Friday, April 9, 2021

როსტომ ჩხეიძე წიგნის – „ძველი ჩინური იგავები“ შესახებ


იუმორისა და სიბრძნის ჰარმონია 

(ჩენგიუს იგავმეტყველების ნაჟური) 


ბაჩანა ბრეგვაძის „ბოლო წლების ჩანაწერების“ ციკლში ერთი მინიატურაცაა: „ეჭვი“ – რომელიც ნაამბობია ძველჩინელი ბრძენის ლე ძინის მიხედვით. 

კაცი ცულს დაკარგავდა და მეზობლის ბიჭზე იღებდა ეჭვს. 

დააკვირდებოდა და: ცულის მპარავივით დადიოდა; ცულის მპარავივით იყურებოდა; ცულის მპარავს მიუგავდა სიტყვა-პასუხი. 

ერთხელაც ბოსტანს ბარავდა და... იქ უნდა ეპოვნა თავისი ცული. 

დააკვირდებოდა მეზობლის ბიჭს და: არც სახით, არც სიტყვით, არც მიხვრა-მოხვრით არა ჰგავდა ქურდს. 

ამ ნაამბობს, რომელიც შეგონებითია და ფილოსოფიური აზრიც მსჭვალავს, ფსიქოლოგიური ახსნაც მოეძებნება და ჩინებულ ილუსტრაციადაც წარმოგვიდგება დიმიტრი უზნაძის თეორიისა. 

და კიდეც მოიმარჯვებენ ფსიქოლოგები ამ თვალსაზრისითაც, ოღონდ ამჯერად მის გახსენებას დავისაჭიროებდი იმ ახალ წიგნთან შეხმიანებისათვის, „კარპე დიემი“ რომ გამოსცემდა: „ძველი ჩინური იგავები“, მარიამ ქსოვრელ-ხრთიშვილის მიერ თარგმნილს გერმანულიდან – ერთ-ერთ ნიმუშად ეს ნაამბობიც რომ არის ჩართული. 

რას ან ვის მიეყვანა გერმანული ენის სპეციალისტი ჩინურ სამყარომდე? 

ვის და: 

ჰერმან ჰესეს, რომლის მსოფლხედვასა და მხატვრულ აზროვნებაზეც უდიდეს გავლენას მოახდენდა აღმოსავლური კულტურა, კერძოდ კი ჩინური სიბრძნე, და მარიამ ქსოვრელი სახელოვანი გერმანელის ორ რომანს რომ აამეტყველებდა ქართულად: „ნარცისი და გოლდმუნდი“ და „თამაში რიოში მარგალიტებით“ – ძალდაუტანებლად გაუწევდა გული ჩინური სიბრძნის ამ გამონაშუქებამდეც, ეს სამყარო – და მასთან ერთად ინდურიც – მახლობელი რომ შეიქნებოდა მისთვის ჯერ კიდევ წინა საუკუნის 80-იანი წლებიდან მოკიდებული, როდესაც ერთი მხრივ შეასრულებდა ლაო ძის „დაო დე ძინის“ პწკარედულ თარგმანს ორი სხვადასხვა გერმანელი მთარგმნელის მიხედვით, მეორე მხრივ კი „უპანიშადების“ ცალკეული ნაწილების ასევე პწკარედულ ვერსიას გერმანულიდანვე. 

„ძველ ჩინურ იგავებს“ ურედაქტორებდა ნინო დაღუნდარიძე, სინოლოგი, რომელიც ჩინური ენის კვალობაზე გამართავდა ონომასტიკასაც და ტოპონიმიკასაც. და ლე ძინის ნაცვლად ამ გამოცემაში ამიტომაც ამოვიკითხავთ სხვა ფორმას: ლიეწ’ი. შენიშვნებში კი განგვიმარტავდნენ, რომ: 

წ’ი თავის დროზე უფრო მეტად ნიშნავდა სწავლულებს, ოსტატებს. შემდეგ გვარებს დაემატებოდა. და ლიეწ’ი ნიშნავდა როგორც ნაწარმოების სახელს, ასევე ავტორის გვარსაც. 

წინასიტყვაობაში, რომელსაც მთარგმნელი მოამზადებდა ევა მიულერის წერილის მიხედვით, გერმანულ გამოცემას რომ დართვოდა, გვამცნობდნენ, რომ: 

იგავის ანდა პარაბოლის დაბადება ძველჩინელ ფილოსოფოსს ჭუანგცის უკავშირდებოდა, ძველი წელთაღრიცხვის 369–286 წლებში მცხოვრებსა და მოღვაწეს, ძველი ეპოქის მრავალი ჩინელი ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი რომ მიმართავდა ამ ჟანრს, რადგანაც იგავები კამათს იწვევდა და აღმზრდელობით ზემოქმედებასაც ახდენდა; და ამდენად პოლიტიკოსთა ყოველდღიურ ცხოვრებასა და ფილოსოფოსთა მიერ დამოძღვრითი, დამრიგებლური შეხედულებების გავრცელებაში დიდ ადგილს იკავებდა. 

რედაქტორის შესავალში კი აღინიშნებოდა, რომ: 

ჩენგიუ – რომელიც ქართულად შეიძლებოდა თარგმნილიყო როგორც: ანდაზა, იგავი, აფორიზმი, იდიომი... – წარმოდგებოდა ოთხიეროგლიფიანი მყარი ფრაზით. 

და რომ: 

ფილოსოფოსები ჩენგიუებით რომ გამოხატავდნენ თავიანთ უფაქიზეს გრძნობებს, „ჩინური აზროვნების ასი სკოლა“ – ინტელექტუალური მიმდინარეობის ზოგადი სახელი მებრძოლ სამეფოთა ხანაში – დიდ როლს ითამაშებდა სხვადასხვა იდეოლოგიური სისტემის – კონფუციანობა იქნებოდა, ტაოსიზმი, მოიზმი, ლეგიზმი თუ სხვა – და მათ შორის ლიტერატურის ამ ჟანრის – ჩენგიუს – ჩამოყალიბებაში. 

და კიდევ: 

ეს ჟანრი უკავშირდებოდა ძველ ლეგენდას ან ისტორიულ გადმოცემას და მათი შინაარსი ხშირ შემთხვევაში გაუგებარი გახლდათ, თუ არ იცოდი ეს იდიომი, და ამიტომაც მათი სიტყვა-სიტყვითი თარგმნა უაზრობა თუ იქნებოდა. 

და თუ რაიმე მიიჩნევა განათლებული ჩინელის ერთ-ერთ მახასიათებლად, უთუოდ პოპულარულ ჩენგიუთა ცოდნაც. 

ჩენგიუ გამოიყენებოდა როგორც ზეპირსიტყვიერებაში, ასევე მწერლობაში. მათი რაოდენობა სამეტყველო ენაში 5 000-ს რომ შადგენდა, ზოგიერთი ლექსიკონის თანახმად კი – 20 000-ს. 

ერთ კაცს („ძირველი ხე“) ძველისძველი ჭადარი ედგებოდა. 

– ასეთი ძირძველი ხე უბედურებას მოასწავებს, – ეტყოდა მეზობელი, და როდესაც კაცი ჭადარს მოჭრიდა, ის მეზობელი ჰკითხავდა, – შეიძლება შეშა წავიღო? 
და როგორც კი კაცი ამას გაიგონებდა, ნირწამხდარი მიუგებდა: 

– ამიტომ მირჩიე ხის მოჭრა, არა?! განა შეიძლება მეზობელი ასეთი მზაკვარი იყოს? 

სხვა კაცი („ის ვერავის ხედავდა“), ოქროზე ზედმეტად დახარბებული, ერთ დილას ბაზრობაზე გაეშურებოდა და ერთი დახლიდან იმდენ ოქროს აიღებდა თამამად, რამდენსაც მოისურვებდა. მას მაშინვე ჯალათი დაედევნებოდა და ჰკითხავდა: 

– როგორ გაბედე ასე უშიშრად ამდენი ხალხის წინაშე ოქროს მოპარვა? 

– როცა ავიღე, ჩემს თვალწინ ოქროს გარდა ვერავის ვხედავდი, – ასეთი იქნებოდა პასუხი. 

ბატონი შ’ წ’კაო დრაკონების მოყვარულად აღიარებულიყო („დრაკონების მოყვარული“) და თავისი სახლის ყველა ოთახი დრაკონთა სურათებით შეემკო და სვეტებზეც დრაკონთა გრავიურები ჩაეტანებინა. 

ამას რომ ცის დარაკონი შეიტყობდა, მასთან ჩამოეშვებოდა, თავს სამხრეთის ფანჯარაში შეჰყოფდა და კუდის ბოლოს ჩრდილოეთის ფანჯარაში გასდებდა. 

ამის შემხედვარე ბატონი შ’ შიშისაგან გაშეშდებოდა. 
ის სწორედაც რომ არ ყოფილიყო ნამდვილ დრაკონთა მოყვარული – დრაკონები სურათებსა და სვეტებზე უყვარდა და არა სინამდვილეში. 

ხოლო ჭუ ფინგმანი („დრაკონების მკვლელი“) დრაკონთა დახოცვის ხელოვნების შესასწავლად ჭ’ლიისთან დაიწყებდა სიარულს. განათლების მიღება სამ წელიწადს გაგრძელდებოდა, რაც მას მთელი თავისი ქონება დაუჯდებოდა. 

დრაკონს კი... ვერასოდეს ნახავდა და ამრიგად ვერც თავისი ხელოვნების გამოყენებას შეძლებდა. 

ერთი მხატვარი („რაც ძნელად დასახატია“) მეფე ფონ ცის სურათებს რომ უხატავდა, ერთ დღესაც მეფე ჰკითხავდა: 
– რა არის ყველაზე ძნელად დასახატი? 

– ძაღლები და ცხენები, – უპასუხებდა მხატვარი. 

– და ყველაზე ადვილად დასახატი რაღაა? – ჩაეძიებოდა მეფე. 

– ღმერთები და სულები, – მიუგებდა მხატვარი და მიზეზსაც აუხსნიდა: 

– ძაღლი და ცხენი ყველამ კარგად იცის, ყოველდღე ხედავენ. როგორ კარგად და მარჯვედ არის დახატული, ამისი განსჯა ყველას შეუძლია, მაგრამ ღმერთებისა და სულების ნამდვილი სახე არავინ უწყის. არავის უნახავს ისინი, ამიტომ იხატება ადვილად. 

ხელოვანი კუნგ შუ ხეში ფენიქსის ამოკვეთას შეუდგებოდა („ამოკვეთილო ფენიქსი“). 

თავდაპირველად ხის მორზე ფრინვის დიდნაკვთებიან ესიზებს მოხატავდა. ამასობაში ვიღაც დააკვირდებოდა და ეტყოდა: 

– ეს ბუს უფრო ჰგავს, ვიდრე ფენიქსს. 

– მე მგონი უფრო ყანჩას ემსგავსება, – დასცინებდა მეორე. 
ყველა გაერთობოდა საზიზღარ ფრინველსა და ხელოვანის უმწეობაზე – თვითონ როგორც მიიჩნევდნენ. 

ბოლოს კი გამზადდებოდა ფენიქსი, შემკული გვირგვინით, ძვირფასი თვალივით რომ ანათებდა, ელვარე წითელი კლანჭებითა და მბრწყინავი ბუმბულით. 

დამალულ ბერკეტზე ერთი ხელის დაჭერა და... უკვე აიჭრებოდა მაღლა ღრუბლებში და იქ სამ დღე-ღამეს დარჩებოდა. 

და ისინი, რომელნიც მანამდე იცინოდნენ ოსტატის საოცარ ხელოვნებაზე, ქებას არ იშურებდნენ. 

ერთი კაცი მოხელის ადგილის დასაკავებლად რომ ემზადებოდა („მოთმინება“), მანამდე გულითადი მეგობარი სტუმრობისას ეტყოდა: 

– არის რაღაც რისი დავიწყებაც არ შეიძლება, როცა მოხელე გახდები – იქონიე მუდამ მოთმინება. 

კაცი შეპირდებოდა, რჩევას შევასრულებო, და მეგობარი ამ დარიგებას სამჯერ რომ გაუმეორებდა, მომავალი მოხელე თანხმობის ნიშნად სამჯერ თავს დაუკრავდა. მაგრამ როდესაც მეგობარი ამ წინადადებას მეოთხედაც გაუმეორებდა, კაცი გაბრაზდებოდა. 

– იდიოტი გგონივართ? რატომ ატრიალებ ისევდაისევ თავისთავად ცხად შეგონებას? 

– ხომ ხედავ, – ამოიოხრებდა მეგობარი, – ადვილი არ არის მოთმინების შენარჩუნება. მე რამდენჯერმე წარმოვთქვი ჩემი რჩევა, შენ კი უკვე გამოხვედი მოთმინებიდან. 

ერთხელ ერთი მაღალი წოდების მოხელე რომელიღაც მონასტერს რომ უნდა სწვეოდა („ერთი წუთი თავისუფალ დროს“), მონასტრის წინამძღვარი გულმოდგინედ მოემზადებოდა საპატიო სტუმრის მისაღბად. და მას შემდეგ, რაც რამდენიმე თას ღვინოს გამოცლიდა, ღირსეული სტუმარი თანგის დროის ლექსს წარმოთქვამდა: 

მონასტრისკენ მიმავალი ბერთან ცოტას შევჩერდები, თავისუფალ დროს წუთს ვტაცებ ცხოვრებაში აჩქარებითო. 

ბერს გაეცინებოდა და, როცა სტუმარი ჰკითხავდა მიზეზს, მიუგებდა: 

– თქვენ შეგიძლიათ თავისუფალი დროის ერთი წუთით დატკბეთ, მაგრამ მე ამისათვის მანამდე სამი დღე მძიმე შრომა უნდა გამეწია. 

ერთ დღეს ღარიბი კაცი ძველ მეგობარს უნდა შეხვედროდა („მე მინდა შენი თითი“) ამასობაში სასწაულმოქმედი რომ უნდა გამხდარიყო. როცა იგი მეგობრის გაჭირვებას შეიტყობდა, თითს ასწევდა და მიუთითებდა გზისპირა ქვაზე, რომელიც მაშინვე ოქროდ გადაიქცეოდა. და მას სულიერი ადამიანი ღარიბ მეგობარს აჩუქებდა. მაგრამ იგი არ იკმარებდა, და მაშინ სასწაულმოქმედი მას კიდევ ერთ დიდ ოქროს ლოდს უბოძებდა. კაცი მაინც უკმაყოფილო დარჩებოდა. 

– მეტი კიდევ რა გინდა? – ჰკითხავდა სულიერი კაცი. 

– შენი თითი მინდა, – იქნებოდა პასუხი. 

ეს ორიოდე ნიმუშიც ცხადჰყოფს, რაოდენ მოუწყინრად საკითხავი უნდა იყოს ასი იგავისაგან შემდგარი ეს პატარა წიგნი, იუმორის, მახვილგონიერებისა და სიბრძნის ჩინებული, სწორედაც რომ ჰარმონიული ნაზავი, ძალიან რომ მოუხდება ცალკეული ამონარიდები ჩვენს სასკოლო ქრესტომათიებსაც. 

და კლასგარეშე საკითხავადაც ძალიან გამოადგებათ ჩვენს ყმაწვილებს, თავიანთ სამყოფ ჭკუისსასწავლებელ მაგალითებს რომ ამოჰკრეფენ წიგნიდან, თავთავიანთი სამყოფი კი არც უფროს თაობასა და გაცილებით ხნიერთაც არ მოაკლდებათ, კიდეც რომ იხალისებენ და კიდეც რომ გულისხმასჰყოფენ ჩენგიუს ჟანრში დაუნჯებულ ძველ ჩინურ სიბრძნეს. 

როსტომ ჩხეიძე

(ეს წერლი ბატონმა როსტომმა გამოაქვეყნა ფეისბუქში, თავის გვერდზე) 


No comments:

Post a Comment