(გამოქვეყნდა სრულიად საქართველოს გაზეთ „რაეოს“ 2011 წლის ივლისის ნომერში)
2010 წელს გამომცემლობა „გრიფონმა“ გამოსცა ლექსების კრებული _ „პოეტური სიტყვის რთველი“. კრებულში ათი ავტორია გაერთიანებული, ესენია ნანა ეხვაია _ „უძღები შვილის დაბრუნება“, მანანა კობაიძე _ „შორიდან“; ავთანდილ მემარნიშვილი _ „საწუთისოფლო“, ნიკოლოზ ნიაური _ „უკვდავება ცაში“, ჟაკლინ სირაძე _ „სამყაროს ხმა“, მარიამ ქსოვრელი _ „ცვრიანი თაიგული“; გიორგი წიბახაშვილი _ „ხარკი“; რუსუდან ჭანტურიშვილი _ „ჭრელსადაგი“; თეიმურაზ ჭანტურიშვილი _ „საჩინო ბარათაშვილი“ (ისტორიული პოემა), ლირიკული ლექსი _ „მწარე მეტამორფოზი“, თეიმურაზ ჯვარშეიშვილი _ „გაშლილი აფრები“. წიგნის რედაქტორია გიორგი წიბახაშვილი, მხატვარი _ თემურ ჯვარშეიშვილი, დიზაინერი _ ოთარ წიგნაძე. კრებულზე მუშაობდნენ მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი და რუსუდან ჭანტურიშვილი.
ავტორთა ძირითადი ნაწილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია და ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. ზოგიერთ მათგანს გამოქვეყნებული აქვს პოეტური კრებულები, თარგმანები, ზოგიც არაპროფესიონალია, მაგრამ ეს მათ სრულებითაც არ უშლის ხელს გვაზიარონ მაღალ პოეტურ ხელოვნებას. ასეთთა შორის არიან ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ავთანდილ მემარნიშვილი, ექიმი-კარდიოლოგი თეიმურაზ ჭანტურიშვილი, მხატვარი-ფერმწერი თემურ ჯვარშეიშვილი.
თითეულის შემოქმედებას თან ახლავს ბიოგრაფიული ფურცელი _ „ავტორის შესახებ“.
რადგან ავტორთა ჯგუფია, მეც წიგნის თანმიმდევრობას მივყვები.
ნანა ეხვაია _ „უძღები შვილის დაბრუნება“ _ ლექსების შესახებ თვითონვე იძლევა ავტორი შეფასებას, რომ `წიგნში წარმოდგენილი სტრიქონები არ არის პოეზია მისი ტრადიციული მნიშვნელობით, რომ ისინი მისი ლოცვითი მდგომარეობის თავისებური გაგრძელებაა და ღვთისადმი სამადლობელი.
თუ ტკივილი მოეძალება, თავაშვებულ ფიქრებისაგან თავს ვეღარ იხსნის, უფლისკენ მაცქერალის სულის მიმოქცევები ამგვარად აგნებენ გამოსავალს: „მწარე ტკივილებს ვართავ ყოფიერების მტანჯველ გორგალზე და ყრუ კედელთა მდუმარებას მინანქარივით შემსხვრეული ლოცვებში ვცოცხლობ“. ხოლო მისივე სიტყვით, „ტანჯვა ამ დროს ისეთი იოლი ხდება, როგორც სარძევე კბილის გამოცვლა და მზემიმდგარი თოვლივით ლღვება ამქვეყნიური მწუხარებების ყველა ბორკილი“. ამ `იოლ ტანჯვას იგი „ბრმის განკურნებას“, „უკვდავების თაფლს“, `ხელმეორედ აღმოცენებას უწოდებს და საამყოფნო სადგურიც ასე მოსჩანს მისი, როგორც მლოცველის, თვალსაწიერიდან: „ნიბლია ჩიტის ნისკარტზე ძინავს თბილი საღამოს ჩუმ გარინდებას, სამყარო ფეთქავს უფლის კალთაზე და მეწამული კვართის სინათლე მიწის არეულ, მძიმე ნაბიჯებს ციდან დაჰყურებს დასამშვიდებლად“. ხოლო ბედითი აწმყოთი დამძიმებული საწუთროება უნებლიეთ ათქმევინებს: „მზერას კოჟრები გამოასხა ამაოებამ“. თუმცა ამ მწარე ნათქვამს აქვე დაჰყვება იმედის სხივიც: „მაგრამ ხანძრების ჩასაქრობად აღმოსავლეთით კვლავაც მოძრაობს უცხო ვარსკვლავი“. შეუძლებელია ამგვარი აზროვნების ფონზე არ დაიბადოს კითხვები, რომლისთვისაც პოეტს „სახელწოდებათა დოღი“ დაურქმევია: „კითხულობ წარწერებს: „თავისუფლების ინსტიტუტი“, „თავისუფალი თეატრი“, „თავისუფალი პრესა“, „თავისუფალი ....“ „თავისუფალი...“ და კითხულობ: რისგან არიან თავისუფალნი ან რისი უფალნი არიან, ნეტავ? თავი უფლებს კი მათ გონებაზე – ესე უღმრთოსა და თავაშვებულზე?!
ცხადია, ავტორისათვის არც უკონტროლო „პოლიტორიენტაციაა“ მისაღები: „ოჰ, ოკეანევ და გაღმიეთო, ნიუ-იორკო და ქანდაკებავ... –კი, ბატონო, გაცუროთ, ვისაც წესიერი „მხარული გვეხერხება... მაგრამ საკუთარის უარმყოფელნი მხოლოდ ღამურებს შევეძინებით და მაიმუნებს, მიბაძვა რომ სჩვევიათ მხოლოდ“.
„შორიდან“ ამ სათაურით მანანა კობაიძე უკვე მიგვანიშნებს, რომ იგი სამშობლოდან მოშორებით, შვედეთში ცხოვრობს (ოჯახთან ერთად და იქ მოღვაწეობს _ ქალაქ მალმოს უნივერსიტეტში „კულტურისა და საზოგადოების“ ფაკულტეტზე ასწავლის ქართულ ენას. ფასანაურში დაიბადა, აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა და ლექსებიც „ქაშვეთის ფრესკებთან“ ერთად უწინარესად „ფასანაურის შემოდგომას“, ბავშვობას, სოფლის წითელ ბაზართან მიწის ნაპირს, ბანცურის მთას მოიგონებს, „ღამის ჩაბარუხის“ მშვენიერ სურათს გვახილვებს: „ჩაბარუხს ჩასცქერს, ჩასტირის ღრუბლების ჯარი შავგული. თითო იმათი ნაკვნესი მძიმეა გულდაბასრული. ფიქრმა გათალა, გასხიპა, გააგლუვპირა შამფური. ზედ ისევ ფიქრი აასხა, უფიქრელობას ნატრული. მთიულეთს მთვარე მოვიდა, უთუოდ გუდამაყრული, ხურჯინს ხმიადი ელაგა, არაყიც ედგა ნაკლული, ფეხარეული გადმოდგა ქედებზე თვალებნანთები, ერთიც არ მოჰგონებია, სატრფო ნატრობდა რამდენი“.
ავთანდილ მემარნიშვილი _ „საწუთისოფლო“ _ ასე ჰქვია ავთანდილ მემარნიშვილის პოეზიას და რა არის, რით აიხსნება ეს საწუთისოფლო?
_ „სადღაც ანთია მაყალი, სადღაც ქუხს აყალმაყალი, სადღაც დადუღდა მაჭარი, სადღაც წყალია დამშრალი, სადღაც დაირწა აკვანი, სადღაც სიცოცხლე ცამქრალი, სადღაც შერიგდა ცოლ-ქმარი, სადღაც შუღლია ამტყდარი, სადღაც ოცნება ამხდარი, სადღაც რწმენაში ლახვარი, სადღაც იდეა ახალი, სადღაც იმედში ნაპრალი, სადღაც მომავლის ლამპარი... წუთისოფელიც ეს არის“, დასძენს ავტორი და მკაფიოდ ჩანს, რომ სტრიქონები _ „სადღაც რწმენაში ლახვარი“, „სადღაც იმედში ნაპრალი“ ახლო წარსულში თბილისში დატრიალებულ მოვლენებს მოჰყვება, _ ყველა ქართველის სატკივარს: გლოვის დღეებს, გაცრუებულ იმედებს, _ პოეტის მიერ შთამბეჭდავად რომ არის გადმოცემული: „გადასასვლელიც სანთლებით ხატეს, ბოლო არ უჩანს სანთლის ნამწვავებს. ღმერთს ავედრებდნენ ღმერთი კი, ნახეთ, ვეღარ იცავდა ქართულ წამწამებს. სისხლით შეღებეს ქალწულის სახე, რწმენა ქართული სისხლით აწამეს“... და, ავტორს უნებლიეთ, მზერა ავბედით წარსულზე გადააქვს: „ქებულო მეფევ! წარმოიდგენდი, უთუოდ ვერც კი, გაწბილებული ერი შენი, თავისუფლებას დღეს როგორ ეტრფის“ („მეფე ერეკლე მეორეს“).
სვეტებივით აღმართულან და გულს ესალბუნება 1978 წლის 14 აპრილის ექოდ ქცეული ეს სტრიქონები, ღრმა რწმენითა და სიამით სავსე: „მომავალს ლაჟვარდივით ფერავს, იმედი, რომლისაც გვჯერა, მას რომ აქვს, მე რომ მაქვს, თქვენაც, იცოცხლებს ქართული ენა. ვარსკვლავის სადარად ელავს, მამულის სითბოდ და მზერად, მას რომ აქვს, მე რომ მაქვს, თქვენაც, იცოცხლებს ქართული ენა. ისმინოს, ირწმუნოს ყველამ, ქართულ სისხლად და გენად, მას რომ აქვს, მე რომ მაქვს, თქვენაც, იცოცხლებს ქართული ენა“.
ნიკოლოზ ნიაური _ 1951 წელს დაიბადა. 1991 წელს მიიბარა მიწამ ბეთანიის მონასტერში. „არქიმანდრიტ იოანესა და არქიმანდრიტ ლაზარეს მამობრივი მზრუნველობითა და ლოცვა-კურთხევით ოთხი წელი დაჰყო მორჩილებაში“ _ გვამცნობს ავტობიოგრაფიული ფურცელი და სავსებით გასაგები ხდება, რატომაც წერდა ამ სტრიქონებს: „ძალზე ტკბილია ერებში, ტკბილზე ტკბილია ბერებში“. უხანოდ წასულს ნატვრად ჰქონია გულსდაჭდეული: „გზაში რაში, თეთრი რაში... გაფრენილი ცაში და კივილი მთაში: თავისუფალ საქართველოს უკვდავება ცაში! ამინ!“ ლექსებისთვისაც ასე დაურქმევია _ „უკვდავება ცაში“ და ამით ნათელჰყო, რომ ეს იყო მისი ობოლი ნატვრაც და გულსაკლავი კითხვები, ფიქრებისაგან მოუშორებელი კითხვები: „ფეხით გათელვა სიწმინდის ძველის, გულის წაბილწვა უძველეს ერის, _ კაცთა დაცემა ამგვარი ფერის?! თუ კაცმა საქმე იტვირთა ძნელი, ეკითხებიან, _ `რადა გდის ცრემლი?“... _ მაგრამ როგორც ჭეშმარიტ მორწმუნეს, ღრმად სწამდა: „მართალ სიტყვის არყოფნა, წილხვედრ ქვეყნის დაყოფა, ერის ნების ხელყოფა, და მოყვასთან განყოფა... განა არის ეს ყოფა?!“ (ნიკოლოზ ნიაური) „მამა ღმერთი არ გაწირავს გამოიხსნის ქართველ ერსა, ღვთისმშობელი შეეწევა თავის ხვედრს და უფლის ერსა, სინათლისკენ წარუძღვება და მიჰყვება ერი ბერსა, საქართველო გაბრწყინდება და შეიცვლის კვლავაც ფერსა“.
„მეც, როგორც ყოველ პიროვნებას, მარადიული ბრძოლა მიხდება ცხოველსა და ანგელოზს შორის, პიროვნებასა და არარაობას შორის... რასაკვირველია, სიტყვები უძლურია, გამოთქვან ის, რაც სულის ფრესკაზე დევს, თუმც მათ განლაგებას კი რაღაც შეუძლია... და თუმ მაინც ამომწურავად შევეცდებოდი წერის სირთულის ახსნას, გავიხსენებდი უილიამ ფოლკნერის ნათქვამს: „როგორ მინდა სათქმელი ქინძისთავზე მოვათავსო“, _ წერს ჟაკლინ სირაძე თავის „მისტიურ ბიოგრაფიაში“ და ლექსებშიც _ „სამყაროს ხმა“, რომელსაც იშვიათი სმენადობით შეიგრძნობს პოეტი, არ უძნელდება სიტყვა უაღრესად მომჭირნეობით იხმაროს ისე, რომ სათქმელს შუქი არ დააკლოს. მისი „სულის თვალებით“ განცდილი ამის უეჭველ შთაბეჭდილებას და შესაძლებლობას უთუოდ იძლევა: „თვალს ავახელ _ ნისლის ბურანში მეოცნებედ, იისფერად გაშეშებულ ხეებს ვკიდებ თვალს, თუ სულში ჩავაბრუნებ დახურული თვალის მზერას, _ ორგანვე, ის ნაზი გაშეშება და გარინდებაა. ან კიდევ: გაფიქრება `მარადიულის პირისპირ“: „პაწია პეპელა მიხურული მინის კარებს უაზროდ მიაწყდა და აფარფატდა. ჩემი სული გამახსენდა, შენი სული გამახსენდა, და ავტირდი“. პოეტი მოხერხებულად, მოქნილი და ხატოვანი ენით ადვილად აღწევს ირიბი ნათქვამით ახსნას ქმედების არსი, ასე ისახება ჩვენს ცნობიერებაში წარუშლელი შთაბეჭდილებით „ხელოვანის დანაშაული“: „შენი დანაშაულია, რომ ეს ქალი შეშლილია, შენი დანაშაულია, რომ ამ მოხუცს ასე უმწეო და მიტოვებული სახე აქვს. შენი დანშაულია რომ ამ ძაღლს ასეთი სევდიანი თვალები აქვს შენი დანაშაულია. ეს სამყარო, დანაშაული, რომელიც ისე გტკივა, რომ ჭრილობასავით თრთის შენი სული სამყაროს საგნებთან შეხვედრისას“.
1978 წლიდან შემოქმედებითი მუშაობის დაინტერესება. გერმანული ლიტერატურით. თარგმანები _ ჰერმან ჰესე _ „ნარცისი და გოლდმუნდი“, ფრიდრიხ ჰოლდერლინი _ „იმედი მომავალ საუკუნეთა“, ანგელუს სილეზიელი _ „ქერუბიმული მოგზაური“ (წიგნი I), სელმა ლაგერლოფი „მოთხრობები“, გრიგოლ რობაქიძის „წერილები ნიკოს კაზანგაკისისადმი“ _ ამას დაემატა მარიამ ქსოვრელის ლექსების კრებული, რომელიც გამოიცა 1996 წელს.
„ცვრიანი თაიგული“ _ ასე უწოდებს მარიამ ქსოვრელი თავის ლექსებს და ამ თაიგულით ხელში ასე ურჩევს მოყვასს თავისას: „გამოეტაცე ამა ქვეყნის ძლიერსა ძალებს, მარტოდენ ხილულს რომ სჯერდება გონება მათი. გამოეტაცე ამაოს მადლით, გზა ღვთისკენ ჩნდება, გზა უძნელესი, გზა უმძიმესი. ეკლნარში უნდა კრიფო ვარდები, და ვარდებს _ ცვრიან თაიგულს სულის უფალს მიართმევ“. უფლისკენ გულმოქცეული ღრმა რწმენით იტყვის: „დათმენით ვწვდები მის სიდიადეს, დათმენით მდაბლად გვიჭირვას თავი, დათმენის შემდეგ მოდის ღირსება, ქრისტიანისთვის მყარი საყრდენი“. მარიამ ქსოვრელის არც ერთ ლექსს სათაური არა აქვს. იქნებ შეგნებულადაც _ „ეს ნაწერები მდინარის წყალს ჰგავს, მხოლოდ ხანდახან გამოჩნდება გამოკვეთილი სახე. ეს ასე იყო, ძალით არაფერი მომიგონია, დაკვირვებითა და წვდომით ჩამიწერია. და ეს ერთგვარად ჩემს სულიერ ავტობიოგრაფიას წარმოადგენს“. ერთადერთი ლექსი რომელსაც „საახალწლოდ“ ჰქვია, ავტორი გულისტკივილით გვიმხელს და აშკარად გვეუბნება რომ ამ მძიმე ჟამობის დროს არც არაფერი გვაქვს გასახარი და სადღესასწაულო: „გული ორად გაპობილი, მოსაქცევი ერი. წარმავლობით შეპყრობილი, ვერ ღირსების მჩენი. არც მწყემსს კეთილს მიმყოლი და არცა მინდობილი, დაბნეული თვით მმართველი არა მსმენი უფლის და ვერ აღმასრულებელი წმინდა კანონების“... აწმყოთი უკმარისობის გრძნობა ღვთისადმი სავედრებლად მოიხმობს, რადგან „მღვიძარი სული აქა-იქ თუ ჩნდება“, _ ბნელა სულებში „დედაო ნინოვ, კვლავ შენეული შველის დრო დადგა, მეოხ გვეყავი შენეულ ლოცვით, რომ გაგვინათო წყვდიადი დიდი“.
„ქართველი“, „კვირია და ლელა“, „გოგოთურ და აფშინა“, „ვის დავუჯეროთ“, „ახალი ჯვარცმა“, „ჩემი ეპიტაფია“, „ბალდა ჩემს დიდ პაპაზე“, _ კითხულობ გიორგი წიბახაშვილის ლექსებს „ხარკი“ და ნათლად გრძნობ რა აწუხებს დღეს ყველა ჭეშმარიტ ქართველს, რა შეადგენს მისი ფიქრის და განსჯის საგანს, მაგრამ სჯობს ისევ სათქმელი პოეტის ლექსებმა თქვან: „... ჩემი სამშობლოს ყოველი ციდა კრწანისია და წიწამურია... ჯვარზე გაკრული, ვით მაცხოვარი ორი ათასი წელია ვკვდები. ვუძლებ ცხოვრებას ავს და ჟინიანს და რაც გინდ მძიმე იყოს ფიქრები, მე არავისი არ მეშინია, ვიყავ გუშინ და ხვალაც ვიქნები“. „ბახტრიონ-ციხე სხვისია დღესაც. მტრის საფარია მისი კლედები. იქიდან ისმის სანათას კვნესა და შველას ვიღაც სხვას ვევედრებით. მაგრამ სხვას ჩვენთვის ვერ ავატირებთ, ჩვენთვის სიკვდილსაც არვინ გვპირდება. თუ ბახტრიონში შესვლას ვაპირებთ, კვლავ კვირია და ლელა გვჭირდება“. „... სოფელს ვერ იცავს მოთქმა და წყევლა, მას გოგოთურის მკლავი სჭირდება“.
„დედა და მისი მოგონებები“ რუსუდან ჭანტურიშვილის ლექსების „ჭრელსადაგის“ თავფურცელია: „ეკლესიების იყო ნგრევა, ქვითინი ზართა, „შავი ყორანი“ მიმოქროდა კარიდან კართან. „სამშობლოს მტრებად“ მონათლული წმინდა მამები და შვილებისთვის ჩაურაზავთ ყველგან კარები. 1916 წლის 18 მაისს დაიბადა ქალაქ ბათუმში ქალბატონი ლიდა ჩიგოგიძე-ჭანტურიშვილი. 1937 წელს ემსხვერპლა მისი მამა, მღვდელი პროკოფი ჩიგოგიძე, თავის ორ ძმასთან, სამხედრო პირებთან _ პარმენთან და ერმალოსთან ერთად და სწორედ ეს გახდა შემდეგში, ჯერ კიდევ მოსწავლის მერხიდან, ქალბატონი ლიდას ცხოვრებაში მრავალი უსამართლობისა და გულისტკენის მიზეზი.
_ „მამა განსაკუთრებით მიყვარდა, მისი ღვთისნიერება და გამორჩეულობა ბავშვისთვისაც კი თვალში საცემი და საგრძნობი იყო, სულ მის სახელს ვფიცულობდი...
მამას დახვრეტის შემდეგ ბათუმში რომ ჩავდიოდი და მისი ეკლესიის გუმბათს ვხედავდი, ტირილი ამივარდებოდა. ეკლესიის ზარების ხმაზე კი ახლაც ცრემლი მდის“ მრავალტკივილებგამოვლილი დედის განცდებით გულდამძიმებული შვილი, ქალბატონი რუსუდანი სინანულით და განცვიფრებით აღმოიტყვის: „როგორ გაუძლო ამ განსაცდელს, რა ძალით ნეტავ? დღესაც განიცდის ჩემი საბრალო, მოხუცი დედა“.
ბათუმი რუსუდანის დედულეთია და ისიც გასაგებია, რაოდენ ესაკლისება სახლეულს გამოკლებული ბონდო ბიძია: „ერთიც დაგვაკლდა გამცილებელი, ზღვა დარჩა ვრცელი, მაგრამ უსულო... ბათუმში დარჩა წვიმა და ნესტი, მატარებელში _ დაღლა უძილო“. აქვე არ შემიძლია არ გავიხსენო პოეტის ლექსი „აცანა“, მისივე სულის აღსარებად თქმული, რამეთუ უშუალობითა და გულწრფელობით გაცხადებულ ამ სტრიქონებში ბევრი რამ გვეცნობა ჩვენთვის ძვირფასი და ახლობელი, ისინი ხომ ყოველ ჩვენგანს ფესვებისაკენ მიგვახედებს: „ნუ მიწყენ, ჩემო თბილისო, თუ გამჯობინე აცანა, მე იქ არ დაბადებულვარ, მე შენმა ძუძუმ გამზარდა, მაგრამ იქ ჩემი ფუძეა, უკვე ჩამქრალი კერია, და მაინც ჩაუქრობელი, იქ პაპათ-პაპის ძვლებია“.
ლექსებში არაერთხელ გაიელვებს ადრე წასული მამის სახება, მოცალეობის ჟამს მამის მიერ დახატული სურათებიც მის შთაგონებად ქცეულა, აწმყოთი გულშეძრულიც მამას ეხმიანება: „მოდი, მამიკო, მომკიდე ხელი, შემომეშველე აღსავლის კართან, ისეთი ბნელი ჩამოწვა წლები, ისეთი ბნელი დაგვიდგა ხანა! უსასოობით ბევრია მკვდარი, მორწმუნემაც კი დაიკრა დანა! უიმედობის ქარი ქრის, დაძრწის, სევდას ატარებს სახლიდან სახლთან, მოდი, მამიკო, შემომეგებე, თუ მოვაღწიე აღსავლის კართან“.
თავის ერთ-ერთ ლექსში „ნაცნობი მათხოვარი“ რუსუდანი მორწმუნის ტკივილით ამბობს საკუთარ ცოდვაზე: „ვეღარ მივხედე ნაცნობ მათხოვარს, რომელსაც ჩემგან სითბო ახსოვდა, პირი მთხოვა და პური მივეცი, მერე ქუჩაში მთხოვა გაყოლა. ვეღარ გავყევი, შემრცხვა ძონძების, მერცხვინებოდა გავლა საწყალთან, ის აღარ მოდის ჩემთან ლუკმისთვის, ამაოდ ვუცდი ნაცნობ მათხოვარს, ასე მგონია, შემრცხვა სიკეთის და არ გავყევი გზაში მაცხოვარს“. პოეტის ყოველი ნაფიქრი და განცდილიც ისევე სათუთად და სიყვარულით მიიკვლევს გზას მკითხველის გულისკენ, როგორადაც წერს, და სულერთია, რაზედაც და ვისზედაც არ უნდა წერდეს, მისი სულის თანაზიარი ხდები. ეს უდავო აზრი იბადება მისი სულშიჩამწვდომი ლექსებიდან: „ჩიტბატონა“, „ხატები“, „ლოცვა“, „აღდგომა“, „ჩემს გამზრდელს“ (მართა პეტრიაშვილს), „სარეცელზე მიჯაჭვულ მეგობარს“, „რატი (ტატო) ნინუას“, „ქართველებს“ (9 აპრილის ნაიარევზე ხეზე მიწერილი ლექსი)... კითხულობთ ამ ლექსებს და ყოველი მათგანიდან იშვიათი გულის სითბო, სიყვარული, კრძალვა და სულის სინაზე გამოსჭვივის. ეს სტრიქონებიც შემთხვევით არ ეძღვნება: „შენ პოეტი ხარ სულით და ხორცით და დაუხარჯავ გრძნობებს ინახავ, შენ პოეტი ხარ, ოღონდაც მორცხვი, რაც მე ჩემს დღეში ჯერ არ მინახავს“.
„თუ სიკვდილამდე გიყვარს და გჯერა“, იტყვის ერთგან კოლაუ ნადირაძე და მგოსნის ამ ნათქვამს ადამიანისადმი ღრმა რწმენა ასულდგმულებს, და რუსუდანის პოეტური საზრისიც აქეთკენ მიისწრაფვის. ამიტომაც დაწერს ასეთ სენტენციას: „ნადიმის თასები დაიცლება, წყალმარჩხი_ წყალუხვი შეიქმნება, ეჭვით შეპყრობილი მეგობარი _ ისევ მეგობარი ვერ იქნება“ (ლაკუნა და მისთანანი) ან კიდევ: „ზოგი ვარდი არის უფლისწულის, ზოგიც სარეველა ბალახია, ზოგის ქოხი არის მოკაზმული, ზოგის სასახელშიც ტალახია“. „ფერად-ფერადი სურათებიდანაც“ ასეთს აირჩევს ნატვრის დიდი სურვილით: „ნეტავ კარ-მიდამოს მოვუვლიდე მე რომ გამჩენისგან მაბადია. ნეტავ ყვავილები გავახარო, გულზე უფლისგან რომ მახატია... ნეტავ ისეთი ლექსი დავწერო, რომ პირნათელი ვიყო ჩემს ერთან! რაც ჩემში კარგი დაგითესია, იმ ჭირნახულით მოვიდე შენთან!“ _ ასე მიმართავს უფლის სახლში შიშით შესული მაცხოვარს.
აწმყოს უმადური ყოველდღიურობის, ახლო წარსულის მძიმე სურათების ანარეკლია პოეტის ეს სიზმარიც: „ერთხელ მესიზმრა ხელნაწერი ვიყავი ძველი, წიგნად შეკრული, დაცხრილული და ყდადამწვარი და ჩემს ფურცლებზე ბევრი იყო სისხლი და ცრემლი, გულზე მეწერა თვალწარმტაცი ქვეყნის ამბავი. ზნესრულმა შემქმნა და უზნეომ დამაზიანა, ომმა, ვაებამ გრიგალივით გადამიარა. არავინ ჩანდა წამკითხველი სდუმდა ყოველი და დარჩა დიდი საიდუმლო შეუცნობელი“.
რაც შეეხება ლექსების სათაურს _ „ჭრელსადაგი“ _ იგი უთუოდ თავისი ძვირფასი წინაპრის ნათელ ხსოვნასთან არის დაკავშირებული, რამდენადაც რუსუდან ჭანტურიშვილის ლექსები სწორედ 1937 წელს რეპრესირებული მღვდლის, ბაბუა პროკოფის გახსენებით იწყება. არჩილის „საქართველოს ზნეობანში“ სიტყვა „ჭრელი“ _ საეკლესიო გალობას ნიშნავს: „მწიგნობრობა ჭრელ-სადაგი, ჭრელ ძილისპირთა გარდათქმა... ხუცურის და მხედრულისა, სხვადასხვაობს თვითოსა თქმა, კანანახი ხმამაღალი სჯობს, ყინჩვილად ნუ იქათმა“. კანანახიც-გალობის დამწყებს ნიშნავს, როგორც აქვეა განმარტებული.
აქვე მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ქალბატონი რუსუდანი 1991-2008 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნულ ლიტერატურათა, ლიტერატურულ ურთიერთობათა და თარგმანის კათედრის დოცენტი, თარგმანის სპეციალობის სტუდენტთა სამეცნიერო-შემოქმედებითი წრის ხელმძღვანელი, უკითხავდა მათ თარგმანმცოდნეობისა და პოეტური თარგმანის კურსს და ამავდროულად თავად გახლავთ შესანიშნავი მთარგმნელი ა. ბლოკის, ა. პუშკინის, მ. ცვეტაევასა და სხვათა ლექსებისა, რომლებიც დაიბეჭდა ამავე კათედრის მიერ გამოცემულ ალმანახ `ექო სახიერსა~ და მათივე ინიციატივით გამოცემულ ორენოვან პოეტურ კრებულებში.
_ თქვენ ახლა წარსულზე შეყვარებული და მცოდნე პიროვნება გჭირდებათ, თავისებური მისთვის დამახასიათებელი მშვიდი, როგორღაც გულში ღრმად ჩამწვდომი ხმით ეუბნება ქართული პოეზიის რაინდი კოლაუ ნადირაძე, უკანასკნელი ცისფერყანწელი _ 1988 წლის ზაფხულის მცხუნვარე დღეს ლიტერატურული მუზეუმის თანამშრომელს და იქვე დაუმატებს:
_ ახლა, როგორც არასდროს, ისეთი პატრონობა უნდა წარსულს. ერთი მითხარით, ახალგაზრდებს გწამთ ამ ახალი დემოკრატიის? ჯერჯერობით пустой звон... წინაპართა აჩრდილებს დაუჯერეთ, გირჩევთ, მათ ენდეთ ბოლომდე.
აი, აკაკის სურათი, აი ეს კედელზე რომ მიკიდია, ხედავთ, რა დიდებულია! აკაკი გახლდათ მოარული პარნასელი, პოეტი _ ამ სიტყვის უმაღლესი გაგებით...
მაგრამ XIX საუკუნის გადაღმაც, `ქართლის ცხოვრების ისტორიის ანალებშიც, რამდენი ძვირფასი თვალმარგალიტია მიმობნეული, რომელთაც ჩვენს დუხჭირ აწმყოში მრავალ პასუხგაუცემ კითხვებთან კიდევ უფრო მეტი ელფერი ეძლევათ.
XVI საუკუნე. წარსულთაგან ერთ-ერთი უძნელესი ხანა საქართველოსი. შაჰ-თამაზის შემოსევები ქართლში. იმჟამს ფიცხლად მებრძოლი სახელოვანი მეფე ლუარსაბი, ბერი ეგნატაშვილის სიტყვით „მსგავსი ვახტანგ გორგასალისა, უკეთუმცა მეფე ლუარსაბს ესოდენი ბრძოლა არა ექმნა, ახლამცა საქართველო ქმნილ იყო სარკინოზ და, რაოდენნიცა დღეს სახელნი არიან საქართველოსანი, ყოველნივე ხმლისა მისისაგან არიან: რამეთუ ესე ლუარსაბ იყო კაცი ბრძენი და გონიერი, მოშიში ღმრთისა და მორწმუნე სჯულიერად, ღუაწლმრავალი და ბრძოლასა შინა მეფე და ახოვანი და მბრძოლი, ლომებრ ძლიერი და სარდალი კეთილი“, რომლის გარდაცვალების შემდეგ მეფედ ეკურთხა მცხეთას მისი ძე სვიმონი. ჯერ კიდევ მეფედ კურთხევამდე მეფე სვიმონი მხარში ედგა სახელოვან მამას, რომლის შესახებაც ბერი ეგნატაშვილი აღნიშნავს: „მოვიდნენ ყიზილბაშნი და რა იხილა ბატონიშვილმან სვიმონ და ქართველთა, შემოუტივა ლომმან ჯოგთა კანჯრისათა...“
მაგრამ როგორც ცნობილია, სვიმონ მეფე ფარცხისთან დამარცხებულ იქნა მოღალატე კახაბერ ყორღანაშვილის მცდელობით: „ეძვნებოდა ყიზილბაშთა მოსვლა ქართლად და ამან ყორღანაშვილმან გაუადვილა და ესრეთ უთხრა: „სისხლი თქუენი ჩემსა ქედსაო, უკეთუ გევნოსთ რამეო“. მაგრამ კახაბერ ყორღანაშვილს სიკვდილის ფასად დაუჯდა სვიმონ მეფისა და ქართველთა ღალატი. მეფის სპასპეტი საჩინო ბარათაშვილი, კოჯრისაკენ მიმავალი შემთხვევით შემოჰხვდება ყორღანაშვილს, შეიპყრობს მას და გელიყარის კლდიდან გადმოაგდებს.
აი ამ ისტორიულ ეპიზოდზეა აგებული ექიმ-კარდეოლოგის თეიმურაზ ჭანტურიშვილის ისტორიული პოემა _ „საჩინო ბარათაშვილი“. პოემას წამძღვარებული აქვს სტრიქონები ილია ჭავჭავაძის პოემიდან „მეფე დიმიტრი თავდადებული“: „მოდით შვილნო, აქ მოგროვდით, გეტყვით გულის გასათბობსა, ვინ ვიყავით, რა ვიყავით, ჩვენ, ქართველნი, წინა დროსა“. ავტორი ბიოგრაფიულ ცნობებს თან ახლავს მისივე წინათქმა, თუ როგორ შეიქმნა ეს ნაწარმოები: „პოემა „საჩინო ბარათაშვილი“ დაიწერა კოჯორში, სადაც ავტორს სხვადასხვა გარემოებათა ზეგავლენით გაახსენდა ერთი ეპიზოდი ი. გოგებაშვილის დედა-ენიდან, კერძოდ, _ მოღალატე კ. ყორღანაშვილის გადაგდება გელიყარის კლდიდან. ამ ეპიზოდს რამდენიმე სტრიქონი ეძღვნება „ქართლის ცხოვრებაში“. ნაწარმოებში ჩაქსოვილია ავტორისეული ფანტაზიით ნაკარნახევი ეპიზოდები, რომლებიც არ არღვევენ ისტორიული ფაქტების ქარგას.
ავტორს, სჯერა, რომ პოემა, დაწერილი შაირის სტილით დღესაც საინტერესო იქნება ქართველთათვის. მართლაც, ვინც პოემის მდინარებას თვალს გაადევნებს, უეჭველად დაეთანხმება მას ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში და, აგრეთვე, ადვილად ირმუნებს იმასაც, რომ პოემის ავტორი სიღრმისეულად იცნობს აღსანურ ხანას, რასაც მკაფიოდ ადასტურებს პოემის შესავალი და მისი მომდევნო თავები: „ირანელებს ბევრი გმირი ზედ შეაკვდა, როგორც ლომი, როცა სვიმონს, ქართლის მეფეს, ალგეთს ჰქონდა დიდი ომი _ დიდებული სვიმონ მეფე, მეომარი, მკლავმაგარი მედგრად ებრძვის ირანელებს, ურიცხვია მათი ჯარი, მამამისიც, ლუარსაბი, ქართლში მტერს არ ახარებდა, ვაჟკაცური შემართებით საქართველოს ამხნევებდა. მამამ თავი მტერს შეაკლა, ეს დიდება ერგო წილად, მისი მოკვლა ქართველებმა დაუჯინეს სპარსეთს ძვირად. ლუარსაბის ბასრმა ხმალმა განამტკიცა ქართველობა, ერს მიეცა ხსნის იმედი და დაეტყო აღმავლობა. გმირი მეფის თავდადება უორკეცებს სვიმონს ძალას, მტრების სისხლით მახვილს ღებავს, სურს აჯობოს თავის მამას... კეთილშობილ მეფის გვერდზე მედგრად იბრძვის მისი ჯარი... ბევრი არის იმათ შორის მეომარი თვალსაჩინო, მათი მთავარსარდალია ბარათაშვილი საჩინო... ერთხანს მეფეს ემსახურა ბოქაულთა უხუცესად, ახლა ქართლის რაზმებს სარდლობს, დინჯი, ბრგე და წესიერი, მისნაირი თუ ბევრი ჰყავს, ის ხალხია ბედნიერი“.
პოემაში შესანიშნავადაა წარმოჩენილი შავბუნება ყორღანაშვილის მოღალატური აზრები, ოსტატურადაა დახატული ორიოდ სიტყვითაც ლუარსაბის სამარცხვინო ძე, დავითი, შემდეგში გათათრებული და დაუთხანად წოდებული _ „ქრისტესაგან გადამდგარი“, „სპარსელების ერთგული ყმა“.
პოემაში მკვეთრად და დასამახსოვრებლად აღბეჭდილ პერსონაჟთა სახეებს მიმზიდველ ელფერს სძენს მშვენიერი ქართულით დაწერილი ის სტრიქონებიც, რომლებიც ძალდაუტანებლად, უშუალობით მოგვითხრობენ ავტორის დამოკიდებულებაზე, მის პოეტურ განწყობილებაზე აღწერილი ამბებისადმი: „ჩვენი ქვეყნის ცაზე ბრწყინავს მანათობელ ვარსკვლავებად ქართველ გმირთა სახელები საქართველოს სადიდებლად. იმ ვარსკვლავთა ნათელ გუნდში მე საჩინო დავისახე, ნაღველნარევ სიხარულით გამოვძერწე მისი სახე, ცოცხლად ვხედავ პირქუშ სპასპეტს, მტკიცე არის, როგორც გრდემლი, რომ აღვწერდი მის გმირობას, ბევრჯერ მადგა თვალზე ცრემლი. მაკავშირებს მასთან თითქოს მტკიცე ძაფი უხილავი, მისი ხსოვნის ერთგულია ამ პოემის გამლექსავი“.
პოემასთან ერთად კრებულში შედის აგრეთვე თეიმურაზ ჭანტურიშვილის ლექსი „მწარე მეტამორფოზი“, რომელიც გალაკტიონის ორ ფოტოსურათს ეძღვნება. ერთი ყრმა პოეტის ყვავილოვნების ჟამს, პოეტის სიტყვით: „სერაფიმებთან მქროლავ გენიას“: „მზერა ცოცხალი, ცეცხლივით მწველი... ახალგაზრდა და სულის შემძვრელი....“
და აი, მეორე ფოტო: ქარიშხლიან გზებგამოვლილი, ცხოვრებისაგან განაწამები პოეტის სახე: „...არა, შავბნელმა უსაზღვრო დარდმა დაღარა სახე და ჰა, ლოდინის გასამართლებლად და თითქოს წამლად ახალი დროის გარგეს ორდენი“.
„... როგორ სწყუროდა შენს სინატიფეს სინატიფესთან ურთიერთობა!“ მგოსნის სიძვირფასეს, ამ სანუკვარი სახისადმი მოწიწებას და უკიდეგანო სიყვარულს ზუსტად მიგნებული პოეტური სიტყვით მკაფიოდ გამოხატავს ავტორი ლექსის დასასრულს: „ვიცი მკვიდრი ხარ სასუფეველის, მარადისობის გაგეხსნა კარი, იმქვეყნიური გადგას ნათელი, ამქვეყნიური დაგეხსნა ქარი“.
„გაშლილი აფრები“ _ ასე დაურქმევია მხატვარ-ფერმწერს თემურ ჯვარშეიშვილს თავისი ლექსებისათვის.
„ლიტერატურული საქმიანობა სერიოზულად დავიწყე მას შემდეგ, რაც ცნობილმა მწერალმა მერაბ ელიოზიშვილმა დაჟინებით მთხოვა, რომ მეწერა. ძალიან მოეწონა ჩემი იუმორისტული ზეპირი ნოველები. თავიდან ნოველებსა და მოთხრობებს ვაქვეყნებდი ქართულ პერიოდიკაში, შემდეგ ლექსების გამოქვეყნებაც გავბედე და ახლა ეს პირველი კრებულია, სადაც სხვა პოეტებთან ერთად ვმონაწილეობ“ _ გადმოგვცემს თავისი ლექსების წინასიტყვაობაში თემურ ჯავრშეიშვილი.
ხელოვანთა გარემოში აღზრდილს სრულად ადვილად ემორჩილება კალამი და ფერებთან მეგობრობა მკაფიოდ ემჩნევა მის პოეტურ ნაღვაწსაც. ეპიზოდებისა თუ პერსონაჟების გამოსახვისათვის მშვენივრად იყენებს გროტესკულ ხერხებს, მისი სურათები გამორჩეულია უშუალობასთან ერთად ფერადოვნებით, ასეთია საყმაწვილო პოემის „სამი ანუ ღვთიური კავშირის“ პერსონაჟები კოლხიბერი და ფერიდანი: „ჟღალიას ეცვა გალიფე და ჩალისფერი კიტელი, თავზე ირიბად წაეკრა რაღაცა ფლასი წითელი. შიგ ფრთა გაერჭო ჭრომახი ინდოურის თუ ქორისა, წვივებზე ერტყა კრაგები ნიკოლოზ მეფის დროისა. სტუმარს ტანთ ეცვა შარვალი უხეშ ნაჭრებით ნაკერი და უსაყელო პერანგი დროჟამით გადანაფერი, ფეხთ ეცვა ქერზის ჩუსტები, წვივებზე რუხი პაიჭი, წვეთიწვეთ შესაფერისი თავის ყროყინა ტაიჭის...“ პოეტი უხვადაა დაჯილდოებული იუმორით, რაც თავიდან ბოლომდე გასდევს პოემას! სამეტყველო ენაც შესანიშნავადაა შეწონილი პერსონაჟებთან და თვით მოსათხრობ ამბავთან.
კოლხიბერი და ფერიდანი, დონ-კიხოტის იერით, ბრძოლის ჟინით ავსებული „იდალგოები“ არიან, თავგადაკლულები ეძებენ საიმედო მოკავშირედ მესამეს: „გამოგვყევით სალაშქროდ თქვენს კაცობას ვესავ მე, გვიხმობს დედა-სამშობლო, ვინ იქნება მესამე?! „ძმა ძმითა ძლიერი,“ როგორ ვიხსნათ სამშობლო _ სამოთხე მიწიერი? _ ძმაო, ხედავ, რაც გვიყო ჩვენმა ლმობიერებამ, ზვავივით დაგვიტანა უცხო ცნობიერებამ, მამულებს ასხვისებენ უთავო თავკაცები, ჩვენ ვართო საქართველოს წინამძღოლი ვაცები“. რისთვისაა საჭირო ჰიმნი, დროშა, ორდენი, თუ არ დაგვრჩა მამული, ერთი მუჭის ოდენი?
კოლხიბერის და ფერიდანის საუბარი პოემის ამგვარი ეპილოგით მთავრდება.
„ამაყად მიაბიჯებდნენ ბრძოლისთვის შეფიცულები, არ დაუკარგავთ იმედი, მძლავრად უძგერდათ გულები. სოფლის ბოლოში მოესმათ ძახილი ვინმე მხედრისა, დალოცოს წმინდა სამებამ ჭირისუფალი ქვეყნისა!“ _ და აქვე იკვეთება პოეტისა და მხატვრის სულიერი კრედოც.
ავტორისმიერი ერთგვარი დატირებაა თავმოკვეთილი ქალაქი, _ ძირზე მოჭრილი ვეება ჭადრები. „....და ფოთლების შრიალი იყო როგორც ოპერა“ _ ბრძანებს დიდი გალაკტიონი. „დღეს ჩემს გულს სწვდებოდა მოცარტის გალობა... ბუჩქებზე, ხეებზე მზე ხსნიდა კვირტებს. ალბათ, ეს დიდება ღმერთმა გვიწყალობა, ამ ჰანგებს ზეციურს რა გული იტევს?“ სწორედ ამ ზღვა სიყვარულს, ერთთავად მოცელილ ჭადრებს, ამ დაკარგულ წყალობას დასტირის პოეტი, „თბილისელ ბიჭების სადგურს, _ „იდუმალ ჭადარს“: „პოეტებს მოსწონდათ ჭადრის ქვეშ ბაასი, იქ იყო იმათი მუზების პარნასი... რამდენს ჩაუმუხლავს ჭადართან, ვინ იცის? ცხადია, სტუმარსაც მადლიან თბილისის“. და, მართლაც, ვის მზერას არ მოიტაცებდა თბილისის ქუჩებში ცათამდე აწვდილ მოშრიალე ჭადრების მწკრივი? _ „მოჭრეს ის ჭადარი, შემკული თილისმით, დამწუხრდნენ ჭაღარა ბიჭები თბილისის. ეხლა სხვა დროა და სხვაგვარი ბიჭები, _ ჭადარზე მოსინჯეს სარძევე კიჭები. ეჰ, დრონი მეფობენ და არა მეფენი! არ გვესმის ერთურთის _ მე შენი, შენ _ ჩემი... რა ვთქვა სანუგეშო?... არ მინდა მჯეროდეს, ამას არ იზამდა გულზვავი ჰეროდეც“.
და სხვა რაღა ინატროს, თუ არა ეს: „ღმერთო, სახიერო, სამყაროს ნათელო! იხსენ წამებული ტურფა საქართველო!“
პოეტის სულის სამანებს საჩინოდ გვახილვებს ძარღვიანი სიტყვით ნაფერი ლექსები: „გაშლილი აფრები“, „მარტოსული“, „ბედი და უბედობა“, „მედროვე“, „ნარიყალა“, „ თბილისს“, „უცნაური სიზმარი“: „... ავაზასავით მიმოვიხედე, მაგრამ იმწამსვე სახე ვიცვალე, და ნუშის ტოტი დამზრალ ღროზე, როგორც ყვავილი გარდავიცვალე... შეშფოთებულმა გამოვიღვიძე და შემომესმა ხმა მხიარული, როკავდა ხალხი და მოიმღეროდა წაგებულ ომში დროშის ფრიალით“.
ფაქიზი, ლირიული ტონები, სურათოვნება პოეტი-მხატვრის ლექსების ერთ-ერთი ძვირფასი თვისებათაგანია და ეს მშვენიერი „ფერწერული ტილოებიც“ ამის დასტურად ჩანს: „იასამანის ტოტი ეგდო ლაფში, ბაზართან, ტურფა ყვავილი, სამშვენისი მრავალ ყაზალთა; ფეხით ტკეპნიდა უდარდელი კაცი მავანი, ნაზი სურნელით პასუხობდა იასამანი. ვიფიქრე ჩემთვის: უფალს ალბათ ასე ენება _ იასამანის რომ შემეგრძნო მშვენიერება“. („იასამანი“).
„სიცხეა, ქუჩა გადაკვეთა პატარა ძაღლმა; ჩრდილს შეეფარა ვიწრო ზოლზე მაღალ ჩინართან; ისევ გამოჩნდა, გაიქექა მტვრიანი ფერდი, წაიკავკავა და ისევე გაუჩინარდა“.
პოეტური სიტყვის რთველში არაიშვიათად შემოგხვდებათ ლირიული სტრიქონები, რომლებიდანაც იშვიათი სიმკვეთრითა და ფერადოვნებით მოსჩანს დასამახსოვრებელი „კადრები, მოისმის შეგონება თუ სინანული, მჭმუნვარებს სევდა აუხდენელი ოცნებისა, იხედება ავტოპორტრეტი, გულს ეჭდევა ეპიტაფია, ხანაც იგავი: `სიყვარულია? _ ვიწვოდე მართლა, ... გულს მოწოლილი სიმართლე არ ვთქვა. აბა, სინდისი, ბრძანეთ, რაშია? სიძულვილია? _ ვულკანურ აღქმად, ვერ გავუცინებ ვერავის ცალყბად, ღიმილი გულის ალმანახია“ (ავთანდილ მემარნიშვილი _ ავტოპორტრეტი).
„სოფლის დასასრულს ალიონი თვალს ახამხამებს, ღამემ მანდილის გაცრეცილი კალთა აკეცა, ალბათ ვასკვლავებს, გაოცებულთ და ხახამშრალებს დღესაც დატოვებს უდიერად დროის სარკესთან“ („ერთაწმინდის დილა“).
„ერთ დილას ბულბული ნახეს მკვდარი სადღაც ყვავ-ყორნების წრეში, უგულოებმა უთხრეს სამძიმარი, უსულოებმა აუგეს წესი. მიწას მიაბარეს მრავალჟამიერით, ცხონებაც უსურვეს ხალისით. მას შემდეგ ბულბულის მაგიერ ყვავების გალობის ხმა ისმის“ (გიორგი წიბახაშვილი _ „მცირე იგავი“).
„მთლად ყმაწვილები ჩავიდნენ ბნელეთს, რომ მზე მიწაზე არ ჩამქრალიყო და ძლიერ ვწუხვარ, რომ დღევანდელებს მათთვის უბრალოდ ხსოვნაც არ ეყოთ“ (გიორგი წიბახაშვილი _ „სურვილის გაგრძელება“).
„თუ კაცს შეუჩნდა შეკითხვა და თუ ღრმად ჩაუკვირდება, სამშობლოს შემდეგ მთავარი ისევ სამშობლო იქნება“ (გიორგი წიბახაშვილი). „არავისი მიმდევს ვალი, არავისი მადევს ცოდვა, მე სიკეთით ვიყავ მთვრალი და ეს ჩამითვალეს ცოდვად“ (გიორგი წიბახაშვილი „ჩუმი ეპიტაფია“). „მწუხარებათა შაშვები მიზის თვალის გუგებში, ნუგეში შენ ხარ _ უარმყოფელი და სიხარულითა მაინც მთოველი“ (ნანა ეხვაია). „ნუ მიუბრუნდები წარსულ ცხოვრებას, მტკიცედ იარე წინ, უფლისკენ, გახსოვდეს ლოტის ცოლის ხვედრი _ მარილის სვეტად რომ იქცა უკან მიხედვისათვის“ (ნანა ეხვაია).
გზადაგზა ჩემი შთაბეჭდილება წიგნზე უკვე ითქვა. განსაკუთრებით, რაც უწინარესად თვალში საცემია, ის არის, რომ თითოეული ავტორის ფიქრები გაუსაძლისი ამწყოთია დამძიმებული, და ცხადია, შესაბამისად, ლექსებშიც თანამედროვე ადამიანის სამართლიანი სამდურავიც ისმის დუხჭირი ყოველდღიურობის, ქვეყანაში მომხდარი ავბედითი მოვლენების გამო: „ფართხალებს წყევლა, მიუსაფრობის რიტუალს იცავს. დაუფლებია სისასტიკე, არ ყავს დამცველი. გამჭრიახობა გონს ავედრებს ატანას მწუხრის. სული ამაყი, მედიდური არის ნაცემი“ (ავთანდილ მემარნიშვილი).
მაგრამ, რაც მთავარია, მათი პოეტური ნააზრევიდან მკვეთრად იგრძნობა ქართული გენიის უშრეტი ენერგია, ღრმა ეროვნული სულისკვეთება და უდრეკი ნებისყოფა, მოქალაქეობრივი პათოსი, მოისმის ნათელი მომავლის ძახილი.
დაბოლოს, მინდა დავძინო, რომ „პოეტური სიტყვის რთველი“ ნამდვილად ამართლებს თავის სახელწოდებას, რამეთუ წარმოჩენილი ავტორთა შემოქმედების ფერადოვანი სიტყვა, მშვენიერი ქართული ენით მეტყველება, მაღალი პოეტური აზროვნება უთუოდ, ბუნებრივად იძლევა ამის თქმის შესაძლებლობას.
ციური ხეთერელი.
No comments:
Post a Comment