Sunday, October 29, 2017

ისევ სასამართლო პროცესის გამო ჰერმან ჰესეს „რიოში მარგალიტებით თამაშის“ თარგმანთან დაკავშირებით

(დასასრული) 

სასამართლო პროცესის მსვლელობისას ჩვენმა ახლობლებმა გვირჩიეს, რომ მთელი სადავო თანხის მხოლოდ ნაწილი მოგვეთხოვა და მაშინ შეიძლებოდა შეთანხმება უფრო ადვილად შემდგარიყო. გარდა ამისა, ცნობილმა ადვოკატმა ბ-ნმა სოსო ბარათაშვილმა შემოგვთავაზა სადავო თანხის მოცულობა ცალკეულ ნაწილებად დაგვეშალა და ისე წარმოგვედგინა, რათა მოსამართლისათვის უფრო ადვილი ყოფილიყო იმის განსაზღვრა, თუ თანხის რა ნაწილი მოეკუთვნებინა ჩვენთვის. გარდა ამისა, ჩვენ ახლა უფრო დეტალურად ჩავიხედეთ საქართველოს კანონში „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ და ვნახეთ, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოების რედაქტირებას, თანაავტორობასა და გადამუშავებას, თუ ეს საჭირო გახდება, და გათვალისწინებულია შესაბამისი პროცედურებიც. ამის ცოდნა სასურველი იქნებოდა თავიდანვე ჩვენთვისაც, და მაშინ ბევრ შემდგომ განვითარებულ უსიამოვნებას დასაწყისშივე მივხედავდით, ხოლო გამომცემლისთვის კი შესაბამისი კანონმდებლობის საფუძვლიანად ცოდნა უფრო აუცილებელი და ხელმისაწვდომიცაა. მას აქვს აგრეთვე ფულადი სახსრებიც ადვოკატის დაქირავებისა და მასთან შესაბამისი კონსულტაციებისათვის. მაგრამ ქეთი კიღურაძეს მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილთან საქმიანი ურთიერთობა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ამ კალაპოტში სულაც არ წაუყვანია. იგი არ ცდილა, თუ რედაქტორის მუშაობა არ ეყოფოდა თარგმანის თავდაპირველი ვარიანტის საჭირო დონემდე მიყვანას, თანამთარგმნელობის ან თარგმანის გადამუშავების მექანიზმები აემოქმედებინა. ამის მიზეზი კი, ჩვენი აზრით ის უნდა იყოს, რომ იმთავითვე საქმეში ჩართული აღმოჩნდა ნანა გოგოლაშვილი, რომელსაც თანამთარგმნელის ან თარგმანის გადამამუშავებლის პერსპექტივა სულაც არ ხიბლავდა, არამედ მას ერთპიროვნული მთარგმნელობა უნდოდა და ამის გამო, სავარაუდოდ, გამომცემელიც მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის მიერ გაწეულ შრომას მთლიანად უარყოფდა და უგულვებელყოფდა. მაგრამ ასეთმა საქციელმა სულაც არ ნანა გოგოლაშვილი, არამედ ქეთი კიღურაძე ჩააყენა კანონთან კონფლიქტში, რაზედაც მას უნდა ეფიქრა, როცა კანონის მოთხოვნების დარღვევაზე მიდიოდა.

ასეთ პირობებში, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ახალი განცხადებით მივმართეთ მოსამართლეს და უკვე სადავო თანხის ნახევარზე თანხმობას ვაცხადებდით, თანაც განვუმარტავდით მის წარმოშობასა და ხასიათსაც.

თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს
ბატონ თამაზ ურთმელიძეს

მოსარჩელე მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის
(პ/ნ 01017026869)

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა 

ბატონო მოსამართლევ, მოგახსენებთ, რომ უკანასკნელ ხანებში მე და ჩემი მეუღლე შეძლებისდაგვარად უფრო ახლოს გავეცანით საქართველოს კანონს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, და იქ ვნახეთ, რომ ჩვენი კანონმდებლობა იცნობს ინტელექტუალური საქმიანობის ისეთ ფორმებს, როგორებიცაა თანაავტორობა (ჩვენს შემთხვევაში – თანამთარგმნელობა) და ნაწარმოების (თარგმანის) გადამუშავება, თუ ამის საჭიროება იქნება. ასევე განსაზღვრავს ამ ურთიერთობების იურიდიულ მხარეს და ასეთ საქმეში ჩართულ პირთა უფლებებსა და მოვალეობებს (შესაბამისად, აღნიშნული კანონის 11-ე და 13-ე მუხლები /„თანაავტორობა“ და „გადამუშავებული ნაწარმოების ავტორის უფლებები“/). ასევე, რათა გამომცემელსა და ავტორს (მთარგმნელს) შორის შესაძლო კონფლიქტები თავიდან იქნას აცილებული, კანონის 43-ე მუხლის („ნაწარმოების შექმნის ხელშეკრულება“) მე-3 და მე-4 პუნქტები მკაფიოდ მოითხოვენ, რომ მათ შორის ურთიერთობა უნდა წარმოებდეს წერილობითი სახით, თანაც გარკვეული ვადებისა და გონივრული, სამართლიანი არგუმენტების გათვალისწინებით (რაც წერილობითი ურთიერთობებიდან მომდინარეობს და თითოეული ასეთი წერილი, რომელიმე მხარის მხრიდან უსამართლოდ მოქცევის შეთხვევაში, უკვე იურიდიული დავის საბუთად შეიძლება იქცეს).

შპს „სიესტას“ მფლობელის ქეთი კიღურაძის მხრიდან სწორედ კანონის ეს მოთხოვნები იქნა უკვე 2012 წლის ზაფხულ-შემოდგომიდან დარღვეული ჩემთან ურთიერთობებში, როცა მე მაშინ ივლისის თვეში უკვე ჩავაბარე ჩემი თარგმანის სრული ტექსტი (წიგნის დაახლოებით 600 გვერდი, რაც თარგმანის დაახლოებით 350 კომპიუტერული გვერდი გამოვიდა), და როცა ვთხოვდი, რომ მალევე მოეძებნა რედაქტორი, რაც მე მასთან მუშაობის საშუალებას მომცემდა. ანუ ის, რომ თარგმანი სარედაქციო იყო, მე თავიდანვე ვიცოდი, ასევე კარგად მახსოვდა 1990-იანი წლების დასაწყისში ჰერმან ჰესეს რომანის „ნარცისი და გოლდმუნდი“ თარგმანზე სარედაქციო მუშაობისას რედაქტორების: ელზა ახვლედიანისა და რუსუდან ქებულაძის გულმოდგინე მუშაობის გამოცდილება და ახლაც მსგავს სამუშაო პროცესებს მოველოდი. მე ამას არც ქ. კიღურაძეს ვუმალავდი, რაზეც ახლა ის ჩუმად არის და ისე უჭირავს თავი, თითქოს მე სრულებით უნაკლო და უხარვეზო თარგმანი უნდა ჩამებარებინა. ასე რომ ყოფილიყო, მე ჩემს თარგმანს პირდაპირ სტამბაში მივიტანდი, ფულს გადავუხდიდი და ისე დავაბეჭდინებდი. სწორედ ამას გულისხმობს ქ-ნი ანა კორძაია-სამადაშვილი, როცა ჩემი თარგმანის შეფასებისას დაასკვნის: „ის, რომ თარგმანის ავტორს ამდენი ხნის განმავლობაში მარტოს უხდებოდა ტექსტის პირისპირ დარჩენა, ცხადია, გარკვეულ ხარვეზებს განაპირობებს, რაც ყოველი მთარგმნელისთვის ნაცნობი ამბავია - თითქოს გვერდიდან ვეღარ ხედავ, გერმანულ ტექსტს ქართულად ვეღარ კითხულობ. ამ პრობლემას რედაქტორი გადაწყვეტს, - საბედნიეროდ, კარგი რედაქტორები ნამდვილად გვყავს, - და მოხარული ვარ, რომ სულ მალე ქართულენოვან მკითხველს ჰერმან ჰესეს ამ საუცხოო რომანის წაკითხვის შესაძლებლობა ექნება“.

ახლა ისევ იურიდიულ მხარეს დავუბრუნდეთ. საქმის მასალებიდან კარგად ჩანს, რომ ქ. კიღურაძემ არც თარგმანის შეფასებისა და არც რედაქტირების პროცესი არ წაიყვანა კანონის მოთხოვნების კალაპოტში. არ არსებობს წერილობითი განმარტებები მისი მხრიდან ჩემი თარგმანის ავ-კარგიანობის შეფასებით, და არც წერილობითი არგუმენტებით დასაბუთებული მისი პოზიცია. პირველი წერილობითი მიმართვა მოხდა ისევ ჩემ მიერ, მას შემდეგ, რაც იურიტს, ქ-ნ ინგა ჩალათაშვილს მივმართე დახმარებისთვის და ეს სწორედ მისი რჩევით გავაკეთე; ჩემი ეს წერილი სასამართლო საქმის მასალებშიც არის ჩადებული.

ქეთი კიღურაძეს რომ თავისი საქმიანობა, როგორც გამომცემლისა, და ჩემთან, როგორც მთარგმნელთან, შრომითი ურთიერთობები კანონმდებლობის ფარგლებში წაეყვანა, მას და მის მიერ არჩეულ რედაქტორს (მანანა პაიჭაძეს) რომ წერილობით ეჩვენებინათ ჩემთვის თარგმანის ხარვეზები და შეცდომები, რომ მოეცათ გონივრული და რეალური ვადები ამ ხარვეზების გამოსწორებისთვის (და არა 100 კომპიუტერული გვერდი, ანუ წიგნის დაახლოებით 200 გვერდი ერთ თვეში, რაზეც მ. პაიჭაძესაც უწერია თავის განმარტებაში), ან კიდევ უკვე ასეთი წერილობითი და თვალსაჩინო დასკვნის საფუძველზე რომ შემოეთავაზებინათ თანამთარგმნელის შემოყვანა ან სხვა გერმანისტის მიერ ჩემი თარგმანის გადამუშავების აუცილებლობა, მაშინ მეც გაგებითა და თანხმობით მოვეკიდებოდი მათ წინადადებას, თანაც მექნებოდა ჩემ მიერ გაწეული შრომის დაცულობის გრძნობა იმ აზრით, რომ თანამთარგმნელად ან მთარგმნელად ვიქნებოდი მოხსენიებული ამ წიგნის გამოცემისას, და თან არც მეორე თანამთარგმნელის ან თარგმანის გადამმუშავებლის შრომა იქნებოდა დაკარგული. ხოლო რაც შეეხება ჰონორარს, მას ჩვენ სამართლიანად გავინაწილებდით, და ეს ყველაფერი გამომცემლის ხელმძღვანელობითა და მისი კონტროლის ქვეშ მოხდებოდა.

მაგრამ ქ. კიღურაძემ კანონის ეს ყველა მოთხოვნა დაარღვია, ჩემი რედაქტორის ან, ნაწილობრივ, თანამთარგმნელის სამუშოს გაწევა, უკვე რუსული თარგმანის მოშველიებით, ჩემს მეუღლეს მოუხდა, ხოლო საბოლოო ჯამში კი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ჩემ მიერვე გადამუშავებული თარგმანი ძირითადში მოიწონა და შემდგომი სარედაქციო სამუშაოებისთვის მიიღო, რასაც გასული წლის ზაფხულში ჩვენ მიერ გაფორმებული ხელშეკრულებაც ადასტურებს. ამიტომ ვთვლი, რომ შპს „სიესტას“ მფლობელმა, ქეთი კიღურაძემ, არაჯეროვნად შეასრულა ჩემთან 2011 წლის მარტში „რიოში მარგალიტებით თამაშის“ თარგმნაზე დადებული ხელშეკრულება და საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის საფუძველზე („ზიანის ანაზღაურების ვალდებულება“) მაქვს უფლება, რომ მოვითხოვო მისგან ჩემთვის მოყენებული ზარალის (6100 აშშ დოლარი) მთლიანად ანაზღაურება. და ამ დრომდე ასეთ მოთხოვნას კიდეც ვაყენებდი. მაგრამ, საქმის გაჭიანურების გამო, თუ მოპასუხე მხარე წამოვა იმაზე, რომ გადამიხადოს ამ თანხის ნახევარი, ანუ 3050 დოლარი, მაშინ ასეთ შეთანხმებაზე მეც თანახმა ვიქნები.

ჩემს წინადადებაში ამ თანხის წარმომავლობის შესახებ მინდა ვთქვა, რომ ჯერ კიდევ 2011 წლის მარტში გამომცემლობა „სიესტასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მას ჩემთვის ხელშეკრულების დადებისთანავე უნდა გადაეხადა 900 დოლარი (ანუ მთელი ჰონორარის ნახევარი, იმ პირობებში, თუ გერმანიიდან თანადაფინანსება ამ გამოცემას არ ექნებოდა /და ასეთი თანადაფინანსების გარეშე „სიესტა“ კისრულობდა ჩემთვის ჰონორარის სახით 1800 აშშ დოლარი გადაეხადა/); მაგრამ უკვე 2012 წლის ზაფხულში, როცა გერმანიიდან ასეთ თანადაფინანსებაზე თანხმობა ჩამოვიდა, მაშინ უკვე, ჯერ კიდევ თარგმანის დასრულებამდეც, დაუყოვნებლივ, და სწორედ თარგმანზე ჩემი მუშაობის ფინანსურად უზრუნველყოფის მიზნით, გამომცემლობას ჩემი ჰონორარის ავანსი 3050 დოლარამდე უნდა გაეზარდა, ანუ უკვე მანამდე გადახდილ 900 დოლარზე კიდევ 2150 დოლარი დაემატებინა, რაც მას არ გაუკეთებია. შემდეგ თუ ჩემი თარგმანი იმდენად ხარვეზებიანი იქნებოდა, რომ მას მთლიანად სხვა გერმანისტი გადაამუშავებდა, მაშინ ჰონორარის დარჩენილ თანხასაც ის მიიღებდა, ხოლო თუ მე სხვა გერმანისტთან ისევ ერთობლივად ვიმუშავებდი, მაშინ დარჩენილ თანხასაც შესაბამისად გავინაწილებდით. როგორც უკვე ვთქვი, ამ სამუშაოს შესრულება ჩემს მეუღლესთან ერთად მომიწია, და მე როდესაც მხოლოდ ჰონორარის ნახევარზე ვაცხადებ თანხმობას, ამით გარკვეულწილად ჩვენს თავსა და ჩვენ მიერ გაწეულ შრომას ვაზარალებ, მაგრამ საქმის დროზე და თანხმობით დასრულების ინტერესებში ამ მსხვერპლზე მივდივარ.

ქეთი კიღურაძე აცხადებს, რომ მას თანადაფინანსებაზე გერმანიიდან დაპირებული თანხა (3000 ევრო) თვალით არ უნახავს, და ეს მართალია. მაგრამ, მან კარგად იცის, რომ ამ თანხას ვერც ნახავდა, სანამ წიგნს არ გამოსცემდა, ვინაიდან გერმანული მხარის პოლიტიკა და პრაქტიკა ამ საქმეში ასეთია: ისინი თანადაფინანსებას გპირდებიან, გატყობინებენ, რომ საამისოდ შესაბამისი თანხაც აქვთ გათვალისწინებული, მაგრამ მხოლოდ წიგნის გამოცემის შემდეგ. მანამდე კი გამომცემლობამ მთელი საჭირო ხარჯები თავად უნდა გაიღოს. და როდესაც შპს „სიესტა“ 2011 წელს აღნიშნულ ხელშეკრულებას მიდებდა, უკვე მაშინვე მას ეს კარგად უნდა სცოდნოდა. მით უმეტეს დღეს, როცა ქ. კიღურაძე – „ის ფული თვალით არ მინახავსო“ – იმეორებს. წაეყვანა ჯანსაღად და კანონიერად თავისი საქმიანობა, გამოეყენებინა ჩემთან წერილობითი ურთიერთობების პრაქტიკა, საჭიროების შემთხვევაში ჩაერთო თანამთარგმნელი ან თარგმანის გადამამუშავებელი, გამოეცა წიგნი და როგორც გერმანიიდან თანადაფინანსებას მიიღებდა, ისე წიგნის გაყიდვით სოლიდურ კომერციეულ მოგებასაც. ჩემი თარგმანი „ნარცისი და გოლდმუნდი“, მაგალითად, ამ გამომცემლობის ერთერთი ყველაზე უფრო გაყიდვადი წიგნია, და მან ამით, სულ მცირე, რამდენიმე ათეული ათასი ლარის მოგება ნახა (ჩემი ჰონორარი კი ამ შემთხვევაში მხოლოდ 300 ლარი იყო, ვინაიდან მანამდე ეს თარგმანი ოთარ ყარალაშვილმა გამოსცა და ეს ხელმეორე გამოცემა გახლდათ); არც „რიოში მარგალიტებით თამაში“ მოუტანდა ნაკლებ შემოსავალს, მას რომ ეს პროცესი ჯანსაღად და კანონიერად წარემართა.

ახლა მე ამ თარგმანის დაბეჭდვაზე სხვა გამომცემლობასთან ვთანამშრომლობ. მასთან დადებული ხელშეკრულებით, მე მხოლოდ იმ თანხას ავიღებ ჰონორარის სახით, რაც გერმანიიდან ჩამოვა და, თანაც მითხრეს, რომ ევროს დოლართან შედარებით გარკვეული გაუფასურების მიუხედავად, გერმანული მხარე ასეთ პროექტებზე 3000 ევროზე მეტს არ გამოყოფსო, ეს კი დღევანდელი ფასებით დაახლოებით 3260 აშშ დოლარის ტოლია. თავისთავად ცხადია, რომ ეს თანხა გაცილებით ნაკლებია იმასთან შედარებით, რაც შპს „სისტასთან“ დადებული თავდაპირველი ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული. და რის საფუძველზე იქნა მაშინ 6100 დოლარი დაფიქსირებული? თარგმანში მთარგმელისათვის გადასახდელი სტანდარტული ფასის საფუძველზე – წიგნის ერთ გვერდში 10 დოლარისა. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან დადებული ამ ახალი ხელშეკრულებით მე ამ სტანდარტული ანაზღაურების მხოლოდ ნახევარს მივიღებ, თუ ეს თანადაფინანსება ჩამოვა, რისი იმედიც მაქვს. ცხადია, რომ ეს ჩემთვის ფინანსურად მაინც მძიმე ხელშეკრულებაა, რაზეც არც წავიდოდი, ნორმალურ პირობებში რომ ვყოფილიყავი ჩაყენებული, და შპს „სისეტასთან“ ეს დავა რომ არ მქონოდა. თუ ასეთ შემთხვევაში გამომცემლობა „სიესტაც“ თანახმა იქნება 3050 დოლარი გადამიხადოს, მაშინ საერთო ჯამში ავიღებ ჩემ მიერ თარგმანზე გაწეული შრომის სტანდარტულ ანაზღაურებას და დანარჩენ თანხებზე დავას უკვე აღარ გავაგრძელებ. ხოლო თუ ქეთი კიღურაძე არ იქნება ამაზე თანახმა, მაშინ ზემოაღნიშნული კანონის 44-ე მუხლის საფუძველზე ისევ მთლიანად მოვითხოვ მისგან სრული ჰონორარის (6100 აშშ დოლარის) გადახდას.

პატივისცემით,

მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი 
19.01.2016

მაგრამ მოსამართლეს უკვე ძალიან ტენდენციურად მიჰყავდა პროცესი და მოპასუხე მხარის ადვოკატის მიერ წარმოდგენილ არგუმენტაციას მიყვებოდა, აგრეთვე მას იმის უფლებასაც აძლევდა, რომ კანონის მოთხოვნებზე ექირქილა და „ეშაყირა“. სახელდობრ, როცა ჩვენმა ადვოკატმა ისევ შეახსენა გამომცემლობა „სიესტას“ მხრიდან მთარგმნელთან ურთიერთობების წერილობით გაფორმების აუცილებობაზე, მან ქირქილი დაიწყო: „კოლეგა, ეგ რა შუაშია, ეგ უბრალო ფორმალობაა“-ო. ასეთი წერილობითი ურთიერთობა უბრალო ფორმალობა სულაც არ არის, ჯერ ერთი, ასეთ დროს გამომცემელი უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება თავის გადაწყვეტილებებს, ხოლო მთარგმნელი კი უფრო კარგად ჩაიხედავს თავისი ნამუშევრის ავ-კარგში და შესაბამის გადაწყვეტილებასაც უფრო გააზრებულად და თანხმობით მიიღებს. ხოლო რომელიმე მხარის მხრიდან საქმეების არასწორად და არაკანონიერად წაყვანის შემთხვევაში კი, ამაში გარკვევა და მისი მხილებაც უფრო ადვილი შეიქნება. და ყველაფერ ამას „უბრალო ფორმალობას“ უწოდებდა იმ სხდომაზე ბ-ნი თაბაგარი, მოსამართლე ურთმელიძე კი მას ამის უფლებას აძლევდა.

თუმცა კი ასეთ მდგომარეობაში ჩვენი გამოუცდელობა და წინდაუხედავობაც იყო დამნაშავე, რადგანაც გამომცემლობა „ზურკამპის“ მხრიდან ქ. კიღურაძისათვის ჰერმან ჰესეს „რიოში მარგალიტებით თამაშის“ თარგმანის გამოცემაზე უფლების ჩამორთმევისა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისთვის“ მისი გადაცემის ნამდვილი მიზეზების შესახებ 2015 წლის ზაფხულში მოსამართლისათვის წინასწარ არ გვიცნობებია, არამედ ვფიქრობდით, რომ თვითონ სასამართლო პროცესის მომავალ სხდომაზე სრულად გადმოვცემდით და განვმარტავდით ყოველივე ამას. მაგრამ იქ დაგვხვდა უკვე ბ-ნ თაბაგარის კატეგორიული ხასიათის განცხადება, რომელშიც ის და მისი კლიენტი მთელი სერიოზულობითა და მრისხანებით ამტკიცებდნენ, რომ სწორედ ჩვენ დავაკარგვინეთ გამომცემლობა „სიესტას“ ამ თარგმანის გამოცემის უფლება, თითქოსდა ჩვენ შეგვეძლო გერმანული გამომცემლობის „ზურკამპისა“ და უშუალოდ ბ-ნ კრისტოფ ჰასენცალისთვის ჩვენი ნება გვეკარნახა და რაიმეზე „დაგვეყოლიებინა“. ისე, რომ ვთქვათ, მოსამართლეც უნდა დაეჭვებულიყო მათი მხრიდან საკითხის ასე დაყენების გამო, უნდა მიმხვდარიყო, რომ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობა უბრალოდ ვერ გვექნებოდა, მაგრამ მაშინ ზაფხულშივე ჩვენი მხრიდან წერილობითი თუნდაც ახსნა-განმარტების შეუსვლელობამ სასამართლოში, საქმეს იმ ეტაპზე თავისი კვალი დაამჩნია.

იმ სხდომაზე ჩვენ შევეცადეთ განვითარებული მოვლენების მსვლელობა გადმოგვეცა და შექმნილ სიტუაციაში ბრალეული მხარეც გვეჩვენებინა, მოსამართლემ ბოლომდე არ მოგვისმინა და შემდგომი დავა უფრო მეტად დაძაბულ, გაღიზიანებულ და ნერვიულ ვითარებაში გაგრძელდა. და თუმცა კი ჩვენ იმ სხდომაზე მოპასუხე მხარესთან შედარებით დიდად არ ვხმაურობდით, მოსამართლე ისევ ჩვენ დაგვემუქრა დარბაზიდან გაძევებით. გარდა ამისა, ამ სხდომაზე მოპასუხე მხარე ისევ დაჟინებით აცხადებდა, რომ გერმანისტები ერთხმად იწუნებდნენ თარგმანს და სარედაქციოდ მისი აღება არავის უნდოდაო. ჩვენ იქვე დავუსახელეთ გერმანისტი პროფესორი ზურაბ აბაშიძე, რომლის მეშვეობითაც პროფესორმა ნატო თხილავამ და მისმა ქალიშვილმა, ასევე გერმანისტმა, ჯერ კიდევ 2013 წლის სექტემბერში მზადყოფნა გამოთქვეს თარგმანის რედაქტირებაზე, რაც კიღურაძემ მაშინ გადაჭრით არ მიიღო – მე მარტო მანანა პაიჭაძესა და ნანა გოგოლაშვილს ვენდობიო – ასეთი პასუხით. ესეც პატიოსნად წარმართული სასამართლოსთვის ასევე სერიოზული მტკიცებულება უნდა ყოფილიყო მოპასუხე მხარის არაკეთილსინდისიერებაში დარწმუნებისთვის, რისი იმედიც ჩვენ გვქონდა, რომ ეს საბოლოოდ განაჩენში აისახებოდა. ერთი სიტყვით, იმ სხდომის შედეგი ის გახლდათ, რომ მოპასუხე მხარის ენერგიული და დაჟინებული შემოტევა მოვიგერიეთ, მისი პრაქტიკულად ყველა ბრალდება გავაბათილეთ, და, ასე ვთქვათ, ორივენი „უწინდელ პოზიციებზე დავრჩით“. ეს მოსამართლისათვის საკმარისი საფუძველი უნდა ყოფილიყო ჩვენს სიმართლეში დარწმუნებისთვის, თუ იგი მართლა კანონითა და სინდისით იხელმძღვანელებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, საქმე ასე სულაც არ წასულა.

შემდეგი პროცესისთვის ჩვენ უკვე წინასწარვე წერილობითი სახით წარვადგინეთ ის მასალები, რომლებიც წერილის წინა ნაწილში იქნა გამოქვეყნებული, აგრეთვე აქვე ზემოთ ატვირთული „განცხადება“, რომელშიც ამასთანავე უწინდელი სრული თანხის გადახდის ნაცვლად უკვე, შეთანხმების მიღწევის ინტერესებში, სადავო თანხის ნახევარზეც თანხმობას ვაცხადებდით. სასამართლო სხდომაც უფრო ნაკლები ვნებათაღელვით წარიმართა. თუმც კი ქეთი კიღურაძე ისევ ურცხვად განაგრძობდა თავისი ინტერესების სიცრუით „გატანას". ერთი მისი ტყუილი ის გახლდათ, თითქოს მე მისთვის მეთქვას: „მე ომის სპეციალისტი ვარ და ვიცი, რომ თუ შენ ამ წიგნს არ გამოუშვებ, მაშინ ომი იქნება და უცხო ჯარისკაცები ქუჩაში გაგაუპატიურებენო“. რა თქმა უნდა, მსგავსი სისულელე მე არ მითქვამს მისთვის, ხოლო რაც ვუთხარი, ის ამ წერილის წინა ნაწილში უფრო დაწვრილებით გავაცანი ბლოგის მკითხველებს – ძალიან მარტივი არსითა და ლოგიკით: როგორც მოვექცევით ერთმანეთს, ისეთ საზღურს მივიღებთ უფლისგან-მეთქი. მან კი ეს ასეთი უტიფარი სახით მიაწოდა მოსამართლეს.

მეორე, მას შემდეგ, რაც ჩვენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნაწარმოების რედაქტირებაზე, თანაავტორობასა და გადამუშავებაზე დავიწყეთ ლაპარაკი, მანაც მაშინვე აიტაცა ეს ტერმინები და უკვე აცხადებდა, რომ სწორედ ასეთი მიზნებით მან ბევრ გერმანისტთან სცადა საქმის დაჭერა, მაგრამ თანხმობა არავინ განაცხადა. თუმცა კი წინა სხდომებზე ჩვენ მკაფიოდ დავუსახელეთ ის გერმანისტები, ვინც ამაზე მზად იყვნენ, მაგრამ თავად გამომცემელმა (კიღურაძემ) უარყო მათი ამ საქმეში ჩართვა. მან ისიც კი თქვა, რომ მან ლევან ბრეგაძესაც კი მიმართა, და მისგანაც უარი მიიღო. „ბატონო მოსამართლევ, ბოლო-ბოლო ისეთ ადამიანსაც კი მივმართე, ვინც გუშინ მთაწმინდაზე დაასაფლავეს, აი როგორ ვზრუნავდი ამ თარგმანისათვისო“. წინა დღეს მართლაც დაასაფლავეს მთაწმინდაზე, მაგრამ არა ლევან ბრეგაძე, არამედ ბაჩანა ბრეგვაძე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბ-ნი ბაჩანა და დიდხანს აცოცხლოს ბ-ნი ლევანი, ქ. კიღურაძემ კი ისიც არ იცოდა, თუ ვის მიმართა თხოვნით თარგმანზე შემდგომი მუშაობისთვის, და ვინ დაკრძალეს მთაწმინდის პანთეონში.

რაც შეეხება ლევან ბრეგაძის „რიოში მარგალიტებით თამაშის“ თარგმანის შეფასებაში, ხოლო შემდგომში, შეიძლებოდა, რედაქტირებაშიც ჩართვას, ეს სულაც არ მომხდარა ქეთი კიღურაძის ინიციატივით. წერილის წინა ნაწილებში ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ბ-ნი ლევანი მარიამის ძველი მეგობრის ნათესავიc აღმოჩნდა, და ამ ადამიანის მეცადინეობით მზადყოფნა გამოთქვა იმისთვის, რათა, თუ ორივე მოდავე მხარე თანახმა იქნებოდა, სასამართლოსთვის თარგმანის ერთი ნაწილი დედანთან შეედარებინა და ამით თარგმანის ხარისხისთვის პრობლემისთვის ნათელი მოეფინა. მარიამი მას ტელეფონით ესაუბრა და ყველაფერ მაზე მისგან თანხმობა და მზადყოფნის სურვილი მიიღო, რაც ჩვენ სასამართლოში განვაცხადეთ. ამის შემდეგ მალევე ქეთი კიღურაძემ ლევან ბრეგაძის ტელეფონის ნომერი გვთხოვა, რათა მას დალაპარაკებოდა, ჩვენ ის მივეცით, ხოლო რა მოხდა იმ ლაპარაკის დროს და რატომ უარყოფდა ამის შემდეგ უკვე გადაჭრით თავის უწინდელ წინადადებას ბ-ნი ლევანი, ეს ყველაფერი ისევ გამომცემლობა „სიესტას“ მეპატრონისა და მის მომხრეთა სინდისზეა. ამრიგად, თავისივე ჩაშლილ საქმეს შემდგომში სასამართლო სხდომაზე ქ. კიღურაძე თავის ინიციტივად „გვასაღებდა“, ხოლო მოსამართლე კი მას ამის უფლებას აძლევდა და მას „ყლაპავდა“. ჩვენ კი სასამართლო სხდომების რეგლამენტი არ გვაძლევდა იმის უფლებას და შესაძლებლობას, რომ მოპასუხე მხარის ასეთ უტიფრობაზე იქვე სათანადო რეაგირება მოგვეხდინა და ჩვენი სიმართლე დაგვეცვა.

ამავე დროს, რეგლამენტით გახლდათ გათვალისწინებული „მტკიცებულებების გამოკვლევა“ – პროცედურა, რომელშიც მოდავე მხარეებს სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები უნდა შეეფასებინათ. როგორც ჩვენი, ისე მოპასუხე მხარის მხრიდან იყო წარმოდგენილი მთლიანობაში ათამდე ასეთი საბუთი (მიმართვა, შეფასება, რეცენზია), რომლებიც სასამართლოს მიერ მტკიცებულებებად იქნა მიჩნეული, და მათზეც წარვადგინეთ ჩვენ ჩვენი შეხედულებები, რომლებსაც ქვემოთ მოვიყვანთ. 

მოკლედ მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის მოსაზრებები საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით 

1) ქალბატონ ანა კორძაია-სამადაშვილის რეცენზია ჩემს თარგმანზე უდაოდ დადებითია. მოპასუხე მხარე მის სერიოზულ ნაკლად იმას მიიჩნევს, რომ ქ-ნ ანას ტექსტი დედანთან არ შეუდარებიაო. მაგრამ ქ-ნი ანა გარკვევით აღნიშნავს: «ვფიქრობ, ვისაც კი „Glasperlenspiel“ წაუკითხავს, ყველა დამეთანხმება: უაღრესად რთული ტექსტია, ძალიან დიდი, ძალიან მრავალფეროვანი, მოკლედ, მთარგმნელისთვის ძალიან რთული. ვფიქრობ, ქალბატონმა მარიამმა ამ უზარმაზარ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა». ანუ აქედან ნათლად ჩანს, რომ მას წაკითხული აქვს დედანში ეს რომანი, იცნობს მას, მის სილამაზესა და სირთულეებს, და მიაჩნია, რომ მთლიანობაში მე თარგმანს თავის წარმატებით გავართვი. მას რომ სერიოზული შინაარსობრივი შეცდომები დაენახა ჩემ მიერვე გასწორებულ თარგმანში, ის ამას არ დამალავდა. იგი ასევე აღნიშნავს: «ტექსტის რიტმი ჩინებულადაა „ჩავლებული“ - ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია». თუმცა ბოლოში ასევე გარკვევით წერს:

«ის, რომ თარგმანის ავტორს ამდენი ხნის განმავლობაში მარტოს უხდებოდა ტექსტის პირისპირ დარჩენა, ცხადია, გარკვეულ ხარვეზებს განაპირობებს, რაც ყოველი მთარგმნელისთვის ნაცნობი ამბავია - თითქოს გვერდიდან ვეღარ ხედავ, გერმანულ ტექსტს ქართულად ვეღარ კითხულობ. ამ პრობლემას რედაქტორი გადაწყვეტს, - საბედნიეროდ, კარგი რედაქტორები ნამდვილად გვყავს, - და მოხარული ვარ, რომ სულ მალე ქართულენოვან მკითხველს ჰერმან ჰესეს ამ საუცხოო რომანის წაკითხვის შესაძლებლობა ექნება».

სწორედ ასეთ რედაქტირებაზე თქვეს უარი შპს «სიესტას» ხელძღვანელმა და მის მიერ მოწვეულმა რედაქტორმა, რამაც ჩვენ შორის მთელი შემდგომი დავა გამოიწვია.

2) ბატონ ალექსანდრე კარტოზიას შეფასებაც, ჩემი აზრით, დადებითია. ისიც ასევე აღნიშნავს უკვე გასწორებული თარგმანის ღირსებებსაც და ნაკლოვანებებსაც, და ასკვნის, რომ ჩემი თარგმანი ამ სახით «ნედლი მასალაა», რომელზეც კიდევ საჭიროა ჩემი მუშაობა. და ეს იყო 2013 წლის ნოემბრის დასაწყისში, ხოლო გერმანულ მხარესთან შპს «სიესტას» მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით წიგნი 2014 წლის ზაფხულში უნდა გამოსულიყო. ასე რომ, ჯერ კიდევ საკმარისი დრო ჰქონდა მოპასუხე მხარეს ჩემთან ჯანსაღი სამუშაო ურთიერთობების ასაწყობად, რაც მან არ მოისურვა. რაც შეეხება ჩემ მიერ პრაქტიკულად უნაკლო თარგმანის ჩაბარების მოთხოვნას, ასეთი პირობა ჩვენს ხელშეკრულებაში (2011 წლის მარტი) არ ყოფილა, თუმცა კი ორივე მხარე ასეთ მდგომარეობას თავისთავად გულისხმობდა. და მეც ვცდილობდი, შეძლებისდაგვარად კარგი თარგმანი ჩამებარებინა. თუმცა კი, მახსოვდა რა 1993 წელს «ნარცისისა და გოლდმუნდის» თარგმანზე რედაქტორების გულმოდგინე მუშაობა, და ამ პროცესში ჩემი ჩართულობაც, ახლაც მსგავს სიტუაციას ველოდი, ვიცოდი, რომ თარგმანის თავდაპირველ ვარიანტში ხარვეზები იქნებოდა, და უკვე რედაქტორებთან ერთად მასზე მუშაობის გაგრძელებას ვაპირებდი. ამას არც ქეთი კიღურაძეს ვუმალავდი და ვთხოვდი (2012 წლის ზაფხულის პირველ ნახევარში) მალევე აეყვანა რედაქტორი და მასთან ჩემი მუშაობაც უზრუნველეყო.

უნაკლო ნაწარმოები ავტორმა (მთარგმნელმა) შეიძლება მიიტანოს სტამბაში, სადაც შესაბამის თანხას გადაიხდის და ხარისხიანი წიგნიც დაიბეჭდება. მაგრამ გამომცემლობას უნდა ჰყავდეს რედაქტორები, რომლებიც შეამოწმებენ თხზულების ხარისხს, შეიტანენ შესაბამის შესწორებებს, როგორც ამას ქ-ნი ანა კორძაია-სამადაშვილი აღნიშნავდა, და ავტორთან ერთად მათი საერთო მუშაობით გამომცემლობა ხარისხიან წიგნს გამოსცემს. ამისთვის გამომცემელმა რედაქტორსაც სათანადო ჰონორარი უნდა გადაუხადოს. 2014 წლის თებერვლის თვეში, ქ. კიღურაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ის იმ 8000 ევროსაც დათმობდა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის სასარგებლოდ, რომელიც გერმანულ მხარეს ამ პროექტისთვის ჰქონდა გათვალისწინებული. აქედან ჩემი ჰონორარის სახით 3000 ევრო იყო დაგეგმილი, ხოლო 5000 ევრო კი გამომცემელს რედაქტირებისა და დაბეჭდვისთვის უნდა მოეხმარა. ანუ, მოპასუხე მხარეს მყარი ფინანსური გარანტიებიც ჰქონდა გოეთეს ინსტიტუტის სათავო ოფისისდან, ოღონდ კი საქმე სწორად წარემართა და ბოლომდე მიეყვანა, რაც მან არ გააკეთა.

სხვა მხრივ ბ-ნი ალექსანდრეს მიერ ჩემი თარგმანის შეფასების კონკრეტული საკითხები არაერთხელ გვაქვს მე და ჩემს მეუღლეს ჩვენ მიერ წარმოდგენილ განმარტებებსა თუ განცხადებებში გარჩეული და, მთლიანობაში, ჩემი აზრით, ეს შეფასება დადებითია. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ბ-ნი ალექსანდრე მირჩევს კვლავ გავაგრძელო თარგმანის დახვეწაზე მუშაობა, როცა კიღურაძე და პაიჭაძე მას გადაჭრით იწუნებდნენ და შემდგომი მუშაობისთვის მის უვარგისობას მიმტკიცებდნენ. ეს თარგმანი მათ სხვა პირისთვის უნდოდათ ხელში ჩაეგდოთ და ამიტომ უგულებელყვეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თუნდაც ის პროცედურები, რაც არის ნაწარმოების თანაავტორობა და გადამუშავება, შესაბამისი ჯანსაღი შრომითი დამოკიდებულებებით, თითოეული მხარის ინტერესების დაცვით, რაც ამ მუხლებშია გათვალისწინებული.

ბატონი ალექსანდრე, როგორც ჩანს, ხედავდა ასეთი ვითარების რეალურად არსებობას, და ამიტომ, როცა ქ. კიღურაძე არ დაკმაყოფილდა მის მიერ ჩემთვის მოწერილი შეფასებით და ცალკე მანაც მიმართა შეკითხვით თარგმანის ავ-კარგიანობაზე, ბ-ნმა ალეკომ უპასუხა: «ქალბატონო ქეთევან, თქვენი წერილის პასუხად გიგზავნით წერილს, რომელიც 4 ნოემბერს ელექტრონული ფოსტით გავუგზავნე ქალბატონ მარიამ (მთვარისა) ქსოვრელ-ხართიშვილს. პატივისცემით, ალექსანდრე კარტოზია...» და შემდეგ კი გრძელდება იმ წერილით, რომელიც მანამდე მე გამომიგზავნა.

3) ქალბატონი მაია ბადრიძე, გამოცდილი და კვალიფიციური მთარგმნელი ასევე დადებითად აფასებს ჩემს თარგმანს. დასაწყისში იგი ამბობს, რომ გერმანული ტექსტი იმ ხანებში მას ხელთ არ ჰქონდა, მაგრამ კარგად იცნობს ჰერმან ჰესეს ლიტერატურულ თავისებურებებს და ეს აძლევს უფლებებს ჩემი თარგმანის შესაფასებლად. ქ-ნი მაიაც, ალ. კარტოზიასა და ანა კორძაია-სამადაშვილის მსგავსად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩემ მიერ გერმანული რთული ქვეწყობილი წინადადებების შენარჩუნებას, რათა «არ შეიცვალოს თხრობის დინამიურობა და ინტონაცია», შინაარსობრივადაც მას ჩემს თარგმანში რაიმე სერიოზული შეცდომები არ დაუნახავს და ასკვნის: «ზოგადი შთაბეჭდილება, რომელსაც რამდენიმე გვერდის წაკითხვა ტოვებს, მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ მთარგმნელს შეუძლია თავი გაართვას ტექსტის სირთულეს და გამოცდილ რედაქტორთან თანამშრომლობით ამ დიდი მწერლის საინტერესო თარგმანი შეიქმნას». თან უნდა ითქვას, ბატონო მოსამართლევ, რომ ქალბატონ მაია ბადრიძეს მე მივმართე მას შემდეგ, რაც თქვენ მორიგ სასამართლო სხდომაზე შემოგვთავაზეთ ორივე მხარეს დამატებით შეფასებები მოგვეპოვებინა, ხოლო როდესაც ეს შეფასება აქ წარმოვადგინე და მისი ერთი პირი ქ. კიღურაძეს მივეცი, მან მითხრა – რა გინდა, რას ძალაობო; ასევე თითქოსდა გაოცებით იკითხა: ვინ არის მაია ბადრიძეო, თუმცა კი ქ-ნი მაია აღიარებული მთარგმნელია და მან იმავე საღამოს სატელეფონო საუბარში მითხრა – ქეთი კიღურაძე მე ძალიან კარგად მიცნობს და ბევრ ღონისძიებაზე ერთადაც ვყოფილვართო.

4) საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიის, რომლის ხელმძღვანელობასთან მე დიდი ხნის მეგობრობა და თანამშრომლობა მაკავშირებს და მას მხარდაჭერისთვის მივმართე კიდეც, შეფასება და თხოვნა სასამართლოს მიმართ იმაში მდგომარეობს, რომ «სამართალი» და «სიმართლე» ამ საქმეში ჯეროვან ჰარმონიაში იყოს შენარჩუნებული, თან გულისტკივილითაც აღნიშნავენ, რომ სამართალი ყველას უნდა, სიმართლე კი, სამწუხაროდ, ცოტას. ისინი არ აცხადებენ გადაჭრით, რომ მე მართალი ვარ ამ დავაში, მაგრამ ამბობენ, რომ გაეცნენ რა მასალებს, თვლიან: ჩემს საჩივარს გარკვეული რეალური საფუძველი გააჩნია. მთლიანად ამ შეფასებიდან ჩანს, რომ ზოგადადაც, ჩემი მხარდამჭერები იმას კი არ ცდილობენ, რომ მაინცა და მაინც მე გამამარჯვებინონ ამ დავაში, არამედ იმას, რომ სიმართლემ და ჯანსაღმა ურთიერთობებმა, ურთიერთპატივისცემამ ჩვენს საზოგადოებაში იზეიმოს და თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავოს.

5) ასეთივე სულისკვეთებითაა განმსჭვალული ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი სპეციალისტის, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, ქალბატონ ეთერ ქავთარაძის რეცენზიაც. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ წლებში იგი განსაკუთრებით არის დაკავებული გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებითი მემკვიდრეობისა და პირადი მიმოწერის მასალების შეგროვებით, სისტემატიზებითა და გამოცემისთვის მომზადებით, აქტიურად თანამშრომლობს გამომცემლობა «ინტელექტთან». ვინაიდან გასულ წლებში მეც მომიწია გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებიდან რამდენიმე ნიმუშის თარგმნა, ამიტომ ჩვენი ერთმანეთთან დაკავშირება ამანაც განაპირობა. თავის შეფასებაში ქ-ნი ეთერი განსაკუთრებით იმას გამოყოფს, რომ მე ვცდილობ მხოლოდ გერმანული კლასიკის, მხოლოდ მაღალმხატვრული ნაწარმოებების თარგმნას და ქართველ მკითხველ საზოგადოებას გერმანულენოვანი მწერლობის მხოლოდ გამორჩეულ ნიმუშებს ვთავაზობ. რომ იგი გახლდათ შუა საუკუნეების გერმანელი ავტორის ანგელუს სილეზიელის «ქერუბიმული მოგზაურის» ჩემ მიერ შესრულებული თაგმანის ერთერთი რეცენზენტი და ასევე გაეცნო «რიოში მარგალიტებით თამაშის» თარგმანის გარკვეულ ნაწილსაც და ასკვნის, რომ ამ თხზულების სახით მე «ქართულ მთარგმნელობით ლიტერატურას კიდევ ერთ შედევრს» ვთავაზობ, რომ «სათანადო რედაქციის შემდეგ ეს უზარმაზარი რომანი დასრულებულ სახეს მიიღებს».

6) საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის შეფასებას და მის პათოსს ზოგადად ვეთანხმები, და სულ თავიდანვე ვაცხადებდი, რომ ჩემი თარგმანის გამოცემა-არგამოცემის საკითხი გამომცემლობის საქმეა; მაგრამ არსებობს საქართველოს კანონმდებლობა საგამომცემლო საქმიანობასთნ დაკავშირებით, არსებობს გამომცემლისა და ავტორის უფლება-მოვალეობანი მთელ ამ პროცესში, რაც ჩემს შემთხვევაში შპს «სიესტას» მხრიდან უხეშად იქნა დარღვეული. ამ შეფასების მეორე აბზაცში ნათქვამია: «გამომცემლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი წიგნის დეტალური განხილვა და დამუშავება როგორც შინაარსობრივად ისე ტექნიკურად და დიზაინის მხრივ». ყველაფერი ეს ტექნიკურად და დიზაინის მხრივ ქ. კიღურაძემ გააკეთა იმ შემთხვევებში, როცა ვმუშაობდით ჰერმან ჰესეს «ნარიცისა და გოლდმუნდის», «გერმანული პოეზიის მცირე ანთოლოგიისა» და ანგელუს სილეზიელის «ქერუბიმული მოგზაურის» გამოცემაზე, შინაარსობრივად კი ეს ტექსტები მანამდე უკვე გამოქვეყნებული მქონდა (როგორც წიგნის სახით, ისე ლიტერატურულ პერიოდიკაშიც) და მათი დეტალურად განხილვისა და დამუშავების საჭიროება არ ყოფილა. მაგრამ ჰ. ჰესეს «რიოში მარგალიტებით თამაშის» რედაქტირებაზე გადაჭრით უარის თქმა მისი მხრიდან სწორედ რომ «შინაარსობრივად წიგნის დეტალურ განხილვასა და დამუშავებას» საფუძველშივე გამორიცხავდა. ამ შემთხვევაში, როგორც მე ვიცი, ამ თარგმანის ხელში ჩაგდება უნდოდა ქ-ნ ნანა გოგოლაშვილს, და შპს «სიესტაც» მისი ამ ინტერესების სამსახურში ჩადგა, ზნეობრივი ნორმების, კოლეგიალურობისა და კანონმდებლობის უხეში დარღვევით. ამაზეა სწორედ ჩემი დავაც მასთან.

7) გამომცემლობა «ინტელექტის» საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ქ-ნ გვანცა ჯობავას შეფასებას ასევე ზოგადად ვეთანხმები, მხოლოდ მინდა დავუმატო, რომ ყველა ამ საკითხში ურთიერთობებს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა, და გამომცემელი, რომელსაც უფრო მეტი ვალდებულება აქვს, როგორც ხელმძღვანელს, ამ კანონმდებლობას იცნობდეს და პატივს სცემდეს, ასევე შესაძლებლობებიც, რათა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან და ადვოკატებთან აქტიური და სისტემატიური ურთიერთობებიც ჰქონდეს, რათა ყოველი კონკრეტული პრობლემის შემთხვევაში მათთან კონსულტაციებს გადიოდეს და თავის საქმიანობასაც შესაბამისად წარმართავდეს. ქეთი კიღურაძე რომ ასე მოქცეულიყო, მაშინ ეს დავაც არ იქნებოდა.

8) გამომცემლობა «აზრის» სახელით გაკეთებულ შეფასებაზე პასუხის გაცემისას შემიძლია ვთქვა, რომ თუ გამომცემლობა «სიესტამ» ქართული წიგნის ბაზარზე თარგმნლინი ლიტერატურის გამოცემაში კარგად წარმოიჩინა თავი, ამაში ჩემი წვლილიც არის, ვინაიდან ჩემი ავტორობით (როგორც მთარგმნელისა) გამოიცა სამი კარგი წიგნი, რომლებიც ზემოთ მოვიხსენიე. რაც შეეხება გამომცემლობა «აზრის» პოზიციას წიგნის გამოცემაში გამომცემლობისა და მისი შემფასებელი საბჭოს უფლებამოსილებებთან დაკავშირებით, კარგი იქნებოდა იქ ნათქვამი ყოფილიყო იმ მოვალეობებზეც, ვალდებულებებზეც, რომლებიც უნდა დაიცვას გამომცემლობამ ავტორთან (მთარგმნელთან) მიმართებაში როგორც ზნეობრივად, კოლეგიალურად, ისე სამართლებრივადაც. ეს კი ამ შეფასებაში არ ჩანს. და ამით განსხვავდება ეს შეფასება თუნდაც საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიის შეფასებისგან, რომელიც სურვილს გამოთქვამს, რომ «სამართალი» და «სიმართლე» ჩვენს ცხოვრებასა და საქმიანობაში ერთმანეთთან ჰარმონიულად თანაარსებობდნენ.

პატივისცემით,

მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი 
16. 02. 2016

ყოველივე ამის შემდეგ საბოლოო სიტყვა მოსამართლე თამაზ ურთმელიძეზე გახლდათ. რა თქმა უნდა, ბოლო სასამართლო სხდომების მსვლელობით ჩვენ კმაყოფილი არ ვიყავით, და ვერც ვიქნებოდით, მაგრამ ჩვენი ადვოკატი გვაიმედებდა, რომ არ ჰქონდა იმას დიდი მნიშვნელობა, თუ რისი თქმის ნებას მისცემდა მოსამართლე მოპასუხე მხარეს, მოთხოვდა თუ არა მაშინვე მისი ტყუილებისთვის პასუხს, არამედ იმას, თუ თავად როგორ შეაფასებდა ყველაფერ ამას და როგორ გადაწყვეტილებას გამოიტანდა. მეც პირადად იმედი მქონდა, რომ იგი უპირატესად კანონითა და სინდისით იხელმძღვანელებდა, და ამიტომ საბოლოო შედეგსაც იმედიანად შევყურებდი, თუმცა კი მარიამი, სწორედ მოსამართლის მთელი რიგი ნაბიჯების გამო, მის საბოლოო გადაწყვეტილებასაც ეჭვით უყურებდა, და მართალიც გამოდგა... მოსამართლემ ბოლო სხდომაზე გამოგვიცხადა, რომ ჩვენ – მოსარჩელე მხარე, ჩვენს ნათქვამს ვერაფრით ვამტკიცებდით, რომ ჩვენ უკვე სხვა გამომცემლობაში მივედით მარიამის თარგმანით და ანაზღაურებითაც მან დაგვაკმაყოფილოს, ხოლო გამომცემლობა „სიესტას“ კი არანაირი ფულადი ვალდებულებები მარიამ ქსოვრელის მიმართ არ გააჩნია. მისი საბოლოო გადაწყვეტილებაც, სადაც მოსამართლის დამოკიდებულება უფრო ვრცლად იყო გადმოცემული, პრაქტიკულად ერთი-ერთზე იმეორებდა მოპასუხე მხარის ადვოკატის მიერ მოყვანილ არგუმენტაციას.

ჩვენი სიმართლის მტკიცებად იგი არანაირად არ ითვალისწინებდა იმ უამრავ ტყუილს, რომლებშიც წერილობით ვამხელდით მოპასუხე მხარეს და იგი მათზე პასუხს ვერ სცემდა, ასევე იმ ტყუილებსაც, რომლებშიც მათ სხდომების დროს ვამხელდით ხოლმე და ეს მხილებანიც მათი მხრიდან გაუბათილებელი რჩებოდა, ან კიდევ როცა მათ მიერვე მოწმედ მოყვანილი მანანა პაიჭაძის ნათქვამი ან ქეთი კიღურაძის ანგარებასა და სიცრუეს ადასტურებდა, ან კიდევ მისი ადვოკატის არჩილ თაბაგარის სახელდახელო ტყუილს აბათილებდა. კერძოდ, მაგალითად, მ. პაიჭაძემ განაცხადა, რომ 2013 წლის აპრილის დასაწყისში, როცა მან და კიღურაძემ მარიამ ქსოვრელ-ხართიშვილს თარგმანი სიტყვიერად დაუწუნეს, კიღურაძემ მას თარგმანის პირველი 100 კომპიუტერული გვერდის გასწორებისთვის ვადა ერთი თვე მისცა. ეს მართლაც ასე იყო, მაგრამ 100 კომპ. გვერდის ერთ თვეში გასწორება ხომ შეუძლებელია? და რატომ აძლევდა ასე მცირე ვადას ამაზე გამომცემელი? იმიტომ, რომ, მისი სიტყვით, გოეთეს ინსტიტუტთან დადებული ხელშეკრულებით წიგნი უკვე ხუთ თვეში უნდა დაებეჭდა, რომ დანარჩენი 200 კომპ. გვერდის გასწორებაზეც მას ასევე მხოლოდ ორი თვის გამოყოფა შეეძლო, და ორი თვე კი საკუთრივ ბეჭდვაზე დასჭირდებოდა. მაგრამ მარიამმა იმავე გოეთეს ინსტიტუტის თანამშრომლებისგან იცოდა, რომ ხელშეკრულება 2014 წლის შუა ზაფხულში იწურებოდა, და იქამდე არა ხუთი თვე, არამედ 15 თვე იყო დარჩენილი. ეს ყველაფერი ჩვენ მანამდე სარჩელში უკვე გვქონდა აღნიშნული, და მ. პაიჭაძის ნათქვამიც ჩვენს სიტყვებს ადასტურებდა, თუმცა კი არა მოსამართლისთვის, სამწუხაროდ.

მეორეც, როცა სასამართლო სხდომებზე ჩვენი მხარე მუდმივად აყენებდა გამომცემლის მხრიდან მთარგმნელთან აუცილებელი წერილობითი ურთიერთობების არარსებობას, ერთერთ ბოლო სხდომაზე ბ-ნმა თაბაგარმა ამაზე ქირქილი დაიწყო და წერილობით პასუხის გაცემას მან მხოლოდ უბრალო ფორმალობა უწოდა, და ზეპირსიტყვიერად გაცემული პასუხი საკმარისად მიიჩნია. ხოლო როცა ვკითხეთ, თუ როგორი იყო ეს ზეპირსიტყვიერად გაცემული პასუხიო, მან განაცხადა: კიღურაძესა და პაიჭაძეს რამდენჯერმე ჰქონდათ შეხვედრა მარიამ ქსოვრელთან „სიესტას“ ოფისში, რომელთა დროსაც მას მისი თარგმანის რედაქტირებისთვის უვარგისობას უმტკიცებდნენ და უსაბუთებდნენ, რაც საკმარისი იყო გამომცემლის მხრიდან კანონის მოთხოვნების შესრულებისთვისო. თავად მათ მიერვე მოწმედ მოყვანილმა მ. პაიჭაძემ კი გარკვევით და ცალსახად აღნიშნა, რომ მათ მხოლოდ ერთი შეხვედრა ჰქონდათ მარიამ ქსოვრელთან, და არა რამდენიმე, მხოლოდ ერთი ზეპირსიტყვიერი შეფასება, უფრო სწორედ, დაწუნება, და მეტი აღარ, რაც ვერანაირად ვერ დააკმაყოფილებდა კანონმდებლობის მოთხოვნებს. მაგრამ მოსამართლემ ესეც „გადაყლაპა“. ჩვენი აზრით მას მანამდე ქრთამი უნდა ჰქონოდა უკვე აღებული მოპასუხე მხარისგან, რათა მათთვის სასურველი გადაწყვეტილება მიეღო. და ასე მოიქცა კიდეც.

– – – – – – – – – – – – – – – – – –

ამონარიდები მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილებიდან, რომელშიც არის „აღწერილობითი ნაწილი“, „სამოტივაციო ნაწილი“ და „გადაწყვიტა“:

„აღწერილობით ნაწილში“ სწორად არის ნათქვამი, რომ 2011 წლის 8 მარტს შპს „სიესტასა“ და მარიამ ქსოვრელს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს „სიესტა“ მარიამ ქსოვრელისგან ყიდულობდა ჰერმან ჰესეს „რიოში მარგალიტებით თამაშის“ თარგმანს, და რომ აღნიშნულ შპს-ს მთარგმნელისათვის ჰონორარის ნახევარი ხელშეკრულების დადებისთანავე უნდა გადაეხადა, მეორე ნახევარი კი – თარგმანის წიგნად გამოცემისთანავე. მარიამ ქსოვრელი ამ საკითხში იმაზე ედავებოდა „სიესტას“, რომ მან ხელშეკრულების ფინანსური ნაწილი თავიდანვე დაარღვია და ჰონორარის ნახევარი მას მაშინვე (და საერთოდაც) არ გადაუხადა, რითაც მას მთარგმნელის მუშაობა იმ ეტაპზე უნდა ფინანსურად უზრუნველეყო, რაც შესაბამისი მაღალი ხარისხის თარგმანის მიღების წინაპირობა გახლავთ. შპს „სიესტამ“ ეს პირობა ვერ შეასრულა, ხოლო მარიამ ქსოვრელისგან კი უნაკლო თარგმანის მიღებაზე წამოაყენა პრეტენზია, თუმცა კი მარიამი ქეთი კიღურაძეს თავიდანვე ეუბნებოდა, რომ თარგმანი, ბუნებრივია, სარედაქციო იყო და სურდა მალევე მოეძებნა გამომცემელს რედაქტორი, რომელთანაც მარიამიც აქტიურად ითანამშრომლებდა. და ამაზე მისგან სიტყვიერ თანხმობასაც ღებულობდა. შპს „სიესტას“ მეპატრონემ ამჯერადაც დაარღვია მთარგმნელისათვის მიცემული პირობა და რედაქტორად მიწვეულ პროფ. მანანა პაიჭაძეს, სარედაქციოდ ერთდროულად ორი რომანის თარგმანი, ორი დიდი ტექსტი მისცა. ამის შედეგად რედაქტორმა თითქმის ათ თვემდე დაგვიანებით თუმცა კი ზეპირსიტყვიერად დაუწუნა თარგმანი მარიამ ქსოვრელს, მაგრამ ერთი გვერდიც კი წერილობით გასწორებული მის ტექსტში ვერ აჩვენა, რაც, ბუნებრივად, მთარგმნელის მხრიდან უნდობლობასა და გულისტკენას გამოიწვევდა. ბუნებრივად გაუჩენდა წინააღმდეგობისა და ბრძოლის სურვილს თავისი სამართლიანი ინტერესების დასაცავად. ჩვენ სწორედ ამას ვდაობდით, ანუ შპს „სიესტას“ მხიდან სულ თავიდანვე ნაკისრი ვალდებულებების არშესრულებასა და მთარგმნელისგან კი – მაქსიმალური ხარისხის პროდუქტის მიღებას, რაზედაც მოსამართლის გადაწყვეტილებაში ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი.

ამავე ნაწილში ნათქვამია, რომ შპს „სიესტამ“ მარიამ ქსოვრელს სამუშაოს ნაკლის გამოსწორების მიზნით დამატებითი ვადა დაუწესა, მაგრამ ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები იმის შესახებ, რომ ეს ვადა არაბუნებრივად და არაგონივრულად მცირე გახლდათ – ერთი თვე 100 კომპიუტერული გვერდის (200-მდე წიგნის გვერდის) გასწორებისა და მთლიანობაში კი სამი თვე 350-მდე კომპიუტერული გვერდის (წიგნის 600 გვერდის) გასწორებისთვის. ამას იგი იმით ხსნიდა, რომ თარგმანის გამოცემის თანადამფინანსებელი გოეთეს ინსტიტუტის მიერ განსაზღვრული წიგნის გამოცემის ვადა ხუთ თვეში იწურებოდა და მას მეტი მოცდის შესაძლებლობა არ ჰქონდა; თუმცა კი, თვითონ თბილისში გოეთეს ინსტიტუტის თანამშრომლებისგან მარიამ ქსოვრელმა იცოდა, რომ ეს ვადა ხუთ თვეში კი არ იწურებოდა, არამედ 15 თვეში. და რატომ იტყუებოდა ქეთი კიღურაძე ამ დროს? ალბათ იმიტომ, რომ მარიამისთვის ეთქვა, რა ვქნა, შენ ამ სამუშაოს თავი რომ გაართვა, არ შეგიძლიაო, და მისთვის უფრო სასურველ მთარგმნელთან დაეჭირა საქმე. თუ ეს ასე არ იყო, და მას მართლაც უნდოდა დადგენილ ვადებში კარგი წიგნი გამოეცა, მაშინ რატომ ცალკე რედაქტორი არ აიყვანა ამ თარგმანისთვის, რატომ ჩააყენა ეს საქმე თითქმის ათ თვემდე ლოდინის მდგომარეობაში, სანამ რედაქტორი მ. პაიჭაძე ჯერ მანამდე იმ მეორე თარგმანზე მუშაობას არ დაასრულებდა? ქეთი კიღურაძემ რომ მარიამ ქსოვრელს 100 კომპ. გვერდის ერთ თვეში გასწორება მოსთხოვა, ეს წერილობითაც დაადასტურა მანანა პაიჭაძემ და სასამართლო სხდომაზეც, როცა „სიესტას“ მხრიდან მოწმედ იყო მოყვანილი. თუმცა კი მოსამართლემ თავის საბოლოო „გადაწყვეტილებაში“ გამომცემლის მხრიდან ასეთი არარეალური და არაგონივრული ვადის დაწესებას არანაირი ყურადღება არ მიაქცია, და რატომ?

3.1.4 პუნქტში ნათქვამია, რომ 2015 წლის 18 სექტემბერს მარიამ ქსოვრელმა უკვე ახალი ხელშეკრულება დადო შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან“, რომლის მიხედვითაც აღნიშნული თარგმანის გამოცემაზე ექსკლუზიური უფლებები უკვე მას გადასცა. ესეც სწორია, მაგრამ მანამდე „რიოში მარგალიტებით თამაშის“ გამოცემაზე სამ წელიწადზე მეტ ხანს უფლება ჰქონდა შპს „სიესტას“, რომელმაც, როგორც ჩანს, ამ უფლების მიმცემი გერმანული მხარის – ჰერმან ჰესეს მემკვიდრის, ბ-ნ კრისტოფ ჰასენცალისა და გამომცემლობა „ზურკამპის“ იმედები და მოლოდინი ვერ გაამართლა, მისი ნდობა დაკარგა, და 2015 წლის ივლისის თუ აგვისტოს თვეში გერმანულმა მხარემ მას ამ გამოცემის უფლება ჩამოართვა და ის „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“ გადასცა. ზემოხსენებული ხელშეკრულების გაფორმება კი მთელი ამ პროცესების შემდეგ მოხდა. ესეც თავის დროზე საფუძვლიანად განვუმარტეთ მოსამართლეს, თუმცა კი მის გადაწყვეტილებაში ისევ „სიესტას“ სატკივარების გამო წუხილი უფრო გამოჩნდა, ვიდრე „კანონისა და სინდისის მიხედვით“ საქმის გადაწყვეტისა.

შემდეგ ნათქვამია, რომ „სადავო თარგმანი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს“, რომ „სასამართლო განხილვისას დადასტურდა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ დამკვეთისათვის (მყიდველისათვის) წარდგენილი თარგმანი არ შეესაბამებოდა იმ სტანდარტს, რაც შპს „სიესტას“ აკმაყოფილებდა“. კი მაგრამ, „არ მაკმაყოფილებსო“, ამის თქმას უნდა მოყვეს სერიოზული და საფუძვლიანი დასაბუთება, როცა საქმიან ურთიერთობებზეა ლაპარაკი, როცა 600-გვერდიანი წიგნია ნათარგმნი, უზარმაზარი შრომაა გაწეული და მისი „გადაგდება“ უბრალოდ „არ მაკმაყოფილებსო“ მიზეზით არ შეიძლება. ამას ითვალისწინებს კიდეც საქართველოს კანონმდებლობა, რომელსაც მოსამართლე, რბილად რომ ვთქვათ, არაჯეროვნად მიუდგა. ბოლო-ბოლო, თუ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ხელმძღვანელობა დააკმაყოფილა თარგმანის მარიამის მიერვე გასწორებულმა ტექსტმა, მაშინ შპს „სიესტა“ რა ისეთ მაღალ სტანდარტებს „ეთამაშება“, რომ იგივე ტექსტი მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა? 2015 წლის სექტემბრამდე მნიშვნელოვნად უფრო ადრე, იმავე წლის 16 იანვარს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ პროგრამების მენეჯერს ნინო დემურიას ნიმუშის სახით გავუგზავნეთ გასწორებული თარგმანის პირველი ორი თავის ნახევარ-ნახევარი ტექსტები, რაზედაც 24 თებერვალს მივიღეთ პასუხი, სადაც წერია: „ბატონო ირაკლი... თინას ველაპარაკე, ჩვენს დირეტორს და თარგმანის ნიმუში ვანახე. საკმაოდ მოეწონა და თქვა, რომ იმედია, მთელი ტექსტი ასეთივეა. ქეთი კიღურაძეს ესაუბრა და ისიც თანახმაა, ასე რომ, შეგიძლიათ, სასამართლოზე კიდევ ერთხელ აღნიშნოთ ჩვენი დაინტერესება. თუმცა გთხოვთ, ნუ იტყვით რომ 100%-ით გამოვცემთ ამ წიგნს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. პატივისცემით, ნინო“. ჩვენგან მოსამართლე იმთავითვე იყო საქმის კურსში ჩაყენებული, თუმცა კი არ მოუთხოვია „სიესტასგან“ განმარტება, თუ რა ისეთი „სტანდარტები“ აქვს მას თარგმანების ხარისხთან მიმართებაში, რომ ისეთ მასზე უფრო ძლიერ და რესპექტაბელურ გამოცემაზეც მაღლა იჭერდა თავს, როგორც „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაა“?

მოსამართლეს თავისი პოზიციის დამტკიცებისათვის მოჰყავს ამონარიდი ბ-ნ ალექსანდრე კარტოზიას შეფასებიდან, სადაც ის ამბობს, რომ მარიამის იმ გასწორებულ თარგმანშიც, რომელიც მას 2013 წლის შემოდგომაზე გადავუგზავნეთ და მანაც მალევე გვიპასუხა, არის ხარვეზები, ქართულად გარკვეულწილად ბუნდოვნად გამოთქმული ფრაზები, „რომ ეს თარგმანი ნედლი მასალაა და არა საბოლოო პროდუქტი“, და წინადადებას აძლევდა მარიამს ქსოვრელს, რომ თვითონ მიბრუნებოდა თავის თარგმანს და „ქართული ენის ნორმების მიხედვით უფრო სწორად“ გაემართა, რომ „მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება სამუშაოში კარგი მოქართულე რედაქტორიც ჩაერთოსო“. ეს გახლავთ სწორედ ის მთავარი არგუმენტი, რომელსაც ქეთი კიღურაძე და მის ადვოკატი არჩილ თაბაგარი ბოლომდე აქტიურად იყენებდნენ და ეყრდნობოდნენ. ჩვენ ბევრი გამარტება მივაწოდეთ ამის გამო მოსამართლეს და მას შეეძლო აღნიშნული შეფასებისთვის ობიექტურად და პატიოსნად შეეხედა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოიქცა და მთლიანად მოპასუხე მხარის პოზიციაზე გადავიდა. რა იყო ჩვენი არგუმენტები? ჯერ ერთი ის, რომ ქეთი კიღურაძე და მანანა პაიჭაძე გადაჭრით იწუნებდნენ ამ პირველ ეტაპზე გასწორებულ ტექსტსაც და მას შემდგომი რედაქტირებისთვის უვარგისად და გამოუსადეგად მიიჩნევდნენ. ბ-ნი ალეკო კარტოზია კი ასე სულაც არ უდგება ამ თარგმანს. იგი დასაწყისშივე იწონებს მარიამის დამოკიდებულებას თავად ჰესეს ტექსტისადმი, მისი რთული ქვეწყობილი წინადადებების შენარჩუნებისადმი, რაც თუმცა კი ქართულად ტექსტის გაგებას გარკვეულწილად ართულებს, სამაგიეროდ გერმანული ლიტერატურისა და ჰერმან ჰესეს წერის ფორმას ანუ სტილს ინარჩუნებს. „მწერალი კი პირველ რიგში სწორედ სტილია“ – ასკვნის ბ-ნი ალექსანდრე, და იქვე უმატებს: „ამგვარად, ძალიან კარგია, რომ ორიგინალის რეპროდუქციაა თქვენი მთარგმნელობითი მუშაობის პრინციპი“.

შემდეგ ლაპარაკობს იმ ხარვეზებზე, რომლებიც ზემოთ იქნა მოყვანილი, და მკაფიოდ ასკვნის, რომ თარგმანი დასაწუნებელი და „სახლში დასადები“ კი არ არის, როგორც მ. პაიჭაძე ეუბნებოდა მარიამ ქსოვრელს, არამედ შემდგომი მუშაობისთვის სავსებით ვარგისი და გამოსადეგია. ბ-ნ ალეკოს როცა ოთარ ყარალაშვილის შუამდგომლობითა და რჩევით, აგრეთვე სხვა ჩვენი ახლობელი ადამინების დახმარებით, გერმანიაში დავუკავშირდით და ტექსტი შესაფასებლად გადავუგზავნეთ, იქვე მისი რედაქტირებაც ვთხოვეთ, თუ ამისთვის დრო და შესაძლებლობა ექნებოდა; ამაზე მან მოგვიბოდიშა, რომ მოუცლელობის გამო თარგმანის რედაქტირებას ვერ შეძლებდა, ხოლო თავად ტექსტზე მუშაობისთვის კი ურჩევდა თვითონ მარიამს, სხვა გერმანისტის ჩართვის გარეშე, ხელახლა დაევლო თავისი თარგმანისთვის, სადაც ტექსტი ქართულად გარკვეულწილად მუნდოვნად იქნებოდა გადმოცემული, იქ გერმანული გრამატიკის ნორმების მიყოლით უფრო მკაფიო და ნათელი გაეხადა და შემდეგ უკვე კარგი მოქართულე რედაქტორის ხელში საბოლოო ტექსტიც გამოსაცემად კარგი ხარისხისა იქნებოდა. ანუ, ბ-ნ ალექსანდრე კარტოზიას შეფასებით თარგმანი სავსებით ვარგისია შემდგომი დახვეწისთვის, და იმდენად ვარგისი, რომ მასზე მუშაობაში სხვა გერმანისტის ჩართვა უკვე საჭირო აღარც არის, მხოლოდ აუცილებელია გარკვეული ადგილების სირთულისა და ბუნდოვანებისგან გაწმენდა და შემდეგ უკვე ქართულად კარგად რედაქტირება. ასეთი შეფასებით გადაჭრით გადაესვა ხაზი „სიეტასა“ და მისი რედაქტორის (ქ. კიღურაძისა და მ. პაიჭაძის) მტკიცებას, რომ ტექსტი შემდგომი მუშაობისთვის უვარგისიაო, თუმცა კი მოსამართლემ ეს ყველაფერი „ვერ დაინახა“ და მთლიანად მოპასუხე მხარის არგუმენტაცია გაიზიარა. ეს უკანასკნელი კი ამ შეფასებას მხოლოდ ისე უყურებდა, რომ ტექსტი „ნედლი მასალაა“, რომ მთარგმნელმა მასზე კიდევ უნდა იმუშაოს, ამიტომ წაიღიოს თავისი თარგმანი და ისეთი მოგვიტანოს წლების შემდეგ, როგორიც ჩვენ დაგვაკმაყოფილებს. ამასობაში კი ჩვენ შეიძლება ეს თარგმანი სხვა გერმანისტს შევუკვეთოთ და პირველად მისი თარგმანი გამოვცეთო (ეს „სხვა გერმანისტი“ კი ნანა გოგოლაშვილი გახლდათ, რომელმაც თავისი კოლეგის გარკვეული წაფერხებითა და წარუმატებლობით ასე ბოროტად ისარგებლა, და თუმცა კი ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში მთარგმნელობას ტიტანურ შრომას უწოდებდა, სხვის მიერ გაწეული ეს „ტიტანური შრომა“ არაფრად ჩააგდო და ამ მნიშვნელოვანი რომანის თარგმნის უფლების სათავისოდ „დათრევის“ მიზნით ასე უღირსად მოიქცა). სასამართლო პროცესის მსვლელობისას მოსამართლე ყველაფერ ამის კურსში იყო ჩვენ მიერ ჩაყენებული, მაგრამ ეს ყველაფერი რატომღაც „ვერ დაინახა“, „ვერ იგრძნო“ და „არ დაიჯერა“. რაც შეეხება მარიამ ქსოვრელს, მან მადლიერებით გაითვალისწინა ბ-ნ ალ. კარტოზიას რჩევა, 2013 წლის ნოემბრის შემდეგ ისევ „ჩამოუარა“ თავის თარგმანს, შეძლებისდაგვარად შენიშნული ნაკლოვანებანი გამოასწორა და უკვე ასეთი ტექსტი ჰქონდა ხელთ 2015 წლის განმავლობაში, როცა ქეთი კიღურაძე მაინც გადაჭრით იმეორებდა – „უვარგისია და არ მაკმაყოფილებსო“.

შემდეგ მოსამართლე ეხება ქ-ნ ანა კორძაია-სამადაშვილის შეფასებას და ამბობს, რომ მისი „მთლიანი სულისკვეთება არის დადებითი თარგმანის მიმართ, თუმცა სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია თარგმანის შეფასებისას მისი ნაწარმოების დედანთან შედარება. განსახილველ შემთხვევაში კი წერილის ავტორი პირდაპირ ამბობს, რომ «ტექსტის დედანთან შედარება არ მიკადრებია – ქალბატონი მარიამი ამ საკითხს განსაკუთრებული პასუხუსმგებლობით ეკიდება». თუმცა გარდა აღნიშნულისა, ავტორი მიუთითებს, რომ გარკვეული ხარვეზები იყო ტექსტის თარგმანში – «ის, რომ თარგმანის ავტორს ამდენი ხნის განმავლობაში მარტოს უხდებოდა ტექსტის პირისპირ დარჩენა, ცხადია, გარკვეულ ხარვეზებს განაპიროებს, რაც ყოველი მთარგმნელისათვის ნაცნობი ამბავია – თითქოს გვერდიდან ვეღარ ხედავ, გერმანულ ტექსტს ქართულად ვეღარ კითხულობ...»“. ზემოთ მოსამართლე ხაზს უსვამს თარგმანის დედანთან შედარებასა და ისე შეფასებას. მაგრამ სანამ იგი ამას დაწერდა, მას გარკვევით გავაცანით წერილობით თუნდაც ჩვენი პირადი გამოცდილება, როცა ერთ-ერთი გამომცემლობის შეკვეთით თვენახევრის განმავლობაში ვადარებდით ჰეგელის „გონის ფენომენოლოგიის“ ქართულ თარგმანს გერმანულ დედანთან, რომელიც მოცულობით დაახლოებით ჰ. ჰესეს „რიოში მარგალიტებით თამაშის“ ტოლია, და ამ სამუშაოში 1000 ლარიც გადაგვიხადეს. ორი ადამიანი ვმუშაობდით ტექსტზე – მე ქართულ თარგმანს ვკითხულობდი, ხოლო მარიამი კი გერმანულ დედანს მიჰყვებოდა, ხოლო ერთ ადამიანს კი ასეთი სამუშაო უფრო მეტ დროსა და ენერგიას წაართმევდა. და როგორ უნდა გაეწია ანა კორძაია-სამადაშვილს ასეთი სამუშაო მხოლოდ ჩვენი თხოვნის გამო? რატომ თავად ქ. კიღურაძემ არ მოიტანა ასეთი შედარება, თუმცა კი სწორედ იგი აყენებდა მუდმივად ამ პრობლემას და მსგავს პრეტენზიასაც აცხადებდა. რატომ თავად მოსამართლემ ვერ უზრუნველყო სათანადო პირობები ასეთი შედარებისათვის, თუ მას ეს ასე ცხოველად აინტერესებდა? 600-გვერდიანი წიგნის თარგმანში რომ ხარვეზები იქნებოდა, რომ წიგნს რედაქტირება სჭირდება, განა ეს ვინმესთვის საიდუმლოა? მოსამართლემ კი აქაც მხოლოდ ის დაინახა, რაც „თვითონ უნდოდა“, და არა რასაც „კანონი და სინდისი“ მოითხოვს. და ესეც ჩვენი დღევანდელი მართლმსაჯულების ნამდვილი და სამწუხარო სახეა.

შემდეგ მოდის პატარა აბზაცი, სადაც ვკითხულობთ: „სასამართლო ყურადღებას მიაქცევს აღნიშნული წერილების მიღების დროს – 2013 წლის ბოლო პერიოდი, როცა ხელშეკრულება თარგმანთან დაკავშირებით დადებულია 2011 წლის 8 მარტს“. აქ იგულისხმება ალ. კარტოზიასა და ანა კორძაია-სამადაშვილის შეფასებების დაწერის დრო – 2013 წლის შემოდგომა, და ეს რატომღაც მოყვება ამ შეფასებებიდან შპს „სიესტას“ სასარგებლოდ ტენდენციურად ამოღებულ ფრაგმენტებს, და არა მათ სრულ და პატიოსან, ობიექტურ განხილვას, და თითქოს ვადაში ასეთი დაგვიანება ისევ გარკვეულ ეჭვებზე მიუთითებს, რა თქმა უნდა, „სიესტას“ გამართლების ინტერესებში. სინამდვილეში, ჯერ კიდევ სარჩელში, ჩვენ მიერ გარკვევით არის ჩადებული, რომ 2011 წლის 8 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე მარიამ ქსოვრელმა თარგმანის სრული ტექსტი გამომცემლობა „სიესტას“ 2012 წლის ზაფხულის პირველ ნახევარში ჩააბარა და იგი მზად იყო უკვე შემოდგომიდან თავების მიხედვით რედაქორთან ერთად ემუშავა ტექსტის შემდგომ დასახვეწად, და ასეთ რეჟიმს სთავაზობდა კიდეც ქ. კიღურაძეს. გამომცემელი მას ამაზე სიტყვით ეთანხმებოდა, მაგრამ შემდეგში მან სულ სხვანაირად წაიყვანა საქმე, რედაქტორად მხოლოდ მ. პაიჭაძე აიყვანა და მას ერთდროულად ორი წიგნი მისცა სარედაქციოდ. თან მანანა პაიჭაძე იმ ხანებში ახალ ბინაში გადადიოდა და საქმის დროზე წარმართვას ესეც აფერხებდა. ყოველივე ამის გამო მან თავისი უარყოფითი (კატეგორიულად უარყოფითი) დასკვნა მარიამს „სიესტას“ ოფისში მხოლოდ 2013 წლის აპრილის დასაწყისში გააცნო და გამომცემელმაც და რედაქტორმაც თარგმანი გადაჭრით დაიწუნეს – „ზნაჩიტ ტაკ...“ და „იმენნა შენ არ უნდა თარგმნოო...“ – მ. პაიჭაძის მხრიდან და „ამაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ...“ და „დროს ნუ მაკარგვინებთო...“ – ქ. კიღურაძის მხრიდან.

იმ ხანებში აწ განსვენებულმა ქ-ნმა ნატა ჯანელიძემ (გერმანისტმა და შპს "სიესტას" რედაქტორმა) შესთავაზა კიღურაძეს – მე მოვკიდებ ხელს ამ თარგმანის რედაქტირებასო, მაგრამ საპასუხოდ კიღურაძემ ის სულ სხვა ტექსტებით დატვირთა, მისი შეთავაზება კი არ გამოიყენა. თვითონ მე ასეთ პირობებში მხოლოდ ივნისის თვეში შევთავაზე მარიამს რუსული თარგმანის გამოყენებით ტექსტი თავად ჩვენ გვენახა და შინაარსობრივი შეცდომები თუ იქნებოდა, გაგვესწორებინა. დავიწყეთ კიდეც ამ მხრივ მუშაობა. სექტემბრის თვეში პროფესორმა ნატო თხილავამ და მისმა ქალიშვილმა გამოთქვეს სურვილი, რომ თარგმანის რედაქტირებაზე ემუშავათ, თუმცა კი მალევე გვითხრეს: გერმანისტებში ხმები დადის, რომ ეს რომანი ქ. კიღურაძეს ნანა გოგოლაშვილისთვის მიუცია სათარგმნად და ხელშეკრულებაც გაუფორმებია, და ჩვენ ტყუილად ხომ არ მოგვიწევს მუშაობაო? სწორედ ამის შემდეგ მივედით გოეთეს ინსტიტუტში იმის გასაგებად, იყო თუ არა ჩვენს ზურგს უკან გაფორმებული ხელშეკრულება „სიესტასა“ და ნ. გოგოლაშვილს შორის, როცა მანამდე სწორედ ამ ინსტიტუტის შუამდგომლობით ხელშეკრულება გერმანულ მხარესთან თანადაფინანსებაზე სწორედ მარიამ ქსოვრელის მონაწილეობითაც იყო გაფორმებული. ინსტიტუტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ქ-ნი ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი გაგებით და გულისხმიერდ მოეკია ჩვენს სატკივარს, ხოლო გერმანელმა ხელმძღვანელმა კი, რომელიც ჩვენს საუბარს შეესწრო და მას საქმის ვითარებაც მოკლედ გააცნეს, ძალიან ბუნებრივად და მკაფიოდ განაცხდა: გამომცემელს თუ თარგმანი არ მოსწონს, შეუძლია არ გამოსცეს, მაგრამ რადგან ხელშეკრულება არსებობს, ამიტომ ნაკისრი ჰონორარი უნდა გადაუხადოსო. ასეთია სწორედ ის ევროპული პრაქტიკა და კანონმდებლობა, რომელიც თუმცა კი სიტყვით ჩვენში ძალიან მოსწონთ და რომელსაც ვითომ აფასებენ, მაგრამ საქმით კი სულ სხვანაირად, უკაცრავად, ქართულ-„შესაბამისად“ იქცევიან.

ამის შემდეგ, 2013 წლის შემოდგომაზე, ქ-ნ ნათია მიქელაძე-ბახსოლიანისა და ბ-ნ ოთარ ყარალაშვილის შუამდგომლობით, ვინაიდან ქ. კიღურაძე გადაჭრით გვიცხადებდა, მე მარტო მ. პაიჭაძესა და ნ. გოგოლაშვილს ვენდობიო, შევეცადეთ ეს „მოჯადოებული წრე“ გაგვერღვია და შეფასებები სხვა გერმანისტებისგან მოგვეპოვებინა, რისი შედეგიც გახლავთ იმავე ხანებში მიღებული რეცენზიები ბ-ნ ალ. კარტოიზიასა და ქ-ნ ანა კორძაია-სამადაშვილისგან. ეს ყველაფერი ჩვენ ჯერ კიდევ თავდაპირველად სასამართლოში წარდგენილ სარჩელში გვაქვს გარკვევით აღნიშნული და გადმოცემული, და მოსამართლეს შეეძლო როცა ზემოხსენებულ პატარა აბზაცს წერდა, 2011 წლის მარტის დასაწყისში „ხელშეკრულების დადებასა“ და 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში იმ ორი „შეფასების მიღებას“ შორის დროის მნიშვნელოვანი შუალედის (წელიწადნახევარზე მეტის) ნამდვილი მიზეზები სწორად გადაემისამართებინა, აქაც ისევ რაღაც ეჭვის მარცვალი ჩადო, თანაც ისევ შპს „სიესტას“ სასარგებლოდ, რომელიც სინამდვილეში ამ გაჭიანურების მთავარი მიზეზი გახლდათ.

შემდეგ „აღწერილობითი ნაწილის“ დასკვნით აბზაცში ნათქვამია, რომ „საქმის მასალებში წარმოდგენილია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიმართვა, რომლის თანახმად «გამომცემლობა იღებს გადაწყვეტილებას ყოველი წიგნის გამოცემის თუ დაწუნების თაობაზე. ეს გახლავთ სწორედ მხოლოდ და მხოლოდ გამომცემლობის პრეროგატივა, რადგან სწორედ გამომცემლობაა პასუხისმგებელი როგორც მატერიალურად, ისე თავისი იმიჯით ყოველი წიგნის წარმატებაზე. თუ წიგნი ჩავარდა და დაწუნებული იქნა მკითხველის მიერ სწორედ გამომცემლობის მიერ ჩადებული კაპიტალი ზარალდება და ასევე ამ გამომცემლობის საქმიანობა და პრესტიჟი»“. ამაზე პასუხიც უკვე გვქონდა გაცემული სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას და ქვემოთ კიდევ ერთხელ გავახსენებ მას ჩვენს მკითხველს:

6) საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის შეფასებას და მის პათოსს ზოგადად ვეთანხმები, და სულ თავიდანვე ვაცხადებდი, რომ ჩემი თარგმანის გამოცემა-არგამოცემის საკითხი გამომცემლობის საქმეა; მაგრამ არსებობს საქართველოს კანონმდებლობა საგამომცემლო საქმიანობასთნ დაკავშირებით, არსებობს გამომცემლისა და ავტორის უფლება-მოვალეობანი მთელ ამ პროცესში, რაც ჩემს შემთხვევაში შპს «სიესტას» მხრიდან უხეშად იქნა დარღვეული. ამ შეფასების მეორე აბზაცში ნათქვამია: «გამომცემლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი წიგნის დეტალური განხილვა და დამუშავება როგორც შინაარსობრივად ისე ტექნიკურად და დიზაინის მხრივ». ყველაფერი ეს ტექნიკურად და დიზაინის მხრივ ქ. კიღურაძემ გააკეთა იმ შემთხვევებში, როცა ვმუშაობდით ჰერმან ჰესეს «ნარიცისა და გოლდმუნდის», «გერმანული პოეზიის მცირე ანთოლოგიისა» და ანგელუს სილეზიელის «ქერუბიმული მოგზაურის» გამოცემაზე, შინაარსობრივად კი ეს ტექსტები მანამდე უკვე გამოქვეყნებული მქონდა (როგორც წიგნის სახით, ისე ლიტერატურულ პერიოდიკაშიც) და მათი დეტალურად განხილვისა და დამუშავების საჭიროება არ ყოფილა. მაგრამ ჰ. ჰესეს «რიოში მარგალიტებით თამაშის» რედაქტირებაზე გადაჭრით უარის თქმა მისი მხრიდან სწორედ რომ «შინაარსობრივად წიგნის დეტალურ განხილვასა და დამუშავებას» საფუძველშივე გამორიცხავდა. ამ შემთხვევაში, როგორც მე ვიცი, ამ თარგმანის ხელში ჩაგდება უნდოდა ქ-ნ ნანა გოგოლაშვილს, და შპს «სიესტაც» მისი ამ ინტერესების სამსახურში ჩადგა, ზნეობრივი ნორმების, კოლეგიალურობისა და კანონმდებლობის უხეში დარღვევით. ამაზეა სწორედ ჩემი დავაც მასთან.

ახლა ერთ დეტალზეც გავამახვილებდით მკითხველის ყურადღებას – ეს გახლავთ ზემოთ მოყვანილი მცირე ამონარიდი იმავე შეფასებიდან: «გამომცემლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი წიგნის დეტალური განხილვა და დამუშავება როგორც შინაარსობრივად ისე ტექნიკურად და დიზაინის მხრივ». და რატომ არ მოიყვანა მოსამართლემ თავისი „გადაწყვეტილების“ ტექსტში ეს წინადადება, სადაც სწორედ ქ. კიღურაძის მიერ მისი მხარდამჭერებისგან მოტანილ შეფასებაში იყო გაჟღერებული? რატომ არ მოეწონა მას თუნდაც «გამომცემლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი წიგნის დეტალური განხილვა და დამუშავება როგორც შინაარსობრივად ისე ტექნიკურად და დიზაინის მხრივ». ალბათ იმიტომ, რომ შპს „სიესტამ“ სწორედ თარგმანის „შინაარსობრივად დეტალურ განხილვასა და დამუშავებაზე“ თქვა გადაჭრით უარი, მოსამართლემ კი „კანონისა და სინდისის მიხედვით“ გადაწყვეტილების მიღებას სულ სხვა რამ ამჯობინა. ესეც ჩვენი ქართული მართლმსაჯულების სიამტკბილობანი.

ისე, ახლა ბლოგისთვის ვამზადებ ამონარიდებს ქართლის მეფის თეიმურაზ მეორის პოემიდან „დღისა და ღამის გაბაასება“, სადაც იგი წერს: 

ა ქ ა | ს ა მ ა რ თ ლ ი ს | ა მ ბ ა ვ ი

დღისაგან თქმა: 

430
„დღისითა, ბნელო, მსაჯული დაჯდების სამართალშია,
ნეტარ არს სწორედ გამგენი, მართალს არ გარევს ბრალშია,
ავს მოსამართლეს, მდივნებსა, ვინც გაერევა ქრთამშია,
ეშმაკის ხელში ჩაცვივდენ, იწოდენ ცეცხლის ალშია.

431
თვით ღმერთი სინჯავს მსაჯულის სამართალს სწორეს მას დღესა,
არ უნდა უდგეს მდიდარსა, საქმეს იქმოდეს სწორესა,
ობოლთ-ქვრივთ შემაწუხებელთ სჩაგრავდეს უუმძლავრესა,
ერთმანერთისა ავობა სამართლით უნდა გაწმდესა.

და ასე შემდეგ... ამას მირონცხებული ქართველი მეფე ამბობს, ვინც თავად იყო უმაღლესი მსაჯული ქართლის სამეფოში და სამართლის საქმეებშიც ძალიან კარგად გახლდათ გარკვეული.

„აღწერილობითი ნაწილის“ დასასრულს მოსამართლე თ. ურთმელიძე ასკვნის: „სასამართლო მიიჩნევს, რომ თარგმანი არ შეესაბამებოდა მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებას და მოპასუხეს უფლება ჰქონდა უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე“. ამით კი იგი თუმცა ფინანსურ პასუხიმგებლობას არიდებს შპს „სიესტას“, მაგრამ როგორც გამომცემლობას – თავად ასამარებს. საქმე იმაშია, რომ სასამართლოში წარმოდგენილი ალექსანდრე კარტოზიას, ანა კორძაია-სამადაშვილის, მაია ბადრიძისა და ეთერ ქავთარაძის რეცენზიები ერთხმად აცხადებენ, რომ თარგმანი ვარგისია შემდგომი რედაქტირებისთვის, მხოლოდ საჭიროა გამომცემლობის მხრიდან კვალიფიციური და პატიოსანი რედაქტირების უზრუნველყოფა. გარდა ამისა, საქართველოს კანონი ინტელექტუალური და მომიჯნავე საკუთრების შესახებ მკაფიოდ განმარტავს, რომ ინტელექტუალური შრომის პროდუქციის შექმნის დროს, ამ შემთხვევაში ლიტერატურული პროდუქციისა, თუ შემკვეთი უკმაყოფილოა წარმოდგენილი ნაწარმოების ხარისხით, მაშინ მან წერილობით და დამაჯერებლად უნდა განუმარტოს ავტორს თავისი დამოკიდებულება, რათა ტექსტის დაწუნების შემთხვევაში ამ უკანასკნელს არ დარჩეს მიზეზი და საფუძველი დავისთვის, ხოლო თუ არ ხდება პირდაპირ დაწუნება, არამედ საჭიროა შექმნილი თხზულების ან თარგმანის სრულყოფა, ამისთვის კანონი ითვალისწინებს მის რედაქტირებას, თანაავტორობას ან გადამუშავებას. ხოლო თუ გამომცემლობას სახსრები ან ინტელექტუალური რესურსები არ გააჩნია ასეთი სამუშაოს შესრულებისთვის, მაშინ ის გამომცემლობა კი არ ყოფილა, არამედ სტამბა. ან კიდევ მან თავი უნდა დაანებოს ასეთი მნიშვნელოვანი ინტელექტუალური ნაწარმოებების გამოცემაზე ზრუნვას და უფრო მარტივი წიგნები ბეჭდოს. სწორედ ასეთი დასკვნა გამოდის მოსამართლის ამ ბოლო წინადადებიდან.

მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი გამომცემლობა „სიესტასთვის“ შემთხვევითი ავტორი სულაც არ ყოფილა, რომლის ცოდნა, გამოცდილება და კვალიფიკაცია შეიძლებოდა ეჭვის ქვეშ დაეყენებიათ. ამ გამომცემლობამ მანამდე ხელმეორედ გამოსცა მის მიერ თარგმნილი ჰერმან ჰესეს „ნარცისი და გოლდმუნდი“, რომელსაც მკითხველების დიდი მოწონება აქვს და „სიესტას“ ერთერთი ყველაზე უფრო გაყიდვადი წიგნიც გახლდათ, ასევე „გერმანული პოეზიის მცირე ანთოლოგია“ და ანგელუს სილეზიელის „ქერუბიმული მოგზაური“. ამიტომ ქ. კიღურაძისა და მ. პაიჭაძის მხრიდან თარგმანის თავდაპირველი ვარიანტის გადაჭრით დაწუნება და მასზე შემდგომი მუშაობისთვის ნორმალური პირობების არშექმნა სწორედ წინა წლების ნაყოფიერი და სასარგებლო თანამშრომლობის უგულვებელყოფა, შეურაცხყოფა და მასზე ხაზის გადასმა გახლდათ. ეს სამივე წიგნი გამომცემლობისთვის შემოსავლიანი იყო და მარიამ ქსოვრელს გამომცემლობამ ამაში მხოლოდ 300 ლარი გადაუხადა – „ნარცისი და გოლდმუნდის“ ხელმეორედ გამოცემისთვის, ხოლო წლების მანძილზე ამ წიგნების გაყიდვით მიღებული არცთუ ცოტა თანხები მთლიანად შპს „სიესტას“ შესდიოდა. თუნდაც ამის გამო მადლიერება რომ ჰქონოდა, ქ. კიღურაძე ასე ხისტად და უარყოფითად არ მოეკიდებოდა ასეთ მთარგმნელს, მაგრამ სამწუხაროდ მან ასეთი მადლიერება ვერ გამოიჩინა, არამედ მხოლოდ საკუთარ სარგებელსა და საკუთარ უფლებებზე ლაპარაკობდა, სხვისი სამართლიანი ინტერესები, უფლებები და საკუთარი მოვალეობები კი არაფრად მიაჩნდა, სამწუხაროდ.

შემდეგ მოსამართლის „გადაწყვეტილებაში“ მოდის „სამოტივაციო ნაწილი“, სადაც „შემაჯამებელ სასამართლო დასკვნაში“ გაცხადებულია: „საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს“. შემდეგ ჩამოთვლილია ის კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა. ესენია: „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

ქვემოთ მოსამართლე აღნიშნავს: „«საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მიხედვით, საავტორო უფლებების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, ნაწარმოების შექმნის შესახებ ხელშეკრულება და სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით... აღნიშნული კანონის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ნაწარმოების შექმნის ხელშეკრულების მიხედვით ავტორი კისრულობს ვალდებულებას, შექმნას ნაწარმოები ხელშეკრულების პირობების მიხედვით და გადასცეს იგი შემკვეთს, ხოლო შემკვეთი კისრულობს ვალდებულებას, მიიღოს ნაწარმოები და გადაუხადოს ავტორს ჰონორარი“.

შემდეგ გადმოცემულია 2011 წლის 8 მარტს დადებული ხელშეკრულების ძირითადი მომენტები, რომლებიც უმთავრესად ჰონორარის ზომასა და მისი გადახდის საკითხებს შეეხება, რის შემდეგაც ნათქვამია: „მარიამ ქსოვრელმა-ხართიშვილმა შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მოახდინა ნაწარმოების თარგმნა და გადასცა შემკვეთს, თუმცა, აკმაყოფილებს თუ არა დასახელებული შესრულება სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ «ვალდებულების შესრულების სტანდარტს» წარმოადგენს წინამდებარე გადაწყვეტილებით საკვლევ საკითხს, რასთან დაკავშირებითაც, სასამართლო მიუთითებს შემდეგს: აღსანიშნავია, რომ ყოველი კონკრეტული ქმედება ვალდებულებითი ურთიერთობის შემწყვეტ შესრულებად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია, მოვალემ კრედიტორის წინაშე ვალდებულება ზუსტად ისე შეასრულოს, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს ჰქონდა, კერძოდ, სრულად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის ვალდებულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს მის სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის შესაბამის შესრულებას. კერძოდ, მოხმობილი ნორმის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი...“

და შემდეგ: „განსახილვცელ შემთხვევაში, მოპასუხე თანხის გადახდაზე უარის თქმის საფუძვლად მოსარჩელის მიერ ნაკლიანი ნივთის გადაცემაზე აპელირებს და აღნიშნავს, რომ მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის მიერ შესრულებული თარგმანი იყო უხარისხო და მისი წიგნად გამოცემა დააზარალებდა გამომცემლობის საქმიან რეპუტაციას“.

ასეთი მსჯელობით, ანუ კანონმდებლობის მთელ რიგ მოთხოვნებზე თვალის დახუჭვითა და მათი „მიფუჩეჩებით“, მოსამართლე მთლიანად გადადის მოპასუხის – შპს „სიესტას“ მხარეზე და უგულვებელყოფს მოსარჩელის – მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის უფლებებსა და სამართლიან ინტერესებს, სამართლიან მოლოდინს სასამართლოს მიმართ. სახელდობრ, უწინარეს ყოვლისა იმას, რომ 2011 წლის მარტში დადებული ხელშეკრულება ავალდებულებდა გამომცემელს ჰონორარის ნახევარი ხელშეკრულების დადებისთანავე გადაეხადა მთარგმნელისთვის, რათა მას შეძლებისდაგვარად ნორმალური მუშაობის პირობები ჰქონოდა და თარგმანიც მაქსიმალურად მაღალი ხარისხისა გამოსულიყო, მაგრამ მას ეს არ გაუკეთებია – ანუ თვითონ ვერ უზრუნველყო მთარგმნელის ნორმალური მუშაობა, ხოლო მისგან კი ხარისხის მაქსიმუმს მოითხოვდა. გარდა ამისა, 2012 წლის ზაფხულის პირველ ნახევარში გამომცემლობისთვის ჩაბარებულ თარგმანზე მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილს არც გამომცემლისგან და არც მის მიერ რედაქტორად მიწვეულ მ. პაიჭაძისგან მარიამს 2013 წლის აპრილის დასაწყისამდე – სრული 9 თვის განმავლობაში – არანაირი საფუძვლიანი შეფასება არ ჰქონია იმ სიტყვიერი მოწონებებისა და შექების გარდა, რომლებსაც მ. პაიჭაძე მის მიმართ პერიოდულად გოეთეს სახელობის ქართული ლიტერატურული საზოგადოების შეკრებებზე გამოხატავდა ხოლმე. და უცებ მათგან თარგმანის ასე გადაჭრით და სასტიკად დაწუნება მართლაც რომ ძლიერი და ელდისდამცემი დარტყმა გახლდათ მთარგმნელისათვის.

გარდა ამისა, როცა სამოქალაქო კოდექსის ზემოხსენებულ მუხლებს მიუთითებს მოსამართლე, იგი, ცხადია, აცნობიერებს, მაგრამ ჩქმალავს იმას, რომ რომ ამ კოდექსითა და ამ მუხლებით წესრიგდება ზოგადად პროდუქციის წარმოების ან შეძენისა და დამკვეთისთვის მისი გადაცემის საკითხები – არა მხოლოდ და არა იმდენად ლიტერატურული ნაწარმოებისა, რამდენადაც, მაგალითად, სამშენებლო მასალების: ბლოკების, კაფელის, იატაკზე ან ქუჩაში დასაგები ფილების, ან კიდევ ჯამ-ჭურჭლის, დანა-ჩანგლის, „ბოლტ-გაიკისა“ და სხვა პროდუქციის. საშენი მასალების მწარმოებელმა ან უცხოეთიდან შემომტანმა ფირმამ მართლაც სათანადო ხარისხის პროდუქცია უნდა მიაწოდოს სამშენებლო ფირმას, რათა ამ უკანასკნელმა თავისი სამუშაოები ჯეროვნად შეასრულოს. ამ შემთხვევაში, კერძოდ, სამშენებლო მასალების წარმოებისას არის უკვე დამუშავებული შესაბამისი ტექნოლოგიები, არსებობს ტექნოლოგიური ხაზები, მათი მუშაობის რეჟიმები და სწორედ ამ პირობების დაცვა არის საჭირო ხარისხიანი და ჯეროვანი პროდუქციის წარმოებისთვის. სწორედ ამას ითვალისწინებს უწინარეს ყოვლისა სამოქალაქო კოდექსის ზემოხსენებული მუხლები. მაგრამ არის შემთხვევები, როცა სამეცნიერო-საინჟინრო საწარმოს უკვეთავენ ახალი მასალების საფუძველზე, ან არსებული მასალების გამოყენებით ახალი ტიპისა თუ სახის სამშენებლო მასალების დამზადებას, და მაშინ ამას წინ უნდა უძღოდეს შესაბამისი სამეცნიერო, საინჟინრო და საკონსტრუქტორო სამუშაოები, რასაც დამკვეთის მხრიდან სათანადო დამოკიდებულება და ასეთი სამუშოების სირთულეების ან კიდევ მუშაობის პროცესში წამოჭრილი გარკვეული გაუთალისწინებელი წინააღმდეგობების წარმოქმნის წინასწარ გააზრება და შემსრულებელთან ერთად მათი დაძლევის აუცილებლობა დაუდგება თვალწინ. და ყველაფერი ეს ან ხელშეკრულებაში უნდა იყოს გათვალისწინებული, ან კიდევ მათი გადაჭრა ურთიერთგაგებითა და თანამშრომლობით ხდებოდეს. ასევეა ლიტერატურული ნაწარმოებების, ამ შემთხვევაში საზღვარგარეთული მხატვრული ლიტერატურიდან თხზულებათა თარგმნის დროსაც, და ამას, სამოქალაქო კოდექსის ზემოხსენებული მუხლების ფარგლებში და მათი გათვალისწინებით არეგულირებს „საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“. ამ კანონის მიხედვით ბევრი რამაა სავსებით მკაფიოდ განსაზღვრული და დარეგულირებული, მათ შორის ამჯერად მკითხველის ყურადღებას მივაქცევთ 43-ე მუხლს „ნაწარმოების შექმნის ხელშეკრულება“:

მუხლი 43. ნაწარმოების შექმნის ხელშეკრულება 

1. ნაწარმოების შექმნის ხელშეკრულების მიხედვით ავტორი კისრულობს ვალდებულებას, შექმნას ნაწარმოები ხელშეკრულების პირობების მიხედვით და გადასცეს იგი შემკვეთს, ხოლო შემკვეთი კისრულობს ვალდებულებას, მიიღოს ნაწარმოები და გადაუხადოს ავტორს ჰონორარი.

2. ავტორი ვალდებულია პირადად შექმნას ნაწარმოები, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ნაწარმოების შექმნაში სხვა პირის (პირების) ჩართვა დასაშვებია მხოლოდ შემკვეთის თანხმობით.

3. შემკვეთი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დადგომისთანავე დაათვალიეროს ნაწარმოები და წერილობით შეატყობინოს ავტორს ნაწარმოების მოწონების ანდა ხელშეკრულების პირობების საფუძველზე მისი დაწუნების ან მასში შესწორებათა შეტანის აუცილებლობის შესახებ.

4. თუ ავტორს ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში არ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება, ნაწარმოები შემკვეთის მიერ მოწონებულად ითვლება.

5. ავტორისათვის ავანსის გადახდის წესი, ვადა და ავანსის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.

აქ მოპასუხის, ანუ შპს „სიესტას“ მხრიდან ასევე მოხდა მე-3 პუნქტის მოთხოვნის დარღვევა: თუმცა კი ხელშეკრულებით არ ყოფილა განსაზღვრული არც თარგმანის მომზადების ვადა, არც გამომცემლის მიერ თარგმანის დათვალიერების, მისი მოწონების, დაწუნების ან მასში შესწორებების შეტანის თაობაზე მთარგმნელისთვის წერილობით შეტყობინების ვადა, მაგრამ მოქმედებდა რაღაც განსაზღვრული გონივრული ვადები, რომლებშიც ეს შეფასება უნდა მომხდარიყო, და ეს ვადები სულაც არ გულისხმობს სრულ 9 თვეს, არამედ გაცილებით უფრო ნაკლებს, რაც ნორმალური სამუშაო პროცესისთვისაა აუცილებელი. ასევე გულისხმობს ვალდებულებას გამომცემლის მხრიდან, რომ ეს საქმიანი ურთიერთობები მან აწარმოოს მთარგმნელთან წერილობით, რაც ამ შემთხვევაში ასევე უხეშად იქნა დარღვეული. მე-4 პუნქტის თანახმად კი, ვინაიდან გამომცემლობის მხრიდან წერილობითი შეტყობინება ასეთ გონივრულ ვადებში მთარგმნელს არ მიუღია, ამიტომ „ნაწარმოები შემკვეთის (ანუ შპს „სიესტას“ – ი. ხ.) მიერ მოწონებულად ითვლება“. თანაც მოწონებულად არა პირდაპირ გამოცემისთვის, არამედ მისი შემდგომი რედაქტირებისთვის, ხოლო თუ ტექსტზე შემდგომი მუშაობა სცილდება მხოლოდ რედაქტირების ფარგლებს და მოითხოვს თანამთარგმნელის (თანაავტორის) მოწვევას ან კიდევ თარგმანის გადამუშავებას, მაშინ ამავე კანონის 11-ე და 13- მუხლებში, რომელთაც ეწოდებათ შესაბამისად „თანაავტორობა“ და „გადამუშავებული ნაწარმოების ავტორის უფლებები“, შესაბამისი შემოქმედებითი და იურიდიული საკითხებიც მკაფიოდაა გაწერილი. და მოსამართლე კი ყველაფერ ამაზე, ანუ გამომცემლის ვალდებულებებზე დუმს, თითქოს ისინი არც ყოფილიყოს.

მოსამართლე თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავდა, რომ „აუცილებელია, მოვალემ (ამ შემთხვევაში მთარგმნელმა – ი. ხ.) კრედიტორის წინაშე ვალდებულება ზუსტად ისე შეასრულოს, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს (ანუ შპს „სიესტას“) ჰქონდა“. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ თვითონ 2011 წლის მარტში დადებულ ხელშეკრულებაში თარგმანის ხარისხზე არაფერია ნათქვამი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ორივერ მხარე – გამომცემელიცა და მთარგმნელიც – გულისხმობდა ხარისხიან თარგმანს, და 600-გვერდიანი წიგნის ასეთი თარგმანი მართლაც მიიღო შპს „სიესტამ“ – თუნდაც ის პირველი ხარვეზებიანი ვარიანტი, და იმაში ცრუობს ამ დროს ქ. კიღურაძე, თანაც ურცხვად და უტიფრად, რომ ვითომ მ. ქსოვრელი-ხართიშვილმა ეს ტექსტი მას გადასცა გამოცემისთვის და მის გამოქვეყნებას მოითხოვდა იგი დაჟინებით, სულაც არა – 2012 წლის ზაფხულში თარგმანის სრული ტექსტი გამომცემლობას გადაეცა მისი რედაქტირებისთვის, ანუ მასზე შემდგომი მუშაობისთვის, როცა მთარგმნელს ახლა უკვე რედაქტორიც უნდა დახმარებოდა გამოსაცემად კარგი ხარისხის ტექსტის მომზადებაში. სწორედ ეს სამუშაო არ შეასრულა მანანა პაიჭაძემ, არამედ მან გადაჭრით დაიწუნა თარგმანი და მისი რედაქტირება შეუძლებლად ჩათვალა. თანაც მას არანაირი წერილობითი დასკვნა არ წარმოუდგენია მთარგმნელისათვის და არც მის მიერ შესრულებულ თარგმანში გაკეთებული წერილობითი შენიშვნები უჩვენებია. ანუ უხეშად იქნა დარღვეული „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის ძირეული მოთხოვნები. და ეს ყველაფერი მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს არ აწუხებდა თავისი „გადაწყვეტილების“ წერისას – შპს „სიესტას“ თარგმანი არ მოეწონა და მეც მანდ ვარო, დაასკვნა.

ქეთი კიღურაძისა და მანანა პაიჭაძის სიცრუე იმით იყო უკვე დადასტურებული, რომ „რიოში მარგალიტებით თამაშის“ რუსული თარგმანის გამოყენებით მარიამ ქსოვრელმა უკვე ჩემი გარკვეული დახმარებით შეძლო თავის თავდაპირველ ტექსტში არსებული შინაარსობრივი შეცდომების გასწორება და თანაც ძირითადად ისევ გერმანულ დედანს მიუყვებოდა (მთელი რომანის 17 თავიდან ჩვენ ერთობლივად პირველ ორ თავზე ვიმუშავეთ, ხოლო შემდეგ კი მარიამი თავად მუშაობდა და მე რუსულ თარგმანთან დაკავშირებით გარკვეული კონსულტაციებისთვის თუ მომმართავდა). სწორედ ეს ტექსტი შეაფასეს ბ-ნმა ალექსანდრე კარტოზიამ, ქ-ნებმა ანა კორძაია-სამადაშვილმა, მაია ბადრიძემ, ეთერ ქავთარაძემა და მანანა კობაიძემ – თანამედროვე ქართულ მწიგნობრულ საზოგადოებაში ცნობილმა და პატივცემულმა ადამიანებმა და მათი შეფასებები მკაფიოდ თარგმანისა და მთარგმნელის სასარგებლოდ მეტყველებდა. თვით ბ-ნ ალ. კარტოზიას შეფასებაც, რომელსაც ტენდენციურად განმარტავდა და ხელზე იხვევდა მოპასუხე მხარე – თარგმანი ამ ეტაპზე არა დასრულებული სახის ნაწარმოები, არამედ „ნედლი მასალააო“. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ იქვე ბ-ნი ალიკო მკაფიოდ წერდა: მუშაობაში უკვე სხვა გერმანისტის ჩართვა არ არის საჭირო, არამედ ტექსტში არსებულ ცალკეულ ბუნდოვან ფრაზებს თქვენ თვითონ „დაუარეთ“ და უკეთ ჩამოაყალიბეთ, ხოლო შემდეგ კი კარგი მოქართულე რედაქტორი მას საბოლოოდ კარგი ხარისხის გამოსაცემ ტექსტად ჩამოქნისო. ამას იგი გერმანიიდან 2013 წლის ნოემბრის დასაწყისში გვწერდა და ეს მკაფიო მესიჯი გახლდათ იმისთვის, რომ – ტექსტზე შემდგომი მუშაობა განაგრძეთო – მთარგმნელმაც და გამომცემელმაც. ქეთი კიღურაძე კი სხვანაირად ანგარიშობდა – თქვენ წაიღეთ უკან თქვენი თარგმანი, ეს „ნედლი მასალა“ საბოლოო სახემდე თვითონ მიიყვანეთ, როცა ისეთ თარგმანს მომიტანთ, რომ მომეწონოს, წიგნად მაშინ გამოვცემ, მანამდე კი შეიძლება სხვა მთარგმნელს შევუკვეთო და გამოვუცე, ეგ თქვენი საქმე არ არისო. ეს სხვა მთარგმნელი კი, უკვე ვიცოდით, ნანა გოგოლაშვილი გახლდათ, რომელიც ამ თარგმანის ხელში ჩაგდებით დიდად იყო დაინტერესებული. მოსამართლეს სრული შესაძლებლობა ჰქონდა მთელი ამ საქმისთვის ობიექტურად, პატიოსნად, სინდისისა და კანონის მიხედვით შეეხედა და გადაწყვეტილება ისე მიეღო. მან კი, სამწუხაროდ, ალბათ, „ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო“ – და საბოლოო გადაწყვეტილებაში მთლიანად შპს „სიესტას“ მხარე დაიჭირა, აქაოდა მარიამ ქსოვრელმა გამომცემლობას უხარისხო თარგმანი მიაწოდაო, და ეს მას შემდეგ, რაც „სიესტაზე“ უფრო ძლიერმა და რესპექტაბელურმა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ თარგმანი მოიწონა და შემდგომი რედაქტირებისთვის მიიღო, ხოლო გასულ ზაფხულს, გარკვეული ფინანსური პრობლემებისა და სიძნელეების მიუხედავად, წიგნადაც გამოსცა. ამით მოსამართლე ერთგვარად კვერს უკრავდა ქეთი კიღურაძის მტკიცებებს – „სულაკაურების“ გამომცემლობას თუ უნდა მდარე ხარისხის წიგნები გამოსცეს, მე კი მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციას გამოვცემო. და ასეა კი საქმე? რაღაც არა გვგონია.

რაც შეეხება მოსამართლის მიერ მოყვანილ პირობებს კანონმდებლობიდან, რომ „მოვალემ კრედიტორის წინაშე ვალდებულება ზუსტად ისე შეასრულოს, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს ჰქონდაო“, მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილმა მართლაც მთლიანობაში ისე შეასრულა აღებული ვალდებულებები, როგორც მანამდე გამომცემელთან იყო შეთანხმებული, და თუმცა კი თარგმანში იყო მთელი რიგი ხარვეზები, მაინც ნორმალური და ჯანსაღი კოლეგიალური ურთიერთობების პირობებში მიიღებოდა ისეთი ტექსტი, რომლის მოლოდინიც გამომცემელს ექნებოდა. მარიამ ქსოვრელი 2012 წლის ზაფხულის პირველ ნახევარში გამომცემლისთვის ტექსტის გადაცემის დროს სთხოვდა მას მალევე აეყვანა რედაქტორი, რომელთან ერთადაც უკვე სექტემბერ-ოქტომბრის თვიდან გააგრძელებდა თარგმანზე თავების მოხედვით მუშაობას და რედაქტორის მიერ საეჭვოდ მიჩნეულ ან შესწორებულ ადგილებს თავადაც მიუბრუნდებოდა და უფრო კარგად მიხედავდა. ამას იგი ქ. კიღურაძეს მანამდეც ეუბნებოდა და ჰესეს „ნარცისი და გოლდმუნდის“ თარგმანზე 1990-იანი წლების დასაწყისში რედაქტორებთან ელზა ახვლედიანთან და რუსუდან ქებულეძესთან მუშაობის გამოცდილებაზე, მათ მიერ თარგმანის დეტალურად წაკითხვასა და საეჭვო ადგილების გულდასმით განხილვაზე უყვებოდა. ქეთი კიღურაძე მას ამაზე ეთანხმებოდა და იმ ხანებში მას ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს მთარგმნელისათვის, რომ მას ისეთი ტექსტი უნდა წარედგინა გამომცემლობაში, რომელსაც არა საფუძვლიანი, არამედ მხოლოდ მცირე და ზედაპირული რედაქტირება დასჭირდებოდა. ანუ მარიამმა მიუტანა გამომცემელს სარედაქციო ტექსტი და მზად იყო და სურდა კიდეც, რომ მასზე მუშაობა სხვა გერმანისტ რედაქტორთან ერთად რაც შეიძლებოდა მალე დაეწყო.

მაგრამ იმ თავდაპირველ ტექსტში იყო გარკვეული შინაარსობრივი ხარვეზები და შეცდომები, რომლებიც შეიძლებოდა რედაქტირების ფარგლებს გასცილებოდა და თანამთარგმნელის შემოყვანა გამხდარიყო საჭირო. სწორედ ამისთვის მანანა პაიჭაძისგან აუცილებელი გახლდათ თუნდაც ტექსტის 30 გვერდზე არსებული შეცდომების მონიშვნა, მთარგმნელისთვის მათი ჩვენება, შეცდომებში მისი გარკვევა, მათი რაოდენობის (ხვედრითი წილის), ასევე ხარისხის შეფასება და მხოლოდ ამის შემდეგ თანამთარგმნელზე საკითხის დასმა, რაც არ მომხდარა. ქეთი კიღურაძის მხრიდან უზნეობის მაჩვენებელი კი ისიც გახლდათ, რომ მას მანამდე მარიამის სამი თარგმანი ჰქონდა გამოცემული: ჰერმან ჰესეს „ნარცისი და გოლდმუნდი“, „გერმანული პოეზიის მცირე ანთოლოგია“ და ანგელუს სილეზიელის „ქერუბიმული მოგზაური“ – სამი მოთხოვნადი წიგნი (განსაკუთრებით ჰესეს „ნარცისი და გოლდმუნდი“), რომელთა გაყიდვით მას არცთუ მცირე შემოსავლები შესდიოდა. ასეთ გამოცდილებას უნდა იმისთვის განეწყო გამომცემელი, რომ თავის მთარგმნელს მეტი კოლეგიალურობით, გაგებითა და ადამიანობით მოპყრობოდა, რაზედაც საპასუხო დამოკიდებულებას მიიღებდა. მაგრამ ასე არ მოხდა – როგორც ჩანს, ნანა გოგოლაშვილის დაპირებებმა: შენ მე ეს გამიკეთე და მე კი იმას გაგიკეთებო – ამ ანგარ ადამიანზე თავისი გავლენა იქონია, და შედეგიც ის იყო, რომ კანონის დარღვევაზე ნანა გოგოლაშვილი კი არ წავიდა, არამედ ქეთი კიღურაძე, თუმცა კი შემდეგ მოსამართლემ ეს ყველაფერი „ჩაფარცხა“. ანუ მარიამ ქსოვრელს მთლიანობაში არც ის პირობა დაურღვევია, რომ საქმე ჯეროვნად შეესრულებინა და გამომცემლისთვის სათანადო ხარისხის თარგმანი მიეცა. არა პირდაპირ გამოცემისთვის, ვიმეორებ, არამედ შემდგომი მუშაობისთვის, რათა საბოლოო ჯამში კარგი ხარისხის ტექსტი გამოსულიყო.

შემდეგ მოსამართლე წერს, რომ მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი გამოცდილი მთარგმნელია, „რომელსაც უკვე ნათარგმნი აქვს მრავალი ნაწარმოები და შესაბამისად, მისთვის არ არის ახალი გამომცემლებთან ურთიერთობა“, ასევე იგი მიუთითებს მოპასუხის პასუხისმგებლობაზეც, „რადგან მოპასუხის ჩვეულებრივი ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს მთარგმნელებთან ურთიერთობას. შესაბამისად, მისთვისაც ნაგულისხმევია აღნიშნული ურთიერთობის თავისებურებები“. იქვე აგრძელებს: „მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება არის საკმაოდ მარტივი და იგი არ ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან გარემოებებს, როგორიცაა თარგმანის შესრულების ვადა, თარგმანის მიღების ვადა, თარგმანის ხარისხი და სხვა. შესაბამისად მხარეების ურთიერთობა, როცა მათ შორის დადებულ ხელშეკრულებაში აღნიშნული საკითხები დაურეგულირებელია, წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“. შემდეგ წერს, რომ „სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლის თანახმად «თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა»“; შემდეგ იქვე წერს, რომ იმავე კოდექსის 641-ე მუხლით „ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისთვის“. უფრო ქვემოთ კი მოსამართლე წერს: „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით“. და იქვე განსხვავებული შრიფტით გამოყოფს: „საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით“. ახლა ეს მსჯელობებიც განვიხილოთ: 

მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილმა მთლიანობაში შესრულა სამოქალაქო კოდექსის ზემოხსენებული 639-ე და 641-ე მუხლების მოთხოვნები, ვინაიდან მან გამომცემელს თარგმანი გადასცა არა პირდაპირ გამოქვეყნების, არამედ შემდგომი რედაქტირებისთვის, ხოლო ასეთი რედაქტირებისა და რედაქტირებულ ტექსტზე ისევ მთარგმნელის საბოლოო მუშაობის შესახებ მას თავად გამომცემელთან არაერთხელ უსაუბრია და მისგან ყოველთვის თანხმობაც ჰქონია. ამიტომ 2013 წლის აპრილის დასაწყისში გამომცემლისა და მისი რედაქტორის ასეთი კატეგორიული და საწინააღმდეგო „გამოხტომა“ მარიამ ქსოვრელისათვის სრულიად მოულოდნელი და არა მხოლოდ გასაოცარი, არამედ მნიშვნელოვნად გამაოგნებელი და თავზარდამცემიც კი გახლდათ. სწორედ მათ დაარღვიეს იმ შემთხვევაში წინასწარ შეთანხმებული პირობები, როცა შემდგომი რედაქტირებისთვის სავსებით ვარგისი თარგმანი გადაჭრით უარყვეს, რათა ეს სამუშაო სხვა ადამიანისთვის – როგორც შემდეგ გაირკვა, ნანა გოგოლაშვილისთვის ჩაეგდოთ ხელში. ხოლო თუ როგორი უმსგავსი და უჯერო ფორმებით, როგორი კანონდარღვევებით აკეთებდნენ ამას, ეს ზემოთ უკვე დეტალურად აღვწერე და აქ აღარ გავიმეორებ. მოსამართლისთვის კი მათი ეს კანონდარღვევები „ღობეს ჩხირი“ გამოდგა, და ეს მის სინდისზე იყოს. რაც შეეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნებს იმ გარემოებების დამტკიცების აუცილებლობის შესახებ, რომლებზედაც მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი თავის მოთხოვნებს ამყარებდა, მან სასამართლოში წარადგინა დღევანდელ საქართველოში ცნობილი და კვალიფიციური გერმანისტებისა და მთარგმნელების – ალექსანდრე კარტოზიას, ანა კორძაია-სამადაშვილისა და მაია ბადრიძის, ხელნაწერთა ინსტიტუტის ღვაწლმოსილი თანამშრომლის ქ-ნ ეთერ ქავთარაძის (რომელსაც გამომცემლობა „ინტელექტის“ შეკვეთით თავის ინსტიტუტში და სხვაგანაც გრიგოლ რობაქიძის ნაშრომები და წერილები აქვს მოძიებული და დამუშავებული, რის საფუძველზეც ამ ავტორის რამდენიმე უზარმაზარი ტომი იქნა გამოცემული), ასევე ამჟამად შვედეთში მცხოვრები ცნობილი ქართველი ენათმეცნიერის მანანა კობაიძის შეფასებები, რომლებიც სავსებით ადასტურებენ ჯერ კიდევ 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბრის მდგომარეობით უკვე გასწორებული ტექსტის შემდგომი რედაქტირებისთვის ვარგისიანობას, და ბოლოს, უკვე სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას განა „ბაკურ სულაკაური გამომცემლობის“ მიერ იგივე ტექსტის მოწონება და მთრგმნელთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება არ უნდა ყოფილიყო კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთი; ასევე თავად სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას ჩვენი მხრიდან არაერთხელ გამომცემლის სიცრუეში მხილება, რაზედაც მას პასუხი არ ჰქონია (მაგალითად, როდესაც ქეთი კიღურაძე ამბობდა, მე ბევრ გერმანისტს მივმართე ტექსტის რექატირებისთვის და ყველამ თავი განზე დაიჭირაო, მე იქვე დავუსახელე მარიამის მასწავლებელი უნივერსიტეტში პროფესორი ზურაბ აბაშიძე, რომელიც 2013 წლის სექტემბერში გაეცნო მარიამის მიერ უკვე გასწორებული ტესტის დასაწყის ნაწილს /დაახლ. 12 კომპიტერული გვერდი/ და რამდენიმე გერმანისტსაც შესთავაზა რედაქტირების ან თანამთარგმნელობის გაწევა, რომლებმაც დაგვირეკეს; ორ თუ სამ მათგანს უფრო გარკვეული სერიოზული ანაზღაურება აინტერესებდა, რისი საშუალებაც ჩვენ არ გვქონდა, ხოლო პროფესორი ნატო თხილავა კი მზად გახლდათ ამ საქმეში თავისი ქალიშვილი ჩაერთო და მას საჭირო ადგილების გარკვევისას თავადაც დაეხმარებოდა. ამაზე კი ქ. კიღურაძე თავიდანვე წინააღმდეგი წავიდა – მე მხოლოდ მ. პაიჭაძესა და ნ. გოგოლაშვილს ვენდობი, სხვებს კი ამ საქმეში ვერ ჩავრთავო, ხოლო სასამართლო სხდომაზე გაჩუმდა, რადგანაც სათქმელი არაფერი ჰქონდა, და ეს მოსამართლისთვის ჩვენი სიმართლის მტკიცებულებად რატომღაც ვერ გამოდგა. და ბევრი სხვა ასეთი შემთხვევაც იყო). შეიძლება ისიც გავიხსენოთ, რომ ერთ-ერთ ბოლო სასამართლო სხდომაზე ქ. კიღურაძემ განაცხადა: თარგმანის ტექსტზე მუშაობის მსურველთა მოძიებაში ისიც კი გავაკეთე, რომ ისეთ ადამიანს მივმართე თხოვნით, ვინც გუშინ მთაწმინდაზე დაასაფლევესო. წინა დღეს მართლაც დაკრძალეს მთაწმინდის პანთეონში ბ-ნ ბაჩანა ბრეგვაძის ცხედარი, მაგრამ ამ თარგმანთან მას არანაირი შეხება არ ჰქონია. შეხება ჰქონდა სულ სხვა პიროვნებას, ბ-ნ ლევან ბრეგაძეს, რომელმაც ისევ მარიამ ქსოვრელის ბავშვობის მეგობრისა და ბ-ნ ლევანის ნათესავის მეცადინეობით მზადყოფნა გამოთქვა თარგმანის ერთი ნაწილი დედანთან შეედარებინა, რასაც მოპასუხე მხარე, შპს „სიესტა“ ასე დაჟინებით მოითხოვდა. ეს ზაფხულში ხდებოდა, ქ. კიღურაძემ მე დამირეკა და ლევან ბრეგაძის ტელეფონი გამომართვა რათა დალაპარაკებოდა, ხოლო მათი ამ საუბრის შემდეგ კი ლევან ბრეგაძე უკვე თარგმანის დედანთან შედარებაზე გადაჭრით უარს ამბობდა. ანუ ქეთი კიღურაძემ კი არ მოიძია ტექსტის შეფასებაზე მუშაობის მსურველი, არამედ მან მისი ინიციატივა კიდეც ჩაშალა. და მოსამართლეს ამის შესახებ ჩვენგან უკვე ჰქონდა ინფორმაცია. თან ლევან ბრეგაძე და ბაჩანა ბრეგვაძეც რომ ერთმანეთში აურია, ეს იმას ნიშნავს გარკვევით, რომ იმ ადამიანთან მას რაიმე სერიოზული შეხება არ ჰქონია, ხოლო თუ საქმის ჩასაშლელად და თავიდან მოსაცილებლად ტელეფონით ერთხელ ვის დაელაპარაკა, ეს რომ არ ახსოვდა, დიდი გასაოცარი არც უნდა იყოს. გასაოცარი და გულსატკენი ის არის, რომ „კანონიერების მცველი“ და „სინდისის მიმყოლი“ მოსამართლისათვის ეს ყველაფერი არა რეალური მტკიცებულებები, არამედ ისევ „ღობეს ჩხირი“ გამოდგა.

შემდეგ მოსამართლე წერს: „«სავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, შემკვეთი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დადგომისთანავე დაათვალიეროს ნაწარმოები და წერილობით შეატყობინოს ავტორს ნაწარმოების მოწონების ანდა ხელშეკრულების პირობების საფუძველზე მისი დაწუნების ან მასში შესწორებათა შეტანის აუცილებლობის შესახებ“. და ამავე დროს მოსამართლე უგულვებელყოფს იმავე მუხლის მეოთხე ნაწილის მოთხოვნას: „თუ ავტორს ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში არ გაეგაზვნა წერილობითი შეტყობინება, ნაწარმოები შემკვეთის მიერ მოწონებულად ითვლება“. ასეთი წერილობითი შეტყობინება მარიამ ქსოვრელს გამომცემლობისგან არ მიუღია, ის უბრალოდ ბუნებაში არც არსებობს, და ამ მუხლის მიხედვით მოსამართლეს თარგმანი გამომცემლის მიერ მოწონებულად უნდა ჩაეთვალა და საქმე ისე წარემართა. მოხდა კი საპირისპიროდ: როცა ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე ჩვენი ადვოკატი ისევ ახსენებდა მოპასუხე მხარეს ასეთი წერილობითი შეტყობინების აუცილებლობას, ამაზე მოპასუხის ადვოკატმა ქირქილი დაიწყო დაახლოებით ასეთი ფორმით: წერილობით არა, კარგი კოლეგავ, ეგ ხომ უბრალო ფორმალობააო. სინამდვილეში კი, წერილობით მიმართვაში დამწერი მხარე აყალიბებს თავის დამოკიდებულებას, განმარტავს, თუ რის საფუძველზე აქვს მას იგი, რაში ხედავს წარმოდგენილი ნაწარმოების ნაკლს და რას სთავაზობს ავტორს, რის ფაუძველზე აკეთებს ამას. ასეთი წერილობითი შეტყობინება თუ საქმის ნამდვილად გარკვევის მიზნით იწერება, მაშინ შემკვეთი საფუძვლიანად უნდა განმარტავდეს თავის პოზიციას, რაც შემდგომი გაუგებრობისა და დავისთვის ნიადაგს ნაკლებად დატოვებს, ხოლო თუ უბრალოდ მთარგმნელის თავიდან მოცილებისთვის აკეთებს ამას და რაიმე სერიოზული არგუმენტაცია მას არ გააჩნია, მაშინ ასეთი წერილობითი დოკუმენტის ხელში დაჭერით უფრო ადვილი და ქმედითი ხდება გამომცემლის სიცრუისა და უსამართლობის დამტკიცება. და ეს შპს „სიესტას“ ადვოკატისთვის თურმე „უბრალო ფორმალობა“ ყოფილა, მოსამართლე კი თვალს ხუჭავს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მოთხოვნაზე, არღვევს ამ მუხლს, შესაბამისად, არღვევს კანონს და თავისი „გადაწყვეტილებაც“ ასე გამოაქვს. 

ზემოხსენებული კანონის 43-ე მუხლის მესამე ნაწილზე საუბრის შემდეგ, რომელშიც გამომცემლის მიერ თარგმანის შეფასებისას მთარგმნელთან მხოლოდ წერილობით ურთიერთობებზეა გარკვევით და გადაჭრით საუბარი, და არა ზეპირსიტყვიერ ურთიერთობებზე, მოსამართლე წერს:

„შესრულების ხარისხთან დაკავშირებით მყიდველის სუბიექტური შეფასება უნდა დასტურდებოდეს ობიექტური გარემოებებით, კერძოდ: მოპასუხემ უნდა დაადასტუროს რაში გამოიხატება შესრულებული სამუშაოს ნაკლოვანება, რას ეფუძნება მისი შეხედულება შესრულებული სამუშაოს არაეფექტურობასთან დაკავშირებით და ა.შ. ნაკლიანი შესრულების დადასტურების მიზნით კი, წარმოდგენილია რედაქტორ მანანა პაიჭაძის განმარტება, რომლითაც ირკვევა, რომ მარიამ ქსოვრელის ჰერმან ჰესეს «რიოში მარგალიტებით თამაშის» ქართული თარგმანი არ ექვემდებარება რედაქტირებას. დასახელებული გარემოება დაადასტურა 2016 წლის 19 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზეც, სადაც დაკითხულ იქნა მოწმის სახით. ამასთან საქმეში წარმოდგენილია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიმართვა, სადაც ვკითხულობთ, რომ «გამომცემლობა იღებს გადაწყვეტილებას ყოველი წიგნის გამოცემის თუ დაწუნების თაობაზე. ეს გახლავთ სწორედ მხოლოდ და მხოლოდ გამომცემლობის პრეროგატივა, რადგან სწორედ გამომცემლობაა პასუხისმგებელი როგორც მატერიალურად, ასევე თავისი იმიჯით ყოველი წიგნის წარმატებაზე. თუ წიგნი ჩავარდა და დაწუნებულ იქნა მკითხველის მიერ სწორედ გამომცემლობის მიერ ჩადებული კაპიტალი ზარალდება და ასევე ამ გამომცემლობის საქმიანობა და პრესტიჟი».

თარგმანის ხარისხი ასევე ცალსახად დგინდება გერმანისტ – ალექსანდრე კარტოზიას წერილითაც, რომლითაც მიჩნეულია თარგმანი, როგორც ჯერ კიდევ სამუშაო ვარიანტი, რომელზეც მუშაობა გასაგრძელებელი აქვს თავად მთარგნელს («ნედლი მასალა»). 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის მიერ შესრულებული თარგმანი არ იყო შექმნილი ხელშეკრულების პირობების მიხედვით. იგი იყო ნაკლიანი“.

როგორც ვხედავთ, მოსამართლე ასეთი შეფასებითა და დამოკიდებულებით მთლიანად იმეორებს ერთი-ერთზე მოპასუხე მხარისა (შპს „სიესტას“) და მისი ადვოკატის მსჯელობას, მათ არგუმენტაციას. ასევე მთლიანად უგულვებელყოფს ყოველივე იმას, რაც მოპასუხის არგუმენტაციის განმარტებისა და გაბათილებისთვის ჰქონდა მანამდეც წარდგენილი სასამართლოში მოსარჩელე მხარეს, და რაც ზემოთ, ჩვენი აზრით, სავსებით დამაჯერებლად არის გადმოცემული და გარჩეული. მათი შეფასება ახლა უკვე მკითხველის საქმეა და ჩვენ ის მთლიანად მისთვის მიგვინდია.

ასეთი დამოკიდებულების საფუძველზე მოსამართლემ საბოლოოდ დაასკვნა: „ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინრე, მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს“ – და ესეც დღევანდელი ქართული მართლმსაჯულების „საქმენი საგმირონია“. რა თქმა უნდა, კანომდებლობით უფლება გვქონდა მოსამართლის ეს გადაწყვეტილება გაგვესაჩივრებინა და ასეც მოვიქცეოდით, რომ არა ორი გარემოება. ჯერ ერთი, ჩვენმა ადვოკატმა, ინგა ჩალათაშვილმა უსინდისოდ და უტიფრად მოგვატყუა და გვითხრა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას ფოსტით სახლში მოგიტანენ და მას მერე შეგიძლიათ გაასაჩივროთო. ბოლო სასამართლო სხდომიდან სამი კვირის თავზე კიდევ დავურეკეთ მას ამ საკითხის დასაზუსტებლად და მაშინაც იგივე გაგვიმეორა – ფოსტით მოგიტანენ, სახლში დაელოდეთო. არადა იმ ხანებამდე რამდენიმე ხნით ადრე შეუცვლიათ კანონი და მოსამართლის გადაწყვეტილების გამოსატანად ჩვენ თვითონ უნდა მიგვეკითხა სასამართლოში, ან ჩვენს ადვოკატს, და როცა ბოლოს და ბოლოს მივაკითხეთ და წამოვიღეთ, გასაჩივრების ვადა უკვე გასული იყო. რა თქმა უნდა, ადვოკატმა ეს მშვენივრად იცოდა, მაგრამ ჩვენ შეგნებულად დაგვიმალა, და ესეც დღევანდელი ქართული მართლმსაჯულების „სიამეებია“.

მკითხველს რომ არ ეგონოს ადვოკატს ცილს ვწამებდეთ, მოვიყვან ერთ დოკუმენტს, რომელიც გერმანული მხარის მიერ შპს „სიესტასთვის“ ჰერმან ჰესეს „რიოში მარგალიტებით თამაშის“ თარგმნაზე უფლების ჩამორთმევის შემდეგ ამ შპს-ს ადვოკატმა არჩილ თაბაგარმა მოამზადა და მორიგ სხდომაზე მოსამართლეს გადასცა; ვინიდან იმ სხდომაზე მოპასუხის მხრიდან შემოტევის მოგერიებისა და მათი სიცრუის გაბათილების შემდეგ იმის თაობაზე, რომ ვითომ ჩვენ დავაკარგვიეთ მათ ამ თარგმანის გამოცემის უფლება, რაც ნამდვილად არანაირად არ შეგვეძლო და რაზედაც ადრე უკვე დეტალურად ვესაუბრეთ მკითხველს, მოსამართლემ ის მასალები ჩვენ გადმოგვცა, რათა გავცნობოდით მათ და ჩვენი დამოკიდებულება გამოგვეხატა. და ეს გავაკეთეთ კიდეც. ამ მასალებში იყო ქეთი კიღურაძის მიმოწერა ელ-ფოსტით თავის ადვოკატთან, სადაც ასეთი წერილიც არის – 2015 წლის 22 ივნისს ქეთი კიღურაძე თავის და ჩვენს ადვოკატებს უგზავნის ამერიკიდან ასეთ წერილს:

„არჩილ ინგა სალამი

ასევე მეც არ მაქვს სურვილი გადავცე ვინმეს ჩემი საავტორო უფლება თუ სარჩელი არ მომეხსნება.

მესმის ორივე მხრის ინტერესი გასათვალისწინებელია მაგრამ მარიამმა თავისი თარგმანის შესახებ სულაკაურთან თუ ვერ გააფორმა ხელშეკრულება მე ამ საავტოროთი სხვა მთარგმნელთან შემიძლია გავაგრძელო თანამშრომლობა და მაგ შემთხვევაში გრანტიც დამტკიცებული მაქვს და გადავადება ბევრად მარტივი პროცესია. მაგრამ ვუწევ მარიამის შრომას ანგარიშს და ამ ანგარიშის გაწევასაც აქვს საზღვარი.

გთხოვთ კვირის ბოლომდე ან შევთანხმდეთ ან არჩილ, გავაგრძელოთ ჩვენი სამართლის დაცვა. თუ მარიამი არ არის თანახმა გთხოვთ მისი საბოლოო თარგმანი გადმომიგზავნოთ რომ მე სასამართლოსთვის დამატებითი რეცენზიები მოვიძიო პროფესიონალი მთრგმნელებისაგან და კრიტიკოსებისაგან რომლებიც თარგმანის უხარისხობას დაამტკიცებენ ძალიან მარტივი ენობრივი წესებით. 

პატივისცემით,

გისურვებთ წარმატებას,

ქეთევან კიღურაძე

გამომცემელი“.

როგორც ვხედავთ, ქეთი კიღურაძეს იმ ეტაპზე ჩვენი ადვოკატი უკვე თავისად მიაჩნდა და მას კიდეც ავალებდა მარიამ ქსოვრელის თარგმანის ბოლო ვარიანტი მოეძია და მისთვის გაეგზავნა. სწორედ ეს წერილი იქცა კიდეც იმის საფუძვლად, რომ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ხელმძღვნელს ქ-ნ თინა მამულაშვილს გამოეთქვა აღშფოთება – ქეთი კიღურაძეს თავი ისე უჭირავს, თითქოს ის ხარისხიან წიგნებს გამოსცემდეს, მე კი არაო. ამას მე მას არ ვაპატიებ, თვითონ დავუკავშირდები გამომცემლობა „ზურკამპს“, ჰერმან ჰესეს მემკვიდრეს, რომელთანაც პრაქტიკულად ყოველდღიური საქმიანი ურთიერთობები მაქვს, ავუხსნი საქმის ვითარებას და ვთხოვ ამ თარგმანის გამოცემის უფლება თავად მან გადმოგვცესო, რაც ბ-ნმა კრისტოფ ჰასენცალმა გააკეთა კიდეც.

ჩვენ ეს წერილი მოგვიანებით ვნახეთ (სექტემბრის თუ ოქტომბრის თვეში), თუმცა კი ჩვენმა ადვოკატმა მისი მიღების დღესვე დაგვირეკა და წერილის შინაარსის გარკვეული ნაწილი, რაც „სულაკაურების“ გამომცემლობასთან მოლაპარაკებებს ეხებოდა და განწყობა, რაც ამ მოლაპარაკებების დაჩქარებას მოითხოვდა, გაგვაცნო. მან ამ დროს მშვენივრად იცოდა, რომ ჩვენ ამ პროცესს არანაირად არ ვაფერხებდით და ყველაფერი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ხელმძღვანელობაზე იყო დამოკიდებული. ჩვენთან სრულიად შეუთანხმებლად თვითონ ინგა ჩალათაშვილმა დაურეკა ამ გამომცემლობის პროგრამების მენეჯერს, ვისთანაც უშუალოდ გვქონდა ურთიერთობა, და უთხრა რაღაც ისეთი, რამაც ქ-ნ თინა მამულაშვილის ასეთი რეაქცია გამოიწვია. იგი ასევე ცდილობდა იმ ხანებში მარიამისგან გაერკვია, თუ ვის ჩააბარეს „სულაკაურების“ გამომცემლობაში მისი თარგმანის რედაქტირება, რათა ალბათ მასზე გასულიყვნენ, ტექსტი ასეთნაირად „პარტიზანულად“ ეშოვნათ და ქეთი კიღურაძისგან მიღებული დავალება „პირნათლად“ შეესრულებინათ. საქმე კი, ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად, სულ სხვანაირად შეუბრუნდათ.

თუ მანამდე სერიოზული ეჭვი გვქონდა, რომ ჩვენი ადვოკატი იმ ეტაპზე უკვე „ორმაგს თმაშობდა“, ზემოთ მოყვანილი წერილის გაცნობის შემდეგ ამაში სავსებით დავრწმუნდით, მაგრამ მასზე უარის თქმისა და სხვა ადვოკატის დაქირავებისთვის უბრალოდ სახსრები არ გაგვაჩნდა. და შედეგიც ცნობილია.

რა თქმა უნდა, ასეთი სურათის შემდეგ ჩვენი ადვოკატის ნდობა აღარ გვექნებოდა და მის ნათქვამს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების ფოსტით სახლში მოტანას დავლოდებოდით, ბრმად არ მივენდობდით და სამი კვირის თავზე სასამართლოში თვითონ მივიდოდით, მაგრამ მე პირადად, ყოველივე გადატანილის შემდეგ დეპრესიული მდგომარეობა მეწყებოდა და ამ მიმართულებით აქტიური მოქმედებების თავი უბრლოდ აღარ მქონდა. ეს ჩემს ბლოგზეცაა ასახული, როცა განაჩენის მოსმენის შემდეგ 2016 წლის 17 მარტიდან 6 ივნისამდე იქ არაფერია ატვირთული, უბრალოდ ამის გაკეთება მაშინ არ შემეძლო. ეს შეეხება ვიდეოროლიკების ატვირთვას, რომლებსაც ჩემგან რაიმე წინასწარი მომზადება არ სჭირდება; რაც შეეხება იმ ხანებში ატვირთულ პირველ წერილობით მასალას, ის მხოლოდ 30 ივნისსაა გამოქვეყნებული. ასეთი დეპრესიის მიზეზი გახლდათ, რა თქმა უნდა, როგორც წინა წლებში დაგროვილი დაღლილობა, ისე მოსამართლის დამოკიდებულებაც, რომელიც მაინც მიმაჩნდა, რომ კანონისა და სინდისის მიხედვით იმოქმედებდა. და ეს ასე სულაც არ მოხდა. გარდა ამისა, მკითხველი ნახავდა, რომ სამხედრო სფეროში იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც აგერ უკვე 27 წელიწადია სისტემატიურად ვკითხულობ და ვეცნობი, საფუძვლიანი ვარაუდი მაქვს, რომ კავკასია – ცენტრალური აზიის მიმართულებით დიდი ომი მზადდება, რომელსაც ჩვენი ძალებით ფიზიკურად წინ ვერ აღვუდგებით, ხოლო რამდენად გადავრჩებით ამ უბედურებებს, ეს უკვე ღმერთის მოწყალებაზე იქნება დამოკიდებული, ხოლო ღმერთის მოწყალება კი ჩვენს საქციელზე ქვეყნისა და ერთმანეთის მიმართ. მე ასევე იმედი მქონდა, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტის მიყოლითაც მოპირდაპირე მხარეს და, მით უმეტეს, მოსამართლეს სინდისისა და გონიერებისთვის უნდა მოეხმო, პასუხად კი მივიღე – ჩვენ ეგ არ გვაინტერესებს და არ გვადარდებს, წერე და იკითხეო.

არის ქრისტიანული ცოდნა იმის შესახებ, რომ როცა დაახლოებით 1240 წელს რუსეთში ჩუდის ტბაზე ბრძოლა გაიმართა ტევტონის ორდენის გერმანელ რაინდებსა და ნოვგოროდის ჯარს შორის, მაშინ იყო ხილვა, რომ ცა გაიხსა და გამოჩნდა ზეცაში ასეთივე მძიმე ბრძოლის სურათი კეთილ და ბოროტ ანგელოზებს შორის. ანუ, როცა ჩვენ დედამიწაზე ამ ცხოვრებაში ვშრომობთ და ვიბრძვით სამართლიანი ინტერესებისთვის, მაშინ ჩვენი მფარველი ანგელოზები ასევე იბრძვიან ბოროტ სულებთან ამ ქვეყნად ჩვენი კარგად ყოფნისა და სწორად ცხოვრებისთვის. ხოლო როცა ასეთ შრომასა და ბრძოლას ვწყვეტთ, მაშინ ჩვენი მაფრველი ანგელოზებიც წყვეტენ ზეცაში ამ საქმისთვის ბრძოლას. სწორედ ასეთი ხილვა ჰქონდა დაახლოებით 15 წლის წინ ერთ ქალბატონს, რომელმაც მახათას მთაზე ცეცხლით გარუჯული ივერიის ღვთისმშობლის ხატი იხილა და ღვთისმშობელმა მას უთხრა – ზეცაში საშინელი ბრძოლებია თქვენი გულისთვის, თქვენ კი აქ რას აკეთებთო. სწორედ ამ ხილვის შედეგად გადაწყვიტა საქართველოს საპატრიარქომ მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის სამონასტრო კომპლექსის აშენება. და ეს ზემოთ მოყვანილი ეკლესიური ცოდნის სიმართლესა და საფუძვლიანობას ადასტურებს. მეც ამ ცოდნის საფუძველზე მონდომებული ვიყავი თუნდაც ფიზიკურად იმის შეძლება არ მქონოდა, რათა მიმდინარე პოლიტიკურ და სამხედრო პროცესებზე რაიმე ხელშესახები გავლენა მომეხდინა, ამ ომის მზადებას მაინც არ დავთანხმებოდი და ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ამ მხრივ მეზრუნა და მემუშავა. ახლა კი, ჩვენს საზოგადოებაში ნანახი და ჩემ მიერაც გადატანილი ამდენი უსამრთლობის, უსულგულობისა და სხვა „სიამეთა“ შედეგად, არა მარტო ამ სასამართლოსი, პირადად ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებული ამბებისაც (ჩემი ბლოგი უკვე შვიდ წელიწადზე მეტია მოქმედებს, ის საგანმანათლებლო ხასიათისაა და მასში დღესდღეობით ინტერნეტის მომხმარებელთა 165 ათასზე მეტი შემოსვლაა, მათ შორის სტუდენტებისა და სამხედრო მოსამსახურეების, მაგრამ განათლებისა და თავდაცვის სამინისტროების, ასევე სახელმწიფო უნივერსიტესის ხელმძღვანელობამ რაიმე მისაღები ფორმით ჩემთვის ცხოვრებისა და მუშაობის სახსრების მოცემაზე რამდენჯერმე უარი განმიცხადა – „სულიც ამოგხდომიაო“, დაახლოებით ასეთი განწყობით), უკვე აღარა ვარ მონდომებული იმისთვის, რომ ეს ომი არ იყოს და აგვაცილოს ის უფალმა. იქნება და სწორედ ასეთი ომი და უბედურებაა საჭირო იმისთვის, რომ ამდენ უსამართლობას, ანგარებასა და ღორობას აყოლილი ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ამ ქვეყნის ცხოვრებაში ქმნიან ამინდს, ძალიან ცუდ ამინდს, გადატანილი განსაცდელების შემდეგ ჭკუაზე მოვიდნენ, სინდისს მოუხმონ და საშვილიშვილოდაც გადასცენ – ქრისტიანულად და სამართლიანად მოქცევაა ყველაზე სწორი და უკეთესიო. ღმერთმა ქნას. თუმცა კი სჯობს ქვეყანაცა და საკუთარი თავიც, საკუთარი ცხოვრებაც ასეთ უბედურებებამდე არ მივიყვანოთ და ღმერთს იმაზე ადრე შევხედოთ, ვიდრე ყველაფერი ეს თავზე დაგვატყდება.

ირაკლი ხართიშვილი 

P. S. ამ ვრცელი წერილის დაწერა იმან გვაიძულა, რომ მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის თარგმანთან დაკავშირებით უკვე წიგნად გამოცემის შემდეგაც არ წყდება ის ქვეშქვეშა და დაჟინებული წინააღმდეგობა ზემოხსენებულ პირთაგან, რათა სხვადასხვა არგუმენტებით თარგმანის ხარისხი ისევ დაიწუნონ და ისევ სხვა მთარგმნელს, ცხადია, ნანა გოგოლაშვილს ჩაუგდონ ის ხელში – ამიტომ მოხდა მისი მცირე ტირაჟით გამოცემა და გამომცემლობის მხრიდან წიგნის რეკლამის ნაკლებად გაწევა. ამიტომ მივაწოდეთ ბლოგის მკითხველს შეძლებისდაგვარად საფუძვლიანი ინფორმაცია წინა წლებში გადატანილი ამბებისა და წინააღმდეგობათა შესახებ. ღმერთმა ქნას გამოსწორდეს მდგომარეობა, ხოლო თუ ეს არ მოხდება, მაშინ მკითხველს უკვე ექნება საფუძველი იმისთვის, რათა შემდგომშიც შეძლებისდაგვარად სწორად აღიქვას ის პროცესები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს.

No comments:

Post a Comment