანო შენს ვაჟს მისი ქალიშვილი ცოლად,
4. რადგან ჩემი გზიდან ააცდენენ შენს ვაჟს, დაიწყებენ უცხო ღმერთების თაყვანისცემას, უფლის რისხვა დაგატყდებათ თავს და დაუყოვნებლივ განადგურდებით.
5. ასე მოექეცით მათ: დაუნგრიეთ სამსხვერპლოები, დაულეწეთ სვეტები, გაუჩეხეთ ხემხვივანები და ცეცხლში დაწვით მათი კერპები.
6. რადგან წმინდა ერად ყავხარ უფალს, შენს ღმერთს. შენ აგირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ ჰყოლოდი უნჯ ერად ყველა ერს შორის, რომელიც კი არსებობს დედამიწის ზურგზე.
7. იმის გამო კი არ მოგისურვა და გამოგარჩია უფალმა, რომ სხვა ხალხებზე მრავალრიცხოვანი იყავი, შენ ხომ ყველა ხალხზე მცირერიცხოვანი ხარ.
8. არამედ იმის გამო, რომ უყვარდით უფალს და ინახავდა თქვენს მამა-პაპასთან დადებულ ფიცს, გამოგიყვანათ უფალმა ძლიერი ხელით და გიხსნათ მონობის სახლიდან, ეგვიპტის მეფის, ფარაონის ხელიდან.
9. იცოდე, რომ უფალი, შენი ღმერთი მტკიცე ღმერთია, შემნახველი ათას თაობაში აღთქმისა და წყალობისა მის მოყვარულთათვის და მათთვის, ვინც დაიცავს მის მცნებებს.
10. სამაგიეროს მიმზღველი მის მოძულეთა მიმართ, მათი დამღუპველი უყოყმანოდ. არ დაახანებს, უყოყმანოდ მიუზღავს სამაგიეროს თავის მოძულეებს.
11. დაიცავი მცნებები, წესი და სამართალი, რომლის შესრულებასაც გავალებ დღეს.
12. თუ შეისმენთ ამ სამართალს, შეინახავთ და შეასრულებთ მას, უფალი, თქვენი ღმერთიც შეგინახავთ აღთქმას და წყალობას, რაც შეჰფიცა თქვენს მამა-პაპას.
13. შეგიყვარებს, დაგლოცავს, გამრავლებს და გიკურთხებს შენი მუცლის ნაყოფს, შენი მიწის ნაყოფს, პურს, ღვინოს და ზეთს, საქონლის ნამატს და ცხვრის მონაგებს იმ მიწაზე, რომელიც შენთვის მისაცემად აღუთქვა შენს მამა-პაპას.
14. კურთხეული იქნები ყველა ხალხზე უფრო, არ იქნება შენში და არც შენს საქონელში ბერწი და უნაყოფო.
15. აგაშორებს უფალი ყოველგვარ სნეულებას, არ შეგყრის ეგვიპტის საშინელ სნებებს, რომლებიც იცი, შენს მოძულეებს კი გაუჩენს.
16. შენ შთანთქავ ყველა ხალხს, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი. ნუ შეიწყალებს მათ შენი თვალი. არ სცე თაყვანი მათ ღმერთებს, რადგან ხაფანგი იქნება ეს შენთვის.
17. თუ იტყვი გულში: ჩემზე ბევრი არიან ეს ხალხები, როგორ შევძლებო მათ განდევნას?
18. ნუ შეგეშინდება მათი, გაიხსენე, რა გაუკეთა უფალმა, შენმა ღმერთმა ფარაონს და მთელს ეგვიპტეს –
19. დიდი განსაცდელნი, რომლებიც იხილეს შენმა თვალებმა, ნიშნები და სასწაულები, მაგარი ხელი და შემართული მკლავი, რომლითაც გამოგიყვანა უფალმა, შენმა ღმერთმა. ასე უყოფს უფალი, შენი ღმერთი ყველა ხალხს, რომლისაც გეშინია.
20. კრაზანასაც მიუსევს უფალი, შენი ღმერთი, ვიდრე არ გაანადგურებს ყველას, ვინც გადაგირჩება და დაგემალება.
21. ნუ უფრთხი მათ, რაგდან უფალი, შენი ღმერთია, შენს შორის, დიადი და საშინელი ღმერთი.
22. თანდათანობით მოგაშორებს უფალი, შენი ღმერთი ამ ხალხებს. მალე არ უნდა გადააშენო ისინი, რომ არ იმრავლონ შენზე ველს მხეცებმა.
23. დაყრის მათ შენს წინაშე, მაგრად შეარყევს მათ და განადგურდებიან.
24. ხელში ჩაგაგდებინებს მათ მეფეებს და მოსპობ მათ სახსენებელს.
25. ცეცხლში დასწვით მათი ღმერთების ქანდაკებები, ნუ ისურვებ ვერცხლსა და ოქროს, ზედ რომ აქვთ. ნუ წაიღებ, რომ ხაფანგად არ გექცეს, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის, შენი ღმერთისათვის.
26. არ შეიტანო სისაძაგლე შენს სახლში, რომ შენც მასავით დარისხებული არ გახდე, გეზიზღებოდეს და გძაგდეს, რადგან დარისხებულია იგი.
თავი მერვე
1. იზრუნეთ ყველა იმ მცნების შესასრულებლად, რომლებიც დღეს გიანდერძეთ, რომ ცოცხლები დარჩეთ, გამრავლდეთ, წახვიდეთ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომელიც თქვენს მამა-პაპას აღვუთქვი.
2. გახსოვდეთ მთელი ის გზა, რომლითაც მოჰყავდი ეს ორმოცი წელი უფალს, შენს ღმერთს, უდაბნოში, რომ მოეთვინიერებინე, გამოეცადე, რომ სცოდნოდა, რა გიდევს გულში, დაიცავდი თუ არა მის მცნებებს.
3. გათვინიერებდა, გამშევდა და გაჭმევდა მანანას, რომელიც არ იცოდი არც შენ და არც შენმა მამა-პაპამ, რათა მიმხვდარიყავი, რომ მხოლოდ პურით არ ცოცხლობს კაცი, არამედ უფლის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით ცოცხლობს კაცი.
4. აგერ ორმოცი წელია, რაც შესამოსელი არ დაგძველებია ტანზე და ფეხები არ დაგსივებია.
5. შეიგნე, როგორც კაცი წვრთნის თავის შვილს, ასევე უფალი, შენი ღმერთია შენი გამწვრთნელი.
6. შეასრულე უფლის, შენი ღმერთის მცნებები, იარე მის გზაზე და მისი გეშინოდეს.
7. რადგან უფალს, შენს ღმერთს მიჰყავხარ მადლიან ქვეყანაში, ნაკადულთა და წყაროთა ქვეყანაში, სადაც ნიაღვრები მოედინებიან მთად და ბარად.
8. ხორბლისა და ქერის, ყურძნისა და ლეღვის, და ბროწეულის ქვეყანაში, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში.
9. ქვეყანაში, სადაც არ მოგაკლდება საჭმელი პური და არაფერი გაგიჭირდება, ქვეყანაში, რომელსაც რკინა აქვს ქვებად და რომლის მთებიდანაც რვალს გამოკვეთავ.
10. შეჭამ და გაძღები, და დალოცავ უფალს, შენს ღმერთს, იმ მადლიანი მიწისათვის, რომელიც მოგცა.
11. ფრთხილად იყავი, არ დაგავიწყდეს უფალი, შენი ღმერთი, და მისი მცნებები, სამართალი და წესი, რასაც მე გიანდერძებთ დღეს,
12. რომ, როცა შეჭამ და გაძღები, კარგ სახლებს აიშენებ და დაბინავდები,
13. გაგიმრავლდება ცხვარ-ძროხა, უხვად გექნება ოქრო-ვერცხლი და ყოველი საქონელი,
14. არ გამედიდურდე და არ დაგავიწყდეს უფალი, შენი ღმერთი, ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, შენი გამომყვანი,
15. რომელმაც გამოგატარა დიდი და საშინელი უდაბნო, უნასთა, ჯოჯოთა და მორიელთა ბუდე, ხრიოკები, სადაც წყალი არ არის, მან კი სალი კლდიდან გადმოადინა წყალი.
16. გკვებავდა უდაბნოში მანანით, რაც არ იცოდა თქვენმა მამა-პაპამ, რომ მოეთვინიერებინე, გამოეცადე შენი სიკეთისათვის სამომავლოდ;
17. რომ არ გეთქვა გულში: ჩემმა ძალამ და მკლავის ღონემ შემძინაო ეს დოვლათი.
18. გახსოვდეს უფალი, შენი ღმერთი, რადგან ის გაძლევს სიმდიდრის შეძენის ძალას, რომ დღევანდელივით შეასრულოს აღთქმა, რომელიც ფიცით დაუდო შენს მამა-პაპას.
19. თუ დაივიწყებ უფალს, შენს ღმერთს, თუ გაჰყვები უცხო ღმერთებს, თუ შეუდგები მათ სამსახურს და თაყვანისცემას, ცასა და მიწას ვიმოწმებ თქვენს წინაშე, რომ არ აგცდებათ გადაშენება.
20. იმ ხალხებივით, რომლებიც გადააშენა უფალმა თქვენს თვალწინ, თქვენც გადაგაშენებთ იმის გამო, რომ არ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის სიტყვას.
თავი მეცხრე
1. ისმინე ისრაელო! შენ დღეს გადადიხარ იორდანეს, რომ წახვიდე და დაეპატრონო შენზე დიდსა და ძლიერ ხალხებს, დიდ და ცათამდე გამაგრებულ ქალაქებს.
2. დიდსა და მაღალს ხალხს, ყანაკის მოდგმას, რომელიც იცი და რომელზეც გსმენია: ვინ დაუდგება წინ ყანაკის მოდგმას?
3. ახლა იცოდე: უფალი, შენი ღმერთი, მიგიძღვის წინ, მშთანთქმელი ცეცხლი. ის მოსპობს მათ, ის მოდრეკს მათ შენს წინაშე და შენც აჰყრი მათ და მალე გადააშენებ, როგორც უფალმა გითხრა.
4. არ თქვა შენს გულში, როცა დაიწყებს უფალი, შენი ღმერთი, მათ განდევნას: ჩემი სიმართლის გამო მომიყვანა უფალმა ამ ქვეყნის დასამკვიდრებლადო. რადგან მათი სიბოროტის გამო აყარა შენგან ის ხალხები უფალმა.
5. შენი სიმართლისა და შენი გულწრფელობის გამო კი არ მიდიხარ მათი ქვეყნის დასამკვიდრებლად, არამედ მათი სიბოროტის გამო აყრის შენგან უფალი ამ ხალხებს, რომ შეასრულოს სიტყვა, რომელიც მისცა უფალმა შენს მამა-პაპას – აბრაამს, ისაკს, იაკობს.
6. იცოდე, რომ შენი სიმართლის გამო არ გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ამ მადლიან მიწას დასამკვიდრებლად, რადგან ჯიუტი ხალხი ხართ.
7. გახსოვდეს, არ დაგავიწყდეს, რომ ბევრჯერ გაგირისხებია უფალი, შენი ღმერთი, უდაბნოში. ეგვიპტიდან გამოსვლის დღიდან ამ ადგილზე მოსვლამდე სულ მუდამ ექიშპებოდი უფალს.
8. ხორებში განარისხეთ უფალი და გამწყრალმა თქვენი მოსპობა დააპირა.
9. როცა მთაზე ავედი, რომ ჩამომეტანა ფიქალები, ფიქალები აღთქმისა, უფალმა რომ დაგიდოთ თქვენ, ორმოცი დღე და ორმოცი ღამე ვიყავი იქ, არც პური მიჭამია და არც წყალი დამილევია.
10. მომცა უფალმა ორი ფიქალი, ღვთიური თითებით წარწერილი. ძედ იყო ყველა ის სიტყვა, რომელიც გამოგიცხადათ უფალმა მთაზე ცეცხლის შუაგულიდან თავშეყრის დღეს.
11. ორმოცი დღისა და ორმოცი ღამის გასვლის შემდეგ მომცა უფალმა ორი ფიქალი, ფიქალები აღთქმისა.
12. და მითხრა უფალმა: ადექი და სწრაფად წადი აქედან, რადგან გაირყვნა შენი ხალხი, რომელიც ეგვიპტიდან გამოვიყვანე; მალევე გადაუხვიეს შენგან ნასწავლებ გზას – კერპი ჩამოისხეს.
13. ასე მითხრა უფალმა: დავინახე, რომ ჯიუტი ყოფილა ეს ხალხი.
14. დამანებე, მოვსპო ისინი და წარვხოცო მათი სახსენებელი ცისქვეშეთიდან. შენგან კი მასზე ძლიერ და მრავალრიცხოვან ხალხს შევქმნით.
15. პირი ვიბრუნე და მთიდან ჩამოვედი, მთა კი ცეცხლში იწვოდა. მე აღთქმის ორი ფიქალი მეჭირა ორთავე ხელში.
16. დავინახე, რომ შესცოდეთ უფალს, თქვენს ღმერთს: ოქროს ხბო ჩამოასხით, მალევე გადაუხვიეთ გზას, რომელიც უფალმა გასწავლათ.
17. ავიღე და გავაგდე ხელიდან ორივე ფიქალი, და თქვენს თვალწინ დავლეწე.
18. დავემხე უფლის წინაშე, როგორც უწინ, და ასე ვიყავი ორმოცი დღე და ორმოცი ღამე, უსმელ-უჭმელი, ყველა თქვენი ცოდვის გამო, რომლითაც სცოდავდით, ბოროტებას რომ სჩადიოდით უფლის თვალში და აჯავრებდით მას.
19. რადგან მეშინოდა რისხვისა და წყრომისა, რომელიც დაგატეხათ უფალმა თქვენს გასანადგურებლად. ამჯერადაც მისმინა მე უფალმა.
20. ძლიერ გაუწყრა აარონს, დაღუპვა უნდოდა მისი, და შევევედრე მაშინ აარონის გამოც.
21. ავიღე თქვენი ნაცოდვარი – ხბო და ცეცხლში დავწვი. იმდენი ვნაყე, რომ მტვრად ვაქციე და მისი მტვერი მთიდან მომდინარე ღელეში ჩავყარე.
22. აჯავრებდით უფალს თაბერაში, მასაში და კიბარით-ჰათაავაში.
23. როცა კადეშ-ბარვანადან გგზავნიდათ უფალი და გეუბნებოდათ: წადით, დაეპატყრონეთ ქვეყანას, რომელიც მოგეცითო, თქვენ წინააღუდეთით უფალს, თქვენს ღმერთს, არ ერწმუნეთ მას და არ ისმინეთ მისი სიტყვა.
24. იმ დღიდან, რაც გიცნობთ, უჯანყდებით უფალს.
< . . . . . . . >
თავი მეათე
< . . . . . . . >
11. მითხრა უფალმა: ადექ და წაუძეღი ერს, წავიდნენ და დაიმკვიდრონ ქვეყანა, რომელიც ფიცით აღვუთქვი მათ მამა-პაპას.
12. აბა, ისრაელ, რას მოითხოვს შენგან უფალი,შენი ღმერთი? თუ არა იმას, რომ გეშინოდეს უფლისა, შენი ღმერთისა, იარო მის კვალზე, გიყვარდეს იგი, ემსახურო უფალს, შენს ღმერთს, მთელი შენი გულითა და სულით.
13. დაიცვა უფლის მცნებები და წესები, რომელთაც გამცნებ დღეს შენს სასიკეთოდ.
14. აჰა, უფლის, შენი ღვთისაა ცანი და ცანი ცათანი, ქვეყანა და ყველაფერი, რაც მასშია.
15. მაგრამ მხოლოდ შენი მამა-პაპა შეივრდომა სიყვარულით და გამოგარჩიათ თქვენ, მათი მოდგმა, ყველა ხალხიდან, როგორც დღეს.
16. დაიცვითეთ თქვენი გულის ჩუჩა და ნუღარ იქნებით ქედმაღლები.
17. რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, არის ღმერთთა ღმერთი და მეუფეთა მეუფე, დიდი, ძლიერი და საშინელი ღმერთი, რომელმაც არ იცის მიმხრობა და არც ქრთამს იღებს.
18. იგი უჩენს სამართალს ქვრივსა და ობოლს, უყვარს მდგმური და აძლევს მას პურს და შემოსავალს.
19. გიყვარდეთ მდგმური, რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში.
20. უფლის, თქვენი ღმერთისა გეშინოდეს, მას ემსახურე, მას მიეწებე, მისი სახელით დაიფიცე.
21. ის არის შენი სადიდებელი, ის არის შენი ღმერთი, რომელმაც მოიმოქმედა შენთვის დიდი და საშინელი საქმეები, შენი თვალით რომ გაქვს ნანახი.
22. სამოცდაათი სული ჩავიდა შენი მამა-პაპა ეგვიპტეში, ახლა კი ცის ვარსკვლავებივით მრავალრიცხოვანი უქცევიხარ უფალს, შენს ღმერთს.
თავი მეთერთმეტე
1. სულ მუდამ გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, შეასრულეთ ვალი, წესი, სამართალი და მცნებები.
< . . . . . . . >
8. შეასრულეთ ყოველი მისი მცნება, რომელსაც გიცხადებთ დღეს, რათა გამტკიცდეთ, დაიძრათ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ გაღმა.
9. რათა დღეგრძელი იყოთ იმ მიწაზე, რომელიც ფიცით აღუთქვა მისაცემად თქვენს მამა-პაპას და მის შთამომავლობას, იმ ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება რძე და თაფლი.
10. რადგან ქვეყანა, სადაც თქვენ მიდიხართ დასამკვიდრებლად, არა ჰგავს ეგვიპტის ქვეყანას, საიდანაც გამოხვედი, სადაც თესავდი თესლს და რწყავდი შენი ფეხით, როგორც ბოსტანს.
11. ის ქვეყანა კი, რომლის დასამკვიდრებლადაც გაღმა გადადიხართ, მთა-გორიანი და ველებიანი ქვეყანაა და ციდან ნაწვიმები წყლით ირწყვება.
12. ქვეყანა, რომელზედაც გამუდმებით ზრუნავს უფალი, შენი ღმერთი. უფლის, შენი ღმერთის თვალი ტრიალებს მასში წლის დასაწყისიდან წლის ბოლომდე.
13. და თუ შეიგნებ ჩემს მცნებებს, რომელთაც დღეს გიცხადებთ, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, და ემსახუროთ მას მთელი თქვენი გულითა და სულით,
14. დროულად მივცემ წვიმას თქვენს ქვეყანას, გაზაფხულის და შემოდგომის წვიმას, მოიწევ ხორბალს, ღვინოს და ზეთს.
15. გავაჩენ ბალახს შენს მინდვრებზე საქონელისთვის, ჭამე და გაძეხი.
16. ფრთხილად იყავით, არ შეცდეს თქვენი გული, არ გადაუხვიოთ, უცხო ღმერთებს არ დაუწყოთ სამსახური და თაყვანისცემა.
17. თორემ უფლის რისხვა დაგატყდებათ თავს, დახშავს ცას აღარ იქნება წვიმა, მიწა მოსავალს არ მოგცემთ და მალე გადაშენდებით იმ მადლიანი ქვეყნიდან, რომელსაც გაძლევთ თქვენ უფალი.
18. გულში და სულში ჩაიდევით ეს ჩემი სიტყვები, ხელზე შეიბით ნიშნად და შუბლზე დაიბეჭდეთ სამახსოვროდ.
19. ასწავლეთ თქვენს შვილებს ელაპარაკეთ ამაზე შინ ყოფნისას და გზაზე სვლისას, დაწოლისას და ადგომისას.
20. წააწერე შენი სახლის წირთხლებს და კარიბჭეს,
21. რათა იმდენ ხანს იცოცხლოთ თქვენ და თქვენმა შვილებმა ამ მიწაზე, რომელიც მისაცემად აღუთქვა უფალმა თქვენს მამა-პაპას, რამდენ ხანსაც ცა იარსებებს მიწის ზემოთ.
22. თუ მტკიცედ დაიცავთ ყველა იმ მცნებას, რომლებსაც გიცხადებთ, რათა ასრულებდეთ მათ, გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, იაროთ მის გზაზე და მიეწებოთ მას.
23. მოგაშორებს უფალი ყველა იმ ხალხს და თქვენც დაეპატრონებით თქვენზე დიდსა და ძლიერ ხალხებს.
24. ყოველი ადგილი, სადაც კი დაიდგმება თქვენი ტერფი, თქვენი იქნება – უდაბნოდან და ლიბანიდან, მდინარიდან, ევფრატის მდინარიდან უკანა ზღვამდე იქნება თქვენი საზღვარი. 25. ვერავინ დაგიდგებათ წინ, შიშსა და ზარს დასცემს თქვენგნით უფალი ყველა ქვეყანას, სადაც კი შეაბიჯებთ, როგორც მას უთქვამს თქვენთვის.
26. უყურეთ, ასარჩევად გაძლევთ დღეს კურთხევას და შეჩვენებას:
27. კურთხევას – თუ შეიგონებთ უფლის, თქვენი ღმერთის მცნებებს, რომელთაც გიცხადებთ დღეს.
28. შეჩვენებას – თუ არ შეიგონებთ უფლის, თქვენი ღმერთის მცნებებს და გადაუხვევთ გზას, რომელსაც გიცხადებთ დღეს, და გაჰყვებით უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობთ.
29. და როცა შეგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ, მიეცი კურთხევა გერიზიმის მთაზე და შეჩვენება – ღებალის მთაზე.
30. (აგერ, აქვეა ისინი, იორდანეს გაღმა, გზის ბოლოს, დასავლეთით, ბარის ქანაანელთა ქვეყანაში, გილგალის პირდაპირ, მამრეს მუხებთან),
31. რადგან თქვენ გადადიხართ იორდანეზე, რომ მიხვიდეთ იმ ქვეყნის დასამკვიდრებლად, რომელსაც გაძლევთ თქვენ უფალი, თქვენი ღმერთი. დაიმკვიდრებთ მას და იცხოვრებთ იქ.
32. ეცადეთ, რომ შეასრულოთ წესი და სამართალი, რომელსაც დღეს ვიძლევი თქვენს წინაშე.
თავი მეთორმეტე
1. ეს არის წესები და სამართალი, რომელსაც უნდა ასრულებდეთ მთელი სიცოცხლე იმ ქვეყანაში, უფალმა, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა რომ მოგცათ.
2. გაანადგურეთ ყოველი ადგილი, სადაც კი თქვენს მიერ აყრილ ხალხებს უმსახურიათ თავიანთი ღმერთებისთვის: მაღალ მთებზე და გორაკებზე, ყოველი ხემ-ხვივანის ძირას.
3. დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები და დალეწეთ მათი სვეტები, გადაწვით მათი აშერები, დაამსხვრიეთ მათი ღმერთების გამოსახულებანი და მოსპეთ მათი სახსენებელი იმ ადგილიდან.
4. ასე არ მოექცეთ უფალს, თქვენს ღმერთს.
5. არამედ ის ადგილი ეძებეთ და იქ მიდით, რომელსაც ყველა თქვენს შტოთა შორის ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის დასადებად, თავის სავანედ.
6. იქ მიიტანეთ თქვენი აღსავლენი მსხვერპლი და საკლავი. თქვენი მეათედი, თქვენი ხელის ძღვენი, თქვენი აღთქმული, თქვენი შესაწირავი, საქონლისა და ცხვრის პირველმოგებული.
7. ჭამეთ და გაიხარეთ თქვენი ნაამაგარით თქვენს სახლთან ერთად, რომელიც დაგილოცა უფალმა, შენმა ღმერთმა.
8. ნუ მოიქცევი ისე, როგორც ახლა ვიქცევით თითოეული ჩვენგანი, ვისაც როგორ მოსწონს.
9. რადგან ჯერ კიდევ არ მივსულვართ განსასვენებელში და სამკვიდრებელში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გაძლევს.
10. გახვალთ იორდანეს გაღმა და დასახლდებით ქვეყანაში, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, გიმტკიცებთ სამკვიდროდ. მოგასვენებთ გარეშემო მტრებისაგან და იცხოვრებთ მშვიდად.
11. რომელ ადგილსაც აირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის დასავანებლად, იქ მიიტანეთ ყველაფერი, რაც გამოგიცხადეთ: თქვენი აღსავლენი და საკლავი, თქვენი მეათედი, თქვენი ხელის ძღვენი და ყოველივე ნარჩევი თქვენი აღთქმულიდან, რაც კი აღგითქვამთ უფლისათვის.
12. გაიხარეთ უფლის წინაშე თქვენ და თქვენმა ვაჟებმა, თქვენმა ასულებმა, თქვენმა ყმებმა და ყმაქალებმა, და ლევიანმა, რომელიც თქვენს ქალაქებში ცხოვრობს, რადგან არა აქვს მას წილი და სამკვიდრო თქვენს შორის.
13. ფრთხილად იყავი, არ აღავლინო ყველგან სადაც გაიხედავ, შენი აღსავლენი მსხვერპლი.
14. არამედ მხოლოდ იმ ადგილზე, რომელსაც აირჩევს უფალი შენს ერთერთ შტოში. იქ აღავლინე შენი აღსავლენი მსხვერპლი, იქ გააკეთე ყველაფერი, რაც გამოგიცხადე.
15. ოღონდ ყოველთვის, როცა მოისურვებ, შეგეძლება საკლავის დაკვლა და უფლის, შენი ღმერთის კურთხევით, ხორცის ჭამა, რომელიც მოგცა შენ მან შენს ქალაქებში. გაუწმინდურებულსაც და გაწმინდავებულსაც შეუძლიათ ეს ჭამონ, როგორც ქურციკი და როგორც ირემი.
16. ოღონდ სისხლს ნუ შეჭამთ: წყალივით დაღვარეთ მიწაზე.
17. არა გაქვს უფლება, რომ ჭამდე შენს ქალაქებში შენი ხორბლის, ღვინისა და ზეთის მეათედს, შენი საქონლის და შენი ცხვრის პირველ მოგებულს, აღთქმულ შესაწირავს, რომელიც აღთქმული გაქვს, შენს შესაწევარს, და შენს ხელის ძღვენს.
18. მხოლოდ და მხოლოდ უფლის, შენი ღმერთის წინაშე ჭამე ეს იმ ადგილზე, რომელსაც აირჩევს უფალი, შენი ღმერთი. შენ და შენმა ვაჟმა, შენმა ასულმა, შენმა ყმამ და ყმაქალმა, ლევიანმა, რომელიც შენს ქალაქებში ცხოვრობს. გაიხარე უფლის, შენი ღმერთის წინაშე ყოველი შენი ნაამაგარით.
19. იცოდე, არ მიატოვოთ ლევიანი, რამდენ ხანსაც იცხოვრებ შენს მიწაზე.
20. როდესაც გაგიფართოვებს უფალი, შენი ღმერთი, საზღვრებს, როგორც ნათქვამი აქვს შენთვის, და იტყვი: მოდი, ხორცს შევჭამო, რადგან გული მიგივა ხორცის საჭმელად, ჭამე ხორცი შენი გულის სურვილით.
21. თუ შენგან შორს იქნა ის ადგილი, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის დასადებად, დაკალი უფლის მოცემული საქონელი და ცხვარი, როგორც დაგარიგე, და ჭამე შენს ქალაქებში შენი გულის სურვილით.
22. ოღონდ, როგორც ქურციკი და ირემი იჭმევა, ისე ჭამე იგი. გაუწმინდურებულმა და გაწმინდავებულმა ერთად ჭამონ.
23. მხოლოდ გაფრთხილდი, სისხლი არ შეგეჭამოს, რადგან სისხლი სულია და სული ხორცთან ერთად არ უნდა ჭამო.
24. არ ჭამო იგი, წყალივით დაღვარე მიწაზე.
25. არ ჭამო იგი, რადგან კარგად იყოთ შენ და შენი შვილები შენს შემდეგ, თუ სწორად მოიქცევი, უფლის თვალში.
26. ოღონდ აიღე წმინდა შესაწირავი, რაც გექნება, და აღთქმული მსხვერპლი და მიდი იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი.
27. მიიტანე შენი აღსავლენები – ხორცი და სისხლი, უფლის, შენი ღმერთის სამსხვერპლოზე. საკლავის სისხლი დაღვარე უფლის, შენი ღმერთის სამსხვერპლოზე, ხორცი კი შეჭამე.
28. დაიმარხე და შეიგონე ყველა ეს სიტყვა, რასაც გიცხადებ, რათა კარგად იყოთ შენ და შენი შვილები შენს შემდეგ, უკუნისამდე, თუ კარგად და სწორად მოიქცევი, უფლის, შენი ღმერთის თვალში.
29. როცა მოსპობს უფალი, შენი ღმერთი, იმ ხალხებს, რომლებთანაც მიდიხარ, რომ აჰყარო ისინი შენგან, და შენც აჰყრი მათ და დასახლდები მათ ქვეყანაში,
30. ფრთხილად იყავი, არ გაეხვიო მათ ბადეში მას შემდეგ, რაც გადაშენებული იქნებიან შენგან, არ დაუწყო ძებნა მათ ღმერთებს: როგორც ეს ხალხი ემსახურებოდა თავის ღმერთებს, მეც ასე მოვიქცევიო.
31. ნუ მოექცევი ასე უფალს, შენს ღმერთს, რადგან უფლის საძაგელს და საძულველს აკეთებენ ისინი თავიანთი ღმერთებისთვის; რადგან საკუთარ ვაჟებსა და ასულებსაც კი უწვავენ ცეცხლში თავიანთ ღმერთებს.
32. ეცადეთ, ყველაფერი შეასრულოთ, რასაც გიცხადებთ: ნურაფერს დაუმატებთ და ნურც მოაკლებთ.
თავი მეცამეტე
1. თუ გამოჩნდა შენს შორის წინასწარმეტყველი ან სიზმართმხილველი და მოგცა რაიმე ნიშანი ან სასწაული,
2. და ახდა ეს ნიშანი და სასწაული, რაც გამოგიცხადათ, და გეტყვით: მივმართოთ სხვა ღმერთებს, რომელთაც შენ არ იცნობ, და ვემსახუროთო,
3. ყურს ნუ დაუგდებ ამ წინასწარმეტყველის ან სიზმართმხილველის ნათქვამს, რადგან გცდით უფალი, თქვენი ღმერთი, იმის გასაგებად, გიყვართ თუ არა უფალი, თქვენი ღმერთი, მთელი თქვენი გულითა და სულით.
4. უფალს, თქვენს ღმერთს, მიჰყევით და მისი გეშინოდეთ, მისი მცნებები შეასრულეთ, მისი სიტყვა გაიგონეთ, მას ემსახურეთ, მას მიეწებეთ.
5. ის წინასწარმეტყველი ან სიზმართმხილველი კი უნდა მოკვდეს, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანათ და მონობის სახლიდან დაგიხსნათ, დაჰგმო მან, რათა იმ გზიდან აეცდინე, რაზედაც სიარული გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა. ასე აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.
6. თუ იდუმალ წაგაქეზებს შენი ძმა, დედაშენის შვილი, ან შენი ვაჟი, ან ასული, ან შენს გვერდით მწოლი ცოლი, ან მეგობარი, რომელიც საკუთარი სულივით გყავს, და გეტყვის: წამო, ვემსახუროთ სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობთ არც შენ და არც შენი მამა-პაპა,
7. იმ ხალხთა ღმერთებს, თქვენს გარშემო რომ არიან, შენთან ახლოს მყოფთა თუ შენგან შორს მყოფთა, ქვეყნის კიდიდან კიდემდეო,
8. ნუ დაჰყვები მას და ნუ გაუგონებ, ნუ დაგენანება იგი, ნუ შეიბრალებ, ხელს ნუ დააფარებ,
9. არამედ მოჰკალი იგი. პირველად შენი ხელი უნდა აღიმართოს მის მოსაკლავად, მერე კი მთელი ერისა.
10. ჩაქოლე იგი, რომ მოკვდეს, რადგან ცდილობდა მოეწყვიტე უფალს, შენს ღმერთს, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან.
11. მთელი ისრაელი გაიგებს და შეშინდება და ბოროტ საქმეს აღარ ჩაიდენენ შენს წიაღში.
12. თუ გაიგებ, რომ ერთ-ერთ ქალაქში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გაძლევს საცხოვრებლად,
13. გამოჩნდა უგვანი ხალხი შენი წიაღიდან და აცთუნებს თავისი ქალაქის მკვიდრთ, ეუბნება: წამო ვემსახუროთ სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობთო,
14. ხოლო შენ გამოიძიე, კარგად გამოიკითხე და, აჰა, ყველაფერი სრული სიმართლე გამოდგა, ჩადენილია ასეთი საძაგლობა შენს წიაღში.
15. მახვილით დახოცე იმ ქალაქის მცხოვრებნი, დაარისხე ქალაქი და ყველაფერი, რაც მასშია. მისი საქონელიც მახვილით დახოცე.
16. მთელი ნადავლი შუაგულ მოედანზე დაახვავე და მთლიანად დაუწვი უფალს, შენს ღმერთს, ქალაქი და მთელი ნადავლი; სამარადისო ნანგრევებად დარჩეს და აღარ აშენდეს არასოდეს.
17. დასარისხებელს არაფერს მიეწებოს შენი ხელი, რომ დაცხრეს უფლის რისხვა, წყალობა მოგცეს, შეგინდოს და გაგამრავლოს, როგორც შეჰფიცა შენს მამა-პაპას.
18. თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას და შეასრულებ ყველა მცნებას, რომელსაც დღეს გიცხადებ, და წესიერად მოიქცევი უფლის, შენი ღვთის თვალში.
თავი მეთოხმეტე
1. უფლის, თქვენი ღმერთის შვილები ხართ თქვენ. ტანს ნუ დაიკაწრავთ და ნუ მოიპარსავთ თმას შუბლს ზემოთ მკვდარზე გლოვის ნიშნად.
2. რადგან უფლის, შენი ღმერთის წმინდა ერი ხარ, შენ აგირჩია უფალმა, რომ ჰყოლოდი საკუთარ ერად ყველა ხალხს შორის დედამიწის ზურგზე.
3. უსურმაგი არაფერი შეჭამო,...
< . . . . . . . >
21. არა ჭამო არავითარი ლეში. შენს სახლში მცხოვრებ მდგმურს მიეცი იგი, მან შეჭამოს, ან უცხოელს მიჰყიდე, რადგან უფლის, თქვენი ღმერთის წმინდა ერი ხართ თქვენ. ციკანს თავისი დედის რძეში ნუ მოხარშავთ.
22. აიღე მეათედი მთელი შენი მოსავლიდან, რომელიც ყოველწლიურად მოდის ყანაში,
23. და ჭამე უფლის, შენი ღმერთის წინაშე იმ ადგილას, რომელიც აირჩია მან თავისი სახელის დასავანებლად, ხორბლის, ღვინის და ზეთის მეათედი, შენი საქონლისა და ცხვრის პირველმოგებული, რათა ისწავლო უფლის, შენი ღმერთის, შიში სამუდამოდ.
24. თუ შორი გზა იქნა და ვერ შესძელი ყოველივე ამის წაღება იმ ადგილამდე, რომელიც ამოირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, თავისი სახელის დასადებად, რათა გაკურთხოს შენ უფალმა, შენმა ღმერთმა,
25. გადაცვალე ვერცხლზე, დაიჭირე ხელში ვერცხლი და წადი იმ ადგილას, რომელიც ამოირჩია უფალმა,შენმა ღმერთმა.
26. იყიდე ამ ვერცხლით ყველაფერი, რაც შენს სულს სურს: საქონელი, ცხვარი, ღვინო, სასმელი, ყველაფერი, რასაც სული მოგთხოვს, და ჭამე იქ უფლის, შენი ღმერთის წინაშე და გაიხარე შენს ხალხთან ერთად.
27. არ დაივიწყო შენს ქალაქში მცხოვრები ლევიანი, რადგან არა აქვს მას წილი და სამკვიდრო შენთან.
28. სამი წლის თავზე აიღე მეათედი იმ წლის მოსავლიდან და დააბინავე შენს ქალაქში.
29. მოვიდეს ლევიანი, რომელსაც არა აქვს წილი და სამკვიდრო შენთან, მოვიდნენ მდგმური და ქვრივ-ობლები, რომლებიც შენს ქალაქში არიან, შეჭამონ და გაძღენ, რათა გაკურთხოს შენ უფალმა, შენმა ღმერთმა, ყოველ საქმეში, რასაც გააკეთებ.
თავი მეთხუთმეტე
1. ყოველი მეშვიდე წლის თავზე გამოაცხადე პატიება.
2. აი, პატიების პირობა: აპატიოს ყოველმა მევალემ, ვისაც რამე უსესხებია თავისი მოყვასისთვის, და ნურაფერს მოსთხოვს თავის მოყვასს ან მოძმეს, რადგან პატიება იქნება გამოცხადებული უფლის სახელზე.
3. უცხოელს მოსთხოვე, მაგრამ აპატიე შენს მოძმეს, თუ შენი ვალი ექნა.
4. თუმცა არ იქნება თქვენში ღარიბი, რადგან კურთხევით გაკურთხევს უფალი იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს წილად უფალი, შენი ღმერთი, რათა დაიმკვიდრო,
5. ოღონდ თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას და ეცდები ყველა იმ მცნების შესრულებას, რასაც დღეს გიცხადებ.
6. რადგან გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, როგორც ნათქვამი აქვს შენთვის: ბევრ ხალხს ექნება შენი ვალი, შენ კი არ ისესხებ, ბევრ ხალხზე იბატონებ, შენზე კი არავინ იბატონებს.
7. თუ იქნა თქვენში ღარიბი, ერთი თქვენი მოძმეთაგანი, თქვენს ერთ-ერთ ქალაქში, იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, გულს ნუ გაიქვავებ და ხელმოჭერილი ნუ იქნება შენი ღარიბი მოძმის მიმართ.
8. არამედ ხელგაშლილი იყავი და ასესხე მისი გასაჭირის კვალობაზე, რაც უჭირს.
9. ფრთხილად იყავი, გულში არ შეგეპაროს უგვანი ფიქრი, არ თქვა: ახლოვდება მეშვიდე წელი, პატიების წელი. აითვალწუნებ შენს ღარიბ მოძმეს და არაფერს მისცემ. უფალთან გიჩივლებს და ცოდვა დაგედება.
10. მიეცი და ნუ ინაღვლებს შენი გული მიცემისას, რადგან ამისთვის გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, ყველა შენს საქმეში და ნაამაგარში.
11. რადგან არ დაილევა ღარიბი ამ ქვეყანაზე; ამიტომაც გიბრძანებ, რომ ხელგაშლილად იყო შენი მოძმის მიმართ, შენი ღატაკისა და ღარიბის მიმართ შენს ქვეყანაში.
12. თუ მოგეყიდა შენი ებრაელი მოძმე, კაცი ან ქალი, და ექვს წელს გემსახურა, მეშვიდე წელს გაათავისუფლე შენგან.
13. როცა გაათავისუფლებ, ხელცარიელი არ გაუშვა.
14. მიეცი საჩუქრად რაიმე შენი ფარიდან, კალოდან ან საწნახელიდან; რითაც უკურთხებიხარ უფალს, შენს ღმერთს, მიეცი.
15. გაიხსენე, რომ ყმა იყავი ეგვიპტის ქვეყანაში და გამოგისყიდა უფალმა, შენმა ღმერთმა. ამიტომაც გიანდერძებ დღეს ამას.
16. თუ მოხდება ისე, რომ გითხრას: არ წავალ შენგან, რადგან მიყვარხართ შენ და შენი სახლი, რადგან კარგადა ვართ შენთანო.
17. აიღე სადგისი, კარზე მიადებინე ყური და გაუხვრიტე და შენი ყმა იქნება სამუდამოდ. ასევე მოექეცი ყმა ქალსაც.
18. ნუ გაგიძნელდება მისი გათავისუფლება შენგან, რადგან ექვს წელიწადში მოჯამაგირის ორმაგი გასამრჯელო დაიმსახურა შენგან. გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, ყოველ საქმეში.
19. ყოველი პირმშო, რაც დაიბადება შენს საქონელში და ცხვარში, მამრი, შესწირე უფალს, შენს ღმერთს. ნუ ამუშავებ პირველმოგებულ ხარს და ნუ გაპარსავ პირველმოგებულ ცხვარსა და თხას.
20. უფლის, შენი ღმერთის წინაშე ჭამეთ იგი შენ და შენმა სახლმა იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი.
21. თუ რამე ნაკლი ექნა, სიკოჭლე ან სიბრმავე, რამე ცუდი ნაკლი, არ დაუკლა იგი უფალს, შენს ღმერთს.
22. თქვენ-თქვენს საცხოვრებელ ადგილას ჭამეთ გაუწმინდურებულებმა და გაწმინდავებულებმა ერთად, როგორც ქურციკი და როგორც ირემი.
23. ოღონდ მისი სისხლი არ ჭამო, წყალივით დაღვარე მიწაზე.
თავი მეჩვიდმეტე
1. ნუ დაუკლავ უფალს, შენს ღმერთს, ხარს, ცხვარსა თუ თხას, რომელსაც ნაკლი აქვს, რაიმე ცუდი სჭირს, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის, შენი ღმერთისათვის.
2. თუ აღმოჩნდება შენს წიაღში, შენს ერთ-ერთ ქალაქში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, მოგცემს, კაცი ან ქალი, რომელიც ბოროტებას ჩაიდენს უფლის თვალში, დაარღვევს თავის აღთქმას,
3. წავა და შეუდგება უცხო ღმერთების სამსახურს და თაყვანსცემს მათ: მზეს ან მთვარეს ან ცის მხედრობას, რაც ავკრძალე,
4. მოგივა ამბავი, მოისმენ, კარგად გამოიკვლევ და აჰა, თუ სრული სიმართლე გამოდგება ყველაფერი – მომხდარა ეს სისაძაგლე ისრაელში,
5. გაიყვანე ეს კაცი ან ქალი, რომელმაც ჩაიდინა ბოროტი საქმე, შენს კარიბჭესთან, კაცი ან ქალი, და სასიკვდილოდ ჩაქოლე ისინი.
6. ორი მოწმის ან სამი მოწმის ჩვენებით მოსაკლავი უნდა მოკვდეს; ერთი მოწმის ჩვენებით არ უნდა მოკვდეს.
7. ჯერ მოწმეთა ხელი უნდა იყოს მასზე, რომ მოკვდეს, მერე კი – მთელი ხალხის ხელი და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წრიდან.
8. თუ გაგიძნელდა მკვლელობის, ცილობის, გაცემის და სხვა სადაო საქმეების გადაწყვეტა შენს კარიბჭეებში, ადექი და წადი იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი. 9. მიდი ლევიან მღვდლებთან და მსაჯულთან, ვინც იმჟამად იქნება, დაეკითხე და გამოგიცხადებენ ისინი სასამართლო განაჩენს.
10. ისე მოიქეცი, როგორც ისინი გამოგიცხადებენ იმ ადგილიდან, რომელსაც აირჩევს უფალი, ეცადე ყველაფერი შეასრულო, რასაც გასწავლიან.
11. იმ რჯულის თანახმად, რასაც გირჩევენ და იმ სამართლის თანახმად, რასაც გეტყვიან, მოიქეცი, არც მარჯვნივ და არც მარცხნივ არ გადაუხვიო სიტყვას, რომელსაც გამოგიცხადებენ.
12. თუ კაცი ისე გაკადნიერდება, რომ არ გაუგონებს უფლის, შენი ღმერთის წინაშე სამსახურად მდგარ მღვდელს ან მსაჯულს, უნდა მოკვდეს, და აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან.
13. გაიგონებს მთელი ხალხი, შეეშინდება და აღარ გაკადნიერდებიან.
14. როცა მიხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც მოგცემს უფალი, შენი ღმერთი, დაეპატრონები მას და იცხოვრებ იქ და იტყვი: დავისვამ მეფეს იმ ხალხებივით, ჩემს გარშემო რომ არიანო,
15. დაისვი მეფედ ის კაცი, ვისაც უფალი, შენი ღმერთი, ამოირჩევს; შენი მოძმეების წრიდან დაისვი მეფე. უფლება არა გაქვს დაისვა უცხო კაცი, რომელიც არ არის შენი მოძმე.
16. ოღონდ არ იყოლიოს ბევრი ცხენი და არ დააბრუნოს ხალხი ეგვიპტისკენ ცხენების მოსამრავლებლად. უფალმა გიბრძანათ, რომ აღარ დაბრუნდეთ ამ გზით –
17. არ იყოლიოს ბევრი ცოლი, რომ არ შეცდეს მისი გული, და არ იქონიოს უზომოდ ბევრი ოქრო-ვერცხლი.
18. როცა დაჯდება თავის სამეფო ტახტზე, წიგნში ჩაიწეროს ეს მეორე რჯული ლევიანი მღვდლებისაგან.
19. თავისთან ჰქონდეს და იკითხოს მთელი სიცოცხლე, რათა ისწავლოს უფლის, თავისი ღმერთის შიში და იცავდეს ამ რჯულის ყოველ სიტყვას და ამ წესებს ასრულებდეს.
20. რომ არ გაუმედიდურდეს თავის მოძმეებს, არ გადაუხვიოს ანდერძს არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, რათა მრავალი ხანი იმეფოს მან და მისმა შვილებმა ისრაელის წიაღიდან.
თავი მეთვრამეტე
1. არ ექნებათ ლევიან მღვდლებს, ლევიანთა მთელს შტოს, წილი და სამკვიდრო ისრაელთან; საუფლო მსხვერპლი და მისი სამკვიდრო უნდა ჭამონ.
2. სამკვიდრო არ ექნება თავის მოძმეთა წიაღში, თავად უფალია მისი სამკვიდრო, როგორც ნათქვამი აქვს მისთვის.
3. ეს იყოს დაწესებული მღვდლებისათვის ხალხისაგან, იმათგან, ვინც კლავს საკლავს – ხარს ან ცხვარს, მისცენ მღვდელს ბეჭი, ყბა და კუჭი,
4. პირველმოწეული ხორბალი, ღვინო და ზეთი, ცხვრის პირველგანაპარსი მას მიეცი.
5. რადგან ის აირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველა შტოდან, რათა იდგნენ და მსახურებდნენ უფლის სახელით ის და მისი შვილები სამუდამოდ.
6. თუ წამოვა ვინმე ლევიანი შენი ერთერთი ქალაქიდან, ისრაელის რომელიმე კუთხიდან, სადაც მდგმურობს იგი, და მოვა თავისი სურვილით იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი,
7. შეუდგება უფლის, თავისი ღმერთის სახელით სამსახურს თავისი მოძმე ლევიანების მსგავსად, რომლებიც დგანან იქ უფლის წინაშე,
8. ისარგებლონ თანაბარი წილით, მამისსახლის წილს ნუ ჩაუთვლიან.
9. როცა შეხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს შენ უფალი, შენი ღმერთი, ნუ დაეჩვევი სისაძაგლეთა ჩადენას იმ ხალხის მსგავსად;
10. ნუ იქნება შენს შორის თავისი ვაჟისა და ასულის ცეცხლში გამტარებელი, ჯადოქარი, მომნუსხველი, მარჩიელი, მსახვრალი,
11. გრძნებით შემკვრელი, მესულთანე, მჩხიბავი და მკვდართა გამომკითხველი,
12. რადგან საძაგელია უფლისათვის ყოველივე ამის გამკეთებელი და ამ სისაძაგლის გამო დევნის მათ შენგან უფალი, შენი ღმერთი.
13. სრული იყავი უფალთან, შენს ღმერთთან.
14. რადგან ეს ხალხები, რომელთაც შენ განდევნი, გრძნეულებს და ჯადოქრებს უსმენენ, შენთვის კი ამის ნება არ მოუცია უფალს.
15. წინასწარმეტყველს, როგორც მე ვარ, შენი წიაღიდან, შენი მოძმეებიდან, დაგიდგენს უფალი, შენი ღმერთი; მას უსმინე.
16. როცა შესთხოვე უფალს, შენს ღმერთს, ხორებში, თავშეყრის დღეს: მეტს ნუღარ გავიგონებ უფლის, ჩემი ღმერთის ხმას და ამ დიდ ცეცხლსაც ნუღარ ვიხილავ, რათა არ მოვკვდეო.
17. მითხრა უფალმა, კარგი ქნეს, რომ ეს თქვეს.
18. შენ რომ ხარ, ისეთ წინასწარმეტყველს დავუდგენ მოძმეთა წრიდან, ბაგეზე დავუდებ ჩემს სიტყვებს და ის გამოგიცხადებს ყველაფერს, რასაც მე ვუბრძანებ.
19. თუ ვინმე არ შეისმენს ჩემს სიტყვებს, რომელთაც ის გამოგიცხადებს ჩემი სახელით, თავად მე მოვთხოვ მას პასუხს.
20. მაგრამ წინასწარმეტყველი, რომელიც გაკადნიერდება და ჩემი სახელით დაიწყებს იმის გამოცხადებას, რაც მე არ მიბრძანებია გამოსაცხადებლად, ან რომელიც უცხო ღმერთების სახელით ალაპარაკდება, ეს წინასწარმეტყველი უნდა მოკვდეს.
21. თუ გულში იტყვი: როგორ მივხვდეთ სიტყვას, რომელიც არ უთქვამს უფალს?
22. წინასწარმეტყველი თუ უფლის სახელით ილაპარაკებს და არ აცხადდება მისი ნალაპარაკევი, არ ყოფილა ეს უფლის სიტყვა – თვითნებურად ულაპარაკნია წინასწარმეტყველს, ნუ გეშინია მისი.
თავი მეცხრამეტე
1. როცა გაწყვეტს უფალი, შენი ღმერთი, ხალხებს, რომელთა ქვეყანას შენ გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, განდევნი მათ და დასახლდები მათ ქალაქებსა და სახლებში,
2. გამოაცალკევე სამი ქალაქი შენს ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, დასამკვიდრებლად.
3. მოიწყვე გზა და სამად დაჰყავი შენი ქვეყნის მიწა-წყალი, რომელიც წილად გარგუნა უფალმა, შენმა ღმერთმა. იქ შეაფაროს თავი ყოველმა მკვლელმა.
4. აი, წესი მკვლელისათვის, რომელმაც თავი უნდა შეაფაროს იქ, რომ გადარჩეს: ვისაც უნებურად შემოაკვდება თავისი მოყვასი, ისე რომ არ ჰქონია მისი მტრობა არც გუშინ, არც გუშინწინ,
5. ან ვინც თავის მოყვასთან ერთად წავა ტყეში, შეშის მოსაჭრელად, მოიქნევს ცულს ხის წასაქცევად, ტარს რკინა წასძვრება, მოხვდება მის მოყვასს და მოკლავს. ამ კაცმა ერთ-ერთ ამ ქალაქთაგანს უნდა შეაფაროს თავი, რომ გადარჩეს.
6. რომ არ გამოეკიდოს მესისხლე მკვლელს ცხელ გულზე, არ მოეწიოს, რადგან გზა დიდია და არ მოკლას; ის სასიკვდილო არ არის, რადგან არ ჰქონია მასთან მტრობა არც გუშინ და არც გუშინწინ.
7. ამიტომაც გიბრძანებ: გამოიცალკევე სამი ქალაქი.
8. როცა გაგიფართოებს საზღვრებს უფალი, შენი ღმერთი, როგორც შეჰფიცა შენს მამა-პაპას, და მოგცემს მთელს ქვეყანას, რომლის მიცემაც აღუთქვა შენს მამა-პაპას,
9. თუ დაიცავ მთელს ამ ანდერძს, რომელსაც დღეს გიცხადებ, რომ შეასრულო ის, შეიყვარო უფალი, შენი ღმერთი, და იარო მის გზაზე მთელი სიცოცხლე, მაშინ მიუმატე ამ სამს კიდე სამი ქალაქი
10. და არ დაიღვრება უბრალო სისხლი შენს მიწაზე, რომელიც წილად მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა, და არ იქნება სისხლი შენზე.
11. მაგრამ თუ ვინმე მტრობს თავის მოყვასს, ჩაუსაფრდება, დაეცემა, სასიკვდილოდ დაჰკრავს მას, მოკლავს და მერე თავს შეაფარებს ერთ-ერთ ამ ქალაქთაგანს,
12. მისი ქალაქის უხუცესობამ უნდა გამოაყვანინოს იქიდან და გადასცეს მესისხლეს, რომ მოკლან.
13. წყალობის თვალით ნუ შეხედავ მას, ჩამორეცხე უბრალო სისხლი ისრაელს და კარგი იქნება შენთვის.
14. ნუ გადასწევ წინაპართა მიერ გავლებულ შენი მოყვასის სამანს შენს წილხვედრში, რომელიც წილად გერგება იმ ქვეყნად, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გაძლევს დასამკვიდრებლად.
15. ვერ გამოვა ერთი მოწმე ვინმეს წინააღმდეგ რაიმე დანაშაულში, შეცოდებაში თუ ცოდვაში, რითაც შეიძლება სცოდოს კაცმა. მხოლოდ ორი მოწმის ან სამი მოწმის სიტყვით შედგება საქმე.
16. თუ გამოვა ავისმდომელი მოწმე ვინმეს წინააღმდეგ და ბრალს დასდებს მას,
17. წარდგეს ეს ორი მოდავე კაცი უფლის წინაშე, მღვდლებისა და მსაჯულების წინაშე, რომლებიც იმჟამად იქნებიან,
18. კარგად გამოიძიონ მსაჯულებმა, და თუ ის მოწმე ცრუმოწმე გამოდგა, ტყუილუბრალოდ დაუბრალებია თავისი მოძმისთვის,
19. ისე მოექეცით მას, როგორც თავად სურდა მოქცეოდა თავის მოძმეს და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.
20. დანარჩენებმა გაიგონ და შიში ჰქონდეთ, რომ აღარ ჩაიდინონ ამგვარი ბოროტი საქმე შენს წიაღში.
21. ნუ შეიწყალებს მას შენი თვალი, სიცოცხლე სიცოცხლის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ხელი ხელის წილ, ფეხი ფეხის წილ.
თავი მეოცე
1. როცა გახვალ შენს მტრებთან საომრად და დანახავ ცხენებს, ეტლებსა და შენზე მრავალრიცხოვან ხალხს, ნუ შეგეშინდება მათი, რადგან შენთანაა უფალი, შენი ღმერთი, ეგვიპტის ქვეყნიდან შენი გამომყვანი.
2. ბრძოლის მოახლოებისას მოდგეს მღვდელი და ელაპარაკოს ხალხს,
3. უთხრას: ისმინე, ისრაელო! ახლა ებმები ბრძოლაში შენს მტრებთან. ნუ დაგიძაბუნდებათ გული, ნუ შეგეშინდებათ, ნუ შედრკებით, ნუ დაფრთხებით მათ წინაშე.
4. რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, მოგყვებათ საბრძოლველად თქვენს მტრებთან, რომ გიხსნას თქვენ.
5. რჯულისკაცებმა კი ასე უთხრან ხალხს: ვინც ახალი სახლი ააშენა და არ გაუნათლავს, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და სხვამ არ განათლოს იგი.
6. ვინც ვაზი დარგო და ვერ მოიწია, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და სხვამ არ მოიწიოს იგი.
7. ვინც ქალი დანიშნა და არ მოუყვანია, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და ქალი სხვამ არ წაიყვანოს.
8. კიდევ ელაპარაკონ რჯულისკაცები ხალხს და უთხრან: ვინც მშიშარაა და გულით ძაბუნი, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ მოძმეებსაც არ დაუძაბუნოს გული თავისავით.
9. როცა რჯულისკაცები მორჩებიან ხალხთან ლაპარაკს, სარდლები დაუყენე ხალხს მეთაურად.
10. ქალაქს რომ მიუახლოვდებით საბრძოლველად, ზავი გამოუცხადე მას.
11. თუ ზავზე დაგთანხმდა და შეგიშვა, მთელი ხალხი, ვინც იქ იქნება, შენს ბეგარას დაიდებს და გემსახურება.
12. თუ არ დაგეზავა და ბრძოლა გაგიმართა, ალყა შემოარტყი.
13. ხელში ჩაგიგდებს მას უფალი, შენი ღმერთი, და მახვილით გაწყვეტ მთელს მამროვანს.
14. მხოლოდ ქალები, ბავშვები, პირუტყვი და ყველაფერი, რაც ქალაქში იქნება – მთელი ნადავლი დაიტაცე. ჭამე შენი მტრების ნადავლი, რომლებიც უფალმა, შენმა ღმერთმა, ჩაგიგდო ხელში.
15. ასევე მოექეცი შენგან დიდად დაშორებულ ყველა ქალაქს, რომლებიც არ ეკუთვნის ამ ხალხთა ქალაქებს.
16. ოღონდ ამ ხალხთა ქალაქებიდან, რომლებიც უფალმა, შენმა ღმერთმა, მოგცა წილად, ერთი სულიც არ დატოვო ცოცხალი.
17. პირწმინდად გაანადგურე ისინი: ხეთელები, ამორეველები, ქანაანელები, ფერიზეველები, ხივიელები და იუბუსეველები, როგორც გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა.
18. რათა არ შეგაჩვიონ ყველა იმ სისაძაგლეს, რასაც ისინი სჩადიან თავიანთი ღმერთებისთვის, და არ სცოდოთ უფალს, თქვენს ღმერთს.
19. თუ დიდხანს გექნება შემორტყული ალყა ქალაქისთვის მის დასამარცხებლად და ასაღებად, ნუ გაანადგურებ ხეებს, ცულს ნუ აღმართავ მათზე, რადგან თუკი ჭამ მათ ნაყოფს, არც უნდა მოჭრა. რადგან მინდორში მდგარი ხე კაცი ხომ არ არის, რომ გაგეცალოს და ციხე-სიმაგრეში შეაფაროს თავი?
20. მხოლოდ ის ხეები, რომლებიც იცი, რომ საჭმელად არაფერს ისხამენ, შეგიძლია გაანადგურო, ვიდრე არ აიღებდე.
თავი ოცდამეერთე
1. თუ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, დასამკვიდრებლად, ნახავ მოკლულს, ველზე დაგდებულს, და არ გეცოდინება ვინ მოკლა იგი,
2. გამოვიდნენ შენი უხუცესები და მსაჯულები და გაზომონ მანძილი ქალაქებამდე, რომლებიც მოკლულის ირგვლივაა.
3. რომელი ქალაქიც ახლოს აღმოჩნდება მოკლულთან, აიღონ მისმა უხუცესებმა უშობელი, რომელიც არ უმუშავებიათ, რომელსაც არ უტარებია უღელი,
4. და ჩაიყვანონ ამ ქალაქის უხუცესებმა მიგდებულ ხევში, რომელიც არ დამუშავებულა და არ დათესილა, და კისერი გადაუმტვრიონ ხბოს აქ, ამ ხევში.
5. მოდგენ ლევიანი მღვდლები (რადგან ისინი აირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ ემსახურონ მას და აკურთხონ უფლის სახელით, მათი პირით წყდება ყოველი დავა და ზარალის საქმე)
6. და მოკლულთან ახლოს მდებარე ქალაქის მთელი უხუცესობა, ხელი დაიბანონ ხევში კისერგადამტვრეულ ხბოზე,
7. გამოაცხადონ: ჩვენს ხელს არ დაუღვრია ეს სისხლი და არც ჩვენს თვალებს დაუნახავს.
8. მიუტევე შენს ერს. ისრაელს, რომელიც გამოსყიდული გყავს, უფალო, და ნუ დააკისრებ უბრალო სისხლს შენს ერს, ისრაელს. და მიეტევება მას სისხლი.
9. უნდა ჩამორეცხო შენს წრეში უბრალო სისხლი, თუ გინდა, რომ სწორად მოიქცე უფლის თვალში.
10. როცა შენს მტრებთან საომრად გახვალ და ხელში ჩაგიგდებს მათ უფალი, შენი ღმერთი, წამოასხამ ტყვეებს,
11. და დაინახავ ტყვეებში ლამაზ ქალს, შეგიყვარდება და მოინდომებ მის ცოლად წაყვანას,
12. მიიყვანე შენს სახლში, გადაიპარსოს თმა და დაიჭრას ფრჩხილები,
13. გაიხადოს ტყვეობის ტანსაცმელი, იცხოვროს შენს სახლში და ერთ თვეს იტიროს თავისი დედ-მამა; ამის მერე შედი მასთან, შეეუღლე და გახდება შენი ცოლი.
14. თუ გული აგეყარა, გაუშვი თავის ნებაზე, ოღონდ ვერცხლზე არ გაყიდო, მონად ნუ გაიხდი იმის გამო, რომ დამორჩილებული გყავს.
15. თუ კაცს ორი ცოლი ეყოლება – ერთი საყვარელი და მეორე საძულველი, შესძენენ მას ვაჟებს საყვარელიც და საძულველიც, პირმშო კი საძულველისა იქნება,
16. შვილებისთვის თავისი საბადებლის განაწილებისას არა აქვს მას უფლება, პირმშოება მიანიჭოს საყვარელი ცოლის ვაჟს საძულველი ცოლის ვაჟის, პირმშოს, საზიანოდ.
17. რაგან პირმშოდ საძულველი ცოლის ვაჟი უნდა აღიაროს და მისცეს მას ორმაგი წილი ყველაფრიდან, რაც კი აბადია, რადგან ის არის მისი ძალის დასაბამი, მას ეკუთვნის პირმშოების უფლება.
18. თუ კაცს ეყოლება ჯიუტი და ურჩი, დედ-მამის სიტყვის გაუგონარი შვილი, რომელსაც ჭკუას ასწავლიან, მაგრამ არ ესმის მათი.
19. ხელი მოჰკიდოს დედ-მამამ და გაიყვანონ თავიანთი ქალაქის კარიბჭესთან უხუცესების გარეშე,
20. უთხრან თავიანთი ქალაქის უხუცესებს: ჯიუტია და ურჩია ეს ჩვენი შვილი, ჩვენი სიტყვის გაუგონარი, ღორმუცელაა და ლოთი.
21. ჩაქოლოს იგი ამ ქალაქის მთელმა მოსახლეობამ და მოკვდეს. აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან, გაიგებს მთელი ისრაელი და Eშეეშინდება.
22. თუ ვინმე სასიკვდილო ცოდვას ჩაიდენს და მოკლავენ, ხეზე ჩამოკიდებ მას.
23. ღამე ხეზე არ უნდა დარჩეს მისი გვამი, არამედ იმდღესვე დამარხე, რადგან ღვთის მიერ არის დაწყევლილი ხეზე ჩამოკიდებული. ნუ გააუწმინდურებ მიწას, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს წილად.
თავი ოცდამეორე
1. ნუ აარიდებ თავს, როცა შენი მოძმის დაკარგულ ხარს ან ცხვარს დაინახავ, არამედ დაუბრუნე იგი შენს მოძმეს.
2. თუ შორს არის შენგან შენი მოძმე ან არ იცნობ მას, შეიფარე ისინი შენს სახლში და შენთან იყვნენ, ვიდრე შენი მოძმე არ მოიკითხავს მათ. მაშინ დაუბრუნე.
3. ასე მოიქეცი მისი სახედრის მიმართ, მისი ტანსაცმლის მიმართ, ყველაფრის მიმართ, რაც დაკარგა შენმა მოძმემ და შენ იპოვნე; არა გაქვს უფლება თავი აარიდო მათ.
4. ნუ აარიდებ თავს, როცა შენი მოძმის სახედარს ან ხარს გზაზე დავარდნილს ნახავ; უნდა შეეშველო მის წამოყენებაში.
5. ნუ ჩაიცვამს მამაკაცის ტანსაცმელს ქალი და ნუ შეიმოსება ქალის სამოსლით მამაკაცი, რადგან საძაგელია უფლისათვის ყველა, ვინც ამას სჩადის.
6. თუ გზად გადაეყრები ჩიტის ბუდეს, ბარტყებიანს ან კვერცხებიანს, და დედა აზის ბარტყებს თუ კვერცხებს, არ აიყვანო დედა თავის ბარტყებიანად.
7. დედა გაუშვი, ბარტყები კი წაიყვანე, რომ კარგად იყო და დღეგრძელი იყო.
8. თუ ახალ სახლს ააშენებ, ბანს მოაჯირი მოავლე, რომ სისხლი არ დაედოს შენს სახლს, როცა ვინმე გადმოვარდება იქიდან.
9. ნუ დათესავ ვენახში ორნაირ ჯიშს, რომ არ გააუწმინდურო ნაყოფი თესლისა, რომელსაც დათესავ, და ვენახის მოსავალი.
10. ნუ მოხნავ ხარითა და სახედრით ერთად.
11. ნუ ჩაიცვამ მატყლისა და სელის ქსოვილისაგან შეკერილ ტანისამოსს.
12. ფოჩები გაუკეთე ოთხივე კუთხეზე შენს საბანს, რომელსაც იხურავ.
13. თუ ვინმე ცოლს ითხოვს, შევა მასთან და მერე შეიძულებს მას,
14. ცილს დასწამებს და ცუდ ხმებს დაუყრის, იტყვის, მე ვითხოვე ეს ქალი, დავუახლოვდი მას და ქალწული არ აღმოჩნდაო,
15. ადგეს ამ ყმაწვილი ქალის დედ-მამა და გამოუტანოს მისი სიქალწულე ქალაქის უხუცესებს კარიბჭესთან.
16. უთხრას ყმაწვილი ქალის მამამ უხუცესებს: ეს ჩემი ასული ამ კაცს მივათხოვე ცოლად, მან კი შეიძულა.
17. აჰა, ცილს სწამებს მას, ამბობს: ქალწული არ აღმოჩნდაო შენი ქალიშვილი. Aჰა, ჩემი ასულის სიქალწულე, და გადაუშლიან სამოსელს ქალაქის უხუცესების წინ.
18. ადგნენ ქალაქის უხუცესები და დასაჯონ ეს კაცი.
19. ასი ვერცხლით დააჯარიმონ და გადაუხადონ ყმაწვილი ქალის მამას, რადგან ცუდი ხმები დაუყარა ისრაელიან ქა;ლწულს. ქალი მის ცოლადვე დარჩება, ვერ გაუშვებს მას თავის სიცოცხლეში.
20. თუ ეს ნათქვამი მართალი გამოდგა, ყმაწვილი ქალი ქალწული არ აღმოჩნდა,
21. გამოყვანონ ყმაწვილი ქალი მამამისის სახლის კართან და ჩაქოლონ მისი ქალაქის კაცებმა. მოკვდეს, რადგან სააუგო საქმე ჩაიდინა ისრაელში: იმრუშა მამისეულ სახლში, აღმოფხვრი ბოროტებას შენი კრებულიდან.
22. თუ კაცს გათხოვილ ქალთან მწოლარეს წაუსწრეს, ორივე უნდა მოიკლას: ქალთან მწოლარე კაციცა და ქალიც. აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან.
23. თუ კაცზე დანიშნულ ყმაწვილ ქალს, ქალწულს, ქალაქში ვინმე შეხვდა და დაწვა მასთან,
24. გაიყვანონ ორივენი ამ ქალაქის კარიბჭესთან და ჩაქოლონ სასიკვდილოდ – ყმაწვილი ქალი იმის გამო, რომ ხმა არ გაიღო ქალაქში, კაცი კი იმის გამო, რომ ძალა იხმარა მოყვასის ცოლზე. აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.
25. თუ მინდორში შეხვდება კაცი დანიშნულ ყმაწვილ ქალს, დაიჭერს მას და დაწვება მასთან, უნდა მოიკლას მხოლოდ კაცი, რომელიც ქალთან დაწვა.
26. ყმაწვილ ქალს არაფერი დაუშავო, სასიკვდილო დანაშაული არ აწევს ყმაწვილ ქალს, რადგან ეს იმგვარი საქმეა, გინდა კაცი დასხმოდეს თავის მოყვასს და მოეკლას.
27. რადგან მინდორში შეხვდა მას, და თუნდაც ეყვირა ყმაწვილ ქალს, არავინ იქნებოდა მისი მშველელი.
28. თუ ვინმე შეხვდება ქალწულს, რომელიც დანიშნული არ არის, დაიჭერს დაწვება მასთან და წაასწრებენ,
29. მისცეს ყმაწვილ ქალთან ნაწოლმა კაცმა მის მამას ორმოცდაათი ვერცხლი, ქალი კი მისი ცოლი გახდეს, იმის სანაცვლოდ, რომ ძალა იხმარა მასზე. არ შეეძლება მისი გაშვება თავის სიცოცხლეში.
30. არავინ ითხოვოს თავისი მამის ცოლი და არ გადაუწიოს კალთა თავის მამას.
თავი ოცდამესამე
1. ვერ შევა კვერცხებჩაჭყლეტილი და ასომოკვეთილი უფლის საკრებულოში.
2. ვერ შევა ბუში უფლის საკრებულოში, მისი მეათე თაობაც კი ვერ შევა უფლის საკრებულოში.
3. ვერ შევლენ ყამონელები და მოაბელები უფლის საკრებულოში, მათი მეათე თაობაც კი ვერასოდეს შევა უფლის საკრებულოში.
4. ეს იმიტომ, რომ პურითა და წყლით არ დაგხვდნენ გზაზე, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდი, და იმიტომ, რომ დაიქირავეს შენს წინააღმდეგ ბალაამ ბეყორის ძე, შუამდინარეთის ფეთორიდან შენს დასაწყევლად.
5. არ ინება უფალმა, შენმა ღმერთმა, ეს მიწა ბალაამისთვის და კურთხევად შეგიცვალა წყევლა უფალმა, შენმა ღმერთმა, რადგან უყვარხარ უფალს, შენს ღმერთს.
6. ნუ შეკრავ მათთან ზავს და ნუ ეძებ მათთვის სიკეთეს მთელი შენი სიცოცხლე უკუნისამდე.
7. ნუ შეგძაგდება ედომელი, რაგან შენი მოძმეა, ნუ შეგძაგდება ეგვიპტელი, რადგან მდგმურად იყავი მის ქვეყანაში.
8. შვილები, რომლებიც მათ შეეძინებათ, მესამე თაობაში შევლენ უფლის საკრებულოში.
9. როცა მტრების წინააღმდეგ ბანაკად გახვალ, ერიდე ყოველივე ცუდს.
10. თუ ვინმე იქნება შენში ღამის შემთხვევის შემდეგ გაუწმენდელი, გავიდეს ბანაკის გარეთ, არ შევიდეს ბანაკის შიგნით.
11. საღამოს პირზე წყლით განიბანოს და მზის ჩასვლისას შევიდეს ბანაკში.
12. ადგილი გექნება ბანაკგარეთ, რომ შეგეძლოს იქ გარეთ გასვლა.
13. ბარი უნდა გქონდეს სარტყელში და გარეთ დაჯდომისას ამოთხარე მიწა და ჩაფალი შიგ განავალი.
14. რადგან უფალი, შენი ღმერთი, დადის შუაგულ ბანაკში, რომ გიხსნას და ხელში ჩაგიგდოს შენი მტრები. წმიდა უნდა იყოს შენი ბანაკი, რომ არ დაინახოს შენში რაიმე სამარცხვინო და ზურგი არ შეგაქციოს.
15. არ გადასცე თავის პატრონს ყმა, რომელიც შენთან გამოექცა პატრონს.
16. იცხოვროს შენთან, შენს წრეში, იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს შენს ერთ-ერთ ქალაქში, სადაც მოეწონება, არ დაჩაგრო იგი.
17. არ იყოს მეძავი ქალი ისრაელის ქალებს შორის და მეძავი კაცი ისრაელის კაცებს შორის.
18. არანაირი აღთქმისათვის არ შეიტანო სამეძაო გასამრჯელო ან ძაღლის ფასი უფლის, შენი ღმერთის სახლში, რადგან ორივე ეს სისაძაგლეა უფლის, შენი ღმერთისათვის.
19. არ მისცე სარგებელში შენს მოძმეს არც ვერცხლი, არც საჭმელი და არც რაიმე ნივთი, რაც სარგებელში შეიძლება გაიცეს.
20. უცხოელს მიეცი სარგებელში, შენს მოძმეს კი ნუ მისცემ სარგებელში, რომ გიკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, მთელი შენი ნაამაგარი იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ.
21. თუ აღთქმას დაუდებ უფალს, შენს ღმერთს, ნუ დააგვიანებ მის შესრულებას, რადგან მოიკითხავს მას შენგან უფალი, შენი ღმერთი და ცოდვა დაგედება.
22. თუ აღთქმისაგან თავს შეიკავებ, არც ცოდვა დაგედება.
23. შეინახე შენი ბაგიდან გამომავალი სიტყვა და შეასრულე, რაც აღთქმული გაქვს უფლის, შენი ღმერთისადმი, რაც წარმოთქვა შენმა ბაგემ.
24. როცა შეხვალ შენი მოყვასის ვენახში და შენი სურვილისამებრ, გაძღომამდე ჭამ ყურძენს, ჭურჭელში აღარ ჩააწყო.
25. როცა წახვალ შენი მოყვასის სამკალში, ხელით დაგლიჯე თავთავები, ნამგალი არ მოიქნიო შენი მოყვასის სამკალში.
თავი ოცდამეოთხე
1. თუ კაცი ცოლს მოიყვანს და მისი ქმარი გახდება, მერე აითვალწუნებს, რადგან რაღაც სასირცხოს აღმოაჩენს მასში, უნდა დაუწეროს გაყრის წერილი, მისცეს ხელში და გაუშვას თავისი სახლიდან.
2. ქალი წავა მისი სახლიდან და გაჰყვება სხვა ქმარს.
3. თუ მეორე ქმარი მოიძულებს მას და დაუწერს გაყრის წერილს, მისცეს ხელში და გაუშვებს თავისი სახლიდან ან მოკვდება მეორე ქმარი, რომელმაც ცოლად მოიყვანა იგი,
4. პირველ ქმარს, რომელმაც გაუშვა იგი, ნება არა აქვს ისევ მოიყვანოს ცოლად მას შემდეგ, რაც ქალი გაუწმინდურდა, რადგან ეს სისაძაგლეა უფლის წინაშე. ცოდვაში ნუ ჩააგდებ მიწას, რომელსაც წილად გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
5. თუ ვინმეს ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავს, ნუ გავა სალაშქროდ და ნურც ნურაფერი დაეკისრება მას; ერთი წლით თავისუფალი იყოს სახლისთვის და გაახაროს თავისი ცოლი, რომელიც მოიყვანა.
6. არავინ დაიგირაოს ხელსაფქვავი ან დოლაბი, რადგან სიცოცხლის დამგირავებელი იქნება იგი.
7. თუ ნაპოვნი იქნება კაცი, რომელმაც მოიტაცა თავისი მოძმე ისრაელიანი, დაიმორჩილა და გაყიდა იგი, ეს მომტაცებელი უნდა მოკვდეს. აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.
8. არ გამოგრჩეთ კეთრის ნიშანი, დაიცავით და გააკეთეთ ყველაფერი, რაც ლევიან მღვდლებს უბრძანებია თქვენთვის. როგორც მე ვუბრძანე მათ, ეცადეთ ისე გააკეთოთ.
9. გაიხსენე, რა უყო უფალმა, შენმა ღმერთმა, მირიამს გზაში, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით.
10. თუ შენს მოყვასს რამეს ასესხებ, ნუ შეხვალ მის სახლში წინდის ასაღებად.
11. გარეთ დადექი და კაცი, რომელსაც სესხს აძლევ, გარეთ გამოგიტანს წინდს.
12. თუ ღარიბი კაცია, ღამე არ დაიტოვო მისი წინდი.
13. დაუბრუნე წინდი მზის ჩასვლისას, რომ დაიძინოს თავის სახლში და დაგლოცოს. კეთილ საქმედ ჩაგეთვლება უფლის, შენი ღმერთის წინაშე.
14. ნუ დაჩაგრავ მოჯამაგირეს და ღარიბ-ღატაკს, შენი მოძმე იქნება ის თუ შენს ქვეყანაში, შენს კარზე მცხოვრები მდგმური.
15. თავის დროზე გადაუხადე გასამრჯელო და ნუ დაუცდი მზის ჩასვლას, რადგან ღარიბია იგი და შენი იმედი აქვს; არ გიჩივლოს უფალთან და ცოდვა არ დაგედოს.
16. არ უნდა მოიკლან მამები შვილების გამო და შვილები არ უნდა მოიკლან მამების გამო; თითოეული თავისი დანაშაულისთვის უნდა მოიკლას.
17. ნუ გაამრუდებ მდგმურისა და ობლის სამართალს, ნუ დაიგირავებ ქვრივი ქალის სამოსელს.
18. გაიხსენე, რომ ყმა იყავი ეგვიპტეში და უფალმა, შენმა ღმერთმა, გამოგისყიდა იქიდან; ამიტომაც გიბრძანებ ამის აღსრულებას.
19. თუ მომკი სამკალს და ძნა დაგავიწყდება ყანაში, ნუღა გაბრუნდები მის წამოსაღებად – მდგმურებსა და ქვრივ-ობლებს დარჩეთ, რომ აკურთოს უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველაფერი, რასაც შენი ხელით გააკეთებ.
20. როცა ზეთისხილს ჩამობერტყავ, რტოებს ნუღა დაუწყებ თვალიერებას – მდგმურებსა და ქვრივ-ობლებს დარჩეს.
21. როცა ვენახს დაკრიფავ, მომცვრევას ნუღა დაიწყებ – მდგმურებსა და ქვრივ-ობლებს დარჩეს.
22. გაიხსენე, რომ ყმა იყავი ეგვიპტის ქვეყანაში, ამიტომაც გიბრძანებ მე ამის აღსრულებას.
თავი ოცდამეხუთე
1. თუ დავა ექნათ ერთმანეთში, სასამართლოს წარუდგნენ და განსჯიან მათ; მართალს გაამართლებენ და დამნაშავეს დასჯიან.
2. თუ დამნაშავე ცემის ღირსი იქნება, წამოაქცევინოს იგი მსაჯულმა და აცემინოს თავის წინაშე დანაშაულის კვალობაზე, როგორც იმსახურებს.
3. ორმოცი დარტყმა აკმარონ, მეტს ნუ დაარტყამენ, თორემ თუ გადაამეტეს და ბევრი ურტყეს, დამცირდება შენს თვალში შენი მოძმე.
4. ნუ აუკრავ პირს ხარს ლეწვის დროს.
5. თუ ძმები ერთად ცხოვრობენ და ერთი მათგანი უშვილოდ მოკვდება, მისი ქვრივი არ უნდა მისთხოვდეს გარეთ უცხო კაცს, არამედ მაზლი უნდა შევიდეს მასთან, ცოლად იხოვოს და შეეუღლოს მას.
6. პირმშო, რომელსაც დაბადებს ქალი, მკვდარი ძმის სახელზე, აღდგება, რომ არ წაიშალოს მისი სახელი ისრაელში.
7. თუ კაცი არ ისურვებს თავისი რძლის ცოლად მოყვანას, წარუდგება მისი რძალი კარიბჭესთან უხუცესებს და ეტყვის: არ უნდა ჩემს მაზლს, რომ სახელი აღუდგინოს თავის ძმას ისრაელში, არ მეუღლება ჩემი მაზლიო.
8. დაიბარებენ კაცს ქალაქის უხუცესები და მოელაპარაკებიან. თუ კაცი ადგება და იტყვის: არ მინდა მისი მოყვანაო,
9. თავზე დაადგება მას მისი რძალი უხუცესების თვალწინ, ფეხსაცმელს გახდის, სახეში შეაფურთხებს და ეტყვის: ასე ექცევიან კაცს, რომელიც სახლს არ უშენებს თავის ძმას.
10. და დაერქმევა სახელად ისრაელში: ფეხგახდილის სახლი.
11. თუ კაცები ერთმანეთში ჩხუბობენ და ერთ-ერთის ცოლი ახლოს მივა თავისი ქმრის დასახსნელად მისი მცემელის ხელიდან, გაიწვდის ხელს და კაცის სარცხვინელს მოეჭიდება, 12. ხელის მტევანი მოჰკვეთე მას, არ შეიწყალოს იგი შენმა თვალმა.
13. ნუ გექნება ჩანთაში ორი განსხვავებული საწონი – დიდი და მცირე.
14. ნუ გექნება სახლში ორი განსხვავებული საწყაო – დიდი და მცირე.
15. საწონი სრული და სწორი უნდა გქონდეს; საწყაო სრული და სწორი უნდა გქონდეს, რომ დღეგრძელი იყო იმ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს.
16. რადგან საძაგელია უფლის, შენი ღმერთისათვის ყველა, ვინც ამას აკეთებს, ყველა, ვინც უკანონობას სჩადის.
17. გაიხსენე, როგორ მოგექცათ გზაზე ყამალეკი, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით;
18. გზაზე რომ დაგხვდა და გაგინადგურა დაფანტული უკანა რიგები, შენ კი დაღლილ-დაქაქნცული იყავი, და ღმერთის არ შეშინებია.
19. როცა მოგასვენებს უფალი, შენი ღმერთი, გარეშემო მტრებისგან იმ ქვეყანაში, რომელსაც წილად გაძლევს, რომ დაიმკვიდრო იგი, მოსპე ყამალეკის სახსენებელი ცისქვეშეთიდან, არ დაგავიწყდეს.
თავი ოცდამეექვსე
1. როცა მიხვალ ქვეყანაში, რომელსაც წილად გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, და დაიმკვიდრებ მას და დაიწყებ იქ ცხოვრებას,
2. აიღე მიწის ყოველი პირველმოწეული ნაყოფი, რომელსაც მოისთვლი ქვეყანაში უფალი, შენი ღმერთი, რომ გაძლევს, ჩააწყვე კალათაში და წადი იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის დასავანებლად.
3. მიდი მღვდელთან, რომელიც იმჟამად იქნება, და უთხარი: ვაცხადებ დღეს უფლის, შენი ღმერთის წინაშე, რომ შემოვედი ამ ქვეყანაში, რომელიც ჩვენთვის მოსაცემად აღუთქვა უფალმა ჩვენს მამა-პაპას.
4. ხელიდან გამოგართმევს მღვდელი კალათს და დადებს უფლის, შენი ღმერთის სამსხვერპლოს წინ.
5. ილაპარაკე და თქვი უფლის, შენი ღმერთის წინაშე: მოხეტიალე არამელი იყო ჩემი მამა, ჩავიდა ეგვიპტეში და მდგმურობდა იქ მცირერიცხოვანი ხალხითურთ და წარმოიშვა მისგან დიდი, ძლიერი და მრავალრიცხოვანი ერი.
6. ცუდად გვექცეოდნენ ეგვიპტელები, გვჩაგრავდნენ და მძიმე სამუშაოს გვაკისრებდნენ.
7. შევღაღადეთ უფალს, ჩვენს ღმერთს, და ისმინა უფალმა ჩვენი ხმა, დაინახა უფალმა ჩვენი ჩაგვრა და ჩვენი ტანჯვა-წამება.
8. და გამოგვიყვანა უფალმა ეგვიპტიდან მაგარი ხელით და შემართული მკლავით, დიდი ზარით, სასწაულებითა და ნიშნებით.
9. მოგვიყვანა ამ ადგილას და მოგვცა ეს ქვეყანა, ზეთითა და თაფლით მდიდარი ქვეყანა.
10. ახლა კი, აჰა, მომიტანია პირველმოწეული ნაყოფი ამ მიწისა, რომელიც მომცა უფალმა. დადევი იგი უფლის, შენი ღმერთის წინაშე და თაყვანი ეცი უფალს, შენს ღმერთს.
11. გაიხარე ლევიანთან და შენს მდგმურთან ერთად ყოველი სიკეთით, რაც კი უფალს, შენს ღმერთს, მოუცია შენთვის და შენი სახლისათვის.
12. როცა მესამე წელს, მეათედის წილს გადასდებ მთელი შენი შემოსავლის მეათედს და მისცემ ლევიანს, მდგმურსა და ქვრივ-ობლებს, რომ ჭამონ შენს კარზე და გაძღენ,
13. თქვი უფლის, შენი ღმერთის წინაშე: მოვაცილე სახლს წმიდა წილი და მივეცი კიდეც ლევიანს, მდგმურს და ქვრივ-ობლებს შენი ანდერძის თანახმად, როგორც დამარიგე. არ გადავსულვარ შენს მცნებას და არც დამვიწყნია.
14. პირი არ მიმიკარებია მისთვის გაჭირვების დროს, არც გაუწმინდურებულისგან გამომირჩევია და არც მკვდრის საჭიროებისთვის მიმიცია. უფლის, ჩემი ღმერთის ხმას ვემორჩილებოდი, ყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც ნაბრძანები გქონდა ჩემთვის.
15. გადმოიხედე შენი სიწმიდის სამყოფელიდან, ციდან და აკურთხე შენი ერი ისრაელი და მიწა, რომელიც ჩვენთვის მოგიცია ჩვენს მამა-პაპასთან დადებული ფიცის თანახმად, ქვეყანა, ზეთითა და თაფლით მდინარი.
16. ამ დღეს გიბრძანებს უფალი, შენი ღმერთი, ამ წესებისა და სამართლის აღსრულებას: დაიცავი და შეასრულე ისინი მთელი შენი გულითა და მთელი შენი სულით.
17. უფლისა ირწმუნე დღეს, რომ შენი ღმერთია იგი, რომ ივლი მის გზაზე, დაიცავ მის წესებს, ანდერძებს და სამართალს, გაიგონებ მის სიტყვას.
18. უფალმა გაღიარა დღეს თავის რჩეულ ერად, როგორც უთქვამს შენთვის, რომ იცავდე მის მცნებებს,
19. რომ აგამაღლოს თავის გაჩენილ ყველა ხალხზე დიდებით, სახელითა და პატივით, რომ ჰყავდე წმიდა ერად უფალს, შენი მამა-პაპის ღმერთს.
თავი ოცდამეშვიდე
1. დამოძღვრეს მოსემ და ისრაელის უხუცესებმა ერი და უთხრეს: დაიცავი ყოველი მცნება, რასაც დღეს გიცხადებ.
< . . . . . . . >
14. გამოაცხადებენ და ეტყვიან ლევიანები თითოეულ ისრაელიანს მაღალი ხმით.
15. წყეულიმც იყოს, ვინც გააკეთებს ქანდაკს და ჩამოსხმულ კერპს – სისაძაგლეს უფლისათვის, ოსტატის ხელით ნაკეთებს, და ფარულად დადგამს. დასტურს დასცემს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
16. წყეულიმც იყოს დედ-მამის შემაგინებელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
17. წყეულიმც იყოს თავისი მეზობლის სამანის გადამწევი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
18. წყეულიმც იყოს ბრმისთვის გზა-კვალის ამრევი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
19. წყეულიმც იყოს მდგმურისა და ქვრივ-ობლების სამართლის გამმრუდებელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
20. წყეულიმც იყოს მამის ცოლთან მწოლელი, რადგან კალთა გადაუწია მამას! იტყვის მთელი ერი: ამინ!
21. წყეულიმც იყოს პირუტყვთან მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
22. წყეულიმც იყოს თავის დასთან – თავის მამის ქალიშვილთან ან დედის ქალიშვილთან – მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
23. წყეულიმც იყოს სიდედრთან მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
24. წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის ფარულად მკვლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
25. წყეულიმც იყოს ქრთამის ამღები კასცის მოსაკლავად, უბრალო სისხლის დასაღვრელად! იტყვის მთელი ერი: ამინ!
26. წყეულიმც იყოს, ვინც გატეხს ამ რჯულის სიტყვებს და არ შეასრულებს მათ! იტყვის მთელი ერი: ამინ!
თავი ოცდამერვე
1. თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას, დაიცავ და შეასრულებ ყველა ანდერძს, რომელსაც დღეს გიცხადებს, ქვეყნიერების ყველა ხალხზე მაღლა დაგსვამს უფალი, შენი ღმერთი.
2. გადმოვა შენზე ყველა ეს კურთხევა და გეწევა, როცა გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას.
3. კურთხეულიმც ხარ ქალაქად და კურთხეულიმც ხარ ველად!
4. კურთხეულიმც არის შენი მუცლის ნაყოფი, შენი მიწის ნაყოფი და შენი საქონლის ნაყოფი, შენი ნახირის მონაშენი და შენი ფარის ნამატი.
5. კურთხეულიმც არის შენი კალათი და შენი ვარცლი!
6. კურთხეულიმც ხარ შესვლისას და კურთხეულიმც ხარ გამოსვლისას!
7. დაამხობს უფალი შენს წინაშე შენს მტრებს, შენს წინააღმდგომთ; ერთი გზით წამოვლენ შენსკენ და შვიდი გზით გაიქცევიან შენგან.
8. მოგაფენს უფალი კურთხევას შენს ბეღლებში და ყველაფერში, რასაც შენი ხელი გააკეთებს. გაკურთხებს იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
9. დაგსვამს უფალი წმინდა ერად, როგორც დაფიცებული აქვს შენთვის, თუ დაიცავ უფლის, შენი ღმერთის მცნებას და ივლი მის გზაზე.
10. დაინახავს ქვეყნის ყველა ხალხი, რომ უფლის სახელია შენზე დარქმეული და შეეშინდებათ შენი.
11. გაგაუხვებს უფალი სასიკეთოდ შენი მუცლის ნაყოფში, შენი საქონლის ნაყოფში და შენი მიწის ნაყოფში იმ მიწაზე, რომელიც აღუთქვა შენს მამა-პაპას შენთვის მოსაცემად.
12. გაგიღებს უფალი თავის მადლიან საუნჯეს – ცას, რომ მოსცეს მიწას წვიმა თავის დროზე და აკურთხოს შენი ხელის ყოველი ნამუშაკევი. ბევრ ხალხებს მისცემ სესხს, თავად კი არავისგან ისესხებ.
13. თავი გახდები უფლის წყალობით და არა კუდი, სულ მაღლა იქნები და ძირს არ იქნები, როცა შეისმენ უფლის, შენი ღმერთის, მცნებას, რომელსაც გიცხადებ დღეს, რომ დაიცვა და შეასრულო.
14. არ გადაუხვიო არც ერთ სიტყვას, რომელსაც გიცხადებ დღეს, არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, არ იარო უცხო ღმერთების კვალზე და არ ემსახურო მათ.
15. თუ არ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას, არ დაიცავ და არ შეასრულებ ყველა მის მცნებას და წესებს, რომელთაც გიცხადებ დღეს, გადმოვა შენზე ყველა ეს წყევლა და გეწევა.
16. წყეულიმც ხარ ქალაქად და წყეულიმც ხარ ველად!
17. წყეულიმც იყოს შენი კალათი და შენი ვარცლი!
18. წყეულიმც იყოს შენი მუცლის ნაყოფი, შენი მიწის ნაყოფი, შენი ნახირის მონაშენი და შენი ფარის ნამატი!
19. წყეულიმცა ხარ შესვლისას და წყეულიმცა ხარ გასვლისას!
20. მოგივლენს უფალი წყევლას, ფეთებას, შეჩვენებას შენი ხელის ყოველ ნამუშაკევში, რასაც კი გააკეთებ, ვიდრე არ განადგურდები, ვიდრე მალე არ დაიღუპები შენი ბოროტი საქმეებისთვის, იმისათვის, რომ მიმატოვე.
21. მოგაწებებს უფალი შავ ჭირს, ვიდრე არ გადაგაშენებს იმ ქვეყნიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც მოსულხარ.
22. მოგწყლავს უფალი ჭლექით, ციებ-ცხელებით, ანთებით, ხურვებით, გვალვით, ხორშაკით და სიყვითლით; დაგიწყებენ დევნას, ვიდრე არ დაიღუპები.
23. სპილენძად გექცევა თავზე ცა და მიწა – რკინად შენს ფეხქვეშ.
24. მტვრად აქცევს უფალი შენი ქვეყნის წვიმას და ნაცარი დაგეყრება თავზე, ვიდრე საბოლოოდ განადგურდებოდე.
25. დაგამხობს უფალი შენი მტრების წინაშე, ერთი გზით წახვალ მისკენ და შვიდი გზით გაექცევი მას. საფრთხობელად იქცევი ამ ქვეყნის ყველა სამეფოსთვის.
26. შენი გვამი ცის ფრინველთა და მიწის მხეცთა საჯიჯგნი გახდება და არავინ იქნება მომგერიებელი.
27. მოგწყლავს უფალი ეგვიპტური ყვავილით, ბუგრით, მუნით და ქეცით, რომლისგანაც არ იქნება განკურნება.
28. მოგწყლავს უფალი სიგიჟით, სიბრმავითა და შეშლილობით.
29. ხელის ცეცებით ივლი შუადღისას, როგორც ბრმა დადის სიბნელეში, ვერსად გაიგნებ გზას, იქნები დათრგუნული და დაწიოკებული მთელი სიცოცხლე და არ გეყოლება შემწე.
30. ქალს დანიშნავ და სხვა კაცი დაწვება მასთან, სახლს აიშენებ და ვერ იცხოვრებ მასში, ვენახს ჩაყრი და ვერ მოისთვლი.
31. შენი ხარი დაკლულია შენს თვალწინ და ვერ ჭამ, სახედარი მოგტაცეს და აღარ ბრუნდება შენთან, შენი ცხვარი შენს მტრებს ჩაუვარდა ხელში და არავინა გყავს შემწე.
32. შენი ვაჟები და ასულები უცხო ხალხს ჩაუცვივდებიან ხელში, თვალები დაგევსება მათი ყურებით მთელი დღე, და მკლავში აღარ გექნება ძალა.
33. შენი მიწის ნაყოფს და შენს ნაშრომს შეჭამს ხალხი, რომელსაც არ იცნობ; ტანჯულ-წამებული იქნები მთელი სიცოცხლე.
34. ჭკუზე შეგშლის სანახაობა შენს თვალწინ, როდესაც დაინახავ.
35. დაგიწყლულებს უფალი მუხლებს და წვივებს განუკურნებლად, ტერფიდან თხემამდე.
36. წაგიყვანთ უფალი შენ და შენს მეფეს, რომელსაც დაისვამ იმ ხალხთან, რომელსაც არ იცნობ შენ და არც შენი მამა-პაპა იცნობდა, და დაუწყებენ იქ მსახურებას უცხო ღმერთებს – ხესა და ქვას.
37. საფრთხობელად, თითის საჩვენებლად და სამასხროდ შეიქნები ყველა ხალხში, სადაც კი წაგიყვანს უფალი.
38. ბევრ თესლს გაიტან ყანაში, მაგრამ ცოტას მოიმკი, რადგან კალია გააჩანაგებს.
39. ვენახებს ჩაყრი და დაამუშავებ, მაგრამ ღვინოს ვერ დალევ, ვერც კი დაკრეფ, რადგან ჭია შეჭამს.
40. ზეთისხილი გექნება მთელს შენს მიწა-წყალზე, მაგრამ ზეთით ვერ გაიპოხები, რადგან დაცვივა ნაყოფი.
41. ვაჟებს და ასულებს გააჩენ, მაგრამ არ შეგრჩებიან, რადგან ტყვეობაში წავლენ.
42. მთელს შენს ხეებს და მიწის ნაყოფს კალია დაეპატრონება.
43. მდგმური, რომელიც შენს კარზე ცხოვრობს, შენზე მაღლა და მაღლა წავა, შენ კი სულ დაბლა დაეშვები.
44. ის სესხს მოგცემს, შენ კი ვერ ასესხებ მას, ის თავი იქნება, შენ კუდი იქნები.
45. გადმოვა შენზე ყველა ეს წყევლა, დაგედევნება და დაგეწევა, ვიდრე არ განადგურდები, რადგან არ გაიგონე უფლის, შენი ღმერთის სიტყვა, არ დაიცავი მისი მცნებები და წესები, რომლებიც გამოგიცხადა.
46. იქნება შენთვის და შენი შთამომავლობისთვის ნიშნად და სასწაულად უკუნისამდე.
47. იმისათვის, რომ არ ემსახურებოდი უფალს, შენს ღმერთს, სიხარულითა და კეთილი გულით, როცა დოვლათში იყავი.
48. დაუწყებ სამსახურს შენს მტრებს, რომელთაც მოგისევს უფალი, შიმშილში, სიმწყურვალეში, სიშიშვლეში და ყოველგვარ გასაჭირში; დაგადგამს ქედზე რკინის უღელს, რომ საბოლოოდ გაგანადგუროს.
49. დაძრავს უფალი ხალხს შენს წინააღმდეგ შორეთიდან, ქვეყნის კიდიდან, არწივივით მოფრინდება ხალხი, რომლის ენას ვერ გაიგებ.
50. მოძალადე ხალხი, რომელიც მოხუცს პატივს არ სცემს და ყმაწვილკაცს არ იბრალებს.
51. დაუწყებს ჭამას შენი საქონლის ნაყოფს და შენი მიწის ნაყოფს და საბოლოოდ გაგაჩანაგებს, არ დაგიტოვებს არც პურს, არც ღვინოს, არც ზეთს, არც საქონლის მონაშენს და არც ცხვრის ნამატს, რომ საბოლოოდ გაგანადგუროს.
52. ალყაში მოგაქცევს მთელს შენს მიწა-წყალზე, ყველგან, ვიდრე არ დაგექცევა მთელს შენს ქვეყანაში მაღალი და მაგარი კედლები, რომელთა იმედი გაქვს. ალყაში მოგაქცევს მთელს შენს მიწა-წყალზე, შენს ქვეყანაში, რომელიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა.
53. დაუწყებ ჭამას შენი მუცლის ნაყოფს, შენი ვაჟებისა და ასულების ხორცს, რომლებიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა, ალყაში და იწროებაში, როცა შეგავიწროებს მტერი.
54. განებივრებული და გაფუფუნებული კაცი ავად დაუწყებს ყურებას თავის მოძმეს და თანამეცხედრეს, თავის დარჩენილ შვილებს, რომლებიც შერჩება მას.
55. არავის მისცემს თავისი შვილების ხორცს, რომელთაც შეჭამს, რადგან არაფერი დარჩება მას ალყაში და იწროებაში, როცა შეგავიწროებს მტერი მთელს შენს მიწა-წყალზე.
56. განებივრებული და გაფუფუნებული ქალი, რომელსაც ფუფუნების და ნებივრობის გამო ფეხიც არ დაუკარებია მიწაზე, ავი თვალით შეხედავს თავის თანამეცხედრეს, თავის ვაჟსა და ასულს.
57. მომყოლს, რომელიც გამოდის მის ფეხებშორის, და თავის შვილებს, რომელთაც დაბადებს, რადგან ჩუმად შეჭამს მას გაჭირვებისას, ალყაში და იწროებაში, როცა შეგავიწროებს მტერი შენს მიწა-წყალზე.
58. თუ არ შეასრულებ ამ რჯულის ყველა სიტყვას, რომელიც ამ წიგნშია ჩაწერილი და არ შეუშინდები ამ სამძიმო და საშინელ სახელს – უფალს, შენს ღმერთს,
59. შეგყრის უფალი გაუგონარ სატკივრებს შენ და შენს შთამომავლობას, ძნელ და უკურნებელ სატკივრებს, მძიმე და უკურნებელ სნეულებებს.
60. შენზე მოაბრუნებს ეგვიპტის ყველა სნეულებას, რომლისაც გეშინოდა და მოგეწებებიან.
61. ყველა ავადმყოფობას, ყველა სატკივარს, რომელიც არ არის ჩაწერილი ამ რჯულის წიგნში, მოავლენს უფალი შენზე, რომ საბოლოოდ განადგურდე.
62. მცირედნიღა დარჩებით, ნაცვლად იმისა, რომ ცის ვარსკვლავებივით უთვალავნი ყოფილიყავით, რადგან არ გაიგონე უფლის, შენი ღმერთის ხმა.
63. როგორც ხარობდა უფალი თქვენს გამო, როცა სიკეთეს გიკეთებდათ და გამრავლებდათ, ასევე გაიხარებს თქვენზე, როცა მოგსპობთ და გაგანადგურებთ. აღმოიფხვრებით იმ მიწიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც მოხვედით.
64. გაგფანტავთ უფალი ყველა ხალხში ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე, დაუწყებ იქ სამსახურს უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდით არც შენ და არც შენი მამა-პაპა – ხესა და ქვას.
65. ვერ იგრძნობ შვებას იმ ხალხში და არ ექნება შესვენება შენს ფეხებს. გარგუნებს იქ უფალი მხდალ გულს, დავსებულ თვალებს, მწუხარე სულს.
66. ბეწვზე ეკიდება შენს წინ შენი სიცოცხლე, შიშში იქნები დღისით და ღამით, დაგეკარგება სიცოცხლის სასო.
67. დილით იტყვი: ნეტავ საღამო იყოს! საღამოთი იტყვი: ნეტავ დილა იყოს! იმ შიშის გამო, რითაც სავსე გექნება გული და იმ სანახავის გამო, რასაც დაინახავ.
68. დაგაბრუნებს უფალი ეგვიპტეში ხომალდებით იმ გზაზე, რომელზეც გითხარი, რომ აღარასოდეს იხილავდი მას. იქ შეგაძლევენ შენს მტრებს ყმებად და ყმაქალებად, მაგრამ მყიდველი არავინ იქნება.
თავი ოცდამეცხრე
1. აი, სიტყვები აღთქმისა, რომლებიც გამოუცხადა უფალმა მოსეს ისრაელიანებთან დასადებად მოაბის ქვეყანაში, გარდა იმ აღთქმისა, რომელიც დაუდო მათ ხორებში.
2. მოუხმო მოსემ მთელს ისრაელს და უთხრა: ყველაფერი ნახეთ, რაც დამართა უფალმა თქვენს თვალწინ ეგვიპტის ქვეყანაში ფარაონს, მის მორჩილთ და მთელს მის ქვეყანას –
3. დიდი განსაცდელები, რომლებიც იხილეს თქვენმა თვალებმა, ის ნიშნები და სასწაულები. 4. მაგრამ დღემდე არ მოუცია უფალს თქვენთვის გული მისახვედრად, თვალები სახილველად და ყურები სასმენელად.
5. ორმოცი წელი გატარებდით უდაბნოში, არ გაგცვეთიათ ტანზე სამოსელი, არ გაგცვეთიათ ფეხზე ხამლები.
6. პური არ გიჭამიათ, ღვინო და სასმელი არ გისვამთ, რათა გცოდნოდათ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
7. მოხვედით ამ ადგილას და გამოვიდნენ თქვენს წინააღმდეგ საბრძოლველად სიხონი, ხეშბონის მეფე, და ყოგი, ბაშანის მეფე, და ჩვენ ვძლიეთ მათ.
8. დავიჭირეთ მათი ქვეყანა და მივეცით წილად რეუბენს, გადსა და მენაშეანთა ნახევარ შტოს.
9. დაიცავით ამ აღთქმის სიტყვები და შეასრულეთ, რომ ხელი მოგემართოთ ყველაფერში, რასაც გააკეთებთ.
10. ყველანი დგახართ დღეს უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე – შტოთა თავკაცები, უხუცესები და სჯულისკაცები, მთელი ისრაელობა.
11. დედაწულითურთ, და შენს ბანაკში მყოფი მდგმურითურთ, შეშის მჩეხავიდან წყლის მზიდავამდე.
12. რათა შემოხვიდე უფლის, შენი ღმერთის აღთქმაში და მის ფიცში, რომელსაც გიდებს დღეს უფალი, შენი ღმერთი.
13. რათა თავის ერად გაგხადოს დღეს და თავად შენი ღმერთი გახდეს, როგორც უთქვამს შენთვის და როგორც აღუთქვა შენს მამა-პაპას – აბრაამს, ისაკს და იაკობს.
14. არა მხოლოდ თქვენთან ვდებ ამ აღთქმას და ამ ფიცს,
15. არამედ იმათთანაც, ვინც ჩვენთან ერთად დგანან დღეს უფლის, ჩვენი ღმერთის წინაშე, და იმათთანაც, ვინც დღეს არ არიან ჩვენთან.
16. რადგან თქვენ იცით, როგორ ვცხოვრობდით ეგვიპტის ქვეყანაში და როგორ გავაღწიეთ იმ ხალხებში, რომელთა შორისაც თქვენ გაიარეთ.
17. გიხილავთ მათი სისაძაგლეები, ხისა და ქვის, ვერცხლისა და ოქროს კერპები, რომლებიც მათ აქვთ.
18. ნუ იქნება თქვენში კაცი ან ქალი, საგვარეულო ან შტო, რომელსაც გული აქვს აყრილი დღეს უფალზე, ჩვენს ღმერთზე, რათა ემსახუროს იმ ხალხების ღმერთებს. ნუ იქნება თქვენს შორის ფესვი, შხამიანი ნაყოფის გამომღები.
19. როცა მოისმენს ამ ფიცის სიტყვებს, დაიკვეხნის გულში: მშვიდობით ვიქნები, თუმცა ჩემს ნებაზე დავდივარო. რათა დარწყულებული მწყურვალთან ერთად დაიღუპოს.
20. არ ისურვებს უფალი მის პატიებას, რადგან მაშინ აღიგზნება უფლის რისხვა და შური იმ კაცზე, დაიბუდებს მასში მთელი ეს წყევლა, ამ წიგნში ჩაწერილი, და წაშლის მის სახსენებელს უფალი ცისქვეშეთიდან.
21. განკვეთს მას უფალი საბოროტოდ ისრაელის ყველა შტოდან ამ რჯულის წიგნში ჩაწერილი აღთქმის ფიცის თანახმად.
22. იტყვის მომავალი თაობა – თქვენი შვილები, რომლებიც თქვენს შემდეგ გაჩნდებიან, და უცხოელი, რომელიც მოვა შორი ქვეყნიდან და დაინახავს ამ ქვეყნის წყლულებს და მის სნეულებებს, რითაც გასენა იგი უფალმა:
23. გოგირდი და მარილი: გადაბუგულია მთელი მიწა, არ ითესება და არც არაფერი იზრდება, არა ბალახი არ ამოდის! დაიქცა როგორც სოდომი და გომორი, ადმა და ცებოიმი, რომლებიც დააქცია უფალმა თავისი რისხვითა და წყრომით.
24. იტყვის ყველა ხალხი: რისთვის მოექცა უფალი ასე ამ მიწას? რის გამო იყო ეს დიდი რისხვა?
25. იტყვიან: იმის გამო, რომ დააგდეს უფლის, თავიანთი მამა-პაპის ღმერთის აღთქმა, რომელიც დაუდო მათ, როცა ეგვიპტიდან გამოჰყავდა ისინი.
26. წავიდნენ და ემსახურენ უცხო ღმერთებს და თაყვანი სცეს მათ ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ და რომლებიც არ ურგუნებია მათთვის უფალს.
27. აღიგზნო უფლის რისხვა ამ ქვეყნის მიმართ, რომ მოეწია მასზე მთელი წყევლა, ამ წიგნში ჩაწერილი.
28. მოისროლა ისინი უფალმა თავიანთი მიწიდან რისხვით, ბრაზით და დიდი წყრომით და გადააგდო სხვა ქვეყანაში, სადაც დღეს არიან.
29. დაფარული – უფალს, ჩვენს ღმერთს, გაცხადებული კი – ჩვენ და ჩვენს შვილებს უკუნისამდე, რომ შესრულდეს ამ რჯულის ყოველი სიტყვა.
თავი ოცდამეათე
1. როცა აგიცხადდება ყველა ეს სიტყვა – კურთხევა და წყევლა, რომელიც გადმოვეცი შენს წინაშე, მოგიბრუნდება გული იმ ხალხთა შორის მყოფს, სადაც ეყოლები გაგდებული უფალს, შენს ღმერთს,
2. მიბრუნდები უფლის, შენი ღმერთისაკენ, და შეისმენ მის სიტყვას, როგორც გარიგებ დღეს, შენს შვილებთან ერთად მთელი შენი გულითა და სულით,
3. მაშინ უფალიც, შენი ღმერთი, დააბრუნებს შენს ტყვეებს და შეგიწყალებს, კვლავ შეგკრებს ყველა ხალხიდან, რომელთა შორისაც გაფანტული ეყოლები უფალს, შენს ღმერთს.
4. ცის კიდემდეც რომ იყო გაგდებული, იქიდან შემოგკრებს უფალი, შენი ღმერთი, იქიდან წამოგიყვანს.
5. მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომელიც დამკვიდრებული ჰქონდა შენს მამა-პაპას, და დაიმკვიდრებ მას; აგაშენებს და შენს მამა-პაპაზე უფრო გაგამრავლებს.
6. წინადაცვეთს უფალი, შენი ღმერთი, შენს გულს და შენი შთამომავლობის გულს, რომ გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, მთელი შენი გულითა და სულით, რათა ცოცხალი დარჩე.
7. მოაწევს უფალი, შენი ღმერთი, მთელს წყევლას შენს მტრებზე და მოძულეებზე, რომლებიც გდევნიდნენ შენ.
8. მოიქცევი და შეისმენ უფლის სიტყვას, შეასრულებ ყოველ მის მცნებას, რომელსაც გიცხადებ დღეს.
9. გაგიუხვებს უფალი, შენი ღმერთი ყველაფერს, რასაც შენი ხელით გააკეთებ – შენი მუცლის ნაყოფს, შენი საქონლის ნაყოფს და შენი მიწის ნაყოფს, სასიკეთოდ, რადგან კვლავ გაიხარებს უფალი შენს გამო სასიკეთოდ, როგორც შენი მამა-პაპის გამო ხარობდა.
10. რადგან შეისმენ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას და დაიცავ მის მცნებებს და წესებს, რომლებიც ამ რჯულის წიგნშია ჩაწერილი. მიუბრუნდები უფალს, შენს ღმერთს, მთელი შენი გულითა და სულით.
11. რადგან ეს მცნება, რომელსაც დღეს გიცხადებ, არ არის შენთვის შეუძლებელი და მიუწვდომელი.
12. არ არის ცაში იგი, რომ ითქვას: ვინ ჩამოგვიტანს მას ციდან და შეგვასმენს, რომ შევასრულოთ?
13. არც ზღვის გაღმაა იგი, რომ ითქვას: ვინ გამოგვიტანს მას ზღვის გაღმიდან და შეგვასმენს, რომ შევასრულოთ?
14. რადგან ძალზედ ახლოს არის შენთან ეს სიტყვა, შენს ბაგეზეა, შენს გულშია იგი და შეასრულე!
15. აჰა, დღეს გადმოვეცი შენს წინაშე სიცოცხლე და სიკეთე, სიკვდილი და ბოროტება.
16. რითაც დაგარიგე, რომ გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, იარო მის გზაზე და დაიცვა მისი ნაბრძანები წესები და სამართალი. იცოცხლებ და გამრავლდები, გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ.
17. თუ აიყრი გულს და არ შეისმენ, აირევ გზა-კვალს, უცხო ღმერთებს დაუწყებ თაყვანისცემას და სამსახურს,
18. დღესვე გიცხადებთ, რომ დაიღუპებით, დიდი დღე არ გექნებათ იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხარ იორდანეს.
19. ვიმოწმებ დღეს თქვენ წინაშე ცას და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ.
20. გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, გესმოდეს მისი სიტყვა და მიეწებო მას, რადგან ის არის შენი სიცოცხლე და შენი დღეგრძელება, რომ იცხოვრო იმ მიწაზე, რომლის მოცემა ფიცით აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას – აბრაამს, ისაკს და იაკობს.
თავი ოცდამეთერთმეტე
1. წავიდა მოსე და ელაპარაკა ეს სიტყვები მთელს ისრაელს.
2. უთხრა მათ: ასოცი წლისა ვარ ახლა, აღარ შემიძლია გამოსვლა და შესვლა. უფალმა მითხრა: ვერ გადახვალ ამ იორდანეს.
3. თავად უფალი, შენი ღმერთი, გადაგიძღვება, ის გაწყვეტს ამ ხალხებს შენს წინაშე და დაიმკვიდრებ მათ ქვეყანას. იესო გადაგიძღვება, როგორც თქვა უფალმა.
4. ისევე მოექცევა მათ უფალი, როგორც მოექცა სიხონსა და ყოგს, ამორეველ მეფეებს, და მათ ქვეყანას, სადაც გაწყვიტა ისინი.
5. ხელში ჩაგიგდებს მათ უფალი და მოექცევი მათ იმ მცნების თანახმად, როგორც გამოცხადებული მაქვს თქვენთვის.
6. გამაგრდით და გამტკიცდით, ნუ შეგეშინდებათ და ნუ შეუდრკებით მათ, რადგან თავად უფალი, შენი ღმერთი მოდის შენთან ერთად, არ მოგშორდება და არ მიგატოვებს.
7. დაიბარა მოსემ იესო და უთხრა მთელი ისრაელის თვალწინ: გამაგრდი და გამტკიცდი, რადგან შენ უნდა წაჰყვე ამ ერს იმ ქვეყანაში, რომლის მიცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა მის მამა-პაპას, შენ უნდა დაუნაწილო მათ სამკვიდროები.
8. თავად უფალი ივლის შენს წინ, ის იქნება შენთან, არ მოგშორდება და არ მიგატოვებს, ნუ შეგეშინდება და ნუ დაფრთხები.
9. დაწერა მოსემ ეს რჯული და მისცა იგი ლევიან მღვდლებს, საუფლო აღთქმის კიდობნის მტვირთველთ, და ისრაელის მთელს უხუცესობას.
10. ასე უბრძანა მათ მოსემ: მეშვიდე წლის ბოლოს, პატიების დანიშნულ წელს, კარვობის დღესასწაულზე,
11. როცა გამოცხადდება მთელი ისრაელი უფლის, შენი ღმერთის, წინაშე იმ ადგილზე, რომელსაც აირჩევს უფალი, წაიკითხე ეს რჯული მთელი ისრაელის გასაგონად.
12. შეკრიბე ხალხი, კაცები, ქალები და ბავშვები, მდგმურები, რომლებიც შენს კარზე ცხოვრობენ, რომ გაიგონონ, რომ ისწავლონ და ეშინოდეთ უფლის, შენი ღმერთისა, დაიცვან და შეასრულონ ამ რჯულის ყოველი სიტყვა.
13. მათმა შვილებმაც, რომლებმაც არ იციან, გაიგონ და ისწავლონ, რომ ეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთისა, მთელი სიცოცხლე, ვიდრე არსებობთ იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს.
14. უთხრა უფალმა მოსეს: აჰა მიიწურა სიკვდილად შენი დღეები. დაუძახე იესოს, დადექით სადღესასწაულო კარავთან და მე დავმოძღვრავ მას. წავიდნენ მოსე და იესო და დადგნენ სადღესასწაულო კარავთან.
15. გამოჩნდა უფალი კარავში, ღრუბლის სვეტში, და აისვეტა ღრუბლის სვეტი კარვის შესასვლელთან.
16. უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, მიიძინებ შენს მამა-პაპასთან, ეს ხალხი კი ადგება და აეკიდება უცხო ღმერთებს იმ ქვეყანაში, რომელშიც შედის, დამივიწყებს და დაარღვევს აღთქმას, რომელიც დავუდევი მას.
17. აღიგზნება ჩემი რისხვა მასზე იმ დღეს, მივატოვებ მათ და დავუმალავ ჩემს სახეს; ჩასანთქმელი გახდება და ბევრი უბედურება და გაჭირვება შეემთხვევათ. იტყვის იმ დღეს: ხომ იმიტომ შემემთხვა ეს უბედურებები, რომ ღმერთი არ არის ჩვენში!
18. სახეს დავმალავ იმ დღეს მის მიერ ჩადენილი ყველა უკეთურების გამო, რადგან უცხო ღმერთებს აეკიდა.
19. ახლა ჩაიწერეთ ეს სიმღერა და ასწავლე ისრაელიანებს, ჩაუდევი ბაგეებში, რომ მემოწმებოდეს ეს სიმღერა ისრაელიანებთან.
20. როცა მივიყვან მათი მამა-პაპისთვის აღთქმულ მიწაზე, სადაც ღვარად დის ზეთი და თაფლი, ჭამით გაძღებიან და გასუქდებიან, მაშინ უცხო ღმერთებისკენ მიბრუნდებიან და მათ დაუწყებენ სამსახურს; დამგმობენ მე და დაარღვევენ ჩემს აღთქმას.
21. მაგრამ როცა შეემთხვევათ ბევრი უბედურება და გაჭირვება, მოწმე იქნება ეს სიმღერა მათთვის, რადგან არ წაიშლება იგი მათი შთამომავლობის ბაგიდან; რადგან ვიცი, რა ზრახვები აქვთ დღეს, ვიდრე აღთქმულ ქვეყანაში შევიყვანდე.
22. ჩაწერა მოსემ ეს სიმღერა იმ დღეს და შეასწავლა ისრაელიანებს.
23. უბრძანა იესო ნავეს ძეს და უთხრა: გამაგრდი და გამტკიცდი, რადგან შენ შეიყვან ისრაელიანებს ქვეყანაში, რომელიც აღვუთქვი მათ. მე ვიქნები შენთან.
24. როცა ბოლომდე დაასრულა მოსემ ამ რჯულის სიტყვების ჩაწერა წიგნში,
25. ასე უბრძანა მოსემ ლევიანებს, უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველთ:
26. აიღეთ ეს რჯულის წიგნი და გვერდით დაუდევით უფლის, შენი ღმერთის აღთქმის კიდობანს, და იყოს იქ შენს მოწმედ.
27. რადგან მე ვიცი შენი სიჯიუტე და შეუპოვრობა. აჰა, რაც ცოცხალი ვარ, უჯიუტდებით უფალს და რაღა იქნება ჩემი სიკვდილის შემდეგ?
28. შემოიკრიბეთ თქვენი შტოების უხუცესები და რჯულისკაცები და მათ გასაგონად გამოვაცხადებ ამ სიტყვებს, მოწმედ მოვიყვან მათთვის ცასა და მიწას.
29. რადგან ვიცი, რომ გაირყვნებით ჩემი სიკვდილის შემდეგ და გადაუხვევთ იმ გზიდან, რომელიც მე დაგიწერეთ; შეგემთხვევათ უბედურება ბოლო ხანებში, რადგან ბოროტებას ჩაიდენთ უფლის თვალში, გააბრაზებთ მას თქვენი ნამოქმედარით.
30. წარმოთქვა მოსემ ისრაელის მთელი საკრებულოს გასაგონად ამ სიმღერის სიტყვები თავიდან ბოლომდე.
თავი ოცდამეთორმეტე
1. გაიგონე, ცაო, სიტყვას ვამბობ! ისმინე, მიწავ, ჩემი სათქმელი!
2. წვიმასავით მოდის ჩემი დარიგება, ცვარივით ეპკურება ჩემი ნათქვამი, როგორც ისხარი მდელოზე, როგორც თქეში მწვანე ბალახზე.
3. რადგან ვახსენებ უფლის სახელს, დიდება მიაგეთ ჩვენს ღმერთს!
4. კლდეა იგი, სრულყოფილია მისი ქმნილება, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ჭეშმარიტებაა ღმერთი, არა სიცრუე; მართალი და წრფელია იგი.
5. გაერყვნენ მას, აღარ არიან მისი შვილები, რადგან შეიგინენ, ჯიუტი და გზას ამცდარი მოდგმაა.
6. ამას მიუზღავთ უფალს, ბრიყვო და უგუნურო ხალხო? ის ხომ მამაა შენი, შენი გამჩენი! ხომ მან შეგქმნა და დაგამყარა!
7. გაიხსენე ძველი დღეები, იფიქრე გარდასულ თაობებზე. ჰკითხე მამაშენს, გაგაგებინებს! შენს უხუცესებს, ისინი გეტყვიან!
8. როცა უზენაესი სამკვიდროებს ურიგებდა ხალხებს, როცა ცალ-ცალკე ასახლებდა ადამის მოდგმას, დაუდგინა საზღვრები ერებს ისრაელიანთა რიცხვისამებრ.
9. რადგან უფლის წილი მისი ერია, იაკობია მისი სამკვიდრო.
10. იპოვნა იგი უკაცრიელ მხარეში, უდაბნოში, ხრიოკ ტრამალზე; უვლიდა, მოძღვრავდა, იფარავდა თვალისჩინივით.
11. როგორც არწივი ფხიზლობს თავის ბუდეზე, ზედ ეფოფრება თავის მართვეებს, ფრთებს შლის, აიტაცებს და მიჰყავს თავისი მხრებით.
12. ასე მარტო დაატარებდა მას უფალი, გვერდით არ ჰყოლია უცხო ღმერთი.
13. დასვა იგი მაღალ ადგილზე და კვებავდა ველური ნაყოფით, პიტალოებიდან თაფლს აწოვებდა და ზეთს – სალი კლდიდან.
14. ძროხის ნაღებს და ცხვრის რძეს, აჭმევდა ნასუქალ ბატკნებს, ბაშანურ ვერძებს და ვაცებს, ნოყიერ პურს. და ღვინოს სვამდი, ყურძნის სისხლს.
15. გასუქდა იეშურუნი და მოჰყვა ტლინკვას. გასუქდი, გათქვირდი, ჩამრგვალდი. დაივიწყა ღმერთი, თავისი შემოქმედი და არად ჩააგდო თავისი გადარჩენის ბურჯი.
16. გააჯავრეს უცხო ღმერთებით და სისაძაგლეებით გააღიზიანეს.
17. მსხვერპლს სწირავდნენ ეშმაკებს, არაღმერთს, ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ, ახლებს, ახალმოსულთ, რომელთა შიში არ ჰქონია თქვენს მამა-პაპას.
18. კლდე კი, შენი გამჩენი აღარ გახსოვს, დავიწყებული გყავს ღმერთი, შენი შემქმნელი.
19. დაინახა უფალმა და უარყო ბრაზისგან თავისი ვაჟები და ასულები.
20. თქვა: დავუმალავ ჩემს სახეს, ვნახავ, რა ბოლო ექნებათ, რადგან გადაგვარდა ეს მოდგმა, არ შერჩათ სიმტკიცე შვილებს.
21. გამაჯავრეს არაღმერთით, გამაღიზიანეს თავიანთი ამაოებით; მეც გავაჯავრებ მათ არაერით, უგვანი ხალხით გავაღიზიანებ.
22. რადგან დაინთო ცეცხლი ჩემი რისხვით და გიზგიზებს ჯოჯოხეთის ქვესკნელამდე, ჭამს მიწას და მის ნაყოფს, ბუგავს მთათა საძირკვლებს.
23. ზედიზედ დავატეხ უბედურებებს, მათზე დავხარჯავ ჩემს ისრებს.
24. ილაჯს გაუწყვეტს შიმშილი, შეჭამს სიცხე და შავი ჭირი. მხეცების კბილებს, ქვეწარმავალთა შხამით სავსეს, მივუშვებ მათზე.
25. გარეთ მახვილი გაანადგურებს, შიგნით შიშის ზარი, ჭაბუკსაც და ქალწულსაც, ძუძუთა ბავშვს ჭაღარა კაცთან ერთად.
26. ვიფიქრე: გავფანტავ მათ, წავშლი მეთქი მათ სახსენებელს კაცთა მოდგმიდან.
27. რომ არ ვუფრთხოდე მტრების გაკადნიერებას – თავს არ წავიდნენ მისი მოწინააღმდეგენი, არ თქვან, მაღალია ჩვენი ხელი, უფალს არ გაუკეთებია ეს ყველაფერი.
28. რადგან ჭკუადაკარგული ხალხია ისინი, განსჯა აღარ არის მათში.
29. სიბრძნე რომ ჰქონოდათ, მიხვდებოდნენ ამას, განსჭვრეტდნენ თავიანთ ბოლოს.
30. ერთი როგორ დაედევნება ათასს, ორნი როგორ გაყრიან ათიათასს? თუ მათმა მფარველმა არ გასწირა ისინი, თუ უფალმა არ ჩაუგდო ხელში?
31. რადგან არა ჰგავს ჩვენს მფარველს მათი მფარველი, ჩვენმა მტრებმა განსაჯონ თავად.
32. რადგან სოდომის ვენახიდან არის მათი ყურძენი, გომორის ზვრებიდან არის მათი ნაყოფი, შხამიანი ნაყოფი, მწარეა მისი მტევნები.
33. გველეშაპის შხამია მათი ღვინო და ასპიტის დამღუპველი გესლი.
34. ეს ხომ ჩემთან არის დამარხული, ჩემს საგანძურებშია დაბეჭდილი?
35. მე მივაგებ შურს, მე მივუზღავ, როცა წაიფორხილებენ, რადგან ახლოა მათი დაღუპვის დღე, ისწრაფვის მათი ბედისწერა.
36. როცა თავისი ერის განკითხვას დააპირებს უფალი, შეიწყალებს თავის მორჩილთ, რადგან დაინახავს, რომ მიხდილი აქვთ ღონე, რომ აღარ დარჩა არც ყმა, არც აზატი.
37. იტყვის: სად არიან მათი ღმერთები? კლდე, მათი საესავი?
38. რომლებიც ჭამდნენ მათი მსხვერპლის ლურთებს და სვამდნენ მათ ზედაშეს? აბა, ადგნენ და მოგეშველონ, საფარველად გაგიხდნენ!
39. ამიერიდან იცოდეთ, რომ ეს მე ვარ, მე! და არ არის ღმერთი ჩემს გარდა! მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ, მე ვგმირავ და მე ვკურნავ. ვერავინ დაიხსნის ჩემი ხელიდან.
40. რადგან მე აღვმართავ ხელს ცისკენ და ვამბობ: ცოცხალი ვარ უკუნისამდე!
41. თუ გავლესე ჩემი ელვარე მახვილი და ხელი მივყავი განკითხვას, შურს მივაგებ ჩემს მტრებს და ვუზღავ ჩემს მოძულეებს.
42. სისხლით დავათრობ ჩემს ისრებს, გაძღება ხორცით ჩემი მახვილი, დახოცილთა და ტყვეთა სისხლით, მტრის ქოჩორა თავებით.
43. ადიდეთ, ხალხებო, მისი ერი, რადგან აიღებს თავის მორჩილთა სისხლს; შურს მიაგებს თავის მტრებს და გასწმენდს თავის მიწას და თავის ერს.
44. მივიდა მოსე და წარმოთქვა ამ სიმღერის ყოველი სიტყვა ხალხის გასაგონად, მასთან იყო იესო ნავეს ძეც.
45. დაასრულა მოსემ ამ სიტყვების წარმოთქმა მთელი ისრაელის მიმართ.
46. და უთხრა მათ: გული დაუდევით თითოეულ სიტყვას, რომელსაც ჩაგაგონებთ დღეს, უანდერძეთ თქვენს შვილებს, რომ დაიცვან და შეასრულონ ამ რჯულის თითოეული სიტყვა.
47. რადგან არ არის ეს უბრალო ამბავი, არამედ სიცოცხლეა იგი თქვენთვის, ამის წყალობით დღეგრძელი იქნებით იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს.
48. ელაპარაკა უფალი მოსეს სწორედ იმ დღეს და უთხრა:
49. ადი ამ ყაბარიმის მთაზე, ნებოს მთაზე, მოაბის ქვეყანაში რომ არის, იერიხონის გასწვრივ, და გახედე ქანაანის ქვეყანას, რომელსაც საკუთრებად ვაძლევ ისრაელიანებს.
50. მოკვდი მთაზე, რომელზეც ახვალ, და შეერთე შენს ერს, როგორც მოკვდა შენი ძმა აარონი ჰორის მთაზე და შეერთო თავის ერს.
51. იმის გამო, რომ მიღალატეთ ისრაელიანთა შორის მერიბას წყლებთან, კადეშში, ცინის უდაბლოში, იმის გამო, რომ ჩემი სიწმიდისაებრ არ მომაგეთ პატივი ისრაელიანებში,
52. ამიტომაც შორიდან დაინახავ ქვეყანას, მაგრამ ვერ შეხვალ იქ, იმ ქვეყანაში, რომელსაც ისრაელიანებს ვაძლევ.
თავი ოცდამეთოთხმეტე
1. ავიდა მოსე მოაბის ველიდან ნებოს მთაზე, ფისგას წვერზე, იერიხონის გასწვრივ რომ არის, და დაანახა მას უფალმა მთელი გალაადის ქვეყანა დანამდე.
2. მთელი ნაფთალი, ეფრემის ქვეყანა, მენაშე და იუდას მთელი ქვეყანა უკანა ზღვამდე,
3. ნეგები და იერიხონის ხეობის მიდამოები, ფინიკთა ქალაქი, ცოღარამდე.
4. უთხრა უფალმა: ეს არის ის ქვეყანა, რისთვისაც დავუფიცე აბრაამს, ისაკს და იაკობს, შენს შთამომავლობას მივცემ-მეთქი. საკუთარი თვალებით გახილვინე იგი, მაგრამ ვერ შეხვალ იქ.
5. მოკვდა მოსე, უფლის მორჩილი, მოაბის ქვეყანაში, უფლის სიტყვისაებრ.
6. დამარხეს იგი ველზე მოაბის ქვეყანაში ბეთ-ფეღორის წინ და არავინ იცის მისი საფლავი დღევანდლამდე.
7. ასოცი წლისა იყო მოსე, როცა მოკვდა და არც თვალს აკლდა და არც სახე ჰქონია დანაოჭებული.
8. იტირეს მოსე მოაბის ველზე ოცდაათ დღეს და მიიწურა მოსეს ტირილისა და გლოვის დღეები.
9. იესო ნავეს ძე ავსილი იყო სიბრძნის სულით, რადგან ხელი დაასხა მას მოსემ, და ემორჩილებოდნენ ისრაელიანები, როგორც უბრძანა მოსემ.
10. აღარ გამოჩენილა ისრაელში, წინასწარმეტყველი, მსგავსი მოსესი, რომელსაც პირისპირ იცნობდა უფალი,
11. ყველა იმ ნიშნით და სასწაულით, რომელთა მოსახდენად მოავლინა უფალმა ეგვიპტის ქვეყანაში ფარაონისთვის, მის მორჩილთათვის და მთელი ქვეყნისათვის,
12. იმ მაგარი ხელით და დიადი სასწაულებით, რომელნიც მოიმოქმედა მოსემ მთელი ისრაელის თვალწინ.
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment