Thursday, March 16, 2023

დამატებით წერილზე – „ვერშემდგარი შესაძლებლობების ქვეყანა“

2020 წლის 29 ნოემბერს (29.11.20) ბლოგზე გამოვაქვეყნე წერილი სათაურით „ვერშემდგარი შესაძლებლობების ქვეყანა“, სადაც ვწერდი, რომ საზღვარგარეთის სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების შესახებ ბლოგზე ატვირთული მაქვს 15 წიგნი, და მომყავდა როგორც მათი ჩამონათვალი, ისე 2023 წლის 12 იანვრის მდგომარეობით მათში მკითხველთა შემოსვლების რაოდენობაც, რომელიც შეადგენდა 14 140. თავისთავად ცხადია, რომ აქ უფრო მეტად შემოდიან სპეციფიური მკითხველები, რომლებსაც თავიანთი საქმით ეხებათ ეს თემატიკა, ამიტომ დაინტერესების ეს მაჩვენებელი საკმარისად შთამბეჭდავი უნდა იყოს. 

ამ წიგნების ერთ ნაწილში მითითებულია გამოყენებული ლიტერატურა, ძირითადად წერილები ჟურნალიდან Зарубежное Военное Обозрение, მეორე ნაწილში კი, რომლებიც ადრე მქონდა მომზადებული, ლიტერატურული წყაროების ასეთი ჩამონათვალი არ ყოფილა. ამავე წერილში მოვიყვანე ჩამონათვალი იმ თარგმნილი მასალებისა აღნიშნული რუსული სამხედრო ჟურნალიდან, სახლში მილაგია ყოველგვარი შემდგომი გამოყენების გარეშე, და მათი რაოდენობაა 620 ერთეული. არა და თითოეულ ამ სტატიას გააჩნია თავისი სათაური და მასში გადმოცემულია ამ სათაურის შესაბამისი ცოდნა და ინფორმაცია სამხედრო საქმის ყოველი კონკრეტული თემის შესახებ. და ეს ცოდნა და ინფორმაცია არ აინტერესებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას და არ სურს მისი შემდგომი დამუშავებისა და ჩვენში ამ ცოდნის განვითარებისთვის შესაბამისი სახსრების გაღება. 

იქვე ვწერდი, რომ შექმნილი მაქვს მონაცემთა მთლიანი ბაზა 1974–2002 წლებში ზემოხსენებულ რუსულ სამხედრო ჟურნალში გამოქვეყნებული წერილების განაწილებით გარკვეული ქვეყნების, რეგიონების, სამხედრო ბლოკებში მონაწილეობისა და სხვა თემების მიხედვით. ასევე მომყავდა ამ ბაზიდან ნიმუშები (წერილების ჩამონათვალები) 1974, 1984 და 1994 წლების მიხედვით, რათა უფრო ხელშესახებად მეჩვენებინა მკითხველისა და ხელისუფლებისთვის მონაცემთა ამ ბაზის შინაარსი და მნიშვნელობა. მაგრამ არც ამან გამოიწვია თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის დაინტერესება – ანუ არ აინტერესებთ რეალური ცოდნა სამხედრო საქმეზე – და ეს არის ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო, სამწუხაროდ. 

მთელი ამ მასალების შესწავლა და დამუშავება მოითხოვს, რა თქმა უნდა, დაინერესებული პირებისა და სპეციალისტების კოლექტიურ და შეთანხმებულ მუშაობას, რაც ყველა ნორმალურ ქვეყანაში უნდა ხდებოდეს თავდაცვის სამინისტროში, მაგრამ ჩვენთან, როგორც ჩანს, ეს საქმე ჩამკვდარი თუ ჩაყინულია. მაგრამ როცა ცხოვრება მოგვთხოვს ამ ცოდნის რეალურად გამოყენებას ომის მუქარის პირობებში ან ბრძოლის ველზე, მაშინ როგორ გამოიყენებენ იმას, რაც არ გააჩნიათ? და თუ ვერ გამოიყენებენ, მაშინ რა ხვედრი ელით? და მათთან ერთად ჩვენს ქვეყანასაც?

ქვემოთ პირველად ვაქვეყნებ ინფორმაციას ცხრილის სახით ჩემს ზემოხსენებულ მონაცემთა ბაზაში არსებული წერილების რაოდენობათა ჩვენებით, რომლებიც შეეხება ნატო-ს ბლოკს, მისი წამყვანი და მცირე სახელმწიფოების შეიარაღებულ ძალებს, ნატო-ს გარეთ მყოფი ევროპული ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს. აი ამ ცხრილის სახე და შინაარსი: 

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – ზოგადი საკითხები და შეიარაღებული ძალები; B – სახმელეთო ჯარები; C – სამხედრო-საჰაერო ძალები; D – სამხედრო-საზღვაო ძალები; E – სამხედრო ეკონომიკა; F – ინფრასტრუქტურა) 

ქვეყანა / სამხედრო . . . . შეიარაღებული ძალების სახეობანი და სხვა . . . . . 
ბლოკი . . . . . . . . . . . . . . . A . . . . . B . . . . . . C . . . . . D . . . . E . . . . . F . . . . სულ 

ამერიკის შეერთებ. 
შტატები . . . . . . . . . . . . . 575 . . . . 748 . . . . .892 . . . 725 . . . 111 . . . 109 . . . 3160 

ნატო-ს ბლოკი 
ზოგადად . . . . . . . . . . . .178 . . . . . 63 . . . . .119 . . . .154 . . . .32 . . . . .56 . . . . 602 

გერმანიის ფედერაც. 
რესპუბლიკა . . . . . . . . . . .63 . . . . 116 . . . . . 64 . . . . 41 . . . . 27 . . . . .21 . . . . 332 

დიდი ბრიტანეთი . . . . . .35 . . . . .67 . . . . . 76 . . . . 94 . . . . .28 . . . . 20 . . . . .320 

საფრანგეთი . . . . . . . . . . . 31 . . . . .74 . . . . . 50 . . . . 49 . . . . .32 . . . . 10 . . . . .246 

იტალია . . . . . . . . . . . . . . . 17 . . . . . 30 . . . . . 20 . . . . .30 . . . . 12 . . . . 8 . . . . .117 

თურქეთი . . . . . . . . . . . . . 20 . . . . . .9 . . . . . . 5 . . . . . .6 . . . . . 7 . . . . 11 . . . . . .58 

ნატო-ს დანარჩენი 
სახელმწიფოები . . . . . . . .35 . . . . . 56 . . . . . 45 . . . . .61 . . . . 28 . . . . 31 . . . . 256 

ევროპის დანარჩენი 
სახელმწიფოები . . . . . . . .57 . . . . . 41 . . . . . 25 . . . . . 26 . . . . 15 . . . . . 9 . . . .173 

მთლიანობაში . . . . . . . .1011 . . . 1204 . . . 1296 . . . 1186 . . . 292 . . . 275 . . . 5264 

მე ამ საკითხებზე განსაკუთრებით აქტიურად ვმუშაობდი 1991 წლიდან, თავიდან სამხედრო-ისტორიულ ჟურნალ „მხედარისთვის“, რომელიც მაშინ ცოტა ხნით ადრე დავაარსეთ, მამუკა წურწუმიას ინიციატივით, და საბოლოო ჯამში ამ ჟურნალის ექვსი თუ შვიდი ნომერიც გამოვიდა. მათში გამოვაქვეყნე ჯერ წერილი „აშშ სახმელეთო ჯარების გამოყენების კონცეფცია „საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)“, ხოლო შემდეგ, ბოლო ნომერში, ამ „კონცეფციის რეალიზაცის პირობები“ (1994 წელს), რომელშიც გადმოცემული იყო აშშ საარმიო კორპუსის, მასში შემავალი ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკის, ჯავშანსატანკო (მექანიზებული) დივიზიის, დივიზიაში შემავალი ჯავშანსატანკო და მექანიზებული ბრიგადების, ბრიგადებში შემავალი სატანკო და მოტოქვეითი ბატალიონების, დივიზიაში ასევე საველე არტილერიის, საჰაერო თავდაცვის, სადაზვერვო, საინჟინრო და სხვა ნაწილებისა და ქვედანაყოფების ორგანიზაცია და შეიარაღება: ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები „ლანსი“, საბრძოლო და უზრუნველყოფის ვერტმფრენები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ლულიანი არტილერია და ნაღმსატყორცნები, საბრძოლო ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ჯავშანტრანსპორტერები, ავტომატური შაშხანები და სხვა. როგორც იარაღის ამ სისტემების ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების ჩვენები, ისე მათი გამოყენების პირობების და მნიშვნელობისა. და ასეთი ცოდნა ჩვენში ქართულ ენაზე უკვე არსებობდა 1994 წელს. მაგრამ შემდეგ, თავდაცვის სამინისტროსა და მთლიანად ხელისუფლებისგან უყურადღებობის გამო, ამ ჟურნალმა ვეღარ გააგრძელა თავისი არსებობა. 

შედეგი კი გახლავთ, სამწუხაროდ, ამიერკავკასიაში სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე უფრო სუსტი, გარე აგრესიისაგან დაუცველი და პრაქტიკულად ვერაფრის შემძლე – ვ ე რ შ ე მ დ გ ა რ ი | შ ე ს ა ძ ლ ე ბ ლ ო ბ ე ბ ი ს | ქ ვ ე ყ ა ნ ა, ანუ ვ ე რ შ ე მ დ გ ა რ ი | ქ ვ ე ყ ა ნ ა, და ამაში პასუხისმგებლები არიან ყველა ისინი, ვინც იმ დროიდანვე ჩართული იყო ამ ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო მმართველობის საქმეებში, და მით უმეტეს, ვინც იდგა ამ მმართველობის საჭესთან თუ ბერკეტებთან. ასეთია ჩვენი ბოლო ათწლეულებისა და დღევანდელი სამწუხარო რეალობა. 

ირაკლი ხართიშვილი

 

No comments:

Post a Comment