გადანაცვლებათა შედეგად ახალ თანამდებობებზე დაინიშნენ:
– სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლად – არმიის გენერალი ჯემილ ჩუხა. იგი დაიბადა 1923 წელს ქ. ერზინჯანში. არმიაშია 1944 წლიდან. დაამთავრა საავიაციო სასწავლებელი, ხოლო 1959 წელს კი – სამხედრო-საჰაერო აკადემია. სამსახურს გადიოდა სხვადასხვა სამეთაურო და საშტაბო თანამდებობებზე: საავიაციო ბაზის შტაბის უფროსი, სჰძ-ის სასწავლო სარდლობის შტაბის უფროსი, თურქეთის სჰძ-ის ტაქტიკური საავიაციო სარდლობის სარდლის მოადგილე, გენერალური შტაბის შეთანხმებათა და შესყიდვების სამმართველოს უფროსი, სჰძ-ის შტაბის საინსპექციო-კვლევითი საბჭოს თავმჯდომარე, 1-ლი ტაქტიკური საავიაციო სარდლობის სარდალი, სჰძ-ის შტაბის უფროსი და გენერალური შტაბის საინსპექციო საბჭოს თავმჯდომარე.
– სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლად – არმიის ადმირალი ემინ გიოქსანი, დაბადებული 1927 წელს ქ. ედრემითში. ფლოტში იგი 1947 წლიდანაა, 1960 წელს დაასრულა სამხედრო-საზღვაო აკადემია, ხოლო შემდეგ კი სწავლობდა სამხედრო-საზღვაო კოლეჯში აშშ-ში. უკანასკნელ წლებში იყო სამხედრო-საზღვაო ფლოტის შტაბის უფროსი, მეთაურობდა მთავარ სამხედრო-საზღვაო ბაზა გიოლჯუკს, სარდლობდა ფლოტილიას, სამხრეთის სამხედრო-საზღვაო ზონასა და სამხედრო-საზღვაო ფლოტს, აგრეთვე სათავეში ედგა რიგ სამხედრო-საზღვაო დაწესებულებებს.
– საჟანდარმო ჯარების სარდლად – არმიის გენერალი ადნან დოგუ. იგი დაიბადა 1926 წელს ქ. ედირნეში. არმიაშია 1944 წლიდან. დაამთავრა ზოგადსაჯარისო საოფიცრო სასწავლებელი „ქარა ჰარფ ოქულუ“, ხოლო 1965 წელს კი – სახმელეთო ჯარების სამხედრო აკადემია. მეთაურობდა ქვეით პოლკს, ცალკეულ საჰაერო-სადესანტო ბრიგადას, მე-9 მოტოქვეით დივიზიასა და მე-5 საარმიო კორპუსს, სარდლობდა მე-2 საველე არმიას, აგრეთვე სათავეში ედგა სახმელეთო ჯარების შტაბის მთავარ ოპერატიულ სამმართველოსა და გენერალური შტაბის ზურგის მთავარ სამმართველოს.
– სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლად – არმიის ადმირალი ორხან ქარაბულუთი. იგი დაიბადა 1927 წელს ქ. იზმითში. სზძ-ში მსახურობს 1948 წლიდან, დაასრულა სამხედრო-საზღვაო აკადემია. სამსახურს გადიოდა სხვადასხვა სამეთაურო და საშტაბო თანამდებობებზე, მათ შორის გახლდათ სამხედრო-საზღვაო ფლოტის შტაბის უფროსი, სანაღმო ფლოტილიის სარდალი, სზძ-ის შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსი, 1981 წელს გახდა სზძ-ის შტაბის უფროსი, ხოლო 1984-ში კი – ჩრდილოეთ სამხედრო-საზღვაო ზონის სარდალი. ბოლო თანამდებობაა – ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალური მდივანი.
– მე-2 საველე არმიის სარდლად – არმიის გენერალი ბურჰანეთინ ბიგალი. დაიბადა 1927 წელს ქ. ბერგამაში. არმიაშია 1947 წლიდან. დაასრულა ზოგადსაჯარისო საოფიცრო „ქარა ჰარფ ოქულუ“ და საარტილერიო სასწავლებლები, ხოლო შემდეგ კი სახმელეთო ჯარების სამხედრო აკადემიაც. ბოლო წლებში იყო ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის უფროსის მოადგილე, ხოლო შემდეგ კი უფროსიც.
– მე-3 საველე არმიის სარდლად – არმიის გენერალი საბრი ირმიბეშოღლუ. იგი დაიბადა 1928 წელს ქ. იზმირში. არმიაშია 1948 წლიდან. დაასრულა სასწავლებელი „ქარა ჰარფ ოქულუ“ და სახმელეთო ჯარების სამხედრო აკადემია. მეთაურობდა 16-ე ცალკეულ მექანიზებულ ბრიგადას, მე-9 და 12-ე მოტოქვეით დივიზიებს, მე-4 საარმიო კორპუსს. ეკავა აგრეთვე სხვადასხვა თანამდებობები გენერალური შტაბის მთავარ ოპერატიულ სამმართველოში, სახმელეთო ჯარების შტაბის ზურგის მთავარ სამმართველოში (უფროსი), ეროვნული თავდაცვის მინისტრის აპარატსა (მრჩეველი სახმელეთო ჯარებში) და სამხრეთ-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ) ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების შტაბის სადაზვერვო სამმართველოში. იყო აგრეთვე გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმარველოს უფროსიც.
საარმიო კორპუსებს სათავაში ჩაუდგნენ კორპუსის გენერლები: მე-2-ს – ეშრეფ ბითლისი, მე-4-ს – ჯემილ მეთე, მე-5-ს – ნეზიჰი ჩუქარი, მე-7-ს – აშირ ოზოზერი, მე-9-ს – ქეიჰან ონური. 1-ლი ტაქტიკური საავიაციო სარდლობის სარდლად დაინიშნა კორპუსის გენერალი რიფქი უთქუ, ხოლო მე-2-სი კი – კორპუსის გენერალი სიამი თაშთანი, ჩრდილოეთ სამხედრო-საზღვაო ზონის სარდლად – კორპუსის ადმირალი ვურალ ბაიაზითი.
გამოყენებული ლიტერატურა
Подполковник А. Розов, «Перемещения в руководящем составе вооруженных сил Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1987, № 3
მასალა მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment