Monday, May 23, 2022

1922 წლის საარქივო დოკუმენტი, საქართველოს საერთაშორისო და საშინაო მდგომარეობისადმი მაშინდელი ხელისუფლების დამოკიდებულების შესახებ

(ქვემოთ შემოთავაზებული მასალა გახლავთ საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში /სუიცსა/, სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ფონდში /ფ. 284/ დაცული, ამ კომიტეტის ერთ-ერთი სხდომის ტექსტი, რომელიც შეეხება გენუის კონფერენციასთან დაკავშირებით საქართველოში და მის გარეთ, საქართველოსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების ხედვას ჩვენს ქვეყანაში მაშინ არსებული კომუნისტური /ბოლშევიკური/ ხელისუფლების ხედვასა და დამოკიდებულებას. ვფიქრობთ, ის საინტერესო უნდა დღევანდელი ქართველი მკითხველისათვის. მადლობა მინდა გადავუხადო აღნიშნული არქივის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს ამ საქმეში ჩემთვის გაწეული დახმარების გამო) 


ო ქ მ ი # 2 ა . 

ს. ს. საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის I-ლი საგანგებო 

ს ე ს ი ი ს 

სხდომა პირველი. აპრილის (1)4, 1922 წ. 

საღამოს 7 საათზე სახელმწიფო ოპერის დარბაზში 

|აპრილის 12 სხდომა არ შედგა რადგანაც ქვორუმი არ შეიკრიბა| 

თავმჯდომარეობს: ფ. მ ა ხ ა რ ა ძ ე . 

წევრები: ორახელაშვილი, თოდრია, დუმბაძე, საბაშვილი, ჯორბენაძე, ოკუჯავა მ., ცინცაძე კ., ტოროშელიძე, ქავთარაძე, ერქომაიშვილი, ჩოდრიშვილი, ბოლქვაძე, კაკაბაძე, ცინცაძე პ., სუხიშვილი, კახიანი, ხომერიკი, ასირბეკოვი, თუმანოვი, გეგეჭკორი, მოწონელიძე, გიორგაძე, მეგრელიშვილი, კვარაცხელია, ლაფანაშვილი, ქურციკაშვილი, კილაძე, კალანდაძე ვარ., ბედია, მამულია, სტურუა ვ., ბასილავა, რაფავა, ჯაკონია, მიროტაძე, ვარამაშვილი, ჯატიევი ალ., გაგლოევი, ჩოჩიევი, ჯატიევი კ., ხიმშიაშვილი, გოგია, ეშბა, კუხალაშვილი, ჟორჟიკაშვილი, კუჭაიძე, ელიავა შ., ეგოროვი, ოკუჯავა ნ., ლისოვსკი, პუგაჩოვი, ღლონტი, ხუნდაძე. 

გარდა ამისა სხდომას დაესწრნენ: ქ. ტფილისის საბჭოების პლენუმი, პროფკავშირების საბჭოს პლენუმი, ფაბრიკა-ქარხნების კომიტეტების და გარნიზონის წარმომადგენლები. 

მ დ ი ვ ა ნ ი : თ. კალანდაძე. 

სხდომის წესრიგი : 

I. საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ |მომხს. ფ. მახარაძე| 
2. ყარსის ხელშეკრულების რატიფიკაციის შესახებ |მომხს. შ. ელიავა| 


მ ო ი ს მ ი ნ ე ს : 

I. მოხსენება საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ. |მომხსენებელი ფ. მახარაძე, თანამომხსენებელი მამია ორახელაშვილი, ეგოროვი, კამათში მონაწილეობას იღებენ: გალაქტ. ნუცუბიძე და თ. ღლონტი|. 

დ ა ა დ გ ი ნ ე ს : 

მიღებულ იქნა ერთხმათ შემდეგი რეზოლიუცია: 

საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პლენუმისა, ტფილისის მუშათა და წითელ-არმიელთა დეპუტატების საბჭოსი, საქართველოს პროფესიონალ კავშირთა საბჭოსი, საფაბრიკო-საქარხნო კომიტეტებისა და ქალაქ ტფილისის გარნიზონის დელეგატთა გაერთიანებული სხდომა |1922 წლ. აპრილის 14-ს| მოისმინა რა მოხსენება ამხ. ფ. მახარაძისა საბჭოთა რესპუბლიკების საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ, გაერთიანებული სხდომა გულის წყრომით და აღშფოთებით აღნიშნავს საზღვარგარეთელ თეთრგვარდიელთა და ბურჟუაზიული ქვეყნების უკიდურეს იმპერიალისტურ წრეების ძალთა ახალ მობილიზაციას, რომელნიც ემზადებიან კიდევ ერთხელ სცადონ, გენუის სამშვიდობო კონფერენციასთან დაკავშირებით, დაამხონ მუშურ-გლეხური ხელისუფლება, შიგნით და გარეთ ბანდიტური და კონტრ-რევოლიუციონურ გამოსვლების მოწყობით და შემდეგ კი შეიარაღებული თავდასხმითაც იმპერიალისტური ომით დატანჯულ და სიმშილით განაწამებ საბჭოთა ფედერაციაზე. 

საერთაშორისო მტაცებლებს კვლავ სურთ აჯანყებისა, შეთქმულებისა და ომის ცეცხლის ალში გაახვიონ ზავისა და სახალხო მეურნეობის ადგენისათვის მშვიდობიან შრომის მოწყურებული საბჭოთა რესპუბლიკები. 

განსაკუთრებულ ყურადღებას ისინი აქცევენ ამიერ-კავკასიას და პირველ რიგში საქართველოს და მის ავტონომიურ ნაწილებს, რომელთა საშუალებითაც მტაცებლებს სურთ თავისი გასისხლიანებული კლანჭებით დაეპატრონონ ბაქოს ნავთს და შემდეგ კი აღმოსავლეთს, საბჭოთა რუსეთისა და იმპერიალიზმის უღლიდან განთავისუფლების გზაზე მყოფ ანატოლიისა, სპარსეთისა და შუა-აზიის ხალხთა შორის კავშირის გასაწყვეტად. 

იმპერიალიზმის და ემიგრანტ-თეთრგვარდიელებ(ი)ს იდეურ მებაირაღტრეთ გამოდის საერთაშორისო მენშევიზმის გმირები მე-2-რე ინტერნაციონალისა, რომელნიც აწარმოებენ ევროპაში მოშხამულ და ცილის-წამებით სავსე აგიტაციას, ითხოვენ რა ხალხთა დემოკრატიულ თვითგამორკვევის ფარისევლურ საბაბით, საქართველოდან წითელი ჯარის გაყვანას, ე. ი. მუშათა და გლეხთა საბჭოთა ხელისუფლების განიარაღებას, რათა ფინანსიური კაპიტალი თავისუფლად დაეპატრონოს ამიერ-კავკასიის ბუნებრივ სიმდიდრეს და ხელახლა დაადგას მშრომელ ხალხს მონობის მძიმე უღელი. 

ჩვენ აღვნიშნავთ ყველა ქვეყნის მუშებისა და გლეხების წინაშე ამ ვაჟბატონების ღალატსა და გამცემლობას. 

საქართველოს მშრომელ ხალხს მუშურ-გლეხური ხელისუფლების ერთი წლის არსებობის განმავლობაში, არა ერთხელ გამოუმჟღავნებია მთელი მსოფლიოს წინაშე თავისი ერთგულება საქართველოში დამყარებულ სახელმწიფოებრივ და სოციალურ წესწყობილების მიმართ. 

საქართველოს პროფესიონალურ კავშირების ორმა ყრილობამ, რომ არ ჩავთვალოთ თვითეული პროფესიონალური კავშირის ცალკე ყრილობები, სამაზრო, საოლქო და სრულიად საქართველოს მუშათა, გლეხთა, წითელ-არმიელთა და მატროსთა დეპუტატების ყრილობებმა საბოლოოდ დაადასტურეს და განამტკიცეს საბჭოთა რეჟიმი, რომელიც ჩვენი რესპუბლიკის მშრომელ ხალხისათვის არის ერთად-ერთი მისაღები რეჟიმი, დაუღალავი შრომით, მუშაობის ფრიად მძიმე პირობებში, ჩვენი მშრომელი ხალხი ცდილობს დააშუშო(ს) სამეურნეო ცხოვრების პირგახსნილი ჭრილობები, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით დაგვიტოვა იმპერიალისტებისა და მათ ერთგულ მსახურთა – მენშევიკების რეჟიმმა. 

ნაყოფიერი შრომისათვის საჭიროა ზავი და მშვიდობიანობა, ხოლო ამ ზავსა და მშვიდობიანობას არ გვანებებენ ჩვენი მტრები. 

მაგრამ დეე იცოდნენ მათ, რომ ჩვენთვის, საქართველოს მშრომელთათვის აშკარაა მათი შავი ზრახვანი და მათ გაერთიანებულ ფრონტს ჩვენ დაუპირისპირებთ – წითელი შრომის ფრონტს, რომელიც აერთიანებს ამიერ-კავკასიის ხალხებს. ჩვენ გავითვალისწინეთ შრომის ფრონტის პოზიციები, ჩვენ გავმაგრდით და კვლავ განვაგრძობთ გამაგრებას, ჩვენ არ მივცემთ ბურჟუაზიულ კონტრ-რევოლიუციას საშვალებას ფეხი შემოდგას საბჭოთა მიწა-წყალზე, ჩვენ არ მივცემთ საშვალებას კვლავ დაბრუნდეს მენშევიკებისა, დაშნაკებისა და მუსავატელების დაწყევლილი რეჟიმი, რომელიც ნიშნავს განუწყვეტელ ხოცვა-ჟლეტას ხალხთა შორის, მათი ანტანტის იმპერიალიზმისადმი დამონებასთან ერთად. 

ჩვენ მოვითხოვთ საბჭოთა ხელისუფლების ორგანოებისაგან გაათკეცებულ სიფხიზლეს, ყველა ძალებისა და საშვალების მობილიზაციას თავდაცვის ორგანიზაციისათვის. 

ჩვენ მოვითხოვთ დაუნდობელ ყოველგვარ ღონისძიებას შინაურ კონტრ-რევოლიუციის წინააღმდეგ, თუ ისინი შეეცდებიან შიგნიდან კბენა დაუწყონ მშრომელი ხალხის სხეულს და მით ხელს შეუწყობენ იმპერიალიზმის სისხლიან მსვლელობას ამიერ-კავკასიის გზით. 

და თქვენ კი, ჩვენო შრომისა, ბრძოლისა და საერთო საბჭოთა სამშობლოს ჩრდილოეთის ძმებო, თქვენ წითელ მოსკოვისა, პეტროგრადისა და მთლად მუშათა რესპუბლიკის მუშებო, თქვენ – აზერბაიჯანისა, სომხეთისა, დაღესტნისა და ჩრდილო-კავკასიის მშრომელნო, გქონდეთ ჩვენი რწმენა, საქართველოს მშრომელთა რწმენა; აქ საბჭოთა ამიერ-კავკასიის სანაპიროზე, ჩვენ – საქართველოისა, აფხაზეთისა, აჭარისტანისა და სამხრეთ-ოსეთის მუშები და გლეხები ძლიერნი ბრძოლაში ნათალღების წყურვილით იმპერიალიზმის მტაცებლებისა და მენშევიზმის ტურების წინააღმდეგ, მხარ-და-მხარ წითელ არმიელებთან ერთად მოვიგერიებთ კონტრ-რევოლიუციის იერიშს და ზღვაში გადავისვრით ბანდებს, რომელნიც შეეცდებიან ხელი შეახონ მუშათა და გლეხთა თავისუფლებას. 

სიკვდილი საერთაშორისო იმპერიალისტებს. 

სიკვდილი მათ დამქაშებს. 

გაუმარჯოს ჩვენს ბრძოლას იმპერიალიზმის მტაცებელთა წინააღმდეგ. 

გაუმარჯოს წითელ ხიშტს კაპიტალის სხეულის გამგმირავს. 

გაუმარჯოს საბჭოთა ფედერაციას. 


მ ო ი ს მ ი ნ ე ს : 

2. ამიერ კავკასიათა რესპუბლიკების და ოსმალეთის |ანგორის მთავრობის| შორის ხელშეკრულების რატიფიკაციის შესახებ 

|მოხსენება შ. ელიავასი. კამათში მონაწილეობას იღებენ ორახელაშვილი, ხიმშიაშვილი, სიმ. ხუნდაზე და სხვ.| 

დ ა ა დ გ ი ნ ე ს : 

გავეცანით რა ტექსტს ხელშეკრულებისას, რომელიც დადებულ იყო 1921 წლის ოქტომბრის 13-ს, ერთის მხრივ ოსმალეთის დიდი ეროვნული საბჭოს, ხოლო მეორეს მხრივ ამიერ-კავკასიის – საქართველოს, სომხეთის და ადერბეიჯანის შორის სრულიად საქართველოს საბჭოთა ც. ა. კომიტეტი ამტკიცებს ამ ხელშეკრულების ძირითად ტექსტს, ფრანგულ ენაზე დაწერილს, და წინადადებას აძლევს სახელმწიფოს ყველა ორგანოებს სისწორით გაატარონ ის ცხოვრებაში. | მიღებულია ერთხმად. თავი შეიკავა სამმა. 


თ ა ვ მ ჯ დ ო მ ა რ ე – 

მ დ ი ვ ა ნ ი – 


სუიცსა, ფონდი 284, ანაწერი 1, საქმე 3, ფურც. 3–4 


ბლოგზე გამოქვეყნებისთვის ტექსტი მოამზადა 
ირაკლი ხართიშვილმა

 

No comments:

Post a Comment