Thursday, February 19, 2015

ნიკოლოზ დუბროვინი იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის ბუნებისა და აქაურ მაცხოვრებელთა სახლების შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს აკადემიკოს დუბროვინის წიგნიდან «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе», Томъ I. Очеркъ Кавказа и народовъ его населяющихъ. Книга II. Закавказье. Санктпетербургъ. 1871, ვრცელი წერილის “ქართველური ტომის” /Картвельское племя/ მეორე განყოფილების “იმერლები, მეგრელები და გურულები” /Имеретины, мингрельцы и гурiйцы/ შესაბამისი თავის თარგმანს)

იმერლები, მეგრელები, გურულები

თავი I 

(იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის ბუნება. – მცენარეულობის სიმდიდრე. – კლიმატური თავისებურებანი. – იქაურ მაცხოვრებელთა სახლები.)

შავი ზღვის ნაპირი, დაწყებული მდინარე ენგურიდან და თურქეთთან ჩვენს საზღვრამდე, მეგრელებსა და გურულებსა აქვთ დაკავებული. სივრცე, რომელიც მდ. ენგურსა და მდ. რიონის ქვემო დინებას შორისაა მოთავსებული, მასში მდ. ცხენის-წყლის შესართავამდე, და ამ უკანასკნელი მდინარის მარჯვენა ნაპირი, მეგრელებითაა დასახლებული. მდინარე რიონი სამეგრელოს სამხრეთიდან გურიისგან გამოყოფს, ხოლო აღმოსავლეთიდან კი იმერეთისგან.

გურია სამხრეთში თურქეთს ესაზღვრება, რომლისგანაც მთის მცირე ნაკადულით ჩოლოქითა (სხვანაირად ანტოპურით /иначе Антопурою/) და ჩალიაკრეტის მთებითაა (горами Чальякретами) გამოყოფილი, აღმოსავლეთიდან კი ნაწილობრივ ახალციხის მაზრას, და ნაწილობრივ იმერეთსაც ესაზღვრება. უკანასკნელს მთელი სივრცე ეკუთვნის მდ. ცხენის-წყლის მარცხენა ნაპირს, სვანეთსა და საქართველო-იმერეთის მთათა ქედს შორის, რომელიც იმერეთს საქართველოსგან გამოყოფს.

იმერეთის მთელ ოლქს სამი სხვადასხვანაირი კლიმატი გააჩნია. მაღალ ადგილებს, ზეგნებსა და მთათა მცირე მობრტყელებულ თხემებს, რომლებიც კავკასიონის მთავარ ქედს უერთდებიან, ერთი სიტყვით, ზოლს, რომელიც რაჭის უბანს (участокъ) უჭირავს, ზომიერი კლიმატი გააჩნია. ბუნება აქ დიდებული, მაგრამ პირქუშია; მთებიდან, რომლებიც მაღალი ნაძვებით, არყის და ჭადრის ხეებითაა დაფარული, ხშირი და ხმაურიანი ჩანჩქერები მოედინება; ჭვავი, ქერი და შვრია მიწის მთავარ მოსავალს შეადგენს; ყურძენი იშვიათად გვხვდება და ბოლომდე ვერ მწიფდება (не вызреваетъ). რაც უფრო მაღლა ავდივართ მთავარი ქედისკენ, მარადიული შემოდგომა და ზამთარი გვხვდება. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი კი მთებს შორის დაბლობებზე, აგრეთვე ტყეებით დაცულ ადგილებში ცხოვრობს და სასიამოვნო და თბილი კლიმატით სარგებლობს. აქ იზრდება ბრინჯი, თუთის ხე, ვაზი და სხვა მრავალფეროვანი ხეხილი. მესამე ზოლი, რომელიც საკუთრივ რიონის აუზს შეადგენს – ცხელი, ნესტიანი და თავისი მცენარეული საფარით გასაოცარია. აქ ორი გაზაფხულია. ბალახი, რომელსაც ზაფხულში მზე მთლიანად გადაწვავს, შემოდგომაზე ისევ იზრდება და ყვავილებით იფარება. აქაური ადამიანი მუქთად ცხოვრობს, და საკვების მოპოვება პირზე ოფლის ღვრით არ უხდება.

ამიტომ ქვემო, მთისძირა იმერეთში, ქალები არანაირი სამოწათმოქმედო სამუშაოებით არ არიან დაკავებულნი. მინდორში მამაკაცები მუშაობენ, თავიანთი სიზარმაცის მიუხედავად. ქალები კი პურის მომკის შემდეგ გამოდიან მინდვრებზე და ნამკალში დარჩენილ თავთავებს აგროვებენ, რომლებსაც ან ეკლესიას სწირავენ, ან კიდევ ეკლესიის კრებულს. ამის საპირისპიროდ, ზემო ანუ მთის იმერეთში, მთა-გორიან და მკაცრ ადგილებში, სადაც მიწა ისეთი ნაყოფიერი არ არის ან კიდევ, მისი მცირე რაოდენობის გამო, გამოკვებისთვის არასაკმარისია, განსაკუთრებით კი რაჭაში, მარტო ქალები მუშაობენ, მამაკაცები კი მეზობელ ხალხებში სამუშაოებზე მიემართებიან. უმაღლეს წოდებას შორის საშინაო მეურნეობა მთლიანად ქალთა სქესის მზრუნველობაზეა მინდობილი.

იმერეთის დაბლობის უმეტეს ნაწილში ბუნება მომაჯადოვებელია, ხოლო მცენარეული საფარი კი უფრო მეტად. ბევრი ადგილი სიმწვანეში და აყვავებულ შქერებშია ჩაძირული, – მეტად იშვიათი მცენარისა, თვით ორანჟერეებშიც კი, აქ კი მათ უბრალო ფიჩხის მნიშვნელობა აქვთ, რომლითაც ბაღებს შემოღობავენ, ან კიდევ საქათმეებს კედლებს შემოაწნავენ.

როცა დამკვირვებელი მაღლობ ადგილზე ადის, და მით უმეტეს მაღალ მთაზე, მის წინაშე ერთი-მეორეზე უფრო თვალწარმტაცი ხედები იცვლება. ყველგან მდიდრული მცენარეულობა მოჩანს; ацалей-ისა და ნუშის სუნი დგას, სიმწვანიდან სურო და კუნელი იმზირებიან. იქ ხრამში ნაკადული მირბის, აქ კი ციცაბო ფერდობის თავზე აღმართული ხშირი ტყის ძირას, თითქოსდა მდიდრული ლილისფერი ხალიჩააო, თავის მბზინვარე და მუქ სიმწვანესთან მონაცვლეობით, დეკის შესანიშნავი ყვავილებია მიმოფენილი. შორიდან აქა-იქ მთის უჩინარი წყარო ჩუხჩუხებს, ხოლო თავად ეკიპაჟთან კი ბულბულები გალობენ და ტოტიდან ტოტზე გადაფრინდებიან. ვიწრო ბილიკი, რომელიც მთის ფერდობზეა გაჭრილი, ხრამების თავზე დახვეულად მიემართება, და მთების ციცაბო შვერებიდან წმინდა წყარო მოჩქეფს, შედგმული ღარიდან გადმორბის და საკმარისია ხელი გაიშვირო და ჭიქა შეუდგა, რათა სუფთა და ცივი წყალი დალიო. ჰაერის ხშირი და არომატული ჭავლი ორგანიზმზე მაცოცხლებელად მოქმედებს. ღამის დადგომასთან ერთად, სურათი ფანტასტიკურად მომაჯადოვებელ კოლორიტს კიდევ უფრო მეტად ღებულობს, – როცა მთელი ტყე ირგვლივ მოფარფატე პატარა ცეცხლებით ივსება. ფოსფორიანი მანათობელი მუცლების მქონე მფრინავი ქინქლების მირიადები, თითქოსდა მიკროსკოპული ლამპადები, მთელ ჰაერსა და ტყეს ავსებენ. ისინი მამაცურად სხდებიან ცხენების ფაფარზე, მეეტლის ზურგზე, შემოფრინდებიან ეკიპაჟში და, ირევიან რა ყველგან და შემოწერენ რა მანათობელ მოცისფრო ხაზებს, მგზავრს ცხადში ჯადოსნურ სურათს წარმოუდგენენ.

იმერეთის მეზობელი – სამეგრელო, ადგილმდებარეობის ხასიათის მიხედვით, მთისა და დაბლობის (მხარეებად) იყოფა.

პირველი სვანეთთან საზღვრების გაყოლებაზეა განფენილი და ქუთაისის გუბერნიაში რაჭის უბნამდე მიდის, დაბლობი მხარე კი გურიას უერთდება, და შემდეგ კი სულ შავ ზღვამდეა გადაჭიმული.

ზემო სამეგრელოს კლიმატი სასიამოვნოა, ყველგან ჯანსაღია და ნიადაგიც ნაყოფიერი. ქვემო სამეგრელო უფრო ტყითაა დაფარული, უხვადაა ჭაობები და ჭანჭრობები, რომლებიც არასოდეს შრება, და ამიტომ მისი კლიმატი, თვით ადგილობრივი მაცხვრებლებისთვისაც კი, არაჯანსაღი და მძიმეა: ციებ-ცხელება და სურავანდი ამ ადგილებში თითქმის მუდმივადაა. ბუნება ისე უხვად აბნევს თავის სიკეთეს მაცხოვრებლებზე, რომ მეგრელს მხოლოდ ერთი შრომა უწევს, შეაგროვოს თავის ბეღელში ყველაფერი, რასაც მას ნიადაგი მისცემს, მისი მხრიდან ყოველგვარი შრომისა და ზრუნვის გარეშე.

თუ სამეგრელოს შევხედავთ à vol d’oiseau, მაშინ ის მთლიან ხშირ ტყედ წარმოგვიდგება, რომლის შორისაც ბუჩქნარითა და გვიმრნარით დაფარული სივრცეები მხოლოდ იშვიათად გვხვდება. მაგრამ უფრო დაკვირვებული მზერა კი აღმოაჩენს, რომ სივრცის დიდი ნაწილი, რომელიც ტყედ გვეჩვენება, ვენახებითა და ხეხილის ბაღებითაა დაფარული, რომლებიც საკუთარ თავში იქაურთა საცხოვრებლებს იფარავენ, რომლებიც პოეტურ ქაოსში ერთმანეთისგან მნიშვნელოვან მანძილებზეა მიმოფანტული, ასე რომ ერთი რომელიმე პატარა სოფელი (деревушка) რამდენიმე ვერსზეა გადაჭიმული. თითოეულს თავისი სახლის ახლოს და გარშემო ვენახი, სახნავ-სათესი მიწები და საძოვრები აქვს. სოფლები თითქმის უწყვეტად არის ერთმანეთთან დაკავშირებული. 

აიშენებს რა თავისთვის როგორღაც და სახელდახელოდ ქოხს, გიგანტური თხილნარის ჩრდილში, აქაური (ადამიანი) მხოლოდ იმას ელოდება, თუ მისი ნაყოფები როდის დამწიფდება, და მათ ხშირად ისეთი რაოდენობითაც აგროვებს, რომ მათი გაყიდვით ნაშოვნი ფულით შეუძლია მთელ წელიწადს ადვილად იარსებოს. იგივე თხილნარი ან ჭადრის ხეები იცავენ მის საცხოვრებელს ქარისა და წვიმისგან, ხოლო მათი ჩრდილის ქვეშ კი აქაურის (მოსახლის) მთელი კარ-მიდამო, მთელი მეურნეობა იმყოფება.

დათესავს რა მინდორში ღომს ან სიმინდს, მეგრელი ადგილ-ადგილ პირველისგან 70-დან 100 მარცვლმადე მოგებას ღებულობს, ხოლო სიმინდისგან კი 2 და 3 ტ მარცვლის მოსავალი იცის. მცენარეულობა საერთოდ ისე მდიდარია, რომ შეიძლება მიუახლოვდე სოფელს, რომელშიც 200-მდე სახლი ითვლება, და შენს წინ მხოლოდ ერთ სახლს ხედავდე. ბუნების ასეთი სიმდიდრე მაცხოვრებელთა მიერ ჩვილობაში მყოფი ტომების პირველყოფილი მდგომარეობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. უმაღლეს ხარისხამდე განვითრებულმა სიზარმაცემ მეგრელი მხოლოდ იმის უნარის მქონედღა აქცია, რომ თავისთვის მინდორი მოხნას და ტანსაცმელი შეიკეროს, მაგრამ ბევრი მათგანი ზამთარსა და ზაფხულში ფეხშიშველი დადის. “ხშირად რედუტ-კალეში მოდიან მეგრელები, მოჰყავთ რა გასაყიდად ქათმჯები, მოაქვთ მწვანილი, კაკალი, თხილი, წაბლი და სხვა, ზამთარში 3° და 5° ყინვაში. მიდის რა ბაზარში ფეხშიშველი, მეგრელს თან იღლიით თივა მიაქვს; როცა ადგილზე ჩერდება თავისი საქონლის გასაყიდად, ის ერთი ფეხის ქვეშ თივას იფენს, რათა ფეხი ქვებზე არ მიეყინოს, მეორეს კი ბატივით მაღლა სწევს და მათ იმ დრომდე უნაცვლებს ერთმანეთს, სანამ გაყიდვას არ დაამთავრებს; მაშინ, აიღებს რა თივას, ის გზას აგრძელებს”. ფეხების გათბობის ზუსტად ასეთივე ხერხი იმერეთსა და გურიაშიც გამოიყენება (Путешествiе отъ Одесы до Тифлиса въ 1847 г. Кавк. 1849 г. № 13. Селенiе Мухури В. Цветкова Кавк. 1851 г. № 32).

სამეგრელოს არცთუ დიდ სივრცეზე შეიძლება შევხვდეთ ზღვასაცა და მნიშვნელოვანი სიმაღლის მთებსაც, დაბლობებს, რომლებიც დაუსრულებელი ვენახებითაა ამწვანებული, ციხე-სასახლებითა და ტაძრებით დაგვირგვინებულ კლდეთა გრეხილებს. აქ ფუფუნებიანი სამხრეთის ნაზი ნაყოფებიც არის და მკაცრი ჩრდილოეთის მიერ ნაბოძვარიც. მთელი სამეგრელო განუწყვეტელ ბაღს წარმოადგენს, რომელშიც თითოეულ ხეზე ვაზია შემოხვეული, ყურძნის მძიმე მტევნებით. გადადიან რა ხშირად ხიდან ხეზე, ვაზები ბუნებრივ საქანელას წარმოქმნიან, რომლებზედაც ქალები სხდებიან და ქანაობენ. ყველგან ისმის მათი მხიარული შეძახილები, ვინც ხეებზე მაღლა ცოცდებიან და დიდ კალათებში ვაზის მტევნებს ჰყრიან, რომელიც თავად ბუნების მიერაა დარგული და აქაურისგან არანაირ მოვლას არ მოითხოვს. დრო და დრო ისმის გამკინავი მეგრული გადაძახილი, რომელიც ნაკადულების ჩუხჩუხისა და მდინარეთა ხმაურისგან მკვეთრად განსხვავდება. მასში მონაწილეობენ “ადამიანებიც, ნაკადებიც, ხეებიც, მწერებიც, ტყის მხეცებიც, და მათი ხმები ერთმანეთს რაღაც უცნაურ დამაძინებელ ხმად ერწყმება... სადღაც ხეების ხშირი ფარდის იქით, რომელთა შორისაც სურო და ვაზია გადახლართული, გამოჩნდება სახლი, და წნულ ღობესთან, გიყურებენ რა თქვენ, ორი ან სამი ქალი გროვდება, ღია ფერის თმებით, დიდი ცისფერი თვალებით, მოქნილი წერწეტი ტანით”.

გურიის არცთუ დიდი სივრცე, რომელიც შავი ზღვის პირას ძევს და ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრას შეადგენს, აქვს რა ძალზედ ბევრი საერთო მის მეზობელ სამეგრლოსა და იმერეთთან, თავისი კლიმატის მავნებლობით გამოირჩევა.

მთელი ქვეყანა ხშირი ტყეებითაა დაფარული, რომლებიც ბევრ ადგილას გაუვალია. მის ნიადაგს მცენარეულობის ზრდის არაჩვეულებრივი ძალა გააჩნია: ბალახი და ხეები მნიშვნელოვან ზომებს აღწევს. სახნავ-სათესი მინდორი რამდენიმე წელიწადში ისე იფარება მცენარეული საფარით, რომ ტყედ გადაიქცევა. სიმინდი თავისი სიმაღლით ცხენოსანს ფარავს და ყველაზე უფრი ნაზი ნაყოფები და მცენარები ტყეში ბუნებრივი სახით გვხვდება, თუთის ხეების მთელი ტყეებია.

სამაგიეროდ კლიმატი ყველგან ნესტიანი და ნიადაგი კი ჭაობიანია, ასე რომ თითქმის ყველა სოფელში გვხვდებიან ადამიანები ხელების გარეშე, ფეხების გარეშე და მუდმივად ციებ-ცხელებიანი. ნიადაგის ნესტიანობა ისე დიდია, რომ თუ სახლში მიწაზე იწყებენ ცეცხლის დანთებას, ის გრუნტიოს წყლების მისკენ მომდინარე ნაკადებისგან ხშირად ქრება, და ამიტომ, რათა ეს თავიდან აიცილონ, აქაურები კერის ქვეშ მიწაში ხშირად თიხის ქოთანს ფლავენ, რომლის კედლებიც სინესტეს არ ატარებს (Изъ записокъ о Гурiи Н. Дункель Веллингъ Кавк. 1853 г. № 77. Кутаисъ въ настоящее время. Кавказъ 1860 г. № 54. Съ дороги. Кавказъ 1861 г. № 74. Путешествiе отъ Одесы до Тифлиса въ 1847 г. Кавк. 1849 г. № 15. Возвращенiе. Кавказъ 1852 г. № 76).

უბრალო გურულის სახლი ხისაა, ფანჯრების გარეშე ერთი ნახვრეტით ჭერში, რომელიც მილსაც ცვლის და ფანჯარასაც; ოთახის შუაგულში კერაა გაჩაღებული, რომელიც გურულს კიდეც ათბობს და კიდეც აჭმევს, კვამლი ნაწილობრივ ჭერის ნახვრეტში გადის და ნაწილობრივ კი კარებში. უმაღლესი კლასისთვის სახლებს ევროპული არქიტექტურის მიხედვით აშენებენ.

იმერელი თავადებისთვის საცხოვრებლები ორ სართულად შენდება, უმეტეს წილად ქვისა, რომლებიც ყავრითაა გადახურული, ბევრი განყოფილებით მსახურთა განთავსებისთვის. იმერული სოფლები, მონასტრები და ეკლესიები ვრცელ და ნოყიერ მინდვრებს შორის მთებსა და გორაკებზეა მიმოფანტული. იმერელს ზუსტად ისევე, როგორც მეგრელსა და გურულს უყვარს სივრცე, სურს რათა მისი სახლის ახლოს ჰქონდეს სახნავ-სათესი, ვენახი, თუთისა და ხილის ხეები. იმერლის ვრცელ ეზოში ხეებია დარგული; სახლიდან მოშორებით მცირე მინაშენია – ბეღელი (бегели) – საკუჭნაო ფეტვის, ღომის, სიმინდისა და ქერის შესანახად, ხოლო მემამულეებთან კი ამაზე ზევით სამზარეულო, თავლა, ძაღლების სადგომი და სხვა. ამის გამო სოფლები დიდ მანძილებზეა გადაჭიმული და ხშირად ერთი სოფელი მეორეს ერწყმის. მთელი ქვემო იმერეთი, შეიძლება ითქვას, ერთ უზარმაზარ სოფელს შეადგენს, სადაც ყოველი მხრიდან ბაღებით გარემოცული მცხოვრებნი როგორც აგარაკებზე, ისე ცხოვრობენ.

თვით სიმდიდრის არმქონე იმერელიც კი არ ცხოვრობს ბრტყელ სახურავიან სახლში, არამედ ერთნახევარ სართულიანი ფიცრული სახლი აქვს, რომელიც ყავრით ან ჩალითაა გადახურული; სახურავს მახვილწვერიანი სახე აქვს და დაბლა ეშვება, ქმნის რა კედლების ზემოთ საჩრდილობელს, რომლის ქვეშაც ჩვეულებრივ მთელი სახლის გარშემო აივანი ეწყობა.

აივნები უმეტეს წილად ფართოა, ჩუქურთმებითა და ბოძებით მორთული და აქაურთა სადგომის საუკეთესო ნაწილს შეადგენენ, განსაკუთრებით როცა მათ გარშემო ვაზი აქვთ შემოხვეული. აივანი – საუკეთესო მისაღებია სტუმრებისთვის და საყვარელი სადგომი ოჯახისთვის. “აქ მუდმივად შეიძლება ხედავდეთ მომუშავე ქალებსაც და მოთამაშე ბავშვებსაც და სადღესასწაულო დღეებში მოკაზმულ იმერელ ქალებსაც. აივნები აქ იგივეა, რაც ბრტყელი სახურავები ძველ ტფილისში”.

იმერელი არ ზის ფეხმორთხმული, როგორც ქართველი, არამედ ზის სავარძლებში და სკამებზე თუმცა კი პირველყიფილი და უხეში ნაკეთობისა. ის ღვინოს აზარფეშით ან კულათი კი არ სვამს, არამედ მას თიხის ან კალის ჭურჭლით მიირთმევს. იმერლებს ძალზედ უყვართ ფუფუნება, მაგრამ მისით უცნაურად სარგებლობენ: ქალები უმდიდრეს კაბებს იცვამენ, და ფეხშიშველნი კი დადიან; იატაკზე ჩინებულ ხალიჩებს აფენენ, კედლები კი სახელდახელოდ თუ აქვთ შეთეთრებული (Путешествiе отъ Одесы до Тифлиса въ 1847 г. Кавк. 1849 г. № 15. Письма изъ Имеретiи, кн. Р. Эристова. Кавк. 1857 г. № 77. Карт. Кавк. края, Зубова, ч. IV, 265. Рассказы о Кутаисе, Кавказскiй календарь на 1853 годъ). რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოსახლეობის საშუალო და ღარიბი კლასის ადამიანებს ეხება. მდიდარი იმერლები თავიანთ ღარიბ თანამოძმეებზე შეუდარებლად უკეთ და სუფთად ცხოვრობენ. მდიდრის სახლის შიგნით ოთახების მორთულობა საკმარისად ლამაზია: მშვენიერი ხის განიერი ტახტები, უმეტეს წილად მოჩუქურთმებულ ჭერებს, ზოგჯერ ოთხკუთხა გუმბათი აქვთ, სხვადასხვანაირი მორთულობებით, დიდი ფართო ბუხრები ოთახებში შუა საუკუნეებს მოგვაგონებს და საგულდაგულოდ გათლილი ქვისგან კეთდება, რომელზედაც სხვადასხვა სახის ლამაზი არაბესკებია გამოყვანილი.

კარგია და ლამაზი ასეთი სახლი ზაფხულში, მაგრამ ზამთარში კი მასში ცხოვრება შეუძლებელია და ეს, რა თქმა უნდა, აშენების ხერხის ბრალია.

ჩაასობენ რა რამდენიმე ბოძს, მათზე ალაგებენ ხარიხებს (перекладины), ხოლო შემდეგ კი აფენენ ფიცრებს – ეს საძირკველიც არის და იატაკიც. ამ იატაკის სამ მეოთხედზე თხელი ფიცრებისგან შეაკოწიწებენ სკივრის ანუ ლარის ერთგვარ გვარეობას, რომელშიც ფანჯრებსა და კარებს ჭრიან, ხოლო დანარჩენ სივრცეზე კი გალერეას აწყობენ. გადახურავს რა ყველაფერ ამას ყავრის მახვილწვერიანი სახურავით, იმერელი თავის სახლს დასრულებულად თვლის. და ასეთი სახლი ცხაურიანი, აჟურული (თხელკედლებიანი) გამოდის.

“მე მომიწია ასეთ სახლში ცხოვრება, ამბობს მოთხრობების ავტორი ქუთაისის შესახებ. შემოდგომაზე მე მისით ვტკბებოდი; ჩემს აივანზე ვაზი იყო შემოხვეული, ოთახებში ყოველთვის ისეთი სუფთა ჰაერი იყო, კედლებში კი ამომავალი და ჩამავალი მზის მეწამული სხივები კიაფობდა, იატაკის ქვემოთ მე ადამიანებს ბრძანებებს ვაძლევდი, რომლებსაც დაბლა ჩემი ყველაზე უფრო დაბალი ხმით ნათქვამი სიტყვაც კი ესმოდათ, ჭერში ნახვრეტები პატარა ვარსკვლავებივით ანათებდა, მაგრამ როცა სიცივეები დადგა, ყინვები დაიწყო, ზამთრის ქარმა დაქროლა – მე არ ვიცოდი თბილი კუთხე სად მომეძებნა”.

შეძლებული მეგრელი სახლს ფიცრებისგან იშენებს, მას ჩალით გადახურავს და იმ განყოფილებებში, რომლებშიც სტუმრებს ღებულობენ, ხის იატაკს აგებს და ჭერსაც ფიცრებისგან აკეთებს. ღარიბები ხის დრეკადი წნელებისგან დაწნულ ქოხში ცხოვრობენ, რომელსაც კონუსის მსგავსი სახურავი აქვს. ასეთ სახლს გარეგნულად კალათის ფორმა გააჩნია, რომელშიც ყოველი მხრიდან ქარი უბერავს. ზამთარში მას გარეშემო თივას შემოაკრავენ და იატაკში მოწყობილი კერით ან ბუხრით ათბობენ.

ოთახის მარჯვენა კუთხე ხარიხითაა შემოსაზღვრული, კარების საპირისპიროდ კი შავად ბუხარი მოჩანს, ან კიდევ კერა, რომელიც მიმქრალ შუქს გამოსცემს, მარცხნივ ბაგების რიგია, ხოლო მათ უკან კი კამეჩები დგანან, რომელთა უზარმაზარი დინგები ნახევარსიბნელეში რაღაც ფანტასტიკურ სანახაობას წარმოადგენენ. ისინი უაზროდ მიაჩერებენ თვალებს შემოსულს, და თან იცოხნიან და კბილებით თივას ახრაშუნებენ. ოთახს ამიაკის მკვეთრი სუნი ავსებს.

სახლში მხოლოდ კარების ნაწილები და თავად კარები კეთდება წაბლის ხის სქელი ფიცრებისგან; დანარჩენი მასალები კი რაც ხელში მოხვდებათ, ხოლო სახურავი ლელისგანაა, იშვიათად კი ყავრისგან.

ოთახი დაბალია, ხის ძელების ჭერითაა დაფარული, რომლებზედაც ფიჩხია დაფარებული, ხოლო მათ კი ზემოდან მიწა აყრია, რომელიც დრო და დრო თვალებშიც გეყრებათ. ჭერში სასულეა (продушина) ბოლის გასასვლელად. მეგრელს სახლის აშენება არაფერი არ უჯდება. აუცილებელია მხოლოდ მიწაში ამოთხაროს ორმო, ორი არშინის სიღრმისა და ისეთი სიგანის, როგორიც მას მოესურვება, მის კედლებს შიგნიდან ქვები შემოაწყოს; ერთ კედელში, რომელიც დაქანებისკენაა მიმართული, შემოსასვლელი გააკეთოს, და მაშინ სისველე სახლის შიგნით არ ჩაედინება. მთელი ამოთხრილი სივრცე ორ ნახევრად დაჰყოს: ერთში მეუღლე და ოჯახი, მეორეში – ცხენი და რქოსანი საქონელი; ორივე ნახევარი მიწით გადახუროს და ქოხიც მზად არის (Путевыя заметки по Мингрелiи и Гурiи М. Мансурова. Закавказскiй Вестникъ 1854 г. № 26).

ხის კუნძი ან ფიცარი მაგიდის ნაცვლად მეგრელს ავეჯის მაგივრობას უწევს; ჭადრის ხისგან გამოთლილი ორი-სამი ფინჯანი და თიხის ქოთნები (დოქები) მთელ მის ჭურჭელს შედგენს.

მეგრელის მთელი კარ-მიდამო სახლის ან ქოხის და ორი-სამი პატარა ბეღლისგან შედგება, რომლებიც ასევე მოწნულია; ეს ყველაფერი ირგვლივ ეკლიანი ბუჩქების ღობითაა შემოვლებული, რომელიც მხეცისა და ადამიანისგან გაუვალ დაცვას წარმოადგენს.

სახლის მახლობლად ზოგჯერ საქონლის სადგომი ეწყობა – ეს უბრალოდ ღობით შემოსაზღვრული დიდი მინდორია, რომელიც შინაური ცხოველებითაა სავსე.

აქაური ადამიანი უძველესი დროიდან ასე ცხოვრობდა, და ახლაც ასე ცხოვრობს. ცივ დროში ოთახის შუაგულში მიწის იატაკზე მოწყობილ კერაზე მუდმივად ცეცხლი ანთია. საწვავს ყოველგვარი გარჩევის გარეშე იმარაგებენ, ასე რომ მცხოვრებნი შეშისთვის ძალზედ ხშირად ხეხილს, სამშენებლო და სხვა ხეებსაც ჩეხენ, რაც კი მათ თვალში სხვა სამეურნეო მოთხოვნილებისთვის განსაკუთრებულ აუცილებლობას არ წარმოადგენს. 

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment