Saturday, September 10, 2011

ეთერი ბებოს (ეთერ ნუცუბიძის) ლექსები

(გამოქვეყნდა სრულიად საქართველოს გაზეთ „რაეოს“ 2011 წლის ივლისის ნომერში)

ვინც რწმენით გაჟღენთილა და სამშობლო ქვეყნის დარდი დაჰყოლია, არც თუ ისე ცოტაა დღეს ჩვენში. ისინი სულ უბრალოდ ცხოვრობენ, უბრალოდ ზრდიან შვილებს, მაგრამ როგორც ირკვევა, ისინი უბრალონი არიან, მაგრამ არა მარტივნი. ისინი სულისმიერი ფიქრებით გაჟღენთილან და ის ყოველდღიური არსობის პურიც არსებობისათვის, თავის რჩენისათვის სჭირდებათ, რათა პატიოსნებითა და ერთგულებით მიაგონ პატივი მოყვასს, საქმეს, ქვეყნის სამსახურს და ბოლოს ნაივური სიწრფელით უთხრან მადლობა უფალს. ქალბატონ ეთერი ნუცუბიძის ლექსები სამშობლოზე ისეთი ნამდვილი და ბუნებრივია, რომ მისმა ქალიშვილებმა დედის გარდაცვალების შემდეგ გამოაჩინეს, როგორც მისი სულის ძვირფასი დანატოვარი. ლექსები კი, მართლაც ძვირფასია თავისი სინამდვილისა და უშუალობის გამო.

“საქართველოვ, შენ ხარ ახლა
ჩვენი საფიცარი!
ნაიარევ შენს გულ-მკერდზე
ასვენია ჯვარი”

სტკივა და ტკივილს ჯვრით იშუშებს ერი, გაცნობიერებითა თუ გაუცნობიერებლად. დღეს ყველა ძვირფასია ჩვენში, ყველა ვინც უჩუმრად შესდგომია თვისი ჯვრით ერის გოლგოთისკენ მიმავალ გზას. დღეს უბრალო ქართველის ფიქრები თუ ლუკმა-პურის შოვნას ეხება, არამც და არამც ეს არის ამაოზედ მაფიქრალი კაცი. მის უკან დგას ოჯახი, ახლობელი და ნათესავი:

“ რა სიბერეს მოველოდი,
რას მოვესწარ, ვაი მტრისას!
ოცდაათ წელს ვიმუშავე
რვა ლარს ვიღებ მათხოვრისას.”

უფალზედ დაიმედებული ჩვენც დარწმუნებით გვანდობს:

“მაგრამ ღმერთი მოწყალეა
ერის შვილებს ის შეინდობს.”

ჩვენი ერის სიმდიდრე რწმენაა, რომელიც ძვალ-რბილში გვაქვს გამჯდარი, მაგრამ ამას სიყვარულის მქონე კაცი აგნებს და მას თვისი თავმდაბლობითა და ლხენით გამოაჩენს. ვფიქრობთ, ურიგო არ იქნება ამ ლექსების გაცნობა, რომელიც ისევ ჩვენი ქვეყნის მკვიდრთა ფიქრებსა და ზრუნვას აღგვიძრავს. მოწიწებით გთავაზობთ მას!

მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი
პოეტი, მთარგმნელი


მოგონება დედაზე

დედაზე ძვირფასი არავინ არის,
ანარეკლია შვილების სახის,
დედა ნამდვილი სიყვარულია.
რომლის ბადალიც ქვეყნად არ არის.
სამწუხარო კი მხოლოდ ის არის,
რომ ამ დიდ გრძნობას
დედის სიყვარულს, ხშირ შემთხვევაში,
ჩვენ გვიან ვხვდებით “უძღებნი შვილნი”
და სინანულის ცრემლებს ვღვრით მაშინ,
როცა ვაცილებთ ჩვენ დედის სახეს.
და მივაცილებთ ამ ქვეყნიდან უფრო დიდ გზაზე,
მარადიულ და შორეულ გზაზე;
ვცდილობ დავხატო მე დედის სახე:
მუდამ მკაცრი და საქმის მომთხოვნი-
ლოცვის დროს მდგომი თავდახრილი
უფლის წინაშე, ბავშვივით მყოფი.
არ მავიწყდება მისი სიტყვები ხატის წინაშე,
გასაოცარი გულწრფელად თქმული:”გმადლობ, უფალო”-
უფლის წინაშე თავდახრილი
ბავშვივით თქმული.
პატიოსნება, ქვეყნის ერთგულება,
მოყვასის სიყვარული,
ნაპერწკლად ქცეული,
დედა, საყვარელო,
შენს გულში დანთებულა
და ისე ანთებულა,
ლექსად ქცეულა, ქაღალდზე დაღვენთილა.
წინაპრის ლოცვა ანდერძად დაგიდვია,
სამშობლოს სიყვარული
შიგ გულში ჩაგიდვია,
ღვთის შეწყალება, ნუგეშად გაგიხდია...
და ამიტომაც, ალბათ უფალმა
ისმინა, დედა, შენი ვედრება,
უდრტვინველობა და მოთმინება,
სულის სიმშვიდე, შენ
სიკვდილამდე შეგინარჩუნა.
ბოლო წუთებში ვგრძნობდი
კვლავ იმას, დედას რაც ახლდა,
ყოველთვის, მუდამ:
ჩუმი სითბო და ჩუმი ალერსი,
მის სიმკაცრესთან ყოველთვის ერთად,
დედის მიზანიც სწორედ ეს იყო:
პატიოსნება გვესწავლა მისგან.
შრომით ცხოვრება, ცოდნის მიღება
დიდი იმედი და სასოება.

***

ასეთია დედის სახე,
როცა სევდა ჩნდება....…
გული კვნესის, როცა დედას
უკვე ვეღარ ვხედავ;
ძლიერ როცა მენატრება
თვალზე ცრემლი ჩნდება.
ნუგეშად კი ისღა მრჩება
ლოცვით გადარჩება.
მე კი, ცოდვილს, იმედი მაქვს
უფლის შენდობისა,
რომ უფალი მაპატიებს
ამ ცრემლების ფრქვევას.

ლალი ბაჩიაშვილი
18/09/2010წ


გილოცავთ 8 მარტს

ილოცავთ ქალთა დღეს, ქალებო,
ყავით სულ მუდამ ჯანმრთელნი მთლად,
ამაზად და კარგად აგეწყოთ ცხოვრება,
ცნებებს მაგ თქვენსას შეესხას ფრთა;
ხოვრების რთულ გზაზე სიფრთხილით გეაროთ
რასდროს ფეხი არ წამოკრათ ქვას
არდებს იებს და მიხაკებს შევარჩევ,
ქვენთვის მოსართმევად თაიგულს კარგს.
8
უდამ დაე იყოს მშვიდობა ამქვეყნად,
რასდროს მოიღრუბლოს სამშობლოს ცა
ვა მარტს თქვენი გული ხარობდეს სულ მუდამ,
ანჯვა არ მიაყენოს არავინ მას.
იცოცხლე, მშვიდობა, პატივი ქალს!

8 მარტი

რვა მარტი, რვა მარტი, რვა მარტი,
შეწყვიტეს ფიქრებმა კამათი…
მზე გვიწნავს თმებს ოქროს თითებით,
ვზეიმობთ, ვინთებით, ვირთვებით. . .

სულ სხვაგვარ ლექსებით, სიმღერით,
რად ვხვდებით ამ ლამაზ განთიადს?
ნუ გიკვირთ ყველა ქალს ამქვეყნად
დღეს ფიქრთა დედოფლად რად გვთვლიან?

ცას ვწვდებით უნაზეს ფიქრებით
შორს ჩვენგან წყენა და ღალატი
ზვირთები, კვირტები, ფიფქები,
მღერიან_რვა მარტი, რვა მარტი!

ჩემო საქართველო

შენ, ჩემო ქვეყანავ,
ჩემო საქართველო,
დაჭრილო არწივო
სისხლისგან დაცლილო,
მარიამ ღვთისმშობლის
წილხვედრო ქვეყანავ,
მკვდრეთით ხარ აღმდგარი
და ფეხზე დამდგარი.
ამაყად კვლავ დგახარ,
ვით მუხა მაგარი,
საკუთარ მიწაზე
ფესვებით გამდგარი!
ასე მხნედ გვეგულე
ბერმუხავ, ძვირფასო,
მტრებს კვლავ შეაგებე
ვარდები უფასოდ.

ეთერ ნუცუბიძე
23/11/2004წ.

ჩემი სამშობლო

მე მიყვარს ჩემი სამშობლო მხარე,
მე მიყვარს ჩემი ენა ქართული
მე მიყვარს ჩემი ქვეყანა ვრცელი,
კიდით_კიდემდე გადაკალმული.
ვერ ვუღალატებ ვერც ჩემს სამშობლოს,
ვერც ჩემს ენას და ვერც ჩემს ქვეყანას,
არ გავახარებ მტერს მის მიწაზე,
სანამ ცოცხალ ვარ მკლავში მაქვს ძალა.
ნეტა, ვიცოდე ჭკვათამყოფელი
რომელი იდებს მის ღალატს გულში?!
ნუთუ სამშობლოს გრძნობა მაღალი
ასე ბუნდად სჩანს მის თვალთახედში?!
არა და არა! არ დავიჯერებ,
რომ იგი იყოს წმინდა ქართველი,
ის არის ბრიყვი, უვიცი, ფლიდი,
მეტად სულმოკლე და გამყიდველი!!!

ეთერ ნუცუბიძე
25/05/1971წ.

საქართველოს

საქართველოვ, შენ ხარ ახლა
ჩვენი საფიცარი!
ნაიარევ შენს გულმკერდზე
ასვენია ჯვარი.
ვისაც სწამდა და არ სწამდა
დღეს ყველას სწამს ღმერთი,
რწმენა არის გადამრჩენი
ერის ერთადერთი.
ჩემი ტურფა საქართველო,
მშობლიური მხარე,
ღმერთო იხსენ მტრებისაგან,
კალთა დააფარე!

1980წელი. აპრილი.

ჩემი ფიქრები

რა სიბერეს მოველოდი,
რას მოვესწარ, ვაი მტრისას!
ოცდაათ წელს ვიმუშავე
რვა ლარს ვიღებ მათხოვრისას.
დღე დღეს მიჰყვება უაზროდ,
თვეებიც ჩქარა მიჰქრიან,
ულუკმაპუროდ თვის რჩენა
ყოველდღიური ფიქრია. . . …
მომბეზრდა ასე ცხოვრება!
არ ვდარდობ ჩემსა თავზედა,
მხოლოდ ბავშვები მადარდებს,
ვფიქრობ მათ მომავალზედა.
ასე არის, როცა კაცი
თავის თვისტომს აღარ ინდობს,
მაგრამ ღმერთი მოწყალეა!
ერის შვილებს ის შეინდობს!..

***

ჩვენ პურს არ შევჭამთ არვისთან
თუ ჩვენ ის არა გვერგება
არამი ლუკმა არ გვინდა,
ღმერთმანი არ შეგვერგება!
თუ ვინმე რამე პატივს გვცემს,
ჩვენც ვცდილობთ გადავუხადოთ,
თუ ისეთ პატივს ვერა ვცემთ,
მას ღმერთმა გადაუხადოს!
ისევ სჯობია, რომ ჩვენთვის
რაცა გვაქვს ის მოვიხმაროთ,
გავიდეთ გარეთ, ვიშრომოთ,
შრომის ნაყოფით ვიხაროთ!
სულ ასე როდი ვიქნებით,
ჩვენც გადმოგვხედავს უფალი-
მოგვიხსნის ყველა გასაჭირს
ვიქნებით თავისუფალნი.

იხაროს ჩემმა სამშობლომ

ნეტავ რად მინდა ქონება,
ნეტავ რად მინდა ფული,
ჩემი ფიქრი და გონება
არს ქვეყნის სიყვარული.
იხაროს ჩემმა სამშობლომ,
ამწვანდეს მთა და ველი,
მის ტყეებსა და მინდვრებში
ლაღად დარბოდეს შველი.

ეთერ ნუცუბიძე
23/05/1974წ.

იუბილარ საქართველოს!

საქართველოვ, შენს მთას და ბარს,
შენს ველ-მინდვრებს გაფიცებ,
შენს ვაზს ქარვისმტევნებიანს,
შენს ჩაის და ნარინჯებს,

მითხარ, ყურში ჩამჩურჩულე,
რა გაღელვებს, რა გაკრთობს?
“არა, არა, არაფერი,
სიხარულმა დამათრო”.

ნახევარი საუკუნე
განვლე შრომა-გარჯაში,
ჭრილობები მოიშუშე,
გამოკეთდი, გაკაჟდი,

ტანთ ჩაიცვი ფარჩის კაბა,
ცისარტყელის სადარი,
შენს დიდ ფრთებქვეშ ბევრსა ერსა
მიეც ბინა, საფარი.

ვზეიმობთ შენს იუბილეს,
შენთან ერთად ჩვენც ვხარობთ,
გვინდა მთელი საქართველო
ყვავილებით დავფაროთ!!!

გოგიიიიის

დაბადების დღეს გილოცავ, გოგი,
იყავ დღეგრძელი, იყავ ჯანმრთელი,
გესწავლოს კარგად, არ შეგერცხვინოს
შენი დედ- მამა, შენი სახელი.
ჯერ შენ ბავშვი ხარ, ბევრი არ გესმის,
მშობლების ფრთებქვეშ ხარ შეფარული,
არ გაქვს საფიქრად არც საჭმელი,
არც დასახური, არ ჩასაცმელი.
გირჩევ, გიჯობს შენ ახლა ისწავლო,
დროს ნუ გააცდენ ნურც ერთი წამით,
ცხოვრების ტალღებს რომ შეებრძოლო,
უნდა შეგეძლოს შენ მართვა ნავის.

9 მაისს დილა გათენდა,
გაცისკროვნებულ ცა არის,
მან სიხარული გვახარა,
რომ გამარჯვების დღე არის.
სინათლემ სძლია ბნელეთსა,
ნისლი დაჰქანცა ზენამა,
შეწყვიტა დაჭრილ სამშობლოს
მკერდიდან სისხლის დენამა.
შავით მოვილან ქალები,
გლოვობენ ფრონტზე დახოცილთ,
გული ზიზღით აქვთ ავსილი
ვერაგი მტრისგან დაცოფილთ.
მაგრამ გამაგრდა მხნე ხალხი,
გულს ჯავრი გადიყარა,
დანგრეულს უნდა შენება,
სოფლად მოსავალს მოყვანა.

ჩემო პატარა გოგონავ,
ჩემო პატარა ნანიკო,
კიჭი რომ ზევით ამოგდის
მიტომ ტირიხარ რა იყო?
რატომ აწვალებ დედასა,
რატომ აწვალებ მამასა,
თუ გეძინება, იძინე,
გიმღერებთ იავნანასა.

განა ვინ იცის, რომ ქვეყანაზე
არის ისეთი გაშლილი ვარდი,
რომ სურნელებას აფრქვევს ყოველ მხრივ
და არასოდეს არ იწვის დარდით.
მე მინდა გულით, იგი მივართვა
ჩემს საყვარელსა და ძვირფას ბებოს.
მინდა მივუძღვნა ეს საჩუქარი,
რომ გულის დარდმა თავი ანებოს.
განა არ ვიცი, რომ მისმა გულმა
ბევრი რამ დარდი გადაიტანა.
ვიცი და მუდამ იმის ფიქრში ვარ,
თავქვე რად რბოდა ასე ქვეყანა.
მე მინდა გითხრათ დიდი მადლობა,
რომ ჩემს სიცოცხლეს თქვენ მიანიჭეთ,
თქვენი ღვაწლია, თუ დღეს ამქვეყნად
გზაზე ამაყად რომ მივაბიჯებ.

მარიკა, ჩემო დაიკო,
რატომა ტირი, რა იყო,
ვინ გაგაბრაზა, მითხარი,
იცი, მე იმას რა ვუყო!
შენა ხარ ჩემი სიცოცხლე,
სიხარული და ოცნება,
თუ ვინმეს გავუბრაზდები,
ნურავინ ნუ გაოცდება.
მოდი აქ, ერთად ვირბინოთ,
ვითამაშოთ და ვიხტუნოთ,
შენ ის თოჯინა მოიტა,
საწოლში აქ დავიწვინოთ,
უმღეროთ იავნანაო,
ნანინა ნანა ნანაო,
აი დახუჭა თვალები,
და დაიძინა მანაო,
მოდი აქედან გავიდეთ,
არ გავაღვიძოთ, იძინოს
და როცა ის გაიღვიძებს,
ჩვენც მასთან ერთად ვიცინოთ.

დეიდა ეს ხომ ჩვენი დედაა,
ვერ გამოვარჩევთ მას ღვიძლ დედაში,
იგი ხომ ჩვენი მშობელი არის,
ჩვენი აღმზრდელი, ჩვენი ნუგეში.
დეიდა ეს ხომ ქალღმერთი არის,
ცით მოვლენილი ჩვენსა ოჯახში,
ისეთი ქალი მე არ მინახავს,
არც წამიკითხავს არცერთ რომანში.
ჯერ ჩვენ დაგვზარდა, დაგვაბინავა,
ახლა დაზარდა ჩვენი შვილები.
ვალში ვართ მასთან, ვერ გადავუხდით,
მისი ამაგი არ შეფასდების,
არ შევხვედრივარ არც ერთ დეიდას,
თავი დაედოს მას ასე დისთვის,
თავისი თავი არ ხსომებოდეს,
თვის მომავალი დაეთმოს სხვისთვის.

1 comment: