Sunday, November 26, 2017

ქართლის მეფის თეიმურაზ მეორის პოეზიიდან



(ნაწილი II) 

დღისა და ღამის გაბაასება 

(ამონარიდები)

 ა ქ ა | გ ა ვ ა ზ ი ს ა | დ ა | შ ა ვ ა რ დ ნ ი ს | ნ ა დ ი რ ო ბ ი ს | ა მ ბ ა ვ ი

644
„ვთქვა წვრილად ნადირობანი წეროსი გავაზითაო,
ვერ ინადირებს სხვა კაცი, თუ არ ბატონი გზითაო,
ბევრი ხარჯი აქვს ქუდიან მფრინველსა შენახვითაო,
ბაზიერების უფროსი დამართავს თაბლებითაო.

645
როს დაიმართვის გავაზი, მზა იყოს მოტევაზედა,
წინა დღით გზავნონ კაცები, ბაზიერები ტბაზედა,
წავლენ, დაზვერენ წეროსა, სად მრავალი სხედს წყალზედა,
გავაზს მისცემენ იარაღს, მას ღამეს უსხდეს ხელზედა.

646
წერო დასხდების გაზაფხულ და კიდევ შემოდგომასო,
როს მოუნდებათ მოტევა, ცხენს დაუწყებენ კაზმასო,
წავლენ, წაასხმენ გავაზებს, ჰყვანდესთ მოტევის ნდომასო,
სადა სხდეს წერო ყავლითა, გარს უზმენ შემოდგომასო.

647
წეროსა, მსხდომსა ტბაზედა, გარს შემოავლონ ყავლია,
მეფემ შეისვას გავაზი ოსტატი კარგი, მალია,
სხვათ უსხდეთ სხვანი გავაზი, ავლენ ქედს, სად მაღალია,
ყავლისა კაცი ცხენს დასძრავს ქარსავით, ვით გრიგალია.

648
დააფრენენ წეროებსა, ყავლის კაცნი შეუტევენ.
გავაზებსა ქუდს დაჰხდიან, მაღლიდამე მოუტევენ,
ოსტატს გავაზს სხვა გავაზნი უყურებენ, თან მისდევენ,
მაიასა იკეთებენ, ფრინვენ, მაღლა აიწევენ.

649
ხალაჩიცა ძაღლნი თან ჰყვეს მეშველადა გავაზებსა,
ბრუნევდენცა გავაზები, სანამ ავა სიმაღლესა,
არ უშვებენ კიჟინითა ყავლა გარეთ წეროებსა,
რა მოექცა ზევიდამე, გავაზები მიჰყოფს ნებსა.

650
დაუწყებს ცემას გავაზი წეროსა ჩამოსაგდებლად,
თავსა გავაზსა მას სხვანი გავაზნი ჰყვანდეს მშველებლად,
შემოჰკვრენ, ჩამოაგდებენ, წერო არს მიწას მგდებელად,
თავს წააწვება ხალაჩი ძაღლი არასაშვებელად.

651
მას დღეს ოსტატი გავაზი ორს-სამსა მოჰკლავს ზევითა,
მკვდარს ჩამოაგდებს მიწაზე, თვით არ ჩამოჰყვეს ქვევითა,
სხვანი ჩამოჰყვნენ მკვდარს წეროს უოსტატობის ქცევითა,
თვით ჩამოჰყვება ბოლოსა, რა მოჰკლავს ხელის ცემითა.

652
ვინც რომ გავაზს ყავლის კაცი იმ დღეს უწინ უშველისო,
მას დღეს მეფე იმ კაცისა ჩამცმელია ხალათისო,
ბაზიერთა გავაზები ზედ წეროზედ დააძღისო,
გითხარ კარგი ნადირობა, აწ ვთქვა სხვაცა შავარდნისო.

653
როგორც რომ არის, მე გეტყვი, შავარდნის მოტევება-და:
ან იჯდეს წერო მინდორსა, ან არწივი მძორს ჯდება-და,
შავარდენს ებას ქუდს ძუა, კაცს პირში ეჭირება-და,
ცხენფიცხად უნდა, სადაც ზის, მფრინველსა შეტევება-და.

654
მას შეუტევს ცხენმალეთა, ქუდსა წაჰხდის შავარდენსო,
მოუტევს და ერთს მუქარას მისკენ სწრაფით გაირბენსო,
მიეწევა, შიგ შეესმის, დაიჭერს და არ აფრენსო,
ჩამოიღებს მიწაზედა, ზედ ხალაჩ ძაღლს წააწვენსო.

655
დაანებებს ხალაჩს ძაღლსა, თვითონ თავსა დასტრიალებს,
თავსა დაჰკრავს კობალს კაცი, მფრინველს მოჰკლავს, არ იბრალებს,
გამოართმევს ძაღლსა პირში, შავარდენსა ზედ გააძღებს.
ვთქვა, ბარისა მოტევანი ყვავსა როგორ ათამაშებს.

656
თამაშისთვის მოუტივოს კაცმან ყვავსა ორი ბარი,
წაიყვანონ მაღლა ცემით, უჩვენონ ყვავს მთა და ბარი,
ხან მიწაზედ ჩამოაგდონ საწყალი და პატიმარი,
ამდენი სცენ ხელი, ადგილს დაანარცხონ, იდვას მკვდრი.

657
გამართონ ტორუაზედა ქუდითა მარჯანიაო,
როს მიუტევენ, დიაღ, აქვს მას კაი თამაშიაო,
წაიყვანს მაღლა ტორუას, ვით წეროს გავაზიაო,
სცემს, ჩამოაგდებს მარჯანი, ტორუას დამჭერიაო.

658
სულა ვთქვი ნადირობანი შავთვალის ფრინველისაგან,
სონღული მისთვის არა ვთქვი, იმიტომ დავდეგ თქმისაგან:
თუ არა დიდი ხელმწიფე, არ შეინახვის სხვისაგან,
როს მიუტევენ, ონარი უფრო აქვს გავაზისაგან“.

ა ქ ა | ქ ო რ ი ს ა | დ ა | მ ი მ ი ნ ო ს | ნ ა დ ი რ ო ბ ი ს | ა მ ბ ა ვ ი

659
„აწ გეტყვი ნადირობასა, დევნებას ქორებისასა,
თუ ზაფხულია, დასდიან ქულებსა წითელისასა,
დამართვენ ახალს ქორებსა, დამჭერსა ლაპებისასა,
უტევენ ზაფხულ ჭორტიყსა და შემოდეგსა თვისასა.

660
ნაზამთრს მწყაზარსა წითელსა ქორს ზაფხულ ჩასმენ ძარშიო,
იკაპოეტებს, იქნების ბუმბულის გამოცვლაშიო,
გამოიყვანენ ქორებსა ნაკაპოეტსა სთველშიო,
ზოგს დაიჭერენ ბადითა, მწყაზარსა თუღუნს ველშიო.

661
შემოდეგსა ქორსა ბადეს აუმართვენ, იჭერებენ,
ერთმანერთში მოისყიდვენ, ბევრსა ფასსა გაიღებენ,
ბაზიერნი გამართვაში ხელსა აღარ აიღებენ,
ქორსა ფრთხილად აიყვანენ, ხელზე შემოიხუნებენ.

662
კაცისგან ნადირობასა ქორით ჯერ ვიტყვი იხვზედა:
როს გამოასხმენ კაპოეტს, ქორებს დამართვენ ტაბლზედა,
წავლენ, დაზვერენ იხვებსა, სად ჯოგი ისხდეს წყალზედა,
მეტაბლეს მიუყენებენ, თავს დახრის პირებაზედა.

663
ქორი უყურებს ბაზიერს, იხვს მიეპაროს ჩოჩვითო,
რა დაახლოვდეს, მოხედავს, ქორი ვის ხელთ ჰყავს ჯდომითო,
დაუგდებს დაბლა, ქორიცა ტაბლას მიატანს ნდომითო,
რა მივა, უკრავს იხვებსა კაცი მეტაბლე დრაშითო.

664
იხვისა ჯოგი დაფრინდეს, კაცი როს ტაბლის მკვრელია,
ქორიც უმატებს ონარსა, ძალიან გამფრენელია,
მიატანს წინა მამალსა იხვსა, ამოჰკრას ხელია,
ჩამოიღებდეს მიწაზედ, მეტაბლე ქორის მშველია. 

665
მებატონე ქორებს ტაბლზე ოთხს-ხუთს ერთად მოუყენებს,
თამაშა აქვს, დიაღ, კარგი, ის გამოსცდის, დიაღ ქორებს,
ნახვენ, უკვრენ, რომელიც სჯობს, მიდგეს, აღარ დაიყოვნებს,
სხვასა ქორებს უკან დაჰყრის, ყველას ონარს მოაწონებს.

666
მცდელი ქორი მას დღე ტაბლზე გამოიჩენს ონარებსა,
სხვას არა სდევს, წინ მამალსა იხვსა ხელსა ამოსდებსა,
წინას იხვსა ჩამოიღებს, უკან ჯოგსა დაიგდებსა,
სხვა ქორები უკანასა დაჭერასა იკადრებსა.

667
გამართვენ ქორსა კიდევა იხვზედა ყაზახურადო,
იხვსა უჩვენებს შორიდამ ქორს კაცი მას დასტურადო,
რა ნახავს, მიწას დაუგდებს, გარდაიქცევა ტურადო,
მიპარვით ქორი იხვს თავზედ წააწევს მიპარულადო.

668
კიდევ იხვსა ბაზიერი ქორს მოუტევს ხელდახელა,
სად დაიჭერს, ზედ გააძღებს, იმით ქორი გაახელა.
იხვის ნადირობას მოვრჩი, ახლა ხოხობს ვიახელა,
ხოხბის დევნა ბაზიერსა იამების, არ იძნელა.

669
წავლენ ადრე სახოხბეთა, ქორს წაასხმენ მეძებრითა,
დაუწყებენ ძევნას ძაღლნი, ქორსა ხედვენ წრიპინითა,
რა გაფრინდეს, მიუტევენ ქორსა კაცნი კაის ცდითა,
მალ უშველონ ნაბულზედა ძაღლებისა ძახილითა.

670
იქნების ქორი პირველვე მოტევას შეეჭიდოსა,
თუ იქ ვერ მისწვდა, ისი სჯობს, კამარას დაიჭიროსა,
ან კამარაში, ან მხარის წაყრის დროს ჩამოიღოსა,
თუ ეს ქნა ქორმან მამალზედ, კარგი ონარი იყოსა.

671
ეს ვერა ქნა, ქორი ხოხობს თან მოჰყვების, ანაბულებს,
მალედ კაცნი უშველიან, ნაბულს აღარ შეუსვენებს,
ნახვენ ეჟვნის ჟღარუნზედა – ზედ თავს აზის, უწრიპინებს,
მეძებრებით გაუფრენენ, ქორი ხოხობს იძაბუნებს.

672
ქორი ხოხობს ნაბულზედა ოსტატურად მოექცევა,
თავზე აზის, ვერას საქმით გაეპარვის, გაექცევა,
გაუგოგდეს, გარდუჯდების, ხის კინწერზე ზედ ექცევა,
რა ნაბული გაუფრინდეს, გარდუვარდეს, მიეწევა.

673
ნაბულს ხოხობს გაფრენილსა ქორი ფიცხად ზედ მიდგების,
თუ ზევით ვერ დაიჭირა, ისევ ლიხში ჩაეგდების,
ან მეძებარი დაიჭერს, ან თუ ძაღლებს მოურჩების,
დაიღალოს, ვერ გაფრინდეს, ქორს ხეზედა შეუჯდების.

674
ხეს შეჯდება რა ხოხობი, ზოგი ქორი ეძგერება,
თუ ოსტატი ქორი არის, ხეზედ აღარ ეტანება,
ერთს ხესა სხდეს, არას ერჩის, ქვეშ ძაღლები ეყეფება,
ბაზიერი ჩამოუგდებს ხოხობს, ქორი მოუხდება.

675
ოთხს-ხუთს მოუტევს, ერთს ქორსა კაცი არ დააღონებსო,
ბოლოს მამალსა ხოხობზე ზედ დააძღებენ ქორებსო,
ხოხბობა ბარში კარგია, კაკბობა – ღელებს, გორებსო,
უკეთ გაფრინდეს კაკაბზე, ქორი არ დაიყოვნებსო.

676
ქორით ვთქვი ნადირობანი, აწე ვთქვა მიმინოსა-და,
მწყერი და ღალღა როს მოვა გაზაფხულისა დროსა-და,
ზამთარში გამოკვებული მიმინო აისხასა-და,
გამართონ, კარგი შვება აქვს იმისა მოტევასა-და.

677
მიმინოს კარგად მოტევა ქორისგან უფრო ძნელია,
ვინც კაცი კარგად ადევნებს, შორით მწყრის წამწევნელია,
შორიდამ მოსწევს მიმინოს, მან გაიქნიოს ხელია,
ერთს მუქარაზედ დაიჭერს მწყერს სწრაფი გამფრენელია.

678
ადევნებენ მწყერს და ღალღას გაზაფხულზე ორსა თვესო,
რა დაცხების, მთაზე წავა, ბარზე ძვირადღა დადგესო,
ზოგსა დასმენ კაპოეტად, რაც მიმინო არ დასვესო,
ადევნებენ ლაპებს წვრილსა, სანამ მართლა დამსხვილდესო.

679
ზაფხულს მიმინოს ქულები კაცთ დაზარდონ ახალისი,
ბაზიერი გამმართველი მიმინოსა ახალისი,
პირველ ბავლად მწყერს გაუფრენს ხელით, მაზედ ახალ ისი,
სამს მიუტევს მას უკანა, ძაღლს უძახებს, ახალისი.

680
შემოდეგზედ ბევრი მოვა მწყერი, დია, გასუქდება,
მწყრისა მაშინ ნადირობა კაცსა, დიაღ, იამება,
ძვირად მორჩეს მიმინოსა, რაკი მწყერი დამძიმდება,
მას დროს მწყერი ჩანთაშია, დიაღ, ბევრი ჩაიდება.

681
ერთს კარგს ახალს მიმინოსა საქმე ვინმე გაუწიროს,
თუ ადევნოს საღამომდის, ასი უნდა დაიჭიროს,
ახალი სჯობს კაპოეტსა, რა მზემ სიცხე დაიპიროს,
სხვას ვერ ავნებს სიცხე ახალს, ნავარდი არ დაუხშიროს.

682
ახალი სჯობს მწყრისათვინა, მონავარდე არ იქნების,
თუ ნავარდს არ წაუვიდა, მწყერი ძვირად მოურჩების,
კაპოეტსა მიმინოსა სჭირს – სიცხის დროს დავარდების,
მაშინ ისიც ბევრს დაიჭერს, რა დღეები აგრილდების.

683
კაცი ესვრის კარგსა სეფქას, მუჭსა მარჯვედ აყოლებსა,
კარგს მიმინოს ერთი კარგი მესეფქეცა აჯობებსა,
ამდენს მოჰკლავს საღამომდის მწყერს, შინ ძლივსღა წაიღებსა,
გლეხმან კაცმან სხარტი იცის, იმწყერაებს, იხარებსა.

684
სხარტს ესვრის, თუცა დააცდენს, მწყერსა ჩაუგდებს ალალი,
დახეთქებულსა ბევრს მოჰკლავს, მისთვის შეიქნას ალალი,
ნანადირევი შინ ლხინზედ დაჯდეს, იმღეროს „ალალი“,
კაცმან დალიოს თვით ღვინო, წითელი ვითარცა ლალი“.

ა ქ ა | კ უ რ დ ღ ლ ი ს | ნ ა დ ი რ ო ბ ი ს | ა მ ბ ა ვ ი

685
„ერთი თამაშა ვერა სჯობს მინდორზე მწევრით კურდღლობას,
მაშინ იქნება დრო კარგი, როს თოვლი დადვას ზამთრობას,
ადრე ცხენს შესხდენ ვაჟკაცნი, რა ღამე იწყებს თენობას,
კურდღელსა ევლოს ღამითა, მის კვალს დაუწყებს ძებნობას.

686
კვალსა რა ნახვენ, გაჰკვლევენ, თავსა დაადგეს მდევარი,
წამოახტუნონ კურდღელი, ზედა მიუშვან მწევარი,
მიდგენ კიჟინით, აბრუნებს მას ძაღლი მალმომწევარი,
გაუსვამს პირსა, აიყვანს ის ოსტატურად მქცევარი.

687
ზოგს კურდღელს სჭირს: თავს წაადგენ – ვერ ადგების შიშობითა,
კაცსა ნახავს – გაინაბვის უფრო მისის რიდობითა,
იტყვიან თუ: „ქვა გდიაო“, არ ახსენონ კურდღლობითა,
ვისაცა აქვს, ისრით მოჰკლავს, ჩაუგდებენ ზნეობითა.

688
დიაღ ბევრსა დაიჭერენ დიდობასა თოვლისასა,
რამდენიც რომ დაახელონ, გზას ვერ ჰპოებს წასვლისასა,
კაცი ნახავს კარგს თამაშას, მოტევასა ძაღლისასა,
ეს დასრულდეს ნადირობა, აწ ვიტყოდე თევზისასა“.

ა ქ ა | თ ე ვ ზ ი ს | ნ ა დ ი რ ო ბ ი ს | ა მ ბ ა ვ ი

689
„სადაც თევზი ეგულვებათ, მას დასწურვენ დიდსა წყალსა,
ბოლოს შეჰკვრენ წყლისას, რომე არ გაუშვებს თევზს საწყალსა,
საცა ჰქონდეს მას მორევი, შიგ უგლიან ბევრს საგალსა,
აირევა რა საგალი, ფიცხლავ დასწვავს თევზსა თვალსა.

690
თვალებდამწვარი თევზები ნაპირს გამოვა წყლისა-და,
ბევრს მოჰკვლენ ნაპირს გამოსულს კაცი, მცემელი ხმლისა-და,
რაც დარჩეს მორევს, მსროლელი ბადესა გარდაშლისა-და,
იმით გამოჰკრეფს, მორევით რაც თევზი დარჩებისა-და.

691
კაცსა იამოს თვის ხელით სიკვდილი ორაგულისა,
როგორც სიკვდილი ისრითა, თოფით იამოს ხარისა,
ორაგულიცა ხარსავით კარგ ჩასაგდები არისა,
კარგი შვება აქვს თევზობას, ერთს სიხარულად კმარისა.

692
დაუწურავს წყალში თევზსა დაიჭერენ ბადეს მოსმით,
ისევ მის წყლით რომ მოხარშონ, გემოს მისცემს საამოს სმით,
წყლის პირს დაჯდეს, ლხინი ნახოს კაცმან ღვინის საამო სმით,
რა შვება აქვს დღისით კაცსა, გაეგონოს ყურს არ მოსმით!

693
დღისით გამორჩეს კაციცა მთასა, ტყესა თუ წყალსაო,
ღამევ, ხომ უგდე შენ ყური ამბავსა, ჩემსა თქმასაო,
მე რის გზით შემედარები? რას აქნევ ცუდს კვეხნასაო?
არ გმართებს, რომე ჩემთანა ამოიღებდე ხმასაო!“

ღამისაგან თქმა:

694
„დღეო, რით ამბობ სიტყვასა, რაზე ხარ ჩემზე მეტობით?
ნუ მოჰკვეხ, დია, ჩემზედა, ნუ ხარ თავისა ხედობით,
ნადირობაში მე წილსა არ მიდებ ძალის მქნელობით,
იქნების, დღისით ვერ მოკლას კაცმან ნადირი ბნელობით!

695
დიამც, ღამითა მფრინვლისა მოტევა არა მოხდესო,
სხვა ნადირობა სულ ყველა რად არ იქნების ღამესო?
ყვირილობაში ბევრს ხარსა მოჰკვლენ, რა იდგეს მთავრესო,
ხარი უმატებს მთვარეში ყვირილსა გასაკვირესო.

696
ღამით იქნების ამგვარი ნადირობანი ღორისა:
კვალს ნახვენ, ზამთარს უვლია, საცა ბილიკი არისა,
ბილიკს შეუკრავს მეთოფე, მოუვა, რაკი ნახისა,
ესვრის, თუ მოჰკლავს, უხარის კაცსა სიკვდილი ტახისა.

697
შემოდეგზედა საჩქვეფლად ტახი მივიდეს გუბზედა,
კვალს ნახვენ მონადირები, თქვან, თუ: „უვლია სულ ზედა“.
ღამით დაუსხდენ საყუჩში, ღორი მოუვა მზაზე-და,
ესვრის მეთოფე ტახს ახლოს, თოფსა ჰკრავს ბანებაზედა.

698
თევზი რომე სთქვი, ღამითა განა არ დაიჭირების?
ღამით გამოვა ნაპირსა – კარგ გვარად ინადირების,
სათხეველს ესვრის მეთევზე, ზედ თევზზედ გარდაიშლების,
გამოსწევს ბადეს სავსესა, წყლიდამე გამოიღების.

699
ორაგული რომ დაუწყებს შემოდეგზედა თხრასაო,
უწინვე ნახავს მეთევზე, ნათხარს შეამჩნევს წყალსაო,
რა დაღამდების, წავიდეს, ბარჯი ეჭიროს მზასაო,
მკვარსა აუნთებს, შიგ დახვდეს, – ორაგულს დასცემს ბარჯსაო.

700
ბევრს მოჰკლავს კაცი ორაგულს თხრაშიგან ბარჯით ღამითა,
რა გაათავებს თხრას თევზი, მერმე დაბრუნდეს დაღმითა;
კაცი დაიჭერს კიდევა მრავლისა ფაცრის ჩადგმითა,
ღამით იქნების ფაცრობაც, იჭერენ ერთს თვეს ამითა.

701
წყალი როდესაც აღიმღვრას გაზაფხულისა პირსაო,
მას დროსა კაცმან კონითა წყალი სულ გაუკრისაო,
თევზი წამოვა პირაღმა, მის დროს შიგ ჩაცვივისაო,
კონიც ხომ ღამით ისაქმებს? – მთქმელი ვარ მართალისაო!“ 

ა ქ ა | ო მ ი ს | ა მ ბ ა ვ ი

დღისაგან თქმა: 

702
„ბნელო, რას სჩმახავ სიტყვასა, რად ხარ ტყუილის მდომია?
შენ შემედარო ნათელსა – ვერ იტყვის კაცის ტომია!
აწ მოვყვე შებმას დღისითა, როგორ იქნების ომია,
გამოჩნდეს მაშინ მამაცი, გულსრული, ვითა ლომია.

703
დააწყონ რაზმი ოთხრიგად, წინ მეწინავე იდგესა,
სხვა დროშა მეორე ზურგად მეფეს მემარჯვნეთ უდგესა,
მარცხნივ მხარს მესამე დროშა მემარცხნეთ გაარიგესა,
მეფე მეოთხეს დროშითა სამს დროშას უკან ვლიდესა.

704
თვითოს რაზმსა უფროსადა სარდალი ჰყავს მარიგებლად,
ადრითგანვე მიცემული დროშაზედა ჯარი მხლებლად,
თავადი და გლეხი ბევრი დროშას ახლდეს შესაბმელად,
უნდა იყოს თვითო რაზმი თორმეტ ათას, არნაკლებლად.

705
რაზმს თვითოს წინ ჰყავს მეთოფე ქვეითი, ცხენიანია,
ქვეითს, ცხენიანს თავთავად ჰყავს მიჩენილი თავნია,
მეშუბარი დგას უკანა, შეკაზმული აქვსთ ტანია,
საომრად დამზადებული მოსაწონია ყმანია.

706
რა შეიქნას მტერი მტერზე ერთმანერთზე მიწეული,
ჯერ დასცლიან ზარბაზნებსა, ხმა აქვსთ ზეცას აწეული,
მერმე ესვრის ქვეითობა, ჩახმახი აქვსთ მოწეული,
მასთან დასცლის ცხენოსანიც მეთოფეცა გულად სრული.

707
ერთმანეთზე რა დასცლიან თოფს, შეუტევს მეშუბარი,
მეწინავეს სხვა დროშები ზურგს მოაბამს, ვით კლდე მყარი,
ვინცა ვარგა ვაჟიკაცი, წინ მივიდეს, არ დამდგარი,
„თორმეტს შუბზე გარდაწყვეტა“ – უთქვამსთ, დადებული არი.

708
გამარჯვებული შუბები თორმეტი გასტეხს მტერსაო,
რაკი გაიქცეს თვით მტერი, ვინ შეუნახავს ხელსაო?
შიგ გაერევა ვაჟკაცი, ვით ბარი გუნდში ტრედსაო,
მათ ჩამოყარონ მტერი და ბევრს გამოსჭრიდენ ყელსაო.

709
რა შეედრება კაცისთვის გამარჯვებულსა ომსა-და!
მას დღეს ვის მტერი მოუკლავს, მიართმევს ბატონს თავსა-და,
წყალობას უზამს ხელმწიფე, ჩააცმევს კარგს ხალათსა-და,
ზოგს მისცემს საჯილდაოთა მამულსა სახელოსა-და.

710
დამარცხებულს კაცს მოქნევა შუბის დიდ ჩაუვარდების,
კარგია, გამარჯვებული კაცი თუ დაიკოდების,
წინ იყოს ცოტად დაჭრილი, სახელი დაუვარდების,
დიდად მიიჩნევს ყველაყა, მტერსაცა შეუყვარდების.

711
ხელმწიფე ადგეს გარშემო – ციხესა მართებს შიშობა,
ყუმბარის სროლა, ზარბაზნის და ნაღმის მიცემულობა, –
ეს ყველა იქნას დღისითა მას ზედა იერიშობა,
აიღონ ციხე, მათ დარჩეს იმისი გაწყობილობა.

712
დღისით იქნების მტრის სახლში ცხენითა თარეშობანი,
ბევრის სოფლისა დარბევა, ჯარისგან ნაშოვრობანი,
გამარჯვებულთა ვაჟკაცთა შეექნასთ ნადიმობანი,
აწ ამას რა სჯობს, შენ მითხარ, თუცა გწადს კიდევ მბობანი?!“

ღამისაგან თქმა: 

713
„ღამით არ მოვა კარგიო, შენ ამბობ, თუ არ დღისაგან,
მეც გეტყვი ამის პასუხსა, ჯერ არ დავმდგარვარ თქმისაგან,
მტერსა ეშინის ღამითა ბნელობას თავს დასხმისაგან,
მძლავრს ჯარსა ამ გზით მოშლიან, სხვას რით დააკლებს რისაგან?

714
დიდსა ჯარსა თუ პირდაპირ დღისით ვერვინ მოერევის,
ღამით თავსა დაესხმიან, კაცი ხმლით შიგ შეერევის,
შეუტყობრად დასხმა მტერსა ფეხს აუდგამს, აირევის,
ამ გზით გატყდეს მძლავრი ჯარი, დამარცხდების, გაიქცევის.

715
დღისით არ იქნას თარეში, თუ ღამით არ ივლისა-და,
ჯარმან იაროს ღამითა, ჩქარად გამვლელმან გზისა-და,
ინათებს, თარეშს გაუშვებს მომთხრელი სოფლებისა-და,
უღამოდ დღე რასთვის ვარგა, მარტო რად იქნებისა-და?“

ა ქ ა | მ ი ჯ ნ უ რ თ | ა მ ბ ა ვ ი | პ ი რ ვ ე ლ ი: | ტ ა რ ი ე ლ ი ს ა

ღამისაგან თქმა: 

716
„ახლა ვთქვა მიჯნურთ ამბავი, ვინც რომ ყოფილან ხელობით,
ჯერეთ ვახსენებ ტარიელს, ნესტან-დარეჯანს ძველობით,
ავთანდილს, თინათინსა და ერთმანეთისა მკვლელობით,
ამათ თვით აქებს რუსთველი სიტყვათა შეუშლელობით.

717
ტარიელ აქო რუსთველმან, ვით მის სიკეთეს შვენოდა,
მას ხელსა საყვარლისათვის ან ცრემლი როგორ სდენოდა,
ძილი ერჩია ღვიძილსა, რომ ღამე არ გასთენოდა,
ვინც მიჯნურია, მე მრჩევლობს, დღევ, შენგან ამით მლხენოდა.

718
ღამე იყვის, ოდეს ასმათ სიხარულსა ეტყვის ლაღი,
ასმათ ლხინსა უქადებდა, როს ჩაევლო შიგან ბაღი,
მაშინ ნახა საყვარელი, მოეშორა გულსა დაღი,
ხელს ეტყოდენ: „ნუღარა სწუხ, სიხარულის კარი აღი!“

719
„ვეფხისატყაოსანს“ შიგან როგორ სწერია, იცია,
ტარიელს, ნესტან-დარეჯანს ღამით დაედვათ ფიცია:
„არ მინდოდესო შენს მეტი!“ – პირი მათ ჰქონდა მტკიცია,
როს განსაცდელი მოუხდათ, დღე იყო – კარგა ვიცია.

720
როდეს შეიქნა ტარიელ, გლახ, სასიძოსა მკვლელადო,
ნესტან-დარეჯან მამიდამ ქაჯებსა მისცა ხელადო,
რა რომ შეიტყო ტარიელ, მისთვის გაიჭრა ველადო,
ვეფხისა ტყავი ირჩია ტანზედა ჩასაცმელადო.

721
ვერა არგო თავის თავსა მან დამწვარმან მიჯნურობით,
ხელი მინდორს დავიდოდა, დატიროდა გულწყლულობით,
როსტენ მეფე და ავთანდილ როდეს იყვნეს ნადირობით,
მაშინ ნახეს მოყმე იგი სურვილისგან ფერმკრთალობით.

722
რა ნახა მეფემ როსტევან ყმა იგი მინდორს ხელობით,
იგ შესაპყრობლად მოუნდა, სპა გაუძახა ქველობით,
რა შემოხედა, გაფიცხდა, სისხლი ადინა ველობით,
ვისცა გარდაჰკრის მათრახი, ლხინს შეუცვლიდის წყენობით.

723
მეფე განრისხნა მათზედა, თვით წავა დასაჭერადა,
ტარიელ შეჯდა შავზედა, იგ ნაქებია ცხენადა,
რა სცნა, თუ მეფე მოვაო, მათრახს ჰკრავს გასარბენადა,
წამს შინა გაუჩინარდა, გაჰხდენ კვალისა მზერადა.

724
მეფე გაჰკვირდა, ვერ ნახა ვერც კვალი განარბენია,
დანაღვლიანდა, ფიქრობდა, ვეღარა ენამჭევრია,
ფიცხლავ მოასხეს, გაგზავნეს საძებრად კაცნი ბრძენია,
დავედრა: „ფიცხლად მოვლეთო, სად მინდორი და ტევრია“.

725
მეფეს ჰყვა ერთი ასული, თინათინ სახელდებული,
მისი ციმციმი პირისა მზისაებრ გაბრწყინვებული,
ავთანდილ მისის სურვილით დამწკნარი, ფერმიღებული,
ჰკრძალევდა, ჯერეთ არ ჰქონდა მას ჭირი განცხადებული.

726
ქალსა რა ესმა მამისა ეგეთნი მწუხარებანი,
დაჭმუნდა, მასცა შეექნა გულსა სევდა და ვებანი,
იტყოდა: „ამის უცნობმა თავსა არ მივცე შვებანი,
ვინც მიცნას მისი ამბავი, არ შერჩეს ცუდი რებანი!“

727
მარტო ჯდა საწოლს ავთანდილ, შექცევით ჩანგის მკვრელია,
მონა მოვიდა – „გიხმობსო მნათობთა დამჩაგვრელია“.
რა ესმა, სწრაფად წავიდა მისთვის ადრითგან ხელია,
ყმასა მას მზისა ნახვამა ცეცხლი დაუვსო ცხელია.

728
ქალმან უბრძანა ავთანდილს თავისი მჭმუნვარებანი,
გამოაცხადეს სურვილი, ერთმანერთისა ნებანი,
ფიცი აღუთქვა: „უშენოდ არ მომხდეს სხვისა თნებანი,
წადი და ძებნე იგი ყმა, თუ გწადდეს შენთვის შვებანი!“

729
ამ სიტყვითა ყმას ლახვარსა მოაშორებს საყვარელი:
„ძებნე, ოდეს მოყმე იგი თქვენ გენახათ ველთა მსვრელი,
მწადსო მისი მოპოვნება, არ მოიქცე ცუდათ მსვლელი“.
მაშინ მისცა მარგალიტი, იქნა მისი საწადელი.

730
ავთანდილ ჰკადრა: „ჰე, მზეო, რადგან გულს მოეც ლხინები,
მე ვსძებნო ფიცხლად იგი ყმა, თვალსა არ მივსცე ძილები“.
წავიდა, შეხვდა სამს კაცსა, სდით თვალთა ცრემლის მილები,
უფროსსა ძმასა მის ყმისგან თავს ჰქონდა დაკოდილები.

731
ჰკითხა: „ძმანო, ვინ შეგყრიათ სამესისხლოდ, ართუ ზავით?“
მათ უჩვენეს: „აწ მივაო!“ ავთანდილ სდევს წყნარსადავით,
ქვაბს რა მივა, წინა ქალი მოეგების მარტოთავით,
მიეახლის, ცხენს დააბამს, ხეზედ ავა მალვით, კრძალვით.

732
ნახა ყმა და საწყლად ქალი ერთმანერთის შეტირულად,
ქალმან ცხენი შეიყვანა ქვაბს უნაგრით გაწყობილად,
ყმავე აგრე მინდორს წავა, რა გათენდა ღამე დილად,
ავთანდილცა ქვაბს მივიდა, ასმათს ეტყვის სიტყვას ტკბილად.

733
ჯერ ეუცხოვა ასმათსა, ეწყინა ნახვა მისია,
ავთანდილ გამოუცხადა მას მიჯნურობა თვისია,
თქვა გულში ქალმან: „სურვილი რადგან ჰქონია ვისია?“
დაუტკბა, ასე შეჰყვარდა, ძმა ყოფილიყო თვისია.

734
ცოტა რამ მისი ამბავი ქალმან მას უთხრა წყლიანად,
ზედ ტარიელცა მოვიდა, არ დამდგარიყო გვიანად,
მოკლედ ვთქვა: ასმათ ორივე ერთად შეჰყარა ჭკვიანად,
რა ნახეს მათ ერთმანერთი, ვარდად ითქმოდეს, იანად.

735
ტარიელმან თვისი საქმე ყველა უთხრა გადასული,
ძმად ეფიცნენ ერთმანერთსა, გაუერთეს ორთავ სული,
დაჰპირდების ტარიელსა: „მე მოვძებნო დაკარგული“.
ჯერ დაბრუნდეს, შინა მივალს ჩქარად რამე, მხიარული.

736
მან ამბავი ტარიელის წვრილად ყველა მიიტანა,
თინათინსა მოახსენა, ყმა სურვილმან აიტანა,
მარტო ნახა, თვისმან მზემან საწოლშია შეიყვანა,
კიდე წავა ტარიელთან, თან არავინ გაიტანა.

737
მივა ქვაბს, უტარიელოდ მარტო მუნ დახვდა ქალიო,
ჰკითხავდა: „ნეტარ, სად არის?“ – ცრემლით აევსო თვალიო,
ასმათ ჰრქვა: „წახველ, მას უკან უფრო მოედვა ალიო,
მინდორს გაიჭრა ველათა სურვილით, ვითა მთვრალიო“.

738
წავიდა ძებნად, დაჩხრიკა ტყე, მინდორი, თუ არია,
ტარიელ ნახა მდებარე მიწას დაბნედით არია,
ერთკენ უც ლომი მოკლული, და ერთკენ ვეფხი მკვდარია,
ძლივ მოაბრუნა, ავთანდილ მისთვის მეშველად კმარია.

739
ცხენს შესვა, ორნივ წავიდენ, ქვაბს მივლენ მდუღრად ტირილით,
წინ ასმათ გამოეგება ცრემლდენით, ართუ ღიმილით,
მათ განათენეს ზახილით, არა განცხრომით, არ ძილით,
ფრიდონის გზასა ასწავლის, არ მოუბნეა სიცილით.

740
ნესტან-დარეჯანს სძებნიდა, წავა, პირს ივლის ზღვისასა,
არ მოაშორის გონება თავისი საყვარლისასა,
მე აქ ვიმოწმებ კვლაცაღა ნაწერსა რუსთველისასა:
ღამე ალხენდის, დღე სჯიდის, ელის ჩასვლასა მზისასა.

741
რა მოაგონდის მოყვარე, გაყრასა დაღონდებოდის,
ავთანდილ ტირილისაგან მის ეშყით არ დადგებოდის,
როდის დაღამდის, ვარსკვლავთა ამოსვლა იამებოდის,
მას დაამსგავსის თინათინ, უჭვრეტდის, ეუბნებოდის.

742
ავთანდილ რა სცნა ქალისა ქაჯთაგან პატიმრობანი,
მე შევამოკლებ, მოგითხრობს რუსთვლისა მუსიკობანი,
„ვეფხისტყაოსანს“ უხმობენ – მაშიგ თქვა მათი მკობანი,
მან ყველა წვრილად გაუწყოსთ მუნ მათი სადაობანი“. 

ა ქ ა | ვ ი ს რ ა მ ი ა ნ ი ს | ა მ ბ ა ვ ი

ღამისაგან თქმა: 

743
„აწ სხვა ვახსენო მიჯნური, ერთი რამინ და ვისია,
საყნოსად სურნელებითა ვარდი მოუხდის ვისია,
თუ არ იცოდე, იკითხე: ესე ამბავი ვისია?
ყური მომიგდე, წვრილად ვთქვა ესე ამბავი მისია.

744
შაჰი მოაბად მძლავრობდა მაშინ სპითა ხმელთა ფლობით,
ეტრფიალა მზესა ვისსა, წაიყვანა ხელმწიფობით,
რამინ ნახა, იგ შეიქნა სურვილითა ლახვარსობით,
ქალსა ჰყვანდა ძიძა ერთი, გრძნეულ იყო სიყრმით, შობით.

745
გაუმიჯნურდა ჯერ ძიძას ხერხით და ეშმაკობითა,
მალე ჩამოჰყვა რამინსა თვით ძიძა აშიყობითა,
რამინ ძიძასა ვედრიდა: „მეწიე ხელოვნობითა!“
იგი იმედსა უდებდა: „არა გყო ლახვარსობითა!“

746
ძიძა რა ვისსა ეუბნა, არს იგი მისა თნებითა,
რამინის ეშყსა უგებდა, იგ დაიყოლა ნებითა,
შაჰი მოაბადს წამალი მათ შეუმზადეს გრძნებითა,
გახადეს საჭურისადა, ვისი ჯდა სახლსა შვებითა.

747
შაჰი მოაბადს უბრალოდ ჰყავს იგი მზისა დარია,
მას რამინ თავსა ევლება, მსგავსად ფარვანას დარია,
ვისსა უხარის, იშვებდის: „ვართ ერთმანერთის დარია!“
ძიძა ამათი შემყრელი ზის ამოდ, ლხინად არია.

748
ღამითა შეიყრებოდენ მიჯნურნი ვისი, რამინა,
მზეს მოეხვივის, გულში თქვის: „მე იმის მეტი რა მინა?“
ქალს სჭვირდა ღაწვი ლალივით, ვით ღვინით წითლობს რა მინა,
მას გიშრის მშვილდზედ სადებლად არ ეჭირების რამ ინა.

749
რამინსაც ღამე ალხენდის, დღე ჭირში ჩააგდებდაო,
შაჰი მოაბად მათს საქმეს ყველაკას გაიგებდაო,
ვით მართებს, გაჯავრებული რამინსა დაიჭერდაო,
ვერ გაიმეტა სიკვდილით, პყრობილად დააბემდაო.

750
რამინ დაბმული ღამითა აეშვა, გაიპარა-და,
ისევ მოვიდა მათთანა, მზეს ვისსა შეეყარა-და,
მისმა ნახვამ და შეყრამან ყმას ჭირი უკუჰყარა-და,
უნდოდა შაჰი მოაბადს მიჯნურნი გაეყარა-და!

751
სანამ იცოცხლა, მას ყმასა ბევრი უჩვენა ჭირები,
როს მოკვდა შაჰი მოაბად, შეიქნა დასაჭირები,
რამინსა დარჩა ქალიცა, ქვეყნის მპყრობლობა, ძირები.
ეს დავასრულე, აწ სხვა ვთქვა მიჯნური გასაკვირები“.

ა ქ ა | ი ო ს ე ბ ი ს ა | დ ა | ზ ი ლ ი ხ ა ნ ი ს | ა მ ბ ა ვ ი

ღამისაგან თქმა: 

752
„რა იოსებ ძმათა მისთა ჭას ჩააგდეს, მისცეს ჭირსა,
ღმერთი ჰფარავს, იგ არ უზამს ძმებისაგან დანაპირსა,
ვაჭართ ნახეს, „გავყიდითო ღაწვთა ლალებრ განამჭვირსა“,
მისრ-ეგვიპტეს მიიყვანეს, ფასს ელიან არამცირსა.

753
ხელმწიფემან ფასად მისცა ოქრო მისი ასაწონი,
თვით იოსებ იყო ტურფა, ყოვლის კაცის მოსაწონი,
შვილი არ ჰყვა ფარაოსა, საქმე ჰქონდა დასაღონი,
მან იშვილა, ხმა დააგდო ქვეყანაზედ გასაგონი.

754
ფარაოს ჰყვანდა ცოლადა ზილიხან სახელდებული,
მას პირი ჰქონდა მზისაებრ ბრწყინვალე, განათლებული,
ღაწვი ვარდულებ გაშლილი და ბაგე გალალებული,
თვალ-წარბთა მისთა შვენებით მჭვრეტნია ვალალებული.

755
დიდად უყვარდა ფარაოს იოსებ, ჰყვანდა შვილადა,
არ გაიყრიდა გვერდიდამ, ვერც სხვა სახლს დაწვის ძილადა,
მშვენიერ სახილველადცა, ყველა ჰხედვიდა ტკბილადა,
ზილიხან ნახა, ლახვარი გულსა დაეცა ხშირადა.

756
მოეწონა ყმისა შავნი თვალნი, ხშირად წამწამება,
მისი ეშყი ზალიხანსა გულს შენასკვით წამ წამება,
მეტმან დიდმან მიჯნურობამ ქალს არ მისცა წამ წამება,
უნდა მისთვის თავდადებით სიკვდილი და წამ წამება.

757
ვეღარ მალევდა სურვილსა, თუცა ცდილობდა თმობასა,
შეეტყობოდა მას ეშყი, ვარდი იწყებდა ჭკნობასა:
მან ჭირნი თვისნი გამდელსა უთხრა, ელოდა ნდობასა,
მან ნუგეშინ სცა, თავს იდვა: „გაუწყებ ჩემსა ბრძნობასა“.

758
უთხრა თუ: „ვეტყვი იოსებს შენის ეშყისა საქმესა,
დავიყოლიებ, გიჩვენებ მისსა ტურფასა სახესა,
დავიმორჩილებ, დაუდგამ მიჯნურობისა მახესა,
შევყრი მზეს მთვარეს ღამითა მალვით, ვერავინ გნახესა“.

759
ქალმან უთხრა დიდი მადლი: „სულს ეგ სიტყვა ჩამიბრუნებს,
რასაც ეტყვი გაგიგონებს, შენ რჩევას არ დაგიწუნებს“.
გამდელიცა სათქმელადა წავა, აღარ დაიყოვნებს,
მარტო ნახავს გარდმოვლითა, ეტყვის ყველას, გააგონებს.

760
გამდლის იმგვარი სიტყვები იოსებს დააღონებდა,
რამდენიც უთხრა ტკბილადა, ვერასფერს მოაწონებდა,
ყმა გულში მისსა სიტყვასა არარად გაუგონებდა,
არ მიჰყვა ეშმაკის საქმეს, ღმერთს დამბადებელს ჰმონებდა.

761
მან პასუხი არა მისცა, გამობრუნდა გამდელიო,
თავის გაზრდილს მისი საქმე ყველა ჰკადრა მართალიო,
ზილიხანსა სევდისაგან გულს დაესო სამსჭვალიო,
უჭკვოდ გახდა, უცნობოდა, სურვილისგან დამთვრალიო.

762
ქალსა ეტყოდა გამდელი სიტყვას არ დასაღონათა:
„ნუ მოჰკვდებიო, ჩვენ გვმართებს სხვა ჭკუა მოვიგონოთა,
ერთხელ ვეცადნეთ ღამითა საწოლში მოვიყვანოთა,
ეგების დავიმორჩილოთ, რაც გვინდა, გავაგონოთა“.

763
მათ ტყუილით და ხერხითა სხვა საქმე მოაგვარესა,
მივა გამდელი კიდევა, ტკბილს ეტყვის, არა მწარესა:
„ნახეო ერთხელ ზილიხან!“ ამ გზითა დაიყოლესა,
იგ ატყუებდენ იოსებს, მაგრამ ღვთით ვერა ავნესა.

764
რა შეღამდა, წაიყვანეს მათ იოსებ ტანით ალვით,
დახვდა სრანი მოკაზმულნი, შეიყვანეს ფარვა-მალვით,
მოეგება წინა მთვარე მხიარულად, არა კრძალვით,
ყმას სდის ოფლი სირცხვილითა, რა ზილიხან ნახა ხალვით.

765
იოსებ იჯდა თავ-დახრით, არ აიხედა ზევითა,
შეატყო ქალსა, რომ იყო ეშმაკურისა ქცევითა,
ადგა ყმა წასასვლელადა, შუქი მოჰფინა მზე ვითა,
კალთასა ხელი მოჰკიდა ზილიხან ქვე დაწევითა.

766
რა იოსებ ქალისაგან ნახა საქმე საკვირველი,
ადგა, მკვირცხლად წამოვიდა მუნ ხანისა არ დამზმელი,
ქალსა ეცა გულს ლახვარი, ტირს ვაების წარმომთქმელი,
თქვა: „უცილოდ ამას იქით მე სიცოცხლეს აღარ ველი!“

767
ქალის ნება აღარა ქნა, უცხო საქმე მოურთვესა,
ჯავრით ცილი ყმას დასწამეს, შეაბეზღეს ხელმწიფესა,
ღმერთს წინაშე ის მართალი ჯურღმულშია ჩააგდესა,
რაც მოუხდათ ბოლოს საქმე, ყველა წიგნში დაწერესა“.

ა ქ ა | ლ ე ი ლ – მ ა ჯ ნ უ ნ ი ს | ა მ ბ ა ვ ი

ღამისაგან თქმა: 

768
„მოგითხრობ მაჯნუნისასა, ვის გული ჰქონდა სალები,
ლეილისთანა სიტურფით არვინ ყოფილა ქალები,
ვინც ნახის, უჭკვოდ გახადის, შეიქნის შესაბრალები,
მაჯნუნსა მისი სურვილით სწვიდა ცეცხლისა ალები.

769
ხან დაბნდის მეტის სევდითა, ხან იყვის ისრე რეტადო,
ყმას ჩამორეცხდა მუდამად ღაწვს ცრემლი ცხელი წვეთადო,
ვითაც მართებდათ, მის ყმისა მშობელნი წუხდენ მეტადო,
თქვეს: „კაცი ვგზავნოთ ქალისა პატრონთან შესახვეწადო!“

770
მათ გაგზავნეს მოციქული ლეილისა სათხოვნელად,
შეუთვალეს: „ჩვენსა შვილსა ნუ გახდითო უფრო ხელად,
ჩვენ გვიბოძეთ ქალი პირმზე ამა ყმისა შესაყრელად“,
რა უამბეს, მისცეს ქალი, იყვნენ მადლის გარდამხდელად.

771
შექნეს ქორწილის მზადება, ლხინს აპირებენ არავსა,
შეჰყრიან ერთად მნათობთა ჭვრეტთა გულისა მზარავსა,
ცოტას ხანს უკან სოფელი მათ ლხინსა გაუმწარავსა;
ქალსა ჰყვა ერთი გოშია, მიჯნურს არ დაუფარავსა.

772
იგი ყმა სავსე ლხინითა უზის გავსილსა მთვარესა,
გოშია ახტა ტახტზედა, ტახტს შემოუვლის გარესა,
მაჯნუნი ხელთა აიყვანს, პირს პირზე დააკარებსა,
შეხედეს, იცნეს – ხელობდა, ფიცხლავ გააგდეს გარესა.

773
გააგდეს საწყლად მაჯნუნი, სამყოფად უჩნდის ველია,
დარჩა ლეილი გულწყლულად, მუდამ ცრემლისა მღვრელია,
მათ შობითგანვე ორთავე ბედი აქვს დანაბნელია,
მზეს უჯდა, ძაღლსა ჰკოცნიდა – ვინა იქს, თუ არ ხელია?

774
შინ ვერა დადგა მაჯნუნი, ვლიდა სად მთა და კლდენია,
მხეცთაებრ რბოდა, მას უჩნდა სამყოფად კლდე და ღრენია,
ლეილის გულსა მას აქეთ ლახვარი დანაშენია,
თავსა ეტყოდა: „დასჭკნიო, ვარდი თუ იყავ შენია!“

ა ქ ა | ვ ა რ დ ი ს ა | დ ა | ბ უ ლ ბ უ ლ ი ს | ა მ ბ ა ვ ი

ღამისაგან თქმა: 

775
„აწ ნუ დავაგდებთ ვარდზედა ბულბულის მიჯნურობასა,
მისთვის ტრფიალი სურვილით დაიწყებს აშიკობასა,
შეღამდის მიეახლების, არ გასწყვეტს მუსიკობასა,
დღისით მებაღის შიშითა მალვასა შეიქს, კრთობასა.

776
დღისით ბაღს გარეთ მყეფარე ვერ მიეახლის შინარე,
მჭმუნვარე სიშორისათვის მუდამ სდის ცრემლთა მდინარე,
დროს ეძებს, ცდილობს, როდესაც მებაღე ნახოს მძინარე,
მაშინ ეწიოს სიახლეს, ვარდს დაუშვენოს მუნ არე.

777
ვარდ-ბულბულისა ამბავი სრულად მის წიგნში არისა,
თქმულა: „ისინიც არიან სხვათ მიჯნურთ შესადარისა“.
მოკლედ ვთქვი მათი ამბავი, მოსაგონებლად კმარისა,
აწ სხვა ვთქვა – „შამი-ფარვანა“, მიჯნურთა შესაყარისა“.

ა ქ ა | შ ა მ ი - ფ ა რ ვ ა ნ ა ს | ა მ ბ ა ვ ი

ღამისაგან თქმა: 

778
„ნახოს ღამით ფარვანამა მუნ სანთელი აღნთებული,
მიისწრაფის შესაყრელად სურვილითა აღვსებული,
თავს ევლება მას ეშყითა იგ სანთლისგან არშვებული,
ზედ დაეწვის შუქსა მისსა, შეიქნების იგ ვნებული.

779
იგ ეცდება ზედ დაიწვას, მოედების ცეცხლი ცხელი,
სხვა მიჯნური ფარვანასა ედარება ვერვინ ხელი,
შუქისათვის შეშლილია, მას სევდა სჭირს დიდად ძნელი,
უნდა მისთვის შევიბრალოთ – უწყალო ჰყავს საყვარელი.

780
არ ებრალების სანთელსა ფარვანა დასაწვავადა.
იმ უწყალობას მიჯნურზე მე ხომე ვართმევ ავადა?
მოკლედ ვთქვი მიჯნურთ ამბავი, მინდოდა გასათავადა,
აწ თქვენ იყავით სათქმელად, ამბისა მოსართავადა“.

დღისაგან თქმა: 

781
„ბნელო, ვით გფერობს ტყუილი, სიტყვა სთქვი ბევრი ნაზები,
ჩემი და შენი ადგილი შორს არის დანახაზები,
მიჯნურთ ამბავი წარმოსთქვი, არც მე მაქვს პირთა რაზები,
ყური მომიგდე, გაუწყო, ართურე მოგცე არზები.

782
დღე მზიანი შვენებითა ვით ესწოროს ღამე ბნელსა?
ამასა ჰკვეხ: „მიჯნურთ შევყრი, ადვილად ვიქ საქმეს ძნელსა!“
შენში ბევრი უჯეროსა იქმენ ღვთისა საწყინელსა,
მართალს უბნობ: უწესობით მოაღორებ კაცსა ქველსა!

783
როს მეუღლენი ლამოდენ შეყრასა ღვთისა ნებითა,
დღისით მიიღონ კურთხევა ერთმანეთისა თნებითა,
ქორწილით, ლხინით, განცხრომით, იყვნენ ყველანი შვებითა,
მათ ერთმანერთი უყვადესთ, იყვნენ სჯულდამტკიცებითა“.

ა ქ ა | ყ უ მ რ ი ს | თ ა მ ა შ ო ბ ი ს | ა მ ბ ა ვ ი

დღისაგან თქმა: 

784
„ერთსა მცირეს შესაქცევსა აწ მოგითხრობ კაცისასა,
ვისაც სწადს და გაეწყობა თამაშობას ყუმრისასა,
შექცევასა დაიწყებენ, დღისით მღერას ნარდისასა,
თვით ცდილობენ ერთმანერთში მოგებასა თეთრისასა.

785
ნარდითა და განჯაფითა, ბანქოთ ბევრს თეთრს მოიგებენ,
ვინც აჯობებს, გამოართმევს, მოგებულს წინ დაიდებენ,
ყუმარბაზნი ხალისითა დაღალვას არ გაიგებენ,
ორი-სამი დღე მოებას, ყუმარს აღარ აიღებენ.

786
ჭადრაკსა ითამაშებენ ისე თეთრზედა ძვირადა,
მას კარგი ცოდნა, უყუფი უნდა, არვის სჭირს ხშირადა.
რომელსაც უზმენ შამათსა, მას მიაჩნია ჭირადა,
აჯობებს, თუცა ძმა იყოს, ეწყინოს გასაკვირადა.

787
ღამითაც ითამაშება, დღით უფრო იამებათა,
რა დაბნელდების, სანთელზე მათ ფასი ეხარჯებათა,
მოსწყინდესთ თამაშობანი, ღამით არ ეღვიძებათა,
მაშვრალნი უძილობითა ვერ მიხვდენ მოსვენებათა.

788
ვის სწადდეს ლხინი, თამაშა, კვლავ კარგის საქმის კეთება,
დღისით იწყებენ შრომასა, მათ არ დასჭირდესთ კვესება,
მოქმედებს ყოვლი ცხოველი, რაც რომ მათი არს წესება,
სყიდვა-გასყიდვა, ვაჭრობა, ფასისა გარდაკვეთება.

789
პატიოსანი თვალები ითლების აქაქისაგან.
ობოლი მარგალიტები ამოიღების ზღვისაგან,
ეს ყველა დღისით იქნების, მე წყალობა მჭირს ღვთისაგან,
რით მედარები? ეს მიკვირს – არ გრცხვენის ტყუილისაგან!“

ა ქ ა | კ ა ც ი ს | ა ვ ა დ | ყ ო ფ ი ს | ა მ ბ ა ვ ი

დღისაგან თქმა: 

790
„ღამევ, შენ გძულობს ყოველი კაცი სენგარდარეული,
მოემატების წყლულება, კვნესას დაიწყებს სნეული,
ვერა რამ არგოს, მანამდის იხმონ აქიმნი რჩეულნი,
გათენდეს, იყოს შვებითა, ვით არს სიმართლის ჩვეული.

791
მკურნალნი წამალს მისცემენ დღისითა მოსარჩენადა,
წამალს ასმევენ ბევრს რიგსა ჭირისა გასაყრელადა,
კარგი აქიმი მოარჩენს, ავად რომ იყოს ძნელადა,
სნეულს კაცს ღამე აწუხებს, დღე ჰქონდეს მოსალხენადა.

792
მე დამიცლია; თქვი, ბნელო, რაც დაგრჩომოდეს ყველათა,
რაც იცი, სრულ დაასრულე, მოჰყევ ამბავსა გრძელათა,
როს გაათავებ, ერთს კიდევ გეტყვი, ვიხმარებ ენათა,
სულ გაგამტყუნებ, ბოლოს დროს შეიქნა თავშეწყენათა“.

ა ქ ა | კ ა ც ი ს | ს ი კ ვ დ ი ლ ი ს | ა მ ბ ა ვ ი

ღამისაგან თქმა: 

793
„დღეო, ბევრი სთქვი კაცისა შვება და სიხარულები,
მე არ ვეჭვ, გაჰყვეს ბოლომდის, არა ჰყოს დანაჭმუნები,
ვინცა მიენდოს სოფელსა, მან გაიავოს გულები,
ამად არ მიკვირს სიცრუვე და მისგან დანაწყლულები.

794
რადგან რომ კაცსა ბოლომდის სიკვდილი არ აცილდების,
როს მოიწევა, ვინ უწყის ღამეა ანუ დილდების,
თვისტომთა საყვარელთაგან თვალთაგან ცრემლი მილდების,
შექნან გლოვა და ტირილი, მზე მათი მოუჩრდილდების.

795
ერთსა შარშოფსა იქივე თვით იტირებენ მკვდარსა-და,
მერე ჭირისაუფალთა შეასხმენ სხვასა სახლსა-და,
მხლებელთა დასხმენ ცხედართან მისატირებლად მზისა-და,
გამართვენ კიდეც ტირილსა, ამოუშვებენ ზარსა-და.

796
რა გავა პირველ სახლიდამ, ტირილი არის ქვრივისა,
ჭირისუფალთა თავია და გული უფრო სტკივისა,
მას ორნი-სამნი მხლებელნი თმაგაშლით მისდევს, კივისა,
სხვაც ბევრნი მექვითინენი ქვითინს უცემენ მივისა.

797
შევა ცხედარზე, ტირილსა რაც მართებს, გაასრულებსა,
გაიგლიჯება დიდათა, ქვრივი თავს მოიძულებსა,
გამოიყვანენ ტირილით, რახან იჯერებს გულებსა,
საჭირისუფლოს სახლშია ძლივღა მიაწევს სულებსა.

798
ქვრივი რა დაჯდეს, მოთქმასა დაიწყებს გარდაცემითა,
სხვა წავა ჭირისუფალი ტირილით, თავში ცემითა,
ზარით გაუძღვნენ ყოველნი, იყვნენ გულ დანა ცემითა,
ტიროდენ მკვდარსა გულწყლულად, სიტყვით აქებდენ, ენითა.

799
ვინც არის ჭირისუფალი, თავთავად მივლენ ტირილით,
ერთმანეთს მიუტირებენ წუხილით, გულისტკივილით,
რა გაათაონ, სხვანიცა მივლენ თავს ცემით, ჩივილით,
ფარჩას წახურვენ ცრემლისა დათხევით, ართუ ღიმილით.

800
ორს საღმრთოს კაცსა უჭირავს მოტირალისა ხელია,
ზარის თქმით მივა, იტირის, იხმარის საქციელია,
ფარჩას მხარზედა გარდიშლის, ეგრე შეუძღვის მღვდელია,
ზედ გარდაფინოს ცხედარსა, მღვდელსა ჩამოსდის ცრემლია.

801
ცხედარზედა მოტირალი გულმხურვალედ იტირებსა,
მიცვალებულს ტკბილის სიტყვით შეამკობს და მას აქებსა,
ცხედართ თანამსხდომთ უტირებს, გულზე ცეცხლსა მოუდებსა,
მგლოვარეთთან რა შეიქცეს, ცრემლი ღაწვთა უსველებსა.

802
ჭირისუფალთა უტირებს ყველასა ჩამორიგებით,
მათ მოტირალი უტირებს კაის სიტყვით და რიგებით,
დასმენ მას, ქვრივი მოუთქვამს არა კრძალვით და რიდებით,
თავს შეაბრალებს შვილებსა, ყველას სიტყვისა მიგებით.

803
მას ღამეს გაათენებენ მოთქმითა, ტირილითა-და,
გაასხმენ ჭირისუფალთა კიდევ ზარისა თქმითა-და,
დილაზედ გამოიტირონ მათ მკვდარი დიდის ხმითა-და,
მერმე შემოსონ ბერები თავისის კრებულითა-და.

804
მკვდარსა შემოსენ მას ჟამსა, შემოახვევენ ტილოსა,
ჩაასვენებენ კუბოსა ძნელსა, არ საადვილოსა,
ვით იტყვის კაცი მაშინდელს ტირილსა, თვალთა მილოსა!
მუნ მყოფთა ცრემლნი ზღვაობენ, იმეგობრებენ ნილოსა.

805
ზარი უთხრან ჭირისუფალთ მათ ცხედრისა წაღებაზე,
ქვრივი მივა ხელმოხვევით, თუცა იყოს პირადა მზე,
გაგლეჯილი ეხვეოდეს საყვარლისა კუბოსა ზე,
წაასვენონ, იგივ დარჩნენ უიმედო სულის დგმაზე.

806
ვით ჰფერობს ქრისტიანეთა, დამარხენ მიცვალებულსა,
რიგს უზმენ ჭირისუფალნი, რაც მართებს გაოხრებულსა,
ზარით დაჰფენენ ნიშანსა საღამოს დაბინდებულსა,
პირველად მედოშაქენი მზას იქმენ ქვეშდაგებულსა.

807
ქალის ახალუხს ჩასდებენ, მასთანვე უნდა ქმრისანი,
იქ დასხდენ მედოშაქენი, გამშლელნი იყვნენ თმისანი,
ზედ ადგეს მღვდელი მოსილი, მკმეველი საკმევლისანი,
სხვას სახლს დაჰფენენ სუზანსა – წესია ხელმწიფისანი.

808
დროზედ გარდშლიან ნიშანსა, ქათიბსა და მერმე ტყავსა,
ორნი ყულნი ცოცხალსავით განკრძალვითა ადგნენ თავსა,
ოქროს ხმალსა დაუდებენ ქათიბისა მარცხნივ მხარსა,
დააფენენ ტანისამოსს, ნაცვამია კაცის ტანსა.

809
ჭირისუფალთა მოეცვას მათთა ნიშანთა არენი,
თვალ-მარგალიტით შემკული, ოხრობით შესაზარენი,
დიდებულთ ცოლნი ტირიან, ხმა ისმის ამად მწარენი,
საბრალოს ხმითა ვაებენ ქალნი მნათობთა დარენი.

810
ცხენებს დააბმენ მკვდრისასა უკუღმა შეკაზმულებსა,
მეჯინიბეთათხუცესი ზინდრით უჭირისუფლებსა,
პატრონისათვის ტირილით ამოირთმევენ სულებსა,
ვინც მოტირალი უტირებს, შეუწუხებენ გულებსა.

811
მესამეს ღამეს დახურვენ ქვრივსა ლეჩაქსა შავსაო,
პირისფარეში მოიტანს, ეუბნებიან ზარსაო,
დიდი ტირილი იქნების, შავს რომ დახურვენ თავსაო,
საქართველოში კარგგვარი ლხინი და ჭირი არსაო.

812
თხუთმეტამდინა ღამითა იტირონ ნიშანზედაო,
გამოიტირონ თავს ცემით, პირხოკვით დილაზედაო,
გათავდეს თხუთმეტი რა დღე, დაადგრენ მოთქმაზედაო,
კიდევ ნიშანსა დაჰფენენ, კვლავ ტირან ორმოცზედაო.

813
ორმოცზედა მკვდრის პატრონნი, რაკი გამოიტირებენ,
ნიშანს ჭირისუფლებისკენ თავსცემითა წაიღებენ,
შევლენ სახლში ზარის თქმითა, დაიჩოქვენ, ისე რებენ,
ჭირისუფლებს ტირილითა ნიშანს ჩამოურიგებენ.

814
გაათავებენ ტირილსა ორმოცის გამოსვლაზედა,
ნახევარს წელსა იტირონ და ერთსა წელიწადზედა,
მასუკან ხელი აიღონ ტირილსა და მოთქმაზედა.
რაცა ვსთქვი ლხინი და ჭირი, ღამით ეს მოვა კაცზედა.

815
ახლა თქვენ ბრძანეთ, ნათელო, მე დავასრულე სრულადო,
სულ მოგახსენე ამბავი, რაცა მდებია გულადო,
მე ამხანაგი ვყოფილვარ, არა გხლებივარ ყულადო,
ვერასფერშიგან ვერ მჯობხარ, თავს დავდებ არნაკლულადო“.

დღისაგან თქმა: 

816
„ბნელო, ვეჭვ, გეყო ამდენს ხანს ბევრი რამ ცუდი თქმანია,
გიჯობდა, რომე ჩემთანა არ ამოგეღო ხმანია,
არ ხარ ჩემს სწორად, ღვთისაგან ესე მჭირს წყალობანია,
მე ნათელი ვარ, შენ – ბნელი, – ეს ჩემად ქებად კმანია.

817
ამას ამბობს: „როდეს კაცის თავს სიკვდილი მოვიდესო,
ტირილი და ზარის თქმანი“ ღამით უნდა გარიგდესო.
მიცვალებულს რაში არგებს ბევრსა ვინმე ტიროდესო?
მკვდარსა უჯობს დამარხვა და მისთვის გლახას მისცემდესო!

818
დღისით უყონ მიცვალებულს პანაშვიდი, წირვაები,
გლახაზედა გაცემა, და მისთვის იქნას აღაპები,
ესე ყველა დღისით იქნას მკვდრის სულისა საქმეები,
მეორედა მოსვლა გითხრა, საშინელი სახეები“.

ა ქ ა | მ ე ო რ ე დ | მ ო ს ვ ლ ი ს | ა მ ბ ა ვ ი

დღისაგან თქმა: 

819
მართლ გეტყვი – სწორედ არ ვიცი – დღით მოვალს ანუ ღამითა,
„მეც არ ვიციო“ – თვით ბრძანებს კაცობრივისა ძალითა,
ასე ვთქვათ: ღამით მოვიდეს, გინა ბნელობის ჟამითა –
ბნელი განქარდეს ღვთის მოსვლით, განსჯიდეს სამართალითა.

820
როს მოვიდეს ძე კაცისა განსჯად მრავლის დიდებითა,
ანგელოსნი მისნი მასთან ცხრა გუნდითურთ დასებითა,
მაშინ დაჯდეს საყდართა ზე დავითისა ღვთაებითა,
ესე დღისით აღსრულდების, არა ღამით, ბნელებითა.

821
როს გარდამოხდეს მეუფე განსჯად მკვდართა და ცხოველთა,
მაშინ დასცემენ საყვირსა შესაკრებელად ყოველთა,
მყის მოიწინეს წინაშე მავალნი წყალთა და ველთა,
ნატრიდენ მოხუცებულნი ყრმათა, ძუძუთა მწოველთა.

822
მარჯვნივ და მარცხნივ განრჩევით დგომას იწყებენ მონანი,
მაშინ შეიქნას განკითხვა, კეთილ-ბოროტთა წონანი,
მართალნი ბრწყინვენ, არიან სასუფეველსა მგონანი,
ცოდვილთ ჰრცხვენოდესთ, შეიქნენ გულლახვარგანაწონანი.

823
მაშინ მსაჯულმან მარჯვენით მდგომთა მიხედოს ტკბილადა,
ჰრქვას: „კურთხეულნო, მკვიდრობით სასუფევლისა შვილადა,
ვისთა ტრფიალთა გდიოდათ თვალთაგან ცრემლი მილადა“.
მარცხენით წყევა მიიღონ, გახდენ ეშმაკის წილადა.

824
ოდეს იქმნეს აღსასრული, განსჯად ქრისტე გარდმოხდების,
მის წინაშე სამართალი ყველა დღისით გარიგდების,
თუ არ მარტო ჯოჯოხეთში, ბნელი ყველგან განქარდების,
ღამე სრულად უჩინოა, ღვთის მადლითა განათლდების.

825
აწ დავასრულეთ დღისა და ღამისა ბაასობანი,
ეს კმარა საჩხუბავადა, ისევ მათ უჯობს წყობანი,
მეც მომეწყინა ლაყაფი ბევრი, ამ სიგრძე თხრობანი,
გავათავე და კიდეცა მეყო ამ ლექსთა მბობანი.


თავგადასავალი 

1
როდეს ყეენმან სეფიხან ჰყო საქართველოს მცველია,
ჩვენ განბნეულნი ვიყვენით, სადა ტყე იყო, ველია,
ზაკვით გვეფიცა, მიგვინდო, იგ კაცი იყო მელია,
მე, ამილახვარს, ერისთავს, თარხანს შეგვიკრეს ხელია.

2
ჩვენ გაგვგზავნეს ყეენთანა შეპყრობილნი, ხელ-ხუნდებით,
იგ ზოსიმე ხარჭაშნელი თან გვიახლა თვისის ნებით,
პაატა და ნათანელი სულხან იყვნენ ჩვენთა ხლებით,
სხვა პაატა ტუსისშვილი და სოლომონ თავდადებით.

3
საგინასშვილი გიორგი თან გვყვა, ისიც თავადობდა,
ჯანგირაშვილი შათირი, შიოც მახლდა, გლეხ კაცობდა,
კახეთიდან ეს რვა კაცი წამოვიდენ, გვერდს მხლეობდა,
ქართლიდამე ორი კაცი – ძევაძე და ოთარობდა.

4
ჩაგვიყვანეს ისპაანსა, ჩვენ სიკვდილსა მას დღეს ველი,
განვერენით სიკვდილისგან, ღმერთმან დაგვდვა საფარველი,
კვლა სოფელმან უარესი მოაწია განსაცდელი:
შვილებს მთხოვენ, შემექნების დღე უწყალოდ დასასჯელი.

5
გაგზავნეს კახეთს ჩაფარი, არ ჩემთვის მოსალხენია,
მათ დამიბარეს ქალ-ვაჟი, დღე მქონდა მოსაწყენია,
სხვა ძე არ მყვანდა, გასინჯეთ, ვინც იყოთ კაცი ბრძენია,
აღარვინ მრჩება ოთახში, ვით მოვითმინო ძნელია?!

6
ისპაანითგან გაბძანდა ხელმწიფე სპითა დიდითა,
უბრძანა მეწინავეთა: „ყანდაარისკენ ვლიდითა!“
იგ სამესისხლოდ აღძრული, არა გულითა მშვიდითა,
ჩვენც თან წაგვასხმენ მაშვრალთა, არ იყვნენ კრძალვა-რიდითა.

7
რა წარვემართეთ ყანდაარს, ვიარეთ ავი გზებია,
ბევრი გამოვვლეთ გზაზედა სიცხე და სიცივებია,
დიდად მაამეს, ვინც მახლდა, თავადი, მსახურებია,
ჩვენ მივაწივეთ ყანდაარს, ვართ ციხის მაქებრებია.

8
რაღას ვაგრძელო? მომესმა ამბავი საზარონია,
მრქვეს: „მოიყვანეს მაშათსა შვილები შენნი ორნია“.
უმკვიდროდ გახდა კახეთი, ეს ჩემგან სააზრონია,
ვთქვი: „მომეახლა უცილოდ სულთა აღმოსვლის დრონია!“

9
თვით ყეენმან უსამართლო საქმე მიყო მეტად ძნელი:
გამომართვა ქალი პირმზე, ვისგან ნათობს ღამე ბნელი,
ძმისწულს მისცა შესართავად, კვლა ბოძებას აღარ ველი,
მე მისისა მოშორებით დამიწყლულდა გული მრთელი.

10
იგი ძმისწული მაშათს ჰყვა, ქალი მას მისცა მთვარია,
სახელად ერქვა ქეთევან, არს მზისა შესადარია,
ვაჟსა უწოდდი ერეკლეს, არვინ მყავს მისი დარია,
იგ თვით იახლა, მე დავრჩი – სიცოცხლე დასაზარია!

11
იგ თან ჩამოჰყვენ ერეკლეს თავადნი თავდადებითა,
ომან, ჯიმშედ და გიორგი, ასლან ჰყვა თანახლებითა,
ბარამ, დავით და შერმაზან, ზაალ არს თავის ნებითა,
მღვდელი ჰყვა, დავით, დიაკვნად პართენ არს სახელდებითა.

12
კიდევ ახლდენ მდაბალთაგან მონანი, მსახურებია,
პატარკაცი და იოთამ ხამხაძე, გლეხკაცებია,
მგელია ერთი ქართლიდამ, ისიც ამათთან მხლებია,
ქრისტიანენი ესენი, ოთხნი ჰყვეს მათ თათრებია.

13
აღალარი დილმაჯად ჰყვა, ქალბი ერქვა, ჯილაბდრობდა,
მუსა იყო მსწრაფლად მსრბოლი, იგი ფიცხად შათირობდა,
ადიგოზალ განუყრელად სულ მუდამად ფარეშობდა,
ჩვენნი იყვნენ ეს თათრები, ერთგულებით მოჰყვებოდა.

14
ვიყავ ყანდაარს მჭმუნვარე, არა გულითა ლხინობით,
ვსთქვი ლექსი მცირე რაიმე სევდისა მოსათმინობით,
იქ დავასრულე, ვინც ნახოთ, ნუვინ იქნებით წყინობით,
მაშინ ჯდა ქორონიკონი: უნი, კანი და ვინობით.


ქება სრისა 

1
ჰქმნა ღმერთმან ცანი, ქვეყანა შეამკო ზევით-ქვევითა,
ცანი აღავსნა ვარსკვლავით სფეროში შემოკრებითა,
შვიდნი ცთომილნი დაბადნა შუქ-ფენით, ბურჯებს რებითა,
ექვსს დღეს მზადა ქმნა ესენი, სიტყვა ვსთქვა შემოკლებითა.

2
დაბადნა ანგელოსთ დასნი – ქერაბინ, სერაბინები,
კაცისა დასაბადებლად მიწისგან დასდვა ბინები,
ჰქმნა ადამ ხატად თავისად, ეტყვის: „ხარ დასაძინები“.
გვერდით უშენა მას ცოლი ადამის გასაკვირვები.

3
უკვდავად ქმნილი ადამ სცდა – დაეცა ეშმაკისაგან;
ჩვენ დაცემულნი ჯოჯოხეთს ტანჯულნი გეენისაგან;
ძე ღმრთისა განხორციელდა – ნახეთ სიმდაბლე ღმრთისაგან!
ჯვარცმით, დაფლვით და აღდგომით დაგვიხსნა ტყვეობისაგან.

4
ღმრთის მოწყალებას ვინ აღრაცხს, კაცზედ რამდენი მივა-და!
მოკლედ ვსთქვა ჩემნი საქმენი, რაც ხანი წამივლია-და,
სოფლისაგან საცდელები მე ბევრი მამვლენია-და,
ქრისტესა გამოუხსნივარ, ჭირები მამლხენია-და.

5
რაც ამ სოფელსა ღმრთისაგან მომეცა წყალობანია,
არ ძალმიცს მისად სანაცვლოდ შევსწირო მადლობანია;
თუ, ვითა ღირსმყო ხარისხსა, დავიწყო წარმოთქმანია,
ორმოცდაოთხის წლისასა მერწმუნა მეფობანია.

6
ღმერთმან მომცა ეს სიმაღლე ნადირ-შაის მიზეზობით,
ჯერ მფლობელმყო კახეთისა, მერმე ქართლში მემკვიდრობით,
კახეთშია ჩემ ძეს დასვამს – ერეკლესა – მეფედ ხმობით,
ოცდაოთხის წლისა იყო, როს პატივ სდვეს ბატონობით.

7
მას ჟამს ჩემს დისწულს, მეფის ძეს, ანტონის, კაცსა ღმრთისასა,
ვარწმუნეთ პატრიარქობა ოცდაოთხისა წლისასა,
ბრალთა სიმრავლით უღირსსა მადლს მომფენს კურთხევისასა,
მცხეთას მოიღო კურთხევა, ზეთს მცხებდა მეფობისასა.

8
ვიყავ ქართლშიგან, მტრისაგან ერთს ალაგს ვერ დავდგებოდი:
იქით და აქათ მუდამით ვლაშქრობდი, ვიარებოდი,
ავს დროს განსაცდელისაგან ჯარშია ვიმყოფებოდი,
სევდისა მოსაქარვებლად ამ სახლებზედა ვშვრებოდი.

9
ავაშენებდი სასახლეს, საწოლსა აივანებით,
შემკული ზევით-ქვევითა ლამაზად ბალახანებით,
შუაზედ აინახანა დახატვით მიჭვრიტანებით,
ეს შევასრულე სალხინოდ, შიგ ვსვემდი დოსტაქანებით.

10
უწინ, სიყრმის დროს, მენახა ნაშენი უცხოებითა,
სამნი მორთულნი სახლები ვარაყით, სარკეებითა,
მეფეებისგან ნაშენი კვეხნით და დაქადებითა,
თითოსა თითო აეგო დიდ ხარჯით და ფასებითა.

11
როსტომ მეფისგან ნაგები საწოლი სახელიანი,
ნახატი სურათებითა, ყვავილი ფერადიანი,
თვით როსტომ ფალავანი და დევნი ეხატა რქიანი,
შაემკო დიდად, დაედვა სახელად როსტომიანი.

12
ერთი სრა მამის ჩემისა, მეფის ერეკლეს გებული,
ხელმწიფეთ საკადრისი და ქვეყნისგან მოწონებული,
სარკით და ოქროს ვარაყით შემთხვევით განათებული,
მეფეთ და დარბაისელთთვის სალხინოდ დამზადებული.

13
სრა ერთი მეფის ვახტანგის უცხოელებით ნაგები,
საკვირველი და საქები, მას უხდებოდა სარკები,
შუაზედ შანიშინი და აუზით შადრევანები,
ფერად-ფერადის ჯამებით შეხამებული ფანჯრები.

14
ავზს უხდებოდა შუაზედ ბროლისა ხომლის კიდება,
როს მეფე-სპანი ლხინობდენ, დღეს რომ შეჰქონდა ბინდება,
შეღამდის, ხომლზედ განწყობილს კელაპტრებს მოეკიდება,
შიგ მსხდომნი კედლებს სჭვრეტდიან, ეგონისთ – გარს გვეკიდება.

15
ერთიცა სახლი, უზეშთე ერანშიც არ ნახულა-და!
იმ სრისა ქება, სიკეთე ქვეყანას ხმა განთქმულა-და,
როგორც მას ჰფერობს ქებანი, შესხმა არ ძალმიც სრულადა,
სხვებს სრებსა ყველას ის სჯობდა, მისებრივ არ დადგმულა-და.

16
სრას უხდებოდა ხელმწიფე თაჯითურთ ჯიღებიანი,
თვით მეფე ვახტანგ შიგ მჯდომი ძმებითურთ შვილებიანი,
გვერდს ახლდენ დარბაისელნი, მორთულნი, ბიღებიანი,
უკეთესს რაღას ნახავდა თვალითა კაცი ჭკვიანი?

17
როს დაუკრავდენ მგოსანნი, ტკბილად დაეწყოთ თქმანია,
მათს ხმაზედ ამღერდებოდენ ბულბული, იადონია,
ის ლხინი და სიხარული უცხო რამ გასაგონია,
მეც ბევრი ვნახე იმ სრაში ლხინი და უკუყრანია.

18
ამ ცრუ სოფელმან არ იცის ბოლოსა გატანებაო:
მეფენიცა და სრებიცა სრულ ყველა განქარდებაო,
ვითარებისა ჟამთაგან სამნივე მოიშლებაო,
იმათ აჩრდილად ეს ჩემი სასახლე აშენდებაო.

19
იმ სრებსა რის გზით შევადრი ამ ჩემსა აგებულსაო?
მართლისა თქმა სჯობს ტყუილსა, ვერ დაუმძიმებ სულსაო;
სახლებთან ბოდიშს მოვითხოვ – ნუ დააკლდებათ გულსაო;
იმათი ერთი კედელი სჯობდა სულ აქა დგმულსაო.

პ ა ს უ ხ ი | ს ა ხ ლ ი ს ა

20
„მეფევ, რად გვწუნობ სრაებსა? სხვას აქებ, ჰბრძანებ რაებსა?
სიტყვით აგვიშლი დავებსა, მოჰყვებით თქვენ იგავებსა,
სხვაზედ გვიძახი ავებსა – მაგით ვერ ჩაგვყრი ვაებსა!
 ჩვენც მოვიწონებთ თავებსა, უსტა ხელს დაგვითავებსა.

21
სიტყვებს მოგიგებთ ასებით, გკადრებთ – თქვენ გებაასებით:
არ ვართ იმ სრებზე ნასებით, ავშენდით დიდ-დაფასებით.
როს, მეფევ, დასხდეთ დასებით, ღვინოსა სვემდეთ თასებით,
გული გვაქვს ამით სავსებით ასფოდელოსა მსგავსებით.

22
ვისაც აქ მოსვლა სურისა, კარი არ დაეგულისა;
ვით ირემს წყარო სწყურისა, მე მათი ნახვა მსურისა,
მოყვარული ვარ სტუმრისა, ჩემშიგან შემოსულისა,
ჩემთვის უტკბოსნი სულისა, სასიხარულო გულისა.

23
ვერა მჯობს ერთი სახლია, მჭვრეტელთა გულსა სწადია,
ახლოს მაქვს ტურფა ბაღია, მნახველთა დასაქადია,
მიბრძანდით, კრია ღია – ნახოთ კოკობი ვარდია,
საღი აავსეთ თასია – უკუიყაროთ დარდია.

24
ჩემებრივ არვინ, მგონია, არ არის საზარონია,
როს ზაფხულისა დრონია, ყვავილნი დაუზრონია,
იმღერონ ტკბილი ხმანია, ვით სტვენდეს იადონია,
ვინცა ლხინისა მდომია, ის არის გასაგონია!

25
ნუ მოუწყინებთ, მეფეო, თქვენს ჭირნახულსა სრასა-და!
ლხინი მინახონ, უბრძანეთ, ვინცა ვინ გვერდ გახლავსა-და,
თუ ავი მასპინძელი ვარ, ნუ ჰკადრებთ თქვენსა თავსა-და;
აწ მოგახსენებ ბოდიშით – ხელი მიჰყავით სმასა და!

26
როს დასხდეთ აივანებში, ან ბალახანას სმიდეთო,
თუცა ვერ დამხიარულდეთ, ანუ თუ მოიწყინდეთო,
ნუმცა აიღებთ სუფრასა, დღე იყოს – შეიბინდეთო,
აქ შემობრძანდით ისევე – ლხინს ნახავთ, როგორც გინდეთო.

27
ვინც სმით დაიტანს ძალებსა, მეფევ, ნუ დამაბრალებსა,
თუ დალევს დიდ სასმელებსა, აუშლის საქციელებსა,
სიმთვრალე გაახელებსა, ეშმაკი დაახელებსა,
ცოდვაში გარევს მთვრალებსა, წარწყმედს, არ შეიბრალებსა.

28
ბევრსა ღვინოსა ნუ დალევთ, ცოტასა სმიდეთ გზიანად,
მართებულს ლხინსა ნახევდეთ წყნარად და ნამუსიანად,
აქ გაგიჩნდებათ ზნეობა, თქმა ხუმრობისა ზმიანად,
გალობა დასდებელისა, ვინც იტყვის ტკბილის ხმიანად.

29
ლხინს ნახევდეთ უცოდველსა, თქვენ განმინათლეთ არეო,
ზნეობა, საქციელები კარგ გვარად მოიხმარეო,
ჭირვეულობას ვინცა იქთ – და თავი მოიჩქარეო,
მეფევ, უბრძანე პანღურით, ცემით გააგდონ გარეო.

30
ვინცა ისხდეთ მართებულად ლინშია არმოწყენითა,
ხუმრობას ჩამოართმევდეთ ერთი ერთს კარგ მოსმენითა,
ვის შეუძლიან ხუმრობა სიტყვითა, თუცა ზმენითა,
მეფეც გიბოძებთ წყალობას, საბოძვრით აივსენითა“.

მ ე ფ ი ს | პ ა ს უ ხ ი

31
„სახლო, სიტყვები გვიბრძანეთ, ბოდიში მართებულები,
მადლს მოგახსენებთ მეფე და თავადნი, დიდებულები,
ლხინით, შვებით და უკუყრით გახლავართ მხიარულები,
აქ კაცი რის გზით მოიწყენს, სადამდის უდგეს სულები!

32
აქ რაცა კარგი სახლია, არ არის შენისთანაო,
მაგრამ მუხთალმან საწუთრომ ბოლო ვის გაუტანაო!
სჯობდა მეშოვნა სარქრადა მსგავსი მარჩვიბისთანაო,
რაც რომ მე შენზედ ხარჯი ვქენ, იმისთვის მიმეტანაო.

33
ინდოეთს ხელმწიფესავით ჩემთვინა საქმე გაეგო,
თომასებრ უმუშაკოთა უცხო სასახლე აეგო,
ჩემს სარქარს ესე სიტყვები უწინვე ადრე გაეგო,
მესწავლებინა იმგვარად – კეთილს საქმეზედ წაეგო.

34
სანამ საწოლი სარკითა, ვარაყით შეიმკობოდა,
ორისა წლითა უწინვე სრა ესე აშენდებოდა,
თებერვალისა თვეშია თამამად შესრულდებოდა,
მას ჟამსა ქორონიკონი უნ, მანი, ანი ჯდებოდა“.


ბიჟინას სიკვდილზედ 

1
ვითა ვსთქვნეთ ძნელად სათქმელნი აწ თქვენთან ჩემის პირითა,
აღვსილნი მწუხარებითა, სისხლრევით ცრემლით ვტირითა,
ერთმანერთზედა დაგვერთვნეს წუხილნი უცხოს ჭირითა,
აწ ვრიდობ თქმასა, ვით თხაზედ მოვსთქვამთ და მუდამ ვჩივითა.

2
მოგიკვდა თქვენი ბიჟინა, ამიერ სოფლით გავა-და!
ვერც მოვიხმარეთ ჩვენ ხორცი, ბარკალი, ვერცა გავა-და,
არც გამოგვადგა გუდად და ტყავი არც ფარად გავა-და,
ფათერაკის გზით მოგვიკვდა, ცოტას ხანს გვიწვა ავადა.

3
ჩიოდა ამას ბიჟინა, როს ხდომა ჰქონდა სულისა:
„სად მყავს აწ ჩემი ბატონი, ჩემი ამგები ხულისა?
უმისოდ მომკლეს დიაცთა, არ მყვანდა მტკენი გულისა“.
აწ თქვენ შეგკადრეთ უგრძნულად სიკვდილი მის ბედკრულისა.

4
ჩვენც გვეწყალობდა, რა ვნახეთ ვერ შემჭამელი მაზისა,
საკლავად გამომეტებით მოსდევდა თვალლამაზისა,
გოგიაურის ქალს უთხრა სწრაფლ გახურვება გაზისა,
უთხრა: „დაგლიჯე ასონი ბიჟინა ტურფა, ნაზისა“.

5
სულთ-ბრძოლის დროსა ჩვენება ნახა, ადგილი მზიანი,
გვითხრა: „ვნახეო ნათელში, თხა არის ოქროს რქიანი,
უცხოს სამყოფში კიკინებს, არა სტირს სულის ზიანი“.
მოდი და ჩემთან იხარე, ნუღარ ხარ თვალცრემლიანი!

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment