Saturday, October 1, 2022

ტარიელ ბიბილურის პოეტური კრებულის გამო

დაბადებასა და გარდაცვალებას შორის დროის მონაკვეთს სიცოცხლე ჰქვია, ხოლო გარდაცვალებიდან – მარადიული ცხოვრება. ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად ხვდება ამ საიდუმლოებას და შესაბამისადაც ცხოვრობს, მაგრამ პოეტი გამორჩეულად აღიქვამს ადამიანის არსებობას და მის დანიშნულებას და სხვისთვისაც საცნაურს ხდის მშვენიერებას: „უფალი სუფევს, შუენიერებაი შეიმოსა, შეიმოსა უფალმან ძალი და გარეშეირტყა; და რამეთუ დაამყარა სოფელი, რაითა არა შეიძრას“ (ფს. 92.1). კულტურათა არსებობის გარეშე ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია. 

„არყოფნის შიში 
ვარსკვლავთა შორის 
მოთმინებით მასწავლის ყოფნას“. 

„ვივსები სივრცით 
იდუმალი აუმღვრევლობით; 
ვგრძნობ ყვავილებზე 
დალექილ ცარგვალს“. 

დიახ, ნიჭიერ პოეტს ძალა შესწევს, ჩაწვდეს მარადისობას და მყისიერად შეგრძნებული გადმოსცეს ლექსის ფორმით, რომელსაც ჰაიკუ ჰქვია და აღმოსავლურ ლიტერატურაში დამკვიდრებული ფორმაა. 


ტარიელ ბიბილურის ლექსთა კრებული „მარადისობის წვეთი“ განაპირობებს ზემორე თქმულს. სიფაქიზე, სინატიფე, ლაკონურობა ახასიათებს მის მცირე ზომის ლექსებს, რაც მხოლოდ გრძნობასა და გონებას სულიერი თვალსაწიერით ძალუძს. 

გამოჩენილი გერმანელი ქართველოლოგი ჰაინც ფენრიხი თავის წერილში „ქართული ლიტერატურის ადგილი მსოფლიო ლიტერატურათა შორის“ ერთგან აღნიშნავს, ქართულ ლიტერატურას განუცდია უცხოურ ლიტერატურათა, კერძოდ, აღმოსავლურის გავლენა, მაგრამ იგი თავის წიაღს, თავის ლიტერატურულ ტრადიციას არ ღალატობს, შემოსულ მიმართულებას გადაამუშავებს და ჰქმნის ორიგინალს. 

სწორედ რომ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე ტარიელ ბიბილურის შემოქმედებაში. აღმოსავლური ფილოსოფიური სიბრძნე მან ქრისტიანული მსოფლმხედველობით განჭვრიტა თავის პაწია, ვიტყოდი, ფრინველებივით, ლექსებში, რომელიც ვარდსურნელოვნებით შემოიჭრება მკითხველის სამყაროში და ჩაგძირავს მდუმარებასა და სილამაზეში, რათა იგრძნო, რომ შენც მარადისობის ნაწილი ხარ და არა ვიღაც დაბნეული მგზავრი სადღაც, ოდესღაც მოარული მავანი. 

წვდება რა მარადიულ ღირებულებებს სერიოზული დამოკიდებულებით, იგი მეტყველებს თითქოსდა პირველქმნილი ზენაარ ქართულით („დაუსრულებელი მისტერია“). იგი ჰბადებს თავად სიტყვებს, რამეთუ ზიარია მარადიულ ფასეულობათა საგანძურისა. ასეთი ამაღლებული განცდით მიწევს გადმოცემა მისი შემოქმედების შესახებ, რადგან დღეს ძნელად შეხვდები პოეტს, ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, მაგრამ მადლობა უფალს, რომ იგი არსებობს და კვლავაც შეანჯღრევს მკითხველს, მიაყურადონ გონების თვალი ცხროვრების საზრიანობას და არა რაღაც მიეთ-მოეთებს. 


გადაუჭარბებლად, ჩვენ ვკითხულობთ პოეტის შემოქმედებას. არ ვიტყვი დიდი პოეტია ან ნამდვილი პოეტი, რამეთუ სიტყვაშივე – პოეტი – დევს ეს ორივე ნიშან-თვისება; რაგინდ მატერიალური გახდეს სამყარო, პოეტი მაინც იბადება, რადგან: 

„ჭაობი აძლევს 
სიცოცხლეს ლერწამს, 
რომელსაც ძალუძს 
უნატიფეს ფლეიტად იქცეს“. 

„ვცხოვრობ სიტყვაში 
ისე, როგორც 
დუმლის სახლში“. 

ამბობს იგი, და მახსენდება დიდი გერმანელი პოეტი რაინერ მარია რილკე, რომლისთვისაც საბოლოო თავშესაფარი სიტყვაა. 

პოეტს შეუძლია შინაგანი სუფთა ცხოვრებით გაუძლოს მტანჯველ უღირსობას: 

„შემომაბრუნეს უღირს ქალაქში 
და ტანჯვისა და ურვის სანაცვლოდ, 
ვსწავლობ სინათლის ნამდვილ შეგრძნებას“. 

პოეტს თავისი დანიშნულება გააჩნია. მისი მოქნეული ფრთა აფხიზლებს მკითხველს: 

„თავგანწირულ დელფინთა მსგავსად, 
გამოვირიყე ხრიოკ ნაპირზე, 
რომ შეგახსენოთ არსებობა ზღვისა და სიღრმის“. 

როცა კრებულის შესავალს წაიკითხავ, სარჩევს გადახედავ, შეამჩნევ, რომ პოეტი აღმოსავლური კულტურის მცოდნე და განმცდელია, მაგრამ იგი საკუთარ სათქმელს გეუბნება. სათქმელი ბევრია, მრავალნაირი. 

ის გაჭირვების წლები, რომლებიც ამ ცოტა ხნის წინ ყველამ ერთად გამოვიარეთ, ასეთ სიტყვებში გამოხატა ავტორმა დიდი სიბრალულით: 

„თუ პურს ვიყიდი, 
დღეს მოხუც დედას 
ექიმთან უკვე ვეღარ წავიყვან“. 

მშობლის სიყვარული და იმედი თან ახლავს ჰაიკუს. 

შენს დამჭკნარ ხელებს, 
დედავ, ნუგეშის 
ძალა მაინც აქვთ“. 

აქ მახსენდება რემბრანტის „განათებული“ მოხუცები, რომლებმაც შინაგანად იცხოვრეს და წარმაველს, ჭკნობადს სულიერებით მოერივნენ. აქ თანაც იგი – მოხუცი – დედაა; დედა და და ერთგულება და თავგანწირული მზრუნველობა იმდენად შთამბეჭდავია, რომ მათი სიყვარული მშობლიური ადგილების გარდა, ბუნების წიაღი სხვა ადგილებზეც ვრცელდება. 

მისი ჰაიკუ არის მყისიერი ჭვრეტა, სურათ-ხატის გაჩერება და აზრსავსე. ბავშვებისთვის წარმოსახვითი ცხოვრება ახლოა, რადგან იგინი ახლოს არიან ჭეშმარიტებასთან, უფრო სწორად, ნაწილნი არიან სინამდვილისა: 

„მხოლოდ ბავშვი თუ ეწვევა სტუმრად 
კედელზე ცარცით 
დახატულ ქალაქს“. 

ამ ჰაიკუს წაკითხვის შემდეგ ნიკო სამადაშვილი გამახსენდა საერთოდ. ჩვენი ქართველი ტრადიციული ქრისტიანული პოეტი: 

„ჩიტი ჟღურტულებს 
და უფლის სიტყვას 
პურივით მიყოფს“. 

მისი ჰაიკუები ფიქრს აღგიძრავს, მკითხველს წაგიყვანს სიღრმეში, სადაც არ დაინთქმები, შენც შეეხები მარადიულ სინათლეს და გამოხვალ, შენს თავს წარუდგები, რაც პოეტის, საერთოდ, შემოქმედის დანიშნულებას წარმოადგენს – ჩაგახედოს სარკეში და საკუთარი თავი დაგანახოს, რამეთუ ყოველს საკუთარი გზა აქვს გასავლელი, რაც ამაოებასთან ბრძოლით მოიპოვება. 

„ალბათ არასდროს აღარ ინათლებს, 
თუ არ დავთრგუნავ 
აღმავალ ბნელეთს“. 

აი, იმ თემატიკის მცირე ჩამონათვალი, რაზეც მე შევაჩერე ყურადღება: ნათლის შეცნობა („მიმძიმს ნათელი“), მიწის – ჯვარცმის გავლა, სინანული, სიკვდილის გადალახვა („ცა არის ჩემი“), სიმშვიდის მოპოვება („ხმელი ტოტივით“), სიხარულის გაზიარება, სიცოცხლის სიხარული („პირქუშ ლოდებთან“, „ბეღურასავით“, „გზააბნეული ბავშვის მიერ“), მდუმარების შეგრძნება, სიცოცხლე („ნიადაგ ისე“), სურათები, მოულოდნელობანი („შენ ალბათ“, „ცისმარზე ერთად“). სხვისთვის შეუმჩნეველის აღქმა პოეტის მიერ („ჩემს გულს აფარებს“), მარადიულის ძიება უკვდავ ადამიანში („დღესაც ვერ თმობენ“), წარუშლელი ბავშვობა („თოვლი ვერ ღებავს“), ბუნებასთან მეგობრობა, თანაზიარობა („ქარს მოვუყვები“), ცისა და მიწის ჰარმონიის გრძნობა („მეწამულ ვარდის“), სილამაზის აღქმასთან ერთად წამიერი გადასახლება-სტუმრობა მკითხველისა („ვერავის ვუმხელ“)... 

ჩამონათვალი თქვენც შეგიძლიათ გააგრძელოთ. ეს პაწია წიგნი ალმასებრ ბრწყინავს და იკავებს ქართულ ლიტერატურაში თავის ადგილს, რომელსაც ისევ ჰაინც ფენრიხის სიტყვებით დავასრულებ –ეგების თარგმანები სხვადასხვა ენებზე, რამეთუ მისი კითხვისას მსოფლიოს დიდ ხელოვანთა გახსენებები აღიძვრის... 

წარმატებები ტარიელს მრავალჟამიერ! 

P. S. მისი სახელი ჩვენი სათაყვანებელი პოემის მთავარი გმირისაა, ხოლო მისი გვარი სამეფო კარის მოწინავე რიგებში იდგა. 

მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი


No comments:

Post a Comment