Thursday, September 22, 2016

აკადემიკოსი დუბროვინი საქართველოში არსებული მღელვარებებისა და მათში სამეფო სახლის წევრთა მონაწილეობის შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ III, Санктпетербургъ, 1886/ შესაბამისი თავის თარგმანს)

თავი XXIV 

(მღელვარებანი საქართველოში და მათში სამეფო სახლის წევრთა მონაწილეობა)

განა შეიძლება ბრალს ვდებდეთ ქართველებს, რომლებსაც, როგორც ჩვენ ვნახეთ, მეტად თავისებური ზნე-ჩვეულებები და წესრიგი ჰქონდათ, ბრალს ვდებდეთ იმაში, რომ ისინი მიეჩვივნენ უყურებდნენ, მაგალითად, თავიანთ მეფეს თავიანთი განსაკუთრებული, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი თვალით, რომ მათ არ ესმოდათ ჩვენი მმართველობისა, ჩვენი სამართალწარმოების წესრიგისა? ხალხისთვის უცხო იყო ის ადმინისტრაციული ზომები, რომლებიც კარგი იყო ველიკორუსული გუბერნიებისთვის. ეჭვი არ არის იმაში, რომ საქართველოს თვითმმართველობაში არანაკლები ბოროტადგამოყენებანი არსებობდა, ვიდრე ისინი უმაღლესმა მთავრობამ (რუსულმა – ი. ხ.) დაუშვა; რომ მეფეთა და თავადების თვითნებობა ხალხს მძიმე ჩაგვრად აწვებოდა; მაგრამ ეს თვითნებობა ხალხის ხასიათიდან ამოვიდა, წეს-ჩვეულებებითა (ადათებით) და საუკუნოვანი სიძველით იყო ნაკურთხი, რომელმაც ის საქართველოს პოლიტიკურ სხეულთან შეაუღლა (შეზარდა). უმაღლესმა მთავრობამ კი, თავისი მმართველობის პირველი დღეებიდანვე, ხალხური წეს-ჩვეულებანი დაარღვია და ამით მრავალი უკმაყოფილო და განაწყენებული (დაჩაგრული) წარმოშვა. ქართველები ძველ წესრიგს იცავდნენ, ჩვენი მთავრობა კი ახლისადმი დამორჩილებას მოითხოვდა. ამის გამო, სულ დასაწყისიდანვე, თითქმის მანიფესტის გამოცხადების დღიდან, გაუგებრობანი და ხალხის მიერ უკმაყოფილების გამოთქმა დაიწყო. ბოროტად გამოყენებანი კი, რომლებიც მხარის ადმინისტრაციაში შეიპარა, უწესრიგობებისა და ადამიანთა გონების დუღილისათვის ახალ საბაბს იძლეოდა.

კახეთის მცხოვრებნი სასამართლოებს არ ემორჩილებოდნენ, სურდათ რუსული მმართველობა ჩამოეცილებინათ და შეთანხმდნენ საკუთარი თავი თვითონ ემართათ. ბევრი თავადი ერევანშიც კი წავიდა, იქ მყოფ ალექსანდრე ბატონიშვილთან. ქართლში «საქმეები ასეთივე ფეხზეა», მოახსენებდა ლაზარევი. თათრები, რომლებისთვისაც მათთან სამხედროების დგომა უჩვეულო იყო, უკმაყოფილონი იყვნენ იმით, რომ მათთან ჯარებია განლაგებული, აპირებდნენ გაქცეულიყვნენ და საქართველოს საზღვრებს გასცლოდნენ. მომთაბარე ხალხი ყაზახები, მაჰმადიანური რჯულისა, მათთვის მოურავის შეცვლის სურვილის გამო ჩვენი მთავრობის უკმაყოფილონი იყვნენ.

საკუთარ თავზე საქართველოს მეფის ძალაუფლების ცნობის დროიდან, ყაზახები ყოველთვის თავად ჭავჭავაძეთა საგვარეულოდან დანიშნული მოურავების მიერ იმართებოდნენ (*). შეიტყვეს რა ჯერ კიდევ გიორგი XII-ის სიცოცხლეში, რომ მათი მართვა სხვა პირს უნდათ ჩააბარონ, მათ მაშინვე გამოაცხადეს, რომ არ დარჩებიან საქართველოს ველებზე და მომთაბარეობისათვის საზღვარგარეთ წავლენ.

(*ყაზახები საქართველოში ყველაზე უფრო ძველი დროიდან მომთაბარეობდნენ, ჯერ კიდევ შაჰ-აბას დიდამდეც. ამ ხალხის საქართველოში დასახლების დროის განსაზღვრა ძნელია. ისინი საქართველოს მეფეებს უხდიდნენ ხარკს და მათ სამართავად, მათ საკუთარ თავკაცებზე ზევით, ქართველი თავადები ინიშნებოდნენ. ნადირ-შაჰმა ყაზახები ერეკლე II-ს მუდმივ მფლობელობაში მისცა, ხოლო მან კი მათი მართვა თავად ჭავჭავაძეთა საგვარეულოს ჩააბარა. 

იმყოფებოდა რა გასული ასწლეულის ბოლოს პეტერბურგში, თავადმა ჭავჭავაძემ მიიღო ცნობები, რომ ყაზახები მომთაბარეობისთვის სპარსეთში წავიდნენ, და ამის კვალდაკვალ შემდეგ წერილიც ერეკლესგან, რომელიც მოითხოვდა, რომ იგი ტფილისში ჩამოსულიყო. ჩვენი მთავრობის ნებართვით, თავადი ჭავჭავაძე ჯერ საქართველოში გაემგზავრა, ხოლო შემდეგ კი სპარსეთშიც, დაიყოლია ყაზახები დაბრუნებულიყვნენ და უწინდელ ადგილებზეც ისინი თავად მოიყვანა. მისცა რა /მათი/ მმართველობა თავის ძეს, იგი ისევ პეტერბურგში დაბრუნდა. იხ. Арх. Мин. Внутр. Делъ, дела Грузiи, ч. II, 199.) 

სწორედ იგივე იყო ახლაც. საქართველოს მმართველმა, რომელსაც სურდა პირადი ურთიერთობების გამო თავადი ჭავჭავაძე ყაზახების მართვისგან ჩამოეცილებინა, ხალხის თავკაცებს თავისთან მოწოდა და აიძულებდა მათ, რომ თავიანთ მოურავზე უკმაყოფილება გამოეთქვათ. ყაზახებმა ასეთი მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადეს და თავად ჭავჭავაძის მმართველობის ქვეშ მათი დატოვების შესახებ თხოვნაც წარადგინეს, ჰპირდებოდნენ რა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოდან წასულიყვნენ (Докладная записка Лошкарева вице-канцлеру, 9-го iюля 1802 г. – Прошенiе кн. Чавчавадзе Государю Императору, въ iюле 1802 г. Арх. Мин. Внутр. Делъ, дела Грузiи, ч. II, 199 и 200).

მმართველის (კოვალენსკის – ი. ხ.) თვითნებური, არაფრით არ დასაბუთებული მოქმედებები უკმაყოფილოთა რიცხვს ზრდიდა. ტფილისელმა ვაჭრებმა უარი თქვეს ხარკის (გადასახადების) გადახდაზე და, კნორინგის გეორგიევსკში გამომგზავრების დღეს, ყველა სავაჭრო დაკეტეს. გრაფი მუსინ-პუშკინი სწერდა ლაზარევს, სთხოვდა რა მას წესრიგის აღსადგენად ბანაკიდან ტფილისში დაბრუნება ეჩქარა. გრაფი უმატებდა, რომ ამის შესახებ სთხოვს მას ბევრი პირი უპირველესი თავადური გვარებიდან. მოვიდა რა საქართველოს დედაქალაქში, ლაზარევმა დაინახა, რომ სამეფო საგვარეულო «არის პირველი ზამბარა მთელი მღელვარებებისა».

რუსეთისადმი ერთგულ პირებს ავიწროვებდნენ; ქალაქში ხალხი ღელავდა. დარეჯან დედოფალმა კაცი გაგზავნა ერევანში თავის ძესთან ალექსანდრესთან ახალი კაბითა და 1.000 მანეთი ფულით. ვახტანგ ბატონიშვილმა, რომელიც დუშეთში იმყოფებოდა, თავისი ძალაუფლების ქვეშ მყოფთ აუკრძალა დუშეთის ისპრავნიკს დამორჩილებოდნენ. ფარნაოზი იმერეთიდან იწერებოდა, რომ ლეკების, იმერლებისა და თურქების მნიშვნელოვანი ჯარებით მალე საქართველოში ჩამოვა. იგი ხალხს იწვევდა მას შეერთებოდნენ. დავით ბატონიშვილს, სპილენძის ქარხნის მოწყობის საბაბით, განზრახული ჰქონდა თავისი მომხრეები მუშების მოკრძალებული სახელის ქვეშ შეეკრიბა. თავის განზრახვათა უფრო მოხერხებულად აღსრულებისთვის, იგი აპირებდა ტფილისი დაეტოვებინა და ბორჩალოში გამგზავრებულიყო, სადაც ვითომდა უკვე სპილენძის მადნის საბადოები მოიძია. ყოველგვარი ეჭვის თავიდან აცილებისთვის, იგი გრაფ მუსინ-პუშკინს სწერდა, მას აზრსა და რჩევებს ეკითხებოდა, მაგრამ უკანასკნელი თავიდან პასუხს აყოვნებდა, ხოლო შემდეგ კი ურჩევდა ეს ძიებანი მიეტოვებინა. მაშინ დავითი მთებზე გადავლით ბორჩალოს თათრებთან გაეშურა, იქ უკეთესი ჰაერისა და თავისი შერყეული ჯანმრთელობის მომჯობინების საბაბით, არსებითად კი თავისი ბიძებისა და ძმების დასახმარებლად, რომლებსაც კიდეც შეუერთდა.

კათოლიკოსი ბატონიშვილი ანტონი, თუმცა კი იყო «უჩვეულოდ მძიმე აგებულების (წყობის, сложенiе) ადამიანი, მაგრამ ამასთან ერთად არცთუ უკანასკნელი მოქმედი პირი დარეჯან დედოფალთან ერთად» (Рапортъ Соколова кн. Куракину отъ 20-го сентября 1802 г. Арх. Мин. Иностр. Делъ).

იყო რა ყველა ჩანაფიქრის მოთავე, დარეჯან დედოფალი თავი მომხრეებს ამხნევებდა, და პირიქით ყოველგვარი ხმებითა და მუქარებით იმ პირებს აშინებდა, რომლებიც რუსეთისადმი იყვნენ ერთგულნი. ენერგიული და ინტრიგებში დახელოვნებული ქალი თავისი მიზნების მიღწევისთვის საშუალებების არჩევაში არ მორცხვობდა.

დარეჯანმა რამდენჯერმე მიაგზავნა თავისი მომხრეები სარდალ თავად ორბელიანთან, თავის მხარეზე მისი გადაყვანის მიზნით. იგი ცდილობდა მისთვის დაემტკიცებინა, რომ რუსებმა იგი (თავადი ორბელიანი) სრულიად გაძარცვეს, სარდლისა და სახლთუხუცესის წოდება ჩამოართვეს. დედოფალი კითხულობდა: სად არის მისი სოფლები? სიმდიდრე? – და, მიუთითებდა რა იმაზე, რომ ისინი ვითომდა რუსების მიერაა ჩამორთმეული, ჰპირდებოდა მისთვის ყველაფერი დაებრუნებია, თუ ეს უკანასკნელი მისი პარტიის მომხრე გახდებოდა. ორბელიანი წერილობით დაპირებას მოითხოვდა. დარეჯანი ამის აღსრულებას მხოლოდ მაშინ თანხმდებოდა, როცა ორბელიანი მას ერთგულებას შეჰფიცებდა. ყოფილმა სარდალმა უარი თქვა ასეთი სურვილი აღესრულებია, და დედოფალმაც უარით უპასუხა თავისი დაპირებანი ქაღალდზე გადმოეცა.

მარიამ დედოფალი, რომელიც ამ დრომდე დავით ბატონიშვილთან, თავის გერთან, ნაჩხუბრი გახლდათ, ახლა შეურიგდა და მასთან ხშირი სტუმრობა დაიწყო.

ყაზახელმა აღალარებმა ალექსანდრეს წერილი მიიღეს. ლაპარაკობდა რა საქართველოში ჯარებით თავისი მალე შემოსვლის შესახებ, ბატონიშვილი სთხოვდა მათ ამისა არ შეშინებოდათ. ალექსანდრე არწმუნებდა, რომ მოდის სულაც არა იმიტომ, რომ ქვეყანა ააოხროს, არამედ ერთადერთი მიზნით, რომ რუსები საქართველოდან განდევნოს. ზოგიერთი აღალარი ბატონიშვილთან საჩუქრებითა და თავიანთი ერთგულების გამოხატვით გაემგზავრა. ბორჩალოს თათრები ყაზახელებს უყურებდნენ და ფიქრობდნენ მათი მაგალითისთვის მიებაძათ.

თეიმურაზი, რომელიც ამ დროს სურამში თავის სამფლობელოებში იმყოფებოდა, ხალხსა და თავადებს აღელვებდა (Рапортъ капитана Бартенева 29-го iюня 1802 г.). ბატონიშვილისადმი ერთგულმა თავადმა აბაშიძეებმა მიმოწერა დაიწყეს იმერლებთან და დახმარებას სთხოვდნენ.

– შენ ჩემთან სახლში რატომ არ შემოდიხარ, – ეკითხებოდა თეიმურაზი ხადირბეგიშვილს, – ჩანს რუსების ერთგული ხარ.

– ერთგული ვარ, – პასუხობდა ხადირბეგიშვილი, – იმიტომ რომ ფიცი მივიღე.

– ნუ, მე შემიძლია შენ კიდევ გირტყა, – შენიშნა თეიმურაზმა, – დავით ბატონიშვილს მოვახსენებ, და შენ დაგატყვევებენ. ნურც კაპიტნის (ე. ი. ბარტენევის) იმედი გექნება და ნურც რუსებისა; ოცი დღის შემდეგ რუსები აქ სულაც აღრ იქნებიან.

– სადაც რუსები იქნებიან, მეც იქ ვიქნები.

– მამაჩემმა სამეფო რუსებს მისცა, – ეუბნებოდა სამი დღის შემდეგ თეიმურაზი იმავე ხადირბეგიშვილს, – იმიტომ რომ სულელი იყო, მე კი მასზე ჭკვიანი ვარ და ყველა ციხესიმაგრეს დავეუფლები.

ეკლესიებში, იმავე ბატონიშვილის ბრძანებით, მსახურების დროს მას და მის ძმას დავითს მოიხსენიებდნენ. თავადი აბაშიძეები ახალციხის ფაშასთან და იმერლებთან მიმოწერას აგრძელებდნენ. 5 ივლისს, სურამის მცხოვრებმა ნიკოლოზ ჭუბაძემ დაასმინა, რომ თეიმურაზ ბატონიშვილმა მიიღო წერილები ტფილისიდან და იმერეთიდან. წაიკითხა რა წერილები, მან ისინი ლოგინის ქვეშ შეინახა და აბაშიძეს უთხრა, რომ ბამბაკში განლაგებული რუსების რაზმი სპარსელთა თავდსახმისგან იწვნევს, და თავისი უმნიშვნელობის გამო, რა თქმა უნდა, განადგურებულ იქნება.

თავადი აბაშიძე თავის მომხრეებთან ერთად ხმებს ავრცელებდა, რომ კნორინგი, ბრუნდებოდა რა გეორგიევსკში, მთიელების მიერ იქნა მოკლული და მასთან მყოფი კაზაკებიც ასევე დახოცილები არიან (Рапорты кап. Бартенева Симоновичу 29-го iюня и 2-го iюля. – Письмо ему же 5-го iюля. – Рапортъ Лазарева кн. Цицiанову 18-го февраля 1803 г. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I).

ეს ხმები მით უფრო სარწმუნო ჩანდა, რომ დუშეთში მცხოვრები ვახტანგ ბატონიშვილიც მათ ასევე ადასტურებდა. ამბობდნენ, რომ იგი გახლდათ იმ მოჩვენებითი უბედურების მიზეზი, რომელიც კნორინგს შეემთხვა.

– სამართლიანია თუ არა ეს ხმები? ეკითხებოდნენ ვახტანგს დუშეთის მოსამართლე და მაზრის ისპრავნიკი.

– მე ვვარაუდობ, რომ მე ერთს მაქვს ამის შესახებ ცნობა, – პასუხობდა ორაზროვნად ბატონიშვილი.

იცოდნენ რა თაგაურელთა ვერაგობა და ზნე-ჩვეულებანი, ქართველებს კნორინგს შემთხვეული უბედურების შესაძლებლობისა სჯეროდათ. მალევე ლაზარევმა შეიტყო წყარო, რომლისგანაც ასეთი ცნობები ამოდიოდა, და თავად საბაბიც მათი გახმაურებისთვის.

ძარცვებმა თაგაურის ხეობაში, ყაჩაღობამ და გამვლელებზე თავდასხმებმა აიძულეს კნორინგი, რათა თაგაურის ხალხის ერთერთი მთავარი თავკაცის, აჰმედ დუდარუკოს დასასჯელად ზომები მიეღო. მთავარსარდალმა უბრძანა კავკასიის გრენადერთა პოლკის ერთ ასეულს, ვლადიკავკაზის ციხესიმაგრეში განლაგებული ორი ასეულიდან ერთერთს, კავკასიონის მთების დეფილეს (ვიწრობის) შიგნით 25 ვერსით წინ გამოსულიყო, ისეთი ანგარიშით, რომ ასეულს შეძლებოდა მისთვის დანიშნულ ადგილზე 20 ივნისისათვის მოსულიყო, ე. ი. იმ დროისათვის, როცა თავად კნორინგი, საქართველოდან თავისი დაბრუნების დროს, იქვე კაზაკთა ბადრაგით მივიდოდა.

20 ივნისს რაზმები შეერთდნენ, და კნორინგი მაღალ მთაზე გაჩერდა. რაზმის საპირისპიროდ, ასევე ამაღლებულ ადგილას, დუდარუკო ახმეტოვის სოფელი იყო გაშლილი. მთავარსარდალმა დუდარუკო თავისთან ახსნა-განმარტებისთვის მოითხოვა. ახმეტოვმა ამაზე საპასუხოდ ქვის სამი სახლი თავდაცვისთის მოამზადა, რომლებშიც თავის თანამზრახველებთან ერთად ჩაჯდა. ასეული და 200 კაზაკი სოფელზე შეტევისთვის იქნენ გაგზავნილნი. თაგაურელები შემომტევებს თოფის ძლიერი ცეცხლით დახვდნენ. სოფელი დაიწვა, ბევრი სახლი დაინგრა და თავდაცვაში მყოფებსაც საფრთხე ემუქრებოდათ. დუდარუკომ ითხოვა შეტევა გაეჩერებინათ და ჰპირდებოდა ყველა მოთხოვნა შეესრულებინა. ოსების ექვსი თავკაცი თავდებად გამოვიდა და საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა იმაში, რომ დუდარუკო ძარცვას შეწყვეტდა და ყველაფერ მიტაცებულს დააბრუნებდა. თავის მხრივ დუდარუკომაც ამანათები მისცა.

კავკასიის ხაზის საქართველოსთან შეტყობინების უზრუნველყოფა ისეთი მნიშვნელოვანი იყო, რომ კნორინგმა, ამ წარმატების მიუხედავად, აგვისტოში თაგარეულებეთან წერილობითი პირობა დადო, რომლის მიხედვითაც მისცა მათ უფლება: 1) თაგაურის ათი საგვარეულოს წარმომადგენლებს, რომლებიც ბალთიდან დარიალამდე გასასვლელს ფლობდნენ, აეღოთ ბაჟი გზად მიმავალი ვაჭრებისგან, ქართველებისა და სომხებისგან; 2) თაგაურელთა სამფლობელოებში ჩვენს მიერ აგებული თითოეულის ხიდისთვის ვალდებულება იკისრა წელიწადში 10 მანეთი გადაეხადა; 3) დაპირდა მათ ყაბარდოელთაგან შევიწროვებისა და მათი თავდასხმებისგან უზრუნველყოფას; 4) თავისუფალი მგზავრობის ნება მიეცა თაგაურებისთვის მოზდოკსა და ტფილისში, სადაც დაპირდა მფარველობასა და უზრუნველყოფას შევიწროვებათაგან ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან (Условiе, подписанное Кноррингомъ 30-го августа 1802 г.).

ერთგულებისა და დადებული პირობების შენარჩუნების საწინდრად, მან აიყვანა ამანათი, რომლისთვისაც დაპირდა წელიწადში 120 მანეთი ჯამაგირი ეძლია.

ასეთი იყო სინამდვილეში კნორინგთან დაკავშირებული შემთხვევები, რომლებსაც საქართველოში თავიანთი არსით გადაასხვაფერებდნენ და შეცვლილი, ცრუ სახით ავრცელებდნენ.

ლაზარევი, ატყობინებდა რა კოვალენსკის ყველა მოარული ხმის შესახებ, სთხოვდა ბატონიშვილები მათი მამულებიდან ტფილისში გამოეძახა, და განსაკუთრებით კი თეიმურაზ ბატონიშვილი.

ვერ მიიღო რა თუმცა კი პასუხი, ლაზარევი თავად გაემგზავრა სურამში, რათა თავიდან ხმების სამართლიანობაში დარწმუნებულიყო, ხოლო შემდეგ კი, თუ ისინი ნამდვილად არსებობდა, მაშინ თავადი აბაშიძეები, როგორც ბატონიშვილის მთავარი თანამზრახველები, დაეპატიმრებინა.

13 ივლისს, სურამამდე არმისული, იგი თეიმურაზს შეხვდა, რომელიც გორში ბრუნდებოდა. ლაზარევი და ბატონიშვილი ცდილობდნენ ერთი-მეორისთვის დაესწროთ. თეიმურაზმა წინა დღეს მიიღო ცნობა ლაზარევის სურამში მალე ჩამოსვლის შესახებ, იმავე დღეს აპირებდა გორში გამომგზავრებულიყო, და ამით პაემანი თავიდან აეცილებინა. ლეკების საფრთხემ აიძულა იგი მეორე დილას გამომგზავრებულიყო, რაც მათი შეხვედრის მიზეზი შეიქნა. არ აუხსნეს რა ერთმანეთს თავიანთი მგზავრობის ნამდვილი მიზანი, თითოეული თავისი გზით გაემართა, თეიმურაზი ქ. გორში გამოემგზავრა, ლაზარევი კი – სურამში. აქ ლაზარევმა თავად აბაშიძეთაგან ერთერთს თავისთან მოუწოდა.

– რომელი მიზეზი, – ეკითხებოდა იგი თავადს, – გაიძულებთ თქვენ სჩადიოდეთ ისეთ საქციელს, რომელიც ხელმწიფე იმპერატორისადმი მიცემული ფიცის საწინააღმდეგოა? 

აბაშიძე პასუხობდა, რომ არანაირი დანაშაული თავის მიერ ჩადენილი მან არ იცის, და ყველაფერს უარობდა.

– და რატომ არ ემორჩილებით თქვენ სასამართლოს? ჰკითხა მას ლაზარევმა.

– იმიტომ რომ ჩვენ გლეხებთან ვართ გათანაბრებული, – პასუხობდა აბაშიძე.

ლაზარევმა ბრძანა თავადი აბაშიძე და ყველა მისი მომხრე დაეპატიმრებინათ. თეიმურაზ ბატონიშვილი კი დრომდე გორში დატოვებულ იქნა (Рапортъ Лазарева Кноррингу 18-го iюля 1802 г., № 355).

ასეთ უწესრიგობებს შორის, საქართველოს მდგომარეობა ლეკების გამაჩანაგებელი თავდასხმებისგან დღითი-დღე სულ უფრო გაძნელებული ხდებოდა. ამ შემთხვევაში არ შეიძლება არ დავეთანხმოთ ლაზარევს, რომელიც ვარაუდობდა, რომ ლეკების მხრიდან განსაკუთრებით ხშირი ძარცვები და შემოჭრანი სამეფო საგვარეულოს ხრიკებით ხდებოდა. ბატონიშვილებსა და დედოფლებს უნდოდათ ხალხისთვის ეჩვენებიათ, რომ, მთელი სიფხიზლისა და მის სიმშვიდეზე ზრუნვის მიუხედავად, რუსული მთავრობა ამაში მცირე რამეს თუ ახერხებს. ცდილობდნენ ხალხში უნდობლობა აღეგზნოთ და ეჩვენებიათ, რომ, შევიდა რა რუსეთის ქვეშევრდომობაში და ვერ შეიძინა რა სიმშვიდე, მან ბევრი რამ დაკარგა.

«...რათა უფრო სწრაფად, – წერდა ლაზარევი (Рапортъ Лазарева Кноррингу 20-го iюля 1802 г.), – და გაცილებით უფრო საგრძნობლად ხედავდნენ თავიანთ ღონისძიებაში წარმატებებს, ისინი ყველანაირად ცდილობენ სხვადასხვა ხმები გაავრცელონ, აქაური ქვეყნების მცხოვრებლებში ჩვენს წინააღმდეგ დრტვინვა გაამრავლონ, ცდილობენ რა ასევე ჩაუნერგონ მათ აზრი, თუ რამდენად არახელსაყრელია მათთვის ახლა დამყარებული რუსული მმართველობა».

იმერეთში გაქცეული ბატონიშვილები ძალზედ საჭიროებდნენ ვახტანგის თანადგომას (დახმარებას), რომელიც, იმყოფებოდა რა მთების მცხოვრებთა მეზობლობაში, მათ მთიელი ტომების ამბოხებითა და კავკასიის ხაზთან შეტყობინების შეწყვეტით უნდა დახმარებოდა.

დაიწყეს რა ურთიერთობა და მიმოწერა, მათ დაარწმუნეს ბატონიშვილი, რომ ლეკებისგან თავის დაცვის გარეგნული შესახედაობით, რომლებიც, თუმცა კი, მის სამფლობელოზე თავდასხმებს არასოდეს ახდენდნენ, შეიარაღებულთა ბრბო შეეკრიბა, თითქოსდა მათი მოგერიებისთვის ემზადებოდა. ვახტანგი თაგაურელებთან და ოსებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რომლებიც იმ მთების ხეობებში ცხოვრობდნენ, რომლებზედაც რუსეთიდან საქართველოში მიმავალი გზა გადიოდა. იგი მათ ამბოხებისთვის იყოლიებდა (ითანხმებდა).

ქმედითმა მიმოწერამ სამეფო სახლის წევრებს შორის, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა პუნქტში და მის გარეთ დაესახლნენ, მთელი ქვეყანა ქსელივით მოიცვა და ერთი მიზანი – მხარეში რუსული მფლობელობის მოსპობა ჰქონდა. პირველ ხანებში მისი წარმატებები დამაკმაყოფილებელი იყო. ტფილისი, როგორც ინტრიგების ცენტრი, ღელავდა. ადვილად მორწმუნე ხალხმა ქალაქზე სწრაფი და ძლირი თავდასხმის შესახებ დაიჯერა. ამბობდნენ, რომ რუსები, შეიტყვეს რა მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი ძალების შესახებ და არ შეუძლიათ რა მათთან ბრძოლა, უკანდახევას ფიქრობენ. ეს უკანდახევა, არაკეთილმოსურნეთა სიტყვებით, სწრაფი და დაჩქარებული უნდა იყოს, რადგანაც, მათი სიტყვებით, კავკასიის ხაზიდან დახმარების იმედი არ უნდა ჰქონოდათ, იმიტომ რომ მთებში მცხოვრები ხალხები, ვახტანგ ბატონიშვილის რჩევით, ყველანი აჯანყდნენ და, დაიკავეს რა გზები, გადაჭრეს გზა, რომლითაც რუსულ ჯარებს საქართველოში შემოსვლა შეეძლებოდათ. ხალხი დრტვინავდა, მხნეობას კარგავდა და ლეკების შემოჭრისგან მომავალ უბედურებებს გაზვიადებული სახით წარმოიდგენდა. დარეჯან დედოფლის ბრძანებით, ავლაბრის ხიდი იქნა დამწვარი და ტფილისის შემოგარენში რამდენიმე გასროლაც მოახდინეს. მათ თავიანთი მოქმედება იქონიეს და ხალხის შიში გაზარდეს, რომელმაც მოისმინა დილით, რომ თითქოს ეს ლეკების პარტია გახლდათ, რომელიც ქალაქში დაუსჯელად შემოდიოდა.

«აქაური თავადებიდან და აზნაურებიდან, – მოახსენებდა ლაზარევი (Рапортъ Лазарева Кноррингу 20-го iюля 1802 г.), – რომლებსაც ყველას მათდამი ერთგული თავიანთი რამდენიმე ქვეშევრდომი ჰყავთ, ჩვენდამი გულმოდგინე ყველაზე უფრო მცირე ნაწილი დარჩა; და მათგანაც ვინც ჩვენდამი ერთგული გვეჩვენება, უეჭველია, ისეთებიც მოიძებნებიან, რომლებიც ჩვენცა და მოწინააღმდეგე მხარესაც თანაბრად ერთგულობენ, და შემთხვევისდა მიხედვით იმ მხარეს მიუდგებიან, საითკენაც მათი შეხედულებით ყველაზე უფრო მომგებიანი იქნება. ყაზახები, ბორჩალოელები და საერთოდ თათრები ჩვენდამი მეტად არაერთგულნი არიან, და მათთვის სასურველი ცვლილებისას ხელიდან არ გაუშვებენ შემთხვევას ჩვენს წინააღმდეგ აშკარად გამოვიდნენ, რომლებსაც ასევე განჯის ხანიც შეუერთდება, რომელმაც თავისი არაკეთილმოსურნეობა აქამდეც გვიჩვენა. მე ვვარაუდობ, რომ ერევნის ხანიც უკეთესად მიიჩნევს მათ პარტიას მიუდგეს, თუმცა კი ახლა ჩანს, რომ მათთან არ თანამონაწილეობს...»

ასეთ მდგომარეობაში არ შეიძლებოდა ხალხი მხოლოდ სიტყვებით დაემშვიდებინათ, აუცილებელი იყო მისთვის ნამდვილი, ფაქტიური დაცვა ეჩვენებინათ და უწინარეს ყოვლისა კი ყოველგვარი შემოჭრების, მტაცებლობისა და ძარცვა-რბევისგენ დაეცვათ. საქართველოს საზღვრების დაცვა პირველი და ყველაზე უფრო არსებითი აუცილებლობა გახლდათ.

თუ საქართველოს საზღვარს მოივლიდით, ბამბაკის პროვინციის სოფლებში იქნებოდით, თათარ ხალხებს: ყაზახებსა და ბორჩალოელებს, შამშადილისა და შულავერის სოფლებს ესტუმრებოდით, რომლებიც განჯის ხანის სამფლობელოებს ემეზობლებოდნენ, არ შეიძლებოდა მცხოვრებთა საუბედურო მდგომარეობაში არ დარწმუნებულიყავით. ყველგან ნაყოფიერი მიწა გვხვდებოდა, მაგრამ სოფლები კი, მტაცებელთა გარედან შემოჭრებისა და შინაური კრამოლებისგან, უკიდურესად გაჩანაგებული იყო. იმ ნაწილმა, რომელიც განჯისა და ერევნის სახანოებს ესაზღვრებოდა, ყველაზე უფრო მეტი უბედურებები გადაიტანა. ბამბაკი და შამშადილი ჯარებით ყველაზე უფრო მეტ უზრუნველყოფას მოითხოვდნენ, როგორც თავისი მდებარეობის მნიშვნელოვნების გამო, ისე ყველაზე უფრო მეტად დარბეულ მცხოვრებთა დაცვისთვისაც.

პირველ პუნქტში მუშკეტერთა მხოლოდ ორი ასეული, ეგერთა ასეული და ერთი ქვემეხი იყო განლაგებული, შამშადილში კი ჯარები სრულებით არ ყოფილა. კნორინგმა, საქართველოში თავისი ყოფნის დროს, ბამბაკში პოსტი ეგერთა კიდევ ერთი ასეულითა და 80 კაზაკით გააძლიერა, და მთელი რაზმის მეთაურად ეგერთა 17-ე პოლკის პოლკოვნიკი კარიაგინი დანიშნა. შამშადილში მუშკეტერთა ერთი ასეული, ეგერთა რვა ასეული (რომლებიც ახალი შტატებით ერთი ბატალიონიდან იყვნენ ჩამოყალიბებულნი და დაკომპლექტებას მოელოდნენ), 70 კაზაკი და სამი ქვემეხი გაგზავნა, ეგერთა 17-ე პოლკის შეფის გენერალ-მაიორ ლაზარევის უფროსობით.

უზრუნველყო რა ასეთნაირად საქართველოს საზღვარი სპარსეთის მხრიდან, მისი დანარჩენი მხარეების დაცვა, აუცილებლობის და მიხედვით, კნორინგს უფრო მეტად ხელსაყრელ დრომდე უნდა გადაედო, ესე იგი, ჯარების გაზრდამდე, მათ დაკომპლექტებასა და პოლკების სამბატალიონიან შემადგენლობაში მოყვანამდე, უწინდელი ორბატალიონიანი შემადგენლობის ნაცვლად. კნორინგი საქართველოდან გაემგზავრა. ლაზარევი გარემოებებმა ტფილისში გამოიძახეს. მღელვარებანი მხარეში ჯარების ყოფნას სხვადასხვა პუნქტში მოითხოვდა, მათი ზემოთ მოყვანილი განლაგება კი მოუხერხებელი და მიზნისადმი შეუსაბამო აღმოჩნდა. ახლა საჭირო იყო ისინი ისე განელაგებიათ, რომ შესაძლებელი ყოფილიყო შინაურ მღელვარებათა მოსპობა, ლეკების შემოჭრისგან უზრუნველყოფა და სპარსეთის საზღვარზეც დაეყენებიათ, დაანახვებდნენ რა შაჰს, რომ მისი თავდასხმები საქართველოს წინააღმდეგ დაუსჯელი არ დარჩება, რომ რუსული ჯარები ყოველთვის მზად არიან მის დასახვედრად.

ბაბა-ხანის თავდასხმების შემთხვევაში, ლაზარევს მოვალეობად დაეკისრა მაშინვე შეეკრიბა რაზმი და ერევნის საზღვრისკენ დაძრულიყო, საქართველოს მმართველისგან კი მოეთხოვა, რათა მთელი მეომარი ხალხები, როგორებიც იყვნენ ქიზიყის (სიღნაღის), ყაზახისა და ბამბაკის მცხოვრებნი, ყველაზე უფრო მეტი რიცხვით ყოფილიყვნენ რაზმში გამოგზავნილნი.

საომარი მოქმედებები, ხალხის ახალ აოხრებათა თავიდან ასაცილებლად, ნაბრძანებ იქნა საქართველოს საზღვრებს გარეთ გადაეტანათ, და სპარსულ ჯარებს ერევნის ხანის სამფლობელოებში დახვედროდნენ. ეს უკანასკნელი ბრძანება უკიდურესად შივიწროვებულ მდგომარეობაში აყენებდა ლაზარევს, იმ მეტად უმნიშვნელო საბრძოლო ძალის დროს, რომელიც მის განკარგულებაში იმყოფებოდა.

საქართველოში იყვნენ პოლკები: კავკასიის გრენადერთა, ტფილისისა და ყაბარდოს მუშკეტერთა და ეგერთა 17-ე პოლკი. კავალერია დონის კაზაკთა ორი პოლკისგან შედგებოდა: ტარასოვ 2-ისა და შჩედროვ 2-ის პოლკებისგან. ქვეითი ჯარის მთელი რიცხვი 7.000 ადამიანამდე ადიოდა (თუმცა კი პოლკების არსებული შტატების მიხედვით, ქვეითი ჯარის რიცხოვნება 8.064 ადამიანემდე უნდა ასულიყო /გრენადერთა და მუშკეტერთა თითოეულ პოლკში შტატით 2.160 ადამიანი უნდა ყოფილიყო, ეგერთა პოლკში კი 1.584 ადამიანი/; მაგრამ პოლკები სრულად არ იყო დაკომპლექტებული. 1802 წ. 26 მარტს კნორინგი იმპერატორ ალექსანდრე I-ს მოახსენებდა, რომ საქართველოში განლაგებულ ჯარებს, «ძნელ ფრიალო კლდეებზე, ჩქერებსა და ტყეებში» მტაცებელთა მეტად ხშირი ძიებითა და დევნით, ფეხსაცმელი ვადაზე ადრე უცვდებათ, და ამიტომ სთხოვდა კიდეც, «უბრძანეთ კომისარიატს თუნდაც საქართველოში მყოფი ნახევარი რიცხვის ჯარებისთვის, ესე იგი, 3.500 ადამიანზე ყოველწლიურად ჩემს განკარგულებაში ნატურით თითო წყვილი ჩექმები გამოგზავნოს», სხვა ჯარებისთვის დაგზავნილზე ზევით /См. Арх. Мин. Внут. Делъ, дела Грузiи, ч. II, 34/. კნორინგის შუამდგომლობა დამტკიცებულ იქნა /см. П. С. З./, და კავკასიის ჯარები ამ უპირატესობით მეტად დიდხანს სარგებლობდნენ. ამრიგად, კნორინგმა თავად განსაზღვრა ქვეითი ჯარის რიცხვი 7.000 ადამიანით. ეჭვი არ არის, რომ ეს განსაზღვრა სწორია. ის პირები, რომლებიც კავკასიაში დიდხანს მსახურობდნენ და თავიანთი გამოცდილებით ცნობილნი არიან, ამბობდნენ, რომ ჩექმების მიხედვით ყველაზე უფრო ზუსტად შეიძლება განისაზღვროს ყველა დროში კავკასიის კორპუსის ჯარების რიცხოვნება)

შფოთიანობამ და მღელვარებებმა სამეფოს შიგნით, საფრთხემ, რომელიც მას გარედან თავდასხმებით ემუქრებოდა, აიძულეს ლაზარევი, აუცილებლობის და მიხედვით, ჯარები მთელ სივრცეზე უმნიშვნელო რაზმებად გაეფანტა.

დავხედავთ რა საქართველოს რუკასა და ჯარების განლაგებას, ადვილად დავინახავთ, რომ ასეთი ერთი მუჭა ჯარებითა და მათი დიდი გაფანტულობით, ძნელი იყო საზღვრებზე ძარცვა და ლეკების მტაცებლობა აღეკვეთათ, რომლებიც უმნიშვნელო პარტიებად იპარებოდნენ და არცთუ იშვიათად რამდენიმე პუნქტში ერთდროულად. 

ასეთ ძარცვა-რბევასა და ყოველგვარ შფოთიანობას შორის ხალხში გულგატეხილობა, ხოლო ზოგჯერ კი სასოწარკვეთილებაც ვრცელდებოდა. მოსახლენი ხედავდნენ რა ყოველი მხრიდან, ხოლო ზოგჯერ კი თავად ტფილისთანაც, დარბეულ სუფლებს, ვერ ბედავდნენ სასოფლო-სამეურნეო საქმეებს შესდგომოდნენ. მოგზაურები თავიანთ გზას შიშით და ერთგვარად მალულად ადგებოდნენ, ერთი სოფლიდან მეორეში ღამ-ღამობით მიიპარებოდნენ. რუსი მოხელეები და თანამდებობის პირნი სხვანაირად არ მგზავრობდნენ, თუ არა ძლიერი ბადრაგის თანხლებით.

«ასეთი უკმაყოფილებანი, – მოახსენებდა გრაფი მუსინ-პუშკინი (Письмо графа Мусина-Пушкина Трощинскому 20-го августа № 61. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, №№ 502, 395), – სულ მცირედითაც კი არ შეიძლება მიეწეროს სიფხიზლის რაიმე უკმარისობას სამხედრო უფროსობის მხრიდან. ამის საპირისპიროდ, აქაური ჯარები განუწყვეტელ მოძრაობაში არიან, და ჭეშმარიტად შეიძლება ითქვას, რომ კავკასიის გრენადერთა პოლკში, რომელიც ტფილისის მახლობლდ დგას, და გენერალ-მაიორ ლაზარევის ეგერთა პლკში, ძნელად თუ გაივლის არა მარტო კვირა, არამედ ერთი დღეც, რომ სხვადასხვა რაზმებით ასეთ მტაცებლებს არ დასდევდნენ, – თუმცა კი, იშვიათად წარმატებით, ვინაიდან განა შეუძლია ქვეით ჯარს ცხენოსნებს დაეწიოს, რომლებიც სპარსულ ცხენებზე ამხედრებულნი ომობენ?»

ზოგიერთი ლეკური საზოგადოების (თემის) თხოვნა, რომლებიც საქართველოს აღმოსავლეთ საზღვარზე ცხოვრობდნენ, ნებართვის მიცემის შესახებ მათთვის, რომ საქართველოსთან ვაჭრობა ეწარმოებიათ, მიღებულ იქნა როგორც იმედი ლეკებთან მშვიდობიანი ურთიერთობების შესაძლებლობაზე და როგორც საშუალება ძარცვა-რბევათა შესაწყვეტად. ქართული სავაჭრო წოდება მათთან ლეკური ქარავნების შემოშვების შესახებ თავად ითხოვდა. კნორინგმა არ ორმხრივ თხოვნაზე იმ პირობით მისცა ნებართვა, რომ ლეკები შეწყვეტენ თარეშებს, საწინდრად მისცემენ ამანათებს, და ისინი, რომლებიც ვაჭრობისათვის საქართველოში ჩამოვლენ ხოლმე, მტაცებლებს მეგზურის სამსახურს არ გაუწევენ (Письмо Кнорринга лезгинскимъ обществам 15-го мая. – Рапортъ Коваленскаго Кноррингу 13-го iюля, № 701).

ლეკებმა პირობას ხელი მოაწერეს, თუმცა კი დაპირებული ამანათები არ გამოუგზავნიათ. ივლისში, ლეკების ქარავანი სამეფოს საზღვრებთან მოვიდა და ქვეყნის შიგნით იქნა შემოშვებული.

ზოგიერთი საზოგადოების (თემის) სურვილი საქართველოსთან მშვიდობიან და სავაჭრო ურთიერთობებზე სხვა ლეკური საზოგადოებებისთვის სავალდებულო არ გახლდათ, და ამიტომ რაზმის გაძლიერება მაინც აუცილებლად მიიჩნეოდა, მით უმეტეს, რომ სპარსეთის მბრძანებელიც საქართველოზე თავის პრეტენზიებს აცხადებდა.

სპარსული ჯარები ოსიანის მიჯნასთან განლაგდნენ, 60 ვერსზე ნახჭევნიდან. იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილები უწინდებურად იმერეთში იმყოფებოდნენ. დაღესტნიდან ბელაქანში ლეკები იკრიბებოდნენ (Рапортъ Лазарева ему же, 12-го августа, № 409. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, 380). განჯის ხანი რუსეთისადმი მტრულ მხარეს შეუერთდა. ერევნის ხანი ღრმა მდუმარებას ინარჩუნებდა. გეგონებოდათ, საქართველოს ცაზე ღრუბლები იყრიდნენ თავს, და საწყალ ქვეყანას, მთელი მისი შედეგებით, ახალი ძლიერი ჭექა-ქუხილი უნდა დასტყდომოდა...

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment