Monday, October 26, 2026

თურქეთისა და ისრაელის თანამშრომლობა ეროვნული სამხედრო-საჰაერო ძალების განმტკიცებისთვის 1990-იანი წლების მეორე ნახევარში

რუსული სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, 1990-იან წლებში შემდგარი თურქეთისა და ისრაელი სამხედრო უწყებათა მეთაურების ურთიერთვიზიტები, რომელთა შედეგადაც მიიღებოდა კონკრეტული გადაწყვეტილებები პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროში, მოწმობდა ამ სახელმწიფოთა პარტნიორობის გამუდმებულ გაღრმავებაზე თავიანთი შეიარაღებული ძალების განმტკიცებისთვის. მასობრივი ინფორმაციის დასავლური საშუალებები აღნიშნავდნენ, რომ 1996 წლის 23 თებერვალს ხელმოწერილი შეთანხმება თურქეთთან თანამშრომლობაზე, ისრაელისთვის წარმოადგენდა პირველ ამგვარ დოკუმენტს, ისეთ სახელმწიფოსთან დადებულს, რომლის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ მაჰმადიანები, რაც მოწმობდა ადრე ჩამოყალიბებული ძალთა სტრატეგიული ბალანსის შეცვლის შესახებ აღმოსავლეთ შავზღვისპირეთში. მათი აზრით, შეთანხმების მთავარ მიზანს წარმოადგენდა როგორც სირიისა და ერაყის როლის შემცირება ისე ისლამური ფუნდამენტალიზმისაც, ამასთან შეთანხმების დამდები ორივე ქვეყანა უკანასკნელებს მიიჩნევდა მუქარების ძირითად წყაროდ თავისი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. თურქეთისა და ისრაელის ძალისხმევის გაერთიანების შემდეგ მნიშვნელოვნად იზრდებოდა მათი შესაძლებლობები შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნისა და ტექნიკური აღჭურვილობის დონის ამაღლებაში. 

შეთანხმებით გათვალისწინებული და აშშ ხელმძღვანელობის მიერ მოწონებული ძირითადი ღონისძიებები ვარაუდობდა უმთავრესად თანამშრომლობას ეროვნული სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) განვითარებაში, აგრეთვე ერთობლივი სწავლებების ჩატარებას. 1996 წელს, ჟურნალ «ფლაითის» მონაცემებით, თურქული სჰძ-ის საავიაციო ფარეხი მოითვლიდა 146 გამანადგურებელს F-16, 120 F-5A და B, 144 F-4E, 21 თვითმფრინავ-მზვერავს RF-4E და 24 RF-5A, 33 ნავსაწინააღმდეგო თვითმფრინავს S-2A და E, 70 სასწავლოს T-38A, 34 T-33A, 62 T-37B და C, 28 T-41D, 13 სატრანსპორტოს C-130, 19 C-160, 40 C-47, 30 CN-235, სამ ჰაერში საწვავით გამწყობს KC-135, 50 ვერტმფრენს UH-1H. ისრაელის სჰძ-ის საბრძოლო შემადგენლობაში იყო 53 გამანადგურებელი F-15A და B, 59 F-15C და D, 25 F-15I, 167 F-16A და B, 199 F-16C და D, 175 «კფირი» C.2 და C.10, 160 F-4 და F-4-2000, 12 თვითმფრინავ-მზვერავი RF-4E, სამი RU-21A, შვიდი RC-12D, 157 მოიერიშე A-4N, 80 სასწავლო CM.170, 35 PA-18, ოთხი შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის E-2C, 13 სატრანსპორტო ბოინგ 707-320, 19 IAI-201, 13 C-130H, რვა გამწყობი ბოინგ 707-320, ცხრა ბოინგ 747-20, ოთხი KC-130H, შვიდი კავშირგაბმულობის თვითმფრინავი «დორნიე-28», 21 U-206 «ცესნა», სამი საბაზო-საპატრულო თვითმფრინავი «ვესთვინდ-1124», 42 ვერტმფრენი AH-64A «აპაჩი», 40 AH-1G, 57 UH-1D, 19 UH-60, 12 CH-47, 33 MD500 «დეფენდერი», ერთი CH-53, ორი CH-62, 60 «ბელ-212», 15 «ბელ-205», 39 AB.206. 

1996 წლის 16 აპრილიდან ისრაელის სჰძ-ის ტაქტიკური გამანადგურებლების F-16 ეკიპაჟები შეუდგნენ რეგულარული საწვრთნელი ფრენების შესრულებას ავიაბაზა აკინჯიდან (ქ. ანკარის დასავლთით) თურქეთის საჰაერო სივრცეში. ორივე ქვეყნის სამხედრო უწყებათა ხელმძღვანელებმა შეათანხმეს სჰძ-ის ერთობლივი სწავლებების გრაფიკი, რომლის თანახმადაც იგეგმებოდა ყოველწლიურად რვა ასეთი ღონისძიების ჩატარება (ოთხ-ოთხისა თითოეულ ქვეყანაში). 

შეთანხმებაში აგრეთვე გაითვალისწინებოდა ორი სახელმწიფოს დაზვერვების თანამშრომლობა, აგრეთვე ერაყთან, ირანთან და სირიასთან მოსაზღვრე რაიონებში განლაგებული თურქული შეიარაღებული ძალების მართვის ელექტრონული სისტემებით აღჭურვაში ისრაელის მხრიდან დახმარების აღმოჩენა. ამ ფაქტს დასავლელი ავტორები აკავშირებდნენ თურქეთის სამხედრო აქტიურობის გაძლიერებასთან ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც 1984 წლიდან აწარმოებდა ბრძოლას ქურთი ხალხის დამოუკიდებლობისთვის. როგორც მასობრივი ინფორმაციის დასავლური წყაროები აღნიშნავდნენ, არ იყო გამორიცხული, რომ შეთანხმებაში გათვალისწინებული ყოფილიყო ისრაელის თვითმფრინავების მიერ რადიოელექტრონული დაზვერვის წარმოების შესაძლებლობა თურქეთის ტერიტორიის თავზე სირიასთან, ერაყთან და ირანთან საზღვრების გაყოლებით. 

ხელმოწერილი დოკუმენტის ფარგლებში ნავარაუდევი გახლდათ ეკონომიკის სამხედრო დარგებში თნამშრომლობის ღონისძიებები ორივე ქვეყნის შეიარაღებული ძალების საბრძოლო ტექნიკის თანამედროვე ნიმუშებით აღჭურვილობის დონის ამაღლების მიზნით. ამასთან ისინი იმედოვნებდნენ შეერთებული შტატების ფინანსურ დახმარებასაც. ასე, 1996 წელს თურქეთის ხელმძღვანლობამ ხელი მოაწერა 800 მლნ. დოლარის ღირებულების კონტრაქტს კომპანია «ისრაელ ეარქრაფთ ინდასთრიზთან», რომელიც ითვალისწინებდა 54 ტაქტიკური გამანადგურებლის F-4E მოდერნიზაციას «ფანტომ-2000» პროგრამის მიხედვით (ექვსი ესკადრილია). მათი ექსპლუატაციის ვადის კიდევ 20 წლით გახანგრძლივების ღონისძიებების გარდა შეიცვლებოდა მოძველებული საბორტო აღჭურვილობაც. კერძოდ, იგეგმებოდა F-4-ებზე დაეყენებიათ ახალი რადიოსალოკაციო სადგურები (რლს), აგრეთვე აღეჭურვათ ისინი «ჰაერი-დედამიწა» კლასის ისრაული რაკეტებით AGM-142 «პოპაი». თვითმფრინავების ნაწილის მოდერნიზაცია ისრაელში იგეგმებოდა, დანარჩენების კი – თურქეთში ისრაელელი სპეციალისტების მონაწილეობით. 

როგორც დასავლელი ექსპერტები აღნიშნავდნენ, ეს კონტრაქტი ყველაზე უფრო მნიშვნელოვნად ითვლებოდა იმ ხანებში ისრაელის მიერ მეზობელ სახელმწიფოებთან დადებულ კონტრაქტებს შორის. ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობა მას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და განიხილავდა არა მარტო როგორც ეკონომიკურ გარიგებას, არამედ როგორც სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველს. შეთანხმების წარმატებით რეალიზაციისთვის ისრაელის პარლამენტმა მიიღო სპეციალური გადაწყვეტილება 430 მლნ. დოლარის კრედიტის გამოყოფაზე. 1996 წლის გაზაფხულზე თურქეთის სჰძ-ის მფრინავთა ჯგუფმა ისრაელში გაიარა მომზადება ახალი რადიოსალოკაციო სადგურების საფრენოსნო ექსპლუატაციაში, რომლებიც ისრაელის ტაქტიკურ გამანადგურებლებზე F-4-2000 დაყენებული რლს-ების ანალოგიური გახლდათ. თურქეთის მთავრობა აგრეთვე განიხილავდა ისრაული ფირმა «ელბით ინდასთრიზის» მიერ სამუშაოების შესრულების შესაძლებლობას F-5A და B გამანადგურებლების სამსახურის ვადის გაგრძელებისთვის. 

რუსი ავტორების შეფასებით, თავდაპირველად თურქეთის ხელმძღვანელობა ისრაელთან თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისკენ მხოლოდ იმიტომ ისწრაფვოდა, რომ გაეძლიერებია თავისი პოზიციები სულ უფრო მზარდ პროისლამისტურ კეთილდღეობის პარტიასთან ბრძოლაში და არ უკავშირებდა მას «მესამე ქვეყნებთან» დაპირისპირების საკითხს. მაგრამ შემდგომში იგი ამ გადაწყვეტილებას ამართლებდა უკვე გაძლიერებული კავშირებით სამხედრო სფეროში ირანსა და სირიას, აგრეთვე სირიასა და საბერძნეთს შორის. დასავლელი ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ იორდანია, რომელმაც 1994 წლის ოქტომბერში სამშვიდობო ხელშეკრულება დადო ისრაელთან, ასევე ისწრაფვოდა მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობის დამყარებისკენ თურქეთთანაც. კერძოდ, მიღწეული იყო შეთანხმება საბრძოლო თვითმფრინავების საწვრთნელი ფრენების ურთიერთ შესრულებაზე ამ ქვეყნების საჰაერო სივრცეში და ითვალისწინებდა F-16 ტაქტიკური გამანადგურებლების იორდანიელი მფრინავების თურქეთის საავიაციო ტრენაჟორებზე მომზადებას. 

რუსი სამხედრო სპეციალისტების სიტყვით, თურქეთის გაფართოებულ კავშირებს სამხედრო სფეროში ისრაელთან ახლო აღმოსავლეთის ბევრი ქვეყანა განიხილავდა როგორც მუქარას თავისი უსაფრთხოებისთვის და, შესაძლებელი იყო, აშშ-ისა და ისრაელის ახალი ერთობლივი სტრატეგიის ნაწილსაც. თურქეთისა და ისრაელის პარტნიორობა ამწვავებდა წინააღმდეგობებს (დაპირისპირებულობებს) რეგიონის სახელმწიფოებს შორის და ეხებოდა ისლამური ფუნდამენტალისტების სულ უფრო მზარდი მოძრაობისა და ქურთი სეპარატისტების ინტერესებს. თურქეთის მეზობელ სახელმწიფოთა მთავრობების გარდა დოკუმენტის კრიტიკით გამოვიდნენ ეგვიპტისა და არაბული ქვეყნების ლიგის ხელმძღვანელებიც. ისინი თვლიდნენ მას მუქარად მთელ ახლოაღმოსავლურ რეგიონში სტაბილურობისთვის. დასავლელი ექსპერტების აზრით, ეს აიძულებდა ეგვიპტის მთავრობას განეხილა მსგავსი ხელშეკრულებების დადების შესაძლებლობა სირიასთან და საუდის არაბეთთან. 

ჰქონდა რა მრავალი წლის განმავლობაში პრობლემები კ. კვიპროსთან დაკავშირებით, საბერძნეთის ხელმძღვანელობა ასევე შეშფოთებული იყო 1990-იანი წლების მეორე ნახევარში თურქეთისა და ისრაელის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებით. დასავლური პრესის შეტყობინებებით, საბერძნეთისა და სირიის მთავრობებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც თურქეთთან კონფლიქტის შემთხვევაში საბერძნეთის საბრძოლო თვითმფრინავებს ნება ეძლეოდათ დამჯდარიყვნენ სირიის აეროდრომებზე. 

გამოყენებული ლიტერატურა 

Полковник А. Алексеев, «Сотрудничество Турции и Израиля для укрепления национальных ВВС», Зарубежное Военное Обозрение, 1997 г. № 4. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა 

No comments:

Post a Comment