კანონმდებლობის შესაბამისად თურქეთის შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვანაირი ფორმის ტანსაცმელი გახლდათ დადგენილი. 1980-იან წლებში მათგან ძირითადი იყო: საპარადო-გამოსასვლელი, საპარადო მწყობრისათვის, ყოველდღიური და საველე ფორმის სამოსელი.
სახმელეთო ჯარების გენერლებსა და ოფიცრებს ჰქონდათ საპარადო-გამოსასვლელი ფორმის ტანსაცმლის ზამთრისა და ზაფხულის ვარიანტები. მისი ტარება ნებადართული გახლდათ ოფიციალურ მიღებებზე, დღესასწაულების დღეებში, შვებულებებში ყოფნის დროს, გამოსასვლელ დღეებში, აგრეთვე სამსახურისგან თავისუფალ დროს.ზამთრის ფორმა მოიცავდა ფორმის ქუდს, ღია ერთბორტიან კიტელს (ორი სამკერდე და ორი გვერდითი ჩაჭრილი ჯიბეებითა და ჯიბეების სარქველებით), რომელიც ოთხი ღილით იკვრებოდა, და დამცავი ფერის ჩაშვებული შარვალს, თეთრ პერანგს შავი ჰალსტუხით, შავ დახურულ ფეხსაცმელსა და თეთრ ხელთათმანებს. ტანსაცმლის ამ ფორმის საზაფხულო ვარიანტი ღია-ბეჟი ფერის შემსუბუქებული მასალისგან გახლდათ შეკერილი (ნახ. 1, А). საპარადო-გამოსასვლელ ფორმასთან ერთად ატარებდნენ პალაშს (მოკლე დაშნას).
ს ა პ ა რ ა დ ო | ფ ო რ მ ა ს | მ წ ყ ო ბ რ ი ს ა თ ვ ი ს ატარებდნენ პარადებზე, საპატიო ყარაულში ან ესკორტში ყოფნისას. ის შედგებოდა თეთრი ფიბრის მუზარადის, ხაკისფერი (ზაფხულში ღია-ბეჟი ფერის) შარვლისა და დახურული ქურთუკის (ორი სამკერდე ჯიბე), დახურული შავი ფეხსაცმლის (თეთრი კრაგებით), მოვერცხლისფრო აქსელბანტების, პისტოლეტისბუდიანი თეთრი პორტუპეისა და თეთრი ხელთათმანებისგან (ნახ. 1, Б).
ყ ო ვ ე ლ დ ღ ი უ რ ი ფორმის ტანსაცმელი დადგენილი იყო ორ ვარიანტად: ზამთრისა და ზაფხულის. ზამთრისა (ნახ. 1, В) შედგებოდა ფორმის ქუდის, ერთბორტიანი კიტელის ან დამოკლებული ქურთუკის, ჩამოშვებული შარვლის, შავჰალსტუხიანი პერანგის, ყავისფერი დახურული ფეხსაცმლის, შავი წინდების და ტყავის ყავისფერი ხელთათმანებისგან. შალის ქსოვილის (გაბარდინის ტიპისა) სამხედრო გამოჭრილობის კიტელს ჰქონდა ორი სამკერდე დაკერებული და ორიც გვერდითი ჩაჭრილი ჯიბეები სარქველებით, იკვრებოდა ლითონის ოთხი ღილით. ფორმის ქუდი, კიტელი და შარვალი ხაკისფერი იყო, პერნგი ღია-ბეჟი ფერისა. საზაფხულო ფორმის ტანსაცმელი ზამთრის ფორმისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ ღია-ბეჟი ფერის შემსუბუქებული მასალისგან გახლდათ შეკერილი.
ს ა ვ ე ლ ე | ფ ო რ მ ა (ზამთრისა და ზაფხულის ხაკის ფერისა) მოიცავდა: კეპს (ტანკისტებს მეცადინეობებზე – ბერეტი), ქურთუკს, შარვალს, ყავისფერ დახურულ ფეხსაცმელსა და ქამარს. განკუთვნილი იყო მეცადინეობების, სწავლებების, მანევრებისა და სამწყობრო დათვალიერებათა დროს ტარებისთვის (ნახ. 1, Г).
ცივ დროს სამწყობრო საპარადო, ყოველდღიურ და საველე ფორმებს ემატებოდა ფარაჯა (ხაკის ფერი მაუდისა), ხოლო ნესტიან ამინდში კი – პალტო-ლაბადა. ეს უკანასკნელი იყო ხაკისფერი, ორი გვერდული ჯიბითა და ქამრით, შეკერილი გახლდათ წყალგაუმტარი ქსოვილისგან. სამხრეებს აკერებდნენ ან ამაგრებდნენ, ჯართა გვარეობების ფერადი დანაკერები კი არ ჰქონდა. პალტო-ლაბადას ატარებდნენ ამინდის მიხედვით, წელიწადის ნებისმიერ დროს და ტანსაცმლის ნებისმიერ ფორმასთან.
უნტერ-ოფიცერთა შემადგენლობის ფორმის ტანსაცმელი ისეთივე იყო, როგორც ოფიცრებისა, თუმცა კი უფრო დაბალი ხარისხის მასალისგან მზადდებოდა.
სახმელეთო ჯარების რიგით შემადგენლობას ჰქონდა საპარადო ფორმა მწყობრისათვის, ყოველდღიური და საველე ფორმები ზამთრისა და ზაფხულის ვარიანტებად.
ს ა პ ა რ ა დ ო | ფ ო რ მ ა | მ წ ყ ო ბ რ ი ს ა თ ვ ი ს (ნახ. 2, А) მოიცავდა: ფიბრის მუზარადს, ქურთუკს ორი სამკერდე ჯიბით, შარვალს, ქამარს (ყველა ხაკისფერი იყო), ყავისფერ დახურულ ფეხსცმელს თეთრი კრაგებით. მისი ტარება ხდებოდა მხოლოდ პარადებზე, საპატიო ყარაულში მონაწილეობის ან ესკორტში ყოფნის დროს.
ყ ო ვ ე ლ დ ღ ი უ რ ი | ფ ო რ მ ა (ნახ. 2, Б) შედგებოდა კეპის, ორი სამკერდე ჯიბის მქონე ქურთუკის, შარვლის, ყავისფერი დახურული ფეხსაცმლისა და ქამრისგან. მას ატარებდნენ ნაწილის განლაგებაში, გამოსასვლელ ან სადღესასწაულო დღეებში, შვებულების დროს ან ქალაქში განთავისუფლებისას.
ს ა ვ ე ლ ე ფორმას ყოველდღიური ფორმის მსგავსი ფასონი ჰქონდა, მაგრამ უფრო უხეში მასალისგან იყო შეკერილი.
ცივ და წვიმიან ამინდში რიგითი შემადგენლობის ყველა ფორმის ტანსაცმელს უხეში მაუდისგან შეკერილი ხაკისფერი ფარაჯა ემატებოდა.
სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ) პირადი შემადგენლობის ფორმის ტანსაცმელი ისეთივე გახლდათ როგორც სახმელეთო ჯარებში, მხოლოდ მუქ-ლურჯი ფერისა (საველე ფორმა სჰძ-ის სამხედრო მოსამსახურეებს არ ჰქონდათ).
ზემოჩამოთვლილი ფორმის ტანსაცმლის გარდა, სახმელეთო ჯარებსა და სჰძ-ში ჰქონდათ სპეციალური ფორმის ტანსაცმელიც (ნახ. 2 В და Г): საყარაულო და სამუშაო, ფორმის ტანსაცმელი კამუფლაჟური შეფერილობით გარემომცველ ფონთან შეხამებისთვის (სადაზვერვო, დივერსიული და სპეციალური ქვედანაყოფებისთვის), შემნიღბავი ხალათები, კომბინეზონები პილოტებისთვის და ა. შ.
სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) პირადი შემადგენლობისთვის ასევე რამდენიმე ფორმის ტანსაცმელი იყო დადგენილი (თითოეული ზაფხულისა და ზამთრის ვარიანტებად იყოფოდა): საპარადო-გამოსასვლელი, საპარადო მწყობრისათვის, ყოველდღიური და სამუშაო.
სზძ-ის ადმირალებისა და ოფიცრებისთვის ს ა პ ა რ ა დ ო - გ ა მ ო ს ა ს ვ ლ ე ლ ი ფორმა შავი ფერის შალის ან ნახევრადშალის ქსოვილისგან გახლდათ შეკერილი. ის შედგებოდა ფორმის ქუდისგან თეთრი შალითით, ორბორტიანი ღია კურტაკისგან (тужурка) რვა ღილით, ჩამოშვებული შარვლისგან, თეთრი პერანგისგან შავი ჰალსტუხით, შავი დახურული ფეხსაცმლისა და თეთრი ხელთათმანებისგან (ნახ. 3, А). ტანსაცმლის ამ ფორმასთან ატარებდნენ პალაშს.
ს ა პ ა რ ა დ ო | ფ ო რ მ ა | მ წ ყ ო ბ რ ი ს ა თ ვ ი ს (ნახ. 3, Б) ისეთივე გახლდათ, როგორც საპარადო გამოსასვლელი, მხოლოდ ემატებოდა თეთრი ფიბრის მუზარადი (ფორმის ქუდის ნაცვლად), ოქროსფერი აქსელბანტები და თეთრი კრაგები.
ადმირალებისა და ოფიცრების ზამთრის ყ ო ვ ე ლ დ ღ ი უ რ ფორმის ტანსაცმელს იგივე გამოჭრა ჰქონდა, რაც საპარადო-გამოსასვლელს. ამ ფორმასთან პალაშს არ ატარებდნენ, ხოლო თეთრი ხელთათმანების ნაცვლად კი ტყავის ყავისფერ ხელთათმანებს იცვამდნენ. ზაფხულის ყოველდღიური ფორმა შეიცავდა თეთრ ფორმის ქუდს (შავი ქუდის ძირითა და წინაფრით), თეთრ ქურთუკს გადაკეცილი საყელოთი და ოთხი დაკერებული ჯიბით, შარვალს, დახურულ ფეხსაცმელსა და ქამარს (ნახ. 3, В).
ს ა მ უ შ ა ო ფორმა (ნახ. 3, Г) თურქეთის სზძ-ის ოფიცრებისთვის ორი ფერისა იყო: ბეჟი – ზამთრისა და თეთრი – ზაფხულის. მასში შედიოდა კეპი (ფორმის ქუდი), ქურთუკი (პერანგი) გრძელი (მოკლე) სახელოებით, შარვალი, ქამარი და დახურული ფეხსაცმელი – შავი ფერისა ზამთრისათვის და თეთრი ფერისა ზაფხულისათვის.
სზძ-ის უნტერ-ოფიცერთა შემადგენლობის ფორმის ტანსაცმელი ისეთივე სახის, გამოჭრისა და ფერის იყო, როგორც ოფიცრებისა, თუმცა კი მასალის ხარისხით განსხვავდებოდა. სამხედრო მოსამსახურეთა ამ კატეგორიას საპარადო-გამოსასვლელი ფორმის ტანსაცმელი არ ჰქონდა, ხოლო მწყობრისათვის საპარადო ფორმასთან ატარებდნენ თეთრ ქამარს პისტოლეტის ბუდით. ზაფხულში ყოველდღიურ ფორმის ტანსაცმელთან კი ქურთუკის ნაცვლად – დახურულ კიტელს.
სზძ-ის ვადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს სამი სახესხვაობის ზამთრისა და ზაფხულის ფორმის ტანსაცმელი ჰქონდათ: საპარადო მწყობრისათვის, ყოველდღიური და სამუშაო.
ს ა პ ა რ ა დ ო | ფ ო რ მ ა | მ წ ყ ო ბ რ ი ს ა თ ვ ი ს (ნახ. 4, А) შეიცავდა თეთრ ფიბრის მუზარადს, შავ ფორმის პერანგს ლურჯი საყელოთი, რომელსაც კიდეზე სამი თეთრი ზოლი დაჰყვებოდა, შავ შარვალს, რომელსაც პერანგში იტანდნენ, შავ დახურულ ფეხსაცმელს, აგრეთვე პორტუპეას ხიშტითა და აქსელბანტებით.
ყ ო ვ ე ლ დ ღ ი უ რ ფორმის ტანსაცმელს ვადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები ნაწილის განლაგებაში (ხომალდზე), გამოსასვლელ და სადღესასწაულო დღეებში, განთავისუფლებისას ან შვებულებაში ყოფნის დროს ატარებდნენ. ზამთრის ფორმა შედგებოდა უწინაფრო ფორმის ქუდისგან შავი ლენტით, რომელზედაც ეწერა ასოები T. C. B. (თურქეთის რესპუბლიკის ფლოტი), შავი მაუდის პერანგისგან ფორმის საყელოთი, შავი ჩამოშვებული შარვლისა და დახურული ფეხსაცმლისგან. ზაფხულის ყოველდღიური ფორმა ისეთივე გახლდათ, როგორც ზამთრისა, მაგრამ ფორმის პერანგი და ჩამოშვებული შარვალი თეთრი ფერისა იყო (ნახ. 4, Б).
ზამთრის ს ა მ უ შ ა ო ფორმა ბეჟი ფერისა გახლდათ, ის მოიცავდა კეპს, პერანგს დახურული საყელოთი, შარვალსა და შავ დახურულ ფეხსაცმელს. ზაფხულის სამუშაო ფორმა გამოჭრის მიხედვით ძირითადად იგივე იყო, რაც ზამთრისა, მაგრამ მას შემსუბუქებული ბამბის თეთრი ქსოვილისგან ამზადებდნენ. გარდა ამისა, ზაფხულის ფორმაში დახურულსაყელოიანი პერანგის ნაცვლად მოკლესაყელოიან ყელზე ამოჭრილ პერანგს ატარებდნენ (ნახ. 4, В).
ცივ დროს ადმირალები, ოფიცრები და ზევადიანი სამსახურის უნტერ-ოფიცრები ყველა ფორმის ტანსაცმელზე ერთიანი ნიმუშის ფარაჯას, ხოლო ვადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები კი ბუშლატს იცვამდნენ.
სამხედრო წოდებები და განსხვავების ნიშნები. სახმელეთო ჯარებსა და სჰძ-ში შემდეგი წოდებები იყო დადგენილი: უმაღლესი საკომანდო შემადგენლობისთვის – მარშალი (მარეშალი), არმიის გენერალი (ორგენერალი), კორპუსის გენერალი (კორგენერალი), დივიზიის გენერალი (ტჲუმგენერალი), ბრიგადის გენერალი (ტუგგენერალი); ოფიცრებისთვის – პოლკოვნიკი (ალბაჲ), ვიცე-პოლკოვნიკი (ჲარბაჲ), მაიორი (ბინბაში), კაპიტანი (ჲუზბაში), უფროსი ლეიტენანტი (ჲუსტეგმენი), ლეიტენანტი (ტეგმენი), უმცროსი ლეიტენანტი (ასტეგმენი). თუ არმიის გენერალი გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნებოდა, მაშინ მის სამხრეზე ირგვლივ კანტი შემოევლებოდა, როგორც მარშლის სამხრეზე.
უმცროს მეთაურთა შემადგენლობას სახმელეთო ჯარებსა და სჰძ-ში შემდეგი სამხედრო წოდებები ენიჭებოდა: ზევადიან სამსახურში – ფელდფებელი ზემდეგობით (ქიდემლი ბაშჩავუში), ფელდფებელი (ბაშჩავუში), უფროსი სერჟანტი ზემდეგობით (ქიდემლი ჲუსტჩავუში), უფროსი სერჟანტი (ჲუსტჩავუში), სერჟანტი ზემდეგობით (ქიდემლი ჩავუში), სერჟანტი (ჩავუში); ვადიან სამსახურში – სერჟანტი (ჩავუში).
რიგით შემადგენლობას ჰქონდა წოდებები ეფრეიტორი (ონბაში) და ჯარისკაცი (ერი).
თურქეთის სზძ-ის ადმირალების სამხედრო წოდებები იყო – ფლოტის ადმირალი (ბჲუჲუკამირალი), არმიის ადმირალი (ორამირალი), კორპუსის ადმირალი (კორამირალი), დივიზიის ადმირალი (ტჲუმამირალი), ბრიგადის ადმირალი (ტუგამირალი); ოფიცრების – I რანგის კაპიტანი (დენიზ ალბაჲ), 2 რანგის კაპიტანი (დენიზ ჲარბაჲ), 3 რანგის კაპიტანი (დენიზ ბინბაში), კაპიტან-ლეიტენანტი (დენიზ ჲუზბაში), უფროსი ლეიტენანტი (დენიზ ჲუსტეგმენი), ლეიტენანტი (დენიზ ტეგმენი), უმცროსი ლეიტენანტი (დენიზ ასტეგმენი). უმცროს მეთაურთა შემადგენლობისა და რიგითების წოდებები სზძ-ში სახმელეთო ჯარებსა და სჰძ-ში მიღებული წოდებების ანალოგიური გახლდათ.
ს ა მ ხ რ ე ე ბ ი (ნახ. 5 და 6) გენერლებისა და ოფიცრების განმასხვავებელი ნიშნებია და იმავე მასალისგან მზადდებოდა, რისგანაც ფორმის ტანსაცმელი. სახმელეთო ჯარების გენერლებსა და ოფიცრებს ხაკისფერი სამხრეები ჰქონდათ, სჰძ-ის – ლურჯები, სზძ-ის ადმირალებს – ოქროსფერი, ოფიცრებს კი – შავი. ვარსკვლავები, ემბლემები და ღილები სამხრეებზე ოქროსფერი ლითონისგან მზადდებოდა. «გადაჯვარედინებული ხმლები» გენერლების (ადმირალების) ემბლემებზე ვერცხლისფერი იყო. სამხრეებს აკერებდნენ კიტელებზე, ქურთუკებსა და ფარაჯებზე.
ფ ე რ ა დ ი | დ ა ნ ა კ ე რ ე ბ ი (ნახ. 7) ასევე სამხედრო მოსამსახურეთა ერთერთ განმასხვავებელ ნიშნად ითვლებოდა. მათ აკერებდნენ კიტელისა და ქურთუკის საყელოზე, ხოლო ფარაჯისა და პალტო-ლაბადის საყელოზე კი – არა. დანაკერების ფერი სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობის ფორმის ტანსაცმელზე იმას მიუთითებდა, თუ სამხედრო მოსამსახურე რომელ ჯართა გვარეობას (სამსახურს) მიეკუთვნებოდა: მუქი-მწვანე – ქვეითი ჯარი, ღია-ნაცრისფერი – ჯავშანსატანკო ჯარები, მუქი-იისფერი – არტილერია, ლურჯი – საინჟინრო და სატრანსპორტო, აგრეთვე კავშირგაბმულობის ჯარები, მუქი-ნაცრისფერი – საარტილერიო ტექნიკური მომარაგების სამსახური, ბორდოსფერი – სამედიცინო და ქიმიური სამსახური, ღია-სოსანისფერი – საინტენდანტო სამსახური, მწვანე – კარტოგრაფიული სამსახური. გენერალურ შტაბში მომსახურე გენერლები და ოფიცრები ფორმის ტანსაცმელზე წითელი ფერის დანაკერებს ატარებდნენ. ჯართა გვარეობებისა და სამსახურების განმასხვავებელი ნიშნები ოქროსფერი ლითონისგან იყო გაკეთებული.
შეიარაღებული ძალების სახეობათა გენერლები (ადმირალები) და ოფიცრები მარცხენა მკერდის ჯიბეზე ასევე ატარებდნენ თავიანთი გაერთიანებების, შენაერთების, დაწესებულებების ამოსაცნობ ნიშნებს (იხ. ფერადი ჩანართი).
უნტერ-ოფიცრებს ფერადი დანაკერების გარდა აგრეთვე სახელოზე დაკერებული ნიშნებიც ჰქონდათ (ყვითელი ფერისა – ზევადიანი სამსახურის უნტერ-ოფიცრებს და წითელი ფერისა კი – ვადიანი სამსახურის). გარდა ამისა, სჰძ-ის ზევადიანი სამსახურის უნტერ-ოფიცრები სამკერდე განმასხვავებელ ნიშნებსაც ატარებდნენ მკერდის მარცხენა ჯიბეზე (ნახ. 8).
გამოყენებული ლიტერატურა
Полковник И. Крымов, «Форма одежды, воинские звания и знаки различия военнослужащих Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1983 г. № 11.
მასალა მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment