Monday, January 12, 2015

აკადემიკოსი დუბროვინი ერეკლე მეფის გარდაცვალებისა და დაკრძალვის, აგრეთვე გიორგი XII ის ტახტზე ასვლის შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ III. С-Петербургъ, 1886/ შესაბამისი თავის თარგმანს)

თავი X 

(ერეკლე II-ის გარდაცვალება და მისი დაკრძალვა. – საქართველოს ტახტზე გიორგი XII-ის ასვლა.)

საქართველომ ჯერ კიდევ ვერ მოასწრო აღა-მაჰმად-ხანის შემოჭრისგან გამორკვეულიყო, როცა 1798 წლის 11 იანვარს თელავში მეფე ერეკლე II გარდაიცვალა.

მდინარე ალაზნის ვენახებით მდიდარ ხეობაში, მის გარემომცველ მრავალ ბაღს შორის, დგას ქალაქი თელავი, ოდესღაც კახეთის სამეფოს ყოფილი დედაქალაქი. თავად ქალაქი თელებით (липами, /tilia/) გარშემოერყმულ მაღლობზეა მიმოფენილი, რომელთაგანაც მიიღო კიდეც თავისი სახელწოდება. ქალაქის თეთრი ეკლესიები და კოშკები, რომლებიც ხეთა ხშირ სიმწვანესთან შერეულადაა აღმართული, უკვე შორიდან მოჩანს.

გაივლით რა შემოგარენს, რომელსაც სამართლიანად ეწოდება ვარდების ქუჩა და ასევე ბაღებით გარშემორტყმულ გორაკზეა მიმოფენილი, შეიძლება ახლაც იხილოთ თელავის საკმარისად დიდი ციხესიმაგრე, რომელიც თავისი მრგვალი ბასტიონით წინაა გამოწეული. ციხესიმაგრის შუაგულში მოედანზე ამ დრომდეც დგას ქვის შენობის ძველი კედლები, რომელიც ყველა დანარჩენზე ბატონობდა, “საპატიო მანძილზე რომ მიყუჟულიყვნენ ციხესიმაგრის განაპირა სათოფურებთან”. ეს ციხესიმაგრე მეფისაა, და თავად შენობაც კახეთის მეფეთა ძველი სასახლეა.

ეს სასახლე შედგებოდა შუაში ოდესღაც ვრცელი და მდიდრულად მორთული დარბაზისგან, რომელსაც გვედებზე აზიური გემოვნებით აშენებული მცირე მოსასვენებელი ოთახები და გალერეები მიუყვებოდა.

ტფილისის შემდეგ, ერეკლეს უსაყვარლესი ადგილსამყოფელი თელავი გახლდათ, რომელთანაც მისი საუკეთესო მოგონებები და მისი ბედნიერი ცხოვრება იყო შეერთებული. იყო რა თავიდან კახეთის მეფე, ერეკლემ სამხედრო დიდება და ხალხის სიყვარული მოიპოვა. დიდ ხანს მთელი ამიერკავკასიისთვის ცნობილი იყო, რომ თელავი კახეთის მრისხანე მეფის რეზიდენციაა. ცხოვრობდა რა თელავში, ერეკლემ თავისი ძალაუფლების ქვეშ ორივე სამეფო გააერთიანა, ქართლისა და კახეთისა; აქვე ჩამოვიდა იგი იმისთვის, რათა თავისი დარჩენილი დღეები დაესრულებინა, როცა ბედის ვარსკვლავი ჩაესვენა, და მას ტფილისში აღა-მაჰმად-ხანის შემოჭრის შემდეგ, არ ჰქონდა რა ძალები დედაქალაქის ნახანძრალებისთვის ემზირა და მის მცხოვრებთა ტირილი და გოდება ესმინა, თელავისკენ იჩქარა “სიჩუმეში მწარე ცრემლთა საღვრელად”.

ბევრი არ ყოფილა დიდგვაროვანი და მეფესთან დაახლოებული პირი, რომელიც სიკვდილის წინ მის ახლოს იქნებოდა, მაგრამ იყო მისი საკუთარი მრავალრიცხოვანი ოჯახი. ის მაშინ გამოესალმა სიცოცხლეს, როცა ამ ოჯახში დავები და უთანხმოებანი ხდებოდა, რომლებსაც მის მიერ შექმნილი სამშობლოსთვის სარგებლის მოტანა არ შეეძლოთ.

მაშინვე მეფის სიკვდილის შემდეგ, თელავში ჩამოსული ყველა კარისკაცი, სამოქალაქო და სამხედრო ჩინოსანი, სასახლეში შეიკრიბა. ლოგინის წინ, რომელშიც გარდაცვლილის სხეული ესვენა, ამაღლებული ადგილი მოაწყვეს ტახტის სახით; დაასვენეს რა მასზე მდიდრულად მორთული დიდი ბალიში, ზემოდან ძოწეულის მოსასხამი დააფინეს. ბალიშის მარჯვენა მხარეს ყველა დანარჩენი სამეფო რეგალია იქნა განთავსებული, მარცხენა მხარეს კი დაქვრივებული დედოფლის სამეფო სამკაულები, მისი მეუღლის ტანისამოსთან და იარაღთან ერთად.

დაბალ დივნებზე (ტახტებზე) დიდმოხელეთა ცოლები ისხდნენ, რომლებიც თავიდან ფეხებამდე თეთრ გრძელ მოსასხამებში იყვნენ გახვეულნი, და, იცემდნენ რა ხელებს მკერდში, მეფის გარდაცვალებას ხამაღლა დასტიროდნენ. ქალების მოპირდაპირედ, ტახტის მარჯვენა მხარეს, უფროსობისა და ღირსების მიხედვით, “მდუმარებაში და მწუხარე სახეებით”, სახელმწიფოს დიდმოხელენი და დიდგვაროვანნი განთავსდნენ. ყველაზე ზევით მეფის მინისტრები ისხდნენ, მათ უკან ცერემონმაისტერები, გადატეხილი კვერთხებით.

ოთახის ფანჯრიდან მეფის საყვარელი ცხენი მოჩანდა, რომელიც, უკუღმა შეკაზმული, სასახლს კარებთან იდგა; ცხენის მახლობლად მიწაზე ქუდმოხდილი ჩინოსანი იჯდა. 

ასეთი იყო მდგომარეობა ოთახში, სადაც მიცვალებული ესვენა, როცა მასში დედოფალი, თავისი შვილების, ნათესავებისა და დაახლოებულ პირთა თანხლებით შევიდა.

მივიდა რა გარდაცვლილთან და აკოცა რა მას, დედოფალი რამდენიმე წუთს გარდაცვლილს დასტიროდა, მკერდზე და სახეში ხელებს იცემდა და თმებს იგლეჯდა. შემდეგ, მიმართა რა იქ დამსწრეებს, იგი გაგრძელებული მტირალი ხმით შესჩიოდა მათ, ქართული წეს-ჩვეულების მიხედვით, რომ თავისი საყვარელი მეურლე დაკარგა და თავის შვილებთან ერთად სამუდამოდ ობლად დარჩა.

– ქვეშევრდომებმა მისი სახით ჭეშმარიტი მამა დაკარგეს, ამბობდა დედოფალი.

იგივეს ამბობდნენ ყველანი, ვინც მასთან ერთად მოვიდნენ.

გამოვიდა რა ოთახიდან, სადაც მიცვალებული ესვენა, დედოფალი მივიდა მოხელესთან, რომელიც ცხენის მახლობლად იჯდა, და მასაც იგივე გაუმეორა, ხოლო შემდეგ კი თავის მოსასვენებელში წავიდა.

აქ, მდიდრული ხალიჩით მორთულ იატაკზე, ღრმა გლოვაში მყოფი საწყალი ქვრივი თმაგაშლილი იჯდა; ის გაუჩერებლად ტიროდა, თმებს იგლეჯდა, ხელებს მკერდში იცემდა და ყველაზე უფრო ნაღვლიანი ხმით გარდაცვლილის ღირსებებსა და თავის მწარე მდგომარეობას ჩამოთვლიდა. ქართული ხალხური წეს-ჩვეულების მიხედვით, მას გარშემო ქალების გუნდი ეხვია, რომლებიც, ნუგეშს სცემდნენ რა უბედურს, მასთან ერთად ტიროდნენ. მეფის რომელიმე ნათესავის გამოჩენასთან ერთად, იქ მყოფნი დროებით გადაიტანდნენ ხოლმე ყურადღებას, და მისი მოსვლით სცენა იცვლებოდა. ის მიდიოდა ქვრივთან, მის წინაშე მუხლებზე ეცემოდა და, ჩახრიდა რა თავს, ქვითინს იწყებდა, თანაც ამბობდა: თუ როგორ მეგობრულად ცხოვრობდა ის გარდაცვლილთან, როგორი ღირსეული ადამიანი იყო განსვენებული და როგორი საშინელი დანაკარგი მოუტანა ყველას მისმა სიკვდილმა.

– ვინ დავკარგეთ მასში? კითხულობდა შემოსული, მიმართავდა რა იქ დამსწრე მოტირალთ.

– განა ის არ იყო მრისხანე დღეებში ჩვენი ნუგეშისმცემელი და დამხმარე, შიმშილის დროს ჩვენი მხსნელი, სიხარულში კი სიხარულის გამომწვევი?

– ვაი, ვაი, პასუხობდნენ მტირალი ხმები.

– განა მისი კეთილი ცოლი ჩვენი მეგობარი და დედა არ იყო? ახლა კი ჩვენს დედას დაობლებულს ვხედავთ!...

წამოძახილები და ცრემლები იყო პასუხი შემოსულის შეკითხვებზე («Обрядъ слёзъ». «Закавказскiй Вестникъ» 1849 г., № 31).

დაასრულებდა რა თავის გრძელ იმპროვიზაციას, ის იწყებდა ქვითინს და გულამოსკვნით უნუგეშოდ ქვითინებდა. ქვრივ დედოფალთან ერთად მსხდომი ქალები მის ტირილს აიტაცებდნენ და ოთახში, ყველა შესაძლო ტონსა და ხმაში, სულის შემძვრელი გლოვა ისმოდა. როგორც კი ეს ყველაფერი დაწყნარდებოდა, როგორც კი იქ მყოფნი ბუნებრივ მდგომარეობაში მოვიდოდნენ, ახალი ნათესავის შემოსვლა უწინდელ სცენას განაახლებდა...

ადათის მიხედვით, გარდაცვლილის არც ერთი ნივთი დაუტირებელი არ უნდა დარჩენილიყო: არც აღვირი, არც კაბა, არც იარაღი, არც სახლი, თვით სახლის სახურავიც კი, თუ გარდაცვლილს მასზე თავისი მოცალეობის ან დასვენების საათების გატარება უყვარდა.

შავმა ჭირმა, რომელიც იმ დროს საქართველოში იყო, არ მისცათ საშუალება, რათა ერელე II-ის მეფური დაკრძალვა მცხეთის ტაძარში, საქართველოს მეფეთა უძველეს საძვალეში, გარდაცვალებიდან ორმოც დღეზე უფრო ადრე აღესრულებინათ. თელავის სასახლიდან გვამი მაცხოვრის ძველ ეკლესიაში იქნა გადასვენებული, რომელიც ოდესღაც მაგარი ღობით იყო გარშემორტყმული. ამ ეკლესიის ტრაპეზის თავზე (надъ престоломъ этой церкви) “დღემდე არსებობს საფარველი, – წერს მოგზაური, – რომლის ქვეშაც ორმოც დღეს ამ ტაძარში დიდი მეფის ერეკლეს სხეული ესვენა” («Грузiя и Арменiя», изд. 1848 г., ч. I, стр. 150).

დაკრძალვის დღეს, ადრეული დილიდან, კუბოს ახლოს “ტირილი და ქვითინი” იდგა. მთელი სასახლის კარი და ყველაზე უფრო გამოჩენილი პირები ღრმა მგლოვარებაში მყოფნი სამწუხარო ცერემონიაში მონაწილეობდნენ.

სამხედრო პირნი გარდაცვლილთან უკანასკნელი გამოთხოვებისთვის მედაფდაფეთა თანხლებით მიდიოდნენ. მათ წინ უძღოდნენ საპარადო მოტირლები “ორ გუნდად”, რომელთაც სამგლოვიაროდ გამოწყობილი ცერემონმაისტერი წინამძღოლობდა. არტილერიის უფროსი და მთავარსარდლები (сардари /главнокомандующiе/) ქუდმოხდილები რიგის მიხედვით კუბოსთან მიდიოდნენ. მედოლეები და სალამურზე დამკვრელები დუნე მარშს უკრავდნენ და დოლებს ნელა ურტყამდნენ. დაუშვებდნენ რა დროშებს და “ტირილს აღასრულებდნენ”, ისინი ცერემონიალში დანიშნულ თავიანთ ადგილზე ბრუნდებოდნენ.

თელავის ქუჩებში პროცესიის გრძელი კორტეჟი მოჩანდა. ყველაზე წინ იდგა არტილერია, დაბლა დაშვებული გაშიშვლებული ხმლებით, ხოლო მის უკან კი დანარჩენი ჯარები იყვნენ გაჭიმულნი. ჯარების უკან იდგა ორი ბერეიტორი (ჯილავდარი), რომელთაც ერთნაირად შეკაზმული ორი ცხენი სადავეებით ეჭირათ. ბერეიტორებს მხრებზე მოქარგული მოსასხამები მოეგდოთ. თითოეული მათგანი ქუდმოხდილი იდგა, ხოლო ცხენებზე – ერთზე გარდაცვლილის იარაღი, ხოლო მეორეზე კი მისი აბჯარი ეკიდა.

დანარჩენ პროცესიას შეადგენდნენ: საჭურველთმტვირთველები (ჯაბადარები, джабодары) მშვილდებით, ისრებით, კაპარჭებითა და შუბებით; შვეიცარები (ხელჯოხიანები, хельджахiоны) გადატეხილი კვერთხებით; ხაზინადარები (ნაზირები, назиры); საჯარისო მწერლები (ლაშქარ-ნავისები, лошкаръ-нависи); ხაზინის დამცველები (მოლარეთუხუცესები, моларетъ-ухуцесы) ლანგრებით ხელში, რომლებზედაც სალაროს საცავის გასაღებები ელაგა; სახელმწიფო მდივნები (статсъ-секретари /мдиваны/) სამელნეებითა და გადატეხილი კალმებით ხელში. განლაგდნენ რა მარცხნივ და მარჯვნივ, გზის ორივე მხარეს, ისინი, ხალხური წეს-ჩვეულების მიხედვით, ქუდმოხდილები და მკერდგაღეღილები იდგნენ, მწუხარე განწყობითა და “თვალცრემლიანები” («прослезившiеся») («Кавказъ» 1852 года, № 31: «Церемонiалъ погребенiя тела Ираклiя»).

მიხვიდოდით რა უფრო ახლოს ეკლესიასთან, თქვენ იხილავდით მეფის მრჩევლებს (მდივან-ბეგებს) და მოსამართლეებს (მსაჯულებს), ქართლისა მარჯვენა, და კახეთის მარცხენა მხარეზე. მათ წინ შორიახლოს იდგა მთავარი მწერალი, რომელსაც ხელში ვერცხლის ლანგარი ეჭირა, სადაც ფარჩის ბალიშზე კანონების წიგნი იდო. კიდევ უფრო ახლოს მიხვიდოდით ეკლესიასთან, და შეხვდებოდით ჰოფმარშლებს (მანდატურთ-უხუცესებს ანუ ეშიკ-აღაბაშებს /мандатуръ-ухуцесы или ешик-агабаши/) მარჯვნივ, და საიდუმლო საბჭოს ჰოფმარშლებს (ჰალვათ-ხანის ეშიკ-აღაბაშებს /халватъ ханскiе ешик-агабаши/) მარცხნივ, “რომელთაც ხელში გადატეხილი კვერთხები ეჭირათ და თავად კი მწარედ ტიროდნენ”.

შემდეგ მგალობელთა ორი გუნდი: მარჯვნივ მეფისა, მარცხნივ პატრიარქისა, მათ უკან კი სასულიერო წოდება, სრულიად საქართველოს კათოლიკოსის მეთაურობით. 

სამგლოვიარო ეტლს წინ უძღოდა: ვერცხლის ლანგარზე ბალიშზე დასვენებული გვირგვინი და სამეფო ხმალი; ფარჩით დაფარულ ვერცხლის ლანგარზე დასვენებული სახელმწიფო ღერბი; წმ. მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ორდენი ვარსკვლავით; სამეფო კვერთხი და სამპყრობელო (скипетръ и держава), ხატები, დროშები და ჯვარი, რომლებითაც ჩვეულებრივ “წინ უძღოდნენ (საქართველოს მეფის) დაგვირგვინების ან დაქორწინების დროს”.

თავად ეკლესიასთან იდგა კატაფალკი, რომელსაც გარეშემო ძვირფასი ფარჩა ჰქონდა შემოვლებული, ხოლო ოთხივე მხარეზე კი ამ ფარჩას ორთავიანი არწივები ჰქონდა დაკერებული. კატაფალკის თავზე მოწყობილი იყო ბალდახინი ანუ საჩრდილობელი სახურავი ძვირფასი შტოფისგან თორმეტი ოქროქსოვილი ფოჩით ოქროქსოვილის ზონრებზევე: თითოეულ კითხეში სამ-სამი ფოჩი. ბალდახინის ბოძები მორთული იყო “ფიგურულად, ზევით და ქვევით ერთნაირი ძვირფასი ფარჩის შემოხვევით, შუა ნაწილისა კი, განსხვავებისთვის, სხვა ფერის შტოფით”.

როცა პროცესია მზად იყო, მაშინ სამეფო კარის მცხეთელი დეკანოზი, სამეფო მოტირლებისა და ცერემონმაისტერის თანხლებით, დედოფლის ოთახებისკენ გაემართა. დიდგვაროვანთა და დიდმოხელეთა ცოლებით გარშემორტყმული დარეჯან დედოფალი ეკლესიაში შევიდა, და იმ დროს, როცა იგი ქმარს ემშვიდობებოდა, მისი თანმხლები ქალები “მწარე ცრემლებით” ტიროდნენ და მოთქვამდნენ. ზუსტად ასევე მოდიოდნენ და ემშვიდობებოდნენ მეფის ძენი, თავადებისა და აზნაურების თანხლებით, ხოლო მეფის ასულნი კი – თავადთა და აზნაურთა ცოლების და ასულებისა.

გამომშვიდობების წესის დასრულების შემდეგ, თელავის ეკლესიებში გაისმა ზარების რეკვა, მოისმა ქვემეხების გასროლებიც, და ქართლისა და კახეთის თავადებმა გამოასვენეს კუბო, დაასვენეს ის კატაფალკზე, კუბოს გვერდებზე ორი სამეფო დროშა დაამაგრეს და პროცესია მცხეთისკენ მიმავალ გზაზე დაიძრა.

მცხეთაში საქართველოს პატივცემული მეფის ცხედარს სამგლოვიაროდ შემოსილი იქაური სამღვდელოება დახვდა და ეკლესიაში დაასვენა.

მცხეთის ტაძარი შიგნიდან შავი ქსოვილით იყო შემოვლებული, რომელსაც გუმბათის ნაწილში წითელი ჯვარი ჰქონდა, რაც ახალი მეფის სახით ხალხისთვის ნუგეშს აღნიშნავდა.

“გარდაცვლილის დაკრძალვისას, – ამბობს ვახუშტი, – შესანდობარი და საეკლესიო სამსახური მისთვის ორმოც დღეს გრძელდებოდა. მთელი სამეფო კარი და სხვა ჩინოსნები სულ მცირეოდენი გართობებისგანაც კი ერთი წლით თავს იკავებდნენ, წვერებს უშვებდნენ, და ბევრი ამ დროის განმავლობაში ხორციან საჭმელსაც კი არ ღებულობდა («Исторiя» Вахушта. См. также «Кавказъ» 1849 г., № 6, стр. 24).

მეფის ძენი და ასულნი ერეკლეს სხეულს თვით მცხეთამდეც კი მიაცილებდნენ. თელავში მხოლოდ გარდაცვლილის მეუღლე, დარეჯან დედოფალი დარჩა, თავის თანამოაზრეებთან ერთად, თავისი ძალაუფლების მოყვარული ჩანაფიქრების აღსრულებაში მოსაყვანად.

ერეკლე II-ის მეფობის 52 წელი გავიდა. მოხუცებულმა გვირგვინოსანმა თავისი დღეები სიკვდილის სარეცელზე დაასრულა, ხალხის კვნესაში, რომელიც თავისი სახლების ნანგრევებზე, “თავისი შვილების, ცოლების, ქმრებისა და მამების გვამებზე” ტიროდა. 

ერეკლე II მაშინ მოკვდა, როცა საქართველო აღა-მაჰმად-ხანის უკანასკნელი შემოსევისგან და სამეფო ოჯახში დაწყებული უთანხმოებებისგან კვნესოდა. ქვეყანა ძალზედ საჭიროებდა იმას, რომ მის სათავეში მდგარიყო ენერგიული ადამიანი, ისეთივე ძლიერი ხასიათისა, როგორიც საქართველოს გარდაცვლილ მეფეს ჰქონდა.

თავიანთი სამშობლოსთვის სარგებლის მოსურნე ადამიანები მეფის სიკვდილში ახალ სასჯელს ხედავდნენ, რომელიც ხალხს თავზე დაატყდა, და უთანხმოებებსა და ქვეყნის დაღუპვას წინასწარმეტყველებდნენ (и предусматривали раздоры и гибель для края). ისინი კი, რომლებიც სამშობლოს სარგებელს საკუთარ სარგებელს ამჯობინებდნენ, ამ მოვლენას სიხარულით შეხვდნენ, და არეულობებსა და უთანხმოებებში თავიანთთვის ნადავლის შოვნას იმედოვნებდნენ.

ერეკლემ შვიდი ვაჟიშვილი დატოვა, რომელთაგან უფროსი, გიორგი, თავისი პირველი მეუღლისგან ჰყავდა. უძველესი დროიდან საქართველოში არსებობდა წეს-ჩვეულება, რომ ტახტი მემკვიდრეობით უფროსი ვაჟიშვილისთვის დაეტოვებინათ, თუმცა კი არანაირი კანონმდებლობა ამის თაობაზე არ ყოფილა. იყო მაგალითები, თუმცა კი ძალზედ იშვიათად, რომ, გარემოებათა გამო, მმართველობას მეფის ძმები ღებულობდნენ, მაგრამ მდედრობითი სქესიდან კი არავის არ უმეფია საქართველოში, სახელგანთქმული დედოფლის თამარისა და მისი ქალიშვილის რუსუდანის გარდა.

დარეჯან დედოფალი, ერეკლეს მეორე ცოლი, რომელსაც უზარმაზარი სანათესაო ჰყავდა* (*რომელიც მამრობითი და მდედრობითი სქესის 42 ადამიანისგან შედგებოდა), ცდილობდა, რომ ტახტი მის შვილებთან გადასულიყო, და არა მისი გერის გიორგის სახლში.

თავისი მოხუცებული მეუღლის მეფობის უკანასკნელ წლებში, მისი ავადმყოფობის გამო, სახელმწიფოს დარეჯან დედოფალი მართავდა. ვერ ბედავდა რა ერთბაშად შეეცვალა ტახტის მემკვიდრეობის შესახებ წესები და დადგენილებანი, მან მაინც მოახერხა შეეკრიბა საბჭო თავის მომხრე პირთაგან, რომლებმაც მიიღეს კიდეც დადგენილება, რომ გიორგის სიკვდილის შემდეგ საქართველოს ტახტი გიორგის შვილებზე კი არ გადასულიყო, არამედ მის ძმებზე, გვარში უფროსობის მიხედვით.

საქართველოს მოხუცებულ და სნეულ მეფეს, რომელიც ქვეშევრდომთა უბედურებასა და კვნესა-ვაებას ხედავდა, ნუგეში საკუთარ ოჯახშიც კი არ ჰქონია, რომელმაც მას ცხოვრების უკანასკნელი დღეების მშვიდად დასრულების საშუალებაც არ მისცა. დარეჯან დედოფლის მიერ შედგენილი აქტი ტახტზე მემკვიდრეობის შესახებ დასამტკიცებლად ერეკლესთვის იქნა მირთმეული, და მან თავისი ნების წინააღმდეგ, როგორც ვაჟისადმი მიწერილ წერილში თავად აღიარა, მას თავისი ბეჭედი დაუსვა (Письмо отъ 28-го мая 1794 года).

“დამადასტურებელია წერილი, – წერდა ერეკლე თავის ძეს გიორგის (Константиновъ, ч. II, стр. 185 /рукоп./. Арх. Глав. Шт. въ С.-Петербурге), – რომელიც ჩვენ შენს ძმებს მივეცით, მართალია, იყო ისე, რომ მაიძულეს მასზე ჩემი ბეჭედი დამესვა. თუმცა კი ჩემი ნებართვის გარეშე იყო ის დაწერილი: და ამიტომ ის წერილი ნამდვილი არ არის და სულაც არაფერია. დამიჯერე მე და გჯეროდეს ღმერთის, ვფიცავ ჩემს მშობელს თეიმურაზს, რომ მე იმ წერლის თანახმა არა ვარ. როცა ეს სამხედრო ექსპედიცია ჩაივლის და დასრულდება (აღა-მაჰმად-ხანის შემოსევა), მაშინ, როგორც საქმე სამართლიანადაა, მეც მას ზუსტად ისე აღვასრულებ. ამაში გარწმუნებთ თქვენ ღვთის სახელით, რომ არავისი მიზეზისა და ხრიკების გამო იმ სამართალს არ დავარღვევ, ხოლო ძმებისთვის მიცემულ უწინდელ წერილს კი მოვსპობ.

დამიჯერე, არანაირი მიზეზის გამო მე არ გადავაბიჯებ არც შენს უფლებებს, და არც შენი ძმებისა, და ვინც უსამართლოდ მოქცევას მოინდომებს, დამიჯერე, რომ მე მისი თანახმა არ ვიქნები”.

აღა-მაჰმად-ხანის საქართველოში შემოსევამ, შემდეგ კი ავადმყოფობამ და სწრაფმა სიკვდილმა ხელი შეუშალეს ერეკლეს, რომ თავისი დაპირება აღესრულებინა და ტახტზე მემკვიდრეობის წინა აქტი არანამდვილად გამოეცხადებინა.

თუმცა კი ერეკლე, თავისი საქციელის გამო, თავისი უფროსი ვაჟის წინაშე თავს იმართლებდა, მაგრამ გიორგი გულნატკენი იყო, და ძმებს შორის განხეთქილების თესლიც დედინაცვლის მიერ უკვე ჩაგდებული.

ერეკლე გარდაიცვალა. ყველა მის გვამს, ჯერ კიდევ დაუკრძალავს დასტიროდა, და იქვე ერთი-მეორის წინააღმდეგ ხრიკებს ხლართავდნენ. დარეჯან დედოფალი, დაივიწყა რა ქმრის შესახებ, ფიქრობდა ან საერთოდ ჩამოეცილებინა გიორგი სამეფოს მმართველობისგან, და ის საკუთარ ხელში ჩაეგდო, რათა შემდეგ მემკვიდრეობა თავისი უფროსი ძის იულონისთვის გადაეცა, ან კიდევ, უკიდურეს შემთხვევაში, უმაღლესი ხელისუფლება გიორგისთან ერთად გაენაწილებინა.

გიორგი მოწიფულობის ასაკზე უფრო მეტი ხნისა გახლდათ, ახალგაზრდობაში გმირული მამაცობით გამოირჩეოდა, განსაკუთრებით ერევანთან, სადაც, მეთაურობდა რა ჯარებს, მამას დიდებული გამარჯვების მოპოვებაში მიეხმარა; მაგრამ სხვა თვისებები მასში არ ჩანდა, და ისიც, გეგონებოდათ, სასულიერო წოდებისთვის უფრო მეტად ემზადებოდა, ვიდრე მეფობისთვის. უმაღლესი ხარისხით ღვთისმოსაობა, საერო საქმეებისადმი გულგრილობა მას დიდი ხანია უკვე სხვებისგან განასხვავებდა. სასულიერო წოდება მას დიდად აფასებდა, და ეს მოპირდაპირე პარტიაში შეშფოთებას თესდა, რომ გიორგის მომაკვდავზე სასულიერო წოდების გავლენით, ტახტზე მემკვიდრეობის აქტის მოსპობისთვის, არ ესარგებლა. ამიტომ, ჯერ კიდევ ერეკლეს სიცოცხლეში გადაწყვიტეს, რომ რაიმე შესაფერისი საბაბით გიორგი თელავიდან გაესტუმრებინათ.

ტფილისმა, აღა-მაჰმად-ხანის მიერ აოხრებისა და ქალაქში არსებული შავი ჭირის შემდეგ, შემთხვევა მისცა გორგის მოწინააღმდეგეებს, რათა ესარგებლათ და მეფისთვის ჩაეგონებინათ, რომ ტფილისი ზედამხედველობას საჭიროებს და ამ დავალების შესრულება კი გიორგიზე უკეთ არავის შეუძლიაო. ერეკლემ თავის ძეს მოუხმო და საქართველოს დედაქალაქში გაგზავნა.

მეფის ძე თავისი განშორების მიზეზს მიუხვდა, მაგრამ მამის ბრძანებებს უპირობოდ დაემორჩილა. მან ითხოვა მხოლოდ მისთვის თანაშემწეები მიეცათ, რომელთა გარეშეც მარტოს არაფრის გაკეთება არ ძალუძდა. მან თავისთან უმეტეს წილად ისეთი პირები დანიშნა, ვინც მისი მომხრენი იყვნენ* (*მისი მომხრეები იყვნენ: თავადი იოანე ორბელიანი, ელეაზარ ფალავანდიშვილი, ალექსანდრე მაყაშვილი, მღვდელმსახური ელევთერ ზურაბიშვილი), და, საკუთარი თავისგან ყოველგვარი ეჭვის ასაცილებლად, ასევე ისინიც შეარჩია, რომელთა შესახებაც იცოდა, რომ ისინი მოპირდაპირე პარტიას მიეკუთვნებოდნენ* (*როგორებიც იყვნენ: თავადი იოანე ბაგრატიონი, თავადი ბებუთაშვილი ტფილისის მელიქი და სხვები).

მოწინააღმდეგენი ნაწილობრივ ამოიცნობდნენ გიორგის ჩანაფიქრებს, მაგრამ თელავიდან მის უსწრაფეს მოშორებას უპირველესი მნიშვნელობის საქმედ თვლიდნენ და ამიტომ მის არჩევანს არ ეწინააღმდეგებოდნენ («Кавказъ» 1846 г., № 33).

ბატონიშვილი ამალით ტფილისში მოვიდა, რომელიც იმ ხანებში ქვების, ფერფლისა და დამწვარი გვამების გროვას წარმოადგენდა და ვრცელი საფლავისა და ნახანძრალის მდუმარებას მხოლოდ შავი ჭირისა და შიმშილისგან მომაკვდავთა კვნესა არღვევდა. გიორგი ქალაქის იმ ნაწილში გაჩერდა, რომელსაც ავლაბარი ეწოდება. მან მდინარე მტკვრის მეორე ნაპირთან შეტყობინების მოსაწყობად ნავების აგება ბრძანა, იმიტომ რომ ხიდი სპარსელების მიერ იყო დამწვარი. სამუშაოები საკმარისად წარმატებით წავიდა. ქალაქი ცოტ-ცოტად აშენებას იწყებდა და რაღაცნაირ სახეს მაინც ღებულობდა.

რჩებოდა რა თავად ტფილისში, გიორგიმ თავისი ვაჟიშვილი დავითი გაგზავნა, რათა ყაზახის, შამშადილუსა და ბორჩალოს ტომები უწინდელ ადგილებში დაებრუნებინა და დაესახლებინა. ეს ტომები, სპარსელთა შემოსევამდე, იმ მიწებზე ცხოვრობდნენ, რომლებიც გიორგის, როგორც ტახტის მემკვიდრეს ეკუთვნოდა. დავით ბატონიშვილს თავიანთ სახლებში უნდა დაებრუნებინათ კახელები, რომლებიც ტფილისის მახლობლად ცხოვრობდნენ, ისევე როგორც ყველანი, რომლებმაც არაგვის პირას თავიანთი სოფლები დატოვეს და ზამთრისთვის არანაირი მარაგები აღარ ჰქონდათ.

შიმშილმა, რომელიც მცხოვრებთ ემუქრებოდა, აიძულა გიორგი პურის ჩამოტანაზე ეზრუნა, რომელიც ყარსის საფაშოდან მოდიოდა («Кавказъ» 1850 г., № 101, стр. 405), ხოლო სასიცოცხლოდ აუცილებელი მარაგები კი ქართლში და კახეთის იმ ნაწილში გროვდებოდა, რომლებმაც ან მცირედ განიცადეს მოწინააღმდეგის შემოსევა, ან კიდევ სულ არ განუცდიათ.

თუმცა კი ტფილისში გიორგიმ მეტად მცირე ხანს დაჰყო. ის იქიდან სოფელ სალა-ოღლისკენ, ყაზახელ აღალარებთან გაემართა.

აღალარებმა და მცხოვრებლებმა, რომლებსაც ბატონიშვილის სიმამაცე ახსოვდათ და პატივს სცემდნენ, იგი გულთბილად მიიღეს, ხოლო გიორგი კი ყველა საშუალებით მისდამი მათი კეთილგანწყობის შენარჩუნებას ცდილობდა. გიორგისადმი ერთგული ადამიანები, რომლებიც თელავში დარჩნენ, მას სასახლის კარზე ყველა უმცირესი მოვლენისა და შემთხვევის შესახებაც კი ცნობებს აწვდიდნენ, და მეფის ძის შიკრიკებიც, სხვადასხვა შესაფერისი საბაბით, წუთი-წუთზე თელავში და უკან ცხენებს დააჭენებდნენ. ერთერთმა შიკრიკმა ერეკლეს გარდაცვალების შესახებ ცნობა მოიტანა. გიორგიმ ბრძანა მისთვის ჯვარი და წმინდა სახარება მოერთმიათ და მასთან ერთად ჩამოსული დიდგვაროვნები და მოხელენიც მოეწვიათ. ისინი გამოცხადდნენ. გაუბედაობა და გაურკვევლობა ასახულიყო მათ სახეებზე. შეკრებილთა ვრცელ წრეს გარშემო შეიარაღებული აღალარების ბრბო ერტყა.

– მშობელი ჩემი, – დაიწყო ლაპარაკი ბატონიშვილმა, – ღვთის ნებით გარდაიცვალა. მე ვარ მისი უფროსი ძე – ტახტის მენაცვალე (преемникъ престола). ვისაც სურს, დაე შემომფიცოს მე ერთგულება, ვისაც არა სურს – არჩევანში თავისუფალია.

გიორგის მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთს შეხედეს, თავიანთ ირგვლივ მდგარი აღალარების ბრბოსაც შეხედეს, და თავადი იოანე ბაგრატიონ-მუხრანელი პირველი მივიდა ჯვართან. მის შემდეგ სხვებიც მივიდნენ.

– იდღეგრძელოს მეფე გიორგიმ! გაისმა შეკრებილთა ხმები.

და ყველა იქ დამსწრის მიერ ფიცის დადება ერთსულოვნად იქნა აღსრულებული. ბორჩალოელებმაც ასევე მალე და შრომის გარეშე შეჰფიცეს გიორგის. პირველ ხანებშივე იგი ფიქრობდა თავისი ძმის ალექსანდრე ბატონიშვილის ხელში ჩაგდებას, რომელიც ერეკლეს სიცოცხლის ბოლო დღეებში სრულებით გამოვიდა მეფის მორჩილებიდან და ხმებს ავრცელებდა, რომ ტფილისს დაიკავებდა და ქართლის მეფედ შეიქნებოდა. 

ალექსანდრემ მოასწრო დუშეთში წასულიყო, ხოლო გიორგი კი გორში ჩავიდა და თავადები და ხალხი იქ დააფიცა. ამასობაში მეფის სხვა ძენი და ასულები, ერეკლეს შვილები, ალექსანდრეს გამოკლებით, დარეჯან დედოფალთან თელავში შეიკრიბნენ, 

სალა-ოღლიში გიორგისადმი მიცემული ფიცი ყველასთვის ცნობილი იყო. დედოფლის ძლიერმა პარტიამ არ იცოდა რა ექნა და დროს ურთიერთ შორის თათბირებსა და ბჭობაში ადარებდა. აღიარეს რა თავიანთი საქმე და ვარაუდი საბოლოოდ წაგებულად, ქვრივი დედოფლის თანამზრახველნი იმის შესახებ ფიქრობდნენ, ხომ არ შეიძლებოდა დაკარგული საქმიდან თუნდაც რაიმენაირი სარგებელი გამოეტანათ.

დარეჯან დედოფლისა და მის მიმდევართა განკარგულებით, სასახლის წინ მოედანზე სახელმწიფოს ყველა დიდგვაროვანი, დიდმოხელე და ყველაზე უფრო პატივცემული სასულიერო წოდება შეიკრიბა. ერეკლეს მდივანი, თავადი სულხან თუმანიშვილი, ამხანაგებთან ერთად, შეკრებილებთან გამოვიდა.

– მთავარეპისკოპოსნო, ეპისკოპოსნო და თავადნო! ამბობდა ის. – ჩვენ თქვენთან დედოფლისა და უწმინდესი კათოლიკოსის მიერ ვართ გამოგზავნილნი, რათა გამოგიცხადოთ, რომ ისინი თანახმა არიან მისი უმაღლესობა ბატონიშვილი გიორგი საქართველოს მეფედ აღიარონ, მაგრამ რადგანაც დარეჯან დედოფალი ღვთის წყალობით ჯანმრთელადაა, ამიტომ დედოფლის ტიტული მთელი უფლებებით მას უნდა ეკუთვნოდეს, ხოლო გიორგის მეუღლე კი დაე მეფის რძლად იწოდებოდეს. სასულიერო პირნო და თავადნო, თანახმა ხართ თუ არა ეს წინადადება დაამტკიცოთ?

ყველა დუმდა.

– როგორი პასუხის მიტანას გვიბრძანებთ ჩვენი წარმომგზავნელებისთვის? 

უწინდებურად დუმილი იდგა.

– მაინც როგორი პასუხის მიტანას გვიბრძანებთ ჩვენი წარმომგზავნელებისთვის? კიდევ ერთხელ გაიმეორა თავადმა თუმანიშვილმა.

შეკრებილთაგან შუა ადგილას გამოვიდა ხარჭაშნელი მთავარეპისკოპოსი (თავად ჩოლოყაშვილთა საგვარეულოდან), რომელიც უწინ გიორგი ბატონიშვილის კარზე მღვდელმსახური გახლდათ.

– მე უკანასკნელი ვარ თქვენს შორის, და პირველი მე არ უნდა ვლაპარაკობდე, – დაიწყო მან, მიმართავდა რა ხალხს, – მაგრამ ყველა დუმს, და ამიტომ მე გავცემ პასუხს კრების სახელით. მითხარით, როგორ უწოდებენ აქაური გზირის ცოლს?

– გზირის ცოლს (гзиршей), უპასუხა რამდენიმე ხმამ.

– და როგორ გინდათ თქვენ ამის შემდეგ, რომ მეფის ცოლს დედოფალი არ ეწოდებოდეს? 

ბევრმა გაიღიმა, მაგრამ არავის არაფერი უთქვამს.

– ჩვენ ამ პასუხს დარეჯან დედოფალსა და წმინდა კათოლიკოსს გადავცემთ, თქვა თავადმა თუმანიშვილმა და წავიდა.

მთელი ეს შემთხვევა გიორგის მისმა მომხრეებმა დაწვრილებით აცნობეს, რომლებიც ყველა სიტყვას ისმენდნენ.

“სასულიერო წოდებამ, დიდგვაროვნებმა და დიდმოხელეებმა, თითოეულმა გიორგისთან და დარეჯანთან ცალცალკე გამოცხადება დაიწყეს, და ორივე მხარეს თავიანთ ურყევ ერთგულებაში არწმუნებდნენ”.

დარეჯან დედოფალმა, ხედავდა რა, რომ საქმეები მისთვის არცთუ სასურველად იწყებენ შემობრუნებას, გადაწყვიტა შვილებთან ერთად გიორგი საქართველოს მეფედ ეღიარებინა. დედამ, ვაჟიშვილებთან ერთად, თავის გერს დამტკიცების ფურცელი გაუგზავნა, რომელიც ყველა მეფის ძის მიერ იყო ხელმოწერილი და მათივე ბეჭდებით დადასტურებული, და გიორგის მეფის დასაფლავებაზე იწვევდა. მეფის ძენი ითხოვდნენ, რომ დარეჯან დედოფლის სახელი ეკლესიაში მეფის წინ ყოფილიყო მოხსენიებული. გიორგი პასუხობდა, რომ თელავში ჩამოსვლის შემდეგ ყველაფრით დააკმაყოფილებდა დედოფალს, მხოლოდ ხალხის წეს-ჩვეულებათა თანახმად. ამასთან მათ უთმობდა მამის დაკრძალვის თაობაზე განკარგულებების გაცემას, რადგანაც თავად იგი ხელისუფლების განმტკიცებით იყო დაკავებული.

მიიღო რა მხარდაჭრა ყაზახში, ბორჩალოსა და გორში, ტახტის მემკვიდრე თელავში ჩასვლას არ ჩქარობდა. ის უწინდებურად სალა-ოღლიში ცხოვრობდა და მისი მოწინააღმდეგე პარტიის მოქმედებებს ელოდებოდა.

ბატონიშვილი თელავში მხოლოდ მაშინ ჩამოვიდა, როცა დაკრძალვის წესი უკვე აღსრულებული იყო და ერეკლეს სხეულს მცხეთისკენ მიმავალ გზაზე მიასვენებდნენ. 

თელავში მან მხოლოდ დარეჯან დედოფალი, ვახტანგ ბატონიშვილი და საქართველოს კათოლიკოსი, ბატონიშვილი ანტონი ნახა; ყველა დანარჩენი ნათესავი და ბატონიშვილი ერეკლეს სხეულს მცხეთისკენ მიასვენებდა.

გიორგი დარეჯანთან გამოცხადდა და, წეს-ჩვეულების მიხედვით, მასთან ერთად მათ საერთო დანაკარგს გლოვობდა.

დედინაცვალსა და გერს შორის სხვადასხვა მოლაპარაკებები დაიწყო; ბოლოს უკანასკნელმა ბრძანა დარეჯან დედოფლისთვის ეთქვათ, რომ მას არა აქვს განზრახული მისი მოახლეების მეშვეობით მეფობდეს და ტახტს პირმშოობის უფლებით და შეუზღუდავად მიიღებს.

მსუქანი აგებულებისა და ავადმყოფური სახის მქონე გიორგის ფიცხი, მაგრამ კეთილი ხასიათი ჰქონდა (Артемiй Араратскiй, ч. II, стр. 20).

მოუხმო რა თავისთან გორის მთავარეპისკოპოსს, მეფემ უბრძანა მას სრული შესამოსლით შემოსილიყო, ჯვრითა და სახარებით; შემდეგ სახელმწიფოს ყველა უმნიშვნელოვანეს დიდგვაროვანსა და დიდმოხელეს თავისთან მოწოდება დაუწყო, რომელნიც, ვერ ბედავდნენ რა უარის თქმას, იკრიბებოდნენ.

ზოგიერთი მზად იყო ფიცი მიეცა, მაგრამ მათი უმეტესი ნაწილი დარეჯან დედოფლის პარტიას მიეკუთვნებოდა და სამეფოს მმართველობის მის ხელში გადაცემა სურდა. 

“გიორგის ამ დრომდე ავადმყოფური სახე, – ამბობს მემატიანე, – რომელიც მორჩილებასა და სიმშვიდეს (თვინიერებას) გამოხატავდა, უეცრად ვაჟკაცობით, უდრეკი ნებითა და მეფური დიდებულებით გაბრწყინდა”.

“მშობელი მამის წინაშე ღალატსა და უპატივცემულობაში ცილდაწამებულმა გიორგიმ ძლივს-ძლივობით შეძლო თავის გამართლება, და იმ დროიდან, ხედავდა რა თავის მოწინააღმდეგეთა მზაკვრობასა და ჩანაფიქრებს – რომ ის ტახტისგან ჩამოეშორებინათ, – საერო საქმეებისადმი გულგრილობის ნიღაბი გაიკეთა, მხოლოდ ღვთისმოსაობას მისცა თავი, და თავისი მოწინააღმდეგე პარტია სრულებით მოატყუა და დაამშვიდა. მაგრამ ძალაუფლების სიყვარულისა და შურისძიების გრძნობა საკუთარ თავში რაც უფრო ღრმად უნდა დაემალა, ეს ბრძოლა მით უფრო საშინელი ხდებოდა, და ძლიერი ხასიათი იყო საჭირო, რათა როლისთვის ბოლომდე გაეძლო”.

(«Оклеветанный передъ царёмъ-родителемъ въ измене и неуваженiи, Георгiй едва могъ оправдаться, и съ техъ поръ, видя коварство и замыслы противниковъ своихъ – отстранить его отъ престола, – наделъ личину равнодушiя къ деламъ мiрскимъ, предался одной набожности и совершенно обманулъ, успокоилъ противную себе партiю. Но чемъ глубже долженъ былъ онъ затаiвать въ себе чувствованiя властолюбiя, мести, темъ ужаснее становилась борьба эта, и нуженъ былъ сильный характеръ, чтобы выдержать роль до конца».)

კახეთის თავადები, აზნაურები, სასულიერო წოდება და ხალხი თელავის სასახლეში შეიკრიბა. შეიტყო რა მათი სურვილების უთანხმოების შესახებ, გიორგი შეკრებილებთან გამოვიდა (Рукопись Буткова въ Импер. Академiи Наукъ).

“მეფის დიდებული პირისახე მრისხანედ იყო გაბრწყინებული; მისი სახის ნაკვთები სულის სიმშვიდეს, გაბედულებასა და ქედუხრელობას გამოხატავდა. მეფემ ბრძანა ყველანი სასახლის დარბაზში შეედენათ (гнать всехъ въ дворцовую залу), წინააღმდეგობის გამწევთ კი თვალების დათხრით დამუქრებოდნენ, და დარბაზის კარებშიც ყარაყული დააყენა”.

– ჩემი მშობელი გარდაიცვალა, – თქვა გიორგიმ, – მე, მისი უფროსი ძე, ვღებულობ მეფობას. აი ჯვარი და სახარება. ვისაც სურს – შემომფიცოს, ვისაც არა სურს – დაე აქედან წავიდეს.

გასასვლელი არსად იყო.

– გაუმარჯოს მეფე გიორგის! გაისმა იქ მყოფთა შეძახილები, და ფიცი ყველამ მიიღო. 

მეორე დღეს, ტაძარში, გიორგი ბატონიშვილი, გიორგი XII-ის სახელით, საქართველოს მეფედ იქნა გამოცხადებული.

მეფობათშორისის ამ შუალედში ეკლესიებში ლიტურგია არ აღესრულებოდა, იმიტომ რომ სასულიერო წოდებამ არ იცოდა, ვინ მოეხსენიებინა. მსახურების შეწყვეტით ხალხი უკმაყოფილო იყო. ჰყვებიან, რომ მაშინ თელავის ეკლესიის კანდელაკმა დავით ჰერეთელმა (?) (ключарь… Давидъ Герадинскiй) ითავა წირვის დაყენება. ხალხის დიდი სირავლე შეიკრიბა, მით უმეტეს, რომ ყველას უნდოდა გაეგო, თუ კანდელაკი ვის მოიხსენიებდა. მოხერხებულმა კანდელაკმა შეძლო იმ ძნელი მდგომარეობისთვის, რომელშიც იმყოფებოდა, გვერდი აევლო:

– მოიხსენოს უფალმა ღმერთმა სასუფეველსა თვისსა ის, ვინც ჩვენი მეფე იქნება, გამოაცხადა მან.

ხალხმა ისე დატოვა ეკლესია, რომ თავისი ხელმწიფის სახელი ვერ შეიტყო.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ყველა ინტრიგიდან გამარჯვებული გამოვიდა, იგი იძულებული იყო ბატონიშვილებისა და დედინაცვლის მოთხოვნას დათანხმებოდა და ხელი მოეწერა ერეკლეს ანდერძისთვის იმის შესახებ, რომ მისი სიკვდილის შემდეგ საქართველოს ტახტი გადასულიყო არა მის ძეზე, არამედ მის ძმაზე იულონ ბატონიშვილზე, ხოლო შემდეგ კი მის სხვა ძმებზე საგვარეულოში უფროსობის მიხედვით. ყველას მიერ ხელმოწერილი აქტი შესანახად დარეჯან დედოფალს გადაეცა (Донесенiе Кнорринга Государю Императору отъ 28-го iюля 1801 г. Письмо Лазарева Кноррингу 8-го марта 1801 г. Тифлисскiй Арх. Канц. Намест. Письмо царевича Мирiана Государю Императору 10-го марта 1798 г. Московскiй Арх. Мин. Иностр. Делъ). გიორგი დაპირდა მის სახელზე დაეტოვებინა ყველა ის მამული, რომლებსაც იგი ამ დრომდე ფლობდა, და რომლებიც ახლა, წეს-ჩვეულებათა მიხედვით, ახალი დედოფლის – მარიამის ხელში უნდა გადასულიყო.

დარეჯანი გიორგის შეურიგდა და, თავისი კეთილგანწყობის ნიშნად, მას სამემკვიდრეო ნივთები და შემკული საგვარეულო ხატები გაუგზავნა. გიორგი მეფემ თავისთვის მხოლოდ ხატები დაიტოვა, ნივთები კი ქვრივ დედოფალს დაუბრუნა, რამაც საბოლოოდ აღადგინა თანხმობა, თუმცა კი არცთუ დიდი დროით.

ამრიგად, გიორგი ტახტზე დიდი მსხვერპლის გაღებითა და სამეფო ძალაუფლების შეზღუდვებით დამკვიდრდა. აზიური პოლიტიკა და წესები, რომლებიც იძლეოდნენ იმის ნებას, რომ ისევე ადვილად არ შეესრულებინათ თავიანთი დაფიცებანი, როგორც ისინი წარმოეთქვათ, იყო იმის მიზეზი, რომ გიორგი თავისი უფლებებისა და ძალაუფლების შეზღუდვაზე ადვილად და მალევე დაეთანხმა. ხოლო როდესაც ის ტახტზე დაემკვიდრა, მაშინ, სურდა რა დაკარგულის დაბრუნება, თავისთან 4.000 ლეკს მოუწოდა, და მათზე დაყრდნობით, თავისი ფიცისა და დაპირებათა დარღვევა დაიწყო. 

ძმები და დედინაცვალი თავ-თავიანთ მამულებში გაემგზავრნენ, და არ ჰქონდათ რა ძალისთვის წინააღმდეგობის გაწევის საშუალებანი, თითქოს და, დამშვიდდნენ. საქართველოში გარეგნულად სიმშვიდემ დაისადგურა.

თუმცა კი სამეფო გვარის პირები ამაო მაყურებლებად არ დარჩენილან. წავიდ-წამოვიდნენ რა თავიანთ მამულებში, ისინი თავიანთთვის მომხრეთა პარტიებს იკრებდნენ, უთანხმოებებს თესდნენ და მეფის ბრძანებებს ხშირად ყურსაც არ უგდებდნენ. ძმებს შორის შეუპოვარი მტრობა გამოვლინდა, ხოლო თავადაზნაურობასა და ხალხს შორის კი უთანხმოებები წარმოიშვა...

სურდა რა თავის ძმას ბატონიშვილ ალექსანდრეს შერიგებოდა, გიორგიმ ამაში დახმარება დარეჯან დედოფალს სთხოვა. დარეჯანი მეფეს თხოვნის შესრულებას დაპირდა. დედის თხოვნით, ალექსანდრე ბატონიშვილი მასთან მოვიდა და განუცხადა, რომ გიორგისთან შერიგება არ სურს, ვინაიდან იცის, რომ ტახტზე მემკვიდრეობასთან მიმართებაში იგი მშობლის ანდერძს არ აღასრულებს.

ალექსანდრე ბორჩალოში წავიდა. გიორგიმ თავისი ძე, იოანე ბატონიშვილი, ალექსანდრესთვის გზის მოსაჭრელად გაგზავნა; მაგრამ იგი, შეიტყო რა დევნისა და გიორგის განზრახვების შესახებ, ახალციხეში, ხოლო იქიდან კი იმერეთში გაემგზავრა. მაშინ გიორგიმ მის წინააღმდეგ ცუდ განზრახვებში დარეჯან დედოფალზე ეჭვი მიიტანა, მას სოფლები ჩამოართვა და მათი შემოსავლები თავისი მეუღლის სასარგებლოდ მიმართა, ასევე ალექსანდრე ბატონიშვილსაც ჩამოართვა მამულები და ამის კვალდაკვალ ძმების შევიწროვება დაიწყო.

ეშინოდა რა სპარსელთა ახალი შემოსევისა და არ ჰქონდა რა იმედი ამ შემთხვევაში, თავისი მამის მსგავსად, რუსეთის დახმარების, გიორგიმ გადაწყვიტა პორტას მფარველობაში შესულიყო. თავადი ასლან ორბელიანი, რომელიც მეფის სიმამრის, თავად ციციშვილის ქალიშვილზე იყო დაქორწინებული, ამის თაობაზე ფორმალური თხოვნით, სულთანთან იქნა გაგზავნილი (*ზოგიერთი პირის ჩვენებით, თავადი თარხნიშვილი იყო გაგზავნილი). ჩავიდა რა ახალციხეში, თავადმა ორბელიანმა ფაშას იმ დავალების შესახებ გამოუცხადა, რომელიც მეფისგან სულთანთან გააჩნდა. ფაშამ დაუყოვნებლივ შიკრიკი გაგზავნა, რათა თავად ორბელიანისთვის კონსტანტინოპოლში გამგზავრების ნებართვა ეთხოვა. ხოლო პასუხის მოლოდინში კი მეფისგან წარგზავნილი ახალციხეში იმყოფებოდა. ამ დროს რუსეთიდან ტფილისში მეფის ძე დავითი ჩამოვიდა, რომელიც იქ ჯერ კიდევ ერეკლეს სიცოცხლეში იყო გაგზავნილი რუსულ სამსახურში. მან მეფეს იმპერატორ პავლეს საქართველოს მიმართ მოწყალე განწყობის შესახებ შეატყობინა. მაშინ გიორგიმ საიდუმლოდ გაგზავნა შიკრიკი თავად ორბელიანთან ბრძანებით სულთნისადმი მისი თხოვნა უკან დაებრუნებინა, მეფის განზრახვის შეცვლის შესახებ ფაშისთვის გამოეცხადებინა და ტფილისში დაბრუნებულიყო. ორბელიანმა აღასრულა გიორგის ნება და საქართველოში დაბრუნდა* (*გარდაცვლილი დ. ხ. ბუხნერი, რომელიც საქართველოს რუსეთისადმი შემოერთების ისტორიაში მასალებს აგროვებდა, რომელთა უმეტესი ნაწილითაც ჩვენ ვსარგებლობდით, ამბობს: “გიორგი მეფეს რომ თურქეთის მფარველობის ქვეშ შესვლა ჰქონდა განზრახული – ეს ეჭვს არ ექვემდებარება. ეს მე ბევრი ძველი ტფილისელისგან მომისმენია, ამასთან მეფის განზრახვების შეცვლას არა იმდენად დავით ბატონიშვილის გავლენას მიაწერენ, რამდენადაც მეფის სულიერ მოძღვარს, რომლის მეშვეობითაც სასულიერო წოდება მოქმედებდა, რომელსაც უფრო მეტად ერთმორწმუნე დერჟავისადმი ქვეშევრდომობა სურდა, ვიდრე მუსლიმანურისა. გარდა ამისა, საკომენდანტო მმართველობის გეორგიევსკის არქივში, მიმოფანტულ და ნახევრად შეჭმულ ქაღალდებს შორის, ვპოულობთ იმ დროს ტფილისში მყოფი პორუჩიკ შენშინის 1798 წლის 16 ოქტომბრის წერილს კავსასიის ხაზის სარდლის გენერალ მარკოვის სახელზე, /სადაც ვკითხულობთ/ რომ საქართველოს მეფემ წარგზავნილი მიავლინა თურქეთში იმისთვის, რათა სულთნის მფარველობის ქვეშ იყოს”).

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment