Monday, February 13, 2023

უსიამოვნო ამბების შესახებ

ამ რამდენიმე წლის წინ გამოიცა ქართულ ენაზე წიგნი პოლკოვნიკ ბურნაშოვის ვრცელი წერილების თარგმანებით საქართველოს, ადერბაიჯანის სახანოებისა და ჩრდილო კავკასიის ხალხების შესახებ. და რატომ დავიწყე უსიამოვნო ამბების გადმოცემა ამ წიგნით? ცხადია, მისი გამოცემის წინააღმდეგი მე არ ვარ და არც ვიქნებოდი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ წიგნიდან უმთავრესი წერილი „საქართველოს სურათი ანუ ქართლისა და კახეთის სამეფოთა პოლიტიკური მდგომარეობის აღწერა“ მე თვითონ ვთარგმნე და ჩემს ბლოგზე გამოვაქვეყნე გაცილებით უფრო ადრე, 2010 წლის 1 ნოემბერს, და იმის შემდეგ სხვადასხვა დროს რამდენჯერმე ველაპარაკე კონკრეტულად ამ თარგმანის შესახებაც გამომცემლობების „ინტელექტისა“ და „არტანუჯის“ მფლობელს, ბ-ნ კახმეგ კუდავას, რომლის უკანასკნელი გამომცემლობაც („არტანუჯი“) სწორედ ისტორიული წიგნების გამოცემითაა ძირითადად დაკავებული. ეს ჩვენი შეხვედრები ხდებოდა „ინტელექტის“ მიერ გამოქვეყნებული ცალკეული წიგნების პრეზენტაციის დროს, მაშინ ბ-ნი კახმეგი ჩვეულებრივ ღიმილით ხვდებოდა ჩემს ნათქვამს ისტორიული წყაროების თარგმანთა (პოლკოვნიკი ბურნაშოვი, აკადემიკოსი დუბროვინი, ვრცელი წერილები ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონიდან და სხვა) ბლოგზე უკვე გამოქვეყნებისა და წიგნად მათი გამოცემის სურვილის შესახებ, და ამბობდა, რომი ისინი ნობელის პრემიის ლაურეატთა წიგნების თარგმანებს გამოსცემენ და მთელი ძალები ამაზე აქვთ გადატანილი. თუმცა კი ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ ბლოგზე საქართველოს შესახებ ვრცელი წერილის ჩემეული თარგმანის გამოქვეყნებიდან დაახლოებით ათი წლის შემდეგ გამოეცა აღნიშნული წიგნიც, თუმცა კი პოლკოვნიკი ბურნაშოვი ნობელის პრემიის ლაურეატი სულაც არ ყოფილა. 

ანუ ხდება ჩვენში რაღაც წაყრუება „არათავიანთი“ ხალხის მიერ შექმნილი ნაშრომების მიმართ, და უწინარეს ყოვლისა თავად ამ „არათავიანთი“ ადამიანების მიმართაც, თავიანთი ხალხის ხელოვნურად „გაქაჩვა“ და ქვეყნის მოამაგეებად მათი გამოცხადება, საკუთარ თავთან ერთად, რა თქმა უნდა. დაალოებით ერთი წლის წინ სხვა მსგავს სიტუაციასაც წავაწყდი. ავტობუსში მგზავრობისას შემხვდა ჩემი ყოფილი ლექტორი, ილია ლომიძე, რომელიც უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე ვექტორული და ტენზორული აღრიცხვის საგანს მასწავლიდა. მას საუბარში ვუთხარი, რომ მაქვს ბლოგი, რომლის ძირითადი თემატიკაა „სამხედრო საქმე და ისტორია“ (უფრო მეტად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორია), რომ მას საგანმანათლებლო დანიშნულებაც გააჩნია და მასში კითხველთა და ვიდეომასალების მომხმარებელთა დიდი რაოდენობით შემოსვლაა, ანუ მაღალი დაინტერესება (დღესდღეობით ეს შემოსვლები 322 ათასს აღემატება), შემოდიან სამხედრო მოსამსახურეები და სამხედრო საქმით დაინტერესებული სხვა მკითხველები, უმაღლეს სასწავლებელთა სტუდენტები (განსაკუთრებით ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონიდან თარგმნილ ვრცელ წერილებში ევროპული ქვეყნების ისტორიის, რელიგიურ მიმდინარეობათა ისტორიის, რომანტიზმისა და გერმანელ რომანტიკოსთა შესახებ), ასევე პროფესორ-მასწავლებლებიცა და სხვა დაინტერესებული მკითხველებიც. 

ამა წლის 27 იანვარს მე უკვე ავტვირთე ბლოგში წერილი მასში გამოქვეყნებული წერილობითი მასალების, მათი თემატიკისა და წლის დასაწყისში (12 იანვრის მდგომარეობით) მათში მკითხველთა შემოსვლების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ იმ დროისათვის ბლოგის წერილობით და ვიდეომასალებში მთლიანად იყო მომხმარებელთა 320 835 შემოსვლა, და მათგან წერილობით მასალებში – 225 959. 

ბ-ნმა ილია ლომიძემ მითხრა, რომ ნახავდა „ინტერნეტში“ ჩემს ბლოგს, რომ ჩვენში ახლა წარმოებს მუშაობა ახალი ქართული ენციკლოპედიის შესაქმნელად, რომ საქართველოს შესახებ მასალის მომზადება მას აქვს ჩაბარებული, და იგი აცილებლად ნახავს ჩემი ბლოგის მასალებსაც. ბ-ნი ილია სავსებით გულწრფელი იყო, როცა ამას მეუბნებოდა, და არც ჩემთან დაკავშირება იქნებოდა მისთვის შეუძლებელი, ვინაიდან ბლოგის დასაწყისშივე მითითებულია ჩემი ელექტრონული ფოსტის მისამართი, ან შეიძლებოდა რომელიმე წერილზე კომენტარის გაკეთება მასთან დაკავშირების სურვილითა და გზის ჩვენებით, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა. როგორც ჩანს, ვიღაც-ვიღაცეებმა „ზევით“ გააჩერეს, რადგანაც ამ ენციკლოპედიაში ჩემი სახელისა და ნაშრომების გამოჩენა არ აწყობთ. და რა ვუსურვო მათ, იმ „ზევითებს“ და სხვათაც? ჩ ა ძ ა ღ ლ ე ბ უ ლ ა ნ, გზაც იქითა ჰქონიათ. რაღა ჩვენ უნდა გვაყენებდნენ ტკივილსა და გვიშხამავდნენ ცხოვრებას? თვითონ მათ მიადგეთ ის ტკივილები და თვითონ მათვე მოეშხამოთ მათი ცხოვრება. იქნებ მიხვდნენ მაშინ, თუ როგორ უნდა ექცეოდნენ ადამიანებს. აი, ახლა დიდი ომიც გვიახლოვდება, რომლის შესახებ მე ლაპარაკი და პრესაში წერა ჯერ კიდევ 24 წლის წინ დავიწყე, 1999 წლის მარტის თვიდან, რეალურ ღია სამხედრო ინფორმაციაზე დაყრდნობით, როცა ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ერთ-ერთ საჯარო სხდომაზე განვაცხადე, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებისა და ეუთო-ს ოფიციალური დოკუმენტების გადმოცემის, აგრეთვე მათი ანალიზის საფუძველზე. თუ ამ ომმა უწია ჩვენს ქვეყანასაც, მაშინ ჩვენში ბოროტის მქმნელი ადამიანები ამ მხრივაც მიიღებენ თავიანთ საზღაურს – როგორც სხვას ექცევიან ახლა, მათაც მათი სამაგიერო მიეზღვებათ. თუმცა კი, უფლის მიერ დადენილი ეს სწავლება ადამიანებს შორის ურთიერთობაში ომის გარეშეც მოქმედებს, ცხადია, მაგრამ ომსა და უბედურებასაც თავისი წესი და რიგი შემოაქვს ჩვენს ცხოვრებაში, ამიტომ შეიძლება ის განსაცდელები და უბედურებანი გაცილებით უფრო მძიმეც იყოს. რა ვუყოთ, გზაც იქითა ჰქონიათ, თუ უკეთესობისკენ, ქრისტიანობისკენ მობრუნება არ უნდათ; არჩევანი მათია და პასუხსაც თვითონ აგებენ. 

ამ რამდენიმე თვის წინ გავიგე კიდევ ერთი ახალი ამბავი, რომ ვინმე ნინო შარვაშიძეს უთარგმნია ვალიკო ჯუღელის წიგნი „მძიმე ჯვარი“ ქართულად (დედანი რუსულ ენაზე გამოიცა ტფილისში 1920 წელს), რომ ეს თარგმანი გამოუციათ წიგნად, რომ ის გაყიდვაშია და მოწონებითაც სარგებლობს (რედაქტორები – ვინმე ორი პირი, გვარად ხვადაგიანები). და რატომ არის ეს ამბავი უსიამოვნო? საქმე იმაშია, რომ ეს წიგნი მე მანამდე ორი წლით ადრე ვთარგმნე ქართულად და ჩემს ბლოგზეც გამოვაქვეყნე. რომ ჩემი ეს თარგმანი ხელმისაწვდომია მკითხველისთვის, ის ღიად დევს „გულის“ სივრცეში და ჯერ კიდევ ორი წლის წინ შეეძლოთ ამ თემით დაინტერესებულ პირებს ენახათ ეს თარგმანი და წაეკითხათ იგი. მე სწორედ ამიტომ ვთარგმნე და გამოვაქვეყნე ის ჩემს ბლოგზე, მაგრამ არა იმისთვის, რომ ვიღაც ხელმრუდე და სინდისთან მწყრალად მყოფ ადამიანებს ჩემი თარგმანი „გადაემღერებინათ“ და მერე თავისად გაესაღებინათ. 

რადიოში ასეთი ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, რაც ჩემმა ახლობლებმა მითხრეს, რომ ამ წიგნის გამოცემაზე ინფორაცია ითქვა „საქართველოს რადიოში“, ვინმე ილია თავბერიძის გადაცემაში, მალევე მე მივედი ამ რადიოში, მაღლა არ ამიშვეს, ხოლო ტელეფონით კი დამაკავშირეს ამ რადიოარხის დირექტორის მოადგილესთან. იმ ქალბატონს მე ავუხსენი სიტუაცია, რომ ტყუილი ინფორმაცია გადაიცა მათი არხით, რომ ვალიკო ჯუღელის „მძიმე ჯვარის“ ჩემეული თარგმანი უკვე ორი წელია, რაც ბლოგზე მაქვს გამოქვეყნებული (2020 წლის აპრილის თვიდან და მის შემდეგ ახლო ხანებში), რომ არ ვიცი, ახლა ეს წიგნად გამოსული ტექსტი ჩემი თარგმანის გადამღერებაა თუ მართლა ახალი ნაშრომია, ამის გარკვევას სასამართლო დავა და ექსპერტიზის ჩატარება სჭირდება, რისი ფულადი შესაძლებლობებიც მე უბრალოდ არ გამაჩნია, მაგრამ ერთი რამ კი ნათელია, რომ ეს წიგნი ახლა პირველად არ უთარგმნიათ, რომ მისი ჩემეული თარგმანი უკვე ორი წელია ინტერნეტში დევს და ხელმისაწვდომია ყველასათვის, ვინც მისით დაინტერესდება. ვუთხარი ამ ქალბატონს ჩემი ბლოგის მისამართიცა და აღნიშნული თარგმანის ბლოგზე მოძებნის თარიღებიც – 2020 წლის აპრილი და მისი მახლობელი თვეები (ეს თარგმანი ხუთ ნაწილად მაქვს ბლოგზე ატვირთული, მისი შედარებით დიდი მოცულობის გამო). მან მითხრა, რომ გადასცემდა ილია თავბერიძეს ჩემს ნათქვამს, დატოვებულ მონაცემებს, და მეც რაღაც იმის იმედი მქონდა, რომ რადიოსადგური თავის შეცდომას, ეთერში გაჟღერებულ მცდარ ინფორმაციას, მსმენელთა შეცდომაში შეყვანას გამოასწორებდა. მაგრამ წესიერ და პატიოსან მკითხველს ისე არ ასტკივდეს არაფერი, რაც ამ რადიო არხს და მის წამყვანს არაფერი გამოუსწორებიათ. აგონ პასუხი მათაც და სხვა ხელმრუდე ადამიანებმაც მათი ასეთი საქმეებისათვის, გზაც იქითა ჰქონიათ. უფალი გვასწავლის სახარებაში: სხვას არაფერი უსურვოთ და არ გაუკეთოთ ისეთი, რასაც საკუთარ თავს არ უსურვებდით და არ გენდომებოდათ, რომ თქვენთვის გაეკეთებინათო. და უფრო მეტიც, უფალი იქვე ამბობს და გვასწავლის: სხვებს ისე მოექეცით, როგორც გსურთ რომ სხვები თქვენ გექცეოდნენო. და ეს ხელმრუდე და სინდისთან მწყრალად მყოფი ადამიანები თავიანთი საქციელით უფალს ეუბნებიან – ჩვენც ასე გვინდა რომ სხვები მოგვექცნენო. რა ვუსურვოთ მათ? როგორც რუსლან მიქაბერიძეს აქვს ერთ ლექსში – „მშვიდობაში და ჯანმრთელობაში“, სულიერ და ფიზიკურ გაჯანსაღებაში. 

დაახლოებით თვე-თვენახევრის შემდეგ რადიოში იმ მასალის გაშვებიდან, სადღაც ივლისის ბოლოსკენ, სოფელში ყოფნისას მოვისმინეთ იმავე რადიოარხის ისეთივე გადაცემა ერთ-ერთი იმ ხვადაგიანის მონაწილეობით. ახლა უკვე აღარ უთქვამთ, რომ ეს წიგნი ქართულ ენაზე პირველად ითარგმნაო, და არც ამ „მთარგმნელის“ სახელი და გვარი აღუნიშნავთ, მაგრამ თქვეს, რომ ეს თარგმანი პირველად გამოიცა წიგნის სახითო (ჰქონდათ, ან საიდანღაც იშოვნეს ფულები და წიგნად გამოსცეს), მაგრამ ის კი „არ გახსენებიათ“, რომ ამ წიგნის თარგმანი უკვე ორი წლის წინაა გამოქვენებული და ინტერნეტში ყველასათის ხელმისაწვდომიც (ამ წლის დასაწყსში ჩემეულ თარგმანში ნაჩვენები იყო მკითხველთა 545 შემოსვლა საერთო ჯამში). იმ გადაცემაში ხსენებულმა ხვადაგიანმა კმაყოფილებოთ განაცხადა, რომ მას უყვარს ვალიკო ჯუღელის პიროვნება, პატივს სცემს მას და ინტერესდება მასალებით მის შესახებ, და ამ სიტყვებით მან იქვე აჩვენა თავისი სისულელე და ჭკუამოკლეობა: თუ მას აინტერესებს ცოდნა და ინფორმაცია ვალიკო ჯუღელის შესახებ, მაშინ ის არაერთხელ შევიდოდა „გუგლში“ სათანადო მასალების მოსაძიებლად და გასაცნობად, და „გუგლიც“ ჯერ კიდევ 2020 წლის აპრილიდან არა მარტო აცნობებდა, რომ ვინმე ირაკლი ხართიშვილმა დაიწყო ინტერნეტ-სივრცეში ამ თარგმანის ნაწილ-ნაწილ გამოქვეყნება, არამედ მისცემდა კიდეც ამ თარგმანების წაკითხვის საშუალებას. აქედან ჩანს, რომ ეს ხვადაგიანიცა და მთელი ის კომპანიაც უბრალოდ მატყუარები, ბაცაცები და თაღლითები უნდა იყვნენ. ასე ხდება, როცა ადამიანი ცრუობს, ის ბევრ სისულელეს ლაპარაკობს ხოლმე, რაც იმ სიცრუიდან მომდინარეობს. 

ზემოთ მე ვახსენე იმ სავარაუდო განსაცდელებისა და უბედურებათა შესახებ, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შეიძლება დაატყდეს ახალი დიდი ომის მოახლოების პირობებში. თვითონ ამ ომის თაობაზე შემდეგში სხვა დროს მოვყვები, აქ კი მინდა ვთქვა, რომ სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცმებით, 2000 წელს ფინეთს თავისი სახმელეთო ჯარების საბრძოლო ანუ საველე ჯარების შემადგენლობაში ჰყავდა 26 საბრძოლო ბრიგადა (ორი ჯავშანსატანკო, ათი მექანიზებული ქვეითი და 14 ქვეითი), აგრეთვე ტერიტორიული თავდაცვის ჯარების დაახლოებით 150 ცალკეული ნაწილი და ქვედანაყოფი (ბატალიონი, ასეული, ოცეული). მეორე მცირე ნეიტრალურ ევროპულ სახელმწიფოს, შვეიცარიას, სახმელეთო ჯარებში ჰყავდა საველე ჯარების ცხრა დივიზია (ექვსი მექანიზებული ქვეითი და სამიც სამთოქვეითი; თითოეულ დივიზიაში სამ-სამი საბრძოლო ბრიგადით) და ხუთი ცალკეული ჯავშანსატანკო ბრიგადა (მთლიანობაში 32 საბრძოლო ბრიგადა – მექანიზებული ქვეითი, სამთო-ქვეითი და ჯავშანსატანკო), პლიუს ტერიტორიული თავდაცვის ჯარების ოთხი დივიზია. ამათ ემატებოდა ფინეთისა და შვეიცარიის სამხედრო-საჰაერო ძალებისა ფინეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შენაერთები, ნაწილები და ქვედანაყოფები. და მთელი ეს ძალები ამ სახელმწიფოებს სჭირდებოდათ და სჭირდებათ საკუთარი თავდაცვისათვის. 

საქართველოს სახმელეთო ჯარებს დღესდღეობით ჰყავს სამი თუ ოთხი საბრძოლო ბრიგადა, რაც, იმავე ფინეთისა და შვეიცარიის მაგალითის საფუძველზე, ვერანაირად ვერ შეძლებს უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის თავდაცვა. ეს კი ნიშნავს ომის შემთხვევაში ამ ჯარების სწრაფ დამარცხებას, გამარჯვებული მოწინააღმდეგის ჯარისკაცებისა და ოფიცრების ავტომატებით ხელში ჩვენი მოსახლეობის სახლებსა და ბინებში შემოსვლას, როცა ჩათვლიან, რომ რაც მოეწონებათ და ვინც მოეწონებათ მათია, და როგორც უნდათ ისე მოიხმარენ. ამის წინააღმდეგ და ხელისუფლებისათვის ამის შეხსენებით მე უკვე 24 წელია რაც გამოვდივარ, მაგრამ ხელისუფლებასაც და საზოგადოების პოლიტიკურად აქტიურ ნაწილსაც (პოლიტ. პარტიები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი, არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოების სხვადასხვა სახის ელიტები) ეს დიდად არ ადარდებთ – დღევანდელი ასაღები ფულები და საშოვნელი სავარძლები უჩრდილავთ მათ ასეთი მძიმე და საუბედურო პერსპექტივების კონტურებს. აქაც იგივე გვეთქმის: „მშვიდობაში და ჯანმრთელობაში“, ეს განსაცდელები და უბედურებები მათ სულიერ და ფიზიკურ გაჯანსაღებაში, ქრისტიანულად მოქცევაში, საქმით გაქრისტიანებასა და ქვეყანას და საკუთარ ხალხზე, საკუთარ თანამემამულეებზე ზრუნვაში. 

ირაკლი ხართიშვილი

 

No comments:

Post a Comment