Sunday, June 22, 2014

აკადემიკოსი დუბროვინი 1796 წელს რუსული ჯარების მიერ დარუბანდის აღების შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ III. С-Петербургъ, 1886/ შესაბამისი თავის თარგმანს)

თავი IV

(გრაფ ზუბოვის ყიზლარში მოსვლა. – მოქმედებათა გეგმის შეცვლა. – თავად პ. ა. ზუბოვის წერილი ერეკლე მეფისადმი. – საქართველოს მდგომარეობა. – ლაშქრობისთვის მზადება. – კასპიის კორპუსის დარუბანდისკენ მოძრაობა. – გენერალ-მაიორ საველიევის მოქმედებანი. – დარუბანდისთვის ალყის შემორტყმა. – მეწინავე კოშკის იერიში. – ქალაქის დაკავება.)

დატოვა რა პეტერბურგი მალევე დანიშვნის შემდეგ, გრაფი ვ. ა. ზუბოვი ყიზლარში მხოლოდ 25 მარტს ჩამოვიდა. ძლიერმა ქარბუქმა, რომელმაც მას გზაში მოუსწრო და დღისითა და ღამით მთელ კვირას გრძელდებოდა, მისი მოგზაურობა მნიშვნელოვნად შეანელა, მით უმეტეს, რომ ასტრახანსა და ყიზლარს შორის სტეპში არც ერთი საფოსტო ცხენი აღარ დარჩენილა – ყველა ისინი დაიხოცნენ მანამდე უნახავი ყინვებისა და გაჭიანურებული ქარიშხლების გამო (Всеподданнейшiй рапортъ графа Зубова 25-го марта 1796 года). მგზავრები იძულებულნი იყვნენ სადმე გვერდზე ექირავებინათ ცხენები და ემგზავრათ, როგორც ამბობენ, «на долгихъ».

ასტრახანში თავისი ყოფნის დროს გრაფმა ზუბოვმა მისდამი დაქვემდებარებული კასპიის ზღვის ესკადრის იქ მყოფი გემები დაათვალიერა. მთელი ჩვენი ფლოტილია ამ ზღვაში მაშინ 12 სამხედრო გემისგან შედგებოდა, რომელთაგან ხუთი ასტრახანში იმყოფებოდა* და შვიდი კი სპარსეთის ნაპირებთან** (*ასტრახანთან იმყოფებოდნენ: საბომბარდირო ხომალდი “მოზდოკი”, ფრეგატი “ცარიცინი”, ბრიგანტინა “სლავა” და ტრანსპორტები: “ურალი” და “ვოლგა”. **სპარსეთის ნაპირებთან იმყოფებოდნენ: საბომბარდირო ხომალდი “ყიზლარი”, ფრეგატები “კავკაზი” და “ასტრახანი”, ბრიგანტინა “პობედა”, საგემბანო ბოტი “ორიოლი”, პაკეტბოტები “სოკოლი” და “ლეტუჩი”).

დაავალა რა კასპიის ესკადრის უფროსს, კონტრ-ადმირალ ფიოდოროვს, შეძლებისდაგვარად დიდი რიცხვის სატრანსპორტო გემების აგებისთვის ეზრუნა, გრაფი ზუბოვი ყიზლარში გაემგზავრა, სადაც შეხვდა კიდეც მთავარეპისკოპოს იოსებს, რომელსაც მოპატიჟება გრაფ (თუ თავად – ი. ხ.) პ. ა. ზუბოვისგან მიეღო, რომ მომავალ ექსპედიციაში მის ძმას თან ხლებოდა. ატყობინებდა რა იმის შესახებ, რომ გრაფ ვ. ა. ზუბოვის მიერ დიდი პატივით იქნა მიღებული, იოსები ივანე ლაზარევს წერდა (Въ письме отъ 1-го апреля 1796 г. «Кавказская Старина», стр. 31), რომ მთავარსარდალს მხარის ყველა საჭიროების შესახებ ელაპარაკა. “როგორც მის ძმას, უმატებდა მთავარეპისკოპოსი, ისე თავად მასაც ძლიერად სურთ მის ექსპედიციაში ჩვენი თანხლება, ჩვენი ერის დაიმედებისა და სარგებლისთვის. ჩვენ არ შეგვეძლო უარი გვეთქვა და ჩვენი დაქანცული სხეული დაგვენდო, და როგორც ვფიქრობთ, შესაძლოა, საქმის ბოლოში, ღვთის დახმარებით, იქნება ჩვენი ერის დახმარება ან უზრუნველყოფა”.

იოსები ითხოვდა ნებართვას, რომ რაღაც ხნით ასტრახანში გამგზავრებულიყო და შემდეგ კი რაზმს შეერთებოდა. ასტრახანიდან იგი წერდა (Письмо Iосифа Степану Давыдову 13-го мая 1796 г. «Кавказ. Старина»): “სპარსეთში მყოფ სომხებს სურთ რაც შეიძლება უფრო მალე იხილონ რუსები და თავისუფლებას მიაღწიონ... გრაფს (ვ. ა. ზუბოვს) მე სიტყვით და წერილებით ვურჩევდი: დარუბანდი რომ ნებაყოფლობით ჩააბარონ კიდეც, არ დაეთანხმოს, არამედ ის ძალით აიღოს, და ეს ორი მიზეზის გამო: 1) დაუმტკიცოს სპარსელებს მათი მკვეხარობის ფუჭობა, რომ დარუბანდი არავის მიერ არ შეიძლება აღებულ იქნას; და 2) შიშის ზარი დასცეს სხვა ქალაქებსაც, რათა იცოდნენ, რომ დარუბანდის აღების შემდეგ, ისინი წინააღმდეგობას ვერ შეძლებენ”.

ამასობაში გუდოვიჩი, გრაფ ვ. ა. ზუბოვის მოსვლის მოლოდინში, ექსპედიციაში დანიშნულ ჯარებს ყიზლართან უყრიდა თავს, და მდინარე თერგზე მათი გადაყვანისთვის მცურავ ხიდს აწყობდა. რაზმთან ერთად გაგზავნისთვის შეგროვებული ოცი პონტონი ხიდის ასაგებად საკმარისი ვერ აღმოჩნდა, და გუდოვიჩი იძულებული შეიქნა მათთვის კიდევ რამდენიმე ნავიც დაემატებინა (Письмо Гудовича князю П. А. Зубову 20-го марта 1796 года).

მოქმედი რაზმის შემადგენლობაში უპირატესად დანიშნულ იქნენ კავკასიის ხაზზე მყოფი პოლკები, ხოლო ხაზზე მათი ჩანაცვლებისთვის კი გაგზავნილ იქნა ჯარები დონიდან და ტავრიდიდან, ეკატერინოსლავისა და ვორონეჟის გუბერნიებიდან. თუმცა კი მათი უმეტესი ნაწილი მათი განლაგების ადგილებიდან მხოლოდ გამოვიდა და დანიშნულების ადგილისგან მეტად დაშორებული იყო, მიუხედავად ამისა გუდოვიჩი დაპირდა გრაფ ზუბოვს ყიზლართან ჯარების 10 აპრილისთვის შეკრებას, იმ მიზნით, რომ 12 რიცხვისთვის მათი სალაშქროდ გასვლა შესაძლებელი ყოფილიყო.

გრაფ ზუბოვის გუდოვიჩთან თათბირზე აუცილებლად იქნა მიჩნეული პეტერბურგში შედგენილი საომარ მოქმედებათა გეგმის რამდენადმე შეცვლა, და მთების გავლით საქართველოში კავკასიის კორპუსის გაგზავნის საერთოდ გაუქმებაც.

საქართველო ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ არა თუ მხოლოდ შეტევითი ომის წარმოება არ შეეძლო, არამედ მასში შინაგანი წესრიგის დამყარებისთვისაც გარეშე დახმარებას თავად საჭიროებდა. საქმეები ისე მიდიოდა, რომ ამ ქვეყანაში, შეიძლება ითქვას, არანაირი კანონიერი ხელისუფლება არ არსებობდა. ერეკლემ, თავისი მმართველობის უწესრიგობათა და ხასიათის სისუსტის გამო, საქართველო სრულ მოშლილობაში მოიყვანა. ახლო წარსულის ჭექა-ქუხილმა, რომელიც ქვეყანას დაატყდა თავზე, სამეფო სახლის წევრები გონზე ვერ მოიყვანა. ბატონიშვილები, რომლებიც უწინდებურად არ უსმენდნენ მამას, ურთიერთშორის მტრობდნენ, (რითაც მათ) თავიანთ წინააღმდეგ განაწყვეს თავადაზნაურობა და მტრულ პარტიათა სიმრავლე წარმოქმნეს. ისახავდნენ რა მხოლოდ საკუთარ მატერიალურ ინტერესებს, ბატონიშვილებს თავიანთი ქვეშევრდომები სრულ სასოწარკვეთილებაში მოჰყავდათ. ქართველი ვერ ხედავდა დაცვას და იცოდა, რომ მისი მონაპოვარი და ქონება არაფრით არ არის უზრუნველყოფილი. “ამ მიზეზით, წერდა გუდოვიჩი (Въ письме князю П. А. Зубову 31-го января 1796 года), ქართველი ხალხი, რომელიც საკმაოდ მხნე იყო, ახლა სისუსტესა და გაუბედაობაშია ჩავარდნილი. ამ უბედური მდგომარეობის მთავარი მიზეზი (კი) დედოფალია”.

მიიღო რა საქართველო თავისი მფარველობისა და დაცვის ქვეშ, რუსეთის მთავრობას, თვით მხოლოდ ერთი საკუთარი ღირსების გრძნობის გამოც, არ შეეძლო ამდენად სამწუხარო მდგომარეობაში მისი მიტოვება. ისარგებლა რა პეტერბურგში მყოფი ქართველი ელჩის, თავად გარსევან ჭავჭავაძის თხოვნით სამშობლოში მისი დაბრუნების შესახებ, თავადი პლატონ ალექსანდრეს ძე ზუბოვი, იმპერატრიცის ბრძანებით, სთხოვდა ერეკლეს მიეღო ზომები მისი სამეფოს საშინაო მდგომარეობის უკეთესად მოწყობისთვის.

“რუსეთის იმპერიის სარგებლისა და თავისი სამშობლოს სიკეთისთვის ქების ღირსმა გულმოდგინებამ, წერდა იგი (Въ письме царю Ираклiю отъ 30-го апреля 1796 года), თქვენი უმაღლესობის მინისტრის, თავად ჭავჭავაძისა, აღაგზნო იგი, რომ თქვენი სამეფოებისთვის ახლანდელ ძნელ გარემოებებში ეთხოვა უავგუსტესი იმპერატრიცისთვის, რათა გამოეყენებიათ იგი ქრისტიანობის განზრახული დაცვის სასიკეთოდ, მტაცებელი აღა-მაჰმად-ხანის მძვინვარების, ცოფიანობისა და ბარბაროსობის წინააღმდეგ. დიდმა მონარქმა, იცის რა თავად ჭავჭავაძის უნარი და გულმოდგინება, ინება ებრძანებინა მისი გამოგზავნა მანდ გამოყენებისთვის, სადაც იგი ნამდვილად უფრო სასარგებლო იქნება. მას მნიშვნელოვანი სამსახურის გაწევა შეუძლია თქვენი უმაღლესობისთვის, თუკი გამოიყენებთ იმ სამხედრო უფროსებთან ურთიერთობებში, რომლებსაც უზენაესად რუსეთის ძლევამოსილი ჯარების წინამძღოლობა აქვთ დავალებული. ის მათთვისაც სასარგებლო იქნება, შეუმსუბუქებს რა ურთიერთობებსა და საჭირო კავშირებს თქვენს უმაღლესობასთან, ისე რომ ეს საერთო საქმე, რომელიც იმართება, ასე რომ ვთქვათ, ერთიანი სულისკვეთებით და შეთანხმებულადაა მისწრაფებული ერთიანი საგნებისკენ, უფრო მოხერხებულად იქნება წარმატებებით დაგვირგვინებული, და განსაკუთრებით როცა თქვენც, თქვენო უმაღლესობავ, ღიად გამოხვალთ და არ დაზოგავთ რა თქვენი ძალაუფლების ქვეშ არსებულ არანაირ საშუალებებს, თქვენი საგვარეულოს, სამეფოებისა და ხალხის საკუთარი სიკეთისთვის, და ამის თანაბრად უსაფრთხოების დამკვიდრებისთვის, ძარცვა-რბევისა და დევნათაგან თავის დახსნისა და თავად ჩვენი ქრისტიანული სარწმუნოებისთვის, – მთელი თქვენი ძალებითა და შესაძლებლობებით შეეწევით ჩვენი ჯარების ძალისხმევას, მიზნებსა და გამარჯვებებს.

ჩემი საყვარელი ძმა, გრაფი ვალერიან ალექსანდრეს ძე, ხელიდან არ გაუშვებს, რა თქმა უნდა, არც ერთ საშუალებას და თვით უმცირეს შესაძლებლობასაც კი, რათა დაგანახოთ თქვენ და თქვენს ოლქებს, რომ მისი წინამძღოლობით მოსული ჯარი მიისწრაფვის არა მხოლოდ თქვენი სამეფოების (მტერთაგან) დახსნისა და უსაფრთხოებით მოზღუდვისკენ, არამედ მათზე შურისძიებისა და მათი დამარცხებისკენაც, რომლებიც გათავხედდნენ დაერბიათ ქრისტიანები, ქვეშევრდომები მეფისა, ვინც სრულიად რუსეთის იმპერიის მძლავრ მფარველობაში იმყოფება. მე ვიმედოვნებ, რომ იგი არ მოტყუვდება თავის მოლოდინში, რომ თქვენო უმაღლესობავ გულმოდგინედ და მზრუნველად გაუწევთ მას თქვენი მხრიდან ყველა შესაძლო დახმარებას, ყველაფერში დააკმაყოფილებთ და ხელს შეუწყობთ მას, რითაც მიიქცევთ საკუთარი თავისკენ ჩვენი გულუხვი იმპერატრიცის მოწყალებას და ჩვენს მადლიერებასა და ნდობასაც, ამით საუკუნოდ დაამკვიდრებთ თქვენი საგვარეულოსა და სამეფოების კეთილდღეობასაც.

თუ რუსეთის ძლევამოსილი ჯარების ძლიერი დახმარება და ვაჟკაცური გამარჯვებები საკმარისი იქნება ამ შემთხვევაში თქვენი სამეოების გარეშე მტერთაგან გამოხსნის, მოზღუდვისა და ხელშეუხებლობასა და უსაფრთხოებაში დამკვიდრებისთვის, ამიერიდან მხოლოდ მათი შინაგანი კეთილმოწყობა შეძლებს, ფესვებს გაუდგამს რა მანდ წესრიგსა და საერთო კეთილდღეობას, შეინარჩუნოს სამარადისოდ ის უპირატესობანი, რომლებიც რუსეთის ძლიერი მფარველობითა და ძლევამოსილი იარაღით შეიძლება იქნას შეძენილი. ხელისუფლების დაყოფა არის სახელმწიფოთა დასუსტება. უთანხმოებებსა და მტრობას, რომლებიც ყოველთვის ასეთი დამღუპველი მდგომარეობიდან მომდინარეობს, ყველაზე უფრო ძლიერი სამეფოების დანგრევა და არარაობად გადაქცევა შეუძლიათ. წმინდა მახარობლის მარკოზის კეთილუწყებაში მე-3 თავში, 24-ე ლექსში (ნათქვამია): “და უკეთუ მეუფება მეუფებასა განევლთას, ვერ ჴელეწფების დამტკიცებად მეუფება იგი”; ვინაიდან ასეთ დანაწევრებულ მდგომარეობაში რა შეუძლია დაყოფითა და გარდაუვალი უთანხმოებით დასუსტებულ ხელისუფლებას?

სხვადასხვა სამემკვიდრეო მამულთა (საუფლისწულოთა – ი. ხ.) მთავარნი, რომლებიც ერთი-მეორის განზრახვებსა და მიზნებს ეწინააღმდეგებიან და ურთიერთპატივისცემა არ გააჩნიათ, თავიანთი მაგალითებით ქვეშევრდომებს ურჩობას ასწავლიან და ყველანი, ისწრაფვიან რა სხვადასხვა საგნისა და მიზნისკენ, ვერც ერთს ვერ აღწევენ. ოლქებს, რომლებიც ასეთი ხელისუფლების მიერ იმართება, არ შეუძლიათ რა თავიანთი თავდაცვის საქმეში ძლიერებად ყოფნა, ვერ შეიძლება იყვნენ სასარგებლონი თავიანთი მოკავშირეებისთვისაც; ხოლო არ გააჩნიათ რა ერთიანობა, მხოლოდ თავიანთი მტრების მსხვერპლნი თუ შეიძლება-ღა იყვნენ. არა მხოლოდ მრავალი ხალხის ჟამთააღწერებმა, არამედ ამ ხანებში საქართველოს თავზე დატეხილმა შემთხვევამაც მაგალითით უნდა გვასწავლოს, თუ რამდენად საჭიროა სამეფოთა შენარჩუნებისთვის მეფის ხელისუფლების გაერთიანება და რამდენად, ამის საპირისპიროდ, დამღპველია ყველასთვის სამეფოს საუფლისწულოებად დაყოფა. თქვენი უმაღლესობის მინისტრს, თავად ჭავჭავაძეს, პეტერბურგში თავისი ყოფნის დროს, შემთხვევა ჰქონდა ბევრჯერ ელაპარაკა ჩემთან, ამ მდგომარეობის საბაბით, და მას, თავისი გონებითა და განათლებით, და არა ნაკლებ ამისა თქვენი უკეთესი სარგებლისთვის გულმოდგინებითაც, ზეპირსიტყვიერად შეუძლია დაწვრილებით აგიხსნათ ყოველივე ის, რაც თქვენი დიდებისა და თქვენი ძალაუფლების ქვეს მყოფი ხალხების სარგებლისთვის უფრო უკეთესად გვეჩვენება. თქვენი ქვეშევრდომების სიკეთისა და თქვენთა სამეფოთა ყოფიერებისთვის ამ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ მოწყობაში, თქვენი სიბრძნის, გონების, შორსმჭვრეტელობისა და გამოცდილების ჩინებული თვისებები წარმართული იქნება უკეთესის აღშენების (содеянiе) სურვილითა და ძლიერი მისწრაფებით, არა მარტო განსაკუთრებით თქვენი საგვარეულოსა და სამეფოებისთვის, არამედ მაგ ქვეყნებში მოსახლე ყველა ქრისტიანის სასიკეთოდაც.

თუკი, ისარგებლებთ რა დღეს ძლევამოსილი რუსული ჯარების ძლიერი მფარველობით, თქვენო უმაღლესობავ მოახერხებთ, თქვენი დიდებისთვის, თქვენი საგვარეულოს, სამეფოთა და თქვენი ძალაუფლების ქვეშ მყოფი ხალხების სიკეთისთვის და საერთოდ ქრისტიანობისთვის, შეაერთოთ და საუკუნოდ განუყოფელად დაამკვიდროთ სამეფო ხელისუფლება, და განავრცოთ თქვენი მფლობელობა არაქსამდე და ოტომანის პორტას საზღვრებამდე, მაშინ მოაწყობთ რა წესრიგში და განადიდებთ რა თქვენი სამეფოებისა და ოლქების ძალებსა და საშუალებებს, არა მხოლოდ სამუდამოდ თავად თქვენ შეგეძლებათ ურჯულოთა წინააღმდეგ თქვენი უფლებებისა და თქვენი ძალაუფლების ქვეშ მყოფი ხალხების საკუთრების დაცვა, არამედ, მოიგერიებთ რა თქვენი მტრების თავხედურ თავდასხმებს, დასჯით კიდეც მათ მათი ძალის დასუსტებითა და თქვენი ქვეშევრდომებისთვის სარგებლის მატებით. (Если, пользуясь днесь сильнымъ покровительствомъ победоносныхъ войскъ россiйскихъ, ваше высочество предуспеете, во славу свою и для блага рода, царствъ и подвластныхъ вамъ народовъ и для христiанства вообще, соединить и утвердить навеки царскую власть нераздельно, и распространить владычество ваше до Аракса и пределовъ Порты Оттоманской, тогда, устроя въ порядке и возвелича силы и способы царствъ и областей вашихъ, не токмо навсегда сами собой противъ неверныхъ въ состоянiи будете защищать права свои и собственность подвластныхъ вамъ народовъ, но, опровергая дерзостныя покушенiя враговъ вашихъ, наказывать их ослабленiемъ ихъ силы и приращенiемъ пользъ подданныхъ вашихъ.) ამრიგად, სამეფოებისა და ქრისტიანი მეფის კანონიერი და სამართლიანი ხელისუფლების მყარად დაფუძნებული ყოფიერება იმედით გაამხნევებს ქრისტიანებს, რომლებიც ურჯულოთა მონობაში იტანჯებიან, და მისცემს მათ სანდო საფარველსა და თავშეფარს თქვენი მშვიდი და სამართლიანი დერჟავის ჩრდილქვეშ (подъ сенiю кроткой и справедливой державы вашей); მათი შემოდინება თქვენს ქვეშევრდომობაში გაამრვალებს როგორც თქვენს დიდებასა და სარგებელს, ისე თქვენი ოლქების მტკიცედ დაფუძნებასა და, საბოლოოდ, ურღვევ ყოფიერებას; ხოლო თქვენი საზღვრების უსაფრთხოებითა და ხელშეუხებლობით შემოზღუდვით კი უბოძებთ ყველას მშვიდ და უხვ ცხოვრებას. თქვენი სამეფოებისთვის ასეთი კეთილსასურველი მდგომარეობის აღსრულება არ დააყოვნებს, თუკი თქვენ, უგანათლებულესო მეფევ, ინებებთ უგდოთ ყური ჩემს მიუკერძოებელ ხმას, რომელიც მე თქვენი სარგებლისადმი პირდაპირმა გულმოდგინებამ და თქვენი პიროვნებისადმი გუმწრფელმა კეთილმოსურნეობამ ჩამაგონა”.

რათა, თავის მხრივ, ხელი შეეწყო საქართველოში წესრიგის უსწრაფესად აღდგენისა და სპარსეთში მოსალოდნელ მოქმედებებთან მიმართებაში ნავარაუდევი გეგმების აღსრულებისთვის, იმპერატრიცა ეკატერინე II-მ, ჯერ კიდევ 1796 წლის იანვარში (Рескриптъ императрицы Гудовичу 8-го января), დაავალა გუდოვიჩს გაეგზავნა საქართველოში იქ მყოფი ჯარების გაძლიერებისთვის, ქვეითი ჯარის ორი ბატალიონი რვა ქვემეხით, კავალერიის თორმეტი ესკადრონი, გამოგზავნილი ეკატერინოსლავის გუბერნიიდან, და კაზაკების ორი პოლკი, მოვლინებული დონიდან, პოლკოვნიკ კირეევის უფროსობით. გუდოვიჩი ვერ მიიჩნევდა შესაძლებლად ამ ბრძანების შესრულებას, იმის შიშით, რომ საქართველოში გამოგზავნილი ჯარები აქ შიმშილისგან დაიხოცებოდნენ. ერეკლე მეფეს, რომელიც იმით იქებდა თავს, რომ 20.000 ადამიანის სურსათით უზრუნველყოფა შეუძლია, სინამდვილეში, სიროხნევის ორი ბატალიონის საქართველოში მოსვლის შემდეგ, მათი გამოკვებაც კი არ შეეძლო, ხოლო ამასობაში, ქართველებს მნიშვნელოვანი რაოდენობით პური მიჰქონდათ განჯაში, სადაც მას ძვირად ჰყიდდნენ კიდეც. იმყოფებოდა რა ჯარებით განჯაში, აღა-მაჰმად-ხანმა იქ არსებული მთელი მარაგები გაანადგურა, ასე რომ მცხოვრებნი იძულებული იყვნენ საკუთარი გამოკვებისთვის პური ეყიდათ და მასში დიდი ფულიც გადაეხადათ.

არ გააჩნდა რა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში უწესრიგობები შეეწყვიტა და საქართველოდან პურის გატანა აეკრძალა, ერეკლემ პოლკოვნიკ სიროხნევს დაუთმო (предоставилъ) თავად ეზრუნა მისდამი ჩაბარებული ჯარების გამოკვებაზე და პროვიანტი რუსული ფულით, ცოტ-ცოტად, ადგილობრივ მცხოვრებლებში ეყიდა. სიროხნევი იძულებული იყო საქართველოს სხვადასხვა ადგილას რაზმები და ფურაჟირები გაეგზავნა და იქ დიდი სიძნელით სურსათი შეეძინა. სიროხნევის განკარგულებაში გამოყოფილი თანხა მალე ამოიწურა, და გუდოვიჩმა მას კიდევ 4.000 თუმანი გამოუგზავნა. ზამთრის დრო ფულის საქართველოში ჩამოტანას აძნელებდა. “ზამთრის დროს, მოახსენებდა იგი (Всеподданнейшiй рапортъ Гудовича 31-го января 1796 года), მთით დაფარულ მთაზე ვერ გადახვალ სხვანაირად, თუ არა ფეხით და თხილამურებით, ამიტომ დამალულად მივეცი რა ოფიცრებს ფული და ვიქირავე რა საიმედო ოსები მათ გასაცილებლად, იქითკენ გავუშვი კიდეც”.

ასეთ პირობებში საქართველოში კიდევ უფრო მეტი რიცხვის ჯარების გაგზავნა მეტად სარისკო იქნებოდა, მით უმეტეს, რომ კავალერიის გადაყვანა და აღალის გადატანა მთების გავლით უკიდიურესად საძნელოდ იყო მიჩნეული, ხოლო ზამთრის ხანაში კი თითქმის შეუძლებლადაც. კავკასიის ხაზიდან საქართველოში სურსათის ჩატანა წარმოუდგენელი იყო, რადგანაც მოძრავი მაღაზია შემდგარი უნდა ყოფილიყო მრავალი საზიდრისგან, სადაც ცხენების უკმარისობის გამო ხარები იქნებოდა შებმული, რომლებიც ქვიან ფრიალო კლდეებზე ასვლასა და შვეული კლდეებიდან ღრმა ხეობებში დაშვებას ვერ შეძლებდნენ.

ემყარებოდნენ რა ამას, როგორც გუდოვიჩი, ისე გრაფი ზუბოვიც უფრო რაციონალურად თვლიდნენ სიროხნევის რაზმის გაძლიერების გარეშე დატოვებას, მით უმეტეს, რომ მისთვის არანაირი საფრთხე არ იყო მოსალოდნელი და რუსული ჯარების ორ ბატალიონს თამამად შეეძლო საქართველოში დარჩენა, იქ კავკასიის კორპუსის ჯარების მისვლის მოლოდინში, რომელიც სხვა გზით გაიგზავნებოდა, თუმცა კი შემოვლითი გზით, მაგრამ სამაგიეროდ უფრო მეტად სწორით (საიმედოთი).

მიდოდა რა სწრაფად დარუბანდისკენ, ხოლო იქიდან კი ბაქოსკენ, გრაფ ზუბოვს ყოველთვის ჰქონდა შესაძლებლობა რომ კავკასიის კორპუსის ჯარები საქართველოში შემახას გავლით შეეყვანა და ისინი იქიდან განჯისკენაც დაეძრა, ოღონდ კი მათი სურსათით მომარაგება ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ამიტომ გადაწყვეტილ იქნა, რომ როცა ჯარები ყიზლართან შეიკირიბებოდა, ისინი კასპიის კორპუსის კვალდაკვალ გაეგზავნათ, ხოლო როგორც საქართველოში მყოფი ორი ბატალიონის, ისე იმ ჯარების სურსათით უზრუნველყოფისთვისაც, რომლებიც შემდგომში შემახას გავლით მოვიდოდნენ, ტფილისში მაღაზია მოეწყოთ და 5.000 ადამიანზე სამი თვის პროვიანტის დამზადება დაევალებინათ.

ამ დავალებამ სიროხნევი უკიდურესად გაძნელებულ მდგომარეობაში ჩააყენა. ასეთი რიცხვის ჯარებისთვის 27.187 ფუთი ფქვილისა და 2.812 ფუთი ბურღულეულის შეძენა იყო საჭირო, ხოლო ამ რაოდენობის გამონახვა მთელ საქართველოშიც კი შეუძლებელი გახლდათ. სიროხნევმა თუმცა კი გაგზავნა ოფიცრები გორსა და სურამში – ერთადერთ ადგილებში, სადაც პურის შოვნა შესაძლებელი იყო, – მაგრამ იმედი არ ჰქონდა, რომ მათ მიცემული დავალების წარმატებით შესრულება შეეძლებოდათ, მით უმეტეს, რომ წარგზავნილებს პროვიანტის საკმარისი რაოდენობით შესყიდვა კიდეც რომ მოეხერხებინათ, მათი ტფილისში ჩამოტანა დადებითად შეუძლებელი იყო. ქართველებს საზიდრები არ ჰქონდათ, “ხოლო თავიანთი სიზარმაცის გამო, მოახსენებდა სიროხნევი (Въ рапорте графу Зубову отъ 23-го апреля 1796 года), მეტად მცირე რაოდენობის ხარებშებმულ ურმებს ინახავენ, საგანგებო აგებულებისა, რომლებიც სიმძიმის გამო ასეთი გამოყენებისთვის ნაკლებად გამოსადეგი არიან და არა სხვანაირად, თუ არა ოთხი ხარის შებმით, მაგრამ მათი შესყიდვაც საქართველოში ოცდაათამდე თუ შეიძლება, და ისიც მეტად ხანგრძლივი დროის შემდეგ”.

იქაურები ტვირთების მთელ ტრანსპორტირებას ცხენებზე აკიდებული საპალნეებით ახდენდნენ, ხარები კი მათ მეტად ცოტა ჰყავდათ, ხოლო ცხენები კიდევ უფრო ნაკლები – ისინი მხოლოდ თავადაზნაურებს ჰყავდათ, ან კიდევ შეძლებულ ადამიანებს, და უპირატესად მათ ამხედრებისთვის იყენებდნენ და იშვიათად საპალნეთა გადასატანად. დიდი ტომრები ფქვილის ჩასაყრელად საქართველოში ასევე არ იყო, ჭილობებს კი ვერანაირი ფულით ვერ იშოვნიდით; ხოლო თუ ქართველს პური (ფქვილი, ხორბალი) გასაყიდად მიჰქონდა, მაშინ იგი მას ჰყრიდა პატარა ტომრებში, რომლებშიც 2-დან 3 ფუთამდე თუ ეტეოდა. ყველას ეს ტომრები თავისთვის ჰქონდა და მნიშვნელოვანი რაოდენობით მათი შეძენის არანაირი შესაძლებლობა არ ჩანდა, მით უმეტეს, რომ ასეთი შეძენა დიდი ფული დაჯდებოდა, ვინაიდან თითოეული ტომარა 1 მან. 50 კაპ. და უფრო ძვირადაც იყიდებოდა.

ქართული ყოფა-ცხოვრების თავისებურებანი და ქვეყნის არცთუ დიდი ხნის წინანდელი ძარცვა-რბევა სურსათის წარმატებით დამზადების ყოველგვარ იმედს სპობდა. მიუხედავად ამისა, სიროხნევს დავალებული ჰქონდა იმდენი პროვიანტის შესყიდვა ეცადა, რამდენიც შესაძლებელი იქნებოდა და ისე მოწყობა, რომ არათუ მხოლოდ მის წინააღმდეგ მცხოვრებთა მხრიდან უკმაყოფილება არ აღეგზნო, არამედ მათი კეთილგანწყობაც მოეპოვებინა, აგრეთვე სრული მზადყოფნა მათი მხრიდან, რომ მისთვის ყველაფერში თანადგომა და დახმარება აღმოეჩინათ.

იმ შემთხვევაში, თუ ერეკლე მეფე დაუწყებდა მას თხოვნას, რომ განჯის ხანი დაესაჯათ, მაშინ სიროხნევს, ექნებოდა რა მუდმივად მხედველობაში თავისი რაზმის უმნიშვნელობა, უნდა უარეყო ეს თხოვნა იმ საბაბით, რომ საქართველოში ელოდება ახალი ჯარების მოსვლას, რომელთა უფროსისგანაც მას ჯერ არანაირი ნებართვა არ მიუღია. მაგრამ თუ ერეკლე წარუმატებლობას განიცდიდა და მას განჯის ხანი დაედევნებოდა, მაშინ სიროხნევს მომგებიანი ადგილი უნდა დაეკავებინა, რომელსაც შეეძლებოდა სრულებით მოეზღუდა “ყველაზე უფრო უმცირესი ზარალისგანაც კი მისდამი ჩაბარებული რაზმი და, გაიკეთებდა რა მისთვის სურსათის მარაგს, დალოდებოდა კავკასიის კორპუსის მოსვლას, ხოლო მანამდე კი თავისი ძალები რაიმე საფრთხეში სულაც არ ჩაეგდო” («... а до техъ поръ отнюдь не отваживать силъ своихъ ни на какую опасность»).

განკარგა რა ასეთნაირად, გრაფმა ზუბოვმა ლაშქრობისთვის მზადება დაიწყო. კასპიის კორპუსის შემადგენლობაში დანიშნული ჯარები მეტად ნელ-ნელა იკრიბებოდნენ, და 10 აპრილისთვის მათი მხოლოდ ნაწილი იყო ყიზლართან თავმოყრილი; კავკასიის კორპუსი კი ჯერ არც იკრიბებოდა და როდის იქნებოდა მზად – განსაზღვრა მეტად ძნელი იყო. ეშინოდა რა ლაშქრობისთვის მოსახერხებელი დროის ხელიდან გაშვების და გასვლაში დაგვიანებისა, გრაფმა ზუბოვმა გადაწყვიტა ყველა ნაწილის საბოლოო შეკრებას არ დალოდებოდა, და 10 აპრილს შეკრებილ რაზმზე უფროსობა მიიღო, რომლის რიცხოვნებაც 12.323 ადამიანამდე ადიოდა, მათ შორის ქვეითი ჯარისა 6.190 ადამიანამდე.

ლაშქრობაში გამოსვლის წინ, ეს რაზმი, რომელიც ქვეითი ჯარის რვა ბატალიონის, კავალერიის ოცდარვა ესკადრონის, კაზაკთა შვიდი რაზმისა და საველე არტილერიის ოცდაერთი ქვემეხისგან შედგებოდა* (შენიშვნა იხ. ქვემოთ), გრაფ ზუბოვის მიერ ოთხ ბრიგადად იქნა დაყოფილი: ორ ქვეით და ორ საკავალერიო ბრიგადებად.

(*ეს ჯარები იყვნენ შემდეგი შემადგენლობისა:

ქვეითი ჯარი: ტფილისის მუშკეტერთა პოლკის 2 ბატალიონი, 1.491 ადამიანი; ვორონეჟის მუშკეტერთა პოლკის 1 ბატალიონი, 985 ადამიანი; კავკასიის გრენადერთა პოლკის 2 ბატალიონი, 1.737 ადამიანი; გრენადერთა ბატალიონი, შემდგარი ვლადიმირის მუშკეტერთა პოლკის გრენადერა ორი ასეულისა და ყაბარდოს მუშკეტერთა პოლკის გრენადერთა ორი ასეულისგან, 1 ბატალიონი, 656 ადამიანი; ყუბანის ეგერთა კორპუსის 2 ბატალიონი, 1.321 ადამიანი; სულ ჯამში 8 ბატალიონი – 6.190 ადამიანი.  

კავალერია: დრაგუნთა პოლკები: ნიჟეგოროდისა 7 ესკადრონი, 1.109 ადამიანი; ასტრახანისა 7 ესკადრონი, 1.079 ადამიანი; ვლადიმირისა 7 ესკადრონი, 1.049 ადამიანი, და ტაგანროგისა 7 ესკადრონი, 1.065. სულ ჯამში 28 ესკადრონი – 4.302 ადამიანი.  

საველე არტილერიისა: 21 ქვემეხი და 663 ადამიანი...  

კაზაკთა ჯარები: გრებენის მხედრობისა 300 ადამიანი; თერგისა და სემეინის მხედრობისა 75 ადამიანი, ხოპერისა 370 ადამიანი; ვოლგისა 320 ადამიანი; მოზდოკის კაზაკთა პოლკისა 300 ადამიანი; ლეგიონის რაზმისა 120 ადამიანი და დონის მაშლიკინის პოლკისა 346 ადამიანი; სულ ჯამში 1.831 ადამიანი. კაზაკთა ჯარები: გრებენის მხედრობისა 300 ადამიანი; თერგისა და სემეინის მხედრობისა 75 ადამიანი, ხოპერისა 370 ადამიანი; ვოლგისა 320 ადამიანი; მოზდოკის კაზაკთა პოლკისა 300 ადამიანი; ლეგიონის რაზმისა 120 ადამიანი და დონის მაშლიკინის პოლკისა 346 ადამიანი; სულ ჯამში 1.831 ადამიანი.

სულ 8 ბატალიონი, 28 ესკადრონი, 21 ქვემეხი და კაზაკთა 7 რაზმი, 12.323 ადამიანის რიცხოვნებით.

ამაზე ზევით რაზმში იმყოფებოდა საპოლკო არტილერია და ერთი მორტირა ციხესიმაგრის წინააღმდეგ დაკიდებული გასროლებით მოქმედებისთვის.  

დესანტისთვის კონტრ-ადმირალ ფიოდოროვს ასტრახანში გაეგზავნა: ვლადიმირის მუშკეტერთა პოლკის 1 ბატალიონი, 652 ადამიანი; ყაბარდოს მუშკეტერთა პოლკის 1 ბატალიონი, 656 ადამიანი; შავი ზღვის კაზაკთა ერთგული მხედრობის 166 ადამიანი; სულ ჯამში 1.474 ადამიანი და საველე არტილერიის ასეული 122 ადამიანით.)

პირველი ქვეითი ბრიგადა, გენერალ-მაიორ ბულგაკოვის უფროსობით, შედგენილი იყო ყუბანის ეგერთა კორპუსის ორი ბატალიონისა და კავკასიის გრენადერთა პოლკის ორი ბატალიონისგან; მეორე ბრიგადა, გენერალ-მაიორ რიმსკი-კორსაკოვის უფროსობით, შედგებოდა გრენადერთა შეერთებული ბატალიონის, ვორონეჟის მუშკეტერთა პოლკის ერთი და ტფილისის მუშკეტერთა პოლკის ორი ბატალიონისგან.

პირველი საკავალერიო ბრიგადა, შემდგარი ვლადიმირისა და ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკებისგან, გენერალ-მაიორ ბარონ ბენინგსენისთვის იქნა ჩაბარებული, ხოლო მეორე კი – ასტრახანისა და ტაგანროგის დრაგუნთა პოლკებისგან, ბრიგადირ გრაფ აპრაქსინის უფროსობის ქვეშ შევიდა. მთელი ირეგულარული ჯარები, რომლებიც რეზერვს შეადგენდნენ, გენერალ-მაიორ პლატოვს დაექვემდებარნენ, ხოლო ჩუგუევსკის პოლკთან ერთად მის მოსვლამდე კი პოლკოვნიკ ბარანოვის განმგებლობაში იმყოფებოდნენ.

გენერალ-მაიორი თავადი ციციანოვი კორპუსის საბოლოო ჩამოყალიბებამდე ყიზლარში იქნა დატოვებული. თავს მოუყრიდა რა თავისი უფროსობის ქვეშ ჯარების ყველა ნაწილს, თავადი ციციანოვი კასპიის კორპუსთან შესაერთებლად უნდა წამოსულიყო.

უკანასკნელი, 10 აპრილს, გადებული ხიდით გადავიდა მდინარე თერგზე და, მოახდინა რა ერთი გადასვლა, იძულებული შეიქნა მდინარ კარგინზე ლაშურინსკის ფორპოსტთან გაჩერებულიყო. მკაცრი და ცივი ზამთარი, რომელიც იქაური კლიმატისთვის დამახასიათებელი არ ყოფილა, და გაუთავებელი ქარბუქები იყო გაჩერების მიზეზი. საძოვარი ბალახი სრულებით არ იყო; პროვიანტისა და ფურაჟის მარაგები მეტად შეზღუდული აღმოჩნდა და ამიტომ შემდგომი მოძრაობა შეუძლებელი გახლდათ. გრაფი ზუბოვი ყიზლარში დაბრუნდა, რათა ჯარების სურსათით უზრუნველყოფისთვის გადაუდებელი ზომები მიეღო. მოძრავი მაღაზია ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული და ვერ შეეძლებოდა მდინარე თერგის მეორე ნაპირზე 16 აპრილზე უფრო ადრე გადასვლა, ფურგონებისა და ხარების, როგორც გადაზიდვის საშუალებათა უკმარისობის მიზეზით. თუმცა კი მათი შესყიდვისთვის დაგზავნილ იქნენ კონიმისონერები რუსეთის სხვადასხვა ადგილას, მაგრამ, მათგან მიღებული ცნობების მიხედვით, აპრილის შუარიცხვებში მდინარე დონის აქეთ შესაძლოა ფურგონებისა და ხარების მხოლოდ მესამედი ნაწილი ყოფილიყო გადმოყვანილი და, შესაბამისად, ისინი კავკასიის ხაზზე მოსვლას მხოლოდ მაისის ბოლოსთვის შეძლებდნენ. შიდა გუბერნიებიდან გამოგზავნილი რეკრუტები, გამრეკავების მოვალეობის შესრულებისთვის, ასევე არ მოსულან და ივნისის თვეზე ადრე მათი მოსვლა არც მოსალოდნელი იყო (Всеподданнейшiй рапортъ Гудовича 20-го марта 1796 года). ამიტომ, რათა სიცხეების დადგომამდე ექსპედიცია არ გაეჩერებინა, გუდოვიჩმა რამდენიც შესაძლებელი იყო ნოღაელთა ურმები შეაგროვა და კერძო პირთა ფურგონები დაიქირავა, მათთვის ყოველთვიური საზღაურის გადახდის ვალდებულებით. ამ საზიდრების შეგროვება და მათზე პროვიანტის დატვირთვა ასევე დროს მოითხოვდა და ამიტომ, როგორც არ უნდა ეჩქარა გრაფ ზუბოვს სალაშქროდ გამოსვლა, მას ამის გაკეთება 18 აპრილზე უფრო ადრე არ შეეძლო. მხოლოდ ამ დღისთვის, გუდოვიჩის გაძლიერებული საქმიანობის შედეგად, გახდა შესაძლებელი მოძრავი მაღაზიის ნაწილის ჩამოყალიბება, რომელიც არმიის უკან გასაყოლად იყო დანიშნული.

“საკუთარ თავს იძულებულად მივიჩნევ თქვენი ბრწყინვალების წინაშე ვაღიარო, წერდა გუდოვიჩი (Въ собственноручномъ письме князю П. А. Зубову 17-го апреля 1796 г.), რომ ძლიერად ვიღლები, ვინაიდან თანაშემწეები არა მყავს; რომ არაფერი ვთქვა საგენერლო ჩინებზე, რომელთაგან არც ერთი არ გამაჩნია, მე ძალზედ ცოტა შტაბ-ოფიცერი მყავს. ყველაფრის, რაც იყო, ჯარებში მიწოდებას ვცდილობდი, რომლებიც სალაშქროდ მიდიოდნენ, და შემიძლია ვთქვა, რომ ზოგჯერ შტაბ-ოფიცრის მოვალეობასაც ვასრულებდი. მოძრავი მაღაზია მე მანადგურებს; სახელმწიფოს სულ განაპირა მხარე, ასტრახანიდან უკაცრიელი და უვარგისი სტეპით დაშორებული; ხაზი ვრცელია, ჯარები ცოტაღა დარჩა და უმეტეს წილად ყველანი სუსტები არიან, და ისინიც ჯერ კიდევ არ მოსულან; ტრანსპორტები მოშორებულია, რომელთა ბადრაგირებაცაა საჭირო.

მე ვცდილობ და ამისთვის მთელს ჩემს ძალებს გამოვიყენებ, მაგრამ ან ჩემი ნიჭი და უნარი საკმარისი არ არის, ან კიდევ წლები იწყებენ მათ შემცირებას. თუ კიდევ დამატებული იქნება სპარსეთში ჯარები, როგორც გრაფი ვალერიან ალექსანდრეს ძე მე მეუბნებოდა, მაშინ ვბედავ წინასწარ წარმოგიდგინოთ ჩემი აზრი, რომ მათი კომპლექტის მიხედვით იყოს დამზადებული წლიური პროვიანტი, და, რომ არ იქნას ხელიდან გაშვებული დრო, რისთვისაც საჭიროა პეტერბურგიდან პირდაპირ იქნან დაგზავნილი კომისიონერები, ფულით, მოსახერხებელ ადგილებში, რომლებმაც, იყიდიან რა მას, სამი ნაწილი უნდა ჩამოიტანონ ასტრახანში და მეოთხე კი კავკასიის ხაზზე, გადასვლის დროს გამოყენებისა და ჯარების კვალდაკვალ დარუბანდამდე მისატანად”.

18 აპრილს სპარსეთში ექსპედიციაში დანიშნული ჯარები დარყუბანდის მიმართულებით დაიძრნენ, რომელთა საპოლკო აღალზე ზევით უკან მიჰყვებოდა 1.414 ფურგონი* (შენიშვნა იხ. ქვემოთ – ი. ხ.) საბრძოლო მასალებითა და სურსათით, რომელიც 3.500 ჩეთვერთი ფქვილისა და 4.117 ჩეთვერთი ორცხობილებისგან შედგებოდა ბურღულეულის შესაბამისი პროპორციით. პროვიანტის ეს რაოდენობა გამოსულ ჯარებს, საველიევის რაზმთან ერთად, 26 ივნისის ჩათვლით უზრუნველყოფდა. ამისგან დამოუკიდებლად, გრაფმა ზუბოვმა წერილობით უბრძანა კონტრ-ადმირალ ფიოდოროვს დაეტვირთა ასტრახანში ათი სატრანსპორტო გემი და ისინი, ერთი სამხედრო გემის თანხლებით, დარუბანდთან გაეგზავნა (Всеподданнейший рапортъ графа Зубова 19-го апреля 1796 г.), სადაც გენერალ-მაიორ საველიევის რაზმთან შესაერთებლად თავადაც მიიჩქაროდა.

(*უწყისი მოძრავი მაღაზიის ფურგონებისა და ხარების რიცხვის შესახებ, რომლებიც გაგზავნილ იქნა დაღესტანში მიმავალი ჯარების კვალდაკვალ

. . . . . . . . ტვირთის ჩვენება . . . . . . . . . . ფურგონების . . . . ხარების რიცხვი . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . რიცხვი . . . . შებმული . . заводныхъ

პროვიანტით (800 ჩეთ. ფქვილი და 
2.500 ჩეთ. ორცხობილა ბურღულ-
ეულის პროპორციით) . . . . . . . . . . . . . . . . . 482 . . . . . . . . . . . .1928 . . . . . 120
საარტილერიო ჭურვებით . . . . . . . . . . . . . . .89 . . . . . . . . . . . . . 178 . . . . . 
საინჟინრო ინსტრუმენტებით . . . . . . . . . . . .15 . . . . . . . . . . . . . 30 . . . . . . 12
ძმრის ოთხი კასრით, 167,5
ვედროს ზომით . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . . . . 16 
ნავთის ათი კასრით . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .9 . . . . . . . . . . . . . 18 
ფისის (смола) ოთხი კასრით . . . . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . . . . . 8 
სადურგლო და სამჭედლო ინსტრუ-
მენტებით . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 8 . . . . . . . . . . . . . 18 
შენიშვნა: ამავე საზიდრებზე განათავსეს
სამოცი ჩევერთი ქვანახშირი
. . . . . . . . . . ს უ ლ ჯ ა მ შ ი . . . . . . . . . . . . . 611 . . . . . . . . . . . . . . . . . 2326 . .
ამაზე ზევით გაგზავნილ იქნა პროვიან- 
ტის საპალნეებით დატვირთული
აქლემები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . საპალნეების ქვეშ 200 და заводныхъ 100.  
თვიურად დაქირავებული ფურგონი . . . . . . . . . 384
ნოღაელთა ურმები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 419  
/Арх. Главн. Шт., письмо графа Зубова брату его П. А. Зубову отъ 19-го апреля, № 3/).

უკანასკნელმა, შევიდა რა დარუბანდელი შეიხ-ალი-ხანის სამფლობელოში, მასთან შიკრიკი გაგზავნა ხელმეორედ მოთხოვნით, რათა ხანს აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ თავდაცვითი კავშირის დასადებად რწმუნებული მოხელენი გამოეგზავნა. პასუხობდა რა უარით, შეიხ-ალი-ხანი წერდა, რომ არ იცნობს და ვერ ხედავს იმპერატრიცის ბრძანებას, რომელიც ნებას აძლევს რუსულ ჯარებს მის სამფლობელოებში შემოსასვლელად, და თუმცა კი იგი უწინ ითხოვდა კიდეც აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ ჯარების დაქირავებისთვის მისთვის ფულის გამოგზავნას, მაგრამ მაშინ სპარსეთის მბრძანებლის ძალმოსილება მან არ იცოდა; ახლა კი იგი ვერ ბედავს რუსების ამდენად მცირე რაზმის ქალაქში შემოშვებას, იმის შიშით, რომ არა მხოლოდ ყუბის მახლობლად მისი სამფლობელოები იქნება დარბეული სპარსელთა მიერ, არამედ რუსული ჯარების რაზმიც შესაძლოა დაზარალდეს.

– თუ უფრო მეტი რიცხვის რუსული ჯარები მოვლენ, ამბობდა ხანი, მაშინაც შეიძლება სისხლისღვრა მოხდეს.

მოთხოვნაზე, რომ ქალაქში რუსული ჯარები შეეშვა, ხანი უარით პასუხობდა.

– მე არ შემიძლია ამის გაკეთება, ამბობდა შეიხ-ალი-ხანი, იმიტომ რომ, შემოვუშვებ რა რუსულ ჯარებს ქალაქში, ისინი ბინებში უნდა განვათავსო, ხოლო ჩვენი რჯულის მიხედვით კი სხვა სარწმუნოების კაცის ბინაში მიღება მკაცრად იკრძალება. ჩვენი ცოლები, ადათის მიხედვით, სხვა სარწმუნოების ადამიანებს არ უნდა ხვდებოდნენ, რის გამოც მცხოვრებთა დიდი შევიწროვება მოხდება.

ეწინააღმდეგებოდა რა რუსული ჯარების დარუბანდში შესვლას, შეიხ-ალი გამოთქვამდა რომ მზად იყო თავი დაეცვა. მასთან მოლაპარაკებისთვის გაგზავნილი მაიორი ახვერდოვი ქალაქში იქნა დაკავებული, სადაც მას მეტად ცუდად ექცეოდნენ. ხანს იგი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდა და აღა-მაჰმად-ხანის ბანაკში მისი გაგზავნა სურდა, ვისაც დახმარებას სთხოვდა*, მაგრამ შემდეგ ყარაყაიდაღის უცმის რჩევით, თავის განზრახვაზე ხელი აიღო და ახვერდოვი რაზმში გამოუშვა (*სთხოვდა რა დახმარებას, შეიხ-ალი-ხანმა აღა-მაჰმად-ხანს საჩუქრად გაუგზავნა 20 აქლემი, 15 ცხენი, 500 ნაბადი და ბევრი პროვიზია).

შეიხ-ალი-ხანისთვის გამოცხადებულ იქნა, რომ თუ იგი კარს არ გააღებს, მაშინ რუსული ჯარები ქალაქს დაბომბავენ. ხანი არა მხოლოდ უარით პასუხობდა, არამედ როდესაც საველიევი დარუბანდს მიუახლოვდა, მაშინ შეიხ-ალი-ხანმა მის წინააღმდეგ თავისი ცხენოსანი ჯარი გამოგზავნა, რომელმაც ჩვენს კაზაკებს ცეცხლი გაუხსნა. საველიევმა ქალაქიდან უკან დაიხია და მისგან ორ ვერსზე ბანაკად განლაგდა. მომდევნო დღეს მან სიმაღლეები დაიკავა, რომლებიც დარუბანდზე ბატონობდა, სადაც მოაწყო კიდეც ბატარეა არაუშორეს 200 საჟენისა ქალაქის კედლიდან.

ამ ბატარეის მიერ ცეცხლის გახსნის შემდეგ შეიხ-ალი-ხანმა პარლამენტარი გამოგზავნა თხოვნით, რათა ქალაქისთვის აღარ ესროლათ. იგი აბობდა, რომ მზად არის დარუბანდში შეუშვას რუსული ჯარები, მაგრამ ეშინია, რომ დასჯილ იქნება თავისი საქციელის გამო, და ამიტომ, საკუთარი თავის უზრუნველყოფისთვის, ითხოვდა, რათა რუსებს მისთვის ამანათი მიეცათ. თუმცა კი ეს მოთხოვნა, რუსული იარაღის ღირსებასა და პატივთან შეუთავსებელი, ამტკიცებდა, რომ შეიხ-ალი-ხანს დამორჩილების გულწრფელი განზრახვა არ გააჩნია და მხოლოდ დროის გაჭიანურება სურს, სანამ მისი წარგზავნილი აღა-მაჰმად-ხანისგან არ დაბრუნდება, მაინც საველიევი ხანთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, იმიტომ რომ ჩვენი ჯარები დასვენებას საჭიროებდნენ.

იმავე დროს მთებში ისეთი ამინდი იდგა, როგორიც იქაური კლიმატის მიხედვით გაუგონარი გახლდათ: ხან წვიმა ძლიერი ქარით, ხანაც თოვლი ქარბუქით ქანცს აცლიდა ჯარებს. ასვენებდა რა მათ და აწარმოებდა რა შეიხ-ალი-ხანთან მოლაპარაკებებს, გენერალი საველიევი იმავე დროს მეორე ბატარეასაც აშენებდა, რომელმაც მალევე გახსნა კიდეც ცეცხლი. დარუბანდელები თავს იცავდნენ; მიეფარნენ რა ბაღების თხრილებში, ისინი ორმხრივ სროლას აწარმოებდნენ ჩვენს ჯარებთან, მაგრამ მალევე გაყრილ იქნენ ეგერთა ბატალიონის მიერ, რომელიც პოლკოვნიკ მანსუროვის უფროსობით იყო გამოგზავნილი. შეიხ-ალი-ხანმა ხელმეორედ გამოგზავნა პარლამენტარი, სთხოვდა რა საველიევს შეეჩერებინა მოქმედებები და მისთვის გუდოვიჩთან წერილის გაგზავნის ნება მიეცა, და რომ, პასუხის მიღებამდე რუსულ ჯარებს ქალაქიდან 15 ვერსზე დაეხიათ.

საველიევმა ხანის თხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა, მით უმეტეს, რომ, მიღებული ცნობებით, ხანის წარგზავნილი სპარსელთა ბანაკიდან უკიდურესად არადამაკმაყოფილებელი პასუხით დაბრუნდა. აღა-მაჰმად-ხანმა დარუბანდის მცხოვრებთა დახმარებაზე უარი განაცხადა.

– ჩემი ჯარები დაქანცულნი არიან, ეუბნებოდა იგი წარგზავნილს, და რუსებთან ბრძოლა არ შეუძლიათ. როცა დაისვენებენ, ზაფხულში, შესაძლოა, მე მოვიდე კიდეც თქვენს დასახმარებლად.

ამ დახმარებაზე დაიმედება ძნელი იყო, იმიტომ რომ აღა-მაჰმადი ამის კვალდაკვალ მუღანის ველიდან მოიხსნა და სპარსეთის შიდა მხარეებში წავიდა. წასვლისას მან ხოის, ნახჭევნის, ერევნისა და სხვა ხანების ცოლები და შვილები თან წაიყვანა, და ამ ტყვეებს თავად ხანების ერთგულების საუკეთესო მძევლებად თვლიდა. იმავე დროს გუდოვიჩმა დარუბანდის ხანს საკმაოდ “მკვახე წერილი” გაუგზავნა, რომელშიც მორჩილებას მოითხოვდა და აფრთხილებდა, რომ მალე დაღესტანში დიდი რიცხვის რუსული ჯარები შემოვლენ, “რომლებიც იმათ თავებზე გადაივლიან, ვინც უზენაეს ნებას ეწინააღმდეგება” (Всеподданнейшiй рапортъ Гудовича 20-го марта 1796 года).

აღა-მაჰმად-ხანის უკანდახევა ამიერკავკასიაში მოსახლე ხალხების ცხოვრებაში მსხვილი მოვლენა გახლდათ. ზოგიერთ მფლობელს ასეთი უკანდახევა უხაროდა, სხვები კი მისით უკმაყოფილონი იყვნენ. შექისა და შემახის ხანებმა დარჩენილი სპარსელები თავიანთი სამფლობელოებიდან განდევნეს და მათში სიმშვიდე და სიწყნარე აღადგინეს. ბაქოს ხანმა, თუმცა კი რუსეთის ქვეშევრდომობაზე შეჰფიცა, მაგრამ, ხედავდა რა, რომ სპარსეთის მხრიდან ჭექა-ქუხილმა გადაიარა, ყველა აზიელი ხალხისთვის დამახასიათებელი ვერაგობის გამო, დარუბანდში ორი ზარბაზანი და მეზარბაზნენი გაგზავნა. ყარაყაიდაღის უცმიც ასევე მერყეობდა; თუმცა კი იგი რუსეთის ქვეშევრდომობას ეძიებდა და გეორგიევსკში პირობების დასადებად თავისი დესპანიც კი გამოგზავნა, მაგრამ ეს დესპანი, ჩამოსვლის შემდეგ მალევე, მიიმალა სად არავინ იცოდა, ხოლო მის ადგილზე კი უცმის სხვა არავინ გამოუგზავნია. მზაკვარი და აშკარად რუსეთისადმი კეთილად არგანწყობილი ხუმბუტაი ყაზიყუმუხელი დარუბანდის ხანის მხარეზე იხრებოდა და მას თავის დახმარებასა და თანადგომას ჰპირდებოდა. ჩვენდამი მსგავსი განწყობით იყვნენ ასევე აკუშის ყადი და ალი, ჯანგუთაის სულთანი. შუშელ იბრაჰიმ-ხანს სპარსელების უკანდახევა სხვებზე უფრო მეტად უხაროდა და თავს იმით იქებდა, რომ აღა-მაჰმად-ხანს არ დაემორჩილა.

“მე იმედს ღვთის წყალობაზე ვამყარებ, წერდა იბრაჰიმი ერეკლე მეფეს, მისი მოსვლა (შუშასთან) ღამურაზე უფრო მეტად არ მივიჩნიე, და მას სულაც არ ვუყურებდი, არამედ მხოლოდ ვუსმენდი, ვინაიდან მე, როგორც უწინ ვცხოვრობდი ჩემს სახლში, მაშინაც ისევე ვიყავი, ხოლო ჩემი ჯარები კი ყოველ დღესა და ყოველ დროს მათ ცხენებს, აქლემებსა და ვირებს პარტიებად მოერეკებოდნენ. აღა-მაჰმად-ხანი, იდგა რა ორმოც ან მეტ დღეს ორაზის (მდ. არაქსის) ნაპირზე და იხილა რა, რომ ჩვენ მას არ ვუყურებთ და ყოველთვის გზების გამაგრებას ვცდილობთ, გასული თვის 27 რიცხვში წავიდა, და ახლა მისი წასვლიდან ოცი დღე იქნება გასული”.

მხოლოდ ორი ხანი, დარუბანდის და განჯისა, აშკარად უკმაყოფილონი იყვნენ აღა-მაჰმად-ხანის წასვლით. ჯავად-ხანი მოელოდა, რომ ერეკლე დაარბევდა მის სამფლობელოს, სპარსელთათვის დახმარების გამო შურის საძიებლად, და იგი თავის ვარაუდში არც შემცდარა. მართლაც, აღა-მაჰმად-ხანის წასვლის შემდეგ, თუმცა კი ერეკლეს განჯის ხანის დასჯა თავად არ შეეძლო, მაგრამ, მისი რჩევით, შუშელი იბრაჰიმ-ხანი მაშინვე დაიძრა განჯაზე. იბრაჰიმს რაიმ-ხანი, ჯავადის ნათესავი, და ავარელი ომარ-ხანის ლეკური ჯარები შეუერთდნენ, რომელიც (ომარ-ხანი – ი. ხ.) სხვათა საკუთრების ძარცვისთვის ყოველთვის მზად იყო. ერეკლე მეფემ, რომელსაც ასევე არ სურდა, რომ, მისი სიტყვებით, “განჯის ნადავლი” სხვებს დარჩენოდა, განჯაში თავისი ორი ვაჟიშვილი გაგზავნა ჯარებით, და თავადაც ვარაუდობდა იქ გამგზავრებას, როგორც კი თავისი სამეფოს საშინაო მდგომარეობას რამდენადმე მოაწყობდა (Рапортъ Сырохнева графу Зубову 23-го апреля 1796 года).

არც დარუბანდელი შეიხ-ალი-ხანის მდგომარეობა იყო უკეთესი. ხედავდა რა თავისი ქალაქის წინ რუსულ ჯარებს, იგი ყოველ წუთს მოელოდა, რომ ისინი მას დარუბანდიდან განდევნიან. ხანი ზრუნავდა თავის მხარეზე რაც შეიძლებოდა მეტი რიცხვის მოკავშირეთა მიზიდვისთვის და მოახერხა დახმარების მიღება ყაზიყუმუხელი ხამბუტაისა და მისი მოსაზღვრე სხვა დაღესტნელი მფლობელებისგან. ხმების მიხედვით, დარუბანდში 10.000-მდე ადამიანი შეიკრიბა, რომელთაც ქალაქის დაცვა გადაწყვიტეს. ჰქონდა რა მხედველობაში, რომ საველიევის რაზმი, რომელიც მხოლოდ 4.180 ადამიანისგან შედგებოდა, ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა შეიხ-ალი-ხანის მხრიდან და რომ “ხსენებულმა რაზმმა, რომელიც არცთუ ცოტა ხანია დგას ციხესიმაგრესთან, რომელსაც, ხმებით, არცთუ ცოტა მებრძოლი იცავს, როგორღაც მიაჩვია ისინი იმას, რომ ძრწოლის გარეშე უმზერდნენ ძლევამოსილ რუსულ იარაღს და რომ მსგავსი შეურაცხყოფისთვის შურის საძიებლად თავად იგი საკმარისი არ არის”, გრაფმა ზუბოვმა უბრძანა საველიევს ქალაქიდან უკან დაეხია, ხელსაყრელი პოზიცია დაეკავებინა, რაც შეიძლებოდა უფრო ფრთხილად ყოფილიყო და მთავარი ძალების მოსვლას დალოდებოდა, რომლებითაც იგი უკვე დაღესტანში გამოვიდა.

გრაფ ზუბოვის რაზმი, პირველ ხანებში, საკმარისად სწრაფად მოძრაობდა.

15 აპრილს კასპიის კორპუსის ჯარები უკვე ტარკიში იყვნენ, სადაც, ქალაქიდან სამ ვერსზე მათ ტარკის შამხალი დახვდათ თავისი ვაჟიშვილებითა და “მისი მოსაზღვრე ზოგიერთი მცირე მფლობელით”. მიიღო რა მოსულნი ალერსიანად, გრაფმა ზუბოვმა შამხალს ბრილიანტებით შემკული საათი აჩუქა, 1.325 მანეთის ღირებულებისა.

შამხალი სასიამოვნო გარეგნობის 60 წლის ადამიანი გახლდათ. “სიბერემ ჯერ კიდევ ვერ დაჩრდილა ის, წერდა პ. გ. ბუტკოვი ერთერთ თავის წერილში (См. рукопись Буткова, хранящуюся въ библiотеке Академiи Наукъ, № 51, стр. 103), რომ იგი საკმარისად წარმოსადეგი მამაკაცი გახლდათ. მხოლოდ ეს იყო და არის საუკეთესო მასში. მისი გონება ვიწრო საზღვრებშია მოქცეული, ხოლო რუსული არაყი კი მისი ვარჯიშების საუკეთესო საგანია”.

ტარკიდან გამოსვლის შემდეგ, 23 აპრილს მდინარე ოზენამდე მიაღწია, სადაც კიდეც ბანაკად დადგა. აქ დარუბანდის შემოგარენში გაგზავნილი ასტრახანის მცხოვრები სერგეი ბოგდანოვი დაბრუნდა. მან მთავარსარდალს მოახსენა, რომ შეიხ-ალი-ხანმა მნიშვნელოვანი დახმარება მიიღო ჰამბუთაი ყაზიყუმუხელისგან, რომელსაც 21 რიცხვში შეხვდა და ორივე მოკავშირემ დაადგინა 3.000-მდე ჯარი შეეკრიბათ, ტაბასარანისა და ყარაყაიდაღის ხეობით წამოსულიყვნენ და საველიევის რაზმს ზურგიდან თავს დასხმოდნენ. იმავე დღეს ეს ცნობა გენერალ-მაიორ საველიევის მიერაც იქნა დადასტურებული, რომელიც მოახსენებდა, რომ მის რაზმში მყოფმა დაღესტნელებმა, შეწუხდნენ რა ამ ცნობით, რაზმი დატოვეს და თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ. შეიხ-ალი-ხანის მტრულმა განზრახვამ აიძულა გრაფი ზუბოვი, რომ გენერალ-მაიორ საველიევის რაზმთან შეერთება ეჩქარა.

მოახდინეს რა ორი გადასვლა, კასპიის კორპუსის ჯარებმა 27 აპრილს მდინარე ურუსაი-ბულაკს მიაღწიეს. მდინარე მანიასიდან ამ უკანასკნელ პატარა მდინარემდე გადმოსვლა განსაკუთრებით ძნელი გამოდგა. ხან ადიოდნენ რა თითქმის ციცაბო კლდეებზე, ხანაც ღრმა ხეობებში ეშვებოდნენ და მათ დაკლაკნილ და ვიწრო ფსკერს მიჰყვებოდნენ, ჯარები გრძელ მწკრივად იყვნენ გაჭიმულნი, რამდენიმე ვერსზე. არტილერია და უზარმაზარი რიცხვის საზიდრები კიდევ უფრო აძნელებდნენ მოძრაობას; გამოუშვებდნენ რა ცხენებსა და ხარებს, ქვემეხები და ფურგონები ჯარისკაცებს თავად გადაჰქონდათ, ხან დაბლა უშვებდნენ და ხანაც მთაში მაღლა აჰქონდათ ისინი. დროის თორმეტ საათში რაზმმა 29 ვერსი გაიარა და მდინარე ურუსაი-ბულაკთან ბანაკი დასცა. აქ თავიანთი მორჩილების გამოხატვით მოვიდნენ ყარაყაიდაღის უცმის ძმა და ტაბასარანის ყადის ვაჟიშვილი. დეპუტატებმა გრაფ ზუბოვს მათი მფლობელების წერილები გადასცეს, რომლებშიც უკანასკნელნი რუსეთისადმი ერთგულებასა და ყოველგვარი სამსახურის გაწევისთვის მზადყოფნას გამოთქვამდნენ.

წარმოგზავნილებთან საუბარში მთავარსარდალმა შეიტყო, რომ მათ მიწებზე ისეთი გზები გადის, რომელთა გავლით, თუმცა კი შრომის ფასად, ჯარებს მოძრაობა და დარუბანდთან საწინააღმდეგო, სამხრეთის მხრიდან მისვლა შეუძლიათ. გრაფმა ზუბოვმა მაშინვე ისარგებლა ამ მითითებით და დეპუტატებთან ერთად კაპიტანი სიმონოვიჩი გაგზავნა, თანაც მას ამ გზების ყველაზე უფრო გულმოდგინე რეკოგნოსცირების ჩატარება დაავალა.

სიმონოვიჩმა მოახსენა, რომ თუმცა ეს გზები მოუხერხებელია და მეტად ძნელია მოძრაობისთვის, მაგრამ მაინც გაუვალ გზებად არ შეიძლება ჩაითვალოს. მაშინ გრაფმა ზუბოვმა გენერალ-მაიორ ბულგაკოვს უბრძანა თავისი ბრიგადისთვის ვლადიმირის პოლკის გრენადერთა ორი ასეული, ასტრახანისა და ტაგანროგის დრაგუნთა პოლკები, ხოპერისა და სემეინის ყველა კაზაკი, საველე არტილერიის ექვსი ქვემეხი შემოეერთებინა* (*ორი 12-გირვანქიანი და ოთხი 6-გირვანქიანი ზარბაზანი), აუცილებელი რიცხვის საინჟინრო ჩინებით, და, უზრუნველყოფდა რა საკუთარ თავს 20 დღის პროვიანტით, კაპიტან სიმონოვიჩის მითითებით დარუბანდისკენ წასულიყო.

მოძრაობის უსაფრთხოებაში უფრო მეტად დარწმუნებისთვის, ბულგაკოვს დაევალა ყარაყაიდაღის უცმის ძმა და ტაბასარანის ყადის ვაჟიშვილი რადნიმე მათთან დაახლოებული ადამიანით თავისთან წაეყვანა და, მიახლოვდებოდა რა დარუბანდს, ციხესიმაგრის რეკოგნოსცირება მოეხინა და მომგებიან პოზიციებზე ბატარეები აეგო.

ვარაუდობდა რა დარუბანდთან არაუგვიანეს 2 მაისისა მისვლას, გრაფი ზუბოვი სთხოვდა ბულგაკოვს, რათა მასაც ეჩქარა თავისი მოძრაობით, რათა შეძლებოდა იმავე დღეს ქალაქი მოპირდაპირე მხრიდანაც ალყაში მოექცია. ამ მიზნით, მოძრაობის შემსუბუქებისთვის, მას ებრძანა თან აღალის მხოლოდ ყველაზე უფრო აუცილებელი რიცხვის საზიდრები წაეყვანა, ხოლო დანარჩენები კი მთავარ ძალებში დაეტოვებინა და ვაგენმაისტერის განკარგულებაში გადაეცა. ბულგაკოვის რაზმს შემოვლითი გზით სვლა უხდებოდა, და ამიტომ, გრაფი ზუბოვი მოახსენებდა (Всеподданнейшiй рапортъ отъ 29-го апреля): “მე იმ ბოლოსკენ მარშებს ისე მოვზომავ, რათა ქალაქის კედლებს ერთდროულად მივადგეთ და მოწინააღმდეგეს ჩვენი მოსვლის შესახებ სამოცი ქვემეხით ვაუწყოთ. ასეთი მანევრით ვიმედოვნებ მოწინააღმდეგე უკიდურეს საშინელებაში ჩავაგდო და აქედან ჩემთვის დიდ სარგებელს ვითვალისწინებ, ვინაიდან ადგილის უფრო სუსტი ციხესიმაგრეები ჩვენთვის გაიღება და დამარცხების ხვედრი მათზე მოულოდნელად მიემართება (и на оныя незапно направится пораженiе)”.

იცოდა რა რუსული ჯარების დარუბანდთან მოახლოების შესახებ და არ კმაყოფილდებოდა რა მხოლოდ ყაზიყუმუხელი სურხაი-ხანის დახმარებით, შეიხ-ალი-ხანი დახმარებას ავარელ ომარ-ხანსაც სთხოვდა, ჰპირდებოდა რა მისთვის თავისი დის მითხოვებას, რომელიც დიდხანს არ თანხმდებოდა რომ მისი ცოლი გამხდარიყო, და, ბოლოს გადაწყვიტა დახმარებისთვის თურქეთის მთავრობისთვისაც მიემართა. მოამარაგა რა თავისი წარგზავნილი 30.000 მანეთის საჩუქრებითა და 10.000 მანეთი ფულით, შეიხ-ალი-ხანმა იგი არზრუმის გავლით კონსტანტინოპოლში გაგზავნა.

ოტომანის პორტას მინისტრებისადმი გაგზავნილ თავის წერილში დარუბანდის ხანი წერდა, რომ არა მხოლოდ ის, არამედ მთელი მისი საგვარეულო ყოველთვის თურქული მთარობის ერთგულნი იყვნენ და საკუთარ თავს მართლმორწმუნეთა მბრძანებლის მსახურებად თვლიდნენ, რომელსაც ახლა მიმართავს კიდეც თხოვნით ურწმუნო რუსთა წინააღმდეგ დაცვის შესახებ.

“აღა-მაჰმად-ხანის ჯარების მიერ საქართველოს გაჩანაგებისა და მის მაცხოვრებელთა დატყვევების მიზეზით, ამბობდა ხანი* (*ჩვენ აქ მოგვყავს მეტად გრძელი წერილის არსი, რომელიც აღმოსავლური მჭერმეტყველებით იყო აღსავსე), საზიზღარმა რუსმა ერმა, საქართველოს გამო შურის საძიებლად, თავისი უწმინდური მხედრობა დარუბანდზე გამოგზავნა, რომელიც ყოველთვის სპარსეთში მიმყვან კარებსა და მართლმორწმუნეებსა და ურჯულობს შორის მტკიცე ზღუდეს წარმოადგენდა. მათ სურთ დაეუფლონ ალექსანდრე დიდის მიერ აშენებულ ქალაქს და მისი მცხოვრებნი დაატყვეონ, საქართველოში დატყვევებულთა სანაცვლოდ, იმ მიზნით, რათა ისინი უწმინდურ რუსულ მიწაზე მონობაში გაგზავნონ და იქ ქუჩებსა და ეკლესიებში გაყიდონ (?). სწორედ ამ მიზნით ურჯულოებმა ქალაქიდან ზარბაზნის გასროლის მანძილზე ბანაკი დასცეს და უკვე სამი თვეა რაც ბომბებს ესვრიან და წვავენ მას. მე, აღვავლენ რა მუდმივად ლოცვა-ვედრებას თურქეთის იმპერიის ძლიერებისთვის, და უზენაესის მოწყალებისა და მისი უდიდებულესობის – მართლმორწმუნეთა ნავსაყუდელის – მფარველობის იმედით, გავაძლიერე ამ ციხესიმაგრის კედლები და გამონათქვამის თანახმად: “ღმერთი ეხმარება იმათ, ვინც თავს იცავს”, ვცდილობ უწმინდურთა მოგერიებას. რუსების გამოჩენის შემდეგ მე კაცი გავგზავნე აღა-მაჰმად-ხანთან დახმარების სათხოვნელად და იგი მის გამოგზავნას დამპირდა. მაგრამ მალევე შევიტყვე, რომ აღა-მაჰმად-ხანი თავის სამფლობელოთა სიღრმეში წავიდა, და მისი ამდენად სწრაფი მოძრაობის მზეზი ჩემთვის უცნობია.

რუსებმა მოისყიდეს და თავიანთ მხარეზე გადაყვანა მოახერხეს ტარკის შამხალის, ყარაყაიდაღის უცმისა და ტაბასარანის ყადის; ისინი ჩემს მოსყიდვასაც ცდილობდნენ, მაგრამ მე ჩემი ღირსების ფულზე გაყიდვა არ მინდოდა და მათდამი მორჩილებაზე უარი ვთქვი. დაღესტნის მფლობელები მუსლიმანურ სარწმუნოებაში დასუსტდნენ და ურჯულოებს შეუერთდნენ; მაგრამ სანამ ღმერთი ჩემი სულის სხეულისგან განშორებას არ მოისურვებს, მე მათ არ დავემორჩილები. თუ მისი უდიდებულესობის – მუსლიმანთა ნავსაყუდელის – მოწყალების ჩრდილი ამ ქვეყნის მაცხოვრებლებზე არ გავრცელდება, მაშინ მართლმორწმუნეთა საზღვრების დაცვის შესაძლებლობა არ გვექნება. მე, რომელსაც მუდამ ოტომანთა იმპერიის კეთილდღეობა მსურს, ახლა მისი უდიდებულესობის მფარველობას ვითხოვ, იმის მსგავსად, როგორც ძველი სპარსელები სთხოვდნენ ალექსანდრე მაკედონელს სკვითების წინააღმდეგ, გთხოვთ და გევედრებით, რათა დიდი იმპერატორის ვეზირებმა მათი მფარველობის ჩრდილი ამ ქვეყნის მცხოვრებთაც მოჰფინონ და ძლევამოსილი ჯარების რაზმი გამოგზავნონ, რომ მათი სწრაფი მოსვლა დამეხმაროს მე, ვინც ძლევამოსილი იმპერიის დიდებისთვის ლოცვებს აღვავლენ, მოწინააღმდეგისგან განთავისუფლებაში. ხოლო თუ, დიდი მანძილის გამო, ჩემთვის ჯარების გამოგზავნა შეუძლებელი იქნება, მაშინ გამომიგზავნოთ რამდენიმე ბრძანება იმპერატორის ბეჭდით დაღესტნელ მფლობელთა სახელზე რამდენიმე დიდებულთან ერთად და ფულები, რათა მე შემეძლოს, ანდაზის მიხედვით: “საჩუქრები ადამიანებს ატყვევებენ”, ისინი რუსებს ჩამოვაშორო და ამით საზიზღარი ერის ტირანობისგან განვთავისუფლდე”.

პორტამ ეს თხოვნა ყოველგვარი პასუხის გარეშე დატოვა, და შეიხ-ალი-ხანს მთელი თავისი იმედების დამყარება დაღესტნელ მოკავშირეებზე მოუხდა.

მათი ჯარების მოსვლის მოლოდინში დარუბანდის ხანი ციხესიმაგრეს აძლიერებდა, ზედმეტ კარებს ამოქოლავდა და ქვითკირის კოშკს აშენებდა, სწორედ იმ ადგილას, სადაც საველიევს ბატარეისთვის მიწაყრილი ჰქონდა აგებული, ქალაქის კარის საპირისპიროდ, ნარინ-კალეს ციხე-სასახლესთან (Рапортъ генерала Савельева графу Зубову 25-го апреля, № 241).

დარუბანდში იმ ხანებში ორი პარტია არსებობდა, რომლებიც ერთმანეთისადმი მტრულად იყვნენ განწყობილნი. ერთი, რომელიც ქალაქის მცხოვრებთაგან შედგებოდა და თავიანთი ოჯახების საფრთხეში ჩაგდება არ სურდა, რუსებისადმი მორჩილებას მოითხოვდა; მეორე, რომელიც სხვადასხვა მთიელი ხალხებისგან მოსულთაგან შედგებოდა, ქალაქისა და საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვას მოითხოვდა.

მიიღო რა ცნობა, რომ დარუბანდში პარტიებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს, გრაფმა ზუბოვმა, მდინარე დარბახზე საველიევის რაზმთან შეერთებისთანავე, ქალაქში თავისი წარგზავნილი მიავლინა შეიხ-ალი-ხანისა და ყველა მცხოვრებისადმი პროკლამაციით.

“მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის სრულიად რუსეთის თვითმპყრობელისგან, წერდა იგი თავის მოწოდებაში, მტაცებელ აღა-მაჰმად-ხანის ძალების დასანგრევად, მრავალრიცხოვანი მხედრობით გამოგზავნილი გენერალ-პორუჩიკი გრაფი ზუბოვი ამით გატყობინებთ, რომ არ გააჩნია არც ბრძანება, არც სურვილი რაიმე ზიანი მიაყენოს იმათ, ვინც მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ჯარების წინააღმდეგ იარაღის აღმართვას თავად არ გაბედავს, რომ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის წმინდა სახელით მით უფრო ჰპირდება თავის ძლიერ მფარველობას, პირად და ქონებრივ უსაფრთხოებას ყველა მშვიდ და კეთილად განწყობილ მაცხოვრებელს. ამის შედეგად, გამოუცხადებს რა თავის კეთილგანწყობას, დარუბანდელ ხალხს სთავაზობს გაიაზროს, რომ არა აქვს რა მიზეზი მტრობისთვის და არ უნდა ჰქონდეს რა რუსთაგან არანაირი საფრთხის შიში, არ არის ჯეროვანი რომ ადამიანთა სისხლი ამაო მსხვერპლად შეწიროს. მაღალხარისხოვანი ხანი მოვალეა, რომ თავის ქვეშევრდომთა მდგომარეობაში შევიდეს, რისთვის იბრძოლებენ ისინი რუსებთან, რომლებიც არასდროს მათი მტრები არ ყოფილან? ისინი მოვალენი არიან თავიანთ ცოლებსა და შვილებს მოუფრთხილდნენ და გამძვინვარებულ დაქირავებულთა ბობოქარ ხმას ყური არ ათხოვონ, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე შეაფასეს და გაჰყიდეს როგორც თავგანწირულებმა, მაგრამ მათ უნდა ჩააგონოთ, რათა თავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ, ვინაიდან გაშვებულნი იქნებიან და ყველანი მშვიდად დარჩებიან, თუ ციხესიმაგრე რუსული ჯარებისთვის გაღებულ იქნება”.

ამ პროკლამაციას წარმატება არ ჰქონია, და გრაფ ზუბოვის რაზმი, 2 მაისს, დარუბანდს მიუახლოვდა. ქალაქიდან ოთხ ვერსზე ჩვენი კაზაკების მეწინავე ცხენოსან რაზმებს დარუბანდელი მხედრები და მთებზე და ხეობებში ჩამსხდარი მსროლელები ცეცხლით დახვდნენ. ეს ორმხრივი სროლა სამ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა, იმ დრომდე, სანამ ჩამოქვეითებულმა გრებენელმა და ვოლგის კაზაკებმა და კავკასიის ეგერთა კორპუსის ჯაჭვში გაფანტულმა მესამე ბატალიონმა არ გამოდევნეს მოწინააღმდეგე ჩასაფრებებიდან და არ აიძულეს იგი ციხესიმაგრეში უკან დაეხია და იქ ჩაკეტილიყო.

ჯარები ქალაქს მიუახლოვდნენ და მის გარემომცველ სიმაღლეებზე განლაგდნენ* (*იხ. ამასთან შემოთავაზებული დარუბანდის ალყის გეგმა).

[ნახატი: ქ. დარუბანდის ალყის გეგმა 1796 წელს] 

დარუბანდის ციხესიმაგრე სამ ნაწილად იყოფოდა: პირველი ანუ ზემო ნაწილი, რომელიც თითქმის მთებს ებჯინებოდა, ბუნებისა და ხელოვნების მიერ მეტად გამაგრებულ ნარინ-კალეს ციხე-სასახლისგან შედგებოდა. მეორე, რომელსაც საკუთრივ დარუბანდი ეწოდებოდა, შედგებოდა კედლისგან, რომელიც საცხოვრებელ ქალაქს გარეშემო ერტყმოდა და, მესამე ნაწილი, ზღვასთან უფრო ახლოს მდებარე, და რომელიც დუბარის სახელით იყო ცნობილი, თუმცა კი კედლით იყო გარშემორტყმული, მაგრამ იქ მოსახლეობა არ ყოფილა. ეს ნაწილი საცხოვრებელი ქალაქისგან გარდიგარდმო კედლით იყო გამოყოფილი და იმ ადგილს წარმოადგენდა, სადაც დარუბანდელები თავიანთ საქონელს (პირუტყვს) ინახავდნენ. ქალაქის დასახლებული ნაწილი უწყვეტი კედლით იყო გარშემორტყმული, რომელიც დაუმუშავებელი ქვისგან იყო აგებული და რომლის სიმაღლეც შვიდ საჟენამდე აღწევდა. თანდათანობით ვიწროვდებოდა რა ზევითკენ, ამ კედელს თავის საფუძველში ანუ ფუნდამენტში ორ საჟენამდე სისქე ჰქონდა, ხოლო ზემოთ კი კბილანებით თავდებოდა და მთელი რიგი კოშკები ჰქონდა, რომელთა რიცხვიც ოთხმოცამდე აღწევდა: ათი დიდი კოშკი, ცხრა საშუალო და დანარჩენები კი მცირე. კედლის წინ, ქალაქის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, მისგან სამოც საჟენზე, მოწყობილი იყო კოშკი, სწორედ იმ მხრიდან, საიდანაც რუსული ჯარების მოსვლას მოელოდნენ. ციხესიმაგრის კედლები ზარბაზნებითა და რამდენიმე ფალკონეტით იყო შეიარაღებული, რომელთათვისაც მცხოვრებნი ყოველდღიურად მუხტებსა და დენთს ამზადებდნენ. დამცველებს ყველაზე უფრო მეტად ღამით თავდასხმისა ეშინოდათ და ამიტომ მთელ ღამეს კედლებზე ატარებდნენ, დღისით კი ეძინათ. თავდაცვა შემდეგნაირად იყო განაწილებული: ყველა დიდ კოშკს 100 ადამიანამდე გარნიზონი ჰყავდა, საშუალოს – 50, და მცირეს კი – 15-დან 20 ადამიანამდე; კოშკებს შორის ინტერვალებში ციხესიმაგრის კედლის გაყოლებაზე დამცველთა ხშირი ჯაჭვი იყო განლაგებული, და შემდეგ კი ყველა დანარჩენი მებრძოლი კედლების მახლობლად, ქალაქში იყო განთავსებული.

დაათვალიერა რა ქალაქი და მოახდინა რა მისი გარემომცველი ადგილმდებარეობის რეკოგნოსცირება, გრაფი ზუბოვი ხედავდა, რომ უწინარეს ყოვლისა აუცილებელია მეწინავე კოშკის დაუფლება, რომელიც, იფარავდა რა კედლების დიდ ნაწილს, არა მხოლოდ ბატარეის მოწყობას უშლიდა ხელს, არამედ ჯარებს შორის შეტყობინებასაც. მან ბრძანა რამდენიმე ქვემეხიდან ქალაქის სხვადასხვა ნაწილისთვის მაშინვე ცეცხლი გაეხსნათ, ხოლო ერთი თორმეტგირვანქიანი ზარბაზნის გასროლები კი მხოლოდ კოშკის წინააღმდეგ მიემართათ. გაშვებულმა ოთხმა ბირთვმა მის კედლებზე ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინა, და ამიტომ ცეცხლი შეწყვეტილ იქნა. ხედავდა რა, რომ ჩვენი არტილერიის ცეცხლი კოშკის წინააღმდეგ ნამდვილი ვერ არის და ვარაუდობდა რა, რომ მასში შეიძლება გარნიზონის არაუმეტეს სამოცდაათი ადამიანისა განთავსდეს, გრაფმა ზუბოვმა გადაწყვიტა მას იერიშით დაუფლებოდა.

ამ მიზნით, 3 მაისის გათენების ღამეს, მთავარსარდალმა ვორონეჟის ქვეითი პოლკის ბატალიონს იმავე პოლკის გრენადერთა ორ ასეულთან ერთად, უბრძანა კოშკს დაუფლებოდა. ეს იერიში ვერ გამოვიდა; ვორონეჟელები კოშკს მიაუხლოვდნენ, და, არ ჰქონდათ რა კიბეები, მისი მხოლოდ ალყაში მოქცევა შეეძლოთ, მაგრამ იერიში კი ვერ გამოვიდოდა (Срав. съ статьёю «Историческое известiе о походе россiйскихъ войск въ 1796 г. и проч.» Отечествен. Записки 1827 г. часть 31, стр. 145). მოწინააღმდეგის ხშირმა ცეცხლმა მალე აიძულა კოშკის დაუფლებაზე უარი ეთქვათ, რომელიც ოთხიარუსიანი და მეტად მტკიცე ნაგებობისა აღმოჩნდა. ბატალიონის მეთაური, პოლკოვნიკი კრივცოვი, და თითქმის ყველა ოფიცერი დაჭრილნი იყვნენ, და ამიტომ გენერალმა რიმსკი-კორსაკოვმა, რომელიც იერიშს განკარგავდა, ვორონეჟელებს უბრძანა უკან დაეხიათ. ბატალიონმა თავის უწინდელ პოზიციაზე დაიხია, დაკარგა რა 25 ადამიანი მოკლულებით და 72 დაჭრილებით. იმავე დღეს გრაფმა ზუვოცმა უბრძანა მოეწყოთ ბატარეა ოთხი ქვემეხისგან იმ გარეთა კოშკების წინააღმდეგ მოქმედებისთვის, რომლებიც ნარინ-კალეს ციხე-სასახლის ჩრდილოეთ მხარეს იყო განლაგებული. თავის მხრივ, მოწინააღმდეგემ მეწინავე კოშკის დასაფარავად გარნიზონის დაახლოებით 500 ადამიანი გამოიყვანა, რომელიც კედელსა და კოშკს შორის თხრილში განლაგდა.

მთელი ამ დროის მანძილზე ბულგაკოვის რაზმის შესახებ არანაირი ცნობები არ ყოფილა. ვარაუდობდა რა, რომ გზის სიძნელე იყო მისი დაყოვნების მიზეზი, გრაფმა ზუბოვმა ტაბასარანის მთების გავლით შიკრიკი გაგზავნა ბრძანებით, რომ ბულგაკოვს ქალაქისკენ ეჩქარა, და მოვიდოდა რა მასთან, დარუბანდის ახლოს მყოფი ძველი სიმაგრე დაეკავებინა და მთავარ რაზმთან ურთიერთობებში შემოსულიყო.

ბულგაკოვს ოთხმოც ვერსზე მეტის გავლა მოუხდა და მათ რიცხვში ოცისა, მეტად ძნელი გზით. ტაბასარანის ყადი თავად აცილებდა რაზმს მთელი თავისი სამფლობელოების გავლით, და ყოველწუთიერად თავისთვის სხვადასხვა საჩუქრებს ითხოვდა, პოლკის მომღერალთა მუსიკასა და სიმღერებს განსაკუთრებული სიამოვნებით უსმენდა. ტაბასარანის ყადის მუდმივად ყოფნას ჩვენს ბანაკში მისი ძმისთვის ხელი არ შეუშლია იმაში, რომ შეიხ-ალი-ხანისთვის შეეყტობინებინა, რომ რუსული ჯარები 8.000 ადამიანზე მეტნი არ არიან. ასე ვარაუდობდა ის, ხედავდა რა მხოლოდ ბულგაკოვის რაზმს, მაგრამ დარუბანდელები, ციხისთვის ალყის შემორტყმის შემდეგ, რუსულ ჯარებს არანაკლებ 20.000 ადამიანის რიცხოვნებისას თვლიდნენ.

1 მაისს ბულგაკოვმა სოფელ დარბახის მახლობლად ტაბასარანის მთავარ ქედზე ასვლა უდაბურ ტყეში გაყვანილი მეტად ვიწრო გზით დაიწყო, რომელზედაც გასვლას მხოლოდ ერთი ფურგონი თუ შეძლებდა. სამი ვერსის სიგრძის ასასვლელი იმდენად ციცაბო იყო, რომ არტილერიისა და აღალის მიყოლა მეტად გაძნელებული გახლდათ, ისე რომ შუადღისთვის მთაზე გადასვლა მხოლოდ ქვეითი ჯარის ერთმა ბატალიონმა და კაზაკებმა მოახერხეს მათი აღალით. თითქმის ყველა ადამიანი და საჯდომი ცხენები შესაბმელი ცხენების დასახმარებლად იქნენ გამოყენებულნი. ამ სიძნელეებზე დამატებით, შუადღის შემდეგ, წვიმა წამოვიდა, რომელიც მომდევნო დილამდე გრძელდებოდა. მთის თიხამიწანი ნიადაგი დარბილდა და იმდენად სრიალა შეიქნა, რომ 12-გირვანქიანი ქვემეხის შებმაში მყოფი ექვსი ცხენის გარდა დასახმარებლად კიდევ 200-მდე ჯარისკაცი უნდა გაეგზავნათ, მაგრამ ქვემეხის ადგილიდან დაძვრა მათაც ძლივს-ძლივობით თუ შეეძლოთ.

მხოლოდ 2 მაისის დილის თერთმეტ საათზე შეძლო ბულგაკოვის რაზმმა მთაზე ასვლა. აქ გადაწყვეტილ იქნა, რომ მოძრაობის აჩქარებისთვის, აღალი გრენადერთა ორი ასეულის დაცვის ქვეშ დაეტოვებინათ და მსუბუქად წასულიყვნენ. რაზმი მთიდან დაეშვა, ღრმა და ვიწრო ხეობა გაიარა, რომლის ფსკერზე პატარა მდინარე მიედინებოდა, და 2 მაისის ღამეს დევეჩუმაგატანის ველზე გამოვიდა, სადაც დარუბანდის ხანის სამფლობელოები იწყებოდა.

დატოვეს რა შორს უკან თავიანთი აღალები, ჯარები იძულებულნი იყვნენ ღამე კარვების გარეშე გაეტარებინათ. თავსხმა წვიმა ჯერ კიდევ არ წყდებოდა; მთის პატარა მდინარის წყალი სწრაფად მაღლდებოდა, ნაპირებიდან გადმოვიდა და რამდენიმე საათში მთელი გარემო დატბორა. ადგილის არქონის გამო, ადამიანები მთელ ღამეს წყალში იდგნენ, არ მოუხუჭავთ რა თვალი და არც დასვენების საშუალება ჰქონიათ. მხოლოდ 3 მაისის ნათელმა და თბილმა დილამ მისცა ადამიანებს გათბობისა და გაშრობის შესაძლებლობა. დილს თერთმეტ საათზე ბულგაკოვმა გზა განაგრძო და შუაღამის პირველ საათზე კი დარუბანდს მიადგა.

უკანასკნელ გადასასვლელზე, მის მიერ წინ გაგზავნილმა კაზაკთა ასეულმა ხელში ტყვედ ხუთი სომეხი და ერთი სპარსელი ჩაიგდო, ხოლო შემდეგ კი მოწინააღმდეგის გასროლების ქვეშ აღმოჩნდა, რომელიც 500 ადამიანამდე რიცხვით ქალაქიდან გამოვიდა. ასეულის მხარდაჭერისთვის ბულგაკოვმა ჯერ მის რაზმში მყოფი დანარჩენი კაზაკები გაუშვა, ხოლო შემდეგ კი დრაგუნთა ორივე პოლკი. დრაგუნების ნაწილი ჩამოქვეითდა და სპარსელთა ფლანგიდან შევიწროვება დაიწყო იმ დროს, როცა კაზაკები მათ ფრონტიდან უტევდნენ. დარუბანდეებმა ციხესიმაგრისკენ დაიხიეს და, შეჯგუფდნენ რა მის კარებთან, წინ გამოყვანილი საველე ქვემეხების გასროლებით იქნენ გაფანტულნი.

მოწინააღმდეგის უკანდახევასთან ერთად, ბულგაკოვმა გაჭიმა ჯაჭვი ერთის მხრივ ზღვის ნაპირამდე, ხოლო მეორეს მხრივ კი – გრაფ ზუბოვის რაზმის ჯაჭვთან შეერთებამდე.

ამრიგად, დარუბანდი ყველა მხრიდან იქნა ალყაში მოქცეული, და არც მის მცხოვრებთ არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ქალაქიდან გასულიყვნენ, არც შეიხ-ალი-ხანის მოკავშირეებს – მისთვის დახმარების აღმოჩენისა. აღმოჩნდნენ რა ყველა მხრიდან გზამოჭრილები, დარუბანდელები შეტყობინების მოწყობას ზღვით ეცადნენ, მაგრამ მათ ესეც ვერ მოახერხეს, რადგანაც მათ მიერ გაგზავნილი ნავი, რამდენიმე შეიარაღებული ადამიანით, ჩვენი კაზაკების მიერ იქნა შეპყრობილი, როგორც კი ნაპირს მოადგა. წარგზავნილები არ მოელოდნენ, რომ რუსები თავიანთ ცხენოსან რაზმებს ქალაქიდან ასე შორს გაგზავნიდნენ, და ამიტომ, როცა ნაპირზე გადმოდიოდნენ, საკუთარ თავს ყოველგვარი საფრთხის გარეშე თვლიდნენ. ნაპირზე გადმოსვლის შემდეგ ისინი სხვადასხვა გზაზე უნდა წასულიყვნენ და ბაქოს ხანისკენ, ყაზიყუმუხელი ჰამბუთაისა და სხვა დაღესტნელი მფლობელებისკენ უნდა ეჩქარათ დახმარების შესახებ თხოვნითა და რუსებზე პირველი გამარჯვების თაობაზე ცნობით.

შეიხ-ალი-ხანი მათ წერდა: “რომ ურჯულოთა მხედრობამ ქალაქი დარუბანდი მთლიანად ალყაში მოაქცია და ერთ ღამეს ჩვენს ახალ ბატარეაზე ათასი საუკეთესო მებრძოლით იერიში მოახდინა, მაგრამ ღვთის დახმარებით, მათგან ჩვენ ბევრი დავხოცეთ; რის შემდეგაც, თუმცა კი ესვრიან ისინი ქალაქს, მაგრამ ამით სულაც ვერაფერს აკლებენ”.

წარგზავნილებმა უჩვენეს, რომ ქალაქში 2.500 სახლი მოითვლება, მათ რიცხვში სამოცადე სომხური, რომ შეიხ-ალი-ხანს შესაძლოა თავის განკარგულებაში თოფებით შეიარაღებული 10.000 ადამიანი ჰყავდეს; რომ დამცველებს შორის ყაზიყუმუხის 400 ცხენოსანი მცხოვრები იმყოფება, 1.200-დან 1.300 ადამიანამდე ყუბელი, 90 ყარაყაიდაღელი, 800 აქუშელი და 900-მდე ადამიანი მთიელთა სხვადასხვა წვრილი ტომებიდან. ტყვეები ამბობდბნენ, რომ თუ შეიხ-ალი-ხანმა, რომელმაც რუსეთისადმი თავისი არაკეთილგანწყობა გამოხატა, დაცვა გადაწყვიტა, ამის მიზეზი იყო აღა-მაჰმად-ხანი, რომელმაც იგი თავისი დახმარებით დააიმედა.

– როგორც კი რუსები დარუბანდს მოუახლოვდებიან, ამბობდა აღა-მაჰმად-ხანი, მე შენ საჩქაროდ დახმარებას გაგიწევ.

სპარსეთის მბრძანებელი თავისი ჯარების რიცხოვნებით იწონებდა თავს და კიდევ იმითაც, რომ არა თუ მხოლოდ არ ეშინია რუსების, არამედ რომ თავად მალე ყიზლარზე წამოვა. დაღესტნის მფლობელთა უმეტეს ნაწილსა და ზღვისპირა პროვინციების ხანებს სჯეროდათ ამისი და, ვარაუდობდნენ რა, რომ აღა-მაჰმად-ხანს არანაკლებ 100.000 ჯარისა ჰყავს, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ რუსები მას ვერ გაუმკლავდებოდნენ.

სხვათა მსგავსად, დაეყრდნო რა სპარსეთის მბრძანებლის დაპირებებს, შეიხ-ალი-ხანს მალე მოუხდა თავისი მიმნდობლობის გამო ენანა. რუსები მისი ქალაქის კედლებთან იყვნენ, ხოლო სპარსელთა დახმარების შესახებ კი ლაპარაკი არც ყოფილა. აღა-მაჰმად-ხანი თავად სპარსეთში წავიდა და, როგორც ჩვენ ვნახეთ, მაშინ დაპირდა დახმარებას, როცა მისი ჯარები დაისვენებდნენ. დარჩა რა მხოლოდ დაპირების ამარა, შეიხ-ალი-ხანი თავდაცვისთვის ქმედიდათ ემზადებოდა, სურსათის მნიშვნელოვანი მარაგის გაკეთება მოახერხა* (*ალყის მთელი დროის მანძილზე ბაზარზე ნახევარ ფუთ ხორბლის ფქვილში იხდიდნენ არაუძვირეს 1 მან. 20 კაპ.-ისა), მაგრამ საქონელი მეტად შევიწრივებული იყო, რადგანაც მთლიანად ქალაქის დაუსახლებელ რაიონში, ზღვის მახლობლად იყო შერეკილი.

6-დან 7 მაისის ღამეს ჩვენს მიერ აგებულ იქნა მეორე ბრეშ-ბატარეა სამ ქვემეხზე. დილის შვიდ საათზე 12-გირვანქიანი ზარბაზნებით შეიარაღებულმა ამ ბატარეამ მეწინავე კოშკის წინააღმდეგ ცეცხლი გახსნა, მაგრამ თვრამეტი გასროლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კოშკზე მხოლოდ კბილანები იყო დანგრეული, და ისინიც არც სულ კედლებამდე, რომლებიც უვნებელი დარჩა. კოშკის წინააღმდეგ სანგრის გათხრის არანაირი შესაძლებლობა არ იყო ქვიანი გრუნტის გამო; აქედან ამომდინარე, მისი დაუფლებისთვის ერთადერთი საშუალება იყო – იერიში.

მოიერიშე კოლონის შემადგენლობაში დანიშნულ იქნენ ვორონეჟის პოლკის იგივე გრენადერთა ორი ასეული და კავკასიის ეგერთა კორპუსის მესამე ბატალიონი. 7 მაისის დილის ათის ნახევარზე გრაფმა ზუბოვმა გრენადერებს კოშკის იერიშზე წასვლა უბრძანა თავისი თანდასწრებით, მოწინააღმდეგის თვალწინ, რომელიც ქალაქის მთელ კედლებზე მოფენილიყო (Срав. «Отечествен. Записки» 1827 г., ч. 31, стр. 147).

– შენ ჩვენ დაგვინახავ! ამბობდნენ გრენადერები, მიბრუნებულნი იმ ყორღანისკენ, რომელზედაც მთავარსარდალი იდგა, და ყვირილით “ვაშა!” სიმაგრეებისკენ გაიქცნენ.

არ აქცევდნენ რა ყურადღებას მოწინააღმდეგის ცეცხლს, ვორონეჟელებმა სწრაფად შემოარტყეს კოშკს ალყა და, რამდენიმე წამის შემდეგ, პოლკოვნიკი ჩეკრიჟევი რამდენიმე დაბალ ჩინთან ერთად უკვე კოშკზე იყო. იქ ცხარე საქმე გაჩაღდა: ერთნი კოშკში ჩამჯდარ მოწინააღმდეგეს ხიშტებით განგმირავდნენ, სხვები, სურდათ რა შუა და ქვედა სართულებზე ჩაღწევა, იატაკს ანგრევდნენ. ხიშტებით, ქვებითა და ყველაფრით, რაც ხელთ მოხვდებოდათ, ვორონეჟელები იატაკის ტიხრებს იმ დრომდე ამტვრევდნენ, სანამ შუა და ქვედა სართულებზე ჩამსხდართ თავზე არ დაატყდნენ და მათ ხიშტებით არ გაუსწორდნენ.

სანამ გრენადერები კოშკში მუშაობდნენ, ეგერთა ბატალიონმა დამფარავ რაზმს შეუტია, ის ციხესიმაგრეში შერეკა, და დაახლოებით შუადღეზე კოშკი ჩვენს ხელში იყო, მის დამცველთა თავგანწირული მამაცობის მიუხედავად.

კოშკის დაცემამ ვერ შეამცირა შეიხ-ალი-ხანის მზადყოფნა, რომ თავი დაეცვა. მას ჯერ კიდევ დაღესტნელთა დახმარების იმედი ჰქონდა, რომლებიც მას თანადგომის აღმოჩენას ფიცით დაჰპირდნენ. და მართლაც, ბევრი იმ მფლობელთაგან, რომლებიც გრაფ ზუბოვს თავიანთ სამსახურს სთავაზობდნენ, შეიხ-ალი-ხანის დასახმარებლად საიდუმლოდ ჯარებს აგროვებდა. მათი ბრბოები (скопища) სხვადასხვა ადგილას ჩნებოდნენ, სურდათ რა დარუბანდში შეღწევა, მაგრამ ყველა გზას გადაღობილს ხედავდნენ, ხოლო რუსულ ჯარებზე თავდასხმა კი ვერ გაებედათ. მხოლოდ ერთერთი მათგანი დაესხა თავს გენერალ ბულგაკოვის აღალს.

მიჰყვებოდა რა რაზმს, აღალი დევეჩუმაგატანის სანახებში მოვიდა, აქ გაჩერდა და შემდგომი მოძრაობა აღარ შეეძლო. ძნელი გზისგან ბევრი საზიდარი გატყდა; ხარები დაიქანცნენ და ვარდებოდნენ. ჰქონდა რა სურსათის მარაგის შევსების საჭიროება, ბულგაკოვმა, 8 მაისს, ყველა ბატალიონიდან პროვიანტის ფურგონები გაგზავნა, ექვსი დღის პროვიანტის წამოღების ბრძანებით. თითოეულ გაგზავნილ ფურგონზე ორი შეიარაღებული ჯარისკაცი იქნა დასმული, და მათ ებრძანა რომ ერთად ევლოთ, მაგრამ, უყურადღებობის გამო, 12 ფურგონს, რომლებიც ორი ვერსით წინ წავიდნენ, ყაზიყუმუხელთა პარტიამ შემოუტია, და მათი ნაწილი ტყვედაც ხელში ჩაიგდეს. ტაბასარანის ყადი თუმცა კი დაედევნა მტაცებლებს, მაგრამ წარუმატებლად. ამ შემთხვევამ აიძულა ბულგაკოვი, რომ მთელი ტრანსპორტის თავისთან შემოერთება ეჩქარა, რომელიც იმავე დღეს, უფრო ძლიერი ბადრაგის დაცვით, ბანაკში იქნა გადმოყვანილი.

“მე, ალყა შემოვარტყი რა მოწინააღმდეგის ქალაქს, მოახსენებდა გრაფი ზუბოვი, ახლა თავადაც ერთგვარად მოწინააღმდეგის მხრიდან ალყაში ვიმყოფები. ყოველივე ამის გამო, ყოვლადმოწყალეო ხელმწიფავ, ჩემი ახლანდელი მდგომარეობის მიხედვით თუმცა კი ბანაკებში დღისითა და ღამით განსაკუთრებული დაძაბულობით უნდა ვინახავდე სამხედრო სიფრთხილეს, მაგრამ ისეთი წესრიგით, რომელიც არა თუ არ ქანცავს ჯარისკაცებს, არამედ მათ კიდევ უფრო მეტ სულის სიმხნევეს აძლევს, მტკიცედ ვსასოებ რომ თქვენი უდიდებულესობის ნების მოწინააღმდეგეთა მთელი ბოროტგანზრახულობანი დავანგრიო და ისინი ერთი-მეორის მიყოლებით დავსაჯო”.

პირველი კოშკის დაცემამ ჩვენ საშუალება მოგვცა, რომ კლდიანი სიმაღლეებიდან ჩამოვსულიყავით და ქალაქთან მეტად ახლო მანძილზე სანგრები გაგვეთხარა. სურდა რა ესარგებლა შთაბეჭდილებით, რომელიც ამ დაცემამ დარუბანდის მცხოვრებლებზე მოახდინა, მრავლად რომ გამოეფინენ ქალაქის კედლებზე და იერიშს თვალყურს ადევნებდნენ, გრაფმა ზუბოვმა ბრძანა იმავე დღის საღამოსთვის სანგრების გასათხრელად ყველაფერი აუცილებელი მოემზადებინათ. მზის ჩასვლისთვის ყველაფერი მზად იყო და, ადგილმდებარეობის დათვალიერების შემდეგ, გადაწყდა ნარინ-კალეს ციხე-სასახლის წინააღმდეგ, რომელიც მთელ საცხოვრებელ ქალაქზე ბატონობდა, მისასვლელები გაეკეთებინათ.

თუმცა კი გრაფ ზუბოვს, რომელსაც საალყო არტილერია სრულებით არ გააჩნდა, შეგნებული ჰქონდა, რომ კედლების სიმყარეს შეუძლია 12-გირვანქიან ზარბაზნებს, მის ხელთ არსებულ უდიდეს ყალიბს დიდხანს უძალიანდებოდეს, მაგრამ ბატარეების ქალაქთან თანდათანობით მიახლოებითა და გასროლების სიშორის შემცირებით დარუბანდის დაუფლებას იმედოვნებდა.

8 მაისის განთიადისთვის სანგარი დასრულებულ იქნა და აიგო ორი ბრეშ-ბატარეა: ერთი ხუთ და მეორე ექვს 12-გირვანქიან ზარბაზანზე; უკანასკნელი ციხესიმაგრის კედლიდან ორმოც საჟენზე იყო განლაგებული. ამ დღის ადრეული დილიდანვე დაიწყო დარუბანდის ბომბარდირება, მაგრამ, გაძლიერებული ცეცხლის მიუხედავად, ჩვენ ვერც ერთი ხანძრის მოხდენა ვერ მოვახერხეთ ქალაქში, სადაც ყველა სახლი ქვისა იყო, ხის რაიმე ნიშან-წყლის გარეშე, და მეტად მტკიცე ნაგებობისაც. ჰქონდა რა ერთნახევრიდან ორ არშინამდე სისქის კედლები, თითოეული სახლი ერთგვარი სახეობის გამაგრებულ ციხე-სასახლეს წარმოადგენდა, რომლის აღებაც თუ არა იერიშით, სხვანაირად არ შეიძლებოდა. ქუჩების სივიწროვის დროს, რაც ყველა აზიური ქალაქისთვისაა დამახასიათებელი, ასეთი იერიში შემტევისთვის მეტად გაძნელებული იქნებოდა და, პირიქით, თავდაცვაში მყოფისთვის კი ბევრ მომგებიანობას ჰქმნიდა. ჩასხდებოდნენ რა თავიანთ სახლებში და ექნებოდათ რა სურსათის მნიშვნელოვანი მარაგები, დარუბანდელებს, ერთსულოვნების დროს, შეეძლოთ თავი შეუპოვრად და დიდხანს დაეცვათ, მაგრამ მათ შორის, როგორც ცნობილია, ორი პარტია არსებობდა: ერთი, რომელიც მშვიდობასა და დამორჩილებას მოითხოვდა, მეორე – წინააღმდეგობასა და ციხესიმაგრის დაცვას. ბუნებრივია, რომ იქაური მოსახლეობა, თავისი მრავალრიცხოვნების გამო, გადაწონიდა მოსულებს და მოითხოვდა, რომ ხანს ციხესიმაგრე ჩაებარებინა. ეშინოდა რა ხანგრძლივი წინააღმდეგობით თავის წინააღმდეგ მოსახლეობის განწყობისა, შეიხ-ალი-ხანმა, ბომბარდირების დაწყებიდან მეორე დღეს, რუსულ ბანაკში მოლაპარაკებისთვის, მისდამი ყველაზე უფრო ერთგულ პირთა რიცხვიდან, ერთი მოლა გამოგზავნა.

საღამოს, 9 მაისს, მოლა ციხესიმაგრიდან გამოვიდა და ბულგაკოვის ბანაკში გამოცხადდა. იგი თხოულობდა, რათა რუსებს შეიხ-ალი-ხანთან ერთერთი რწმუნებული პირი გაეგზავნათ, რომელსაც მათი ენა ეცოდინებოდა, ხანთან მოლაპარაკებების წარმოებისთვის. მთავარსარდლისადმი ბულგაკოვის მოხსენებაზე მოლას მოსვლის შესახებ, გრაფმა ზუბოვმა ბრძანა მოლა უკანვე ციხესიმაგრეში გაეშვათ, იმ საბაბით, რომ მას მთავარსარდლის პასუხის ლოდინი დიდხანს მოუწევს, და რომ მომდევნო დღეს შეიხ-ალი-ხანს შეუძლია თავისი წარგზავნილი პირდაპირ გრაფ ზუბოვთან მოავლინოს.

მოლას გამოგზავნა ამ დღის მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო: ნათელი ხდებოდა, რომ ქალაქის მცხოვრებთ არა აქვთ განზრახვა დიდხანს ეწინააღმდეგებოდნენ ჩვენს ძალისხმევას, და რომ ისინი პირველივე მოსახერხებელ შემთხვევაში ციხესიმაგრეს ჩააბარებენ. შეიხ-ალი-ხანის განზრახვა დამორჩილებაზე მით უფრო მეტად მნიშვნელოვანი იყო, რომ, ჩვენი ბრეშ-ბატარეების გახშირებული ცეცხლის მიუხედავად, ისინი ვერც კოშკში და ვერც მასზე მიბჯენილ კედელში შენატეხის გაკეთებას ვერ ახერხებდნენ.

მიიღო რა დაპირებად ხანის სურვილი დამორჩილებაზე, გრაფმა ზუბოვმა ბრძანა მეორე დილას, 10 მაისს, ყველაზე უფრო გაძლიერებული ცეცხლი გაეხსნათ, რომელიც ნაშუადღევის ორ საათამდე გრძელდებოდა, ე. ი. იმ დრომდე, სანამ ჩვენ კოშკში შენატეხის გაკეთება არ შევძელით.

კოშკი ინგრეოდა “და წარმოქმნილი შენატეხის გავლით, მოახსენებდა ზუბოვი (Всеподданнейшее донесенiе отъ 15-го мая 1796 года), მოწინააღმდეგეს თვალებში შეანათა თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის ძლევამოსილმა იარაღმა, ციხე-სასახლის საიერიშოდ მეომართა მიერ მომზადებულმა”.

ქალაქში შესამჩნევი იყო საყოველთაო მღელვარება, რომელიც დაახლოებით მეოთხედ საათს გრძელდებოდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი დამშვიდდა, და ციხესიმაგრის კარი ბოლომდე გაიღო. ციხესიმაგრიდან იხუვლა ხალხის ბრბომ, რომლის სათავეშიც უფროსები (старшины) და შეიხ-ალი-ხანის დასახმარებლად მოსული სხვადასხვა ხალხების წარმომადგენლები მოდიოდნენ. მოუახლოვდა რა ჩვენს ჯარებს, მთელი ბრბო მუხლებზე დადგა და მას ასოცი წლის მოხუცი გამოეყო, რომელიც ძლივსღა მოძრაობდა და რომელსაც ხელში დარუბანდის ვერცხლის გასაღები ეჭირა, სწორედ ის მოხუცი, რომელმაც მანამდე სამოცდაათი წლით ადრე გასაღები იმპერატორ პეტრე დიდს მიართვა. “ეკატერინე II-ის საჭურველმტვირთველმა, წერდა გრაფი ზუბოვი (Во всеподданнейшемъ донесенiи отъ 10-го мая 1796 года), იგივე გასაღები, იმავე მოხუცისგან, 1796 წლის 10 მაისს მიიღო”.

ამის კვალდაკვალ შეიხ-ალი-ხანიც, თავის მოხელეთა თანხლებითა და კისერზე ჩამოკიდებული ხმლით, ცხენზე ამხედრებული რუსულ ბანაკში მოვიდა. არ მიიღო რა ხანი, გრაფმა ზუბოვმა ბრძანა მისი დიდ კარავში მოთავსება და გააგზავნა წარგზავნილი რათა მისი დისთვის, ფერიჯი-ხანუმისთვის ეთქვათ, რომ იგი თავისი ხვედრის გამო არ შეწუხებულიყო და თავის ქალაქურ სახლში მშვიდად დარჩენილიყო. ფერიჯიმ უპასუხა, რომ მას, როგორც ხანის უფროს დას, მონაწილოება ჰქონდა დარუბანდის მფლობელობაში, და ახლა ძმის ხვედრი უნდა გაიზიაროს, და თავად, საფარველში გახვეული, ცხენზე ამხედრებული რუსულ ბანაკში გამოცხადდა. იგი ძმასთან ერთ კარავში იქნა მოთავსებული, მაგრამ მომდევნო დღეს ქალაქში დაბრუნდა.

“ციხესიმაგრე თქვენი უდიდებულესობის ჯარების მიერაა დაკავებული, მოახსენებდა გრაფი ზუბოვი. ხანი, ქედზე ჩამოკიდებული ხმლით, მათი წეს-ჩვეულების მიხედვით, დანაშაულისა და მორჩილების ნიშნად, თავის მოხელეებთან ერთად ჩემს წინაშე წარმოდგა და ჩემს ბანაკში იმყოფება. გარნიზონი განიარაღებულია. მე ყველას სიცოცხლე ვუბოძე, დაე ფიქრებში, მოწიწებითი შიშითა და სიყვარულით თქვენს მარჯვენას ემთხეოდნენ, რომელიც იმარჯვებს და იმავე დროს ყველას იწყალებს“.

დარუბანდის დაუფლება ჩვენ დაგვიჯდა 3 ოფიცრად და 47 დაბალ ჩინად მოკლულებით და 8 ოფიცრად და 160 დაბალ ჩინად დაჭრილებით. ციხესიმაგრე დაკავებულ იქნა ოთხნახევარი ბატალიონით, გენერალ-მაიორ საველიევის უფროსობით* (*ყაზანის მუშკეტერთა, მე-4 ეგერთა, მოსკოვის მუშკეტერთა და შეერთებული გრენადერთა ბატალიონები და ეგერთა მე-3 ბატალიონის ორი ასეული); მცხოვრებნი დამშვიდებულ იქნენ გრაფ ზუბოვის დაპირებით ეშუამდგომლა მათი საყოველთაო პატიების შესახებ. ჯარები ქალაქში გაშლილი დროშებითა და მუსიკით შევიდნენ, ხალხის უზარმაზარი თავყრილობის თანხლებით, რომელიც ქუჩებში და სახლების სახურავებზე გროვდებოდა. გამარჯვებულებს ერგოთ 16 ვარგისი და 13 აფეთქებული ქვემეხი, 5 დროშა და 11.000 ცალი იარაღი, რომლებიც მოსახლეობას ჩამოერთვა.

შეიტყო რა საველიევის მოხსენებიდან, რომ ქალაქში ოთხმოცდა ცამეტამდე სომხური ოჯახი იმყოფება, და რომ ქრისტიანული აღმსარებლობა დიდად იყო დამონებული, გრაფმა ზუბოვმა პირველ მოვალეობად მიიჩნია მათთვის “წმინდა რელიგიის” თავისუფლად აღსარება უზრუნველეყო, რათა ამით თავის მიმართ კეთილად განეწყო ყველა ქრისტიანი, რომლებიც მაჰმადიანთა უღელს გრძნობდნენ, და ისინი ამიერკავკასიის მთელი ქრისტიანული მოსახლეობის გაერთიანებისთვის მოემზადებინა (Всеподданнейшее донесенiе отъ 15-го мая 1796 года).

იმპერატრიცამ ლაშქრობის ყველა მონაწილე გულუხვად დაასაჩუქრა.

“განსაკუთრებული მადლიერებით, წერდა იგი (Въ рескрипте отъ 3-го iюня 1796 года), მივიღეთ ჩვენ თქვენი მოხსენება ჩვენი ძლევამოსილი ჯარების მიერ, თქვენი წინამძღოლობით, ქალაქ დარუბანდის დამორჩილების შესახებ. ამ მნიშვნელოვანი ციხესიმაგრის შეძენა, უზრუნველყოფს რა სრულებით ჩვენს საზღვრებს, განსაკუთრებულ შესაძლებლობებს გვაძლევს, რათა მთიელი ხალხები უდიდეს ლაგამამოდებულობაში გვყავდეს და, აღებთ რა კარს სპარსეთში, საჭიროა, რომ თქვენთვის დავალებულ საქმეთა შემდგომი წარმატებისთვის, მეტად სასარგებლო გავლენა გქონდეთ. რის შედეგადაც, მივაგებთ რა სრულ სამართლიანობას თქვენს კეთილგონივრულსა და ოსტატურ განკარგულებებს, როგორც ხსენებული ქალაქის შეძენაში, ისე თქვენდამი რწმუნებული ჯარების ამდენად გრძელი და ძნელი გზით გატარებაშიც, არა მხოლოდ ყოველგვარი დანაკარგის, არამედ დაქანცვის გარეშეც, და ვაქებთ რა თქვენი წინამძღოლობის ქვეშ მყოფი მამაცი მხედრობის ქმედით ძვრადობას, ვისურვეთ რათა ჩვენი მონარქიული წყალობა აღვნიშნოთ, როგორც წინამძღოლის მიმართ, ისე ყველა მათ მიმართაც, ვინც, თქვენი მოწმობით, თავი ჯილდოს ღირსად გამოიჩინა”.

გრაფმა ზუბოვმა დარუბანდის აღებისთვის წმ. გიორგის მე-2 ხარისხის ორდენი, წმ. მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ჯვარი და ვარსკვლავი ალმასებით და ალმასის ფრთა მიიღო. გენერლები ბულგაკოვი, საველიები, რიმსკი-კორსაკოვი და ბარონი ბენინგსენი წმ. ანას ორდენით იქნენ დაჯილდოებულნი, ბრიგადირი გრაფი აპრაქსინი – წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის ორდენით, ბევრ შტაბ-ოფიცერს ჩინები და ორდენები ეწყალობა, ხოლო ობერ-ოფიცერთა დაჯილდოებისთვის კი გრაფ ზუბოვის განკარგულებაში წმ. გიორგისა და წმ. ვლადიმირის მეოთხე ხარისხის ორდენების ექვს-ექვსი ჯვარი იქნა გაგზავნილი; დაბალი ჩინებისთვის კი კაცზე თითო მანეთის დარიგება ებრძანათ (Указы императрицы графу Зубову27-го мая, 3-го и 4-го iюня 1796 года).

დარუბანდის აღებიდან მეორე დღეს მთავარსარდალმა ამის შესახებ მეფე ერეკლე II-სა და ჩვენდამი ერთგულ ყველა დაღესტნელ და სპარსელ მფლობელს წერილებით შეატყობინა, ამასთან ბევრ მათგანს საჩუქრებიც გაუგზავნა. ასე, ტაბასარანის ყადიმ 875 მანეთის ოქროს სათუთუნე მიიღო; მაკსიუტელმა მფლობელმა – 275 მანეთის ოქროს სათუთუნე; ტაბასარანის ყადის სამმა ვაჟიშვილმა ბრილიანტებით შემკული ბეჭდები მიიღო: პირველმა ორმა – 250-250 მანეთისა, მესამემ კი – 220 მანეთისა; თარხალის მფლობელმა 90 მანეთის ყარყუმის ბეწვეულობა მიიღო.

13 მაისს გრაფ ზუბოვს საზეიმო შესვლა ჰქონდა დარუბანდში (Срав. «Отечественныя Записки» 1827 г., ч. 31, стр. 155). მრავალრიცხოვანი ამალისა და მრავალგვაროვანი ბადრაგის თანხლებით და ზარბაზნების სროლით ციხესიმაგრის კედლებიდან, რომლებიც რუსულ ჯარებს ჰქონდათ დაკავებული, მთავარსარდალი, ცხენზე ამხედრებული, ქალაქის კარს მიუახლოვდა. აქ მას მიეგება სომეხი არქიმანდრიტი ჯვრითა და ხალხის სიმრავლით, რომლის წინაც იმყოფებოდნენ უფროსები (старшины), რომლებმაც მას პური და მარილი მიართვეს. დაათვალიერა რა ქალაქის ღირსშესანიშნაობანი, მთავარსარდალი მის დაუსახლებელ ნაწილში გენერალ-მაიორ საველიევის ბანაკში მივიდა, რომლის მახლობლადაც, მანამდე საგანგებოდ მოწყობილ სალაშქრო ეკლესიაში, სამადლობელი წირვა-ლოცვა იქნა გადახდილი. ლოცვის დასრულების შემდეგ გრაფ ზუბოვს საველიევი სადილით გაუმასპინძლდა, რის შემდეგაც იგი თავის ბანაკში დაბრუნდა, ხალხის სასიხარულო შეძახილების თანხლებით, “რომელიც მის ფერხთა ქვეშ ყვავილებს აღტაცებით ისროდა” (Журналъ действiй или поденная записка).

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment