Saturday, October 31, 2026

ამერიკული არმიის ქვეითი და მოტოქვეითი ბატალიონები

პენტაგონის ხელმძღვანელობის შეხედულებებით, აშშ სამხედრო მანქანის მნიშვნელოვანი ელემენტი იყო და რჩება სახმელეო ჯარები. ორგანიზაციულად იგი შეყვანილია სარდლობებში, საარმიო კორპუსებში, დივიზიებში, ცალკეულ ბრიგადებში, სპეციალური დანიშნულების ჯგუფებში, ჯავშანსაკავალერიო პოლკებში, ცალკეულ ბატალიონებსა (დივიზიონებსა) და ასეულებში. 

აშშ სახმლეთო ჯარების ძირითადი ტაქტიკური შენაერთია დივიზია. ამჟამად არსებობს დივიზიების ხუთი ტიპი: ქვეითი, მექანიზებული, ჯავშანსატანკო, საჰაერო-სადესანტო და აერომობილური (აღნიშნული დივიზიების ორგანიზაციის შესახებ იხ. Зарубежное военное обозрение, 1973, № 5, с. 19–28). დივიზია შედგება ორი ძირითადი ელემენტისაგან: მუდმივი ნაწილებისა და ქვედანაყოფებისგან, რომლებიც ე. წ. დივიზიის საფუძველს წარმოქმნიან, და საბრძოლო ბატალიონების სხვადასხვანაირი შეხამებისაგან, რომლებიც დივიზიის ტიპს განსაზღვრავენ. ტიპიური შემადგენლობის თითოეულ დივიზიას გააჩნია ბრიგადების სამი შტაბი, რომლებსაც მათ მიერ შესრულებადი ამოცანების მიხედვით ექვემდებარებიან სხვადასხვა რაოდენობის საბრძოლო ბატალიონები, აგრეთვე მხარდაჭერისა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. 

ამ სტატიაში, უცხოურ სამხედრო ბეჭდურ გამოცემათა მონაცემების მიხედვით, მოკლედ იქნება განხილული ამერიკული არმიის ქვეითი და მოტოქვეითი ბატალიონების ორგანიზაცია, შეიარაღება და ტაქტიკა. 

ქვეითი და მოტოქვეითი ბატალიონების ორგანიზაცია და შეიარაღება 

1971 წლის ორგანიზაციის ქვეითი ბატალიონი შედგება შტაბის, საშტაბო ასეულის, სამი ქვეითი ასეულისა და საცეცხლე მხარდაჭერის ასეულისაგან (ნახ. 1). 

[ნახატი] 

ნახ. 1. ქვეითი ბატალიონის ორგანიზაცია 

საშტაბო ასეულში არის ასეულის მართვა, ბატალიონის შტაბის მომსახურების სექცია და ოთხი ოცეული (კავშირგაბმულობის, სარემონტო, სამედიცინო და უზრუნველყოფის). რიცხოვნება დაახლოებით 160 ადამიანია. ასეულში მოითვლება 142 5,56-მმ ავტომატური შაშხანა, 16 7,62-მმ და 12,7-მმ ტყვიამფრქვევი, 6 40-მმ ყუმბარსატყორცნი, 57 სხვადასხვა დანიშნულების ავტომობილი, 49 მისაბმელი, 26 რადიოსადგური, 3 სატელეფონო კომუტატორი და 17 ტელეფონის აპარატი. 

ქვეით ასეულში შედიან: ასეულის მართვა (აქვს მართვის სექცია), სამი ქვეითი ოცეული და ნაღმსატყორცნების ერთი ოცეული. ქვეითი ოცეული შედგება ოცეულის მართვის, სამი ქვეითი ათეულისა და იარაღის ათეულისაგან. თითოეულ ქვეით ათეულში 11 ადამიანია. პირადი იარაღის გარდა მასში არის ორი 40-მმ ყუმბარსატყორცნი. იარაღის ათეული ასევე მოითვლის 11 ადამიანს, ჯგუფური იარაღიდან მასში არის ორი 7,62-მმ ტყვიამფრქვევი და ორი 90-მმ უუკუცემო ტანკსაწინააღმდეგო თოფი. ნაღმსატყორცნების ოცეული მოიცავს ოცეულის მართვასა და ნაღმსატყორცნების სამ ათეულს, თითოეულში თითო-თითო 81-მმ ნაღმსატყორცნით. სულ ქვეით ასეულში დაახლ. 170 ადამიანია; შეიარაღებაში მას გააჩნია 140-მდე ავტომატური შაშხანა (კალიბრი 5,56 მმ), 6 ტყვიამფრქვევი (7,62 მმ), 23 ყუმბარსატყორცნი, 6 უუკუცემო ტანკსაწინააღმდეგო თოფი, 3 ნაღმსატყორცნი, 7 სხვადასხვა ავტომობილი მისაბმელებით, 16 რადიოსადგური, 3 სატელეფონო კომუტატორი და 29 ტელეფონის აპარატი. 

საცეცხლე მხარდაჭერის ასეული შედგება ასეულის მართვის, სამი ოცეულისა (სადაზვერვო, ნაღმსატყორცნების, ტანკსაწინააღმდეგო) და ორი სექციისაგან (რადიოსალოკაციო და საზენიტო მართვადი რაკეტების /ზმრ/ „რედ აი“). ასეულის რიცხოვნებაა დაახლ. 140 ადამიანი, მასში არის 120-მდე 5,56-მმ ავტომატური შაშხანა, 8 ტყვიამფრქვევი (7,62 მმ), 11 ყუმბარსატყორცნი (40 მმ), ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რეაქტიული ჭურვების „თოუს“ 6 გასაშვები დანადგარი (6 ტსმრჭ გდ), 4 ნაღმსატყორცნი (106,7 მმ), ზმრ „რედ აის“ 5 კომპლექტი, 36 ავტომობილი, 28 მისაბმელი, 50-მდე სხვადასხვა რადიოსადგური, 5 სატელეფონო კომუტატორი და დაახლ. 30 ტელეფონის აპარატი. 

სულ ქვეით ბატალიონშია 817 ადამიანი, 680 5,56-მმ ავტომატური შაშხანა, 42 7,62-მმ ტყვიამფრქვევი, 86 40-მმ ყუმბარსატყორცნი, 18 90-მმ უუკუცემო ტანკსაწინაარმდეგო თოფი, ტსმრჭ „თოუს“ 6 გდ (უფრო გვიანდელი მონაცემებით, 12 გდ, ხოლო ევროპაში მყოფ ბატალიონებში 18 გდ), 13 81-მმ და 106,7-მმ ნაღმსატყორცნი, ზმრ „რედ აის“ 5 კომპლექტი, 115-მდე ავტომობილი, დაახლ. 100 მისაბმელი, 120-ზე მეტი სხვადასხვა რადიოსადგური, 17 სატელეფონო კომუტატორი და 130-ზე მეტი ტელეფონის აპარატი. 

მოტოქვეითი ბატალიონი შედგება შტაბის, საშტაბო ასეულის, სამი მოტოქვეითი ასეულისა და საცეცხლე მხარდაჭერის ასეულისაგან (ნახ. 2). 

[ნახატი] 

ნახ. 2. მოტოქვეითი ბატალიონის ორგანიზაცია 

საშტაბო ასეულის შემადგენლობაში არის ასეულის მართვა, ბატალიონის შტაბის მომსახურების სექცია და ოთხი ოცეული (კავშირგაბმულობის, სარემონტო, სამედიცინო და უზრუნველყოფის). ასეულში მოითვლება დაახლ. 180 ადამიანი, 140-ზე მეტი 5,56-მმ ავტომატური შაშხანა, 26 7,62-მმ და 12,7-მმ ტყვიამფრქვევი, 6 40-მმ ყუმბარსატყორცნი, 3 მცურავი მუხლუხიანი ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ), 8 საკომანდო-საშტაბო და სადაზვერვო მცურავი მოჯავშნული მანქანა, 40-ზე მეტი ავტომობილი, დახალ. 35 მისაბმელი, 30 რადიოსადგური, 2 სატელეფონო კომუტატორი და 10-ზე მეტი ტელეფონის აპარატი. 

მოტოქვეითი ასეული მოიცავს ასეულის მართვას, სამ მოტოქვეით ოცეულსა და ნაღმსატყორცნების ოცეულს. ასეულის მართვაში ორი სექციაა – მართვისა და სარემონტო. მოტოქვეითი ოცეული შედგება ოცეულის მართვის, სამი მოტოქვეითი ათეულისა და იარაღის ათეულისაგან. მოტოქვეით ათეულში 11 ადამიანია, რომელთაც პირადი იარაღის გარდა აქვთ ორი 40-მმ ყუმბარსატყორცნი. იარაღის ათეულში ასევე 11 ადამიანია, ჯგუფური იარაღიდან მასში არის ორი 90-მმ უუკუცემო ტანკსაწინააღმდეგო თოფი და ორი 7,62-მმ ტყვიამფრქვევი. ნაღმსატყორცნების ოცეული შედგება მართვისა და ნაღმსატყორცნების სამი ათეულისაგან, თითოეულში თითო 81-მმ ნაღმსატყორცნით. მოტოქვეით ასეულში მოითვლება დაახლ. 190 ადამიანი, 160-მდე 5,56-მმ ავტომატური შაშხანა, 16 ტყვიამფრქვევი (7,62 და 12,7 მმ კალიბრისა), 24 40-მმ ყუმბარსატყორცნი, 6 90-მმ უუკუცემო ტანკსაწინააღმდეგო თოფი, 3 81-მმ ნაღმსატყორცნი, 14 მცურავი მუხლუხიანი ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ), 5 სხვადასხვა ავტომობილი მისაბმელებით, დაახლ. 30 რადიოსადგური, 2 სატელეფონო კომუტატორი და 12 ტელეფონის აპარატი. 

საცეცხლე მხარდაჭერის ასეულის შემადგენლობაში არის ასეულის მართვა, ორი სექცია (რადიოსალოკაციო და ზმრ „რედ აის“) და სამი ოცეული (სადაზვერვო, ნაღმსატყორცნებისა და ტანკსაწინააღმდეგო). სადაზვერვო ოცეული მოიცავს ოცეულის მართვასა და ორ სადაზვერვო სექციას. ნაღმსატყორცნების ოცეულშია – ოცეულის მართვა და ოთხი ათეული, თითოეულში თითო 106,7-მმ ნაღმსატყორცნით. ტანკსაწინააღმდეგო ოცეული შედგება ოცეულის მართვისა და ტსმრჭ „თოუს“ ექვსი ათეულისაგან. საცეხლე მხარდაჭერის ასეულში მოითვლება 145 ადამიანი, 120-მდე 5,56-მმ ავტომატური შაშხანა, 16 40-მმ ყუმაბარსატყორცნი, ტსმრჭ „თოუს“ 6 გასაშვები დანადგარი, 4 106,7-მმ ნაღმსატყორცნი, ზმრ „რედ აის“ 5 კომპლექტი, 11 საკომანდო-საშტაბო და სადაზვერვო მცურავი მოჯავშნული მანქანა, 2 ჯტრ, 21 ავტომობილი, 15-ზე მეტი მისაბმელი, 50-ზე მეტი სხვადასხვა რადიოსადგური, 5 სატელეფონო კომუტატორი და 30-მდე ტელეფონის აპარატი. 

სულ მოტოქვეით ბატალიონში 888 ადამიანია. მის შეიარაღებაშია 730-მდე 5,56-მმ ავტომატური შაშხანა, 75 ტყვიამფრქვევი (7,62 და 12,7 მმ კალიბრის), 94 40-მმ ყუმბარსატყორცნი, 18 90-მმ უუკუცემო ტანკსაწინააღმდეგო თოფი, 13 ნაღმსატყორცნი (9 81 მმ და 4 106,7 მმ კალიბრისა), ტსმრჭ „თოუს“ 6 გასაშვები დანადგარი (უფრო გვიანდელი მონაცემებით, 12 გდ, ხოლო ევროპაში მყოფ ბატალიონებში 18 გდ), ზმრ „რედ აის“ 5 კომპლექტი, 70-მდე ჯტრ, საკომანდო-საშტაბო და სადაზვერვო მოჯავშნული მანქანა, დაახლ. 80 სხვადასხვა ავტომობილი, 70-მდე მისაბმელი, დაახლ. 170 რადიოსადგური, 13 სატელეფონო კომუტატორი და დაახლ. 130 ტელეფონის აპარატი. 

საბრძოლო გამოყენების საფუძვლები 

ამერიკული სამხედრო სარდლობის შეხედულებებით, თანამედროვე ქვეით და მოტოქვეით ბატალიონებს შეუძლიათ წარმატებით ასრულებდნენ ამოცანებს როგორც შეტევაში, ისე თავდაცვაშიც. ამასთან საბრძოლო მოქმედებების ძირითად სახეობად ითვლება შეტევითი ბრძოლა, რომლის შედეგადაც მიიღწევა მოწინააღმდეგეზე გამარჯვება. შეტევა შეიძლება ხორციელდებოდეს მოწინააღმდეგეზე, რომელიც დაჩქარებით გადავიდა თავდაცვაში ან წინასწარ მოემზადა ამისათვის. შეტევითი მოქმედებების მთავარ პრინციპებს წარმოადგენს ჩანაფიქრის სიმარტივე, მოქმედებების მოულოდნელობა და გაბედულება (გადამჭრელობა), საბრძოლო რიგების დროულად განწერტვა მოწინააღმდეგის ბირთვული დარტყმების შემთხვევისათვის და ძალებისა და საშუალებათა ამდენადვე სწრაფად თავმოყრა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მაქსიმალურად განადგურების მიზნით. მანევრის ძირითად ფორმებს მიეკუთვნება შემოვლა (ორმხრივი შემოვლა და ღრმა შემოვლა) და გარღვევა. ჯარების შეტევის ერთ-ერთი ხერხია გაჟონვა. ის შეიძლება გამოიყენებოდეს მანევრის სხვა ფორმებთან შეხამებასა და შეტევითი მოქმედებების ყველა სახეობაში (მოწინააღმდეგესთან დაახლოების, ბრძოლით დაზვერვის, წარმატების განვითარებისა და დევნის დროს). 

მოტოქვეითი (ქვეითი) ბატალიონი შეტევაში მოქმედებს, როგორც წესი, დივიზიის ერთ-ერთი ბრიგადის შემადგენლობაში. იმავე დროს არ არის გამორიცხული მის მიერ დამოუკიდებელი ამოცანის შესრულების შესაძლებლობაც. ბრიგადის შემადგენლობაში მოქმედებისას ბატალიონი შეიძლება იყოს მის პირველ ან მეორე ეშელონში (რეზრვში), დამხმარე ან ძირითად მიმართულებაზე. საბრძოლო მოქმედებების პერიოდში გაძლიერებული ბატალიონი ქმნის ტაქტიკურ ჯგუფს. ითვლება, რომ ასეთი ჯგუფები ყველაზე უფრო მიზანშეწონილია იქმნებოდეს და გამოიყენებოდეს პირველი ეშელონის ბრიგადებში. გაძლიერებული ბატალიონის მეთაური თავის მხრივ ძალებსა და საშუალებებს ანაწილებს ასეულებში. საშტატო და მიცემული ასეულების ბაზაზე იგი ქმნის გაძლიერებულ საასეულო ტაქტიკურ ჯგუფებს, რომლებიც ჩვეულებრივ შედგებიან ორი და მეტი ჯართა გვარეობის ქვედანაყოფებისაგან. 

ბრიგადის შემადგენლობაში მყოფი მოტოქვეითი ბატალიონის შეტევაში გადასვლის ძირითადი ხერხია – შეტევა სვლიდან. მოცემულ შემთხვევაში ბატალიონის ქვედანაყოფები იკავებენ თავმოყრის რაიონებს (ლოდინის რაიონებს) თავდამცავი ჯარების არტილერიის ცეცხლის მიღწევადობის ზონის გარეთ. ლოდინის რაიონები მოწინააღმდეგის თავდაცვის წინა ხაზიდან შეიძლება დაშორებული იყოს 15–20 კმ-ით, ხოლო თავმოყრის რაიონები კი 40 კმ-მდე და მეტად. ამ რაიონებში ბატალიონის შტაბი ახოციელებს შეტევისთვის მომზადებას, გარდა ამისა, ხდება საბრძოლო მანქანების ტექნიკური შემოწმება და საწვავით გაწყობა. 

მოტოქვეითი ბატალიონის მოწყობა მოწინააღმდეგესთან დაახლოებისას მოცემულია ნახ. 3-ზე. 

[ნახატი] 

ნახ. 3. /////////////////////////////////////// 

მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხების მდგომარეობიდან შეტევაში გადასვლისას ბატალიონის მიერ დაკავებული მიჯნა იქცევა საწყის (ამოსავალ) მდებარეობად შეტევისათვის. სიღრმიდან წინგამოსვლით შეტევისას თავისი ჯარების დაზიანების თავიდან ასაცილებლად საწყის მდგომარეობას რეკომენდირებულია იკავებდნენ მოწინააღმდეგის თავდაცვის წინა ხაზიდან 1–3 კმ დაშორებით. 

საბრძოლო ამოცანებს ბატალიონს შეტევაში ჩვეულებრივ უსვამენ ობიექტების მიხედვით და ჰყოფენ უახლოეს და მომდევნო (შემდგომ) ამოცანებად. ობიექტების სახით ინიშნება ტაქტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობის უბნები, არტილერიის საცეცხლე პოზიციების რაიონები, თავდაცვითი პოზიციები, მართვის პუნქტები და ა. შ. უახლოესი ობიექტი საბატალიონო ტაქტიკურ ჯგუფს ენიშნება 3–4 კმ სიღრმეში, მომდევნო კი – 6–8 კმ. შეტევის ზოლის სიგანე აღწევს 5 კმ-მდე. 

ბატალიონი შეიძლება უტევდეს საბრძოლო მოწყობით ერთ, ორ ან სამ ეშელონად, შვერით მარჯვნივ ან მარცხნივ, კუთხით წინ ან უკან. საბრძოლო მოწყობა დამოკიდებულია მიღებულ ამოცანაზე, მოწინააღმდეგის თავდაცვისა და ადგილმდებარეობის ხასიათზე, აგრეთვე ბრიგადის მეორე ეშელონის (რეზერვის) შემადგენლობაზე. თუმცა კი ყველაზე უფრო დამახასიათებლად ითვლება საბრძოლო მოწყობა ორ ეშელონად, როდესაც პირველ ეშელონში მოქმედებს ორი ტაქტიკური საასეულო ჯგუფი, ხოლო მეორეში – ერთი ასეული (ან ტაქტიკური საასეულო ჯგუფი). ბატალიონის საბრძოლო მოწყობა ერთ ეშელონად (რეზერვის გამოყოფით) ჩვეულებრივ აიგება შეტევის ფართო ფრონტზე წარმოებისას, როდესაც აუცილებელია წინა ხაზიდან დიდი მანძილის დაშორებით განლაგებული ობიექტის დაუფლება, აგრეთვე როდესაც ბრიგადას აქვს ორეშელონიანი საბრძოლო მოწყობა (ნახ. 4). ვიწრო ფრონტზე შეტევისას, როდესაც ბატალიონი ასრულებს მოწინააღმდეგის ღრმად ეშეკონირებული თავდაცვის გარღვევის ამოცანას, ბატალიონის საბრძოლო მოწყობა აიგება სამ ეშელონად. 

[ნახატი] 

ნახ. 4. /////////////////////////////////////////// 

სვლიდან შეტევისას თავმოყრის რაიონებიდან (ლოდინის რაიონებიდან) წინგამოსვლა იწყება ისეთი ანგარიშით, რომ საარტილერიო მომზადების (ბირთვული დარყმების მიყენების) დასრულების მომენტისათვის მეწინავე ქვედანაყოფები იმყოფებოდნენ შეტევისთვის საწყის მიჯნაზე და შეეძლოთ შეტევის დაწყება საცეცხლე დარტყმების შედეგების მაქსიმალურად გამოყენებით. საწყის მიჯნასთან მოსვლის და მიხედვით ბატალიონი არტილერიის ცეცხლისა და ავიაციის დარტყმების საფარველქვეშ იშლება საასეულო და საოცეულო კოლონებად და ღებულობს დადგენილ საბრძოლო მოწყობას. 

შეტევა იწყება დაუყოვნებლივ საცეცხლე მომზადების დასრულების შემდეგ. ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ შეტევის ხერხები დამოკიდებულია მოწინააღმდეგის თავდაცვის ხასიათსა და საცეცხლე მომზადების მსვლელობისას მისი თავდაცვის ჩახშობის (დათრგუნვის) ხარისხზე. თუ ბირთვული დარტყმები მიეყენებოდა თავდაცვის პირველ და მეორე პოზიციებს, მაშინ ბატალიონის ქვედანაყოფები საწყისი მდგომარეობიდან წინ მიდიან ჯტრ-ებით, ტანკებზე განთავსებული დესანტის სახით და სვლიდან უტევენ მოწინააღმდეგეს. 

მოწინააღმდეგის თავდაცვის ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით გაჯერებულობის ხარისხის, აგრეთვე ადგილმდებარეობის პირობების მიხედვით ტანკები შეიძლება უტევდნენ ქვეით ჯართან ერთობლივად, მოქმედებდნენ დამოუკიდებელ მიმართულებაზე ან ადგილიდან ცეცხლით მხარს უჭერდნენ ქვეით ჯარს. 

გაითვალისწინება მოტოქვეითი (ქვეითი) ჯარისა და ტანკების შეტევა ხორციელდებოდეს უშუალო საარტილერიო მხარდაჭერის დროს უპირატესად ცეცხლის თანდათანობით თავმოყრის მეთოდით. ავიაცია ამ დროს დარტყმებს აყენებს წინააღმდეგობის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან კერებზე, რომლებიც ხელს უშლიან ჯარების წარმატებით წინსვლას, აგრეთვე მართვის პუნქტებზე, კავშირგაბმულობის კვანძებზე, წინმომავალ რეზერვებსა და მოწინააღმდეგის ზურგის ობიექტებზე. 

შესაბამის დარიგებებში ხაზი ესმება, რომ გარღვევისას შეტევა უნდა ვითარდებოდეს სწრაფად, რათა მაქსიმალურად დაირღვეს მოწინააღმდეგის თავდაცვის სისტემა და არ მიეცეს მას შესაძლებლობა დროულად დაიხიოს უკან და მოემზადოს აქტიურ საპასუხო მოქმედებათა ორგანიზებისთვის. 

შემტევი ქვედანაყოფებისაგან მოითხოვება რაც შეიძლება უფრო სწრაფად შედიოდნენ მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში, წინააღმდეგობის ცალკეულ კერათა ლიკვიდაციაზე დროის ხარჯვის გარეშე, რომელთა განადგურებაც რეკომენდირებულია მეორე ეშელონებით, აგრეთვე არტილერიის ცეცხლით. 

ბატალიონების მეორე ეშელონების ასეულები ბრძოლაში შეიყვანება, როგორც წესი, უახლოესი საბატალიონო ობიექტების დაუფლების შემდეგ, როდესაც პირველი ეშელონების ასეულები გამაგრდნენ და მზად არიან უზრუნველყონ მეორე ეშელონების ასეულების ბრძოლაში შეყვანა. მათი ბრძოლაში შეყვანა ხორციელდება პირველი ეშელონის ასეულებს შორის პირაპირებში ან ფლანგებიდან. მოწინააღმდეგის კონტრშემოტევებს რეკომენდირებულია იგერიებდნენ არტილერიის, ტანკებისა და შემტევი ქვედანაყოფების ცეცხლით. ბატალიონის მიერ მისი მომდევნო ობიექტის დაუფლების შემდეგ ქვედანაყოფები მაგრდებიან ადგილმდებარეობაზე და აღდგება ბატალიონის მეორე ეშელონი (რეზერვი). 

ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ შეტევის მაღალი ტემპების მიღწევისა და ფრონტიდან შემტევი ჯარებისთვის დახმარების აღმოჩენისათვის, აგრეთვე მიღწეული წარმატების განსავითარებლად ფართოდ უნდა გამოიყენებოდეს ტაქტიკური საჰაერო დესანტები. 

შეტევითი მოქმედებების დამამთავრებელ ეტაპს წარმოადგენს დევნა, რომელიც შეიძლება დაემთხვეს წარმატების განვითარებას ან მაშინვე მოჰყვეს მას. ბატალიონის ქვედანაყოფები, როგორც წესი, უტევენ კოლონებად თითო-თითო ან რამდენიმე მიმართულებით, ან წინასაბრძოლო რიგებში. დევნისას, როგორც ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები აღნიშნავენ, მეწინავე ქვედანაყოფები, მოწინააღმდეგის უმნიშვნელო ძალებთან გაჭიანურებულ ბრძოლებში ჩაუბმელად, სწრაფად უნდა მიდიოდნენ წინ, რათა მოწინააღმდეგემ ვერ შეძლოს მომზადებულ მიჯნაზე თავდაცვის ორგანიზება. ითვლება, რომ დევნის დროს მოწინააღმდეგის უკანდახევის გზაზე წინ უნდა გადიოდნენ სატანკო დესანტები ან ვერტმფრენებით გადაისროდნენ საჰაერო დესანტებს. 

მოტოქვეითი (ქვეითი) ბატალიონი თავდაცვაში. ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების შეხედულებებით, თავდაცვა – ეს არის საბრძოლო მოქმედებების სახეობა, რომელშიც ჯარები გადადიან დროებით მოწინააღმდეგისათვის დანაკარგების მიყენებისა და მისი მოქანცვის მიზნით, მისი შემოტევის ჩაშლის ან მოგერიების, რომელიმე მნიშვნელოვანი რაიონის შენარჩუნებისა და შეტევისთვის მოსამზადებლად დროის მოგების მიზნით. თავდაცვის ძირითად პრინციპებს ბირთვული იარაღის გამოყენების პირობებში მიეკუთვნება: თავდაცვის ღრმა ეშელონირება, საბრძოლო რიგების განწერტვა, ჯარების მოქნილობა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აგრეთვე შეტევაზე გადასასვლელად ნებისმიერი შესაძლებლობების გამოყენება. თანამედროვე თავდაცვა ემყარება მაღალმობილური ქვედანაყოფების მიერ სხვადასხვა სახეობის ღობურების ფართო გამოყენებას, მათ შორის ბირთვული ფუგასებისა. 

თავდაცვა ამერიკულ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში იყოფა რაიონის თავდაცვად და მობილურ თავდაცვად. პირველის არსი იმაზე დაიყვანება, რომ შენარჩუნებულ იქნას ადგილმდებარეობის განსაზღვრული რაიონი. მას აწარმოებენ შენაერთები, ნაწილები, ქვედანაყოფები და ის ემყარება საცეცხლე საშუალებების მაქსიმალურ გამოყენებას, აგრეთვე ადგილმდებარეობის საინჟინრო აღჭურვას. მობილური თავდაცვისას მის მეწინავე რაიონში განალაგებენ ჯარების მინიმალურად აუცილებელ რაოდენობას, რომელთაც შესწევთ უნარი თავდაპირველი წინააღმდეგობა გაუწიონ მოწინააღმდეგეს და აიძულონ იგი შემოუტიოს წინასწარ დასახულ რაიონში, რათა მას მიაყენონ ბირთვული დარტყმა და ძირითადი ძალებით ჩაატარონ კონტრშეტევა. ითვლება, რომ თავდაცვის ეს სახეობა ყველაზე უფრო სრულად პასუხობს თავდავითი მოქმედებების წარმოების მოთხოვნებს ბირთვული იარაღის გამოყენების პირობებში. მობილურ თავდაცვას შეიძლება აწარმოებდეს გაძლიერებული მექანიზებული ბრიგადა, აგრეთვე უფრო მსხვილი შენაერთები და გაერთიანებანი. 

მოტოქვეითი ბატალიონი თავდაცვაში მოქმედებს, როგორც წესი, დივიზიის ერთ-ერთი ბრიგადის შემადგენლობაში, იმყოფება რა მის პირველ ან მეორე ეშელონში. არც ისაა გამორიცხული, რომ ბატალიონი აგრეთვე შეიძლება ასრულებდეს დამოუკიდებელ ამოცანას და ემორჩილებოდეს უშუალოდ დივიზიის მეთაურს (მაგალითად, მნიშვნელოვანი ობიექტის თავდაცვისას ან საერთო დაცვის ძალების სახით მოქმედებების დროს). 

ბატალიონის საბრძოლო მოწყობა აიგება ყველაზე უფრო ხშირად ორ ეშელონად: ორი ასეული პირველ ეშელონში, ერთიც – მეორეში (რეზერვში). ბატალიონმა შეიძლება მიიღოს გაძლიერება ორი სატანკო ოცეულის შემადგენლობით, აგრეთვე მესანგრეთა ოცეული (ნახ. 5). 

[ნახატი] 

ნახ. 5. ////////////////////////////////////// 

მეორეხარისხოვან მიმართულებაზე თავდაცვისას ბატალონი საბრძოლო მოწყობას აგებს ორ ეშელონად. ბატალიონი იკავებს თავდაცვის რაიონს 5 კმ-მდე ფრონტში და 3 კმ-მდე სიღრმეში. ასეული იცავს რაიონს 1500 მ-მდე ფრონტში და 1000 მ-მდე სიღრმეში, მასში აწყობს (აღჭურავს) და იკავებს საასეულო საყრდენ პუნქტს. ითვლება, რომ მეორე ეშელონის ასეული საყრდენ პუნქტს უნდა ქმნიდეს ტაქტიკური თავლსაზრისით მნიშვნელოვან მიჯნებზე ან ადგილმდებარეობის უბნებზე, რათა შესაძლებელი იყოს ფრონტიდან ან ფლანგიდან სოლის სახით შემოჭრილი მოწინააღმდეგის ბლოკირება. 

ამერიკულ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში დიდი ყურადღება ეთმობა თავდაცვაში ჯარების საბრძოლო უზრუნველყოფას: დაზვერვას, ბირთვულსაწინააღმდეგო დაცვას, ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვას, აგრეთვე შენიღბვას. ძალებისა და საშუალებათა განაწილება, წინა ხაზის წინ მოწინააღმდეგის შემოტევის მოგერიების წესი და რიგი, კონტრშეტევების მიმართულება, აგრეთვე ბატალიონის ზურგის უზრუნველყოფა ბატალიონში შესამუშავებელ თავდაცვის გეგმაში ჩაირთვება. 

ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, ბირთვული იარაღის გამოჩენამ არსებითად შეცვალა შეხედულებები დაფარვისა და დაცვის ჯარების მოქმედებათა შესახებ. აღინიშნება, რომ დაფარვის ზოლში საბრძოლო მოქმედებების უნარიანმა წარმოებამ შეიძლება გამოიწვიოს მოწინააღმდეგის განადგურება ჯერ კიდევ თავდაცვის რაიონის წინა ხაზთან მის გამოსვლამდეც. დაფარვის ჯარების ქვედანაყოფები აწარმოებენ შემკავებელ მოქმედებებს თანამიმდებრობით დაკავებულ მიჯნებზე. ისინი ეწვიან მოწინააღმდეგის დაზვერვასა და მასთან საცეხლე ბრძოლას საერთო და საბრძოლო დაცვის პოზიციების წინა ხაზის გამოვლის მომენტამდე. საერთო და საბრძოლო დაცვის ქვედანაყოფები ორგანიზებას უკეთებენ ჩვეულებრივი და ბირთვული ღობურებისა და ბუნებრივ დაბრკოლებათა დაფარვას, რათა მათ წინ თავმოყრილი მოწინააღმდეგის ჯარები იოლ მიზნებად იქცნენ ბირთვული იარაღით დაზიანებისთვის. 

იმ შემთხვევაში, თუ არ არის მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხება, ბატალიონიდან წინ აყენებენ საბრძოლო დაცვას – გაძლიერებულ ოცეულამდე პირველი ან მეორე ეშელონის ასეულიდან (2500 მ-მდე დაშორებაზე). ეს ქვედანაყოფები აჩაღებენ კიდეც თავდაცვით ბრძოლას, რათა შორეულ მისადგომებზე ცეცხლით ზარალი მიაყენონ მოწინააღმდეგეს და ხელი შეუშალონ მის მიერ თავდამცავის წინა ხაზის დაზვერვას. საბრძოლო დაცვაში მოქმედი ქვედანაყოფები ამოცანების შესრულების შემდეგ წინა ხაზის უკან იხევენ და თავიანთ საყრდენ პუნქტებს იკავებენ. 

მოწინააღმდეგის საცეხლე მომზადების პერიოდში ბატალიონის პირადი შემადგენლობა იმყოფება საფარში. საბრძოლო პოზიციებზე რჩებიან მხოლოდ საბრძოლო გათვლების მეთვალყურეები. საცეცხლე მომზადების დასრულების შემდეგ მთელი პირადი შემადგენლობა ჩვეულებრივ გამოდის საფრებიდან, იკავებს თავის საბრძოლო ადგილებს და ცეცხლს უხსნის მოწინააღმდეგეს. 

პირველი პოზიციის წინა ხაზთან მოწინააღმდეგის მოახლოების პერიოდში ბატალიონის ქვედანაყოფები ცეცხლს აწარმოებენ მაქსიმალური ინტენსივობით, რათა განწერტონ მოწინააღმდეგის საბრძოლო რიგები და ჩაშალონ მისი შემოტევა. იძულებით უკანდახევის შემთხვევაში მეწინავე ქვედანაყოფები სწრაფად უნდა მოწყდნენ მოწინააღმდეგეს, რათა საშუალება მისცენ თავიანთ ჯარებს მიაყენონ მას ბირთვული დარტყმები. 

თავდაცვის საასეულო რაიონებში მოწინააღმდეგის სოლისებურად შემოჭრისას ბატალიონის მეთაური ყველა ზომას ღებულობს მის გასანადგურებლად. ამასთან ჯავშანტრანსპორტერები მხარს უჭერენ ქვედანაყოფების ბრძოლას, უშენენ რა საბორტო იარაღიდან ცეცხლს შემომტევ ჯარებს. მიცემული ტანკები და საშტატო ტანკსაწინააღმდეგო საშუალებანი პოზიციების მორიგეობითი შეცვლით აზიანებენ შემოჭრილ ტანკებს. თუ მოწინააღმდეგის მცირე ჯგუფები შემოიჭრნენ სოლისებურად მცირე სიღრმეში, მათი ლიკვიდირებისა და მდგმარეობის აღდგენისათვის მიზანშეწონილად ითვლება ბატალიონის მეორე ეშელონის ძალებით კერძო კონტრშეტევების ჩატარება. მათი ჩატარება რეკომენდირებულია იმ მომენტში, როდესაც მოწინააღმდეგის შემოტევა დროებით შეჩერებულია. 

იმ შემთხვევაში, როდესაც მოწინააღმდეგემ მოახერხა მნიშვნელოვანი ძალებით ფართო ფრონტზე თავდაცვის გარღვევა, ბატალიონის მეორე ეშელონები (რეზერვი) იკავებენ თავდაცვას სიღრმეში, რათა გააჩერონ მოწინააღმდეგის შემდგომი წინწამოსვლა და შექმნან პირობები ბრიგადის ან დივიზიის რეზერვის ძალებით კონტრშეტევისათვის. ბატალიონის უკანდახევა დაკავებული პოზიციებიდან დაიშვება ბრიგადის (დივიზიის) მეთაურის ბრძანებით. თუ ბატალიონი მთავარი ძალებისგან იზოლაციაში აღმოჩნდება, მან უნდა მოახდინოს წრიული თავდაცვის ორგანიზაცია. 

ბატალიონის საცეცხლე მხარდაჭერის ასეულის ქვედანაყოფების გამოყენებასთან მიმართებაში ოფიციალურ სახელმძღვანელოებში აღინიშნება შემდეგი. სადაზვერვო ოცეული, როგორც წესი, გამოიყენება ცენტრალიზებულად და მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში მიეცემა ასეულებს ათეულების სახით. იგი შეიძლება გამოიყენებოდეს ფლანგების დასაფარავად, ასეულის შესაცვლელად ან გაძლიერებისთვის, რომელმაც ბირთვული დარტყმა განიცადა, აგრეთვე შეიძლება იყოს ბატალიონის მეთაურის რეზერვი, ეწეოდეს მარშრუტების დაზვერვას, ზომავდეს რადიაციის დონეებს და ასრულებდეს სხვა ამოცანებს. ტანკსაწინააღმდეგო ოცეული შეიძლება მოქმედებდეს სრული შემადგენლობით, როდესაც განსაზღვრულია ძირითადი ტანკსახიფათო მიმართულება. სხვა შემთხვევებში, განსაკუთრებით როდესაც ბატალიონს ეძლევა სატანკო ასეული, იგი გამოიყენება დეცენტრალიზებულად (თითოეულ ასეულს დაექვემდებარება ტსმრჭ-ების ერთი-ორი ათეული). ბატალიონის მეთაურის რეზერვში შეიძლება იყოს ასევე ტსმრჭ-ების ერთი-ორი ათეული. ზმრ „რედ აის“ სექცია ასრულებს ბატალიონის ძირითადი ძალების საჰაერო თავდაცვის ამოცანებს. იგი შეიძლება მოქმედებდეს სრული შემადგენლობით ან საცეცხლე გათვლების სახით მიეცეს ასეულებს. ორივე შემთხვევაში საცეცხლე გათვლების მართვას ახორციელებს სექციის მეთაური. მოტოქვეითი ბატალიონის ნაღმსატყორცნების ოცეული ასრულებს პირველი ეშელონის ასეულებისთვის საცეხლე მხარდაჭერის აღმოჩენის ამოცანებს. იგი ბრძოლაში გამოიყენება, როგორც წესი, ცენტრალიზებულად. რადიოსალოკაციო სექცია აწარმოებს დაზვერვას მოწინააღმდეგის საცეცხლე საშუალებათა, რეზერვების მოსვლის, ბირთვული იარაღის გამოყენების შედეგების და ა. შ. განსაზღვრის მიზნით. 

ასეთია ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების შეხედულებები თანამედროვე ბრძოლაში მოტოქვეითი ბატალიონის მოქმედებათა შესახებ, ცენტრალურ-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ) გამოყენების თვალსაზრისით. უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ ხანს ამერიკელი სპეციალისტები გამოთქვამენ წინადადებებს ზოგიერთი ოპერატიულ-ტაქტიკური ნორმატივის გადასინჯვის აუცილებლობის შესახებ. კერძოდ, აღინიშნება, რომ არსებული წესდებების შესაბამისად მოტოქვეითი ბატალიონის შეტევის ზოლისა და თავდაცვის ფრონტის სიგანე (3–5 კმ) სრულად ვერ პასუხობს საბრძოლო მოქმედებათა წარმოების მოთხოვნებს ბირთვული იარაღის გამოყენების პირობებში. მათი აზრით, ინტერვალები ოცეულებსა და ასეულებს შორის აუცილებელია გაიზარდოს, რამდენადაც ჯავშანტრანსპორტერებისა და მიცემული ტანკების არსებობის წყალობით ცეცხლის სიშორე და ეფექტურობა გაიზარდა. შემდეგ აღინიშნება, რომ 10 კტ სიმძლავრის ბირთვული აფეთქება ეპიცენტრით ერთმანეთისაგან 3200 მ დაშორებით განლაგებულ ორ ასეულს შორის, ვერც ერთ მათგანს ზარალს ვერ მიაყენებს. ხოლო თუ ასეულებს შორის მანძილი 2300 მ იქნება, მაშინ ასეთი ბირთვული დარტყმის შედეგად შეიძლება მწყობრიდან იქნას გამოყვანილი თითოეული ასეულის 30–35 %-მდე. ამასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ვარიანტის მიხედვით ვარაუდობენ, რომ ბატალიონის თავდაცვის ფრონტის სიგანე შეიძლება შეადგენდეს 10–15 კმ, ასეულისა – 1000–1800 მ, ბატალიონის საბრძოლო მოწყობის სიღრმე – 10–12 კმ, და ასეულისა – 1000 მ. ამასთან ითვლება, რომ ნორმატივები ერთნაირი უნდა იყოს როგორც შეტევაში, ისე თავდაცვაშიც. ამ საკითხებს ამუშავებენ აშშ სახმელეთო ჯარების ნაწილებისა და ქვედანაყოფების ყოველდღიური საბრძოლო მომზადების მსვლელობისას. 

გამოყენებული წყარო 

წერილი ჟურნალიდან – Зарубежное военное обозрение, 1974, № 10. 

მასალა მოიძია და თარგმნა 
ირაკლი ხართიშვილმა

 

No comments:

Post a Comment