Saturday, July 22, 2017

მეფე არჩილ მეორე – გაბაასება კაცისა და სოფლისა


ეს ერთი პირველი ლექსი დ ა ვ ი თ | მ ა მ უ კ ა შ ვ ი ლ ს | ჯ ა ფ ა რ ი ძ ე ს ეთქვა სოფელზედ აშთარხანს. ამას ქვეითი სოფლისა და კაცის გაბაასება ამ ერთმან ლექსმან მოახდინა. ასრე არის ყოვლისფერის, კარგისა თუ ავის, საქმისა ორისავ მიზეზი: პირველ ასრე ცოტათ იწყების და შემდგომად ასრე განმრავლდების!

თქვეს, ჩარხი სოფლის სიმუხთლის სამუდმოდ არის მბრუნავი,
ლხინს მოგვცემს, ჭირი გვერთს ახლავს, ხან შვება, ხან საჭმუნავი,
ნურვინ სდევ, ვერვინ მისწვდები, ცხენი გყავს, ანუ თუ ნავი,
თქმულა, რომ: არვინ დარჩება ბოლომდინ მოუმდურავი.

აქა იწყების შესავალი 

1
დავით, უძრახეს სოფელსა, სხვათ ბრძენთა შენც აგიტანეს,
მე არ ვემდურვი, მაგრამე მგონია მეც დამიტანეს;
ვის ავი უყო, ან კარგი არცერთმან არ გაიტანეს,
ამად ჰკიცხვენ და ჰბასრობენ, სად უნდათ ვერ მიიტანეს.

2
სოფელს ჰმდურავ სიმუხთლესა; როს არ მოგყვეს, ჰკიცხავ, ზრახავ,
თუ გაამებს, გაუცინებ, გაწყენინოს – სულთქვამ, ახავ,
მისებრ შენც თუ არ მუხთალხარ, მაშ ნუ გინდა, ნუღარ ნახავ!
თორე სტყუით ორნივ სწორად, მსგავსი მსგავსსა განიზრახავ.

3
სოფელს კაცი, კაცს სოფელი მუდამ ზრახვენ სიმუხთლესა,
ერთად ზაკვენ, თუ შენც იტყვი, არ ამბობენ სიტყვას მრთელსა;
ორივ სწორად მოინდომებს ხან ბნელსა და ხან ნათელსა,
აწ მე ვიტყვი მათ საქმესა, თქვენ შეიტყობთ უმართლესა.

4
მათი საქმე მათ იუბნან, ნუ უდგავართ ჩვენ ნურცერთსა,
სოფლმან და კაცმან სიტყვა თვით მიუგონ ერთმანერთსა;
გაუსინჯოთ, რას იტყვიან ერთი-ერთზედ, თუ რა ერთსა,
მერმე გავბჭოთ სიმართლითა, მადლი მივცეთ უფალს, ღმერთსა.

აქათგან იწყების ბაასი სოფლისა და კაცისა 

5
სიტყვა პირველი კაცისა: სოფლის სიმუხთლე, ტრელობა,
ვაი სოფლისა დაწყებით, ბოლომდის მრუდად მვლელობა!
არას ბრძნისაგან იცნობა მისი ეზომი ჭრელობა,
რა მწვე სიცრუის აფრაა, სიმუხთლის პელეგონობა!

პასუხი სოფლისა 

6
პასუხი სოფლის: კაცო, შენ ღვთის მსგავსად რადმე შექმნილო,
ჩემად და ჩემთ ნივთთა ზედა უფლად და მთავრად განზრდილო,
ვა, შენ რომ მცნებას გარდაჰხე, ბოლო კარგა-ხან დაქნილო,
განშიშვლდი დიდებისაგან, უგუნურ პირუტყვად ქმნილო.

სიტყვა ადამისი ბ 

7
აჰა, მაცთურო, რომელმან აღმოსთქვი პირით თვისითა
შენი მტერობა, სიმუხთლე, ღამითა ჰქმენ, თუ დღისითა;
ნაყოფმან შენმან არ მომწყლა, არ ვიცი, მოგაქვს ვისითა!
ხილვამ სულ მომკლა, წარმწყმიდა, თქვი თუ სხვით იქმნა ვისითა?

პასუხი სოფლისა 

8
ადამ, ამაოდ მეტყველო და უგუნურად მზრახველო,
უბრალოს რად მყოფ ბრალეულს, შენისას სხვისა მძრახველო?
სატანა არ ვარ, არც გველი, არც ევას ცოტას მნახველო,
ღვთისგან შევიქმენ საშენოდ, შენ თავს რად ვერ ამიხველო?

სიტყვა ადამისი გ 

9
ეჰა, სოფელო, მწარისა ტკბილადრე გამომეტყველო,
წარსაწყმედელის საქმისა საამოდ მაჩვენებელო,
მტერს თუ მტერობა უნდოდა, რად ჩაჰყევ, სულ საგმობელო?
მაგრამ შენ გპოვა მიზეზი სრულ ჩემო მაგლოვებელო.

10
დაღაცათუ მტერმან ჩემმან შეიშურვა ეს დიდება,
მაშინც შენის ნაყოფითა მოჰხდა ჩემი შეჩვენება.
რად არ უთხარ, ეგ მოკვდება და მეც წყევა დამედება?
თავს ნუ მართლობ, ვერ იმართლებ, სტყუი, სიტყვა წაგიხდება!

პასუხი სოფლისა 

11
ადამ, უფლად, საპატრონოდ შექმნილი ხარ ღვთისგან ჩემდა,
უსამართლოს ნურას ბძანებ, სტყუი, მართალს რად იჩემ, და?
არ ნაყოფმან ჩემმან მოგკლა, დაიჯერე, შენმა მზემ, და,
არცერთისა ხილის ჭამამ, მაგ მიზეზს ნუ აიჩემ და.

12
რითაც მოჰკვდი, მე გიამბობ მოკლის სიტყვით პირველ ნელად,
ღვთის ბრძანების არ საქნელის საქმის იქმენ რასთვინ მქნელად?
მცნების მისის გარდახდომა რად არ ჰგონე დიდად ძნელად?
აწ ეს მითქვამს, კვლავცა მნახე უფრო წვრილად აღმომთქმელად.

სიტყვა ადამისი დ 

13
სოფელო, ტკბილად მეტყველო, სიმწარის მომატყვებელო,
სად ჰქონდა გველსა ადგილი უშენოდ, დასავსებელო!
თუმცა ვეცთუნე, შენით არ, სიკეთის გამავებელო?
შენით მომკლა და განმგესლა, ნათლისა დამბნელებელო!

პასუხი სოფლისა 

14
ადამ, საქმეს მე ნუ მიდებ და ნურცარას ჩემს ნაყოფსა,
შენის ნებით ქმნილს საქმესა მწამობ რა, ვით განაყოფსა,
ვინ აბრალებდეს სხვას თვისსა ნაქნარსა, ავადა ჰყოფსა,
ევას რჩევით დაცაჰკარგავ ედემსა და კარგს სამყოფსა...

სიტყვა ადამისი ე 

15
რა მიზეზია, სოფელო, მაშა ჩემისა ცთომისა?
კურთხევისა წილ წყევისა, სირცხვილისა და კდემისა?
დიდებისაგან სიშიშვლე, ვა შენის ნდომით ხდომისა,
რით შემეცვალა ცხოვრება, ვაგლახ, შენ მე მოკდომისა!

16
პატივითა უპატიოდ აბა გავხდი, მითხარ, რისგან?
ედემს ვიჯე მოსვენებით, აწ განვარდი დიდებისგან.
შრომით უნდა ვიმუშაკო, თორ რით დავრჩე, მაშა, რისგან?
შენითა მჭირს ესეები, უაუგოვ, სხვათ არვისგან.

პასუხი სოფლისა 

17
გაუწყო ადამ მართალი, დაისაჯე თუ რა საქმით,
ამ მიზეზით გამოვარდი სამოთხით და აბა ა მით,
მტერს უმინე მოშურნესა, შენს შემოქმედს მით რა ამით?
მე იმათში არ ვრევივარ, შენ რომე სცთი საქმით სამით.

სიტყვა ადამისი ვ 

18
მაუწყე მტერო ბოროტო და ჩემო მაყვედრებელო,
სამოთხით გამომძებელო, კარის-კარ მაკარებელო;
გესლის უმწარევ ნაყოფო, მომწყვლელო საარებელო,
რაზომცა სტყუი, გისმინო, ცრუვ სიტყვის მაგემებელო!

პასუხი სოფლისა 

19
იხილე, ადამ, თუ ღმერთმან წყალობა გიყო რაზომი,
ვითარ პატივ-გცა, აწ მაშინც აბა ეცადე, გაზომი!
რა შეგიმზადა, არ იცი, არც დაედება საზომი,
საშვებლად მოგცა ედემი, რა სასურველი, სანდომი!

20
ოდეს ღმერთმან ერთმან, წმინდამ, გვამოვნებით სამებულმან,
პირებითა განყოფილთა, ნებით სწორად დადებულმან,
მამამ, ძემ და სულმან წმინდამ სამთავ ერთად დიდებულმან,
არასაგან არსი შექმნეს, ურთი-ერთზედ კიდებულმან.

21
ცა, ქვეყანა დაგვამყარა, სხვის ყოვლისგან შეუძლებლად,
განაშორა ბნელს ნათელი საშრომლად და მოსვენებად.
განყო წყალი, ზე სამყარო, სხვა ქვეშ შეკრბეს, იქმნეს ზღვებად,
აწ ქვეყანა განაშვენა, ხე, ყვავილთა, მდელო ვსებად.

22
შემდგომ შეამკო ცა მზითა, მთვარითა, ვარსკვლავებითა,
აწყა თევზნი და მფრინველნი, ვეშაპი სხვას მხეცებითა,
ყოვლი ცხოველი მოძრავი, პირუტყვი კარგ-ავებითა,
სრულქმნა ცანი და ქვეყანა, შენთვინ მით უფრო შვებითა.

23
აჰა, ადამ, აქ იხილე შენზედ მისი მოწყალება,
არ დაგბადა ბნელსა შინა, ცეცხლის გინდეს რომ ალება.
არც შეუმკობს ცასა ქვეშე, ან მე მაკლს რა ნივთთა ხლება?
მაგრამ საქმე ისეთი ჰქმენ, მოგვიანოდ გეშველება.

24
ცა ყოვლითა სამკაულით განგიშვენა და დაგირთო,
კვლავ ქვეყანა ყოვლის ნივთით მით აგივსო, შენ მიირთო.
აწ შენ შეგქმნა საპატრონოდ, ბრალი არის რომ წაირთო,
ამ დიდების მომზირალმან ჰხამს, სიცრუე არ შეირთო.

25
სამოთხე დასხა ედემსა კაცთა ენითა უთქმელი,
ეგზომ ტურფა და სანდომი, ვერცაღა მე ვარ სრულ მთქმელი,
მუნ გაფუფუნა შვებითა, არ იყო ურვით სულმთქმელი,
თუ მორჩილ იყო იმისი, ვინ იყო შენი დამნთქმელი?

26
ხატებითა გცა პატივი, სული შთაგბერა ცხოველი;
უფალ თევზთა და ფრინველთა, მხეცთა და რაც არს ცხოველი;
შიში და ზარი დაადვა და დაგამონა ყოველი,
რად აღირჩიე ამის წილ, ვაგლახ მე, შენ სამოელი?

27
ცად დაგისხა მზე და მთვარე, იგ გამცნობენ ჟამთ ვსებასა,
დღეს და ღამეს, კვირას და თვეს, წელიწადის მომრგვლებასა,
ცანი ცვარსა, მე ნაყოფსა, უფსკრული წყალს ჩემს შვებასა,
დაგვკარგე, თორ არ ვღირსვიყავთ შენს პატრონ-ყმობა, ხლებასა.

28
ესეოდენსა პატივსა ღირსგვყო და არ შეირაცხე
ერთის ხილისა არ ჭამა, რად არ ისმინე, გაჰკიცხე?
გაგემარჯვება – გვიჩვენე – თუ გვჯობდა ყველას ერთიც ხე,
ამისი მგზავსი სიცრუე, არ ვიცი, ვისით მოიცხე.

სიტყვა ადამისი ზ 

29
მუხთალო, ცრუო, მტყუანო, ერთს წამსაც დაუდგრომელო,
დაუნდობარო, მძრახველო, სრულ იქი-აქა მძრომელო,
ბრძენთ საძულარო, ყოველთა უცებთა მწვე სანდომელო!
რას მყვედრი, რასთვის არ იტყვი, ვინ დააშავე, რომელო?!

30
არ სატანამ მოიბირა უღურსუძო შავი გველი!
დედაკაცი მოაცთუნვა, – ვის მტერობას არ მოველი, –
რას ხილითა, არც ის ვიცი, მშრალი იყო თუ სოველი,
წყეულმცა ხარ, მათიანად შენგან იქმნა სულ ყოველი!

31
თუ მცოდნოდა ეშმაკისა მტერობა და ჩემზედ შური,
ან შენისა სიმუხთლისთვინ მოცამეკრა სადმე ყური,
უთუოდ არ დამცდარვიყავ, გაცამეგდე შენ, ალმური.
ვინ მომეცა შემწედ ჩემდა, მომცა, ვჭამე, დავეშური.

32
თუ არ გინდოდა შენ ჩემი მტერობა, ეშმაკთ მოყვსობა,
რად მიეც შენი ნაყოფი, რომელი გულსა მესობა?
მაგრამ ის ჩემსა არჩიე, რა ნახე უკეთესობა,
მე არ მინდომე მართალი, მაცთური მაცთურს ეწყობა.

პასუხი სოფლისა 

33
ადამ, ადამ, ეგ ვითა სთქვი, თუ ეგ საქმე არ იცოდი?
გონიერად, პირმეტყველად შექმნილი ხარ და იცოდი,
ხატმან ღვთისამ, ავადა ჰქმენ, სატანასი დაიც ოდი,
მას ურჩ ექმენ, ვინ პატივ-გცა, მაშღა ვისგან დაიცოდი?

34
რადგან ეგზომი პატივი სამოელ ნახა შენია,
განაღამც შეშურდებოდა, ეს ადვილ მოსასმენია.
მტრის საყვარელი ყოველს მტერს ცდილა და მოუცდენია,
რა გაუყრია, ოდითგან შენებრივ ცრემლი სდენია.

35
დედაკაცს რადღა მიზეზობ, მე გეტყვი, მოგცა ამადა
ის შემწედ შენდა, შენ მასზედ გეუფლა, გაგათავადა.
რად დამორჩილდი ავ საქმეს, იცოდი რომ ჰქმენ ავადა?
თავისი ლიქნა სატანამ მაგით მალ გაათავა და.

36
მე შენთვის შემქმნა, გიბძანა ერთისგან კიდე ყოვლისა,
ვინ წამსა შინა თვალისა იცის სრულ არსთა მოვლისა,
არ ურჩებისა ხმარება, მორჩილებისა ცხოვლისა;
სტყუი, ნუ მართლობ, არ იქმნა უძვირეს მის პირველისა.

სიტყვა ადამისა ჱ 

37
საწუთროვო, როს ვიცოდი მე მტერობა ეშმაკისა,
ზაკვით გველის მობირება სატანასგან, მის შავისა?
არა ვიცი აღმართ-დაღმართ კვლავ ადგილი სივაკისა,
შენ იცნობდი სამთავ კარგად, ისიც შენით მომიმკისა.

38
დედათა მალ ცთომილება შენვე იცი წამი ერთო,
ხან სიმდიდრის მომცემელო, მალე კიდევ წამიერთო.
მე არ გინდი, სამოელ გთნავს, მეც დამკარგე, წა მიერთო!
დამემტერე ასეთ გვარად, ვეღარათი წამიერთო.

პასუხი სოფლისა 

39
ადამ, არ გინდა მაგდენის ტყუილის სიტყვის მგებლობა,
შენ მეცნიერად შექმნილო, უმეცრებისა მჩემლობა?
სრულ სიკეთითა აღგაგო, არ მოგცა ავის მცნობლობა,
თავის თავისა უფალმან ბოროტს რად უწყე მფობლობა?!

40
ავს ამისთვინ ვერ იცნობდი, რომე შენში არ ერია,
რასთვის შესცდი, მცნებას დასცდი, არ გმართებდა შეგერია!
ჩემს ნაყოფს რით დააბრალე, ძალად როდის მოგერია?
შენის ნებით თუ არ გექმნა, უგფლებოდა ვერც მტერია.

სიტყვა ადამისი თ 

41
მაშ, თუ სრული დავიბადე და სიცრუე არ გამომყვა,
ეგზომ დიდი და უმსგავსო ავი შენზედ, თქვი, რით მომყვა?
თუ ბუნებით არა მქონდა, რახან აღვდეგ, რად თან ამყვა?
მაგით უფრო შენ არ მომკალ, ნივთთა შერთვით თუ არა მყვა?!

პასუხი სოფლისა 

42
ადამ, ყოველთ წმინდათ თქმული მაგაზედ წინ აღგიდგების,
ღვთისგან შენში ავის ნდომის გარევა არ შეიგების.
ხელმწიფება გაქვს თავისა, ავი ნურა მოგინდების,
როსაც ხილვა მოინდომე, თვალი მაშინ დაგიდგების.

43
ბოროტს მაგად ვერ იცნობდი, რომ არ ჰქონდა მის ბუნება,
არ თუ გექმნა, რასა ჰქვიან, ვერცა გეწყო მოგონება!
ცოლმან გითხრა, მალ ჩამოჰყევ, დაუჯერე, დართე ნება,
ღმერთს განშორდი მოწყალესა, მტერმან გიწყო დამონება.

44
ოდეს ჰქმენ საქმე უშვერი, მაშინ სცან გემო ცოდვისა,
ცოდვის უქმნელმან არ იცის ცოდვისა, თუ რა მოსდისა;
რახან სცდეს, გემო იხილოს მის სიმწარისა მოდისა,
უთუოდ მთხრებლში შთავარდეს, ვინ უაღვიროდ რბოდისა.

სიტყვა ადამისი ი 

45
შეუკდემლად მუხანათო, ვითარ სრული დავიბადე?
შენის ნივთის ნაწილითა არ ამ სახით დავიბადე?
ეგზომისა სიცრუვისგან წილს არ მიდებ, ადე, ადე
ჰაი, სტყუი, მირევიხარ, მისთვის ასრე გავიხადე.

პასუხი სოფლისა 

46
დაღაცათუ აღიზილე და აღიგე ჩემის მტვრითა,
ყოვლი არსი სიტყვითა ჰყო ერთითა და არ ბევრითა.
შენ ხატებად თვისად შეგქმნა ხელით შემოქმედებრითა,
შემოქმედსა ნივთთ განწმენდა არ შეეძლოს, მითხარ, რითა?

სიტყვა ადამისი ია 

47
სოფელო მრუდო, უკეთუ დავიბადე საქმით სრული,
არ მერია შენი რამე, შენებრ ტრელი, შენებრ ცრული,
მსგავსსა ღვთისას ასე მიყავ, თუმც გენახე გაკიცხული,
არ უარესს დამმართებდი, მუდამცა ხარ გაბასრული!

48
მაშ, თუ ბუნებით სიცრუვე არ მახლდა, შენით მომეცა,
უფრო არა ხარ მტყუანი? მაგას ჩამოგყვე, მომეცა!
არ მოგეღორე სამოთხით, მგონია კიდევ მომეცა,
შენით წამერთო დიდება, ნუ სცრუობ, ისრევ მომე ცა.

პასუხი სოფლისა 

49
ეგეც კმარა, შენ კარგად ხარ, სამტროდ ვინ ეს გაქნევინა,
რას მაბრალებ მე საბრალოს, გვერც არ გიზის, ე, ჰე, ვინა?
ცხოვრების წილ სიკვდილითა ჯოჯოხეთს დაგანთქმევინა,
შენ ეგ გიყო და უბრალომ მეც მაგან დამაწყევინა.

50
ადამ, რა ვქნა, არ დასულდი წყევითა და გინებითა,
აწ გრქვა რითაც დაგემართა, ძალითა თუ გინნებითა;
მართალს გეტყვი ყველაკასა არ ფერობით, არ თნებითა,
ვიცი, უფრო გამიწყრები შენ ამის მოხსენებითა.

51
სამოელსა და სატანას რომ ესე დაემართოდეს,
იზრახეს ამპარტავნება, მაგრამ არ წარემართოდეს,
ანგელოზთ ბუნებისაგან უფროსად აღემართოდეს,
გარდახდეს საზღვარს უფლისას, რაზედაც დაემართოდეს.

52
გარდმოცვივდნენ ზეციდაღმე და უფსკრული დაიმკვიდრეს,
ნათლისა წილ ბნელად იქმნენ, ვერაოდეს ვეღარ იდრეს;
ანგელოზი შეიცვალა მსწრაფლ ეშმაკად, ასრე იდრეს,
ტყუილს არას მოგახსენებ, ხელს ხელზედა რაზე იდრეს?

53
კვლავც გითხრა დიდი პატივი უფლება მიწიერისა,
მათ უნივთოთ წილ დადგენა უნებს შენ ნივთიერისა;
გამცნო მის შიშს და ბრძანებას ქვეშ ყოფნა შვენიერისა,
მისდა მადლობის შეწირვა ყოველთა შესაფერისა.

54
საზღვარი დადვა, გიბრძანა: ადამ, ნუ მეურჩებია,
ამ ურჩებისა ნაყოფსა ნუ სჭამ, ნუ შეეხებია!
თუ სჭამო, მუნვე სიკვდილით მოჰკვდე, ვერ მოურჩებია.
ნეტა თუ ის არ გესმია, სულ ქვეყნით ვერ დარჩებია.

55
ამის მსმენელსა მაცდურსა შურდა დიდება შენია,
განზრახა მცნების გარდასვლა, შენგან არ მოსასმენია.
უსმინე მტერსა, იუფლე სიკვდილი, ბევრი სენია,
რა ვქნა, თუ არ ვთქვა, მაბრალებ, თორე რა მოსახსენია!

56
ნუ გგონია, ვაშლით მოჰკვდი, ნუთუ ყურძნით, ან ლეღვითა,
არა, – მცნების ურჩებითა და ბრძანების გარდასვლითა,
უფრო კიდე განღმრთობისა ნდომითა და სურვილითა.
რაც სიცრუე წარმოსცალე, მალ მიიწყე ისრევ წყვითა.

57
აწ ვინ არი ჩვენ ორთაგან უცრუე და მუხანათი?
სრულ ქვეყანა ხელთ მოგცა და ცა შეგიმკო ესრეთ მნათი,
განღმრთობასაც შეეცილე, რადგან იყო დიდ ხანათი
შეადარე ჩემს სიცრუვეს, შენსა სჯობდეს რა ხანათი!

სიტყვა ადამისი იბ 

58
მაცთუნევ, დავსცდი დიდ საქმეს, ჰო, ჯავრი შენი მაცთურო,
აწ რად არ სცხრები, სიცრუვის ორღანოვ, ტკბილო სამთურო!
უფროსღა მტრობით ჩემთ შვილთა, წამს ბარული ხარ, წამს თურო,
ორს ბევრს გარდაჰკარ ლახვარი, სხვათ უმართავთა სამთ ურო.

59
ბოლოს არვის გაუთავებ, ვინ დაიპყრობს დიდებასა,
ვინ ღარიბობს, არ აღირსებ მოსვენებით თავს დებასა.
ზოგს გლოვით არ გამოიყვან, არ დუვსებ ცეცხლთ დებასა,
რად არ იცი, გათავება უნდა დიდსა მტერობასა?

60
ნუ იკბინები სასტიკად, ასპიტო გველო ველისა,
ნუღარ მწარდები სამსალავ, ბოროტო უფროს ნაღვლისა,
ნუ მუხანათობ, ნუ ჭრელობ, მგზავსად შენისა ძალისა,
თორ მოგინდება გარდახდა როსცაა ჩემის ვალისა!

პასუხი სოფლისა 

61
მე თუ ვსჭრელობ, შენ რას მბაძავ, შენ ხარ თავის ნების მქნელი,
შემოქმედმან რაც რამ შექმნა, ცხელი რამ თუ ანუ ნელი,
ცა, ქვეყანა, ზღვა, უფსკრული, ნათელი და გინა ბნელი,
შენგან კიდე არვინ არის თავისისა თნების მზმელი.

62
ცა, ქვეყანა ასრე არის ერთმანერთის იძულებით,
ცით თუ ცვარი არ მომეცეს, მხედავ, ვხმები დარგულებით;
ჩემით აღწოვს ჰაერივე, თორ არ მისცეს მას ბუნებით.
დიდს ზღვას ქარი ააღელვებს, არ აყენებს თავის ნებით.

63
მნათობთ ეტლი არ უტევებს წამსა ერთსა განსვენებად,
მზე მომახლდეს, გამაახლებს; განმეშოროს, შემიქს ვნებად;
წელიწადში ოთხ გზით შემცვლის ხან სიცხედ და ხან ყინვებად,
ჩვენ არვის გვაქვს ხელმწიფობა, ოდენ შენ ხარ თავის ნებად.

სიტყვა ადამის შვილთა 
თ ა ვ ი | ი გ 

64
რა ვქნათ, სოფელო, პირველსა მამა-ჩვენს ცთომა დაადევ,
შეათვისე და ატომე, შერთევ და აძმე და ადევ;
სიცრუვეზედან აუფლე, სიმართლით გარე განაგდევ,
შენი ნდომა გვაქვს, მის გამო გვიდევნებ ჩვენცა, განა გდევ?

65
რა მამაჩვენი ადამი აცთუნე, ცთომა დაიდო,
შენი სიცრუის ნაგრეხი წნელსავით ყელსა მოიდო;
ღმერთს განაშორე, სიცრუვე შეირთო, იძმო და იდო,
მშობელმან ჩვენმან ამისი წილი ყოველთა დაგვიდო. 

66
რაც არსია ყოვლი რამე თვის-თვის ნივთზედ ჩამოდიან,
მფშვინიერნი გვარ მოდგამით თესლით მდელო აღმოდიან;
ზოგთ ნაყოფი წმინდა მოაქვთ, ზოგთ უხმარი და ღვარძლიან,
კვლავ მშობელნი თვისთა შვილთა მისავ საქციელზედ ზრდიან.

67
ნაყოფი რაცა ერთბამად ძირთაგან ამოიღება,
ჩვენც მის ფესვიდამ მოგვიდგამს, მით ბოლო არ მოიღება,
შენით ცთუნებით მის გამო ჩვენშიაც შემოიღება.
რას მოგვცემ, შენვე დაგრჩება, სხვით არსით არ წაიღება.

68
შენ ხარ შემწე ჩვენის ცთომის, მაგრამ არას დაღონდები,
დღეს სხვაფერად აგვიჩნდები და ხვალე სხვათ გამოსჩნდები.
მოგიძულებთ კვლავ საცთომლად, ლიქნით ხელში დაგვიბნდები,
ასეთს გვარად რას მოგვირთავ, კიდევ უფრო მოგვინდები?

პასუხი სოფლისა 

69
ჰოი, ძენო ადამისნო, სცთა პირველი დედა თქვენი,
მამაც იმან მოგიღორათ, ცთომილების მალე მფქვენი;
მაგით სხვას ნივთს ნუ ემსგავსეთ, თქვენ მაღალ-ხართ და სხვა ქვენი,
თვარ კაცობას ნუღარ იტყვით და პირუტყვნი დაირქვენი.

70
იცით, ენუქ სათნო ეყო ღმერთს, მისცვალა სამოთხე და,
ნოე ჰპოვა მის წინაშე მადლი მტკიცე, არ მოთხე და;
აბრამს რწმენა შეერაცხა, სიმართლე და მსხვერპლს მოხედა,
კვლავ ელია ცეცხლის ეტლმან აღიტაცა მეოთხედა.

სიტყვა კაცთა იდ 

71
ვითარ გვარწმუნებ, სოფელო, მის ცთომის უწილობასა,
ან დაგვაჯერებ ევასა წყევას ქვეშ უმყოფლობასა,
მის ცთომილთ თესლთ დათესილთა სიმართლის ნაყოფობასა?
ამათით ხელთ არ ჩავცვივდით, ვა, შენსა მაცთურობასა!

პასუხი სოფლისა 

72
არ წაგრთმევია უფლება კარგის და ავის მფლობლობა,
ხელმწიფება გაქვს ორისავ, რომლისაც გინდათ მპყრობლობა.
რომელიც გინდათ, იმას იქმთ, ჩემზე რასი გაქვსთ ბრალობა?
ძედ ღვთისა გიხმობთ, იჩემოთ – ვინ დაგიჯეროსთ ობლობა?!

73
არც ეს იცით, ორი გზა გაქვსთ: სიცოცხლის და სიკვდილისა?
წინა გიძესთ გასავალად სინათლის და სიბნელისა,
რომელიც გთნავსთ, მაზედ წარხვალთ, რა საქმეა სიძნელისა!
აღირჩიეთ უმჯობესი, ნუ გსურსთ ცრუ მოქადულისა.

74
არც ზვაობით სათნოება წარგემართოს, ეს იცოდე!
თუ თავით რას მოქადულობ უღმრთოდ რასმე, ეს იცოდე!
რაც კარგი გჭირს, ყველა წახდეს, აღარც მისგან დაიცოდე,
ის გიხმს შემწედ სიმართლეზედ, თორე ცოდვით დაიცოდე.

75
თვინიერ ღვთისა კეთილი არარა წარემართების,
ვინ წმინდობს მოღვაწებითა, ფინიკებრ აღემართების;
მწიკლოვანება განწმდება, სიმრუდე დაემართების;
ვინცა აღზევდეს, დაეცეს, ეს ასრე დაემართების.

სიტყვა კაცისა იე 

76
არა რის ხელმწიფება მაქვს, როსცა გინდა შემაწუხებ,
რაც მაქვს ხელში, გამომართმევ, თვალს ჯავრითა დამიწუხებ;
მე კარისკარ მარონინებ, მტერს მისცემ და მაზედ უხვებ,
ფუ ეგზომსა სიცრუვესა, რომ შენ ძლით გულს ლახვარს ვიხებ!

პასუხი სოფლისა 

77
ვინ მას ცთომასა შეუდგეთ, ნანდვილვე ისრევ შესწუხნეთ,
ვინ მე მყვარობდე უძღებად, დასჭმუხნდეთ, თვალნიც დასწუხნეთ.
რა ჩემის სიყვარულის წილ ქრისტეს სურვილი მიიხვნეთ,
თუ ვინ გმძლავრობდესთ, გმტერობდესთ, აღარა რათი დაინთქნეთ.

სიტყვა კაცისა ივ 

78
რას პირით გვიშლი, სოფელო, მის საქმის უქმნელობასა,
გვსწავლი და მერე მოიღებ სიტყვისა მწვე ძნელობასა?
გინდა და მაგრამ ვერა სთმობ ტყუილის უთქმელობასა,
გვიკვირს, პატრონი ვით გითმობს მაგდენს უსამართლობასა!

79
მამა-ჩვენმა შენით პოვა ეგზომ დიდი შეჩვენება,
შენვე გვყვედრი, შენვე გვკიცხავ, შენვე გვმძლავრობ, ვით ეგება?
ხე ხილისგან, ხილი ხისგან – ნათქვამია – იცნობება,
შეხეთ მაცთურს, უაუგოს, კიდევ რასმე გვეუბნება!

80
სხვა ნივთი ვით გამოიღოს ნათესმა ძირის გარდამო?
არა გასმია, ვინ არის კაცთა ძე თავი ადამო?!
შენი სიმწარის საწდევი მაგისგან უფრო რად ამო?
მაგრამ ნაცვალი პატიჟი მიიღე ზეცით გარდამო...

პასუხი სოფლისა 

81
კაცნო, ძენო ადამისნო, გაიგონეთ კიდევ რა ვთქვა,
სულ მართალი, არ ცრუული, პასუხიცა ვაღარა სთქვა;
მოგამშვიდო გულ-ფიცხელი, რაზომცა ხარ გულადა ქვა,
რა გასინჯოთ ჩემი სიტყვა, მერმე მართალი დამარქვა.

82
ქრისტეს მოსვლამდიც თუ ჰქონდათ ადგილი მაგა სიტყვისა,
თორე აწ რა გაქვსთ პასუხი, მიბრძანეთ ვინ რას იტყვისა!
მან ტვირთი თქვენი იტვირთა, სიმძიმე რომე იტყვისა,
ღმერთი კაც იქმნა, დაგიხსნათ, ვინ ნებსით თავი იტყვისა.

83
იტყვით: ადამის ცთომისა წილი გვიც, მითა ვსცთებითო,
მიბრძანეთ ერნო, მითხარით, თქვენით იტყვით თუ კრებითო?
არას მიჯერებთ, მაგრამე აგრევ ვერ გავიყრებითო,
მაგით ვერ მორჩეთ წარწყმედას, ნუ ბორგით, ცუდად შვრებითო!

84
აწ გითხრა თქვენი ჭკვა-სიბრძნე, რა ძნელი მოგონებანი,
ფიქრით და რასმე განზრახვით შორს საქმის მიახლებანი,
ხელოვნებითა კარგითა ძველისა გაახლებანი,
რასათვის მაგდებთ ერთგულსა, თვით მინდა თქვენი ხლებანი.

85
მოიხვამთ ტკბილის ხილისას, ტყავს სხვაზედ შთამოაცომ და,
ჯერკვალსა ძირით მწარესა გარ სამე შემოაცობ და;
მის პირველისა სიხნეშეს დაატკბობ, გამოამობ და,
ამით საქმითა სხვა სხვითა ბუნებით შემამცვალობ და.

86
კვლავ მოიტან სამფერს ხილსა, სხვას ნივთისა ხესა დამყნი,
სამსავ სხვაფერ განახარებ ხილითა და ზოგს აქვს სამყნი;
მის პირველის ბუნებასა შესცვლით, არ ხართ ვით ბაყაყნი,
სხვას ცხოველს რას ემსგზავსებით, ვინ არ იყოთ ცრუ ამაყნი!

87
მწარეს ნუშს, მჟავეს ბროწეულს ამასაც ასე გამოსცვლით,
ორსავ ძირში მკვარს გაუყრით, სიტკბოებად ამით შესცვლით,
რა ნაყოფსა გამოიღებს, ავისაგან კარგსა მოსთვლით,
მე სრულ რასთვინ მათქმევინებთ, თქვენს საქმესა თქვენც ვერ მოსთვლით?

88
არ თქვენს უფრო შემოქმედმან ხელიწიფოს ნივთთ განწმედა,
ქნას რამ უსასწაულესი, მოგახსენო, აწ თქვენ მე და,
დაიმდაბლოს თავი თვისი, გარდამოხდეს თქვენდა მწედა,
ეშმაკს აღარ დაგანებოსთ, არ ინებოთ თუ წარწყმედა.

89
გამოირჩია უფალმან ნაშობთაგანი ევასა,
ქალწული წმინდა მარიამ დახსნის მის გამოწყევასა;
განხორციელდა მის საშოთ, გარდახდის თქვენსა ზღვევასა,
ეს უხმდა თქვენის სიცრუვით ეგზომსა ტყვენვა-რბევასა.

90
მარიამის პატივითა ევას წყევა აღმოხოცა,
ადამის თბე შეიმოსა, მტერნი მისნი დაამხო-ცა;
გველმან ზაკვით რომ გიქადა, კაცნო, ამან განგაღმრთო-ცა,
უკვდავება თქვენ მოგმადლა, მოშურნე კი დაგიხოცა.

91
ნათელიღო და დაგიდვა სახე მის ნათლისღებისა,
ძველისა მის თბის დანთქმითა ახალი მიიღებისა;
ეს ცად აღგიყვანსთ ამ სახით, დახშული განეღებისა,
უზესთაესი იშოვეთ სამოთხის კარ ბაღებისა.

92
ძველს ადამის კი განიძარცვავთ, რახან ქრისტე შეიმოსოთ,
ძედა ღვთისათ აღმოხდებით, ნუ გგონიათ, შეიმოსოთ!
უკვდავნი ხართ, განღებული გვერდი ნახოთ, სისხლი მოსოთ,
თქვენს სიკეთეს ნუ აბრალებთ, თბე თქვენი ღვთის მარჯვნივ მოსოთ,

93
ვით ივნო, თქვენ უვნებლობა მოგცათ წყლით, სულით შობილნო,
ცხოვრებისა და სიკვდილის ორისავ ახლაც ცნობილნო
რომელიც გინდათ ხელთა გაქვსთ, რას თავსა მართლობთ, ძმობილნო!
ვინ ეს წყალობა უვარვყოთ, პირველის უფრო გმობილნო.

94
ადამ თქვა თვისად სიმართლედ საქმისა დაუცდელობა,
თქვენ აღარა გაქვსთ მიზეზი, თავის მართლების მცდელობა;
კარგსა და ავსა ორსავე იცნობთ, ნუ გინდათ ხელობა,
არ იცით, არვის შეგრჩებათ ტყუილი, ცრუ-მფიცველობა.

სიტყვა კაცთა იზ 

95
სოფელო, ეგ ჯეროვანი თქვი: როდესცა ქრისტე მოვა,
შეცთომილნი მომიძია, მხეცთა პირში ღრღენად მპოვა,
უჩინარის ადგილიდამ მისი მანვე მომიშოვა,
შენგან მკვდარი – ჯოჯოხეთით აღმადგინა, აღმამსოვა.

96
რა კიდე აღარ მეხსნები, მაცთუნებ, შემაცოდება,
რამდენ რიგითა საქმითა გინდა ცეცხლისა მოდება!
დილას გვახარებ, საღამოს მოვა ტირილი, გოდება,
არ გაგეძლება, ასეთი იცი საქმისა მოდება.

97
თუ განგვამდიდრებ, ზვაობას ჩაგვიგდებ გულსა საწყენსა,
ღვთის ნებაზედაც იცი რომ აღარ მიმიშვებს, მაყენსა.
როს დამამდაბლებ, საგმობარს სიტყვას მათქმევ და მაყენ სა?
ლოცვაზედ წასვლა გვინდოდეს, ქვე ჩაგვსვამ ზეზე ამყენსა.

98
ზღვით და ხმელით ორითავე შემაწუხო ამას ცდილობ,
დილას ერთით და მეორით აღმაშფოთო, ხან სადილობ.
მათქმევინო ღვთის წინაშე საგმობილო, ვით გმობილობ,
მერმე მითხრა: სიტყვას დასცდი, უგუნურო, ავად ზრდილობ.

99
განგვახარებ, სულიერსა საქმეს ყველას დაგვავიწყებ,
რა მოგვაწყენ, მწუხარებით მცონარებას ამოვიწყებ.
რა ვქნა შენი გარდამკიდე, მუდამ ვტირ და ხშირად ვიტყებ,
ზოგს განსწავლი ყოვლის კარგით და მე ასრე გამაბრიყვებ.

პასუხი სოფლისა 

100
კაცო, იცივ ორი კარგად, რომელია უარესი,
რაზომ დიდის საქმითა სჯობს ძვირს კაცს უიეეფესი?!
მაშ, რა გინდა ეგე რამ უმჯობესის უდარესი,
უგუნურო, რასათვის ხარ ავზედ უუმოსწრაფესი?

101
კვალად გასწავლო რა იყავ, რა ხარ და რა იქნებია,
მიწა ხარ, მტვერი, რომელსა სთრგუნვენ სრულ პიროტყვებია.
პატივ გცა ღმერთმან მსგავსებით თვისითა, არ გეთნებია,
მოგცა უფლება ყოველთა, ხედავ რომ დაგმონებია.

102
არ მარტო ნივთთ უფალი ხარ, უნივთონიც გმორჩილობენ,
წმინდათ კაცთა ანგელოზნი ემსახურნეს, არ ურჩობენ;
ეშმაკიცა ბევრმან ტყვე ჰყო, თავზედ ფერხს გარდაცმულობენ,
ვინ ხატება დაიმარხოთ, ვერა რამე ვერ უგრჩობენ.

103
სასუფეველი მოგეცათ სამკვიდროდ და მამეულად,
თქვენი არის დღეის წაღმა, ნუღარ უჭვრეტ მისეულად.
ვინც იესო შეიმოსოთ, ვერვინ გმძლავრობსთ მოსეულად,
ცოტას ხანს თუ ხორც გატკენდესთ, ვერა გავნოსთ სულსა სულად.

104
რად მოყვარე ხართ, უკვდავნო, მოკვდავის ცრუ დიდებისა?
იმ პატივისა პატრონსა ესე ვით მოგინდებისა?
თუ შეირაცხო ღვთისაგან, ის აღარ წაგიხდებისა,
თორემ მიწა ხარ უძლური, ღირსი სკორისა დებისა.

პასუხი კაცისა იჱ 

105
მინდა ყოველი სიკეთით, ყოფა სიმდიდრით, სოფელო,
სახელით განვლა შენ მიერ, ცრუ ხანის წამ სამყოფელო,
ზეცის ქალაქსა მკვიდრ ყოფა, მის წილად არ სამყოფელო,
არამედ შენვე მაცდუნებ, ტკბილადრე შემომყეფელო.

106
თუ მდიდარ მყოფ, კიდევ უფროს დიდებასა მომანდომებ,
როს შემომყრი დიდს ლაშქარსა, თავსა დიაღ მომაწონებ;
მერმე ერთს სხვას წამომჭიდებ, მომრევ, იმას დამამონებ.
გგონია რომ შენს სიმუხთლეს ვერ ვხედვიდეთ, ამას ჰგონებ.

107
უფროსი ვიპყრა ქვეყანა, სხვათ დარჩეს უმცირესია,
ვირ წამჭიდებდე სულ მძრახავ, იტყვი თუ: «მაც, არ ესია».
მასცა არ იპყრობს სახელი, არ უნდა უკეთესია,
მაგრამ ეგ შენი ნარჩევი ვიცით, რომ უარესია.

108
უთვალავი ოქრო-ვერცხლი მქონდეს, თვალნი თლილნი ხშირად.
არ გამაძღებ, სიხარბესა შემყრი, შემაქ დიდად ჭირად;
ჩემი მყვანდეს შვენიერნი და სხვას ესვას რამ დუხჭირად,
ფუ, წყეულო, მომანდომებ, შოვნადც შემიქ გასაჭირად.

109
მედგას ცხენი ბედაურნი, ფიცხნი, კარგნი, მუხლად მალად.
ოდეს ვნახო ერთი სხვისა თოხარიკი ლაღად მავლად,
ან ნებითა გამოვართმევ, თუ არ მომცემს, მერმე ძალად.
ასრე გამხდი უსამართლოდ, არ მყოფ მისად შესაბრალად.

110
სხვა რაც ნივთია შენი რამ სადები, კაცთა სახმარი,
არასფრით არათ გამაძღებ, ვარ ვით შიმშილით მომყმარი.
მიძახდენ, არვის არ მივცემ, ძახილით ხმანი დამხდარი,
სად ხმება, სად რა დალპება, იქა ვძე ცუდად წამხდარი.

111
უქორწილოთა ქორწილი ჰსურის და ეოცნებიან,
ქორწინებულთა ნიადაგ სახმარი ეზრუნვებიან.
უშვილოთა სწვავს წუხილი, მუდამ ერუდუნებიან,
შვილ-ბევრიც ქმნილა მრავალჯერ შენის ჯავრითა დნებიან.

პასუხი სოფლისა 

112
ვინათგან, კაცნო, სიმდიდრის მოცემაზედაც მყვედრია,
კეთილი გიყო მაშ რაღა, ან შენ რას შემომჩერდია?
თუ გაღარიბდე, მასუკან მოცემას შემომვედრია,
აწ მართლს გეტყვი, მაცალე, მე ცრუს კაცს არ შევედრია.

113
მითქვამს ყოვლი ჩემეული მოკლეა და გახრწნადია,
მინდა მოგცე საუძღებოდ რაღაც რაკი მაბადია,
შენ რასთვის იქ, გონება გაქვს კარგის ქმნის დანაბადია,
ყმაწვილურად მისთვის ლაყბობ, გვერც არ გიზის რომ გადია.

114
თუ გყვანდეს სპათა სიმრავლე, ურიცხვი ლარი დაგედვას,
ყოველს ქვეყანას შენისა შიშისა ზარი აღედვას.
კეთილს უყოფდე ყოველთა, მით ავი აღარ მოგედვას,
ნუ მოიწყინებ გუნებით მდაბალთ წყალობით მოხედვას.

115
რად გინდა შენი ქონება დასალპობლად, მღილთ საჭმელად?
რად არ ირცხვნი მშიერთაგან, საზრდო გედვას ძველის-ძველად?
რად არ იცი ღმერთს ავასხებ, რა გამოსჩნდე გლახაკთ მზრდელად?
როს დაგჭირდეს, ბევრ-წილ მოგცეს და მოვიდეს შენდა შველად?

116
თუ ეს არა ჰქმნა, თავს იდვა ტანჯვა მის მდიდრის ლაზარეს
მოკვდე, აქ დაგრჩეს სალარო, გიკრეფდენ მრავალს მოზარეს.
რა გარგოს, მუნ რა მიხვიდე, ცეცხლსა შთაგაგდონ საზარეს,
მას შენატრიდე, საბრალოვ, ვინ გთხოვდეს აქ სამაზარეს.

117
აბრამის წიაღს იხილო შენი მთხოვარი პურისა,
ის ფუფუნებდეს, იშვებდეს, შენ ალში წყალი გწყურისა,
სველის თითისა დაწება გამხმარს ენაზედ გსურისა,
რაზომცა ცრემლით ითხოვდე, აღარ გყვეს მომგდე ყურისა.

სიტყვა კაცისა ით 

118
სოფელო, ჩემობ სიმართლეს, ეს რა სიმართლის მგვანია?
მუ ამბობ, ცრუ ხარ, მართალი შენი არ შესაგვანია,
უსამართლო ხარ, უწყალო, ვით მულახელი სვანია,
ვნახე, სახლს მდიდარს შეუხვედ, ნაცართა უწყე გვანია.

119
დიდებულ მყოფ ყოვლის საქმით, მნახ-მსმენელთა სანატრელად,
დაგჯერდები, აღარ ვიტყვი: სოფელია ჩემზედ ჭრელად;
ხრიკს გარდამკრავ, ზურგზედ დამცემ, შემიქ მტერთა საყვედრელად,
ბოლოს მაშინც მუხანათი ხარ, არ იყო პირველ ტრელად.

პასუხი სოფლისა 

120
კაცო, მაგას ამად გიზამ, მიმადლიდე მე და ბედსა,
ანგარებ და უსამართლობ, გაირისხებ შემოქმედსა;
მაშინ ცეცხლსა მოიკიდებ ტალს-კვეს შუა, ვით აბედსა,
ბოლოს როგორ გაგითავებ სიკეთისა ავ-მოქმედსა!

სიტყვა კაცისა კ 

121
თუ ეგ გჭირდეს მარტო ოდენ, ანგარსა და უსამართლოს
წაართვემდე, ნახო ვინმე საიმერლოს ან საქართლოს,
კახეთს, ოდიშს, გურიასა, გარ ვინ იყოს, ან საფართლოს,
მხოლოდ მრუდნი გაბრალებდენ, მართალთ ყველამ განგამართლოს.

122
მაგრამ ცოდვილთ და უმანკოთ საერთოთ შემაწუხარო,
წამს თუ შვებისა მომცემო, ხანგრძლივ და დიდხან უხარო.
ცას თავსა ჰკრევდეს, სიმაღლით, თავი არც იმას უხარო,
ყოვლის საქმით რომ განმართლდე, იობით მაინც ცრუ ხარო.

123
რა უყავ მართალს, უმანკოს იობს, მსახურსა ღვთისასა,
რაზომის სიმდიდრისაგან გლახაკ ჰყოფ უბანს სხვისასა,
პირველ ტახტზედან მჯდომარეს სკორეს სომ ჟამს სიცხისასა,
ამით, ვეჭვ, პირსა დაგიყოფ შენისა სიცრუვისასა.

პასუხი სოფლისა 

124
იობის საქმე იცოდე, ჩემი რა დასაბარია?
თვით წიგნი მისი მოგითხრობს, იკითხე ვის აბარია,
ეშმაკმა უყო, განცადა, მაგრამ იგ ვერამ არია,
მანცა მიუშვა მიხედვით, ვის უძრწის მთა და ბარია.

125
ვინ გონიერ გულისხმა ჰყოთ მის ამბვისა მომსმენელთა;
სარგებელი დიდი გეყოსთ მგზავსად მისებრ მომთმენელთა;
იგ უმანკო გამობრწყინდეს უფროს ყოვლთა ცის ნათელთა.
მართალს თუ ის შეემთხვია, რადღა გიკვირსთ ცოდვის მქმნელთა?

126
ვითარ ხედვიდა უფალი შინაგანს ფარულს გონებას,
გამოგიცხადებს ყოველთა მის სარწმუნოსა მონებას.
ვით მან უწყოდა, აპირებს თქვენ კაცთა გამოჩვენებას,
უმანკოს მართლის იობის არ მოსწყდეთ თქვენ მოხსენებას.

127
კვლავ განსაცდელის შემთხვევა ორპირად გამოაჩინოს,
თუ ვინ მართალი შთავარდეს, მადლობით მალ მოარჩინოს;
უნანელს ცოდვილს პასუხი მიეგოს, არ შეარჩინოს,
უღვთოს ანგარის კაცისა კვალიცა ნუ დაეჩინოს.

128
ამის მგულველმან უფალმან ამისთვის ეს ინებისა,
უტევა ეშმაკს განცდადა, ასე მას მიანებისა,
სულს გარდა ყველას მიუშვა, ის კი არ დაანებისა.
მან სანატრელმან დაიდგა გვირგვინი მოთმინებისა.

129
მიუღო ყოვლი დიდება სახედ ხილულის მტერისა,
მონანი ამოუწყვიდა რამდენ რიგ ანაწერისა!
ქარი დაკვეთა დარბაზსა, სად მკობა იყო სერისა,
ძენი, ასულნი შეგ დარჩენ, დახოცა, მოუმტვერისა.

130
სულ ერთპირად წარუტაცა, რაც ჰყვანდა და ან ემარა,
სახლში, გარედ, მზეობელთა, ველად, შიგნით მიებარა,
ღაღადისი მორბიოდეს: «მოგვსრეს, ტყვე გვყვეს, რაც გვებარა».
ოდენ ცოლი შეარჩინა, უნდა ევად მოეხმარა.

131
ოდეს მტერმან უკეთურმან განცდა თვისი აღასრულა,
არა სცოდა იობ ღმერთსა სიტყვით, საქმით, არა სულა,
ხორცს შეახო, ქალაქს გარეთ უბანს დასვა სულ მოწყლულა,
აწ საცთომლად დედაკაცი ზრახავს, მან კი დაასულა.

132
დედაკაცმან ჰრქვა: «პატრონო, ვიდრე სთმობ ამ წყლულებასა,
კიცხვას და სიგლახაკესა კაცთა შეურაცხლობასა,
სკორესა ზედან შენს ჯდომას, სხვის კარად ჩემს მავლობასა?
კიდევ უფალსა იმედობ, არ მოშლი მის მადლობასა!»

133
მან უთხრა: «ზრახავ რად დედად ერთი ვით უგუნურამდი,
თუ შევიწყნარეთ უფლისა ყოვლი კეთილი აქამდი,
ბოროტიც არ მოვითმინოთ ცოცხალმან სულის დგმისამდი?
იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ უკუნისამდი!»

134
ჰე, კაცო, იობ მოიგო ბევრ-წილად მოთმინებითა,
ჩანს მთიებისა ვარსკვლავის უფროსად ბრწყინვალებითა;
სასუფევლისა ღირსია მოწყალის ეგზომ თნებითა,
სამადლობელის სიტყვითა, წყევითა, არ გინებითა.

135
აწ, კაცნო, მისნო მსმენელნო, გონიერად გიხმსთ განზრახვა,
როს სიმდიდრისგან დავარდეთ, მისთვის არ სულთქმა, არ ახვა,
მადლობით მითვლა სიმდაბლით, არ კიცხვა სხვისა, ნუ ზრახვა,
ნათქვამი არის ხიდია, წინ მიმავლისა დანახვა.

136
თუ სიმართლეს შეემთხვია, ღმერთი ნაცვალს აქავ გაგებს,
და უკვდავის ცხოვრებისად ნამეტნავად დიაღ გარგებს,
თუ ცოდვის წილ დაგემართა, მაშ მოვალე შენი გეძებს,
აქავ გიჯობს გარდუწყვიტო იქ უშრეტი ცეცხლი დაგებს.

137
ამ ორისავ პირისათვის ღვთისა გმართებს დიდი მადლი,
ხვეწნისაგან კიდე რაზომ განზრახვასა მის ნუ ადლი;
ქრისტე კარგსა, ავს არ გიზამს, მაგრამ თქვენ კი არ უმადლი,
დამიჯერე, უგუნურად ზრახავ, თავით რასაც ქადლი.

სიტყვა კაცისა კა 

138
ერთი ოდენ ეგ დაადევ, ეშმაკს რომ შენ არ ერიე,
თორე მაგის გარდაისათ ყოვლი წმინდა შენ შერიე;
ტყუილით და მაცთურობით მგონი კიდეც მოერიე,
შორ იყავით ერთმანერთზედ მაგრამ ნდომით გაერიე.

139 რასაც ის მიზამს შენითა, თორ ბრძოლას ვერ მისწორებდეს.
ის სახილავი გონჯი და შავი რით მომაღორებდეს?
უშენოდ ხელთ რა უჭირავს, სადა გინდ კიდეც დარებდეს!
თუ არ შენისა შვენებით, ბილწი ვით მოიდარებდეს?

140
იმას გარდაის მტერობა შენგან ეს არის ჩვენია,
ტრელობ, მუხთალობ ეგზომად, ვით თავი შეიჩვენია;
არც მდიდარი და არც გლახა არავინ მოასვენია,
სიცრუე, ცქაფად მქცევლობა ეს შენი გასამჩვენია.

141
ზოგს ამდენს მისცემ, სოფელო, რიცხვსა არ შეაგებინებ,
ზოგი სიყმილით მომმყარი გყავს, ნაცუნცლს მოაძებნინებ;
მრავალთა სახლს არ აღირსებ, ერთს ცამდის ააგებინებ,
ძველს თავადს ღაღანიძესა ქვეშ ჭილობს დააგებინებ.

142
ანუ სულ მწუხარებაში გყევარ ხელ-მოჭდობილია,
დილას გვახარებ, შუადღე გლოვა კარს მოდგომილია,
აქ გყავარ ასეთს ყოფასა, ვინც შენი მონდობილია,
სხვის სოფლისათვისც გვაბრკოლებ, ასე გაქვს მონდობილია.

პასუხი სოფლისა 

143
მიკვირს, კაცო, ცუდს სიტყვასა რასთვინ ზრახავ, გონიერო,
პირმეტყველო, არ პირუტყვო, მსგავსო ღვთისა, შვენიერო;
ერთისაგან შემოქმედის ორნივ ქმნილვართ, მიწიერო,
შენ უფალი, მე ვარ მონა, ბრძანებაა მის მიერო.

144
თუ ჩემსა ჩემი მომცემი უფლი აღირჩიოო,
არც სიმდიდრითა აღზევდე, არც სიღარიბე სჩიოო,
ყოველი ჩემი ნაყოფი ჟამ-ჟამად დაირჩიოო, –
ეს დაისწავლე, კაცი ხარ, თუ პირუტყვი ხარ, ჩიოო?

145
მომცემლისგან თუ უფროსად შემიყვარო, ვაი შენო,
არც სიმდიდრით, არც სიმცირით, არცერთით არ მოგასვენო;
მწუხრს ტირილი დაგაცადო, ცისკარს შვება ვერ ახსენო,
იცი, ჩემი სიყვარული ღვთის მტრობაა, მოგახსენო!

146
ნანდვილვე მტერსა ღვთისასა კეთილი არა ეყოს რა,
ვინ უძღებება შეიტკბოს, მას ნივთი არა ეყოს რა;
სრულ ტახტად ჰქონდეს ქვეყანა, არცა ის ართუ ეყოს რა,
კაცს მგზავსსა ჯოჯოხეთისას რა მორჩეს, ან რა ეყოს რა?

სიტყვა კაცისა კბ 

147
სოფელო, ვითარ მინდოდეს, რაჟამს შევხედო მეფესა
გვირგვინითა და პორფირით ტახტსა ჯდეს დარბას-სეფესა,
გარემოს – ჯართა სიმრავლეს, ახლოს – დიდებულს სეფესა!
არ ძუნწსა, გაუცემარსა, უქებდენ სიიეფესა. პასუხი სოფლისა

148
საძაგელ არის უფლისა ყოვლი მაღალი გულითა,
მას სწყალობს უხვად მოწყალე, ვინ მდაბალია სულითა,
არა ჯერა არს წადილი მეფობის ურჩის უღლითა,
აქამდინ ტკბილად გეუბენ, აწ გეზრახები შუღლითა.

149
მონისაგან ვით ეგების მეფობისა ნდომა ყოლად?
როს გონებამ ეს გიზრახოს, სცან, ეშმაკის ხარ ამყოლად,
ეგ არ არის მოსაგონად, თუმც ძლივ ღირსხარ ყმურად ყოლად,
ეგებ ეს კი მოინდომო, გვერდს იახლო კაამყოლად.

150
ადვილი ტვირთი გგონია მეფობის უღლის დადება,
ვერ ხედავ რაზმთა სიმრავლეს საშიშრად დაექადება,
მერმე წყალობით მიხედავს, მისცემს და არ იქადება,
მეფე სიმართლის მსაჯული ღვთისაგან დაიბადება.

151
რაჟამს ნახო მეფე სვითა, ერი მის გარ მდგომარენი,
განკრთი ღვთისა ძლიერებას, ვით ამონა ერთს ამდენი;
ვისცა სწყალობს, იხარებენ, შიშით ძრწიან დამქადენი,
ვინცა იცის, კარგი არის უფრო ტკბილი, ხან მწარენი.

152
ოდეს სჭვრეტდე ქვეყანას და ერს სიმართლით გაგებულსა,
დამონდი და ემსახურე მას და ყოვლსა მის ერთგულსა.
უსამართლოს ასრე მზერდი, ხეს ფესვ-დამპალს დანერგულსა,
მცირე რამ სჯობს სიმართლითა დიდს სიცრუით მოგებულსა.

სიტყვა კაცისა კგ 

153
არა, ცრუვ, როგორ ნუ მინდა, რა ვნახო ამხანაგნია
დიდებასა და პატივსა, გვერთს ახლდენ ყმანი კარგნია,
აქლემის ყათრით, ჯორებით ბევრი დასდევდენ ბარგნია,
მე ბზიანს საბძელს ვეძებდე, თბილია, ცივა, ვარგნია!

154
მე ასრე ცარიელი ვარ, სიცხის დროს როგორც ნახევი,
ტანს არაფერი მაცვია, თუ არ ძველი და ნახევი,
სახლი დავაგდო, დამრჩება ვით მონაგლეჯი, ნახევი,
ეს შენი უსამართლობა, უწყალოვ, მოდი, ნახევი.

155
სხვანი ხელმწიფეთ წინაშე იდგნენ ზრახვად მეგობარებ,
მე ასეთსა ადგილს ვდგევარ, შორით თვალსა ძლივ მოვარებ;
უსადილოდ გამაბრუნებ, შიმშილითა მაკარკარებ,
მათ ღვინოსა ყინულიანს ასმევ, კულით აკარკარებ.

156
მონასტერს შეკრბენ აღდგომას კეკლუცად მოკაზმულობით,
ფერ-ფერად შეხამდებოდენ ერთმანეთისა ცილობით,
მე კაბის ძველში ვეხვიო, რაზომ ვარ კარგი ზრდილობით,
რად გამხდი ასრე, სოფელო, ვერვინ მჯობს გვარიშვილობით?

157
შემოვლიდენ ლიტანიას, ახლოს არვინ მიმიშვებდეს,
დამცინოდენ ქიშპნი ჩემნი, მე ვწუხდე და ის იშვებდეს.
ჯარშიდ ვიყო ამ ყოფასა, შინ ბატონი არ მიშვებდეს,
დიდი რამე ცოდნა უნდა, ვინც შენს მუხრუჭს მოიშვებდეს.

158
მეფე ლაშქრობდეს სარაზმოდ არ ცუდსა მოსარბიელსა,
საპირდაპიროს მტერზედან ომი მოლამდეს ძლიერსა,
ერთმანერთისა ხლმის კვრასა არ შორიდაღმა ბრიელსა,
ემზადებოდენ საომრად, მზერდენ შემოყრა ყრიელსა.

159
რა მოეკაზმნენ წასავლად დედოფალს ესალმებოდეს,
შორიდამ მადლსა იხდიდეს, ქალები შიშით დნებოდეს,
ერდოდამ სჭვრეტდენ წასულთა, ვირე თვალს მოაშორევდეს,
მე უკან მივსჩანჩალებდე, ნაბადი მეაბჯრებოდეს.

160
კიდევ მეფე დიდსა რასმე ეკაზმოდეს ნადირობას,
წარვიდენ და ინადირონ ქოჩობას და მყვირალობას,
შემოიქცენ მხიარულნი, აპირებდენ აქ პურობას,
გვერც ვიახლო ის არა სჯობს, სადგომს შიმშილს, უპურობას?

161
ასრეთს ჰყვანდეს კარგი ცხენი, შენეული ტყვის ვაჭრობით
წაუბორჯლდეს, ფაფარს წასწვდეს ჩამოვარდნის მოიჭობით;
ბიჭ-ბუჭებიც კარგად ისხდენ ცერ-ნაცვეთი კოჭაობით,
მე მყოლოდეს და აღარ მყვეს, ასრე ცრუხარ, რას ვიბჭობით? 

162
მე ულაყსა ზურგ-დამპალსა ფორხილს ვზივარ მუხლად მოკლეს,
ვინც არ იცის მშვილდ-ისარი, ცხენის ძალით მათ კი მოკლეს,
დაჰხოცეს და დაჰპატიჟეს, მათგან ერთი არ მოაკლეს,
დაურიგეს საბოძვარი, სხვათ მისცეს და მე დამაკლეს.

163
შემოიყარნენ დარბაზსა დღე წართონ სმა და მღერითა,
მეც კაცს მოველი, კარზედან თვალი მეტკინა მზერითა,
არ დამპატიჟეს, შინ დავრჩი უჭმელი მე მის სერითა,
რა ასე გამხდი, სიმუხთლე მაშ ნუ გიძრახო მე რითა?

პასუხი სოფლისა 

164
რა იხილო ამხანაგი ეგე რომელს დიდებასა,
ერთგულობდი ნაშოვარსა, არ ცოდვისა კიდებასა,
შენც მას სთხოვე, ვინც მას მისცა, ეს სჯობს სხვის წაჭიდებასა,
მოგცეს შენცა, ვინცა იცის – გაცემა სჯობს კიდებასა.

165
ნუ მისთვინა გშურს, მიეცა რომელსა სიმართლისადა,
შენცა მან მოგცეს, თუ გნახოს ერთგულად მონებისადა;
როს ნახო მეფე სჯულ-მტკიცე შინაგან გონებისადა,
გინდოდეს მისვლა სიახლეს, თავდაბლად იყოს ისა და.

166
მეფე თუ ერჩდეს ცუდს სიტყვას, ნუ გინდა მისვლა სიახლეს,
რამეთუ ყველა ცრუ იყოს მის ქვეშნი, ვინ მას იახლეს;
მართალს არ ხედვენ არც ერთი, ძველი საცთური იახლეს,
გული განიგდეს მსაჯულით, უსამართლობას მიახლეს.

167
მასთან ეს სჯობს, არ მიხვიდე, მგზავსი მგზავსთან მივიდესა,
ესევე სჯობს, მოიცადო, ვირემდის მზე დავიდესა,
გლახაკი სჯობს სიმართლისა სხვის სიცრუის სიმდიდრესა,
მამული სჯობს მამეული ნაძალადევს უმკვიდრესა.

სიტყვა კაცისა კდ 

168
ეგ კარგადა სთქვი, სოფელო, თუ შენვე არ მაღორებდე,
ცოტას ხანს ღარიბობისად არ მწრეტდე, არ მაჭმუნებდე,
არ თავშიდ გამზიდვარობდე, მომყვე, მორჩილად ჰუნებდე,
პატას რომ მეც რას მომცემდე, დიაღ არ დამაღონებდე.

პასუხი სოფლისა 

169
განა არ იცი მტყუანთა მოყვარეთაგან უფრორე,
მტერთ მართლის მთქმელთგან გერგება, თუ უცები ხარ, მაშ, მორე.
დაგაახლოვე ჭკუასა და წარხველ კიდევ შენ შორე,
ამად ეგ ავი გუნება ააყროლე და აშმორე.

170
რად არ იცი, ესე სიტყვა ბრძენსა უთქვამს ვისმე ძველსა,
მოყვარესა მატყუარსა ვნება მოაქვს, არ პირ-მთქმელსა,
მართლის მთქმელის მტერისაგან უფრო ნახავ სარგებელსა,
ჭკუის ახლო მოყვანილი გამივარდი კიდევ ველსა.

171
ვიცი, რაგინდ კარგადა გწვრთნა, მაშინცა მმზერ ისრევ მტერად,
არ დავიშლი, კიდევ გეტყვი, თუცა გხედავ განაშტერად,
კარგად ვანბობ, არ მიჯერებ, რად შექმნილხარ ვით ტერტერად?
მითქვამს და ვთქვა: ჩემი ყოვლი განქარდება ავლად, მტვერად.

172
გინდოდეს ჩემი დიდება, სიმართლით საჩინო ყოფა,
ნუ ძალით რბევა ტყვენვითა სხვის მონახვეჭის გაყოფა;
უღვთოს საქმისა ყოვლისა ძნელია ხელის მიყოფა,
ნურვის მოსტაცებ თავისას, დასჯერდი, ჯერ ეგ გეყოფა.

173
ნუ გრცხვენის სხვათა მოკაზმა და შენი ყოფა ჩოხითა,
ნურც ვინ ზეით ჯდეს პატრონთან და შენ ქვეით ჯდე ნოხითა,
ნურც მაზედ, თუ ვინ კარზედან წინ გარდაგიდგეს ჯოხითა,
ნურცა რას სჭმუნავ მაგითა, ნუ სულთქამ გულის ოხითა.

174
არა ცუდათ ნათქვამია, ბრძნისაა მის მოსაწონის,
სირცხვილია წარწყმედელი და სირცხვილი მადლის მონის,
ესე მაშინც დაიჯერე, სიტყვა არის სოლომონის,
თუცა დიდი ბრძენი იყო, ზრახვა ღვთისა არც მან წონის.

სიტყვა კაცისა კე 

175
ეს რაღა მსგავსი შენისა სიცრუისა გჭირს ბეჩაო!
ბევრს ასეთს მისცემ სიმდიდრეს, ვირობს არ იკამბეჩაო,
დანის ხმარებაც არ იცის, თუ არ კბილებით კბეჩაო,
ვინ იცის შენი ხელისყრა, ღარიბობს, მატყლი ჩეჩაო.

176
სმევა და ჭმევა არ იცის სხვისა, ვერც თვითან შეირგებს,
ვერც ლაშქრობს, ვერცა ნადირობს, ვეღარც რას შინათ არიგებს;
კარგი ჩაიცვას, გაჰკიცხავს, აგრევ თუ ქვეშ რას დაიგებს,
არა იცის რა საბრალომ, კარგსა და ავს ვერ შეიგებს,

177
არ იცის ზმა და ხუმრობა, არც ესმის, ვერ აიტანსა,
აზნაურშვილად არ ვარგა, ჯარში ნუზლს არ მოიტანსა.
გარ რასმე შემოიჩაჩლავს, ვერას გაიწყობს იგ ტანსა,
არა გ[რ]ცხვენიან, მაზედან ეგზომის კაის მიმტანსა?

178
გლახაკს არ მისცემს, უცხოსა რა ნახავს, თვალს ხელს იფარსა,
ამხანაგი სძულს, ყმაზედან ძვირია, არ იეფ არსა;
ცხენსა და ქორს ვერ ეწყობა, მწევარსა ვერცა მყეფარსა,
რად მისცემ ესრეთს, წყეულო, უნდილსა, დაუმწიფარსა?!

პასუხი სოფლისა 

179
კარგო კაცო, რად არ იცი, რომელ ეგე ადვილია?
ამადა ვიქ, დამიჯერე, დასაჯერი ნანდვილია,
ოდეს ვნახო ეგე ვინმე კაცი აგრე გაზდილია,
ავიგდო და გავიცინო, ეს ჩემი დაქადილია!

180
რად არ იცის უგუნურმან, არა მაგას მიეცემის,
სიმდიდრე და საქონელი თუცა რითმე მიეცემის,
უხამს, მისცეს უქონელთა, მაგრამ ზედა დაეცემის,
დააჯდება კრუტსა ვითა, არავიზედ გაეცემის.

181
კაცო, იცოდი, სიმართლით ცოტა რამ საკმარ ესია,
უსამართლოთა საქმითა ვინ ვისა რა წაესია,
ის გაუწყრება უთუოდ, რომელსა ჰქვიან მესია,
არ იცი, სხვისგან მოღებას მიცემა უკეთესია?

182
მიენიჭების უმცირესთ დიდება ეგე ვითარი,
უმრავლესთ სიღარიბენი, ვით ხედავ ეგე ვით არი?
ერთით მრავალნი კეთილსა იყოფდენ, ეგ ავით არი?
ვინც ჭკვიანია, ნუ უნდა ეგ სახე, ეგა ვითარი.

183
ყოველთ თუ სწორად მოგეცესთ დიდება ეგ საპატიო.
აღარცა ღმერთსა უმადლეთ და არცა ის საპატიო.
უმცროსთ ბევრი აქვსთ, მრავალნი რჩებიან პატ-პატათიო,
ზოგთ აქვთ შემკული სასერო და სხვათა არც კუპატიო.

184
ერთსა თუ რამდენს სიმდიდრის ნიჭი აქვსთ, გულისხმა ყონო,
ამად მიეცა ღვთისაგან ამ სახედ, ასრე გაჰყონო;
ამ ერთით გამოიზარდნენ ღარიბნი, ყველას აყონო,
ღმერთს მადლი მისცენ, ის ლოცონ, ავის მთქმელთ პირი დაჰყონო.

185
ვინც მოიხმაროს ქონება ასრე და ამა წესითა,
რაც ჰქონდეს, არვის უჭერდეს, ზოგთა აძლევდეს სესხითა,
ყველამ აქეთ და შენატრეთ, თავს ნურვინ ნუ დაესხმითა,
შეატყობინეთ, მზას დაგხვდეს, თორემ გიშოოს მალ სითა?

186
ვინ ამას არ ჰყოფს, აგროებს, იცოდეს, გასაბნეველად.
იპარავს, მაგრამ შევამჩნევ შვიდწილად მას საზღვეველად.
მეკობრეს რა კარს მიადგნენ მძებნელნი შესაცნეველად,
თუცა დაინანს, სად წავა, მე ვჰყევარ მისასეველად.

187
ერთსა რასმე შესდიოდეს, გასავალი აღარ ჰქონდეს,
არ ძღებოდეს თითოს ლიტრით, სხვათ მუხუდოთ მიუწონდეს,
მისი მსგავსი ჯოჯოხეთი არის ტოლი, სხვა არ ყოვნდეს,
ასეთი რომ დავინახო, აბა მითხარ, რით მომწონდეს?

188
განვხეთქო იგი უძღები და მისი ნაგროვებია,
ძრახვა, გინება, სირცხვილი, წყევა და საყვედრებია;
უკანასკნელი წარწყმედა თავს აძეს, არ ჭორებია,
დავქადდი შვიდსა ზღვევასა, ჰე, მივცე ნაქადებია.

189
მე ამად ვიქ, აწ შენ გკითხო, საქმესა იქ ამას რადა?
მრავალ-ფერთა სანოვაგეთ მოიმზადებ ზომის გარდა,
შემოუწოდ მეგობართა, სად სახლს ჰკიდავს გაშლილ ფარდა,
ზოგი გაძღა, ზოგი დათვრა, ზოგს კიდეც კი გამოჰქარდა.

190
გული უთქვამს აღარავის ბეჭის ჭამად, არცა მალად,
კიდევ მოაქვთ მოსამატი ზედი-ზედა, მალე-მალად,
აღარც ღვინის დალევა სთნავთ, მეღვინენი უსხმენ ძალად,
თასს ამრუდებს, სუფრაზედან აქცევს, ჩქერენ კიდევ კვალად.

191
მშიერ-მწყურვალი კარს გადგა, გიძახის: «მოგვე ღვთისათვის,
მაჭამე რამე, ან მასვი, სულ რად გიძს უფროსისათვის»?
ყურსა არ უგდებ, არ უსმენ, გარდაგიბიჯავს ჭკვისათვის,
ეს მადლს, სახელს და ნამუსსა, ბრძანე, რათ ერთვის, რისათვის?

სიტყვა კაცისა კვ 

192
ჰოჲ, უბადრუკო სოფელო, აროდეს მართლის არ მთქმელო,
რამდენთა სიღარიბისათ სიმწუხარითა დამნთქმელო!
მაღალთა დიდთა ხელმწიფეთ პატარა ჩვილებრ ამქმელო,
მტერთა და მოყვარეთაგან ორთავე მუხთლად სათქმელო.

193
ვით მოგითმინო ყოველთა ჩემთა სწორთა და უმცროსთა,
სიმდიდრითა და შვებითა სავსება მოსახმაროსთა?
ნამეტნავისგან უფროსსა მისცემ ზოგთ მათ საკმაროთა,
ვის სჭირს ესეთი სიბრიყვე, თუ მოზორელთა არ ოსთა?

194
მე თვით პატრონთან ვერ წავდეგ, თუ შინ ვარ, უნდა ვიკვნესო,
თუ მივიდოდე, ამიგდონ: «ნეტა შენ ვინ და ვინ ესო?»
ძველი საყელო მინახონ, თქვან: «შენ კარგა ხარ, გიკბენსო».
მათ რომ ხუმრობა დამიწყონ, პერანგ შიგნითც რამ დამკბენსო.

პასუხი სოფლისა 

195
თვითან უბადოდ მეტყველო და ცუდად მქცეო, შენ კაცო,
ვეჭვ ჩემი ვალი შენ გაძეს, თორემ მე შენი რა მაცო?
აწყა დადეგ და ვიტყოდე, ეგ წინ რომ გვიდგა, მომაცო,
მიყურე, კარგად გასინჯე, არ ხდალო, დია მამაცო!

196
აჰა, ღმერთო, შემიწყალე, დამხსენ ამათ საყვედურსა,
მე ერთი ვარ, ვით გაუალ ამდენს პირსა უმადურსა?
ვერვის ვნახავ მადრიელსა, ასე ყველა ერთად მდურსა,
რას მწყევლიან, რასა მძრახვენ სადაურნი სადაურსა?!

197
კაცო, თვით ხედავ, მეც მითქვამს, ჩანს ჩემი წარმავალობა,
ამხანაგთაგან გრცხვენიან ტანსაცმლის შეუხამლობა,
უჩაჩხურ, უმაშიობა, ფერხს წინდა, მერმე ხამლობა,
რად არ ახსენებ, მერმისას რა არის მომავალობა?

198
აწ მოიგონე დღე იგი მეორედ ქრისტეს მოსვლისა,
დავიწვა ჩემის ნივთითა, ცეცხლი მომედვას ალისა,
მთანი და ბორცვნი გასწორდეს მსგავს ბრძანებულის ძალისა,
ცა წარიგრაგნოს, ვარსკვლავნი დაცვივნეს დასავალისა.

199
მზე და მთვარე გაუჩინრდეს, ჩარხთა ბრუნვა სრულ უქმობდეს,
მოიშალოს ცისა სფერო და მნათობნი რაც ამკობდეს;
საყვირი ჰკრას, ანგელოზმან, საშიშრად რასმე ჰხმობდეს,
ყოვლთა მკვიდრთა განიღვიძონ, «ქრისტე მოვა» – ამას მბობდეს.

200
მოვიდეს, დაჯდეს მსაჯული, თან ახლდეს თვისნი კრებული,
ქალწულისაგან შობილი და მერმე ნათელ-ღებული,
თქვენთვის ნაყვედრი უმსჯავროდ, ჯვარცმული, სისხლით ღებული,
დაფლული, აღდგინებული, კვლავ ზეცად ამაღლებული.

201
გარემოს მისა ეხვივნეს უსხეულოთა დასობა,
მოციქულთ, წინასწარმეტყველთ, მამათ მთავართა მშვიდობა,
მღრდელთ-მოძღვრთ, წმინდათ მოწამეთ, რომელთ ჰყვეს მისი მინდობა,
მამათ, ქალწულთა და მარტვილთ იქ შეკრბენ ყოვლთა წმინდობა.

202
იქ წარგადგინონ ყოველნი, მართალნი ხართ თუ ცოდვილნი,
საცილობელნი საქმისა, ყოველნი კაცთა შობილნი,
ხელმწიფე, მეფე, მდიდარნი, მცირნი და ბატონისშვილნი;
მაშინ შორს დაგრჩესთ, ვისა გყავთ სიცრუის დობილ-ძმობილნი.

203
ქედ დადრეკით სრულ შიშველნი წინ წარდგებით ჯვარცმულისა,
ღვთაებითა უვნებლისა, კაცებრ თქვენთვის ვნებულისა.
მუნ არ იყოს ქედ-მაღლობა სტავრა-ნახლის ჩამცმელისა,
აღარც სიტყვა მჭევრობა და, არც ხმარება უსულისა.

204
ცხადად გემხილნეს ყოველთა თქვენი ნაქმარნი ავები,
პირს წარმოგიდგნენ თამამად მოცილე და მოდავები;
ტყუილით ვეღარ დაჰფაროთ თავ-თავის დანაშავები,
წასაწყმედს ზედ დაგხაროდესთ ეშმაკნი, ბილწნი, შავები.

205
მართალთ უბრძანოს უფალმან ხმა-ტკბილი და დიდებული:
«მოვედით, დაიმკვიდრენით, ეს თქვენთვის განმზადებული
სასუფეველი ზეცათა და იყვნეთ ჩემი ხლებული,
იფუფუნეთ და იშვებდით მართალი, ნათელ ღებული!»

206
განიხარონ ანგელოზთა და სულ ერთბამ წმიდათ კრებულთ,
მათთან შერთვა მოღვაწეთა კაცთ ოდითგნით მათებრ ქებულთ;
მართალთ ღარიბთ ანგელოზნი ეხვეოდენ მაშინ შვებულთ,
მრუდთ ეშმაკნი დახაროდენ საბრალოებს ცრუ დიდებულთ.

207
უსამართლოთა ცოდვილთა ესმნეს ხმა საშიშარია,
უფალმან სიტყვით ამხილოს, ვინც მცნება მისი შარია:
«წადით, წყეულნო, ჯოჯოხეთს, იქ ჩემს წინადამ მარია!»
ბნელთა ეშმაკთა შეიპყრან, მიჰყვანდენ ხმა-დამხდარია.

208
იმერეთს, ოდიშს, გურიას, კახეთსა ანუ საქართლეთ,
ვინ ჩემის ცრუ დიდებისად აქ რამე იუსამართლეთ,
ტყვე სტყვენეთ, ზაკვით იფიცეთ და ამხანაგი მოღაფლეთ,
რამე მიუგოთ უფალსა, ბრძანეთ თუ, რითა განმართლეთ?!

209
თუ ცა ფიცო, არა გმართებს, და ქვეყანა კვარცხლბეკია,
თავს იფიცავ, არ ძალ-გიძეს შავი თმა განსპეტაკია.
ნურას ჰფიცავ, ეს გეყოფა: «ეგ არა და, ჰე, ეს კია!»
ცუდსა სიტყვას იუქმებდი, ნუ გსურს ავი ტაკტაკია.

210
ორივ სირცხვილი გასინჯე, უფროსი იყოს რომელიც,
ღვთის წინ გემხილოს, თუ აქა გძრახავდეს ბრიყვი და ხელიც,
იქიდამ გამობრუნება და გელის კვლავ სამოველიც,
თუ მარტო ვერ გაარკვიო, ბრძენი მიიხმე რომელიც.

211
ანგელოზთ ყოვლთა წმინდათგან დაკლება, ეშმაკთ მიცემა,
საუკუნოთა სატანჯველით ფსკერთა ძირისკენ დაცემა,
სად არის ყინვა უთმინო, უშრეტი ცეცხლი გეცემა,
დაუძინართა მატლთ ჭამა, გველთა ზედაზედ კვლა ცემა.

212
აქ გინდა უცხოს ქვეყანას წახვიდე გამოსამჩვენოთ,
ან თუ სტუმარი გეწვიოსთ, ძალისგან უფრო ეჩვენოთ;
თქვენი არ გქონდესთ, სხვისი რამ ინათხოვროთ და უჩვენოთ,
რას ხელს ჰყრით ასეთს საქმესა, იესოს თუ შეეჩვენოთ?

213
ყოვლის ქვეყნისა კაცთა ძე იქ მოვა, შემოიყრება,
გული გაავლეთ, გასინჯეთ, იქნება დიდი რამ კრება,
იქ რად არ გინდათ გამოსჩნდეთ და აქ გსურსთ ეჯიბ-მაყრება?
თქვენისა სიცრუისათვინ ბევრჯელ გულს შემომეყრება.

214
გმართებს, კაცო, კარგი რამ ჰქმნა, ვირემდისი აქ ხარ ოდეს,
ეშმაკის წილ სატანასა ანგელოზი დაგხაროდეს,
იუდასა უნაწილო დარჩე იქი შენ ეროდეს,
მოკლე ესე რად გგონია, საუკუნოს ესწოროდეს!

სიტყვა კაცისა კზ 

215
სოფელო, კიდეც გიზრახავ, არც გაგვეძლება უშენოთ,
არას ვარგივართ შენ არ გვყვე, ვით სახლის ხე-ტყე უშენოთ.
შეურჩომელი მამულიც ცუდია, რად მოვაშენოთ?
თუცა გვაღორებ, პასუხად ჩვენ ზრახვა მოგვაქ საშენოთ.

პასუხი სოფლისა 

216
მართალს გეტყვი, კარგი ვარ და დიაღ ძნელად დასათმობი,
პირველ ტკბილი, საამოვნო, მერმე ანჩხლი, დაუთმობი;
ძნელი არის სულ მიტყოდეს ვინ ჩემია, ამბვის მბობი,
არვინ მინდა მოგარჩინო ბოლოს ჩემი დაუგმობი.

სიტყვა კაცისა კჱ 

217
საწუთროვ, დაგიჟინია: «ცრუ ვარ და არ შეგრჩებიო,
შენ გაქვსო, ვისცა არ ჰქონდეს, მიეც, ნუ ეურჩებიო».
მუქარობ, მაგრამ ჯერ კიდევ მაქვს, მეც რას ვეჩეჩებიო,
რაც მიშოვნია, სხვას მივცე, უმისოდ რით დავრჩებიო?

218
რაცა მაქვს, ერთპირ გავფანტო სალარო, ჩემი ქონება,
მე ვინღა მომცემს, პატრონო, ამას გაავლე გონება?!
წარამარაობ ყველასა, იტყვი რაც მოგეგონება,
არ დამჯერები ცოტ-ცოტას, ვაძლევ, ვინც დამემონება.

პასუხი სოფლისა 

219
აჰა, კაცო, მე სიცრუეს მძრახავ და შენ გამოსჩნდები,
ამბობ: «ჩემი საქონელი სხვათ რომ მივცე, არ წავხდები?»
რასთვის ხელობ, რაზედ იტყვი, რას მიედებ-მოედები?
ასეთს რასმე დამანახვებ, საგინებლად, მომინდები.

220
თუ ერთს უსჯულოს ვაჭარსა ენდობი, მისცემ მრავალსა,
წარგზავნი ასეთს ქვეყანას, ვერ იცნობ შორე სავალსა,
ან ნავში ჩასდებ ზღვაშია მღელვარე ძნელ-გასავალსა,
ამას არ იტყვი, გლახაკთა ვინ სწყალობს, ღმერთსა ავალსა.

221
გასმია, თვითანც გინახავს მრავალნი ნავნი დანთქმულნი,
ხმელზედ ვაჭრები მეკობრით დაცრცვილი, შიშვლად დასმულნი;
მას ენდობი და მას მისცემ, რომ ნახო ვეღარ მოსრულნი,
ამას არ ისმენ, რა არის წინასწარმეტყველთგან თქმულნი.

222
ყოველნი დიდად აქებენ გლახაკთა მოწყალებასა,
ამხანაგისა გაწყობას, უცხოთა მოყვარებასა;
მას ენდოთ, ვინ რომ მართალს გვწრთნის, ეს არ სჯობს სხვის ყურებასა?
ვინ ხართ, მოწყალე, მდაბალნი ძლივ ვღირსვარ თქვენსა ხლებასა.

223
რასთვის ქრისტეს არ უჯერებთ, ვინ არს ყოვლის შემძლებელი?
გეტყვისთ: «რასაც მცირეთ უზამთ, ჩემიაო სამებელი,
მე მავალთო მრავალ წილად, მოგცემ, ჰპოვოთ საძებელი».
იმას ენდევ, კაცო, ნუ ხარ ცრუი სხვის მაცილებელი.

224
რად მცირის სარგებლისათვის კაცს ავასხებ და ღმერთს არა?
ვის აქვს მრავალ საუნჯენი, მოვალედაცა მგონ კმარა!
ვინცა გასცეს მის სახელზედ, ხედავ, იმასვე ახმარა.
დრო გარდასული შვილის სხმის, ისაკს წარ[მო]შობს მით სარა.

სიტყვა კაცისა კთ 

225
რა ვქნა, სოფელო, შვილები მყავს, მიყვარს, მებრალებისა,
მინდა დაუგდო მრავალი სალარო-საუნჯებისა,
მე ძლივ შევკრიბე, დაობლდენ, ამათ სად ეშოვებისა?
მოვკვდე ეს მინდა, მით მიყონ წესები რამ სულებისა.

პასუხი სოფლისა 

226
კაცო, რომელმან არ იცი საქმე ერთის ჟამისაცა,
რამე არის მომავალი ქვეყნისა და ან ცისაცა,
ეგ ვით იცი დიდ-ხანს უკან რა იქნება, მაცა, მაცა!
შვილისათვინ ნუ ირჯები, ღმერთს მიენდევ, მას დააცა.

227
ეგ როდის იცი, უწინა შენ მოჰკვდები თუ იგია?
შენი ქონება მტერს დარჩეს, თუ შვილებს, რაც მოგიგია,
ამაოდ ამბობ ყრუულად, რას იტყვი, ვერ გაგიგია,
უცოდინარი ლაყაფი, არ იცი, მწვე აუგაა?

228
თუ შვილისათვის ირჯები, დაუგდე, საუნჯე დესა.
ღვთის წინ სიმართლე წყალობით ნიადაგ მათ მოხედდესა,
ყმა, ამხანაგი, მოყვარე შენს უკან არვინ ყვედრდესა,
მამული მოუდევარი, საბრალო, ნუ ვინ სწყევდესა.

229
სულის საქმე რომელიცა შენ ქმნა, გერგოს უფრო სხვისგან,
რაც შენ გასცე, შენი შენთვინ წაგიხდება არა ვისგან,
თორ შენ უკან რაც გაგიცენ, ქება გესმას არავისგან.
დამიჯერე, დამახლოვდი, ნუღარ დარბი შორს განის-გან.

სიტყვა კაცისა ლ 

230
სოფელო, სად იშოება აგრე მეფობა, მთავრობა,
მამული, ანუ სალარო, თუ გინდა დიდ-ვაჭარობა?
აგრე სიმართლით ვინ იპყრობს, ან ერთსა ვინ შეესწრობა?
კიდევ რომ გითხრა, ნუ გიკვირს მაგისი მე უარობა!

პასუხი სოფლისა 

231
უფრო ღვთით და სიმართლითა იშოება ეგეები,
უიმისოდ კიდეც ჰპოო, ცუდია, ქვეშ ნუ ეგები,
ისიც ისრევ წაგერთმევა, ლახვარზედაც აეგები,
მართალს ვამბობ, დაიჯერე, ნუ ხარ კაცი შეუგები!

სიტყვა კაცისა ლა 

232
ვინ დაგიჯეროს, სოფელო, მეფეს ნუ უნდა მეფობა,
სახელი, ბრძოლა, ლაშქრობა, კვლავ ლხინი, ვარდთა მკრეფობა,
ვაჟკაცს ცხენი და აბჯარი, ბატონის სიიეფობა,
ნადირობა და უკუყრა, მყეფრისა ხშირად მყეფრობა?!

233
თავადთ, მთავართა მთავრობა ნუ უნდა, საქმის ხელთ ქონა,
აზვავება და სიმდიდრე, ქიშპები, ნუ დაბაქონა;
ბერებს დიდ-დიდი სახელო, სულ უმცროსთ აგერ ოქონა,
თუ ეს არ იპყრან, მაშ უთხარ, თუ თავი რითღა იქონა?

234
ვაჭარს ვაჭრობა, სარგებლის ნუ უნდა ბევრი იშოოს,
მაშ, რა ქნას ცოტას პატრონმან, თუ სხვისგან არ მოიშოოს?
მუშამ პარტახი ნუ მოხნას, თუ სადმე ეული პოოს,
ხარს არ ძალევდეს, სახრითა ხან არ უძახდეს «ო-ო-ო-ს»!

235
მაშ რით დავრჩეთ, ისიც ბძანეთ და ან რით გამოვიზარდოთ?
შენ ამბობ და დაგემოწმოთ, ჩვენცა სიტყვა სიტყვას დავრთოთ.
შემოქმედმან ჩვენთვის შეგქმნა, მოგიხმაროთ, ლხინი წავრთოთ,
ჩვენ არ გვინდე, რა იქნები, რაზომ სიტყვა აგიზართოთ!

პასუხი სოფლისა 

236
ვაჟო, როდის გეუბნები, არ ვარგვარ და ნუ გინდივარ?
ეგ ვის ეთქმის: «ავი ვიყო, ისომ ასე მწვე ვარგივარ»?
თქვენ მოხვალთ და მალე წახვალთ, მე სიმაგრით აქ გიდგივარ,
რიგი მოსდით, რიგი მიზდით, საბრალოვე აქა ვგდივარ.

237
რომელმან ზომით, სიმართლით მიხმაროს, გაღანამც ვარგვარ,
ჩემა უსაზღვროთ მოყვარემ, თვენომ ხართ, ეგე დამაგვარ,
კეთილი ვერა იყოთ რა, სიცრუვის საქმისა მომგვარ,
აქ დაისაჯნეთ, იქ წარსწყმდეთ, რას წამგვრით, მევე მალ მომგვარ.

სიტყვა კაცისა ლბ 

238
სოფელო, ერთი ესე გჭირს ყოვლისგან უუარესი,
გულს დასაკლისი, საწყენი, ნაღვლისგან უუმწარესი,
კარგის საქმისა შორს მყოფი, სამტეროდ კი საკმარესი,
ამის გამოის არა ხარ არვისგან შესაწყნარესი.

239
ერთს ახალსა მოწიფულსა ხელისმყრელსა სიკეთისას,
დღითი-დღე რომ მატულობდეს ყოველს წესსა ზნეობისას,
ვინც ნახევდეს, შეფრფინვიდეს უნახთ ნახვად სანატრისას,
სენსა შეჰყრი, დაცაუჭკნობ ყვავილს მისის შვენებისას.

240
მოჰკლავ, დაჰყრი მის საყოლსა, ვით ირემს ღვიძლ-დაკოდილსა.
დაამწარებ სიცოცხლესა ყოველთ დღეთა, არ ერთ დილსა,
უჟმოდ მოჰკვეთ ახალ ნორჩსა, მას უებროდ ამოსულსა,
ვით გვპირდები სიცრუვესა, ათავებცა დაქადილსა.

241
სხვას ერთს ასრე დააბერებ, თვით სიცოცხლეს შეაზარებ,
საყოლს ყველას მოაძულვებ, მაზე არვის არ ახარებ,
უცხო ნახავს, თვალს-მოარიდს, ახლოს აღარ მიაკარებ,
უძლურების ცხედარს დასცემ, კარზედ მისვლადც არ მოარებ.

პასუხი სოფლისა 

242
რაც მაგ სიტყვისაც ჯერა-არს, წმიდათ წერილთგან ისწავე,
აგერ ძეს საღვთო წიგნები, უკან ნუ მიხვალ, წინ წავე,
იკითხე, გული გაავლე, სად არის – იქ შეისწავე,
ეგ ჩემი ბრალი რა არის, მიწა შეიქმნას მიწავე?

243
ყოვლი მუშაკი მის მის დროს მოჰკვეთს მის სამუშაკოსა.
ოდეს იხილო ჭაბუკი ჟამს ახალს საასაკოსა,
ჩემ მიერ წარტაცებული ვით კრავი არ საბაკოსა,
მართალი, ღვთისა მოშიში, შორს მყოფი საეშმაკოსა?

244
მხედველმან დაფარულთამან სხვისათვის გამოირჩია,
ამის წილ სასუფევლისად იგი უნუჟრო ნორჩია,
მას ჩემი ცოდვა არ მოსცხო, მით შემომძახა: «მოგრჩია».
მე დამიმძიმდა, თამამად დამხვდა, ვერ უთხარ დამრჩია.

245
ან მოწიფული მადლსა და ცოდვაში მყოფი, განსული,
ცოდვისგან უფრო მადლისას ხარისხსა ზედან ასული,
აღარ მიუშვა სხვას ცოდვას, ამისით იხსნა გან სული,
უფალმან თვისად მიზიდა, ყრმა იყო, გინა ასული.

246
უკეთუ მოკვდეს ცოდვაში მწვე დიდად გარდარეულსა,
ხედავს, ვინ იცის ფარული, ავისგან მან მორეულსა,
მის ძლით სხვა აღარ აბრკოლა, მყოფს მაზედ მე მისეულსა,
აქაც მოკვდა და იქიცა, მივცემ მას მისავ სეულსა.

247
ეგევითარი სიბერე სიტყვითა რომ შემოიღე,
ამ ორთ პირთაგან იქნება, გეტყვი და სული დაიღე,
მტრისაგან რგება საქმისა შენა ჰქმენ, შენ შემოიღე,
გითხრა მართალი, თუცაღა ქრთამი არვიზე გაიღე.

248
რომელი სათნოებითა ცხორებდეს სინანულითა,
სიბერის პატივს ღირს იქმნას, უმანკოებდეს გულითა,
ჰნებავს უფალსა, აღვიდეს ზეცას უბიწოს სულითა,
მე, მწიკლოვანი სოფელი, მოვძულდე იქ მისულითა.

249
ანუ თუ მოუქცეველად მცოდველი დაბერდებოდეს,
ვინათგან ვსური, არ ზრუნავს უმჯობესისად შვრებოდეს,
არ წავრთმევივარ, მე უყვარ მანამდინ გაეძლებოდეს,
აქავ მიიღო ნაწილი მისი, რომ მას ვერ სწორებდეს.

250
მაგ საქმისათვის მრავალი თქმულა და იძიებიან,
გარნა რომელნი წმინდათა წერილთ არ გვეუწყებიან,
იმისგან კიდევ არა ხამს, ამას სხვაც მემოწმებიან,
ღვთის საიდუმლოს ძიება, ვერცავინ მას მისწვდებიან.

251
ეს შვილთა ნათლისღებისთა არიან განჩინებული,
არ მათთვის, ვისცა არა სწამთ ღვთაება ერთარსებული;
პირუტყვებრ ღმერთსა იცნობენ, სხვა სჯული მიდ-მოდებული,
ისეო ქრისტე ღვთათ არ სწამს, ღმერთებრ უვნებ, კაცებრ ვნებული.

სიტყვა კაცისა ლგ 

252
მაშ, გვასწავლე მრავალ-ფერად, მბრუნაო და ავად მქცეო,
ვინ აშენებ ოხერსა და ზოგს ქალაქებს მოაქცეო.
ერთს შეაბამ მხნედ, მამაცად, მეორეს კი გააქცეო,
მერმე მეც რამ მოგახსენო და პასუხი მალ მოგცეო.

253
ვით უხამთ შენი ხმარება დიდ ხელმწიფეთა, მეფეთა,
მთავართ, დიდებულთ, სჯულის-თავთ, მღრდელთა არ სისხლთა მჩქეფეთა,
მოლაშქრე-მონადირეთა, ვაჭართა ლართა მკრეფეთა,
მდიდართ და გლახაკთ, მუშაკთა დილით ღამემდინ მყეფეთა.

პასუხი სოფლისა 

254
არა, რა გწვართო, რაზომცა კარგი რამ გითხრა, მმზერ მტრადო!
არას მიმადლი, მაგინებ, მაგისთვის დავშვრე მე რადო?
ჯერ დაასრულე წყევა და მჯიღი უკუმკარ მორადო,
მერმეღა გაჯავრებულმან გასწავლო რამე სწორადო.

სიტყვა კაცისა ლდ 

255
თუცა შენის მტერობითა არ მიტევ, რომ დაგაცალო,
არ გწყევლიდე, არ გყვედრიდე, სიმუხთლეს არ დაგაცალო;
მაშინც სიტყვა შემინახავს, დასახნავად დაგაცალო;
მაგას ნუ ეჭვ, თუ სიცრუვე წინ მიგდო და დაგაცალო.

წვრთა სოფლისაგან კაცთათვის 

256
სწავლა სოფლისგან კაცისა პირველი თავი ეს არი;
თვეს იანვარსა ყინვისად დრო მოგვეახლა, ეს არი;
ზოგ ზოგი უზის თბილს სახლსა, ზოგი სიცივით მკვნესარი,
მეფეთა უწინ ხსენება მანცა თქვა დანაწესარი.

257
გაუწყო რაზომ მართალი, ეგრეთცა არა ისმინოთ,
ერთხელ ამოსწყდით წყლის რღვნითა, კვლავ კიდევ ჩემში ისმინოთ.
სხვის წვრთილებასა ჩემი სჯობს, ეს ალმასია, ის მინოთ.
თქვენც დამემოწმნეთ ყოველნი, მოგგონდესთ, თითზე იკბინოთ.

258
მეფეთ უხმს შიში ყოვლთ კაცთა, უფროსი ღვთისა ცხოვლისა,
მით რომ ის არის მეუფე მაღალ-მდაბლისა ყოვლისა,
იგია ყოვლგან მხედველი დასავალ-აღმოსავლისა,
თუ მე არ მიჯერ, ისმინე სიტყვა მის პავლე-სავლისა.

259
ამასთან რჯულის სიმტკიცე, სიფრთხილე სამართალისა,
მცოდველთა ზომით შერისხვა, ჩვენება მრუდედ თვალისა,
ერთგულთ წყალობა, პატივი ბევრგვარად დანათვალისა.
სიბრძნე, გონება, ჭკვით ცოდნა საქმისა მომავალისა.

260
ქვრივთა, ობოლთა მოწყალე, თვალის მომვლები შორეთა,
ყოვლს მძლავრს შიშს უნდა დასდებდეს, გლეხს ძალი მოაშორეთა,
მართლის ყურისა მიმგდები, მოძულე ცრუ მეჭორეთა,
საჩივრის გამგონებელი, მომცდელი მის მეორეთა.

261
ოდეს ნახოს მიმძლავრებით ქვრივი ძალს ქვეშ ნარებია,
ასე უნდა იტკივნებდეს, ვით დედა შესწუხებია;
კვლავ ობოლი – ვითამც შვილი თვისი წინ ასტირებია,
დაადუმოს სიმართლითა და სიტკბოთ ნამტირებია.

262
არცავის თვითან მძლავრობდეს, არცავის სხვას ამძლავრებდეს,
ლაშქრის გაწყობა-ზავთითა ქვეყანას გარე მორებდეს;
წარმოიტყოდეს ბრძნად სიტყვას, ავს პასუხს არ აშურებდეს,
ვინ ღმერთი იცის, ესეც სჭირს, მას მტერი რითღა მორევდეს?

263
მეფე ჰხამს მგზავსი მკურნალის ბრძნისა მის ხელოვანისა,
ვით მან სნეულს და მრთელზედა არ მაჯა ერთი ჰპოვნისა,
ყოველს სნეულსა სხვადასხვა წამალი მოუშოვნისა,
ზოგს კიდევ წყლული გაუჭრა, იმ სხვას კი მოუწოვნისა.

264
ვითა ვთქვი საქმე მკურნალთა, მეფეთზეც აგრე მეთქმისა,
ჟამი პატივის სიტკბოთა, ჟამი შერისხვა-წყრომისა,
ჟამი დუმილი საქმისა და ჟამი კვლავ განცხრომისა,
ვით იტყვის ბრძენი სოლომონ, ჟამია ყოვლი საქმისა.

265
არც ყოვლთა სწორი პატივი, არც სწორი რისხვა ზოგადო,
პატივის შემწყნარებელთა მის-მის დროს მისა მგზავსადო;
მას რისხვა, ამას საწვრთნელი; ვინ შფოთობს, არის ბორგადო,
ზოგს შეუნდობდეს და ზოგი არ უნდა დასაზოგადო.

266
მოძღვარი ცოდვის მკურნალ არს, აქიმი ხორცთა სენისა,
თუ ერთმან ხორცს არ დააკლოს, სულს ვერათ განუსვენისა;
მეორემ ხორცი განჰკურნა, რომლითა სულსა კბენისა.
ბრძენს მეფეს ორთავ წამლობა ძალუც და კარგაც შვენისა.

267
მეფეთ წინ ბოდიშს მოვითხოვ, ავი რამ მეთქვას, შემინდონ,
რაც არ ვიცოდე, მისი თქმა არ ბძანონ, აღარ მომიდონ,
თუ არ უნდოდე, გამიტყდენ, თუ მინდონ – კიდეც დამინდონ,
სად ცუდი სიტყვა ეწეროს, მიჩვენონ, ხელი დამიდონ.

სწავლა მღრდელთ-მოძღვართა 
თ ა ვ ი | ბ 

268
რანიც არიან მსახურნი წმინდისა საიდუმლოსა,
პატრია[რ]ქი თუ სხვა ვინმე, მთავრობდეს ან ვინ იმღდლოსა,
დიდი რამ უხამს სიწმინდე, მსგავსად მის უსხეულოსა
მყუდროებითა ცხოვრება, განკრძალვა საუსულოსა.

269
ნურავინ ქრთამით დაიპყრობს, ნურც დიდ-გვარობით საყდარსა,
ნუ იჩემს თვითან სიწმინდეს, სხვას ხედავს მისგან უმდარსა.
სიმშვიდისა და სიმდაბლის ხამს გარ იხვევდეს სუდარსა,
ჩემს შვებას ასრე მოშორდეს, ცოცხალს ჰგონებდენ ვით მკვდარსა.

270
თუ სამწყსო ვინმე აღიღოს მსგავსად პირუტყვის, ცხვარისა,
თავის თავითა, ან ძალით დაპყრობა ბაკის კარისა,
მაშინ დაჰკარგოს, არა აქვ პასუხი მას უარისა,
მყის უნდა უზღოს უფალსა მის ნდომით მინაბარისა.

271
ძალად თუ ვინ დადგინოს, მაშინც უხამს სტვინვა ხშირად,
დღე და ღამე მღვიძარება, მხეცთა იყოს სულ საშიშრად,
სამწყსო მისცეს სწავლა-ჭამად, არა ჰყვანდეს მისგან მშივრად,
წვრთილება და ქადაგება ხელთა ეპყრას მუდამ სტვირად.

272
მეფემ თუ მწყემსი უღირსი დასვას, რა ესე უქმნია?
თავის სენზედა მკურნალი მიჰყავს, უცოდნი უქნია,
მრთელი რამ ხორცი დამპლის წილ მის ძლითა ამოუქნია,
სიბნელე დაუც ნათელზედ, სულ დაუვსია შუქნია.

273
ვედრივარ წმინდათ ამისთვის, არვინ მიწყინოს ესა მე,
პატრია[რ]ქ-მიტროპოლიტმან, ეფისკოპოსმან ე სამე,
მოციქულთ განაჩენია, მანდ თუ ივარგებს ე სამე,
მაკურთხეთ, დამილოცევდით, შენდობა ბრძანეთ მესამე.

სწავლა სოფლისაგან მხედართა 
თ ა ვ ი | გ 

274
თავადთ, დიდებულთ, მონათა, დიდთა თუ ანუ მცირეთა,
პირველად სჯული, მეორედ ყველამ ეს დააპირეთა: 
თავის პატრონსა დამონდით კარგ-გულად, ნუ ავ-პირეთა,
სჯულის-თავთ, ეფისკოპოსთა თავმდაბლად ემსახურეთა.

275
მონათა უხამს უფლისა მოწყალეთ, უწყალოთაცა,
სახიერს დამორჩილება, უსახურს უწყალოთ აცა,
ვის რა გაქვსთ ნურავისთვის გშურსთ მდიდართა, საწყალოთაცა,
ჰხამს დაჯერება ამისი, ვითარ არს უწყალოთ ა ცა.

276
ერთმანერთის სიყვარული, ზომისაებრ ცხენ-აბჯარი,
ნუ ტყვის სყიდვით და პარვითა, ეგ არ არის მოსახმარი,
ისე შოვნით და ბატონის ბოძებითა, ესა კმარი,
მუდამ უნდა მის ქვეყანას განწყობილი იყოს ჯარი.

277
ქვეყნის და თქვენის სჯულისა აღგიჩნდესთ მტერი სამეთა,
სიმხნით შეითქვით მათზედან და ყველამ ეს იწამეთა,
მათი შებმა და სიკვდილი ლხინურად გაიამეთა,
თუ მათგან მოჰკვდეთ, მიიღოთ ნაწილი თქვენ მოწამეთა.

278
მხედარი უყვარს მომჭირნე უფალსა ერთგულობისა,
ცხენ-გაწყობილი, იარაღ მორთული უკლებობისა,
მეფეთ ერთგული, ქვეყნისა შემძლე გარ-შემამვლობისა,
ხელ-გამომავლად მომკრები სიკეთის დარგულობისა.

279
ვახ, ვახ, რა სანატრელია, მოყმე ასეთი მქცეველი,
სჯულ-მტკიცე სათნოებითა, ქვეყნისა არ მაქცეველი,
ცხენ-აბჯარ დაუკლებელი, მამაცი, არ გამქცეველი,
მისის სჯულისა მტერისა მებრძოლი, სისხლ-დამქცეველი.

სწავლა სოფლისაგან ვაჭართა 
თ ა ვ ი | დ 

280
ვაჭარნი ნუ ნამეტნავით მიიწყავ, მისცემ მცირეთა,
ნუცა ადლ გძელობ აღებას, გასყიდვას შვრები მწირითა,
დიდად მოირჭვამს ვინც იღებს და მისცემს სწორის უღლითა,
ჩვენგან სიცრუით ნაშოვნი წაგერთმის კვლავ სიცრუითა.

სწავლა სოფლისაგან მუშაკთა 
თ ა ვ ი | ე 

281
მუშაკმან თვისი ნაშრომი მოიმკოს მრავალ წილადა,
არ ნაპარევი, სიმართლით რაც ჰქონდეს დათერძულადა;
ნაძალადევი ორნატი შეუშთვეს ეკლეულადა,
ცრუ ფიცით გამოტანილი ვენახი არ მოსთვლილა, და.

სწავლა სათანადო სოფლისაგან ყოველთა კაცთა 
თ ა ვ ი | ვ 

282
ოდეს გამდირდე დიდი თუ მცირენი ნიჭით ღვთისადა,
თავით შენითა, ან დაგრჩეს შოვნილად კვლავ მამისადა,
შეიმოსე და შემოსე ვინ სწუხდეს სიშიშვლისადა.
უნაყროვანოდ სვი, ჭამე, ლხინი, მინახე, ვთქვი სადა?

283
ნუ გააბრუნებ უჭმელსა კარით შენითა მშიერსა,
ერთი გთხოვდეს თუ რამდენი, რა შეკრბეს ბევრი ჰიერსა.
ვინ გინდა იყოს, აჭამე, ნუ დაუჟინებ სულ ბერსა,
მან დაგიმადლოს უზომოთ, ვინ მატიანეს გიწერსა. 

284
ამხანაგს წინ მიეგებე თავ-მდაბლად შორ მომავალსა,
ნურას დაუჭერ გასაცემს, თქვას იმან: «ეს ვინ მავალსა».
ეს დაგრჩეს, სხვა არაფერი, ჰე, კაცო, შენ წარმავალსა,
უმჯობეს არის სახელი კეთილი განძსა მრავალსა.

285
უცხოთა მოყვარებითა აბრამ მით ღმერთი ისტუმრა,
 მალ შეემზადა რაც დახვდა, არ ნამზადისი ისუმრა;
სარრა დაფარვით განიღიმს, მაგრამ შეუტყვეს სასუმრა,
ვის სძულდა, ის დაისაჯა, ავ-პირად ვინ გაისტუმრა.

286
შეირტყთ სარტყელი სჯულისა, სიმხნისა, გულადობისა,
თქვენის ქვეყნისა სიმაგრის, მეფეთა ერთგულებისა;
ცხენი, აბჯარი გაიწყეთ სალაშქროთ, ნადირობისა.
როსცა დასჭირდეს პატრონსა, სჯობს, ვინც მალ მიესწრობისა.

287
სიხარულით წადით ლაშქარს, თუცა სისხლი გენთხეოდეს,
ქვეყნისა და პატრონისთვის სასჯელს არვინ შეუღონდეს.
ვინცა მოკვდეს სჯულისათვის, დაიჯერე, ესე ცხონდეს,
რაც გადარჩეს მეწინავე, მას სახელი დიდი ჰქონდეს.

288
კარგია და ღვთის წყალობა, თუ ჟამია მშვიდობისა,
მეფეთ ხლება, ამხანაგთან უკუყრა ნადირობისა,
შეგებულთან კაცთან ლხინი ნადიმის და პურობისა,
ხან შინ ყოფნა, სიხარული და ალერსი და-ძმობისა.

289
თუცა თუ ფერად-ფერადთა ტანსაცმელსაც აქვს ხარება,
კარგია მოკაზმულობა, კარგს კაცს მწვე შეეხამება,
მაშინც ცხენი და აბჯარი სჯობს, უფრო მოეხმარება,
ცუდს კაცს რომ კარგი ჩააცვა, მას კი ვინ მიეკარება?

290
საკაცო მუდამ საცმელი მგონია ზნე-კეთილობა,
სიბრძნე საღვთოსა საქმისა, საეროს კარგა ზრდილობა,
სიმშვიდე, სიტყვა-მარჯვობა, სამართლის განმკვეთილობა,
უამაყობით სასირცხოს საქმისა მოთაკილობა.

291
ვის ეს სჭირს, ეს სჯობს კაბისას ჩაცმასა ახალ-ახლებსა,
სტავრასა, ხარა-დიბასა, ატლასბაბსა და ნახლებსა,
მაღალსა ტურფად დახატულს სარაიას და სახლებსა,
მას აქებს კაცი ყოველი, მეფეცა მას იახლებსა.

292
ამით სცან, მეფეს თუ ვინმე ესტუმროს კაცი შორითა
უცნობო მისი სახელით და მერმე გვარის-გვარითა,
ამხანაგი და მის ალაგს მყოფნი პატივის სწორითა,
ერთი საიად, მეორე მორთული თვალ-გუარითა.

293
უწინ მას უპყრან პატივი, რომელს ემოსნეს სტავრები.
ტანისამოსის სიკეთით ვნახე თავს გარდმონარები,
დიდებულთანა დამჯდარი, შინაგან ეკალ-ნარები,
რა გაუსინჯეს ზრდილობა, არ იყო მოსახმარები.

294
ჰკითხეს და ვერა ეგეთი თქვა რამ, ვით გარეთ ემოსა
გათითხნა რამე, შეჭამა, აჰყვა სულ პირის გემოსა,
კვლავ დაჰპატიჯეს, ზნეობა, შეხეთ თუ არ იჩემოსა!
მაგრამ ზედა-ზედ პატიჯმა, მგონია, გააჩემოსა.

295
საიად მოსილს უმზერენ საქციელ განკრძალულადა,
მერმეღამ რა თქვა სასიბრძნო, ყური მიუპყრეს სრულადა,
დაჰკრა ზნე-კეთილობასა სანდომად, კარგ-უსულადა,
მორთული ესრეთ გაზრდილა, ეს ასე ამოსულა, და.

296
რადგან მეფე მათ უცნობთა საქმეს ასე რამ იხილდა,
ვნახეთ, შესწრფა, დიაღაცა დაუმძიმდა, შეწუხილდა,
წამს უყოფდა მეღვინესა, გაცლის ნდომას არ უმხილდა,
აუვსეს და ვერ დალია, ადგა ავად, წაფორხილდა.

297
მაშინ მეფემან შეხედა, მას დაუტევა ეს ახლო,
დაუწყო იმას ალერსი, ბძანა თუ: «ეს ა საახლო,
ეს ისმენს წადიერად და ძლივ საჭმელს ხელი დაახლო».
თქვეს: «მისი თესლიმც გასწყდება, აშენდი ამისო სახლო!»

298
კიდევ რამ გითხრა ამისთვის უფრო დაფარვით, იგავით,
ორში ერთია უმჯობეს და მეორეა იგ ავით;
შემკული გარეთ, შინაგან საუნჯე სხვას აქვს იგა ვით,
რომელიც სჯობდეს დაიგდეთ და უდარესი ი გავით.

299
ერთი მოთეთრო ქაღალდი და ვარაყ-შეფრქვეულია,
კარგ-ხელნაწერი, მაგრამე ამბავი არეულია;
სხვა მოყვითანო, ფრჩხილ-ყვავად, სასიბრძნოთ დაწერილია,
ბრძანეთ: რომელი სიკეთით ამათგან მორეულია!

300
ოქროთი შემკულს ებანსა სცემს ვინმე, ავად აჟღერებს,
სხვა ლიტონისა შეშისას ჰკრავს ტკბილად, ამო ამღერებს.
ორისავ მცოდინარენი გულს რომელს უფრო აჯერებს?
რომელი შენდა უმჯობეს, შენ გეტყვი, ყელ-მონაღერებს?

301
მისიმც დედ-მამა ცხონდების, რა გინდ რომ იყოს ცოდვილი,
ვინც შვილი კარგი დააგდოს, ზნე-სრული, კარგა გაზდილი;
ულხინო აღარ გამიშვას, მაჭამოს კარგი სადილი,
ის მოკმაზული სადგომს ჯდეს ავი რამ, ცრუ მოქადული.

სწავლა სოფლისაგან კიდევ საერთო
თ ა ვ ი | ზ

302
ეს მეშვიდე წვრთა ისმინეთ, ყოველთაა სათანადო,
თავადნო და დიდებულნო, აზნაურნო, მუშავ, ნადო,
გიხამსთ სხვათა წვრთილებასა ესე სწავლა მათთან ადო,
ნურავინ ნუ გაუმტყუნებთ, ვინ ერთმანერთს მისცეთ სანდო.

303
მშვიდნი იყვენით, რამეთუ მე მშვიდნი დამიმკვიდრებენ;
ყოვლი მეშფოთე, გულ-ანჩხლი სიცოცხლეს დაიმწარებენ,
ავად შვრებიან, საძაგლად, ვერა-რას გაიხარებენ,
ვინ მოყვასს მთხრებლი უთხარონ, თვითვე თავს ჩაიკარებენ.

304
კაცო, რას ზომის უფროსად გულს გაიფიცხებ საშფოთლად,
აღიმღვრევ თვალსა, ციოდეს – პირსა გაიხდი საოფლად,
აღმოუტევებ სიტყვასა მწარესა შხამად და გესლად,
ამხანაგსა და მოყვარეს აღარ ახსენებ არც ფოთლად.

305
რად არ მიხედავ ზღვის ღელვას, არ გარდახდება საზღვარსა,
თვის ღელვას ზედავ იმუსრავს ნაპირზე წყალსა არ ღვარსა,
ქარსა სასტიკსა ჩრდილოსას და იძულებას სამხარსა,
შენ გონიერი ეგ კაცი ემსგავსი წარმრღვნელსა ღვარსა!

306
კაცო, რას ზღვაობთ, არ იცით რა არის წინამდებარე,
ღამე რას მაკობს, დღე რას შობს, ვინა ხართ ამის მძებარე?
ვერვინ მიხვდება სრულიად იქი-აქ მიმომდებარე,
არავინ არი ღვთის მეტი სრული და დაუკლებარე.

307
თუ არ ძალ-გიძეს გულისა განურისხველად შენახვა,
ენა დადუმენ, ნუ გინდა ავის თქმა, სულთქმა, შეხ ახვა!
მერმეღა გულიც დაამდეს, მოგინდეს კაის შე ნახვა.
პირველ ქმნისაგან უწინ სჯობს საქმის გასინჯვა, შესახვა.

308
ნუ აღმოანთხევ შენსა და სხვის სწორად მაკვდინებელსა
გესლსა მწარესა, რომ გვანდეს წითელსა სანელებელსა;
ნუ აღმოუტევ სიტყვასა რას გინდა მაგინებელსა,
ყოველი კაცი გიძახდეს მოშუღარ უამებელსა.

309
რადგან მადლობის სიტყვითა გაუმართლდები პატრონსა,
ავის თქმითაცა ეგრეთვე გნახვენცა კარ განარონსა,
მიხედე მოსეს მშვიდსა და დავითს და მათთან არონსა,
ის ღმერთს იხილავს, მეორე იცხებს მეფობის მირონსა.

310
ცუდი რამ მეწვრთნას, ნუ გინდათ, თუ კაი – შეიწყნარეთა,
სიჩქარით ნურას გასინჯავთ, აქ გული დაიწყნარეთა;
საამებელსა იამდეთ, საწყენზედ დაამთქნარეთა,
ნუღარ მწყევთ, ნუღარ მაგინებთ, ხმა სიბრძნით განარნარეთა.

აწ კიდევ კაცთაგან სოფლის სამდურავი 

311
თუმცა კარგა გვწრთნა სოფელმან, მაშინც უძრახავთ სიმუხთლეს,
ამას ამბობენ: მაშ რა ვქნათ, სად რას უპოებთ სიმართლეს?
არვიზე სამუდამოა, ანაზდ დაავსებს სინათლეს,
ყოველთა კარგთა ნაყოფთა დანასა მოსაკვეთათ ლესს.

312
ვა ჯავრი ამის სოფლისა ცრუსა და დაუდგრომლისა,
წამ ერთს ერთ ნირზედ არ მყოფის, მყოფის და მომავალისა,
სიკეთის ცოტას მიმცემის, დამამხობლისა მრავლისა,
ვერ შეგვიგია, სით მივა კვალი მის მიმავალისა.

313
მყის მოიყვანს, წამს წაიყვანს, ეს ზნედა სჭირს სააუგო,
ერთს თავს სახლი დააქცია, მას მეორეს, ჰე, აუგო;
ამას ღმერთი აცნობინა და იმ სხვითა კერპსა უგო,
ზოგს გზა კარგად გაურკვია, ის დაჰკარგა, არ გაუგო.

314
გუშინ ვინმე განამდიდრა, ადიდა და გაახარა,
დღეს დასცა და დაამდაბლა, საბრალო დააგლახარა,
შემოსძახა: «ის ომ დაგეც, ფერხზედ რადარ მიდგახარა?»
ასე მქცევს და უაუგოს ვით არ უთხრან «ვაგლახარა»!

315
იქ ახარებს და აცინებს, აგერ ატირებს, ატყებსა,
იგ ვინმე იშვა განცხრომად, მშობელთა აამაყებსა,
სხვათ დედ-მამათა შვილებსა სტაცებს ვით ჩიტის ბარტყებსა,
მათ ანადირებს, აბურთებს, დიდებს უკიდებს მაყებსა.

316
მხეცმან მისტაცოს რა კრავი ცხოვართ ახალი, ჩვილია,
მწყემსნი ყიოდენ ხმა-მაღლად და შექნან სიყივილია,
ვერა არგონ რა, მობრუნდენ, დაიწყონ მწვე ჩივილია,
ეგრეთ მშობელთა ურგებად აგლოვს, მოუკლა შვილია.

317
ჰოი, სოფლისა მრავალნი საცთურნი ჩვენზედ რწყმულია,
დაუჭრის ძმათა გულღვიძლი, ვინ ვისი მოყვარულია;
მოწყლის მოყვასნი, ვინ ვისგან ხლებითა მოხარულია,
გაყრით და ძმისგან სამუდმოთ მტირალი, ცრემლთა ცრულია.

318
ბატონს გახდის უყმოდ და ყმას ოხრად დასვამს უპატრონოს,
უმისობა გულს სდაღევდეს, მუდამ უნდა სულთქმით რონოს,
გმობდეს მისსა სიცოცხლესა და უბედურს ეტლსა კრონოს,
თუმც სხვა შოვნოს საპატრონოდ, მისებრ ვეღარ უპატრონოს.

319
ვინა იჩემებ, სოფელო, უმუხთლო-უხანობასა?
იჩქითი რამ ხარ, ანაზდი კარგს ავის ზე დასწრობასა.
ვირე გაუძლო შენს ეგზომს მუდამ ლახვართა სობასა?
ყოველთა გვათქმევ ამასა: «ვა ჩვენსა შენს შესწრობასა!»

320
მიჩვენე გუშინდელისა ყვავილის შვენიარება,
სად არს სიტურფე, სინაზე და მისი ნებიარება,
ფერი ყირმიზი-ყაყაჩო, თეთრ ბროლი შეიწერება,
ეგზომ სიკეთე არ ცუდჰყავ, რომე ძლივ დაიწერება? 

321
სადა არს ღაწვთ თეთრ-ყირმიზათ შერთვა სიწმიდე ვერცხლისა?
სადა ვარდობა ბაგისა, თვალთ წყალი მის სიმკვირცხლისა?
წარბს შვენიერსა წამწმითა ძალუც დაბერვა ცეცხლისა,
ცხვირს მათთა შუა მდგომელსა ძალი აქვს მკვდრის სიცოცხლისა.

322
სადა არს თხემის დალალა, ბეჭთ საშუალთა კოწოლნი?
ყელი მთიებთა უნათლე, ბედაურთ მკლავთა წამწოლნი?
იგი უებრო მიჯნურნი ერთმანერთთანა არ მწოლნი.
ერთბამად დაანთქ ყოველნი და უფრო შენი ამყოლნი.

323
რა უყავ მეფე სვიანი, ვისაც ქვეყანა დახარდა?
პალატი სავსე ლხინითა, ან ის სიცილი ხარხარ, და,
კვლავ ნადირობა, შექცევა, იძახდენ: «არის ხარ-ხარ, და».
აწ ოხრად სჭვრეტენ ყოველთა, ასე სიმუხთლეს მზა ხარ და.

324
მზერენ მოწყალის მეფისას პორფირს, ტახტს ცარიელადა.
ქვე-მდებარესა გვირგვინსა, სკიპტრას პყრობილსა ხელადა,
ხმალს ოქრო-რჩუნვილს, რომელი მტრის სისხლით იყო სველადა,
მის წილ სხვა დასვი უშვერი, ვინ თავი ისახელა და.

325
თუ დააჩნდება ზღვას კვალი ზედ მიმავალის ნავისა,
სიზმრის რამ სარგებელია კარგისა ანუ ავისა,
სოფლის სიმდიდრესც ექნება ცრუსა და წარმავალისა,
ამად არა სჩანს სიკეთე წონა ბუ ნატამალისა.

326
რასთვის მგონია სოფლისგან კაცი უცრუე, აწ ვიტყვი,
თუ სიტყვა კარგად გასინჯო, დამემოწმები, შენც იტყვი;
ჩემთვის შექმნილი დავკარგე და გავისწორე პირუტყვი,
პირველმან მამამ დაგვიგდო, მის გამო ასე დავიტყვი.

327
მას სოფელი რას მძლავრობდა, მისი ყველა არ ხელთ ჰქონდა?
ღვთის ბრძანებას გარდავიდა, მტერს უსმინა, ის მოსწონდა,
ამით სოფელს დაგვამონა, მისთა შვილთა მოგვიწონდა,
ვა, უხრწნელი სამოსელი განსახრწნელად მომიქონდა!

328
მამის ნაშრომი შვილებმან მოვიმკეთ, მოვირეწეთა,
მისით გვეუფლა სიკვდილი, ცხოველთა დამემოწმეთა!
სხვას რას ვაბრალებთ, მის გამო სიმაღლით მიწად დამწეთა,
მაგრამ უფალი პატრონი გვივის მოწყალეთ, შემწეთა.

329
გულისხმა ჰყავით მსმენელთა სიბრძნითა, ნუ გარეტებით,
პირველ პატივგვცა უფალმან ჩვენ მისის რამე ხატებით,
სული შთაგვბერა ცხოველი წყალობის მეტის-მეტებით,
გონება, სიბრძნე მისთანა, იმდენს რას შევემატებით.

330
ეს არის ჩვენი ხატება ღვთისაგან ბოძებულია,
მოგონება და გონება, ჭკვა ერთად წამებულია,
უხმართა რადმე სახმარად ჩვენგანცა გაგებულია,
არ ვემსგავსებით სხვას სახით, იგ არ არს აგებულია.

331
სადაც არა ვართ, ჩვენცა ვართ ფიქრით თუ მოგონებითა,
სიტყვით ჩვენც რასმე შევმზადებთ, არ ხელით სხვის მონებითა,
ავსა და კარგზედ ფლობა გვაქვს, ორსავ ვიქთ ჩვენის ნებითა,
ხატნი ღვთისანი, ცუდს საქმეს ვშვრებით და არ ვეხსნებითა.

332
მზე და მთვარე ჩვენთვის შექმნა, თორემ მას რა ეხმარება,
იგ ნათელი სამუდამო არსად არ დაიარება,
სხვას მნათობსა ბნელი მისდევს, მას კი ვერ მიეკარება,
ყოვლგან არის, ყოვლგან სწვდება, არ უხმს ეტლთა მოარება.

333
ცა და ცისა შემკულობა ჩვენდა სახმრად მოიგონა,
ქვეყანა და ნივთი მისი მოგვცა, ყველა დაგვამონა,
შიში დასდვა ადამისა, ზე უფლება გააგონა,
ერთი სიტყვა არ უსმინა, იპატრონა მით მამონა.

334
ვხედავთ ცასა და ქვეყანას შემკულსა სამკაულითა,
რამდენით სხვადასხვა გვარით ნივთთაგან ნივთებულითა,
მოგვცა, გვიბრძანა: «უფლებდით ჩემ მიერ ბოძებულითა».
ადამ დაჰკარგა, მოიწყლა, ჩვენც მოგვწყლა, მისვე წყლულითა.

335
პირუტყვთა, თევზთა, მფრინველთა, მხეცთა, ქვე-მოძრავ ყოველთა;
ვეშაპთა, ლომთა, ნიანგთა, სულ საშიშართა ცხოველთა
მივიდეს, ადამს თაყვანი სცეს შიშით ვით მოკრძალეთა,
ყველას სახელი უწოდა მორჩილთა, არ მოძალეთა.

336
დაემონნეს მას ყოველნი, თვით არვისგან ეშინოდა,
უთხრა: «წადით ქვეყანაზედ, ვერავინ ვერ მიწყინო, და».
თვითან დარჩა ედემადვე მოსვენებით, ვით შინო, და.
ჰაი, ადამ მტრის ქებითა თავს დიაღ ნუ მოიწონ, და!

337
ღმერთმან ოდეს ადამ შექმნა, სიცრუვე არ დაატანა,
მტერს შეშურდა მოშურნესა, წყეულს ჰქვიან ვის სატანა,
გველს აზრახა ცთომა მისი, ევას სიტყვა მიუტანა:
«ჭამე ხილი ცნობადისო, ღმერთ იქმენო, აი ტანა».

338
რა ევამ გემო იხილა მწარისა მის ნაყოფისა,
ავს ვერ იცნობდა, მითა სცნო, შერცხვენდა შიშვლად ყოფისა;
კვლავ ადამს მისცა, აჭამა, საქმე ქმნა განაყოფისა,
მანცა იხმია, გავარდნა ადრე სცნო კარგ სამყოფისა.

339
რადგან მცნებას გარდავიდა, მაშ ბოროტი ეუფლოდა,
კარგს მოშორდენ, სცნეს სირცხვილი, ვით მწვირეში დაეფლოდა,
მწუხარების სირცხვილითა პირი მათი იოფლოდა,
გამოემხვნეს სამოთხითა, მტერმან მალე ასე სძლო და.

340
ოდითგან დავჩით წყევას ქვეშ მის მამით ჩვენ შვილებია,
მივიქცით მიწა მიწადვე, არა გვყვა მეშველებია,
პირველ დიდების პატრონი მით სხენან სრულ შიშვლებია,
ქრისტეს მოსვლამდინ ჩაგვყარა მტერთ ხელთა ჩვენ საწყლებია.

341
კვალად იესომ მოგვმადლა ნიჭი ეს უსასყიდლოდა,
ცა ჩვენთვის ბრუნავს, ქვეყანა ნაყოფით გამომდელოდა,
სხვა ლარი ანუ საჭურჭლე ამისთვის მოგვემადლოდა,
გვიბრძანებს, გლახაკთ მისცემდეთ, ნეტარ ხართ გამომზრდელო და!

342
ზოგთ მიეცა დიდებანი ისეთს, რომ ვერ შეიტყვიან,
არ იმადლის, არვის მისცემს, ვინ უბოძა არ იტყვიან,
თვისი დადვეს მოუხმარად, სხვათაც იმათ გაიყვიან,
ვაიმე თუ თვით მე ვიყო, თქვიანო და არა ჰყვიან.

343
სოფელი ესე მსგზავსია ადგილსა ერთსა კრებისას,
ჩვენ ვაჭრნი ვართ, განხრწნადით ვიყიდდეთ უხრწნელებისას,
ამ საჭიროდამ ვისწრაფოთ მისვლად მუნ ფართოებისას,
თუ ეს წარხდება, სხვას ჟამსა ვერ ვჰპოვებთ კვლა ვაჭრობისას.

344
ვთქვათ, სოფელი რასა სტყუა? გველია თუ ანუ ევა,
ვით რომ შექმნა შემოქმედმან, ისევ ჰგია, არ ისევა.
ჩვენის ავის ნაქმარითა არ ესეც კი დაიწყევა?
თუ უფალი გამოგვისევს, რა ქნას, ერჩს და მოგვესევა.

345
სოფელი ჰგია მას ზედავ, მაარსებელმან ვით არსა,
ხან მოგვიღრუბლავს, ცვარს გვიცვრის, ხან ყინავს, ხან კი გვიდარსა;
ვინ ღმერთსა ესავს, მორჩილობს, ვერაზედ ეტყვის უარსა,
სხვას საქმით ვერვინ დაიჭერს, ვერცავინ შემოუარსა.

346
რაც ნივთია, ღვთის ბრძანებით მის-მის დროსა აგვიჩნდების,
ცას შვენება გაუცვდების, მთა დიდ-დიდნი გავაკდების,
კვლავ ათასი წელიწადი მის წინ ერთ-დღედ გამოჩნდების,
კაცისაგან კიდევ არსი საზღვარს ვერვინ გარდახდების.

347
ეს სოფელიც ჩვენი იყო, მისი ნივთიც, რაც ვთქვი წინარ,
მამა გვიც და დაგვიკარგა შვილთა, მიხვდა ამას ვინ არ?
ოფლით ვიმკით ჩვენ საზრდოსა, კუროსთავთა ხელთა ვინარ,
რა უყოთ, თორ საქმე დიდი თავს დაგვადვა მწვე საწყინარ.

348
ხის ნაყოფისა მიზეზი ძირია, აღმოაცენებს,
ეგრეთვე კაცთა მამადა ყოველნი ადამს ახსენებს,
მისით მოგვიდგამს, ის შეგვყრის სიცრუვის-გვარსა ამ სენებს,
მართალს ვამბობ თუ უზრახავ, ნურავინ ნუ მოახსენებს.

349
ადამ შეჰქმენ ხატად შენდა, ზე აუფლე ყოვლსა არსსა,
აღზელილმან მიწა-მტვერმან ეს პატივი ვით იღირსა?
არ შერაცხა ეს დიდება, სცთა, მით წყევა დაგვიარსა,
ჰაი იქმნა მიშვებითა, ვინ შენ მცნებას იუარსა.

350
ამად ვთქვი საღვთო-სასიბრძნო ლექსად, არ სიამაყითა,
ეგება ამით ისმინოთ საწვრთნელი, არ ბაყბაყითა;
მოგართვი თევზი, ბადესა სავსე გაქვს ვის ბაყაყითა;
ვინ ჯერხართ სარგებელი გაქვთ, თუ არა, წყალი ნაყითა.

351
საღვთოს წიგნების გალექსვას, მე არვის მივცემ დასტურსა,
ნურვინ წამბაძავს ამაზედ, სიტყვას ისმენდეს დასტურსა!
ჩემსა ნურავინ ნუ იტყვის, მისით მოგვესმა ჩვენ ყურსა,
სადა გინდ შემოიღებდენ, თაფლს სწვეთდენ არ მშრალ ფიტურსა.

352
მე არ მითქვამს საღვთო წიგნი თავ ბოლომდინ სრულ ერთპირად,
სადა გინდ რამ მოვიყვანე მუნასიბათ, არ ავ-პირად,
არ ადვილი მოსაგონი, ვეჭვ თქვენც ხედავთ გასაჭირად,
მე იეფად ყოვლთა მოგეც, რუსთველი ჰყიდს თუცა ძვირად.

353
ვინ სრულ ინებოს, ვით შესძლებს ინს არ აკლებდეს, ან ბანსა?
ვინცა დააკლებს, რას ბძანებს, ცოდვას იდებს თუ ან ბანსა?
ნამეტან ნაკლებისასა ის სჯობს, იწვრთიდეს ან-ბან-სა,
დაწერას მათსა იმღერდეს, გინა იტყოდეს ან ბანსა.

354
ვსჭვრეტდი წიგნებს მონასტრებში უბუდობით სულა ობდეს,
სიტყვა მათი სასურველი საუკუნოდ გვიფასობდეს,
საღვთოსა და საკაცობოს ორსავ კარგათ შეამკობდეს,
მას ყურს არვინ ათხოებდა, ცუდმუდებზე ბაასობდეს.

355
საღვთო წიგნი ბევრი წახდა უყდოთა და უბუდობით,
საშაიროს ინახევდენ სტავრის ბუდით, ან ნახლობით.
უმჯობესი დაივიწყეს წესის რასმე აწ ახლობით,
სიმართლესა მრუდზედ სცვლიან სიცრუვისა მომზახლობით.

356
სრულ იქმნა წიგნი ბაასი ეს კაცისა და სოფლისა,
წელს დასაბამით შვიდათას-ას-ოთხმოც მეთორმეტისა,
აშთარხანს კაის ქალაქსა, მაგრამ ჩემს არ სამყოფლისა,
ზამთარ მწვე ცივსა; დიახ ცხელს ზაფხულ, მდენელსა ოფლისა.

357
ამავ წელიწადს ოცდათს მარტს აღდგომა გათენდებოდა,
ნაკი მოჰქონდა ფებერვალს და ოცი ზედნადებობდა,
ჩემის წელისა ჩამოსვლა ოცშვიდმეტად თავდებოდა,
ქრონიკონისა ასონი ტარონი, ბანი ჯდებოდა.

358
თუ არ ვთქვა, ვიცი დარჩება ბოლოჟამ გაუგონარად,
თუ ვთქვა და არ დაიჯერონ ეს ადვილ მოსაგონარად.
სამ თვე გათავდა ეს წიგნი, სულ ჩაიგდება ონარად,
იანვრით ოცდათ მარტამდის, ხან-კიდეც ვიყავ მცონარად.

Sunday, July 16, 2017

ახალი წიგნები


1) მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი – “ისევ შენამდე” (ლექსების კრებული), თბილისი, “საქართველოს მაცნე”, 2017;

2) ფრიდრიჰ ჰიოლდერლინი – “ემპედოკლე” (ტრაგედია, თარგმანი გერმანული ენიდან), თბილისი, “Carpe diem”, 2017.

მათი შეძენა შეიძლება წიგნის მაღაზიებში – ლექსების კრებულისა მაღაზიაში რუსთაველის # 16 (რუსთაველის თეატრის შესასვლელის პირდაპირ), ხოლო “ემპედოკლესი” – როგორც ამ მაღაზიაში, ისე “ბიბლუსის” ქსელის მაღაზიებშიც.


ქვემოთ მოვიყვანთ გამომცემლის მცირე ანოტაციას ჰიოლდერლინის “ემპედოკლეს” შესახებ და ასევე პოეტისა ფოლკლორის მკვლევარის ბატონ კობა არაბულის წინათქმას კრებულისთვის “ისევ შენამდე”.

ანოტაცია 

კლასიციზმისა და რომანტიზმის ზღვარზე მყოფი დიდი გერმანელი პოეტის, ფრიდრიჰ ჰიოლდერლინის, ტრაგედია «ემპედოკლე» (1800 წ.) ეძღვნება ძველ ბერძენ მოაზროვნესა და სახელმწიფო მოღვაწეს, პოეტსა და მკურნალს, ემპედოკლეს (483-423 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე), რომელიც ლეგენდის მიხედვით გავარვარებულ ეტნაში ვარდება და ამით ის ერწყმის ბუნებას, კვლავ უბრუნდება ბუნების წიაღს, კვლავ აღადგენს ადამიანისა და ბუნების ერთიანობას.

თუმცა ჰიოლდერლინი ძველი საბერძნეთის მონატრებას შეუპყრია და ანტიკურ ფორმებს ირჩევს, მაგრამ ლირიკული დრამა პოეტის თანადროულია. ნაწარმოები აგებულია პირად განცდებზე და რომანტიკული ფილოსოფიის საფუძვლების თანაზიარია. პოემის შინაარსი სოციალურ-ზნეობრივი კონფლიქტის ფონზე ვითარდება და იხატება სიძულვილისა და სიყვარულის ურთიერთდაპირისპირება.

თავად ფრიდრიჰ ჰიოლდერლინი «ემპედოკლეს» თავის მთავარ ნაწარმოებს უწოდებს; მთავარი გმირის სულიერი დრამა პოეტისთვის ერთგვარ თავშესაფარს წარმოადგენს, რომელსაც სუზეტე გონტარდთან – დიოტიმასთან ურთიერთობათა გაწყვეტის შემდეგ განმარტოებულად ერთ თვეში ასრულებს. მკითხველის წინაშე ნაწარმოები მრავალი ასპექტით იშლება, რომელთა ამოხსნაც საკმაოდ რთულია.


წინათქმა 

“ისევ შენამდე” – ასეთი სახელდება აქვს ამ ლექსების წიგნს, რომლის ავტორიც გახლავთ მარიამ ქსოვრელი.

როგორც კამკამა მდინარეში შედიხარ და თევზების ჭერას იწყებ ქვების ქვეშ – ასეთი შეგრძნება გრჩება ამ წიგნის კითხვისას – მიჰყვები ლექსთა ჩუმ მდინარეს და ვეღარ გამოდიხარ...

* * *

ქრისტეს მოწაფენიც მეთევზენი იყვნენ, რომელთაც “თევზნიც” გამოჰყავდათ წყალთა წიაღიდან: სხვა კაცობრიულ საიდუმლოსთან ერთად. და, სწორედ ისინი იქცნენ ქრისტეს მცნებათ შემთვისებლად და პირველ მაცნედ...

შვიდი კარი აქვს ამ წიგნს, შვიდ სანთელს უნთებს უფალს მარიამ ქსოვრელი. ყველა კარი უფლისკენ იხსნება: “უფლისადმი”, “ჩვენი მეოხნი”, “მშობლიური”, “ლოცვა”, “ჭიდილი”, “დაკვირვებანი”, – (“შეგონებანი”, “სურათები”...)


* * *

მშობლების სიყვარულიც უფლის სიყვარულის ნაწილია; მარიამის სიტყვას ლექსად გადათქმულს – იმედისკენ, სათნოებისკენ, სიკეთისკენ მივყავართ... იგი მუდამ წინაპრებისკენ არის გადახრილი:

ძველ თაობებში გვიდგას ჩვენ სული,
და ეს სიცოცხლე – ეს ნაბოძვარი –
უნდა დავიცვათ, გადავცეთ შვილთა!..

მართლაც არ არის ადვილი “სიცოცხლის მოვლა” და “მოფრთხილება” – სამზეოზე მოსულთა მისიის შეცნობა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა! სწორედ ეს “გადაცემა” არის სიცოცხლის არსი და უწყვეტი პროცესი:

ეს ჩუმად მეტყველ უფლის წიაღში
დავანებულთა კრთომაა თბილი...
ბუნებრივად მიწად ქცეულნი –
სულნი წარსულნი –
აწ უმოქმედოდ – ძველი ქმედებით წარმოსახულნი...

- - - - - - - - -

თანდათან ვხვდები –
წინაპართა სათუთი ლოცვით –
ჩვენ აქ მოვსულვართ...

უფალია შემწე და დამძლევი ჩვენი უმწეობის. უფლის წიაღში დაბრუნების მუდმივი ნეტარება გასდევს ამ “ლექსთა ხომლს”, ჯგუფად რომ კრთიან და “ბინდ-ბუნდობენ” მრუმე სივრცეში.

ეს ყველაფერი ჩვენ ყველამ ვიცით:
ძნელი არის გადასვლა იქით...
ჭირისუფალი ახლოს გრძნობს უფალს –
მით ითმენს ტკივილს...

წამსვლელთა და დამრჩენთა “ელეგიები”, გაზაფხული უფლის შემწეობის ნუგეშით გაფოთლილი...

განფენილია უფლის ქვეყანა
სამყარო მთელი...
ვიღაცა მიდის სამუდამოდ, რჩებიან შვილნი...


“შვილთა დარჩენის” – ეს მარადიული განცდა შველის სიცოცხლეს. და მარიამის ლექსებს არც ფილოსოფიური, არც მეტაფიზიკური ჭვრეტა აკლია. მის პოეზიას გასდევს მსუბუქი ნაღველი, როგორც მზიან ველზე ჩამდგარ ჩრდილებს.

დიდი ხანია რომ წესად მექცა
მარხვა, დათმენა და ლოცვა გულით...

მარიამი მართლაც ასეთია: იგი ითმენს და ლოცულობს, ლოცვით და დათმენით შემოდის ჩვენში, მისი თბილი, კეთილი სურვილები: გვეფერება მისი სულის ჰაეროვანი ნიმბი:

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი “ცრემლიანი წყალი” “ალტობს “მიწას გადაფოთლილს”, არც სნება და ავადობაა მცირედ ადამიანთა მიწიერ სახლში: მაინც:

კვლავ უფლის ქებად
და სიხარულის გამოვლენად გვიჩვენე თავი...

- - - - - - -

სხეულში შეჭრილ ავადობას ებრძოდი მედგრად
მრავალი ვნება გადაიტანე,
გამოხველ თმენით!..

ასეთია მარიამის შინაგანი “მე”. განსაცდელ დაძლეული და ადამიანურ ვნებათა ჭრილში თმენით ჩამდგარი... საკუთარი სიტყვით და ლექსით გაძლიერებული.

* * *

ახლა კვლავ პირველსავე სიტყვას მოვალ და თავში სათქმელს ბოლოში ვიტყვი:

მარიამ ქსოვრელის სამშობლო კავთის ხევია: დიდებული ისტორიული ხეობა: “შედედებული და ჩამთბარი” წინაპართა სამარხებსა და ციხე-გორებს შორის; ჯერ აკვირტული და მერე ჩამწიფებული ხილის ბაღებით: არეკლილი კავთის ხევის მოლივლივე მდინარე კავთურაში. აქ ძველი სახლები და სამაროვნები ისტორიის სუნთქვას გაგრძნობინებენ: და გეუფლება სამშობლოს მისტიური განცდა!..

როცა მარიამ ქსოვრელის ლექსები წავიკითხე, მაშინვე შატბერაშვილის “თვალადური ჭაშნიკი” გამახსენდა: ქართლური ენა, მისი სინატიფე, ბუნებრიობა და ხატოვანება, უბრალოება, მაგრამ სიმდიდრე: მარიამი სწორედ ამ ენაზე წერს: მას წინაპართა სულის და ლოცვის ნათელი ადგას:

მარიამი შესანიშნავი მთარგმნელია: როცა მის მიერ თარგმნილი ანგელუს სილეზილი და ჰოლდერლინი წავიკითხე: მაშინვე გავიფიქრე, რომ ეს თარგმანი შესრულებული იყო პოეტის მიერ! და კიდევ: მას სრულიად განსხვავებული სტილი ჰქონდა: რაღაც უცნაურად ბუნებრივი სინტაქსი და სიტყვათა შერწყმის მანერა – ისეთი უბრალო – ბალახი რომ ამოდის... ეს მაშინ კიდევაც აღვნიშნე...

აი, ახლა, როცა მისი პოეზიის წიგნი მიდევს წინ, გამახსენდა ის თარგმანი: პოეტის მიერ შესრულებული: და ისევ “თვალადური ჭაშნიკით” – შემკული მისი პოეზია.

მისი ეს ლექსები განათლებული, მლოცველი ადამიანის დაწერილია! – თითქოს შუა საუკუნეთა საგალობლებიდან მოწევნული, ძველიდან მოსული. იგი სრულიად განირჩევა თანამედროვე ქალთა პოეზიისაგან: მათ აქვს თავისუფალი ლექსის ბუნებაც და რითმული და რიტმული დინამიკაც.

თავისი სისუფთავით: მარიამის ლექსები თითქოს ბავშვის ნახატებია: მზეები, ენძელები... სახლები: ბოლი რომ ადის ლურჯად და სარკმელში მთვარე რომ იხედება...

მარიამ ქსოვრელის ლექსების წიგნი ერთიანი და მთლიანია: ხატის ხბოებს რომ გაუშვებენ მინდორში და ნაღვლიანი თვალებით შემოგყურებენ: ასე იხედებიან ისინი ერთად და ცალ-ცალკე... და გამშვიდებენ: შინაგანი “მოგურგურე” ემოციით...

ბევრი რამეა საგულისხმო ამ ლექსებში: ზნეობა, სული, სამშობლო, მშობლები... მასზე ფიქრი და განცდა: მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით საგულისხმოა მოკრძალებული, თავმდაბალი ქალის სახე: რომელიც იხედება მისი ლექსების სარკმლიდან! – (მით უფრო ამ გენდერული პარანოიდული ეიფორიის ფონზე:)
ბარაქალა შენ, ჩემო ძვირფასო ნიჭიერო ქალბატონო!

კობა არაბული 
პოეტი
ესსეისტი, კინოდრამატურგი,
ეთნოკულტურათა მკვლევარი


Sunday, July 9, 2017

1920-იანი წლების გლობალიზაციის «მარგალიტები»

საბჭოთა ხელისუფლება როგორც მთლიანად რუსეთში, ისე საქართველოშიც გლობალიზაციის მიმდინარეობა გახლდათ, ისევე როგორც მაშინდელი სრულიად რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია (რსდმპ) მისი მენშევიკური და ბოლშევიკური განშტოებებით. და ამის მკაფიო დასტურია მარქსიზმის მთავარი ლოზუნგი – «პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით», რასაც აქტიურად ეხმიანება და მისდევს კიდეც კონსტანტინე ლორთქიფანიძის 1920-30-იანი წლების მთელი შემოქმედებაც. ასე, რომ, დღევანდელი გლობალიზმი ახალი მოვლენა არ გახლავთ და მისი არცთუ შორეული წინაპრები და წინამორბედნი იმ ავადსახსენებელი კომპარტიის ბელადები და მეხოტბენი არიან – «შრომის მსოფლიო ძმობისთვის», «მთელი მსოფლიოს მშრომელების გაბედნიერებისთვის», «მთელ დედამიწაზე სოციალური თანასწორობის დამყარებისთვის» მონდომებული და თავგამოდებული ადამიანები. და როგორც დღესაც, XIX-XX საუკუნეებშიც ისინი თავისთავად არ წარმოშობილან და განვითარებულან, არამედ გარკვეული მსოფლიო ძალები აძლევდნენ მათ დასაბამს და დახმარებას თუ მხარდაჭერასაც აღმოუჩენდნენ, ფინანსურსა და სხვა, როგორც დღესაც. ქვემოთ გთავაზობთ ასეთი წესით განვითარებული იდეოლოგიის ერთერთ ნიმუშს, რათა მკითხველმა უფრო თვალნათლივ იხილოს როგორც მაშინდელი გლობალისტების მისწრაფებები, ისე დაინახოს კავშირიც უწინდელ და დღევანდელ გლობალისტურ იდეებს, ასევე მათ მეთოდებსა და ხერხებს შორის.

ქვემოთ შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ვრცელ ამონარიდს კონსტანტინე ლორთქიფანიძის ლექსების კრებულიდან «ღიმილი», რომელიც თბილისში 1927 წელს იქნა გამოცემული.

ირაკლი ხართიშვილი 

კონსტანტინე ლორთქიფანიძის კრებულიდან «ღიმილი» (სახელგამი, 1927 წ.) 

ბრძოლებში გამოწრთობილ ლენინის თაობას
საქართველოს ბოლშევიკურ პარტიას



ციკლიდან: პოეზია 

პოეტი 

მშრომელთ

თქვენ გადათხარეთ მიწის მკერდი ცეცხლით და რკინით,
თქვენ დაიუფლეთ სივრცეები, ზღვები, მდინარე;
ყოველ საგანში თქვენი ნება ძლიერი ჰკივის,
მაგრამ არც მე ვარ ხელდაკრეფით ან და მძინარე.

თქვენ ამუშავებთ რკინას, ფოლადს, აბრუნებთ ჩარხებს,
მე კი თქვენ შრომას მშობელივით მინდა ვუარდე;
მუდამ თქვენში ვარ, სიხარულით თქვენ გულებს ვარხევ,
როს გაგრძნობინებთ ამ სიცოცხლის გამთბარ ჟრუანტელს.

მჭედელს ჩაქუჩი არ დაუკრავს ისე ძლიერათ,
როგორც მე სიტყვა, გავსებული მქუხარე რისხვით;
ვერ აწვალებდა ყვავ-ყორანი ისე ამირანს,
ვით ჩემს გულს ლექსი, თუ მოუნდა დალევა სისხლის.

ცხოვრების ტკივილს კაცი ხშირათ ლექსებით უძლებს,
სიტყვების სიღრმე უძიროა, ვინ გადაზომავს;
გინდა მოხუცო შენს მოკეცილ, უსისხლო გულზე
კვლავ ავაგორებ დაქანებულ ახალგაზრდობას.

სევდის მორევმა თუ ოდესმე გადაგითრიათ,
მაშინ ეს ლექსი მშობელივით ჩაგეკონებათ.
რამდენჯერ მშიშარ კაცის გულში მე დამინთია,
ბრძოლის სურვილი და მხედრული ატორტმანება.

ყველაზე მეტად მიწიერი მიწიერთ შორის,
ყველაზე მეტად მოყვარული ადამიანთა –
პოეტი მაშინ გავივსები სიმწუხრის შმორით,
თუ სიტყვა ტკბილი ჩაგრულთათვის დამიგვიანდა.

1925 წელი.

შეხვედრა 

აკაკის ძეგლთან

ღამეა, ნისლი, ფიფქების გროვას
სახეზე მაყრის ქარი სიცილით,
ვიცი ამაღამ ცა სულ ჩამოვა
და ჩამოგვართმევს ხელს მოხუცივით.

ქუჩაზე გული აღარ ჩერდება:
ქუჩაზე არ სჩანს კაცის ნასახი:
ბაღში შევდივარ და მეჩვენება,
სხვა ქვეყანაში თითქო დავსახლდი.

აქ შარდევანთან როგორც ქალწული,
თეთრი ყვავილი დაეცა მტვრევით.
გზა აბნეული და მოქანცული,
ტრიალებს თოვლის რძისფერი მტვერი.

მე ჩამოვჯდები აკაკის მხართან,
ზეცა ფიფქების გვირგვინს გვახურავს;
შორიდან მოსჩანს მთაწმინდის კალთა,
ვით გაყინული დიდი ღამურა.

სავსეა მთვარე უბეს გაივსებს
და თოვლის ტბაზე ყვითელ რძეს დაღვრის,
ჩვენ კი ვსაუბრობთ და მხოლოდ გვისმენს,
ყრუ, დაქცეული პატარა ბაღი.

– სიცოცხლით შეზრდილს ხალხის აკვანთან
დღეს შემაწუხა მე სიმარტოვემ,
ძველი სამარხი მამა-პაპათა,
რათ დაივიწყე, რათ მიატოვე!

ლექსი საკუთარ სისხლით მიღებავს,
ლექსი ტკბილი მაქვს ნანინასავით...
რატომ არ არის თქვენი სიმღერაც,
ჩემებრ სინაზის გულში მთესავი.

დიდო მოხუცო, ნუ გაიკვირვებთ,
ჩემი სიმღერა შენს თუ ერჩევა;
ბარიკადებზე ვინც დაიყვირებს,
ხმაში სინაზე აღარ შერჩება!

თქვენს თავს ათასი ვინმე უვლიდა,
თქვენ საცხოვრებლათ გქონდათ ბაღები;
ჩვენ კი გვდიოდა სისხლი გულიდან,
როს სარდაფების კარებს ვაღებდით.

რა არის გულზე ლექსების ჯვარცმა,
ჩვენ გულიც ლურსმანს ჩამოვახიეთ;
დიდო პოეტო, ლექსების ნაცვლათ,
მე სისხლი ქუჩას გადმოვანთხიე.

აი თქვენ ეხლა დეკემბრის ქარში,
გარეთ ხართ ერთხელ, სულ მარტოთ-მარტო...
და ისე გცივათ, რომ ყოველ ხმაში
მე გამჩნევთ სადმე თბილ ოთახს ნატრობთ.

მე კი ოთახი სურვილებს მიკლავს,
რა გამაჩერებს როგორც მუმიას:
ნეტავ იცოდე თუ რამდენ გრიგალს
ჩვენს გულზე ერთად გადაუვლია.

თქვენმა გზამ ბაღში გადაიარა,
სიკვდილის შემდეგ ბაღს ვერ შორდებით,
როგორ ვიმღეროთ ჩვენ ერთნაირად,
როცა ქუჩაა ჩემი მშობელი?

ტფილისი.1925 წელი. დეკემბერი.

ციკლიდან: მინიატურები 

სიცოცხლისათვის 

ხშირია ღამით, როს ადამიანს
აედევნება ფიქრების გროვა;
არყოფნის წამი გულში გაგიარს
და უნებური ცრემლები მოვა.

მაგრამ მე ლექსებს არ დავწერ მაშინ,
არ ვიტყვი: – ქვეყნათ არვის ვახსოვარ!
მე უფრო მიყვარს მძვინვარე ქარში,
სიცოცხლის მგვრელი ლექსის გასროლა.

დღეს უნაყოფო ლექსებს ვინ გაცლის,
იგი ცხოვრებამ გაატიალა;
მწამს, სიხარული ნიჭია კაცის
და ეს ქვეყანა სავსე ფიალა.

გაბოროტებულს რამდენჯერ ღამით
ჩემს სხეულიდან სისხლიც მიღვრია;
მაგრამ ცხოვრება თავისი შხამით
კომუნარ-პოეტს მე მიმიღია.

1926 წ.

ვიღაცას ჩემთვის 

ვიღაცას ჩემთვის თოვლიან ღამით
ტკბილი ცხოვრების ზღაპარი უთქვამს;
– რა კარგი არის ცხოვრების შხამი
როცა არ გაწევს, როცა არ გხუთავს.

ბავშვურ დღეების დაშლილი ტივი
ნუ დაბრუნდება, ნუ დაბრუნდება;
გულ აჩუყებულ ნორჩობის ტირილს
ვერ ურიგდება ჩემი ბუნება.

ჩვენ უჩვეულო ხანაში ვცხოვრობთ,
დღეში ღმერთიც კი ათასჯერ კვდება;
გუშინდელ გრძნობებს რა ცეცხლი ვთხოვო
თუ დღვანდელიც დღესავე ჰქრება?

სწრაფია, სწრაფი დღეთა გორება,
სწრაფი ვართ ყველა, უღვინოთ მთვრალი:
რომ არ ჩამორჩე – ამ სწრაფ ცხოვრებას
დღევანდელ გულში ჩაასე თვალი.

1926 წ.

უსმენ სიჩუმეს 

უსმენ სიჩუმეს ხმაგაკმენდილი,
მივყვები მთისკენ მიმავალ შარას,
და ღამე როგორც დიდი წერტილი
მოდის, მოგორავს მიწაზე შავათ.

ათასი ფიქრით გამოდევნილი
თქვენთან მოვდივარ კალთებო მთისა;
ღამეა, მიწვა ბაყბაყ დევივით
მუხლ-მოკვეთილი ხმაური დღისა.

– დროთა ტრიალში შენც დაეცემი
და ხშირათ შავი ფიქრები გაგხვევს;
ცხოვრებას მაინც ვერ გაექცევი,
როგორც სარკეში საკუთარ სახეს.

როცა ცხოვრების გულზე ჰკიდია
გაცოფებული დღეების წყება,
ჰამლეტობაზე უფრო დიდია
დონკიხოტური თავდავიწყება.

1926 წ.

ხან სიტყვა 

ხან სიტყვა მოგავს ზღაპრულ გოლიათს,
ხან ქალწულივით სინაზეს იშლის;
ლექსიც ხომ მისთვის მოგონილია
რომ დაგვავიწყოს სიკვდილის შიში.

რკინის ეპოქის ნაკვამლი ფარდა
ბურავს და ახრჩობს მწვანე ბუნებას;
ველებო, თქვენზე ლექსების გარდა
ტკივილით არვინ მოიღუნება.

ვხედავ რომ ცაზე გადაუშლიათ
ვარსკვლავთ მაგიერ ფრთოსანნი შავი;
ვხედავ რომ მალე ხალხის გულშიაც
ჩაჯდება ტვინი, ცივი და მშრალი.

გულში გრძნობები აღარ დარჩება,
ციფრები გვაქცევს კაცებს მონებათ –
და მაშინ ხალხის გადასარჩენათ,
ქვეყანას ლექსი მოაგონდება.

1926 წ.

ციკლიდან: ღიმილი 

ლენინ 

დღეს სულგანაბული ვიქცევი ფიქრებათ,
ხსოვნა დაამძიმებს გონებას ლოდივით...
და წუთით ისეთი დუმილი იქნება,
როგორც უდაბნოში ქარიშხლის ლოდინით.

დღეს ისე შევხედავთ ჩვენ ერთი მეორეს,
ისე ერთნაირი გრძნობები მოცვივა,
რომ ვიგრძნობთ უსიტყვოთ, ლენინის მეომრებს,
გულშიაც ლენინის სისხლი და ხორცი გვაქვს.

ჩვენ ძველი ცოვრების გარდაქმნას უნდებით,
სუნთქვაც ხომ რა არის, მასაც შევედავეთ...
და მჯერა იქნება ისეთი წუთები –
როდესაც სიზმარშიც ლენინს შეხედავენ.

როცა დაიბადე ცივ ვოლგის ნაპირზე,
არ ვიცი მოვიდენ თუ არა მოგვები;
მე ვიცი მხოლოდ რომ შენს განვლილ მანძილზე,
უბრალო ქვაც არის სიცოცხლის მომგვრელი.

ცხოვრება ჩვენია და ნაცვლად მახვილის,
ქუჩებზე ელავენ ქარხნების ალები;
მეც ვმღერ: თუ მომესმა ბრძოლების ძახილი,
დავაგდებ კალამს და ხმლით დავტრიალდები.

გასწორდით, ვინა სთქვა ბრძოლები გათავდა,
პარტიის ფოლადი – მკლავი ვინ მოღუნა?
დავიცვათ, ვაშენოთ, მზათა ვართ, მზათა ვართ
სისხლში გაბანილი დროშა და კომუნა.

1926 წ.

ღიმილი 

რა ვქნა, თუ ვერ მოვშორდი გაშლილ ველთა სიმშვიდეს
და განთიადს ღობესთნ;
მითხრეს გული გიშრება, დროა გრიგალს იშლიდე,
ნუ თუ ცეცხლი მოგბეზრდა!

ვფიქრობ; მართლა ასეა და ეს გული გომბორა
გაშრა გამხმარ მორივით,
ეგებ დამნაშავეა, რომ ჩემ გულში მოგორავს
სიყვარულის მორევი?

ღამე – შავი ღამურა ჭადრებს გადმოეხურა;
ვსვამ სიჩუმეს თვალებით...
პასუხს შენგან მოველი, ცაო, შენ გინახულე...
მითხარ, ხომ გებრალები!

მაშინ ზეცა შეირხა და ჩურჩული მომესმა:
– ვინ არის უმადური!
შემომხედე, ხომ გახსოვს მეც ვიყავი ოდესღაც
გრიგალის საბადური.

გახსოვს, როს მობღაოდა შავ ღრუბლების ქარავანს
ქარი, როგორც აფთარი,
გაიხსენე დღეები როცა ჩემ თვალს ფარავდა.
ქარიშხლების ფაფარი!

ეხლა ცა მოფარჩულა, ქარიშხალი ჩაჩუმდა;
შორს ღრუბლები მიდიან,
და ასეთ კარგ ღამისთვის ცას, მგონია, საჩუქრათ,
გულზე მთვარე ჰკიდია.

კაცის თვალი შეამჩნევს შორს ვარსკვლავის შერხევას,
ცა ისეა ანკარა...
ნეტავ ვარსკვლავთ ფოთოლი ცის შტოებს რომ ეხვევა,
თავზე გადამაყარა.

ყვავილს გვერდს არ აუარ რომ არ მოუალერსო,
ყლორტებს ცისკენ აღერილს;
დღეს ცხოვრებას ღიმილით ბაგეები გაევსო,
მეც ამ ღიმილს უმღერი...

უმღერ ველებს, განთიადს, გოგოს მკერდებ ფიქალოს...
მთვარითაც გულს გავითბობ;
და თუ ბრძოლა მომთხოვეს, თუ წამოდექ, გრიგალო,
მაშინ გულს შენ დაგითმობ!

1926 წ.

წინაპრებს 

ასწიეთ თასი, გამოსცალეთ: ყოველი მხრიდან
ჩვენს შორის ჩატყდა სამშვიდობო გზა იარალი;
ვიგონებ იმ დროს, როს ქართლოსის მზეს მკლავით თხრიდა,
პატარა კახი ირემივით ციდან მყვირალი.

დარიალიდან დერბენტამდე ყოველი თხრილი,
გულებ დალეწილ რაინდების არის სამარე:
გამხმარ თვებით აშენებულ ქედების ირგვლივ
დავდივარ როგორც უცხოელი ცნობისმოყვარე.

მომაგონდება როს არაბთა მძვინვარე ხროვამ,
დევის მუხლივით შეგინგრიათ გულის ფიცარი:
დროთა ტრიალმა ჩვენ ერთმანეთს გამოგვათხოვა,
ჩვენ წინაპრებო, ერთმანეთი გადავიცანით.

თუ თქვენ კისერზე დაიმტვრიეთ ოსმალოს ხმალი,
ჩემთვის ერთია დღეს ერეკლე და მამად-ხანი...
დღეს შემოგვხედავს მეგობრულათ აზიის თვალი,
ერთ დროს მრისხანე სააკაძით გადანათხარი.

რა უყოთ მერე, რომ სიცოცხლე ჩემიც აქ ენთოს...
ეს რას მავალებს! მე სიცოცხლეს სხვა თვალით უმზერ;
არ არის სივრცე, რომელმაც დღეს ჩვენ შეგვაერთოს,
არ არის სიტყვა, ერთნაირად რომ მოგვხვდეს გულზე.

არ მეშინია უცხოეთშიც ბედის მოღუნვის,
ტკივილს ვერ მომგვრის მე სამშობლო მიწის სიშორე;
თუ სადმე ელავს გაბასრული ხმალი კომუნის,
მე ჩემს სამშობლოს ქვეყანაზე ყველგან ვიშოვი.

1926 წ.

სიკვდილი 

ყორანივით მოფრინდა ღამე აუტანელი,
ქარი, ვით მეფანდურე არ მასვენებს ზუილით:
და ყვითელი ფოთოლი, ხიდან ჩამოტანილი
ჩემს ფანჯარას დაეცა თითქო ხელის გულივით.

ნეტავ მალე გათენდეს, თვალნი ღამე ნათევი
საით მიგყავს მითხარი, ფიქრო, ბნელი ღამისა!
გულში რეკავს სურვილი, წლიდან წლამდე ნათრევი,
– უხილავი ცის გული ნეტავ წუთით გამიხსნა:

ვინატრებდი: ღრუბლებში მოცურავე მთვარიდან,
იღვრებოდეს ოთახში სიხარულის მორევი:
ჩემი ლექსი სიცოცხლის სიყვარულით მთვრალია,
სიკვდილამდე დარჩება მომღერალი ცხოვრების.

უცნაური ღამეა, მაწევს მძიმე ლოდივით,
არ მასვენებს, დამჩხავის, ძილი არ მეკარება...
დავწვები და ფიქრები იდუმალნი მოდიან
და მგონია ვიღაცა დგას ოთახის კარებთან.

მესმის ფრთხილი კაკუნი, მძაფრი და ერთნაირი;
გულში შიშის წვეთები ირევა და მაღვიძებს...
ფიქრი ქუსლეფ-აკრებით კარებისკენ გაივლის,
უხმობს, უხმობს, უხილავს: – ჰა, შემოდი, გამიძეხ!

უძილობის წუთები ასე მიდის დილამდე,
რა ვქნა, ვერ მოვითმინე და შევსძახე:
– ვინა ხარ! მაშინ სწრაფად კარები შემოაღო სიკვდილმა,
ცელით, ჩვეულებრივათ, როგორც წიგნში მინახავს.

მოახლოვდა, საწოლთან დადგა ძონძის შრიალით;
ტუჩზე ცივი ღიმილი გააცურა გველივით:
გამეცინა, ვუთხარი; – ბინა ხომ არ შეგშლიათ,
ეგებ მე თქვენ გგონივართ ტაბიძე ან გრანელი?

ეხლა ცელებს ველებზე გლეხებიც არ ხმარობენ,
თორემ მუხის გადაჭრა ცელით ვინ გაიგონა.
მეც მუხა ვარ, ფესონი ისე მაგრათ ხარობენ,
შენისთანა ათასი გულზე გადაიგორა.

ხვალ რომ ვეღარ დავესწრო ამომავალ განთიადს,
მზეს რომ დაუგვიანდეს, გული ამოიყვირებს...
ხედავ, გულში სიცოცხლე კოცონივით ანთია,
ინდუსტრიის ხანაში სიკვდილს ცელით მიპირებ?

ვაჟკაცს მაინც მოგავდე, ვინმეს შეუყვარდები;
მხოლოდ შენებრ ფერმიხდილ პოეტების ხასა ხარ:
მომშორდი, დრო გავა და გნახავ ისე დადნები,
მათაც შეეზარები ახლო დასანახავათ.

შემობრუნდა, თეთრდება ღამე აუტანელი;
მხოლოდ ქარის ფანდური არ მასვენებს ზუილით;
და ყვითელი ფოთოლი, ხიდან ჩამოტანილი
ჩემს ფანჯარას დაეცა თითქო ხელის გულივით.

1926 წ.

წერილი ნოე ჩხიკვაძეს 

სიკვდილიც პოეტს ვერ ჩამოხსნის გოლგოთას მხრიდან
წაიღე სევდა, სამარეში თვალი გებურვის
როს მონგოლივით გაყვითლებულ მთვარეს შეხედავ
მოგაგონდება სამშობლოში ქუსლი თემურის.

ნეტავ მანახა შენი სახე გაუხარელი,
ნეტავ ვიცოდე სამუდმო ბინა სად ჰპოვე:
ამოგძახებდა კაცს შემოსილს სიმწუხარეთი:
– საქართველოში დღეს ყვავილიც გამოზრდის პოეტს!

წინამორბედო, ჩვენს მხრეში ცეცხლი მოვიდა;
უკუღმართობა ქართლის ბედის გადაიარა...
დროა, პოეტო, ანთებულ ცის კაბადონიდან,
გადმოიხედო ვით ახალმა ადამიანმა.

შენც ხომ მღეროდი აქ მჭედლების საომარ ხმაზე,
შენი ლექსიც ხომ «მონა-ქალის» ტრფობით ანთია...
ნეტავ გენახა დღეს ისინი გაკრულნი ხმალზე,
როცა ხვდებოდენ გამარჯვების წითელ განთიადს.

ვის რათ უნდოდა ამ დღეებში, ფშაველას ხარის
მთიდან ბღავილი ან ქუხილი ბარათაშვილის;
როცა გულიდან ხმა – საომრათ ამონათხარი,
ქვეყნის დამამხობ წარღვნასავით იყო გაშლილი.

როცა მიწაა გახვეული სისხლში და ქარში,
ვიღამ იფიქროს მოშაირის რითმების ნავზე:
ათასს აბაშელს, ათასს მერანს გავცვლიდით მაშინ,
თითო მეომრის ხმალის მარჯვე შემოქნევაზე.

ნეტავ მანახა შენი სახე გაუხარელი,
ნეტავ ვიცოდე სამუდამო ბინა სად ჰპოვე:
ამოგძახებდი კაცს შემოსილს სიმწუხარეთი:
– საქართველოში დღეს ყვავილიც გამოზრდის პოეტს!

1926 წელი.

რამდენიმე სიტყვა სერგეი ესენინს და სხვებს 

შევსვამთ საწამლავს ჩვენ როგორც მირონს!
ლექსი «ესენინ». ტ. ტაბიძე

ახლა ლექსიც დავიწყე, ირგვლივ არ სჩანს არავინ,
ღამე არის და გული მოგონებით აძგერდა.
შორს ქუჩიდან მიმქრალი, ფერმიხდილი ფარანი,
ესენინის ჩამოხრჩვალ თავივით დამაცქერდა.

მწუხარებამ შემიპყრო, მსურს გავძახო: – მავნეა,
შენი უკანასკნელი ხულიგნობა ესენინ!
განა ჩვენი ცხოვრება ისე ჩლუნგი რამეა,
სასიკვდილოთ თოკზე რომ გადმოჰკიდო კისერი?

დღეს, როდესაც ქვეყანამ მოიგლიჯა ბორკილი,
შავ სიკვდილზე ფიქრებსაც არ იკარებს გონება;
სჯობს გრიგალი კისერზე მოვიხვიოთ თოკივით,
საწამლავის მაგიერ დავლიოთ ეს ცხოვრება.

 1926 წელი.

მე და შენ 

ამბობდა ოხვრით: – რათ გაგიცანი,
თუ კი შენ ეხლა უნდა დამშორდე;
რად გადამიპე გულის ფიცარი...
ო, უბედური, ბედო, რათ მშობე!

აბა ესენი სად შემიძლია,
რომ ვიყო შენი ერთგული ქმარი;
ან მითხარ, მითხარ თუ მომიცია,
შენთვის ოდესმე სიტყვა ამგვარი.

თითონ არ ვიცი ხვალ რა მომელის,
ჩემთან ცხოვრება არ მსურს გირჩიო...
გულში ზედმეტი ფიქრების ქსელი,
რათ გინდა, ქალო, რომ გამიჩინო.

მე შენ გულქვავი ნუ გეჩვენები,
ჩემშიც ტრიალებს ტრფობის ალმური...
მაგრამ ერთ ფიქრზე ვეღარ ვჩერდები
ათასს იდუმალ ფიქრით ნაბური.

ოჯახზე ფიქრი გამიხმობს ისევ,
მოუმწიფებელ ფიქრების მტევანს...
ქალო, ამაოთ იკაწრავ კისერს,
მითხარ მშვიდობა და მომიტევე.

1926 წელი.

ქუჩაზე 

უეცრათ მე შემხედეთ, გამიღიმეთ მაცდურათ;
ჩემი თმები ხუჭუჭი მგონი ბუჩქი გეგონათ...
ნაზათ მომიახლოვდით, ხელი გადააცურეთ
და ჭაბუკის თვალები თვალებს გადაეკონა.

თქვენ მითხარით: – მძიმეა ამ ქალაქის ხმაური,
მომენატრა სოფელი გულს ფოთლით რომ იქსოვდა...
მეგობარო, ქალაქმა ტკბილი, სხვა სიყვარული
მოძველებულ ჩვარივით სადღაც გადაისროლა... –

გიპასუხეთ: – დავშორდეთ, ჩვენ არა ვართ ტოლები.
თქვენ უბრალო გუგუნი ტრამვაების გაშინებთ;
დრო რომ დადგეს, ქუჩაზე გაჩნდეს ცეცხლის ბორბლები,
მაშინ საით გავექცე მე თქვენ წუხილს საშინელს?

1926 წელი.

უცხოეთში 

დღეს უცნაურათ გული ხარობდა,
დღეს მოგონებით ვიყავი მთვრალი:
სამშობლო მიწის სანახაობას
ვინ არ ახსენებს ნატვრითი თვალით.

შემოხვეულებს ნაცრისფერ ნისლით
ჩემი სალამი თოვლიან კარვებს,
შორიდან კაცი სხვა მოდგმის სისხლით:
შენთან მოვსულვარ უცნობო მხარევ.

სხვა ბუნებაა აქ გადაშლილი,
არ მოსჩანს თეთრი მაღალი მთები;
სადაც მერანმა ბარათაშვილის,
გადაირბინა გულის ანთებით.

მე მივატოვე ჩემი სამშობლო,
სადაც მიმღერა ნანა მშობელმა,
მაგრამ აქ გული ჩემი არ ობლობს
და სიხარული აღარ მშორდება.

უცხო მხარეში და უცხო ველზე
არ განმიცდია ჯერ მარტოობა,
სხვის სამშობლოში სამშობლოს ვეძებ,
– გულმა წაშალა შური და მტრობა.

მესმის ნიავის ნელი სისინი
და მეც, ნიავო, გულისთქმას გეტყვი:
– ჩემი დედაა ყველა ისინი,
ვინც შობა შვილი ახალი ქვეყნის.

ო, მე მსურს ძმობა ადამიანთან,
რომელიც ჩემებრ ცეცხლის მგზავრია;
ღამდება, ფიქრში დამიგვიანდა,
შავი ღრუბლები მიიჩქარიან.

იქნება წვიმა, გული ღონდება
მარტო ვარ, ღრუბლებს მიღმუის ძაღლი;
მცივა, თბილისელს მომაგონდება
მიტოვებული პატარა სახლი.

მაგრამ გარეთ ვინ დამტოვებს თოვლში,
და მინდა სადმე კვამლს მოვკრა თვალი:
ვხედავ, მეძახის ღობიდან ქოხში
თავსაფრიანი უცნობი ქალი.

მივდივარ ნელა, ნაბიჯებს ვარჩევ;
ატალახებულ შარას გვერდს ვუვლი...
შევალ, ჟუჟუნა თვალებში ვამჩნევ,
– არ არის უცხო მისთვის ეს გული.

მე დაუხატავ თბილისის უბნებს,
ვეტყვი: – იქ დამრჩა ძვირფასი ქალი!
შორიდან ძაღლი მიღმუის ღრუბლებს,
თოვს და ეზოში გუგუნებს ქარი.

1926 წ.

მე და ღამე 

(აქ და შემდეგ ქვემოთაც ლექსებში ავტორს სტრიქონები მარჯვნივ აქვს შეწეული, რაც აჩვენებს როგორც აზრის გამოყოფას, ისე წინა სტრიქონთან უფრო მეტ კავშირსაც. ვინაიდან ბლოგში ასეთი სახით სტრიქონების განთავსება არ შეგვიძლია, ამიტომ მათ გამოსაყოფად ვარჩიეეთ აღნიშვნა || – ი. ხ.)

ვინ იცის რამდენს || მოიგებდა ადამიანი
რომ ტრიალებდეს || სხვანაირად მორგვი მიწისა.
არ მიყვარს ღამე || უსახო და შავნაბდიანი,
მომდუნებელი || ახალგაზრდულ გრძნობა-სისხლისა.

მენშევიკივით || უიმედოთ ხელგაშვერილი,
დადგება საწყლათ || ფანჯარასთან და თავს მაბეზრებს.
ვერ მოიშორებ || თუნდ ათასი კომკავშირელის
მანდატი ერთად || მიაყარო მაშინ სახეზე.

როს განთიადი || გამარჯვებულ კომუნარივით,
გადმოიჭრება || კლდეებიდან სხივთა ციმციმით,
ზღვისებრ მომსკდარი || სიხარული გულს გადამივლის,
და კმაყოფილი || დღეს შეხვედრით ჩუმად ვიცინი.

ვიწყებ სიცოცხლეს, || თვალნი ხარბად ამენთებიან,
აგუგუნდება || ჩემი გული ქარხნისებურად.
– რამდენი ღამე || შავი ღამე განთენებია
იმდენი ახალ || სიმღერებით ამოვსებულვარ.

უსათაურო 

ხედავ მიცურავს დიდების ტივი
და მოგონებას გული ვერ ითმენს,
დეკემბრის წვიმა ბინებთან სტირის
და ნერვიულათ აწვალებ თითებს.

– გთხოვთ მინახულოთ! – ასე ამბობენ
შენი წერილის ეს სტრიქონები:
თუ ჩემი ნახვით გასიამოვნებ,
შენი მორჩილი მონა ვიქნები.

მაგრამ რათ გინდა, მე ძველებურათ
შენ სასთუმალთან ვერ გეტყვი ზღაპარს:
ჩემს გულს სხვა ფიქრი გადაებურა
და უშენოთაც შევხარი ზამთარს.

შენი ოცნების ძველი სადგური
ჩემს გაჩერებას შენთან ხელს უშლის;
დღეს მე სახლიდან გადაკრგული
მშობელ დედასაც ვებრძვი ჩემს გულში.

შენ ცისფერ თვალებს, ნაძვივით დახრილს
ეხლა ამძიმებს მელანქოლია.
უწინ კი შენი მაღალი სახლი,
ყვაოდა ისე ვით მაგნოლია.

როცა მოწყენის წუთი აგიყვანს
თათრულ მუთაქას ჩუმათ ეხვევი;
ძველი ტფილისი შენ ისე გიყვარს,
როგორც გრიშაშვილს ქალის ფეხები.

როცა მოვდივარ ნაღველით გავსებ,
სდუმხარ და თითზე იხვევ თმის ნაწნავს;
მოდუნებული – მომიგდებ ალერსს,
ვით პაპიროსის დაღეჭილ ნამწვავს.

ასეთი ცეცხლი ჯერ არ მქონია
შენ კი დამდნარი, – ქცეულხარ ძვლებათ,
მითხარ, ნადირი ხომ არ გგონივარ
მხოლოთ ძვლებზე რომ მოვიკლა ვნება!

1925 წ.

მეგობრებს 

პ. ქიქოძეს და შ. რადიანს

მე თქვენ გიწოდებთ მეგობრულ ხელებს,
სალამი ძმებო, თქვენთან ვარ ისევ:
ფრინველებივით ნაცრისფერ დღეებს
ვინ გაეპარა სამხრეთულ მზისკენ?

ვინ გამოაკლდა ჩვენს დაძახილებს,
ხმა საომარი ვის ემძიმება!
დღეს ეს შეხვედრა გაგვამახვილებს
და გულში ცეცხლათ ჩაგვეძირება.

ჩვენი ენაა, ჩვენი დედანი
და ტკბილზე ტკბილი შესახედავი;
როცა გვესმიან მძაფრი ბგერანი,
ლურჯას ტორებზე გაკრულ მხედარის,

ამხანაგებო, დღეს მე ვფიცავარ
ჩვენი სიცოცხლის გაჩენის წუთებს,
დეე, შემჭამოს ხვალე მიწამაც,
დღეს მე ამ მიწას სიმღერებს ვუნთებ.

და თუ გვეწვია კვლავ შემოდგომა,
თუ გადაგვიხსნეს გულზე იარა –
ავენთოთ: იტყვის შემდეგი მოდგმა,
ამ ხალხმა ცეცხლზე გადაიარა.

1926 წ.

ციკლიდან: იმ დღეების მოსაგონებლად 

მებრძოლთ სიმღერა 

ამხანაგო, მოდი, მოდის,
აზვირთებულ ხალხთა გროვა;
მათ მეომარ მკლავს რა მოღლის,
რა ჩააქრობს ცეცხლის თოვას.

მძიმე, ბნელი საუკუნე
განიავდა როგორც მტვერი,
მუდამ, მუდამ იგუგუნებს
ეს წითელი ოქტომბერი.

დაჰკათ ზარებს, დაჰკათ ზარებს,
მეომარო, თოფი ხელში...
ძველ ცხოვრებას შავს და მწარეს
დაუმიზნე საფეთქელში.

ხედავთ, ხედავთ მოდის, მოდის,
აზვირთებულ ხალხთა გროვა,
მათ მეომარ მკლავს რა მოღლის,
რა ჩააქრობს ცეცხლის თოვას.

ცეცხლში ვიშვით, ცეცხლი არის
ჩვენი სევდის გადამწყვეტი;
დე დაეცეს გულს ისარი
დე შუბლს აჩნდეს სისხლის წვეთი. 

წინ გავსწიოთ მედგრად, ერთად,
აყიჟინდი ბუკ-ნაღარავ;
დღეს ბრძოლებმა შეგვაერთა
ახალგაზრდა და ჭაღარა.

დაჰკათ ზარებს, დაჰკათ ზარებს,
მეომარო, თოფი ხელში...
ძველ ცხოვრებას შხამით მწარეს
დაუმიზნე საფეთქელში.

ჩვენ რამდენჯერ მხნე მკლავებით,
ქვეყნათ ცეცხლი დაგვინთია,
დღეს ასრულდა, ვესალმებით
მოელვარე ჩვენს განთიადს.

ამხანაგო, მოდის, მოდის,
აზვირთებულ ხალხთა გროვა,
მათ მეომარ მკლავს რა მოღლის,
რა ჩააქრობს ცეცხლის თოვას.

1926 წ.

ახალგაზრდობას 

დღეს გავშალოთ დროშები,
სისხლში ამობანილი,
ვიმღეროთ და სიმღერით
შევარხიოთ მიდამო.

ეს თვალები, თვალები
მზეზე გამოტანილი,
ითხოვენ, სიხარული
უფრო მეტი გვინდაო.

რა დააცხრობს ზღვების გულს
გრიგალ გადატარებულს,
რა ჩაუკლავს სურვილებს
გაცოფებულ ღელვისას.

ჩვენი გულიც ზღვა არის
ბრძოლას დანატრებული,
ძლიერია მისი ხმა,
ვით გავარდნილ მეხისა.

წინ გავწიოთ, რიგები
შევაერთოდ რიგებთან.
წინ გავწიოთ, მიგველის
მხარე გასაკვირველი...

და როცა მსოფლიოზე
ბრძოლის გრგვინვა იქნება,
იმ ბრძოლაში იცოდეთ,
ჩვენ ვიქნებით პირველი...

1925 წ.

პიონერების მარში 

მოვდივართ, გაშლილი
დროშები ფრიალებს,
ქუჩებზე გაისმის
გუგუნი ნაღარის:
მოვდივართ, ნაბიჯი
ნაბიჯთან კრიალებს,
ნაბიჯი – იმედი
მშრომელთა ჭაღარის.

ნორჩნი ვართ, ნორჩია
ცხოვრებაც ჩვენსავით,
ჩვენ ერთად ვიშლებით,
ჩვენ ერთად ვიზრდებით,
მშრომელთა გულშია
იმედის მთესავი,
ჩვენი შეწყობილი
ქუჩებზე რიგები.

ცხოვრება ალერსით
გვეხვევა პატარებს,
გვიელავს სხივებით
მოსილი თვალები.
ლენინის ანდერძებს
ჩვენ გულით ვატარებთ,
ჩვენ უნდა შევცვალოთ
დაღლილი მკლავები.

სალამი სიცოცხლევ,
გავსილო მშვენებით,
სალამი ქარხნებო,
ველებო მწვანეო.
მოვდივართ სიმღერით,
დროშებით, ჭენებით,
დავაშროთ ტკივილის
მორევი მწარეო.

ყვავილით მოირთო
გაშლილი ველები,
მხურვალე სხივებმა
გაათბო, დაჰფარა.
ეს ჩვენი მუხლები
ეს ჩვენი ხელები,
მოჰქრიან, მოჰქრიან
ნავარდით მთა ბარათ.

ვიშლებით, სხეულში
ძალა დაგროვდება,
ვიშლებით, გაივლის
დღეები თარეშის.
და როცა ბავშვობა
გავა, გაგორდება,
ოფლის დასაღვრელათ
ჩვენც მოვალთ ქარხნებში.

1925 წ.

თემა მეორე 

(მასალა ლექსების)

ჩვენ ამოვედით სარდაფებიდან,
სადაც იმედებს
ცრემლით ვათბობდით;
გავშალეთ ბრძოლა
ბარიკადებზე
და გული გვქონდა
ცეცხლით ნათოვი.
ხელში ავიღეთ
ქვეყნის სადავე,
გავანიავეთ
მონობის მთები,
ახალ ცხოვრების
ახალ სათავეს
თავისუფალი მივეცით ფრთები.
გადმოვანგრიეთ
ზეცის თავანი
ვიწამეთ მტერთან
ხმლით შერკინება;
სასაცილოა,
რომ ამის შემდეგ
ნიაგარული ცეცხლის დინება,
გულში გაგიქროს
დღეს სიმშვიდის
ტკბილმა სავანემ.

II

უნდა მობრუნდეს
პოეზია
დღეს მეგობრებო,
ბრძოლისთვის ხალისს
ისევ მოვსჭრით
მიწის გულიდან...
მიწაზე ვდგევართ
არასოდეს არ მოვედებით,
აღტაცებისთვის
ჰერკულეს ან ქალებს ლუვრიდან.

III

სხვა ბრძოლის ველი
ჩვენ წინ იშლება,
იარაღს ვილესთ:
დღეს იარაღი ჩვენია ბურღი:
ვხედავ
რკინები ნადირივით
ალესილ კბილებს,
ასობენ მიწას
ვერაგულ ბრუნვით.
თხრიან და თხრიან
მიწის ქვეშ მადანს,
შავი ნახშირი
მოაქვთ რონოდებს...
და მთხრელი
ისეთ სიყვარულს ატანს,
თითქო სინედლე დედამიწის
თითონ ჰქონოდეს.

IV

როცა კლდის ნაპრალს
ცეცხლი ეხვევა,
წივის,
გუგუნებს,
ფეთქს დასაქცევათ,
მაშინ მშრომელის
უენო ჩურჩულს
ისე განვიცდი,
როგორც საკუთარ
მაჯების ცემას.
მშრომელის გულში
სიდიადის შეგნება თრთოლავს,
აბრუნებს ხელში
რკინას, როგორც ჩქერი ნაფოტებს,
მასში ღვივდება ხალისი და
გრძნობს კიდევ მოვა,
აქ ვით მებრძოლი
რომ სიცოცხლეს
შვენება ჰქონდეს.

V

ჰოი,
დიდია სიხარული
და აღტაცება...
თუ ბუნებისთვის
ადამიანს დასაბამიდან,
დაუცვეთია დაგეშილი
ძაღლივით წლები,...
დღეს იღუნება შეტევისგან
ძირს დასაცემათ.
და როგორც ძველის ძველი აფიშა
იხევა ისევ
შიგანი მიწის;
დროა
ლექსების ფრთებზე აიშვას,
შრომა სადაც დღეს
კუნთები იწვის.

VI

ხშირია,
მიწა
მოსკდება რისხვით.
გადმოაგორებს
სიკვდილის მორევს,
ო, ჩვენ გვინახავს
მეტი ბრძოლა
და მეტი სისხლი,
რა შეგვაშინებს
ბარიკადზე
შობილთ და მცხოვრებთ.

VII

ვიღამ უბრძანოს
შეჩერება მზისფერ ალიონს,
ვინ ამოაშროს
მოელვარე ვრცელი უდაბნო:
ქინაქინივით ეს ცხოვრება
არ გვსურს დავლიოთ,
მაშ, ისევ ბრძოლა ბუნებასთან
დაუსაბამო.

VIII

როს ძირს ებმება
ორი სტიქია, მესმის
გუგუნი,
ვით მეხი ციდან,
ვამბობ: ყოველი გრძნობით და ფიქრით
ეხლა ამ ბრძოლის
შექება მინდა.

1925 წ.

ციკლიდან: ექვსი სიმღერა 

სიმღერა პირველი 

აი ის, აი ის, ახალი დღეების
ბაგენი სამშობლოს მიწაზე მღერს;
ახალო ქვეყანავ, მე გულით გეხები
და სიმღერების ქსოვილში გხვევ. 

მე ერთხელ ვინატრე ღრუბლების შერხევა,
– ოქრო-ვარსკვლავების გაფენა გზათ,
მგზავრი ვარ, მივდივარ, დილა დღის შეხვედრა
მირეკავს გულში იმედის ზარს.

მე ღამე ყოველთვის მოწყენას ამინთებს,
ეს გული მიმიგავს დავარდნილ ქვას...
ვღონდები, სანამდე ჭაღარა განთიადს
არ ამოათრევს მამლების ხმა.

ო, მზეო, გადარებ ამირანს ახოვანს,
შენს, მთაზე ამოსვლას გულივით ვგრძნობ:
ღამე კი რა არის! ისე უსახოა,
თითქო გაიცვითა, გავარდა ძრო.

სიმღერა მეორე 

გულაღმა დავვარდი, მტკვრის ნაპირია...
ზვირთებო, ზვირთებო, რას მეტყვით სხვას!
ეგ თვენი დუდუნი თუ სხვანაირია,
მეც თქვენ სადღეგრძელოს თვალებით ვსვამ.

მთებში და ღრეებში სად ქარნი ღმუიან,
სადაც ამირანი ელოდა ხსნას...
იქ შენ დამიჯერე, ნუ გინდა, ნუ იარ...
იქ მხოლოდ ფიქრები ოცნებას წვავს.

გახედე, მტკვრისაკენ თვალები გაშალე,
რკინის ამირანი უმშვენებს შუბლს:
მორისხო თვალები, აცვია ჯავშანი
და ღრუბლებს ურიგებს ელვების შუბს.

ქარია, ზვირთები ჯირითით მორბიან,
მაყრიან რკინებით გატკვერილ ხმებს...
მღერიან; ნაპირებს ასკდება მორევი,
თითქო სამეგობროთ მიწოდებს ხელს.

სიმღერა მესამე 

დილამდე ებრძოდა გრიგალებს გრიგალი,
ქუხდენ და მეხები რეკავდენ ზარს:
ველებს მიკიოდენ, – მთვარე მოგიკალით,
ღრუბლები ფარავენ ცასა და გზას.

რა ბნელი ღმეა, რა მღვრიე თვალება,
მთვარის გულს მეხების ქუსლები ხევს;
მშვიდობით მთვარეო, ღამე ნამთვრალევი
გრიგალი ღრუბლების ჩვარებით გხვევს.

თუ ჩვენი დღეები ეხლა ერთფერია
და აღარ გვიტაცებს შრიალი ტყის,
იცოდე მთვრეო, ეს იმის მთქმელია,
რომ შენი ციალიც ნემსათ არ ღირს.

ზვირთები მორბიან, ზვირთები ღმუიან;
– რკინის ამირანო სადა ხარ, სად!
გადმოდი, აენთე... ხომ შენახულია,
შენში მოელვარე უღრუბლო ცა.

სიმღერა მოთხე 

ყვავიან ტყემლები, იები, ბუჩქები;
ნიავი შრიალით ყვავილებს ჰყრის...
ო, ეს საღამოა ასეთი უჩვევი,
თუ მუდამ ველებზე სიჩუმე ჰქრის.

დავდივარ, თვალები სილაღით მთვრალია;
გზები თუ ამებნა, სადა ვარ, სად!
მითხარი ყვავილო: – ნუ თუ მართლია,
რომ ისევ ტკბილია ცხოვრების გზა.

ბედითი ბრძოლებში ვიყავით გართული.
ვშიშობდით, უცქერდით დღეების წვას...
მითხარ, თუ არ ისმის ფლოქვების თქარუნი
სამშობლო მხარეში, რას ნიშნავს, რას!

დაღლილი მივეგდე, გვიბრა და ფშანია,
ფოთლები მასხურებს მოვერცხლილ რთვილს;
ვიგრძენ ეს სიმშვიდე ძლევის ნიშანია,
ვიგრძენ გამარჯვების დუმილი თრთის.

სიმღერა მეხუთე 

დილამდე გიცდიდი, დილამდე გელოდე
და გულში ღელავდა ლოდინის ზღვა:
ბნელოდა... ბინდები დნებოდნენ მდელოზე,
ბნელოდა... ვამბობდი; – არ მინდა სხვა. –

შენ არც ლამაზი ხარ, არც ფარჩის ქსოვილით;
სინაზეც აჩუქე ბრძოლების ქარს...
შენ ჩემთვის გმირი ხარ, დიდებით მოსილი
და მინდა გიმღერო მეგობარ ქალს.

სხვებმა რა იციან რომ შენი სიცილი,
ეხლა რათ მოაგავს გაბზარულ ზარს;
სხვებმა რა იციან, მაგ თვალთა ციმციმი,
თუ რატომ უნათებს სტრიქონებს გზას.

ერთად გავიარეთ დარი, უდარობა,
გზა დაღლილს მესროდი იმედის ხმას;
და რადგან შენ გრძნობდი ამ გულის გოდებას,
არ მინდა, არ მინდა უმღერო სხვას.

სიმღერა მეექვსე 

აცივდა, ნისლები ეხვევა მთაწმინდას,
ბაღებში დაკარგულ ღამეებს გლოვს;
დუმილში მარტო ვარ, გული დამიმძიმდა,
შიშით ვეფარები სამარის ლოდს.

ლოდებო, სამარის ხსოვნათა მფარავო,
მე თრთოლვით გაშორებთ სუროს და ხავსს:
მიჩვენეთ ზვიადი მოხუცის საფლავი,
გული რომ აჩუქა სამშობლოს, ხალხს.

მთაწმინდის გადაღმა ხევები ღმუიან,
ღრუბლები, ღრუბლები მიდამოს ხევს;
ირხევა ლოდები... ძვლების ჩხარუნია
და ვიღაც ნისლიდან მიწოდებს ხელს.

მოვდივარ, მომყვება; რა ვქნა, მიხარია,
და ჩუმათ შევცქერი შევერცხლილ თმას;
– მოხუცო, გეძებდი რამდენი ხანია,
მოწმეა ღამე და ფიქრების მთა. –

მობრუნდა; ღიმილი გაგორდა ბაგეზე,
ქედი მოუხარე აკაკის ლანდს...
მან გაიშრიალა: – მითხარ რათ დამეძებ,
და ან საქართველოს რა დარდი წვავს?

– ძვირფასო მოხუცო, სუნთქვა მიგუბდება;
თვალებს სიხარულის მორევი რწყავს:
ეგ შენი ტკივილი თუ გულს დაუბრუნდეს,
მაშინ ჩემი გულიც ჩაჰქოლოს ქვამ. –

იჩოქებს; ეხვევა ბალახებს ნამიანს,
სივრცეში ჩაძირავს მშობლიურ თვალს,
გაოცდა: ჩურჩულებს, – ზეცა რომელია,
ან ის რა ანათებს თბილისის თავს?

ცა ვინ შეარხია, ვარსკვლავთ საბუდარი,
და ვინ გააფინა მნათობნი ძირს...
მითხარ, რამ დააშრო ტკივილი ქართული,
სევდა უნაპირო – დუდუნი მტკვრის!

თენდება; თეთრდება მთაწმინდის მაღლობი,
აკაკის ჭაღარაც განთიადს გავს...
შორიდან მოისმის ბულბულის გალობა
და ტყის სურნელება გადმოაქვს ქარს.

ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტის სევდათა
მოწამე აჩრდილო, რა გითხრა, რა!
გინდა საქართველოს გულზე მოგათავსებ,
ტკბილია; ვერ იგრძნობ ეკალს და ნარს.

დრო იყო, მიწაზე გულები გიმძიმდათ,
ეტრფოდით ვარსკვლავებს, იმედის ცვარს...
ეხლა გადახედე, ზეცა დაიბინდა...
რა უფრო ელვარებს, მიწა თუ ცა?

მიჯაჭვულ ამირანს უმღერდით, ელოდით;
იქნევდით მოლესილ სიმღერის პირს...
მაგრამ მდუმარებდა ბედი და ბნელოდა,
ამირანს კორტნიდენ ყორნები კლდის.

ზვიადო, თბილისზე თვალი გადახსენი,
იცანი... ამირან მიმღერის გზებს...
მთებიდან ბრძოლებით იგი დავიხსენით,
რომ ჩამოეტანა ცეცხლი და მზე.

მღეროდით, სხვა კუთხე ისეთი სად არის,
როგორც საქართველოს ბარი და მთა...
მეც გეტყვი მოხუცო, არა ჰყავს სადარი
მზისკენ მის გაფრენილ ცეცხლოვან თვალს

მიცქერის, უჩვევი ალერსით მივიწევ,
მინდა ვეამბორო საყვარელ ლანდს...
უამბო სხვა რამეც, უეცრათ ვიღვიძებ
და თურმე ვეხვევი ლოდების ხავსს.

თბილისი.
1926 წელი. ზაფხული.

ციკლიდან: საგუშაგო 

სიტყვა საქართველოს 

უწინ პოეტი || თობების || იყო მედროშე,
ერთის სიკვდილით || მოკვდებოდა || მთელი თაობა;
დღეს კი ცხოვრება || განახლებულ || საქართველოში,
ისე ჩქარია, || რომ პოეტიც || უკან დატოვა.
ყველას ბევრი გვაქვს || ჩვენ წარსული, || მაგრამ გონება
დედაბერივით || მოგონებით || ვერ დაბერდება;
ნესტან-დარეჯან || ხომ არ არის || ჩვენი ცხოვრება,
რომ მოგვტაცონ და || გადამალონ || სადმე ქაჯებმა.

2.

მოღელავს მტკვარი, || გამურული || შავი ქარხნები,
ირგვლივ ნაპირებს || ჩაშავებულ || ზეცას ხურავენ,
შორს უგზოუკვლოთ || გაბნეული || ცის ვარსკვლავები,
კვამლების ნისლში || თევზებივით || თვალებს ყურავენ.
კვლავ ვინახულე || ეს ნაპირი || ზვირთები რბოდენ;
ვისმენდი დუდუნს || ავჭალაში || რკინით გატკვერილს,
ვერ წარმოვიდგენ, || დღეს ცხოვრებას || ის ემდუროდეს,
ვინც ძველად იყო || დაჩაგრული || და გულნატკენი.

3.

აქ განიცდიდა || მარტოობას || პოეტის ლანდი,
მე მიფიქრია: || – ამ ნაპირზე || რა იზიდავდა,
ნუ თუ მხოლოდ რო || უსაქმური || ზვირთები გარბის
და მთვარის შუქზე || ალმასივით || კენჭები ბზინავს.
ჩვენ მარტოობის || გრძნობა როგორ || გაგვეკარება,
როცა წუთები, || დატვირთული || საქმით, გველიან;
ამხანაგებო || საქართველოს || ახალ კარებთან
მწამს მწუხარება || სიხარულზე || უფრო ძნელია.
ჩვენ წინ მივდივართ || და სიცოცხლე || ჩვენით ინთება;
ვხედავ მდინარე || თავადივით || უსაქმოთ მრბოლი,
დღეს მთიდან მთაზე || ფრინველივით || გადაფრინდება,
რომ ბნელ ღამეებს || დააყაროს || სხივების ბროლი.
ვინ მიმიხვდება, || ძველი სისხლის || დასამიწებლად,
რა გააფთრებით || ჩავიკალი || გულში მშობელი;
ეხლა ამ ქვეყნის || ერთგულების || დასამტკიცებლად,
მინდა შევიქმნე || რკინის მოსვლის || მახარობელი.

4.

დავმუნჯდებოდი || ვეფხვებივით || ჩვენი გულები,
დროთა ტრიალში || ამ გრიგალს არ || გადაეყარა;
მე მაგონდება || უცხოეთში || დაღუპულები
და ვეუბნები || ვინც გაურბის || მშობელ ქვეყანას.
– თუ დედის გულთან || შენი გულიც || ერთ ფიქრებს ჰკონავს,
არ შეიძლება || რო დედის რძე || შეგერგოს შხამად;
ორი სამშობლო || იმ მიწაზე || ვინ გაიგონა,
სადაც შრომაა || სიყვარულის || აღსანიშნავათ!

5.

ჩვენ დღეს მომხრე ვართ || რომ ლექსებიც || ბრძოლაზე ვწეროთ,
ცა და მდინარე || დედამიწა || გვინდა მონებათ;
კარლო, ალიო || ამ ბრძოლების || საბედისწეროთ
საქართველოში || ცეცხლით სუნთქავს || ჩვენი გონება.
დღეს წითელ ფერს თუ || ეპარება || ფერი ყვითელი,
და თუ ელიან || ფოთლებივით || დღეთა დაცვენას...
ჩვენ გავცოფდებით, || ვით მხურვალე || გული სკვითელის,
და კვლავ მოგასმენთ || ამხედრებულ || ტყვიების ენას. 

1927 წელი.
იანვარი.
თბილისი.

ჩინელ მხედრებს 

რაო! ავიღეთ? ჩვენ ეს ვიცოდით,
ჩვენ ამ ცოდნით ვართ დროთა მფლობელი;
თითო ნაბიჯი ჩვენი სიცოცხლის
არ არის ჩვენთვის შეუცნობელი.

იმდენი ვნახეთ ჩვენი თვალებით,
ისე დავრწმუნდით ჩვენს სიმძლავრეში –
არ გავიკვირვებთ ხვალ ჩინელების
გასაბჭოებას აღმოსავლეთში.

ყოველ დღიური გამარჯვებები
ჩვენი პურია, ჩვენი საზრდოა,
ჩვენ ყოველ დილას შევეგებებით,
როგორც ზეიმებს ახალგაზრდობა.

ვიცით ამ დილით სადმე შიშველი
მონა საომარ ხმით აივსება...
ნურც გამინათდეს, თუ გუშინდელი
დღენი ხვალინდელს დაემსგავსება.

კონსტანტინე ლორთქიფანიძის წერილი მენშევიკ ნოე ჟორდანიას 

1

შეშლილ ქარივით || ჯერ კიდევ ზუის,
ცოცხლად დამარხულ || მცხოვრებთა გული,
როცა ამოსკდა || მთა ვეზუვიის –
ავ მრისხანებით || გამოპირული.
გეგონებოდათ, || ვერ აიტნა
ყელთან მომდგარი || ქალაქის კუნთი...
და ამ სიმუხთლეს || ადამიანთა,
გადმოაყარა || ქვებისა გუნდი.
თითო მებრძოლი – || უდრის ვეზუვის:
უფრო დიდია – || მებრძოლთ ბელადი;
სადაც არ იყოს, || ჩვენ ის გვეგულვის,
ამოვსებული || ცეცხლით ყელამდე.

2

მშრომელთა ბელადს || თავს რომ უძახდე;
მათი ტკივილით || გეწოდეს აზრი,
მაშინ იგრძნობდი, || როგორ გხუთავენ
მანდ ქალაქები || ბურჟუაზიის.
გეკავებოდა || ხმალი მკვეთელი,
გულს ამოთხრიდი || ვეზუვის მეხებს;
შენ კი, მონობის || ერთი კედელიც,
ექვს წელიწადში || ვეღარ შეტეხე,
რა შეგვარიგებს! || დაულეწველი,
როდის გადურჩა || მტერი ტფილისელს;
დღეს მანდ რომ იყოს || გადმოხვეწილი,
კავკასიელი ორბი || ფილიპე...
მაშინ ნახავდით || პარიზს და ვერდენს,
ამბოკარების ჯანყში || გახვეულს;
და კავკასიელს || ან თავს მოკვეთდენ,
ან ამართავდა || დროშას დახეულს.

3

გადასულია დრო || ლეგენდების
სასწაულები || აღარ ხდებიან;
თქვენ – უთვისტომო || ებრაელები,
წინ გასავალი || მქუხრნი ზღვებია
არა ხარ მოსე || და ვერ გააპო
თვალბედით გზაზე || დამდგარი წყალი;
წამოვა ტალღა || უკიდობანოს,
თავს დაგატყდება || მეორე წარღვნით.
ჩამოგექცევა || ცა საფირონის,
შეგასმევინებს || დღეებს შხამივით;
შორს კი ჩინეთის || სანაპირონი,
გამოწრთობილან || ქარიშხალივით.
ერთხელ ამტყდარი || ბრძოლის ხმაურით
გამარჯვებამდე || ხმალზე რჩებიან
ხედავ, გინდენბურგს – || აღმოსავლური
ფანატიკოსი || რათ გვირჩევნია?
უცხოა შენთვის || ქართველი ხალხი,
ქართული მიწის || ფესო – ურგია;
ბუნებრივია, || როდესაც მახვილს,
დასცემს სამშობლოს || ღამით, ზურგიდან.
ისევ აინთო, || ისევ გაღვივდა,
კერია – თქვენით || გათელილ ქვეყნის:
ნოე, გურიის ამბავს || შავ ზღვიდან,
მანდ მოხეთილი || ტალღებიც გეტყვის!
გული გულს იცნობს, || ფიქრს ფიქრი ერთვის;
– თქვენ გსურთ სამშობლო || ვერსალში ნახოთ,
მაგრამ მადაურ || რუტენბერგს ფერფლი,
კრემლის კედლებთან || უნდა დამარხოს.
დასავლეთისკენ || გრიგალებს ველით,
დატრიალდება || ცეცხლის ბორბალი...
და ეს წერილი კომკავშირელის, || იყოს იმ დღეთა
მოსაგონარი.

თუ შეგიძლია 

მუშფაკელების საერთო საცხოვრებელ სახლს

თუ შეგიძლია || განიცადო ადამიანთა
ქარტეხილივით || გულ-მზარავი ამქუხარება;
თუ შეგიძლია || განიცადო დასაბამიდან
ჩაგრულთა ყველა || ტკივილები და მწუხარება...
თუ შეგიძლია || განიცადო ჩვენი ომები
და გუშინდელი || მოურჩენი მწარე იარა,
თუ შეგიძლია || შეიყვარო მილიონები
და ყველაფერი, || რამაც თვალწინ გადაიარა
თუ გრძნობ როდესაც || სასეირნოთ ქუჩებს გადიარ,
რომ ეს ქუჩები || ჩვენი ძვლებით მოკირწყლულია...
– იმდენი თერგი არ შეუსვამს || გულ ხარბ დარიალს
რამდენი სისხლიც || დაგვდენია ჩვენ აქ წყლულიდან,
თუ ამ დღეების || შინაარსი გულამდე გახწევს
და ძველი ქვეყნის || არაფერი არ დაგრჩენია,
მაშინ გაიგებ რომ || ევროპის კოშკებს და ცამწვდენს
მე ეს უბრალო || ჩვენი სახლი რათ მირჩევნია?

ნეპ. 

ის მაშინ მოდის ჩემთან ოთახში,
როს გულსაკლავი წვიმები ასხამს;
და მის უბრალო ქუდის მოხდაშიც
ვგრძნობ, ჩემნაირი გული აქვს მასაც.

დაჯდება, მეტყვის: – მოვიდა წვიმა,
შენთან მსურს მოვკლა მძიმე წუთები;
ნეტავ სად გაქრა რაც იყო წინათ,
რამ მომიდუნა ყველა კუნთები!

ვხედავ დღეები სიჩუმით კვდება,
შემოხვევიათ ცისფერი ნისლი;
ნუ თუ ამისთვის ვიბრძოდით მტერთან.
ნუ თუ ამისთვის დავღვარეთ სისხლი?!

მოურჩენელი ჭრილობა გულის,
ისევ გამეხსნა, ისევ ვწვალდები...
რატომ დავტოვეთ ეს ნავთსადგური,
თუ აღთქმულ ნაპირს ვერ მივაღწევდით.

ჩუმდება, უცქერს ფანჯრის მინაში
აკანკალებულ ფოთლებს ვერხვისას;
მე ვფიქრობ, ხშირათ მსხვერპლის წინაშე
გაინაბება წუთით ვეფხიცა.

მსხვერპლს კი ჰგონია, საფრთხე შენელდა
და სანავარდოთ ახალ გზებს არჩევს;
ვეფხი – ვეფხია, მოულოდნელათ
მსხვერპლს მაინც დასცემს გაბასრულ კლანჭებს.

1926 წელი.

Friday, July 7, 2017

По вопросу о насильственном переселении некоторых народов Кавказа и крымских татар в Среднюю Азию в начале 1944 года

Сразу же должен сказать, что я эту тему специально не изучал и не могу судить широко и основательно по этому вопросу. Хочу просто коснуться одной проблемы, а именно некой «грузинской заинтересованности» в данном деле, то и дело, высказываемой недругами Грузии и грузинского народа, поскольку во всём этом главными фигурами выступают два грузина – И. В. Сталин, как руководитель советского государства, и Л. П. Берия, как руководитель НКВД. Как я помню, о грузинской заинтересованности в этом деле часто говорил в прошлые годы известный Владислав Ардзинба, возглавивший с конца 80-ых годов антигрузинское национальное движение в Абхазии и ставший в последствии руководителем, как у нас говорят, самопровозглашённого абхазского государства. Это последнее, я считаю, во многом дело самих абхазов, и мы, грузины, в таком положении дел тоже сильно виноваты, однако на чём основывается такое отношение у многих к Грузии и грузинскому народу, вот в чём коренится суть проблемы. Ниже мы попытаемся развязать один узел такой конфликтной ситуации и предложить пойти дальше на основе правды, справедливости и христианской любви к ближнему.

Переселение некоторых народов Северного Кавказа (как мне известно, чеченцев, ингушей и, может быть, и других) и крымских татар, по объяснению советских властей, было обусловлено активным выступлением их во время фашистской оккупации на стороне оккупационных властей против советского государства, его сил и структур. И акт насильственного их переселения (депортации) формулировался как наказание этих народов за измену власти и государству. Однако, такому переселению подверглись и некоторые народы Закавказья, а именно грузинские турки-месхетинцы и армянские курды, которые никак не могли сотрудничать с фашистскими оккупантами, хотя бы потому, что гитлеровцы в Закавказье не прошли, а со стороны турок-месхетинцев и курдов каких либо антисоветских выступлений не наблюдалось. И этот факт также даёт недругам Грузии повод говорить о какой то «грузинской заинтересованности» Сталина и Берии по отношению именно к участи турок-месхетинцев. И внешне, не вникая в глубину вопроса, можно сделать и такое заключение.

Однако, как мне известно из тех же советских источников о Великой Отечественной войне, в 1944-ом году Сталин планировал осуществить оккупацию Турции по причине неоднократных нарушений этой страной своих обязательств о нейтралитете в войне в пользу фашистской Германии. Но союзники по антигитлеровской коалиции, которые решительно не хотели допустить СССР к Средиземному морю, не позволили советскому руководству осуществление таких намерений. Уже на основе такой информации можно и разумно рассуждать следующим образом: военную кампанию такого масштаба, как завоевание Турции, мог спланировать только Генеральный штаб вооружённых сил (ВС) СССР, которое он и осуществил, и в тексте такого плана разумно предположить предложение о выселении ненадёжных народов из тыловых районов будущего театра военных действий. Тогда уже вырисовывается следующая картина событий: Сталин дал задание Генеральному штабу Красной армии на разработку плана войны против Турции, Генеральный щтаб разработал такой план, содержащий и проведение мероприятий по выселению ненадёжных народов из Кавказа и Крыма, а потом уже было дано задание руководству НКВД на организацию и осуществление этих мероприятий, что и было исполнено под общим руководством наркома внутренних дел Берии. В пользу такого изложения событий могу привести и строительство железной дороги в то время из Тбилиси к Ахалцихе, исторической столице области где проживали турки-месхетинцы. Ведь тогда говорили «всё для фронта, всё для победы» и имеющиеся средства направляли в основном на нужды фронта и победы. А какой фронт был тогда в юго-западной части грузии, что бы туда железную дорогу строить? А может быть открытие нового фронта там намеревалось? К стати, именно по этой железной дороге и были массово выселены тогда турки-месхетинцы. Таким образом, кроме имён Сталина и Берии в вопросе насильственного переселения вышеназванных народов Кавказа и Крыма вырисовывается и имя начальника генерального штаба Красной армии, который имел ключевую роль во всём этом, и который никак не был грузином, а русским. В таком случае уже начисто отпадает тень «грузинской заинтересованности» и её место занимает соображение «военной необходимости».

Если бы такие планы советского руководства тогда осуществились, то не было бы смысла затаивать роль Генерального штаба и его руководителя в деле как войны с Турцией, так и насильственной депортации вышеназванных народов, с объяснением причин и оснований такой меры. Но поскольку такие широкие планы из за позиции англо-американских союзников не были осуществлены, то не было уже такой необходимости детально и предметно говорить о них, разъяснять виды и намерения советского руководства; а остались только насильственная депортация этих народов и имена Сталина и Берии. И из этого можно было не вынашивать искусственную «грузинскую заинтересованность» в бедах и несчастьях этих народов и не пытаться натравить их на грузин, или же выставлять нас, грузин, значительно хуже того, чем мы есть на самом деле, чтобы на таком фоне осуществлять свои карыстные политические виды. Этот упрёк касается уже политики Москвы по отношению к Грузии и грузинскому народу. Такие действия со стороны центральных властей СССР происходили значительно раньше известных событий конца 80-х годов прошлого столетия, и во многом даже определяли развитие или усугубление антисоветских и антироссийских настроений в грузинском обществе. Люди, которые предпочитают поступать таким образом, не хотят задуматься о том, что Господь всё видит и всем воздаст по их делам и заслугам. Слава Богу за всё – это и есть путь к выходу из сегодняшнего сложного и трудного положения, и к развитию здравых и благих отношении народов между собой, и в особенности – православных народов. 

Ираклий Хартишвили