მაგისტრალური მილსადენების აგებისას უწინარეს ყოვლისა ხდებოდა სამხედრო მოთხოვნების გათვალისწინება. დარტყმის ტალღის ზემოქმედებისგან დაცულ სატუმბო სადგურებში სარეზერვო აღჭურვილობა გახლდათ დაყენებული. ერთი და იმავე მილსადენის გავლით შეიძლებოდა სხვადასხვა ნავთობპროდუქტები გადაექაჩათ, მათ შორის საავტომობილო ბენზინი, ნავთი რეაქტიული ავიაციისთვის და დიზელური საწვავი.
ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ), აშშ-ისა და თურქეთის ავიაციის ბაზირების აეროდრომების, ასევე სახმელეთო ჯარების ძირითად დაჯგუფებათა საწვავ-საცხები მასალებით უზრუნველსაყოფად 1970-იანი წლების მიწურულისთვის აგებული გახლდათ მაგისტრალური მილსადენები: დასავლეთის, აღმოსავლეთისა და იუმურტალიკ – ინჯირლიკის. თურქეთის ტერიტორიაზე გაყვანილი იყო ბათმან – დორთიოლისა და კირკუკ (ერაყი) – დორთიოლის ნავთობსადენები, აგრეთვე ადგილობრივი მნიშვნელობის რამდენიმე მილსადენიც (იხ. ნახატი /რუკა/). საზღვარგარეთული ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, მილსადენების ქსელის საერთო სიგრძე შეადგენდა დაახლოებით 3490 კმ, მისი გაანგარიშებული გამტარუნარიანობა კი გახლდათ 40 მლნ. ტ-ზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტები წელიწადში.
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი ს | მ ა გ ი ს ტ რ ა ლ უ რ | მ ი ლ ს ა დ ე ნ ს ანტალია – აფიონ-ყარაქისარი – ქუთაჰია – ესქიშეჰირი – იზმიტი – სტამბული – ჩათალჯა (დაახლ. 1000 კმ) ჰქონდა განშტოებები: ესქიშეჰირი – ბურსა – ყარაჯაბეი – ბალიქესირი და ყარაჯაბეი – ბანდირმა. ლითონის მილები (დიამეტრი 101, 152 და 203 მმ), სამფენიანი დამცავი ანტიკოროზიული დაფარვით, გრუნტში 1,0-1,5 მ სიღრმეში გახლდათ ჩალაგებული. ტრასაზე სატუმბო სადგურები იყო განლაგებული, რომლებიც ნავთობპროდუქტების შეუფერხებელ მიწოდებას უზრუნველყოფდნენ სამხედრო-საჰაერო ბაზებისთვის ესქიშეჰირი, ბანდირმა და სხვა. გამტარუნარიანობა გახლდათ 1,5 მლნ. ტ ნავთობპროდუქტებზე მეტი წელიწადში.
ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი ს | მ ა გ ი ს ტ რ ა ლ უ რ ი | მ ი ლ ს ა დ ე ნ ი ბათმანში არსებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან, რომლის რაიონშიც ნავთობსარეწებია განლაგებული, გაჭიმული იყო პორტ ისკანდერონისკენ დიარბაქირის, ელიაზიგის, მალათიას გავლით (საერთო სიგრძე აღემატებოდა 1100 კმ). მას ჰქონდა განშტოება არზრუმის აეროდრომისკენ. 152 და 203 მმ დიამეტრის მილები დამცავი ანტოკოროზიული დაფარვით 1,0-2,0 მ სიღრმეში იყო ჩალაგებული. მილსადენი უზრუნველყოფდა საწვავის მიწოდებას დიარბაქირის, მალათიას, ერზინჯანისა და არზრუმის აეროდრომებზე. ტრასაზე აგებული გახლდათ სატუმბო სადგურები და საწვავის შენახვის საწყობები. გაანგარიშებული გამტარუნარიანობა 1970-იანი წლების მიწურულს შეადგენდა 0,7 მლნ.-ზე მეტ ნავთობპროდუქტს წელიწადში.
აშშ სჰძ-ის ავიაბაზა ინჯირლიკის საწვავით უზრუნველყოფა ხდებოდა მილსადენით იუმურტალიკი – ინჯირლიკი – ადანა, რომლის სიგრძეც 70 კმ-ს აღემატებოდა. მას რამდენიმე სატუმბო სადგური და საწვავ-საცხები მასალების საწყობები ჰქონდა.
თურქეთის ნავთობის სააქციო საზოგადოებას აშენებული ჰქონდა ნავთობსადენი ბათმანი – ბისმილი – დიარბაქირი – სივერექი – ადიამანი – ნარლი – ბახჩე – დორთოლი (დაახლოებით 494 კმ). მილები (დიამეტრი 457 მმ, კედლების სისქე 7მმ), რომლებსაც დამცავი ანტიკოროზიული დაფარვა ჰქონდათ, გრუნტში 1,0-2,0 მ სიღრმეში იყო ჩალაგებული. გაანგარიშებული გამტარუნარიანობა გახლდათ დაახლ. 3,6 მლნ. ტ ნავთობი წელიწადში. გარდა ამისა, ადგილობრივი მნიშვნელობის რამდენიმე ნავთობსადენიც იყო აგებული (მილების დიამეტრი 102-დან 305 მმ-მდე), რომლებიც უზრუნველყოფდნენ ნავთობის ტრანსპორტირებას მისი მოპოვების რაიონებიდან ბათმან – დორთიოლის მაგისტრალამდე. მათი საერთო სიგრძე 180 კმ აღემატებოდა.
1977 წელს გფრ-ის დახმარებით კირკუკ (ერაყი) – იუმურტალიკის ნავთობსადენის მშენებლობა იქნა დასრულებული, რომელსაც დიდი სამხედრო-ეკონომიკური მნიშვნელობა გააჩნდა და თურქეთისა და დასავლეთევროპული ქვეყნების ნავთობით მომარაგებისთვის გახლდათ განკუთვნილი. მისი სიგრძეა 981 კმ, საიდანაც 641 კმ თურქეთის ტერიტორიაზე გადის. 760–1020 მმ დიამეტრის მილები გრუნტში 1,0-2,0 მ სიღმეშია ჩალაგებული. ტრასის გაყოლებაზე 1970-იანი წლების მიწურულს ხუთი სატუმბო სადგური იყო აშენებული, მათ შორის სამი თურქეთში. მილების ანტიკოროზიული დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ტრასაზე 17 კათოდური სადგური იქნა აშენებული. ნავთობსადენი დისტანციური მართვისა და კავშირგაბმულობის თანამედროვე სისტემით გახლდათ აღჭურვილი. 1979 წლის მეორე ნახევარში მისი გამტარუნარიანობა შეადგენდა 25 მლნ. ტ ნედლ ნავთობს წელიწადში, ხოლო 1982 წლის ბოლოსთვის, უცხოელი სპეციალისტების გაანგარიშებებით, ამ მაჩვენებელს 35 მლნ. ტ-თვის უნდა მიეღწია. ერაყული ნავთობის მისაღებად პორტ იუმურტალიკში შვიდი ნავთობსაცავი იყო აშენებული საერთო ტევადობით დაახლ. 950 ათასი მ³.
პერსპექტიული გრძელვადიანი პროგრამის შესაბამისად (1972-1992) თურქეთის ნავთობის მრეწველობის მთავარი სამმართველო ხუთი მაგისტრალური პროდუქტსადენის მშენებლობას ითვალისწინებდა: იზმიტი – ადაფაზარი – ბოლუ – ანკარა; იზმიტი – ბილეჯიქი – ესქიშეჰირი – ქუთაჰია; მერსინი – კონია – კაისერი; სამსუნი – ამასია – სივასი და იზმირი – მანისა – აფიონ-ყარაქისარი. ხელმოწერილი გახლდათ შეთანხმებები ერაყთან გაზსადენის კირკუკი (ერაყი) – ბათმანი მშენებლობისა და ირანთან ნავთობსადენის აჰვაზი (ირანი) – ისკანდერონი აგების შესახებ (ეს უკანასკნელი პროექტი 1979 წლის მიწურულისთვის შემუშავების სტადიაში იმყოფებოდა).
ახალი მილსადენების მწყობრში შეყვანის შემდეგ, უცხოელი სპეციალისტების აზრით, მნიშვნელოვან ხარისხად გაუბჯობესდებოდა როგორც თავად თურქეთის მომარაგება ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით, ისე ნატო-ს ბლოკის მონაწილე დავავლეთევროპული ქვეყნებისაც.
გამოყენებული ლიტერატურა
Майор А. Лукьянов, «Трубопроводный транспорт Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1979 г. № 10.
მასალა მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment