შესავალი
საქართველოს შეიარაღებული ძალები, კონსტიტუციის მიხედით, შექმნილია ქვეყნის თავდაცვის უზრუნველსაყოფად, და სხვა შესაძლო ამოცანების გადასაწყვეტად. თავისთავად ცხადია, რომ ამ ამოცანების შესასრულებლად მას უნდა გააჩნდეს შესაბამისი რიცხოვნება და შეიარაღება. ეს ორივე მაჩვენებელი მჭიდროდაა ეთმანეთთან დაკავშირებული. თანამედროვე სამხედრო სპეციალისტებისა და ექსპერტების შეხედულებეით, ნებისმიერი მცირე სახელწიფოს მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალები წარმოადგენს სკოლას რეზერვის მოსამზადებლად, სადაც რიგითი და სერჟანტთა შემადგენლობა ეუფლება თავიანთ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობებს, იძენს აუცილებელ პრაქტიკულ გამოცდილებას, მოქმედების უნარ-ჩვევებს და ა. შ. მისი რიცხოვნება უტოლდება ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 0,6_1,0%. ანუ, 5 მილიონი ადამიანის მოსახლეობის პირობებში ქვეყნის მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება ჩვეულებრივ შესაძლოა შეადგენდეს 30_50 ათას ადამიანს.
ომიანობის დროს ქვეყნის თავდაცვის ამოცანების შესასრულელად აუცილებელი ხდება სამობილიზაციო ღონისძიებების გატარება და რეზერვისტების ნამდვილ სამხედრო სამსახურში გაწვევის ხარჯზე შეიარაღებული ძალების რიცხოვნების მკვეთრად გაზრდა. არსებული მუქარისდა მიხედვით, ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ შესაძლოა შეიარაღებულ ძალებში გაიწვიოს მოსახლეობის 10-15%-იც. ანუ, 5-მილიონიან სახელმწიფოს ომიანობის დროს შეიარაებულ ძალებში შესალოა გამოჰყავდეს 500_750-ათასი ადამიანი ზურგისა და სხვა დამხმარე სამსახურების ჩათვლით. თავისთავად ცხადია, რომ ასეთი რიცხოვნების თანამედროვე შეიარაღებულ ძალებს სჭირდება სათანადო რაოდენობის, კატეგორიებისა და ხარისხის ჯავშანსატანკო, საარტილერიო, საინჟინრო, ტანკსაწინაამდეგო, საავიაციო, საზენიტო, საზღვაო და სხვა შეიარაღება, დაზვერვის, კავშირგაბმულობის, რადიოელექტრონული ბრძოლის, სარანსპორტო და სხვა საშუალებები. საჭირო შეიარაღების გარეშე ჯარები ბრძოლისუნარიანი ვერ იქნება.
ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის (ევროთათბირის, ამჟამად ეუთო-ს) ეგიდით 1990 და 1992 წლებში პარიზსა და ტაშკენტში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად საქათველოსთვის დადგენილი ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტები, განაკუთებით ჯავშანსატანკო და საველე საარტილერიო შეიარაღებათა ნაწილში, ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს 5-მილიონიანი ქვეყნის თავდაცვითი აუცილებლობის მოთხოვნებს.
ქვემოთ სწორედ ამის შესახებ გვექნება უფრო დაწვრილებით საუბარი.
I. საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა 1998 წლის დასაწყისის მდგომარეობით
1990 წელს პარიზში ხელმოწერილი "ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების" მოთხოვნების თანახმად, ინფორმაციის ყოველწლიური გაცვლის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 1997 წლის მიწურულს ეუთო-ს შტაბბინაში ვენაში წარდგენილ სანოტიფიკაციო დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 1998 წლის 1 იანვრისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის რიცხოვნებაა 30000 ადამიანი, მათგან 12570 სახმელეთო ჯარებში, 1652 სამხედრო-საჰაერო ძალებში, 1405 საჰაერო თავდაცვის ძალებში, 644 ცენტრალურ შტაბებსა და სამეთაურო-საშტაბო ქვედანაყოფებში, 15020 ცენტრალური დაქვემდებარების ფორმირებებსა და სხვა ორგანიზაციებში, 541 სახმელეთო ბაზირების სამხედრო-საზღვაო ძალებში (გასულ 1999 წელს საქართველოს რეგულაული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება იყო დაახლოებით 27 ათასი ადამიანი, მაგრამ მისი დეტალური განაწილების მონაცემები არ აგვაჩნია).
როგორც ვხედავთ, ამ დოკუმენტში საკმაოდ მკაფიოდაა ნაჩვენები საქართველოს მშვიდობიანობის დროის რეულაული შეიარაღებული ძალების მაშინდელი რიცხოვნება და პირადი შემადგენლობის განაწილება. მაგრამ ერთი გარემოება ჩვენს სერიოზულ გაოცებასაც იწვევს. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი სახეობაა სახმელეთო ჯარები. მის წილად მოდის მთლიანი შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის 65_80%.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზემოაღნიშნულ დოკუმენტში კი სახმელეთო ჯარებში ნაჩვენებია სულ 12570 ადამიანი (ანუ პირადი შემადგენლობის სულ 42%), ხოლო ცენტრალური დაქვემდებარების ფორმირებებსა და ორგანიზაციებში _ 15020. მაგრამ ამ შეუსაბამობას ნათელს ჰფენს იმავე დოკუმენტში გაშიფრული ამ “ცენტრალური დაქვემდებარების ფორმირებების” საბრძოლო შემადგენლობა. მათში მოხსენიებულია 1-ლი გვარდიული ბრიგადა, საარტილერიო ბრიგადა და გორის სასწავლო ცენტრი (1998 წლის დასაწყისის მდგომარეობით სულ 5200-მდე ადამიანი), რომლებიც ნებისმიერ ქვეყანაში სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში იქნებოდნენ შეყვანილი (მაშინ სახმელეთო ჯარების რიცხოვნება გამოდის 17770 ადამიანი, რაც მთლიანი პირადი შემაგენლობის დაახლოებით 60%).
ამ შემთხვევაში დარღვეულია საყოველთაოდ აღიარებული ერთი ხელმძღვანელობისადმი დაქვემდებარების (ერთიანი უფროსობის) პრინციპი და სახმელეთო ჯარების ცალკეული სტრუქტურები შეყვანილია არა სახმელეთო ჯარების სარდლობის, არამედ პირდაპირ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში. თავისთავად ცხადია, რომ ასეთი არაჯანსაღი მდგომარეობა სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში, განპირობებული უნდა იყოს ცალკეული პიროვნებებისა და ჯგუფების პირადი ინტერესებით, და ცხადია, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის სიკეთის მომტანი ვერ იქნება. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის საქართველოს სამხედრო მშენებლობის მთავარი სატკივარი.
გაცილებით უფრო მძიმედაა საქმე მშვიდობიანობის მდგომარეობიდან კრიზისულ ან ომიანობის მდგომარეობაში ჯარების გადაყვანისა და ქვეყნის თავდაცვის უზრუნველსაყოფად მათი რეალური საბრძოლო გამოყენების საკითხებში. ამას ადასტურებს ევროპის წამყვან და მცირე სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების რიცხოვნების, საბრძოლო შემადგენლობისა და ძირითადი შეიარაღების მაჩვენებლები, რომლებსაც ქვემოთ მოვიყვანთ სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის ყოველ-წლიური გამოცემის Military Balance-ის მონაცემების მიხედვით.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მშვიდობიანობის დროის საქართველოს შეიარაღებული ძალების საერთო რიცხოვნება 27 (ან 30) ათასი ადამიანი შეადგენს ჩვენი ქვეყნის მთელი მოსახლეობის დაახლოებით 0,50-0,55 პროცენტს და ამ მაჩვენებლით იგი რამდენადმე ჩამოუვარდება ცივი ომის მიწურულის პერიოდის ნატო-ს ბლოკის წევრ და ნეიტრალურ მცირე ევროპულ სახელმწიფოებს. სახელდობრ, მათი მონაცემები შემდეგია: დანია _ 0,57%; ბელგია _ 0,61; ნიდერლანდები _ 0,69; ნორვეგია _ 0,78; ავსტრია _ 0,59; ფინეთი _ 0,63; შვედეთი _ 0,76%. ამასთანავე მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება თურქეთისა და საბერძნეთის მაჩვენებლებს (შესაბამისად 1,02 და 1,56 პროცენტი). თურქეთი ამ მხრივ იმითაც არის საინტერესო, რომ საქართველოს უშუალო მეზობელია, ხოლო ცივი ომის მიწურულის (სახელდობრ 1991 წლის) სტატისტიკური მაჩვენებლები ავიღეთ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს გარშემო 90-იან წლებში ჩამოყალიბებული სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა ძალზედ ჰგავს ცივი ომის პერიოდის ევროპაში არსებულ მდგომარეობას. ამის შესახებ უფრო დეტალურად იხილეთ ჩვენს ნაშრომში "საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარების მოკლე ანალიზი". ახლა კი მოკლედ ვიტყვით, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ, ნატო-ს ბლოკში დაწყებული შეიარაღებული ძალებისა და შეიარაღებათა შემცირების ფონზე ამერიკამ და, ნაწილობრივ, გერმანიამ 90-იან წლებში რამდენჯერმე გააძლიერეს თურქეთის შეარაღებული ძალები, რომლის ამჟამინდელი შესაძლებლობებიც მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყნის თავდაცვითი საკმარისობის მოთხოვნებს. ამის საპასუხოდ რუსეთმა, თუმცა კი 3-4-ჯერ შეამცირა თავისი ჯარები კავკასიაში, მაგრამ ქვეყნის ევროპულ ტერიტორიაზე რუსულ სარდლობას ყველაზე უფრო სრულად დაკომპლექტებული და, შესაბამისად, საბრძოლოველად მზადმყოფი დივიზიები განლაგებული ჰყავს სწორედ სამხრეთის მიმართულებით. აქედან გასაგები უნდა იყოს, თუ რატომ ვადარებთ საქართველოს გარშემო დღესდღეობით არსებულ მდგომარეობას ცივი ომის მიწურულის ევროპის მდგომარეობასთან, და რატომ ვითვალისწინებთ მცირე ევროპულ სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების 1991 წლის მონაცემებს.
ახლა კი ისევ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დავუბრუნდეთ. მისი რიცხოვნება მჭიდროდ უკავშირდება შეიარაღების, ორივე ერთად კი ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფის საკითხებს. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს და ფაქტობრივად განსაზღვრავს მისი დანარჩენი კომპონენტების _ საგარეო ურთიერთობათა, სპეცსამსახურების, სამხედრო და ზოგადი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნიკის, სამოქალაქო თავდაცვისა და სხვა საქმიანობის მიმართულებებს.
ნებისმიერი სახელმწიფოსა და, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სისტემის მშენებლობას, ჩვენი აზრით, საფუძვლად უნდა დაედოს სახარებისეული პრინციპი იმის თაობაზე, რომ ყოველი ადამიანი (სახელმწიფო) სხვა რომელიმე შეძლებულ და გავლენიან ადამიანზე (სახელმწიფოზე, საერთაშორისო ორგანიზაციებზე) კი არ უნდა იყოს მინდობილი და დაიმედებული, არამედ, უწინარეს ყოვლისა, ღვთის რწმენითა და მასზე სასოებით, თვითონ უნდა ზრუნავდეს საკუთარი გაძლიერებისა და თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებისთვის.
ხოლო თუ რას გულისხმობს საკუთარი გაძლიერებისთვის ზრუნვა, და როგორ უნდა წარვმართოთ სწორად საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობის საქმე, ამის გარკვევაში მეტად დაგვეხმარება დიდი და მდიდარი სამხედრო ტრადიციების მქონე დასავლურ სახელმწიფოთა, განსაკუთრებით ევროპის მცირე სახელმწიფოების, აგრეთვე ისრაელის თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ქვეყნის თავდაცვის ზოგადი სისტემის ჩამოყალიბების, შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და საბრძოლო გამოყენების სფეროში.
II. ევროპის სახელმწიფოთა გამოცდილება შეიარაღებული ძალების მშენებლობის საკითხებში და ამ მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობა
II. 1. საზღვარგარეთის სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების შემადგენლობა ოპერატიული დანიშნულების (გადასაწყვეტი ამოცანების) მიხედვით
საზღვარგარეთის სახელმწიფოებში ქვეყნის თავდაცვის ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება შეიარაღებულ ძალებს, რომელიც შედგება სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალებისგან (თუ კი ქვეყანას საზღვაო აკვატორია გააჩნია). მათგან ძირითადი და ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანია სახმელეთო ჯარები.
ამასთანავე ოპერატიული დანიშნულების მიხედვით შეიარაღებული ძალები (ძირითადად მისი სახმელეთო ჯარები) იყოფა საბრძოლო ანუ საველე ჯარებად (ძალებად) და ტერიტორიული (ადგილობრივი) თავდაცვის ჯარებად. პირველს ევალება ძირითადი საბრძოლო მოქმედებების წარმოება, მეორეს ადგილობრივი (რაიონული) თავდაცვის უზრუნველყოფა, ხოლო გარკვეული ტერიტორიების დროებით დაკარგვის შემთხვევაში იქ პარტიზანული ბრძოლების წარმოება; საკუთარი ზურგის რაიონებში ინფრასტუქურისა და კომუნიკაციების დაცვა, მოწინააღმდეგის დესანტებთან და სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფებთან ბრძოლა და სხვა ამოცანების შესრულება.
აქედან გამომდინარე, საბრძოლო (საველე) ჯარებს (ძალებს) აკომპლექტებენ შედარებით ახალგაზრდა ასაკის (35-40 წლის ასაკამდე) სამხედროვალდებული რეზერვისტებით, შეიარაღებაში აძლევენ უფრო თანამედროვე და სრულყოფილ საბრძოლო ტექნიკასა და შეიარაღებას, ხოლო მის საბრძოლო შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ ჯავშანსატანკო (სატანკო), მექანიზებული ქვეითი (მოტოქვეითი), ქვეითი, სამთოქვეითი, საჰაერო-სადესანტო, აერომობილური, სარაკეტო-საარტილერიო, საზენიტო, საარმიო და ტაქტიკური ავიაციის, აგრეთვე სხვა შენაერთები და ნაწილები. ხოლო ადგილობრივი (ტერიტორიული) თავდაცვის ჯარებს აკომპლექტებენ შესაბამისი რაიონების მაცხოვრებელი შედარებით უფროსი ასაკის რეზერვისტებით (35-40 წლის ზევით) და შეიარაღებაში აძლევენ შედარებით მოძველებულ ნიმუშებს. ამ ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში სჭარბობს უფრო ქვეითი, ასევე გვხვდება მექანიზებული ქვეითი და საარტილერიო ნაწილები და ქვედანაყოფები. ბრძოლისუნარიანობით ისინი ჩამოუვარდებიან საველე ჯარებს, სამაგიეროდ სამობილიზაციო მზადყოფნის შედარებით მაღალი ხარისხი, საკუთარი რაიონების უკეთესი ცოდნა და მათ კლიმატურ პირობებთან შეგუება მნიშვნელოვნად ამაღლებს ლოკალური ამოცანების შესასრულებლად ადგილობრივი თავდაცვის ჯარების გამოყენების ეფექტურობას. საბრძოლო (საველე) ჯარებთან ერთობლივი მოქმედებების შემთხვევაში ადგილობრივი (ტერიტორიული) თავდაცვის ნაწილებს გადასცემენ საბრძოლო ჯარების შემადგენლობაში.
გერმანიაში ტერიტორიული ჯარების ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიან კომპონენტს ეწოდება “ჰაიმათშუთცი” (“სამშობლოს დაცვის“ ჯარები), შვეიცარიაში “ლანდშტურმი”, სკანდინავიის რიგ ქვეყნებში “ჰემვერნი”, ფინეთში “ადგილობრივი თავდაცვის ჯარები”, ისრაელში “ცოჰალი” და ა.შ.
II. 2. ომიანობის დროის შეიარაღებული ძალების რიცხოვნება და ამ მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობა
ძირითადი საბრძოლო და ადგილობრივი თავდაცვის კომპონენტების გათვალისწინებით ჩვენთვის მეტად საინტერესო უნდა იყოს ევროპის მცირე სახელმწიფოთა სამხედრო-პოლიტიური ხელმძღვანელობის შეხედულებები (გეგმები) საყოველთაო მობილიზაციის ღონისძიებათა გატარების შემდეგ შეიარაღებული ძალების რიცხოვნებასთან დაკავშირებით. სახელმძღვანელოდ მოვიყვანთ ცივი ომის მიწურულის მონაცემებს, როდესაც გლობალური სამხედრო დაპირისპირების ფონზე ევროპულ სახელმწიფოებს მეტი ყურადღების მიქცევა უხდებოდათ თავდაცვის საკითხებისთვის.
სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, ნატო-ს წევრი სახელმწიფოს დანიის მოსახლეობა 1991 წელს შეადგენდა 5,1 მლნ. ადამიანს, ხოლო ამ ქვეყნის სარდლობა მობილიზაციის შემდეგ გეგმავდა 142700 პირადი შემაგენლობის გამოყვანას (მათგან 72700 საბრძოლო ჯარებში და 70000 ტერიტორიული თავდაცვის ჯარებში); ნორვეგიის მოსახლეობა იმავე 1991 წელს იყო 4,2 მლნ. ადამიანი, მობილიზაციის შემდეგ კი მისი სარდლობა აპირებდა 430000 მებრძოლის გამოყვანას (მათგან 285000 საბრძოლო ჯარებში 145000 ტერიტორიულში). ამ მხრივ კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებლები ჰქონდათ ევროპის ნეიტრალურ სახელმწიფოებს _ შვეიცარიასა და ფინეთს. პირველი მათგანის მოსახლეობა იყო 6,5 მლნ. ადამიანი, მობილიზებული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება კი შეადგენდა 565000-ს; ფინეთის მოსახლეობა მოითლიდა 5,0 მლნ. ადაიანს, ამ ქვეყნის სარდლობა კი ომიანობის შემთხვევაში გეგმავდა შეიარაღებულ ძალებში 700000 ადამიანის მობილიზებას (მათგან 300000 საბრძოლო ჯარებში, 200000 ადგილობრივი თავდაცვის ჯარებში და კიდევ 200000 მხარდაჭერის /ზურგის უზრუნველყოფის/ ჯარებსა და სამსახურებში).
ცივი ომის დასრულების შემდეგ ეს მაჩვენებლები დანიასა და ნორვეგიაში რამდენადმე შეამცირეს, ასევე შვეიცარიასა და ფინეთშიც. როგორც ვხედავთ, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გლობალური სამხედრო დაპირისპირების მკვეთრად შემცირების მიუხედავად ევროპის მცირე სახელმწიფოთა ხელმძღვანელები კვლავინდებურად სათანადო ყურადღებას უთმობენ შეიარაღებული ძალების, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის ძირითადი გარანტის, შემდგომ განვითარებას.
იმავე ლონდონური წყაროს მონაცემებით, 1998 წელს საქართველოს მოსახლეობა ნაჩვენები იყო 5,43 მლნ. ადამიანი, ხოლო შეიარაღებული ძალების რეზერვების სავარაუდო რიცხვი შეადგენდა 250000-ზე მეტ ადამიანს. როგორც ვხედავთ, იმავე ნორვეგიის, შვეიცარიისა და ფინეთის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ეს მეტად მოკრძალებული რიცხვია. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის მესვეურნი მაინცდამაინც კარგად ვერ უნდა ერკვეოდნენ თავდაცვის ზოგადი სისტემის ორგანიზებისა და სამობილიზაციო რეზერვების აღრიცხვა-გამოყენების დაგეგმვის საკითხებში ევროპული სახელმწიფოების პრაქტიკაში (შენიშვნა: როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა განგვიმარტეს, პირადი შემადენლობის ასეთი დაბალი დაგეგმილი მაჩვენებელი, ნაწილობრივ, განპირობებული უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ფაქტობრივი დარღვევითა და მის ცალკეულ რეგიონებში არსებული კუთხური და სეპარატისტული ტენდენციებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს რეალურ სარეზერვო ფონდს).
II. 3. ზოგადი მონაცემები საზღვარგარეთის სახელმწიფოთა ტიპიური საჯარისო ერთეულების საბრძოლო შემადგენლობისა და ძირითადი შეიარაღების შესახებ
მაგრამ ვითარება, სამწუხაოდ, კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე ეს ზემოთ მოყვანილი შედარებიდან შეგვიძლია დავასკვნათ. საქმე შეეხება თუნდაც იმ 250000 რეზერვისტის შეიარაღების საკითხს. კერძოდ ეუთო-ს ეგიდით 1990 წელს პარიზში ხელმოწერილი “ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებისა” და მის საფუძველზე 1992 წელს ტაშკენტში დადებული შეთანხმების თანახმად საქართველოს ტერიტორიაზე მშვიდობიანობის დროს მუდმივად შეიძლება განლაგებული იყოს არაუმეტეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 100 მმ და მეტი ყალიბის 285 საველე საარტილერიო სისტემის, 100 საბრძოლო თვითმფრინავის და 50 დამრტყმელი (მოიერიშე) ვერტმფრენისა.
მეორეს მხრივ, ტიპიურ ამერიკულ სატანკო ბატალიონში შტატით მოითვლება 58 საბრძოლო ტანკი, თურქულში _ 56, გერმანულში _ 54, ჰოლანდიურში _ 49. რუსულ სატანკო ბატალიონში 30-40 საბრძოლო ტანკია, მაგრამ იქ ტიპიურ მოტომსროლელ დივიზიაში შედის სატანკო პოლკი ან ცალკეული სატანკო ბატალიონი და სამი მოტომსროლელი პოლკი, რომელთაგან თითოეულში თითო სატანკო ბატალიონია. ასე რომ, რუსულ მოტომსროლელ დივიზიაში შეიძლება შედიოდეს 4-6 სატანკო ბატალიონი და, შესაბამისად, დაახლოებით 140-200 საბრძოლო ტანკი.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, თუნდაც საქართველოსთვის გამოყოფილი 220 საბრძოლო ტანკის კვოტის სრულად შევსების შემთხვევაშიც კი ჩვენ შევძლებთ ამ ბოლო დროს ასე აფიშირებული “დასავლური ტიპის” (ანუ სხვა სიტყვებით ნ ო რ მ ა ლ უ რ ი ა ნ ტ ი პ ი უ რ ი) მხოლოდ 3-4 სატანკო ბატალიონის ჩამოყალიბებას (შედარებისთვის, ჩვენს მეზობელ თურქეთს 1998 წლის მონაცემებით ჰყავს 4205 საბრძოლო ტანკი, რომლებითაც შეუძლია 75 სატანკო ბატალიონის შექმნა).
რაც შეეხება მოჯავშნულ საბრძოლო მანქანებს _ ჯავშანტრანსპორტერებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და საბრძოლო სადაზვერვო მანქანებს _ აქ მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა. საქმე იმაშია, რომ ეს მანქანები აუცილებელია არა მხოლოდ მოტოქვეითი (გნებავთ მოტომსროლელი ან მექანიზებული ქვეითი) ბატალიონების, არამედ სატანკო ბატალიონების, საარტილერიო დივიზიონების, სადაზვერვო, საინჟინრო-მესანგრეთა, კავშირგაბმულობის, სამედიცინო სანიტარული, რადიაციული/ბიოლოგიური/ქიმიური დაზვერვისა და სხვა ქვედანაყოფების დასაკომპლექტებლად. ასეთ პირობებში იმავე 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის კვოტის სრულად ათვისების შემთხვევაშიც კი ჩვენ შევძლებთ მხოლოდ ორი სრულფასოვანი მოტომსროლელი ბატალიონის ჩამოყალიბებას.
ზემოთ ნათქვამიდან ნათლად ჩანს, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოსთვის გამოყოფილი ჯავშანსატანკო შეიარაღებით შესაძლებელია მხოლოდ ერთი მექანიზებული ქვეითი (ან ჯავშანსატანკო) ბრიგადის ჩამოყალიბება, რომლის საბრძოლო შემადგენლობაშიც იქნება ერთი-ორი სატანკო, ორი მოტოქვეითი ბატალიონი, საარტილერიო დივიზიონი, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. ზემოაღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნათა გათვალისწინებით ამით უნდა შემოიფარგლოს საქართველოს მთელი მექანიზებული (ჯავშანსატანკო) ჯარების რაოდენობა (შედარებისთვის იმავე თურქეთის სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში 1998 წელს ნაჩვენები იყო 15 ჯავშანსატანკო და 18 მექანიზებული ქვეითი ბრიგადა).
თუ კი შევეგუებით ჩვენს სახმელეთო ჯარებში ჯავშანსატანკო ტექნიკის არყოლას და აქცენტს გავაკეთებთ ქვეითი ჯარების ჩამოყალიბებაზე, აქაც გადაულახავ წინააღმდეგობას წავაწყდებით. საქმე იმაშია, რომ ქვეით ბატალიონებს სატანკო და მოტოქვეით ბატალიონებთან შედარებით კიდევ უფრო მეტად სჭირდებათ არტილერიის ცეცხლით მხარდაჭერა. კერძოდ 80-იან წლებში შტატის მიხედვით ტიპიური ამერიკული ჯავშანსატანკო (მექანიზებული ქვეითი) დივიზიის შეიარაღებაში შედიოდა 147 საველე საარტილერიო სისტემა, ქვეითი დივიზიისა _ 209. თუ გავითვალისწინებთ, რომ დივიზია შედგება სამი ბრიგადისგან, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ რამდენი საბრძოლო ბრიგადის შესაიარაღებლად იქნება საკმარისი საქართველოსთვის გამოყოფილი 285 საარტილერიო ერთეულის კვოტა. მაგრამ თუ საზღვარგარეთის არმიების საბრძოლო შემადგენლობას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ საბრძოლო შენაერთებში (დივიზიებში, ბრიგადებში) არსებული საშტატო საარტილერიო შეიარაღება ხშირ შემთხვევაში საკმარისი არ არის მათ წინაშე დასმული ამოცანების გადასაწყვეტად. ამიტომ ზემდგომ რგოლებში _ საარმიო კორპუსებში, საველე არმიებში, არმიათა ჯგუფებსა და/ან ცენტრალური სარდლობის დაქვემდებარებაში ქმნიან საველე არტილერიის სარეზერვო დივიზიებს, ბრიგადებს, პოლკებს, ცალკეულ დივიზიონებსა და ბატარეებს.
სახელდობრ, აშშ-ის არმიაში 1977 წელს ნაჩვენები იყო 22 საველე საარტილერიო ბრიგადა, ხოლო რუსეთის სახმელეთო ჯარებში, 1996 წელს _ 4 საარტილერიო დივიზია და დაახლოებით 50 საარტილერიო ბრიგადა/პოლკი, აგრეთვე 20-მდე ტანკსაწინააღმდეგო საარტილერიო პოლკი; ასევე სხვა ქვეყნებში.
II. 4. საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობა და სავარაუდო პერსპექტივები საერთაშორისო ხელშეკრულებებით მისთვის გათვალისწინებული ძირითადი შეიარაღების მიხედვით
ყოველივე ზემოთქმული გათვალისწინებით საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოსთვის გამოყოფილი 285 საველე საარტილერიო სისტემის კვოტა საკმარისი უნდა იყოს მხოლოდ ერთი ჯავშანსატანკო (მექანიზებული ქვეითი) და ორი-სამი ქვეითი ბრიგადის დასაკომპლექტებლად. ამ ჯარების პირად შემადგენლობაში, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილებსა და ქვედანაყოფებში შეგვიძლია ვივარაუდოთ დაახლოებით 30-40 ათასი ადამიანი. მაშინ ოფიციალურად გაცხადებული კიდევ 200 ათასზე მეტი რეზერვისტის დანიშნულება ჩვენთვის უბრალოდ გაუგებარია, ვინაიდან მათი ავტომატური სასროლი იარაღითა და ყუმბარსატყორცნებით შეიარაღების შემთხვევაში, ჯავშანსატანკო ტექნიკითა და საველე არტილერიით დაბალანსებული თურქული ან რუსული შენაერთების წინააღმდეგ ისინი მხოლოდ ს ა ზ ა რ ბ ა ზ ნ ე ხ ო რ ც ი იქნებიან, რომელთაც ქვეყნის თავდაცვის არანაირი შესაძლებლობა არ ექნებათ. სამწუხაროდ, ასეთია ეუთო-ს ეგიდით ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ 1990 წლის ნოემბერში პარიზში დადებული ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე 1992 წლის მაისში ტაშკენტში ხელმოწერილი შეთანხმების ძალით საქართველოს თავდაცვის სისტემისთვის განკუთვნილი ხვედრი, თუ კი მის შეცვლასა და ვითარების გამოსწორებას არ შევეცდებით. მით უმეტეს, რომ საჯაროდ საკითხის ასეთნაირად დაყენებისას ჩვენში ჩამოსული ნატოელი მაღალჩინოსნები არ უარყოფენ აღნიშნული დოკუმენტების არასრულყოფილებასა და მისი ცალკეული პუნქტების ახალ რეალიებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობას. მაგრამ, სამწუხაროდ, სულ სხვაა ამ საკითხისადმი საქართველოს თავდაცვის მესვეურთა დამოკიდებულება, რომლებიც, როგორც ჩანს, იმავე დასავლელი ექსპერტებისა და მოხელეების უკვე არასაჯარო რეკომენდაციებით უნდა მოქმედებდნენ.
ამის ნათელი დადასტურებაა ამერიკელი და სხვა ნატოელი მრჩევლების რეკომენდაციებით ჩვენი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ აღებული კურსი “მსუბუქად შეიარაღებული მობილური პროფესიული” ჯარების მშენებლობის მიმართულებით, რომელსაც თურმე მძიმე შეიარაღების გარეშე შეეძლება ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფა. ამ საკითხის შესახებ ამ ნაშრომში ვრცელ თეორიულ მსჯელობას მოვერიდებით (იგი უფრო უპრიანი იქნებოდა საკუთრივ საქართველოს თავდაცვის სისტემაში არსებული მანკიერებების შესახებ მსჯელობისას), მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ ზემოთ აღნიშნული დებულების გასაქარწყლებლად.
პირველი _ 1939 წლის სექტემბერში პოლონეთის არმიის მსუბუქად შეიარაღებულ, მობილურ და კარგად გაწვრთნილ საკავალერიო შენაერთებს თავიანთი ტყვიამფრქვევებით, შაშხანებით, ხმლებითა და შუბებით ამაოდ მიჰქონდათ იერიშები გერმანულ ჯავშანსატანკო ჯარებზე, რომელთა შეიარაღებაში არსებულ ტანკებს სულ 15-30 მმ სისქის ჯავშანი და 20 ან 50 მმ ყალიბის ქვემეხები ჰქონდათ. ამას, როგორც ვიცით, შედეგად მოჰყვა ჯერ გერმანული ოკუპაციის მძიმე წლები და შემდეგ _ საბჭოთა “განთავისუფლების” სიამეები.
მეორე _ 40-იანი წლების მეორე ნახევარში საბჭოთა კავშირმა მის მფარველობაში მყოფ ჩრდილოეთ კორეის სახმელეთო ჯარებს შეიარაღებაში გადასცა საშუალო ტანკები, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი, სამხრეთ კორეის არმიას, დიდი რაოდენობით ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნები ე. წ. “ბაზუკები”. 1950 წელს საბრძოლო მოქმედებების დაწყების მესამე დღეს ჩრდილოელებმა აიღეს სამხრეთ კორეის დედაქალაქი სეული და შემდეგ თითქმის მთელი ნახევარკუნძულიც დაიკავეს. მხოლოდ აშშ-ის კონტინენტური ნაწილიდან გადასროლილი გაძლიერების ჯარებით შეძლო გენერალმა დუგლას მაკარტურმა ჩრდილო კორეის ჯარების მოგერიება და საბრძოლო მოქმედებების მათ ტერიტორიაზე გაადატანა.
მესამე _ 1973 წლის არაბებისა და ისრაელის ომმა საბოლოოდ უჩვენა ჯავშანტრანსპორტერებით შეიარაღებული მექანიზებული ქვეითი ჯარების უდაო უპირატესობა ქვეით ჯარებთან შედარებით.
მეოთხე მაგალითს სულ ახლახანს ვადევნებდით თვალყურს, როდესაც მსუბუქად შეიარაღებულმა ჩეჩენმა მებრძოლებმა ვერაფერი გააწყვეს ჯავშანსატანკო ტექნიკით, არტილერიითა და საარმიო ავიაციით დაბალნსებული და ტაქტიკური ავიაციის მხარდაჭერით მოქმედი რუსული ჯარების შემოტევების წინააღმდეგ და, თავიანთი მაღალი შემართებისა და რუსებთან წინა ომში მიღებული გამოცდილების მიუხედავად, ვერ შეძლეს სამხედრო საქმისა და სამხედრო ხელოვნების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად დაბალანსებულ რუსულ საჯარისო შენაერთებთან გამკლავება.
II. 5. ევროპის მცირე სახელმწიფოთა და ისრაელის ძირითადი ჩვეულებრივი შეიარაღება
ქვემოთ შევეხებით თავად მცირე სახელმწიფოთა შეიარაღებას. სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, იმავე 1991 წელს ჩვენსავით მთაგორიანი რელიეფისა და 6,5 მლნ. მოსახლეობის მქონე შვეიცარიის სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში ნაჩვენები იყო 870 საბრძოლო ტანკი (მათგან 180 თანამედროვე გერმანული “ლეოპარდ-2”), 1350 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 1480-ზე მეტი საველე საარტილერიო სისტემა (მათგან 470-ზე მეტი თვითმავალი ჰაუბიცა), პლიუს დაახლოებით 3000 81-მმ ნაღმსატყორცნი და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა (ჩვენში ცნობილი “გრადების” ანალოგიური).
შვეიცარიისგან განსხვავებით ფინური სარდლობა აქცენტს აკეთებს ძირითადად ქვეითი ჯარების მშენებლობასა და გამოყენებაზე. იმავე ლონდონური წყაროს მონაცემებით 1991 წელს ამ 5 მილიონიანი ქვეყნის არმიის შეიარაღებაში შედიოდა სულ 120 ტანკი, 200-მდე მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და კიდევ 370-მდე მსუბუქად მოჯავშნული მანქანა, რომლებსაც ჯავშანტრანსპოეტერებად იყენებენ. სამაგიეროდ საარტილერიო შეიარაღებაში ნაჩვენები იყო საველე არტილერიის 1300-მდე ქვემეხი და ნაღმსაყტორცნი, 400-ზე მეტი სანაპირო არტილერიის ქვემეხი და 900-ზე მეტი 81-მმ ნაღმსატყორცნი.
90-იან წლებში ცივი ომის დასრულების მიუხედავად ფინეთის სარდლობამ თითქმის 200 ერთეულამდე გაზარდა საბრძოლო ტანკების რაოდენობა, ასევე რამდენიმე ასეული ერთეულით გაზარდა მსუბუქად მოჯავშნული სატრანსპორტო-საბრძოლო მანქანების ფარეხი და საველე საარტილერიო შეიარაღება, ხოლო მობილიზაციის შემდეგ შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის რიცხოვნება უცვლელად დატოვა _ 700000 ადამიანი. შვეიცარიის სარდლობამ კი იმავე 90-იან წლებში 235000 ადამიანით შეამცირა მობილიზაციის შემდეგ გამოსაყვანი პირადი შემადგენლობის სავარაუდო რაოდენობა, რაც შეეხება შეიარაღებას, ჯავშანსატანკო ტექნიკა პრაქტიკულად უცვლელად დატოვა, ხოლო საველე არტილერიაში ბუქსირებადი ჰაუბიცების თითქმის 700 ერთეულით შემცირების სანაცვლოდ გაზარდა თვითმავალი ლულიანი არტილერიისა და ნაღმსატყორცნების რაოდენობა. და ვინაიდან ბუქსირებად არტილერიას იყენებენ ძირითადად ქვეითი ჯარების ცეცხლით მხარდასაჭერად, ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შვეიცარიის სახმელეთო ჯარების შემცირება განახორციელეს ძირითადად ქვეითი ჯარების შემცირების ხარჯზე, ხოლო ჯავშანსატანკო და მექანიზებული ჯარები უწინდელ დონეზე შეინარჩუნეს (იმის საპირისპიროდ, რასაც ჩვენ ამერიკელი და სხვა ნატოელი მრჩევლები გვთავაზობენ).
ფინეთისა და შვეიცარიისგან განსხვავებით ისრაელის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას კურსი აღებული აქვს შეტევითი სამხედრო ოპერაციების წარმოებაზე. ამიტომ მისი შეიარაღება მნიშვნელოვნად აღემატება მცირე ევროპული სახელმწიფოების ანალოგიურ მაჩვენებლებს. მაგალითად, 1996 წლის მონაცემებით, მობილიზაციის შემდეგ მისი შეიარაღებული ძალების სავარაუდო პირადი შემადგენლობა ნაჩვენები იყო 605000 ადამიანი, ხოლო შეიარაღებაში მათ გააჩნდათ 4300 საბრძოლო ტანკი, 5900 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 2800 საველე საარტილერიო სისტემა, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების 20-ზე მეტი გასაშვები დანადგარი, 450-მდე საბრძოლო თვითმფრინავი და 116 დამრტყმელი ვერტმფრენი, აგრეთვე სხვა შეიარაღება.
ზემოაღნიშნულ მცირე ევროპულ სახელმწიფოთა გამოცდილებას ადასტურებს თავად შეერთებული შტატების პრაქტიკაც. 80-იანი წლების მიწურულს ამ ქვეყნის სახმელეთო ჯარებში ნაჩვენები იყო 15 ”მძიმე” (ჯავშანსატანკო და მექანიზებული) და 11 “მსუბუქი” (ქვეითი და მსუბუქი ქვეითი) დივიზია. ხოლო 1997 წელს უკვე 11 მძიმე და 5 მსუბუქი დივიზია. როგორც ვხედავთ, პენტაგონის ხელმძღვანელობამ ცივი ომის დასრულების შემდეგ თავის სახმელეთო ჯარებში ჯავშანსატანკო და მექანიზებული შენაერთები სულ ოთხი ერთეულით შეამცირა, ხოლო ქვეითი და მსუბუქი ქვეითი კი _ ექვსი ერთეულით. და, როგორც ვხედავთ, მის თანამედროვე საბრძოლო შემადგენლობაში ჯავშანსატანკო და მექანიზებული დივიზიების რაოდენობა 2,2-ჯერ აღემატება ქვეითი და მსუბუქი ქვეითი დივიზიების რაოდენობას.
II. 6. საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის სავარაუდო რიცხოვნება და სახმელეთო ჯარების ძირითადი შეიარაღება ევროპის მცირე ნეიტრალურ სახელმწიფოთა გამოცდილების გათვალისწინებით
ამრიგად, ის კურსი, რომელიც აღებული აქვს საქართველოს ხელმძღვანელობას, პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპის და არა მხოლოდ მის სახელმწიფოთა სახმელეთო ჯარების მშენებლობის გამოცდილებას და ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის თავდაცვას. ხოლო თუ როგორი რიცხოვნების პირადი შემადგენლობისა და რა რაოდენობის შეიარაღებაა საჭირო დასვლური ტიპის ბრძოლისუნარიანი სახმელეთო ჯარების შესაქმნელად, ადვილად შეგვიძლია მიახლოებით დავითვალოთ იმავე ფინეთისა და შვეიცარიის მაგალითზე. თანაც ჩვენს გაანგარიშებებში სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობის სავარაუდო რიცხოვნების განსაზღვრისას დავეყრდნობით ფინეთის გამოცდილებას, ვინაიდან ამ ქვეყანას, საქართველოს მსგავსად, საზღვაო აკვატორია და, შესაბამისად, სამხედრო-საზღვაო ძალებიც გააჩნია (შვეიცარიას სამხედრო-საზღვაო ძალები არა ჰყავს). რაც შეეხება სახმელეთო ჯარების სავარაუდო შეიარაღებას, აქ უკვე ვიხელმძღვანელებთ ჯავშანსატანკო და მექანიზებული ჯარების მშენებლობის შვეიცარული გამოცდილებით, ვინაიდან ეს სახელწიფო ახორციელებს ჯავშანსატანკო ტექნიკით გაჯერებული და დაბალანსებული ჯარების მშენებლობას.
ლონდონური წყაროს მონაცემებით ფინეთის მოსახლეობა 1991 წელს იყო 5023200 ადამიანი. საყოველთაო მობილიზაციის შემდეგ ამ ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა გეგმავდა შეიარაღებულ ძალებში 700000 ადამიანის გამოყვანას (მოსახლეობის 13,9%). მათგან 300000-სა საბრძოლო (საველე) ჯარებში (5,9%), 200000-სა ადგილობრივი თავდაცვის ჯარებში (3,9%) და კიდევ 200000-სა მხარდაჭერის (ზურგის უზრუნველყოფის) ჯარებსა და სამსახურებში (3,9%). საველე და ტერიტორიული თავდაცვის ჯარების 500000-იანი კონტინგენტიდან (მოსახლეობის 9,9%) სახმელეთო ჯარების წილად მოდიოდა 460000 ადამიანი (9,2%), სამხედრო-საზღვაო ძალებისა _ 12000 (0,24%), სამხედრო-საჰაერო ძალების _ 30000 (0,6%).
იმავე წყაროს მონაცემებით საქართველოს მოსახლეობა 1998 წელს იყო 5430000 ადამიანი. თუ კი ომიანობის დროის ფინეთის შეიარაღებული ძალების რიცხოვნების პროცენტული მაჩვენებლებით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ საყოველთაო მობილიზაციის გატარების შემდეგ საქართველოს ხელმძღვანელობას უნდა შეეძლოს შეიარაღებული ძალების ყველა სახეობასა და სამსახურში დაახლოებით 750000 ადამიანის გამოყვანა, მათგან 537600 ადამიანისა საველე და ტერიტორიული თავდაცვის ჯარებში. ამ კონტინგენტიდან სახმელეთო ჯარების წილად შეგვიძლია ვივარაუდოთ დაახლოებით 499600 პირადი შემადგენლობა, სამხედრო-საზღვაო ძალებისა _ 12300, სამხედრო-საჰაერო ძალების _ 31600 ადამიანი.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში აუცილებელი მძიმე შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის დათვლას მოვახდენთ უკვე შვეიცარიის მაგალითზე. 1991 წელს შვეიცარიის საომარი დროის სახმელეთო ჯარებში ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის 565000 ადამიანი. შეიარაღებაში კი მათ გააჩნდათ 870 საბრძოლო ტანკი (ანუ პირადი შემადგენლობის 0,15%), 1350 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა (0,24%), 100 მმ-ზე მეტი ყალიბის 1483 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (0,26%).
თუ კი ამოვალთ საქართველოს სახმელეთო ჯარების ზემოთ დაანგარიშებული სავარაუდო რიცხოვნებიდან _ 499600 ადამიანი, მაშინ შვეიცარული არმიის შეიარაღების პროცენტული მაჩვენებლების მიხედვითDმათ შეიარაღებაში შეგვიძლია გავითვალისწინოთ 750-მდე საბრძოლო ტანკი, 1200-მდე მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, დაახლ. 1300 საველე საარტილერიო სისტემა და სხვა შეიარაღება.
აი ასეთია რეალურად დასავლური, კერძოდ ევროპული, ტიპის სახმელეთო ჯარებისა და საერთოდ შეიარაღებული ძალების ზოგადი მაჩვენებლები და მათ საფუძველზე საქართველოსთვის დაანგარიშებული პირადი შემადგენლობისა და ძირითადი შეიარაღების სავარაუდო პარამეტრები. ამასვე ადასტურებს აშშ-ისა და გერმანიის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ თურქეთის შეიარაღებული ძალებისთვის 90-იან წლებში გაწეული სამხედრო-ტექნიკური დახმარების გამოცდილებაც.
დასასრულს უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი რიცხოვნებისა და შეიარაღების მქონე შეიარაღებული ძალების მშენებლობასა და შენახვას სათანადო საფინანსო უზრუნველყოფა სჭირდება. ასევე საყურადღებოა ისიც, რომ ფინეთის თავდაცვის ხარჯები ნაკლებია შვეიცარიის თავდაცვის ხარჯებთან შედარებით, ანუ ქვეითი ჯარების შენახვა ჯავშანსატანკო და მექანიზებული ჯარების შენახვაზე უფრო იაფი ჯდება. ამიტომ საწყის ეტაპზე ჩვენც შესაძლოა კურსი ავიღოთ ძირითადად ქვეითი ბრიგადების ჩამოყალიბებაზე (ცხადია ამავდროულად ჯავშანსატანკო შენაერთების, როგორც სახმელეთო ჯარების მთავარი დამრტყმელი ძალის მინიმალურად აუცილებელი ბირთვის შექმნით). მაგრამ ეს არ ხსნის ძირითად პრობლემას _ საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოსთვის განკუთვნილი ჩვეულებრივი შეიარაღების კვოტები არანაირად არ არის საკმარისი თუნდაც სათანადო რაოდენობის ტიპიური ჯავშანსატანკო და ქვეითი ბრიგადების დასაკომპლექტებლად. და მეორეც, დასავლეთის მმართველი წრეებისა და მათ მიერ დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მრჩევლები, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შატებიდან (ისინი უბრალოდ უფრო ხშირად ჩამოდიან) სისტემატიურად გვაძლევენ ისეთ რეკომენდაციებს, რომლებიც თავად მათ პრაქტიკასა და გამოცდილებას ეწინააღმდეგება და არანაირად არ შეიძლება გამოდგეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასამტკიცებლად. ამის შესახებ ასევე უფრო ვრცელი ნაშრომი გვაქვს მომზადებული, რომელსაც საინფორმაციოსთან ერთად სადისკუსიო დანიშნულებაც ექნება.
ირაკლი ხართიშვილი
2001 წლის პირველი ნახევარი
დანართი 1
მსოფლიოს მცირე სახელმწიფოთა მოსახლეობა და შიარაღებული ძალები
(ფრჩხილებში ნაჩვენებია შეიარაღებული ძალების პროცენტული წილი მთელ მოსახლეობაში; ისრაელის მონაცემები მოყვანილია 1991 და 1996 წლების მიხედვით)
1 9 9 1 წ ე ლ ი
მოსახლეობა ქვეყნების მიხედვით (ადამიანი): დანია – 5081800; ნორვეგია – 4207800; ფინეთი – 5023200; შვედეთი – 8340200; შვეიცარია – 6503800; ისრაელი – 4822000.
მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალები (ადამიანი; მოსახლეობის რიცხოვნების პროცენტული წილი): დანია – 29400 (0,56%); ნორვეგია – 32700 (0,69%); ფინეთი – 31800 (0,63%); შვედეთი – 63000 (0,76%); შვეიცარია – * (*); ისრაელი – 141000 (2,9%).
ომიანობის დროის შეიარაღებული ძალები (ადამიანი; მოსახლეობის რიცხოვნების პროცენტული წილი) დანია – 172000 (3,4%); ნორვეგია – 390700 (9,3%); ფინეთი – 700000 (13,9%); შვედეთი – 772000 (9,3%); შვეიცარია – 625000 (9,6%); ისრაელი – 645000 (13,4%).
1 9 9 7 წ ე ლ ი
მოსახლეობა ქვეყნების მიხედვით (ადამიანი): დანია – 5235000; ნორვეგია – 4392000; ფინეთი – 5136000; შვედეთი – 8850000; შვეიცარია – 7080000; ისრაელი – 5723200.
მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალები (ადამიანი; მოსახლეობის რიცხოვნების პროცენტული წილი): დანია – 32400 (0,63%); ნორვეგია – 33600 (0,77%); ფინეთი – 31000 (0,60%); შვედეთი – 53350 (0,60%); შვეიცარია – * (*); ისრაელი – 175000 (3,1%).
ომიანობის დროის შეიარაღებული ძალები (ადამიანი; მოსახლეობის რიცხოვნების პროცენტული წილი) დანია – 177650 (3,4%); ნორვეგია – 384000 (8,7%); ფინეთი – 700000 (13,6%); შვედეთი – 623000 (7,1%); შვეიცარია – 393000 (5,6%); ისრაელი – 605000 (10,6%).
(*შენიშვნა: შვეიცარიის შეიარაღებულ ძალებში წელიწადში ხდებოდა სამხედროვალდებული ახალგაზრდობის ორი გაწვევა, ხოლო ნამდვილი სამხედრო სამსახურის ვადა გაწვეულთათვის შეადგენდა 4,5 თვეს; შემდეგ ისინი გადადიოდნენ რეზერვში და გადიოდნენ პერიოდულ მომზადება–გადამზადებას საბანაკო შეკრებების სახით, რომელიც უფრო ინტენსიური იყო სხვა ქვეყნებთან შედარებით. სავარაუდოა, რომ ასეთი სისტემა მოქმედებს იქ დღესდღეობითაც, შესაძლოა გარკვეული სახეცვლილებებით).
დანართი 2
მსოფლიოს მცირე სახელმწიფოთა ძირითადი შეიარაღება
(ისრაელის მონაცემები მოყვანილია 1991 და 1996 წლების მიხედვით)
1 9 9 1 წ ე ლ ი
საბრძოლო ტანკები: დანია – 499; ნორვეგია – 211; ფინეთი – 120; შვედეთი – 785; შვეიცარია – 870; ისრაელი – 4488.
მოჯავშნული საბრძოლო მანქანები: დანია – 595; ნორვეგია – 203; ფინეთი – 558; შვედეთი – 600; შვეიცარია – 1350; ისრაელი – 5900.
საველე საარტილერიო სისტემები: დანია – 553; ნორვეგია – 527; ფინეთი – 1250; შვედეთი – 1520; შვეიცარია – 1483; ისრაელი – 2000-ზე მეტი.
დამრტყმელი ვერტმფრენები: დანია – არა ჰყავდა; ნორვეგია – არა ჰყავდა; ფინეთი – არა ჰყავდა; შვედეთი – 20; შვეიცარია – არა ჰყავდა; ისრაელი – 94.
საბრძოლო თვითმფრინავები: დანია – 106; ნორვეგია – 85; ფინეთი – 118; შვედეთი – 470; შვეიცარია – 285; ისრაელი – 693.
წყალქვეშა ნავები: დანია – 4; ნორვეგია – 11; ფინეთი – არა ჰყავდა; შვედეთი – 12; შვეიცარია – არა ჰყავდა; ისრაელი – არა ჰყავდა.
მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდები: დანია – 3; ნორვეგია – 5; ფინეთი – არა ჰყავდა; შვედეთი – არა ჰყავდა; შვეიცარია – არა ჰყავდა; ისრაელი – არა ჰყავდა.
სარაკეტო და საპატრულო კატარღები: დანია – 37; ნორვეგია – 35; ფინეთი – 22; შვედეთი 42; შვეიცარია – არა ჰყავდა; ისრაელი – 65.
1 9 9 7 წ ე ლ ი
საბრძოლო ტანკები: დანია – 353; ნორვეგია – 170; ფინეთი – 196; შვედეთი – 539; შვეიცარია – 769; ისრაელი – 4300.
მოჯავშნული საბრძოლო მანქანები: დანია – 644; ნორვეგია – 269; ფინეთი – 1028; შვედეთი – 1131; შვეიცარია – 1411; ისრაელი – 5900.
საველე საარტილერიო სისტემები: დანია – 503; ნორვეგია – 252; ფინეთი – 1947; შვედეთი – 1561; შვეიცარია – 796; ისრაელი – 2790-ზე მეტი.
დამრტყმელი ვერტმფრენები: დანია – 12; ნორვეგია – არა ჰყავდა; ფინეთი – არა ჰყავდა; შვედეთი – 21; შვეიცარია – არა ჰყავდა; ისრაელი – 116.
საბრძოლო თვითმფრინავები: დანია – 64; ნორვეგია – 79; ფინეთი – 98; შვედეთი – 387; შვეიცარია – 161; ისრაელი – 699.
წყალქვეშა ნავები: დანია – 5; ნორვეგია – 12; ფინეთი – არა ჰყავდა; შვედეთი – 10; შვეიცარია – არა ჰყავდა; ისრაელი – 2.
მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდები: დანია – 3; ნორვეგია – 4; ფინეთი – არა ჰყავდა; შვედეთი – არა ჰყავდა; შვეიცარია – არა ჰყავდა; ისრაელი – არა ჰყავდა.
სარაკეტო და საპატრულო კატარღები: დანია – 65; ნორვეგია – 24; ფინეთი – 14; შვედეთი 13; შვეიცარია – არა ჰყავდა; ისრაელი – 55.
გამოყენებული წყაროები
1. The Military Balance 1991-1992;
2. The Militari Balance 1996-1997;
3. The Military Balance 1997-1998;
4. The Military Balance 1998-1999;
5. რუსულ (საბჭოთა) სამხედრო პერიოდიკაში 70_90-იანი წლების განმავლობაში გამოქვეყნებული წერილები.
P.S. ეს ნაშრომი უკვე დასრულებლი გვქონდა, როდესაც მივიღეთ უკანასკნელი ინფორმაცია საქართველოს შეიარაღებული ძალების 2000 წელში ნავარაუდევი რიცხოვნების შესახებ. ამ პროექტით ეს მაჩვენებელი განსაზღვრულია დაახლ. 20000 ადამიანით. ეს უკვე ევროპული სახელმწიფოების სტანდარტებშიც აღარ ჯდება, ვინადან თუნდაც იმავე 1998 წლის მონაცემების მიხედვით საქართველოს მოსახლეობა ნაჩვენები იყო დაახლ. 5430000 ადამიანი. მაშინ მშვიდობიანობის დროის რეულარული შეიარაღებული ძალების 20000 პირადი შემადგენლობა იქნება ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლ. 0,37%, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ევროპის მცირე სახელმწიფოთა ანალოგიურ მაჩვენებელს.
უფრო მეტიც, საქართველოში მყოფი ნატო-ს ბლოკის სამხედრო მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელის, ბრიტანელი გენერლის, სერ ჰარი ჯონსონის განცხადებით, საქართველოს ე. წ. შეიარაღებული ძალების რიცხოვნება უნდა შეამცირონ 12000 ადამიანამდე, რაც უკვე არანაირ ლოგიკაში აღარ ჯდება. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას სურს იყოს მოტყუებულის როლში, და აქ ჩვენ ვერაფერს გავხდებით. სამაგიეროდ იმავე ხელისუფლებას მოუწევს თავის დროზე პასუხისგება ღვთისა და ერის წინაშე მათ მიერ არასწორად წარმართული ქვეყნის სამხედრო მშენებლობის გამო, ხოლო თუკი საქართველო აღმოჩნდება რომელიმე მეზობლისგან ან სამხედრო კოალიციისგან აგრესიის მსხვერპლი, მაშინ სწორედ ამ ადამიანებს მოუწევთ ყველაზე უფრო მძიმედ, საკუთარი და თავიანთი ახლობლების სიცოცხლით, ჯანმრთელობითა და ნამუსით პასუხისგება იმ განსაცდელების გამო, რომლებშიც თავიანთი სამშობლო და ხალხი ჩააგდეს.
(ეს ნაშრომიც მომზადებულ იქნა საქართველოს პარლამენტის კვლევით დეპარტამენტში ჩვენი მუშაობის დროს. მასზე მუშაობისას აღნიშნული დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ყოველნაირად ცდილობდა, რომ ნაშრომი ყოფილიყო მაქსიმალურად მშრალი, ყოველგვარი შეფასებების გარეშე, რის გამოც აქტიურად ერეოდა თავად მუშაობის პროცესში; ეს გახლავთ ბოლოს წინა, მესამე ვარიანტი /ბოლო ვარიანტი უბრალოდ ხელზე არა გვაქვს/. უკანასკნელი ვარიანტი, თუმცა კი გამრავლებულ იქნა, მაგრამ პარლამენტის ფრაქციებამდე ვერ მიაღწია, შემდეგ იგი დადეს დეპარტამენტის საიტზე, მაგრამ მხოლოდ სათაური, რომ მომზადებულია ასეთი ნაშრომი, ბევრი სხვა კი საიტზე დადებული იყო ჰიპერტექსტური სახით, როცა სათაურის გახსნით იხსნებოდა თავად ტექსტიც, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ მოხდა. ამის გამო ჩვენ თავად მოგვიხდა მაშინდელ საპარლამენტო ფრაქციებში ამ ორივე წერილის მიტანა: საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო–სტრატეგიული ვითარებისა და საქართელოს შეიარაღებული ძალების რიცხოვნების შესახებ, მაგრამ, საკითხების აქტუალურობის მიუხედავად, არც მათ შეუწუხებიათ ამის გამო დიდად თავი).
No comments:
Post a Comment