Tuesday, March 31, 2020

გიორგი კვინიტაძე – „ჩემი მოგონებანი საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში 1917–1921“, პარიზი, 1985


(ნაწილი VI) 




თ ა ვ ი XXIV 

1921 წლის ომი ბოლშევიკებთან. – მოწოდება ომში მონაწილეობის მისაღებად. – მომავალ მოქმედებებათა გეგმის განხილვა. – მთავარსარდლად დანიშვნა. – მდგომარეობა სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვაზრე. – თბილისი თავდაცვა. – კოჯრის მასივის დაკარგვა და აღება. – თბილისი ალყაშემორტყმულია. – მცხეთისკენ დახევა. – ხაშურის შეტევა. – გვარდიის თვითნებური წასვლა ბრძოლის ველიდან


1921 წლის ომი ბოლშევიკებთან 

ბოლოს, მეხმაც დაიქუხა. 11-დან 12 თებერვლის ღამეს ბოლშევიკებმა მოულოდნელად შემოუტიეს (атаковали врасплох) ჩვენს ნაწილებს, რომლებიც სადავო ზონაში იდგნენ. სომხეთი უკვე ბოლშევიკების მიერ იყო დაკავებული. რა ჯარები იდგა იქ, მე ნამდვლად არ ვიცი. როგორც შემდეგ გადმომცემდნენ, ეს განლაგება შემდეგი გახლდათ: ჯარების ერთი ჯგუფი იდგა ლორეში; 3 ბატალიონი, ესენი გვარდიელები იყვნენ. სანაიანის ხეობის გაყოლებით იდგა მეორე ჯგუფი, რომელიც საარმიო ნაწილებისგან შედგებოდა (3 ბატალიონი); მესამე ჯგუფი, გვარდიელებისგან შემდგარი, იდგა წითელ ხიდთან (7 ბატალიონი); მეოთხე ჯგუფი, ასევე გვარდიელებისგან, იდგა ფოილოს ხიდთან (2 ბატალიონი). ყველა ეს ჯგუფი ფოილოდან ვორონცოვკამდე გენ. იოსებ გედევანიშვილს ექვემდებარებოდა, რომელიც სანდარიში იმყოფებოდა.

მიმაჩნია, რომ ასეთი უზარმაზარი სივრცე ჯარების მართვისათვის, როგორიც ფოილოდან ვორონცოვკამდეა, ზედმეტად გადაჭარბებული იყო ერთი ადამიანისთვის და არაფრით არ გახლდათ გამართლებული. გარდა ამისა, ამ განაწილების თანახმად, სანაიანის ხეობის გაყოლებაზე მდგარი ჯარების ჯგუფს უკანდახევის გზა ჰქონდა განლაგების თავისი საერთო ფრონტის გამოყოლებით. ჯარების მე-5 ჯგუფი იდგა ლაგოდეხთან (2 ბატალიონი). რეზერვში იმყოფებოდნენ თბილისში განლაგებული 1-ლი პოლკის ბატალიონი და გვარდიის საგანგებო ბატალიონი. ცხენოსანი ჯარი, არმიის პოლკი იდგა სანაიანის მიმართულებაზე; გვარდიის ცხენოსანი დივიზონი კი, მგონი, წითელ ხიდთან, შესაძლოა, თბილისშიც; მე ეს არ ვიცი. ვიცი, რომ ცხენოსანი ჯარი ერთად არ იყო შეერთებული და ის ძალზედ ცოტა გახლდათ, არაუმეტეს 400–500 ხმლისა; ერთად შეერთებულნი ისინი რაღაც ძალა მაინც იქნებოდნენ. გენერალ გედევანიშვილის ჯარების განლაგების დაწვრილებითი ამბები მე არ ვიცი. მაგრამ არ მჯერა მისი სამხედრო ნიჭის და უნარისა და ვფიქრობ, რომ ისინი მიზანშეწონილად არ იქნებოდნენ განლაგებულნი. მთავარსარდალს, რა თქმა უნდა, ამ ძალების დაწვრილებითი განლაგება უნდა სცოდნოდა, მით უმეტეს, რომ ჯარები იქ უკვე დიდი ხანია იდგნენ. თუ ეს განლაგება არ შეესაბამებოდა მის სურვიულებს ან, საერთოდ, ის მას არასწორად მიაჩნდა, იგი უნდა ჩარეულიყო და ისე გამოესწორებია, როგორც საჭიროდ მიიჩნევდა. არ ვიცი: ჰქონდა ამას ადგილი თუ არა. გენ. ოდიშელიძის მიერ კონსტანტინოპოლში გაკეთებული მოხსენების მიხედვით, როცა მე უკვე პარიზში ვიყავი, იგი ამბობდა, რომ მან მისცა გენ. ი. გედევანიშვილს მითითებები, მარამ ამ უკანასკნელმა, გენ. ოდიშელიძის რწმუნებით, ისინი არ შეასრულა.

თავდაპირველი მოქმედებები, როგორც მე გარკვევა მოვახერხე, შემდეგნაირად გათამაშდა. 11-დან 12 თებერვლის ღამეს ბოლშევიკებმა ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით მოულოდნელად შემოუტიეს ჩვენს ჯარებს, რომლებიც სანაიანის ხეობის გაყოლებით და ლორეში* იდგნენ (*სომხეთის საზღვართან). მეუბნებოდნენ, რომ თავდასხმის მზადების შესახებ ლორეში მაინც უფრო ადრე შეიტყვეს, და უფროსმაც ამ ღამის წინ თავისი ჯარების მთავარი მასა, რომელიც ვორონცოვკაში იდგა, ამ სოფლიდან გამოიყვანა, რისი წყალობითაც ჯარების ამ ნაწილმა მოულოდნელ თავდასხმას თავი დააღწია; მაგრამ მისმა მცირე რაზმებმა, რომლებიც ლორეს სხვა ნაწილებში იდგნენ, ეს თავიდან ვერ აიცილეს. გადასცა თუ არა ამ უფროსმა გენ. გედევანიშვილს თავდასხმის მზადების შესახებ და იყვნენ თუ არა გაფრთხილებული სანაიანში მყოფი ჯარები, მე არ ვიცი; ვფიქრობ, რომ უკანასკნელებმა ეს არ იცოდნენ და მათ შემოტვა მოულოდნელად დაატყდათ თავს (были застигнуты врасплох). ამის შედეგად ლორეს რაზმმა, სცადა რა თავის წვრილ დანაყოფებს დახმარებოდა, ვორონცოვკის გზატკეცილზე ეკატერინენფელდ–თბილისისკენ დაიწყო უკანდახევა, სანაიანის მიმართულებაზე მდგარი ორი ბატალიონი კი, მე-5 და მე-8, თითქმის მთლიანად მწყობრიდან იქნა გამოყვანილი; სანაიანის რაზმის ნარჩენები სადახლოსკენ და უფრო აქეთაც სანდარისკენ იხევდნენ.

შემდეგი ზომები იქნა მიღებული. სანდარიდან უკანდახეულ ჯარებს ებრძანათ შეტევაზე გადასულიყვნენ; ეს ჯგუფი თანამიმდევრულად იქნა გაძლიერებული 1-ლი პოლკის ბატალიონითა და საგანგებო ბატალიონით, ხოლო გენ. ჯიჯიხიას კი, რომელიც წითელ ხიდთან იდგა 7 ბატალიონით, ებრძანა ამ შეტევისთვის მხარი დაეჭირა და წითელი ხიდიდან აირუმზე შეეტია. ცხენოსან ჯარს ებრძანა მგლის კარის გავლით ლორეზე წასულიყო.

ყოველივე ეს ვერ გამოვიდა. სანაიანის ჯგუფს, რომელმაც თავისი შემადგენლობის ორი მესამედი დაკარგა, არ შეეძლო მაშინვე შეტევაზე გადასვლა არც თავისი ძალებისა, და არც სულისკვეთების მიხედვით, რომელიც მათი პირველი წარუმატებლობისგან ძლიერად იყო დაცემული; სანაიანის ჯგუფის ნარჩენები თავიანთ ბირთვს სადახლოში ნაწილ-ნაწილ უერთდებოდნენ, ხოლო ცხენოსანი ჯარი კი მე მხოლოდ 17 თებერვალს მოვძებნე. გენ. ჯიჯიხიამ აირუმის ჩრდილოეთით მთები გაიარა, სუსტ წინააღმდეგობას წააწყდა, მაგრამ ხედავდა რა თავის იზოლირებულობას, ხრამისკენ უკან დაიხია, სადაც სანაიანის უკანდახეულ რაზმს შეუერთდა და ისინი ფრონტით სამხრეთისკენ და ფლანგით წითელ ხიდთან განალაგა, რომელთანაც (ე. ი. წითელ ხიდთან) მხოლოდ ერთი გვარდიული ბატალიონი იმყოფებოდა, ფრონტით აღმოსავლეთისკენ. ამასობაში სანაიანის ჯგუფი, გაცემული განკარგულების თანახმად, შეეცადა შეტევაზე გადასულიყო, მაგრამ ფაქტიურად შეტევაზე მხოლოდ გაძლიერებისთვის მოსული საგანგებო გვარდიული ბატალიონი გადავიდა, რომლის ერთადერთ შეტევასაც არ შეეძლო მოქმედებების მსვლელობაზე გავლენა მოეხდინა, და ეს ბატალიონიც იძულებული შეიქნა სანაიანის რაზმის ნარჩენებთან ერთად ხრამისკენ დაეხია. გენ. ჯიჯიხიას რაზმი და სანაიანის ჯგუფი ურთიერთშორის კავშირის გარეშე მოქმედებდნენ და მათი მოქმედებების შეუთანხმებლობას (разрозненность их действий) შედეგად მოჰყვა ხრამისკენ მათი უკანდახევაც, როცა 15-დან 16 თებერვლის ღამეს მე ომში მონაწილეობისთვის ვიქენი დაძახებული (მოწოდებული).

ამ დროისთვის სანაიანის ჯგუფის ჯარები, საგანგებო ბატალიონის გარდა, გაძლიერებულ იქნენ 1-ლი პოლკის ბატალიონით, რომელიც თბილისში იდგა, და საყარაულო ბატალიონის შემადგენლობიდანაც იქვე ორი ასეული იქნა გაგზავნილი. გარდა ამისა, ბოლოს, ბათუმიდან მე-9 პოლკის ბატალიონი იქნა გამოძახებული. დანარჩენი ჯარებისთვის კი ხელი არ უხლიათ. რჩებოდნენ მე-2, -3, -4, 10-ე, 11- და 12-ე პოლკები. ამ პოლკებს თავიანთ ადგილებზე ინარჩუნებდნენ, როგორც ჩანს, შემდგომი მოქმედებებისთვის სხვა მიმართულებებზე. ასეთი გადაწყვეტილება სწორად არ შეიძლება მივიჩნიოთ. მტერმა ჩვენ ჩვენთვის ყველაზე უფრო არსებით მიმართულებაზე შემოგვიტია და მაშინვე უზარმაზარ წარმატებას მიაღწია. ბრძოლები თბილისიდან ორიდან ერთ-ერთ გადასასვლელზე წარმოებდა და დედაქალაქის თავდაცვისთვის საქართველოს სიღრმიდან მე-9 პოლკის მხოლოდ ერთი ბატალიონი იქნა გამოზახებული. გარდა ამისა, არანაირი ზომები ქალაქის ევაკუაციისთვის მიღებული არ ყოფილა. არც ბოლშევიკებთან ომის შემთხვევაში ქვეყნის თავდაცვის არანაირი გეგმა არ იყო შედგენილი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ომისთვის არა მხოლოდ ემზადებოდნენ, არამედ ნოემბერში, ე. ი. მოვლენებამდე სამი თვით ადრე, ჯარები იყვნენ მობილიზებული და მუქარის შემცველ ფრონტზე ნაწილობრივ კიდეც გაშლილი.

ამ დროს მე ჩემთვის ჩემს ბინაში მშვიდობიანად ვცხოვრობდი და, რა თქმა უნდა, ნამდვილი მოვლენების კურსშიც არ გახლდით. პირადი საუბრებიდან ვგებულობდი ჩვენი წარუმატებლობების შესახებ, მაგრამ მათი ზომები კი არ ვიცოდი. მე შედარებით მშვიდად გახლდით; უკვე სამი წლის მანძილზე მივეჩვიე იმას, რომ ჩვენში ყოველთვის იწყებოდა უიღბლობებით და შემდეგ ვახერხებდით მათ გამოსწორებას. მე შორს ვიყავი აზრისგან ჩვენი წარუმატებლობების კატასტროფულობის შესახებ, მით უმეტეს, რომ ომისთვის ნოემბრის თვიდან ემზადებოდნენ და ჯარების სათავეშიც ისეთი მცოდნე მეომარი იყო დაყენებული, როგორიც გენ. ოდიშელიძეა. მე მჯეროდა იმის, რომ მან ყველაფერი გაითვალოსწინა და ეს უიღბლობები ვერ მოახდენენ ისეთ კატასტროფულ გავლენას, როგორიც მათ სინამდვილეში მოახდინეს. ავად გახლდით და უკვე ერთი კვირის მანძილზე საწოლზე ვიყავი მიჯაჭვული. მე გავცივდი, ძლიერი სურდო დამემართა და ჰაიმორიტის პირველი ნიშნებიც გამოჩნდა. მივმართე ექიმ ოზემბოვსკის, რომელმაც ცხვირის არეში რაღაც მომიწვა, რის შემდეგაც თავის ძლიერი ტკივილები დამეწყო და ტემპერატურამაც ამიწია. საწოლში ვიწექი. ჩემამდე ნაწყვეტ-ნაწყვეტი ცნობები მოდიოდა. ჩემთან ლელი ჯაფარიძე შემოვიდა და მთხოვა მათი გაზეთისთვის წერილი დამეწერა. ავადმყოფობის მიუხედავად მომავალი მოქმედებების თეატრის ზედაპირული მოკლე სტრატეგიული მიმოხილვა დავწერე. მეორე წერილის დაწერა ვეღარ მოვასწარი, ვინაიდან მოქმედებებისთვის ვიქენი დაძახებული (მოწოდებული, был призван к действиям). ამასობაში უკვე 13 და 14 თებერვალს ბევრი ნაცნობი მთავარსარდლის თანამდებობაზე დანიშვნას მილოცავდა და ამას ვითომდა პირველწყაროებიდან გადმომცემდა. მე მაოცებდა ის გარემოება, რომ ეს ყველასთვის ცნობილია ქალაქში, და უცნობია მხოლოდ ჩემთვის, ვისაც სახელდობრ ეს მეხება კიდეც. 


მოწოდება ომში მონაწილეობის მისაღებად 

15 თებერვალს პირველად ავდექი საწოლიდან, როცა საღამოს 8–9 საათზე ტელეფონით დამირეკეს. ხმით ვ. ჯუღელი ვიცანი. „გიორგი ივანეს ძევ“ – მითხრა მან – „მე თქვენთან მჭირდება ლაპარაკი“. „მზად ვარ გემსახუროთ“ – ვუპასუხე მას. – „როგორ ფიქრობთ რეაგირებას მიმდინარე მოვლენებზე“ – აგრძელებდა იგი. „და რა, საქმეები ასე ცუდადაა?“ – ჩემის მხრივ მე მას ვკითხე. „და როგორ გითხრათ? თქვენ როგორ რეაგირებთ“ – დაჟინებით მეკითხებოდა იგი. „როგორც ყოველთვის“ – ვუპასუხე – „როცა თადარიგში მივდიოდი მე განვაცხადე, რომ თუ მთავრობისთვის საჭირო შევიქნები, მაშინ მზად ვარ ვემსახურო და ამაზე ვდგავარ ახლაც“. „ჩვენ უნდა დავილაპარაკოთ“ – განაგრძობდა იგი. „კარგით, საიდან მირეკავთ“ – ვკითხე მას. „გვარდიის შტაბიდან“ – მიპასუხა. „მე ახლა თქვენთან მოვალ“ – მეც ვუპასუხე (გვარდიის შტაბი ჩემი ბინის პირდაპირ იყო განლაგებული). „არა, ნუ წუხდებით; თქვენ ხომ შტაბის პირდაპირ ცხოვრობთ, მე ახლა მოვალ თქვენთან“. ჩვენ საუბარი დავამთავრეთ. მე ლოდინი დავიწყე. 10 საათზე იგი ჩემთან შემოვიდა და ლაპარაკიც დაიწყო. მან ვითარება გადამიშალა და მეც გავიგე ჩვენი მდგომარეობის სრული კატასტროფულობა. იგი მეკითხებოდა თანახმა ვარ თუ არა მივიღო ომში მონაწილეობა. „რა თქმა უნდა“ – მოჰყვა ჩემი პასუხი. საუბრის დროს მე გამოვთქვი გაკვირვება, რატომ იყო საჭირო ჩემთან რაღაც მოლაპარაკებებით მოსვლა, როცა მთავრობას შეეძლო ტელეფონით გამოვეძახებიე, როგორც ამას ადრე კიდეც აკეთებდა, როცა ჩემში ჰქონდა საჭიროება. აქვე ვუთხარი მას, თუ როგორ მესმის მისი ჩემთან მოსვლა. მე მას ვუთხარი, რომ მშვენივრად ვიცი, რომ იგი, ვ. ჯუღელი, დაჟინებით მოითხოვდა ჩემს ბოლო გადადგომას, და მან იცის, რომ მე ეს ვიცი; ახლა, როცა დადგა ჩემში საჭიროება და რადგანაც ვარაუდობს, რომ მე მის წინააღმდეგ უკმაყოფილების გრძნობის გამო, შემიძლია უარი ვთქვა ომში მონაწილეობაზე, ამიტომაც მოვიდა იგი პირადად ჩემთან, სურს რა ხაზი გაუსვას, რომ მას არაფერი აქვს ომში ჩემი მონაწილეობის საწინააღმდეგო, მაგრამ რომ ეს ჩემთვის წვრილმანია, რომელიც ჩემს ყურადღებად არ ღირს. მას პატიოსნად უარი არ უთქვამს. „ომი წაგებულია“ – ვუთხარი მე მას – „მაგრამ ბრძოლა საჭიროა“. იგი გაემგზავრა ომში მონაწილეობის მიღებაზე ჩემი თანხმობის შესახებ მთავრობისთვის მოსახსენებლად. ორი საათის შემდეგ, მგონი შუაღამის მახლობლად, საგარეო საქმეთა სამინისტროში დამიძახეს. კაბინეტში შევედი და ხალხმრავალი კრება ვიხილე.


მომავალ მოქმედებათა გეგმის განხილვა 

თავმჯდომარეობდა მთავრობის თავმჯდომარე. კრება შედგებოდა მთავრობის წევრების, გვარდიის შტაბის წევრებისა და სხვა პირთაგან, რომელთა შორის ვიხსენებ გრ. სპირ. ლორთქიფანიძეს, ბენია ჩხიკვიშვილს, სილიბისტრო ჯიბლაძესა და სხვებს. სამხედროები იყვნენ ორნი: გენ. ოდიშელიძე და გენ. ზაქარიაძე. მაგიდაზე 5-ვერსიანი რუკა იყო გაშლილი. მე დამიწყეს იმ ვითარების ახსნა, რომელშიც ჩვენი ჯარები იმყოფებოდნენ, ამასთან მთავრობის თავმჯდომარემ გამაფრთხილა, რომ მათ აქვთ სარწმუნო ცნობები მოწინააღმდეგის გამოსვლის შესახებ ასევე აზერბაიჯანის მხრიდანაც, ე. ი. წითელი ხიდის გამოვლით. ვითარება გენ. ოდიშელიძემ დაგვიხატა, რომლის პირველი სიტყვებიდანაც არ შეიძლებოდა ჩვენი კრიტიკული მდგომარეობა არ ამოგვეცნო. მდგომარეობას გენ. ოდიშელიძე ხატავდა ზოგად ნიშნებში, ისე, რომ არ იცოდა, თუ სად იმყოფებიან მოცემულ მომენტში ჯარები. ასე, მან არ იცოდა, სად იმყოფებიან ჯიჯიხიას ბატალიონები, სად იმყოფება ცხენოსანი ჯარი და თვით მთელი სანაიანის რაზმიც კი. უკანასკნელის შესახებ მან მიიღო ტელეგრამა გენ. გედევანიშვილისგან, რომელიც სთხოვდა ნებართვას, რომ ჯარები ხრამის აქეთ გადმოეყვანა, მაგრამ ჯერ არ უპასუხა, თუმცა კი უკვე შუაღამე იდგა; მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯარები, არ მიიღეს რა მითითება, ხრამის აქეთ გადმოვიდნენ, რაც ასე აღმოჩნდა კიდეც სინამდვილეში. გენ. ზაქარიაძისთვის დასმულ ჩემს შეკითხვაზე, თუ ზუსტად სად იმყოფებიან ჯარები, გაჭიანურებულად პასუხობდა. ნ. ბ. რამიშვილი, ჩვენი შინნასწავლი სტრატეგი, მის ლაპარაკში არაერთხელ ერეოდა. ამრიგად ვითარება, როგორც იგი ესმით სამხედრო ენაზე, ჩემთვის მეტად ბუნდოვანი იყო და, დადებითი ცნობების არარსებობის გამო, მისი ახსნისა და გარკვევის მიღწევის არანაირი შესაძლებლობა არ გაგვაჩნდა. „როგორია თქვენი გეგმა?“ მკითხვა მთავრობის თავმჯდომარემ. მე მკვეთრად ვუპასუხე; მდგომარეობა იმაზე გაცილებით უარესი გახლდათ, ვიდრე ვ. ჯუღელთან საუბრის მიხედვით ვფიქრობდი. ომის მოგება მხოლოდ სასწაულით შეიძლებოდა; შეიძლებოდა მხოლოდ გვებრძოლა, შეიძლებოდა მხოლოდ გვეცადა გადაგვერჩინა თბილისის ევაკუაცია, გადაგვერჩინა იარაღის ღირსება, რომელიც ასე ძლიერად იქნა შელახული საბრძოლო მოქმედებების სულ დასაწყისშივე. მე ვუპასუხე: „გეგმა ერთბაშად არ შეიძლება შეიქმნას; გეგმა იქმნება და იშობა ისე, როგორც ქალი შობს ბავშვს. სარდლობას უკვე დიდი ხანია მზად უნდა ჰქონდეს როგორც ქვეყნის თავდაცვის საერთო (ზოგადი) გეგმა, ისე მომავალი მოქმედებებისაც. მე შემიძლია მხოლოდ, მოვისმენ რა ამ გეგმას, გამოვთქვა მასზე ჩემი შეხედულება“. მიმართეს გენ. ოდიშელიძეს. მან უპასუხა, რომ უბრძანა ჯარებს ამა და ამ ხაზზე უკან დაეხიათ. და სულ ეს იყო. ხაზი მითითებული გახლდათ შულავერის ჩრდილოეთითა და მდინარე ხრამის სამხრეთით. ხაზი ძალზედ უიღბლოდ (არასწორად) იყო არჩეული: ფრონტის წინ მიდიოდა სიმაღლეები, რომლებიც მოწინააღმდეგის ხელში იყო, ჩვენი ჯარები კი დაბლობ ადგილას უნდა განლაგებულიყვნენ და ზურგში მდინარე ხრამი ჰქონოდათ. გენ. ი. გედევანიშვილი სწორი იყო, როცა ხრამის აქეთ გადმოსვლის ნებართვას ითხოვდა, თუკი მას ამაზე ზემოხსენებული მოსაზრებები ახალისებდა. მე გაბოროტებით (со злостью) ვუყურებდი გენ. ოდიშელიძესა და გამანადგურებლად (с сокрушением) მის შტაბის უფროსს. ტაქტიკურად გადაწყვეტილება ჯარების აღნიშნულ ხაზზე დახევის შესახებ აბსურდი გახლდათ. თუ შეკითხვაზე როგორია მომავალი საომარი მოქმედებების გეგმა, ოფიცერი, ჯერ კიდევ აკადემიაში სწავლის დროს, მსგავსი სახით უპასუხებდა, მას დაუყოვნებლივ გააგდებდნენ აკადემიიდან.

მომავალ მოქმედებათა გეგმის განხილვაზე გადავედით. მე მივუთითე მთელ საფრთხეზე იმისა, რომ მიგვეღო ბრძოლა ხრამზე, როცა ფლანგი წითელ ხიდთან გვექნებოდა, ვინაიდან ასეთი მდგომარეობისას მოწინააღმდეგე იკავებდა ფლანგიდან შემომვლელ მდგომარეობას, და იმ კუთხის ერთ-ერთი მხრის წარუმატებლობას, როგორი ფორმითაც იდგნენ ჩვენი ჯარები, შედეგად მოჰყვებოდა კუთხის მეორე მხარის დამარცხებაც. საკითხის შემდგომი განხილვა შეუძლებლად წარმოგვიდგებოდა: შინნასწავლი სტრატეგი ნ. ბ. რამიშვილი ჩაერია. იგი გვთავაზობდა დაუყოვნებლივ შეგვექმნა ჯარების ჯგუფი (ვისგან?) ფოილოს ხიდის რაიონში და იქიდან დაგვერტყა ზურგში მოწინააღმდეგისთვის მტკვარზე გადასვლით ყაზახის მიმართულებაზე. გეგმა აბსურდული და შეუსრულებელი გახლდათ. ჯერ ერთი, ვისგან შეიძლებოდა ამ ჯგუფის შექმნა და როდის შეიძლებოდა იგი შექმნილიყო, მეორე, ამ ჯგუფს, თუნდაც მისი შექმნა რომ ყოფილიყო შესაძლებელი, მოუწევდა გადაელახა მტკვარი, რომლის მოპირდაპირე ნაპირიც მოწინააღმდეგის ხელში გახლდათ, და ამასთან მდინარეზე გადასვლის საშუალებებიც არ გაგვაჩნდა; და ბოლოს, ვინ შეინარჩუნებდა თბილისს, რომელი ჯარები? ისინი ხომ არა, რომლებიც ხრამის აქეთ უკან იხევდნენ და რომელთაც წითელი ხიდის მხრიდან ფლანგში დარტყმა ემუქრებოდათ. მდგომარეობა ძალზედ კრიტიკული გახლდათ იმისთვის, რათა პროფანების აბსურდული გეგმები მომესმინა და გულგრილი დავრჩენილიყავი. მე მივბრუნდი და მას ვუთხარი: „ნოე ბესარიონის ძევ, მე სამი წელის გთხოვთ ნუ ჩაერევით სამხედრო საქმეებში, კეთილი ინებეთ თუნდაც ნახევარი საათით ხმა ჩაიწყვიტოთ (благоволите хоть на полчаса заткнуть Ваш рот)“. იგი, მართალია, გაჩუმდა, მაგრამ შემდგომში მაინც ღებულობდა საუბარში მონაწილეობას. თუმცა კი მთავარი მავნებლობა უკვე ჩადენილი გახლდათ. ასეთი გეგმის წინააღმდეგ მხოლოდ მე გამოვედი. სამხედრო საქმეში ჩემი კოლეგები ჩემთვის უკიდურესად გასაოცრად ნოე რამიშვილს ეთანხმებოდნენ. მე ამ ჯგუფის უფროსად ვყავდით განკუთვნილი; ისიც კი შემომთავაზეს, რომ ხრამის ჯგუფის მეთაურობაც ხელში ამეღო; საერთოდ ბევრს ლაპარაკობდნენ. დაველოდე რა დადუმების მომენტს, მე გენ. ოდიშელიძეს შეკითხვით მივმართე: „და რა გაქვს შენ მტკვარზე გადასასვლელად?“ „ერთი ბორანი“ – მოჰყვა პასუხი. მე განგებ ვკითხე ასე, რათა ჩემი შეკითხვა და პასუხიც ყველას მოესმინა. „თქვენ კუკიიდან ვერაზე (თბილისის უბნებია) ვერ შეძლებთ ერთი ბორნით ჯარების გადაყვანას, და როგორ შეიძლება ჯარების გადაყვანა მტკვარზე, რომლის მოპირდაპირე ნაპირიც მოწინააღმდეგის ხელშია?“ მაგრამ ესეც უნაყოფო აღმოჩნდა. ნ. ბ. რამიშვილის წინადადებით კენჭისყრაზე გადავიდნენ და ხელის აწევით დაადგინეს: „ამ ფოილოს ჯგუფის უფროსად იყოს გენერალი კვინიტაძე“. როცა საქმე ხელის აწევამდე მიდის, მე ყოველთვის ვდუმდები; შემდგომი საბუთები და მოსაზრებანი უკვე უნაყოფოა. მაგიდიდან განზე გავედი. ჩემთან დაიწყეს ცალკეულმა პირებმა მოსვლა და მთხოვდნენ უარი არ მეთქვა და მიმეღო ეს თანამდებობა. ისინი ამბობდნენ, რომ მე ფაქტიურად მთელი ჯარების სარდლობას შევდგომოდი, მმართველობა ჩემს ხელში ამეღო და ისე განმეკარგა, როგორც საჭიროდ მიმაჩნია, რომ საკუთრივ გადაწყვეტილია გენ. ოდიშელიძის გადაყენება, მაგრამ რომ ახლა ამის ერთბაშად გაკეთება არ უნდათ და ორი-სამი დღის შემდეგ ამას გააკეთებენ. მე არ შემეძლო დამერწმუნებია ისინი, რომ ეს შეუძლებელია. დაშლა დავიწყეთ.

მე დავრჩი და მთავრობის თავმჯდომარეს ვუთხარი, რომ მაქვს მისთვის მოსახსენებელი. დარჩენა ვთხოვე ვ. ჯუღელსაც. ჩვენ სამნი დავრჩით. მთავრობის თავმჯდომარეს ვუთხარი, რომ მას შეუძლია იეჭვიანოს ჩემზე რაშიც სურს, სამშობლოს ღალატშიც კი, მაგრამ ამ თანამდებობის მიღება არ შემიძლია, რადგანაც ეს გეგმა ვერშესრულებადი და დამღუპველია. მე, რა თქმა უნდა, ვფიცხობდი და ახლა ვერც ვიხსენებ ყველაფერს, რასაც თითოეული ჩვენგანი ამბობდა. მაგრამ საკითხი შეეხო გენ. ოდიშელიძესაც. დიახ, ახლა, ვიხსენებ; მე მთავაზობდნენ მემოქმედა დამოუკიდებლად, ამოცანები საკუთარი თავისთვის დამესვა, სრულებით არ მივაქცევდი რა ყურადღებას გენ. ოდიშელიძეს, მთავარსარდალს. ეს რაღაც კოლოსალური გახლდათ. ალაპარაკდა რა გენ. ოდიშელიძეზე, მთავრობის თავმჯდომარემ მასზე უარყოფითი შეხედულება გამოთქვა; იმავე აზრს იზიარებდა ვ. ჯუღელიც. მე არ ვიცი, შეიძლებოდა კი გულგრილი დავრჩენილიყავი. ჯერ კიდევ ზამთარში ზუსტად იგივე მოვისმინე ა. ი. ჩხენკელისაგან; ახლა მთავრობის, მმართველი სოც-დემოკრატიული პარტიის მეთაური და გვარდიის მეთაურიც სწორედ იგივეს ლაპარაკობდნენ. მთვარობის თავმჯდომარეს ვკითხე: „მითხარით, ასეთი აზრი თქვენ ახლა შეგექმნათ, დღეს?“ „არა“ – ცოცხლად შემომეპასუხა იგი – „მე მასზე ყოველთვის ასეთი აზრისა ვიყავი“. მე გულგრილობა დავკარგე და ჩვეული პირდაპირობით შევეპასუხე: „მაშინ თქვენი მხრიდან ეს დანაშაულია სამშობლოს წინაშე. როგორ შეგეძლოთ თქვენ მთავრობის თავმჯდომარეს იგი ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაგენიშნათ, როცა თქვენ მასზე ასეთი უარყოფითი აზრისა ხართ?“. იგი დუმდა, და მეც უნდა დავმშვიდებულიყავი.

ძნელია იყო გულგრილი, როცა სამშობლოს დაღუპვის პირას ხედავ და როცა მის დასაცავად მოწოდებული ადამიანები პირველი მნიშვნელოვნების საკითხებს ასეთი დანაშაულებრივი ქარაფშუტობით წყვეტენ (Трудно быть хладнокровным, когда видишь гибнущую родину и когда призванные ее охранять решают вопросы первой важности с таким преступным легкомыслием). არ შეიძლება სხვანაირად ვუწოდოთ მოქმედებას, როცა წინდაწინვე მთავარსარდლის პოსტზე იწვევენ პირს, რომლისაც თავიდანვე არ სჯერათ და რომელსაც ჯარების ხელმძღვანელობის უნარის მქონედ არ მიიჩნევენ. სავსებით ჯეროვანია აქ შეკითხვა: რა არის ეს – სისულელე თუ დანაშაული? ამრიგად, მმართველები შეგნებულად მოუწოდებდნენ მთავარსარდლის პოსტზე გენ. ოდიშელიძეს ისე, რომ სრულებით არ სჯეროდათ მისი, როგორც ჯარების ხელმძღვანელისა. ეს დადასტურებულ იქნა მთავრობის თავმჯდომარის, სოც-დემოკრატიული პარტიის მეთაურის მიერ. ხოლო თუ მხედველობაში მივიღებთ გენ. ოდიშელიძის აღიარებას კონსტანტინოპოლში, რომ მას ამ პატრიის დროს ეკავა სამარცხვინო მდგომარეობა, მოგვიხდება მივიდეთ დასკვნამდე, რომ ეს გახლდათ ორი მხარის მდუმარე თანხმობა. ერთი მხარე იფარავდა მეორეს და ჭეშმარიტება კი ხალხისგან იყო დაფარული. სამშობლოს შესახებ მმართველნი არ ფიქრობდნენ. უბედურების შემთხვევაში ხალხის წინაშე მათ შეეძლოთ თავი ემართლებიათ იმით, რომ ყველაზე უფრო ავტორიტეტულ გენერალს მოუწოდეს; და ისინი ამას შეგნებულად აკეთებდნენ. მთავრობის თავმჯდომარემ, რომელსაც ვ. ჯუღელი მხარს უჭერდა, შემომთავაზა ფაქტიურად მთავარსარდლის თანამდებობის აღსრულებას შევდგომოდი და მითხრა, რომ ისინი ამ დღეებში გადააყენებენ გენ. ოდიშელიძეს მისი თანამდებობიდან.

უარი უნდა მეთქვა ამ თანამდებობაზე თუ არა. მე ნათლად მქონდა შეგნებული, რომ სამშობლო იღუპება; მისი გადარჩენა არ შეიძლებოდა. ჩვენ სამხედროებმა ვიცით ერთ-ერთი სამხედრო და მართალი ჭეშმარიტება: შეცდომები, რომლებიც ომის დასაწყისში იქნა დაშვებული, ძნელად თუ შეიძლება იქნას მთელი კამპანიის განმავლობაში გამოსწორებული. ეს არის ნათქვამი, თუ ყურადღებაში მივიღებთ შეიარაღებული ძალების სწორად განვითარებასა და ქვეყნის თავდაცვის გეგმის არსებობას. ამ ჭეშმარიტების ჩვენი მდგომარეობისადმი გამოყენება არ შეიძლებოდა. შეცდომები არ შეიძლებოდა ყოფილიყო, ვინაიდან არაფერი ყოფილა გაკეთებული. ეს სულ თავიდანვე ერთი მთლიანი შეცდომა გახლდათ. არც ომის გეგმა, არც ომისთვის ქვეყნის მომზადება, არც მობილიზაცია, არც შეიარაღებული ძალების ორგანიზაცია, არც რაიმე-ნაირი ზურგის ან მეწინავე პოზიციების მოწყობა, არც მატერიალურ საშუალებათა და არც საბრძოლო საშუალებების მომზადება, არაფერი, არაფერი არ ყოფილა გათვალისწინებული. ეს რაღაც კოშმარული დაბნელება გახლდათ. ვიფიქრებდი რა მხოლოდ საკუთარ თავზე, რა თქმა უნდა, უარი უნდა მეთქვა და ხელები დამებანა. მაგრამ შემეძლო კი ეს გამეკეთებინა. მე ხომ ქართველი ვარ და არაერთხელ განზე გადამიდვია ჩემი პირადი „მე“. თითოეულ ქართველს შეეძლო ჩემთვის ესაყვედურებია, რომ ისეთ მძიმე წუთში, როცა სამშობლო იღუპებოდა, მე გულგრილად განზე დავრჩი. უნდა დავთანხმებულიყავი და დავთანხმდი კიდეც. მაგრამ პირობად დავუსვი, რომ გენ. ოდიშელიძის შესახებ საკითხი შემდეგი დღის შუადღისთვის ყოფილიყო გადაწყვეტილი. მთავრობის თავმჯდომარე დამპირდა და მთხოვა ხვალ გენერალურ შტაბში მივსულიყავი, სადაც იგიც მოვა, და რომ იგი გენ. ზაქარიაძეს მოეთათბირება. რაზე უნდა მოთათბირებოდა? დანამდვილებით არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ გადაეყენებიათ თანამდებობიდან გენ. ოდიშელიძე და სად წაეყვანათ. ამრიგად მოარული აზრი, რომ მე ამ აღსანიშნავ ღამეს მთავარსარდლის პოსტზე ვიყავი მიწვეული, სინამდვილეს არ შეესაბამება. მე მიწვეული გახლდით ერთ-ერთი ჯგუფის უფროსად, რომლის შექმნასაც ვერასოდეს შეძლებდნენ, უცნაური ამოცანით, სამხედრო ყოვლისმცოდნის ნოე რამიშვილის წინადადების თანახმად, მდინარე მტკვარი ერთი ბორნით გადაგველახა და მოწინააღმდეგისთვის ყაზახის მიმართულებით ზურგში შეგვეტია. ვფიქრობ, რომ როცა ამ პოსტზე მიწვევდნენ, ისინი სულ სხვა რაღაცით ხელმძღვანელობდნენ, და არა სურვილით, რომ ქვეყნის თავდაცვა ჩემთვის ჩაებარებიათ. საზოგადოებრივი წრეები ომის წარუმატებელი დაწყებით უკმაყოფილონი იყვნენ. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჯარების ხელმძღვანელობისთვის გენ. ოდიშელიძე იქნა მიწვეული, მაშინაც გამოთქვამდნენ ასეთი დანიშვნის მიზანშეუწონლობის თაობაზე, ახლა კი ღიად ლაპარაკობდნენ ამის შესახებ და ჩემს დანიშვნას მოითხოვდნენ. წავიდნენ რა ასეთი საზოგადოებრივი მოთხოვნისადმი დათმობაზე, მმართველებმა კიდეც გადაწყვიტეს ჩემთვის დაეძახათ, მაგრამ არა მთავარსარდლის სახით, არამედ რაზმის უფროსის როლში.


მთავარსარდლად დანიშვნა 

მეორე დღეს დილიდან შტაბში ვიყავი და ვითარების გარკვევას შევუდექი; მოხდა პატარა სცენა, რომელიც არ შემიძლია არ აღვწერო. გენ. ოდიშელიძეც იქვე იყო. ამ დროს ჩვენი ავიაციიდან მოვიდა ოფიცერი ბოგომოლოვი, რომელსაც მითითებები უნდა მიეღო მოქმედებებისთვის. მას მითითებებს აძლევდნენ, მე ვუსმენდი. მითითებები მას ეძლეოდა ყველაზე უფრო გაურკვეველი და ბუნდოვანი გამოთქმებით. მე ამ ოფიცრის სახეზე დავინახე, რომ იგი ვერ არკვევს, თუ რა უნდა აკეთონ მფრინავებმა და კითხვის დასმისაც ეშინია, რადგან მას მთავარსარდალი გენ. ოდიშელიძე ელაპარაკებოდა. მისი შეცბუნება ჩემთვის გასაგებია. ის გაუშვეს. იგი გაუბედავად შებრუნდა და კაბინეტიდან გავიდა. მე მას სწრაფად გავყევი, იგი სხვა კაბინეტში შევიყვანე, რუკა გავშალე და ავუხსენი რა, სად არიან ჩვენი ჯარები, ზუსტად მივუთითე, თუ საითკენ და რომელი მიმართულებით იფრინონ, რა დაზვერონ, სად ჩაყარონ ბომბები და სხვა. „გასაგებია?“ – დავამთავრე. უნდა გენახათ, თუ როგორ აუყვავდა მას სახე. მან მადლიერების სიტყვები მომაყარა და იმის ნაცვლად, რათა ეპასუხა, რომ გასაგებია, ამბობდა: „მორჩილად გმადლობთ, თქვენო აღმატებულებავ“. „თქვენ რა მადლობას მიხდით, გასაგებია თუ არა?“ – ვკითხე მე. „ზუსტად ასეა, ახლა გასაგებია“ – მპასუხობდა იგი და, აგრძელებდა რა მადლობის გადახდას, კაბინეტიდან გავარდა.

შუადღისთვის მე უკვე ვითარების კურსში ვიყავი, რამდენადაც ეს შეიძლებოდა, და დავისახე ჩემთვის თუ შემდეგ რა უნდა მეკეთებია. დღის 1 საათზე, როცა მე ვიჯექი ან უფრო სწორად რუკაზე ვიყავი გადაწოლილი და მას ვათვალიერებდი, ამ კაბინეტში გენ. ოდიშელიძე შემოვიდა და გამომიწოდა რა ხელი მითხრა: „შენ ხარ დანიშნული ჩემს ადგილზე; გაბარებ არმიას; გისურვებ წარმატებას“. მე ჩუმად ჩამოვართვი ხელი და ჩემი საქმის კეთება გავაგრძელე.

იგი გადაყენებულ იქნა, მაგრამ დაინიშნა სამხედრო მრჩევლად მთავრობის თავმჯდომარესთან. ეს აშკარად გენ. ზაქარიაძის გამოგონება გახლდათ, რომელიც მსუნაგი იყო ყოველგვარ კომპრომისებზე. მართლაც, რა არის ეს სამხედრო მრჩეველი მთავრობის თავმჯდომარესთან. მე უკვე აღარ ვამბობ, რომ ასეთი თანამდებობა ჩვენს „კრებულში“ არ არსებობდა; ამ გარემოებასთან ჩვენი მმართველები ცერემონიებს არ მართავდნენ. მაგრამ მე მინდა ამ დანიშვნაზე საკითხის არსის მიხედვით შევჩერდე. გამოდიოდა, რომ ადამიანს, რომელიც გადააყენეს მთავარსარდლის თანამდებობიდან, პირდაპირ რომ ვთქვათ, ჯარების მართვის უნარის არქონის გამო, სტოვებენ მრჩევლის სახით, ე. ი. მას თავისი ახალი თანამდებობის მიხედვით შეეძლო ესა თუ ის შესწორებები შეეტანა თავისი შემცვლელის, შემდეგი მთავარსარდლის მოქმედებებში, იმოქმედებდა რა მთავრობის თავმჯდომარის მეშვეობით, რომელსაც, და მხოლოდ მას ერთს, ჩვენი „კრებულის“ მიხედვით ექვემდებარებოდა მთავარსარდალი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ახალ მთავარსარდალს ყოველ დროს საკუთარ თავზე უნდა ეგრძნო გადაყენებული მთავარსადლის ზედამხედველობა, რომელსაც ყოველთვის შეეძლებოდა სამხედრო საქმეში ჩაუხედავ მთავრობის თავმჯდომარეზე ასე თუ ისე გავლენა მოეხდინა. გადაწყვეტილებების სანახევროობა არა მარტო ჩვენი უხასიათო (უნებისყოფო) მთავრობის, არამედ ყველა მმართველის მუდმივი თანამგზავრი გახლდათ (Половинчатость решений была всегдашним спутником не только нашего бесхарактерного Правительства, но и всех правящих).

შევუდექი რა ჩემი თანამდებობის აღსრულებას, მე მაშინვე გამოვითხოვე მთელი ჯარები, რომლებიც ჯერ კიდევ თავიანთ სადგომებში იმყოფებოდნენ. მოქმედებების ჩემეული გეგმა ზოგად ნიშნებში მე ასეთი დავისახე. ჯარები ხრამიდან საყარაულოს-მთისა და კოჯრის მასივისკენ წამომეყვანა. ეს სიმაღლეები საშუალებას გვაძლევდა რომ ის დრო გვქონოდა, რომლის განმავლობაშიც შემეძლო ზურგიდან ჯარები შემომეკრიბა და, დავიწყებდი რა ამ ჯგუფებით მანევრირებას, მოწინააღმდეგისთვის ბრძოლა გამემართა. ამიტომ თბილისში გამოვიძახე ყველაფერი, რისი გამოძახებაც შეიძლებოდა. იმის ჩამონათვლიდან, რაც მე გამოვიძახე, შესაძლებელი იქნება გავარკვიოთ, თუ რამდენი ჯარი მონაწილეობდა ბრძოლებში თბილისის თავდაცვამდე და რამდენი ჯარი იცავდა თბილისს.

გამოუძახებელი რჩებოდნენ არმიის 2, 3, 4, 10, 11 და 12 პოლკები; გვარდიიდან არ იყვნენ გამოძახებული სოხუმის, ბათუმის, ახალციხისა და ორი გორის ბატალიონები. ამრიგად, თანამდებობაზე ჩემს დანიშვნამდე გვარდიული ბატალიონების რიცხვიდან ბრძოლაში მონაწილეობას ღებულობდნენ 22-ე, 16- და 17-ე ბატალიონები, რომელთაგან ერთი იმყოფებოდა ლაგოდეხში, ხოლო ორი კი ფოილოს მიმართულებაზე. ასე რომ 14–15 ბატალიონი მონაწილეობდა ბრძოლებში ლორედან წითელ ხიდამდე და 16 თებერვლისთვის, საღამოსთვის, მათგან არც ერთი უკვე აღარ არსებობდა. რაც შეეხება არმიას, ამ ბრძოლებში მონაწილეობდნენ 1-ლი, მე-5, -7, -8 პოლკები და საყარაულო ბატალიონის 2 ასეული. 16 თებერვალს დილით მე გავემგზავრე, რათა ხრამზე დამარცხებულ ჯარებს შევხვედროდი, და 600–700 ადამიანი დავითვალე. ესენი წესრიგით იხევდნენ უკან, მათ არავინ სდევნიდა. ესენი იყვნენ 300 კაცი 1-ლი პოლკის ბატალიონიდან და არაუმეტეს 150 კაცისა საყარაულო ასეულებიდან. დანარჩენი რიცხვი არმიისა და გვარდიის ნაწილებზე მოდიოდა.

რაც შეეხება ლორეს გვარდიულ ბატალიონებს, ისინი უკანდახევისას, შეხვდნენ რა ეკატერინენფელდის რაიონში მოწინააღმდეგეს, საბოლოოდ დემორალიზებულ იქნენ და გაიფანტნენ. თბილისთან ბრძოლების განმავლობაში ისინი ჯგუფებად და თითო-თითოდ ჩვენს კოჯრის უბანთან მოდიოდნენ. დავსახე რა გეგმა, მე თბილისში მე-4, 10-ე და 17-ე პოლკები და გორის გვარდიის ორი ბატალიონი გამოვიძახე; მე-4 პოლკი იდგა ბათუმში, 10-ე ახალციხეში და 11-ე (თუ 17-ე ? – ი. ხ.) ახალქალაქში. 12-ე ბატალიონი იდგა ნაწილობრივ არტაანში, ნაწილობრივ კი მანგლისში და ისეთ მდგომარეობაში გახლდათ, რომ გამოსვლა არ შეეძლო; იგი ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის გარეშე იყო; მომიწია რომ იგი არ გამომეძახა. მე-4 ბატალიონი მხოლოდ ნახევარი შემადგენლობით მოვიდა 17-ში, ხოლო მისი მეორე ნახევარი კი 18-დან 19 თებერვლის ღამეს გამოცხადდა. 10-ე ბატალიონი 18-ში თუ 19-ში მოვიდა, ხოლო 11-ე კი მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ ხაშურისკენ ვიხევდით და იმ ღამეს, რომელიც წინ უძღოდა ჩვენს უკანდახევას. გორის გვარდიული ბატალიონები 17 თებერვალს გამოცხადდნენ.

უნდა აღვნიშნო ერთი გარემოება. მობილიზაციის შემდეგ ბატალიონები 3-ბატალიონიან პოლკებად უნდა გადაქცეულიყვნენ. თანამდებობაზე ჩემი დანიშვნისას მე-2 და მე-3 ბატალიონები არ არსებობდა და პოკლები თითო ბატალიონის შემადგენლობით გამოვიდნენ; დანარჩენები (ამ პოლკების) დგომის ადგილებში ყალიბდებოდნენ. ჩვენი მოქმედებების მთელი დროის მანძილზე ბატალიონები 3-ბატალიონიან პოლკებად ვერა და ვერ იქნენ გაშლილნი. არ იყო მატერიალური ნაწილი. სოხუმის მიმართულებისთვის დავტოვე მე-2 და მე-3 ბატალიონები და სოხუმის ბატალიონი, რადგანაც ვთვლიდი, რომ მე-7 ბატალიონი, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ დაიცავდა პოზიციებს ზღვისპირა დეფილეში (ვიწრობში – ი. ხ.), მომცემდა მოქმედებების თავისუფლებას თბილისის აღმოსავლეთით. თბილისიდან აღმოსავლეთით წარმატების შემთხვევაში მექნებოდა შესაძლებლობა სოხუმის მიმართულება თბილისის ჯარების რიცხვიდან გამეძლიერებინა; აღმოსავლეთში წარმატება საშუალებას მომცემდა ჯარები შემესუსტებია, ვინაიდან აზერბაიჯანი და სომხეთი, იხილავდნენ რა მოწინააღმდეგის უკანდახეულ ჯარებს, უეჭველად ჩვენ შემოგვიერთდებოდნენ, რაც აქ ჩვენს მოქმედებებს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებდა.

16 თებერვლის დღე ჩვენთვის ბედუკუღმართი გახლდათ. უკვე დილიდან ჩვენ მივიღეთ ცნობები, რომ დაიწყო ბრძოლა წითელ ხიდთან და ხრამის ფრონტზე. ცნობები არ მოდიოდა; სადენები არ მოქმედებდა და ეს იმის მაჩვენებელი გახლდათ, რომ იქ კარგად ვერ მიდის საქმე. ვ. ჯუღელმა ითავა სანდარიში გამგზავრებულიყო; არ შემიძლია ვთქვა, დილით იყო ეს თუ შუადღის შემდეგ. არასასიკეთო მდგომარეობის შესახებ პირველივე ცნობების შემდეგ რკინიგზით მოსული მე-9 პოლკის ბატალიონი საყარაულოს-მთაზე გავგზავნე იმ მიზნით, რომ წითელი ხიდიდან უკანდახეული ნაწილები თავისთან მიეღო. ბოლოს, სიბნელის დადგომასთან ერთად ვითარებაც გაირკვა; კაპ. ედიგარაშვილი, ჩვენი კონტრმზვერავი, კუმისის სადგურიდან აპარატით საერთო სურათს მოგვახსენებდა. ყველანი სრული უწესრიგობით გამორბოდნენ. მისი მეშვეობით ჩვენ დავიწყეთ სანდარის გამოკითხვა; სანდარის სადგურიდან ტელეფონით გებულობდნენ და შემდეგ ამ ცნობებს გადმოგვცემდნენ. იგი გადმოგვცემდა, რომ სანდარიში ყველანი ერთმანეთში იყვნენ არეული, წესრიგის აღდგენა შეუძლებელი იყო, და რომ გენ. ი. გედევანიშვილი ჯუღელის ვაგონით პირადი მოხსენებისთვის თბილისში გამოემგზავრა, თავის ნაცვლად კი გენ. სუმბათაშვილი დატოვა და მას უკანდახევის მოწესრიგება დააკისრა. ჩვენ გენ. გედევანიშვილის ლოდინი დავიწყეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მისგან არაფერ ახლის გაგება არ შეგვეძლო. ამრიგად ჯარები თბილისიდან აღმოსავლეთით აღარ არსებობდა; იყო მხოლოდ მე-9 პოლკის ერთი ბატალიონი, საყარაულოს მთაზე გაგზავნილი. ჩემი გეგმა, რომ საყარაულოს-მთა და კოჯრის მასივი დაგვეკავებინა, იხსნებოდა, ვინაიდან ამ სიმაღლეების დამკავებელი არავინ გვყავდა. გამოძახებული ჯარები შეიძლებოდა მხოლოდ 17–18 თებერვალს მოსულიყვნენ და ისინიც არ იყო საკმარისი ამ სიმაღლეების დასაკავებლად. თბილისის ხვედრი წითელ ხიდთან და ხრამზე ბრძოლებში იქნა გადაწყვეტილი. მოწინააღმდეგეს რომ 16 თებერვალს თუნდაც მარტო თავისი კავალერიით დევნა განევითარებია, ღამით ის დაუბრკოლებლივ შეძლებდა თბილისში შემოსვლას, ვინაიდან ღამის განმავლობაში თბილისის ქუჩებში გამოჩნდნენ არა მარტო გვარდიის არტილერისტები, რომლებმაც თავიანთი ქვემეხები მიატოვეს, არამედ ქვეითი ჯარისკაცებიც. თბილისი მოულოდნელი თავდასხმისგან უნდა აგვერიდებინა. მე ჩემთან მოვითხოვე გარნიზონის უფროსი გენ. მაზნიაშვილი. შევიტყე რა მისგან, რომ მას დაახლოებით 400 ხიშტი მოეძევება, ვუბრძანე ისინი დაუყოვნებლივ სოღანლუღის პოზიციაზე წაეყვანა და გზატკეცილის მარცხნივ და მარჯვნივ სიმაგრეები დაეკავებია. ღამის დაახლოებით 10–11 საათზე გენ. გედევანიშვილი მოხსენებით ჩამოვიდა. მე ვკითხე, თუ რატომ ჩამოვიდა. მან მიპასუხა, რომ ჩამოვიდა, რათა პირადად მოგვახსენოს იმის შესახებ, რაც იქ მოხდა. მე მშრალად ვუპასუხე, რომ მოხსენებისთვის არსებობს სადენები და თუ სანდარიდან სადენი არ მოქმედებს, მას შეეძლო შემდეგი სადგურიდან ჩემთან აპარატით ელაპარაკა, რომ უფროსი საჭიროა არა იმისთვის, რათა მოახსენოს, არამედ იმისთვის, რათა ჯარებს უხელმძღვანელოს. მე ვუბრძანე მას თბილისში დარჩენილიყო და თავისი დივიზიის ბატალიონების ჩამოყალიბება დაეჩქარებინა. მისი ენერგია იმაში გამოვლინდა, რომ თბილისში ჩვენი 9-დღიანი ყოფნის მანძილზე მან მე-5 პოლკის ერთი ბატალიონი 19 რიცხვში მოგვცა და ერთი ბატალიონიც 24 თებერვალს. 

მანამდე სანამ შემდგომი მოქმედებებს აღწერაზე გადავიდოდე, მე ერთ გარემოებაზე მივუთითებ. როცა ჩემი თანამდებობის აღსრულებას შევუდექი, მე შტაბში ორი თურქი ოფიცერი შევნიშნე; ერთი მათგანი გახლდათ ქაზიმ-ბეი, ხოლო მეორე კი მისი ადიუტანტი თალაათ-ბეი. შტაბის უფროსს გენ. ზაქარიაძეს ვკითხე, თუ ეს რას ნიშნავს. მან მიპასუხა, რომ ისინი ყოველთვის შტაბში არიან და სადენით ანგორას ელაპარაკებიან, სადაც ჩვენი წარმომადგენელი მდივანი აწარმოებს მოლაპარაკებებს ქემალ-ფაშასთან; შემდგომში გამოირკვა, რომ ქაზიმ-ბეი ყოველთვის აგზავნის ანგორაში დაშიფრულ ტელეგრამებს და თურქულ ენაზე. მე დაუყოვნებლივ ვუბრძანე ეს შეეწყვიტათ და ამ ბატონისთვის გადაეცათ, რომ აპარატით მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში ესარგებლა და არანაირი დაშიფრული ტელეგრამები აღარ გაეგზავნა, ხოლო მის მოლაპარაკებებს კი თურქული ენის მცოდნე ერთი ოფიცერი დასწრებოდა.

რამდენიმე სიტყვა საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწის, საბახტარაშვილის შესახებ. უნდა აღვნიშნო შემდეგი. თბილისში ჩვენი ყოფნის მთელი დროის მანძილზე ის ყოველ დღე მეუბნებოდა, რომ თურქები დაიწყებენ ომს ბოლშევიკებთან; რომ მას ამაზე ცნობები აქვს; ის იმასაც კი მიყვებოდა, რომ „დღეს საღამოს“ მივიღებ სიურპრიზს თურქებისაგან, ე. ი. მათ გამოსვლას ბოლშევიკების წინააღმდეგ. საკუთარი თავის მოტყუებაში (თვითცდუნებაში) იგი მეუბნებოდა: „აი ნახავთ, გიორგი ივანეს ძევ, თურქები გამოვლენ ბოლშევიკების წინააღმდეგ, ეს ნამდვილია. ჩვენ გავაკეთეთ ის, რისი გაკეთებაც ვერ შეძლო ანტანტამ, ჩვენ წავაჩხუბეთ თურქები ბოლშევიკებთან“. მე კატეგორიულად უარვყოფდი თურქებისგან დახმარების ყოველგვარ შესაძლებლობას. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისზე ბოლშევიკების თავხედური შემოტევა დაზვერვის გარეშე, 18-დან 19 თებერვლის ღამეს, გამოწვეული იყო იმ ცნობებით, რომლებსაც ქაზიმ-ბეი ბოლშევიკებს ანგორის მეშვეობით გადასცემდა.

* * *

16 თებერვლის საღამოს ჩემი ცოლი სტუმრად იყო ერთ-ერთი ქალის დღეობაზე, სადაც მეც უნდა მივსულიყავი. მე, რა თქმა უნდა, მისვლა ვერ შევძელი, თუმცა კი ტელეფონით ცოლს გადავეცი, რომ სახლში წამოსულიყო და ბარგი ჩაელაგებია, მაგრამ რომ ამის შესახებ არავისთვის ეთქვა. 16 თებერვლიდან მე შტაბის კაბინეტიდან არ გამოსულვარ, მთელ ღამეებსაც იქ ვიმყოფებოდი და, თუ ზოგჯერ მეძინა, ეს ხდებოდა სკამზე ან მაგიდაზე, რომელზედაც რუკა იყო გაშლილი. თანამდებობის აღსრულების დაწყებიდან ერთი წუთიც არ გადიოდა, რომ რაიმე ახალი საკითხი არ წამოჭრილიყო, რომელიც მაშინვე უნდა გადამეწყვიტა.

შევუდექი რა სარდლობას, მე ვკითხე თავდაცვის საბჭოს: რჩება თუ არა ძალაში 1920 წელს მიღებული გადაწყვეტილება თბილისთან მიმართებით, ე. ი. თავდაცვა თბილისში დავასრულოთ თუ წინააღმდეგობა გავაგრძელოთ. მიპასუხეს: დიახ (გავაგრძელოთ). მე მაშინვე შევუდექი სამხედრო ქონების ევაკუაციას და თბილისური მარაგები სახარჯო მაღაზიად იქნა გადაქცეული (тбилисские запасы были превращены в расходный магазин); ყველაფერი დანარჩენი კი – ქუთაისში გადაზიდული. რაც შეეხებოდა არასამხედრო ქონებას, ამის შესახებ განკარგულებებს მთავრობის თავმჯდომარე გასცემდა. თბილისთან ბრძოლების განმავლობაში ყველა სამინისტრო ქუთაისში იქნა გადაყვანილი და მთავრობის თავმჯდომარის დარწმუნებით ყველაფერი გადაიზიდა, ხოლო უკანდახევის მომენტისთვის კი ე. ი. 24 თებერვალს მხოლოდ სამი მატარებელიღა რჩებოდა: დამფუძნებელი კრების, მთავრობისა და მთავარსარდლის შტაბის მატარებლები. და რომ ამ მატარებლების წასვლის შემდეგ 1–2 საათის განმავლობაში თბილისში უკვე აღარაფერი დარჩებოდა.

თბილისში იყო გენ.-გუბერნატორი ბენია ჩხიკვიშვილი. მოწინააღმდეგის სიახლოვის გამო თბილისი მთავარსარდლის ძალაუფლებას უნდა დაქვემდებარებოდა, რისთვისაც რატომღაც ახალი გენ.-გუბერნატორი იქნა დანიშნული სულაქველიძის სახით. სულაქველიძე დაინიშნა ქალაქ თბილისის გუბერნატორად, თბილისის გუბერნიის მთელი დანარჩენი ტერიტორია ჩხიკვიშვილის გამგებლობაში იქნა დატოვებული. რატომ დანიშნეს ქალაქ თბილისის ახალი გენ.-გუბერნატორი, ჩემთვის უცნობია. ალბათ იმიტომ, რათა ჩხიკვიშვილი ჩემს დაქვემდებარებაში არ აღმოჩენილიყო. 1920 წელს, ჩხიკვიშვილი ქალაქ ბათუმის გენ.-გუბერნატორად იქნა დანიშნული, მთავრობის ჩინოსნები ძალზედ ზრუნავდნენ, რათა მე ბათუმში არ დავრჩენილიყავი. ვაკავშირებ რა ორივე ამ გარემოებას, გამოვთქვამ კიდეც მოსაზრებას, რომ თბილისის გენ.-გუბერნატორად სულაქველიძის დანიშვნა აიხსნება მხოლოდ იმ სურვილით, რომ ჩხიკვიშვილი ჩემდამი არ ყოფილიყო დაქვემდებარებული. სხვა მიზეზს მე ვერ ვხედავ. ჩემთვის კი სულ ერთი იყო ვინ დამექვემდებარებოდა, ჩხიკვიშვილი თუ სულაქველიძე.


მდგომარეობა სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარზე 

რკინიგზები ჩემდამი დაქვემდებარებული არ ყოფილა, და გზების უფროსი თბილისიდან ჩვენი უკანდახევის დაწყების შემდეგ ბათუმში გაემგზავრა; იგი თვლიდა, რომ სარკინიგზო ევაკუაციის მართვა მისთვის იქიდან უფრო მოსახერხებელი იქნებოდა. მე მოვითხოვე მისგან ჩემთან ყოფილიყო, ან მოეცა ვინმე პირი, რომელიც სარკინიგზო საქმეთა დარეგულირებაში იქნებოდა უფლებამოსილი. ასეთი მე მხოლოდ სადგურ ხაშურში მივიღე. რკინიგზებით ევაკუაცია უმსგავსოდ ხდებოდა; ყველაფერს გადაზიდავდნენ გორში, გორიდან ხაშურში, ხაშურიდან სამტრედიაში და მხოლოდ შემდეგ ბათუმში. ამასთან ზურგის სადგურები არ იწმინდებოდა. ასეთი წესრიგის წყალობით ყველა სადგური უკიდურესად იყო დატვირთული და ჩვენ ამ სადგურების განტვირთვა დიდი შრომით გვიხდებოდა. მატარებლები, რომლებიც სადგურებიდან ბრძოლის მომენტში გადიოდნენ, სულმოკლეებისა და დეზერტირებისთვის დიდ სატყუარას წარმოადგენდნენ; ჩვენ ძლივსღა ვახერხებდით იმის თავიდან აცილებას, რომ უკანდახევა საყოველთაო გაქცევად არ გადაქცეულიყო. რკინიგზების ევაკუაცია წინასწარ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული და ქვეყნის თავდაცვის გეგმაშიც შეტანილი. 

თანამდებობაზე ჩემს დანიშვნასთან ერთად მივიღე ზომები ცხენოსანი ჯარის ფორმირებისთვის. ეს საერთოდ ძნელი საქმეა და დიდ დროს მოითხოვს. მე ეს საქმე ჩავაბარე გენ. დ. ჭავჭავაძეს. ცხენების არყოლის, უნაგირებისა და მატერიალური ნაწილის არქონის მიუხედავად, მან მაინც მოახერხა სამტრედიაში ჩვენი უკანდახევისთვის 2–3 ასეული ჩამოეყალიბებია.

საზოგადოებრივი წრეები ქვეყნის თავდაცვის საქმეს მხურვალედ გამოეხმაურენ. თავდაცვისთვის ქვეყნის წინასწარ მომზადების საქმეში ისეთი მსხვილი შეცდომები იყო დაშვებული და, საერთოდ, იქ ისეთი ქაოსი გახლდათ, რომ თბილისის გმირული თავდაცვა 9 დღის განმავლობაში შეიძლება აიხსნას მხოლოდ ყველა ქართული ფენის გულმხურვალე სურვილით, რომ თბილისი დაეცვათ. თანამდებობის აღსრულების დაწყებიდანვე მივავლინე გენერალური შტაბის ოფიცრები, ინჟინრები და მესანგრენი სურამის უღელტეხილზე პოზიციების გამაგრების მიზნით; შემდეგ კი ასეთებივე გაგზავნილ იქნა საჯავახოშიც. მაგრამ ჩემი განკარგულებები ნაჩქარევი ხასიათისა გახლდათ; ყველაფერი ეს წინასწარ უნდა ყოფილიყო გაკეთებული. სამხედრო უწყებას რომ ამის შესახებ ადრევე ეფიქრა და წინასწარ მოეთხოვა, მას უნდა მიეღწია თავისი მოთხოვნების შესრულებისთვის ან წასულიყო; პასიურობა ამ შემთხვევაში დანაშაულებრივად უნდა ყოფილიყო აღიარებული.

ახლა შევუდგები შემდგომ აღწერებს. 16-დან 17 თებერვლის ღამეს მე გავარკვიე, რომ სანდარიში ხდება რაღაცნაირი წესრიგის აღდგენა, და ჯარის ნარჩენებს ვუბრძანე თბილისისკენ დაეხიათ. სანდარიდან მომახსენებდნენ,რომ ეს ნაწილები სრულებით ბრძოლისუუნარონი არიან. ამასობაში გამოირკვა, რომ 16 თებერვლის ბრძოლის სურათი ყოფილა შემდეგი. გენერალმა ჯიჯიხიამ, რომელიც წითელი ხიდიდან აირუმზე უტევდა, მდ. ხრამზე უკან დაიხია, სადაც სანაიანის რაზმის ნარჩენების მარცხენა ფლანგზე დადგა. სანაიანის რაზმის ნარჩენი არ გაჩერებულა იმ ხაზზე, რომელიც გენ. ოდიშელიძემ მიუთითა, და ასევე ხრამის აქეთ გადმოვიდა. ამრიგად ჯარები 16 თებერვლის დილისათვის მდინარე ხრამის მარცხენა ნაპირის გაყოლებით განლაგდნენ, ხოლო თავიანში მარცხენა ფლანგით კი წითელ ხიდს ებჯინებოდნენ. გამთენიისას დაიწყო მოწინააღმდეგის საბრძოლო მოქმედებები წითელ ხიდზე შემოტევით. აქ მოწინააღმდეგემ ვერაგულად შეიპყრო ხიდთან მდგარი ყარაული, ჩვენი პოზიციები კი ხიდის აქეთ მხარეს მოემართებოდა.

მდინარე ხრამის იქითა მხარეს იმყოფება მთები, რომლებიც ბატონობენ კიდეც ამ რაიონის მარცხენა ნაპირის დაბლობ ნაწილზე. ჯერ კიდევ 1920 წელს მე მოვითხოვდი, რომ ჩვენს საზღვარს წითელი ხიდის იქითა მხარეს გაევლო; ჩვენ 1920 წლის სამშვიდობო მოლაპარაკებებით ამის მიღწევა ვერ შევძელით, ჩვენი გამარჯვების მიუხედავად. აღმოჩნდა, რომ წინა საღამოს ჩვენი ყარაულის (გვარდიის ჯარისკაცების) უფროსი წითელ ხიდთან მშვიდობიანად სვამდა ჩაის მოწინააღმდეგის ყარაულის უფროსთან. წითელ ხიდთან მხოლოდ ერთი ბატალიონი რჩებოდა. უეჭველია სომხეთის მხრიდან დაწყებული საბრძოლო მოქმედებების შემდეგ დარწმუნებული უნდა ვყოფილიყავით, რომ მოწინააღმდეგე საბრძოლო მოქმედებებს აზერბაიჯანის მხრიდანაც დაიწყებდა, ვინაიდან ორივე ეს ქვეყანა ფაქტიურად მხოლოდ ჩვენი მტრის ნაწილებს შეადგენდა. და რაკი ეს ასეა, მაშინ ნათელია, რომ მთავარი მოქმედებები, ე. ი. მოწინააღმდეგის მთავარი ძალების შემოყვანა მოხდება ბაქო–თბილისის რკინიგზის გამოყოლებით, და არა ალექსანდროპოლ–თბილისისა; აქ იმყოფებოდნენ მოწინააღმდეგის მთავარი ძალები, აქ მათ ბაზაც ჰქონდათ მომზადებული. ამრიგად, გენ. ჯიჯიხიას რაზმის აირუმზე გაგზავნა მიზანშეუწონელი და მეტად სახიფათო გახლდათ, ვინაიდან ეს ხდებოდა აზერბაიჯანისადმი, ე. ი. მოწინააღმდეგისადმი ფლანგით, რომლის ნაწილებიც უკვე შემოვიდნენ ჩვენს ტერიტორიაზე სომხეთის მხრიდან. მოწინააღმდეგეს აზერბაიჯანის მხრიდან საბრძოლო მოქმედებები 16-ის დილას რომ არ დაეწყო, არამედ უფრო ადრე, იმ მომენტში, როცა გენ. ჯიჯიხია აირუმზე და უკან თავის მარშს ასრულებდა, მაშინ ეს რაზმი ორი, სამი დღით უფრო ადრე იქნებოდა განადგურებული და მოწინააღმდეგეც თბილისში უკვე 16-ში შემოვიდოდა, რომელი დროისთვისაც ჩვენ ვერ შევძლებდით მოგვესწრო თბილისის თავდაცვის ორგანიზება.

ჯეროვანი იქნებოდა გენ. ჯიჯიხია წითელ ხიდთან დარჩენილიყო, ხოლო სანაიანის რაზმის ჯარები კი იმ ჯარებით გაგვეძლიერებინა, რომლებიც სამწუხაროდ მხოლოდ მე გამოვიძახე. გენ. ჯიჯიხიას ჯარების 7 ბატალიონის ტარსის მთა – წითელის ხიდის რაიონში ყოფნა ამ უბანს უფრო ძლიერს შექმნიდა და მოწინააღმდეგის შემოტევის შემთხვევაში, ჩვენ შევძლებდით, დავიცავდით რა ტარსის მასივის მტკიცე პოზიციას, დრო მოგვეგო, სანაიანის რაზმი გაგვეძლიერებინა, სომხეთის მხრიდან შემომტევ და, როგორც ცნობილია, არცთუ მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგეს გავსწორებოდით. 11-დან 12 თებერვლის ღამეს ჩვენი დანაკარგების მიუხედავად, გამოვიძახებდით რა ყველა ნაწილს და თავს მოვუყრიდით მათ, ჩვენ შევძლებდით ძალებში უპირატესობისთვის (აღმატებისთვის) მიგვეღწია. ციფრული მონაცემები ასეთია. 11-დან 12-ის ღამეს მხოლოდ მე-5 და მე-8 ბატალიონები იქნა განადგურებული, არტილერია გადარჩა. 12 თებერვალს შეიძლებოდა ძალების თავმოყრა დაგვეწყო, რისთვისაც შეიძლებოდა გამომდგარიყვნენ 1-ლი, მე-4, -9 და 10-ე ბატალიონები და საყარაულო ბატალიონი; შემდეგ გორის ორი გვარდიული, ახალციხის, საგანგებო და ბათუმის ბატალიონები; ამრიგად შეიძლებოდა, დავუშვათ ხრამთან, არმიის 5 ბატალიონისა და 5 გვარდიის ბატალიონისთვის მოგვეყარა თავი; ამისთვის შეიძლებოდა დაგვემატებია მესაზღვრეთა ბატალიონი, რომელიც მე ორი დღის განმავლობაში ჩამოვაყალიბე, და სამხედრო სკოლა, ასევე ცხენოსანი ჯარიც 400–500 ხმლის შემადგენლობით. ასეთი მდგომარეობისას ჩვენ წითელი ხიდის თავდაცვისთვის გვყავდა არანაკლებ 7 გვარდიული ბატალიონის, ხოლო სადახლოს მიმართულებაზე კი 15 თებერვლისთვის შევძლებდით სანაიანის რაზმის ნარჩენების 12 ახალი ბატალიონით გაძლიერებას; ამისთვის შეიძლებოდა ლორეს რაზმის 3 გვარდიული ბატალიონიც მიგვემატებია, ორი მოჯავშნული მანქანით, რომლებსაც, არ იყვნენ რა სანაიანის რაზმისგან მოწყვეტილი, შეეძლოთ სადახლოს მიმართულებაზე მოქმედთა მარჯვენა ფლანგი გაეძლიერებიათ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დავიფარავდით რა წითელ ხიდს 7 გვარდიული ბატალიონით, ჩვენ შევძლებდით სომხეთის მხრიდან შემომტევი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ 12 ახალი ბატალიონით გვემოქმედა, პლიუს ლორეს რაზმის 3 ბატალიონი, 400–500 ხმლის შემადგენლობის ცხენოსანი ჯარი და სანაიანის რაზმის ნარჩენები. ასეთი ღონისძიებების შედეგად ჩვენ შეგვეძლო იმ მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ძალებში უპირატესობისთვის მიგვეღწია, რომელიც სომხეთის მხრიდან გვიტევდა, და აქ წარმატება გვქონოდა. საერთო რეზერვში რჩებოდნენ 11-ე პოლკი, მთელი არმიის ჩამოყალიბებადი ბატალიონები და ახალგაზრდა ჯარისკაცები (ამის წინა ხანებში მობილიზაციით გაწვეულნი – ი. ხ.).

საჭიროა მხედველობაში მივიღოთ კიდევ ერთი გარემოებაც. 1921 წელს მოწინააღმდეგე შეტევაზე გადმოვიდა სომხეთის მხრიდან 11-დან 12 თებერვლის ღამეს, ხოლო წითელ ხიდს კი 16 თებერვლის გამთენიისას შემოუტია. ჩრდილოეთ უბნებზე შემოტევა მოხდა მოგვიანებით. ჩვენი მთავრობა ეკითხებოდა მოსკოვს ომის მიზეზის შესახებ და პასუხი გამოდიოდა, როგორც 1920 წელშიც, რომ ეს ადგილობრივი ინციდენტია. 11-დან 12 თებერვლის ღამის მოვლენების შემდეგ გამოძახებულ იქნა მე-9 პოლკის მხოლოდ ერთი ბატალიონი, ხოლო 1-ლი პოლკის ბატალიონი, საგანგებო გვარდიული ბატალიონი და საყარაულო ბატალიონის ორი ასეული, რომლებიც ნაწილობრივ სანაიანის რაზმს აძლიერებდნენ, ცალ-ცალკე იქნენ დამარცხებულნი და უკვე თითქმის აღარც არსებობდნენ. ამრიგად აუცილებელია აღინიშნოს სამი მთავარი შეცდომა: 1) ჯარების თბილისში გამოუძახებლობა დანარჩენი ტერიტორიიდან, 2) ხელქვეით არსებული რეზერვების ნაწილ-ნაწილ შეყვანა, 3) წითელ ხიდთან ძალების დასუსტება.

განვიხილავთ რა ჯარების წინასწარ განლაგებას, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ სამი მიმართულებიდან: 1) ლორესი, 2) სანაიანის და 3) წითელი ხიდისა, სანაიანისა და წითელი ხიდის მიმართულებებს ყველაზე მეტი მნიშვნელობა ეძლეოდა, ამასთან წითელი ხიდის მიმართულებას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგანაც აქ ძალების ყველაზე მეტი რაოდენობა იდგა. მაგრამ, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ამ უკანასკნელი მიმართულებისთვის, როგორც ჩანს, შეწყვიტეს მნიშვნელობის მინიჭება, ვინაიდან სწორედ ამ მიმართულებიდან იქნენ მოხსნილი თითქმის მთელი ჯარები, და არ იქნენ მოქმედებებში ჩართული ის თავისუფალი ჯარები, რომლებიც ქვეყნის სიღრმეში იყვნენ განლაგებული.

გავაგრძელებ 16 თებერვლის მოქმედებების აღწერას. მოწინააღმდეგემ შემოუტია წითელ ხიდს, შემოიყვანა რა საქმეში ასევე მოჯავშნული მანქანებიც, და დაეუფლა ჩვენს პოზიციას, სრულებით გაანადგურა რა აქ მყოფი ჩვენი რაზმი. მთავარი მასა ტყვედ იქნა აყვანილი, როგორც ჩანს უარი თქვა ეომა როგორც 1920 წელსაც, თუმცა კი ცალკეული ადამიანები ცურვით გადმოვიდნენ მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. აიღო რა პოზიცა წითელ ხიდთან, მოწინააღმდეგე აგრძელებდა თავის შემოტევას. ამ მიმართულებას წითელი ხიდის მხრიდან იგი მდ. ხრამზე განლაგებული ჩვენი ძალების ფლანგსა და ზურგში შემოჰყავდა, და მისმა გამოჩენამ, განსაკუთრებით ცხენოსანი ჯარის და მოჯავშნული მანქანებისა, მდინარე ხრამზე ბრძოლის ხვედრიც გადაწყვიტა. ყველაფერი სანდარის მოაწყდა, სადაც ყველანი ერთმანეთში აირივნენ. 17 თებერვლის დილას მე იქ ვნახე დაახლოებით 700 ადამიანი; ყოველივე დანარჩენი ღამის განმავლობაში ბრბოებად, გროვებად და თითო-თითოდაც მიმოიფანტა. ამ ბრძოლაში ჩვენ 10-მდე ქვემეხი დავკარგეთ, რომელთაგან მხოლოდ ერთი თუ ორი იყო მწყობრიდან გამოყვანილი. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ყველა ეს ქვემეხი გვარდიისა გახლდათ; არმიის ნაწილებს ქვემეხები მაშინაც კი არ დაუკარგავთ, როცა სანაიანის ხეობაში ისინი მოწინააღმდეგის მიერ თითქმის ალყაშემორტყმული იყვნენ. და აქაც ხრამზე, არმიის ქვემეხები მთლიანად იქნა გამოყვანილი. 17 თებერვალს მე სოღანლუღში გავემგზავრე სანაიანის რაზმის ნარჩენებთან შეხვედრისა და ჯარების განლაგების დათვალიერების მიზნით.

როგორც ადრე უკვე ვლაპარაკობდი, მე-9 პოლკის მოსული ბატალიონი საყარაულოს მთაზე იქნა გაგზავნილი; მე იგი თებერვლის მოვლენების გამო უკანვე იქნა გამოთვიხოვე 16 და ისიც გენ. მაზნიაშვილის უბნის შემადგენლობაში უნდა შესულიყო. მაზნიაშვილთან გავემგზავრე და მას მოველაპარაკე. მოსალოდნელი ჯარებიდან მან მიიღო გორის 2 ბატალიონი, საყარაულო ბატალიონი, მე-9 პოლკის 1 ბატალიონი და ჩამოყალიბებადი სასაზღვრო ბატალიონი; გარდა ამისა, მის მარცხენა ფლანგზე უნდა განლაგებულიყო ჩვენი ჰაუბუცები. ეს ჯარები მას უნდა მტკვრიდან შავნაბადას მონასტრამდე უნდა განელაგებია; უფრო მარჯვნივ, ტაბალხმელასთან უნდა დამდგარიყო სამხედრო სკოლა. კოჯრისთვის მე მხოლოდ მე-4 პოლკიღა მრჩებოდა, რომლისგანაც 18-დან 19 თებერვლის ღამის ბრძოლისთვის მხოლოდ ორი ასეული და ტყვიამფრქვევების რაზმი მოვიდნენ. გარდა ამისა გენ. მაზნიაშვილის ჯარების შემადგენლობაში შედიოდნენ ჯავშნოსანი მატარებელი და ორი ჯავშნოსანი ავტომობილიც. პოზიციების დასათვალიერებლად არ წავსულვარ, მე ისინი ვიცოდი. ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით თბილისის მარჯვენა ნაპირის სიმაგრეებს ჯერ კიდევ 1914 წელს, კავკასიის ფრონტის შტაბში ჩემი სამსახურის დროს, მე ვაპროექტებდი, და მევე ვადევნებდი თვალყურს მათ აღსრულებას. ისინი კარგად ვიცოდი. სოღანლუღიდან ჩვენი უკანდახეული ჯარების ნარჩენების შესახვედრად გავემართე, რომლებიც სანდარიდან მოდიოდნენ. ბატალიონების ნაცვლად ადამიანთა ჯგუფები მოდიოდნენ – 30–50 კაცი; მხოლოდ 1-ლი პოლკის ბატალიანი წარმოადგენდა 300 კაცისგან შემდგარ მასას. კიდევ სოღანლუღის გზაზე, მაიდანზე, თბილისში შემხვდა ადამიანთა ბრბო ოფიცრების გარეშე; ეს გახლდათ დუშეთის გვარდიული ბატალიონი. ვკითხე მათ საიდან მოდიან; ისინი საჩივრებით მპასუხობდნენ, როგორც ყოველთვის, რომ ოფიცრებმა ისინი მიატოვეს, რომ მშივრები არიან, არც ვაზნები აქვთ და ა. შ. ბრბოს განწყობა კარგი არ ყოფილა. მე უკვე მინდოდა ყვირილი დამეწყო, როცა ერთ-ერთი ჯარისკაცი, რომელმაც იგრძნო, რომ შეიძლებოდა ინციდენტი მომხდარიყო, ბრბოდან გამოხტა და, მომმართავდა რა, მითხრა: „ჩვენ ნაბრძანები გვაქვს ნავთლუღში შევიკრიბოთ, მაგრამ არ ვიცით, იქ როგორ მივიდეთ“. მე გზა ვუჩვენე და სხვაგან გავემგზავრე. 18 თებერვალს დილით მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად კოჯრისა და ტაბახმელის პოზიციებზე გავემგზავრე. ამრიგად 17 და 18 თებერვლის განმავლობაში ჩვენ თბილისის თავდაცვის ორგანიზება მოვახდინეთ.

მანამდე, სანამ დავხატავდე 18-დან 19 თებერვლის ღამისთვის შექმნილ მდგომარეობას, რამდენიმე სიტყვას ვიტყვი ფოილოსა და წითელი ხიდების შესახებ. 1920 წელს ფოილოს ხიდი ჩემი განკარგულებით იქნა აფეთქებული; მაშინ მომზადებული იყო და დროულად აფეთქებულიც მისი შუა მალი (пролет), რისი წყალობითაც გზა საიმედოდ იქნა გადაღობილი. 1921 წელს ხიდი ასევე იქნა აფეთქებული, მაგრამ აფეთქებისთვის მომზადებული აღმოჩნდა ხიდის მხოლოდ ის საყრდენი, რომელიც ჩვენს ნაპირთან ყველაზე ახლოს იყო აღმართული, რის შედეგადაც (ხიდის) შეკეთება ძნელი აღარ ყოფილა. ამის შესახებ, ე. ი. რომ აფეთქებისთვის მხოლოდ ნაპირთან უახლოესი საყრდენია მომზადებული, მე მხოლოდ შემდგომში შევიტყე. აღმოჩნდა, რომ ხიდი წინასწარ იყო მომზადებული, როგორც გასულ წელსაც. მაგრამ სამშვიდობო მოლაპარაკებებით ჩვენი ომის წინ მოწინააღმდეგემ იმას მიაღწია, რომ ხიდის დანაღმვა მოხსნილ იქნა. ხიდის საპირისპირო ბოლოში მოწინააღმდეგის ყარაულის ყოფნის შედეგად, ჩვენმა სამხედრო უწყებამ აფეთქებისთვის მხოლოდ სანაპირო საყრდენის მომზადებაღა მოახერხა. რით მიაღწია მოწინააღმდეგემ ხიდის დანაღმვის მოხსნას ჩემთვის საიდუმლო გახლავთ. რაც შეეხება წითელ ხიდს, მე არ ვიცი, იყო თუ არა ის აფეთქებისთვის მომზადებული. მართალია, ამ ხიდის აფეთქება მხოლოდ ტაქტიკურ მნიშვნელობას იძენდა, მაინც მისი აფეთქება ხელს არ შეუწყობდა მოწინააღმდეგის წარმატებას. ფოილოს ხიდი კი კოლოსალური მნიშვნელობისა გახლდათ; მისი მთლიანობა მოწინააღმდეგეს აძლევდა რკინიგზაზე მოძრაობის თავისუფლებას; ამ უკანასკნელს შეეძლო დაუბრკოლებლად მოეყვანა ჯარები, მოეზიდა საბრძოლო მასალები და სურსათი, და ბოლოს, მას შეეძლო ემოქმედა ჯავშნოსანი მატარებლებითაც. 

დავბრუნდი რა სოღანლუღიდან შტაბში, 17 თებერვალს, მე კურიოზული რამ შევიტყვე. ხრამზე ჩვენი დამარცხებისა და სანდარიდან ჯარების უკანდახევის მიუხედავად, საყარაულოს მასივის მოპირდაპირე, აღმოსავლეთ, ძირში იმყოფებოდა მესანგრეთა რაზმი მამაცი ოფიცრის ლელო ჩიჯავაძის მეთაურობით. იგი იქიდან ტელეფონით გვატყობინებდა. აღმოჩნდა მოწინააღმდეგის ცხენოსანი ჯარი შეეცადა წიელი ხიდი – თბილისის გზატკეცილის გამოყოლებით შემოეტია, მაგრამ მისი ცეცხლით უკუქცეულ იქნა. საყარაულოს მასივის დაკავება მე უკვე აღარ შემეძლო, რის გამოც ვუბრძანე მას უკან დაეხია. ამრიგად ეს ოფიცერი ტელეფონისტებით თბილისიდან 35–40 ვერსზე რჩებოდა, როცა ხრამიდან თბილისამდე არანაირი ჩვენი ჯარები უკვე აღარ იყო. ჩვენს დაზვერვას 17 და 18 თებერვლის განმავლობაში არ აღმოუჩენია მოწინააღმდეგე საყარაულოს მასივის თხემამდე (მწვერვალამდე) და თითქმის სანდარიმდეც კი.

მაინც რითი შემეძლო თბილისი დამეცვა? როგორი ძალებით შემეძლო მტერს დავხვედროდი. სანაიანის რაზმი ნოლი გახლდათ. ლორეს რაზმის 3 ბატალიონი აღარ არსებობდა. მთელი გვარდიული ნაწილები, რომლებიც ლორედან წითელ ხიდამდე ფრონტზე ბრძოლებში მონაწილეობდნენ, აღარ არსებობდნენ. ისინი თბილისში გროვებად (кучками) და თითო-თითოდ ბრუნდებოდნენ; მათ აქ აგროვებდნენ და ხელახლა აყალიბებდნენ. შემეძლო მხოლოდ ახლად მოსული ნაწილების იმედი მქონოდა, რომლებიც მე გამოვიძახე, და კიდევ მე-9 პოლკის ბატალიონისა. ასეთები გახლდნენ 4, 9, 10 არმიული პოლკების ბატალიონები; 11-ეს ახალქალაქიდან შეიძლებოდა ვერც მოესწო, ვინაიდან მას ფეხით დაახლოებით 120 ვერსი უნდა გამოევლო; 12-ე პოლკს, რომლის ნაწილებიც არტაანში იდგნენ, შეიძლებოდა მობილიზაციაც კი ვერ მოესწრო. მე-2 და მე-3 პოლკები გაგრის მიმართულებაზე უნდა დარჩენილიყვნენ (საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში); თბილისის თავდაცვისთვის მათი გამოყენება მიზანშეუწონელი გახლდათ, ვინაიდან მოწინააღმდეგის შემოტევა ამ მიმართულებაზე მაშინ დაუბრკოლებელი იქნებოდა, და ეს მიმართულება კი ჩვენს ზურგში შემოდიოდა. არმიის ბატალიონების გარდა მე შემეძლო გვარდიის მხოლოდ 4 ბატალიონი გამომეძახა: 2 გორისა, ბათუმის და ახალციხის. ამ ჯარებით მე შემეძლო მხოლოდ, დავიცავდი რა თბილისს, შემეცადა მომეგო დრო გვარდიული ბატალიონების აღდგენისთვის ხრამზე ბრძოლაში მათი გაფანტვის შემდეგ, მე-2 დივიზიის პოლკების ჩამოყალიბებისთვის, ე. ი. 5, 7 და 8 პოლკებისა, რომლებიც უმეტეს წილად ტყვედ იქნენ ჩავარდნილი 11-დან 12 თებერვლის ღამეს. მოშლილი გვარდიული ბატალიონების მოწყობამდე შეტევაზე გადასვლის შესახებ ოცნებაც კი არ შეიძლებოდა. თბილისს უშუალო საფრთხე ემუქრებოდა, ვინაიდან 16-დან 17 თებერვლის ღამეს მე თბილისში ჩემს განკარგულებაში მხოლოდ გენ. მაზნიაშვილის 400 ხიშტი და 150-კაციანი იუნკერთა ასეული თუ გამაჩნდა.

* * *

18 თებერვლის საღამოსთვის თბილისთან საერთო მდგომარეობა გახლდათ ასეთი. მარჯვენა ფლანგზე თეთრი დუქნიდან კოჯორ–მანგლისის გზატკეცილზე ქერ-ოღლის კოშკამდე იდგა მე-4 პოლკის 2 ასეული; ამ ბატალიონის დანარჩენი ასეულები მხოლოდ 18-დან 19 თებერვლის ღამეს მოვიდნენ და პოლკთან შეერთება მათ მხოლოდ 19 თებერვლის დღის განმავლობაში თუ შეეძლოთ. ტაბახმელის უბანი გენ. ანდრონიკაშვილის უფროსობით ეკავა სამხედრო სკოლას 160-კაციანი იუნკერთა ასეულისა და დაახლოებით 300 ახალგაზრდა ჯარისკაცის შემადგენლობით, რომლებიც იანვრის მეორე ნახევარში იყვნენ გაწვეულნი უნტერ-ოფიცერთა ბატალიონის მორიგი შემადგენლობის ჩამოსაყალიბებლად. შავნაბადას მონასტრის რაიონიდან მდინარე მტკვრამდე იდგა გენ. მაზნიაშვილი რაზმით, რომლის შემადგენლობაშიც გახლდნენ მე-9 პოლკის 1 ბატალიონი, საყარაულო ბატალიონი, გორის 2 ბატალიონი და მესაზღვრეთა ბატალიონი; მის მარცხენა ფლანგზე შეიქმნა საარტილერიო უბანი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ჩვენი ჰაუბიცები და ეგრეთ წოდებული საარმიო არტილერიის მსუბუქი ზარბაზნები. ჩემთან რეზერვში მე მომიხდა დამეტოვებია წესრიგში მოსაყვანი 1-ლი პოლკის 1-ლი ბატალიონი; აღდგენის პროცესში მყოფი მე-2 დივიზიისა და გვარდიის ნაწილები ჯერ კიდევ მზად არ იყვნენ და ნაწილების შეკრებისა და წესრიგში მათი მოყვანის პერიოდში გახლდნენ. ამ დღეების მანძილზე მოიძებნა არმიის ცხენოსანი ჯარიც; გენ. ოდიშელიძის ბრძანების თანახმად იგი მგლის კარის გავლით ვორონცოვკისკენ გაემართა, მაგრამ აქ ვიწრო ხეობაში მოწინააღმდეგეს შეხვდა და საერთო მდგომარეობასთან დაკავშირებით თბილისისკენ უკან დაიხია, სადაც ის, თუ არ ვცდები, 18 თებერვალს გამოცხადდა; ცხენები დაქანცული და უჭმელობის შედეგად გამოფიტულნიც აღმოჩნდნენ. მე მას დასვენება მივეცი და შემდეგ იგი მარცხენა ფლანგზე საერთო ბრძოლის ველის დაბლობ ნაწილზე იქნა გაგზავნილი; იქვე გაიგზავნა გვარდიის ცხენოსანი დივიზიონიც. ამასობაში გვარდიის ორი ბატალიონი, რომლებიც ფოილოს ხიდის რაიონში იმყოფებოდნენ, მოწინააღმდეგის თბილისთან მოახლოვების გამო, ჩემს მიერ რამდენადმე უკან იქნა გადმოყვანილი. ისინი ძალზედ წინგაწეულნი აღმოჩნდებოდნენ (80–100 ვერსზე თბილისიდან) და მოწინააღმდეგეს, რომელიც წითელი ხიდი – საყარაულოს-მთის რაიონში იმყოფებოდა, შეეძლო მტკვარი გადმოელახადა ისინი თბილისისგან მოეწყვიტა. ჩვენი ჯარების განლაგებიდან ჩანს, რომ მე ამ მომენტში უპირველეს მნიშვნელობას ვანიჭებდი სოღანლუღის უბანს, როგორც მოწინააღმდეგის მხრიდან უშუალო მუქარის ქვეშ მყოფს, რომლის (ე. ი. მოწინააღმდეგის) საყარაულოს მასივთან ყოფნის შესახებ ჩვენ უკვე ცნობები მიღებული გვქონდა (შეტაკება კაპ. ჩიჯავაძის კავშირგაბმულობის რაზმთან). კოჯრის უბნის გაძლიერება არაფრით არ შემეძლო; სოღანლუღის უბანს 6–7 ვერსის სიგრძეზე 5 ბატალიონი იცავდა, რაც, რა თქმა უნდა, მეტად თხიერ თავდაცვად უნდა ვაღიაროთ; იქ 2500-ზე ნაკლები ხიშტი გახლდათ. მე ვიმედოვნებდი კოჯრის უბნის წინ ლორეს რაზმის 3 უკანდახეული ბატალიონის ყოფნას, რაც ამ უბანს ერთგვარ დროებით უსაფრთხოებას უქმნიდა. თუ მოწინააღმდეგე კოჯორზე შემოტევას მოისურვებდა, მაშინ მას უზარმაზარი ღრმა შემოვლა უნდა მოეხდინა და შემოვლისას ამ 3 ბატალიონს წააწყდებოდა, რომელთა ბრძოლაც ჩვენ დროის მოგების შესაძლებლობას მოგვცემდა. სინამდვილეში კი, ეს ბატალიონები, როცა ლორედან უკან იხევდნენ, მოწინააღმდეგეს ეკატერინენფელდსა და სანდარის შორის წააწყდნენ, მაგრამ იმდენად დემორალიზებულნი აღმოჩნდნენ, რომ, შეხვდნენ რა მოწინააღმდეგეს, გაიფანტნენ და გროვებად და ცალ-ცალკეც ტაბახმელასა და კოჯრის უბნებთან მოდიოდნენ. ამრიგად, მთელს ფრონტზე კოჯრიდან მდინარე მტკვრამდე და სოღანლუღთან იდგნენ 5 ½ ბატალიონი და სამხედრო სკოლა. აი ძალები, რომლებითაც ჩვენ დავხვდით ბოლშევიკების შემოტევას 18-დან 19 თებერვლის ღამეს.


თბილისის თავდაცვა. 18-დან 19 თებერვლის ღამეს სოღანლუღის პოზიციაზე შემოტევა 

ღამის სამი საათი იყო, როდესაც ჩვენ სოღანლუღის მხრიდან არტილერიის, ტყვიამფრქვევებისა და თოფების სროლა შემოგვესმა. ჩვენ მაშინვე ტელეფონით გენ. მაზნიაშვილს დავუკავშირდით და სროლის მიზეზის შესახებ ვიკითხეთ. მისი შტაბის უფროსი პოდპ. უთნელიძე გვპასუხობდა, რომ მან პირადად არ იცის სროლის მიზეზი, რომ მისგან მარჯვნივაც და მარცხნივაც ისვრიან, და რომ გენ. მაზნიაშვილი სანგრებში წავიდა რათა სროლის მიზეზი გაიგოს. უნდა ვთქვა, რომ სიბნელის დადგომამდე საყარაულოს მასივისკენ წინ 10 ვერსზე ჯავშნოსანი მანქანები იქნა გაგზავნილი და მათ მოწინააღმდეგე ვერ აღმოაჩინეს; ასეთივე იყო დაკვირვებები მთიდან, საიდანაც საყარაულოს-მთის მთელი დაბლობი ხელის გულივით მოჩანს. ეს ან ცრუ განგაში იყო და ჯარები ტყუილად ისროდნენ, ანდა ეს ბოლშევიკების შემოტევა გახლდათ. უკანასკნელის დაშვება ძალზედ ძნელი იყო, ვინაიდან დაუზვერავ პოზიციაზე ღამით შეტევის მოხდენა შეუსრულებელ ოპერაციას წარმოადგენს, რომელსაც ყოველთვის წარუმატებლობა მოაქვს და მოწინააღმდეგის ასეთი გადაწყვეტილება მისთვის დამღუპველი და უიღბლობაზე (წარუმატებლობაზე) განწირული იქნებოდა. ამიტომ შემოტევისა არა გვჯეროდა; თუმცა კი ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღეთ ზომები იმის გასარკვევად, რაც ხდებოდა. ისევ გარკვეული დროის შემდეგ დავუკავშირდით პოდპ. უთნელიძეს და იგივე პასუხი მივიღეთ. კიდევ რაღაც დროის შემდეგ ტელეფონი აღარ გვპასუხობდა, და ეს უკვე საგანგაშო გახლდათ. ამ დროს ჩვენ უკვე ტელეფონით ვიყავით დაკავშირებული მესანგრეთა ბატალიონის ყაზარმებთან, საიდანაც პოდპ. გურგუნიძე ყოველთვის გვატყობინებდა, რაც მას ესმოდა; მე ვუბრძანე, რათა მას გასროლების ხმის მიხედვით მოეხსენებია, გვშორდება სროლა თუ გვიახლოვდება, და განაგრძობს თუ არა სროლას არტილერია. საარტილერიო სროლის შესახებ იქიდან ყოველთვის მომახსენებდნენ, რომ ის გრძელდება; ეს გარემოება ან იმაზე მიგვითითებდა, რომ ყველაფერი ან ცრუ განგაშია, ან კიდევ ის შემოტევის შემთხვევაში გვიჩვენებდა, რომ საქმე კარგად მიდის, რადგანაც არტილერია, თუ ისვრის, ესე იგი ის მოწინააღმდეგეს ხელში არ ჩაუგდია, და ესე იგი ჩვენი ჯარებიც თავიანთ ადგილებზე დგანან. ვითარების გარკვევისთვის იქ ავტომობილით ოფიცრები იქნენ გაგზავნილი, იქ ასევე გვარდიის შტაბის რამდენიმე წევრიც გაემგზავრა, მაგრამ ყოველივე ეს დროს მოითხოვდა; საჭირო იყო გველოდნა, და ამ გარემოებებში თითოეულს შეუძლია წარმოიდგინოს, თუ ეს როგორ მომქანცველია, და ეს გენ. მაზნიაშვილის ბრალი იყო, რომელსაც ჩემთან დაკავშირებისთვის არანაირი ზომები არ მიუღია. გენ. ჯიჯიხია ნავთლუღიდან გვეკითხებიდა: თუ რა გაეკეთებია, და რომ იგი ფეხზე დააყენებს იმ ბატალიონებს, რომელთაც გამოსვლა შეუძლიათ; უკანასკნელი მე მოვიწონე, მაგრამ ვუბრძანე მხოლოდ ჩემი მითითებით გამოსულიყო და რომ ტელეფონთან ოფიცერი დაეყენებია, ხოლო თვითონ კი იქვე ახლოს ყოფილიყო. არ მახსოვს რომელ საათზე, ალბათ 5 საათი იქნებოდა, როცა ნავთლუღის სანიტარული პუნქტიდან უეცრად ჩვენ გვკითხა ექიმმა, თუ სად გაეგზავნა დაჭრილები, რომლებიც 12–15 ადამიანი იყვნენ. ახლა ნათელი შეიქნა, რომ ეს შემოტევა იყო. მე მაშინვე ვუბრძანე ფეხზე დაეყენებიათ გვარდია, ყველაფერი, რაც კი ბრძოლისუნარიანი იყო. შემდეგ გვარდიის შტაბს შევატყობინე, ვ. ჯუღელი ჩემსკენ გამოემგზავრა. მას ხელთ კარაბინი ეჭირა და აგზნებულიც იყო, იწვოდა სურვილით რომ იქ გამგზავრებულიყო. მე ვუთხარი, რომ დაე გაემგზავროს და რომ ერთ-ერთ გვარდიულ ბატალიონს სოღანლუღის სარკინიგზო ხიდისკენ გავგზავნი, რომელიც შემოტეულ უბანს გააძლიერებს. მე ვთხოვე მას იქ მაზნიაშვილი მოეძებნა და საქმეში ჯავშნოსანი მატარებელი და ჯავშნოსანი ავტომობილები შემოეყვანა, რომლებიც იქვე პოზიციების უკან იმყოფებიან, და რომ სარკინიგზო ხიდთან არის ტელეფონი, რომლითაც მას შეუძლია ისარგებლოს ჩემთან შეტყობინებისთვის. იგი გაემგზავრა. მე ბრძოლის შედეგების ლოდინი დავიწყე. მთელი საქმე იმაში იყო, რათა გათენებამდე სანგრებში გავმაგრებულიყავით; დღის დადგომასთან ერთად კი გამარჯვება უზრუნველყოფილი გვქონდა. მე ვიცნობდი პოზიციებსა და სიმაგრეებს; მათი აღება საარტილერიო მომზადების გარეშე წარმოუდგენელია. ის კი (მოწინააღმდეგის მხრიდან) არ ყოფილა; გარდა ამისა, მოწინააღმდეგეს ციცაბო ფერდობებზე მოუწევდა ამოსვლა. მე მხოლოდ გზატკეცილიდან მარცხენა მხარეს დაბლობი ადგილის სიმაგრეები მაშფოთებდა; მათ მახლობლად საარტილერიო უბანი იყო განლაგებული; მისი გაუჩერებელი სროლა მე მამშვიდებდა. შავნაბადას მხარეს მყოფი უბნისთვის არ შემოუტევიათ; ეს მე გასროლების ხმის მიხედვით ვიცოდი. დავყურებდი საათს და სევდით ვაკვირდებოდი წუთების ისრის ნელ მოძრაობას; ეს ისარი ასე ნელა არასდროს მოძრაობდა. მაგრამ რაც უფრო დრო გადიოდა, მით უფრო მეტად ვმშვიდდებოდი და კეთილსასურველ შედეგში მით უფრო მეტ დარწმუნებას ვიძენდი, ვინაიდან რადგანაც ღამის შემოტევა მოწინააღმდეგეს ერთბაშად არ გამოუვიდა, მაშინ რაც უფრო დრო გადიოდა, მით უფრო ნაკლები გახლდათ მისი წარმატების ალბათობა. იყო კიდევ ერთი გარემოებაც, რომელიც მე მამშვიდებდა. სიმაგრე, რომელიც გზატკეცილიდან მარჯვენა მხარეს იყო აგებული, სიმაღლეზე იმყოფებოდა და უკან 15–20 საჟენის, თუ მეტი არა, ციცაბო ფლატეთი ბოლოვდებოდა. როცა იქ 1914 წელს ჩემი მითითებით სანგრებს აგებდნენ, მაშინ ინჟინრები მეპასუხებოდნენ: „გიორგი ივანეს ძევ, ამ სანგარს უკანდახევის გზები არა აქვს, აქ მისი აგება არ შეიძლება“. „მაშინ დაე ისხდნენ და უკან ნუ დაიხევენ“ – ვპასუხობდი მე.

ახლა მთელი საკითხი იმაში იყო, რომ დამცველებს ვაზნები ჰყოფნოდათ, კბოდეზე ხომ არ გადაცვივდებოდნენ. ჯერ კიდევ ბნელოდა, როცა საყარაულო ბატალიონიდან ოფიცერი მოვიდა, სწორედ იმ ბატალიონიდან, რომელიც ამ სიმაგრეებს იცავდა, და გვთხოვდა მათთვის ვაზნები გაგვეგზავნა. იგი ძალზედ აგზნებული გახლდათ და ამბობდა, რომ საყარაულო ბატალიონი მთლიანად იქ მოკვდება, მაგრამ პოზიციებს არ მიატოვებს. ჩვენ ავტომობილით ვაზნები გავუგზავნეთ. დიდხანს, მტანჯველად დიდხანს იწელებოდა ღამე, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და, ბოლოს, დიდხანს ნანატრი დღეც დადგა. როგორც კი ინათა, სიმაღლეების ძირში ჩამჯდარი მოწინააღმდეგე საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჩვენი სანგრებისგან მას მხოლოდ რამდენიმე ათეული ნაბიჯი აშორებდა და მას, როგორც სამიზნეებს, ცეცხლი გაუხსნეს. ამავდროულად ჯავშნოსანი ავტომობილებიც წინ გამოვიდნენ და ამ შეტევის ნაყოფი გახლდათ 1000 ტყვე; დანარჩენები დაჩქარებით საყარაულოს-მთის მიმართულებით უკან იხევდნენ. მათ საარტილერიო ცეცხლი დაადევნეს, ხოლო შემდეგ კი აეროპლანებიც იქნა გაგზავნილი, რომლებიც თან წაღებული ბომბების მარაგებს (მათ თავზე) დაუზოგავად იცარიელებდნენ. წარმატება მნიშვნელოვანი გახლდათ, ის ჩემს მოლოდინს აღემატებოდა; მე ასეთი დიდი რაოდენობით ტყვეებს არ ველოდი. მართლაც, გზატკეცილის გაყოლებით მიმართულებას 1200–1500 ხიშტზე მეტი არ იცავდა და ტყვეთა რიცხვი კი დამცველთა რიცხვზე ცოტათი ნაკლები იყო. დაბოლოს, ეს პირველი წარმატება გახლდათ ომის დაწყების შემდეგ, და კარგი წარმატებაც, ხოლო ტყვეთა რაოდენობა კი მოწინააღმდეგის ჯარებს დაუმარცხებლობის ორეოლს ართმევდა, რომელიც მას სანაიანიდან და წითელი ხიდიდან თან ახლდა. ასეთი რისკი, შეუტიო ღამით დაუზვერავ პოზიციას და თან 12–15 ვერსის მანძილიდან, მე მხოლოდ იმით შემიძლია ავხსნა, რომ მოწინააღმდეგე ვიღაცის მიერ კარგად იყო ინფორმირებული ხრამზე ჩვენი დამარცხების ზომის შესახებ და ჩვენი სისუსტე გადაჭარბებულად შეაფასა. სხვანაირად, ასეთი შემოტევა – უგუნურებაა.

დილით, როცა გავარკვიე, რომ ტაბახმელის უბანზე ყველაფერი მშვიდადაა, მე სოღანლუღში გავემგზავრე. გზაზე ტყვეთა ერთ-ერთ კოლონას შევხვდი. მე ავტომობილიდან გადმოვედი და მათი რიგები მოვიარე. ეგრეთ წოდებულ ბოლშევიკურ ჯარებს პირველად ვხედავდი. ესენი ჩემი ძველი ნაცნობები გახლდნენ რუსეთ-იაპონიისა და ბოლო ომიდან. სულში რაღაცამ მიჩხვლიტა; ძნელია ხედავდე მოწინააღმდეგეს მათში, ვისთან ერთადაც არაერთხელ ბრძოლაში შესულხარ. ზოგიერთს ვკითხე „რისთვის მოვიდნენ“. „რა და, მოგვავლეს ხელი და მოგვრეკეს“ – მაძლევდნენ პასუხს. ღმერთო, როგორი ნაცნობი პასუხია. ისინი კარგად იყვნენ ჩაცმულნი და ეს იგივე კეთილი სულის მქონე რუსი ჯარისკაცები იყვნენ (и это те же добродушные русские солдаты), უმეტეს წილად ახალგაზრდები; მართალია,ზოგიერთ მათგანს სახეზე ბოროტი გამომეტყველება ჰქონდა, მაგრამ ესენი შედარებით უფროსები გახლდნენ და ისინი ბევრი არ ყოფილან. მე გზა განვაგრძე. როცა მაზნიაშვილს შევხვდი, ჩვენ ერთმანეთს მდუმარედ გადავეხვიეთ; ჩვენ ორივეს არაფრის თქმა არ შეგვეძლო. აღსრულებული საქმე სიტყვებზე უფრო მჭერმეტყველური გახლდათ. მე მაინც შევახურე იგი თავისი ყოფნის ადგილის არჩევისა და იმისთვის, რომ თავის შესახებ ცნობებს არ გვაწვდიდა. ჯერ კიდევ პირველი მოსვლისას მივუთითებდი მას არჩეული ადგილის სარისკოობის შესახებ; იგი დამპირდა შტაბი უკან გადაეტანა, მაგრამ ვერ მოასწო ან არ უნდოდა სხვა სადგომის მოწყობა; უკან შორს წამოსვლა მას არ სურდა, სიახლოვეში კი შესაბამისი სადგომი არ იყო. მისი შტაბი რკინიგზის ჯიხურში იყო განთავსებული, რომელიც ძირითადი პოზიციის წინ იმყოფებოდა. მის წინ სიმაგრეები იყო აგებული, რომლებიც გორის ერთ-ერთ გვარდიულ ბატალიონს ეკავა; ძირითად პოზიციამდე მანძილი ½ ვერსი გახლდათ. როცა ღამის შემოტევა მოხდა, ამ ბატალიონმა, რომელიც შეიძლება მოულოდნელობისგან დაიბნა კიდეც, სიმაგრე მიატოვა და უკან დაიხია. პირველივე გასროლების შემდეგ სადგომიდან გარეთ გამოვარდნილი გენ. მაზნიაშვილი, დაინახა რა გამოქცეულები, როგორც ჩანს, საჩქაროდ დაბლობი ადგილის ერთ-ერთი სიმაგრისკენ გაემართა და დილამდე იქ რჩებოდა. უთნელიძე ჯიხურში ტყვედ იქნა აყვანილი და ამრიგად სოღანლუღის უბანი მართვის გარეშე აღმოჩნდა.

სანგარში ჩამჯდარი გენ. მაზნიაშვილი სიცოცხლის ნიშნებს არ გვიჩვენებდა და არც ჩემთან დაკავშირების, არც მისდამი ჩაბარებული უბნის მართვისათვის არანაირ ზომებს არ ღებულობდა. ამრიგად მომიხდა ამ უბნის მართვა უშუალოდ მე ამეღო ხელში. თვლიდა რა ძირითადი პოზიციის ფრონტს ამ მეწინავე სიმაგრით დაფარულად, ერთი სამთო ბატარეა წინ დადგა პოზიციაზე იმ ძირითადი სიმაგრის დაბლა და მისგან რამდენიმე ათეული ნაბიჯის დაშორებით, რომელიც უკან ციცაბო ხრამით ბოლოვდებოდა. როცა მოწინააღმდეგე მოახლოვდა, მათ ცეცხლი გაუხსნეს და, სანამ ჭურვები ჰქონდათ, მას რამდენიმე ათეული ნაბიჯის სიშორეზე აკავებდნენ. ჭურვების დახარჯვის შემდეგ ზარბაზნები მოწინააღმდეგეს ჩაუვარდა ხელში, მაგრამ გამთენიისას ყველაფერი დაბრუნებულ იქნა. მინდოდა ჯარები შემომევლო, მაგრამ გენ. მაზნიაშვილს ჯერ კიდევ არ ჰქონდა თავისი მოხსენება დასრულებული, როცა გენ. ზაქარიაძემ შტაბიდან მთხოვა აპარატთან მივსულიყავი.


კოჯრის მასივის დაკარგვა 

ვითარება ძლიერად და არა ჩვენს სასარგებლოდ შეიცვალა. კოჯრის მასივი მოწინააღმდეგის ხელში აღმოჩნდა. ახლახანს მიღწეული წარმატება არაფერი იყო კოჯრის დაკარგვასთან შედარებით. მოწინააღმდეგის მიერ კოჯრის ფლობა თბილისის დაღუპვას ნიშნავდა. რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა, ის უნდა დაგვებრუნებია. დამარცხებული მოწინააღმდეგის დევნის შესახებ საკითხი იხსნებოდა. მაშინვე ვუბრძანე გენ. ანდრონიკაშვილისთვის, რომელსაც კოჯრის ამღები მოწინააღმდეგე უკვე ზურგში ჰყავდა, გადაეცათ ბრძანება, გამაგრებულიყო რადაც არ უნდა დაჯდომოდა, და რომ დაუყოვნებლივ ვუგზავნი მას ჯარებს დასახმარებლად, აგრეთვე მოვახდენ კოჯორზე შეტევის ორგანიზებას. ეს ჩემი ბრძანება ზუსტად რომ დროზე მივიდა. მე მაშინვე გავემგზავრე შტაბში და გზად მყოფმა შინდისის გავლით 3 ბატალიონი ტაბახმელაზე გავგზავნე; ორი მათგანი განგაშით იქნა ფეხზე დაყენებული და ამ დროს სოღანლუღის პოზიციის უკან იმყოფებოდა; ესენი გახლდნენ მე-5 პოლკის სულ ახლახანს ჩამოყალიბებული ბატალიონები, და ერთიც იმერეთის გვარდიის ბატალიონი, სწორედ ის, რომელიც წინა ღამეს სარკინიგზო ხიდის მიმართულებით გავუშვი. მესამე (თუ მეოთხე? – ი. ხ.) იყო მატარებლიდან გადმოტვირთვის შემდეგ მომავალი ბათუმის გვარდიული ბატალიონი. შემდეგ შემხვდა თბილისის ორი გვარდიული ბატალიონი; მე ისინი მოვაბრუნე და ვუბრძანე ერევნის მოედანზე წასულიყვნენ, სადაც განკარგულებებს დაელოდებოდნენ.

დილით, როგორც კი წარმატების შესახებ შევიტყვე, მე გამიჩნდა გეგმა. ვისარგებლებდი რა წარმატებით დამეპყრო საყარაულოს მასივი და იმავდროულად გავაძლიერებდი რა ტაბახმელა-კოჯრის უბანს, საერთო შეტევაზე გადავსულიყავი და მოწინააღმდეგე თბილისიდან შორს განმედევნა. საჭირო იყო დრო მომეგო არმიის მე-2 და მე-3 ბატალიონების მობილიზაციის დასრულებისა და გვარდიული ბატალიონების აღდგენისთვის; ასევე მე-2 დივიზის პოლკებისა, იმათი, რომლებიც 20 თებერვლისთვის ჯერ კიდევ ვერ იქნებოდნენ აღდგენილი. მაგრამ კოჯრის დაცემამ ეს შესაძლებლობა წამართვა. თბილისი ძაფზე ეკიდა და ყოველ მომენტში ველოდებოდი, რომ კოჯრიდან ქალაქის დაბომბვა დაიწყებოდა. როგორც ყოველთვის ასეთ შემთხვევებში, ავტომობილს, რომლითაც ქალაქში ვბრუნდებოდი, კამერები დაუსკდა და ქალაქში ფეხით წამოვედი. საბედნიეროდ დამეწია ავტომობილი, რომლითაც (კალისტრატე) გოგუა სოღანლუღიდან ბრუნდებოდა, და მან შტაბამდე მომიყვანა. ამასობაში სიხარული საყოველთაო გახლდათ; ქალაქში უკვე შეიტყვეს ჩვენი წარმატების შესახებ; ყველა ზეიმობდა, ყველა „ვაშას“ იძახდა, მაგრამ მე სულში მწუხარება მედგა: კოჯორი მოწინააღმდეგის მიერაა აღებული. ვისაც უნახავს კოჯორი, მან იცის ის მნიშვნელობაც, რომელიც მას თბილისის თავდაცვისთვის გააჩნია და შესატევად მისი მიუდგომლობაც თბილისის მხრიდან. აქ მასით უნდა აგვეღო, ამასთან ჯარებს მოუწევდათ თითქმის მიუდგომელ აღმართებზე შეეტიათ. 45 გრადუსის დახრილობა იშვიათი არ იყო. ამოცანა ძალზედ ძნელი გახლდათ. 

დავბრუნდი რა შტაბში გავეცი შესაბამისი განკარგულება. გენერალ ანდრონიკაშვილს კოჯორზე ტაბახმელის მხრიდან უნდა შეეტია; თბილისის 4 გვარდიული ბატალიონი ნაწილობრივ ფუნიკულიორიდან იქნა გაგზავნილი, რომელზედაც ისინი მამა-დავითის მთით უნდა ასულიყვნენ, ნაწილობრივ კი სოფ. წყნეთის მხრიდან. ამასთან ერთად გენ. ანდრონიკაშვილი გავაძლიერე მთელი მოსული არტილერიითა და მე-4 პოლკის ორი ასეულით, იმ ბატალიონის მეორე ნახევრით, რომელსაც კოჯორი ეკავა. 19-დან 20 თებერვლის საღამომ და ღამემ ჯარების მიერ საწყისი მდგომარეობის დაკავებაში ჩაიარა. თბილისის გვარდიული ბატალიონები ხრამის ბრძოლის შემდეგ მეტად მცირე შემადგენლობისა გახლდნენ და ოთხივენი ერთად შეიძლებოდა 1 – 1 ½ ბატალიონად შეგვეფასებინა. მაგრამ სხვა ჯარები ხელთ არ მყავდა და არ შეიძლებოდა მოწინააღმდეგისთვის კოჯორში გამაგრებისა და განმტკიცების დრო მიგვეცა. შეტევა 20 თებერვლის გამთენიისას იქნა დანიშნული. ჯარებს შეტევის უბანთან უფრო ადრე მოსვლა არ შეეძლოთ. ყველაფერი რაც შეიძლებოდა მე ამ მასივზე შეტევისთვის გადავისროლე; ეს მასივი რომ ვერ დაგვებრუნებია, ჩვენ თბილისში დარჩენას ვეღარ შევძლებდით.


კოჯრის მასივის აღება 

ჩვენი 20 თებერვლის შეტევა კოჯორზე წარმატებით დაგვირგვინდა. ჩვენ დავიბრუნეთ კოჯორი და ვდევნიდით მოწინააღმდეგეს მის კალთებზე ქვეითკენ ამ მასივიდან. შუადღის შემდეგ მე მივედი ტაბახმელაზე გენ. ანდრონიკაშვილთან. მე დიდი ხანია ვიცნობ გენ. ანდრონიკაშვილს, მაგრამ არასოდეს შევხვედრივარ მას საბრძოლო ვითარებაში. ჩვენს ომში ბოლშევიკებთან არაერთხელ მომიხდა დავრწმუნებულიყავი, რომ ეს მშვენიერი საბრძოლო უფროსი გახლდათ, რომლის განმასხვავებელი თვისებაც იყო იშვიათი სიმშვიდე და საკუთარი თავის გასაოცარი ფლობა. ასეთი თვისებების მიუხედავად, მაინც უნდა აღვნიშნო, რომ ცოტაც იყო და მან კინაღამ ერთი შეცდომა დაუშვა; თუმცა კი ეს საკუთრივ შეცდომა არც ყოფილა; იმას, რაც მან კინაღამ არ გააკეთა, მის ადგილზე ყველა გააკეთებდა. საქმე იმაშია, რომ, როცა კოჯრის უბანი მოწინააღმდეგის მიერ იქნა აღებული, მაშინ უკანასკნელმა დაიწყო დაბლა ჩამოსვლა და გენ. ანდრონიაშვილის ზურგში შემოდიოდა, რომლის უბანსაც და შტაბსაც უკვე საარტილერიო ცეცხლს უშენდნენ ვაშლოვანის მხრიდან, საიდანაც მოწინააღმდეგე ასევე გვიტევდა. ამრიგად მას შემოუტიეს ფრონტიდან და შემოუარეს ზურგიდანაც. მას სულ რამდენიმე ასეული ადამიანი ჰყავდა და ასეთ მდგომარეობაში არ შეეძლო მისთვის ჩაბარებული პოზიცია შეენარჩუნებია; მან გადაწყვიტა ფუნიკულიორის თხემისკენ დაეხია და ასეთნაირად თბილისი კოჯრის მხრიდან დაეცვა (დაეფარა). მან ამის შესახებ განკარგულება პოლკოვნიკ ჩხეიძეს გაუგზავნა, რომელიც ტაბახმელასთან პოზიციაზე იმყოფებოდა. ეს ბრძანება მას ერთ-ერთი იუნკერის პირით გადაეცა. პოლკ. ჩხეიძემ ამ ბრძანების მნიშვნელოვნება შეაფასა და იუნკერს უთხრა, რომ მან, როგორც ჩანს, სწორად ვერ გაიგო და იგი უკან დაიხევს, ოღონდ როცა ამაზე წერილობით განკარგულებას მიიღებს. გარკვეული დროის შემდეგ მან წერილობითი განკარგულებაც მიიღო. მაშინ იგი პირადად გაემგზავრა გენ. ანდრონიკაშვილთან და ჰკითხა მას, იცის თუ არა მთავარსარდალმა ასეთი გადაწყვეტილების შესახებ და რომ ასეთი შეიძლება არ ეთანხმებოდეს მის (მთავარსარდლის) სურვილებს. მათი საუბრის დროს მოვიდა ჩემი ბრძანებაც, რომ, რადაც არ უნდა დაჯდომოდათ შეენარჩუნებიათ თავიანთი პოზიციები, რომ მათ დასახმარებლად ეგზავნებათ ჯარები და რომ ხდება კოჯრის უკანვე დაბრუნების ორგანიზაცია.

მაგრამ დახმარება შეიძლებოდა მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მოსულიყო. დახმარების მოლოდინში საჭირო იყო კოჯრიდან ჩამომავალი მოწინააღმდეგის შეჩერება. კოჯრის მასივიდან გამოყრილი მე-4 ბატალიონის ასეულები ნაკლებად ბრძოლისუნარიანი გახლდნენ. მტრის შესახვედრად იუნკრები გაგზავნეს, სულ რამდენიმე ათეული ადამიანი, კაპიტან თოიძის უფროსობით, რომელსაც იუნკერთა ასეულის საინჟინრო კურსი მიჰყავდა. შეტევას მხარი დაუჭირა არტილერიამ, რომელმაც თავისი ქვემეხები კოჯრისკენ მოაბრუნა. იუნკრები წავიდნენ და მოწინააღმდეგის მეწინავენი უკუაქციეს, კოჯრის მასივის ერთ-ერთი პატარა მწვერვალიც დაიკავეს სოფ. წავკისთან. ამ შეტევის დროს კაპ. თოიძე მოკლულ იქნა; იუნკრებმა კი თავიანთი შემადგენლობის ნახევარი დაჰკარგეს. მაგრამ საქმე გაკეთდა. მოწინააღმდეგე შეჩერებულ იქნა და შემდეგ კი მოვიდნენ ბატალიონებიც, რომლებიც პირადად ჩემს მიერ იყო სოღანლუღის უბნიდან გამოგზავნილი. როცა 20 თებერვალს მე გენ. ანდრონიკაშვილთან ვიმყოფებოდი, მაშინ მომახსენეს, რომ ახლა თხემის იქით ხეობაში თეთრი წყაროს ძველ გზატკეცილზე დგანან 4 ქვემეხი და სატვირთო ავტომობილი; ისინი მოწინააღმდეგეს კოჯორში მოჰყავდა, მაგრამ ჩვენი მებრძოლების ჯაჭვი (შარი) ცეცხლს უშენს ამ ქვემეხებს და არ აძლევს მოწინააღმდეგეს მათი წაყვანის საშუალებას, რომ ჩვენი ჯარები, რომლებმაც კოჯორი აიღეს, სწორედ მოპირდაპირე თხემზე დევნიდნენ მიწინააღმდეგეს კოჯრის მხრიდან და რომ ამის შედეგად, სავარაუდოა, ქვემეხები ჩვენ დაგვრჩეს. ჩვენ კოჯრის აღება რომ რამდენიმე საათით დაგვეგვიანა, მაშინ ეს ქვემეხები თავიანთი ცეცხლით თბილისის განადგურებას დაიწყებდნენ და კოჯორზე თავიანთ თავდაცვას გააძლიერებდნენ, რომლის აღებაც ჩვენთვის თუ შეუძლებელი არ შეიქნებოდა, განსაკუთრებით მაინც გაძნელდებოდა, და საერთო მდგომარებაც მეტად საშიში შედეგების შემცველი გახდებოდა.

ეს ქვემეხები აღებული და თბილისში ჩამოტანილი იქნა. კოჯრის აღებამ ჩვენ მოგვცა ნადავლი, სახელდობრ კი 4 ქვემეხი, ასამდე ტყვე და 12–15-მდე ტყვიამფრქვევი. მე ვუბრძანე გენ. ანდრონიკაშვილს ორივე უბნის, ე. ი. ტაბახმელისა და კოჯრის უფროსობა საკუთარ თავზე აეღო, და გავაფრთხილე, რომ საერთო წარმატების შემთხვევაში, და უმთავრესად კი როცა მე-2 დივიზიის ნაწილები ჩამოყალიბდება, ვვარაუდობ შეტევაზე გადასვლას, ხოლო მთავარ მოქმედებებს კი მისი უბნებით განვავითარებ.

შემდეგი დღეების მოვლენების ზუსტი თანამიმდევრობით განახლებას (გახსენებას) ვერ შევძლებ, მაგრამ საერთო მსველობა, რა თქმა უნდა, მახსოვს. მოწინააღმდეგე მტკვრის მარცხენა ნაპირზე გამოცოხლდა. ფოილოს ხიდი შეკეთებულ იქნა და მტკვრის აქეთა მხარეს უკვე მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი ნაწილები და ჯავშნოსანი მატარებლებიც გამოჩნდა. 19 თუ 20 თებერვალს ჩვენი მარცხენა ფლანგი, გაძლიერებული ახალციხის გვარდიული ბატალიონით, ჩემს მიერ გენ. მაზნიაშვილისთვის გამორთმეული გორის 2 ბატალიონითა და ზოგიერთი აღდგენილი გვარდიული ბატალიონით, გენ. ჯიჯიხიას უფროსობით, შეტევაზე გადავიდა და მოწინააღმდეგე საგარეჯოს იქით განდევნა. ამ შეტევას ძალზედ დაეხმარა გვარდიის ცხენოსანი დივიზიონი, რომელიც კაპ. ედიგარაშვილის ბორჩალოს მოხალესეთა ასეულით გახლდათ გაძლიერებული. მაგრამ მოწინააღმდეგე ამ ფრონტზე გაძლიერდა. ჩვენი ნაწილების აღდგენა ძალზედ ნელა მიდიოდა და მათი მზადყოფნის მიხედვით ისინი მარცხენა ფლანგზე შეგვყავდა. მე ვაჩქარებდი მე-2 დივიზიის ნაწილების ჩამოყალიბებას, მაგრამ საქმე ძნელად მიდიოდა. მხოლოდ 23 და 24 თებერვალს მივიღე მე-5 პოლკის ბატალიონის გარდა, რომელიც 19 თებერვალს მქონდა მიღებული, კიდევ 2 ბატალიონი და ერთი ასეული. ყველაფერი ეს დაგვიანებული აღმოჩნდა. ამასობაში მოწინააღმდეგე მტკვრის მარცხენა ნაპირზე ძლიერდებოდა და მისი ნაწილები ასევე კახეთის მხრიდანაც გამოჩნდა. ჯარების მარცხენა ნაპირის ჯგუფმა ჩვენს გამაგრებულ პოზიციაზე დაიხია, რომელიც 23 თებერვალს დაიკავა. ამ დროისთვის მე ეს ფლანგი გავაძლიერე და გადავწყვიტე აქ შეტევაზე გადავსულიყავი, რომლის დაწყებასაც 24 თებერვალს ვიმედოვნებდი. მარცხენა ნაპირზე თავმოყრილი გახლდათ თითქმის მთელი გვარდია; აკლდნენ ბათუმის, ერთი იმერეთისა და თბილისის ბატალიონების ნაწილიც. ამრიგად აქ თითქმის მთელ გვარდიას მოვუყარე თავი; აქვე გავგზავნე პოდპ. ფურცელაძის ახლად მოსული ქართლის მე-3 ბატალიონიც. აქ მოწინააღმდეგე არ ავლენდა ისეთ შეუპოვრობას, როგორც ტაბახმელის უბანზე, სადაც ის, დაწყებული 20 თებერვლიდან, შემოტევებს დღისათა და ღამით აწარმოებდა. ამის შედეგად, განზრახული მქონდა ტაბახმელის უბანზე თავი დროებით პასიურად დამეჭირა, მოწინააღმდეგე ჩვენს ძლიერ პოზიციებზე შემოტევებით მომექანცა, ამ დროს მტკვრის მარცხენა ნაპირზე გამევითარებია შეტევა თბილისიდან მოწინააღმდეგის უკუქცევის მიზნით და შემდეგ, წამოვიყვანდი რა იქიდან ძალების ნაწილს, მარჯვენა ნაპირის ჯგუფი გამეძლიერებია და აქ შეტევაზე გადავსულიყავი. მე ვითვალისწინებდი იმ გარემოებას, რომ გვარდიას ადგილზე თავდაცვის უნარი ნაკლებად გააჩნია და თუ მას ბევრს შევკრებ, და მოწინააღმდგეზე ძალებში უპირატესობას (აღმატებას) მივაღწევ, და მას ფლანგიდან მოვუვლი, მაშინ შეიძლება წარმატების მიღწევაც ვცადო. ამ მიზნით მარცხენა ნაპირის ჯარები სამ უბნად დავყავი: 1) პოლკ. ინწკირველისა, მტკვართან ყველაზე უფრო ახლოს, 2) გენ. ჯიჯიხიასი – ცენტრალური უბანი კახეთის გზატკეცილის გაყოლებით და 3) პოლკ. გედევანიშვილისა – მარცხენა ფლანგის მანევრული უბანი. მაგრამ მდგომარეობა 24 თებერვლისთვის არასასიკეთოდ (неблагоприятно) ყალიბდებოდა. მოწინააღმდეგეს, რომელიც უკვე დიდი ხანია მობილიზებული იყო, სულ უფრო ახალი და ახალი ჯარები შემოჰყავდა; ჩვენ კი სანაიანის წარუმატებლობებისა და ხრამზე დამარცხების შემდეგ ვერ მოვასწარით ბრძოლის ველზე მთელი იმ ძალების გამოყვანა, რომელთა გამოყვანაც შესაძლებელი იქნებოდა. უკვე 22 თებერვალს მივიღე ცნობები, რომ მოწინააღმედეგის ცხენოსანმა ჯარმა თავიდან თეთრი წყარო დაიკავა, ხოლო შემდეგ კი მანგლისიც და რომ ის თბილისზე მოემართება. მისი მცდელობა ჩვენთვის მანგლის–კოჯრის გზატკეცილის გაყოლებით შემოეტია მისთვის უიღბლოდ დამთავრდა და ამ ცხენოსანმა ჯარმა სოფ. „პრიუტიდან“ (с д. Приюта) ნახშირ-გორაზე დაიწყო ჩამოსვლა, საიდანაც შეეძლო სოფ. წყნეთზე გამოსულიყო, ხოლო თუ უფრო ღრმად აიღებდა, დიღომზედაც. 12-ე პოლკის ნაწილი, რომელიც მანგლისში იმყოფებოდა, ქართლის ახალქალაქში იქნა გამოგზავნილი. საბურთალოდან ნახშირ-გორაზე დამფუძნებელი კრების წევრის ქარუმიძის ხევსურთა ასეული გაიგზავნა; ამ ასეულმა დაზვერვა მოახდინა, შეხვდა მოწინააღმდეგეს და თბილისში დაბრუნდა; წყნეთი თბილისის ერთ-ერთი გვარდიული ბატალიონით იქნა დაკავებული, რომელიც შემდეგ ახლად ჩამოყალიბებულმა მე-2 დივიზიის ბატალიონმა გააძლიერა.

ამრიგად მე ვღებულობდი ზომებს მარჯვენა ფლანგის გასაძლიერებლად იმ მიზნით, რათა მარცხენა ნაპირის ჯგუფს მოქმედებების თავისუფლება მიეღო. მოქმედებების აღწერა გვიჩვენებს, რომ საკუთრივ ბრძოლის მიცემა, ინიციატივის ხელში აღება მდ. ხრამზე ჩვენი დამარცხების შემდეგ უკვე აღარ იყო შესაძლებელი, ვინაიდან არ იყო ჯარები; მე არ შემეძლო შემექმნა რეზერვები, ვინაიდან მე-2 და მე-3 ბატალიონების ჩამოყალიბება ვერ გახლდათ შესაძლებელი, ხოლო თითო-თითოდ მოსული ბატალიონები კი ბრძოლაში კრიტიკული მდგომარეობის გადასარჩენად შეგვყავდა, რომელიც (ეს კრიტიკული მდგომარეობა) ძალებში მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი აღმატების (უპირატესობის) შედეგს წარმოადგენდა. გარდა ამისა, სულ მუდამ ერთი უბნიდან მეორეზე ჯარების გადაყვანა ავტომობილებით გვიხდებოდა, ვისარგებლებდით რა, ხან აქ, და ხან იქ, დროებითი დაწყნარებით. თუმცა კი ჯერ კიდევ 24 თებერვალს მინდოდა მოწინააღმდეგისთვის ინიციატივის ხელიდან გამოგლეჯა მეცადა, რისთვისაც მოვამზადე, როგორც ზემოთ მივუთითებდი, შეტევა მარცხენა ნაპირის უბანზე. მე მივუთითე შეტევა 24 თებერვლის ადრეულ დილას დაეწყოთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჯარებმა თავიანთი მოძრაობები დააგვიანეს და მივიღე მოხსენება პოლკ. გედევანიშვილისგან, რომ შეტევის დაწყება მას მხოლოს დღის 2 საათზე შეუძლია. შემდეგ მისგანვე მივიღე მოხსენება, რომ მოწინააღმდეგის ცხენოსანმა ჯარმა ჩვენს ცხენოსან ჯარს უკან დაახევინა და შემოუარა რა მის ფალნგს, ოლგინსკოეს მიმართულებით წამოვიდა. ჩვენმა ცხენოსანმა ჯარმა ქვეითი ჯარის უკან დაიხია. იგი მოწინააღმდეგის ცხენოსან ჯარს უკან უნდა დასდევნებოდა და მას შებმოდა. თუ მან ეს არ გააკეთა, ეს იმას ნიშნავდა, რომ მოწინააღმდეგის ცხენოსანი ჯარი ჩვენს ცხენოსან ჯარს რიცხვით მნიშვნელოვნად აღემატებოდა, ე. ი. სულ მცირე 1500 ხმალი უნდა ჰქონოდა, სავარაუდოდ მეტიც. 23 თებერვალს დილიდან გამოჩნდნენ ჯავშნოსანი მატარებლები ფოილო–თბილისის რკინიგზაზე; ისინი რამდენჯერმე მოუახლოვდნენ ნავთლუღს, მაგრამ ჩვენი არტილერიის ცეცხლით განდევნილ იქნენ. მაშინვე დაიწყო მათი აეროპლანების გამოჩენა, რომლებიც ბომბებს ჰყრიდნენ. ერთხელ, სწორედ მაშინ, როცა ნავთლუღში ვტომობილით მივემგზავრებოდი, აეროპლანიდან ჩამოგდებული ბომბი გზატკეცილთან იმ ადგილის შორიახლოს გასკდა, სადაც მე ვმგზავრობდი. 24 თებერვლის 3–4 საათზე ავჭალიდან ადგილობრივ ხელისუფალთაგან მივიღე პირველი მოხსენება მოწინააღმდეგის ცხენოსანი ჯარის გამოჩენისა და მის მიერ სოფ. მამკოდას დაკავების შესახებ, აგრეთვე შემდეგი გლდანისა და ბოლოს, სოფ. ავჭალის დაკავების შესახებაც. ამ ცნობებს დაღამებამდე დიდი ხნით ადრე ვღებულობდი; ნათელი იყო, რომ ეს ის ცხენოსანი ჯარი გახლდათ, რომელმაც პოლკ. გედევანიშვილის ფლანგს შემოუარა და ოლგინსკოეს მიმართულებით წამოვიდა.

ამრიგად მოწინააღმდეგე ჩვენს ზურგში აღმოჩნდა და უკანდასახევი სარკინიგზო ხაზიც ხელთ ჰქონდა ჩაგდებული. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ გააფუჭა მან დაუყოვნებლივ ეს ხაზი, რატომ არ დაიპყრო სადგური, ტელეგრაფი და სხვა, და არ შეწყვიტა ასეთნაირად ჩვენი შეტყობინება საქართველოს მთელ დანარჩენ ტერიტორიასთან. ეს ერთ-ერთი შემთხვევითობა გახლდათ, რომელიც მეტად ხელსაყრელი იყო ჩვენთვის. ყოველივე ამის გაკეთება მოწინააღმდგეს თავისუფლად შეეძლო; არავის შეეძლო მისთვის ხელი შეეშალა; არანაირი ჯარები იქ არ ყოფილა და, თუ კოჯრიდან, ტაბახმელადან და ჩვენი მარცხენა ფლანგის პოზიციებიდან ავითვლით, ის ჩვენი ჯარების ზურგში 20–25 და 30 ვერსზეც კი იმყოფებოდა. საჭირო იყო ჯარები დაუყოვნებლივ გაგვეგზავნა და ეს შემთხვევითობა, მთელი ქვეყნისგან ჩვენი იზოლირება მოგვეგერიებინა; მაგრამ გასაგზავნი არავინ გვყავდა; შეიძლებოდა ბრძოლის მწარმოებელი ჯარებიდან წამოგვეყვანა ერთი ნაწილი, მაგრამ ისინი იქ მხოლოდ 25 თებერვალს მივიდოდნენ, როცა მოწინააღმდეგე ამ რაიონში გაძლიერდებოდა. საჭირო იყო ზურგთან ჩვენი შეტყობინება ახლავე გაგვეთავისუფლებია. მე იქ გავგზავნე ჯავშნოსანი მატარებელი მოხალისეთა რაზმით შანიძის უფროსობით და ვუბრძანე მათ ავჭალის სადგური გაეთავისუფლებიათ და რკინიგზაზე ცირკულირება უზრუნველეყოთ.

ამასობაში დაბინდდა და მარცხენა ნაპირის უბანზე სრულებით არასასურველი ვითარება შეიქმნა. მოწინააღმდეგემ ამ რაიონში, როგორც მოგვახსენებდნენ, ტანკები შემოიყვანა. სავარაუდოდ, ესენი ჯავშნოსანი ავტომობილები იყო, თუმცა კი თავში დაჭრილი ალექსანდრე დგებუაძე ამტკიცებდა, რომ ესენი გახლდათ ტანკები. მარცხენა ნაპირის ჯგუფის შუა და მარჯვენა უბნებმა, ისე რომ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, უკან დაიციეს, დატოვეს რა გამაგრებული პოზიციები, რის შესახებაც ჩვენ მოხსენება მივიეთ. ამ უბნის უკან იმყოფებოდა ჩემი რეზერვი, ქართლის მე-3 გვარდიული ბატალიონი, რომელიც სწორედ ამ დღეს ჩამოვიდა გორიდან; იძულებული ვიყავი იგი ბრძოლაში შემეყვანა და გამოქცეულთა გასაჩერებლად დამეხარჯა. ამასობაში მოწინააღმდეგე, რომელიც ტაბახმელის უბანზე შემოტევებს არ წყვეტდა, ბრძოლებს აგრძელებდა და 3150 სიმაღლეს დაეუფლა; ასევე შავნაბადას მონასტერსაც, რომელიც სოღანლუღის ქედზეა; ეს მე-9 პოლკსა და გენ. ანდრონიკაშვილის ნაწილებს შორის პირაპირზე გახლდათ. მოწინააღმდეგემ ვერ შეძლო ეს წარმატება იმავე ღამეს გამოეყენებია, და ჩამოვიდოდა რა ორთაჭალაში, თბილისში გამოჩენილიყო. რა თქმა უნდა, ეს მისთვის სარისკო გახლდათ და ამაზე შეიძლება აღარ შევჩერდეთ, მაგრამ გარღვევა მოხდენილ იქნა და ის ჩვენ იმით გვემუქრებოდა, რომ ჩვენი ჯარები 25 თებერვალს ორად გაჭრილი აღმოჩნდებოდა; მოწინააღმდეგეს ღამის განმავლობაში შეეძლო იქ ძალები დაეგროვებია და გენერლების ანდრონიკაშვილისა და მაზნიაშვილის ჯარების ზურგში ემოქმედა, თან თბილისზე თავისუფალი მარშიც ექნებოდა.

ამ გარღვევის მნიშვნელოვნება ჩვენთვის განსაკუთრებული გახლდათ. რამდენადაც ვიხსენებ, ეს მაშინ მოხდა, როცა სიბნელე ახლად იყო ჩამოწოლილი. ჩემი უკანასკნელი რეზერვი პირველი პოლკის ბატალიონი ავტომობილებით იქნა გაგზავნილი გენ. ანდრონიკაშვილის განკარგულებაში, რომელსაც ებრძანა დაუყოვნებლივ შეეტია და ეს სიმაღლე დაებრუნებია. მაგრამ საჭიროიყო ეს ხვრელი ფრონტიდანაც დაგვეხურა. დავუკავშირდი და მე-2 დივიზიის ერთ-ერთ პოლკს, გავიგე, რომ გვყავს რამდენიმე ასეული ადამიანი, მაგრამ ისინი ბრძოლის ველზე გამოსასვლელად სავსებით მომზადებულნი არ არიან. ვუბრძანე დაუყოვნებლივ მოეწყოთ ისინი და ორთაჭალაში გაეგზავნათ, ხოლო მათი უფროსი პოდპ. ზაქარიაძე კი შტაბში გამოცხადებულიყო. ამ უკანასკნელს ვუბრძანე თავისი ხალხით კრწანისის დასავლეთ გარეუბანში დაეკავებია პოზიცია ფრონტით სოღანლუღის ქედისკენ, სწორედ დასახული გარღვევის უკან. მოწინააღმდეგის მიერ აღნიშნული სიმაღლის დაუფლება, თავისთავად ცალკე აღებული, კატასტროფულობას არ შეადგენდა, ვინაიდან შესაძლებელი იყო ეს სიმაღლე დაგვებრუნებია და ამით სოღანლუღის ქედზე მდგომარეობა აღგვედგინა; მაგრამ ამ სიმაღლის დაბრუნება ახალი ჯარების შემოყვანას მოითხოვდა.

საერთო მდგომარეობა კი ასეთი გახლდათ. ჯერ კიდევ 23 თებერვალს მოწინააღმდეგე ნახშირ-გორასთან იქნა აღმოჩენილი, საიდანაც მას შეეძლო ისტომანოვის აგარაკი – სოფ. დიღომის რაიონს დაუფლებოდა და, დაეუფლებოდა რა სიმღლეებს, ჩვენთის თბილისიდან გასასვლელი გადაეღობა, რაც ავჭალის დაუფლებასთან კავშირში, რომელსაც ახლა უკვე ჰქონდა ადგილი, თბილისის სრულ ალყაში მოქცევად, და ეს კი ნიშნავს, ჯარებისა და მთელი სამთავრობო აპარატის დაღუპვად მოგვევლინებოდა. ქვეყანას, რომელსაც ეს ელემენტები წაერთმეოდა, ბრძოლის გაგრძელება აღარ შეეძლებოდა და ეს კი ომის დასასრულს ნიშნავდა. მოწინააღმდეგისთვის ნების მიცემა, რომ თბილისში ალყაში მოვექციეთ, დაუშვებელი გახლდათ; მთავრობის მიერ ორჯერ დამტკიცებული (1920 და 1921 წწ.) ომის წარმოების საერთო (ზოგადი) დირექტივის თანახმად, სახელდობრ კი, რომ თბილისის დაცემა არ ნიშნავს ომის დასრულებას, საჭირო იყო თბილისიდან გაგვეღწია, რათა ომი გაგვეგრძელებია. სწორი იყო თუ არა ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება? მე ვთვლი, რომ სწორი იყო, და ისტორიულადაც ვიცით, რომ თბილისის მოწინააღმეგის ხელში ყოფნა სულაც არ ნიშნავდა ხალხის მორჩილებას, და საქართველო წლების მანძილზე თავისუფლდებოდა მტრისგან, ხოლო თბილისის განთავისუფლება კი არაერთხელ სამშობლოს განთავისუფლების ბრძოლაში უკანასკნელი აქტი ყოფილა. მოსკოვი მტრისთვის იქნა მიცემული, რათა არმია გადაერჩინათ. პარიზი უკანასკნელ ომში (1914) დატოვებისთვის წინასწარ იყო მომზადებული და ამა თუ იმ პუნქტის დაკარგვა, თვით დედაქალაქისაც კი, უახლოეს ხანებში არ აღნიშნავს ომის დასრულებას, ვინაიდან ომობს მთელი ხალხი და მთელი სახელმწიფო, და არა ცალკეული შემადგენელი ნაწილები. ამრიგად, 24 თებერვლის საღამოსთვის თბილისი ფაქტიურად ალყაშემორტყმული გახლდათ. ჩვენ რომ ავჭალა გაგვეწმინდა, მაინც მაშინაც გვრჩებოდა მხოლოდ ვიწრო ხვრელი მტკვრის გაყოლებით. რკინიგზა, სოფლის გზა ავჭალის გავლით და საქართველოს სამხედრო გზა. ეს არაუმეტეს 2–3 ვერსის სიგანის ზოლი შეადგენს კიდეც თბილისის მთელი გარშემოწერილობის ერთ მეათედ ნაწილს მისი თავდაცვის ხაზზე. ამ ალყაშემორტყმას უნდა დავუმატოთ ჩვენს მიერ 3150 სიმაღლის დაკარგვა და, ყველაზე უფრო ტრაგიკული, ეს გახლავთ მარცხენა ნაპირის ჯგუფის მიერ თავისი გამაგრებული პოზიციის დატოვება. ყოველივე ამას უნდა დავუმატოთ, რომ რეზერვში მე არც ერთი ადამიანი აღარ მყავდა.


გმირული საქციელები (Геройские подвиги) 

რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვა ამ მარცხენა ნაპირის ჯგუფზე. უწინარეს ყოვლისა უნდა შევადაროთ მდ. მტკვრის მარჯვენა და მარცხენა ნაპირის ჯარების მიერ გამოჩენილი ბრძოლოსუნარიანობა და სიმტკიცე (боеспособность и стойкость). 19 თებერვლიდან ტაბახმელისა და კოჯრის უბნებზე ბრძოლები არ წყდებოდა; ისინი დღისითა და ღამით ხდებოდა და საქმე ძალზედ ხშირად აქ ხიშტებით დარტყმამდეც (штыковые удары – შეტევა ხიშტებით ხელჩართული ბრძოლით – ი. ხ.) კი მიდიოდა. გასასტიკება (გააფთრება) უკიდურეს ზღვარს აღწევდა; სანგრები არცთუ იშვიათად მოწინააღმდეგის ხელში ვარდებოდა და მათ უკან ხიშტებით ვიბრუნებდით. აი რამდენიმე ეპიზოდი. ერთ-ერთ უბანზე მოწინააღმდეგემ რამდენიმე ათეული ადამიანის როდენობით ჩვენი თავდაცვა გაარღვია (შემოიჭრა) და, აგრძელებდა რა შემოტევას, ბატარეისკენ დაიძრა, რომელსაც უფროსი ლეიტენანტი გოგი ალექსი-მესხიშვილი მეთაურობდა. ამ უკანასკნელმა, რომელიც თავისი სროლით იყო გატაცებული, მასთან თითქმის ზურგიდან მოახლოებული მოწინააღმდეგე ვერ შეამჩნია; მხოლოდ უკანასკნელ მომენტში, როცა სულ რამდენიმე ათეული ნაბიჯიღა რჩებოდა, ალექსი-მესხიშვილმა შენიშნა მოწინააღმდეგე. დაუძახა რა არტილერიის მომსახურე პერსონალს „ჩემსკენ“, ალექსი-მესხიშვილმა არტილერისტების ჯგუფი თავისთან შეკრიბა და გაშიშვლებული (ამოწვდილი) ხმლებითა და „ვაშას“ ყიჟინით ისინი მოწინააღმდეგეს მივარდნენ; ამავდროულად მეორე მხრიდან მოწინააღმდეგე ორმა ათეულმა იუნკერმაც შენიშნა, რომლებიც ჯაჭვის გასაძლიერებლად მოდიოდნენ, და ისინიც ხიშტებით მისცვივდნენ მას. მოწინააღმდეგეს ბოლო მოუღეს. ჩვენ გვიხდებოდა ამა თუ იმ ნაწილის, ამა თუ იმ ოფიცრის გმირობის შესახებ წაგვეკითხა; ამ გმირობათა აღწერაში ჩვენ გვიწევდა წაგვეკითხა, როგორც განსაკუთრებით თვალსაჩინო და საჩვენებელი, რომ არტილერისტები თავს ლულების გასაწმენდი ჭოკებითა და ფინდიხით (კარტეჩით) იცავდნენ; ამ გმირობების გამოსახულებანი მუზეუმებს დაამშვენებდა. მე წარმომიდგება: უეჭველია, რომ ქვემეხების მომსახურე პერსონალის გმირული საქციელი, რომლებიც თავიანთი ოფიცრის მეთაურობით მოწინააღმდეგეს მისცვივდნენ, ბატალური სურათისთვის მშვენიერ სიუჟეტად შეიძლება გამოდგეს.

სხვა ადგილას ხიშტებით ერთ-ერთი ზედახორის დროს, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა, სასიკვდილოდ იქნა დაჭრილი იუნკერი შალვა ერისთავი. ეს იუნკერი ბრძოლის ადგილზე იწვა და კვდებოდა; მასთან ერთ-ერთმა იუნკერმა მიირბინა რათა დახმარებოდა მას და წამოეყენებია. მომაკვდავმა გმირმა, ნახევრად გონდაკარგულ მდგომარეობაში მყოფმა, ვერ იცნო რა ამხანაგი, შესძახა: „შესდექ, შენ ვინ ხარ“ და უკანასკნელი ძალისხმევით დასუსტებული ხელები შაშხანას მოუჭირა. ეს მისი უკანასკნელი სიტყვები გახლდათ და ამ შეძახილთან ერთად მან სულიც დალია. როგორ არ უნდა იქნას ასახული სურათზე ამ გმირის დაღუპვა, რომლის უკანასკნელი ფიქრებიც მტერს შეეხებოდა.

კიდევ ერთი შემთხვევა. სოღანლუღის ქედის ერთ ადგილას ერთი ოფიცერი, რომლის გვარიც სამწუხაროდ არ მახსოვს, სამი ჯარისკაცით ზურგიდან პოზიციაზე მიდიოდა, რომლისგანაც იგი 150 ნაბიჯზე იმყოფებოდა. ეს იყო ღამით; უეცრად მან მოწინააღმდეგის 20-კაციანი ჯგუფი შენიშნა; სიბნელეში მათი გრძელი მაზარები და დამახასიათებელი რუხი ქუდები ჩანდა. სამი ჯარისკაცით, შემართეს რა თოფები, ჩვენები მოწინააღმდეგეს მივარდნენ, რომლის მხრიდანაც გაისმა შეძახილები: „არ გვესროლოთ, ამხანაგებო, ჩვენ გნებდებით“. და ჩვენმა სამმა ჯარისკაცმა ოფიცრით ისინი ტყვედ წამოიყვანა.

ვიცი კიდევ ერთი შემთხვევა ოფიცრის საქციელისა, რომელიც მოვალეობის განსაკუთრებული სულით იყო განსჭვალული. მე ცოტა არ მიმსახურია; ვმონაწილეობდი რუსეთ-იაპონიის ომში და 1914 წელსაც; მე არა თუ მსგავსი ფაქტის მოწმე არ ვყოფილვარ, არამედ ვინმესგან არც კი მომისმენია. კაპ. ყიფიანს, სკოლის ოფიცერს ერთ-ერთი სანგარი ეკავა და თავის განკარგულებაში 40 სათადარიგო მებრძოლი ჰყავდა. მოწინააღმდეგე აღმატებული ძალებით ახლოვდებოდა. მსროლელთა ცეცხლს მათი გაჩერება არ შეეძლო და ხიშტებით ხელჩართული ბრძოლის ზედახორა მოუწევდათ. ამ მომენტში მისმა ყველა ჯარისკაცმა სანგარი მიატოვა და უკან გაიქცა. კაპიტან ყიფიანს არ შეეძლო პანიკით შეპყრობილი თავისი ხელქვეითების გაჩერება. იგი სანგარში დარჩა და... რევოლვერიდან ოთხი ტყვია დაიხალა; მეხუთის გასროლა ვერ მოასწრო, ვინაიდან ამ სანგრის დასახმარებლად იუნკერთა პატარა ჯგუფმა მოირბინა, რომლებმაც ხიშტებით მოიგერიეს მოწინააღმდეგე. ერთ-ერთმა იუნკერმა კაპ. ყიფიანთან მიირბინა და მას ხელიდან რევოლვერი გამოსტაცა. ოთხი ტყვიით დაჭრილი გადასახვევ პუნქტში მიიტანეს, სადაც თავისი უფროსის, გენ. ჩხეიძის შეკითხვაზე, თუ რატომ უნდოდა თავის მოკვლა, მან უპასუხა: „როგორ შემეძლო შემეხედა თქვენთვის თვალებში მას შემდეგ, რაც ჯარისკაცებმა მიმატოვეს“. ეს ჭაბუკი თავისი ვალის უმაღლესი გაგებით იყო განმსჭვალული და რამდენიმე დღის შემდეგ მან ეს ისევ დაამტკიცა. იგი ჰოსპიტალში იწვა, როცა თბილისი დავტოვეთ. შეიტყო რა თბილისის დატოვების შესახებ, იგი ჰოსპიტლიდან გამოიქცა და მცხეთაში ფეხით ჩამოვიდა, სადაც ვაგონში დააწვინეს. 

ასეთი გახლდათ თბილისის დამცველთა გმირული ბრძოლის გამოვლინებანი მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. ასეთი ეპიზოდები ალბათ ბევრი იყო და უშუალო მონაწილეებმა ისინი ჩემზე უკეთ იციან. სამწუხაროდ, მარცხენა ნაპირის ჯგუფს, სადაც გვარდიის ნაწილები იყვნენ, ასეთი გმირობა არ გამოუვლენია.

როგორც ცნობილია, ტყვეებისა და მათი ჩვენებების მიხედვით, გამოირკვა, რომ მოწინააღმდეგის ჯარების მთავარმა მასამ ჩვენი მარჯვენა ნაპირის საარმიო უბანს შემოუტია, რომლის შემადგენლობაშიც გვარდიის მხოლოდ 3–4 ბატალიონი შედიოდა. მე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი უფროსების სიტყვით, ამ ბატალიონების რიცხვიდან გმირულად იბრძოდნენ ბათუმის გვარდია და ის ბატალიონი, რომელიც თუთბერიძის უფროსობის ქვეშ იმყოფებოდა. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მოწინააღმდეგის პირველივე სერიოზული შემოტევის დროს, ჯარები უკან იხევდნენ და თვით გამაგრებულ პოზიციასაც კი ტოვებდნენ. ამასობაში პასიური თავდაცვისთვის მარცხენა ნაპირის უბანი უფრო ხელსაყრელი გახლდათ. სიმაგრეების წინ სწორი, გლასისისებური დამრეცები (гласисообразные покатости) იყო, რომლებსაც არ შეეძლოთ მოწინააღმდეგისთვის მკვდარი ზონები მიეცათ, სადაც მათ შეეძლებოდათ გასროლებისგან თავი შეეფარებინათ, მოგროვებულიყვნენ და ძალებისთვის თავი მოეყარათ. მარჯვენა ნაპირზე პირიქით, განსაკუთრებით ტაბახმელა–კოჯრის რაიონში, უახლოეს მოსადგომებში უხვად იყო მსგავსი სივრცეები და მოწინააღმდეგის სარდლობამ, სწორად გაითვალისწინა რა ეს გარემოება, ჯარების უმეტესი ნაწილი სწორედ ამ უბანზე გამოგზავნა; ჩვენი მარცხენა ნაპირის სიმაგრეთა წინააღმდეგ ძალების უკმარისობა კი ჯავშნოსანი მატარებლებითა და ავტობობილებით შეავსო, და როგორც ა. დგებუაძე ამბობდა, ტანკებითაც. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მარცხენა ნაპირის სიმაგრეების წინ ბევრი კალაპოტი და ნაპრალი იყო, რაც უკანასკნელი გამოგონების ამ მონსტრების თავისუფალ მანევრირებას ხელს უშლიდა. ეს უკანასკნელნი სრულად ვერ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ გამოყენებული. ამრიგად, უნდა ვაღიაროთ, რომ მარცხენა ნაპირის ჯგუფი არამდგრადი და ბრძოლისუუნარო გახლდათ. ეს მდგომარეობა სავსებით ნათლად მომდინარეობდა გვარდიის თვისებებიდან. როგორც ეს იყო უწინდელ ომებშიც, უმცირესი არამდგრადობა, საერთო განლაგების ერთ-ერთი უბნის წარუმატებლობა, მაშინვე მთელ ფრონტზე აისახებოდა, თვით ის ნაწილებიც კი, რომლებსაც არავინ უტევდა, მაშინვე უკანდახევას იწყებდნენ, რაც გამოუსწორებელ მდგომარეობას ჰქმნიდა. მე აქ უნდა დავუმატო შემდეგი. როდესაც კავშირი კახეთთან გაწყვეტილ იქნა, მაშინ კახეთის გვარდიული ბატალიონებიც დადნა. ადამიანებმა კახეთში დაიწყეს წასვლა, ვითომდა მისი უშუალო დაცვისათვის. უშუალო ხელმძღვანელებმა არა თუ არ მიიღეს ზომები ასეთი მოვლენის წინააღმდეგ, არამედ, პირიქით, გვარდიის შტაბი მთხოვდა კახელების მივლინებით გაშვების ნება მიმეცა; ისინი ამტკიცებდნენ, რომ კახელებს გაგზავნიან, როგორც თავად ამბობდნენ, მამაცი ოფიცრის უფროსობით, რომელსაც თავდებად უდგებოდნენ; ეს ოფიცერი, მათი დარწმუნებების მიხედვით, მოწინააღმდეგის ზურგში იმოქმედებს. მე ნება მათ მხოლოდ უკანასკნელი პირობით მივეცი. ორი კახური ბატალიონიდან, რომლებიც თბილისთან იყვნენ, შემდეგ გორთან მხოლოდ 50 კაცისგან შემდგარი პატარა ჯგუფი ვიხილე; აი ყველაფერი, რაც რჩებოდა და მხოლოდ იმიტომაც დარჩა, რომ მათ კახეთში წასვლა დააგვიანდათ: გზა გადაღობილი აღმოჩნდა. ხოლო რაც მათი მამაცი ოფიცრის უფროსობით მოწინააღმდეგის ზურგში მოქმედებას შეეხება, რა თქმა უნდა, მას ადგილი არ ჰქონია.

მარჯვენა ნაირზე ნაწილობრივი წარუმატებლობები შეიძლებოდა კერძო რეზერვების შეყვანით გამოგვესწორებია, რადგანაც მეზობლები, უკუქცეული ნაწილის წასვლის შემდეგ, თავიანთ პოზიციებზე დგომას მედგრად განაგრძობდნენ.


თბილისი ალყაშემორტყმულია 

ამრიგად, 24 თებრვლის საღამოს 5–6 საათისთვის შეიქმნა შემდეგი ვითარება. თბილისი ალყაშემორტყმული იყო და 25 თებერვალს ალყის რგოლი უეჭველად ჩაიკეტებოდა; მარჯვენა ნაპირზე ფრონტი შეიძლებოდა გამოერღვიათ, თუ 3150 სიმაღლეს ჩვენ ვერ დავიბრუნებდით; მარცხენა ნაპირის უბანმა გამაგრებული პოზიცია მიატოვა და 25 თებერვალს ისინი ალბათ წინააღმდეგობას ვეღარ გაუწვდნენ. თუ მათ არ შეეძლოთ გამაგრებულ პოზიციაზე გაეწიათ წინააღმდეგობა, მაშინ, რა თქმა უნდა, ისინი ვერ შეძლებდნენ გამაგრებულიყვნენ ისეთ პოზიაზე, რომელსაც სიმაგრეები არ გააჩნდა, თვით მაშინაც კი, თუ ამ უკან გამოქცეულ მასაში წესრიგის დამყარება მოხერხდებოდა (даже если бы удалось водворить порядок в этой отхлынувшей массе). დილამდე, სიბნელეში, მასში წესრიგის დამყარება და შემდეგ მიტოვებული პოზიციის სწორად დაკავება იმ ჯარებით, რომლებმაც რამდენიმე ვერსის სივრცეზე პანიკურად უკან დაიხიეს, წარმოუდგენელია. ამრიგად შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ, ღამის განმავლობაში 3150 სიმაღლე ჩვენ კიდეც რომ დაგვებრუნებია, 25 თებერვალს მოწინააღმდეგე, ერთის მხრივ, ალყის წრეწირს შეკრავდა (ჩაკეტავდა), ხოლო მეორეს მხრივ, შემოგვიტევდა რა მარცხენა ნაპირის გამოყოლებით, არ შეხვდებოდა წინააღმდეგობა, როგორც არ შეხვედრია 24 თებერვლის სუსტი მცდელობის დროს, და თბილისში შემოვიდოდა. ამას უნდა დავუმატოთ, რომ უკვე არანაირი ჯარები აღარ გვყავდა; ქვეყნის სიღრმეში ჩამოყალიბებადი მე-2 და მე-3 ბატალიონები მზად არ იყვნენ და ვერც მოდიოდნენ, ხოლო მე-2 დივიზიის ნაწილების ფორმირებამ მხოლოდ სამი ბატალიონი მოგვცა, რომელთაგან მესამე, არცთუ სავსებით მზად მყოფი, შეიძლებოდა ბრძოლაში მხოლოდ 24 თებერვლის ღამისთვის შემოგვეყვანა.

თბილისის ქუჩებში ბრძოლის მიცემა, რა თქმა უნდა, აბსურდული და შეუსრულებელი გახლდათ, ვინაიდან თბილისი ქვაბულში მდებარეობს და მთებითაა გარშემორტყმული; ეს იყო სათაგური, რომლიდანაც ვერავინ ვერ გააღწევდა და ჯარებიც, საბრძოლო მასალებისა და სურსათის დახარჯვის (ამოწურვის) შემდეგ, დანებებისთვის იქნებოდნენ განწირული. მე გადავწყვიტე გამომეყვანა ჯარები და თბილისიდან 12–13 ვერსზე შემდეგ გამაგრებულ პოზიციაზე წამეყვანა. თბილისის თავდაცვისთვის მთელი ძალები და საშუალებანი უკვე ამოწურული გახლდათ და მას მეტად წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეეძლო. ქვეყნის თავდაცვის გაგრძელებისთვის თბილისი უნდა დაგვეტოვებია, სხვანაირად ჯარისა და ქვეყნის მმართველობის გარდაუვალი დაღუპვა გველოდა. ჩემი ამ გადაწყვეტილების შესახებ მე მთავრობის თავმჯდომარეს მოვახსენე. თბილისის გავლით ბრძოლით უკანდახევა, რა თქმა უნდა, წარმატებას ვერ გვპირდებოდა, ვინაიდან 25 თებერვალს ჩვენ დასავლეთისკენ გაღწევა აღმოსავლეთიდან მოწოლის ქვეშაც მოგვიწევდა. უკანდახევის საუკეთესო ხერხი სიბნელის საფარველქვეშ ღამით წასვლა გახლდათ.

ვითარება ამისთვის საბედნიეროდ ხელსაყრელი შეიქმნა. ამ ღამეს მოწინააღმდეგემ მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე შემოტევები შეწყვიტა და მეც მისი საბოლოდ შეცდომაში შეყვანის მიზნით გადავწყვიტე 3150 სიმაღლეზე შეტევა მომეხდინა. გენ. ანრონიკაშვილი მე 1-ლი პოლკის ბატალიონით გავაძლიერე, უკანასკნელი ნაწილით, რომელიც ჩემს განკარგულებაში იმყოფებოდა, და ვისარგებლე რა მის ფრონტზე დამდგარი სიწყნარით, ვუბრძანე გამოეყო ნაწილები თავისი უბნიდან და 3150 სიმაღლისთვის შეეტია; ეს შეტევა ფლანგზე მყოფი მე-9 პოლკის ბატალიონის მხრიდან შეტევითაც უნდა ყოფილიყო მხარდაჭერილი. გარდა ამისა, ამ გარღვევის უკან, ამ მიმართულებით მოწინააღმდეგის შემდგომი წინწამოსვლის შეჩერების მიზნით, მომდევნო თხემზე კრწანისთან მე-2 დივიზიის ბატალიონი დავაყენე, რომელიც, მართალია, ჯერ სრულად ჩამოყალიბებულიც არ ყოფილა.

3150 სიმაღლის შეტევა მოხდენილ იქნა. ავიღეთ თუ ვერა ეს სიმაღლე, ზუსტი ცნობების მიღება ვერ მოხერხდა; ერთი ცნობების მიხედვით ის დაბრუნებულ იქნა; სხვა ცნობებით ის ჩვენს მიერ დაკავებული არ ყოფილა. სიბნელეში, რა თქმა უნდა, ორიენტაცია ძნელი გახლდათ, მით უმეტეს, რომ ეს სიმაღლე მკვეთრად შემოხაზული არც არის. ეს არის სიმაღლე ტრიგონომეტრიული პუნქტით (Это высота с тригонометрическим пунктом) და ერთ-ერთ ძნელად შესამჩნევ ამაღლებულ თხემს შეადგენს სოღანლუღის ქედისა, რომელიც ტაბახმელადან მტკვრისკენ თანდათანობით დაბლდება; ეს სიმაღლე სოღანლუღის ქედის დაახლოებით შუა ადგილას იმყოფება.

ბრძოლა, როგორც უკვე მივუთითე, მთელ ფრონტზე მიწყნარდა. მე უკანდახევის შესახებ ბრძანება გავეცი. მთავრობის თავმჯდომარემ გასცა თავისი განკარგულებანი, რომლებიც საბოლოო ევაკუაციას შეეხებოდა. ჯერ კიდევ როცა სარდლობას შევუდექი დაჟინებით მოვითხოვდი, რომ თბილისი ევაკუირებული ყოფილიყო და რომ თბილისში მხოლოდ სამხედრო ხელისუფალნი დარჩენილიყვნენ. ეს გაკეთდა კიდეც, მაგრამ არა სრულად. დამფუძნებელ კრებასა და მთავრობას მიაჩნდათ, რომ ასეთ კრიტიკულ მომენტში მათ მიერ დედაქალაქის დატოვება შეიძლება არასასურველად აისახოს ჯარების სულისკვეთებაზე. მე დავთანხმდი ამ გამონაკლისზე, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს ევაკუაცია, ე. ი. უფრო სწორად დამფუძნებელი კრებისა და მთავრობის გამგზავრება შეიძლებოდა ნებისმიერ მომენტში მომხდარიყო და მას უკანასკნელი ევაკუაციისთვის ხელი არ უნდა შეეშალა. ამას დამპირდნენ. მე ზემოთ გამოთქმულ მოტივებს დავეთანხმე ვითვალისწინებდი რა შეიარაღებული ძალების მორალურ მდგომარეობას, რომელიც 3/4-ით გვარდიისგან, სახეზე არსებული ჩემი ძალებისგან შედგებოდა; თავისი თვისებების მიხედვით, განსაკუთრებით კი გვარდია, დისციპლინის არარასებობის ძალით, მეტად მიდრეკილი გახლდათ იმისკენ, რომ ხალხის წარმომადგენელთა გამგზავრებით უკმაყოფილო დარჩენილიყო.

არ შეიძლება არ მოვიყვანო ერთ-ერთი ოფიცრის მონათხრობი, რომელმაც გვარდიელთა ერთი ჯგუფის საუბარი შემთხვევით მოისმინა. ეს ჯგუფი ტაბახმელის უბნის უკან გზატკეცილთან ჩამონაქცევის ქვეშ ისხდა. ჩამონაქცევის უკან იმყოფებოდა ეს ოფიცერიც, რომელიც იქ დასასვენებლად ჩამოჯდა, და მან გადმომცა კიდეც მის მიერ მოსმენილი შემდეგი სიტყვები: „ძალიან იბრძვის გენ. კვინიტაძე, მაგრამ ჩვენთვის, თუ იგი გაიმარჯვებს, არ იქნება ხელსაყრელი, ვინაიდან ის ძველ რეჟიმს დაამყარებს“. მე ვერ ვიტყვი, რომ ამ აზრებით იყო განმსჭვალული ყველა გვარდიელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთ მათგანს შორის ასეთი აზრები მიდი-მოდიოდა.

ევაკუაცია ვერ მოხდა ისე სწრაფად, როგორც მარწმუნებდნენ. მართლაც, საღამოს საახლოებით 5–6 საათზე მოვახსენე მთავრობის თავმჯდომარეს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ უკან დამეხია, რადგანაც ბრძოლისთვის მთელი საშუალებანი ამოწურული გახლდათ და ჩვენ სრული ალყაში მოქცევა გვემუქრებოდა. დაახლოებით 9 საათზე ეს ბრძანება ჯარებში იქნა გადაცემული. ჯარებს უკანდახევა ღამის 12 საათზე უნდა დაეწყოთ. დამფუძნებელი კრების მატარებელი მხოლოდ დილის 3 საათზე გავიდა. სხვა მატარებლებს არ უშვებდნენ, რადგანაც ეშინოდათ, რომ ამ მატარებელს რაიმე არ მოსვლოდა და დამფუძნებელი კრების მატარებელი ამის გამო გაჩერებული არ დარჩენილიყო. შემდეგ გადმომცემდნენ, რომ ამ მატარებლის ორთქლმავალთან დაკავშირებით რაღაც გაუგებრობა მოხდა და რომ ამ ორთქლმავლის შეცვლა შეიქნა საჭირო. ამ შეყოვნების წყალობით მტკვრის მარცხენა ნაპირის ჯარები გამსვლელ მატარებლებს დაეწიენ, როგორებიც იყო საბრძოლო მასალებით, საავიაციო ქონებით დატვირთული და სხვა მატარებლები, მე არ შემიძლია გამსვლელი მატარებლების ზუსტად ჩამოთვლა, ვინაიდან სარკინიგზო ევაკუაცია სამხედრო უწყების გამგებლობიდან ამოღებული გახლდათ.


მცხეთისკენ უკანდახევა 

ჩემი ბრძანების თანახმად ჯარებს სამ კოლონად უნდა დაეხიათ. გენ. ანდრონიკაშვილის მარჯვენა კოლონას – საქართველოს სამხედრო გზაზე, გენ. მაზნიაშვილს თავისი ჯარებით – ალექსანდერდორფის გავლით ავჭალაზე და მარცხენა ნაპირის ჯგუფს პოლკ. გედევანიშვილის უფროსობით უნდა ესარგებლა ზემო გზით კუკიის ტბების მახლობლად. უკანდახევის გზები მეტი არ ყოფილა. მე ძალზედ მაშფოთებდა ის, რომ საქართველოს სამხედრო გზა გამთენიისას შეიძლება მოწინააღმდეგის ჯარების იმ ჯგუფმა გადაგვიჭრას, რომელიც მანამდე რამდენიმე დღით ნახშირ-გორასთან იქნა აღმოჩენილი და რომელსაც სოფ. დიღომთან შეეძლო გზა გადაეჭრა. ის ჯარები კი, რომლებიც მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე მოძრაობდნენ, ამისგან დაცული გახლდნენ და მათ შეეძლოთ ავჭალაში შესულიყვნენ, ხოლო მოწინააღმდეგის ზემოხსენებული ჯგუფისგან კი ამ მდინარით იქნებოდნენ დაფარული. სადგური ავჭალა მოწინააღმდეგისგან გაწმენდილი გახლდათ; ის ჩვენს ხელში იმყოფებოდა. მოწინააღმდეგის ეს ჯგუფი, რომელიც სულ ახლახანს გამოჩნდა ავჭალაში, არ შეიძლებოდა მომენტალურად ყოფილიყო გაძლიერებული, თუმცა კი 25 თებერვალს ის ჩვენთვის შესაძლოა დამღუპველიც აღმოჩენილიყო.

გენ. ანდრონიკაშვილის კოლონის საქართველოს სამხედრო გზაზე მოძრაობა მე უფრო მეტად მაშფოთებდა, და მისთვის მოძრაობის დაუბრკოლებლობის უზრუნველსაყოფად ზომები გადავწყვიტე პირადად მიმეღო. წყნეთი ჩემს მიერ ერთი ბატალიონით იყო დაკავებული; ამ ბატალიონს გენ. ანდრონიკაშვილის მითითებით საბურთალოს გავლით ჯარების გასვლის შემდეგ უნდა დაეხია. დიღმის გავლით, ნახშირ-გორას რაიონში მიმავალ გზაზე ჩემს მიერ იქნა დაყენებული ერთი ასეული; ამ ოფიცერს მე პირადად ვიცნობ, კარგი ოფიცერია; მას ვუბრძანე იქ ყოფილიყო, სანამ ჩემგან ბრძანებას არ მიიღებდა. თავად მე გვარდიის შტაბს მივმართე და მათ თავიანთი ნარჩენებისგან შექმნეს ორი ასეული 300-მდე კაცის შემადგენლობით; მე თან წავიყვანე ცხენოსანი ოცეული, რომლის ცხენებიც, მართალია, ძლივსღა მოძრაობდნენ, ხოლო შემდეგ კი ვერის საარტილერიო ყაზარმებში ამ რაზმს შემოუერთეს გვარდიული ჰაუბიცების ოცეული, და ამ რაზმით, ჩავუდექი რა მას სათავეში, საქართველოს სამხედრო გზით მუხათ-გვერდის მასივისკენ გავემართე, რომლის სამხრეთ-აღმოსავლეთ განაპირასაც დავიკავე პოზიცია. თეთრ დუქანთან ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან დავრწმუნდი, რომ ასეულმა დიღომი გაიარა, და მე იქ გავგზავნე მილიციელები იმისთვის, რომ მას (ასეულს) შეენარჩუნებია კავშირი თეთრ დუქანთან, და იქიდან მხოლოდ გენ. ანდრონიკაშვილის ჯარების გასვლის შემდეგ დაეხია. წინ მუხათ-გვერდში კი მე გენ. ანდრონიკაშვილის ჯარების მოსვლას ველოდებოდი.

გადავწყვიტე რა თბილისიდან დამეხია, მე ჩემთვის მოქმედებათა შემდეგი გეგმა დავისახე. გადავწყვიტე ჯარები არცთუ შორს თბილისიდან თავდასცვისთვის მოსახერხებელ პოზიციაზე მიმეყვანა, ფრონტით თბილისისკენ, სიმაგრეები ამ პოზიციაზე ჩემს მიერ ჯერ კიდევ 1914 წელსიყო აგებული და ისინი პოზიციის ბუნებრივ ძალას აძლიერებდნენ. გაცემული ბრანების თანახმად გენ. ანდრონიკაშვილი უნდა დამდგვარიყო პოზიციებზე თელოვანის რაიონიდან მტკვრამდე სიმაღლეების ქედის გაყოლებით, ექნებოდა რა ფრონტის წინ გაშლილი დიღმის ველი. პოლკ. გედევანივილს უნდა დაეკავებია პოზიცია მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, გენ. მაზნიაშვილი კი უნდა დამდგვარიყო რეზერვში ამ ფლანგის უკან. ამრიგად ძალების უმეტეს ნაწილს თავს ვუყრიდი მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ამით მე ვაძლიერებდი ჩემს მარცხენა ფლანგს და ვისახავდი თბილისიდან მოწინააღმდეგის შემოტევისას იმ ნაწილებისთვის შემეტია, რომლებიც მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირის გამოყოლებით გვიტევდნენ. წარმატების შემთხვევაში შეიძლებოდა თბილისის დაბრუნების იმედიც გვქონოდა. ჩვენი ასეთი განლაგება თბილისთან ჩვენს განლაგებაზე შეუდარებლად უკეთესი გახლდათ, სადაც მოწინააღმდეგეს უკვე ალყაში ვყავდით მოქცეული. აქ კი მოწინააღმდეგე ფრონტის წინ გვყავდა და ისიც იძულებული იყო ჩვენთვის გაშლილ დაბლობზე შემოეტია. თუ მოწინააღმდეგე ჩვენი პოზიციის ღრმა შემოვლას ჩაიფიქრებდა, მაშინ ეს ბევრ დროს მოითხოვდა; ამ დროის მანძილზე ჩვენ შეიძლებოდა გავძლიერებულიყავით და გვეცადა მოწინააღმდეგის ერთ-ერთი ჯგუფი დაგვემარცხებია, რომლებიც მდ. მტკვრით იყვნენ გაყოფილნი. ჩვენი პოზიციის ზურგში სარკინიგზო ხიდი იმყოფებოდა, რომელიც ამ ჯგუფების შეტყობინებათა თავისუფლებას გვაძლევდა. ეს ხიდი სარკინიგზო ლიანდაგის ქვეშ თვლიანი ტრანსპორტის გადაადგილების შესაძლებლობასაც იძლეოდა.

* * *

სანამ იმის აღწერაზე გადავიდოდე, რაც შემდეგ მოხდა, მე რამდენადმე შევჩერდები ორ საკითხზე. ჯერ კიდევ როცა კონსტანტინოპოლში ვიყავი, მოვისმინე აზრი, რომ თბილისი არ უნდა დაგვეტოვებინა, და რომ არსებობს დოკუმენტური მონაცემები ჯარებისთვის თბილისიდან უკანდახევაზე ბრძანების შესახებ. ეს ხმა დამფუძნებელთა კრების წევრებისა და პოლიტიკურ მოღვაწეთა ერთი ჯგუფიდან მოდიოდა; მის დამფუძნებლად ბ-ნ ხომერიკს ასახელებდნენ, რომელიც ამტკიცებდა, რომ ასეთი დოკუმენტი მათ მალე ხელში ექნებათ. ასეთი ბრძანება არ არსებობდა. მე ვფიქრობ, ასეთი ბრძანების გაცემა რომც მოენდომებინათ, მაშინ 3150 სიმაღლის აღების შემდეგ, მას მერე, რაც 24 თებერვლის დაახლოებით 16 საათზე, თუ უფრო ადრეც არა, სოფ. ავჭალა იქნა დაკავებული; და ბოლოს, მას შემდეგ რაც მარცხენა უბანმა გამაგრებული პოზიცია წინააღმდეგობის გარეშე მიატოვა, რაც არ შეიძლებოდა მოწინააღმდეგეს არ შეენიშნა, ასეთი ბრძანება არ შეიძლება გაცემული ყოფილიყო. თვით 18–19 თებერვალს 1000-ზე მეტი ტყვისა და 4 ქვემეხის დაკარგვის შემდეგაც მოწინააღმდეგე არ წასულა, არამედ ტაბახმელასა და კოჯორზე შემოტევები განაახლა. 25 თებერვალს შემოტევა გაგრძელდებოდა, მით უმეტეს, თბილისთან მოქმედებებში მოწინააღმდეგის მთელი ჯარები საქმეში შემოყვანილი არ ყოფილა. ამ უკანასკნელში ჩვენ ხაშურთან ბრძოლაში დავრწმუნდით, სადაც ჩვენს მიერ დატყვევებულებმა ბრძოლის ველზე ახალი ორი ბრიგადის ყოფნა გვიჩვენეს; ეს ბრიგადები, როგორც ტყვერთა გამოკითხვიდან გამოირკვა, თბილისთან ბრძოლებში არ მონაწილეობდნენ, არამედ პეტროვსკიდან მოემგზავრებოდნენ. ამრიგად მთელი მონაცემები იმის სასარგებლოდაა, რომ ასეთი ბრძანება არ არსებობდა; ვითარება მოწინააღმდეგისთვის მუქარის შემცველი სულაც არ ყოფილა, რათა აეძულებია იგი მიეღო მსგავსი გადაწყვეტილება.

გასაგებია ეს ხმა (ჭორი). სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელიც ქვეყანას 3 წელიწადს მართავდა, აშკარად დამნაშავე გახლდათ ომისთვის ქვეყნის სრულ მოუმზადებლობაში როგორც საგარეოპოლიტიკური (ავალოვის წიგნი „საქართველოს დამოუკიდებლობა...“), ისე სამხედრო მხრივაც; თავდაცვის გეგმის არარსებობა, სწორი მობილიზაციის არარსებობა, ტანსაცმლის, სამხედრო მასალისა და სხვათა უკმარისობა, და რაც მთავარია, გვარდიის ორგანიზაცია (24 ბატალიონი) არმიის საზარალოდ (12 ბატალიონი). საჭირო იყო თავისი ბრალი ვინმე სხვისთვის გადაებრალებიათ და იპოვეს კიდეც განტევების ვაცი – სამხედრო ხელმძღვანელობა.

მეორე საკითხი შეეხება თბილისის დატოვებას. ნ. ბ. რამიშვილმა უკვე პარიზში, კერძო საუბარში, მითხრა, რომ თბილისის დატოვება მე მაწევს კისრად, და ასევე კისრად აწევს ნ. ნ. ჟორდანიასაც. საკითხი თბილისის დატოვების შესახებ კისრად აწევს სახელმწიფო თავდაცვის საბჭოს, რომელმაც ორჯერ პრინციპულად გადაწყვიტა ეს საკითხი, ე. ი. რომ თბილისის დატოვება არ აღნიშნავს ბრძოლის შეწყვეტას. ასეთი გადაწყვეტილების შედეგად საჭირო იყო გადაგვერჩინა არმია, რომელიც ბრძოლის გაგრძელების საშუალებას წარმოადგენდა, და მსხვერპლად შეგვეწირა ქალაქი. ხოლო რაც შეეხება საკითხს დატოვების დროის არჩევის შესახებ, ამ საკითხს შეიძლება წყვეტდეს მხოლოდ სარდლობა, რომელსაც მხოლოდ შეუძლია კიდეც იმის განსაზღვრა, თუ არმიის გადარჩენის წუთი როდის დადგა.

მომენტი თავისდროულად იქნა არჩეული; მხოლოდ 25 თებერვლამდე შეიძლებოდა არმიის გადარჩენა; ამ დღის დილიდან უკვე ვეღარ შევძლებდით. მე თბილისიდან ჩემი ნათესავები მწერდნენ, რომ ჰეკერმა (საბჭოთა რუსეთის 11-ე არმიის სარდალი – ი. ხ.) თბილისიდან უკანდახევაზე ასეთი სიტყვები წარმოსთქვა: „უკანდახევისთვის ოდესმე რომ ჯილდოების მიცემა შეიძლებოდეს, მაშინ გენ. კვინიტაძეს ყველა ჯილდო უნდა მიეცეს ამ უკანდახევისთვის“.

მდგომარეობის შეფასება, სამხედრო ვითარების შეფასება, რომელიც ამა თუ იმ სამხედრო გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს, უნდა ეკუთვნოდეს სამხედროს. სამხედრო საქმეებში არაკომპეტენტური პირების ჩარევამ და ამის გამო ჩვენს სამშობლოში მომხდარმა სამწუხარო შედეგებმა ნოე ბესარიონის ძეს ვერაფერი ასწავლეს, ვერაფერი ასწავლა ჩვენს უცოდველ სტრატეგს ამაში ვერც საზღვარგარეთ ყოფნამ.

უნდა დავუმატო შემდეგი. კაპიტანმა თავადმა ივანე ვაჩნაძემ, რომელიც უცხოურ ლეგიონში იმყოფებოდა, პარიზში შვებულებით ყოფნის დროს მიამბო, რომ ლეგიონში სამსახურის გამო მას მოუწია ქაღალდებისთვის გადაეხედა და ერთი რუსის მიმოწერისაც, რომელიც თბილისში მსახურობდა. ქაღალდების გადახედვისას იგი ჩემს გვარს წააწყდა. აღმოჩნდა სკოლაში, სადაც იგი იყო, თბილისის დატოვების განხილვა ხდებოდა, როგორც დროული და იღბლიანი უკანდახევის მაგალითისა, რომლის დროსაც არც ერთი ქვემეხი და არც ერთი შაშხანა დატოვებული არ ყოფილა.

ამ დამატებას ჩემს მიერ დაწერილ მოგონებებზე მნიშვნელოვნად უფრო გვიან ვაკეთებ, რომლებიც (ეს მოგონებები) მე 1922 წელს შევადგინე, როცა ბევრი რამ ჯერ კიდევ კარგად მახსოვდა.

რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვა ჯარების გვარეობათა მოქმედებების შესახებაც. ჩვენი არტილერია სიმაღლეზე აღმოჩნდა; იგი ჩინებულად ისროდა, თითქმის მსროლელთა რიგებში განლაგდებოდა და თავისი მოქმედებებით ქვეით ჯარს დიდად ეხმარებოდა, ხოლო ჩვენი საარტილერიო უბანი კი თავისი ზუსტი ცეცხლით მოწინააღმდეგის ჯავშნოსან მატარებლებს ნებას არ აძლევდა ჩვენს პოზიციებს მოახლოვებოდნენ. ჩვენი ცხენოსანი ჯარი მცირერიცხოვანი იყო და ქრონიკული უჭმელობისგან გაძვალტყავებულ და დაქანცულ ცხენებზე იჯდა. მას არ შეეძლო მოწინააღმდეგის მრავალრიცხოვანი ცხენოსანი ჯარისთვის წინააღმდეგობა გაეწია, რომელსაც (ე. ი. მოწინააღმდეგის ცხენოსან ჯარს) შეეძლო ჩვენი ცხენოსანი ჯარის უმცირესი გაუფრთხილებლობას დროსაც კი იგი გაენადგურებია. მაგრამ, ცივი იარაღით მოწინააღმდეგესთან უშუალო შეტაკების გარდა, ჩვენს ცხენოსან ჯარს დაზვერვის სამსახურიც უნდა გაეწია, რაშიც, მე უნდა ვაღიარო, მან მცირე სიმამაცე და ენერგია გამოავლინა. ცხენოსან ჯარს, თუ არ შეუძლია თავისი ამოცანის ცხენოსან მწყობრში მიღწევა, მაშინ მან მას ქვეით მწყობრში უნდა მიაღწიოს; ცხენი არ უნდა განიხილებოდეს როგორც მოწინააღმდეგისგან განშორების საშუალება, არამედ მხოლოდ როგორც მოწინააღმდეგესთან მიახლოების, ან მასთან ხელახლა შებმის მიზნით თავისი ადგილმყოფობის შეცვლის საშუალება. მესანგრეთა შესახებ შეიძლება მხოლოდ ქება გამოითქვას და ეს მათთვის არ შეიძლებოდა ჩამოგვერთვა მათ შემდგომ მუშაობაშიც ჩვენი შემდგომი უკანდახევის დროს. ჩვენმა ავტომობილებმა დაუღალავობა და ენერგია გამოიჩინეს, და თბილისის მცხოვრებნიც არაერთხელ ყოფილან მათი სამსახურის მოწმენი, როცა მათ ჯარები ჩვენი ვრცელი ფრონტის ერთი უბნიდან მეორეზე გადაჰყავდათ; მათი საქმიანობა უმაღლესი ზომით უწყობდა ხელს ჯარებს თბილისის დაცვაში; არ შემიძლია არ აღვნიშნო ჯავშნოსანი მანქანების საქმიანობაც, რომლებიც არა მარტო ხელს უწყობდნენ ჩვენს თავდაცვას, არამედ არაერთხელ მამაცურად გამგზავრებულან მოწინააღმდეგის დასაზვერად.

მაგრამ მე უნდა აღვნიშნო. ჩვენ უბნიდან უბანზე ჯარების გადასროლის დროს მხოლოდ საარმიო მანქანებით ვსარგებლობდით და, როცა ბ-ნ ფარჯიევის გვარდიულ საავტომობილო ასეულს მივმართავდი, იგი ყოველთვის პასუხობდა შტაბს, რომ მას მანქანები არ ჰყავს. რაც შეეხება ავიაციას, მე კატეგორიულად უნდა უარვყო ის ბრალდებანი, რომლებსაც მისი მისამართით უკვე კონსტანტინოპოლში ვისმენდი; ამბობდნენ, რომ ავიაციამ სულაც არ გასწია ისეთი სამუშაო, როგორიც შეეძლო. ამ ლაპარაკებს, სწორედ რომ ლაპარაკებს, არანაირი საფუძველი არ გააჩნიათ. ავიაცია გმირულად და თავგანწირულად ასრულებდა იმას, რასაც ავალებდნენ და მისი მუშაობის პირობებში ჩაყენებულს სხვას არავის შეეძლო ამის უკეთ შესრულება. მისი დაზვერვის მიერ მოტანილი ცნობები ყოველთვის სწორი აღმოჩნდებოდა; ბრძოლების დროს ისინი დაუღალავად მიფრინავდნენ და მოწინააღმდეგის ჯარებს ბომბებს აყრიდნენ; ავიატორები, თავიანთი უკვე დამყარებული წეს-ჩვეულების მიხედვით, სამუშაოს ყოველთვის თავად იხვეწებოდნენ. ხოლო მუშაობა კი განსაკუთრებით იყო გაძნელებული იმ მდგომარეობით, რომელშიც მათი გაცვეთილი მანქანები იმყოფებოდნენ. ახლად ნაყიდი თვითმფრინავები კი უსაქმოდ იყვნენ, რადგანაც მათთვის სპეციალურად აუცილებელი ზეთი, „გორუჩელა“, ნაყიდი არ ყოფილა. ვინაიდან ნ. ჟორდანიამ პირადად ამოშალა ეს ხარჯი იტალიაში საუკეთესო მანქანების შესყიდვისას. უნდა გენახათ მფრინავების სასოწარკვეთა, გყავდეს მოსწინააღმდეგის თვითმფრინავებზე აღმატებული მანქანები და არ შეგეძლოს მისი აეროპლანების განადგურება. ნ. ჟორდანიას ეკონომია, რომელმაც პირადად უარო ზეთის ყიდვა, ჩვენ ძვირად დაგვიჯდა. მაგრამ მფრინავები თავიანთ მოვალეობებს მხურვალე გულმოდგინებით ასრულებდნენ და ზოგიერთმა მათგანმა ჩამოვარდნაც განიცადა, თუმცა კი საბედნიეროდ მშვიდონიანი დასასრულით. ერთ-ერთი მათგანი, სტროევი, იძულებული შეიქნა ჩვენს ჯარებსა და მოწინააღმდეგეს შორის დაშვებულიყო: ძრავი გაუჩერდა. მაგრამ გადარჩა, ჭირვეული ძრავი კვლავ ამუშავდა და მფრინავიც ჰაერში ავიდა. მე არ მივცემ საკუთარ თავს ნებას რაიმე საყვედური გამოვთქვა მფრინავების მისამართით, არამედ პირიქით.

მთელ რიგ ზომებს შორის, რომლებსაც საჩქაროდ ვიღებდი თავდაცვისთვის, უნდა აღვნიშნო ერთი ღონისძიება, რომელიც კი დავიწყეთ, მაგრამ ვერ აღმოჩნდა რეალიზებული, უმთავრესად, დროის უკმარისობის გამო. მე ვითვალისწინებდი მოწინააღმდეგის ცხენოსანი ჯარის უპირატესობას (აღმატებულობას) და, რა თქმა უნდა, ამის ყველა შედეგი წინასწარ უნდა ამომეცნო. რით შემეძლო ცხენოსანი ჯარის წინააღმდეგ მებრძოლა. რა თქმა უნდა, ცხენოსანი ჯარი რომ საკმარისად მყოლოდა, მაშინ ამის მიღწევა ადვილი გახლდათ, მაგრამ ის არ მყავდა. ამასობაში, სარგებლობდა რა ცხენოსანი ჯარის უპირატესობით, მოწინააღმდეგეს შეეძლო ჩვენს ზურგში დაუბრკოლებლად გამოჩენილიყო. ამის გათვალისწინებით მინდოდა ამ ცხენოსან ჯართან ბრძოლის ორგანიზება ადგილობრივი მოსახლეობის მეშვეობით მომეხდინა, ე. ი. მასთან რაღაც პარტიზანული ბრძოლის მაგვარი ამეწყო. ამ მიზნით დავნიშნე პოლკ. თუხარელი, განკარგულებაში მას მივეცი ოფიცრები, ვაზნები და ფული. მას ყველა სოფელში უნდა მოეხდინა მოხალისეთა რაზმების ორგანიზება და სოფლებში ადგილებზე თავდაცვის ორგანიზაცია. ეს რაზმები მოწინააღმდეგის ცხენოსანი ჯარის გამოჩენისას გარკვეულ პუნქტებში შეიკრიბებოდნენ და, ისარგებლებდნენ რა ადგილმდებარეობის ხელსაყრელი თვისებებით, სოფლების თავდაცვის ორგანიზაციას მოახდენდნენ, ასევე ღამღამობით მოწინააღმდეგეზე თავდასხმების ორგანიზებასაც. საერთოდ, უნდა ვაღიარო, რომ ეს პარტიზანული მოქმედებები მოწინააღმდეგის ცხენოსანი ჯარის წინააღმდეგ იმდენად ნამდვილი (ქმედითი) საშუალება არ გახლავთ, რომლებითაც შეიძლებოდეს მოწინააღმდეგის ცხენოსანი ჯარის საქმიანობის პარალიზება. ასეთი ორგანიზაცია წინასწარ თადარიგის დაჭერას მოითხოვს და იმ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენ გახლდით, დროის უკმაროსობის წყლობით, შედეგები ვერ მოგვცა.

ახლა, სანამ ჩემს მოგონენებებს გავაგრძელებდე, რამდენიმე სიტყვას ვიტყვი იმის შესახებ, თუ რა მოხდა კახეთში. ვერ ვიხსენებ, თუ რომელ რიცხვში გადმოვიდნენ შეტევაზე მოწინააღმდეგის ჯარები კახეთის მხრიდან; მაგრამ ეს 16 თებერვლის შემდეგ იყო.

მე გავითვალისწინე, რომ კახეთი შეიძლება მოწყვეტილ იქნას თბილისისგან და თავი დამოუკიდებლად უნდა დაეცვა. ამ მიზნით იქ დავნიშნე გენ. ახმეტელი საგანგებო უფლებებით, რომლებიც მთელ კახეთზე ვრცელდებოდა. იგი უფლებამოსილი გახლდათ მთელი მოსახლეობა ფეხზე დაეყენებია და იგი თავდაცვის საქმეში ჩაერთო. გენ. ახმეტელი იქ ვაზნებით, იარაღითა და ფულით გაემგზავრა იმ ზომით, რისი მისთვის გამოყოფაც ჩვენ შეგვეძლო.

მოწინააღმდეგემ შემოუტია ჩვენს ნაწილებს და დაიწყო შემოტევა მდ. ალაზნის ორივე ნაპირის გამოყოლებით, ხოლო შემდეგ კი ძალების ნაწილი თბილისზეც გამოგზავნა, სავსებით სწორად ითვალისწინებდა რა, რომ მთავარი მოქმედებები თბილისის მიმართულებაზე გათამაშდება. მოწინააღმდეგის აღმატებული ძალების ზეწოლით გენ. ახმეტელი ნაბიჯ-ნაბიჯ დასავლეთისკენ იხევდა და იძულებული იყო ახმეტისა და დუშეთის გამოვლით თავისი რაზმის ნარჩენებით საქართველოს სამხედრო გზაზე გამოსულიყო, სადაც გზა მისთვის გადაჭრილი აღმოჩნდა მოწინააღმდეგის მიერ, რომელიც ვლდიკავკაზიდან მოდიოდა. იგი ტყვედ იქნა აყვანილი გენ. ჭავჭავაძესა და გენ. თავაძესთან ერთად და, რუსეთში გაგზავნილი, ტყვეობაში გარდაიცვალა. მშვიდობა მის ნეშთს.

მე მოქმედებების ჩემეულ აღწერაში 24-დან 25 თებერვლის ღამეზე შევჩერდი. ეს ღამე რაზმთან ერთად მუხათ-გვერდის წინ გავატარე. ვიდექი რა აქ, მზად ვიყავი ნებისმიერ მომენტში დავხმარებოდი გენ. ანდრონიკაშვილის კოლონას, თუ მოწინააღმდეგე ნახშირ-გორის მხრიდან შეეცდებოდა მისთვის გზა გადაეჭრა. განთიადამდე ყველაფერი ჩუმად და მშვიდად იყო. გენ. ანდრონიკაშვილის ჯარები ჯერ კიდევ არ იყვნენ გამოჩენილი, როცა მდ. მტკვრის იმ ნაპირზე ჩვენი ჯარების კოლონები შევნიშნე, რომლებიც ავჭალას უახლოვდებოდნენ.

ამ დროს გასროლების ხმა შემომესმა მტკვრის იმ ნაპირიდან და თოფიდან გასროლების გაელვებანიც შევნიშნე, რომლებიც ავჭალის ჩრდილო-დასავლეთით განლაგებული სიმაღლეებიდან იყო ჩვენსკენ მომართული. ამ სიმაღლეების დაბლა, სწორ ადგილზე, რკინიგზა გადიოდა. გასროლების მიხედვით ძნელი იყო განმესაზღვრა და მეჩვენებოდა, რომ მოწინააღმდეგე იქ ბევრი არ იყო, თუმცა კი სინამდვილეში ის მნიშვნელოვნად მეტი აღმოჩნდა. მე ჩემი ადგილიდან ვაკვირდებოდი, თუ თბილისიდან უკანდახეულმა ჯარებმა საბრძოლო მწკრივების გაშლა როგორ დაიწყეს და შეტევაზეც გადავიდნენ, ხოლო არტილერიამ კი ცეცხლი გახსნა. არტილერია ისროდა ზემოაღნიშნული სიმაღლეების მხარეს, აგრეთვე ავჭალიდან ჩრდილოეთისკენაც. უკანასკნელი გარემოება მიჩვენებდა, რომ მოწინააღმდეგე ავჭალის ჩრდილოეთითაც იმყოფება, მე მას ვერ ვხედავდი. მაშინვე გავგზავნე ცხენოსანი ოფიცერი მდ. მტკვრის ნაპირზე, რათა მეორე მხარეს ხმით გადაეცა, რომ მუხათ-გვერდთან ჩვენ ვდგავართ და რომ მტკვრის მარცხენა ნაპირის ჯარების წინააღმდეგ მხოლოდ მოწინააღმდეგის ცხენოსანი ჯარი იმყოფება. ამასთან ერთდროულად ეს შეტყობინება გენ. ანდრონიკაშვილსაც გავუგზავნე, რომელიც მის ზურგში წარმოებულ ამ გასროლებს შეიძლებოდა შეეშფოთებინა. ამასობაში, მარცხენა ნაპირზე მოწინააღმდეგესთან ეს შეტაკება ლიკვიდირებულ იქნა. მოწინააღმდეგე თავის პოზიციებს ტოვებდა და ჩრდილოეთით მიდიოდა. გზა გახსნილი იყო და ჩვენ გავედით (გავარღვიეთ). ჩვენი ჯავშნოსანი მატარებელი ავჭალიდან დაიძრა და მცხეთისკენ გაემართა, თან მოწინააღმდეგეს ზარბაზნებიდან და ტყვიამფრქვევებიდან ესროდა. მას უკან სხვა მატარებლები მიჰყვნენ და აქ შევნიშნე, რომ ვაგონებში ბლომად იყვნენ ადამიანები. ღამით, როცა რაზმთან ერთად უკან ვიხევდი, ჩემთან ერთად იყვნენ გვარდიის შტაბის წევრები და ჩემი შტაბის უფროსი გენ.ზაქარიაძე. არმიის შტაბის წევრები მომზადებული მატარებლით მცხეთაში გაემგზავრნენ. შემდეგ გამთენიის წინ ან გამთენიისას, ზუსტად არ მახსოვს, მცხეთაში გენ. ზაქარიაძეც მივავლინე.

დილის 9–10 საათზე გენ. ანდრონიკაშვილის ჯარებმა დაიწყეს მოსვლა, ისინი წესრიგით მოდიოდნენ. გენ. ანდრონიკაშვილს მივუთითე მუხათ-გვერდთან გაჩერებულიყო, დაესვენა და ჩემი ბრძანებით მითითებული პოზიცია დაეკავებინა. უკვე დაახლოებით შუადღეს მივიღე შეტყობინება, რომ მცხეთაში დიდი არეულ-დარეულობაა (столпотворение); არ მახსოვს, ამ ცნობით გენ. ზაქარიაძე ჩამოვიდა თუ მან ვინმე გამოგზავნა. გვარდიის შტაბისგან არანაირი ცნობები არ მიმიღია. მე მცხეთაში გავემგზავრე. უკვე ვუახლოვდებოდი, როცა აღალის საზიდრები დავინახე, ისინი გზას ხერგავდნენ, და მე მათ შორის ცხენზე ამხედრებული დიდი შრომით გავდიოდი. მცხეთის სადგურთან მივედი. თავად სადგური, გზები და გარეშემო ადგილმდებარეობა სავსე იყო სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანებით. ცხენიდან ჩამოვედი და მათ შორის გაღწევას ვცდილობდი. ჯარისკაცები თითქმის არ მინახავს; ყველანი გვარდიელები იყვნენ. ეს ბრბო წამსვლელ მატარებლებს ელოდებოდა, რომლებშიც შემდეგ კიდეც სხდებოდა. მე გვარდიის შტაბი ვიპოვნე და მათ მოთხოვნით მივმართე, რომ თავისიანებს შორის წესრიგი დაემყარებინათ და ნაწილები შეეკრიბათ. მათ მითხრეს, რომ უკვე ეცადნენ, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ. მიუხედავად ამისა, დაჟინებით მოვითხოვე, რათა მათ ზომები მიეღოთ. ისინი ჩემი დაჟინებით ბრბოში ამ მიზნით ორჯერ გავიდნენ, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ; მათ არ უსმენდნენ. მაშინ მათ კატეგორიულად განმიცხადეს, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ და მთხოვდნენ ყველანი გორში წამეყვანა, მხოლოდ იქ თუ შეძლებენ ისინი მათ შორის წესრიგის დამყარებას. საყვარელი ორგანიზაციაა (Милая организация).

სადგურის ახლოს იდგა სამხედრო სკოლა. ერთ ხანს მინდოდა წესრიგი იარაღის ძალით დამემყარებია. მაგრამ მეორეს მხრივ, თუ ბრბოს გავფანტავდი, დავკარგავდი ხალხს, რომლებიც საბოლოოდ და სამუდამოდ გაიფანტებოდნენ. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ნათელი შეიქნა, რომ ჩემს მიერ დასახული პოზიციის თავდაცვა ამ ადამიანებს უკვე აღარ შეუძლიათ. მარცხენა ნაპირის პოზიციები მიტოვებულ იქნა. როგორც ადრე ვამბობდი, გვარდიელები ჩემი ჯარების მთელი რიცხვის 3/4-ს შეადგენდნენ და მათი საბოლოოდ დაკარგვა მიზანშეწონილი არ გახლდათ. შეკუმშული გულით ნება მივეცი ხალხი გორში წაეყვანათ, სადაც გვარდიის შტაბი დამპირდა, რომ მათ ორგანიზებას მოახდენდა. გენ. ანდრონიკაშვილის ჯარებს ვუბრძანე ღამით სადგურ მცხეთა – ნავთობსადენის რაიონში დარჩენილიყვნენ და მივეცი ბრძანება გამთენიიდან გორისკენ უკანდახევა გაეგრძელებიათ. მე მივუთითე განთიადი, რათა საზიდრებსა და ქვემეხებს იმით ესარგებლათ, რომ ღამის განმავლობაში გზები შეიძლებოდა უფრო გაყინულიყო და ამ გარემოებას მათი მოძრაობაც შეემსუბუქებინა. ბრძანების თანახმად გენ. ი. გედევანიშვილს მე-2 დივიზიის ნაწილები საველე და საჰაუბიცე არტილერიითა და აღალის უმეტესი ნაწილით გორისკენ მუხრანის ველის გავლით უნდა წაეყვანა, ხოლო გენ. ანდრონიკაშვილს კი სამთო არტილერიით მდ. მტკვრის გაყოლებით დაეხია.

და რისი შედეგი აღმოჩნდა ეს არეულ-დარეულობა საგდურ მცხეთასთან? გენ. მაზნიაშვილისა და პოლკ. გედევანიშვილის მოხსენებით, როცა ავჭალის სიახლოვიდან მოწინააღმდეგის ცხენოსანი ჯარი განდევნეს, მათ თავიანთი ნაწილებით ჩემს მიერ მითითებული განლაგება დაიკავეს. მომდევნო დილიდან კი ადამიანებმა პოზიციების დატოვება და მცხეთაში წასვლა დაიწყეს.

ფსიქოლოგიურად მე ამას ვხსნი შემდეგით. გვარდიის ზნეობრივი ელემენტი, მდგრადობა, საერთოდ ბრძოლისუნარიანობა ყოველთვის ძალზედ დაბალ საფეხურზე იდგა. მდ. ხრამზე ბრძოლაში ამ ნაწილებმა, როცა თავიანთ ფლანგზე მოწინააღმდეგე დაინახეს, იმის ნაცვლად, რომ ეცადათ მისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ, უწესრიგოდ სანდარიზე უკან დაიხიეს; კერძო მეთაურთაგან არც ერთს არ უცდია თავისი თადარიგიანობითა და ინიციატივით წესრიგი დაემყარებია და საყარაულოს-მთა დაეკავებიათ, რათა წითელი ხიდის მხრიდან თბილისზე მომავალი გზა დაეფარათ. თბილისში მათი ხელმეორედ ორგანიზება მოახდინეს, მაგრამ ნათელია, რომ მათი ბრძოლისუნარიანობა კიდევ უფრო დაქვეითებული გახლდათ. 24 თებერვალს მათ გამაგრებული პოზიციები ბრძოლის გარეშე მიატოვეს. თბილისის სადგურში უკვე მატარებლებში ჩასხდომა დაიწყეს, ე. ი. გახრწნამ თავისი ნაყოფების მოცემა დაიწყო. ავჭალასთან მიწინააღმდეგის ცხენოსან ჯართან შეხვედრამ მათ ზნეობრივი ძალები საბოლოოდ წაართვა, და მათაც მასობრივად მატარებლებში ჩასხდომა და ზურგში გაძურწვა დაიწყეს (и они массами стали садиться на поезда и удирать в тыл).

* * *

არაერთხელ დავკვირვებივარ ერთ მეტად საეჭვო მოვლენას. გვარდიელები რუსებთან ომზე უარს ამბობდნენ. ასე იყო 1920 წელს წითელ ხიდზე; ასე იყო მაშინ ლაგოდეხის მიმართულებაზე, სადაც ისინი რუსებს ეძმობილებოდნენ; ასე იყო 1921 წელს წითელ ხიდზე, სადაც საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე გვარდიელები ისევ ეძმობილებოდნენ (ყარაულის უფროსი ჩაის სვამდა მოწინააღმდეგესთან). შემდეგ ყურადღება უნდა მივაქციოთ ტაბახმელის ფრონტზე ერთი ოფიცრის მიერ უნებურად მოსმენილ გვარდიელების ურთიერთშორის საუბარს. ასევე ვიცი, რომ ერთმა ქალბატონმა, ეს ომის დაწყებამდე იყო, როცა მესანგრეთა ყაზარმების წინ მიდიოდა და ყაზარმებთან შეკრებილი გვარდიელების ჯგუფი იხილა, ჰკითხა მათ: „თქვენ ბოლშევიკების მოსვლისა არ გეშინიათ?“ „რისი უნდა გვეშინოდეს?“ – უპასუხეს მათ – „ჩვენ ყველანი ბოლშევიკები ვართ“. ყოველივე ეს გვიჩვენებს თუ როგორი გავლენები, როგორი აზრები დადიოდა გვარდიელებს შორის.

გავეცი რა ბრძანება უკან დახევაზე, მე ჩემი მატარებლით სადგურ მცხეთაში დავრჩი. მოწინააღმდეგე არ ჩნდებოდა. ზემოხსენებული სარკინიგზო ხიდი აფეთქებულ იქნა და გენ. ანდრონიკაშვილის განკარგულებით ჩვენი პოზიციების წინ არიერგარდი და ცხენოსანი ჯარი იყვნენ დაყენებული. სადგურ მცხეთიდან თბილისისკენ გამოსასვლელში იდგა გვარდიის ჯავშნოსანი მატარებელი. სადგურის ევაკუაცია გრძელდებოდა; კიდევ ერთი მატარებელი რჩებოდა გასაგზავნი, როცა ღამის 3–4 საათზე ჯავშნოსანმა მატარებელმა უეცრად ქვემეხებითა და ტყვიამფრქვევებით ცეცხლი გახსნა. ეს ცრუ განგაში გახლდათ; არანაირი მოწინააღმდეგე არ ყოფილა, რაც იმით მტკიცდება, რომ გენ. ანდრონიკაშვილის ნაწილები გამთენიისას ისე მიდიოდნენ, რომ მოწინააღმდეგეს ისინი არ შეუწუხებია. ამასობაში ამ განგაშმა ძლიერად შეაშფოთა ადამიანები. პირველივე გასროლების დროს მე ჩემი ვაგონიდან ვხედავდი, თუ მანევრის შემსრულებელი ორთქლმავალი პანიკურად როგორ დაიძრა უკან და გასამგზავრებლად მომზადებულ მატარებელს შეეჯახა; დარტყმისაგან რამდენიმე ვაგონი რელსებიდან გადავიდა. შემდეგ გადმომცემდნენ, რომ მემანქანემ ჩემი მატარებლის ორთქლმავალი ჩახსნა და გაქცევა უნდოდა, მაგრამ აქ მოსული შტაბის ოფიცრის მიერ იქნა გაჩერებული. ვაგონიდან გამოვედი და ჯავშნოსანი მატარებლის მხარეს გავემართე. ჩვენს მხარეს ტყვიები არ მოფრინავდა. ნათელი იყო, რომ მოწინააღმდეგე არ ყოფილა. როცა ყველაფერი დამშვიდდა, ჩემი მატარებელი გორისკენ დავძარი, სადაც 26 თებერვალს დილის 8–9 საათზე ჩავედი.

აქ, ჩამოვედი რა მატარებლიდან, შტაბის ოფიცრებთან ერთად სადგურის გაწმენდა დავიწყე, რომელიც თითქმის ისევე იყო დეზერტირებით გავსებული, როგორც მცხეთაში. აქ უკვე ბევრი ჯარისკაციც ვიხილე არმიიდან, უპირატესად მე-4 ბატალიონისა. ჩემდა სამწუხაროდ უნდა მოვახდინო კონსტატირება, რომ აქ არმიის ბატალიონის ერთ-ერთი მეთაურიც აღმოჩნდა; მე იგი მეთაურობას ჩამოვაშორე. გვარდია მტკვრის მარცხენა ნაპირზე გავგზავნე, ადგილობრივი გვარდიის შტაბში, სადაც ისინი ბატალიონების მიხედვით წესრიგში მოჰყავდათ. აქ, სადგურთან მე იგივეს ვუტარებდი არმიის ჯარისკაცებსაც. ამასობაში მომახსენეს, რომ ჯარისკაცები უფრო შორს სარკინიგზო ლიანდაგის გაყოლებით გროვებად მიდიოდნენ (кучками уходили). გავგზავნე ჯავშნოსანი მატარებელი და გაქცეულთა დიდი ნაწილის დაბრუნებაც მოხერხდა. ჩამოვუვლიდი რა ჯარებს და ვამყარებდი წესრიგს გორში ჩემი ჩამოსვლის პირველსავე დღეს, უეცრად გენ. ი. გედევანიშვილი შევნიშნე; მას, ჩემი ბრძანების თანახმად, მარცხენა კოლონა მუხრანის ველის გამოვლით უნდა წამოეყვანა. აღმოჩნდა, რომ ამის ნაცვლად, იგი ჩემი მატარებლით გორში ჩამოვიდა. ეს უკვე მეტის-მეტი იყო, და მე მას დივიზიის მეთაურობა ჩამოვართვი. დივიზიის მეთაურობა გენ. სუმბათაშვილს ჩავაბარე. გადაყენებული პოლკის მეთაური პოლკ. საგინაშვილი ზურგში გავგზავნე; გენ. ი. გედევანიშვილი ჩემთან დავიტოვე. უკანასკნელი ზურგში არ გამიგზავნია, ვინაიდან მეშინოდა, რომ იქ იგი ჩემთვის გვერდის ავლით რაიმე თანამდებობაზე შეიძლებოდა დაენიშნათ, რაც არ მინდოდა, რადგანაც მის უარყოფით ნიშნებში საბოლოოდ დავრწმუნდი.

გორში ჩვენ ორ დღეს დავყავით, განზრახულად ველოდებოდით რა გვარდიის მოწყობას. პირველი დღის საღამოსთვის გენ. სუმბათაშვილის არიერგარდი სოფელ ხიდისთავთან იმყოფებოდა. მისი არიერგარდი საარმიო ნაწილების ნარჩენებისგან შედგებოდა; ამ ნაწილების ბირთვი 100–150 ადამიანის რაოდენობით მასთან იმყოფებოდა, და პირველი დღისა და მეორე დილის განმავლობაში ისინი იმ გაქცეულებით იქნენ გაძლიერებული, რომლებიც ჩვენ გორში დავიჭირეთ.

მცხეთიდან გორამდე ამ უკანდახევისას ჩვენ საარმიო (საავტომობილო) ასეულის ყველა სატვირთო ავტომობილი და ზარბაზნების ნაწილიც დავკარგეთ; ყველაფერი ეს ქართული ახალქალაქის მახლობლად გაუვალ ტალახში ჩაეფლო. გვარდიის ყველა ავტომობილი თბილისში დარჩა. უკანასკნელ მომენტში მძღოლებმა სამსახურზე უარი განაცხადეს. სიმპტომატურია. აშკარაა ბოლშევიკებთან ომი არ უნდოდათ. რაც შეეხება არტილერიას, ის მიღებული ბრძანების თანახმად მუხრანის ველით წამოვიდა და მეორე დღეს გორში გამოცხადდა; იგი დაფარვის გარეშე მოდიოდა. ეს გენ. გედევანიშვილის ბრალი გახლდათ, რომელმაც ამ კოლონის ორგანიზება არ მოახდინა, და მცხეთაში ყოფნის დროს, ჩემი მატარებლის გამოსვლამდე, (არა თავის ჯარებთან, არამედ უაზროდ) სადღაც იმყოფებოდა. მე ამ დღეს, მიცემული განკარგულების შემდეგ, ჩემს მახლობლად იგი არ მინახავს და ვვარაუდობდი, რომ იგი ჩემი ბრძანების თანახმად მოქმედებს და მისდამი რწმუნებული ჯარების უკანდახევის მოწესრიგებითაა დაკავებული. როცა პირველი დღის განმავლობაში ვერ ვღებულობდი ცნობებს ამ კოლონისგან და ვერც ამ კოლონის უფროსს ვხედავდი ჩემს მახლობლად, ძალზედ შეშფოთებული გახლდით მის გამო და ვაჩქარებდი გვარდიას, რომ რაიმე ნაწილის ორგანიზება (მაინც) სწრაფად მოეხდინათ. საარმიო ნაწილები გენ. სუმბათაშვილის უფროსობით სოფ. ხიდისთავთან იდგნენ და ასეთნაირად გორის ევაკუაციას თბილისის მხრიდან მდ. მტკვრის გამოყოლებით იფარავდნენ. საჭირო იყო ქალაქი დაგვეფარა მურანის მიმართულებიდან, რომლის გამოყოლებითაც არტილერიამ დაიხია. ამასობაში მოვიდა ეგრეთ წოდებული მოხალისეთა გურიის ბატალიონი; ისინი დაახლოებით 1000 ადამიანი იყვნენ. ეს იყო ბრბო; მათ (სათანადოდ) არც ტანზე ეცვათ და არც ფეხზე, არც თოფები გააჩნდათ. მაშინვე მივიღე შეტყობინება, რომ ქუთაისიდან გამოგზავნილია სულ ახლახანს ჩამოყალიბებული 1-ლი პოლკის მე-2 ბატალიონი 800-მდე ადამიანის რაოდენობით. როცა გორიდან უკან ვიხევდით, მივიღე ცნობები, რომ გურიის ბატალიონის ხალხი წავიდ-წამოვიდა, და რომ 200 ადამიანზე მეტი არ დარჩენილა. თუმცა კი უკვე ხაშურში, როცა ისინი ჩვენ შემოგვიერთდნენ, გავიგე, რომ იქ აღმოჩნდა 500–600 ადამიანამდე.

გვარდიის შტაბის წევრებმა გორში ჩემი ჩამოსვლისას მითხრეს, რომ საღამოსთვის ისინი ბატალიონების ორგანიზებას მოახდენენ, საღამოს კი მითხრეს, რომ მათ დილისთვის მოამზადებენ. შემდგომი დღის დილისათვის მათ მზად არაფერი ჰქონდათ და მითხრეს, რომ შუადღისთვის მოამზადებენ. მე ვთხოვდი მათ თუნდაც 500 ადამიანი მოეცათ, რათა მუხრანის მიმართულება დაგვეფარა და ვთხოვდი გურულები გამოეყენებიათ. ამ რაზმის უფროსად გენ. კონიაშვილი დავნიშნე. მხოლოდ მეორე დღის საღამოსთვის მიაღწია გენ. კონიაშვილმა რამდენიმე ასეული ადამიანის მიღებას, თუმცა კი არტილერია მაინც არ მიუღია. არტილერიასთან მიმართებით ჩემს მიერ შემდეგი ზომები იქნა მიღებული. მთელი მძიმე არტილერია, აგრეთვე ის ზარბაზნები, რომელთა ცხენებით გადატანაც არ შეგვეძლო, მატარებლებში ჩავტვირთე და ზურგში გავგზავნე.

მაინც რა მიზეზი ჰქონდა იმას, რომ გვარდიის შტაბის წევრებს გორში გვარდიული ნაწილების აღდგენა არ შეეძლოთ? მთავარი მიზეზი ის გახლდათ, რომ ხალხი არ იყო. ჯერ კიდევ მცხეთაში დუშეთის გვარდიული ბატალიონი სახლებში წავიდა. გორში ქართლის ბატალიონებმა, ისინი კი ოთხი იყვნენ, მათ მაგალითს მიჰბაძეს. გორში გვარდიელები ცოტანი შეიკრიბნენ; უმრავლესობა უფრო შორს ზურგში წავიდა. გორში მე გენ. ჩხეტიანი ზურგის უფროსად დავნიშნე და იგი ხაშურში მივავლინე. მან გენერალ-გუბერნატორის უფლებები მიიღო და ზურგში წესრიგი უნდა დაემყარებია. ამასობაში გორში ჩვენი ყოფნის მეორე დღეს მოწინააღმდეგე ხიდისთავთან მყოფი ჩვენი არიერგარდის წინ გამოჩნდა და მას შემოუტია; მოწინააღმდეგის ხელში აღმოჩნდა არტილერია. მე დაჟინებით მოვითხოვდი გვარდიისგან რაიმე მოეცათ, და მხოლოდ შებინდების დაწყების წინ, როცა მოწინააღმდეგემ ჩვენს არიერგარდს ფლანგიდან დაუწყო შემოვლა, მივიღე ბათუმის გვარდიული ბატალიონი, აგრეთვე თბილისის საგანგებო ბატალონის 150 კაცი, და 50 კახელი გვარდიელიც. ბრძოლის დროს მე ბრძოლის ველთან გავედი და მას თვალს ვადევნებდი, როცა ბათუმის გვარდიული ბატალიონი მოვიდა. ბატალიონის მეთაურს ადგილმდებარეობის მიხედვით მივეცი მიმართულება; ეს მიმართულება ჩვენთვის ფლანგიდან შემომვლელი მოწინააღმდეგის ფლანგში გადიოდა. ამ ბატალიონის სწრაფ და გაბედულ შეტევას ჩვენთვის განსაკუთრებული დახმარება შეიძლებოდა მოეტანა. ბატალიონი დაიძრა, ნახევარი ვერსი გაიარა და გაჩრდა. დაიწყეს დაზვერვის ორგანიზება. ძვირფასი დრო იკარგებოდა. მართალია, ბაღებით დაფარული ადგილი უნდა გაევლოთ (რაც ხედვის არეს ამცირებდა). მაინც საჭირო იყო ბატალიონი საბრძოლო რიგებში გაეშალათ და, ჰქონდათ რა საერთო მიმართულება ბაღების იქითა მხარეს არსებულ ადგილობრივ საგანზე, მთლიანი (უწყვეტი) ჯაჭვით შეეტიათ. ადგილობრივი საგანი, მთაზე განლაგებული სასაფლაო და ეკლესია, ნათლად ჩანდა. ამასობაში დაბინდდა, და არიერგარდმა, რომელმაც ფლანგიდან შემომვლელთა წინააღმდეგ მხარდაჭერა ვერ მიიღო, უკანდახევა დაიწყო. ამ დროს მივიღე მოხსენება, რომ მუხრანის მხრიდან გამოჩენილმა მოწინააღმდეგემ გენ. კონიაშვილის რაზმს უკან დაახევინა, და რომ უკანასკნელის მწკრივები (ახლა) გორის ჩრდილოეთ გარეუბანს იკავებენ. ამრიგად მოწინააღმდეგე ჩვენს ზურგში შემოდიოდა. მე სადგურში დავბრუნდი; სადგური უკვე ევაკუირებული იყო. გავეცი ბრძანება საერთო უკანდახევის შესახებ. მხოლოდ ჩემი მატარებელი რჩებოდა გასასვლელი. ამ მატარებელში სამხედრო სკოლის ნარჩენები იმყოფებოდნენ; მატარებლის გამგზავრებას მე ვაჩერებდი. მინდოდა ჩემი იქ ყოფნით ჩემივე უკანასკნელი განკარგულებების შესრულებისთვის თვალი მიმედევნებია და რომ ეს უკანდახევა გაქცევად არ გადაქცეულიყო. ჩემი მატარებლის შემდეგ ჯავშნოსანი მატარებელი უნდა დაძრულიყო. კიდევ ერთი გარემოება მახალისებდა რომ სადგურში რაც შეიძლებოდა დიდხანს დავრჩენილიყავი. მოწინააღმდეგემ დაიწყო სადგურისა და ჩემი მატარებლისთვის საარტილერიო ცეცხლის დაშენა. ჭურვები ჩემს მატარებელთან ძალზედ ზუსტად სკდებოდა; გაუმსკდარი ჭურვები ჩემი მატარებლის ორივე მხარეს მიწაში ღრმად ეფლობოდა. ეს ჩვენი ბედნიერებაა, რომ არც ერთი ჭურვი მატარებელს არ მოხვედრია. მე მატარებლის გასწვრივ დავდიოდი და თავი ისე მეჭირა, თითქოს გამსკდარ და მიწაზე დაცემულ ჭურვებს ვერ ვამჩნევდი. ბოლოს დაბნელდა, მოწინააღმდეგემ ცეცხლის დაშენა შეწყვიტა და ჩვენი არიერგარდის ნაწილები ჩემს მატარებელს გაუთანაბრდნენ. მაშინ მე მატარებელში ჩავჯექი და ის ხაშურისკენ დავძარი, საითკენაც ჯარებს უკანდახევა ჰქონდათ ნაბრძანები.

ხაშურში მე მთავრობის თავმჯდომარეს შევხვდი. ხაშურში ჩვენ საერთოდ 3–4 დღე დავყავით. უკან დახეულმა არმიის არიერგარდმა პოზიცია ხაშურიდან აღმოსავლეთით რამდენიმე ვერსის მოშორებით დაიკავა. მოწყობილ იქნა სანგრები, რომლებიც ნაწილობრივ თოვლისაგან იყო აგებული. აქ შეიქმნა ორი უბანი. მარჯვნივ, რკინიგზიდან სამხრეთისკენ გენ. სუმბათაშვილის უბანი; მარცხნივ, მთისწინებამდე, გენ. მაზნიაშვილის უბანი. გარდა ამისა, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე წინ დავაყენე 1-ლი პოლკის მე-2 ბატალიონი, რომელიც ქუთაისიდან სწორედ იმ დროს ჩამოვიდა. გვარდია ისევ იკრიბებოდა; მისი აღდგენა სურამში ხდებოდა; ამჯერად ხალხი საკმარისად იყო და, ბოლოს და ბოლოს, მან 3000-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანა. საარმიო ნაწილებში 2500-მდე ადამიანი იყო, 1-ლი პოლკის მე-2 ბატალიონის ჩათვლით. გარდა ამისა ახალქალაქიდან სულ ახლახანს ჩამოყალიბებული 11-ე პოლკის ბატალიონიც მოდიოდა და ხაშურს იმ დღის გათენებამდე მოადგა, როცა ჩვენ შეტევაზე გადავედით.

ეს მარტის დასაწყისში იყო, 5 თუ 6 რიცხვში უნდა ყოფილიყო, ზუსტად არ მახსოვს. ამრიგად ხაშურში მე 6000 ხიშტზე მეტი შევკრიბე, რაც, თუ იმ გარემოებას გავითვალისწინებთ, რომ თბილისში ყველაზე მეტი 9600 ხიშტი მყავდა, არ შეიძლება იმ გარემოებებში საკმაოდ მნიშვნელოვნად არ მივიჩნიოთ. იყვნენ თუ არა ეს ადამიანები ბრძოლისუნარიანნი? არმიასთან მიმართებით ვამტკიცებ, რომ იყვნენ. იმ შეტევის დროს, რომელსაც ჩვენ მივმართეთ, არმიის ნაწილები სრულიად გაშლილ და სწორ ველზე, მუხლებამდე თოვლსა და ტალახში უტევდნენ. ხოლო ღია ადგილზე მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ შეტევა კი ქვეითი ჯარისთვის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ძნელ ოპერაციად ითვლება. გვარდიაც ასევე უტევდა, და მიუხედავად იმისა, რომ მას შტევა გაცილებით უფრო ხელსაყრელ გარემოებებში უხდებოდა, მთების კალთებზე და ისე, რომ თავის წინ მოწინააღმდეგე თითქმის არ ჰყოლია, მას შემართება სწრაფად გამოეცალა (она выдохлась быстро), და იგივე მოუვიდა, რაც ყოველთვის მოსდიოდა. იგი ბრძოლის ველიდან წავიდა, ისე, რომ არავისგან შეწუხებული და შევიწროვებული არ ყოფილა.

თუმცა კი რიგის მიხედვით აღვწერ. ხაშურში სარკინიგზო სამყაროში სრული ქაოსი დამხვდა. სადგური გაჭედილი იყო. მე ერთხელ უკვე მივუთითე, რომ სარკინიგზო ევაკუაცია ეტაპებად წარმობდა, რის შედეგადაც შემდგომი სადგურები ძალიან იტვირთებოდა (последующие станции загромождались). საჭირო იყო ყველა სადგური უკვე დიდი ხნის წინ გაეწმინდათ, მაგრამ გზების უფროსი ბათუმში აღმოჩნდა და მხოლოდ აქ ხაშურში მივაღწიე იმ პირის დანიშვნას, რომელიც უფლებამოსილი იქნებოდა ევაკუაცია ადგილზე განეკარგა. ამ დრომდე ევაკუაციას მხოლოდ სადგურის მორიგე განკარგავდა, რომელსაც მხოლოდ გადაზიდვების შესახებ პოლკ. გველესიანის მოთხოვნები უნდა შეესრულებია (ეს უკანასკნელი განაგებდა ჯარების გადაადგილებას). რა თქმა უნდა, სადგურის მორიგეს არ შეეძლო ასეთი მოვალეობისთვის თავი გაერთვა, ვინაიდან შემდგომი სადგურები მის მოთხოვნებს არ ასრულებდნენ და გასამგზავრებლად გამზადებულ მატარებლებს არ ღებულობდნენ, თვითონ იმათთანაც აღმოჩნდებოდა რომ მთელი გზები დაკავებული გახლდათ; ასე იყო ყველა სადგურში. მე ტელეგრამა გავუგზავნე ბათუმში გზების უფროსს მოთხოვნით ან თვითონ ჩამოსულიყო, ან დაენიშნა პირი, რომელსაც შეეძლებოდა ეს რთული ოპერაცია სრულუფლებიანად განეკარგა. ჯერ კიდევ გორში ყოფნისას გადავდგი ნაბიჯები ამ მიმართებით, მაგრამ შევიტყე, რომ გზების უფროსი პირადად იმყოფება ხაშურში და პირადად ხელმძღვანელობს. რამდენადმე დავმშვიდდი, მაგრამ როცა ხაშურში ჩავედი, გავიგე, რომ გზების უფროსი ბათუმში გაემგზავრა, მიუთითებდა რა იმაზე, რომ ევაკუაციის ხელმძღვანელობა იქიდან მისთვის უფრო მოსახერხებელია. ამ გარემოებამ მაიძულა კიდეც ზემოხსენებული ტელეგრამა გამეგზავნა და ასეთი პირი დანიშნულ იქნა. მაგრამ, ეჭვი არ არის, რომ ამ უკანასკნელის განკარგულებებს შეიძლებოდა წინ ბათუმიდან წამოსული განკარგულებები დახვედროდა, ესე იგი აქაც, ამ სფეროში, ვერ იქნა მიღწეული ერთხელისუფლებიანობა, რომელიც ასე აუცილებელი გახლდათ. ამიტომ მე ხშირად თვითონ მიხდებოდა დრო სადგურის უფროსის კანტორაში მეტარებია.

აი, მაგალითად, ჩემი ერთი საუბარი სადგურის მორიგესთან. ევაკუაცია მუხრუჭდებოდა. მე კანტორაში შევედი და ვიკითხე, მატარებლები რატომ არ მიემგზავრებიან. ეს ჩემს მიერ გაკეთებულ იქნა მასთან ჩემი ადიუტანტების რამდენჯერმე მიგზავნის შემდეგ, რომლებიც ჩემი სახელით მატარებლების დაუყოვნებლივ გაგზავნას მოითხოვდნენ. ჩემს კითხვაზე იგი საკმარისად მსუბუქდ და თავაშვებულად მპასუხობდა და, როგორც ჩანს, არ უნდოდა საკუთარი თავისთვის ანგარიში მიეცა იმაში, თუ როგორ კრიტიკულ მდგომარეობაში ვიმყოფებოდით, და სარდლობა და ჯარები ზურგში ასეთი ზედახორის გამო როგორ ხელებშეკრული იყვნენ. მე მას ვუპასუხე, რომ თუ საქმე დაუყოვნებლივ ვერ მოწესრიგდება, მაშინ ვუბრძანებ იგი დახვრიტონ. მან მიპასუხა, რომ მისთვის სულ ერთია, რომ მას თავგზა აქვს აბნეული, რომ მას ამისი არ ეშინია და სხვა ასეთი სულისკვეთებით. მე ჯიბიდან ამოვიტაცე რევოლვერი და ვუთხარი, რომ მას ახლავე პირადად დავხვრეტ. ამან იმოქმედა, და მან უკვე სხვა ტონით მითხრა, რომ ყველა ზომას მიიღებს მატარებლების გასაგზავნად. მე გამოვედი და, მართლაც, დაიწყო მატარებლების გამგზავრება. მიზეზები მატარებელთა შესაყოვნებლად ბევრი იყო. ერთ-ერთი მიზეზი სამუხრუჭო ვაგონების არარსებობა გახლდათ, რაც აუცილებელი იყო წიფას გვირაბიდან მატარებლების დაბლა დაშვებისას.

იყო კიდევ ერთი გარემოებაც. ხაშურში მე შევნიშნე სარკინიგზო პერსონალის ომისადმი ძალზედ პასიური დამოკიდებულება. ყველაფერი ზედმეტად დაუდევრად და ნელა კეთდებოდა. ამ დროს გზების უფროსის მიერ ჩემგან მოთხოვნილი პირი უკვე დანიშნული გახლდათ. მე ახლა ვერც მის გვარს ვიხსენებ და ვერც თანამდებობას. უნდა ვთქვა, რომ იგი არა მარტო ენერგიული, არამედ დაუღალავი განმკარგულებელიც აღმოჩნდა. მისგან ჩვენ დიდად ვართ დავალებული ევაკუაციის მოწესრიგების გამო. როგორც ზემოთ აღვნიშნავდი, მე არაერთხელ პირადად ვადევნებდი თვალყურს ევაკუაციას. შევნიშნე რა გზებზე რამდენიმე მატარებელი, რომლებიც მზად იყვნენ გასაგზავნად, მაგრამ ორთქლმავლების გარეშე გახლდნენ, ვიკითხე თუ რატომ არ აგზავნიან. ჩემს მითითებაზე, რომ ვბრძანე, რათა ყველა გამართული ორთქლმავალი წინასწარ ყოფილიყო მომზადებული, მიპასუხეს, რომ ბრძანება ჯერ კიდევ გუშინ იქნა გადაცემული, მაგრამ ახლა ტელეფონით მოთხოვნაზე დეპომ უპასუხა, რომ გამზადებული ორთქლმავლები არ არის. ეს დილით ადრე იყო. მე პირადად წავედი დეპოში. იქ ჩემთან დეპოს უფროსი მოვითხოვე, რომელიც იქვე აღმოჩნდა. ჩემს კითხვაზე, თუ რატომ არ არიან მზად ორთქლმავლები, მან მიპასუხა, რომ მზად არიან, მაგრამ რომ სადგური ორთქლმავლებს არ მოითხოვს. ამასთან მან გამზადებულ და ლიანდაგებზე მდგარ ორთქლმავლებზე ხელით მიმითითა; სამი უკვე ორთლის ქვეშ იდგა, მე-4 ქვანახშირის ჩატვირთვას ამთავრებდა, ხოლო მე-5-მ კი ქვანახშირის ჩატვირთვა ახლახანს დაიწყო. მატარებლები გამგზავრებულ იქნენ, მაგრამ მე მაინც ვერ მოვახერხე გამერკვია, თუ ვინ მოითხოვდა ორთქლმავლებს და ვინ პასუხობდა დეპოდან, რომ ორთქლმავლები არ არისო. ხაშური, საერთოდ, არასასიკეთოდ უნდა ჩაითვალოს იმ აზრით (надо считать неблагополучным в том смысле), რომ იქ ძლიერი გახლდათ ბოლშევიკური პროპაგანდა.

აღვნიშნავ კიდევ ერთ, უკვე სრულიად უცნაურ შემთხვევას. ეს იყო დილით, ხაშურიდან ჩვენი გასვლის მომენტში. ჩემი მატარებელი ჩიხში იდგა, ორთქლმავალი ორთქლის ქვეშ გახლდათ და ჩემი ბრძანებით ნებისმიერ მომენტში უნდა დაძრულიყო. როცა მატარებლის შორიახლოს მივდიოდი, უცებ შევნიშნე, რომ ორთქლმავლის წინ 3–4 საჟენზე რელსების სამაგრები ამოხრახნილი იყო და, შესაბამისად, ორთქლმავალი მოძრაობისას რელსებიდან გადავიდოდა. იმის დადგენა, თუ ვინ ამოხრახნა, რა თქმა უნდა, ვერ მოხერხდა. ეს ბედნიერი შემთხვევა გახლდათ, რომ შევნიშნე. ამის წინ მე რამდენჯერმე გავიარე ეს ადგილი, ამავე ადგილას გადიოდნენ შტაბის ოფიცრები და რკინიგზის მოსამსახურენიც. სამაგრები, რა თქმა უნდა, გასწორებულ იქნა. ასეთი გახლდათ ვითარება ხაშურში; ჩვენ მაინც მოვახერხეთ ყველაფრის ევაკუაცია, რამდენიმე დიდი ორთქლმავლის გარდა, რომელთა თან წაყვანაც მათი გაუმართაობის გამო არ შეიძლებოდა.

* * *

ხაშურში მე შევიტყე, სწორედ რომ შევიტყე, რომ მთავრობის თავმჯდომარის მიერ საგანგებოდ რწმუნებული პირია დანიშნული დაზერტირების, წამქეზებლებისა და დაუმორჩილბელთა და ა. შ. გასასამართლებლად.

ეს პირი იყო ვიქტორ ჟღენტი. მისი თანამდებობის დასახელება არ შემიძლია. იგი ამასთან ერთდროულად სასამართლოს თავმჯდომარეც გახლდათ. მას საგანგებო უფლებამოსილებანი ჰქონდა და ლამის იყო შეეძლო თავისი ძალაუფლება ჩემზეც კი გაევრცელებია. საერთოდ, რამდენადაც მახსენდება, იგი თავის სფეროში ენერგიულად მოქმედებდა და რამდენიმე ადამიანი მის მიერ დახვრეტილიც იქნა. თუმცა კი, მე ერთხელ მივმართე მის სასამართლოს, მაგრამ ჩემი მცდელობა წარმატებით ვერ დაგვირგვინდა. არმიასა და გვარდიას თავიანთი ცალკეული საინტენდანტო საკმაყოფო დაწესებულებები გააჩნდათ. ჩემთან მათი ხარჯვითი მაღაზიები (расходные магазины) იმყოფებოდა. ხშირად ხდებოდა, რომ ერთ-ერთ მათგანში მარაგები არ იყო, მეორეში კი ჰქონდათ. ამიტომ მე ვუბრძანე გვარდიისა და არმიის ხარჯვითი მაღაზიებიდან გაეცათ როგორც არმიისთვის, ისე გვარდიისთვისაც. ამ ნიადაგზე მოხდა ინციდენტი. გვარდიული მაღაზიის ოფროსმა ან გამცემმა უარი განაცხადა ერთ-ერთი საარმიო ნაწილის წარმომადგენლისთვის სურსათი მიეცა. მე მომახსენეს. გავგზავნე ეთქვათ, რომ ჩემი ბრძანება შესრულებული ყოფილიყო. ეს ამაო გამოდგა. მაშინ ვ. ჟღენტს განვუცხადე და ვთავაზობლი დამნაშავე დაეჭირათ და გაესამართლებიათ. ამას შედეგი არ მოჰყოლია. ამ საკითხისადმი დასაბრუნებლად დრო უკვე აღარ მქონდა; ამისთვის არ გვეცალა; მიდიოდა მოვლენები, რომლებშიც მთლიან გახლდით ჩაფლული (შთანთქმული). 

მთავრობის თავმჯდომარის მატარებელს შევხვდი ხაშურში. რა თქმა უნდა, დღეში რამდენჯერმე შევდიოდი მთავრობის თავმჯდომარესთან. ღამით მთავრობის თავმჯდომარის მატარებელი გვირაბის იქით, წიფაში მიემართებოდა. ხაშურში ჩვენი ყოფნის დროს იქ ჩამოვიდა ე. პ. გეგეჭკორი, რომელიც სულ იმ ხანებში დაბრუნდა ევროპიდან. მე მას შევხვდი, არ მახსოვს ჩემს ვაგონში თუ თავმჯდომარის მატარებელში. შეიტყო რა, რომ საბრძოლო მარაგები ამოწურვაზე გვაქვს, მან თქვა, რომ მათი შეძენა კონსტანტინოპოლში შეიძლება. ვუპასუხე, რომ იქ, მგონი, ჩვენ ფული არ გვაქვს. იგი შემომეკამათა, რომ დროებით შეუძლიათ იმ ფულებით ისარგებლონ, რომლებიც კონსტანტინოპოლში მის სახელზე იმყოფება, და რომ ასეთი 2 მილიონი ფრანკია. ეს საუბარი გენ. ზაქარიაძის თანდასწრებით ხდებოდა. რაც შეეხება ამ საკითხს, უნდა აღვნიშნო შემდეგი. რომ ომის დაწყების შემდეგ, და მხოლოდ მისი დაწყების შემდეგ, ესე იგი მთავარსარდლის თანამდებობაზე ჩემს დანიშვნამდე, კონსტანტინოპოლში მივლინებულ იქნენ გენ. ქუთათელაძე და კახიანი, გვარდიის შტაბიდან, იარაღისა და ვაზნების შესყიდვის მიზნით. შემდეგ იქვე იქნა მივლინებული გენ. მდივანიც, ბათუმის ციხესიმაგრის კომენდანტი. უკანასკნელის მივლინება უკვე ჩემს დროს მოხდა, მაგრამ მე ამის შესახებ შემთხვევით გავიგე, იმ ტელეგრამის შედეგად, რომელიც ჩემს ერთ-ერთ შეკითხვაზე პასუხად მივიღე ბათუმიდან, რომელსაც გენ. ფურცელაძე აწერდა ხელს. მე ვკითხე, და სად არის გენ. მდივანი, და გამოირკვა, რომ იგი საგანგებო ამოცანით გაემგზავრა კონსტანტინოპოლში, რომლის არსიც ჩემთვის ამ დრომდე საიდუმლოა. საჩვენებელი ფაქტია. მთავარსარდლის ერთ-ერთი უშუალო ხელქვეითი მიემგზავრება საზღვარგარეთ და ამ უკანასკნელმა არა მხოლოდ მივლინების მიზეზი არ იცის, არამედ თვით მივლინებაც მისთვის შეუტყობინებლად ხდება. იარაღი და ვაზნების ნაწილი ჩვენ მაინც მივიღეთ, თუმცა კი ძალზედ გვიან. თოფებს შორის მხოლოდ მათი უმნიშვნელო რაოდენობა თუ გამოდგა ვარგისი.


ხაშურის შეტევა 

ამრიგად, ხაშურში ჩვენ ვღებულობდით ყველა ზომას ბრძოლის გასაგრძელებლად. ზურგში სურამის ქედზე მაგრდებოდა პოზიცია; მას შავად უკვე ამთავრებდნენ. პოზიცია მტკიცე გახლდათ. ამ დროს უკვე აღინიშნა მოწინააღმდეგის შემოტევა მამისონის უღელტეხილის გამოვლით და შავი ზღვის სანაპიროს გამოყოლებითაც. მოწინააღმდეგე თბილისის მხრიდანაც მოგვიახლოვდა.

ვითარება იყო ასეთი. ჯარები ცოტა იყო, მაგრამ ჯერ კიდევ მთელი დასავლეთ საქართველო (ქუთაისის გუბერნია) ჩვენს მფლობელობაში გახლდათ. ველოდებოდით საბრძოლო მასალების ჩამოტანას კონსტანტინოპოლიდან. ჩვენ დრო უნდა მოგვეგო ქვეყნის შემდგომი თავდაცვის ორგანიზების მიზნით. მე ჩემთვის მოქმედებათა შემდეგი გეგმა შევადგინე. უწინარეს ყოვლისა შემეტია იმ მოწინააღმდეგისთვის, რომელიც ამ მომენტში ჩემთვის ყველაზე უფრო საშიში გახლდათ; ასეთი იყო ჩემთან ყველაზე უფრო ახლოს მყოფი მოწინააღმდეგე, სახელდობრ კი ის, რომელიც თბილისის მხრიდან გვიახლოვდებოდა. მამისონის უღელტეხილის მხრიდან და შავი ზღვის სანაპიროს გამოყოლებით შემოსულ მოწინააღმდეგეს ჯერ კიდევ ვერ განევითარებია თავისი მოქმედებები იმდენად, რომ ჩვენი ცოცხალი ძალის ბირთვს, რომელიც ამ დროს ხაშურთან იმყოფებოდა, უშუალოდ დამუქრებოდა. ამიტომ გადავწყვიტე უწინარეს ყოვლისა თვბილისის მხრიდან მოსული მოწინააღმდეგისთვის შემეტია იმ მიზნით, რომ იგი უკუმეგდო, ხოლო ჩვენთან უახლოესი მისი ძალები კი გამენადგურებია. ვითარება ამას ხელს უწყობდა. ჩემთან დაახლოებით 6000 ადამიანი შედგებოდა, და მე მათ საკმარისად ვთვლიდი იმისათვის, რათა მოწინააღმდეგის თავისთვის შემეტია, რომელიც თბილისის აქეთ უეჭველად გაწელილი იქნებოდა. მე გადავწყვიტე ეს მაშინვე გამეკეთებია, ე. ი. მოწინააღმდეგის პირველი გამოჩენისთანავე მისთვის შემეტია. ვიმედოვნებდი, რომ ამ მომენტში ის (საბრძოლო წყობაში) სრულად გაშლილი ვერ იქნებოდა და შეიძლებოდა წარმატების იმედი გვქონოდა. ამ მიმართებით ჩემი ანგარიშები, როგორც მოვლენებმა გვიჩვენეს, სწორი აღმოჩნდა. წარუმატებლობის შემთხვევაში შემეძლო სურამის ქედზე გამაგრებულ პოზიციაზე დამეხია. წარმატების შემთხვევაში შემეძლო მოწინააღმდეგე უკუმეგდო და, დავეყრდნობოდი რა ზემოხსენებულ პოზიციას, დრო მომეგო ამ ძალების ნაწილის გადასროლისა და მამისონისა და გაგრის მიმართულებათა წინააღმდეგ მოქმედებისთვის. სხვანაირად რომ ვთქვათ, შიდა საოპერაციო ხაზების გაყოლებით მემოქმედა. შეტევის მოხდენა გადავწყვიტე შემდეგნაირად.

გენ. სუმბათაშვილსა და გენ. მაზნიაშვილს ფრონტიდან უნდა შეეტიათ მოწინააღმდეგისთვის რკინიგზის გაყოლებით, მის მარჯვენა და მარცხენა მხარეზე. მდ.მტკვრის მარჯვენა ნაპირით 1-ლი პოლკის ბატალიონი იქნა გაგზავნილი. ეს ბატალიონი ამავდროულად ჩვენი საბრძოლო რიგების მარჯვნიდან დაფარვასაც წარმოადგენდა. გენ. კონიაშვილი მთელი გვარდიით შეადგენდა უბანს, რომლისგანაც მოველოდი ბრძოლის გადაწყვეტას. გვარდია სურამში უკვე სამი დღეა იკრიბებოდა; ამ დროის მანძილზე მან დაისვენა, თითქოსდა, წესრიგში მოვიდა. გენ. კონიაშვილი გამთენიისას უნდა დაძრულიყო, მთებით გაევლო და მოწინააღმდეგისთვის მის მარჯვენა ფლანგსა და ზურგში შეეტია. რაიონი, რომლის გავლითაც მას უნდა შეეტია, თავისუფალი გახლდათ მოწინააღმდეგისგან, რომელსაც რკინიგზიდან ჩრდილოეთისკენ გავრცელება ჯერ კიდევ ვერ მოესწრო; იგი ჩვენი ფრონტის წინ შორეული საარტილერიო ცეცხლის მანძილზე ახლახანს გამოჩნდა, ხოლო მეორე დღეს კი ჩვენ მას შევუტიეთ. მოწინააღმდეგის ზურგში მტკვარზე აგებული ხიდი იმყოფებოდა. მის ჯავშნოსან მატარებლებს გამოჩენა არ შეეძლოთ, ვინაიდან უკანდახევისას ჩვენ ხიდებს ვაფუჭებდით, რომელთა შეკეთებაც მას ამ დროისთვის ვერ მოესწრო. გენ. კონიაშვილის შეტევას მარცხნიდან ცხენოსანი ჯარი უზრუნველყოფდა, რომელსაც ასევე რამდენიმე დღის დასვენება ჰქონდა. დამავიწყდა აღმენიშნა, რომ ჩვენი ფრონტალური უბანი სამი ჯავშნოსანი მატარებლით იქნა გაძლიერებული. ჩემთან რეზერვში მხოლოდ სამხედრო სკოლა დავიტოვე სულ ერთი ასეულის შემადგენლობით; ამასთან წუთი-წუთზე მოველოდი 11-ე პოლკის ბატალიონის მოსვლას, რომელიც ახალციხიდან მოემართებოდა. მომავალი ბრძოლის ველი, რა თქმა უნდა, ცხენით წინასწარ მოვიარე და შეტევის გეგმა უკვე ამის შემდეგ შევადგინე. ბრძანებები წინასწარ იქნა გაცემული. ვიცოდი რა გვარდიის ჩვევა, რომ ბრძანებები ზუსტად არ შეესრულებია, ბრძანებაში საგანგებოდ გავუსვი ხაზი იმ საათს, რომელშიც გენ. კონიაშვილის ნაწილებს მითითებული სიმაღლეები უნდა გაევლოთ; ეს სიმაღლეები ჩვენს რაიონში იყო და არაფერს შეეძლო მათთვის ხელი შეეშალა იმაში, რომ ისინი დანიშნულ დროში გაევლოთ. როგორც შემდეგ გამოირკვა, მათ ეს სიმაღლეები აღნიშნულ დროზე საათნახევრით გვიან გაიარეს.

შეტევის წინა დღეს ე. პ. გეგეჭკორი მისი თანმხლები რამდენიმე პირით ჩვენი პოზიციების რაიონში ჯავშოსანი ავტომობილით გაემგზავრა. ისინი, მგონი, პოზიციებზე ჯავშნოსანი ავტომობილიდან გადმოვიდნენ და მოწინააღმდეგის საარტილერიო ცეცხლის დაშენის ქვეშ აღმოჩნდნენ, რომელიც სწორედ ამ დროს ჩვენი ფრონტის წინ გამოჩენილიყო. ამ საღამოს მე ვთხოვე მთავრობის თავმჯდომარეს ზურგში, ქუთაისში გამგზავრებულიყო. ამაზე ორი ღამით წინ მისი მატარებელი წიფაში გაემგზავრა. ბრძოლის დღეს იგი ბრძოლასთან ზედმეტად ახლოს აღმოჩნდებოდა და ეს განსაკუთრებით სარისკო გახლდათ. იგი დამეთანხმა და გაემგზავრა. ამ და წინა დღეებში მე ჯარები მოვიარე, ყველასთან ვიყავი და მათ მომავალი ბრძოლის სერიოზულობაზე მივუთითებდი, და მათში სულისკვეთებას აღვაგზნებდი, რომელიც საკუთრივ მხოლოდ ჩვენი უკანდახევით იყო დათრგუნული. მართლაც, ჯარებს თანამდებობაზე ჩემი დანიშვნის შემდეგ მდ. ხრამზე დამარცხების მსგავსი მარცხი აღარ განუცდიათ. თბილისი ჩვენ ისე დავტოვეთ, რომ მოწინააღმდეგის ტყვე 1000 ჯარისკაცი, 4 ქვემეხი და 20-ზე მეტი ტყვიამფრქვევი ხელში გვქონდა ჩაგდებული. ეს არ იყო დამარცხება. მაგრამ უკანდახევა ყოველთვის აქვეითებს სულისკვეთებას.

მომდევნო დღეს ჯარები, ბრძანების თანახმად, შეტევაზე გადავიდნენ. იგი იღბლიანი გამოდგა, როგორც ფრონტზე, ისე ჩვენს შემომვლელ ფლანგზეც. ფრონტიდან უფროსები თავიანთ მოხსენებებში შეტევის წარმატებულობას აღნიშნავდნენ. შემდეგ ეს უფროსები მეუბნებოდნენ, რომ ისინი არ მოელოდნენ, რომ ასეთ სწორ გაშლილ ველზე და თოვლში ჯარებს შეეძლოთ მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ ასე მამაცურად შეეტიათ; და ამას ისეთი გამოცდილი მეომრები მომახსენებდნენ, როგორებიც სუმბათაშვილი და მაზნიაშვილი არიან. მარცხენა ფლანგიდანაც ასევე სასურველი ცნობები მოდიოდა. სამწუხაროდ, ამ დღეს სიბნელის დადგომამდე ბრძოლის დასრულება ვერ შევძელით. გავლენა იქონია გვარდიის დაგვიანებამ. თუმცა კი, სიბნელის დადგომისთვის ჩვენთვის სავსებით ხელსაყრელი ვითარება შეიქმნა. ჩვენი მარცხენა ფლანგის შეტევა, რომელიც სახეზე მყოფი მთელი ჯარების ნახევარს შეადგენდა და 40-ზე მეტი ტყვიამფრქვევიც გააჩნდა, ჩვენი მოწინააღმდეგისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა. მარცხენა ფლანგმა მოწინააღმდეგეს შემოუარა და მთებსაც ფლობდა; მოწინააღმდეგე კი დაბლობზე იმყოფებოდა. მოწინააღმდეგის არტილერიის ნაწილი უკვე მიტოვებული იყო და ჩვენი ჯარები მთიდან ცეცხლით არ აძლევდნენ მას საშუალებას, რომ ეს ზარბაზნები წაეყვანა. მოწინააღმდეგის ცხენოსანი ჯარი, რომელიც მარჯვენა ფლანგზე იმყოფებოდა, ჩვენი მარცხენა ფლანგის ქვეითი ჯარის მიერ ზურგიდან შემოვლილი აღმოჩნდა. ასეთი გახლდათ ვითარება სიბნელის დადგომამდე. ჩემი შტაბის ოფიცრები გამოცოცხლდნენ და ხელებსაც კი იფშვნეტდნენ. მდგომარეობა მართლაც მომგებიანი გვქონდა. მოწინააღმდეგე დაბლობზე იმყოფებოდა, ფრონტიდან მიჭყლეტილი და ფლანგიდან შემოვლილი; ჩვენი მარცხენა ფლანგი ფლობდა მთებს, ჰყავდა რა თავის წინ დაბლობზე მის მიერ ფლანგიდან შემოვლილი მოწინააღმდეგე. შემდგომი შეტევა დიდ წარმატებას გვპირდებოდა. მოწინააღმდეგე შეიძლებოდა მოწყვეტილი აღმოჩენილიყო ხიდისგან, რომელიც მის ზურგში 12 ვერსზე იმყოფებოდა და მდ. მტკვრის გადავლით მისი უკანდახევის ერთადერთ გზას შეადგენდა. ჩვენი მდგომარეობა კიდევ იმითაც უმჯობესდებოდა, რომ 11-ე პოლკის ბატალიონი უკვე ბორჯომში მატარებელში სხდებოდა და 1–2 საათის შემდეგ ხაშურში უნდა ჩამოსულიყო. ტყვედ აყვანილი რამდენიმე ადამიანისგან შემომტევი მოწინააღმდეგის რაოდენობა გავარკვიეთ. ეს გახლდათ ორი ბრიგადა. მოწინააღმდეგის დივიზიებში თბილისთან ბრძოლებში ხელში ჩაგდებული სასწრაფო მოხსენების თანახმად, იყო 3–3 ბრიგადა, ხოლო დივიზიის რიცხოვნება კი 4500 ხიშტს არ აღემატებოდა. ამრიგად ხაშურთან ბრძოლაში ჩვენ გვყავდა არაუმეტეს 3000 ხიშტის ძალის მქონე მოწინააღმდეგე. ჩვენ მოწინააღმდეგეს თითქმის ორჯერ აღვემატებოდით. ეს ასევე ჩვენთვის კეთილსასურველი მონაცემი გახლდათ. შემდეგ გამოირკვა, რომ ამ დროს სადგურ გორში იმყოფებოდა დეპუტაცია, რომელიც თბილისიდან ჩვენს მთავრობასთან მოლაპარაკებებისთვის გამოემგზავრა. იგი იმ აურზაურის მოწმე გახლდათ, რომელიც მათ სარდლობაში მიმდინარეობდა. მე შემდეგ, უკვე კონსტანტინოპოლში, თბილისიდან ჩამოსულები გადმომცემდნენ, რომ განგაში თბილისსაც გადაეცა.

მართლაც, ჩვენი წარმატება მოწინააღმდეგისთვის მეტად მძიმე შედეგების მომტანი შეიძლებოდა აღმოჩენილიყო. ჩვენს მიერ შეტეული რაზმისთვის თბილისიდან სწრაფად დახმარების გაწევა შეუძლებელი გახლდათ. ამასობაში ჩვენი წარმატებით გამხნევებული მოსახლეობა შეიძლებოდა ფეხზე დამდგარიყო, რასაც შეიძლებოდა ჩვენი მდგომარეობაც გაეუმჯობესებია და მოწინააღმდეგეც, შეიძლებოდა, კრიტიკულ მდგომარეობაში ჩაეყენებია. არ მახსოვს, შებინდებისას თუ სიბნელის დადგომის შემდეგ ბრძოლის ველიდან ვ. ჯუღელი მოვიდა. იგი ხელში იყო დაჭრილი, მაგრამ საბედნიეროდ მსუბუქად. ისიც ასევე სასიამოვნო ცნობებს გადმომცემდა. იგი მარცხენა ფლანგზე იყო ერთ-ერთ გვარდიულ ბატალიონთან. რუკაზე არ შეეძლო ეჩვენებია, თუ სახელდობრ სად და როდის იქნა იგი დაჭრილი. მისმა დაჭრამ ამ ბატალიონზე არასასურველად იმოქმედა, რომელმაც უკანდახევაც კი დაიწყო, მაგრამ იგი იქ დარჩა და ბატალიონიც უკანდახევისგან შეაკავა (და ვინ ავიწროვებდა ამ ბატალიონს). შემდეგ იგი გამოემგზავრა და მითხრა, რომ, როცა იქიდან მოემგზავრებოდა, მდგომარეობა იქ მყარი იყო. უნდა ვაღიარო, რომ მისმა მონათხრობმა ჩემზე არასასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა; მისი მონათხრობიდან გამამხნევებელი აგზნების სული არ მობერავდა, ეს არ გახლდათ მონათხრობი ბრძოლის მონაწილისა, რომელიც უეჭველ წარმატებაში იყო დარწმუნებული. მაგრამ მე ეს მის დაჭრას მივაწერე. მან მითხრა, რომ მიემგზავრება.

მე ძალიან მინდოდა მეთხოვა მისთვის დარჩენილიყო, მაგრამ ენა ვერ მომიბრუნდა. დაჭერილს ყოველთვის აქვს ევაკუაციის უფლება. მაგრამ მაინც ვუთხარი მას: „თქვენ დაჭრილი ხართ, გაქვთ ევაკუაციის უფლება“. მან როგორც ჩანს ვერ გამიგო, ხოლო მოთხოვნა იმისა, რომ დარჩენილიყო, მე არ შემეძლო. ჭრილობა არ იყო სახიფათო, ხელში, ძვლის გადატეხვის გარეშე. თუმცა კი, ჩემი აზრით, მას ალექსანდრე დგებუაძის მაგალითისთვის უნდა მიებაძა, რომელიც ამ ომში ორჯერ იქნა დაჭრილი და მწყობრში დარჩა. დგებუაძე უბრალო მუშაა, მაგრამ ეს არის ადამიანი მაღალი თვისებებითა და თავის თავზე აღებულ ვალდებულებათა ღრმად გაგების გრძნობით.

(გაგრძელება იხ. ნაწილი VII)


თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა