(გეოგრაფია, პოლიტიკური წყობილება, ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა)
თურქეთი – პროდასავლური ორიენტაციის კაპიტალისტური ქვეყანა – საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, 1970-იანი წლების შუახანებში აგრესიული ბლოკების ნატო-სა და სენტო-ს აქტიური წევრი გახლდათ, რომელთა საქმიანობაც სოციალისტური თანამეგობრობის ქვეყნების წინააღმდეგ იყო მიმართული. მას მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა უკავია ხმელთაშუა ზღვისა და ახლო აღმოსავლეთის რაიონში. მის ტერიტორიასა და წყლებზე ბევრი საერთაშორისო გზა გადის – სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო, რომლებიც აღმოსავლეთ ნახევარსფეროს სამ კონტინენტს ერთმანეთთან აკავშირებენ.
გეოგრაფიული პირობები. თურქეთი დედამიწი ს ორ ნაწილში – აზიასა და ევროპაში მდებარეობს. ქვეყნის საერთო ფართობიდან, რომელიც 780,6 ათას კმ² შეადგენს, დაახლოებით 97 % იმყოფება აზიაში – მცირე აზიის ნახევარკუნძულზე, სომხურ-ქურთულ ზეგანსა და სირიის პლატოზე. ფართობის დაახლოებით 3 % მდებარეობს ევროპაში – ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ე. წ. აღმოსავლეთ თრაკიაში. დასავლეთსა და ჩრდილო-დასავლეთში თურქეთი საბერძნეთსა და ბულგარეთს ესაზღვრება, ჩრდილო-აღმოსავლეთში – სსრკ-ს, აღმოსავლეთში – ირანს, სამხრეთში – ერაყსა და სირიას. სახმელეთო საზღვრების სიგრძე 2,6 ათასი კმ-ია. თურქეთის ნაპირებს შავი, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვების წყლები რეცხავენ, ხოლო სანაპირო ხაზის სიგრძე კი 7,2 ათასი კმ-ია.
ქვეყნის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მთაგორიანია. მცირე აზიის ნახევარკუნძულს ჩრდილოეთში ჩრდილო-ანატოლიის მთები შემორკალავს, რომლებიც აღმოსავლეთ-პონტოსა და დასავლეთ-პონტოს მთებისგან შედგება; სამხრეთში ირან-თურქეთის საზღვრიდან ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე, ხოლო შემდეგ კი მისი გაყოლებით თითქმის ეგეოსის ზღვამდე შათის, სომხური (აღმოსავლეთ) ტავრის, ანტიტოროსის (ანუ ანტიტავრის) და ცენტრალური ტავრის მსხვილი ქედებია გადაჭიმული. ყველაზე უფრო მთაგორიანი აღმოსავლეთ ანატოლიაა, სადაც მდებარეობს ქვეყნის უმაღლესი წერტილი – არარატის მთა (სიმაღლე 5165 მ ზღვის დონიდან). ევროპული თურქეთის ტერიტორია საკმარისად სწორ პლატოს წარმოადგენს საშუალოდ დაახლოებით 200 მ სიმაღლით ზღვის დონიდან. შედარებით თანაბარი სიმაღლის ადგილია აგრეთვე ცენტრალური ანატოლია. ადანა-მერსინის დაბლობი, აკის ხეობა მდინარე საქარიას გაყოლებით, მდინარეების გედიზისა და ბუიუკ მენდერესის ხეობები, ცენტრალური ანატოლიის ველები და სანაპირო დაბლობები მიწათმოქმედების მთავარ რაიონებს წარმოადგენს, სადაც სახნავ-სათესი მიწების, ბაღებისა და ვენახების ძირითადი მასივებია თავმოყრილი.
შავი ზღვის აუზს მიეკუთვნება: თურქეთის ყველაზე უფრო მსხვილი მდინარე ყიზილ-ირმაქი (1151 კმ), აგრეთვე მდინარეები საქარია, ეშილ ირმაქი, ჭოროხი და სხვები. ქვეყნის ტერიტორიაზე იღებენ სათავეს ტიგროსი და ევფრატი. ხმელთაშუა ზღვაში ჩაედინებიან სეიჰანი და ჯეიჰანი. მდინარეების უმრავლესობას მთის მდინარეთა ხასიათი აქვს.
ქვეყნის ყველაზე უფრო დიდი ტბაა მლაშე ტბა ვანი (ფართობი 3764,5 კმ²). 20-ზე მეტ ტბას გააჩნია ზომები 50-დან 100 კმ²-მდე. რამდენიმე საკმარისად დიდი მტკნარი ტბაა მარმარილოს ზღვის სანაპიროს ზონაში. გრუნტის წყლები თითქმის მთელ ტერიტორიაზე უხვადაა, თუმცა კი ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ისინი ღრმად ძევს, რის შედეგადაც ასეთი რაიონების მოსახლეობა სასმელი წყლის უკმარისობით იტანჯება.
თურქეთის წყლის რესურსებს, განსაკუთრებით, როგორც წყალმომარაგების, ხელოვნური მორწყვისა და ჰიდროენერგიის წყაროებს, დიდი მნიშვნელობა აქვს მეურნეობისთვის.
თავისი შემადგენლობით თურქეთის ნიადაგები ყველაზე უფრო ხშირად ქვიშიანი, თიხიანი და ღორღიანია. მცენარეული საფარი დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც რელიეფით, კლიმატური, წყლისა და ნიადაგის პირობებითაა განპირობებული. მცენარეულობის ძირითადი სახეობაა – ბალახეულობის მაგვარი მცენარეულობა. ტყეები და ბუჩქნარები ამაღლებულ და მთიან ნაწილებშია გავრცელებული, თუმცა კი ნიადაგის საფარის სიღარიბის შედეგად დამახასიათებელია ქვიანი ველებისა და გაშიშვლებული მაღლობების პეიზაჟი.
ცხოველთა სამყრო სხვადასხვა სახეობათა საკმარისად დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის ზოოგეოგრაფიული ქვეოლქის აღმოსავლეთ ნაწილისათვის ტიპიურია.
კლიმატს შუქჩრდილების დიდი მრავალფეროვნება გააჩნია. მაღალმთიანი ადგილები მკაცრი ცივი კლიმატით გამოირჩევა (საშუალო წლიური ტემპერატურა ყარსის რაიონში სულ 4°C-ია), ხოლო შიდა ოლქები კი – მშრალი კონტინენტური კლიმატით, ტემპერატურის მკვეთრი სადღეღამისო და სეზონური რყევებით ხასიათდება. ზღვის სანაპიროს ზონაში თბილი და ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი სჭარბობს (საშუალო წლიური ტემპერატურა ანტალიის რაიონში 19°C აღწევს). ნალექების რეჟიმი დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა (290 მმ-დან კონიის რაიონში 2500 მმ-მდე წელიწადში შავი ზღვის ზონის აღმოსავლეთ ნაწილში). ამასთან ტემპერატურა და ნალექები ცალკეული წლების მიხედვითაც შესამჩნევად მერყეობს.
მოსახლეობა და სახელმწიფო წყობილება. ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნება 1974 წლის 1 ივლისის მდგომარეობით შეადგენდა 38 940 ათას ადამიანს. თურქული სტატისტიკური მონაცემებით, მამრობითი სქესის მოსახლეობა მდედრობითი სქესის მოსახლეობას რამდენადმე აღემატებოდა (50,64 % და 49,36 % შესაბამისად). მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე გახლდათ 50 ადამიანი 1 კმ²-ზე, ყველაზე უფრო მაღალი იყო სტამბულის ვილაიეთში (გუბერნიაში) – 490 ადამიანი 1 კმ²-ზე, ყველაზე უფრო დაბალი კი – ვანის ტბის აღმოსავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით, სადაც 1 კმ²-ზე 6 ადამიანამდე მოდიოდა. ყველაზე უფრო მსხვილი ქალაქები გახლდნენ სტამბული (2376 ათასი მოსახლეობა), ანკარა (1461 ათასი), იზმირი (591 ათასი), ადანა (383 ათასი), ბურსა (318 ათასი), ღაზიანთეფი (275 ათასი), ესქიშეჰირი (243 ათასი) და კონია (228 ათასი).
ქვეყანაში მოსახლეობის უწყვეტი და სკმარისად შესამჩნევი ზრდა დაიმზირებოდა. მისი ყოველწლიური ნამატი 2,6-დან 2,9 %-მდე მერყეობდა, ე. ი. მოსახლეობა 600-800 ათასი ადამიანით იზრდებოდა. 1970 წლის 29 ოქტომბერს ჩატარებული აღწერის მონაცემებით, მოსახლეობის ზრდის დინამიკა და ტემპები, აგრეთვე მისი სქესობრივი და ასაკობრივი სტრუქტურა 1-ლ და მე-2 ცხრილებშია მოყვანილი.
ცხრილი 1
მოსახლეობის ზრდის დინამიკა და ტემპები 1950-1970 წლებში
მოსახლეობის . . . მოსახლეობის საერთო . . ქალაქის . . . . . . . სოფლის
აღწერის წლები . . რიცხოვნება (ათასი . . .მოსახლეობა . . . . მოსახლეობა
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . ადამიანი) . . . . . . . სულ . . % . . . . . სულ . . . %
1950 . . . . . . . . . . . . . . . . 20 947 . . . . . . . . . 3872 . . 18,5 . . . 17 075 . . 81,5 . . .
1955 . . . . . . . . . . . . . . . . 24 065 . . . . . . . . . 5355 . . 22,2 . . . 18 710 . . 77,8 . . .
1960 . . . . . . . . . . . . . . . . 27 755 . . . . . . . . . 7308 . . 26,7 . . . 20 447 . . 73,3 . . .
1965 . . . . . . . . . . . . . . . . 31 391 . . . . . . . . . 9523 . . 30,3 . . . 21 868 . . 69,7 . . .
1970 . . . . . . . . . . . . . . . . 35 667 . . . . . . . . 12 805 . .35,9 . . . 22 862 . . 64,1 . . .
ეროვნული შემადგენლობის მიხედვით თურქეთის მოსახლეობა თითქმის ერთგვაროვანი იყო: დაახლოებით 88 % შეადგენდნენ თურქები. მათ გარდა ქვეყანაში ცხოვრობდნენ ქურთები (მოსახლეობის დაახლოებით 8 %), არაბები (დაახლ. 2 %), აგრეთვე ებრაელები, ლაზები, ქართველები, სომხები, ბერძნები, ბულგარელები და სხვა ეროვნებანი (სულ. დაახლ. 2 %). თურქებისა და ქურთების აბსოლუტური უმრავლესობა რელიგიური კუთვნილების მიხედვით სუნიტი მუსლიმანებია. ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი წერა-კითხვის უცოდინარი გახლდათ.
ცხრილი 2
მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა 1970 წლის მიწურულს
ძირითადი ასაკობრივი . . რიცხოვნება (ათასი ადამიანი) . . . . . . თვითმოქმედი
. . . . . ჯგუფები . . . . . . . . . . კაცები . . ქალები . . სულ . . . % . . მოსახლეობა (მლნ
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ადამიანი)
მთელი მოსახლეობა . . . . . 18 063 . . .17 604 . . 35 607 . . 100 . . . . . . 15,8 . . .
15 წლამდე მოსახლეობა . . . 7665 . . . . 7223 . . 14 888 . . . 41,7 . . . . . . 1,3 . . .
ეკონომიკურად ატიური
მოსახლეობა (15–64
წლისა) . . . . . . . . . . . . . . . . . . .9664 . . . . 9532 . . 19 136. . .53,8 . . . . 13,7* . . .
მათ შორის:
15–19 წლის . . . . . . . . . . . . 1893 . . . . .1807 . . . .3700 . . .
20–46 წლის . . . . . . . . . . . . 6046 . . . . .6048 . . 12 094 . . .
47–64 წლის . . . . . . . . . . . . 1725 . . . . .1677 . . . .3402 . . .
64 წელზე უფროსი
ასაკის პირები . . . . . . . . . . . . .734 . . . . . . 849 . . . 1583 . . . .4,5 . . . . . . .0,8 . . .
* მათ რიცხვში 8,4 მლნ. მამაკაცები და 5,3 მლნ. ქალები.
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მიმართებით 1970-იან წლებში ქვეყანა 67 ვილაიეთად (გუბერნიად) იყო დაყოფილი. ვილაიეთები ქაზებისგან (მაზრებისგან) შედგებოდა, რომლებიც ნაჰიეებად (волости) იყოფოდა. ქვეყნის დედაქალაქია – ანკარა.
თურქეთის სახელმწიფო წყობილებაა – ბურჟუაზიული საპარლამენტო რესპუბლიკა (1923 წლის 29 ოქტომბერს იქნა გამოცხადებული). საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს 1961 წლის კონსტიტუციით თურქეთის დიდი ეროვნული კრება – მეჯლისი (პარლამენტი) წარმოადგენს, რომელიც ორი პალატისგან – ეროვნული პალატისა და რესპუბლიკის სენატისგან შედგება. სახელმწიფოს სათავეში დგას პრეზიდენტი, რომელსაც მეჯლისის წევრთაგან ირჩევენ 7 წლის ვადით. პრეზიდენტის დავალებით მთავრობას პარლამენტში უმრავლესობის მქონე პარტიის ლიდერი აყალიბებს. 1970-იან წლებში ქვეყანაში ყველაზე უფრო გავლენიან პარტიებს წარმოადგენდნენ: სახალხო-რესპუბლიკური პარტია, რომელიც ქემალ ათათურქის მიერაა შექმნილი 1923 წელს, იცავდა თურქეთის საშუალო და წვრილი ბურჟუაზიის, აგრეთვე მემამულეების ინტერესებს, მიჰყვებოდა სოციალ-დემოკრატიული შეფერილობის შეხედულებებს; სამართლიანობის პარტია (შეიქმნა 1961 წელს) ასახავდა მსხვილი მემამულეებისა და კომპრადორული ბურჟუაზიის ინტერესებს, თავის ეკონომიკურ იდეალად კი კერძო მეწარმეობის თავისუფლებასა და ქვეყნის ეკონიმიკაში უცხოური კაპიტალის მაქსიმალურად მოზიდვას მიიჩნევდა; ეროვნული ხსნის პარტია (შეიქმნა 1972 წელს) – ორთოდოქსულ რელიგიურ პლატფორმას ემხრობოდა და, საბჭოთა ავტორების სიტყვით, მოსახლეობის ყველაზე უფრო რეაქციულ ფენებს ემყარებოდა; დემოკრატიული პარტია (შეიქმნა 1970 წელს) – უკიდურესად მემარჯვენე, ნაციონალისტური, რომელიც მსხვილი ეროვნული ბურჟუაზიის ინტერესებს გამოხატავდა. სხვა პარტიები მცირერიცხოვანი იყვნენ და მათი გავლენაც ქვეყანაში დიდი არ იყო. რამდენადაც არც ერთ რელიგიურ პარტიას მეჯლისში აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნდა, 1970-იანი წლების პირველ ნახევარში თურქეთში კოალიციური ანუ «ზეპარტიული» მთავრობები არსებობდა.
ეკონომიკა. თურქეთის წიაღი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით (ნახ. 1), რომელთაგან მთავარია ქვანახშირი (საბადოები 400 მლნ. ტ შეადგენს), რუხი ნახშირი ანუ ლიგნიტი (საერთო მარაგები დაახლოებით 4,5 მლრდ. ტ), რკინის მადანი (სარწმუნო და სავარაუდო მარაგებს 200 მლნ. ტ-ად აფასებენ), ნავთობი (დაზვერილი მარაგები 30 მლნ. ტ), სპილენძის მადანი (მარაგები დაახლ. 50 მლნ. ტ) და ქრომის მადანი, რომლის მარაგებისა (120 მლნ. ტ) და მოპოვების მიხედვით თურქეთს კაპიტალისტურ სამყაროში ერთერთი პირველი ადგილი ეკავა. სხვა სასარგებლო წიაღისეულებიდან გვხვდება მარგანეცი, ტყვია, თუთია, ფოსფორიტები, ბოქსიტები, ურანი, ვერცხლის წყალი და სხვა.
თავისი ეკონომიკის სტრუქტურის მიხედვით თურქეთი 1970-იან წლებში აგრარული ქვეყანა გახლდათ განვითარებადი მრეწველობით. უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, რომ ცნობილი ძვრების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა უწინდებურად განვითარების დაბალ დონეზე რჩებოდა. თვითმოქმედი მოსახლეობის დაახლოებით 63 % სოფლის მეურნეობაში იყო დაკავებული და მხოლოდ 12,4 % – მრეწველობაში.
ქვეყნის სოფლის მეურნეობა მრავალდარგოვანია: პირველი ადგილი მიწათმოქმედებას ეკუთვის, მეორე – მეცხოველეობას. 1972 წელს მთელი დამუშავებული მიწების ფართობი შეადგენდა 250 730 კმ², მსხვილფეხა რქოსანი საქონლის რაოდენობა იყო 14,5 მლნ. თავი, წვრილფეხა საქონლის კი (ცხვრებისა და თხების) – 57 მლნ. თავი. ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოება 1970-იანი წლების დასაწყისში მე-3 ცხრილშია მოყვანილი. ქვეყნის შიდა მოთხოვნილებებს სოფლის მეურნეობა თითქმის მთლიანად უზრუნველყოფდა, თუმცა კი იმ ხანებში ქალაქის მოსახლეობის სწრაფ ზრდასთან დაკავშირებით (6 %-ზე მეტი წელიწადში), უმთავრესად გაკოტრებული გლეხების ქალაქებში მასობრივი მიგრაციის შედეგად, თურქთი იძულებული იყო მარცვლეულობა საზღვარგარეთიდან შეეტანა.
ცხრილი 3
ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოება 1973 წელს
დასახელება . . . . . . . . ფართობი (ათასი ჰა) . . . . . . . . მოსავალი (ათასი ტ)
ხორბალი . . . . . . . . . . . . . . . . 8850 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 10 000 . . .
ჭვავი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 610 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 850 . . .
ქერი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .2250 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2900 . . .
შვრია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .280 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 380 . . .
სიმინდი . . . . . . . . . . . . . . . . . . 625 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1100 . . .
კარტოფილი . . . . . . . . . . . . . . .180 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2200 . . .
ბამბა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .677 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 550 . . .
თამბაქო . . . . . . . . . . . . . . . . . . .323 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 160 . . .
შაქრის ჭარხალი . . . . . . . . . . . 153 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5095 . . .
ზეთისხილი . . . . . . . . . . . . 77 530 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 332 . . .
თხილი (ბუჩქი) . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .260 . . .
კაკალი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 98 . . .
მზესუმზირის
მარცვლები . . . . . . . . . . . . . . . .481 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 560 . . .
ხილი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .3700 . . .
მომპოვებელი მრეწველობა, საბჭოთა ავტორების შეფასებით, იმპერიალისტურ სახელმწიფოებს მინერალური ნედლეულით ამარაგებდა, ხოლო საკუთარი მრეწველობა კი მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მხოლოდ ნაწილს მოიხმარდა. რკინის, ლიგნიტისა და ქვანახშირის მოპოვება ქვეყნის შიდა მოთხოვნილებებს თითქმის მთლიანად აკმაყოფილებდა, რაც შეეხება ნავთობს, მისი მოპოვება შიდა ბაზრის მოთხოვნილებას მხოლოდ 50 %-ით ფარავდა.
დამამუშავებელი დარგი უმთავრესად კვებისა და საფეიქრო მრეწველობით, აგრეთვე სამხედრო საწარმოებით იყო წარმოდგენილი. 1960-იანი წლების ბოლოსა და 70-იანების დასაწყისში მეტალურგიული და მანქანათმშენებლობის მრეწველობის განვითარება იქნა დაწყებული (მთელი კაპიტალდაბანდებების 35 %), აგრეთვე ქიმიური მრეწველობისა (27 %-ზე მეტი). სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა ე. წ. «სამონტაჟო მრეწველობა» (საზღვარგარეთიდან შემოტნილი მზა დეტალებისგან მანქანებისა და მოწყობილობათა ასაწყობი საწარმოების მშენებლობა). ძირითადი სამრეწველო პროდუქციის წარმოება მე-4 ცხრილშია ნაჩვენები.
ცხრილი 4
ძირითადი სამრეწველო პროდუქციის წარმოება 1973 წელს
დ ა ს ა ხ ე ლ ე ბ ა . . . . . . . . . . . . . . . . . . . წ ა რ მ ო ე ბ ა (ათასი ტ)
ელექტროენერგია (მლნ კვტ.სთ) . . . . . . . . . . . .12 298 . . .
ქვანახშირი * . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4642,4 . . .
ლიგნიტი * . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .4574,5 . . .
ნედლი ნავთობი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3604 . . .
რკინის მადანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .2537 . . .
ქრომის მადანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 700 . . .
შავი სპილენძი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .22,5 . . .
სუფთა გოგირდი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .18 . . .
მარგანეცის მადანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 20 . . .
ქაღალდი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 304 . . .
თუჯი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 396 . . .
ფოლადი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1492 . . .
ცემენტი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 8952 . . .
შალის ქსოვილი (მლნ მ) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .4,5 . . .
საავტომობილო ბენზინი . . . . . . . . . . . . . . . . . 1901 . . .
ნავთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 576 . . .
დიზელის საწვავი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3055 . . .
მაზუთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5612 . . .
* სახელმწიფო სექტორი
მსხვილი სამრეწველო საწარმოების უმეტესობა თავმოყრილი იყო სტამბულში (კვების, თამბაქოს, ცემენტის, ქიმიური, ავტოსატრანსპორტო, საფეიქრო, გემთსამშენებლო და გემთსარემონტო), იზმირში (ავტოასაწყობი, ტყავის, საფეიქრო, კვების, თამბაქოს, ნავთობგადამამუშავებელი, საპონსახარში და სხვა), ანკარაში (მანქანათმშენებელი, ქიმიური, საფეიქრო, კვების, თამბაქოს, სამხედრო და სხვა), ერეგლიში, ისკანდერონსა და ყარაბიუქეში (მეტალურგიული), კაისერისა და ნაზილიში (საფეიქრო) და სხვა დიდ ქალაქებში.
სამხედრო მრეწველობა, თურქული ბეჭდური გამოცემების ცნობებით, 1970-იანი წლების შუახანებისთვის ძირითადად ანკარაში, სტამბულსა და მის გარეუბნებში იყო თავმოყრილი. ქარხნებში აწყობილი იყო საარტილერიო-სასროლი შეიარაღების, ასაფეთქებელი ნივთიერებების, საბრძოლო მასალების, აირწინაღების, ფორმის ტანსაცმლისა და სხვა სამხედრო აღკაზმულობის წარმოება. იყო აგრეთვე საბრძოლო ტექნიკისა და იარაღის კაპიტალური რემონტის ქარხნები, საავიაციო სახელოსნოები, სადაც თვითმფრინავების ძრავებს არემონტებდნენ. გემთსამშენებლო მრეწველობას შეეძლო თურქული ფლოტის შემადგენლობაში არსებული ყველა კლასის ხომალდების რემონტი ეწარმოებინა, აგრეთვე არცთუ დიდი რაოდენობით საესკადრო ნაღმოსნები და დიზელური წყალქვეშა ნავები (კორპუსები), ტანკსადესანტო ხომალდები და დამხმარე გემები აეგო. უცხოური პრესის მონაცემებით, 1970-იანი წლების შუახანებში თურქეთის ტერიტორიაზე რეაქტიული თვითმფრინავების (გამანადგურებლების) ასაწყობი საწარმოს აშენების საკითხის შესწავლაც მიმდინარეობდა.
ქვეყნის ეკონომიკაში, განსაკუთრებით კი მრეწველობაში, მნიშვნელოვანი პოზიციები უცხოურ კაპიტალს ეკავა (უმთავრესად ამერიკულსა და დასავლეთგერმანულს). საბჭოთა ავტორების სიტყვით, მრავალწლიანმა ცალმხრივმა ორიენტაციამ დასავლეთზე გამოიწვია ქვეყნის სავაჭრო ბალანსის დეფიციტი – 1 მლრდ. დოლარზე მეტი ზომით 1974 წლის ათი თვის მანძილზე. თურქეთის სახელმწიფო ვალმა 1974 წლის ბოლოსთვის 5,3 მლრდ. დოლარს (71,97 მლრდ. თურქულ ლირას) მიაღწია.
უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, რომ თურქეთისთვის მნიშვნელოვანი შეიარაღებული ძალების შენახვა ქვეყნის სამხედრო ხარჯების უწყვეტ ზრდას განაპირობებდა, რომელმაც ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტით 1971 წელს 6689 მლნ. ლირა [492,56 მლნ. აშშ დოლარი] შეადგინა, 1972-ში – 8125 მლნ. ლირა [598,31 მლნ. დოლარი], 1973-ში – 11 100 მლნ. [817,38 მლნ.], 1974-ში – 13 427 მლნ. [988,73 მლნ.], ხოლო 1975 წელზე კი 20 835 მლნ. ლირა [1534,24 მლნ. დოლარი] იყო გათვალისწინებული. ამ ასიგნებების 70 %-მდე პირადი შემადგენლობისა და მატერიალური ნაწილის შენახვაზე იხარჯებოდა.
თურქეთისთვის შეიარაღებას ნატო-ს გეგმების მიხედვით აწვდიდნენ ამ მიზნებით ყოველწლიურად გამოყოფადი ამერიკული და დასავლეთგერმანული სამხედრო დახმარების სახსრების ანგარიშით. აშშ-ის აუნაზღაურებელი სამხედრო დახმარება 1972 წელს 60 მლნ. დოლარს შეადგენდა, 1973-ში – 69,1 მლნ., 1974-ში – 61,2 მლნ., ხოლო 1975-ში კი მას 90 მლნ. დოლარი უნდა შეედგინა. სულ 1947 წლიდან 1975-ის შუახანებამდე თურქეთს დაახლოებით 4 მლრდ. დოლარის თანხის ამერიკული შეიარაღება და სამხედრო ქონება ჰქონდა მიღებული.
1964 წლიდან თურქეთს სამხედრო დახმარებას გფრ-ც აღმოუჩენდა. 1970 წლამდე მან დაახლოებით 400 მლნ. მარკის საერთო თანხის იარაღი, საბრძოლო ტექნიკა და სხვა სამხედრო მასალები გადასცა, ხოლო შემდგომში კი – დაახლოებით 100 მლნ. მარკისა ყოველწლიურად.
სრუტეების ზონა და მისი რეჟიმი. თურქეთის ფარგლებში იმყოფება მარმარილოს ზღვა, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები (ე. წ. შავი ზღვის სრუტეები), რომლებიც შავი ზღვიდან ეგეოსის ზღვაში ერთადერთ გასასვლელს წარმოქმნიან.
ბოსფორი დაკლაკნილ (извилистый) სრუტეს წარმოადგენს მაღალი ციცაბო ნაპირებით. მისი სიგრძე დაახლოებით 30 კმ, ყველაზე მეტი სიგანე 3,3 კმ; ყველაზე უფრო ვიწრო ადგილი კი – 700 მ. სიღრმეები სრუტის შუაში შეადგენს 27,5-121 მ. ბოსფორში არსებობს ორი დინება. ეს მოვლენა 1881-1882 წლებში იქნა აღმოჩენილი და პირველად გამოკვლეული სახელგანთქმული რუსი ოკეანოგრაფის ადმირალ ს. ო. მარკოვის მიერ. სრუტის ზედაპირზე წყალი შავი ზღვიდან მარმარილოს ზღვაში მიედინება, იმ დროს, როცა ამ დინების ქვემოთ არსებობს მეორე დინებაც – მარმარილოს ზღვის მხრიდან შავი ზღვის მიმართულებით. ზედა დინების სიჩქარე სრუტის ყველაზე უფრო ვიწრო ადგილას დაახლ. 7-9 კმ/სთ შეადგენს, ქვედა დინების სიჩქარე კი – ადგილ-ადგილ 4 კმ/სთ-ზე მეტს. დინებები სხვადასხვა სიღრმეში მიემართებიან. სტამბულის მახლობლად ამ დინებებს შორის მიჯნა ჩვეულებრივ 18 მ სიღრმეში იმყოფება, ბოსფორის ზედა ნაწილში კი – 40 მ სიღრმეში.
დარდანელის სრუტეს, რომელიც მარმარილოს ზღვას ეგეოსის ზღვასთან აერთებს, 60 კმ-ზე მეტი სიგრძე აქვს, მისი სიგანე საშუალოდ 4-7 კმ, ყველაზე უფრო ვიწრო ადგილი დაახლოებით 1,3 კმ. დარდანელის სრუტეში, ისევე როგორც ბოსფორისა, ზედაპირული და სიღრმული დინებებია.
1970-იან წლებში არსებული შავი ზღვის სრუტეების რეჟიმი განისაზღვრებოდა კონვენციით, რომელიც 1936 წელს მონტრეში (შვეიცარია) იქნა დადებული. ის ითვალისწინებდა სრუტეების გავლით მსოფლიოს ყველა ქვეყნის ნებისიერი რაოდენობის სავაჭრო გემების თავისუფალ გასვლას როგორც მშვიდობიანობის, ისე ომის დროსაც.
არაშავიზღვის ქვეყნების სამხედრო ხომელდების გასვლა ომიანობის დროს აკრძალული გახლდათ, ხოლო მშვიდობიანობის დროს კი ხომალდების კლასით, ტონაჟიტა და შავი ზღვის წყლებში ყოფნის ვადით იყო შეზღუდული (გასვლა შეეძლოთ მხოლოდ მსუბუქ წყალზედა ხომალდებს 21 დღეღამემდე ვადით, რომელთა საერთო ტონაჟსაც 45 ათას ტ-თვის არ უნდა გადაეჭარბებინა).
შავი ზღვის სახელმწიფოთა სამხედრო ხომალდების გასვლა მშვიდობიანობის დროს თავისუფალი იყო, თუ თურქეთის მთავრობას ამის შესახებ არანაკლებ 8 დღეღამით ადრე შეატყობინებდნენ, და ამ დროს გარკვეული მოთხოვნებიც უნდა ყოფილიყო შესრულებული. ასე, ნება ეძლეოდათ ატარებდნენ სახაზო ხომალდების კლასთან გათანაბრებულ ნებისმიერი ტონაჟის წყალზედა ხომალდები გაეყვანათ (სრუტეებში მათ თითო-თითოდ უნდა გაევლოთ, არაუმეტეს ორი ნაღმოსნის თანხლებით), აგრეთვე წყალქვეშა ნავები დღისით თითო-თითოდ და წყალზედა მდგომარეობაში.
ინფრასტრუქტურის ელემენტები. საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, 1970-იან წლებში თურქეთის ტერიტორიას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ნატო-ს საომარ მზადებათა ზოგად სისტემაში სამხრეთ-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ). ნატო-ს ინფრასტრუქტურის პროგრამების შესაბამისად 1963 წლის დასაწყისისთვის, როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, 60-ზე მეტი სხვადასხვა სამხედრო ობიექტი – აეროდრომები, სამხედრო-საზღვაო ბაზები, რაკეტების სასტარტო პოზიციები, შეიარაღებული ძალების მართვის პუნქტები, სპეციალური დანიშნულების საწყობები, რადიოტექნიკური ობექტები და სხვა – იქნა აგებული. იმავდროულად სრულყოფდნენ საჰაერო თავდაცვის (ჰთ), კავშირგაბმულობის, მომარაგების სისტემებსა და საშუალებებს, ანვითარებდნენ შეტყობინების გზების ქსელს. ამის შედეგად ქვეყნის ტერიტორია, საბჭოთა ავტორების სიტყვით, გადაქცეული იყო პლაცდარმად სოციალისტური თანამეგობრობის ქვეყნების წინააღმდეგ ნატო-ს აგრესიული მოქმედებებისთვის. 1970-იან წლებში აქ განლაგებული გახლდათ: ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სახმელეთო ჯარების შტაბი სამხრეთ-ევროპული ომთ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (ნახ. 2) და ნატო-ს მე-6 გაერთიანებული (სამოკავშირეო) ტაქტიკური საავიაციო სარდლობის (6 მტას) შტაბი (ორივე იზმირში), გაერთიანებული ამერიკული სამხედრო მისიის (ჯუსმათი) შტაბი, აშშ სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ) ჯგუფი, ბლოკ სენტო-ს ხელმძღვანელი ორგანოები (ანკარა).
თურქეთის ტერიტორიზე აეროდრომების განვითარებული ქსელი იყო შექმნილი. უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, 1960-იანი წლების ბოლოსა და 70-იანების პირველ ნახევარში დაახლოებით 50 ავიაბაზასა და აეროდრომს ჩაუტარდათ არსებითი რეკონსტრუქცია, მათგან 15-ზე მეტი ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად იქნა აღჭურვილი. ძირითად ავიაბაზებს მიეკუთვნებოდა: მიურთედი (ანკარა), ესქიშეჰირი, ბანდირმა, ბალიქესირი, მერზიფონი, ერჰაჩი (მალათია), ანტალია, კონია, დიარბაქირი, ჩიგლი (იზმირი) და სხვები. აქ განლაგებულ იყო ახლო აღმოსავლეთში უმსხვილესი სამხედრო-საჰაერო ბაზა ინჯირლიყი (ადანა), რომელშიც მუდმივად ბაზირებდნენ ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავები, მათ შორის ბირთვული იარაღის მატარებლებიც. მსხვილი აეროდრომების ასაფრენ-დასაჯდომი ზოლების სიგრძე 3000 მ-მდე იყო აყვანილი, რაც მათზე თანამედროვე საბრძოლო ავიაციის ბაზირების შესაძლებლობას იძლეოდა. მათი სანავიგაციო აღჭურვილობა უზრუნველყოფდა თვითმფრინავების აფრენასა და დაჯდომას დღისითა და ღამით, აგრეთვე რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში.
თურქეთის საჰაერო თავდაცვა ნატო-ს სამხრეთ ზონის ჰთ-ის ერთიან სისტემაში გახლდათ შეყვანილი. როგორც თურქულ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, ჰთ-ის ძირითად ძალებსა და საშუალებებს წარმოადგენდნენ საზენიტო მართვადი რაკეტები (ზმრ – რვა ესკადრილიას ზმრ «ნაიქ-აიაქსებისა» და «ნაიქ-ჰერკულესების» 72 გასაშვები დანადგარი /გდ/ გააჩნდა, რომლებიც ბოსფორის სრუტის ზონაში იყო განლაგებული) და სხვადასხვა დანიშნულების რადიოტექნიკური საშუალებანი (რადიოსალოკაციო პოსტების განტოტვილი სისტემა საჰაერო სივრცის სხვადასხვა სიმაღლეებზე მეთვალყურეობის უწყვეტი ზონის შექმნას უზრუნველყოფდა). ჰთ-ის ძალები და საშუალებანი ნატო-ს ჰთ-ის გაერთიანებულ (სამოკავშირეო) ავტომატიზებულ სისტემა «ნეიჯში შედიოდნენ» (ნახ. 3).
თურქული ფლოტის ბაზირების სისტემა ორგანიზებული იყო სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) სარდლობების ფარგლებში – ჩრდილოეთისა (შტაბი სტამბულში) და სამხრეთისა (შტაბი იზმირში). თითოეული ზონა რამდენიმე სამხედრო-საზღვაო რაიონს, ბაზასა და ბაზირების პუნქტს მოიცავდა. თურქეთის ძირითადი სამხედრო-საზღვაო ბაზები გახლდათ: გიოლჯიუკი (მთავარი), ერეგლი (შავ ზღვაში), სტამბული, იზმირი, ისკანდერონი. სამანევრო ბაზების სახით შეიძლებიდა გამოეყენებიათ პორტები ტრაპიზონი, სამსუნი, სინოპი, ზონღულდაქი, ანტალია, მერსინი და სხვები (უფრო დაწვრილებით თურქეთის პორტების შესახებ იხ. Зарубежное военное обозрение, 1975, № 4, გვ. 95-103).
ბაზებსა და პორტებში ფლოტის ხომალდებს შეეძლოთ საწვავის, სურსათის, საბრძოლო მასალებისა და წყლის მარაგები შეევსოთ, აგრეთვე აუცილებელი რემონტი ჩაეტარებიათ. დოკები მხოლოდ მთავარ სამხედრო-საზღვაო ბაზა გიოლჯიუკში, სამხედრო-საზღვაო ბაზა სტამბულსა და პორტ მერსინში მოქმედებდა.
თურქული პორტების რეკონსტრუქციის სამუშაოების მსვლელობისას გაზარდეს ნავმისადგომი ხაზის სიგრძე, გააღრმავეს ნავსადგურები და ფარვატერები, გააფართოვეს გემთსარემონტო საწარმოების შესაძლებობანი, გაზარდეს სასაწყობო სათავსოების ფართობები, გააძლიერეს ჩასატვირთ-გადმოსატვირთი საშუალებები.
შეიარაღებული ძალების დაჯგუფებათა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ) მიზნით დასაწყობების განვითარებული სისტემა იყო მოწყობილი. 1970-იანი წლების შუახანებისთვის აშენებულ იქნა მნიშვნელოვანი რაოდენობით სასაწყობო სათავსოები, მოამზადეს იარაღის, საბრძოლო ტექნიკის, საწვავის, საბრძოლო მასალებისა (მათ შორის ბირთვულისაც) და სურსათის მარაგები.
საზღვარგარეთულ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, რომ თურქეთის ტერიტორიის საინჟინრო აღჭურვას აუცილებლობის შემთხვევაში ამა თუ იმ ობიექტების შესაძლო დანგრევის ან დატბორვის გათვალისწინებით ატარებდნენ.
სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს შეიარაღებული ძალების მართვისათვის გამოიყენებოდა კავშირგაბმულობის სისტემა «აის ჰაი». ის მრავალარხიანი კომპლექსური ქსელი გახლდათ, რომელიც რადიოსარელეო და ტროპოსფერული სადგურებისგან იყო შემდგარი. ეს ქსელი ანკარას უმნიშვნელოვანეს სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ბაზებთან, ნატო-ს შტაბებთან და ბლოკის მონაწილე სხვა ქვეყნების დედაქალაქებთან აკავშირებდა. თურქეთი ასევე თანამგზავრული კავშირგაბმულობის სისტემაში («სათქომი») იყო ჩართული, რომლის შექმნაც ნატო-ს ფარგლებში ხორციელდებოდა. ანკარის რაიონში ამ სისტემის დამაბოლოვებელი სადგური იყო აშენებული.
1970-იანი წლების შუახანებში თურქეთის ტერიტორიაზე აშენებული იყო და მოქმედებდა სანავიგაციო სისტემის «ლორან» C გადამცემი სტაციონარული სადგური, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში ნატო-ს ქვეყნების სზძ-ის ხომალდების საქმიანობის უზრუნველყოფისთვის იყო განკუთვნილი.
მართვის პუნქტებსა და საჯარისო შტაბებს შორის კავშირგაბმულობის საკმარისად განვითარებული სატელეფონო-სატელეგრაფო ქსელი არსებობდა, რომელიც საჰაერო, მიწისქვეშა და წყალქვეშა კაბელების, აგრეთვე რადიოსარელეო ხაზების მეშვეობით ხორციელდებოდა. კავშირგაბმულობის ყველაზე უფრო მსხვილი კვანძები უპირატესად დიდ ქალაქებში იყო განლაგებული.
უცხოური ბეჭდური გამოცემების ცნობებით, თურქეთში აგრეთვე რიგი სხვადასხვა დანიშნულების ამერიკული რადიო- და რადიოტექნიკური ობიექტები იყო განლაგებული, რომელთაგან ყველზე უფრო მნიშვნელოვანი ობიექტები სინოპში, ყარამიურსელესა და დიარბაქირში იმყოფებოდა.
შეტყობინების გზები და ტრანსპორტი. ნატო-ს ინფრასტრუქტურის პროგრამების მიხედვით თურქეთის ტერიტორიაზე 1970-იანი წლების შუახანებისთვის სახმელეთო კომუნიკაციების მშენებლობისა და სრულყოფის საქმეში დიდი სამუშაოები იყო ჩატარებული (უფრო დაწვრილებით იხ. Зарубежное военное обозрение, 1974, № 10, გვ. 63-68). თურქეთის ავტოსაგზაო ქსელი ძირითად საზღვაო პორტებსა და მთელ მნიშვნელოვან სამრეწველო და ადმინისტრაციულ ცენტრებს ერთმანეთთან აკავშირებდა. მყარი საფარის მქონე გზების საერთო სიგრძე დაახლოებით 55 ათასი კმ გახლდათ, ხოლო საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობისთვის ვარგისი გაუმჯობესებული სოფლის გრუნტის გზების გათვალისწინებით კი – დაახლ. 130 ათასი კმ. გზების ქსელი ყველაზე უფრო მეტად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, განსაკუთრებით კი შავი ზღვის სრუტეებისა და ეგეოსის ზღვის მიმდებარე რაიონებში იყო განვითარებული. საავტომობილო გზები მნიშვნელოვან სიგრძეზე მთათა ხეობებში, მაღალ ქედებს შორის და ძლიერად დასერილ პლატოებზე გადიოდა. ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული იყო გზები, რომელთა სავალი ნაწილის სიგანეც 4-6 მ გახლდათ (საგზაო ზოლის /ლიანდაგის/ სიგანე – 6-9 მ). თურქეთის გზებზე ბევრი ხელოვნური ნაგებობა იყო – ხიდები, გვირაბები, ღრმა ამონაღებები, საყრდენი კედლები. ზამთრობით მთებში გამავალ გზებსა და უღელტეხილებზე ხშირი იყო თოვლის ნამქერები.
1960-იანი წლების ბოლოსა და 70-იანების პირველ ნახევარში ატარებდნენ მნიშვნელოვან სამუშაოებს არსებული გზების გაუმჯობესებისა და რეკონსტრუქციისთვის, მსხვილი დასახლებული პუნქტების ახლოს შემოვლითი გზების გაყვანისთვის, აგრეთვე მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ცალკეული საავტომობილო მაგისტრალების აგებისთვის. 1973 წლის ბოლოს სტამბულში ბოსფორის სრუტეზე დაკიდებული ავტოსაგზაო ხიდი იქნა ექსპლუატაციაში შეყვანილი (ნახ. 4), რომელმაც თურქეთის ევროპული და აზიური ნაწილების საავტომობილო გზები ერთმანეთთან დააკავშირა.
სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების ფარეხი 1973 წლის ბოლოს 243 ათასს აღემატებოდა, ხოლო სხვადასხვა მარკის მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა კი იმავე ხანებში დაახლოებით 210 ათასს შეადგენდა.
თურქეთის რკინიზგები ქვეყნის ტერიტორიაზე საკმარისად თანაზომიერადაა განაწილებული. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მთელ ქვეყანას ორი მაგისტრალი გადაკვეთს, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ კი სამი მარშრუტი გადის.
რკინიგზების სიგრძე 1973 წელს 8135 კმ გახლდათ. თითქმის ყველა მათგანის ტექნიკური მდგომარეობა, უცხოელი სპეციალისტების შეფასებით, დაბალი იყო, გზები ძირითადად ერთლიანდაგიანი იყო, ორლიანდაგიანი გზების სიგრძე კი 100 კმ ცოტათი აღემატებოდა. ტერიტორიის უმეტეს ნაწილში რკინიგზები მთაგორიან და ძლიერად დასერილ ადგილმდებარეობაზე გადიოდა, რის გამოც მათ გზის ძალზედ რთული პროფილი, მრავალი მცირე რადიუსის მრუდი, დიდი რაოდენობით ხიდები, გვირაბები, ვიადუკები, საყრდენი კედლები და სხვა საინჟინრო ნაგებობები ჰქონდათ. ყველაფერი ეს ზღუდავდა მათ გამტარუნარიანობას.
თურქული სტატისტიკის მონაცემებით, რკინიგზების სატრანსპორტო ფარეხის შემადგენლობაში, 1970-იანი წლების შუახანებისთვის, 740 ორთქლმავალი, დაახლოებით 250 თბომავალი, 20 ელმავალი, 1400-ზე მეტი სამგზავრო ვაგონი, 1160 ცისტერნა და დაახლ. 21 000 სატვირთო ვაგონი და პლატფორმა მოითვლებოდა.
მაგისტრალური მილსადენების საერთო სიგრძე თურქეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 2300 კმ შეადგენდა. მათგან ძირითადი მილსადენები პორტებიდან ბანდირმა, ანტალია და ისკანდერონი საწვავს აწვდიდნენ ზოგიერთ სამხედრო-საჰაერო ბაზასა და აეროდრომს. ეს სისტემა 200 ათას ტ-ზე მეტი თხევადი საწვავის გადატუმბვასა და შენახვას უზრუნველყოფდა. პერსპექტიული გრძელვადიანი პროგრამებით (1972-1992 წლები) გათვალისწინებული იყო ქვეყანაში მილსადენების ქსელის მნიშვნელოვანი გაფართოება.
საზღვაო ტრანსპორტი, უცხოელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, ნატო-ს სხვა ქვეყნებიდან თურქეთში ჯარებისა და სამხედრო ტვირთების გადასროლებში, და აგრეთვე თავად ქვეყნის სანაპირო წყლებშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. თურქეთის სავაჭრო ფლოტი 1974 წლის შუახანების მდგომარეობით, 353 გემს მოითვლიდა საერთო ტონაჟით 756 807 ტ.
შეიარაღებული ძალები (უფრო დაწვრილებით იხ. Зарубежное военное обозрение, 1973, № 12, გვ. 7-14). 1974 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, თურქეთის შეიარაღებულ ძალებში 455 ათასი ადამიანი მოითვლებოდა, მათგან: სახმელეთო ჯარებში – 365 ათასი, სჰძ-ში – 50 ათასი და სზძ-ში – 40 ათასი ადამიანი. გარდა ამისა, საჟანდარმო ჯარების შემადგენლობაში დაახლოებით 75 ათასი ადამიანი ირიცხებოდა.
სახმელეთო ჯარები ორგანიზაციულად სამ საველე არმიაში იყო შეყვანილი. მის საბრძოლო შემადგენლობაში შედიოდა 17 დივიზია (ქვეითი, მექანიზებული და მოტოქვეითი დივიზიები), 12 ცალკეული ბრიგადა (შვიდი ქვეითი, ოთხი ჯავშანსატანკო და ერთიც საჰაერო-სადესანტო), საარმიო და საკორპუსო დაქვემდებარების ნაწილები, აგრეთვე ოთხი სასწავლო დივიზია (სამი ქვეითი და ჯავშანსატანკო). თურქული შენაერთები სამხრეთ-ევროპული ომთ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში იყო გადაცემული.
ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალები 1970-იანი წლების შუახანებში მოითვლიდა საბრძოლო ავიაციის 16 ესკადრილიას (360 თვითმფრინავი), სატრანსპორტო ავიაციის სამ ესკადრილიას (80 თვითმფრინავი და 15 ვერტმფრენი), სამ სასწავლო ავიაბაზასა (170 სასწავლო-საწვრთნელი თვითმფრინავი) და ზმრ «ნაიქების» სარაკეტო ბაზას. საბრძოლო ავიაცია ორგანიზაციულად ორი ტაქტიკური საჰაერო არმიის შემადგენლობაში იყო შეყვანილი, რომლებიც მთლიანად ნატო-ს მე-6 გაერთიანებულ (სამოკავშირეო) ტაქტიკურ საავიაციო სარდლობაში (6 მტას) გახლდნენ ჩართული.
თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალები 1970-იანი წლების შუახანებში დაახლოებით 170 საბრძოლო ხომალდსა და 90 დამხმარე გემს მოითვლიდა, მათ შორის 15 წყალქვეშა ნავს, 13 საესკადრო ნაღმოსანს, ორ სადარაჯო ხომალდს, ექვს მცირე ნავსაწინააღმდეგო ხომალდს, 20 საბაზო და სარეიდო ტრალერს, 15 სანაღმო და საბადე გადამღობს, 18 ნავსაწინააღმდეგო, ორ საარტილერიო და 11 სატორპედო კატარღას, აგრეთვე 56 მცირე სადესანტო ხომალდსა და კატარღას. საზღვაო ავიაციას თავის შემადგენლობაში ჰყავდა 16 საპატრულო თვითმფრინავი S2E და სამი ვერტმფრენი AB-204B. ბოსფორის სრუტის ევროპულ და აზიურ ნაპირებზე 100-240 მმ ყალიბების სანაპირო არტილერიის ბატარეები და წყალზედა მიზნების აღმოჩენის რადიოლოკაციური სადგურები (რლს) იყო დაყენებული, რომლებიც შავი ზღვის მხრიდან სრუტეების ზონაში წყალზედა ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების გასვლისთვის წინააღმდეგობის გასაწევად იყო განკუთვნილი. თურქული სზძ-ის ხომალდების უდიდესი ნაწილი სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სზძ-ის შემადგენლობაში გადაცემისთვის გახლდათ განკუთვნილი.
* * *
თუმცა კი, საბჭოთა ავტორების დასკვნით, თურქეთი უწინდებურად იმპერიალისტური სამხედრო-პოლიტიკური ბლოკების აქტიურ წევრად რჩებოდა, მსოფლიოში დაძაბულობის საერთო განმუხტვის ზემოქმედებით თურქეთის მმართველი წრეების პოლიტიკაში უკვე საგარეოპოლიტიკური კურსის გატარებაში დამოუკიდებლობისკენ და აშშ-ზე მისი დამოკიდებულების რამდენადმე შესუსტებისკენ ტენდენცია დაიმზირებოდა. ეს ტენდენცია გარკვეულწილად 1975 წლის 5 თებერვლიდან თურქეთისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის შესახებ (კვიპროსის კონფლიქტის გამო – ი. ხ.) ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილების შემდეგ გაძლიერდა.
გამოყენებული ლიტერატურა
Капитан 1 ранга А. Кораблёв, «Турция (География, политический строй, экономика, инфраструктура)», Зарубежное Военное Обозрение, 1975 г. № 6.
მასალა მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა